შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

პრაქტიკული კვლევა სკოლაში: კვლევის ანგარიში

0

მასწავლებლები ხშირად წუხან იმაზე, რომ ძალიან რთულია სწავლების  პარალელურად მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება. თუმცა არ არსებობს დაწესებულება, მის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ საქმიან ქაღალდებს რომ არ აწარმოებდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დოკუმენტები ქმნიან ორგანიზაციის ისტორიას და საშუალებას გვაძლევენ, საკუთარ პროგრესს თუ ხარვერეზებს ახლო მომავლიდან დავაკვირდეთ. კვლევის ინსტრუმენტების შექმნა და, ზოგადად, დოკუმენტაციის წარმოება პრაქტიკის კვლევის ჩატარების დროსაც დაგვჭირდება.

 

კვლევის ჩატარებისა და მონაცემთა დამუშავების შემდეგ, ანგარიშის შექმნის დროც დგება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშის სათაური შეძლებისდაგვარად ლაკონური იყოს და ეხმიანებოდეს ნაშრომის მთავარ მიზანს (მაგალითად, თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესება N სკოლაში).

 

ყველა დოკუმენტს თავისი ენა, სტილი აქვს. რაც შეეხება კვლევის სტილს, იგი აკადემიურია. მკვლევარი ანგარიშის წერის დროს უნდა იცავდეს, მაგალითად, ჩიკაგოს სტილის კანონებს (თუ ამ საკითხით დაინტერესდებით, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქეით ლ. თურაბიანის სახელძღვენელოთი, რომელიც მითითებულია სტატიის დასასრულს, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში). ნაშრომში ასევე დაცული უნდა იყოს ლოგიკური თანმიმდევრულობა (არგუმენტების შესაბამისობა სამსჯელო საკითხთან, ნათლად გამოცემული ავტორის პოზიცია და სხვ.) და ნაწერი უნდა შეესაბამებოდეს კვლევის მიზანს.

 

კვლევის ანგარიშის სტრუქტურა სტანდარტულია, როგორც ტრადიციული, ასევე პრაქტიკის კვლევის ანგარიშისთვის. მასში წარმოდგენილი უნდა იყოს: შესავალი, მეთოდები, შედეგები და დასკვნა. თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია, რადგან თითოეული ეტაპი წინამორბედის გაგრძელებას წარმოადგენს.

 

შესავალში საკვლევი პრობლემაა (თეზისი) წამოჭრილი და მასთან დაკავშირებული ჰიპოთეზებია (სავარაუდო პასუხები) ფორმულირებული. თეზისის ფორმა თხრობითია, რადგან იგი საკვლევ პრობლემას პასუხობს, ანუ მისი არგუმენტია. საკვლევი პრობლემაც და ჰიპოთეზებიც ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მკვლევარს არ გაუჭირდეს მისი შემოწმება (არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო, ზედმეტად ვრცელი ან ვიწრო საკითხი და ა.შ.). შესავალში ზოგჯერ ლიტერატურის მიმოხილვასაც განათავსებენ, მაგრამ იგი უმეტესად ცალკე თავად გვხვდება გამოტანილი. ლიტერატურის მიმოხილვაში მკვლევრებმა საკვლევი საკითხის შესაბამისი პირველადი და მეორადი წყაროები უნდა მიმოიხილონ და კრიტიკულად გააანალიზონ. შესავალს ხშირად წინ უსწრებს აბსტრაქტი. იგი კვლევის ანგარიშს დასაწყისში დაერთვის და წარმოადგენს კვლევის მოკლე მიმოხილვას, რომელიც წარმოდგენილია ცალკე გვერდზე.

მეთოდების ნაწილში კვლევის დიზაინსა და გამოყენებულ მეთოდოლოგიაზეა  საუბარი. კვლევის დიზაინი გულისხმობს იმ თეორიული სტრუქტურისა და მეთოდების აღწერას, რომელთა დახმარებითაც მკვლევარებმა ჰიპოთეზები შეამოწმეს. მეთოდოლოგიაში კი შედის შერჩევასთან დაკავშირებული ნიუანსები, მონაცემების შეგროვების სტრატეგიები, კვლევის შეზღუდვები და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ მკვლევართა მიერ არჩეული მეთოდოლოგია განაპირობებს მონაცემთა სანდოობას და ვალიდურობას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სექციაში დეტალურად უნდა აღვწეროთ, როგორ მოვიპოვეთ და გავაანალიზეთ მონაცემები. შერჩევის ბლოკში კი უნდა ვისაუბროთ კვლევაში ჩართულ ადამიანებზე და მათი შერჩევის გზებსა და ეთიკურ ნორმებზე, რომლებიც მათ კონფიდენციალურობას და სხვა უფლებებს უზრუნველყოფს. ასევე დეტალურად უნდა იყოს განხილული მონაცემების მოპოვების პროცესი.

რაც შეეხება გარემოს, სადაც ჩატარდა კვლევა, მისი აღწერაც მნიშვნელოვანია, რადგან ის ამყარებს ან პირიქით, ეჭვქვეშ აყენებს მონაცემთა სანდოობას.  საკვლევ გარემოში იგულისხმება ის ადგილი, სადაც ტარდება კვლევა, ანუ ორგანიზაცია, მასში შემავალი თითოეული წევრით. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საკვლევი გარემოს თავისებურებები, რათა საფრთხე არ შეექმნას კვლევის ვალიდურობას ან სრულყოფილად წარმართვას.

შედეგების ბლოკში მკვლევარები მოპოვებულ მონაცემებს აჯამებენ და სტატისტიკურად დამუშავებულს (ცხრილები, გრაფიკები) ან სხვადასხვა ტიპის ჩანაწერების (დაკვირვების აღწერა, საველე ჩანაწერები და სხვ.) სახით წარმოადგენენ.

კვლევის ანგარიშში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ბიბლიოგრაფია, სადაც მკვლევართა მიერ გამოყენებული ყველა წყარო შესაბამისი აკადემიური სტილით იქნება მითითებული. დანართის სახით კი კვლევის ანგარიშს საილუსტრაციო მასალა და მნიშვნელოვანი მონაცემები (უმეტესად, ცხრილების/გრაფიკების სახით) დაერთვება.

რაც შეეხება დასკვნას, აქ მიღებული შედეგები მკვლევრებმა უნდა განმარტონ საკვლევ საკითხთან დაკავშირებული, უკვე ჩატარებული კვლევების დახმარებით. ჩატარებული კვლევის მიხედვით, შესავალში მოყვანილი ჰიპოთეზა ან უნდა დადასტურდეს, ან – არა. აქვე შეიძლება განთავსდეს რეკომენდაციების ბლოკი ან ხაზი გაესვას იმ საკითხებს, რომლებიც კიდევ საჭიროებს კვლევას.

სარჩევში შეიძლება ზემოთ მოყვანილი ოთხი სექცია ქვესექციებად იყოს ჩაშლილი. კვლევის ანგარიშის სარჩევი წარმოადგენს თავებისა და ქვეთავების ჩამონათვალს, სადაც ნაშრომის შინაარსი თანმიმდევრობით, გვერდების მითითებით არის მოცემული, მაგალითად:

  • აბსტრაქტი
  • შესავალი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • კვლევის მეთოდები
  • კვლევის ეტაპების აღწერა
  • განხორციელებული ინტერვენციები და შედეგები
  • კვლევის შედეგები
  • ძირითადი მიგნებები
  • რეკომენდაციები
  • ბიბლიოგრაფია
  • დანართები

როგორც ხედავთ, სარჩევში დაცულია კვლევის ანგარიშისთვის დამახასიათებელი სექციების თანმიმდევრულობა.  აბსტრაქტი წინ უსწრებს შესავალს, შესავალი და ლიტერატურის მიმოხილვა ამჯერად განცალკევებულია. ასევე ცალ-ცალკეა წარმოდგენილი კვლევის მეთოდები, ეტაპები, განხორციელებული ინტერვენციები. კვლევის შედეგებს, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებსაც დამოუკიდებელი პარაგრაფები ეთმობა. როგორც წესია, კვლევის ანგარიშს მოყვება ბიბლიოგრაფია და დამუშავებული მონაცემების შემცველი დანართები. როგორც ვხედავთ, სტრუქტურის ოთხივე სექცია ქვესექციებადაა ჩაშლილი, თუმცა დაცულია მათი თანმიმდევრობა.

რაც შეეხება შედეგების აუდიტორიის წინაშე წარდგენას, მკვლევარმა  აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მსმენელი და ე.წ. თხრობის მანერა შეძლებისდაგვარად მოარგოს მის ინტერესებს. ფართო აუდიტორიასთან ნაშრომის წარდგენისას, მომხსენებელმა სხარტად, ყველასათვის გასაგები ლექსიკით და კონკრეტული მაგალითებით უნდა ისაუბროს. მან უნდა შეძლოს საკვლევ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მის მიერ მოპოვებული მონაცემების პრეზენტირება, სადაც ჰოპოთეზის დამტკიცებას ან უარყოფას მოჰყვება მიღებული შედეგებისა და მათგან გამომდინარე დასკვნების შეჯამება.

როგორც ხედავთ, კვლევის ანგარიშის დაწერა არც ისე რთულია. მთავარია, მოიძიო საჭირო ლიტერატურა, დაიცვა წერის აკადემიური სტილი და თანმიმდევრულად მიჰყვე იმ ინსტრუქციებს, რომელიც კვლევასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოებში საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი. მომავალ წელს ჩვენც ვაპირებთ პრაქტიკის კვლევის ჩატარებას თბილისის ერთ-ერთ სკოლაში და კვლევის პროცესში მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გაგიზიარებთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნაჩმიასი, ჩ. ფ. და ნაჩმიასი, დ. (2009). კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. თურაბიანი, ქ. ლ. და ბუთი, უ. (2009). სახელმძღვანელო კვლევების, თეზისებისა და დისერტაციების ავტორთათვის: ჩიკაგოს სტილი სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა
  3. წულაძე ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მასალა მოძიებულია შემდეგ ლინკზე: https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL3.28.6&d=HASHe2263af4d51fab66480612.6

 

 

 

როგორ „გადავურჩინოთ“ ბავშვებს შესაძლებლობები

0

როცა ფსიქოლოგები და სოციოლოგები მოზარდთა შორის ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე იწყებენ საუბარს, განსხვავებულ მიზეზებს შორის, ყველა მათგანი ახსენებს მოზარდებში დაბალ თვითშეფასებას, თავდაჯერებულობის დეფიციტს. ეს  მარტო მსხვერპლად ქცევის კი არა, ძალადობის მიზეზიც ხდება. ანუ ძალადობის საპირისპირო  მხარეს მდგომი მოზარდების ქცევის ფესვები შესაძლოა, ორივე შემთხვევაში ერთი ძირიდან მოდიოდეს.

ეს ძირი კი, მოზარდის უახლოეს გარემოში,  მშობლებისა და მასწავლებლების გარემოცვაში ყალიბდება და ხშირად მათგან გამჟღავნებული  გადაჭარბებული მოლოდინების, უადგილო პარალელების, მიწებებული „იარლიყების“ ფონზე იჩენს თავს.

გაგიზიარებთ პრაქტიკოსი ფსიქოლოგის ნაამბობ ერთ ისტორიას:

„ – მე და ჩემი და უმცროსკლასელები ვიყავით, როდესაც მუსიკის მასწავლებელმა  ჩვენი მშობლები დაიბარა. ჩვენც იქვე ვიდექით და გვესმოდა, როგორ უთხრა: ,,არ შეგიძლიათ, რომ თქვენი გოგონები გუნდზე არ ატაროთ? მათ საერთოდ არ აქვთ სმენა და ხმა. იმდენად ცუდად მღერიან, აქ სიარულს მათთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. თან ისეთი ბანი აქვთ, რომ მთელ ჯგუფს უშლიან ხელს, სხვებსაც ერევათ ხმები…“. მასწავლებელი ხმადაბლა, მორიდებულად ლაპარაკობდა, რაღაცნაირი მობოდიშებითა და სიბრალულით. ამ ნათქვამმა მრავალი წლით დამარხა ჩემი ვოკალური შესაძლებლობები.  რამდენადაც მახსოვს, გუნდის დატოვებას დიდი გულდაწყვეტა არ გამოუწვევია, რადგან მეცადინეობებზე თავს დამცირებულად ვგრძნობდი, პირიქით,  გამიხარდა, რომ იქ სიარული აღარ მომიწევდა.

ერთი, რაც ცხადად და კარგად მახსოვს, იყო ის, რომ მშობლებისგან ოდნავადაც არ მიგრძვნია რომ ამის გამო, ეჭვი შეეტანათ ჩვენს შესაძლებლობებში.

– სიმღერა არ გამოდის?  თქვენ გინდათ სიმღერა?

– არა, მადლობა.

– მაშ, ყველაფერი კარგადაა, – გვითხრა დედამ.

მშობლების რწმენა ჩვენდამი არც მაშინ შერყეულა, როცა სპორტული ტანვარჯიშის მასწავლებელმა განაცხადა, რომ ჩვენი  აღნაგობა არ შეესაბამება ტანვარჯიშის მოთხოვნებს, ამიტომ ჩვენს სიარულს ამ წრეზე აზრი არ აქვს.

და არასდროს არაფერს შერყეულა მათი რწმენა შვილების შესაძლებლობების მიმართ და არ გაცვეთილა განცდა, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. ჩვენც ვგრძნობდით ამას. ამიტომაც  საკუთარი თავის ყოველთვის გვჯეროდა. ეს საშუალებას გვაძლევდა, გვეცადა ახალი რამ, სანამ არ მივაგნებდით იმას, რაც საჩვენო იყო. დამეთანხმებით,  ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მთავარი ის არის, რომ იმ დღეს, ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა თავისი „დიაგნოზით“ გამომიტანა განაჩენი, რომ სიმღერა ჩემი საქმე არ არის. მეც წლების განმავლობაში გვერდს ვუვლიდი, მაგრამ ხანდახან, როცა ძალიან მომწონდა სიმღერა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერავინ გაიგონებდა, ვმღეროდი და ხანდახან საკუთარი ხმა და სიმღერა ჰარმონიულად მეჩვენებოდა.

ფსიქოლოგის საქმიანობა, როგორც მოგეხსენებათ, პირდაპირ კავშირშია ხმასთან. საჯარო გამოსვლებისა თუ ინდივიდუალური კონსულტაციების დროს არაერთხელ უთქვამთ: რა სასიამოვნო ხმა გაქვთ, ალბათ, კარგად მღერითო… მწარედ მეცინებოდა საკუთარ თავზე, ერთი, მოგასმენინათ… ვფიქრობდი.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ  მქონდა სურვილი, მემღერა, და შინაგანი ხმა მეუბნებოდა ,,შემიძლია!“ მაგრამ მაშინვე თავს მახსენებდა ჩემი ,,განაჩენი“ და ეს აუხდენელ ოცნებად რჩებოდა.

ცოტა ხნის წინ, არ ვიცი რამ მიბიძგა და ჩემი და სიმღერის საქმე შემოტრიალდა. ვოკალის წრეზე ჩავეწერე. გადავწყვიტე, საბოლოოდ გამერკვია ჩემი და სიმღერის თავსებადობა. პედაგოგი სხვადასხვა ბგერებს მამღერებდა და მთხოვდა შემეცვალა სუნთქვა, ტონალობა… შევნიშნე, როგორც კი  ჩემი ძველი ისტორია მავიწყდებოდა, ხმა თავისუფლდებოდა და ცოცხლად და ლამაზად ჟღერდა. ვიცი, რომ ბევრი რამის გაგება და გაკეთება მომიწევს, მაგრამ ერთი რამ ცხადი გახდა: სიმღერა შემიძლია!

და ერთიც: აქამდე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ქვედა ტონალობაში შემეძლო მემღერა, მაგრამ პედაგოგმა მითხრა, რომ მე მაქვს ჩემი ,,ზედა“ ხმა და საჭიროა მივაგნო მას. მე მივაგენი. ,,აქ“ მანამდე არასდროს ვყოფილვარ. და თურმე, სწორედ აქ მაქვს დიდი რესურსი. ეს ამბავი და ეს მიგნება  სულაც არ ეხება მხოლოდ სიმღერას. ეს მეხება მე – მთლიანად; როგორი შეიძლება ვიყო? რამდენად მრავალფეროვნად  შეიძლება შევიგრძნო საკუთარი თავი? და რამდენად სხვადასხვანაირად შემიძლია ვიმოძრაო ცხოვრებაში.

თითქოს მოჯადოებული ვიყავი და ავი ძალებისგან გავთავისუფლდი. მთელმა ამ ისტორიამ მიმიყვანა ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე: ჩვენში არის ყველაფერი და მთავარია რა არის ჩვეული და ხილული საკუთარ თავში. სურვილის მიუხედავად, რის ნებას ვაძლევ საკუთარ თავს და რისას – არა. როდის ვიკუმშები და თავს რაღაცის გამჟღავნების ნებას არ ვაძლევ.

ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ბავშვებთან ურთიერთობის თემასთან. როდესაც მშობელი მოდის ფსიქოლოგთან და მეუბნება: ჩემი ბავშვი ძალიან აგრესიულია. მან არ იცის რა არის სიკეთე. მე ვეკითხები: რატომ არის ის აგრესიული? რის დაცვას, გადარჩენას ცდილობს ამ აგრესიით? რისი მიღება სურს და სად და რისგან იმალება მისი სიკეთე?  სად უნდა ვეძებოთ ის?

ცალსახად ავი და აგრესიული ადამიანები არ არსებობენ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც უბრალოდ, არ იციან სხვანაირად როგორ გამოავლინონ თავი? რაღაც მიზეზით მათ ვერ გიაქტიურეს, ვერ გამოხატეს, ვერ შეიცნეს საკუთარი სიკეთე, არ იცნობენ მას.

მშობლების ამოცანაა, შეძლებისდაგვარად დავანახოთ ბავშვებს, რამდენად განსხვავებულნი შეიძლება იყვნენ ისინი და რაზეა დამოკიდებული ეს. „შენ ახლა ბრაზობ იმიტომ, რომ დაიღალე, გინდა, რომ ყველანი წავიდნენ, მაგრამ ეს არ ხდება“. „იმიტომ არ გინდა ათხოვო სტუმარს სათამაშო, რომ  მისი დაკარგვის გეშინია. ის შენთვის ძალიან ძვირფასია. სათამაშოს იმიტომ არ ათხოვებ, რომ გეშინია არ დაგეკარგოს, ასეა?“

როცა  ჩვენ ვეუბნებით პატარას, რომ ის მშიშარაა, ის ამას აღიქვამს, როგორც მისი არსებობის ერთადერთ მდგომარეობას. დიდი ალბათობით, ჩვენი შეძახილით ეს თვისება უფრო მეტად განუმტკიცდება,  ხასიათად ექცევა. მაგრამ, როცა ვეუბნებით, რომ ამ სიტუაციაში შენ იმიტომ შეგეშინდა, რომ… ასე ხდება ხოლმე… როგორ  დაგეხმარო, რომ უფრო თამამი გახდე? ჩვენ მას ვუგზავნით მესიჯს: შენ შეგიძლია იყო სხვადასხვანაირი და ეს  შენზეა დამოკიდებული“.

როცა ბავშვები შეწყვეტენ  სამყაროს დაყოფას მხოლოდ თეთრ და შავ ფერებად, კარგ და ცუდ ადამიანებად, მაშინათვე დაიწყებენ სამყაროს მრავალფეროვნების, მრავალგვარობის, სირთულეების, არაერთმნიშვნელოვნებისა და მშვენიერების აღქმას. შესაბამისად, ისინი დაიწყებენ თავიანთი შეხედულებების თამამ გაჟღერებას, ამ მრავალფეროვნებით დაინტერესებას, მეტი მოთმინებითა და გაგებით მოეკიდებიან გარშემო მყოფებს, ადვილად გაუმკლავდებიან წინააღმდეგობებსა და წარუმატებლობებს, აქტიურად და შეუპოვრად დაიწყებენ საკუთარი გზების ძიებას…

მოზარდის შემდგომი წარმატებული ცხოვრება  დიდწილად არის დამოკიდებული შესაძლებლობათა იმ დიაპაზონზე, რომელიც მათ პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში უნარჩუნდებათ. დიახ, უნარჩუნდებათ, რადგან ყველა პიროვნებას აქვს მრავალმხრივი განვითარების ხილული თუ უხილავი რეზერვები. თითოეულს შეგვიძლია, საკუთარი ან ახლობლების ცხოვრებიდან გავიხსენოთ მაგალითები, როგორ შეგვირყია საკუთარი შესაძლებლობების რწმენა „სიყვარულით“ ნათქვამმა: „გაჩუმდი, სმენის ნასახი არ გაქვს, სხვებსაც ნუ უშლი სიმღერას…“, „მათემატიკა შენი საქმე არ არის, მაინც ვერაფერს გაუგებ…“, „რასაც ხელს ჰკიდებ, ყველაფერს აფუჭებ…“, „ხელს იწევ? რა სასწაული მოხდა? თვალს ვერ ვუჯერებ!“. შინ თუ სკოლაში ხშირად ტირაჟირებული ანალოგიური თუ მსგავსი ფრაზები ბავშვს უკეტავს  გზას იმღეროს, ისწავლოს მათემატიკა, წარმატებით დაასრულოს ნებისმიერი საქმე, თამამად ასწიოს ხელი საპასუხოდ, მაშინაც კი, როცა პასუხი აეჭვებს.

 

როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები უცხო ტექსტის ანალიზისთვის – წერილი 1

0

ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ საგამოცდო ციებ-ცხელება უკვე ჩავლილი იქნება. მალე ჩვენი მოსწავლეების ქულებიც დაიდება, ხოლო, როდესაც მათ ნაწერებსაც გადავხედავთ, განა მარტო ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შეცდომების იდენტიფიცირებასაც შევძლებთ, უკეთ გავიგებთ, რა არ გავითვალისწინეთ გაკვეთილებზე, სად დავაკელით და რა გამოგვრჩა სწავლებისას, რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ…

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უცხო ტექსტის ანალიზი სავალდებულო კომპონენტია. ორი უცხო ტექსტიდან ერთი ყოველთვის ლექსია. ამიტომაც მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ვალდებულები ვართ, ლექსების შესწავლას სათანადო ყურადღება დავუთმოთ. მე პირადად ლექსების დაზეპირების მომხრე ვარ, რადგან ეს გზა, სხვა გზებთან ერთად, მისასალმებელია ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, მომავალში კი, როდესაც რომელიმე ტექსტის ანალიზისას შესადარებლად მოსწავლეს ნასწავლი ლექსი გაახსენდება, მისთვის ადვილი იქნება დროის დაკარგვის გარეშე ციტატის მოხმობა წიგნში ან ინტერნეტში სასურველი სტრიქონის მოძიების გარეშე. მაგრამ ლექსის შესწავლა რომ მხოლოდ ლექსის დაზეპირებით არ ამოიწურება, ფაქტია. ლექსს გაგება უნდა და, ცხადია, პირველ რიგში, სწორედ ამას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში. თუკი მოსწავლე წლების მანძილზე არა მარტო იზეპირებდა ლექსებს, არამედ არჩევდა და არცერთ ადგილს არ ტოვებდა ბუნდოვანსა და გაუხსნელს, მაშინ მას არც დამატებით მომზადება დასჭირდება გამოცდისთვის და, რაც მთავარია, ანალიტიკური უნარებიც იმდენად განუვითარდება, რომ ცხოვრებაში მის წინაშე მდგარი რთული ამოცანის შესრულებაც არ გაუჭირდება. ლექსის ანალიზი ხომ საუკეთესოდ გვასწავლის, ერთი შეხედვით, ვითომ უმნიშვნელო დეტალების დანახვას, რომლებიც თურმე უმთავრესია და საკვანძო ელემენტებს წარმოადგენენ მწერლის სათქმელის ამოსაცობად. ცხოვრებისეული რთული ამოცანებიც ხომ ასეა, არ ვაქცევთ ყურადღებას რომელიღაც დეტალს, რომლის მიჩქმალვაც ამ რთულ ამოცანას ამოუხსნელად აქცევს, ხოლო, როგორც კი ამ შეუმჩნეველ დეტალს მივაგნებთ, გამოსავალიც ნაპოვნი იქნება.

სანამ ლექსის შრეებად დაშლას და ამ შრეებში მწერლის სათქმელის ამოცნობას შევასწავლიდეთ მოსწავლეებს, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლექსების შესწავლა საინტერესოა ვერსიფიკაციული კუთხითაც. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვერსიფიკაციული ანალიზის დროს და რომელი ტერმინების სწორად გამოყენება უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, რათა მათი ნაწერები მაღალი ხარისხის იყოს (ამ საკითხებზე გაზეთ მასწავლებელში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორები – მაგალითისთვის დავასახელებდი ნინო ლომიძის წერილებს – საკმაოდ საინტერესოდ  წერდნენ, თუმცა აქვე ყველა მასწავლებელს ვურჩევ, გაეცნოს ლევან ცაგარელის ნაშრომს „ლიტერატურული ტექსტის ანალიზი“, რომელიც ინტერნეტშიც იძებნება). ქვემოთ მოცემულ სამნაწილიან  ჩამონათვალში (და ამ წერილშიც) ყველა ის ტერმინი, რომლებსაც თავისუფლად უნდა ფლობდნენ მოსწავლეები ანალიზისას, გავამუქე (თუ არ გახსოვთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ტერმინები წინადადებაში სწორად, გირჩევთ, გაეცნოთ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თემატურ გამოცემებს ლექსმცოდნეობის შესახებ. ცხრა კრებულში შესული სტატიების გაცნობა დაგეხმარებათ არა მარტო ვერსიფიკაციული ანალიზისთვის საჭირო ტერმინების მნიშვნელობის დადგენასა და მათი გამოყენების გააზრებაში, არამედ რამდენიმე ქართველი პოეტის ლექსების საინტერესო ინტერპრეტაციების გაცნობაშიც). მოსწავლეს შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ ვერსიფიკაციული ანალიზი ან ნაწერის თავში მოაქციოს და შემდეგ გადავიდეს პოეტის სათქმელის ამოცნობაზე, ან ბოლოში დაურთოს, მას შემდეგ, რაც ლექსში პოეტის სათქმელს ამოიცნობს და ანალიზს დაასრულებს. თუმცა ხდება ხოლმე, რომ ანალიზის დროს ამა თუ იმ საკითხის გაშლა ვერსიფიკაციული თვალსაზრისით მსჯელობასაც მოითხოვს და ამიტომაც მისი ნაწერის შუაში ჩართვის საჭიროება დგება. ვერსიფიკაციული ანალიზისას მოსწავლე ავლენს ცოდნას და აჩვენებს თავის მკითხველს, რამდენად კარგად ფლობს აკადემიურ ენას.

  1. სალექსო სტრიქონი და რითმა: როგორც ვიცით, ლექსი ფორმით ამოიცნობა, რადგან ყველა ლექსი დანაწევრებულია ტაეპებად. გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. შუალედური ფორმა პროზასა და პოეზიას შორის – ლექსი პროზად და რიტმული პროზა (მოწესრიგებულია მეტრულად და დაქტილური მეტრი აქვს). ხანდახან სალექსო სტრიქონი ცეზურითაა გაყოფილი. ცეზურა ტაეპს ზოგჯერ თანაბარ, ზოგჯერ კი არათანაბარ ნაწილად ჰყოფს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სალექსო ფრაზა მეორე ტაეპში ან სტროფში გადადის. ამ მოვლენას ანჟამბემანი ეწოდება და ის იშვიათია ქართულ ლექსში, თუმცა ორივე მათგანი გვხვდება, მაგალითად, თამარის იამბიკოში „ცასა ცათასა“. ტაეპები, ანუ სალექსო სტრიქონები, როგორც წესი, ირითმება. თუკი ლექსი არ ირითმება, მაშინ ასეთი ლექსს ან ვერლიბრს, ან ვერბლანს ვუწოდებთ. ვერლიბრი (vers libre), იგივე თავისუფალი ლექსი, ურითმოა და ამით წააგავს ვერბლანს (vers blanc), ანუ თეთრ ლექსს, მაგრამ იგი, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მეტრულადაც მოუწესრიგებელია. ლექსს რამდენიმე ელემენტი აწესრიგებს, ერთ-ერთი ელემენტია რითმა. რითმა, იმის მიხედვით, თუ რომელ სარითმო მარცვალზეა მახვილი, ვაჟური (ბოლოდან პირველი), ქალური ან ქორეული (ბოლოდან მეორე), დაქტილური (ბოლოდან მესამე) ან ზედაქტილურია. სარითმო სიტყვების დაბოლოებას კადენცია ან კლაუზულა ეწოდება. ნაწერში ლექსის ვერსიფიკაციული ანალიზისას მოსწავლემ ისიც უნდა აღნიშნოს, თუ როგორი ტიპის რითმაა გამოყენებული მოცემულ ლექსში. ამისთვის მოსწავლე უნდა დააკვირდეს, ლექსის რომელი ტაეპები ერითმება ერთიმეორეს და ამოიცნოს ან პარალელური ან ჯვარედინი ან რკალური რითმა. რა თქმა უნდა, ამ რითმებს სხვაგვარი დასახელებებიც აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, აჯობებს მასწავლებელმა აირჩიოს რომელიმე ერთი დასახელება და ის ასწავლოს მოსწავლეს, რადგან, თუკი მოსწავლეს ერთ ჯერზე ბევრი ტერმინის დამახსოვრებას მოვთხოვთ, მათ ეს ტერმინები ერთმანეთში აერევათ და, შესაძლოა, მათი სწორად გამოყენების ნაცვლად, შედეგად ტერმინებში აბნეული მოსწავლის ნაწერი მივიღოთ. რითმის კიდევ სხვა სახეობებიც არსებობს, არსებობს გარითმულ სიტყვებში ბგერების თანხვედრის სხვადასხვა სახეობაც (სრულყოფილი, ნაწილობრივი და შედგენილი თავისი ქვესახეობებით), მაგრამ ამ ყველაფრის ცოდნა სკოლის მოსწავლეს არ მოეთხოვება, განსხვავებით მასწავლებლისგან, რომელსაც უნივერსიტეტში ამ საკითხებზე სრულფასოვანი სალექციო კურსი აქვს გავლილი. თუკი მასწავლებელს ბუნდოვნად ახსოვს ეს საკითხები, მას ყოველთვის შეუძლია ჩახედოს ამ წერილში დასახელებულ ლიტერატურას და გაიხსენოს დავიწყებული საკითხები.
  2. სტროფი: ტაეპები შინაარსობრივად ჯგუფდება სტროფებად. პროზაულ ტექსტებს აბზაცები აქვს, ხოლო პოეტურ ქმნილებებს – სტროფები. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ტაეპია სტროფში, განვასხვავებთ მრჩობლედს (ორტაეპიანი სტროფი), ტერცინას (სამტაეპიანი სტროფი), კატრენს (ოთხტაეპიანი სტროფი), მუხამბაზს (ხუთტაეპიანი სტროფი), ოქტავას (რვატაეპიანი სტროფი), სონეტს (თოთხმეტმარცვლიანი სტროფი). ლექსის გარჩევისას მოსწავლეები ამ ტერმინებს უნდა ასხვავებდნენ და იყენებდნენ (მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვან, ტიციან ტაბიძის ლექსში „ლექსი მეწყერი“ პირველი და ბოლო სტროფები ერთნაირიაო, აჯობებს სიტყვა „სტროფი“ სიტყვა „კატრენით“ ჩაანაცვლონ. ამ გზით ისინი ლექსიკურადაც გაამრავალფეროვნებენ ნაწერს და შემფასებელსაც მიახვედრებენ, რომ ნაწერის ავტორი ტერმინებს და პოეტური ანალიზისთვის საჭირო აკადემიურ ენას ფლობს. თუკი მოსწავლე ამ ლექსის აღნიშნულ კატრენებში განსხვავებულ პუნქტუაციასაც შენიშნავს, კარგი იქნება, შეეცადოს, ეს მომენტი უყურადღებოდ არ დატოვოს და თავისებურადაც ახსნას. ერთმა ჩემმა მოსწავლემ გაკვეთილზე ლექსის ზეპირი გარჩევის დროს ძალიან საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზა. მისი აზრით, პირველი კატრენის პირველ ტაეპში მრავალწერტილი იმის ახსნას მოითხოვს, თუ რატომ წერს პოეტს ლექსი, ხოლო ბოლო სტროფში, როდესაც უკვე ყველაფერი გასაგებია, აღარ არის საჭირო მრავალწერტილი და ის მძიმეთი იცვლება).
  3. საზომი – მკვლევართა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქართული ლექსი სილაბურ-ტონურია და მისი მეტრული მოდელები ანუ საზომები განისაზღვრება ტაეპში მარცვალთა ან ტერფთა რაოდენობით. ტერფი ტაეპის უმარტივესი რიტმული ერთეულია, რომელიც შედგება ერთი მახვილიანი და ერთი ან მეტი უმახვილო მარცვლისგან. სილაბურ-ტონურ ლექსში რიტმი ემყარება ტაეპში მახვილიანი და უმახვილო მარცვლების მონაცვლეობას, ე.ი. ტერფებად დაჯგუფებული მარცვლების მიმდევრობას. როგორც წესი, ქართულ ლექსში გვხვდება შემდეგი ტერფები: ქორე, დაქტილი ან მეორე პეონი, თუმცა, შესაძლოა, სამივე ერთდროულადაც იყოს წარმოდგენილი, მაგრამ, უმეტესწილად, ქართული ლექსები მაინც ქორეულ-დაქტილურია.

ქორე ესაა ორი მარცვლისგან შედგენილი ტერფი, რომლის პირველი მარცვალი მახვილიანია, ხოლო მეორე უმახვილო. მაგალითად, „ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“ – ეს ტაეპი ქორეულია და ის შედგება რვა ქორეული ტერფისგან, საიდანაც პირველი ოთხი და ბოლო ორი ტერფი სიტყვაა, ხოლო მეხუთე ტერფი ერთი ერთმარცვლიანი სიტყვისა და მეორე სიტყვის პირველი მარცვლისგან შედგება, ხოლო მეექვსე ტერფი – სიტყვის მეორე და მესამე მარცვლისგანაა აგებული. შესაბამისად, ამ ტაეპში შემდეგი ქორეული ტერფებია: „ნახეს“, „უცხო“, „მოყმე“, „ვინმე“, „ჯდამტი“, „რალი“, „წყლისა“ და „პირსა“. თითოეული ქორეულ ტერფში მახვილი, რა თქმა უნდა, პირველ მარცვალზე მოდის – „ნა“, „უ“, „მო“, „ვი“, „ჯდა“, „რა“, „წყლი“, „პი“ – და მეორე მარცვალი უმახვილოდაა წარმოდგენილი – „ხეს“, „ცხო“, „ყმე“, „ნმე“, „მტი“, „ლი“, „სა“, „რსა“.

დაქტილი ესაა სამმარცვლიანი ტერფი, რომლის პირველი მარცვალი მახვილიანია, ხოლო მეორე და მესამე მარცვლები უმახვილო. მაგალითად, „გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა… დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა“ – ეს ტაეპები დაქტილურია; პირველი მოცემული ტაეპი ოთხი დაქტილისგან შედგება, რომელშიც დაქტილური ტერფები „გათენდა“, „აენთო“ და „აცურდა“ დამოუკიდებელი სიტყვებია, ხოლო მეორე დაქტილი ორი სიტყვისგან შედგება, საიდანაც მახვილი პირველი სიტყვის პირველ მარცვალს მოუდის („ცე“), ხოლო ამავე სიტყვის მეორე მარცვალი („ცხლის“) და მეორე დამოუკიდებელი სიტყვა უმახვილოა („მზე“); მეორე მოცემული ტაეპი ოთხი სიტყვისგან შედგება და ეს ოთხივე სიტყვა დაქტილური ტერფია („დიდება“, „ხალხისთვის“, „წამებულ“ და „რაინდებს“); მესამე მოცემულ ტაეპში ექვსი სიტყვაა, რომელთაგან პირველი ორი სიტყვა („ვინც“, „თავი“) და მეოთხე-მეხუთე („ვინც“, „სისხლი“) თითო-თითო დაქტილს ქმნის და მესამე („გასწირა“) და მეექვსე („დაღვარა“) დამოუკიდებელი სიტყვებიც დამოუკიდებელი თითო დაქტილია. სავარაუდოდ, დაქტილური საზომითაა დაწერილი გალაკტიონის ლექსიც „მზეო თიბათვისა“.

პეონი ოთხი მარცვლისგან შემდგარი ტერფია. განასხვავებენ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე პეონს იმის მიხედვით, თუ რომელი მარცვალია მახვილიანი. თუკი მახვილიანი მარცვალი პირველია და მომდევნო სამი მარცვალი უმახვილო, მაშინ სახეზეა პირველი პეონი, თუ მახვილიანი მარცვალი მეორეა, ხოლო პირველი, მესამე და მეოთხე მარცვლები უმახვილოა, მაშინ საქმე მეორე პეონთან გვაქვს, მესამე პეონის და მეოთხე პეონის შემთხვევაში მახვილი მესამე და მეოთხე მარცვალზეა, ხოლო უმახვილო მარცვლები მესამე პეონის შემთხვევაში პირველ, მეორე და მეოთხე, ხოლო მეოთხე პეონის შემთხვევაში პირველ, მეორე და მესამე მარცვალზეა. ქართულ ლექსში ძირითადად მეორე პეონი გვხვდება. მაგალითად, „არ გეგონა, არ ელოდი“ – ორი მეორე პეონისგან შედგება, რომელშიც მახვილი პირველი და მეორე პეონის მეორე მარცვალს („გე“ და „ე“), ანუ მეორე და მეოთხე სიტყვის პირველ მარცვალს მოუდის, ხოლო დანარჩენი ექვსი მარცვალი („არ“, „გო“, „ნა“, „არ“, „ლო“, „დი“) უმახვილოა. ასევე „ეს მქუხარე ნახევარი საუკუნე ისე განვვლე“, რომელშიც ოთხი პეონია, საიდანაც მეორე და მესამე მეორეპეონი ოთხმარცვლიანი დამოუკიდებელი სიტყვებია – „ნახევარი“ და „საუკუნე“, ხოლო პირველი და მეოთხე მეორეპეონი ორ-ორი სიტყვისგან – „ეს მქუხარე“ და „ისე განვვლე“ შედგება.

დაქტილურ-ქორეული ან ქორეულ-დაქტილური საზომით შესრულებული ლექსებით ქართული პოეზია საკმაოდ მდიდარია. საინტერესოა, რომ ბესიკურ საზომში, რომლითაც გამართულია ბარათაშვილის „მერანიც“, ერთ ტაეპში ქორეს, დაქტილის, მეორე პეონის, ქორესა და დაქტილის მონაცვლეობა შეინიშნება.

როგორც აღვნიშნე, ქართული ლექსში ძირითადად სამი ტიპის ტერფი (ქორე, დაქტილი და მეორე პეონი) გვხვდება, მაგრამ პოეტური ექსპერიმენტებისა და ძიებების პროცესში ზოგიერთმა პოეტმა – მეოცე საუკუნის დასაწყისში ალექსანდრე აბაშელმა და შემდეგ გალაკტიონ ტაბიძემ და სხვა თანამედროვე პოეტებმა – სხვა ტიპის ტერფებიც გამოიყენა თავის ლექსებში. მაგალითად, ანაპესტი („ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის“), როცა ტერფში პირველი და მეორე მარცვალი უმახვილოა, ხოლო მახვილი მესამე მარცვალს მოუდის; ანდა ამფიბრაქი („ეს მე ვარ, ქარი, ეს მე ვარ, ქარი“) როცა სამმარცვლიან ტერფში პირველი და მესამე მარცვალი უმახვილოა („ეს“ და „ვარ“), ხოლო მეორე მახვილიანი („მე“). ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ მეორე სტროფის პირველი ტერფიც ამფიბრაქი უნდა იყოს.

ალბათ შენიშნეთ, რომ რამდენიმე ადგილას ტაეპის ვერსიფიკაციული ანალიზისას წერილში ვიხმარე სიტყვები „ჩემი აზრით“ და „სავარაუდოდ“.  ეს იმიტომ, რომ ქართულ ლექსმცოდნეობაში, ლექსის ვერსიფიკაციულად გარჩევისას, განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. დაპირისპირება ქართული ლექსის შესწავლისას მაშინ გამწვავდა, როდესაც გიორგი წერეთელმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც უკუაგდო ქართული ლექსის ტერფოვნების თეორია და უარყო მახვილის როლი ვერსიფიკაციული ანალიზისას. მან ქართული ლექსის ტაეპი ნახევარტაეპებად და მუხლებად დაყოფა შემოგვთავაზა. აკაკი გაწერელიამ ძველ ქართულ სასულიერო პოეზიაზე დაყრდნობით გააკრიტიკა გიორგი წერეთელი და ქართული ლექსი სილაბურ-ტონურ ლექსად გამოაცხადა. მისი აზრით, ქართულ ლექსში რიტმის საფუძველია ძლიერი და სუსტი მახვილებიანი მარცვლების კანონზომიერი მონაცვლეობა. აკაკი ხინთიბიძე ქართული ლექსის სილაბურობას ემხრობოდა და აღნიშნავდა, რომ ქართული მახვილი იმდენად სუსტია, რომ მას არ ძალუძს არც მახვილიანი და უმახვილო მარცვლების და არც ტერფების შექმნა. აპოლონ სილაგაძის აზრით კი, სულაც არაა აუცილებელი, ქართული ლექსი რომელიმე დათქმულ მოდელში ჯდებოდეს, ამიტომ ის არც სილაბური, არც ტონურია და ის ორიგინალური ბუნებისაა.

ასეა თუ ისე, ჩვენი მოვალეობაა, ავუხსნათ მოსწავლეებს ამ წერილში ჩამოთვლილი ტერმინები, არცერთი ლექსი არ ჩავუთვალოთ მოსწავლეს დასრულებულად, თუ ის ვერსიფიკაციულ საკითხებსაც არ შეეხება. ამის შემდეგ შეგვიძლია წყნარად შევხვდეთ საგამოცდო პერიოდს და დაველოდოთ, როგორ მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები დამსახურებულ ქულას.

P.S. ერთი პერიოდი ფეისბუქზე მომხმარებელი სახალისო ცხრილს (დანართი 1) ავრცელებდა. თუკი რუსული ენა კარგად იცით და რუსულ პოეზიაშიც ერკვევით, არ გაგიჭირდებათ მოცემული ფორმულისმაგვარი ნაწყვეტებით ამა თუ იმ რუსი პოეტის ლექსის სტროფის ამოცნობა.

ამ ცხრილის მიხედვით, თუკი ზოგიერთი რუსი პოეტის, სევდიანი და სახალისო ლექსების, მარშისა და გათვლების ტექსტების სიტყვებს რუსულ ნაცვალსახელებს ჩავანაცვლებთ, უპრობლემოდ გამოვიცნობთ თავდაპირველ ტექსტს. მოსწავლეების გახალისების მიზნით, გაკვეთილზე ჩვენც ჩავანაცვლეთ ქართულ ლექსებს ქართული რიცხვითი სახელები (თუმცა, მოგეხსენებათ, ქართული სიტყვების შემთხვევაში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ხანდახან ასეთ თამაშებში ხელს გვიშლის ხოლმე). მოლოდინმა გაამართლა – მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა თავად იმტვრიეს თავი, სანამ ალღოს აუღებდნენ და მიხვდებოდნენ, რომელი რიცხვითი სახელი უკეთ გამოხატავდა ამა თუ იმ ტერფს, მათ ბევრად უფრო გაუადვილდათ მეტრიკის საკითხების შესწავლა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

https://kartvelologi.tsu.ge/public/ge/arqive/3/1

 

პრობლემები და ესთეტიკა – კონსტანტინე გამსახურდიას  „დიდოსტატის მარჯვენა“ – სწავლებისთვის

0

ქართულმა ქრისტიანულმა ხელოვნებამ არაერთი „ქვის ბიბლია“ (ვიქტორ ჰიუგო) შექმნა, მათ შორის, ბევრი იქცა მწერალთა შთამაგონებლად, მაგრამ ამჯერად სვეტიცხოველს გამოვარჩევთ, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ რომანის „პერსონაჟად“ აქცია. ერთი შეხედვით, პასუხგაუცემელი კითხვა: „რა ხელმა ააგო?“ (გალაკტიონი, „ქებათა ქება ნიკორწმინდას“) კონსტანტინე გამსახურდიას რომანით  ერთ მშვენიერ  „პასუხად“ იქცა. ამ რომანში მწერალმა გამოიყენა  ევროპული თუ ქართული ისტორიული   რომანის ტრადიცია, გამოგონილი და ისტორიული მასალის იმგვარი სინთეზი შექმნა, რომელმაც მკითხველი მოთხრობილ ამბავთა „რეალობაში“ დააჯერა.  „ოცზე მეტი საუკუნის განმავლობაში არსებითად სამ რამეში ისახელა ქართველმა კაცმა თავი: ომში, მწერლობასა და ხუროთმოძღვრებაში. ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი, მაგრამ არანაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის, ჯვრის, სვეტიცხოველის, წრომის, ბედიას, მარტვილის, თიღვას და გელათის დიდოსტატები. მე ვწუხდი, რომ ასეთი შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე“, – მწერალი ამ სტრიქონებით კარგად გამოხატავს, რამ უბიძგა რომანის შესაქმნელად. მან ნაწარმოებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა:

  1. ხელოვნების უკვდავების იდეა;
  2. საქართველოს თავისუფლების იდეა (ისტორია და თანამედროვეობა).

ხელოვნების უკვდავების იდეა მან  ხუროთმოძღვარ კონსტანტინე არსაკიძის მხატვრული სახის შექმნით წარმოაჩინა. მას თვალწინ ჰქონდა სვეტიცხოველი, როგორც  საქართველოს ერთიანობისა და დიდი რწმენის სიმბოლო, ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი, ამიტომ მიზნად დაისახა, ეჩვენებინა, რა ვითარებაში როგორ და ვის მიერ იქმნება მსგავსი სიდიადის ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურის სახეს წარმოაჩენენ.

ტაძართან დაკავშირებით რა ისტორიული წყაროები გააჩნდა ავტორს?

  1. ხალხური გადმოცემა (ეპიგრაფად წარუმძღვარა ეს ლექსი რომანს);
  2. სვეტიცხოვლის კედლის წარწერები და ჩრდილოეთის კედელზე გამოსახული მარჯვენა;
  3. ეპოქის კონტექსტის შესაქმნელად ქართული, ბიზანტიური და  სხვა ისტორიული წყაროები და ქრონიკები;
  4. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ხელთ ჰქონდა წმინდა ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანების, მის მიერ ხის სვეტიცხოვლის აგების, შემდეგ ვახტანგ გორგასლის მიერ ამავე ადგილას ქვის ეკლესიის აგების ამბები. თუმცა, რომანში  ტაძრის მშენებლობის მხოლოდ  მეთერთმეტე საუკუნის მოვლენები გააცოცხლა, რადგან ხელოვნება და თავისუფლება ერთმანეთთან დააკავშირა და უპირველესი, ერის სასიცოცხლო იდეალები გამოხატა:
  5. მეფე გიორგი I იბრძვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის;
  6. ხუროთმოძღვარი არსაკიძე აშენებს სულიერი თავისუფლების გამომხატველ ძეგლს.

ტაძარზე მარჯვენის გამოსახულება ლეგენდის ამბავს ამტკიცებდა (თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამგვარი გამოსახულებები ერთგვარი ავტოგრაფის ფუნქციას ასრულებდა), დაქარაგმებული წარწერა, რომელშიც ავტორმა არსაკიძე ამოიკითხა (ისტორიკოსები არსუკისძეს ხედავენ) და სახელად კონსტანტინე დაარქვა, ამგვარად,  მწერლისეული ალტერ ეგოს დატვირთვა შესძინა.

რომანში  ავტორი ქმნის მრავალმხრივ განტოტვილ ამბავს არსაკიძისას, რომელიც მკითხველის თვალწინ იზრდება, როგორც ხელოვანი. ეს ზრდა მიმდინარეობს როგორც საკუთარ თავთან, ასევე, გარემოსა და საზოგადოებასთან ბრძოლასა და წინააღმდეგობაში (გიორგი მეფე, მელქისედეკ კათალიკოსი, შორენა კოლონკელიძე, დედა და სხვ.).

რა ეხმარება არსაკიძეს სულიერ-შემოქმედებით ზრდაში?

  • რწმენა იმისა, რომ შექმნის ისეთ ღირებულ ძეგლს, რომელიც უკვდავებას მოუტანს;
  • ტაძარი დროს „შეებრძოლება“, საუკუნეებს გაუძლებს;

3)    მისი შექმნილი საზოგადოებას გამოადგება.

ეს რომანში შესანიშნავად არის გამოხატული კონცეფციურად და კონკრეტულად  შემდეგ ციტატებში: „ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“. „კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება“.

ხელოვნების უკვდავების იდეის წარმოსაჩენად ავტორმა გამოიყენა ბიბლიური იაკობის სახე და მას სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა.

ვინ არის იაკობი? ის არის ისაკისა და რებეკას შვილი, ესავის ტყუპისცალი. ძმასთან კონფლიქტის გამო იძულებული გახდა, გადახვეწილიყო და გზაში გადახდა ისეთი ამბავი, რომელმაც ის სხვათაგან  გამოარჩია. მან ნახა საოცარი სიზმარი, იხილა ცამდე მიწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადი-ჩამოდიოდნენ. კიბის თავში კი უფალი იდგა, რომელმაც იაკობი დალოცა და შემწეობა აღუთქვა. ხანგრძლივი განშორებისა და ხიფათების შემდეგ იაკობი შინ დაბრუნდა, გზაზე ისევ სასწაული მოევლინა. ღამით მასთან გამოცხადდა უცხო და დილამდე ეჭიდავა. დილას უცხომ იაკობი აკურთხა,  უწოდა ისრაელი – „ღმერთთან მოჭიდავე“ და ხალხის მამამთავრობა აღუთქვა. ამ ბრძოლამ იაკობს თეძო დაუზიანა და დაკოჭლდა. იაკობი იყო კაცი, რომელიც ღმერთს შეებრძოლა.

ბიბლიური სიმბოლიკა მწერალმა რომანის მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად გამოიყენა. ღმერთთან „ჭიდაობა“ გულისხმობს მასთან გატოლების წადილს და უკვდავებასთან ზიარების წყურვილს.

რომანში ბიბლიური იაკობის სახე ორგვარად არის  წარმოჩენილი:

  1. მას ედარება არსაკიძე („იგი ისე ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს“);
  2. მასთან შედარებულია სვეტიცხოველი („სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“).

არსაკიძეს ამ შერკინებით მწერალი გამოხატავს იმ აზრს, რომ შემოქმედი ცდილობს, შექმნას ისეთი რამ, რაც ღვთის შექმნილს გაუტოლდება და ამგვარად მოიხელთებს უკვდავებას. არსაკიძემ მოიპოვა უკვდავება, როგორც ხელოვანმა, ტაძარმა გაუძლო საუკუნეებს და ისიც მარადისობას ეზიარა.

არსაკიძე ღმერთთან მეტოქეობის გამო დაისაჯა  (სურათიც ხომ დახატა – იაკობის შერკინება ღმერთთან. ნახატზე იაკობს თავისი სახე მისცა), მაგრამ ამ მეტოქეობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა ღირებული, ადამიანი ხომ ღმერთს სწორედაც შემოქმედების უნარით ჰგავს და იმ თავისუფლებით, რომელსაც ყველაზე უკეთესად ხელოვნების შექმნის ჟამს შეიგრძნობს.

არსაკიძემ ყველაფერი, მათ შორის, შორენას სიყვარული, შესწირა ხელოვნების საქმეს.  მისთვის ტაძარი ქვა კი არა, ცოცხალი არსება იყო, რომელიც ზრდისა და სრულყოფილებისათვის უდიდეს, სხვასთან გაუყოფელ სიყვარულსა და თავგანწირვას ითხოვდა. ამიტომაც ვერ გადაწონა რეალური ქალის სიყვარულმა საბედისწერო სასწორი.  ამიტომაც ვერავის მისცა სული არსაკიძემ. რომანის ბოლოს შთამბეჭდავად ხატავს მწერალი ამ მსხვერპლშეწირვას: „დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი“.

ნაწარმოებში ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების ორიგინალურობის იდეაც შესანიშნავად წარმოჩნდება. გიორგი ბერძენი ხუროთმოძღვრების მიერ წარმოდგენილ ტაძრის მაკეტებს  დაიწუნებს: „გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე“.

რომანში გიორგი მეფე განასახიერებს ადამიანს, რომლისთვისაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა უპირველესია, ამიტომაც ებრძვის ასე ბიზანტიას. მწერლის განსაკუთრებულმა სიყვარულმა და აღტაცებამ განაპირობა ის, რომ იგი რომანის მთავარ გმირად იქცა. ამ შემთხვევაში, სვეტიცხოვლისა და გიორგის ბედიც რაღაცნაირად ერთმანეთს გადაეჯაჭვა, რადგან სწორედ გიორგის მეფობის დროს აშენდა ის იმ ფორმით, როგორადაც დღემდე მოაღწია, თუმცა მრავალგზის დაინგრა და რესტავრირდა. მწერალი ბოლოსიტყვაობაში წერს:  „ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე გიორგი პირველი. სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი, როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს შებმია ეს შესანიშნავი რაინდი. მიყვარდა იგი ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე (აქ იგულისხმება მამა გიორგისა, ბაგრატ III კურაპალატი და ძე გიორგისა, ბაგრატ IV, აგრეთვე კურაპალატი.

ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II, ბულგართამმუსვრელი, რომლის იმპერია განფენილი იყო აპენინის ნახევარკუნძულიდან ბასიანამდის, ბალკანეთის უკიდურესი სამანებიდან არაბეთის უდაბნოს კიდემდის, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი პირველი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო ვაჟკაცს, რომელსაც მატიანე უწოდებს „უშიშოს, ვითარცა უხორცოს“, ქართულ ქორონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი. მე შემძრა ამ უსამართლობამ და ამ მიჩქმალული გმირის აპოლოგიას ვუძღვენი დიდი მდუღარება ჩემი სულისა“.

მწერლის ენობრივი სტრატეგიაც განსხვავებულია და ემყარება მის მიერვე მოსწრებულად ნათქვამს: „წინ, მერჩულისაკენ“, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა იმ დროისთვის (მეოცე საუკუნის 30-იანი წლების სოცრეალიზმის ლიტერატურის) გაღატაკებულ-გაშაბლონებული ენის გამდიდრებას არქაიზმებითა თუ პოეტური ნეოლოგიზმებით. რომანში  ენა იმგვარადაა სტილიზებული, რომ, ერთი შეხედვით, ხელოვნურობის იერი დაჰკრავს, განსაკუთრებით, მის სინტაქსს, რომელიც, ამავე დროს,  მუსიკალურობას მატებს სტრიქონებს. პოეტური პროზისთვის დამახასიათებელი ლირიზმი, რიტმულობა, მეტაფორულობა, ფერადოვნება  ერთგვარი მანერულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მოჩვენებითია და ზუსტად შეესაბამება რომანის რეალისტურ-რომანტიკულ სულისკვეთებას.

როგორც ცნობილია, რომანში შეფარულად გამოხატულია  ბიზანტია-რუსეთის იგივეობა. ორივე იმპერია იტაცებდა საქართველოს ტერიტორიას, ქრისტიანული რწმენის სახელით დამოუკიდებლობას ართმევდა, ენას კრძალავდა და იდენტობის გამომხატველ ყოველგვარ მოვლენას ებრძოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილი რომანი, რა თქმა უნდა, შეფარულად გამოხატავდა პროტესტს ამავე რეჟიმის მიმართ, რადგან საქართველოს ერთობა მასთან ძალადობრივი და იძულებითი იყო. ამიტომაც მეფე გიორგი წინააღმდეგია ყოველივე ბიზანტიურისა:

  1. „ძაღლთაპირს“ უწოდებს ბასილი კეისარს და არ აპირებს მის მორჩილებას: „ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“;
  2. კეისრის ნაჩუქარი სამეფო მწვანე ეტლით მწევრები დაჰყავს;
  3. ბერძნული სახელის მქონე მალემსრბოლ ანაქსიმანდრეს სახელს უცვლის და პიპას არქმევს;
  4. სასახლეში ბერძნულად არ ლაპარაკობს, არც ჩამოსულ სტუმრებთან, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცის;
  5. იწუნებს ბიზანტიელ ხუროთმოძღვრებს და სხვ.

ბიზანტიონის „სიდამპლეს“ მამამზეს სახლთუხუცესი ტოხაისძეც არაერთი მაგალითით ადასტურებს და ფიქრობს, რომ მეფე გიორგის სისასტიკე სწორედ ბიზანტიაში ასწავლეს.

მიუხედავად ამისა, გრიგოლ რობაქიძემ  ცალკეული ეპიზოდის გამო 1939 წ. დაწერილი   ეს რომანი მაინც საბჭოთა რეჟიმის პირობებში ერთგვარ `დათმობად~ მიიჩნია.  მან დაიწუნა და გაუგონარ მკრეხელობად მიიჩნია გიორგი მეფის მიერ ძელიცხოვლის ხატის მოწამვლის ამბავი. ამგვარად,  მისი აზრით, რომანში `1. მეფე `გაბითურებულია~ – რაა ის მეფე, რომელიც მოწინააღმდეგის მოსაცილებლად ასეთ საშინელებას მიმართავს? 2. `გაბითურებულია~ ხატიც – რაა ის სათაყვანო ხატი, რომელსაც ასე ექცევიან და ასე იყენებენ? ბოლშევიკები, რასაკვირველია, გაიხარებენ, როცა რომანის ამ ადგილს წაიკითხავენ, ხოლო ქართველნი? ყოველ ქართველს ეს სცენა ისარივით მოხვდებოდა და მოხვდება გულში“.

რობაქიძის აზრით, შესაძლოა რომელიმე ქართველი მეფე ვერ იდგა თავის მეფურ სიმაღლეზე; ამის მაგალითებსაც ვხედავთ საქართველოს ისტორიაში, ხოლო აქ მალულად, თითქოს სუნთქვით, თითქოს `ხელმწიფების~ იდეაც არის `გაკაწრული~, ის იდეა, რომლითაც გამართულია `ცხოვრება ქართლისა~, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თავი და თავი აქ ხატის შელახვაა. `სვეტიცხოველი~ საკრალური შუაგულია საქართველოს ისტორიისა და მისი ხატი სიმბოლური სახე ამ შუაგულის… მცხეთის გვერდით ეგულებოდათ კარდუს საფლავი; მცხეთაში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული… აქ გამოჭრა წმინდა ნინომ ჯვარი, რომელსაც თავისი თმები მოახვია… მცხეთა უძველესი დედაქალაქი იყო საქართველოსი, მის წიაღში განისვენებენ მეფენი და მთავრები. არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ აქ აგებულ ტაძარს `სვეტიცხოველი~ დაერქვა, გასაგებია ისიც, რომ ქართველთა განცდასა და შეგნებაში ამ სვეტის გარდამქმნელი ძალა `გასაგნდა~, როგორც სასწაულმოქმედი ხატი. და აი, გამსახურდიას რომანში ეს ხატია შეგინებული. რელიგიური კულტი რომ განზე დავტოვოთ, ეს შეგინება ფსიქოლოგიურად მაინც ქეძაფივით მწველია. ეს არის ერთი მოკლე ეპიზოდი რომანში, გარნა ვიცით: ხშირად ერთს წვეთს საწამლავისა შეუძლია მოწამლოს მთელი წყარო. აი, სადამდე მისულა გამსახურდიას `დათმობა… ამ დათმობით `მოწამლა~ მან არა მხოლოდ თავისი წიგნი, არამედ თავისი თავიც. საბჭოეთის ატმოსფეროში რომ არ ეცხოვრა, ამ `დათმობას~ იგი არ დაუშვებდა და ვერც დაუშვებდა~.

გრიგოლ რობაქიძემ წერილში „სულის დაშლა“ მწერლური ოსტატობაც დაუწუნა გამსახურდიას. იგი წერს: „აქ მხოლოდ ჩემს პირველ შთაბეჭდილებას გავაცნობ მკითხველს:

  1. ეპიურ ნაწარმოებში `მთელი~ ისე უნდა სჩანდეს, როგორც კამარა მოვლებული განფენილი ლანდშაფტი; ამ რომანში კი დეტალები ნთქავენ მთელს.
  2. ისტორიული რომანი მეცნიერული კვლევა არაა, ცხადია, იქ არყოფილსაც აქვს ადგილი. ხშირად სწორედ ამას, ხოლო არყოფილი ისე უნდა იყოს იქ გადმოცემული, თითქო იგი მართლაც ყოფილიყოს; ეს მოითხოვს დიდს ვიზიონერულ ნიჭს, აუცილებელს გზნებისათვის წასულის `სულიერი ჰავისა~; წარმოსახული, ამ შემთხვევაში არაყოფილი, უნდა იყოს სახიერებული ვითარ ნამდვილი: ესე იგი როგორც ყოფილი. გამსახურდიას რომანში კი მრავალი სცენები `ზღაპრების~ შთაბეჭდილებას სტოვებენ.
  3. რომანში ყოველი ამბავი ცოცხლად უნდა იყოს თხრობილი, ეს თავისთავად ცხადია. ხოლო იქ, სადაც მოთხრობილია საუკუნეებში გადასული ამბავი, ეს `ცოცხალი თხრობა~, ასე ვთქვათ, შორეთიდან უნდა ჰქროდეს. ესე იგი, ამბის აღქმევისას ერთგვარი `მანძილი~ უნდა იყოს დაცული. აქ კი ხშირად ისეა ამბავი თხრობილი, თითქო იგი გუშინ მომხდარიყოს. ეს სხვათა შორის ზემო მუხლში ნათქვამითაც აიხსნება: თუ ვერ წვდები წარსულს ვიზიონერულად, მაშინ ძალაუნებურად შეგაქვს იქ `ჰავა~ აწმყოსი.
  4. მეორე ნახევარი რომანის იმპრესიონისტულ-ფელეტონისტურად არის გაშლილი, რის გამოც მოთხრობა ჰკარგავს ეპიურ ნელ განფენილობას, ეგზომ აუცილებელს წარსულის გადმოსაცემად“.

მიუხედავად გრიგოლ რობაქიძის დიდი ავტორიტეტისა, მისი ზოგიერთი შენიშვნა შეიძლება საკამათოდ მივიჩნიოთ, თუმცა ფიქრისა და განსჯის კარგ მიზეზს გვთავაზობს.  მკითხველი შეიძლება გააოცოს ერთი მწერლის მიერ მეორის ამგვარმა შეფასებამ, ნაკლზე ხაზგასმამ,  მაგრამ თან კრიტიკული აღქმისა და აზროვნებისკენ უნდა უბიძგოს.

 

 

 

მოსწავლის და მშობლის უფლებები და ვალდებულებები

0

სამწუხაროდ, შეკითხვაზე – რა უფლებები და ვალდებულებები აქვს მოსწავლესა და მშობელს? – პასუხი არცერთ კანონში არ არის მოცემული და, სავარაუდოდ, არც უნდა იყოს.  ასეთია სამართლის ბუნება და, ზოგადად, კანონმდებლობა.

საკითხს ერთი კი არა, ბევრი სამართლებრივი აქტი არეგულირებს. რეკომენდაციებიც მრავლადაა, ქართული თუ უცხოური. სხვადასხვა იურიდიული ტექსტის წაკითხვა და გაგებაა საჭირო.

პრაქტიკაშიც ხშირად მსმენია ამ საკითხთან დაკავშირებული, სხვადასხვა ფორმით დასმული შეკითხვები.

ამიტომ, ალბათ, კარგი იქნება, კანონმდებლობისა თუ რეკომენდაციების ანალიზის შედეგად, ამ უფლებებსა და ვალდებულებებს მოკლედ და მკაფიოდ თუ ჩამოვაყალიბებთ:

მოსწავლის უფლებები:

 

  • ღირსეული მოპყრობის უფლება – სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და თანასკოლელები თუ თანაკლასელები ღირსეულად უნდა მოეპყრან მოსწავლეს;
  • ხარისხიანი განათლების მიღების უფლება – ყველა მოსწავლეს აქვს უფლება, მოითხოვოს ხარისხიანი სწავლება;
  • საკუთარი პიროვნების სრულად განვითარების უფლება – მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სრულად განავითაროს საკუთარი პიროვნება, ნიჭი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები;
  • აზრის გამოთქმის უფლება – მოსწავლეს უნდა ჰკითხონ აზრი იმ სასწავლო პროცესის შესახებ, რომელშიც თვითონ მონაწილეობს; მას უნდა შეეძლოს გამოთქვას აზრი სასწავლო პროცესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

მოსწავლის ვალდებულებები

 

  • მოსწავლემ პატივი უნდა სცეს სხვის უფლებებსა და თავისუფლებას;
  • უნდა მოიქცეს სკოლის შინაგანაწესისა და სკოლაში მოქმედი სხვა წესების შესაბამისად;
  • უნდა დაესწროს გაკვეთილებს და იაროს სკოლაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს გაცდენის საპატიო მიზეზი;
  • უნდა იყოს პუნქტუალური;
  • გაკვეთილებზე თან უნდა ჰქონდეს წინასწარ მოთხოვნილი სასწავლო რესურსი;
  • უნდა გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს სკოლის ინვენტარი და აღჭურვილობა;
  • უნდა ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

მშობლის [კანონიერი წარმომადგენლის] უფლებები

მშობელს აქვს უფლება:

 

  • მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და სასკოლო წესების შესახებ;
  • მოისმინოს მასწავლებლის მოსაზრებები მოსწავლის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებით;
  • სასწავლო პროცესში აღქმული იყოს, როგორც პარტნიორი;
  • მოისმინონ მისი მოსაზრება სასწავლო პროცესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მშობლის ვალდებულებები

 

მშობლის ვალდებულებაა:

 

  • უზრუნველყოს სკოლაში მოსწავლის დროულად გამოცხადება;
  • იყოს აქტიური მოსწავლის განათლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და მხარი დაუჭიროს მოსწავლეს განათლების მიღების პროცესში;
  • დარწმუნდეს, რომ მოსწავლე უსაფრთხოდ გადაადგილება სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში;
  • მხარი დაუჭიროს მოსწავლეს და სკოლის ადმინისტრაციას სკოლის შინაგანაწესისა და სკოლაში დადგენილი სხვა წესების დაცვის პროცესში;
  • მხარი დაუჭიროს სკოლის ადმინისტრაციას ძალისხმევაში, ყველა მოსწავლის მიმართ მიიღოს თანასწორი გადაწყვეტილებები, არ დაუშვას და წაახალისოს განსხვავებული [დისკრიმინაციული] მოპყრობა;
  • თავი შეიკავოს ბავშვის თანდასწრებით სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების კრიტიკისაგან;
  • დაეხმაროს მოსწავლეს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს შეხედოს სხვა მოსწავლეების, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების თვალით.

 

 

 

 

 

 

თემის განსხვავებული  დიფერენცირება

0

მეთერთმეტე კლასის დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრიგონომეტრიის საფუძვლიანად შესწავლას ეთმობა. ამ ეტაპზე იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქამდე ხალისით და დაუზარლად სწავლობდნენ, შესაძლოა დაეკარგოთ სწავლის სურვილი. მოსწავლეები რთულად აღიქვამენ ამ მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევიტანოთ გაკვეთილებზე მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და დავარწმუნოთ ისინი ტრიგონომეტრიის აუცილებლობაში. ამისათვის პირველ რიგში, მაღალი მზაობის მოსწავლეები თანაშემწეებად გავიხადოთ და მათთან ერთად მოვამზადოთ პრეზენტაციები თემებზე:

  1. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობა;
  2. პარალელი ცხოვრებასთან (მაგ: გაზეთის პერიოდული გამოცემა);
  3. წელიწადის ოთხი დროის და ზოგადად დროის პერიოდულობა;
  4. აკუსტიკაში დრეკადი ტალღების წარმოშობა და გავრცელება;
  5. გულის ცემის პერიოდულობა;
  6. არქიტექტურული ძეგლები და მისი ჩუქურთმების და ორნამენტების პერიოდული განმეორება;
  7. მუსიკაში მეორდება ხოლმე ბგერათა შერწყმა და ამით ძლიერდება ზემოქმედება;
  8. მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილის გაზომვა ტრიგონომეტრიის გამოყენებით;
  9. გრავიურის განხილვა, სადაც მოცემულია, როგორ ზომავდნენ ძველად ასტრონომიაში პლანეტებს შორის მანძილს ტრიგონომეტრიის გამოყენებით.

 

ეს დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს ამ თემის საჭიროების დანახვაში. პრეზენტაციები მივაწოდოთ ეტაპობრივად. ამით იმ მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას შევძლებთ, რომლებიც ამ პრეზენტაციებზე იმუშავებენ.

ინფორმაცია მივაწოდოთ რაც შეიძლება თვალსაჩინოდ. გრაფიკები ავაგებინოთ კომპიუტერული პროგრამების გამოყენებითაც.

დავამზადოთ სამი კამათელი,  რომელთაგან პირველის წახნაგებზე მოვათავსებთ: sin, cos, tg ,sin2x+cos2x= ,sinx/cosx ,1/tg2x. მეორის წახნაგებზე ვაწერთ: მაქსიმუმი, მინიმუმი, ლუწობა-კენტობა, პერიოდი, სიმეტრიის ღერძი; მესამის კი – ტრიგონომეტრიული ცხრილის რიცხვებს.

წესად გავიხადოთ, რომ დაბალი მზაობის მოსწავლეების ნაწილი დროდადრო ამ კამათლებს აგორებდეს და კითხვებზე პასუხებს გვცემდეს. სამივე კამათელი გორდება ერთდროულად. ხოლო თუ ძირითადი ფორმულა მოვა, იგი დაასრულებს მას და პირველ კამათელს თავიდან აგორებს. ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

    საშუალო მზაობის მოსწავლეებისთვის დავამზადოთ ტრიგონომეტრიული წრე შუაში მოთავსებული ბზრიალა ნივთით. ამ საშუალებით მათ გაუადვილდებათ ისეთი სერიოზული საკითხების შესწავლა, როგორებიცაა ტრიგონომეტრიული ფუნქციების ნიშნები მეოთხედების მიხედვით და დაყვანის ფორმულები. ამ მოსწავლეებს დროდადრო შევთავაზოთ მათი მზაობის შესაბამისი ამოცანებიც.

მაღალი მზაობის მოსწავლეები კი ჩვენთან ერთად ხსნიან საინტერესო რთულ ამოცანებს და მსჯელობენ ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა ფუნქციის ცვლილება პარამეტრებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოსწავლეები უნდა მოვადუნოთ და არ ვამუშაოთ ბლუმის ტაქსონომიის დაბალ და საშუალო დონის მასალაზე.

შეჯამების დღეებში მათ მივცეთ არჩევნის საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რომელი დონის დავალებას აირჩევენ.

მთავარია,  ხედავდნენ ტრიგონომეტრიის საჭიროებას; ხვდებოდნენ, რომ მათი გულებიც თურმე ტრიგონომეტრიულად ცემს.  არ დაგვეზაროს დასარწმუნებლად კარდიოგრამის ლენტებიც კი მოვიტანოთ.  თუ ინტერესი დიდია,  ამ პროცესში ფიზიკის და ბიოლოგიის მასწავლებლებიც ჩავრთოთ. კამათლები და ტრიგონომეტრიული წრე მათ მოტივაციას გაზრდის.

ამ სტატიის მთავარი მიზანია: გაგიზიაროთ ამ თემის დიფერენცირებისა და მოტივაციის გაზრდის ერთ-ერთი მოდელი. ამ მოდელის გამოყენების დროს შეგვიძლია ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონის დაფარვა.

 

შეფასება მოვახდინოთ კლასზე მორგებული და კრიტერიუმებად ჩაშლილი ცხრილით, რომელსაც წინასწარ იცნობენ. არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი კლასი და ამიტომ კრიტერიუმები კონკრეტულ კლასზე უნდა იყოს მორგებული.

 

 

 

 

 

ზაფხული ჩვენი მარტოობისა

0

ზაფხულის არდადეგებისას, თუ შენ პატარა ქალაქში ცხოვრობ და იმ პატარა ქალაქიდან, იქვე, მახლობელ სოფელში მიდიხარ დასასვენებლად, სადაც ბებია ცხოვრობს და თბილისიდან ნათესავები ჩამოდიან,  აუცილებლად დგება დრო, როცა ეს ნათესავები აბარგდებიან და მარტო გტოვებენ. შენ და ბებიას.

ნათესავები მიდიან არდადეგების დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, მათი გზა უფრო გრძელია და მათი ქალაქი დიდი. ამიტომაც აქ ისევ ზაფხული რჩება, ზუსტად ისეთივე მზით და ნიავით, ოღონდ უხმაურო, უადამიანო. ს

აშინელებაა ზაფხულის ეს ნაწყვეტი სოფლად – უპასუხო, უექოო. იმ ნათესავების ნაფეხურები – კოკა–კოლას ბოთლები, ჩაფუშული წყლის რგოლი, ერთი–ორი შარვალი, ჩემოდანში რომ არ ჩაეტიათ და ყვითელი ჟურნალები ––კიდევ უფრო ამძაფრებენ იმ დროს გაუგებარ სევდას. და მეზობლები და ბებია – ნელ–ნელა და დაზარებით რომ უახლოვდებიან შემოდგომას, ყანების ტეხა–კრეფას, ბრაზილიურ სერიალებს, კოფეების სმას.

მე  ვდგები და წიგნების ოთახში შევდივარ. იქ გერმანული კატალოგია, მოდების, ტექნოლოგიების. მგონი 1993 წლის. ლამაზი ქალები. სათამაშო კომპიუტერები. ტანსაცმელი. კიდევ ბევრი რამ. უჩვეულოდ ფერადი. 1997 წელია, ამიტომაც უკვე მეათასედ ვათვალიერებ. ყველა გვერდის სურათი ვიცი და მხოლოდ ზოგიერთი სიტყვა.

საღამოვდება. ფარდებიდან, სისხლიანი ღამის პროლოგივით ისმის კოღოს სუსტი წუილი. მომაკვდავის პულსივით ფრთხილია ნიავი. ცხელა. ავეჟის მწერი მღერის. და მე ვგრძნობ, რომ ძალიან, ძალიან მარტო ვარ. და რომ ჩემი მეზობელი ლენაც მარტოა, სარეცხს რომ ფენს და ვაჟაც მარტოა, საქათმის კარს რომ აჭედებს და გივიც მარტოა, ჭიშკართან რომ ზის ომისმედლებიანი კიტელით და ნანაც მარტოა, წყლის მოსატანად რომ წავიდა ერთადერთ ჭაზე ნახევარ კილომეტრში. და რომ გვეშინია ამ მარტოობის, მაგრამ ვგრძნობთ, რომ არის რაღაც აუცილებელი ამ მარტოობაში და გარდაუვალი და საჭიროც. მე მენატრება ეს მარტოობა, გერმანული კატალოგით, წიგნების მოწყენილ ოთახში, ზაფხულის მომაკვდავი დღით.

მე იმ მარტოობაში დავიბადე.

 

წარმატების ბოლო ზარი

0

ბოლო ზარმა უკვე საქართველოს ყველა სკოლაში ჩამოჰკრა. უმრავლესობისთვის წარმატების ზარი იყო, უმცირესობისთვის – ვერა, რადგან 12 წლის „შრომა“ კიდევ ერთი წლით გადაუვადდათ. სცენები, წარწერები, ტექსტები თითქმის ყველგან და ყოველთვის იგივეა: მოლოცვების, თავისუფლების შეძახილების, მოფერების,  სიყვარულის ახსნის, მოსალოდნელი მონატრების, ათასნაირი კეთილი სურვილის, იმედებისა და გულისწყვეტისაც კი: ,,გილოცავთ სკოლის დამთავრებას! „დასრულდა 12-წლიანი ჯოჯოხეთი!“; „ვაშა, თავისუფლება!, „მიყვარხართ და ხშირად შევხვდებით“!; „ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ!”; „Have a Happy Trip!“,  „წარმატებების იმედი მაქვს!“; „მომავალი წლები გასულზე ბევრად წარმატებული გვექნება!“, „მთავარია, საატესტატოები ჩავაბარეთ!“; „არცერთ მოსწავლეს არ უყვარს სკოლა, შესაძლოა შეგვიყვარდეს, როცა მოგვენატრება“; „უნდა დავისვენო!“; „ნეტარი ცხოვრება იწყება!”; „ჩაცმის სტილი, თმა… – ყველაფერი უნდა შევიცვალო!“;  „100%-იან გრანტს გისურვებ!“…

 ყველა ამგვარი გზავნილი წელს სცენიდან შემთხვევით მოსმენილმა ერთმა ტექსტმა გადაწონა. აი ისიც: 

                       „სკოლა, ერთი შეხედვით, ადგილია, სადაც განათლება უნდა მივიღოთ, მეორე მხრივ კი, ეს საშუალებაა ურთიერთობების შესასწავლად.

ალბათ, ყველას გვიფიქრია დაბადებასა და გარდაცვალებაზე. ჰოდა, ერთ უცნაურ ფაქტს აღმოაჩენდით: როცა ვიბადებით, ჩვენ ყველა ვტირით, სიკვდილის წინ კი ჩვენს სახეებს სასიამოვნო ღიმილის ფერი დაჰკრავს.

უცნაური შედარება იქნება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ახსოვს პირველი ნაბიჯი სკოლაში, რომელიც შიშით და ცრემლით იყო გაჟღენთილი. შიშით, რომ დედა აღარ მოგვაკითხავდა. ახლა კი ყველა ვიღიმით, ცრემლნარევი ღიმილია, თუმცა უდაოდ ბედნიერების, ვინაიდან ჩვენ აქ ვიგრძენით დედა, ჩვენ აღარ გვეშინია და ჩვენ გვაქვს ცათა სასუფეველი, ანუ მომავალი. ჩვენს დროში სკოლას იმ ასაკში ვამთავრებთ, როცა რაღაც დოზით ვართ დამოუკიდებელნი და არ გვეშინია სტუდენტური ცხოვრების.

მე მეშინია...

მეშინია, ვინაიდან აქ, სკოლაში არის დედა, იქ კი არიან დროებითი დედინაცვლები.

სკოლა მუზეუმია. ჩვენ, მოსწავლეები ქანდაკებების ის ნაწილი, რომელსაც თავი უნდა დაადგა და ზედ თვალები ამოქარგო. მასწავლებლები არიან გონიერი ხუროთმოძღვრები, რომელნიც ქანდაკებას პირისპირ არ უდგანან. ისინი გარშემო გვივლიან, გვივლიან და გვივლიან დაუღალავად, მერე თავს მოგვარგებენ, ერთი ნაბიჯით უკან დაიხევენ, აღქმის მზერას მოგვაპყრობენ, თავს გაიქნევენ, მოგვიახლოვდებიან, თვალის ჭრილს შეგვისწორებენ, გააფართოებენ და კმაყოფილი სახით შუბლზე გვაკოცებენ.

ჩვენ მუზეუმებ დავამშვენებთ, თავის მხრივ, ხუროთმოძღვრებიც იამაყებენ თავიანთი შემოქმედებით.

და ბედნიერების სუნი ახლანდელივით მუდამ ტრიალებს.

ჩვენ ვარდიფერი ცის ქვეშ ვცხოვრობთ.

ამგვარ სიტყვებს დამამთავრებელ კლასში მოსალოდნელი ნოსტალგიის გამო ხშირად ამბობენ ხოლმე, მაგრამ მე მჯერა, რომ გჯერათ ჩემი გულწრფელობის, ვინაიდან თქვენ ჩემთვის შეუცვლელი ხართ და ჩემი ყოველი სიტყვა გულისა და გონების შერწყმული პოტენციური ქმედებაა.

დღევანდელი ჩვენი დღე აეროპორტს მაგონებს. თქვენ, დედები, შვილებს გვაცილებთ უცხო მხარეში, დიდ იმედებს ამყარებთ ჩვენზე, მაგრამ ცრემლები მაინც არის ..

აქ მონატრების ცრემლია.

აქ სიყვარულის ცრემლია.

აქ გაზაფხულია, სიცოცხლეა...

აქ ფრენენ მერცხლები და აქ იზრდებიან თქვენთვის მოსართმევი იები“.

            /მარიამ იობიძე /

გზავნილები მარადიულია: მასწავლებლები ხუროთმოძღვრები არიან; მათი კვალი სამარადისოა; მათ შესწევთ ძალა, შედევრები შექმნან, ანაც მასალა სამუდამოდ დაამახინჯონ; მასწავლებლების შემოქმედება საამაყოა…

 იმ დღეს მეგონა, ჩემი აზრი ბავშვის პირით  ასე გაჟღერდა. ამასწინ ვწერდი, რომ „მასწავლებლობა შემოქმედებაა… შემოქმედი და ჭეშმარიტი ოსტატი ისაა, ვინც უცნაური მასალისაგან დიდი შრომის ფასად ოდესმე შედევრს ააკაშკაშებს, ღირებულ საგანს შექმნის – ყველასთვის საჭიროს და სასარგებლოს-მეთქი“; სხვაგან ისიც დამიწერია, რომ მასწავლებელი ჩემთვის ნიშნავს ღია კარს და ღია ფანჯარას, რომელთა მიღმა სივრცეებია, ვრცელი გზა ყველგან მიმავალი; რომ ეს პროფესია ნიშნავს პასუხისმგებლობას, ადამიანებს „მუშაითობის“ ხელოვნება  შეაყვარო, რადგან მასწავლებლობაც სწორედ ბეწვის ხიდზე სიარულივითაა და თანადგომის გარეშე სარისკო და უშედეგოა, რომ გადაფიქრება არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთად შევძლებთ ნანგრევების ადგილას განათლების მშვენიერი საყდრის აგებას“. მისგან კი სიბრძნე საფრთხეების საპირწონედ უნდა გავიდეს, რადგან ისინი ჩვენ გარშემო უამრავია და ნაირგვარი. რადგან „დღეს, როდესაც ოჯახის ცნება რამდენადმე მორღვეულია, როცა მშობლები საკვებისთვის, ტანსაცმლისათვის შორ ქვეყნებში უცხოვდებიან, ბავშვებს სჭირდებათ „ობიექტების გადატანა“. ეს ჩვეულებრივი ტრანსფერია და მოდუსის გადანაცვლება, რომლებიც მათ წარსულში ჰქონდათ განცდილი მნიშვნელოვან ადამიანებთან მიმართებით. და როცა მშობლები გვერდზე ვერ ჰყვანან, ისინი მასწავლებლებს აკისრებენ ამ უდიდეს ტვირთს, მათგან ითხოვენ ყოველ ჯერზე უპირობო სიყვარულსა და ზრუნვას, ხოლო თუკი ერთხელ მაინც იმედი გაუცრუვდათ, ძალას კარგავენ ან საომრად ემზადებიან“.

„ბოლო ზარის“ ზეიმზე ნათქვამი მოწაფის  სიტყვა უტყუარი ფაქტია, რომ ბავშვები მასწავლებლებში მშობლებს ეძებენ!

მერე რა, რომ ზოგჯერ საზრდოდ გვრჩება მხოლოდ ჩვენივე შემოქმედება და მთელი ცხოვრების სამყოფი იების სურნელი. ეს წარმატების სურნელია.

ახლა კურსდამთავრებულები ემზადებიან. მათ საკუთარი წარმატების იმაზე მეტად უნდა სჯეროდეთ, ვიდრე ჩვენ გვჯეროდა, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით და ჩვენი შრომით ბევრ რაიმეს სასიკეთოდ შევცვლიდით. კიდევაც სჯერათ. საქმე, უბრალოდ, „მოსალოცად“ აქვთ.

 

 

 

მოსწავლე და პედაგოგი –  ურთიერთობის ეთიკა

0

მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სასურველია იყოს ჰარმონიული, მაგრამ ხშირად ხდება, რომ უთანხმოება ჩნდება. ამის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს. სკოლა ცხოვრების ნაწილია და სარკესავით ირეკლავს ყოველივე იმას, რაც ქვეყანაში, ზოგადად, საზოგადოებრივ ყოფაში ხდება. სხვადასხვა ტიპის ბულინგის მსხვერპლად თანაბრად შეიძლება იქცეს მასწავლებელიცა და მოსწავლეც. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა არცერთი მხარე არ იქცეს არც მჩაგვრელად და არც დაჩაგრულად.

სხვადასხვა რეგულაცია, ეთიკის კოდექსი, ფსიქოლოგთა რჩევები, ერთი სიტყვით, დაწერილი და დაუწერელი კანონები არსებობს იმისთვის, რომ სასკოლო უთანხმოებანი აღმოიფხვრას, თუმცა ყოველ ჯერზე პედაგოგი თვითონ აკეთებს არჩევანს და ამგვარად აგროვებს პირად გამოცდილებას, რომელიც სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვაში დაეხმარება. დღეს სოციალურ ქსელებში მშობლის არაერთ კომენტარს წაიკითხავთ მასწავლებლის შეუფერებელ ქცევაზე, თუმცა ყოველთვის, როდესაც რაიმე კონფლიქტს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, კარგად უნდა გაანალიზდეს მთელი სიტუაცია. უმთავრესია არა დამნაშავის ძიება, არამედ გამოსავლის პოვნა, იმის აღიარება და გაცნობიერება, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობაც ისეთივე რთული და მრავალმნიშვნელოვანი  ფენომენია, როგორც სხვა ყოველივე ამქვეყნად. მართლაც, რამ შეიძლება აიძულოს ჩამოყალიბებული პიროვნება, პედაგოგი, გამოვიდეს წყობიდან, უყვიროს მოსწავლეს ან უხეშად მისცეს შენიშვნა, ირონიულად შეხედოს, სიტყვიერად შეურაცხყოს, დაამციროს. ეს არ გაგვიკვირდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, ეგრეთ წოდებული, „სიძულვილის ენა“ ახლა მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამიტომ უამრავი კვლევა ტარდება ამ მიმართულებით.  მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, ამერიკისგან განსხვავებით, სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია. მოსწავლეცა და მასწავლებელიც სოციალური ქსელებისა თუ ელექტრონული მედიის აქტიური მომხმარებლები არიან, ამიტომ ბუნებრივია, ინტერნეტსივრცეში გამოხატულმა მოუთოკავმა, აგრესიულმა ურთიერთობის ფორმებმა, ერთი შეხედვით, დისტანციურმა და, შესაბამისად, უწყინარმა, შეიძლება საკლასო ურთიერთობებზეც იქონიოს გავლენა. ევროპის საბჭომ ამასთან დაკავშირებით კამპანიაც კი წამოიწყო 2013 წელს „მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ“, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.

მოსწავლეებს სახლში ხშირად მოაქვთ მასწავლებლის ცალმხრივი აგრესიის ამბები. მაგალითად, როცა მამამ ნიკას ჰკითხა, რა ხდებოდა სკოლაში, ბავშვმა დაიჩივლა, რომ მასწავლებელმა უყვირა იმის გამო, რომ კალმის წაღება დაავიწყდა, თან იდიოტი უწოდა, ამან კი მთელი კლასის ხარხარი გამოიწვია. მამას, რასაკვირველია, ბრაზი მოერია, თავი ვერ მოთოკა, მასწავლებელს დაურეკა და ბულინგში დაადანაშაულა. პედაგოგს ამის მერე ფარული აგრესია გაუჩნდა ამ  მოსწავლის მიმართ, ამან კი კლასში ჩაუმქრალი ვულკანის ტიპის დაძაბულობის კერა გააჩინა.

უამრავი კვლევა არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა მოსწავლეთა უმეტესობას სკოლაში წასვლა, ან რატომ ახარებს გაკვეთილის რაიმე მიზეზით გაცდენა. ხანდახან ამის მიზეზი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობაცაა. თავისი სიმართლე  ყოველთვის ორივეს  აქვს. როგორც ცნობილია, არსებობენ პედაგოგები, რომლებიც სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობენ და არიან ისეთნი, რომლებთან ყოფნაც კომფორტულია. ასე რომ, პედაგოგმა, რადგან ასეთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესია აირჩია (გაბრიელა მისტრალი სწავლებას ღვთისმსახურებას ადარებდა), თავიდანვე უნდა გააცნობიეროს, რომ მის გარშემო კი არ უნდა იტრიალოს მოსწავლემ, არამედ პირიქით, ცენტრად მოსწავლე და მისი ინტერესები აქციოს. ხოლო ინტერესთა სწორად ჩამოყალიბებას თვითონვე შეუწყოს ხელი და მერე აღარ იქნება ძნელი ასატანი „პერიფერიაზე“ ყოფნა.

სასურველია:

  • უპირველეს ყოვლისა, პედაგოგისთვის სკოლა არ უნდა იყოს ერთგვარი ტრამპლინი ან მოსაცდელი სხვა, მისი აზრით, მისთვის შესაფერის თუ უკეთეს საქმეზეგადასასვლელად. თუ მასწავლებელს შინაგანად აწუხებს თავისი ეს „როლი“, მაშინ თავს ვერაფერს მოუხერხებს და რაიმე ტიპის აგრესიით გაამჟღავნებს თავს, რაც მასსა და მოსწავლეს შორის უთანხმოების მიზეზად იქცევა.

 

  • მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის ერთნაირი განწყობილებით ვერ მივა სკოლაში. მთავარია, უფრო ფუნდამენტური განცდა – განწყობა – ჰქონდეს ჯანსაღი. ფსიქოლოგთა აზრით, განწყობა და განწყობილება იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ განწყობა უფრო ღრმაა, სტერეოტიპებსა და შაბლონურ შეხედულებებს ეყრდნობა, ის ხანგრძლივად ყალიბდება და მისი შეცვლაც დროს მოითხოვს.  განწყობილებები კი უფრო ზედაპირული და სწრაფად ცვალებადია.  შესაბამისად, პედაგოგს სკოლის მიმართ განწყობა (შესატყვისი და გონივრული მოლოდინებით, სხვა პედაგოგთა გამოცდილებაზე დაყრდნობით)  იქსამუშაოდ მისვლამდე უნდა ჰქონდეს კარგად ჩამოყალიბული. ამ შემთხვევაში, უარყოფითი განწყობილებები ვერ გახდება საფუძველი თუ მიზეზი სერიოზული უთანხმოებებისა.

 

  • მასწავლებლისთვის მოსწავლე ერთგვარი „სამუშაო მასალაა“. ის საკლასო ოთახში ყოველდღიურად, ყოველ გაკვეთილზე ძერწავს საკუთარ თავს, მოსწავლეებსა და ურთიერთობებსაც, ამიტომ შემოქმედებითობის, ურთიერთპატივიცემის, აღიარების, დაფასების გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნოს, რათა მოსწავლეებს მიუხაროდეთ მასთან შეხვედრა. ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ მასწავლებელს ესმის მათი. მიუხედავად იმისა, რას გრძნობს პედაგოგი რომელიმე მოსწავლის მიმართ, მისი ქცევისა თუ სწავლის მიუხედავად, მაინც კეთილგანწყობა უნდა შეინარჩუნოს. მაგალითად, ერთ კლასში მასწავლებელმა ხმამაღლაწააკითხა ბავშვებს მასალა, როცა რიგი ლელაზე მიდგა, ნათიამ წამოიძახა, ოღონდ მაგან არა, საშინელი ხმა აქვს! მასწავლებელმა ურეაქციოდ არ უნდა დატოვოს „სიძულვილის ენის“ ამგვარი გამოვლინება. თუმცა, როგორ მოიქცეს, ამის მზა რეცეპტს ვერც ვერსად ამოიკითხავს და ვერც ვერავინ მისცემს. მან უნდა შეიკავოს თავი, მოუთოკავ რეაქციას როგორმე ლაგამი უნდა ამოსდოს და ცალკე დაელაპარაკოს როგორც „თავდამსხმელს“, ასევე „შეურაცხყოფილს“. გაარკვიოს, ხომ არ უძღოდა ამ უთანხმოებას რაიმე წინა კონფლიქტი. არაფერი მიიჩნიოს უმნიშვნელოდ და ამგვარ სიტყვიერ, ერთი შეხედვით, ზედაპირულ დაპირისპირებებს სიღრმემდე ჩასდიოს. ეს, რა თქმა უნდა,   დიდ ძალას, ენერგიას, დროსა და გულწრფელობას მოითხოვს, ისევე, როგორც ცხოვრებაში. ამის გარეშე, სულ მცირე უთანხმოება შეიძლება ისეთ ქარიშხალში გადაიზარდოს, როგორც არაერთ მხატვრულ ნაწარმოებსა თუ ფილმშია აღწერილი. მაგალითად, გირჩევთ, მოსწავლეებთან ერთად ნახოთ და განიხილოთ ფრანგი რეჟისორის, ჟან-პოლ ლილიენფილდის ფილმი „ბოლო გაკვეთილი“, იზაბელ აჯანის მონაწილეობით.

 

  • სასურველია, რომმასწავლებელს სკოლის შემდეგ ისევ უამრავი საქმე არ ჰქონდეს გასაკეთებელი, ისეთი, როგორიცაა: რვეულების გასწორება, გეგმების წერა და სხვ. რა თქმა უნდა, ყველაფერს სკოლაში ვერ დაასრულებს, მაგრამ უნდა ეცადოს, რომ თავისუფალი დრო არასასკოლო საქმეებისთვისაც ჰქონდეს, რათა მუდმივად დაღლილი და გადატვირთული არ იწყებდეს გაკვეთილს, რაც უსათუოდ შექმნის უთანხმოების წყაროებს.

 

  • გაკვეთილიც ერთგვარი „სცენაა“, რომელსაც მოსწავლეთა სახით სხვადასხვა ტიპის მაყურებელი ჰყავს. არც სპექტაკლი იქნება ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხისა. მაყურებლის უმრავლესობა აქაც სანახაობას არის დახარბებული, ამიტომ რეჟისორმა, მასწავლებელმა ხშირად უნდა აღიაროს თვისთვის, რომ ვერც როლები გაანაწილა შესაფერისად და ვერცგაკვეთილის სტრუქტურა დაგეგმა. მარცხს თვითირონიით  უნდა შეხვდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ასეთ დროს დამნაშავის ძებნა „მაყურებელში“ კი არ დაიწყოს, არამედ სტრატეგიები შეცვალოს. მაგალითად, ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის შეკითხვაზე: ვბანაობ – რა დროს გამოხატავსო, თუ რომელიმე  დათომ წინასწარგანზრახულად სამასხარაოდ ხმამაღლა უპასუხა, ზაფხულია, კვირაა და შუადღეაო, მასწავლებელმა არ უნდა შეიცხადოს, ბავშვებთან ერთად თვითონაც გაიცინოს. ოღონდ აგორებულ გუნდას „მთად“ გადაქცევის საშუალება არ მისცეს და მთელი გაკვეთილის დრო არ შესწიროს. რადგან ამგვარი წამოძახილები, თანმდევი რეპლიკებით, ხშირად ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და მასწავლებელს დიდი ტაქტი და მოქნილობა სჭირდება, რომ მისი შენიშვნა ხმამაღალ გაკიცხვასა და აგრესიაში არ გადაიზარდოს. ბავშვები ხომ სიცილისა და მხიარულებისაკენ ბუნებრივად არიან მიდრეკილნი, ამიტომ ხანდახან სიტუაციის განსამუხტად თვითონვე რაიმე სასაცილო ამბავიც შეიძლება გაიხსენოს, კომიკური სიტუაცია, რომელშიც საკუთარი მიუხვედრელობისა თუ უგერგილობის გამო აღმოჩნდა.  ამგვარად, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა უბოროტოდგაიცინონ მასზე და სხვა დროს უფრო იოლად შეხვდებიან ერთმანეთის მოზომილსა თუ მოუზომავ ხუმრობას.

 

  • ძნელია საკუთარიშეცდომების ჯერ დანახვა, მერე გაცნობიერება და აღიარება, მაგრამ აუცილებელია, იმისთვის, რომ მასწავლებელმა შემოქმედებითი ზრდა და განვითარება არასოდეს შეწყვიტოს, მიუხედავად ასაკისა თუ გამოცდილებისა.

მასწავლებელი გაკვეთილზე ყოველგვარ ნეგატიურ დამოკიდებულებასა თუ ემოციას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ უნდა ეცადოს, რომ თვითონვე არ იქცეს ამგვარი განწყობილებების  ერთგვარ „ვირუსულ“ გადამტან-გამავრცელებლად.

 

 

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი იმედგაცრუებულია

0

დაეხმარეთ ბავშვს, გაუმკლავდეს იმედგაცრუებას, რომ გახდეს უფრო ძლიერი.
ბავშვისთვის წარმატებული განწყობის შექმნასა და იმედგაცრუებისაგან მის დაცვას შორის საზღვარი ბუნდოვანია. მშობელი არასოდეს ისურვებს, შვილს ეტკინოს ან იმედი გაუცრუვდეს. ბოლოს და ბოლოს, ამის გამო მან შეიძლება ხელი ჩაიქნიოს. ცხოვრებაში გარდაუვალი იმედგაცრუებებისაგან ბავშვის დაცვის მცდელობა არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ ზოგ შემთხვევაში საწინააღმდეგო ეფექტის მომტანიც კი.

გარდა ამისა, თუკი მშობელი არასწორად მიუდგება ბავშვის იმედგაცრუებას (მაგ. უარყოფს მის გრძნობებს), ბავშვი არა მხოლოდ მარტო დარჩება თავის იმედგაცრუებასთან, არამედ მშობლისგანაც გაუცხოვდება, რადგან მშობელს მისი არ ესმის.
ქვემოთ მოყვანილია რჩევები,  თუ რა არის ამ დროს რეკომენდებული და რის გაკეთება არ უნდა დავუშვათ:

 

 საჭიროა:

1) მიიღოთ  იმედგაცრუება. ის გარდაუვალია. ამ ყველაფერს მიუდგეთ ისე, რომ მან ბავშვი უფრო ძლიერი და მოქნილი გახადოს.
2) უნდა იყოთ მის გვერდით, იყოთ ემპათიური, წარმოიდგინოთ თავი მის ადგილას. უთხრათ: „შენ იმედგაცრუებული ხარ. ალბათ მეც ასე ვიქნებოდი. მესმის შენი”.
3) აგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის.  „ცხოვრებაში ბევრჯერ მიგრძვნია ის, რასაც ახლა შენ გრძნობ. ეს ძალიან მძიმეა“.
4)  დაუმტკიცოთ, რომ გესმით მისი. უამბეთ თქვენი იმედგაცრუებების შესახებ: „მეც ზუსტად ისე ვგრძნობდი თავს, როცა სამსახურში ვერ დავწინაურდი, როგორც შენ ახლა. ეს მტკივნეულია”.

5) უნდა წაახალისოთ, რომ განაგრძოს ცდა – „განაგრძე. შედეგი იქნება”.

6) დააფასოთ მცდელობა მიღწევაზე მეტად; აუხსნათ, რომ ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება.

არ არის საჭირო:
1) უარი ათქმევინოთ გრძნობებზე (შეგრძნებებზე). მოერიდეთ მსგავს დებულებებს: „ნუ ხარ იმედგაცრუებული”, „გაუმკლავდი”, „ცხოვრება უსამართლოა”. როცა მშობელს არ სურს მოისმინოს ან გაიგოს შვილის გრძნობები, შვილი დახმარებისთვის მას აღარ მიმართავს;

2) აურიოთ სიმპათია ემპათიაში. ბავშვის შეცოდება მას თვითეფექტურობას აკარგვინებს. ნუ მოსთხოვთ ბავშვის მასწავლებლებსა თუ ინსტრუქტორებს, სხვანაირად მოექცნენ მას. ეს ბავშვს ასწავლის, ითამაშოს მსხვერპლის როლი.
3) ნუ დაუწყებთ ჭკუის სწავლებას. თავი შეიკავეთ განყენებული, ლოგიკური მსჯელობებისა და სიტუაციის რაციონალიზებისაგან. შემოინახეთ ეს იმ დროისათვის, როცა ბავშვს ემპათიით დაეხმარებით რთულ გრძნობებთან გამკლავებაში. დიდი ალბათობიით ეს ნაბიჯი აღარ დაგჭირდებათ.
ის ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ იმედგაცრუებასთან გამკლავება, ჭირვეულობენ, ნებდებიან, თამაშობენ მსხვერპლს და ცრუობენ. იმედგაცრუებასთან გამკლავებაში მათი დახმარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღად კვება და საკმარისი ძილი.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/peaceful-parenting/201806/how-turn-your-childs-disappointment-determination

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...