კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

ბიჭი მაღალი სოფლიდან

0

„ადიგენში, სოფელ კიკიბოში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მიუვალი სოფელია, გაკვეთილებს რკინის ვაგონში ატარებენ…და აქ მხოლოდ ერთი მოსწავლე რამინ გობაძე სწავლობს“…

პორტალ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ მასალას, საიდანაც ეს ამონარიდია, ვიდეორგოლიც ახლავს. ბიჭი, რამინი, მორცხვად, ღიმილით საუბრობს. „რომელი საგანი მიყვარს და მათემატიკა და ქართული და ინგლისური და კიდე ბუნება. ადრე მასწავლებელი ძალიან იღლებოდა აქ, იმიტომ რომე ექვსი კლასი ვიყავით, ექვსი, ახლა…ახლა ერთი ვარ“.

რამინი იმასაც ამბობს, რომ პოლიციელი უნდა გამოვიდეს, რადგან „ქურდებს დეიჭირავს“, მერე კი აყოლებს, „ყველაზე მეტად მინდა მქონდეს…მოტოციკლეტი ან ველოსიპედი…“ტაჭკას“ გამოვაბამ, ვიკატავებ“.

შემთხვევაა თუ კანონზომიერება – არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ გაცხადებული სურვილები სრულდება ხოლმე და ასე მოხდა რამინის შემთხვევაშიც. სოციალურ ქსელში მრავალჯერ გაზიარებული ვიდეო ერთმა ადამიანმა ნახა. ნახვისთანავე გადაწყვიტა, შეეძინა მისთვის სანუკვარი ველოსიპედი და თავადვე ჩაეტანა მისთვის კიკიბოში. მთებში ჩაკარგულ, უგზო, ლამის მიუვალ სოფელში.

„ ამ ისტორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როგორია, იყო ერთადერთი მოსწავლე სკოლაში? ბიჭს მეგობრები სჭირდება, თანამოაზრეები, შესვენებებზე გართობა და ანცობა…როდესაც თავად ვიყავი მოსწავლე, ჩემს ოჯახსაც ძალიან უჭირდა, დიდი და მოყვარული ოჯახი მყავს, ვოცნებობდი, წარმატებისთვის მიმეღწია, რომ ოჯახსაც დავხმარებოდი და სხვებსაც, ვისაც ეს სჭირდებოდა“.

ჰოდა, ისე მოხდა, რომ ამ პატარა ბიჭს  დიდი და მოყვარული ოჯახიდან თავისი სურვილი აუსრულდა, წარმატებული გახდა, საქართველოში მოხვდა და ამ პატარა ქართველი ბიჭის ამბავიც შეიტყო.

„ვიდეო ვნახე, ცხადია, ქართული არ ვიცი, მაგრამ ახსნაც არ სჭირდებოდა ამ ბავშვის თვალებს. გავიგე, რომ ველოსიპედზე ოცნებობდა და ბედნიერი ვარ, მისი ოცნების ახდენა რომ შემიძლია“ – ამბობს ალონ მოლაჰაიმიანი, ისრაელის მოქალაქე, რომელიც ორ წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს.

ალონს ბიჭთან დაკავშირებასა და სოფლამდე ჩაღწევაში დახმარებას დავპირდი. თან რედაქტორს, ნატო ინგოროყვას შევუთანხმე, ბლოგისთვის მასალასაც გავამზადებ-მეთქი და აქ მეორე ამბავი დაიწყო. ყოველ ჯერზე საოცარი სანახავია, როგორ ერთიანდებიან ადამიანები საერთო მიზნისთვის, როგორ არიან მზად თანადგომისა და დახმარებისთვის.

კოლეგიიდან ბევრმა გამოთქვა სურვილი, საჩუქარი გაეტანებინა ჩვენთვის. ასე დაუგროვდა რამინს უამრავი საჭირო და სასარგებლო ნივთი – ჩანთა, მთელი წლის სამყოფი საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული, ფეხსაცმელები, სათამაშოები, სახატავი რვეულები და ფანქრები, თბილი ტანსაცმელი, ფანარი და თერმოსი…მანქანაში ადგილიც კი აღარ იყო…

რამინი განსაკუთრებით გაახარა თბილისელი თანატოლის წერილმა, რომელიც მეგობრობას სთავაზობს მას „მადლობა, ყველას მადლობა გადეეცით, ვინც გეისარჯა“ – დაგვაბარა ბიჭმა.

რედაქციამ და „მასწავლებლის სახლმა“ უყურადღებოდ არც რამინის მასწავლებელი არ დატოვა. მას „მასწავლებლის სახლის“ გამოცემები, ჟურნალები და საკანცელარიო ნივთები გადავეცით. ნანა მაცაბერიძემ კიკიბოს სკოლაში მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო და უგზოობისა და უამრავი პრობლემის მიუხედავად პროფესიის ერთგულია. წუხს, რომ სოფელში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რათა გაკვეთილები თუ კლასგარეშე აქტივობები უკეთ დაგეგმოს და განახორციელოს.

სოფელ კიკიბომდე დერცელისა და კიკიბოს სკოლების დირექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ მიგვაცილა ( კიკიბოს დაწყებითი სკოლა შერწყმულია დერცელის საჯარო სკოლასთან). მერაბ ბერიძის თქმით, გასულ წელს კიკიბოს სკოლაში ექვსი მოსწავლე სწავლობდა, მათგან ოთხმა დაწყებითი საფეხური დაასრულა და ისინი დერცელის საჯარო სკოლაში გადავიდნენ. ერთი მოსწავლის ოჯახმა კი სოფელი დატოვა და საცხოვრებლად წალკაში გადავიდა.

„მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქში დღეს საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით – მაღალმთიანი სოფლებიდან. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერავის მოსთხოვ, ასეთ პირობებში გაჩერდეს და იცხოვროს. თავადაც ხედავთ, გზა როგორია. სოფელს გზა თუ არ აქვს, მოწყვეტილია ცენტრს და ამის გამო უამრავი პრობლემა ჩნდება, იცლება სოფელი“.

გზა დერცელამდეც საკმაოდ გაფუჭებულია, დერცელიდან კიკიბომდე კი მგზავრი იძულებულია „უგზოსა ვლიდეს გზებსა“. მოსახლეობას ხშირად ფეხით უწევს ექვს კილომეტრამდე მანძილის გავლა.

მერაბ ბერიძემ უამრავი საინტერესო და საყურადღებო რამ გვიამბო რეგიონის, სკოლისა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების და მათი პრობლემების შესახებ. მასთან ინტერვიუს მომდევნო ბლოგში ცალკე შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალმთიან სოფლებში შერჩენილი ადამიანების ხმა ისმოდეს – რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება ხმამაღლა.

დირექტორის თქმით, კიკიბოს სკოლის პრობლემების შესახებ ცნობილია რესურსეცნტრისთვისაც და სამინისტროსთვისაც, “ველოდებით მოგვარებას“ – დაამატა მან.

ამ ადამიანის მონდომება და სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალოს არსებული მდგომარეობა, ნამდვილად დასაფასებელია. თუ დერცელში ჩახვალთ და ხის ფინური ტიპის კოტეჯისმაგვარ შენობაში განთავსებული სკოლას მოინახულებთ, ამაში თავად დარწმუნდებით – თვალს ახარებს ხის სკოლის წინ ახალი სპორტული მოედანი, რომელზეც ზაფხულშიც, არდადეგების დროსაც არ წყდება ბავშვების ჟრიამული. სკოლის კედლები დამშვენებულია მათი ნამუშევრებით, ბატონი მერაბი კი დიდი სიამაყით ჰყვება დერცელის სკოლის მოსწავლეების წარმატებებების შესახებ.

საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, ფოტოებისა და ტრანსპორტირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მაღალმთიანი სოფლის პრობლემებით მეტად დაინტერესდებიან ისინი, ვისაც ცვლილებები ძალუძს.

 

 

დრო და მშვენიერება –  ნეფერტიტი და გრეტა გარბო

0

„მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,

რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული“, –

წერს ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში „რად ჰყვედრი კაცსა“. მშვენიერების ამგვარი განცდა თანაბრად შეიძლება დაბადოს ღვთის „ხელებით გამოძერწილმა“ სამყარომ: „შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე“ (ფსალ. 8,4) – და ადამიანის ქმნილებამ: პოეზიამ, ფერწერამ, მუსიკამ, არქიტექტურამ…

რამდენად ცვლის დრო მშვენიერების აღქმასა თუ განცდას, სწორედ ამ საინტერესო თემაზე მსჯელობს გრიგოლ რობაქიძე თავის ესეებში და მაგალითებად კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეული ორი უმშვენიერესი ქალი – ნეფერტიტი და გრეტა გარბო მოჰყავს.

გრიგოლ რობაქიძის ესეების კითხვისას, როგორც მწერალს სჯეროდა, მართლაც, „საგნები გონებაში უეცრად გამოჩნდება და გამოანათებს ახალ კონტექსტში“. სულიერი მზერის გასახსნელად მწერალი მკითხველს ნეფერტიტიზე ესეს სთავაზობს („ნეფერტიტის თავი“). წინათქმაში ის მოგვიწოდებს, არ შეგვაცბუნოს დროის კონტექსტში ნეფერტიტის ხსენებამ: „თუმცა ფარაონის მეუღლე ნეფერტიტი ჩვენგან ათასობით წლითაა დაშორებული, მაგრამ იქ, სადაც დედამიწა სულიერი მზერითაა განხილული, ის ჩვენს თანამედროვედ რჩება“. მწერალი ნეფერტიტის პორტრეტს სხვა პორტრეტთა გასაღებად განიხილავს. რატომ? იგი მას – მზის ქალიშვილს – სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა არსებულად, უსასრულობის განსახიერებად მიიჩნევს და მის სხეულს წარმოაჩენს როგორც ფორმის სრულყოფილებას, მაგრამ მთავარი მისი სულია. ნეფერტიტი მას ეგვიპტის მიწის ნორჩ ყლორტად წარმოუდგება. მეუღლე მისი, ეხნატონი, მზეს ჰიმნებს აღუვლენდა და მზის ხატებაში ნეფერტიტის ღვთაებრივ სილამაზესაც გულისხმობდა. ამ ესეში ნეფერტიტი სულიერი მზერითაა განხილული. მწერალი ისე შთამბეჭდავად აღწერს ქალის ყოველ ნაკვთს, მკითხველსაც აეხილება სულიერი თვალი და მატერიალური ფორმების მიღმა ჭვრეტს უხილავს. მწერლის დაკვირვებული მზერა ნეფერტიტის ყელიდან ზემოთ მიემართება და თვალებზე შეჩერდება: „მისი ხედვა შიგნით შეიგრძნობს: მისივე სისხლის ჩუმ სიმღერას… უკიდეგანო დაბლობზე მქრქალ მეტალისებურად მძიმედ ეშვება ცისფერი ჩრდილები და სინათლის ოკეანის ფონზე ქალის რბილი ნაკვთები მკაცრად და სუფთად იკვეთება“.  ეს სტრიქონები პოეტური პროზაა.

ნეფერტიტის მზერისას მწერალი შეიმეცნებს ყოფიერების არსს.  მზე საკუთარ თავს თვითონ წარმოშობს. ამ მისტერიის სიმბოლოა ეგვიპტეში წმინდად აღიარებული ხოჭო სკარაბეუსი, საკუთარ თავზე რომ ქორწინდება. ნეფერტიტის მზერისას მნახველმა მის ირგვლივ არსებული იდუმალება უნდა შეიგრძნოს. ამ სიტყვების გასაგებად მწერალი იხსენებს, რა ურჩია დანაღვლიანებულ მბრძანებელ სნოფრუს ბრძენკაცმა: აევსო ნავი შიშველი ლამაზი გოგონებით და ტბაზე გაესეირნა. მართლაც, ქალწულებს ბადეები გადააცვეს და ნიჩბების მოსასმელად დასხეს. ასე ფრთხილად, თავშეკავებულად შეძლო მბრძანებელმა შიშველი სხეულებით ტკბობა და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა.

ნეფერტიტის სახეში მწერალი წარმავლობის სევდით აღძრულ მსუბუქ ჩრდილსაც შენიშნავს, მაგრამ მთავარი ის მითიური სახეა, რომელიც ამ მატერიალურ სხეულში უცებ იელვებს. რობაქიძის აზრით, უცნობმა მოქანდაკემ ფარაონის საოცარი მეუღლის პლასტიკურ სახეში იდუმალებით აღსავსე „კა“ გადმოსცა. რა არის კა? „არსის შინაგანი სუბსტანციაა: ის სამყაროს შექმნამდე ცოცხლობს, დედამიწაზე თავის თავს განახორციელებს, სიკვდილის შემდეგ იგი სულის სფეროებში  ადის, ის განუმეორებელი სახეა… მასში ღვთაებრივი იხსნება. ამის შედეგად იგი მარადიული ხანგრძლივობის ნიშანს იღებს. ის მოუხელთებელია და, ამავე დროს, ნათლად შესაგრძნობი… ეგვიპტელისთვის ყოველი წამი კა-თია გამსჭვალული. ამის გამო ეგვიპტელი ყოველ წამში შეყვარებულია“. სწორედ ამიტომ ამუმიფიცირებს სხეულსაც: „კა მუმიაშია ჩაძირული. მუმია კი თვლემს და ირგვლივ ყოველივე ზემიწიერებით სუნთქავს“.

სწორედ ეს კა აცოცხლებს ნეფერტიტისაც, რომლის იდუმალ ღიმილს გრიგოლ რობაქიძე ჯოკონდას ადარებს და ამ ორი ღიმილის განსხვავებულობაზე ამახვილებს ყურადღებას.  მონა ლიზა, სავსე გამოცდილებით, თავის ქალურ უპირატესობაშია დარწმუნებული და დამთრგუნველად ზემოქმედებს მამაკაცზე, რომელიც კოსმიურ სისუსტეს შეიგრძნობს, „ნეფერტიტის ღიმილი კი ქალწულებრივი შიშის მომხიბვლელობითაა აღსავსე. მისი იზისის ძალა შეყვარებულის მზის თესლით ნაყოფიერდება“. მზის პოეტი, მზის ძალის მფლობელი ეხნატონი, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა, თავის თავზე ეთქვა: „მე სინამდვილით ვცოცხლობ“, – მიეახლება მშვენიერ მეუღლეს არა ჟინისათვის, არამედ – „რათა ღვთაებრივ შენში წარუვალი საკუთარი სახე შეინარჩუნოს“.

მწერალმა იცის, რომ დრო დაშლის ამ მშვენიერ ბიუსტსაც და სვამს კითხვას: „გაქრება მასთან ერთად ნეფერტიტიც?“ მისი პასუხი მრავალმნიშვნელოვანია და დამაფიქრებელი: „არა! წაიშლება მეცხრე სიმფონია, როდესაც ოდესმე ყველა ვიოლინო, საყვირი, ყველა ჰობოი და ფაგოტი განადგურდება. ალბათ ისინი სადღაც ტონის სამეფოში სამყაროს აღსასრულამდე კვლავ იჟღერებენ, ამგვარად, მუსიკალური ტალღა, ნეფერტიტი, ისევ მარადისობისთვის ცოცხლობს“.

შვედი მსახიობი, კინოვარსკვლავი გრეტა გარბო, რობაქიძემ მეოცე საუკუნის  „ზმანებად“ მიიჩნია („გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა“). ამ ესეში მწერალმა თანამედროვეობის სული სიღრმისეულად წარმოაჩინა და დახატა პორტრეტი ქალისა როგორც მარადქალურობის ცხოველმყოფელი ხატისა. მისი აზრით, „ყოველ დროს საკუთარი ხიბლი და საკუთარი აღქმის ვიბრაციის ამპლიტუდა აქვს. ყოველი დრო საკუთარ ერთჯერად ზმანებას ქმნის, რომელშიც ის თავის თავს წარმოშობს და ავითარებს“.

მარსელ პრუსტმა დროის ძიებას რომანების ციკლი მიუძღვნა და „დაკარგული დროის ძიების“ გზაზე ლიტერატურა აქცია მთავარ მეგზურად. რობაქიძესაც დროის დინებასთან ჭიდილში ხელოვნება ესახება ფარად.  დროის ფენომენისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ადამიანურობასაც. თუ დროის შეგრძნება დაიკარგა, ადამიანი ცხოველს ან მცენარეს დაემსგავსება. სხვა გზა „უკანდაბრუნებაა“. შინაგანი ხედვის განვითარება. მეორე გზა კი დროის წინსწრაფვით დაიძლევა – დროის მონაკვეთი მოკლდება და ირეალური ხდება. სწორედ ეს მეორე გზა მიაჩნია რობაქიძეს მეოცე საუკუნისთვის ნიშნეულად. მწერალს მოჰყავს მაგალითები, თუ როგორ ააჩქარა ტექნიკამ დრო – ელვის უსწრაფესად მქროლი ავტომობილები „მთვარეულ არსებებს“ ჰგვანან და ადამიანებს ილუზორული ძალის შეგრძნებას უჩენენ, თუმცა თანამედროვე ადამიანში მწერალი მზის ნაკლებობას ამჩნევს.

საგულისხმოა, რომ მწერალი საუბრობს არა რეალურ გრეტა გარბოზე, არამედ მის ფილმისეულ ხატებაზე – ერთგვარ ფანტომზე, რომელმაც მთელი მსოფლიო თავის თაყვანისმცემლად აქცია. მწერალს მისი თვალების უჩვეულობა ხიბლავს, მისი დანისლული მზერა, რომელიც ადამიანს „სხვის“ არსებობას შეაგრძნობინებს.  ეს ქალი მისთვის „ხორცშესხმული ნატიფი სინათლის ქსოვილია“. მისი ხიბლის წარმოსაჩენად მწერალი მარლენ დიტრიხის აფროდიტულ მშვენებასაც მოიხმობს, თუმცა გარბო მას იმგვარ ქალად მიაჩნია, რომელშიც ერთდროულად, როგორც შესაძლებლობანი,  თანაარსებობენ ბაკქელი ქალი, დიონისეს მხლებელი მენადა, წმინდა მადონა, კურტიზანი, დედა. მწერლის აზრით, გრეტა გარბო ყოველ როლში ბუნებრივია, რადგან კი არ თამაშობს, ნიღაბს კი არ ირგებს, არამედ ყოველთვის საკუთარ თავს გამოხატავს.

რობაქიძე თავის ესეებში ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ ყოველ არსს თავის თავში აქვს რაღაც, რაც ურღვევია. ეს არსის შინაგანი ხატია. თუ არსი ნივთებში გადადის – მატერიალურად გამოიხატება,  ხატი ყოველთვის თაურსაწყისში რჩება, მაგრამ ხატსაც აქვს საკუთარი სინამდვილე, რომლის დანახვა შინაგანი ჭვრეტით პოეტებს შეუძლიათ. მწერლის აზრით, კინემატოგრაფმა ხატთა სინამდვილე ბრწყინვალებით ფანტასტიკურ სიმაღლემდე აიყვანა. სწორედ ამ ხატთა შორის მბრძანებლობს გრეტა გარბოს ხატი და აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ქვეყნებს თანაბრად ატყვევებს. მწერალი საუბრობს ამ ხატის მიბაძვით შექმნილ სახეებზე – ერთგვარ გარბოიდებზე.  ამ ხატს საკუთარი ბედისწერა აქვს. ამ ხატში მწერალი შეიგრძნობს, რაოდენ სავსეა ქალი მიწიერებითა და მზით, რაც ასე აკლია თანამედროვე მამაკაცს.  „ჩვენ წინაშე ტექნიკის მეშვეობით შეუმჩნევლად დედამიწის ახალი ევოლუცია ხდება“  – და ეს მას აპოკალიფსის დასაწყისად მიაჩნია.

გრეტა გარბოზე მსჯელობა მწერალს სჭირდება თანამედროვეობის სულის განსხვავებული რაკურსით დასანახავად და გასაანალიზებლად. მკითხველიც გრძნობს დემონური და ღვთაებრივი ძალების ჭიდილის ასპარეზად ქცეული ადამიანის ტრაგიკულობას.

გარბო მწერალს არა მხოლოდ ზმანებად, არამედ „დღევანდელობის მსხვერპლადაც“ წარმოუდგება: „ადვილი საფიქრებელია, რომ ერთ დღეს იგი, ბედისწერით აღძრული, თავის საკუთარ ფილმს შეუმჩნევლად ეწვიოს. მაშინ მის საოცარ წამწამებს ორი დიდი ცრემლი დაამძიმებს – მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები“.

ორივე ესე დაბეჭდილია კრებულში „დემონი და მითოსი“, რომელიც „არტანუჯმა“ გამოსცა.

ცნობილია, როგორი თავისებური სტილი აქვს რობაქიძეს. ასევე უჩვეულოდ წერდა გერმანულადაც, თავად გერმანელებსაც რომ აოცებდა ამ ენის სიღმისეული ცოდნითა და აზრის გადმოცემის მეტაფორული და ხატოვანი ხვეულებით. მით უფრო დასაფასებელია ამ ესეების ქართულ ენაზე მთარგმნელის,  მანანა კვატაიას შრომა. ის კარგად იცნობს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას, ამიტომაც ახერხებს, რომ თარგმანში არ იკარგება რობაქიძისეული სიტყვის ენერგია და ხიბლი.

როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები უცხო ტექსტის ანალიზისთვის

0

მესამე  წერილი 

ჩემი შვილების კლასელების მშობლები ხშირად გამოთქვამდნენ წუხილს, როგორ ვერ აკითხებდნენ წიგნებს თავიანთ შვილებს. მე ეს პრობლემა არასოდეს მაწუხებდა, იმიტომ კი არა, რომ ჩემს შვილებს წიგნებს ვერ ვაგდებინებდი ხელიდან, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის წაკითხული წიგნების რაოდენობა არასოდეს ყოფილა მთავარი, მე ის უფრო მაინტერესებდა, რას და როგორ წაიკითხავდნენ ისინი. მე ხომ მათ ისეთი სატელევიზიო კონკურსებისთვის არ ვამზადებდი, რომლებიც აჩვენებს, რამდენად კარგად ახსოვს მოთამაშეს წაკითხული ნაწარმოებიდან პერსონაჟების სახელი ან მოქმედების ადგილი. ამგვარი კონკურსები მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობას ამოწმებს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამაშში მონაწილე კარგი მეხსიერებისა და სისხარტის გარეშე ფონს ვერ გავა. მაგრამ ამგვარი კონკურსები ვერ გვაგებინებს, როგორი სიამოვნება მიიღო მკითხველმა წიგნიდან. წიგნის წაკითხვის პროცესი ხომ პირველ რიგში ესთეტიკურ სიამოვნებას უკავშირდება, თუმცა არა მარტო მას. წიგნის კითხვა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ავითარებს ანალიტიკურ უნარებს, ავითარებს წარმოსახვას და ბოლოს, გვასწავლის, როგორ უნდა გამოვიყენოთ ენა, რომ ჩვენი სათქმელი მიზანს აღწევდეს. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა წიგნებს ვკითხულობთ და მერე ვიღაცასთან ერთად ვარჩევთ მას. ასე ვსწავლობთ, როგორ დავალაგოთ აზრები, როგორ შევარჩიოთ სიტყვები სათქმელის უკეთ გადმოსაცემად, გარდა ამისა წიგნის გარჩევისას ვხვდებით, თუ როგორ დაიწერა ესა თუ ის ნაწარმოები და, რაც მთავარია, რატომ დაიწერა. როდესაც ვამბობ, როგორ დაიწერა წიგნი, ნაწარმოების ბიოგრაფია კი არ მაინტერესებს, არამედ რომელი სიტყვები, მხატვრული საშუალებები გამოიყენა მწერალმა, როგორ გამოხატა სათქმელი, მოახერხა თუ არა, თავისი სათქმელი მკითხველამდე მიეტანა, შედგა თუ არა კომუნიკაცია მასსა და აუდიტორიას შორის.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა ასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს, როგორ გააკეთონ ლიტერატურული კომენტარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ დაეხმარებათ, როცა ეროვნულ გამოცდაზე გავლენ, არამედ იმიტომაც, რომ ასე მათ საუკეთესოდ განივითარდებათ კრიტიკული ანალიზის უნარები.

რას ნიშნავს ლიტერატურული კომენტარი? ლიტერატურული კომენტარი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხატვრული ტექსტის ლიტერატურული ანალიზი, ესაა პროცესი, როდესაც კომენტატორი ზეპირად ან წერილობით ჩაერთვება ლიტერატურულ კრიტიციზმში, ე.ი. კრიტიკულად წაიკითხავს, გაარჩევს და შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებს, შეეცდება, ახსნას ტექსტი და შეძლებისდაგვარად მოახდინოს მისი ინტერპეტირება.

ამ წერილში შევეცდები, მიმოვიხილო, რა უნდა იცოდეს სკოლის მოსწავლემ, სანამ მხატვრული ტექსტის (პროზაული ამონარიდის ან დამოუკიდებელი პროზაული ნაწარმოების) ლიტერატურულ კომენტირებას შეუდგება. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ცოდნის დაგროვებას უნდა ეთმობოდეს, მაგრამ ცოდნის დაგროვება პრაქტიკულად უნდა ხდებოდეს, სხვაგვარად ეს ცოდნა ვერაფრით ვერ მოეხმარება ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში.

პირველ ეტაპზე აუცილებელია, ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ვერცერთ ტექსტს სრულყოფილად ვერ გავიგებთ, თუკი მას ერთხელ წავიკითხავთ. და კიდევ, არა აქვს მნიშვნელობა, გრძელია თუ მოკლე ტექსტი, ის ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავარჩიოთ.   მოსწავლეები ნელ-ნელა მიეჩვევიან ტექსტის მინიმუმ ორჯერ წაკითხვას, რადგან ლიტერატურული ანალიზის პროცესში დარწმუნდებიან, რამდენად აუცილებელია ეს მათთვის. ნუ დაგვავიწყდება, ვასწავლოთ მოსწავლეებს, დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები: რა შევნიშნეთ პირველი წაკითხვის შემდეგ? პასუხი ძირითადად შინაარსის გაგების დონეზე იქნება. პირველი წაკითხვის შემდეგ გავიგებთ შინაარსს და ჩვენს ყურადღებას ენობრივი თავისებურებები მიიქცევს. აი ამის შემდეგ იწყება უკვე მთავარი პროცესი, რომელსაც დეკოდირებას ვუწოდებთ, ანუ, როდესაც იწყება შეფუთულის გახსნა ანდა ნაწარმოების შრეებად დაშლა, ნაწარმოების სიღრმეებში ჩასვლა. კარგ მკითხველს სწორედ ეს უნდა აინტერესებდეს: რა დაგვხვდება შიგნით, რადგან მხოლოდ ამგვარი წაკითხვა განაპირობებს, რამდენად კარგად ჩაწვდი მწერლის სათქმელს; ისეც ხდება, რომ მეორე წაკითხვისას ხანდახან შინაარსი მეორეხარისხოვანი ხდება. ამიტომაც წარმოუდგენელია ტექსტის დეკოდირება პირველივე წაკითხვისას.  მეორე წაკითხვამ უნდა გაგვაგებინოს, აგვახსნევინოს ის, რაც პირველ წაკითხვაზე შევნიშნეთ – განა მარტო როგორი ენა გამოიყენა მწერალმა, არამედ როგორ იყენებს ავტორი ამ ენას, რამდენად დახუნძლულია ის ტროპებით – მეტაფორებით, შედარებებით, იდიომებით, სიმბოლოებით; იყენებს თუ არა მწერალი ალეგორიას, ირონიას, ორაზროვნებას; შეინიშნება თუ არა ტექსტში გრადაცია, გამეორება. ამ ყველაფრის გაანალიზება მეორე წაკითხვის შემდეგ შეგვამზადებს უმთავრესისთვის, ამოვიცნოთ მწერლის სათქმელი. მწერლისა და მოცემული ტექსტის ენობრივი ანალიზი ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ მივხვდეთ, რატომ იყენებს სწორედ ამ ხერხებს ავტორი, მოახერხებდა თუ არა მათ გარეშე მწერალი სათქმელის გამოხატვას, შეიძლებოდა თუ არა სხვა, უკეთესი გზის გამოყენება. ენობრივმა ანალიზმა უნდა გაგვიყვანოს სათქმელამდე. აი, ამის შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ კონკრეტული ეპიზოდის ან ეპიზოდების, პერსონაჟის ან პერსონაჟების, მონოლოგების და დიალოგების ეტაპობრივი შესწავლა და დავადგინოთ: არის თუ არა ნაჩვენები პერსონაჟის ან სიუჟეტის განვითარება და როგორ; კარგი იქნება, თუკი მოსწავლეებს ავუხსნით, მარტო პერსონაჟების ურთიერთობა კი არა, მწერლის და, თუ შესაძლებელია, მკითხველის დამოკიდებულებაც გაარკვიონ პერსონაჟის მიმართ. ამისთვის კი შეხედონ, ვინაა მთხრობელი, ვისი ხმა ისმის ტექსტში; ტექსტის სრულფასოვანი ანალიზისას აუცილებელია ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური ან  ეკონომიკური კონტექსტის დადგენაც. მოცემულ პროზაულ ტექსტში მოსაძებნი იქნება, გამოთქმულია თუ არა რომელიმე აქტუალურ საკითხზე გარკვეული შეხედულებები; იცავს თუ არა რაიმე კონკრეტულ ღირებულებებს ან ავტორი ან პერსონაჟი (თუ შესაძლებელია, იმაზეც ვიმსჯელოთ, ემთხვევა თუ არა პერსონაჟის და ავტორის პოზიცია ერთმანეთს) და ამ ყველაფერს გავყავართ თუ არა მნიშვნელოვან სათქმელზე. როდესაც გაარკვევენ, რისი თქმა უნდა პერსონაჟს, იქვე უნდა ავახსნევინოთ კიდეც, არის თუ არა ეს მწერლის ცენტრალური სათქმელიც; ასევე კარგი იქნება, თუკი მოსწავლეები დააკვირდებიან, აისახა თუ არა ნაწარმოებში რომელიმე საკითხთან მიმართებით შეშფოთება, ნაჩვენებია თუ არა გამოსავალი.

ხშირად სადავოა, სწორად ამოვიცანით თუ არა მწერლის სათქმელი. რთულია, ვამტკიცოთ, რომ შევძელით ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორი ცოცხალი არაა და ვერ დავეკითხებით მას. ტექსტი ურთულესი ორგანიზმია და მასში არასოდეს გვეუბნება მწერალი პირდაპირ, ესაა ჩემი მთავარი სათქმელიო. ამას ის თითქმის ყოველთვის მინიშნებებით აკეთებს. ამისთვის კი ის მიმართავს სხვადასხვა ნაცად და მოულოდნელ ხერხებს. ამიტომაც ხანდახან კარგია, თუკი, იმის ნაცვლად, რომ ვამტკიცოთ, როგორ ამოვიცანით მწერლის სათქმელი, მოსწავლეებს ვურჩიოთ, წარმოადგინონ თავიანთი პერსპექტივა – აჩვენონ, რა დაინახეს, რას მიაგნეს და როგორ ხსნიან ამა თუ იმ ელემენტს ტექსტში.

ხშირად, როცა გამოცდაზე გასარჩევად მოდის პროზაული ნაწარმოების ერთი მონაკვეთი, ვრცელი ტექსტის მოკლე ნაწყვეტი, დგება შეკითხვა: უნდა იცნობდეს თუ არა აბიტურიენტი ამ ნაწარმოებს სრულად, სავალდებულოა თუ არა, მას თავიდან ბოლომდე წაკითხული ჰქონდეს ტექსტი მანამდე, შეძლებს თუ არა მის სწორად გახსნას ისე, რომ არ იცნობდეს მას. პასუხი უარყოფითია. პირიქით, ხანდახან წინარე ცოდნამ შეიძლება დააზარალოს კიდეც აბიტურიენტი. რადგან მას უკვე შექმნილი ექნება ე.წ. სწორი წარმოდგენა და ვეღარ შეძლებს ახლებურად შეხედოს მონაკვეთს. ასეთ დროს ყოველთვის უფრო გამართლებულია, მოცემული ამონარიდი ისე წაიკითხონ, თითქოს საქმე დამოუკიდებელ მოთხრობასთან ჰქონდეთ. გააფრთხილეთ თქვენი მოსწავლეები, თუნდაც კარგად ჰქონდეთ მანამდე ტექსტი შესწავლილი, ზედმიწევნით იცოდნენ სრული ტექსტი, მაინც ამგვარი მიდგომაა სწორი და გამართლებული: ამონარიდი ისე უნდა წაიკითხონ, თითქოს მას პირველად ხედავენ. თუკი ნაწარმოებს მანამდეც იცნობდნენ, მხოლოდ ბოლოს მიუთითონ, როგორ მიემართება ამონარიდი სრულ სურათს, დეტალი – მთელს.

როგორც აღვნიშნეთ, თითქმის არცერთ ნაწარმოებში მწერალი არ ეუბნება თავის მკითხველს, აი, ესაა მორალი, ესაა ჩემი მთავარი სათქმელიო. ამიტომაც ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ტექსტის გარჩევისა და ახსნის შემდეგ მისასალმებელია მათი ინტერპრეტაციაც. სწორედ იმიტომ, რომ თავად მწერალი ღიად არ მიგვითითებს მკითხველთან გზავნილზე, ცენტრალურ მესიჯზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არც იმაში გვბოჭავს, ვიყოთ თავისუფალნი ნებისმიერი თამამი აზრის წამოყენებისას. ოღონდ ეს მოსაზრება ჰაერიდან ყურით არ უნდა იყოს მოთრეული და უნდა ეფუძნებოდეს თავად ავტორის ტექსტს – ხან სიტყვას, ხან რომელიღაც მხატვრულ საშუალებას. ე.ი. მწერლის ენის ახსნისას, თავში გამუდმებით ერთი შეკითხვა უნდა გვიტრიალებდეს, რატომ ეს და არა სხვა სიტყვა, რატომ ეს და არა სხვა ენობრივ-მხატვრული საშუალება.

პროზაული ტექსტის ანალიზისას უნდა გავიხსენოთ, რომ თავად მწერალი ნაწარმოების აგებისას აუცილებლად მისდევს რაღაც ტიპის ორგანიზაციას. ანუ, როდესაც მოსწავლე ტექსტს  გაარჩევს, უნდა აღნიშნოს, თხრობა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას მიუყვება თუ მასში რეტროსპექტივაა გამოყენებული; ანდა მოვლენა ერთი მთხრობელის პერსპექტივაა თუ რამდენიმე კუთხიდანაა დანახული, იქნება ეს პერსონაჟების თუ ავტორის პერსპექტივა. ტექსტის გასაგებად აუცილებელია, ყურადღება მიექცეს თანმიმდევრულია თხრობა თუ მთხრობელი ერთი ამბიდან მეორეზე ხტება, თხრობისას არეულია დროები და ადგილები თუ ყველაფერი დალაგებულია? ნაწარმოების ანალიზისას მოსწავლე მუდმივად უნდა პასუხობდეს კითხვას „რატომ?“, ყოველ შემთხვევაში, შეეცადოს მაინც, უპასუხოს ამ კითხვას. მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ: ამოიცნეს, ვინაა პერსონაჟი? ახლა დააკვირდნენ მის სახელს, მის გარეგნულ მახასიათებლებს, მის სიტყვა-პასუხს, მის ქცევას. ხშირად პასუხის მოძებნას კითხვაზე, რატომ ეს და არა სხვა სახელი, რატომ ამგვარი და არა სხვაგვარი მეტყველება, რატომ ასეთი და არა სხვანაირი გარეგნობა, გავყავართ ავტორის ცენტრალური სათქმელის ამოცნობის გზაზე; ამოიცნეს მთხრობელი ანუ ნარატორი? იქვე გასცენ პასუხი კითხვას, დაეჯერება კი მას? მიკერძოებული ხომ არაა ნარატორი? სანდოა კი მისი მონათხრობი ანუ ნარატივი? ამოიცნეს მოქმედების ადგილი და დრო? იქვე უპასუხონ კითხვას, გადამწყვეტი ხომ არაა ეს ფაქტორი ნაწარმოების გასაგებად, ნაწარმოების გაგების საფუძველს ხომ არ ქმნის ის? ხშირად გამოცდაზე ტექსტის დაწერის თარიღია მითითებული. ავუხსნათ მოსწავლეებს, რატომ არ უნდა აერიოთ ერთმანეთში, როდის დაიწერა, როდის შეიქმნა ტექსტი და რომელი დროა ასახული ნაწარმოებში. ხანდახან თარიღს არა აქვს მნიშვნელობა ტექსტის გაგებისთვის, მაგრამ ხანდახან მას გადამწყვეტი როლი ეკისრება. ასევე ტექსტის გასაგებად მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, სიტყვაძუნწია თუ სიტყვაუხვი ავტორი და რატომ. პასუხი განსხვავებულია. ხანდახან იმიტომაა ავტორი სიტყვაძუნწი, რომ მას სურს, მკითხველმა წარმოსახვა ჩართოს და ამოავსოს ბუნდოვანი ადგილები. ხანდახან კი იმიტომ, რომ  ის ცენზურას უფრთხის და თავდაცვის, თავის დაზღვევის მიზნით სიტყვებს მომჭირნეობით იყენებს. ხანდახან კი პირიქით, მწერალი ცენზურას რომ უფრთხის, იმიტომაცაა სიტყვაუხვი, იმიტომ იყენებს უხვად მხატვრულ საშუალებებს, რომ მკითხველმა ამ ყველაფრის ახსნით უნდა გახსნას ნამდვილი სათქმელი, რომელიც იმალება მათ უკან. ხანდახან სიტყვა სიტყვაა, მაგრამ ხანდახან სიტყვა მეტია თავად სიტყვაზე, ანუ ის სიმბოლოა. თითოეული სიმბოლო ფრთხილად უნდა გაიხსნას.

და ბოლოს, როდესაც პროზაული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზში გაიწაფებიან, თქვენი მოსწავლეები აუცილებლად შენიშნავენ, რომ ძალიან ხშირად ნაწარმოების თემა, პერსონაჟი ან რომელიმე სხვა ელემენტი იმავე ან სხვა მწერლის ნაწარმოებს წააგავს. ასწავლეთ, რომ ნუ შეშინდებიან ამგვარი კავშირების დანახვისას, თუმცა იმავდროულად არ დაავიწყდეთ ხოლმე, აღნიშნონ, რა კუთხით დაინახეს მსგავსება და როგორ ახსნიან ამ მიგნებას.

რჩევები აბიტურიენტებს: მინიმუმ ორჯერ წაიკითხეთ მოცემული უცხო ან თუნდაც ნაცნობი პროზაული ტექსტი. როდესაც ტექსტს მეორეჯერ წაიკითხავთ, ჩამოაყალიბეთ შეკითხვები, რომლის პასუხებსაც მოცემულ მონაკვეთში მოიძიებთ. მეორეჯერ წაკითხვისას ხაზი გაუსვით პასუხს ან სიტყვა/სიტყვათა ჯგუფს, რომლებიც პასუხზე გაგიყვანთ (ფურცლის ველზე მიაწერეთ პასუხი, რომ მერე წერის პროცესში არ დაგავიწყდეთ მიგნება). გადახაზეთ ის პასუხები, როცა ნაწერში მათ ჩართავთ, რომ არ განმეორდეთ. გაითვალისწინეთ, რომ წერისას თქვენი ნაშრომი ორგანიზებული და თანმიმდევრული უნდა იყოს. თუ გინდათ, პირველივე აბზაცში გამოთვით თქვენი მოსაზრება, თუ გნებავთ, მეტი ინტრიგისთვის ის ბოლოს გამოთქვით. თქვენეული მოსაზრების დამტკიცებისას არ დაგავიწყდეთ ციტატის მოყვანა მოცემული პასაჟიდან. ანალიზისას არ დაგავიწყდეთ, პირველ რიგში აღნიშნოთ, რაზეა ტექსტი, ვინ ყვება მას, როგორია ენა, შემდეგ ახსენით ეს ყველაფერი და ბოლოს გააკეთეთ ინტერპრეტაცია. ე.ი. თქვენს ნაშრომში სამი ნაწილი მაინც უნდა იყოს: 1. ის, რაც ზედაპირული პირველი წაკითხვის შემდეგ გაიგეთ (ნაშრომში მხოლოდ ამ ნაწილის წარმოდგენით დაბალ ქულას დაიმსახურებთ); 2. ის, რასაც მეორე წაკითხვის შედეგად მიაგნებთ – ენობრივი მხარის, გმირების, მოქმედების, კონტექსტის ახსნა (ნაწერში ამის წარმოდგენით საშუალო ქულას დაიმსახურებთ – თუ ნაწილობრივად დაფარავთ ყველა ასპექტს, დაბალ საშუალო ქულას მიიღებთ, ხოლო, თუ სრულად ამოწურავთ ყველა ასპექტს, მაშინ მაღალი საშუალო ქულა გაქვთ გარანტირებული); 3. და ბოლოს, თუკი ამოიცნობთ და უფრო დიდ იდეაზე გახვალთ, ანუ, თუკი თქვენეულ ინტერპრეტაციას შემოსთავაზებთ თქვენი ნაწერის წამკითხველს/გამსწორებელს, უკვე მაღალ ქულას დაიმსახურებთ. ნაწერში შეგიძლიათ იმ ესთეტიკურ სიამოვნებაზეც თქვათ ორიოდე სიტყვა, ნაწარმოებმა რომ მოგანიჭათ. ტექსტის წაკითხვისას განცდილი ემოციები – შიში იქნება ეს თუ ემპათია – აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. ლიტერატურული ანალიზისას ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი ნაწერის ენასაც, ყურადღებით შეარჩიოთ ტერმინები, რომლებსაც წერისას გამოიყენებთ. აი, ის ტერმინები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწერში:

პროტაგონისტი – ნაწერში ხშირად რომ არ გავიმეოროთ სიტყვა „მთავარი პერსონაჟი“, ზოგჯერ მას უნდა ჩავანაცვლოთ სიტყვა „პროტაგონისტი“;

ანტაგონისტი – ძალიან ხშირად ტექსტში მთავარ პერსონაჟს იდეებით, საქმიანობით, ღირებულებებით უპირისპირდება მეორე პერსონაჟი, რომელსაც „ანტაგონისტს“ ვუწოდებთ. ანტაგონისტის  როლი ხანდახან პროტაგონისტის ვნებაა ხან სიტყვით და ხანაც საქმით;

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები – თავად განსაზღვრეთ, ვინაა ასეთი პერსონაჟი ტექსტში და გაითვალისწინეთ, რომ მისმა/მათმა იგნორირებამ, შეიძლება ვერ გაგვიყვანოს სრულფასოვან ანალიზზე;

სტატიკური პერსონაჟი და დინამიკური პერსონაჟი – ანალიზი გვიჩვენებს, იცვლება თუ არა პერსონაჟის თვალთახედვა, ვითარდება თუ არა ის, ამდენად, არის ტექსტები, რომელშიც პერსონაჟი სტატიკურია და არის ტექსტები, რომლებშიც პერსონაჟი დინამიკურია;

მახასიათებლები – პერსონაჟი სხვადასხვა მახასიათებლით შეიცნობა. ესაა ეპითეტები, რომლებიც მის გარეგნულ მხარეზე გვიქმნის შთაბეჭდილებას, ოღონდ ისეთ მხარზე, რომელიც ამ პერსონაჟის ხასიათის გასახსენლად გვჭირდება; ხანდახან ესაა სახასაითო მეტყველება, რომელზე დაკვირვებაც ბევრისმომცემია მკითხველისთვის;

ტროპები – ესაა ის მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, რომლებიც ხან ფიგურალურ ენაშია მოცემული, ხან მეტაფორად, ხან შედარებად, ხან ჰიპერბოლად და ხანაც გაპიროვნებად გვევლინება ტექსტში;

სიუჟეტი – როდესაც სიუჟეტურად გაარჩევთ ტექსტს, დააკვირდით, გაქვთ თუ არა, როგორც მკითხველს, გაუგებრობის ან დაძაბულობის შეგრძნება, ხომ არ აფრთხილებს ავტორი თავის მკითხველს წინასწარ რაიმე მინიშნებით, რა მოხდება მომავალში. ასეთი მინიშნებები წინასწარ განწყობას, მოლოდინს უქმნის მკითხველს, აფიქრებინებს, რა მოხდება მომავალში. დააკვირდით, რომელმა სიტყვამ შეგიქმნათ ეს წინასწარი განწყობა ან მოლოდინი; ასევე სიუჟეტის განხილვისას დააკვირდით, არის თუ არა მასში კონფლიქტი. კონფლიქტი ორნაირია, პერსონაჟის შინაგანი კონფლიქტი ან გარეგანი კონფლიქტი, მისი უთანხმოება გარე სამყაროსთან. აუცილებელია თვალი მიადევნოთ მოქმედების განვითარებას და არ გამოგრჩეთ, როდის გაიხსნება კვანძი;

ნარატივი – სინონიმების ცოდნა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ტავტოლოგია. ბევრმა თქვენს ასაკში არც კი იცის, რომ მონათხრობი იგივე ნარატივია, ხოლო ნარატორი მთხრობელია. ნარატორი პროზაულ ტექსტში ხან თავად პერსონაჟია (ე.ი. პირველ პირში ყვება ამბავს), ხანაც ნარატორი ავტორია. ის მესამე პირში ყვება ამბავს და, როგორც წესი, ობიექტური ან ნეიტრალურია. ხანდახან ნარატორი მკითხველს კი არ გულისხმობს, არამედ პირდაპირ მიმართავს. ასეთ დროს ის მეორე პირს გამოიყენებს. ნარატორი შეიძლება იყოს ყოვლისმცოდნე ან გულუბრყვილო, უბირი. ამ კონტექსტში ეს არაა დასაძრახი სიტყვა, რადგან მწერლის მიერ უბირი და გულუბრყვილო პერსონაჟის გამოყვანა ერთგვარ უპირატესობას აძლევს თხრობას. ზოგჯერ ყველაზე უბირი მკითხველია, რომელმაც არ იცის, რითი დასრულდება ამბავი და მასთან შედარებით პერსონაჟებიც და ნარატორიც უპირატეს მდგომარეობაში არიან. ხანდახან ნარატორს მკითხველი განგებ შეჰყავს შეცდომაში. მკითხველის მიზანია, დროულად მიუხვდეს განზრახვას ავტორს/პერსონაჟს და გახდეს გამჭრიახი მკითხველი. ამგვარად ნარატორი (ხან ავტორიმ ხანაც პერსონაჟი) ან პირველ პირში ყვება ამბავს ან მეორე პირს მიმართვს ან მესამე პირი იყოს. ყველაზე ობიექტური სწორედ ეს მთხრობელია. მისი მოვალეობაა, არ წარმოადგინოს საკუთარი თვალთახედვა, არ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მოვლენების მიმართ. აი, პირველ პირში მონათხრობი კი სუბიექტურია და არაა თავისუფალი მიკერძოებისგან. ასეთ მთხრობელს არასანდო მთხრობელსაც უწოდებენ.

ტექსტის ანალიზი სხვა ტერმინების ცოდნასაც მოითხოვს, რომელთა შესწავლაც მხოლოდ კონტექსტშია შესაძლებელი. ამიტომ შეეცადეთ, იკითხოთ სანდო მკვლევრების პუბლიკაციები. ძალიანაც ნუ ენდობით ინტერნეტს და, თუ ხელი არ მიგიწვდებათ ნაბეჭდ ჟურნალებსა და კრებულებზე, უპირატესობა სამეცნიერო დაწესებულებების გამოცემებს მიანიჭეთ, რომლებიც ვირტუალურ სივრცეში ღიადაა განთავსებული და უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის.

„ბარომეტრი“ – მსჯელობის მარტივი, საინტერესო ხერხი  

0

„ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ისტორიიდან შეიძლება ვისწავლოთ, ის არის, რომ ადამიანები ისტორიის გაკვეთილებიდან არასოდეს სწავლობენ“ -ბერნარდ შოუ.

ეთანხმებით? არ ეთანხმებით? რამდენად მკაფიოა თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? როგორ დაასაბუთებდით თქვენს პოზიციას?

საკითხი საკამათოა და მასთან მიმართებაში ყოველთვის ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა. მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა ითვალისწინებს ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა განაპირობებს პროგრესს; სხვებისათვის კი მსოფლიო ომები, მოუგვარებელი კონფლიქტები იმის დასტურია, რომ ადამიანებს არ გამოაქვთ დასკვნები ისტორიის გაკვეთილებიდან. ბუნებრივია, მოსწავლემ საკუთარი პოზიცია რომ დააფიქსიროს, უნდა ჰქონდეს არგუმენტრებული მსჯელობის უნარი, ერკვეოდეს წარმოდგენილ საკითხში, შეეძლოს საკუთარი მოსაზრებების კონკრეტული ფაქტებით დასაბუთება.

მსგავსი პრობლემური საკითხების განხილვაში პედაგოგებს აქტიურად დაეხმარება სტრატეგია „ბარომეტრი“. მისი მეორე სახელწოდებაა – „დაიკავე პოზიცია“.  სტრატეგია ძირითადად საზოგადოებრივ და ფილოლოგიურ მიმართულებებში გამოიყენება, თუმცა საკამათო საკითხების განხილვისას, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებათა მრავალფეროვანი სპექტრი, ამ სტრატეგიით სარგებლობა ნებისმიერი საგნის პედაგოგს შეუძლია. მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იქნება  ესეიზე მუშაობის დაწყების წინ.

სტრატეგია „ბარომეტრი“ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გამოხატონ პრობლემასთან თავიანთი დამოკიდებულება არა მარტო ვერბალურად, არამედ ფიზიკური განლაგებით. ისინი პრობლემასთან საკუთარი დამოკიდებულების მიხედვით დაიკავებენ პოზიციებს და შემდეგ არგუმენტირებულად დაიცავენ მას.  შესაბამისად, ისეთი მოსწავლეებიც კი, რომლებიც მსჯელობის დროს ნაკლებად აქტიური არიან, პროცესში ჩაერთვებიან, რადგან ყველა მათგანი იქნება ვალდებული, ახსნას დაკავებული პოზიცია.

 

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სტრატეგია?

 

  1. საკითხის შერჩევა

სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხის სწორად შერჩევას. განსახილველი პრობლემა გულმოდგინედ უნდა იქნას შერჩეული და უნდა იძლეოდეს განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობას.

პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებს წინასწარ დაავალოს საკითხის მომზადება. ასევე, დასაშვებია, პედაგოგმა საგაკვეთილო პროცესში შესთავაზოს მოსწავლეებს პრობლემის მოცემული სტრატეგიით განხილვა, თუკი თვლის, რომ ისინი საკითხის გარშემო ინფორმირებული არიან და წინასწარ აქვთ გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აზრი.

სტრატეგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ თემის გავლის შემდეგ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ის. პოზიციის განმარტების დროს, მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს დიაგნოსტირება, აქვს თუ არა მოსწავლეს ცოდნა საკითხის გარშემო.

 

  1. სივრცის ორგანიზება

საკლასო ოთახში წინასწარ უნდა განისაზღვროს ადგილი, სადაც მოსწავლეებს U-ს მსგავსად განლაგების საშუალება ექნებათ. U-ს დაბოლოებები გამოხატავს ორ დაპირისპირებულ პოზიციას, ერთი ბოლო ნიშნავს –  „სრულად ვეთანხმები“, ხოლო მეორე კი „კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“.  გარდა ამისა, საჭიროების შესაბამისად, ერთ ბოლოში შეიძლება განვათავსოთ ნებისმიერი განაცხადი, რომელიც თანხვედრაში იქნება პრობლემასთან, ხოლო მეორეში კი – მისი საპირისპირო. სასურველია, პედაგოგმა იზრუნოს სტრატეგიის ვიზუალურ გაფორმებაზე და განაცხადი თვალსაჩინოდ იქნას გაკეთებული ფლიპჩარტის ფურცლებზე.

სტრატეგიის ორგანიზებისათვის, შესაძლებელია, წინასწარ მოვაწესრიგოთ სკამები ან მერხები და განვალაგოთ U-ს ფორმით; ასევე მოსწავლეებს ფეხზე მდგომებს შეუძლიათ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ცარცით გავლებული ხაზის გასწვრივ. ეს საკითხი, ძირითადად, ფიზიკური სივრცის სპეციფიკასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

 

  1. წესების შემუშავება

სტრატეგიის მართვა საკმაოდ რთულია, რადგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციების დაცვა შესაძლოა მოსწავლეებს შორის ურთიერთშეურაცხმყოფელ ქცევებსა და ხმაურში გადაიზარდოს. წინასწარ უნდა მოხდეს მოსწავლეებთან ისეთ ქცევის წესებზე შეთანხმება, რომლებიც განამტკიცებენ ურთიერთპატივისცემას, უზრუნველყოფენ განსხვავებული აზრის მოსმენასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას. როდესაც მოსწავლეები საკუთარ აზრს სთავაზობენ თანატოლებს ან თავიანთ პოზიციას იცავენ, ისინი უნდა საუბრობდნენ „მე“-ს პოზიციიდან და არა გამომწვევად იყენებდნენ ნაცვალსახელს – „შენ“.

შემუშავებულმა წესებმა ხელი უნდა შეუწყოს სტრატეგიის მშვიდ კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას, მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას და თავიდან უნდა აგვაცილოს ცალკეულ მოსწავლეთა დომინირება.

 

  1. აზრების ფორმულირება

მოსწავლეებს უნდა მივცეთ რამდენიმე წუთი, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრება საკითხთან მიმართებაში და დააფიქსირონ თავიანთ პოზიცია (ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან წინასწარ მომზადებულ განაცხადს). მათ, რა თქმა უნდა, მოიყვანონ შესაბამისი არგუმენტები. სასურველია, მოსაზრებები ჩამოაყალიბონ წერილობითი სახით, იფიქრონ წამოჭრილ შეკითხვებსა და სავარაუდო პასუხებზე.

ბუნებრივია, მოსწავლეებს გაკვეთილზე არ დასჭირდებათ დრო პოზიციის დასასაბუთებლად, თუკი მისი მომზადება სახლში ექნებათ დავალებული.

 

  1. პოზიციების დაკავება

პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს, დაიკავონ თავიანთი პოზიცია წინასწარ მომზადებული ხაზის (U) გასწვრივ. ისინი ხაზზე დგებიან საკითხთან მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით. რაც უფრო უკიდურეს პოზიციებს იკავებენ საპირისპირო მხარეებზე, მით უფრო მკვეთრად ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან მტკიცებას. თუკი აღმოჩნდებიან მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი პრობლემასთან მიმართებაში, თავდაპირველად შესაძლებელია ისინი შუაში განლაგდნენ და განსაზღვრული დრო მიეცეთ ერთმანეთთან საკითხის განხილვისათვის. დროს გასვლის შემდეგ მათ  უნდა დაიკავონ პოზიციები, წარმოსახვითი ბარომეტრის რომელიმე მხარეს.

 

  1. პოზიციების დასაბუთება

მას შემდეგ, რაც ხაზის გასწვრივ ადგილებს დაიკავებენ, პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს დაასაბუთონ, რატომ დაიკავეს ესა თუ ის პოზიცია, მოუწოდებს მოიყვანონ მაგალითები და სხვა სახის მტკიცებულებანი. საწინააღმდეგო მხარეს განლაგებულ მოსწავლეებს რიგრიგობით უნდა მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ რომელიმე მათგანის დომინირება. ოთხი-ხუთი აზრის გამოთქმის შემდეგ ჰკითხეთ მოსწავლეებს, ხომ არავის სურს პოზიციის შეცვლა. თუკი მსურველი გამოჩნდება, მან უნდა მოიყვანოს არგუმენტი, რატომ სურს გადაადგილება. ყველა მოსწავლის პოზიცია უნდა იქნას მოსმენილი და რომელიმე მათგანს არ უნდა მივცეთ დომინირების საშუალება.

 

7 . შედეგების შეჯამება

შედეგების შეჯამების მრავალი გზა არსებობს. პედაგოგს შეუძლია „მომხრეთა“ და „მოწინააღმდეგეთა“ არგუმენტები დაფაზე ჩამოწეროს და მთელ კლასთან ერთად განიხილოს. გარდა ამისა, დაავალოს მოსწავლეებს წერილობით ჩამოაყალიბონ, შეიცვალა თუ განმტკიცდა მათი პირველადი მოსაზრებები სტრატეგიის განხორციელების შემდეგ.

სასურველია, სტრატეგიის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს დავავალოთ ესეის დაწერა. მოსწავლეები შეაჯერებენ მსჯელობის დროს მოსმენილ არგუმენტებს და ჩამოაყალიბებენ წერილობითი ფორმით.

 

სტრატეგიის  ვარიანტები:

  1. პედაგოგი ხმამაღლა კითხულობს განცხადებას. ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეები თავად განლაგდნენ ხაზის ირგვლივ, ის სთხოვს ბავშვებს ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. მოსწავლეები, რომლებიც განცხადებას ეთანხმებიან, ოთახის ერთ მხარეს განლაგდებიან, საპირისპირო პოზიციის მქონენი – მეორე მხარეს, ხოლო ვინც საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ არის – შუაში. პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, დაასაბუთონ, რატომ დგანან დაკავებულ პოზიციებზე. თუკი არგუმენტების მოსმენის შემდეგ რომელიმე მოსწავლე ადგილი შეცვლას მოისურვებს, ამის საშუალება უნდა მიეცეს.
  2. პედაგოგი U-ს მსგავს ხაზს ხაზავს დაფაზე, შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს საკითხთან თავიანთი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხაზის გასწვრივ დაწერონ თავიანთ მოსაზრებები, საბოლოოდ კი მოსწავლეები ასაბუთებენ მათ მიერ დაფაზე გაკეთებულ შენიშვნებს. ეს მიდგომა კარგი საშუალებაა პრობლემასთან კლასის დამოკიდებულების ილუსტრირებისათვის.

 

  • სტრატეგია „ბარომეტრი“ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისტორიული პირების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების, ლიტერატურული პერსონაჟების შეხედულებების განხილვისათვის. თავდაპირველად მოსწავლეების წინაშე დასვით კონკრეტული საკითხი, შემდეგ კი დაავალეთ, შეისწავლოს ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის (ისტორიული პირები, ფილოსოფოსები, სწავლულები და სხვ.) დამოკიდებულება ამ საკითხთან.  ისინი ხაზთან დაიკავებენ ადგილს მათ მიერ შესწავლილი პირების პრობლემასთან დამოკიდებულების მიხედვით და მოიყვანენ არა საკუთარ, არამედ ამ პირების მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტებს.

 

 

 

რატომ უნდა გამოვიყენოთ სტრატეგია „ბარომეტრი“?

  • სტრატეგიის ორგანიზების ფორმა საინტერესოა და ახალისებს მოსწავლეთა ჩართულობას;
  • სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას კონკრეტული, პრობლემური საკითხის გარშემო;
  • მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, აზრების გაზიარებას, განსხვავებული მოსაზრებების მიღებას;
  • სტრატეგია დაგვეხმარება საკლასო გარემოს ერთფეროვნების დაძლევაში, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

 

 

 

გამოყენებული მასალები:

https://www.facinghistory.org

https://civiceducator.org/take-a-stand-method-controversial-issues/

https://eleducation.org/resources/take-a-stand

https://www.davestuartjr.com/hook/

 

 

 დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლა.

 

„ეს მიწა ღვთისაა!“

0

კომანის ტრაგედიის შესახებ გვიან გავიგე, ორი თუ სამი წლის შემდეგ. ის გაზეთიც მახსოვს და ის ფოტოც – მამა ანდრიასი და წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრისა, სადაც ამ გულისშემძვრელი ამბის შესახებ ეწერა. ამბავზე, რომელიც თავის თავზე მეტი აღმოჩნდა.

ასეთი ამბები ქმნის ისტორიას, სამყაროს ჯაჭვს, რომლითაც ის შეუცნობლის უღრან სინათლეს ებმის და ტოვებს ადამიანის ნაფეხურებს სამყაროში. შესაძლებლის, აღსრულებულის უტყუარ ანაბეჭდებს.

1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთის ერთ მშვენიერ სოფელში მოხდა ეს ამბავი. კომანი ჩვეულებრივი სოფელი არ ყოფილა – ეს სამგზის სიწმინდით მონიშნული ადგილია მსოფლიო საქრისტიანოში: აქ განისვენებს წმინდა იოანე ოქროპირის ლუსკუმა, აქ მოედინება წმინდა ვასილისკოს წყარო და იგია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ალაგიც. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი უკანასკნელი ეპიზოდი (კომანის დაცემის შემდეგ მტერმა ადვილად შეძლო სოხუმამდე გზა გაეკაფა) სწორედ ამ სოფელს უკავშირდება.

წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარში შეფარებულ ქართველებს შორისაა აფხაზი იური (გიორგი) ანუა და მისი ცოლ-შვილი. იური ანუა ქართველების „მხურვალე სიყვარულში ისედაც შენიშნულია“, ბოლო დროს კი, სეპარატისტულად მოაზროვნე ბრბოსთვის კატეგორიულად მიუღებლად იქცევა – სწორედ მისი ფინანსური და ყოველმხრივი ხელშეწყობით განახლდა ეს ტაძარი. იური ანუა აგებდა ეკლესიებს, იდგა ქართველების გვერდით და სიკვდილამდე ქადაგებდა ჩვენი – ქართველებისა და აფხაზების ერთად ყოფნის გარდაუვალობას. ჩვენს ძმობას, ნათესაობას.

ტაძარში შეჭრილმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა იური ანუა გაიყვანეს და წამებით მოკლეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

ტაძრის წინამძღვარი, 27 წლის მამა ანდრია (ყურაშვილი) კი, ტაძარში თავშეფარებული ადამიანების თვალწინ დახვრიტეს. ყველაზე მძაფრი ამ ამბავში მამა ანდრიასა და მკვლელებს შორის გამართული უკანასკნელი დიალოგია. ისინი მუხლებზე დააჩოქებენ ახალგაზრდა ბერს და აიძულებენ, კითხვაზე – თქვი, ეს ვისი მიწაა, გასცეს მათთვის სასურველი პასუხი. მამა ანდრია კი მშვიდად პასუხობს – ეს ღმერთის მიწაა. ვისი მიწაა, ქართველების თუ აფხაზების? _ ისევ ჩასძახიან და იარაღს საფეთქელთან უტრიალებენ. ღმერთის მიწაა – არის პასუხი. და ასე, სამჯერ. სამგზის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად და გასამყარებლად…

მამა ანდრიას ზურგში ესროლეს და პირქვე კი არ ჩაემხო, ზურგითვე გადავარდა და გული კომანის ცას მიუშვირა. სამი დღე სდიოდა სისხლი ცხედარს.

ტაძარში მყოფმა იური ანუას ცოლ-შვილმა, რამდენიმე კაცის დახმარებით, შეძლო მისი დასაფლავება.

მამა ანდრია ყურაშვილის საფლავი დღესაც აფხაზეთშია. ღმერთის მიწაზე.

ეს – ამბავი ამბად, და მე კიდევ ორჯერ წავიკითხე ის, უკვე ტექსტებად ქცეული. გულისგამგლეჯ ტექსტებად: ცირა ყურაშვილის „ხიზნები კომანის მონასტრიდან“ და შორენა ლებანიძის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდაათი დღე“.

ცირა ყურაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია. მასთან კომანზე და მამა ანდრიაზე საუბარს კი სულ ვეკრძალვი, რადგან ვიცი, რა ტკივილები აეშლება და რამდენ ხანს გასტანს მის ყურთასმენაში ამ ქაოსურად მოჟღრიალე ტკივილების  რეზონანსი. მამა ანდრია ცირას უმცროსი ძმაა. მრავალშვილიანი ოჯახის დედმამიშვილების ცხოვრებაში, პაატას (მამა ანდრიას) მოწამებრივმა აღსასრულმა ყველაფერი შეცვალა, ახალი ფურცლიდან დაიწყო. თითქმის ყველა და-ძმა სასულიერო გზას შეუდგა, ცირა კი ერში მუშაკობს, იწვის სანთელივით. სხვა მეტაფორა არც მახსენდება, მასზე რომ ვფიქრობ, მის ერში მონასტრულ ცხოვრებაზე, მის სოფელზე, უთავალავ საქმეზე, ხშირად ათი კაცის ძალისხმევა რომ სჭირდება; მის შემოქმედებაზე – ამ ღონიერ მოვლენაზე ჩვენს ლიტერატურაში, მის ცისფერ თვალებსა და სევდაზე, თავშლის ბოლოსავით რომ აქვს უცხო თვალისთვის უხილავად, თავისთავში შეხვეული და წუთისოფლის პაპანაქებას იმით იჩრდილებს…

წელს, 5 ივლისს 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან. მე მაინც გავბედე და ცირა ყურაშვილს მამა ანდრიაზე დაველაპარაკე…

 

ნ.ს.:  მამა ანდრიას ბავშვობაზე გვიამბე, ცირა. შენს ნოველებში და მოთხობებში იგონებ კიდეც ცალკეულ დეტალებსრა ჰქონდათ საერთო ბავშვ პაატა ყურაშვილს და ბერ მამა ანდრიას და როგორ გაიარა ეს გზა მან, ბავშვობიდან ბერობამდე?

ც.ყ.:  მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ამ მრავალშვილიან ოჯახში დამბადა და ამ გარემოში გავიზარდე… სიტყვა ,,ძმა“ და ,,ძმები“ ჩემთვის უტოლდება საღვთო გზას, ჭეშმარიტების ძიებას და ამ გზაზე მზრუნველობას, ბოლომდე ტვირთვას, მხარში შედგომას, რაც უნდა ვაღიარო – ოქროს დუმილზე მეტად მხატვრული ნაწარმოების შექმნის ვერცხლისფერ იმპულსებად ტრიალებს ჩემს არსებაში და გამოვლენას ელის…

ვფიქრობ, მამა ანდრიას განსაკუთრებული  მეტამორფოზა არ გაუვლია ამ გზაზე, რადგან მასში ბავშვობიდანვე იყო სულიერი სათნოებების გამოკვეთილი ნიშნები. უბრალოდ მან ბერობაში  ღვაწლი გააასკეცა. ეს ჩვეოდა – საოცარი სიმტკიცე და გულმოდგინება არჩეულ გზაზე, არა ნელთბილობა, რაც თანამედროვე ადამიანებს გვახასიათებს, არამედ ბოლომდე დახარჯვა მიზნის მისაღწევად.  მიზანი კი  იყო არა განღმრთობის ის ფორმა, რომელიც წმინდა ადამიანში ღვთაებრივი სასწაულების ქმნის უნარად ვლინდება, არამედ ის, რაც ამ ღვაწლს მოჰყვა -გოლეულივით გატკბა მის ბაგეზე ღვთის სახელი და უკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანმა  ნარკოტიკს მიმართოს, როცა ღვთის სიტკბოება ისე ღვენთავს სულს და სხეულს, თითქოს თაფლის ათას ნაკადებად გაედინები…

ამიტომ პაატა – მამა ანდრია ჩემთვის ერთი მთლიანი პიროვნებაა და ისე ვერ განვიცდი, როგორც ბერობის საიდუმლო ითხოვს. ხდები ბერი – კვდება შენი ძველი ხორციელი ,,მე“ და ახალ სიცოცხლეს ედება საწყისი.

ნ.ს.: მამა ანდრიას მოწამებრივი აღსასრულიშენთვის, მწერლისთვის, ალბათ მხატვრული აქტიცაა რაღაცით. დღეს როგორ საუბრობ ამაზე?

ც.ყ.: მამა ანდრიას აღსასრული ჩემთვის არის ახალი, მარადიული სიცოცხლის დასაწყისი. ამ ჩემთვის ერთდროულად ზარდამცემმა და სადღესასწაულო აქტმა უნებლიეთ გაჟონა მხატვრულ ნაწარმოებებში. ადამიანი ამ მოვლენის სიღრმეს  თავისთავში რომ იტევდეს, გაცილებით უკეთესია მისთვისაც და სხვისთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მსუბუქი ბუნება  ასეთი ღვაწლისთვის არ აღმოჩნდა მზად. თან როცა ვსაუბრობ, მგონია, ეს მაგალითი ვინმეს გამოადგება, რადგან ჩემს თავს დავკვირვებივარ, ზოგჯერ ერთ სიტყვას გავურიდებივარ ბოროტს, შეუცვლია გადაწყვეტილების მიმართულება.

ნ.ს.: მისი საფლავიშენი და შენი ოჯახის დამოკიდებულება მისი საფლავის მიმართ

ც.ყ.: მამა ანდრიას საფლავი უნდა იყოს იქ, სადაც არის, რომელი ადგილისკენაც ის მთელი არსებით ისწრაფვოდა და არა მარტო თავისთვის სურდა ასე, არამედ ჩემი უმცროსი ძმის (ახლა მღვდელ-მონაზონია) და დედის წაყვანაც უნდოდა ამ წმინდა ადგილას…

ნ.ს.: 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან და აფხაზეთის კონფლიქტიდან. რას ეტყოდი დღეს აფხაზებს?ფაქტობრივად – მამა ანდრიას და იური ანუას მოწამეობრივი აღსასრული არის მაგალითთა მაგალითი, ყველაზე დიდი ნიმუში ჩვენი ბედისწერული და ბუნებრივი ერთადყოფნისა…

ც.ყ.: დიახ, 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან, ამ კონფლიქტიდან და თუ არ მეშლება ამ უთანხმოებამ ორივე მხარე თანაბრად დააზარალა, ხელიდან გამოაცალა საუკეთესო გენოფონდი, შეუფერხა განვითარება, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ კარგად გააზრება და მიზეზთა პოვნა სჭირდება. ადამიანის სიცოცხლე მეტად ხანმოკლეა, ერიც თავისი განშტოებებით მარადიულად არ იარსებებს, ის ოდესღაც აუცილებლად შეწყვეტს სიცოცხლეს… მისი სიცოცხლისუნარიანობა კი პირდაპირ კავშირშია იმ ენერგეტიკის ჰარმონიულობაზე, სიგნალებზე, რომელსაც სამყაროს, კოსმოსს უგზავნის… სწორედ სიცოცხლის ეს შეზღუდულობა, ხანმოკლეობა, წარმავლობა უნდა იყოს დამაფიქრებელი ყველასთვის, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ის, რადგან რაზეც ვდგავართ, ეს მიწა ღვთისაა და ყველაფრისთვის პასუხი მოგვეკითხება…

 

 

 

 

 

 

რამდენიმე მხიარული აქტივობა ქართულის გაკვეთილისთვის

0

როგორ ვისწავლეთ ზმნისწინები მუსიკის თანხლებით

მი, მო, ა, და, ჩა, შე, გა, წა, ამო, ჩამო, შემო, გამო, გადა, გადმო, წამო – ქართულის მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ ათი წლის ბავშვებს უჭირთ შინაარსს მოკლებული მარცვლების დაზეპირება. გრამატიკის სწავლება ისედაც აქილევსის ქუსლად არის ქცეული. ამიტომ მასწავლებლებს ხშირად გვიწევს იმაზე ფიქრი, როგორ გავხადოთ რთული წესები და საკითხები უფრო გასაგები. რამდენიმე წლის წინ რადიოგადაცემას ვუსმინე. ქართულის მასწავლებელი საუბრობდა, როგორ ასწავლა ბავშვებს ზმნისწინები რიტმული მოძრაობების გამოყენებით. მისი საუბარი ჩემთვის შთაგონების წყარო გახდა. საჭირო დროს უცნობი მასწავლებლის გამოცდილება ამომიტივტივდა და საინტერესო გაკვეთილის იდეაც დაიბადა. პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა და დასწავლის უნარი სხვადასხვაგვარია: ზოგს აუდიალური მეხსიერება აქვს, ზოგს – ვიზუალური, ზოგს კი -კინესთეტიკური. აქტივობა, რომელზეც უნდა გიამბოთ, სამივე უნარს ააქტიურებს.

გაკვეთილის გეგმა სამი ფაზის გათვალისწინებით ავაგე. წინა დღეს მუსიკა მოვძებნე, მხიარული, რიტმული. გამომწვევ ფაზაზე მუსიკა ჩავრთეთ და მოვუსმინეთ. მიზანიც გავაცანი, რომ მუსიკა ზმნისწინებისთვის უნდა დაგვეკავშირებინა. ბავშვებს გაუკვირდათ და ინტერესი გაუღვივდათ. შემდეგ დაფაზე ჩამოვწერე თხუთმეტი ზმნისწინი იმავე თანმიმდევრობით, როგორც სტატიის დასაწყისშია მოცემული და სიმღერის ტექსტად ვაქციეთ. ბავშვები თავდაპირველად გაუბედავად ამყვნენ, მერე თანდათან გათამამდნენ. მუსიკის ტემპი თავდაპირველად ნელია, შემდეგ თანდათან ჩქარდება. ტემპის ცვლილებამ ბავშვები გაახალისა. შემდეგ ეტაპზე ზმნისწინები დაფიდან გავაქრეთ და ერთმანეთს შევეხიდეთ, რა თქმა უნდა, თავდაპირველად დამახსოვრება გაუჭირდათ, მაგრამ მასწავლებლის მოსმენისას თვითონაც გააქტიურდნენ. რამდენიმე მცდელობის მერე მთელი კლასი ხალისით მღეროდა თხუთმეტ ზმნისწინს, ზოგი აცეკვდა კიდეც.

შემდეგ ცოდნის განმტკიცების დრო დადგა. ზმნისწინების შესახებ სავარჯიშოებს ვთავაზობთ. ეს შეიძლება იყოს საპროგრამო ლიტერატურული ტექსტიდან ზმნისწინიანი ზმნების ამოწერა ან შეიძლება თავად მოიფიქრონ  შესაბამისი ფორმები.

სასურველია, აღნიშნული აქტივობა ერთჯერადი არ იყოს და ის მრავალგზის დავუკავშიროთ სხვადასხვა გაკვეთილს.

გაკვეთილი რომ შედგა, ბავშვების სიხარულიც მოწმობდა, თუმცა ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა წლის შემაჯამებელ ტესტში ორმოცივე მოსწავლემ თავი გაართვა ზმნისწინების შესახებ არსებულ შეკითხვას.

ჩემ მიერ აღწერილი აქტივობისთვის შეიძლება გამოიყენოთ საგანმანთლებლო საიტზე kargiskola.ge ატვირთული მეთოდური მასალა – „კითხვისა და წერის ინტეგრირებული სწავლება სიმღერის გამოყენებით“. სიმღერას სახელად  „მზე და ცა“ აქვს აუდიოვერსია ვოკალითა და ინსტრუმენტული ფონით, ვიდეოკლიპი სუბტიტრებითა თუ მის გარეშე, კარაოკე – მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილით, ვოკალის გარეშე. შეგვიძლია სიმღერა „მზე და ცა“ ზმნისწინების სწავლებისთვის გამოვიყენოთ.

ეს კი ლინკია, სადაც დაწვრილებით გაეცნობით სიმღერის სწავლების  მიზნებს – https://kargiskola.ge/teacherintro/songs.php

ზმნიზედებიანი თიხის გულსაბნევები

ზმნისწინების შემდეგ ზმნიზედების დრო დადგა. როგორც უკვე აღვნიშნე, ათი წლის ბავშვებს გრამატიკული კატეგორიების გარჩევა უჭირთ. ამიტომ კეთებით სწავლების გამოყენებით ზმნიზედები  შეიყვარეს.

სწავლების მრავალნაირი მეთოდი არსებობს. აქტივობების არჩევისას თავისუფლები ვართ. ჩვენ ჯგუფურ მუშაობასა და ლიტერატურულ კაფეს დავუკავშირეთ.

ჯგუფის სახელად უნდა მოეფიქრებინათ ერთი ზმნიზედა. ბავშვების არჩევანი საინტერესო იყო: ტყეში, მზიურში, პირისპირ, ალმაცერად, ჩქარ-ჩქარა, ფერხთით, დანიაში… თითოეული ჯგუფი არგუმენტირებულად ასაბუთებდა თავის არჩევანს.

თიხისგან წრეები გამოძერწეს და ზმნიზედები დააწერეს. თიხა რამდენიმე საათში გაშრა და მზად გვქონდა გულსაბნევები, რომლებიც ლიტერატურულ კაფეში გულზე ჩამოიკიდეს.

გაკვეთილი გამოგვივიდა მხიარული, აქტივობა საინტერესო და მიზანს მორგებული. ზმნიზედების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და გაგება გაუიოლდათ. გრამატიკა ჩვენს ლიტერატურულ დღესასწაულს დავუკავშირეთ და ამ კუთხით ისევ გავაგრძელებთ მუშაობას.

ხელნაკეთი ბალიშები

ჩვენი არაფორმალური ღონისძიებები ფორმალურ გარემოში დასწავლილი მეთოდებისგან არის აგებული. ლიტერატურული კაფესთვის, რომელსაც ორ-სამ თვეში ერთხელ ვმართავთ, საგანგებოდ ვემზადებით. გაკვეთილებზე ვსწავლობთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს, ტექსტის ირგვლივ საუბარს, სხვადასხვა წერით მეთოდებს, რომლებსაც შთაბეჭდილებების დასაწერად ვიყენებთ.

წიგნის წარდგინების ფორმად ხანდახან ხელნაკეთ ბალიშებს ვკერავთ. ერთხელ სოციალურ ქსელში საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის ბალიში ვნახე, რომელიც მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით ჰქონდა შეკერილი. მაშინ გამიჩნდა  ბავშვებთან ერთად ბალიშების შეკერვის სურვილი.

ბალიშებისთვის საჭიროა:

  • ნაჭერი;
  • „სილიკონი“ შიგთავსისთვის;
  • ძაფი;
  • მაკრატელი;
  • საკერავი მანქანა;
  • ნაჭრის საღებავები.

პირველი ნაბიჯი ნაჭრის გამოჭრაა. შემდეგ ვხატავთ ერთ ეპიზოდს, ან წიგნის ყდას, ან ილუსტრაციას, ან საყვარელ ფრაზებს ვწერთ. თავდაპირველად ჩვენი დახმარება სჭირდებათ, თუმცა მალევე უღებენ ალღოს და დამოუკიდებლად ართმევენ თავს.

ერთ ბალიშს ერთი ჯგუფი ქმნიდა, პასუხისმგებლობებს კი ინაწილებდნენ: ერთად შერჩეულ ნახატს რიგრიგობით ხატავდნენ, შემდეგ აფერადებდნენ. კერვითაც ერთად შევკერეთ. ნელ-ნელა დაგვიგროვდა ფერადი ბალიშები, რომლებიც ლიტერატურული კაფეს გასაფორმებლად და წიგნების წარსადგენად გამოვიყენეთ, რამდენიმე სკოლის ბიბლიოთეკას ვაჩუქეთ, დანარჩენი კი საკლასო ოთახში დავაბინავეთ.

ეს მეთოდი ამაღლებს წიგნიერების დონეს, ეცნობიან ერთმანეთის წიგნებს, უჩნდებათ წაკითხვის სურვილი და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთის გამო კმაყოფილების განცდა ეუფლებათ, ერთად ყოფნა დაუვიწყარ ემოციებს უკავშირდება.

კითხვა, წიგნები, ურთიერთობები, სიხარული – ყოველივე ამან შეუძლებელია, რომ სკოლა უსაყვარლეს ადგილად არ აქციოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 

 

უდიდესი კალოგეროპულოსი

0

XX საუკუნის უდიდესი სოპრანო, წარმოშობით ბერძენი მარია კალასი, რომელმაც საოპერო ისტორიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, 1923 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. გვარი „კალოგეროპულოსი“, რომელიც ენის გასატეხს უფრო ჰგავდა, მარიამ სასიამოვნოდ მჟღერ „კალასამდე“ შეამოკლა. 13 წლისა, იგი თავის ფესვებს დაუბრუნდა და ათენის კონსერვატორიაში სიმღერის სწავლა დაიწყო. სამოქტავიანმა დიაპაზონმა იმთავითვე განსაზღვრა მარიას ძირითადი ამპლუა – იტალიური რეპერტუარისა და ვაგნერის ოპერების ყველაზე რთული პარტიების შესრულება.

კალასს დიდება 1949 წელს მოუტანა ერთი კვირის განმავლობაში ბრუნჰილდასა (ვაგნერი) და ელვირას (ბელინი) პარტიების შესრულებამ, რაც მანამდე ოპერის ისტორიაში არავის მოუხერხებია. ეს პარტიები, გარდა იმისა, რომ ძალზე რთულია, მუსიკალური სტილითა და ვოკალური ამოცანებითაც დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კალასი მილანის „ლა-სკალას“ ჭეშმარიტი პრიმადონა გახდა, რომელსაც ამ პრესტიჟული თეატრის თითქმის მთელი რეპერტუარი ჰქონდა ნამღერი.

სპეციალური სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ, რომლის მეშვეობითაც მარია საკმაოდ დიდი წონისგან გათავისუფლდა, მან მსმენელთა დასაპყრობად ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო გეზი. ჩიკაგოში ენით აუწერელი წარმატების შემდეგ კალასმა „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გახსნა სეზონი ბელინის ოპერით „ნორმა“… მაგრამ რა სამწუხაროა, რომ დიდებისკენ მიმავალი გზა კალასს ხმის სერიოზულმა პრობლემებმა შეაწყვეტინა. 1962 წელს უდიდესმა ბერძენმა მომღერალმა სამუდამოდ მიატოვა სცენა.

***

კითხვაზე „რით გამოიხატება მარია კალასის ფენომენი“ პასუხის გაცემა არაერთხელ უცდიათ. ერთმნიშვნელოვანია, რომ კალასი ტიტანური მასშტაბის მოვლენაა XX საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაში.

მიუხედავად მარიას არცთუ ხანგრძლივი (ათწლიანი) დიდებისა, მის შესახებ წარმოქმნილი ლეგენდების რაოდენობა თითქმის უპრეცედენტოა მუსიკის ისტორიაში. მარიას ფენომენი, მისი ლეგენდარულობა მრავალ ასპექტში ვლინდება: ხმასა და დრამატულ სამსახიობო უნარში, საოპერო რეპერტუარში შეტანილ წვლილში, აუდიტორიის მიზიდვის გასაოცარ უნარში, ბიოგრაფიის მისტიკურობაში და სხვა.

კალასის ხმა და ოსტატობა, სხვა მომღერლების მსგავსად, მსმენელთა ჯარის ყურთასმენას მშვიდად ჩაუვლიდა, რომ არა ის შინაგანი შემოქმედებითი ცეცხლი, რომელსაც დიდ სცენებზე მარიასავით ვერავინ ანთებდა… ვინაიდან დიდებულმა კალასმა მასშტაბური სახასიათო სახე შექმნა. მასში ერთიანდებოდა სიმღერის, ვოკალის, პლასტიკისა და შინაარსში ღრმად წვდომის ცოდნა, რაც მსმენელ-მაყურებელში გასაოცარ ეროტიკულ მიმზიდველობასაც კი აღძრავდა.

მარია კალასის ხმა ექსტრაორდინარული და უნიკალურია. მისთვის დამახასიათებელია ფართო დიაპაზონი, შესანიშნავი კოლორატურული მოქნილობა, ვირტუოზული ტექნიკა, რომელიც სცენაზე საოცრებებს ახდენდა. თუმცა, იმავდროულად, ეს ხმა უნაკლო არ ყოფილა: მარია ხშირად ხარვეზებით მღეროდა, რასაც მონუსხული მსმენელების ნაწილი ვერ ამჩნევდა, ნაწილი არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებდა, ხოლო ნაწილი ამაში განსაკუთრებულ მომხიბვლელობასაც კი ხედავდა.

უნიკალური იყო კალასის არტისტულობაც, რომელიც აუცილებელზე აუცილებელი უნარია საოპერო სცენისათვის. XX საუკუნემ მარია კალასის სახით არტისტული ოსტატობის, სასცენო სახის ღრმა წვდომისა და სიმღერის იდეალური სინთეზი გვაჩუქა. მისი ნამღერი ჩანაწერში დღესაც იმდენად დიდებულად ჟღერს, რომ ზემოხსენებული ხარვეზები, სცენურობის წყალობით, როლში ალბათ იმ დროისთვის ყურადსაღები არც იქნებოდა.

მარია კალასს უდიდეს ტრაგიკულ არტისტად მოიხსენიებდნენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დიდმა პაზოლინიმ მარია თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმ „მედეაში“ გადაიღო. რეჟისორმა ფილმში ოპერის მომღერალი მიიწვია, რაც ძალზე საყურადღებოა, მით უმეტეს – იმდროინდელი იტალიური კინოს არტისტების შესანიშნავი ნაკრების ფონზე. აღსანიშნავია მარია კალასის გარეგნობაც, რომელსაც იშვიათი გამომსახველობა ახლდა.

 

 

რეპერტუარი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შთამომავლობის მეხსიერებაში დარჩენისა და ბერძენმა დივამ დიდი ძალისხმევის შედეგად ვინჩენცო ბელინის, გაეტანო დონიცეტის და სხვათა მივიწყებული ნაწარმოებების გაცოცხლებით უდიდესი წვლილი შეიტანა საოპერო რეპერტუარის გაფართოებაში. იმხანად საოპერო რეპერტუარში აღნიშნულ ავტორთა ნაწარმოებების შეტანა საკმაოდ სარისკო საქმე გახლდათ, ვინაიდან ცოტას თუ სჯეროდა წარმატების.

 

კალასის მრავალმხრივობა და ფართო დიაპაზონი დღესაც კი სრულიად უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს: მშვიდი მადამ ბატერფლაიდან გმირულ ლეონორამდე, როზინას მომხიბვლელი კოლორატურიდან იზოლდას ზეადამიანური სირთულის სუნთქვამდე.

 

და მაინც, ნეტავ რა მაგია აქვს ოპერას?

ოპერა არის ზეცა, აღსავსე იმედებით, ოცნებებით, ცრემლებით, შეთქმულებით, მოულოდნელობებით, ილუზიებით, უსულგულობით… ზეცა, რომელზეც ვარსკვლავები უდიდესი სისწრაფით ფერმკრთალდება და მხოლოდ მაგია გრძელდება მუდმივად, როგორც ნევროზულობა და აყალმაყალი გენერალურ რეპეტიციებზე, ან თუნდაც ახალი წებოს სურნელი, პარტერის მეათე რიგამდე რომ აღწევს. ზეცა, რომელზეც ყოველი მონაწილე გულწრფელად აცხადებს, რომ თვით ღმერთზე მეტია“.

ვიდრე ცისკიდეზე ოპერით შეპყრობილნი და აღტაცებულნი იარსებებენ და ასიათასჯერ სიკვდილმისჯილი ხანდაზმული ქალბატონი ოპერა სულის სიმხნევეს შეინარჩუნებს, დივას, როგორც ნამდვილ ღვთაებას, შეურიგებელი ეჭვიანობით მუდამ პატივს მიაგებენ. 350-წლიანი სათითაო ნაოჭით, აღმაშფოთებელი ჭირვეულობით, სასაცილო ხელოვნურობით და უიმედო დრომოჭმულობით, ის უფრო და უფრო მეტ თაყვანისმცემელს იტყუებს თავის ბადეში. ყოველივე ეს კი დივას ტრადიციების აღმდგენმა – მარია კალასმა ტრიუმფით დაამტკიცა.

მსოფლიო მეურნეობის ძირითადი გეოგრაფიული  მოდელები

0

მსოფლიო მეურნეობის ერთიანობის მიუხედევად, მის შემადგენელ ნაწილებს შორის მაინც არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები. ამ ნაწილებს შორის არსებული პროპორციები, თავის მხრივ, მსოფლიო მეურნეობის სივრცობრივ მოდელს განსაზღვრავენ. საზოგადოებრივ გეოგრაფიაში  ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე მიდგომა არსებობს, მაგალითად, მსოფლიო მეურნეობის ორწევრიანი, მსოფლიო მეურნეობის სამწევრიანი და მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი. დეტალურად განვიხილოთ ეს მოდელები.

მსოფლიო მეურნეობის ორწევრიანი  გეოგრაფიული მოდელის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნები ორ ჯგუფად  იყოფა და მოდელი  ასე გამოიყურება: ეკონომიკურად განვითარებული და  განვითარებადი ქვეყნები. განვითარებული ქვეყნები   ესაა ჩრდილოეთის ქვეყნები, სადაც ცხოვრების  მაღალი დონეა  და  განვითარებადი ქვეყნები,   ანუ სამხრეთის ქვეყნები.

მსოფლიო მეურნეობის ორწევრიანი გეოგრაფიული მოდელი

 

მსოფლიო მეურნეობის სამწევრიანი გეოგრაფიული მოდელი ცენტრს, ნახევრად პერიფერიასა და  პერიფერიას მოიცავს.  ცენტრს – ჩრდილოეთის 25 ქვეყანა წარმოადგენს, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და მსოფლიო ეკონომიკის პოსტინდუსტრიულ სტადიაში  გადასვლას განსაზღვრავენ. მთავარი ბირთვია  – „დიდი რვიანის ქვეყნები“, რომლებიც პოსტინდუსტრიულ სტადიაში იმყოფებიან.

ნახევრად პერიფერია – აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნებს, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს (ოპეკი), აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის შედარებით დაწინაურებულ ქვეყნებს, გარადმავალი ეკონომიკის მქონე ზოგიერთ ქვეყანას მოიცავს, რომლებიც ინდუსტრიალურ სტადიაში არიან.

პერიფერიაში სამხრეთის ის 100 ქვეყანა შედის, რომლებშიც  ჭარბობს აგრარული ეკონომიკა, ხასიათდება სასურსათო-სანედლეულო საერთაშორისო სპეციალიზაციით, მცირედ  აისახება მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესი და ძირითადად,  განვითარების  ინდუსტრიამდელ სტადიაში იმყოფებიან.

მსოფლიო მეურნეობის სამწევრიანი გეოგრაფიული მოდელი

 

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი ათი მთავარი ცენტრისგან შედგება. პროპორციები ამ ცენტრებს შორის მათი ეკონომიკის ზრდის ტემპების შესაბამისად იცვლება. მე-19 ს.-ის ბოლომდე ყველა მაჩვენებლით მხოლოდ ერთი ცენტრი – ევროპა ლიდერობდა. ამიტომაც  ამ პერიოდს „ევროცენტრულ“ პერიოდს უწოდებენ.  შემდეგ წარმოიშვა მსოფლიოს მეორე ცენტრი – აშშ, რომელმაც მალევე  დაიკავა წამყვანი პოზიცია და მთავარ ცენტრად გადაიქცა. მსოფლიო ორ ომს შორის პერიოდში მსოფლიო მნიშვნელობის ორი ახალი ცენტრი – სსრკ და იაპონია გაჩნდა.  მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი  კიდევ  ახალი ცენტრების ფორმირება იწყება. ესენია:  ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ-დასავლეთი აზიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, კანადა, მექსიკა და ბრაზილია. 21-საუკუნის დასაწყისში  მსოფლიო არენაზე გამოჩნდა აზიის ახალი ინდსუტრიული ქვეყნები „ოთხი აზიური ვეფხვის“  – სამხრეთ კორეის, ტაივანის, ჰონკონგისა და სინგაპურის მეთაურობით.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მეურნეობაში  მუდმივად  იზრდება აზია-წყნაროკეანური რეგიონის როლი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე  განვითარებად და  დინამიკურ რეგიონად ითვლება. ამ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობა 3.5 მლრდ. კაცია და მათზე მსოფლიოს მშპ-ის 60-% და მსოფლიო ვაჭრობის 40 % მოდის. სწორედ  აზია-წყნაროკეანური რეგიონი განსაზღვრავს მნიშვნელოვანწილად მსოფლიოს მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს. ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ  21-ე საუკუნეს პროგნოზებში  ყველაზე ხშირად „წყნაროკეანურ ასწლეულს“ უწოდებენ.

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელის წევრები  2015 წლის მონაცემებით

 

 

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი ყველაზე კარგად ასახავს მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციას. სავსებით შესაძლებელია, რომ ძალიან მალე სიტუაცია შეიცვალოს და ეს განსაკუთრებით ეხება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, რომელთა შორის  გამოირჩევა  სამხრეთი კორეა, სინგაპური და ჩინეთი, რომლებიც ექსპორტის მოცულობით თითქმის უკვე დაეწივნენ   აშშ-ს. აზია-წყნაროკეანური რეგიონის  განვითარებადი ქვეყნები ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქვეყნებია.

 

 

ემოციური ინტელექტის გავლენები სკოლაში

0

ოდესმე განგიცდიათ იმედგაცრუება ნიჭიერ მოწაფესთან ან ოჯახის წევრთან მუშაობისას იმის გამო, რომ სხვებთან ვერ ახერხებდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას? იქნებ თქვენს კლასშიც მჯდარა ლამაზი გოგონა დიდი, ცისფერი თვალებით და შიშნარევი მზერით, რომელიც მეხუთე კლასში შეჯახებისას ველოსიპედიდან გადმოვარდა, ძლიერ დაშავდა, სკოლა თითქმის მთელი წელი გაუცდა და მომდევნო წელს პროგრამას ვეღარ დაეწია; ამის გამო ის უკანა მერხზე გადასვეს და ასე გაატარა რამდენიმე წელი; ტრავმის შიში სხვა შიშად გადაექცა, თანაკლასელებს და მასწავლებლებს გაუუცხოვდა და მერვე კლასში დაფას თუ გააწმენდინებდნენ ან ტუალეტში გაიყოლებდა ვინმე, „სიკეთისთვის“ მადლობელი უნდა ყოფილიყო“. მერე რა, რომ კარგად ხატავდა, მშვენიერ ჩანახატებს და მოთხრობებს წერდა და ინტელექტის კოეფიციენტი თავის მედიდურ თანაკლასელებზე გაცილებით მაღალი ჰქონდა?!

საკუთარი გამოცდილებიდან იქნებ ისეთი შემთხვევებიც გახსენდებათ, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად ყველა წინააღმდეგობა ლაღად და წარმატებით გადალახეთ თქვენ ან თქვენმა მოწაფემ, შვილმა, ნაცნობ-მეგობარმა?

ამ ორი განსხვავებული მოვლენის შესახებ საუბრისას მეცნიერება გვთავაზობს მხოლოდ ერთ ახსნას, რომლის თანახმად, ემოციურ და სოციალურ უნარებს მოსწავლის გრძელვადიანი წარმატების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მაშასადამე, ზემოთ აღწერილ ორივე შემთხვევაში ემოციური ინტელექტის როლი განუზომელია.

ემოციური ინტელექტის შესწავლისას არაერთი მეცნიერული კვლევა ეხება ემოციური ინტელექტის გავლენის ემპირიულ დასაბუთებას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ნებისმიერი ტიპის წარმატებაზე, სტრესისადმი მედეგობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე. მიჩნეულია, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი განაპირობებს კარგ ადაპტაციას; მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები სარგებლობენ ნდობით, პატივისცემით, თანატოლებსა თუ კოლეგებთან თბილი ურთიერთობებით, აქვთ მათთან თანხმობა და საკმაოდ ეფექტურნი არიან.

ემოციური ინტელექტის ცნება უმთავრესად მოიაზრებს ემოციურ თვითშეფასებას, სხვისი ემოციების შეფასებას, ემოციურ რეგულაციას და ემოციების გამოყენებას, ასევე – გუნდურობის ეფექტიანობას [Tonioni 2015].

სხვა განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. ცნობილი ფაქტია, რომ ემოციური ინტელექტის დონე არ იზომება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ემოციურ ინტელექტს IQ-სგან (გონებრივი, კოგნიტიური ინტელექტი) ისიც განასხვავებს, რომ ემოციური ინტელექტის გაზრდა შესაძლებელია. მაშასადამე, შესაძლებელია იმ საშუალებების ათვისება, რომლებითაც ემოციური ინტელექტის ამაღლება შესაძლებელი გახდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელიც კი, რადგან კვლევებით დადასტურდა, რომ ემოციური ინტელექტი განაპირობებს ადამიანის მოტივირებულობას. ემოციური ინტელექტი ამარაგებს ადამიანს ემოციური კომპეტენციებით, რომლებიც წარმატების სანდო პრედიქტორებია.

 

ემოციური ინტელექტის ამაღლების საშუალებები

 

ვინაიდან 3 წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ემოციების (სიხარულის, ბრაზის, ემპათიის) გამოხატვა, ბავშვის პოზიტიური განვითარებისთვის აუცილებელია ამა თუ იმ ემოციის შემჩნევა, აღნიშვნა, რომ კარგი/ცუდი ემოციაა. ასევე მნიშვნელოვანია დადებითი ემოციების განმტკიცების ხელშეწყობა. მიჩნეულია, რომ ემოციური ინტელექტის სწავლება უფრო ადვილია ადრეულ ასაკში, როცა ბავშვი გაცილებით დამყოლია.

უკვე ჩვენშიც მიუთითებენ, რომ სკოლაში ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია. სკოლას შეუძლია, დანერგოს „ემოციური განათლების” პროგრამები. სწორედ მათი საშუალებით გახდება შესაძლებელი დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე მოსწავლეებისთვის ბრაზით, იმედგაცრუებითა და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვის სწავლება, იმის ახსნა და დასაბუთება, რომ დეპრესიით, ბრაზით ან თანატოლებთან კონფლიქტით წარმატებას ვერ მიაღწევენ.

კვლევებით დასტურდება, რომ სოციალ-ემოციური სწავლება არ არის მოსწავლის ძვირფასი დროის არააკადემიური მიმართულებით ამაო ხარჯვა, მით უფრო -როდესაც მოსწავლეების აკადემიური მოსწრება იზრდება, მათი სოციალური და ემოციური უნარები უმჯობესდება, ცუდი ქცევა და აგრესია მცირდება. მოსწავლეების მხრივ განა ცუდი საქციელი არ არის, მაღალი ინტელექტისა და საუკეთესო გარეგნობის მქონე თანაკლასელი მხოლოდ დაფის გასაწმენდად გამოიყენო? სკოლის მხრივ განა ასეთივე ცუდი საქციელი არ არის მოსწავლის უგულებელყოფა, კომპეტენტური დახმარების ნაცვლად ასეთი შემთხვევების მიჩქმალვა და არაფრად ჩაგდება?!

სასიხარულოა, რომ ზოგიერთმა ქართველმა კოლეგამ უკვე იცის კონფლიქტის კრეატიულად გადაჭრის პროექტის შესახებ (The Resolving Conflict Creatively Project). ეს ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული კიდევ ერთი პროგრამაა, რომლის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, უვითარებს მათ ინტერპერსონალურ უნარებს, ამშვიდებს გაბრაზებისას, ეხმარება მეგობრების შეძენაში, ასწავლის სხვების აზრის გათვალისწინებით კონფლიქტების მოგვარებას, უყალიბებს ეთიკური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღების უნარს[1].

გარდა ამისა, საზღვარგარეთ სკოლებისთვის შექმნილია არაერთი სასწავლო პროგრამა (მაგალითად: Gostrength[2]; SEL (Social-emotional learning[3] და სხვა), რომლებიც მოწაფეებს სხვადასხვა ემოციურ და სოციალურ უნარს უვითარებს. ესენია ემოციური ინტელექტის, თავდაჯერების, პრობლემის მოგვარების, მოქნლობის, ოპტიმისტურად ფიქრის, შინაგანი მახასიათებელი ძალის განვითარების და სხვა უნარები.

აღნიშნული პროგრამები დაახლოებით შემდეგ კითხვებზეა მორგებული:

  1. რას ნიშნავს კარგად ყოფნა და ამაზე რატომ უნდა ვიზრუნოთ?
  2. რატომ აკეთებ რამეს? როგორ გავიგოთ, რატომ გვაქვს ესა თუ ის ემოციური რეაქცია სხვადასხვა ტიპის გამოწვევებისა და რთული ცხოვრებისეული სიტუაციების მიმართ?
  3. თვალი გადაავლე შენს ფიქრებს! აღმოაჩინე ფიქრში 8 ზოგადი შეცდომა და აღწერე, რით ავნეს მათ შენს მოქნილობას, მოიფიქრე, რით შეგიძლია მათი აღკვეთა.
  4. ხუთი -ინი: შეიპყარი, შეამოწმე, შეაგროვე, შეეწინააღმდეგე და შეცვალე. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია შეიპყრო ახალი ცოდნა, დააზუსტო ის სხვადასხვა მონაცემებით, შეავსო ცოდნის ბანკი, იაზროვნო კრიტიკულად და ძველი, არასწორი წარმოდგენა უკეთესით შეცვალო.
  5. პრობლემის სუპერგმირულად მოგვარება. გამოიგონე 6 ნაბიჯი, რომლებითაც სუპერგმირი ამ პრობლემას აუცილებლად პოზიტიურად მოაგვარებდა.
  6. რაა მართებული სურათზე? აჩვენე შენი უდიდესი ძალა და გააანალიზე, რა რატომ ხდება.
  7. დაწინაურდი პროცესში! დაფიქრდი და აღმოაჩინე, წარმატებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად რისი გჯერა, იფიქრე, გადაამუშავე, მეტი იაზროვნე!
  8. გამოიგონე ბედნიერების სავარჯიშოები! ივარჯიშე, რათა გახდე იმედიანი და ბედნიერი!
  9. შექმენი მჭიდრო კავშირები! ძლიერი სოციალური კავშირი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანური კეთილდღეობისთვის! ისწავლე გზები მეგობრობის განსამტკიცებლად!
  10. ადამიანობის წარმატება – ისწავლე, როგორ დაისახო მოკლე- და გრძელვადიანი მიზნები!

 

ხოლო ვიდრე ჩვენში ემოციური ინტელექტის ზრდის ხელშეწყობის პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაფინანსების ხარჯებს უშურველად გაიღებს ვინმე, ამ და ასეთ კითხვებზე მორგებული სავრჯიშოებით შეიძლება ჩვენც შევქმნათ სასარგებლო სასწავლო რესურსები და ერთმანეთს სიამოვნებით გავუზიაროთ ჩვენს საარსებო სივრცეში ნაკლები ძალადობისთვის, მეტი ღიმილის, უკეთესი თვითშეფასებისა და აკადემიური შედეგებისთვის.

 

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=1693

[2] https://www.gostrengths.com/course-details/

[3] https://www.rahulkapoor.in/goal-setting-program.html

ისასიო გუგელა

0

წლევანდელ აგვისტოს განმუხურში, ჩემი მეგობრისა და ნათლულის – დათო ჭითანავას სახლში ვატარებ. ათი წლის წინ, როცა ამ მხარეს და მთელ ქვეყანას რუსეთის იმპერია ციდან ბომბებს აყრიდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ათი წლის შემდეგ ჩემს სამ ბიჭთან ერთად შავი ზღვის სანაპიროს სამეგრელოს ზოლში დასვენებას კი არა, მშვიდად ღამის გათევას რომ შევძლებდით. თვითმფრინავის ხმა და მას მიმსგავსებული ღრუბლის გრუხუნი შიშსა და ძრწოლას იწვევდა კარგა ხნის განმავლობაში და ახლაც, ქვეცნობიერის ფსკერში ჩალექილი ტრავმის ნამცვრევივით წამომახსენდება ხოლმე.

დილა-საღამოს გავდივართ ზღვაზე. მთელი წლის სტრესებისა და დატვირთვის შემდეგ ადრე გაღვიძება დიდად არ მეხალისება – სიმშვიდესა და სიგრილეში გამოძინება ჩემს დაწყვეტამდე დაჭიმულ ნერვებს ძალიან წაადგებოდა, მაგრამ ეს ტოროლები სხვა ტალღაზე არიან აწყობილები.

– მამა, მსოფლიოში ყველა ქრისტიანია? – კიბეზე ჩასვლას არ მაცდის, ისე მეკითხება დემეტრე.

– არა, დემკუ, ზოგი ქრისტიანია, ზოგი მუსლიმი, ზოგიც… ყველა არ არის ქრისტიანი.

– კრიშტიანუ რონალდო ქრისტიანია?

მეღიმება: დილიდანვე შემოიყვანა ფეხბურთის თემა, მერე, ვიცი, აღარ მოეშვება, არც კითხვები გამოელევა, ამიტომ წინდახედული მამიკოებივით თავს ვიზოგავ და გზაში დაწეულ კითხვებს – „მესი ქრისტიანია?“, „კუნ აგუერო ქრისტიანია?“ – უყურადღებოდ ვტოვებ, სანამ სანდროს საკონტროლო გასროლა – „ზაზა ფაჩულია ქრისტიანია?“ არ მომიღებს ბოლოს.

სანდრო ზოგადად სპორტზე გადარეული ბიჭი არ გახლავთ, უფრო კონკრეტული ფიგურა – ზაზა ფაჩულია ჰყავს ამოჩემებული და ყველა კონტექსტში მის პერსონას იშველიებს. ვთქვათ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას თუკი იტყოდნენ – „არგენტინა გავარდა!“, „ესპანეთი გავარდა!“, სანდრო მხარს აუბამდა საყოველთაო ვნებათაღელვას: „ზაზა ფაჩულია გავარდა?“

აივანზე გავდივართ. ნიკოს დიდი ყურსასმენები უკეთია. ეზოს გადაჰყურებს და თავის ნაჩვევ ფლეილისტს უსმენს. ჰო, ათი წლის წინ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ათი წლის შემდეგ ჩემი უფროსი შვილი განმუხურში რეი ჩარლზს, „ბლუზ ბრაზერსს“ და „არას“ მოუსმენდა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი რამეები არ შეიძლება მოხდეს – უბრალოდ იმიტომ, რომ ომი ისეთი რამეა, ყველაფრის იმედს, სურვილს და საერთოდაც – მომავლის შეგრძნებას გიკარგავს. არადა, მომავალსაც ისევე უნდა გრძნობდე, როგორც წარსულს; თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ როცა წარსული არ გეხმარება და მომავალი თავისკენ არ გეზიდება, დღეისდღის ცხოვრება აზრს კარგავს. იმ აგვისტოში სწორედ უსუსურობისა და დაუცველობის განცდა გააჩინა იმპერიის მიერ ჩამოყრილმა ბომბებმა, მარტივ სამიზნედ რომ ამოგვირჩია და ჭურვებით დათხრილი მიწით ამოგვივსო თვალები, წინ რომ არ გაგვეხედა. აგვისტო სისხლიანი და საბედისწერო თვეა მეოცეში და ოცდამეერთეშიც, მაგრამ ყველაზე დიდი ომიც აგვისტოში გვაქვს მოგებული – მართალია ასწლეულების წინათ, მაგრამ მთლად უხსოვარ დროსაც არა.

ზღვამდე გზა არც ისე შორია. ახლო უფრო ეთქმის. ფეხით მივდივართ. გზა რომ იოლად გაილიოს, ათას რამეს ვიგონებთ – სიმღერას, გაქცევ-გამოქცევას, ერთმანეთის პაროდირებას; ბიჭები მშობლებთან ჩემი საუბრისას ნათქვამი მეგრული სიტყვების გამეორებას და შემხვედრი წარწერების – „იყიდება მიწის ნაკვეთი“, „შენდება მრავალფუნქციური სახლი“ – ამოკითხვას ცდილობენ.

ნიკოს აუტიზმი აქვს და ამ ღრიანცელში დიდად არ მონაწილეობს, თავისთვის ყოფნა ურჩევნია და სიმარტოვეს თუ არ გამოგლეჯ, შეიძლება მთელ დღეს არ დაგიძახოს. ორი გზაა: შენ უნდა ეცადო ან მას უნდა დასჭირდე. შენი ცდა მისი ნებისთვის შენი სურვილების მოხვევაა, რაც მაინცდამაინც სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ აუცილებელია. თამაშ-თამაშ, მისთვის საინტერესო საგნებით უვითარებ (შენთან) ერთად ყოფნის ჩვევებს, ორივე მხარე ხელახლა და ერთხელ კიდევ სწავლობთ ურთიერთობას.

რამდენიმე ამოჩემებული სიტყვა/ფრაზა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მკვეთრად დადებითი, აღტაცებული მნიშვნელობის მატარებელია. ხშირად არ წარმოთქვამს, მაგრამ როცა ამბობს, ხვდები, რომ რაღაც მოუნდა, მოეწონა, ან შენ მოეწონე.

ნაპირი გამოჩნდა. დილის სიმეჩხრე და სიმშვიდეა. შეზლონგები თავისუფალია, პლაჟი – აუთვისებელი. შლოპანცებში ქვიშა იგრძნობა. დემე და სანდრო ზღვისკენ გარბიან, დედაჩემი მისდევს. ნიკო ჩემთან რჩება, ხელს მკიდებს, შეზლონგისკენ მივყავარ, მაისურს იხდის და ზედ დებს, სათვალეს იხსნის, თვალებში მიყურებს და ეღიმება – წყალში ბევრჯერ შევსულვართ ერთად: აუზზე, მდინარეში, დიდრონ გუბეებშიც შევუთრევივარ, მაგრამ ზღვა მაინც სხვანაირად უყვარს.

– ისასიო გუგელა! – მეუბნება იმ მაგიურ სიტყვებს, თვალებში მიყურებს და დილის გრილ, დაწმენდილ და მზედაცხუნებულ ზღვაში შევყავარ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...