ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026
3 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

სახე-სიმბოლო, როგორც შიფრ-კოდი გალაკტიონის პოეტურ ენაში

0

„მშობლიური ეფემერის“ მიხედვით

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მხატვრული ტექსტების კვლევის პროცესში სახე-სიმბოლოების დეკოდირება უმთავრესია იდეური ქვეტექსტების ამოცნობისა და ავტორის ოსტატობის შეფასების გზაზე, ვინაიდან სახეობრიობა ლიტერატურული ნაწარმოების უწინარესი ღირსება და მახასიათებელია. ძველი თუ ახალი ეპოქის კლასიკურ მხატვრულ ტექსტებში სახისმეტყველება ყოველთვის ითვლებოდა ტექსტის ღირებულების საზომად, მაგრამ არცერთ ეპოქაში ისეთი ღრმა დატვირთვა არ ჰქონია მხატვრულ სახეს, როგორც ეს მან შეიძინა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მოდერნიზმის გავრცელებისას, ხოლო მოდერნისტული მიმდინარეობებიდან ამ მხრივ განსაკუთრებული იყო სიმბოლისტური პოეზია. ქართული სიმბოლისტური ლირიკა თავისი პოეტური სახე-ხატებით უდავოდ მწვერვალია პოეტური აზროვნებისა. „ცისფერყანწელების”, გალაკტიონისა და გიორგი ლეონიძის შემოქმედება გამოირჩევა ჯადოქრული ოსტატობით შექმნილი მხატვრული სახეებით, რომელთაც ხშირად იმდენად ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვთ, რომ მრავალშრიანი სემიოტიკური დაკვირვებებია საჭირო და ერთი სახის გახსნა უამრავ ქვეტექსტსა და კონოტაციაზე გვიქმნის წარმოდგენას. პოეტური ინტეგრალები ამ სახე-ხატებით იძერწება.

ქართული სიმბოლისტური ლირიკის მხატვრული სახე-სიმბოლო ხშირად გვევლინება შიფრ-კოდად, რომლის გახსნა ავტორის მსოფლმხედველობის, გემოვნებისა და ესთეტიკის საიდუმლოებებს გვაზიარებს. სიმბოლისტები სამართლიანად მიიჩნევდნენ, რომ მათი ლექსები არ იყო მასისთვის, მათ აღქმას მომზადებული, გემოვნებიანი, განათლებული მკითხველი სჭირდებოდა. მათი ლირიკა ნასაზრდოებია ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, რელიგიის, ისტორიის, მითოსის საბადოებიდან მოპოვებული არქეტიპებით. თანამედროვე ალუზიებით მათი გაცოცხლება კი განუმეორებელ ხიბლს სძენს ამ ტექსტებს, ხოლო სპეციალისტებისა და მკვლევრებისთვის ლიტერატურული ძიებების ფართო ასპარეზს იძლევა.

შევეცდები გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერის“ მაგალითზე ავხსნა სიმბოლისტური სახეების შიფრ-კოდები, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რამდენად მდიდარია გალაკტიონის ლირიკული ფანტაზიები, რამდენად ღრმა დატვირთვა შეიძლება შეიძინოს სახემ და რამდენად შეუძლია მას თავის თავში დაიტიოს ტექსტის იდეური ქსოვილის უმთავრესი ნიშანსვეტები. უამრავი პოეტური ნიმუში გვხვდება სიმბოლისტი პოეტების შემოქმედებაში, სადაც დაუვიწყარი სახეების ფეიერვერკია და ისინი მომდევნო ეპოქების პოეტებისთვისაც ინსპირაციის წყაროდ ქცეულან.

ქართული სიმბოლისტური პოეზია ქართულმა ლიტმცოდნეობამ საკმარისად იკვლია, უამრავი კომპეტენტური და საინტერესო სამეცნიერო შრომა მიეძღვნა სიმბოლისტური სახე-სიმბოლოების ანალიზსაც, მაგრამ ვინაიდან ამოუწურავია სიმბოლისტი პოეტების სახეთა სიღრმე და მრავალფეროვნება, ინვარიანტული წაკითხვები ალბათ მუდმივად გაგრძელდება ჩვენს მეცნიერებაში.

გალაკტიონის „მშობლიური ეფემერა“ 1915 დაიწერა, სიმბოლისტური პოეტური ესთეტიკის აპოგეის ჟამს. შვიდი სტროფისგან შემდგარ ლექსში ორ ათეულზე მეტი სიმბოლისტური სახე-ხატი ცოცხლდება. არამცთუ მათ სიღრმეებში წვდომა, კვლევა და ანალიზი, ზედაპირული, დილეტანტური დაკვირვებაც საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ მათი მეშვეობით პოეტი საოცარ კალეიდოსკოპს ქმნის, ახალ პოეტურ კოსმოსს ძერწავს და გამოუთქმელის გამოთქმას ლამობს. ერთი სიამოვნებაა ამ სახე-სიმბოლოთა თვალის გადავლება. აი, ისინიც:

მშობლიური ეფემერა. მშობლიური ხეები. ზამთრის მიერ ჩახერგილი ბილიკი. მოგუგუნე ტყე. შეხავსებული კლდეები. ამირანის მძაფრი კვნესა. პოეტის გული. თერგი. მზე. ბინდი. ფერები ჭევრი. ლალების ტევრი. ლილა და შვინდი. ყაზბეგის შუბლი, რომელიც შემოსეს ღრუბლით. ალუბლებით სავსე ცა. ყვავილების ცა და კალათები. დარიალის ხეობა. მზარავი ზარა. ძვირფასი ლანდები.

ამ სახე-სიმბოლოებს შორის ზოგი მეტყველი, ნათელი და იოლად აღსაქმელია, ხოლო ზოგი – ეფემერული, იდუმალი, ფანტასმაგორიული, მისტიკურიც კი, რომელთა შიფრ-კოდების გახსნას სიმბოლისტური ლექსის ენისა და სტილის ღრმა ცოდნა სჭირდება.

უდავოა, რომ ეს ლექსი პატრიოტულ მოტივებს ეხმიანება, თუმცა სიმბოლისტი პოეტისთვის უცხოა ამ ძველი და კარგად გაცვეთილი თემის ტრადიციული ხერხებით რეალიზება. მან ჯადოქრულ სახე-სიმბოლოებში უნდა ჩააქსოვოს სათქმელი, თან ისე, რომ გემოვნებიანი მკითხველიც მიუხვდეს ავტორს. ლექსს, მიუხედავად ამ უხვი და ფერადი სიმბოლოებისა, სულ სამიოდე ლირიკული გმირი ჰყავს: სამშობლო, რომელიც უამრავ სახეშია განსხეულებული, პოეტის ორეული (ალტერ ეგო) და „ძვირფასი ლანდები“ ანუ… (ამაზე ქვემოთ)…

სამშობლოს გამომხატველ სახე-სიმბოლოებს თუ ყურს მივუგდებთ, ისინი გასაოცარი ლირიზმით „მღერიან“ და გვიმხელენ სიყვარულის ჯერარგაგონილ გრძნობას… სამშობლოს სიყვარული პოეტისთვის უპირველესად ჩაქსოვილია სათაურად გამოტანილ კოდირებულ სინტაგმაში – მშობლიური ეფემერა… ამით პოეტი მიგვანიშნებს, რომ სამშობლო ომახიანი, პათეტიკური შეძახილები და გულზე ხელების ბაგუნი კი არა, ეფემერული ლანდებია, უფაქიზესი, ჩუმი, უპრეტენზიო, საიდუმლო, შეუცნობელი, მშობლიური და უზომოდ საყვარელი, მშობლიურ ხეთა შრიალი, ზამთრის მიერ ჩახერგილი ბილიკები (აქ ჩახერგილი ბილიკი რთული ეპოქის მეტაფორადაც წარმოჩნდება, XX საუკუნის 10-იანი წლების ფსიქოლოგიური კრიზისების, განწირულობის განცდის, ადამიანის დაპატარავების, დაკარგვის, ყოფის გაუფერულების, ექსისტენციალური შიშის პარადიგმატულ სახე-ხატად)… სამშობლო გაცოცხლებულია, როგორც მიჯაჭვული ამირანის, ტკივილისგან აკვნესებული გმირის ალეგორიული სახე და მთავარ ლირიკულ გმირს „ეს ძაფრი კვნესა უწამლავს დღეებს“… პოეტის გულიც დაჭრილია ამირანის სატკივრით… მოგუგუნე ტყე თითქოს ქართველი ხალხია, „მრავალჭირვარამგადანახადი“ (როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა), ხოლო შეხავსებული კლდეები საქართველოს უდრეკი ისტორიული წარსულის და სიძველის სიმბოლოებად აღმართულან…

გალაკტიონი, ცისფერყანწელი პოეტებისგან განსხვავებით, არ ემიჯნება წინა საუკუნის რეალისტური მწერლობის ტრადიციებს, მათ თემებსა და იდეებს და პოეტური მემკვიდრეობის უწყვეტობას მუდამ ხაზს უსვამს. ამიტომაც მის ლექსებში გაცოცხლებული თერგი სწორედ იმგვარი იდეური ქვეტესტებისა და ემოციის გამომხატველი სახე-სიმბოლოა, როგორსაც ვიცნობთ ილიას „აჩრდილიდან“ და „მგზავრის წერილებიდან“. გალაკტიონის თერგიც ავტორსა და მკითხველში სწორედ იმ ასოციაციებს აღძრავს, რომლებიც კარგად ნაცნობია სამოციანელთა შემოქმედებიდან:

„გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,

მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი…

ფერები ჭევრი ირევა ბევრი,

ლალების ტევრი – ლილა და შვინდი“…

თერგი აქაც ხმაურიანი, საიმედო, მხსნელი ლირიკული გმირია, მზეც რომ ჩავიდეს, მისი ხმაურის ფონზე ბინდი (სიმბოლურად სიკვდილი-აღსასრული) მაინც შორსაა, მეტიც –  „ფერები ჭევრი ირევა“, ანუ შორსაა სიკვდილის ერთფეროვნება, სირუხე, სანაცვლოდ ლალების ტევრი (ხშირი ტყე, იგივე ხსნა, იმედი, გადარჩენა, წითელი ფერი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო) ლილად და შვინდად იღვრება… ლილა და შვინდი, ანუ ლურჯი და მუქი წითელი (ბორდოსფერი) ქართული გარემოს, ტრადიციული ქართული დეკორების სიმბოლოებია… საოცარია გალაკტიონის სიტყვათქმნადობები (აკი შეადგინეს კიდეც ლექსთმცოდნეებმა მისი პოეზიის უზარმაზარი სიმფონია-ლექსიკონები)… სიტყვა „ჭევრი“ სხვაგან არსად შეგხვდებათ. ფონეტიკური ასოციაციით ის მოგვაგონებს „მჭევრს“ (რიტორი, მრავალფეროვნად მოსაუბრე, ამოდმეტყველი), აგრეთვე მჭვირვალს, ფერადოვანს, მრავალფეროვანს… პოეტი ქმნის სიტყვას, რომლის სემანტიკა კონტექსტის მიხედვით მკითხველს შეუძლია უამრავ რამეს დაუკავშიროს. სიტყვის პოლისემია შესაბამისად აღძრავს სხვადასხვაგვარ ემოციას.

მშობლიური გარემოს მშვენების აღსაწერად ულამაზესი სახე-სიმბოლოებია ალუბლებით სავსე ცა, ასევე ყვავილთა ცა, საიდანაც კალათებს ცლიან და ყვავილები გვაწვიმს… რამდენადაც ცა იდუმალის და შეუცნობლის სახე-სიმბოლოა ზოგადად ლირიკაში, მას უამრავი ფერითა და პლასტით აცოცხლებენ პოეტები. გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის „ცა – ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა“… მისი ფარდი სახე-სიმბოლოა „…და ცა ალუბლით სავსეა“… ეს უცნაური კონტრასტი, ერთგვარი ოქსიმორონი (დაუშვებელია ცა იყოს ან ატმებით მსხმოიარე ან ალუბლებით სავსე, ეს ფერები მხოლოდ მეწამული დაისის ცაზე თუ შეიძლება ეძიო) ანიჭებს ამგვარ პოეტურ ხედვას განუმეორებელ მაგიას…

მშობლიური გარემოს სიმბოლოა დარიალის ხეობა, როგორც რუსეთ-საქართველოს საზღვარი, როგორც საქართველოს ბედის გადამწყვეტი ტოპოსი. აქვე ცოცხლდება უცნაური სემიოტიკური კონცეპტი – „დარიალიდან ზარავდა ზარა“… „ზარა“ ისევე, როგორც „ჭევრი“, გალაკტიონის სიტყვათქმნადობების პროდუქტია, მისი ქმნილებაა, მისეული ჯადოქრობა და აღგვიძრავს ასოციაციას, რომ შემზარავი ხმები ისმის დარიალიდან, ხოლო თუ რაში გამოიხატება დარიალიდან მოსული ხმების შემზარავობა, ამაზე ჩვენი და გალაკტიონის საყვარელი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ქმნილებები მოგვითხრობენ იშვიათი დრამატულობით. თუნდაც „ელგუჯა“, სადაც ყაზბეგმა მწვავედ ამხილა რუსი ოფიცრების ანტიჰუმანისტური მოპყრობა მოხევეებისადმი და რუსულ-ქართული ეთნომენტალობების სრული ანტაგონიზმი.

ნიშანდობლივია გალაკტიონის ფრაზა – „ყაზბეგის შუბლი, რომელიც შემოსეს ღრუბლით“, რაშიც უნდა ვიგულისხმოთ ამ მარტოსული და გარიყული ადამიანის ბიოგრაფიაში მიმალული ტრაგიზმი… ასეთი ყაზბეგი ხომ გალაკტიონს სხვა დროსაც აგონდება? გავიხსენოთ მისი ლექსი „მე კავკასიის ქედები მთხოვენ?“ აქ გალაკტიონი საოცარი სიფაქიზით აცოცხლებს ყაზბეგის ხატს, როცა მას „ხევის ბეთჰოვენს“ უწოდებს:

„მე კავკასიის ქედები მთხოვენ,

მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,

ვუსმინო ყაზბეგს – ხევის ბეთჰოვენს“…

 

ცნობილია სიმბოლისტი პოეტების განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ალექსანდრე ყაზბეგისადმი. გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის დამსახურება და ღვაწლი სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის გამოსყიდვისა და შექმნის საქმეში. რომ არა ტიციანი, ვინ იცის, გვექნებოდა კი ეს უნიკალური სახლ-მუზეუმი? რომელიც უძვირფასესია არა მხოლოდ, როგორც მწერლის სახლ-მუზეუმი, არამედ, როგორც ხევის ეთნოგრაფიის ამსახველ-შემნახველი ცენტრი.

გალაკტიონი „მშობლიურ ეფემერაში“ ახსენებს ძვირფას ლანდებს და თერგს ასე მიმართავს: „მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!“

მოსწავლეები უსათუოდ დასვამენ კითხვას: ვის გულისხმობს გალაკტიონი ძვირფას ლანდებში? მოვიშველიოთ ლოგიკური ასოციაციები, თუკი პოეტური მსოფლაღქმა საერთოდ შეიძლება დავუკავშიროთ რამენაირ ლოგიკას. მეოცე საუკუნის დასაწყისში ვინ უნდა იყვნენ ის ძვირფასი ლანდები, ვისი ხატებიც თერგს უკავშირდება, ვისი ხსოვნაც გალაკტიონის გულს ანთებს და ვინც ამ ლექსის პათოსთან – სამშობლოს ტკივილისა და ხსნის გამოხატვასთან ასოცირდება? ამის გამოსაცნობად შერლოკ ჰოლმსობა სულაც არაა საჭირო – ეს ლანდები წინა საუკუნის სამოციანელები და მათი მემკვიდრეები არიან: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი… გალაკტიონი ყველა პარამეტრით მათ სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევს თავს და ეს არაერთ ლექსშია გაცხადებული…

„მშობლიური ეფემერა“ მცირე ფორმის, მაგრამ ღრმა ქვეტექსტების და უაღრესად საინტერესო სიმბოლისტური სახე-ხატების ლექსია, ის ყოველთვის იწვევს ინტერესს და ცხარე დებატებს საკლასო სივრცეში.

მასწავლებლებს ვურჩევ, რომ ამ ლექსის ანალიზს დაუკავშირონ კარგად ცნობილი საგაკვეთილო აქტივობა „ფანტაზიორები და რეალისტები“. ამისთვის სასურველია, რომ კლასი დავყოთ წყვილებად, რომელთა შემადგენლობაში ერთი ფანტაზიორი იქნება და მეორე – რეალისტი. წყვილები იწერენ და ირჩევენ ლექსის სახე-სიმბოლოებს და იწყებენ მათ დეკოდირებას თავიანთი პროფილის მიხედვით. წყვილის ერთი წევრი სახე-სიმბოლოს წარადგენს ფანტაზიორის პოზიციიდან, ხოლო მეორე – რეალისტის ხედვით. წყვილს შეუძლია საკუთარი მოსაზრებები ვენის დიაგრამის კოგნიტურ სქემაში მოაქციოს და საკუთარ არგუმენტებსა და ჰიპოთეზებში საერთო და განმასხვავებელი მონახოს. ასევე გამოსადეგი კოგნიტური სქემა იქნება, ე.წ. T-დიაგრამა. სასურველია წყვილმა განსხვავებული რაკურსებით შეხედოს სიმბოლებს და არგუმენტირებულად იკამათოს. თუკი შეთანხმდებიან სიმბოლოს ქვეტექსტების ახსნაში, გამოაცხადებენ „ზავს“, ხოლო თუკი დაპირისპირება მკვეთრი იქნება, პაექრობა გაგრძელდება „ლიტერატურული დუელით“, რომლის გამარჯვებულსაც გამოავლენს „მასწავლებელი-სეკუნდანტი“. ის სათანადო კომენატრებით და განმავითარებელი შეფასებებით აჯამებს წყვილის მიერ წარმოდგენილ ხედვებს.

საგაკვეთილო აქტივობა კი დასრულდება საშინაო დავალებით, რომლის მიზანი იქნება ლექსის სახე-სიმბოლოების დეკოდირება. თხზულების მითითებების ფორმირება ბევრნაირად არის შესაძლებელი. ასევე დასაშვებია, რომ საშინაო დავალებად მომზადდეს პოსტერული პრეზენტაციები ან ელექტრონული სლაიდ-შოუები Power Point პროგრამის მეშვეობით.

 

  თანამედროვე სწავლა/სწავლების მეთოდები

0

უახლოესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა სწავლა-სწავლების მიდგომები. დღეს მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და საჭიროება იქნება გათვალისწინებული. დღევანდელი სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე, სადაც მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და მასწავლებლის დახმარებით თანამედროვე მიდგომების საშუალებით იძენენ ცოდნას.

დღეს სწავლა-სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა  მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას. მეთოდში იგულისხმება მიზნის მისაღწევი გზები.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი. ასევე უნდა გაითვალისწინოს რესურსების გაკვეთილის თემასთან შესაბამისობა.

ჩვენი სკოლის  მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც სწავლება ხდება თანამშრომლობით. ამისათვის მე ვიყენებ სასწავლო  და სოციალურ პროექტს, კვლევას, დაკვირვებას, პრეზენტაციას, როლურ თამაშებს და ა. შ. შევეცდები, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება სასკოლო და კლასგარეშე აქტივობების გამოყენებით.

სასწავლო წლის დასაწყისშივე ვცდილობ, გავწერო სამოქმედო გეგმა სასკოლო თუ არაფორმალური განათლებისათვის. ვცდილობ, ჩემ მიერ დაგეგმილი აქტივობებით ხელი შეუწყო მოსწავლეებში იმ უნარების განვითარებას, როგორიცაა: თანამშრომლობა, კრეატიულობა, გადაწყვეტილების მიღება, ერთმანეთსა და გარემოზე ზრუნვა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ა.შ. გეგმას ვაცნობ მოსწავლეებს და ვთხოვ, შეავსონ  აქტივობები მათი ინტერესებიდან გამომდინარე. საინტერესო და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქტივობებში ერთიანდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

საკლასო აქტივობებიდან ხშირად ვიყენებ მინი-„ჯიქსოუს“ მეთოდს, როდესაც ვრცელი მასალა მოკლე დროში მინდა აითვისონ. ამისათვის თემას ვყოფ იმდენ ნაწილად, რამდენი მოსწავლეც არის ჯგუფში. მოსწავლეები თვითონ ინაწილებენ თემის ნაწილებს და შემდეგ გააცნობენ  ჯგუფს, შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. აღნიშნული აქტივობა, გარდა იმისა, რომ დროის ეფექტურად  გამოყენებაში მეხმარება, მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, გუნდურობის უნარს. ასევე წარმატებით ვიყენებ მეთოდს „სასწავლო გაჩერებები“. აღნიშნული მეთოდი ძალიან საინტერესოა, რადგან მოსწავლეებს სხვადასხვა „გაჩერებაზე“ სხვადასხვა დავალება ხვდებათ. ეს მეთოდი გამოვიყენე რეპროდუქციული სისტემის შესწავლისას.

პირველ გაჩერებაზე მოსწავლეებისათვის გამზადებული მქონდა უხმო ფილმი, ჩანასახოვანი შრეებიდან ორგანოების ჩამოყალიბების შესახებ; მეორე გაჩერებაზე მიკროსკოპში უნდა დაეთვალიერებინათ  კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი; მესამე გაჩერებაზე უნდა დაემთავრებინათ მეიოზის სქემა, ხოლო მეოთხე გაჩერებაზე ფერადი  წებოვანი სტიკერები (ყველა ჯგუფს თავისი ფერი ჰქონდა) უნდა მიეწებებინათ საილუსტრაციო პლაკატზე, სადაც დავალება იყო მოცემული. ყველა ჯგუფს უნდა შეესრულებინა ყველა დავალება და თავიანთი ნამუშევრები დაეტოვებინათ ადგილზე. საწყის ადგილზე დაბრუნებულ თითოეულ ჯგუფს ხვდებოდა ყველა ჯგუფის ნამუშევრები და აკეთებდნენ ანალიზს. არანაკლებ სახალისო და ეფექტურია ქეისებით სწავლებაც. მეთოდი გამოვიყენე  ადრეული ქორწინების თემის შესწავლის დროს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ  როლურ თამაშებში. ისინი საინტერესოდ წარმოადგენენ მცენარის ქსილემას და ფლოემას (ყველა აქტივობის ფოტოებს წარმოვადგენ პრეზენტაციისას). დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე “ფოტოსინთეზი“. პროექტის ფარგლებში გვქონდა სხვადასხვა აქტივობა: ლაბორატორიული სამუშაო, დაკვირვება, ინფორმაციის მოძიება დახარისხება, პრეზენტაციები, ინტეგრირებული გაკვეთილი (ინგლისური ენიდან ვთარგმნეთ  ინფორმაცია ფოტოსინთეზის შესახებ); საბოლოოდ, დავასრულეთ კედლის გაზეთის გამოშვებით. არანაკლებ საინტერესო იყო ტელეფონის მიზნობრივი გამოყენება სასწავლო პროცესში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ტექსტის სათარგმნად გამოიყენეს ტელეფონი. შეძლებისდაგვარად საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ ვიდეოფილმებს, შემდეგ ვაკეთებთ ვიდეოფილმის ანალიზს და ვმართავთ დისკუსიას.

საგაკვეთილო პროცესი  სახალისო, აქტიური, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული იქნება, თუ  აქტივობები მიზნობრივად იქნება შერჩეული და სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფილი. ამისათვის მასწავლებელი დიდ დროს უნდა უთმობდეს გაკვეთილის დაგეგმვას. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი შეიძლება სულ სხვა მიმართულებით წარიმართოს, მაინც საჭიროდ ვთვლი მის წინასწარ მომზადებას.

რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, წელს  პირველი კლასგარეშე აქტივობა გვქონდა ბორჯომის ეროვნულ ნაკრძალში. დავათვალიერეთ ნაკრძალის მუზეუმი, გავიარეთ მოკლე  საფეხმავლო ბილიკი და დავასუფთავეთ ნაკრძალის ის ტერიტორია, რომელიც დავლაშქრეთ. შემდეგი აქტივობაც ასევე სახალისო  იყო – მოსწავლეები კლასების მიხედვით ჯგუფებად დაიყვნენ (თვითონ გადაწყვიტეს ასე). თითოეულ ჯგუფს დაურიგდათ სხვადასხვა რესურსი და კვერცხი. მათ ამ რესურსის გამოყენებით კვერცხი უნდა ჩამოეტანათ პირველ სართულზე. ცხადია, კიბის გამოყენება არ შეიძლებოდა. მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და ერთმა ჯგუფმა მოახერხა დავალების შესრულება. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს შეუერთდა ჩვენი სკოლის მერვე კლასიც, მათ ბორჯომის ხალხმრავალ ადგილებში ხელნაკეთი საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს.

 

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი

0

დღეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს,  რომლის მიზანი მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაა. საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე. დღევანდელმა მასწავლებელმა უნდა აღზარდოს ინტელექტუალურად მამაცი, კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი და  შემოქმედებითი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილებების უშიშრად მიღება შეეძლება. მიმაჩნია, რომ მიმდინარე პროცესებში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პედაგოგიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა, რაც სწავლა-აღზრდის პროცესში თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვით  უნდა განხორციელდეს.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემ მიერ შექმნილი გაკვეთილის სცენარი. გაკვეთილზე გამოვიყენე თანამშრომლობითი და პრობლემაზე ორიენტირებული სასწავლო სტრატეგიები. მოსწავლეებს პრობლემა წარვუდგინე სიტუაციური ამოცანის სახით. პრობლემური სიტუაციები შეიძლება იყოს განსხვავებული შინაარსის, პრობლემური დონის, შეუსაბამო ინფორმაციის მქონე და სხვა.  შეთავაზებული ამოცანა მაშინ იქცევა პრობლემად, როდესაც მისი გადაჭრის გზები  უცნობია. კლასისთვის მიწოდებული პრობლემური ამოცანა მოსწავლეებისთვის უნდა იყოს ერთგვარი გამოწვევა, თუმცა მორგებული უნდა იყოს მის შესაძლებლობებზე, რომ მოსწავლეს საერთოდ უარი არ თქვას მუშაობაზე.

პრობლემაზე მუშაობის დროს მოსწავლე გაივლის შემდეგ ეტაპებს:

  • მოსწავლის მიერ პრობლემის გააზრება, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა;
  • ვარაუდების გამოთქმა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;
  • პრობლემის მოგვარების გზების ძიება.

საგანი: ბუნებისმეტყველება

გაკვეთილის თემა: შინაური ცხოველების ადგილი ბუნებაში

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ –

  • პრობლემის გაცნობიერება და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა;
  • მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერება და პრობლემის მოგვარების  გზების ძიება.

უნარ-ჩვევები: კრიტიკული, შემოქმედებითი, ლოგიკური და ანალიტიკური უნარების  განვითარების ხელშეწყობა.

აქტუალურობა: ქუჩაში მრავლად არიან უპატრონო ცხოველები, მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ცხოვრება, ისინი საკვების საპოვნელად ქუჩა-ქუჩა დადიან. უსახლკარო ცხოველები ხშირად სხვადასხვა დაავადების მატარებლები არიან.

სწავლის შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის იდენტიფიცირებას. ეცოდინებათ, რატომ არიან შინაურ ცხოველები ქუჩაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უსახლკარო ცხოველების პრობლემა მოაგვარონ.

 

გაკვეთილის სცენარი

  1. ჯგუფების ფორმირება

მასწავლებელი ჯგუფებს სპეციალური ბარათების მიხედვით ქმნის, რომელზეც თითო სიტყვა წერია. რადგან ჩემს კლასში 25 მოსწავლეა, გამზადებული მაქვს 25 ცალი 5 სხვადასხვა ფერის (თითო ფერის 5 ბარათი) ბარათი, რომლებიც მოთავსებულია ყუთში. მოსწავლეები  მიდიან  მასწავლებელთან და ყუთიდან რიგრიგობით იღებენ ბარათებს. ერთნაირი ფერის ბარათების მქონე მოსწავლეები დგებიან ერთად და ბარათზე დაწერილი სიტყვებიდან ადგენენ წინადადებებს. მათ 25 ბარათიდან უნდა შეადგინონ ხუთი 5-სიტყვიანი წინადადება. მოცემული წინადადებების მსგავსი წინადადებები დაწერილია ფერად ფურცელზე და შესაბამისად, განთავსებულია ჯგუფისათვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდებზე. მოსწავლეებმა უნდა გაახმოვანონ მიღებული წინადადება, შემდეგ მაგიდაზე იპოვონ ანალოგიური წინადადება და დაიკავონ თავიანთი ადგილი. ამ პრინციპით ყალიბდება ხუთივე ჯგუფი. (მაგ.: შინაური ცხოველისთვის ქუჩაში ყოფნა საზანოა).

წინარე ცოდნის გააქტიურება – მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. ისინი ერდროულად ავსებენ სქემას, რომლის ცენტრშიც წერია კითხვები: თითოეული მოსწავლე თითო ფურცელზე წერს მოკლე პასუხებს. 5 მოსწავლე სამუშაოს ერთდროულად ასრულებს.  მასწავლებელი  შევსებულ  სქემებს  დაფაზე აფიქსირებს და  აკეთებს სქემის ანალიზს.

  1. პრობლემის წარდგენა

მასწავლებელი წარადგენს ამოცანას და სვამს მთავარ კითხვებს:

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქუჩაში მრავლად არიან უპატრონო ცხოველები. მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ცხოვრება. ეს ცხოველები ველურდებიან, ავადდებიან და შესაძლებელია ადამიანებს საფრთხე შეუქმნან. უპატრონო ცხოველების რიცხვი განსაკუთრებით დიდია დიდ ქალაქებში. რაში მდგომარეობს პრობლემა? რა არის უსახლკარო ცხოველების მომრავლების მიზეზი? თქვენ რას გააკეთებდით იმისთვის, რომ ქუჩაში უპატრონო ძაღლები აღარ იყვნენ?

 

  1. პრობლემის ანალიზი

მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებას: „იფიქრე, იმსჯელე, განიხილე ჯგუფში“; მოსწავლეებს შესთავაზებს ვარაუდების ცხრილს და აჩვენებს სასწავლო ვიდეორესურსს. მოსწავლეები ფილმის ჩვენებამდე წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს.  ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი ახალ მასალას ერთად ამუშავებენ. ფიქრობენ, მსჯელობენ და განიხილავენ ჯგუფში.

ინსტრუქცია: მოსწავლეებმა  დავალებაზე დამოუკიდებლად უნდა იმუშაონ.  თუ  თქვენ ცხრილში წარმოდგენილ მოსაზრებას ეთანხმებით, პირველ სვეტში „მანამდე“  ჩაწერეთ  ნიშანი „+“,; ან  ,,-“, თუ მას არ ეთანხმებით. გადაწყვეტილების მისაღებად დაეყრდენით, გამოიყენეთ ან განიხილეთ თქვენი პირადი გამოცდილება, ცოდნა და შეხედულება.

პირველი სვეტის შევსების შემდეგ ვნახოთ ვიდეო. (ვიდეოს ძირითად იდეებზე ფოკუსირებისთვის გამოიყენეთ ცხრილში წარმოდგენილი მოსაზრებები. ვიდეოს ჩვენების შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ცხრილის სახით წარმოდგენილი ყველა მოსაზრება. თუ  თქვენ ეთანხმებით ცხრილში წარმოდგენილ მოსაზრებას, სვეტში „შემდეგ“ ჩაწერეთ  ნიშანი ,,+“; ან  ,,-‘’ თუ მას არ ეთანხმებით. მოსწავლეებმა უნდა შეადარონ სვეტები „ადრე“ და „შემდეგ“.  ჩაწერილი ნიშნები. მათ უნდა შეამოწმონ და შეაფასონ ვარაუდების სიზუსტე. მოკლედ უნდა ჩამოაყალიბონ, შეიცვალა თუ არა მათი შეხედულებები საკითხის მიმართ. რატომ? არსებული მოსაზრებებიდან უნდა გამოყონ, რომელი მოსაზრებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რატომაა ეს მოსაზრება მნიშვნელოვანი.

ყოველი ჯგუფი აზიარებს თავის მოსაზრებებს. ეს მეთოდი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ვიდეოს ნაცვლად შესაძლებელია ასევე სურათების, ციფრული რესურსის, რაიმე საინფორმაციო წყაროს გამოყენება.

 

  1. პრობლემის შეფასება. ტაბულაზე – „ფაქტები, იდეები, შესასწავლი კითხვები და ქმედებების გეგმა“ – მუშაობა (FILA). მოსწავლეების ჯგუფს შესავსებად ეძლევა ტაბულა, რომელშიც უნდა დააფიქსირონ საერთო პასუხები, რომლებზეც ერთად მსჯელობის შედეგად შეჯერდნენ. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ფასილიტაციას უწევს მათ.

  1. გადაწყვეტილების მიღება: მოსწავლეები წარადგენენ ჯგუფის ნამუშევრებს. მათ შესაძლოა ერთ კითხვაზე რამდენიმე პასუხი ჰქონდეთ. ისინი ერთად განიხილავენ პასუხებს და შეჯერდებიან ერთზე, თუ როგორია მათი ხედვით პრობლემის მოგვარების შესაძლო გზა. მასწავლებელი საჭიროების მიხედვით სვამს დამატებით კითხვებს:
  • როგორ უნდა მოხდეს ქუჩაში უსახლკარო ცხოველების დაჭერა?
  • რა უნდა გაკეთდეს უსახლკარო ჯანმრთელი ძაღლებისათვის?
  • რა არის უსახლკარო ცხოველების მომრავლების მიზეზი?
  1. რეფლექსია/შეფასება

მოსწავლეები გამოდიან ჩხირების გამოძახების ხერხით და აკეთებენ რეფლექსიას: ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცხოველი ცოცხალი არსებაა, რომელიც ისევე გრძნობს და განიცდის როგორც ადამიანი, უნდა გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მათზე.

დღევანდელი გაკვეთილიდან გავიგე, რომ..

ვისწავლე..

მომეწონა…

გამიჭირდა…  ჩემი განწყობა…

 

დასკვნა

მსგავსი ტიპის  გაკვეთილების ჩატარებისას სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს. ამ დროს მოსწავლე არის სწავლის პროცესის აქტიური მონაწილე, თავად მონაწილეობს საკუთარი ცოდნის აგებაში, არის აქტიური შემმეცნებელი. მოსწავლეები თანამშრომლობენ  ჯგუფებში.  ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ შეიმეცნოს ახალი მასალა, არამედ დაეხმაროს ჯგუფის სხვა წევრებს საკითხის უკეთ შესწავლაში.  ჯგუფის ყველა წევრი მუშაობს ამოცანაზე მანამ, სანამ ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.

აღნიშნული სტრატეგიების გამოყენების ეფექტურობა მტკიცდება არამარტო ჩემი დაკვირვების საფუძველზე, არამედ მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგებითა და სწავლის ხარისხის ამაღლების დინამიკით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა 2018-2024;
  2. 1-6 კლგზამკვლევი მასწავლებლებისთვის.

 

სავარჯიშოები მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად

0

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სირთულეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის საკითხი. როგორც ყველა, მეც ხშირად  ვფიქრობ:

რა ხერხებითაა შესაძლებელი გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობა და მათი მოტივაციის ამაღლება?

რამდენად ეფექტურად ვიყენებ თანამედროვე მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც გარკვეულწილად მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება?

როგორ აქვთ განვითარებული მოსწავლეებს პიროვნული და სოციალური უნარები?

როგორ დავეხმაროთ, რომ ისწავლონ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება?

რა აქტივობები უნდა დავგეგმოთ იმისთვის, რომ მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებზე გავიყვანოთ?

 

მოტივაცია წარმატების აუცილებელი პირობაა. მოსწავლის  მოტივაცია თითქმის არასოდეს განისაზღვრება მხოლოდ შეფასებისას მიღებული ქულებით. რა თქმა უნდა, მაღალი ქულები და საზოგადოებრივი სტატუსი ნაწილია იმ სიკეთისა, რომელიც წარმატებას მოსდევს. ბევრი მოსწავლისთვის მოტივაცია სხვა რამ არის: სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც აკეთებს, ახალი და უმჯობესი გზების პოვნის სურვილი ამა თუ იმ ამოცანის ამოსახსნელად, სტერეოტიპების დანგრევის მოთხოვნილება და ა.შ.

მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ ძლიერი მამოძრავებელი ემოცია და სჯერათ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მიზანს მიაღწევენ, როგორც წესი, უფასდებათ მიზნის ერთგულება და აღწევენ იმას, რისიც თავიდანვე სჯეროდათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გამოიჩინონ მოქნილობა სიტუაციისა და ახალი შესაძლებლობების მიმართ.

ძლიერი მოტივაციის მქონე მოსწავლეს დამარცხება არ აშინებს, ის ჯიუტად განაგრძობს დასახული მიზნისკენ სვლას. წარმატებული ლიდერის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ესეც არის – ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგეს და საბოლოოდ მყარად დადგეს ფეხზე.

ჩემი გამოცდილებიდან  გთავაზობთ საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს:

გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი პრაქტიკული აქტივობებით – ამის მიღწევა შესაძლებელია   სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.

 გაააქტიურთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ: ჩაატაროთ ცდები, ექსპერიმენტები, დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ დრო, თორემ მათ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.

 ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას შემაჯამებელი ტესტების, ქვიზების,  კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის ათვისებაში შეუწყობს ხელს.

გამოიყენეთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.

გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.

შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკისა და შეცდომის დაშვების შიში არ ექნება. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.

თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარი – კონკრეტულად რის გამო დააკლდათ ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.

არ გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.

იყავით მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.

 

სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.

ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს მათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.

შემოიღეთ “წინადადებების ყუთი” – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
დეტალურად უნდა ავუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
უნდა შევიმუშაოთ მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.

მე, როგორც მასწავლებელს მჯერა, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული. ჩემს საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყოველთვის ღიად  იკვეთება  ჩემი  ამგვარი დამოკიდებულება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი ნაწილი;
  2. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები – რჩევები მასწავლებლებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ის რაც მინდა იგივეა, რაც ის, რაც მე მჭირდება?

0

განათლების კვლევებიდან გამომდინარე, სკოლაში მოსწავლეების კომპეტენციების განვითარების საჭიროებამ მზარდი მნიშვნელობა შეიძინა და ბოლო პერიოდში, მსოფლიოს მასშტაბით, საგანმანათლებლო სისტემაში წამყვან მიმართულებად იქცა.

ზოგადი განათლების  ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების ნუსხაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება.

სამოქალაქო კომპეტენცია დაფუძნებულია დემოკრატიის, სამართლიანობის, თანასწორობის, მოქალაქეობის და სამოქალაქო უფლებების კონცეფციებზე. ( ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების წესდება)

სოციალური კომპეტენციის მთავარი უნარები მოიცავს კონსტრუქციულ კომუნიკაციას სხვადასხვა გარემოში, სადაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა აზრის გამოხატვა და გაგება, ტოლერანტობა, ემპათიის გრძობა, დაფუძნებულია თანამშრომლობაზე.

პრობლემის აღწერა:    მოსწავლეებს, განსაკუთრებით, სწავლების დაწყებით საფეხურზე, უჭირთ სურვილებსა და საჭიროებებს, ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს შორის კავშირისა და განსხვავების დანახვა.

მნიშვნელოვანია, რომ მათ განუვითარდეთ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, რათა  მომავალში შეძლონ კონსტრუქციული მონაწილეობა,  სამოქალაქო აქტივიზმი, სოციალური მრავალფეროვნებისა და ერთობის, მდგრადი განვითარების მხარდაჭერა და ჰქონდეთ  სხვისი ღირებულებებისა და პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემის მზაობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ სურვილებისა და საჭიროებების, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების არსი.

პრობლემის გადაჭრის გზები:  ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამისობითა და აქტიური სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით მინიპროექტის – ,,ის, რაც მე მინდა იგივეა, რაც ის, რაც მე მჭირდება?’’ – განხორციელება (5 დღე).

მიზნები და ამოცანები: მოსწავლეთა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კვლევის, დისკუსიის, პრეზენტაციის უნარების განვითარება. პიროვნული მახასიათებლები: თავაზიანობა, კომპრომისი, ურთიერთპატივისცემა, საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების გაანალიზება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამისობა:

ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.

ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.

განხორციელებული აქტივობები:

I დღე –  მინიკვლევა – მოსწავლეები ინდივიდუალურად  ავსებენ კითხვარს,  რა იციან ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ, როგორ იცავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს, რა მოხდება, თუ დაირღვევა ბავშვის უფლება. შემდეგ წყვილებში უზიარებენ ერთმანეთს და მოსაზრებებს წარადგენენ კლასის წინაშე.

II დღე – თამაში: ,,სურვილები და საჭიროებები’’ საკლასო ოთახის კედლებზე განთავსებულია სურათები. კლასი იყოფა ორ ჯგუფად. ჯგუფის წევრები  განასხვავებენ სურათებს სურვილების და საჭიროებების მიხედვით, ათავსებენ შესაბამის ყუთებში და ფლიპჩარტის ფურცლებზე, ან დაფაზე აკეთებენ ჩანაწერებს: ა) სურვილები.  ბ) საჭიროებები

III დღე – ბავშვთა უფლებების კონვენცია. მასწავლებელი მოსწავლეებს წაუკითხავს სახელმძღვანელოში მოცემულ საინფორმაციო ტექსტს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ, აჩვენებს უფლებების კონვენციის ადაპტირებულ ვერსიას. შემდეგ ათამაშებს  ბარათებით. თამაში მარტივია. მოსწავლეებმა ნახატის მიხედვით უნდა ამოიცნონ ბავშვთა უფლებების კონვენციის მუხლები და ნახატი წარწერას შეუსაბამონ.

 

 

 

შენიშვნა: მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ბარათები. მითითებული ბმულიდან ამობეჭდოს ფურცლები, დაჭრას პატარა ზომის ბარათებად და მოსწავლეთა დახმარებით გააფერადოს. (ამ დროს მათ  არ იციან, რისთვის სჭირდებათ)

IV დღე – როლური თამაში: ,,პრობლემური სიტუაციები’’ სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით  მოსწავლეები ინაწილებენ როლებს და სიტუაციას შეუსაბამებენ კონვენციის მუხლს, რომელსაც ,,ბავშვთა უფლებების კონვენციის ექსპერტი’’ წარადგენს.

შენიშვნა: მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს ამობეჭდილი პრობლემური სიტუაციებისა და შესაბამისი კონვენციის მუხლების ბარათები.

V დღე – შეჯამება – დისკუსია.  მოსწავლეები შეაჯამებენ მინიპროექტს, გააკეთებენ შეფასებას და თვითშეფასებას, მნიშვნელოვან დასკვნებს პოსტერებზე გადაიტანენ და საკლასო ოთახის კედლებზე განათავსებენ.

მიღწეული შედეგი:

მინიპროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდა მოსწავლეთა  თვითშეფასება და შესაძლებელი გახდა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე  საუბარი. განხორციელებული აქტივობების ფარგლებში მათ განუვითარდათ სამოქალაქო კომპეტენციები, კომუნიკაციის, კონსტრუქციული თანამშრომლობის, დამოუკიდებელი, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების, კვლევის, დისკუსიის წარმართვის, დებატების, სხვისი უფლებების პატივისცემის უნარები. გააცნობიერეს, რომ მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კანონი, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლებები.

დასკვნა: იმისათვის, რომ მოსწავლეები საზოგადოების სრულფასოვან, პოზიტიური დამოკიდებულების მქონე მოქალაქეებად  ჩამოყალიბდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლების დაწყებით საფეხურზე ადამიანის უფლება-მოვალეობათა ღირებულებების შესახებ ცოდნის გადაცემა.

მიღებული ცოდნის გამოყენებით, მოსწავლეები შეძლებენ, როგორ იმოქმედონ სკოლასა და სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში, არ დარჩება მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად, არამედ ეს უფლებები და მოვალეობები მათი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრების განუყრელი ნაწილი იქნება.

 

ლიტერატურა:

 

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები

https://ncp.ge/ge/curriculum/general-part/general-part/chapter-viii-cross-cultural-competencies

  1. ბავშვთა უფლებების კონვენცია (ადაპტირებული)

https://bit.ly/3159Zsv

  1. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ. წიგნი V, გვ. 114-127

https://bit.ly/2IbwaEQ

  1. გახელაძე გ. სამოქალაქო წიგნიერება. თბილისი: მწიგნობარი, 164 გვ.
  2. როდონაია ვ. მირიანაშვილი მ. ვაშაკიძე ლ. ქართული ენა, IV კლასი, თბილისი: საქართველოს მაცნე. გვ.151-153

 

 

 

  მძიმის არასათანადო ადგილას  დასმის შესახებ

0

“გთხოვთ მობრძანდეთ“, “გთხოვთ ნება დამრთოთ“ – მძიმით თუ მის გარეშე?

ტექსტებში სასვენი ნიშნების სწორად დასმა ჩვენს საუკუნეშიც კი აქილევსის ქუსლად რჩება.

სასვენი ნიშანი ის გრაფიკული საშუალებაა, რომლითაც წერითი მეტყველება წინადადებებად თუ სინტაქსურ ერთეულებად ნაწევრდება და ტექსტი ადვილად წასაკითხი და გასაგები ხდება.

ჩვეულებრივი საუბრისას ცალკეულ აზრებს პაუზით გამოვყოფთ, წერის დროს კი სასვენი ნიშნებით.

როგორც ვიცით, პუნქტუაცია გაცილებით გვიან შემოიღეს, ვიდრე წერა. ძველად წერისას სასვენ ნიშნებს არ ხმარობდნენ, სიტყვებსაც კი არ გამოჰყოფდნენ ერთმანეთისგან და მიჯრით წერდნენ.

სასვენი ნიშნები პირველად ბერძენმა გრამატიკოსებმა გამოიყენეს. დიონისე თრაკიელი “ტექნე გრამატიკაში“ წერდა: “სასვენი ნიშანი სამია: სრული – დასრულებული აზრისთვის, საშუალო – სულის მოსათქმელად – და  მძიმე – დაუსრულებელი აზრისთვის, რომელიც გაგრძელებას საჭიროებს“.

ივ. ჯავახიშვილის ცნობით, ძველქართულ წერილობით ძეგლებში სასვენი ნიშნები VI საუკუნეში უხმარიათ, ხოლო XI საუკუნის II ნახევარში ცნობილ ქართველ მთარგმნელსა და მეცნიერს ეფრემ მცირეს საყოველთაოდ შემოუღია.

XV საუკუნის I ნახევრის  ევროპაში წიგნის ბეჭდვის დაწყებასთან ერთად აუცილებელი გამხდარა სასვენი ნიშნების გამოყენებაც. ამ საქმეში კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი მიუძღვით ამავე საუკუნის მესტამბეებს – ძმებ მანუციებს.

ამჟამად 10 სასვენი ნიშანი იხმარება: კითხვის ნიშანი (?), ძახილის ნიშანი (!), ორწერტილი (:), მძიმე (,), წერტილ-მძიმე (;), მრავალწერტილი (…), ფრჩხილები (() ), კავები, ე.წ. დიდი ფრჩხილები ([ ] ), ბრჭყალები (“ „) და  ტირე (-).

გრაფიკული გამოსახულების მიხედვით ისინი სამი სახისაა: ზევიდან ქვევით საწერი: (კითხვის ნიშანი (?), ძახილის ნიშანი (!), ორწერტილი (:), მძიმე (,), წერტილ-მძიმე (;), ფრჩხილები (() ),  კავები ([ ] ) და  ბრჭყალები (“ „),

გასწვრივ საწერი – ტირე ( – ) და მრავალწერტილი (…),

დასასმელი –  წერტილი (.).

ამ წერილში მძიმეზე უნდა ვისაუბროთ, რადგან მას მრავალი პრობლემა და შეცდომა უკავშირდება. აქ არ მოგითხრობთ მძიმის დასმა-დაუსმელობის შესახებ ისედაც ყველასთვის ცნობილ და გავრცელებულ წესებზე, არამედ ყურადღებას გავამახვილებ ერთ ყველასგან მივიწყებულ წეს-კანონზე:

უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ მძიმეს წინადადების აზრობრივად შეცვლა შეუძლია:

  1. ნიკამ უთხრა გივის, ლექსი კარგად წაიკითხეო.
  2. ნიკამ უთხრა, გივის ლექსი კარგად წაიკითხეო.
  3. კარგი, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!
  4. კარგი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

მძიმეს არასათანადო ადგილას თუ დავსვამთ, წინადადებას აზრი შეეცვლება: შესიტყვება – “ნუ ხარ ზარმაცი მამაშენივით იყავ მამაცი!“ ორნაირად გაიგება:

  1. ნუ ხარ ზარმაცი მამაშენივით, იყავ მამაცი! (თუ ამ უკანასკნელის შემდეგ დავსვამთ მძიმეს),
  2. ნუ ხარ ზარმაცი, მამაშენივით იყავ მამაცი! ( თუ მძიმეს დავსვამთ ამ ნაწილის პირველი სიტყვის წინ).

 

ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსია ეს წინადადებებიც:

  1. მამა, ხვალ ვერა ვერ ჩამოვა! (საუბარი ვერაზეა).
  2. მამა, ხვალ ვერა, ვერ ჩამოვა! (საუბარია წინადადებაში ნაგულისხმევ სხვა პირზე).
  3. მამა ხვალ ვერა, ვერ ჩამოვა! (საუბარია მამაზე).

 

ვიდრე უმთავრეს სათქმელს მივადგებოდეთ – უკავშირო რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებებს შორის დაისმის მძიმე, თუ მათ შორის გამოტოვებულია მაქვემდებარებელი კავშირი რომ ან თუ. მაგალითად:

 

  1. ისეთი კაცია , (რომ) რწყილს კამეჩად მოგაჩვენებს.
  2. იმიტომ ვუხნავ ალოსა , (რომ) ხარები გამოლალოსა.
  3. აქ ისეთი სიჩუმე იდგა , (რომ) კოდალას ნისკარტის ჩქამიც კი არსაიდან ისმოდა.

 

ახლა კი მივუახლოვდეთ იმ ყველაზე საინტერესოს, მივიწყებული წეს-კანონი რომ დავარქვით – მძიმე არ იწერება, თუ უკავშირო რთული ქვეწყობილი წინადადება მოკლეა (უმთავრესად, მთავარი წინადადებაა მოკლე). მაგალითად:

 

  1. გთხოვთ მობრძანდეთ (და არა გთხოვთ, მობრძანდეთ / გთხოვთ, რომ მობრძანდეთ).
  2. უთხარი წაიღოს (და არა უთხარი, წაიღოს / უთხარი, რომ წაიღოს).
  3. უნდოდა გაეგო (და არა უნდოდა, გაეგო / უნდოდა, რომ გაეგო).
  4. გთხოვთ ნება დამრთოთ ( და არა გთხოვთ, ნება დამრთოთ / გთხობთ, რომ ნება დამრთოთ).
  5. გთხოვთ მიმიღოთ სამსახურში ( და არა გთხოვთ, მიმიღოთ სამსახურში / გთხოვთ, რომ მიმიღოთ სამსახურში).
  6. მონადირეთუხუცესს უბრძანა გამოსდგომოდნენ ირემს ( და არა მონადირეთუხუცესს უბრძანა, გამოსდგომოდნენ ირემს / მონადირეთუხუცესს უბრძანა, რომ გამოსდგომოდნენ ირემს).
  7. გადაწყვიტა დაემარცხებინა მამამზე (და არა გადაწყვიტა დაემარცხებინა მამამზე / გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა მამამზე).
  8. შევეცადე გამარჯვებულის სახე მიმეღო (და არა შევეცადე, გამარჯვებულის სახე მიმეღო / შევეცადე, რომ გამარჯვებულის სახე მიმეღო).
  9. გთხოვთ გამათავისუფლოთ (და არა გთხოვთ, გამათავისუფლოთ / გთხოვთ, რომ გამათავისუფლოთ).

ამ წინადადებებში მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებას შორის ისეთი მჭიდრო კავშირია, რომ შესვენება და პაუზა არც შეინიშნება და  ამის გამო მძიმეც არ დაისმის!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნ. ბასილაია  “პუნქტუაცია“, თბ. 1986წ. გამომცემლობა “განათლება“

 

გოგონები  სპორტში

0

ქალთა მონაწილეობას სპორტში დიდი ისტორია აქვს. ეს არის ისტორია, რომელსაც თან სდევდა დაყოფა და დისკრიმინაცია, თუმცა ქალი სპორტსმენების მიღწევებმა განაპირობა მნიშვნელოვანი წინსვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა გაძლიერების გზაზე.

ამ მიღწევებს გზას მრავალი, გენდერის ნიშნით განპირობებული ბარიერი უღობავდა. ქალები ხშირად აღიქმებოდნენ სუსტებად სპორტში ჩასართავად, განსაკუთრებით გამძლეობაზე ორიენტირებული სპორტის სახეობებში, როგორიცაა მარათონი, ძალოსნობა, ველოსპორტი.  წარსულში ხშირად ამტკიცებდნენ, რომ ეს ცუდი იყო ქალთა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. 1886 წელს თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელმა, პიერ დე კუბერტენმა განაცხადა: “მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გამძლე შეიძლება იყოს ქალის სხეული, იგი ვერ უძლებს ასეთ შოკებს“. დიდი ხნის მანძილზე ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებები ხელს უწყობდა გენდერულ დისკრიმინაციას ფიზიკურ აღზრდაში, სამოყვარულო და პროფესიონალურ სპორტში, სპორტულ ორგანიზაციებსა და სპორტულ მედიაში.

დადებითი მხარეები



ამჟამად ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვლილია და წამყვანი ორგანიზაციები თუ საზოგადოებები ცდილობენ, წაახალისონ ქალთა სპორტულ აქტივობებში ჩართვა. ქალთა და გოგონათა ჩაბმას სპორტულ თუ ფიზიკურ აქტივობებში რამდნიმე სახის დადებითი ეფექტი აქვს.

ფიზიკური ჯანმრთელობა
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევა გამორიცხავდა ქალთა ჯანმრთელობაზე ფოკუსირებას, არსებული მონაცემები გვიჩვენებს ქალთა აქტიური ცხოვრების ზეგავლენას მათ ჯანმრთელობაზე. ფიზიკურ აქტივობებსა და სპორტში ქალების მონაწილეობით მიღებული დადებითი მხარეები უკვე კარგადაა შესწავლილი. განვითარებად ქვეყნებში სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა სასიკვდილო შემთხვევების 60%-ის პრევენციას ახდენს, როცა საქმე ეხება არაინფექციური დაავადებებისგან გამოწვეულ სიკვდილიანობას. ახალგაზრდა გოგონებზე მას შეუძლია ზოგადად დადებითად იმოქმედოს, ასევე – შეამციროს ქრონიკული დაავადების რისკი ზრდასრულ და ხანდაზმულობის ასაკში.

ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა

სპორტსა და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს ყველა ასაკის გოგონათა და ქალთა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. მას შეუძლია ხელი შეუწყოს თვითშეფასების გავლენით მდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიღწევას, თვითდაჯერებულობას, სოციალურ ინტერაქციებს, ასევე შეამციროს სტრესის დონე, მარტოობის განცდა და დეპრესია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ქალებში დეპრესია თითქმის ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში.
მოზარდი გოგონები განსაკუთრებით დაუცველი არიან შფოთვისა და დეპრესიული დაავადებების მიმართ. მათში მნიშვნელოვნად მაღალია თვითმკვლელობაზე ფიქრი, ვიდრე ბიჭებში 15 წლის ასაკისთვის. ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, ქალები და გოგონები იღებენ სპეციფიკურ სოციალურ სარგებელს სპორტში და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობით. სტრესს ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. სპორტში ჩართულობა ეხმარება ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში და დეპრესიასთან ბრძოლაში. პლუს, როცა ადამიანი გუნდშია, ხშირ შემთხვევაში იძენს მეგობრებს, რომლებიც მზად არიან მხარი დაგიჭირონ მოედანსა თუ მოედნის გარეთ.

სოციალური სარგებელი



სპორტი სთავაზობს ქალებსა და გოგონებს ალტერნატიულ გზას მათ გარშემო მიმდინარე სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად და ხელს აძლევს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, ინტერპერსონალურ კავშირებს, ახალ შესაძლებლობებს და გაზრდილ თვითშეფასებას.
სპორტი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოციალური გაძლიერებისთვის, ისეთი სოციალური უნარების გამომუშავებისთვის, როგორიცაა გუნდური მუშაობა, მოლაპარაკება, ლიდერობა, კომუნიკაცია, სხვების პატივისცემა. შესწავლილია სპორტში მონაწილეობის სოციალური სარგებელი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგონებისთვის მოზარდობის ასაკში; მაშინ, როცა ბიჭებთან შედარებით გოგონებს მნიშვნელოვნად ცოტა შესაძლებლობა აქვთ სახლსა და ოჯახს გარეთ სოციალური ინტერაქციისა. ქალები და გოგონები ამყარებენ ახალ ინტერპერსონალურ კავშირებს, ივითარებენ მიკუთვნებულობის გრძნობას და ახალი შესაძლებლობებზე წვდომას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ უფრო ჩართული სკოლისა და თემის ცხოვრებაში. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს ქალებს და გოგონებს გამოიყენონ სიტყვისა და გადაადგილების თავისუფლება და გაზარდონ თვითშეფასება და თვითდაჯერებულობა.
სტერეოტიპები
ქალთა და გოგონათა მონაწილეობა სპორტში გამოწვევაა გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციისთვის და, შესაბამისად, შეიძლება იყოს მამოძრავებელი გენდერული თანასწორობისა და გოგონათა და ქალთა გაძლიერების გზაზე. ქალთა მონაწილეობამ სპორტში და ასევე მმართველ ორგანოებში მათმა წარმომადგენლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და თემის გაძლიერებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ სპორტი მუდამ იყო კაცების დომინაციით გამორჩეული, ქალთა და გოგონათა მონაწილეობა გამოწვევაა გენდერული სტერეოტიპებისთვის არა მხოლოდ ქალების ფიზიკურ შესაძლებლობების შესახებ, არამედ – ადგილობრივ თემში თუ მთლიანად საზოგადოებაში ქალის როლის შესახებაც. ქალების სპორტულ აქტივობას შეუძლია წაშალოს მცდარი შეხედულებები ქალთა შესაძლებლობებზე. კომპლექსურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ამცირებს დისკრიმინაციას და აფართოებს ქალთა როლებს.

გოგონათა მიერ სპორტის წრეების მიტოვება
მიუხედავად ამდენი დადებითი ფაქტორისა, გოგონები ხშირად იძულებულები არიან თავი დაანებონ სპორტულ წრეებზე სიარულს. ამას კი მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ამიტომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გოგონათა მონაწილეობის შენარჩუნება სპორტულ აქტივობებში. დადგენილია, რომ თოთხმეტი წლისთვის გოგონები ორჯერ უფრო ხშირად ანებებენ თავს სპორტულ წრეებზე სიარულს, ვიდრე – ბიჭები. ამის მთავარ მიზეზად სახელდება:

  •      წრეებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა;
    •       
    უსაფრთხოება და ტრანსპორტის პრობლემა;
    •       
    სოციალური სტიგმა;
    •       
    გოგონათა ტურნირების არარსებობა, ბიჭებზე ორიენტირება;
    •       
    პოზიტიური როლური მოდელების არარსებობა.

საქართველოშიც ასეთივე პრობლემების წინაშე ვართ. ავიღებ წყალტუბოს მაგალითს, ფინანსური თვალსაზრისით ამჟამად წრეები სრულიად უფასოა ბავშვებისთვის, არსებობს გოგონათა წრეები და შეიძლება წყალტუბოში მცხოვრები ბავშვებისთვის წრის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგებოდეს, თუმცა ტრანსპორტირების პრობლემა ხშირად ამ წრეებს ხელმიუწვდომელს ხდის ყუმისთავში მცხოვრები გოგონებისთვის. ამას ემატება ასევე სოციალური სტიგმა. ოჯახებიდან გოგონები არ არიან წახალისებულნი, რომ მონაწილეობა მიიღონ ასეთ წრეებში. ცალკე პრობლემაა გოგონათა შორის რეგულარული ტურნირების სიმცირე, გარკვეულ სპორტულ სახეობებში კი ტურინირების არარსებობა; ტურნირების ორიენტირება ბიჭებზე. გოგონებისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს პოზიტიური როლური მოდელების არსებობა, მედიასივრცეში ქალთა სპორტისთვის მეტი დროის დათმობა და კორექტული გაშუქება. ქართულ სპორტულ მედიას თუ გადაავლებთ თვალს, ერთი შეხედვითაც დაინახავთ, როგორი დისბალანსია ქალთა და კაცთა სპორტულ აქტივობების გაშუქებისას. ამას ემატება ასეთ გამოცემებში ქალის სხეულის ობიექტივაცია, ამგვარი გაშუქება კი არათუ ვერ აგვარებს ქალთა სპორტულ პრობლემებს, არამედ – პირიქით, აუარესებს ქალებისა და გოგონების მდგომარეობას.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, არაა ადვილი, მოტივაცია გაუჩნდეთ ქალებს და გოგონებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ფიზიკურ აქტივობებში. ამიტომაა მნიშველოვანი შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც გოგონები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს და ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში.
ასეთ დროს სკოლას და სკოლის ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია სპორტის მასწავლებლების როლი. ჯერ ჩვენ, სპორტის მასწავლებლებს გვაქვს დასაძლევი სტერეოტიპული დამოკიდებულებები, შემდეგ გოგონებისთვის უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო. დავიხმაროთ სხვა საგნის მასწავლებლები თანასწორი დამოკიდებულებების გავრცელებაში და ბოლოს მშობლებამდე მივიტანოთ ეს განწყობა. გოგონებისთვის საფეხბურთო წრეების შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ გზაზე.

გოგონათა საფეხბურთო გუნდი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 2014-2018 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცოფ. ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში ვმუშაობდი. გოგონათა ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბების იდეა 2017 წლის გაზაფხულზე გამიჩნდა. გოგონებზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ვხედავდი მათთვის არანაირი გასართობი და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება არ არსებობდა. ბიჭები ადვილად ახერხებენ თვითორგანიზებას, რადგან მათ პატარა ასაკიდანვე აძლევენ სტიმულს, დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. სოფელში, სადაც, სტადიონის გარდა, არანაირი სპორტული ინვენტარი არ არსებობდა, ბიჭები აქტიურად თამაშობდნენ ფეხბურთს, რისი საშუალებაც გოგონებს აღზრდის გავრცელებული მეთოდების გამო არ ჰქონდათ.
საფეხბურთო წრის არსებობის განმავლობაში რამდენიმე სახის პრობლემას წავაწყდით. ინვენტარის საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც ვიდექით. სტადიონი, სადაც ვვარჯიშობთ, უსწორმასწოროა, რაც ტექნიკური არსენალის გამდიდრების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი იყო. დახურული დარბაზის არარსებობის პირობებში დამოკიდებული ვხდებოდით ამინდზე. ზამთარში მინიმუმ ორთვიანი იძულებითი შესვენების აღება გვიწევდა. წრის არსებობის მანძილზე მუდმივად გვქონდა ბურთების პრობლემა, ვარჯიშებს ხშირად ფრენბურთის ბურთებით ვასრულებდით.
ვარჯიშების დაწყებიდან მალევე კიდევ ერთი პრობლემა შეგვექმნა, რაც დაკავშირებული იყო საჯარო სივრცის მხოლოდ გოგონების მიერ დაკავებასთან. როგორც კი ბიჭებმა გაიგეს ასეთი ვარჯიშების შესახებ, რამდენიმე მათგანი ინტერესის გამო ვარჯიშზე დასწრებას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ასეთი დასწრებები ვარჯიშებისთვის ხელის შეშლით სრულდებოდა. მათ მიერ გაკეთებული კომენტარები გოგონებს დისკომფორტს უქმნიდა, შეუძლებელი იყო მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ხშირად დაუკითხავად შემოდიოდნენ მოედანზე, რაც ხელს გვიშლიდა იმაში, რომ ვარჯიში გეგმის მიხედვით წაგვეყვანა. მხოლოდ მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნის შემდეგ, რომ დაეტოვებინათ სივრცე, მოხერხდა უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოს უზრუნველყოფა.
ჩვენთვის პრობლემად იქცა სხვა გოგონათა გუნდების არარსებობა. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ მეზობელი სოფლის გუნდთან საფეხბურთო მატჩის გამართვა. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მოტივაციის კლებას და ნათელს ხდის, თუ რამდენად საჭიროა გოგონების სპორტულ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა.
მიუხედავად ამდენი დაბრკოლებებისა, საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბების იდეის განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო. აღვნიშნავდი გოგონების ფიზიკურ გაძლიერებას. თუ ვარჯიშების დასაწყისში ისინი მხოლოდ 5-წუთიანი ტაიმის თამაშს ახერხებდნენ, დაახლოებით ორ თვეში ეს დრო 25 წუთამდე გაიზარდა, რაც მათი კუნთოვანი სისტემის გაძლიერებასა და გამძლეობის ზრდაზე მეტყველებს.
დრო, რომელსაც გოგონები ფეხბურთის თამაშში ატარებენ, მნიშვნელოვანია მათთვის, დადებითი თვითაღქმისთვის, გარკვეული პრობლემების დავიწყებისთვის, თვითშეფასების ამაღლებისთვის. მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავ ამ მხრივაც. გოგონები უფრო თამამად გამოხატავენ თავიანთ სათქმელს, ვიდრე ეს დასაწყისში; აქტიურად იღებენ მონაწილეობას ვარჯიშის ბოლოს გამართულ განხილვებში. ამ დაკვირვების გასამყარებლად მოვიყვან „უეფას“ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო კვლევას, რომლის მიზანი იყო, დაედგინა ფეხბურთის გავლენა გოგონათა ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. კვლევა ადგენდა ფეხბურთის გავლენით ისეთი კომპონენტების ცვლილებას, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, ერთობის შეგრძნება, მოტივაცია, ცხოვრებისეული უნარები. კვლევამ აჩვენა, რომ გოგონებში 80%-ით მაღლდება თვითშეფასება, რაც თავისთავად ამ გოგონათა ცხოვრების ხარისხის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს.
„უეფას“ ამ კვლევაზე დაყრდნობით, მოსწავლეებში შევიტანე კითხვარი,  რათა დამედგინა მათი დამოკიდებულება საფეხბურთო აქტივობებში მონაწილეობისადმი. გოგონები აღნიშნავდნენ, რომ ფეხბურთის წრეში ჩართვის შემდეგ უფრო დარწმუნებული არიან საკუთარ ძალებში, მათი თვითშეფასება გაიზარდა, ნაკლებად მორიდებულნი არიან, გაუმჯობესდა მათი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უფრო ძლიერებად აღიქვამენ თავს.
ამ სასწავლო წლიდან მუშაობა თბილისში გავაგრძელე. ყუმისთავიდან განსხვავებით აქ პირველად წავაწყდი გოგონებზე ასე გამოხატულ კულტურულ წნეხს. ამ მცირე დროის მანძილზე მაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრები არ უშვებენ გოგონებს ფეხბურთზე, ამ სპორტის სახეობის „არაქალურობის“ მიზეზით. ძალიან გული მწყდება ამ შემთხვევებზე, რადგან ვხედავ რა ადრეული ასაკიდან უწევთ გოგონებს თავიანთ სურვილებზე უარის თქმა და როგორ ცდილობენ ისინი დამალონ იმედგაცრუება. მე კი ჩემი მხრივ ვცდილობ, დავმალო ბრაზი და ვიპოვო ის გზები, რომლებიც მომავალში აგვარიდებს ასეთ გულდასაწყვეტ ფაქტებს.
ხშირად მესმის, რომ გოგონებს არ უყვართ ფეხბურთი და ამიტომ არ ერთვებიან საფეხბურთო აქტივობებში საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო პროცესში. ამ თემაზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო მეთქვა, რომ ეს ასე არ არის. ფეხბურთის სიყვარული ისევე, როგორც სხვა მრავალი დამოკიდებულება, განწყობა თუ თვისება არ შეიძლება იყოს მიბმული მთლიანად სქესთან. თუ ჩვენ სათანადო პირობებს შევუქმნით გოგონებს ფეხბურთის სათამაშოდ, ისინი ითამაშებენ ფეხბურთს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას მოუნდება ფეხბურთის თამაში, ისევე როგორც ყველა ბიჭს არ სურს, დაკავდეს ამ სპორტის სახეობით. მიუხედავად ამდენი პრობლემისა თუ გამოწვევისა, ასეთი აქტივობა ისეთ დადებით გავლენას ახდენს გოგონებზე, რომ ყველა შესაძლო რესურსით უნდა ვცადოთ მსგავსი წრეების შექმნა სოფლად თუ ქალაქად და ხელი შევუწყოთ ქსელის ჩამოყალიბებას გოგოების უკეთესი მომავლისთვის, საზოგადოების უკეთესი განვითარებისთვის.

ლიტერატურა:

1.Worldwide barriers to women’s participation in physical activity- https://bit.ly/2HwC2I8

2.Girls drop-out at different rates depending on where they live. Sabo, D. and Veliz, P. (2008). Go Out and Play: Youth Sports in America. East Meadow, NY: Women’s Sports Foundation- https://bit.ly/2mlUNot
3. Women, gender equality and sport; women2000 and beyond; published to promote the goals of the beijing declaration and the platform for action; UN – https://bit.ly/1WkD0t9
4. Exercise Participation Motives and Engaging In Sports Activity among University of Ljubljana Students-  https://bit.ly/2Hj4iQM
5. The Psychological and Emotional Benefits of Playing Football on Girls and Women in Europe- https://bit.ly/2qzzsc0
6. Report shows how football boosts girls’ confidence- https://bit.ly/2EGHQvI


This e-mail was sent from a contact form on mastsavlebeli.ge (https://mastsavlebeli.ge)

 

 

      დიფერენცირებული სწავლება და  მიღწეული შედეგები

0

დ. უზნაძე ამბობდა „სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის დამახასიათებელი ერთ-ერთი მოთხოვნილება –  ინტელექტუალური  მოთხოვნილება, ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს“.

რთულია, არ დაეთანხმო, უფრო რთულია მხოლოდ  დაეთანხმო.  უმთავრესი კი ისაა, როგორ განხორციელდება ეს ყოველივე კლასში. აი, რეალურად სად შეიძლება სირთულის პირისპირ აღმოვჩნდეთ.

მეორე წელია, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ვასწავლი ქართულ სექტორზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატარები ყოველმხრივ მოუმზადებელი  მოდიან სკოლაში. მათ არ გააჩნიათ  ქართული ლექსიკური ერთეულების მარაგი, რაც აუცილებელი წინაპირობაა მასალის ათვისებისთვის.

I კლასში მყავდა 8 მოსწავლე, რომელთაც განსხვავებული შესაძლებლობები  ჰქონდათ, შევისწავლე თითოეულის ფსიქო-ემოციური განვითარების დონე, ინტელექტის ტიპი. კიდევ ერთხელ გადავხედე მრავალმხრივი  ინტელექტის თეორიას.

სწავლება  სპეციფიკური იყო, რადგანაც აზერბაიჯანელი  მოსწავლეები ქართულად  შეისწავლიდნენ საგნებს და ამ ყოველივეს სირთულე ნამდვილად ახლდა. სწორედ მოცემული ეტაპიდან დავიწყე დიფერენცირებული სწავლება. ფაქტობრივად საჭირო გახდა ორმაგი დიფერენცირება. პირველ რიგში მომიწია მასალის გამარტივება, შერჩევა, მოდიფიცირება. ინტენსიურად ვიყენებდი ვიზუალურ მასალას, მეც კი თვალსაჩინოებას წარმოვადგენდი, მიმიკებით, მოძრაობებით, ტონით.

პირველ რიგში შევაგროვე მონაცემები, მონაცემთა ანალიზით დავადგინე, რომ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა მხედველობითი აღქმით ითვისებდა. ამიტომაც  ვეცადე, გამომეყენებინა თვალსაჩინოებები. მოსწონდათ კეთებით  სწავლება. მათ განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა მიღებული ინფორმაციის, ცოდნის გამოყენება.

მათ ვთავაზობდი სხვადასხვა სახის დავალებებს, შესაბამისად  ჰქონდათ არჩევნის თავისუფლება.

მსგავსი სტილით დაგეგმილმა გაკვეთილებმა თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩართო საგაკვეთილო პროცესში, აუმაღლდათ მოტივაცია, კლასის მართვის საკითხიც მარტივად გადაიჭრა. მოცემული მიდგომით გაკვეთილის დაგეგმვა შრომატევადი პროცესია. მასწავლებელი ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის სწავლის ტიპს, შესაძლებლობას, მისი გათვალისწინებით ამზადებს დავალებებს, აქტივობებს, რესურსებს.

დიფერენციაცია – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს განსხვავებას, დაყოფას, მოცემულ შემთხვევაში იყოფა მიდგომა სწავლებისადმი, დაყოფის საფუძველია თითოეული მოსწავლის გამოცდილება და შესაძლებლობები. მასწავლებლის მოვალეობაა კლასის, ცალკეული მოსწავლის სპეციფიკური საჭიროებების დადგენა.

საკლასო ოთახში დიფერენცირებული თეორიის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში: როდესაც სასწავლო მასალა და აქტივობები ყველა მოდალობის მოსწავლეზეა გათვლილი და ჯგუფის  ფორმირება ხდება სწავლის მოდალობის მიხედვით, შემუშავებულია შესაბამისი დავალებები, სავარჯიშოები.

მასწავლებლის როლი დიფერენცირებული სწავლებისას შესაძლებელია შემდეგი სახით წარმოვადგინოთ. მაწავლებელი როგორც კოლეგა მწვრთნელი, წამქეზებელი.

მოცემული მიდგომის ეფექტური გამოყენება დამოკიდებულია მასწავლებელზე, თუ რამდენად კარგად იცნობს ის ჯგუფს, რამდენად ითვალისწინებს მათ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას.

დიფერენცირებული სწავლება არის მიდგომა, რომელიც აგვარებს ყოველი სახის პრობლემას, რომელიც ამასთანავე მოითხოვს დიდ ძალისხმევას, დროს, ენერგიას. ჩამონათვალი ვრცელია.

დიფერენცირებული მიდგომა და მრავალმხრივი ინტელექტის კოორდინირებულად განხილვა-გამოყენება საგაკვეთილო პროცესს ხდის საინტერესოს თითოეული მოსწავლისათვის, რამეთუ დაგეგმვის ეტაპზე გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, ინტელექტის ტიპი.

აღნიშნული პროცესი  საინტერესო, შრომატევადი, რთული იყო, მაგრამ მიღებულმა შედეგმა თითოეული ჩვენგანის  მოტივაცია აამაღლა.

დღეს უკვე ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ, გაკვეთილზე ვავსებთ კროსვორდებს, ვაგებთ მარტივ სქემებს, შეგვიძლია ილუსტრაციების აღწერა, პერსონაჟების დახასიათება, კანონზომიერების დანახვა, მონაცემთა შეგროვება, ლექსის შესწავლა  ილუსტრაციის გამოყენებით, შესაბამისი ნახატის შექმნა, მუსიკალური კომპოზიციის შერჩევა, ასოებიანი ბარათებით აწყობა ლექსში გამოყენებული სიტყვების,  ცხრილის შექმნა – რამდენი სტროფია ლექსში, რამდენი სიტყვა… კითხვისას ჯგუფებად დაყოფა, მასალის მიწოდება. როლური თამაშით წარმოდგენა. ვერკვევით ბევრ საკითხში.

ყოველივე აღნიშნული მოვახერხე მრავალფეროვანი აქტივობების მოფიქრება-მოძიება-განხორციელებით, რომელიც დაშენებული იყო თითოეული მოსწავლის ინტელექტზე.

აღნიშნული მიდგომის გამოყენებით დავგეგმე გაკვეთილი I კლასში.

გაკვეთილის გეგმა

 

კლასი/კლასები I
მასწავლებელი ნათია ნადარეიშვილი
ჩატარების დრო 13.11.2017
გაკვეთილის თემა მრავალკუთხედები
გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთი

 

 

კლასის დახასიათება კლასში არის 8 მოსწავლე, რომლებიც წარმოადგენენ აზერბაიჯანელ ეთნიკურ უმცირესობას. მოსწავლეები არ ფლობენ ქართულს, არ  გააჩნიათ მწირი ლექსიკური მარაგიც კი. მოსწავლეების ნაწილს უჭირს მასალის ათვისება. ძირითადად ვმუშაობთ ილუსტრაციებით.

 

 

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები შეძლებენ შესწავლილი გეომეტრიული ფიგურების დასახელებას, ამოცნობას მათი მახასიათებლის მიხედვით, შეძლებენ მსგავსების დანახვას გეომეტრიულ ფიგურებსა და საგნებს შორის. შეძლებენ აპლიკაციის აწყობას. გააუუმჯობესდებათ ბუკთან მუშაობის ჩვევები.

მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.

ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;

მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.

საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული საგნის რიგს; მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიციებზე განათავსებს საგნებს.

მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს.

მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.

რომელიმე ხერხით (მაგალითად, აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას.

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი    „გონებრივი იერიში“ (3 წთ.)  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ გეომეტრიული ფიგურები გონებრივი იერიშის გამოყენებით.

აქტივობა „ჯამბაზის“ დეტალები-კითხვები (10 წთ.)

ყურადღებას გაამახვილებენ კედელზე გეომეტრიული ფიგურებით აწყობილ ჯამბაზზე. დაისმის კითხვები – რა არის ეს? ჯამბაზის ხელებისათვის რომელი გეომეტრიული ფიგურაა გამოყენებული? რამდენი წრე, სამკუთხედია გამოყენებული?

კიდევ რომელი საგანი ჰგავს ამა თუ იმ გეომეტრიულ ფიგურას.

ფლიფჩარტზე დააწებებენ ჩამოთვლილ სხვადასხვა ფერის გამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურას. ერთ-ერთი მოსწავლე დანომრავს.

ვსვამ კითხვებს – რამდენი გეომეტრიული ფიგურაა, მერამდენეა სამკუთხედი, რა ნომრითაა წარმოდგენილი წრე.

აქტივობა  „აბა გამოიცანი“ (3 წთ.)

მოსწავლეებს ვურიგებ გეომეტრიულ ფიგურებს. ვაცნობ ინსტრუქციას, როგორ გამოარჩიონ ჯგუფიდან დასახელებული ფიგურა.

თამაში „აბა გამოიცანი“. აღვწერ გეომეტრიულ ფიგურას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი იდენტიფიცირება მაგ. აქვს სამი კუთხე სამი გვერდი სამი წვერო (სამკუთხედი).

აქტივობა ასოციაცია (2 წთ.)

ვაჩვენებ მოსწავლეებს სხვადასხვა საგნების სურათებს, მათ უნდა შეძლონ შესწავლილ ფიგურებთან მიმსგავსება, დასახელება.

აქტივობა აწყობა ჩხირებით (2 წთ.)

ვურიგებ ჩხირებს, ვკითხავ შეძლებენ თუ არა მითითებული ფიგურის აწყობას. მოსწავლეები ააწყობენ ფიგურებს.

აქტივობა  შესაკრებთა ჯამი   (5 წთ.)

მოსწავლეები მიუბრუნდებიან ფლიფჩარტზე განლაგებულ გეომეტრიულ ფიგურებს, ვუსვამ კითხვებს რა ფიგურაა, რამდენი გვერდი აქვს. დავწერ შესაბამის ციფრს, თითოეულ ფიგურაზე.

დავსვამ კითხვას – შესაძლებელია თუ არა ციფრი ოთხი წარმოვადგინოთ ორი შესაკრების ჯამის სახით.

მსგავსი ტიპის მაგალითებს მოსწავლეები შეასრულებენ დაფაზე. (გათვალისწინებულია მოსწავლის მზაობა). ციფრს დაუსახელებს თავად კლასი  ან მასწავლებელი. კლასი ამოწმებს მას.

აქტივობა  ინდივიდუალური სამუშაო (5 წთ.)

მოსწავლეებს დაურიგდებათ სამუშაო ფურცლები, სადაც შეავსებენ, შეასრულებენ მსგავსი ტიპის დავალებას. ან მოცემულ გეომეტრიულ ფიგურას დაუწერენ მახასიათებლებს, ან მახასიათებლებით დახაზავენ და გააფერადებენ ფიგურას.

აქტივობა წუთშესვენება

აქტივობას შეასრულებენ ერთობლივად ტექსტის შესაბამისი მოძრაობებით.

ერთი, ორი – ფეხზე ვდგებით;

სამი, ოთხი – ვიმართებით;

ხუთი, ექვსი – განზე ვხტებით;

შვიდი, რვა – ვტრიალდებით;

ცხრა, ათი – ვუკრავთ ტაშს.

მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას შესაძლებელია თუ არა გეომეტრიული ფიგურებით სხვადასხვა საგნების აწყობა.

აქტივობა აპლიკაცია (5 წთ.)

დავურიგებ სხვადასხვა ზომის, ფორმის ფერის გეომეტრიულ ფიგურებსა და თაბახის ქაღალდებს, მოსწავლეები შექმნიან აპლიკაციებს. ნამუშევრებს გამოფენენ საკლასო ოთახში. ან აპლიკაციას ააწყობენ ბუკში, ან თავად დახაზავენ და გააფერადებენ გეომეტრიულ ფიგურებს.

აქტივობა   დავალების მიცემა (5 წთ.)

დავალებად მივცემ  წინასწარ მომზადებულ თაბახის ქაღალდზე გეომეტრიულ ფიგურებს გასაფერადებლად, შესაბამისი გვერდების კუთხეების, წვეროების რაოდენობას ჩაწერენ. ფიგურის აღწერით ამოცნობა და დახაზვა. (დავალების მიცემისას გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა).

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები გაკვეთილის მსვლელობა შესაძლებელია შეაფერხოს ლექსიკური მარაგის სიმწირემ მოსწავლეებში, კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც მარტივად ითვისებენ და იგებენ მასალას, ნაწილს უჭირს მასალის გააზრება და დამატებითი კითხვები და თვალსაჩინოებაა  საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ დაისმება ფრონტალური კითხვები, შესაძლებელია კლასის გარკვეული ნაწილი აქტიურად ვერ ჩაერთოს.
სასწავლო რესურსები მათემატიკის წიგნი, რვეული, ჩხირი, ფლიფჩარტი, ფერადი გეომეტრიული ფიგურები, წებო, ბუკი, გეომეტრიული ჯამბაზი, აპლიკაციით აწყობილი პოსტერი, თაბახის ქაღალდები.
შეფასება და თვითშეფასება (შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები) მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი კომენტარით. შესრულებულ დავალებაზე. შეაფასებენ საკუთარ ნამუშევარს.

 

 

შეჯამების სახით კი წარმოგიდგენთ დიფერენცირებული სწავლების უპირატესობებს:

  • ადვილად დაიძლევა სიძნელეები;
  • ყველა მოსწავლე ჩართულია სამუშაოში;
  • აქტიურად ფორმირდება პიროვნული თვისებები;
  • აქტიურად მიმდინარეობს მასალის შინაარსის გადამუშავება;
  • მეთოდი უზრუნველყოფილია დიდაქტიკური კუთხითაც;
  • ექვემდებარება მონიტორინგს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=17651

2.https://mastsavlebeli.ge/?p=2122

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=2017
  2. https://orioniblog.blogspot.com/2011/07/blog-post_9990.html

როგორც ვაქციოთ კითხვა სასიამოვნო აუცილებლობად

0

კითხვა სასიამოვნო აუცილებლობაა ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი წაკითხული წიგნი ახლის შემეცნებაა, მართალია იზრდება „მობილური“ თაობა, რომელთათვისაც ინტერენეტში მოძიებული მასალები უფრო მიმზიდველია, მაგრამ ეს წიგნს ვერ შეცვლის, „ვერ მოკლავს“ რაც არ უნდა შიშით ვუმზიროთ კომპიუტერს.

ხშირად ვამბობთ, მოზარდები არ კითხულობენ წიგნს, რაც თანამედროვე პრობლემაა. მომავალი თაობა ნაკლებად თუ ტკბება წიგნის ჯადოსნური სამყაროთი. ვის შეუძლია მოზარდებთან პრობლემაზე მუშაობის დაწყება?

მასწავლებელი მშობელთან ერთად ის კომპეტენტური პირია, რომელიც ცდილობს მოზარდი კარგ მკითხველად აღზარდოს.

კითხვა არ უნდა იყოს მოსაწყენი აუცილებლობა, ის სიამოვნებაა. წიგნიერი მშობელი და პედაგოგი მოსწავლისთვის მისაბაძი ხდება ლიტერატურის გაცნობისა და შეყვარების გზაზე. აუცილებელია აგრეთვე ნაწარმოები  სწორად შეირჩეს. მშობლები ფიქრობენ, დარდობენ და ამბობენ, რომ შვილები არ კითხულობენ! იქნებ წიგნი არასწორად შეირჩა? იქნებ მშობლის ან უფროსი თაობის მკითხველის გემოვნებასა და ბავშვობის მისწრაფებას თანამედროვე მოზარდის ინტერესი და გემოვნება არ ემთხვევა? წიგნი სწორად უნდა იქნეს შერჩეული მოზარდის ინტერესების გათვალისწინებით. საინტერესოა ამ კუთხით ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას”. 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი; რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, და რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

მთავარია, მოზარდის ცნობიერებაში გაიღვიძოს ინტერესმა და მოსწავლემ გამოიმუშაოს წიგნთან მუშაობის უნარები. ზოგიერთი მოსწავლისთვის თავდაპირველი დაინტერესებისათვის ასაკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია წიგნის ვიზუალური მხარე:

ა) შესაბამისი შრიფტის ზომის შერჩევა;

ბ) ილუსტრაციებით გამდიდრებული წიგნი და ა. შ.

პირველ რიგში ბავშვისთვის მშობელია ეტალონი, მისაბაძი. ის ხშირად მაგალითს მისგან იღებს, ამიტომ წიგნის კითხვის მაგალითიც, ვთვლი, რომ პირველ რიგში მშობლისგან უნდა აიღოს.

მოსწავლეს წიგნის სიყვარული ბავშვობიდან უნდა ჩავუნერგოთ. ბავშვს უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს წიგნი, ასევე წიგნის ჩუქება უნდა გავხადოთ ტრადიცია ოჯახში.

პედაგოგის როლი დიდია მოსწავლის ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში და წიგნისადმი სიყვარულის ჩანერგვაში. ამისათვის კარგი მეთოდია, როცა პედაგოგი აღსაზრდელს ესაუბრება:

  1. თავის საყვარელ წიგნზე;
  2. პერსონაჟზე;
  3. ფრაზებსა და გამონათქვამებზე, რომელიც მოსწონს;
  4. წიგნზე – რომელიც ბოლოს წაიკითხა, ან რომელი წიგნის წაკითხვასაც გეგმავს.

აქვე დავძენ,

  • ჩემი საყვარელი წიგნია – გრიგოლ რობაქიძის – „გველის პერანგი“;
  • პერსონაჟი – ოლღა ბებია ნ. დუმბაძის – მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“;
  • ჩემი საყვარელი ფრაზები:

„თუკი სიმართლესა და სიკეთეს შორის არჩევანი უნდა გააკეთო, აირჩიე სიკეთე“ — რ.ჯ. პალაციო

„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ – ლეიბნიცი.

„შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო, ერთად მოვკვდეთ მინდა ზამთარში“ – გ. კეკელიძე;

„სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი, არც იბზარება და არც ცვდება – იქეთ გცვეთს და გბზარავს“ – გ. კეკელიძე

და ა.შ.

  • ბოლოს წავიკითხე ე. შაფაქის – „სიყვარულის ორმოცი წესი“.
  • ვგეგმავ ე. ბრონტეს – „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ წაკითხვას.
  • ვკითხულობ სხვადასხვა ჟანრში და არაერთი რჩეული მწერალი და პოეტი მყავს და მათი გამოყოფა ისევე მიჭირს, როგორც – საყვარელი წიგნების.

გულახდილი და უშუალო საუბარი მოსწავლეს სურვილის უჩენს, თავადაც ჩაერთოს საუბარში ან დაფიქრდეს და შემდეგისთვის  შეძლოს თვითონ იყოს დიალოგის აქტიური მონაწილე მასწავლებელთან. ეს უშუალო და უწყინარი მეთოდი აღსაზრდელებს წიგნთან ადვილად მიიყვანს.

მოსწავლისთვის წიგნის შესაყვარებლად, კითხვის ინტერესის გასაღვივებლად არაერთი გზა არსებობს, თუმცა დაძალება არ არის გამართლებული. ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავაინტერესოთ, როცა რომელიმე ნაწარმოებს ან ლექსს ისწავლის, იქვე შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს/მოუთითოს ამავე ავტორის სხვა ნაწარმოები წასაკითხად. ამ მეთოდს ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ. ბავშვებს ვთხოვ, უბის წიგნაკში გააკეთონ პატარა ჩანაწერი; ჩაინიშნოს რა მოეწონათ ან რამ გააღიზიანა ყველაზე მეტად წაკითხულ ნაწარმოებში. შეიძლება ეს იყოს  ერთი რომელიმე ფრაზის ციტირება. შემდეგი შეხვედრისთვის ჩანაწერის გაზიარება საინტერესოა კლასში, რადგან წაკითხულს ხშირად მოჰყვება მსჯელობა, რაც აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. საბოლოოდ, მოსწავლემ გაკვეთილზე ისწავლა მწერლის ერთი ნაწარმოები, დამატებით გაეცნო მეორეს, რაც ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის სიხარულის საფუძველია – მიზანს მივაღწიე!

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა დაინტერესებისთვის ერთ-ერთი შედეგიანი მეთოდი ფილმებით სწავლებაა. ეს აქტივობა საშუალებას მაძლევს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი. გასათვალისწინებელი და აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი არ მიჰყვება მხატვრულ ტექსტს, რაც საინტერესოდ გვაძლევს ლიტერატურისა და ხელოვნების ინტეგრაციის საშუალებას. არაერთხელ გამოვიყენე ეს მეთოდი ჩემს სკოლაში, მკითხველთა კლუბის „წიგნიერის“ სამუშაო შეხვედრებზე.

მოსწავლეთა ინტერესი იზრდება ფილმის ნახვისას. ისინი სიუჟეტის მიმდინარეობას გაფაციცებით ადევნებენ თვალს და გზადაგზა იხსენებენ, რომელი სიუჟეტი შეხვდათ კითხვის დროს და რომელი არა. ფილმის ჩვენებას მეორე დადებითი მხარეც აქვს: ბავშვები  ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ საკითხებზეც: ვინ არის რეჟისორი? ვინ ასრულებს მთავარ როლს? რა იყო ფილმში გადაჭარბებულად ნაჩვენები და რა უფრო კარგად წარმოაჩინა რეჟისორმა/მსახიობმა, ვიდრე წიგნში/ტექსტში იყო მოცემული? როგორია ფილმის სპეციფიკური ელემენტები: ხმა, ფერი, მოტაჟი, მუსიკა, გადაღების კუთხე და ა.შ.

ამრიგად, მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება აქაც წამოვიდეს მოსწავლეთა მხრიდან, რაც მათი აზროვნების გააქტიურების საფუძველია. ასეთ დროს მატულობს მოტივაციაც და ინტერესიც, მაღალია მასწავლებლის მუშაობის ეფექტიანობა. სწავლაც/კითხვაც უფრო სახალისოა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების განვითარებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

საინტერესო მიდგომაა, როცა მოზარდს ურჩევთ, თავისუფალი დრო სწორად გაანაწილოს. ალბათ უცხო არაა დღეს, რომ ბავშვები საკუთარი ინტერესის მიხედვით გარკვეულ დროს უთმობენ მუსიკას, სოციალურ ქსელს, სპორტს, ცეკვას, ქუჩას… წიგნის კითხვაც ხომ სიამოვნებაა?! დრო კითხვისთვისაც უნდა გამოვყოთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. ქართული ენა და ლიტერატურა, მასწავლებლის გზამკვლევი.

 

გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვა

0

მათემატიკის მაღალი ხარისხით სწავლება მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლის  ინტელექტის განვითარებას. ბოლო წლებში  საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო მეტად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარებ-ჩვევების:  კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების სწავლებაზე. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს. შესაბამისად  მისი აქტუალობა სასწავლო პროცესში იზრდება. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი, როგორც პედაგოგების, უმთავრესი საზრუნავი სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესია, რომელიც მოსწავლეებში  მრავალმხრივი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა ბევრ ფიქრს საჭიროებს, კარგად უნდა შევისწავლოთ   კლასის მოსწავლეთა მზაობა, გამოცდილება, საჭიროება, ინტერესები და მათი გათვალისწინებით დავისახოთ საგაკვეთილო მიზანი, რომელიც შესაბამისი იქნება ეროვნულ სასწავლო  მიზნებთან. შემდეგ სწორედ მიზნიდან  განისაზღვრება, რა საჭიროება გვაქვს: პრობლემაზე ორიენტირებული, გამჭოლ კომპეტენციების განვითარებასა  თუ ინოვაციურ სწავლებაზე ვაკეთებთ არჩევანს?

როგორ დავგეგმოთ გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული მათემატიკის გაკვეთილი?

მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვისას გამჭოლი კომპეტენციის მიმართულებებიდან სასწავლო მიზანს  მარტივად შეგვიძლია შევუსაბამოთ და თანხვედრაში მოვიყვანოთ  შემდეგი:

  • რაოდენობრივი წიგნიერება – რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას, ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნის შესასწავლადაც.

რაოდენობრივი წიგნიერების განმარტების თანახმად, ვინაიდან ის  გულისხმობს  რიცხვის არსის გააზრებასა და  რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, მათემატიკის პედაგოგებს, შეგვიძლია დავგეგმოთ გაკვეთილი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული,  შემდეგი თემებით:

  • ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე, რიცხვის არსის გააზრება;
  • წილადი რიცხვის არსის გააზრება;
  • ათწილადის არსის გააზრება.

ერთ-ერთი განვიხილოთ კონკრეტულად, მაგალითისათვის ავიღოთ წილადი რიცხვი, რომლის არსის გააზრება შესაძლებელია მოვახდინოთ სამი სხვადასხვა სახით:

  1. წილადი როგორც ორი რიცხვის განაყოფი;
  2. წილადი როგორც ერთობლიობის ნაწილი;
  3. წილადი როგორც მთელის ნაწილი.

გაკვეთილის მიზნის მისაღწევად  და  საინტერესოდ, მრავალფეროვნად წარმართვისათვის აუცილებელია რესურსის შექმნა და გამოყენება , რომლის მიზნობრიობაც შესაბამისი იქნება აქტივობის მიზნებთან.

  1. წილადი როგორც ორი რიცხვის განაყოფი:

3:5   იგივეა რაც:        3/5

 

  1. წილადი როგორც ერთობლიობის ნაწილი;

სურათზე 9  ბავშვია. ბავშვების რაოდენობის რა ნაწილს შეადგენს გოგონები? 

 

3.წილადი როგორც მთელის ნაწილი.

გამჭოლი კომპეტენციის განვითარების  მიმართულებაა ასევე  სემიოტიკური კომპეტენცია.

სემიოტიკური კომპეტენცია –  არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული  ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან  მეორეში გადატანის (მაგ.სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის  ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი  ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების,  სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ) უნარი;

მათემატიკის გაკვეთილი შეგვიძლია დაგვეგმოთ  სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული.  განმარტების თანახმად  სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის, ცხრილის  სახით წარმოდგენა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასეთი გაკვეთილები შეიძლება დაიგეგმოს თემით:

1.მონაცემთა ანალიზი;

2.სტატისტიკური მახასიათებლები;

3.პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული სიდიდეები;

4.ნაშთიანი გაყოფა;

მიზნისა და თემის განსაზღვრის შემდეგ  საჭირო ხდება შესაბამისი და მიზნობრივი რესურსის შექმნა. ჩამოთვლილი ოთხი თემიდან, პირველ სამში, უკვე მარტივია გააზრება, თუ როგორ გამოვიყენებთ  დიაგრამებსა და ცხრილებს. განვიხილავ მეოთხე შემთხვევას, სადაც  ნაშთიანი გაყოფის შესწავლასთან ერთად სემიოტიკური კომპეტენციის ამაღლებაც შესაძლებელია  მსგავსი რესურსებით: (სქემები,ცხრილები,დიაგრამები) :

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ეროვნული სასწავლო გეგმა;

  1. ჟურნალი მასწავლებელი.

3.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  სქემის გზამკვლევი.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...