ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

სათამაშო მოედნები – თამაშის მივიწყებული ოაზისები

0

თამაში უნივერსალური ქცევაა, რომელიც ყველა კულტურასა და დროში გვხვდება. თამაშის ზოგიერთი თეორეტიკოსის მოსაზრებით, ის ევოლუციურად ჩამოყალიბებული ქცევაა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანებისთვის, პრიმატებისა და ბევრი სხვა ცხოველისთვის. ადრეულ განათლებაში არსებული დომინანტური თეორიები თამაშისა და განვითარების მჭიდრო ურთიერთკავშირის ახსნას სხვადასხვა პერსპექტივიდან ცდილობს. ბავშვის განვითარებაში თამაშის განსაკუთრებულ როლზე ემპირიული მტკიცებულებებიც მიუთითებს: სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გრძელვადიანი კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ როდესაც ბავშვებს საკმარისი დრო აქვთ თამაშისთვის, ვითარდება ის უნარები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატებისთვის. თამაშის დროს ბავშვს უვითარდება მოტორული უნარები, წიგნიერება, მეტყველება, თანამშრომლობითი უნარები, შემოქმედებითობა, კონცენტრაციის უნარი, დამოუკიდებლობა და თვითმოვლის უნარ-ჩვევები, ინიციატივა, წარმოსახვა, კრიტიკული აზროვნება, სივრცითი და მათემატიკური წარმოდგენები; უყალიბდება თავდაჯერებულობა და თვითრწმენა; ბავშვები სწავლობენ რიგის დაცვას, კონფლიქტების მოგვარებას, გაზიარებას; თამაში ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას.

ასეც რომ არ იყოს, თამაში მნიშვნელობას მაინც არ დაკარგავდა, რადგან ბავშვებისთვის (და არამხოლოდ) ბუნებრივი და სასიამოვნო პროცესია, რომელიც ხალისსა და ინტერესს სძენს ყოველდღიურობას.

თამაშის უფლება აღიარებულია ბავშვის უფლებათა კონვენციით (მუხლი 31).

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, სამწუხაროდ, ბევრ ბავშვს თამაშის შესაძლებლობა ძალზე შეზღუდული აქვს, რაც სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და შიშები, ზედმეტად სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ფოკუსირებულია ტრადიციულ აკადემიურ უნარ-ჩვევებსა და ინფორმაციის დაზეპირებაზე; ბავშვების მიერ შეთავსებული პასუხისმგებლობა ოჯახურ საქმეებზე; ეკრანული ტიპის მედიაზე დამოკიდებულება და თამაშის ვირტუალურ სივრცეში გადატანა. სამწუხაროდ, ბევრ საბავშვო ბაღში თამაშს ანაცვლებენ „მეცადინეობებით“, რომლებიც თითქოსდა ხელს უწყობს ბავშვების „სასკოლო მზაობას“, სინამდვილეში კი ართმევს მათ თამაშის გზით უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარების შესაძლებლობას.

სწორედ ამიტომ თამაშის შესანარჩუნებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშო მოედნებს. სათამაშო მოედანი, სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, უმთავრეს ადგილს იკავებს ბავშვების ცხოვრებაში, განსაკუთრებით – 12 წლამდე. თუმცა, თუკი საბავშვო ბაღებში, სკოლებში თუ სხვა ტერიტორიებზე მოწყობილ სათამაშო მოედნებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ხშირად სივრცე არასაკმარისი ან სათანადოდ მოუწყობელია. საჯარო დისკუსიებში ხშირად გაისმის მშობელთა და აღმზრდელთა კრიტიკა იმის გამო, რომ ბავშვებს ეკრანებთან მეტისმეტად ბევრი დროის გატარების საშუალებას აძლევენ, მაგრამ ამ პრობლემას ისიც განაპირობებს, რომ რეალურად არ არსებობს სივრცეები, სადაც ბავშვებს უსაფრთხო გარემოში მრავალფეროვანი თამაშის შესაძლებლობა ექნებათ. სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებსა თუ პარკებში სათამაშო მოედნების მოწყობა ხშირად სტანდარტული და საკმაოდ პრიმიტიული მიდგომით ხდება. მათი ფუნქციური და ესთეტიკური დიზაინი გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ ბავშვის განვითარების სპეციალისტები ან სათამაშო მოედნების დიზაინერები. სათამაშო მოედნები თითქმის ყველგან ერთმანეთს ჰგავს: ჭრელი პლასტმასის სასრიალო გორაკები და საქანელები, ამავე მასალის ასაძრომები და პატარა ქვიშის მოედნები. ამასთანავე, ძნელია მათი შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა, დაბალი ხარისხისა და არამდგრადი მასალის გამო ისინი ადვილად ზიანდება, მათი შეცვლა კი საჭიროებისამებრ არ ხდება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სარისკოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

სათამაშო მოედნების დიზაინს დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, თუ გვსურს, ბავშვებს მრავალფეროვანი, საინტერესო თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მოწყობა უფრო ძვირი დაჯდება. პირიქით, სხვადასხვა ქვეყნისა თუ ორგანიზაციის გამოცდილება ცხადყოფს, რომ არასტანდარტული, ბუნებრივი და მეორეული რესურსებით შესაძლებელია უფრო იაფად უფრო მდგრადი, ბავშვებისთვის მიმზიდველი და საინტერესო სათამაშო მოედნების მოწყობა.

სათამაშო მოედანს ისევე სჭირდება დაგეგმვა, როგორც ფუნქციური დატვირთვის მქონე ნებისმიერ სხვა სივრცეს. მათმა დიზაინერებმა შეიმუშავეს პრინციპები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია სათამაშო მოედნების მოწყობის პროცესში. გთავაზობთ ამ პრინციპების მოკლე მიმოხილვას:

  1. სივრცე სხვადასხვა ტიპის თამაშის წასახალისებლად

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სხვადასხვანაირი თამაშის შესაძლებლობა. სხვადასხვა ტიპის თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა უნარის განვითარებას. ამიტომაა მნიშვნელოვანი სათამაშო მოედნების სივრცის დაგეგმვისას და შესაბამისი მოწყობილობების/აღჭურვილობის განთავსებისას სხვადასხვა ტიპის თამაშისთვის საჭირო გარემოებათა გათვალისწინება. ეს პრინციპი ხშირად დარღვეულია, რადგან სათამაშო მოედნები ძირითადად აქტიური ფიზიკური თამაშებისთვის ეწყობა ხოლმე. სასურველია შესაბამისი სივრცის/აღჭურვილობის გათვალისწინება ისეთი ტიპის თამაშებისთვის, როგორიცაა:

. აქტიური თამაში: სხეულის მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით, სირბილი, ხტუნვა, აძრომა, სრიალი, ტრიალი, ქანაობა და სხვ.;

. სენსორული თამაში: სხვადასხვა ტიპის ზედაპირთან შეხება, მცენარეებისა და ყვავილების სურნელის ყნოსვა, მუსიკისა და ხმების მოსმენა, საჭმელად ვარგისი მცენარეებისა და ხილის დაგემოვნება, გარემოს, ფერებისა და ფორმების სხვადასხვა კუთხიდან თვალიერება;

. შემოქმედებითი თამაში – ხატვა, გაფერადება, აპლიკაციების დამზადება, წერა, სიმღერა, ცეკვა, დაკვრა და ა.შ.;

. წარმოსახვითი თამაში – გადაცმა, ვითომ-ვითომ თამაშები. სათამაშო სახლები, გემები, თოჯინები და სხვადასხვა ტიპის რეკვიზიტები;

. კონსტრუქციული თამაში – აშენება, ჩამოსხმა/ფორმის მიცემა, მასალის მანიპულაცია, გადასხმა, აწყვა, შეგროვება, შეკრება და სხვ.;

. სოციალური თამაში – საუბარი, გაზიარება, რიგის დაცვა, წესების დამორჩილება, სპორტული თამაშები;

. რეფლექსიური თამაში – ყურება, დასვენება, რეფლექსია, ფიქრი და უბრალოდ სივრცეში ყურება.

 

  1. თვითმყოფადი და „ჩვენი“

სათამაშო მოედნის დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივ კულტურულ და ბუნებრივ გარემოს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს მისი როგორც „საკუთარის“ აღქმა, სადაც გარემო ნაცნობი, გასაგები და საამაყოა. ასეთი საბავშვო მოედნები ადგილობრივი კულტურისა და გარემოს იერს ატარებს. ამიტომაცაა პრობლემური ერთ თარგზე მოჭრილი სტანდარტული სათამაშო მოედნების მოწყობა ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, რადგან ისინი დაშორებულია ადგილობრივ თემსა და მათ გარემოს. სხვადასხვა ტიპის დეტალების გათვალისწინება შესაძლებელია, მაგალითად, წარმოსახვითი თამაშების სივრცეში (მაგ., ბაზრის დახლი, სახლი) და სხვ.

 

  1. შემოქმედებითი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა

სათამაშო მოედნები ბავშვებს უნდა აძლევდეს საშუალებას, სივრცე და მოწყობილობები მრავალნაირად გამოიყენონ. ჩვენთვის შესაძლოა სასრიალო მხოლოდ ჩამოსრიალებისთვის იყოს განკუთვნილი, საქანელა კი – ქანაობისთვის, ბავშვებს კი შეუძლიათ ათასი სხვა ხერხის მოფიქრება ამა თუ იმ სივრცის სათამაშოდ გამოსაყენებლად. რაც უფრო მეტი ადგილია შემოქმედებითი ინტერპრეტაციისთვის, მით უკეთესი. სასურველია, სათამაშო მოედანზე უხვად იყოს ე.წ. „თავისუფალი ნაწილების“ ტიპის რესურსი. ეს ისეთი რესურსებია, რომელთა გადაადგილება, შეცვლა და სხვადასხვანაირად გამოყენებაა შესაძლებელი. მაგალითად, ჯოხები, ნაჭრები, ქვები, ყუთები, ნიჟარები ბავშვებს ათასნაირად შეუძლიათ გამოიყენონ.

 

  1. პატარა საიდუმლოები და სიურპრიზები

ბავშვებს ირგვლივ ყველაფერი აინტერესებთ. პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც დიდებისთვის შეუმჩნეველი რჩება, მათთვის დაკვირვებისა და ინტერესის საგანია. მათ უყვართ ასეთი დეტალების აღმოჩენა, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის. სათამაშო მოედნების მოწყობისას ასეთი მცირე დეტალების გათვალისწინება გარემოს განსაკუთრებულობას სძენს. ეს შეიძლება იყოს ჩიტის ბუდე, ნახატი ღობეზე, პატარ-პატარა სამალავები, ლამაზი კაუჭები და სხვა.

 

  1. სივრცის ნაწილების ურთიერთკავშირი

სათამაშო მოედნის სივრცეებს შორის გადაადგილება მარტივი უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს სწორხაზოვნად უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ მათი დამაკავშირებელი გზები ლოგიკურად უნდა მოჩანდეს და ხელს უწყობდეს სივრცეებში ბავშვების გადანაწილებას ისე, რომ რომელიმე ერთი სივრცე ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

 

  1. ზონების დაყოფა ენერგიის დონის მიხედვით

მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ტიპის აქტივობებისთვის გამიზნული სივრცეები ისე განლაგდეს, რომ ბავშვებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. აქტიური ფიზიკური თამაშებისთვის გამიზნული სივრცე (მაგალითად, სასრიალოები და საქანელები) შედარებით ხმაურიანი იქნება და მის გვერდით ბავშვებს გაუჭირდებათ „მშვიდ“ თამაშში ჩართვა, ხატვა ან უბრალოდ საუბარი. ამიტომ სათამაშო მოედანი სივრცეებად ენერგიისა და ხმაურის დონის მიხედვით უნდა დაიყოს. სივრცეები ერთმანეთისგან ისე უნდა იყოს დაშორებული, რომ ბავშვებს მოედანზე ერთდროულად შეეძლოთ მრავალ სხვადასხვანაირ აქტივობაში მონაწილეობა, ყვირილი, სიცილი, მეგობრებთან საუბარი და მშვიდად ჩაფიქრება.

  1. ბავშვებისთვის მიმზიდველი, მაგრამ ვიზუალურ მხარეზე ზედმეტი ყურადღების გარეშე

სათამაშო მოედნები ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველი და მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ უმთავრესი მაინც ისაა, რომ გარემო ბავშვებს სათამაშოდ იწვევდეს. სხვა შემთხვევაში სივრცე უბრალოდ ლამაზი ადგილი იქნება და მთავარ ფუნქციას სათანადოდ ვერ შეასრულებს.

 

  1. გადაკვეთის სივრცეები

ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებათა გათვალისწინება. ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული სანტიმეტრი ყველა ბავშვისთვის ერთნაირად მისაწვდომი იქნება. სათამაშო მოედნის განსაზღვრული სივრცეები განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობისა და თამაშის საშუალებას უნდა აძლევდეს. გადაკვეთის სივრცეების მოწყობისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა შეზღუდულობა, არამედ ბავშვების შესაძლებლობების სხვადასხვა დონე, მაგალითად, საცოც კედელზე შესაბამისი საფეხურების დაყოლება და ა.შ.

 

  1. ბუნებასთან ერთად და არა მის საწინააღმდეგოდ

ბუნება საუკეთესო სათამაშო მოედანია ბავშვისთვის, ამიტომ მოედნების მოწყობის დროს ადგილობრივი ბუნებრივი რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენებოდეს. ხის მსხვილი ტოტები შესანიშნავია ასაძრომად ან საქანელას დასაკიდებლად, დიდი ქვები კი – ხტუნვა-ხტუნვით სიარულისთვის. შესაძლებელია სათამაშო მოედნების გამდიდრება და გალამაზება ხეებით, ყვავილებით, ბუჩქებით, ხის მორებით… ასევე სასურველია სათამაშო მოედნის ბუნებრივი რელიეფისა და რესურსის მაქსიმალურად გამოყენება დიზაინის პროცესში. მაგალითად, სასრიალოზე ასასვლელი კიბის ფუნქცია შეიძლება გორაკის ფერდობს ან რაიმე შემაღლებას დავაკისროთ; ხის ქვეშ შეიძლება განთავსდეს ქვიშის მოედანი, რათა ბავშვებს ჩრდილში შეეძლოთ ქვიშაში თამაში და ა.შ.

 

  1. აუცილებელი მოწყობილობები და ნივთები

სათამაშო მოედნების დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს პრაქტიკული დანიშნულების ისეთ მოწყობილობებსა და ნივთებს, რომლებიც სათამაშო მოედნით სარგებლობისა და მისი მოვლისთვის მნიშვნელოვანია: დაჩრდილული ადგილი, სასმელი წყალი, სკამები უფროსებისთვის, ნაგვის ურნები, თავისუფალი ნაწილებისა და მსგავსი სათამაშო რესურსის შესანახი სივრცეები/კონტეინერები, სათამაშო მოედნის წესები და ნიშნები.

 

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია Playground Ideas რესურსებზე დაყრდნობით.

რესურსების გასაცნობად ეწვიეთ ორგანიზაციის ვებგვერდს https://playgroundideas.org/dashboard/

ფოტოების წყაროები:

https://blog.esi.info/2016/12/20/big-outdoor-musical-instruments-a-guide/

https://www.childrenandnature.org/2016/06/03/a-melbourne-natural-playground-named-australias-best-playground/

https://www.aspect-studios.com/au/project/pelzer-park-pityarilla-activity-hub/

https://www.kidsinadelaide.com.au/marshmallow-park-glen-osmond-road-adelaide/

https://www.startupdaily.net/2011/07/playground-ideas/

 

 

 

მომავლის სკოლის 6 პრინციპი „ვარსკვლავური ომების“ რეჟისორ ჯორჯ ლუკასისგან  

0

ალბათ ათიათასობით ბავშვის ერთ-ერთი საყვარელი მულტფულმი „უხსოვარი დროის დედამიწა“ იყო. პატარა დინოზავრები ახალი სახლის საძებნელად მიდიან, საშიშ თავგადასავალში ებმევიან, უხდებათ სირთულეების გადალახვა, პოულობენ მეგობრებს და ძლიერდებიან. თუმცა ამ მულტფილმის პროდიუსერი ჯორჯ ლუკასი პირველ რიგში „ვარსკვლავურ ომებს“ და „ინდიანა ჯონსს“ გვახსენებს. ბევრმა კი არც იცის, რომ ლეგენდარული რეჟისორი განათლების რეფორმაზეც საუბრობს.

ამ მიზნით მან საგანმანათლებლო ფონდი დააარსა. ის ორი მიმართულებით მუშაობს: 1.Lucas Education Reseaech (ლუკასის საგანმანათლებლო კვლევები) – უნივერსიტეტებთან ატარებს თანამშრომლობით  მეცნიერულ კვლევებს საგანმანათლებლო პრაქტიკის მოპოვების მიზნით; 2.საიტი Edutopia (Education – განათლება და Utopia-უტოპია) – აგროვებს არსებულ საგანმანათლებლო ინოვაციებს.

რეჟისორი დარწმუნებულია, რომ განათლების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. ჯორჯ ლუკასის აზრით, იდეალურ სკოლაში შემდეგი ექვსი ელემენტი უნდა არსებობდეს:

განათლების ყოველმხრივი შეფასება

განათლების ეფექტიანი შეფასება უნდა ხდებოდეს მონაწილეთა სოციალურ, ემოციურ და აკადემიურ მიღწევებზე დაყრდნობით. უნდა მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობებს, პორტფოლიოებს, პრეზენტაციებს, ტესტების შედეგებს და ეხებოდეს სწავლების სხვადასხვა მიდგომას.

დისციპლინათშორისი მიდგომა

სხვადასხვა საგნებს შორის კავშირის გაძლიერება მოსწავლეებს ხელს უწყობს სასწავლო პროცესში ჩართულობასა და ინფორმაციის მარტივად დამახსოვრებაში. ასეთი მიდგომა პირდაპირ ასახავს თანამედროვე ცოდნასა და სოციალურ სტრუქტურას. მაგალითად, ისტორია, ლიტერატურა და ხელოვნება შესაძლოა ერთმანეთთან შეირწყას და ისწავლებოდეს ტექსტის, გამოსახულებისა და აუდიოს დახმარებით.

პროექტული სწავლება 

ძირითადი საგნების შესწავლა მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული გრძელვადიანი პროექტების მეშვეობით უნდა ხდებოდეს. პროექტების კეთებისას სირთულეების გადალახვა მოსწავლეს საბაზისო უნარ-ჩვევებს უვითარებს.

სოციალური და ემოციური განვითარება

როდესაც სკოლის მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ, ისინი თანამშრომლობას, ურთიერთობასა და კონფლიქტების მოგვარებას სწავლობენ. თანამშრომლობითი სწავლება და მისი ხასიათის საუკეთესო თვისებების გააქტიურება ხელს უწყობს ბავშვების სოციალურ და ემოციურ განვითარებას, რაც მათ თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის ამზადებს და წარმატების მიღწევაში ეხმარება.

მასწავლებლის განვითარება

ადამიანური ურთიერთობა – ყველაზე ძვირფასი კომპონენტია განათლებაში. მასწავლებლები, კურატორები და მშობლები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის აღზრდასა და სწავლებაში, მისი ინტერესების განვითარებასა და ბავშვის საკუთარ ძალებში დარწმუნებაში.

ტექნოლოგიის ინტეგრაცია განათლებაში

ტექნოლოგიის გააზრებულად გამოყენება და განათლებისადმი ახალი მიდგომები ფოკუსირებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალობაზე.

ლუკასი ცალკე ხაზს უსვამს ვიზუალური კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელოვნებას. მას სწამს, რომ სკოლაში უნდა იყოს საგანი „კომუნიკაცია“. ის უნდა იყოს მეტი, ვიდრე ენის და გრამატიკის შესწავლა.

რამდენიმე იდეა ჯორჯ ლუკასის ინტერვიუდან: „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენას, გრამატიკას. ხატვისა და მუსიკის ჩართვაც კი გამოგვდის საგანმანათლებლო პროცესში, მაგრამ სკოლების უმრავლესობა კინოს შესწავლაზე არც ფიქრობს. ჩვენ ის გვერდით „გადავწიეთ“ და ხელოვნებას ერთგვარ თერაპიულ ან გასართობ ეფექტად ვთვლით, არ განვიხილავთ მას, როგორც სრულფასოვანი კომუნიკაციის ფორმას.

 

ბავშვები კი ასე არ ფიქრობენ. შეხედეთ, მაგალითად 5 წლის ბავშვებს – მათ ლაპარაკი იციან. იციან სიტყვების გამოყენება, არც ისე კარგად წერენ და შეიძლება გრამატიკაც არ იცოდნენ, მაგრამ ლაპარაკი მაინც შეუძლიათ. ასევე, მათ არაჩვეულებრივად ესმით მუსიკა, მაგრამ არ იციან ნოტების კითხვა. ისინი დროის დიდ ნაწილს ტელევიზორთან ატარებენ, ამიტომ იციან კინო.

 

ბავშვებს ესმით ვიზუალური კომუნიკაცია, ესმით მოძრავი ნახატების აზრი, ინტუიციურად სწავლობენ ბევრ წესს, მაგრამ მიზანმიმართულად მათ ამას არავინ ასწავლის.

 

არავინ ასწავლის ბავშვებს, რას ნიშნავს კადრში მოქმედების მიმართულება, პერსპექტივა, ფერი, დიაგონალური ხაზები და სხვ. ამ წესებს და ვიზუალურ გრამატიკას ცნობს მხოლოდ ის, ვინც ხელოვნების კურსებზე დადის.

 

არ არის სავალდებულო ბავშვს ასწავლო სოლფეჯიო, ანდა ასწავლო, როგორ გამოვიდეს მხატვარი, მაგრამ ვიზუალური გრამატიკის წესების სწავლება აუცილებელია. თავდაპირველად კომუნიკაციის ყველა ფორმა თანაბარია, მაგრამ განათლებაში ჩვენ დიდ ყურადღებას ვამახვილებთ სიტყვაზე და არ ვაბალანსებთ ამას სხვა საშუალებებით. ბავშვებმა უნდა იცოდნენ კომუნიკაციის ყველა ფორმის გამოყენება, არ უნდა შეიზღუდონ მცირე  კატეგორიებით, მაგალითად, „ეს მხოლოდ ასე ითქმის, მხოლოდ აი, ამ სიტყვების დახმარებით“.

მნიშვნელოვანია კადრში პერსპექტივისა და მოძრაობის სწავლება, მაგრამ არა ამისთვის განსაზღვრულ, სპეციალურ დროს. არ არის საჭირო ელოდებოდე მომენტს, როდესაც ბავშვები მოულოდნელად იგრძნობენ „მულტიმედიის ძალას“. ადრე მიიჩნევდნენ, რომ კინო ვიწრო პროფესიული, ხელოვნების ელიტური ფორმა იყო, მაგრამ ახლა ყველას შეუძლია ვიდეოს გადაღება და შემდეგ მასზე მუშაობა.

ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ განათლების ახალ მეთოდებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საგანი „ინგლისური ენა“ უნდა შევცვალოთ და დავარქვათ „კომუნიკაცია“. უნდა შემოვიღოთ კომუნიკაციის გაკვეთილები.

თქვენ სწავლობთ ინგლისურს და მის გრამატიკას, ცალკე სწავლობთ გრაფიკას ვიზუალური ხელოვნების გაკვეთილზე, კინოს – კინემატოგრაფიის კურსებზე, მუსიკას – მუსიკის კათედრაზე, მაგრამ თუ ჩვენ ურთიერთობის სწავლა გვინდა, მაშინ გვჭირდება ვიცოდეთ საბაზისო გრამატიკა, რომელსაც სკოლაში კომუნიკაციის გაკვეთილზე ასწავლიან. ეს არ უნდა იყოს ეზოთერიკა ან გადამეტებული ესთეტიზაცია, არამედ ურთიერთობის არაჩვეულებრივი  საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანებზე ან გაყიდვებზე ზემოქმედებისთვის, საკუთარი იდეების სხვისთვის გადასაცემად“.

„წითელქუდას“ ამბავი პლანეტა მიქსზე

0

ნატო დავითაშვილი „გინდათ, მოგიყვეთ ზღაპარი?“

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი იმით განსხვავდება სხვა ჟანრებისგან, რომ დაფუძნებულია ისეთ მეცნიერულ თეორიებზე, რომელთა მატერიალიზება მომავალში სრულიად შესაძლებელია. იმისათვის, რომ თანამედროვე ადამიანმა მომავლის შესაძლებლობები დაინახაოს,  სწორედ ამ ჟანრის ნაწარმოებებს უნდა მიმართოს ლიტერატურაში, კინოში და ხელოვნების სხვა დარგებში; ვფიქრობ, სამეცნიერო ფანტასტიკა ჩვენი ხედვის რაკურსს უფრო პერსპექტიულს ხდის  აწმყოდან „ტელეპორტაციის“ გზით.

ყოველდღიურობა და რუტინა ადამიანს უქმნის ისეთ ჩარჩოებს, რომლებიდანაც გაღწევა მას წარმოუდგენლად ეჩვენება, მით უფრო, რომ თანამედროვე განათლების სისტემა კიდევ უფრო ამყარებს არსებულ სტერეოტიპებს და კლავს ინდივიდს ადამიანში.

სწორედ ადამიანის შინაგანი სამყაროს პრობლემებს ეძღვნება მწერალ ნატო დავითაშვილის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობა „გინდათ, მოგიყვეთ ზღაპარი?“, რომელიც შესულია წიგნში „დაბრუნება“.

ეს მოთხრობა, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, რადგან მასში აღწერილი მეთოდი შეიძლება ლიტერატურის სწავლებისას გამოიყენოს მასწავლებელმა.

რაზეა ეს მოთხრობა?

რამდენიმე პასუხი შეიძლება გავცეთ ამ კითხვას იმის მიხედვით, რაზე ვახდენთ ფოკუსირებას:

  • ეს მოთხრობაა თანამედროვე ადამიანის პრობლემებზე;
  • ეს მოთხრობაა განათლების პროგრესულ სისტემაზე;
  • ეს მოთხრობაა ქაოსსა და კოსმოსზე;
  • ეს მოთხრობაა ენაზე;
  • ეს მოთხრობაა წითელქუდას ზღაპარზე;
  • ეს მოთხრობაა სხვა პლანეტაზე მოგზაურობაზე;
  • ეს მოთხრობაა დაბრუნებაზე!

ქაოსის პლანეტის მასწავლებელი ალექსი სამსახურს ეძებს სხვადასხვა პლანეტაზე. ერთადერთი მოთხოვნა აქვს: ისეთ პლანეტაზე უნდა წასვლა, სადაც ყველაფერი უკიდურესად მოწესრიგებულია! ბოლოს აღმოაჩენს კიდეც ასეთ პლანეტა მიქსს, რომელზეც შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი იმდენად სტაბილურია, რომ რამდენიმე ადამიანი თავისუფლად მართავს პლანეტას. მოკლედ, ალექსი იღებს „მწვანე კრისტალს“ (მიწვევის ნიშნად) პლანეტაზე გასაუბრების შედეგად და მიემგზავრება მიქსზე. ახალი ტექნოლოგიური ლოგიკის პლანეტაზე ბევრი სიახლეა, ამიტომ ალექსს, პირველ რიგში, ინსტრუქციას აწვდიან (რაკი მან „მწვანე კრისტალი“ მიიღო, ეს ნიშნავდა, რომ მას ჰქონდა ახალი პალნეტის წესების ათვისების უნარი).

ერთი შეხედვით, პლანეტა მიქსი პროგრესული განათლების ადგილად მოგეჩვენებოდათ, მაგალითად, იმ აღწერის მიხედვით, რომელიც ალექსს გააცნეს: დედამიწისგან განსხვავებით, მოსწავლეებს დაწყებით კლასებში, პირველ ეტაპზე, არაფერს ასწავლიდნენ. მხოლოდ უყვებოდნენ და აჩვენებდნენ. ნანახი და გაგონილი რაც შეიძლება სახალისო უნდა ყოფილიყო. ალექსის აზრით, ამას ჩვეულებრივი გართობა ერქვა. შემდეგ, მეორე ეტაპზე, რომელიც ასევე სამი წელი გრძელდებოდა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიდნენ ფუნდამენტურ მეცნიერებათა შესახებ. ამავე ეტაპზე სწავლობდნენ უმარტივეს მათემატიკასა და შემოქმედებით წერას. მესამე ეტაპზე მოზარდები ინტერესთა ჯგუფების მიხედვით იყოფოდნენ. მოსწავლეებს ეძლეოდათ რაიმე პრობლემის გადასაწყვეტი კომპლექსური ამოცანა, რომლის ამოხსნას სხვადასხვა მეცნიერებათა საფუძვლების გამოყენებით, მენტორების დახმარებით ცდილობდნენ. ბოლო, მეოთხე ეტაპზე, მოსწავლე მხოლოდ თვითგანათლებით იყო დაკავებული.

რა თქმა უნდა, პლანეტა მიქსზე სკოლებიც იყო და ალექსსაც სკოლაში მოუწევდა მუშაობა:მიქსზე თქვენ ისევ სკოლაში მუშაობა მოგიწევთ. მწვანე კრისტალის მიღების მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის: ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. აპლიკაციის განხილვამ დაგვარწმუნა, რომ ბავშვებში ცნობისმოყვარეობის გაღვიძება შეგიძლიათ. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ინტერესების აღმოჩენაში დავეხმაროთ და სწავლება ამ ინტერესებს ინდივიდუალურად მოვარგოთ. ასეთი ბიძგი მომავალში მოზარდს თვითგანათლებისკენ უბიძგებს. ასე მიღებული აკადემიური განათლება განყენებული აღარაა, ის  ცხოვრებისთვის ამზადებს. – ამას კი ეუბნებიან, მაგრამ რეალურად სწავლებისას სწორედ ამას უკრძალავენ!

გადამწყვეტი მომენტი სწორედ მაშინ დგება, როდესაც ალექსი კლასში შედის. მთავარია, მან რაიმე საინტერესო ამბავი მოუთხროს ბავშვებს და დააინტერესოს, მაგრამ ერთი პირობაა, ძალიან რთულად შესასრულებელი, ამ პირობას მივყავართ მთავარ პრობლემამდე. ეს პრობლემა არის ლინგვისტური პრობლემა. ამბავი მხოლოდ ზუსტი და პირდაპირი მნიშვნელობის სიტყვებით უნდა გადმოსცეს მასწავლებელმა: არავითარი მეტაფორა, არავითარი ინტერპრეტაცია და სხვა მნიშვნელობა! ყველაფერი მათემატიკურად ზუსტი უნდა იყოს.

თქვენი, ადამიანების პრობლემა, იცით, რაში მდგომარეობსმოვლენის აბსოლტურად ზუსტი აღწერის ნაცვლად მის გარშემო დადიხართ და აღწერების კორიანტელს აყენებთ, ოღონდ ის არ თქვათ, რაც არსს გამოხატავს. თქვენ ამ კორიანტელში არსის შეცნობას მსმენელსა თუ მკითხველს ავალებთ. ადამიანები მოვლენების აღწერაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებთ.

 

ალექსი იწყებს ზღაპრის მოყოლას, ბავშვებს ეკითხება: „-გინდათ, მოგიყვეთ ზღაპარი?“ – იყო და არა იყო რა….  მაგრამ მენტორი აჩერებს და დასაწყისს უწუნებს. – რას ჰქვია, იყო და თან არ იყო…? მოკლედ, უნდა გადაწყვიტოს მთხრობელმა: ნამდვილად თუ იყო, როდის იყო და რატომ იყო…? ასე წვალებ-წვალებით ალექსს სულ სხვა ზღაპარი გამოუვიდა, მაგრამ არ დანებდა ახალ ტექნოლოგიურ ლოგიკას და ისე დაიწყო თავიდან ზღაპრის თხრობა, თითქოს დედამიწელები უსმენდნენ… მასწავლებელი ხან წითელქუდას განასახიერებდა, ხან – მგელს… თამაშობდა და ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევდა…

მოკლედ, ალექსი მიქსის პლანეტაზე გამოცდას ვერ ჩააბარებს, დაკარგავს „მწვანე კრისტალსაც“, მაგრამ მთავარს მიაღწია: ბავშვებს ინტერესი მართლა გაუღვიძა, წააქეზა, რომ თუ მთხრობელი არ მოეწონებოდათ, თავად გამოეგონებინათ ამბები. ეს დამოკიდებულება კი პლანეტის წესრიგს არღვევდა და ალექსის ადგილიც იმ პლანეტაზე აღარ იყო…

ალექსი ბრუნდება…

ორი სამყარო: დედამიწა და მიქსი, ქაოსი და წესრიგი, ინტერეპრტაციები და ცალსახა მნიშვნელობები… ორი უკიდურესობა…

ალექსი გაურბის ქაოსს…. ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაზე მოწესრიგებულ პლანეტაზე იმოგზაურა, ალექსი გამოექცა წესრიგს…

კლასში საინტერესო დისკუსია გამოუვათ მასწავლებლებს, თუკი იმსჯელებენ:

  • რატომ მოხდა ასე?
  • როგორი სამყარო იქნება ის სამყარო, რომელშიც თავად საუკეთესოდ იგრძნობენ თავს?
  • მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ „წითელქუდას“ ახალი ვარიანტი;
  • კარგი იქნება, მოსწავლეებმა იფიქრონ ორ ენაზე: მეტაფორულ მეტყველებაზე და პირდაპირი მნიშვნელობის ტექსტებზე;
  • შექმნან ერთი ტექსტის ორი ვარიანტი: მეტაფორული და მათემატიკურად ზუსტი მეტყველება;
  • და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ დაბრუნდა ალექსი დედამიწაზე და რაში ხედავენ მომავალში გამოსავალს?

 

 

წერის ასპექტები დაწყებით კლასებში,  „ნაჯღაბნების“ წაკითხვა მნიშვნელოვანია

0

„წერის ძირითადი მიზანია – კომუნიკაცია, შესწავლა, ინფორმირება, თვითრეფლექსია და ასევე, და სხვათა გართობა. გაზიარება და შედეგად წარმატების მოპოვება, ბავშვებში წერის მთავარ წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს“. – სტივ გრაამი, არიზონას უნივერსიტეტი

 

ბავშვებში წერის განვითარება, მათი, როგორც მკითხველების, განვითარების პარალელურად მიმდინარეობს. უფროსების მიერ წაკითხული ტექსტებიდან და სხვა გამოცდილებების შედეგად, პატარა ბავშვებში ვითარდება ბეჭდვითი ცნობიერება, რომელიც გულისხმობს გააზრებას, რომ ნაწერი მნიშვნელობის მატარებელია და ის შექმნილია ისეთი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცაა კალმები, ფანქრები და მარკერები. ბავშვები იწყებენ იმ ნაწერების იმიტირებას, რომელსაც თავიანთ გარშემო ხედავენ.

ერთი შეხედვით, ეს მცდელობა შესაძლოა აღვიქვათ უაზრო „ნაჯღაბნად“, მაგრამ წერის ამ ადრეულ სტადიას თუ ყურადღებით დავაკვირდებით, უფრო მეტ რამეს დავინახავთ. ბავშვები, რომლებსაც ჯერ სკოლაში სწავლა არ დაუწყიათ, ამ აქტივობით ცდილობენ, შექმნან მნიშვნელობით დატვირთული „ნაწერი“.

მაგალითად, როდესაც სამი წლის ალექსანდრეს ენატრება მამა, დედამისი სთავაზობს წერილის მიწერას. ალექსანდრე იღებს ფანქარს და ქმნის „ნაჯღაბნის“ ეფექტს ქაღალდზე. როდესაც დედა სთხოვს მას, რომ წაიკითხოს რა დაწერა, ალექსანდრე  უთითებს ფურცელზე და ამბობს – „მამა, მე შენ მიყვარხარ“. ალექსანდრემ უკვე იცის, რომ ნაბეჭდ ტექსტს მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ  სწორად დამარცვლა, დაწერა ან ნაწერი სიტყვების  ამოცნობა არ შეუძლია.

ხოლო ნია, რომელიც 5 წლის არის, დედას კარნახობდა, მას ნაკარნახევი ფურცელზე გადაჰქონდათ. მან ასევე შექმნა ნაჯღაბნი და გამოაცხადა, რომ ფურცელზე წარმოდგენილი იყვნენ მამა, დედა, ნათესავები, ძიძები ან ნივთები/საგნები, რომლებიც აინტერესებდა – ოქროს თევზი და  დაბადების დღის ტორტი. აშკარად, ნიამ დაიწყო წერა, თუნდაც პრიმიტიული ფორმებით. (სურ.1)

სურ.1

მე-2 სურათზე ვხედავთ, 4 წლის ანას ნაჯღაბნს. გვერდი წარმოადგენს საყიდლებისა და ლაშქრობაში წასაღები ნივთების სიას. აღსანიშნავია, რომ ანამ თავისი სახელი დაწერა მარჯვენა კუთხის პირველ ხაზზე. ასოები, რომლებიც მისი სახელის ქვემოთ გვხვდება მისი ძმის, მათეს სახელიდანაა აღებული.  ნიას მსგავსად, ანამაც აღმოაჩინა წერის გარკვეული ფუნქციები. მან ასევე ისწავლა კულტურულად შემუშავებული წერითი სისტემის განმასხვავებელი მახასიათებლები. (ის წერს სიტყვებს გადაბმითაც და ცალ-ცალკეც).  პატარა ბავშვების ნაჯღაბნები, ნამდვილად ბევრს ავლენენ მათი წერის განვითარების შესახებ.

 

სურ.2

 

მარიამი, რომელიც 6 წლისაა, (სურათი 3) მაჩვენებს თავისი წიგნის საწყისი გვერდის ნახატს, რომელზეც, მისი მტკიცებით, წერია სათაური. იმავე გვერდის უკანა მხარეს (სურათი 4) მან დაწერა თავისი სახელი და დახატა ოთხკუთხა ფიგურაში მოქცეული ნახატი. მისი თქმით, ეს იყო ავტორის ვინაობა და სურათი. როდესაც ვთხოვეთ, მან წაიკითხა ამბავი ნაჯღაბნის უკან  და დაასრულა გვერდით, რომელზეც მუქად დააწერა “დასასრული” ტრადიციული მართლწერის დაცვით. ამბის კითხვისას მან გამოიყენა კითხვის პროცესისთვის შესაფერისი ინტონაცია და სიტყვები კი წერილობით მესიჯს შეეფერებოდა. მერის ნაწერი მხოლოდ მისი ზედაპირული ფორმით რომ შევაფასოთ, მისი კომპოზიციური უნარების მხოლოდ ძალიან შეზღუდულ შეფასებამდე მივალთ. სინამდვილეში, კი მან თავისი ამოცანის შესასრულებლად შექმნა კარგად ჩამოყალიბებული და დახვეწილი ამბავი ნაჯღაბნის გამოყენებით.

სურ. 3     სურ.4       სურ. 5

საბოლოოდ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ  ერთსა და იმავე ბავშვს შეუძლია გამოიყენოს ჯღაბნა ერთი ამბის მოსათხრობად, ასოების სერია სხვისთვის და დაწეროს სიტყვების სია შერეული, ტრადიციული და გამოგონილი მართლწერით. იმის მიუხედავად, რომ ზოგადად განვითარების მოდელის შესწავლა და ცვლილების დანახვა ნაკლებად დახვეწილიდან უფრო მეტად დახვეწილი წერის სტრატეგიებისა და ცოდნის სტადიამდე შესაძლებელია, თავად განვითარების პროცესი, რადგან ის ცალკეულ ბავშვში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, გაცილებით რთულია.

ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბავშვები იღებენ იმ სტრატეგიებს და უნარებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ამას გაცილებით ადრეულ ასაკში აკეთებენ.

გაკვეთილები უნდა იძლეოდეს ცოდნას ემერჯენტული წიგნიერების შესახებ.

კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გავაცნობიეროთ წიგნიერება, როგორც განვითარებადი მოვლენა. წერის მეშვეობით, საკუთარი სისტემების გამოყენებითა და კითხვით, მანამდე სანამ ისწავლიან დამოუკიდებლად კითხვას, ბავშვები სინამდვილეში სწავლობენ და ხვეწენ ნამდვილი კითხვისა და წერის უნარებსა და სტრატეგიებს.  ეს არ არის უბრალო თამაში. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ბავშვები  წერისა და კითხვის ჩვევებს ეუფლებიან მაშინ, როდესაც შესაბამისად იღებენ  მხარდაჭერასა და გამხნევებას, წერისა და საწერი მასალების დემონსტრირებასთან ერთად.

ნელ-ნელა ჩვენ ვსწავლობთ საშუალებებს, როგორ შეიძლება მასწავლებლებმა ხელი შეუწყონ ამ მოძრაობას და მივიჩნევთ, რომ შედარებით ნაკლები, და განსხვავებული, პირდაპირი ჩარევებია საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, ბავშვებს სჭირდებათ მეტი განათლება, და მათ ეს სჭირდებათ რაც შეიძლება ადრე, სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღმზრდელები შეშფოთებული არიან გავრცელებული ტენდენციით, რომ პირველი კლასის სასწავლო პროგრამა ინაცვლებს საბავშვო ბაღში, ისე, რომ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნილებები გათვალისწინებული არ არის.  კითხვის დაწყების ტრადიციული მიდგომების სკოლამდელ ასაკში გადატანის ცდუნება თავიდან უნდა ავირიდოთ. მათი წერისა და კითხვის განვითარების მოდელები საკმაოდ განსხვავდება ტრადიციული მიდგომებისაგან, რისი მოთხოვნაც პირველი კლასის სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული, თუნდაც ეს იყოს, ე.წ. “სასკოლოდ მზა” კითხვის დონის პროგრამებიც კი.

კითხვის უნართან ერთად, ზემოთ აღწერილი წერის ადრეული სტადია ასევე ვითარდება ზუსტი ინსტრუქციების საფუძველზე. ჩვეულებრივ, წერის მიზანი არ არის, რომ „დაწერო ისე, როგორც საუბრობ“. როგორც წესი, ეს უნარი ბუნებრივად არ ვითარდება და მას თავისი წესები და სტრუქტურა აქვს.

სხვადასხვა ასაკობრივი დონის მიხედვით, კარგი მწერლები სისტემატური და ნათელი ინსტრუქციების საფუძველზე ყალიბდებიან, რასაც ემატება ბევრი წერისა და უკუკავშირის მიღების შესაძლებლობები.

წერა შესაძლოა განვიხილოთ ყველაზე რთულ პროცესად, რის სწავლასაც ჩვენი მოსწავლეებისგან მოველით.

იმისათვის, რომ კარგად წერონ,  მოსწავლეებმა უნდა განივითარონ სხვადახვა უნარი:

  • საბაზისო წერითი უნარები: ესენია: ორთოგრაფია, პუნქტუაცია, ხელით ან კლავიატურით წერა და წინადადების სტრუქტურა (მაგ: გადაბმული წინადადებებისა და ფრაგმენტების გამოყოფა). საბაზისო წერით უნარებს ზოგჯერ წერის „მექანიკასაც“ უწოდებენ.
  • ტექსტის შექმნა: აქ იგულისხმება ფიქრების კონკრეტულ ენაზე გადმოთარგმნა, რასაც შესაძლოა წერის „შინაარსიც“ ვუწოდოთ. ტექსტის შექმნა მოიცავს სიტყვათა მარაგს, დეტალების სრულყოფასა და გამოხატვის სიწმინდეს.
  • წერის პროცესები: განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, კარგი წერა მოითხოვს გეგმას, გამეორებას და ნაშრომის რედაქტირებას. ეს პროცესები  მნიშვნელოვანია წერაში წარმატების მისაღწევად და ამის შედეგად მოსწავლეები საბაზო და საშუალო საფეხურებზე ვითარდებიან.
  • წერის ცოდნა: წერის ცოდნა მოიცავს დისკურსისა და ჟანრის გააზრებას – მაგალითად, იმის გაგება, რომ ნარატივი ინფორმაციული ტექსტისგან განსხვავებულად არის ორგანიზებული. კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ წერა სამიზნე აუდიტორიისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ მწერალს გააზრებული აქვს მნიშვნელობის ნათლად და სათანადოდ გადმოცემის საჭიროება ადამიანებისთვის, რომლებიც კონკრეტულ ნაშრომს წაიკითხავენ.

წერის სწავლა მოსწავლეთა უმეტესობისთვის გამოწვევაა, მაგრამ განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს, რომელთაც უჭირთ კითხვა, ხშირად  პრობლემები აქვთ წერის ნაწილშიც. მწირი ლექსიკა, ტექსტის სტრუქტურის გააზრება, სუსტი ფონეტიკური ცნობიერება, ანბანისა და მისი გამოთქმის ცოდნის ნაკლებობა ეს ის ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენენ კითხვის უნარის განვითარებაზე. ისინი, ჩვეულებრივ, მოქმედებენ წერაზეც.

ამასთან ერთად, მკითხველები, რომლებიც, როგორც წესი, გაუაზრებლად კითხულობენ, წერისთვის სასარგებლო უნარებისგანაც შორს არიან. ბოლოს, თუ ბავშვს აქვს კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები, დიდი დრო ეთმობა მისთვის კითხვის სწავლებას, წერისას კი ნაკლები.

 

ნინო იორდანიშვილი “UG სკოლის“ დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი.

 

 

ოჯახი და თერაპია, მშობლის როლი აუტიზმის დროს

0

ვისთვისაა ეს წერილი? ახალგაზრდა წყვილისთვის, რომელთაც აუტიზმის სპექტრის მქონე შვილი ჰყავთ და ჯერ არ იციან ამის შესახებ, ბებიებისა და ბაბუებისთვის, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული იყოს. მეზობლისთვის, რომელიც დანანებით თავს გააქნევს და იტყვის – რაღა მაგათ, აი, მაგათ რაღა დააშავეს? დედებისთვის, რომლებსაც სახელის დარქმევა არ უნდათ, მამებისთვის, რომელთაც პრობლემების ეშინიათ.

მოკლედ, დაივიწყეთ სხვა ყველაფერი, რაღაცას ეჭვობთ?  ჰოდა, დროის დაკარგვა არ შეიძლება.

დასაწყისი:

  1. როდის მივდივართ თერაპევტთან?

არავითარი ჩემი მამიდაშვილის ბავშვმა და ჩემი ბაბუის ბიძაშვილმა და აინშტაინმა 7 წლისამ დაიწყო ლაპარაკი, არავითარი ბიჭები გვიან ლაპარაკობენ და ეტყობა,  ხაშლამას მარილი არ აკლია.

ბავშვი 2 წლისაა? მიმართული მეტყველება არ აქვს? ანუ კომუნიკაციისთვის არ იყენებს, თორემ ისე შეუძლია გამართულად თქვას ჰიდროელექტროსადგური და პარალელოგრამი? წადით თერაპევტთან!

  1. სახელდება

ეს რთული ეტაპია, გინდათ იმუშაოთ, ყველაფერი გააკეთოთ, ოღონდ სიტყვა აუტიზმის გეშინიათ, ამისი ეშინია ყველას თქვენ გარშემო, დაივიწყეთ  ყველა !

დიაგნოზი ნიშნავს მართვას, სტრატეგიას, ინფორმაციას, კონკრეტულ, გასაგებ, საჭირო გაიდლაინს. ამიტომ დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და ჰაიდა, წავიდა თერაპიისა და მუშაობის გრძელი და რთული პროცესი.

  1. სხვა მშობელი! იპოვეთ სხვა მშობელი ცოტა მეტი გამოცდილებით, გელაპარაკოთ, გაგიზიაროთ,ერთად მოძებნეთ სიახლეები, საშუალებები, რესურსები.
  2. 4. ნერვიულობა რაც არ უნდა რთული იყოს,  შფოთვა საქმეს არ შველის, არაფერს შველის, ბავშვი ძალიან დარდობს, რომ მის გამო ნერვიულობთ, განიცდის და თავს დამნაშავედ თვლის.

ალბათ სამი ან ოთხი დღე ვინერვიულე ისტერიულად, ვიტირე, ლექსებიც ვწერე, მერე ავდექი და გავხდი ბედნიერი დედა, რომელიც ყოველდღიურად ხარობს შვილის წარმატებით. მუშაობს, დამიჯერეთ!

  1. მთავარი იყოს შვილის ინტერესები და პრიორიტეტები, უიი, ამ კლასიდან გადავალ, იმიტომ რომ ის მშობელი წუხდება, უი, ბაღის მასწავლებელს შენიშვნას არ მივცემ, იმიტომ რომ დაბალი ხელფასი აქვს, უიი, ჩემით ჩავალ ავტობუსიდან, ვიღაც არ შეწუხდეს. დაივიწყეთ! მთავარია ბავშვი, სხვა ყველა თავის თავს მიხედავს!
  2. ყველაფერი გვარდება, ყველაფერი კარგად იქნება თუ ჩაერთვებით, იმუშავებთ, არ შეგეშინდებათ. ჩათვალეთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა, გამოცანა თუ კომპიუტერული თამაში, სადაც ახალი სიცოცხლე უნდა აიღოთ და ქულები დააგროვოთ.

მთავარი ნაწილი:

მაშ, ასე, გაიარეთ რთული კვლევა, აღმოჩნდა, რომ აუტიზმის რომელიღაც სახე თქვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილიცაა? რთულია, მაგრამ დაგეგმეთ ცხოვრება სწორედ ამ ამბის გარშემო. ჩაერთეთ და ჩართეთ ოჯახის ყველა წევრი თერაპიის პროცესში. დღეიდან თქვენ ყველანი ერთი დიდი, რთული ამოცანის ამოსახსნელად გაერთიანდით, ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს. მეტყველება, რომელსაც გარკვეული დაბრკოლება აქვს, ქცევა, რომელიც სირთულეებით გამოირჩევა, სწორედ თქვენი მთავარი სამუშაოა.

ნივთებს, მოვლენებს, მოქმედებებს, ყველაფერს ხმამაღლა უწოდეთ სახელი და ხშირად გაიმეორეთ, გაახმოვანეთ ყველა მოქმედება, ჩართეთ მუსიკა და ხშირად იცეკვეთ, იმღერეთ ყველამ ერთად, გაანაწილეთ როლები და გაახმოვანეთ ყველაფერი, სადილი ხმამაღლა მოამზადეთ, აღწერეთ პროცესი, ისეირნეთ ერთად, ჩართეთ ფიზიკური აქტივობა – თამაშები, სირბილი, სიარული, ვარჯიში – მიეცით ამ ყველაფერს თამაშის ფორმა. შეამცირეთ დრო, რომელსაც კომპიუტერსა თუ სხვა ტექსნიკასთან ატარებთ თქვენც და ბავშვიც, მოიმარაგეთ ბევრი საინტერესო წიგნი, მულტფილმი, ამბავი, შთაბეჭდილება, ემოცია და მოთმინება, რა თქმა უნდა, მოთმინება მთავარია.

აჩუქეთ ბავშვს სიმშვიდე და ის გაჩუქებთ კარგი შედეგებით გამოწვეულ ბედნიერებას.

 

საშობაო აკრძალვა

0

Merseyside-ის დაწყებითი განათლების სკოლის დირექტორმა გასულ კვირას საშობაოდ საგანგებო გადაწყვეტილება მიიღო. საახალწლო არდადეგების შემდეგ, ამ კონკრეტული სკოლის მოსწავლეები სკოლაში ძვირადღირებული ბრენდების ქურთუკებით სკოლაში ვეღარ ივლიან. სკოლის დირექტორი ამგვარად “სიღარიბის გამო ჩაგვრას” ებრძვის.

უფრო კონკრეტულად, მოსწავლეებს აეკრძალებათ Canada Goose, Moncler-სა და Pyrenex-ის ქურთუკებით სკოლაში მისვლა.

 

Canada Goose-ის ქურთუკების ფასი 275 ფუნტიდან 1400 ფუნტამდე მერყეობს. ხოლო, Pyrex-სა და Moncler-ის ქურთუკები 650-დან 9175 ფუნტს აღწევს. ბრიტანულ გამოცემა “The Independent”-ს მოსწავლეების მშობლებმა წუხილი გაუზიარეს იმის შესახებ, რომ შინ დაბრუნებული შვილები ძალიან ძვირადღირებული ჩასაცმელის ყიდვას სთხოვდნენ.

 

  • ზოგიერთ მოსწავლეს 700-ფუნტიანი ქურთუკი აცვია. მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ვერ შევძლებ იგივე ჩემს შვილს ვუყიდო. მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ძვირადღირებული სამოსი შეიძინონ, თავს გარიყულად გრძნობენ, რაც მათ ხასიათზეც აისახება, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

 

მშობლები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნები მათი შვილების მხრიდან ძვირადღირებულ შოპინგთან დაკავშირებით უკანასკნელ ექვს თვეში გამკაცრდა.

 

“გწერთ ბრენდული სამოსის აკრძალვასთან დაკავშირებით. საშობაო არდადეგების შემდეგ თქვენი შვილები ამ სამოსით სკოლაში არ დაიშვებიან. დიდი მადლობა გაგებისა და თანამშრომლობისთვის” – ამ შინაარსის წერილი მისწერა სკოლის დირექტორმა მშობლებს. მისმა გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში თანაბრად გამოიწვია მოწონებაცა და აღშფოთებაც.

 

ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლის ისტორია

0

ინდოეთის ქალაქ მურშიდაბადში ყოველი მეორე მცხოვრები წერა-კითხის უცოდინარია. ბევრ ოჯახს სწავლის ფული არ გააჩნია. ტოტალური სიღატაკის გამო უამრავი ბავშვი განათლების სისტემის მიღმა რჩება. ხუთი წლის ასაკიდან მათ  მწყემსებად უფრო ხშირად ამწესებენ, ვიდრე სკოლის მოსწავლეებად. ინდოელმა ბაბარ ალიმ შეძლო დაემთავრებინა სახელმწიფო სკოლა და უფასოდ გაენათლებინა სამი ათასამდე ბავშვი. მურშიდაბადისთვის ეს დიდი ამბავი იყო, ბაბარ ალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლად, შემდგომში კი სკოლის დირექტორად აღიარეს.

 

თავის ოჯახში ბაბარ ალი იყო პირველი, ვისაც განათლების მიღების საშუალება გაუჩნდა. მან უფასო სახელმწიფო სკოლაში ჩააბარა, მამამისმა კი გაჭირვებით შეუგროვა სკოლის ფორმისა და წიგნების თანხა. მამას ძალიან უნდოდა, რომ მის შვილს განათლება მიეღო. ყოველდღიურად ბაბარ ალი ავტობუსის გაჩერებამდე სამ კილომეტრს ფეხი გადიოდა, რათა სხვა ქალაქამდე მიეღწია და პირველ გაკვეთილზე არ დაეგვიანებინა.

 

„სკოლამდე გზა რთული იყო, ძალიან შორს ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი მასწავლებლები იმდენად საინტერესოდ ატარებდნენ გაკვეთილებს, რომ ამ სიამოვნებას საკუთარ თავს ვერ წავართმევდი. სწავლასთან დაკავშირებულ ჩემს პოზიციას მშობლებიც იზიარებდნენ და ამბობდნენ, რომ მე ვალდებულიც ვიყავი საუკეთესო განათლება მიმეღო“, – იხსენებს ალი.

 

ყოველ ჯერზე, როდესაც ბაბარ ალი სკოლიდან ბრუნდებოდა, გვერდს ჩაუვლიდა ხოლმე მინდვრებს, სადაც მისი თანატოლები მიწას ამუშავებდნენ ან საქონელს მწყემსავდნენ. ერთხელაც მან ბავშვებს „სკოლობანას“ თამაში შესთავაზა და მარტივად უამბო ყველაფერი, რაც იმ დღეს გაკვეთილზე მასწავლებლებისგან მოისმინა. საღამოობით კი სოფლის ერთ-ერთ სახლში რვა მოსწავლისგან შემდგარი „კლასიც“ შემოიკრიბა. ასე იქცა ბაბარი სოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლად.

 

მის „სკოლას“ არ ჰქონდა განრიგი და სასწავლო პროგრამა, სამაგიეროდ, ბავშვებს სწავლის გადასახადი არ უნდა გადაეხადათ. ბაბარმა თვითონ დაამზადა დაფა და რამდენიმე დღე ბავშვებს გაზეთების დახმარებით ამეცადინებდა, ვიდრე მამამისს არ შეებრალა და თავისივე ფულით რამდენიმე სახელმძღავენლო არ შეუძინა. ასევე, სკოლის დირექტორმა, სადაც ბაბარი დადიოდა, მის „სკოლას“ რამდენიმე წიგნი უსახსოვრა.

 

ერთი წლის შემდეგ ამ სკოლის შესახებ მედიამ დაწერა, სკოლას არაფორმალური სახელიც ეწოდა – სახალისო სწავლის სახლი. სახლის აუდიტორია თანდათან ფართოვდებოდა. გაკვეთილებს 800 ბავშვი ესწრებოდა. ბაბარი სკოლიდან ოთხ საათზე ბრუნდებოდა, რათა დღის ბოლომდე სოფლის ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება მოესწრო.

 

„სასწავლო წლის ბოლოს ჩემი კლასელები თავისუფალი დროით სარგებლობდნენ და ფეხბურთის სათამაშოდ გარბოდნენ, მე კი ოთხი საათიდან საღამოს ექვსამდე ბავშვებს ვამეცადინებდი. რა მასალაც არ უნდა მოეწოდებინა ჩემთვის მასწავლებელს, გადავწყვიტე სრულად გადამეცა ჩემი „მოსწავლეებისთვის“. ცხადია, ვცდილობდი ისე დამეჭირა თავი, თითქოს სკოლის დირექტორი ვიყავი“, – ჰყვება ბაბარ ალი.

 

9 წლის ბაბარ ალის მასწავლებლობის ხარჯზე სოფელში განათლების დონემ მოიმატა. რადგან სწავლა უფასო იყო, ბევრი მსურველი ჰყავდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი სკოლას სპონსორებიც გამოუჩნდნენ, შემოწირულობები ძირითადად სახელმძღვანელოებსა და მოსწავლეების კვებაზე იხარჯებოდა.

 

დღემდე ამ სკოლაში ბავშვები მხოლოდ ორ საათს მეცადინეობენ. ბევრი მოსწავლე კვლავ ეხმარება მშობლებს შინაურ საქმეებსა და მეურნეობის მართვაში, შემდეგ კი სკოლას აკითხავენ.

 

დღეს ბაბარ ალი 24 წლისაა და განაგრძობს პედაგოგიურ საქმიანობას. სკოლაში უკვე მისივე მოსწავლეები სხვებს ასწავლიან. ისინი დღის პირველ ნახევარში სკოლაში ან კოლეჯში სწავლობენ, საღამოს კი მოხელისეობრივ საწყისებზე მურშაიდაბადის ბავშვებს უტარებენ გაკვეთილებს. მოსწავლეები სწრაფად ითვისებენ ყველაფერს.

ბავშვებსა და, ე.წ. მასწავლებლებს შორის ასაკში მცირე სხვაობაა, ამიტომ უფროს-უმცროსობას აქ ნაკლები ყურადღება ექცევა. დღის წესრიგში მკაცრად არ დგას  დისციპლინის საკითხი, რადგან სკოლაში მხოლოდ ის დადის, ვისაც სწავლა სწყურია, ვინც გადაწყვიტა, რომ ეს მას სჭირდება. ბავშვმა თუ სკოლა გააცდინა, ერთადერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საოჯახო საქმეები დააწვა და სხვა გზა არ ჰქონდა.

„ძალიან გვინდა გავხსნათ სპეციალური კურსები, სადაც ბავშვები თავდაჯერებულობას გაიმყარებენ. ბევრი მოსწავლე იძულებულია მიატოვოს სწავლა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს უნდათ შვილების ფიზიკური რესუსრსის გამოყენება ყანაში და ველად“, – განმარტავს ბაბარი.

უფროსებმა, რომლებსაც კარგად არ ესმის განათლების საჭიროება, ბაბარს დასწამეს, რომ ის მათ შვილებს რელიგიას უცვლის და ამით უმახინჯებს მსოფლმხედველობასაც. სკოლის დირექტორი მართლაც აღიარებს, რომ ინდურ ფილოსოფოსთა – ვივიკანდისა და რამაკრიშნის სწავლებას მისდევს, რადგან დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტად მცოდნე და ნათელი ადამიანის ნიშანია მუდმივი სამსახური სხვათა სასარგებლოდ. ის ამბობს, რომ მისი რელიგია ჰუმანიზმია.

16 წლის ალი ორგანიზაცია «Real Heroes Award»-მა სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორად დაასახელა და პრემიითაც დააჯილდოვა. ეს პრემია ალიმ ისევ თავისი სკოლის განვითარებას მოახმარა.

2009 წელს ბაბარ ალიმ ტელეკომპანია CNN-IBN-ის პროგრამა „ნამდვილი გმირების“ ჯილდო მიიღო. ამის შემდეგ მისმა სკოლამ მურშიდაბადის სხვა რაიონში დაიდო ბინა. აქ მოსწავლეები სოფლიდან მანქანით ჩამოჰყავთ, სკოლას კი თავისი კედლები და სახურავი აქვს. მაგრამ ბაბარის უნდა, რომ მისი სკოლა უფრო თანამედროვე გახდეს.

მან იცის, რომ სიღარიბეს თავი არ უნდა დაუხარო და უნდა ებრძოლო. ეს კი განათლებითაა შესაძლებელი. ბოლო 14 წლის განმავლობაში, ბაბარის გაკვეთილებს სამი ათასზე მეტი ბავშვი დაესწრო. მასწავლებელს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ტელე შოუში, მასზე წერდნენ ინგლისურენოვან სახელმძღვანელოებში. მამამისის ოცნების ასახდენად, ბაბარ ალიმ ადმინისტრაციულ სამსახურში ჩააბარა, ახლა უნდა დაამთავროს კოლეჯი და გაიაროს UPSC-ის გამოცდები.

„აუცილებლად მოვემზადები გამოცდებისთვის, რადგან ეს ოჯახმა მთხოვა. თუმცა, ჩემი სურვილია მთელი ცხოვრების განმავლობაში მასწავლებლად დავრჩე. მინდა, რომ ყველა ბავშვს მიეცეს განათლების შესაძლებლობა“, – აცხადებს ბაბარ ალი. მას ახლაც ხშირად ეპატიჟებიან საგანმანათლებლო კონფერენციებსა და დაწესებულებებში ლექციების წასაკითხად.

სტრატეგიები „ვარაუდების ხე“ და „ლოგიკური ჯაჭვი“ გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

„ვარაუდების ხე“

სტრატეგია „ვარაუდების ხე“ ამერიკელმა მეცნიერმა ჯ. ბალანსმა შეიმუშავა როგორც ტექსტებზე მუშაობის საშუალება. მეთოდის სტრატეგია ხელს უწყობს წარმოსახვითი აზროვნების და ფანტაზიის განვითარებას, არგუმენტებისა და ფაქტების შეპირისპირებას.

მეთოდით მუშაობის ალგორითმი

მასწავლებელი ან რომელიმე მოსწავლე დაფაზე ხატავს ხეს.

ხის ტანი – ეს არის შერჩეული თემა, თემის ძირითადი საკითხი, მოდელირებული ან რეალური დილემური სიტუაცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს გადაჭრის მრავალი გზა.

ხის ტოტები წარმოადგენს ვარაუდების ვარიანტებს, რომლებიც იწყება სიტყვებით: „შესაძლოა“, „სავარაუდოდ“ და სხვ. ტოტების რაოდენობა შეუზღუდავია.

ხის ფოთლები კი ის არგუმენტებია, რომლებიც ამტკიცებს ტოტებზე დაწერილი ვარაუდების მართებულობას.

„ვარაუდების ხის“ მეთოდი გამოიყენება გამოწვევის ფაზაზე და შეჯამების ანუ რეფლექსიის ფაზაში ანალიზდება.

გაკვეთილზე განსახილველი ტექსტი ბოლომდე არ უნდა იქნეს წაკითხული. იგება „ვარაუდების ხე“, რომლის ტოტებზეც იწერება დასასრულის შესაძლო ვარიანტები. არგუმენტებად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თავად ტექსტიდან აღებული ფაქტები (რა მოხდება, თუ მოვლენები ასე განვითარდა?).

 

გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოყენების მაგალითები:

  1. წინარე ცოდნის გაქტიურებისას: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სიტუაციას ან სთხოვს მათ, წაიკითხონ წინასწარ მომზადებული ტექსტის მხოლოდ მონიშნული ნაწილი. მაგ.: კვლევებისა და სამეცნიერო ცენტრის მასალებზე დაყრდნობით მიღებულია ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია კაცობრიობის განვითარების პერსპექტივები. მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობით უნდა გამოთქვან ვარაუდები.
  2. ახალი თემის, მასალის შესწავლისას. მაგ.: თქვენ უნდა განიხილოთ ახალი თემა „დემოგრაფიული პოლიტიკა“. ხის ტოტებზე მოსწავლეები წერენ, სავარაუდოდ, რომელ ქვეყნებში იქნება საჭირო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, ხოლო ფოთლებზე, ასევე ვარაუდების დონეზე – რა სახისა შეიძლება იყოს ეს პოლიტიკა.
  3. მასალის შეჯამებისა და ცოდნის შემოწმების დროს. მაგ.: თემის „მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირება“ შესწავლისას ხის ღეროზე იწერება თემის სათაური – „მსოფლიოს პოლიტიკური რუკა 50 წლის შემდეგ“. ტოტებზე მოსწავლეები წერენ თავიანთ პროგნოზებს – მათი აზრით, რომელი ქვეყნები აღარ იარსებებს 50 წლის შემდეგ, რომელი ახალი ქვეყნები გაჩნდება, რომელი ქვეყნები დაიშლება ან გაერთიანდება. მათი ვარაუდები შესაძლოა ფანტასტიკურიც იყოს. მთავარია, გამოთქვან მათი დამამტკიცებელი არგუმენტები.

 

მეთოდის გამოყენება შესაძლებელია რეფლექსიის ფაზაშიც. გაკვეთილის დასაწყისში, თემის გაცნობისას, მასწავლებელი ხის ტანზე წერს თემის სათაურს და სთხოვს მოსწავლეებს, ფოთლებზე დაწერონ თავიანთი მოლოდინები, ხოლო გაკვეთილის ბოლოს მხოლოდ ის ფოთლები დარჩება, რომლებიც გამართლდა, დანარჩენები კი გაადაიშლება.

 

სტრატეგია „ლოგიკური ჯაჭვი“

„ლოგიკური ჯაჭვი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაიმახსოვრონ და გაიაზრონ დიდი მოცულობის ინფორმაცია, გამოავლინონ რაიმე მოვლენის, პროცესის კანონზომიერება. მეთოდი ხელს უწყობს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, მეხსიერების გავარჯიშებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა საგნის გაკვეთილზე და გაკვეთილის ყველა ფაზაში. ეს დამოკიდებულია მასწავლებლის მიერ განსაზღვრულ მიზანზე.

 

მეთოდით მუშაობის ალგორითმი

მეთოდის სტრატეგია დაფუძნებულია ფაქტების, ვარაუდების, სიტყვების, ობიექტების, თარიღების, წესების, ციტატების, მოვლენების, პროცესების ლოგიკური ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებაზე.

მოსწავლეებს შეუძლიათ, ლოგიკური ჯაჭვი შეადგინონ მასწავლებელთან ერთად, ჯგუფებში, წყვილებში ან სულაც დამოუკიდებლად, თუნდაც საშინაო დავალების სახით.

 

გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოყენების მაგალითები

  1. მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ფურცლებს, რომლებზეც ჩამოწერილია სიტყვები არეული თანმიმდევრობით: კლიმატის ტიპი, იანვრის ტემპერატურა, გეოგრაფიული მდებარეობა, ჰაერის მასები, ნალექები, ამპლიტუდა, ივლისის ტემპერატურა, ნალექების რეჟიმი. მოსწავლეებმა მოცემული სიტყვები უნდა დაალაგონ ლოგიკური თანმიმდევრობით. მოცემულ მაგალითში სიტყვები ასე დალაგდება: გეოგრაფიული მდებარეობა, იანვრისა და ივლისის ტემპერატურა, ამპლიტუდა, ნალექები, ნალექების რეჟიმი, ჰაერის მასები, კლიმატის ტიპი. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ შედგენილ ლოგიკურ ჯაჭვს და არგუმენტებით ასაბუთებენ ამ ჯაჭვის მართებულობას.
  2. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პრეზენტაციას თემაზე „აზიის ბუნებრივი ზონები“. ბუნებრივი ზონები არეულადაა მოცემული. სლაიდებზე ნაჩვენებია თითოეული ბუნებრივი ზონის გავრცელების რუკა, ამ ზონებში გავრცელებული ტიპობრივი მცენარეები და ცხოველები, კლიმატური დიაგრამები. მოსწავლეებმა მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა შეადგინონ ბუნებრივი ზონების განლაგების ლოგიკური ჯაჭვი, დაალაგონ აზიის ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღნიშნონ ისინი კონტურულ რუკაზე. პრეზენტაციისას საუბრობენ ამ ზონების შესახებ, მსჯელობენ მათი განლაგების კანონზომიერებაზე.

ჩვენ მეთოდების გამოყენების რამდენიმე ვარიანტი გაგაცანით, თუმცა თითოეულ მასწავლებელს, გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე, შეუძლია მათი მოდიფიცირება.

სოფლის „წამალი“

0

ზაფხულობით ბებიასთან სოფელში ხშირად ვრჩებოდი. ეს ის დრო არის, როცა აფთიაქი მხოლოდ რაიონის ცენტრში იყო, წერილები ელექტრონულად კი არ მოდიოდა, მიტო ფოსტალიონს დაჰქონდა. მთელ სოფელში მიტო პაპას გამოჩენას, მგონი, მხოლოდ მე ველოდებოდი. კვირა ისე არ გავიდოდა, ბებიასთვის ყოფილი მოსწავლის წერილი არ მოეტანა. ბებოს ისე ეფერებოდნენ, ისეთ სიტყვებს უწერდნენ, რომ თვალებგაცისკროვნებული ვკითხულობდი და მეამაყებოდა, რომ ბებო სწორედ ჩემი ბებო იყო.

ჩვენი სახლის გვერდით „ჯიქიძიანთ ქალი“ ცხოვრობდა, რომელსაც სინამდვილეში თამარი ერქვა, მაგრამ ეგ არავის ახსოვდა და შერქმეულ სახელს ისიც ისე დაუფლებოდა, რომ პირველივე დაძახებაზე გაგონებდა. ქმარი ადრე გარდაცვლოდა და მარტოხელა უშვილოდ დარჩენილიყო. იმის იქეთ ათანა პაპას სახლი გახლდათ, კიდევ უფრო იქეთ კი ევა ბაბოს (დიახ, „ბაბოს“ ეძახდა მთელი სოფელი) კარ-მიდამო განთავსებულიყო.

ერთ დღეს ბებოს თავი ასტკივდა. წამალი აღარ აღმოაჩნდა, სულ დაელია. რაიონის ცენტრში უცებ ვინ წავიდოდა? ჰოდა, „ჯიქიძიანთ ქალმა“ ურჩია:

–         ქალო, რა წამალი არ გამაგიჟო. მთელი სოფელი ევას დასაყნოსი ბოთლით მკურნალობს და ადექი და შენც ჩაიყნოსეო („ჯიქიძიანთ ქალის“ სტილი დაცულია).

ე.წ. საყნოსავი ბოთლი, სხვა არაფერი იყო, თუ არა ნიშადურის სპირტი,  რომელსაც ევა ბაბოს წამხედურობით, მთელი სოფელი წამლად იყენებდა. ბებოს ხელში ეს ბოთლი არასდროს შემინიშნავს, მაგრამ ეტყობა უწამლობამ და თავის ტკივილმა თავისი გაიტანეს და ევა ბაბოსთან სუპერ წამალზე გამიშვა.

–         გაიგე ბალღო, მკაცრი ტონით მითხრა ევამ, ორივე ხელით მაგრა დაიჭი (სტილი დაცულია), ემანდ ხელიდან არ გაგივარდეს და სოფელი უწამლოდ არ დარჩეს.

თავი დავუქნიე, მასე მოვიქცევი-მეთქი და ფრთხილი ნაბიჯებით სახლისკენ გამოვემართე.

–         გოგოო, უკან მომძახოდა ევა. კარგად ჩაყნოსოს, გაიგე?

უჰ, მაშინ ქიმია და მით უმეტეს, წესები არ ვიცოდი, თორემ, ევა ბაბოს ვეტყოდი, რომ კარგად და მამაპაპურად ჩაყნოსვა არ შეიძლება. ცხვირიდან გარკვეულ მანძილზე უნდა დაიჭირო ბოთლი და ხელის ფრთხილი მოძრაობით სურნელს შენსკენ უბიძგო. ეს არის ქიმიკოსის ყნოსვა.

მამაპაპურად დაყნოსავ და… „სული“ ცხვირ-პირში მოგახტება და ან მოგახრჩობს, ან ლორწოვან გარსს დაგწვავს და ახველე მერე და იქნიე ხელები.

– სული? იკითხავთ.

– დიახ, დიახ „სული“… სწორედ „სულებს“ უწოდებდნენ ალქიმიკოსები ნიშადურის სპირტისნაირ ნივთიერებებს. ანუ, ძალიან სურნელოვანს, მკვეთრი სუნის მქონეს, რომელთა სურნელი რაღაც მანძილზეც ვრცელდებოდა. ზოგჯერ „სულის“ კატეგორიას ყოვლად უსუნო ნივთიერებასაც ანიჭებდნენ. მაგალითად, ალქიმიკოს ალ-ჰალიკას დედამიწაზე არსებული „სულებიდან” მერკური ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. მეორე ადგილს ის გოგირდს მიაკუთვნებდა, მესამეს – ამონიუმსა და მის მარილებს, მეოთხეს კი – დარიშხანს.

იმ პერიოდის აფთიაქარები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდნენ. ერთმა ნაწილმა სურნელოვან ნივთიერებებზე ყველაფერი იცოდა. ამ ცოდნას ადამიანის განსაკურნებლადაც იყენებდნენ და მისი სხეულის დასაზიანებლადაც.

ის კი არა, „სულების“ თემა დღესაც აქტუალურია. აფთიაქში ნაყიდ ქაფურის სპირტის ეტიკეტს დახედეთ-Spiritus Camphoratus.

ქაფური C10H16O თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, რომელსაც ქაფურის  ხის (Cinnamomum camphora) მერქნის და ფესვების გამოხდით იღებენ. ხე ჩინეთსა და იაპონიაში იზრდება. ქაფურს მედიცინაში იყენებენ კანის, ჭრილობის, ნანემსარის გაღიზიანების შემთხვევაში. ეს ქაფურის  თვისებას უკავშირდება, შერჩევითად გაააქტიუროს კანზე სიცივის რეცეპტორები. ადრე ქაფურს  აღმდგენ, გონზე მოსაყვან საშუალებადაც იყენებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ქაფური ასტიმულირებს უფრო ღმა სუნთქვას, სისხლის წნევის მომატებას. თუმცა, გადამეტების შემთხვევაში შეიძლება კრუნჩხვები და სუნთქვის შეჩერებაც გამოიწვიოს.

 

ხომ გახსოვთ, თხრობა იმ ადგილას შევწყვიტე, ბებოსთან რომ ბოთლი მომქონდა. მოვიტანე სანატრელი ბოთლი ბებოსთან. გახსნა და ამანაც მამა-პაპურად დაყნოსა.

– ბრრრრ, გააზრიალა და მაშინვე თავსახური მოარგო.

– წაიღე, ბებო გენაცვალოს უკან. დავუჯერე მეც რა „ჯიქიძიანთ ქალს“. ეს თავს უარესად მატკენს, ისევ ავდგები და კომბოსტოს ფოთოლს დავიდებო.

მეც უკან გავტრიალდი. ევა ბაბოს შეგონება მახსოვდა, ბოთლს ხელი არ გაუშვა, არ გაგივარდესო. არც ხელი გამიშვია და არც გამვარდნია… უბრალოდ, ქვას ფეხი წამოვკარი და ჩემი ბოთლიანად გავიშხლართე. ბოთლი გატყდა და „სპირიტუს ამონიუს“ გარეთ გამოიჭრა. ჯერ მე დამაბორიალა და შემდეგ ფრენა-ფრენით ატმოსფეროში გაუჩინარდა. რაღას ვიზამდი, წამოვიზლაზნე, გადაყვლეფილ მუხლს დავხედე, საიდანაც სისხლი მოჩქეფდა და დარცხვენილი, წელათრეული ბებოსთან დავბრუნდი.

–         აიიიიიჰჰჰ! გაისმა ბებოს კივილი, რა დაგემართა გოგოოო?…

ჰო, ბებოს ჩემი დანახვით  მიღებული სტრესით თავი მოურჩა, მე გადატყავებული მუხლი დამრჩა, სოფელი და ევა ბაბო კი „სპირიტუს ამონიუს“, ანუ წამლის გარეშე დარჩნენ.

დღეს უამრავი დასახელების წამალია. აფთიაქში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის შესაძენად შესული, დაიბნევით იმდენი დასახელების წამალი დაგხვდებათ.

წლების განმავლობაში ამერიკის ფარმაცევტულმა კომპანიებმა 33 ბილიონზე მეტი დახარჯეს მისი კვლევისა და განვითარებისთვის. მთავრობამ და კერძო ფონდებმა დამატებით სხვა 28 ბილიონი გაიმეტეს ამავე საქმისთვის. 1981-2018 წლებში ამ ფულით დაახლოებით 1989 ახალი ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერება დარეგისტრირდა და ამის ბაზაზე 85 ახალი წამალი შეიქმნა. აქედან, დაახლოებით 33% სიმსივნის დასამარცხებელ პრეპარატებზე მოდის. სხვადასხვა ვაქცინებს და გენეტიკური ინჟინერიით ლაბორატორიაში სინთეზირებულ ცილებს 15% მიაქვს, დანარჩენი 52% კი სხვადასხვა მოქმედების წამალზე ნაწილდება. წარმომავლობის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: სინთეზური – 33%; ბიოლოგიური – 15%; ბუნებრივი – 24%; ბუნებრივთან გათანაბრებული – 28%.

ბუნებრივი პრეპარატებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ტერპენების ბაზაზეა შექმნილი. უძველეს დროში სპარსეთში აღმოაჩინეს. წყალთან ერთად მრავალჯერადი გამოხდით სურნელოვან თხევად ნარევს ღებულობდნენ (ფაქტიურად, „სულს“), რომელსაც ეთერზეთი უწოდეს. მიღებულ ზეთებს მრავალი წელია იყენებენ მედიცინაში (მათ შორის, როგორც ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებს), სანელებლებსა და პარფიუმერიაში. კიდევ უფრო, რომ დავაზუსტოთ, ეთერზეთების შემადგენლობაში ტერპენოიდების ნარევია. სტრუქტურის უზარმაზარი მრავალფეროვნება ახასიათებთ და მათ კვლევაში ორგანულმა ქიმიამ დიდი წვლილი შეიტანა. დღეისათვის 35.000 სხვადასხვა ტერპენოიდია ცნობილი. ზოგიერთს ღიაჯაჭვოვანი სტრუქტურა აქვს, სხვებს – ციკლური აღნაგობა. ზოგი ნახშირწყალია და ისინი ორმაგ ბმებს შეიცავენ. მაგ. მირცენი (დაფნის ეთერზეთი), ალფა-პინენი, ჰუმოლენი (სვიის ეთერზეთი), ბეტა-სანტალენი და ა.შ.

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ჩვ.წ. აღ-მდე ავადმყოფებს სამკურნალოდ ეთერზეთების მასაჟებს და აბაზანებს უნიშნავდა. მცენარეული ეთერზეთებით და მასაჟით მკურნალობას არომათერაპია ეწოდება.

ეთერზეთების ყველაზე ძველი და ცნობილი ნედლეული პიტნაა. პიტნის ძირითადი კომპონენტი მენთოლია (ლათინურად mentha-პიტნას ნიშნავს,  oleum-კი ზეთია). მენთოლი ერთატომიანი სპირტია.

პიტნის ერთ-ერთი სახეობის ეთერზეთის შედგენილობის 50%-ს მენთოლი შეადგენს, დანარჩენი კი ესთერებზე  მოდის.

ქიმიის კლუბში საკმარისი დრო გექნებათ, რომ პიტნის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი მიიღოთ.

100გ. პიტნა (გამხმარი) როდინში დავსრისოთ, დავუმატოთ სპირტი და გამოვხადოთ. გამოხდის შედეგად მწვანე მასიდან 5-10 წვეთი მკვეთრი სუნის ბლანტი სითხე მიიღება.

1897 წელს გერმანიაში პიტნის გამოხდით მიღებული ეთერზეთი ხელმეორედ გამოხადეს. გამოკრისტალდა თეთრი ფერის კრისტალური, მომწარო გემოს ნივთიერება – მენთოლი. დღეისათვის მენთოლს სინთეზური გზით ღებულობენ.

სწორედ, მენთოლის საფუძველზე შექმნეს წამალი ვალიდოლი (დღეს, ზოგიერთ შეფუთვაზე „გულიდოლადაც“ მოიხსენებენ). ალბათ, ერთხელ მაინც გისარგებლიათ ამ წამლით. ერთდროულად მოტკო-მომწარო და ცივი გემო აქვს. პირის ღრუშიც სიცივეს ტოვებს. ეს მენთოლის მოქმედების გამოა, პირის ღრუში სიცივის აღმქმელ რეცეპტორებს ააქტიურებს.

მენთოლის მისაღებად, პიტნის გარდა, ზოგჯერ „სკიპიდარსაც“ იყენებენ. ამ უკანასკნელს წიწვოვნების ცვილის გამოხდით ღებულობენ. გამოხდის პროცესი ორთქლის თანაობისას უნდა ჩატარდეს. Pinus palustris და Pinus elliotti განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცვილს გამოყოფენ „სკიპიდარის“ მისაღებად. მისი სურნელის საფუძველს ნახშირწყალბადი ალფა-პინენი წარმოადგენს. კიდევ თუ გადავამუშავებთ ალფა-ტერპინეოლი წარმოიქმნება, რომლის სურნელიც ვირუსებს და ბაქტერიებს ანადგურებს.

ევა ბაბომ მეზობლის გოგო გამომიგზავნა, ჩემი ჯადოსნური ბოთლი დამიბრუნონო. ბებია, ბუნებრივია, წუხდა ჩემი მარცხის გამო, მაგრამ გოგოს დააბარა, ცოტა ხნით კიდევ მაცალოს ევამ და თავად გადავუტანო. იფიქრა, ძღვენით გადავალ და აუხსნი, რომ სოფელი წამლის გარეშე დარჩაო. მეორე დილით, მართლაც, ახლად დამცხვარი ქადებით გადავიდა. არ ვიცი, რა უთხრა, რით დაამშვიდა, მაგრამ ევა ბაბოს ჩემთვის „სურნელოვანი“ ბოთლი აღარ შეუხსენებია.

მე კი ვისწავლე, რომ როცა ხელში „სოფლის წამალი“ გიჭირავს, გზას უნდა დააკვირდე და შუა გზაზე „კისერი“ არ მოიტეხო.

 

 

ერთი გაკვეთილის რეფლექსია

0

მასწავლებელთა შიდა შეფასების ნაწილია გაკვეთილის შეფასება, რომელიც შედგება ჩატარებული გაკვეთილის გეგმისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასებისგან და მისთვის ორი კრედიტქულაა განკუთვნილი. ჩემი აზრით, ზემოაღნიშნული აქტივობა ყველაზე  მნიშვნელოვანია მასწავლებლის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით, რადგან გაკვეთილის ჩატარება და ანალიზი მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

 

ინდივიდუალურთან ერთად, გავრცელებულია ჯგუფური რეფლექსიის ინსტრუმენტები, რომლებიც ჯგუფის მუშაობის ეფექტურობას და მისი თითოეული წევრის წილს, თანამშრომლობის ხარისხს ზომავს. მასაც საკმაოდ ხშირად მიმართავენ სასკოლო პრაქტიკაში. ყველაზე  გავრცელებული და მოსახერხებელი მაინც ზეპირი რეფლექსიაა, თუმცა დადგენილია, რომ წერის დროს ადამიანები უფრო მეტ დეტალს აანალიზებენ. მოსწავლე-მასწავლებელი უმეტესად წერილობითი რეფლექსიის ისეთ მოდელებს მიმართავენ, როგორიცაა – ესეი, დღიური (პირადი, ლიტერატურული, რეფლექსიური), წერილობითი ინტერვიუ (მწერალთან, პერსონაჟთან და სხვ.), თვითშეფასების ბარათები და ა.შ. რაც შეეხება მასწავლებლის რეფლექსიას, იგი ყველაზე მეტად ესეის სტრუქტურას მიესადაგება. ისიც კონკრეტულ თემასა და სუბიექტურ ნააზრევზეა აგებული და ავტორი სამსჯელო საკითხს სწორედ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილავს. მასწავლებელი რეფლექსიის პროცესში აანალიზებს გაკვეთილის ყველა დეტალს, მისი აგებულებიდან დაწყებული თითოეული აქტივობის ეფექტურობით დამთავრებული. განსაკუთრებული ინტერესით კი იმ ხარვეზებს აკვირდება, საგაკვეთილო პროცესში რომ ჩნდება. გაკვეთილი ხომ ცოცხალი პროცესია, მასში ერთმანეთისგან განსხვავებული ათობით ადამიანია ჩართული და შეუძლებელია, ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდეს.

 

ამას წინათ, როგორც სტუდენტმა, განათლების ფაკულტეტზე ერთგვარი სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე და მასზე რეფლექსიის დაწერაც მომიხდა. დავალების შესრულებამდე, თემატურ სტატიებთან ერთად, რამდენიმე მასწავლებლის რეფლექსიასაც გავეცანი, მაგრამ ყველგან დამაკლდა თვითკრიტიკულობის ელემენტი, რაც, ჩემი აზრით, ამ ტიპის ნამუშევრისთვის აუცილებელია. არ ვიცი, რამდენ ქულას მოიპოვებდა ჩემი გაკვეთილი და რეფლექსია, შიდა შეფასების გუნდს რომ შეეფასებინა, თუმცა მაქსიმალურად შევეცადე, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილისთვის ,,კრიტიკული მეგობრის“ თვალით შემეხედა. ახლა კი ამ გაკვეთილის და რეფლექსიის შეფასება თქვენთვის მომინდვია:

გაკვეთილის რეფლექსია

 

განვიხილავ ჩემ მიერ ჩატარებულ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს თემაზე: ,,ტკივილი? – არა, რაღაც და გათავდა“ (გურამ რჩეულიშვილი). იქიდან გამომდინარე, რომ გაკვეთილი განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უნდა ჩამეტარებინა, შევარჩიე თემა, რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერი ასაკის მსმენელს დააინტერესებს. ზემოაღნიშნული ნოველა VI კლასის სასწავლო პროგრამის ნაწილია და ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ძალადობა და ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება, მსუყე სადისკუსიო მასალას წარმოადგენს.

გაკვეთილის მიზანი იყო  პრობლემაზე ორიენტირება; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება; თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების დახვეწა; ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

 

იხ: მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან (ეს მონაკვეთი, როგორც წესი, გაკვეთილის გეგმის ნაწილია, მისი რეფლექსიაში ჩართვა სავალდებულო არაა).

  • მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად

ქართ.დაწყ.(II).2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა

ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა  ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ
მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული
ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

ქართ.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი
სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და გამოყენება.

  • მიმართულება: წერა

ქართ.დაწყ.(II).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.

ქართ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი
ენობრივ-სინტაქსური
კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ გამოყენება; ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა.

ქართ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების ადეკვატურად გამოყენება.

რაც შეეხება წინარე ცოდნას,  გაკვეთილის დაგეგმვისას გათვალისწინებული მქონდა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ საშუალო სირთულის მხატვრული ტექსტის მოსმენა და გაგება; არგუმენტირებული მსჯელობა და ჯგუფში მუშაობა.

გაკვეთილის დაწყებამდე სტუდენტებს დავურიგე ფურცლები სახელების დასაწერად, რათა გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული მათგანისთვის სახელით მიმართვა შემძლებოდა. გაკვეთილის დაწყებისთანავე აუდიტორიას მოკლედ გავაცანი გაკვეთილის გეგმა, ორიოდე სიტყვით განვიხილე გაკვეთილის მიზანი და მისი თითოეული ფაზა. შემდეგ სასწავლო მასალის დამუშავების დრო დადგა. ნოველა მიზნობრივი პაუზებით წავიკითხე. ჯერ სათაურის გარშემო გავმართეთ მცირე დისკუსია, მას ვარაუდების შემოწმების მიზნით წაკითხვის შემდეგაც მივუბრუნდით. კითხვის პროცესში ასევე დავსვი რამდენიმე სადისკუსიო შეკითხვა, რომელთა დანიშნულებაც მოსმენილი ინფორმაციის სიღრმისეულად გააზრება იყო. კითხვის დასრულების შემდეგ გავაგრძელეთ დისკუსია ბულინგისა და გაუცხოების თემაზე. სტუდენტები გამოთქვამდნენ ვარაუდებს და საკუთარ მოსაზრებას არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ. ზემოაღნიშნულ დისკუსიაში მათი უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული.

მომდევნო აქტივობა წინას ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა. ტექსტთან დაკავშირებული მიგნებები ,,პრობლემის რუკაზე“ გადავიტანე. ამ გზით შევაჯამეთ დისკუსია და ერთ ფორმატზე მოვუყარეთ თავი კლასის ნააზრევს.

რაც შეეხება წერით დავალებას, გავაერთიანე წერის ორი სტრატეგია – „რაფთ“ და „სამწუთიანი წერა“ (სქემის ნიმუში შესწავლილ მინიატურაზე დაყრდნობით შევქმენით). მოსწავლეები 3-4-კაციან ჯგუფებად დავყავი. ჯგუფებს შესწავლილ თხზულებაში აქცენტირებული პრობლემებიდან ერთ-ერთი (მამა-შვილის ან ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის, ძალადობის, შიმშილის, დაუცველობის, გაუცხოების…) უნდა აერჩიათ, შეევსოთ სქემა (,,რაფთ“), მოეფიქრებინათ პატარა ისტორია და კომიქსის, დღიურის ან მინიატურის სახით ჩაეწერათ. გაკვეთილის დასასრულ კი ჯგუფებმა თავ-თავიანთი ნამუშევრები კლასის წინაშე წარმოადგინეს.

     რაც შეეხება საშინაო დავალებას, დისკუსიის დროს გამოვლენილი ინტერესიდან გამომდინარე, მოსწავლეებს საქართველოს კონსტიტუციაში ნადირობის კანონთან დაკავშირებული მუხლის მოძიება და გაცნობა დაევალათ. ამას გარდა, მათ უნდა წაეკითხათ გურამ რჩეულიშვილის ,,მუსტანგები“ და წერილობით დაეფიქსირებინათ მასა და გაკვეთილზე შესწავლილ თხზულებას შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები.

გაკვეთილზე გამოვიყენე შემდეგი რესურსები: ფორმატები, წებოვანი ლენტი, მაკრატელი, მარკერები, ფურცლები, კალმები, ფერადი ფანქრები და მობილური ტელეფონი (ტაიმერისთვის). რაც შეეხება კლასის ორგანიზების ფორმას, ორიენტირებული კითხვის და მსჯელობის პროცესში მივმართე საერთო საკლასო ფორმას, წერითი დავალების დროს კი -ჯგუფურ სამუშაოს.

საგაკვეთილო პროცესში სტუდენტთა უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული. მათ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჰქონდათ თვითგამოვლენის საშუალება, ჯგუფური მუშაობის დროს კი თავიანთი ნააზრევის კიდევ ერთხელ შეჯერება და ფორმირება შეძლეს. მოსწავლეთა ჩართულობას განმავითარებელი კომენტარებით ვაფასებდი.

გაკვეთილის პროცესში დისციპლინური დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე მოსწავლე მსმენელის როლში დარჩა და მინიმალურად ჩაერთო სასწავლო პროცესში, რაც ჩემი გაკვეთილის მთავარ ხარვეზად მიმაჩნია. ამას გარდა, მომიხდა გეგმის მოდიფიცირება და გაკვეთილის მეორე ნახევრის დაჩქარება, რადგან პირველმა ნახევარმა – კითხვამ და დისკუსიამ დაგეგმილზე ბევრად მეტი დრო მოითხოვა, რაც სტუდენტების მაღალმა ინტერესმა და მსჯელობის გაცილებით ღრმა უნარმა განაპირობა, ვიდრე აღნიშნული გაკვეთილის მიზანი ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, გამიჭირდა აუდიტორიის აქტიურობისა და ცალკეული ინდივიდების პასიურობის მართვა.

დროის დაზოგვის მიზნით, მოვერიდე სტუდენტების დაფასთან გამოყვანას და მათ ნააზრევს თავად ვწერდი ზემოთ აღწერილ სქემებში. უკეთესი იქნებოდა, თუ გაკვეთილზე გამოყენებული გრაფიკული ორგანიზატორების შევსებას „პასიურ მოსწავლეებს“ მივანდობდი.

ამ გაკვეთილის მთავარ ხარვეზად დროის სწორად განაწილებას მივიჩნევ. უცხო აუდიტორიასთან დაკავშირებულმა ღელვამ და სხვა გარე ფაქტორებმა დროის მართვაში მნიშვნელოვნად შემიშალა ხელი. დროში გაწერილი მხოლოდ ჯგუფური აქტივობა და პრეზენტაცია იყო, ამ აქტივობების დროს ტაიმერით ვაკონტროლებდი და აღნიშნული მიდგომა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დრო გაკვეთილის დაწყებისთანავე უნდა დამენიშნა. უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ ამ საქმეს რომელიმე სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს მივანდობდი.

დროის არასწორმა განაწილებამ გაკვეთილის შეჯამებაშიც შემიშალა ხელი. დრო აღარ დამრჩა, რომ გაკვეთილის დასასრულ მოკლე რეფლექსია გამეკეთებინა და ამის საშუალება „მოსწავლეებისთვისაც“ მიმეცა. ვთვლი, რომ გეგმის შედგენისას ეს ნიუანსი აუცილებლად უნდა გამეთვალისწინებინა, რადგან გაკვეთილის შეჯამების დროს ცხადად იკვეთება შედეგი, რომელსაც რეალურად მიაღწიე.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...