პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
7 ნოემბერი, პარასკევი, 2025

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

0

მოგეხსენებათ, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება 21-ე საუკუნის უნარებს ავითარებს, მოსწავლეები უკეთ ართმევენ თავს პროექტისთვის დაგეგმილ აქტივობებს მაშინ, როცა მის დაგეგმვაში თვითონ მონაწილეობენ მოსწავლეები, მაგრამ უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა მშობელთა ჩართულობა ამ პროცესში, რადგან მათი გააქტიურება და პროექტის წარმართვის პროცესში დამოუკიდებლობის მინიჭება ზრდის მათ პასუხისმგებლობას და აჩვევს მშობელს შვილთან ურთიერთობას. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება სკოლაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სკოლაც და მასწავლებელიც დაინტერესესბული უნდა იყვნენ მშობელთან აქტიური თანამშრომლობით, რადგან ეს აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.

მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლის იტენსიურ, მრავალმხრივ მონაწილეობას საკლასო თუ სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში, ამ დროს მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია, თვითშეფასება, უვითარდება სოციალური უნარები, მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ისევე სკოლაში. ერთიანდებიან მშობელი და მასწავლებელი, რათა ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლის შვილებს უფრო კარგი ურთიერთობა უყალიბდებათ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთანაც. განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როცა მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინებას.

მშობელთა ჩართულობას სარგებელი აქვს თვითონ მშობლისთვისაც, იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები, მას მეტად ესმის თავისი შვილის, უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შვილის სოციალური, ემოციური, ინტელექტუალური განვითარების საჭიროებას. ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს. მშობელი სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში, უფრო თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას, მეტ დროს უთმობს საკუთარი  ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლებას.

მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში მასწავლებელს ეხმარება გახდეს უფრო თავდაჯერებული, უფრო მეტად დააფასოს საკუთარი პროფესია, მშობელსა და მასწავლებელს შორის  კომუნიკაცია ეხმარება მასწავლებელს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ. ეს ყველაფერი კი მასწავლებელს საშუალებას მისცემს, მოარგოს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს სასწავლო პროცესი და მიაღწიოს სასურველ შედეგს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციაა „წიგნიერება“. კითხვის უნარის განვითარება განაპირობებს სასკოლო პროგრამის წარმატებით ათვისებას და განსაზღვრავს თითოეული პიროვნების ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ გავიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) და სწავლების საერთაშორისო კვლევების (TIMSS)  შედეგების მიხედვით საქართველოს სკოლებში აუცილებელია კითხვის უნარების განვითარება, უკეთესი შედეგები აჩვენეს იმ მოსწავლეებმა, რომელთა მსობლებსაც უყვართ კითხვა და შვილებთან ერთად არიან ჩართულნი კითხვის აქტივობებში, მათ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს მათი შვილების აკადემიური მოსწრება და მიღწევები.

სწორედ მშობელთა ჩართულობით წიგნიერების დონის ამაღლებისათვის დავგეგმე პროექტი ჩემს სადამრიგებლო პირველ კლასში მიმდინარე სასწავლო წლის თებერვალში. იანვრის ბოლოს დავასრულეთ ასო-ბგერების შესწავლა. უნდა მეზრუნა მათი როგორც მკითხველებად ჩამოყალიბებისთვის, მოსწავლეები იჩენდნენ ინტერესს წაკითხული პატარა ტექსტების მიმართ, ითხოვდნენ, რომ ყოველ გაკვეთილზე ასო-ბგერების შესწავლის შემდეგ წამეკითხა მათთვის უცხო ტექსტი. დამებადა  პროექტის  იდეა , რომელსაც მშობელთა ჩართულობით განვახორციელებდი.

პროექტი „ვსწავლობთ კითხვას“  მიმდინარეობდა 18.02-დან  25.03.2019-მდე, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში.

პროექტის მსვლელობისას გამოვიყენე მრავალფეროვანი აქტივობები:

  • კლასის მომზადება პროექტისთვის;
  • ლიტერატურის შერჩევა ასაკის გათვალისწინებით;
  • მშობლებისთვის დაგეგმილი დღეების და წასაკითხი წიგნების განრიგის გაცნობა;
  • საუბარი მოსწავლეებთან წიგნის მნიშვნელობაზე და კითხვის აუცილებლობაზე;
  • ფილმის ჩვენება პროექტორის დახმარებით „ბომბორა სწავლას იწყებს“ და განხილვა- ჩანახატის გაკეთება -კლასის კედლებზე განთავსება;

  • ვიზიტი თოჯინების თეატრში მშობლებთან ერთად და შთაბეჭდილების გადმოცემა ნახატით–კლასის კედლებზე განთავსება;
  • დიდ მონიტორზე წიგნის კითხვა და ერთობლივი განხილვა;
  • სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში და წიგნების „ორი ღორი“ და „დათვი დადუ“ კითხვა და დისკუსიის გამართვა სკოლის ბიბლიოთეკართან;
  • ვიზიტი ვარკეთილის ფილიალის მედიათეკაში მშობლებთან ერთად , საუბარი შთაბეჭდილებებზე;
  • მშობლების ვიზიტი კლასში კვირაში 3-ჯერ და წინასწარ განსაზღვრული წიგნების წაკითხვა- განხილვა ;
  • პრეზენტაცია – საუბარი მშობლებთან, მოსწავლეებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ, შთაბეჭდილებების გადმოცემა, პროდუქტის შექმნა: წიგნის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ დამზადება მშობლებთან ერთად.

გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდი და კლასის ორგანიზების ფორმები: მინი ლექცია წიგნის კითხვის აუცილებლობაზე, მოსმენა, ფილმის ჩვენება, დისკუსია, საუბარი, ვერბალური საუბარი, კითხვა-პასუხი, გონებრივი იერიში, როლებში კითხვა, კითხვა სხვადასხვა მეთოდებით: განგრძობით, ინდივიდუალური, ერთობლივი, ქოროს ტიპის, გამოკრებითი, ბიჭების, გოგონების. ცხრილებით მუშაობა, შთაბეჭდილებების გადმოცემა,  ჩანახატების და ნახატის გაკეთება, წიგნის შექმნა ერთობლივად, გამოფენის მოწყობა. ინდივიდუალური მუშაობა, წყვილებში მუშაობა, საერთო საკლასო მუშაობა.

ჩემ მიერ განხორციელებულ პროექტს ჰქონდა დადებითი შედეგი. პროექტი მთელი პროცესის განმავლობაში იყო ინტერაქტიული. პროექტმა ხელი შეუწყო  მოსწავლეებში  შემოქმედებითი, ფანტაზიის, თანამშრომლობითი, პრეზენტაციის, თავდაჯერებულობის, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის, პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. მოსწავლეები და მშობლები აქტიურად მუშაობდნენ და შექმნეს პროდუქტი, მათ ერთობლივად წაიკითხეს 25 საბავშვო მოთხრობა. პროექტში ჩართული იყო პირველი კლასის 27 მოსწავლე და 25 მშობელი. პროექტის მსვლელობისას მშობლები უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს სხვა კლასის მშობლებს, მოსწავლეები კი-დასვენებებზე თანატოლებს ესაუბრებოდნენ წაკითხული საბავშვო ლიტერატურის შესახებ.

პატარები ვერ მალავდნენ ემოციებს  თავიანთი და მშობლების ერთობლივი მუშაობით შექმნილი წიგნის მიმართ,  გადაწყვიტეს, რომ ივლიდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში, ვარკეთილის ფილიალის მედიათეკაში მშობლებთან ერთად და კვლავაც გააგრძელებდნენ ლიტერატურის კითხვას. გამოთქვეს სურვილი, რომ პროექტი მშობელთა ჩართულობით გაგრძელდეს მომდევნო კლასებშიც. პროექტში ბავშვების და მათი მშობლების  აქტიურმა ჩართულობამ  ჩემში ახალი იდეების დაბადებას შეუწყო ხელი, რომლებსაც სიამოვნებით გავუზარებ კოლეგებს და მომავალშიც განვახორციელებ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

ინტერნეტრესურსი www.kargiskola.ge

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი. II ნაწილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მხატვრული ხერხების სწავლებისათვის

0

მხატვრული ლიტერატურის აღქმა-გააზრება და ტექსტის სწორი ინტერპრეტაცია მხატვრული სახეების გახსნის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ მათი ამოცნობა, გააზრება და შეფასება.

ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების სქემაში ერთ-ერთი კრიტერიუმი  აფასებს ტექსტის მხატვრული თავისებურებების აღქმის უნარს, რაც გულისხმობს, არა მხოლოდ ტროპული მეტყველების ნიმუშების ამოკრებას მოცემული ტექსტიდან, არამედ ავტორის ინდივიდუალური სტილის შესახებ მსჯელობას. ამ კრიტერიუმში ქულათა ხვედრითი წილი წელს ორჯერ გაიზარდა, რაც თავისთავად მიუთითებს საკითხის მნიშვნელოვნებაზე, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არათუ მხატვრულ თავისებურებებსა და, ზოგადად, მწერლის სტილზე მსჯელობა, არამედ მხატვრული ხერხების ცოდნაც კი  ბევრი მოსწავლისთვის პრობლემაა. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, არის საკითხის თეორიული სწავლება. თეორიის, ტერმინების დაზუთხვა მოსწავლეს არაფერს აძლევს.

მხატვრული ხერხების შესწავლა ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებში იწყება. პირველად მწერლის ენაზე დაკვირვება მეოთხე კლასის სტანდარტითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, მოსწავლემ ეპითეტისა და შედარების ამოცნობა უნდა შეძლოს. მეხუთე კლასში შემოდის მეტაფორა და გაპიროვნება, მერვეში – ჰიპერბოლა, ალეგორია და სხვ.  თუ მეოთხე კლასში მოსწავლეებს მხატვრული ხერხების მხოლოდ ამოცნობა მოეთხოვებათ, მეხუთე კლასის სტანდარტით, მათ ეს ხერხები უნდა გამოიყენონ კიდეც ტექსტების შექმნისას. შემდეგ კლასებში მხატვრულ ხერხებთან დაკავშირებული მოთხოვნები რთულდება. მეექვსე კლასიდან მოსწავლეს მხატვრული ხერხების ფუნქციის გააზრებაც მოეთხოვება. მეცხრე კლასიდან მოსწავლემ სხვადასხვა სახის ტექსტებში გამომსახველობითი ხერხების შედარება და მათი ეფექტიანობის შეფასება, დამამთავრებელ კლასში კი მხატვრულ სახეთა სისტემაში კონკრეტული მხატვრულის სახის ღირებულების გააზრება, ზოგადად, მწერლის სტილზე საუბარი უნდა შეძლოს.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგამდე საკითხის ინტენსიური, პრაქტიკული  სწავლებით უნდა გავიდეთ. კერძოდ, მივცეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის (ამოწერა, შესაბამისობა, ცხრილში დაჯგუფება და სხვ.) სავარჯიშოები, რომლებიც მხატვრული ტექსტების ამოცნობას ითხოვს, გავააქტიუროთ მათი წარმოსახვა, ხშირად ვაწერინოთ ტექსტები მხატვრული საშუალებების გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება, შევუქოთ მათ თითოეული ლამაზი ეპითეტი, შედარება თუ სხვა მხატვრული სახე.

მინდა ჩემი პრაქტიკიდან გაგიზიაროთ რამდენიმე სტრატეგია, რომლებსაც ვიყენებ მხატვრული ხერხების სწავლებისას.

შესაბამისობის დავალება

ისრებით დააკავშირეთ მხატვრულ ხერხებთან შესაბამისი მაგალითები.

შესაძლებელია, იგივე დავალება მივცეთ სხვა ფორმით. მაგ., მივაწოდოთ მაგალითები დაჭრილი სახით და დავავალოთ, ამოიცნონ და დააჯგუფონ შესაბამის სვეტში.

ძალიან ხშირად მხატვრული ნაწარმოების შესწავლის პროცესში მოსწავლეებს ვთავაზობ ფლიპჩარტზე დაწერილ ფრაგმენტს ტექსტიდან, რომელშიც უხვადაა გამოყენებული მხატვრული ხერხები.

ამოვიცნოთ მხატვრული ხერხები.

„ცეცხლები ენთო ქარისაგან გაფხეკილ გორაზე. ანგელოზიანია ჩონგური! – დაიძახა ღვთისავარმა და სანთელივით ჩამოქნილი თითები ჩამოჰკრა სიმებს. ჩონგურის ხმამ საამო ჟრუანტელად დაუარა ღამეს. ღვთისავარს ხალხი გარს შემოეხვია. ბიბღამ თვალი მოჰკრა დევგარეულს, რომელსაც ცეცხლებისგან კარგა მოშორებით ეძინა. სამხარეული გულიანად ხვრინავდა… სარეცელივით გამტკნარებულ ცაზე ჩონგურის ხმით გაქეზებული ნაგლეჯები ცეკვავდნენ“- (ნაწყვეტი გოდერძი ჩოხელის „გაღმივლებიდან“).

მოცემულ ტექსტში ყველა ის მხატვრული ხერხი (ეპითეტი, შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება) გვხვდება, რომელთა ამოცნობა ესგ-ის სტანდარტით ევალება მეხუთეკლასელ მოსწავლეს. ფლიპჩარტი გაკრულია დაფაზე, მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ამოიცნობენ მხატვრულ საშუალებას, მასწავლებელი გახაზავს შესაბამის სიტყვას, სიტყვათშეხამებას, ფრაზას და მიაწერს მის დასახელებას. იმავე დავალებაზე მუშაობის დროს შეგვიძლია შევცვალოთ კლასის ორგანიზების ფორმა – ტექსტი დავბეჭდოთ თაბახის ფურცლებზე და სამუშაოდ მივცეთ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში.

შევთხზათ ზღაპრის დასაწყისი.

შეურჩიეთ სახელებს ეპითეტები და ჩასვით მრავალწერტილის ადგილას.

…………………….ტყის ნაპირას…………………………..  ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ისინი…………………….ზამთრის ……………………….ღამეებს ……………ბუხართან ატარებდნენ. ………………………….ბებია ………………………………..წინდებს ქსოვდა, ……………………….ბაბუა……………………….. წიგნის…………………………….. ფურცლებს უაზროდ ფურცლავდა.

მოსწავლეები ტექსტში გამოყენებულ ყველა არსებით სახელს ურჩევენ ეპითეტებს.   კითხულობენ თავდაპირველ და ეპითეტებიან ვერსიებს, ადარებენ ერთმანეთს და მსჯელობენ, რომელი ტექსტია უფრო ეფექტური და რატომ.

შემოქმედებითი წერა

მოსწავლეებს ვთავაზობთ ნახატებს ან სათაურებს და ვავალებთ, შემოთავაზებული ვარიანტებიდან სასურველ თემაზე შეთხზან ტექსტი მხატვრული ხერხების გამოყენებით. ზოგჯერ გონებრივი იერიშით მოფიქრებული იდეების საფუძველზე ირჩევენ ერთ-ერთს და წარმოსახვით ქმნიან ტექსტებს. მოსწავლეები წერენ, იყენებენ ნასწავლ  მხატვრულ ხერხებს, კითხულობენ და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. მნიშვნელოვანია, ტექსტები შეფასდეს მოსწავლეთა მონაწილეობით შექმნილი რუბრიკით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კრიტერიუმი – მხატვრული ხერხები.

გთავაზობთ მერვეკლასელი მოსწავლის წარმოსახვით შესრულებულ ნამუშევარს (იდეა-უდაბნოში აღმოცენებული ერთადერთი ყვავილი).

ყვავილი უდაბნოში

უკიდეგანო ოქროს ოკეანეში გაბატონებული ჯოჯოხეთური სიცხე სულს აფრთხობინებდა ნებისმიერ სულიერს. ერთ დროს ყეყეჩი, ახლა კი მცხუნვარე მზისგან დამჭკნარი ყვავილი გავარვარებულ ქვიშას მისვენებოდა და მოთქვამდა. არავინ ჰყავდა გულშემატკივარი. თუმცა, სიცხისგან მისავათებულს, ლაპარაკის თავი არც ჰქონდა. კაიროდან მომავალ ბედუინებს მოეშორებინათ თავიდან. წუხდა, ძალიან წუხდა და სიკვდილის მოლოდინში სინანულის გრძნობა გულს უთუთქავდა. ნანობდა, ერთ დროს ლამაზი და  ქედმაღალი, სხვებს რომ დასცინოდა.

დაღამდა. ცაზე დამსხდარი ვარსკვლავები მბჟუტავი სანთლებივით ანათებდნენ. ქვიშა კვლავ დუღდა. სამარისებური სიჩუმე სუფევდა. სიკვდილს ნატრობდა. სწყუროდა ყვავილს. გამჩენს წყევლიდა. წვიმას ნატრობდა,  წყურვილის გრძნობა რომ შემსუბუქებოდა… სანამ იგი ოცნებობდა, უდაბნოს კალთებში მოკალათებული სიკვდილი შმაგურად იჭრებოდა მის სხეულში.

აღნიშნული სტრატეგიების მრავალჯერადი გამოყენება მოსწავლეებს გაუმარტივებს საკითხის შესწავლას, განუვითარებს ტექსტის მხატვრული თავისებურებების აღქმის უნარსა და  შემოქმედებით აზროვნებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016

ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

https://naec.ge/uploads/postData/EEG-2018/mkhatvruli-textis-analizi-da-shefasebis-kriteriumis-ganmarteba.pdf

კოგნიტური დიაგრამების პრაქტიკული გამოყენება  სახვით და გამოყენებით ხელოვნების გაკვეთილზე

0

სასწავლო პროცესში კოგნიტური სქემების ჩართვა ხელს უწყობს მოსწავლის კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების განვითარებას. მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს. კოგნიტური დიაგრამების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პედაგოგის როლი და ფუნქცია, რადგან  ხელს  უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ზრდას,  ეხმარება მას ინფორმაციის აღქმასა და დეტალების ვიზუალურად დანახვაში, რაც ხდის მას  უფრო გამჭრიახს და აქტიურს. კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:

  • ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
  • ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
  • შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  • ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
  • სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.

დიაგრამა  : ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგეთუკი მასწავლებლის მიზანია, მაქსიმალურად მიიპყროს მოსწავლის ყურადღება და დააფიქროს ისინი ამა თუ იმ საკითხზე, მასწავლებელი მოსწავლეს სტრუქტურულ და საფეხურობრივ მიდგომას სთავაზობს. ეს მეთოდი ყურადღების კონცეტრირებას უწყობს ხელს, ააქტიურებს მოსწავლის წინა ცოდნას, ეხმარება მასალის მთლიანობაში გააზრებაში, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმის უნარ-ჩვევას. ეხმარება გაიაზროს, რა არის მნიშვნელოვანი მოცემულ მასალაში, მიუთითებს, რა ისწავლა ამ მასალის დამუშავებით, უმაღლებს მოტივაციას. მასწავლებელი ავალებს თითოეულ მოსწავლეს, ინფორმაციის გაცნობამდე შეავსოს პირველი და მეორე გრაფა, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი მესამე.

(დიაგრამა1)

 

ვიცი

 

 

მინდა ვიცოდე

 

რა გავიგე

     

 

მინდა   გამოცდილება გაგიზიაროთ, გაგაცნოთ „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ დიაგრამის გამოყენების მაგალითი ჩემი პრაქტიკიდან:

აქტივობის მიზანი: განვუმტკიცოთ არქიტექტურული ნაგებობის   გაგების, გაცნობის უნარი; მოსწავლეს გავუღრმავოთ კონკრეტული ისტორიული ეპოქის თავისებურებებზე მსჯელობის უნარი და დამატებითი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარ-ჩვევა.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:

.. VIII.7.    ამოიცნო ხელოვნების ნიმუშის ეპოქალური  ნიშნები;

.. VIII.8.    ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);

.. VIII.11.    მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;

მოსწავლის დავალება N1-რა იცით  გოთური სტილის არქიტექტურის შესახებ და რა გინდათ იცოდეთ? შეავსეთ სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე 1 და მე-2 გრაფა.

მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციას გოთური სტილის არქიტეტურის შესახებ:

გოთური არქიტექტურა

გოთური სტილის ჩამოყალიბების პროცესი,  მე-12 საუკუნის ბოლოდან დაწყებული შუა საუკუნეების საფრანგეთის კულტურისა და ხელოვნების აყვავების ხანაა. მე-13 საუკუნეში, დიდი კათედრალების ხანაში საფრანგეთი ევროპის უმდიდრესი და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა იყო , პარიზის უნივერსიტეტიც მთელი დასავლეთის ინტელექტუალური ცენტრი გახდა. გოთიკური არქიტექტურა ახალი ტექნიკური აღმოჩენებით გამოირჩევა, მაგ. ევროპაში მე 11-12 საუკუნეებში გავრცელებულ რომანული სტილის ნაგებობებში მასიური კედელი იგებოდა იმ მიზნით , რომ დაეჭირა ჭერი და კარგი საყრდენი ყოფილიყო. გოთიკამ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია უფრო მაღალი შენობების აგება ბევრად თხელი კედლებით და ნაკლებად მასიური საყრდენებით.

გოთიკური ტაძრის კონსტრუქციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ნახევარწრიული რომანული თაღების და კამარების შეცვლას ისრული თაღ – კამარებით, რამაც დიდად შეანელა კამარების განბჯენის ძალა. ისრული თაღი გოთიკის განსაკუთრებულ ნიშნად ითვლება და მეტი სიმაღლის ეფექტს ტოვებს, ვიდრე მრგვალი რომანული თაღები. იგი ასევე ძალიან მყარია და ამავე დროს ძალიან მოქნილი, რადგან ეწყობა სხვადასხვა გრადუსის დაქანებას. გოთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის, რომ ნაგებობის სიმძიმე და ქვის წყობის სიმტკიცე გარკვეულ წერტილებზე იყო კონცენტრირებული და თუ ეს წერტილები სწორად იყო შერჩეული, სტრუქტურის სხვა ნაწილებს აღარ სჭირდებოდა განსაკუთრებული საყრდენი. ამ გამოგონებას შენობის მასათა საგრძნობი შემსუბუქება მოყვა.

ტაძრის კონსტრუქციის ცენტრს ნახევარსვეტების კონისაგან შედგენილი ბოძები, მათზე დაყრდნობილი შეისრული თაღები და დიაგონალურად ურთიერთგადამკვეთი ნერვიუერები შეადგენდნენ. გოთიკური სტილის შემდგომი დახვეწა ე.წ.  არკბუტანებში გამოიხატა. ეს არის შენობის გარე კედელზე მიშენებული ნახევარრკალის ფორმის ქვის თაღი, რომელიც კამარის გამბრჯენ ძალებს გადასცემს გარე კედელზე მიშენებულ ბურჯებს- კონტრფორსებს ( რომლებიც გარე ნავებს ამაგრებს). არკბუტანის დამსახურება მდგომარეობს იმაში რომ ტაძრის მთავარი ნავი ამაღლდა, ხოლო სარკმელი გაიზარდა. ხშირად არკბუტანების დასაყრდენ წერტილებში კონტრფორსებზე აგებდნენ კონუსისებურ სვეტებს, რომლებსაც პინაკლები ეწოდებოდა. ამით ყურადღების გამახვილება ვერტიკალური კონტურების სიმკვეთრეზე ხდებოდა. ამ ელემენტებში გოთიკური არქიტექტურის ყველაზე წარმტაცი თავისებურება გამოიხატებოდა.

გომბრიხი თავის წიგნში „ხელოვნების ამბავი“ გოთური არქიტექტურის შესახებ წერდა, რომ  ხუროთმოძღვართა იდეა ეკლესიის იმგვარად აგება გახდა, როგორც ჩვენს დროში სათბურებს აშენებენ , მაგრამ მათ არც ფოლადის ჩარჩოები ჰქონდათ და არც რკინის ძელები, ყველაფერი ქვის იყო და მათი შეერთება საგანგებო გაანგარიშებას მოითხოვდა, სწორი გათვლის შედეგად კი აგებდნენ ქვისა და მინის ვიტრაჟებით შემკულ შენობებს, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე მანამდე არ არსებულა. გომბრიხის აზრით გოთიკური ეკლესია თითქოს ქვის ამ გარციოზულ სტრუქტურებს შორის არის შეკიდული და ზუსტად ისე ზიდავს მის სიმძიმეს, როგორც მსუბუქი სხივებით შემტკიცული ველოსიპედის ბორბალი. ორივე შემთხვევაში სიმძიმე თანაბრად ნაწილდება, რაც შემავსებელი მასების კვლავ და კვლავ შემცირების შესაძლებლობას იძლევა, ოღონდ ისე რომ მთელის სიმტკიცე არ შეილახოს.

ისევე როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ფრანგულმა ხუროთმოძღვრებამ, არქიტექტურამ განვლო: ადრეული, მომწიფებული ანუ მაღალი და გვიანდელი გოთიკის ეტაპები. საფრანგეთის ადრეული გოთიკა მოიცავს მე-12 ს-ის უკანასკნელ მესამედს და მე-13 საუკუნის პირველ მეოთხედს; მომწიფებული გოთიკის ძეგლები იქმნებოდნენ 20-იანი წლებიდან მე-13 საუკუნის ბოლომდე. გვიანდელი გოთიკა მოიცავს მე-14-15 საუკუნეებს, მაგრამ მისი ზოგიერთი ნიშან-თვისება, არქიტექტურული დეკორის სინატიფე და დახვეწილობა იჩენდა თავს უკვე მე-13 საუკუნის ბოლო დროინდელ  ძეგლებში. ზოგჯერ მე-15 ს-ის გოთიკურ ხელოვნებას გამოყოფენ ე.წ. აალებადი“ გოთიკის განსაკუთრებულ პერიოდად.

ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაასრულონ: „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ დიაგრამის შევსება.

შედარების დროს, ძირითადად, ორი ტიპის გრაფიკული სქემა გამოიყენება: ვენის დიაგრამა და  შედარების მატრიცა. მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა შედარების დროს ხდება. შედარება წარმოადგენს საგნებს ან იდეებს შორის მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის პროცესს.  ვენის დიაგრამაშედარებითი ანალიზის საშუალებას იძლევა და ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშების შედარებისას. შედგება ორი ან მეტი რგოლისაგან. ვენის დიაგრამა შემდეგნაირად უნდა შეივსოს: ორი წრის გადაკვეთაში მსგავსებათა ჩამონათვალია მოცემული. განსხვავებები კი წარმოდგენილია წრეების იმ ნაწილებზე, რომლებიც არ იკვეთება. მოსწავლეები  ვენის დიაგრამის   გამოყენებით ხელოვნების ორი  ნიმუშის   შედარებისას   კარგად დაინახავენ, თუ როგორ ჰგავს ან განსხვავდება ნიმუშები კონკრეტული მახასიათებლის მიხედვით. ამის საილუსტრაციოდ მინდა წარმოგიდგინოთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში:

მოსწავლის დავალება N2 -შეადარეთ ერთმანეთს გოთური კათედრალების ინტერიერები, განსაზღვრეთ, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.    (შესადარებლად გამოიყენეთ „ვენის დიაგრამა“)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ არქიტეტურული ნაგებობის ინტერიერის შედარებითი ანალიზის უნარი

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:

.. VIII.7.    ამოიცნო ხელოვნების ნიმუშის ეპოქალური  ნიშნები;

..VIII.8. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს:

..VIII.10.   ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.

..VIII.11.  მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;

1.      რეიმსის ტაძრის ინტერიერი 2.      კიოლნის ტაძრის ინტერიერი

(დიაგრამა 2)

დეტალური მიდგომის დროს შედარების მატრიცა უფრო გამოიყენება, ვიდრე ვენის დიაგრამა. მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა მნიშვნელოვანია კლასიფიკაციის დროსაც, რადგან გარკვეული ელემენტების კლასიფიკაცია სწორედ მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციით იწყება. კლასიფიკაცია გულისხმობს ელემენტების ჯგუფებად დაყოფას, მათ შორის მსგავსების საფუძველზე. კლასიფიკაციისას მთავარია იმ წესების იდენტიფიკაცია, რომელიც კლასსა და კატეგორიაში კუთვნილებას განსაზღვრავს.  ქვემოთ მოცემული  დავალების ნიმუში,  „შედარების მატრიცის“  პრაქტიკულ გამოყენებას ასახავს.

მოსწავლის N3 დავალების ნიმუში:

შეადრეთ ერთმანეთს სამი გოთური კათედრალის ფასადი. განსაზღვრეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. (შესადარებლად გამოიყენეთ „შედარების მატრიცა“)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ არქიტეტურული ნაგებობის ექსტერიერის   შედარებითი ანალიზის უნარი

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:

.. VIII.7.    ამოიცნო ხელოვნების ნიმუშის ეპოქალურ  ნიშნებს;

..VIII.8. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს:

..VIII.10.   ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.

..VIII.11.  მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;

N1 რეიმსის ტაძარი N2 შარტრის ტაძარი N3 კიოლნის ტაძარი

(დიაგრამა 3)

                                      შედარების მატრიცა
მახასიათებლები შესადარებელი ნიმუშები  
N-1   რეიმსის ტაძარი.ფასადი N-2 შარტრის ტაძარი. ფასადი N-3 კიოლნის ტაძარი. ფასადი
 

 

 

 

 

 

    მსგავსება
 

 

    განსხვავება
 

 

 

 

 

 

 

    მსგავსება
      განსხვავება
 

 

 

 

 

 

 

    მსგავსება
 

 

    განსხვავება
 

 

 

 

 

 

    მსგავსება
 

 

    განსხვავება

მოსწავლემ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე უნდა მოახდინოს სამივე  ნიმუშის მთავარი არქიტექტურული  დეტალების, მახასითებლების კლასიფიკაცია, მაგ: შპილი, თაღი, პორტალი, ვარდული სარკმელი  და. ა. შ შემდეგ კი დაადგინოს მსგავსება განსხვავება თითოეული ნიმუშის მიხედვით.

ბოლოს, დასკვნის სახით, მინდა აღვნიშნო, რომ კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით პედაგოგი ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას, ეხმარება მას არსებითი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში; მოვლენებსა და ფაქტებს შორის ურთიერთკავშირის დანახვაში; მოსწავლე ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას, სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.

 

სსიპ   საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  წამყვანი მასწავლებელი: რევაზ  ცარციძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)
  2. კლდიაშვილი ა. ღაღანიძე ნ. ჯაყელი თ. (2012 წ) ხელოვნება   VIII კლასი.  გამომცემლობა „კლიო“.
  3. ბუწაშვილი.თ; დალაქიშვილი.ნ; თოფაძე.ქ; პაჭკორია.თ; ტყემალაძე.რ (2011წ) სწავლება და შეფასება . მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  4. გომბრიხი.ე.ჰ. (2012 წ). ხელოვნების ამბავი. შპს „ლოგოს პრესი“

მიკროფონი და გეოგრაფიის გაკვეთილი

0

დღეს, როდესაც ყოველი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტურად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინფორმაციის არა მხოლოდ მოპოვება, არამედ შეფასებაც და, რაც მთავარია, მისი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, ფიზიკური თუ ინტელექტუალური მუშაობის პირობების გასაუმჯობესებლად.

გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ბევრი ისეთი საკითხია მოცემული, რომლებიც თანამედროვე პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამ მასალის საინტერესოდ მიწოდება მასწავლებლისთვის ერთგვარი გამოწვევაა. მან უნდა შეძლოს, პროცესი შედეგზე ორიენტირებულიც იყოს და სახალისოც.

უცხო არავისთვისაა, რომ მოტივაციის გაზრდის მიზნით სასურველია მოსწავლეებისთვის ისეთი აქტივობების შეთავაზება, რომლებიც უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, ყოველდღიურობას, მათ გამოცდილებას. მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს მოსწავლეთა ინტერესები და აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა, ორგანულად შეუხამოს ერთმანეთს სასწავლო საქმიანობა და გართობა. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ შემეცნებითი როლური და იმიტაციური თამაშები, რათა მოსწავლეებს არჩევანისა და მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის საშუალება მივცეთ. ყურადღება გავამახვილოთ იმ ძლიერ მხარეებზე, რომლებიც მოსწავლის თვითდამკვიდრებას, სხვებისთვის საკუთარი მიგნებების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

საილუსტრაციოდ გაგაცნობთ გეოგრაფიის გაკეთილზე (სიღრმისეულ ფაზაზე) განხორციელებულ აქტივობებს, რომლებიც თქვენს გაკვეთილს სახალისოსაც გახდის და შედეგიანსაც.

კლასი – IX

თემა – „შავი ზღვის სამეურნეო გამოყენება და დაცვა“

I აქტივობა: ვიდეორგოლის ანალიზი

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაჩვენებ ვიდეორგოლს „შავი ზღვა და მდინარეები“. https://drive. google. com/file/d/1QIgv6oxSFISWZS4f3UPjXUO9VU843k7h/view?usp=sharing

ვაძლევ ინსტრუქციას და სათითაოდ ვურიგებ წინასწარ მომზადებულ კითხვარს, რომლის მიხედვითაც უნდა გააკეთონ ვიდეორგოლის ანალიზი. კითხვებზე მუშაობენ ინდივიდუალურად, პასუხების მოსმენის შემდეგ გამოყოფენ საერთო პრობლემას და მის მიზეზებს, რომლებსაც წერენ ფლიპჩარტზე წინასწარ დახაზულ კოგნიტიურ სქემაში.

 

II აქტივობა: როლური თამაში მიკროფონი.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევ, აქტიურად გამოიყენონ მიკროფონი და აქვე ვთავაზობ სიტუაციურ ამოცანას:

 

– წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით გარემოსდაცვითი ორგანიზაციის სხდომაზე, სადაც არგუმენტირებულად უნდა იმსჯელოთ შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებსა და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. არის თუ არა შავი ზღვის პრობლემა გლობალური? ურთიერთანამშრომლობით მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც დააფიქსირებთ კოგნიტიურ სქემაზე.

 

 

კითხვაზე, თუ რასთან ასოცირდება ეს სქემა, მოსწავლეებმა მიპასუხეს, რომ ის ჰგავს სახლს და როგორც სახლი არ უნდა დავაბინძუროთ, ასევე არ უნდა დავაზიანოთ გარემოც, რომელშიც ვცხოვრობთ.

გაკვეთილს ვაჯამებთ გასასვლელი ბილეთებით.

 

თავისი შექმნილი ელექტრონული რესურსი და აქტივობები მასწავლებელს ეხმარება არა მხოლოდ იმაში, რომ მოსწავლეებს აღუძრას მოტივაცია და უზრუნველყოს სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა, არამედ იმაშიც, რომ მოსწავლეებმა ცოდნასთან ერთად შეიძინონ

  • ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების,
  • ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების,
  • ტრანსფერის,
  • პრობლემის გადაჭრის,
  • ეფექტური მოტივაციის ამაღლების,
  • კომუნიკაციის,
  • თანამშრომლობის

უნარები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 1. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები. „აქტიური სწავლება გეოგრაფიაში“.
  2. მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია. საქართველოს გეოგრაფია.

 

ფრეიერის სქემა – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში

0

საყოველთაოდ ცნობილია, რომ შეუძლებელია წაკითხულის გააზრება, თუ გაუგებარია სიტყვების მნიშვნელობა. რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, ეს არის, რომ ბავშვები, როგორც მეტყველებენ, ასევე წერენ. ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევით და სახალისო აქტივობებით უნდა შევძლოთ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

ახალი ტექსტის გაცნობის პროცესში, მასწავლებლები ვცდილობთ, წინასწარ განვსაზღვროთ, რომელი სიტყვები იქნება ბავშვებისთვის უცხო, ვხელმძღვანელობთ ტექსტთან დართული   მცირე განმარტებითი ლექსიკონით და ამგვარად, ექსპლიციტურად სწავლების გზით ვუმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს.

ამავდროულად, ხანდახან, გაუცნობიერებლად, წინასწარი განზრახვის გარეშე, ანუ იმპლიციტურად შეიძლება შემოესწავლოთ კითხვის პროცესში ახალი სიტყვები.  ცალკე განხილვის საგანია რთული სიტყვების დამახსოვრება, რადგან მოსწავლეებს უჭირთ განმარტება და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება.

არსებობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ორიენტირებული უამრავი სქემა.

საინფორმაციო ტექსტებზე სამუშაოდ, რთული ცნებებისა და ტერმინების განმარტებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ფრეიერის სქემა.   მისი დახმარებით  მოსწავლეებს უადვილდებათ  ნაცნობი და უცნობი სიტყვების  ერთმანეთთან  დაკავშირება, კარგად გაიაზრებენ უცნობი სიტყვის მნიშვნელობას,  განმარტავენ სამიზნე სიტყვას და განმარტებას იყენებენ ზუსტი და არაზუსტი მაგალითების შესადგენად, სწავლობენ ახალი სიტყვის შესაბამის კონტექსტში გამოყენებას.

 

მოსწავლეებს ვუხსნით, თუ როგორ ივსება ფრეიერის სქემა:

შუაში ვწერთ უცნობ სიტყვას.

  • ზედა მარცხენა კუთხეში მოსწავლეები წერენ ამ სიტყვის განმარტებას თავიანთი სიტყვებით ან ლექსიკონის დახმარებით.
  • ზედა მარჯვენა კუთხეში წერენ მახასიათებლებს ახალ სიტყვასთან დაკავშირებით.

(სურვილისამებრ, შეუძლიათ დაურთონ ილუსტრაცია)

  • ქვედა მარცხენა კუთხეში წერენ ზუსტ მაგალითებს;
  • ქვედა მარჯვენა კუთხეში წერენ არაზუსტ მაგალითებს, ანუ ისეთ სიტყვებს, რომლებიც  ჰგავს სამიზნე სიტყვას, მაგრამ სინამდვილეში არ შეესაბამება მის მნიშვნელობას.

განსაკუთრებულად ვამახვილებთ ყურადღებას სიტყვების მახასიათებლებზე. მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ, შემდეგ იპოვონ მსგავსებები და განსხვავებები, გაიაზრონ, დაასახელონ ზუსტი და არაზუსტი მაგალითები.

წინასწარ შევადგინოთ წასაკითხი ტექსტის საკვანძო სიტყვების ნუსხა და ტექსტის წაკითხვამდე გავაცნოთ მოსწავლეებს. შემდეგ დავურიგოთ ბარათები, რომელზეც სქემა არის ამობეჭდილი და ჯგუფებში, ან წყვილებში მუშაობა შევთავაზოთ.

ამის შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ხელახლა მიუბრუნდებიან ფრეიერის სქემას, საჭიროების მიხედვით აკეთებენ შესწორებებს და წარადგენენ პრეზენტაციებს.


შენიშვნა: აუცილებელი არ არის, მოსწავლეებმა ტექსტის წაკითხვამდე შეავსონ სქემა. შესაძლებელია ტექსტის წაკითხვის შემდეგ შევსება.

საინტერესოა, რომ, საინფორმაციო ტექსტ ,,მთვარის საიდუმლოს’’ წაკითხვამდე, მოსწავლეებმა მახასიათებლების გრაფაში ჩაწერეს, რომ გამოსცემს სინათლეს და კაშკაშებს, თუმცა, ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაიაზრეს, რომ თვითონ არ არის მანათობელი და მზის სხივების არეკვლის გამო კაშკაშებს.

ფრეიერის სქემის დახმარებით, გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ნაცნობი და უცნობი სიტყვების ურთიერთდაკავშირებით, მახასიათებლების ამოცნობით, მსაგვსება-განსხვავებების, ზუსტი და არაზუსტი მაგალითების შერჩევით მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული აზროვნება და რაც მთავარია, მათ შეძლეს შესწავლილი სიტყვების შესაბამის კონტექსტში გამოყენება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

https://ncp.ge/ge/leqsikuri-ruka?resid=129

  1. კითხვის ეფექტური მეთოდები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.2013
  2. კარგი სკოლა. საგანმანათლებლო ვებ-პორტალი

https://kargiskola.ge/index.php

  1. საინფორმაციო ტექსტი ,,მთვარის საიდუმლო’’.

https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade6/mtvare.pdf

 

 

 

 

 

მეტაფორა და აუტიზმი

0

უკვე რამდენიმე წელია, აუტიზმთან ერთად ვცხოვრობ და მის ამოხსნას ვცდილობ. აუტიზმი თავადაა მეტაფორა, ერთგვარი პარადოქსიც, როცა ბავშვი, რომელსაც, წესით, არ უნდა ესმოდეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვები და გამოთქმები (და ზოგჯერ ასეცაა), თავად ლაპარაკობს მეტაფორებით.

ამას წინათ დავფიქრდი, რომ აუტიზმის მეტყველებაზე დაკვირვებისას შეიძლება აღვადგინოთ, საზოგადოდ, ადამიანის მეტყველების განვითარების პროცესი, ენის განვითარების სტრუქტურა, ცვლილებების დინამიკა და სისტემების იერარქია.

აუტიზმის მქონე ბავშვი ისევე იწყებს მეტყველების სწავლას, ვერბალურ თუ კოგნიტიურ განვითარებას, როგორც ადამიანი უხსოვარ დროში.

მესამე პირიდან, საკუთარი თავის უცხოდ მოხსენიებიდან, ის თანდათან გადმოდის მეორე პირზე და ბოლოს – პირველზე, შესაბამისად, ავითარებს ზმნის პირის ნიშანსაც. თუ ნაცვალსახელის სისტემის განვითარებას გავიხსენებთ დიაქრონიულ ჭრილში, სადაც არამარკირებული, პირველადი მესამე პირის ნაცვალსახელის შემდეგ წარმოიქმნება მეორე და მესამე პირის ნაცვალსახელები, ადვილად დავადგენთ მსგავსებას. ასეთივე საინტერესო პარალელი შეინიშნება დროის სისტემის თვალსაზრისითაც, სადაც დროის გაგების ათვისების მიმდევრობა ემთხვევა გრამატიკული დროის განვითარების ისტორიულ გზას.

ჩემთვის, როგორც პოეტის, ლინგვისტისა და დედისთვის, ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მეტაფორა. თავიდან უცნაურად მეჩვენებოდა, რომ ბავშვი, რომელსაც ზოგადი ხატოვანი გამოთქმების გაგების პრობლემა აქვს, უფრო სწორად, პირდაპირი მნიშვნელობით გაგების გამოცდილება, თავად ლაპარაკობს საოცრად პოეტური და დახვეწილი მეტაფორებით. მეტაფორებს აწარმოებს ლექსიკური დეტალებით და პარალელების პოვნის საშუალებით. ზოგჯერ სიტყვის ძირის გაშინაარსებით სრულიად განსხვავებულ შინაარსს დებს მასში.

წარმოგიდგენთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს:

„- დიანა, შენ სახლის მოადგილე ხარ.

– და დირექტორი შენ ხარ ხო, გიო?

– არა, გოგო, შენ ხარ სახლის მო-ად-გილ-ე, შენთან რომ ვარ, სახლში ვარ“.

„შენ ხარ დედა მე ვარ შვილი შენ ხარ შემოდგომა მე ვარ გაზაფხული” .

„გული დავიბანე და კარგად გავხდი“

„ცრემლი არის გულის წვიმა“.

„ცა – დედამიწის ჭერია“.

„ზურგზე კიბე გაქვს?“ (ხერხემალი) – და ა.შ და ა.შ.

ამ ბიჭთან ერთად ყოველი დღე მეტაფორების ზღვაში ცურვაა, მისთვის ფორთოხალი დედამიწის მიკრომოდელია, მთვარე – ორცხობილის ყუა, ჰაერი – შუშა, ადამიანი – სათამაშო, გათენება – მზე რომ საბანს გადაიხდის და ა.შ. ეს მეტაფორული ხედვა მის ნახატებშიც იკითხება. „ადამიანი გოგრა არ არის“, – წერია მის ნახატზე, რომელზეც ორფეხა და ორხელა არსებას გოგრის თავი აქვს. „ხიდი“  – აწერია მის დახატულ ხელის მტევანს. ვუსმენ მის საუბარს, ვუყურებ მის ნახატებს და ისევ მიკვირს: წესით, ხატოვანი აზროვნება და განზოგადების უნარი ხომ უნდა მოისუსტებდეს ან არ უნდა ჰქონდეს, წესით ხომ…

ჩემს თავდაპირველ მსჯელობას რომ დავუბრუნდე, თუ აუტიზმის ენას ენის განვითარების რომელიღაც ეტაპს მოვარგებთ, მაშინ აშკარა გახდება, რატომ ახერხებს ბავშვი, რომელსაც თავად უჭირს ტროპული სახეების, მეტაფორის, ირონიის, კონტექსტით ამოსახსნელი მოქმედების გაგება, თავად მეტყველებს მეტაფორებით.

ადამიანის მეტყველება თავისი არსით ხატოვანია, მიუხედავად მისი ენობრივი განვითარების ეტაპისა, სოციოკულტურული თუ ფსიქოლინგვისტური განსხვავებებისა, ეს თანდაყოლილი უნარია, ერთგვარი ფუნქცია, იარაღი თუ „ოფცია“, რომლითაც ადამიანის მეტყველებაა აღჭურვილი. აუტიზმის დროს მეტაფორა მეტაფორა არ არის – რეალობაა. ბავშვი სწორედ ისე ხედავს და აღიქვამს მოვლენებს, როგორც აღწერს. ეს მეტყველების განვითარების ის ეტაპია, როცა მეტაფორა როგორც ენობრივი რეალობა გაჩნდა, ჩაისახა, მოგვიანებით კი გადატანითი მნიშვნელობა გაუჩნდა.

რა აქცევს მეტაფორას მეტაფორად? რა არის ნიშანი, რომელიც გაგვარჩევინებს კარგ მეტაფორას ცუდისგან? – ეს სიზუსტეა, მეტაფორა ზუსტი უნდა იყოს, ზუსტად დაიყვანებოდეს შინაარსის შემადგენლებამდე, იმ რეალობამდე, როცა მეტაფორა სინამდვილეს ზუსტად ასახავდა.

ამიტომაც დავინახოთ მეტაფორა აუტიზმის მქონე ბავშვის თვალით – ნიშნავს აღვიქვათ ის როგორც რეალობა. ასევე უნდა ვასწავლოთ და ავუხსნათ მხატვრულ ტექსტებშიც.

ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელოვანი ასპექტები

0

ახალი  საგანის  ,, მე და  საზოგადოების,, სწავლება 2018-2019 სასწავლო წელს დაინერგა სკოლებში. საგანი რომ  შევაყვაროთ და საკითხებით დავაინტერესოთ მოსწავლე, ასევე  მოსწავლეებს შევუქმნათ საგნის მიმართ დადებითი მოლოდინები,  მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ სხვადასხვა მიდგომები, მეთოდები და სტრატეგიები.  ერთ-ერთი მიდგომა რაც ამ საგნით მოსწავლეთა დაინტერესებაში დაგვეხმარება არის ის, რომ მოვახდინოთ მისი ინტეგრაცია სხვადასხვა საგანთან. შესასწავლ თემებს თუ გადავხედავთ, ნებისმიერ საგანთან შეიძლება მისი ინტეგრაცია, თუმცა მე პირადად მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ დავაკავშირე საგანი  „მე და საზოგადოება“ და მათემატიკა. ვფიქრობ, კოლეგებისთვის საინტერესო იქნება.   როგორც  სტანდარტში ვკითხულობთ, საგანი მოსწავლეს ამზადებს საზოგადოებრივი მეცნიერების და დისციპლინების -ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება- შესასწავლად. საგნის სწავლებისას მნიშვნელოვანია მოსწავლე და მისი გარემოცველი გარემო, რომელსაც იგი თანდათანობით საგნის შესწავლისას აღიქვამს.

საგნის სწავლების მიზანია, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველობითი დამოკიდებულება ოჯახის, თანატოლების და თემის წინაშე.  ჩვენი, პედაგოგების, ვალია, დავეხმაროთ მოსწავლეებს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში. შევუწყოთ ხელი სოციალიზაციისა და თვითგამოხატვის უნარების ჩამოყალიბებას. ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული, თანატოლზე ზრუნვა  და მოცემულ კრიტიკულ სიტუაციაში ადეკვატურად მოქმედების უნარი.  ასაკის შესაბამისად ჩამოვუყალიბოთ  ზნეობრივი ღირებულებები.

და მაინც როგორ?  საგნის სწავლებისას მნიშვნელოვანი როლი აქვს შემდეგ აქტივობებს,  როგორიცაა: როლური თამაშები, ექსკურსიები, მოკლევადიანი პროექტები, დისკუსია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საგნის ინტეგრაცია სხვადასხვა საგნებთან. სწორედ ამ მიზნით მინდა  გაგიზიაროთ ჩემ მიერ დაგეგმილი ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგანის მე და საზოგადოების, არეალი ძალიან ფართოა და ამავე დროს ჩემი მიზანია, მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ მათემატიკის ყოველღიურობასთან კავშირზე.

 

    გვსურს გაგიზიაროთ  სამოდელო გაკვეთილის გეგმა და შეფასების  ინსტრუმენტები

    საგანი: მე და საზოგადოება  /  მათემატიკა

    სწავლების საფეხური/კლასი:  მე-3 კლასი

    მოსწავლეთა რაოდენობა:   29 მოსწავლე

გაკვეთილის თემა:  სიკეთის გაკვეთილი!

გაკვეთილის ტიპი:   ინტეგრირებული

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლემ გააცნობიეროს სიკეთის არსი და რატომ არის მნიშვნელოვანი თანადგომა.
  • გააცნობიეროს საკუთრი პასუხისმგებლობა გარშემომყოფების მიმართ.
  • გაივარჯიშოს შემოქმედებითი უნარი, ფაქტები დაუკავშიროს ცხოვრებისეულ მოვლენებს;
  • შეძლოს ურთიერთთანამშრომლობა თანატოლებთან და შელოს საგანთა ინტეგრაცია. მათემატიკაში შესწავლილი  კონკრეტული საკითხების ალტერნატიული გზების და ხერხების   მოშველიება მე  და საზოგადოების  გაკვეთილზე.

 

 

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
 

1

 

 

  აქტივობა 1.

საორგანიზაციო საკითხები

გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების გაცნობა.

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა მობილიზება გაკვეთილისთვის. მათთვის სწავლების ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც უკავშირდება საკითხზე ფოკუსირებას და ყურადღების კონცენტრირებას.

აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს. ესაუბრება, რა მეთოდებსა და რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად; რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს; მოსწავლის შეფასების რუბრიკებს და შეფასების ფორმებს.

 

ვერბალური მეთოდი საერთო საკლასო ფლიპჩარტზე გამზადებული თემა /მიზნები, შეფასების რუბრიკა.
(თვალსაჩინოებისათვის)
3 წ
2

 

 

 

აქტივობა 2.

პროვოცირება/ გამოწვევა

ვიდეორგოლის ჩვენება ,,სიკეთის ბუმერანგი,,

https://www.youtube.com/watch?v=nwAYpLVyeFU

 

აქტივობის მიზანი:  წინასაგაკვეთილო განწყობის შექმნა , იგი უკავშირდება მოტივაციის ზრდას და საგაკვეთილო მზაობას. ასევე ლოგიკური კავშირის დამყარებას მთავარ თემასთან.

აღწერა:  საგნის, მე და საზოგადების მასწავლებელს, მომზადებული აქვს პროექტორი და მოძიებული აქვს ვიდეო,  რომელსაც ნახავენ ბავშვები და გამოთქვამენ თავის ემოციას ნანახის ირგვლივ.

ელექტრონული მეთოდი

 

საერთო საკლასო პროექტორი,

ეკრანი

 

7 წ
3

 

 

 

აქტივობა 3.

ვიდეორგოლის   გააზრება

აქტივობის  მიზანი:  ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლე შეჯერდეს მეწყვილესთან და საერთო აზრი ჩამოაყალიბოს, ეფექტური მეთოდია იმისთის, მოსწავლეს გამოუმუშავდეს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შეჯამებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს ანალიტიკური აზროვნება, მიეჩვიოს სხვისი აზრის პატივისცემას, იყოს კარგი მსმენელი, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. მეთოდი სამსაფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეთა საქმიანობა:

I. დაფიქრდი-მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ კითხვაზე;

II.დაწყვილდი-მოსწავლეები წყვილდებიან და განიხილავენ მოფიქრებულ საკითხს;

III. გაუზიარე-მოსწავლეები წყვილებში  განხილულ საკითხს კლასს გაუზიარებენ .

 

აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწყვილებს შემთხვევითობის პრინციპით, სთხოვს, შეჯერდნენ და უპასუხონ კითხვას:

-რა არის სიკეთე?

დაფაზე გაკრული  აქვს ფლირჩატზე მომზადებული ასოციაციური რუკა, იმდენი სხივით რამდენი წყვილიცაა. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს  და მასწავლებელი ინიშნავს პასუხებს.

 

 

დაფიქრდი-დაწყვილდი -გაუზიარე

 

 

 

 

 

წყვილში მუშაობა

 

 

 

გრაფიკული მაორგანიზებლი

ასოციაციური რუკა.

 

 

 

 

 

6 წ

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 4.

თემის  შეჯამება. საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და ცხოვრებისეულ გამოცდილებათან დაკავშირება.

აქტივობის მიზანი: სწავლების ამ აქტიური მეთოდით მასწავლებელს შეუძლია, თამაშით და ხალისით შესთავაზოს ბავშვებს  სასწავლო ამოცანა.  მოსწავლეები ბუნებრივად, სტრესის გარეშე ეუფლებიან  ცოდნას, განაზოგადებენ და  დიდი მოცულობის სამუშაოს სისტემატიზებას ახდენენ. ეს ხელს უწყობს მაქსიმალურ ჩართულობას და მოტივირებას.

 

ღწერა:  საგნის, მე და საზოგადოების მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებს, სადაც მოცემულია ფრაზა -მე კეთილი ვარ იმიტომ, რომ……

აძლევს მკაფიო ინსტრუქციას მათ,   გაიხსენონ რაიმე ფაქტი, რაც დაეხმარებათ დაასრულონ წინადადება, შემდეგ  დაკუჭონ ფურცელი და დაამსგავსონ თოვლის გუნდას.  როცა ყველა გაამზადებს,   დაელოდებიან მასწავლებლის მითითებას და ერთდროულად იწყება გუნდაობა.  მოსწავლე ირჩევს თანაკლასელს და ესვრის გუნდას. მოსწავლეები გახსნიან გუნდას და კითხულობენ მეგობრის მიერ დასრულებულ წინადადებას.

მასწავლებელი აჯამებს აქტივობას კითხვით

-რა ყოფილა სიკეთე?

 

 

აქტივობა 5

საგანთაშორის ინტეგრაცია

 

ავაგოთ სიკეთის სახლები

აქტივობის მიზანი:  გაიაზრონ სიკეთის მნიშვნელობა, შეძლონ შექმნან სახლი, რომელიც ემსახურება სიკეთეს. დამყარონ საგანთშორის ინტეგრაცია, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაინახონ  მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აღწერა:

მოსწავლეები დაჯგუფდებიან ერთი ფერის ბარათების მიხედვით.

 დაფაზე  მასწავლებლის მიერ დაწერილია სიტყვები:  სიყვარული, სითბო, დავა, ერთგულება, ჩაგვრა, ურთიერთპატივისცემა, ძალადობა, სიკეთე და ასე შემდეგ.

მათემატიკის პედაგოგი ეკითხება მოსწავლეებს:

– თქვენი აზრით, რომელ საგნებში ნასწავლი მასალა  დაგვეხმარება სახლის აგებაში?

(ხელოვნება, მათემატიკა)

-რა გვჭირდება იმისათვის, რომ სახლი ავაშენოთ?

(სავარაუდო პასუხი: აგური, ცემენტი, სახურავი, ბლოკი)

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფერად-ფერად ფურცლებზე ამობეჭდილ სივრცული ფიგურის შლილებს და სთხოვს, ააგონ სივრცული ფიგურები. მიღებული ფიგურები გამოიყენონ აგურებად, ამოირჩიონ დაფაზე მოცემული სიტყვებიდან ისეთი სიტყვები, რომელიც სიკეთის სახლის მშენებლობისთვის გამოგვადგება, დააწერონ თითოეულ აგურზე და ააგონ სახლები.

 

სიტუაციური თამაში-გუნდაობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სწავლა კეთებით

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

 

თეთრ  ფურცელზე მომზადებული წინადადების დასაწყისი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სივრცული ფიგურის შლილები, მაკრატელი, წებო, წებოვანი ლენტი

5 წ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15 წუთი

6

 

 

 

 აქტივობა 6 .

გაკვეთილის შეჯამება

პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი:  განუვითარდეთ პრეზენტაციის და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი.

აღწერა:  ჯგუფმა წარმოადგინოს ნამუშევარი და შეაფასონ თავისი ჯგუფის გადაწყვეტილება. როგორი წარწერები  გამოიყენეს აგურებზე  სახლის მშენებლობისას და რატომ?

-მომავალში რაში გამოიყენებს ამ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას?

 

 

კითხვა-პასუხის მეთოდი. საერთო საკლასო რესურსი: ფორმატზე გამზადებული კითხვები

 

 9წ

 

სტანდარტი:

მიმართულება: პიროვნული განვითარება

საზ.მეც.დაწყ.(I).2  საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;

 

  1. მიმართულება: სოციალურ-კულტურული განვითარება, მოქალაქეობა და უსაფრთხოება

საზ. მეც. დაწყ. (I). 10. მოსწავლემ უნდა შეძლოს ღირებულებების (მაგ. ეთიკური ქცევის ნორმების დაცვა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება) ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება;

საზ. მეც. დაწყ. (I). 13. მოსწავლემ უნდა შეძლოს ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერება;

 

 

მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა

 

მათ. III.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.

შშედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში;
  • განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს მათი დასახელებისას (მაგალითად: წვერო, წახნაგი, წიბო);

 

შეფასება :    განმავითარებელი შეფასების რუბრიკა:

 

კრიტერიუმები

 

ყოველთვის ხშირად საჭიროებს დახმარებას
მოსწავლეს  შეუძლია უცნობი ტექსტის გაგება- გააზრება

.

მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია ახალი ტექსტის გაგება-გააზრება.

 

მოსწავლეს შეუძლია ახალი ტექსტის გაგება-გააზრება, თუმცა ხანდახან ბუნდოვანი რჩება რამდენიმე საკითხი.

 

მოსწავლე ახალი ტექსტის გაგება- გააზრებისთვის საჭიროებს დახმარებას.

 

მოსწავლე აცნობიერებს სიკეთის არსს, მსჯელობს რატომ არის სასურველი მისი კეთება.

 

მოსწავლე ყოველთვის აცნობიეირებს სიკეთის არსს, მსჯელობს რატომ არის სასურველი მისი კეთება. მსჯელობას ამყარებს არგუმენტებით.

 

მოსწავლე აცნობიეირებს სიკეთის არსს, მსჯელობს რატომ არის სასურველი მისი კეთება. თუმცა ვერ პოულობს  არგუმენტებს.

 

მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ სხნის სიკეთის არსს, მსჯელობისას ესაჭიროება დახმარება

 

 

აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას გარშემომყოფების მიმართ.

მოჰყავს ცხოვრებისეული მაგალითები.

ყოველთვის აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას გარშემომყოფების მიმართ.

ყოველთვის იშველიებს ცხოვრებისეულ მაგალითებს

ზოგჯერ ავიწყდება საკუთრი პასუხისმგებლობა გარშემომყოფების მიმართ.

ვერ მოყავს მაგალითები

მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას გარშემომყოფების მიმართ, საჭიროებს დახმარებას.

 

მოსწავლე აღადგენს ფიგურას შლილიდან მოსწავლე ყოველთვის, ყველანაირ ფიგურას აღადგენს  შლილიდან. მოსწავლე ზოგჯერ აღადგენს ფიგურას  შლილიდან. მოსწავლე დახმარების გარეშე ვერ  აღადგენს   ფიგურას შლილიდან.

 

 

 

ჯუფური მუშაობის შეფასება რუბრიკა

კრიტერიუმი ყოველთვის ზოგჯერ იშვიათად
იცავენ ჯგუფური მუშაობის

წესებს

     
 ჯგუფი დავალებას ასრულებს

 

     
ჯგუფის წევრი  თანამშრომლობს

და ითვალისწინებს სხვის აზრს.

 

     
იცავენ  დროის

ლიმიტს პრეზენტაციის დროს.

 

     

 

გამოყენებული ლიტერეატურა:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური) 2018-2024 ;
  2. ვიზლური სქემები და გრაფიკული ორგაიზატორები კითხვისა და წერის სწავლებისთვის დაწყებით საფეხურზეge;
  3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი II ნაწილი;

 

 

,, რაფთ ‘’- RAFT-  წერის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალება

0

,,რაფთ’’ არის შემდეგი სიტყვების აკრონომი:

ოლი

უდიტოტია

ორმატი

ემა

იგი საუკეთესო საშუალებაა წერითი მეტყველების განვითარებისთვის , რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი აზროვნებისა და თვითგამოხატვის, ნაწერისათვის შესაბამისი სტილის შერჩევის, რედაქტირების, პრეზენტაციისა და სოციალური უნარები.

,,რაფთ’’ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია. მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ აუდიტორიასთან. ჩემი აღსაზრდელების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვები ყოველთვის დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან, რადგან  ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და გაუმჯობესების საშუალება. ყოველივე ეს კი მასწავლებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს მოსწავლეთა გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე.

მინდა კოლეგებს გავუზიარო გამოცდილება და შევთავაზო სამოდელო გაკვეთილის გეგმა სადაც გამოვიყენე აღნიშნული მეთოდი.

საგანი: ქართული ენა

გასავითარებელი კომპეტენციები: ეკოლოგიური წიგნიერება; სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

სწავლების საფეხური/კლასი: III კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე

გაკვეთილის თემა:   ტყე და მისი მნიშვნელობა

გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლეები შეძლებენ:

  • საკითხავ და აუდიო მასალებს შორის პარალელების გავლებას და კითხვების ფორმულირებას;
  • მსჯელობის უნარის განვითარებას;
  • წერითი მეტყველების განვითარებას მეთოდებით:,,რაფთ’’ და ,,გასასვლელი ბილეთები’’.
N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
 

1

 

მიზანი:აუდიო მასალით მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა განსახილველი თემისადმი; წაკითხულსა და მოსმენილ მასალებს შორის პარალელების გავლება.

 

ისმის სიმღერა ,,ტყე შეუნახე შვილებსა’’.

მოსწავლეები უკვე ახსნილ გაკვეთილსა და მოსმენილს ერთმანეთს უკავშირებენ და ცდილობენ თავად ჩამოაყალიბონ დღევანდელი გაკვეთილის მოსალოდნელ მიზანი.

 

გაკვეთილის მიზნის გაცნობა.

 

 

აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისობების დადგენა

 

 

 

საერთო-საკლასო

 

სიმღერა-,,ტყე შეუნახე შვილებსა’’

 

 

კომპიუტერი

 

ხმის გამაძლიერებელი

 

 

 

3 წთ.

2

 

 

 

 მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება.

 

 

მოსწავლეები კითხულობენ  წინა დღეს ახსნილ ტექსტს.

გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით მასწავლებელი ასახელებს მოსწავლეთა სახელებს და ბავშვები აგრძელებენ ტექსტის კითხვას.

 

 

 

 

 

გაგრძელებითი

კითხვა

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

 

 

სახელმძღვანელო

 

გამოსაძახებელი  ჩხირები

 

 

 

5 წთ.

3

 

 

 

მიზანი:

კითხვების ფორმულირება

 

ტექსტიდან  და მოსმენილი სიმღერიდან გამომდინარე მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ კითხვებს და თავადვე ირჩევენ მოპასუხე მოსწავლესაც.

 

კითხვა-პასუხი

 

 

(მასწავლებლის დაკვირვება და ჩანაწერების

წარმოება.)

 

 

 

საერთო-საკლასო

 

 

 

 

 

 

 

 

 

8 წთ.

4

 

 

 

მიზანი:შემოქმედებითი, წერისა  და  სოციალური უნარების განვითარება.

 

 

შემთხვევითი გადათვლის პრინციპით მოეწყობიან ჯგუფებად.

 

მასწავლებელი შეახსენებს ,,რაფთ’’-ის სტრუქტურას. ჯგუფების წარმომადგენლები აირჩევენ როლებსა და წერის ფორმატს

აუდიტორია არის-ადაიანი ,თემა კი –

ტყე და მისი მნიშვნელობა.

აირჩევენ აგრეთვე როლის შესაბამის გასაფერადებელ აპლიკაციას.

 

 

მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ რედაქტირებას და მოემზადებიან პრეზენტაციებისთვის.

 

 

 

 

 

 

პრაქტიკული

მეთოდი

     

 

      რ

      ა

      ფ

      თ

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

 

 

 

 

 

 

ფრინველთა გასაფერადებელი აპლიკაციები და ბარათები ტექსტისთვის.

 

 

 

ფერადი ფანქრები.

 

 

 

ტყის, ციყვის,

ჩიტის,დათვის,წყაროს

აპლიკაციები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2 წთ.

 

 

5

 

 

 

მიზანი: აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის წარდგენის  უნარის განვითარება.

 

მას შემდეგ,რაც დასრულდება მუშაობა, იწყება ნამუშევრების კლასის წინაშე წარდგენა.

გაფერადებული

აპლიკაციებით კი ხდება ტყის პეიზაჟის აწყობა.

 

 

 

პრეზენტაცია

 

 

დემონსტრირე

ბის

 

 

 

 

 

 

დიდ ფორმატზე დახატული ტყის

პეიზაჟი.

 

 

 

 

7 წთ.

6 მიზანი:განსახილველი თემის რეზიუმირების უნარის განვითარება და თემისადმი საკუთარი დამოკიდებულების წერილობით გადმოცემა.

 

მიღებული ცოდნის შეჯამების მიზნით ჩამოწერენ  3 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილზე.

 

 

 

პრაქტიკული მეთოდი

 

,,გასასვლელი

ბილეთები’’

 

 

ინდივიდუ-

ალური

 

 

გასასვლელი ბილეთი ყველა მოსწავლისთვის.

 

 

 

 

 

6 წთ.

7 მიზანი: თვითშეფასების უნარის განვითარება.

 

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები მიმოიხილავენ კიდევ ერთხელ იმ ნაბიჯებს,რაც გაიარეს და აკეთებენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას

კითხვების საფუძველზე:

რა გაკეთდა კარგად?

რა საჭიროებს გაუმჯობესებას?

როგორ გავაუმჯობესოთ?

რაში გამოვიყენებთ?

 

 

მასწავლებელიც აფასებს გაკვეთილს შეფასების რუბრიკის საფუძველზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკუკავშირი

   

 

 

 

შეჯამების პოსტერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

4 წთ.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

  1. მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ.დაწყ.(I).2 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ.დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ.

  1. მიმართულება: კითხვა

ქართ.დაწყ.(I).9. წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.

  1. მიმართულება: წერა

ქართ.დაწყ.(I).13 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

ქართ.დაწყ.(I).15 წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

 

 

შეფასება:

 მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით შემდეგი შეფასების რუბრიკის  საფუძველზე.

# კრიტერიუმები მაღალი საშუალო გასაუმჯო-

ბესებელი

1. მოსმენილ და წაკითხულ ტექსტებს შორის

პარალელების გავლება.

დამოუკიდებლად

პოულობენ კავშირს მოსმენილსა და წაკითხულს შორის .

უჭირთ კავშირის აღმოჩენა წაკითხულსა და  მოსმენილს შორის ვერ პოულობენ კავშირს მოსმენილსა და წაკითხულს შორის.
2. კითხვების ფორმულირება.

 

აყალიბებენ განსახილველი

თემის შესაბამის კითხვებს სათანადო ინტონაციის დასმით.

ცდილობენ კითხვების ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმას. ვერ ახერხებენ

კითხვების ფორმულირება.

3. რ ა ფ თ -ის სტრუქტურის მართვა და მიზნის შესაბამისი პროდუქტის შექმნა. იციან რაფთ-ის სტრუქტურა და დამოუკიდებლად ქმნიან პროდუქტს. უჭირთ რაფთ-ის სტრუქტურის გააზრება და მასწავლებლის მითითებებით ქმნიან პროდუქტს. ვერ ახერხებენ რაფთ-ის სტრუქტურის გააზრებას და  შესაბამისად ვერ ქმნიან პროდუქტს.
4.  

 

თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.

ჯგუფის წევრები აკეთებენ ფუნქციათა დელეგირებას,

თანამშრომლობენ ერთმანეთთან .

უჭირთ ფუნქციათა გადანაწილება,

ცდილობენ თანამშრომლობას.

ვერ ახერხებენ ფუნქციების გადანაწილებასა და

თანამშრომლობას,

შეინიშნება უთანხმოება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

G-Pried; რესურსწიგნი  https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის – მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი.

მობილური – ,, საიჭრო დროს, საჭირო ადგილას“

0

ალბათ, ძნელია 21-ე საუკუნეში მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად  საკომუნიკაციოდ არ იყენებს მობილურ ტექნოლოგიებს.

– ,,მისტერ უოტსონ მოდით აქ, თქვენი ნახვა მსურს“ ეს იყო ის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპერიმენტების ჩატარებისას გაისმა სატელეფონო ხაზზე.

ტელეფონის გამოგონების ისტორიაში ბევრ ევროპელ მეცნიერს შევხვდებით, თუმცა ერთადერთ ავტორად დღეს ალექსანდრ ბელი მიიჩნევა.

ალექსანდრ ბელი 1874 წლის 3 მარტს შოტლანდიაში ქ. ედინბურგში ფილოლოგების ოჯახში დაიბადა. დედას ნაადრევად დააკლდა ყურთასმენა, რასაც ბელი ძალიან განიცდიდა. ბელმა ცუდად იცოდა ფიზიკა, უფრო ცუდად გერმანული ენა. სწორედ ეს გახდა მისი წარმატების უმთავრესი მიზეზი. არასწორად ნათარგმნი გერმანული ტექსტიდან ვითომდა ელექტრონული მავთულით ხმების გადაცემის იდეით აღფრთოვანებულმა ბელმა დაიწყო ფიქრი ელექტრონული მავთულით ხმების შორ მანძილზე გადაცემაზე. აკუსტიკურ ტელეგრაფზე ცდების ჩატარებისას ბელის ასისტენტმა უოტსონმა შემთხვევით ხელი გამოკრა ერთ-ერთ მავთულს და ხაზის მეორე ბოლოში მყოფმა ბელმა გაიგონა ბგერები. ასე შეესხა ხორცი ბელის იდეას გერმანულად არასწორად ნათარგმნი ტექსტიდან და 1876 წელს შექმნა პირველი ტელეფონი. პირველი სატელეფონო კავშირი ლონდონსა  და ნიუ-იორკს შორის შედგა. თავდაპირველად სატელეფონო კავშირის დამყარება  ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან ჯერ უნდა აემუშავებინათ მიმღები, შემდეგ ადრესატთან დასარეკად დაკავშირებოდნენ მიმღებს.  1880 წელს კი ამერიკაში 60 000 ასეთი ტელეფონი იყო, ის დაახლოებით 800 გრამს იწონიდა და 4000$ დოლარი ღირდა.

1922 წელს, როცა ბელი გარდაცვალა მის პატივსაცემად აშშ-სა და კანადაში ყველა ტელეფონი 1 წუთის განმავლობაში გამორთეს.

1983 წელს გაყიდვაში პირველი პორტატული ფიჭური ტელეფონი კომპანია ,,მოტოროლამ“ გამოუშვა. შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და საუდის არაბეთის გარდა თავიდან ტელეფონი არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგანაც ის უსარგებლო ნივთი ეგონათ. პირველი ფერად ეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს, ხოლო ორსიმბარათიანი მობილური  1999 წელს გამოვიდა. უკვე 2002 წელს მობილური ტელეფონი  ფოტოაპარატით იყო აღჭურვილი. 2002 წელს პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი გაჩნდა ბაზარზე.

დღეისთვის მობილური ტელეფონი დიზაინით დახვეწილი, მოქნილი, მრავალფუნქციური და ყველასთვის გამოსადეგი ნივთია.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებში მობილურით სარგებლობა იკრძალება. აკრძალვის მიზეზის არგუმენტად კი დასვენების დროს მოსწავლეებს   შორის ნაკლები კომუნიკაცია და სოციალიზაცია სახელდება.

ქართულ სინამდვილეში სკოლის შინაგანაწესის თანახმად ზოგ სკოლებში მობილურით სარგებლობა სასწავლო პროცესში დაუშვებელია. დღეს კი სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად მოსწავლისათვის ტელეფონის ჩამორთმევა წარმოადგენს მოსწავლის საკუთრების უფლების შეზღუდვას, რაც გახდა შინაგანაწესში აღნიშნულ საკითხზე ცვლილების შეტანის მიზეზი.

სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს შორის ეფექტური სწავლების მეთოდად   მობილური ტექნოლოგიებით სწავლებაც (m-learning)  განიხილება.

მობილურით სწავლების მეთოდსაც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად: სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სივრცეში ჭარბად გატარებულმა დრომ შესაძლოა ძალიან ცუდად იმოქმედოს მოზარდის ფსიქიკაზე და მის ჯანმრთელობაზე, არასასურველი თამაშით მოსწავლე შესაძლოა აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის მიღმა და ხშირ შემთხვევაში კიბერბულინგის მსხვერპლიც კი გახდეს.  თუმცა, მობილურის სწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია რისკების აცილება, თვითსწავლებისა და  თვითდამკვიდრების ეფექტური კომუნიკაციის, სოციალური უნარებისა თუ უცხო ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებთან თანამშრომლობითი უნარების განვითარება, მობილურის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია შექმნას სასწავლო რესურსი, მოიძიოს  სასწავლო მასალა და სხვა. მობილურით სწავლება ხელს უწყობს ციფრული წიგნიერების განვითარებას . ციფრული წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

მინდა გაგიზიაროთ, ჩემი გამოცდილება პედაგოგიური პრაქტიკიდან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდის მობილურით სწავლების (m-learning), კერძოდ, მობილური აპლიკაციების შესახებ.

თავიდან გავაცანი მობილურის განვითარების ისტორია, განვიხილეთ ტელეფონის დადებითი და უარყოფითი მხარე და ერთად ჩამოვაყალიბეთ მისი სწორად გამოყენების წესები, რომლის თანახმად შევთანხმდით, რომ ტელეფონს ისტ-ის გაკვეთილზე გამოიყენებდნენ კვირაში ერთხელ, პარასკევ დღეს მშობლებთან და დირექციასთან შეთანხმებით, ჩემ მიერ შეთავაზებული აპლიკაციებით.

 

სასწავლო პროცესში არასასურველი აპლიკაციების გამოყენების რისკის თავიდან აცილების მიზნით მშობლებს ვთხოვე, დაებლოკათ  APP LOCK აპლიკაციით.

გთავაზობთ, სასწავლო მობილურ აპლიკაციებს, რომლის ინსტალაცია შესძლებელია Play store –დან.

 

Smart QR კოდი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც დიდი ზომის ციფრული ინფორმაციის შენახვას ახერხებს. თუ შტრიხკოდის ქვეშ დამალავთ ნახატს, ტექსტს ან learningapps.org –ზე შექმნილ რესურს, მაშინ ეს აპლიკაცია ხელს შეუწყობს გამოწვევის ფაზაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. https://studinfo.edu.aris.ge/2015/04/29/8-ufaso-yvelaze-sachiro-mobiluri-aplikacia-studentistvis/
  2. https://edu.aris.ge/news/8-sauketeso-saganmanatleblo-aplikacia.html
  3. https://edu.aris.ge/news/rogor-sheidzleba-vaqciot-mobiluri-telefoni-resursad-gakvetilze-da-gavzardot-moswavleta-motivacia.html

როგორ გავზარდოთ მოტივაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში

0

მაღალი აკადემიური მოსწრების ბავშვებს უყალიბდებათ განცდა, რომ ყველაფერს ადვილად დაძლევენ და არ უკვირდებიან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლე მათემატიკაში ძლიერია და მიიჩნევს, რომ უცებ შეასრულებს დავალებას, ამ დროს კი გამორჩება, რას ეკითხება ამოცანა და ამოხსნის პროცესში „გზიდან გადაუხვევს“. არ უვარგა კალიგრაფიაც, რაც აძნელებს ამოკითხვას მასწავლებლისთვის. ამისთვის შეიძლება ნიშანიც დააკლონ. პირობის გააზრებასა და მის ლამაზად გადაწერაზე ყურადღების კონცენტრირება წვრილ მოტორიკას ავითარებს, შესაბამისად გონებასაც ავარჯიშებს, რაც „ათოსან“ ბავშვებსაც მუდმივად სჭირდებათ. პირველივე კლასებიდანვე მოსწავლის ზედმეტად თავდაჯერებულობა და უყურადღებობა ბადებს მშობელში შიშს, რომ მასალის გართულებასთან ერთად ზედა კლასებში მას პრობლემები შეექმნება როგორც დასწავლასთან, ისე დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით. საჭიროა როგორც კონტროლი, ისე დისტანცირებაც, რომ ბავშვი დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. როგორ მოვიქცეთ?

  1. მოვუყვანოთ მაგალითები თუნდაც წიგნებიდან / ფილმიდან, რომელთა მიხედვითაც გმირმა წარმატებას მიაღწია შრომით, დავალების ზედმიწევნით შესრულებით და არა მხოლოდ ნიჭიერებით. მახსენდება სტივენ კონრადის სცენარის მიხედვით გაბრიელე მუჩინოს მიერ გადაღებული, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი „ბედნიერების დევნაში“ (“The Pursuit of Happyness”, მთავარ როლში უილ სმიტი). ფინანსურ კრიზისში მყოფი მარტოხელა მამა კრის გარდნერი სანუკვარი სამსახურის მოსაპოვებლად ცხრამეტ სხვა კანდიდატთან ერთად იბრძვის. გამოსაცდელი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ვაკანსიის პრეტენდენტებს უტარდებათ შემაჯამებელი ტესტი, რომელსაც კრისი ერთ-ერთი პირველი ასრულებს. ირკვევა, რომ კოლეგას, რომელმაც ადვილად გაართვა თავი დავალებას და პირველმა დატოვა საგამოცდო ოთახი, უყურადღებობით სულ ბოლო გვერდის შევსება გამორჩა. ფილმის მთავარ გმირს შრომა და ღამეების მაცადინეობაში თენება სავარაუდოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო ჩამოყალიბებული დეტალებისადმი ინტერესით უფასდება. შედეგად ის სამსახურში აჰყავთ.
  2. მოსწავლემ უნდა დაინახოს, რისთვისაა საჭირო სუფთა წერა, როგორი მნიშვნელოვანია პუნქტუაცია. მაგალითისთვის გამოდგება ცნობილი წინადადება, სადაც სასვენი ნიშნების გადაადგილება სრულიად ცვლის მის შინაარსს:

„შეწყალება არ შეიძლება, ჩამოხრჩობა!“

და

„შეწყალება, არ შეიძლება ჩამოხრჩობა!“

სიტყვებში ასოების გამორჩენას ან შ-ს ნაცვლად წ-ს დაწერასაც კურიოზულ ამბებამდე მივყავართ. გარდა ამისა, უსუფთაო წერის გამო ხშირად მოსწავლეები რვეულებიდან ფურცლებს ხევენ. მათთვის ქაღალდის, ხის, ჟანგბადის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულების ახსნა ადრეული ასაკიდანვე ჯობს, შემდეგ წლებში ეკოლოგიას მეტ ყურადღებას დაუთმობენ.

  1. სასურველია მოსწავლეს ჰქონდეს სწავლის შესაბამისი გარემო, მინიმუმ კომფორტული მაგიდა. ხანდახან ეს ვერ ხერხდება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში სწავლას მოწყურებული უამრავი ბავშვია, რომელიც ომისა თუ შიმშილის გამო ამ სიკეთეს მოკლებულია. ინტერნეტში მასალის მოძიება არ გაგიჭირდებათ. ბოლოს ნანახი: ბავშვი ლამპიონის ქვეშ ტროტუარზე ზის და ისე ასრულებს სკოლის დავალებას, რადგან სახლში დენი არ აქვს.
  2. სპორტის საყვარელი სახეობიდან (ფეხბურთი, კალათბურთი და სხვ.) დავუსახელოთ ვუნდერკინდები და შრომისმოყვარე სპორტსმენები, რომელთაც ხშირად თანაბარი შედეგები აქვთ. მსოფლიო ჩემპიონი ანდრეა პირლო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, როგორ ცდილობდა ჟუნინიო პერნამბუკანოს სტილში საჯარიმოს დარტმის ტექნიკის დაუფლებას – რამდენი მარცხი იწვნია, რამდენ ხანს უტრიალებდა თავში ამ „საფირმო საიდუმლოს“ ამოხსნაზე ფიქრი და საბოლოოდ თავადაც როგორ იქცა უბადლო შემსრულებლად. მთავარია მონდომება და ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
  3. მშობლების/ბავშვისათვის ნაცნობი უფროსების მაგალითიც გამოდგება: ჩვენც გვეშლება ბევრი რამ სამსახურში და მის გამოსასწორებლად და იდეალურამდე მისაყვანად დიდ დროსა და შრომას ვდებთ. მარტივად ცოტა რამ თუ მოდის ამ ქვეყანაზე.
  4. თამაზ ჭილაძისგან გამიგია, რომ ოთარ ჭილაძის გენიალური რომანების რედაქტირებისას, რომლებსაც დიდი მწერალი წლების განმავლობაში ხანდახან თვეობით ოთახიდან გამოუსვლელად წერდა, ბატონ თამაზს – ძმის პირველ მკითხველს – ისეთი ვრცელი ფრაგმენტები ამოუღია, ცალკე რომანს რომ უდრიდაო. გალაკტიონის რითმებში ყოველდღიური „მეცადინეობაც“ ყველასათვის ცნობილია. ვან გოგს წლები დასჭირდა საოცარ ტონებამდე მისაღწევად. მანამდე მისი ფერწერა საკმაოდ მრუმე ფერებში იქმნებოდა. გენიოსებიც კი სრულყოფილებამდე დაუღალავი შრომით მიდიან.
  5. „წესრიგი ქაოსში“ – ეს ფრაზა ფიზიკოს ოთარ გუგუჩიასგან მსმენია. შემოქმედ ადამიანებს მართლაც შეიძლება ჰქონდეთ არეული ოთახი, დათქმულ დროში ვერ ასრულებდნენ დავალებას, მაგრამ შედეგებით მაინც ჯობდნენ სხვებს. ბავშვს ავუხსნათ, რომ ამის მიუხედავად, სასურველია გარკვეულ სტანდარტებს მოერგოს, რაც მას შემგომში ცხოვრებას გაუადვილებს.
  6. სანამ ჩვენს სკოლებში დროის მენეჯმენტის შესახებ რაიმე ტიპის სწავლება დაინერგება, საწყის ეტაპზე მოსწავლეებს უამრავი დავალებიდან შეგვიძლია ჩვენვე გამოვუყოთ ულუფები, ასევე დავეხმაროთ მიმდევრობის განსაზღვრაშიც. კატეგორიზაცია რამდენიმენაირად შეიძლება მოხდეს: რთული, საშუალო და მარტივი; დროში გაწელილი და მალე შესასრულებელი და ა. შ. გეგმა როცა კარგადაა დასახული და ბავშვზეც ზუსტადაა მორგებული, ვფიქრობ, შედეგის მიღწევაც იოლდება.
  7. დავალების შესრულებისას მნიშვნელოვანია განტვირთვის დრო როგორც სკოლაში, ისე სახლში. გონების გადაღლისას ძალის აღსადგენად კარგი საშუალებაა ბავშვს შევთავაზოთ ძუნძული ან ორ-სამ წუთიანი ფიზიკური ვარჯიში.
  8. არ უნდა დაგვავიწყდეს შექება პატარა წარმატებაზეც კი. ამას სპეციალისტები კარგი ქცევის განმამტიცებელსაც უწოდებენ. განმამტკიცებლად გამოდგება სტიკერები, მისთვის სასურველი საჩუქარი და სხვ.

ეს რჩევები ჩემი, როგორც პირველკლასელის დედის, დაკვირვებებზეა აგებული. სიამოვნებით გავეცნობი სხვა მშობლებისა თუ მასწავლებლების გამოცდილებასაც.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...