პარასკევი, ივნისი 27, 2025
27 ივნისი, პარასკევი, 2025

ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, როგორც დემოკრატიული კულტურის კომპეტენცია

0

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების როლი, მაგრამ ის მნიშვნელოვანია, როგორც დემოკრატიული კულტურის კომპეტენციაც, რომლისთვისაც დამახასიათებელია:

  • კითხვების დასმა, მოსაზრებების გამოთქმა, ახალი იდეების წამოყენება;
  • სხვადასხვა არგუმენტის მოშველიება;
  • კვლევითი მეთოდების გამოყენება;
  • პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტა;
  • ცნობისმოყვარეობა და ინტერესი;
  • მიზანმიმართულობა და კომპრომისი.

იფიქროს და იმოქმედოს მოსწავლემ ანალიტიკურად და კრიტიკულად ეს ნიშნავს, მოსწავლემ შეძლოს:

  • ანალიზისას ინფორმაციის სისტემური დაყოფა შემადგენელ ნაწილებად და მათი ლოგიკური ბმა; თითოეული ელემენტის იდენტიფიცირება და ინტერპრეტირება; მსგავსება-განსხვავების გამოვლენა; შეუსაბამობების იდენტიფიცირება; ანალიზის შედეგების ორგანიზებულად და თანმიმდევრულად შეჯამება; საფუძვლიანი დასკვნების გაკეთება და სხვ. (ანალიტიკური უნარ-ჩვევა);
  • შეფასება და დასკვნების გაკეთება ნებისმიერი საგნის შესახებ (თუ რამდენად მისაღები ან დასაჯერებელია ისინი); მოლოდინებისა და ვარაუდების გაგება/შეფასება, რომლებიც საფუძვლად უდევს ინფორმაციას; პროპაგანდის იდენტიფიცირება; მასალის დაკავშირება ისტორიულ კონტექსტთან შესაბამისი დასკვნების გაკეთების მიზნით; ალტერნატიული ვერსიების განხილვა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა; შეფასება; რესურსებისა და რისკების ანალიზი; გაცნობიერება იმისა, რომ პირის მსჯელობასა და განსჯაზე ყოველთვის ახდენს ზეგავლენას ამ პირის კულტურული კუთვნილება და ხედვა (კრიტიკული უნარ-ჩვევა).

სასწავლო პროცესში შედეგის თვალსაზრისით და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ფლობის მხრივ მოცემული უნარ-ჩვევებიდან ძალზედ საინტერესოა კონკრეტულად ის ქცევა, რომელიც გულისხმობს:

  • „მასალის დაკავშირებას იმ ისტორიულ კონტექსთან, რომელშიც შეიქმნა, მასალის შეფასებითი კვლევისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების მიზნით“.

პედაგოგიკის მეცნიერებაში აღიარებულია, რომ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება ძირითადად გამოიხატება კითხვის დასმისა და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის უნარში (კითხვა-პასუხის კომპლექსი). თუ მოსწავლეს გარკვეული წერილობითი და ვიზუალური ინფორმაციის მიწოდების შემდეგ საკითხის არსს ანალიტიკური, კრიტიკული კითხვებით გავაანალიზებინებთ, მასალის ფაქტობრივად გააზრება აღარ გაუჭირდება.

მოცემული აქტივობა ძირითადად ორეტაპიანია, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის მასწავლებელს შეუძლია ის სამ ეტაპად დაგეგმოს. განვიხილოთ მაგალითი IX კლასის ისტორიის სასწავლო კურსიდან:

I ეტაპზე, ისტორიის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლეებს ვეკითხებით:

  • რა მასალებს გამოიყენებდნენ ისინი ისტორიის შესასწავლად?

მაგრამ მოცემული შეკითხვით მხოლოდ მოსალოდნელ პასუხზე მივანიშნებთ მოსწავლეებს.

II ეტაპზე – გარკვეული წერილობითი თუ ვიზუალური მასალის მიწოდებით და შესაბამისი ანალიტიკური შეკითხვებით, გავაანალიზებინებთ რა საისტორიო მასალების შედგენის პრინციპს, მოსწავლეებს ანალიზის დონეზე ვაჩვენებთ, თუ რატომ და როგორაა ისინი აგებული. შედეგად მათ აღარ გაუჭირდებათ გააზრება, ფაქტობრივად რა არის საისტორიო წყარო, რომელსაც აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო მუშაობაში.

თუ ორივე აქტივობა მიზნის შესაბამისად წარიმართა, მაშინ მასწავლებელს შეუძლია მშვიდად იყოს – მისი მოსწავლეები გარკვეულ დონეზე უკვე ფლობენ ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარ-ჩვევებს, თუმცა უნარის განვითარებისა და სრულყოფისათვის.

III ეტაპზე, მასწავლებელს შეუძლია დამოუკიდებლად შეუდგინოს მსგავსი სამუშაო ტექსტები მოსწავლეებს და დაავალოს, თავად მოამზადონ ორივე აქტივობის შესაბამისი კითხვები.

მოცემული აქტივობებიდან, როგორც ვხედავთ, კითხვები ძირითადად დაესმის ტექსტს, ინფორმაციას, ამიტომ კონკრეტულ ტექსტებთან მუშაობისას შეკითხვების გზით ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება შედარებით მარტივი პროცესია. ეს უნარების ელემენტარულ დონეზე ფლობაა. სხვა სირთულეა, როდესაც მოსწავლე ავლენს კონტექსტუალურ ცოდნას, რაც ისტორიის საგნის შესწავლისას ისტორიული ქვეტექსტების წაკითხვაში, გაანალიზებაში, კრიტიკულ შესწავლასა და შესაფერისი დასკვნების გაკეთებაში გამოიხატება.

ქვეტექსტი დაფარული აზრია, რომელიც აღადგენს ზოგადი სიტუაციის კონტექსტს და გვეხმარება იმის დანახვაში, რაც „გასათვალისწინებელია“. ქვეტექსტი არის ის, რაც იკითხება „სტრიქონებს შორის“, რაც არაპირდაპირი მინიშნებებით კიდევ უფრო გასაგებს ხდის ტექსტს. ის „ირიბად“ მიგვანიშნებს ტექსტის ძირითად სათქმელზე. რამდენადაც ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება ძირითადად გამოიხატება კითხვის დასმისა და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის უნარში (კითხვა-პასუხის კომპლექსი), შესაბამისად, კითხვების დასმის მეთოდი კონტექსტუალური საკითხების დამუშავების დროსაც მნიშვნელოვანია.

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი:

ლეონტი მროველი მეფეთა ცხოვრებაში გვაწვდის ინფორმაციას კავკასიაში ქათლოსისა და მის შთამომავალთა დამკვიდრების შესახებ:

„..სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ ერთი ჰყავდათ მამა, სახელით თარგამოს, რომელიც იყო ნოეს ძის იაფეთის შვილის – თარშის ძე… იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს  ბაბილონის გოდოლი, და განეყვნეს ენანი და განიბნინეს ყოველსა ქუეყანასა, წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა – არარატსა და მასისისა…..

… უჩინა ქართლოსს საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისა, დასავლით – ზღვა პონტოსი, სამხრით – მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და… მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი – ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს… და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“.

 

ტექსტის უკეთ გაცნობისა და ავტორის რეალური მიზნების ამოცნობის მიზნით მოსწავლეებს შევთავაზებ რამდენიმე დავალებას:

  • გაეცნო ისტორიულ წყაროს და ყურადღებით წაიკითხონ კონკრეული ინფორაცია;
  • გააანალიზონ მასალა და უპასუხონ დასმულ კითხვებს: ა) რა აქვთ საერთო კავკასიის მაცხოვრებლებს კაცობრიობის საერთო წინაპართან – ნოესთან? ბ) ვისი შთამომავლები არიან ქართველები – თარგამოსიანელები თუ რანელები? გ) წყაროს მიხედვით, რომელი ტერიტორია იყო კავკასიელთა წინაპრების უძველესი საცხოვრისი, ანუ მოხაზონ წყაროს სამოქმედო სივრცე. დ) რატომ ცდილობს ლეონტი მროველი, წარმოადგინოს კავკასიის ხალხები ერთმანეთის მონათესავედ? ე) ჩამოთვალოს კავკასიელთა წინაპრები; ვ) რა პრეტენზია გამოსჭვივის ლეონტისთან? ზ) მიმართა თუ არა ავტორმა ქვეტექსტს? როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა ლეონტის რაიმე ფარული ზრახვა წყაროს შექმნის დროს? რა გაზრახვა შეიძლება ყოფილიყო ეს?
  • გამოთქვან ვარაუდები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები: ა) როგორ შეგვიძლია ავტორის პოზიციის შემოწმება? ბ) რა ითქვა ხმამაღლა და რა დამალა ავტორმა; გ) რა მიზანს ემსახურება ისტორიულ წყაროთა ქვეტექსტი?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები: „…წყაროში საუბარია ძველი ქართული ტრადიციის შესახებ, თუ როგორ იქმნება „ყოველი ქართლი“ – „ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“, რომელსაც შემდეგ განაგებენ ფარნავაზიანები, როგორც სახელმწიფო „ყოველი ქართლის“ შემოქმედნი… მაგრამ ამ „ყოველ ქართლში“ გამოსჭვივის „ყოველ კავკასიის“ იდეაც. როგორც ჩანს, სათქმელის პირდაპირ თქმას ერიდება ლეონტი მროველი და სამეფო კარის „მიზნებზე“ მხოლოდ მათი „ქმედებებით“ მიანიშნებს“… და ა.შ.

პასუხების მიღების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზოთ მეორე წყაროც:

სუმბატ დავითის ძე ბაგრატ III-ის შესახებ: „დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე-ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთაჲ თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროჲს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“.

შეკითხვების დასმის შემდეგ მოსწავლეები აუცილებლად მივლენ იმ იდეამდე, რომ „….“ყოველი კავკასიის“ იდეა როგორც ქართლოსის ჩამომავალთა ქმედებების მიზანი, უკვე არის ფარულად გაცხადებული უძველეს ეპოქაში და ბაგრატოვანი მეფეები ერთგვარად აგრძელებენ, არ ივიწყებენ ლეონტისეული „ყოველი კავკასიის“ იდეას… რომ სათქმელის „გადამალვა“ მოქმედების თავისუფლებას მისცემდა სამეფო კარს, მაგრამ არ დაავიწყებდა ძირითადად სამოქმედო გზას, რითაც პოლიტიკურ პირებს გაუადვილდებოდათ მიზანზე აქცენტირება და შესაფერისი გზების მოძიება…“ და ა.შ.

წყაროთა შედარების, ანალიტიკური და კრიტიკული უნარების გააქტიურებით და განვითარებით მოსწავლეები გაეცნენ ქვეტექსტის როლს ისტორიულ თხზულებებში, აღადგინეს ძველი ქართული საისტორიო თხზულებების ავტორთა პოლიტიკური და იდეოლოგიური მისწრაფებები, გაიფართოეს და სრულყვეს ცოდნა საქართველოს ისტორიაში, გაეცნენ ერთიანი ქართული მონარქიის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და ეროვნული სასწავლო გეგმისა და სტანდარტის მოთხოვნებთან ერთად („ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზი“)  განუვითარდათ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებიც. შემდგომ გაკვეთილებზე მასწავლებელს შეუძლია ეს უნარები კიდევ უფრო დახვეწოს და მოსწავლეთა ელემენტარული და საშუალო კომპეტენციები გაცილებით მაღალ ხარისხში აიყვანოს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ;
  2. ლეონტი მროველის პოლიტიკური თვალთახედვა, „ლიტერატურული ძიებანი“ №25, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბ., 2005
  3. ლ. ბრეგაძე, ქვეტექსტის ფუნქციისა და ფუნქციონირებისათვის, „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ (II საერთაშორისო სიმპოზიუმი, (ნაწილი I),თბ., 2009;
  4. ისტორიული ტექსტის ქვეტექსტები., მ.ფირჩხაძე., ლინკი მოცემულ დროზე: 26.12.2016., https://mastsavlebeli.ge/?p=12615
  5. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროპის საბჭო, 2016 წ., ქართული გამოცემა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2017., გვ.67-69
  6. საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis

 

 

ქოუჩინგი საკლასო ოთახში

0

ქოუჩინგის, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების მეთოდის როლი განათლებაში არახალია და ამ მიდგომას ფართოდ იყენებენ განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები. ქოუჩინგის მეთოდის ტექნიკა არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენა და მისი რესურსების სწორად რეალიზება. საკლასო ოთახში მსგავსი მეთოდის გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს მთელი კლასის აკადემიური ცხოვრება. ჩვენ ვესაუბრეთ წარმატებულ ქოუჩს და გამოცდილ ტრენერს ირინა ჭოჭუას, რომელსაც ვკითხეთ, რას შეცვლიდა მსგავსი მიდგომის  დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში და რაში დაეხმარებოდა ეს მეთოდი მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლას მაღალი აკადემიური მიზნების მიღწევის პროცესში.

 

 

 

 

თავდაპირველად გვესაუბრეთ ქოუჩინგის არსზე? რაში  ეხმარება ეს მიდგომა ადამიანს?

 

ქოუჩინგი ეს არის პიროვნული და პროფესიული განვითარების მეთოდი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის რესურსების გაფართოებაზე. ეს არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის, ცვლილებების დანერგვის და განვითარების ტექნოლოგია. ამისათვის ქოუჩინგი იყენებს თავად ადამიანის სააზროვნო სისტემას, თვითრეფლექსიის უნარს და კითხვების დასმის საშუალებით მიჰყავს ადამიანი გაცნობიერებამდე. თვითონ გაცნობიერების პროცესი გულისხმობს თვითგამორკვევას, თუ რა არის პიროვნების მიზანი, მისი ცხოვრებისეული ხედვა, მისია, რას მიიჩნევს ხელისშემშლელ ფაქტორებად , რა რესურსები და უნარები აქვს და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორებია მოტივაცია, სტრესთან გამკლავება, ინფორმაციის მიღება-გადამუშავების უნარები, თვითდასწავლის და თვითგანვითარების პატერნები, მუშაობა წინააღმდეგობებთან, ახალი უნარების დასწავლა. ყველა ადამიანი არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური სააზროვნო სისტემით. ამიტომ სწორი გზა არის დავეხმაროთ პიროვნებას თავად მოძებნოს მისთვის მისაღები და ეფექტური გზები. ქოუჩი  სწორედ ამ სააზროვნო სისტემების და შემოქმედებითობის სტიმულირებას ახდენს, რის შედეგადაც პიროვნება თავად პოულობს ყველა კითხვაზე პასუხს, სახავს მიზნებს, ავითარებს რესურსებს, მუშაობს პრობლემებზე და თავად აღმოაჩენს  განვითარების უნიკალურ გზას. ეს ყველაფერი ხდება ნდობის და პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში.

 

რა როლი უჭირავს ქოუჩინგის  მეთოდს  განათლებაში?  

 

ქოუჩინგს მნიშვნელოვანი როლი აქვს განათლებაში. ქოუჩთან მუშაობის შედეგია მიზნების დასახვა, ღირებულებების და შესაძლებლობების გამორკვევა, შინაგანი პოტენციალის, რესურსების, უნარების მობილიზება და განვითარება, ახალი უნარების დასწავლა, სამოქმედო ენერგიაზე მუშაობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დღეს ტექნოლოგიები ელვისებური სისწრაფით ვითარდება და ვიწრო პროფესიული უნარები ნელ-ნელა ხდება მანქანური წარმოების პროდუქტი, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება შემოქმედებითი უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.  ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს განათლების მიმართულებას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში სრულიად ახალ მიდგომებს და მიგნებებს ეფუძნება. განათლების ყველაზე წარმატებული მოდელი არის სწორედ ის მოდელი, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილია ინდივიდუალურ მიდგომებსა და მოსწავლეთა მოტივაციური სისტემების განვითარებაზე.

ამ მეთოდის გამოყენებით   როგორ შეუძლია მასწავლებელს დაეხმაროს მოსწავლეს?

 

თანამედროვე მასწავლებელი დღეს არის ქოუჩი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს პიროვნულ განვითარებაში, მოტივაციური სისტემის შექმნაში და წარმატების სტრატეგიების დანერგვაში. ამ ახალი მიდგომებით მოსწავლე აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, ინტერესთა სფეროებს, უნარებს, რესურსებს და ქმნის საკუთარი უნიკალური  წარმატების სტრატეგიებს. ასეთი მოდგომებით კი უკვე მარტივი ხდება იდენტობის ჩამოყალიბება, ცხოვრებისეული მიზნებისა და პროფესიული ინტერესების განსაზღვრა. ქოუჩინგი განათლებაში მოსწავლეებს ხელს უწყობს აქტიურად და გაცნობიერებულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განავითარონ საკუთარი რესურსები და უნარები, დამოუკიდებლად იმუშაონ თვით-შემეცნებაზე და თვით-განვითარებაზე, შეცვალონ და განავითარონ ქცევები, განახორციელონ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და დროში გაწერილი ქმედებები.  რაც მთავარია, ამ მეთოდით მოსწავლე სწავლობს არა მარტო საგანს და იღებს ინფორმაციას, არამედ ასევე სწავლობს, როგორ იმუშაოს ამ ინფორმაციასთან. ეს არის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც დღეს ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება.

 

მოსწავლის თვითიდენტიფიცირების და გამორკვევის პროცესში ასეთი მიდგომით სწავლება, მაღალ აკადემიურ უნარებზე გასვლასაც გულისხმობს…

 

აქ საუბარია იმაზე, რომ მასწავლებელი გახდეს პიროვნული განვითარების ბიძგი. დღევანდელი თაობა სხვა გარემოში იზრდება, სხვა მოვლენების და ფაქტის მომსწრენი არიან, მათთვის ელექტრონული გაჯეტები უკვე ყოველდღიური ყოფაა, ჩვენ თუ ვისწავლეთ მობილურებთან ურთიერთობა, ისინი დაიბადნენ ამ უნარებით. იცვლება გარემო ფაქტორები, იცვლება ინფორმაციული ველი, შესაბამისად იცვლება ამ თაობის თვისებები. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც დასჯა-წახალისება აღარ მუშაობს, რომლებსაც ბრძანებითი და მტკიცებულებითი ფორმები აღარ ესმით და ეს ძალიან კარგია. მათთვის პრიორიტეტული არის მოსმენა, ფიქრი, საუბარი, ანალიზი, აზრთა გაცვლა, სიახლეების მოსინჯვა და ისინი თვით იდენტიფიცირებას სწორედ ამ საშუალებებით ახდენენ. ეს არის ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილი თაობა და ასეც აზროვნებენ. სწორედ აქ ერთვება ქოუჩინგი, როგორც მეთოდი, რომელიც დაეხმარება მათ თვით იდენტიფიცირებაში, მე-ს კონსტრუირებაში . აკადემიური მიზნები კი ამ ყველაფერთან პირდაპირ ბმაშია. თუ მოზარდმა არ იცის, რას რისთვის აკეთებს, ის ამას არ გააკეთებს. წინა პლანზე იწევს ღირებულებები და იდენტობა, საკუთარი მე-ს გამორკვევა და მისი გამოვლენა.

 

რა უნარები და თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს ქოუჩინგის მეთოდებით ითანამშრომლოს  მოსწავლეებთან? როგორ შეიძლება გახდეს მასწავლებელი ქოუჩი?

 

მე ვთვლი, რომ ყველაფერი არის დასწავლადი. ამიტომ, ამ კითხვას ვუპასუხებდი ასე, ერთადერთი, რაც მასწავლებელს მოეთხოვება დღეს, ეს არის ახალი თაობის სიყვარული და ცვლილებების მოთხოვნილება. თუ ეს მისია მასწავლებელს აქვს, უკვე თავისუფლად დაისწავლის ქოუჩის უნარებს. აქ კი მთავარია მოსმენის უნარი, ემპათია, პირდაპირი კომუნიკაცია, უკუკავშირი, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა. ქოუჩინგის სწავლა გულისხმობს სატრენინგო საათებს, მენტორინგს, სუპერვიზიას.მასწავლებელმა ჯერ საკუთარი თავი უნდა გაატაროს ამ ცვლილებების პრიზმაში და აუცილებლად იპოვის გზას, როგორ გამოიყენოს ეს მეთოდი მოსწავლეებთან. ქოუჩინგი განათლებაში ნამდვილად არ არის ახალი ველოსიპედი. ამ მეთოდს უკვე იყენებენ განვითარებული ქვეყნები, მაგალითად ნორვეგია, ფინეთი. ჩვენს რეალობაში, ვფიქრობ, უნდა შემუშავდეს ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა, რომელიც იქნება სავალდებულო. სწორედ ამ გზას მიმართა ნორვეგიამ. ქოუჩებთან ერთად მოხდა სპეციალური პროგრამის შემუშავება მასწავლებლებისთვის და შემდეგ ამ მეთოდოლოგიის დანერგვა.

 

საკლასო  ოთახში ქოუჩინგის ეფექტი როგორ ვრცელდება და როგორ  შეიძლება გაიზომოს მიღებული შედეგები?

 

ყველაზე საინტერესო ფაქტორი არის ის, რომ ქოუჩინგის ეფექტი არის გაზომვადი და ამისი ინსტრუმენტებია უკუკავშირის სხვადასხვა ფორმები, მენტორინგის და სუპერვიზიის მეთოდები, რაც გულისხმობს არა ერთჯერად ჩარევას, არამედ ცვლილებების მენეჯმენტს, პროცესების გაწერას გრძელვადიან პერსპექტივაში და ამ პროცესების მონიტორინგს. ბუნებრივია, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენ ინდივიდუალურ ქეისთან გვექნება შეხება, თუმცა არსებობს შედეგის გაზომვის კრიტერიუმი. უბრალოდ ამ კრიტერიუმებზე უნდა შეთანხმდეს პროცესში მონაწილე ყველა მხარე. ამ ყველაფერს სჭირდება პროფესიული კომპეტენციების ფლობა და გრძელვადიანი სამუშაოს ჩატარება, ამ ყველაფერს სჭირდება რეფორმა განათლების სისტემაში.

 

ქოუჩინგის საგანმანათლებლო მოდელის   დანერგვით რა შეიძლება შეიცვალოს სკოლისთვის, მასწავლებელისთვის და მოსწავლისთვის? რა გარდამტეხი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია?

 

პირველ რიგში სკოლა გახდება არა „იძულებით გასავლელი ეტაპი“ მოზარდისთვის, არამედ საინტერესო გამოცდილების მისაღები ადგილი, სადაც წასვლა მას გაუხარდება. მასწავლებლობა გახდება დაფასებული და აღიარებული პროფესია, თავისი უნიკალური ნიშით. თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ახალი თაობა განავითაროს და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში? დღეს ასეთი გყავს ლადო აფხაზავა და კიდევ რამდენიმე გულანთებული მასწავლებელი, თუმცა მომავალში გვეყოლება ბევრი და ის ცვლილებები, რასაც ეს ადამიანები მოახდენენ, ერთიან შედეგად შეიკვრება. ჩვენ მივიღებთ ახალ თაობას, რომელსაც ეცოდინება, როგორ გახდეს ბედნიერი, წარმატებული, როგორ იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და რა უნდა გააკეთოს ამ ყველაფერისთვის. ასეთი ადამიანი კი აუცილებლად იპოვის საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, აუცილებლად იზრუნებს გარემოს ცვლილებისთვის. საბოლოო ჯამში კი მივიღებთ საზოგადოების ევოლუციას, ამაღლებულ ცნობიერებას, განვითრებულ მოქალაქეს და უბრალოდ ბედნიერ ადამიანს.

 

 

გუნდური მათემატიკური ჭიდილი

0

მათემატიკის შესწავლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება  მოტივაციას და ხალისის ელემენტების შეტანას. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება გუნდური მათემატიკური ჭიდილის შესახებ, რომელსაც  წლებია წარმატებით ვიყენებ გაკვეთილებზე.

ჭიდილის წესები- ჭიდილში მონაწილეობს სამი გუნდი, რომლებიც ირჩევენ ლიდერებს. გუნდებს ქმნის მასწავლებელი. სასურველია, გუნდები თანაბარი ინტელექტუალური პოტენციის იყოს. გუნდებს შეიძლება დავარქვათ გონებამახვილური სახელები. კენჭისყრის შედეგად უნდა დავადგინოთ პირველი გუნდი (A), მეორე გუნდი  (B) და მესამე გუნდი (C).

მასწავლებელი გუნდებს დავალებას წინა დღეს ან რამდენიმე დღით ადრე აძლევს, შესაძლებელია, იმავე დღესაც.  მიზანშეწონილია, შერჩეულ იქნეს იმდენი ამოცანა, რამდენი მოსწავლეცაა თითოეულ გუნდში. ამოცანის ამოხსნის საიდუმლო დაცული უნდა იყოს გუნდის წევრების მიერ.

ჭიდილის დაწყების წინ გუნდები იკრიბებიან და ლიდერის მიერ თითოეულ მოსწავლეზე  ნაწილდება თითოეული ამოცანა.

მასწავლებელი ყოველი ამოცანის ამოხსნას აფასებს ქულებით; 3, 5 ან სხვა ქულით.

თამაში იწყება შემდეგნაირად: A გუნდის ლიდერი B გუნდს უხმობს რომელიმე ამოცანის ამოსახსნელად, B გუნდს შეუძლია ან არ შეუძლია ამ გუნდის გამოძახება. თუ უარი განაცხადა, მას ქულა აკლდება და როლები შეიცვლება: პასუხს გასცემს კითხვის დამსმელი. შემდეგ B გუნდი იწვევს C გუნდს და ა.შ. ანუ, გამოძახება ხდება შემდეგი პრინციპით[1]

( ერთი წრე) შეიძლება თამაში გააგრძელოთ ან შეწყვიტოთ.

როდესაც A    B (ანუ A იძახებს B) მაშინ მომხსენებელი არის B გუნდის ის წარმომადგენელი, რომელიც ამ კონკრეტულ ამოცანაზეა მიმაგრებული. ოპონენტი არის B გუნდის ის წარმომადგენელი, რომელიც მიმაგრებულია ამ ამოცანაზე, ხოლო C გუნდის ის წარმომადგენელი, რომელიც მიმაგრებულია ამავე ამოცანაზე არის რეცენზენტი.

მომხსენებელი იწყებს ამოცანის ამოხსნას. ოპონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეაწყვეტინოს და დაუსვას ახალი შეკითხვა ( შეკითხვა უშუალოდ ამ საკითხს უნდა ეხებოდეს, ანუ „მუშაობს“ მისთვის ქულების წართმევაზე, ოპონენტი კამათის დასრულების შემდეგ აკეთებს დასკვნას, თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული, რა შეიძლება უკეთესად თქმულიყო და სხვა. შეიძლება ამით ქულები მოიპოვოს. ქულები განაწილებული უნდა იყოს ამოცანაზე გამოყოფილი ქულებიდან.

ყოველი მოსწავლე მხოლოდ ერთხელ გამოდის. ამოცანები არ მეორდება. დისციპლინის დარღვევაზე შეიძლება დაწესდეს საჯარიმო ქულები.

მათემატიკური ჭიდილი შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, თუმცა ჩვენ უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, იგი რომელიმე თავის დამთავრების შემდეგ, საკონტროლო წერის წინ ჩატარდეს.

გთავაზობთ მათემატიკური ჭიდილის კონკრეტულ ნიმუშს.

თამაშის დრო: სასურველია 90 წუთი, ან გაკვეთილის შემდეგ.

თამაშის მსვლელობა:  მოსწავლეები იკრიბებიან ჯგუფების მიხედვით, სასურველია, სხვადასხვა ოთახებში. შემდეგ ისინი ერთ ოთახში მოიყრიან თავს და  ჯგუფების მიხედვით სხდებიან „მრგვალ მაგიდასთან“. სასურველია, თამაშს ესწრებოდნენ მშობლები და მასწავლებლები.

თამაშის დაწყებას აუწყებს მასწავლებელი. A გუნდის ლიდერი დგება და გუნდთან შეთანხმებით B გუნდს იძახებს. სთავაზობს მას, მაგალითად, ხუთქულიან სავარჯიშოს. B გუნდის წარმომადგენელი იწყებს ამოცანის ამოხსნას.  A გუნდის წარმომადგენელი ეკამათება.  C გუნდის წარმომადგენელი კი უსმენს .

B გუნდის წარმომადგენელი -ორნიშნა რიცხვი ჩაიწერება ასე 10x+y…

A გუნდის წარმომადგენელი-რა არის x და y?

B გუნდი პასუხობს-–x არის ათეულში აღნიშნული ციფრი, y კი ერთეულების აღმნიშვნელი ციფრი.

A გუნდი სვამს კითხვას  – გთხოვთ, განმარტოთ, რა არის რიცხვი და რა არის ციფრი?

B- (შეიძლება განმარტოს, შეიძლება ვერა).

B გუნდი აგრძელებს: თუ მოცემულ ორნიშნა რიცხვს გავყოფთ ციფრთა  x+y  ჯამზე, იგი ასე ჩაიწერება   .

განაყოფი თუ არის 5 და ნაშთი 13, იგი წარმოდგება    = 5+   სახით.
A გუნდმა  შეიძლება დასვას  ასეთი კითხვა: რატომ ჩაიწერება ასეთი სახით განაყოფი და ნაშთი?

B გუნდმა  შეიძლება უპასუხოს, შეიძლება ვერა.

B გუნდი- (აგრძელებს ამოხსნას) 10x+y=5(x+y)+13. საბოლოოდ მიიღება: 5x-4y=13

Aგუნდი – რა სახისაა თქვენს მიერ მიღებული განტოლება?

B გუნდი-პასუხობს ან ვერა. შემდეგ იგი აგრძელებს ორცვლადიანი განტოლებების ამონახსნების წყვილების დადგენას, როცა x და y ციფრებია, ცხადია, x =5 და y=3 ან

x =9 და y=8, ანუ მიიღება ასეთი ორნიშნა რიცხვები: 53 და 98.

შეიძლება დაისვას სხვა შეკითხვებიც.

როდესაც დისკუსია დამთავრდება,  C ჯგუფის წარმომადგენელი აკეთებს ანალიზს ( ან ვერ აკეთებს). რა იყო სწორი და რა-არა. რა შეცდომები იქნა დაშვებული და რა უნდა მიეღოთ პასუხად.

ბოლოს მასწავლებელი აკეთებს დასკვნას და ანაწილებს ქულებს. შეიძლება მომხსენებელმა მიიღოს მაქსიმალური ქულა, სხვებმა – ვერა. შეიძლება მომხსენებელმა და ოპონენტმა გაინაწილონ ქულები და რეცენზენტმა ვერაფერი მიიღოს, შეიძლება ქულები სამივეზე განაწილდეს. პირველი წრის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს ლიდერების შეჯიბრი, რის შემდეგ საბოლოოდ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

ქულებით ფასდებიან პრეზენტაციაში მონაწილე მოსწავლეები, რომლებმაც დაფასთან  ამოცანის ამოხსნა წარმოადგინეს, ასევე აქტივობებში ფასდებიან ოპონენტი და რეცენზენტი, გამარჯვებული გუნდის წევრები გუნდურ კომპონენტში და სხვა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა
  2. მასწავლებლის გზამკვლევი მათემატიკაში

მასწავლებელი, ავტორიტეტისა და ავტორიტარიზმის ზღვარზე

0

სკოლას ზერელედ თუ შევაფასებთ, შეიძლება ისიც კი დავასკვნათ, რომ ის მოზარდი თაობისთვის  მიუღებელი, მეტიც – არაბუნებრივი წესებით მოქმედებს. მაგალითად, ამბობს, რომ კოლექტივი მნიშვნელოვანია და ინდივიდუალობა – ნაკლებად დასაფასებელი, ან, რომ მასწავლებელი მოსწავლეზე ერთმნიშვნელოვნად „მაღლა“ დგას. ჯერ კიდევ არსებული წარმოდგენების თანახმად, თუ ისეთი მოსწავლე ხარ, როგორც „ყველა“, ეს კარგია, თუ „ზედმეტად ჭკვიანი“, მაშინ „თეთრი ყვავის“ რანგში გადადიხარ. „თეთრ ყვავს“ კი არც მასწავლებლები სწყალობენ და არც თანაკლასელები.

ჩვენთან  ჯერ კიდევ არსებობს სკოლები, სადაც არ უყვართ, როდესაც მოსწავლეს ან მშობელს დამატებითი კითხვები უჩნდება. მასწავლებლებს არ მოსწონთ, როცა ეკითხებიან –  რამდენად გამოადგებათ მათ მიერ გაზიარებული ცოდნა მოსწავლეებს? იქნება თუ არა ის სასარგებლო ცხოვრების განმავლობაში, რაში წაადგება? ბევრ მასწავლებელს ურჩევნია მშობელთან მისი შვილის ვარდისფერი თმის „სიავეზე“ ისაუბროს, ვიდრე სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაზე.

ხშირად მასწავლებლისთვის პრიორიტეტულია მოსწავლის „მოთოკვა“, უპირობო მორჩილების შთაგონება. „ცოცხალ“ მოსწავლეს კი აიძულებენ „ბევრი არ ილაპარაკოს“, მერხთან წყნარად იჯდეს, შესვენებებზე არ ირბინოს და სხვა ბავშვები არ შეაწუხოს. თუმცა, ასეთ მორჩილებასა თუ ფასადურ სიმშვიდეს, ადრე თუ გვიან, აქტიური ბუნტი მოჰყვება, უარეს შემთხვევაში მოჩვენებითი თავმდაბლობა, რომლის უკან ერთადერთი სურვილი იმალება – რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოსწავლემ სასწავლო დღე და სკოლის კედლები დატოვოს.

განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბავშვები შეიცვალნენ, შეიცვალა სწავლების მეთოდები, მაგრამ მასწავლებლებს ურთულდებათ სიახლეების აღქმა, ფეხის აწყობა, მათი აღიარება და გააზრება. ამიტომ ისინი კვლავ ნაცად და ფუჭ მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, დაშინებით „კლასის აყვანას“. სინამდვილეში კი, ასეთი მასწავლებლები აღარ წარმოადგენენ მოსწავლეებისთვის ავტორიტეტს.

14 წლის მარიამი მოგვითხრობს, თუ როგორი მასწავლებლები უყვართ და პატივს სცემენ კლასში: „ჯერ კიდევ არსებობენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ მასწავლებელი მეფე და ღმერთია. ფიქრობენ, რომ მასწავლებელმა ყველაფერი იცის, მოსწავლე კი ვალდებულია მისი მითითებები უკომენტაროდ შეასრულოს.

კლასში დომინირებს დისციპლინა და მკაცრი იერარქია. შენი წარმატებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად დაიცავ ამ წესებს. კონცეფცია „საჭიროა“ უფრო აქტუალურია, ვიდრე კონცეფცია „მე მინდა”, რაც მოსწავლეში მხოლოდ მოვალეობის გრძნობას ავითარებს.

ასეთი მიდგომები ახლაც გავრცელებულია საფრანგეთის კლასიკურ გიმნაზიებსა და ბრიტანეთის კერძო სკოლებში, მაგრამ ყველას არ ძალუძს მათი ატანა. ყოველთვის არ შეგიძლია ისწავლო ის, რაც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გაქვს საამისო მოტივაცია.

თანაც, ყველა თანამედროვე მოზარდს გვაქვს ტელეფონები და ინტერნეტი. თუ რამე ვერ გავიგეთ ან ძალიან საინტერესოდ მოგვეჩვენა, YouTube-ზე ვიდეოს ვნახავთ და სხვებსაც გავუზიარებთ. ჩვენ აღარ მიგვაჩნია მასწავლებელი ცოდნის ერთადერთ წყაროდ.

კლასში ბევრი მოზარდი სარგებლობს ტელეფონით. სახლში შეგვიძლია ვიდეოგაკვეთილები ვნახოთ და უფრო მეტიც ვისწავლოთ, ვიდრე სკოლაში გვასწავლიან. ბევრ ჩემს მეგობარს ჰყავს რეპეტიტორი იმის გამო, რომ ყველა მასწავლებელს არ შეუძლია თემის გასაგებად ახსნა. უმეტესობას აღარ გვეშინია მასწავლებლის და არ მივიჩნევთ მას „საშიშად“.

რომელ მასწავლებელს შეუძლია ჩვენი ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება? პირველ რიგში, მას, ვისაც ვაინტერესებთ.

ჩვენ ვცდილობთ, მასწავლებლებს ვასიამოვნოთ, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენც გვინდა, რომ სანაცვლოდ იგივე მივიღოთ, მაგრამ ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ამბობს: „იცით, სიამოვნებით მიგატოვებდით, უბრალოდ, ამ სემესტრში სხვა გზა არ მაქვს“, ანდა „აბსოლუტურად არ მაინტერესებს როგორ ჩააბარებთ გამოცდებს, კისერიც გიტეხიათ“. ასეთი ფრაზების მოსმენა გვწყინს.

და კიდევ, ძალიან არ მოგვწონს, როდესაც მასწავლებელი თავს უფლებას აძლევს უხეშად გვესაუბროს. არასწორი პასუხის ან გაკვეთილზე დაგვიანების გამო, რასაც შეგნებულად არ ვაკეთებთ, შეუძლია შეურაცხყოფა მოგვაყენოს ან დაგვამციროს.

იმისათვის, რომ მასწავლებელმა სიყვარული მოიპოვოს, აუცილებელი როდია ლამაზად, გადაპრანჭულად ეცვას. მთავარია, აკურატულად გამოიყურებოდეს. ალბათ ყველას ჰყოლია ერთი მასწავლებელი, რომლის ჩაცმულობა ანტიპათიას იწვევს და თუ ამას მასწავლებლის უხასიათობაც ერთვის, ეს კიდევ უარესია. არავის მოსწონს  მოუწესრიგებელი მასწავლებელი. ასეთებიც არიან! არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ან სუპერელეგანტური სამოსი გეცვას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ  ჩაცმულობა შესაფერისი იყოს.

წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა და მოზარდივით აცვია.  მოსწავლეები მას შეურაცხადად მიიჩნევენ და დასცინებენ. რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდა პედაგოგებიც, 30 წლამდე. ამ ასაკში, მათ შეუძლიათ შედარებით თავისუფლად ჩაცმა, ცოტა თინეიჯერულადაც, მაგალითად, მოდური ჰუდის ან თეთრ მაისურიანი პიჯაკის მოხდენა. თუმცა ასაკოვან მასწავლებელს ჰუდი ნაკლებად მოუხდება. ეს არასოლიდურია. მასწავლებლებს არ მოსწონთ ხოლმე, ჩვენ რომ გამომწვევად გვაცვია. იმავეს ვგრძნობთ მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეუფერებლად არის ჩაცმული.

სად გადის ზღვარი მასწავლებლის მეგობრულ კეთილგანწყობასა და თვალმაქც მეგობრობას შორის? თუ მასწავლებელი ერთხელ კარგად მოგექცა და იმაზე მაღალი ქულა დაგიწერა, რაც გეკუთვნოდა, მისი მადლიერი უნდა იყო. მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობენ მასწავლებლის კეთილგანწყობით. ფიქრობენ, რომ მასწავლებელი ყოველთვის წავა მათთან გარკვეულ დათმობაზე. მასწავლებელმა უნდა გაავლოს მკაფიო ზღვარი და შეინარჩუნოს დისტანცია მოსწავლესთან. ზოგი მოსწავლე თაფლავს მასწავლებელს და ცდილობს მისგან მაღალი შეფასების გამოტყუებას. ზოგიც ისეთი თავგასულია, რომ მასწავლებელს პირდაპირ სთხოვს ქულის მომატებას. სიმპათიებით განწყობილი მასწავლებელიც ნებდება საყვარელ მოსწავლეს და ამით იუფასურებს თავს, ლახავს თავისივე ავტორიტეტს.

როგორ შეგიძლიათ ამის თავიდან აცილება? უბრალოდ, ამის მიზეზი არ უნდა მისცეთ.  მასწავლებელს, რა თქმა უნდა, უნდა შეეძლოს მოსწავლის მოსმენა, დაკვალიანება, დროული მხარდაჭერა, მაგრამ ეს ურთიერთობები ცუდად არ უნდა გამოიყენოს. მასწავლებელი უნდა  დარჩეს მოსწავლისთვის ზრდასრულ მრჩევლად და არა უმეტესს.

არსებობენ „ფილოსოფოსი“ მასწავლებლები. ახალი სასწავლო მასალის შესწავლის ნაცვლად, ისინი ცხოვრების სიამეზე, ათი წლის წინანდელ ისტორიებზე საუბრობენ და ისეთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გიზიარებენ, რომელიც სინამდვილეში არაღირებულია. ერთი შეხედვით, ასეთი მასწავლებლები უწყინარი არიან, მაგრამ სრულიად უსარგებლონი. ისინი ბევრ დროს გვაკარგვინებენ!

ჩვენ გვიყვარს მასწავლებლები, რომლებსაც თითქოს რბილი ხასიათი აქვთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გაგრძნობინებს, რომ ძლიერი პიროვნებაა და მუხტის მატარებელია. ასეთმა  მასწავლებელმა ზუსტად იცის, რომ სწავლა რთული და საინტერესოა, რომ მისი საგნის გარდა, სხვა გაკვეთილებიც გვაქვს სასწავლი, რომ მოსწავლის პასუხისმგებლობაც მაღალია და მისიც. ის არ გადაგტვირთავს საშინაო დავალებით მაშინ, როდესაც მეორე დღეს სხვა საგანში საკონტროლო ან დამოუკიდებელი სამუშაო გიწევს.

კარგ მასწავლებელს შეუძლია ნებისმიერი თემის არასტანდარტული მიდგომით ახსნა. მას შეუძლია მოსწავლეების დაინტერესება ისე, რომ აღარ მოგვიწევს ვიდეოგაკვეთილების დამატებით ნახვა და ნერვიულობა. დიახ, ზოგჯერ ყველას არ შეგვიძლია ადვილად გავიგოთ გაკვეთილი და დამატებითი ახსნა-განმარტება გვჭირდება. კარგი მასწავლებელი დაუზარელია.

სასიამოვნოა, როცა პედაგოგი გიგებს, ის შენს ტალღაზეა. ჩვენს კლასში ხშირად ხუმრობენ და ამ სასაცილო ფრაზებს, რომლებსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მასწავლებლებიც იზიარებენ. მათ კარგად ესმით და თვითონაც იყენებენ ამ ფრაზებს, როდესაც ჩვენთან ურთიერთობენ. ეს ძალიან სახალისოა. მასწავლებლებს, ვინც იპოვა ბალანსი დისციპლინასა და კეთილგანწყობას შორის, არ გადაკვეთა ავტორიტეტისა და ავტორიტარიზმის ზღვარი,  სიყვარულს ვუცხადებთ“.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კლასის საათი- დამრიგებლის მუშაობის ორიენტირი

0

მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად აღზრდაში , მასში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია კლასის დამრიგებელს, რომლის საქმიანობა თანამშრომლობაზე, მოსწავლეებისა და საკუთარი საქმისადმი  უანგარო სიყვარულზე  უნდა იყოს აგებული.

დამრიგებელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია, ისინი მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობებით განსხვავდებიან და ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში ნებისმიერ მათგანთან თანამშრომლობისათვის – მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. არამც და არამც მოსწავლემ არ უნდა იგრძნოს, რომ დამრიგებელი გულგრილად ეკიდება მის უმნიშვნელო პრობლემასაც კი, რადგან ოდნავმა უყურადღებობამ  შეიძლება დამრიგებელსა და მოსწავლეს შორის აღმართულ გადაულახავ ბარიერამდე მიგვიყვანოს.

  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  დამრიგებლის მუშაობის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული,ზნეობრივი და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში. დამრიგებელი უნდა ეხმარებოდეს მოსწავლის ოჯახს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაააზრებაში. დამრიგებლის მუშობის ერთ-ერთ  მთავარ კომპონენტს სადამრიგებლო საათის ჩატარება წარმოადგენს, სწორად დაგეგმილი, ასაკობრივ და ინდივიდუალურ  თავისებურებებზე გათვლილი კლასის საათი ხდება ორიენტირი დამრიგებლის წარმატებული მუშაობისა.

მოზარდებს მოსწონთ, როცა რჩევას ეკითხებიან , როცა მათ აზრებს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ, აქტიურობენ და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, როცა   არა მარტო მონაწილეობენ ღონისძიებაში, არამედ, გარკვეულწილად, ორგანიზატორებად მოიაზრებიან, ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს სადამრიგებლო საათის ჩატარებისას ჩემი მოსწავლეების აქტიურობას,  ჩვენ ერთად ვარჩევთ საკითხს, ერთად ვგეგმავთ და ბოლოს ერთად ვაჯამებთ და ვაფასებთ, მოკლედ რომ ვთქვათ,  თანამშრომლობით ვაღწევთ მიზანს.

მინდა  გაგიზიაროთ  მიმდინარე სასწავლო წელს ჩემ   მიერ მე-11-მე-12 კლასში  დაგეგმილი და განხორციელებული რამდენიმე სადამრიგებლო  საათის მოკლე აღწერა, იმედს ვიტოვებ, კოლეგები გამომეხმაურებიან და მირჩევენ, ვინაიდან პროფესიული ზრდისათვის და პედაგოგიური  პრაქტიკის დასახვეწად,  ერთ-ერთ საუკეთესო  საშუალებად ურთიერთთანამშრომლობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმაჩნია:

  1. პიროვნული და მორალური განვითარების კუთხით გადავწყვიტე შემეთავაზებინა ქართული ფილმების გარჩევა, მოსწავლეებმა „გასეირნება ყარაბაღში“ და „სამოთხის გვრიტები“  – შეარჩიეს. კლასის საათი მეტად საინტერესო ფორმატში წარიმართა, დისკუსიაში ერთვებოდა ყველა მოსწავლე და თამამად და ნათლად გადმოსცემდა საკუთარ მოსაზრებას, ნაწარმოებებში ასახული თემების ირგვლივ მსჯელობით მოსწავლეებს განუვითარდათ სადისკუსიო უნარ-ჩვევები.
  2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების მიზნით დავასუფთავეთ მდინარის ნაპირები, მოვაწყვეთ ლაშქრობა მდინარე „ინწირას“ სათავეზე, ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასთან ერთად მოსწავლეებს უვითარდებათ სოციალური უნარები. მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი კოლხური ბზის გადარჩენისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ.
  3. მეწარმეობის უნარის განვითარებას ემსახურებოდა  სკოლის ეზოში გაშენებულ თხილის პლანტაციებში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისას სპეციალისტებთან გასაუბრება.
  4. ცხოვრების ჯანსაღი წესი – ეს ის მიმართულებაა, რომლის მიმართაც ყველაზე მეტ ხალისს და აქტიურობას იჩენენ მოსწავლეები: სადამრიგებლო საათის ფარგლებში სპორტის მასწავლებელთან აქტიური თანამშრომლობით და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩემი მოსწავლეების, როგორც უფროსკლასელების, ინიციატივით ჩატარდა შიდა სასკოლო და სკოლებს შორის შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
  5. „მე ვარ მედიატორი“ -ამ სათაურით ჩავატარეთ სადამრიგებლო საათი სკოლაში ძალადობის დასაგმობად.
  6. თვალსაწიერის გაფართოება- ამ მიმართულებით მოსწავლეებმა არაერთი იდეა მომაწოდეს და რამდენიმე ღონისძიება დავგეგმეთ და განვახორციელეთ, მათ შორის  23 ნოემბერს მეზობელ ჩხოროწყუს რაიონში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მონახულება და ტაძრის ისტორიის გაცნობა, არქიტექტურის მიმოხილვა .
  7. ”მრგვალ მაგიდასთან – ფინჯან ყავაზე“, არასტანდარტულ ფორმატში ჩატარებული ეს სადამრიგებლო საათი დაეთმო მოსწავლეების საყვარელი ლექსის და ჩანახატის წაკითხვა- გაანალიზებას.
  8. არც განათლების კუთხით განხორციელებული ცვლილებები დარჩენიათ ჩემს მოსწავლეებს  ყურადღების მიღმა:  „ჩემი აზრი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით“, ამ სათაურით ჩატარდა კლასის საათი და მოსწავლეებმა არგუმენტირებულად ისაუბრეს საკითხის შესახებ.
  9. და ბოლოს, ვფიქრობ, ხაზგასმის ღირსია მარტის დღესასწაულებთან დააკავშირებით ჩატარებული სადამრიგებლო საათი სკოლის თვითმმართველობასთან ერთად თემაზე: „ემიგრანტი დედები საზღვარგარეთ და მათი შვილები საქართველოში“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო აუდიო და ვიდეო მასალა ემიგრანტებზე, „სკაიპით“ ჩაერთვნენ იტალიაში მყოფ ემიგრანტ დედას ლელა კიკილაშვილს, მოსწავლეებსა და სტუმარს შორის საინტერესო დიალოგი შედგა,  სტუმარი კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა მოზარდებთან საუბრით.

 

ეს გახლავთ ჩემ მიერ ჩატარებული სადამრიგებლო საათების არასრული ჩამონათვალი, მე მუდმივად ვცდილობ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მდიდარი და ნაყოფიერი გავხადო ჩემი მუშაობა, გარკვეული წვლილი შევიტანო ჩემი მოსწავლეების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, მოვახდინო  მათი იდეების გენერაცია და კლასის საათი მუდმივად გამოვიყენო.  როგორც დამრიგებლის მუშაობის ორიენტირი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:               

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

 

2.https://www.etaloni.ge/geo/main/index/1763  დამრიგებლის მოვალეობები და მუშაობა, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მისი მუშაობა

გამჭოლი კომპეტენციების განვითარება ერთი ზღაპრის მიხედვით

0

ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს – ეროვნულ სასწავლო გეგმას – არცთუ დიდი ხანია, რაც დავუმეგობრდი. გამჭოლი კომპეტენციები  – სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვისას გავიცანი, თუმცა ჩემს ცნობიერებაში დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდა. ახლა ხშირად ვწერ საძიებო ველში და ვეცნობი თითოეულს, მერე გონებით საკუთარ გაკვეთილებზე ვიწყებ მოგზაურობას და კიდევ უფრო გასაგები ხდება პროფესიული ტერმინები.

თანამედროვე პედაგოგიკა მასწავლებლებს გვაგულიანებს, რომ ჩვენი საგნის სწავლებისას საზღვრები გადავლახოთ და ერთმანეთთან დავამეგობროთ ქართული ლიტერატურა, მათემატიკა, მუსიკა, ხელოვნება, ტექნოლოგიებიც ჩავრთოთ, რათა სკოლაში გატარებულმა დრომ ბავშვები ცხოვრებისთვის შეამზადოს.

გადავწყვიტე, ერთი ზღაპრის ირგვლივ ამეკინძა მრავალი აქტივობა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებისკენ მიმემართა. ტერმინი გამჭოლი კომპეტენციები კიდევ უფრო რომ  მოვიშინაუროთ.  ამ სტატიის მიზანი იქნება ამგვარი: კითხვის სასიამოვნო პროცესად გადაქცევა, ტექსტის მრავალგვარად გაცოცხლება, ერთი ზღაპრით ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მოსმენილის გააზრება, წაკითხულის ნახატად და სქემად გადაქცევა, საყვარელი ნუგბარის დასამზადებლად საჭირო ნუსხის შედგენა, მაღაზიაში სასურველი პროდუქტის  ძიება, კონსულტანტთან ურთიერთობა, პროდუქტის რაოდენობის შერჩევა, ქვითარზე ასახული ინფორმაციის გადამოწმება, ნაყინის დამზადება, საყვარელი ადამიანების გახარება, ტექსტის მიხედვით გადაღებულ მულტფილმზე დაკვირვება, ინგლისური სიტყვების დამახსოვრება.

სამიზნე წყვილად ჩემი ორი შვილი – 9 წლის თეკლა და 6 წლის გაბრიელი აღმოჩნდნენ. დრო რამდენიმე კვირაზე გადანაწილდა.

ყველაფერი კი ცნობილი საბავშვო წიგნებით შთაგონებული კერძების რეცეპტების წიგნით დაიწყო. ტექსტების ავტორი დიანა ანფიმიადია, ხოლო ილუსტრაციები  ანა ჯანელიძემ დახატა. თერთმეტი საბავშვო ტექსტის მიხედვით ავტორმა „ლიტერატურული“ კერძების რეცეპტები გამოიგონა. „კუკრუჭანები, კოკლოზინები და სხვა რამეები პატარა მკითხველებისათვის“ არაჩვეულებრივი მეგზურია ბავშვების კითხვით დაინტერესებისთვის. თან კითხვა, თან თამაში, შედეგად დაუვიწყარი თავგადასავალი გელით. ლიტერატურული თამაში შეუძლიათ წამოიწყონ როგორც მშობლებმა, ასევე – მასწავლებლებმა. მაშ ასე, ჩვენ თოვლის დედოფლის საფირმო ნაყინი „ჩრდილოეთის ციალი“  შევარჩიეთ და თამაშიც დაიწყო. გამჭოლ კომპეტენციებს კი შემდეგნაირად დავუკავშირე:

 

წიგნიერება

ბავშვობაში ჰანს კრისტიან ანდერსენის  ლურჯყდიანი წიგნი მქონდა. თხელ ყდაზე თეთრი მარხილი და თოვლის დედოფალი ეხატა. ქართულ ხალხურ ზღაპრებს შეჩვეული გულს ვერ ვუდებდი დანიელი მწერლის ლიტერატურულ ზღაპრებს.  „თოვლის დედოფალი“ ბავშვობის მერე აღარ წამიკითხავს. სამაგიეროდ, ზღაპრის მიხედვით გადაღებული მულტფილმებითა და ფილმებით სავსეა თანამედროვე სამყარო, სპექტაკლებიც ხშირად იდგმება. ბავშვებთან ერთად ტექსტის ხელახლა აღმოჩენა ერთი დიდი სიამოვნებაა.

რამდენიმე დღე ხმამაღლა ვუკითხავდი. დროდადრო ახალ სიტყვებს ვაკვირდებოდით და ფანქრით ვხაზავდით. ხშირად მასწავლებლები ვფიქრობთ, რომ თუ ბავშვი კარგად კითხულობს, საუბრისას მრავალფეროვან სიტყვებს იყენებს, სიტყვებზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის. ამგვარმა მიდგომამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომ სიტყვების „შემგროვებლებად“ გადაქცევა მშობლიური ენის შესწავლისას აუცილებელია. ასე დავაგროვეთ უცხო, გაუგებარი და საინტერესო სიტყვები: მრუდე, ზანდუკი, ზვირთები, ყავარჯენი, მღვრიე, ლელიანი, ჭრაქი, ვირთევზა, ჭვარტლი…

სკოლამდელი ასაკის ბავშვთან კითხვის პროცესს კიდევ უფრო სახალისოს გახდის სიტყვებით თამაში, მაგალითად, ვარჩევთ რამდენიმე სიტყვას და რიგრიგობით ვიგონებთ ახალ სიტყვებს. აქ მთავარია შეთანხმება, თუ რომელ ბგერაზე ვამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება ეს იყოს სიტყვის პირველი, მეორე, მესამე ასო-ბგერა … ზანდუკი – ამბობს პირველი მოთამაშე, მეორე სიტყვის მესამე ასოთი დაწყებულ სიტყვას იგონებს – მაგ., ნიანგი, მესამე კვლავ მესამე ასოს ეძებს სიტყვაში და თავის სიტყვას ამბობს. ამგვარად, თან წინასაანბანო  საფუძველს ვამყარებთ და თან ვხალისობთ.

ჩემი გონება მასწავლებლური მიგნებებისთვის პარალელურ რეჟიმში მუშაობს. მაგალითად, ერთგან ასეთი რამ მიმიწერია: საინტერესო იქნება ამ თავის მიხედვით გაკვეთილის აგება, კერძოდ, თემა – სხვაზე ცუდის თქმა… სარკისა და ნამსხვრევების ამბავს ვგულისხმობდი – ბოროტი კობოლდის სარკის ნამცეცი ადამიანებს თვალთახედვას რომ უმრუდებს: „სარკის ნამსხვრევები დედამიწაზე მტვერივით გაიფანტა. ვისაც ეს ნამსხვრევები თვალში მოხვდებოდა, აღარასოდეს მოშორდებოდა. ასეთი ადამიანი კი ყველაფერს უკუღმა ხედავდა, ყველაფერი მრუდედ და მახინჯად ეჩვენებოდა, ყოველ საქმეში მხოლოდ ცუდსა და ურიგოს ამჩნევდა, კარგს კი ვერაფერს ხედავდა.“ ჩვენ ირგვლივაც ხომ არიან ასეთი ადამიანები, ყველაფერს მრუდე თვალთახედვიდან რომ აფასებენ. ბავშვობიდან შეფასებისა და აღქმის განვითარებისთვის გამიზნული მუშაობა აუცილებელი მგონია.

 

მედიაწიგნიერება

მედიაწიგნიერების ერთ კონკრეტულ მიზანზე გავამახვილებ ყურადღებას, კერძოდ, ინფორმაციის წაკითხვის, გააზრებისა და გამოყენების შესახებ სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში.

ზღაპრის წაკითხვის შემდეგ თოვლის დედოფლის საფირმო ნაყინის „ჩრდილოეთის ციალისთვის“ საჭირო ინგრედიენტები ამოვიწერეთ და სუპერმარკეტისკენ გავეშურეთ.

უნდა მოგვემარაგებინა:

ბანანი – 1ცალი, ლიმონი – 1 ცალი, ვანილი – ნახევარი პაკეტი, შესქელებული რძე – 1 ქილა, ნუშის ფანტელი, ნაღები.

შეთანხმება ამგვარი იყო: თავად უნდა მოეძებნათ, სად რა იყიდებოდა. თუ ვერ მიაგნებდნენ, კონსულტანტისთვის უნდა ეკითხათ. მე მოშორებით მივყვებოდი. ბანანს, ლიმონს, ვანილს ადვილად მიაგნეს, ნუშის ფანტელისთვის კონსტულტანტს მიმართეს, შესქელებული რძე თევზისა და ხორცის კონსერვის ქილებში ეძებეს. შემდეგ სექციის თავზე დაკიდებულ აბრაზე მივანიშნე და მალევე აღმოაჩინეს რძის ნაწარმის ვეებერთელა პოსტერიც. თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. ნაღების მოძებნა ცოტა გაუჭირდათ. პროდუქტის გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადასაც ვაკვირდებოდით. ბოლო ეტაპი მოლარესთან მისვლა, თანხის გადახდა და ქვითრის გადამოწმება იყო. ცრუ განგაშიც ატეხეს, ფასებსა და რაოდენობას შორის თანხვედრაზე ეჭვი შეეპარა ცხრა წლის გოგოს. რაოდენობრივი წიგნიერების კომპეტენციების განვითარებაც შეგვრჩა ხელთ: პროდუქტის რაოდენობაზე, წონასა და ფასებზე დაკვირვება.

 

ციფრული წიგნიერება

ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, რათა ლიტერატურული ტექსტი ციფრულ წიგნიერებას დავუკავშიროთ. ჩვენ პირველ რიგში ჩრდილოეთის ციალის ირგვლივ მოვიძიეთ ინფორმაცია, შემდეგ  ვიდეოჩანაწერს ვუყურეთ და ნანახმა ზღაპარს  მეტი ჯადოსნურობა შემატა. ტექსტშიც ვეძებეთ ჩრდილოეთის ციალი და ისეთ ადგილას მივაგენით, სუნთქვა შეგვეკრა. ყაჩაღის ასულის ნაჩუქარი ქორბუდა ირმით კაისკენ რომ მიქროდა გერდა: „გარბოდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა. თოვდა. მაგრამ ფანტელები ციდან არ ცვიოდნენ: ცა მოწმენდილი იყო და ჩრდილოეთის ციალი არემარეს მზესავით ანათებდა.“

ზღაპრის მიხედვით ძალიან ბევრი ანიმაცია არსებობს. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, არჩევანი ამ მულტფილმზე შევაჩერე.

ერთად ვუყურეთ და პარალელურად ტექსტს ვადარებდით. ვსაუბრობდით მუსიკის ძალაზე, პერსონაჟებზე. სიუჟეტური ხაზი თითქმის ემთხვევა ლიტერატურულ ვარიანტს, თუმცა აქ მთხრობელს და ჰანს კრისტიან ანდერსენსაც გაიცნობთ. ჩვენი საყვარელი ყაჩაღის ასულის, ლაპლანდიელი და ფინელი ქალების დანახვისას ყიჟინა ავტეხეთ. განსაკუთრებით გამხმარი ვირთევზას დანახვამ გაგვახარა, რომელსაც ლაპლანდიელი ქალი ფურცლის მაგივრად იყენებს. მერე ტექსტს მივუბრუნდით და საყვარელი ეპიზოდი მოვძებნეთ: „- რამდენიმე სიტყვას  დაგიწერთ  გამხმარ ვირთევზაზე, რადგან ქაღალდი არ მაქვს, და ფინელ ქალთან გაგატანთ. ის ქალი დაგეხმარებათ.

როცა გერდა გათბა, ჭამა და დაისვენა, ქალმა ვირთევზაზე მართლაც დაწერა რამდენიმე სიტყვა, გოგონას უთხრა, არ დაგეკარგოსო, მერე ისევ ირემზე დააბა და გაუშვა.“

 

მრავალენობრივი კომპეტენცია

მულტფილმი, რომელსაც ერთად ვუყურეთ, ინგლისურ ენაზეა. ყურებისას სიტყვებსა და ფრაზებს ვუთარგმნიდი. საუბრის ტემპი ნელი და ადვილად გასაგებია.

ანე-კატერინე ვესტლის „ველოტური დანიაში“ გამახსენდა. დედა, მამა, რვა ბავშვი და დიდედა ავტორის სამშობლოში რომ იმოგზაურებენ ველოსიპედებით. ერთ-ერთ თავში აღწერილია ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმში სტუმრობა. ვისაუბრეთ ნორვეგიისა და დანიის შესახებ. ჩემი დაკვირვებით ცხრა წელი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი გეოგრაფიული სივრცის აღსაქმელად, თუმცა, გეოგრაფიული საზღვრების გასათავისებლად ენა დაგვეხმარება. ინგლისური, ნორვეგიული, დანიური, ქართული ენების მოსმენისას სამყაროს მრავალფეროვნებას პატარა ადამიანები ადვილად გაითავისებენ.

 

სემიოტიკური კომპეტენცია

სიტყვიერი ტექსტის ილუსტრაციის სახით გამოხატვაზე გავამახვილე ყურადღება. ბავშვებს ვთხოვე, მოსმენისას რაც ყველაზე მეტად მოეწონათ, ის დაეხატათ. შემდეგ კი გამოცნობანას თამაში წამოვიწყეთ: ერთმანეთისთვის ნახატების მიხედვით შესაბამისი ეპიზოდის ამოცნობას ვცდილობდით. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დაასრულებენ ხატვას და როდის დავაკვირდები,  განსაკუთრებით  რის  მოსმენისას აუჩქარდათ პატარა გულები.

კიდევ ერთი აქტივობა მოვიფიქრეთ – სამზარეულოს კარადაზე წიგნის ილუსტრაციების დახატვა. გაზქურის თავზე ნაყინის „ჩრდილოეთის ციალის“ ინგრედიენტები გამოვსახეთ. ამგვარად ტექსტი და სიტყვები ვიზუალურად „ხელშესახები“ გავხადეთ.

 

სწავლის სწავლა

მე და ჩემი თაობის ადამიანებს არ გვასწავლეს, როგორ უნდა გვესწავლა. მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე ახლა ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ. გააზრებული მაქვს, რამდენად  ვიმარტივებთ  ცხოვრებას, ვზოგავთ დროსა და ენერგიას, როდესაც კარგად ვიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს. ამჯერად პრაქტიკული საქმიანობის სწავლას შევუდექით. მოვიმარაგეთ საჭირო ინგრედიენტები, გადავშალეთ წიგნი და მომზადების ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით. ყველა დეტალი განვიხილეთ: მიქსერისთვის „ფეხების“ ჩამაგრება, სიჩქარის მართვა, სახეხის უსაფრთხოდ გამოყენება, სათანადო ჭიქების შერჩევა, საყინულეს საჭირო რეჟიმზე მომართვა.

სულ ბოლოს კითხვარი შევადგინე და თეკლას შევსება ვთხოვე. რამდენიმე საფეხურიანი ინსტრუქციის გაგება გაუჭირდა და ბევრ შეკითხვას მისვამდა. ერთგვარი შეჯამება გამოგვივიდა და დაკვირვება იმაზე, რა და როგორ ვისწავლეთ.

 

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

თოვლის დედოფლის ნაყინი უგემრიელესი გამოგვივიდა. ჯერ ვფიქრობდით,  ეზოში ნაყინების  გაყიდვას და დაგროვებული თანხის საქველმოქმედო მიზნით გამოყენებას, მაგრამ ქარმა შეგვაშინა. საბოლოოდ, ზამთრის ბოლო თვეს გამოვალაგეთ  საყინულედან  ნაყინები, ხელი დავავლეთ გაყინულ ჭიქებს, ბებიასთან და ბიძაშვილებთან სტუმრად წავედით და თან ჩვენი ხელით დამზადებული „ჩრდილოეთის ციალი“ მივიტანეთ. ამ ფუსფუსში საყვარელი ადამიანების გახარებაზე ვსაუბრობდით.

 

ეკოლოგიური წიგნიერება

ამ მხრივ  ერთადერთი ის მოვახერხე, რომ ნაყინის დამზადებისას დაგროვებული ნაგვის ირგვლივ ვისაუბრეთ, კერძოდ, თუნუქის ქილას, ცელოფანს, ქაღალდის პაკეტს რამდენი ხანი სჭირდება დანაწევრებისა და მიწასთან შერევისთვის. ჭარბი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით დაბინძურებულ გარემოზე ბევრს ვფიქრობ და ვდარდობ.

ტექსტისა ავტორმა, დიანა ანფიმიადიმ  კი საინტერესო იდეა შემოგვთავაზა: ვარდის დაკალმება.  ვარდის ორი ბუჩქი გერდას  და კაის სარკმლებთან თაღს ქმნიდა. ამ ეპიზოდის მიხედვით წიგნში ილუსტრაცია არის დახატული, ხოლო მულტფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კადრია. მართალია, ამჯერად ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვარდის დაკალმებით ზღაპრის გახსენება კიდევ სხვა ამბებს მოიყოლებს თან.

კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ზღაპრის ამგვარი გაცოცხლებით ასოციაციური აზროვნებისთვის გზა ხსნილია. ჩვენ კი კვლავ ვაპირებთ თამაშს. ახლა ლუის კეროლის  „ელისის თავგადასავალი საოცრებათა სამყაროში“ ერთობლივი კითხვა წამოვიწყეთ.  ორი წიგნი გვაქვს და პარალელურად ერთმანეთის წარმოსახვით სამყაროში  „ვმოგზაურობთ“. ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს, ვტკბებით ახალი სიტყვების აღმოჩენით, სამაგიდო თამაშის მოფიქრებასაც ვაპირებთ. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი გამოვაცხობთ ელისის საყვარელ ნამცხვარს ფორთოხლის მარმელადით და ამ წერილში აღწერილ გზას გავივლით: თან კითხვა, თან თამაში, თან სამზარეულოში ფუსფუსი და კიდევ ბევრი „თან“ , რომელთაც თქვენც გაგიზიარებთ.

 

რამდენი საერთო მეგობარი ეყოლებოდა თამარ მეფეს დავით სოსლანთან

0

ერთმა მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა, გაეკეთებინა ცნობილი ისტორიული გმირების Facebook- პროფილები და აღმოაჩინა, რომ მშვენიერი მეთოდი იპოვა ბავშვებისთვის ძველი ამბების მათთვის გასაგები ფორმით მისაწოდებლად.

რა ინფორმაციას ვიგებთ, როცა ვათვალიერებთ ერთი ადამიანის, მაგალითად, ფეისბუქგვერდს?

  • სახელი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი და საცხოვრებელი ადგილი, განათლება;
  • ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები;
  • საყვარელი საჭმელები, მუსიკოსების, ფილმები, მსახიობები;
  • ადგილები, სადაც ოდესმე ყოფილა;
  • ფოტოები;
  • სტატუსები სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური ამბების შესახებ;
  • მის ცხოვრებაში მომხდარი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები.

 

თუკი მხოლოდ ამ ინფორმაციას ავიღებთ და გადავწყვეტთ, შევქმნათ ამ ჩარჩოს მიხედვით ერთი რომელიმე ადამიანის, ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის, სტალინის, კლეოპატრას ან მარო მაყაშვილის პროფილი, ერთდროულად რამდენიმე ამოცანას შევასრულებთ:

 

  • მოსწავლეებს ვასწავლით ისტორიული ცნობების სისტემატიზებასა და დახარისხებას;
  • მათ მივცემთ საშუალებას გამოიყენონ ფანტაზია, იუმორი და ლოგიკა და მათი მეშვეობით თვითონ მოახდინონ იმ ინფორმაციის რეკონსტრუქცია, რომელიც ისტორიულ წყაროებში დაცული არ არის;
  • მოსწავლეები დაფიქრდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი დიდი ისტორიული ფიგურა პირველ რიგში ადამიანი იყო, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენა მისმა ოჯახმა, განათლებამ, საცხოვრებელმა ადგილმა, პოლიტიკურმა ფონმა და სხვა ფაქტორებმა იქონია. ჰქონდა ძლიერთან ერთად სუსტი მხარეები, გამარჯვებებთან ერთად დამარცხებები, ჰყავდა მეგობრები და ა.შ და დაინახავენ იმასაც, რომ ეს ადამიანური ფაქტორები ისტორიას რიგ შემთხვევაში აინტერესებს, რიგ შემთხვევაში არა და შესაძლოა დაიჭირონ კანონზომიერება, როდის ინტერესდება ისტორია გმირების ყოფითი ამბებით და როდის არა;
  • ამ დავალების შესრულებისას მოსწავლეები აუცილებლად მიხვდებიან, რომ ისტორია გენდერული უთანასწორობის საჩვენებლად ერთ-ერთი ყველაზე კარგი სფეროა. ქალების შესახებ წყაროები ყველგან ყოველთვის უფრო მწირია, ვიდრე კაცების შესახებ;
  • მოსწავლეები, სავარაუდოდ, იმასაც მიხვდებიან, რომ უმეტეს შემთხვევებში გეოგრაფია ისტორიული პერსონაჟების საკმაოდ მწირია, მათი გარშემომყოფების შესახებ კი ცოტა რამ ვიცით.

 

ამ დავალების მთავარი ხიბლი ალბათ ის გახლავთ, რომ მოსწავლეები “დიდ” ადამიანებს გაუშინაურდებიან და მათზე, როგორც მათ შესაძლო თანამედროვეზე ფიქრში გაივარჯიშებენ და თუკი ასე შეხედავ ძველ ამბებს, თანამედროვეს პოზიციიდან და ამ დროის პერსპექტივიდან, უფრო ადვილია მათი აღქმა, მათი ამბების დამახსოვრება, მნიშვნელობის განსაზღვრა და ისტორიის გაკვეთილების განზოგადება.

 

 

 

ax2+bx+c=გადაუხადე სხვას

0

თუ ვინმესი გულწრფელად მშურს, ეს პროფესიონალი მუსიკოსები და მასწავლებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თავადაც ვასწავლი, მიმაჩნია, რომ ნამდვილი პედაგოგი მაინც ვერ გავხდი და ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებ, მხოლოდ მადლიერების გამოხატვის მცდელობაა იმ რამდენიმე მასწავლებლის მიმართ, რომელმაც – იქნებ დაუფიქრებლად, მაგრამ მაინც – პიროვნებად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მე ნამდვილი 90-იანელი ვარ. აი, იმ თაობისა, გაკვეთილებზე შეშა და ნავთი თავად რომ მიჰქონდა, საერთო მოხმარების სახელმძღვანელოები ჰქონდა და დენის მოსვლისას შუა გაკვეთილზე ყიჟინას დასცემდა ხოლმე. ომებს აღარც ვახსენებ. ომები ლამის ყველა იმ თაობამ გამოვიარეთ და ვნახეთ, ვინც ჯერაც ცოცხლები ვართ.

და იმ პერიოდში, იმ რთულ და ავად სახსენებელ პერიოდში, მე მყავდა მასწავლებლები, რომლებიც, ახლანდელი გადმოსახედიდან, გმირები იყვნენ, მაშინ კი უბრალოდ უცნაურ ადამიანებად მეჩვენებოდნენ.

ერთი ასეთი კაცი ზაურ გოგრიჭიანი იყო. მოსწავლეები მოფერებით ჯუდოს ეძახდნენ. არ ვიცი, რას ნიშნავდა ეს მეტსახელი, მაგრამ მახსოვს, რომ სწყინდა და ამიტომ მხოლოდ ზურგს უკან ვეძახდით ასე: ჯუდო!

სანამ მთავარ ამბავს მოვყვები, ის უნდა გავიხსენო, რომ სადღაც მეოთხე კლასში ექიმობა ავიკვიატე. ცხადია, ეს მაშინდელი საერთო ფონის ამბავი იყო: ოჯახში „დოხტური“ თუ არ გყავდა, არ ივარგებდა. ოჯახის ნათესავ-მეგობრებიც ხომ მხარზე ხელის მოთათუნებით წაახალისებენ ხოლმე ასეთ „არჩევანს“ – აბა რა, შვილო, კარგი პროფესიაა, შემოსავლიანიც და პრესტიჟულიცო. მთელი ბავშვობა, ბარე მეათე კლასამდე, ვამტკიცებდი: ექიმი უნდა გამოვიდე, ბიოლოგიის და ქიმიის გარდა არაფერი მჭირდება, რეცეპტს როგორმე გამოვწერ, ამიტომ სხვა საგნებზე დროის ხარჯვა ფუჭი ამბავი მგონია-მეთქი. არ ვიცი, ეს თავდაცვის მექანიზმი იყო იმის გამო, კვადრატულ განტოლებას რომ ვერ ვხსნიდი მეათე კლასამდე და ქართულში 3-იანზე მაღალი ნიშანი არასოდეს მქონია თუ რა, მაგრამ რაღაცნაირად ასე კი აეწყო – ქიმია და ბიოლოგია მართლა განსაკუთრებულად მიყვარდა. არასოდეს მეზარებოდა ამ ორი საგნის სწავლა, მეტიც – არც დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ქექვა. დაავადებათა სიმპტომატიკის შესახებ არსებული ყველა წიგნი, რომელზეც კი იმ დროისთვის ხელი მიმიწვდებოდა, დაკონსპექტებული მქონდა და როგორც მომავალი „პროფესიონალი“, განსაკუთრებული კარიერისთვის ვემზადებოდი, მანამდე, სანამ ჭიანაწლავის ოპერაცია არ დამჭირდა, ექიმმა მამაჩემს არ უთხრა, სანამ ნარკოზის ფულს არ მოიტანთ, ვერ გავკვეთთო და ისიც შუაღამისას კისტრისტეხით არ გავარდა 50 დოლარის სასესხებლად. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ასე არასოდეს არაფერზე ამცრუებია გული. პალატაში წოლისას სრული ფრუსტრაციის განცდა მქონდა. იმ ღვთისმსახურივით ვიყავი, უცებ ღმერთის არსებობაში ეჭვი რომ შეეპარება და იმედგაცრუებულს იმის დაშვებისაც კი მეშინოდა, რომ 17 წლის ასაკში, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის „მომზადებულს“, უარი უნდა მეთქვა პროფესიაზე, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.

მშობლები თავისუფლად მზრდიდნენ. ჩემს ახალ აკვიატებას, რომ სამედიცინოზე აღარ ჩავაბარებდი, მშვიდად შეხვდნენ და გადაწყდა, მომდევნო წლისთვის მათემატიკაში მოვემზადებინეთ, საგამოცდო საგნებს იმ წელს რომ დაემატა. როგორც ხდებოდა და ახლაც ხდება, გაიკითხ-გამოიკითხეს და ფასისა და ხარისხის შეფარდებით ზაურ გოგრიჭიანი აირჩიეს. მკაცრი და უცნაური კაციაო, მახსოვს, გვითხრა მისმა რეკომენდატორმა. უცნაურობა კი იმით გამოიხატებოდა, რომ ყველას არ ამზადებდა. წინასწარ გაესაუბრებოდა ბავშვს და გადაწყვეტდა, აიყვანდა თუ არა.

ჯუდოს ამბავი მეც გავიკითხ-გამოვიკითხე და დავასკვენი, რომ მართლა უცნაური კაცი იყო. ამდენი ლეგენდა მასწავლებელზე არასოდეს მსმენია.

„ერთხელ თურმე მოსწავლე მეცხრე სართულიდან ფეხებით გადაკიდა, თუ არ ისწავლი, გადაგაგდებო!“ – ცოტა შეშინებული კილოთი მითხრა ჩემმა მეგობარმა გიორგი ხარაიძემ, ვისთან ერთადაც ვიჯექი და კარებს ვუყურებდი, საიდანაც ჩვენს შესამოწმებლად ზაურ გოგრიჭიანი უნდა შემოსულიყო.

ზაური მაღალი, მხნე აღნაგობის კაცი იყო, წარმოშობით ზემო რაჭიდან, სოფელ ღებიდან. ღებელებზე ის ვიცი ჩემი ჯუდოსგან, რომ ამ მაღალმთიან სოფელში, სადაც უმკაცრესი კლიმატია, 17 აკადემიკოსი დაიბადა და, საზოგადოდ, ყველა იქაურს განსაკუთრებული ნიჭი აქვს ჰავის თავისებურების გამო. ყველაზე უცოდინარი მე ვარო, დაამატებდა ზაური და ამოიოხრებდა ხოლმე, და ეს ამოოხვრა, დანამდვილებით ვიცი, სოფლის მონატრება იყო.

დღევანდელ დღესავით მახსოვს: სამნი ვიყავით ჩემს ბინაში, მეთექვსმეტე სართულზე. ლიფტი არ მუშაობდა და მასწავლებელმა, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, არასოდეს იგვიანებდა, ზუსტად სამი წუთი დააგვიანა. დინჯად შემოვიდა ოთახში და სამივეს დაგვაკვირდა.

მე, გიორგი და იოსები ვისხედით და შევყურებდით ლეგენდარულ კაცს, რომელმაც ერთ ჩემს უბნელ ბიჭს ისე შეაყვარა მათემატიკა, ეს უკანასკნელი სამი წელი უმაღლესი ქულებით აბარებდა სხვადასხვა უნივერსიტეტში (გამოცდის პროცესი მომწონსო), ისე რომ, საქართველოში იმ დროს არსებული ყველა მთავარი სასწავლებლის სტუდენტი ერთხელ მაინც გახდა.

ჰოდა, ვისხედით და შევყურებდით ამ კაცს, რომელსაც სათვალის მიღმა ცისფერი, ბრიალა თვალები და ძალიან, ძალიან მანერული მეტყველება და მიხრა-მოხრა ჰქონდა. იოსებმა, ასევე ჩემმა კლასელმა, მითხრა, მე კი ამიყვანს, შენ რა გეშველება, კვადრატულ განტოლებასაც ვერ ხსნიო. ჩემთვის სულერთია, არც მათემატიკა მაინტერესებს და არც უმაღლესში ჩაბარება, ჯარში მივდივარ-მეთქი, ვუპასუხე.

ჯუდომ შეგვამოწმა, იოსებს უარი უთხრა მომზადებაზე, მე და გიორგი აგვიყვანა და დავიწყეთ.

პირველი სამი გაკვეთილი „მოსარჯულებელი“ ბრძოლა იყო. ცხადია, ფანჯარას სათოფეზე არ ვეკარებოდი – მეთექვსმეტე სართული იყო მაინც. მეოთხე გაკვეთილზე კალამი მაგიდას დაჰკრა და ჯერ ცხარედ, მერე კი ძალიან დინჯად მითხრა სიტყვები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება: „გურამ, შენ ხარ ძალიან მაგარი მათემატიკოსი. იმდენად მაგარი, რომ შეგიძლია, ფერმას დიდი თეორემაც კი ამოხსნა. მეტიც: ამ ცხრა თვეში, რაც გამოცდებამდე დაგვრჩა, არათუ ჩააბარო, არამედ შეუსწორო კიდეც პროფესორს, რომელიც განტოლების ამოხსნის არასწორ, რთულ გზას შემოგთავაზებს. ნუ იბრძვი, ირწმუნე საკუთარი თავის და გამომყევი“.

აი, ეს მითხრა ტიპმა, რომელიც აბიტურიენტებში ჯონ ლენონზე პოპულარული იყო. წლების შემდეგ, სრულიად შემთხვევით, სტიგ ლარსონის წიგნის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ კითხვისას გავიგე, რომ ფერმას დიდი თეორემა თურმე ორი წლით ადრე ამოუხსნია ენდრიუ უაილზს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ზაურის სიტყვებმა ისე გამამხნევა, უმაღლეს მათემატიკაში გამოცდა უმაღლესი ქულით ჩავაბარე.

მარტივად დავწერე, აი, ცურვა რომ იცი და კი არ ფიქრობ, როგორ იცურო, უბრალოდ მიცურავ, ისე დავწერე.

აღმოჩნდა, რომ აქამდე უინტერესო საგანი ყველაზე მეტად შემიყვარდა. ორი რამის გამო შემიყვარდა: პირველი – გავიგე, დავინახე, შევიგრძენი, მოვისმინე მათემატიკა და მეორე – მასწავლებლის შრომას ვაფასებდი, მთელი ცხრა თვე რაღაც გროშებისთვის ჩემ სახლამდე – კილომეტრს, მერე კი მთელ 16 სართულს ფეხით რომ ამოივლიდა და 6, 7, ხანდახან 10 საათიც კი მათემატიკაზე მელაპარაკებოდა. მრცხვენოდა, ასეთი მცირე თანხის საფასურად ამდენს რომ შრომობდა ჩემთვის. მისი სიმკაცრეც ურბანული ლეგენდა აღმოჩნდა – თუ ვჩხუბობდით, ვჩუბობდით ზუსტად ისე, „შერეკილებში“ ერთაოზი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი რომ ჩხუბობენ.

„მე თვითონ მოვალ თქვენთან, პატივცემულო (გულში კი ვამატებდი: „ჯუდო“), ამხელა გზაზე ფეხით რომ არ იაროთ!“

აქამდე მოსასვლელად ოცდასამი წუთი მჭირდება. შენ ახალგაზრდა ხარ, ჩვიდმეტ-თვრამეტ წუთში მოხვალ, მაგრამ გზაში ვინმე შეგხვდება, იქ ბირჟაზე შეგაყოვნებენ, აქ გოგოს გააყოლებ თვალს, სადღაც წაიზანტებ და ნახევარ საათს დაკარგავ, ამ დროში კი ნორმალური ადამიანი ერთ-ორ კაი საინტერესო განტოლებას ამოხსნისო, მპასუხობდა.

მუსიკა, რელიგია, ლიტერატურა, ასტრონომია, გეოგრაფია, კულინარია თუ ნადირობა – რაზე არ გვილაპარაკია ჩვენ სამს: მე, გიორგის და ზაური მასწავლებელს. არც მახსენდება ჩემი ცხოვრების უფრო საინტერესო მონაკვეთი, ვიდრე ეს ცხრა თვე იყო, როცა ათსაათიანი მეცადინეობის შეუალედებში ფიზიკის ამოცანებით „ვისვენებდით“.

სწორედ ზაურ გოგრიჭიანის, ამ იშვიათი პედაგოგის გამო ვცადე მასწავლებლობა. ვფიქრობ, მისთვის მადლობის გადახდას აზრი არ აქვს, ვერც მოვახერხებ. თუ ერთი ჩემსავით მადლიერი მოსწავლე მაინც ვიპოვე, მიზანი ალბათ მიღწეული იქნება და ეს გზა, ეს ტრადიცია, ეს უხილავი კავშირი პედაგოგსა და მოსწავლეს შორის არ გაწყდება.

მე სხვას გადავუხდი მადლობას!

მედიაწიგნიერება სკოლებში

0

მედიაწიგნიერების შექმნა გასული საუკუნის 60-იან წლებს უკავშირდება. მიუხედავად არც თუ მცირე ისტორიისა, მისი განვითარება მსოფლიოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არაერთი ქვეყნისთვის სრულიად ახალი ხილია. პირველი ნაბიჯები ევროპასა და ამერიკაში პარალელურად გადაიდგა. პროცესი მარტივი არ იყო, რადგან უპირველესად, მასწავლებლებისთვის ინფორმაციისა და სწავლების ტექნიკის მეთოდების გადაცემა იყო საჭირო. დიდი ბრიტანეთი კი კიდევ უფრო სერიოზულად მოეკიდა საკითხს –  მაგალითად, 2003 წელს იქ მთავრობამ შეიმუშავა საკომუნიკაციო აქტი, რომლითაც ბრიტანეთის სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო საგნად დამკვიდრებას განიზრახავდა. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში პროექტში თავიდანვე 100,000-მდე სკოლა ჩაერთო.

 

მედიაწიგნიერების ეროვნული ასოციაცია ამჟამად შეიარაღებულია არაერთი გრანტითა და დაფინანსებით. ის ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა აშშ-ში, რომელიც აბსოლუტურად ყველა შტატის სკოლაში ახორციელებს საქმიანობას.

 

შეიძლება ითქვას, რომ ამ მდგომარეობის მისაღწევად, მედიაწიგნიერების ისე განსავითარებლად, როგორიც ის დღესაა, დიდი როლი ითამაშეს როგორც გადაწყვეტილების მიმღებებმა მთავრობაში, ასევე, მასწავლებლებმა. მათ შეძლეს დაერწმუნებინათ მშობლები, რომ სკოლაში სწავლა მხოლოდ გამოცდებში მაღალი ქულის მიღება არ არის და საკლასო ოთახში მოსწავლეებმა უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევებიც უნდა მიიღონ.

 

რა მთავარი გამოწვევა ჰქონდა/აქვს მედიაწიგნიერებას სკოლებში?

 

მთავარი პრობლემა გახლდათ მოსწავლეების უუნარობა, გაერჩიათ ნამდვილი და ცრუ ინფორმაციების ვეებერთელა ტალღა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ინტერნეტში აწყდებოდნენ. ეფიქრათ, ემსჯელათ და ეაზროვნათ კრიტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, რათა არ გახვეულიყვნენ მოსალოდნელ მახეში, ან თავად არ გამხდარიყვნენ არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლები. ერთმანეთისგან გაერჩიათ ახალი ამბავი და რეკლამა, რეკლამის შემცველი ინფორმაცია.

სემ ვაინბურგი, მედიაწიგნიერების მასწავლებელი დიდი ბრიტანეთიდან მოსწავლეებს ამ საგანს 2016 წლიდან ასწავლის. ის ამბობს, რომ ამჟამადაც კი, სანამ მოსწავლეები მედიაწიგნიერების საფუძვლებს შეისწავლიან, დაახლოებით 82% ერთმანეთისგან ვერ არჩევს ახალ ამბავსა და სარეკლამო სტატიას. ასევე, არ იცის, რა განსხვავებაა მათ შორის.

როგორ მუშაობს მედიაწიგნიერება?

 

არც თუ ისე მარტივი კითხვაა. მედიაწიგნიერება მრავალგანზომილებიანი საგანია – ბეჭდური, tv, ციფრული, მობილური საგანი. მისი მიზანია, გაზარდოს განათლების დონე და გავლენა მოახდინოს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნებაზე. რამდენიმე კვლევა ამ საგნის მნიშვნელობასა და ზეგავლენაზე უკვე ჩატარდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ საგანმა გაზარდა განათლება, შეცვალა რწმენები/ცრურწმენები და მოსწავლეებს ინფორმაციის გადამოწმების ტექნიკა და ჩვევები გაუზიარა.

 

რა ბედი ელის მედიაწიგნიერებას?

 

მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში დღემდე აქტიურად საუბრობენ მედიაწიგნიერების საჭიროებაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საკლასო ოთახებში შეტანაზე. სემ ვაინბურგის აზრით, ამ საგნის მიერ მსოფლიოს დასაპყრობად ცოტა დროა დარჩენილი და ძალიან მალე გადაწყვეტილებების მიმღებები იძულებული გახდებიან უკვე გამოცდილ ქვეყნებს მედიაწიგნიერების სილაბუსის გაზიარება სთხოვონ.

 

 

მთვარის პოეტი

0

ცხადია, მაშინვე მივხვდი, რომ “ზედვაკელი” ფსევდონიმი იყო, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ზემო იმერეთში არსებობს სოფელი ზედვაკე. გიო სწორედ იმ ზედვაკიდანაა. თბილისელ-ვაკელი მეგონა (სხვათა შორის, თვითონაც უხუმრია: გოგოებს ვაკელი ვგონივარ და მეჩალიჩებიან, მაგრამ რომ ვეტყვი სადაურიც ვარ, ეგრევე მიკიდებენო). მიკვირდა ეს ვაკელი კაცი ასეთი გატაცებით რატომ წერდა სოფელზე და, რაც მთავარია, ასე სრულყოფილად საიდან იცოდა სოფლის ყოფა და ზემოიმერული დიალექტი, რომელსაც ზომიერად შევხვდებით ხოლმე მის პოეზიაში.

 

მის ლექსებში ურბანულ თემებსაც ვხვდებით, მაგრამ ის მაინც პასტორალური მონატრების, ტალახიანი ორღობეების, აფეთქებული ტყემლებისა და ატმების, საკვამურიდან ამოსული კვამლის, საძოვრიდან ზანზალაკების წკრიალით დაბრუნებული ნახირის და მდინარე ძუსაში მობანავე ბიჭების მომღერალი პოეტია. მისი ურბანული ლექსების ლირიკული გმირიც სოფლელი ბიჭია, სოფლური სიალალით აღწერს ქალაქურ ყოფას და ამავე სიალალით გააყოლებს ხოლმე თვალს “პლეხანოვზე” ჩავლილ მოკლეკაბიან გოგოებს. იმავე სიალალით შედის კაფე “მარენოში”, რომ ელიავას ბაზრობაზე ავტონაწილების გაყიდვით ნაშოვნი ფულით კათხა ლუდი დალიოს:

 

“გოგოები იასავით,

გოგოები ვარდივით…

წამო და მე მიგასწავლით,

აგერ შემხვდნენ ამ დილით…”

 

იმავე ლექსის ფინალი:

 

“რა იციან, მონადირის

რომ მაქ სული, გენები.

ვარ სოფლიდან ჩამოსული,

მხიბლავს ქალაქელები.

ვიწრო ქუჩას მოსდევს ბაღი,

ბაღებს-მყუდრო გარემო.

პლეხანოვის გამზირი და

ჩემი კაფე ,,მარენო”. (ლექსი “გოგოები იასავით, გოგოები ვარდივით…”)

 

თანამედროვე ქართულ პოეზიას ძალიან აკლია თვითირონია და იუმორი, რითაც გაჯერებულია გიო ზედვაკელის პოეზია, ეს, ჩემი ჭკუით, მისი ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. მისი პოეზიის უმთავრესი, ქვაკუთხედური ხიბლი კი სიმარტივეა, კაშკაშა პრიმიტივი (თუ შეიძლება ასეთი კომპოზიტი ვიხმაროთ). ჩემი თაობის პოეტებიდან ის ერთადერთია, რომელმაც თავიდანვე მოხაზა თავისი წრე, თავისი პოეტური ავტონომია და ერთი წამითაც არ აჰყოლია პოეტურ მოდას. მისი პირველი და ერთადერთი კრებული მაქვს წაკითხული, რომელიც მანამდე გამოიცა (ბებიის მოგროვებული პენსიით), სანამ გიო ინტერნეტში გამოჩნდებოდა. იქ უკვე ჩანს ორიგინალური ხმის მქონე პოეტი. თანამედროვე პოეზიის გაცნობის შემდეგ გიომ მხოლოდ და მხოლოდ არაზუსტი და დისონანსური რითმებით გაამდიდრა თავისი ლექსები, სხვა არანაირი თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელი კლიშე არ შეხებია მის პოეზიას. იგი სუფთად გამოვიდა და სუფთად მოდის დღემდე.

 

გიო კონვენციურ ლექსს მაღალ დონეზე ფლობს, ის აზრს, კონცეპტს, არასდროს შესწირავს გარეგან ბრწყინვალებას, ბიჟუტერიას. ჩემს თაობაში არ მახსენდება სხვა პოეტი, ვისთვისაც ასე ორგანულადაა დამახასიათებელი ტაეპის დაკოჭლება-პოლიმეტრია. ის ლექსს არ აკეთებს, არ ასწორებს, არ რანდავს, რაც მოდის და როგორც მოდის, ისე წერს. არაერთხელ მინახავს: შუა სმისას, სახინკლეში, ხელსახოცზე წაუწერია ლექსი და რომელიმე ლამაზი გოგოსთვის უჩუქებია. ერთი ასეთი ხელსახოცი სახლშიც მაქვს, ცარიელი “კენტის” კოლოფში (რომელიც ერთად მოვწიეთ) მიდევს. მისი პოეზიისთვის, ხელწერისთვის ჰაერივით საჭიროა ის სტილისტური “იაღლიშები”, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად “მოსდის” ლექსებში.

 

ის ბევრს წერს მთვარეზე, ამ უკვდავ (და, მავანთათვის, შესაძლებელია, ბანალობად ქცეულ) მუზაზე და პოეტების ყველაზე ძველ და უახლოეს მეგობარზე:

 

“მთვარეს კიბო აქვს…

რენტგენის სურათი

ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად

მომავალს, რომელიც არ არის სულერთი,

რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად”.

 

შეხედეთ, კლიშედ ქცეული სახე (დაავადებული მთვარე) როგორ საინტერესოდ ტრანსპორმირდება შემდეგ ტაეპებში და ახლებურ, საინტერესო ინტერპრეტაციას იძენს.

 

კვირა არ გავიდოდა, რომ მე და გიოს რამდენჯერმე არ დაგველია. ელიავაზე, სადაც ის ავტონაწილებს ჰყიდის, ექვს საათზე მორჩებოდა სამსახურს და მოვიდოდა წერეთლის მეტროსთან, სადაც ველოდი ხოლმე, და დავაწვებოდით სადმე ლუდის დასალევად სხვებთან ერთად ან სხვების გარეშე. ერთ ზაფხულს სრულიად მარტონი შემოვრჩით თბილისს, ყველა ძმაკაცი შემოგვეცალა, ქალაქიდან გაიკრიფნენ. გიო სამსახურს ვერ ტოვებდა, მე სოფელში წასვლა მეზარებოდა და დავრჩით ასე. ვერის ბაღის ღია კაფე ამოვიჩემეთ, სადაც ყოველდღე დავდიოდით, ნახევარ ლიტრ არაყს და სამ-სამ კათხა ლუდს დავლევდით და მერე დავუყვებოდით რუსთაველს. მე ლადოს ვეძახდი, ის მირზას მეძახდა. გოგოებს ვაჩერებდით და ლექსებს ვუკითხავდით. იმ კაფეს მიმტან ქალს გიომ რამდენიმე ლექსი დაუწერა ექსპრომტად და ნისიაზეც გვენდობოდა. ხო, მართლა, არ ვიცი რუსთაველს რას ვერჩოდით, მაგრამ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველის პროსპექტისთვის ლადო ასათიანის პროსპექტი დაგვერქმია და ასეც ვეძახდით, პატარა წერილიც დავწერეთ და ყველა მეგობარს მოვაწერინეთ ხელი ისე, სახუმაროდ, ჩვენთვის. ავძვრებოდით ხოლმე მაღალ ბორდიურზე, გადავხვედით ერთმანეთს ხელს და ვყვიროდით:
“ლადოს პროსპექტზე სიარული

ნუ მომიშალოს ღმერთმა,

ვიყო მუდამ ასე მხიარული,

ქართველი პოეტი მერქვას. აეეეეეეეეე!!!!!”
რა კარგი დრო იყო. პირველივე შეხვედრაზე ვუთხარი ძმად უნდა გაგეფიცო-მეთქი და სამართებელი ავიღე, რომ ხელი გამეჭრა. ფერი ეცვალა: ბიჭო, ცხოვრებაში ნემსი არ გამიკეთებია, სისხლის მაგრად მეშინია და მოდი რა, დამინდე, ეგეთები არ გვინდაო. კაი-მეთქი და ლუდში ვერცხლი ჩავთალეთ და ისე ვთქვით ძმობა.

 

გიოს ერთი ლექსი ასე მთავრდება:

 

“მიმი, ისე მიყვარხარ არ მჭირდება სქოლიო,

მთვარესაც არ დავინდობ, ისევ გავუმეორებ:

მხოლოდ შენ და ლექსებმა როგორ შემიყოლიეთ,

ზედვაკელი რაინდი, პოეტებში მეორე”.

 

თავის თავს “მეორე პოეტს” უწოდებს, პირველი პოეტის ვაკანტურ კვარცხლბეკს კი ხან მე მარგუნებდა ხოლმე, ხან – გიო საჯაიას. ამ “ზედვაკელი რაინდის” გამო თორნიკე ჭელიძემ “რაინდა” შეარქვა და დღემდე ასე ეძახის. ჩემი მტერი ჩავარდა ჭელოს ყბაში.

 

მინდა, რომ გიოს გამჭვირვალე და საყვარელ ლექსებს ბევრი მკითხველი ჰყავდეს, ყველა იცნობდეს. ამ ბლოგს მისი ერთი ძველი ლექსით დავამთავრებ, რომელიც ზეპირად ვიცი და ისე მათბობს ხოლმე, როგორც ღრმა ბავშვობაში დაზეპირებული ლექსები:

 

“ინანა, მე სუსტი გლეხი ვარ

 

მზისფერი მაისიც მივლიე,

ვაშლებიც დამწიფდა შაქარა.

მე ახლა დავეხსენ იანვარს,

ღრუბლებს ვდევ მინდია-შაქანი.

მე მთვარის ყურება მომბეზრდა,

შენ მინდა გიყურო, ინანა.

ლანდი ვარ ხიმიან ღობესთან,

და ყოველ დათრობას ვინანებ.

შეხედე, მზე მოდის – უთუა,

რაღაცა წამები დილამდე…

მე დამღლის სინათლე უთუოდ,

ვეკვრები სიბნელის ბინადრებს.

ინანა, მე სუსტი გლეხი ვარ,

ისე, რომ მეფეებს აქადელთ

ვუფრთხი და ვემალვი მეხივით

ჩვენს ერამდე და აქამდეც.

ინანა, მე მხოლოდ ის მინდა:

(ოცნება ცხენივით უბელო)

ღრუბელზე ვისხდეთ და მისმენდე,

ორივეს გვიძლებდეს ღრუბელი”.

 

ამ ლინკზე წაიკითხავთ გიოს ლექსებს:

 

https://urakparaki.com/?m=7&WUID=1425&sm=1

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...