ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

 სასწავლო რესურსი ქართულის მასწავლებლებისათვის

0

ისეთი სასწავლო რესურისის შექმნა, რომელიც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს და, ამასთანავე, მოსწავლისთვის სახალისოცაა, მასწავლებლებისთვის სერიოზული გამოწვევაა. ამიტომაც მუდმივად ვეძებთ მასალას, რომელიც  სასწავლო რესურსის ფუნქციას შეასრულებს ან მოდიფიცირების შემთხვევაში ვაქცევთ რესურსად.

სტატიაში გთავაზობთ სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, როცა  ვასწავლით არგუმენტირებული ესეს წერას (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) .

სანამ მოსწავლეს უშუალოდ რესურსს მივაწვდით, უმჯობესია დავუსათ კითხვები:

-რა არის ესე?

-რა არის არგუმენტი?

-რა არის მაგალითი?

ამის შემდეგ   მოსწავლეებს უნდა, განვუმარტოთ, რომ აღნიშნული რესურსი დაეხმარება მათ, განასხვაონ ერთმანეთისაგან თეზისი, არგუმენტი, მაგალითი და დასკვნა.

ვაძლევთ მკაფიო და გასაგებ ინსტრუქციას:

     გთავაზობთ .ბაქრაძის ერთ- ერთ პუბლიცისტურ ესეს ,,ნაწილებად დაჭრილს“ ანუ  ცალცალკე ბარათზე არის დაწერილი თეზისი ,არგუმენტი ,მაგალითი  და დასკვნა. თქვენ უნდა   შეძლოთ ბარათების ისეთი თანმიმდევრობით დალაგება, რომ დაცული იყოს ესეს სტრუქტურა,მანამდე კი ერთხელ კიდევ გაეცანით თეორიულ მასალას და დავალება ამის შემდეგ შეასრულეთ.

                                      თეორიული მასალა

        თეზისიარის დებულება ,რომელიც უნდა დაამტკიცონ

        არგუმენტიარის ის ,რითაც მოცემულ დებულებას ამტკიცებენ

        მაგალითიარის საშუალება იმისა , რომ არგუმენტი გაამყარო( ფილმი ,ისტორია,

          ანდაზა,    მეცნიერება,ამბავი…)

         დასკვნარის შემაჯამებელი დებულება

 

მოსწავლეები სხდებიან ჯგუფურად. თითოეულ ჯგუფს ესეს  ასაწყობად ვურიგებთ  მარტივ სქემას  და ,,დაჭრილ  ესეის“.  უმჯობესია რამდენი ჯგუფიც არის, იმდენი სხვადასხვა ფერის ფურცელეზე ამოვბეჭდოთ ესე და დავჭრათ. ამით მასწავლებელი აირიდებს გაუგებრობას- ერთმანეთში არ აერევა დაჭრილი ბარათები

 

აქვე გთავაზობთ .ბაქრაძის პუბლიცისტური წერილის  ადაპტირებულ ვერსიას, რომლის გამოყენებას( დაინტერესების შემთხვევაში) ქართულის მასწავლებლები ადვილად შეძლებენ

 

 I . ,,ავადმყოფურად გაზვიადებული ,,მე“ უაღრესად საშიში მოვლენაა პოლიტიკაში.ამას საქართველოს    ისტორია ნათლად ადასტურებს.

  1.  ბაგრატიონთა სამეფო სახლს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა ბაღვაშთა ფეოდალური გვარი.  ამ გვარის წარმომადგენლებმა არც დავით აღმაშენებელი მოასვენეს. მეფე იძულებული გახდა , ბაღვაშები საქართველოდან განედევნა. როცა ერისთავი რატი გარდაიცვალა, მატეანეში ჩაიწერა: ,,მოკვდა რატი ,ძე ლიპარიტისი… ესრეთ დასრულდა სახელი ბაღვაშთა, სახელი გამამწარებელთა.“

         III.  დააკვირდით: სახელი გამამწარებელთა. ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკური მიზანი მათ არ ამოძრავებდათ. ბაღვაშების ავადმყოფურად პატივმოყვარე ,,მე“  იბრძვის იმისთვის, რომ ტოლი არ დაუდონ ბაგრატიონებს. არც ძალაუფლებით , არც სახელით, არც ავტორიტეტით არ იყვნენ მათზე ნაკლები. რა მოჰყვება ამ გაუთავებელ ქიშპს, მათ ნაკლებ ადარდებთ. მთავარია ,,მე“ და თუ  ,,მე“ ვერ დაკმაყოფილდა, გაუთავებელი ხრიკებით ,ინტრიგებით მოწინააღმდეგის გამწარება. როგორც სხვა შემთხვევაში, ისე ახლაც ამას შესაძლოა მთელი გვარის დაღუპვა მოჰყვეს, მაგრამ ესეც არაფერია. მოწინააღმდეგეს ხომ გაამწარებენ.

  1. ძმამ ძმა არ დაინდო. სვიმონ პირველს, ქართლის მეფეს( 1558-1600 წ.წ)ეომება ძმა, დავითი, მუსლიმობის გამო დაუდხანად წოდებული. ვერ მიაღწია საწადელს დავითმა. ვერ გაანადგურა ძმა. იძულებული გახდა თურქეთში გადახვეწილიყო და სული სტამბოლში დაელია. ,,მე“ აწამებდა, თორემ დავითი უნიჭო არ ყოფილა. სტამბოლში ყოფნისას მედიცინა შეისწავლა, უნიკალური წიგნი ,,იადიგარ დაუდი“ დაგვიტოვა. ქართული მედიცინის ისტორიაში წარუშლელი კვალი გაავლო , მაგრამ რად გინდა, სანამ საქართველოში იყო , არც თვითონ მოისვენა, არც ძმა მოასვენა და არც ქვეყანა. მის გამო არც აწიოკება დაჰკლებია ჩვენს სამშობლოს და არც სისხლის ღვართქაფი.
  2. არ სჭირდება საქართველოს ძმების მტრობა- შუღლი, პირიქით, აუცილებელი მათი ერთად ყოფნაა, მხარდამხარ ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. თურქეთი იქნება იგი თუ სპარსეთი, მაგრამ უსაშველო ,,მე“ჭამს ყველაფერს. დავითმა, ამ უნიჭირესმა კაცმა, თავი გამამწარებელთა სიაში ჩაიწერა იმის გამო, რომ ავადმყოფურად გაზვიადებულ ,,მე“- ს ვერ მოერია …
  3. უთვალავი ასეთი მაგალითის მოხმობა შეიძლება, მაგრამ რაც გავიხსენეთ, ისიც საკმარისია. გასაგებია რისი  თქმაც მსურს: ქართული პოლიტიკური აზრი უფრო საპირადოს დაკმაყოფილებას გულისხმობს, ვიდრე- საქვეყნოს, სახალხოს. მართალია, ამას ზოგჯერ ცალკეული პირების ფართო, საერთო ეროვნული აზრი უპირისპირდება, მაგრამ გამარჯვებას ვერ ახერხებს.. თუ გაიმარჯვებს, ძალიან ხანმოკლე ვადით….სწორედ ამგვარმა მოვლენებმა აიძულა ალექსანდრე ფრონელი, ეთქვა ის, რასაც ახლა წაგიკითხავთ1907 წელს დასტამბული წიგნიდან,,ამბოხება კახეთისა(1812წ)“

     VII.   ,,ქართველი კაცის უპირობა, მეზობლური შური და მტრობა, განკერძოებით მოქმედება და მამლაყინწობა, ვინაითგან დარწმუნებულია, რომ მხოლოდ იგია რჩეულ და ქვეყნის მხსნელად მოვლენილი, რომ მის თავსა და ტვინშია მოთავსებული ქვეყნის სიბრძნე, რომ იგია ერთადერთი დიდებული სარდალი, რომ მარტოოდენ მისი აზრია მართალი და უცდომელი,ხომ კარგად მოგეხსენებათ. ეს ისტორიული სენი დღესაც ხომ თვალსაჩინო მოვლენაა ჩვენს საზოგადო ცხოვრებაში… დიდი კულტურული და შეგნებული შრომაა საჭირო ამ ისტორიული სენის ძირფესვიან განსაკურნებლად. თორემ რა ყრია, გეთაყვა, ზიზილ- პიპილო ფრაზებში ძმობა- ერთობაზე.“

    VIII.   ამ ტკივილს, რომელიც ალექსანდრე ფრონელის სიტყვებშია , მეტ-ნაკლებად ყველა ქართველი მოაზროვნე  გამოხატავს, მაგრამ ცვლილებით არაფერი იცვლება, ყველა თაობა იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომას. ავლენს ერთსა და იმავე თვისება- ხასიათს. ეს თვისება -ხასიათი , ეს შეცდომა ბოჭავს  ქართულ პოლიტიკურ აზრს, ასუსტებს მას, რაც ხშირად საფუძველია საქართველოს მარცხისა.“

 

       

 

ამ დავალების შესრულების შედეგ მოსწავლეებს მიეცით საშუალება შეადარონ თავიანთი ნაშრომი სხვა ჯგუფის მიერ მომზადებულ  ესეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეთ სწორი ვერსია.

 

მეორე ნაბიჯი -ამ რესურსის წარმატებით გამოყენებისათვის შეგვიძლია მარტივი სქემის შევსება, რომელიც მოსწავლეს აძლევს საშუალებას-შეძლოს  ცოდნის ტრანსფერი, ანუ თავად შექმნას  ესე  სტრუქტურის დაცვით. ინდივიდუალური სამუშაოსათვის შეგიძლიათ მისცეთ ასეთი მარტივი სქემა.

აქვე დავძენ, რომ აუცილებელია მოსწავლეს მივცეთ არჩევანის საშუალება.

 

დასასრულს, თუკი დაჭრილ ბარათებსა და სქემის ფურცელს  ლამინირებას გაუკეთებთ, რესურსს მრავალჯერადად აქცევთ და მის გამოყენებას თქვენი კოლეგებიც შეძლებენ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.აკადემიური წერა. გოჩიტაშვილი გ.შაბაშვილი ნ. შარაშენიძე   თბილისი ,,საიმედო“ 2009

2.პუბლიცისტიკა .ა. ბაქრაძე. თბილისი.,,,დიოგენე“ 2011

 

 

 

     

სასკოლო კლუბები მდგრადი განვითარებისთვის

0

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193  წევრი ქვეყანა  შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის  წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

მდგრადი განვითარების მე-4 მიზანია  „ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“, რაც გულისხმობს ხარისხიანი განათლების მეშვეობით საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ქვეყნების გაძლიერებას, რათა მათ ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას.

ამ მიმართულებით სკოლის უმნიშვნელოვანესი როლის თაობაზე არავინ დაობს, ვინაიდან განათლება მდგრადი განვითარებისთვის პრინციპების სწავლებისა და დანერგვისათვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მომავალი თაობების ისეთი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, როგორიცაა:

ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი;

გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

პრობლემის გადაჭრის უნარი;

სოციალური და თანამშრომლობითი უნარები;

    სისტემური აზროვნების უნარი.

აღნიშნული კი პირდაპირკავშირშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც სკოლის დირექტორის გამოცდილება – რას ვაკეთებთ ჩვენ.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სკოლაში ჩამოყალიბდა  სასკოლო კლუბები. მათგან სამი მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული. კლუბებში მოსწავლეები ინტერესთა სფეროების მიხედვით გაწევრიანდნენ.

თითოეული კლუბი ემსახურება მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანს და მათ მიერ დაგეგმილი აქტივობებიც მიზნების შესაბამისია.

რატომ სასკოლო კლუბები?

  • მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად მუშაობას;
  • უვითარდებათ პასუხისმგებლობა;
  • სწავლობენ კეთებით;
  • იქმნება საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება;
  • იზრდება მოსწავლეთა შორის თანამშრომლობა;
  • უვითარდებათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კლუბის ლიდერი თავად მოსწავლეა;
  • მოსწავლეები თავად გამოკვეთენ და წყვეტენ პრობლემებს;

 

  1. კლუბი „მოქალაქე“, რომლის მიზანია:
  • გენდერული თანასწორობის პრინციპების გაგება-გააზრება;
  • ურთიერთობებზე სოციალური უთანასწორობის შედეგების გაანალიზება;
  • სამართლიანობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების აღზრდის ხელშეწყობა.

მიზნის მისაღწევად კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობები შესაძლოა სარეკომენდაციოთაც გამოადგეთ სკოლებს:

  • სოციალური პროექტები: „ყველა განსხვავებული ყველა თანასწორი“; „მინდა გავხდე აქტიური მოქალაქე“;
  • დებატების წარმართვა;
  • სათემო კვლევა: „ქალი და ძალადობა“; „ბულინგი“;
  • აქციები: „ჩვენ ვგმობთ ჰოლოკოსტს“; „არა ნარკოტიკს,აირჩიე სიცოცხლე“.

 

 

  1. კლუბი „მომავალი ბიზნესმენები“, რომელიც ჩამოყალიბდა ახალგაზრდულ  ორგანიზაცია  ,,აკმე“-ს ეკონომიკის დეპარტამენტის  მოხალისეობრივ პროექტ- „ ევროპა, ეკონომიკა და ჩვენ“- თან თანამშრომლობით და რომლის მიზანიცაა:

 

  • საბაზრო ეკონომიკურ გარემოში ადაპტირება, საკუთარი როგორც მოქალაქის, მომხმარებლის  როლის გაცნობიერება;
  • მოსწავლეებს განუვითარდეთ აქტიური მოქმედების, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამომხმარებლო უნარ–ჩვევების და ცოდნის კომპეტენციების ჩამოყალიბება–განვითარებისთვის ხელშეწყობა.

კლუბმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:

 

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან თანამშრომლობა;
  • ინდ.მეწარმეებთან შეხვედრები;
  • დისკუსიები ევროკავშირსა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ;
  • ესეების კონკურსი „ჩემი ევროპა“.

 

  1. მესამე კლუბი, რომლის მიზანსაც პასუხისმგებლობის ამაღლება ჯანსაღი გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად და ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი შედეგების გააზრება წარმოადგენს , არის ეკო კლუბი „კვალი“, რომლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, რომლებიც იგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

ასევე ხშირია საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მედიცინის მუშაკებთან; სპორტული შეჯიბრებები სკოლის შიგნით და მუნიციპალიტეტის მასშტაბით;

ნარჩენების მართვის მიმართულებით წელიწადში ორჯერ კლუბის ორგანიზებით მაკულატურა იცვლება ლიტერატურაში და მდიდრდება სასკოლო ბიბლიოთეკა და ყოველ წელს მონაწილეობენ მოსწავლეები ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების კონკურსში, როგორც სასკოლო და  მუნიციპალური, ასევე რესპუბლიკური  მასშტაბით.

 

ბოლოს, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ – „ „პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს“.

    ვფიქრობ, ჩვენი სკოლის კლუბების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების მშენებლობაზე ერთი დადებული აგურია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.https://www.ungeorgia.ge/geo/sutainable_development_goals

2.https://www.civiceducation.ge/ka/lessons/3-27

3.განათლება მდგრადი განვითარებისთვის სამუშაო დოკუმენტი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2018-2022 წლებისათვის

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მძიმე სტრესის დროს

0

ჩვენ, მოზრდილები, მიჩვეულები ვართ, ასე თუ ისე,  გავუმკლავდეთ სტრესებს. ამისთვის სხვადასხვა სტრატეგიას მივმართავთ. ბავშვებს არ მოეპოვებათ ასეთი სტრატეგიები. როდესაც მათ ცხოვრებაში რაღაც  მძიმედ გადასატანი ხდება, ბავშვის ემოციები დიდხანს „ბობოქრობს“, რამაც ტრავმული სტრესი შეიძლება გამოიწვიოს. ამერიკელი ფსიქოლოგი ჰილარი იაკობს ჰენდელი ამ საკითხზე  რამდენიმე რჩევას გვათავაზობს.

ყოველდღიურობა სტრესებითაა სავსე. ზრდა-განვითარებისთვის მუდმივად  სიახლეებია საჭირო. ბრძოლა, წინააღმდეგობებისა და წარუმატებლობების გადალახვა ბავშვში თვითდაჯერებას ზრდის, საშუალებას აძლევს ირწმუნოს, რომ  ყველაფერს გაუმკლავდება. მაგრამ ამ ბრძოლის შედეგები უფასურდება, როდესაც სტრესი ძალიან ძლიერია ან გახანგრძლივებული. ნერვული სისტემის მუდმივი დაძაბულობა ტრამვულ სტრესს იწვევს. ტვინის ემოციური ცენტრები მუდმივად ”საშიშროების” რეჟიმში არიან, ორგანიზმი კი ”დაარტყი, გაიქეცი ან გაშეშდი”-ს  რეჟიმში.

მუდმივმა დაძაბულობამ ბევრი პრობლემა შეიძლება წარმოქმნას-თავის ტკივილით დაწყებული,შინაგანი ორგანოების დისფუნქციით დამთავრებული. ამასთან ერთად, ემოციური გადაძაბვა ბავშვს ხელს უშლის, აღიქვას დადებითი მოვლენები, სიახლეები.  გარე სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება როგორც წესი, მშვიდ ემოციურ ფონზე ხდება.

 

ტრავულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ქრონიკული შფოთვა, იზოლაცია ან აგრესია.

 

წარმოიდგინეთ, რომ ძლიერ შეშინებული ხართ. როგორ გრძნობთ თავს ამ მდგომარეობაში? ხართ მზად ისწავლოთ, სიახლეებს ეზიაროთ, აქტიურად იურთიერთოთ? ალბათ  არა!  ჩვენ-ბავშვებიც და მოზრდილებიც- როცა შეშინებულები ვართ, გაქცევა გვინდა,დამალვა და თავშესაფარში დარჩენა მანამ, სანამ საფრთხე არ გადაივლის. ამ დროს ადვილად მოწყვლადები ვართ. ასეთი  მდგომარეობა თუ დიდხანს გრძელდება, გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნება გვეუფლება, გრძნობები გვიჩლუნგდება. ეს უკვე ტრამვული სტრესია, რამაც შეიძლება დეპრესია, ქრონიკული შფოთვა, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, იზოლაცია ან აგრესიაც კი გამოიწვიოს.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა ის ტრავმულ სტრესშია? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  1. იყავით მის გვერდით-ახლობლების გვერდით ყოფნა ამშვიდებს მათ. მიჯაჭვულობის თეორიის შემქმნელმა ჯონ ბოულბიმ დაამტკიცა,რომ ბავშვს სრულყოფილი განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოში ყოფნა ესაჭიროება. ტრავმულ სტრესში მყოფი ბავშვი შეშინებულია, ამას შეიძლება ახლობლები ვერც ამჩნევდნენ(ამ შიშმა შეიძლება მოგვიანებით აგრესიის ფორმა მიიღოს). თქვენი გვერდით ყოფნა ბავშვს მდგომარეობას გაუადვილებს. მარტოობა შიშს აძლიერებს!
  2. გამოიჩინეთ სირბილე და ტაქტი.

ტრავმულ სტრესში მყოფი ბავშვის ფსიქიკა ძალიან მყიფე და ადვილად მოწყვლადია. სამწუხაროდ, ჩვენს კულტურაში მეტად ფასდება ის, რასაც მარცხენა ნახევარსფერო განაგებს და ჩვენ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმ ემოციურ თავდაცვას, რაც მარჯვენა ნახევარსფეროსთანაა დაკავშირებული. ის პასუხისმგებელია არავერბალურ კომუნიკაციაზე , რასაც ქვეცნობიერად ვიღებთ ურთიერთობისას: ხმის ტონი, თვალებით კონტაქტი, სხეულის ენა. დაშინებულ ბავშვთან ურთიერთობისას ეცადეთ რბილად და ალერსიანად ილაპარაკოთ, თავი აარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს, რათა კიდევ უფრო არ დააშინოთ იგი.

  1. ეთამაშეთ,რათა, კონტაქტი დაამყაროთ და დააწყნაროთ.

თამაში ასტიმულირებს სოციალური ურთიერთობის სისტემას, რაც ცდომილ (n.vagus) ნერვთანაა დაკავშირებული, რაც ეხმარება მოდუნებაში. თამაში აუმჯობესებს ბავშვის თვითშეგრძნებას, ეხმარება დაწყნარებაში სხვებთან ურთიერთობის დროს,დადებითი ემოციების გაცვლას, აქტიურობას. თითქოსდა არასწორად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძლიერ სტრესში მყოფ ბავშვს თამაში შევთავაზოთ, მაგრამ თუ თვითონ წინააღმდეგი არაა, ეს მას სასიკეთოდ წაადგება.

 

4.მიეხმარეთ ბავშვს თავის გრძნობების გამოხატვაში.

 

ემოციების სიტყვებით გამოხატვისას მცირდება სტრესი და დაძაბულობა. ბავშვმა რომ ეს შეძლოს, თქვენი გამოცდილებით უნდა დაეხმაროთ. მაგალითად, თუ მან სტრესი გადაიტანა დედასთან განშორების გამო, შეგიძლიათ მოუყვეთ: ”როცა მე პატარა ვიყავი, ერთხელ დედას დიდი ხნით გამგზავრება მოუწია. ის ავად გახდა და შორს გაემგზავრა, რათა იქაური ექიმები დახმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ  ვიცოდი, ასე იყო საჭირო, მაინც ძალიან ვნაღვლობდი და მეშინოდა,ზოგჯერ დედაზე  ვბრაზობდი კიდეც ჩემი დატოვების გამო. ასეთი გრძნობები ნორმალური და ბუნებრივია.”

სხვადასხვა  მეთოდი არსებობს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაეხმაროთ ბავშვს  გრძნობების გამოხატვაში, გაცნობიერებაში, ჯანსაღად აღქმაში. შეგიძლიათ დაათვალიერებინოთ სურათები,  სადაც ადამიანის სახეები სხვადასხვა ემოციას გამოხატავს და შესთავაზეთ, გაჩვენოთ, თუ რომელი შეეფერება და ასახავს მის საკუთარ გრძნობებსდა ემოციას.

ემოციები გარკვეული ტიპის ენერგიას  გამოიმუშავებს.   ამ ენერგიის დახარჯვა კი აუცილებელია. დაეხმარეთ ბავშვს გამოხატოს გრძნობები, დახარჯოს ენერგია. შეთხზეთ ისტორიები, იფანტაზიორეთ, ითამაშეთ  როლური თამაშები. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს და ყურადღებით დააკვირდით რეაქციებს, რათა გაიგოთ და გაერკვეთ, რა მოქმედებს უკეთ. ყურადღება მიაქციეთ, რა მომენტებში გრძნობს ბავშვი სიმსუბუქეს, როდის არის მშვიდად , როდის არის მზად აქტიურად თამაშისთვის და ურთიერთობისთვის.

5. ხშირად ჩაეხუტეთ ბავშვს, თუ ის ამის წინააღმდეგი არაა.

 

ბავშვის ჩახუტება , მუხლებზე დასმა, თავზე ხელის გადასმა  ეხმარება მას მოდუნებაში. მნიშვნელოვანია ყურადღებით დააკვირდეთ რეაქციებს-თუ ბავშვი იძაბება, თქვენი მოხვევა აშკარად არასასურველია. თუკი პირიქით, მოდუნდა და დაწყნარდა,ყველაფერს სწორად აკეთებთ.

6.წაახალისეთ ბავშვი, დაეხმარეთ გაიგოს , თუ რა ხდება მის თავს.

არ მოატყუოთ სტრესში მყოფი ბავშვი. შეარჩიეთ მეთოდი, თუ როგორ აუხსნათ, რა მოხდა და რა ხდება მის თავს. მაგალითად, თუ ის  განიცდის მშობლებთან ხანგრძლივ განშორებას და დროებით თქვენთან იმყოფება, შეგიძლიათ უთხრათ:”დედა და მამა კარგად არიან, მალე მათ ნახავ. მანამდე კი მე ვიქნები შენთან და მოგივლი.” აუცილებელია, ბავშვს აუხსნათ, რომ ის მნიშვნელოვანია და საჭირო ყველასთვის. სხვაგვარად მან შეიძლება თავი არასაჭიროდ და ზედმეტად ჩათვალოს. აუცილებელია ეს ნათლად და მკაფიოდ მიანიშნოთ, ასევე  ხშირად აღნიშნოთ: ”ყველაფერი კარგად გექნება”, ”ეს გრძნობები გაივლის”,” შენ მარტო არ ხარ”, ”შენ ეს არ დაგიმსახურებია”.

ყველა ჩვენგანშია ჩადებული ურთიერთობის მოთხოვნილება , ადამიანური კავშირების გაბმა და  უსაფრთხოების შეგრძნება. თუკი რაიმე მიზეზით ბავშვს ეს შეგრძნებები გაუქრა, გარშემომყოფებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ბავშვს სიმშვიდე, საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა  და უსაფრთხო გარემო დაუბრუნდეს.

,, რაფთ ‘’- RAFT-  წერის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალება

0

      ,,რაფთ’’ არის შემდეგი სიტყვების აკრონომი:

რ – როლი

ა-  აუდიტოტია

ფ –  ფორმატი

თ – თემა

იგი საუკეთესო საშუალებაა წერითი მეტყველების განვითარებისთვის , რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი აზროვნებისა და თვითგამოხატვის, წერისთვის შესაბამისი სტილის შერჩევის, რედაქტირების, პრეზენტაციისა და სოციალური უნარები.

,,რაფთ’’ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია. მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ აუდიტორიასთან. ჩემი აღსაზრდელების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვები ყოველთვის დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან, რადგან  ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და გაუმჯობესების საშუალება. ყოველივე ეს კი მასწავლებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს მოსწავლეთა გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე.

მინდა კოლეგებს გავუზიარო გამოცდილება და შევთავაზო სამოდელო გაკვეთილის გეგმა, სადაც გამოვიყენე აღნიშნული მეთოდი.

 

სწავლების საფეხური/კლასი: III კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე გაკვეთილის თემა:   ტყე და მისი მნიშვნელობა

გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლეები შეძლებენ:

  • საკითხავ და აუდიო მასალებს შორის პარალელების გავლებას და კითხვების ფორმულირებას;
  • მსჯელობის უნარის განვითარებას;
  • წერითი მეტყველების განვითარებას მეთოდებით:,,რაფთ’’ და ,,გასასვლელი ბილეთები’’.
N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
 

1

 

მიზანი:აუდიო მასალით მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა განსახილველი თემისადმი; წაკითხულსა და მოსმენილ მასალებს შორის პარალელების გავლება.

 

ისმის სიმღერა ,,ტყე შეუნახე შვილებსა’’.

მოსწავლეები უკვე ახსნილ გაკვეთილსა და მოსმენილს ერთმანეთს უკავშირებენ და ცდილობენ თავად ჩამოაყალიბონ დღევანდელი გაკვეთილის მოსალოდნელ მიზანი.

 

გაკვეთილის მიზნის გაცნობა.

 

 

აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისობების დადგენა

 

 

 

საერთო-საკლასო

 

სიმღერა-,,ტყე შეუნახე შვილებსა’’

 

 

კომპიუტერი

 

ხმის გამაძლიერებელი

 

 

 

3 წთ.

2

 

 

 

 მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება.

 

 

მოსწავლეები კითხულობენ  წინა დღეს ახსნილ ტექსტს.

გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით მასწავლებელი ასახელებს მოსწავლეთა სახელებს და ბავშვები აგრძელებენ ტექსტის კითხვას.

 

 

 

 

 

გაგრძელებითი

კითხვა

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

 

 

სახელმძღვანე

ლო

 

გამოსაძახებელი

ჩხირები

 

 

 

5 წთ.

3

 

 

 

მიზანი:

კითხვების ფორმულირება

 

ტექსტიდან  და მოსმენილი სიმღერიდან გამომდინარე მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ კითხვებს და თავადვე ირჩევენ მოპასუხე მოსწავლესაც.

 

კითხვა-პასუხი

 

 

(მასწავლებლის დაკვირვება და ჩანაწერების

წარმოება.)

 

 

 

საერთო-საკლასო

 

 

 

 

 

 

 

 

 

8 წთ.

4

 

 

 

მიზანი:შემოქმედებითი, წერისა  და  სოციალური უნარების განვითარება.

 

 

შემთხვევითი გადათვლის პრინციპით მოეწყობიან ჯგუფებად.

 

მასწავლებელი შეახსენებს ,,რაფთ’’-ის სტრუქტურას. ჯგუფების წარმომადგენლები აირჩევენ როლებსა და წერის ფორმატს

აუდიტორია არის-ადამიანი ,თემა კი –

ტყე და მისი მნიშვნელობა.

აირჩევენ აგრეთვე როლის შესაბამის გასაფერადებელ აპლიკაციას.

 

 

მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ რედაქტირებას და მოემზადებიან პრეზენტაციებისთვის.

 

 

 

 

 

 

პრაქტიკული

მეთოდი

     

 

      რ

      ა

      ფ

      თ

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

 

 

 

 

 

 

ფრინველთა გასაფერადებელი აპლიკაციები და ბარათები ტექსტისთვის.

 

 

 

ფერადი ფანქრები.

 

 

 

ტყის, ციყვის,

ჩიტის,დათვის,წყაროს

აპლიკაციები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2 წთ.

 

 

5

 

 

 

მიზანი: აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის წარდგენის  უნარის განვითარება.

 

მას შემდეგ,რაც დასრულდება მუშაობა, იწყება ნამუშევრების კლასის წინაშე წარდგენა.

გაფერადებული

აპლიკაციებით კი ხდება ტყის პეიზაჟის აწყობა.

 

 

 

პრეზენტაცია

 

 

დემონსტრირე

ბის

 

 

 

 

 

 

დიდ ფორმატზე დახატული ტყის

პეიზაჟი.

 

 

 

 

7 წთ.

6 მიზანი:განსახილველი თემის რეზიუმირების უნარის განვითარება და თემისადმი საკუთარი დამოკიდებულების წერილობით გადმოცემა.

 

მიღებული ცოდნის შეჯამების მიზნით ჩამოწერენ  3 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილზე.

 

 

 

პრაქტიკული მეთოდი

 

,,გასასვლელი

ბილეთები’’

 

 

ინდივიდუ-

ალური

 

 

გასასვლელი ბილეთი ყველა მოსწავლისთვის.

 

 

 

 

 

6 წთ.

7 მიზანი: თვითშეფასების უნარის განვითარება.

 

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები მიმოიხილავენ კიდევ ერთხელ იმ ნაბიჯებს,რაც გაიარეს, აკეთებენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას

კითხვების საფუძველზე:

რა გაკეთდა კარგად?

რა საჭიროებს გაუმჯობესებას?

როგორ გავაუმჯობესოთ?

რაში გამოვიყენებთ?

 

 

მასწავლებელიც აფასებს გაკვეთილს შეფასების რუბრიკის საფუძველზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკუკავშირი

   

 

 

 

შეჯამების პოსტერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

4 წთ.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

  1. მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ.დაწყ.(I).2 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ.დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ.

  1. მიმართულება: კითხვა

ქართ.დაწყ.(I).9. წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.

  1. მიმართულება: წერა

ქართ.დაწყ.(I).13 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

ქართ.დაწყ.(I).15 წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

 

 

შეფასება:

 მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით შემდეგი შეფასების რუბრიკის  საფუძველზე.

# კრიტერიუმები მაღალი საშუალო გასაუმჯო-

ბესებელი

1. მოსმენილ და წაკითხულ ტექსტებს შორის

პარალელების გავლება.

დამოუკიდებლად

პოულობენ კავშირს მოსმენილსა და წაკითხულს შორის .

უჭირთ კავშირის აღმოჩენა წაკითხულსა და  მოსმენილს შორის ვერ პოულობენ კავშირს მოსმენილსა და წაკითხულს შორის.
2. კითხვების ფორმულირება.

 

აყალიბებენ განსახილველი

თემის შესაბამის კითხვებს სათანადო ინტონაციის დასმით.

ცდილობენ კითხვების ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმას. ვერ ახერხებენ

კითხვების ფორმულირება.

3. რ ა ფ თ -ის სტრუქტურის მართვა და მიზნის შესაბამისი პროდუქტის შექმნა. იციან რაფთ-ის სტრუქტურა და დამოუკიდებლად ქმნიან პროდუქტს. უჭირთ რაფთ-ის სტრუქტურის გააზრება და მასწავლებლის მითითებებით ქმნიან პროდუქტს. ვერ ახერხებენ რაფთ-ის სტრუქტურის გააზრებას და  შესაბამისად ვერ ქმნიან პროდუქტს.
4.  

 

თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.

ჯგუფის წევრები აკეთებენ ფუნქციათა დელეგირებას,

თანამშრომლობენ ერთმანეთთან .

უჭირთ ფუნქციათა გადანაწილება,

ცდილობენ თანამშრომლობას.

ვერ ახერხებენ ფუნქციების გადანაწილებასა და

თანამშრომლობას,

შეინიშნება უთანხმოება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

G-Pried, კარგი სკოლა.გე; რესურსწიგნი  https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის – მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი.

 

მეფეთა სადარდებელი

0

როცა მეფე ხარ, ალბათ ათას საქმეზე უნდა წუხდე…ქვეყანაზე…ხალხზე… ეს იდეალური მეფის შემთხვევაში, თორემ, თუ ერთი ჩვეულებრივი მბრძანებელი  ხარ და არავინ და არაფერი გადარდებს,  ადექი და ცხოვრებით დატკბი. ნურც მარჯვნივ გაიხედავ და არც ის არის საინტერესო, რაც მარცხნივ მოხდება. შეხედე მზეს, გაუღიმე და ქრიზანთემების სურნელი შეიგრძენი. ან, სასეირნოდ, სამოგზაუროდ და გასტრონომიული ამბებით დასატკბობად გაეშურე.

სინამდვილეში, მეფეებს არაფერს ვერჩი და მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ რაღაც გამორჩეული დაავადებები ტანჯავდათ ხოლმე. თანამედროვე მეფეებში  რა ხდება არ ვიცი. ადრინდელ მეფეთა ხვედრი კი ასეთი ყოფილა. იყო უამრავი გენეტიკური დაავადება. ვლინდებოდა შეძენილიც. მეფეთა უმრავლესობას კი ერთი საერთო სატკივარი ტანჯავდა…პოდაგრა.

საფრანგეთის მეფე მზე-ლუდოვიკო მეთოთხმეტე (1638-1715) პოდაგრით იტანჯებოდა.

საფრანგეთის მეფე კარლოს  მეექვსე (1368-1422) ასევე პოდაგრით იყო ავად.

შოტლანდიის და ინგლისის მეფე იაკობ პირველი (1566-1625)  პოდაგრით იტანჯებოდა.

ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეც  (1527-1598) პოდაგრით ყოფილა  ავად.

რა არის პოდაგრა,  იგივე „ნიკრისის ქარი“?

სახელწოდება „პოდაგრა“ წარმოსდგება ბერძნული სიტყვებიდან pous-ფეხი,  agrios-მკაცრი, საშინელი. პოდაგრა ჯერ კიდევ ძველ რომში მდიდრების დაავადება ყოფილა, რადგან უსასრულოდ ბევრ ხორცს ჭამდნენ, ზედ კი ალკოჰოლურ  სასმელებს აყოლებდნენ. სწორედ რომ ავიცენას სიტყვები შეეფერებოდათ: უსაქმურობა და მსუნაგობა არა მხოლოდ თავხედობაში, ხაფანგშიც გაგაბავთო. თავად სიტყვა „პოდაგრას“ მეორენაირი მნიშვნელობაც აქვს და იშიფრება, როგორც-„ფეხი ხაფანგში“. ასეც ასურათებდნენ,  ადამიანს  ფეხზე უზარმაზარი  კიბორჩხალა ჩაბღაუჭებოდა და გასაქანს არ აძლევდა.

დაავადებაზე   ჯერ კიდევ პარაცელსი და გალენი წერდნენ.  ავიცენაზე აღარაფერს ვამბობ.

მის განვითარებას  არასწორი კვების შედეგად პურინნუკლეოტიდების ცვლის მოშლას უკავშირებდნენ. თვლიდნენ, რომ პოდაგრას იწვევდა დიდი ხნის განმავლობაში ისეთი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია პურინის შემცველი ნუკლეოტიდებით (ხორცეული, ღვიძლი, თირკმელი, პომიდორი, ბადრიჯანი და სხვა). ამჟამად კვებითი ფაქტორი არ შეიძლება ჩაითვალოს პოდაგრის გამომწვევ მიზეზად. იგი მხოლოდ ხელს უწყობს მის გამოვლინებას.

დღეისთვის დადგენილია, რომ პოდაგრა X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპის მემკვიდრეობითი დაავადებაა. მისი მიზეზია პურინნუკლეოტიდების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების გენეტიკური დეფექტი, რის გამოც ადგილი აქვს პურინნუკლეოტიდების de novo (ხელახალი) სინთეზის გაძლიერებას.

ამ დროს აღინიშნება პურინნუკლეოტიდების ჰიპერპროდუქცია. ორგანიზმში მათი დაშლის პროცესი არ რეგულირდება. ამიტომ, ჭარბად სინთეზირებული პურინნუკლეოტიდების დაშლის შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით შარდმჟავა, რომელიც, ისევე როგორც მისი მარილები(ურატები), წყალში ცუდად იხსნება. პოდაგრის დროს სისხლში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა, რომელიც ნატრიუმის მარილის (ნატრიუმის ურატის) სახითაა. ჩვეულებრივ, სისხლში მისი კონცენტრაციაა 0,18-0,24 მმოლი/ლ (3-4მგ%-ს), პოდაგრის დროს კი 0,36 მმოლი/ლ (6მგ%-ს) აღწევს. შარდმჟავას მატებას თან ახლავს სახსრებში, ხრტილებში, მყესებში, კანში, კუნთებში და ა.შ. შარდმჟავას მარილების დაგროვება კრისტალების სახით, რომელთა გარშემო მიმდინარეობს ანთებითი პროცესი და წარმოიქმნება ე.წ. პოდაგრული კვანძები. ეს კვანძები ხშირია ხელის და ფეხის თითის სახსრებში, იწვევს მათ დეფორმაციას და ტკივილს. პოდაგრული შეტევის დროს შარდში შარდმჟავას რაოდენობა ნორმალური რჩება და მხოლოდ შეტევის შემდეგ მატულობს. შარდმჟავას მარილების დაგროვება თირკმელებშიც ხდება, რაც კენჭების წარმოქმნას იწვევს.

ზოგიერთი დაავადების დროს ე.წ. მეორეული პოდაგრა ვლინდება. მაგ. გლიკოგენის სინთეზის ზოგიერთი ფერმენტის უკმარისობის დროს. შედეგად, პენტოზური ციკლის გააქტიურება ხდება, მატულობს უჯრედში რიბოზა-5-ფოსფატი და პურინნუკლეოტიდების de novo  სინთეზი ძლიერდება.

პოდაგრას მკურნალობისთვის ავადმყოფს პურინნუკლეოტიდების არაშემცველ დიეტას უნიშნავენ, ტუტე (ჰიდროკარბონატულ) მინერალურ წყალს, რომელიც ლითიუმის მარილებს შეიცავს. ლითიუმი შარდმჟავასთან დაკავშირებისას წარმოქმნის ხსნად ურატებს, რომლებიც იოლად გამოიყოფიან ორგანიზმიდან.

მეფე ფილიპე მეორე დიეტას იცავდა თუ არა, არ ვიცი. სამაგიეროდ, „ელექსირს“ ეძებდა. სამეფო კარზე „ალქიმიური დასი“ ჩამოაყალიბა და ფულს არ იშურებდა, ოღონდაც კი მისთვის „ელექსირი“ ეპოვნათ. თავადაც ხშირად მუშაობდა ლაბორატორიაში. დარწმუნებული იყო, რომ ვარდისფურცლებიანი გამოხდილი წყალი უშველიდა. ამიტომ, ბეჯითად ყოველდღე სვამდა.

ვარდის ფურცლები სპეციალურად მისთვის ირანიდან ჩამოჰქონდათ. აუცილებლად მკრთალი ვარდისფერი უნდა ყოფილიყო. მეფეს სწამდა, რომ გასუფთავებული, ანუ გამოხდილი წყალი ვარდთან ერთად განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს იძენდა და მის სატკივარსაც უშველიდა.

ავადმყოფობას მკურნალობა სჭირდება. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც ტკივილს რეალურად ამცირებენ. ტკივილის შემცირება არ ნიშნავს, რომ მკურნალობა გვერდზე უნდა გადაიდოს. თუმცა, თუ საკვები ტანჯვას  შეამცირებს, რატომაც არა?

გახსოვთ, ჰიპოკრატე რას ამბობდა? საკვები წამალივით უნდა იყოს და წამალმა საკვები არ უნდა შეცვალოსო.

წითელი წიწაკა ჩილი სახსრებში ტკივილს ამცირებს. აქ უკვე ზოგად, ნებისმიერ ტკივილზეა საუბარი და არა მაინც და მაინც კონკრეტულად პოდაგრაზე. მასში შედის ნივთიერება კაპსაიცინი. სწორედ ის გვაგრძნობინებს წიწაკის მწველ გემოს. მისი მოქმედების შედეგად ტკივილის გადამტანი ნივთიერებები ნეიტრალდება. ტკივილის შეგრძნება კი ითრგუნება, თუმცა, თავად პათოლოგიური პროცესი რჩება. კაპსაიცინი ასევე ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნაწლავების პერისტალტიკას.

ანტოციანების შემცველი ყველა პროდუქტი ასევე ტკივილის დამთრგუნველად ითვლება. ეს ნივთიერებები ანტიოქსიდანტები არიან და სახსრებში ანთების კერაზე ტკივილის გამანეიტრალებლად  მოქმედებენ. სხვათა შორის, ამაზე ავიცენაც წერდა, მიირთვით ყველაფერი წითელი და ალისფერიო. რატომ? არ წერს, ალბათ მაშინ არ იცოდა, რომ ანტოციანების გამო. ისინი, კი სწორედ ალისფერ და წითელ პროდუქტებშია. მაგალითად, ალუბალში. თან ალუბალია, თან გემრიელია და თან მუქი წითელი, ანუ ანტოციანიდიანი.

სუნელი ქურქუმა ნივთიერება ქურქუმინს შეიცავს. ეს ნივთიერება პროსტოგლანდინების გამომუშავებას თრგუნავს. პროსტოგლანდინები  არაქიდონმჟავას და მისი ნაწარმებისგან სპეციფიკური ფერმენტების მოქმედებით სინთეზირდებიან. ზემოქმედებენ იმ ქსოვილზე, რომელშიც წარმოიქმნებიან. ამიტომ მათ ადგილობრივი მოქმედების ჰორმონებს ან ქსოვილურ ჰორმონებსაც უწოდებენ. მათი ერთ-ერთი ფუნქცია ტკივილის შეგრძნებაა, ანუ ტკივილის მედიატორებადაც გვევლინებიან.

ო. ჰენრის ნოველაში „მონათესავე სულები“ სახლში შეპარულ ქურდსაც და სახლის პატრონსაც პოდაგრა აქვთ. საერთო სატკივარი გააერთიანებთ და ერთმანეთს საკვების ჩამონათვალსაც კი უზიარებენ. ერთი ამბობს, რომ ჩხრიალა გველის შხამია კარგი, მეორეს რატომღაც პატარა გოჭუნა ახსენდება. თუმცა, სინამდვილეში მკურნალობის პარალელურად ტუტე არის შემქმნელი  პროდუქტებია საჭირო.

მაგალითად (ზემოთაც დავწერე), ტუტე არის შემქნელი მინერალური წყალი ორგანიზმში ტუტე გარემოს შექმნის და სახსრებსაც ეამებათ. რატომ? შარდმჟავას გაანეიტრალებს. ოღონდ, უნდა შევეცადოთ, რომ საშუალო მინერალიზაციის იყოს და მისით ჩვეულებრივი სასმელი წყალი მთლიანად არ ჩავანაცვლოთ.

მაგალითად, ლიმონი…მჟავას შემცველი პროდუქტია. ოღონდ, ლიმონმჟავა ჩვენს ორგანიზმში ლიმონმჟავას მარილებს, ციტრატებს წარმოქმნის, რომლებიც ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად ტუტე არის ნივთიერებებად გარდაიქმნება.

მაგალითად, ბულგარული ტკბილი წიწაკა. ვიტამინ C-ს, ასკორბინის მჟავას სამი დღის დოზას შეიცავს. აქაც მჟავაა, თუმცა ბიოქიმიური გარდაქმნებით ამ შემთხვევაშიც ტუტე არის შემქმნელი ნივთიერებები მიიღება. იმავე ვიტამინს ლიმონიც შეიცავს, ოღონდ ბულგარულ წიწაკასთან შედარებით, უფრო ნაკლები  რაოდენობით.

და ასე უსასრულოდ შეიძლება დაიწეროს ყველა იმ ხილის და ბოსტნეულის სია, რომელიც ტუტე არის შემქნელია.

თუმცა, გამონაკლისები აქაც არის, პომიდორი და ბადრიჯანი არ შეიძლება. წითელი ხორცი და თევზის ზოგიერთი სახეობაც კატეგორიულად იკრძალება. თუმცა, კვერცხი და რძე ზოგჯერ შესაძლებელია, რადგან მეტაბოლიზმში პურინებს არ წარმოქმნის. იკრძალება შოკოლადი და ყავა … ეს უკანასკნელნი კოფეინს შეიცავენ. კოფეინის მოლეკულა კი პურინის  მსგავსია და მისი წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს. პურინისგან კი შარდმჟავა წარმოიქმნება.

აკრძალულია ალკოჰოლი და ტკბილი გაზიანი სასმელები.

ამას წინათ, ინტერნეტში ხეტიალისას ერთ-ერთი ქვეყნის ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების ამბავს წავაწყდი.

მიზეზი?

„ფეხი ხაფანგში“, პოდაგრა, ნიკრისის ქარი…

არადა, ყველანაირი პარამეტრით არ უნდა დამართოდა. ახალგაზრდა და გამხდარი გახლდათ, ჯანსაღ კვებასაც, ვფიქრობ, ყურადღებას აქცევდა. არც მეფის სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში.  არადა…

ჰოდა, მორალი ასეთია, რომ „ხაფანგი“ ყველა ასაკში და მდგომარეობაშია და როგორც ავიცენა იტყოდა, მხოლოდ ექიმების იმედად ნუ იქნებითო, ორგანიზმს უსმინეთ და პირველი ექიმი თავადვე იყავითო. როგორც კი, სხეულის კარნახს ამოიცნობთ, შემდეგ უკვე ჩვენ, დასტაქრებს,  მოგვმართეთო.

როგორ ვასწავლი ფიზიკის ამოცანის ამოხსნას

0

 

მოგეხსენებათ, თანამედროვე გამოწვევების წინაშე მდგომ მოსწავლეს სწრაფად ცვლად გარემოსთან ადაპტაცია უწევს,  ამიტომ თუ იცის, როგორ დაიმახსოვროს, აღიქვას  და გაიაზროს და ისწავლოს,  ის რასაც ვასწავლით,  მაშინ   ის  ადვილად გაუმკლავდება ნებისმიერ ახალ ინფორმაციას.

გვპირდებიან, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს“(მ. ბატიაშვილი 23 იანვარი 2019  წ)

იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა, სადაც მოსწავლე  თვითრეგულირებადი  მსწავლელი  იქნება, თვითონ გადაწყვეტს,  სად და რა უნდა ისწავლოს და ა.შ.    ციფრული სკოლის პროექტის მიზანი კი სწორედ სკოლიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობაა.  სკოლებში ფიზიკის სწავლების პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა მართლაც დროული და აუცილებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერ ამას შედეგი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ექნება გარკვეული საბაზისო ცოდნა,  შეძლოს ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

ფიზიკის სწავლების განუყოფელი ნაწილია ამოცანების ამოხსნა, ფიზიკის კანონების ცოდნა მოიცავს ამ კანონების სწორად გამოყენების უნარს ამა თუ იმ ამოცანის  ამოხსნისას.

ფიზიკის ამოცანების ამოხსნის თავი და თავია ცოდნის საფუძველზე ფიზიკური აზროვნების, ალღოსა და ზოგადი მეთოდების გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება. ეს კი თვით  ამოცანების  ამოხსნის პროცესში სისტემატური ვარჯიშითა და გამოცდილებით მიიღწევა. სხვა გზა ფიზიკის ამოცანების ამოხსნის დაუფლებისა, ფიზიკაში ჩაღრმავებისა,  არ არსებობს.

რეალობაა ის, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას ფორმულებისა და ერთეულების ადეკვატური გამოყენება. განსაკუთრებით იმ ამოცანების ამოხსნა, რომლებიც მათემატიკური აპარატის გამოყენებას მოითხოვს, უჭირთ  სხვადასხვა სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გრაფიკული წარმოდგენა.

სისტემური ვარჯიში  და სიბეჯითე კი, ცოტა უცხოა თანამედროვე მოსწავლისათვის.

ამ გლობალური პრობლემის მოგვარების მიზნით, მათთვის შევქმენი ვიზუალური რესურსი (იხ. დანართი), საკითხების მიხედვით  დავალაგე სქემატურად თითოეული ფიზიკური სიდიდის აღნიშვნა, ფორმულა, ფორმულაში შემავალი სიდიდეები, მათი ერთეულები SI სისტემაში.

თითოეული თემის გამეორება/შეჯამების დროს მოსწავლეებს ელექტრონულ ფორმატში ვუგზავნი თემის შესაბამის ფორმულებს და ამოცანებს, გარკვეული დროის შემდეგ (წინასწარ შეთანხმებით),  ერთობლივად განვიხილავთ და ვაანალიზებთ  შედეგებს. გამოიკვეთება ზოგადი და სპეციფიკური ხასიათის პრობლემები, ვაძლევ რეკომენდაციებს, რათა დროულად იქნას დაძლეული გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.

მოსწავლეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და შედეგიც დამაკმაყოფილებელია.

ერთ-ერთი ნიმუში : ელექტრული მოვლენები

ამ მეთოდის გამოყენების დადებითი ეფექტია ის, რომ მცირე დროში დაჩქარებულად მიმდინარეობს დასწავლისა თუ  გამეორების პროცესი, მოსწავლეები იოლად (მარტივად) ახერხებენ  ფორმულების დახმარებით  მუშაობას, თავდაპირველად როგორც ყავარჯენს /სკაფოლდინგი/ იყენებენ ფორმულებს და ხალისით პასუხობენ დასმულ შეკითხვებს, რაც უძლიერებთ მათ საკუთარი თავისადმი რწმენას, თავდაჯერებულობას, რომ მათ  ფიზიკის ამოცანების ამოხსნა შეუძლიათ. თანდათან იზრდება მოტივაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ფორმულები თავისით ,,შემოესწავლებათ“. ამავდროულად უვითარდებათ ალღო, ინტუიცია და გამოუმუშავდებათ ფიზიკის ამოცანების დამოუკიდებლად ამოხსნის უნარ-ჩვევები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ეროვნული სასწავლო გეგმა

  1. ლ.ჩიჩუა, რ. ქანთარია ფიზიკა 8 , ,,კლიო“ 2012
  2. ლ.ჩიჩუა, რ. ქანთარია ფიზიკა ამოცანებისა და ტესტების კრებული 8 , ,,კლიო“ 2012
  3. თ. ხაზარაძე – ფიზიკის ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა . თსუ 2015წ
  4. 5. ა.შურღაია- ფიზიკა ამოცანებში . მასწავლებლის წიგნი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.2015წ

 

 

 

თამაში, როგორც სწავლების ფორმა

0

თამაშით სწავლების  მეთოდის  გამოყენება თანამედროვე საგანმანათლებლო  პროცესის ფარგლებში  არ არის ახალი ფენომენი.  თამაში არის ბავშვის ერთადერთი საქმიანობა, რომელსაც ის ძალდატანების გარეშე, ხალისით ასრულებს ნებისმიერ დროს. თამაშის დროს ხდება მოსწავლეებში  სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. მის გარეშე  შეუძლებელია მოსწავლეების სრულფასოვანი გონებრივი განვითარება. თამაში ადეკვატური პირობაა  პიროვნების ფორმირებისთვის.  თამაშის მეთოდის გამოყენება სწავლისას   არის შემეცნებითი საქმიანობის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს შესასწავლი საგნის მიმართ მოტივაციისა და ინტერესის გაღვივებას.

ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, დაკვირვების  შედეგად მივედი იმ დასკვნამდე, რომ  სამწუხაროდ, ზოგიერთ მოსწავლეს, რომელიც ფლობს არაჩვეულებრივ უნარებს, აქვს პრობლემები მათემატიკის სწავლების მიმართულებით.

  • უჭირთ გამოთვლითი სამუშაოების შესრულება ზეპირად;
  • დიდი დრო სჭირდებათ ამოცანის პირობის გასააზრებლად;
  • ხშირად ვერ იყენებენ ანგარიშისთვის რაციონალურ მეთოდებს;
  • უჭირთ საკითხზე კონცენტრირება .

როგორც ყველა მასწავლებელს, მეც  დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი მოსწავლეები ანგარიშობდნენ სწრაფად,  ნებისმიერი ამოცანის ამოხსნისას შესრულებულ მოქმედებებს ასაბუთებდნენ არგუმენტირებულად, ჰქონდეთ ძირითადი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა.   მასწავლებელმა მათემატიკის სწავლების პროცესი უნდა გახადოს საინტერესო  და  სახალისო სხვადასხვა მიდგომებისა და მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით. აღნიშნული სირთულეების დაძლევა შესაძლებელია   პრაქტიკაში თამაშის  მომენტების დანერგვით.    მაგრამ ისმის კითხვა: ამ მოცულობითი პროგრამის შემთხვევაში, როგორ უნდა გამოვყოთ დრო თამაშისათვის?

კარგი იქნება, თუ თვეში ერთხელ შემაჯამებელ გაკვეთილებს ჩავატარებ თამაშის მეთოდის გამოყენებით. მართალია, ასეთი გაკვეთილების ჩატარება მასწავლებლისაგან მოითხოვს მეტ დროსა და ძალისხმევას, მაგრამ ეს ამად ღირს, რადგან მოსწავლეებში ხდება ზეპირი ანგარიშის უნარის, ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების, ამოცანის პირობის გაგება-გააზრების              უნარების განვითარება.  ზეპირი გამოთვლების დროს მოსწავლე  არ ახდენს  მექანიკური მოქმედებების შესრულებას, არამედ წარმოადგენს რიცხვს მისი ნაწილების გათვალისწინებით და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სწორი პასუხი, რაც მოსწავლეს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

მინდა შემოგთავაზოთ თამაში ,,არითმეტიკული ტაიმი“.

ძალიან სახალისოა ასეთი თამაშის ჩატარება ორ გუნდს შორის.  გუნდებს შორის მიდის პაექრობა, თუ რომელი გუნდი უფრო სწრაფად და სწორად შეასრულებს დავალებას. ასეთ შემთხვევაში მაღალია განწყობა და გუნდის  თითოეული  წევრის  პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ. მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია სწრაფად და სწორად გადაჭრან ამოცანა.

 თამაშის  მიზანი:

  • ზეპირი ანგარიშის უნარის განვითარება;
  • სავარჯიშოზე კონცენტრირება;
  • ამოცანის პირობის გაგება-გააზრება;
  • ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების განვითარება.

მოკლედ აღვწერ  თამაშის ინსტრუქციას:

კალათში ჩაყრილია ფერადი სამკერდე ბარათები , რომლებზეც დაწერილია : ციფრები 0 დან 9-ის ჩათვლით მითითებული  გუნდის  ნომრით  (  მაგ.: 0 –  პირველი  გუნდი;   0– მეორე  გუნდი; 1-პირველი, 1-მეორე და ა.შ.);  ასევე ბარათები, რომლებზეც ასეთი წარწერაა- ,,ჟიურის წევრი“ ( ბარათის რაოდენობა საჭიროების მიხედვით) და ერთი ბარათიც-,,ქულების ამსახველი“. თამაშის დაწყებამდე  ჩატარდება კენჭისყრა . მოსწავლეები რიგრიგობით ამოიღებენ კალათიდან ბარათებს , დაიმაგრებენ მკერდზე და დაიკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილს. განაწილდებიან ორ გუნდად. ,,ჟიურის წევრები’’ დააკვირდებიან თამაშის პროცესს და შეაფასებენ მოთამაშეებს სპეციალური რუბრიკის გამოყენებით.  მათ    ექნებათ   ყველა   დავალების  შესაბამისი პასუხი . ,,ქულების ამსახველი“ დადგება დაფასთან, რომელზეც  გაკრულია  ცხრილი შედეგებისთვის.  მან   ყველა სავარჯიშოს შეფასების შემდეგ არსებული მონაცემები (ქულები) უნდა შეიტანოს ცხრილში. მასწავლებელი არის თამაშის წარმმართველი. იგი თამაშის მონაწილეებს  აძლევს მკაფიო ინსტრუქციებს თითოეული დავალებისათვის.  სიცხადისთვის, ყოველი დავალების შეფასების  შემდეგ, მასწავლებელი დაფაზე აკრავს შესაბამისი დავალების სწორ პასუხს.  მასწავლებელი უკითხავს დავალების პირობას და საჭიროების შემთხვევაში დაფაზე გააკრავს დიდ ფურცელზე დაწერილ  ამოცანას , რომელიც მოსწავლეებს პირობის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.  თამაში არის სისწრაფეზე. გაიმარჯვებს ის გუნდი , რომელიც უფრო სწრაფად შეასრულებს თითოეულ სავარჯიშოში მოცემულ დავალებებს.  თამაში იწყება მარტივი დავალებებით და თანდათანობით რთულდება.  თამაშის  ბოლოს,  ყველა  ერთად (მასწავლებლის ზედამხედველობით)   დააჯამებს  ქულებს  და გამოავლენს   გამარჯვებულს.

შემოგთავაზებთ თამაშისთვის განკუთვნილ სავარჯიშოებს:

სავარჯიშო N -1.  მასწავლებელი  კონცენტრირების მიზნით მოსწავლეებს შესთავაზებს სავარჯიშოს.  მათ უნდა წარმოადგინონ  რიცხვები . ფეხზე დგებიან ის მოსწავლეები, რომელთა სამკერდე ნიშანია მოცემული რიცხვის ჩასაწერად საჭირო ციფრები. აღნიშნულ სავარჯიშოში შედის ოთხი დავალება. გამარჯვებულია ის გუნდი , რომელიც უფრო სწარაფად შეასრულებს სავარჯიშოს.

1.რომელია 458-ის მომდევნო რიცხვი?

2.რომელია 371-ის წინა რიცხვი?

  1. რომელია 59-ის წინა და მომდევნო რიცხვები?

ამის შემდეგ შეგვიძლია თამაში ცოტა უფრო გავართულოთ.

სავარჯიშო  N -2

ამოცანის პირობის გაგება-გააზრებისა და ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების განვითარების მიზნით მასწავლებელი დაფაზე რიგრიგობით გააკრავს ორი ამოცანის პირობას. მოსწავლეებმა დაკვირვებით უნდა წიკითხონ ამოცანის პირობა და ფეხზე ადგომით წარმოადგინონ  ჩაფიქრებული რიცხვი, თან გაახმოვანონ.

1.ჩემი რიცხვი 4 ერთეულის , 3 ასეულისა და 8 ათეულისგან შედგება. რა რიცხვია ჩაფიქრებული?

  1. ჩემი რიცხვი 2 ასეულით 8 ათეულითა და 5 ერთეულით მეტია 2 ასეულზე. რა რიცხვია ჩაფიქრებული?

სავარჯიშო  N -3

საკითხზე კონცენტრირებისა და  ზეპირი ანგარიშის უნარის განვითარების მიზნით მასწავლებელი დაფაზე აკრავს ორი  ამოცანის პირობას და რიგრიგობით  კითხულობს ხმამაღლა. :

1.რა რიცხვს  მივიღებთ , თუ 35 -ისა და 15-ის ჯამს  გამოვაკლებთ  40-ს?

  1. 40-ისა და 19-ის სხვაობას გავადიდებთ 22-ით?

ერთი ნაბიჯით წინ უნდა გამოვიდნენ ის მოსწავლეები, რომელთა ციფრებისგანაც მიიღება ნაკარნახევი მაგალითების სწორი პასუხები.

ამის შემდეგ კიდევ უფრო გავართულებთ თამაშს.

სავარჯიშო N -4. 

ამოცანის პირობის გაგება- გააზრებისა და ლოგიკური და მათემატიკური  უნარის განვითარების მიზნით მასწავლებელი უკითხავს სახალისო ამოცანებს. ფეხზე უნდა ადგნენ ის მოსწავლეები, რომელთა ციფრებისგანაც მიიღება ამოცანის პასუხები. მოსწავლეებმა უნდა გაახმოვანონ მოცემული რიცხვები.   მაგ.:

  1. რამდენი ყური ექნება 9 ბაჭიას?
  2. რამდენი ბორბალი აქვს 7 სამბორბლიან ველოსიპედს?
  3. გაიგეთ ძაღლებისა და ქათმების ფეხების რაოდენობა ერთად, თუ ეზოში 2 ძაღლი და სამი ქათამია?
  4. საკლასო ოთახში 7 მაგიდაა. თითოსთან 4 ბავშვი ზის. რამდენი ბავშვია კლასში?

სავარჯიშო N -5.

სავარჯიშოზე კონცენტრირებისა და ზეპირი ანგარიშის უნარის განვითარების მიზნით  მასწავლებელი კითხულობს დავალებას, რომლის პირობაც დაფაზეა გაკრული:  ორი ნაბიჯით წინ უნდა წამოვიდნენ ის მოსწავლეები, რომელთა ციფრებისგანაც მიიღება ამოცანის პასუხები.

1.თითო პარკში უნდა იყოს 8 კანფეტი, რამდენი პარკი დასჭირდება 56 კანფეტს ?

  1. ლექსოს აქვს 32 მონეტა . რამდენ 4 მონეტიან სვეტს ააგებს ის?

სავარჯიშო N -6.

სავარჯიშოზე კონცენტრირებისა და ზეპირი ანგარიშის უნარის განვითარების მიზნით  მასწავლებელი კითხულობს დავალებას( საჭიროების შემთხვევაში დავალებას წაიკითხავს ორჯერ).

რა რიცხვს მიიღებთ, თუ 9-ისა და 4-ის სხვაობას გაამრავლებთ 7-ისა და 2-ის ჯამზე და მიღებულ პასუხში ადგილებს შევუცვლით ციფრებს? ფეხზე დგებიან ის მოსწავლეები, რომელთა ციფრებისაგანაც მიიღება სწორი პასუხი და მიღებულ პასუხს გაახმოვანებენ.

ამ თამაშების ერთადერთი პირობა ისაა, რომ  შერჩეული დავალების პასუხები არ უნდა შედგებოდეს ორი ერთნაირი ციფრისგან. (  მაგ.: 22,33,44,….)  ასეთი თამაშები შესაძლებელია გავიმეოროთ დროდადრო დავალების პირობის გართულებით.

ცხრილი შედეგებისთვის

სავ. N პირველი გუნდი მეორე გუნდი
1 1   1  
2   2  
3   3  
ქულა სულ სულ
2 1   1  
2   2  
ქულა სულ სულ
3 1   1  
2   2  
ქულა სულ სულ
 

4

1   1  
2   2  
3   3  
4   4  
ქულა სულ სულ
5

 

ქულა

1   1  
2   2  
სულ სულ
6-ქულა    
ჯამური ქულა    

 

ასეთი ტიპის გაკვეთილები ახალისებს მოსწავლეებს, უქმნის მათ დადებით ემოციურ განწყობას.  არწმუნებს საკუთარ ძალებში,  ასწავლის საკუთარი მოსაზრების გამოთქმასა და დაცვას. თამაში მოსწავლეს არ აძლევს მოდუნების საშუალებას.  ყველა მოსწავლეს,  შესაძლებლობის მიუხედავად , განაწყობს იმისათვის, რომ მუდმივად იყოს ჩართული  სასწავლო პროცესში.  მოსწავლეები  სავარჯიშოებს ასრულებენ მასწავლებლის ჩარევის გარეშე, ინდივიდუალურად ან სამუშაო ჯგუფებში.  სავარჯიშოების შერჩევა ხდება მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა მზაობის მიხედვით. შესაძლებელია თამაშის მიმართ ინტერესი ყველა ბავშვს არ ჰქონდეს.    ასეთ შემთხვევაში სასურველია  თამაშში მონაწილეობის მიღება   ზეწოლისა და ძალდატანების გარეშე თანდათანობით შევთავაზოთ მოსწავლეს, ის აუცილებლად ჩაერთვება ამ ტიპის აქტივობაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა 2018-2024
  2. 1-6 კლგზამკვლევი მასწავლებლებისთვის მათემატიკა

მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

0

პრობლემა: დღეს მშობლები ისე არიან დაკავებული სოციალური პრობლემებით ,რომ არ  ან ვერ არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ჩემს კლასში საშუალო და დაბალი მიღწევებით უმეტესწილად გამოირჩევიან ის მოსწავლეები, რომელთა მშობლები  საერთოდ არ არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში ან ნაკლებად არიან ჩართული და ნაკლებად  ინტერესდებიან შვილების შედეგებით. სამწუხაროდ ასეთი მოსწავლეების რაოდენობა  არც ისე ცოტაა.   ეს კი სერიოზული პრობლემაა  როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ჩემი დაკვირვებისა და გამოცდილებიდან შემიძლია აღვნიშნო, რომ  მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

ყველა ქვეყანაში სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა, მოსწავლის სასიკეთოდ მშობლის, როგორც საუკეთესო რესურსის, გამოყენება უკვე დიდი ხანია დანერგილია.  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც, როგორც კვლევები ადასტურებს, მოსწავლეთა და სკოლის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.

მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სკოლისათვის მოსწავლის კოგნიტური მზაობა აღმოჩნდა. ამასთან, კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის თვითშეფასებაზე, მოტივაციასა და მიღწევებზე. განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელს  მეტად ესმის საკუთარი შვილის;  უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;  ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს;  ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;   თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას;  მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას;წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ნათელია, რომ სკოლამ და ოჯახმა ერთობლივად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა სკოლაში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

პრობლემების ანალიზის გათვალისწინებით მიზნად დავისახე განმეხორციელებინა პროექტი და მშობლებისთვის მიმეცა საშუალება, აქტიურად ჩართულიყვნენ მათი შვილების   სასკოლო ცხოვრებაში . მით უმეტესს , რომ პირველ კლასში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩართულობა საშუალებას მისცემდა გაცნობოდნენ სასკოლო ცხოვრებას. დაკვირვებოდნენ საკუთარ შვილებს როგორც  სასწავლო გარემოში, ასევე  პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში, ასევე გამომეყენებინა მათი შესაძლებლობები როგორც საუკეთესო  რესურსი.

პროექტი  ერთი წელი მიმდინარეობდა , კვირის ყოველ სამშაბათს.

მოვიწვიე მშობლები, გავაცანი მიზნები , რა სახის აქტივობებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ვის რა წვლილის შეტანა შეეძლო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. შედგა მონაწილეთა სია და შეხვედრების  განრიგი.

სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით  დავგეგმე და განვახორციელე  სხვადასხვა სახის აქტივობები:

  1. ,,ექიმის რჩევები’’-მშობლები, რომლებიც სამედიცინო სფეროში არიან დასაქმებულები საკონფერენციო ოთახში შეხვდნენ ბავშვებს, ესაუბრნენ კბილების მოვლაზე, პირადი ჰიგიენის დაცვასა და ჯანსაღ კვებაზე.  პრეზენტაცია ერთობლივად მოვამზადეთ power point-ში, რათა უფრო ეფექტური და ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო ბავშვებისთვის. პროდუქტების უკეთ დამახსოვრების მიზნით წინასწარ გავამზადე გასაფერადებელი მასალა და პლასტელინები. მშობლებიც მათთან ერთად იყვნენ ჩართულები პროცესში.  კლასში მოვაწყვეთ გამოფენა. ბავშვები უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და ერთმანეთის  ნამუშევრებს ვაფასებდით ერთობლივად შემუშავებული შეფასების რუბრიკებით.
  2. საბანკო სფეროში დასაქმებული მშობლები ბავშვებს მათ გასაგებ ენაზე  ესაუბრნენ

ბანკის ფუნქციებზე, ფულის შეგროვების დადებით მხარეებზე ( ყულაბაზე),  მათემატიკის სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე .  მათთან ერთად შეასრულეს სახალისო მათემატიკური დავალებები , რომელიც  ერთად მოვუმზადეთ და დასახეს მიზნები, რისთვის შეაგროვებდნენ ყულაბაში ფულს.

3.პედაგოგიური გამოცდილების მქონე მშობლებთან  ერთად დავგეგმე   გაკვეთილები, რომლებიც წარვმართეთ ერთობლივად.  მშობლების გარკვეული ნაწილი კი მოვიწვიე წიგნების წასაკითხად. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ წაკითხულის ირგვლივ. გააცოცხლეს პერსონაჟები და მოირგეს სხვადასხვა როლი.

  1. ასევე საინტერესო და სახალისო იყო ხელოვნების გაკვეთილზე მშობლების მოწვევა. ერთობლივად ვიმუშავეთ საახალწლო თემატიკაზე . მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული მშობლების დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს მათი საყვარელი პერსონაჟების ხატვა.

იმუშავეს აპლიკაციებზე. კლასში მოვაწყვეთ გამოფენა.  ბავშვებმა ისაუბრეს მათი ნამუშევრებზე.  ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

შეხვედრების დროს  დაგეგმილ ყველა აქტივობაში ბავშვები თავად ირჩევდნენ მათთვის სასურველ აქტივობებს. დაწერდნენ, დახატავდნენ, გამოძერწავდნენ თუ აკვარელით იმუშავებდნენ.

აქტივობები ისე იყო შერჩეული, რომ მშობლებს მაქსიმალურად შეძლებოდათ წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები, რათა შვილის თვალში  მეტი ნდობა მოეპოვებინათ და ასევე თვალყური ედევნებინათ საკუთარი შვილების უნარ-ჩვევებზე, შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები. ყოველი შეხვედრის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები. ბავშვებს ჰქონდათ კითხვის დასმისა და აზრის გამოხატვის საშუალება. მათთვის საინტერესო კითხვებზე  მშობლები დაუზარებლად სცემდნენ პასუხებს.

უნდა აღინიშნოს მშობლების ჩართვა სკოლის  საახალწლო ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებით. შევარჩიეთ სცენარი, მათთან შეთანხმებით გავუნაწილეთ ბავშვებს როლები, სიმღერები, მათი შესაძლებლობებისა და სურვილების მიხედვით. მშობლებმაც  მოირგეს  გარკვეული როლები (ყინულის დედოფალი, თოვლის ბაბუა). რეპეტიციები იგეგმებოდა  წინასწარ შეთანხმებულ დღეებში.

მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი ძალისხმევით წარმოვადგინეთ საახალწლო ღონისძიება ,,ელფები, ფერიები და  ყინულის დედოფალი“, რომელიც გაიმართა  სკოლის სააქტო დარბაზში 26 დეკემბერს.

ბოლო დღეს შევაფასეთ პროექტი.  მოსწავლეებმა და მშობლებმა  გამოთქვეს თავიანთი აზრი პროექტის შესახებ. რა მოეწონათ? რითი იყო დასამახსოვრებელი ეს პროექტი? რა ისწავლეს? რომელი აქტივობა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად. რითი იყო მნიშვნელოვანი? შევთანხმდით , რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდებოდა მომავალშიც და შეიძენდა პერმანენტულ ხასიათს , რაც იყო   პროექტის მიზანიც.

მიღებული შედეგი- პროექტი განხორციელდა წარმატებით. დასახულ მიზანს მივაღწიე.                             მოსწავლის სასიკეთოდ მშობლის, როგორც საუკეთესო რესურსის, გამოყენება იყო სწორი მიგნება. მშობლები აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში, უფრო მეტად ინტერესდებოდნენ სკოლის ცხოვრებით. საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ, დაენახათ და აღმოეჩინათ შვილების ძლიერი და სუსტი  მხარეები . უკეთ გაეცნოთ და დაახლოებოდნენ  როგორც შვილის კლასელებს , ასევე ერთმანეთს და  სკოლას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://edu.aris.ge/news/ganatlebis-saministro-skolis-moswavleta-msoblebis-konsultirebistvis-emzadeba.html განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეთა მშობლების კონსულტირებისთვის ემზადება
  2. https://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf -მშობელთა ჩართულობა.
  3. https://edu.aris.ge/news/skola-da-mshobeli-ras-nishnavs-mshoblis-chartuloba-da-rogor-unda-gadzlierdes-mshoblis-roli-saskolo-cxovrebashi.html -მშობლის რაობა სასკოლო ცხოვრებაში
  4. https://mastsavlebeli.ge/?p=2113 – სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.

როგორ ვააზროვნოთ მოსწავლეები   კუბის მეთოდის  დახმარებით

0

ისტორია არის ის საგანი , რომელიც მოსწავლეებს აინტერესებთ, თუმცა მათთან ყველა საკითხი  გაანალიზებული და ადვილად აღქმადი უნდა გავხადოთ, რათა არ შენელდეს მოტივაცია.  მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის. სწავლის პროცესის ხალისიან წარმართვაში  ხელს გვიშლის არაეფექტური სახელმძღვანელოები, სადაც ნებისმიერი საკითხი ან მწირი ან კიდევ ფაქტობრივი მასალის სიუხვეზეა გათვლილი, ამიტომ მასწავლებლებს ხშირად გვიწევს სხვადასხვა მეთოდისა თუ სტრატეგიის გამოყენებით,  საინტერესო და ეფექტური გაკვეთილების დაგეგმვა.

დღეს მინდა გაგიზიაროთ  ერთი წარმატებული  გაკვეთილი საინტერესო  მეთოდის გამოყენებით,  ამ მეთოდს „ კუბის მეთოდი“ ჰქვია.  „კუბის მეთოდი“  გათვლილია იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ძალიან მოსწონთ  კეთებით სწავლა. იგი ითვლება კონსტრუქციულ პედაგოგიკად , რომელიც ქმნის ნიადაგს პასიური სასწავლო პროცესის აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნისათვის და  ფოკუსირებულია ისეთი მაღალი სააზრონვო უნარების განვითარებაზე , როგორიცაა ანალიზი , სინთეზი და შეფასება. თუ კუბის მეთოდს ბლუმის ტაქსონომიის ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეები დაბალი აზროვნების დონიდან შესაბამისი აქტივობების განხორციელების შემდეგ იძენენ მაღალ სააზროვნო უნარებს.

რაც შეეხება ტერმინს  – „კუბის მეთოდი“ შემდეგში მდგომარეობს, მასწავლებელი იყენებს კუბის ფორმის კუბიკებს, რომელიც შეიძლება ნებისმიერი კუბის ფორმის ყუთიდან დამზადდეს,  ( კუბის ზომა უნდა იტევდეს თაბახის ფურცელს ) მისი ექვსი გვერდი  კი საინტერესო დავალებებისთვისაა განკუთვნილი. მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგებს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შედგენილ კითხვებს. იგი წარმოადგენს სხვადასხვა სააზროვნო უნარების კლასიფიკაციას, ბლუმის მიხედვით აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. მასწავლებლის მიერ სწორად დასმული შეკითხვები, რომელიც ბლუმის ტაქსონომიის ცალკეული დონის შესაფერისია, იწვევს მოსწავლეებში აზროვნების სწავლას.  კონკრეტული კითხვები კი კონკრეტულ აქტივობებთანაა დაკავშირებული, ცალკეული სწორად დაგეგმილი აქტივობა მოსწავლეს მოტივირებულს ხდის და იგი იწყებს აზროვნებას იმაზე, რაც ყველაზე მეტად მისაღებია მისთვის. ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მასწავლებელი უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავადაც დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს. ცალკეულ მეთოდს თუ აზროვნების საფეხურს დიდი სიფრთხილე სჭირდება განსაკუთრებით მაშინ, თუ გვინდა რაიმე სასიკეთოდ შევცვალოთ და არა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც თვალს ვარიდებთ.

გთავაზობთ ჩემი პრაქტიკიდან მაგალითს, რომელიც კუბის მეთოდის გამოყენებით დავგეგმე თემის –  წინა აზიის რეგიონის გავლის შემდეგ , აღნიშნული მეთოდი არის ეფექტური საშუალება შემაჯამებელი სამუშაოს შესასრულებლად.

საგანი:  ისტორია

სწავლების საფეხური/კლასი:   საბაზო, VII კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  18

გაკვეთილის თემა:  წინა აზიის რეგიონი ( ხეთები, ფინიკია, ისრაელი)

გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები;
  • განსაზღვროს პიროვნების როლის მნიშვნელობა ქვეყნის ისტორიაში;
  •  მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
  •  შეძლოს თვალსაჩინოებების გამოყენება და მისი მნიშვნელობის განსაზღვრა;
  • მოახდინოს ვიზუალური მასალის აღქმა, საკუთარი დასკვნების გაკეთება, კრიტიკული ანალიზი;
  • თანამშრომლობა.
  • სივრცეში ორიენტირება;
  • წინარე ცოდნის გააქტიურება;
  • ტრანსფერული უნარების გამოვლენა;
  • ცხრილებზე მუშაობის უნარ –ჩვევის გამოვლენა.

მუშაობის ფორმა : ჯგუფური

რესურსები: ფერადი თაბახის ფურცლები , კუბის ფორმის კუბიკები, მარკერი, წებო, მაკრატელი, ინტერნეტ რესურსები ვიზუალური მასალის სახით მოცემული.

დრო: 45 წუთი

შეფასება:  განმსაზღვრელი, განმავითარებელი შეფასება, ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების ცხრილები.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და  გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.

ისტ.  VII 4.  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

 

 

მეთოდი : კუბის მეთოდი

 

თემის შეჯამების და გაანალიზების მიზნით კლასს შევთავაზე  ჯგუფური მუშაობის ფორმა კუბის მეთოდის გამოყენებით. კლასი წინასწარ დაყოფილია თანაბარი რაოდენობის  მოსწავლისაგან შემდგარ 3 ჯგუფად,  ჯგუფებში დავარიგე  ბარათზე წინასწარ გამზადებული დავალებები, თითო ჯგუფს ეძლევა ექვსი ტიპის დავალება სხვადასხვა სააზროვნო უნარზე გათვლილი, რომელიც ეფუძნება ბლუმის ტაქსონომიას. დავალებები ფერად ბარათებზეა განთავსებული, მოსწავლეს ევალება იმავე ფერის ფურცელზე დაწეროს პასუხი და ისე განათავსოს კუბის გვერდზე. ამგვარი ქმედება მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს მოსწავლის მიერ გაანალიზებულ პასუხს, რაც სწორი შეფასების საწინდარია. აგრეთვე ნამუშევარი ვიზუალურად ეფექტურად გამოიყურება.   ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ დავალებას და იწყებენ მუშაობას.  იყენებენ სახელმძღვანელოს მასალას და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ფლობენ ინტერნეტში მუშაობის უნარ –ჩვევას, საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ . თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.   ჯგუფები სვამენ  შეკითხვებს და აანალიზებენ საკითხს  სიღრმისეულად.  დავალებები შემდეგნაირად გამოიყურება:

I ჯგუფი  ( ხეთების სამეფო)

  1. ჩამოთვალე, რა მიღწევების გამო დაიმკვიდრეს ხეთებმა ადგილი ისტორიაში.
  2. რა საქმიანობას მისდევდნენ ხეთები, ახსენი რატომ?
  3. მოიყვანეთ არგუმენტები, რა იყო ხეთების სამეფოს მართვის თავისებურება?
  4. გააანალიზე, რატომ იყო საბეჭდავებზე გამოსახული რელიგიური და არა ყოფითი სცენები?
  5. შეადარე ერთმანეთს ხეთური და სვანური სახლები. იმსჯელე მათ შორის მსგავსება- განსხვავებაზე.
  6. შეაფასე პირველი სახმელეთო იმპერიის მიღწევები და ადგილი ისტორიაში.

 

II ჯგუფი ( ფინიკია)

  1. ჩამოთვალე ფინიკიური ქალაქ სახელმწიფოები.
  2. აღნიშნე კონტურულ რუკაზე ფინიკიის ქალაქ– სახელმწიფოები
  3. დაახასიათე ფინიკიის საზოგადოებრივი წყობა.
  4. ახსენი, რა მიზანს ისახავდა ფინიკია, როცა ხმელთაშუა ზღვისპირეთში აარსებდა ქალაქ– სახელმწიფოებს.
  5. მოიყვანე არგუმენტები, რამდენად სწორი იყო ფინიკიის მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებები სხვა ხალხების მიმართ?
  6. შეაფასე ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოების პოლიტიკური ნაბიჯები სხვადასხვა სფეროში.

 

III ჯგუფი ( ისრაელი)

 

  1. ჩამოთვალეთ ისრაელის სახელმწიფოს დაარსების წინაპირობები.
  2. დაახასიათე ისრაელის გეოგრაფიული მდებარეობა და შეავსე კონტურული რუკა.
  3. ახსენი, რა მიზანს ისახავდნენ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ შექმნილი ებრაული სამეფოები და მათი დედაქალაქები.
  4. მოიყვანეთ არგუმენტები, ისრაელის სახელმწიფომ რა როლი შეასრულა მთელი მსოფლიოს გაერთიანების საქმეში?
  5. შეაფასე ებრაელთა სახელმწიფოს  და მათი მმართველების ნაბიჯები მსოფლიო კეთილდღეობის საქმეში.
  6. გააანალიზე, რატომ ასწავლიდნენ ებრაელები მომავალ ვაჭრებს დიპლომატიასა და თავდაცვით ხელოვნებას.

 

ამგვარი მეთოდის გამოყენებით  საგაკვეთილო პროცესი არის შედეგზე ორიენტირებული და ხალისიანი. ჯგუფური მუშაობის ფორმა კი მორგებულია მოსწავლის მაქსიმალურ ჩართვაზე საგაკვეთილო პროცესში. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ქმნიან რესურსს , რომელიც ცაკლეული ქვეყნის  ისტორიას განასახიერებს . მასწავლებელი პრეზენტაციის შემდეგ ახდენს არასწორი წარმოდგენების რევიზიას , მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამყარებულია მუდმივი უკუკავშირი, ხდება სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების ეფექტური გამოყენება. მეთოდი აქტუალური და წარმატებულია ყველა შესაძლებლობის მოსწავლისათვის, რაც პირდაპირ კავშირშია  ეროვნული სასწავლო გეგმის  საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებთან.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა( 2011– 2016) მოქმედი რედაქცია
  2. მეძმარიაშვილი ე.მ. პაპაშვილი, რ. დაუშვილი, თ. პაპასქირი, ლ. გიორგობიანი ისტორია 7 კლასი, გამომცემლობა „ კლიო“ 2018

 

  1. ჯანაშია ნ. ნ. იმედაძე, ს. გორგოძე, განვითარებისა და სწავლების თეორიები, დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011 წელი.
  2. ჯანაშია ს. მ. რატიანი, თ. ბერძენიშვილი, შ. საძაგლიშვილი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, თბილისი 2007 წელი.
  1. გორგოძე ს. მ. ბოჭორიშვილი, ნ. ჭიაბრიშვილი , ქ. ჭიაბრიშვილი, გ. გახელაძე „ ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი 2010 წელი.

 

 

 

 

 

 

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

0

პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning) არის მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ტრადიციული სწავლების მეთოდისგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ა. შ. მისი გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის.

მომავალი თაობის თანამედროვე ცხოვრებისთვის მოსამზადებლად, სასკოლო განათლებას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი გულისხმობს კეთებით სწავლას, რაც ეხმარება მოსწავლეებს აქტიურად იყვნენ სწავლის პროცესში ჩართულნი. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, “პროექტზე დაფუძნებული სწავლება აერთიანებს ცოდნას და კეთებას”, მოსწავლე იყენებს ცოდნას, რაც უკვე იცის და სწავლობს პროექტში მონაწილეებისგან ახალს, ცდილობს იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები.

პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მიზანი, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი, მათი შესრულების ვადები, სასწავლო რესურსები, შედეგი, პროექტის აქტივობების შეფასების რუბრიკა, რაც მოსწავლეებს და მასწავლებელს დაეხმარება ნამუშევრების შეფასებაში.

რა არის  პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობები?

  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისათვის ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, ვიდრე ტრადიციული, ლექციური ტიპის სწავლების მეთოდი, რაც მოსაწყენი პროცესია მოსწავლეთა უმრავლესობისთვის.
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება ეხმარება მოსწავლეებს წარმოიდგინონ სიტუაცია სიმულაციურად, იპოვონ მისი გადაჭრის გზები და სტრატეგია. ამ დროს შეიძლება მათ იპოვონ ჰობი, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარი, რაც დაეხმარება მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში.
  • ამ ტიპის სწავლება ავითარებს ინტერპერსონალურ უნარს, პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს უწევთ ინტერვიუს აღება, ატარებენ გამოკითხვას, ახდენენ შეგროვილი ინფორმაციის ანალიზს, ამყარებენ კომუნიკაციას პროექტის მონაწილეებთან.
  • ცხოვრებისეული სიტუაციები პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწვლეებს უვითარებს შემოქმედებით აზროვნებას, უბიძგებს მათ საკითხს მიუდგნენ შემოქმედებითად.
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება სცდება საკლასო ოთახს და საჭიროებს ახალი ინფორმაციის მოძიებას მის გარეთ, მოსწავლეებს უწევთ არსებული პრობლემის გადასაჭრელად მოიძიონ დამატებით ახალი ინფორმაცია, გამოიტანონ დასკვნები და ჩამოუყალიბდეთ გარკვეული შეხედულება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი და მათთან ერთად შევარჩიოთ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მორგებული იქნება მათ ინტერესებზე. ეს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია.
  • პროექტის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესი მონეტია პროექტის აქტივობების შეფასება, მოსწავლეთა შეფასება. სასურველია მასწავლებელმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკები ან მოსწავლეებთან ერთად შექმანს ისინი.
  • კარგი იქნება თუ მასწავლებელი და მოსწავლეები შეხვდებიან იმ ადამიანებს ვისაც შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ მოსწავლეებს პროექტის თემასთან დაკავშირებით, რათა მოსწავლეებმა მოისმინონ სხვა ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
  • პროექტის დასასრულს მოსწავლეები აჯამებენ პროექტის აქტივობებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს რა ისწავლეს ახალი და საინტერესო, რაც ბევრად უფრო საინტერესო პროცესია მოსწავლეებისთვის ვიდრე გამოცდა.
  • ტექნოლოგიების გამოყენება პროექტის განხორციელებისას ბევრად უფრო საინტერესოს და ადვილად აღსაქმელს ხდის პროქტის აქტივობებს, ვიზუალური სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის აღქმაში და დიდხანს ამახსოვრდებათ ასეთი ინფორმაცია.
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს უვითარებს დაკვირვების, მოძიების, კვლევის, პრეზენტაციის, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარებს, ასევე გუნდური მუშაობის, ლიდერობის და პრობლემის გადაჭრის უნარებს.
  • თუ პროექტს სხვა სკოლის ან სხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან განახორციელებთ, ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობის პროცესს. რადგან მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ თანატოლები, შეიძინონ ახალი მეგობრები.

ინგლისური ენის სწავლებისას ხშირად ვიყენებ აღნიშნულ მეთოდს, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. სასწავლო პროცესი ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. უცხო ენის სწავლებისას მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მოსწავლეებს კითხვის (Reading), წერის (Writing), მოსმენის (Listening), მეტყველების (Speaking) უნარები, რათა მოსწავლემ შეძლოს ენის სრულყოფილად გამოყენება. ამ უნარების განვითარება პროექტზე დაფუძნებული სწავლებისას უფრო საინტერესო და ნაკლებად მტკივნეულია მოსწავლეებისათვის, რადგან მოგეხსენებათ, უცხო ენის შესწავლა ბევრ  სირთულესთანაა დაკავშირებული.

მინდა გაგიზიაროთ  ჩემი გამოცდილება ერთერთი აქტივობის  შესახებ,  როცა სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე. მათ მოსწონთ ახალი მეგობრების შეძენა, მათი გაცნობა და ინგლისურად საუბარი. პროექტს ვახორციელებთ etwinning-ის ფარგლებში. ეს არის პორტალი, სადაც შეგიძლიათ ევროპის ქვეყნებში და არა მარტო ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან ერთად განახორციელოთ პროექტები თქვენთვის სასურველ თემაზე.

ამ ეტაპზე მე და ჩემი მე-5 კლასის მოსწავლეები ვმუშაობთ პროექტზე: “My country’s cuisine” (ჩემი ქვეყნის სამზარეულო), მასში მონაწილეობა შეუძლია 7-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. პროექტში ჩართულია ქართველი, უკრაინელი, ალბანელი და თურქი მასწავლებლები, ასევე მათი მოსწავლეები. პროექტის მიზანია მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარის განვითარება, სხვა ქვეყნების სამზარეულოების და ტრადიციული კერძების გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ნასწავლი ლექსიკის პრატქიკაში გამოყენება.

პროექტის ეტაპები:

პირველი: საკუთარი თავის და ქვეყნის ინგლისურ ენაზე წარდგენა ვიდეო რგოლის საშუალებით. ვიდეო კონფერენცია პარტნიორ ქვეყნებთან. მოსწავლეები Skype-ის საშუალებით ერთმანეთს ეცნობიან. აცნობენ საკუთარ თავს, ასაკს და საყვარელ საქმიანობას/ჰობს.

მეორე: ჩემი ქვეყნის ეროვნული კერძის/კერძების (2 ან მეტი კერძის) გაცნობა, პრეზენტაცია ვიდეოს ან საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.

მესამე: ჩემი ქვეყნის ეროვნული სასმელის/სასმელების (2 ან მეტი სასმელი) გაცნობა, პრეზენტაცია ვიდეოს ან საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.

მეოთხე: ჩემი ქვეყნის ეროვნული დესერტი/დესერტების (ტკბილეულის) (2 ან მეტი სახეობის) გაცნობა, პრეზენტაცია ვიდეოს ან საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.

მეხუთე: პროექტის შეფასება, მოსწავლეების, მონაწილე მასწავლებლების მიერ (პროექტის შეფასების რუბრიკის მიხედვით, მოსწავლეების შთაბეჭდილებების გაზიარება padlet-ის ან ფერადი ფურცლების გამოყენებით).

საბოლოო პროდუქტი: პატარა კულინარიული წიგნის შექმნა ხელნაკეთი/ ელექტრონული სახით, ან პროექტის ბლოგის შექმნა სურვილის მიხედვით.

პროექტისთვის პრეზენტაციების მომზადება შეგვიძლია სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით power point, sway, pizzap.com kizoa ან ვიდეო რგოლი.

პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის სექტემბერი -2019 წლის მაისი

მოსწავლეების მიერ შექმნილ ნამუშევრებს ვტვირთავ პორტალზე, სადაც პროექტის წევრ მასწავლებლებს შეუძლიათ აჩვენონ მოსწავლეებს ჩვენი ნამუშევრები. ასევე ჩვენც შეგვიძლია სხვა პროექტის მონაწილე მოსწავლეების ნამუშევრების ნახვა.

პროექტზე მუშობის დროს შევქმენით საინფორმაციო კედლის გაზეთი, პროექტის ბლოგი, როლური თამაში: What’s your favourite dish? Drink? Dessert? შევქმენით ტრიარამები ჯგუფებში: ჩემი საყვარელი კერძი, სასმელი და დესერტი. პროექტის მონაწილე უკრაინელი მხარის ინიციატივით დავამზადეთ საშობაო და სააღდგომო მისალოცი ბარათები  და გავაგზავნეთ უკრაინაში. ასევე მათ გამოგვიგზავნეს მსგავსი ბარათები. მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, გაეცნენ უკრაინულ სამზარეულოს, წარადგინეს ჩვენი ეროვნული კერძები, სასმელები და დესერტი. Skype ჩართვით  თანატოლების გაცნობამ და ინგლისურ ენაზე მათთან საუბარმა დადებითი ემოციები გამოიწვია. ველოდებით თურქი, აზერბაიჯანელი და ალბანელი პარტნიორების ეროვნული სამზარეულოს და ტრადიციების გაცნობას.

ჩვენი პროექტის ბლოგი:  https://mycountryscuisine.blogspot.com/

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას- რაც უფრო სწორად გამოიყენებს მასწავლებელი პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, მით უფრო წარმატებული იქნება პროექტი და მოსწავლეები ახალ უნარებს შეიძენენ, განიმტკიცებენ უკვე არსებულ ცოდნას, პრაქტიკაში გამოიყენებენ ნასწავლს, შეძლებენ მოახდინონ ნასწავლის ტრანსფერი და მოემზადონ თანამედროვე ცხოვრებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://elearningindustry.com/project-based-learning-better-traditional-classroom
  2. ესგ 2018-2024წ საგნობრივი პროგრამა

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...