ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

„მოძრაობა – ეს არის  ცხოვრება!“ – არისტოტელე.

0

ვაგრძელებთ ჩვენი მოსწავლეებისთვის ფიზიკის საფუძვლების შესასწავლად დამატებითი მასალის მოწოდებას. ამჯერად შევეხებით ფიზიკის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც მექანიკა ეწოდება. მექანიკა (μηχανική) ბერძნულად მანქანას, მოწყობილობას ნიშნავს. ფიზიკაში კი მექანიკა მექანიკურ  მოძრაობას შეისწავლის.

ფიზიკის ეს თემა უნდა დავიწყოთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში (384-322 წწ) მოღვაწე, ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ფრაზით: „მოძრაობა – ეს არის ცხოვრება“, უფრო ზუსტად კი – „მოძრაობა – ეს არის ცხოვრება, ხოლო ცხოვრება“ – ეს არის მოძრაობა!“

ნახ.1

მართლაც ასეა: ყოფა-ცხოვრებაში სისტემატურად ვხვდებით ბუნების, საგნების, საგნების მდებარეობის ცლილებებს, რაც სწორედ მოძრაობას წარმოადგენს. სამყარო ჩვენს ირგვლივ განუწყვეტლივ იცვლება. ამაში იგულისხმება წყლის დინება, ჰაერის მოძრაობა, ადამიანების, ტრანსპორტის, ცხოველების მოძრაობა. ნებისმიერი ხელსაწყოს გამოყენების აზრი მისი დეტალების მოძრაობას ეფუძნება, რაც ჩვენთვის გარკვეული სარგებლის მოტანას ნიშნავს. მიკროსკოპულ სქემებშიც კი, რომელიც უძრავად არის განთავსებული კომპიუტერებში თუ მობილურ ტელეფონებში, ურთულესი პროცესები მიმდინარეობს, რაც თავისთავად ელემენტარული ნაწილაკების მოძრაობასთან არის დაკავშირებული. მოძრაობა მრავალი სახისაა: ცოცხალი ორაგანიზმების დაბადება, გაზრდა და სიკვდილიც მოძრაობას ნიშნავს, ქიმიური რეაქციების შედეგად ახალი ატომების შექმნა, ნივთიერების წარმოქმნა და დაშლაც მოძრაობაა. მოძრაობენ ციური სხეულები, პლანეტები, ვარსკვლავები. მოძრაობს ჩვენი დედამიწა, რასაც თან ახლავს ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ბუნებრივი მოვლენები: წვიმა, თოვლი, ქარი, ცუნამი, ტორნადო და ა.შ.

მოძრაობენ მოლეკულები და ატომები, მათი შემადგენელი ნაწილაკები. ანუ მოძრაობს მაკრო- და მიკროსამყარო. თუ უფრო შორს წავალთ, საზოგადოების სწრაფვა განვითარებისაკენ, სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისაკენ ხომ თავისთავად მოძრაობას წარმოადგენს? როგორი ბრძენი ყოფილა ძველი ბერძენი სწავლული, როცა მთელი სამყაროს ცხოვრების არსი ამ ერთ ცნობილ ფრაზაში ჩაატია.

დავუბრუნდეთ ჩვენს ფიზიკას და გავიხსენოთ, რომ ზემოთ უამრავი სახის მოძრაობა ვახსენეთ. ამ მრავალფეროვან მოძრაობათა შორის უმარტივესია მექანიკური მოძრაობა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკის იმ ნაწილის შესწავლა, რომელსაც მექანიკური მოძრაობა ეწოდება.

მექანიკური მოძრაობა სხეულის მდებარეობის ცვლილებას ნიშნავს. როგორც ვიცით, ნებისმიერ ცვლილებას ბუნებაში ფიზიკური მოვლენა ეწოდება. შესაბამისად, მექანიკური მოძრაობა უკვე ფიზიკური მოვლენაა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მექანიკური მოძრაობა მდებარეობის ცვლილებას ნიშნავს? ხომ არ ხდება ისე, რომ სხეული მოძრაობს, მაგრამ მდებარეობას არ იცვლის რაიმე საგნის მიმართ?

აქ უკვე გარკვეული ცნებების შემოტანა დაგვჭირდება. ჩვენ უნდა დავაზუსტოთ, რის მიმართ განვიხილავთ მოძრაობას. სხეულს, რომლის მიმართ განიხილება მოძრაობა, ათვლის სხეული ეწოდება. ამ ცნების შემოტანა აუცილებელია, რადგან ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება განვიხილოთ როგორც მოძრაობა ერთი სხეული მიმართ და ამავე დროს, უძრაობა მეორე სხეულის მიმართ. როგორ მივხვდეთ, მოძრაობს თუ არა სხეული ათვლის სხეულის მიმართ? აქ უნდა დავაკვირდეთ, იცვლება თუ არა მანძილი სხეულსა და ათვლის სხეულს შორის. მათ შორის მანძილის ცვლილება სხეულის მოძრაობას ნიშნავს.

განვიხილოთ ავტომობილი, რომელიც ქუჩაში მოძრაობს. თუ ათვლის სხეულად განვიხილავთ ხეს, მაშინ სხეული (ავტომობილი) მის მიმართ განუწყვეტლივ იცვლის მდებარეობას, იცვლება მათ შორის მანძილი და შესაბამისად, ავტომობილი ხის მიმართ მექანიკურ მოძრაობას ასრულებს (ნახ.2).

ნახ. 2

მაგრამ იგივე მოძრაობისთვის ათვლის სხეულად თუ განვიხილავთ ავტომობილის სავარძელს, ავტომობილსა და მის სავარძელს შორის მანძილი არ იცვლება, ამიტომ ავტომობილი საკუთარი სავარძლის მიმართ მექანიკურ მოძრაობას არ ასრულებს. ავტომობილი მექანიკური მოძრაობას არ შეასრულებს ასევე მეორე ავტომობილის მიმართ, რომელიც ზუსტად იგივე სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება, რადგან ამ ორ ავტომობილებს შორის მანძილი არ შეიცვლება. ასევე ერთმანეთის მიმართ უძრავნი იქნებიან მოძრავი მატარებლის ვაგონები, რადგან არ იცვლება მათ შორის მანძილი. (ნახ.3).

ნახ. 3

ამრიგად,  ერთი და იგივე მოვლენა (მოძრაობა), განსხვავებული ათვლის სხეულების შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მოძრაობაც და უძრაობაც. ამიტომ ამბობენ, რომ მოძრაობა და უძრაობა ფარდობითია.

მექანიკური მოძრაობის განმარტება კი ასეთია – სხეულის მდებარეობის ცვლილებას დროში, სივრცეში სხვა სხეულის მიმართ, მექანიკური მოძრაობა ეწოდება.

ამდენად, თუ არ დავაზუსტეთ, რის მიმართ განიხილება მოძრაობა, შეუძლებელი იქნება ასეთი მოძრაობის შესწავლა. ზოგადად, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მომავალში დედამიწის მიმართ განვიხილავთ მოძრაობას და თუ პირობას მითითებული არ აქვს  ათვლის სხეული, ესე იგი დედამიწის მიმართ შეისწავლება მოძრაობა.

მექანიკური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ცნებაა ნივთიერი წერტილი. მისი შემოტანა აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოძრაობის შესწავლის პროცესი მარტივი გახდეს. საქმე იმაშია, რომ სხეული უამრავი წერტილისგან შედგება და ზოგჯერ საქმე გვაქვს ისეთი სახის მოძრაობასთან, როცა სხეულის სხვადასხვა წერტილი სხვადასხვა სახის მოძრაობას ასრულებს. ამ დროს გაუგებარი ხდება, რომელი წერტილის მოძრაობას მივანიჭოთ უპირატესობა. ასეთი სირთულის თავიდან ასაცილებლად მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ სხეულის ზომები არ გაითვალისწინონ, ანუ სხეული წერტილად მიიჩნიონ იმ შემთხვევაში, თუ მისი ზომები იმ მანძილთან შედარებით, რომელსაც იგი მოცემულ შემთხვევაში გადის, ძალიან მცირეა. ამ წერტილს კი ნივთიერი წერილი უწოდონ. მაგალითად, თვითმფრინავი თბილისიდან პარიზში მოძრაობისას ნივთიერ წერტილად შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან თვითმფრინავის ზომებთან შედარებით, თბილისიდან პარიზამდე საკმაოდ დიდი მანძილია (ნახ. 4), მაგრამ იგივე თვითმფრინავს, როცა იგი აეროდრომზე გარკვეულ მანევრირებებს ასრულებს, ვერ განვიხილავთ ნივთიერ წერტილად, რადგან იგი ამ მოძრაობის პროცესში, საკუთარ ზომებთან შედარებით არცთუ ისე დიდ მანძილს გადის. ნივთიერი წერტილი სხეულის მოდელს წარმოადგენს და მისი განმარტება ასეთია: სხეულს, რომელის ზომები მოცემულ პირობებში შეგვიძლია უგულებელვყოთ (არ გავითვალისწინოთ), ნივთიერი წერტილი ეწოდება.

 

ნახ. 4

სხეულის მექანიკური მოძრაობის შესწავლისთვის ასევე მნიშვნელოვანია ტრაექტორიის ცოდნა. რა არის ტრაექტორია? წირს, რომელსაც აღწერს სხეული (ნივთიერი წერტილი) სივრცეში მოძრაობისას, ტრაექტორია ეწოდება (ნახ.5).

 

ნახ. 5

ტრაექტორიას წარმოადგენს ცარცის კვალი დაფაზე, კალმის კვალი ფურცელზე. ცაში ხშირად შეგვიმჩნევია თვითმფრინავის მიერ დატოვებული თეთრი კვამლი, რომელიც სწორედ მის მოძრაობის ტრაექტორიაზე მიგვანიშნებს. ანუ სხეული მოძრაობისას თანმიმდევრობით გაივლის ტრაექტორიის ყველა წერტილს. მაგრამ ტრაექტორიის სიგრძეს თუ შევუსაბამებთ დროის გარკვეულ მონაკვეთს, მივიღებთ განვლილ მანძილს, რომელსაც განზომილება სიგრძის ერთეული აქვს: კილომეტრი,  დეციმეტრი, სანტიმეტრი. SI სისტემაში მისი ერთეულია მეტრი. ველოსიპედისტი ველოდრომზე მოძრაობს და 10 წთ-ში ერთ სრულ ბრუნს ასრულებს. მისი მოძრაობის ტრაექტორია წარმოადგებს გარკვეული რადიუსის მქონე გარკვეული სიგრძის წრეწირს. რა იქნება მაშინ განვლილი მანძილი? გასაგებია, რომ ველოსიპედისტის მიერ განვლილი მანძილი  5წთ-ში იქნება ტრაექტორიის სიგრძის ნახევარი, ანუ ამ წრეწირის ნახევარი, ხოლო 10წთ-ში განვლილი მანძილის სიგრძე დაემთხვევა ტრაექტორიის (წრეწირის) სიგრძეს, 20წთ-ში – გაორმაგებული ტრაექტორიის სიგრძე და ა.შ. ასე, რომ ტრაექტორიის სიგრძესა და განვლილ მანძილს შორის განსხვავების პოვნა არც ისე რთულია.

ამრიგად, ამ სტატიაში მომოვიხილეთ არისტოტელესეული ხედვა მოძრაობის შესახებ, ვისაუბრეთ მოძრაობის არსზე ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროსთვის, ფიზიკაში მექანიკური მოძრაობის და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ცნების შესახებ. მექანიკა ვრცელი თემაა. ასე, რომ  რამდენიმე ჩვენი მომავალი სტატია მექანიკის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

 

ლიტერატურა

 

  1. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  2. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ;
  3. ილუსტრაციები აღებულია ვებ-გვერდებიდან

https://web-local.rudn.ru/web-local/uem/autor/orlova_IN/2.html

https://ppt-online.org/389124

 

 საინფორმაციო  ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკის  გაკვეთილზე

0

რადგანაც მუსიკა წარმოადგენს ხელოვნების სამყაროს გაცნობის მეგზურს, რომელიც სტიმულირდება მოსწავლეთა შემეცნების აქტივობებით, დღევანდელ დროში სწავლების პროცესის ორგანიზება კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია. ზოგადი გაგებით, კომპიუტერული ტექნოლოგია პედაგოგიური ინსტრუმენტია, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის სტრუქტურასა და დინამიკაზე.

ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო  პრაქტიკაში, მათ შორის მუსიკის გაკვეთილებზე, გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს. მიზანშეწონილია პედაგოგმა გამოიყენოს  საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიები , როგორც მოსწავლეთა ესთეტიკური განვითარების ახალი მიდგომა.

მუსიკის  გაკვეთილზე  გამოიყენება:  აუდიო და ვიდეო მასალა, საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიები, მულტიმედიური აღჭურვილობა. თანამედროვე ტექნოლოგიების ფართოდ  ინტეგრირება  წაახალისებს მოსწავლეებს  საკუთარი თავის ახლებურად წარმოჩენაში .

მუ­სი­კის ახა­ლი ეროვნული სასწავლო გეგმა-სტან­დარ­ტი მუ­სი­კის სწავ­ლე­ბი­სად­მი ახ­ლე­ბურ და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს – მუ­სი­კის სწავ­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამა LMMS-ით. გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად შედ­გე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან, რაც აა­მაღ­ლებს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას. სასწავლო პროგრამის მიხედვით არის მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­თა ბუ­კე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლურ-კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა LMMS-ის (audacity, LMMS)  სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა შეს­რულ­დეს.

პროგრამის  ათვისებისას მოსწავლე აჟღერებს საკუთარ ან ბუნებაში არსებულ ხმებს, საკრავს, თავადვე ჭრის საჭირო ფრაგმენტებს მუსიკალური ნაწარმოებებიდან და საბოლოოდ შეუძლია მუსიკალური კოლაჟის, კომპოზიციების შექმნა.

საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიები აერთიანებს  მოსწავლეთა წარმატებისთვის  საჭირო ბევრ კომპონენტს, რაც წარმოდგენელია სატელევიზიო  გამოსახულებით, ანიმაციით, გრაფიკითა და ხმის ტექნოლოგიებით. კომპიუტერის კომპეტენტურად გამოყენება თავიდან აგვაცილებს ვიზუალური საშუალებების დეფიციტს, ხელს შეუწყობს სასწავლო მასალის უკეთესად ათვისებას  და გაზრდის მუსიკის საგნის მიმართ ინტერესს.

გარდა ამისა, გაკვეთილის ეპიზოდები, სადაც  საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება  ასახავს თანამედროვე გაკვეთილის ერთ-ერთ მთავარ მიზანს – კერძოდ, მიმზიდველობის პრინციპს, მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აქტივობით: გამოხატავენ საკუთარ აზრს, მსჯელობენ, ავითარებენ ანალიზისა და შედარების უნარს.

მუსიკის გაკვეთილების მიმდინარეობისას ვიყენებ თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტების რამდენიმე ციფრულ მეთოდს:

  1. ვიდეო მასალა: ფრაგმენტები ოპერიდან , ბალეტიდან, მიუზიკლიდან,  მუსიკალური ფილმებიდან, კლასიკური და პოპულარული მუსიკის კონცერტებიდან;  ფრაგმენტები  მხატვრული და დოკუმენტური ფილმებიდან, სადაც ასახულია  კომპოზიტორთა  ცხოვრება და შემოქმედება.
  2. სინთეზურ-ვიზუალური მასალა: კომპოზიტორების   და მსოფლიო მუსიკის კლასიკოსების პორტრეტები; ხალხური , თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოებების შესრულება; თემატური ნახატები, მუსიკალური ნაწარმოებების ხელნაწერთა ფოტოები; ხელოვნების ნაწარმოებების რეპროდუქცია. მასალები კომპოზიტორებისა და შემსრულებლების მემორიალური მუზეუმებიდან, დოკუმენტური ფოტოები, კონკრეტული ხელოვნების ფოტოები;
  3. მუსიკალური ფონოგრამები : სიმღერის შესრულების ხმოვანი ფონოგრამები (“პლიუსი” და “მინუსი”),  რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს   მიიღონ მონაწილეობა ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებთან მუშაობის პროცესში;
  4. ლიტერატურული მასალა : ხელმისაწვდომი, გამოსახულებითი ინფორმაციული ტექსტები, რომელიც გვეხმარება მუსიკალურ მხატვრული ნაწარმოებების შინაარსის აღქმაში.ძირითად დამატებით მასალას წარმოადგენს მუსიკალური ტერმინებისა და ცნებების განმარტება, მუსიკალური ნაწარმოების ვერბალური აღწერა . კომპოზიტორის, შემსრულებლების ცნობილი ციტატები, მემუარები, წერილების ფრაგმენტები.
  5. მოსწავლეთა შემოქმედებითი (ინტერაქტიული) დავალებები: კითხვები, დიაგნოსტიკური ტესტები, პრობლემური სიტუაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო მასალის გაგებას და ასრულებს მოსწავლეთა მუსიკალური კულტურის განვითარების წარმატების მონიტორინგის ფუნქციას.

    მას შემდეგ, რაც  სკოლები დაკომპლექტდა  კომპიუტერებით  და დაიწყო კომპიუტერული პროგრამების

ინტეგრირება, შედეგად მივიღეთ სწავლების პროცესში მზა ელექტრონული რესურსების ადაპტირება.

ჩემს საგაკვეთილო პრაქტიკაში,  ასევე ვიყენებ  CD-დისკზე   გადატანილ სხვადსახვა ტიპისა და ჟანრის ნაწარმოებებისაგან შემდგარ მუსიკალურ კოლექციას (კლასიკური და თანამედროვე). თანამედროვე  კომპიუტერულმა პროგრამებმა ხელმისაწვდომი გახადა მაღალხარისხიანი ჟღერადობის ჩანაწერის  მოსმენა . თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, წინამორბედ გრამფირფიტებისა და აუდიო კასეტებისაგან განსხვავებით უფრო მოსახერხებელია, ვინაიდან მუსიკალური ფრაგმენტის სწრაფი ძიების საშუალებას გვაძლევს. მრავალჯერადი მოსმენით მივაღწევთ ლაიტმოტივის დამახსოვრებას და ინტონაციის ანალიზს.   ასევე შესაძლებელია მუსიკის მოსმენის დროს ვიზუალური გამოსახულების შეცვლა.  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია მუსიკის გაკვეთილებზე  I კლასიდან.

მე როგორც პედაგოგს, გაკვეთილის დაგეგმვაში ძალიან მეხმარება მუსიკალური ენციკლოპედია  https://ka.wikipedia.org .     პედაგოგის ძირითად რესურსს წარმოადგენს   ავტორის მიერ შექმნილი მეთოდური სახელმძღვანელო, აუდიო-ვიდეო მასალით, რომელშიც მოთავსებულია პროგრამით გათვალისწინებული კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. ამ მასალის მეშვეობით მოსწავლეებს შეუძლიათ  გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნებში ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის განვითარებას- როკის, ჯაზის, პოპ მუსიკის ფორმირებას.

გაკვეთილების მომზადებისას აქტიურად ვიყენებ ინტერნეტ მასალას. პედაგოგებისთვის ინტერნეტში ხელმისაწვდომია პროფესიული მუსიკალური გვერდები, რომელიც გვეხმარება ეფექტურად და ხარისხიანად ჩავატაროთ მუსიკის გაკვეთილები.  ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგანმანათლებლო პორტალზე. მუსიკის მასწავლებლისადმი დიდ ინტერესს წარმოადგენს ჟურნალი  https://mastsavlebeli.ge  , სადაც მრავალი საინტერსო სტატიაა გამოქვეყნებული   მასწავლებლებისთვის.  ასევე სხვადასხვა ინტერნეტ გვერდი:

https://www.youtube.com                                                                     https://nlib.org.ua

https://www.musicnotes.com                                                               https://www.sfskids.org/listen/

მუსიკის სწავლების პროცესში ტესტი წარმოადგენს პედაგოგის ინსტრუმენტს, რომელიც იძლევა ცოდნის გადამოწმების, კონტროლის და შეფასების საშუალებას.

საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე ტესტების გამოყენების ძირითადი მიზანია:

  • პროგრამის მასალის შემცველობის მოცულობისა და ხარისხის განსაზღვრა;
  • მოსწავლეთა ათვისების დონის შემოწმება და კონტროლი;
  • მოსწავლეთა ფსიქო-ფიზიოლოგიური ხარისხის შემოწმება და შეფასება, რაც აუცილებელია მუსიკის შესწავლისას;
  • მუსიკის მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის შეფასება.

მუსიკის გაკვეთილზე ტესტირების ერთ-ერთი ფორმაა ,, ხმოვანი“  ტესტი, რომლის შექმნა და განხორციელება შესაძლებელია სპეციალური ტექნიკური საშუალებით. ტესტის შექმნისას საჭიროა ზუსტად  განვსაზღვროთ მოსასმენი ფრაგმენტის დროის ლიმიტი. გაკვეთილზე, “ხმოვანი” ტესტები ყველაზე ხშირად გამოიყენება  ჯგუფური ან ფრონტალური კონტროლის დროს. ინდივიდუალური კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (აუდიო და ყურსასმენები) ხელმისაწვდომობით.

ცოდნის შემოწმების ტრადიციულ ფორმას მუსიკის გაკვეთილებზე წარმოადგებს ვიქტორინები, რომლის კითხვები ყველაზე ხშირად შერწყმულია რომელიმე  საერთო თემასთან.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით   მიზანმიმართული მუშაობის ჩატარებით  საგაკვეთილო პროცესში ვაღწევ ჩართულობის და  ინტერესის ზრდას  , შესაბამისად მატულობს ცოდნის ათვისების ხარისხი, ყალიბდება დადებითი დამოკიდებულება საგნის მიმართ და მოსწავლეთა  ყურადღების კონცენტრირება  გაკვეთილის ბოლომდე სტაბილური რჩება.

თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად გამოყენება მოსწავლეში  ავითარებს ფანტაზიას , წარმოსახვას და  შემოქმედებით უნარს. შესაძლებელია  პროექტის შესრულებისას კომპიუტერით პრეზენტაციების ჩვენება, რაც საშუალებას მისცემს საილუსტრაციო მასალის გამოყენებით უფრო ნათლად წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი.

დღევანდელ გარემოში, როდესაც მასწავლებელს არ გააჩნია მზა პროგრამები , საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის ერთ-ერთი საშუალებაა Power Point პროგრამა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემოქმედებითად  მუსიკის სწავლების დროს.

ამ პროგრამის გამოყენებით პედაგოგი და მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რაც უფრო ნათელს და საინტერესოს ხდის ნამუშევარს. ეს მეთოდი  მოიცავს მულტიმედიური პროექტორის გამოყენებას, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგს მონათხრობი წარმოადგინოს ილუსტრაციით.

პრეზენტაციის მოსამზადებლად მოსწავლემ უნდა ჩაატაროს უზარმაზარი კვლევითი სამუშაოები, გამოიყენოს დიდი რაოდენობის საინფორმაციო წყაროები და   თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურ შემოქმედებით პროდუქტად გარდაქმნას. პრეზენტაციის დროს თითოეული სლაიდის შექმნისას მოსწავლე გახდება კომპიუტერული მხატვარი (სლაიდი უნდა იყოს ინფორმაციული  და ასახავდეს ავტორის პირად დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ) ასეთი მეთოდით მოსწავლეს უვითარდება ლოგიკური აზროვნება, ხდება  უნარ-ჩვევების ფორმირება.

Power Point-ის პროგრამა საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ რუკების, ნახატების, ისტორიული მოღვაწეების პორტრეტები, ვიდეო ფრაგმენტები  და დიაგრამები. პრეზენტაციები ეფექტურად გამოიყენება  გაკვეთილის სხვადასხვა ფაზაზე, ვიზუალური აღქმა საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად და ადვილად  გადავცეთ მოსწავლეებს  მასალა .

პრეზენტაციის მომზადების წინაპირობაა დიდი რაოდენობით ილუსტრაციების და ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი მუსიკალური ალბომის გამოყენება.

ამგვარად,  ვიზუალური პრეზენტაციით მიწოდებულ შესასწავლ მასალას  მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებენ, იყენებენ  მუსიკალურ ტერმინებს, იმახსოვრებენ  კომპოზიტორების მუსიკალურ ნაწარმოებებს.  დემონსტრირების პროცესში მოსწავლეები სარგებლობენ საჯარო მოხსენების გამოცდილებით, რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლოა  მათი მომავალი ცხოვრებისათვის. ირთვება კონკურსის ელემენტი , რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს,  გაზარდოს საკუთარი თვითშეფასება,  რადგან კომპიუტერული უნარების ფლობა წარმოადგენს თანამედროვე  ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტს.

ამდენად, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკის  გაკვეთილებს  ხდის უფრო  ინფორმაციულს, მრავალფეროვანს და რაც მთავარია – თანამედროვეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

ინტერნეტგაზეთი   https://mastsavlebeli.ge

https://www.youtube.com

https://nlib.org.ua

https://www.musicnotes.com

https://www.sfskids.org/listen/

მუსიკალური ენციკლოპედია  https://ka.wikipedia.org 

 

 

 

 

 

“სარჩობელაზედ“ და “ძმები კარამაზოვები“ – ზოგიერთი ეპიზოდის მსგავსების  შესახებ

0

ილია ჭავჭავაძე უდიდესი ფსიქოლოგია, რომელიც ადამიანთა სულიერ ძვრასა და გარდატეხას, უმეტესად, პერსონაჟთა ქცევით აღწერს. დოსტოევსკი კი დაუზარებლად გვიჩვენებს სულის მდგომარეობისა  და გონის მოძრაობის შავ-თეთრ კუთხე-კუნჭულებს. მას აქვს უნარი მკითხველს შეახედოს პერსონაჟის შინაგან სამყაროში და მისი განცდების სრულად გაზიარება აიძულოს. მაგ: როცა დმიტრის უსამართლოდ სჯიან, მკითხველიც იტანჯება ან ივანივით “არეულია“, ან  ალიოშასავით  სიწმინდეს ინარჩუნებს. ილია თავის პერსონაჟთა სულის ლაბირინთებში დოსტოევსკისნაირად არ გვახედებს – მკითხველს უტოვებს თავისი სურვილისამებრ აღქმის უფლებას.

 

მოთხრობის “სარჩობელაზედ“ გმირებში, “ძმებ კარამაზოვების“ გმირების მსგავსად, წინაპართა ნამემკვიდრალი თუ შეძენილი ბიწიერებანია განფენილი. ილია ბეჟანის უმცროსი ძმის “წმინდანად“ დახატვას ცდილობს, როგორც დოსტოევსკი უმცროსი კარამაზოვის, ალიოშასას, თუმცა არ გამოსდით, რადგან ეშმაკი მათ სულებშიც აფათურებს ხელს.

 

აღსანიშნავია ის ისტორიული დრო და გარემო, რომელშიც ილიასა და დოსტოევსკის პერსონაჟები ცხოვრობენ, რადგან შეიძლება სწორედ მან დაბადა ისინი ასეთად ან გარდაქმნა.

რუსეთში დაძაბულობაა. მაგ, ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტი – სასამართლო- დრომოჭმული მეთოდებით იმართება. მაშინდელ რუსეთში ესა თუ ის მოვლენა განიხილებოდა როგორც რუსული სოციალური ყოფის პროდუქტი. იმდროინდელი რუსული სასამართლოს ნაკლი ისიც გახლდათ, რომ მოსამართლე თუ რიგითი მონაწილე ტრაგედიასა და ბრალდებულს საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდა.

 

ილიას პეტრეც დრომოჭმული იდეოლოგიის გამტარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ხალხთა გათავისუფლების სიო დიდი ხანია უბერავდა საქართველოში, მის ცნობიერებაში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, მას მტკიცედ სწამს, რომ გლეხი ვერასდროს გახდება მებატონის თანასწორი და ყოფილი ბატონი არ არსებობს. ეს “სოციალური სიბრმავე“ კიდევ კარგა ხანს გაჰყვა ბორკილად მაშინდელ ქართულ საზოგადოებას.

 

სოციალური უთანასწორობა აშკარაა “ძმებ კარამაზოვებშიც“. ბატონყმობა გადავარდნილია, თუმცა ფიოდორ კარამაზოვს ყმები “თავს არ ანებებენ“. ერთგან ბრაზობს კიდეც დმიტრი,  მდაბიომ შენობით მომმართაო!

 

ილიას პეტრეც “ბუნების მორჩილია“, ყმის უღლისგან გათავისუფლებას სულაც არ ჩქარობს, არ ანაღვლებს ღმერთი (მისი მხოლოდ ეშინია) და პიროვნული თავისუფლება. “ვიღაცების“ მიერ მიიარლიყებულ წოდებრივ ჩარჩოებში იკეტება – თავადიშვილები ხართ, ჩემსავით ცარიელ მიწაზე გდებას ვერ აიტანთო – ეუბნება ძმებს და თავის ნაბადს უშლის. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყმობას მიჩვეულ საზოგადოებას (პეტრეს) თავისუფლება ბორკილი, ცოდვა ან ცხოვრებაში სრულიად გამოუსადეგარი ცნება ჰგონია.

 

ბევრჯერ დაწერილა, ძმებისგან გაძარცვულ პეტრეს მხოლოდ იმიტომ ერცხვინება საზოგადოებამ არ დასცინოს, რომ ღლაპებმა გააცურესო. მართლაც, მას არად მიაჩნია საზოგადოების მანკიერებანი: ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, რაც ისედაც შემოჩვეული ჭირი იყო იმ ეპოქაში. მტაცებლობდა და ძალმომრეობდა ყველა – დიდი თუ პატარა, გლეხიდან დაწყებული ჩინოვნიკით დამთავრებული, ისე, ვის როგორ შეეძლო, ერთი სიტყვით, ქვეყანა, ე.წ. ჯუნგლის კანონით იმართებოდა და ამ კანონებს მიჩვეული საზოგადოება ტანჯვა-დათმენის უღელქვეშ გმინავდა. პეტრე ალბათ იამაყებდა კიდეც, ვინმე აბრაგს ან ცნობილ გაქნილს რომ გაეძარცვა. უსუსურმა ბალღებმა გამქურდეს, მძინარეს ჯიბეები დამაჭრესო, თაკილობს, არადა მძინარე მხოლოდ პეტრე კი არა, მთლიანად ის საზოგადოებაა, რომლის გამოფხიზლებასაც შეალია ილია ჭავჭავაძემ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა. არა, არა, რაკი ქართველმა რუსის შლაპა დაიხურა, მისი საქმე წასულიაო, ამბობს პეტრე.  მართალს ამბობდა, რადგან ნამუსის ქუდი დიდი ხანია თავისი ნებით მოეხადა ქართველს.

 

ახლა მთავარ სათქმელს მივუბრუნდეთ. როგორც ვიცით, ქალაქში მყოფ პეტრეს შინ წასვლა შეაგვიანდა. იფიქრა, საღამომდე ავლაბრის მოედანზე გავალ, ქვეყანა ხალხი ირევა, რამეს შევიტყობო. მოედანზე მართლაც უამრავი ხალხი ირეოდა, ჟრიამული და ყაყანი გაჰქონდათ. პეტრე ხალხში გაერია, ყაყანის მიზეზი გავიგოო. გაიგო კიდეც, ზარბაზანი რომ გავარდება, მახათას მთაზე კაცს ჩამოახრჩობენო.

 

აქვე გავიხსენოთ დმიტრი კარამაზოვის ტრაგედია, როცა მას მამის მკვლელობისთვის გასასამართლებლად ელოდებიან. მისმა საქმემ მთელი რუსეთი აალაპარაკა. ყველა მასზე მსჯელობდა და გაჰყვიროდა. მის სასამართლოზე დასასწრებლად უამრავი მოსეირე სტუმარი ჩამოვიდა, ყველა ბილეთი გაიყიდა ან დიდი ხვეწნა-მუდარით იშოვეს დამსწრეებმა, დარბაზიდან სკამებიც კი გაიტანეს, რომ მეტი ხალხი დატეულიყო,  ქალბატონები მაყურებელთა ნახევარს შეადგენდნენ. შეეძლოთ იმ სივიწროვეში ფეხზე საათობით მდგარიყვნენ.

 

როგორც ვთქვი, მახათას მთაზეც ბუზივით ირეოდა ხალხი. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და იმდენი კაცი თუ დედაკაცი დაინახა, გაკვირდა: “ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულან, ამ დედაკაცებს რა ღმერთი გასწყრომიათ, ეგრე რომ თავი მოუყრიათ, რა მაგათი საქმეაო“.

“ძმებ კარამაზოვებშიც“ – სასამართლოზე დასასწრებად უამრავი ქალია მოსული სასეიროდ. ზოგს გამოპრანჭვაც დავიწყებოდა და სახეზე ისტერიკული, ხარბი, თითქმის ავადმყოფური ცნობისმოყვარეობა აღბეჭდვოდა.

 

პეტრეც დგას და ფიქრობს, მართლა კაცს ხომ არ ახრჩობენ, კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო, ალბათ ჯამბაზობააო. ღვთის სულია, ადამიანია… ამიტომ მოუყრია ამდენ მანდილოსანს თავი, დედაკაცის თვალი მსუნაგია თვალთმაქცობაზეო.

 

ზოგიერთი მამაკაცის ბოროტი დამოკიდებულება დმიტრი კარამაზოვისადმი გასაგებია: “მამაკაცები ბრალდებულისადმი არა მხოლოდ ცუდად განწყობილნი, არამედ გაბოროტებულნიც კი იყვნენ. მამაკაცთა შუბლშეკრული, მკაცრი, გააფთრებული სახეებიც კი შეიმჩნეოდა დარბაზში და ეს იმიტომ, რომ დმიტრიმ იმ მოკლე ხანში, რაც იმ ქალაქში იმყოფებოდა, პირადი შეურაცხყოფა მიაყენა“.

“დარბაზში ისეთებიც იყვნენ, სრულიად რომ არ აინტერესებდათ მიტიას ბედი და უდარდელად ისხდნენ. ყველას საქმის საბოლოო შედეგი აინტერესებდა. მამაკაცთა უმეტესობას გადაჭრით უნდოდა, და დარწმუნებული იყო, რომ დამნაშავე სასტიკად უნდა დასჯილიყო“ .

“სასამართლო დარბაზი დიდი ხნით ადრე გაივსო“. “სასამართლო დარბაზში მსხდომი ქალები კმაყოფილი დარჩნენ, სანახაობა ნამდვილად სულისშემძვერლი იყო. ერთიანად დამუხტული და აღელვებეული დარბაზი კვანძის გახსნას მოუთმენლად ელოდა“, – ჰყვება დოსტოევსკი.

სწორედ ასეთ  ადამიანებსა და გარემოებაზე  წერდა  ვაჟა-ფშაველა: “სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას რომ კვლენ, ცქერა გვწადია“.

 

“ძმებ კარამაზოვებში“ აღწერილი პერიოდი ზუსტად ეხმაურება იმ დროს, როცა ილია თავის მოთხრობას წერდა. რა იყო გასაკვირი, მაშინ დასჯა-ჩამოხრჩობა ხომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო! არვის ადარდებდა უსამართლობა სასამართლოში, საზოგადოებრივი გულგრილობა მოდურიც კი იყო, არვის  აძრწუნებდა განსასჯელის ბედი. არადა პირიქით, გულგრილობის სათავე სიკვდილით დასჯის მიმართ შეიძლებოდა სავალალო მომავლის წინამორბედი ყოფილიყო, რადგან საზოგადოება არა მხოლოდ სხვისი ბედის მიმართაა გულგრილი, არამედ დამთბარიც კია დესპოტური სასჯელისადმი. რა იყო ეს, მაშინდელი საზოგადოების დაბინდული გონებისა და წარმოსახვის ნაადრევი გამოფიტვის ბრალი ხომ არა, რომელიც მას ღმერთს აშორებდა?

 

“ძმებ კარამაზოვებში“ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია –  იმდროინდელი სამეფო ხელისუფლების “წყალობით“ საზოგადოება მუდმივად ესწრებოდა საჯარო სასამართლო სხდომებს. ამგვარი “ფუფუნება“ ილიას ავლაბრის მოედანზე შეკრებილ მოსეირეებსაც აქვთ –  კაცის ჩამოხრჩობა მათთვისაც საინტერესო სანახაობაა, რომელსაც პურივით სთავაზობენ.

დოსტოევსკის აინტერესებს, რუსული საზოგადოების საფუძველშივე მორყეული ზნეობა იმის მიმანიშნებელი ხომ არ არის, რომ იგი საერთოდაც არ ჰქონიათ რუსეთში? და რომ არა რუსეთის ხელისუფლების ის “კეთილშობილური“ გადაწყვეტილება, ვერასდროს შევიტყობდით მისი საზოგადოების თავაწყვეტილი ნებისა და ზნეობრივი დაცემის საშინელების შესახებ.

სხვათა შორის, მაშინდელი რუსული პრესა სასამართლო პროცესების სცენებს გაზეთებშიც აღწერდა მათთვის, ვინც დარბაზში ბილეთის შოვნას ვერ მოახერხებდა. რა ეწერა ამ ფურცლებზე? ახალ-ახალი ინფორმაციები გამოტანილი განაჩენის შესახებ, სადაც ყოველი ახალი წინას აფერმკრთალებდა და ძველ საშინელებას ჩვეულებრივად მოგაჩვენებდათ. საქმე ისაა, რომ იმ რუსული სისხლის სამართლის საქმეებიდან ყველაფერი საერთო უმადურობაზე მეტყველებდა, უმადურობაზე, რომელიც ძალიან საზოგადოებრივი, ჩვენეული გამხდარა და საყოველთაო ბოროტებად ქცეულა, რომელთან ბრძოლაც ძალიან ძნელია.

 

ილიას ბეჟანის “კარიერაც“ სწორედ მისდროინდელმა საზოგადოებამაც შექმნა, სწორედ მან  უბიძგა მანკიერებისკენ, რომელიც ადამიანში, ზოგადად, გენეტიკურადაც კია კოდირებულ-მიჩქმალული. შეიძლება ბეჟანი არამზადაა, მაგრამ იმ დროში მხოლოდ ის არ იქნებოდა ასეთი. სხვას შეიძლება არ ექურდა, არ გაეძარცვა, არ მოეკლა, მაგრამ ერთხელ მაინც ეფიქრა ამაზე. ასეთი ადამიანი კი სულით არამზადაა.

 

დღეს, როცა ბევრი უნიკალური ტრადიცია ფეხქვეშაა გათელილი ან განგებ უკიდებენ ობს, ყველაზე ადვილია თქვა: “მაინც რა არის პატიოსნება ანდა სისხლის დაღვრის ცოდვად მიჩნევა, იქნებ სულაც დრომოჭმული გადმონაშთია? (ფ.დ.).

თავისი თანამედროვენი (და არამხოლოდ ისინი) ილიას ჰკილავდენენ, რომ: “ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია?“ “ბრიყვნი ამბობენ!“ – პასუხობდა ილია, თორემ, მართლაც და, ღმერთმა იცის, პირველი ილია გაიხარებდა, თუ ვინმე შეეცილებოდა, შეეკამათებოდა და დაუმტკიცებდა, რომ ბოდავს ან აზვიადებს.

 

ილია კარგად ხედავდა, როგორ იღუპავდა თავს ახალგაზრდობა. ბევრს არც აინტერესებდა, “რა იქნება იქ“ (“ჰამლეტი“) – მიღმიერ ცხოვრებაში. საქართველოში კი ის პოლიტიკური მმართველობა მძვინვარებდა, ახალგაზრდობის გულებში მოკიაფე ეროვნულ და რელიგიურ ცეცხლს მტვერს რომ აყრიდა. საზოგადობას შეგნებულად ხრწნიდა, ცოდვებისკენ უბიძგებდა, შემდეგ კი ჩადენილი დანაშაულისთვის სასეიროდ და სამაგალითოდ სჯიდა და პურად სთავაზობდა (ან აშინებდა) “ბრმა და მშიერ“ საზოგადოებას.

 

იქ, სადაც ბოროტების მანქანა იქოქებოდა, ისეთი შავბნელი საქმეები ითითხნებოდა ეროვნული თვითშეგნების, ზნეობისა  მრწამსის გადასაგვარებლად, რომ ბეჟანი, მიტია კარამაზოვი და სხვა მათი მსგავსი ნამდვილად უცოდველად მოგეჩვენებოდათ.

 

დოსტოევსკი “ძმებ კარამაზოვებში“ დაუფარავად წერს, რუსული დანაშაულის ფსიქოლოგიით რუსი და ევროპის მოწინავე მოაზროვნეები დაინტერესდებიან, რადგან ნამდვილად ღირს ეს თემა სერიოზული შესწავლის საგნად იქცესო. არ დაგვავიწყდეს, რუსეთი თავის “გამოგონილ ფსიოქოლოგიურ“ წნეხს საქართველოსაც არ აკლებდა – ყოველი ფეხის ნაბიჯზე სახრჩობელა განა რუსიფიკატორული დასჯის ერთ-ერთი მეთოდი არ იყო, რომელიც მხოლოდ საზოგადოების დაშინებას, მის ფსიქოლოგიურ დეგრადაციას ემსახურებოდა და არა დანაშაულთან ბრძოლას ან მის აღმოფხვრას!

 

ილია თავისი დროის საზოგადოებას, დოსტოევსკის მსგავსად, მოჩვენებითი თანაგრძნობის გამოც ჰკილავს. თავის ისე დაჭერა, ვითომ სხვისი ბედი აძრწუნებთ: “ვუი, ვუი, ვუი, შენს დედას!“, “რა ახალგაზრდა ბიჭი ყოფილა!“, “შე უბედურის დღისავ!“, “შენთვის ყოფილიყავ და ამ დღეში არ ჩავარდილიყავ!“, “ვაი, შენს დედას, შე საცოდავო, შენა!“, “საცოდავი წერას აუტანია, მაგრამ ეგ ხომ მოკვდება და წავა, ვაი, მაგის მშობლების ბრალი, რა ცეცხლში ჩაცვივიან!“, “რა თონეში უნდა იწვოდეს ახლა ამის დედის გული, ღმერთო, მაგისთანა დღეს ნუ შემასწრობ!“  – გაიძახიან დედაკაცები.

 

და უცებ, როცა მღვდელმა, ჯალათმა და ვიღაც ჩინოვნიკმა, იმდროინდელი წესების, სამართლისა და ვიღაცის ბრძანების თანახმად, ჩამოახრჩვეს ბეჟანი, ის მოვიშვიშე, მოქოთქოთე დედაკაცობა (მანდილოსნები) და სხვები, რომლებიც, მათი აზრით, ალბათ, ღვთისმოშიშნიც იქნებოდნენ, კვლავ მხიარულად აყაყანდა, ალაზღანდარდა და დაიშალა: დაიშალა, “დაირღვა  ხალხის გროვა“. სხვათა შორის ეს “გროვა“ “იგის“ პირველყოფილ საზოგადოებას ძალიან ჰგავს. მოსეირეები, მართალია, ზემოთ დაკიდებულ სახრჩობელას ზეცისკენ აპყრობილი თვალებით უცქერიან, თუმცა ეს თვალები ცას ცად არ აღიქვამენ. და, რა გასაკვირია, ილიას პეტრესთვის “მოძღვარიდან“, რომლისთვისაც ჯეჯილი წიგნის ყდაა, წიგნი დედამიწაა და ა.შ. ამ ბრბოსთვისაც თავისი სახელი თითქმის არცერთ ცნებას არ ჰქვია, ამ  ყრუ-მუნჯი საზოგადოებისთვის ცა არა ღვთის სავარაუდო სამყოფელი ან თავისუფლებაა, არამედ ლურჯად შეთხუპნილი ჰაერის ფუჭი გროვა: “…ხალხის გროვა დაიშალა და გაიშალა მინდორზე, ყველამ თავის სახლისკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაში ნახა“, – წერს ილია.

“… პირიქით, ჩვენივე ცინიკურად, ზანტი უსაქმურობიდან ამ შეძრწუნებით თავდაღწეულნი, ისე ვტკბებით, როგორც მძლავრ და ექსცენტრიკულ შეგრძნებათა მოყვარულები, ან ბავშვებივით ვიქცევით, საშიში მოჩვენებების ხელით მოგერიების შემდეგ, ვიდრე მოჩვენება არ გაქრება, ბალიშში თავჩარგულნი რომ იმალებიან, რათა საშინელების გაქრობისთანავე მისი არსებობა რომ დაივიწყონ და ისევ მხიარულ თამაშზე გადაერთონ“, – “ძმები კარამაზოვები“.

 

დოსტოევსკი არ ერიდებოდა იმ რუსეთის გაკიცხვას, რომელშიც ცხოვრობდა – ის  იხსენებს ნ. გოგოლს, რომელმაც რუსეთი იდუმალი მიზნისკენ მქროლავ ტროიკას შეადარა, თუმცა, ალბათ, პირფერულად – ცენზურის შიშით, რადგან იმ რუსული  ტროიკის კოფოზე ვინც არ უნდა მჯდარიყო, ცხენებს სიკეთემდე ვერ მიიყვანდა. ამავეს ამბობს “მგზავრის წერილებში“ ილიას ფრანგი ნაცნობი – რუსული პოვოსკით გატაცებულ-აღტაცებული!

“რუსულ ტროიკაში, მოგეხსენებათ, ჯერ ისევ ის ძველი ცხენები არიან და ახლანდელებამდე ბევრი უკლიათ“ – წერს დოსტოევსკი. და, სამწუხაროდ, იმ ძველი რუსული ტროიკის ქროლით  ატეხილი ქარიშხალი საქართველოშიც ძლიერად ქროდა.

 

როგორც ყოველი მსჯავრდებულის, ბეჟანის ოჯახის ისტორიაც საინტერესოა. რატომ აირჩია მწერალმა მაინცდამაინც ის, რა გაკრთა მწერლის მონათხრობში? აბა, დავაკვირდეთ, რას ჰყვება ბეჟანის ძმა: 1. ღარიბი აზნაურიშვილია; 2. მამა ადრე გარდაეცვალათ; 3. დედა გათხოვდა; 4. მამის დანატოვარი მამული მამინაცვალმა წაართვა; 5. დედა და მამინაცვალი ქალაქში ცხოვრობდნენ, ძმები კი სოფლის სახლში მარტონი ეყარნენ; 6. დედა და მამინაცვალი სცემდნენ; 7. ძმები შიშველ-ტიტველი დახეტიალობდნენ სოფელ-სოფელ; 8. ყველა მათზე ძალადობდა, ავიწროებდნენ; 9. მამინაცვალმა, თავიდან საბოლოოდ მოსაშორებლად, თუქურმიშის სკოლაში გაგზავნა, დასაც სულ სცემდნენ და ლანძღავდნენ; 10. სკოლიდან გამოქცეულნი შინ დაბრუნდნენ, თუმცა სახლში სხვები დახვდნენ და ღამე არ გაათევინეს; 11. ორივე ძმა – ობლები, უპურონი, უფულონი, უნუგეშოდ, უთვისტომოდ დაიარებოდა. გაბოროტდნენ ყველასა და ყველაფრზე, გადაემტერნენ ქვეყანას, ყველას გადაუხადეს სამაგიერო, ვისაც შეეძლო და არ ანუგეშა, მათ შორის, მამინაცვალი მოკლეს.

 

არც მიტია კარამაზოვის ბედია მათზე უკეთესი – აღვირახსნილი და გარყვნილი მამის შვილია. მამამისი, ღარიბი და სხვის კარზე სამადლო ლუკმაპურის მაძებარი, შემთხვევითი ქორწინების შედეგად გამდიდრებული, გაიძვერა და მლიქვნელი მასხარა გახლდათ. ცხოვრებით ტკბობამ ისე გაიტაცა, საკუთარ შვილებსაც ვეღარ ხედავდა, მამობრივ მოვალეობებზე ხელი აიღო, ბავშვებს დასცინოდა, მისი შვილები უკანა ეზოში იზრდებოდნენ ან სხვებს მიჰყავდათ გასაზრდელად. ბოლოს მათი არსებობაც დაივიწყა. საკუთარ შვილებს ფულს უმალავდა, დედის მემკვიდრეობიდან დარჩენილ ფულსაც არ უბრუნებდა, შვილის საყვარელს თავგზას ურევდა და მითვისებას ცდილობდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებოდნენ ასეთი მშობლების შვილები, თუმცა მწერალი ინდობს მიტიას და ის მამაზე უარესი არ არის.

 

როგორც აღვნიშნე, გარემომ და გარემოებამ ჩამოაყალიბა დამნაშავეებად ბეჟანი და მისი ძმა. უმცროსი, ალბათ ალიოშა კარამაზოვის მსგავსად, დანაშაულისგან გარიდებას ცდილობს, “ხალხურ საწყისებს“ ჯერ არ დაშორებია, ისევ “მშობლიური ნიადაგისკენ“ მიილტვის, მოჩვენებებით დამფრთხალი ბავშვია, დედის მკერდს ეძებს, თუნდაც რძედამშრალს, რომ თავჩარგულმა მშვიდად იძინოს, ის ხედავს ნაადრევ ხრწნას, რაც ძმას ემართება, თუმცა ხელს ვერ უშლის.

ბეჟანი, მიტიასგან განსხვავებით, მამინაცვლის მკვლელია, ანუ  მკვლელიცაა, ქურდიც და უნამუსოც. მიტია კარამაზოვი მასთან, აშკარად, ღირსეული პიროვნებაა. მას შეეძლო მოეკლა მამა, როცა მოისურვებდა, თუმცა ეს არ გაუკეთებია.

ბეჟანს დედის და, ზოგადად, ქალის პატივისცემაც გამქრალი აქვს. შურისძიების წყურვილმა ისე გაახელა, ხელების სისხლში გასვრასაც არ მოერიდა. ამანაც არ დაუცხრო სულიერი “აშლილობა“ და უარესს უარესი დაუმატა. ის ფერფლიდან აღდგომაზე საერთოდ არ ფიქრობს, პატივმოყვარეა, მასში საიდანღაც გაჩენილი გულზვიადობისგან გაქცევას  არ აპირებს და ამას სულიერ კრახამდე მიჰყავს.

მიტია კარამაზოვის გულში კი  ბავშვობის მძიმე დღეებმაც ვერ ჩაკლა სიყვარული, ვერც “ადვილად გასასაღებელი“ მამის მოკვლა შეძლო. მიუხედავად თავქარიანიბისა და ცხოვრებისეული შეცდომებისა, მკითხველის თვალში ზიზღს არ იწვევს. პირიქით, მის გამართლებასაც კი ცდილობს და თანაუგრძნობს.

 

“შებღალული ბუნება და დამნაშავის გული ყველა მიწიერ სამართალზე მეტად სჯის. მეტიც, მართლმსაჯულებაც და მიწიერი სიკვდილით დასჯაც მხოლოდ ამსუბუქებს ბუნების სასჯელს. ეს წუთები საკუთარი სასოწარკვეთისაგან თავის დასაღწევად აუცილებელიც კი არის დამნაშავის სულისთვის“, – წერს დოსტოევსკი, რაშიც არასდროს დაეთანხმება ბეჟანის ძმა, პირიქით, ის ყველას წინააღმდეგ ამხედრებული სულია, რომელსაც ბუნება ვერ დაამშვიდებს. ბუნების სასჯელი – ალბათ ღვთის მიერ მოვლენილი იგულისხმება – არაფერია მიწიერ სასჯელთან. ბუნების სასჯელს გაუძლებს გული და გონება, მაგრამ ადამიანთა წაბილწული გონებითა და ხელებით შეთითხნილ სამყაროში, სადაც ღმერთს არათუ ძალაუფლება, ადგილიც არ დაუტოვეს, არ შეიძლებოდა სასჯელი სამართლიანი ყოფილიყო, ალბათ ასე ფიქრობდა ბეჟანის ძმა.

 

ამაზრზენი იქნებოდა ბეჟანისათვის გზა სარჩობელამდე. იმედი იმისა, რომ საბედისწერო წამი ჯერ კიდევ შორს არის, ყოველ შემთხვევაში, ახლოს არა … ჯერ არა…

 

მიტია კარამაზოვის საბედისწერო წუთები განაჩენამდე ისეთივე იყო, როგორიც იმ დამნაშავის, სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად სახრჩობელაზე რომ მიჰყავთ.

 

წარმოიდგინეთ, რას ფიქრობდა იმ დროს ბეჟანი – ჯერ კიდევ გრძელი გზა უნდა გაევლო ნელი ნაბიჯით, ნელი ნაბიჯით ათასობით ადამიან-მოსეირეს შორის, შემდეგ შესახვევი და მეორე ქუჩა და მხოლოდ მეორე გრძელი ქუჩის ბოლოს გამოჩნდება საშინელი მოედანი. მსვლელობის დასაწყისში სიკვდილმისჯილი, თუნდაც სირცხვილის ბოლო გზაზე, ფიქრობს, რომ სიცოცხლე ჯერ არ დასრულებულა, ჯერ კიდევ აქვს დრო და, მაშასადამე, ჯერ კიდევ ცოცხალია! და აი, სახლები უკან რჩება და სულ წინ მიიწევს, მარჯვნივ და მარცხნივ შეჰყურებს ათასობით გულგრილ და ცნობისმოყვრე სახეს, მზერით რომ მისჯაჭვიან და ჯერ ისევ ეჩვენება, რომ თვითონაც მათსავით ჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ აი, მეორე ქუჩაც გამოჩნდა და სულ ბოლოს მოედანია.

ასე იფიქრებდა ალბათ, ბეჟანი – მკვლელი, და ასე იფიქრებდა მიტიაც, მკვლელობში ბრალდებული, თუმცა უდანაშაულო.

და აი, ბეჟანი თავისი მსაჯულების წინაშეა, რომლებიც არაფერს არ შეცვლიან უკეთესობისკენ, ხმასაც არ ამოიღებენ უსამართლობის წინააღმდეგ, თუნდაც ეს უსამართლობა უსამართლობას ჰბადებდეს.

 

არსებობს წუთები, როცა შიში გიპყრობს ადამიანისა და მისი ბედის წინაშე. ასეთ დროს ადამიანში ცხოველური შიში იღვიძებს. როცა დამნაშავე ხვდება, რომ ხაფანგშია, გადარჩენისთვის ყველანაირი ინსტინქტით იბრძვის – გამჭოლი მზერით, ტანჯული და კითხვებით სავსე თვალებით შემოგცქერის, აკვირდება სახეებს – მანუგეშებელს ეძებს, ხმის ამოღების ეშინია. ასეთი წუთები ამცირებს და კიდევ უფრო აპატარავებს ადამიანს და შემზარავია: “თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემს ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის!“ – წერდა უმცროსი ძმა პეტრეს. და მერე რა? სწორედ იმიტომ იგებოდა ყოველი მახე, ივსებოდა ქვეყანა სახრჩობელებით, ხმათა ღაღადი და ქვეყნის მაცოცხლებელი გულისცემა შემწყდარიყო. კიდევ მრავალ ბეჟანს ჩამოჰკიდებდნენ, მრავალ გზაგამრუდებულსა და მართალს, ვინ დაეძებდა სიმართლესა და პატიოსნებას იმ სიბნელეში. ქვეყანაში გამეფებული უწიგნურობა და სიბეცე კი კარგი ნავთი იყო ხელოვნურად გაჩაღებული კოცონის ასაალებლად, არადა, “ცხოვრება მაშინ უფრო ლამაზია, როცა ვინმე კარგად და სამართლიანად იქცევა“ (ფ.დ.).

 

ორივე თხზულებაში მოთხრობილია ისეთ საკაცობრიო თემებზე, როგორიცაა თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა, განათლება.  “ძმებ კარამაზოვებში“ პირდაპირაა დასმული ღმერთის არსებობის საკითხი. მოთხრობაში “სარჩობელაზედ“ საზოგადოებრივი უღმერთობა აშკარაა, თუმცა მწერალი ამაზე ღიად არ წერს.

ამავე დროს, მასში არცერთი ოპტიმისტური ეპიზოდი არ გვხვდება, დოსტოევსკისთან კი ბავშვების ფიცი უაღრესად ოპტიმისტურია. სინამდვილეში ყველაფერი ბავშვობიდან იწყება და მაშინ განცდილი,  ქვეცნობიერში დალექილი წლების შედეგი, ადამიანთა ქცევების მამოძრავებელი ძალა ხდება. ამის დასტურია ამ ორი მწერლის პერსონაჟთა ქმედება.

დაბოლოს, რადგან ივან კარამაზოვსაც კი სწამს, რომ: “ყველა ტანჯვა გაივლის და ადამიანს იმედგაცრუებას დაუამებს, რაღაც ძვირფასი მოევლინება, ბოლოს და ბოლოს, რომ მიტევება გაუხდეს შესაძლებელი“, ე.ი. ბეჟანის უმცროს ძმას მაინც ეღირსება გადარჩენა.

 

 

 

 

 

 

მასწავლებლის ხელფასის ზრდა 2019 წლიდან სექტემბრიდან!

0

 

2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

➡️ პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

➡️ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას.

➡️ მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.

➡️ ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

➡️ საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი. ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

➡️ სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების კომპლექსური რეფორმის შემდეგ ეტაპს იწყებს  

0
Stack of books and apple on desk at classroom; Shutterstock ID 565970893

მაღალკვალიფიციურ პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას ანაზღაურება ეზრდება.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში სამინისტრო სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს შესძენს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება მინიმუმ 1500 ლარს გაუტოლდება.

სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების თანამშრომლებს.

პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში  დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ  ანაზღაურებას.

გარდა ამისა, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე,  სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.

საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატავის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

განათლების კომპლექსური რეფორმის ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეების დასანერგად საკანონმდებლო და საბიუჯეტო  ცვლილებები განხორციელდება.

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირების საშუალება ექნებათ შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

კვლევა, ტექნოლოგიები და ინოვაცია სწავლებისას

0

ახალი გაკვეთილის დაგეგმვისას ყოველთვის ვფიქრობ გაკვეთილზე შევიტანო ისეთი აქტივობა,  რაც მოსწავლეთა დაინტერესებას და მათ მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.  ამიტომ ხშირად ვესწრები ტრენინგებს, ვიზიარებ კოლეგების გამოცდილებებს, ვეცნობი სიახლეებს, რომელსაც გვთავაზობს მასწავლებლის სახლი და Mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიები. გავეცანი   (მ. სეხნიაშვილი)  ერთ-ერთ   საინტერესო სტატიას Mastsavlebeli.ge-ზე სათაურით  „მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლებისას“. https://mastsavlebeli.ge/?p=737    გადავწყვიტე გაკვეთილზე გამომეყენებინა ავტორის მიერ შემოთავაზებული კვლევა და ამავე დროს ინოვაციური გამეხადა გაკვეთილი. ამიტომ შევქმენი ანიმაციები და ჩავატარე სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი  X კლასში თემაზე: „სისხლის გადასხმა. სისხლის ჯგუფები“.    რომელიც გადიოდა ესგ-ის ბიოლოგიის სტანდარტზე:

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

კვლ. X. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.                                                        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                                                                                                                                                                                                 იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;   აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს;

კვლ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.                                                                                                                  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს   შორის დამოკიდებულების აღსაწერად;                                                                                                                                                              აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით, გამოიტანს დასკვნებს.

ბიოლ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის.                                                  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:     ქმნის ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს და მსჯელობს ამ ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის მიზანი:     მოსწავლეები შეძლებენ:    ანიმაციის დახმარებით შექმნან სხვადასხვა სისხლის ჯგუფების ამსახველი ერითროციტის მოდელი;  ჩაატარებენ ცდას;  აღრიცხავენ  მონაცემებს  და  წარმოდგენენ ცხრილის საშუალებით;   მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოტანენ დასკვნებს;  შექმნიან და გამოიყენებენ  ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს;  მოიყვანენ არგუმენტებს საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად;   იმსჯელებენ, თუ რამდრენად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ექიმმა სისხლის გადასხმის დროს  ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედება. გააანალიზებენ, თუ რატომ შეიძლება სისხლის გადასხმამ გამოიწვიოს ლეტალური   შედეგი და რატომ არის აუცილებელი სისხლის გადასხმის დროს   ექიმმა  გაითვალისწინოს დონორის (ვინც სისხლს გასცემს) ერითროციტებში ანტიგენის სახეობა და რეციპიენტის (ვინც იღებს სისხლს) სისხლის პლაზმაში ანტისხეულის სახეობა და რეზუს ცილის არსებობა.  გაკვეთილი ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, სოციალური უნარების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას.

წინარე ცოდნა და უნარები:  მოსწავლეებმა იციან:  სისხლის შედგენილობა;  მნიშვნელობა;  სისხლის ოთხი  ჯგუფისა და ორი რეზუსის არსებობა;   რას ეწოდება დონორი და რეციპიენტი.

სასწავლო რესურსები: მასწავლებლის მიერ მომზადებული Power point-ის   სლაიდი. სლაიდზე დატანილი კითხვები; დაბეჭდილი შეფასების რუბრიკები; პროექტორი; კომპიუტერები;  პლასტელინი; მასწავლებლის მომზადებული სხვადასხვა ჯგუფის და რეზუსის ამსახველი ერითროციტის ანიმაციები;  საჭმელი საღებავები:  წითელი წყალი, ლურჯი წყალი, მეწამული წყალი და სუფთა წყალი. სინჯარები; შტატივები; სისტემები; მასწავლებლის შედგენილი ამოცანები.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. (  2 წთ).

აქტივობის აღწერა:     მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები. მოსწავლეებს გავაცანი ორგანიზების ფორმები, შეფასების ფორმები. თითოეულ ჯგუფს დავურიგე შეფასების რუბრიკები.                                                                                                                                                                                                        

აქტივობა 2      წინარე ცოდნის გააქტიურება  (3 წთ).

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებმა შემთხვევითობის პრინციპით უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, გაიხსენეს წინა მასალა.  1.რა მნიშვნელობა აქვს სისხლს? 2.რისგან შედგება სისხლი? 3. სისხლის რამდენი ჯგუფი არსებობს?  4. რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლის გადასხმის დროს? 5. რამდენი რეზუსი აქვს ადამიანს? 6.რატომ არის აუცილებელი, ყველა ადამიანმა იცოდეს საკუთარი სისხლი ჯგუფი? 6.რას ეწოდება დონორი და რეციპიენტი? 7.ზოგჯერ, უბედური შემთხვევის დროს ადამიანს სჭირდება სისხლის გადასხმა. ხანდახან სისხლის გადასხმის დროს ექიმის მიერ დაშვებული შეცდომა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება, უპასუხეთ: ა).  რა  შეიძლება გახდეს პაციენის გარდაცვალების მიზეზი?  ბ). რა უნდა გაითვალისწინოს ექიმმა სისხლის გადასხმის დროს?            გ). როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგი?   აქტივობა  დაეხმარა მოსწავლეებს  ძველი მასალის გახსნებასა და ახალი მასალის გააზრებაში.

აქტივობა N3.

 გაკვეთილის ახსნა. მოსწავლეებს ვესაუბრე სისხლის ჯგუფების შესახებ,   დადებითი და უარყოფითი რეზუსის არსებობის შესახებ,  ასევე ერითროციტის ზედაპირზე არსებული ანტიგენისა და სისხლის პლაზმაში არსებული ანტისხეულის და მათი თავსებადობის შესახებ.  ახსნის დროს მოსწავლეებს ვუჩვენე ჩემ  მიერ შექმნილი ანიმაცია, ანიმაციაში შემოტანილი მქონდა  აღნიშვნები:    რეზუს ცილა –         ანტიგენი A –       ;   ანტიგენი B –     ;  ანიმაცია მომზადებული იყო Power point-ის პროგრამაში.  ანიმაციაში ცარიელი ერითროციტების გარშემო მოთავსებული იყო რეზუს ცილა –       ; ანტიგენი A –       ;   ანტიგენი B –     ,   რომლებიც  ნელ -ნელა შემოდიოდნენ და  განლაგდებოდნენ ერითროციტების ზედაპირზე, მათი არსებობის შემთხვევაში. აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს ანიმაციის საშუალებით  ნათლად დაენახათ, თუ რომელი ანტიგენია მოთავსებული ერითროციტის ზედაპირზე  A, B. AB და O  ჯგუფის არსებობის შემთხვევაში და რა შემთხვევაში  არის მოთავსებული რეზუს ცილა ერითროციტის ზედაპირზე.

აქტივობა 4. 

 მოდელის შექმნა.                                                                                                                                              

კლასი წინასწარ დაყოფილი მყავდა  ჯგუფებად.  თითოეულ ჯგუფს წვდომა ჰქონდა კომპიუტერთან, რომელშიც ჩატვირთული იყო ჩემ მიერ  შექმნილი ანიმაცია.   

https://drive.google.com/drive/folders/1d3-aDjUL5ynzNQ_hzbAm9umV-MzZJBbQ

 

 მოსწავლეებმა უყურეს ანიმაციას და პლასტელინების საშუალებით შექმნეს ერითროციტის მოდელი. წითელი პლასტელინი გამოიყენეს ერითროციტების შესაქმნელად.  ლურჯი ფერის პლასტელინი A ანტიგენისთვის;  მწვანე ფერის პლასტელინი   B  ანტიგენისთვის, ხოლო   ყავისფერი პლასტელინი რეზუს ცილისთვის. 1 ჯგუფმა  შექმნა Oდა  O+   ერითროციტის მოდელი. მე-2 ჯგუფმა შექმენა Aდა  A+  ერითროციტის მოდელი. მე-3 ჯგუფმა შექმენა Bდა  B+ ერითროციტის მოდელი. მე-4 ჯგუფმა ABდა  AB+   ერითროციტის მოდელი.                                                                                                                                                                                 აქტივობა N5.

 ცხრილების აგება-შევსება. მოსწავლეებს სლაიდით ვუჩვენე  ცხრილი და მივეცი დავალებად ჯგუფებში  Power point-ის სლაიდში ააგონ და შეევსონ ცხრილი:

სისხლის ჯგუფი ანტიგენი ანტისხეული
A
B
AB
O

მოსწავლეებმა ჯგუფებში Power point-ის სლაიდში შექმნეს და შეავსეს ცხრილი, სადაც ჩაწერეს, თუ რომელი სისხლის ჯგუფი, რომელ ანტიგენსა და ანტისხეულს შეიცავს.   აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.                                                                                                             აქტივობა N6.   

მოსწავლეებს მივეცი  ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ჯგუფებმა ჩაატარეს  ექსპერიმენტი, რომელიც მოცემულია

https://mastsavlebeli.ge/?p=737

1. მასწავლებელმა ოთხივე ჯგუფი მოგამარაგათ წითელი წყლით, ლურჯი წყლით, მეწამული წყლით (წითელს + ლურჯი = მეწამულს) და სუფთა წყლით.   წითელი ფერის წყალი “A ჯგუფის სისხლია”, ლურჯი – “B ჯგუფისა”, მეწამული – “AB ჯგუფისა”,  სუფთა – “O ჯგუფისა”.

2. ოთხივე სინჯარა მოათავსეთ სადგამში და დანომრეთ 1-დან 4-მდე. (მასწავლებელს წინასწარ მარკერით აქვს მონიშნული სინჯარაში  1სმ3 და 2სმ3  სისხლის რაოდენობა, რათა სისხლის რაოდენობის უზუსტობის შემთხვევაში, მოსწავლეებმა არ მიიღონ არასწორი შედეგი).

3. პირველ სინჯარაში ჩაასხით 1სმ3 “A ჯგუფის სისხლი”; მეორეში – 1 სმ3 “B ჯგუფის სისხლი”; მესამეში – 1სმ3 “AB ჯგუფის სისხლი”; მეოთხეში – 1სმ3 “O ჯგუფის სისხლი”. თითოეული სინჯარა ასახავს სისხლის რეციპიენტს (მიმღებს). უფრო მეტად ინოვაციური რომ გამოსულიყო გაკვეთილი, ჯგუფები დამატებით  მოვამარაგე სისტემებით,რომელიც დავამაგრეთ შტატივზე. ჩასატარებელი ცდები გადავანაწილე ჯგუფებში და ჯგუფებს მივეცი დავალებები:

1 ჯგუფი: სისტემაში ჩაასხით გამჭვირვალე სითხე. თითოეულ  სინჯარას დაამატეთ 1სმ3 O ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

II ჯგუფი:  სისტემაში ჩაასხით წითელი სითხე. თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 A ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

III ჯგუფი:  სისტემაში ჩაასხით ლურჯი სითხე.  თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 B ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

IV  ჯგუფი:  სისტემაში ჩაასხით მეწამული  სითხე.  თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 AB ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

5. თუ წყალმა ფერი იცვალა, ეს ნიშნავს, რომ მოხდა “აგლუტინაცია-შეწებება” და ეს ჯგუფები არათავსებადია. თუ ფერი იგივე დარჩა – სისხლის ეს ჯგუფები თავსებადია. შედეგები ჩაიწერეთ.   გაანალიზეთ მიღებული შედეგები, გააკეთეთ დასკვნები, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს და გააკეთეთ პრეზენტაცია:

  1. სისხლის რომელი ჯგუფების კომბინაციის შედეგად მოხდა “აგლუტინაცია”? ახსენით, რატომ.
  2. სისხლის რომელი ჯგუფები აღმოჩნდა თავსებადი? ახსენით, რატომ.
  3. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია გახდეს დონორი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
  4. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია იყოს რეციპიენტი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
  5. რა შემთხვევაში წარმოიქმნება რეზუს კონფლიქტი? რატომ?

პირველმა ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ პირველი ჯგუფის სისხლი გადაესხმება ოთხივე ჯგუფის სისხლს, რადგან ექსპერიმენტის ჩატარების დროს, არც ერთ სინჯარაში არ აიმღვრა წყალი და არ მოხდა აგლუტინაცია.

მეორე ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ მეორე  ჯგუფის სისხლი გადაესხმება მეორე და მეოთხე ჯგუფის სისხლს, ხოლო პირველს და მესამეს არ გადაესხმება, რადგან  1 და მე-3 სინჯარაში წყალი  აიმღვრა, ესე იგი  მოხდა აგლუტინაცია.

მესამე ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ მესამე  ჯგუფის სისხლი გადაესხმება მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს, ხოლო პირველს და მეორეს არა, რადგან 1 და მე-2 სინჯარაში წყალი  აიმღვრა,  ესე იგი  მოხდა აგლუტინაცია.

მეოთხე ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლი გადაესხმება მხოლოდ მეოთხე ჯგუფის სისხლს, ხოლო პირველს, მეორეს და მესამეს არა, რადგან 1, მე-2 და მე-3 სინჯარაში წყალი  აიმღვრა,  ესე იგი  მოხდა აგლუტინაცია.

საბოლოოდ მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უნივერსალური დონორია პირველი ჯგუფის სისხლი, ხოლო უნივერსალური რეციპიენტი – მეოთხე ჯგუფის სისხლი. აქტივობა დამეხმარა მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებაში. მათ  ჩატარებული ცდის საფუძველზე იმსჯელეს არგუმენტირებულად და თავად გამოიტანეს დასკვნები.

აქტივობა N7.  მოსწავლეებს  სლაიდის საშუალებით ვუჩვენე ცხრილი და მივეცი დავალებად ჯგუფებში  Power point-ის დახმარებით ააგონ და შეავსონ ცხრილი:სისხლის გადასხმის სიმულირება.

სისხლის ჯგუფი დონორი რეციპიენტი
A
B
AB
O

მოსწავლეებმა Power point-ის სლაიდში შექმნეს და შეავსეს ცხრილი. აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს გაეაზრებინათ A, B. AB და O  ჯგუფის არსებობის შემთხვევაში რომელი ჯგუფის დონორი ან რეციპიენტი შეიძლება იყოს ადამიანი.                                                                                                                                       აქტივობა N8

ამოხსენით ამოცანები:  1 ჯგუფი:    მაკას მე-2 ჯგუფის სისხლი აქვს, მის დედას მე-2, მამას მე-4, ძმას მე-3. საჭიროების შემთხვევაში, რომელი ოჯახის წევრის სისხლი შეიძლება გადაესხას გოგონას?

2 ჯგუფი:  ცოტნეს მე-3 ჯგუფის სისხლი აქვს, მამას 1, დედას მე-3+ , მის დას 1+. საჭიროების შემთხვევაში, რომელი ოჯახის წევრის სისხლი შეიძლება გადაესხას ცოტნეს?

3 ჯგუფი:   საავადმყოფოში ავტოკატასტროფით დაზარალებული პაციენტი შემოვიდა, მას ჰქონდა შინაგანი სისხლდენა და საჭიროებდა სისხლის გადასხმას. პაციენტს აღმოანდა 1 ჯგუფის სისხლი,  ახლობლებმა  სისხლის ბანკიდან მოიტანეს სისხლი. სამედიცინო პერსონალმა გადაუსხა პაციენტს სისხლი, მაგრამ გადასხმის შემდეგ დადგა ლეტალური შედეგი. სად დაუშვა ექიმმა შეცდომა?

4 ჯგუფი:   წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი და მოგმართა  ორსულმა პაციენტმა , სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მას აქვს დიდი რაოდენობით ანტისხეულები. რამ გამოიწვია ანტისხეულების დაგროვება?   რას მოიმოქმედებდით?  მოსწავლეებმა  გამოიყენეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, ჯგუფებში ამოხსნეს ამოცანები, იმსჯელეს არგუმენტირებულად.   აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.                                                                                                                                                                                               აქტივობა N9.

 საშინაო დავალება. მოსწავლეებს მივეცი  $2.3 სისხლის ჯგუფები. სისხლის გადასხმა.  გვ 84-ის კითხვებზე პასუხი. მოსაძიებლად ინფორმაცია:  მსოფლიოში რამდენი ადამიანია დადებითი და უარყოფითი რეზუსით;   A, B. AB და O  ჯგუფის  სისხლის მქონე და მონაცემების საფუძველზე ააგეთ დიაგრამა.

ეფასება.   ჯგუფები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით. გამოვიყენე ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა და 10 მოსწავლე შევაფასე  განმსაზღვრელი შეფასებით. მოსწავლეებმა ვერბალურად შეაფასეს გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები. გამოთქვეს მოსაზრება, რომ  მოეწონათ ანიმაციები, ერითროციტის მოდელის შექმნა, კვლევა, კომპიუტერში ცხრილების აგება და   სიტუაციური ამოცანების ამოხსნა;  პრეზენტაცია;  ჯგუფური მუშაობა. განსაკუთრებით მოეწონათ ანიმაცია, მოდელის შექმნა და კვლევა, რომლის საფუძველზეც თვითონ გამოიტანეს დასკვნები.  გამოთქვეს სურვილი, ხშირად გამოვიყენო ეს მეთოდები, რაც საინტერესოს, ინოვაციურს და ადვილად ასათვისებელს გახდის მასალას.

გაკვეთილზე  გამოვიყენე მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები. ელექტრონულ რესურსზე დატანილი მქონდა გაკვეთილის ყველა აქტივობა.

   ვფიქრობ გაკვეთილი ინოვაციური და  საინტერესო იყო. გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა იყო მიზნის შესაბამისი. ანიმაციის დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა სისხლის ჯგუფების ამსახველი ერითროციტის მოდელი; ჩაატარეს დაგეგმილი ცდა;  აღრიცხეს მონაცემები, მონაცემთა ცხრილის საშუალებით წარმოადგინეს მონაცემები; გააანალიზეს მონაცემები და ანალიზის საფუძველზე გამოიტანეს დასკვნები; მოიყვანეს არგუმენტები საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად; იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ექიმმა სისხლის გადასხმის დროს  ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედება. გააანალიზეს, თუ რატომ შეიძლება სისხლის გადასხმამ გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და რატომ არის აუცილებელი სისხლის გადასხმის დროს   ექიმმა  გაითვალისწინოს დონორის (ვინც სისხლს გასცემს) ერითროციტებში ანტიგენის სახეობა და რეციპიენტის (ვინც იღებს სისხლს) სისხლის პლაზმაში ანტისხეულის სახეობა და რეზუს ცილის არსებობა. გაკვეთილმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, სოციალური უნარების განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ესგ საგნობრივი პროგრამა (2011-2018)

2. გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. ბიოლოგია

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და მუსიკა

0

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვამ თანამედროვე სკოლისა და სასკოლო განათლების მიზნები მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ წინა წლებში სწავლება ორიენტირებული იყო ფაქტების, ფორმულებისა თუ აქსიომების დამახსოვრებაზე, ახლა გაცილებით რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოქმედ მასწავლებლებს მიზნად დაუსახა მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა. ამ მიზნის მიღწევა მრავალი ხერხითაა შესაძლებელი. მათ შორისაა საგანთა ინტეგრირება.

რაც უფრო დაქუცმაცებულია მოსწავლისათვის სამყარო სხვადასხვა საგნად, მით უფრო უჭირს მას მისი აღქმა და შესწავლა, სხვადასხვა კონტექსტში მოვლენის ან თემის დანახვა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ტექნიკისა და მეთოდის მეშვეობით, მოსწავლეებს დავეხმაროთ აღიქვან სამყარო ერთიან, მთლიან ერთობლიობად და ვაჩვენოთ საგანთა შორის კავშირი. ეს მათ მომავალში დაეხმარება, შეძლონ ცალკეულ საგნებში შესწავლილის სინთეზი და  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საგანთა ინტეგრირება თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების შინაგან მოტივაციას ერთიორად ამაღლებს და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. მოსწავლეები ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსტში დანახვას, რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას. მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს საგანთა ინტეგრირება, რომ გათვალისწინებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ საგნების მისაღწევი შედეგები, ხოლო გაკვეთილის ორგანიზების ფორმა და დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდეს ორივე საგანში შედეგების მისაღწევად განსაზღვრულ მიზნებს.

ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შერჩეული თემა განსაზღვრავს გაკვეთილის ეფექტურობას. მე-7 კლასში, წილადების თემის სწავლებისას, ჩავატარე მუსიკასთან ინტეგრირებული გაკვეთილი. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი არის არაჩვეულებრივი საშუალება, მოსწავლეებმა დაინახონ საგანთა შორის კავშირი.

  თანამედროვე სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა. მასწავლებლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სხვადასხვა გზით შევძლოთ მათი დაინტერესება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება ნებისმიერი მასწავლებლის მოვალეობაა, თუმცა მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ასეთ მაღალ შედეგებზე ვერ გავალთ და ეს მიზნები მხოლოდ საშუალო საფეხურისთვისაა. არადა სხვადასხვა აქტივობითა თუ ორგანიზების ფორმით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. საგანთა ინტეგრირება იძლევა მიწოდებული მასალის ანალიზისა და სინთეზის საშუალებას.

მოგეხსენებათ რა მნიშვნელოვანი და აუცილებელია წილადების ცოდნა მუსიკის შემქმნელი ადამიანისთვისაც (კომპოზიტორისთვის). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მუსიკალური ნაწარმოები ქაოტურად გამოიყურება, სინამდვილეში იგი საოცარი წესრიგითა და სიზუსტითაა შექმნილი. აქ კი უდიდესი როლი სხვადასხვა გრძლიობის ნოტებს ენიჭებათ. ყველა ტაქტის ზომა კი ერთი და იგივეა.

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ მუსიკასა და მათემატიკას შორის კავშირი და მათემატიკური სიზუსტით შეექმნათ პატარა რიტმული ნახაზი. სასტარტო შეხვედრაზე მუსიკის მასწავლებელთან ერთად განვიხილეთ თემა და დავიწყეთ რესურსების მოძიება. თავდაპირველად დავადგინეთ ჩვენი ჩანაფიქრის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისმიზნებსა და ინდიკატორებთან.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მე-7 კლასის მათემატიკის საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს:

მათ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხით შეასრულოს მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე და მოქმედებათა შედეგის შეფასება

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას;

 

ხოლო მუსიკის მისაღწევ შედეგებში ვკითხულობთ:

მუს.VIL.1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს.VII,3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალებების შესრულება ( კომპიუტერული პროგრამების გამოყენება )

მუს.VII,4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ნოტების გრძლიობას;

. ალტერაციას და მის ნიშნებს;

  • ტაშით ან კაკუნით გადმოცემს რიტმულ ნახაზებს;

აქტივობების დაგეგმვა :ორივე საგნის მასწავლებლისთვის მისაღწევი შედეგი თვალსაჩინო იყო და შესაბამისად განისაზღვრა საგაკვეთილო მიზანიც. დავიწყეთ ფიქრი,  რა აქტივობებით შეგვეძლო მიზნის მიღწევა. გაკვეთილის თითოეული ფაზა გავთვალეთ დროის მიხედვით, მოვიძიეთ და შევქმენით რესურსები.

მოსწავლეებს დაფასთან ამოვახსნევინეთ რამდენიმე მაგალითი წილადების შეკრებასა და გამოკლებაზე. მათ შორის იყო სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლების მაგალითებიც. შეცდომები განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ წილადის ძირითადი თვისება- როგორ დავწეროთ მოცემული წილადის ტოლი წილადები.

გაკვეთილის მსვლელობისას, შემდეგ აქტივობაში ჩაერთო მუსიკის მასწავლებელი. მან გამოიყენა კითხვა-პასუხის მეთოდი და მოსწავლეემა უპასუხეს მის კითხვებს:

  • რა ზომისაა მთელი ნოტი ?(რამდენი თვლა აქვს)
  • როგორ იყოფა მთელი ნოტი? (1)
  • როგორ იყოფა ნახევარი ნოტი ?(1/2, 1/4; 1/4; 1/4)
  • როგორ იყოფა მერვედი ნოტი ?(1/8)
  • როგორ იყოფა მეოთხედი ნოტი ?(1/4)
  • როგორ ხდება ტაქტის აწყობა ზომის მიხედვით ? და ასე შემდეგ.

მაგალითები შეასრულეს დაფასთანაც და ფურცელზეც.

მუსიკის მასწავლებელმა განუმარტა მოსწავლეებს, რომ აუცილებელია ყველა ტაქტის ზომა იყოს ერთი და იგივე ანუ თანაბარი. მე მათ მივმართე კითხვით: როგორ შეიძლება გავიგოთ ტაქტის ზომები ნამდვილად არის თუ არა თანაბარი? აქ ხომ სხვადასხვა ტაქტში სხვადასხვა გრძლიობის ნოტების ერთობლიობაა. ისინი  ადვილად მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ ამის შემოწმება ნოტებზე უკვე მიწერილი ზომების, ანუ, წილადების შეკრების გზით. ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა მათთვის. ამ ბოლო აკორდამდე მათთვის წარმოუდგენელი იყო მუსიკისა და მათემატიკის ასეთი საოცარი და მჭიდრო კავშირი. მარტივად მივედით დასკვნამდე, რომ ბუნებაში არაფერი არსებობს განყენებულად. არც ერთი საგანი ცალკე არაფერს წარმოადგენს. სინამდვილეში სამყაროს შესახებ ცოდნა ყველა საგნის ცოდნის ერთობლიობაა და ხშირ შემთხვევაში, ძალიან ძნელი მისახვედრია, სად მთავრდება ერთი საგნის შესახებ ცოდნა და იწყება მეორე. ამის შემდეგ ჩვენ შევკრიბეთ თითოეულ ტაქტში წილადები და ასე გავარკვიეთ, რამდენად სწორად იყო ჩაწერილი კარნახი. მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტივობებითა და წინარე ცოდნით თვალნათლივ დაინახეს მათემატიკისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი.

გაკვეთილის რეფლესიის ფაზაზე მოსწავლეებს დავუსვით შეკითხვები და მივეცით საშუალება უფრო ფართოდ გაშლილიყო თემა. ვთხოვეთ მათ, ეპასუხათ გაკვეთილის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე: რა კავშირი ჰქონდათ მუსიკალურ ნაწარმოებსა და წილადებს ერთმანეთთან. ბავშვები ხალისით პასუხობდნენ კითხვაზე და გაოცებას ვერ მალავდნენ ამ კავშირების გამო. ამ გზით მათ სხვადასხვა რაკურსით შეხედეს წილადებს. თვალნათლივ დაინახეს მისი საჭიროება არა მხოლოდ ვაშლისა და პიცის გაყოფისას, არამედ სხვა, თითქოს მისგან თვისობრივად განსხვავებული საქმის შესრულების პროცესშიც.

გამოყენებული მეთოდის დადებითი მხარეები: მოსწავლეებმა ამ გაკვეთილის ჩატარებამდე უკვე იცოდნენ წილადის რაობა, არსი, წილადი, როგორც მთელის ნაწილი; წილადი, როგორც გაყოფის შედეგი და ამ ფონზე თემის ინტეგრირებამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეებს გაეანალიზებინათ და დაენახათ წილადების შესახებ ცოდნის მნიშვნელობა და საჭიროება.

როდესაც გაკვეთილებზე დაფასთან ვასრულებთ წილადებზე მოქმედებებს, განვიხილავთ შეკრებისა თუ გამოკლების სხვადასხვა მაგალითს, მოსწავლეების დაინტერესება გაცილებით დაბალია. წარმოდგენილი აქტივობებით კი მათი მოტივაცია იყო ძალიან მაღალი. მათ რეალურად აინტერესებდათ, რა პასუხი ექნებოდა თითოეულ მათგანს გაკვეთილის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე. გარდა ამისა, აქტივობები ისე იყო დაგეგმილი, რომ გაკვეთილის დასაწყისიდანვე თითოეული მათგანი თავად წერდა მუსიკალურ ნახაზს და ბოლოს თავად მიხვდნენ და აღმოაჩინეს, თუ როგორ უნდა გაეგოთ თანაბარი იყო თუ არა ყველა ტაქტის ზომა. მიზნის მისაღწევად ყველა აქტივობა ისე იყო გადაჯაჭვული ერთმანეთთან,  რომ ბავშვებს არ გასჭირვებიათ თავად ეპოვათ პასუხები დასმულ კითხვებზე.

აღნიშნული მეთოდით სხვა დროსაც ჩაგვიტარებია სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული გაკვეთილი და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ერთიორადაა გაზრდილი მოსწავლეთა ინტერესი და მნიშვნელოვნად გამარტივებული ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევა.

დასკვნა:გაკვეთილის ბოლოს, აუცილებელია, მასწავლებლებმა თვითშეფასება გააკეთონ და გააანალიზონ გაკვეთილი:

  • რამდენად ჩანდა გაკვეთილის მიზანში საგანთაშორის ინტეგრაცია?
  • აღმოჩნდა თუ არა აქტივობები მიზნის შესაბამისი?
  • მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, მოეხდინათ ცოდნის სინთეზი?
  • მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, საკითხების შეჯამებისას წინარე ცოდნა გამოეყენებინათ?

მოცემულ გაკვეთილში იმდენად ნათელი იყო აქტივობების შესაბამისობა გაკვეთილის მიზანთან, რომ მოსწავლეებმა ნამდვილად შეძლეს დაენახათ წილადებზე მოქმედებების ცოდნის მნიშვნელობა სხვადასხვა სიტუაციაში. ნათელი იყო ცოდნის სინთეზი. მათ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით შეძლეს და მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. ეს აღმოჩენა იყო საკმაოდ მოულოდნელი მათთვის. მათი ემოცია იყო გულწრფელი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყნენ ჩართულნი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც.  გაკვეთილზე გამოყენებული იყო მოსწავლეთა ურთიერთშეფასება, რაც ასევე კარგი აქტივობაა მოტივაციის ასამაღლებლად.

ერთი მხრივ, ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეს ეხმარება ცოდნის განზოგადებაში, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ახდენს ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზს. შედეგად მოსწავლე სამყაროს დანაწევრებულად აღარ აღიქვამს, არამედ მას ერთ მთლიანობად წარმოიდგენს.

ინტეგრირებული გაკვეთილებით მოსწავლე სწავლობს, თუ როგორ უნდა დააკავშიროს სხვადასხვა დისციპლინაში მიღებული ცოდნა ერთმანეთთან ან ერთი საგნის წინარე ცოდნა როგორ გამოიყენოს მეორე საგანში ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საბოლოო ჯამში კი მოსწავლეებს უმარტივდებათ სწავლების პროცესი.ისინი მეტი მონდომებით და ინტერესით ითვისებენ მასალას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. განვითარებისა და სწავლების თეორიები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი, 2008 წ;
  2. ბოჭორიშვილი მ., ნამიჭეიშვილი ნ. – ინტერაქტიული სწავლება – თბილისი, 2013 წ;
  3. https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=439

 

 

 

როგორ ვასწავლი სტილისტიკის ელემენტებს 

0

მოსწავლეთა წერისა და მეტყველების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეცდომების გასწორებაზე მუშაობა. ამ მხრივ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ამოუწურავი შესაძლებლობანი გვაქვს. კალენდარული გეგმის შედგენისას უმჯობესია სტილზე მუშაობის გაკვეთილები დაიგეგმოს იმ დროისათვის, როდესაც ზოგიერთი საკვანძო საკითხი უკვე შესწავლილია. სწორედ ამ გაკვეთილზე უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელი შეცდომების გასწორება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სწორი მეტყველების ელემენტარული ჩვევების გამომუშავებას.

 

ამ წერილში შევეცდები გავარკვიო – სად, რომელ ენობრივ მასალასთან დაკავშირებით შეიძლება მოსწავლეთა სტილის გამართვა, გალამაზება და ყურადღებას გავამახვილებ ზოგიერთ ენობრივ და სტილურ შეცდომაზე, რომლებიც ხშირად მოსდით ბავშვებს. ეს შეცდომები ვლინდება შემდეგ ძირითად საკითხებში:

 

  1. მოსწავლეთა წერისა და მეტყველების ფორმები პრიმიტიულია, წიგნისადმი ზედმეტი მიბაძვა ზღუდავს მათ შემოქმედებით უნარს – დამოუკიდებლად შეარჩიონ სწორი, მოხდენილი სიტყვები (სინონიმები, ანტონიმები და სხვა).

 

  1. ხშირია სიტყვათა უაზრო გამეორება;

 

  1. შეიმჩნევა ზმნისწინთა არასწორი ხმარება;

 

  1. შეცდომებია ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვის შეთანხმებაში;

 

  1. თვალშისაცემია ნაცვალსახელთა და ,,რომ“ კავშირის ხშირი, უადგილო ხმარება და სხვა.

 

სინონიმების, ანტონიმებისა და ომონიმების სწავლებისთვის სავარჯიშოდ ცალკე საათი უნდა გამოვყოთ. ბავშვების მეხსიერებაში წინ უნდა წამოვწიოთ ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც მათ პასიურ მარაგში აქვთ.  ყველა ბავშვმა იცის სიტყვა ,,მშვენიერის“ შინაარსი, მაგრამ როცა საჭიროა ,,ლამაზი“ ჩაანაცვლოს, უკვე აღარ ახსენდება და იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას. საშინაო დავალებად ვაძლევ ისეთ სავარჯიშოს, სადაც სინონიმური, ანტონიმური და ომონიმური სიტყვები უნდა გამოიყენონ. ამავე დროს ვაკონტროლებ წერით ნამუშევრებს და ვასწორებ შეცდომებს.

განვიხილოთ  მოსწავლეთა ნაწერებში დაშვებული შეცდომები.

   მაგალითად:

 

  1. ,,ეს სოფელი თავისი ადგილმდებარეობის გამო ჩამორჩენილი ადგილი იყო“. განა ბავშვმა არ იცის, რომ არსებობს სიტყვები – ,,კუთხე“, ,,მხარე“, მაგრამ სიტყვათა აქტიური მარაგის სიმცირის გამო ვერ შეძლო მათი გამოყენება. ეს წინადადება ასე უნდა გასწორდეს: ,,ეს სოფელი თავისი ადგილმდებარეობის გამო ჩამორჩენილი მხარე იყო“;

 

  1. მას ძალიან ეხერხება პორტრეტის ხატვა“. ეს წინადადება გრამატიკულად სწორია, სტილისტურად გაუმართავი. ,,ძალიან“ სიტყვა სემანტიკურად დაკავშირებულია ფიზიკურ ძალასთან. ხატვას, აღწერას ძალა არ სჭირდება, ამიტომ მოსწავლეებს უნდა მოვაძებნინოთ სხვა სიტყვები, მაგალითად, ,,მშვენივრად“, ,,კარგად“. მაშასადამე, გვექნება: ,,მას მშვენივრად ეხერხება პორტრეტის ხატვა“.

 

ასეთი ვარჯიში ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას.

ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ სიტყვებზე, რომლებსაც ესა თუ ის მწერალი ხმარობს და მათი გამოყენება ახალ ელფერს სძენს სათქმელს. მაგალითად, მოსწავლეს ესეის დაწერის დროს გამოუყენებია ალ. ყაზბეგის სიტყვები: ჰაერი დაიფარა მედიდური, ძლიერი და ამ ერთადერთი სავაჟკაცო სიმღერის ხმით. დღეს,, სავაჟკაცოს“- ურ  სუფიქსით ვხმარობთ.

ზოგჯერ ენის ხატოვნებისათვის შეიძლება ასე ვიხმაროთ: ,,სავაჟკაცო საქმე გააკეთა“, ,,სავაჟკაცო ამბავი გვიამბო“.

მოსწავლეთა მეტყველების ნაკლოვან მხარეს წარმოადგენს სიტყვათა ზედმეტი განმეორება.  ბავშვებს ვასწავლით: სიტყვათა განმეორება რომ არ მოხდეს, ჩავანაცვლოთ ის ნაცვალსახელით.

როცა არსებითი სახელის მრავლობით რიცხვს ვასწავლით, არ შეიძლება არ გამოვყოთ თუნდაც ერთი გაკვეთილი – ებ- და ნართანიანი მრავლობითის სტილური განსხვავების ახსნა-შესწავლისათვის. როდის არის ებიანი მრავლობითი სტილისტურად უკეთესი ნართანიანზე და, პირიქით?  მაგალითად:  ,,მისი საქციელი მისაბაძია და დაუვიწყარი საუკუნეების მანძილზე“.

უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებმა გაარკვიონ ამ წინადადების პოეტური,  ამაღლებული ტონი და  შემდეგ დავსვათ კითხვა: რომელი მრავლობითის გამოყენება  სჯობს აქ?  ვფიქრობ, ნართანიანისა. წინადადება ასე გასწორდება: ,,მისი საქციელი მისაბაძია და დაუვიწყარი საუკუნეთა მანძილზე.

ნართანიანის გამოყენებამ ახალი ელფერი შესძინა წინადადებას, რაც გასათვალისწინებელ ნიუანსს წარმოადგენს სტილზე მუშაობის დროს. ვფიქრობ, თუ ასე დავაყენებთ საკითხს ორივე მრავლობითის გამოყენების შესახებ, მოსწავლე ყოველთვის შეეცდება, შეარჩიოს  მრავლობითი რიცხვის სათანადო ფორმა.

ქართული ზმნა რთული და საინტერესოა. მისი შესწავლის დროს მოსწავლეთა ყურადღება უნდა მივაქციოთ სტილისტურ საკითხებსაც. ზმნისწინის სწავლების დროს კონტროლი უნდა გავუწიოთ არა მარტო მის სწორად ხმარებას, არამედ სად, რომელი ზმნისწინის გამოყენება  სჯობს. მაგალითად, აი ასეთი წინადადება: ,,სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილ სახლში, რომელთაც წინ მოეგებნენ კაცები“. ამ წინადადებაში მოსწავლემ დაუშვა ორი სერიოზული შეცდომა.

პირველი – არასწორად დაალაგა წინადადება, რის გამოც გაჩნდა ორაზროვნება. საზღვრული წევრი ,,სტუმრები“ უნდა იყოს მიმართებით ნაცვალსახელთან ახლოს;

მეორე: არასწორად იხმარა ზმნისწინები. შეაწყვილა შე-(შევიდნენ) და  მო-(ეგებნენ).  მო- ზმნისწინი ანტონიმურია  შე-  ზმნისწინისა, ამიტომ ეს წინადადება ასე უნდა გასწორდეს: ხალხით გაჭედილ სახლში შევიდნენ სტუმრები, რომელთაც წინ მიეგებნენ კაცები“.

 

სტილზე მუშაობა შეგვიძლია წინადადების აგებულებისა და მისი თავისებურებების სწავლების დროსაც.

სინტაქსის სწავლების დროს უნდა გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ სწორი მეტყველების ცოდნა-ჩვევები. სხვა მრავალ საკითხთან ერთად ინტერესს იწვევს ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება მრავლობით რიცხვში. სახელმძღვანელოში წერია: ,,უსულო საგნის აღმნიშვნელი ქვემდებარე შემასმენელს მაშინ ითანხმებს მრავლობით რიცხვში, თუ გაპიროვნებაა ან ზმნა-შემასმენელი მოქმედებითი და საშუალი გვარისაა“. ეს განმარტება  ერთგვარ წინააღმდეგობას შეიცავს, განსაკუთრებით, როდესაც გაპიროვნებაზეა ლაპარაკი. გაპიროვნება მხატვრული ხერხია და ამიტომ არ არის თავისუფალი მოვლენის სუბიექტური შეფასებისაგან. უსულო საგნის ერთი და იგივე მოქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც ნეიტრალურად, ისე გაპიროვნებით (მაგალითად: ,,ხის კენწეროები ქარისაგან მიწისაკენ იხრებოდა“, შდრ. ,,ხის კენწეროები ქარისაგან მიწისაკენ იხრებოდნენ“). ამის გამო ამ საკითხს უფრო ღრმად და მკაფიოდ ახსნა ესაჭიროება.

რაკი უსულო საგნის აღმნიშვნელი ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვში შეთანხმებაზე არა გვაქვს მტკიცედ დაკანონებული ნორმა, თანაც ენაში აშკარად იგრძნობა ტენდენცია შეთანხმებისაკენ, შეცდომების გასწორების დროს უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება. ემოციურობის თვალსაზრისით ,,მთას დაეკიდნენ წვრილი ვარსკვლავები“ უკეთესია, ვიდრე ,,მთას დაეკიდა წვრილი ვარსკვლავები“. მით უმეტეს, რომ მასალის ასე გაგებას ზურგს უმაგრებს მოსწავლეთათვის კარგად ცნობილი სიტყვები ვაჟა- ფშაველას  ,,ბახტრიონის“ დასწყისიდან:

,,დღემ  დაიხურა პირბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები,

აღარ შფოთობენ საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები“.

ასე შეპირისპირებითა და ანალიზით ვიყენებ შეცდომების გასწორებას მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწა-სრულყოფისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა;
  2. მასწავლებლის წიგნი, 7 ტომი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2017წ).

 საფარ-ბეგის ქცევის ანალიზი

0

   საფარ-ბეგი ა. წერეთლის „გამზრდელის“ ანტიგმირია – „მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი“. მისი შეცოდება, სათქმელად საძნელო და უპატიებელი, მოკლედ ასე ფორმულირდება: მან შებილწა ის, რაც ადამიანებს „რჯულზე უფრო უმტკიცესად“ მიაჩნიათ – ხელყო ძუძუმტის მეუღლის ღირსება, შებღალა მასპინძლის ოჯახის სიწმინდე, დაარღვია მამაპაპური ადათი.

თავად საფარ-ბეგი საკუთარი ქცევის მოტივაციას ამგვარად ხსნის: „შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი!.. რა მოხდა რეალურად? რამ უბიძგა ამ სამარცხვინო საქციელისკენ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება უდრეკ, უშიშარ, ღირსეულ ვაჟკაცად თვლიდა და პატივს სცემდა?

შევეცადე, საფარ-ბეგის სულიერი დრამა ავსტრიელი მეცნიერის, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის ჭრილში გამეაზრებინა. ცნობილია, რომ მან შეძლო, აღმოეჩინა ადამიანის ურთულესი სულიერი სამყაროს უღრმესი პლასტები. მისი თვალთახედვით, პიროვნებაში გამოიყოფა სამი სტრუქტურული ელემენტი: იდი (მოქმედებს იმპულსურად, რათა დაიკმაყოფილოს სიამოვნება), ეგო (აკმაყოფილებს იდის იმპულსებს არასასურველი შედეგების გამოწვევის გარეშე), სუპერეგო (ვითარდება სოციალურად არასასურველი ქცევის აკრძალვის საფუძველზე).

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ავბედით ეპიზოდამდე იცნობდა მხოლოდ საფარ-ბეგის ეგოსა და სუპერეგოს, რადგან მას შესწევდა ძალა, დაეთრგუნა და ეკონტროლებინა საკუთარი იგი. ფროიდის აზრით, ჩახშობილი ემოციები არ კვდებიან. ისინი შიგნიდან აგრძელებენ ზემოქმედებას ადამიანზე და ელოდებიან საბაბს, რათა წარმოჩინდნენ. ეს საბედისწერო ჟამიც დადგა.

გავიხსენოთ კონტექსტური შინაარსი: საფარ-ბეგი ძუძუმტის ფაცხაში გასაჭირმა მიიყვანა: მან ინალიფას ლურჯი ლაფშა უნდა მოიპაროს და ამით დაუმტკიცოს ზია-ხანუმს (და საკუთარ თავსაც), რომ ღირსია სიყვარულისა. მაგრამ მას არ შეუძლია, შეასრულოს ესოდენ რთული დავალება. ცხენის მოსაპარავად ძიძიშვილი მიდის, საფარ-ბეგი კი მასპინძლის ფაცხაში რჩება. რა გამოდის? ჩანს, რომ ბათუ მასზე ღირსეული ვაჟკაცია – მოყვასისთვის თავდადებული, უანგარო და შეუპოვარი. სავარაუდოდ, საფარ-ბეგის ეგო დაუკმაყოფილებელია – მან ხომ ვერაფერი დაამტკიცა… უფრო მეტიც, შექმნილი სიტუაცია მკაფიოდ გამოკვეთს ბათუს ღირსებებს საფარ-ბეგის უღირსი ქცევის ფონზე. დავაკონკრეტოთ: იმ ბნელი ღამით ბათუ მეგობრის დასახმარებლად გაემგზავრა, ნაბადში გახვეული ძუძუმტე კი თბილ კერასთან დატოვა. მაშ, ვინ არის რეალურად საფარ-ბეგი? – ძიძიშვილის ზურგს ამოფარებული ლაჩარი, რომელიც ნარის გლეჯას სხვისი ხელით ამჯობინებს; ეგოისტი, რომელიც სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არაფრად მიიჩნევს; მატყუარა, რომელიც სხვის მიერ შესრულებული დავალებით სატრფოს წინაშე თავის მოწონებას აპირებს.

ბათუ, საფარ-ბეგთან შედარებით, კიდევ ერთ უდიდეს უპირატესობას ფლობს – მას გვერდს უმშვენებს ადამიანი, რომლის სიყვარულიც ამქვეყნად სასუფევლის ნეტარებას აგრძნობინებს. რა შეგვიძლია, ვთქვათ ზია-ხანუმისა და საფარ-ბეგის ურთიერთობაზე? არის კი ეს სიყვარული სულიერი ამაღლების, უფალთან მიახლების გზა? რა თქმა უნდა, არა! ზია-ხანუმს არ შეუძლია სიყვარული. იგი ერთი ეგოისტი, დაუნდობელი და პატივმოყვარე ქალია, რომელიც მიჩვეულია ადამიანების ბედით თამაშს, მავანთა გრძნობებით მანიპულირებას. მას არ ძალუძს, გააბედნიეროს, სულიერად აამაღლოს და გააკეთილშობილოს საფარ-ბეგი.

ნაბადში გახვეული, ცეცხლის პირას გამოსაშუშებლად მარტო დარჩენილი საფარ-ბეგი შეუძლებელია, ვერ აცნობიერებდეს შექმნილი სიტუაციის ქვეტექსტურ შინაარსს; არ აწვალებდეს უკმარისობის, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდა. ის ხომ ამბიციური ადამიანია… ფროიდის აზრით, პიროვნების სწორედ ასეთი სულიერი მდგომარეობა (შინაგანი წინააღმდეგობრიობა, შფოთვა, ეჭვები, უკმარისობის შეგრძნება) წარმოშობს ძლიერ სექსუალურ ენერგიას, აგრესიულ სექსუალურ იმპულსებს, იწვევს დაუოკებელ ლტოლვას, აღვიძებს იდის და უბიძგებს მას დაუყოვნებელი სიამოვნებისკენ, მიუხედავად იმისა, სოციალურად და მორალურად მისაღებია თუ არა ის, რაც სურს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია… შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ საფარ-ბეგი ძალადობს ნაზიბროლაზე, რითაც, ერთი მხრივ, იკმაყოფილებს იმპულსურად წარმოშობილ სექსუალურ ლტოლვას, განიმუხტება უარყოფითი, აგრესიული სექსუალური ენერგიისგან და, მეორე მხრივ, თავისუფლდება არასრულფასოვნების კომპლექსისგან, დაბალი თვითშეფასებისგან. ძალადობს, რათა „დაამტკიცოს“ საკუთარი უპირატესობა ბათუსთან შედარებით; „დაამტკიცოს“ ის, რისი დამტკიცებაც რეალურად ვერ მოახერხა.

მაგრამ რა ხდება, როცა ვნებები ცხრება, იდი ითრგუნება, ძლიერდება ეგო (რაციონალიზმი) და სუპერეგო (ფასეულობათა სისტემა)? ჩვენ ვხედავთ ბათუს მიერ მხილებულ საფარ-ბეგს – იგი „შემკრთალი და დარცხვენილი“, გამშრალი, ფერდაკარგული და გაქვავებულია. სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს და სულიერი ტანჯვის შესამსუბუქებლად სასიკვდილო ტყვიას ნატრობს, მაგრამ საბოლოოდ სიცოცხლემისჯილის უმძიმეს ხვედრს სჯერდება.

ვფიქრობ, ასე წარმოჩინდება საფარ-ბეგის შინაგან სამყაროში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესები, მისი სულიერი დრამა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის თვალთახედვით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ზიგმუნდ ფროიდი-https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/zigmund-phroidi-kultura.pdf;

2.ფსიქოანალიზი- https://ka.wikipedia.org/wiki/

3.“ქართული ენა და ლიტერატურა“-XIკლასის სახელმძღვანელო, „სწავლანი“,თბ.,2012წ.

 

 

გაკვეთილი მუზეუმში

0

XXI საუკუნეში  მუზეუმის  დიდი  შესაძლებლობები  კიდევ  ერთხელ  შეფასდა  და დღეს ის  განსაკუთრებულ  როლს თამაშობს,  როგორც  ფორმალურ  სწავლებაში, ასევე  არაფორმალურ და საზოგადოებრივ  განათლებაში.  თანამედროვე  მუზეუმს  დიდი როლი აკისრია  ინკლუზიურ  განათლებასა  თუ მარგინალური  ჯგუფების  ინტეგრაციაშიც.

კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით… მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი – ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით – მუზეუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“.

მოსწავლეებთან ერთად მუზეუმს ხშირად ვსტუმრობთ, თუმცა ექსპონატების დათვალიერება და  სამუზეუმო სივრცეში  გატარებული რამდენიმე საათი ვერ იძლევა  იმ შედეგს, რომლისთვისაც ვიზიტი დაიგეგმა.

მუზეუმი არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ კაცობრიობისა თუ საკუთარი ერის განვითარების უწყვეტ პროცესს, მრავალსაუკუნოვან მიღწევებსა თუ მონაპოვარს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წარსულის, როგორც ერთი მთლიანობის აღქმა. გაკვეთილი მუზეუმში არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების უნარებს.

ბავშვი  ახალი ცოდნის  არა მარტო პასიური მიმღებია, არამედ უშუალოდ არის ჩართული ინფორმაციის გადამუშავებისა და გაანალიზების პროცესში. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი თანაბრად ეფექტურია მსწავლელთა სხვადასხვა ტიპისათვის, ექსპონატებთან  მუშაობა ხელს უწყობს ინფორმაციის  ეფექტურად აღქმას.

სასურველია მუზეუმში გაკვეთილის ჩასატარებლად შეირჩეს ერთი კონკრეტული მიმართულება, რათა  მოსწავლეებმა სრულად შეძლონ თემაზე  ორიენტირება და საკითხის სიღრმისეულად გააზრება.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მდიდარ მასალას იძლევა ქართული დამწერლობის  ეტაპების განვითარებისა და  წერილობითი ძეგლების შესასწავლად.

ცოცხალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შექმნის, კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნების  უნარების განვითარების მიზნით  ქართულ ენასა  და ლიტერატურაში დავგეგმე გაკვეთილი მუზეუმში თემაზე: „სვანეთის მუზეუმის წერილობითი ძეგლები“.

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ უძველეს ქართულ ხელნაწერებს, განევითარებინათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი აზროვნება.

გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაო სივრცე  იყო ხელნაწერთა საგამოფენო დარბაზი და ჩვენი მიზანი იყო იქ დაცული ექსპონატების შესწავლა.

პირველი აქტივობა დაეთმო საკვანძო სიტყვების დამუშავებას.

მოსწავლეებს „ჯადოსნური სიტყვების სკივრიდან” უნდა ამოეღოთ ბარათები, რომლებზეც  ეწერა სიტყვები, რომელიც მათ დასჭირდებოდათ თემის დამუშვებისას, მაგ. „ეტრატი”, „პალიმფსესტი” და სხვა. პარალელურად ყუთში ხვდებოდათ ამ სიტყვების განმარტებები, თითოეული ბარათის მფლობელს უნდა ეპოვა მეწყვილე და განემარტა თავისი სიტყვა, ეს ყველაფერი უნდა განეთავსებინათ  „სასიტყვეთის დაფაზე“.

მაგ. „ეტრატი – განსაკუთრებული წესით დამუშავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი. იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე. ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი“.

თუ  მოსწავლეებისთვის გაუგებარი იყო სიტყვის მნიშვნელობა და ვერ ახერხებდნენ დაწყვილებას, პროცესში ერთვებოდა მასწავლებელი  და ეხმარებოდა „მეწყვილის“ პოვნაში.

მეორე აქტივობა – მოსწავლეებმა განაგრძეს მუშაობა საგამოფენო დარბაზში, თითოეულ გუნდს უნდა შეესწავლა და წარმოედგინა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ერთი უძველესი ხელნაწერი  ექსპონატი.

საგამოფენო დარბაზში მეგზურობა გასწია მუზეუმის თანამშრომელმა. მან მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა ექსპონატის შესახებ. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები, პარალელურად ეკრანზე ხედავდნენ თითოეული ხელნაწერის   უნიკალურ გაფორმებას და მინიატურებს, რაც მათ შთაგონებას უფრო ამძაფრებდა.

მესამე აქტივობა – პრაქტიკულ ნაწილში გუნდებს უნდა დაემუშავებინათ მოპოვებული ინფორმაცია და დარბაზშივე მოემზადებინათ საპრეზენტაციო პოსტერები, ნახატები და საინფორმაციო სტატიები, რომლებსაც მომდევნო დღეს წარუდგენდნენ სასკოლო საზოგადოებას.

მეოთხე აქტივობა –  ჯგუფური სამუშაოს შემდეგ  მონაწილეებს მიეცათ ინდივიდუალური სავარჯიშო. მათ უნდა ამოერჩიათ ექსპონატი, რომელმაც მიიქცია მათი ყურადღება და „რაფთ“ სტრატეგიის გამოყენებით, შეექმნათ 5-წუთიანი ესე. უსაზღვრო იყო მოსწავლეების ფანტაზია მათ აამეტყველეს ჰადიშის, ლაბსყალდისა და იენაშის ოთხთავები… არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა უძველესი ანალოღია და სვანური სამართლის პირველი საბუთები.

მეხუთე აქტივობა – დასასრულ გაკვეთილის შეჯამებისთვის გამოვიყენე „გასასვლელი ბილეთები”, თითოეულ მოსწავლეს უნდა ეპასუხა თემატურ კითხვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებდა სხვა დარბაზების დათვალიერების უფლებას.

ასე შეერწყა  ერთმანეთს ექსკურსია და გაკვეთილი.

 

ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ბავშვებს. გარდა იმისა, რომ მათთვის ეს სრულიად უჩვეულო ფორმატი იყო, მათში სულ სხვა ცოდნა და ემოცია აღძრა სამუზეუმო სივრცეში მუშაობამ.

მუზეუმი  მართლაც საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც მოსწავლეები  აგროვებენ დიდ ცოდნას და ივითარებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მუზეუმი – იდეალური ადგილი სწავლებისათვის. მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე;
  2. ეფექტიანი სწავლება სამუზეუმო სივრცეში – ნანა გოგელია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...