შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

სწავლება – კეთებით 

0

მასწავლებლობის ექვსწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ჩემი ფორმალური საგაკვეთილო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კეთებით სწავლებაა. ამ მეთოდის უპირატესობაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ. სწორედ დაგეგმვისას იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა, ვითარდება მათი თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. იმავდროულად, მოსწავლეები ხედავენ უშუალოდ შრომის შედეგს. მეთოდი შესაძლებელს ხდის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ტრადიციული (ღია და დახურული კითხვებით) ტესტირება მხოლოდ დაგროვილი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას იძლევა. კეთებით სწავლებას როგორც კომპლექსურ შემაჯამებელ სამუშაოს აქტიურად ვიყენებ საბაზო საფეხურზე გეოგრაფიის სწავლებისას, რადგან დავალებები ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს სხვადასხვა უნარ-ჩვევის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

ჯერ კიდევ მოქმედი გეოგრაფიის საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტისა და სახელმძღვანელოს მიხედვით, მე-8 კლასში კონტინენტების შესწავლა იწყება. მოსწავლეები ეცნობიან მათ ნომენკლატურას, მდებარეობას, რელიეფს, კლიმატს, შიდა წყლებს, საზღვრებს, ბუნებრივ რესურსებს, მოსახლეობას, პოლიტიკურ რუკას… როგორც ხედავთ, ასათვისებელი მასალა საკმაოდ ვრცელი და არცთუ იოლია. მასალის აღქმა-გააზრება უჭირთ ქართული სექტორის იმ მოსწავლეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოს შექმნისას ამ პრობლემაზე ყურადღებას იშვიათად ამახვილებენ.

ამჯერად მოგიყვებით, როგორ მოვახერხეთ სამი კონტინენტის უფრო კარგად შესწავლა კეთებით.

პროცესი პირობითად სამ ნაწილად დავყავი.

მოსამზადებელი პერიოდში ვიყოფით მცირე სამუშაო ჯგუფებად, შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ კონკრეტულ თემატიკას, ჩამოვწერ საჭირო რესურსებს. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ იდეების გაზიარების საშუალება. მოსამზადებელი პერიოდის აუცილებელი ელემენტია შეფასების რუბრიკის შედგენა. გირჩევთ, ერთ-ერთ კრიტერიუმად ტექნოლოგიის გამოყენება შესთავაზოთ. თანამედროვე ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონები აღჭურვილია ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციებით, კლასში კი ყოველთვის მოიძებნება 3-4 მოსწავლე, რომლებიც ამ სფეროთი არიან გატაცებულნი. ერთი კონტინენტი, მაგალითად, აზია, თემატიკის მიხედვით შეიძლება გაუნაწილდეს ორ ჯგუფს. ეს მოსწავლეების რაოდენობასა და შესაძლებლობებზეა  დამოკიდებული.

კეთების პროცესი მოიცავს როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო, პერიოდს. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ჯგუფებთან ინდივიდუალური შეხვედრების სისტემა. პრეზენტაციისთვის დღემდე ცალ-ცალკე ვხვდები ჯგუფებს. ჯგუფის წევრები მიზიარებენ მიღწევებს, საუბრობენ შემაფერხებელ ფაქტორებზე. გარკვევა იმისა, თუ როგორ გაიგეს დავალება ჯგუფის წევრებმა ან რამდენად მიჰყვებიან ინსტრუქციას, შესაძლებელია საკლასო ოთახში, გაკვეთილის რომელიმე მონაკვეთში.

ერთი მნიშვნელოვანი რამ: მოსწავლეებს უნდა მივცეთ გონივრული ვადა. მათ სხვა საგნებშიც აქვთ შესასრულებელი ბევრი დავალება.

საბოლოოდ, კეთების პროცესში სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, ჯგუფები ამზადებენ მაკეტებს, წერენ ვიდეოებს და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.

პრეზენტაციის დროს ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. შეფასების რუბრიკებს ვაძლევ სხვა ჯგუფებსაც. იმავე რუბრიკით ვხელმძღვანელობ თავად. პრეზენტაციის ბოლოს ერთად ვახდენთ შეფასებას. შედეგებს ერთმანეთს ვადარებთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოსწავლეებმა იმუშავეს სამი კონტინენტის: ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის, – ირგვლივ. მათ პრეზენტაციებში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია კონტინენტების ქვეყნების, რელიეფის, მდინარეებისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.

 

კეთებით სწავლის დროს მოსწავლეებს ეძლევათ შემოქმედებითი უნარის წარმოჩენის შესაძლებლობაც. ორმა ჯგუფმა ორი საინტერესო ვიდეო წარმოადგინა:

ინტერნეტგაზეთი www.mastsavlebeli.ge საქართველოში თითქმის ერთადერთი ინტერნეტგამოცემაა, რომლის საშუალებითაც მასწავლებლები და განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ პრაქტიკას ვუზიარებთ. გამიხარდება, თუ ჩემი სტატია იქცევა ერთგვარ ინსპირაციად და მსგავს აქტივობას თქვენც განახორციელებთ. ველი გამოხმაურებას.

დიაგნოსტიკური შეფასების სირთულეები

0

კიდევ ერთი სემესტრი დასრულდა და მოსწავლეთა შეფასების დროც დადგა. ეს საკითხი სკოლაში მოსვლის დღიდან ყველაზე მეტად მაღელვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფორმალური თუ არაფორმალური განათლების გზით სასკოლო შეფასებასთან დაკავშირებულ არაერთ რესურსს გავეცანი და გამოვცადე, მაინც მგონია, რომ შეფასება პირობითი, სუბიექტური რამაა და ერთი მასწავლებლის მიერ ათობით მოსწავლის განვითარების დონის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებლად მიმაჩნია.

მას შემდეგ, რაც მასწავლებლობის პასუხისმგებლობა ვიტვირთე, იმდენი ქულა გამოვიყვანე და იმდენი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა შევქმენი-შევავსე, დათვლა გამიჭირდება. თუმცა, გამოცდილების მიუხედავად, სულ იმის შეგრძნება მრჩება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო შეფასების სისტემა არც თუ ისე ზუსტ ინსტრუმენტს წარმოადგენს. განმავითარებელი შეფასება გაცილებით დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ბოლომდე ვერც განმსაზღვრელი შეფასების დროს ვიქნებით დარწმუნებული, რომ ის ქულა, რომელიც სემესტრის განმავლობაში მიღებული ნიშნების საშუალოს წარმოადგენს, მოსწავლის რეალურ პროგრესს ასახავს.

შეფასების პროცესს ართულებს „საზომი ინსტრუმენტების“ სიმწირე. სწავლა-სწავლების პროცესში ამდენ ინდიკატორზე ერთნაირად ვერც მასწავლებელი კონცენტრირდება. სახელმძღვანელოების ავტორებსაც ვერ მოვთხოვთ ყველა უნარზე თანაბრად მორგებას.  ამას გარდა, შედეგზე ბევრი გარეშე ფაქტორი ზემოქმედებს: სასწავლო გარემო, მოსწავლის განწყობა, შეფასების რუბრიკების, ტესტების თუ სხვა ტიპის დავალებების ხარისხი და ა.შ.

დაწყებით საფეხურზე განახლებული სტანდარტისა და სახელმძღვანელოს გამო კიდევ ერთხელ მომიხდა კურიკულუმის შედგენა. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალფეროვანი და საინტერესო საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაა. ალბათ ჩემი ბუნების ბრალიცაა, მეტი აქცენტი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე რომ გავაკეთე და, შედეგად, გასული სემესტრის შეფასებისას რამდენიმე ინდიკატორის გასწვრივ მორიდებით მოვნიშნე გრაფა „არ დაწყებულა მუშაობა“. ალბათ მომავალ სემესტრს ჩრდილში დარჩენილი უნარების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებით დავიწყებ, თუმცა მაინც ბუნებრივი პროცესის მომხრე ვარ და სახელმძღვანელოს შემქმნელების თუ მასწავლებლის მახვილი თვალთახედვის მიღმა დარჩენილი ე.წ. მეორეული ინგრედიენტების სასწავლო პროცესში ხელოვნურად ჩამატებას არ მივესალმები.

დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით სასწავლო რესურსი რომ ძალიან მწირია, ალბათ ყველა დამეთანხმება. არსებობს რამდენიმე დამხმარე სამუშაო რვეული, რომელიც ძირითადად ლექსიკურ-გრამატიკული სავარჯიშოებით ან ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული არც თუ ისე გამართული ტესტებით შემოიფარგლება. ეს რვეულები დამატებით სამუშაოდ კი, მაგრამ დიაგნოსტიკის ინსტრუმენტად ნამდვილად არ გამოდგება. „კარგი სკოლის“ (G-PRIED) ბაზაზე არსებული დიაგნოსტიკური ტესტები ერთადერთი „ბანკია“, რომელიც ამ ეტაპზე მაშველ რგოლს წარმოდგენს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის.

მესამე კლასის მაგალითზე ვისაუბრებ იმ უნარებზე, რომელთა „გაზომვაც“ ზემოაღნიშნული დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგად შევძელი. გამოვყოფ გამართულად კითხვის უნარის შემოწმებას, რომლის დაწყებით საფეხურზე წარმატებით დაძლევა წიგნიერების უნარების სათანადოდ განვითარების ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს (ბუნებრივია, თუ მოსწავლე მთელ ძალისხმევას ტექსტის ამოკითხვაში ჩადებს, წაკითხულის გააზრება გაუჭირდება.). კითხვის ტექნიკაში იგულისხმება გაბმულად, სწრაფად, სათანადო ინტონაციითა და პაუზებით კითხვა. ტესტის ჩატარება ინდივიდუალურად მოგიწევთ, თუმცა თავად ტესტირების პროცესი ხანმოკლე და მარტივია – უნდა ჩართოთ წამზომი და დაითვალოთ მოსწავლის მიერ ერთ წუთში სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობა. შეცდომით წაკითხული სიტყვა გადაიხაზება და გამოაკლდება წაკითხული სიტყვების ჯამს. თუმცა მოსწავლეს თვითშესწორების უფლება აქვს და გადახაზული სიტყვის აღდგენაც შესაძლებელია.

საკითხავი მასალები ლექსიკურად და შინაარსობრივად შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს. ტექსტის შერჩევის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მოსწავლის და მასწავლებლის სამუშაო ფურცლები. მასწავლებლის ვარიანტს თან ახლავს თითოეულ სტრიქონში განთავსებული სიტყვების რაოდენობა (მოცემულია მთლიანი ტექსტი) და დახურული კითხვები გამომსახველობით კითხვის (სასვენი ნიშნების გათვალისწინება, ინტონაციით კითხვა) უნარებზე დასაკვირვებლად. ტესტირების დაწყებამდე აუცილებლად გაესაუბრეთ მოსწავლეს, აუხსენით დავალების მიზანი და გაეცით მკაფიო ინსტრუქცია.

ზემოაღნიშნული დიაგნოსტიკური ტესტის დახმარებით, მასწავლებელი შეძლებს სტანდარტით გათვალისწინებული ერთ-ერთი უნარის (ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა) და მისი ქვეპუნქტების გაზომვას. ასევე შეგვიძლია გავიგოთ, შეუძლია თუ არა მოსწავლეს სასვენი ნიშნების ფუნქციის (დაწყ.(I).11. ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას) გააზრება და არსებული ცოდნის საჭიროებისამებრ გამოყენება.

რაც შეეხება ლექსიკასთან დაკავშირებულ ტესტს, მისი დახმარებით შეგიძლიათ გაზომოთ სტანდარტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ინდიკატორის ქვეპუნქტი – „უცნობი სიტყვების ახსნა კონტექსტის გათვალისწინებით“  (ქართ.დაწყ.(I).12). ამას გარდა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას. თავად ტესტირების პროცესი მარტივია: მოსწავლეებს ურიგებთ ამობეჭდილ სამუშაო ფურცლებს, ისინი ერთ სივრცეში, მაგრამ ინდივიდუალურად ასრულებენ სამუშაოს, რომლისთვისაც გამოყოფილია 10 წუთი (თუ დიაგნოსტიკურ ტესტირებას პირველად ატარებთ, ზედმეტი სტრესისა და დიაგნოსტიკის პროცესის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან არიდების მიზნით, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნას გირჩევთ). წინა შემთხვევის მსგავსად, ტესტირების დაწყებამდე აქაც მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მკაფიო, მარტივი სიტყვებით ფორმულირებული ინსტრუქციის მიწოდება. ყურადღება გაამახვილეთ მაგალითებზე, რომლებიც ლექსიკასთან დაკავშირებული ყველა ტესტის შესავალშია მოცემული და მოახდინეთ სწორი პასუხების შემოხაზვისა და შეცდომის გასწორების  ხერხების დემონსტრირება. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მაგალითს:

 

მხდალი კურდღელი დათვის დანახვისთანავე ბუჩქებში მიიმალა. ამ წინადადებაში სიტყვა მხდალი ნიშნავს:

ა) მორცხვს             ბ მშიშარას            გ) სწრაფს

შენიშვნა: ტესტის მაგალითში არ არის ნაჩვენები შეცდომით შემოხაზული ვარიანტის გაუქმების ხერხი, თუმცა მოსწავლეს ამ შემთხვევაშიც აქვს პასუხის შეცვლის (თვითშესწორების) უფლება.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომელთა გაზომვაც „კარგი სკოლის“ დიაგნოსტიკური ტესტირების ფორმატში შეგვიძლია, წაკითხულის გააზრებაა (ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთადაკავშირება). აღნიშნული უნარის განვითარების დონის განსაზღვრა შეგვიძლია როგორც მხატვრული, ასევე საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული ტესტების დახმარებით. დავალების შესრულებისთვის განსაზღვრულია 15-20 წუთი, თუმცა მასწავლებელმა აქაც უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოუცდელ მოსწავლეს გაუჭირდება ასეთ მოკლე დროში ტესტის დასრულება.

მოსწავლის მხრიდან არასასურველი ღელვის თავიდან ასარიდებლად გირჩევთ დიაგნოსტიკური ტესტირების პერიოდულად ჩატარებას და იმის ხაზგასმას, რომ აღნიშნული პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილების დაგეგმვაში დაგეხმარებათ. მოსწავლემ არ უნდა იგრძნოს „შეფასების საფრთხე“, რაც აუცილებლად გამოიწვევს შფოთვას და არარეალურ შედეგს მიიღებთ. მიღებული შედეგის მიუხედავად,  ტესტირების დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ მოსწავლეებს და შეაქეთ თანამშრომლობისთვის, დახმარებისთვის და ა.შ.

„კარგი სკოლის“ ბაზაზე არსებული ტესტები ნამდვილად დაგეხმარებათ მოსწავლის რამდენიმე უნარის შეფასებაში. თუმცა რჩება უნარ-ჩვევათა დიდი ნაწილი, რომელთა გაზომვის ერთადერთ გზას სასწავლო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვება წარმოადგენს. ამიტომაც გირჩევთ, ეძებოთ დამატებითი რესურსები და თავადაც შეეცადოთ ეფექტური დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების შექმნას. პირადად მე უახლოეს მომავალში ენობრივ-გრამატიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შექმნას ვგეგმავ. იმედს ვიტოვებ, რომ წლიდან წლამდე დიაგნოსტიკის მიმართულებით უფრო მეტი საჭირო რესურსი შეიქმნება და მასწავლებლები ამ საქმეში უდიდეს წვლილს შევიტანთ.

 

 

 

რას ურიგდება გალაკტიონი?  

0

„გალაკტიონ ტაბიძე – პლანეტის ნომერ პირველი პოეტი“… ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია ერთგან კონსტანტინე გამსახურდიას და ამ ფრაზით ყველაფერია ნათქვამი. ერთმა მოსწავლემ მითხრა:

– რა მაგარია, რომ რუსთველი, ვაჟა და გალაკტიონი ჩვენი ეროვნული საიდუმლოა, რადგან ეს ის სამეულია, რომელიც მსოფლიოს სხვა ხალხთა ენებზე არ ითარგმნებაო! – ისღა დამრჩენოდა, დავთანხმებოდი და დიდოსტატ კონსტანტინეს ეს ფრაზაც დავიმოწმე. სხვა ენაზე რომ გალაკტიონის პოეტური ენის გადატანა ოდნავ მაინც დედანთან მიახლოებულად შეიძლებოდეს, ალბათ გამსახურდიას ამ შეფასებას მსოფლიო ლიტმცოდნეობაც გაიზიარებდა-მეთქი.

არ ვიცი, აქ რამდენად სუბიექტურები ვართ მე და ჩემი მოსწავლე, მაგრამ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ჩვენ ისევე გულწრფელად ვართ დარწმუნებულნი, როგორც, მაგალითად, პავლე მოციქული ან ფრანჩესკო ასიზელი არ შეიტანდნენ ეჭვს საღვთო სიყვარულის უნივერსალურობაში.

გალაკტიონის პოეტური ინტეგრალები რომ მიწიერების საზღვრებს სცდება, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ბოლოს და ბოლოს ქართულმა ლიტმცოდნეობამ შვა მეცნიერული კვლევის მიმართულება, რომელსაც გალაკტიონოლოგია ჰქვია და ჟურნალი „გალაკტიონოლოგიაც“ გამოდის, უკვე წლებია, რომ არაფერი ვთქვათ უაღრესად საინტერესო მკვლევართა მიერ გამოცემულ წიგნებზე. გალაკტიონის შემოქმედებით დაინტერესებულ მოსწავლეთათვის განსაკუთრებით მრავლისმომცემია ვახტანგ ჯავახაძის უნიკალური წიგნი „უცნობი“, სადაც მისი პოეტური გენია უამრავი რაკურსით წარუდგინა მკითხველს თავადაც შესანიშნავმა პოეტმა. თუმცა უნდა ვაღიაროთ: გალაკტიონი ისევ და ისევ უცნობად რჩება ჩვენთვის… არამცთუ მის ლექსზე, არამედ ერთ პოეტურ ფრაზაზეც კი შესაძლებელია ისეთი დაკვირვებები და აღმოჩენები, რომლებიც სამყაროს შემოქმედებითი ხედვის ახალ პარადგიგმებს ხსნის.

ამჯერად სასკოლო და ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ ლექსზე, „შერიგებაზე“, გვსურს გავამახვილოთ ქართულის მასწავლებელთა და გალაკტიონის თაყვანისმცემელთა ყურადღება.

ლექსი მცირე ფორმისაა, ოთხსტროფიანი, გალაკტიონის საყვარელი 10-მარცვლიანი სალექსო საზომითაა დაწერილი, ტაეპები ორ ხუთმარცვლიან მუხლად იყოფა, რაც ლექსის განსაკუთრებულ რიტმულობას უწყობს ხელს.

ლექსი დაწერილია 1915 წელს, როცა გალაკტიონი ჯერ კიდევ ახალბედა პოეტი იყო, თუმცა მან დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ პოეტურ ოსტატობასთან რამენაირ კავშირშია გამოცდილება, რადგან მეოცე საუკუნის ათიან წლებში გამოცემულ პოეტურ კრებულებში („ლექსები“, 1914 და „არტისტული ყვავილები“, 1919) ახალგაზრდა გალაკტიონმა უკვე გამოაქვეყნა თავისი შემოქმედების შედევრები.

„სილქნეტის“ „საშინაო სკოლის“ გაკვეთილების ვიდეოლექციებში იძებნება შესანიშნავი მკვლევრის, ლალი დათაშვილის, „შერიგებისადმი“ მიძღვნილი ლექცია, სადაც მეცნიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლექსის იდეური ხაზი ლირიკული გმირის – ავტორის სიკვდილთან შერიგების იდეას უკავშირდება. ეს მოტივი მკვეთრად იკითხება ლექსში, რადგან ბოლო სტროფში პოეტი გარკვევით აცხადებს: „დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელიო“, თუმცა, ვფიქრობ, სათაურის სიმბოლური შიფრ-კოდი „შერიგება“ მხოლოდ სიკვდილთან დაზავებას არ უნდა გულისხმობდეს, რადგან 24 წლის პოეტის ამგვარი კაპიტულაცია სიკვდილის წინაშე უჩვეულოდაც გვეჩვენება. თუმცა გალაკტიონისთვის თვითმკვლელის ლანდი რომ უცხო არ ყოფილა, ეს მის შემოქმედებაში ნათლად იკითხება, მაგრამ ახალგაზრდა გალაკტიონი ძირითადად საუბრობს არა სუიციდის დემონებზე, არამედ სიკვდილის, როგორც უკვდავების თავისებურ გაგებაზე (გავიხსენოთ ასევე 1915 წელს დაწერილი მისი Magnum Opus „მთაწმინდის მთვარე“: „რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები“…).

გარდა სიკვდილისა, სხვას რას ურიგდება გალაკტიონის ლირიკული გმირი? მე და ჩემმა მოსწავლეებმა ბევრი ვიფიქრეთ ამ თემაზე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს სისხლიანი ეპოქის გამოწვევებთან კაპიტულაციაც არის, რომ პოეტის ბობოქარი სული საკუთარ ვნებებს მართავს უკვე. რთულმა ეპოქამ მას ბევრი ასწავლა და მზადაა ახლებური მზერა მიმართოს მომავლისკენ. გავიხსენოთ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტული მწერლობის გამოსახვის მთავარ თემად იქცა გარდამტეხი ეპოქის მიერ მოტანილი სიახლეების გამო თავზარდაცემული და სულაფორიაქებული ფსიქოტიპების სულებში წვდომა, მათი ვნებების ასახვა, ფსიქოში ინტროსპექცია (ანუ  ერთგვარი „შიგნით ჭვრეტა“ პროზაული ტექსტის პერსონაჟისა თუ პოეტური ტექსტის ლირიკული გმირის ქვეცნობიერში). სწორედ ამ თემებით განსხვავდება ერთმანეთისგან იდეურად XIX და XX საუკუნეების ქართული მწერლობა. თუ წინა საუკუნის მწერლობა გარესამყაროში, საზოგადოებაში, სოციუმში, ქვეყანაში არსებულ ჰუმანისტურ პრობლემებს გამოსახავდა და პიროვნებას წარმოაჩენდა მღელვარე საზოგადოებრივი მოვლენების ჭრილში, მეოცე საუკუნემ მოიტანა სხვაგვარი ხედვა: პიროვნების სულიდან სამყაროს ჭვრეტა. თითქოს სიტყვაკაზმული მწერლობის ხედვა ლიტერატურული დედუქციიდან (ზოგადიდან კერძოსკენ) საპირისპირო მიმართულებით, ინდუქციისკენ წავიდა. რა ემართება პიროვნებას საზოგადოებრივი კოლიზიების ფონზე და პირიქით – როგორ ჩანს ფართომასშტაბიანი პროცესები კონკრეტული ადამიანის თვალიდან და სულიდან? ეს იდეურ-თემატური მიმართულებები განაპირობებს ამ ორი საუკუნის მწერლობის აქტუალურ აქცენტებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისის ადამიანი ცივილიზაციის შემოჭრის უეცარი გრიგალით, რევოლუციებით, პირველი მსოფლიო ომით, საყოველთაო ეკონომიკური კრიზისებით არის გათანგული და ის ასეთივე იხატება მოდერნისტი მწერლების ტექსტებში. ქართულ სინამდვილეში ეს უპირველესად სიმბოლისტურ პოეზიას შეეხება. ქართველმა სიმბოლისტებმა ხომ ჟანრულად ლირიკას მიანიჭეს უპირატესობა? გავიხსენოთ პაოლო იაშვილის Magnum Opus „წერილი დედას“, სადაც პოეტი ლირიკულ აღასარებაში ორ სამყაროს ადარებს ერთმანეთს: სოფელს და ქალაქს. თუ სოფელი მყუდრო, მშვიდი, მართალი, უბოროტო, იდილიური გარემოა, ქალაქი სავსეა შფოთით, ხმაურით, საეჭვო ტიპებით და ამბებით, რაც სულს უმღვრევს ლირიკულ გმირს და საოცარი ექსპრესიით წარმოაჩენინებს ფსიქოლოგიურ ტკივილებს. აი, როგორი სხვაობაა ამ ორ სამყაროს შორის:

„დავტოვე სოფელი, მყუდრო სამყოფელი,

ქვიტკირის მარნები და კატის კნუტები – სიმინდის ყანა!

ჰა! კინტოს პროფილი, საეჭვო ტარნები,

და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე – სალახანა“…

ლირიკული გმირის სულში „გრიგალი და კორიანტელი“ ბობოქრობს და შველას დედას და ხახულის ტაძარს შესთხოვს. მისი სულის ტკივილები საოცრად გადამდები, ამაფორიაქებელია და სწორედ ასეთია გალაკტიონის ლირიკული გმირის განცდებიც საუკუნის ქარიშხალში. გალაკტიონი და პაოლო თითქმის ტოლები იყვნენ (სხვაობა მხოლოდ 3 წელია), ორივესთვის სიმბოლისტური ესთეტიკა იყო მასაზრდოებელი და თემებიც მონათესავე აქვთ თავიანთ ლექსებში. გავიხსენოთ გალაკტიონის „მზეო თიბათვისა“, სადაც განცდები საუკუნის შფოთისა უღრმესი გამომსახველობით იკითხება: „ ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“…

აი, სწორედ ეს „ხანი უნდობარი“ (აქ მახსენდება „ვეფხისტყაოსნის“ „ჟამი კრული“, როგორც რთული ეპოქის ტევადი მხატვრული სახე) არის ის მთავარი „მონსტრი“, რომელსაც უნდა შეურიგდეს გალაკტიონის ლექსის ლირიკული გმირი. გალაკტიონის პოეზია ხომ ავტორის სულის ავტობიოგრაფიაა? მისი ლირიკული გმირი თითქმის ყველგან მისივე ალტერ ეგოა და ის ჰყვება თავის ლირიკულ თავგადასავლებს. იმისთვის, რომ გავიაზროთ „შერიგების“ იდეური ქვეტექსტები, უპირველესად მისი სახე-სიმბოლოები უნდა გავხსნათ. აი, ისინიც:

ქარის ტოტები, მარტი, თეთრად მოსილი მთავარი ლირიკული გმირი (გალაკტიონის ორეული), მოცარტი, სიმღერის ზვირთები, მზე, ბაღები, მყინვარი (ხან აზამბახებული და ხან იაგუნდის გვირგვინოსანი), მაისი, დაფნის და იაგუნდის გვირგვინები, თეთრი აკლდამა, სიკვდილი.

იმდენად ღრმა და მრავალშრიანი სახე-სიმბოლოებია, რომ მათი დეკოდირება იძლევა სრულყოფილ იდეურ მოზაიკას. მაშ, ასე: ქარი გალაკტიონის პოეზიაში ყველგან ეპოქის შფოთის, სულიერი ტკივილის, მღელვარების სიმბოლოა და ქარის ტოტებიც ასევე უნდა გავიგოთ, როგორც თანამედროვეობის დამღლელი მოცემულობა, რომელსაც გადაჰყვა მარტი, ანუ ადამიანურ ჭირვეულობის, სუსხის, განცდების, ტკივილის სიმბოლო. ფრაზა ასე გაიშიფრება: ჩემი ადამიანური განსაცდელები დამავიწყა ეპოქის შფოთმა. ამიტომაც ლირიკული გმირი თეთრ ტანსაცმელში მოირთვება, ანუ კაპიტულაციას აცხადებს, სიმშვიდე და განწმენდა სურს და მიდის ქარში… როგორც მოცარტი… რატომ მოცარტი? ექსცენტრული, უცნაური, შეუცნობელი, მუსიკის მაგიით შეპყრობილი მოცარტი ყველაზე მეტად ენათესავება გალაკტიონის სულს. მისი პოეზიაც მუსიკაა და ის – მოცარტივით ამ მუსიკით შეპყრობილი ეული სული. გულში მხოლოდ სიმღერის მსუბუქი ზვირთებია, ანუ პოეტური გენია მართავს მთელ მის არსებას. გალაკტიონის ლექსებში ხშირია მიუღებელი სინამდვილის „შეფერადების“ მცდელობა. გავიხსენოთ 1916 წელს დაწერილი მისი ლექსი „თოვლი“, სადაც ის გარემომცველ სინამდვილეს, რომელიც ამჯერად უდაბნოა, უნაყოფო, რუხი და მოსაწყენი, „ლურჯად ახავერდებს“, თავად ქმნის ახალ კოსმოსს. უდაბნო, სილა, ქარი – მონათესავე იდეური კონტექსტების გამომხატველი სახე-სიმბოლოებია. ეპოქასთან და საკუთარ ვნებებთან შერიგება გამოიხატება დაშიფრული ფრაზით: „დღეს ყველგან მზეა“… მზე სამყაროს ცენტრი და მხსნელია (შდრ.: თიბათვის მზე, როგორც სალოცავი, სულის მკურნალი)… გარშემო ბაღებია… როგორც ლალი დათაშვილი სამართლიანად შენიშნავს, ბაღები უნდა გავიგოთ, როგორც სამსახოვანი სახე-სიმბოლო: დედამიწის ბაღები, სასუფევლის ბაღები და ლირიკული გმირის სულის ბაღები, სადაც ყვავილები ადამიანური ფიქრები და ოცნებებია (გავიხსენოთ მისი უკვდავი თვითგამომხატველი სახე სიმბოლო ლექსიდან „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ – „…აჰა! მოვედი, გედი, დაჭრილი ოცნების ბაღით“…).

ბაღებთან ერთად ჩნდება მყინვარის სახე-სიმბოლო, რომელიც პოეტის ალტერ ეგოსთან ერთად მთავარი ლირიკული გმირია, მისი ანტაგონისტია, მასთან კონტრასტის ხერხით დაპირისპირება უფრო მკვეთრად წარმოაჩენს ლირიკული გმირის სახეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თერგის, მყინვარის, დარიალის, კავკასიონის სახე-სიმბოლოები გალაკტიონთან ზუსტად მისდევს მეცხრამეტე საუკუნის რეალისტების იდეურ ქვეტექსტებს. გალაკტიონი ილიას და აკაკის მემკვიდრედ აცხადებს თავს. მასთანაც მყინვარი დიდების, სიდიადის, მაგრამ სიცივის, განდგომის, გულგრილობის სიმბოლოა, ის „მაღალ ზრახვათა მეფეა“, ამიტომაც მას მაისი (მარტისგან განსხვავებით, დათბობის, ბაღების აყვავების, სილაღის, ხსნის, გადარჩენის სახე-სიმბოლო)  „ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნებეს“. აზამბახება ალბათ უნდა გავიგოთ, როგორც სევდის ყვავილებით და ცრემლებით მყინვარის შემკობა, რადგან გალაკტიონის საყვარელი სიმბოლო ზამბახი თითქმის ყველგან სევდისა და სულიერი ტკივილის გამომხატველი სახეა. გამორჩეული სახე-სიმბოლოებია გალაკტიონის და მყინვარის გვირგვინები:

„ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,

ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:

მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,

მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით“.

რას განასახიერებენ ეს გვირგვინები? – რასაკვირველია, დიდებას, ნიჭიერებას, აღიარებას. დაფნის გვირგვინი ანტიკური ხანიდან მიიჩნევა გამარჯვების, დიდების, ძლევამოსილების, მშვიდობის სიმბოლოდ (წყარო: https://genia.ge/?p=17472). დაფნის გვირგვინით ამკობდნენ ძველი ბერძნები აპოლონის ტაძრებს. დაფნისგვირგვინოსნად წარმოიდგენდნენ რენესანსის ეპოქის პოეტებს: პეტრარკას, დანტე ალიგიერს, ბოკაჩოს, ასევე კეისრებსა და მეფეებს. საგულისხმოა, რომ ქართველებმა დაფნას ბერძნული მითის გმირის, აპოლონის სასურველი სატრფოს, ნიმფა დაფნეს (ზოგი ვერსიით – დაფნა) სახელი უწოდეს. მსოფლიოს სხვა ენებზე მას ლათინური ლაურუსის მიხედვით ეწოდა სახელი, ხოლო ჩვენმა წინაპრებმა კოლხური დაფნის სახელი პირდაპირ ბერძნული მითიდან გადმოიტანეს. აპოლონი და დაფნე ხომ განუყოფელია? გავიხსენოთ ანტონიო პოლაიოლოს ტილო „აპოლონი და დაფნე“, რომელიც ლონდონის ნაციონალურ მუზეუმშია დაცული და ჯოვანი ბერნინის ამავე სახელწოდების ჯადოქრული ქანდაკება, რომელიც რომში, ბორგეზეს მუზეუმში ინახება. ანტიკურ ხელოვნებაში დაფნეს მითოსი დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ეს სიუჟეტი პოპულარული იყო აღორძინების ეპოქაშიც (ჯორჯონე, ბრეიგელი) და შემდგომაც (ბერნინი, პუსენი და სხვა). (წყარო: https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9C%E1%83%94). ამ სემანტიკის მატარებელია გალაკტიონის დაფნის გვრიგვინიც, ხოლო მყინვარის უძვირფასესი იაგუნდის გვირგვინი მარდისობის, უკვდავების, გულზვიადობის, მიუწვდომლობის სიმბოლოა. გავიხსენოთ იაგუნდის გვირგვინების სიმბოლიკა „ვეფხისტყაოსნიდან“. ზღვათა მეფე მელიქ-სურხავმა ქაჯებზე გამარჯვებული ტარიელი ასე დაასაჩუქრა: „ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა“… ხოლო ნესტანს წითელი იაგუნდებით შემკული ყაბაჩა უძღვნა… ყვითელი იაგუნდი, თუ არ ვცდები, არც მოიპოვება, თანაც „მრთელი“ იაგუნდი, ანუ კაცის თავის ზომისა, დაუმუშავებელი, შეუკრავი, რუსთველისეული ჰიპერბოლიზებული სახე-სიმბოლოა, რაც პოემის ფანტასტიკურ სამყაროს შვენის და ტარიელის, როგორც ამაღლებულის ესთეტიკური იდეალის სამშვენისად შესაფერისია. მოკლედ რომ ვთქვათ, დაფნისა და იაგუნდის გვრიგვინები გალაკტიონის სენსიტიური ლირიკული გმირისა და მყინვარის ფრიგიდული ბუნების გამომსახველია.

ლექსის დასარულს ნახსენები თეთრი აკლდამა სიკვდილის სიმბოლოა, ოღონდ სულის მასზე ამაღლება უნდა გავიგოთ არა, როგორც სიკვდილთან კომპრომისი, მასთან დანებება, არამედ, პირიქით, სიკვდილის დაძლევა, მასზე ამაღლება ხელოვნებით, პოეტური გენიით: „ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე, მშვენიერების ლექსით მქებელი“…

„შერიგების“ სახეობრივი ანალიზი უსათუოდ გაგვაგნებინებს გზას იდეურ ლაბირინთებშიც: ლექსის მთავარი სათქმელი დაუნდობელ ეპოქაში პოეტური ნატურის სულიერი მღელვარების, ბრძოლების, დათმობის, შეგუების გამოხატვაა.

ზოგადად, ურთულესია სიმბოლისტური პოეზიის ნიმუშების იდეურ-მხატვრული ანალიზის სწავლება და მოსწავლეებიც ხშირად ჩივიან, რომ ურთიერთდაუკავშირებელი, მრავალშრიანი სიმბოლოების დეკოდირება უჭირთ, უძნელდებათ მათზე თხზულებების წერა, რომ ლოგიკურ აზროვნებას არ ემორჩილება ეს პოეტური სახეები, მაგრამ ლიტერატურის მასწავლებლის მისიაც სწორედ ის მგონია, რომ ამ რთული მხატვრული სახეების ლოგიკურ სააზროვნო სივრცეებში მოხელთება, ჩვენეული ხედვით ახსნა მოხერხდეს. თავის ვიდეოლექციაში ლალი დათაშვილიც აღნიშნავს, რომ იდეური და სახეობრივი ნიუანსების ახსნა ერთმნიშვნელოვანი და სწორხაზოვანი ვერ იქნება და უამრავი განსხვავებული წაკითხვა შეიძლება არსებობდეს. მთავარია, ბავშვები შევაჩვიოთ მათ აღქმას, საკუთარ სააზროვნო სიბრტყეებში გადატანას, ანალიზს, სინთეზს, უბრალოდ კვლევას, ფიქრსა და აღმოჩენებს… ეს ყველაფერი კი მოაზროვნე, ემოციური, შემოქმედებითი სულიერების ადამიანების განვითარებისთვის საუკეთესო გზაა.

 

ქსელური მარკეტინგის შუქ-ჩრდილები

0

ამას წინათ ფეისბუქზე იუმორისტული სტატუსი დავდე, სადაც თორმეტი წლის წინანდელ ამბავს ვიხსენებდი, როცა ქსელური მარკეტინგის ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. სტატუსში ჩვენი ოფისის უფროსის სახელიც მქონდა მოხმობილი. იმ კაცის სახელი კარგად მახსოვს, რადგან ჩემი რაიონელია. რამდენიმე დღეში ოთხმა თუ ხუთმა უცნობმა ახალგაზრდამ მომწერა. თურმე იმ კაცს ეძებდნენ ფეისბუქზე და მხოლოდ ჩემი სტატუსი მოიძებნა. აინტერესებდათ, რეალური იყო თუ არა ის, რასაც იქ ჰპრიდებოდნენ.

 

ძალიან გამიკვირდა, რომ ეგ კომპანია დღესაც არსებობს. რამდენადაც შემეძლო ავუხსენი ქსელური მარკეტინგის არსი. ქსელურ მარკეტინგში, რეალურად, არალეგალური არაფერია. უბრალოდ ის არ არის სანდო ბიზნესი. ქსელურ მარკეტინგს რამდენიმე მიმართულება აქვს და აბსოლუტურად ყველა მიმართულებას აქვს თითო (ან რამდენიმე) მთავარი ხარვეზი, რის გამოც მასზე დიდი იმედები არ უნდა დაამყარო.

 

კომპანია, სადაც მე ვმუშაობდი, წამლების დისტრიბუციით იყო დაკავებული. მთელი სქემა ტყუილზე, უფრო სწორად, ინფორმაციის გაცემის გადავადებაზე იყო დაფუძნებული, თორემ მსურველები პირველივე დღეს გაიქცეოდნენ იქიდან. მოდიოდა ადამიანი, რომელმაც ნახა რეკლამა, სადაც ნათქვამი იყო შემდეგი: „უცხოური კომპანია გიწვევთ სამუშაოდ. მზარდი ანაზღაურებით. ასაკი შეუზღუდავია”. ასეთ მიწვევაზე ვინ იტყოდა უარს, ყოველდღე ოფისის კართან უშველებელი რიგი იდგა.

 

პირველ დღეს ახალმოსულს გაესაუბრებოდი, მოკლედ და ზედაპირულად, თუმცა ნათელ ფერებში დაუხატავდი იმ პერსპექტივას, რომელიც კარგი მუშაობის შემთხვევაში ელოდა. აუხსნიდი იმ საფეხურებს, რომელიც უნდა გაევლო. ეტყოდი, რომ ერთი დღე ჰქონდა მოსაფიქრებლად, სურვილის შემთხვევაში, მეორე დღეს ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომელიც ოცი ლარი დაუჯდებოდა. ხელშეკრულების შემდეგ ერთკვირიან ტრენინგზე უნდა ევლო. მთავარ სათქმელს კი ერთი კვირის შემდეგ ლექციაზე ეტყოდა ოფისის ხელმძღვანელი. მთავარი სათქმელი კი ის იყო, რომ ეს გახლდათ ბიზნესი, სადაც ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო, ინვესტიციის რაოდენობა კი სამასი დოლარით განისაზღვრებოდა. ამ ლექციის შემდეგ უმეტესობა უკანმოუხედავად გარბოდა და იმ ოც ლარზე წყდებოდა გული, რომელიც ხელშეკრულების დასადებად გადაიხადა.

 

დარჩენილებს, ვინც სამასი დოლარს გადაიხდიდა, შემდეგი საფეხურები ელოდათ:

 

პირველი საფეხური – უნდა მოგეყვანა სამი ადამიანი, ვინც სამას-სამას დოლარს გადაიხდიდა, უფრო სწორედ, სამასი დოლარის პროდუქციას შეიძენდა (იმ პროდუქციას სად წაიღებდი, არავის აინტერესებდა). თითო ადამიანისგან შენ ასოცი ლარი გერგებოდა. ეს იყო ხელფასი. სამი ადამიანის მიყვანის შემთხვევაში ხურავდი პირველ საფეხურს.

 

მეორე საფეხური – შენს მიყვანილ სამ ადამიანს, თავის მხრივ, სამ-სამი ადამიანი უნდა მოეყვანა. როგორც ხელმძღვანელი, ამაში უნდა მიხმარებოდი, რადგან ეს ყველაფერი შენს ინტერესშიც შედიოდა: მათი მოტანილი ფულიდან პროცენტები შენც გერიცხებოდა.

 

მესამე საფეხური – ახლა იმ ცხრა ადამიანს უნდა მოეყვანა სამ-სამი ადამიანი.

 

ამ სამი საფეხურის დახურვის შემდეგ კომპანია ცალკე ოფისს გაგიხსნიდა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ მე არავინ მინახავს, ვინც პირველ საფეხურს იყო გაცდენილი.

 

მე ეს ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი, რადგან ახლობელმა მიმიყვანა იქ. ლამის მთელი წელი იყო რაც მუშაობდა და ჯერ პირველი საფეხურიც არ ჰქონდა გავლილი, მე ვყავდი მხოლოდ. მე, ჩემი მხრივ, ჩემი ძმაკაცი მივიყვანე. სამასი დოლარი არ იყო ადვილად საშოვნელი ფული, ამიტომ მამამისმა ძროხა გაყიდა და ფული გამოუგზავნა. მე მისი ფულიდან ხელფასის სახით ასოცი ლარი მომცეს, რომელიც იმ დღესვე კინოთეატრ „რუსთაველის” კაფეში მივახარჯეთ, კარგი გოგოები დადიოდნენ მაშინ იქ.

 

ვმუშაობდი თავდაუზოგავად, ვუშვებდი მორბენალ სტრიქონებს „მაესტროზე” და „კავკასიაზე”, „სიტყვა და საქმეში” ვბეჭდავდი რეკლამებს, მეტროსთან ბარათებსაც ვარიგებდი და უამრავი მსურველი მირეკავდა, მოდიოდნენ კიდეც, ზოგი ხელშეკრულებასაც აფორმებდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ყველა გარბოდა.

 

არ ვიცი რატომ, მაგრამ დამაწინაურეს. დაწინაურება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ქვევით, სადარბაზოსთან გაყენებდნენ (ოფისი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე იყო განთავსებული) და მოსულებისთვის სართული და ოთახის ნომერი უნდა გეთქვა. მიუხედავად ამისა, ზოგი მაინც ვერ აგნებდა და სხვა კარზე აკაკუნებდა, რის გამოც მეზობლები წუხდებოდნენ და იყო ერთი წივილ-კივილი.

 

ერთხელ ერთი გოგოს (რომელიც რამდენიმე თვე მუშაობდა და წავიდა) ბიძები მოვარდნენ, უფროსმა კაბინეტში შეასწრო და ჩაიკეტა. კარი სქელი იყო და ვერ შეამტვრიეს, ამით გაბრაზებულებმა მთელი ოფისი დალეწეს, აფერისტები გვეძახეს და წავიდნენ. იმ ამბის შემდეგ მე იქ აღარ მივსულვარ.

 

მოკლედ, აწი კიდევ თუ მკითხავს ვინმე რამეს ქსელურ მარკეტინგში ჩემს მუშაობაზე, ამ ბლოგს დავულინკავ და დაე, თვითონ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მისვლა.

 

პრობლემური სიტუაციის ანალიზი გაკვეთილზე

0

 

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია, მოსწავლე თავად იღებდეს პასუხისმგებლობას სწავლაზე. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება. მოსწავლეები დაკვირვების, ფიქრისა და მსჯელობის საფუძველზე გონივრულ დასკვნებამდე მიდიან.

აღნიშნული მტკიცებულებებისა და ჩემი გამოცდილების საფუძველზე, მნიშვნელოვნად მივიჩნიე პრობლემაზე დაფუძნებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება და კოლეგებისათვის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება.

მოცემულ გაკვეთილზე ჩემი ძირითადი მიზანი იყო, სქესთან შეჭიდული ნიშნების დამემკვიდრების კანონზომიერებების შესწავლა ჰემოფილიის მაგალითზე, მემკვიდრული დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირება და სიღრმისეული ანალიზი; გადაჭრის გზების ძიება; სამართლიანი, ლოგიკური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება. მიზანი მიღწეულ იქნა, რადგან ჩემ მიერ შეთავაზებულმა დავალებებმა მოსწავლეებში აღძრა ცნობისმოყვარეობა, ინტერესი; გაზარდა ფიქრის შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი და თანამშრომლობის სურვილი. ისინი თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებას. პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ გამოიკვლიეს მისი გამომწვევი მიზეზი და შეიმუშავეს რეკომენდაციები.

სქესთან შეჭიდული ნიშან-თვისების დამემკვიდრების პრინციპების გათვალისწინებით დაადგინეს სიტუაციაში წარმოდგენილი ინდივიდების გენოტიპები, შეჯვარების სქემების საფუძველზე სიღრმისეულად გააანალიზეს პრობლემა და ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები.

მოცემული გაკვეთილის მნიშვნელოვან სიახლედ მიმაჩნია განმავითარებელი შეფასების დროს პენდელტონის მეთოდის გამოყენება.

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი – ნათელა ბაღათრიშვილი
საგანი – ბიოლოგია კლასი – მე-11
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო / პრობლემაზე დაფუძნებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: სქესთან შეჭიდული ნიშნების დამემკვიდრება
მოსწავლეთა პროფილი: 23 მოსწავლე / სსსმ მოსწავლე არ ირიცხება
გაკვეთილის მიზნები / შედეგები: მოსწავლემ:

  • შეისწავლოს სქესთან შეჭიდული ნიშნების დამემკვიდრების კანონზომიერებები ჰემოფილიის მაგალითზე;
  • მოახდინოს მემკვიდრული დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირება;
  • შეძლოს პრობლემის სირღმისეული ანალიზი; გადაჭრის გზების ძიება; სამართლიანი, ლოგიკური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.
ესგ – ის სტანდარტი: ბიოლ. XI.6. მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის ფორმებზე.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ადგენს გენეტიკურ სქემას სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობაზე და ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს  მათ ჩასაწერად;
  • აღწერს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების მემკვიდრეობის  ხასიათს;
  • განსაზღვრავს პრობლემას და გადაჭრის მას გენეტიკური სქემების შედგენითა და ამოხსნით, რა დროსაც ეფუძნება მონაცემთა ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს.

·         კვლ. XI.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს) მონაცემთა წარმოსადგენად

კვლ. XI.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.

წინარე ცოდნა და უნარები: ჰომოზიგოტა და ჰეტეროზიგოტა; დომინანტური და რეცესიული ნიშან-თვისება; მენდელის კანონები; იცნობს და იყენებს სომბოლოებს შეჯვარების სქემების შესადგენად; განასხვავებს ჰომოგამეტურსა და ჰეტეროგამეტურ ორგანიზმებს.
შეფასება: მასწავლებელი:

განმავითარებელი – პენდელტონის მეთოდით.

კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი / ჯგუფური / ინდივიდუალური.
სასწავლო მასალა და რესურსი: მარკერები, სამუშაო ფურცლები, წამზომი, ფლიპჩარტი.

 

აქტივობა N1       1 წთ.

საორგანიზაციო საკითხები / დასწრება / გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა / შეფასების ფორმის გაცნობა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს გაკვეთილის თემას, მიზანსა და  შეფასების მეთოდსა და კრიტერიუმებს.

აქტივობა N 2        4 წთ.

მოსწავლეთა გამოწვევა პრობლემური სიტუაციის გაცნობით

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის მიმართ ინტერესის აღძვრა / პროვოცირება პრობლემის იდენტიფიცირებით.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გადანაწილებულნი არიან 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვთავაზობ არასტრუქტურირებული პრობლემური სიტუაციის[1] შემცველ დავალებას. ვთხოვ, მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება. ჯგუფიდან თითო მოსწავლე დაასახელებს პრობლემას.

აქტივობა N 3        5 წთ.

წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებენ აუტოსომურსა და სასქესო ქრომოსომებს. აუტოსომურ ქრომოსომებში ლოკალიზებულ გენთა დამემკვიდრებას.

აქტივობის აღწერა: კითხვა-პასუხის მეთოდით წინარე მასალის შეჯამება მთელ კლასთან. პარალელურად შესაბამისი კომენტარების დატანა ფლიფჩარტზე. აქცენტს ვსვამ მდედრი და მამრი ადამიანის ქრომოსომული კომპლექტზე, ვწერ დაფაზე; მოსწავლეები განასხვავებენ ერთმანეთისგან და მსჯელობენ.

აქტივობა N 4        10 წთ.

ახალი მასალის წარდგენა ინტერაქტიული მიდგომით მთელ კლასთან

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ჰემოფილიას, როგორც სქესთან შეჭიდული გენით განპირობებულ დაავადებას და შეისწავლიან, თუ როგორ მემკვიდრეობს აღნიშნული გენი მდედრობითი და მამრობითი სქესის შთამომავლებში.

აქტივობის აღწერა: ვაზუსტებ, რომ ამ დრომდე შესწავლილი ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი გენები აუტოსომურ ქრომოსომებშია ლოკალიზებული და ვაცნობ, რომ არსებობს ნიშან-თვისებები, რომელთა განმსაზღვრელი გენები სასქესო ქრომოსომებშია ლოკალიზებული და ისინი განსხვავებულად მკვიდრდება სხვადასხვა სქესის შთამომავლებში, მაგალითად,  დაავადება ჰემოფილია. შემომაქვს მისი აღმნიშვნელი სიმბოლო, მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ფლიფჩარტზე ვწერთ დაავადებული, ჯანმრთელი და ჰემოფილიის მატარებელი გენის მქონე ქალის გენოტიპებს, ასევე, დაავადებული და ჯანმრთელი მამაკაცის გენოტიპებს. ვთავაზობ ამოცანას – ჰემოფილიით დაავადებული ქალი ცოლად გაჰყვა ჯანმრთელ მამაკაცს. მოსწავლეთა დახმარებით ვადგენთ შეჯვარების სქემას. მიღებულ შედეგებს ვაანალიზებთ.

აქტივობა N 5        15 წთ.

აქტივობა 2-ში განხილული პრობლემის ანალიზი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნის ფორმულირება და რეკომენდაცია.

აქტივობის მიზანი: სქესთან შეჭიდული ნიშან-თვისების დამემკვიდრების პრინციპების გათვალისწინებით სიტუაციაში მოყვანილი ინდივიდების გენოტიპების დადგენა, შეჯვარების სქემების საფუძველზე პრობლემის სიღრმისეული ანალიზი და დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმულირება.

აქტივობის აღწერა: ინდივიდუალურად ვურიგებ პრობლემური სიტუაციის შემცველ ბარათებს[2]. მოსწავლეები მუშაობენ დავალებაში გაწერილი ინსტრუქციების მიხედვით.

აქტივობა N 6       10 წთ.

შეფასება: გამოსაძახებელი ჩხირებით შევარჩევ ორ მოსწავლეს და თითოეულ მათგანს შევაფასებ პენდელტონის მეთოდით, რომელიც ერთობლივად მოიცავს თვითშეფასებას, ურთიერთშეფასებასა და მასწავლებლის შეფასებას. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრის სიღრმისეული შეფასება.

გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016);
  2. ზაალიშვილი ნ., იოსებაშვილი ნ. (2013) ბიოლოგია. მე-11 კლასი. გამომცემლობა „ტრიასი“.

დანართი 1.

სამუშაო ფურცელი N1

ჰემოფილია X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული დაავადებაა, რომელიც დედის ხაზით გადაეცემა. აღნიშნულის შესახებ მიუთითებდნენ თალმუდში, სადაც წერია: „თუ ერთ დედას ორი ვაჟი დაეღუპა წინდაცვეთით, მაშინ მესამე ვაჟი წინდაცვეთისგან გათავისუფლებულია“.

თალმუდში მითითებულია აგრეთვე იმ ახალშობილი ვაჟების წინდაცვეთის საშიშროებაზე, რომელთა ახლო ნათესავებს წინდაცვეთისას სისხლდენა ჰქონდათ.

გთხოვთ, განიხილეთ მოცემული რეალობა და უპასუხეთ შეკითხვას:

რა პრობლემას ხედავთ აღნიშნულ სიტუაციაში?

დანართი 2.

სამუშაო ფურცელი  N 2

ჰემოფილია X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული დაავადებაა, რომელიც დედის ხაზით გადაეცემა. აღნიშნულის შესახებ მიუთითებდნენ თალმუდში, სადაც წერია: „თუ ერთ დედას ორი ვაჟი დაეღუპა წინდაცვეთით, მაშინ მესამე ვაჟი წინდაცვეთისგან გათავისუფლებულია“.

 

თალმუდში მითითებულია აგრეთვე იმ ახალშობილი ვაჟების წინდაცვეთის საშიშროებაზე, რომელთა ახლო ნათესავებს წინდაცვეთისას ჰქონდათ სისხლდენა.

 

გთხოვთ, განიხილეთ მოცემული სიტუაცია.

შეადგინეთ შეჯვარების სქემები.

უპასუხეთ შეკითხვებს:

  1. რომელ ქრომოსომაშია ლოკალიზებული ჰემოფილიის განმსაზღვრელი გენი?
  2. იქნება თუ არა მესამე ვაჟი გათავისუფლებული წინდაცვეთისგან, თუ ის ქალს სხვა ქმრისგან ეყოლა?
  3. რომელი ახლო ნათესავები იგულისხმება თალმუდში გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით?
  4. როგორ გადაჭრიდით დასმულ პრობლემას?
  5. გაეცით რეკომენდაცია, რომელსაც წყვილი ქორწინებამდე გაითვალისწინებს.

ბერლინის ბლოკადა და მისი გმირები

0

„ცივ ომზე“ მსჯელობისას უმრავლესობას პირველად ბერლინის კედლის მშნებელობა და დანგრევა ახსენდება. თუმცა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება საშინელი ბარიერის აღმართვამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

1948 წლის ივნისში საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ძალებს შორის ვითარება სერიოზულად გამწვავდა. გამარჯვებულებს შორის საჯილდაო ქვად დასავლეთ ბერლინი იქცა. დასავლეთ ბერლინი მსოფლიოში უნიკალური ადგილი გახლდათ. ვლადივოსტოკიდან საქსონიამდე გადაჭიმულ დიდ „წითელ ოკეანეში“ გერმანიის დედაქალაქის ნაწილი მიწის ერთადერთი ნაგლეჯი იყო, სადაც საბჭოთა ხელისუფლება არ ვრცელდებოდა. დასავლეთ ბერლინი მთლიანად „წითელი არმიის“ ქვედანაყოფების ალყაში იყო მოქცეული, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა კომუნისტური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. ბუნებრივია, ძველი ქალაქის თავისუფალი ნაწილი ყელში ეჩხირებოდა სტალინს. მას სურდა, რომ სსრკ-ის კონტროლის ქვეშ მოქცეულ გერმანულ მიწებზე სასწრაფოდ დაეწყო მოსკოვის მიერ კონტროლირებული, საბჭოთა ყაიდის რეჟიმის მშენებლობა.

დასავლეთს თავისი მიზნები ჰქონდა. არც ატლანტიკური ბანაკი აპირებდა ბერლინისა და გერმანიის რუსებისათვის დათმობას. აქედან გამომდინარე, აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მალევე გააერთიანეს თავიანთი საოკუპაციო ზონები. ზონების გაერთიანების, ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულების პროცესის გააქტიურება კი საერთო სავალუტო სივრცის შექმნით გადაწყვიტეს. 1948 წელს მთელს დასავლეთ გერმანიაში და ბერლინის თავისუფალ ნაწილში ატლანტიკური ქვეყნების ხელშეწყობით საერთო ვალუტამ, მარკამ დაიწყო მიმოქცევა. ბერლინის ნაწილის მარკაზე უმტკივნეულოდ გადასვლა, დასავლური მარკის მყარი კურსი საბჭოთა კავშირის მიერ დედაქალაქის სრულად „გაწითლების“ იდეას საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, კომპარტიის ლიდერებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს. მათ დატოვეს ომში გამარჯვებულების მიერ ჩამოყალიბებული საკონტროლო საბჭო. ივნისის მიწურულს კი მოულოდნელად, „ტექნიკური მიზეზების“ გამო შეწყდა დასავლეთ ბერლინში ტვირთების სარკინიგზო ხაზით გადაადგილება, საავტომობილო მიმოსვლა, ქალაქის არასაბჭოთა ნაწილს გაეთიშა ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება. ბოლოს მდინარეების ჩახერგვაზეც გადავიდნენ.

1948 წლის ივნისში ორ მილიონზე მეტი ადამიანი სრულ ბლოკადაში აღმოჩნდა. გასათვალისწინებელია, რომ 1940-იან წლებში გერმანელებს მსოფლიო მაინცდამაინც დიდი კეთილგანწყობით არ ეპყრობოდა. სულ რამდენიმე წლის წინ ბერლინის ალყაში მოქცეული მოქალაქეები ფრანგებისთვის, ამერიკელებისა და ბრიტანელებისთვის დაუძინებელ მტრებად აღიქმებოდნენ. დასავლეთისათვის ბერლინელებსაც მიუძღვოდათ წვლილი ნაცისტური უბედურების დატრიალებაში. საბჭოთა მოხელეები ფიქრობდნენ, რომ მათი მოწინააღმდეგეები დიდად თავს არ შეიწუხებდნენ „ორი მილიონი ყოფილი ნაცისტის“ გადარჩენისთვის. ამასთანავე, მარაგების გარეშე დარჩენილი ქალაქის ნაწილის გადარჩენა წარმოუდგენელ ლოჯისტიკურ ამოცანად მიაჩნდათ.

ბლოკადის შედეგად ქალაქის დასავლურ ნაწილში მალევე თავი იჩინა საკვების, წყლის დეფიციტმა. ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვის შედეგად მუშაობა შეაჩერა თითქმის ყველა დიდმა დაწესებულებამ. ადამიანები უმუშევრად დარჩნენ, დაკარგეს შემოსავლის წყარო. ქალაქის გადასარჩენად დასავლეთმა საჰაერო ხიდის ორგანიზება მოახერხა.

ბერლინის საჰაერო ხიდი ნამდვილი სასწაული გახლდათ. ტემპელჰოფის აეროპორტში დღეში საშუალოდ 2 000 ტონა ტვირთი შემოდიოდა. 1949 წლის აპრილში პილოტებმა რეკორდი მოხსნეს და 24 საათის განმავლობაში დასავლეთ ბერლინის მიმართულებით 1400 რეისი განახორციელეს. სისტემა იმდენად დახვეწილად იყო ორგანიზებული, რომ აეროპორტში სამ წუთში ერთი თვითფრინავი ჯდებოდა, ხომალდი კი მიწაზე მხოლოდ ნახევარი საათით ჩერდებოდა, რაც ბარგის ცამოცლისთვის სრულიად საკმარისი გახლდათ. მიუხედავად საჰაერო ხიდის მონაწილეების თავდაუზოგავი შრომისა, რამდენიმე მილიონი ადამიანის სრულყოფილად მომარაგება მაინც წარმოუდგენელი გახლდათ, ბერლინელებს მაინც უმძიმეს მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება.

მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული და გამარჯვებული ხალხების სოლიდარობის შესანიშნავ გამოვლინებად მიიჩნევენ ტეგელის აეროპორტს, რომელიც საჰაერო ხიდის მუშაობის გასაუმჯობესებლად სულ რაღაც 90 დღეში აიგო.

მძიმე დროში ადამიანებს ერთმანეთისათვის სიხარულის მინიჭებაც არ ავიწყდებოდათ. გაილ ჰალვარსონს, ამერიკელ პილოტს მიაწერენ ბერლინის საჰაერო ხიდის ყველაზე საყვარელ და ტკბილ გამოგონებას. ხელსახოცებისგან დამზადებული პარაშუტებით ამერიკელი მფრინავები ბერლინელ ბავშვებს პირველად საგნებთან ერთად შოკოლადებსა და ტკბილეულობას უგზავნდიდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქელებმა თავიანთ ტერიტორიაზე ერთი მოუხვნელი მიწის ნაგლეჯიც არ დატოვეს. მათ საკვების მოყვანა პირდაპირ პარკებსა და ქუჩის კიდეებში დაიწყეს.

ამერიკელებისა და ბრიტანელების დაუჯერებელი თავგანწირვის, დასავლეთ ბერლინელების შეუდარებელი გამძლეობის, არაჩეულებრივიად ორგანიზებული სოლიდარობის ქსელის მიუხედავად, საბჭოთა კავშირი უკან დახევას არ აპირებდა. მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა ბერლინელებისა და დასავლური ბანაკის ბოლომდე გასატეხად. მუდმივი სამხედრო მანევრებით, ბომბდამშენებისა და ტანკების დემონსტრაციული გადაადგილებით, მოსკოვი ცეცხლზე ნავთს ასხამდა და მესამე მსოფლიო ომის რისკს ამძაფრებდა. თუმცა, როგორც მაშინდელი გერმანული პრესა წერდა რუსებს უმთავრესად მოწინავე გენერლის იმედი ჰქონდათ. მოწინავე გენერალმა მოაგებინა მათ ბრძოლა ნაპოლეონთანაც და ჰიტლერთანაც, და მას სახელად ზამთარი ერქვა.

1948-1949 წლების ზამთარი კატასტროფული აღმოჩნდა ბერლინელებისათვის. სიცივემ და ყინვამ ყველა ოჯახის კარზე დააკაკუნა. ადგილობრივებს მრავალწლიანი ხეების გაჩეხვა, სკვერებისა და პარკების განადგურება უწევდათ, რათა დროებით მაინც გამთბარიყვნენ. პილოტებმა ციდან შოკოლადთან ერთად ქვანახშირის ნატეხების გადმოყრაც დაიწყეს. ბავშვებისთვის ღუმელში შესაგდებ პატარა შავ ქვას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე სანუკვარ ნუგბარს. ბერლინს ვერც თეთრი გენერალი მოერია.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები ხშირად ჩიხში შედიოდა. გენერლები და დიპლომატები ფიქრობდნენ, რომ ბერლინელთა გარეშე შეეძლოთ მათი ბედის გადაწყვეტა და მათი მომავლით ვაჭრობა. საბჭოელები კვლავ მოელოდნენ, რომ ქალაქის ბლოკირებული ნაწილიდან ხალხი აღმოსავლეთში გამოქცევას დაიწყებდა. თუმცა, ბერლინელები მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდნენ. ბლოკადის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რაიხტაგთან სამასი ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათი სულისკვეთება შესანიშნავად გამოხატა ისტორიული სიტყვით გამოსულმა ქალაქის მერმა, ერნსტ როიტერმა:

„თქვენ, მსოფლიოს ხალხებო! ადამიანებო, რომლებიც ცხოვრობთ ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში … შეხედეთ ამ ქალაქს და გააცნობიერეთ – თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენ ვალდებულნი ხართ არ გაწიროთ ეს ქალაქი! ჩვენ ყველას მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვაქვს: იმდენ ხანს უნდა ვიდგეთ ერთად, სანამ ბრძოლას გამარჯვებით არ დავასრულებთ, სანამ აღნიშნული ბრძოლა ჩვენს მტრებზე, სიბნელის ძალაუფლებაზე გამარჯვებით არ აღიბეჭდება!“.

ლეგენდარული მერის სიტყვები გამართლდა, 1949 წლის მაისში ბერლინის ბლოკადა დასრულდა და ქალაქის ნაწილი გაერთიანდებამდე დარჩა თავისუფალი გერმანიის შემადგენლობაში.

ბერლინის ბლოკადის გმირებად კი სამართლიანად მიიჩნევენ ორ მილოონ მოქალაქესა და კიდევ რამდენიმე ასეულ მფრინავს.

დიალოგის პრობლემა “მამებსა“ და „შვილებს“ შორის

0

რამდენიმე კვირის წინ ავტობუსით მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო სცენის მოწმე და უნებლიე მონაწილეც გავხდი.  „რას ჰგავს, რა აცვია, ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავს?“,  – აღშფოთებას ვერ მალავდა ჩემს გვერდით მჯდომი ხანდაზმული ქალბატონი იქვე, შორიახლოს მდგომი, „დახეული ჯინსის“ შარვალში გამოწყობილი გოგონას ჩაცმულობის გამო. მე შეწუხებულმა გავხედე მოჩხუბარ ქალბატონს, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობდა და მგზავრების ყურადღებას იპყრობდა. როგორც ჩანს, ჩემს მზერაში მან რაღაც ისეთი დაიჭირა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და მთელი თავისი აგრესია ამჯერად ჩემკენ მომართა. „რას მიყურებთ, ძალიან მოგწონთ ეს „დაფლეთილი“ შარვალი? სულ ჩვენი ბრალია ყველაფერი, ზედმეტ თავისუფლებას ვანიჭებთ ბავშვებს“! – არ ცხრებოდა გოგონას ჩაცმულობით გაღიზიანებული ქალბატონი. „თუკი მას თავად მოსწონს ასეთი ტანსაცმელი, ჩაიცვას, რა დაშავდება ამით?“, – მორიდებით და დიდი სიფრთხილით  შევეცადე ქალბატონის დამშვიდებას. „როგორ თუ რა დაშავდება, ჩაცმის კულტურას კარგავს ახალგაზრდობა!“, – თავის პოზიციას კვლავ მტკიცედ იცავდა ახალგაზრდობაზე განაწყენებული ხანდაზმული ქალბატონი. „თქვენს ახალგაზრდობაში უფროსი თაობა თუ იწონებდა ახალგაზრდების ჩაცმულობას?“, – ახლა უკვე მე აღარ ვეშვებოდი აფორიაქებულ „მეზობელს“. ქალბატონი ცოტა ხნით გაჩუმდა, სახეზე ღიმილმა „გადაუარა“, როგორც ჩანს, ფიქრებით შორეულ წარსულში, თავის ახალგაზრდობაში „გადავარდა“. „იცით, პირველად შარვალი რომ ჩავიცვი, მამაჩემმა კინაღამ სახლიდან გამაგდო, მოკლე კაბა კი ნაკუწებად მიქცია, თან მეჩხუბებოდა, შენ ჩემი შერცხვენა გინდაო“, – ახალგაზრდობის გახსენებამ ცოტა გაახალისა და მორიდებით გამანდო თავისი „საიდუმლო“. შემდეგ კვლავ ფიქრებში „ჩაიძირა“ და ავტობუსიდან ისე ჩავიდა ხმა აღარ ამოუღია. ჩასვლისას ერთხელ კიდევ გადახედა გოგონას, რომლის ჩაცმულობამაც მისი ასეთი უკმაყოფილება გამოიწვია, ხელი ჩაიქნია და უსიტყვოდ დაგვცილდა.

თაობათა შორის ურთიერთობის პრობლემა არსებობდა ყოველთვის, რაც არსებობს კაცობრიობა. დიალოგის პრობლემა „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც არ კარგავს თავის აქტუალურობას.

თაობათა შორის კონფლიქტების ძირითადი მიზეზები:

  • თითოეული თაობა ცხოვრობს გარკვეულ დროში, გარკვეულ ეპოქაში, საზოგადოების განვითარების გარკვეულ პერიოდში და ყოველ მათგანს აქვს პრინციპებისა და ღირებულებების საკუთარი სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და მზად არის დაიცვას ის, განურჩევლად იმისა მოსაწონი და მისაღებია თუ არა ეს ღირებულებები, ფასეულობები და პრინციპები უფროსი თაობისთვის;
  • ახალგაზრდა თაობის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა და უფროსების შიში, რომ ხელიდან არ გაუშვან მოზარდის ქცევის მართვის სადავეები. იღებენ რა საკუთარი მშობლებისა და ოჯახის სხვა უფროსი წევრებისაგან ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მოზარდები ამავდროულად მიისწრაფიან განთავისუფლდნენ უფროსების ზეწოლისაგან, უარყონ ყველაფერი, რასაც ისინი სთავაზობენ და საკუთარი ცხოვრება მოაწყონ სხვაგვარად, ისე, როგორც მათ სურთ. ახალგაზრდა ადამიანები, როგორც წესი, საკუთარ თავს საკმარისად დიდებად თვლიან იმისათვის, რომ საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, მაგრამ მშობლებისათვის შვილები ყოველთვის პატარა, გამოუცდელ ბავშვებად რჩებიან, რომლებიც, მათი აზრით, მუდმივად საჭიროებენ ზრუნვასა და საზოგადოების უარყოფითი გავლენისაგან დაცვას. ეს, ბუნებრივია, სერიოზულ კონფლიქტებს ბადებს თაობათა შორის, რამდენადაც ახალგაზრდებს სურვილი აქვთ, რომ დამოუკიდებლად, თავად გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღონ;
  • ცხოვრების განსხვავებული რიტმი – თანამედროვე სკოლამდელს, რომ აღარაფერი ვთქვათ უფროსკლასელსა და სტუდენტზე, ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია იმდენი შთაბეჭდილების მიღება და იმდენი რამის განცდა, რასაც მათი მშობლები თავის ბავშვობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მოახერხებდნენ. ისინი ამ რიტმით ცხოვრობენ, მათი ცხოვრება უფრო მეტად არის სავსე და დატვირთული ინფორმაციით. თანამედროვე ბავშვების ყოფა სხვანაირად არის ორგანიზებული, მათ გაცილებით უფრო უჭირთ ლოდინი, ვიდრე უფროს თაობას;
  • თანამედროვე ბავშვები ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ისინი ცხოვრობენ შეცვლილი ღირებულებებისა და ნორმების სამყაროში, რაც მათ ქცევაზეც აისახება და რაც ასევე უფროსების სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი ხდება;
  • ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში. დღევანდელ ბავშვს გაცილებით მეტი ცოდნა და მეტი უნარ-ჩვევების დაუფლება ესაჭიროება, ვიდრე ოცდაათი წლის წინანდელ ბავშვს. სამყარო იცვლება ყოველდღიურად, უფროსების შეხედულებები კი ხშირად კონსერვატული რჩება, რაც გავლენას ახდენს თაობათა შორის ურთიერთობაზე და ურთიერთგაგებაზე.

     რეკომენდაციები თაობათა შორის დაძაბულობის შესასუსტებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ თაობათა შორის ურთიერთობები არასოდეს და არსად არ არის სწორხაზოვანი. ამასთან, მართალია ის უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს, მაგრამ დაძაბულობის შესუსტება მაინც შეიძლება;
  • ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს ბავშვს სხვა გარემოში უწევს ცხოვრება, არსებობა და მისი ქცევა ხშირად სწორედ ამ გარემოდან წამოსული მოთხოვნებით არის ნაკარნახევი. არ იქნება გამართლებული დღევანდელი ბავშვი 30-40 წლის წინანდელ ბავშვს შევადაროთ და იგივე მოთხოვნები წავუყენოთ, რასაც იმ პერიოდში უყენებდნენ. დღეს ხშირად ვსაყვედურობთ ახალგაზრდებს, რომ ისინი ზედმეტად არიან გატაცებული კომპიუტერული ტექნიკით და წიგნი საერთოდ დაივიწყეს. საინტერესოა, ჩვენს ბავშვობაში საინფორმაციო ტექნოლოგიები რომ ასე განვითარებული ყოფილიყო, როგორც დღეს არის, შევძლებდით გაგვეძლო ცდუნებისთვის, რომ კომპიუტერისკენ არ გაგვეხედა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში ზრდასრული ადამიანები ხშირად ახალგაზრდებზე მეტადაც კი არიან  გატაცებული სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშებით, ვფიქრობ, თავის ბავშვობაში ისინი კომპიუტერისგან განზე გადგომას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ;
  • შევეცადოთ, გავათავისუფლოთ ახალგაზრდა ზედმეტი მეურვეობისაგან და მივცეთ მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება. რა თქმა უნდა, მან შეიძლება მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, შეცდომაც დაუშვას, მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ დიდწილად სწორედ შეცდომების წყალობით იძენს ახალგაზრდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას;
  • შევეცადოთ გამოვიჩინოთ სიფრთხილე ახალგაზრდებთან ურთიერთობისას და მათთან საუბრისას. მოვერიდოთ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „სულ სხვანაირი ახალგაზრდობა მოდის, არაფრის გაკეთება არ უნდათ, არაფერი აინტერესებთ“, „დღევანდელი ახალგაზრდობა ისეთი განათლებული და წიგნიერი არ არის, როგორც ჩვენ ვიყავით“. ასეთი ფრაზები და შეფასებები მხოლოდ გაამწვავებს და დაძაბავს ურთიერთობას;
  • გვახსოვდეს, რომ მართალია, ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი მშობლები და ახლობლები, მაგრამ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა, გადაწყვიტონ ამოცანები, პრობლემები თავიანთი მეთოდებით და იცხოვრონ საკუთარი ინტერესებითა და მისწრაფებებით, მაშინაც კი, თუ ისინი უფროსებისთვის მიუღებელია.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი დაბერებას მაშინ იწყებს, როცა ახალგაზრდა თაობას საყვედურობს, ლანძღავს და მის მოქმედებას, ინტერესებს, ღირებულებებს და ფასეულობებს იწუნებს. შევეცადოთ გავუგოთ ახალგაზრდებს და ეს ჩვენთვის ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნების სერიოზული გარანტია იქნება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

18.10.2019.

 

 

კლასის დამრიგებლისთვის

0

კლასის დამრიგებლის დავიწყება შეუძლებელია, ის პირველი მასწავლებელივითაა – სულ გვახსოვს, რა საგანს ასწავლიდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს მშობლებთან, თავის კოლეგებთან და, რაც მთავარია, მხოლოდ კლასის ორგანიზატორის ფუნქციას კი არ ითავსებდა, არამედ, ზოგ ბედნიერ შემთხვევაში, დედობაც გაუწევია ბავშვებისთვის ან ის მაინც შესძლებია, კლასი ერთ გუნდად, ერთ მუშტად შეეკრა.

თუ გსურთ, იდეალთან მიახლოებული კლასის დამრიგებელი იყოთ, ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინეთ:

საკლასო ოთახში ატმოსფეროსა და ბავშვების გაცნობის შესახებ

  1. კლასის დამრიგებელი გამუდმებით ლუპის ქვეშაა – მას ბავშვებიც აკვირდებიან და ზრდასრულებიც. ბავშვებს კი, ლაკმუსის ქაღალდივით, მარტივად შეუძლიათ სიცრუის ამოცნობა. როგორც კი კლასის დამრიგებელი ეცდება, მოსწავლეებს რამე დაუმალოს ან მოატყუოს, ისინი ამას მაშინვე იგრძნობენ და სამომავლოდ ეს გაართულებს კლასთან ურთიერთობას. ბავშვების ნდობის დაბრუნება ძალიან ძნელია.
  2. კლასის დამრიგებელი, გარდა იმისა, რომ ასწავლის და კლასში არსებულ ზოგად მდგომარეობას აკონტროლებს, ასევე პასუხისმგებელია კლასში არსებულ მიკროკლიმატზეც და ეს ეხება არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც. მათ გარეშე ხეირიანად ვერაფერი გაკეთდება: თუ დედებისა და მამების მხარდაჭერა არ იქნა, კლასში არსებული ატმოსფერო ვერ ივარგებს. ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.
  3. მოზარდი ასაკი სახადივითაა – უნდა „გადააგორო“. მიზანშეწონილია, ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი დილიდან საღამომდე დაკავებული იყოს. საზოგადოდ, კლასის დამრიგებელი კარგად უნდა იცნობდეს ასაკობრივ მახასიათებლებს. თანაც, დამრიგებლის როლი სკოლაში ყოველწლიურად იცვლება, ბავშვებიც იზრდებიან. იმისთვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ კარგად იგრძნოს თავი, დამრიგებელმა უნდა შექმნას ერთგვარი ოჯახური ატმოსფერო როგორც დაბალ, ისე მაღალ კლასებში.
  4. ბავშვებთან პირველი შეხვედრისას კლასის დამრიგებელი ჩვეულებრივ ემზადება გაკვეთილისთვის. ნაკლებად რომ ინერვიულოს, უნდა გაწეროს შეხვედრის გეგმა. თუ კლასს ახალი მოსწავლეები შეემატა, აუცილებლად უნდა გააცნოს დანარჩენ ბავშვებს. პირველი შთაბეჭდილება მყარია და ხანგრძლივი, ამიტომ ახალი მოსწავლის გაცნობის დროს უარყოფითი ემოცია არ უნდა იგრძნობოდეს, მასწავლებლის ხმის ტემბრშიც კი.
  5. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს. დიახ, ეს ათასჯერ გვსმენია, მაგრამ როდესაც გვიყვარს, ბავშვებიც სიყვარულით გვპასუხობენ. სიკეთისა და პასუხისმგებლობის შესახებ ხომ ყველაფერი ნათელია: ადამიანი, რომელსაც ბავშვები უყვარს, არ შეიძლება ბოროტი იყოს. ასევე, ყველაფერი ნათელია ყვირილისა და დამცირების შესახებაც – ეს სრულიად დაუშვებელია.

მშობლებთან ურთიერთობის შესახებ

  1. მშობლებთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ბავშვებთან. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ მხოლოდ მათი აზრია მართებული. ხშირად კლასის დამრიგებელზე ასაკითაც უფროსები არიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი უმეტესობა სკოლაში არ მუშაობს და პედაგოგიკა არ უსწავლია.
  2. კლასის დამრიგებელმა მშობელთა კრებაზე პიროვნულ კონტექსტში არაფერი უნდა განიხილოს. მარტივი სათქმელია: „აი, დუმბაძე საერთოდ არ სწავლობს, რა ვუყო?“ ამ საჯარო შერცხვენის შემდეგ დუმბაძის მშობელი, სავარაუდოდ, ათას მიზეზს მოიგონებს და აღარ მოისურვებს კრებაზე დასწრებას. თუ გსურთ, მშობლის ყურადღება პრობლემას მიაპყროთ, პირისპირ ესაუბრეთ.
  3. საჯაროდ ბავშვის ქება აუცილებელია: ამას ყოველთვის დადებითი შედეგი მოჰყვება. თუ ბავშვის გვარმა რომელიმე ჩამონათვალში არ გაიჟღერა, მშობლები უნებურად დაფიქრდებიან და ეცდებიან, გაარკვიონ შვილთან, რატომ არ მონაწილეობდა ის ამა თუ იმ აქტივობაში.
  4. მშობლები ყოველთვის ფარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს. საკუთარი შვილი ყველას საუკეთესო ჰგონია. უნდა ავუხსნათ, რომ ყოვლისმომცველი ზრუნვით შორს ვერ წავლენ.
  5. მშობელთა კრება კარგია. რა თქმა უნდა, ამაზე უზარმაზარი ენერგია იხარჯება, რადგან დამრიგებელი ურთიერთობს ზრდასრულებთან, რომლებსაც საკუთარი, განსხვავებული შეხედულებები აქვთ. დამრიგებელი უნდა ეცადოს, აუხსნას მშობლებს, რომ კლასიც ოჯახივითაა. ამიტომ თუ დათუნას რამე პრობლემა აქვს, საჭიროების შემთხვევაში მას კლასიც თანაუგრძნობს, ჭირსა თუ ლხინში მის გვერდით იქნება.
  6. მშობლებს შეუძლიათ, კლასის დამრიგებელს სხვადასხვა პრობლემა გაუზიარონ. ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე საუბართან ერთად, ზოგჯერ მოულოდნელად ჰკითხავენ, მოსწონს თუ არა მათი შვილის ახალი შარვალი, შესაფერისია თუ არა ის ამა თუ იმ ღონისძიებისთვის. მასწავლებელი ასეთი კითხვებისთვის მზად უნდა იყოს, მოიკრიბოს მოთმინება და გაუგოს. შეუძლია, შეუქოს მშობელს მზრუნველობა, მერე კი დელიკატურად მიანიშნოს, რომ ბავშვის ჩაცმულობა მათი საქმეა.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და ბულინგის შესახებ

  1. კლასის დამრიგებელმა უნდა იცოდეს, როგორია თითოეული ბავშვი, როგორი ხასიათი აქვს, რა უნარ-ჩვევები, რა თვისებები. მაგალითად, თუ მოსწავლე დინჯია, მან უნდა აუხსნას სხვა მასწავლებლებს, რომ ამ ბავშვს მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდება და ეს არ არის ტრაგედია.
  2. თუ ბავშვი ბულინგს შეეჯახა, ჯერ თავად ეცდება სიატუაციის გამოსწორებას, მაგრამ დამრიგებელმა კლასს თავიდანვე უნდა აუხსნას, რომ ამ შემთხვევაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფროსებთან კონტაქტია. დამრიგებლის ერთ-ერთი მოვალეობაა კლასში მიკროკლიმატის შეგრძნება, საეჭვო და შემაშფოთებელი სიგნალების დაჭერა. როგორც წესი, ბავშვებს ბოდიშის მოხდაც უჭირთ. ამ დროს მასწავლებელმა მათი შერიგებისთვის სწორი სიტყვები უნდა გამონახოს.
  3. სკოლას თავისი წესები აქვს, ყველა წესი გაწერილია. ბავშვებისათვის წესების ახსნა მარტივად და გასაგებად შეიძლება ნაკლებად მოსაწყენი, მაგალითად, თამაშის გზით. ან დაუსვით კითხვა: „რა მოხდება, თუ ასე მოიქცევი?“ – ისინი ადვილად უპასუხებენ ამ კითხვას.
  4. თითოეულ კლასში არიან ბავშვები, რომლებსაც არავინ უსმენს. მათ უბრალოდ ვერ ამჩნევენ. თითოეულ ასეთ ბავშვს, ეჭვგარეშეა, აქვს რაიმე ნიჭი: კარგად ხატავს ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, ან იქნებ უბრალოდ ფეხბურთის ყურება იტაცებს. ეს ნიჭი უნდა ვიპოვოთ და ვეცადოთ მის რეალიზებას სასკოლო ცხოვრების ფარგლებში. თუ ბავშვი კარგად უკრავს ვიოლინოზე, აჩვენეთ სხვებს ეს რაიმე ღონისძიების დროს. უთხარით მორცხვ მოსწავლეს, რომ მის დაუხმარებლად არაფერი გამოგივათ. გარკვეული ხნის შემდეგ ის უფრო თავდაჯერებული გახდება.

პირადი დროისა და ბავშვების თავისუფალი დროის პატივისცემის შესახებ

  1. კლასის დამრიგებელი 24 საათის განმავლობაში არ მუშაობს. მას აქვს პირადი ცხოვრება, მან უნდა მიხედოს თავს, ოჯახს, მეგობრებს. მასწავლებლისთვის ეს არის აღდგენის მნიშვნელოვანი პერიოდი. შეუსვენებლად მუშაობა საზიანოა. თუ ადამიანს არ აქვს დრო, რომ ძალები აღიდგინოს, მისი პროდუქტიულობა დაიკლებს. ასეა მოსწავლეების შემთხვევაშიც.
  2. კლასის დამრიგებელმა ბავშვებთან თავისუფალი დრო მხოლოდ მაშინ უნდა გაატაროს, თუ ეს ყველას სიამოვნებს. იგივე ითქმის დღესასწაულსა თუ სხვა ღონისძიებებზე. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ კლასის დამრიგებელს აქვს თავისუფალი დროის გამოყენების უფლება. მასწავლებელსაც უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ბავშვებისთვის განკუთვნილი უქმე დღეები. ბავშვებიც ხომ წლის განმავლობაში ცოტას ურთიერთობენ თავიანთ მშობლებთან. ამიტომ არ არის აუცილებელი ექსკურსიის სავალდებულო აქტად გადაქცევა.
  3. ბავშვებს სჭირდებათ ნდობა. ისინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაპირებებს, როდესაც იძულებულნი არიან, გააკეთონ რაღაც ისეთი, არ მოსწონთ. თუ ბავშვს მთელი კლასის წინ შეურაცხყოფთ და იტყვით, რომ ის არაკეთილსინდისიერია, შემდეგში ის ვეღარაფერს გააკეთებს. გულშემატკივრობა და დახმარება გაცილებით შედეგიანია.

სითხის და აირის წნევა. პასკალის კანონი

0

სხეულის მიერ საყრდენზე წარმოქმნილ წნევას ჩვენ უკვე გავეცანით. საინტერესოა, სითხე ან აირი წარმოქმნის თუ არა წნევას? თუ – კი, რაზე, ან რა განსაზღვრავს  ამ წნევას? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ისევ და ისევ სითხის ან აირის შემადგენლობა უნდა გავიხსენოთ. სითხიდან დავიწყოთ: სითხის ნაწილაკები ერთმანეთთან მჭიდროდ, თუმცა უწესრიგოდაა განლაგებული. მათ შორის არსებული მანძილი კი გარკვეულწილად ურთიერთქმედების ხარისხსაც განსაზღვრავს. როგორც გვახსოვს, სწორედ სითხის ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება – მიზიდვა და განზიდვა განაპირობებს იმას, რომ თხევად სხეულებს (ჭიქაში ჩასხმული წყალი, ზეთის წვეთი და ა.შ) აქვს მოცულობა, მაგრამ არ აქვს საკუთარი ფორმა. იგი იმ ჭურჭლის ფორმას იღებს, რომელშიც ჩავასხამთ. ეს თვისება სითხის უმნიშვნელოვანესი თვისებაა და მას დენადობას უწოდებენ.

სხვადასხვა სითხეს დენადობა სხვადასხვაგვარი აქვს. მართლაც, თაფლის და წყლის დენადობა განსხვავებულია. რა განაპირობებს ამ განსხვავებულობას? აღმოჩნდა, რომ სითხის მოძრაობისას სითხის მეზობელი ფენები ერთმანეთს ეხახუნება. ამ მოვლენას შინაგანი ხახუნი ეწოდება. გასაგებია, რომ იმ ნივთიერებებს, რომლებსაც დიდი შინაგანი ხახუნი გააჩნია, დენადობა მცირე აქვს და მათ ბლანტ სითხეს უწოდებენ. ბლანტი სითხეებია თაფლი, გლიცერინი, საპოხი ზეთი და ა.შ.

ნახ.1

სურ.1-ზე წარმოდგენილი ნივთიერებების სიბლანტე მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება და როგორც ვხედავთ, რაც უფრო ბლანტია ნივთიერება, მით უფრო დიდი ბურცობი წარმოიქმნება  ჭიქაში სითხის ჩასხმისას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ეს სიმრუდე ქრება და სითხის თავისუფალი ზედაპირი ჰორიზონტალური ხდება.

დადგენილია, რომ სითხის თავისუფალი ზედაპირი ყოველთვის მასზე მოქმედი ძალების მართობულია. პატარა ლამბაქზე დასხმული წყლის ნაწილებზე მოქმედი სიმძიმის ძალები ერთმანეთის პარალელურია, ამიტომ წყლის თავისუფალი ზედაპირი ჰორიზონტალურია. ზღვის ან ოკეანის თავისუფალი ზედაპირი კი ვერ იქნება ჰორიზონტალური, რადგან დედამიწის სიმრუდის გამო წყლის სხვადასხვა ნაწილზე მოქმედი სიმძიმის ძალები ერთმანეთის პარალელური აღარ არის. ამდენად,  ზღვის ან ოკეანის  თავისუფალი ზედაპირი სფერულ ფორმას იღებს. სითხის ნაწილაკებს შორის მოქმედი მიზიდულობის ძალა ცდილობს, ეს ნაწილაკები რაც შეიძლება მჭიდროდ განალაგოს. სწორედ ამიტომ იღებს კოსმოსურ ხომალდში სითხე სფერულ ფორმას. იქ ხომ იგი უწონო მდგომარეობაშია (ნახ2).

ნახ.2

ამრიგად, სითხის ნაწილაკებს შორის არსებული ურთიერთქმედება საკმარისია იმისთვის, რომ სითხემ მოცულობა შეინარჩუნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს მის შეკუმშვას. სითხე პრაქტიკულად არ იკუმშება, თუმცა წყალი რომ საერთოდ არ იკუმშებოდეს, ოკეანის დონე 30მ-ით მეტი იქნებოდა და ხმელეთს 4% დააკლდებოდა.

რა ხდება აირებში? გვახსოვს, რომ აირის მოლეკულებს შორის შუალედები ბევრად მეტია, ვიდრე სითხის მოლეკულებს შორის. ამიტომ აირის მოლეკულები თითქმის არ ურთიერთქმედებენ. შესაბამისად, აირი ვერც ფორმას და ვერც მოცულობას ვერ ინარჩუნებს. იგი მთლიანად ავსებს იმ ჭურჭელს, რომელშიც მოვათავსებთ  და არ აქვს არც თავისუფალი ზედაპირი და არც სიბლანტე. მიუხედავად ამისა, აირი ეწინააღმდეგება მის შეკუმშვას. გასაგებია, რომ შეკუმშვისას აირის მხრიდან აღძრული წინააღმდეგობის ძალა – დრეკადობის ძალა ნაკლებია, ვიდრე სითხის შეკუმშვისას. რაც უფრო მეტად არის შეკუმშული აირი ან სითხე, მით მეტია აირის ან სითხის მიერ აღძრული დრეკადობის ძალა. სწორედ ეს ძალა ქმნის სითხესა და აირში წნევას.

ცნობილია, რომ აირში ბევრი მოლეკულაა. ისინი დიდი სიჩქარით უწესრიგოდ მოძრაობენ და ეჯახებიან როგორც ერთმანეთს, ისე  ჭურჭლის ფსკერსა და კედლებს. თითოეული მოლეკულის დაჯახება სუსტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოლეკულათა რიცხვს, მაშინ ამ დაჯახებათა მოქმედება საგრძნობი იქნება. სწორედ მოლეკულათა დაჯახებები განაპირობებს აირის წნევას. რაც მეტი მოლეკულაა ჭურჭელში, მით მეტია დაჯახებათა რიცხვი და რაც მეტია მოლეკულების მოძრაობის სიჩქარე, მით მეტია დაჯახების მოქმედება. ამდენად, აირის წნევას განსაზღვრავს აირის მოლეკულათა დაჯახებების რიცხვი ჭურჭლის ფსკერსა და კედლებზე.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მდინარეზე ან ტბაზე საკმარისია ამოვარდეს სუსტი ქარი, წყლის ზედაპირზე ჩნდება ტალღის ჭავლი, ან ჭიქაში ჩასხმული წყლის ზედაპირზე ოდნავ შებერვით წყალი  მაშინვე იწყებს მოძრაობას. ეს მოვლენები სითხის ნაწილაკების თავისუფალი ძვრადობით აიხსნება. იგივე ახასიათებს აირის ნაწილაკებს. სითხისა და აირის ნაწილაკების თავისუფალი ძვრადობა უდევს საფუძვლად ფიზიკის მნიშვნელოვან კანონს, რომელიც ფრანგი მეცნიერის ბლეზ პასკალის სახელს უკავშირდება. ჭურჭელში, რომელსაც დგუში ახურავს, მოვათავსოთ აირი(ნახ.3). აირის ნაწილაკები თანაბრად არის გადანაწილებული მთლიან მოცულობაში.

ნახ.3

თუ დავაწვებით დგუშს და აირს შევკუმშავთ, აირის ნაწილაკები ძვრადობის გამო ყველა მიმართულებით გადაადგილდება და ისევ თანაბრად, მაგრამ წინანდელზე უფრო მჭიდროდ განლაგდებიან. ამიტომ აირის წნევა ყველგან თანაბრად გაიზრდება. რა მოხდება თუ აირის ნაცვლად ჭურჭელში მოვათავსებთ სითხეს? სითხის შეკუმშვა, როგორც უკვე ავღნიშნეთ პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა თუ ექსპერიმენტს გავაგრძელებთ, ზუსტად იგივე უნდა მოხდეს სითხის შემთხვევაშიც. მართლაც, ჩავატაროთ შემდეგი ცდა. ნასვრეტებიან სფეროს მივამაგროთ დგუშიანი მილი, სფერო ავასოთ წყლით და დავაწვეთ დგუშს (ნახ.4). წყალი ყველა ნასვრეტიდან თანაბრად გადმოვა. შევეცადოთ ავხსნათ ეს მოვლენა. დგუში აწვება მილში მოთავსებული წყლის ზედაპირს და წარმოქმნის მასზე წნევას. წყლის მოლეკულები შემჭიდროვდებიან და ამ წნევას გადასცემენ სითხის უფრო ღრმად განთავსებულ ფენებს. სფეროს ყველა ნასვრეტიდან გადმოსული წყლის ჭავლის თანაბარი ნაკადი ასაბუთებს, რომ დგუშის მხრიდან წარმოებული წნევა სითხეში თანაბრად ყველა მიმართულებით გავრცელდა. იგივე მოხდება, თუ წყლის ნაცვლად ჭურჭელში მოვათავსებთ კვამლს.

ნახ.4

მაშასადამე, პასკალი კანონის თანახმად, წნევა სითხესა და აირზე თანაბრად გადაეცემა სითხის ან აირის ყოველ წერტილს.

ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით სითხის და აირის მიერ წარმოქმნილი წნევის არსს და მათ მიერ წნევის გადაცემის ხასიათს – პასკალის კანონს.

 

ლიტერატურა

  1. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  2. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:
https://www.youtube.com/watch?v=JDjROfhP4Hg

https://thehigherlearning.com/2015/08/14/ever-wondered-what-happens-when-you-put-alka-seltzer-in-a-floating-water-droplet-video/

https://physics.aidio.net/index.php/18-teoria?start=68

 

 

 

 

„რატომაც არა, შენ შეიძლება იყო მასწავლებელი“

0

2013 წელს ჩემი მეგობრები და ახლობლები დიდად არ მიესალმნენ ჩემს გადაწყვეტილებას სკოლაში შესვლის და განათლების სფეროში დარჩენის თაობაზე. იყო ასეთი რეპლიკები: „შენი გაქანების ადამიანს მანდ რა გინდა?“, „ამ სიშორეზე როგორ წახვედი (არადა, სოფელი სადახლო თბილისიდან სულ რაღაც 70 კილომეტრზე)?!“, „შენ მანდ სულ დაიკარგები!“, „სხვა სფეროში გხედავდი“, – და ა.შ.

საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აბიტურიენტები სხვა, გაცილებით მაღალრეიტინგულ ფაკულტეტებსა თუ საბაკალავრო პროგრამებზე აბარებენ. ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ წარმოადგენს პრობლემას. 2018 წელს სასწავლო ვიზიტით ესტონეთში ვიყავი. სხვადასხვა უწყებასა თუ სკოლაში საუბრისას დაგვიდასტურეს, რომ ეს პრობლემა იქაც მწვავედ დგას. მიუხედავად ამისა, ესტონეთი საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილს იკავებს 15 წელს მიღწეულ მოზარდებს შორის წაკითხულის გააზრების, მათემატიკური უნარ-ჩვევებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

მასწავლებლის პროფესიაში ჩემი შემოსვლის პირველ წლებში ერთი-ორჯერ სკოლის მოსწავლეებისგანაც გამიგონია, რომ სკოლა ხელმოცარული ადამიანების თავშესაფარია. დამეთანხმებით, რთულია ასეთ ვითარებაში მუშაობა, მით უმეტეს – სწავლება. პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარებაზე მხოლოდ ის მოსწავლე-აბიტურიენტები ოცნებობდნენ, რომლებიც ამ პროფესიაზე ბავშვობიდანვე იყვნენ შეყვარებულები.

ახალგაზრდების პირველი ტალღა სკოლებში მოხალისე მასწავლებლების სახით პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში მოხვდა. ასე აღმოჩდნენ იურისტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნებისა და სხვა საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები სკოლებში. ამ პროექტმა ბევრი საინტერესო კადრი შემატა სკოლებს. განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის პროგრამებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროფესიისადმი ინტერესი.

იხ. სტატია „მასწავლებლობანობიდან – მასწავლებლობამდე“ https://mastsavlebeli.ge/?p=20407

დღეს ვგრძნობ, რომ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. გარშემო ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რომელსაც მასწავლებლობა სურს. 2018-2019 სასწავლო წელს მყავდა რამდენიმე პრაქტიკანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვე, რომ მათ მარნეულის სკოლებში დაიწყეს მუშაობა. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უბრუნდებიან მშობლიურ სოფლებს მასწავლებლად მუშაობის დაწყების სურვილით. დამეთანხმებით, რომ სახელმწიფო ენის სრულყოფილად მცოდნე კადრების მიერ ქართული ენის არმცოდნე მასწავლებლებლების ჩანაცვლება განსაკუთრებით მისასალმებელია ასეთ რეგიონებში.

ხშირად გავდივარ სხვადასხვა სასწავლო ტრენინგ-კურსს (არაპედაგოგიური მიმართულებით). შესაბამისად, მიწევს თავის წარდგენა მრავალი პროფესიის წარმომადგენლებთან. თავის წარდგენისას ხაზს ვუსვამ ჩემს ძირითად საქმიანობასა და მიღწევებს. ხშირად მეკითხებიან, რა არის საჭირო სკოლაში მუშაობის დასაწყებად. ინტერესდებიან, როგორ ჩააბარონ საგნობრივი გამოცდები… მაგალითად, იურისტებს ძალიან აინტერესებთ, როგორ გახდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, ეკონომისტ-ფინანსისტებს – მათემატიკის, მედიკოსებს – ქიმია-ბიოლოგიის და ა.შ.

რამ შეუწყო ხელი დამოკიდებულების შეცვლას?

ბოლო წლებია, მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკის წარმოსაჩენად აქტიურად იმართება კონკურსები, რომლებშიც მონაწილეობენ მასწავლებლები/დაინტერესებულები პირები და მოსწავლეებთან ერთად აღწევენ წარმატებას. გვერდს ვერ ავუვლი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს კონკურსს და ლადო აფხაზავას დიდ საერთაშორისო წარმატებას. ამ ფაქტმა პროფესიის მიმართ ინტერესი ერთიორად გაზარდა.

აუცილებლად უნდა შევეხო სახელფასო პოლიტიკას. ცხადია, სადავოა, რამდენად მოდის ერთმანეთთან კორელაციაში სახელფასო ანაზღაურება და მასწავლებლის კვალიფიკაცია, თუმცა, ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით დაწინაურებული პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდამ ინტერესიც გაზარდა. ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, საჯარო სკოლებში მუშაობენ მცირე საათობრივ განაკვეთზე და იმავდროულად დასაქმებულები არიან ცნობილ კერძო კომპანიებში.

მე არ ჩამიტარებია რაიმე სახის კვლევა ამ მიმართულებით. სტატიაში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ ზოგადი დაკვირვების შედეგია, ასე რომ, მკითხველი შეიძლება დამეთანხმოს, შეიძლება – არა.

ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლის პროფესია დღეს სირთულეებთან აღარ არის დაკავშირებული ან სკოლაში მუშაობა გაიოლდა. პირიქით, XXI საუკუნის გამოწვევები მასწავლებლებისგან სხვა ტიპის აზროვნებასა და დამოკიდებულებას მოითხოვს. პედაგოგს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება კლასის სამართავად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობათა შესათავაზებლად. ამასთან, კარიერაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთულია. პირველი დაბრკოლებების გადასალახად საჭიროა სკოლის ადმინისტრაციის, კოლეგა-მასწავლებლების თანადგომა/თანამშრომლობა და დახმარება.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ პედაგოგიკა არ გაიძულებს, 24 საათით მიეჯაჭვო სკოლას და რობოტის რეჟიმით იმუშაო. პირიქით, გეძლევა დროც და საშუალებაც, იმავე წარმატებით აკეთო შენთვის საინტერესო სხვა საქმე. შესაბამისად, ეს სტატია ერთგვარი მოწოდებაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ოდნავ მაინც არიან დაინტერესებულნი ამ სფეროთი – რატომაც არა, შენ შეიძლება იყო მასწავლებელი!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...