შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

სოციალური მედია ისტორიული ამბების მრავალმხრივი თხრობისთვის

0

გითხარით ხომ, ერთ-ერთ სკოლაში უფროსკლასელებისთვის ინტერნეტში სამოქალაქო აზროვნების კურსის კითხვა დავიწყე. ერთხელაც გაკვეთილის წინ ვფიქრობდი, რომ მეორე დღეს ბავშვებს მოვუყვებოდი იმაზე, როგორი პასუხისმგებლობა ახლავს ინტერნეტში რაიმეს გამოქვეყნებას და რომ თითოეული ჩვენი დაწერილი ტექსტი, გადაღებული ფოტო ან ვიდეო ფაქტობრივად ჩვენი ციფრული ნაკვალევია, რომელსაც ამ სივრცეში ვტოვებთ და იმასაც ვეტყოდი, რას ვფიქრობ ხოლმე, როცა მაგალითად მიმდინარე ახალ ამბებს ვაშუქებ. ადრე, როცა ისტორიის მოყოლა რჩეულთა ხვედრი იყო, ვინც წერა კითხვაც იცოდა, ამბების მოყოლის უნარიც ჰქონდა, შესაბამისი ნდობაც და ხარის ტყავი თუ ქაღალდიც საწერად, მხოლოდ ერთი ნარატივი არსებობდა, დღეს კი ციფრული სამყარო გვაძლევს საშუალებას, ყველამ ერთად შევქმნათ ისტორია და ის ბევრად არაერთგვაროვანი და მრავალშრიანია, მეტი დოკუმენტაციით, მეტი ავტორით, წყაროთი და მკითხველით.

 

ჩვენ, ვინც ამბებს ვწერთ, ისე ვართ ამბებით და სხვა ყოველდღიური თავსატეხებით მოცულები, თითქმის არ ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, რომ წლების მერე შესაძლოა ეს ისტორია გახდეს ვიღაცისთვის ამ დღის სურათის აღდგენისთვის საჭირო მასალა, ამის მიხედვით იმსჯელოს ვინმემ სამყაროს სხვა წერტილში და შესაბამისად, პასუხისმგებლობა დიდია და ამის არდავიწყება მნიშვნელოვანია. ამის თქმა მინდოდა ბავშვებისთვის და იმის მოყოლა, როგორ  ვზომავ ხოლმე სიტყვებს, როცა მაგალითად, მიტინგის დარბევას ვაშუქებ, თვალდათხრილ თინეიჯერს ველაპარაკები, მასწავლებელზე ვწერ, რომელმაც ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ გაილაშქრა და თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი და როგორ ვარწმუნებ ამ ხალხს, მოყვნენ თავიანთი ამბები, სწორედ იმიტომ, რომ ისინი უნდა იყვნენ ამ ამბების სახეები. და თუ ისინი არ მოყვებიან ამბებს, სხვები მოყვებიან მათ ნაცვლად იმას, რაც შესაძლოა არ იყოს მართალი ან სულაც შეეცდებიან თავიანთი თავები აქციონ გმირებად. ვის არ უნდა გმირობა.

 

ციფრული ნაკვალევებს საფრთხესთან ერთად სიკეთეც მოაქვს. შეგვიძლია რაღაც ისეთი მოვყვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც უხილავზე მივაპყროთ ხალხის ყურადღება, ან უბრალოდ მოვნიშნოთ ჩვენი თავები კონკრეტულ დროს კონკრეტულ სივრცესა და მდგომარეობაში. და ვუყვებოდი, როგორი მნიშვნელოვანია მაგალითად სულ ახალი ამბების გამოძიებისას ღია წყაროებზე მუშაობა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და ისე დალაგება, რომ ამბავი შედგეს, ფაზლი აიწყოს.

 

ისტორიებს დღეს სქელი წიგნებიდან და ძველი ხელნაწერებიდან მხოლოდ ამ სფეროს სპეციალისტები სწავლობენ და სხვა ყველა ამა თუ იმ მოვლენაზე ინტერნეტიდან იღებს ინფორმაციას. საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის უამრავი ნაწილი ფაქტობრივად არ არსებობს ინტერნეტში და თუკი ბავშვებს ეცოდინებათ, როგორ ყვებიან სხვები ისტორიას ონლაინ, შესაძლოა ერთ დღესაც მათ ამ საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსება საკუთარ თავზე აიღონ და ვაჩვენე რამდენიმე არხი სოციალურ ქსელებში, როგორც მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოყვე ისტორიული ამბები მრავალმხრივად სოციალურ ქსელებში ამ ქსელების სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

აი მაგალითად. 9/11 ინსტაგრამზე

 

11 სექტემბრის ტეროტისტული აქტისას დაღუპებისადმი მიძღვნილი მუზეუმისა და მემორიალის ინსტაგრამ გვერდზე იმ ხალხს ნახავთ, ვინც ამ საზარელ ამბავს შეეწირა, მათ ნივთებს, რომელიც მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილია და მათაც, ვინც ამ ადგილს სტუმრობს. თავად მუზეუმის საიტზე კი მოვლენების ქრონიკა, ზეპირი ისტორიები და ის ამბები დაგხვდებათ, რომელიც წინ უძღოდა და ამწიფებდა ტერორისტულ აქტს.

 

ამბავი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანის შვილისა იუთუბზე – გრაფიკული ვიდეო, რომელიც ჰყვება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ეპიზოდის ამბავს, რომელიც თავად გადაიტანა, მას შეეხო. ნახატებით აღდგენილი ამბები შთაბეჭდილებას თუ მოახდენს და ამ თემით დაინტერესდებით, ეს არხიც შეგვიძლია გირჩიოთ.

 

იოკო ონო თვითერზე

როგორ გაგრძელდა ცხოვრება მას შემდეგ, რაც ლეგენდარული წყვილი ერთმანეთის გარეშე დარჩა? როგორია ჯონ ლენონის აწ უკვე მოხუცი მაგრამ კვლავ დაუდგრომელი ცოლის ცხოვრება? რამდენად ხშირად იხსნებს ის ბითლზის ამბებს და რას ჰყვება მათზე? შეგიძლიათ გაყვეთ. მასაც და სხვებსაც. თვითერზეც და სხვა სიციალურ ქსელებში და თავად დარწმუნდებით, როგორი მრავალფეროვანია დღეს ისტორიის შექმნის პროცესი.

 

ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე აერჩიათ ამბავი, რომელსაც ინსტაგრამზე და იუთუბზე მოყვებოდნენ. აგვისტოს ომის დოკუმენტაციის შეგროვება აირჩიეს. ვნახოთ რა გამოუვათ. მანამდე კი, მათაც ვუთხარი და თქვენც გეტყვით, რომ ამ ომზე ორი განსხვავებული, მაგრამ გადასარევი ვებრესურსი არსებობს, რომელიც სასწავლო მასალადაც შეიძლება გამოდგეს და კლასგარეშე სამუშაოდაც.

 

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს ყურადღებიანი

0

„თქვენი შვილი ძალიან უყურადღებო და გაფანტულია“; „ბავშვს შესაძლებლობები კი აქვს, მაგრამ რად გინდათ, გაკვეთილზე ძალიან უჭირს ყურადღების მობილიზება“; „თითქოს მისმენს, მაგრამ ვხვდები, რომ გონებით სხვაგან არის“; „საერთოდ არ მაწუხებს, წესიერად იქცევა, თითქოს ჩართულიც არის საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ ყურადღების კონცენტრირება ძალიან უჭირს“. ეს ის ფრაზებია, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ისმენენ სკოლაში მოსული მშობლები პედაგოგებისაგან. ალბათ, ამაში არც არაფერია გასაკვირი, ვინაიდან, როგორც მშობლები, ასევე პედაგოგები დაინტერესებული არიან ბავშვის სასწავლო წარმატებებით, უყურადღებობა კი ამ წარმატებების მიღწევის გზაზე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

ეფექტიანი სწავლება წარმოუდგენელია მეხსიერებისა და ყურადღების განვითარების გარეშე. სწორედ ეს ფსიქიკური ფუნქციები უდევს საფუძვლად ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ყურადღების განვითარების დონეა.

უყურადღებობა შეიძლება სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვისაც იყოს დამახასიათებელი, თუმცა, როგორც წესი, უფროსებს ეს დიდად არ აწუხებთ და არც რაიმე ძალისხმევას იჩენენ ყურადღების განვითარებისთვის. მას შემდეგ კი, რაც ბავშვი მოსწავლე ხდება, უყურადღებობა და გაფანტულობა სერიოზულ საფიქრალს უჩენს, როგორც პედაგოგს, ასევე მშობელსაც. სკოლა სხვადასხვა სახის ახალ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, მას ახალი ვალდებულებებიც უჩნდება. თუ ოჯახმა წინასწარ იზრუნა ბავშვის სასკოლო სწავლებისათვის მომზადებაზე, სკოლაში მოსული პატარა მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს ადვილად და უპრობლემოდ უმკლავდება. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც სასკოლო ცხოვრების დაწყება და ახალი ვალდებულებების შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სკოლა, თავის მხრივ, მიისწრაფის, რომ თავის მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნა მისცეს, არამედ უფრო მნიშვნელოვანი მისიაც შეასრულოს – ასწავლოს ბავშვს სწავლა. უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია, რადგანაც სწავლის სწავლა საჭიროებს ბავშვებში სწავლისათვის საჭირო ყველა შემეცნებითი პროცესის (აზროვნება,  მეხსიერება, წარმოსახვა, ყურადღება) განვითარებას.

როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში არ უსწავლია, თუ როგორ უნდა ისწავლოს, რომელიც არ არის დაუფლებული აზროვნებით საქმიანობას, სწავლების მეორე საფეხურზე ჩვეულებრივ ჩამორჩენილ მოსწავლეთა რიგებში ხვდება. ძალიან ხშირად, ბავშვის წარმატება სწავლაში და სხვა საქმიანობაში ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის მასში განვითარებული ყურადღებით ყოფნის უნარი, რამდენად შეუძლია მას ყურადღების კონცენტრირება მიცემული დავალების შესრულების დროს. არცთუ იშვიათად, სწორედ უყურადღებობის გამო უჭირს ბავშვს სკოლაში სწავლა. ამასთან, შემთხვევითი არ არის, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება ზედა კლასებში, სადაც დასამახსოვრებელი ინფორმაცია უფრო მრავალფეროვანი და დიდი მოცულობისაა. არასათანადოთ განვითარებული ყურადღება, როგორც წესი, მოსწავლისათვის სერიოზული მარცხის და წარუმატებლობის წინაპირობა ხდება. ბავშვი, რომელსაც აქვს ყურადღების კარგი კონცენტრაციის უნარი, გამოირჩევა დაკვირვებულობით, ორგანიზებულობით, და პირიქით – ის, ვისაც საჭირო დონეზე არა აქვს განვითარებული ყურადღება, დაბნეული და გაფანტულია.

უნდა ითქვას, რომ ყურადღება არ არის თანდაყოლილი, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული. ის შეიძლება და საჭიროც არის, რომ განვავითაროთ. თუმცა, ყურადღების განვითარების ხერხები და საშუალებები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსხვავებულია. კარგი იქნება, თუ ყურადღების განვითარებისთვის ზრუნვას დავიწყებთ უკვე ადრეული ასაკიდან, სკოლამდელ პერიოდში, სასკოლო სწავლების დაწყებამდე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამის გაკეთება რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებს არ უკავშირდება, ის არც რაიმე ძვირადღირებულ რესურსებს საჭიროებს და ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაკავდეს ამ საქმიანობით, როგორც სახლში, ოჯახურ გარემოში, ასევე გარეთ, ქუჩაში, პარკში ბავშვის სასეირნოდ გაყვანისას. სახლის პირობებში ბავშვის ყურადღების განვითარებაზე მუშაობას ძალიან მარტივად შევძლებთ, თუ მაგ. მის წინ მაგიდაზე დავდებთ რამდენიმე ნივთს (შეიძლება ეს იყოს ბავშვის სათამაშო, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, წიგნი, რვეული და ა.შ.) გარკვეული თანმიმდევრობით და ვთხოვთ მას დაიმახსოვროს თითოეული ნივთის ადგილი. შემდეგ ის შებრუნდება ზურგით, რა დროსაც ჩვენ ნივთებს ადგილებს ვუცვლით, ან ერთ-ერთ ნივთს საერთოდ ვიღებთ. მას შემდეგ, რაც შემობრუნდება და კვლავ დაუკვირდება ნივთების განლაგებას, უნდა გვითხრას რა ცვლილება მოხდა. ყურადღების განვითარებისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს ასევე მსგავს ნახატებს, მსგავს ნივთებს შორის განსხვავებების პოვნა. მოგვიანებით, როცა ბავშვი ისწავლის ასოების ცნობას, შეიძლება მივცეთ ფურცელზე დაბეჭდილი პატარა ტექსტი და ვთხოვოთ გადაათვალიეროს და გადახაზოს მაგალითად, ყველა ასო ბგერა „ა“, რომელიც შეხვდება. ქუჩაში ბავშვთან ერთად სეირნობისას შეიძლება ვთხოვოთ მას დააფიქსიროს ნებისმიერი წითელი მანქანა. როცა  თვლა ეცოდინება, შეიძლება გარკვეული ფერის მანქანები დაითვალოს კიდეც.

დარწმუნებული ვარ, რომ ზემოაღწერილ სავარჯიშოებს და კიდევ უამრავ სხვას ბევრი მშობელი იყენებს საკუთარ შვილთან ურთიერთობისას, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლაში შემოსულ ბავშვებს შორის ასეთი განსხვავება ყურადღების განვითარებაში არ იქნებოდა. თუმცა, ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოების გამოყენებისას, მათი ეფექტიანობის და შედეგიანობის გასაზრდელად, საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოები ბავშვთან უნდა მიმდინარეობდეს თამაშის ფორმით. ნუ დავივიწყებთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია და მისი განვითარება სწორედ თამაშის პროცესში ხდება;
  • თუ ბავშვს არ სურს ჩვენს მიერ შერჩეული და დაგეგმილი სავარჯიშოს შესრულება, აშკარად ამჟღავნებს ინტერესის არქონას, ნუ დავიჟინებთ ჩვენი სიტყვის გატანას, თუმცა, ნურც უარს ვიტყვით მცდელობაზე დავუბრუნდეთ მას მოგვიანებით;
  • ჩავრთოთ სავარჯიშოები პატარისთვის შეუმჩნევლად და ძალიან ბუნებრივად ბავშვთან დაკავშირებულ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში: სეირნობის, მასაჟის, ბანაობის, ზღაპრების კითხვის, ერთობლივი თამაშების და შემოქმედებითი მეცადინეობების (ხატვის, ძერწვის და ა.შ.) დროს;
  • გამოვიყენოთ მოძიებული სავარჯიშო, როგორც ნიმუში, მაგრამ ნუ შეგვეშინდება გამოვავლინოთ ჩვენი ფანტაზია;
  • სავარჯიშოს შესასრულებლად ბავშვისთვის მიწოდებული ჩვენი მითითებები უნდა იყოს მისთვის ადვილად გასაგები, ცხადი, ნათელი, მარტივი;
  • ნუ დავიშურებთ საქებარ სიტყვებს და დადებით კომენტარებს, როცა ვხედავთ, რომ ბავშვი წარმატებით ართმევს თავს დავალებას. ეს მას საკუთარი ძალების რწმენას და ინტერესს გაუძლიერებს. მოვერიდოთ ზოგადი სახის ნეგატიურ შეფასებებს;
  • დაუშვებელია ბავშვის მოქმედების კომენტირება, შენიშვნები, კარნახი მაშინ, როცა ის მთლიანად დავალების შესრულებაზეა კონცენტრირებული. ასეთ დროს საუბრით ჩვენ ბავშვის ყურადღებას სხვა მიმარულებით გადავრთავთ, ვაიძულებთ მას ჩვენ სიტყვებზე მოახდინოს კონცენტრირება და შემდეგ ისევ სამუშაოს დაუბრუნდეს, რის გამოც იღლება და ეკარგება ინტერესი დავალების მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის ყურადღების განვითარებაზე ზრუნვა უფროსების, პირველ რიგში კი მშობლის აქტიურ ჩართულობას საჭიროებს. ამასთან, ასეთ სიტუაციებში, პირველ რიგში, უფროსები უნდა ვუჩვენებდეთ ბავშვს, თუ რას ნიშნავს ყურადღებით ყოფნა, ყურადღების კონცენტრირება შესასრულებელ სამუშაოზე, დავალებაზე. თუ ბავშვთან ურთიერთობის პარალელურად ჩვენ მუდმივად სხვა საქმითაც ვიქნებით დაკავებული – ვიმუშავებთ კომპიუტერთან, ვისაუბრებთ ტელეფონით და ა.შ., ძნელი დასაჯერებელია, რომ ბავშვთან ჩვენი მუშაობა ეფექტიანი და შედეგიანი აღმოჩნდება. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყურადღება უკიდურესად მნიშვნელოვანია ბავშვის წარმატებისთვის სწავლაში და მის შემდგომ განვითარებაში.

 

 

 

ბავშვობის შთაბეჭდილებები – სასწავლო რესურსი

0

„ეს იყო ორმოცი წლის წინ. მას შემდეგ აღარ მინახავს ის ნაპირი და ჩამპაკის ხეებში ჩაფლული აგარაკი. იგივე ხეები, იგივე სახლი, ალბათ, ისევ დგას, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვის ცოცხალი და მხურვალე ცნობისმოყვარეობა ხატავდა, აღარ არის იქ. საიდან მოვიპოვო შთაგონების ის მძლავრი ძალა?“

„დღენი ჩემი სიჭაბუკისა“, რაბინდრანათ თაგორი

 

ბავშვობის შთაბეჭდილებები მძაფრი და დაუვიწყარია. სამყაროს ბავშვისეული აღქმაც განსხვავებულია. ცხოვრებისეული დამოკიდებულება, პირადი დაკვირვება თუ ფსიქოლოგთა დასკვნები ერთსა და იმავე მოსაზრებისკენ გვიბიძგებენ, კერძოდ, ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ბავშვობაზე დგას.

მწერალთა ბავშვობის დღეებზე დაკვირვება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ასე დავაგროვე პატარ-პატარა ამბები, რომლებიც მოთხრობების, ლექსების, პოემების, რომანების, პირადი წერილების მიღმა მწერლებისა და პოეტების ცხოვრებაში გვახედებს და მათ შესახებ ჩვენეულ დამოკიდებულებას ქმნის: მირზა გელოვანი თქვენობით ელაპარაკებოდა დედ-მამას; ვაჟას გულჩვილი, კეთილი, სტუმართმოყვარე დედა ჰყავდა,  გამორჩეული სახელით – გულქანი; ტერენტი გრანელს  დედა ხუთი წლისას გარდაცვლია, წიგნების სიყვარული კი ზუგდიდის მაზრაში ცნობილმა მწიგნობარმა, იაკობ შანავამ გაუღვივა; ნიკოლოზ ბარათაშვილს დედა იმ დროს დადგენილ წესებს არღვევდა და ჩვილს თავად აჭმევდა ძუძუს;  სულხან-საბა მამიდაშვილებმა – ვახტანგ V-ის ვაჟებმა არჩილმა, ლევანმა და გიორგიმ აღზარდეს.

ხშირად ვფიქრობ ჩემი ბავშვობის დღეებზე, გზებზე, ადამიანებზე, სახლებზე, ხეებზე. დაკვირვებული ვარ, ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო მოსასმენი ჩემი მოგონებებია. შეუძლიათ, ერთი და იგივე მრავალჯერ მომაყოლონ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბერში, ინდოელი მწერლისა და პოეტის, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“  წავიკითხე, რომელიც სკოლის, სწავლების, მასწავლებლების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ასახავს. მწერალი პირველივე გვერდებიდან გვიმხელს, რომ ფურცელზე გადატანილი ნებისმიერი მოგონება ლიტერატურაა. ბატონი თაგორი თანამოაზრე აღმოჩნდა. ერთგან წერს: „ცნობილია, ლიტერატურის გულწრფელი სიყვარული უფრო იშვიათია, ვიდრე ლიტერატურული ერუდიცია“ –  ლიტერატურის მასწავლებლისთვის ეს საყურადღებო გზავნილია.  თაგორი ერთანირი მოწიწებითა და აღფრთოვანებით იხსენებს უბრალო ადამიანს, შრიკანტა-ბაბუს თუ დოქტორ რაჯინდრალალ მითრას. „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“ ცხოვრების ჩვეულებრიობის მიღმა არსებულის პოეზიად გადაქცევის მცდელობაა. მიჰყვები მწერალს მოგონებების ლაბირინთში და შრიკანტა-ბაბუს სამუდამოდ გამახსოვრდება: „ეს მოხუცი ერთდროულად მეგობრობდა მამაჩემთანაც, ჩემს უფროს ძმებთანაც და ჩვენთანაც, ბიჭებთან. ძნელად მოიძებნებოდა მეორე კაცი ლექსების ეგოდენ ტრფიალი. ვით პატარა კენჭს აიტაცებს ჩანჩქერის ნაკადი, წყლის სწრაფი ბრუნვით ააცეკვებს, აათამაშებს, ასევე მისთვის საკმარისი იყო სულ მცირე საბაბი, რომ უზენაეს აღტაცებას მისცემოდა“.

დოქტორ რაჯენდრალალ მითრას ასე გვაცნობს: „ის არა მარტო ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, მას ჰქონდა იშვიათი, მომხიბლავი ხასიათი, რომელიც მის სახეშიც გამოკრთოდა. საზოგადოებრივ მუშაობაში დაუზარელი და ენერგიული მუშაკი, პირად ცხოვრებაში სრულიად იცვლებოდა და ისეთ პაწია ბალღსაც, როგორიც მე ვიყავი, გატაცებით ესაუბრებოდა სერიოზულ თემაზე“.

რაბინდრანათ თაგორმა ბავშვობის მოგონებების გამოსახმობად შთაგონება კიდევ უფრო გამიმძაფრა.  თუ ჩვენ პატარა ადამიანების სულებთან გვაქვს შეხება, მათი აღზრდა და გამოწრთობა გვავალია, სწორედ ასეთი ბავშვობის ამბები უნდა ვუამბოთ მთელი გულითა და მონდომებით. ამგვარად ცხოვრების შემჩნევა, დაკვირვება, შეყვარება, დამახსოვრება და დაფასება ვასწავლოთ.

როგორ დავუკავშიროთ საგაკვეთილო პროცესს?

მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით შეგვიძლია მოვძებნოთ ქართველი მწერლების ბავშვობის მოგონებები. მაგალითად, სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ ვაჟა-ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“, დავით კლდიაშვილის „ჩემი ცხოვრების გზაზე“, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“…

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდით წავიკითხოთ ტექსტები.

გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე თავად ვუამბოთ ჩვენი ბავშვობის მოგონებები. თხრობა  ლიტერატურას რომ დაემსგავსოს, მოსაყოლ თემებს სათაურები მოვუფიქროთ. სანამ მე ჩემი მოგონებების გაცოცხლებას შევუდგები, ბოლომდე მივყვები გაკვეთილის ხაზს.

შეგვიძლია ბავშვებს ვთხოვოთ ინტერვიუ ჩაწერონ ბებია-ბაბუებთან, მშობლებთან და მოპოვებული ინფორმაცია  საკლასო ოთახში ერთმანეთს გააცნონ.

გზები

მე მამას „ლურჯაში“ გავიზარდე. ასე დაარქვა საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანას „აძინადცატს“. 90-იანი წლების შიმშილს ჩემი მშობლები მასწავლებლობისთვის ვაჭრობის შეთავსებით ებრძოდნენ. წავიდოდნენ კახეთში. წაიღებდნენ ჭაღებს, ათას წვრილმანს. გადავიდოდნენ ბაქოში. ჭაღებს ცვლიდნენ ბენზინში. წნორში დაბრუნებისას ბენზინი ხორბლად იქცეოდა. კახეთიდან ზეთი და ფქვილი მთა-მთიულეთში მიჰქონდათ. იქიდან თბილისში ხაჭოთი, ყველით, ხორცით, ხილით ვბრუნდებოდით. ეს ყოველივე კი ხან იყიდებოდა, ხან – ვერ. ამ უცნაური ვაჭრობით ჩვენს ოჯახს ფული ვერა, მაგრამ უხვად ჰქონდა საჭმელ-სასმელი.

დამღლელი მგზავრობებისას წვრილმანების ფუთებსა და ფქვილის ტომრებს შუა ვიყავი მიკუჭული და მანქანიდან ვაკვირდებოდი გაბლანდულ შარაგზებს. ასე დამამახსოვრდა კახეთის ცხელი, გველებიანი გზატკეცილები, ყაზბეგის ვარდისფერი კლდეები და ვიწრობები, ძველ თბილისში, მტკვრის სანაპიროს გაყოლებით მანქანათა სვლა, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისთან თვალების დახუჭვის რიტუალი.

ყინვაში, წვიმასა თუ თაკარა მზეში დავდიოდით და ხან მიყრუებული სოფლის ბოლო ჭიშკართან გვიღამდებოდა, ხან ორთაჭალაში, ხან კი მცხეთის  ავტობანზე.

ტიბაანიდან მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სანახავად მე და ჩემმა მეგობრებმა ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა. შემოდგომის თბილი დღე სიარულს გვიადვილებდა. ალაგ-ალაგ მაყვლის ბუჩქებითა და მოყვითალო მიწით დაფარული გზა იმ დღის ისეთივე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დამრჩა, როგორც  ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დაკეტილი კარი.

ზაფხულია. მე და ჩემი ბიძაშვილი სოფელში ვართ. თაკარა მზეში შარაგზაზე ფეხზე ვიხდით და ფეხშიშველები მოვტანტალებთ. ფეხისგულებს ცხელი ასფალტი გვიწვავს და გვსიამოვნებს. ამ მოგონებას ოცდაათი წელია გულით დავატარებ.

ჩვენ ვართ გზები, რომლებზეც გვივლია.

 

მამას მეგობარი „ლეინტენანტი“

მამას სახლში ხშირად მოჰყავდა მეგობრები. მათ შორის იყო ერთი მაღალი, ხმელი კაცი, რომელსაც ზედმეტსახელად „ლეინტენატს“ ეძახდა. ქვეყანაში საშინელი სიღატაკე იყო. ამ კაცს კი ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა „სნიკერსი“ . უზომოდ მიხაროდა მისი დანახვა. მამას მეგობართან შეხვედრის ბუნდოვანი სურათებიდან „ლეინტენანტის“ ღიმილი  და „სნიკერსი“ მახსენდება. მამაჩემის მადლიერი ვარ ამ ნაუცბადევად მოყვანილი სტუმრებისთვის, ჩემი გული სიყვარულით რომ აავსეს.

 

 ხეები

დაფიქრებულხართ თქვენი ბავშვობის ხეებზე? მე ხშირად ვფიქრობ. ალაზნის ველთან ახლოს, სოფელ ტიბაანს ხევი ეკრა. ხევზე კაკლის ხე იდგა, რომელზეც მე და ჩემი თანატოლი ბიძაშვილი ხშირად დავძვრებოდით. ბაღში ბროწეულისა და ლეღვის ხეები იდგა. მათი ტკბილი და მსუყე ნაყოფით ზაფხულისა თუ შემოდგომის მზიან დღეებში პირს ვიტკბარუნებდით და ხელები ტკბილი წვენით გვეწებებოდა.

მუხიანში, სახლის წინ ბაღი გვქონდა, სადაც მამამ თეთრი ბალი დარგო. მალე ბლის ტოტები კორპუსის მეხუთე სართულამდე აიწოწა. ივნისის დასაწყისში ნაყოფის დაკრეფის დრო დგებოდა. უბნის ბიჭები ხშირად მოდიოდნენ მოსაპარად და თუ თვალს შევასწრებდით, ფაცხაფუცხით გარბოდნენ. მამაჩემი უშიშრად მოექცეოდა ხოლმე ხის კენწეროში და საგულდაგულოდ კრეფდა ბალს. უწვრილეს ტოტებზე ისე იდგა, თვალებზე ხელს ვიფარებდი შიშისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ ბლის დაკრეფის რიტუალიც ქარს გაჰყვა.

ფასანაურის ეზოში ვაშლის, მსხლისა და ჭანჭურის ხეები გვქონდა. სახლის უკან კი უზარმაზარი კაკლის ხეები იდგა. შემოდგომობით სახლი ივსებოდა დაბერტყილი კაკლის, მსხლისა და ვაშლის სურნელით.

ტყის ძირში გარეული მსხლის, პანტის ხე იდგა. ბავშვურ წარმოსახვას იმის წარმოდგენა მიშფოთებდა, რომ პანტის საჭმელად დროდადრო დათვი სტუმრობდა.

ბავშვობის ხეებზე ჩემს შვილებს ხშირად ვუყვები. ძვირფასი მეგობრებივით მომყვება მოგონებები მათთან გატარებულ დღეებზე.

 

 ეკლესიები

კახეთში, სოფელ ტიბაანში, ორი ეკლესიაა: მთავარანგელოზისა და წმინდა სტეფანე ხირსელის. მთავარანგელოზის ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. ხევისა და ფოთლოვანი ტყის გავლით ყოველდღე დავდიოდით და საგულდაგულოდ ვალაგებდით. იქიდან ვაკვირდებოდით ხირსის მონასტერსა და სოფელს.

დაუვიწყარი იყო სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძარში გატარებული აღდგომის ღამეები. გარდამოხსნის ეზოში გამოტანისას მრევლი სანთლებანთებულები ვუვლიდით გარს ტაძარს. მთვარიან ღამეში ალაზნის ველი და იქვე, ეზოში ჩარიგებული საფლავები იდუმალებით ავსებდა ჩვენს სულებს.

 

ტიბაანში ისევ დგას პაპაჩემის აშენებული ვეებერთელა სახლი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმაური იყო. ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს. სოფლის ორღობეები, ჭიშკრები, ძაღლები, ვირები, ინდაურები, რუები, სახლები, ბებოები, პაპები, ნათესავები – ბავშვობაში დარჩნენ, მაგრამ ჩემგან არსად წასულან. სიზმრადაც ხშირად ვარ იქ. წერისას განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობ იმ დღეების სინათლეს. მგონია, რომ ხან „პედრო პარამოს“ ვკითხულობ, ხან ხიმენესის პლატერო მიდგას თვალწინ, ხან კი „სულების სახლი“ მახსენდება. ერთი რამ ცხადია, რომ არა ჩემი ბავშვობა, სამშობლოს, ენისა და რწმენის განცდა არ იქნებოდა ისეთი ღრმა და ფაქიზი, როგორიც ახლა არის ჩემში. სწორედ ამიტომ, აუცილებელი მგონია, ვუამბოთ ბავშვებს ჩვენი ადამიანების, გზების, ხეების, სოფლების, ეკლესიების, დაუვიწყარი დღეების შესახებ, რათა მათ სულშიც გაიზარდოს სიკეთე და სიყვარული, რომელზეც ცხოვრებას ააგებენ.

 

ელაიზა დულიტლის პოლიტიკა

0

სერ ბერნარდ შოუ მსოფლიო დრამატურგიის კლასიკოსად მიიჩნევა. ეს არის ავტორი, რომელმაც თეატრში სოციალური სამართლიანობის შესახებ მსჯელობა გაააქტიურა. შოუს „პიგმალიონი“ მსოფლიოს თითქმის ყველა სცენაზეა დადგმული. მისი შედევრი ჩვენი ქვეყნის თეატრებშიც არაერთხელ გათამაშებულა. საუბედუროდ, ბოლო ხანს საქართველოში იშვიათად თუ აქცევენ ყურადღებას თეატრალური ხელოვნების პოლიტიკურ შინაარს. არადა, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის დრამატურგია ბევრ მნიშვნელოვან და საკამათო ძალაუფლებრივ კონფლიქტს წარმოაჩენს.

„პიგმალიონის“ სიუჟეტის მთავარი მომენტები, ალბათ, ყველას გახსოვთ: ფონეტიკის პროფესორი ჰენრი ჰიგინსი სანაძლეოს დებს, რომ მოკლე ხანში ლონდონელ მეყვავილეს დიპლომატიურ მიღებაზე ჰერცოგინიას ამპლუაში წარადგენს. პროფესორი დიდ რისკზე მიდის, რადგან ელაიზა დულიტლი ქალაქის მიყრუებულ უბანში გაიზარდა, დაგლეჯილი სამოსით დადის და ღარიბთა ტლანქი ენით ლაპარაკობს. არც ქცევის მაღალი კულტურით გამოირჩევა. ელაიზა დულიტლის არისტოკრატული იმიჯის წარმოდგენა ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ოპტიმისტსაც კი გაუჭირდება.

მიუხედავად ამისა, ნახევარი წლის შემდეგ პროფესორი ჰიგინსი მიზანს აღწევს. მრავალთვიანი შრომის შემდეგ ელაიზა დულიტლი უპოვარი მეყვავილისგან ნამდვილ ლედიდ იქცევა. ელჩთან დანიშნულ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, რომ დახვეწილი ინგლისურით მოსაუბრე, ელეგანტურად გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი სახელგანთქმული ჰერცოგის ოჯახის წარმომადგენელია.

რისი თქმა სურდა ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ შეთხზვის დროს?

ლიტერატურისა და თეატრის მოყვარულთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ლონდონელი დრამატურგი ბრიტანულ იმპერიალიზმზე ცდილობს ჩვენი ყურადღების გამახვილებას. ჰენრი ჰიგინსი მსოფლიოს ყველა კონტინენტის მომცველი, ყველა ოკეანის გადამლახველი სისტემის სახეა. მეტროპოლია, იმპერიის ცენტრი და მამოძრავებელი ძალა. ის ყოვლისშემძლეა. მის ნებაზეა დამოკიდებული, რისთვის გამოიყენებს დაპყრობილ ხალხებსა თუ მიწებს. ბრიტანეთს შეუძლია, კოლონიებს საკუთარი კეთილდღეობისა და სიმდიდრისთვის, ძლევამოსილებისა და განვითარებისთვის უკანასკნელი სასიცოცხლო ენერგია გამოაცალოს. მაშასადამე, სამუდამოდ ქუჩაში ყვავილებით ვაჭრობისთვის, ძონძებისა და უსახლკარობისთვის გაწიროს. თუმცა მასვე შესწევს ძალა, რომელიმე ერთი კუთხე გამოარჩიოს და სამაგალითოდ აქციოს. ღატაკი კოლონიის სამოთხედ ქცევით იმპერია საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრობაზე სვამს აქცენტს. პროფესორი ჰიგინსის მიღწევაც ხომ სასწაულად აღიქმება – მან ქუჩაში გაზრდილი ქალი ჰერცოგინიად აქცია.

სერ ბერნარდ შოუ მხოლოდ იმპერიებსა და კოლონიებს შორის არსებული უსამართლო ურთიერთმიმართების გადმოცემით არ ავიწროებს ჩვენს თვალსაწიერს – დიდ შემოქმედს კიდევ ერთი უსამართლობა უღრღნის გულს. ელაიზა დულიტლი კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენის სიმბოლოა. დრამატურგს სწამს, რომ სოციალურ გარემოს პიროვნების ჩამოყალიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის გვეუბნება, რომ ღვთებრივი ნაპერწკალი ყველა ადამიანშია, უბრალოდ, გაღვივება სჭირდება. ლონდონის ქუჩებში მიმდინარე ბრძოლა გადარჩენისთვის, დედაქალაქის ჩამორჩენილ კვარტლებში დასადგურებული უიმედობა და ერთფეროვნება არავის უტოვებს შანსს, თავის თავში ღვთაებრივი ცეცხლი ააგიზგიზოს. თუმცა, თუ დამთრგუნველი გარემოდან ელაიზასნაირ გოგოს საშუალო ფენის ინგლისურ ოჯახში გადავიყვანთ, ის ადვილად მოახერხებს თავისი განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენას. ბერნარდ შოუს სწამდა, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანს შეუძლია საზოგადოების სასარგებლოდ საკუთარი თავის რეალიზება, უბრალოდ, მას ხელშეწყობა და ნორმალური სოციალური გარემო სჭირდება.

მხოლოდ ბერნარდ შოუს შეეძლო პატარა კომედიაში დიდი პოლიტიკური შინაარსის ჩადება.

ის, რაზე ფიქრიც კი არ გვინდა

0

სქესობრივი განათლების საკითხები არაერთი ქვეყნის განათლების სისტემის თავის ტკივილია. არადა, ეს დისციპლინა ადამიანის სექსუალურობას, რეპროდუქციას, ანატომიას, სქესობრივ მომწიფებას და ზოგადად, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს ეხება. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში ეს არის ჩვეულებრივი, სავალდებულო საგანი. თუმცა, მისი სწავლება თუ უსწავლელობა, არ გამორიცხავს სხვა სახის „საგანმანათლებლო რესურსის“ მიმართ ინტერესს, რომელსაც ბავშვები ინტერნეტსივრცეში თვითონვე პოულობენ.

„ინტერნეტში არსებული უფასო პორნოსაიტები, რომლებსაც მოზარდები შემთხვევით თუ შეგნებულად პოულობენ, სქესობრივი განათლების ყველაზე ცუდი ფორმაა“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ემილი როტმანი. მას ხშირად უწევს გამოსვლა დიდ აუდიტორიასთან, რომელსაც გატაცებით უყვება როგორ უბიძგა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლამ საგანმანათლებლო პროგრამის შექმნისკენ. პროგრამა მოზარდებს ურთიერთპატივისცემას და თანხმობას ასწავლის, ასევე,  კრიტიკულ დამოკიდებულებას სექსუალური ხასიათის მასალების მიმართ. როტმანი დარწმუნებულია, რომ პორნოგრაფია, რომლის ხსენებაც უფროს თაობას გვაშინებს და გვანერვიულებს, შეიძლება იქცეს საგანმანათლებლო იარაღად და აი, როგორ:

 

„ექვსი წლის წინ აღმოვაჩინე ის, რასაც მეცნიერები წლებს ანდომებდნენ. როგორ მივიპყროთ ყველაფრით შეწუხებული მოზარდის ყურადღება, თუკი მას არ აინტერესებს ის, რასაც ვუყვებით? მარტივად. ამისათვის საკმარისია რაიმე კონტექსტში პორნოგრაფია ვახსენოთ.

 

მე ეს 2012 წელს დავადგინე, ბოსტონის ერთ-ერთი სკოლის ხალხმრავალ აუდიტორიაში, სადაც მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო კურსი უნდა გაევლოთ. ჩემი, როგორც მოწვეული სპიკერის მისია იყო, მესაუბრა ბავშვებისთვის ჯანმრთელი ურთიერთობების თემაზე.

 

მაგრამ უცბად ერთი პრობლემა გამოიკვეთა: ბავშვების სახეებს რომ ვუყურებდი, ვხედავდი შუშის თვალებს, სადაც გარკვევით ამოიკითხავდი – „როდის დაასრულებს ეს ქალი ლაპარაკს?!“ ბავშვების დაინტერესებაში ისიც კი ვერ დამეხმარა, რომ ჩემი საუკეთესო კოსტიუმი ჩავიცვი. აუდიტორია მაინც ამთქნარებდა და თვალსა და ხელს შუა მეცლებოდა.

 

ჰოდა, ერთმა ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც ასევე ამ სასწავლო პროგრამაში იყო ჩართული, მკითხა: „არასოდეს გინახავს პორნო? იქნებ, მის შესახებ მოუყვე?“ მართლაც,  აუდიტორიამ მაშინვე იფეთქა – მოზარდებმა ყურები ცქვიტეს, აღფრთოვანდნენ, ზოგმა ტელეფონით ფოტოების გადაღება დაიწყო. მაგიურმა სიტყვა „პორნოგრაფიამ“ თავისი საქმე გააკეთა, ახალი კარი გამიღო და რაც მათთვის მოსაწყენი იყო, უცბად სხვა ელფერი შეიძინა.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ უფროს კლასებში ყოველი მეხუთე მოსწავლე პარტნიორის მხრიდან სექსუალურ და ფიზიკური ძალადობას განიცდის. იძულებით პაემნებთან  დაკავშირებული შემთხვევები გაცილებით ხშირია, ვიდრე სკოლაში პირადი საკუთრების დაზიანების ან თვითმკვლელობაზე ფიქრის შემთხვევათა რაოდენობა. თუმცა ამ პრობლემის შესამცირებლად არ არსებობდა რაიმე კონკრეტული იდეა.

 

ამიტომ მე ვიმუშავე კვლევით ჯგუფთან ერთად, რომელიც პაემნების დროს ძალადობის მიზეზების შესახებ გარკვეულ პასუხებს ეძებდა. ჩვენს ერთ-ერთ კითხვარში რამდენიმე პუნქტი პორნოგრაფიას შეეხო და შედეგებიც საკმაოდ მოულოდნელი მივიღეთ.

 

გამოკითხული მოზარდი გოგონების 11%-მა განაცხადა, რომ იძულებული იყო, ეკეთებინა ის, რაც ძალიან მოგვაგონებდა პორნო მსახიობების ქმედებას. გამოდის, რომ სექსუალურ ძალადობაში გარკვეული წვლილი პორნოსაც მიუძღის. მაგრამ ჩვენ ვერ ვიპოვეთ სარეცენზიო ლიტერატურაში ბევრი და მყარი მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის გულწრფელ ვიდეოებს უყურებენ ახალგაზრდა ამერიკელები, რამდენად ხშირად და რატომ. სწორედ ეს უნდა გამერკვია.

 

 

ზოგადად, ადამიანები პორნოგრაფიის მოწინააღმდეგეებად და დამცველებად იყოფიან.  კვლევის მთავარი კითხვაც ეს იყო: „ცუდად თუ კარგად აისახება თქვენზე პორნოგრაფია? იყო თუ არა ვიდეოში ნაჩვენები იძულებითი ქმედების რაიმე ფორმა?“ სხვათა შორის, ამაზე არცერთი ცალსახა პასუხი არ მიგვიღია.

 

აქამდე სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც პორნოს უყურებენ, შემდგომში მიდრეკილნი არიან სექსუალური ძალადობისკენ. თუმცა, ამ კვლევის სტრუქტურა არ აანალიზებს ყველა შესაძლო მიზეზს. კიდევ ერთი კვლევიდან ჩანს, რომ „ფილმები დიდებისათვის“ მაინცდამაინც არ ასოცირდებოდა საზოგადოებაში უარყოფით შედეგებთან.

 

ჩვენ გვქონდა არჩევანის საშუალება: ვყოფილიყავით პორნოს ყურების მოწინააღმდეგენი ან დამცველები, გვეთანაგრძნო ერთი ან მეორე ჯგუფისთვის, მაგრამ ისევე, როგორც ჩემთვის, მოზარდებისთვისაც ეს რთული აღმოჩნდა. დიახ, ერთი მხრივ, უზარმაზარი კაპიტალისტური ინდუსტრია ქალის გამოსახულებით სპეციფიკურ მოთხოვნებს იკმაყოფილებს, მეორეს მხრივ კი, ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობის პროცესს პორნოგრაფიაში ხშირად თან სდევს ქალის ფიზიკური თუ სიტყვიერი დამცირება. ასეთი სიუჟეტის ყურების დროს გვეფიქრება კიდეც: „და ეს ნორმალურია?..“

 

უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ ჩვენ გვაქვს მიზოგონიასთან, სექსუალურ ძალადობასთან და გაუპატიურებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. პორნოგრაფია არ გვეხმარება მათ მოგვარებაში. მეორე მხრივ, ანტიპორნოგრაფიული მანიფესტები უკვე საუკუნეზე მეტია შობს დისკრიმინაციას, სხვადასხვა ფეტიშის მქონეთა შევიწროებას.

 

ისიც ფაქტია, რომ პორნოგრაფიის ინტერნეტნაკადი, თინეიჯერებისთვის ასე ხელმისაწვდომი სქესობრივი/სექსუალური განათლების ყველაზე ცუდი ფორმაა. მაგრამ ჩვენი კრიტიკის სამიზნე არ არის PornHub-ის შინაარსი. შესაძლოა, ის იმდენად არ წამლავს ახალგაზრდების გონებას, რამდენადაც ჩვენ გვგონია.

 

მოზარდებთან და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ჩვენი პრობლემა არა მხოლოდ ღია პორნოგრაფიაა, არამედ სხვა შეფარული ფორმის კონტენტი. სინამდვილეში, უკვე რამდენიმე კვლევით დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ რეკლამა ნაკლებად სექსუალური იყოს და უფრო მეტად მსუბუქი ეროტიკისკენ მიდრეკილი.

 

სექსუალიზებული ვიდეოთამაშები, სატელევიზიო შოუები, კლიპები – ჩვენ მხოლოდ პორნოგრაფიაზე ვაკეთებთ აქცენტს და შეიძლება გამოგვრჩეს სხვა, გაცილებით შემაშფოთებელი კადრები.

 

იშვიათია ადამიანი, რომელიც ახალგაზრდობაში პორნოგრაფიით არ ინტერესდება.  კოლეჯში 18 წლის ასაკში პირველ კურსის სტუდენტთა 93%-ს ერთხელ მაინც უნახავს „ფილმი დიდებისათვის“. გარდა ამისა, ჩვენ გვიყვარს ხაზგასმით იმის აღნიშვნა, რომ ინტერნეტმა პორნოგრაფია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახადა – ეს ასეა. ეჭვიც არ შეგაპაროთ, რომ ბავშვი, რომლის ხელშიც ინტერნეტიანი ტელეფონი მოხვდა, უყურებს პორნოს. თუმცა ამის დამადასტურებელ ახალ სტატისტიკას ვერსაიდან მოვიშველიებთ.

 

ეროვნული კვლევებით, 2000-იან წლებში პორნო 10-13 წლის ასაკის მოზარდთა 16%-ს ჰქონდა ნაყურები. 2010 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 30%-მდე გაიზარდა, მაგრამ 30% არ არის 100%.

 

და აი, მივადექით ყველაზე საინტერესო მომენტს: ჩემი პირადი კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდები პორნოგრაფიას მიმართავენ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, „რეალური“ სექსის შესახებ ინფორმაციის მოსაძებნად. ისინი ვერ პოულობენ საიმედო ინფორმაციას სხვაგან. აშშ-ში 50%-ზე ნაკლებ შტატებში კანონმდებლობა მოითხოვს სკოლაში სქესობრივი საკითხების სწავლებას და ამ შტატების ნახევარზე ნაკლები ითხოვს, რომ ინფორმაცია მოწოდებული იყოს მხოლოდ სამედიცინო კუთხით.

 

გამოდის, რომ ბოსტონის სკოლაში დამატებითი პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს ნამდვილად სურდათ სექსზე და პორნოგრაფიაზე საუბარი. მათ ეს თემა გაცილებით მეტად აღელვებდათ, ვიდრე პაემნები ან სექსუალური ძალადობა.

 

ამდენად, შეგვიძლია თუ არა მოვახდინოთ იმ თემების გადაფარვა, რომლებზეც ჩვენ ჩვეულებრივ ვსაუბრობთ, ჯანსაღი ურთიერთობების სწავლებით? როგორ გავიგოთ ამით ვინმეს ტკივილს მოვგვრით? არსებობს თუ არა ფლირტში ჯანსაღი საზღვრები? როგორია  სექსუალური თანხმობა? და ამ ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ, განვიხილოთ პორნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს შვილებს უკვე ნანახი აქვთ. ეს იგივეა, რომ თქვენს შვილს თქვენ თვითონვე მისცეთ შოკოლადი, ოღონდ შაქრისა და მავნე დანამატების გარეშე.

 

ჩვენ შეგვიძლია ბავშვებთან ვისაუბროთ რაღაცების შესახებ – მაგრამ გულწრფელად, მეცნიერული ობიექტურობის პრინციპების დაცვით. არსებობს ის, რაც ვიცით და არ ვიცით პორნოგრაფიის გავლენების შესახებ. ამიტომ ესაუბრეთ მათ სხვადასხვა კვლევის შედეგებსა და ხარვეზებზე.

 

გააკრიტიკეთ პორნო. ამ თემაზე უამრავი სამეცნიერო სტატია არსებობს, თავად შინაარსიც, რომელსაც „პორნოგრაფიული“ ჰქვია, არის მსჯელობისა და კრიტიკის ველი. მოზარდებს მოსწონთ კითხვების დასმა, მათ მოსწონთ დამოუკიდებლად ფიქრი.

„პორნოგრაფიული წიგნიერება“ სასაცილოდ ჟღერს და აბსურდულ საგნად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის გაკვეთილები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვუყუროთ „ფილმს დიდებისათვის“. ჩვენ არც საპირისპიროს ვაკეთებთ: არ ვართ პორნოგრაფიის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომლებიც ბავშვებს არწმუნებენ, რომ თუ ისინი მას უყურებენ, კიდურებს დაკარგავენ.

ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი ის არის, რომ არავის განვსჯით. არ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებმა პორნოგრაფიას უნდა უყურონ. ჩვენი გაკვეთილების მთავარი და ერთადერთი მიზანია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება. „რას ვხედავ? როგორ ვხედავ? რატომ აკეთებენ ადამიანები ამას და არა სხვა რამეს?“

პორნოგრაფია საშუალებას იძლევა გადახედოთ უამრავ სტერეოტიპს, რომლებიც, სავარაუდოდ, ქმნიან ნორმას. ქალის დამცირება, დისკრიმინაცია, რასიზმი – ეს ის რთული მომენტებია, რომელსაც პორნო ტრანსლირებს. ამ საკითხებზე თქვენ უნდა ისაუბროთ მოზარდებთან, რათა მათ არ სცადონ ნანახის გამეორება.

ნუ აჰყვებით ილუზიებს და ნუ იფიქრებთ, რომ მოზარდები პორნოს არ უყურებენ. ისინი ჯერ არ არიან ზრდასრული, მაგრამ ზრდასრულთა სამყაროში ცხოვრობენ. და მზად არიან  ზრდასრული საუბრებისთვის“.

 

 ვინ არის ყოველთვის მართალი?!

0

წერილი ეძღვნება 15 წლის ლუკა სირაძის ხსოვნას. იგი პოლიციაში ფსიქოლოგიური ძალადობის გამო 2019 წლის 11 დეკემბერს   საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მოგვიანებით დაიღუპა. ლუკას პოლიცია  სკოლის“შენობაში შეპარვასა და კედელზე შემდეგი ტექსტის წარწერას: „ამ ცხოვრების დედაც”  – ედავებოდა[1]

 

დისციპლინა, ამხანაგებო, რკინის დისციპლინა! – აი, თუ ამას ნაპოლეონი ამბობს,  ესე იგი, მართალია, რადგან „ნაპოლეონი ყოველთვის მართალია!” – ჯორჯ ორუელის ეს ფრაზა დღიდან დაბადებისა, არა და არ კარგავს აქტუალობას.

ლიტერატურა ისეთი თავისუფლებაა, რომ იქნებ მასზე საუბრის უფლება არც კი ჰქონდეს ყველას და მათ შორის ჩემსავით მავანს, მაგრამ როცა სხვაგან, თითქმის ყველგან, თავისუფლების კარი მიჯრით მიხურულია, სხვა გზა არ ჩნდება, იქ უნდა შეხვიდე და ისე შეისრუტო იგი, რომ ერთხანს და თან მუდმივად გეყოს შენთვის და ყველა მათთვის, ვისთვისაც თავისუფლება არა უბრალო ახირებების ასრულება ან თუნდაც ყველა არანივთიერი ღირებულების ერთიანობაა, არამედ სიკვდილისგან თავის დაძვრენა და გადარჩენა, უსასრულობის თვალსაწიერი, რომელში არსებობაც ყოველთვის შესაძლებელია.

ამ თვალსაწიერში, მაგალითად, თომას მორიდან დიკენსამდე, დიკენსიდან ორუელამდე თუ, პირიქით, ასევე ყოველთვის შეიძლება არსებობდეს ალბათობა იმისა, რომ იმედების გაზაფხულს შიშისა და „სასოწარკვეთის ზამთრები” შეენაცვლება მარადიული და წრიული პერიოდოსებით[2] ზემოდან ქვემოთ თუ პირიქით. და ბევრად მანამდე, ვიდრე ვინმე ნაპოლეონი გადაწყვეტს, რომ „ფერმაში ადამიანის ადგილი ნამდვილად არ არის”, მისი მშობელი, ქაღალდის ფულის უდარდელად  მომჭრელ-მხარჯველი დედა საფრანგეთი ახალგაზრდებს მოაკვეთს ხელებს, ამოაგლეჯს ენას, და ცოცხლად დაწვავს, რადგან პატივის ნიშნად არ მოუდრიკეს წვიმაში მუხლი ათეული იარდებით დაშორებულ ბერების პროცესიას. მაგრამ ეს ხომ ათას შვიდას სამოცდათხუთმეტის ამბებია, ნამდვილი ნაპოლეონის გამეფებამდე თითქმის მეოთხედი საუკუნით ადრინდელი, და მას შემდეგ თავისუფლების მძაფრმა სიომ ძალიან ბევრჯერ საიმედოდ დაჰბერა?!

დიახ, ალბათ  სულაც არ აჭარბებს თომას მორი ან დიკენსი, ჩარლზ ჯონ ჰაფემ, ისევე, როგორც არ აჭარბებს ბლაერი, ერიკ არტური, ჯორჯ ორუელის ფსევდონიმით ჩვენთვის ცნობილი. მათი სურვილი  კი – ოდენ ჰუმანიზმმა და კულტურამ დაჩაგროს უსამართლობა, დღესაც  სურვილად რჩება. კუნძულ „უტოპიამდე” ისევ შორია, ძალადობა ისევ დღის წესრიგშია. ძალადობს თითქმის ყველა თითქმის ყველგან, განსაკუთრებით მათზე სუსტებსა და დაუცველებზე. ძალადობენ დღისით და მზისით, ღიად და დაუფარავად, „ჯალათთა შორის ყველაზე გამრჯე კი მუდმივად სასურველია”.  და ნეტავ რატომ?

 

დომინოს ეფექტი

თუკი მცირე მანძილით თანაბრად დაშორებულ დომინოს ქვათაგან პირველს მივაწვებით, იგი დაუყოვნებლივ დაეცემა მეორეს, მეორე  – მესამეს და ა. შ. წარმოიქმნება  თანმიმდევრული, ერთ მოვლენათა ჯაჭვზე არსებული რეაქცია, მექანიკური ეფექტი, რომელიც, ჯაჭვის სიგრძის მიუხედავად, მაინც არსებობს. ამ ჯაჭვურ რეაქციაში გამოყენებული ენერგია არის დომინოების პოტენციური ენერგია, რის გამოც ისინი მეტაბოლურ მდგომარეობაში არიან. როდესაც ჩამოვარდება პირველი დომინო, დაცემით გადაცემული ენერგია უფრო მეტია, ვიდრე საჭირო დომინოზე დასაკარგი ენერგია და ა.შ. დომინოების ვარდნის მწკრივის ანალოგი ჩვეულებრივ ეხება მოვლენათა დაკავშირებულ თანმიმდევრობას, სადაც თანმიმდევრულ მოვლენებს შორის დრო შედარებით მცირეა.

„დომინოს ეფექტი/პრინციპი” გაიაზრება სიტყვასიტყვით, – როგორც  ფაქტობრივი შეჯახების სერია –  და, ასევე,  მეტაფორულად – როგორც მიზეზობრივი კავშირები ისეთ სისტემაში, როგორიცაა განათლება, გლობალური ფინანსები ან პოლიტიკა. ტერმინი დომინოს ეფექტი გულისხმობს, რომ მოვლენა გარდაუვალია ან ძალიან სავარაუდოა, რადგან უკვე დაიწყო, და, პირიქით, – გულისხმობს, რომ მოვლენა შეუძლებელი ან უაღრესად სავარაუდოა, რადგან პირველი დომინო დგას.

მიიჩნევენ, რომ დომინოს ეფექტის კონცეპციის შეჩერება შესაძლებელია პოზიტიური ჩარევითა და გადაწყვეტის გზით.[3]

სურ. 1.[4]

ლუკას ამბავმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, საზოგადოების ერთი ნაწილი სკოლის დირექციის ბრალეულობას უსვამდა ხაზს, მეორე ნაწილი კი – პირდაპირ პოლიციას  ადებდა ხელს. დააკავეს  პოლიციის გამომძიებელიც, მაგრამ ლუკა უკვე გარდაცვლილია და ამ ფაქტმა მომხდარს ვეღარაფერი უშველა[5]. სკოლის დირექცია კი, რომელმაც ბავშვი გაწირა, „უდიდეს მწუხარებასა და სევდას” გამოხატავს და აცხადებს: მი­­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლუკა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე სწავ­ლობ­და ჩვენს სკო­ლა­ში, მას­თან მე­გობ­რო­ბა და ემო­ცი­­რი ბმა აკავ­ში­რებს მის ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს და ყვე­ლას, ვინც მას იც­ნობ­და. ამ ამ­ბავ­მა შეგვძრა“.[6]  საზოგადოების ნაწილი მაინც დირექციის სოლიდარულია.

მიზეზთა გამო 15 წლის ლუკა წაიქცა, მაგრამ დომინოს წინა ქვებს ვიღაც ხელს აშველებს და, ჯერჯერობით, ისინი დგანან. „ნაპოლეონიც” მართალია!

 

სტოკჰოლმის  თუ ფერმის სინდრომი?!

დისციპლინა ხომ მშვნელოვანია?! – იტყვის მავანი. კი, მაგრამ რკინისა? – შეეპასუხება სხვა, რომლისთვისაც მიუღებელია ქათმების კაკანი იმის თაობაზე, თუ „რა საუცხოო წყალია ამხანაგ ნაპოლეონის მადლით” ან როგორ დადეს „ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი”.  ეს „სხვა” კიდეც გაჩუმდებოდა და თავის გზასაც განაგრძობდა, თუკი ესა თუ ის  „ქათამთა კავშირი ” ამის საშუალებას მისცემდა და „ცხოველთა ძმას”, „ცხვართა მფარველსა” თუ „იხვის ჭუჭულთა მეგობარზე” ძვირის თქმისთვის ერთს კარგად არ მიჯირყვნიდნენ. მათ ხომ თეორიულად არაფერი იცოდნენ სიმპათიისა და მიზიდულობის  „სტოკჰოლმის” პარადოქსალური რეაქციის შესახებ, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს, არადა, პრაქტიკულად ორუელის ფერმის ყველა წევრი ამის გამტარია! თუმცა იქნებ ბევრმა არ იცის, რა მოხდა ერთხელ სტოკჰოლმში და რას უწოდებენ სტოკჰოლმის სინდრომს.

1973 წლის 23 აგვისტოს სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ციხიდან გამოქცეული შეიარაღებული დამნაშავეები ბანკის შენობაში შეიჭრნენ ოთხ მძევალთან ერთად. მათ შორის იყო სამი ქალი და ერთი მამაკაცი. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის დაჯავშნულ საცავში, საიდანაც დამნაშავეები ტელეფონით მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, ორ პისტოლეტსა და მანქანას. ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს. ჯერ კისერზე თოკჩაბმულებმა გაატარეს რამდენიმე ხანი, ორი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საჭმელს და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებსა და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. ქალთაგან ერთ-ერთს შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ რატომღაც ამ შანსზე უარი თქვა, მეორემ ჯერ პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემა შეძლო, მაგრამ შემდეგ გამტაცებლებთან თავისი გამყიდველობა აღიარა. მეოთხე დღეს მან ტელეფონით მოითხოვა, მიეცათ მძევლებისთვის უფლება, თან გაჰყოლოდნენ გამტაცებლებს, რადგან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. მამაკაცი გათავისუფლების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც.

ეს მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. მისი ფსიქოლოგიური განმარტება წინააღმდეგობრივია, თუმცა მოცემულ მოვლენას ხსნიან, როგორც დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს ანა ფროიდმა აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა. ადამიანებს ეს ირაციონალური რეაქცია შეიძლება აღმოაჩნდეთ გადარჩენის მცდელობისას, როდესაც რაციონალური რეაქციები არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს. ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა[7].

 

ქილის რწყილების სინდრომი

რწყილებს საკუთარ სიმაღლესთან შედარებით 200-ჯერ მაღლა ახტომა შეუძლიათ (ეს დაახლოებით 8 ინჩია).  ექსპერიმენტისას ისინი ქილაში მოათავსეს. რწყილებმა ქილის მაღლა დაიწყეს ხტუნვა. ქილა დახურეს და სამი დღის განმავლობაში ასე დატოვეს, გახსნის შემდეგ კი ზემოთ აღარ ხტოდნენ. ქილიდან სრულიად გათავისუფლების შემდეგ მათმა გუნდმა ქილის ფორმა მიიღო და ასე დაიწყო გადაადგილება.  გასაკვირად, რწყილების შთამომავლებმაც, უფროსების მაგალითის მიხედვით, თავისუფალ სივრცეშიც ქილის ფორმით გადაადგილება დაიწყეს[8].

რწყილების ეს პარადოქსული რეაქციაც დაცვის მექანიზმს უკავშირდება და არ იძლევა კონკრეტული მოცემულობის, „კომფორტის ზონის” იქით წასვლის საშუალებას მაშინაც კი, როდესაც ეს მოცემულობა აღარ არსებობს.

ორი სიტყვა ჩაგვრაზე

მიჩნეულია, რომ ჩაგვრა ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს. ის, ვინც მიმართავს ბულინგს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას. ბულინგი შეიძლება ხდებოდეს ყველგან. მისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია შემდეგი გარემოებები:

  • ეს არის აგრესიული სახის ქცევა, რომელსაც განმეორებითი ხასიათი აქვს;
  • მჩაგვრელს აქვს მეტი ძალაუფლება, ვიდრე დაჩაგრულს (უფრო ძლიერია ფიზიკურად, ან სტატუსით უფრო მაღლა დგას);
  • მჩაგვრელის ქმედება არის წინასწარ განზრახული;
  • მჩაგვრელი არ იღებს პასუხიმსგებლობას ჩადენილ საქციელზე და ხშირად აღნიშნავს, რომ მსხვერპლმადაიმსახურაასეთი მოპყრობა[9].

ბულინგს ხშირად მიმართავენ დეპრესიული, დაბალი თვითშეფასების მქონე, საკუთარი პოპულარობით ზედმეტად დაინტერესებული და სხვებზე დომინანტობის მსურველი ადამიანები. ისინი, ვისზეც ადვილად ახდენენ გავლენას, კარგად ვერ იგებენ სხვების ემოციებს, არიან აგრესიული, ადვილად განიცდიან იმედგაცრუებას, უჭირთ წესების დამორჩილება, ძალადობას უყურებენ დადებითად. ასეთ ადამიანებს, აქვთ დაბალი თვითშეფასება და თავს გრძნობენ დაუცველად. როგორც წესი, მოძალადე, თავის მხრივ, მსხვერპლია და მისი მთავარი მიზანია, საკუთარი არაადეკვატურობის დამალვა და სხვა ადამიანებზე გადატანა.

ჩემი დასკვნა

ყოველთვის მართალია ის, ვინც ძალადობის ქილიდან ამოხტომას მოისურვებს.

ლუკა თავისუფალი და შესაშურად მართალი იყო, როცა კედლებზე იმ ფრაზებს აწერდა, სახელმწიფო, სკოლა, საზოგადოება, პოლიცია კი  – დამნაშავე.

იგი ისეთი არ იყო, როგორიც სხვები არიან. ეს  ბოლო ფრაზაც გეცნოთ, რომ ლიტერატურიდანაა და სხვა მაგალითებიც რაღა მოსატანია.[1] https://reginfo.ge/human-rights/item/17442-daigupa-15-xlis-luka-sirawe,-romelze-waladobashiz-polizias-adanashauleben

[2] დრო-სივრცული წრებრუნვით, ავტ.

[3] https://en.wikipedia.org/wiki/Domino_effect

[4]https://www.google.com/search?q=domino+principle+meaning&rlz=1C1CHBD_enGE849GE849&biw=1366&bih=625&tbm=isch&source=iu&ictx=1&fir=aIfREwrwMuyAiM%253A%252CfoZHZf9uSL2PMM%252C_&vet=1&usg=AI4_-kQuwSwifRypS5iZS4osLXvjcEAq8Q&sa=X&ved=2ahUKEwiNvae7q_zmAhU06KYKHeQBDUMQ_h0wFHoECAsQBw#imgrc=9nfgELG2zUlrmM:&vet=1

[5] https://reginfo.ge/people/item/17445-gamomwiebeli-mariana-choloiani-dakavebis-shemdeg-saavadmyboposhi-gadaiybvanes

[6] https://www.ambebi.ge/article/239837-mcvane-skolis-gancxadebas-15-clis-luka-sirazis-g/

[7] უკანასკნელ ხანებში ამ ფენომენის ცოდნა გამიზნულად იხმარება ტერორისტების მხრიდან მძევლების აბსოლუტური დამორჩილების მიზნით. ამის გამო, მძევლების გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია ფსიქოლოგთა ჩარევა, რომელთაც შეუძლიათ ადეკვატურად შეაფასონ არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ მათი მსხვერპლთა ქცევაც.

[8] https://www.youtube.com/watch?v=v-Dn2KEjPuc

[9] https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/82229-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/93/

 

 

,,ბავშვების გონებრივი საცავები’’ ანუ იდუმალი ყუთიდან- ნაპოლეონამდე

0

ორიგინალურად გაფორმებულ ყუთს ხელი დავავლე  და  საკლასო ოთახისკენ ავიღე გეზი. კლასში შესვლისთანავე ყველამ ერთხმად იყვირა:

– ,,იდუმალი ყუთი!’’

– ნაწილობრივ ,,იდუმალი ყუთი’’… მეღიმება და ვეუბნები, რომ დღეს ყუთი ჩვეულებისამებრ არ იქნება სხვადასხვა ნივთით სავსე და მას მხოლოდ გაკვეთილის დასრულების შემდეგ გავხსნით.

მოსწავლეთა მხიარულ გამომეტყველებას ნელ-ნელა ცვლის გაოცება, იმედგაცრუება, ამავდროულად, ინტერესი – რა მოხდება…

 

  • გთხოვთ, შეხედეთ ეკრანს და მითხარით, ვინ არის და რა გსმენიათ ამ ადამიანის შესახებ?

 

 

დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ მას ყველა იცნობს, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავხსნა ,,ბავშვების  გონებრივი საცავები’’ (თ.ჯაყელი).

და, აი,  მესმის:

– ნაპოლეონი!

– დიდი იმპერატორი!

– მხედართმთავარი!

– ბევრი ომი მოიგო!

– საფრანგეთის მეფე!..

შეძახილების დასრულების შემდეგ:

  • ხომ არ გახსენდებათ რაიმე სხვა, რომელიც ამავე სახელთან არის დაკავშირებული?

და ისევ, ერთხმად: – ნაპოლეონი! ნამცხვარი!

 

 

 

– ნაპოლეონი,  მეფე და ,,ნაპოლეონი’’, ნამცხვარი – ომონიმები!

– ყოჩაღ! – გულწრფელად მიხარია და მომწონს გამოწვევის ფაზაში ამდენი საინტერესო ფრაზის მოსმენა.

– ვინ  მიამბობს  ნამცხვრის შექმნის ისტორიას?

კლასში ნელ-ნელა ისადგურებს სიჩუმე…

Google-ის  საძიებო ველში ვწერ სანდრო ასათიანისა და საავტორო ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნის, ,,ნაპოლეონის’’ ბმულს, რომელიც წინასწარ მაქვს გადმოწერილი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე. (https://learning.geolab.club/georgian/)

პროექტორის დახმარებით დიდ ეკრანზე ჩნდება ჩანაწერი.

 

ტექსტში ახალი ლექსიკური ერთეულები ლურჯი ფერით არის გამოკვეთილი. მასზე დაწკაპუნებით ჩნდება სიტყვის განმარტება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის გაკვეთილს. პერიოდულად ვჩერდებით, მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, რა მოხდება. მოთხრობის ბოლოს, ეკრანზე ჩნდება ლექსიკონი, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთხელ კიდევ გავიმეოროთ უცხო სიტყვები:

 

ნარინჯისფერ ღილაკზე     ხელის დაჭერით ეკრანზე ჩნდება კროსვორდი:

 

 

 

 

შენიშვნა: შეგვიძლია, წინასწარ ამოვბეჭდოთ ბარათები და ჯგუფურად ან წყვილებში შეავსონ მოსწავლეებმა.

მწვანე ღილაკზე  ხელის დაჭერით ეკრანზე ჩნდება თამაში მემობარათებით.   მოსწავლეებმა წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში, გაბნეულ ბარათებში უნდა იპოვონ მოცემული სიტყვის განმარტება ან მსგავსი სიტყვა, სინონიმი.

 

შენიშვნა: თუ შესაძლებელია, სასურველია, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეასრულონ ეს დავალება, ან წყვილებში და ჯგუფებში. დასასრულ,  კიდევ ერთხელ დიდ ეკრანზე გავხსნით მემობარათებს, რომ განვამტკიცოთ ცოდნა.

დავალება:

 

 გაკვეთილის გემრიელი დასასრული

  

მეგონა, მაგიდაზე დადგმული ,,იდუმალი ყუთი’’  ყველას დაავიწყდა. ამ დროს მომესმა ერთ-ერთი მოსწავლის ხმა:

  • ლელა მასწავლებელო, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ,,იდუმალი ყუთი’’ რომ არ ვითამაშეთ?

მოსწავლე მოვიხმე მაგიდასთან, გავახსნევინე ყუთი და ჩემს  საყვარელ მეხუთეკლასელებს საკუთარი ხელით მომზადებული ,,ნაპოლეონით’’ გავუმასპინძლდი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ბავშვების საათი“: მორალური და ამორალური

0

უილიამ უაილერის ამ ფილმს – 1961 წელს გადაღებულ „ბავშვების საათს“ – ჯონ მაქსველ კუტზეე აღტაცებით იხსენებს რეჟისორის სხვა ნამუშევრებით მოხიბლული მეგობრისთვის, პოლ ოსტერისთვის მიწერილ ერთ წერილში: „დავასკვენი, რომ გამბედაობით გამორჩეული ფილმია. უფრო ზუსტად, დავასკვენი, რომ უაილერი იყო გამბედავი, რადგან ასეთი ფილმით წარსდგა ჰოლივუდელი „გუშაგების“ წინაშე (ჩემი ვარაუდით, ამის გაკეთებას  50-იან წლებში უფრო დიდი გამბედაობა დასჭირდებოდა)“. მთავარი როლის შემსრულებელი შირლი მაკლეინი კი საპირისპიროს ამტკიცებს ათწლეულების შემდეგ, როცა უკვე კინოკლასიკად ქცეული ფილმის გადაღებას იხსენებს: „უილიმ ყველა ის სცენა ამოჭრა, რომლებიც ჩვენს სიყვარულზე მიანიშნებდა. მაგალითად, ის, სადაც ოდრის თმას ვვარცხნი. ერთმანეთს ფიზიკურად არც კი ვეხებოდით. ჩემი აზრით, უბრალოდ შეეშინდა“.

„ბავშვების საათი“ ორ ახალგაზრდა მასწავლებელზე გვიყვება – ძველ მეგობრებზე, რომლებმაც ენთუზიაზმით წამოიწყეს საპასუხისმგებლო საქმე: სკოლა გახსნეს, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობენ. სკოლა პატარაა, მასწავლებლები კი თავად აკეთებენ ყველაფერს – დაუზარებლად – საკლასო ოთახშიც და სამზარეულოშიც. საქებარი ამბავია, მაგრამ კუტზეეს აღტაცებას ვერ გავიზიარებდი და ამ ფილმს ნახევრამდეც ვერ ვუყურებდი, რომ არა მართა დობის (შირლი მაკლეინი) სახე და განცდის, ტკივილის კვალი ამ სახეზე, რომელმაც პირველივე წუთებში მომნუსხა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მას უფრო მეტი სადარდებელი აქვს, ვიდრე ყველა სხვა გმირს – ერთად. და საკითხავი ის არის, საბოლოოდ ჩავიხედავთ მის გულში თუ ვერა?

ერთ დღეს მასწავლებლების ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ცილისწამების მსხვერპლად ქცეულნი, უსწრაფესად კარგავენ: მოსწავლეებს, მშობლებისა და საზოგადოების კეთილგანწყობას, საყვარელ საქმეს, რომელსაც დიდი დრო და ენერგია შესწირეს, აწმყოს, მომავალს… ენით აუწერელი საშინელებაა მათი ყოფა, როცა ვერავის ვერაფერს უმტკიცებენ. ერთი მოსწავლის დიდ ტყუილზე აგებული ბრალდება თანაბრად დამაჯერებელი აღმოჩნდება სასამართლოსთვის, ჟურნალ-გაზეთებისთვის, მთელი ქალაქისთვის. ქალებს „არაბუნებრივი სექსუალური კავშირის“ გამო ჰკიცხავენ და დასცინიან. მათთვის ქუჩაში გასეირნებაც კი უკვე განსაცდელად იქცევა.

ერთადერთი, ვინც შერისხულ მასწავლებლებს გვერდით დაუდგება, კარენ რაითის (ოდრი ჰეპბერნი) საქმროა. სოფლად გადავბარგდეთ სამივე და იქ ახალი ცხოვრება დავიწყოთო, – ასეთი აზრიც კი გაუჩნდება. თავიდანვე გამაღიზიანებელია მისი სწორხაზოვანი დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ფილმში ხდება. ერთხანს ქალების სიმართლის სჯერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არაფერს ცვლის – ისიც იმ საზოგადოების წევრია, რომელშიც გაიზარდა და რომელმაც ასწავლა, რომ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს არჩევანი თეთრსა და შავს შორის.

„არაბუნებრივი“ – ეს სიტყვა იმდენად ხშირად ისმის, რომ მეტისმეტად შემაწუხებელიც კი ხდება. ცხადია, სხვა ეპოქაა, სხვა წარმოდგენა მორალურსა და ამორალურზე. თავად მასწავლებლებიც კი ძალიან სამარცხვინოდ მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთი რამ რამ დააბრალეს – შემზარავი, თავზარდამცემი, წარმოუდგენელი. „ექვსი თითი და ორი თავი მაქვს. მახინჯი ვარ!“ – ეს მართას წამოძახილია. ვიღაც აბეზარის თავიდან მოშორებას ცდილობს ამ ფრაზით, მაგრამ ალბათ თვითონ უფრო მკაფიოდ ხედავს ამ ექვსთითიან და ორთავიან არსებას.

„სიყვარულმა შეიძლება სულაც არ მიგვიყვანოს იქ, სადაც გვეგონა, რომ მიგვიყვანდა. ან იმედი გვქონდა, რომ მიგვიყვანდა. მეორე მხრივ, რა შედეგიც უნდა მივიღოთ, ამ სიყვარულმა სერიოზულობისა და ჭეშმარიტების გზაზე უნდა დაგვაყენოს. თუ ასე არ არის – თუ მის შედეგს მორალთან საერთო არაფერი აქვს – მაშინ ეს სიყვარული მხოლოდ სიამოვნების ერთ-ერთი – გაზვიადებული – ფორმა ყოფილა და მეტი არაფერი“, – ეს უკვე ჯულიან ბარნსია, რომელიც იქვე ამატებს: გლოვა კი, თავისი არსით, მორალს მიღმაა – თავს გვახვევს მოკუნტული ადამიანის თავდაცვით პოზას და გვაიძულებს, უფრო ეგოისტები გავხდეთო.

ამ ფილმში გლოვაცაა და გზის უცაბედად დანახვის სიხარულიც, ყველა გაგონილ ფრაზაში დაეჭვებაც და ჭეშმარიტების თვალისმომჭრელი შუქის შიშიც.

ყველაზე ამაღელვებელი კი დასასრულია, რომლის შესახებაც აქ ბევრს არაფერს ვიტყვი. დრამატული სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება, მიუხედავად იმისა, რომ მანიპულატორ მოსწავლეს უპატიებელ ტყუილში ამხელენ და მასწავლებლებს ბოდიშს უხდიან, სხვადასხვაგვარ სიკეთესაც ჰპირდებიან. სწორედ მაშინ, როცა ყველაფრის მეტ-ნაკლებად გამოსწორების, ახალი წესრიგის შესაძლებლობა ჩნდება, მართა დობი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს – ჩემი წარმოდგენით, გაუმართლებელ გადაწყვეტილებას. მორალი იქ არის, სადაც სიყვარულია და ის მზერაა, რომელსაც ის ეზოში მიმავალ საყვარელ ადამიანს აყოლებს.

ფორუმ-თეატრი გაკვეთილზე

0

სტატიაში მინდა გაგაცნოთ როლური თამაში – ფორუმ-თეატრი. ამ ტექნიკის შესახებ პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში,  უკრაინაში, ქალაქ ლვოვში Erasmus+ ის ეგიდით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შევიტყვე. იდეა ძალიან მომეწონა. დაბრუნების შემდეგ დავიწყე მისი საგაკვეთილო პროცესში დანერგვაზე მუშაობა.

ფორუმ-თეატრის იდეის ფუძემდებელია ავგუსტო ბოლი. ავგუსტო ბოლი იყო ბრაზილიელი თეატრის თეორეტიკოსი, მსახიობი და პოლიტიკური აქტივისტი. იგი აქტიურად ებრძოდა  საზოგადოების დაყოფას კლასებად, რის გამოც იდევნებოდა პოლიტიკური რეჟიმების მიერ. არგენტინაში გადასახლების პერიოდში მან დაიწყო ფორუმ-თეატრის იდეაზე მუშაობა. ეს მეთოდი მიმართულია სოციალური ტრანსფორმაციისაკენ, საზოგადოების სასიკეთო ცვლილებისაკენ, თემში არსებული პრობლემების მოგვარებისაკენ.

რაში მდეგომარეობს ამ ტექნიკის უპირატესობა?

ფორუმ-თეატრი ჩვეულებრივი სპექტაკლისგან განსხვავდება იმით, რომ სცენასა და მაყურებელს ერთმანეთთან აკავშირებს. წარმოდგენა იმართება ორჯერ. კონკრეტული სცენის გამეორებისას მაყურებელს ეძლევა საშუალება, გახდნენ მსახიობები და შეცვალონ პროცესის მიმდინარეობა სასურველი სცენარით.

განვიხილოთ ფორუმ-თეატრი  სამოქალაქო განათლების გაკვეთილის მაგალითზე. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. ჯგუფებს გაკვეთილის თემის მიხედვით ეძლევათ დავალება – დადგან მინი-სპექტაკლი, თეატრი შემოთავაზებულ პრობლემურ საკითხზე. ეს შეიძლება იყოს  ბულინგი სკოლაში, ოჯახური ძალადობა, დისკრიმინაცია, ნაადრევი ქორწინება და ა.შ. მოსწავლეები ფიქრობენ ჯგუფებში სავარაუდო სცენარზე, ინაწილებენ როლებს.

ფორუმ-თეატრში წარმოდგენები იწყება შემდეგი წესის მიხედვით: სცენაზე გადის ერთი ჯგუფი. სხვა ჯგუფის წევრები ითავსებენ მაყურებლის როლს. პირველი მოქმედების დასრულების შემდეგ ფასილიტატორი მიმართავს მაყურებელს კითხვებით: რა პრობლემა დაინახეთ? როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?  ხომ არ არის შესაძლებელი პრობლემის გადაჭრა რომელიმე მსახიობის ჩანაცვლებით?.. აუდიტორია იწყებს ფიქრს გამოსავალზე.

შემდეგ იგივე ჯგუფი განმეორებით წარმოადგენს იმავე დადგმას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტაშით გააჩეროს მოქმედება და ჩაანაცვლოს მსახიობი. ერთადერთი აკრძალვა მხოლოდ  მთავარი როლის შემსრულებლის, ე.წ. „პრობლემის წყაროს“ ჩანაცვლებაზე მოქმედებს. ბულინგის შემთხვევაში ბულერია მთავარ როლში. დარბაზში მსხდომებმა სხვა მსახიობის ჩანაცვლებით უნდა მოახერხონ ბულერის ქცევის შეცვლა. ამ შემთხვევაში შეიძლება ან მასწავლებელი იყოს ინერტული – ან კლასელები. ტაშის დაკვრისას წარმოდგენა ჩერდება და გრძელდება, როგორც კი ახალი მონაწილე გადის სცენაზე. მთავარი მიზანი არის ამ შემთხვევაში ბულერის ქცევის ცვლილება, მასზე ზეგავლენა. მაგალითად, თუ რომელიმე მაყურებელი ჩაანაცვლებს მასწავლებელს, რომელიც ინერტულია, არაფერს აკეთებს დაჩაგრული მოსწავლის დასაცავად, მისი აქტიური მასწავლებლით ჩანაცვლების შემთხვევაში დიდი შანსია ბულერის ქცევა შეიცვალოს. ასევე, საინტერესოა ბულერის მეგობრის ჩანაცვლება, რომელიც მისი პოტენციური მხარდამჭერია. შესაძლოა მსხვერპლი მოსწავლის  ჩანაცვლება, რომელიც თავდაპირველ წარმოდგენაში ვერ ახერხებდა თავის დაცვას. ახალმა მონაწილემ მკაფიოდ უნდა დაგვანახოს განსხვავებული ქცევა ბულერის, მისი მეგობრების, მხარდამჭერების მიმართ.

მნიშვნელოვანია ინსტრუქციები იყოს მკაფიო. ფორუმ თეატრის დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ :

➡ აკრძალულია ყოველგვარი ძალადობა;

➡ წარდგენაში გამოკვეთილი უნდა იყოს უარყოფითი როლის შემსრულებელი;

➡ უარყოფითი როლის შემსრულებელმა ქცევა უნდა შეიცვალოს იმ დროს, როცა შინაგანად იგრძნობს სიტუაციის ცვლილებას, მის გარშემო არსებული რეალობის შეცვლას;

➡ სიჯიუტე დაუშვებელია;

➡ წარმოდგენა მთავრდება, როცა თავდაპირველი სურათი იცვლება.

➡ ჯგუფმა უნდა მოამზადოს მაქსიმუმ 4-5 წუთიანი წარმოდგენა.

თანამედროვე ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ რწმენა იმისა, რომ მათ შეუძლიათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა. ფორუმ-თეატრი სწორედ ამ რწმენის გამტკიცებისკენ არის მიმართული, რადგან შესაძლებელია დავინახოთ ცვლილებები რეალურ დროში. მსგავსი მეთოდით, ბავშვები სწავლობენ, რომ არ უნდა იყვნენ ინერტულები გარშემო არსებული პრობლემების მიმართ და ითამაშონ აქტიური როლი მათ მოგვარებაში.

ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://dramaresource.com/forum-theatre/

https://www.involve.org.uk/resources/methods/forum-theatre

 

ხალისით სწავლებისთვის

0

ჩემს გეოგრაფიის მასწავლებელს უკვე იმ დროისთვის ძველმოდური სახელი – ცუცა ერქვა. ის აქტიური პედაგოგი იყო, უყვარდა სკოლა, ბავშვებიც, სიმკაცრესაც იჩენდა და გაკვეთილსაც დაუზარელად ხსნიდა, მაგრამ ვერასოდეს შეამჩნია, რომ მისი საგანი ძალიან მომწონდა.

 

თუ გამომიძახებდა, მასალას მშრალად მომაყოლებდა და როცა მის კითხვაზე საპასუხოდ სხვა ცოდნასაც მოვიშველიებდი, მაჩერებდა და დაბალი ნიშნით მაფასებდა. არ ვიცი, ასე რატომ ხდებოდა. არადა, გეოგრაფიის სახელმძღვანელოს სიამოვნებით ვკითხულობდი. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ კლასში ყველაზე მეტად ეს საგანი მე მაინტერესებდა, რადგან მოზარდობაში ევროპაში მიწევდა მოგზაურობა და იმის გამო, რომ საკუთარი თვალით მქონდა ნანახი, რა განსხვავება იყო საბჭოთა და ცივილიზებულ ქვეყნებს შორის, გეოგრაფიაც სხვანაირად მიზიდავდა. მაგრამ ცუცამ, რომელიც გაკვეთილის მშვიდობიან ჩატარებაზე უფრო იყო ორიენტირებული, ამის შესახებ ვერასოდეს გაიგო.

 

გეოგრაფია დღესაც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სასკოლო საგნად მიმაჩნია. კარგად შემუშავებულ გაკვეთილზე მოსწავლეებს შეუძლიათ მთელ სამყაროში კლასიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფერადი სახელმძღვანელოები, ატლასები, გლობუსები და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები, მკვეთრად განასხვავებენ გეოგრაფიას სხვა საგნებისგან. თუმცა ბავშვები ამასაც ეჩვევიან. ამიტომ მათი ინტერესის „შეცხელება“ დროდადრო აუცილებელია. გეოგრაფიის მასწავლებელმა უწყვეტად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეებს მისი საგნის მიმართ ინტერესი არ გაუნელდეს, რისი მიღწევაც სავსებით რეალურია საინტერესო შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვით.

 

როგორ გავხადოთ გეოგრაფია ჭეშმარიტად ცოცხალ მეცნიერებად – ამ გამოცდილებას  სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიის პედაგოგები გვიზიარებენ. ისინი გვირჩევენ, რომ ბავშვებს საგანი არა მარტო რუკებითა და გლობუსებით ვასწავლოთ.

 

გამოიკვლიეთ სამყარო მეგობრული მიმოწერით – მასწავლებლის დახმარებით გაიცანით სხვა ქალაქის/ქვეყნის სკოლის მოსწავლეები მიმოწერით. დიახ, ცოტათი ძველებურად ჟღერს, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს ბავშვებს, განავითარონ წერის უნარები, შეუქმნის შთაბეჭდილებას მათზე, ვინც მათი სკოლისა და რაიონის მიღმა ცხოვრობს. სასწავლო წლის ბოლოს შეგიძლიათ ეს ყველაფერი დააგვირგვინოთ  ვიდეოჩატით, სადაც ბავშვები, ბოლოს და ბოლოს, „შეხვდებიან“ თავიანთ შორეულ მეგობრებს.

დაკიდეთ კლასის კედელზე რამდენიმე საათი – დაეხმარეთ მოსწავლეებს გაეცნონ და განსაზღვრონ დროითი ზონები. ერთ საათზე საშუალო გეოგრაფიული დრო გაასწორეთ და მიუთითეთ ის, როგორც გრინვიჩი, ინგლისი. აირჩიეთ მსოფლიოს  ძირითადი ქალაქები, მათ შორის თქვენი მშობლიური ქალაქიც, გამართეთ საათები ქალაქის შესაფერის დროებზე.

ახლა შეგიძლიათ პერიოდულად მიიპყროთ მოსწავლეთა ყურადღება საათებზე, სასურველია დღის სხვადასხვა დროს. მაგალითად, დილით, როდესაც ისინი სკოლაში მოდიან, გაესაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ამ დროს სხვა დროის ზონებში სხვა მოსწავლეები. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ საათი, როგორც ათვლის წერტილი, რათა განუმარტოთ, თუ როგორაა დაკავშირებული გრძედის კოორდინატები დროის ზონასთან.

მოამზადეთ გზამკვლევი – ინფორმატიკის მასწავლებელი მელინდა კლეკერი განთქმულია თავისი სახალისო გეოგრაფიის გაკვეთილებით. ის მოსწავლეებს სთავაზობს, შექმნან საკუთარი ტურისტული ბროშურის დიზაინი. სთხოვს ბავშვებს, აირჩიონ სხვადასხვა სახელმწიფო. თითოეული მათგანი ატარებს თავის კვლევებს ქვეყნისა და ორი მსხვილი ქალაქის შესახებ. ეს შესანიშნავი მეთოდია წერის უნარის, კომპიუტერული ცოდნის, გრაფიკული დიზაინის და გეოგრაფიის ერთ პროექტში გაერთიანებისა.

გამოიკვლიეთ სამყარო Google Earth-ით – ყოველ ჯერზე, როდესაც მეოთხე კლასის პედაგოგი ჯულია მაკინტაირი საუბრობს თავისი მოგზაურობის შესახებ, იყენებს Google Earth-ს, რათა მოსწავლეებმა უფრო ნათლად დაინახონ დაშორება მათ სკოლასა და დანიშნულების ადგილს შორის. „ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახოთ ნამდვილი პერსპექტივები და მასშტაბები,“ – ამბობს ის. ჯოშ უილიამსის მოსწავლეები კი შეისწავლიან National Geographic-ის მიერ შემუშავებულ პროექტს „ხელუხლებელი ზღვები“. ისინიც იყენებენ Google Earth-ს, რათა გააანალიზონ, თუ როგორ შეიცვალა ბუნებრივი ლანდშაფტი მთელ მსოფლიოში ამ დროის განმავლობაში.

შექმენით საკუთარი კუნძული – მეექვსე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ემი გეტისთან ერთად, სასწავლო წელს იწყებენ კუნძულების რუკების შექმნით. კუნძუწლები მათ ცხოვრებას წარმოადგენენ. ისინი ნელ-ნელა ავსებენ ნახატს ბიოგრაფიული დეტალებით,  იყენებენ წარმოსახვას, რელიეფის ცოდნას რუკების შესაქმნელად.

ითამაშეთ დამალობანა მთელ მსოფლიოში – ჩაიფიქრეთ გარკვეული ადგილი პლანეტაზე. მიეცით თქვენს შვილებს რამდენიმე მინიშნება გრძედთან და განედთან, სეზონური ცვლილებებთან, ცხოველთა სამყაროსთან ან რაიმე გეოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით. მათ უნდა გააანალიზონ ეს ყველაფერი და „გიპოვონ“.

 

დახატეთ პერსონაჟის სამოგზაურო რუკა  – წიგნებში მოქმედებების ადგილებზე საუბრისას, ჯესიკა ბრუკსი სთავაზობს ბავშვებს, შეადგინონ მთავარი გმირის სამოგზაურო რუკა. კიდევ ერთი პედაგოგი, მელოდი არნეტი ამბობს, რომ ის მარტივად აერთიანებს გეოგრაფიას კითხვის გაკვეთილებში და ეხმარება თავის კლასს ზუსტად გაარკვიოს, თუ სად, მსოფლიოს რომელ კუთხეში ვითარდება წიგნში აღწერილი სიუჟეტი. „ზოგჯერ ეს აშკარაა, როდესაც, მაგალითად, ტაილანდურ ხალხურ ზღაპრებს ვკითხულობთ, – ამბობს ის, – ზოგჯერ კი ჩვენ ვიღებთ გარკვეულ დასკვნებს ამბიდან გამომდინარე“.

დაასაქმეთ ყველაზე სწრაფი მოსწავლეები – ეს არის იდეა ყველაზე სწრაფი და აქტიური მოსწავლეების დასაქმების შესახებ მას მერე, რაც მათ დაასრულეს ძირითადი სამუშაო. რუნა ზამანის სამაგიდო უჯრაში ყოველთვის მოიპოვება  ცარიელი მსოფლიოს რუკების ასლები, სადაც ის ბავშვებს სთხოვს, აღნიშნონ ნაცნობი სახელმწიფოები და მათი საზღვრები. ამისათვის მოსწავლეებმა შეიძლება მიიღონ დამატებითი ქულა ან მცირედი საჩუქარი, ეს დამოკიდებულია სწორად მონიშნული  ქვეყნების რაოდენობაზე.

მთელი სამყარო თქვენს ხელშიაითამაშეთ Throw the Globe. კლასში გადააგდეთ დიდი გასაბერი გლობუსის ბურთი. როდესაც მოსწავლე მას დაიჭერს, უნდა განმარტოს რომელი კონტინენტი ან ოკეანეა მის ხელთ და რა იცის ამ ადგილის/ტერიტორიის შესახებ. ხდება ინფორმაციის გაზიარება და სხვა მოსწავლეების მიერ მისი შევსება.

 

თემატური პროექტი – კლასში სხვადასხვა პროექტის შექმნა ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივი საქმიანობის გააქტიურებას. დასრულებული პროექტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით: სტატიები, რეკომენდაციები, ალბომები, კოლაჟები, პრეზენტაციები, ვიდეოები და მრავალი სხვა, რაც კლასშივე განიხილება.

გვახსოვდეს, რომ გეოგრაფია არის შესანიშნავი მოგზაურობები, საინტერესო თავგადასავლები, ახალი მიწების აღმოჩენა, საიდუმლოებით მოცული ბუნებრივი მოვლენები, ქარიშხლები, ცუნამები, მიწის სტრუქტურა, რომელზედაც ყოველდღიურად ვსეირნობთ – ეს ყველაფერი კი საინტერესოა!

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...