ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

  ახალი ესგ და ახალი გამოწვევები

0

 

ამ სწრაფად ცვალებად გარემოში ცხოვრება არც თუ ისე მოსაწყენია, თუმცა ჩემი ერთგული ბუნებიდან გამომდინარე არ მიყვარს ახალი ნივთები: არ მიყვარს ახალი ტელეფონი, ახალი ფეხსაცმელი, ახალ კომპიუტერსა და მანქანას ხომ წამოუდგენლად ძნელად ვეგუები. სამაგიეროდ მიყვარს ახალი იდეები და გამოწვევები.

სწორედ ასეთია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ამჟამად ჩემთვის და მრავალი მასწავლებლისთვის ახალი დიდი გამოწვევაა.

მაინც რა სიახლეა ეროვნულ სასწავლო გეგმაში?

პირველი ის, რომ საბაზო საფეხურზე განსაზღვრულია საერთო შედეგები.  რაც, მართალი გითხრათ, ძალიან მომწონს, რადგან არის თემები, რომლის დამუშავებაც ასე მარტივად არ შეიძლება. ამიტომ მომწონს მსხვილ ერთეულად თემის აღება, რომელსაც საბაზო საფეხურზე ვამუშავებთ და არა მარტო ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე ან თუნდაც ერთ კონკრეტულ კლასში არამედ საბაზო საფეხურის განმავლობაში. ახალ ესგ-ში თემა არის  ფუნქციური კონტექსტი, რომელიც სტანდარტის შედეგების, ცნებებისა თუ კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. მაგალითად თემა დედამიწა, რომლის  განხილვისას ხდება ისეთი ცნებების დამუშავება, როგორიცაა, ლითოსფერო (რელიეფი, ფილაქნების ტექტონიკა) ატმოსფერო (ამინდი, ჰავა, კლიმატური სარტყელი), ჰიდროსფერო (შიგა წყლები, ჰიდროლოგიური პროცესები) ბიოსფერო (ფლორა და ფაუნა, ნიადაგი), ნოოსფერო, ბუნებრივი  ზონა, ლანდშაფტი…

საბაზო საფეხურზე გეოგრაფიის შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად.

  • რუკა და გეოგრაფიული ანალიზი – გულისხმობს სხვადასხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს სხვადასხვა წყაროს (რუკა, გრაფიკი, აერო და კოსმოსური სურათები, დიაგრამა) საშუალებით;
  • ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემები – გულისხმობს ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემების განვითარების კანონზომიერების ჩვენებას, კავშირების დადგენას – ბუნება-საზოგადოება-მეურნეობა; ადამიანის მიერ ბუნებაზე ზემოქმედების შედეგების გაანალიზებას;
  • მდგრადი განვითარება და უსაფრთხოება – გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების და გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელობის ჩვენებას, ბუნებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ სისტემებს შორის ურთიერთმიმართების გააზრებას; ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ ადეკვატური ქცევის ჩამოყალიბებას.

მეორე ის, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეყრდნობა ხუთ საგანმანათლებლო პრინციპს:

  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპი: რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდან მოყვანილი მაგალითების საშუალებით.
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. აუცილებელია, მოხდეს წინა წლებში ნასწავლი მასალის გათვალისწინება.
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება გულისხმობს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს (ტესტების, რუკების, დიაგრამების…) კითხვასა და ანალიზს.
  • სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
  • სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის სწავლა გეოგრაფიაში ხდება სხვადასხვა გეოგრაფიული უნარის გამომუშავების გზით, გეოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბებით.

აქვე უნდა გამოვყო გამჭოლი უნარები, რომლებმაც შეცვალა გამჭოლი კომპეტენციები: პრობლემების გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, სწავლის სწავლა, დამოუკიდებლად საქმიანობა, პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნიერება.

საგნობრივ სტანდარტში მკვეთრად გამოყოფილია მეტაკოგნიციის უნარების განვითარების მნიშვნელობა სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად. აქვე მოცემულია სამი რეკომენდაცია, თუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის: სტრატეგიების მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს დავალებას და მისი შესრულებისას „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ შეასრულოს ეს აქტივობა.

წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე  დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებზე.

შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მსჯელობა გადადგმულ  ნაბიჯებზე.

როგორ ავაგოთ თემა?

თითოეული თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს სტანდარტის ყველა შედეგი. თემები იცვლება, მაგრამ არ შეიცვლება სწავლის მიზნები, რომლებიც სტანდარტის შედეგების სახითაა ფორმულირებული (შედეგი თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასწავლო ერთეულს – თემას).

თემა – დედამიწა

  1. მკვიდრი წარმოდგენებისა და ცნებების განსაზღვრა

მაგალითად: მკვიდრი წარმოდგენები – მზე არათანაბრად ათბობს დედამიწას; გეოგრაფიული გარსები ურთიერთდაკავშირებულია და ურთიერთქმედებს  ერთმანეთზე;

ცნებები: ატმოსფერო (ამინდი, ჰავა, კლიმატური სარტყელი).

  1. საკვანძო კითხვების დადგენა

თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.

მაგალითად: რატომ გვხვდება დედამიწის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ბუნებრივი პირობები?

რატომ იცვლება დედამიწაზე სეზონები? რატომ გვაქვს დედამიწის სხვადასხვა ადგილას განსხვავებული სეზონი?

  1. შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა

გეოგრაფიული გარსის მთლიანობის აღქმა და მისი გეოსფეროების (ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ბიოსფერო, ნოოსფერო) ურთიერთდამოკიდებულების გაანალიზება.

  1. საგნობრივი საკითხების განსაზღვრა

საგნობრივი საკითხების მეშვეობით მოსწავლე გაიაზრებს ცნების შინაარსს, ამუშავებს საკვანძო შეკითხვებს, ასრულებს კომპლექსურ დავალებებს.

მაგალითად – ჰავის ჩამოყალიბება აფრიკაში (ევროპაში…).

  1. აქტივობებისა და მიმდინარე დავალებების განსაზღვრა

ნებისმიერი ინტერაქტიული აქტივობა, როდესაც მოსწავლეები თავად აგებენ ცოდნას. ტესქტის, რუკის ანალიზი…

  1. შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შემუშავება

ამინდის პროგნოზის ნებისმიერი საიტზე ატმოფეროს მასების გაადგილების პროცესზე დაკვირვება და ანალიზი.

ამჯერად მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლე, უფრო სწორად თავი მოვუყარე ძირითად ნაწილებს. შემდეგში უფრო კონკრეტულ რჩევებს შემოგთავაზებთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) 2018-2024

ხმამაღალი კითხვა ნებისყოფის განსავითარებლად

0

 

„მტკიცე ნებისყოფის აღზრდა პედაგოგიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“.

დიმიტრი უზნაძე

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და შვილებთან ურთიერთობამ დამარწმუნა, როგორი მნიშვნელოვანია წინასასკოლო განათლებაზე ზრუნვა. პირველ კლასში ადვილად ამოსაცნობია, ვის უკითხავდნენ სახლში ან უამბობდნენ და ვის – არა. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს, რომლებსაც ხმამაღლა უკითხავდნენ, წერა-კითხვის სწავლა გაცილებით უადვილდებათ და მაღალი აკადემიური უნარ-ჩვევებითაც გამოირჩევიან. გაწაფულ მკითხველად ჩამოყალიბებაც  პირდაპირ კავშირშია ხმამაღალ კითხვასთან.  ხმამაღალი კითხვის მნიშვნელოვნებაზე განსაკუთრებულად მაშინ დავფიქრდი, როცა საკუთარი თავი ერთ რამეში გამოვიჭირე, კერძოდ, აღმოვაჩინე, რომ თავდაპირველად ჩემს შვილებს ხმამაღალა ვუკითხავდი ვალდებულების მოხდის მიზნით. თავიდან ასე დავიწყეთ. რამდენიმე წელი დამჭირდა, სანამ ხმამაღალი კითხვის შესახებ პირადი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდებოდა და საკუთარი შეხედულებების სტატიად გადაქცევას გადავწყვეტდი.

ხშირად მეკითხებიან მშობლები რჩევას, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ბავშვები  კითხვით.  ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეთი რამ ხდება: როდესაც საუბარს ვიწყებ, ვგრძნობ, რომ არ მისმენენ. მე ხან ჯიუტად ვაგრძელებ საუბარს, ხან დიდი სიფრთხილით ვარჩევ სათქმელს, მაგრამ იშვიათად, ძალიან იშვიათად მაქვს განცდა, რომ ჩემი საუბარი მათ გულებამდე აღწევს. მიზეზების ძიებამ რამდენიმე ვარაუდი გამოავლინა:

1. ადამინებს გვაფრთხობს ის, რაც არ ვიცით;

2. არ ვართ დარწმუნებულები, ჩვენც ისევე კარგად გავართმევთ თავს, როგორც ეს რჩევის მომცემმა შეძლო;

3. არ ვიცით, როგორ ან საიდან დავიწყოთ.

არადა, კვლევები საგანგაშო შედეგებს გვიზიარებენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების წიგნიერების მიმართულებით. ფაქტია, რომ  ბავშვებს უჭირთ კითხვა, არ კითხულობენ წიგნებს და, შესაბამისად, მწირი ლექსიკური მარაგი, დაბალი აკადემიური მიღწევები აქვთ და მაღალი სააზროვნო უნარებიც არ გააჩნიათ.

რადგან ბავშვები საკუთარ თავს ვერ უშველიან, ამიტომ ცვლილებებისთვის მათზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში, მშობელთა ცნობიერებაა ასამაღლებელი. ბევრი უნდა ვისაუბროთ და ვწეროთ წინასასკოლო განათლების შესახებ, რომ ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ. თითოეულ დღეს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. როგორც ტანსაცმლით, საკვებით, უსაფრთხო გარემოთი უზრუნველვყოფთ ბავშვებს, ასეთივე ვალდებულებით უნდა მოვეკიდოთ მათი წიგნიერებისთვის ზრუნვას.

ძველად ადამიანები ერთმანეთს უამბობდნენ დღის მთავარ ამბებს, მშობლები ყვებოდნენ ზღაპრებს, ლეგენდებს, თქმულებებს, ლექსებს, ბავშვები ისმენდნენ ლოცვებს, შელოცვებს, მრავალფეროვანი სიტყვები ხმიანდებოდნენ და პატარა ადამიანებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ილექებოდნენ. აჩქარებული დროის გამო ყოველდღიური მეტყველება გაღარიბდა, ტექნოლოგიებთან დიდი დროის გატარებამ კი ნებისყოფის მოდუნება გამოიწვია, ამიტომ ხმამაღალი კითხვა არის არაჩვეულებრივი გზა არა მარტო ფანტაზიისა და ლექსიკური მარაგის განსავითარებლად, დროის ერთად გასატარებლად, შემეცნებითი სამყაროს გასაფართოებლად, არამედ ამგვარად ნებისყოფის განმტკიცებაც შესაძლებელია.

სანამ ხმამაღალ კითხვას ნებისყოფის სიმტკიცეს დავუკავშირებთ, მანამ ნებელობის შესახებ დიმიტრი უზნაძის მოსაზრებას გავეცნოთ. იგი თვლის, რომ ნებელობა იმგვარი ფსიქოლოგიური აქტივობაა, რომელიც მომავლის მოქმედებას გულისხმობს. მაგალითად მოჰყავს იმპულსური ქცევა, როდესაც ადამიანს წყალი მოსწყურდება, ის დგება და სვამს წყალს. ნებელობით განპირობებული ქცევა კი მომავლის აქტივობაა, რადგან იმპულსური ქცევისგან განსხვავებით მის შესასრულებლად ამჯერად ადამიანის ტვინმა და სხეულმა რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს. როცა ჩვენ ცივ ოთახში გამოგვეღვიძება, ადგომისგან თავს ვიკავებთ. ბოლოს თავს ძალას ვატანთ და ვდგებით. ამ დროს სიზარმაცის დასამარცხებლად ნებელობის აქტი განხორციელდა (უზნაძე, გვ. 177).

„ნებელობის პროცესი სამ პერიოდს მაინც შეიცავს, 1) გადაწყვეტილების მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც არკვევს თუ რა მოსაზრებით, რა უნდა გადაწყდეს; 2) თვითონ გადაწყვეტილების პერიოდს და, ბოლოს, 3) გადაწყვეტილების შესრულების პერიოდს“.1

სწავლის პროცესს რომ დავუკვირდეთ, ბავშვს მუდმივად ნებელობის  სამფაზიანი პროცესის გავლა უწევს. ვთქვათ, მერხთან ზის და ყურადღებით ისმენს, წერის დროს რვეულსა და კალამს ამზადებს, იწერს წიგნიდან, დაფიდან, ქმნის თავისუფალ თემებს, კითხულობს – ნებისმიერ ქმედების შესასრულებლად ის ჯერ უნდა განეწყოს, შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ბოლოს კი უნდა განახორციელოს. უზნაძე თვლის, რომ განხორციელება ნებელობის ყველაზე რთული აქტია, რომელსაც მტკიცე ნებისყოფა სჭირდება. როგორც ვხედავთ, ბავშვი სკოლაში წასვლამდე გაწაფული უნდა იყოს ნებისყოფის სიმტკიცეში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შემდეგმა შეხედულებამ: „ნებელობა ჩვენი თანდაყოლილი ბიოლოგიური თვისება კი არ არის, არამედ უფრო მაღალი კატეგორიის მოვლენაა, რომელსაც თვითონ ბიოლოგიურის, საკუთარი ნერვული სისტემისა და მისი თანდაყოლილი ტენდენციების შეცვლისა და წარმართვის ძალა შესწევს. ნებისყოფის სიმტკიცე, ამის მიხედვით, რასაკვირველია, ვერავითარ შემთხვევაში თანდაყოლილ თვისებად ვერ ჩაითვლება: იგი პირადი ცხოვრების მიმდინარეობაში აქვს ადამიანს შეძენილი, და ამიტომ მტკიცე ნებისყოფის აღზრდა პედაგოგიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“.2

სტატიის დაწერა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, ეს მოსაზრება რომ ამოვიკითხე და ჩემი, როგორც მასწავლებლის, პასუხისმგებლობა გაასმაგდა. უზნაძის მიხედვით, ნებისყოფა თანდაყოლილი თვისება არ არის და მის გამოსამუშავებლად გამიზნული ქმედებაა საჭირო.

ნებისყოფის განსამტკიცებლად ხმამაღალი კითხვა საუკეთესო მეთოდად რომ შეიძლება ვაქციოთ, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ჩემი 6 წლის ბიჭის ყურადღების შენარჩუნება წიგნის ხმამაღალი კითხვისას თანდათან  იზრდებოდა.

ხმამაღალი კითხვით ბავშვების დაინტერესებას მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება პირადი მაგალითის ძალაზე. როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენე, თავდაპირველად მოვალეობის მიზნით ვუკითხავდი ჩემს შვილებს. ხშირად თავად მეფანტებოდა ყურადღება კითხვისას. ეს ბოლო ხანია, რაც ჩემთვისაც დიდ სიამოვნებად იქცა ხმამაღალი კითხვის პროცესი, რის გამოც ყოველი საღამოს მოახლოება დიდ მოლოდინად და სიხარულად იქცა.

ყველაფერი რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულიდან“ დაიწყო. ერთ-ერთი მწერალი იხსენებდა, როგორ უკითხავდა დედა სწორედ ამ რომანს ბავშვობაში და წიგნის სიყვარულსაც ამ პერიოდს უკავშირებდა. ამან მიბიძგა თავადაც წამეკითხა ჩემი გოგონასთვის „განძის კუნძული“ და ერთად განგვეცადა პირველადწაკითხვის სიამოვნება.

საკმაოდ რთული სიუჟეტისა და ჭარბი ფრაზეოლოგიზმების გამო თავდაპირველად გაგება გაუჭირდა, რის გამოც დროდადრო ვუბრუნდებოდით წაკითხულს და ვუღრმავდებოდით მოვლენებს. ფერადი ფანქრებითა თუ კალმებით არშიებზე, საწოლი ოთახის კედელზე ვუხატავდი ზვირთებს, გემებს, რომის ბოთლებს, ვხაზავდით უცხო სიტყვებსა და ლამაზ წინადადებებს.

საგანგებოდ შევქმენი კედლის პოსტერი, რომელზეც დავხატე ფუნდუკი „ადმირალი ბენბოუ“, ჩამოვწერე პერსონაჟთა სახელები და უცხო სიტყვები. მოვიფიქრე სახალისო აქტივობები, მაგალითად: შეადგინე იმდენსიტყვიანი წინადადება, რამდენი ასო-ბგერისგანაც შედგება ეს სიტყვა; ლექსიკონში მოძებნე განმარტება; სიტყვაში შემავალი ასოებისგან ააწყვე ახალი სიტყვა (ფუნდუკი – კუდი, კუ, უი); მოიფიქრე ჩემთვის ამგვარი თამაშები;  კედელზე გაკრული პოსტერი სკოლიდან მოსულს დავახვედრე. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა და ინტერესი გაუმძაფრდა. კითხვის პარალელურად პოსტერი ეპიზოდების მიხედვით შექმნილი ნახატებით შეივსო. ერთ საღამოს ამოვიკითხეთ, რომ ერთერთი მეკობრე ლილიბულეროს მღეროდა. Youtube-ში მოვძებნეთ და ისეთი მხიარული მელოდია გაჟღერდა, დასაძინებლად მომზადებულები აგვაცეკვა. რამდენიმე თავის შემდეგ 6 წლის ბიჭის ყურადღებაც მივიზიდეთ და ახლა ჩვენზე კარგად ახსოვს კაპიტან სმოლეტისა თუ ყველაზე ცბიერი და მოხერხებული მეკობრის, სილვერის სახელები.

ხმამაღალი კითხვა, რომელსაც სხვადასხვა თამაში დავუკავშირეთ, ერთგვარ რიტუალად იქცა. ჩუმად კითხვისგან განსხვავებით ხმამაღალი კითხვა ერთიანობის განცდას ბადებს, კითხვის პარალელურად ჩნდებოდნენ ამბები, რომლებიც მხოლოდ  ჩვენ გადაგვხდა, ასევე, საერთო საუბრის მიზეზიც გამოვიგონეთ; ვიზუალურად გაცოცხლებული მოვლენები ღრმა შთაბეჭდილებად დაგვრჩა; გავიმდიდრეთ ლექსიკური მარაგი, შევიტყვეთ სხვადასხვა ფულის ერთეულისა და მეკობრეების ალმის სახელი – „მხიარული როჯერი“; რომანის მოქმედ გმირებთან ერთად გვეშინოდა, გვიხაროდა, ვწუხდით, გვტკიოდა; განვიხილავდით სიუჟეტის სავარაუდო განვითარებას; ვსაუბრობდით მათი ქცევის შესახებ; ვმღეროდით ერთად –   „მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა… იო-ჰო-ჰო-ჰო, და ბოთლი რომი!..“ და წამდაუწუმ ვამბობდით მეკობრეთა სიბრაზის გამომხატველ ფრაზას – „მეხის მადლმა!“

წიგნის დასრულების შემდეგ  მულტფილმი მოვძებნეთ და გადავწყვიტეთ, ერთ დღეს „განძის კუნძულის“ პერსონაჟების მსგავსად გამოვეწყოთ. პასუხგაუცემელ კითხვად დაგვრჩა, თუ რატომ აღარ ახსენა მწერალმა  ჯიმ ჰოკინზის დედა, რომელიც ერთადერთი ქალი პერსონაჟი აღმოჩნდა წიგნში.

სწორედ ამ დაუვიწყარი საღამოებისას აღმოვაჩინე, რომ ბავშვების ნებისყოფა, რომელსაც მოსმენის დროს ავლენდნენ, დღითიდღე უმჯობესდებოდა. ნებელობის ფსიქოლოგიურ ხასიათს  რომ დავუბრუნდეთ, დავრწმუნდებით, რომ ხმამაღალი კითხვა ნამდვილად მომავლის აქტივობაა. რომ მოვუსმინო, ჯერ უნდა განვეწყო, მერე გადავწყვიტო და მერე განვახორციელო.  წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად მოსმენისთვის გაღებული ძალისხმევა როგორ გამოაწრთობს ბავშვების ნებისყოფას, რომელზეც  მომავალ ქმედებებს დააშენებენ. აქვე უნდა ვახსენოთ, როგორი დიდი მონდომება გვმართებს ბავშვების ხმამაღალი კითხვით დაინტერესებისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვსიამოვნებდეს და განვიცდიდეთ, რასაც ვუკითხავთ, შემდეგ პატარ-პატარა ხრიკებით მათი ყურადღება მუდმივად უნდა გავააქტიუროთ, ბოლოს დავანახოთ კავშირი, რომ რაღაც ძალიან კარგი ხდება ჩვენს თავს.

ყოველივე ამის გამო ხმამაღალმა კითხვამ, რომელსაც აქამდე  წიგნიერების დონის ასამაღლებელი მეთოდად ვიცნობდი, კიდევ უფრო ღრმა დატვირთვა შეიძინა – ბავშვის ნებისყოფის განმტკიცება. წინ ზაფხულია, ერთმანეთს ხმამაღლა ვუკითხოთ წიგნები და გამოვიგონოთ თამაშები, რომლებიც დაუვიწყარ თავგადასავლებს გვაჩუქებენ. ხმამაღლა ვიკითხოთ ეზოში, სახლში, აგარაკზე, ზღვაზე. ვუკითხოთ შვილებს, შვილების მეგობრებს, მოსწავლეებს, ძმისშვილებსა და დისშვილებს, და თუკი, მოზარდის დაუფიქრებელმა ქცევამ გაგვაღიზიანა, წარმოვიდგინოთ, როგორ დავჯებოდით მასთან ერთად, მოვუდუღებდით ცხელ შოკოლადს და წავუკითხავდით რომელიმე საყვარელ ლექსს, მოთხრობას, იაპონურ ტანკას ან პირად წერილს.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. უზნაძე დიმიტრი.  ზოგადი ფსიქოლოგია, „საქართველოს მაცნე“, 2006
  2. უზნაძე დიმიტრი, ზოგადი ფსიქოლოგია, ნებელობა, გვ. 183
  3. უზნაძე დიმიტრი, ზოგადი ფსიქოლოგია, ნებელობა, გვ. 202

 

 

„ნაყინის სასახლე“

0

რას  გახსენებთ იტალიის ქალაქი ბოლონია?

ბოლონიის დეკლარაციას? სწორია, დოკუმენტი 1999 წელს ხელმოწერილ იქნა ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრის მიერ. თუმცა, საქმეს საფუძველი უფრო ადრე, 1998 წელს სორბონის კონფერენციის დეკლარაციით ჩაეყარა. ეს დეკლარაცია ოთხმა ქვეყანამ მიიღო-საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ.

თუმცა, ახლა სულ სხვა ისტორია მინდა გავიხსენოთ.

ერთხელ, ბოლონიაში ყველაზე მთავარ მოედანზე ნაყინის სასახლე ააგეს. გაიგეთ ხომ? თავად სასახლე იყო ნაყინის და მთელი ბოლონიის ბავშვები სირბილ-სირბილით მოვიდნენ სასახლის, ანუ ნაყინის საჭმელად. სასახლის სახურავი ათქვეფილი ნაღებისგან გახლდათ, საკვამურიდან ამოსული კვამლი შაქარყინულისგან ჩამოესხათ. თავად მილები და საკვამური კი ცუკატებისგან დაემზადებინათ. ყველაფერი დანარჩენი სუფთა ნაყინი იყო.

ერთმა პატარა ბიჭმა სასახლეში მდგარი ნაყინის მაგიდას ჯერ ერთი ფეხი მოაჭამა, მერე რიგრიგობით დანარჩენები და იმდენი გააკეთა, მთელი ჭურჭლით გაწყობილი  მაგიდა თავზე წამოიქცია. არადა, მაგიდაზე მდგარი ნივთები შოკოლადის ნაყინისგან დაემზადებინათ.

ერთმა პოლიციელმა შეამჩნია, რომ სასახლის ვიტრაჟიანი სარკმელი დნებოდა. ვიტრაჟები მარწყვისგან იყო და სულ მალე მოედანზე მარწყვის ნაყინის ნაკადულები დაიძრა.

-ბავშვებო, ჩქარა, აქეთ მოირბინეთ,-დაიძახა პოლიციელმა.

ბავშვებმაც მოირბინეს და დარჩენილი ვიტრაჟი გადაარჩინეს, ანუ შეჭამეს.

ჰო, დიდი დღე იყო ბოლონიაში, ნამდვილი დღესასწაული! ექიმების ბრძანებით, ამდენი ნაყინის ჭამით, მუცელიც არავის ასტკივებია.

დღესაც კი, როდესაც ბოლონიაში ბავშვი მეორე პორცია ნაყინს სთხოვს მშობელს, ამ უკანასკნელს თავის ბავშვობაში გასინჯული  ნაყინის სასახლე ახსენდება და იმ დროს  ღიმილით იხსენებს (ჯანი როდარი, „ნაყინის სასახლე“).

კარგა ხნის წინ ნაყინი პირველად ჩინეთში მოიფიქრეს. აიღეს ხილი, გაფცქვნეს, დაჭრეს, ზედ ბლომად ყინული მოაყარეს და მიირთვეს. ყოველ შემთხვევაში, მარკო პოლოს თავის წიგნში სწორედ ასე აქვს აღწერილი. მოგზაური ჩინეთში მართლა იყო, თუ მხოლოდ კონსტანტინოპოლამდე იმოგზაურა, ამაზე ისტორიკოსები დღემდე დაობენ. თუმცა, თუნდაც კონსტანტინოპოლში ჩინეთში ნამყოფი ვაჭრებისგან მოესმინა, მაინც მართალი ინფორმაციაა, რომ ნაყინის წარმომავლობა ჩინეთია. ნაყინთან უფრო მიმსგავსებული ტკბილეული მეოცე საუკუნეში სან-ფრანცისკოში გამოჩნდა. ამბავი 1905 წელს მოხდა.  პატარა ბიჭს წვენით   სავსე, კოვზიანი ჭიქა  გარეთ დარჩა. ღამე იყო, ყინავდა, ამიტომ წვენიც გაიყინა და დილით  ბიჭმა გაყინული მასა შეჭამა.  რამდენიმე წლის შემდეგ საფრანგეთის ქალაქ პლომბიერში ნაღების ნაყინი დაამზადეს და ლოგიკური სახელი-პლომბირი უწოდეს.

რაც შეეხება ესკიმო ნაყინს, 1920 წელს გამოჩნდა, ერთმა დანიური წარმოშობის ამერიკელმა შოკოლადი გაალღო და შიგ პლომბირი ამოავლო. სახელი „ესკიმო“ ესკიმოსებისგან მოდის. ესკიმოსებმა დასახელება ამერიკელი ინდიელებისგან მიიღეს. „ესკიმო“ ნიშნავდა -უმი ხორცის მჭამელ ადამიანს. შემდეგ, ამერიკაში  ჩავიდნენ ინგლისელები, სიტყვა ესკიმო აღიქვეს მხოლობით ფორმაში და დაამატეს მრავლობითის ნიშანი „ს“-„ესკიმოს“. ასე დაერქვა ხალხს „ესკიმოსი“ და ნაყინს რატომღაც „ესკიმო“.

ახლა, ნაყინი კომპონენტებად დავყოთ. მთავარი კომპონენტი რძე და ნაღები გახლავთ.

რძე 200-ზე მეტ ნივთიერებას შეიცავს. მათგან მთავარი წყალი, ადვილად ასათვისებელი ცილები, ფერმენტები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები და A,E,D ვიტამინებია. მინერალური ნივთიერებებიდან მთავარი კალციუმია. 100 გრ პლომბირში დღიური ნორმის 11% კალციუმი შედის.  თუმცა, თუ პლომბირი ნაღებისაა, იმდენი ცხიმი ექნება, რომ კალციუმის წყაროდ აღარც კი გამოდგება.

რძის ერთ-ერთი ცილა კაზეინია. ის ფოსფოპროტეინია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამინმჟავებთან ფოსფატური ნაშთია დაკავშირებული. კაზეინისთვის მჟავა თვისებებია დამახასიათებელი. რძე მას კალციუმის ხსნადი მარილის სახით შეიცავს. კაზეინი ჰეტეროგენული ცილაა და დადგენილია, რომ ფოსფორის რაოდენობა შედაგენს 0,79-0,88%-ს. ელექტროფორეზის მეშვეობით კაზეინი სამ კომპონენტად იყოფა: α,β, და γ კაზეინი.

კაზეინს უფრო ხშირად რძის შემჟავების გზით გამოყოფენ. მიაჩნიათ, რომ რძე კაზეინს კაზეინოგენის სახით შეიცავს, რომელიც გამოყოფის პროცესში გარდაიქმნება კაზეინად. 200მლ ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 30მლ რძე, განაზავეთ 120მლ წყლით და წვეთობით, მორევის პირობებში დაამატეთ ძმარმჟავას 1%-იანი ხსნარი. დაამატეთ მანამდე, სანამ კაზეინი არ გამოლექება. საყურადღებოა, რომ ძმარმჟავა არ იყოს ჭარბად აღებული, რადგან კაზეინი იხსნება ძმარმჟავაში. კაზეინს ფილტრავენ, ცხიმების და სხვა ნივთიერებების ჩამოცილების მიზნით ჩარეცხავენ გამოხდილი წყლით და ხსნიან ნატრიუმის კარბონატის 0,1%-იან ხსნარში.  კაზეინი იხსნება, ცხიმი შეწონილ მდგომარეობაში რჩება. ნარევს ფილტრავენ, ცხიმი სველ ფილტრის ქაღალდზე დარჩება. ფილტრატს, რომელიც კაზეინის ნატრიუმის მარილს შეიცავს, კაზეინის დალექვის მიზნით, კვლავ ძმარმჟავას 0,1%-იან ხსნარს ამატებენ. კაზეინის ნალექს ფილტრავენ, ათავსებენ როდინში, ამატებენ 15-20 მლ სპირტს და სრესენ გაუწყლოების მიზნით. შემდეგ დიდ სინჯარაში ათავსებენ და ცხიმის მოცილების მიზნით შეანჯღრევენ. ამას, ჯერ ეთერის მეშვეობით, შემდეგ კი მეთილის სპირტის და ქლოროფორმის ნარევის (1:1) 15-20მლ-ის დამატებით აკეთებენ. მიღებული სუფთა კაზეინი, ჰაერზე გამოშრობის შემდეგ, თეთრ ფხვნილს წარმოადგენს, მას მჟავა თვისებები ახასიათებს. კაზეინს როდინში ათავსებენ, ამატებენ სოდის ხსნარს და სრესენ, რის შედეგადაც ნახშირბადის დიოქსიდი გამოიყოფა, კაზეინი კი გაიხსნება და წარმოიქმნება კაზეინის ნატრიუმის მარილი.

ნაყინი რძის გარდა შაქარსაც შეიცავს. უკაცრავად, ბეევრ შაქარს…უფრო თუ დავაკონკრეტებთ, 100 გრ ნაყინში 25 გრ შაქარია, დაახლოებით ხუთი ჩაის კოვზი.  შაქრის შემცირება ნაყინში თითქმის შეუძლებელია, რადგან ის ნაყინის მყარ კონსისტენციას უზრუნველყოფს. შაქრის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქნილი კეტონები სისხლძარღვების კედლებს აზიანებენ,  სწორედ ამ დაზიანებებში მოთავსდება ქოლესტეროლი და ათეროსკლეროზულ ფოლაქს წარმოქმნის.

თუმცა, ადამიანის ტვინს შაქარი სჭირდება და მას საკვებიდან მთლიანად ვერ ამოვიღებთ. უფრო მეტიც, კვლევების თანახმად, უფრო ასაკოვანი ადამიანებისთვის აუცილებელიც არის ტკბილის მიწოდება, ოღონდ ზომიერების ფარგლებში.

ნაყინში შოკოლადიც გახლავთ.  შავი, მწარე შოკოლადი, რომ კარგი და სასარგებლოა ეს ვიცით https://mastsavlebeli.ge/?p=12427  https://mastsavlebeli.ge/?p=3827 შავი შოკოლადის ჭამისას ჩვენი სისხლძარღვებიდან გამოიყოფა აზოტის(II)ოქსიდი, რომელიც აიძულებს სისხლძარღვებს გაფართოვდნენ და ერითროციტებს არ აძლევს შეწებების, ანუ კოაგულაციის  საშუალებას.

თუმცა, ესკიმოსა და სხვა სახის შოკოლადის ნაყინში ვერც შავი და ვერც  მწარე შოკოლადი ვერ იქნება. მასში ძირითადად, შაქრიანი და ცხიმიანი, გულსართიანი შოკოლადი შედის.

ჩინურ ნაყინსაც შეხვდებით. ანუ, გაყინულ ხილს. ასეთი ნაყინი არც რძეს, არც შოკოლადს არ შეიცავს, მხოლოდ ხილი და ყინულია. ხილის ნაყინი ასკორბინის მჟავას მშვენიერი წყაროა. თან გრილდები, თან ვიტამინ C-ს ღებულობ და სხვაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ეპიდერმისში ცილა კოლაგენის სინთეზს უწყობ ხელს.

შავი ნაყინიც არსებობს. პირველად იაპონელებმა გააკეთეს და შირბახტის მარცვლები (ლათ.  Sesamum) დაამატეს. თანამედროვე შავ ნაყინში გააქტიურებული ნახშირია დამატებული. ეს დამწვარი ქოქოსისგანაა მიღებული. იაპონიის შემდეგ,  შავი ნაყინი პირველად ამერიკაში გამოჩნდა. ასეთ ნაყინშიც არის ცხიმი, მაგრამ მისი 15% არ შეიწოვება ნახშირის არსებობის  გამო. ასევე, ნახშირი ორგანიზმიდან  სხვადასხვა შლაკებს გამოდევნის.

მაშ, რა გამოდის? ვჭამოთ თუ არა ნაყინი?

ნაყინი შეგვიძლიათ ჭამოთ, ოღონდ, როგორც დამოუკიდებელი დესერტი. მისი მირთმევიდან  მხოლოდ 3-4 საათის შემდეგ უნდა მივიღოთ სხვა საკვები. ან, მის ჭამამდე უნდა გვქონდეა ნაჭამი 3-4 საათით ადრე. თუ,  პირველ, მეორე, მესამეს მივირთმევთ  და ზედ  ნაყინსაც  დავამატებთ, კალორიების გადაჭარბება გამოვა.

მე თურქული ნაყინი მიყვარს. თავისებური რეცეპტით ამზადებენ. რაღაცნაირი წელვადი კონსისტენცია აქვს, რაც თხის რძის გამოყენებით მიიღწევა. დიახ, ამ ნაყინისთვის მხოლოდ თხის რძეს იყენებენ.

ჰოდა, ამ მაისსაც ესქიშეჰირს ვსტუმრობდი. ქალაქის ცენტრში, მდინარე პორსუქის სანაპიროზე სეირნობისას, მესაყვირეების ხმა გავიგონე:

-ყველანი მთავარ მოედანზე მოდიიით, დიდს და პატარას, ყველას გელითო.

მეც იქეთ გავეშურე.

ვხედავ, ნაყინის სასახლეს მოაგორებენ, ოღონდ თურქული ნაყინისგან დამზადებულს. ეს კი ნიშნავს, რომ იოლად ვერ დადნებოდა.

-მობრძანდით, მობრძანდით, ყველას გვეპატიჟებოდნენ.

ჰოდა, მეც ავდექი და ერთი ბოლონიელი ბიჭის არ იყო, სასახლეში მდგარ ნაყინის მაგიდას ჯერ ერთი ფეხი მოვაჭამე, მერე რიგრიგობით დანარჩენები და მანამდე არ მოვისვენე, სანამ მთელი სერვირებული მაგიდა ხალიჩაზე არ წამოვაქციე.

მერე რა მოხდა?

არც არაფერი, აქაური სასახლე მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში იყო.

…თუმცა, ოფიციანტის მიერ მორთმეულ ლარნაკში ნაყინი სრულიად ნამდვილი გახლდათ.

მეც სხვა არაფერი დამრჩენოდა, გემრიელად შევექეცი.

 

 

„დრუჟბა“

0

ქვეყნებიც ადამიანებივით არიან: რაც უფრო დიდი და სახელოვანია, მით უფრო მეტი ხალხი იცნობს. ზოგიერთ მათგანს მეტსახელი და ფსევდონიმიც კი აქვს: ნისლიანი ალბიონი, ამომავალი მზის ქვეყანა, პოეტების ქვეყანა, ძია სემი, წითელი დრაკონი, ღიმილის მიწა, ინდოეთის ცრემლი, ათასი გორისა თუ ტბის ქვეყანა… ეს სახელები ზოგს – კაცობრიობის წინაშე დამსახურებისთვის, ზოგს – უნიკალურობის ხაზგასასმელად, ზოგსაც გასაქილიკებლად შეარქვეს სხვადასხვა დროს.

ამ მხრივ არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ერთ დროს „იბერია“ („ივერია“) ვიყავით, მერე „საქართველო“ დავირქვით, მაგრამ რად გინდა. ვისაც როგორ უნდა, ისე მოგვიხსენიებს. ზოგისთვის „გეორგია“ ვართ, ზოგისთვის – „ჯორჯია“, „ჟეოღჟია“ თუ „ხეორხია“. შორეულ ევროპელებს რა მოვთხოვოთ, უახლოესმა მეზობლებმაც კი ვერ ისწავლეს ჩვენი სახელი: ზედა მეზობელი ხუთოთახიანიდან „გრუზიას“ გვეძახის, ხოლო კარისა და ქვედა მეზობლები ჩვენსავით ერთოთახიანებიდან – „გურჯისტანსა“ და „ვრასტანს“. მთელ დუნიაზე ერთადერთი ლიეტუვაა, რომელმაც „გრუზიაზე“ უარი თქვა და გადაწყვიტა, ენის მოტეხადაც რომ დაუჯდეს, მაინც „საქართველო“ დაგვიძახოს. და ყველა ეს ჩამოთვლილი სახელი „პასპორტში“ გვიწერია, არც ერთი მათგანი არ არის ფსევდონიმი თუ თიკუნი. ისე, არც უმაგათობას ვუჩივით, თუმცა ყველაზე გავრცელებული მაინც ზედა მეზობლის მიერ შერქმეული „სოლნიჩნაია გრუზიაა“, რომელიც ხშირად, ქართულ დიალოგშიც კი, პირდაპირი ტრანსკრიფციით, თარგმანის გარეშე გამოიყენებოდა ხოლმე.

მე და ჩემი თაობა საქართველოში ბედის გამოისობით იმ დროს დავიბადეთ, როცა ის აღარც „ივერია“ იყო და ჯერ არც „წილხვედრი“. ჩვენს საქართველოს „სოლნიჩნაია გრუზია“ ერქვა და ლოზუნგებით აჭრელებული დიდი სახლის პატარა ოთახი იყო, რომლის ფართო ფანჯარა მზიან მხარეს გადიოდა. ამ დიდ სახლს კი ისეთი გრძელი და მოუხერხებელი სახელი ერქვა, რომ ხშირად მხოლოდ ოთხი ასოთი გამოსახავდნენ: „სსრკ“, – ღიმილშეპარული ირონიით კი „ლოზუნგების ქვეყანას“ ეძახდნენ. ამ ქვეყანაში სარეკლამო ბილბორდები პრაქტიკულად არ არსებობდა, მათ ადგილას დევიზები და ლოზუნგები გაეკრათ. ეს იყო ქვეყანა, სადაც ქალაქად თუ სოფლად, ქუჩებში თუ მოედნებზე, სახურავებზე, კედლებსა თუ ღობეებზე ნახავდით წარწერებს: „ხალხთა მეგობრობა“, „სწავლა, სწავლა და სწავლა“, „პარტია და ხალხი ერთიანია“, „დიდება სკკპ-ს“, „პირველი პური – სახელმწიფოს“… დაბოლოს, მთავარს: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“

რა მოგვიტანა ამ საერთო საცხოვრებლის ბინადრებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ? კოოპერატივის თავმჯდომარეს რომ ჰკითხოთ, სამხრეთიდან მონაბერი ქარიშხლისა და წარღვნისგან გვიხსნა, მიწურიდან გამოგვათრია და თავის მკვიდრად ნაგებ სახლში ერთი ოთახი მიგვიჩინა, სადაც ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა გვეცხოვრა და ფეხაკრეფით გვევლო. კარის გაღება და მეზობელი სახლის ბინადრებთან სტუმრობა კატეგორიულად გვეკრძალებოდა.

სამოც წელზე მეტი ვიცხოვრეთ ამ სახლში. მერე ჭერი ჩამოიქცა და ორომტრიალში დრო ვიხელთეთ, ცალკე დავესახლეთ, მაგრამ მაინც ვერ მოვცილდით ძველ მეზობლებს.

რა მოგვიტანა „ძმურ ოჯახში“ ცხოვრებამ? ღრმა დაღი დაგვასვა, რომელიც ჯერ კიდევ არ მოგვშუშებია და წელში გამართული, თავაწეული სიარულის საშუალებას არ გვაძლევს. გადაღებილი და გაპარტახებული ეკლესია-მონასტრები, ქალაქებისა და სოფლების ყოვლად უსახური არქიტექტურა, რომელიც კიდევ დიდხანს შეგვახსენებს, რა გამოვიარეთ. გავერანებული შრომის კულტურა – მთავარი იყო, გეწარმოებინა, რამდენიც დაგიგეგმეს, თუნდაც ფურცელზე, ხარისხს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნიჰილიზმი სწავლის მიმართ – პროლეტარების ქვეყანაში თავს სწავლით ვერ ირჩენდი. უნდობლობა არჩევნების მიმართ და საკუთარი ხმის უპატივცემულობა – პარტიამ და ხელისუფლებამ უკეთ იცოდნენ, ვინ აერჩიათ…

ამ დაღს ენა გადაურჩა მეტ-ნაკლებად. საქართველო პოეზიისა და მწერლობის ქვეყანა იყო ოდითგანვე. ამის წყალობითაა, რომ დღეს კიდევ შეგვიძლია მშობლიურ ენაზე მეტყველება, ლექსების, რომანებისა და ზღაპრების წერა. ლიტერატურას ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები ჩვენს ტრადიციებში და ბოლომდე ვერ მოერია ხალხთა მეგობრობის ჟანგიანი მანქანა. თუმცა ახალი, ტექნიკური ტერმინოლოგია ვერ აღმოცენდა ჩვენს მდიდარ ენაში. ხუნდი (მტრედის ბარტყს არ ვგულისხმობ), ჩობალი, ქანჩი, საყელური, პოჭოჭიკი, ფოლხვა ბევრისთვის გაუგებარი ან უბრალოდ ღიმილის მომგვრელი ბგერათშეთანხმებაა, მაშინ როდესაც „კალოდკა“, „სალნიკი“, „კლუჩი“, „შაიბა“, „ზაკლიოპკა“, „შატკა“ მშობლიურზე უკეთ გვესმის…

გაიარეთ ელიავას ბაზრობაზე და იკითხეთ „დრუჟბის“ ხელოსანი. უმალვე მიგასწავლიან შესაბამის ჯიხურს, რადგან თანამედროვე ქართულში „დრუჟბა“ მეგობრობა კი არა, კბილბასრი ხერხია, რომელიც საშინლად ღმუის და სიცოცხლის ხეს ნაფოტებად აქცევს.

იუმორის სახეები -ერთი კვლევის ამბავი

0

რა არის იუმორი? რასთან ასოცირდება ეს სიტყვა? როდის და რატომ ვიცინით? როდის და რატომ გაიცინეთ ბოლოს? რა იწვევს სიცილს ლიტერატურულ ნაწარმოებებში? რა განსხვავებაა ირონიასა და სარკამზს შორის? ცინიზმსა და ირონიას შორის?

ამ საკითხების კვლევა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მეტად საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო რამაა.

ლიტერატურისა და ენის შესწავლის პროცესში კვლევის წილი საკმაოდ მწირია. გვაქვს სახელმძღვანელო, საპროგრამო ტექსტები, გრამატიკული მასალა. მივყვებით ნელ-ნელა და ვსწავლობთ, ვამუშავებთ ტექსტებს, ვწერთ თემებს და ესეებს, ვმსჯელობთ, ვეჩვევით მოსაზრებების ზეპირად და წერილობით ჩამოყალიბებას, ვეცნობით წესებსა და ტერმინების განმარტებებს, ვიმახსოვრებთ და ამასთან…ძალიან ცოტა დროს ვუთმობთ კვლევას.

მოსწავლეთა აქტიურობაც ძირითადად შემოიფარგლება ჩვენ მიერ მიცემული დავალების შესრულებით, ზეპირი თუ წერილობითი მითითებების მიხედვით საკლასო ან საშინაო დავალებების მომზადებით.

წელს მეცხრე კლასში რამდენიმე მოსწავლემ მთხოვა განმემარტა რა განსხვავებაა ირონიას, სარკაზმსა და ცინიზმს შორის. როგორც გამოცდილება მიჩვენებს, ამგვარ კითხვებზე გაცემული მზამზარეული პასუხები მოსწავლეებს დიდხანს არ ამახსოვრდებათ, იმწამს გაჩენილ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებენ და ცნებისა თუ მოვლენის არსის წვდომით თავს დიდად არ იწუხებენ. ამიტომ ზოგადი პასუხით შემოვიფარგლე, იუმორსა და მის სახეებზე ვისაუბრეთ და შევთავაზე, ერთად გვეკვლია ყველა ეს საკითხი. კვლევის პროცესიც და საბოლოო შედეგი კი იმდენად სასიამოვნო და სასარგებლო აღმოჩნდა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა.

 

თავდაპირველად დავაკვირდით, რასთან ასოცირდებოდა სიტყვა იუმორი. ასოციაციურ რუკაზე, რომელიც დაფაზე შევქმენით, ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდა სიტყვები – შავი იუმორი, სიცილი, კისკისი, ხითხითი, ხარხარი, კარკაცი, ანეკდოტი, ირონია, თვითირონია, თაობების იუმორი, კუთხური იუმორი, ცინიზმი, ქირქილი, ფრუტუნი…

ასოციაციურმა რუკამ თავისთავად „გვიბიძგა“ იქითკენ, რომ დავკვირვებოდით სიცილის აღმნიშვნელ ქართულ სიტყვებს. მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიცილის აღმნიშვნელ სიტყვებში ჭარბობს ხმოვანების გადმომცემი ბგერები. ვისაუბრეთ ხმაბაძვით სიტყვებზე, მათ მნიშვნელობასა და რაობაზე. კლასშივე დასმული კითხვა – როგორაა სხვა ენებში?იქაც ხმაბაძვითია თუ არა სიცილის აღმნიშვნელი სიტყვები – პირველი საკვლევი დავალება გახდა. მეორე დღისთვის თითოეულს უნდა შეეგროვებინა და მოეტანა მისთვის ნაცნობ ენაში არსებული სიცილის აღმნიშვნელი სიტყვები. მეორე დღისთვის კლასში გვქონდა ინგლისური, რუსული, გერმანული „სიცილის ლექსიკონი“ და შესაბამისი დასკვნები.

 

ამ სამუშაოს ჩატარების შემდეგ გადავედით საკუთრივ ცნების შესწავლაზე. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, დღის განმავლობაში დაკვირვებოდნენ ვინ, სად, რა ვითარებაში, რა მიზეზით იცინის ან რა მიზეზით გაეცინებათ თავად მათ. დაკვირვებები უნდა ჩაენიშნათ და მეორე დღეს კლასის წინაშე წარედგინათ. ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნი იყო იმის აღმოჩენა, რომ ეს დავალება იმ მოსწავლებმაც კი შეასრულეს, ვინც უმეტესწილად თავს იკავებდა იმ „ზედმეტობისგან“, რასაც საშინაო წერითი დავალება ჰქვია. საშინაო დავალების წარდგენის პროცესი საოცრად მხიარული, ხმაურიანი, ხალისიანი იყო.

აღმოჩდა, რომ ადამიანებს ეცინებათ:

მაშინ, როდესაც რაღაც მოულოდნელობა ხდება;

მაშინ, როდესაც კონტექსტის შეუსაბამო ქცევა ან მოვლენა ხდება;

მაშინ, როდესაც ვინმე ეცემა ან ცდილობს არ დაეცეს;

მაშინ, როდესაც ვიღაცის გარეგნული, ფიზიკური შესახედაობა შეუსაბამოა სიტუაციასთან;

მაშინ, როდესაც რაიმე უხერხულობის გადაფარვა სურთ.

 

ამასთან, მოსწავლეებმა თავიანთ დაკვირვებებში ახსენეს, რომ სიცილი სხვადასხვაგვარია და ზოგიერთ შემთხვევაში ის სასიამოვნო განცდებთან ასოცირდება, ზოგჯერ კი როგორც „იარაღი“, ისე გამოიყენება ( ვინმესთვის ტკივილის მისაყენებლად, დასაცინად, აბუჩად ასაგდებად და ა.შ.).

 

ამ მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ბუნებრივად გადავედით საკუთრივ საკვლევ თემაზეც – იუმორის სახეები – ირონია, სარკაზმი, სატირა, ცინიზმი, იუმორი.

 

მზამზარეულ, ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში მოძიებულ განმარტებებს, ცხადია, ვერ დავჯერდებოდით, ამიტომ დავიწყეთ იმ ტექსტების გახსენება და მოძიება, რომელთა წაკითხვისას გვეცინებოდა.

ჩემი მხრივ მოსწავლეებს ნოდარ დუმბაძის „პირველი გასაუბრება ღმერთთან“ და ნაწყვეტი ამავე ავტორის ტექსტიდან „ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ შევთავაზე.

ამასთან, წავიკითხეთ ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“, ნაწყვეტები მისივე ქმნილებიდან „კაცია-ადამიანი?!“, ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის რომანიდან „სამოსელი პირველი“, ფრანსუა ვიიონის „შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე“ (დავით წერედიანის გენიალური თარგმანი), სულხან საბა ორბელიანის „უმეცარი დალაქი“, ლესინგის ეპიგრამები და კიდევ რამდენიმე ტექსტი კლასის ინტერესებისა და გემოვნების გათვალისწინებით.

თითოეული ტექსტის კითხვის შემდეგ ვაკვირდებოდით და ვიკვლევდით:

რა ხერხს იყენებს მწერალი გზავნილის გადმოსაცემად?

რა განწყობას ბადებს მკითხველში წაკითხული? ( მაგალითად, დუმბაძის კითხვისას სიცილი ლაღი და ხალისიანია, იმავეს თქმა გამორიცხულია ლუარსაბ თათქარიძის პორტრეტის კითხვისას ან ვიიონის სალექსო სტრიქონების გაცნობისას, საბასთან სიცილს ანეკდოტური სიტუაცია იწვევს, ლესინგის ეპიგრამები კი მწარე და საზარელიც კია…).

ასე გამოიკვეთა სხვაობა იუმორს, ირონიას, სარკაზმსა და სატირას შორის.

აღმოჩნდა, რომ იუმორის სხვადასხვა სახეს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მწერლის მიზანიც სხვადასხვაა და ის ხერხი, რასაც შემოქმედი იყენებს სათქმელის გადმოსაცემად, როგორც წესი, შეესაბამება კიდეც დასახულ მიზანს – თუ მიზანი მკითხველის გართობაა, იუმორი ხალასია, თუ მიზანი რაიმე მნიშვნელოვანი და მძიმე თემის მიწოდებაა, სიცილიც მწარე და დამთრგუნველია, და არა ლაღი და ხალისიანი.

ძალიან საინტერესო იყო კვლევითი სამუშაო, რომელიც თაობებს შორის იუმორის აღქმის სხვაობას მიეძღვნა. მოსწავლეებმა გამოიკითხეს სხვადასხვა თაობის ადამიანები, სთხოვეს ანეკდოტების მოყოლა ბებია-ბაბუებსა და დედ-მამას, ასევე კლასში განიხილეს ის ანეკდოტები, რომლებსაც თავად უყვებიან ერთმანეთს (სხვათა შორის, ჩემთვის ნიშანდობლივი აღმოჩნდა იმის გაგება, რომ ისინი იშვიათად ან თითქმის არ უყვებიან ერთმანეთს ანეკდოტებს, მეტწილად, სოციალურ ქსელებში უზიარებენ ერთმანეთს სასაცილო ვიდეოებს, ფოტოებსა და წარწერებს. ჩემს თაობაში ანეკდოტების მოყოლა და ერთმანეთისთვის გაზიარება ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალური გასართობი იყო…). ვუყურეთ ნაწყვეტებს ჩარლი ჩაპლინის ფილმებიდანაც.

იმისთვის, რომ გაგვერკვია ცინიზმისა არსი, შევთავაზე ორი ვიდეო – ფრენკ სინატრას საკონცერტო ჩანაწერი, სადაც ის ასრულებს ცნობილ ჰიტს „My way” და პანკ-როკ ჯგუფის, სექს პისტოლზის სოლისტის, სიდ ვიშეზის ამავე სახელწოდეით გავრცელებული ჩანაწერი. ვისაბურეთ კინიკოსების სკოლასა და დიოგენეზე, მის დამოკიდებულებაზე ადამიანებთან, ცხოვრებასთან. საბოლოოდ, მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ცინიზმს ირონიისგან ის განასხვავებს, რომ ცინიკოსი პირდაპირ,დაუფარავად, მწარედ და გზავნილის მიმღების გრძნობების გაუფრთხილებლად ამბობს სათქმელს. მან იცის იმის ღირებულება, რასაც „აჯავრებს“ და „აჩანაგებს“, მაგრამ არ აღიარებს არც ავტორიტეტს და არც ვინმეს ფაქიზი გრძნობები აინტერესებს. სიდ ვიშეზის დარად, ჯიქურ, მოურიდებლად ახლის მსმენელს სათქმელს. ირონია კი შეფარვით ცდილობს სათქმელის გამოხატვას. „ახლოს და ირგვლივ“ უტრიალებს სათქმელს, იმის საპირისპიროს გულისხობს, რასაც ამბობს.

სტატიაში აღწერილ სამუშაოებს ჯამში დაახლოებით სამ კვირამდე დრო დავუთმეთ. ეს პერიოდი ერთდროულად იყო შემეცნებითი, სახალისო, მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი. მოსწავლეები თავად გეგმავდნენ კვლევას და საკუთარი გამოცდილების, დაკვირვებების, შთაბეჭდილებების გაანალიზებას, გამოხატვას სწავლობდნენ. მართალია, ამ სამუშაოს „შეეწირა“ სახელმძღვანელოში მოწოდებული რამდენიმე ტექსტი, მაგრამ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ სწავლა-სწავლების პროცესი ოდენ რუტინის მიყოლა და წინასწარ გაწერილი კურიკულიმის ზედმიწევნით შესრულება კი არა, კვლევასა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლებაცაა, დანაკარგი დიდი არ უნდა იყოს. თანაც, მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი არაჩვეულებრივი ტექსტები და „საუკუნო ლიტერატურული საგზალი“ მეათე კლასშიც შეიძლება „დავაგემოვნოთ“. ის ფასდაუდებელი გამოცდილება კი, რაც იუმორის სახეების ასე შესწავლამ დაგვიტოვა, ნამდვილად ღირდა დახარჯულ დროდაც და სახელმძღვანელოს გვერდით გადადებადაც.

 

ბავშვების აღზრდის ათი მარტივი რჩევა

0

ბავშვების აღზრდის მეთოდებით დაინტერესებული მკითხველი, ვფიქრობ, მიეჩვია იმ გარემოებას, რომ ვცდილობ ზოგჯერ ნაცნობი, ზოგჯერ ნაკლებად ცნობილი და ზოგჯერ ქართული საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი ავტორები შევარჩიო. ამჯერად ახალ ზელანდიელი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ნაიჯელ ლატა მინდა გაგაცნოთ. ის თითქმის ოცწლიანი სტაჟის მქონე სპეციალისტია და როგორც მის შესახებ ინფორმაციაში წერია: მას სრულებით „უიმედო“ შემთხვევების ექსპერტად თვლიან.
ნაიჯელ ლატა (Nigel Latta) თვრამეტი წლის ასაკში საკუთარი მშობლიური პატარა პროვინციული ქალაქ ოამარუდან ოტაგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ზოოლოგიაში, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი საზღვაო ფლორისა და ფაუნის შესწავლაში. მოგვიანებით ნაიჯელ ლატამ ოკლენდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და მიიღო ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი. ფსიქოლოგის პროფესიული მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. კერძოდ, ის მოღვაწეობს სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიაში და მუშაობს, ე.წ. „უიმედო“ შემთხვევად შეფასებულ ბავშვებთან. ნაიჯელ ლატა დახმარებას უწევს ოჯახებს და პარალელურად ატარებს კონსულტაციებს სახელმწიფო  და კერძო დაწესებულებებში მთელი ახალი ზელანდიის მასშტაბით. ამ სიაში არიან: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, გამოსასწორებელი დაწესებულებები და პოლიციის განყოფილებები, რომლებშიც ბავშვები და ახალგაზრდები ხვდებიან.
მოდით, ახლა იმ ათ წესს გავეცნოთ, რომლებიც, ფსიქოლოგის აზრით, უმნიშვნელოვანესია ბავშვების აღზრდაში. „ყოველთვის, როდესაც ახალ ოჯახს ვეცნობი – იწყებს ნაიჯელ ლატა – ვცდილობ, მარტივ წესებს მივსდიო. თავდაპირველად, უფროსებს ისინი შესაძლებელია ცოტათი უცნაური და გაუგებარიც კი მოეჩვენოს, ამიტომ საჭიროა ავუხსნათ მათ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პირველ რიგში. მშობლებმა წესები უნდა შეიმუშაონ, როგორც ბავშვებისთვის ასევე, საკუთარი თავისთვისაც. წესების გარეშე ძალიან ადვილია დასახული მიზნიდან გადახვევა. წესები ეს არის პრინციპები, რომლებიც ეხმარებიან უფროსებს დასახული მიზნის მიღწევაში და რაც მთავარია, მათი მეშვეობით ადვილად გაერკვევით სიტუაციაში და მიხვდებით რისი გაკეთებაა იმ მომენტში ოპტიმალური.
„ჩემი პროფესიული კარიერის მანძილზე ათასობით ბავშვთან მქონია ურთიერთობა, და საკუთარი ორიც გავზარდე“. ამბობს ნაიჯელ ლატა და განაგრძობს: – „არსებობს აღზრდის ათი ძირითადი წესი, რომელიც მინიმუმ იქამდე მაინც უნდა დაიმახსოვროთ, სანამ თქვენი შვილები გაიზრდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. ეს წესები იმით არის კარგი, რომ ისინი ყველგან და ყოველთვის მოქმედებენ და თუ ერთხელ დაიმახსოვრებთ მათ, აღარ დაგჭირდებათ დამატებითი წესების შემუშავებაზე დროის ხარჯვა. ჩემი რჩევაა: ისინი მეხსიერებაში „ხელმისაწვდომ“ ადგილას შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლოთ მათი გამოყენება. მაშ ასე,
1.                   სამი უმთავრესი სიტყვა „ურთიერთობები, ურთიერთობები და კიდევ ერთხელ ურთიერთობები“.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია და ამიტომაც არის ნომერ პირველი. შესაძლებელია თქვენ დაგავიწყდეთ დანარჩენი წესი, მაგრამ ეს პირველი წესი არ ექვემდებარება დავიწყებას, რადგან ის, ვისაც ეს წესი დაავიწყდება, ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდება“. აი ასე კატეგორიულად აფასებს პირველ წესს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგი და განმარტავს: „ბავშვებზე კონტროლი ადვილი დასამყარებელია თუნდაც მათი დაშინებით, მაგრამ ადრე თუ გვიან პატარები გაიზრდებიან და აღარ შეეშინდებათ უფროსების. უფრო მეტიც, შესაძლებელია როლები შეიცვალოს და მაშინ უკვე უფროსების ჯერი დადგება და მათ ადგილას ყოფნა არც თუ ისე სახარბიელო გახდება. მე მინახავს ოჯახები, რომლებშიც ბავშვები კარგად იქცევიან მხოლოდ შიშის გამო და ეს ოჯახები სულაც არ არიან ბედნიერები. ბავშვებში დისციპლინის გამომუშავება შესაძლებელია მხოლოდ მათდამი პატივისცემის გამომჟღავნებით. მთელი ჩემი პათოსი მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვებს პატივი უნდა ვცეთ, ვეცადოთ მათთან კარგი ურთიერთობები დავამყაროთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი ქცევები და ის, თუ როგორ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან ისინი მომავალში.
მშობლების უმთავრესი ამოცანაა, ასწავლონ შვილებს გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობები, აქ კი პირველ რიგში თქვენ მათი მშობლები იგულისხმებით. ამ ამოცანის მიღწევა ძირითადად გულწრფელი ადამიანური ურთიერთობების საფუძველზეა შესაძლებელი. ჩადეთ მთელი ძალისხმევა ბავშვებისადმი პატივისცემის გარემოში ურთიერთობების წარმართვაზე და 98,6 პროცენტ შემთხვევაში პოზიტიური შედეგი გარანტირებული გექნებათ.
2.                   ბავშვების სიყვარული ადვილია, მაგრამ ამ სიყვარულით სიამოვნების მიღება – რთული.  
ბავშვების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მშობლებს ისინი უყვართ მაშინაც კი, როცა ისინი მათ სჯიან ან უყურადღებოდ ექცევიან. პატარებისათვის თავისთავად ცხადი რეალობაა, რომ ისინი უნდა უყვარდეთ. იმავეს თქმა არ შეიძლება სიმპათიის გამოხატვაზე, ანუ ჩემთან მოხვედრილი ბავშვების უმეტესობას ჰქონია განცდა, რომ ისინი არც თუ ისე ძალიან მოსწონთ გარშემო მყოფ ადამიანებს. უფრო მეტიც, ბავშვების გარკვეული ნაწილი დარწმუნებულიც კი იყო, რომ მშობლებს ისინი აღიზიანებენ. ამ დამოკიდებულების მიზეზი თავად მშობლები არიან, რომლებსაც ძალიან უჭირთ თავის შეკავება საკუთარი შვილებისადმი ნეგატიური ფრაზების გამოყენებისაგან. ბავშვებისათვის აუცილებელია ჰქონდეთ განცდა, რომ მშობლები მათ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი. სიყვარული ეს ავტომატური გრძნობაა, ანუ უყვართ ისე თავისთავად და არა რაიმე მიზეზით. სიმპათია – კი არის ის, როდესაც შენთვის საინტერესოა სხვა ადამიანთან ურთიერთობა, როდესაც სიამოვნებას იღებ მის გვერდით ყოფნისას. ოჯახის წევრებს შორის თავისუფალი, იუმორითა და სასიამოვნო საუბრებით სავსე გარემო ეს სწორედ მათი ერთმანეთის მიმართ სიმპათიის გამოხატულებაა. მე, როგორც ფსიქოლოგი საგულისხმოდ მივიჩნევ სიტუაციას, როდესაც ოჯახში მკაცრი, დაძაბული ურთიერთობებია, ანუ დარღვეულია წესრიგი. ოჯახში დისციპლინა და წესრიგია – ესე იგი მათ შორის პატივისცემა, სიმპათიაა. მიმაჩნია, რომ ყველაზე შავბნელ ხასიათზე მყოფ ადამიანსაც შეუძლია სიყვარული, მაშინ როდესაც სიმპათიის გამოხატვისათვის აუცილებელია თუნდაც მცირე იუმორი და სიხარული.
3.                   ბავშვები – პირანიები არიან („პირანია“ – მტაცებელი თევზი).
ბავშვები პირანიები არიან, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ, რომელსაც ხარბად მიირთმევენ კიდევაც. ბავშვებისათვის არასოდეს არ არის ყურადღება ზედმეტი, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი ოღონდ კი ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ნებისმიერ საფასურს იხდიან ყურადღების მოსაპოვებლად თუნდაც ეს მათთვის ან გარშემომყოფებისათვის საზიანო იყოს. მშობლებმა მტკიცედ უნდა დაიმახსოვრონ, რადგან საკმარისია დაგავიწყდეთ, ბავშვები თქვენც დაგესხმებიან თავს. ბავშვებისათვის უმთავრესია რადაც არ უნდა დაუჯდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. და თუ არ გსურთ, რომ თქვენი სახლი გაუმაძღარი, ჭირვეული, მშიერი პირანიებს საცხოვრებელ ადგილად იქცეს, მუდმივად კვებეთ ისინი და სიმშვიდე გარანტირებული გექნებათ.
4.                   ყველაფერი კარგი წაახალისეთ, ყველაფერ ცუდს იგნორირება გაუკეთეთ.
თუ პირანიების ანალოგიას დაუბრუნდებით, მაშინ ასეთი წესი უნდა დაამკვიდროთ: თვალ-ყური ადევნეთ მათ საკვებს, ეს ყველა მშობელმა იცის, მაგრამ როდესაც საკუთარ შვილს ჭკუიდან გადაჰყავხარ, შესაძლებელია კიდეც დაგავიწყდეს, რომ საკვები ხელს უწყობს განვითარებასა და ზრდას. ამიტომ კარგ ქცევას უნდა გამოკვება და არა ცუდს. საკვებში იგულისხმება ყურადღება, რომელსაც კარგ საქციელს დავუთმობთ, ხოლო არასწორ ქცევას საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას ან უკიდურეს შემთხვევაში შევხვდებით მას ძალიან ცივი მზერით. ესე იგი, დავიხსომეთ: ვახალისებთ კარგ ქცევას და იგნორირებას ვუკეთებთ ცუდს.
5.                   ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები.
თუ თქვენ საკუთრ შვილებს საზღვრებს არ უწესებთ, უკაცრავად და იდიოტი ხართ. მაგალითად, ე.წ. თავისუფალი აღზრდის მომხრეები თვლიან, რომ ბავშვები თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ უკიდეგანო სამყაროში. ზარმაცი მშობლები ფიქრობენ, რომ უფრო კომფორტულია არაფერი აკეთო და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. შფოთიანი მშობლები მიიჩნევენ, რომ არ არის საჭირო ძვირფასი შვილიკოების რაიმეთი შეზღუდვა. უნიათო მშობლები ამჯობინებენ საკუთარი შვილების მეგობრები იყვნენ, ვიდრე აღმზრდელები. სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ ყველა ამ კატეგორიის მშობელი ადრე თუ გვიან ჩემს კაბინეტში ხვდება და სვამს ერთსა და იმავე შეკითხვას: „რატომ იქცევიან ჩვენი შვილები ასე საშინლად?“ იმიტომ, რომ ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები. განსაზღვრეთ წესები, დააწესეთ საზღვრები და ეცადეთ მათი მკაცრად დაცვა. არსებობენ პატარები, რომლებისთვისაც საკმარისია იმის ცოდნა, რომ არსებობს დაბრკოლება, სხვებს სჭირდებათ რამდენიმეჯერ პირისპირ შეჯახება, მაგრამ საზღვრები ყველასთვის აუცილებელია. პატარა ადამიანისთვის სამყარო საზღვრების გარეშე – შიშის მომგვრელია. საზღვრები ერთგვარად აფრთხილებენ ბავშვებს: ამის იქით არ შეიძლება და თანაც ის იცავს ბავშვის სამყაროს გარედან მომდინარე საფრთხეებისაგან.
6.     იყავით თანამიმდევრული.
მე შესანიშნავად მესმის, რომ ეს ძალიან ძნელია და რიტორიკულად ჟღერს. თავად ორი ბიჭის მამა ვარ და ხშირად ჩემთვის თანმიმდევრულობა ნიშნავს, ვიყო თანმიმდევრული და ვაკონტროლო საკუთარი ბრაზი, რათა „ფანჯრიდან არ გადავაგდო“ შვილები. ჰოდა, ახლა ჩემი რჩევა ასე ჟღერს: ეცადეთ იყოთ თანამიმდევრული. ეს თქვენ ყოველთვის არ გამოგივათ. ნუ დაამუნათებთ საკუთრ თავს ამის გამო და ნუ შეწყვეტთ ძალისხმევას იყოთ თანამიმდევრული.
7.                   ცუდი ქცევის პატიება არ შეიძლება.
მე არასდროს მესმოდა იმ მშობლების, რომლებიც ინდიფერენტული გამომეტყველებით უყურებენ საკუთარი შვილების ძალიან ცუდ საქციელს, ითმენენ მათგან სახეში მუშტების ქნევას და სხვა შეურაცხმყოფელ ქცევებს. რა თქმა უნდა, სრულიად შეუძლებელია ბავშვები მუდამ იდეალურად იქცეოდნენ. ისინი დროდადრო ცელქობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ქცევას უნდა შევეგუოთ, რადგან შემდეგში საქმე უფრო გართულდება. ამავე დროს სულაც არ არის საჭირო ისეთ დიქტატორად იქცეთ, რომელიც დაუმორჩილობლობის სულ მცირე გამოვლინებასაც კი თრგუნავს. კამათი და საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა – ეს ბუნებრივია. უპატივცემულობის გამოხატვა – ეს სულ სხვა საქმეა. კამათი ამტკიცებს, რომ თქვენ მშობლის საქმეს აკეთებთ – ბავშვებს ზრდით და მათ საკუთრი აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევთ. კამათი ძალიანაც სასარგებლოა, მაგრამ უპატივცემულობის წახალისება ყოვლად დაუშვებელია.
8.                   შეადგინეთ „სამოქმედო გეგმა“.
აღზრდა ვერ იტანს შემთხვევითობებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ბედნიერი შემთხვევის იმედად. თქვენ გჭირდებათ სამოქმედო გეგმა – ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად, სანამ რამეს მოიმოქმედებდეთ ან სანამ რამე მოხდებოდეს, საჭიროა მშვიდად დაფიქრება. ნებისმიერ პრობლემას აქვს მიზეზი, რომლის მისაგნებად ზოგჯერ სიმშვიდის რამდენიმე წუთია საჭირო, ზოგჯერ უფრო მეტი. მთავარი კი ისაა, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შედგენა. სწორედ ისე, როგორც ანდაზა ამბობს: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.
9.                   ნებისმიერი საქციელი – ურთიერთობის გარკვეული ფორმაა.
ეს ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ბავშვების ქცევის ანალიზისას მე მუდამ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ პატარა ადამიანები ქცევით ცდილობენ გამოხატონ ის, რისი გამოთქმა სიტყვებით ან არ შეუძლიათ ან არ სურთ მისი გაკეთება. იმის მთავარი მიზეზი, რომ ბავშვები გაცილებით კარგად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს ქცევებში, ზოგჯერ იმაში მდგომარეობს, რომ მათ სათანადო სიტყვების მარაგი არ გააჩნიათ. პატარებს ბევრი გრძნობა აქვთ და ცოტა სიტყვები, ამიტომ ისინი გრძნობებზე ქცევებით გვესაუბრებიან. ცუდი საქციელი – ეს უბრალოდ ცუდი საქციელი არ არის ეს ურთიერთობის, ყურადღების მიპყრობის საშუალებაა. თქვენი, როგორც მშობლის მოვალეობაა გაარკვიოთ, რის თქმას ცდილობს თქვენი შვილი საკუთარი საქციელით და თუ ამას მოახერხებთ ჩათვალეთ, რომ ძირითადი საქმე უკვე გაკეთებულია.
10.               არასოდეს ებრძლოთ ქაოსს
ბავშვების დაბადებასთან ერთად თქვენს ცხოვრებაში ქაოსი ისადგურებს. გახსოვდეთ, რომ როდესაც დიდი შტორმი იწყება, მაშინ რაიმე გრაფიკებზე საუბარი სრული უაზრობაა. ამის გაცნობიერების გარეშე თქვენ დაიწყებთ ყველაფერში საკუთრი თავისა და გარშემომყოფების დადანაშაულებას, დაიწყებთ გამოუსწორებლის გამოსწორებას და შესაძლოა სრული იმედგაცრუება განიცადოთ. თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ ჩემს ოჯახშიც იწყება ხოლმე სიგიჟის ნამდვილი დღესასწაული. ასეთ დროს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია სადმე უსაფრთხო ადგილას განმარტოება მანამდე, სანამ ქარიშხალი გადაივლის. სტიქიასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან მას მაინც ვერ მოერევი. უბრლოდ, მართვის პულტს მაგრად ჩასჭიდეთ ხელი, თვალი ადევნეთ კომპასს და დაელოდეთ სანამ შტორმი ჩაცხრება. გირჩევთ, ნუ შეებრძოლებით იმას, რაც გარდაუვლად გეჩვენებათ. სიმართლე კი ის არის, რომ სხვა არჩევანი მაინც არ გაქვთ“.

თქვენ გაეცანით ნაწყვეტს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგის ნაიჯელ ლატას წიგნიდან: „სანამ თქვენი შვილი საბოლოოდ გაგაგიჟებდეთ“.

ქალი მტრედით და სხვა ქალები

0

ქალებს ვეძებ. ვეძებ ყველგან, ქუჩაში, საქმეში, ისტორიაში, ლიტერატურაში, კერძში, გემოში, თავისუფლებაში, მორჩილებაში, დუმილში, სიტყვაში… ეს ჩვევად მექცა, ყოველდღიურ საქმედ, მარადიულ სიყვარულად.

ვეძებ ქალებს,  მათ მოყოლილ ზღაპრებსა და ამბებს, ნამღერ იავნანებს. ქალებს, რომლებიც ინახავენ თავიანთ ენას, ოჯახს, ქვეყანას. ყველა ამბავში ქალებს ვეძებ. როდესაც გადასახლებებისა და მიგრაციების ამბებს ვკითხულობ, ყველაზე ხშირად სწორედ ქალების პორტრეტები და ამბები ამოკრთება ხოლმე.   ასე სხვანაირად იკითხება აკვნის ცოტა ვიწრო არტახები, კაბაზე დამაგრებული ქამრები, მთელ ცხოვრებას რომ ინახავს,   კაბის სამკლაურში დამალული შხამის წვეთები ყოველი შემთხვევისთვის.  გზაში დაკარგული და დამარხული შვილები, არაფრისგან გამომცხვარი ხმიადები, ზედაც ცრემლის დაყოლება.

ყველაფერი სხვანაირად იკითხება, როცა ქალების შრომისგან გაუხეშებულ ხელებს, ნაწნავებში შეპარულ ვერცხლს და მეხსიერებას კითხულობ.

სარა ფერეიდანში თავის ქმართან, ამბაკო ჭელიძესთან,  თავის ერთადერთ, დიდ, მარადიულ სიყვარულთან ერთად მოხვდა. ასეთი სიყვარული იშვიათია ხოლმე, ასეთ ამბებს ხშირად არ წააწყდები. ამბავს 15 წლის გოგოსი, რომელიც ნათესავების წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლად გაჰყვა მასზე უფროს მწერალსა და მთარგმნელს, წაჰყვა და თავის დღიურებში ყველაზე ბედნიერ დღედ სწორედ ის ჩაწერა, მათი ჯვრისწერის დღე.

კითხულობ ამ დღიურებს და გიკვირს, არსად, არცერთ  გვერდზე, სადაც თავის ქმარსა და შეყვარებულზე ლაპარაკობს, სადაც სატრფოს სახელს ახსენებს, არ გამოტოვებს კუთვნილებით ზედსართავს, ამბაკოს „ჩემის“ გარეშე არ ტოვებს, „ჩემი ამბაკო“ – ახსენებს სიყვარულით, ტკივილით, მონატრებით.

ამბაკო ჭელიძე ფერეიდანისა და საქართველოს დიდი ხიდია, თარგმანები, წიგნები, მისი ღვაწლი ფერეიდნულ-ქართული ურთიერთობის აღდგენის საქმეში განუზომელია, მისი მონათხრობი ფერეიდნული ამბები ერთ-ერთი მთავარი კარი იმ ჯერ კიდევ უცნობ სამყაროში.

სარა მეუღლეს ყველა მოგზაურობაში თან ახლდა, ასე იყო ფერეიდანშიც, საოცრად ემოციური, გულღია, მგრძნობიარე ქალის დღიურები სულ სხვა, ქალის პერსპექტივიდან გვანახებს ფერეიდანში მოგზაურობის ამბებს. აკი თვითონაც აქმბობს, პირველი ქალი ვარ, ვინც ფერეიდანში იმოგზაურაო.

სარა ის საერთო მეხსიერებაა, იმ ამბების გმირია, რომელსაც დღემდე ყვებიან ფერეიდნელები, როგორ ჩამოვიდნენ დიდი ხნის წინ პირველი ქართველები საქართველოდან-ამბაკო და მისი ცოლი სარა:

„მე მაგონდების, რო ერთი ყოფილა ამბაკო, ერთი ყოფილა, ერთი ქალი ყოფილა სარა, ერთი ყოფილა ქათინო, იმ [ასეა!] საელჩოჩი ყოფილა. ასი რო ჩემ მამა-დედამ მიამბისყეს ეს. _ანს რო მიამბისყე, ჩემ პაპა ძრიალ ნდომებია, როს ყორვებია საქართველო ძრიალა ჰყორებია, მაგრამ ელა ყოფილა ახალგაზდა, იცი, ორმოზდაორ-სამ წელსა ყოფილა, რო ერთ ემე გამაჲსლია ხახაჩიგა და იმაში თქიანყე დუნა. ანს გამაჲსლია და ძრიალ თავის ნატრვაც ყოფილა, რო წაიდეს, საქართელო დაიაროს.“

“ შეიძლება ამბაკო რო გამოიდა, ამბაკო რო გამოიდა, სარე, თავის ცოლი, იმაშინ და ან სეიფოლა ხანმაც იოსელიანმა ხო გაჲდა საქართველოჩი და გამაიტანა, ზოგებმა ისწავლეს და აი, ეგრე რო ეხლა არა ჴერჴულობენ, იმაშინაც არ იჴერჴეს”.

“ჩემ პაპამ რო გამოჲდა საქართველოჩი, ეგღა რო აიცნეს, გადმოჲდიანყე ქართველები ჩემ პაპასთანა. და ეხლა ქენ კი პაპას დაჲძახით, ჩონ დიდაღას დავძახით. ჩემ დიდაღასთან გადმოჲდიან… ამბაკო იყო, სარა იყო, ბევრები იყნეს და მე არ მაგონდების, რო რა ერქოყე თავით სახელი. ბევრს ხანი იქ იყნეს და იმაშინ გერიმ გადმიოჲდეს თავით მიწა-წყალზე.”

სარას ჰორიზონტიც ყველაზე უკეთ ქალთა სახეებს, მათ ქცევას, სამოსს, ემოციებს, თავისუფლებას აკვიდრება. თავადაც განსაკუთრებული სახეა – შორეული საქართველოდან ჩასული, ულამაზესი, თვალტანადი ქალი, ცხენზე რომ თავისუფლად ჯირითობს, მოშინაურებულმტრედს უვლის, ქალებს დამცველად და შემფარებლად ევლინება, პატარა ბავშვებს ეფერება და უვლის.

ტექსტს აქვს ჯადოსნური უნარი დროსა და სივრცეში გამოგზაუროს,  სარას გულწრფელ და ემოციით სავსე ხელნაწერებს მაშინვე სულ სხვა, ცოცხალ, განსაკუთრებულ გარემოში გადაჰყავხარ:

„ჩვენი ქალები ჯგუფ-ჯგუფად გვხვდებოდნენ თავიანთი ხშირი, ნაჭრიანი წითელ-ყვითელი კადრებით“…

პირველი კადრი სეიფოლა იოსელიანის ოჯახში სტუმრად მისვლა და იქაური ქალების დახვედრაა. ეფერებიან, სამოსს და ხელებს უკოცნიან, ტირიან. აი, რამდენიმე საოცარი მარგალიტი გამოკრთება, ულამაზესი გოგო, ღარიბულ ჩადრში გახვეული, სოფელი რომ პატრონობს და ქმრის ამორჩევასაც თავის თავზე იღებს, არასასურველი ქმრის.  გოგონას საქართველოდან ჩამოსული ცოლ-ქმარი შეიფარებს და ამ თავსმოხვეულ ქორწინებასაც გადაარჩენს.

მეორე, ასევე მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა და ამიტომაც მის ქმარს სხვა ქალზე უნდა ექორწინა. სთხოვე, ასე არ მომექცესო – ისე შეეხვეწა თითქმის უცნობ სარას, თითქოს გადამრჩენელი იპოვა.

საერთოდ, ეს საოცარი, გულუბრყვილო რწმენა მთელ მათ მოგზაურობას ახლდა თან. ერთი მიწურიდან ქალი გამოეგებათ, შვილი მიკვდება და მომირჩინეთო, გულუბრყვილო, მიამიტი, სიყვარულითა და ნდობით სავსე რწმენა.

კიდევ ერთი, უხუცესი ქალი, რომელსაც ყველანი პატივს სცემენ, დარბაისელი, თბილი ქალი, რომელიც გულში იკრავს სარას.

პაწაწინა გოგო, ნიჭიერი, მსახიობი, ვინც ყველანაირად ცდილობს სტუმრების ყურადღება და სიყვარული დაიმსახუროს.  ეს ეპიზოდი განსაკუთრებით ფერადი და ცოცხალია:

„ერთობ ცოცხალი ბუნებისა იყო ფაიდა, რომელიც ერთი წუთით არ ისვენებდა, ვის წყალი შეასხა, ვის მიწიანი ბალახი შაყარა თავ-პირში,  ისე სხვადასხვანაირად ამოძრავებდა თვალებს, რომ ძალიან მაკვირვებდა მე.

უთუოდ ამ გოგონაში  სასცენო ნიჭი გამოსჭვიოდა, რომელსაც საიმისო გარეგნობაც უწყობდა ხელს. შავთმიანი, შავთვალება იყო და ოდნავ ველური მზერა ჰქონდა“…

ისეთი ფერადია ეს მოგონება, ისეთი ცოცხალი. ცხენზე ამხედრებული ქალის ნახვით გაკვირვებული ადგილობრივები, ფერეიდნულ ვენახში მოცეკვავე ქალები, ერთმანეთს რომ ცეკვას ასწავლიან,  ცრემლიანი მისალმება და დამშვიდობება,  სადილისთვის, სპეციალურად ფლავის საჭმელად გამოთლილი კოვზი სტუმრისთვის, რომელიც ხელით ჭამას ვერ ახერხებს, ქალები, რომლებიც სიცილ-კისკისით ახურებენ თავიანთ ჩადრებს სტუმარს და ბოლოს, საუკეთესოს, აბრეშუმისას ურჩევენ…

„არც დღე და არც ღამე არ ისვენებდნენ და არცმე მასვენებდნენ – წერს სარა- ჩვენ მათ უმანკო სიყვარულით ვუყვარდით, ისევე, როგორც ჩვენ გვიყვარდა ისინი“…

აი, გარდაიცვალა ამბაკო და ცალად დარჩა მისი სარა, დაივალა მეუღლის ნაწერებზე მზრუნველობა, მოწესრიგება, გამოცემა. მისი საოცრად სენტიმენტალური დღიურებიდან ფერეიდნის ბედნიერი დღეების მსუბუქი ათინათები ჩანს, ბედნიერი დღეები ახალ, ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც დარდითა და მონატრებით იგონებს სარა ჭელიძე, ამბაკო ჭელიძის თანამეცხედრე და პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც ფერეიდანი მოინახულა.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშებთან გამკლავებაში

0

შიშის გრძნობა ბუნებრივია პატარა ბავშვისთვის. არის შიშები, რაც მხოლოდ გარკვეული ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ბავშვი იზრდება და ეს შიშები ასაკთან ერთად ქრება. მაგალითად, პატარებს ეშინიათ მკვეთრი ხმების, დედის გარეშე მარტო დარჩენის და ა.შ. სკოლის ასაკის ბავშვებს ხშირად ეშინიათ ცუდი ნიშნების და თანატოლების დაცინვის(მაგალითად, იმის გამო,თუ როგორ გამოიყურება).  მათი გადალახვის პროცესში ბავშვი ფსიქოლოგიურად იზრდება. მაგრამ ყველაფერი კარგია ზომიერების ფარგლებში. შიშები-მათი რაოდენობა და მოქმედების ძალა-ასატანი უნდა იყოს ბავშვის ფსიქიკისთვის. თუ ამასთან გამკლავება ბავშვს უჭირს, მას უნდა დავეხმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შიში ნევროზში, უძილობაში, შემდგომში კი, შესაძლოა, უფრო სერიოზულ დაავადებაში  გადაიზარდოს-მაშინ კი უკვე სპეციალისტის ჩართვა გახდება საჭირო.

ნუ გეშინია!

      საიდან ჩნდება ბავშვური შიშები?

        ბავშვური შიშების ჯგუფები

1.მეშინია, რომ კუდიანი დედაბერი წამიყვანს(მშობლებისაგან ინიცირებული შიშები)

მაგალითად,როცა დედა დიდხანს არ მიდის მტირალ ბავშვთან, ან მუდმივად ზღუდავს მის ქცევებს -„იქ არ ახვიდე, თორემ  წაიქცევი“,’ ’დანა არ აიღო, თორემ  ხელს გაიჭრი’’ და ა.შ. ან აფრთხილებს: „ეს გოგონა ცუდია, ის ბიჭი კი ხულიგანია“. ბევრი დედა და ბებია ჭირვეულ ბავშვს კუდიანი დედაბრით აშინებს,ზოგიც ცუდი ძიათი,მგელით,რომელიც წაიყვანს ,თუ დამჯერი არ იქნება. ამ სიტუაციაში არ უნდა გაგვიკვირდეს,რომ ბავშვი ღამღამობით იღვიძებს და ყვირის. დააკვირდით საკუთარ თავს, სხვებთან საუბარში ხშირად იყენებთ თუ არა სიტყვებს „მე მეშინია, რომ…“.ბავშვები მგრძნობიარედ აღიქვამენ უფროსების მდგომარეობას,მათ საკუთარ თავში დაურწმუნებლობას,შფოთვას,განცდებს და თვითონაც განიცდიან. ამას გარდა,პატარა ბავშვი ვერ ხვდება, ყოველთვის კეთილი და ალერსიანი დედა რატომ ბრაზობს და სჯის.მას არ შეუძლია დედის მიმართ აგრესიის გამოხატვა. აქედან ჩნდება მონსტრების ნეგატიური პერსონაჟები, რომელთა გამოყენებითაც ნეგატიური ემოციების გამოხატვა ხდება.

2.მეშინია საწოლის ქვეშ დამალული მონსტრის

შიში რაღაც კონკრეტულის მიმართ-სიბნელის, მარტოობის, სიკვდილის, ძაღლის, სკოლაში ცუდი შეფასებების, მულტფილმების პერსონაჟი მონსტრების.

მათთან გამკლავება ყველაზე ადვილია. ბავშვს წყნარად და მოთმინებით უნდა აუხსნათ ასეთი შიშების უსაფუძვლობა. აჩვენეთ,როგორაა მოწყობილი ეს „საშიში’’ მექანიზმი,როგორ მუშაობს(მაგალითად,როცა მტვერსასრუტის ან ფენის ეშინია).

 

3.მეშინია,მაგრამ არ ვიცი რისი

(გაუაზრებელი შიში,რომელიც თითქოს არაფერთანაა დაკავშირებული)

დაელაპარაკეთ ბავშვს, ერთად გაიხსენეთ, რის მერე დაეწყო ეს შიშები,რა მოვლენები უძღოდა წინ. შესაძლოა, ეს საშიში მულტფილმი იყო ან „დიდების კინო“, თქვენი ჩხუბი მეუღლესთან(რაც მეტად ჩხუბობენ მშობლები,მით მეტი შიში უჩნდება ბავშვს),რაღაც შემთხვევა სეირნობის დროს(მაგალითად,უცხო ძაღლმა საკბენად გაიწია) ან ვიღაცამ აწყენინა ბაღში თუ სკოლაში.

4.მეშინია,რადგანაც ასეა საჭირო

თავის შიშებზე ლაპარაკით ბავშვი მანიპულირებს მშობლებთან. მაგალითად, როცა მას ყურადღების მიქცევა სურს, დედასთან მეტი დროის გატარება უნდა. ან სურს მშობლების საწოლში დაიძინოს, თუმცა ის ამისთვის უკვე დიდია. თუ ეს ასეა, უნდა გავაგებინოთ, რომ მივხვდით მის „ოინებს“ და ავუხსნათ, რომ არის დრო გამოყოფილი მისთვის და არის სხვა საქმეებისთვის. თუ ის მიჩვეულია დედასთან ძილს, ეცადეთ შეუცვალოთ ეს რიტუალი. მაგალითად,ბავშვთან წოლა ჩაანაცვლეთ ძილის წინ წიგნის კითხვით. შემდეგ შეგიძლიათ 5-10 წუთი ჩამოუჯდეთ საწოლთან, განიხილოთ დღის ამბები, შემდეგი დღის გეგმები, გაესაუბროთ და შემდეგ კვლავ მარტო დატოვოთ. აუხსენით,რომ ახლა მშობლების ერთმანეთთან ურთიერთობის დროა, მასთან ყოფნის დრო კი ამოიწურა. ეცადეთ, არ დაყვეთ მის მანიპულაციებს. შეუძლებელია ბავშვის მოთხოვნების მუდმივად შესრულება,ადრე თუ გვიან ის უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლობას.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს შიშებს?

-მეტი ყურადღება მიაქციეთ;

-ხშირად ჩაისვით მუხლებში, მოეხვიეთ, ხელი  მოკიდეთ, საუბრის დროს თვალებში უყურეთ;

-ხშირად უთხარით, რომ გიყვართ და ყოველთვის მზად ხართ დაიცვათ;

-ეცადეთ, დაწვრილებით მოაყოლოთ, როგორ გამოიყურება  მონსტრები, რომლისაც ეშინია, როგორი თავი და კიდურები აქვთ, შემდეგ დაახატინეთ ან გამოაძერწინეთ(თუ ეს ხელეწიფება) საშიში მონსტრი. რაღაც აბსტრაქტული ყოველთვის უფრო საშიშია, ვიდრე კონკრეტული. როდესაც მტერს კარგად ვიცნობთ, ის ისეთი საშიში აღარაა, მასთან ბრძოლა უფრო ადვილია. ამის შემდეგ დახატული მონსტრი შეიძლება დაწვათ (მასვე გააკეთებინოთ ეს და შემდეგ წყალი დაასხას) ან დახიოს.მისაღებია განადგურების ყველა გზა-ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული;

-ჩართეთ იუმორი. მაგალითად, საიდუმლოდ უთხარით ბავშვს, რომ ამ „საშინელებას“  ხმაურის ეშინია. ამიტომ კუთხეში დამალული მონსტრის შეშინება ხმამაღალი სიმღერით, ტაშით და ა.შ. განახორციელეთ და ისინი გაიქცევიან;

-აუხსენით. საშიშროებას (მაგ. საშიში ჩრდილები, ქუჩიდან ხმაური,  მეხის ხმა) სავსებით ლოგიკური ახსნა გააჩნია.

„როგორ მომაბეზრე თავი“ და კიდევ 6 ფრაზა,რომლის თქმაც არ შეიძლება ბავშვისთვის

 

რისი გაკეთება არ შეიძლება მშობლისთვის,როდესაც ბავშვს რაღაცის ეშინია?

არ დასაჯოთ გამოვლენილი სიმხდალისთვის. უარესი იქნება თუ ბავშვი, რომელსაც თქვენი სიყვარულის დაკარგვა არ სურს, დაგიმალავთ, რომ რაღაცის ეშინია. შიშები ღრმად გაუჯდება და ნევროზად გადაიქცევა. მისგან თავის დაღწევა კი გაცილებით რთულია;

-ბავშვის თანდასწრებით ნუ გაარკვევთ ურთიერთობებს მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან. სახლში ნერვული, შფოთიანი ატმოსფერო ხელს უწყობს ბავშვის შიშების გააქტიურებას. რაც ნაკლები სიყვარულია ოჯახში, მით მეტია შიში.

-არ დააძალოთ ბავშვს შიშის გადალახვა. მაგალითად, თუ  მას ძაღლების ეშინია, არ აიძულოთ  ხელის გადასმა და მოფერება. სჯობს, თავდაპირველად შორიდან დააკვირდეთ, უსაფრთხო მანძილიდან;

-აარიდეთ ძილის წინ „საშიშ ფილმებს“. სჯობს, წიგნი წაუკითხოთ ან რომელიმე კეთილ მულტფილმს უყუროს;

-არასდროს შეარცხვინოთ და დასცინოთ შიშის გამო;

-არ დაუძახოთ „მშიშარა’’, არ უთხრათ ფრაზები „რა გოგოსავით იქცევი’’, ‘’ბიჭებს არ უნდა ეშინოდეთ“და სხვ.

 

                           კითხვები და პასუხები

1.შვილი გვთხოვს დაბადების დღეზე საჩუქრად  სათამაშო მონსტრს. შეიძლება ვუყიდოთ საშიში სათამაშოები?

-გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს საშიში სათამაშოები. ამიტომ ბევრი მშობელი სპეციალურად ყიდულობს ლამაზ, რბილ სათამაშოებს. ეს არაა სწორი. ასევე არასწორია სათამაშოებს დაყოფა გენდერული ნიშნით-თოჯინები-მხოლოდ გოგონებისთვის, მანქანები-მხოლოდ ბიჭებისთვის. სათამაშო მონსტრები საჭიროა! ბავშვს შეუძლია თამაშში მათი გატეხვა, „მოკვლა“, ამით ის კლავს საკუთარ შიშებს,ამცირებს შფოთვის ხარისხს და შინაგანად წყნარდება. საბავშვო პისტოლეტები და იარაღიც უნდა იყოს ზომიერად. როდესაც ბავშვი „ომობანას“ თამაშობს, აგრესიას და ნეგატიურ ენერგიას გარეთ გამოისვრის. მშობლები მხოლოდ უნდა დაეხმარონ,  ეს ადეკვატურად მოხდეს.

2.დედა, ჩვენ მოვკვდებით? როგორ ვილაპარაკოთ ბავშვთან სიკვდილის თემაზე

ყველა შიში გარკვეულწილად არყოფნის შიშია, სიკვდილის შიში  ბავშვების უმრავლესობას აწუხებს. ბავშვები ადრეული ასაკიდან ეჯახებიან სიკვდილის თემას-მკვდარი ხოჭო, მულტფილმების შინაარსი, ამიტომ ამ თემიდან გაქცევა არ არის სასურველი. დაელაპარაკეთ ამ თემაზე, გაურკვევლობა უფრო საშიშია. მოუყევით,რომ ყველა ცოცხალ არსებას თავისი სიცოცხლის ციკლი აქვს-დაბადება, გაზრდა და სიკვდილი. ჯობია, თავი აარიდოთ განსაზღვრებას, რომ სიკვდილი-მუდმივი ძილია. ამან შეიძლება დაძინების შიში გამოიწვიოს. ბავშვებს სიკვდილის, უპირველეს ყოვლისა,  მშობლების გარეშე  დარჩენის გამო ეშინიათ. აუხსენით, რომ ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება, ჯერ ის უნდა გაიზარდოს, თვითონ ყავდეს შვილები,  ბევრი საინტერესო უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ეს თქვენი საკუთარი მოსაზრებით შეგიძლიათ აუხსნათ: მაგალითად,რომ კვდება მხოლოდ სხეული,სული კი უკვდავია და ა.შ.

 

 

 

 

რევაზ თვარაძე – ცხოვრების მასწავლებელი

0

`სამშობლოს თავგადაკლული სიყვარულის გრძნობა გაცნობიერებამდე იქცა სულის განუყოფელ ნაწილად, იმ ზომამდე, რომ დღემდე ამ გრძნობის გარეშე არსებობა საერთოდ ვერც წარმომიდგენია~, _ წერს რევაზ თვარაძე. ამ სიყვარულს ემსახურებოდა იგი ჩუმად, თავდაუზოგავად, უშურველად. ამიტომაც იგი ჩვენთვის ჭეშმარიტი მამულიშვილის სიმბოლოდ იქცა, ცხოვრების მასწავლებლად, რომლის წიგნებსაც შეიძლება უამრავი კითხვით მიადგე და გამზადებული პასუხებით კი არა, ამ პასუხებისკენ მიმავალი მდიდარი „გზამკვლევებით“ წამოხვიდე.  მთელი მისი ცხოვრება დასტურია იმისა, რომ რაინდები მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ გვხვდებიან. დღევანდელი  ბუტაფორიული პატრიოტიზმის ფონზე გამოიკვეთებოდა მისი პიროვნება, როგორც  გამორჩეული და შორეული, თითქოს საგანგებოდ გამოხმობილი ჩვენი ლეგენდარული წარსულიდან. ის იყო სულით არისტოკრატი, ბანალურ ყოველდღიურობაზე ამაღლებული და მარადიულ ღირებულებებზე მოფიქრალი, შესანიშნავი მეცნიერი და მწერალი. საგულისხმოა, რომ მას მეცნიერება `ადამიანური ბუნებისგან განუყოფელ, კაცობრიული არსებისგან მოუწყვეტელ, წმინდა სულიერ ქმედებად, სულის გაცხადების ასპარეზად~ ესახებოდა. მიაჩნდა, რომ  `ღვთაებრივ პლანზე ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული ერთად, განუყოფლად არსებობს. ამ ცნებათაგან ვერცერთზე ვერ ვისაუბრებთ ისე, დანარჩენებიც თუ არ ვიგულისხმეთ. სამყაროს შექმნა ოდენ საღმრთო ჭეშმარიტების გაცხადება კი არ არის, არამედ აგრეთვე საღმრთო სიკეთის, საღმრთო მშვენიერების და საღმრთო სიყვარულის~. მისთვის მეცნიერება  სულიერი მოღვაწეობის სიმაღლესა და მშვენიერებას ნიშნავდა, ამიტომაც უყვარდა გამორჩეულად პლატონი და პავლე ინგოროყვა. თვითონაც სწორედ მათ მიემსგავსებოდა, მათსავით, `მშრალ აზრობრივ სქემათა~ შექმნაზე მეტად, შთაგონება აღელვებდა. მიაჩნდა, რომ სამეცნიერო მოღვაწეობა მხოლოდ ინტელექტს არ უნდა დაყრდნობოდა, არამედ ინტუიციასაც. ამიტომაც იკითხება მისი სამეცნიერო ტექსტები მოუწყინებლად. `როდესაც კაცის სული, თავისი ბუნებით ღვთაებრივი, აღიძვრის ხილული თუ ზესთასოფლური სამყაროების შესამეცნებლად, ანუ ჭეშმარიტების დასამკვიდრებლად, ანუ მეცნიერული მოღვაწეობისთვის, მას ეს ჭეშმარიტება, თუკი მართლაც ჭეშმარიტებას ვიგულისხმებთ, გამოცალკევებულად კი არ ეძლევა, არამედ_ვითარცა ჭეშმარიტების, სიკეთის, მშვენიერებისა და სიყვარულის ერთყოფა~, _ წერს ბატონი რეზი.

იგი ხშირად და ბევრს ფიქრობდა თანადროულსა თუ მომავლის კულტურაზე. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა მისი დაკვირვებები  XVIII_XIX საუკუნეებში დაწყებულ და XX საუკუნეში ზენიტს მიღწეულ პროცესზე, რომელმაც კულტურის ყველა სფერო დაანაწევრა. ეს კი, მისი აზრით, გამოიწვია ადამიანის სწრაფვამ, მაქსიმალურად მოეცვა, შეესწავლა და შეეცნო როგორც გარემომცველი, ისე შიდასამყარო. თუმცა, იმასაც ამჩნევდა და აანალიზებდა, რომ  `თანამედროვე ადამიანისთვის დღითიდღე აშკარავდება, კაცობრიობის სულიერი ცხოვრების ყველა სფერომ დაიწყო გამომჟღავნება მთლიანობისკენ,  სინთეზისკენ სწარაფვის ტენდენციისა. ანალიზის, ძირამდე ჩხრეკის, საწყისთა ძიების ხანგრძლივ ეპოქას მოსდევს სინთეზის, საწყისთა ერთობის წვდომის ეპოქა~.

რეზი თვარაძე დროის ფურცლებიდან კვლავაც მოჩანს, როგორც ილია იტყოდა, `ცოცხალი ხატი ღირსებისა~. მასზე შეიძლება გავიმეოროთ ჰამლეტის სიტყვები: `ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა, მე იმის მსგავსსა ვეღარ ვნახავ ჩემს სიცოცხლეში~. იგი იყო ღვთისგან და ერისგან გამორჩეული პიროვნება, `მაღალი და მაღლად მხედი~, როგორც თვითონ უყვარდა თქმა. 75 წლის ასაკში დაიწყო `მოგონებათა წიგნის~ წერა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მხოლოდ მეცნიერი და მოაზროვნე კი არა, ნიჭიერი მწერალიც იყო. ამ წიგნში თითქმის მთელი მეოცე საუკუნე იხატება თავისი ქარტეხილებითა და ტრაგიზმით. `ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ რა გადაგხდომია თავს, არამედ ის, თუ რა და როგორ მოგაგონდება სხვებისთვის მოსაყოლად~, _ წერს გაბრიელ გარსია მარკესი და თავის მოგონებათა წიგნს, რომელიც 2002 წელს გამოსცა, არქმევს ასეთ სათაურს: `იცხოვრო, რათა მოჰყვე~. ამ შემთხვევაში მონაყოლი, ე.ი. მხატვრული სიტყვა ცხოვრებას აღემატება. რეალურ ყოფას მხოლოდ იმდენად ეძლევა ფასი, რამდენადაც ის იქცევა `ამბის~ შესაქმნელ მასალად თუ შთაგონების წყაროდ. `ერთ წელიწადს ბავშვიც ვიყავი, ჭაბუკიც, კვლავ მხნე და ლაღი, კვლავ მღივანი, აღარ მახსოვდა, თვალის ორჯერ დაფახულება რომ კმარა საიმისოდ, რათა უშორეს წარსულში დაინთქას შენი ახალგაზრდობა~, _ წერს რეზი თვარაძე და დროს, `წამწამთა მსწრობელად~ სახელდებულს, თავისი წიგნის ფურცლებზე მაინც შეაჩერებს, მოიხელთებს. რეზი თვარაძეც დაკარგულ დროს ეძებს თავისებური სილაღით, სევდითა და სიხარულით. ხდება სასწაული. მწერალი უბრალოდ კი არ იგონებს გარდასულ ამბებს, არამედ აცოცხლებს, კი არ ჰყვება, არამედ განიცდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკითხველი შეიგრძნობს აღწერილი საგნების ფერს, სუნს, ჰაერის სისქესა თუ გამჭვირვალებას. ბატონი რეზის მიერ დანახული ცხოვრება არის მრავალფეროვანი და საინტერესო. ამიტომაც სულმოუთქმელად ჩაიკითხავ  მის ნაამბობს. მკითხველის თვალწინ იზრდება და სულიერად ყალიბდება არა ერთი თაობა, იცვლებიან ადამიანები, მაგრამ უცვლელია სიკეთის, სიყვარულის, რწმენისა და მშვენიერების წყურვილი. თურმე რა დღეები გამოუვლია, არც სიდუხჭირე და სულიერი ჭრილობები მოჰკლებია, მაგრამ იდეალები მაინც არ დამსხვრევია, რადგან ნებისმიერ ვითარებაში შეეძლო, თვალი გაერიდებინა უსულგულო და ერთფეროვანი ყოფითობისთვის და `ნეტარების წუთები~ მოეხელთებინა, თუნდაც ასეთი: `შუადღისას, როცა შინ არავინ იყო, ორი კოვზი შაქარი თუ მეშოვებოდა, წყალს ავადუღებდი, ჩაის დავისხამდი, ნავთქურის გვერდით მაგიდას მივუჯდებოდი და ვიწყებდი კითხვას: `გულივერი~, `რობინზონ კრუზო~, `ტრისტან და იზოლდა~, `ათას ერთი ღამე~. `ელინური მითები~, კონან დოილის მოთხრობები…~ ასე თანდათან გამოიკვეთა, რომ მისი `საქმე ლიტერატურა იყო~. მან თვისი მოგონებებით დავიწყებას გამოსტაცა მრავალი შესანიშნავი ადამიანი, ამიერიდან მისი წიგნის ფურცლებზე რომ გააგრძელებენ მარადიულ სიცოცხლეს და ყოველ ახალ მკითხველს სიყვარულით შეხვდებიან. მან თავისი საყვარელი მწერლის, ფოლკნერის რჩევას მისდია  და ამ წიგნით შეეწია ადამიანს, გული გაუმაგრა, მოაგონა სიმამაცე, პატიოსნება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, ლმობიერება, თავგანწირვა. თვითონაც წიგნის გმირად იქცა (საგულისხმოა, რომ მან თარგმნა ფოლკნერის ორი რომანი „ქალაქი“ და „სოფელი“).

რეზი თვარაძე ნელი, დინჯი ნაბიჯით, ღირსეულად მიდიოდა მარადისობისაკენ, თან მიჰქონდა ტკივილი და სიხარული. ის იყო ნამდვილი ესთეტი, დახვეწილი და ზომიერი. მისი გარეგნული თავდაჭერილომის მიღმა იმალებოდა ბავშვური სიწმინდე და გულუბრყვილობა, რომელიც საოცრად მჟღავნდებოდა მის იშვიათ, მაგრამ მშვენიერ ღიმილში.  ის წავიდა სიცოცხლიდან ვალმოხდილი. `ღვაწლი კეთილი მოიღვაწა~. საყოველთაო პატივისცემა ხელს არ უშლიდა, ყოფილიყო საოცრად თავმდაბალი და მორიდებული. უდავოა მისი პიროვნების მნიშვნელობა XX საუკუნის ქართულ კულტურაში. ის ჩვენთვის იყო  ერთგვარი იდეალი ქართველი კაცისა. დრო მის სახელს კიდევ მეტი შთამბეჭდაობით წარმოაჩენს. ის განზე იდგა ყოველგვარი უხამსობისაგან, გულგრილი იყო ტაშისა და დიდების მიმართ. ჩრდილში ერჩია ყოფნა. მისი წიგნები და წერილები („ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა“, გადასახედი (მწერლობა, რელიგიური ფილოსოფია, ისტორია), „არეოპაგელი და რუსთაველი“, „პლატონი და არეოპაგელი“, „დამწერლობისა და ლიტერატურის სათავეებთან“, „ქართული კულტურის ბუნებისთვის: სულის ისტორია“, „პოეტური კულტურის ზოგიერთი საკითხი“, და სხვა უამრავი) მკითხველს მშვენიერსა და ამაღლებულს აზიარებენ. ის ისწრაფვოდა, რომ დღევანდელ დაშლილ, დაქსაქსულ, დარღვეულ სამყაროში შენარჩუნებულიყო ჰარმონიის, ერთიანობის იდეალი.

ის ხანდახან არღვევდა სამეცნიერო ტრადიციას და მშრალ ფაქტებს მეოცნების მზერას მიაპყრობდა. ასეთ დროს ლაღად და თავისუფლად არწმუნებდა მკითხველს, რომ ეტრუსკები ქართველთა წინაპრები იყვნენ. მისი ფიქრი ხშირად დასტრიალებდა `ღვთაებრივად მარტივ და ურთულეს სიბრძნეებს~, უღრმავდებოდა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას. თანაბარი სიყვარულით იკვლევდა `ვეფხისტყაოსანსა~ და არეოპაგიტულ მოძღვრებას, გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიასა თუ ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებას. თავის ნაშრომებში იგი გამოკვეთდა უმთავრეს იდეას: `სამყაროული იერარქიის ნებისმიერ  საფეხურზე მოქმედი სიყვარული არის ის ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო და რომელიც ყოველ არსს კვლავ მიაქცევს სამყაროს შემოქმედისკენ~. მის სიტყვა შეზავებული იყო `მარილითა მადლისაითა~. ხშირად მიაპყრობდა ხოლმე მზერას უშორესი წარსულისკენ, ქართველთა თაურფენომენებს ეძიებდა. ის იყო კაცი, `სავსე ქართული პატიოსნებით~.

მას სჯეროდა და სწამდა: `კაცის ნამდვილი სამშობლო სოფელი კი არ არის, ზესთასოფელია და სწორედ იქ ბრუნდება გარდაცვალების შემდეგ მისი უკვდავი სული, სოფლიურ არსებობაში გაწვრთნილი და ზესთასოფლად გამზადებული~.

 

„ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“

0

თანამედროვე სამყაროში უწყვეტად მოედინება ინფორმაციის ნაკადი. გვიწევს, ავტომატურ რეჟიმში გავფილტროთ ინფორმაცია და დროის უმოკლეს მონაკვეთში გადავწყვიტოთ – რა წავიკითხოთ, რას ვუყუროთ, რომელ მოვლენაზე გავამახვილოთ ყურადღება და ა.შ.. ამის გათვალისწინებით თქვენი ყურადღების მიპყრობის ძალიან მცირე შანსი მაქვს.

დღევანდელ სტატიაში მინდა, გესაუბროთ კონკრეტულ ფილმზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და არამარტო. „ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“ არის ბრიტანული BBC“სა და კომპანია Netflix-ის 2019 წლის ერთობლივი პროდუქტი.

სასკოლო ცხოვრება მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა, განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები ისეთი თემებია, რომლებიც მუდმივად საინტერესოა და რომლებსაც უამრავი ფილმი ეძღვნება. რეჟისორები სხვადასხვა კუთხით წარმოგვიჩენენ ხოლმე ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს. თუმცა ზემოთ ხსენებული ფილმი, ვფიქრობ, განსხვავებულია დანარჩენთაგან, რადგან არ აკეთებს აქცენტს ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, იძლევა არაერთი პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვის საშუალებას. რეჟისორი გვთავაზობს გამოწვევების შესაძლებლობებად ქცევის არაერთ მაგალითს. რაც მთავარია, ფილმი გადაღებულია რეალურ ამბავზე დაყრდნობით.

მისი, როგორც რესურსის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე საგანში. მაგალითად:

  • ფიზიკის მასწავლებელს შეუძლია, ამ ფილმით, ადვილად აჩვენოს მოსწავლეებს, როგორ ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება;
  • გეოგრაფიის მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ამინდისა და კლიმატის მნიშვნელობაზე, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე;
  • სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შეუძლიათ, ყურადღება გაამახვილონ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ბავშვთა შრომისა და სწავლის ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

ფილმში მოვლენები ვითარდება XXI საუკუნის დასაწყისში, აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანა – მალავიში. სრული სიუჟეტის განხილვისგან თავს შევიკავებ. უილიამი 13 წლის ბიჭია. მისი ოჯახის შემოსავლის უმთავრეს წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. წლიდან წლამდე თავის გასატანი მოსავლის ოდენობა კი მთლიანად კლიმატზეა დამოკიდებული. უილიამის განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები ფილმის დასაწყისშივე მოგხვდებათ თვალში. ის ცდილობს შეაკეთოს გაფუჭებული რადიო, რათა მამამისმა და თანასოფლელებმა მოისმინონ ამინდის პროგნოზი… გარდა ამისა, რადიოების შეკეთება ერთგვარი შემოსავლის წყაროცაა მისთვის.

უილიამისთვის ოჯახის შემდეგ განათლება ყველაზე დიდი ღირებულებაა. ის დარწმუნებულია, რომ მხოლოდ სწავლას შეუძლია, შეცვალოს გარშემომყოფთა ცხოვრება უკეთესობისკენ. თუმცა ამ გზაზე ხვდება ყველაზე დიდი დაბრკოლება…

მიუხედავად თავისი მცირე ასაკისა, ის გრძნობს ოჯახის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, წარმოუდგენელ ნებისყოფას იჩენს და არ ერიდება რისკებს, მათი შიმშილისგან გადასარჩენად.

ფილმი პედაგოგიურ პრაქტიკაში

ფილმის ყურებისთანავე გადავწყვიტე, მიზნობრივად გამომეყენებინა იგი და ამ პროცესში ჩავრთე VII-VIII კლასის მოსწავლეები (სწორედ ამ კლასებში ისწავლება სეზონური ქარები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები) და მეათე კლასი, სადაც ვასწავლი სამოქალაქო განათლებას.

VII-VIII კლასის მოსწავლეებს ვთხოვე, გაეანალიზებინათ ფილმი გეოგრაფიულ ჭრილში. აქ გამოვყავი:

კლიმატი და გარემოს დაცვა; გეოგრაფიული მდებარეობა და მისით გამოწვეული სირთულეები; ქარი, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყარო; მეურნეობის დარგები.

 

X კლასის მოსწავლეებმა ფილმი უფრო გლობალურ ასპექტში განიხილეს. კერძოდ:

სწავლის ხელმისაწვდომობა; ეკონომიკური პრობლემები; დემოკრატია; ურთიერთობები ოჯახში.

 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და დაწერეს ბლოგპოსტები, რომლებშიც უფრო ფართოდ გაშალეს ფილმში მოსმენილი მნიშვნელოვანი გზავნილები. აღმოჩნდა, რომ მათ უფრო მეტი დაინახეს, ვიდრე მე წინასწარ ვვარაუდობდი, მაგალითად, უილიამისა და მისი ძაღლი მეგობრობა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი სრულყოფილად ვერ ფლობენ ქართულ ენას, ნამუშევრები გავასწორე მხოლოდ ტექნიკური კუთხით, ხოლო სტილი, აზრი და შინაარსი თავიდან ბოლომდე შენარჩუნებულია. გიზიარებთ რამდენიმე ყურადსაღებ მონაკვეთს მათი ბლოგრბიდან, ხოლო მათი მოსაზრებები, ემოციები და დამოკიდებულებები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე.

„დედა ყოველთვის მასწავლის – „რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე, რომ სხვებს გამოადგე“! ამ ფილმის ყურების შემდეგ თავს უბედურად ვგრძნობ. არ ვიცი რატომ?! მაგრამ მრცხვენია, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია!..“

 „ზოგიერთ საზოგადოებაში წინააღმდეგობას ვერ იტანენ. ამის გამო უზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. უილიამის სოფელს ჰყავდა ჭკვიანი წინამძღოლი. მან ქვეყნის პრეზიდენტს სიმართლე უთხრა, სახალხოდ ისაუბრა მათ გასაჭირზე. ამის გამო მას მიკროფონი წაართვეს, სცემეს… საბოლოოდ ის გარდაიცვალა“.

„უფულობა – აქ გამოკვეთილი პრობლემის ცენტრს სწორედ მძიმე სოციალური ფონი წარმოადგენს. ხალხი უსახსრობის გამო შიმშილობს. მთავარ პერსონაჟს სწორედ უფულობის გამო უკრძალავენ სკოლაში სიარულს. ასეთი ფონი ბრბოს ფსიქოლოგიის გაღვივებას უწყობს ხელს. ხალხს გამოსავალი არ აქვს და ქურდობას იწყებს…“.

https://temursukashvili.blogspot.com/2019/04/blog-post.html

 

სტატიაში შემოთავაზებული მიმართულებები, რა თქმა უნდა, არ არის უალტერნატივო. ის შეიძლება შეცვალოთ და გამოიყენოთ თქვენი შეხედულებისამებრ და მოარგოთ იმ კონკრეტულ გარემოს, სადაც გიწევთ მუშაობა.

საბედნიეროდ, მალავიში არსებული მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის იდენტური ჩვენ ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, თუმცა საქართველოშიც გვხვდება დაბრკოლებები და მნიშვნელოვანია,  მოსწავლეები დავაფიქროთ და ვასწავლოთ, თავად როგორ ეძებონ გამოსავალი, დავეხმაროთ იმის გათვითცნობიერებაში, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ და ძალუძთ, დიდი თუ მცირე წვლილი შეიტანონ გამოწვევების დაძლევაში.

კომენტარებში, სოციალური ქსელით სიამოვნებით მოვისმენ თქვენს გამოცდილებას.

 

ფილმის ლინკი:

https://net.adjara.com/Movie/main?id=24968&q=SD&s=Georgian

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...