კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

კაპიტანი ვაკუში და მისი “მოლოდინის ციხე-კოშკი”

0

საქართველოში ბევრი არ იცნობს გივი მარგველაშვილს. ფილოსოფოსი, ლინგვისტი, მწერალი და პოეტი მისი განსაკუთრებული ნიჭისა თუ ცოდნის მიუხედავად მაინც ბედისგან დაჩაგრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან გერმანიაში ემიგრირებულ ოჯახში დაიბადა. დედამ ვერ გაუძლო უცხოეთის ცის ქვეშ დეპრესიულ ცხოვრებას და მალევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მომავალი შემოქმედის მამა კი მუდამ პოლიტიკურ ბატალიებში იყო ჩართული და ვაჟის აღზრდისთვის არ ეცალა. ბ-ნი მარგველაშვილი გერმანიაში, გერმანელთა გარემოცვაში იზრდებოდა და შესაბამისად, მის მშობლიურ ენადაც გერმანული იქცა. თუმცა, ბუნებრივია, რომ ნაცისტურმა სისტემამ მიგრანტის შთამომავალი მისი საზოგადოების სრულუფლებიან, სრულყოფილ წევრად არ აღიარა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  კომუნისტებმა მარგველაშვილები გაიტაცეს, მამა დახვრიტეს, მოზარდს კი მოუწია, რომ  ახალი ცხოვრება მშობლების ქვეყანაში, საქართველოში ნულიდან დაეწყო. ჰიტლერის ეპოქაში დაბადებული და გაზრდილი, ქართული ენის ცუდად მცოდნე, საკონცენტრაციო ბანაკის გავლით თბილისში აღმოჩენილი ყმაწვილი, ცხადია, ადგილობრივებმა თავიანთი სოციუმის ორგანულ ნაწილად არ აღიარეს. მაშასადამე, გივი მარგველაშვილი ცხოვრების პირველ ეტაპზე ყველგან, გერმანიაშიც და საქართველოშიც უცხოდ გრძნობდა თავს, რაც ყოველთვის ხდებოდა მისი დევნისა და შევიწროვების წინაპირობა. უბედობამ და ტოტალიტარულ რეჟიმებს შორის მოგზაურობამ ბნელი უჯრისთვის გაწირა მისი ნაწარმოებების უმრავლესობა, რომელთაც დღის სინათლე დაწერიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, „პერესტროიკის“ პოლიტიკის ამოქმედებისას იხილეს.

ყველა რიგითი მითხველის მსგავსად, მეც მიჭირს ფილოსოფოსთა ტრაქტატებისა და მათი მრავალმნიშვნელოვანი მსჯელობების გააანალიზება. შესაბამისად, ყოველთვის ვუფრთხოდი ქართული წარმოშობის გერმანელი მწერლის მიერ დაწერილი რომანების გადაფურცვლას. მეგონა, რომ ურთულეს და გაუგებარ ტექსტებთან მომიწევდა შეჭიდება. ბოლოს მაინც გავბედე და გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუშის“ პირველი ტომის დამუშავებას შევუდექი. ჩემი შიშები არ გამართლდა და თვალწინ გასული საუკუნის თინეიჯერის თავგადასავლებით აღსავსე ყოველდღიურობა წარმომიდგა, თავისი „მანილათი“ და „ფილიპინებით“ (დასახელებული გეოგრაფიული სახელებით წიგნის პერსონაჟები ქალის სხეულის სხვადასხვა ნაწილს მოიხსენიებენ).

ნაწარმოების ყველაზე ადვილად შესამჩნევი ღირსება არის ის, რომ წიგნი ბერლინის ქუჩებში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს. მკითხველს შეუძლია იმ კაფეში შეიაროს, სადაც ქართველი დევნილები იკრიბებოდნენ და საბჭოთა კავშირის დანგრევის ირიალურ გეგმებს სახავდნენ, სამშობლოში დაბრუნებას კარნავალად ქცეული მოქმედებებით ცდილობდნენ. ნაცისტურ ეპოქას თავისი „ბერგჰაინი“ ჰქონია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ კლუბზე არანაკლებ პოპულარული და პრესტიჟული ყოფილა. „მესამე რაიხის“ ბერლინის ყოველდღიურობის ნაწილი გახლდათ თავშესაფრები, სადაც საჰაერო განგაშისა თუ დაბომბვის შემთხვევაში იკრიბებოდნენ რიგითი მოქალაქეები. რომანში აღწერილია ბერლინელთა თავდადების არაერთი ამბავიც. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი გახლდათ ის ეპიზოდი, სადაც ავტორმა ჩამოვარდნილი ჭურვის შედეგად აგიზგიზებული საქალაქო ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები აგვიღწერა – მოხუცი თუ ახალგაზრდა, საღსალამათი თუ დაჭრილი, პარტიული თუ უპატიო, ყველანი ერთ მწკრივად იყვნენ მოწყობილნი, რათა ისედაც მიწასთან მოსწორებული ქალაქის თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ნაგებობა გადაერჩინათ.

„კაპიტანი ვაკუშის“ ავტორი საკმაოდ საინტერესო და საგულისხმო სოციოლოგიურ დაკვირვებებსაც გვიზიარებს. მისი მტკიცებით, ჰიტლერის მმართველობის პერიოდში გერმანული საზოგადოება ორი ტიპის უჯრედებად იყო დაყოფილი. მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანი, რომ ან „სახლუკებში“ (“Häuschen”, კარლო ჯორჯანელის თარგმანში ვხვდებით ტერმინს „სამკვიდრო“) გაერთიანებულიყვნენ, ან კი „მოლოდინის ციხე-კოშკებში“ (Wartburg) დაემკვიდრებინათ თავი. გივი მარგველაშვილი „სახლუკებსა“ და „მოლოდინის ციხე-კოშკებს“ ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულ მოცემულობებად წარმოგვიდგენს.

„დოიქსილანდი“ (ნაცისტური გერმანია) „სახლუკებზეა“ დაფუძნებული, „სახლუკებად“ არის დაყოფილი.   „Häuschen”-ად მოიხსენიება ყველა ის ადამიანური გაერთიანება, რომელიც უმკაცრესი იერარქიით იმართება. უმკაცრესი იერარქიის პირობებში გადაწყვეტილებები ცენტრალიზებულად მიიღება. ცენტრალიზებული მართვის წნეხის ქვეშ მოქცეული ადამიანები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს, ისინი აბსოლუტურად ჰომოგენურ და მონოლითურ ქსოვილს ქმნიან. „სახლუკათა“ წარმომადგენლები მუდმივი მობილიზებულობისა და დარაზმულობის პირობებში ცხოვრობენ. ისინი მუდამ ცაიტნოტში არიან, რადგან მორიგი საქმე აქვთ დასამათავრებელი. რიგით მოქალაქეებს ზუსტად არ ესმით საქმის შინაარსი, არ ფიქრობენ მისი გაკეთების მიზანშეწონილობაზე, მათ უბრალოდ იციან, რომ ბრძანება ზემოდან მოვიდა და ის უნდა შესრულდეს. რა საქმესაც არ უნდა ემსახურებოდეს Häuschen-ი, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ერთობა, მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მამასახლისი. მამასახლისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები პირია. ნაწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, ავტორი „სახლუკას“ ხშირად ადარებს ტოტალიტარულ სახელმწიფოებს. გივი მარგველაშვილის ლინგვისტურ ოსტატობაზე მეტყველებს ის, რომ სტალინი და ჰიტლერი წიგნში „მამასახლისიმუსებად“ არიან მოხსენიებულნი.

სასიხარულოდ, გერმანელები მხოლოდ ბრძანებათა შერსულებისთვის მუდმივ მზადყოფნაში მომუშავე, ერთფეროვან სეგმენტებად არ იყვნენ დაჯგუფებულნი. ყველაზე ბნელ ეპოქაშიც კი არსებობდა წინააღმდეგობა. ნაციზმის მოწინააღმდეგეები „მოლოდინის ციხე-კოშკებს“ ქმნიდნენ და მათი ქონგურების ქვეშ გაურბოდნენ „მამასახლისიმუსის“ აგრესიასა და სისასტიკეს. კოშკების მკვიდრთ „დიქსილენდისკენ“, თავისუფალი, არანაცისტური სივრცისკენ სწრაფვა აერთიანებდათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ოდესმე რასიზმს ემანსიპატორული სივრცე და აზროვნება ჩაანაცვლებდა. ჩანაცვლების რწმენა მათ მუდმივ მოლოდინს აღვივებდა. „Wartburg“-ის წევრები ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განსხვავდებოდნენ, მაგრამ თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. კოშკებში ვერ აღმოაჩენდით მამასახლისებს, რომლებიც რაიმე მიზნისთვის დარაზმავდნენ ხალხს, ახალ მშნებლობას ჩაუყრიდნენ საფუძველს და ყოველ დილით მობილიზაციის ყიჟინას დასცემდნენ. შესაბამისად, „ვართბურგელებს“ სისტემის კედლის მშნებელობაში მონაწილეობის მიღება არ ევალდებოდათ. ისინი ნაცისტური ყოველდღიურობისგან განრიდებას „დიქსილენდისკენ“ მიმავალი გზის აღმოჩენაზე ფიქრში ხარჯავდნენ. „მოლოდინის ციხე-კოშკთა“ მაცხოვრებლებისათვის კი სიხარულისა და „დიქსილენდისკენ“ მიმავალი გზა ხელოვნებაზე, მუსიკაზე, ფოტოგრაფიაზე, საკუთარი თავის აღმოჩენაზე და შემეცნებაზე გადიოდა (წიგნში ეს მოვლენა მოხსენიებულია იტალიური სიტყვით „Specchio”). საკვირველია, მაგრამ „სახლუკებში“ ცხოვრებაზე  უარს მეტწილად ასოციალური, დევიანტი, გარიყული მოქალაქეები, მეძავები, მშობლების ყურადღების  გარეშე დარჩენილი მოზარდები ამბობდნენ. გერმანელი ხალხის ელიტური ნაწილი კი მშვენივრად გრძნობდა თავს „მოლოდინის ციხე-კოშკებს“ მიღმა არსებულ სამყაროში.

გივი მარგველაშვილი გენიალურობა მდომარეობს იმაში, რომ მის მიერ წარმოდგენილი ორი სოციოლოგიური ტიპის დღესაც არსებობს. „სახლუკები“ და „მოლოდინის ციხე-კოშკები“ ყოველთვის, ნებისმიერი ტიპის მართველობის დროს იარსებებენ. ადამიანს ყოველთვის, ყველა ეპოქაში აიძულებენ წინასწარ განსაზღვრულ, მორჩილებაზე დაფუძნებულ, ცენტრალიზებულ სტრუქტურებში გაერთიანდეს, მოცემულ წესრიგს დაემორჩლოს. ბედნიერი კი მხოლოდ ის იქნება, ვინც მოსაწყენი, მტანჯველი ყოველდღიურობის მიუხედავად მაინც შეძლებს ფიქრისა და საკუთარი თავის აღმოჩენისთვის შექმნილ სივრცეებში გაქცევას.

უჩვეულო გადაძახილები

0

გივი ალხაზიშვილის ლექსი და ჰენრიკ იბსენის პიესა

იტყვი „გამოღვიძება“ და მაშინვე იგრძნობ სიტყვის მრავალმნიშვნელოვნებას, თუმცა ის აზრი, რომელიც გივი ალხაზიშვილმა თავისი ლექსის („გამოღვიძება“) პირველსავე სტრიქონში ჩააქსოვა, მრავალფეროვან სემანტიკურ ველს ქმნის და მკითხველს თავისუფალი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას უქმნის.  ლექსი კი ჰენრიკ იბსენთან გადაძახილით იწყება: „ჩვენ, როცა მკვდრები ვიღვიძებთ“ (ასე ჰქვია ნორვეგიელ შექსპირად წოდებული დრამატურგის ერთ შესანიშნავ პიესას). პოეტს იგივე აზრი რომ სხვა სიტყვებით გამოეხატა, მაშინ იბსენი შეიძლება არც გაგვხსენებოდა და მკვდართა გამოღვიძება სხვადასხვა ლიტერატურულ, ფილოსოფიურსა და რელიგიურ ტექსტთან, მაგალითად, ახალ აღთქმასთან, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასთან“, გურამიშვილის ან გალაკტიონის პოეზიასთან დაგვეკავშირებინა. მიუხედავად იმისა, რომ ლექსის პირველივე სტრიქონმა ასოციაციების ქარიშხალი გამოიწვია, მთლიანობაში მაინც შეინარჩუნა თავისთავადობა და ბოლომდე გაჰყვა საიდუმლოების საფარველი. ჭეშმარიტ პოეზიას როგორც შეჰფერის, ეს ლექსიც იმგვარ ახალ პოეტურ განზომილებას ქმნის, რომელშიც წარმოსახვა თავისუფლად ქმნის აზრისა და ემოციის შესაბამის სურათ-ხატებს:

„ჩვენ, როცა მკვდრები ვიღვიძებთ,

თვალებს კი არ ვახელთ, რომლებიც აღარ გვაქვს,

ტანსაცმელს კი არ ვიცვამთ,

რადგან სხეულები შემოგვაცვდა,

ჩვენ ვემზადებით იმასთან შესახვედრად,

ვინც გაგვაღვიძა,

ვინც ჩვენამდე მოაღწია სიტყვებში შენახული სულით

და ჩვენი თანადგომა ითხოვა,

ნაცვლად ცოცხლების დახმარებისა“.

მკითხველის წარმოსახვაში ჩნდება გამოცანა: ვინ არიან ეს მკვდრები? ან ვინ არის ის, ვისთანაც მკვდრები ემზადებიან შესახვედრად? ან რატომ სურს მას მკვდრების და არა ცოცხლების დახმარება? უპირველეს ყოვლისა, როგორც აღვნიშნეთ, იბსენის დრამა „როცა ჩვენ, მკვდრები ვიღვიძებთ“ გვახსენდება. ამ ცნობილ პიესაში დილემაა ხელოვნებისა და ცხოვრების რთული, წინაღამდეგობრივი ურთიერთმიმართებისა და ხელოვნების გზით კათარზისისა.

„ქვასაც აქვს სიკერპის მიზეზი, ის მკვდარია და მთელი ძალით გეწინააღმდეგებათ, როცა ჩაქუჩით ცდილობთ მის გაცოცხლებას“, _ ეუბნება ულფჰაიმი პიესის მთავარ პერსონაჟს, მოქანდაკე არნოლდ რუბეკს. ორივემ კარგად იცის, ამ გაცოცხლებას არა მხოლოდ ჩაქუჩი, არამედ ცოცხალი მსხვერპლი, ადამიანის სული სჭირდება, რათა ქვა გაცოცხლდეს (გავიხსენოთ კონსტანტინე არსაკიძის მიერ სულის შეწირვა სვეტიცხოვლისთვის). ქვასთან შეჭიდებისას ხელოვანი ივიწყებს თავის თავს და მთლიანად ინთქმება შემოქმედებით ცეცხლში. ასე იყო რუბეკიც, იგი თავის ყველაზე დიდი ქმნილების ჩანაფიქრს ელოლიავებოდა, უნდოდა „მკვდრეთით აღდგომა“ ეწოდებინა მისთვის. „ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ნორჩი ქალწული, რომელიც საღათას ძილისგან იღვიძებს“. ერთი მხრივ, არის ხელოვნების ქმნილება, მეორე მხრივ კი, რეალური ნორჩი ქალწული ირენი, რომელსაც „კლავს“ რუბეკი, რადგანაც თავის გულისთქმას მთლიანად ხელოვნებისკენ წარმართავს. ირენს კი ასე უხსნის თავისი გულგრილობის მიზეზს, რომ უნდოდა ქალწულის ხატების შექმნა, როგორადაც ესახებოდა იგი მკვდრეთით აღდგომის დღეს: „მას არაფერი უკვირს, არაფერი ეუცხოება, მისთვის არაფერია ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი. ის მხოლოდ უსაზღვრო ნეტარებას განიცდის, რაკიღა ხედავს, რომ არ შეცვლილა, რომ მან, მიწიერმა არსებამ ახალ, ზემიწიერ სინამდვილეშიც, მარადიული სიწმინდის უხრწნელ საუფლოშიც შეინარჩუნა თავისი ძველი იერი. ესოდენ ხანგრძლივი და მკვდრული ძილის, უსაზღვრო ძილის შემდეგ სწორედ ასეთი შევქმენი იგი, შენს ხატად და მსგავსად შევქმენი, ირენ“. რეალური ირენი მოქანდაკე რუბეკისთვის მხოლოდ შემოქმედებითი წყაროა, ამიტომაც ქალი გრძნობს, რომ „სული ამოართვეს“. ამიტომაც გარბის და რუბეკიც კარგავს შთაგონებას, თუმცა შედევრი უკვე შექმნილია, როგორც ცოცხალ ადამიანთა სულების მსხვერპლშეწირვის შედეგი: „მე შენ შემოგწირე ჩემი ნორჩი, ჩემი ცოცხალი სული! და აქ, შიგნით, მხოლოდ სიცარიელე დამრჩა.… დიახ, მე უსულოდ დავრჩი… ამიტომაც მოვკვდი, არნოლდ“.

შეძლებენ კი ამგვარი ტრაგიკული ბედის ადამიანები სიკვდილისაგან ოდესმე გამოღვიძებას? ხელოვნების ქმნილებამ დიდება, პატივი და ათასგვარი სიკეთე მოუტანა მის შემქმნელს, მაგრამ მას უცნაური რამ დაემართა, აღარ უყვარდა თავისი ქმნილება. გაუთავებელმა ხოტბამ, დაფნის გვირგვინებმა, გუნდრუკის კმევამ კინაღამ ბოლო მოუღო, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და ასეთი უკიდურესი უსასოობის ჟამს თითქოს გონება გაუნათდა: „ყველაფერი, რასაც მხატვრული ქმნილება, შემოქმედება და სხვა ამგვარი ეწოდება, უეცრად სრულ უაზრობად, სიბრიყვედ და არარაობად იქცა მის თვალში“.… რა გასაოცარიც უნდა იყოს, რუბეკმა ყოველივე ამის ადგილას სიცოცხლე დააყენა: „განა მზით განათებული და მშვენიერებით გასხივოსნებული სიცოცხლე უფრო ფასეული არ არის, ვიდრე ნესტიან კუთხეში თიხის ზელვა, ან ქვასთან ქანცგამწყვეტი ჭიდილი“, მაგრამ ცხოვრებით ტკბობამაც ბედნიერება ვერ აგრძნობინა შემოქმედს და მიხვდა: „განცხრომასა და ცხოვრებით ტკბობაში ბედნიერების ძიება ჩემი საქმე არ არის. არა. მე უნდა ვმუშაობდე… წამებით ვქმნიდე… უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

მუშაობა, წამება, შექმნა — იქნებ ეს არის კიდეც ჭეშმარიტი შემოქმედის ბედნიერება! შენებაში გამოვლენილი ვნების სიმძაფრე, როგორც გურამ რჩეულიშვილი იტყოდა.

ირენი საყვედურობს რუბეკს, რადგან მან „ამოართვა სული, სული, რომელიც მხატვრული ნაწარმოების შესაქმნელად სჭირდებოდა“. თუმცა, იმავდროულად, თვითონაც განიძარცვა სულისაგან, ირენის წასვლის შემდეგ თითქოს მოისპო შთაგონების წყარო.

რუბეკი საშინელმა ნაღველმა და სინანულმა შეიპყრო, ამიტომაც თავდაპირველი ჩანაფიქრი შეცვალა. კვარცხლბეკი გააფართოვა და მიწის ბელტი დადო, რომლის ნაპრალებიდან მოცოცავენ ადამიანები, კაცებიც და ქალებიც, რომლებიც გარეგნულ გარსს შიგნით პირუტყვულ სახეებს მალავენ. ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთნი არიან, როგორებსაც შეხვდა და გაეცნო ცხოვრებაში. ამ სკულპტურულ ჯგუფში ხელოვანმა თავისი თავიც გამოსახა: „წყაროს პირას ზის ცოდვების სიმძიმით წელში ოთხად მოხრილი კაცი, რომელსაც ვერა და ვერ მოუხერხებია მთლიანად ჩამობერტყოს მიწიერი ცხოვრების მტვერი. მე ამ ფიგურას ვუწოდებ სინანულს დაღუპული სიცოცხლის გამო. იგი ზის. თითები წყაროს წყალში ჩაუყრია რომ განიბანოს და მთელ მის არსებას ღრღნის, აწამებს მტანჯველი ფიქრი, რომ ვერასოდეს ვერ შეძლებს ამას. უკუნითი უკუნისამდე კრული იქნება და ვერასოდეს აღსდგება ახალი სიცოცხლისთვის. სამუდამოდ დარჩება თავის ჯოჯოხეთში“. ამგვარად, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, რუბეკისა და ირენის შეხვედრა, სიმბოლურად, მკვდრების შეხვედრაა, რომელთაც გაღვიძება სურთ. აი, მათი შეხვედრისას გამართული მეტად საგულისხმო დიალოგი:

„რუბეკი: ო, რა ბედნიერები ვიყავით. მაგრამ ვერცერთი ვერ გავფრთხილდით. ჩვენივე თავი ჩვენ თვითონვე დავღუპეთ, ირენ.

ირენი: იმას, რასაც აღარაფერი ეშველება, მაშინღა ვხედავთ, როცა…

რუბეკი: როცა… რა?

ირენი: როცა, ჩვენ, მკვდრები ვიღვიძებთ.

რუბეკი: მაინც რას ვხედავთ მაშინ?

ირენი: ვხედავთ, რომ არასოდეს არ გვიცოცხლია“.

სულიერი სიკვდილით გამოწვეულ გაუსაძლის ტანჯვას მოჰყვება ფიზიკური სიკვდილი. რუბეკი და ირენი ზვავში იღუპებიან და „იღვიძებენ“ ახალი სიცოცხლისათვის.

ასე რომ, გამოღვიძება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხელოვნების ნაწარმოების შექმნას, აგრეთვე, შექმნილის გააზრებას, ჩაწვდომას, თვითშემეცნებას ხელოვნების გზით და სულიერი თვალებით ახელას, გამოღვიძებას ახალი რეალობის დასანახავად, ღვთის გზაზე შედგომას.

გრიგოლ რობაქიძის აზრით, „არნოლდს უყვარს  ირენი და მის მიმართ სიყვარულის ვნებითაა ანთებული. მაგრამ იგი გრძნობს, რომ ამ ვნებას ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ გახსნის, როდესაც ირენი გარდაქმნილი, ხანგრძლივი, უსიზმრებო, სიკვდილისმიერი ძილისგან გაიღვიძებს. მას უყვარს ირენი, მაგრამ მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი. შესაბამისად, მას უყვარს ირენის ხატის მსგავსად შექმნილი ქალი“.  რობაქიძისთვის ეს არის პლატონისეული „დაბადება მშვენიერებაში“, მაგრამ რადგან პლატონსა და იბსენს შორის „ძევს ქრისტიანობა“, ამიტომ იბსენთან არის, აგრეთვე, დაბადება „სულსა და ჭეშმარიტებაში“ (გრიგოლ რობაქიძე, „როცა ჩვენ, მკვდარნი, გამოვიღვიძებთ“).

გივი ალხაზიშვილის ლექსში მკვდრებს პოეტი აღვიძებს „სიტყვებში შენახული სულით“. სამყარო მკვდარია მანამ, სანამ პოეტი თავის „სიტყვებში“ გააცოცხლებდეს, არ შობს „პლატონისეულ მშვენიერებაში“. თუმცა პოეტს სიტყვის ქმნის ძალა აქვს მინიჭებული, ის მაინც მკვდარია, დროებით გაღვიძებული:

„ის საბრალოა, რადგან ჯერ ორად არ გაყოფილა.

დადის, როგორც ფეხადგმული მიწა,

ღამით კი, როცა იძინებს

იმავე მიწით ავსებს საწოლს,

რომელიც დღისით ამაყად დაჰყავს.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ:

ორი წვეთი თვალი

ამჩნევს ბაბუაწვერის ყვითელი ყვავილები

როგორ ამოდიან მიწიდან

და უნებლიეთ ფიქრობს:

ისინი იმიტომ ამოდიან, რომ მე ჩავიდე“.

ადამიანი, „ფეხადგმული მიწა“, რომელიც მალე ისევ მიწადვე მიიქცევა, პოეზიის გზით სიკვდილს სიცოცხლედ გადააქცევს, თუმცა, თავის თავს მაინც ვერ იხსნის სიკვდილისგან. არც უნდა იხსნას, რადგან სიკვდილი გამოღვიძებაა. „ყოველდღე ვკვდები“, _ წერს პავლე მოციქული, მაგრამ ეს კვდომა აუცილებელია სიცოცხლისთვის. „აღდგება სულიერი სხეული“, „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (I კორინთელთა). უპირველესი სიტყვა ხომ უფალია, რომელიც „ძალითა მით ძლიერითა“ სიცოცხლეს შთაბერავს სამყაროს. იკვრება წრე, სიკვდილ-სიცოცხლისა, რომლის ამოხსნასაც ცდილობს ხელოვნება. ეს ცდა ადამიანებს სიცოცხლეში სიკვდილს აღმოაჩენინებს და პირიქით.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ჩართულია ასეთი ეპიზოდი: დედა ფებრონიას თხოვნით, წმინდა გრიგოლი მკვდარ დედებს სწერს სულისშემძვრელ წერილს, რომელშიც ასეთი სტრიქონებიცაა: „აწ მძინარენო ხორცითა და მღვიძარენო სულითა, მკვდრად შერაცხილნო მკვდართაგან და უკუნისამდე ცხოველნო ქრისტესგან“.

ცოცხალი ადამიანი, რადგან ხორციელ სამოსშია, სიკვდილს დაატარებს თან, ამიტომაც წერდა გურამიშვილი:

„ცოცხალნი შობენ მკვდართა და

მკვდარნი ცოცხალთა ჰბადებენ“.

სიკვდილის ასეთი სიახლოვე სტანჯავს ადამიანს, მაგრამ თანვე შეაგრძნობინებს სიცოცხლის არსს.

„ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს,

ეს ცოცხლებია? არა! გზებზე მოდიან მკვდრები“ _ ეს გალაკტიონია, სიკვდილს თავისებურად შეთამამებული და შერიგებული.

გივი ალხაზიშვილის ლექსში კიდევ ერთხელ ვლინდება პოეტური სიტყვის მხსნელი და აღმდგენელი მისტიკური ძალა:

„ჩვენ, მკვდრებს, გვაღვიძებს პოეზია.

ორი წვეთი ცა, ორი წვეთი თვალი, ორი წვეთი ცრემლი

სიტყვას თუ იპოვნის, ჩვენამდე აღწევს

და იმ კარიდან გამოგვიყვანს, რომელიც არ იღება,

რადგან ღიაა!

სხვა არაფერი არ გვეკითხება

და უპასუხოდ ვტოვებთ დანარჩენს,

ვინ იცის, იქნებ არმოვლენილი

დაბადებულზე მეტად გადარჩეს?!“

ლექსის კარი იღება და მკითხველი შედის უპასუხო კითხვების ლაბირინთებში, რომლებში ხეტიალი და პასუხების ძიება ფიქრთა ნაკადებს შეყოლაა, ფიქრებით ტკბობაა.

პოეზიის, როგორც ხსნის პარადიგმა, ამ ლექსში ახალი, ფილოსოფიურ-რელიგიური ნიუანსებით იტვირთება და მკითხველს საიდუმლოსთან მიახლების განცდით ავსებს. პოეზიით გზით გაღვიძებულნი თავიდან ვიბადებით.

როგორ? რისთვის?

ვინ იცის? იმან!

ვინ იმან? „რომელმან…შექმნა სამყარო“.

 

მამები და შვილები. მამობის ფსიქოლოგია

0

მიეცით მამას საშუალება უფრო დიდხანს იყოს ბავშვთან ერთად! სასარგებლო რეკომენდაციები:

ალბათ გეცნობათ ეს წუწუნი – „ყველაფრის კეთება მე მიწევს“, ’’მთელი დღე გაწამაწიაში ვარ’’, “ყელში ამოვიდა ამდენი საქმე’’ – ხშირად გვესმის ამგვარი ჩივილი. მაგალითად, როცა სამსახურიდან ეთხოვები იმის გამო, რომ 4 წლის გოგონა საბავშვო ბაღში ან ექიმთან გყავს წასაყვანი, ან თუნდაც ღამის 12-ზე რომ მეუღლის ძმისწულს ან დისწულს საჩუქარს უმზადებ. გებადებათ შეკითხვა – ამ ყველაფერს რატომ ვაკეთებ მხოლოდ მე და არა ჩემი ქმარი? და რატომ იქცევა ასე მილიონობით ქალი?

აღარავინ ფიქრობს, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია ან ბავშვებთან. ჩვენც ასე ვფიქრობთ, სანამ ბავშვი გაჩნდება. ეს პატარა არსება მთლიანად გვეუფლება. უკვე ორსულობის ხანაში ჩვენი ფიქრები თითქმის მხოლოდ მისკენაა მიმართული, ხოლო როდესაც დაბადების შემდეგ პირველად ავიყვანთ ხელში, მთლიანად ახალ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გრძნობით ვცხოვრობთ. ამ გრძნობას კი შორს მიმავალი შედეგი აქვს, რადგანაც ღრმად ვატარებთ თავგანწირული ქალის სახებას, რომლისთვისაც მთავარი ბავშვებია, მათზე ზრუნვა, რომ მათ კარგად იგრძნონ თავი.

   მამები მეტ ნდობას იმსახურებენ!

ასეა ჩაფიქრებული ბუნების მიერ. პირველ ხანებში ბავშვი მთლიანად დედაზეა დამოკიდებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებს, მაგალითად, მამას, არა აქვს უნარი ბავშვზე იზრუნოს. ცოლის მოყვარული მამაკაცი ხარობს შვილით და ხალისიანად ინაწილებს მასზე ზრუნვას. ბავშვი შეძენის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა მამა ასე იქცევა, შვებულებას იღებს, რომ ცოლს დაეხმაროს. მაგრამ შემდგომში ყოველდღიური ცხოვრება ულმობელად იჭრება ამ ოჯახურ იდილიაში. ქმარს სამსახურში ეჩქარება, საღამოს დაღლილი ბრუნდება. რაც უფრო დატვირთულია მამა, მით უფრო ნაკლებად ერევა ოჯახურ საქმეებში. ამასთან, დაკავებულობის მიუხედავად, მეუღლის საქციელი ცოლის პოზიციითაცაა განპირობებული. მამები აქტიურად ერთვებიან საოჯახო საქმეებში, როცა გრძნობენ საკუთარ საჭიროებასა და ცოლის ნდობას. სწორედ ქალმა უნდა გაუღოს სხვა ადამიანებს ბავშვისკენ მიმავალი კარი. ასევე, მშვენივრად ხელეწიფებათ ამ კარის ცხვირწინ მიკეტვაც. აქ შეიძლება ვიღაც მოგვედავოს, რომ არცერთი ქალი ასე არ იქცევა. . . რადგანაც ყველა საჭიროებს დახმარებას. ამის პასუხად აი, რამდენიმე მაგალითი:

პირველი – ქმარი მოდის სამსახურიდან და ხელში აჰყავს პატარა, რომელიც წყნარად წევს საწოლში. რაღაც მომენტში ბავშვი ტირილს იწყებს, დედა მაშინვე გამოართმევს ბავშვს დასაწყნარებლად.

მეორე მაგალითი: ბავშვი ცოტათი გაციებულია. მამა თვლის, რომ სუფთა ჰაერი მოუხდება და მზადაა გაასეირნოს. დედა კი წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ გარეთ ცივა და სეირნობა არ ღირს.

მესამე მაგალითი: ქალი საღამოს მეგობარს ხვდება. მაგრამ ის არსად წავა, სანამ საჭმლის ბოთლს, ღამის პიჟამას არ მოუმზადებს. ასჯერ შეახსენებს ქმარს, რომ ბავშვი დროულად დააწვინოს დასაძინებლად. თქვენ რას იტყოდით? ალბათ იმასვე, რასაც ბევრი ქმარი, რომელიც თავის გრძნობებს ასე ჩამოაყალიბებს: “ცოლი ფიქრობს – მე ყველაფერს არასწორად ვაკეთებ“, ანდაც „რა თქმა უნდა, უნდა მივეხმარო, მაგრამ ყოველთვის ის რატომ წყვეტს, როგორ მოვიქცე?“.

           მთავარია – ხელი არ შეუშალოთ მამას მამობაში

 

ბუნებრივია, რომ არცერთი ქალი შეგნებულად არ ფიქრობს,ქმარს დააკარვგინოს დახმარების ინტერესი აპირებს, მაგრამ ეს ხშირად ქვეცნობიერად ხდება. შესაძლოა, მთლიანად დედობის როლში ღრმად შეჭრილი ქალები ბავშვთან თავიანთი განსაკუთრებული კავშირით ტკბებიან. ბოლოს და ბოლოს, ჰყავთ ის, ვისაც ის უპირობოდ უყვარს.

ქალი, რომელიც დაეჭვებულია საკუთარ დედობრივ შესაძლებლობებში, ხშირად ამ დაურწმუნებლობას ზედმეტი ზრუნვით აკომპენსირებს, უარს ამბობს სხვების დახმარებაზე. ამას გარდა, ბევრ ქალს არ სურს ოჯახში გამეფებული უპირატესობის დარღვევა, რადგანაც ეს ერთადერთი ადგილია, სადაც განუსაზღვრელი ძალაუფლება შეუძლიათ ჰქონდეთ. რადგანაც ქალები გრძნობენ ამას, ნებით არ უნდათ პოზიციის დათმობა. მაგრამ ჩვენ, დედებმა, თავად უნდა დავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე მხოლოდ იმ გზით, რომ გააზრებულად დავუთმოთ სხვას ჩვენი პასუხისმგებლობა და ზრუნვა.

კაცებს მოქმედების მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ მამის ამპლუაში, რადგანაც ისინი ამას თავისებურად აკეთებენ, მაგალითად, გადასახვევ მაგიდაზე შეიძლება იმაზე ცოტა მეტ ხანს გააჩერონ შიშვლად ბავშვი, ვიდრე ამას დედა გააკეთებდა; შეიძლება ტაკოზე ცოტა მეტი კრემი წაუსვან და შეიძლება ის ჩააცვან, რაც ხელთ მოხვდებათ. სხვათა შორის, სწორედ ასეთი შემთხვევები ხდება დედების ხშირი გულისწყრომის მიზეზი: “ასე როგორ ჩააცვი ბავშვს! როგორ ვერ მოიფიქრე, რომ ამ შარვალს ის ზედა არ უხდება, ქუდი კი მეტისმეტად თბილია“. ასე ყველაზე მომთმენ ქმარსაც კი შეიძლება გაუქრეს ბავშვზე ზრუნვის სურვილი.

        მამასაც შეუძლია ბავშვის დაწყნარება!

   ზუსტად ასევე მამებს აცბუნებთ ის ფაქტი, რომ თითქმის არასდროს რჩებიან ბავშვთან მარტო. დედამ უნდა ანდოს ბავშვი მამას გარკვეული ხნით პერიოდულად, ხანდახან დაუტოვოს ისე, რომ არ გამოხატოს ზედმეტი ზრუნვა და არ ამოწმოს, სწორად აკეთებს ის ყველაფერს, თუ არა. მამასაც და ბავშვსაც სჭირდებათ დაახლოების ეს წუთები. მხოლოდ ასე დარწმუნდება მამაკაცი, რომ ბავშვის დაწყნარება მასაც შეუძლია. მხოლოდ ასე გაიგებს ბავშვი, რომ შეუძლია ენდოს მამას.

რაც უფრო ხშირად დარჩება ბავშვი მამასთან, მით მეტად ენდობა მას. ხომ ძალიან მოსაბეზრებელია, როცა ბავშვი მხოლოდ დედას ითხოვს, რომ მხოლოდ დედამ უნდა დააწვინოს დასაძინებლად, მხოლოდ დედასთან დაიძინოს, როცა ავადაა. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ამდენი საზრუნავისგან. და თუ ქალმა უკვე თავის თავზე აიღო ყველაფერი, მას, ვისაც დადგენილი პასუხისმგებლობის გადანაწილების შეცვლა სურს, თვითონ უნდა დაიწყოს საუბარი ამ თემაზე. თუმცა, ქალები ხშირად იმას იმიზეზებენ, რომ სურთ, კაცმა თვითონ შეამჩნიოს, თუ როგორი დაკავებული და გადატვირთულია, როგორ იღლება. ისინი კი, როგორც წესი, ამას ვერ ამჩნევენ – და აქედან იწყება უკმაყოფილება. ბევრი წყვილი კინკლაობაში ებმება, რაც არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს.

ასე რომ, თუ უფრო და უფრო ღიზიანდებით, იფიქრეთ იმაზე, რომ თავად უნდა შეცვალოთ დადგენილი წესები და დაელაპარაკეთ ქმარს ამის შესახებ, წყნარად და მეგობრულად.

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებამდე ერთობლივად მიხვიდეთ – მერე კი აღარ ჩაერიოთ, როცა ქმარი ბავშვს უვლის. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ, რომ ამიერიდან ქმარი ატარებს საბავშვო ბაღში, ბოლომდე ენდეთ მას. ძალიან ადრე მივლენ ბაღში თუ დააგვიანებენ – ეს უკვე თქვენი საქმე აღარაა, ასე რომ, კომენტარებისგან თავი შეიკავეთ.

იფიქრეთ პოზიტიურად!

აი, მეორე მაგალითი: თქვენ გსურთ, მორიგეობით დააძინოთ ბავშვი. შესაძლოა, თქვენს ქმართან ეს პროცესი უფრო ბობოქრად წარიმართოს, შეიძლება მთელ ოთახში მიმოფანტოს ბავშვის ტანსაცმელი. დაე! იმის მაგივრად, რომ უწესრიგობაზე გაბრაზდეთ, გაიხარეთ იმით, რომ ქმარს გაუზიარეთ თქვენი საზრუნავი ამ დამქანცველ პროცესთან დაკავშირებით, რადგანაც დალაგების ხუთი წუთი ნამდვილი არაფერია საღამოს სცენებთან შედარებით, როცა ბავშვმა კბილებიც უნდა გაიხეხოს, შხაპიც მიიღოს და საწოლში დაწვეს. ისწავლეთ, დაინახოთ დადებითი მომენტები, როდესაც ქმარი ბავშვს უვლის და ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რაც არ მოგწონთ. კაცების უმრავლესობა ბევრად უფრო წყნარად და ზოგ შემთხვევაში ზერელედაც უდგება საოჯახო საქმეებს. კარგი იქნება, თუ მათ ამაში მივბაძავთ.

 

 

 

 

 

სკოლავიზია

0

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ სკოლა ჩვენი მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველ გარემოდ ვაქციოთ? თითქოს რთულად მისაღწევი მიზანია, მაგრამ ჩემმა პრაქტიკამ საპირისპირო აჩვენა. კოლეგებთან ერთად განვახორციელე პროექტი, ერთი შეხედვით, მარტივი და არაპრეტენზიული სახელწოდებით, რომელმაც მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლისადმი გასულ 2018-2019 სასწავლო წელს პოზიტიურად შეცვალა.

2018 წლის სექტემბრის დასაწყისში ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ იდეების კონკურსი გამოაცხადა. „ორბელიანი საქართველო“ აფინანსებს მოქალაქეთა/საინიციატივო ჯგუფების/ორგანიზაციების ინიციატივებს, რომელთა მიზანია საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა. მე და ჩემმა კოლეგამ, გიორგი ჭაუჭიძემ, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სახელით რამდენიმე იდეა წარვადგინეთ. ერთ-ერთი გახლდათ „სკოლავიზია“. იდეების შეფასების კომისიამ სწორედ ამ პროექტზე შეაჩერა ყურადღება.

სახელი სპონტანურად შევარჩიე, მოსწავლეებთან ერთად საძიებო სისტემაშიც გულმოდგინედ გადავამოწმეთ. სიტყვათაწყობა „სკოლავიზია“ არავის ჰქონდა გამოყენებული და ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასკოლო ტელევიზიები საქართველოს მასშტაბით სიახლე არ არის. თუმცა, ჩვენი მუნიციპალიტეტის თავისებურებების გათვალისწინებით ნამდვილად პირველები ვიყავით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის (ასევე სხვა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში), არაქართულენოვან სკოლებში ტრადიციული საგაკვეთილო პერიოდი არ არის საკმარისი მოსწავლეებში საჭირო უნარების განსავითარებლად, ინტეგრაციის პროცესის სრულფასოვნად წარმოებისთვისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შესაძენად.

მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტი, რომ ბავშვები ეთნიკური უმცირესობებიდან, ოჯახსა და ქუჩაში/საზოგადოებაში საუბრობენ მშობლიურ ენაზე, უყურებენ/უსმენენ უცხოენოვან ტელევიზიებსა და მუსიკას. შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეებისთვის სკოლა არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც საუბარი ქართულ ენაზე უწევთ.

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე-ახალგაზრდები გამოირჩევიან სამოქალაქო პასიურობით, რაც განპირობებულია ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებით. მათ შორის ქართულ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაბალი დონე და ამ მხრივ გამოცდილების სიმწირე ერთ-ერთი რთული პრობლემაა.

ჩემი აზრით, სკოლამ თემში არსებული გამოწვევების საპასუხოდ  მოსწავლეებს ფორმალური განათლების კვალდაკვალ უნდა შესთავაზოს არაფორმალური განათლების სერვისები. დამეთანხმებით, რომ თანამედროვე ეპოქაში დღითიდღე პოპულარული ხდება არაფორმალური განათლების მიმართულება, რომელსაც რამდენიმე უპირატესობა აქვს. მაგალითად: თანამშრომლობა არ ითვალისწინებს სხვადასხვა შემზღუდავი წესების არსებობას, ასეთ გარემოში აქვთ მეტი თავისუფლება და არჩევნის საშუალება. ამასთან ერთად, აღნიშნული მოდელი ორიენტირებულია მოსწავლეებში დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, უნარების, გამჭოლი კომპეტენციების განვითარებასა და გამოცდილების გამდიდრებაზე. შესაბამისად, მოქნილ და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომად მიიჩნევა.

„სკოლავიზია“ დაფუძნდა სკოლის არაფრომალური განათლების მიმართულებით მოქმედი კლუბის ბაზაზე. ჩვენი ყოველკვირეული შეკრების დროს დავაზუსტეთ პროექტის ფარგლებში მისაღწევი მიზნები, რომლებიც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • სასკოლო ცხოვრებიდან საინტერესო მოვლენების წარმოჩენა;
  •  სკოლაში/თემში არსებული პრობლემების გაშუქება;
  • მოსწავლეთა სოციალურად გააქტიურება;
  • კომუნიკაციური უნარ-რჩევების ამაღლება;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

 

„სკოლავიზიის“ იდეით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა აირჩიეს ის მიმართულებები, რომლებიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და ტექნიკური ჯგუფები.

იდეის განსახორციელებლად ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ შეიგვიძინა ვიდეო კამერა, შტატივი, მიკროფონი, მყარი მეხსიერების ბარათი და ტელევიზორი, რომელიც სკოლის დერეფანში დამონტაჟდა.

 

ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და ტექნიკური ჯგუფების მომზადების შემდეგ ჩვენ უკვე პირველი სიუჟეტის გადასაღებად მზად ვიყავით. პირველი სიუჟეტი ჩვენსავე პროექტზე გადავიღეთ.

 

რამ განაპირობა ჩვენი პროექტის წარმატება? რატომ ჩაერთნენ მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით?

პირველ რიგში, სკოლავიზიის ჯგუფში მოხვედრილმა მოსწავლეებმა დაინახეს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული კეთილგანწყობილი გარემო. აღმოაჩინეს, რომ აქ  გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ მიიღება და გააცნობიერეს სარედაქციო დამოუკიდებლობის დიდი მნიშვნელობა.

ამავდროულად, სკოლავიზიამ მოსწავლეებს მისცა ფორმალურ საგაკვეთილო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერის საშუალება.

პროექტის ფასილიტატორები თავს არ ვახვევთ სიუჟეტების თემატიკას, რადგან ჩვენი მოსწავლეები ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, მხოლოდ ენობრივ ხარვეზებს ვასწორებთ. უკვე გადაღებულ, დამონტაჟებულ და სოციალურ ქსელში განთავსებისთვის მზა სიუჟეტებს ვარჩევთ ხუთშაბათობით, ყოველკვირეულ შეკრებებზე. ამავე შეხვედრისას ვიღებთ გადაწყვეტილებებს შემდეგი კვირის თემატიკის შესახებ.

გამოწვევები, რომლებიც იქცა შესაძლებლობებად

სტატიაში გაგიზიარებთ უსაფრთხო სკოლის კონცეფციასა და ეკოლოგიურ საკითხებთან პირდაპირ დაკავშირებულ ოთხ სიუჟეტს. ამავდროულად, თქვენ აღმოაჩენთ გამოწვევებს, რომლებიც ჩემი მოსწავლეებისათვის იქცა ერთგვარ შესაძლებლობებად.

საგაკვეთილო პროცესში დიდ ყურადღებას ვუთმობ გარემოსდაცვით საკითხებს. გასულ 2018-2019 სასწავლო წელს მე-7 კლასს ვასწავლიდი გეოგრაფიას. სწავლა-სწავლების პროცესში, თითოეული თავის ბოლოს, ერთად ვმსჯელობდით გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. შესაბამისად, ჩემი მოსწავლეები ძალიან მძაფრად რეაგირებენ, როდესაც ადგილი აქვს გარემოს დაბინძურებას. ერთ-ერთ ყოველკვირეულ შეხვედრაზე, როდესაც მომდევნო კვირას გადასაღებ სიუჟეტებზე ვმსჯელობდით, მე-7 კლასელმა მოსწავლემ წამოჭრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არსებული დაბინძურებული სარწყავი არხის პრობლემა. სალომეს წუხილი სკოლავიზიის სხვა წევრებმაც გაიზიარეს და ასე დაიბადა პირველი სიუჟეტი გარემოსდაცვით საკითხებზე.

 

22 აპრილი დედამიწის დღეა. მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ვისწავლეთ წყლის, ხმელეთისა და ჰაერის დაბინძურება. ერთად ვფიქრობდით გამოსავალზე. მოსწავლეებისგან წამოვიდა იდეა, რომ ამ კუთხით ცნობიერების გაზრდის მიზნით დაგვეგეგმა პროექტი. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ უკვე გვქონდა მოწყენილი გლობუსი, ნარჩენებით „მოკაზმული“ ტორტი.

სასკოლო თემის ყურადღების მიპყრობისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლავიზიის ჯგუფის მე-7 კლასელმა ჟურნალისტმა პროექტის დასკვნით დღეს მოამზადა სიუჟეტი.

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: ა. შიდა სასკოლო უსაფრთხოება და ბ. სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული პრობლემები. მარნეულის #2 საჯარო სკოლა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ორი მხრიდან საერთაშორისო დანიშნულების საავტომობილო გზა გადის, ერთი მხრიდან კი სარკინიგზო ლიანდაგი.

მოსწავლეებს სკოლაში სიარულისას საკმაო სირთულეები ხვდებოდათ. დაბრკოლებები განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეხებოდა. უხარისხო საღებავებით დახატული, ე.წ. „ზებრა-გადასასვლელებისა“ და მწყობრიდან გამოსული „მძინარე პოლიციელების“ გამო, გზის გადაკვეთა მშობლების გარეშე წარმოუდგენელი იყო.

აღნიშნული პრობლემის სიმწვავე გააცნობიერეს, მისით დაინტერესდნენ და შეხვედრაზე წამოჭრეს მე-7 და მე-8 კლასელებმა. სიუჟეტის სოციალურ ქსელებში ატვირთვის შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა წაშლილი „ზებრა-გადასასვლელები“ თავიდან მოხატეს.

„როდის გვეღირსება ნორმალური სტადიონი, თემო მას? ყველა სკოლას აქვს დარბაზი, ჩვენ კი ხელოვნურსაფრიანი სტადიონიც კი არ გვაქვს…“ – არაერთხელ დაუჩივლიათ ბავშვებს ჩემთან და სკოლის დირექტორთან. მოსწავლეები ყველაფერს კარგად ხვდებიან და იციან, რომ  სკოლაში, სპორტის მასწავლებელზე მეტად  სპორტზე შეყვარებული სწორედ ეს ორი ადამიანია.

სწავლის დაწყებისას და დასრულებისას – მტვერი, გვიან ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე – ტალახი – ასეთ ვითარებაში უწევთ ვარჯიში სპორტის გაკვეთილებზე. ჩვენი მოსწავლეები პრობლემის არსებობას კარგად აცნობიერებენ. ასე დაიბადა სიუჟეტი სკოლის სტადიონის პრობლემაზე.

 

იმედია, სკოლავიზიის ჟურნალისტებისა და მთლიანად გუნდის სურვილი – შეცვალონ გარემო უკეთესობისაკენ – ოდესმე შედეგს მოიტანს. სასკოლო თემი, საზოგადოება, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება, განათლების მესვეურები უფრო მეტს უნდა ფიქრობდნენ რეალურ პრობლემებზე, მეტი ძალისხმევა უნდა მიემართოს არსებული პრობლემების მოგვარებისკენ. პოპულისტური ნაბიჯები შედეგს არ მოიტანს, ის ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას კიდევ უფრო შეაფერხებს.

ჩემი აზრით, თანამედროვე სკოლამ და ზოგადად განათლების სისტემამ მოსწავლეებს უნდა მისცეს მეტი თავისუფლება, რაც შეიძლება გამოიხატოს არაფორმალური განათლების წახალისებით. სწორედ, თავისუფალ გარემოში გაზრდილი თაობა შეძლებს პასუხისმგებლობის  აღებასა და განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნის შენებას.

მინიატურა – თავნება ჟანრი

0

“ჩვენ უნდა შევიყვაროთ მინიატურის ფორმა და ერთხელ კიდევ გავაკვირვოთ ევროპა, როგორც ჩვენი წინაპრები აოცებდნენ მათ უჩვეულო მინანქრებით”, _ წერდა ცისფერყანწელი სანდრო ცირეკიძე. თუ თვალს გადავავლებთ მინიატურის ჟანრულ თავისებურებებს, შევნიშნავთ, რომ ის ძალიან წააგავს ლექსს თავისი ლირიზმით და ესეის განსჯის სუბიექტურობით. ამიტომ ხშირად მინიატურებად მოიხსენიებენ, მაგალითად, ბოდლერის ორიგინალურ მხატვრულ ტექსტებს, თვითონ ავტორმა „ლექსები პროზად“ რომ უწოდა. მართლაც, გარეგანი თუ ფარული რიტმით, განწყობილებათა გადმოცემის ხატოვანებით, ჭარბი მეტაფორულობით ან ხაზგასმული სისადავით მინიატურა ხშირად წააგავს თეთრ ლექსს. ამ ჟანრს ყველაზე მეტად სჭირდება იუველირის ოსტატობა, ნიუანსების გადმოცემის ხელოვნება, სიტყვის განსაკუთრებული შეგრძნება, რათა რამდენიმე წინადადებაში მოაქციო სათქმელი. მიუხედავად მცირე ფორმისა, ეს არის თავისებური პრიზმა, რომელშიც მთელი სამყარო შეიძლება გადატყდეს.

მკვლევართა დაკვირვებით, მინიატურა თავნება ჟანრია და არ ემორჩილება ფორმის არავითარ კანონებს. ის ჰგავს აისბერგს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს ზედაპირზე, მისი მთლიანი დანახვა კი მხოლოდ მკითხველის გონების სიღრმესა და სულიერ სიმდიდრეზეა დამოკიდებული. „მინიატურას განწყობილებანი წარმართავს, ესეის – განსჯა, ხოლო განსჯა როგორ პოეტურადაც უნდა გამოიხატოს, განწყობილებად მაინც ვერ გარდაისახება, ხოლო მინიატურას რარიგ ღრმა ფილოსოფიური შინაარსიც უნდა ჰქონდეს, ეს სიღრმე ყოველთვის მხოლოდ განწყობილებათა და სურათთა მეშვეობითაა მიღწეული“, – წერს როსტომ ჩხეიძე, რომლის რედაქტორობითაა გამოცემული შესანიშნავი წიგნი „ქართული მინიატურული პროზა“ (1992 წ.). ამ წიგნში მკითხველმა შეიძლება თვალი გაადევნოს მინიატურის ჟანრობრივ ცვალებადობასა და თავისებურებებს ვაჟა-ფშაველათი დაწყებული და მერაბ კოსტავათი დამთავრებული (აქვე აღვნიშნავთ, რომ კარგი იქნებოდა, თანამედროვე მინიატურაც შეძლებისდაგვარად წარმოჩენილიყო მსგავს კრებულში, რადგან ამ ჟანრს დღესაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს).

ქართულ ლიტერატურაში მინიატურა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მოდერნისტული ძიებები დაიწყო. ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეულია ნიკო ლორთქიფანიძე, რომელმაც იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით შექმნა ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშები. იმპრესიონისტული მინიატურისთვის დამახასიათებელია „უაღრესი ლაკონიურობა, შეკუმშულობა, ესკიზურობა, ფრაგმენტულობა, დაუმთავრებლობა. სურათი ან სილუეტი რამდენიმე შტრიხით მოიხაზება ხოლმე, ხოლო ბოლო, სურათის დამასრულებელი წინადადება „პუანტის“, ე.ი. კულმინაციური, გადამწყვეტი მომენტის, გონებამახვილური, მოულოდნელი, დამამთავრებელი ეფექტის შემცველია“ (ნოდარ კაკაბაძე). მინიატურას გენეტიკურად უკავშირებენ ძველ ეგვიპტურ, ბაბილონურ, ასირულ, ინდურ, არაბულ, სპარსულ, ლათინურ და ბერძნულ ლიტერატურას, აგრეთვე, შუა საუკუნეების არაკებს. მინიატურა იტალიური სიტყვაა, წარმოიშვა ლათინური მინიატურედან, რაც წითელ საღებავს ნიშნავს. თავდაპირველად ხელნაწერებში აფორმებდნენ თავკიდურ ასოებს და მინიატურული ორნამენტებით ქმნიდნენ ტექსტთა ფონს. შემდგომში კი ტექსტებში აღწერილი ამბების დასურათხატებასაც მიჰყვეს ხელი და ასე ჩამოყალიბდა მინიატურული ფერწერის ნიმუშები. მინიატურა განსაკუთრებით განვითარდა აღმოსავლურ ქვეყნებში და განუმეორებელი ელფერი შეიძინა (შუა აზია, ირანი, არაბული ქვეყნები, ინდოეთი).

ხელოვანთა აზრით, სხვათაგან მკვეთრად განსხვავდება ქართული მინიატურა. იგი გამოირჩევა შესრულების უმაღლესი ოსტატობითა და დახვეწილი ტექნიკით. დეკორატიული კომპოზიციებით, ფერებით, რომლებიც განსაკუთრებულ ლირიკულ განწყობილებას ქმნიან, `საქართველოში ოდითგანვე წიგნის მხატვრულ გაფორმებას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც არქიტექტურას, კედლის მხატვრობასა და ლითონის პლასტიკას~ (შალვა ამირანაშვილი, `ქართული ხელოვნების ისტორია~). ისტორიამ შემოგვინახა ქართველ მინიატურისტთა ნამუშევრები. ლიტერატურული მინიატურისთვის ფერწერის ამგვარ ტრადიციას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხელოვნება ქმნის ერთიან კულტურულ ველს და არაცნობიერად ახდენს გავლენას ნებისმიერ ფორმაზე. იოანე მოსხის ~სამოთხისა~ და ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი `შუა საუკუნეთა ნოველები~, სულხან-საბას `სიბრძნე სიცრუისას~ იგავ-არაკები ქმნიდნენ ქართული ლიტერატურული მინიატურის მდიდარ ტრადიციას.

ცისფერყანწელი სანდრო ცირეკიძე, „მინიატურის უნაზესი მოცარტი“ (როგორც ვალერიან გაფრინდაშვილმა უწოდა), თვითონ შესანიშნავი მინიატურების ავტორი, ერთ-ერთი  იყო, რომელიც შეეცადა მინიატურის გენეზისის გარკვევას. მან უარყო გავრცელებული შეხედულება, რომ ევროპაში `ელექტრონისა და მოტორის ხანამ~, ცხოვრების რიტმის დაჩქარებამ წარმოქმნა მინიატურის მცირე და სხარტი ფორმა. გრძელი ამბებისთვის, დიდი მხატვრობისთვის აღარავის სცალია და ევროპაში რომანების ნაცვლად მინიატურების წერა დაიწყესო. სანდრო ცირეკიძის აზრით, ეს საბუთი არ გამოდგებოდა საქართველოში ამ ჟანრის აყვავების ასახსნელად, რადგან ჩვენში ცხოვრება ჯერ საკმაოდ ნელიაო. მან მინიატურის აკვნად ევროპა კი არა, აღმოსავლეთი აღიარა, რადგან `დიდ სურათს უნდა ფართო, გაბედული კალმის მოსმა. ეს შეიძლება ჩქარ ქვეყნებში. მინიატურა წერტილებით იწერება. იმას ზანტი, მოზომილი ხატვა უნდა. მინიატურას მოცლილი სპარსელი უნდა ხატავდეს შუადღისას, ჭანდრის ჩრდილში. მონასტრის მშვიდ კედლებში ხატავდნენ მინიატურებს გელათის სახარებისთვის. სადაც მინიატურაზე ფიქრობენ, იქ ცხოვრების ფერადი კარუსელი ისე ნელა უნდა ბრუნავდეს, როგორც არსად სხვაგან: მინიატურული ფორმა აღმოსავლეთის კანონიერი შვილია და ევროპაში ის მოგზაურობს მხოლოდ~. სანდრო ცირეკიძე ევროპაში მინიატურის „სახელოვან კავალრებად“ მიიჩნევს: კატულ მენდესს, შარლ ბოდლერს, ოსკარ უაილდს, სტეფან მალარმეს, ვილიე დე ლილ ადანს, პიტერ ალტენბერგს, ტეტმაიერს, რუსეთში ტურგენევსა და რემიზოვს. საქართველო კი `ევროპის კარებზეაო~, ამიტომ `ჩვენ ევროპას სამხრეთის ლურჯ ჰაერში უნდა შევხედოთ პირდაპირ და არა ჩრდილოეთის გაყინულ სათვალეებითო~. ქართველმა მოდერნისტებმა მოახერხეს არა მხოლოდ გონების, არამედ ხორციელი თვალებითაც პირდაპირ შეეხედათ ევროპისთვის. ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ, ეცნობოდნენ უახლესი ხელოვნების მიღწევებს, ნიჭისა და ოსტატობის წყალობით გარედან მიღებულ ცოდნას გარდაქმნიდნენ და საკუთარი შემოქმედების ინოვაციური ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ, გამოთქმისა და ასახვის უჩვეულო და გამოუცდელ გზებს ეძებდნენ  (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი და სხვ.).

სანდრო ცირეკიძეს სჯეროდა: `რომანის გადაგვარების პროცესი ჩვენში დამთავრდება მინიატურის საბოლოო დაკანონებით და მიღებით~ („მინიატურა“).

საბედნიეროდ, ქართულმა მწერლობამ ისე მოახერხა, რომ არც რომანი გადაგვარებულა და მინიატურამაც დაიმკვიდრა თავისი ღირსეული ადგილი.  დღესაც ბევრი ქართველი თუ უცხოელი შემოქმედი წარმატებით იყენებს ამ ჟანრის თავისი სათქმელის გამოსახატავად.

ჭირვეული ბავშვები და დაბნეული მშობლები

0

სტატიის სათაურის შერჩევა ჩემთვის რთული და საპასუხისმგებლო მომენტია. ყოველთვის ვფიქრობ, როგორ შევარჩიო ის ისე, რომ მკითხველი დავაინტერესო. მგონი ამჯერად გამომივიდა, რადგან ბავშვები ხომ ჭირვეული და თავნებანი არიან (თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, შეგიძლიათ კითხვა არ განაგრძოთ), მშობლები კი – დაბნეული, ანუ მათ ძალიან უჭირთ საკუთარ შვილებთან საერთო ენის გამონახვა. ეს პატარა წერილი სწორედ ასეთი დაბნეული მშობლებისთვისაა ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგის ნაიჯელ ლატას  წიგნიდან: „სანამ თქვენი შვილი საბოლოოდ გაგაგიჟებთ“.

მოდით, გავეცნოთ ავტორის მოსაზრებებს, რომელსაც მიაჩნია, რომ არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, როგორც პატარა, რომელიც ისტერიულად ტირის. უფროსების უმრავლესობას გამოუცდია მდგომარეობა, როდესაც ფიქრობ, რომ საცაა დაყრუვდები და თავის ქალა „აგეხდება“ იმ გამაყრუებელი ხმებისგან, რომელსაც თქვენი პატარა სისტემატიურად გამოსცემს.

ახლა ერთ შემთხვევას მოგიყვებით, იწყებს ფსიქოლოგი: „ჩემთან კაბინეტში პატარა ჭირვეული გოგონა და მისი მშობლები მოვიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ გოგონამ ისეთი ტირილი მორთო, რომ მთელი ოფისი გააყრუა. დედამისი დარცხვენილი ღიმილით იყურებოდა და შემდეგ დანაშაულის სრული შეგრძნებით მითხრა, რომ მის პატარას ქოთნის ყვავილთან თამაში უნდოდა. მე ხელი ჩავიქნიე და დედას გამოვუცხადე, რომ ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის და რომ ჭირვეული ბავშვები – ეს ჩემი სამუშაოა. ჩვენ აქ სპეციალური მოწყობილობები გვაქვს, რომლებსაც ყურებში ვიკეთებთ, რათა ბავშვების ტირილი აღარ გვესმოდეს. შეწუხებული დედიკო იუმორის არსს ჩასწვდა, მაგრამ მაინც იკითხა, ხომ არ აჯობებდა შეხვედრის მომავალი კვირისათვის გადადება, რადგან პატარა შესაძლებელია მთელი საათი არ გაჩუმებულიყო.

არ არის საჭირო, შეხვედრის ჩაშლა, მით უფრო, რომ ბავშვი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება. უბრალოდ მინდა, შემოგთავაზოთ ექსპერიმენტი – ვუთხარი მშობლებს. ისინი, მართალია, დაინტერესდნენ, მაგრამ სრულიად უიმედოდ გამოიყურებოდნენ, რადგან ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდათ – მსგავს სიტუაციებში მათი გოგონა სრულებით უმართავი ხდებოდა. საბოლოოდ დედა მაინც დამთანხმდა, რადგან აშკარად მიაჩნდა, რომ უარესი უკვე მაინც არაფერი მოხდებოდა.  მე მშობლები ოთახიდან გავიყვანე და პატარა „მოტირალი“ ადგილზე დავტოვე. ის თავად შემოგვიერთდება, როგორც კი ტირილს შეწყვეტს – ავუხსენი დაბნეულ დედიკოს და მამიკოს. ჩვენ კაბინეტში გადავინაცვლეთ, მანამდე კი ოფისის შემავალი კარი შევამოწმე, რომ ის საიმედოდ ყოფილიყო ჩაკეტილი, რათა „ექსპერიმენტის“ მსვლელობისათვის ხელი არავის შეეშალა. თავიდან ბავშვის განწირული „ბღავილის“ ხმა უფრო გაძლიერდა. ჩვენ ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, რომ საცაა ფანჯრები ჩამოილეწებოდა ამ ხმაურისაგან. დედიკო, ძალიან შეწუხებული იყო და ნებართვაც კი ითხოვა, რომ ბავშვისთვის დაეხედა, მაგრამ მე ამის უფლება არ მივეცი. სიმართლე უნდა ვაღიარო: გაოცებული ვარ, როგორ ახერხებენ ბავშვები ასეთი ხმების გამოცემას და ფილტვები ისევ წესრიგში რჩებათ.

„როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი? – ვკითხე მშობლებს, რომ მათი ყურადღება ოდნავ მაინც სხვა მხარეს გადამეტანა. „ის ყოველთვის რთული ბავშვი იყო და მუდამ პრობლემებს გვიქმნიდა“ – მიპასუხა დაბნეულმა მამიკომ. რთული ფეხმძიმობა, დედა მუდმივად გამოუძინებელი, შემდეგ ურთულესი მშობიარობა, ძუძუთი კვების პრობლემები და არაადეკვატური ქცევები. მსგავს სიძნელეებს ბევრი ოჯახი აწყდება.

ჩვენი პატარას მშობლები კი ამ ყველაფრის გამო თითქმის უწყვეტ რეჟიმში ებუზღუნებიან ბავშვს და ფაქტობრივად ოცდაოთხსაათიან დაძაბულობაში ამყოფებენ შვილსაც და საკუთარ თავსაც. ფსიქოლოგთან მისვლა კი ერთმა შემთხვევამ აიძულა. კერძოდ, როდესაც ერთი კვირის წინ პარკში სეირნობისას პატარამ სასრიალოზე ასვლა და იქიდან ჩამოსრიალება მოინდომა, მას დედიკომ უარი უთხრა, რადგანაც მიიჩნია, რომ გოგონა ჯერ ძალიან პატარა იყო. აი აქ დაიწყო რაც დაიწყო: „შუაგულ პარკში ბავშვმა ყვირილი მორთო, ის წიოდა, ტიროდა და ბოლოს ბალახზე გორაობა დაიწყო.

მომეჩვენა, რომ – განაგრძო ამბის თხრობა დედიკომ  – თუ ჩემი შვილი ასე დიდხანს გააგრძელებდა, მე ის შემჯავრდებოდა და მეტიც, ჩემთვის სრულებით წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთ ბავშვთან მთელი ცხოვრების გატარება. თანდათან სულ უფრო მიფუჭდებოდა ხასიათი იმის გამო, რომ ჩემი შვილი ასე იქცეოდა“.

მე, როგორც დიდი პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგი, მივხვდი, რომ ჩემ წინ მდგომ მშობლებს დიდი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული. მათ არასწორი „საკვების“ ჭარბი დოზა მისცეს საკუთარ შვილს, რომელსაც ისევე, როგორც ნებისმიერ პატარას მის ასაკში საოცარი მადა აქვს და გამუდმებით ყურადღების უზარმაზარ ულუფებს მოითხოვს. ჰოდა, ამ არასწორი მენიუთი ნაკვებმა პატარა პირანიამ (პირანია – მტაცებელი თევზი. ამ ტერმინს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგი ხშირად ხმარობს, როდესაც აღწერს ბავშვების მიერ ყურადღების მიპყრობის სრულიად ნაირნაირ ხერხებს) ჭირვეულობებით, ყვირილით, ტირილით და სხვა მსგავსი ქცევებით დაიწყო ყურადღების მიპყრობა. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვმა კარგად დაისწავლა, რით შეიძლება საკუთარი მშობლების ყურადღების მიპყრობა. ანუ ყველაფერი იმ ფაქტით აიხსნება, რომ მშობლები ძალიან დიდი ყურადღებას უთმობდნენ საკუთარი შვილის ცუდ ქცევებს და ისიც სწორედ ასეთ ქცევებს ახორციელებდა.

მაშ ასე, დაიმახსოვრეთ: არაფერია იმაზე დიდი ძალა, ვიდრე მშობლების ყურადღება. მე მიმაჩნია, რომ სწორედ ყურადღების ძალით არის შესაძლებელი ბევრი პრობლემის ახსნა და მოგვარება. და მაინც რა ხდება? რა ძალა აქვს ასეთი მშობლების ყურადღებას? უკვე ვიცი, რომ მკითხველი ამ შეკითხვას დამისვამს. პასუხი მარტივია: ჩვენ ეს სისხლში გვაქვს. ბავშვების ქცევები მიმართულია მათკენ, ვინც მათზე ზრუნავს. რადგან შენ ჯერ ისეთი პატარა ხარ, რომ არ შეგიძლია საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა, ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მზრუნველობა. ყველაფერი ის, რაც უფროსების ყურადღებას იპყრობს, ბავშვებისათვის კონკრეტული ქცევების სტიმული ხდება. მათ სურთ, რომ მშობლები მუდმივად გვერდით იყვნენ და უყურონ ბავშვებს, იზრუნონ მათზე, დაიცვან ისინი ნებისმიერი მოულოდნელობისგან. მით უმეტეს, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში პატარებისათვის უამრავი საფრთხეა ჩასაფრებული.

ახლა ხომ მიხვდით, რომ ნებისმიერი საქციელი, რომელიც უფროსების ყურადღებას იპყრობს ბავშვებისათვის სრულიად მისაღებია და მასში ისინი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ. დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ადამიანს ნანახი აქვს ასეთი სცენა: სუფრასთან ორი ბავშვი სადილობს. ერთი მშვიდად მიირთმევს, მეორე კი ხან თეფშზე კოვზს არტყამს, ხან პურის ლუკმებს აქეთ-იქეთ ყრის. მშობლები პატარა „ხულიგანს“ დასტრიალებენ თავს, მშვიდს კი საერთოდ ვერ ამჩნევენ. გამუდმებით რაღაცას ელაპარაკებიან ურჩ შვილს. ხან აკრძალვებს უწესებენ, ხან სჯიან, ხან ეფერებიან, ხან ემუქრებიან. და რას სწავლობს ამით მშვიდი, დამჯერი პატარა? იმას, რომ თუ გსურს მშობლების ყურადღება მიიქციო, თეფშებზე უნდა აკაკუნო, საჭმელები პირიდან აფურთხო, იყვირო, იტირო…

ალბათ, გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ ხდება, რომ ბავშვები ცუდ ქცევებს ძალიან სწრაფად და მარტივად სწავლობენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ უფროსები ძალიან ბევრ ყურადღებას ვუთმობთ მათ. თავის მხრივ ცუდი საქციელისადმი ყურადღების მიქცევა ძალიან ადვილია. ის თვალში საცემია. არაფერი ისე არ გვაღიზიანებს უფროსებს, როგორც ბავშვები, რომლებიც წონასწორობას გვაკარგვინებენ. მე ხშირად მომისმენია, მშობლებისგან: „ის თითქოს სპეციალურად იქცევა ასე, რომ მე გამაცოფოს!“ დიახ ეს ფაქტობრივად ასეა. ბავშვები ხომ ყურადღებას იპყრობენ. მე მიმაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ქცევები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ ამ ასაკში შემთხვევების 90 პროცენტი სწორედ ისეთია, რომ თუ მათ არ განვამტკიცებთ ისინი აუცილებლად ჩაქრება. ვეთანხმები მშობლებს, რომ ძალიან ძნელია ყურადღება არ მიაქციო ბავშვის ცუდ საქციელს, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია. და აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ უფროსები აუცილებლად თანამიმდევრული უნდა იყვნენ და ცუდი ქცევა ყოველთვის უგულებელყონ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაახსენდებათ. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს ძალიან ეშინიათ უფროსების ზრუნვისა და მფარველობის გარეშე დარჩენის და ამიტომ თქვენ შეძლებთ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებას, მით უფრო, თუ  საქმეში შექებას ჩართავთ. კარგი ქცევის გამტკიცება ხდება შექებით.

აი შექების რამოდენიმე ეფექტური საიდუმლო:

  • შეაქეთ ბავშვები კონკრეტული საქციელისათვის. ფსიქოლოგების ენაზე ამას „მარკირება“ ჰქვია. ანუ უნდა აღვწეროთ ის ქცევა, რომლის გამოც ვაქებთ ბავშვებს. „მადლობა, რომ ჩანთის მოტანაში დამეხმარე“. ამგვარად, ბავშვების ცნობიერებაში ყალიბდება კავშირი გარკვეულ ქცევასა და შექებას შორის;
  • ყოველთვის გამოხატეთ პირადი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს, ვინ აქებს მას. იმის ნაცვლად, რომ პატარას ვუთხრათ: „ყოჩაღ! შენ კარგად ჩაიცვი ტანსაცმელი“, სჯობს თქვათ: „მე ძალიან მომეწონა, როგორ ჩაიცვი ტანსაცმელი“;
  • შექების დროს მთელი თქვენი ყურადღება მისკენ უნდა მიმართოთ. არ აქოთ პატარა ტელევიზორის ყურების დროს და არც სხვა რამე საქმის კეთებისას. ადექით, მიდით მასთან, ჩაიცუცქეთ ან ისე დადექით, რომ ბავშვს თვალებში ჩახედოთ და აგრძნობინოთ, რომ მთელი თქვენი ყურადღება მისკენ არის მიმართული;
  • შექების დროს უნდა გამოიყურებოდეთ შესაბამისად. თუ თქვენ აქებთ ბავშვს და თავად გადაღლილი და უკმაყოფილო სახე გაქვთ, ეს შექება არ იმუშავებს. შეეცადეთ სახეზე კმაყოფილი ღიმილი გქონდეთ, ეს გაცილებით კარგ შედეგს გამოღებს;
  • არ დაგავიწყდეთ ფიზიკური კონტაქტი. ბავშვები პირდაპირი მნიშვნელობით იფურჩქნებიან, როდესაც მათ მშობლები ეფერებიან, ეხუტებიან, გულში იკრავენ;
  • შექება აუცილებლად მყისიერი უნდა იყოს. თუ თქვენ გსურთ კონკრეტული ქცევის განმტკიცება, აუცილებელია, შეაქოთ შვილი მაშინვე, როდესაც სასურველ ქცევას დააფიქსირებთ. ამით ბავშვი მიხვდება, მისმა რომელმა საქციელმა დაიმსახურა შექება.

 

ახლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არ დაგვავიწყდეს: მოახდინეთ ისეთი ქცევის იგნორირება, რომელიც არ მოგწონთ. შეაქეთ ის ქცევები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია.

 

 

გამოძერწილი ანიმაცია

0

(ანიმაციური ფილმები იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობების მიხედვით)

 

 არ  მეგულება ბავშვი, რომელსაც ანიმაცია და ანიმაციური ფილმები არ უყვარდეს. ისინი ამაზე ხშირად საუბრობენ. განიხილავენ, მსჯელობენ. ჰყავთ გამორჩეული ანიმაციური გმირი. აღმერთებენ მას. დაკვირვებული თვალისთვის ეს მარტივი შესამჩნევია, თუ მათ რვეულებს, ჩანთებს, წიგნის შემოსაკრავებს და სხვა სასწავლო ნივთებს დააკვირდება. თითოეულს ხომ მათი საყვარელი ანიმაციის გმირი ამშვენებს. და არა მარტო სასწავლო ნივთებს. ისინი სადღესასწაულო ტორტებსა და ჩაცმულობასაც კი ამის მიხედვით არჩევენ.

 

საკმარისია მასწავლებელმაც აგრძნობინოს ბავშვს, რომ მასაც აინტერესებს ანიმაციური სამყარო, მაშინვე ამ პატარა არსებების ნდობა აქვს მოპოვებული. მაშინვე მათი თანამოზიარე ხდება და იწყება სამხიარულო ამბები თუ თავგადასავლები. უცებ აცნობიერებ, რომ თავიანთ მესაიდუმლედ და მეგობრად გთვლიან. კვირა არ გავა, რომელიმემ ახალი ანიმაცია არ აღმოაჩინონ. სულს ვერ ითქვამენ, ისე ჰყვებიან მასწავლებლისა და კლასის წინაშე საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ და ერთად ყურების სურვილს გამოთქვამენ. ნახვის შემდეგ კი გისვამენ უამრავ შეკითხვას, აინტერესებთ ყველამ ის იგრძნო და განიცადა თუ არა, რაც თავად განიცადეს. და ასე საინტერესოდ გრძელდება  სასკოლო ცხოვრების ურთიერთობები.

 

ერთ-ერთი ასეთი  ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე თავად შეექმნათ მსგავსი მასალა. ბავშვები მაშინვე სიხარულით დამთანხმდნენ. სიამოვნებით მოირგეს ანიმატორების როლი. დავიწყეთ ტექსტების მოძიება და დამუშავება, შევისწავლეთ მოთხრობებში წარმოდგენილი გარემო, პერსონაჟები. შევქმენით დიორამები. ფოტოები გადავუღეთ, გავმართეთ მკითხველთა თეატრი, მცირე კომპიუტერული ჯადოსნობებიც ჩავრთეთ, გამოსახულება და ხმა ერთმანეთს მოვარგეთ და მცირე ზომის ანიმაციებიც დაიბადა. იმდენად მოგვეწონა, რომ ფილმების საჯაროდ ჩვენებაც მოვაწყვეთ. დაინტერესება დიდი იყო. ბავშვები კი ამაყები და ბედნიერები – ისინი ხომ თავს ნამდვილ ანიმატორებად თვლიდნენ.

 

გთავაზობთ ანიმაციებზე მუშაობის მიმდინარეობას:

 

პირველი ეტაპი – ტექსტებზე მუშაობა

 

პედაგოგი წინასწარ არჩევს მარტივ, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილ ტექსტს/ტექსტებს (ამ შემთხვევაში ეს არის იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობები). ტექსტებს  კითხულობენ საგაკვეთილო პროცესში და ხდება მათი დამუშავება/ გააზრება.

 

მეორე ეტაპი – ტექსტის დეკორაციებზე მუშაობა

 

საჭირო რესურსი: მუყაოს ყუთები, ფერადი ფურცლები, წებო, პლასტელინი, საღებავები და ფუნჯი.

 

ამის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ მათთვის სასურველ მოთხრობას და მუშაობენ დეკორაციებისა და  პერსონაჟების შექმნაზე, ვინც როგორ ხედავს და როგორ წარმოუდგენია. ხდება გარემოს შესაბამისად დიორამის შექმნა, მოხატვა და პერსონაჟების გამოძერწვა.

 

მესამე ეტაპი – როლებში ინტონაციაზე მუშაობა

 

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს „მკითხველთა თეატრის“ მეთოდის გამოყენებით და ცდილობენ გაითავისონ თითოეული როლი შესაბამისი ინტონაციებით. აწყობენ მკითხველთა თეატრს.

 

მეოთხე ეტაპი – ფოტოების გადაღება power point-ში აწყობა

 

დიორამებსა და პერსონაჟებს ვუღებთ ფოტოებს სხვადასხვა რაკურსის ტექსტის საჭიროებიდან გამომდინარე და ვამუშავებთ კომპიუტერულად პროგრამა power point-ში.

 

მეხუთე ეტაპი –  გახმოვანება

 

მოსწავლეები ეკრანის ჩანაწერის დახმარებით ცდილობენ საკუთარი ხმა მოარგონ სლაიდის სახით აწყობილი ტექსტის ეპიზოდებსა და პერსონაჟებს.

 

მეექვსე ეტაპი – მონტაჟი

საბოლოოდ ხდება შექმნილი მასალის კომპიუტერულ პროგრამა Moviemaker-ში დამუშავება მასწავლებლის მიერ.

 

მეშვიდე  ეტაპი – ტექსტის/ტექსტების გააზრების მონიტორინგი და შედარებითი ანალიზი.

 

ანიმაციური ფილმების ჩვენების შემდეგ ისევ ხდება ტექსტის გააზრებაზე მუშაობა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და შედარებითი ანალიზის გაკეთება.

 

მერვე ეტაპი – პრეზენტაცია

 

მოსწავლეები ქმნიან აფიშას, მოსაწვევებს და საბოლოო სახით შექმნილ რესურს წარუდგენენ დაინტერესებულ აუდიტორიას. მასალა კი გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში ან youtube-ზე.

 

რეფლექსია

 

საერთაშორისო კვლევებზე (PIRLS 2006, PIRLS 2011)  დაყრდნობითა და პირადი გამოცდილებით, სკოლებში ტექსტებზე მუშაობისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სწავლების დაწყებით საფეხურზე.

 

ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული რესურსის (ანიმაციური ფილმების) შექმნა, რადგან ამ ასაკში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ და აღიქვამენ.

 

რესურსი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და თანამშრომლობის სურვილს. ის მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამით რაღაცის აღმოჩენას, რადგან ის საერთო ძალისხმევის შედეგია.

 

რესურსი იძლევა უნარების კომპლექსური განვითარების საშუალებას – ზეპირმეტყველება, კითხვა, გააზრება, შემოქმედებითი აზროვნება, ხელის მოტორიკა.

 

რესურსი მისდევს გარკვეულ სქემას და მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, რაც აადვილებს საკითხის აღქმასა და გააზრებას.

 

ასეთი ფილმების დახმარებით მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით, მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხისა და, საერთოდ, საგნის მიმართ. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა უნარი და, შესაბამისად, დამახსოვრების ხარისხიც მაღალია, აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.

 

თავად რესურსი შეიძლება პირდაპირი სახით ერთჯერადი გამოყენების არის, მაგრამ იდეის გამოყენება  ქართული ენის პედაგოგებს სწავლების სამივე საფეხურზე შეუძლიათ.

 

რესურსს აქვს უარყოფითი მხარეებიც – ის ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში (რადგან ფოტოები აწყობილია Powerpoint-ში და ვიდეორგოლი შექმნილია Moviemaker-ში). მოითხოვს ასევე დიდ დროს და მუდმივ განახლებას.

 

 

რესურსის მიზნები (I კლასი)

 

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
  • მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს).

 

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას.

 

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
  • პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
  • წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზითა და შესაბამისი ინტონაციით.

 

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

  • სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
  • მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას.

 

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის  ტექსტებს;
  • წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

 

 

მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი (ანიმაციები):

 

ამაყი ყვავილი – https://youtu.be/o4_–OaQMMw

პეპელა და ფუტკარი – https://youtu.be/vl1yG6KrRZ0

მარადმწვანე ხეები – https://youtu.be/ICeqY7kgjYQ

ორი მეგობარი – https://youtu.be/xB15ySt_h60

სირცხვილი აიცილა – https://youtu.be/r4NZb0_jw8Q

 

 

 

„ვაგონის დილემა“

0

რა იქნება თქვენი პასუხი კითხვაზე – შეძლებთ თუ არა ადამიანის მოკვლას ოდესმე? რას უპასუხებთ კითხვას – გადაარჩენდით თუ არა ადამიანის სიცოცხლეს, ეს რომ თქვენს ქმედებაზე იყოს დამოკიდებული?

რა მოხდება, თუ ეს ორი სიტუაცია ერთმანეთს გადაეჯაჭვება და რთული მორალური დილემის წინაშე დადგებით?

რამდენად რეალურია მორალური იმპერატივის არსებობა?

რის მიხედვით გვეცვლება მორალური ღირებულებები, პატერნები? საერთოდ, შეიძლება თუ არა არსებობდეს „პირადი მორალი“? თუ ის მუდამ საყოველთაო და ერთადერთია?

არსებობს ორი სიმართლე? თუ ორი არსებობს, ე.ი. უთვალავიც არსებობს?

რაც გაუმართლებელია ერთ შემთხვევაში, გამართლებულია მეორე შემთხვევაში?

რა ფაქტორები განაპირობებს მორალური ღირებულებების ამოტრიალებას?

არსებობს ზოგადსაკაციობრიო მორალური ფასეულობები?

არის თუ არა გამართლებული მცნებითმეტყველებითი სტილი სკოლებში?

 

თავბრუდამხვევია კითხვების ეს კასკადი. უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს და პასუხებიც სხვადასხვაგვარი გაეცეს.

ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად ისმის ხოლმე ასეთი კითხვები. პერსონაჟების ქმედებებისა და მათი ხასიათის შესახებ მსჯელობისას მოსწავლეები თანაგანიცდიან ამა თუ იმ მორალურ სიტუაციას, ცდილობენ არსის წვდომას, პასუხების მოძიებას.

 

ერთ-ერთ გაკვეთილზე საუბარი მორალზე ჩამოვარდა. რაოდენ ცვალებადი და მყიფეა გარკვეული მორალური ღირებულებები, რითია განპირობებული და რა ცვლის მათ, ამასთან, არსებობს ( უნდა არსებობდეს თუ არა) ზოგადსაკაცობრიო მორალი თუ ადამიანის თავისუფლება მორალური თვალსაზრისითაც შეუზღუდავი უნდა იყოს?

 

ეს კითხვები ბუნებრივია. საჭიროც.

მათზე ფიქრი, მოსაზრებების ან ვარაუდების გამოთქმა, „რთული“, ასე ვთქვათ, „მიუღებელი“ ან არაპოპულარული პასუხების ამოთქმა, ხმამაღლა გაჟღერება – მნიშვნელოვანია. როცა მოსწავლეები დარწმუნებულნი არიან „უსაფრთხოებაში“, იმაში, რომ მათ არავინ დაადანაშაულებს და არ მიაკრავს გარკვეულ იარლიყებს, ისინი ცდილობენ სხვადასხვა კუთხით, რაკურსით შეხედონ ამა თუ იმ პრობლემას.

ეს ფასდაუდებელი პროცესია. ამ პროცესს რაღაც აქვს საერთო არისტოტელესეულ კათარზისთან, როდესაც „შიშისა და თანაგრძნობის გზით“ ვცდილობთ“ ამგვარ ვნებათაგან განწმენდას“ ან მათ პირისპირ მდგარი ( ვნებებთან და შიშთან) ვცდილობთ ძიებას, პოვნას, პასუხის მორგებას ან უკუგდებას…

 

მასწავლებელს ამ პროცესში მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი – ერთი მხრივ, მან არ უნდა შეზღუდოს აზროვნების პროცესი, ყოველგვარ მოსაზრებას და ფიქრს უნდა ჰქონდეს გაცხადების უფლება, აქ საფრთხილოა ლოზუნგური და პლაკატური განსჯით არ დავაფრთხოთ ახალგაზრდები, ამავდროულად, არ გაგვიტაცოს  „სწორი იდეური ორიენტირების ჩანერგვის“ ხიბლმა, მეორე მხრივ რთულია თავის შეკავება, როდესაც ჩვენთვის ძვირფას, გათავისებულ, გასაგებ, მისაღებ „სამყაროსეულ წესრიგს“ სხვაგვარად აღიქვამენ, უარყოფენ, არ ეთანხმებიან.

მაგრამ რამდენს ვსწავლობთ ამ ვითარებაში…

 

ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მოსმენას უფრო მეტი ძალა და მიზანი აქვს, შესაბამისად კი შედეგიც, ვიდრე ჭკუის სწავლებას, მცნებითმეტყველებას – ეს ცუდია, ეს კი კარგია. ასე უნდა მოიქცე, ასე კი – არა.

ზოგჯერ ისეც ხდება, ხისტ ქმედებას ან თქმას აქვს ოდენ შედეგი.

როგორი რთულია არჩევანის გაკეთება, სწორი მიმართულების შერჩევა, სიფრთხილის დაცვა…

 

ამ წერილის მიზანი არ არის რომელიმე მეთოდის ან სტრატეგიის მიმოხილვა, არც დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიების მცდელობა. შევეცადე, შესავალ ნაწილში ზოგადი კონტექსტი წარმომეჩინა, რაც ერთი საინტერესო მორალური დილემის, ამოცანის გასაცნობადაა ზედგამოჭრილი. ეს ფილოსოფიური ამოცანა კი იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება გარკვეულმა ფაქტორებმა შეცვალონ ჩვენი ქმედებები ან იმოქმედონ გადაწყვეტილების სისწორისა თუ მცდარობის შეფასებაზე.

1960-იან წლებში ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფილიპა რუთ ფუტმა, რომელიც მორალისა და ეთიკის საკითხებს იკვლევდა, შექმნა საინტერესო წარმოსახვითი მორალური ამოცანა, რომელიც „ვაგონის პრობლემის“ (Trolley problem) სახელითაა ცნობილი.

ამოცანა:

მძიმე, უმართავი ვაგონი ლიანდაგზე მიჰქრის. ის დიდი სისწრაფით უახლოვდება  5 ადამიანს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან ვერც მარცხნივ, ვერც მარჯვნივ, რათა თავი გადაირჩინონ. თქვენ დგახართ გადამრთველთან და საკმარისია ვაგონს ლიანდაგზე მიმართულება შეუცვალოთ, რომ ხუთივე ადამიანი გადარჩება. საქმე ისაა, რომ შეცვლილი მიმართულებით მოძრავი ვაგონი უცილობლად გაიტანს ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ლიანდაგზეა და ვერც მას ასცდება ვაგონი.

გადამრთველთან მდგარ ადამიანი დილემის წინაშეა. მას რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი – არ მოიმოქმედოს არაფერი და ამ შემთხვევაში ვაგონი ხუთ ადამიანს იმსხვერპლებს, გადართოს მიმართულება და ამ შემთხვევაში ვაგონი ერთ ადამიანს იმსხვერპლებს.

რომელია მორალურად უფრო სწორი გადაწყვეტილება?

 

„მსუქანი ადამიანი“

ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჯუდით ჯარვის თომსონმა იმავე დილემის სახეცვლილი ვარიანტი წარმოადგინა – უწინდებურად, უმართავი ვაგონი მიჰქრის ხუთი ადამიანისკენ. თქვენ დგახართ ხიდზე, რომლის ქვეშაც ლიანდაგია, ვაგონი საცაა ამ ხიდქვეშ გაივლის. თუ ლიანდაგზე რაიმე დიდსა და მძიმეს ჩააგდებთ, ვაგონი შეჩერდება. თქვენ გვერდით ძალიან მსუქანი ადამიანია. ერთადერთი საშუალება, შეაჩეროთ ვაგონი და გადაარჩინოთ 5 ადამიანი, მსუქანი ადამიანისთვის ხელის კვრა და ლიანდაგზე მისი ჩაგდებაა. ვაგონი მას გადაუვლის და გაჩერდება.

ამ შემთხვევაში ადამიანი პირდაპირი ქმედების არჩევანის წინაშე დგას  – ცოცხალ ადამიანს უნდა ვკრათ ხელი.

 

 

„მსუქანი ავაზაკი“

ყველაფერი იგივეა, იცვლება მხოლოდ ის, რომ მსუქანი ადამიანი ბოროტი ავაზაკია, რომელმაც ეს ხუთი ადამიანი დააბა ლიანდაგზე.

არის ამოცანის სხვადასხაგვარი სახეცვლილი ვარიანტებიც ( იცნობთ ერთს და არ იცნობთ ხუთს, ხუთივე ადამიანი – თქვენი ოჯახის წევრია, ერთი კი უცნობი და პირიქით და ა.შ.).

„ვაგონის დილემის“ კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ არარეალისტური სიტუაციის წარმოდგენა ადამიანებისთვის რთულია და მათი ზეპირი პასუხიც შორს იქნება იმ ქმედებისგან, რასაც ისინი განახოციელებენ ( განახორციელებდნენ) მსგავსი დილემის წინაშე რეალურად რომ წარმდგარიყვნენ. დახატულ სიტუაციებს გამოკითხულთა უმრავლესობა არ აღიქვამს სერიოზულად და დასკვნის ზნეობრიობაც, მათი აზრით, საკამათოა.

თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, რობოტებისა და თვითმართვადი ტექნიკური საშუალებების დახვეწის პირობებში, დილემა კვლავ იძენს აქტუალობას – ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ყოფაში იმაზე მეტად ჩართვის საკითხი, ვიდრე ეს დღეს ხდება. მაგალითისთვის ავიღოთ მანქანა ან უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები – ვთქვათ, თვითმართვადი ავტომობილის წინ (ავტომობილი იცავს მოძრაობის ყველა წესს, არის გამართული) გადაირბინა ბავშვმა. მანქანას დამუხრუჭების დრო არ რჩება. მარჯვნივ მოხვევის შემთხვევაში ის ღრმად მოხუც ადამიანს დაეჯახება, შემდეგ კი გაჩერდება, მარცხნივ მოხვევის შემთხვევაში საპირისპირო ზოლში გადავა და მგზავრებს შეუქმნის საფრთხეს – მოქმედების რა ვარიანტები უნდა დაუპროგრამდეს ასეთი შემთხვევებისთვის რობოტს? რა იქნება ამ შემთხვევაში ეთიკური, მორალურად გამართლებული? ვინ და როგორ უნდა გადაწყვიტოს ამგვარი საკითხები?

 

ასეა თუ ისე, საინტერესოა – არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი, სწორი, უყოყმანო პასუხი აქვს ამ კითხვებზე?

„დედა ენა“, როგორც საუკეთესო დამხმარე რესურსი სწავლებისას

0

 „ბუნების ცოდნა და მის  ძალათა დამორჩილება შეადგენს ერთს უმთავრეს ბურჯს ერისა და კაცობრიობის ბედნიერებისას“

ამ სტატიის ყველა მაგალითი მოყვანილია დედა ენის 1912 წლის გამოცემიდან

ნუ გგონიათ, რომ „დედა ენას“ ახლა გიბრუნებენ. ის არსადაც არ წასულა, ყოველთვის მის ჩრდილს მიუყვებოდა ქართული სკოლების დაწყებითი პროგრამა. ეს ცუდი არ არის, არც კარგია, უბრალოდ ეს ფაქტია.

ბანალურობას ვერ ავცდები და ვიტყვი, რომ იაკობი გენიოსი იყო. ალბათ ისევე როგორც რუსთაველი. „დედა ენა“ ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს იდენტობასთან, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია ქართულად წერა-კითხვა.  ასეც უნდა იყოს, ეს ყველა ერს სჭირდება, იმისთვის, რომ მყარად იგრძნოს თავი და იამაყოს კიდეც, თავი მოიწონოს.  ყველა ერს აქვს ამდაგვარი საამაყო რამ. ზოგს საბავშვო ლიტერატურის პერსონაჟებიც კი ჰყავს, რომლებიც ხშირად სახელმწიფოს სახესაც წარმოადგენენ. ეს ტურისტულადაც მომგებიანი ამბავია.

იყო დრო,  „დედა ენამ“ ჩვენი სიტყვები და ამბები გადაარჩინა. იმ უსაშველოდ მძიმე დროს ადამიანებს რწმენა და თვითდაჯერებულობა შეჰმატა.  იმ ძნელბედობისას ქართული ანბანი  ახლიდან დაიბადა, არა მხოლოდ ქაღალდზე, თავადების, აზნაურების, თუ გლეხების გულებსა და გონებაში. ქართულმა ანბანმა, ქართულმა სიტყვამ, მაღალი კლასებისთვის განკუთვნილი მაღალი „შტილის“ ტექსტებიდან ჩვეულებრივი, მოკვდავი ხალხის ხის მერხებზე და მწვანე მოლებზე გადაინაცვლა, ოღონდ ისე, რომ აქაური ამბები გლეხობისთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი უნდა ყოფილიყო. წერა-კითხვის შესწავლა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მათ ყოველდღიურობასთან, მათ საჭიროებებთან. ეს ამოცანა იაკობმა შესანიშნავად შეასრულა, და არა მხოლოდ ეს.

გავიდა დრო. ბევრი დრო.  ცვლილებების ქარტეხილებმა გარდაქმნები დაიწყო. ეპოქები, ადამიანები, აზროვნება, პრიორიტეტები, ემოციები, განწყობები, შეხედულებები, ღირებულებები – გადასხვაფერდა. „დედა ენა“ ძეგლად იქცა.  კვარცხლბეკმა ბზარი გააჩინა მასსა და ბავშვს შორის. ეს ბზარი კი უფროსებმა კიდევ უფრო გააღრმავეს/აღრმავებენ, როდესაც მოითხოვენ უპირობოდ, მხოლოდ ამ წიგნით სწავლებას, ან საერთოდ გამორიცხავენ მას და სკოლიდან ისტორიის სანაგვეზე ისვრიან.

უკიდურესობები გვახასიათებს. უფრო მტკივნეულად ვრეაგირებთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობასთან დაკავშირებულ საგნებს. თითქოს სულ იმის შიში გვაქვს, ვიღაც, ბოროტი ძალა, მოვა და ფესვებს ამოგვითხრის, მშობლიური მიწიდან მოგვწყვეტს. ეს შიშები, ეს განწყობებიც ბუნებრივია, თუკი ჩვენს ისტორიას გავიხსენებთ, მუდამ რომ მოთხრას გვიპირებდნენ და როგორ გადავრჩით (თუ გადავრჩით), დღესაც რომ გვაოცებს.

მე თუ მკითხავთ, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ბავშვებს წერა-კითხვა, არა თუ ერთი წიგნით, არა თუ ორი ან სამი წიგნით უნდა ვასწავლოთ, არა, დღეს წერა-კითხვის შესწავლისას იმდენი წიგნი უნდა გამოვიყენოთ, რამდენის საჭიროებაც გვაქვს.  დასრულდა ის დრო, როდესაც ერთ წიგნს მიუყვებოდნენ და ფურცელს არ ტოვებდნენ წაუკითხავად. დღეს მასწავლებელი, მისი ბავშვებისთვის შესაფერის და იდეალურ ტექსტებს, დავალებებს ეძებს და შესაძლოა უძველესი წიგნებიდან თანამედროვე გამოცემებამდე გაიჭიმოს ძიების ძაფი. მრავალფეროვნება – ეს ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომლითაც ჩვენ ჩვენს გაკვეთილს წარმოუდგენლად საინტერესოს ვხდით.

არ იფიქროთ, რომ თანამედროვე ბავშვებს აუცილებლად თანამედროვე რამეები მოსწონთ და გაკვეთილზე მხოლოდ ტექნოლოგიებით, უახლესი მიღწევებითა ან დახუნძლული თამაშ-აქტივობებით გააოცებთ. არა, აქ პასუხი ძალიან ჩვეულებრივი და შეიძლება თქვენთვის მოსაწყენიც კი იყოს: ბავშვებს უყვართ  ძველი, გაცრეცილი ამბები, ყვითელი ფურცლები და დავიწყებული, გემრიელი ქართული სიტყვებიც. აი, ისეთი წარმოთქმისას, რაღაცნაირად ყელს რომ  ჩავიკოკლოზინებთ. ისეთები, „დედა ენური“, აი მზე რომ კაშკაშებს, ან ჩიტი ტოტზე რომ ეკიდა და თან გულიც რომ უკვდებოდა. ალბათ, აკვანიც მოეწონებათ – როგორც სიტყვა და როგორც საგანი, მისი ისტორიის მოსმენაც უნდა მოუნდეთ, თუ მასწავლებელი საინტერესოდ მოჰყვება და თან სურათებსაც აჩვენებს, მერე კი თავადაც  დაამზადებინებს მუყაოსგან, თიხისგან.

საქმე ის არის, რომ „დედა ენა“ შესანიშნავი რესურსია არა წერა-კითხვის სასწავლებლად, არამედ ნებისმიერ კლასში, ისტორიის, ლიტერატურის, ლექსიკის თავისებურებების საჩვენებლად. ვფიქრობ, რომ სამაგიდო წიგნიცაა მოსწავლეებისთვის, ბუნების კართან ერთად.

წერა-კითხვის სწავლება ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მხოლოდ „დედა ენას“ არ უნდა მივენდოთ, იმ მარტივი ამბის გათვალისწინებით, რომ მისი შექმნიდან დღემდე საუკუნე გვაშორებს, და, რა თქმა უნდა, მას მერე რაღაცები უნდა შეცვლილიყო, არა მეთოდოლოგიაში, არამედ ჩვენს გონებაშიც, ჩვენს უნარებშსა და ინტერესებშიც.

თან პატარების მოტივაცია და ენთუზიაზმი ისეთი მოსაფრთხილებელი, სათუთი რამეა, რომ თავიდანვე არ უნდა შევაშინოთ უცხო ლექსიკით. სჯობს, წერა-კითხვის სწავლა მათთვის კარგად ნაცნობი, მშობლიური საგნებით დაიწყონ, ისევე როგორც იაკობმა ჩაიფიქრა დედა ენის შექმნისას, ოღონდ მაშინდელი ბავშვების ყოველდღიურობა დღევანდელისგან, რა გასაკვირია და განსხვავდებოდა. ჰოდა, ჩვენ თუ ასე ფრთხილად, ბუნებრივად მივიყვანთ პატარებს წიგნთან, გამოდის, რომ ჩვენ იაკობის მეთოდს გავიზიარებთ.

მაგრამ „დედა ენა“ აუცილებლად დაგვჭირდება. იმიტომ, რომ იქ იაა. ია კი ჯადოსნური ყვავილ-სიმბოლოა. როდესაც ბავშვი ამოიკითხავს: „აი ია“. „ია თესე“. „ია ასე თესე“. მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა შეწყვიტოს და წინასწარ მომზადებული იის თესლი ქოთნებში ერთად დათესონ.  უნდა დააკვირდნენ  მცენარის ზრდას და ბოლოს, როდესაც იის იისფერი ყვავილი გაიშლება, მოსწავლეებისთვის სიტყვები: „ია თესე“ აუცილებლად გაცოცხლდება და განსხეულდება.

„დედა ენის“ სიტყვები ამბებია. ამიტომაა, რომ ეს სიტყვები ჩვენ ბავშვებთან ერთად უნდა გავაცოცხლოთ. აი ზაზა თვარაძე  რომანში: „სიტყვები“, სიტყვები რომ ცოცხლდებიან და დალივლივებენ,  ალბათ ასე. ღრუბლებივით,  უნდა ამოიფრქვან წიგნებიდან და  პატარების გონებაში დაიკავონ კუთვნილი ადგილი. თევზი უხმოა, შოშია ხეზე ზის, ღამურა ღამით დაფრინავს, ობობა ქსელს აბამს, კაცი კაცის წამალია, ჭიანჭველას შრომა უყვარს, თოვლი ზამთარში მოდის, ზაფხულში რაღა მოდის? გუგული ღამის ფრინველია, მუხა ხეა. თითოეულ ამ სიტყვებზე ამბები უნდა მოვყვეთ, უნდა მოვიგონოთ, უნდა დავხატოთ, დავწეროთ, კომიქსებად ვაქციოთ.

აქ ამბებიც არის, აი ისეთი, გულის ამაფორიაქებელი, სახალისოები, სევდიანები. ემოციები, ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წიგნი კი ემოციების საბადოა. „კეთილი სანდალა“ – ემპათიის, მეგობრობის მშვენიერი მოკლე ილუსტრაცია, „ალექსი და აქლემი“ – პატარებს გულიანად, რომ გააცინებს, საბრალო დედაბრის მისტიკური ამბავი, რომელიც არამხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის იქნება შთამბეჭდავი და მომნუსხველი, არამედ მაღალ  კლასებშიც. ამ ხალხური ლექსის ილუსტრაციებად წარმოდგენა – გასაოცარი და ჯადოსნური უნდა იყოს. ეს ხალხური ლექსი „დედა ენაშიც“ დასურათებულია,  ერთ-ერთი ილუსტრაცია, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა.

„დედობრივი სიყვარულის ძალა“, რომელსაც ავტორი პირველ პირში ჰყვება დედა ჩიტის თავგანწირვას, ბარტყი ძაღლმა რომ არ შეუჭამოს, მთელი ტანით რომ გადაეფარება. ეს ისეთი ამბებია, დრო რომ ვერაფერს დააკლებს, იმიტომ, რომ აქ სიყვარულია, სიყვარული კი მარადიული რამეა.

არის ისეთი რამეები, განსაკუთრებით ლიტერატურაში, მხოლოდ ბავშვობის ასაკში მისახვედრი. დიდებს რომ უჭირთ გაგება, პატარები კი ინტუიციურად ხვდებიან სათქმელს. და თუ ამ ასაკში არ წაიკითხეს, ვერ გაიგეს, მერე დაგვიანებულია. ეს ის ამბავია, ქართული ხალხური ზღაპრების სისასტიკეს, რაღაცნაირად, ჩვენთვის გაუგებრად ხარშავენ და შიშებს რომ ამარცხებენ. ასეა „დედა ენის“ სიყვარულიც, მაშინ უნდა წაიკითხონ, როცა ამის დროა, პატარაობისას.

იაკობის წიგნში ისეთი საინტერესო, საინფორმაციო ტექსტებია, დღევანდელ ბავშვებს ინტერესით თვალებს რომ გაუფართოებს. ასეთია „ღრუბელი“, რომელსაც თურმე ზღვის ფსკერიდან იღებენ: „მაშასადამე, ღრუბელი ყოფილა ზღვის შვილი. თურმე კიდეც ამიტომ არის წყლით გაუმაძღარი“. მათი საყვარელი ანიმაციის გმირი: „Spongebob”-იც ხომ ნამდვილი ღრუბელია! ხანდახან „დედა ენა“ ასეთი თანამედროვე და ასეთი ახლობელი ხდება ოცდამეერთე საუკუნის ბავშვებისთვისაც კი. მთავარია, ჩვენ სწორი ტექსტები შევარჩიოთ, დავიხმაროთ ტექნოლოგიები, ვიზუალური მასალა და მერწმუნეთ, გაკვეთილი შესანიშნავი გამოვა.

ალბათ ცალკე წერილს იმსახურებს „ბუნების კარი“, იმიტომ, რომ არის უზარმაზარი საბადო მეცნიერების, გეოგრაფიის, მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნებაში გაჭრილი კარია, იაკობის მიერ.

აქაც ამბებია.  არცერთი ტექსტი არ არის დამოუკიდებლად, მშრალ ფაქტებად მოცემული. თან ეს ამბები საინტერესო და ამაღელვებელია. მგონია, რომ ეს წიგნი, მეექვსე კლასამდეც კი შესანიშნავი დამხმარე რესურსი უნდა იყოს.

„კატო და ფრინველები“ – კატო მოწყენილია, სასწავლებელში მარტოა, თავის საყვარელ სოფელს მოშორებული. ნაღვლიანად იცქირება ფანჯრიდან, მასთან სხვადასხვა ფრინველი მოდის და საკუთარ ამბებს უყვება. ბავშვი ამ დროს, თავისთავად, ამბის პარალელურად იგებს ბეღურების, ბულბულების, არწივების თვისებებს.

გასაოცრად, ბავშვებისთვის გასაგებადაა აღწერილი ფოტოსინთეზი: „მანამ ფოთლებამდინ არ ავიდოდა წვენი არ ვარგოდა ხისთვის საზრდოდ. მხოლოდ ფოთლები სცვლიდნენ ამ წვენს ისე, რომ ხდიდნენ სასარგებლო საჭმელად ხისთვის. მაშასადამე, ფოთლებს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონია ხისათვის, როგორც კუჭს კაცისთვის“.  მგონია, რომ ბუნებისმეტყველების სწავლებისას ამ წიგნის დახმარება, სასწავლო პროცესს უფრო მეტად გაამრავალფეროვნებს და ეგზოტიკურ ელფერს მიანიჭებს, ბავშვებისთვის კი ყოველგვარი უცხო, ძველი და უცნაური საინტერესო უნდა იყოს, თუ შესაბამისად მივაწვდით.

‘ბუნების კარში“ – სათაურებიც ამბებია: „რად გვიყვარს მერცხლები?“, „ფრთიანი კატა, ანუ ჭოტი“, „უდანაშაულოდ დასჯილი თხუნელა“, „დევნილი მეგობარი, ანუ ზღარბი“ და სხვა.

მოკლედ ამ წერილით იმის თქმა მინდოდა, რომ დროა ჩვენს გაძეგლებულ „დედა ენას“ დავუბრუნოთ თავდაპირველი მნიშვნელობა და ვაქციოთ სასწავლო რესურსად, ოღონდ არამც და არამც ერთადერთად, რადგან, კიდევ ვიმეორებ, „დედა ენა“ ერთი საუკუნის წინ დაიწერა კონკრეტული მიზნით. ჰოდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, დღეს სწავლების მიზნებიც შეცვლილია,  ზოგიერთი ღირებულებაც და ყველაზე მთავარი, ჩვენი ბავშვებიც უნდა განსხვავდებოდნენ მეცხრამეტე საუკუნის ბავშვებისგან. გავიმეორებ ყბადაღებულ ფრაზასაც, თავად იაკობიც ხომ მუდამ ზრუნავდა საკუთარი სახელმძღვანელოს განვითარებასა და შეცვლაზე.

 

 

რამდენიმე ვიდეო ლიტერატურის გაკვეთილისათვის

0

ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, წარმოსახვაა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით.  მოსწავლეების ლიტერატურით დაინტერესებისათვის, მათი წახალისებისა და კარგ მკითხველად ჩამოყალიბებისათვის, რას არ ვიგონებთ. მხოლოდ იმ ვებრესურსის ავტორთა სტატიებს რომ გადახედოთ, რომელსაც ახლა კითხულობთ,  მრავალფეროვან მასალას და იდეებს აღმოაჩენთ.  წარმოსახვა, აბსტრაქტული აზროვნება, ფანტაზიის განვითარება – ეს მთავარია.  დამეთანხმებით, როგორ გვეხმარება თვალსაჩინოება, კონკრეტული მაგალითები, ნაწარმოებების ეკრანიზაციები თუ საინტერესო ვიდეორესურსები სწორედ ამ უშრეტი ფანტაზიის განვითარებასა და საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვაში.

ახლა მინდა ორი საკმაოდ ცნობილი ვიდეოს შესახებ გესაუბროთ. ორივეს ლიტერატურული შინაარსი აქვს, თუმცა განსხვავებული მიზნებისთვის შეიქმნა. ერთ-ერთი ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციისა და წარდგენისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მეორე კი, ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების, კონკრეტულად, ელექტრონული წამკითხველის პოპულარიზაციისთვის.

ორივე შესანიშნავი რესურსია  გაკვეთილებზე გამოსაყენებლად, მისი საშუალებით მრავალფეროვანი აქტივობები, დავალებები, ვიქტორინა, პროექტი თუ პრეზენტაცია შეგიძლიათ დაგეგმოთ.

მივყვეთ დაწვრილებით:

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, ვიდეო,  რომელიც „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ დაკვეთით მომზადდა ინგლისურენოვანია, ამიტომ შეგიძლიათ გაკვეთილი ინტერდისციპლინური და ინტეგრირებული გახადოთ და ინგლისურის მასწავლებელიც ჩართოთ.

 

როგორც ხედავთ, ანიმაციაში ანბანის საშუალებით მოყოლილია საქართველოს შესახებ, ყველაფერი ის, რაც მთავარია, რაც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას, რასაც ვიყენებთ მის სავიზიტო ბარათად.  მათ შორის, ლიტერატურა, ენა, კულტურა და სხვა. ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამის სლოგანიც სწორედ ასეთი იყო  – „ანბანით მოყოლილი საქართველო“.

ამ ვიდეოს საშუალებით რამდენიმე საინტერესო აქტივობა შეგვიძლია დავგეგმოთ:

  1. ალტერნატიული ანიმაცია – თქვენ რითი წარუდგენდით თქვენს ქვეყანას მსოფლიოს? თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რას შეცვლიდით ვიდეოში?
  2. როგორი უნდა იყოს ანიმაცია, რომლითაც წარადგენთ თქვენს ქვეყანას?
  3. აირჩიეთ ერთი ქვეყანა, რომლის საპრეზენტაციო ანიმაცია ამ კლიპის მსგავსი იქნებოდა;
  4. ვიმსჯელოთ ანიმაციის ლიტერატურულ ნაწილზე – არის თუ არა „შუშანიკის წამება“ ფემინისტური ტექსტი?
  5. არის თუ არა რომელიმე მწერალი, რომელიც, თქვენი აზრით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ ვიდეოში?
  6. როგორია თითოეული ენის უნიკალური ლექსიკური სიმდიდრე, სიტყვა „ზეგ“-ის გარდა, რომელი სიტყვა გახსენდებათ, რომელიც მხოლოდ ქართულშია?
  7. „ნატვრის ხის“ გარდა წიგნის რომელი ეკრანიზაცია გახსენდებათ, რომელმაც შეიძლება საქართველო წარადგინოს მსოფლიო ასპარეზზე?

და ა.შ.

ამ პატარა ვიდეოს საშუალებით ბევრი საინტერესო საკითხის წამოჭრა შეიძლება, ბოლოს შეიძლება თქვენი კლასის უნიკალური საანბანო პრეზენტაცია მოამზადოთ და ტექნოლოგიების მასწავლებლის დახმარებით ვიდეო-ანიმაციაც მოამზადოთ.

 

მეორე ვიდეო სულ ახლახანს გამოჩნდა ინტერნეტ თუ სატელევიზიო სივრცეში და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით კითხვის პოპულარიზაციას ეძღვნება.

ვიდეო ძალიან საინტერესოა,  გარდა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფრაზებისა და კონტექსტისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა დეტალს, ნივთს, რომელიც ასევე ლიტერატურიდანაა, ლიტერატურულია მუსიკაც, მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელის“ პერსონაჟის საყვარელი ნაწარმოებია.

 

განვიხილოთ დაწვრილებით:

„რომელმაც შექმნა სამყარო“ ასე იწყება ვიდეო,  გარდა კონკრეტული ტექსტის დასაწყისისა, ის ორმაგ მნიშვნელობას ატარებს, იხსენებს შუასაუკუნეების ლიტერატურულ ტრადიციას, როდესაც ნაწარმოებს ასეთი დასაწყისი ჰქონდა, სადაც  ავტორი ჯერ ღმერთს მოიხსენიებს. სამყაროც ორგვარი შინაარსისა – რეალური და ლიტერატურული სამყარო.

ზღვა – მრავალმხრივი მეტაფორაა, ჯერ ერთი ლიტერატურის ადრეული დასაწყისი ზღვას უკავშირდება, მაგალითად, ჰომეროსის პოემები, გილგამეშის ეპოსის საინტერესო ეპიზოდები, უძველესი მითოსური წარმოდგენები, სკანდინავიური ეპოსები, ამბავი ჰეროსა და ლეანდრეზე, მითები,  რომელთა შორისაც ერთი, არგონავტების მითი, ზღვას და ქართველურ სამყაროს უკავშირდება. ზღვა მნიშვნელოვანი სიმბოლოა ძველ, შუასაუკუნეების, ახალ თუ უახლეს ლიტერატურაში და ერთგვარად, თავად ლიტერატურას ასახავს. ტრისტანისა და იზოლდას ისტორიაში ზღვაა მნიშვნელოვანი სიმბოლო, ვეფხისტყაოსანში, ზღვას უკავშირდება ჟიულ ვერნის ნაწარმოებები და სხვა სათავაგადასავლო წიგნები, მელვილის „მობი დიკი“, ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“,  ლეო ქიაჩელის, ოთარ ჭილაძის, გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები, ზღვა მნიშვნელოვანი სახეა პოეზიაში,  ასევე, ზღვა უკავშირდება სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობას ევროპაში“, სადაც საბა ზღვაში ხიფათიანი მოგზაურობის დეტალებსაც აღწერს.

კადრი იცვლება ოთახით, ოთახი – ლიტერატურული ადგილია, სადაც ფაუსტი და მეფისტოფელი შეხვდნენ ერთმანეთს, ეს  ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახიცაა“, ემა ბოვარის ოთახი და მისტიური ბინა ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტადან“, რომელიც სულ სხვა სივრცედ იქცევა. ჩანს სარკე – ულენშპიგელის, ბეჭდების მბრძანებლის, ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყნიდან“ სარკე, რომლის მიღმაც იწყება მთავარი ლიტერატურული ამბები.

ლარნაკი – ტიციან ტაბიძის უმნიშვნელოვანესი ლექსის, ”გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში“, რემინისცენციაა, რომელიც ქართული მოდერნიზმის არსს ხსნის, ასევე, ის ცოტათი ჯადოსნურ ლამპარსაც წააგავს, რომლიდანაც ლიტერატურულ ჯინს უშვებს მკითხველი. აქვეა შანდალი, როგორც კითხვის ძველი საშუალება, მეცხრამეტე საუკუნის რომანების დეტალი და ასევე დეტალი ჰიუგოს „საბრალონიდან“, ასევე, ვარდი, რომელიც ერთდროულად სპარსული პოეზიის მთავარი მეტაფორაცაა და თან პატარა პრინცის ვარდიც.

გემი – სათავგადასავლო ლიტერატურის, ზღაპრების, ასევე, პირველაღმოჩენების სიმბოლო, ძველი ეპოსის მთავარი ობიექტი, მაგალითად, ისევ ჰომეროსს თუ გავიხსენებთ. ტრიუმფალური თაღი,  მექანიკური ფორთოხალი, უკანა ფონზე ქალის ქანდაკება, რომელიც ანტიკური დრამის ტრაგიკულ ქალებს ჰგავს, ძველ საბერძნეთში მივყავართ, და ისევ პატარა პრინცის ვარდი,ხოლო კედელზე ცნობილი გამოცანა-ნახატი ეგზიუპერის „პატარა პრინციდან“. კადრი გადადის სახლზე, გოგონა ხიდან იყურება სახლში, ისევე, როგორც ფოლკნერის „ხმაურსა და მძვინვარებაში“ კედი, ეს ეპიზოდი, თავად ფოლკნერისთვის ყველაზე საყვარელი იყო. პეპი თამაშობს „კლასობანას“ ( კორტასარი),  აქვეა პატარა ხის სახლი „ვილა ყიყლიყო“, გვაქვს მატარებელი, რომელიც ასევე ბევრ ნაწარმოებშია მოქმედების ადგილი, მაგალითად, აგათა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ ან ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“.  ხის ცხენი – ტროას ცხენის სიმბოლო, შლინკის „წამკითხველის“ პერსონაჟები კითხულობენ შექსპირის „რომელ და ჯულიეტას“, კადრი ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვიდან“, „სამოსელი პირველი“, გივი გეგეჭკორის ლექსი „ნათურა დღისით“, ოფელია „ჰამლეტიდან“, „მარტოობის ასი წელიწადის აურელიანო“, რომელსაც ოქროს თევზი აქვს, იმ ოქროს თევზების სიმბოლო, რომელსაც ამზადებენ მაკონდოში, თავისთავად ოქროს თევზი ასევე რემინისცენციაა ცნობილი ზღაპრისა ჯადოსნურ თევზზე, არჩილ სულაკაურის რომანისა „ოქროს თევზი“ და ოქროს თევზთან დაკავშირებული მრავალი კადრისა ლიტერატურიდან. ბიჭი უყურებს ყანას, რომელიც სელინჯერის ომანის „თამაში ჭვავის ყანაში“ რემინისცენციაა და ასევე, ცნობილი ეპიზოდისა ეგზიუპერის უკვდავი წიგნიდან,  სადაც პატარა პრინცი ამბობს, რომ ოქროსფერი ყანა ავტორს მის თმას მოაგონებს, გზა – კერუაკის „გზაზე“ და  ასევე, მრავალი „ლიტერატურული გზა“,  კაცს საბარგულში ამობეჭდილი წიგნები  აქვს, ასახიერებს მონტეგს, ბრედბერის „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ პერსონაჟს, ბოლოს ჩანს ქალაქი, რომელიც თან მაკონდოა, თან სტივენ კინგის ნაწარმოებების მოქმედების ადგილი, თან უსახელო ქალაქი,ს ადაც ნებისმიერი მოქმედება შეიძლება განვითარდეს. ბოლო კადრი ისევ ზღვაა სადაც იხსნება, რომ მკითხველია ამ სამყაროს დემიურგი.

მნიშვნელოვანია ფრაზებიც, რომელსაც მთხრობელი თუ ვიდეოს პერსონაჟები ამბობენ – ამონარიდები ცნობილი ნაწარმოებებიდან.

ეს ვიდეო მშვენიერი რესურსია ლიტერატურის გაკვეთილისთვის, უამრავი საინტერესო აქტივობა შეგიძლიათ დაგეგმოთ,  ჯერ გამოაცნობინეთ ფრაზები ან დეტალები წიგნებიდან,  გამართეთ ვიქტორინა, ფურცლებზე დაწერილი კითხვებითა და პასუხებით,  ამოარჩიეთ წიგნები, რომლებიც ნახსენებია ვიდეოში და დაგეგმეთ მათი ( ასაკობრივად)  წაკითხვა, იმსჯელეთ პერსოინაჟებზე, რამდენად ზუსტად არის ამორჩეული რომელიმე პერსონაჟის შესაბამისი საეკრანო სახეები, თქვენ რას შეცვლიდით, ეთანხმებით თუ არა რეჟისორის არჩევანს.  მოამზადეთ პრეზენტაციები თქვენი არჩეული ნაწარმოებებისა თუ ავტორების შესახებ. ეცადეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად შეამჩნიოთ მეტი დეტალი, ეპიზოდი, მინიშნება თუ ლიტერატურული საგანი ამ ვიდეოში. მოიფიქრეთ, თქვენ როგორ ვიდეოს გადაიღებდით? მოამზადეთ სცენარი, რომელიმე ნაწარმოების ასეთი  მცირე ფორმატით წარმოდგენისთვის, აირჩიეთ გადასაღები სივრცე, იქნებ სამოყვარულო კამერით გადაღებაც მოახერხოთ? მერე ისევ ლიტერატურის გაკვეთილზე უყურეთ და განიხილეთ. ამ პროცესში სხვა საგნების ინტეგრირებაც შეიძლება, მეტიც, შეგიძლიათ სხვადასხვა ასაკის მკითხველებიც გააერთიანოთ.

შედეგიანი და სასარგებლო წიგნიერების გაკვეთილი გამოგივათ, ლიტერატურული პარალელებით, წარმოსახვითა და საინტერესო დისკუსიით გაჯერებული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...