გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2019 წლის მესამე ნომერი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.
ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :
წარუმატებლობის შიშმა შეიძლება ხელი შეუშალოს მოსწავლეს გამოცდისას ცოდნის სათანადოდ წარმოჩინებაში, თუმცა 10-წუთიან წერით სავარჯიშოს მისი დახმარება შეუძლია.
აჩქარებული გულისცემა, ოფლიანი ხელისგულები, არეული ფიქრები; ბევრი მოსწავლისათვის, ყველაზე დიდი დაბრკოლებაა შფოთვა, რომელსაც ის განიცდის.
სტრესსა და შფოთვას შეუძლია არეულობა შეიტანოს მოსწავლის კონცენტრირების უნარში, რასაც მოაქვს დაბალი შედეგები და წარუმატებლობა. ახალი კვლევა ხაზს უსვამს ეფექტიან გადაწყვეტილებას: ასწავლეთ მოსწავლეებს, სხვაგვარად შეხედონ სტრესს – როგორც გაძლიერებას და არა როგორც ტვირთს. მარტივი 10-წუთიანი წერითი სავარჯიშოების მიცემა უშუალოდ გამოცდის წინ დაეხმარა მოსწავლეებს, დაენახათ სტრესი, როგორც “სასარგებლო და ენერგიის მომმატებელი ძალა”, რომელსაც მათი დახმარება შეეძლო.
წერითი სავარჯიშოები განსაკუთრებით ეფექტიანი იყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, ვინც შესაძლოა განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს სიტუაციებისადმი, რომლებიც ხაზს უსვამს რიგითობას და სტატუსს – რაც ახასიათებს ტესტებს, სადაც “ფსონები მაღალია”. მათ უფრო შეძლებულ თანატოლებს შეიძლება მეტ შესაძლებლობებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორიცაა – რეპეტიტორები, ვისაც შეუძლია გაზარდოს სკოლაში მათი წარმატების შანსები. შედარებისთვის, უფრო დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან გამოსულ მოსწავლეებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ წარმატების მისაღწევად, რადგან მათ “შეცდომის დაშვების ნაკლები შესაძლებლობა” აქვთ, რაც ზრდის მარცხის შესაძლებლობას.
ფსიქოლოგები ქრისტოფერ როზეკი, გერარდო რამირესი, რეიჩელ ფაინი და შონ ბეილოკი მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ საშუალო სკოლის ბიოლოგიის 1175 მოსწავლეს, რათა შეესწავლათ, თუ რა გავლენას ახდენდა სტრესი მათ შესაძლებლობაზე, ჩაებარებინათ მნიშვნელოვანი გამოცდები. მათ შენიშნეს, რომ ნაკლებშემოსავლიან მოსწავლეებს მეტი ზიანი ადგებოდათ საგამოცდო შფოთვის რეგულირების სიძნელის გამო. ეს მოსწავლეები წინასწარ განიცდიდნენ „შფოთვას ჩაჭრის შესაძლებლობის გამო”: ჩაჭრის შიშით გამოწვეული სტრესი ზრდიდა ჩაჭრის ალბათობას. მაგრამ 10-წუთიანი წერითი სავარჯიშოები, რომლებიც მოსწავლეებს უარყოფითი ფიქრების დაძლევაში, ემოციების რეგულირებასა და სტრესის, როგორც დადებითი ძალის აღქმაში ეხმარებოდა, ხელს უწყობდა, მათ უკეთესი შედეგი ეჩვენებინათ.
ამ კვლევისას ორგვარი წერითი სავარჯიშო ინიშნებოდა უშუალოდ სემესტრის დასრულების გამოცდების წინ:
– ექსპრესიული წერა. მოსწავლეებს სთავაზობდნენ, დაეწერათ მათი ფიქრები და გრძნობები გამოცდის შესახებ, რომლის ჩაბარებასაც აპირებდნენ. მათ ასევე სთავაზობდნენ დაეწერათ სხვა შემთხვევებზე მათ ცხოვრებაში, როდესაც შფოთვას განიცდიდნენ.
– სტრესის გადაფასება. სტუდენტებს სთავაზობდნენ, ეფიქრათ თავიანთი სტრესის სიმპტომებზე, როგორც გამოცდის ჩაბარების დამხმარე საშუალებაზე. მაგალითად, “როდესაც აღმოაჩენ, რომ ნერვიულობ ან შფოთავ გამოცდის ჩაბარების დროს, იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეუძლია შენი სხეულის რეაქციებს ენერგიით აგავსოს და დაგეხმაროს”. მოსწავლეები ასევე კითხულობენ ნაწყვეტს, სტრესისას (აჩქარებული გულისცემა და გაძნელებული სუნთქვა) – როგორ ეხმარება მათ ტვინისათვის ჟანგბადის მიწოდების გაზრდა, რაც ხელს უწყობს ყურადღების გაძლიერებას.
სავარჯიშოების ორივე ტიპი ეფექტიანი გამოდგა მოსწავლეთა მიღწევის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით ხელმოკლე მოსწავლეებისთვის. დაბალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი ოჯახებისდან გამოსული მოსწავლეების მიღწევათა შორის სხვაობა 29 პროცენტით შემცირდა, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისდან გამოსული მოსწავლეების ჩაჭრის სიხშირე კი – 50 პროცენტით, რაც ამ ჩარევას პოტენციურად ღირებულ საშუალებად აქცევს.
სტრესი სასარგებლოა, მაგრამ ზომიერად
სტრესი ყოველთვის ცუდი არ არის. TED-ის პოპულარულ გამოსვლაში, ფსიქოლოგი კელი მაკგონიგალი განმარტავს, რომ სტრესის რეფრეიმინგი შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, გახდნენ უფრო პროდუქტიული: “ეს მფეთქავი გული მოქმედებისათვის გამზადებთ. თუ უფრო სწრაფად სუნთქავთ, არაფერია. ასე თქვენს ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება”.
თუკი ქრონიკულ სტრესს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მოკლევადიანი სტრესი შესაძლოა სასარგებლოც იყოს – გააძლიეროს ყურადღება და მეხსიერება. 1908 წელს ფსიქოლოგებმა რობერტ იერკესმა და ჯონ დოდსონმა თაგვებზე მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სტრესსა და სწავლას შორის კავშირის დადგენას. მათ აღმოაჩინეს, რომ რთული დავალებებისას სტრესის ზომიერი რაოდენობა იდეალურია: ძალიან მცირეს აპათიისაკენ მივყავართ, ხოლო ძალიან ბევრი ამცირებს ეფექტიანობას.
იერკესისა და დოდსონის ორიგინალური ექსპერიმენტები ბევრ ხარვეზს შეიცავდა, მაგრამ მათ სტრესისა და სწავლის ურთიერთდამოკიდებულების კვლევის ახალი არეალები აღმოაჩინეს, მათ შორის ადამიანებშიც. მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევამ გაიმეორა მათი აღმოჩენები უფრო მკაცრ პირობებში, ხოლო 2015 წლის კვლევამ აღმოაჩინა, რომ სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დაბალი დონე აძლიერებს მეხსიერებას, ხოლო მაღალი – ასუსტებს მას.
რატომ შეიძლება სტრესი სასარგებლო იყოს? მკვლევრები ფიქრობენ, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ადრეული ადამიანების გადარჩენისას. ის გვეხმარებოდა არა მხოლოდ საფრთხის იდენტიფიცირებაში, არამედ უპირატესობის მოპოვებაშიც. ჩვენ მიჩვეული ვართ, ვიფიქროთ სტრესზე, როგორც უარყოფითი მოვლენებით გამოწვეულ რეაქციაზე და რადგან ხშირად ასეც არის, სტრესი გვეხმარება ფოკუსირებაში. ნერვიულობთ ვინმე ცნობილთან შეხვედრის გამო? მუცელში პეპლებია პრეზენტაციის წინ? ეს შეგრძნებები გეუბნებიან – “ეს მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციე “.
სტრესის ტრანსფორმაცია
საკლასო ოთახში საგამოცდო შფოთვა შესაძლოა საყოველთაო იყოს და გავლენა იქონიოს მოსწავლეთა შესაძლებლობაზე, გამოიყენონ მთელი მათი პოტენციალი. მაგრამ მასწავლებლებს შეუძლიათ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რათა მოსწავლეებს საგამოცდო შფოთვის დამარცხებაში დაეხმარონ:
ნაბიჯი 1: აღიარეთ, რომ გამოცდები ზომავს არა მხოლოდ აკადემიურ შესაძლებლობებს, ასევე იმასაც, თუ რამდენად ძლიერი საგამოცდო შფოთვით “იტანჯება” მოსწავლე.
ნაბიჯი 2: შეცვალეთ სტრესის შესახებ წარმოდგენა. ეს ტვირთი კი არ არის, არამედ სხეულის ენერგიით ავსების გზა. იფიქრეთ, რა სტრესთან გამკლავება უწევთ, მაგ. სპორტსმენებსა და მუსიკოსებს. NBA ჩემპიონი კობი ბრაიანტი ამბობს: “ყველაფერი ნეგატიური – წნეხი, გამოწვევები – ზრდის შესაძლებლობაა ჩემთვის”.
ნაბიჯი 3: მთავარ გამოცდამდე მიეცით მოსწავლეებს მოკლე შესვენება, რომ გამოავლინონ ნეგატიური ფიქრები. როგორც ბოლოდროინდელი კვლევა გვიჩვენებს, წერითი სავარჯიშოები ეფექტიანია, მაგრამ ასეთივე ეფექტიანია “ტვინის შესვენებები”, მედიტაცია, ყურადღების სავარჯიშოები და “მოძრაობის შესვენებები”.
ძალიან ხშირად, მოსწავლეები ფიქრობენ – “ეს გამოცდა ძალიან რთულია, და მე ალბათ ჩავიჭრები”. მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაერიონ და წაახალისონ დადებითი განწყობა სტრესის მიმართ, ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეებმა იფიქრონ – “ეს გამოცდა მართლაც გამოწვევაა და მე მთელი ძალები უნდა მოვიკრიბო”.
დასკვნა: გამოყავით 10 წუთი გამოცდამდე, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს დადებითად შეხედონ სტრესს. მარტივია, გჯეროდეთ ტესტის სიზუსტის, მაგრამ მოსწავლეთა შფოთვამ შეიძლება ხელი შეუშალოს მათ ცოდნის სრულად გამოვლენაში.
წყარო:
მხატვრული ლიტერატურა არ არის ჩაფიქრებული იმ სახელმძღვანელოდ, რომელმაც შეიძლება, ჩვენ ხვალ უკეთეს მოქალაქეებად გვაქციოს. თუ კი ჩვენ ასე წავიკითხავთ წიგნებს, ბუნებრივია, თავიდანვე შევცდებით და რეალურად, ზუსტად ვერ გავიგებთ მხატვრული ლიტერატურის არსს. მხატვრული ლიტერატურა არის ჩაფიქრებული იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებს გვქონდეს ბევრი არჩევანი და ეს არჩევანი გულისხმობდეს ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ ის ბევრია, სხვადასხვაგვარობას ჩვენი მიმართებებისა ცხოვრებასთან. ანუ რეალურად, ლიტერატურა ვერ გაგვხდის ჩვენ ვერც უკეთესებს, ვერც – უარესებს. მხატვრული ლიტერატურის ფუნქცია ეს არასდროს არ ყოფილა. მხატვრული ლიტერატურა ჩვენ გვაქცევს უფრო საინტერესოდ და რეალურად გვაჩვენებს ბევრ გზას და ეს ბევრი გზა, მათ შორის, შეიძლება ხშირ შემთხვევაში გადაიკვეთოს მოქალაქეობასთან. თუმცა, მოქალაქეობის განცდა, ბუნებრივია, რომ ადამიანებს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარი ჰქონდათ და ასევე ცხადია, რომ ეს სხვადასხვაგვარობა სხვადასხვა პერიოდში აღიქმებოდა სხვადასხვაგვარადვე . ანუ ის მოქალაქეობა, რომელსაც ჩვენ დავინახავთ მაგალითად, ანტიკურ ეპოქაში, დავინახავთ შუმერულ სამყაროში , დავინახავთ შუა საუკუნეებში, დავინახავთ მე-20 საუკუნის დასაწყისში, რეალურად, თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და მით უფრო, განსხვავდება იმ მოქალაქეობისგან, რომელსაც თქვენ ახლა ატარებთ, იმ მოქალაქეობრივი ვალდებულებებისგან და მოვალეობებისგან , რომლითაც ხართ დატვირთული. შეიძლება ვინმემ დასვას კითხვა, რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა ამ აზრით, თუკი ის რეალურად სრულიად უსარგებლოა. საქმე ის გახლავთ, რომ მხატვრული ლიტერატურა კაცობრიობის გამოცდილებათა ჯამია . ეს გამოცდილებები კი არ უნდა გადმოვაკოპიროთ, არამედ, გავისიგრძეგანოთ , ვიცხოვროთ ამ გამოცდილებებში და მერე რეალურად გავითვალისწინოთ ან არ გავითვალისწინოთ. ამბავი ლიტერატურის არის „ან -ან“ – ის, რაც თავის დროზე კიერგორმა დაარქვა თავის წიგნს და რაშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, მეც და თქვენც – ლიტერატურა მერყეობს ამ ამბავში და სიმართლე ითქვას, მოქალაქეობაც ამ ამბავში მერყეობს. ჩვენ ვიცით ძალიან მკაცრად განსაზღვრული მოცემულობები, რომელსაც კანონი არეგულირებს, მაგრამ იმის იქით ჩვენ ვიცით ბევრი კითხვის ნიშანი , რომელსაც ვსვამთ და ეს ავითარებს კანონსაც და ეს ავითარებს ყოველდღიურობასაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მხატვრული ლიტერატურის გამოცდილებები ჩვენ შეიძლება გამოგვადგეს აქაც, როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთულია რაღაც რუტინით და ნაკლები ინტერპრეტაციით. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ გადავშლით რომელიმე წიგნს , იქნება ეს ბიბლია, იქნება ეს გუსტავ ფლობერის წიგნი , თუ იქნება ეს თომას მანი, იქ წავიკითხოთ საკუთარი თავი. რეალურად, ადამიანი ყოველთვის არის ადამიანი. თავისი შურით, ტკივილით, სიხარულით და ა.შ. იცვლება სამოქალაქო კოდექსები, იცვლება მოქალაქეობის განცდა, მაგრამ ადამიანის განცდები, როგორც ასეთი, არ იცვლება. მისი მიდრეკილებები არ იცვლება. იცვლება კონტექსტები, რომლითაც ადამიანი გამოხატავს ამ ყველაფერს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს: „ მე შენ მიყვარხარ“ – ოდესღაც ამას ამბობდა ჩურჩულით რომელიღაცა გამოქვაბულში, შეიძლება მერე ვიღაც ატანდა მტრედს მიბმული ბარათით, მერე საფოსტო ყუთს იყენებდა და დღეს მობილურით ვუგზავნით ერთმანეთს. რეალურად, ერთსა და იმავე რამეს განვიცდით. ანუ ადამიანი არ იცვლება. იცვლება მხოლოდ და მხოლოდ კონტექსტები. ისევე, როგორც სიძულვილი, შური და სხვა დანარჩენი გრძნობები დარჩა მყარად . აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პერიოდის ლიტერატურა არის ჩვენთვის საინტერესო. ნებისმიერი პერიოდის ადამიანმა შეიძლება მოგვცეს გამოცდილება და ეს გამოცდილება გამოდგეს სასარგებლო ჩვენი მოქალაქეობისათვის. მოქალაქეობა რა არის?! მოქალაქეობა არის საზღვრების დადგენა საკუთარი თავისუფლებასა და სხვის თავისუფლებას შორის. ანუ რეალურად, მოქალაქეობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვიყოთ თავისუფლები სხვისი თავისუფლების გათვალისწინებით და ამასთან დაკავშირებით, არსებობს ბრწყინვალე მაგალითი, რაზეც სხვებსაც უსაუბრიათ და მეც ხშირად ვამბობ ხოლმე. ეს არის ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.
გავიხსენოთ უფრო დეტალურად. რა ხდება აქ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ სკოლაში ვსწავლობთ ამ ტექსტს და ვამთავრებთ სადღაც, სადაც არ უნდა ვამთავრებდეთ და ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის თემისა და პიროვნების დაპირისპირება. შეგვიძლია, გადავასხვაფეროთ და ვთქვათ, რომ ეს არის მოქალაქის , როგორც თავისუფალი ფენომენის და სახელმწიფოს, როგორც რეპრესიული მანქანის დაპირისპირება, თუკი მაინცდამაინც თანამედროვე ენაზე გვინდა ლაპარაკი. მხოლოდ ამ განსაზღვრებით ძალიან შევცდებით. როგორ მიდის საქმე. საქმე მიდის ასე, რომ ალუდა ქეთელაური არის წარმატებული მოქალაქე. ახალ მეტყველებაზე ალუდა ქეთელაური არის მოქალაქე, რომელიც იხდის ყველა გადასახადს, არ გადადის წითელზე და იცავს სხვის უფლებებს. ეს არის ზუსტად იგივე, რასაც იგი აკეთებდა თავის სამოქალაქო საზოგადოებაში. ანუ იცავდა იმ წესებს, რომელიც განუსაზღვრა გამოცდილებამ და თემმა. ანუ კლავდა მტერს, აჭრიდა მარჯვენას და თავის სახლზე კიდებდა. კი, დღევანდელი გადასახედიდან ბრუტალურია ეს გამოცდილება, მაგრამ მაშინ ეს წესი მოქმედება და ალუდა ქეთელაური იყო ამ წესის ნაწილი. გავლენიანი ადამიანი იყო. ისეთი, როგორსაც თქვენ შეიძლება დღეს პატივს სცემდეთ სხვა თვისებების გამო. ჩვენ რომ ვუკიჟინოთ აქედან, რომ ეს რა უბედურებაში იყავი შე კაცო და სხვანი, დიდი აბსურდი იქნება. ისევე, როგორც ვიღაცას რომ მოვთხოვოთ ანტიკურ დროს, ასე და ასე რატომ არ წერდი ან შუა საუკუნეებში რომ გადავძახოთ, უფლებებს რატომ არ იცავდი და ა.შ. და ა.შ. ეს პოლიტკორექტულობის უარესი მხარეა. მოკლედ, ალუდა ქეთელაური არსებობს საკუთარი საზოგადოების მოცემულობაში და მას შეხვდება ადამიანი, მუცალის სახით , რომელიც ასევე არის ხსენებული ინერციის ნაწილი. და შეერკინებიან ერთმანეთს. ბატალური სცენა არის აღწერილი ბრწყინვალედ. ვაჟა-ფშაველას ყველანი იოლად გადავშლით და იოლადვე წავიკითხავთ. არ არის რთულად ხელმისაწვდომი. მოკლედ, ალუდა ქეთელაური მოკლავს მუცალს ბრძოლაში და არ მოაჭრის მარჯვენას. ეს მარჯვენის არმოჭრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოვარდნა საზოგადოებრივი წესრიგიდან. მარჯვენის არმოჭრით ალუდა ქეთელაური რაღაცა ერთ დიდ ნაბიჯს დგამს ახალი სამყაროსკენ. ამ ნაბიჯს ემატება მეორე, კიდევ უფრო რთული ნაბიჯი, მეც და თქვენც, რომლის გადადგმაც ძალიან გაგვიჭირდებოდა. ეს კაცი, ვინც მოკვდა, არის მუსლიმური თემის წარმომადგენელი. ალუდა ქეთელაური კი – ქრისტიანული თემის წარმომადგენელია. ცხადია, მისი წარმოდგენები შერწყმულია მთის ტრადიციებთან, ნაწილი სულაც წარმართულია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. თავისი არსით ეს არის ქრისტიანული კულტურა. და არის ხატობა და ალუდა ქეთელაური მიიტანს მუცალის სახელს შესაწირად. ეს არის მეორე სერიოზული ამოვარდნა იმ მოცემულობებიდან, რომელშიც ალუდა ქეთელაური ცხოვრობდა. ანუ ორი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ალუდას და მის ოჯახს თემი გააძევებს. და ხშირად წერტილი.
მაგრამ მთავარი ამბავი ბოლოსაა შემონახული. ამას ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ვერ ვამჩნევთ ხოლმე და ვრჩებით ფრაზასთან, რომელიც გაყინულია და ბევრს არაფერს არ გვაძლევს – ,,თემისა და პიროვნების დაპირისპირება’’ და სადაც თითქოს იმარჯვებს თემი, მაგრამ პიროვნება ასწლეულების მერე რჩება გამარჯვებული. და ამას ხშირად ვამბობთ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, უფრო ხშირად, თემის მხარეს ვართ ხოლმე და ყველა ალუდა ქეთელაურს ვმიჯნავთ. ის ყოველთვის არის უმცირესობა და ტექსტში ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად მოჩანს, მაგრამ პრაქტიკულად რთულად გასაკეთებელია. მოკლედ, გაძევებული ალუდას ოჯახი ბუნებრივია, ძალიან განაწყენებული თემს წყევლის და ალუდა ქეთელაური თავის ოჯახს ეუბნება სიტყვებს, რომელიც არის გადამწყვეტი აი, ამ პოემის და მე ვფიქრობ, საერთოდ ვაჟა- ფშაველას და ალბათ, ქართული მე19-20 საუკუნის ცნობიერების ისტორიაში გადამწყვეტი, მაგრამ არგათვალისწინებული: „ თემს ნუ სწყევთ’’ . ანუ ალუდა ქეთელაური გვთავაზობს, რეალურად მომავლის სამოქალაქო პროექტს, რომელიც გვეუბნება, რომ მე , ადამიანს, რომელსაც მაქვს ჩემი სიმართლე, შემიძლია დავინახო ის სიმართლეც, რომელიც არ ემთხვევა ჩემსას და ვაღიარო ეს. ანუ მოქალაქეობა რა არის?! მოქალაქეობაც ზუსტად ეს არის , რომ მე და თქვენ ვიცხოვროთ ერთ მოცემულობაში ისე, რომ გვქონდეს ჩვენი სიმართლეები და ეს სიმართლეები შევინარჩუნოთ.
ადამიანი, მიუხედავად ვთქვათ, თავისი შინაგანი, ღვთიური, გნებავთ, თავისუფლებისა, მაინც არის საზღვრების არსებობა . ეს საზღვრები გულისხმობს მეორე ადამიანს და სადაც ჩვენ ვამჩნევთ მეორე ადამიანს, იქ უკვე ბუნებრივია, შემოდის მეორე ადამიანის გათვალისწინების აუცილებლობა. როდესაც ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, ვართ ცუდი მოქალაქეები. მოქალაქეობა სწორედ ეს არის და არა მაინცდამაინც, გუშინწინდელი კოდექსის წესებში გამოკეტვა. თუ ალუდას პარალელი გვინდა, აი, მაგალითად, სუფისტურ სიბრძნეში ჩვენ გვაქვს მთელი სერია მოლა ნასრედინის იგავებისა, რომელიც სხვათა შორის, იგივეს ამბობს, ოღონდ ცოტა უფრო მოკლე ნაბიჯია იმ მასშტაბებისკენ, რასაც ვაჟა- ფშაველამ მიაღწია: მოლა ნასრედინი როცა არის ყადი და განსჯის ორ ადამიანს. ერთი მივა და საკუთარ გასაჭირს ეტყვის. მოლა მიუგებს: შენ მართალი ხარ და აიღებს გასამრჯელოს. მერე მოვა მეორე, რომელიც ასევე, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. იმისგანაც აიღებს გასამრჯელოს და მასაც უპასუხებს – ,,შენ მართალი ხარ’’ ამას მისი შვილიშვილი უსმენს, გამოვა და შესჩივლებს; როგორ შეიძლებაო, ორი ადამიანი სხვადასხვა აზრით, სხვადასხვანაირი პრობლემით, ერთ საკითხთან დაკავშირებით იყოს მართალი და მოლა ,,შენც მართალი ხარო’’ შვილიშვილს ეტყვის. ანუ ყველა მართალი ვართ საკუთარ თავთან. აქ ნასრედინის ნაბიჯი მთავრდება, მაგრამ უკვე ვაჟა-ფშაველა გვეუბნება, რომ ერთის სიმართლე არ უნდა იყოს სხვისი დამაზარალებელი. აი, ამიტომაც დამარცხდა თემი ვაჟა-ფშაველასთან და არა იმიტომ, რომ საუკუნის მერე ვითომ ალუდას მხარეს დავდექით. ზოგადი აზრით ალუდა გულისხმობს ემპათიასაც. მარტო სხვისი სიმართლის შემჩნევას კი არა, ამავდროულად გულისხმობს იმასაც, რომ თუ ვინმე წუმპეშია, ამოვიყვანოთ და გადავარჩინოთ. ეს ძალიან რთული საქმეა. ძალიან რთული – საკუთარი თავის ოდნავ გვერდით გაწევა და სხვისთვის გაწირვა თუ არა, ცოტა ტკივილს ფასად მაინც შეშველება. მხატვრული ლიტერატურა ამასაც სწავლობდა და მაგალითად კამიუს „დაცემა“ ამის საკუთესო მანიფესტია. მამარდაშვილი ამბობდა: ადამიანს არ ძალუძს ამოხტეს საკუთარი თავიდან, მას შეუძლია, მხოლოდ თავისი სამყაროს კიდესთან დადგეს. ამ კიდესთან მისვლაც ძალიან მნიშვნელოვანია – დავინახავთ, რომ არსებობენ სხვები, მსგავსები, რომლებიც შეიძლება ჩვენზე უარეს დღეში იყვნენ, ან რიგ შემთხვევებში შეიძლება – უკეთესშიც. მაგრამ ის, ვინც ჩვენზე უარეს დღეშია , აუცილებლად უნდა ამოვიყვანოთ, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ. იმიტომ, რომ მათი გადარჩენა არის პოტენციურად ხვალ ჩვენი გადარჩენა. კი, ყველაფერი ეგოს უკავშირდება. კი, ყველაფერი ტრიალებს ამის ირგვლივ, მაგრამ მერე რა.
რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეთათვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნას; მათი სურვილების გათვალისწინებით საინტერესო, ინტერაქტიური დავალებების შექმნას; და რაც ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს ბავშვებს – თამაშით სწავლებას.
ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ვეძებ რაღაც განსხვავებულს, სახალისოს. როდესაც ცხელა და რაღაცნაირად მოსაწყენი ხდება სკოლაში სიარული, მართლა ძნელია მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირება და ძალაუნებურად პატარ-პატარა თამაშებით ვცდილობ ხოლმე ამ დღეების გახალისებას.
სკოლის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე, ჩემს ჭკვიან მეოთხეკლასელებს შევთავაზე, ეფიქრათ ისეთი სამაგიდო თამაშების შექმნაზე, რომლებიც სახალისოც იქნებოდა და ამავდროულად, წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილი მასალის გამეორებას შეუწყობდა ხელს.
გულწრფელად გეტყვით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც მათ შეძლეს. მუშაობდნენ წყვილებში, ოთხეულში (სურვილისამებრ) და ბოლოს, სამოდელო გაკვეთილზე, მაღალ დონეზე შესრულებული სამაგიდო თამაშები წარადგინეს.
ოცნებობენ, მოიპოვონ დაფინანსება, რათა მათ მიერ შექმნილი თამაშები ბევრი ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სურვილი აქვთ, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ნამუშევრებს.
ყველაზე მეტად, რამაც უდიდესი სიხარული მომგვარა, ის იყო, რომ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლეს აბსოლუტურად ჩემგან ჩაურევლად. ვხედავდი, ერთმანეთში როგორ აზუსტებდნენ დეტალებს, არ მოდიოდნენ ჩემთან, და არც მე ვუსწორებდი რამეს.
საბოლოოდ, მოსწავლეებმა, წყვილებში და ოთხეულში შექმნეს სრულიად ორიგინალური, განსხვავებული და შემეცნებითი ექვსი სამაგიდო თამაში.
,,ცისარტყელას ლექსიკონი’’, რომელშიც ცისარტყელას ფერები განსაზღვრავს დავალების პირობას, რა სირთულის სიტყვები უნდა განმარტონ მოსწავლეებმა.
,,გამოიყენე შენი ცოდნა’’ – სათამაშო დაფაზე და კონვერტებში განთავსებულია ანდაზები, ფრაზეოლოგიზმები, მეტყველების ნაწილები, ნაწარმოებების სათაურები, დაუსრულებელი წინადადებები. სადაც კამათელი გაჩერდება, მინიშნებით ეძებენ მოსწავლეები შესაბამის კონვერტს.
,,მოთხრობანა’’ – სათამაშო დაფაზე განთავსებულია ილუსტრაციები. რომელ ილუსტრაციაზეც კამათელი გაჩერდება, ამის მიხედვით მოთამაშეები ადგენენ წინადადებებს, შემდეგ – მოთხრობებს.
,,გაიქეცი სიტყვების ტყვეობიდან’’ – სათამაშო დაფაზე, ,,ა’’-დან ,,ჰ’’-მდე ასო-ბგერების ,,ტყვეობაში’’, განთავსებულია ლაბირინთი, უამრავი პირობითი ნიშანი და ისარი, რომელთა დახმარებით მოთამაშეებმა უნდა ახსნან სიტყვები; გაიხსენონ ანდაზები ობობას ქსელიდან თავის დასაღწევად; დაალაგონ არეული წინადადებები, კასრიდან რომ ამოვიდნენ; განმარტონ რთული სიტყვები, ხიდი რომ ააშენონ; უნდა შეადგინონ წინადადებები, რომლებიც გვირაბიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს ნაწარმოებების პერსონაჟებს.
,,გამოცანები’’ – ფერად ყუთებში მოთავსებულია ფურცლებზე დაწერილი გამოცანები. სათამაშო დაფაზე განთავსებული პირობითი ნიშნების, ნაწარმოებების პერსონაჟებისა და ისრების დახმარებით მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ და ამავდროულად, თვითონ მოიფიქრონ გამოცანები.
,,ამოუხსნელი ლექსიკონი’’ – სათამაშო დაფაზე განთავსებულია ორიგინალური დავალებები: ,,განმარტე სიტყვა 20 სხვადასხვა მნიშვნელობით’’, ,,ახლა დაისვენეთ რთული სიტყვებისგან’’, ,,კარგი’’ და ,,ცუდი’’ ბარათები. სწორად ახსნილი სიტყვები ფასდება 10000 ქულით.
ასეთი სახალისო იყო ჩემი მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო ცხელი კვირა.
განსაკუთრებულად უხაროდათ, როცა სხვა კლასის მოსწავლეებს უზიარებდნენ და მათთან ერთად თამაშობდნენ, ან დროებით ათხოვებდნენ სათამაშოდ…
და როცა, პირობის თანახმად შემახსენეს, როდის ექნებოდათ საფინალო შემაჯამებელი გაკვეთილი, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ უკვე შეჯამებული ჰქონდათ მთელი წლის გარჯის შედეგად მიღებული ცოდნა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი მასწავლებლებისთვის სახელწოდებით: „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“. კონკურსის პირობების მიხედვით აპლიკანტს მოეთხოვებოდა ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის გაგზავნა. ჩემ მიერ მომზადებულმა გაკვეთილის გეგმამ და ჩატარებულმა გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა, პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მე სხვა წარმატებულ კონკურსანტებთან ერთად ბრიუსელში გავემგზავრები.
მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის თემატიკა, გეგმა და შემოკლებული ვიდეოვერსია.
საქართველოში მკვეთრად იმატა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ და რიტორიკამ. სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე ხშირად ვაწყდებით ქსენოფობიური და ჰომოფობიური ლექსიკით მდიდარ წერილებსა და პოსტებს. ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში ყველაზე დიდ როლს მედია თამაშობს. შემდეგ მოჰყვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ. ანტიდასავლური პროპაგანდა ხშირად დაუსაბუთებელ შიშებზეა აგებული. მესიჯები ძირითადად რუსული ნარატივითაა გაჯერებული, ყურადღება მახვილდება ისეთ ფაქიზ თემებზე როგორებიცაა: სარწმუნოება და რელიგია, ტრადიციები და ღირებულებები. მისი მიზანია მოსახლეობის განწყობის შეცვლა, ევროპის, როგორც გარყვნილების ბუდედ წარმოჩენა.
ვასწავლი სკოლაში, სადაც მოსწავლეთა 95% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და ხშირ შემთხევაში მათ აქვთ მცდარი/არასწორი ინფორმაცია/წარმოდგენები ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ, რისი მიზეზიცაა – სახელმწიფო ენის არცოდნა; საინფორმაციო საშუალებად უცხოური (ძირითად შემთხვევაში პროპაგანდისტული) მედიასაშუალებების გამოყენება.
შედეგად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ევროპას საფრთხედ აღიქვამენ. თვლიან, რომ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია საფრთხეს შეუქმნის მათ კულტურას, რელიგიასა და თვითმყოფადობას.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევებიც ცხადყოფს.
მაგალითად, აზერბაიჯანული თემის 8% მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 31% მიიჩნევს ამავე ქვეყანას აგრესიის შესაძლო წყაროდ. კვლევის იმავე ნაწილში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ 10%-ით მესამე ადგილზეა ანტიდასავლური პროპაგანდა.
ამ სურათის გათვალისწინებით, მოსწავლეების ინფორმირება თეორიულ მასალაზე დაყრდნობით და პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით, გამოცდილების გაზიარებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გამოვყავი საკვანძო საკითხები:
დანიის მაგალითის განხილვა;
საკანონმდებლო დოკუმენტების მიმოხილვა,
მისი შედარება საქართველოს კანონმდებლობასთან;
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ევროპა დგას ფასეულობების და ტრადიციების დაცვის სადარაჯოზე. აღმოაჩენენ, რომ ევროპის ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზეა დაცული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები და ევროკავშირში ინტეგრაცია არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა N1 – მისალმება, სალექციო თემატიკის გაცნობა.
აქტივობა N2 – პრეზენტაცია – ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოსა და ევროპაში.
ინტერაქტიული პრეზენტაციის ფარგლებში მიმოვიხილეთ ანტიდასავლური რიტორიკის ძირითადი მიმართულებები და მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები.
აქტივობა N3 – ვიდეოჩართვა დანიიდან.
ქ. სვენბორგის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი სანდრა კაროლინი საუბრობს იმის შესახებ, როგორ მოახერხა დანიამ ევროკავშირში ინტეგრაცია და ამავდროულად შეინარჩუნა მთელი რიგი თავისუფლებები.
აქტივობა N4 – T დიაგრამა – აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ იმ დოკუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპაში. შემდეგ ის შევადარეთ საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა აქტებში არსებულ ჩანაწერებთან.
აქტივობა N5 – ჯიგსოუ – კლასი იყოფა ხუთ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, ამუშავებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შემდეგ ჯგუფის წევრები ცვლიან ადგილებს. ჯგუფებში დარჩენილი სპიკერები სხვა ჯგუფებიდან შემომატებულ მოსწავლეებს აწვდიან საკვანძო ინფორმაციას. შემდეგ მოსწავლეები ბრუნდებიან უკან და ავსებენ ფაზლის ბადეს. ხდება საკითხის გაერთიანება, გამთლიანება.
აქტივობა N6 – შესაძლებელია ფასეულობებით ვაჭრობა?
აქტივობის ფარგლებში დავარიგე ფასეულობებისა და ღირებულებების ბარათები. თითოეულ ჯგუფს შეხვდა 6-6 ბარათი. შემდეგ დაიწყო სიმულაცია. მათ ჯგუფში განიხილეს და გადაწყვიტეს რომელ ბარათს გაყიდდნენ და რომელს დაიტოვებდნენ.
აქტივობა N7 – შეჯამება ინტერაქტიული და სახალისო ტესტირების საშუალებით
ბოლო ფაზაზე გამოვიყენე kahoot-ის პლატფორმა. შეკითხვები შეეხებოდა გაკვეთილის საკვანძო საკითხებს.
წყაროები:
NDI -ს კვლევის შედეგები – https://1tv.ge/news/endiai-mosakhleobis-umravlesoba-fiqrobs-rom-qveynistvis-mtavar-safrtkhes-ruseti-warmoadgens/
დანია და ევროკავშირი – https://www.youtube.com/watch?v=3SKuqv_7EJg
27 ივნისს მსოფლიო ჰელენ კელერის დღეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს ყველა იმ პირს, ვისაც სმენისა და მხედველობის პრობლემები გააჩნია. ეს წერილიც ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამოსახატად დაიწერა.
„შენი წარმატებაც და კრახიც შენზეა დამოკიდებული. გაიღიმე, საკუთარ თავს შეუძახე, რომ ბედნიერი ხარ და ყველაფერი კარგად იქნება!“, – ეს ფრაზა მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ მწერალს, პოლიტიკურ აქტივისტს, ლექტორსა და ქველმოქმედს, 12 წიგნისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორს –ჰელენ ადამს კელერს (27. 06. 1880 – 01.06. 1968) ეკუთვნის. იგი იყო პირველი უსინათლო, სმენის არმქონე პირი, რომელმაც ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი და სამეცნიერო ხარისხი დაიმსახურა და დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები ამეტებს შეზღუდვებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ბევრს იშრომებ, თუკი, მარცხის მიუხედავად, ფეხზე წამოდგები და გზას განაგრძობ, თუკი გვერდით მდგომებს დახმარების საშუალებას მისცემ და შენს შესაძლებლობებში დააჯერებ. მით უფრო, თუ ბედი მასწავლებლად „სასწაულმოქმედ“ ენ სალივანს გამოგიძებნის, ახალ ენას, ახალ სამყაროს გაზიარებს – ბნელში რომ ანათებს, ისეთს და მოცემული ცოდნით ცხოვრების ბოლომდე უსაფრთხოდ გატარებს.
„ნურასოდეს შეეგუები მიწაზე ხოხვას, რადგან ცაში ნავარდისათვის ხარ გაჩენილი!“ – ამგვარი მსოფლხედვით ჰელენი ძველ სტერეოტიპს ამსხვრევდა და სხვა აზროვნებით ღირებულებებს ამკვიდრებდა. სწორედ ამ მნიშვნელობის გამო, 1980 წლიდან მოყოლებული, ჰელენის დაბადებიდან 100 წლის თავზე, ამერიკის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ბრძანებით, 27 ივნისს ჯერ ამერიკა და, ოდნავ მოგვიანებით, დანარჩენი მსოფლიო აღნიშნავს ჰელენ კელერის დღეს – იუბილეს ადამიანისა, რომელმაც თავისი მოთმინებით, ნებისყოფით, სამყაროს შეცნობისადმი ინტერესითა და სწავლის სურვილით, შემდეგ კი დაგროვილი ცოდნის სხვებისადმი გაზიარებით სამყარო გააოცა. „მეგობართან ერთად სიბნელეში სიარული მირჩევნია, სინათლეში მარტო ყოფნას“, – აცხადებდა ჰელენი და თავადაც მუდამ სხვების სამსახურში იდგა. სწორედ ამიტომ იყო, რომ უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანების მხარდასაჭერად, მათდამი თანადგომისა და საყოველთაო ცნობიერების ამაღლების ნიშნით, ჰელენ კელერის იუბილე დღესასწაულად საერთაშორისო ორგანიზაციებმა (მაგ., Lions Club International; American Foundation for the Blind) ჯერ კიდევ 1971 წლიდან გამოაცხადეს, ჰელენის ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ,,განათლების უმთავრესი შედეგი ტოლერანტობაა,” – ამ მოწოდებით იგი ახალგაზრდებში ღირებულებითი სისტემის დანერგვას ცდილობდა და თავისი ცხოვრებით ასწავლიდა, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ტოლერანტული, პატივს სცემდე სხვის უფლებებს, მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს.
ჰელენის ისტორია, ალბათ, ბევრმა იცის: გოგონა ალაბამის შტატში დაიბადა ხედვისა და სმენის ჩვეულებრივი უნარით, თუმცა 19 თვისამ, გადატანილი ავადმყოფობის გამო, სმენა-მხედველობა ერთდროულად დაკარგა, ისევე, როგორც სულ მალე ნორმალური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარიც წაერთვა. საკუთარ სამყაროში გამოკეტილ მოზარდს კომუნიკაციის უნარის შემცირებასთან ერთად ხასიათიც ეცვლება. ის ხდება „რთული ბავშვი“, რომლის მენტალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მინიმალურ კომუნიკაციას მხოლოდ საკუთარი ჟესტების საშუალებით ახერხებს. მისთვის განათლების მიცემის სურვილით შთაგონებულ მშობლებს შვილი, ალექსანდრ გრაჰამ ბელის რჩევით, პერკინსის უსინათლოთა ინსტიტუტში მიჰყავთ. ინსტიტუტის დირექტორის რჩევით კი ბავშვის მომვლელად ენ სალივანი აჰყავთ[1]. მიუხედავად ამოცანის სირთულისა, ენი მოსწავლეს ანბანს, კარგ მანერებსა და თავის მოვლას დაუღალავად ასწავლის. ანბანის სწავლისას გოგონა მექანიკურად გამეორებულ ხელის მოძრაობებს იქამდე ვერ იგებდა, ვიდრე ერთ დღეს გოგონას, შადრევანთან, ხელზე წყლით სიტყვა „წყალი“ დაწერა. იმ დღეს გოგონამ „წყალთან“ ერთად 30–მდე ახალი სიტყვის გამოსახვა და წარმოთქმა ისწავლა. გოგონას მიღწევების ამბავი ალაბამის შტატსაც სცდება. მას სტუმრობენ ალექსანდრ გრაჰამ ბელი და პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი. 12 წლის ასაკში ჰელენის ისტორიითა და მიღწევებით ინტერესდებიან ინგლისის დედოფალი ვიქტორია, მარკ ტვენი და საბერძნეთის დედოფალი ოლგა. პერკინსის ინსტიტუტში მცხოვრები ჰელენი კი არამარტო მშობლიურ ენას, არამედ ბერძნულს, ფრანგულსა და ლათინურ ენებს, ასევე, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ცურვისა და ცხენოსნობის ტექნიკებს ფლობს. მოგვიანებით იგი ამთავრებს კოლეჯს, ენ სალივანთან ერთად მოივლის მთელი ამერიკის შტატებს, ბავშვთა სახლებს, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებს, თავისი სიკეთით და მაგალითით სტიმულს აძლევს შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს, აფუძნებს დახმარების ფონდებს, მოგვიანებით წერს წიგნებს, სტატიებს და თავისი გამოცდილებებით ეხმარება ადამიანებს.
თუმცა ჰელენ კელერის გარდა მსოფლიო სმენა-მხედველობის არმქონე არაერთ წარმატებულ ადამიანს იცნობს. მათ შორის არიან: ვიქტორია მორისეუ, ჯეიმს მიჩელი, ჰიერონიმუს ლორმი, სანზან ტანი, ლაურა ბრიდგმანი, მერი ბრედლი, ჯულია ბრეისი, ელიზა კუტერი, რობერტ დეუარი, რანგლინდ კაატა, ივონე პიტროისი, ალის ბეტერიჯი, ჯეკ ქლემო, რობერტ სმითდასი, ჯორგია გრიფითი, რიჩარდ კინი, დენი დელკამბრე…
უკვე დავწერე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, იერონიმუს ლორმმა, შექმნა სპეციალური საკომუნიკაციო ანბანი, ხელის გულზე სპეციალური ნიშნებით გამოსახული სიმბოლოები, რომელიც უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე დაქტილი. დღესდღეობით უკვე ქართული ლორმის ანბანიც არსებობს იმ ადამიანებთან საურთიერთოდ, ვინც დაკარგა სინათლე და სმენაც აღარ/არ აქვს.
დღეს მთავარია, ასეთი ადამიანები გამოვავლინოთ, სიცოცხლისუნარიანებად ვაქციოთ და განვითარებისთვის ხელი შევუწყოთ.
ხელი შევუწყოთ.
ბოლო დროს ვფიქრობ, რომ გაქცევა ადამიანურ სისუსტეებს (თუ სიძლიერეებს?) შორის ერთ-ერთია… მარტოობის გადაფარვაა ალბათ ყველაფერი ის, რასაც გარშემო ვიქმნით და რაშიც ვმონაწილეობთ, რადგან გონიერი და ცნობიერი ადამიანი მარტოა მუდამ…
მასწავლებლის გაქცევა? ეს ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ კოლეგებს მინდა ვკითხო: ვინაა თქვენ შორის ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც გაკვეთილი არ შეუწყვეტია და საკლასო ოთახი არ დაუტოვებია? ან კლასის დამრიგებლობაზე უარი არ უთქვამს? ან არ უფიქრია მაინც? ან რომელიმე კლასში თავისი საგნის გაძღოლა არ გართულებია და არ უფიქრია წასვლაზე? თუ ასეთები ხართ ჩვენს მრავალათასიან არმიაში, ჩემთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი, გამოცდილების გაზიარება და თქვენეული მეთოდების გააზრება.
ალბათ მავანი მეტყვის: რა გაქცევა? რის გაქცევა? მასწავლებელი მართლა ჯულია რობერტსის გმირი (მხატვრული ფილმი „გაქცეული პატარძალი“) მეგი კარპენტერი ხომ არ არის, რომ სიახლის ეშინოდეს და ფობიამ მარადიული გაქცევების მსხვერპლად აქციოს?
რა ასოციაციურ კავშირშია ქორწინების ფობია მასწავლებლობასთან? მოგეხსენებათ, ლიტერატურის მასწავლებლებს სიმბოლოებით აზროვნება განსაკუთრებით გვიყვარს. სიტყვა „ქორწინებამ“ თანამედროვე ქართულში მიიღო ოჯახის შექმნის, სულიერი და ხორციელი კავშირის მნიშვნელობა, თორემ ძველ ქართულში ეს სიტყვა მხოლოდ სულიერი კავშირის გამომხატველი იყო. ჩვენს სასიქადულო ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, მაგალითად, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ საქორწინო კრებული ეწოდება დაყუდებულ მამათა ჯგუფს, ხოლო წმინდა მამა საბას მიერ იშხნის ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება მოიხსენიება, როგორც საბას იშხანზე ქორწინება. ასევე ბიბლიურად ქრისტეს სასძლოდ, ანუ ცოლად მოიხსენიება მორწმუნე ქალი. ასე მიმართავს შუშანიკ დედოფალს ჯოჯიკი: „სძალო და მჴევალო ქრისტჱსო“…
ე.წ. „გაქცეული მასწავლებლის“ სინდრომზე როცა ვფიქრობდი, პირველად მეგი კარპენტერი გამახსენდა, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს, რისა ეშინოდა თანაცხოვრების დაწყებისას, ის გარბოდა, თუმცა ბოლოს მაინც ადამიანურ გრძნობებს შორის უპირველესმა – სიყვარულმა საკუთარი ფეხით მიიყვანა ერთობლივი უღლის მიმღებლობამდე. ფილმის სათქმელიც ალბათ ეს არის, რომ გაქცევა არ არსებობს. პლანეტიდან და საკუთარი ფსიქოდან ვერსად გავიქცევით და ყველა პრობლემა თუ ტკივილი, რომელიც გაქცევას გვაიძულებს, იქ მიგვაქვს, სადაც გაქცევისას გვექაჩება ილუზია, რომ სივრცის შეცვლით პრობლემას დავძლევთ. აქვე მახსენდება ჯონ აპდაიკის 1960 წელს გამოცემული რომანი „ბაჭია, გაიქეცი“ („Rabbit, Run”), სადაც მთავარი გმირი, 26 წლის ჰარი ენგსტრომი (მეტსახელად ბაჭია) გარბის საკუთარი ოჯახიდან მძიმე სინამდვილის აუტანლობის გამო. ბაჭიამ ორი თვე იცხოვრა მეძავთან, ცოდვით დაეცა, უძღები შვილის გზა თავისებურად გამოიარა, მაგრამ მალევე იძულებული გახდა საკუთარ თავს და ოჯახს დაბრუნებოდა. თუმცა ალეგორიულად მისი გაქცევის ცოდვამ იმსხვერპლა ბაჭიას უმცროსი შვილი, რომლის მიტოვებაც მამამ დედის მუცელშივე სცადა. რომანი იმდენად რეალისტური და ჰუმანისტური სულისკვეთებისა იყო, რომ აპდაიკმა მასზე 30 წელი იმუშავა და ტეტრალოგიად აქცია, შემდეგ ტომებს კი ასეთი სახელები ერქვა: „ბაჭია ბრუნდება“, „ბაჭია გამდიდრდა“ და “ბაჭია ისვენებს“. ეს ტეტრალოგია, თვით სათაურების შიფრ-კოდებითაც კი, მთელი თავისი სიღრმითა და შინაარსით დაგვაფიქრებს გაქცევის არსსა და პრობლემის ანატომიაზე.
მასწავლებლის გაქცევაც მძიმე პასუხისმგებლობებისგან ისეთივე უნუგეშო და უაზრო მცდელობაა, როგორიც ჰარი ენგსტრომის გაქცევა იყო, რომელსაც მძიმე განსაცდელი და მსხვერპლიც მოჰყვა.
სულ ახლახან გამოვიდა რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, სადაც მსახიობმა ია შუღლიაშვილმა ოჯახიდან გაქცეული ქალის საინტერესო სახე შექმნა. ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო პრიზიც დაიმსახურა, მაგრამ ჩვენთვის ის მთავარი იდეური აქცენტის გათვალისწინებითაა საინტერესო. „ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა“, – შექსპირის 66-ე სონეტის განწყობას რომელი მოწიფული ადამიანი არ შეუპყრია ცხოვრებაში ერთხელ მაინც? თუმცა გაქცევების მსოფლიო გამოცდილება ამას გვასწავლის, რომ გაქცევა გამოსავალი არ გახლავთ, ხოლო გაქცეული მასწავლებელი უდავოდ სამუდამო სინდისის ქენჯნისთვის არის განწირული.
მახსენდება დედაჩემის გაქცევა სკოლიდან გასული საუკუნის ავადსახსენებელი 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა თვეობით და წლობით მასწავლებლებს ხელფასებსაც არ უხდიდა შევარდნაძის რეჟიმი, რომელმაც სრულ კოლაფსამდე და ყველა ინსტიტუციის მსხვრევამდე მიიყვანა ქვეყანა. დედა 50-ს გადაცილებული იყო და იფიქრა, რომ სკოლიდან წამოსვლის დრო დადგა მისთვის. მხოლოდ ერთი სასწავლო წელი გაძლო სკოლის გარეშე, მასწავლებლობის მონატრებამ მთლიანად დაიპყრო მისი არსება, მოუთმენლად ელოდა ახალ სასწავლო წელს, რომ სკოლაში დაბრუნებულიყო. დაბრუნდა კიდეც. ამბობდა, მზად ვარ უხელფასოდ ვიმუშაო, უბრალოდ სკოლის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენიაო.
მართალია, თანამედროვე მასწავლებლის არც სახელფსო ანაზღაურება და არც სასწავლო გარემო არ შეედრება გასული საუკუნის 90-იანი წლების კოშმარს, მაგრამ ჩვენც უამრავი დაუძლეველი პრობლემა გვაქვს. კერძო და საჯარო სკოლებს შორის დიდი ზღვარია. სადაც არის კარგი დაფინანსება, იქ სწავლა-სწავლების ხარისხიც ბევრად მაღალია, თუმცა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის საჯარო სკოლის სეგმენტის განვითარებაში თუნდაც რიგითი მასწავლებლის პოზიციიდან მონაწილეობა საპატიო მისია მგონია და ნურავინ ჩამითვლის პათეტიკად ამ სიტყვებს. ფაქტია, ყოველგვარ კარიერას მასწავლებლობა ვარჩიე, თორემ თვითრეალიზაციის სხვა გზა ყოველთვის ყველასთვის არსებობს. სკოლის განვითარების დინამიკა უაღრესად საინტერესო პროცესი მგონია და სწორედ ეს არის ის მთავარი მაგნიტი, რაც ჩვენ გვიზიდავს და პროფესიაზე უარის თქმის ვარიანტს გამორიცხავს.
უამრავი პრაქტიკული მაგალითი გვაქვს ჩვენი სასკოლო ყოველდღიურობიდან, როცა ყველაფრით დაღლილ მასწავლებელს თვალი გაქცევისკენ უჭირავს, მაგრამ ყოველთვის გვტოვებს ჩვენი სულიერი შვილების – მოსწავლეების სიყვარული და მათი საჭიროებები, ამაგი, რომელსაც მათ აღზრდაში ვდებთ, ბავშვების საპასუხო სიყვარული და პატივისცემა, ასევე საკუთარი საქვეყნო მისიის გააზრება.
თანამედროვე ცივილიზაციამ უკვე მოიტანა ის გაგება, რომ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო პროფესიები და ადამიანები არ არსებობენ, გააჩნია ჩვენ რა მისიას დავაკისრებთ საკუთარ თავს. უკვე დგება ერა, როცა სისტემის ოპტიმიზაცია მოხდება არა ზევიდან ქვედა ვერტიკალისკენ, ხელისუფლებიდან საკლასო ოთახამდე, არამედ – ქვემოდან ზემოთ, სწავლა-სწავლების ყველა აქტორიდან (მოსწავლე-მასწავლებელი-მშობელი) ზევით, ხელისუფლებისკენ. ყველა სიგნალი, რომელიც ხელისუფლებას უნდა მიეწოდოს, ჩვენი მისანიშნებელია. დროა, ყველამ იზრუნოს საკუთარი საქმიანობის თვითრეფლექსირებაზე, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი დაძლევის გზების ძიებაზე. საამისოდ ტარდება პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევები და უამრავი სხვა სასკოლო-საგანმანათელბლო აქტივობა. საამისოდაა აუცილებელი მოსწავლეთა და მასწავლებელთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რათა მათ უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები.
ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმში ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორის, პროფესორისა და პოეტის, ცირა ბარბაქაძის ინიციატივით ტარდება ლექციების სერია განათლების მეტაფორებზე, სადაც ცირამ მეც მიმიწვია და გასულ 8 აპრილს ვისაუბრეთ სწავლა-სწავლების პროცესის თანმდევ მეტაფორებზე. მოსწავლეებმა, კოლეგებმა და სტუმრებმა ბევრი საგულისხმო თვალსაზრისი გამოთქვეს, ხოლო მთავარი მეტაფორა, რომლითაც, ჩემი აზრით, თანამედროვე სასკოლო განათლება აღიწერება, არის „ალმოდებული კოშკიდან ბავშვების გამოპარება“, რაც მასწავლებლის გამოწვევაზე მიგვანიშნებს და გულისხმობს რთულ მოცემულობაში მოზარდების სულების გადარჩენას. მასწავლებელს უწევს, რომ „ცეცხლმოკიდებული კოშკიდან“ „გამოაპაროს“ უვნებელი ბავშვები ისე, რომ მათ არ გააგებინოს, რომ „შენობა იწვის“. ეს ჯერომ სელინჯერის უკვდავი რომანის გმირის, ჰოლდენ კოლფილდის, მისიაც არის, რომ იყოს „დამჭერი“ (The Catcher), „კლდიდან გადავარდნისას“ ხელის შემშველებელი, ანუ სულების გადამრჩენი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჰოლდენს მხოლოდ მოზარდების სულებზე უწევს ფიქრი, ხოლო მასწავლებელს, ამასთან ერთად, გონებრივი (კოგნიტური) განვითარებაც და ხარისხიანი განათლების გადაცემაც ევალება.
რთულია თანამედროვე მასწავლებლის მისია. მწირი რესურსები. დაბალი ანაზღაურება. პროფესიული წინსვლის დამღლელი და ხანგრძლივი ლაბირინთები. კლასების მართვის დაუძლეველი სირთულეები. ცოდნის გადაცემის ახალი მეთოდების ძიება, რადგან თანამედროვე მოსწავლეს მოძველებული, ტრადიციული მიდგომები უკვე აღარ აინტერესებს. მაგრამ ყველაფერს წონის მოსწავლეთა დამოკიდებულება. ამას წინათ მორიგ საკლასო პრობლემაზე საუბრისას ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლემ მითხრა (და სხვებიც დაეთანხმნენ): „მაკა მასწავლებელო, ჩვენი მარიტა თქვენ ხართ, მხოლოდ სიყვარულს გვთავაზობთ, ჩვენ კი ტალახს გესვრითო…“ ასეთი წამებისთვის ნებისმიერი წამების ატანა ღირს… ასევე არასდროს მავიწყდება წლების წინ კერძო სკოლის მოსწავლის ნათქვამი სიტყვები: „როცა ხელში ქართულის წიგნს ვიღებ ან ტექსტებს ვკითხულობ, პირველად თქვენს სახეს ვხედავო…“.
საბას და მარიამს იმედებს ვერ გავუცრუებ, რაც უნდა „ჭირი მომკერძონ“… მათით შთაგონებული ყოველთვის ვეცდები მარიტაც ვიყო და მფარველი ანგელოზიც… ამაზე დიდებული ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა და არაფერი იქნება… ამიტომ გაქცევა არ არსებობს! მე მარადის მათთან ვრჩები მთელი არსებით, სულით, გულით, გონებით, ყველა შესაძლებლობით და ზოგ რამეში საკუთარი უმწეობითაც… ისინი ხომ ზოგჯერ ასეთსაც მიღებენ.
ლექსიკონების მიხედვით, შარჟი გაზვიადებაა, ისეთი სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც დაცულია გარეგნული მსგავსება და კარიკატურულად არის შეცვლილი და ხაზგასმული ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები. წლებია, რაც ლიტერატურას ვასწავლი და შარჟის მაგალითებს ლიტერატურიდან რა გამომილევს. თუმცა youtube-ზე ატვირთული ვიდეორგოლების ავტორებმა – როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ისინი ხუმრობენ და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ ის, რასაც ვიდეორგოლებში ვნახავთ – ზოგიერთ მასწავლებელს საქვეყნოდ მოჭრეს თავი და მათ (sc. მასწავლებლებს) უკვე ვეღარაფერი უშველით. უფრო სწორად, ამგვარ მასწავლებლებს ნორმალურ ქვეყანაში ვეღარ უშველით ვეღარაფერი… ნორმალურ ქვეყანაში, წესით და რიგით, არცერთ მშობელს აღარ მოუნდება, შვილი ისეთ სკოლაში მიიყვანოს, სადაც მოსწავლეებს ისე მიმართავენ, როგორც ეს ვიდეორგოლებშია ნაჩვენები. ვისაც არ გინახავთ ის ვიდეორგოლები, მე რომლებზეც ვსაუბრობ, გეტყვი, რომ ამ ვიდეორგოლებში ყველა მასწავლებელი სხვადასხვა ფორმითაა გაშარჟებული, ზოგის – მეტყველების ან სიარულის მანერა, ზოგის – ჩაცმულობა, ზოგის – მაკიაჟი… ეს ყველაფერი მართლაც სასაცილოა. მე დამზაფრა მოსწავლის მიერ განსახიერებული რამდენიმე მასწავლებლის (და ასეთი მასწავლებელი ყველა ვიდეორგოლში ერთი მაინც მოიძებნა) მიერ გამოყენებულმა შეურაცხმყოფელმა და დამამცირებელმა მიმართვებმა. დამზაფრა იმანაც, რომ ამ ვიდეორგოლების ატვირთვის შემდეგ მშობლები გულგახეთქილები არ მივარდნენ სკოლებში და არ გააპროტესტეს, რომ მათ შვილებს ასე მიმართავენ მასწავლებლები. სანამ წერილს დავწერდი, ამ თემაზე ჩემს მეგობრებს გავესაუბრე. ჩემმა მეგობრებმა ასეთი ვარაუდები გამოთქვეს: ალბათ მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან მათმა შვილებმა უკვე დაამთავრეს სკოლა, აწი მათი პრობლემა აღარ არის, რა ხდება სკოლაშიო; ან კიდევ უარესი – ოჯახშიც ისეთივე მიმართვები აქვთ და ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ლექსიკით საუბარი დაუშვებელიაო. გულგრილობა ცუდია, არცოდნა კი გამოსასწორებელი (გამოსწორებადიც). ამ წერილს სწორედ იმ იმედით ვწერ, რომ საზოგადოების მხრიდან მას სწორი, ჯანსაღი რეაქცია მოჰყვება. და იმის ნაცვლად, რომ მე დამადანაშაულონ იუმორის ნაკლებობაში, არსებულ პრობლემაზე ისაუბრონ, პრობლემაზე, რომელიც შეჩვეულ ჭირად გვექცა.
ვიდეორგოლებს, რომლებზეც ვსაუბრობ, შემთხვევით გადავაწყდი. მინდოდა, ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეების ერთ-ერთ სტუდიაში გადაღებული კადრები მენახა. ამ რგოლზე ფეისბუქის პოსტებსა და კომენტარებში აზრი ორად იყოფოდა, ზოგი აქებდა ახალგაზრდების კრეატიულობას, ზოგი კი ამგვარ კლიპებში დაღუპულ თაობას და ქუჩურ მენტალიტეტს ხედავდა. სიმართლე გითხრათ, (თითქმის) ვერაფერი შემაშფოთებელი ვერ ვნახე ვიდეორგოლში, რომელიც სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის იყო განკუთვნილი. მერე რა, რომ მოსწავლეების ლექსიკა ბარბარიზმებით და სლენგით იყო გადატვირთული? მერე რა, რომ მათ მეტყველებაში მიუღებელი ფრაზები და აზრები ისმოდა? შარჟი შარჟია და ჩემთვის გასაგებია, რომ ეს ყველაფერი რეალობა არაა და ვიდეორგოლი აუდიტორიის გასახალისებლად შეიქმნა. ერთ ვიდეორგოლს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე, რომელიღაც მეტად მომეწონა, რომელიღაც – ნაკლებად…
აი, მასწავლებლებზე გაკეთებულმა შარჟებმა კი, გეფიცებით, მართლა შოკში ჩამაგდო: რამდენი ქუჩური მენტალიტეტის მასწავლებელი ასწავლის თურმე სკოლაში, თურმე რამდენი მასწავლებელი კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ მოსწავლეს პატივისცემით უნდა ესაუბროს… ვერაფრით ვერ ვიხალისებ ვიდეორგოლებზე, რომლებშიც მოსწავლეები თავიანთ მასწავლებლებს ბაძავენ და ამ დროს მათი პირიდან ღირსების შემლახავი სიტყვები ისმის. არავინ მითხრათ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს სიყვარულით ელაპარაკება ასეთი ლექსიკით. მე მგონია, რომ ამ ვიდეორგოლების სერიოზული ანალიზია საჭირო. სკოლები, რომლებშიც ამ ვიდეორგოლებში გაშარჟებული მასწავლებლები ასწავლიან, საკითხით უნდა დაინტერესდნენ და კი არ უნდა გაამართლონ მასწავლებელი და შარჟის მსხვერპლად წარმოგვიდგინონ, არამედ მოსწავლეების არაადეკვატური შეფასებითაც უნდა შეშფოთდნენ და უპასუხონ კითხვას: რატომ მიაჩნიათ ნორმალურად მათ მოსწავლეებს, როცა მასწავლებელი კლასში ასეთი ლექსიკით საუბრობს? ჩემთვის ვიდეორგოლებში ასახული სკოლები კარგადაა ნაცნობი: სადღაც მე თვითონ ვასწავლიდი, სადღაც თავად ვსწავლობდი, სადღაც ჩემი და ჩემი ახლობლების შვილები სწავლობენ ან სწავლობდნენ. ამ რგოლებში ნაჩვენები სკოლების ნაწილი საჯაროა, ნაწილი კი – ფასიანი. მართლა მაფიქრებს, რაში იხდიან მშობლები ათასებს? იმაში, რომ მათ შვილებს ასე მიმართავდნენ მასწავლებლები? და სკოლა თუ საჯაროა, ეს ამართლებს მასწავლებელს? რაღაც, შესაძლოა, სასაცილო იყოს ამ კლიპებში, რაღაც კი, ჩვენდა საუბედუროდ, სატირალი. თქვენც ჩაუჯექით და უყურეთ ვიდეორგოებს, თუკი აქამდე არ გინახავთ. თუ მშობელი ხართ, აუცილებლად დაფიქრდით, უნდა ამოიღოთ თუ არა ხმა? თუ მასწავლებელი ხართ, აუცილებლად დაფიქრდით, თქვენც ასე ხომ არ იქცევით კლასში, თქვენც ხომ არ მოხვდებით შარჟებში ხვალ ან ზეგ? მაგრამ ალბათ აღარ მოხვდებით. იმიტომ, რომ, საკუთარი გამოცდილება მკარნახობს, ხვალიდან (პირობითად) პრობლემის აღმოფხვრაზე კი არ იზრუნებენ სკოლები, ხვალიდან დამრიგებლებს დაიბარებენ, მერე დამრიგებლები – მშობლებს და დაიწყება მოსწავლეებზე ზეწოლა, დაბრუნდება ცენზურა. და ეს იმიტომ, რომ დირექტორების და მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, მათ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანეს, რომ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს, როცა ასე მიმართავენ მოსწავლეებს. გთავაზობთ, ვიმსჯელოთ, რა არის დასაშვები და რა არის დაუშვებელი თუნდაც ამ ვიდეორგოლების მაგალითზე. ოღონდ არ დამიწყოთ კამათი იმაზე, რომ ამ ვიდეორგოლების ტექსტებში ყველაფერი მოსწავლეების შეთხზულია. გამორიცხულია, მოსწავლეები ასე „მხატვრულად“ აზროვნებდნენ და მათი ლექსიკა, როდესაც ზოგიერთ მასწავლებელს განასახიერებენ, მათი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. თანაც რატომ მიაწერენ ერთ მასწავლებელს ამ ლექსიკას, მეორეს კი არა. მაშინ ადგნენ ეს არასწორად გაშარჟებული მასწავლებლები და ამხილონ მოსწავლეები ტყუილში.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აჯობებს, თუკი ამას გაეცნობით, რათა უკეთ გაიაზროთ, რაზე ვსაუბრობ:
ყბედებო, დაეყარენით!
ერთუჯრედიანო ამება!
უნიჭონი, ვაბშე ძაან ბანძები ხართ!
თქვენ თავები ვინ გგონიათ? დონე არის დაბალი!
რას ცოხნი, ბიჭო?!
თვალებში გაქვს დაელმება 180 გრადუსით!
პარაზიტკა შენა!
რას შობი, კუკლა?!
ე, მანდ! ოე!
სულ მკიდია, რომელი ხარ!
თქვენ თავები ვინ გგონიათ, დონე არის დაბალი!
გოჭი, მიხვდი, ზედმეტი ხარ, პირველ მერხზე გადმოდი!
ცოლად შენ ვინ გამოგყვება?!
შე ლაყე, დოყლაპიასავით მიყურებ!
ნუ იცოხნები ჯორივით!
წევხარ მანდ ძუძუებგამოგლეჯილი ღორივით!
გაიღვიძეთ, ღორებო!
იდიოტიზმით დაავადებულია!
შენ არაფერი გეშველება!
ერთუჯრედიანთა გარემოა!
რა მინდა ამ დებილებთან?!
თავგასიებულო!
ერთუჯრედიანო, ფეხზე რატომ არ დგახარ?!
ამ საუკუნის პროდუქტებო, არ პრუტავდეთ მაინც!
ამ კრეტინების ამტანი!
საჩლუნგეთში ვარ!
კრეტინების კლასი!
რას იღმურძლები?
უკვე ყელში ამოხვედით!
ცოტა აზრზე მოდით!
გამოხედვაზე ვატყობ, რომ არაფერი არ იცი!
შენ ვერა ხარ?
რას ბჟუტურობ, ვიცოდე!
ბლადაბლუდობთ რაღაცას!
ფეხზე დამხვდით თმაშეკრული – მაკრატელი ამომაქვს!
მოგაგრიხავ მაგ ფეხსა!
ეხლა შენ თუ გაგცხე!
აქანა მე მიმყავს პარადი!
ფეხზე ისე დაგაბიჯებ, ვაბშე ვეღარ ადგები!
დავალებას თუ არ დაწერ, გაგაბრტყელებ ცომივით!
დაგამოკლებ გნომივით!
გაგაბრტყელებ ადღლეზილი ცომივით!
შვიდ ბრუნვაში მაგინეთ, არ დაგითმობთ მაინც!
რამდენიც გინდა, დავამარცხე ბრძოლა, ჭორი, კიცხვა!
მორჩი ჭამას, თორემ ლობიანად გაქცევ!
მანდ ჩაკვდი!
თუ დაგიჭერ, ტუალეტში ჩაგტენი!
გაგაბრტყელებ დაფაზე!
მე ვარ თქვენი მბრძანებელი!
ვენი, ვიდი, დავამარცხე! – იყო ძლევა საკვირველი!
კაცმა ზეთიანი პერაშკებით უნდა გცემოს!
დაგვიდგებით? დაგატყდებათ რისხვა!
თორემ მოგხვდება ტაკოზე/ტრაკზე (ორ სხვადასხვა რგოლში შემხვდა ერთი და იგივე მასწავლებელი ამბობდა და ამან კიდევ უფრო მეტად გამიმყარა ეჭვი, რომ ეს გამოთქმები მოგონილი არაა)!
სკალპს აგაცლით, იცოდეთ!
თმებს აგიწეწავ და სულაც არ შეგიცოდებ!
ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის – რაის დემოკრატია?!
შენ გაჩერდი!
გაგგლეჯ შუაზე!
ტყავს გაგაძრობთ სათითაოდ, თქვე სულელებო, მართლა!
თავს წაგაძრობთ, გპირდებით!
ამოიღეთ რვეული დროზე, თორემ მოგცხეთ გვერდებში!
მაგ ლობიანს დაგათხლიშავ!
მოგკლავ, მოგკლავ უსწავლელი თუ მოხვალ!
ბნედას დაგცემ, იცოდე!
ისიამოვნეთ ხომ ამის წაკითხვით? შესაძლოა, მოსწავლეები, რომლებიც ვიდეორგოლებში მონაწილეობენ, დღეს ვერც ხვდებიან, მათ რომ ასე არ უნდა მიმართონ მასწავლებლებმა. მაგრამ ჩემთვის პრობლემა სწორედ ესაა – უნდა ხვდებოდნენ; შესაძლოა, მშობლების რაღაც ნაწილიც ვერ ხვდება, რომ მსგავსი ლექსიკით საუბარი არაა კომუნიკაციის ჯანსაღი ფორმა. მაგრამ თქვენ, ჩემო მკითხველებო, იმ მშობლებს ხომ არ ჰგავხართ, ვინც ასე ფიქრობენ?
მე კიდევ, ჩემდა თავად, არც ნიჭიერ ლასარას სტუდიაში გადაღებული მოდურ კლიპში მომინდება, მონაწილეობა მიიღოს ჩემმა შვილმა, თუკი რეჟისორი მართლა ასე გაიძახის: „გაინძერით, მძორებო!“ და სიგარეტს სიგარეტზე შეაბოლებს მოსწავლეებს სახეში. ან საერთოდ, რა უბედურებაა სიგარეტის ცხვირში შებოლება მოსწავლეებისთვის? ერთი-ორ ვიდეორგოლში ისიც შევნიშნე, როგორ უდევთ საფერფლეები მოსწავლეების მიერ განსახიერებულ მასწავლებლებს. მესმის, ეწევიან მასწავლებლები, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და თავად გადაწყვეტენ, როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. მაგრამ მასწავლებელი ცხვირ-პირში რატომ უნდა აბოლებდეს მოსწავლეებს?
მასწავლებლის „პროფესიული“ ფრაზეოლოგიისთვის ისე მქონდა ყური მიჩვეული, გამოგიტყდებით, სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, არაერთხელ მითქვამს მოსწავლეებისთვის: „თავი ძლივს შევიკავე, რომ ახლა არ წამომცდენოდა: ენით ზურგს იფხან? რატომ თავი არ დაგრჩა სახლში! ვნახავ, ბოლოს ვინ გაიცინებს.“ როცა მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი, გონებაში ამომიტივტივდა მივიწყებული ფრაზები, მთელი ბავშვობა რომ მესმოდა. ეჭვი მაქვს, ახალი „პროფესიული“ ფრაზეოლოგიზმები გაჩნდება მასწავლებელთა ლექსიკაში, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა: „ღორი სადაც შვ(რ)ება ხოლმე, იქ არც კი დგება, თქვენ კი დღემდე ვერ ისწავლეთ ნაგვის გადაგდება“; ან: „შენ რას წამოწოლილხარ ფადიშაჰის ცოლივით“; ან: „ტვინი ტილი კი არაა, თავში რომ ჩაგაფრინდეს“.
უხერხული იქნება, არ აღვნიშნოთ, რამდენად კარგად გამოიყურება ზოგიერთი გაშარჟებული მასწავლებელი დანარჩენების ფონზე. მათ ალბათ სიამოვნებით მივაბარებდი ჩემს შვილებს, რადგან, მერე რა, რომ სატირული ვიდეორგოლების პერსონაჟებად იქცნენ, მაინც კარგად ამბობენ, როცა ამბობენ: „ძალადობით პრობლემები არ გვარდება!“ „მადლობა, რომ არსებობ!“ „შენ პიროვნება ხარ!“ „გამოდი შენი ციხიდან, რომ არა გავდე სხვას!“ მე იმ მასწავლებლის მიმართვასაც გავამართლებ ვიდეორგოლიდან, რომელიც როცა გაიგებს, რომ ტუალეტში ჩაკეტეს თანაკლასელი, დაიყვირებს: „ნორმალურები ხართ თქვენ? ჭკუა გაქვთ მაგ თავებში?“
და ბოლოს შევნიშნავ: მასწავლებელიც ადამიანია და მასაც შეიძლება, წამოცდეს (ან მიზანმიმართულად თქვას) გაკვეთილზე ბარბარიზმი, სლენგი, უცენზურო სიტყვაც კი. მაგრამ კარგი მასწავლებელი ის მასწავლებელია, რომელიც შეწუხდება ამ წამოცდენის გამო, აღიარებს, რომ არ იყო მართალი და შეეცდება, მომავალში მაინც გამოასწოროს დაშვებული შეცდომა.
მილენიალები, ბუმერები, Z თაობა – სხვადასხვა თაობის აღმნიშვნელი ტერმინები ქართულ რეალობაშიც დამკვიდრდა. თუმცა, სოციალური ფსიქოლოგის ლია ჯორჯის აზრით, ტერმინების ჩარჩოებსა და კლიშეებში თაობების გამომწყვდევა ხელს გვიშლის მათი შესაძლებლობების რეალისტურ შეფასებაში.
ლია ჯორჯი წერს: „ამერიკის თანამედროვე ისტორიაში პირველად ერთდროულად, ერთ სივრცეში, ხუთ თაობას უწევს თანაცხოვრება:
ყოველ ჯერზე, როდესაც ბრაუზერს, Amazon-ს ან საძიებო სისტემას ვხსნით, თაობების ბრძოლას ვაწყდებით – ბლოგებს ფორმატში „17 მიზეზი, რის გამოც მილენიელები ყველაზე უარესი თაობაა“ ან „რა ვუშველოთ თაობათა შორის განხეთქილებას“. ეს ყველაფერი ცოტათი წააგავს “West Side Story”-ს: ბუმერები ერთი კარიდან შემოდიან, მილენიალები – მეორიდან, ყველა ჩხუბობს, ჩივის, სამსახურში გარბის, მერე – სახლში… და რა მოხდება, თუ ახლა გეტყვით, რომ ეს თაობები საერთოდ არ არსებობენ? გარკვეული ხნის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიკვლევდი ამ ფენომენს და დიდი ეჭვი გამიჩნდა ამ პოპულარული თეორიის მიმართ.
მაშინაც კი, თუ შევთანხმდებით, რომ ასეთი ჯგუფები არსებობენ, შეგვიძლია, იმაზე ვიდავოთ, რა აერთიანებთ მათ. ისინი მხოლოდ 20-წლიან შუალედს ფარავენ. ოცწლიანი ისტორიის ნებისმიერ მომენტში მათ შეიძლება აერთიანებდეთ ღირებულებათა სისტემა, სურვილები, სტერეოტიპები, რომლებიც მათ სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მუშაობენ. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში თაობები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ჩვენ მათი შედარების საფუძველიც კი არ გაგვაჩნია.
მეორე მხრივ, არსებული სტერეოტიპები თაობათა შესახებ ერთგვარ წინასწარმეტყველებად გვექცა, რაც გვიჩენს გარკვეულ მოლოდინს ამა თუ იმ თაობის მიმართ. სინამდვილეში თაობების იდეა ამერიკული კულტურის პროდუქტია – თუ მათზე ვიწყებთ საუბარს, დაუყოვნებლივ გვესმის, რაზე ვსაუბრობთ. იცით, როგორ გავარკვიე ეს? ისევე, როგორც ნებისმიერი ამერიკელი გაარკვევდა, ვის ძარღვებშიც წითელი სისხლი ჩქეფს და მცირედი აკადემიური მომზადება გააჩნია. მე უბრალოდ დავგუგლე და აი, რა შევიტყვე:
Google-ი ხომ ალგორითმებს ეფუძნება, რომლებიც ძებნის ტიპურ ვარიანტებს ან სავარაუდო ჰიტებს გვთავაზობს. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, დაფუძნებულია იმაზე, ყველაზე ხშირად რას ეძებენ საძიებო სისტემებში და რა პასუხები ამოტივტივდება ხოლმე. ამ პასუხების მიხედვით, ადამიანებს ექმნებათ გარკვეული წარმოდგენები, მათ შორის – თაობებზეც. მოდი, ერთად შევხედოთ შედეგს.
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ბუმერები კონსერვატიულები არიან და, როგორც ამერიკელებს ჰგონიათ, ცოტა მოსულელოებიც. ეს არის ყველაზე ცუდი, გაბრაზებული და თანაც რასისტი თაობა.
X თაობა – ცინიკოსი, კიდევ უფრო მეტად გაბრაზებული თაობაა, რომელიც დაკარგული თაობის სახელითაა ცნობილი. ისინიც მოსულელოები არიან.
ახლა – მილენიალები, ანუ ჩვენი თაობა. ისინი გიჟდებიან საჭმელზე. დიახ, სულელები არიან, ზარმაცები, ზედმეტად მგრძნობიარენი, მათ ხშირად ათავისუფლებენ სამსახურებიდან და სძულთ, მაგრამ ამავე დროს მილენიალებს მაინც სწამთ საკუთარი მნიშვნელოვნების.
ყველაზე საშინელი საძიებო შედეგი Z თაობას ეკუთვნის.
ხუთი წლის განმავლობაში მე სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან მქონდა ურთიერთობა. იცით, ამ ინტერვიუებმა რას მიმახვედრა? თაობების თეორია უბრალო სასაუბრო თემიდან გადაიქცა იმად, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ახლა ვარსებობთ პარადიგმაში, თითქოს Google-ის ძიების შედეგები უპირობო რეალობაა.
კომპანიები დიდი მონდომებით ცდილობენ იმის გარკვევას, როგორი ურთიერთობა იქონიონ ამ თაობებთან, როგორ მართონ ისინი, ამავე დროს, ემზადებიან მილენიალების დასახვედრად.
რატომ?
ჩვენ ვემზადებით ქარიშხლების ან სხვა ბუნებრივი კატასტროფების დასახვედრად, მაგრამ რატომ გადავწყვიტეთ მოულოდნელად, რომ აუცილებელია, დავხვდეთ 23 წლის თანამშრომლებს?
გამიგონია ბევრი საოცარი ისტორია იმაზე, როგორ ცდილობენ კომპანიები სხვადასხვა თაობისთვის სპეციალური სივრცის მოწყობას, რომ ისინი ავტონომიურებიც იყვნენ და თავსაც კომფორტულად გრძნობდნენ. დიახ! მე ვიყავი კომპანიაში, რომელიც სწორედ ამ გზას დაადგა.
მათ მნიშვნელოვანი კონცეფცია მიიღეს, მაგრამ განცდა იმისა, რომ ის იმუშავებს, არ გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ, საჭირო იყო თუ არა დასვენების ოთახში ბურთებიანი აუზის მოწყობა, რათა მილენიალებს სამსახურის მიმართ ინტერესი შეენარჩუნებინათ. კი მაგრამ, ჩვენ ხომ 30 წლის ვართ და არა სამის!
იმავდროულად, ვიცნობ მილენიალ გოგონას, რომელსაც უთხრეს: თუ გინდა, ჩვენს კომპანიაში იმუშაო, იმიჯისთვის ხელოვნურმხრებიანი სამოსი უნდა გეცვასო. არ მოგჩვენებიათ, 80-იან წლებში მოდურ სამხრეებს გულისხმობდნენ. მათ ახლა ვერც იშოვი. გოგონას ორი სამაგისტრო ხარისხი ჰქონდა. ნუთუ ამაზე უკეთესი მოთხოვნის წაყენებას არ იმსახურებდა?!
გასაუბრების დროს კომპანიებში, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მუშაობდნენ, ცხადი გახდა, რომ მათ საერთო გაცილებით მეტი ჰქონდათ, ვიდრე პრინციპული განსხვავება. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო სამსახური, მოქნილობა, მხარდაჭერა, მადლიერება და კარგი ყავა. ამ ჩამონათვალიდან არც ერთი არ ყოფილა კონკრეტული თაობის მახასიათებელი. რასაკვირველია, სახლში ძალიანაც განსხვავებულები ვართ – 20 და 60 წლის ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, მაგრამ ეს ბუნებრივია.
თაობების თეორიაზე ფოკუსირების დროს, სრულიად გვავიწყდება, რომ ადამიანებზე ვსაუბრობთ. იმის გასარკვევად, რა სჭირდებათ, არ არის აუცილებელი, ბურთებიანი აუზით დავიწყოთ. ასე არ არის?
მოდი, ჩვენს თანამშრომლებში ადამიანები დაავინახოთ. გამოვიყენოთ ინდივიდუალური მიდგომა. თორემ 80 წლის ადამიანიც მშვენივრად წერს SMS-ს, 20 წლისა კი მშვენივრად ქსოვს. განა ეს რამეს ამბობს თაობათა ქცევის სტერეოტიპზე?
ნილოფერ მოირჩანტი, ლიდერი ინოვაციების სფეროში, ამბობს, რომ ადამიანები ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც იმ კონკრეტულ წერტილში არიან, იქ, სადაც ამჟამად იმყოფებიან, მათი უნიკალური ისტორიის გამოცდილებით, ჩვენი გამოცდილებისა და მოლოდინის გათვალისწინებით.
თუ ამ მიდგომებს გამოვიყენებთ, მივხვდებით, რომ ხშირად ბუმერების ბრაზი სამსახურის დაკარგვის შიშია. ისინი 16 წლიდან ყოველდღე მუშაობენ და იციან, რომ დადგება ორშაბათი, როდესაც სამსახურში ვეღარ წავლენ, თანაც შესაძლოა, ეს ორშაბათი უფრო მალე დადგეს, ვიდრე ჰგონიათ. ჩვენ შეგვწევს ძალა, გავუქრაწყლოთ ეს შიში, რომელიც ბრაზად მიგვაჩნია.
და X თაობა? მაგალითად, კაცს, რომელიც სამსახურში ოთხჯერ მოჰყვა შემცირებაში, სამი შვილი ჰყავს და ორი ხელი აქვს. ახლა ის უბრალოდ სამსახურის შენარჩუნებას ცდილობს და არა კარიერულ წინსვლას. დიახ, ის ყოველთვის ვერ ერგება არსებულ სამუშაო მოდელს, მაგრამ ადამიანია, შეიძლება დაიღალოს ან ბუნებით ჩვენნაირი აქტიური არ იყოს. მას უნდა გავუგოთ.
და მილენიალები? ისინი ახალ სამსახურში დასაქმებიდან ორ თვეში უკვე ხელფასის ზრდას ითხოვენ. დაფიქრდით, რატომ. ამ თაობას კოლეჯის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ვალები აჰკიდეს. ისინი სახლების იპოთეკას იხდიან.
როგორც კი ადამიანებში ადამიანებს დავინახავთ და არა რომელიმე თაობის წარმომადგენლებს, მივხვდებით, რომ ჩვენ წინაშე ჩვეულებრივი ჯიმი და ჯემია.
თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და სწორედ ეს არის გამოწვევა.
აირჩიეთ ადამიანი. შეისწავლეთ ის და თვითონაც ისწავლეთ. გაარკვიეთ, რას მისცემს ის თქვენს კომპანიას. შეისწავლეთ სათითაოდ. ჩვენ არ ვმუშაობთ თაობებთან, ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან.
სხვადასხვა ადამიანთან თანაცხოვრების ხიბლის გასაზიარებლად პირისპირ უნდა შევხვდეთ მათ. ამისთვის არ არის აუცილებელი მათთან სტუმრობა. უბრალოდ, ცოტა მეტი დრო გვჭირდება. მერე აღარ ვიდავებთ თაობების ბრაზსა და მათ სარგებლიანობაზე. ჩვენ ყველანი ვბრუნდებით სახლში, საკლასო ოთახში, სამსახურში დაღლილები, გულნატკენები, შთაგონებულები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფების მიღება ისეთებად, როგორიც არიან, კონკრეტულ დღეს. ამის შემდეგ თაობების დაყოფა აღარ დაგვჭირდება.
ყველას აწუხებს ბავშვის დაუსრულებელი „მინდა“. ბავშვი მოითხოვს, როდესაც არ ესმის უარის მიზეზი: ფული არ გვაქვს; ძვირია; უაზრო შენაძენია; მავნეა ჯანმრთელობისთვის… გაგაცნობთ პრაქტიკულ ხერხებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მიაჩვიოთ ბავშვი ზომიერ ხარჯვას და თავიდან აგაცილებთ მაღაზიებში დაუსრულებელ ისტერიკებს.
ძვირია
სამი წლის ბავშვი ძნელად გაიგებს ფრაზების „ძალიან ძვირია“ ან „ფული არ გვაქვს“ მნიშვნელობას, ამიტომ გასაგებ ენაზე აუხსენით საოჯახო ბიუჯეტის არსი:
მასთან ერთად დაგეგმეთ ოჯახური ხარჯები
იმისთვის, რომ ბავშვი ფინანსურ აზროვნებას მიაჩვიოთ, ჯერ თქვენ უნდა გაიწაფოთ. სამაგიეროდ, შემდგომში ერთად შეგეძლებათ საოჯახო ბიუჯეტისა და ხარჯების გაკონტროლება და დაინახავთ, როგორ ეტევით ამა თუ იმ ხარჯვით ნაწილში. ასე ეჩვევა ბავშვი იმის გაგებას, თუ როგორ ნაწილდება ფული ოჯახში.
მასთან ერთად გააკეთეთ სათამაშოები
თუ თქვენს გოგონას თოჯინის ეტლის ყიდვა მოუნდა, ფული კი არ გყოფნით, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ სახელმძღვანელო ან თავად მოიფიქროთ, როგორ გააკეთოთ სათამაშო საკუთარი ხელით.
მავნეა
შინ მოამზადეთ ნუგბარი კერძები და დესერტი. ბავშვებს უყვართ საჭმლის მომზადებაში მონაწილეობა. თუ გემრიელი და სასარგებლო საკვების მომზადებაში მონაწილეობას მიაღებინებთ, გარეთ მათი გასინჯვის ნაკლები სურვილი ექნება.
მიეცით სწორი კვებითი ჩვევების მაგალითი
ბავშვებს ტკბილეულის ჭამას ვუშლით. აქაც საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ: თუ ბავშვისთვის არ შეიძლება კანფეტი, კოკა-კოლა და ჩიპსი, ისინი არც მშობლებისთვისაა კარგი. ფრაზას „დიდებისთვის შეიძლება, ბავშვებისთვის – არა“ ყავლი გაუვიდა.
როცა ბავშვი სკოლაში წავა, კონტროლი უფრო მეტად გაძნელდება, მანამდე კი დრო ჩვენს ხელთაა და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბავშვის სასარგებლოდ.
ვისწავლოთ ეკონომია ბავშვთან ერთად
სუპერმარკეტებში ხშირია ფასდაკლების აქციები. კარგიი ქნება, თუ ამ აქციების სარგებელს დაითვლით და რვეულში ჩაიწერთ. თუ ამაში ბავშვსაც გაარკვევთ, პერიოდულად ის შეგახსენებთ, რაზეა ფასდაკლება ამა თუ იმ დღეს.
მაღაზიაში წასვლის წინ ბავშვთან ერთად ჩამოწერეთ საყიდლების სია
ერთი მხრივ, ეს სია დაგიცავთ ზედმეტი შენაძენისგან, მეორე მხრივ, მშვენიერი წინასასკოლო მომზადებაა წერა-კითხვაში.
როდესაც ბავშვი თვლას ისწავლის, მიეცით ჯიბის ფული
ბავშვი მიეჩვევა საკუთარის აჭიროებებისთვის ფულის შეგროვებას. თუ რამის ყიდვა უნდა, შეუძლია, ის თავისი დანაზოგით შეიძინოს.
ვჩუქნით დაბადების დღეზე ფულს, თანხის რაოდენობას წინასწარ ვახმოვანებთ
ეს მეთოდი გამართლებულია დაახლოებით 4 წლიდან, როცა ბავშვმა უკვე იცის ციფრების ცნობა. როდესაც საჩუქრის ფასი წინასწარ ეცოდინება, უფრო ძვირიან სათამაშოს აღარ მოითხოვს. ოღონდ ამ ფულის ხარჯვაში არ უნდა ჩავერიოთ – დაე, იყიდოს, რაც უნდა, თუნდაც ჩვენ ეს სისულელედ მოგვეჩვენოს.
ნივთი უაზროა ჩვენი გაგებით, თორემ ბავშვისთვის ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.
როდესაც ბავშვი გაიგებს, როგორ დგება ოჯახის ბიუჯეტი და რომ დანახარჯის კონტროლი გარდაუვალია, უაზრო საყიდლებზე უარის თქმა გაუადვილდება. უფრო მნიშვნელოვანია, არ მოვატყუოთ ბავშვი. თუ ვეტყვით, რომ ახალი სათამაშოსთვის ბიუჯეტში ფული არ არის, მერე კი თავად ვიყიდით ახა სამკაულს ან კაბას, ბავშვი მიხვდება, რომ ვატყუებთ.
ასწავლეთ ბავშვს ეკოლოგიურად მოქმედება
აუხსენით, რომ პლასტიკის სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები მრავლად ყიდულობენ და მერე სანაგვეში ისვრიან, ძალიან აბინძურებენ გარემოს. აჩვენეთ ინტერნეტში ნაგვის ოკეანეები, რომლებიც წყლისა თუ ხმელეთის ბინადრებს საფრთხეს უქმნიან. საკუთარი მიდგომა აქაც უნდა შეცვალოთ და პირადი მაგალითი დაანახოთ: დააცალკევეთ და დაახარისხეთ ნაგავი და ბავშვიც მიაჩვიეთ იმავეს. ის მიხვდება, რატომ უნდა იყიდოს ნაკლები ნივთი, რატომ გამოიყენოს ისინი სწორად და ბოლოს სწორ უტილიზაციაზეც იზრუნოს.