სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025
4 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

დისტანციური სწავლების ლაბირინთები

0

საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს დისტანციური სწავლება და როგორ გამოიყურებოდა დისტანციური სწავლების პირველი მცდელობა?

ირკვევა, რომ  პირველად 1728 წელს, გაზეთში Boston Gazette  გაჩნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა.

დისტანციური სწავლება (E-learning) სწავლების ისეთი ფორმაა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის/მოსწავლისთვის ან სტუდენტთა/მოსწავლეთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან.

დისტანციური სწავლების გავრცელება საფოსტო სისტემის დახვეწას უკავშირდება. მაგალითად,  მეცხრამეტე საუკუნის  40-იან წლებში,  დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი ფოსტით  უგზავნიდა  სტუდენტებს სასწავლო მასალებს და ამის საშუალებით  ასწავლიდა.  ხოლო   უნივერსიტეტებიდან დისტანციურ სწავლებაში პირველობა  ლონდონის უნივერსიტეტს ეკუთვნის. იქ ის 1858 წელს  დაიწყო.  თუმცა,  რეალურად დისტანციურმა სწავლებამ  მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა ფეხი.

რა მიაჩნიათ  დისტანციური სწავლების  დადებით მხარეებად?

1) მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა;

2) მოქნილობა.

 

მაგალითად, მეტნაკლებად თავისუფალი გრაფიკი ლექციებისთვის/გაკვეთილისთვის, სტუდენტი/მოსწავლე თვითონ წყვეტს, როდის  სურს დავალებების შესრულება.

3) არჩევანის თავისუფლება;

4)  ასეთი სწავლების შედარებითი სიიაფე;

5) მართვადობა;

6) ამ ტიპის სწავლებაზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია.

მაგალითად, ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც  სხვადასხვა  ბარიერი აქვს, ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

დღეს მთელი მსოფლიოს სასწავლო დაწესებულებები აღმოჩნდენ დისტანციური სწავლების აუცილებლობის წინაშე. ამისთვის ყველა თანაბრად მზად არ არის. იგივე ითქმის საქართველოზეც. ყველა სკოლა, ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში არ იმყოფება.  ყველა მოსწავლისთვის ინტერნეტიც კი   შესაძლოა, არ იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ გამოსავალს მეტ-ნაკლებად მაინც პოულობენ ჩვენი მასწავლებლები.

ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ის იდეები, რომლებიც  მასწავლებელმა სხვადასხვა  სიტუაციაში შეიძლება გამოიყენოს.  ანუ მეტაფორულად რომ ვთქვათ,  სტატიაში განვიხილავთ დისტანციური სწავლების ლაბირინთებს… განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ  რესურსებზე, რომლებიც ვიდეოგაკვეთილების გარდა, დისტანციური სწავლების დროს მნიშვნელოვანია.

შემთხვევა -1 მხატვრული ფილმების გამოყენება

მასწავლებელი  მეორე-მესამე საფეხურის მოსწავლეებს უგზავნის  შემდეგი შინაარსის  წერილს (ელ ფოსტით,  ტელეფონით, ფეისბუკის პირად შეტყობინებაში)

„კვირის ბოლომდე ნახეთ მხატვრული ფილმი „კლასის წინ“ იხილეთ ბმული:  https://www.adjaranet.com/movies/12197/Front-of-the-Class?lang=GEO&quality=SD და მიწერეთ წერილი იმ ოთხი სკოლის დირექტორიდან მინიმუმ ერთს:

1) დირექტორს, რომელმაც აიძულა ბრედი მისი სკოლიდან წასულიყო.

2) დირექტორს, რომელმაც მთელი სკოლის წინაშე მხარი დაუჭირა ბრედის.

3) დირექტორს,  რომელმაც სკოლაში მასწავლებლად არ მიიღო ბრედი.

4) დირექტორს, რომელიც ენდო ბრედის და თავის სკოლაში მიიღო მასწავლებლად

და კვირის ბოლომდე გამომიგზავნეთ“

შენიშვნა – ფილმში აღწერილია ბრედის ისტორია, რომელიც  პატარაობიდანვე ტურეტის სინდრომით იტანჯება. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის.

შემთხვევა – 2  აუდიოწიგნების გამოყენება

მასწავლებელი  პირველი  საფეხურის მოსწავლეებს უგზავნის  შემდეგი შინაარსის  წერილს (ელ ფოსტით,  ტელეფონით, ფეისბუკის პირად შეტყობინებაში) „ მოუსმინე და საშინაო დავალების რვეულში დაწერე მცირე ზომის ამბავი „იავნანა მარტო სიმღერა არ არის“ აუდიოწიგნის ბმული: https://www.gudabooks.ge/book/271909-iavnana-lilistvis-aleqsandre-lortqifanidze/

შენიშვნა – „იავნანა ლილისთვის“ ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა…

ან მასწავლებელი  პირველი  საფეხურის მოსწავლეებს უგზავნის  შემდეგი შინაარსის  წერილს (ელ ფოსტით,  ტელეფონით, ფეისბუკის პირად შეტყობინებაში)

https://www.gudabooks.ge/book/242214-patara-qalaqis-zghaprebi-guram-petriashvili/

შემთხვევა  3  – მხატვრული ნაწარმოების და დოკუმენტური ფილმის შედარებითი ანალიზი

 

მასწავლებელი  წერს პირველი საფეხურის შესაბამისი კლასის მოსწავლეს  წერილს, „წაიკითხე  სახელმძღვანელოში მოცემული  რ.ინანიშვილის მოთხრობა „ბებერი ბუები“, შემდეგ ნახე ეს 2 წუთიანი დოკუმენტური ფილმი

 

 

და შეავსე სქემა

რა თვისებები გამოუგონა მწერალმა მოთხრობის პერსონაჟს? სინამდვილეში როგორი ყოფილა ბუ? ივარაუდე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ნაწარმოებში აღწერილ პერსონაჟს ფილმში ნაჩვენები თვისებებიც რომ ჰქონოდა?
 

 

 

 

 

 

 

და შევსებული სქემა გამომიგზავნე კვირის ბოლომდე“

 

შემთხვევა  4  – ინტერაქტიური ელექტრონული რესურსების გამოყენება

სხვადასხვა პლატფორმაზე შექმნილია ინტერაქტიური სასწავლო რესურსები,  რომელთა გამოყენება ეფექტურად შეიძლება დისტანციური სწავლებისას  (მაგალითად, ისეთი პოპულარული პლატფორმა როგორიცაა learningapps). საილუსტრაციოდ გამოვიყენებ დაწყებითი კლასების პედაგოგის, ნანა ვაჩიბერიძის სასწავლო რესურსს  თემაზე „მეტყველების ნაწილები“

მასწავლებელმა შეიძლება ასეთი სახის წერილი გაუგზავნოს მოსწავლეებს, „გიგზავნით მხიარულ სავარჯიშოს „მეტყველების ნაწილები“. გთხოვთ, შეასრულოთ ეს სავარჯიშო. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გელოდებათ ჯილდო – შეგიძლიათ ნახოთ ნახატი ფილმი.  კვირის ბოლომდე მომწერეთ:

  1. რა ისწავლეთ სავარჯიშოს პირველი ნაწილით?
  2. რაზე დაგაფიქრათ და რა დასკვნა გამოიტანეთ ნახატი ფილმიდან?

https://learningapps.org/display?v=piqw8eme518&fbclid=IwAR3CYB2onSNMFAIP4yeKamngBqkBqyMMbwJUK_lQwRXVrHS6Qpv_sJOphH0

ეს არის სავარჯიშოს ბმული“.

ისმის კითხვა – რა გზები და საშუალებები შეუძლიათ გამოიყენონ იმ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ და მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი? შემდეგ სტატიაში განვიხილავთ დისტანციური სწავლების ვარიანტებს ასეთ შემთხვევებში.

თამაშები გახანგრძლივებული არდადეგებისათვის ( მეორე ნაწილი)

0

პირველ სტატიაში ჩამოთვლილი თამაშები თუ უკვე სცადეთ, ახლა შეგიძლიათ ამ სტატიით გააგრძელოთ.

  1. სახეების მოხატვა: საჭიროა სახის მოსახატი საღებავები, შეგიძლიათ ანიმაციის რომელიმე პერსონაჟის მსგავსად მოიხატოთ, შეგიძლიათ, უბრალოდ სხვადასხვა ემოცია გამოსახოთ სახეებზე და თან ამ ემოციებზე ილაპარაკოთ. მერე კარგად უნდა დაიბანოთ პირი და ხელები., თუმცა ხელები ხომ ისედაც ხშირად უნდა დაიბანოთ!
  2. წერილები: მისწერეთ ერთმანეთს ნამდვილი წერილები, გამოჭერით, დააწებეთ კონვერტები და მარკები, მისამართი კი მიაწერეთ ასე: თბილისი, თქვენი სახლის მისამართი, აივნის გვერდითა ოთახი, სახელი, გვარი.
  3. ბებოს რეცეპტების რვეულის აღმოჩენა და რომელიმე, ძველებური ნამცხვრის გამოცხობა.
  4. თამაში ტანსაცმლის კარადაში – დაალაგეთ, ფერების მიხედვით დააწყვეთ სამოსი, შეუხამეთ ერთმანეთს, მოაწყვეთ მოდების ჩვენება, ცარიელ კარადაში დაემალეთ ერთმანეთს.
  5. სახლი – ფორტ ბოიარდი – მოიგონეთ თავსატეხები, დახაზეთ, ააწყვეთ ბარიკადები ბალიშებით, ლაბირინთები ფანქრებით, დამალეთ გასაღებები და მერე აპოვნინეთ ბავშვებს.
  6. ნიღბები სახისთვის- გაგიკვირდათ? ეს ხომ ძირითადად ქალების რუტინის ნაწილია, თუმცა, დაკვირვებული ვარ, როცა სახეზე ხილის ნიღაბს ვისვამ, ბავშვები ბევრს იცინიან, რატომ არ შეიძლება ეს ვაქციოთ თამაშად? უბრალოდ, მზად უნდა იყოთ, რომ სამზარეულოს ცოტათი ( ან ცოტაზე მეტად) აურევთ.
  7. ამ ვირუსის დროს ყველანი ნიღბებზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ეზოში ან ტელევიზორში ნანახი ნიღბიანი უცნობებით გამოწვეული უარყოფითი შთაბეჭდილება გავაქარწყლოთ, ჩვენ თვითონ გამოვჭრათ ათასგვარი და ათასფერი ნიღაბი და საოჯახი სპექტაკლიც მოვაწყოთ. მაყურებელი ცოტა გვეყოლება, მაგრამ მერე რა?
  8. ძველისძველი მულტფილმები – ძალიან გამიკვირდა, მაგრამ გიომ ძალიან დიდი ინტერესით უყურა „სალამურას თავგადასავლის“ მულტიპლიკაციურ ვერსიას, ამიტომ ავდექი და სხვა მულტფილმებიც ვანახე, აღტაცებული იყო იმის წარმოდგენით, რომ როცა მისი თანატოლი ვიყავი, მაშინ ვუყურებდი ამ მულტფილმებს.
  9. საოჯახო ორკესტრი – ქვაბის თავსახურები, კოვზები, ხის კოვზები, საცერი და სახეხი, კიდევ ბევრი რამ შეიძლება ინსტრუმენტად გამოდგეს, ოღონდ მოიკითხეთ, მეზობლები როგორ ხასიათზე არიან.
  10. ღილების დაკერება — მოძებნეთ სადმე ღილი ხომ არ გაქვთ ამწყდარი ან თითქმის აწყვეტაზე და ყველა ღილი ერთიანად დააკერეთ!
  11. იგივე ითქმის გაწყვეტილი მძივების აწყობაზე.
  12. ჯადოქრის მოსასხამი – ამ თამაშისთვის ნებისმიერი მოსასხამი, ნაჭერი, თუნდაც ზეწარი გამოდგება, მოისხით და ითამაშეთ ჯადოსნური თამაშები, გადაარჩინეთ დედამიწა ან გაათავისუფლეთ დედა ან მამა მეორე ოთახის ტყვეობიდან.
  13. გახსოვთ კარლსონი და მოჩვენებების თამაში? თუ ერთ ზეწარს გაიმეტებთ, მოჩვენებობანა შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ითამაშოთ.
  14. კითხვა, კითხვა და კითხვა – ახლა ყველაზე მეტი დრო გაქვთ საბავშვო ლიტერატურისთვის, დახატეთ ილუსტრაციები, ილაპარაკეთ პერსონაჟებზე, იმოგზაურეთ საბავშვო ლიტერატურის სამყაროში;
  15. შეკერეთ თოჯინები ცალ-ცალი წინდებისგან, შეგიძლიათ სულაც თქვენი ოჯახის წევრების მსგავსი თოჯინები შეკეროთ და დახატოთ, ბევრს იცინებთ, დამიჯერეთ.
  16. ააწყვეთ ფუდარტი, ეს სახალისო საქმიანობა ორ კურდღელს დაგაჭერინებთ, გაერთობით და თანაც, სასარგებლო ვიტამინებსაც მიიღებთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
  17. მოაწყვეთ შეჯიბრებები, მაგალითად, როგორ გაივლით მანძილს საძინებლიდან სამზარეულომდე თავზე წიგნით, თვალახვეული, ფეხისწვერებზე, ასკინკილით. რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო.
  18. ბალიშებით ომი და მსგავსი რამეებიც მე გასწავლოთ?

სასკოლო კვების პროგრამების თაობაზე

0

დაახლოებით ერთი თვის წინ მე და ჩემი კოლეგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო ლექციას დავესწარით. შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკი ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან (დიდ ბრიტანეთი). პრეზენტაციის თემა იყო „კიბო და ნუტრიცია“.

ლექციის დიდი ნაწილი ეძღვნებოდა ჯანსაღი კვებისა და ნუტრიციის, როგორც შედარებით ახალი მეცნიერების მნიშვნელობას; ასევე, კვებითი აშლილობებისა და მალნუტრიციასთან ბრძოლის საკითხებს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მისი მოხსენება უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შესახებ. მისი თქმით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი თანამშრომლობს არაერთი ქვეყნის მთავრობასთან (მაგ. განა სენეგალი, ეგვიპტე) კვებითი ინტერვენციების განსახორციელებლად სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მაგ. კიბოს მაჩვენებლების შემცირება ქალებში, მალარიის, ჭაბრწონიანობისა და სიმაღლის პრობლემების შემცირება/გადაჭრა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მათ მიერ განხორციელებული პროექტი განაში, სადაც სახელმწიფოს კონსულტაციას უწევდნენ, რა სახის უფასო კვებითი პროგრამები დაენერგა საჯარო სკოლებში. მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხოლოდ სამიზნე რეგიონები შეირჩნენ, ანუ გაკეთდა დიფერენცირება საჭიროების მიხედვით. კიდევ ბევრი საინტერესო რამ ილაპარაკა ამ ადამიანმა, მაგრამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე აქ გავჩერდები. ვიმეორებ, ქვეყანა, რომელშიც სასკოლო კვების პროგრამა დაინერგა არის განა!

ახლა, გადმოვერთოთ საქართველოს მაგალითზე. გაეროს ბავშვთა ფონდის „საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში 50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის[1]. აღარაფერს ვამბობ განათლების ხარისხსა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე, რომლებთანაც ასევე ახლო კავშირშია ბავშვთა კვებით უსაფრთხოებასთან.

ასეთ მძიმე სიტუაციაში, შეიძლება დაისვას მარტივი შეკითხვა: რატომ არ შეიძლება სახელმწიფომ შეიმუშაოს სასკოლო კვების პროგრამები რომლებიც ორიენტირებული იქნება მიზნობრივად, ისეთ ადგილებში, სადაც ეს საკითხი ნამდვილად პრობლემურია? მაგალითად, ავიღოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაგომარი, რომელიც სრულიად გაპარტახებულია. სკოლაში არათუ კვებითი პროგრამა, არამედ ინფრასტრუქტურაც კი გაუმართავია – დანგრეული კედლები, ჭერი, იატაკი; გაუბედურებული სველი წერტილები, გაყინული შენობა და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი უღარიბესი ადგილი, სადაც სასკოლო კვების პროგრამა დიდი შვება იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის და უდიდეს გავლენას იქონიებდა ბავშვების განვითარებაზე, მათ შორის აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, მსგავს სოფლებში სადაც სკოლა, ე.წ. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს უნდა წარმოადგენდეს, კვებითი პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ როლის შესრულებაში.

მეორე მაგალითსაც მოვიყვან – თუ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გვერდზე შეხვალთ და ლადო აფხაზავას პროფილს გაეცნობით, გარკვევით წერია, რომ მის რეგიონში ბავშვთა კვება სერიოზული გამოწვევაა. ეს ამბავი საკუთარი თვალითაც არაერთხელ მაქვს ნანახი ლადოსთან სტუმრობისას[2]. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები სკოლაში მშივრები არიან. რაღა დაგიმალოთ და ჩემი ნახევარწლიანი მასწავლებლური გამოცდილებისას უამრავჯერ შევსწრებივარ ამგვარ შემთხვევებს, რომლებიც მხოლოდ სიღარიბით არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, საქართველოში კვების ეროვნული კვლევის მიხედვით, „დღეისათვის სკოლებში ჯანსაღი კვების ორგანიზებასთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ბევრია ისეთი სკოლა, რომლებსაც კვების ბლოკი საერთოდ არ გააჩნია… სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს სკოლაში მოსწავლეთა კვების ორგანიზების მარეგულირებელი ოფიციალური დოკუმენტი და სტანდარტი, რომელსაც გამოიყენებს სკოლის ადმინისტრაცია და/ან ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია, ბავშვთა კვების ორგანიზებისთვის“[3].

 

დაბოლოს, ქვემოთ მაინც მოკლედ ჩამოვწერ რამდენიმე საკითხს, რომლებიც სასკოლო კვების პროგრამებს უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის:

  1. შიმშილის აღმოფხვრა – ძალიან ზედაპირულად, ზედმეტი ლამაზი სიტყვებისა და ფიქრის გარეშე, ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც აღნიშნული პროგრამები ინერგება, არის ის, რომ ბავშვები არ იყვნენ მშივრები და იკვებონ ჯანსაღად[4];
  2. უთანასწორობის შემცირება – კვება ხელმისაწვდომია ყველასათვის (ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდეს იმგვარად, რომ არ იყოს ღირსების შემლახავი იმ ბავშვებისათვის, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს);
  3. ბავშვთა კვებითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
  4. გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე;
  5. სკოლის, როგორც სათემო ცენტრის როლის გაძლიერება – პროგრამის მეშვეობით სკოლებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნებათ გაკვეთილების შემდგომი აქტივობების დასაგეგმად. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას.

 

დასასრულ, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს საკითხი დადგება გადაწყვეტილების მიმღებთა დღის წესრიგში. მასწავლებლებმა კი გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეთა ესა თუ ის ქცევა შესაძლოა ზუსტადაც რომ შიმშილით იყოს გამოწვეული, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოში 50,000 ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს!

[1] გაეროს ბავშვთა ფონდი, 2017. საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევა. საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მეხუთე ეტაპი.

[2] https://www.globalteacherprize.org/person?id=7507

[3] ოქსფამი, 2016. საქართველოში კვების ეროვნული კვლევა.

[4] ჯანსაღი კვება გულისხმობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების წყლის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სწორ ბალანსს.

ცხოვრება დისტანციურად

0

ერთ ოთახში ორი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელი და  სკოლის მოსწავლე უზის სამ კომპიუტერს.

ეს ახალი რეალობაა, რომელიც ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებამ განაპირობა.

ჩვენმა სახლმა ოფისის და სკოლის ფუნქციაც შეითავსა.

ახალი კორონა ვირუსისგან თავდაცვის მიზნით მე და ჩემი მეუღლე დისტანციური მუშაობის გრაფიკზე გადავედით. ჩვენს უფროს შვილს ონლაინ სწავლება დაეწყო.

ყოვედღიური რეჟიმი სრულიად შეგვეცვალა. დღის წესრიგის არც ერთი შაბლონი, რაც აქამდე გვქონდა, აღარ გვადგება.

საერთო სივრცეში ვსხედვართ და დილიდან ასე ვურთიერთობთ თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან, მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან.

ვცდილობთ, საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარი გავავლოთ, თუმცა, ერთი ოვალური მაგიდის გარშემო მოთავსებული სამი ადამიანისთვის ეს არც ისე ადვილი საქმეა. მით უფრო, რომ მაგიდის გარშემო, ოჯახის ყველაზე პატარა, მეოთხე წევრი დარბის და სასურველი მომენტის ხელში ჩაგდებას ელის, რომ „უნოს“ თამაში შემოგვთავაზოს.

ერთ რამ ვიცი! თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, საზიარო სივრცეში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი გარდაუვლად გამომგვიმუშავდება. კიდევ თვითდისციპლინის უნარი, რაც საკუთარი საქმის დაგეგმვას, შესრულებას და შეფასებას გულისხმობს.

საერთო სივრცეში სხვადასხვა საქმეების კეთება მშვენიერი სავარჯიშოა იმისთვის, რომ კარგად გავითავისოთ: ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც საკუთარი თავის რეალიზებისთვის უხილავი პირადი სივრცე სჭირდება. ჩვენს მშობელსაც და ჩვენს გაჩენილსაც თავისი ცხოვრება აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, სასურველია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს  მიზნის მიღწევაში, პატივი ვცეთ ერთმანეთის საქმეს, არ დავასაქმოთ, არ გავფანტოთ ერთმანეთის ყურადღება უმნიშვნელო წვრილმანებზე. ქართულ რეალობაში, როგორც წესი, პირადი სივრცე ძალიან ვიწროა. მით უფრო, მშობლების, რომლებსაც გენეტიკურად მოსდგამთ, რომ შვილის კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შვილებს კი ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ არც მშობელია მსხვერპლი, თავისივე გაჩენილის მსხვერპლი.  ამიტომ მნიშვნელოვანია, შვილები ხედავდნენ, თითოეული ჩვენგანი, ასაკის მიუხედავად, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც თავისი საქმე აქვს. ეს საქმე ხან გვსიამოვნებს, ხან – იძულებით ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ, რადგან ყველას ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც ჩვენს მიზნამდე მიდის.

 

ზოგჯერ ბავშვებს ეზარებათ მეცადინეობა, სკოლას ერთფეროვან და მოსაწყენ ადგილად თვლიან. ჰგონიათ, როცა გაიზრდებიან ბევრი თავისუფალი დრო და ნაკლები პასუხისმგებლობა ექნებათ. დისტანციური სწავლისა და მუშაობის პირობებში, ბავშვებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მუშაობენ მათი მშობლები. რამდენად ახერხებენ ისინი, ჰქონდეთ თავისუფალი დრო სასურველი საქმიანობისთვის და გართობა-დასვენებისთვის. ეს კარგი პერიოდია, ავუხსნათ შვილებს, რომ საქმე და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა ასაკში აქვს ადამიანს. და თუ ჩვენი ქცევის მოდელით ვაჩვენებთ, როგორ უნდა დაგეგმო, განახორციელო და ცოტა სიამოვნებაც მიიღო საქმისგან, იქნებ, უფრო მეტად შეუყვარდეთ სწავლის პროცესი, იქნებ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე საშინაო დავალების მომზადების პროცესში, იქნებ უფრო გაიზარდოს მათი მოტივაცია.

——————–

სირთულეების მიუხედავად, დისტანციურად მუშაობა და სწავლა იდეალური საშუალება გამოდგა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთი უკეთ „გავიცნოთ“, ერთმანეთის საქმის პატივისცემა ვისწავლოთ და ერთმანეთს მიზნის მიღწევაში დავეხმაროთ.

როგორც წესი, მშობლები შვილებს იცნობენ,  შვილები მშობლებს. მაგრამ ზოგჯერ არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ სახლის მიღმა. როგორია მისი დღის რეჟიმი, ვისთან მეგობრობს, ვისთან უწევს ურთიერთობა და ა.შ.  მით უფრო, გადატვირთული დღის რეჟიმის პირობებში, განა ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა, დავინახოთ ერთმანეთში არა მხოლოდ დედა, მამა ან შვილი, არამედ დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ჩვენ გარდა სხვა, თავისი ცხოვრებაც აქვს, მათ შორის საქმე, რომელსაც სხვა ადამიანებთან ერთად აკეთებს?!

ხშირად ჩვენი წარმოდგენები და რეალობა არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს ისეთებად ვხედავთ, როგორც გვინდა, რომ ვხედავდეთ – როგორი შვილიც და როგორი მშობლებიც გვინდა, რომ გვყავდეს.

შვილებს უმეტესად ჭკუის დამრიგებლის როლში წარმოვუდგენივართ, რომლებთანაც შეცდომების დაშვების ყველაზე მეტად გვეშინია. და ეს შინაგანი დისტანცია, დღითი დღე გვაშორებს ერთმანეთს.  მშობლები კი ვიცნობთ ბავშვის ცხოვრებას, ქცევის თავისებურებებს ოჯახში, მაგრამ არ ვიცით, როგორია ბავშვი სხვა სივრცეში, მაგალითად, სკოლაში, სადაც არანაკლებ დიდ დროს ატარებს, ვიდრე სახლში.

სკოლასა და სახლებს შორის გაჭიმული ტელეხიდები კი საშუალებას გვაძლევს, შევაგროვოთ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვის ქცევათა სისტემის შესახებ და უფრო ფართო ჰორიზონტზე გავიხედოთ, ვიდრე ჩვენი სახლის ზღურბლი და კედლებია.

ვუყურებ ჩემს შვილს, რომელიც სახლისთვის უჩვეულოდ გამოპრანჭული ზის კომპიუტერის ეკრანთან და ვხედავ, როგორ იქცევა გაკვეთილზე; როგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან; როგორ კომუნიკაციაშია მასწავლებლებთან; როგორია მისი თვითშეფასება; შეუძლია თუ არა ყურადღებით ყოფნა; ახდენს თუ არა კონცენტრირებას მთავარ საკითხებზე; რამდენად სერიოზულად ეკიდება გაკვეთილის პროცესს;  არის თუ არა ესა თუ ის მასწავლებელი მისთვის ავტორიტეტი; არღვევს თუ არა წინასწარ შეთანხმებულ წესებს; როგორ რეაგირებს, როცა სხვები არღვევენ წესებს და ა.შ.

ვუყურებ და ვფიქრობ, ასეთი გამჭვირვალე განათლების სისტემა არასოდეს ყოფილა.

თუ ვინმესთვის  დისტანციური სწავლება გამოწვევას წარმოადგენს, ეს, პირველ რიგში, მასწავლებელია, რომელიც ტრადიციულად თავის საქმეს დახურულ კარს მიღმა აკეთებდა. და თუ აქამდე მოსწავლეების პირისპირ იდგა, ახლა ყველა გაკვეთილი ღია გაკვეთილს ჰგავს, სადაც ერთი“სტუმარი“ კი არ ჰყავს, შეიძლება ყველა მოსწავლის ოჯახის ყველა წევრი ესწრებოდეს გაკვეთილს.  იმედს ვიტოვებ, რომ ამ უჩვეულო და არც ისე პოზიტიურ პერიოდში, მასწავლებლები და მშობლები თანაშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ ხარისხს  აჩვენებენ.

———-

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე!

კიდევ რამდენი დღე მოგვიწევს ამ ოვალური მაგიდის გარშემო ჯდომა.

რამდენ ხანს გაგვყვება დისტანციურად სწავლა-მუშაობის ხალისი.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, უჩვეულოდ დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მოგვცა 2020-მა წელმა. ზღვა გამოცდილების, რომელიც ტექნოლოგიურ საუკუნეში ცხოვრებისთვის წყალივით აუცილებელია.

ინფანტილური ბავშვები

0

მეშვიდეკლასელი ბიჭის დედამ შეწუხებულმა შემომჩივლა, რომ მის შვილს განვითარებაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა – „ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოდის, უპირატესობას მასზე უმცროს ბავშვებთან ურთიერთობას ანიჭებს, უნებისყოფო და უყურადღებოა, სულ თამაშისკენ გაურბის თვალი და პატარა ბავშვის სათამაშოებით თამაშობს. მართალია, სწავლაში სერიოზული პრობლემები არა აქვს, მაგრამ, სწავლას მაინც თამაში ურჩევნია. დამოუკიდებლად ვერანაირ პრობლემას ვერ წყვეტს, მე შემომჩერებია, რომ დავეხმარო სირთულეების გადალახვაში. მგონი, უჩემოდ საერთოდ დაიღუპება“. მოზარდთან შეხვედრის, მისი შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების და უნარ-ჩვევების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალია, მას ინტელექტუალურ განვითარებაში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარებაში ნამდვილად შეინიშნებოდა ერთგვარი შეფერხება. ასეთ ბავშვებს ფსიქოლოგიაში ინფანტილურ ბავშვებს უწოდებენ.

ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა არის ინფანტილიზმი, რა იწვევს მას და როგორ შეიძლება ვიმუშაოთ ასეთი ტიპის ბავშებთან განვითარებაში არსებული სირთულეების მინიმუმამდე შესამცირებლად.

ტერმინი „ინფანტილიზმი“ ფსიქოლოგიაში გამოიყენება პიროვნების, უპირატესად მისი ემოციურ-ნებელობითი თვისებების მოუმწიფებლობის აღსანიშნავად. ინფანტილური ბავშვის ქცევა არ შეესაბამება მის მიმართ წაყენებულ ასაკობრივ მოთხოვნებს და ვლინდება ბავშვური თვისებების შენარჩუნებაში. ფსიქიკურ ინფანტილიზმს კავშირი არა აქვს გონებრივი განვითარების შეფერხებასთან. ინფანტილური ბავშვები ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებით არაფრით განსხვავდებიან თანატოლებისაგან – მეტყველებას ჩვეულებრივ ვადებში ეუფლებიან, სვამენ შეკითხვებს, ნორმალურად კითხულობენ, ითვლიან, ხატავენ, ფსიქიკურად საკმაოდ აქტიურებიც არიან.

ინფანტილური ბავშვის ძირითადი მახასიათებლები: 

  • ეგოცენტრიზმი – თვისება, რომლის წყალობითაც ადამიანი ხედავს, ესმის და გრძნობს მხოლოდ საკუთარ თავს, მას არ შეუძლია გაიგოს და იგრძნოს სხვა ადამიანის მდგომარეობა. პატარა ბავშვისთვის ეს ბუნებრივია, რადგანაც მისთვის მთავარი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. ეგოცენტრული ადამიანისთვის დამახასიათებელია აბსოლუტური დარწმუნებულობა საკუთარ სიმართლეში. ურთიერთობის პროცესში პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში არასოდეს აღიარებს, რომ არ ესმის ადამიანების, პირიქით – ყოველთვის თვლის, რომ სხვებს არ ესმით მისი;
  • დამოუკიდებლად მოქმედების, პრობლემებისა და სირთულეებისათვის თავის გართმევის უუნარობა – არა აქვს უნარი მოემსახუროს საკუთარ თავს, სირთულეებისა და პრობლემების დასაძლევად სხვებს, უპირველეს ყოვლისა დედას მიმართავს დასახმარებლად;
  • ორიენტაცია თამაშზე – ინფანტილური ბავშვი სხვა სახის საქმიანობასთან შედარებით, თამაშს ანიჭებს უპირატესობას. სასკოლო ასაკშიც მისი ინტერესები ძირითადად თამაშთან და სათამაშოებთან არის დაკავშირებული. მას შეუძლია ითამაშოს და იმხიარულოს დაუსრულებლად და ოჯახის წევრებსაც მოუწოდებს, რომ ითამაშონ და იმხიარულონ მასთან ერთად. საკლასო ოთახშიც ნებისმიერ სასკოლო სიტუაციას თამაშად აქცევს და სკოლამდელივით იქცევა, ნებისმიერი სასწავლო ნივთი შეიძლება სათამაშოდ გამოიყენოს. ინფანტილური ბავშვი ძალიან ხალისიანი და ემოციურია, მაგრამ არა თავისი ასაკის შესაფერისად;
  • საკუთარი ქცევის სიტუაციის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარების უუნარობა – მას არ შეუძლია სწორად შეაფასოს სიტუაცია, შეცვალოს საკუთარი ქცევა არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განჭვრიტოს მოვლენების განვითარება, შესაძლო საფრთხეები და საშიშროებები;
  • საკუთარი სურვილების და ემოციების შეკავების უუნარობა;
  • ბავშვური უშუალობა, გულუბრყვილობა – მისი ქცევა არ შეესაბამება მისსავე ასაკს. ხშირად ის მოქმედებს წინდაუხედავად, ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ვინმემ აწყენინოს;
  • უდარდელობა, უზრუნველობა, დაუდევრობა, მოვალეობის გრძნობის განუვითარებლობა;
  • სირთულეების გადასალახად ნებისყოფის დაძაბვის უუნარობა;
  • მომატებული მიმბაძველობა და შთაგონებადობა;
  • შემეცნებითი აქტივობის დეფიციტი სწავლის პროცესში, სასკოლო ინტერესების არქონა;
  • მოსწავლის „როლის“ ჩამოუყალიბებლობა;
  • იმ საქმიანობისთვის თავის არიდების სურვილი, რომელიც მოითხოვს აქტიურ ყურადღებას და ინტელექტუალურ დაძაბვას;
  • მისწრაფება იყოს უმცროსი ასაკის ბავშვების საზოგადოებაში, ან ისეთი ასაკის ბავშვების წრეში, რომლებიც მას მფარველობას გაუწევენ და მასზე იზრუნებენ;
  • ინფანტილური ბავშვი გაურბის იმის კეთებას, რაც მას არ სურს, თუ პრობლემებს ხედავს, თავს არიდებს, რადგანაც ფიქრობს, რომ გაუჭირდება მათი დაძლევა. მას არ სურს გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
  • ინფანტილურ ბავშვთან სოციალური კონტაქტები თავდაპირველად არ არის დარღვეული. პირიქით, ასეთი ბავშვი მიისწრაფვის გარშემომყოფებთან ურთიერთობისაკენ, უყვარს ყურადღების ცენტში ყოფნა. სოციალური ადაპტაციის უნარი მას იმის შედეგად უქვეითდება, რომ არ შეუძლია საკუთარი ქცევის და ემოციების კონტროლი, თანდათან უძნელდება იმათთან თანაარსებობა, ვინც წინ უსწრებს განვითარებაში. ამას მივყავართ კიდეც სოციალური კონტაქტების დარღვევასთან;
  • ინფანტილიზმი დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების შეფერხებასთან და გონებრივ განვითარებას ის არ ეხება, მაგრამ, თუ მაინც დაფიქსირდა ჩამორჩენა ინტელექტუალურ განვითარებაშიც, ეს უკვე მეორად მოვლენად ითვლება, აღმოცენდება სოციალური დეზადაპტაციის შედეგად და გამოვლენას იწყებს სასკოლო სწავლების პროცესში.

ინფანტილიზმის გამომწვევი მიზეზები:   

  • ჰიპერმზრუნველობა – როდესაც ბავშვთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მშობლები იღებენ, იცავენ მას ნებისმიერი სახის სირთულეებისაგან, აკმაყოფილებენ მის ნებისმიერ მოთხოვნას და კაპრიზს, ბავშვი ვერ სწავლობს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას. ამასთან, გარშემომყოფი ადამიანებისაგან ის ითხოვს ისეთივე ყურადღებას და ზრუნვას, როგორსაც ოჯახში მიეჩვია, ითხოვს ყველა მისი სურვილის დაკმაყოფილებას, მისი ქცევა ხდება ეგოცენტრული, რაც მის სოციალურ ადაპტაციას გარემოსთან სერიოზულად ართულებს და ბავშვის ინფანტილურობის მიზეზი ხდება;
  • მშობლების უყურადღებობა და გულგრილობა ბავშვის მიმართ – მშობლების არასაკმარის ყურადღება შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს ინფანტილურობის განვითარების. ბავშვი, რომელიც თავის ნებაზეა მიშვებული, ცდილობს საკუთარ მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი შეავსოს ფილმების, სერიალების ყურებით, კომპიუტერული თამაშებით, სოციალურ ქსელებში ვირტუალური ურთიერთობით. რეალური სამყარო მისთვის გამოგონილით, წარმოსახულით იცვლება. ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს რეალურ სამყაროში, ვერ ახერხებს ადეკვატური ურთიერთობის დამყარებას ადამიანებთან, ის არ არის მორგებული მის გარემომცველ რეალურ სამყაროსთან. ყველაფერი ეს კი ინფანტილურობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება;
  • ავტორიტარული აღზრდა და დამოუკიდებლად მოქმედების აკრძალვა – თუ მშობლები შესაძლებლობას არ აძლევენ პატარას, გამოავლინოს დამოუკიდებლობა და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მის ნაცვლად ამას უფროსები აკეთებენ, მომავალში ბავშვი აღმოჩნდება ყველაფერში სხვაზე დამოკიდებული. მას გაუჭირდება იყოს დამოუკიდებელი, მიიღოს გადაწყვეტილებები, თავად მოაგვაროს თავისი პრობლემები, რაც ბუნებრივია ინფანტილურს გახდის მას.

რეკომენდაციები ინფანტილური ბავშვების მშობლებისთვის:

  • მოვიწონოთ და წავახალისოთ ბავშვის მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ, საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისაკენ. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება მოსინჯოს საკუთარი ძალები;
  • მოვერიდოთ უყურადღებობას და გულგრილობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ აღზრდის პროცესში დიდი ზიანის მომტანია განსვლა ოჯახისა და სკოლის, ასევე ოჯახის სხვადასხვა წევრის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს შორის. ამიტომ, ვიმოქმედოთ შეთანხმებულად;
  • ხელი შევუწყოთ ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობას. ვასწავლოთ მას თანამშრომლობა სხვა ბავშვებთან, წყენის დავიწყება, კონფლიქტების მოგვარება. ავუხსნათ მის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგები;
  • ვასწავლოთ ბავშვს, გადალახოს სირთულეები. დავეხმაროთ და გამოვხატოთ სიხარული მისი გამარჯვებებით და წარმატებებით. გვახსოვდეს, რომ წარმატება ადამიანს უღვიძებს საკუთარი ძალების რწმენას, უხსნის დაძაბულობას და უქმნის ემოციური კომფორტის განცდას;
  • მოვერიდოთ ჰიპერმზრუნველობას. დავაკისროთ ბავშვს გარკვეული ვალდებულებები, მივცეთ დავალებები, საქმე, რომელზეც პასუხისმგებელი თავად იქნება. ამასთან, მოვერიდოთ მის გაკიცხვას და მასთან ჩხუბს ნაკლებად ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს გამო, მას სჭირდება დრო, რომ ისწავლოს და დაეუფლოს ამა თუ იმ საქმეს. სწავლის პროცესში კი შეცდომები ბუნებრივია;
  • გვახსოვდეს, რომ მუდმივად კომფორტულ გარემოში ყოფნა აფერხებს განვითარებას. ბავშვისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს, ყველა მას ემსახურება, უინტერესო ხდება ცხოვრება. ასეთ დროს მშობლები ხშირად ტეხავენ განგაშს – “ჩემს შვილს არაფერი უნდა, არაფერი აინტერესებს“. მას უბრალოდ ყველაფერი მობეზრდა. თუ ბავშვი მუდმივად კომფორტულ გარემოში იმყოფება, არ სჭირდება სირთულეების გადალახვასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე ფიქრი, დიდი ალბათობით ის ინფანტილურ ადამიანად ჩამოყალიბდება, რაც მას მომავალში წარმატებების მიღწევასა და თვითრეალიზებაში სერიოზულად შეუშლის ხელს;
  • ბავშვში ინფანტილიზმის დასაძლევად კარგი საშუალებაა “კომფორტის ზონიდან“ მისი გამოყვანა. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს რაიმე აშინებს, მაგ. უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ან აუდიტორიის წინ გამოსვლა, შევეცადოთ შევქმნათ მისთვის ისეთი სიტუაციები, სადაც ის შეძლებდა გადაელახა ეს შიში;
  • მივცეთ ბავშვს უფლება გააკეთოს ის, რაც მისი ასაკისთვის სრულიად შესაძლებელია, თუნდაც ისე კარგად არ გამოუვიდეს, რომ ჩვენ მოგვეწონოს. აკრძალვები შეიძლება მომავალში ჩვენ დავივიწყოთ, ბავშვმაც დაივიწყოს, მაგრამ მის ქვეცნობიერს არ დაავიწყდება და ის უარს იტყვის ბევრი რამის გაკეთებაზე იმის შიშით, რომ არ გამოუვა და მარცხს განიცდის. წავახალისოთ დამოუკიდებლობა ნებისმიერ ასაკში. შეიძლება დილით სახლიდან 10-15 წუთით გვიან მოგვიწიოს გასვლა, თუ 4 წლის პატარა თავად შეეცდება ზონრების შეკვრას, მაგრამ შედეგით ნამდვილად არ დავრჩებით უკმაყოფილო, რადგანაც თვითმომსახურების და დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევები ბავშვს დროულად ჩამოუყალიბდება. წავახალისოთ და შევაქოთ პატარა, გამოავლინოს ინიციატივა და დამოუკიდებლობა. ამასთან, ნუ ვეჩხუბებით და ვუსაყვედურებთ, თუ მისი მოქმედებები დახვეწილი და ჩვენთვის მოსაწონი არ იქნება. გვახსოვდეს, რომ უნარ-ჩვევების გამომუშავებას დრო და გამოცდილება სჭირდება.

ინფანტილიზმი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და პრაქტიკულად თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია ინფანტილურ ადამიანს. მაგრამ, რამდენადაც ეს მოვლენა, თავისი არსით, არ წარმოადგენს სოციალურად სახიფათოს, მას,  როგორც წესი, არ ეთმობა სათანადო ყურადღება. ეს კი საკმაოდ დიდი შეცდომაა, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ინფანტილური ქცევა არ არის სოციალურად სახიფათო, ის მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და თვითრეალიზებაში. ამასთან, მისი ახლობლებისთვისაც საკმაოდ სერიოზული დისკომფორტის  და პრობლემების შემქმნელი ხდება. ამდენად, კარგი იქნება, თუ ბავშვის სწორი აღზრდის გზით, მის თავიდან აცილებაზე, ჩამოყალიბების შემთხვევაში კი დროულად დაძლევაზე ვიფიქრებთ.

 

 

სკოლა და ღირებულებათა სისტემა

0

სოკრატემ, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობმა სტუდენტმა, განათლების სისტემის მოდელის შექმნის მცდელობისას, უმაღლესი თამასა დააწესა და მასწავლებლებს მოგვიწოდა, რომ ვიფიქროთ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ბრძენმოფიქრალობა, რაც თავისთავში სიბრძნის, როგორც მოცემულობის უბრალოდ მიღებას კი არა, შეფასებას გულისხმობს.

პლატონის  ღრმა და საინტერესო მოსაზრება გამომდინარეობდა შემდეგი იდეიდან: ადამიანს უნდა ასწავლო ყოველდღიური ცხოვრების იმგვარად გააზრება, რომ მან, სიამოვნების, პატივისა და კეთილდღეობის, მიზნებისა თუ შურისძიების დაგეგმვისას, ყოველთვის იფიქროს მათ ავ-კარგიანობაზე და გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებლად გააკეთოს არჩევანი უფრო მნიშვნელოვანი ღირებულების სასარგებლოდ.

სწორედ ეს, ფასეულობების ეგრეთ წოდებული ვირტუალური შკალა, როგორც გეზი უნდა ჰქონდეს ყველა მასწავლებელს, რომ არც თვითონ აცდეს მთავარს და არც მისი მოწაფეები.

მაგრამ რა არის ეს მთავარი და ერთნაირად უნდა მივუდგეთ თუ არა ყველა მოსწავლეს, ესაა კითხვა, რომელიც პედაგოგიკის მკვლევარი მოაზროვნეები ამდენი საუკუნეა უსვამენ თავსაც და საზოგადოებასაც.

პლატონი სტუდენტებს კატეგორიებად ახარისხებდა და მიაჩნდა, რომ განათლება და განათლების მიცემის ხერხი სტუდენტის ინტერესებიდან გამომდინარე ინდივიდუალური უნდა იყოს, ეს მოსაზრება, საფუძვლიანად, ჯონ დუიმ, პლატონის დიდმა თაყვანისმცემელმა, მაგრამ ამავე დროს კრიტიკოსმაც, უარყო და თქვა, რომ განათლების დახარისხება იერარქიულ კატეგორიებად, მიუღებელი და არაფრისმომცემია.

დუი და მოგვიანებით უკვე სხვა პატივსაცემი ადამიანები,  განათლების სისტემის შიგნით ღირებულებების განსაზღვრების აუცილებლობას, როგორც ცოდნის ქვაკუთხედს ისეთი სერიოზულობით უდგებოდნენ.

რა არის განათლების სისტემის მიზანი? კონკრეტული ცოდნის მიცემა თუ კონკრეტული ღირებულებების გააზრება და ცოდნის მხოლოდ ამის ფონზე გადაცემა?

როგორ უნდა შეფასდეს საგანმანათლებლო რესურსი, სისტემა და დაწესებულება? ეს უნდა გააკეთოს საზოგადოებამ თუ სხვა სისტემამ, რომელსაც მერე კიდევ სხვა სისტემა შეაფასებს და ასე დაუსრულებლად?

რა უნდა დავუსახოთ მიზნად საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა სტუდენტებში შემოქმედებითი აზროვნება გააღვივოს? თუ პირიქით – უნდა გახადოს ისინი კარგი შემსრულებლები?

უნდა წახალისდეს თუ არა ბავშვებში ცნობისმოყვარეობა, უნდა ვასწავლოთ თუ არა სტუდენტებს თვითშეფასებისა და საკუთარი რესურსის სწორად გამოყენების ტექნიკა?

უნდა განვუვითაროთ თუ არა ბავშვებს საღი განსჯის უნარი? რომელი ასაკიდან?

რა უნდა შთავაგონოთ მოზარდებს, „თავისუფალი“ ცხოვრების წესი და მეტი ავტონომიურობა, თუ მორჩილება და ავტორიტეტის მიმართ ტრადიციული და დამკვიდრებული მიდგომები?

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვებს რელიგიური განათლება, თუ აღვზარდოთ ისინი ყოველგვარი რელიგიური კუთვნილებისგან სრულიად დაცლილი?

ბაღი, სკოლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა ასწავლიდეს თუ არა მოსწავლეს ბედნიერებისკენ სვლის გზებს, პიროვნული პრობლემების დაძლევის მეთოდოლოგიას, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უახლოესი გამოწვევებიდან გამომდინარე, მაგალითად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გარჩევას ნამდვილი ამბებისგან?

ამ შეკითხვებს დიდი ხანია სვამენ გამორჩეული მოაზროვნეები, რომელზე ერთგვაროვანი პასუხები არ არის და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული სოციუმი ან კონკრეტული ადამიანი თავისებურად წყვეტს.

ყველა შემოთავაზებული და დასახული მიზანი ფრთხილ და სათუთ განხილვას მოითხოვს და აუცილებლად ექვემდებარება უმკაცრეს კრიტიკას, რათა სისტემურად დანერგვამდე, მაქსიმალურად დაწურული და იდეალური გახდეს.

 

უმთავრესი ამოცანა, რასაც თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებები ისახავენ მიზნად, არა მოკლევადიანი განვითარების გეგმაა, არამედ ეგრეთ წოდებული „ტოტალური განათლების“ პრინციპია, როდესაც კონკრეტული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემა ან პრესტიჟული უმაღლესი დაწესებულებები განათლებას გრძელვადიან პრიზმაში უყურებენ და ცდილობენ ფსონი მომავლის პროფესიებზე გააკეთონ.

მსგავსი კონცეფციის შექმნა მხოლოდ მყარად ჩამოყალიბებული ფილოსოფიის მქონე სასწავლებლებს შეუძლიათ და ამ მიმართულებაზე, როგორც წესი, პლანეტის უდიდესი მოქმედი მოაზროვნეები ფიქრობენ.

ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში, სადაც სისტემის დანერგვამდე ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ჩვენ შვილებზე, კონცეფციის შექმნა ბევრ სირთულესთანაა კავშირში, რადგან სახელმწიფო, იყენებს რა საკუთარ ძალაუფლებას, ირიბად ან პირდაპირ ძალადობს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე,  თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ინსტიტუტების შემთხვევაში, ფულის გადამხდელი, მშობელი იღებს ძალასაც და უფლებამოსილებასაც სკოლის კონცეფციაში ჩაერიოს, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში შეაფერხოს კიდეც ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების პროცესი.

როგორც წესი, მშობლები კრიტიკულად და ეჭვით უდგებიან ისეთ სასწავლო გეგმას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არაა დამტკიცებული. სკოლებს ხელ-ფეხი აქვთ შებოჭილი და საერთო, ეროვნულ სასწავლო გეგმას ბრმად და ხშირად ფორმალურად მიყვებიან.

რომელი საგნების სწავლაა ღირებული და ფასეული, რომელი საგნების არსწავლა „არ დააქცევს ქვეყანას?“ უნდა ხდებოდეს თუ არა მოსწავლეებისა და სტუდენტების ინდივიდუალურ განვითარებაზე აქცენტირება, თუ განათლება უნდა იყოს იაფი და ძალიან ზოგადი პროდუქტი? არის თუ არა მორალურად გაუმართლებელი ცუდი მოსწრების სტუდენტებისა და მოსწავლეების სწავლის პროცესისგან ჩამოშორება და ნიჭიერი და ძლიერი შესაძლებლობების მქონე, მაგრამ ფინანსურად სუსტი ბავშვებისთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემა? დამოკიდებულია თუ არა განათლების მიცემა და მიღება ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ, კულტურულ თავისებურებებზე? არის თუ არა თანამედროვე განათლების სისტემა მორგებული მამაკაცზე და ხომ არ ილახება გოგონების უფლებები სწავლის არსებული მოდელების პირობებში? – მსგავს კითხვებს ფემინისტური ორგანიზაციები აქტიურად სვამენ მსოფლიოს წინაშე.

კაცობრიობა, როგორც ყოველთვის თავისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მაღალტექნოლოგიური განვითარების პირობებში დღის წესრიგში, ისეთი ეთიკური მოცემულობები დგება, რაზეც კაცობრიობას აქამდე არასოდეს უფიქრია – ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები, რობოეთიკა, უდიდესი კორპორაციების მიერ შექმნილი ონლაინგაყიდვების პლატფორმების, როგორც მოზარდებზე და არამარტო მოზარდებზე ირიბად ზემოქმედების ინსტრუმენტი, ევთანაზიული ტურიზმი და სხვა.

ცივილიზაცია ისეთი სისწრაფით ვითარდება, ვფიქრობ, მხოლოდ ძლიერი, მყარი და ღირსეული ფასეულობების მქონე ერები მოახერხებენ თვითგადარჩენას.

და ჩვენც, სწორედ იქ და იმ წუთას უნდა აღმოვჩნდეთ.

 უცნაურად მიწოდებული და გამოკითხული მასალა

0

ის დრო , როცა გაკვეთილის ახსნის, დავალების მიცემის და გამოკითხვის ისეთ ხერხს ეძებ, მრავალრიცხოვანი კლასის თავმოყრა რომ შეძლო და შედეგიც მიიღო ისე, რომ ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში გყავდეს. ბოლოს მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ აირჩიო მასალა, ჩაწერო ვიდეოს სახით მისი ახსნა, მოათავსო დახურულ ჯგუფში და მოასმენინო კლასს მათთვის ხელსაყრელ დროს.

შინაარსიანი რომ გამეხადა,   სწორედ ასე დავიწყე არდადეგები. დილით, ჯგუფში  მოვათავსე  ვიდეო, დავრწმუნდი,რომ ყველამ ნახა. დავწერე  ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე ვიდეოში და გადავუღე ფოტო ფურცელს.  იმის შემოწმებლად რამდენად  აზრიანად წაიკითხეს და მოისმინეს ჩემი დავალება, მოცემული ფოტოს ქვეშ ვნიშნავ სიის პირველ ნომერს და ვუსვამ კითხვას მოცემული ტექსტიდან. ის მპასუხობს და ახლა თავად ადგენს კითხვას მოცემული ტექსტიდან და ამ კითხვას პასუხობს სიის მეორე ნომერი, რომელიც გადადის მესამე ნომერთან კითხვით და ასე შემდეგ სიის ბოლომდე.

ეს იმის საშუალებას მაძლევს, რომ შევამოწმო თეორიული მასალის მინიმალური ცოდნა. ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებშია.

მეორე დღეს ამ მასალის გამოყენებით შეიძლება ვიდეოთი რამდენიმე ამოცანა ავუხსნათ და მერე წერილობით ასეთივე ამოცანები ამოხსნილი მოვათავსოთ ჯგუფში. გავიმეოროთ იგივე, რაც წინა დღეს. ვკითხოთ სიის პირველ ნომერ მოსწავლეს. პასუხის შემდეგ, ის ეძებს ,რომელი ამოცანის პასუხი ჰკითხოს მეორეს და ასე შემდეგ. მხოლოდ ბოლო მოსწავლე გვეკითხება ჩვენ.

მეორე დღეს ვაძლევთ საშინაო დავალებად  ანალოგიურ ამოცანას, რომლის ამოხსნის ვარიანტსაც გვიგზავნიან პირადად. ამოხსნის სწორ ვარიანტს ვათავსებთ იგივე ჯგუფში. ბავშვები აუცილებლად ფასდებიან  კითხვის სირთულის და საშინაო დავალების შესრულების შესაბამისად. თავდაპირველად მხოლოდ ჩავინიშნავთ და არ დავწერთ შეფასებას,  განმსაზღვრელი შეფასებისთვის ვიყებებთ შემდეგ ცხრილს:

მოსწავლე სწორად გამოგზავნილი დავალება 1-3 ქ. კითხვაზე სწორი პასუხი.თითოეული კითხვა 1 ქ.

სულ 2 ქ.

კითხვის სირთულე ტექსტიდან?

თითოეული კითხვა 1 ქ.

სულ 2 ქ.

აქტიურობა, დამაზუსტებელი კითხვები,

ამ თემაზე რაიმე საინტერესოს შემოთავაზება და ჯგუფში განთავსება.

1-3 ქულა

ჯამი
1          
2          
3          
4          
5          
6          

 

მოსწავლეს შეუძლია გვკითხოს პირად გზავნილში, თუ ვერ გაიგო, როგორ შეადგინოს კითხვა. საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ სიას არ გაყვნენ და კითხვის დასასმელად აირჩიონ მოსწავლე, რომელიც მანამდე არ ყოფილა მონიშნული. საბოლოოდ, ყველა უნდა გამოიკითხოს.

აქტივობის უპირატესობა არის ის, რომ ყველა თანაბარ პირობებშია, ვამოწმებთ და ვიგებთ, რომ კითხვაზე პასუხის მისაღებად მინიმუმ წაიკითხეს  მასალა, ჯგუფში არიან მშობლები და გვეხმარებიან.

მასალა, რომელსაც ვიყენებთ, შეიცავს  მარტივ და რთულ საკითხებს, ანუ კითხვის ავტორი იპოვის ყველა დონეს.  თუ ვერ იპოვა,  პირად გზავნილში გვთხოვს დახმარებას.

თუმცა, მეთოდი ვერ მოგვცემს იმის საშუალებას სტანდარტით მოცემული ბევრი საკითხი ერთად დავფაროთ.  ინფორმაცია უნდა იყოს მცირე რაოდენობით და მოსწავლეთათვის გასაგები.

მეთოდის მთავარი საფეხურებია:

ახალი საკითხის შესახებ ცოდნა შევძინოთ მოსწავლეებს,  მათ შეძლონ ამოცანების ამოხსნა და ასე  შევამოწმოთ ახსნილი საკითხის გაგების  დონე. მოსწავლეებს კითხვების შესადგენად ფიქრი უწევთ, მაღალი მზაობის მოსწავლეები  დავალებად იღებენ უფრო მაღალი დონის მასალას და გვიგზავნიან პირადში  შესრულებულ დავალებას.  შეუძლიათ თავადაც მოიფიქრონ რამე საინტერესო.

მეთოდის საწყისი ეტაპი საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და იმედია, იმ შედეგს მოიტანს, რა შედეგის მისაღებადაც არის მოფიქრებული ეს აქტივობა. კლასის მრავალრიცხოვნობის შემთხვევაში, შრომატევადიც იქნება,  მაგრამ საშინაო დავალების ნაწილში ვეცადოთ, მოვახდინოთ მოდიფიკაცია.

ასე არდადეგები ცოტათი შეივსება საჭირო წუთებით.

და თუ მაინც, აღმოჩნდება ვინმე, ვისაც არა აქვს ინტერნეტი, მინიმუმ ტელეფონით მაინც გავაცნოთ მასალა და მივცეთ საშუალება, გვიკარნახოს კითხვაზე პასუხი და კითხვა.

 

 

წითელი პანდა, ფლამინგო და ყარსაღი ხელოვნების გაკვეთილზე

0

ხელოვნების სწავლება ბავშვებისთვის სახალისო გამოცდილებად რომ იქცეს, თემის გასააზრებლად საჭირო ვიზუალური მასალის შერჩევას მათი ხედვიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ვცდილობ – რა მოეწონებათ, რაზე შეიძლება გაეცინოთ, რა იქნება ნაცნობი, ახალს რას გაიგებენ, რა მისწვდება მათ გულებს, რა დაამახსოვრდებათ, რა შთააგონებთ, როცა ხატვას შეუდგებიან.

პატარები ხშირად მიყვებიან თავიანთ შინაურ ცხოველებზე, როგორ მიუხარიათ სახლში, რას აჭმევენ, როგორ უვლიან. 11 წლის ლიზასთვის დაუვიწყარია ის დღე, როცა დედამ მოულოდნელად ლეკვი აჩუქა. საბას ორი თუთიყუში ჰყავს, ორივე ცელქი, ოღონდ ერთი საშინლად მახინჯი, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი. აჩი სამ კუს უვლის და ეზოშიც ხშირად ასეირნებს. ანა თავის კატას როცა ეფერება, ის ენას უყოფს. გიოს მსუქანი წითური კატის ამბებიც ვიცით, რომელიც მთელი უბნის შვილობილია, დადის კარდაკარ, ხან ვინ აჭმევს, ხან ვისთან გამოიძინებს. მეც ვუამბობ ჩემსას, ჩემი პატარა გოგო, როცა თავის ზაზუნას ესიყვარულება, ხმის ტემბრი ეცვლება, ხმა უწვრილდება, თითქოს ბოლომდე უნდა ამოიწუროს და მთელი გულით აგრძნობინოს, როგორ უყვარს ეს ერთი ციდა არსება.

ცხოველების სიყვარულსა და ზრუნვაში ამ ბავშვებს ვერავინ შეედრება. და როცა ხელოვნების გაკვეთილი მათ ძვირფას ოთხფეხა მეგობრებს ეთმობა, ნამდვილი დღესასწაული დგება. უხარიათ, მონდომებით გისმენენ, ხალისით მუშაობენ. ნატალი ცდილობს ყველა ნაკვთი და დეტალი მიამსგავსოს, ქეთევანს როგორც ახსოვს ისე ხატავს, გიო კი ცხოველის გამოსახულებას კუბებით აგებს და თავისი ნამუშევრით კმაყოფილი თავს გვაწონებს.

ანიმალისტურ ჟანრს პატარები (მეხუთე – მეექვსეკლასელები) სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მხატვრების ნამუშევრებით უკვე იცნობენ. ცხოველები ხელოვნებაში ფიროსმანის ნახატების, დიურერის ზუსტი ჩანახატების თუ მერაბ აბრამიშვილის დეკორატიული სტილის განხილვისა და ინტერპრეტაციების შესრულებით აქვთ გააზრებული. ესმით და საინტერესოდ განიხილავენ, ვინ როგორ და რატომ ხატავდა ცხოველებს, რომელი უფრო მოსწონთ, რეალისტური, პირობითი, დეკორატიული თუ აბსტრაგირებული გამოსახულებები.

ერთ გაკვეთილზე კი ჩვენი ნახატების გმირებად დედამიწაზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები ვაქციეთ. ფიქრისთვის და დაკვირვებისთვის ხელთ გვქონდა საინტერესო სტატიებით, სიახლეებითა და აღმოჩენებით სავსე – ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც მთლიანად ამ თემას ეხებოდა, თან მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალით. ჟურნალში წითელი პანდის, ყარსაღის და ვარდისფერი ფლამინგოების  ფოტოები რომ შემომხვდა, იმწამსვე ბავშვების სახეები წარმომიდგა თვალწინ, როგორ მოეწონებოდათ. ზუსტად ის იყო, რაც გვჭირდებოდა.

სანამ ცხოველების ფოტოებს ვაჩვენებდი, ჯერ ეკოსისტემები გავიხსენეთ. ცხოველები ხომ გარემოს კომპლექსურ ქსელში არსებობენ, რომელსაც ეკოსისტემა ჰქვია. ხელოვანებს კი ამ ეკოსისტემებზე დაკვირვება უყვართ, რომ საკუთარი ისტორიები შექმნან. ბუნებაზე დაკვირვების შედეგი –  მრავალფეროვანი ფერები, ფორმები, ფაქტურა მათ ნამუშევრებში ვლინდება. მაგრამ რა ისტორიებს გვიამბობენ მხატვრები თუ მოქანდაკეები ცხოველებზე და ამ ნამუშევრების ნახვისას ჩვენ რას ვგრძნობთ? შეუძლია ხელოვნებას ბუნებასთან ჩვენი ურთიერთობის გააზრებაში დაგვეხმაროს, დაგვაფიქროს, როგორ ვეპყრობით გარემოს, ცხოველებს, ფრინველებს, წყლის ბინადრებს?

დღეს მეცნიერები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების 28 000-ზე მეტ სახეობას და ქვესახეობას გვაცნობენ. საფრთხის დონეებიც განსხვავებულია, ზოგი საჭიროებს ზრუნვას, ზოგი კრიტიკულ საფრთხეშია, ზოგი გადაშენებული, ზოგიერთი სახეობის შესახებ კი არასრული მონაცემებია. ბავშვებმა ამ პრობლემის მიზეზებზე საკუთარი მოსაზრებები გამიზიარეს – ტყეების გაჩეხვა, ბრაკონიერები, კლიმატის ცვლილება და ა.შ. რომ თავიდათავი ამ უბედურებების ადამიანია, ბუნების მიმართ მისი დაუფიქრებელი და დაუნდობელი მოქმედებებით.

ჟურნალის თვალიერებისას ვთხოვე, ცხოველების იერსახესთან ერთად მათ სახელებსაც კარგად დაკვირვებოდნენ: წითელი პანდა, იავური მწვანე კაჭკაჭი, თევზი ნაპოლეონი, ნუბიური გარეთხა, ნაოჭიანი რქაცხვირა, ყარსაღი, ვერცხლისფერი ბრინჯის ზაზუნა, ნისლა ლეოპარდი, მარჩის ჩხრიალა გველი, ამერიკული მესაფლავე ხოჭო, სამხრეთამერიკული და კარიბის აუზის გიგანტური კუ და ა.შ. მოეწონათ და გახალისდნენ.

ცხოველების მომხიბვლელი ფოტოების ნახვამ და სახელების ამოკითხვამ, პრობლემის გააზრებისგან გაჩენილი სევდა ცოტა შეგვიმსუბუქა და მუშაობასაც შევუდექით.

ლიზამ და ნუცამ, სურათზე მათი საყვარელი ფლამინგო რომ დალანდეს, რაც იცოდნენ მონდომებით გვიამბეს: „ფლამინგო რომ იბადება თეთრია, ფერს კი მერე საკვებისგან იცვლის. ახალდაბადებულს რბილი, ხშირი ბუმბული და სწორი ნისკარტი აქვს. ნისკარტი თანდათან, ზრდასთან ერთად უხდება მოხრილი. მშობლები თავიანთ წიწილს ხმით სცნობენ. მისი საყვარელი საჭმელი ლოკოკინები და წყალმცენარეებია, თევზსაც მიირთმევს, ჩარგავს თავს წყალში და ასე თავდაყირა შეუძლია ჭამოს.“ საბამ წამოიძახა, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, საკვების მიღების შემდეგ ადამიანებიც რომ ფერს ვიცვლიდეთო.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ფლამინგოს გარეგნობა, ვარდისფერი ბუმბული, წვრილი ფეხები და მოხრილი კისერი. გოგონებმა ფლამინგოს ნახატებით გაფორმებული ბლოკნოტები და კალმებიც გვაჩვენეს და შეუდგნენ ხატვას. ნატალი კი ფლამინგოზე მეტად იავური კაჭკაჭის ფერებმა მოხიბლა. (სურ. 1)

უზარმაზარი თევზი ნაპოლეონის ფოტოების დანახვაზე ლუკა დაინტერესდა, ეს რამხელა ყოფილაო, შავ ზღვაში ეგ თევზი არ იქნება, ოკეანის თევზს გავსო. თევზებზე ბევრი რამ ვიციო, მე და მამა ხშირად ვთევზაობთ და მერე ენციკლოპედიაში ვეძებთ მათ სახელებს და სახეობებსო. აჩის ნაპოლეონ ბონაპარტი გაახსენდა, გიოს ნამცხვარი და ასე ხალისიანად ვაგრძელებთ მუშაობას.

უმეტესობას წითელი პანდას ხატვა მოუნდა, ისე საყვარლად გვიმზერდა ჟურნალის ფოტოდან. თურმე წითელ პანდას აკრობატსაც უწოდებენ, ოსტატურად დახტის და დაცოცავს ხეებზე. სიმაღლეზე როცა დაძვრება, წონასწორობას თავისი გრძელი კუდით ინარჩუნებს. დღისით სძინავს თავის ფუღუროში, ღამით ღვიძავს. წითელი პანდა საფრთხეში მყოფი ცხოველია. ტყეებს, სადაც მისი სახლია, ჩეხავენ, ბრაკონიერები მის ბეწვზე ნადირობენ. ვიკამ პირველად დახატა წითელი პანდა, ცხოველის ხასიათი ძალიან კარგად დაიჭირა.

მაშოს თეთრი ყარსაღი მოეწონა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში განწყობა არ ჰქონდა მუშაობის, შემომჩივლა, როგორ მომწონს და როგორ ვერ დავხატეო. მერე დაუსრულებელ ჩანახატს მინაწერი გაუკეთა: „როცა არ გამოგდის, არ უნდა ხატო“. მე კი დავამშვიდე, – კი არ გამოგდის, არამედ ზოგჯერ არ ხარ ხატვის ხასიათზე, სულ ეს არის. სამაგიეროდ ყურადღებით გვისმენდა და ჟურნალის თვალიერებამ გაიტაცა. ჩინური ვეფხვის ამბავიც წაგვიკითხა.

ანდრია კარგა ხანს უხმოდ აკვირდებოდა მეგობრების მუშაობას, ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო და ნუბიური გარეთხა დახატა, ერთი ხელის მოსმით, ლაღად და სახასიათოდ.

გომბეშოს და სხვა ქვეწარმავლების ფოტოების ნახვისას, გიოს გარდა, ყველამ თქვა, არ გვინდაო. მან კი დიდი მონდომებით ჩახატა მწვანე გველი.

ნიტას და ანას ყველაზე მეტად ლომები უყვართ და აბა სხვა რა უნდა ექნათ, ლომების პორტრეტები შექმნეს. (სურ. 2)

ასეთები არიან ხელოვანი ბავშვები. გაკვეთილზე რაც არ უნდა ერთი თემის ირგვლივ ვცდილობდე მათ კონცენტრირებას, ხატვის დროს ყველა მაინც თავის მუზას მიჰყვება. მეც სწორედ ეს მომწონს. ვისაც რომელი ცხოველი მოეწონა, ის აირჩია და როგორც შეძლო დახატა. იმ დღეს ცხოველების სიყვარულზე, ადამიანის პასუხისმგებლობაზე ბევრი ვისაუბრეთ და, რაც მთავარია, ძალიან კარგი ნახატებიც მოგვიგროვდა.

გამოყენებული რესურსი:

https://www.nationalgeographic.ge/

National Geographic საქართველო, ოქტომბერი, 2019

 

როგორ აისახება ტესტების შედეგები მოსწავლეთა განწყობაზე

0

პასი სალბერგი: „რაც უფრო უკეთესია ტესტების შედეგები, მით უფრო უბედურად გრძნობენ თავს მოსწავლეები“

„ფინური საგანმანათლებლო რევოლუციის“ იდეოლოგი, პასი სალბერგი მოგვითხრობს სმარტფონებისგან მომდინარე ხიფათზე და იმაზე, რატომ ვერ გაუსწრებს ჩინეთი და სხვა აზიური ქვეყნები დასავლეთს მეცნიერებასა და ბიზნესში.

პასი სალბერგი –  ორიათასიანი წლების ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმატორი; ეკავა განათლების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა მსოფლიო ბანკში, წამყვანი ექსპერტისა – ევროპის განათლების ფონდში, გენერალური დირექტორისა – ფინეთის განათლების სამინისტროში; გახლდათ მიწვეული პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში. დღეს, ბ-ნი სალბერგი ახალი სამხრეთი უელსის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკის პროფესორია (ავსტრალია). ავსტრალიის მთავრობა აპირებს, გამოიყენოს პროფესორ სალბერგის გამოცდილება და ცოდნა (რომლებიც გადმოცემულია სალბერგის ბესტსელერში „ფინური გაკვეთილები 2.0“) ქვეყნის განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად.  

ინტერვიუს პასი სალბერგთან უძღვება https://www.rbc.ru-ს ავტორი მაქსიმ მომოტი.

ბოლო 20-30 წელიწადში ბევრი საუბრობდა კერძო სკოლების უპირატესობაზე, სახელმწიფო სასწავლებლებთან შედარებით. ფინეთი სხვა გზით წავიდა. რა არის თქვენი განათლების სისტემის თავისებურებები?   

– ჩვენთან, სასკოლო განათლების სისტემა მთლიანად მთავრობის მიერ ფინანსდება და კერძო სკოლები თითქმის არ არსებობს. ეს საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ ცოდნის თანაბარი დონე ყველასთვის. სხვა ქვეყნებში კერძო სკოლების სიმრავლე ასუსტებს სახელმწიფო განათლების სისტემას. კიდევ ერთი თავისებურება გახლავთ ის, რომ ფინელ მასწავლებლებს კარგი განათლება აქვთ: მათ აუცილებლად ქვეყნის რომელიმე კვლევითი უნივერსიტეტი უნდა ჰქონდეთ დამთავრებული და დიპლომი ნამდვილი სამეცნიერო ნაშრომით დაიმსახურონ. ამას ახალგაზრდა სწავლულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რათა მალევე შეძლონ სკოლის მოსწავლეების დახმარება, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მასალის ათვისების პრობლემები აქვთ, ვთქვათ, მათემატიკაში ან მეტყველებაში, ან უბრალოდ ყოფა-ქცევაში. დიდი სახსრები იხარჯება იმაზე, რომ ეს სიძნელეები ადრეულ სტადიაზე აღმოიფხვრას. ამიტომაც ფინეთში ცოტანი არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ცუდად სწავლობენ.

 – რა უპირატესობას იძლევა საჯარო (სახელმწიფო) სასკოლო სისტემა?

– თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა და სამართლიანობა, მაშინ მათი მიღწევა უფრო ადვილია ერთიანი სისტემის ფარგლებში. თუ ქვეყანა აქცენტს კერძო სკოლების განვითარებაზე აკეთებს, ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკოსებს ნაკლებად ადარდებს მოსწავლეთა განათლების საშუალო დონე: მათ ყოველთვის შეუძლიათ განაცხადონ, რომ ვიღაცას აქვს საშუალება კარგი განათლება კერძო სკოლებში მიიღოს. მაგრამ თუ განათლების სისტემა სახელმწიფოს ხელშია, როგორც ეს ფინეთში ან კანადაშია, მაშინ პოლიტიკოსებს მოუწევთ პასუხი გაცემა მოსწავლეების განათლების დონის გამო. ამ დროს პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ კარგ სკოლებში სწავლის საშუალება ყველას მიეცეს. გრძელვადიანი პერსპექტივით, განათლების ხარისხის კუთხით ასეთი სისტემა სჯობს. მაგალითად, ავსტრალიაში მოსწავლეების 40% კერძო სკოლებში დადის და ამიტომაც ისინი საუკეთესო მოსწავლეებსა და ყველაზე მეტ რესურსს მიიზიდავენ.

ფინური სკოლა

ფინეთის საშუალო სასკოლო განათლების სისტემის საფუძველში დევს ერთი პრინციპი – მოსწავლეებს არ ჰყოფენ სუსტებად და ძლიერებად. მაგალითად, მოსწავლეებს არ ანაწილებენ სხვადასხვა კლასში მათი მოსწრების მიხედვით. ბავშვები, რომლებსაც რაიმე ფიზიკური ან ფსიკიკური თავისებურებები აქვთ, კლასში ყველასთან ერთად სწავლობენ. დაბალი მოსწრებისათვის არ არსებობს რაიმე სასჯელი. ნიშნების წერას მასწავლებლები მხოლოდ მე-5, მე-6 კლასიდან იწყებენ. ფინეთმა, საგანმანათლებლო რეფორმის წყალობით, 21-ე საუკუნეში მსოფლიოში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია კითხვაში, მათემატიკასა და სამეცნიერო დისციპლინებში.  

„მასწავლებლებს სრული ავტონომია სჭირდებათ“

ალბათ, ფინეთის მსგავს სისტემას განსაკუთრებული მასწავლებლები სჭირდება?

დიახ! მასწავლებლების უმრავლესობისთვის, ამას გეუბნებით როგორც ყოფილი მასწავლებელი, ეს პროფესია მოწოდებაა – დაეხმარო სხვას, რომ მისი ცხოვრება უკეთესი გახდეს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კარგი მასწავლებელი ფულის გამო არ მუშაობს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ მასწავლებლებს ცოტათი მეტს გადავუხდით, როგორც ეს კერძო სკოლებშია, მაშინ განათლებაც უკეთესი გახდება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის ხელფასი კონკურენტული იყოს სხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ხელფასებთან მიმართებაში. თუ ვინმე, ვისაც პედაგოგებისთვის საჭირო მონაცემები აქვს, ფინელი იქნება ის თუ სხვა ერის შვილი, უარს ამბობს ამაზე მხოლოდ ხელფასის გამო, ეს კატასტროფის ტოლფასია. არის ქვეყნები, სადაც ეს მუდმივად ხდება. ხელფასი არ უნდა გახდეს არც ხელისშემშლელი და არც წამაქეზებელი ფაქტორი. ფინეთში ეს გამოგვივიდა. მასწავლებლის საშუალო ხელფასი ჩვენთან საშუალოა ქვეყნის მასშტაბით. ის თვეში დაახლოებით 3.5-4 ათას ევროს უტოლდება.

ხშირად ამბობენ, რომ ფინელ მასწავლებელს ავტონომია აქვს. რას ნიშნავს ეს?

 

მოდით, ამის ახსნას შედარების საშუალებით შევეცდები. წარმოიდგინეთ თავი კლინიკაში, ექიმის ადგილას, რომელსაც მოქმედების თავისუფლება არა აქვს: თქვენ მხოლოდ სტანდარტებით მოქმედების უფლება გაქვთ და მეტი არაფერი, მაშინაც კი, როდესაც დაინახავთ, რომ პაციენტს სხვა სახის მკურნალობა სჭირდება. თუ ჩავთვლით, რომ მასწავლებლის პროფესია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იურისტის, ექიმის ან ინჟინრის, მას გარკვეული ანატომია ესაჭიროება. დამოუკიდებელი მოქმედება იმისთვის, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ მოვიზიდოთ ამ პროფესიაში ძვირფასი მუშაკები/სპეციალისტები. მასწავლებლებს ესმით, რომ იგივე თავისუფლება აქვთ როგორიც ადვოკატებს, რომელიც თვითონ იფიქრებს/არჩევს, როგორ დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ფინეთში, ისევე როგორც რუსეთში, იყო დრო, როდესაც ითვლებოდა, რომ განათლების სამინისტრო მასწავლებელზე უკეთ ერკვევა, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ხოლო განათლების დანიშნულებაა – ამ კონკრეტული ცოდნის მასწავლებლისთვის გადაცემა. ეს დროც უკვე წარსულშია. არავინ უწყის, როგორი იქნება სამყარო ხვალ. ამავე დროს, მასწავლებელმა ბავშვი ამ „ხვალისათვის“ უნდა მოამზადოს. სკოლასა და მასწავლებლებს სრული ავტონომია სჭირდებათ, რათა გადაწყვიტონ, რომელი გზა სჯობს.

 „ტესტები დაზეპირებას გულისხმობენ და არა შინაარსის გაგებას“

გამოსვლებში მუდმივად აღნიშნავთ, რომ ფინეთის სკოლები თავისუფალია სტანდარტიზებული ტესტებისგან. ასე რატომ არ გიყვართ ისინი?

მე სკოლებში ტესტების მოწინააღმდეგე არ ვარ. უბრალოდ იმის ხაზგასმა მსურს, რომ დაბალი ხარისხის სტანდარტიზებული ტესტები ცუდია იდეა გახლავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ჩაბარება ყველა მოსწავლეს უწევს. ჩვენ ფინეთში, ტესტებს შერჩევით ვიყენებთ და მათში სპეციალურად შერჩეული მოსწავლეების 10-13% მონაწილეობს. მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ ეს შერჩევა ქვეყნის მოსწავლეთა შემადგენლობას ასახავდეს. ამ შერჩევაში უნდა იყვნენ ქალაქისა და სოფლის მოსწავლეთა, იმიგრანტთა, ბიჭებისა და გოგონების შესაბამისი პროცენტი ფინეთის სხვადასხვა პროვინციიდან. ასეთი ტესტი საჭიროა ქვეყანაში განათლების დონის შესამოწმებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ ტესტების ჩატარებაზე ჩვენ ბევრად ნაკლებ რესურსს ვხარჯავთ და ეკონომიით მიღებული ფულით მათ ხარისხს ვამაღლებთ. ასეთი შემოწმების შედეგები არანაირ გავლენას არ ახდენენ სკოლაზე, მასწავლებელსა და ბავშვებზე. ტესტები ასეთი სახით კარგია. ამავე დროს, ბევრგან, ასეთ ტესტებს ყველას აბარებინებენ. ასეთი შემოწმება იმდენად ძვირია, რომ ტესტების ხარისხი, ხშირად დაბლდება. ასეთი ტესტები ყურადღებას უფანტავს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და აცდენს მათ ძირითადი საქმისგან.

ტესტების გარეშე როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეების მოსწრება? ნიშნები დავუწეროთ?

 

ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის ინფორმაციის მიღება გსურთ სკოლიდან. თუ იმის გაგებაა საჭირო, როგორ სწავლობენ ბავშვები, ყველაზე კარგი შემფასებელი მასწავლებელი და მისი აზრია. არა ერთი მასწავლებლის, არამედ პედაგოგთა მთელი კოლექტივის. ისინი თავიანთ აზრს დირექტორს, ადგილობრივ ხელისუფლებას (ვისაც განათლება ეხება) და მშობლებს მოახსენებენ. ეს ასეც უნდა იყოს. ხოლო თუ იმის გაგება გვწადია, როგორ მუშაობს სისტემა ქვეყნის დონეზე, მაშინ შერჩევით ტესტებს ვეყრდნობით, რომლებზეც უკვე მოგახსენეთ. ფინელი პოლიტიკოსები სრულად ეთანხმებიან ასეთ მიდგომას.

რუსეთში სკოლის დამთავრებისას ბარდება ტესტები, რომლის შედეგების მიხედვით მოსწავლეს/აბიტურიენტს უნივერსიტეტის არჩევა შეუძლია.

ჩვენთანაც არის გამოცდები, რომლებსაც მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ აბარებენ. ისინი უკვე სკოლის გარეშე ტარდება და სწორედ უმაღლესში ჩასაბარებლად არის გამიზნული. ეს დამოუკიდებელი შეფასება გახლავთ.

 

რუსეთშიც ეს გამოცდები სახელმწიფო დონეზე ტარდება და არა სკოლაში.

მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. შვედეთში ტესტები გააუქმეს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს შეცდომა იყო. მასწავლებლები მოეშვნენ, ხოლო მოსწავლეებმა მოტივაცია დაკარგეს. ასეთი ტესტები კარგი საშუალებაა სკოლის დამთავრების შემდეგ განათლების ხარისხის შესაფასებლად.

 

რუსეთში ამ ტესტებს ხშირად აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლებმა საგანი წაუკითხონ ბავშვებს, მხოლოდ ტესტებისთვის ამზადებენ მათ.

ეს თუ ასეა, მაშინ ტესტების ხარისხი უნდა გადაისინჯოს. თუ ტესტები კარგად არის შედგენილი და საგნის ცოდნის შეფასებას ისახავს მიზნად, მაშინ ამაში ცუდი არაფერია. ჩვეულებრივ, მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების სისტემა იმით სცოდავს, რომ ტესტებისთვის უბრალოდ დაზეპირებაა საჭირო და არა შინაარსის გაგება. თუ ბავშვებს ასეთი ტესტებისთვის ამზადებენ, მაშინ ეს ცუდია.

თქვენ იმ მიდგომას აკრიტიკებთ, რომელიც ცდილობს ააშენოს სასკოლო სისტემა, რომელშიც სკოლები და მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და გვთავაზობთ მის შეცვლას სხვა მიდგომით. რა არის თქვენი შემოთავაზების მთავარი არსი?

ჩემი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია, სტანდარტიზაცია და ტესტები არ არის საჭირო. ჩემი კრიტიკის არსი უფრო ის არის, რომ თუ კონკურენცია სკოლებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს შორის  საგანმანათლებლო სისტემის ცენტრალურ ელემენტად, ხოლო განათლების სტანდარტიზაცია და ტესტები მთავარ იდეად გადაიქცევა, ეს არასწორი მიდგომა იქნება. მე მხარს ვუჭერ იმას, რასაც ჯანმრთელ კონკურენციას უწოდებენ. მოსწავლეები შეიძლება ერთმანეთს გაეჯიბრონ მეგობრულად, შეეცადონ გააკეთონ რაიმე უკეთ, წაუყენონ საკუთარ თავს უფრო მაღალი მოთხოვნები და არა ისე, რომ თუ ერთი იმარჯვებს, მეორე აუცილებლად აგებს.

 „აზიის სკოლები არ გამოირჩევიან ბედნიერებით“

ბოლო წლებში ფინური სკოლების ტესტების შედეგებმა საერთაშორისო რეიტინგებში იკლეს. უკვე გაჩნდა ეჭვები ფინური განათლების სისტემის უპირატესობებზე. 

დიახ, შედეგები გაუარესდა, თუმცა ამ კლების ახსნა ისეთივე რთულია, როგორც ადრე მათი მოულოდნელი ზრდა. თანაც საქმე მარტო ფინეთში არ არის: შედეგები კლებულობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ინგლ. Organization for Economic Co-operation and Development — OECD) წევრ ბევრ ქვეყანაში. შემიძლია ვივარაუდო, რომ ბოლო წლებში, მოსწავლეთა შედეგების კლება საერთაშორისო რეიტინგებში – განსაკუთრებით კი ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებში – სმარტფონების გამო ხდება. მოსწავლეები დღეს თავიანთ დროს უკვე სხვაგვარად ატარებენ – საათობით ჩასცქერიან ეკრანებს, რაც მათ ნაკლებ დროს უტოვებს არა მხოლოდ კითხვისთვის ან სწავლისათვის, არამედ უბრალოდ ფიქრისთვის, განსაკუთრებით კი ძილის წინ. შეუძლებელია ეს გავლენას არ ახდენდეს სწავლაზე. ის, რომ მოსწავლეები და ყმაწვილები გამოუძინებელნი არიან – საშუალოდ ორი საათით ყოველდღიურად – საგრძნობლად აუარესებს სასწავლო მასალების აღქმას. გარდა ამისა, ბოლო ათი წელია, ფინეთში აღარ გვყოფნის სახსრები განათლების სისტემის დაფინანსებისთვის. ბევრი რაიმე უკავშირდება ფულის არქონას.

მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, ვთქვათ ჩინეთის, განათლების სისტემა მკაცრია, ხოლო შედეგები – კარგი, განსაკუთრებით მათემატიკასა და ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებში. რატომ აკრიტიკებენ ამ სისტემას ევროპაში, თუ ის ასეთი ეფექტურია?

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმრავლესობაში, განათლების სისტემა კარგ შედეგებზე გადის. ეს სიმართლეა. იქაური მოსწავლეები განსაკუთრებით ბეჯითები არიან და სწავლაზე დიდ დროს ხარჯავენ ჩვენს მოსწავლეებთან შედარებით. სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, სინგაპურსა და ჩინეთში მოსწავლეების უმრავლესობა სკოლაში დღეში ორჯერ მიდის – პირველად დილით, მეორედ – საღამოს, დღის შესვენების შემდეგ. ჩემი კოლეგები და მეგობრები ჩინეთიდან და სინგაპურიდან მეუბნებიან, რომ ბეჯითი სწავლების სტიმულს გამოცდების განსაკუთრებული სიმკაცრე წარმოადგენს. ამ გამოცდებს ძალიან სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია მოსწავლეების მომავალზე. ამ გამოცდებზე წყდება, მაგალითად, შეძლებთ თუ არა კარგ უნივერსიტეტში მოხვედრას. მეორე მხრივ, შეიძლება იმასაც დავუკვირდეთ, რამდენად ბედნიერი და ჯანმრთელი არიან მოსწავლეები, როდესაც განათლების სისტემა მათზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს. OECD-ის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ, რაც უფრო კარგია ქვეყანაში ტესტების შედეგები, მით უფრო უბედურად გრძნობენ თავს მოსწავლეები: ცხოვრებით კმაყოფილება – მაჩვენებელი, რომელიც ბედნიერებასთან არის ახლოს – კლებულობს აკადემიური შედეგების ზრდასთან ერთად. ეს ნათლად ჩანს სამხრეთ კორეაში, სინგაპურში და ჩინეთში. აღმოსავლეთ აზიის სკოლებზე ვერ იტყვი, რომ ბედნიერი არიან.

რა უფრო მნიშვნელოვანია – ბედნიერება თუ მაღალი შედეგები?

საკუთარ შვილებს ჰკითხეთ. ჩემი ბიჭები მაშინვე გიპასუხებენ, რომ სურთ ბედნიერი, რამით გატაცებული და ჯანმრთელი იყვნენ. თუ ამ კითხვას სერიოზულად პოლიტიკოსებსა და მშობლებსაც დაუსვამთ, ერთადერთი სწორი პასუხი იქნება: ბავშვები ჯანმრთელი უნდა იყვენ, თავს კარგად გრძნობდნენ და ესმოდეთ ცხოვრების არსი.

 

მაგრამ ამ მკაცრი საგანმანათლელო სისტემის შედეგად, შესაძლოა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები უფრო წარმატებულნი გახდნენ, გაუსწრონ დასავლეთს ბიზნესში, ტექნოლოგიებში და მეცნიერებაში და უფრო მეტად გამდიდრდნენ.

არ მგონია. შემოქმედებით აზროვნებასა და ინოვაციებს, არასტანდარტულად აზროვნების უნარს, მეტი შანსები ჰქონდეს იმ ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემის საფუძველს ბედნიერება, კეთილდღეობა და მოქნილობა ქმნის. ბევრი ჩემი კოლეგა ამბობს, რომ თუ ჩინეთში ბავშვების სწავლებას ასე გააგრძელებენ, მათ ვერასოდეს ეყოლებათ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინოვაციების ავტორები. განათლების ასეთი სისტემა ავიწროებს ბავშვების აზროვნების ჰორიზონტს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრმა ცნობილმა ჩინელმა მეცნიერმა საუნივერსიტეტო განათლება აშშ-სა და ევროპაში მიიღეს. არ მგონია, რომ დასავლეთის ქვეყნებს სჭირდებოდეთ აღმოსავლეთ აზიის საგანმანათლებლო სისტემის მიმართულებით მოძრაობა. ჩვენი კულტურები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. უნდა გამოვიყენოთ ის ძლიერი მხარეები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს (ფინეთსა და რუსეთს) აქვთ. თუ კულტურის სიმდიდრეს სწორად გამოვიყენებთ – ფერწერას, მუსიკას, დრამატურგიას, ლიტერატურას, ეს დიდად დაეხმარება ეკონომიკურ კეთილდღეობას.

 

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

სიტყვის სახსარი

0

ენა ტბას მაგონებს – ვეება რეზერვუარს, რომელშიც განუწყვეტლივ ჩაედინება წყალი, მაგრამ მაინც ერთსა და იმავე დონეზე დგას. ნაპირიდან მოშორებით, სიღრმეში, გაცილებით სუფთაა, ვიდრე ნაპირთან – აქ, თავთხელში,  ათასი ჯურის ადამიანი დააბიჯებს და ამღვრევს.

ახლებს ბევრი ძველი სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით, ძველებს კი – ახლების ლექსიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასე იყო დასაბამიდან, ასეა დღესაც და ასე იქნება მარად. რუსთაველის ეპოქაშიც იარსებებდა „საჩოთირო“ სიტყვების სია… ჩანს, ასეთია ენის „მუდმივობის კანონი“. ერთი მიდის და მის ადგილას სხვა მოდის – უცხო ჟღერადობით, ახალი თუ განახლებული მნიშვნელობით…

ენის სიწმინდეს ყველა დროსა და ქვეყანაში ჰყავდა მცველები. კონსერვატორები მაღალ ბარიკადებს უშენებენ „მომხდურ“ სიტყვებს, მაგრამ ამაოდ: ენა ღვარცოფივითაა – ჯებირით, რა მტკიცეც უნდა იყოს, დიდხანს ვერ შეაკავებ; უმჯობესია, გზის ასაქცევი მისცე, ახალ კალაპოტში გადააგდო მისი დინება, რომ არ წაგლეკოს. მავანნი ამბობენ, ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად უნდა იცვლებოდეს და იზრდებოდესო. ცხადია, მაგრამ არა ქაოსურად შემოჭრილი სიტყვების ხარჯზე. ქართულ სალიტერატურო ენას დაღი დაასვა სხვადასხვა ხალხის საქართველოში მრავალსაუკუნოვანმა ბატონობამ. დღეს ამის საშიშროება თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ ვითარდება ტექნოლოგიები და ენასაც სიტყვათა უფრო დიდი და საშიში ნაკადი აწყდება. შოთას, ვაჟასა და გალაკტიონის მოქნილი და მდიდარი ენა მწირია ტექნოლოგიური ტერმინებით, ახალ-ახალი მიღწევები და მათი აღმნიშვნელი სიტყვები კი ისეთი სისწრაფით ჩნდება, რომ ხშირად ნეოლოგიზმს ბარბარიზმისგან ვეღარ ვარჩევთ… ამ სფეროს მოწესრიგება ენის სპეციალისტების საქმეა, მაგრამ არსებობს ბარბარიზმები, რომლებთანაც მხოლოდ ლინგვისტები ვერაფერს გახდებიან, თუ ტექნიკური დარგის სპეციალისტებიც არ წავეშველეთ. არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვათ ასეთ სიტყვებს – ნეოტექნობარბარიზმები?

უკეთ რომ მიხვდეთ, რა მაწუხებს, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. დღეს ყველა 4Х4 გამავლობის მანქანას ჯიპს ვეძახით და ბავშვის ყველა ჰიგიენურ საფენს – პამპერსს. სინამდვილეში „ჯიპიც“ და „პამპერსიც“ კონკრეტული კომპანიებია – თითო იმ მრავალთაგან, რომლებიც განსაზღვრული სახის პროდუქციას აწარმოებენ. არ შეიძლება არსებობდეს „ოპელის“ ჯიპი, „ჰაგისის“ პამპერსი… სიტყვა ქსეროქსიდღეს ძალიან გავრცელებულია. უფრო მეტიც: ის ერთდროულად აღნიშნავს ასლგადამღებ აპარატსაც და თვით ასლსაც. ზმნური ფორმაც მოვუძებნეთ – დაქსეროქსება“. ესეც შეცდომაა. ჯერ ერთი, კომპანია „ქსეროქსი“, ასლგადამღებ აპარატებთან ერთად, ბევრ სხვა პროდუქტსაც აწარმოებს. მეორე: „ქენონის“ ფირმის ასლგადამღები მოწყობილობა რომ მქონდეს, როგორ უნდა მომმართოს მომხმარებელმა – „თუ შეიძლება, ქენონზე დამიქსეროქსეო“?

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული სიტყვაა „დაგუგვლა“. საძიებო პლატფორმად www.bin.com რომ გამოვიყენო, რა უნდა ვთქვა – ბინში დავგუგლე-მეთქი? ამ ტიპის გამოთქმები არა მხოლოდ ენობრივად, არამედ შინაარსობრივადაც უაღრესად მცდარია.

ასეთი მაგალითი ქიმიიდანაც არაერთი შეიძლება მოვიყვანოთ. ავიღოთ თუნდაც ყველასთვის კარგად ნაცნობი ცელოფანი. ამ სიტყვას დღეს თითქმის ყველა შეცდომით იყენებს. უმეტესობისთვის პოლიეთილენიც ცელოფანია და მისგან დამზადებული პარკიც, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიეთილენის წინააღმდეგ ეკოლოგიური ოსტრაკიზმი დაიწყო, ცელოფანსაც კეთროვანივით ვუყურებთ და ლამისაა, მასაც იგივე დანაშაული დავაბრალოთ, რაც პოლიეთილენმა „ჩაიდინა“.

პოლიეთილენი ნავთობპროდუქტებისგან მიღებული პოლიმერია, აქვს ძალიან მდგრადი აღნაგობა და შეუძლია, საუკუნეობით გაუძლოს სხვისთვის გაუსაძლის პირობებს. ცელოფანი კი, მართალია, მოდიფიცირებული, მაგრამ მაინც ბუნებრივი წარმოშობის გლუკოზის ბაზაზეა მიღებული. პოლიეთილენის მსგავსად, მასაც საკმაოდ კარგი ტექნიკური თვისებები (გამჭვირვალობა, მექანიკური სიმტკიცე, დრეკადობა და სხვ.) აქვს, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ბიოდეგრადირებადია. უკვე დიდი ხანია, ცელოფანს აქტიურად იყენებენ მზა საკვების შესაფუთად. ნაცისტების „დამსახურებით“ კი მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ეს ამბავი 1930-იან წლებში დაიწყო. გრონინგენის ჰოსპიტალში მიიღეს ახალგაზრდა ექიმი ვილემ კოლფი. ჯერ კიდევ ყმაწვილს, ახალბედას, თანატოლი პაციენტი ჩააკვდა ხელში თირკმლის უკმარისობით. ამან ისე იმოქმედა კოლფზე, რომ იმ დღიდანვე დაიწყო პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი, მაგრამ, ექიმთა უმრავლესობისგან განსხვავებით, არა მედიკამენტური, არამედ საინჟინრო გზის ძიებას მიჰყო ხელი: გადაწყვიტა, ხელოვნური თირკმელი შეექმნა. ათ წელზე მეტი მოანდომა საკითხის თეორიული თუ პრაქტიკული ასპექტების შესწავლას, სათანადო კონსტრუქციის მოფიქრებასა და შესაბამისი მასალის მოძიებას. თითქმის ყველაფერს რომ მოუყარა თავი, ომი დაიწყო. მთავრობის ნაცისტური პოლიტიკის გამო კოლფმა თავი გაარიდა გრონინგენს და ერთ პატარა, მიყრუებულ ქალაქში გადაბარგდა, იქ გააგრძელა სამედიცინო პრაქტიკა და არც ხელოვნურ თირკმელზე ფიქრი შეუწყვეტია, თუმცა პატარა ქალაქში ჩანაფიქრის ხორცშესხმა უფრო მეტად გაუჭირდა. პროცესის მთავარი და, ამასთანავე, ყველაზე რთული ნაწილი სისხლის „გაფილტვრა“ იყო. ფილტრს ისეთი წვრილი ფორები უნდა ჰქონოდა, რომ მხოლოდ განსაზღვრული იონები გაეტარებინა (დღეს ასეთ მასალებს მემბრანებს ვუწოდებთ). ბევრი ეძება თუ ცოტა, შესაფერის მასალას საყასბოში მიაგნო. ეს იყო ცელოფანი, რომელშიც ძეხვეულს ახვევდნენ… ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა: თირკმლის უკმარისობით დაავადებული ჯერ ერთი ადამიანი გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან, მერე – კიდევ რამდენიმე, მერე და მერე კი ალბათ ათასები, მილიონები… ცხადია, კოლფის გამოგონება – დიალიზის აპარატი – დღეს სულ სხვანაირად გამოიყურება და მასალაც უფრო დახვეწილია, ვიდრე ფარშის გასახვევი უბრალო პოლიმერი, მაგრამ ცელოფნის ამაგის დავიწყება უსამართლობა იქნება.

იაკობ ცურტაველიდან დღემდე მრავალ შემოქმედს უჩვენებია თავისი სიტყვის სახსარი. გაივლის წლები და კიდევ არაერთი საინტერესო მხატვრული ტექსტი დაიწერება ჩვენი შთამომავლების თვალწინ… ქართული ენა თითქოს მართლაც პოეზიისა და მწერლობისთვისაა შექმნილი, მაგრამ ცხოვრება, მისი ყაიდის ცვლილება გვაჩვენებს, რომ დიდი ტექნოლოგიური გაქანების ეპოქაში ტექნიკურ ტერმინოლოგიას კიდევ უფრო დიდი როლი დაეკისრება და უმჯობესია, ის ქართული ენის ორგანული ნაწილი გახდეს.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...