სამშაბათი, ივნისი 10, 2025
10 ივნისი, სამშაბათი, 2025

პატარა სტატისტიკოსები

0

მათემატიკის ზოგიერთი საკითხის შესწავლისას მოსწავლეები სვამენ კითხვას: რაში გამოგვადგება ეს, რა საჭიროა ამის სწავლა? ერთ-ერთი ასეთი საკითხი მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკაა.

მოსწავლეებს უჭირთ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, დახარისხება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.

21-ე საუკუნეში ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ელემენტარული სტატისტიკური მონაცემების წაკითხვა. თუ მოსწავლე თავის დროზე საკუთარი ხელით შეადგენს დიაგრამას, მას ეს აღარ გაუჭირდება.

ამიტომაც შევთავაზე ბავშვებს არატრადიციული გაკვეთილი. ავირჩიე პროექტული სწავლების მეთოდი. მოსწავლეებთან ერათდ დავგეგმე და განცახორციელე საგაკვეთილო პროექტი „პატარა სტატისტიკოსები“, რის შედეგადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა და ათვისებული უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენეს. აღნიშნულმა პროექტმა გაზარდა მათი მოტივაცია. მათ მოიძიეს სკოლის არქივში საინტერესო ინფორმაცია და წარმოადგინეს სვეტოვანი დიაგრამების სახით.

მოსაწავლეებთან ერთად დავსახე სრულიად ახალი ამოცანები, რაც ტრადიციული გაკვეთილისაგან განსხვავდებოდა.

მოგეხსენებათ, პროექტი მოსწავლეებს უვითარებს კვლევით, შემოქმედებით, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარებს.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვისას:

  • პროექტის მსვლელობისას მასწავლებელი უნდა იყოს გეზის მიმცემი.
  • პრობლემა უნდა იყოს აქტუალური, დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
  • უნდა არსებობდეს მატერიალური და ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად.
  • ვადები ისე უნდა განისაზღვროს, რომ საკმარისი იყოს მიზნის მისაღწევად.
  • გუნდის წევრებს შორის ფუნქციები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ წარმოჩნდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.

 

პროექტული სწავლების ძლიერი მხარეები:

  • მოსწავლეები თვითონ არიან პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე, რაც ზრდის მათ პასუხისმგებლობას.
  • მასწავლებელი ფასილიტატორია.
  • მასწავლებელი აძლევს მხოლოდ რჩევებს ან პასუხობს კითხვებს.

აღნიშნული გაკვეთილის შედეგად:

  • მოსწავლეებმა შეძლეს შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება;
  • შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად შეგროვება, დახარისხება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით;
  • შექმნეს რესურსი.

მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ტრანსფერის, პრეზენტაციის, ანალიზის, თვითშეფასების, რეფლექსიისა და შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევები.

 

გაგაცნობთ განხორციელებული პროექტის აქტივობებს:

1) მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციების განაწილება

2) პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებთან

3) სკოლის დირექციის, კათედრის მოწვევა და დაგეგმილი პროექტის გაცნობა

4) მოსწავლეების გამოკითხვა დამრიგებლებთან თანამშრომლობით

5) სკოლის არქივში ვიზიტი და ინფორმაციის ორგანიზება, დახარისხება

6) ისტ-ის კაბინეტში მუშაობა (მონაცემებისათვის დიაგრამების შერჩევა)

7) შექმნილი რესურსის პრეზენტაცია გაკვეთილზე

8) შექმნილი რესურსის სკოლის სივრცეში გამოფენა

აქვე წარმოგიდგენთ მოსწავლეების მიერ შექმნილ რესურსს

 

როგორ უნდა შეუწყოს ხელი სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას

0

 

20 ოქტომბერს საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დავესწარი. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, მოწვეული სტუმრები ოთხ თემატურ სამუშაო ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის (რომლის წევრიც ვიყავი) თემატიკა ეხებოდა სკოლის ადმინისტრაციის როლს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების მიმართულებით.

ხშირად ვაწყდები დისკუსიას საზოგადოებაში დაბალი სამოქალაქო ცნობიერების არსებობის შესახებ. ძირითად შემთხვევაში დისკუსიაში მონაწილე მხარეებს ყურადღების მიღმა რჩებათ  სკოლის როლი.  არადა, განათლების სისტემის მიზანია, განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, გააცნოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობის განხორციელებაში.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გვიწერია: სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა. შესაბამისად, სკოლის უმთავრესი როლი, სწორედ  მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდის აღზრდაა.

პირველ რიგში, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა უშლის დღეს ხელს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

  • ხაზგასასმელია დირექციისა და სკოლის ადმინისტრაციის როლი. ჩემი დაკვირვებით, ქართულ რეალობაში, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან აქცენტი აკადემიური მოსწრების კონტროლისა და უსაფრთხო სკოლის პრინციპების დაცვის მიმართულებით კეთდება. ამ დროს ნაწილობრივ იზღუდება თავისუფლება, რაც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
  • ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის თვალით დანახული მეორე ფაქტორი გამოცდებზე ორიენტირებას ეხება. ამაში მთავარი „დამნაშავე“ განათლების სისტემა და მისი მოთხოვნებია. სწორედ სისტემა კარნახობს სკოლასა და პედაგოგს, რომ მოსწავლე მოამზადოს გამოცდების ჩასაბარებლად;
  • ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სკოლაში მიმდინარე უამრავი ფიქტიური პროცესი. სინამდვილეში ამ პროცესების აქტიური მონაწილე მოსწავლე უნდა იყოს;
  • ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის მასწავლებლების არასწორი დამოკიდებულება და აღქმა. პედაგოგები თვლიან, რომ უმთავრესი მიზანი საგნის სწავლებაა. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება უმთავრესი – ღირებულებების, პრინციპების, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ადამიანური ღირსებების საკითხები.

სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება დაკავშირებულია პასუხისმგებლობების, უფლება-მოვალეობების კარგად გააზრებასთან, აღზრდასთან. მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როგორც ფორმალური საგაკვეთილო პროცესის კვალდაკვალ, ასევე არაფორმალური განათლების გზითაც. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მიმართულია მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობისკენ.

სამართლიანობის განცდა და სანდო გარემო – დიდწილად სკოლის დირექციაზე დამოკიდებული სამართლიანობის განცდის, ჯანსაღი კლიმატის, დაცულობის შეგრძნებისა და ნდობის მაღალი მაჩვენებლის არსებობა, რაც მოსწავლეს თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევს.

ასეთ პირობებში მოსწავლემ იცის, რომ ის არ იქნება უსამართლობის, ბულინგის, დაცინვის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში თავისუფლად მიმართავს დირექციას ან უფლებამოსილ პირს/ორგანოს.

თავისუფლებისა და ინიციატივების წახალისება – სწორედ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა თავისუფალი გარემო, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება. ასეთ გარემოში მოსწავლეებს აქვთ ინიციატივები, რომლებიც მხარდაჭერილია სკოლის დირექციის მიერ.

სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა – საჯარო სკოლებში არსებობს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც რეაგირებს სკოლაში მომხდარ დისციპლინურ გადაცდომებზე. კომიტეტს ჰყავს 6 წევრი, მათ შორისაა სკოლის თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი 2 მოსწავლე. ბევრ სკოლაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომების განხილვაში ძირითადად 2 მშობელი და 2 მასწავლებელი მონაწილეობს. რიგი მიზეზების გამო მოსწავლეებს არ ატყობინებენ ჩანიშნული სხდომის დროსა და საკითხებს.

როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, ჩემი ფიქრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების მონაწილეობას დისციპლინური კომიტეტის საქმიანობაში. აღნიშნული საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩაიხედოს პედაგოგიური საქმიანობის სირთულეებში, მოთხოვნებში და გაიაზროს ისინი. ასევე მოსწავლე, რომელიც დისციპლინური გადაცდომების განხილვაში მონაწილეობს, იაზრებს, რომ არავინაა შეუმცდარი და ნაკლებად აქვს შეცდომების შიში.

სკოლის თვითმმართველობის გაძლიერება – ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე სკოლებში ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. ერთი შეხედვით ეს რუტინული ამბავია. სწორედ არჩევნის თავისუფლების პრინციპის დაცვა უწყობს ხელს  სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. მოსწავლეებმა სკოლიდანვე იციან, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ან თავად იყვნენ არჩეულნი სკოლის თვითმმართველობაში. გაყალბება კი, მიუღებელი საქციელია. უშუალოდ ვარ მომსწრე როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებისადმი. იყო პერიოდი, როდესაც სკოლაში თვითმმართველობის არჩევნებისას დამრიგებლები თვითონ არჩევდნენ წარმომადგენლებს. სკოლის დირექტორმა, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მთხოვა, მომეზადებინა კლასები არჩევნებისთვის. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები, განვმარტეთ თვითმმართველობის როლი და მისია. 2016 წლიდან მოყოლებული მსურველები წარადგენენ გაწერილ პროგრამას. გვყავს აქტიური თვითმმართველობა.

არაფორმალური განათლება – არაფორმალურ გარემო უფრო მეტად იზიდავს მოსწავლეებს, ვიდრე ფორმალური საგაკვეთილო პროცესი. ამ გარემოებას იყენებს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებს რთავს პროექტებში, რომლებიც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.

მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოზარდი არის აქტიური. ის ინტერესდება თემში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, ცდილობს შეცვალოს არსებული რეალობა უკეთესობისკენ.

თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – სკოლის ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია საზოგადოებრივი ჯგუფების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა. სკოლასა და თემში მოქმედი თუ ცენტრიდან ჩამოსული სამოქალაქო აქტივისტების მჭიდრო ურთიერთობა დადებითად აისახება მოსწავლეებზე. სკოლაში ინტენსიურად ტარდება სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა თუ ამაღლებაზე ორიენტირებული შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები და სიმულაციური თამაშები. ამ დროს მოსწავლეებს უყალიბდებათ დამოკიდებულებები და შეხედულებები.

ზემოთ მოყვანილი რჩევები არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ერთადერთ მზა რეცეპტს. ეს არის, ჩემი, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციის ყოფილი წევრის  ნააზრევი. მიმაჩნია, რომ სკოლაში, სადაც არის დაცულობის მაღალი დონე, სამართლიანობის განცდა, წახალისებულია ინიციატივები და თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებასა და არაფორმალურ განათლებაში; არსებობს ძლიერი, დემოკრატიის პრინციპის დაცვით არჩეული თვითმმართველობა; მეტი შანსია, რომ  ბავშვებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული საკუთარი როლი საზოგადოების განვითარებაში.

ეს ყველაფერი კი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

წნევა. წნევის შემცირების და გაზრდის ხერხები

0

სურათის ჭიკარტით კედელზე გაკვრისას წამახვილებული ჭიკარტი ადვილად ესობა, გლუვ, ფაფუკ თოვლზე სიარული კი ძალიან ჭირს – ყოველ ნაბიჯზე თოვლში ვეფლობით, თხილამურით სიარულისას კი ადვილად გადავაადგილდებით და ვსრიალებთ. რას ნიშნავს ეს? ორივე შემთხვევაში ხომ ერთი და იგივე ძალით ვმოქმედებთ თოვლიან ზედაპირზე? საქმე ის გახლავთ, რომ ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ ძალის სიდიდეზე, არამედ იმ ზედაპირის ფართობზე, რომლის მართობულადაც იგი მოქმედებს.
ჩავატაროთ ასეთი ცდა (ნახ.1) : ღრუბელზე დავდოთ  5კგ. მასის ტვირთი თავდაპირველად ისე, როგორც ზედა სურათზეა ნაჩვენები, შემდეგ კი ისე, როგორც ქვედა სურათზეა ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ტვირთის მასა ერთი და იგივეა, ღრუბელი თავდაპირველად გაცილებით მეტად დეფორმირდა, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ავხსნათ სურათზე ნაჩვენები მოვლენა. საქმე ისაა, რომ პირველ შემთხვევაში სხეული გაცილებით ნაკლებ ფართობს

ნახ.1

ეყრდნობა, ამიტომ ფართობის ერთეულზე გადანაწილებული სხეულის  წონა და შესაბამისად, დატვირთვა მეტია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. შედეგად ზედა სურათზე ღრუბლის დეფორმაციის ხარისხი მეტია, ვიდრე ქვედა სურათზე.

ასეთ შემთხვევებზე ამბობენ, სხეულის მიერ წარმოებული წნევა ღრუბელზე პირველ სურათზე მეტია, ვიდრე მეორეზე.  ჩატარებული ცდიდან ჩანს, რომ წნევა დამოკიდებულია საყრდენი ზედაპირის მართობულად მოქმედ ძალაზე და საყრდენი ზედაპირის ფართობზე.

 

როგორც ფორმულიდან ჩანს, ერთი და იმავე ძალის პირობებში ამ ძალის მართობული საყრდენი ფართობის გაზრდით წნევა მცირდება და პირიქით, ფართობის შემცირებით წნევა იზრდება.

სურ.2

ტექნიკაში ამ ფაქტს დიდი გამოყენება აქვს – მუხლუხა ტრაქტორის მიერ ნიადაგზე წარმოებული წნევის შესამცირებლად მუხლუხების ფართობს ზრდიან. ამავე მიზნით ზრდიან თვითმფრინავის და სატვირთო ავტომობილების საბურავების ფართობებს, განსაკუთრებით განიერ საბურავებს უკეთებენ ისეთ ავტომობილებს, რომლებიც უდაბნოში სასიარულოდ არის განკუთვნილი. მათემატიკურად გამოთვლილია, რომ ჭიკარტის ხეში ჩასობისას 10 000-ჯერ მეტ წნევას ვაწარმოებთ, ვიდრე მუხლუხა ტრაქტორი აწარმოებს წნევას ნიადაგზე.

სურ.3

სურ.3 -ზე წარმოდგენილია შთამბეჭდავი ცდა: 175 ლურსმანზე მოთავსებულ გაბერილ რეზინის ბუშტზე თუ ზემოდან მოვათავსებთ ჰორიზონტალურად საყრდენს და მასზე ვიმოქმედებთ განსაზღვრული ძალით, ბუშტი არ გასკდება, რადგან მოხდება ძალის გადანაწილება დიდ ფართობზე და თითოეული ლურსმნის მიერ  წარმოებული წნევა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბუშტი გასკდეს.
ნახ.4-ზე ჩანს ფანქრის თითებზე საყრდენი ფართობის ზომა. სურათზე ასევე კარგად ჩანს თითების დეფორმაციის სიდიდე. დიდ ფართობს შეესაბამება პატარა დეფორმაცია, ხოლო პატარა                     ფართობს – დიდი დეფორმაცია.

ნახ.4

მეორე მხრივ, რაც მეტია საჭრელი ხელსაწყოს მიერ წარმოებული წნევა, მით უფრო ადვილია მისი გამოყენება – კარგად გალესილი დენა ადვილად ჭრის პურს, ხორცს, ბოსტნეულს, რადგან გალესვისას მისი ზედაპირის ფართობი შემცირდა და ზედაპირის მართობულად წარმოებული მცირე ძალამაც კი დიდი წნევა წარმოქმნა.

ფორმულიდან ასევე ჩანს, რომ ერთი და იმავე ფართობის შემთხვევაში წნევის გასაზრდელად საჭიროა ძალის გაზრდა და პირიქით, წნევის შესამცირებლად საჭიროა ძალის შემცირება. მაგალითად, კარგად დასაუთოებლად საჭიროა უთოს უფრო მეტი ძალით დავაწვეთ.

სურ.5

ცოცხალ ბუნებაშიც გვხვდება მჩხვლეტი და მჭრელი საგნები (სურ.5). მაგალითად, მაგარი და ძალიან მახვილი კბილები, ბრჭყალები, ნისკარტი, ეკლები და სხვა.

ამრიგად, ამ სტატიაში გავეცანით წნევას, წნევის შემცირების და გაზრდის ხერხებს.

 

ლიტერატურა:

 

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

https://fizik-fizik.blogspot.com/2010/06/forces-and-pressure.html

https://www.physicsexperiment.co.uk/content/stubborn.html

 

 

გაკვეთილები მსოფლიოს აბორიგენული თემებისგან: როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენი პლანეტის მომავალს (I ნაწილი)

0

 ჰაზდა, სანდავე, ტვა, კალენჯინ, მაასაი, სამბურუ, ირაქვი, ლუთია, აკა, მბუტი, ნაფუსა, ზუვარა, ჰარათინ, ტუარეგ, ფურ, ბადაგა, გონდი, ტივი, ატი, პინტუპი, სპინიფექს, პალავა, კვომა, კეტ, ბუნუნ, იათმულ, ბოსავი, ოკ, დანი, იუპიკ, ცუპ’იკ, კალაალიტ, ინუიტ, ტუნუმიიტ, ნუნამიუტ, კოლჩან, ჰოლიკაჩუკ, კრი, ანიშინაბე, ალგონკინ, კვაკიუტლ, პაიპაი, კოჩიმი, კომანჩი, სიუ, ოსაგე, კიოვა, ომაჰა, მოჰაუკ, ჰუასტეკ, ტცელტალ, ჩონტალ, იტცა, ჰუიჩოლ, ჩიბჩა, ჩოკოან, ბორორო, ნუკაკა, კეჩუა, ნასა, მაპუჩე, აიმარა, ალაკალუფე, იაგან, მანსი, ნჰანასან, იუკაგირ, იორატ – ეს მცირე ნაწილია იმ მრავალი ათასი მცირერიცხოვანი, ტრადიციული წესით მცხოვრები ტომისა, რომლებსაც ჯერ კიდევ „აბორიგენებს“ ან „ავტოქოთონებს“ ეძახიან სხვა, უფრო დიდი და განვითარებული კულტურების წარმომადგენლები.

დედამიწის რვამილიარდიანი მოსახლეობიდან 370 მილიონი ე.წ. აბორიგენული საზოგადოებებისგან შედგება – საუბარია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 70-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხებზე, რომლებიც დაახლოებით 5 000 ადგილობრივ ტომს წარმოადგენენ. უფრო ზუსტად, დღევანდელი გაგებით, საუბარია ტრადიციულ საზოგადოებათა წარმოადგენლებზე, რომელთა ცხოვრების წესი, ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან კავშირი, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები კვლავ ცოცხლობს და შეესაბამება უცხოელთა (უმეტესწილად – ევროპელთა) კოლონიზაციამდელი ეპოქის ფორმასა და შინაარსს.

აბორიგენული (მკვიდრი) მოსახლეობა გულისხმობს ხალხებს, რომელთა მიწებზეც დღეს უმრავლესობას სხვა კულტურის ხალხები წარმოადგენენ. მაგალითად, ლაკოტა და სიუ აშშ-ში, მაია გვატემალაში, აიმარა და კეჩუა ბოლივიაში, ინუიტები და ალეუტები ამერიკისა და კანადის პოლარულ რეგიონებში, საამები  ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილებში, ე.წ. ავსტრალიელი აბორიგენები და ტორესის სრუტის მკვიდრი ხალხები – ავსტრალიაში, მაორები ახალ ზელანდიაში, პიგმეები და ბატვას ხალხები აფრიკის ეკვატორულ სარტყელში, გონდები, სანტალები და ბჰილები ინდოეთში.

საინტერესოა ტერმინთა ის მრავალფეროვნებაც, რომელიც თანამედროვე საზოგადოებამ მოიფიქრა მათთვის: ტომები, პირველი ერები, აბორიგენები, ეთნიკური ჯგუფები, ადივასი, ჯანაჯატი. გარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტერმინებისა, მკვიდრი ხალხების აღსანიშნავად დასავლურ და აზიურ ლიტერატურაში გამოიყენება პროფესიულ-გეოგრაფიული ტერმინებიც: მონადირე-შემგროვებლები, ნომადები, მიწის ხალხი, ზეგანის ან მთების ხალხი. ამ ტერმინთა ერთობლიბა ქმნის იმ უცნაურ ლექსიკონს, რომელიც კვლავ გამოიყენება ტრადიციული, ძველი კუტურების მიმდევარი ხალხების აღსაწერად.

ამ ხალხებზე საუბრისას აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მკვიდრი/აბორიგენული თემების მთელი მოსახლეობა (370 მილიიონი ადამიანი) დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ხოლო ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნების 80% სწორედ ამ ხალხთა განსახლების ტერიტორიებზეა თავმოყრილი და შენარჩუნებული.

მიზეზი იმისა, რომ ეს ორი მაჩვენებელი ერთად მოვიხსენიეთ (მოსახლეობისა და ბიომრავალფეროვნების პროცენტული წილები), გახლავთ ის ფაქტი, რომ ტრადიციულ თემებში მცხოვრებ ადამიანებს მრავალათასწლიანი ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ბუნებასა და საცხოვრებელ გარემოსთან. მათ მიერ დაგროვებული ცოდნა კი საგანძურია, რომელიც ამ ხალხებმა დაიცვეს. ხალხებმა, რომელთაგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ. მისი მთავარი სიმდიდრე კი ის გახლავთ, რომ ადამიანს შეუძლია ბუნებასთან ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე!

მკვიდრი მოსახლეობის შენარჩუნება არ ნიშნავს მხოლოდ მათი განსახლებისა თუ საცხოვრებელი გარემოს დაცვა-შენარჩუნებას. ტრადიციული სოფლების შენარჩუნება, იმ მცენარეთა და ცხოველთა გადარჩენა, რომლებიც ამ ხალხების საცხოვრებელ გარემოს შეადგენს, არის კიდევ ერთი კარგი მიზეზი (თუ გავაცნობიერებთ, რომ ეს გვჭირდება!) ამაზონისა თუ ცენტრალური აფრიკის, ახალი გვინეისა თუ ანდების მთიანეთის ბუნებრივი გარემოს განადგურებისგან დასაცავად.

 

ბუნების მცველნი

მკვიდრი მოსახლეობის უსაზღვრო განსწავლულობა და ცოდნა მათი საცხოვრებელი გარემოს შესახებ კარგად არის შესწავლილი და ჩაწერილი. ამაზონის ტყეებში მცხოვრები იანომამის ხალხი, მაგალითად, ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში მათ გარშემო არსებული მცენარეების 500-ზე მეტ სახეობას იყენებს (!).

ამ ხალხს გარემოს იმდენად ზედმიწევნითი ცოდნა აქვს, რომ იცის, რომელი ხეები მასპინძლობენ საკვებად გამოსადეგ ხოჭოების მატლებს ან რომელი ხის ყვავილებისგან აგროვებენ ნექტარს ველური ფუტკრები. ბუნება მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მათი ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობს: ჰამაკების ქსოვით დაწყებული, სხეულის მოსახატავი საღებავების შეზავებით დამთავრებული. ჩვენგან ისინი იმით განსხვავდებიან, რომ ბუნების ექსპლუატაციას არ ეწევიან

ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში არსებული ცოდნა დღეს არსებული წამლებისა და მათი კომპონენტების უმეტესობაზე ტომობრივ თემებში მცხოვრები ხალხებისგან მოდის: უწყვეტი ექსპერიმენტების ათწლეულები დაჭირდება იმის აღმოჩენას რომ ხვიარა კატის ბრჭყალს (Macfadyena unguis cati) შეუძლია დიარეის შეჩერება, ან იმისა, რომ ტროპიკული კოპალის ხის (Copaifera reticulata) ქერქი უებარია თვალის ინფექციების სამკურნალოდ. სამხრეთაფრიკელი ბუშმენები უკვე ათასწლეულებია იცნობენ მცენარე ჰოოდიას (Hoodia gordonii), როგორც მადის დამთრგუნველ საშუალებას.

და მაინც, მიუხედავად ცოდნისა და სიბრძნისა, რომელიც ტყეებში მცხოვრებ ტომებს შემოუნახავთ, არნახულია ტყეების ჭრის ტემპი! დღეს დედამიწაზე წუთში დაახლოებით ფეხბურთის 50 ოდენა ფართობი იკაფება! ტყეები კი დედამიწაზე არსებული ნახშირორჟანგის მთავარი მშთანთქავი რეზერვუარებია. მხოლოდ ამაზონის ტყეები ინახავენ მერქანში 48 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს. შესაბამისად, ტყეების განადგურება მართლაც დიდი დანაშაულია!

როგორ ახერხებენ ტრადიციული ხალხები გარემოს შენარჩუნებას? ეს მარტივად რეგულირდება: ქვეყნების უმეტესობაში აკრძალულია აბორიგენების კუთვნილ მიწებზე ნავთობის, გაზისა და მერქნის მოპოვება. მაგალითად, ბოლივიაში, ბრაზილიასა და კოლუმბიაში, სადაც მიწის კანონები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ასეთ ტერიტორიებზე ტყეების ჭრის ინტენსივობა 2-3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა ადგილებში, სადაც მკვიდრ მოსახლეობასთან მსგავსი რეგულაციები არავის შეუთანხმებია.

განათლების ინოვაციები, პროცესზე ორიენტირებულიმიდგომები- უსაფრთხო გარემოსთვის

0

სწავლება რთული პროცესია, მაგრამ განათლებაზე პასუხისმგებელ პირებს შეუძლიათ, გარკვეული ინოვაციები შეიმუშაონ ამ მიმართულებით და სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს განვითარების თანაბარი პირობები შეუქმნან. ასეთ ინოვაციურ აქტივობებს მიეკუთვნება პროცესზე ორიენტირებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება, რისთვისაც აუცილებელი არ არის გარე ინსტიტუციური ინტერვენცია და მხარდაჭერა; საკმარისია სასწავლო პროცესის სწორად ორგანიზება და სასწავლო პროცესის სტრუქტურაზე აქცენტის დასმა, სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე, მიუკერძოებლობის პრინციპსა და გააზრებულ სწავლებაზე ორიენტირება, რაც, თავის მხრივ, თანხმობაზე აგებულ ურთიერთობას გულისხმობს.

 

უსაფრთხო გარემოს ფორმირებისთვის პროცესზე ორიენტირებული მეთოდები და მიდგომები ითვალისწინებს:

 

□ ტოლერანტობის დონის დადგენას, მერე კი მის ფორმირებაზე სათანადო ზრუნვას. ამისთვის პედაგოგიურ მეცნიერებაში გამოიყენება ვალიდური მეთოდები. ერთი მათგანია კომპლექსური სადიაგნოსტიკო ანკეტა, რომელიც მოიცავს ცოდნის, მოტივაციის, საქმიანობისა და რეფლექსიის კრიტერიუმებს (ტოლერანტობის მრავლგვარობა და მისი როგორც ღირებულების ფორმირების ეტაპობრიობა თავისთავად იწვევს ცალკეული კრიტერიუმების გამოყოფას და, შესაბამისად, ინტეგრირებულ შეფასებასაც).

სამეცნიერო-მეთოდურ ლიტერატურაში განასხვავებენ ტოლერანტობის სპეციფიკურ და არასპეციფიკურ მიმართულებებს. პირველი ხელს უწყობს ტოლერანტული ცნობიერების გამოვლენას, მეორე კი აღწერს პიროვნების უნივერსალურ მახასიათებლებს და პიროვნებათაშორის ურთიერთობებს, რომლებიც, თავის მხრივ, ტოლერანტობის გამოვლენის საფუძველსაც წარმოადგენს (ხელს უწყობს ინტოლერანტულობის გამოვლენას). საზოგადოდ კი პედაგოგიური ტოლერანტობა განიხილება როგორც პიროვნების ინტეგრირებულობის ხარისხი, ამიტომ კვლევისას მიზანშეწონილია მსგავსი ინსტრუმენტების (ტოლერანტობის არასპეციფიკური მიმართულება) გამოყენება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ტოლერანტობის კვლევა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან პიროვნების იდენტიფიცირების საკითხამდე დაიყვანება, ამიტომ ამისთვის იყენებენ საკმაოდ მდიდარ და მრავალფეროვან არსენალს მეთოდებისა, რომლებსაც სხვადასხვა კონცეპტუალური საფუძველი აქვს. ამავე დროს, არ გვაქვს საფუძველი, ვამტკიცოთ, თითქოს რომელიმე მათგანი უნივერსალურია ამა თუ იმ თეორიული კონცეფციის კვლევისთვის. ამიტომ ზოგადი სურათის დასადგენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობის კვლევის ადაპტირებული და ინტეგრირებული მეთოდების, უფრო სწორად, ე.წ. მეთოდური კომპლექსების გამოყენება.

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ტოლერანტობის კვლევის შესახებ მასალები ძალზე მწირია. არ არის შემუშავებული არც ანალიზისა და დასკვნების გამოტანის ერთიანი მიდგომები. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, აუცილებელია არა მარტო არსებული მეთოდური მიმართულებების სრულყოფა, არამედ ახლების შექმნაც და ისეთი ახალი პროექტული ინსტრუმენტების აპრობაციაც, რომლებიც არსებითად გაზრდის კვლევის შედეგების საანდოობას და ინტერპრეტაციისა და ტოლერანტული შემეცნების გაგების მეტ საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ კი უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებაში დაგვეხმარება.

 

კვლევის მეთოდური აღწერილობის მაგალითი:

 

დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი დამახასიათებელი თავისებურებები გამოყენების ფორმა – ორიენტირებულია კონკრეტული დავალების შესრულებაზე
ანკეტა ტოლერანტობის დონის დასადგენად (ადაპტირებული) კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა ტოლერანტობის არსის გაგება, მოთმინებასა და ტოლერანტობას შორის განსხვავების დანახვა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოყენების უნარი;

დამოკიდებულება ღირებულებებისადმი – შეხედულებები ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და პრიორიტეტულ ღირებულებებზე, ასევე ღირებულებების საფუძვლები, რომლებსაც ეფუძნება პიროვნებათაშორისი ურთიერთობები.

ტესტი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ტოლერანტობის როგორც ინტეგრირების ხარისხი თავისი ყველა გამოვლინებით და სირთულით – ცოდნის, მოტივაციის, საქმიანობისა და რეფლექსიის კრიტერიუმების ჩათვლით
კითხვების კონკრეტული მიზნები რამდენად ესმით კვლევის ჯგუფის წევრებს ტოლერანტობის არსი, გააზრებული აქვთ თუ არა ეს საკითხი; შეუძლიათ თუ არა, ერთმანეთისგან განასხვაონ მოთმინება და ტოლერანტობა და გამოიყენონ ცხოვრებისეულ სიტუაციებში; შეხედულებები ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და პრიორიტეტულ ღირებულებებზე, ასევე – ღირებულებების საფუძვლები, რომლებსაც ეფუძნება პიროვნებათაშორისი ურთიერთობები.

 

ასეთი კვლევები დიდად შეუწყობს ხელს უსაფრთხო გარემოს ფორმირებას.

 

 

□  სწავლებაში პედაგოგიური მეცნიერებისა და საგანმანათლებლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი ისეთი პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას, როგორიცაა ყოველდღიურ პრაქტიკაში დემოკრატიული დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელირების ჩართვა. ის ხელს შეუწყობს მასწავლებლებს:

  • იხელმძღვანელონ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ღირებულებებით და საფუძვლიანად შეისწავლონ საკუთარი ღირებულებებიც;
  • ამ ღირებულებებს დაუკავშირონ საკუთარი პრაქტიკა;
  • განავითარონ საგანამანათლებლო სივრცეში ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა მულტიკულტურული ღირებულებები (ადამიანის ღირესებისა და უფლებების დაფასება; კულტურული მრავალფეროვნების დაფასება; დემოკრატიის, სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; ემპათია, სხვა ადამიანის პატივისცემა და მისდამი დადებითი დამოკიდებულება; მოსმენა და დაკვირვება განსჯის გარეშე; სხვების მისაღებად მზაობა; გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება).

 

ასეთი გამოცდილება მოსწავლეებმა შესაძლოა მიიღონ სასწავლო გარემოს ორგანიზებისა და სწავლის პროცესშიც.

  • მაგალითად, სასწავლო გარემოში ბევრი ყოველდღიური სიტუაცია მოითხოვს არჩევანის გაკეთების უნარს. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ავტორიტარული წესით – მასწავლებლის მიერ, ყველაზე „ძლიერი“, „საუკეთესო“ მოსწავლის მიერ ან დემოკრატიული პროცედურების დაცვით. დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებული გამოცდილების მიღებისას კი მოსწავლეები გამოიმუშავებენ ზემოთ ჩამოთვლილ კომპეტენციებს და შეასრულებენ სათანადო აქტივობებს.

 

სოციალური კავშირების მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამშრომლობაც. ის ამყარებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის და წაახალისებს სხვების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, მათ პატივისცემას. თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტური სწავლებისთვის საჭიროა სასწავლო პროცესის სტრუქტურის განსაზღვრა და მისი ორგანიზება თანამშრომლობის კონკრეტული პრინციპების საფუძველზე, რაც შემოთავაზებული სასწავლო აქტივობების შემოწმების, შეფასებისა და გაფართოების საშუალებას იძლევა.

  • მაგალითად, პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას განამტკიცებს აქტივობა „ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი“, რომელიც სტრუქტურულად იწვევს არსებული ქცევის მოდელირებას ან აქტივობა „თანაბარი შესაძლებლობები“, რაც გულისხმობს აქტივობაში მონაწილეობას დისკრიმინაციის გამორიცხვის საფუძველზე. მაგალითად, როდესაც მასწავლებელს ჯგუფში თემა შემოაქვს განსახილვევლად, შედეგის გათვლა ადვილია – ისინი, ვინც უკვე ინფორმირებულები არიან ამ თემის შესახებ, მოირგებენ „ლიდერების“ როლს და ძირითადად ისინი ილაპარაკებენ, ხოლო ნაკლებად აქტიური ან ინტროვერტი მოსწავლეები, ასევე – ის მოსწავლეებიც, რომლებსაც აღნიშნული თემა არ აინტერესებთ, ან ძალიან ცოტას იტყვიან, ან საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას განხილვაში. ამ დროს შეიძლება დავავალოთ ჯგუფებს, მონაწილეებმა ერთმანეთს ჩამოართვან ერთწუთიანი ინტერვიუები თემის შესახებ. ამ გზით ყველა აქტიურად ჩაერთვება მუშაობაში.

ასეთი მიდგომით მოსწავლეები გამოიმუშავებენ:

  • მზაობას სხვების შეხედულებებისა და მოსაზრებების მისაღებად;
  • საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის უნარს;
  • ემპათიის, სხვისი აზრების, რწმენისა და გრძნობების აღქმა-გაგების უნარს;
  • მოქნილობას და შეგუების უნარს;
  • თანამშრომლობის უნარს;
  • კონფლიქტის მოგვარების უნარს;
  • საკუთარი თავის კრიტიკულად შეცნობა-შემეცნების უნარს და სხვ.

 

□ უსაფრთხო გარემოს ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია პროექტული სწავლებაც. პროექტში მონაწილეობისას მოსწავლეებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გააზრება-გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. პროექტული სწავლების გამოყენება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში ერთად. პროექტის საგანს ამ დროს წარმოადგენს გამჭოლი საკითხი. მაგალითად, როდესაც პროექტი მოიცავს ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მრავალფეროვნების დაფასების უნარი და განსხვავებულის მიღებისადმი მზაობა.

ჰუმანისტური კომპონენტების გააქტიურება უსაფრთხო სასწავლო გარემოს უმთავრესი პირობაა, ამიტომ ახალი კურიკულუმების დანერგვასთან ერთად პროცესზე ორიენტირებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება, ურთიერთობების შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები ეფექტურ შედეგებამდე მიგვიყვანს და სასურველია, მათზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაცია. ტოლერანტობის ცენტრი

https://tolerantoba.ge/index.php?id=1317639567&kat=166

 

  1. უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში: წინაპირობა, შედეგები და დამოკიდებულებები. ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2012
  2. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები და პედაგოგიკა. დემოკატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო. ტ. 3; ევროპის საბჭო, 2018; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018 (რედაქტორები: ნათია ნაცვლიშვილი, თეონა სილაგაძე)
  3. teacher planethttps://www.teacherplanet.com/content/tolerance
  4. Toleration, Respect and Recognition in Education / ed. by Mitja Sardo. – N.Y.: A John Wiley & Sons, Ltd., 2010

ლათინური შემოკლებები ყველასთვის

0

– მაააას, ეს „სც“ რა არის?

– რა „სც“? – მაბნევს მოსწავლის შეკითხვა.

– ყველა წერილში გიწერიათ…

ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ჩემი საყვარელი ლათინური აბრევიატურა „sc.”, რომელსაც მართლაც ლამის ყველა წერილში ვიყენებ, შესაძლოა, გაუგებარი იყოს ჩემი მკითხველისთვის, მით უმეტეს, თუ მკითხველი მოსწავლეა. და არაფერია ამაში დასაძრახ-დასამუნათებელი, რადგან ოდესღაც, სანამ ლათინური ენის ანაბანას შევისწავლიდი, არც მე ვიცოდი, რას ნიშნავდა ლათინური ასოებით გამოხატული აბრევიატურები და შემოკლებები და არც ის ვიცოდი, როდის რომელი ლათინური აბრევიატურა უნდა გამომეყენებინა. მაგრამ იმ სახელმძღვანელოს, რომლითაც სტუდენტობის პერიოდში ლათინურ ენას ვსწავლობდი, ბოლოში ერთვოდა ხშირად გამოყენებული და სასარგებლო აბრევიატურათა სია. ამ სიაში აღმოვაჩინე, რომ აბრევიატურები, რომლებიც მანამდე აკადემიურ და არააკადემიურ ტექსტებში მხვდებოდა, ლათინური სიტყვების ან რამდენიმე სიტყვის პირობითი შემოკლება ყოფილა. მაშინ არც ის ვიცოდი, რომ მუსიკალური ნოტების დასახელებაც, რომელთა წარმომავლობაზეც მანამდე არ მიფიქრია, ლათინური სიტყვებიდან მომდინარეობდა და სიტყვების პირველი მარცვლები იყო. მერე და მერე სულ უფრო მეტ, კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციას ვიღებდი ხან ინტერნეტით, ხან კიდევ სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობით. ვინაიდან აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მე უნდა მესწავლებინა ლათინური შემოკლებები, გადავწყვიტე, რომ ეს საკითხი ინტერესმოკლებული არც ამ ინტერნეტგამოცემის მკითხველისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის იქნებოდა. გთავაზობთ ლათინური შემოკლებებისა და აბრევიატურების სასარგებლო სიას:

AD – anno Domini – გამოიყენება წლის აღსანიშნად, როგორც იულიუსის, ასევე გრიგორიანულ კალენდარში. აბრევიატურა, რომელიც ლათინური სიტყვების „ანო დომინი“-ის შემოკლებაა და მახვილი უკეთდება როგორც პირველი, ასევე მეორე სიტყვის პირველ მარცვალზე, იშიფრება უფლის წლად, ანუ მიუთითებს წელს, როდესაც ჩაისახა/დაიბადა იესო და დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა. ინგლისურენოვან ტექსტებში წლებს, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის აღსანიშნად გამოიყენება, წინ ერთვის აბრევიატურა BC. BC (ვამბობთ „ბისი“), იგივე before Christ, ითარგმნება, როგორც ქრისტემდე. ამ აბრევიატურის ანალოგიით შექმნილი აბრევიატურის, AC, გამოყენება, რომელიც ქრისტეს დაბადების შემდგომ პერიოდს, ანუ after Christ-ს, უნდა ნიშნავდეს, არასწორია.

A.M. – ante meridiem – ამ აბრევიატურას ლათინური ანბანის მთავრული ასოებით წერენ, ხოლო მეტყველების დროს ასოებს ინგლისური წარმოთქმით გამოთქვამენ. „ეიემ“ (ინგლისური გამოთქმით) არის ლათინური სიტყვების „ანტე მერიდიემ“-ის პირველი ასოები და აღნიშნავს თორმეტსაათიან შკალაზე დროს შუადღის თორმეტ საათამდე. შესაბამისად, 6 A.M. დილის ექვსი საათია, რადგან აბრევიატურა მიუთითებს, რომ ციფრი ექვსით გამოხატული საათი შუადღის თორმეტი საათის წინ იყო.

  1. – ca. – circa – ლათინურად წარმოითქმის „კირკა“. ინგლისურად დაწერილი ტექსტის წაკითხვისას მას ინგლისური წარმოთქმით „სერქა“ ვამბობთ, ხოლო სხვა შემთხვევებში ლათინურად. თუმცა ეს ერთასოიანი შემოკლება, რომელიც ქართულად ითარგმნება სიტყვით „დაახლოებით“, როცა ქართულ ტექსტში შეგვხვდება, აჯობებს, წავიკითხოთ „დაახლოებით“. აბრევიატურა ისტორიულ თარიღებს აღნიშნავს და გამოიყენება მაშინ, როდესაც ისტორიული მოვლენის ზუსტი წელი უცნობია და ამის გამო სავარაუდო წელს ვუთითებთ.
  2. – confer – „კონფერ“ ლათინური ენიდან ითარგმნება, როგორც „შეადარე“ და წაკითხვისას ან ლათინური წარმოთქმით ვკითხულობთ ან მის ქართულ ეკვივალენტს ვიყენებთ.

C.V. – CV – curriculum vitae – მიუხედევად იმისა, რომ ამ აბრევიატურის უკან ლათინური სიტყვები დგას, მას ყველა ინგლისური წაკითხვით – „სივი“ – წარმოთქვამს. აბრევიატურას  ზოგჯერ წერტილებით და ზოგჯერ წერტილის გარეშე წერენ. ორივე სწორი ჩაწერაა. პირველი ასოს უკან დგას ლათინური სიტყვა „კურიკულუმ“. სიტყვა  „კურიკულუმი“ დღეს სასკოლო თუ საუნივერსიტეტო პროგრამის მნიშვნელობითაც და საგნის მოცემული კურსის აღსანიშნადაც გამოიყენება, ხოლო როგორც აბრევიატურის პირველი ასო, მისი თარგმანი „აღწერას“ ნიშნავს, რადგან აბრევიატურის მეორე სიტყვაა ლათინური „ვიტე“/„ცხოვრება“ ნათესაობით ბრუნვაში. CV-ში აქცენტირებულია ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები და მოიცავს განხორციელებული საქმიანობების ჩამონათვალს და მოკლე აღწერას სამსახურში ან აკადემიურ დაწესებულებაში წარსადგენად კონკრეტული მიზნებისთვის. ამ მიზნების გათვალისწინებით ხდება მისი შედგენა და აქცენტების დასმა, რათა დამსაქმებელს ან საკონკურსო კომისიას გავაცნოთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები.

et al. – et alia – მიუხედავად იმისა, რომ ამ ლათინურ აბრევიატურას, რომელიც წარმოითქმის „ეტ ალია“ მახვილით პირველ ა-ზე, ქართული შესატყვისი აბრევიატურა „და სხვ.“ აქვს, მას იყენებენ აკადემიურ ტექსტებში ადგილის, საგნებისა და პირების ჩამოთვლის სანაცვლოდ. განსაკუთრებით ხშირად კი სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიაში, როდესაც უთითებენ წიგნს ან სტატიას, რომელსაც ერთზე მეტი ავტორი ჰყავს. როგორც წესი, ასეთ დროს წერენ წიგნის ან სტატიის პირველი ავტორის გვარს, ხოლო, დანარჩენი ავტორების გვარების დაწერის ნაცვლად, წერენ ლათინურ აბრევიატურას.

etc. – et cetera – „ეტ ცეტერა“ მახვილით პირველ „ე“-ზე ქართულად ითარგმნება როგორც „და დანარჩენი“, „და სხვა“. განსხვავებით „ეტ ალია“-სგან, „ეტ ცეტერა“ არასოდეს არ გამოიყენება ადამიანების ჩამოთვლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ უფრო სწორი იქნებოდა თარგმნისას გამოგვეყენებინა ქართული შემოკლება „და სხვ.“, მისი შესატყვისი ქართულად არის „ა.შ.“.

e.g. – exempli gratia – „ეგზემპლი გრაცია“, მახვილით პირველი სიტყვის მეორე ე-ზე და მეორე სიტყვის პირველ ა-ზე, იგივეა, რაც ქართული შემოკლება „,მაგ.“, რაც იშიფრება, როგორც „მაგალითად“. ინგილისურენოვან ტექსტებში, ისევე როგორც აკადემიური ხასიათის ნაშრომებში, ამ აბრევიატურას ჩვეულებრივად საკმაოდ ხშირად იყენებენ.

  1. – floruit – „ფლორუიტ“ ლათინური სიტყვაა და გამოჩენილი ადამიანის, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იქნება ის თუ ხელოვანი, ზეობის ხანას გულისხმობს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი წლები უცნობია ან დასაზუსტებელი და მხოლოდ მისი მოღვაწეობის პერიოდია ცნობილი.

f ff. – folio/foliis – „ფოლიო“ ან „ფოლიი“ არის შემოკლება, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სქოლიოში მისათითებელია რამდენიმე გვერდი. სიზუსტისთვის წერენ მხოლოდ გამოყენებული ნაშრომის კონკრეტულ გვერდს, რომელიც საინტერესოა მკითხველისთვის, დანარჩენ შემდგომ გვერდებს კი „ff.“ შემოკლებით აღნიშნავენ. ცხადია, ჩნდება შეკითხვა, რატომ არ უთითებს ავტორი დასამოწმებელი გვერდების პირველ და ბოლო ნომერს, ხოლო შუაში რატომ არ სვამს ტირეს. რა თქმა უნდა, როდესაც მითითებული პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე ყველა გვერდი საინტერესოა, ტირე იწერება, მაგრამ როდესაც მითითებული გვერდის ნომრიდან მისათითებელ ბოლო გვერდამდე ზოგიერთი გვერდი ჩავარდნილია, ასეთი შემთხვევებისთვისაა ლათინური შემოკლების გამოყენება მიზანშეწონილი. მაგ. თუკი ნაშრომში მივუთითებ გვ. 27-36, ეს იმას ნიშნავს, რომ ოცდამეშვიდე გვერდიდან ოცდამეთექვსმეტე გვერდამდე თითოეული გვერდი მნიშვნელოვანია დამოწმებისას. ხოლო როდესაც ოცდამეშვიდე გვერდიდან მხოლოდ ოცდამეათე, ოცდამეთერთმეტე და ოცდამეთექვსმეტე გვერდებია საინტერესო, მაშინ დაიწერება გვ. 27ff.

ibid. – ibidem – „იბიდემ“, მახვილით პირველ მარცვალზე, გამოიყენება ციტირებისას, როდესაც კონკრეტულ გვერდზე/ფურცელზე ერთხელ უკვე მითითებულია წიგნი/სტატია ან წიგნის/სტატიის შესაბამისი გვერდი და მეორედ აღარ არის მისი გამეორება მიზანშეწონილი ტექსტის ეკონომიურობიდან გამომდინარე.

  1. – idem – „იდ“ შემოკლება აღნიშნავს მამაკაც ავტორს ციტირების დროს ტექსტის ეკონომიურობის მიზნით, როდესაც ერთსა და იმავე გვერდზე ორჯერ ან მეტჯერ გვხვდება ერთი კონკრეტული ავტორი. ქალი ავტორის შემთხვევაში „იდ“ იქნება „ეად“, ლათინურად „ead.”, შემოკლება, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან “eadem”.

i.e. – id est – „იდ ესტ“ ლათინურ აბრევიატურას შეესაბამება ქართული აბრევიატურა „ე.ი.“. ეს ორი სიტყვა სიტყვასიტყვით ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „ეს არის“.

M.A. – Magister Artium – ხელოვნების დოქტორი არის სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭება ბაკალავრიატის შემდგომი საფეხურის სტუდენტს, მაგისტრანტს. საინტერესოა, რომ სიტყვა „ხელოვნება“ ამ სიტყვათშეთანხმებაში არ აღნიშნავს მაინცდამაინც სახვით ხელოვნებას ან მის მომიჯნავე დარგებს. ლათინური სიტყვა „ars” სახელობითი ბრუნვის ფორმაა. ეს სიტყვა ბრუნვისას იშორებს სახელობითი ბრუნვის ნიშანს და იბრუნებს ფუძისეულ “t”- ს, რომელიც სახელობითში არ ფიქსირდება. ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე „შვიდი თავისუფალი მეცნიერება“ ან “septem artes liberales” წარმოადგენდა თავისუფალ საგნებს/პროფესიებს, რომლებიც უნდა შეესწავლა ყველა თავისუფალ ადამიანს. თავისუფალი განათლება, რომელიც არ ზღუდავს პირს პროფესიულ არჩევანში და მას მიანდობს, საჭიროებისდა მიხედვით, გადავიდეს ერთი მომიჯნავე პროფესიიდან მეორეში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, უპირისპირდება, ე.წ. განათლებას სპეციალიზაციით, როდესაც სასწავლო საგნები მიმართულია ერთი კონკრეტული სპეციალობის მისაღებად. თავისუფალი მეცნიერებები ოდესღაც იმ შვიდ საგანს მოიცავდა (ტრივიუმი – გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა და კვადრივიუმი – არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია), რომლებიც საფუძვლად დაედო და გადაიზარდა, ე.წ. ენციკლოპედიურ მეცნიერებებში. სწორედ ამ მეცნიერებებს გულისხმობს აბრევიატურის უკან მდგარი სიტყვა „ხელოვნება“ და არა მის პირდაპირ მნიშვნელობას. დღეს მაგისტრატურის დასრულებისას მინიჭებული M.A. ხარისხი წარმოითქმის ინგლისური წაკითხვით „ემეი“, თუმცა სასურველია, რომ ქართულად „მაგისტრის ხარისხი“ წარმოვთქვათ.

N.B. – nota bene – „ნოტა ბენე“, მახვილით პირველ ე-ზე, ქართულად ითარგმნება, როგორც „შენიშნე კარგად“, თუმცა უმჯობესია, თუკი ვიტყვით „მიაქციე ყურადღება“. იმისთვის, რომ მკითხველს არ გამორჩეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ავტორი ტექსტში მოცემულ პასაჟს დასაზუსტებლად წინ ურთავს ამ ლათინურ შემოკლებას. აბრევიატურის ეს ორი ასო არ უნდა აგვერიოს ნაპოლეონ ბონაპარტის ინიციალებში, რადგან მისი სახელის პირველი ასოებიც იმეორებს ლათინურ აბრევიატურას. ცხადია, იმპერატორს არ გამორჩენია დამთხვევა. საკუთარი სახელის შემოკლებისას მისი მიზანი სწორედ ეს იყო, სახელი „ნაპოლეონ ბონაპარტე“ კარგად ჩაენიშნათ, მისი სახელისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ და არ გამორჩენოდათ.

Ph.D – Philosophiae Doctor – ამ შემოკლებას ინგლისური წაკითხვით წარმოთქვამენ. „ფიეიჩდი“ არის ლათინური სიტყვების „ფილოსოფიის დოქტორის“ შემოკლება (სიტყვა „ფილოსოფია“ იწერება არა F-ით, არამედ Ph-თი, ამიტომაც ერთი ასოს ნაცვლად შემოკლებისას ორი ასო გადმოდის). ოდესღაც ფილოსოფია ყველა დარგის საფუძველი იყო, მოგვიანებით კი მოხდა მისი განშტოებების წარმოქმნა ცალკეულ დარგებად. შესაბამისად, ნებისმიერ სფეროში სამეცნიერო ხარისხს ტერმინი „ფილოსოფიის დოქტორი“ აღწერს. ეს არ შეეხება მხოლოდ მედიცინას, მხატვრობას და მუსიკას – ამ დარგებში აკადემიური ხარისხი ზოგჯერ სხვაგვარად აღინიშნება.

P.M. – post meridiem – „პოსტ მერიდიემ“, მახვილით პირველ ი-ზე, ლათინურიდან ითარგმნება, როგორც შუადღის, ანუ შუადღის თორმეტი საათის შემდეგ. ამ შემოკლებას ინგლისურად კითხულობენ „ფიემ“. თუკი 6 A.M. დილის ექვსი საათია, საღამოს ექვსი საათი ასე ჩაიწერება – 6 P.M. ეს, ცხადია, შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დროის თორმეტსაათიან შკალას ვიყენებთ. ოცდაოთხსაათიანი შკალის გამოყენებისას საღამოს ექვსი საათი 18:00 არის.

P.S. ან P.P.S. – post scriptum ან post post scriptum – არის დანართი, მინაწერი ძირითადი ტექსტის ბოლოში. როგორც წესი, შემოკლებას ჩაწერისას ვიყენებთ, ხოლო წაკითხვისას ასოებს ვშლით და მის უკან ნაგულისხმევ სიტყვებს წარმოვთქვამთ. ეს სიტყვებია „პოსტ სკრიპტუმ“ მახვილით ი-ზე. როდესაც მინაწერს კიდევ ერთი მინაწერი უკეთდება, უკვე „პოსტ პოსტ სკრიპტუმ“-ი გვაქვს.

Q.E.D. – quod erat demonstrandum – „კვოდ ერატ დემონსტრანდუმ“-ში მეორე სიტყვაზე ასო – ე-ზე, ხოლო მესამე სიტყვაზე ასო ა-ზე უკეთდება მახვილი. პირველად ამ სამი ლათინური სიტყვის შემოკლება აბრევიატურის სახით, ე.წ. ევკლიდეს გეომეტრიის თარგმანისას შემოიღეს. შემდგომ მას უკვე პოსტრენესანსული ეპოქის მათემატიკოსებიც და მომიჯნავე დარგის მეცნიერებიც მიმართავდნენ. ლათინურიდან ეს სამი სიტყვა ითარგმნება, როგორც „რისი ჩვენებაც გვინდოდა“. ძველ ბერძნულ ტექსტებში ეს სიტყვებია „ჰოპერ ედეი დეიქსაი“, რაც „ჩვენებას“ კი არა, „დამტკიცებას“ აღნიშნავდა. ამიტომაც, მათემატიკური თუ ლოგიკური არგუმენტების შედეგად მიღებული დასკვნები, რომლებიც აჩვენებს, რომ მტკიცებულება გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, თანმიმდევრული მსჯელობით, ერთიმეორისგან გამომდინარე მოქმედებებით, ამ აბრევიატურით იწყება.

R.I.P. – requiescat in pace – „რეკვიესკატ ინ პაკე“ ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „მშვიდობით განისვენებდე/მშვიდობაში განისვენებდე“. აბრევიატურა ნამდვილად ამ სამი ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს, მაგრამ, ვინაიდან მოცემული სამი სიტყვის პირველი ასოები ემთხვევა ამავე ინგლისური სიტყვების პირველ ასოებს, ხშირად ეშლებათ აბრევიატურის წარმომავლობა და მიაჩნიათ, რომ “R.I.P.” “Rest In Peace“ არის. ცხადია, ეს აბრევიატურა სამეცნიერო ტექსტებში არ შეგხვდებათ, მაგრამ მას დღეს აქტიურად იყენებენ ფეისბუქის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები, როდესაც გამოხატავენ სინანულს ვიღაცის გარდაცვალების გამო. მოცემულ სიაში ამ კონკრეტული აბრევიატურის შეტანა სწორედ აუცილებლობამ და დასახელებულმა ფაქტმა განაპირობა.

  1. – scire licet/scilicet – „სკილიკეტ“ მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან „სკირე ლიცეტ ან სკირე ლიკეტ“. ორი სიტყვიდან კონტამინაციით მიიღება ერთი სიტყვა, რომელიც შემდგომში მოკლდება. შემოკლებისას ამ სიტყვის პირველი ორი ასო იწერება. სიტყვა ქართულად ითარგმნება, როგორც „იგულისხმება“. როდესაც ნაწერში ტავტოლოგიის თავიდან აცილების მიზნით გავურბივართ სიტყვის ან საკუთარი სახელის გამეორებას, მის ნაცვლად ვიყენებთ ნაცვალსახელებს. მაგრამ ხანდახან ავტორი შიშობს, რომ გამოყენებული ნაცვლასახელი არასწორად არ იქნას გაგებული, ამიტომაც ის ფრჩხილებში ჩასვამს ლათინურ შემოკლებას და დააკონკრეტებს მისათითებელ პერსონაჟს ან საგანს.

Sic. – sic erat scriptum – „სიკ ერატ სკრიპტუმ“ (მახვილი ე-ზე და მესამე სიტყვის ი-ზე მოუდის) ქართულად ითარგმნება „ასე იყო დაწერილი“/“ასე ეწერა“. როგორც წესი, ამ შემოკლებას გამოიყენებენ ისეთ შემთხვევაში, როცა უნდათ აჩვენონ, რომ შეცდომა ციტატაშია და ის არ ეკუთვნის მას, ვინც ციტატის პასაჟის შეცდომას იმეორებს.

viz. – videre licet/videlicet – ეს შემოკლება ლათინური სიტყვიდან „ვიდერე ლიცეტ“ ან „ვიდერე ლიკეტ“ მომდინარეობს, რომელიც მოკლდება „ვიდელიკეტ“ ან ვიდელიცეტ“. ეს სიტყვა ზედმიწევნითი თარგმნისას ნიშნავს იმას, რომ მითითებული მასალა განკუთვნილია სანახავად. თუმცა შემოკლებული სახით მას იყენებენ „სახელდობრ“-ის ფუნქციით. ხშირად ამ შემოკლებას ვერ განასხვავებენ და ამიტომ ერევათ ხოლმე ლათინურ აბრევიატურებში, რომლებიც აღნიშნავს „ე.ი“-ს ან „მაგალითად“-ს. ლათინური შემოკლება „ვიზ“ ზოგჯერ წერტილით იწერება, ზოგჯერ კი წერტილის გარეშე და აკონკრეტებს სათქმელს ჩამოთვლის დროს. ის იწერება ჩამოსათვლელი საგნების ან პირების ნუსხის წინ და მოჰყვება სიტყვას, რომელიც დასაკონკრეტებელია.

ცხადია, აქ მოტანილი ლათინური შემოკლებებისა და აბრევიატურების გავრცობა შესაძლებელია, მაგრამ მე ვარჩიე და სიაში შევიტანე მხოლოდ ისინი, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, ყველაზე ხშირად გვხვდება სამეცნიერო ტექსტებში ჩვენც და ჩვენს მოსწავლეებსაც. არ არის აუცილებელი ამ სიაში შეტანილი ფორმების დაზეპირება, მაგრამ ალბათ თავად განსაზღვრავთ, რისი ცოდნა გამოგადგებათ მომავალში თქვენ ამა თუ იმ ტექსტისთვის აკადემიური სახის მიცემის პროცესში. აქვე დავძენ, რომ, თუკი უადგილოდ გამოიყენებთ ლათინურ აბრევიატურას ან შემოკლებას, ტექსტს აკადემიურ სახეს კი არ მიანიჭებთ, უვიცობის დემონსტრირებას მოახდენთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რომელიმე ლათინურ შემოკლებას გამოიყენებთ. წარმატებები!

 

 

 

 

ბლუმის ტაქსონომიიდან სოლო ტაქსონომიამდე

0

ბლუმის ტაქსონომია სასარგებლოა იმ მხრივ, რომ მან გააფართოვა სწავლის მნიშვნელობა უბრალო დამახსოვრებიდან მოვლენის ანალიზამდე და შეფასებამდე. ეს ექვს საფეხურიანი პირამიდა წარმატებით გამოიყენება დღემდე გაკვეთილების დაგეგმვის დროს, შეკითხვების დასმის პროცესში. ბლუმის ტაქსონომიის  შეფასების შემდეგ  1982 წელს  ჯონ ბიგსმა ჩამოაყალიბა, ე.წ.  SOLO (Structure of Observed Learning Outcone) ტაქსონომია (სწავლების შედეგზე დაკვირვების სტრუქტურა). სოლო ტაქსონომია მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის სწავლის პროცესის შესწავლაში.

სოლო ტაქსონომია მოიცავს ხუთ დონეს:

I . პრესტრუქტურული დონე – მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს საკითხს, იყენებს შეუსაბამო ინფორმაციას; ( მოსწავლეს არ აქვს იდეა).

  1. უნისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ მარტივი, ზედაპირული კავშირების დამყარება, ტერმინოლოგიას იყენებს, შეუძლია ტერმინის გახსენება, მარტივი ინსტრუქციის / ალგორითმის შესრულება; თავისი სიტყვებით გადმოცემა; დასახელება, ჩამოთვლა, იდენტიფიცირება; ( მოსწავლეს აქვს ერთი იდეა).

III. მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, ამ დროს ვერ ამყარებს მათ შორის მიმართებებს, შეუძლია აღწერა, ჩამოთვლა, კლასიფიკაცია, პროცედურების შესრულება; ( მოსწავლეს  აქვს ბევრი  იდეა, თუმცა ვერ აკავშირებს ერთმანეთთან).

  1. მიმართებითი დონე – მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე ასპექტს შორის. ნაწილებისგან ქმნის მთლიანს; შეუძლია შედარება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება; (მოსწავლე ამყარებს კავშირს რამდენიმე იდეას შორის).
  2. გაფართოებული აბსტრაქტული დონე – მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურის წარმოდგენა აბსტრაქტულად, მისი აღქმა და სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა, იდეების ტრანსფერი სხვა სიტუაციაში, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, არგუმენტის მოტანა; (მოსწავლეს შეუძლია იდეების ინტეგრირება).

ბლუმის და სოლო ტაქსონომიის შედარება

ბლუმის ტაქსონომია სოლო ტაქსონომია
დასმული კითხვა და პასუხი ერთი დონის შესაბამისია; კითხვა და პასუხი შესაძლებელია სხვადასხვა დონეს შეესაბამებოდეს;
ცოდნა გამიჯნულია ინტელექტუალური პროცესისგან; სოლო ტაქსონომია დაფუძნებულია გაგების პროცესზე;
მოსწავლე თანდათან მიიწევს  პირამიდის მწვერვალისკენ; მოსწავლე შესაძლებელია სხვა საფეხურზე გადავიდეს ქვედა საფეხურების გამოტოვებით;
ეს არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა მარტივიდან რთულისკენ, მათი ემოციური, ფსიქომოტორული და შემეცნებითი მიმართულებით. ეს არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა  სწავლის პროცესში მარტივიდან რთულისკენ.

 

 

ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისობა სოლო ტაქსონომიასთან

ცხრილში მოცემულია მოსწავლის პასუხები და  ქმედებები ორ განსხვავებულ სიტუაციაში:

საკითხის მიმართება დონეებთან რატომ ბნელა ღამით? ააწყვე აპლიკაცია ფერადი სხვადასხვა ფორმის და ფერის ფიგურების გამოყენებით
პრესტრუქტურული დონე  იმიტომ რომ ღამეა;

 

ვერცერთ დეტალს ვერ იყენებს;
უნისტრუქტურული დონე

 

იმიტომ რომ მზე ჩავიდა; ფიგურებს აჯგუფებს  ერთი ნიშნის  (ფერის ან ფორმის)  მიხედვით;
მულტისტრუქტურული დონე იმიტომ, რომ მზე და დედამიწა მოძრაობენ ერთმანეთის ირგვლივ;

 

მოსწავლე აკავშირებს ერთმანეთთან კარს და ფანჯრებს;
მიმართებითი დონე მზის ბრუნვის გამო 12 საათი სიბნელეა და 12 საათი სინათლე; მოსწავლე აწყობს სახლს;
 

გაფართოებული აბსტრაქტული დონე

დედამიწას აქვს სფეროს ფორმა და ბრუნავს საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო, ამიტომ მისი ერთი ნახევარი მზისკენ არის და განათებულია, მეორე ნახევარი –  არა, ამიტომ სიბნელეა. მოსწავლე აწყობს ქალაქს.

 

თუ სოლო ტაქსონომიას დავაკავშირებთ შეფასებასთან დონეები ასე გამოიყურება:

პრესტრუქტურული დონე – ,,არა“ დამაკმაყოფილებელი;

უნისტრუქტურული დონე – ,,ძლივს“ დამაკმაყოფილებელი;

მულტისტრუქტურული დონე – ,,ზომიერად“ დამაკმაყოფილებელი;

მიმართებითი დონე – ,,ძალიან“ დამაკმაყოფილებელი;

გაფართოებული აბსტრაქტული დონე – ყველაზე სასურველი;

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. What ‘s Our Best Taxonomy? Bloom ‘ s or SOLO? – Peter DeWitt, 2014 . 18.02
  2. Alternative to Bloom: Structure of Observed Learning Outcome (SOLO) Taxonomy.

https://www.nwlink.com/~donclark/hrd/Bloom/SOLO_taxonomy.html

  1. https://www.bing.com/videos/search?q=solo+taxonomy&qpvt=solo+taxonomy&view=detail&mid=E20189BB651E0643BD2FE20189BB651E0643BD2F&&FORM=VRDGAR
  2. https://www.bing.com/videos/search?q=solo+taxonomy&qpvt=solo+taxonomy&view=detail&mid=AF639E58AC781D79AD36AF639E58AC781D79AD36&&FORM=VRDGAR

 

 

 

 

გაკვეთილის თემა – სეზონები. ზამთრისპირული სკოლისათვის

0

გაკვეთილის თემა: სეზონები

განწყობა: შემოდგომურ-ზამთრული ანუ გარდამავალი

***

სეზონები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თემაა სკოლის დაწყებით საფეხურზე. ერთი შეხედვით, განა რა მოხდა ასეთი, თუ შემოდგომა მიიწურა და ზამთარში შეაბიჯე. ისედაც მთელი ნოემბერი ქურთუკში გამოხვეული არ დადიოდი?! ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ განწყობის უმიზეზო ცვალებადობა საჭიროებს რაღაც ლოგიკურ ახსნას, თუნდაც ეს სეზონის ზემოქმედება იყოს.

მოსწავლეებს ძალიან უყვართ სეზონური ისტორიების მოსმენაც და შეთხზვაც. ამიტომაც ერთგვარი რიტუალი გვაქვს – თითოეულ სეზონში გადაბიჯებამდე განწყობას მისთვის დამახასიათებელ ამინდებს ვუხამებთ, მისი ამბებით ვიჟღინთებით. ამჯერად შემოდგომის მიწურულის ამბავს მოგიყვებით.

შევეცადე, გრძნობის ყველა ორგანოთი შეგვეგრძნო ზამთარი. სეზონებსა და მუსიკაზე ალბათ თქვენც ვივალდის „წელიწადის დროები“ გახსენდებათ. „ზამთარს“ მოვუსმინეთ, შემდეგ წელიწადის ყველაზე ცივი დროისთვის დამახასიათებელი ამინდის-მელოდიის სიტყვებით გადმოცემა ვცადეთ. მოსწავლეების ყურმა ქართან ერთად ღრუბლიდან წამიერად გამონათებული იმედის სხივებიც „დაიჭირა“. რაც შეეხება ზამთრის გემოს, აღმოჩნდა, რომ ყველას გაუსინჯავს თოვლი, ან ხილის წვენში გასაგრილებლად ჩაყრილი ზამთრის ნატეხები (ყინული) მაინც დაუგემოვნებია. ზამთართან შეხებას რაღა უნდა… არასდროს გიგუნდავიათ შიშველი ხელებით, ან ცხვირი არ მოგყინვიათ ზამთრის სიცივეში?! სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში თოვლი იშვიათად მოდის. თუმცა ყინულთან შეხებით მოსწავლეებმა ადვილად გაიხსენეს, რა ძალა აქვს ყინვას და ხელების გათბობის შემდეგ სითბოს მნიშვნელობა სულ ადვილად გაიაზრეს:

„…რომ შეიძლებოდეს, მამაჩემის თბილ პალტოში შემომაყუჟებინა კვერნები, ციყვები, შვლის ნუკრები, თვით მგლის ლეკვებიც კი, – იყვნენ შემოყუჟულნი ჩემი მკლავების ქვეშ და იყურონ გარეთ მარტო ცხვირგამოყოფილებმა, – მეცა და ისინიც ნამდვილად ბედნიერები ვიქნებოდით. მართლა, რა არის ეს ბედნიერება, ასე ხშირად რომ ვნატრობთ? ალბათ სითბოსავით კარგი რაღაც, არა?..“  (რ. ინანიშვილი)

ზამთრის თამაშებზეც ვიფიქრეთ. მოსწავლეებმა, ყველასათვის ცნობილი გუნდაობის და ციგაობის გარდა, ვერაფერი გაიხსენეს და ახალი თამაშების შექმნა გადაწყვიტეს. ჯერ  დაჯგუფდნენ, შემდეგ კი თბილისური უთოვლო ზამთრისთვის გამოსადეგი რამდენიმე თამაში მოიფიქრეს. აი, მაგალითად: „ჩახუტობანა“ გითამაშიათ? გირჩევთ, ითამაშოთ, თუ ეზოში ჩასულებს ხელთათმანი ან ქურთუკი დაგავიწყდებათ. თამაშის მთავარი წესია, მოთამაშეებმა ერთმანეთი რაც შეიძლება სწრაფად გაათბონ. იდეის ავტორმა პირადი გამოცდილება გაგვიზიარა და ხელების დამოუკიდებლად გათბობის რამდენიმე ხერხიც გვასწავლა იმ შემთხვევისთვის, თუ ეზოში მარტო აღმოვჩნდებით.

შემდეგ ჯერი კითხვის საათზე მიდგა:

„ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ…“ (რ. ინანიშვილი)

აი ასეთი სითბო მინდოდა, ეგრძნოთ – ადამიანად ყოფნის გამო რომ გთბილა. ხშირად მითქვამს, სითბოს შესახებ ინანიშვილზე უკეთ ვერავინ წერს-მეთქი. ახლაც მას მივაკითხე. ჯერ „ზამთრის პატარა ილუზიები“ წავიკითხეთ, შემდეგ „კეთილი ბებერი ბუების“ ფრთებქვეშ გავთბით. თევდორე პაპასა და ეფემია ბებოს თავგადასავალს („ზამთრის ზღაპარი“) ძალიან მოუხდა ანიმაციური ფილმი მელიაზე, რომლიც ჩვენებაც მოთხრობის დასრულების შემდეგ მოვაწყვეთ:

ბოლოს ბარდნაში გაუჩინარებულ სკვინჩას („ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“) სევდანარევი სიხარულით გავაყოლეთ თვალი და ახლა საკუთარ თავში დავიწყეთ თბილი მოგონების ძებნა. ინპირაციისთვის ნინო ჩაკვეტაძის მიერ ზამთრის თემატიკაზე შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევარი გამოვიყენე. მოსწავლეებს უნდა აღედგინათ ნახატზე გაყინული წამის წარსული, ანუ „პერსონაჟების“ ისტორია. განწყობის შესაქმნელად ცეცხლის „მუსიკა“ შევარჩიეთ, ზამთრის სარკმელი შევაღეთ და დავიწყეთ.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ნახატზე დაყრდნობით მოთხრობის შეთხზვის პროცესი. ერთხანს ჩუმად მიაჩერდნენ, თითქოს ხეზე შემომსხდარ გოგოსა და ბიჭს ეკითხებოდნენ, ასეთ თოვაში მანდ რამ აგიყვანათო?! მალე შეშის ტკაცა-ტკუცს კალმების წრიპინი და ფურცლების შრიალი დაემატა… ასე შეიქმნა მოთხრობების კრებული „ზამთრისპირული სკოლისათვის“, ბუხრის წინ საკითხავი თბილი ამბებით სავსე. იმ დღეს მეც მოსწავლე ვიყავი, კალამიც ვაწრიპინე და ფურცელიც ვაშრიალე. აი, რა გამომივიდა:

 

ზამთრის ესკიზი

წელს ადრე მოთოვა. დილამ ფანჯრიდან თეთრად რომ შემოაჭყიტა, მწკლარტე გემოსავით ფიქრი აჰყვათ საწოლიდან – ტყიდან ფიჩხის ამოზიდვა ვერ მოასწრეს! ბალღებს ჯერ კიდევ ეძინათ. ქვეშაგებში ჩამალულები ერთმანეთს მიკრობოდნენ, მაგრამ ცხვირის წვეტები სიცივისგან მაინც მოჰყინვოდათ, დაჩრჩილული საბნის ღრიჭოები სითბოს ვეღარ იჭერდა. მაინც როგორ მონდომებით თოვდა… თითქოს ერთადერთი ამინდი ყოფილიყოს ამ დალოცვილ დედამიწაზე! 

რა ექნათ?! უნდა წასულიყვნენ. ბავშვები შეაღვიძეს. აი, ვის გაუხარდა პირველი თოვლი! ერთი ამბით წამოცვივდნენ საწოლიდან, გაუკვალავში გავლა არავინ დაგვასწროსო!  თბილად ჩაცმაც არ დავიწყებიათ (კიდევ კარგი, დედამ ორივეს დაუკემსა ხელთათმანები). ბიჭს ქუდის დახურვა არ უნდოდა, მამა რომ სულ თავშიშველი დადისო?! ეხვეწნენ, ემუდარეს – ძლივს დაითანხმეს. ეზოში გასულმა ქუდის შესაკრავი მაინც შეიხსნა, ორი წლის ბავშვი ხომ არა ვარო!..

მალე საუზმეც გამზადდა. ლოყებაწითლებულები შემოვარდნენ. ცხელი ჩაი სულ თვალმოჭუტვით ხვრიპეს, პურს მურაბის წვენში აწობდნენ, აყოლებდნენ და თან ისევ ფანჯრისკენ ეჭირათ თვალი. ამასობაში უფროსებიც გაემზადნენ. მამამ ცული გაირჭო ქამარში, დედამ ძველი ციგა გამოიტანა ფარდულიდან, ძროხის მისაბმელად რომ იყენებდა, ის თოკიც იპოვა, ჩამოაბა და…

უნდა წავიდეთო, შვილებო, შეშას მოგიტანთო, გათბებითო!  იმათ კიდე – ჩვენც წამოვალთო, გეხვეწებითო, აუ ტყეში რამხელა თოვლი იქნებაო, ბიჭოოს!  წავიყვანოთო? – ერთმანეთს გადახედა ცოლ-ქმარმა, – რატომაც არაო?! – თვალებით შეთანხმდნენ და ოთხივენი დაიძრნენ სოფლის მაშველად მთიდან ჩამოსული ტყისკენ.

ფიჩხი კი მოაგროვეს, მაგრამ ამხელა ზამთარს ამით ხომ ვერ გაიტანდნენ?! ერთი ხე მაინც უნდა მოეჭრათ. დასევდიანდნენ. ერთხანს სოფლისკენაც ქნეს პირი, იქნებ მერეო, მაგრამ ისე ბარდნიდა, ისე ხმამაღლა ყვიროდა ზამთარი, მოვედი და დამხვდით, თუ მაგრები ხართო, რომ ვეღარ გაუძლეს და ხის შესარჩევად ტყეში შებრუნდნენ.

ერთხანს იარეს. ხეებს ხან ქერქი უსინჯეს, ხან  ფუღუროები უთვალიერეს, შემთხვევით ვინმე სულიერის სახლი არ გავაყოლოთ ხელსო. ბოლოს ერთ ბებერ წიფელთან შეჩერდნენ, დაკოჟრილი და ჭიანაჭამი ტანი მოუწონეს. მამამ ქამრიდან ცული ამოიძრო, ერთხანს ხელში ათამაშა, ბოლოს ამოიბუტბუტა, რაც არის, არისო, ცული ასწია და… ბებერი წიფლის ტოტზე ბალღები შემომსხდარიყვნენ და ერთმანეთს მიხუტებულები მამას იმედით სავსე თვალებით ჩამოსცქეროდნენ.

***

იმ თოვლიან დილას ტყისპირისკენ რომ გაგეხედათ, დაინახავდით ფიჩხით სავსე პატარა ციგას, რომელსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი რიგრიგობით ექაჩებოდა. ხანდახან ხელს მოხუცი ხის გადარჩენით გახარებული ბალღებიც წააშველებდნენ… ასე ტოვებდნენ თავის წილ თბილ კვალს ამ დალოცვილ დედამიწაზე.

 

უნდა იცოდეს თუ არა თეთრი ტაქსის მძღოლმა ქიმია?

0

იმ დღეს  თეთრი ტაქსი გავაჩერე… შეიძლება თავად იყო თეთრი, ან სულაც სახელდახელოდ გადაღებილი ან კიდევ სულაც რაღაც მუშამბაშემოკრული, რა მნიშვნელობა აქვს. ფასზე შევთანხმდით და დავიძარით. ცოტა გავიარეთ თუ არა, ფშუუუტ, დაიძახა ბორბალმა და მანქანაც გაჩერდა.

– აუჰ, მოვედით, გადმომხედა მძღოლმა.

– მარაგი არ გაქვთ? საქმიანად შევეკითხე.

– ნწუ, რაღაცნაირად ნიშნისმოგებით მომიგო. სავარაუდოდ, ნიშნს უფრო საკუთარ თავს უგებდა, რადგან ამხელა თეთრად გადაღებილი ტაქსი რომ ხარ, ერთი სამარაგო ბორბალი საბარგულში არ უნდა გეგდოს?

– ქიმია გიშველით ახლა თქვენ, მეც ნიშნის მოგებით მივუგე და მანქანიდან გადმოვედი.

– რა ქიმია? უკან დამადევნა კითხვა.

– გოგირდიიის, – წაგრძელებით  ნათქვამი პასუხი გამომივიდა, რადგან არც გავჩერებულვარ და არც უკან მიმიხედია, მოძრაობაშივე ვუპასუხე.

გოგირდთან  კავშირზე მოგვიანებით დავწერ. ჯერ  გოგირდზე  მოგიყვებით.

ალქიმიკოსებისთვის განსაკუთრებული რომ იყო, ამაზე ბევრჯერ დამიწერია. ამიტომ, ახლა ამ კუთხით მის განხილვას აღარ დავიწყებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

ამ ელემენტის სახელი ბერძნულად ჟღერს, როგორც „თიონი“, რაც „ღვთიურს“ ნიშნავს. ძალიან კარგად იწვის, ძველად კი ცეცხლი ღმერთების საჩუქრად ითვლებოდა. დიახ, საუბარი  #16 რიგობითი ნომრის მქონე გოგირდზეა. დედამიწის ქერქში საკმაოდ მცირე რაოდენობითაა. ადამიანი კი მას უძველესი დროიდან იცნობს. თავისუფალი სახით ვულკანების გვერდით გვხვდება. თვითნაბადი გოგირდის კრისტალები ძალიან ლამაზი სანახავია. თითქოს  მტკიცე შთაბეჭდილებას ტოვებენ. არადა, ხელით იოლად გადატეხ. გოგირდის სიმკვრივე წყლის სიმკვრივეს ორჯერ აღემატება. თუმცა, თუ ფაიფურის როდინში გავსრესთ, გავაფხვიერებთ და ფხვნილს წყლიან ჭიქაში ჩავყრით, არ ჩაიძირება. არ იხსნება წყალში და მორჩა. აი, ორგანულ გამხსნელებში სხვა რეალობას  ვღებულობთ. მაგალითად, თუ სინჯარაში ტოლუოლს ჩავასხამთ და შიგნით გოგირდის ფხვნილს ჩავყრით, შემდეგ კი ქურაზე მოთავსებულ  წყლის აბაზანაზე   გავაცხელებთ, გოგირდი გაიხსნება. თუ სინჯარას გავაცივებთ,  გოგირდის ხსნადობა შეწყდება და სინჯარაში ლამაზი ყვითელი კრისტალები წარმოიქმნება. ამ ხერხით გოგირდი შესაძლებელია მინარევებისგან გავწმინდოთ.

გოგირდს სამი ალოტროპული მოდიფიკაცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ მისი ატომები სხვადასხვა სტრუქტურებს წარმოქმნიან. მათ შორის, ყველაზე მდგრადი რომბული გოგირდია (სწორედ ის წარმოიქმნება სინჯარაში). რომბულ გოგირდს გვირგვინის ფორმა აქვს და გოგირდის ატომები ერთმანეთთან სუსტი ვანდერვაალსის ძალებით არიან დაკავშირებული.

ასეთი კრისტალები მყიფეა და გახურებისას ლღვებიან. 113 ცელსიუს გრადუსზე  თხევადი გოგირდი მიიღება. თუ გალღობას გავაგრძელებთ, გოგირდი წებოვანი გახდება და სინჯარის  გადმოტრიალებისას  არ გადმოიღვრება. 150 ცელსიუსზე სტრუქტურის რგოლები წყდება და ატომები გრძელ ჯაჭვებად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. თუ ტემპერატურას 250 ცელსიუსამდე გავზრდით, ეს ჯაჭვებიც გაწყდება და გოგირდი კვლავ თხევად მდგომარეობას დაუბრუნდება. შემდეგ ეტაპზე გამლღვალი გოგირდი ცივ წყალში ჩავასხათ, ფსკერზე თხელი და რბილი ძაფების გროვები წარმოიქმნება. ეს კიდევ ერთი ალოტროპული მოდიფიკაცია-პლასტიკური გოგირდია. აქ ატომები გრძელ სპირალურ ჯაჭვებადაა დაკავშირებული. ეს მასალა, საღეჭ რეზინასავით წელვადია, თუმცა არამდგრადია. ერთი საათის შემდეგ ის კვლავ კრისტალური გოგირდის ფორმას მიიღებს. დაბოლოს, თუ გამლღვალ გოგირდს უბრალოდ ჰაერზე გააცივებთ, ნემსისებრი კრისტალები წარმოიქმნება. ეს მონოკლინური გოგირდია, მესამე ალოტროპული ფორმა.

გოგირდი დამოუკიდებელი სახით მეტალებთან ურთიერთქმედებს. წარმოიქმნებიან სულფიდები. ყველასთვის ცნობილი რეაქცია: ავიღოთ 1 მოლი გოგირდი და ფაიფურის ტიგელში შევურიოთ 1 მოლი რკინის ფხვნილს. ნარევი კერამიკულ პლიტაზე გადავიტანოთ და მასში წინასწარ გახურებული მინის წკირი შევიტანოთ. ნარევი აალდება და მკვეთრი ალით დაიწვება. წარმოიქმნება რკინის სულფიდი FeS. არსებობს რკინის დისულფიდიც FeS2, პირიტი ბუნებაში გვხვდება და ოქროს წააგავს. ზოგიერთი თაღლითი ალქიმიკოსი მას სწორედ ოქროდ ასაღებდა. ოქროს ციებ-ცხელების დროს კი „ბრიყვების ოქროს“ უწოდებდნენ, რადგან  ესპანელი კონფისკადორები მას აბორიგენებს ართმევდნენ და ოქრო ეგონათ. იმავე აბორიგენებთან ევროპელებმა პირველად ნახეს კაუჩუკი, ელასტიური პოლიმერი, რომელიც მცენარე ჰევეას  წვენიდან გამოიყოფა.  დღეს კაუჩუკის თანამედროვე ხელოვნური პოლიმერი არსებობს და მანქანის ბორბლის რეზინს სწორედ ის უდევს  საფუძველში.  ბუნების „შეცდომა“, ანუ რეზინის სირბილე კი გოგირდით უნდა გასწორდეს. თუმცა, ამაზე კიდევ უფრო ქვემოთ დავწერ.

ზემოთ სულფიდები ვახსენე  და უნდა დავწერო, რომ ისინი მრავალფეროვანი სახით გვხვდებიან: აურიპიგმენტი As2S3, ჰილინიტი PbS, ანტიმანიტი Sb2S3, HgS სინგური, ცილისტინი SrSO4, ქალკოპირიტი FeCuS2.

გოგირდი ურთიერთქმედებს წყალბადთან და გოგირდწყალბადი წარმოიქმნება. ამ გაზს ლაყე კვერცხის სუნი აქვს. უფრო სწორად, ლაყე კვერცხს აქვს მისი სურნელი. რატომ? გაზი გოგირდშემცველი ამინომჟავების მქონე ცილების ლპობისას გამოიყოფა. ბუნებაში ბუნებრივი გაზის „კვალის“ ნივთიერებებში გვხვდება. ასევე გვხვდება გოგირდშემცველ მინერალურ წყლებში, მაგ. ბორჯომში.

ლაბორატორიაში გოგირდწყალბადს შემდეგი რეაქციით იღებენ:

FeS+2HCl=H2S+FeCl2

თუ მაინც გადაწყვეტთ ამ ცდის გაკეთებას, მხოლოდ ამწოვ კარადაში უნდა სცადოთ, რადგან გოგირდწყალბადი მომწამლავია. სისხლში მოხვედრისას ცილა ჰემოგლობინს შლის. უფრო მეტიც, ის ჰემში შემავალ რკინასთან ურთიერთქმედებს და რკინის სულფიდს წარმოქმნის.

ჰოდა, იმას ვამბობდი, თუ მაინც გადაწყვეტთ  გოგირდწყალბადის მიღებას, მასზე თვისებითი რეაქციების ჩატარებაც შეიძლება. მიღებული გაზი წყალში უნდა გაიხსნას და ასეთ ჭიქაში უნდა მოთავსდეს ჯერ რაიმე ვერცხლის ნივთი, შემდეგ სპილენძის ფირფიტა. ორივე მეტალი გაშავდება, რადგან ვერცხლისა და სპილენძის სულფიდები წარმოიქმნება. ალბათ შეგინიშნავთ, რომ ხანგრძლივი ტარებისას ოქროს და ვერცხლის სამკაულები შავდებიან. ადამიანის ორგანიზმი მცირე დოზით გამოყოფს გოგირდწყალბადს. სწორედ, ეს გამოყოფილი გაზი ურთიერთქმედებს ვერცხლის და ოქროს ნაკეთობებთან და წარმოქმნის ვერცხლის და სპილენძის სულფიდებს (ოქროს ნაკეთობებში სპილენძიც შედის).

იგივე გოგირდწყალბადი ძველი სურათების დაზიანებაშიც მონაწილეობს. უფრო სწორედ, მათი გამუქების მიზეზია. ასეთი სურათების დასახატად ტყვიის შემცველ ტყვიის თეთრას იყენებდნენ, რომელიც ნელ-ნელა შავ სულფიდად გარდაიქმნება.  გამუქებულ სურათს კი წყალბადის ზეჟანგით უბრუნებენ ფერს. თუ ქიმიურ ჭიქაში ტყვიის სულფიდის ხსნარს მოვათავსებთ და მას წყალბადის პეროქსიდს დავამატებთ, ხსნარი მთლიანად გათეთრდება.

რატომ?

ტყვიის სულფიდი თეთრი ფერის სულფატამდე აღდგება.

რეაქცია შემდეგია: PbS+4H2O2=PbSO4+4H2O.

გოგირდი ადრე ყველაზე მეტად სამხედრო მიზნებისთვის აინტერესებდათ. შეამჩნიეს, რომ იოლად ეკიდება ცეცხლი და სხვა უფრო მდგრადი ნივთიერებების აალებას აჩქარებს. ადგნენ და დენთს დაუმატეს. თუ ფაიფურის როდინში გოგირდის ფხვნილსა და კალიუმის სელიტრას შევურევთ, მივიღებთ დენთს, რომელსაც ადრე მუშკეტებისთვის და ზარბაზნებისთვის იყენებდნენ. თუ ცეცხლს მოუკიდებთ, დავინახავთ, როგორი სიკაშკაშით დაიწვება და დიდი რაოდენობით კვამლი  გამოიყოფა.

2KNO3+3C+S=K2S+N2+3CO2

გოგირდს ორი ოქსიდი აქვს SO2 და SO3. SO2-ში გოგირდი ოთხვალენტიანია და მის მისაღებად საკმარისია გოგირდი დავწვათ. თუ გოგირდს ჟანგბადის არეში დავწვავთ, ის ცისფერი ალით დაიწვება და გოგირდის ოთხვალენტიანი ოქსიდი მიიღება.  თუ ოქსიდს წყალში გავატარებთ, გოგირდოვანი მჟავა წარმოიქმნება.

SO3-ში გოგირდი ექვსვალენტიანია. წყალში გატარებით გოგირდმჟავას წარმოქმნის. სხვათა შორის, დღეისათვის ყველაზე მეტი გოგირდი სწორედ გოგირდმჟავას წარმოებაზე იხარჯება და ის მრეწველობის „ბლანტ სისხლს“ წარმოადგენს. უამრავ საქმეში გამოიყენება და საკვები დანამატი E513-ც სხვა არაფერია, თუ არა გოგირდმჟავა. დიახ, ძალიან მცირე რაოდენობით ის ზოგიერთ პროდუქტს ბაქტერიებისგან იცავს. ასევე, არეგულირებს მჟავიანობას უალკოჰოლო სასმელებში.

კიდევ არსებობს თიოგოგირდმჟავა H2SO3S. Na2SO3S ნატრიუმის თიოსულფატია. ამ მარილით ერთ ჯადოსნობას ჩავატარებ, ჩემივე თეთრ ხალათს აფთიაქში ნაყიდი იოდით დავსვრი. არა, ეს ჯადოსნობა არ არის, ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობაა. ახლა კი ზედ ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარს დავასხამ და „ვუალა“, იოდიანი ლაქა გაქრება.

და კვლავ კაუჩუკი… გახსოვთ არა?

თუ მასში გოგირდს დავამატებთ, მიღებული რეზინის ხარისხს გავაუმჯობესებთ. კაუჩუკს შეურევენ გოგირდს და კიდევ სხვა კომპონენტებს, მაგ. ჭვარტლს ამატებენ. სწორედ ამიტომ, საბურავი შავი ფერის გამოდის. შემდეგ საბურავში იდება ფოლადისგან დამზადებული „გული“ და ვულკანიზაციის დარბაზში უშვებენ. აქ საბურავი გოგირდის დამატებით განსაკუთრებულ მდგრადობას იძენს. კაუჩუკი პოლიმერული ჯაჭვია, რომლის საფუძველს ნახშირბადი წარმოადგენს. კაუჩუკის გოგირდთან გაცხელებით 200 ცელსიუს გრადუსზე, ეს ჯაჭვები გოგირდის მეშვეობით ერთმანეთს ჩაეკერება.

თეთრი ტაქსის მძღოლსაც იგივე ვუთხარი, სხვა ღმერთმანი, არაფერი მითქვამს.

არადა, ისეთი გაოცებული გამომეტყველებით იდგა, სკოლაში ქიმია აშკარად ცუდად ჰქონდა ნასწავლი!

 

წიგნი -კონცერტი – ბესიკ ხარანაულის „მთავარი გამთამაშებელი“

0

„ბევრ ჟანრს გამოვიგლოვებთ ცხოვრებაში, დარჩება მხოლოდ მეტაპოეზია და მეტაადამიანი”, _ წერს ბესიკ ხარანაული და ამგვარ მეტაპოეტურ ტექსტს ქმნის, „მთავარ გამთამაშებელს“, რომელშიც, როგორც მარსელ პრუსტი იტყოდა, ერთადერთ რეალობას ფიქრები ქმნიან და რომელშიც “ადამიანი სულ მიედინება”. „რანაირია წიგნი, რომელიც სულ იკითხება და იკითხება? არ გასდის ადამიანს სულიდან იმის გემო და უნდება კვლავ და კვლავ გადაშლა და კითხვა და კითხვა… რადგან არ აშინებს, არ მოძღვრავს, არ ირწმუნება, არამედ, თითქოს სარკის შუქს დაატარებს იმის სულის ჩრდილში, რომ საიდუმლო კუნჭულები გაუნათოს და შეახსენოს თავი, სრულ და შეუბღალავ სიმარტოვეში”, _ კითხულობს ბესიკ ხარანაული და მკითხველს ამგვარ მეტაჟანრულ წიგნს სთავაზობს, რომელიც დაქსელილია სივრცული და დროული ბადეებით, რომლებიც                                                                            გარკვეულ მხატვრულ განზომილებებს ქმნიან. ცხადი, სიზმარი, მითი, ლეგენდა, ზღაპარი, წარსული, მომავალი _ თანაბარი ინტენსივობით შემოიჭრებიან და ერთმანეთს გამსჭვალავენ. რეალობისა და ირეალობის გადაკვეთის გზებზე, ერთგვარ გზაჯვარედინებზე წამიერად შეყოვნებული ავტორი ერთ რომელიმე გზას კი არ ირჩევს, ერთ რომელიმე დროსივრცულ არეალს, არამედ ერთდროულად რამდენიმეს. როგორ ახერხებს ამას? პოეტი თვითონვე ცდილობს აუხსნას მკითხველს, თუ ის ისეთი ერთგული აღმოჩნდება, რომ გაუძლებს განზომილებებში ხეტიალის თავბრუხვევას და ბოლომდე მიჰყვება.

მას აწუხებს ის, თუ „როგორი მნიშვნელოვანია ყველაფერი სიზმარში და როგორი უმნიშვნელოა ქაღალდზე” და სწორედ ამ წინააღმდეგობას გადალახავს ამ წიგნში, დაწერილშიც ინარჩუნებს სიზმრისეულ ნაგრძნობს. „ძილი ნიშნავს ცოტა ხნით სამყაროს გატანას შენი ცნობიერებიდან გარეთ” (ბორხესი). პოეტი ხილულისა და უხილავის სივრცეებში ერთდროულად განაცდევინებს თავს მკითხველს და ნაცნობ სამყაროს ახლიდან აღმოაჩენინებს. ეს ჰგავს დროში ხეტიალის მარსელ პრუსტისეულ გამოცდილებას. ისიც დაკარგულ დროს დაეძებდა და ამას არატრადიციული და ორიგინალური თხრობის სტილით ახერხებდა.

ბესიკ ხარანაულს სურს, თავი დააღწიოს მკითხველისთვის ჩვეულ, ნაცნობ ათასგვარ წერის მანერას და ერთგვარ მეტათხრობას მიაგნოს, რომელიც ამბის, შეგრძნების, ნაფიქრის უბრალო გადმოცემის მიღმაა. ამიტომაცაა, რომ იგი მკითხველთან სიტყვით ურთიერთობის საოცარ ხვეულებს ქმნის. ამ წიგნში ხშირად შეხვდებით კომპოზიტებს, რომელთა შემადგენლობაშია სიტყვა მეტა, მეტა-ჟანრი, მეტა-წიგნი, მეტა-პოეზია, მეტა-ადამიანი, მეტა-მორალის… მეტაფიზიკის ანალოგიით. რა ჟანრი გაუძლებს მეტათხრობას? “რა სასაცილო იქნებოდა, რომანს რომ ვწერდე, მოთხრობას რომ ვწერდე, ლექსს… რადგან ეს ხომ არ იქნებოდა ისეთივე რეალობა, როგორიც ჩვენს დროში ტექნოლოგიაა?”  “მივხვდი, ჩემი ტექნოლოგია ჩემი საკუთარი ენის ტექნოლოგიაა, გარემოებით ჩემს გვამში ძარღვებისა და ნერვების სიმებად გაბმული”. “ძალიან მინდა ვსაუბრობდე ვინმე უცნობზე, მაგრამ ასეთი მხოლოდ მე თვითონ ვარ”, “სუნთქვითა ვწერ და არა სიტყვათწყობით”. “ჟანრის ძიებაში მე თვითონ დავდგინდი”. “ვწერ. რას, რომ არ ვიცი. ხალხი თვითონ დარქმევს სახელს”.

ამიტომაცაა, რომ ამ წიგნში მკითხველი შეხვდება ყველა ჟანრისთვის დამახასიათებელ ელემენტს, ერთგვარ ჟანრულ მოზაიკას. მთელი წიგნი “მეს” უსასრულო და უცნობ სამყაროში ხეტიალია. ეს „მე“ ყოველწამიერად გარდაისახება სიტყვის ძალით და ცდილობს უცხო ნიღაბში, რათა უცხო ტყავში ჩასახლებულმა შეგვაგრძნობინოს, როგორია სინამდვილეში ცა, დედამიწა, სამოთხე თუ ჯოჯოხეთი. მთელი წიგნი არის თამაში სიტყვებით, ფრაზებით, შინაარსით, მხატვრული სახეებით, მოტივებით, თემებით, ერთი სიტყვით, ყოველივე იმით, რაც წარმოსახულ, წიგნის სამყაროში ხდება. დაწერილი (ან წერის დრო, როცა წარმოსახულს სიტყვით ახორციელებს) არის პოეტის  მატერიალურ-სულიერი არსებობის მთავარი სივრცე. მისთვის წიგნის წერა არის თვითონ სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც ჯერ პოეტს ათავისუფლებს ყველგანმყოფი და ყოვლისგამსჭვალავი მოკვდავობისა და მისი თანმხლები ათასგვარი შიშისგან, ხოლო შემდეგ მკითხველს. ასე რომ, იგი ადამიანის ხსნის მისიას აკისრებს წიგნს, რომელსაც შეუძლია მკითხველს დაეხმაროს, გულის კარი გაუღოს სიყვარულს (ღმერთს). მისთვის წერა არის გამოცნობა, შეცნობა სამყაროსი და საკუთარი თავისა. ორივე ერთმანეთს გამსჭვალავს. სამყარო არსებობს იმდენად, რამდენადაც მისი შემცნობი, მისი გადამწერი, ამ შემთხვევაში, მწერალი არსებობს. დეკარტისეული, „ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ“, ავტორისთვის ასე იცვლება: „ვწერ, ე.ი. ვარსებობ“.

ის ოცნებობს ისეთ წიგნზე, რომელსაც არც დასაწყისი ექნება და არც დასასრული ღმერთივით. ბორხესის “ქვიშის წიგნიც” ამ ოცნების დევნას გამოხატავს. წიგნის სათაური _ მთავარი გამთამაშებელი, მრავალმნიშვნელოვანია. მწერალი მის “დაბადებასაც” მისტიკურ საბურველში ახვევს: “ამ წიგნის სათაურიც ხომ სიზმრიდან ამყვა, თორემ, ისე, გიჟი უნდა ვიყო, რომ ვიკითხო მთავარი გამთამაშებელი _ ვინ არის? რა არის?” იგი ხან მხატვრულ ტექსტშია, ხან მის მიღმა, ხან მიწიერია, ხან ზეციური, ხან კაცია და ხან ქალი, ხან ბედისწერაა და ხან შემთხვევითობა  და ა.შ. ამ სიმბოლოს შესახებ თვითონ მწერალი გააბნევს მსჯელობებს მთელ წიგნში, როგორც ასაკენკს, რომ მკითხველმა ბოლომდე მისდიოს და გაიგოს, ბოლოს და ბოლოს, ვინ თუ რა არის ეს მთავარი გამთამაშებელი. ბოლოს შეიძლება დაასკვნას: მთავარი გამთამაშებელი შეიძლება იყოს ყველაფერი: სულიერიცა და უსულოც. ის იცვლება დროისა და ვითარების შესაბამისად. შეიძლება ერთ წამში სხვა იყოს, მეორეში სხვა და რადგან ერთ წამშიც კი შეიძლება ყოფნა სხვადასხვა განზომილებაში, მთავარი გამთამაშებელიც ამ ერთ წამში შეიძლება იყოს სხვადასხვა. მწერლის საფიქრალია, რა წარმართავს მის ყოველწამიერ სულიერ მოგზაურობას ნაცნობსა და უცნობ სივრცეეებში: თვითონ, მისი ცნობიერება (სული, გული, გონება, გრძნობა…) თუ სხვა რამ გარეგანი, მისგან დამოუკიდებელი.  წიგნის წაკითხვის შემდეგ კი  მკითხველს მთავარი გამთამაშებლის ერთი მნიშვნელობა, ნიღაბი ამახსოვრდება: მთავარი გამთამაშებელია თვითონ მწერალი, შემოქმედი, რომლის გარეშე არანაირი “თამაში”, ე. ი. მხატვრული ტექსტი, არ შედგება, თუნდაც მოკარნახე ღმერთი იყოს: “ჩემი თავის თემა მექცა ჯოჯოხეთად _ ჩემს საკუთარ თავს მე მათამაშებენ”, “მე მოვიფიქრე სიზმრიდან ცხადში და სააქაოდან საიქიოში გამავალი ფანჯრები. დაბოლოს, მე მოვიფიქრე საიქიოს ეპოსის ფანჯარა”. ეს უკანასკნელი დანტეს “ღვთაებრივი კომედიის”  ალუზიაა.

პოეტი ისაა, ვინც დროისა და სივრცის მიღმა დახეტიალობს, სულ ერთია, წარღვნამდელია თუ თანამედროვე, ამიტომაცაა, რომ წიგნში ეკლესიასტეს სულისკვეთებით გამსჭვალული წარღვნამდელი პოეტის ლექსები ისევე იკითხება, როგორც ჩვენი დროისა: “რაც არის, ის უკვე იყო, და, რაც იყო, ის უკვე არის, ამიტომაც, მსგავსებას რომ ნახავთ რამეს, არ გაიკვირვოთ: “მეც წარღვნამდელი ვიყავ, როგორც დღეს ხართ თქვენ წარღვნამდელი”. წარღვნა, ისევე როგორც მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი ახლა ხდება, უბრალოდ, ზოგი შეიგრძნობს, ზოგი ვერა. როგორც იოანე მოციქული წერს: “რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს” (იოანე, 5, 25).

ავტორი თავისი ჩანაწერების ამ კრებულს ჟანრობრივად ამთლიანებს მინაწერით: მეტაპოეტური წიგნი-კონცერტი. მეტაპოეტური მიანიშნებს იმაზე, რაც პოეტურობის მიღმაა, რაც სიღრმეშია და რის შეცნობასაც სულიერი ძიება სჭირდება:

“სხვაა მეტაფორაში,

სხვაა სინამდვილეში, ამიტომაცაა, რომ სინამდვილე და მეტაფორა განუწყვეტლივ

იცვლიან ფალანგებს, რომ ცხოვრებას თამაში მოუგონ”.

კონცერტი სანახაობაა, სადაც ადამიანი მიდის გასართობად.

ეს წიგნიც სანახაობაა ადამიანური ყოფისა.

ერთ მშვენიერ დღეს მწერალმა “მეხსიერების ერთი დაკეტილი უჯრა გააღო” და იქიდან “ნახევარი საუკუნის წინანდელმა შთაბეჭდილებამ შემოანათა” და გაჩნდა ახალი მიზეზი ახალი წიგნის შექმნისა: “როგორ გადმოვხატო და გადმოვიწერო ეს სმენითი და ვიზუალური წარსული? ეს წამი საკმარისია მხოლოდ წიგნის ზოგადი სახის დასანახავად და არა წიგნისთვის, რომელსაც მინდა, რომ მივცე სახე იმ კონცერტებისა, რომლებსაც ბავშვობაში უამრავჯერ დავსწრებივარ და ახლა მე ჩემი თავისგან იმავეს ვითხოვ _ ამბავს, სიმღერას, ცირკს, ცრემლს და სიცილს… ყველაფერს ერთად, ერთ წიგნ-კონცერტად, როგორც მაშინდელ წარმოდგენებში ხდებოდა, და, თავისი ჟანრული მრავალფეროვნებით ნამდვილი დღესასწაული იყო…” “ვის შესწევს ძალა, რომ მთელი ეს მრავალფეროვანი თეატრალური და საცირკო შთაბეჭდილება თავისი წარმოსახვის ფრთებქვეშ მოაქციოს და მის ქარგზე გამოჭრას წიგნი?

ალბათ იმას, ვისაც შეუძლია, ყველაფერი ერთად დაინახოს, შეუძლია დაიმახსოვროს და დაიტიოს საფეთქლებით შეკრულ უჯრაში… მით უმეტეს, როცა სოფლის გარიჟრაჟებზე და საღამოებზეა გაზრდილი და ადვილად შეუძლია ოყოს _ კონცერტი!”  ამ წიგნის კითხვისასაც მკითხველი უცნაურად ამოვარდება ჩვეულებრივი რეალობიდან და აღმოჩნდება ახალ რეალობაში, რომელიც სინამდვილეს ჰგავს და განსხვავდება კიდევაც მისგან _ ჰგავს იმით, რომ აქაც ადამიანური შეგრძნებები, სურვილები იხატება, განსხვავდება იმით, რომ მკითხველი ერთდროულად განიცდის სხვადასხვა სივრცულსა და დროულ განზომილებებს. აწმყო, წარსული და მომავალი ერთად წარმოუდგება. მეტა-პოეზია, _ ლექსის იქით, ფურცლის იქით, აზროვნების იქით, სახელშერქმეული გრძნობების და საგნების იქით…” ეს ჰგავს ფრანგ სიმბოლისტთა წმინდა პოეზიის ძიებას, რომელიც უნდა ყოფილიყო “მთვრალი სურნელთა იდუმალებით”, “სხვა ყველა არის _ლიტერატურა” (პოლ ვერლენი).

ბესიკ ხარანაული ფიქრობს, რომ “ადამიანიც მისახედია, ისიც კარგა ნაღეჭია წიგნის “ცხრაკლიტულების” გასაღებები თვითონ წიგნშივეა. ერთი ასეთი ცხრაკლიტულია ყდაზე ავტორთან გამოსახული უცხო კაცი. ეს კაცი პოეტის თანასოფლელი ამირანია. ავტორი მის გვერდით სხვანაირია, რადგან ამ წიგნში  ამირანიც ერთ-ერთი მთავარი გამთამაშებელია, რომელიც ლეგენდად და მითად გადაიქცა, რადგან ბედისწერისა თუ შემთხვევის წყალობით, რომელიღაც წლის, თვისა და რიცხვის, საათისა და წამის მონაკვეთში პოეტთან ერთად ფოტოზე აღიბეჭდა. ესეც მოჭიდავეა, ცხოვრებასთან დამარცხებული, როგორც ის, კავკასიონის კლდეზე მიჯაჭვული ახლაც, ოღონდ სხვა განზომილებაში. “ვისაც თვალები აქვს, დაინახავს”,  როგორც სახარებაშია.  და დაინახა ის მწერალმა აქ და ჩვენს დროში. ისევე როგორც აქ და ახლა ხედავს პავლე მოციქულსა თუ სტეფანეს, რომლის დასჯასაც დაესწრო ჯერ კიდევ “ბრმა” სავლე და შემდეგ, თვალახილული დღემდე ქადაგებს. ვისაც ყურები აქვს, გაიგონებს, როგორც სახარებაშია. “ეს წიგნია დაეჭვებულთათვის, ვინც მიწას ფეხისგულებით გრძნობს და ჰაერს ყურის ქალამნებით! სამედაშენოა ეს წიგნი, მკითხველო!”

წიგნი იწყება ერთგვარი მეტაპოეტური “გამოცხადებით” უჩინარი წამყვანი, როგორც წინასწარმეტყველი, ადამიანებს  მიანიშნებს აპოკალიფსის მოახლოებაზე. მკითხველი თითქოს ბიბლიის რომელიმე ტექსტს კითხულობს, უფრო ზუსტად, იოანე მახარებლის მიერ კუნძულ პატმოსსზე ხილვით ჩაწერილ “გამოცხადებას”.

ბესიკ ხარანაულის სტილი ამ წიგნში ერთგვარი მეტა-სტილია. იგი გვაგონებს ხან მახარებლების,  ხან ნიცშეს “ესე იტყოდა ზარატუსტრას”  და ხან  ლაო ძის “დაო ძინის” წერის მანერას. ამ სამივესთან აკავშირებს: ერთგვარი ზეშთაგონებულობა სისადავე, უბრალოება, პოეტურობა, სიბრძნე, გულწრფელობა, თანვე საოცარი მიზიდულობისა და დატყვევების ძალა. მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ მკითხველი “განძის მაძიებელია” და რაც უფრო თავდაუზოგავი იქნება კითხვისას, მით უფრო მიუახლოვდება საწადელს. ეს საწადელი კი ის საოცარი სიმშვიდეა, რომელსაც სულისა და ხორცის ჰარმონიული თანაარსებობით მიაღწევს კაცი. ამგვარი სიმშვიდის  ძიება მხოლოდ დიდ ბრძოლას, ჭიდილს გულისხმობს საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან. ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება.

ამავე დროს, პოეტის სტილისთვის დამახასიათებელია ირონია საკუთარი თავის, მკითხველის, სამყაროს და ყოველივე იმის მიმართ, რის შესახებაც წერს. “თუმცა ეს წიგნი არ არის ლიტერატურის ეპიტაფია, ყველა ჟანრიდან გადარჩება მხოლოდ პოეზია _ სიმწვანე, სილურჯე, ადამიანი _ იმისი იქნება… და მეც, ლიტერატორი ხომ არა ვარ, მე ხომ გატყავებული, ნიშნის მოგებით მდინარეში გადაგდებული მელა ვარ, რომელიც, მიუხედავად განწირულებისა, ქვეყნიერებას მაინც დასცინის”.

წიგნის დასაწყისში “მოთელვა თამაშის დაწყების წინ” _ მოგვაგონებს კონცერტის დაწყებამდე სხვადასხვა ინსტრუმენტის აწყობა-გასწორებას. ზოგიერთი ფრაზა მუქი შრიფტითაა გამოყოფილი _ მკითხველს შეუძლია ჯერ მხოლოდ ისინი წაიკითხოს, მოემზადოს თამაშისათვის, წაკითხვისათვის.  გაისმის ქაოსური ხმები _ ამ შემთხვევაში, მკითხველი კითხულობს ერთმანეთზე მიჯრილ სტრიქონებს, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდებიან. ეს ფრაზები, “ხმები” კონცერტის დროს დაიწმინდებიან და ჰარმონიულად შეერწყმიან ერთმანეთს. მაგრამ ამ ფრაზებს ამ ერთგვარ “ქაოსში” აქვთ დამოუკიდებელი მნიშვნელობები. ხშირად სენტეცია თუ მაქსიმაა. მაგალითად: “თუ არ იბრძვი, ბუნებას არ შეესაბამები”, “სიკვდილის უნახავმა სიცოცხლისა რა უნდა ვიცოდე”, “პოეზიასაც ჰყავს ფარისევლები და სადუკეველები”, “მოვა დრო და ჩემი გახსენება ნაბიჯს აგირევთ”, “მკვდარს შემიპყრობენ, დამთავრდება ჩემი გაქცევა”, “პოეტი ისევე სჭირდება ცხოვრებას, როგორც ფეხსაცმელს ლანჩები”. “ამქვეყნად ყველაზე ახალგაზრდა არსება ჩემი წიგნია” და სხვ. ერთი კიდევ: “მოთელვა პირველ ოფლამდეა”. “ვიდრე თამაში დაიწყებოდეს, მკითხველი და ავტორ-გამთამაშებელი ფურცლის მინდორზე მოთელვას გადიან”. ხოლო მოთელვას თუ “გადაურჩები”, ესე იგი, წიგნს არ მიატოვებ, მაშინ დაიწყებ “შენი თავის ძებნას”.

მთელი წიგნიც _ ეს არის საკუთარი თავის ძიება, სულის მოგზაურობა, სულის თავგადასავალი. მკითხველი თითქოს შეეჭიდება მწერალს, რომელიც ტექსტში უჩინრადაა. ეს შეჭიდება მჟღავნდება კითხვისას აღძრულ ფიქრებსა და წარმოსახვებში. მწერლისთვის მთავარია, მკითხველი არ გაიქცეს “სათამაშო მოედნიდან”, ამისთვის ის ყოველ ღონეს ხმარობს, ათასნაირ უკვე ცნობილსა თუ უცნობ, დავიწყებულ ილეთს იყენებს, პირველ რიგში, გულწრფელობას, მკითხველსაც აქეთკენ უბიძგებს _ ერთგვარი სულიერი გაშიშვლებისკენ, რათა შემეცნების გზას წინ არანაირი “სამოსი” და “სამკაული” არ გადაეღობოს. “აბა, დაიწყე ჩაძირვა შენს საკუთარ სულში (ადვილად ითქმის), ცხრაჯერ ცხრა ფეხი სანთელი დაგეწვება, ვიდრე იქ ჩახვალ და იხილავ საკვირველებას. ადამიანის სული ხომ ნაწილია უსასრულობისა და არა თვითონ ადამიანისა”.

ამ ჩანაწერების ყოველ ნაბიჯზე ნაღმებივით ფეთქდებიან აზრები, რომელთაც სიცოცხლის გულისგულში შეჰყავხარ: “ობობას შიგნით ისეთივე გუგუნია, როგორც სამყაროში”. “დაფრინავს პეპელა! ბუნების ენერგიაა მის აფრებში… ის არ შეიძლება თავისი თავის წინააღმდეგი იყოს… პეპელა ბუნებას აკვდება ხელში, შენ კი შენს თავს”, “გარეგნობას თუ მოიშორებ, ნახე, როგორ დამსუბუქდები”, “კაცი შენშიც სულ იმალება”.

წიგნის მთავარი მიზანი (თუ შეიძლება ერთი რომელიმე მიზნის გამოყოფა), არის საკუთარი “თავის ძლევა”. ამიტომაც ხშირად არის ერთგვარი მედიტაციები. პოეზიის გზით მკითხველი ვარდება ექსტაზში და საკუთარ სულში მოგზაურობს. ავტორის პოეტურ-ფილოსოფიური მსჯელობანი ეგზისტენციალურ საკითხებზე მკითხველს სამყაროს უხილავი განზომილებების შესამეცნებლად უბიძგებენ. წიგნის ბოლო თავი “მოთქმით გალობა დედამიწის გამო” (პათოსით ჟიულ ლაფორგის ლექსს_”სამგლოვიარო მარში მიწის გარდაცვალებაზე” რომ ეხმიანება) ასე მთავრდება:

“ჩვენო მინგრეულ-მონგრეულო ღვთაებავ,

გადმოგვხედე, გადმოდგი ნაბიჯი,

ჩვენ კიდევ დავიძვრებით,

ტანჯულებს უღელი აერთოს, განთავისუფლდეს,

შემოგვიშვი

შენს კარ-მიდამოში,

მადლის სათხოვად, წიგნის დასაწერად…”.

დოსტოევსკი წერდა: “დედამიწის აღსასრული რომ დამდგარიყო და სადღაც ზემოთ ადამიანებისთვის ეკითხათ: “აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედანო”, _ ადამიანს შეეძლო უსიტყვოდ გაეწოდებინა “დონ კიხოტი”: “აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, _შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ?” ბესიკ ხარანაულისთვისაც წიგნია კაცობრიობის გადამრჩენი, ამიტომ ყველაზე მთავარია, ადამიანმა არ დაკარგოს ის მადლი, რომელიც ახალ წიგნს შეაქმნევინებს. წიგნი ხომ ღვთის სახლივითაა, მასში ლოგოსი (სიტყვა) ცოცხლობს.

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...