კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში

0

რაც უფრო მეტს კითხულობს მასწავლებელი, რაც უფრო საძიებელშია თავჩარგული და პოულობს ახალ ტექსტებს, მით უფრო ეზრდება ამბიცია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომ მისი მოსწავლეები გახდნენ გემოვნებიანი მკითხველები. დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მესამე წელია ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას, რაც ჩემთვის კარგა ხანია აღარ არის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა ის ინტელექტუალური სიამოვნებაა, რომლითაც მეც ვსარგებლობ, მათაც ვაძლევ მიმართულებას და ესეც გვყოფნის ბედნიერებისთვის. ეს სიტყვები ნამდვილად არ არის ცასაცდენილი, რადგან ჩემი მოსწავლეების მეგობარი ვარ სოციალურ ქსელში და საღამოს ახალწაკითხულშთაბეჭდილებებიანი შეტყობინებები მაძლევს ძალას, ხვალ უკეთესი წიგნით მივიდე სკოლაში.

პროექტი რომ სწავლების ძალიან ეფექტური მეთოდია, დიდი ხანია ცნობილია. შესაძლოა, სულაც არ იცნობდე ჯონ დიუისა და უილიამ კილპატრიკის თეორიებს, მაგრამ ალღოთი ხვდებოდე მოსწავლეებისთვის საკლასო პროექტის დროულად ამოქმედების აუცილებლობას. ძირითადი მიზნები კი ცხადზე ცხადია: მათი ასაკობრივ-ემოციური ინტერესების გათვალისწინება და მათზე მორგება, მათი წიგნიერების დონის ამაღლება და ამის სისტემატიზაცია, თანამედროვე ლიტერატურული პროცესისთვის თვალყურის დევნება.

იდეა მაშინ დამებადა, როცა წავიკითხე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ,,ათი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რომელიც ჟურნალ „მასწავლებელში“ დაიბეჭდა. ათი ავტორი, ათი ახალი ხედვა. საკლასო პროექტს დავარქვით „მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში“ და დავიწყეთ. ათივე მოთხრობა ცალ-ცალკე წავიკითხეთ. ჩემი სამიზნე ჯგუფი მეცხრე კლასი გახდა. რატომ? იქ მყავს დათო, რომელმაც ამ ათი მოთხრობიდან აუცილებლად უნდა წაიკითხოს ორი მაინც თავისი თავის დასანახად; იქ მყავს გიორგი, რომელმაც აუცილებლად უნდა წაიკითხოს სამი მაინც, და კიდევ 14 მოსწავლე, რომელთათვისაც ძალიან დამაფიქრებელი, უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ზოგიერთი აბზაცი. ჩვენ ნელ-ნელა, „გაჩერებებით“ მივიწევდით წინ, ვაანალიზებდით, გამოგვქონდა დასკვნები. მათ თვალებში ანთებული კითხვის ნიშნები კი სასიამოვნო თავსატეხი იყო ჩემთვის. ტექსტებში დასმული აქცენტები გამოვკვეთეთ და როცა შევატყვე, რომ თითოეულს უკვე ხელისგულზე ედო პირადი გამოცდილების ჩართვით დასმული პრობლემები, საჭიროდ მივიჩნიე მათი მოსმენა. მოსწავლეები მსჯელობდნენ იმაზე, რა მოეწონათ ან რა არ მოეწონათ. იყო შენიშვნები ავტორებთან. მაგალითად: რატომ იყენებს მწერალი ამდენ ბილწსიტყვაობას, ეს ხომ ბავშვებმაც უნდა წაიკითხონ?! ან: ნეტავ სინამდვილეა ის, რაზეც წერენ, თავიანთი ამბებია? იყო მოთხრობები, რომელთა განხილვისას ცრემლიც კი მოგვერია. ამ გულგრილ სამყაროში დიახაც საჭიროა ჰქონდეს თინეიჯერს ემოციური რეაქციები ფრაზებზე, ეპიზოდებზე და თუ ამას ახერხებს ავტორი, ე.ი. დამსახურებულადაც არის ათეულში! მოკლე შეტყობინების ფორმატში მივაწოდე მათ ჩემი აზრიც: ვისაც კალამი უჭრის, ხომ არ ეცადა, თავადაც დაეწერა მოთხრობა მასწავლებელზე? დამპირდნენ, რომ ამ ნაწერებს სტუმრებს აუცილებლად წაუკითხავდნენ. პროექტის მეორე, დასკვნითი ნაწილი ბუნებრივად დაიგეგმა. ამას ისედაც ველოდი: მოსწავლეებს გაუჩნდათ მოთხრობების ავტორებთან შეხვედრის სურვილი, რაც ვფიქრობ, ის მომენტი იყო ჩემთვის, როცა შეუძლებელი არაფერია, თუ ეს მოსწავლეს უნდა, თუ ეს მოსწავლეს აინტერესებს! ეს დღეებიც დადგა. პირველი შეხვედრა მიშა ბახსოლიანთან და თორნიკე სიბაშვილთან გამართეს. ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, ყოველგვარი გადაპრაჭული „ღონისძიების“ განწყობის გარეშე, თუმცა მაღალი მოლოდინების ლაბირინთებში მოხვდნენ ჩვენი სტუმრები. მათმა გულწრფელობამ და მოსწავლეთა მოულოდნელმა შეკითხვებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მასწავლებელი მხოლოდ ხელისშემწყობია და ალბათ ვალდებულიც, შეუქმნას მათ მოთხოვნილების შესაბამისი გარემო. ამ გარემოს თქვენ დაარქმევდით ჰარმონიას. მოსწავლეებს ხელში ეჭირათ თაბახის ფურცლებზე დაწერილი თავიანთი მოთხრობები და მწერლებს აცნობდნენ.

მიშა ბახსოლიანი, მწერალი:

– კითხულობენ, კითხულობენ და ვხედავ, რომ კარგი იქნება საქართველოს მასშტაბით ჩატარდეს იგივე კონკურსი უკვე მოსწავლეებისთვის. ეს ნამდვილად არ იქნება ძნელი განსახორციელებელი. შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა. არ მეგონა, თუ წაღვერის საჯარო სკოლაში ასე კარგად წერდნენ ბავშვები. მადლობა თქვენ!

აღფრთოვანებული თემო:

– მართალია, დღეისთვის ვერ დავწერე მოთხრობა, მაგრამ კლასელებს ვუსმენ და… არ შეიძლება ისეთი ამბავი მოვიფიქრო, სადაც 2025 წელს სოხუმს დავიბრუნებთ?“

ამან ნამსხვრევებად დამშალა:

– როგორ არა, თემო, შენ შეგიძლია…

მეორე შეხვედრა სოფიო კუბლაშვილსა და ილია ჭანტურიასთან შედგა. ამ უკანასკნელის მოთხრობა ცალკე მქონდა ამობეჭდილი. შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, დათომ მთხოვა:

– მას, გამატანეთ ის მოთხრობა – „მშვიდად, გაკვეთილი იწყება“, ისევ წავიკითხავ სახლში და დაგიბრუნებთ. ავტორი დერეფანში უკვე გავიცანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უსიტყვოდ მივეცი. ჩანთაში ჩაიდო და წავიდა. შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა… თუნდაც ამად ღირდა ეს პროექტი, რომ ერთი მოსწავლე განმარტოვდა მოთხრობით ხელში…

არ ვიქნები ობიექტური, თუ არ აღვნიშნავ, რომ სოფიო კუბლაშვილის მოთხრობამ ,,მონადირე“ ყველაზე მძაფრად იმოქმედა მათზე. ამ ტექსტში რეალური ცხოვრების ბევრი „ნამდვილი“ სცენა იპოვეს, ნამდვილი სახეები ამოიცნეს და ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონის აჩრდილიც ნათლად დაინახეს. ავტორიც შეხვედრისას მოსწავლეების ენაზე „ალაპარაკდა“ და მათი საუკეთესო ინტერესების გამოაშკარავებაც წარმატებით შეუთავსა ჩვენი პროექტის დასკვნით ნაწილს.

ასე ჩაიარა საკლასო პროექტმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის  ლიტერატურული კონკურსი კიდევ ერთი გზა აღმოჩნდა ჩემთვის, ერთი ჩვეულებრივი, ლიტერატურის მოყვარული პედაგოგისთვის, მოსწავლეებამდე სწორი ღირებულებები მიმეტანა. ვფიქრობ, არც ერთ სკოლაში არ უნდა შემოიდოს სასკოლო ბიბლიოთეკის თაროებზე ჟურნალი „მასწავლებელი“, მით უფრო – ის ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა ათი სხვადასხვა სტილისა და სათქმელის მოთხრობა.

როგორ წავიკითხოთ ისტორიული რომანი

0

 „მე ვარ ავი მუსაიფი

 კახთ ბატონის ირაკლისა“

                                                წარწერა ერეკლე მეორის ხმალზე

 

ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი მიიჩნევდა, რომ თანამედროვე სამყაროში (ახალ ათასწლეულში) ისტორიის გააზრებამაც მკვეთრი ცვლილება განიცადა და დღესდღეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროში შეუქცევადი აღარაფერია. ტურბულენტურ მორევში ჩათრეულმა ისტორიულმა გზამ, განვლილი ეპოქების „შესრუტვით“, უკან დააბრუნა ყველაფერი ის, რაც გვეგონა, რომ მკვდარი იყო.

ტურბულენტური დაძაბულობა ყველა ნიუანსში მჟღავნდება _ ყოფაში, კულტურაში. კატასტროფულად ასწრაფებულმა დრომ და ინფორმაციულმა ბუმმა ქცევის და აღქმის ახალი ნორმები გააჩინა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ _ ჩვენ ვთამაშობთ ახალი წესებით და ხშირად ეს უკანასკნელნიც აქამდე მკვდრად გამოცხადებული წესების „რიმეიქია“.

ისტორიული რომანი, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ლიტერატურული მიმართულება, ამ წესებს გვერდს ვერ აუვლიდა. ის ხომ არსებითად სწორედ იმაზეა „დამოკიდებული“, რაც დღეს ასეთი სახეცვლილია _ ისტორიაზე. თანამედროვე სამყარო გამოხატვის/გამოსახვის ახალ ფორმებს ითხოვს, გარდა ამისა, განსხვავებული რაკურსიდან სვამს კითხვებს. რა აინტერესებს თანამედროვე მწერალს, როცა ფაბულად ისტორიულ მოვლენას იღებს? _ თავად ამ მოვლენის არსი? თუ აწმყოსთან მისი მიმართება (შესაბამისად, უფრო აწმყო, ვიდრე წარსული)? თუ ახალი მითი, რომელსაც ამ ისტორიულ სინამდვილეზე დაყრდნობით შექმნის, ისევ ბოდრიარის ნააზრევის მიხედვით რომ ვთქვათ _ შექმნის მის სიმულაციას?

ისტორიული რომანის საუკეთესო ნიმუშებს გასული საუკუნიდან ვიცნობთ. ვასილ ბარნოვი (რომელიც მიიჩნევა ამ ჟანრის ფუძემდებლად), ლევან გოთუა, მიხეილ ჯავახიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, გრიგოლ აბაშიძე, კონსტანტინე გამსახურდია და ა.შ. თითოეულ მათგანს ჰქონდა კონკრეტული მხატვრული ამოცანა, რომელიც ბუნებრივად უკავშირდებოდა თანადროული ეპოქის კონტექსტს, ყველაზე მკაფიო კი სწორედ ამ კონტექსტის (საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის) გააზრება იყო, მასთან მხატვრული დაპირისპირება ისტორიული სინამდვილის გამოყენებით. ეს კი იგავურ ტენდენციას ბადებდა: ძველი ამბის საშუალებით ახლის, თანამედროვეს წარმოჩენა, მისი გაშიშვლება და ფარული კრიტიკა.

ახალ, 21-ე საუკუნეშიც იწერება ისტორიული რომანები. პირველ რიგში, აკა მორჩილაძის მადათოვის ტრილოგია უნდა ვახსენოთ, მე-19 საუკუნის თბილისის უზადო და დაუვიწყარი რეტროსპექტივა, სადაც ისტორია ერთ-ერთი მთავარი აქტორია.

დაახლოებით ერთი წლის წინ კი, წიგნის მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა ახალგაზრდა ავტორის, ნოდარ მაჭარაშვილის სქელტანიანი რომანი „ავი მუსაიფი“. ეს წიგნი გამოსვლის დღიდანვე მოექცა მკითხველთა ყურადღების ცენტრში და დღემდე ბესტსელერია. რომანის დასაწყისში, ავტორის მოკლე ბიოგრაფია გვატყობინებს, რომ ეს მისი მესამე წიგნია. წინა ტექსტებს კი ნოდარ მაჭარაშვილი ფსევდონიმით აქვეყნებდა და, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „ავმა მუსაიფმა“ მკითხველს ეს მწერალი ხელახლა გააცნო.

სათაური, გარეკანი _ ნიშანია იმისა, რომ რომანი ისტორიული ჟანრისაა და ის მეფე ერეკლეს ეძღვნება. რომანში ერეკლეს მეფობის მთელი თავგადასავალია მოთხრობილი _ ლამის მისი ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. ერეკლე მეორე, ხალხური მეტსახელით „პატარა კახი“ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთია იმ ქართველ მონარქთა შორის, ვინც გამორჩეულად უყვართ. მისი 60-წლიანი მეფობის ხანა სავსეა უთვალავი შინა თუ გარე ომით, თავგანწირვის, პატრიოტიზმის, ვაჟკაცობის მაგალითებით. ერეკლეა ერთგვარად დიდი ისტორიული დროის დასასრულიც, მართალია ის არ ყოფილა უკანასკნელი ბაგრატიონი მონარქი, მაგრამ თუ ისტორიულ მოვლენებს გლობალურად გავიაზრებთ, შესაძლოა ასეც იყოს _ მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ ყველა ის ციტადელი გაანადგურა, რისთვისაც ის ამდენი წელი იბრძოდა.

მეფის მიმართ სიყვარული ცალსახად იგრძნობა რომანში. ამას ავტორი თავადაც აღიარებს და ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც გადაწყვიტა ისტორიულ ტექსტზე მუშაობა, სწორედ ეს სიყვარულია. თუმცა, ეს ხელს არ უშლის, ფაქტები ობიექტურად დაინახოს, მთავარი გმირის ხატვისასაც ზომიერი, არაპათეტიკური იყოს, მის ადამიანურ თუ სამეფო სისუსტეებზეც თქვას (ათქმევინოს სხვა პერსონაჟებს). საერთოდ, თუ რაიმე არ არის ამ რომანში, ეს, უპირველეს ყოვლისა, პათეტიკაა. ავტორი საერთოდ არ ცნობს ამ მდგომარეობას, პირიქით _ ტექსტის მთლიანი ატმოსფერო მინიმალურ ტეპერატურამდეა დაწეული, ერთგვარი „სიცივეა“ კიდეც, რაც სწორედ ავტორის არჩევნად მიმაჩნია საიმისოდ, რათა ზედმეტმა ცეცხლმა ხელი არ შეუშალოს მოვლენების აღქმაში და თხრობის სისწრაფეშიც.

დიახ, ეს ვეებერთელა ტექსტი უსწრაფესი რიტმითაა დაწერილი და ეს რიტმი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თხრობისას იგრძნობა. ავტორი არსად ყოვნდება, არცერთ სცენას არ „აგემოვნებს“ _ არც ბატალურს, არც პიკანტურს, არც ყოფითს. თანაბარი, გიჟური ტემპით ხატავს ყველა მოვლენას, ცდილობს არაფერი გამოტოვოს, ყველაფერს შეეხოს, რაც ერეკლეს სრულყოფილი პორტრეტისათვის იქნება საჭირო, თუნდაც ეს არა ნამდვილი, არამედ გამოგონილი ამბავი იყოს, მწერლის წარმოსახვის ნაყოფი. ასეთია, მაგალითად, ინდოეთის ეპიზოდში ერეკლეს სასიყვარულო თავგადასავალი ინდოელ ლამაზმანთან, სიტარდასთან. „ეგზოტიკური“ სიყვარულის ეს შტრიხი ბოლომდე გასდევს რომანს, როგორც მარადიული სიყვარულის ხსოვნა, იმდენად ბუნებრივი, რომ მის ნამდვილობაშიც დააჯერებს მკითხველს.

ყოველივე ეს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე _ ერთგვარად სქემატური და სწრაფი თხრობა,  სქელტანიანობის მიუხედავად, რომანის ენობრივი მინიმალიზმი, პათეტიკისგან თავისუფალი, მსუბუქი და გასაგები ატმოსფერო, მხატვრულ ტილოზე „შეკუმშული“ ვრცელი ისტორიული მონაკვეთი _ რომანს „ავი მუსაიფი“ თანამედროვე სამყაროსთან აახლოვებს სწორედ ამ საკომუნიკაციო პარამეტრებით. ხშირად მსმენია, რომ ამ წიგნს განსაკუთრებით გატაცებით კითხულობენ ახალგაზრდები, რადგან ტექსტის ენაც და ატმოსფეროც მათთვის ყველაზე გასაგებია. ისტორიის სწავლების, მასზე დაფიქრების, გააზრების  ყველაზე სასურველი ფორმა კი, ალბათ, ისევ მხატვრული ტექსტებია, ამდენად, „ავი მუსაიფი“ მნიშვნელოვანი წიგნია ამ მხრივ _ მისი წყალობით თანამედროვე სამყაროს ახალგაზრდები ბევრ ამბავს გაიგებენ საკუთარი ქვეყნის წარსულზე.

დღეს მთელ მსოფლიოში სუპერ-პოპულარულია კომიქსის ჟანრი. ის ხელოვნების ნებისმიერ დარგში თავის ტენდენციებს ამკვიდრებს, შესაძლებელია ვთქვათ ისიც, რომ კომიქსი არის ერთგვარი მოდა, რომელიც მალე კლასიკად იქცევა. კომიქსი კინოში, ლიტერატურაში, ნებისმიერ ვიზუალურ ხელოვნებაში _ პირველ რიგში აზროვნების და ხედვის ფორმაა, სტილია, რითაც თანამედროვე ადამიანი კომუნიკაციას ამყარებს თანამედროვე სამყაროსთან. ის ქმნის ახალ მითს, რომლითაც ისტორიიდან გამოგდებული ადამიანი ეყრდნობა სწრაფმედინ დროს. ამ აზრის გათვალისწინებით, „ავი მუსაიფი“ თანამედროვე, მაღალი ხარისხის კომიქსადაც მიმაჩნია, რადგან მას აქვს კომუნიკაციის სრულიად თავისებური მეთოდი. ამ მეთოდით შემოჰყავს მას თანამედროვე ადამიანის სააზროვნო სივრცეში ისტორია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ „ავი მუსაიფის“ ფილმად გადაღებაც ასეთივე წარმატებული იქნება, მით უფრო, რომ ტექსტი კინო-კადრირების პრინციპითაა დაწერილი და  მკითხველზე ვიზუალურ შთაბეჭდილებასაც ახდენს.

არ ვიცი, წარმოიდგენდა თუ არა თავის გრიგალებიან სიცოცხლეში მეფე ერეკლე, რომ ოდესმე, ისევ რუსეთის იმპერიასთან მებრძოლ და ათასგვარ მანკიერებამოდებულ საქართველოში მასზე ამხელა წიგნი დაიწერებოდა, თუმცა იმის წარმოდგენა კი არ უნდა გასჭირვებოდა, რომ რაც ნამდვილი და გუმხურვალეა, მას დროზე გამძლეობის უნარიც აქვს და, შესაბამისად, არც მისი ამბავი ჩაივლიდა უკვალოდ,

_ საქართველოში, სადაც ისტორია ვერა და ვერ იქცა გამოცდილებად, ამიტომ, ხან დასჯილი ბავშვებივით ავედევნებით მას, ხან კი ჯალათებივით ვბატონობთ მასზე. დრო კი თავის მორევში გვითრევს და გვაკარგვინებს საკუთარ, ჭეშმარიტ ანარეკლებს…

როგორ  განვავითაროთ  წიგნიერების კომპეტენცია  პრაქტიკული დავალებებით

0

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ თანამედროვე მოსწავლეები ცოტას კითხულობენ და წაკითხულს ძნელად იმახსოვრებენ. შედეგად ხდება ის, რომ მოსწავლე ვერ ახერხებს:

  • წაკითხულის გააზრებას, დამახსოვრებას, ინტერპრეტაციას;
  • შედარებას, ანალოგიების მოყვანას, კონკრეტიზებას, ჰიპოთეზების წამოყენებას, აღწერას, ინფორმაციის ტრანსფორმაციას (სქემების, ცხრილების, დიაგრამების აგებას);
  • არ შეუძლია ამოიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა ხასიათის ტექსტიდან (სამეცნიერო-პოპულარული, მხატვრული, პუბლიცისტური და ა.შ…);
  • ვერ ახერხებს, უჭირს ინფორმაციის ანალიზი;
  • და, შესაბამისად, საერთოდ გაურბის ტექსტთან მუშაობას.  ტექსტის გაგება-გააზრების გარეშე კი  შეუძლებელია  წიგნიერებასთან დაკავშირებული უნარების  განვითარება.

საბოლოო ჯამში  ჩვენ ვერ ვიღებთ წიგნიერ ადამიანს, რომელიც შეიძლებს  წერილობითი ტექსტის გაგებას და მასზე რეფლექსიას.

 

სწავლა-სწავლების რთული პროცესიდან ძნელია მასწავლებელმა გამოარჩიო, რომელია  ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯი წარმატების მიღწევის გზაზე, თუმცა არსებობს ისეთი მიდგომებიც, რომელთა გამოყენებითაც მნიშვნელოვნად იზრდება სასწავლო პროცესის პროდუქტიულობა და წიგნიერების კომპეტენციის ხარისხი. რა გზები და საშუალებები არსებობს პრობლემის დასაძლევად?

 

წინააღმდეგობა თანამედროვე განათლების მოთხოვნებსა და არსებულ            პედაგოგიურ სიტუაციას შორის, სხვა მრავალ საშუალებებთან ერთად, შესაძლოა, გადაწყდეს ინოვაციური ინსტრუმენტებისა და მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებით, რომელიც სასწავლო პროცესში წარმოდგენილი იქნება პრაქტიკული დავალებების სახით.  ისინი ხელს შეუწყობენ, დაეხმარებიან მოსწავლეებს შეიძინონ ყველა ის თვისება, რომელიც აუცილებელია ტექსტთან სამუშაოდ და წიგნიერების კომპეტენციის   დასაუფლებლად.  

 

ზოგადად, ტექსტთან მუშაობის ძირითადი ფორმები და მეთოდებია:

 

  • ტექსტიდან მთავარი  აზრის გამოყოფა;  ტექსტიდან გამომდინარე შეკითხვების დასმა და მასზე პასუხის გაცემა; ტექსტის წაკითხვა კომენტარებით; ტექსტის ანალიტიკური კითხვა; ტექსტის დაყოფა აზრობრივ ნაწილებად; სხვადასხვაგვარი გეგმის შედგენა; სქემების, დიაგრამებისა და ცხრილების შედგენა; ციფრული ინფორმაციის (დიაგრამები,  სტატისტიკური ცხრილები, გრაფიკები და სხვ.) გარდაქმნა ტექსტურ ინფორმაციად; სხვადასხვა წყაროს შეპირისპირება და თავდაპირველი ტექსტის დადგენა; ტექსტის რეფერირება.

 

როდის მიმართავს ასეთ აქტივობებს  მასწავლებელი?

 ა) ყველაზე ხშირად კომენტარებით კითხვას და ანალიტიკურ  კითხვას, გეგმის შედგენას, ლოგიკური სქემებისა და გრაფიკების შედგენას მასწავლებელი მიმართავს ახალი მასალის შესწავლის ეტაპზე;  ამ დროს აქტიურად ხდება მასალის გააზრება, რომელზე დაყრდნობითაც მოსწავლე აყალიბებს შეკითხვებს, სხვადასხვა ცხრილს, ტექსტის მიხედვით მოჰყავს მაგალითები,  წერს რეფერატს;

 

ბ) მიღებული ცოდნის გამტკიცებისთვის და ახალი ცოდნის კონსტრუირებისათვის (მოცემული ტექსტის მიხედვით ახალი ტექსტის აგება) გამოიყენება შემოქმედებითი ხასიათის დავალებებიც  (ქეისებით სწავლება  და სხვ.), რომლის დროსაც განიხილება დიდი რაოდენობის დავალებები, რითაც აქტიურდება  ტექსტის ძირითადი ნაწილის აღქმის, გაგების, სიტუაციის გაანალიზების, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისა  და მისი განხორციელების უნარები;

 

გ)   ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ალტერნატიული შეფასების გამოყენებაც,  რომელშიც კარგად ჩანს მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი პრაქტიკული დავალებების გადაწყვეტის უნარები.

 

დ) წიგნიერი მოსწავლის ფორმირებაში  მნიშვნელოვანია კრიტიკულ  აზროვნებასთან  დაკავშირებული დავალებების როლიც. ის საშუალებას გვაძლევს  ლოგიკურად გავაანალიზოთ ინფორმაცია და მიღებული შედეგები და გამოცდილება გამოვიყენოთ სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში  სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გადასაწყვეტად.

 

კრიტიკული აზროვნება საშუალებას გვაძლევს წინ წამოვწიოთ ახალი საკითხები,  მოვიყვანოთ სხვადასხვა არგუმენტი, მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.  შესაბამისად, მოსწავლეთა შორის წიგნიერების უნარების განვითარებისთვის  ეფექტურ შემდეგს გვაძლევს კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ  მიმართული  მიდგომებისა  და მეთოდების გამოყენება სწავლებაში. მაგალითად:

  • ნაცნობი ინფორმაციის შესახებ სიის შედგენა;
  • „გააგრძელე მოთხრობა“  – ძირითადი ცნებების გამოყენებით;
  • მასალის სისტემატიზაცია გრაფიკული მაორგანიზებლების მიხედვით;
  • არგუმენტირება და სხვ.;
  • ინტერპრეტაციაზე ორიენტირებული დავალებები (შეკითხვა „..რატომ…?), რომელიც ხაზს უსვამს მოქმედების მოტივებს, მიზეზებს, ინფორმაციის გადმოცემას ახალი ფორმით და მოვლენასა და ფაქტებს შორის კავშირების ხაზგასმას;
  • წინასწარ განჭვრეტაზე ორიენტირებული დავალებები („რა იყო მანამდე…სანამ..?“ „რა მოხდება, თუკი..?“ „როგორ მოიქცეოდა სხვა შემთხვევაში?..“) – ის დაკავშირებულია წარსულისა და მომავლის წარმოსახვასთან, განჭვრეტასთან, ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებასთან;
  • პრაქტიკულ უნარებზე გათვლილი დავალებები („როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ცხოვრებაში..?“), რომელიც მიმართულია ინფორმაციის აღქმასთან, როგორც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებასთან და კონტექსტის გააზრებასთან;
  • დავალებები, რომლებიც შეიცავენ კითხვებს აზროვნების დონეების მიხედვით:
  • მარტივი დავალებები, რომლებიც შეიცავენ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც პასუხობენ კითხვებზე „როდის?.. სად?.. რა ჰქვია?..“ ისინი ძირითადად ეყრდნობიან მახსოვრობას და მიღებული ინფორმაციის გაგებაზე არიან ორიენტირებული;
  • დავალებები, რომლებიც მიმართული არიან ინფორმაციის გააზრებაზე და ხელს უწყობენ ტექსტთან უკუკავშირს. მაგალითად, „შენ ამბობ, რომ…. ?“ „.. სწორად გავიგე შენი აზრი…?“ და სხვ;
  • შეფასებაზე ორიენტირებული დავალებები („კარგად მოიქცა, როდესაც…?“… „მიგაჩნიათ თუ არა, რომ….?“ ), რომლებიც გამოხატავენ ემოციას, გრძნობას, დამოკიდებულებას გარკვეულ მოვლენებთან, სუბიექტურ შეხედულებებს, საკუთარ აზრებს;
  • და ა.შ.

 

ისტორიის  სწავლებაში მრავალი ასეთი სახის დავალება გამოიყენება დასახული  მიზნების მისაღწევად.

 

ეფექტურია შედეგები, როდესაც ტექსტთან მუშაობის  ცოდნისა და უნარების დაუფლება მიმდინარეობს ეტაპობრივად. ასეთ დროს აუცილებელია:

 

  1. განვსაზღვროთ ის ძირითადი სასწავლო უნარები, რომლებიც სჭირდება მოსწავლეს  ტექსტთან მუშაობისას ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
  2. განვსაზღვროთ სასწავლო თემები, რომელიც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ უნარის განვითარებისთვის;
  3. შევარჩიოთ დამატებითი ინფორმცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვამტკიცოთ და განვავითაროთ საჭირო უნარები;
  4. შევქმნათ ალგორითმი და მოსწავლეებს გავუწიოთ რეკომენდაცია სხვადასხვა სახის სასწავლო დავალებების გადაწყვეტისას;
  5. შევიმუშაოთ  მეთოდური  მიდგომები  მოსწავლეთა უნარების ფორმირებისთვის;
  6. შევქმნათ ერთიანი შეფასების სქემა  გარკვეული სახის დავალებებისთვის;
  7. ორგანიზებას გავუწიოთ  სასწავლო უნარებისა და ცოდნის კონტროლს;
  8. გაკვეთილის დაგეგმვისას გამოვკვეთოთ მოსალოდნელი შედეგი და გამოვყოთ აქტივობები, თუ რას გააკეთებს კონკრეტული მოსწავლე მოცემული მიდგომის ფარგლებში.  მაგალითად, თემა „ფეოდალიზმი საქართველოში“ (IX კლ.)  სწავლებისას  მოსწავლეთა სავარაუდო აქტივობები იქნება:
  • შესადარებელი ობიექტების გამოყოფა და შედარება;
  • ინფორმაციის შეერთება, დაკავშირება სხვა წყაროებთან;
  • დამახასიათებელი თვისებების გამოყოფა და წინ წამოწევა;
  • შესადარებელ ობიექტებს შორის მსგავსება-განსხვავების გამოვლენა;
  • შედეგების შეჯამება და მტკიცებულებების ჩამოწერა;
  • მიღებული დასკვნების ტექსტურ ინფორმაციასთან შედარება.
  1. დავალებებში ჩავრთოთ სხვადასხვა კომპეტენციაზე გათვლილი დავალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებების აღიარებას; შინაგანი და გარეგანი მოტივების და მიღწეული შედეგების კორექციას და თავიდან აგვაცილებს არასასურველ შედეგებს; დაეხმარება სწავლებაში პრობლემის აღმოჩენაში; სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და სწავლის ეტაპების რეგულირებაში შეფასების სქემის გამოყენებით;
  2. საკონტროლო დავალებებში შევიტანოთ სავარჯიშოები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები:  შეადარებენ   ფაქტებსა  და მოვლენებს  გარკვეული ტიპის მიხედვით; გამოავლენენ  მიზეზ-შედეგობრივ  კავშირებს; ააგებენ პასუხს  მტკიცებულებების საფუძველზე; ამოიღებენ წყაროდან სათანადო ინფორმაციას; შეადგენენ საინფორმაციო ტექსტს. სავარაუდო შეფასების კრიტერიუმები კი იქნება:
  • ტექსტთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების ცოდნა;
  • დავალებების სრულად  წარმოდგენა;
  • შედარების უნარის ფლობა;
  • მიზეზ-შედეგობრივ კავშირების დამყარება;
  • ტექსტიდან ინფორმაციის ამოღების უნარი;
  • საინფორმაციო ტექსტის შედგენის უნარის ფლობა.

 

შედეგები:

  1. ფორმალური დონის მიღწევა: ა) მოსწავლის მიერ ტექსტის წაკითხვა-გაგება-გააზრება და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  ცოდნის კონსტურირება; ბ) ცხოვრებისეულ ფაქტებთან  საინფორმაციო ერთეულების დაკავშირება;
  2. რეფლექსიის დონე: ა) აღწერილი ინფორმაციის კონტექსტის წაკითხვა; ბ) ავტორის ტექსტის აზრობრივი რეკონსტრუქცია და საკუთარ ტექსტად გადაქცევა. ეს დონე მოითხოვს მოსწავლე/მკითხველისგან  ავტორის ლოგიკის გამოცნობა-გამოყოფას და  ავტორის პოზიციის კრიტიკულ  გააზრებას;
  3. რესურსის შექმნის დონე – ავტორის ლოგიკას და ფაქტობრივ მასალას  მოსწავლე გამოიყენებს საკუთარი ცოდნის აგებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ  პირდაპირ ამის შესახებ შეიძლება არც იყოს მითითებული ტექსტში. ცხადია,  ეს დონე ეყრდნობა პირველ და მეორე დონეებს და  ვერ მიიღწევა შედეგი, თუ ისინი ფორმალურადაა შესრულებული. მესამე დონე მოითხოვს ავტორის ლოგიკაზე დაფუძნებული საკუთარი, ახალი სქემის აგებასაც და  ავტორის ტექსტის ახლებურ  ინტერპრეტაციას ახალ კითხვებზე პასუხის გზით  (კონტექსტის შენარჩუნებით).

 

წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისკენ მიმართული მრავალფეროვანი მიდგომები ხელს შეუწყობს სხვადასხვა დონის მოსწავლეების გამოვლენასა და ჩართულობას; საგაკვეთილო პროცესის  სხვადასხვა ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას, რომლებიც, თავის მხრივ აქტიური ხელშემწყობი გარემოა წიგნიერი ახალგაზრდების მისაღებად, ამიტომ  მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და მისასალმებელია.

მედიაწიგნიერების გაკვეთილი

0

საქართველოსთვის დემოკრატიული პროცესები ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ ვითარებაში უცილებელია მოსწავლეებთან დემოკრატიასთან დაკავშირებული თემების კლასში განხილვა, მათზე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება. ამავდროულად, XXI საუკუნეში, მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. ჩვენი მოსწავლეები ხშირად ხდებიან დეზიმფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლი. გთავაზობთ ჩემ მიერ ჩატარებული მედიაწიგნიერების უნარის განვითარებაზე ორიენტირებული  სამოდელო გაკვეთილის გეგმას.

 

საგანი: სამოქალაქო განათლება

სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო საფეხური – X კლ.

მოსწავლეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე (მათ შორის არაა სსსმ მოსწავლე)

გაკვეთილის თემა: დემოკრატია

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები დაასახელებენ დემოკრატიის დამახასიათებელ აუცილებელ ნიშან-თვისებებს, შეადარებენ ორი განსხვავებული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, იმსჯელებენ ამ წყაროების სანდოობის, მათი ავტორებისა და მიზნების შესახებ.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

მედიაწიგნიერება (ამონარიდი ესგ-დან) – მოსწავლე შეძლებს, ერთი მხრივ, მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრებას, ინტერპრეტირებას, გამოყენებას, მეორე მხრივ, მედიასამყაროში ორიენტირებას, სწორი არჩევნის გაკეთებას (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას.

მოქ.X.11.  – მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.

  • ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს; საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა).

გამოყენებული მეთოდები: გონებრივი იერიში, ლექცია თვალსაჩინოებით, დისკუსია.

შეფასება:  განმსაზღვრელი (რუბრიკა იხ. დანართში).

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა: საქართველოს სახელმწიფო მმართველობის განვითარების ეტაპებზე და კონსტიტუციაში ასახულ დემოკრატიულ პრინციპებზე.

რესურსები: პრეზენტაცია, ვიდეო დემოკრატიის შესახებ, პლიპჩარტის ფურცლები, მარკერები, პროექტორი, კომპიუტერები ჯგუფებისთვის.

 

 

 

 

 

 

N

 

 

 

 

აქტივობის მიზანი და აღწერა

 

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

 

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები დრო (წთ.)*
1 საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება, გაკვეთილის მიზნისა  და შეფასების რუბრიკის გაცნობა

 

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას.

ვერბალური კომუნიკაცია საერთო საკლასო ფლიფჩარტზე დატანილი გაკვეთილის მიზანი, წინასწარ ამობეჭდილი შეფასების რუბრიკა.

იხ. დანართი I

2 წთ.
2 მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება

 

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:

რა არის დემოკრატია? მიგიღიათ თუ არა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა? რა ფორმით? რა ნიშნები ახასიათებს დემოკრატიას?

მათი პასუხები ფიქსირდება ფლიპჩარტზე/დაფაზე.

გონებრივი იერიში

 

საერთო საკლასო დაფა, ფლიფჩარტი, მარკერები.

 

 

5 წთ.
3 პრეზენტაცია

 

მასწავლებელი ინტერაქტიული მინი-ლექციით ესაუბრება დემოკრატიის არსზე და მისთვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებზე, თვალსაჩინოებად იყენებს „power point“-ში მომზადებულ რესურსს.

პრეზენტაციის დროს ყურადღებას ამახვილებენ სიტყვა დეზინფორმაციის მნიშვნელობაზე.

ინტერაქციული მინი-ლექცია მთელი კლასი წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია, მარკერი, ფლიპჩარტი.

 

იხ. პრეზენტაციის ლინკი:

https://drive.google.com/open?id=1rOqHJgUrA_BCHmKwllPuE7mLHZM-7jWW

7 წთ.
4 ვიდეოფაილის ნახვა

 

მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ახლა ისინი ნახავენ ვიდეოს, რომელიც შეესაბამება დემოკრატიის თემატიკას, თუმცა მასში ისეთი ინფორმაციაცაა მოყვანილი, რომელზეც აქამდე არ უსაუბრიათ. მოსწავლეებს ევალებათ, ყურადღებით უყურონ ვიდეოს და შეავსონ სქემა წყვილებში.

კოგნიტური სქემებით სწავლება წყვილებში მუშაობა ვიდეო ფაილი

იხ. ლინკიზე

(https://www.youtube.com/watch?v=KCXeLOBgOsw  0:00 3:56 წწ)

შესავსები სქემა

იხ. დანართი II

 

7 წთ.
5 ორი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის შედარება

 

მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას. შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს სთავაზობს ცხრილს შესავსებად.

ისინი ადარებენ ორი სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთს და მსჯელობენ შევსებული ცხრილის ირგვლივ.

 

კოგნიტური სქემებით სწავლება, დისკუსია ჯგუფური სახელმძღვანელო;

სქემა

იხ. დანართი III

 

7 წთ.
6. მსჯელობა წყაროთა მიზნებზე, ავტორთა მიზნებზე, სანდოობასა და სხვ.

 

მასწავლებელი სვამს სადისკუსიო შეკითხვებს. ჯგუფები კითხვებზე პასუხის გასაცემად იყენებენ ლეპტოპებსა და სმარტფონებს.

პასუხებს აფიქსირებენ სამუშაო რვეულებში.

(თითო ჯგუფს აქვს მინიმუმ ერთი ლეპტოპი/სმარტფონი).

I ჯგუფი

·         რა მიზნითაა დაწერილი ტექსტი?

·         რა მიზნითაა შექმნილი ვიდეო?

·         ვის მიერ არის შექმნილი ტექსტი? ვიდეო?

·         რამდენად მიზანშეწონილია ამ ვიდეოს სასწავლო დანიშნულებით გამოყენება?

II ჯგუფი

·         ვინ არის GDI? რა მიზნები აქვს?

·         რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? რომელი წყაროდან უფრო სანდოა? რატომ?

·         თუ გახსენდებათ ინფორმაცია, რომელიც არ გამართლდა?

·         რამდენად მიზანშეწონილია ამ ვიდეოს სასწავლო დანიშნულებით გამოყენება?

დისკუსია ჯგუფური ლეპტოპები, სმარტფონები,

ამობეჭდილი კითხვები ჯგუფებისთვის.

იხ. დანართი IV

9 წთ.
7. შეჯამება, შეფასება და საშინაო დავალების განსაზღვრა

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს მოსწავლეებთან ერთად, აფასებს მათ, აძლევს ურთიერთშეფასების საშუალებას და განუსაზღვრავს საშინაო დავალებას.

მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ. იმსჯელეთ, რა გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.

დაფაზე წერს საიტს, სადაც შეიძლება მსგავსი ინფორმაციის მოძიება.

https://mythdetector.ge/

შეფასება ჯგუფური წინასწარ ამობეჭდილი შეფასების რუბრიკა.

იხ. დანართი I

3 წთ.

 

*შენიშვნა:   სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა 40 წუთია.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეები ასახელებენ დემოკრატიის დამახასიათებელ აუცილებელ ნიშან-თვისებებს, ადარებენ ორი განსხვავებული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, მსჯელობენ ამ წყაროების სანდოობის, მათი ავტორებისა და მიზნების შესახებ.

დანართი I

კომპონენტი კრიტერიუმები
დაბალი(2-4) საშუალო (5-6) კარგი (7-8) საუკეთესო (9-10)
ტექსტის გააზრება არ ესმის ტექსტის შინაარსი.  ვერ პასუხობს ტექსტთან დაკავშირებულ ზედაპირულ შეკითხვებსაც კი. ესმის ტექსტის შინაარსი.  პასუხობს ტექსტთან დაკავშირებულ ზედაპირულ შეკითხვებს. იაზრებს ტექსტს. შეუძლია უპასუხოს ტექსტთან დაკავშირებულ ძირითად შეკითხვებს. სიღრმისეულად იაზრებს ტექსტს. შეუძლია უპასუხოს ტექსტთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას.
ჩართულობა

/აქტიურობა

მოსწავლე პასიურია.  არ იჩენს დიდ ინტერესს დავალებისადმი. მოსწავლე ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, გამოთქვამს მოსაზრებებს. მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად გამოთქვამს მოსაზრებებს დასმული საკითხის მიმართ. მოსწავლე სრულფასოვნად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. გამოთქვამს მოსაზრებებს და ითვალისწინებს თანაკლასელების მოსაზრებებს.
პრეზენტაცია პრეზენტაცია ვერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს. პრეზენტაცია არასრულყოფილია, ნაწილობრივ პასუხობს დასმულ შეკითხვებს. პრეზენტაცია ნაწილობრივ პასუხობს დასმულ შეკითხვებს, ჩანს მოსწავლეების მიდგომები. პრეზენტაცია სრულყოფილია, გამოკვეთილია მოსწავლეთა კრეატიული მიდგომები.

 

დანართი II

სახელი —————–                 გვარი ——————————-

ყურადღებით უყურეთ ვიდეოს და მონიშნეთ უპასუხეთ, სწორია თუ არა ქვემოთ მოცემული წინადადებები:

  წინადადება +/-
1 დემოკრატიული სახელმწიფოს მოვალეობაა აღზარდოს არამარტო პიროვნება არამედ, მოქალაქე.  
2 დემოკრატია არაა დაინტერესებული იმით, რომ მოქალაქეები ჩაერთონ სახელმწიფოს განვითარების პროცესში.  
3 მეტი მოქალაქის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში ზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას.  
4 დემოკრატია ხორციელდება მხოლოდ წარმომადგენლობითი ფორმით.  
5 რეფერენდუმის გზით მხოლოდ უმნიშვნელო საკითხები წყდება.  
6 რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს.  
7 მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, მიმართონ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით.  
8 არჩევნების გაყალბება არ უქმნის საფრთხეს დემოკრატიას.  

 

დანართი III

გაეცანი დებულებებს და პლუსით (+) მონიშნე, რომელ წყაროშია მოცემული ინფორმაცია.

ინფორმაცია ტექსტი ვიდეო
1 ახსნილია რა არის დემოკრატია და რა ნიშნები ახასიათებს მას.
2 ახსნილია უშუალო დემოკრატიის ფორმები.
3 განმარტებულია ვინ არის ამომრჩეველი და ახსნილია ხმის მიცემის პროცედურა.
4 საუბარია არჩევით დემოკრატიაზე;
5 დასახელებულია ის თანამდებობის პირები და ორგანოები, რომელთაც თანამდებობაზე არჩევნების გზით ირჩევენ.
6 საუბარია საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრების მნიშვნელობაზე დემოკრატიული პროცესებისთვის.
7 დასახელებულია არჩევნების პერიოდულად ჩატარების 3 ძირითადი მიზეზი.
8 განმარტებულია ლეგიტიმური ხელისუფლება.
9 განმარტებულია რეფერენდუმი და პლებისციტი.

 

დანართი IV.

დაფიქრდი და უპასუხეთ შეკითხვებს:

I ჯგუფი

  • რა მიზნითაა დაწერილი ტექსტი?
  • რა მიზნითაა შექმნილი ვიდეო?
  • ვის მიერ არის შექმნილი ტექსტი? ვიდეო?
  • რამდენად მიზანშეწონილია ამ ვიდეოს სასწავლო დანიშნულებით გამოყენება?

II ჯგუფი

  • ვინ არის GDI? რა მიზნები აქვს?
  • რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? რომელი წყარო უფრო სანდოა? რატომ?
  • თუ გახსენდებათ ინფორმაცია, რომელიც არ გამართლდა?
  • რამდენად მიზანშეწონილია ამ ვიდეოს სასწავლო დანიშნულებით გამოყენება?

 

პრობლემური სიტუაციები სწავლებაში

0

მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბების ერთ-ერთი გზა პრობლემური მიდგომის გამოყენებაა გეოგრაფიის გაკვეთილზე.

პრობლემური სიტუაცია – საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სირთულე, რათა მოსწავლეებს ვაჩვენოთ ცოდნის საჭიროება და ამით გავაძლიეროთ მათი საქმიანობა საკლასო ოთახში, დავაინტერესოთ შესასწავლი მასალით.

გთავაზობთ პრობლემურ სიტუაციებს:

  1. პრაქტიკული – როდესაც ხდება ცოდნის გამოყენება ახალ ვითარებაში (ტრანსფერი);
  2. სამეცნიერო – როდესაც უცნობია კანონი (პრინციპი, კონცეფცია) (საჭიროა ახალი ცოდნა);
  3. მხატვრული – როდესაც უცნობია ემოციურ-გამომსახველობითი ფორმები და მოქმედების მეთოდები.

პრობლემური სიტუაციების ახსნა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით:

  1. პირველი მეთოდი – მოიცავს ისეთი პრობლემების გადაჭრის შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებს არ აქვს გამოცდილება;
  2. მეორე მეთოდი – უკავშირდება ისეთ სიტუაციებს, როდესაც მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება;
  3. მესამე მეთოდი – მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება, მაგრამ იგი არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოგვარებისთვის. აქ გამოსავალი ის არის, რომ დავალების პირობის ანალიზის საფუძველზე ამ სიტუაციისთვის სპეციალურად იქმნება სრულიად ახალი სამოქმედო გეგმა.

გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითებს.

პრობლემური კითხვები და დავალებები მე-7 კლასისთვის

თემა „გეგმა და რუკა”

დავალება: „თქვენ ხართ ფერმერი და შემოგთავაზეს გეგმაზე გამოსახული მიწის დიდი ნაკვეთის ათვისება-დამუშავება. თქვენ გადაწყვიტეთ, პირველ რიგში, გაეცნოთ ამ ნაკვეთს გეგმის მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ შეთავაზება. მაშ ასე, არის კი ეს ადგილი შესაფერისი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის?

შეეცადეთ გეგმის მიხედვით უპასუხოთ კითხვებს:

  1. გეგმის შესწავლით, მიხვედით დასკვნამდე, რომ ეს ადგილი აშკარად აუთვისებელია. მოიყვანეთ მტკიცებულებები, რომლებიც ამ დასკვნის გაკეთებას დაამტკიცებს.
  2. არის თუ არა რელიეფის ფორმები მოსავლის მოყვანისთვის ვარგისი, ნიადაგის ჩამოყალიბებისა და საძოვრებისთვის? ზოგიერთ ადგილებში ფერდობები ძალიან ციცაბოა? როგორ შეიძლება მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში?
  3. რა ადგილებია შესაფერისი სათიბად? სად დაიწყებდით მიწის მოხვნას სხვადასხვა კულტურის დასათესად?
  4. შეარჩიეთ ყველაზე მოსახერხებელი ადგილი ფერმის ასაშენებლად.
  5. დაგეგმეთ თქვენს ფერმამდე მისასვლელი გზა და იპოვეთ სასმელი წყლის წყარო. იქნებ ჭის გათხრა უკეთესია?”

თემა „ლითოსფერო”

როგორ ავხსნათ რელიეფის მრავალფეროვნება?

ეს კითხვა შეიძლება იყოს მთავარი შემეცნებითი ამოცანა რელიეფის შესწავლისას.

პრობლემის გადაჭრისთვის კითხვები: არის თუ არა დედამიწის რელიეფი მრავალფეროვანი? რელიეფის მრავალფეროვნების მთავარი მიზეზი შინაგანი და გარეგანი პროცესების ურთიერთქმედებაა? განსხვავდებიან თუ არა სიმაღლით მრავალფეროვანი მთები და დაბლობები?

თემა „ჰიდროსფერო”

მოგზაურობის რა გზა შეეძლო გაევლო წყლის წვეთს, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა?

მოსწავლეები იღებენ დავალებას სახლში – აღწერილობა: „წყლის წვეთების მოგზაურობა დიდ წრებრუნვაში”.

არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი პიროვნების ძალზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია პრობლემური სიტუაციების გამოყენება, რომელიც ინფორმაციული  საუბრებისგან განსხვავდება სწორედ მსჯელობის უნარის განვითარებით.

მაგალითად, როდესაც ვსწავლობთ თემას „მყინვარები”,  დავსვათ შემდეგი შეკითხვა: „რომელი მყინვარები (ზეწრული თუ მთის) აყენებს უფრო მეტ ზიანს ადამიანებს?”. ამ შეკითხვაზე უამრავ პასუხს მივიღებთ, რადგან ბავშვები ბევრს კითხულობენ (თუნდაც ინტერნეტში), ინტერესდებიან სხვადასხვა საკითხით.

ზოგი დაასახელებს ზეწრულ მყინვარებს, მათ შორის აისბერგებს. აქ აუცილებლად ტიტანიკსაც გაიხსენებენ.  დაასახელებენ ათასობით ადამიანის დაღუპვის ფაქტს აისბერგებთან შეჯახებისას. იტყვიან, რომ მთის მყინვარები ყველაზე მეტი ზიანის მომტანნი არიან, რადგან როდესაც მცოცავი ხდება, მყინვარი და ზვავი ანადგურებს გზებს, ქალაქებსა და სოფლებს…

გაკვეთილებზე უფრო და უფრო ხშირად გავიგებთ სიტყვებს: „მაგრამ მე ვფიქრობ …”, „მე მგონია …”, „ეს ყველაფერი დადასტურებულია ჩემი პირადი მოსაზრებით“, „ჩემი აზრით“… დაე, ისინი არ იყვნენ ყოველთვის მართლები, მაგრამ ეს არის მათი პირადი აზრი. რაც მთავარია, ისინი ცდილობენ დაამტკიცონ და ეს უკვე ძალიან კარგია.

აქტიურად გამოვიყენოთ პრობლემური სიტუაციები. ისინი სხვადასხვა თვალსაზრისს, თვალთახედვას გვთავაზობენ.

ტრადიციული ლექციის ნაცვლად ვიპოვოთ ალტერნატიული გამოსავალი.

რატომ შეიქმნა დიდი ბარიერული რიფი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში?

რატომ არ არის მსგავსი ფორმირება ანტარქტიდის სანაპიროზე?

რატომ აღმოაჩინეს ავსტრალია მოგვიანებით, ვიდრე სხვა კონტინენტები, რა არის ამის მიზეზი?

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლეებს შეიძლება შეექმნათ წარმოდგენა, რომ სწავლობენ უფრო ნაკლებს, ვიდრე სხვები, თუმცა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლე იძენს იმ უნარებს, რომლებიც საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

გეოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანია სასკოლო სასწავლო პროგრამაში. სწავლების ეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია, თუ საგანმანათლებლო პროცესი მიზნად დაისახავს მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას, მათი შემეცნებითი დამოუკიდებლობის ფორმირებას, მათ შორის პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებას. გეოგრაფიის გაკვეთილზე პრობლემური სწავლების შესაძლებლობები ძალიან ფართოა. ბუნებრივი ობიექტების, ფენომენებისა და პროცესების გეოგრაფიის სირთულის გათვალისწინებით.  თითოეული მათგანის განხილვა შეიძლება იყოს პრობლემური.

ემოციური წიგნიერება

0

„თავს როგორ გრძნობ?”,   ვკითხე ჩემს ვაჟს, ვიდრე კბილის ექიმთან წავიყვანდი.

„ცოტა ვნერვიულობ”.

“რის შესახებ?”

„ვწუხვარ, რომ ჩხვლეტა მეტკინება და ეს ასევე ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ამიტომ არ ვიცი, რას უნდა მოველოდე”.

„რა ფიქრები დაგეხმარებოდა?”

„ის, რომ ჩხვლეტა ძალიან არ მეტკინება და თუკი მეტკინება, სწრაფად გაივლის”.

ეს გახლავთ ამონარიდი კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ჩანაწერიდან, რომელიც მიმართულია შფოთვის დასაძლევად ყოველდღიურ ცხოვრებაში. თეორიულად, მშობლებს და გარშემომყოფ ადამიანებს მართლაც შეგვიძლია მზა რეცეპრული რჩევები მივცეთ ბავშვებს, მაგრამ როგორც 12 წლის ბიჭთან დიალოგიდან გამოიკვეთა, მას სჭირდებოდა, თავისით ეპოვა გამოსავალი მისთვის ამ უჩვეულო და რთული სიტუაციიდან. ეს წარმატებით გამოვიდა კიდეც დიალოგის გზით. და ამ დიალოგში ბიჭის მაღალი ემოციური წიგნიერება გამოვლინდა.

მინდა, აღნიშნული შემთხვევა ერთ ამბავს შევადაროთ, რომელიც თავად გადამხდა. 13 წლისას, საერთაშორისო ბანაკ „არტეკში” მიშვებდნენ. თუმცა საჭირო იყო სამედიცინო შემოწმება. და რაკი მშობლები დილის საათებში ძალიან დაკავებული იყვნენ,  მე კი სრულიად ჯანმრთელი და უკვე „დიდი გოგო” ვიყავი, დედამ საღამოს უბნის ექიმს დაურეკა შესათანხმებლად, რომ პოლიკლინიკაში ხვალ პირველად მარტო მივიდოდი, ჯერ მასთან, რომელიც ისტორიას მომცემდა და ყველა ექიმს ოთახში მარტო ჩამოვუვლიდი. მე ხომ მათ კარგად ვიცნობდი, ზოგიც ოჯახის ახლო მეგობარი იყო. მერე გამსინჯავდნენ, ხელს მომიწერდნენ და ცნობით ხელში იქვე ახლომდებარე სკოლაში გადავიდოდი. მაგრამ დილით პოლიკლინიკაში არსებულმა ხალხმრავლობამ, რიგებმა, ნაცნობი ექიმების მოუცლელობამ და ახალი გამოცდილების მიღების შიშმა იმდენად დამაბნია, რომ ღელვა ცრემლებში გადამეზარდა და ყველა კარში ატირებული შევდიოდი და გამოვდიოდი. ასე რომ, დედის ფუნდამენტური მიდგომა, რომ: უკვე დიდი და ჯანმრთელი ვარ, თან ფორმალურად უნდა ჩამოვუარო, ექიმებიც ახლობლები არიან, პოლიკლინიკაც აქვეა, სახლსა და სკოლასთან ახლოს, – უშედეგო აღმოჩნდა. მისი იმედი ვერ გავამართლე, ავტირდი და ეს ჩემი ემოციების კიდევ ერთი ყველაზე მტანჯველი სასჯელი აღმოჩნდა. ფუნდამენტალიზმმა, რომელშიც გავიზარდე, არ მომცა თავისუფლება, გამომეკვლია, მქონოდა და მემართა ჩემი ემოციები იმ ხარისხით, რომლითაც ეს 12 წლის ბიჭმა შეძლო.

ფუნდამენტლიზმი ვახსენე და, ცხადია, იგი ამ შემთხვევის შეცდომებისგან ერთნაირად გვათავისუფლებს ყველას: მეც, დედასაც და ექიმებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ადამიანებსა და სხვა სულიერ არსებებსაც ემოციების სპექტრის დიდი დიაპაზონი გვაქვს ბედნიერებიდან სიბრაზემდე და ბრაზიდან მწუხარებამდე. ფუნდამენტალიზმი კი მოითხოვს, იყო ყოველთვის „გამორჩეული”, „კარგი” და „შენს სიმაღლეზე”, „არ შეიძლება იტირო (განსაკუთრებით, თუ ბიჭზეა საუბარი)”, „არ შეიძლება გქონდეს ნეგატიური ემოცია, სიბრაზე, რადგან სიბრაზე ცოდვაა და ყველაფრის ბოლო შეიძლება იყოს”, „უნდა უკრავდე, მღეროდე, იყო მხიარული და დაივიწყო ყოველგვარი ნეგატიური ემოცია” და ა. შ.

სწორედ ამგვარი ფუნდამენტალიზმის შედეგად ვერ ვიღებდით ჩვენ ნეგატიური გრძნობების აღიარებას ან მათი მართვის პრაქტიკას. ვერ ვაცნობიერებდით, რომ იმედგარუებისას ყოველთვის არსებობს სხვა გეგმა და ასეთი გეგმით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტალიზმში მენტალური ჯანმრთელობა ყოველთვის ასოცირდება სულიერ ჯანმრთელობასთან. რაც იმთავითვე ჩვენი ემოციებისა და სულიერების მიმართ დიდი უსამართლობაა. სამწუხაროდ, ფუნდამენტალიზმის რკალში დღესაც არსებობს ბავშვებთან დაკავშირებული არასასურველი ისტორიები, როცა დეპრესია და აღშფოთების გამოხატვა სირცხვილად ითვლება და, იმის ნაცვლად, რომ ოჯახმა, სკოლამ და საზოგადოებამ ბავშვს შესთავაზოს სპეციალური ფსიქოლოგიური სერვისები ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და წონასწორობის დასაბრუნებლად, მათ პოლიციურ ინსტიტუციებს გადასცემენ ხოლმე. სავალალო შედეგებს კი არცთუ იშვიათი პერიოდულობით ვიმკით.

ბავშვების აღზრდის ავტორიტარული სტილი ამცირებს ემოციებს. ასხვავებს ადამიანის სულიერ და ბიოლოგიურ მგდომარეობას, ადამიანს აკისრებს ზედმეტ პასუხისმგებლობას „საზოგადოების” წინაშე.  „შენ სხვა ფენას მიეკუთვნები და ‘ამის’ უფლება არ გაქვს!”, – დღესაც აქტიურად შთავაგონებთ შვილებს. ამდენად, მათ ეშინიათ, მიენდონ საკუთარ ინტუიციებს და ჩვენი ნებართვის გარეშე იგრძნონ ის ბევრი რამ, რაც წესით, მართლა უნდა იგრძნონ.

არსებობს მენტალური ჯანმრთელობის აღზრდის პრინციპების რუკა, რომლითაც სასურველია ყველამ ვიხელმძღვანელოთ.

 

 

როცა სტენსილის გამო ქვეყანაში ბავშვი კვდება, თითქოს გვიანდება იმ მნიშვნელობასა და ღირებულებებზე წერა, რაც ემოციურ წიგნიერებას ახლავს თან, მაგრამ ყოველთვის დიდი სიკეთეა, საკუთარ თავსა თუ სხვებს შეახსენო ემოციური წიგნიერების როლი საკუთარი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის. ეს ყველა ძველ და მნიშვნელოვან მოძღვრებასავით არსებითი მოძღვრებაა, რომელიც ერთ ღამეში და ერთი წერილით არ ისწავლება. მას გააჩნია ანბანი, ცნებები და გასაღები ფრაზები, რომლებითაც მუდმივად უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველგან, სახლში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა  თუ სხვა სამსახურებში. უნდა დავიწყოთ, რაც შეიძლება, ადრეული წლებიდან, რათა დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, განსაზღვრონ, რას გრძნობენ, გააკონტროლონ ემოციები და ვასწავლოთ მოდელირება, უკეთ როგორ გამოხატონ და მართონ ისინი. როდესაც ემოციური ოსტატობა ისევე გათავისებულია, როგორც ანბანის კითხვა, ბავშვები გარდაიქმნებიან იმ უფროსებად, რომლებსაც ცხოვრება არათუ აშინებთ, არამედ მისით სარგებელს იოლად პოულობენ საკუთარი თუ სხვების კეთილდღეობისთვის.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://cindywangbrandt.com/5-ways-fundamentalism-hinders-emotional-literacy/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე ვარ, ლია მასწ !

0

(ნამდვილი ამბავი)

პატარაობისას რატომღაც მეგონა, რომ ბავშვები არასდროს იზრდებიან. არ ვიცი რატომ, მაგრამ მჯეროდა, რომ ის, რასაც ბავშვობას ვეძახდი, არასდროს აპირებდა დასრულებას. და მეც, სულ უგზოუკვლოდ ვირბენდი ქუჩებში უბნის ბავშვებთან ერთად. მერე წლები გავიდა: ერთი, ორი სამი, ხუთი და ჩემს ფეხებთან კოპლებიანი ბურთი მოგორდა. თეთრი ბურთი, შავი კოპლებით და პატარა, ხუჭუჭა ბავშვიც მოყვა სწრაფადვე ამ ბურთს. მიყურებდა მორცხვად და იღიმოდა, საყვარლად. ბურთი ხელში ავიღე და გავუწოდე.  გამომართვა, – მადლობა ძიაო, – მითხრა, გულზე მიიხუტა თავისი კოპლებიანი ბურთი და გაიქცა სტადიონისკენ. მერე ვფიქრობდი: მე მგონი იმ დღეს გავიზარდე – თქო. იმ ბავშვმა გამზარდა, ისე, უნებურად. განა, რა თქვა, ერთი სიტყვა. ჰო, ძია დამიძახა და მივხვდი,  რომ იმ დღიდან ბავშვი აღარ ვიყავი.

ამას წინათ, სამსახურიდან მოვსეირნობდი სახლისაკენ. ციოდა, ქარი აფრიალებდა ფოთლებს. მეც მობუზული, თავჩაქინდრული მოვუყვებოდი კორპუსისაკენ გზას. ერთი სული მქონდა, როდის მივაღწევდი სახლამდე. მერე დედაჩემმა დამირეკა და რაღაც პროდუქტები დამავალა სახლისათვის. გზაზე სწრაფად გადავირბინე, მივუახლოვდი მაღაზიას და გავშეშდი, წამიერად.

მაღაზიასთან ჯოხზე დაყრდნობილი ქალი იდგა. არა,  ეს უბრალოდ ქალი არ იყო, არც უბრალოდ ვიღაც ბებო, ანდაც სამოწყალოდ გამოსული ადამიანი. ეს ლია მასწი იყო, ჩემი, ჩვენი ლია მასწი, ყველას ლია მასწი იდგა, ცალ ხელში ცელოფნის პარკში გახვეული პური ეჭირა და გზისკენ იყურებოდა. ის, ძველი სათვალეები ისევ მკერდზე ჰქონდა ჩამოკონწიალებული და იდგა. განა ქალი, განა ბებო, ჩემი ბავშვობა იდგა და სევდიანი თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით. ცივი საღამო იყო, – მახსოვს.

მთელი ბავშვობა დაფასთან გასვლის მეშინოდა. რაღაცნაირი შიში მქონდა ხალხის, ბევრი თვალების… ვერაფრით მოვერიე იქამდე, სანამ ერთ დღეს გაკვეთილების შემდეგ, ლია მასწმა არ დამიტოვა თავისთან. მელაპარაკა დიდხანს, მელაპარაკა იმდენ ხანს სანამ სიცილი და ხარხარი არ ამიტყდა იქვე ჩემს თავზე.

მეორე დღეს პირველი მე გამომიძახა დაფასთან ლია მასწმა. ნელა ავდექი, გადავდგი პირველი ნაბიჯი თუ არა, ვიგრძენი, რომ გული არ ამჩქარებია. ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი და იქ, ჩემ გვერდზე მაგიდასთან,  ლია მასწი იჯდა. იჯდა და სჯეროდა, რომ უსუსური არასდროს აღარ ვიქნებოდი, როგორც ადრე და როგორც გუშინ.

ნელა მივუახლოვდი მაღაზიას. არა, უფრო სწორად მივუახლოვდი ლია მასწავლებელს. ჩემს მასწავლებელს. დიდი ხანი იყო  გასული, რაც არ მენახა, ბევრი წელი. ის ისევ იდგა, არ ინძრეოდა.  არ ვიცი რატომ, რაზე ფიქრობდა. მივუახლოვდი და წინ ჩამოვუდექი.

  • გამარჯობა, ლია მას ! – ვუთხარი დაბალ ხმაზე.
  • გამარჯობა. – მითხრა და ამომხედა. წყლიანი თვალები ჰქონდა, სევდიანი.
  • ვერ მიცანით, ლია მას? – გავუღიმე და მარჯვენა ხელი მის დამჭკნარ ხელს შევახე.

არაფერი უპასუხია. უბრალოდ მათვალიერებდა, უცნაურად.

  • გურამი ვარ, გურამი ! თქვენი მოსწავლე. აი, დაფასთან რო…

ვეღარ დავამთავრე წინადადება. უცბად წასკდა ტირილი და გულზე მომეკრა. ხელები ძლიერად შემოვხვიე და მეც ვიგრძენი, როგორ გამითბა ღაწვები ცრემლებისაგან. ტიროდა ლია მასწი და ვტიროდი მეც,  ბავშვივით. ქარი კი ისევ ისე აფრიალებდა ფოთლებს.

ჰო, მე მგონი მაშინ დავბრუნდი ბავშვობაში. დიდი ხნის შემდეგ, ერთ დღეს გადავეყარე ლია მასწავლებელს და წამიერად აღმოვჩნდი იქ, საიდანაც დავიწყე. რამდენიმე წამი ასე ვიყავით, მერე ნამტირალევი ხმით მითხრა:

  • შენს სახელს ვიხსენებდი, თორე, რავა არ გიცანიო. – თქვა და გაეღიმა ძველებურად, როგორც მაშინ, სკოლის დროს.

სულ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. მერე ჩამეხუტა, დამემშვიდობა და  კოჭლობით გაუყვა ქუჩას. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მტოვებდა უკვე მეორედ, ჩემი ბავშვობა.

 

 

 

ბაგების სტუდქალაქი

0

ვდგავარ აივანზე და ბაგებს გავყურებ. ჯერ კიდევ კარგად ჩანს სტუდქალაქის ორი მაღალი შენობა. „ჯერ კიდევ” იმიტომ, რომ მშენებარე კორპუსი სულ მალე ბაგების ხედსაც დაფარავს. სულ რაღაც სამიოდე წლის წინ მაღლობზე მდგარი ჩემი კორპუსიდან ხელის გულივით ჩანდა მთელი ქალაქი: ლოტკინის ფერდობი, საბურთალო, ვაკე, შორს, ჰორიზონტზე – აეროპორტის შემოგარენი, სამების ტაძარი, ოდნავ მარჯვნივ – ფუნიკულიორი და მთაწმინდა, კიდევ უფრო მარჯვნივ – ბაგები. მიყვარდა ღამით განათებული ქალაქის ყურება. განსაკუთრებით 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე, როცა მთელი ქალაქის ცა ფეიერვერკებით იყო განათებული, იმ სანახაობას არაფერი სჯობდა. ახლა კი ელვის სისწრაფით ამოზრდილმა ამ კორპუსებმა თითქმის მთლიანად ჩამიხერგეს თვალსაწიერი. მხოლოდ ბაგები დარჩა, ამიტომ შევყურებ სინანულით ჩემი სტუდენტობის სასიამოვნო მოგონებას. რამდენი წელია იქ აღარ ვყოფილვარ.
ჩემი კლასელებიდან ვინც უნივერსიტეტში ჩააბარა, თითქმის ყველა ბაგების სტუდქალაქში ცხოვრობდა. ამიტომ უმეტეს დროს იქ ვატარებდი, ყოველდღე, ლექციების მერე, ბაგებისკენ გავუდგებოდი გზას. ჩემი რამდენიმე კურსელიც იქ ცხოვრობდა და ერთად მივდიოდით ხოლმე. ქავთარაძიდან რომ აუხვევდი, პირდაპირ, საბაგიროს სადგური იყო, ათი თეთრი უნდოდა და ორ წუთში ვერეს ღრმა ხეობის გაღმა, მეორე ნაპირზე, მოხვდებოდი. მაგრამ, თუ მარტო ვიყავი, საბაგიროთი იშვიათად ვსარგებლობდი. ცოტა ქვევით, „მაღლივის” წინ, ბიოლოგების კორპუსთან, ე. წ. „განივთან” რომ მოუხვევ, ხიდია, და იმ ხიდზე გადასვლა მიყვარდა. საფეხმავლო ხიდს ერთ მხარეს საფეხურებიანი ასასვლელი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ზოგი რეგვენი სამანქანოდ იყენებდა, ამიტომ ხიდის ორივე მხარეს სინკარები დააწყვეს და ვიწრო გასასვლელები დატოვეს. ლამაზი და ქართული რეალობისთვის უჩვეულო არქიტექტურის მქონე იმ ხიდიდან ყურება მიყვარდა, შიშის მომგვრელი იყო ღრმა ხევში ყურება, რომლის ძირას მიიკლაკნებოდა პატარა ვერე. ხიდზე გადასვლა განსაკუთრებით ექსტრემალური იყო ქარიან ამინდში. ქიმიდან დაშვებული მკლავის სიმსხო გვარლები ზრიალებდნენ და ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, რომ მთელი ხიდი ქანაობდა. ხშირად შევსწრებივარ, როგორ ხტებოდნენ „როუფ – ჯამფინგის” მოყვარულები, ფეხებზე მობმული თოკებით, ხიდის მოაჯირიდან. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ხოლმე. მერე, ღამით, მესიზმრებოდა, რომ მეც ვხტებოდი, უფრო სწორად, ძალით მაგდებდნენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფეხებზე თოკი არ მქონდა მობმული, და დაფეთებულს მეღვიძებოდა.
იმ ხიდის გადაივლიდი თუ არა, იწყებოდა ცალკე ქალაქი, გეტო, კომუნა (რაც გნებავთ, ის უწოდეთ), რომელსაც ამერიკულ ფილმებში ნანახ კამპუსებთან არაფერი ჰქონდა საერთო. ახლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ სტუდქალაქის დაბალი კორპუსები მთლიანად სტუდენტებს ეკავათ, კარისკაცები შემსვლელ-გამომსვლელებს მკაცრად აკონტროლებდნენ, ღამით კარები იკეტებოდა და ინფრასტრუქტურაც შედარებით მოწესრიგებული იყო. მაღალ კორპუსებში კი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ შესახლებულნი, მაგრამ, ცხადია, სტუდენტებიც ცხოვრობდნენ. ერთი ბეწო ოთახებში, როგორღაც, ოთხი-ხუთი სტუდენტი ეტეოდა. ჩემი რამდენიმე კლასელი პირველივე მაღალ შენობაში, ა ბლოკში, მეექვსე სართულზე, ცხოვრობდა. ბ ბლოკის მესამე სართულზე, ერთადერთ ონკანში მოდიოდა ხოლმე წყალი (ისიც გრაფიკით) და იქიდან უნდა გეზიდა. უშველებელი რიგები იდგა ხოლმე.

ა და ბ ბლოკების შუაში მოზრდილი დერეფანი იყო, სადაც მუდამ ორპირი უბერავდა, მაგრამ უცვლელი თავშეყრის ადგილი იყო, იქ იმართებოდა ქეიფები, ჩხუბები და ა. შ. ერთხელ სახლში რემონტი გვქონდა და რამდენიმე კვირით სტუდქალაქში, ძმაკაცებთან გადავედი საცხოვრებლად (ჩემები ჩვენს ნათესავებთან წავიდნენ). თან დიდი ყუთი წავიღე, სადაც წიგნები და ბავშვობის დროინდელი ჩემი ნახატები ეწყო. ბიჭებმა იცოდნენ, რომ ვხატავდი და დაინახეს თუ არა ნახატები, ამოალაგეს და კედლებზე ჭიკარტებით გააკრეს, მერე დიდი აფიშები დაამზადეს, სადაც ეწერა, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ სართულზე, ამა და ამ ოთახში, ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართებოდა, მყიდველებს შეეძლოთ ნატურით გადაეხადათ. ამ ყველაფერს, ცხადია, სიცილით შევხვდი და არც ველოდი არავის, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მართლა მოვიდა უამრავი გარეკილი სტუდენტი და რამდენიმე ნახატი გაიყიდა კიდეც პურის, მჭადის ფქვილის, საწებლის, მურაბის და სხვა პროდუქტების სანაცვლოდ.
კარგად მახსოვს, რომ დავალიანების გამო მთელ სტუდქალაქს შუქი გამოურთეს და კარგა ხანი არ იყო. ამიტომ დავირაზმეთ და წყნეთის გზა გადავკეტეთ, საბურავებს ვწვავდით და რამდენიმე დღე ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან. წყნეთში მცხოვრები მაღალჩინოსნები სახლებში ვერ მიდიოდნენ. ამიტომ, როგორც მახსოვს, შუქი მალევე მოვიდა.
სწავლის დასრულების მერე ჩემი კლასელები ზოგი რაიონში დაბრუნდა, ზოგი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და სულ უფრო იშვიათად მიწევდა სტუდქალაქში მისვლა. ერთი-ორჯერ პოეტ პაატა შამუგიასთან ვიყავი (იქ ცხოვრობდა მაშინ) და რამდენჯერმე პოეტ რობერტ მესხთან (ახლაც იქ ცხოვრობს). რამდენი წელი გავიდა, იქ არ ვყოფილვარ.

 

ჩემი სახლის უკან, კორპუსის მშენებლობა რომ დასრულდება და სტუდქალაქი საბოლოოდ გაქრება, მაღლივის ხიდის ქიმს შევხედავ ხოლმე, რომელიც ჩემი აივნიდან კარგად ჩანს. შევხედავ და ძველ დროს გავიხსენებ, სანამ ისიც ახალაშენებულ კორპუსს მოეფარება.

 

კენ რობინსონი ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების შესახებ

0

ადამიანური რესურსები ბუნებრივი წიაღისეულივითაა – ღრმადაა ჩამარხული. უნდა ადგე და მათ საძებნელად წახვიდე, რადგან ზედაპირზე არ ყრია. უნდა შექმნა გარემო, სადაც ეს რესურსები თავს დაგვანახებენ.

კენ რობინსონი1

 

„ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ მომავლის რთულ სამყაროში ორიენტირებას, თუ მხოლოდ უკანა ხედვის სარკეში დავიწყებთ ყურებას. თუ ასე ვიზამთ, აღმოვაჩენთ, რომ მთლად სრულ ჭკუაზე არ ვართ“.

„შემოქმედების უნარი – ეს ადამიანისთვის ბოძებული მთავარი საჩუქარია. რაც უფრო რთული ხდება სამყარო, მით უფრო მეტი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა გვჭირდება, რათა შევძლოთ მის სირთულეებთან გამკლავება“. მაგრამ ბევრ ადამიანს ეჭვი ეპარება თავის შემოქმედებით შესაძლებლობებში.

თავის გახმაურებულ წიგნში „Out of Our Minds: Learning to be Creative“ („არცთუ მთლად სრულ ჭკუაზე: როგორ ვისწავლოთ კრეატიულობა“; რუს. თარგმ. – „Образование против таланта“) კენ რობინსონი განათლების საშუალებით ადამიანის ნიჭის განვითარების საკითხებს განიხილავს.

თავისი წიგნის დანიშნულების შესახებ რობინსონი გვეუბნება: „ვცდილობ, რამდენიმე კითხვას გავცე პასუხი: რა მნიშვნელობა აქვს შემოქმედებას? რატომ ეპარებათ ხანდახან ადამიანებს ეჭვი თავიანთ შემოქმედებით შესაძლებლობებში? რამ გამოიწვია ეს და რით შეგვიძლია შველა?“

წიგნში განხილულია რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა, რომლებიც ადამიანის შესაძლებლობებს, მის პოტენციალსა და ამ ყველაფერთან განათლების მიმართებას შეეხება. „ადამიანის ინტელექტისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვნება და შემოქმედებისკენ, ახლის შექმნისკენ მიმართული უნიკალური შესაძლებლობა და უნარი. ასეთი შემოქმედებითი პოტენციალის შეცნობა და მისი ძიება გახლავთ გზა, რომელიც ადამიანს საკუთარ დანიშნულებასა და მოწოდებას აპოვნინებს.

სწორედ ამ გზაზე სიარულისას არის აუცილებელი განათლება როგორც დამხმარე და ხელშემწყობი საშუალება. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი განათლება ვერ უმკლავდება ამ ამოცანას. შედეგად ადამიანების უმრავლესობა მთელ ცხოვრებას ისე ატარებს, რომ ვერ პოულობს საკუთარ დანიშნულებას, ვერ აღმოაჩენს საკუთარ ნიჭს“.

კენ რობინსონი თავის ნაშრომში საინტერესო მასალას გვთავაზობს განსჯისათვის. იგი მოგვითხრობს ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ღუპავენ განათლების თანამედროვე სისტემები უამრავი ადამიანის ნიჭსა და შემოქმედებით უნარს და გვთავაზობს ამ სისტემების შეცვლის გზებს. სერ რობინსონი მოუწოდებს ყველა ადამიანს, შეიცნოს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის სიმდიდრე და გააცნობიეროს ის მიზეზები, რომელთა გამოც საკუთარ შესაძლებლობებში ხანდახან ეჭვი გვეპარება. ავტორი ყველას მოუწოდებს, ირწმუნონ საკუთარი ძალები და შექნან ისეთი პირობები, რომლებიც შესაძლებელს გახდის განათლებაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენას.

ეს წიგნი პირველად 2001 წელს გამოიცა. წიგნის ახლანდელი ვერსია თავიდან ბოლომდე გადამუშავებულია.

„რატომ დამჭირდა ამ წიგნის ხელახლა გამოცემა და რა არის მასში ახალი?

წიგნის პირველი ვერსია 2001 წელს დავწერე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და მსოფლიო როგორც ჩემ გარშემო, ისე ჩემში ძალიან შეიცვალა. თითქმის ყველგან ცვლილებების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და იდეები, რომლებიც ამ წიგნს დაედო საფუძვლად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მოდი, დავფიქრდეთ ტექნოლოგიების ცვლილების სიჩქარეზე. ათი წლის წინ ინტერნეტი ბევრისთვის სიახლეს წარმოადგენდა. სმარტფონები, აიპოდები, YouTube-ი და სოციალური ქსელები, Facebook-ი და Twitter-ი, ჯერ კიდევ არ იყო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, დღეს მთელ მსოფლიოში ახდენს გავლენას კულტურასა და ეკონომიკაზე“.

„მოხდა ბევრი ისეთი რამ, რისი წინასწარმეტყველებაც ათი წლის წინ შეუძლებელი იყო. მაგალითად გავიხსენებ 11 სექტემბრის შეტევას აშშ-ზე, რამაც გლობალური ცვლილებები გამოიწვია, და მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ჩვენი პლანეტის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურასა და, საზოგადოდ, გარემოზე. ბიზნესში, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის მხარდამჭერი არგუმენტების საფუძველი სწორედ ჩვენი ცხოვრების არაპროგნოზირებადობაა – ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის განჭვრეტა“.

„წიგნის გადამუშავებისა და ხელახლა გამოცემისკენ იმანაც მიბიძგა, რომ დამიგროვდა ბევრი ახალი მოსაზრება მთავარი კონცეფციებისა და მათი რეალიზების საშუალებების შესახებ. ბოლო ათი წლის განმავლობაში მე აქტიურად ვეწეოდი წიგნში მოყვვანილი იდეების პროპაგანდასა და დასაბუთებას მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, პოლიტიკოსების, მხატრების, მეცნიერების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე. სწორედ ამ დროს დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ წიგნის პირველ რედაქციაში წარმოდგენილი კონცეფცია კვლავ მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო და ის უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა წარმედგინა“.

„წიგნის განახლების მესამე მიზეზი ჩემს პირად ცხოვრებას უკავშირდება, რომელშიც ბოლო ათი წლის განმავლობაში, ისევე როგორც მსოფლიოში, უამრავი ცვლილება მოხდა, მათ შორის – ტერიტორიულიც. ამ წიგნის პირველ ვარიანტზე მუშაობისას ოჯახითურთ ეივონის სტრატფორდში ვცხოვრობდი – პატარა ინგლისურ ქალაქში, სადაც უილიამ შექსპირი დაიბადა. ახალი გამოცემის ტექსტს კი უკვე იქ ვწერდი, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ – ლოს-ანჯელესში, ქალაქში, რომელზეც არქიტექტორმა ფრენკ ლოიდ რაითმა თქვა, რომ „თუ მსოფლიოს კარგად შევანჯღრევთ, ყველაფერი, რაც არასაიმედოდ იყო დამაგრებული, ამ ქალაქში მოხვდება“. ჩვენც სწორედ ამ ქალაქში აღმოვჩნდით – ჩვენს ოჯახს სწორედ იქ მოუწია გადაბარგება ჩემი წიგნის პირველი რედაქციის გამოცემის შემდეგ (პირველი წიგნის წარმატების შემდეგ კენ რობინსონი ლოს-ანჯელესში მდებარე ჯ. პოლ გეტის ფონდმა მიიწვია და განათლების დარგში მთავარი მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, – ლ.ა.). ვერ წარმოიდგენთ, რა ადვილი იყო კალიფორნიაში გადასვლა“.

„მას შემდეგ მე მთელი ამერიკა მოვიარე და ყველგან, ყველა შტატში, ქალაქსა თუ დასახლებაში, საოცარ ადამიანებს შევხვდი, გავეცანი მათ არაჩვეულებრივ წამოწყებებს. ამ ახალმა გამოცდილებამ საშუალება მომცა, შემეკრიბა ახალი მონაცემები მომდევნო გამოცემისთვის, რომელშიც მეტი ყურადღება ეთმობა განათლების ტენდენციებს ევროპაში, აზიასა და ორივე ამერიკაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ვინაიდან განათლების საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს გლობალურ ხასიათი აქვს. წიგნში გამოთქმული მოსაზრებები 2006 წელს გავაცანი TED-ის საერთაშორისო კონფერენციის (TED – Technology, Entertainment, Design – ტექნოლოგია, სანახაობა, დიზაინი) დამსწრეებს მონტერეიში (კალიფორნია). ჩემი ეს მოხსენება 5 მილიონჯერ ჩატვირთეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში.

თუ შეიძლება, ამ სიტყვებს ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ – ჩემმა შვილებმა, ჯეიმსმა და ქეითმა, ამას წინათ 30-წამიანი ვიდეორგოლი მაჩვენეს, რომელშიც ორი კნუტი თითქოს ერთმანეთს ესაუბრება და ამ ვიდეოს YouTube-ზე 30 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ასე რომ, ყველაფერი ფარდობითია. მაგრამ ერთი რამ ვიცი: კნუტებიანი ვიდეორგოლისგან განსხვავებით, ჩემი გამოსვლა ბევრჯერ აჩვენეს მთელ მსოფლიოში მიმდინარე დიდ თუ მცირე კონფერენციებზე, შეკრებებსა და სასწავლო ღონისძიებებზე. შედეგად ჩემს მოსაზრებებს განათლებისა და ადამიანის შესაძლებლობების შესახებ ას მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო. ეს ამ საკითხებისადმი ინტერესის მაჩვენებელია“.

„მეორედ TED-ზე 2010 წელს გამოვედი და ამ გამოსვლასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემი მომდევნო წიგნის სათაური გახლდათ „სტიქია: როგორ ცვლის ყველაფერს საკუთარი მისწრაფების (ვნების) პოვნა“ (ინგლისურად: „The Element: How Finding Your Passion Changes Everything“) – როგორ ვიპოვოთ ის, რისთვისაც [კონკრეტული] ადამიანია დაბადებული, რა არის საჭირო, რომ მან თავის სტიქიაში იცხოვროს? ეს წიგნი 2008 წელს დავწერე და მასში განვიხილავ [ადამიანის] ნიჭის ბუნებას, ყოველ ადამიანში არსებულ შემოქმედებით საწყისს და იმ პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების შემოქმედებით განვითარებას“.

„სტიქია“ ჩემი პირველი წიგნის ლოგიკური გაგრძელებაა… თუმცა ბოლო წიგნში მე უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ ჩვენი ბუნებრივი მონაცემების – განსაკუთრებით კი ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების – განვითარების აუცილებლობას და იმის ანალიზს, რატომ არის, რომ, საზოგადოდ, მთელი სისტემა და, კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ შესაძლებლობათა დათრგუნვას ცდილობენ და არა განვითარებას.

ასევე მსურს გითხრათ ორიოდე სიტყვა წიგნის სათაურის შესახებაც. „სტიქია: როგორ ცვლის ყველაფერს საკუთარი მისწრაფების (ვნების) პოვნა“ – ეს სათაური სამი მიზეზით შევარჩიე. პირველი: ადამიანის ინტელექტს ახასიათებს შემოქმედებისკენ მრავალფეროვანი და უნიკალური სწრაფვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც იდეების, ადამიანის წარმოსახვის, კულტურული ღირებულებებისა და რწმენების შედეგია.

ადამიანთა სამყარო იქმნება როგორც ადამიანისავე წარმოასახვაში, ისე იმ ფიზიკურ გარემოში, რომელსაც ბუნებას ვეძახით. აზროვნება და შეგრძნება მხოლოდ იმას არ ნიშნავს, მსოფლიო ისეთი დავინახოთ, როგორიც არის; მიმდინარე ცხოვრების აღსაქმელად არანაკლებ მნიშვნელოვანია გვქონდეს საკუთარი ხედვა და შევძლოთ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების ინტერპრეტაცია. ადამიანთა საზოგადოებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან თავიანთ წარმოდგენათა და მსოფლმხედველობათა სისტემებში ცხოვრობენ. ის სამყაროები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ მიერვეა შექმნილი. ჩვენ ასევე ხელგვეწიფება არსებულის შეცვლა და ახალი სამყაროების შექმნა. მსოფლიოს ისტორიაში გლობალური მასშტაბის რევოლუციები ხშირად ახალი იდეების, სამყაროს ახლებური ხედვის შედეგად ხდებოდა და ანგრევდა ძველი, გაყინული, რევოლუციამდელი სამყაროს რეალობას. არსებითად, სწორედ ესაა კულტურული ცვლილების არსი.

მეორე: შემოქმედებითი პოტენციალის შეცნობა ნაწილობრივ საკუთარი გარემოს ძებნასა და საკუთარი მოწოდების პოვნას გულისხმობს. სწორედ ამ ძიებაში უნდა გვეხმარებოდეს განათლება, თუმცა ის თითქმის ვერასოდეს ასრულებს ამ ფუნქციას. შედეგად, ადამიანების უმეტესობა ისე გალევს სიცოცხლეს, რომ ვერ შეიმეცნებს საკუთარ შემოქმედებით ტალანტს, ვერ აგნებს საკუთარ მისწრაფებას და ამ კუთხით, ძნელია, მათ ცხოვრებას ცნობიერი უწოდო.

მესამე კი ის გახლავთ, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკას თავისებური მანია ახასიათებს: ნაცვლად სერიოზული დისკუსიისა იმაზე, თუ როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს მომავლის შეუცნობელი ცვლილებების ღირსეულად დასახვედრად, ჩვენ გვესმის მომაბეზრებელი მანტრები ტრადიციული აკადემიური განათლების სტანდარტების ამაღლებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სტანდარტები სხვა დროისა და სხვა მიზნებისთვის იყო შემუშავებული – ჩემს წიგნში საუბარი ამ თემებსაც ეხება.

ჩვენ ვერასდროს შევიცნობთ მომავლის რთულ სამყაროს, თუ მხოლოდ უკანა ხედვის სარკისკენ გვექნება მიმართული მზერა. თუ ასე გავაგრძელეთ, აღმოვაჩენთ, რომ „არც მთლად სრულ ჭკუაზე ვართ.“

 

1 კენ რობინსონი (Ken Robinson) – განათლების ინგლისელი მკვლევარი, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო საზოგადოების ნამდვილი წევრი, დიდი ბრიტანეთის რაინდის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო კონსულტანტი განათლების საკითხებში.

მოსწავლეთა მოტივაციაზე მოქმედი ფაქტორები

0

მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას” 

                                                                                                                                   არქიმედე

 

დღეს მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ისევ პრობლემად რჩება ფიზიკისადმი მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია.

როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია ფიზიკის საგნისადმი? გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.

ცნობილია, რომ ადამიანის მიერ მოვლენის აღქმის საფუძველია: დამოკიდებულებები, ინტერესი, საჭიროებები და კმაყოფილება. ყოველთვის ვცდილობ, სწორედ ამ ოთხი რამის  სწავლების პროცესში გათვალისწინებას.

მოტივაციაზე მოქმედებს გარე ფაქტორები, კოგნიტური ფაქტორები, განმტკიცებასთან დაკავშირებული ფაქტორები. კოგნიტიური ფაქტორები  განსაზღვრავენ შემეცნებით პროცესს. მათ მიეკუთვნება: მოსწავლეთა დამოკიდებულებები, მოსწავლეთა მოთხოვნები და ბუნებრივი მოტივები. ყველა მოსწავლეს არა აქვს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, ზოგიერთ მათგანს არ უნდა სწავლა…

მოსწავლის დამოკიდებულება რომ პოზიტიური გავხადოთ, მას უნდა დავინახოთ ფიზიკის მნიშვნელობა დღევანდელ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია, მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა ვაქციოთ ცოდნისმოყვარეობად.

დღესდღეობით, ვერცერთ სფეროში ვერ იქნები წარმატებული სპეციალისტი, თუ არ იცი თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მარტივად გამოყენებისათვის კი ფიზიკაა საჭირო. რადგან ეს საგანი ყველაზე მეტად ავითარებს მოსწავლეთა უნარებს.

დღეს ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება ციფრული და ელექტრული ტექნოლოგიები და ალბათ დამეთანხმებით, ეს პროცესი არც შენელდება, ამიტომ მალე ისეთ გარემოში ვიცხოვრებთ, სადაც ყოველ ნაბიჯზე ტექნიკის გამოყენება იქნება საჭირო.  ეს ყველაფერი კი ფიზიკასთანაა დაკავშირებული.

ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან. ამიტომ კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დასწყისში მოსწავლეებს გავუღვივებთ ინტერესს – ეს შეიძლება გაკეთდეს – ანიმაციით, საგანმანათლებლო თამაშებით, შესაბამისი ვიდეოს ჩვენებით, ვირტუალური ლაბორატორიის ან დაგეგმილი ექსპერიმენტის საშუალებით. მე ხშირად ვიყენებ ჩამოთვლილ საშუალებებს, რაც, როგორც მოსწავლეთა გამოკითხვამ აჩვენა, მათზე დადებითად მოქმედებს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ კომპიუტერით სარგებლობა და ცდების ჩატარება. ეს ყველაფერი ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტივობას.

 

მაგ. მე-9კლასის  პროგრამით გათვალისწინებულ თემაში:  წრფივი თანაბარი და თანაბარაჩქარებული მოძრაობების შედარებისას გამოვიყენე ვირტუალური ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს და შეადარეს ერთმანეთს წრფივი და აჩქარებული მოძრაობები და მათი გრაფიკები. დაინახეს, რომ წრფივი მოძრაობისას სიჩქარე არ იცვლება. განვლილი მანძილის დროზე დამოკიდებულება კი წრფეს წარმოადგენს, ხოლო აჩქარებული მოძრაობისას არ იცვლება აჩქარება, სიჩქარის დროზე დამოკიდებულება წრფივია. ამ დროს განვლილი მანძილი დროის კვადრატული ფუნქციაა, ე.ი. პარაბოლით გამოისახება. ამ შემთხვევაში ასევე შეიძლება პროგრამა „გეოგებრის“ გამოყენება.

ჩემ მიერ ბუნებრივი მოტივაციის გამოყენება ასევე ზრდის მოსწავლეთა ინტერესს. ისინი უკეთ იაზრებენ, როდესაც თვითონ აკეთებენ.

   მე-8კლასში ძალის მომენტის ახსნის დროს, მათ თვითონ ჩაატარეს ცდა კარზე. მოსწავლეებმა ძალა კარს სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა მიმართულებით მოსდეს და თვითონ დააკვირდნენ შედეგს. ამის შემდეგ იმუშავეს ჯგუფში და მივიდნენ დასკვნამდე: ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებულია მოდების წერტილზე, ძალის  სიდიდესა და მის მიმართულებაზე. ამ „აღმოჩენით“ დიდად კმაყოფილნი დარჩნენ. ძალის მომენტი კი ყველამ გაიგო.

ყველასათვის გასაგები და ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის იმის ცოდნას, რატომ უნდა იჯდეს გაკვეთილზე, რას წაიღებს ახალს.  მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით ხშირად ვიწყებ გაკვეთილს ანიმაციით, ეს ინტრიგასავითაა… აჩვენებ და წყვეტ, უხსნი. კვლავ აჩვენებ. მათ მეტი ინტერესი უჩნდებათ მასალის მიმართ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეს შეუქმნით მოტივაციას, ვატარებ მრავალფეროვან გაკვეთილებს, ვიყენებ მოსწავლეზე ორიენტირებულ სხვადასხვა მეთოდს, რომლის დროსაც მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღები კი არა, აქტიური შემოქმედია. მაგალითად, როდესაც მე-9 კლასში ლინზები უნდა ამეხსნა, ჩავატარეთ ჯგუფური სამუშაო. მოსწავლეებს მივეცი საჭირო მასალა და მათ თვითონ გამოიკვლიეს ლინზები და დააკვირდნენ მიღებულ  გამოსახულებებს. წარმოადგინეს პრეზენტაცია და ახსნეს, როგორი ლინზები არსებობს და როგორი გამოსახულება მიიღება შემკრებ და გამბნევ ლინზებში და რატომ. შემდეგ ყოველთვის იხსენებდნენ, რომ ეს გაკვეთილი და ლინზები არასოდეს დაავიწყდებათ.

ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან:

მოსწავლეთა უკუკავშირის გასაგებად სკოლაში ჩავატარეთ გამოკითხვა. მოსწავლეთა უმრავლესობა  აღნიშნავს, რომ:

1) ვირტუალური ლაბორატორია ეხმარება მათ ახსნილი გაკვეთილის უკეთ გაგებაში; 2) გაკვეთილი უფრო თვალსაჩინოა, უკეთ აღიქვამენ მოვლენებს, ბევრ რამეს ხედავენ ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ, არა მარტო რესურსის უქონლობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მისი კლასში ჩატარება არაა უსაფრთხო. ან არის ისეთი საკითხები, რომლებსაც ცდის დროს ვერ დაინახავ, ვირტუალურ ლაბორატორიაში კი ჩანს.

3) მათ ასევე მოსწონთ პრაქტიკული გაკვეთილები, სადაც თვითონ იკვლევენ, თვითონ ატარებენ ცდებს.

4) მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს მრავალფეროვანი გაკვეთილები, რომლებშიც ცოდნის ამგები თავად არიან, სადაც ეძებენ სიახლეებს, აანალიზებენ, მსჯელობენ და ა.შ.

მოსწონთ, როცა ვიყენებთ კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმას: წყვილებში მუშაობა, ჯგუფური მუშაობა… ბევრი მეთოდი გამომიცდია, ხშირად გამოდის ისე, რომ ვაკეთებ მეთოდების მოდიფიცირებას. ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელმა საკუთარი მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს უნდა მოარგოს მეთოდები. ასე რომ, ხშირად გამიკეთებია სწავლების სტრატეგიების მოდიფიცირებაც.

მოსწავლეები საუკეთესო შემფასებლები არიან და მიხარია, რომ ჩემი და მათი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.

მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს კლუბი „ტესლა“, რომლის მიზანია შეამზადოს მოსწავლე, მზარდ ტექნოლოგიურ პროცესებთან უპრობლემოდ შესახვედრად; ასევე დაანახოს და ასწავლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობა. კლუბში გაერთიანება შეუძლიათ  ბავშვებს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. კლუბში მუშაობამ გაზარდა მათი ინტერესი ფიზიკის მიმართ. აქ მათ შეხება აქვთ მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიებთან. იძენენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. სწავლობენ და პრაქტიკულად აკავშირებენ მეცნიერებას საინჟინრო ტექნოლოგიებთან, ეს ყველაფერი კი მათ ეხმარება სამეცნიერო-ტექნიკური უნარის ჩამოყალიბებაში, მომავალი პროფესიის არჩევაში.

        რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ახლავს წინააღმდეგობები:

ა) ელექტროენერგიის უქონლობა;

ბ) მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

გ) უფრო რთულია კლასის მართვა

დ) დაბოლოს, გაცილებით მეტი დროა საჭირო, მოითხოვს რესურსებს.

წინააღმდეგობათა თავიდან აცილების ერთ-ერთ გზად იქცა მასწავლებლის პროფესიული ზრდა. მუდმივად ვიღებ მონაწილეობას არა მარტო სკოლის ბაზაზე, არამედ გარედან შემოთავაზებულ აქტივობებში, რაც მეხმარება, ვუპასუხო გამოწვევებს. ასევე სასურველია, საგნობრივმა კათედრამ მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეზე ორიენტირებული ბიუჯეტის დაგეგმვაში.

რომ შევაჯამოთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკა მოსწავლისათვის საინტერესოა, თუ:

ა) დავუკავშირებთ ყოველდღიურობას;

ბ) გამოვიყენებთ ანიმაციებს, კომპიუტერულ თამაშებს;

გ) ფიზიკურ მოვლენებს მათთვის ხილულს გავხდით;

დ) თუ მოსწავლეებს ზუსტად ეცოდინებათ, რას მიიღებენ გაკვეთილიდან. რა ეცოდინებათ იმაზე მეტი, რაც მანამდე იცოდნენ.

ე) შევთავაზებთ მრავალფეროვან აქტივობებსა და მეთოდებს;

ვ) ეტაპობრივად გადავცემთ პასუხისმგებლობას;

ზ) ჩვენში დაინახავენ უფროს მეგობარს, რომელიც მათზე ზრუნავს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ავტორი: ირინა აბულაძე

  თარიღი: 24 ივნისი, 2014  ,,მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში’’  ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

 

  1. ავტორი: ცვატა ბერძენიშვილი

  

    თარიღი: 9 ოქტომბერი, 2015 .,,მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები’’  ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

 

3.ავტორი: მანანა ბოჭორიშვილი.

თარიღი: ივლისი. 2013წ

აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია და პედაგოგიკა.   ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

4.ავტორი: გუგუშვილი ნ.(1982). მოტივაცია (25/06/2017)

  1. Gugushvili p=1982

https://mastsavlebeli.ge/?

 

5.ავტორი:ნათია იდაძე

თარიღი: 6-7 ივლისი, 2014.

 მასწავლებელი და სოციალური გარემო

The 2nd Teacher Conference “University and School” (Problems of Teaching and Education)

  1.     ავტორი: სოფიკო ლობჟანიძე

თარიღი:  3 მაისი,2012წ.

„როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“

 ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

 

7.ავტორი:მანანა მელიქიშვილი.  

თარიღი: 2013,,მოტივაცია’’

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

8.ავტორი: ნათია ნაცვლიშვილი. ნინო ლაბარტყავა.  

    თარიღი: 2013 წ.

,,მოტივაცია’’.

ჟურნალი  ,,მასწავლებელი“.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...