კვირა, ივნისი 1, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

დავალებები ონლაინგაკვეთილებისთვის

0

ნებისმიერი გამოწვევა, თუნდაც იძულებითი, ახალი შესაძლებლობაა. ტრენინგებზე ხშირად გვიწუწუნია, რომ გაკვეთილებზე ონლაინრესურსების ხშირად გამოყენების საშუალება არ გვაქვს. და აი, სწორედ ახლაა დრო, დანაკლისი ავინაზღაუროთ.

ონლაინ- თუ ტელეგაკვეთილებმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ მასწავლებლებს უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს.

აქ არ დავწერ, რომელი მასწავლებლების გაკვეთილებს ვუყურებ ინტერესითა და ხალისით, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს გაკვეთილები, რომლებზეც მასწავლებლები მოსწავლეებს ფიქრისკენ უბიძგებენ და რომლებზეც თავიანთ ადამიანურ დამოკიდებულებას არ მალავენ, თანაც ისე, რომ საკუთარ აზრს თავს არ ახვევენ მსმენელს, უბრალოდ გამოცდილებას უზიარებენ. მიყვარს ემოციების გაზიარება, რომელიც ბავშვებს ლაღად ცხოვრებაში, სილამაზისა და ბედნიერების აღქმაში ეხმარება… არადა, ძალიანაც მინდა, დავასახელო ეს მასწავლებლები, ჩემთვის უინტერესო საგნის გაკვეთილებიც რომ შემაყვარეს.

მეც ვცდილობ, მოსწავლეებს გაკვეთილები გავულამაზო და გავუფერადო, ამ ფორსმაჟორის დროს კი – განსაკუთრებით.

გახსოვთ სტატია, სადაც გეოგრაფიის სწავლების მნიშვნელობაზე ვწერდი? ჰოდა, ახლა გაგიმხელთ, რომ ქვეტექსტად მას სწორედ „არასტანდარტული“ (როგორც მავანნი იტყვიან) სწავლების აუცილებლობა გასდევდა. არ მესმის, რატომ უნდა მოვთხოვო მოსწავლეს სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ტექსტებისა და სტატისტიკური მონაცემების დაზეპირება და ჩაბარება. რას მისცემს? რაში გამოადგება 10, თუნდაც 5 წლის წინ გამოცემულ სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაცია? საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის (2014 წ.) შედეგებიც კი მოძველებულია, სახელმძღვანელოში კი 2010 წლის მონაცემებია შეტანილი. ხომ არ სჯობია, მეცხრეკლასელებს, მათი დაზეპირების ნაცვლად, მივცეთ ახალი მონაცემები (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba?fbclid=IwAR3qRSekWUtTglhkpJ8gUp3BmiI6TP6_IF84UmPG64fOEFBCEZ9fmktAlAc ) და მათზე სხვადასხვა დავალება ავაგოთ? თუნდაც შედარება:

  1. როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე?
  2. როგორი იყო ბუნებრივი მოძრაობა 2010 წელს და როგორია დღეს?
  3. რომელმა ფაქტორებმა განაპირობა მოსახლეობის ზრდა?
  4. შეაფასეთ დღევანდელი დემოგრაფიული ვითარება.
  5. რა საჭიროა მოსახლეობის რაოდენობის შესწავლა? – და ა.შ.

მოსწავლე კითხულობს სახელმძღვანელოსა და ვებგვერდზე მოცემულ დიაგრამებსა და ცხრილებს და ფიქრობს, ანაალიზებს, აფასებს.

მეცხრეკლასელებისთვის კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოვიფიქრე. ურბანიზაციის თემის განხილვამდე მივეცი ასეთი დავალება: ოჯახის წევრებთან ერთად მოიძიეთ სიმღერა, ლექსი ან ნახატი საქართველოს რომელიმე ქალაქის შესახებ და გაკვეთილზე წარმოადგინეთ. წარმოიდგინეთ, როგორი ხალისით ჩაივლის ონლაინგაკვეთილი. ამავე დროს, მოსწავლეებმა ქალაქები უნდა მონიშნონ NatGeo Interactive mapmaker-ის (https://mapmaker.nationalgeographic.org ) ვებგვერდზე და შექმნან ინტერაქციული რუკა. რუკაზე ტექსტთან ერთად, მოგეხსენებათ, ვიდეოს დამატებაც არის შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო და მხიარული რუკა გამოვა. ქალაქებიც დაამახსოვრდებათ და იხალისებენ კიდეც.

აქვე შევთავაზოთ სინქვეინის შედგენაც მათთვის საყვარელ ქალაქზე ან სოფელზე. როდესაც სინქვეინს ვუხსნიდი, ვუთხარი, ლექსის წერას გასწავლით-მეთქი და ძალიან გაუკვირდათ. ახლა უკვე ოჯახის წევრების ჩართვაც ევალებათ.

სინქვეინის რამდენიმე მაგალითს გიზიარებთ:

 

თბილისი

ჩემია, ერთადერთია.

მიყვარს, მაბედნიერებს, მახალისებს.

ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში.

სახლი.

 

ქუთაისი

უძველესი, საგანძური.

ინახავს, გვახსენებს, გვასწავლის.

ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან.

მატიანე.

 

ბათუმი

თბილი, მზიანი.

ცეკვა, სიმღერა, დასვენება.

ზღვაო, არ გეტყვი ლექსს, მხოლოდ დაგიგდებ ყურს.

ზაფხული.

 

დაახლოებით ასეთივე დავალება აქვთ მეათეკლასელებსაც. მათ უნდა მოიძიონ ევროპის რომელიმე ქვეყნის კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, გაკვეთილისთვის შეარჩიონ ამ ქვეყნის ენაზე შესრულებული ერთი საყვარელი სიმღერა და გვიმღერონ. ყველა სიმღერის მოსმენას ერთ გაკვეთილზე ვერ მოვასწრებთ, ამიტომ ყოველ გაკვეთილზე თითოს ვისმენთ. ერთად ვმღერით. არც მსოფლიოში მიმდინარე პრცესები გვავიწყდება: აუცილებლად განვიხილავთ ნატოს სამიტს, რომელიც ონლაინრეჟიმში პირველად ჩატარდა. ჩრდილოეთი მაკედონიის მიღების საკითხი ხომ მშვენიერი სადისკუსიო თემაა. თუ არც ერთი მოსწავლე არ დასვამს კითხვას: რამ განაპირობა ამ ქვეყნის ნატოში მიღება? – შეგვიძლია, ჩვენ მივიყვანოთ ამ კითხვამდე. მერწმუნეთ, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა უფრო საინტერესო იქნება, რადგან ასე რამდენიმე თემაზე შეიძლება საუბარი: ბალკანეთის ქვეყნების სახელმწიფო წყობაზე, მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გავლენის სფეროებზე…

პარალელურად გაშლილი იქნება ვებგვერდი https://mapmaker.nationalgeographic.org/#/

და მოსწავლეები შექმნიან თემატურ რუკებს, დაამატებენ ტექსტებს, ფოტოებს და ვიდეოებს. ეს ვებგვერდი სხვადასხვა მიზნით ყველა კლასში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მერვე კლასში ურბანიზაციას რამდენიმე გაკვეთილი დავუთმე. სახელმძღვანელოში არსებული პარაგრაფები გავაერთიანე. ინტერნეტში წავაწყდი ვებგვერდს: https://ourworldindata.org/urbanization

ამ საიტზე ნახავთ რუკებსა და დიაგრამებს.

აი, ერთი მათგანი:

თითქოს ჩვეულებრივი რუკაა, მაგრამ თუ ვებგვერდზე შეხვალთ, ნახავთ, რომ რუკა ანიმაციურია, ქვეყნებს კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით აჩვენებს. სახელმძღვანელოში ფერების გარჩევა ხშირად კითხვებს ბადებს, ეს რუკა კი მხოლოდ იმ ქვეყნებს აფერადებს, რომელთა პროცენტული მაჩვენებლებიც გვაინტერესებს.

დავალება 1. მოცემული რუკიდან ამოიწერეთ 5-5 ქვეყანა ურბანიზაციის დონის მიხედვით.

შეავსეთ ცხრილი:

20%-ზე ნაკლები 20-60% 60%-ზე მეტი
 

 

   

 

დავალება 2. გამოიყენეთ ვებგვერდი https://mapmaker.nationalgeographic.org/#/ აირჩიეთ ყველა კონტინენტიდან ერთი ქალაქი, მონიშნეთ რუკაზე, განსაზღვრეთ კოორდინატები, ფუნქციები. შექმენით რუკა სათაურით „ჩემი ქალაქები“. რუკის დიზაინი თავისუფალია.

დავალება 3. გასულ სასწავლო წელს შემაჯამებელი წერის დროს გამოვიყენე დიაგრამა, რომელიც ქვეყნების ურბანიზაციისა და განვითარების დონეებს გვიჩვენებს. მოსწავლეებს უნდა გაეანალიზებინათ ის და აეხსნათ, რა კავშირია ამ ორ მაჩვენებელს შორის. დისტანციური სწავლების დროს უკვე შეგვიძლია, დიაგრამის ნაცვლად კვლავ https://mapmaker.nationalgeographic.org/#/ გამოვიყენოთ. მოსწავლეებს დავავალოთ, შექმნან ფონური რუკები ქვეყნების განვითარების დონისა და ურბანიზაციის მაჩვენებლებით, შემდეგ დააკავშირონ ეს ორი მაჩვენებელი და მათ ურთიერთმიმართებაზე იმსჯელონ.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ურბანიზაციის თემის განხილვისას „ქალაქის აშენება“ გამოვიყენე. ეს აქტივობა თქვენთვის უკვე ცნობილია. მეთოდებიდან ვიღებ იმას, რაც ჩემი ხდება. ზოგის ინსტრუქციას პირდაპირ ვიყენებ, ზოგისას კი კლასის საჭიროებისა და ჩემი ხედვის მიხედვით ვცვლი. ამჯერადაც ინსტრუქცია ოდნავ შევცვალე, დროისა და ფორმატის გათვალისწინებით შევამცირე.

„ჩვეულებრივი გაკვეთილების“ დროს „ქალაქის მშენებლობა“ წინარე ცოდნის გააქტიურების საშუალებაა და გამოწვევის ფაზაზე სრულდება. ააქტიურებს მოსწავლის შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას. ჩემი აზრით, ამ აქტივობის გამოყენება შეცვლილი ინსტრუქტაჟით დისტანციური სწავლების დროსაც არის შესაძლებელი. ეს აქტივობა მოსწავლეს პრობლემის გადაჭრის უნარსაც განუვითარებს. ონლაინგაკვეთილის ხანგრძლივობა ხომ მცირეა, ამიტომ არ ვკარნახობდი, სად აეშენებინათ ქარხნები, საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა; არ მითქვამს არც ხეების მოჭრის შესახებ.

საინტერესოა, რომ ტექსტი, რომელშიც ატმოსფეროსა და მდინარეების დაბინძურებაზეა საუბარი, აღარ გავაგრძელე, თუმცა მოსწავლეებმა ნახატებში ეს თავისებურად ასახეს. ყველა ნახატში მდინარეს უამრავი ნაგავი მოჰქონდა. ვიხალისეთ.

ამ აქტივობის შემდეგ უფრო გაუადვილდათ ქალაქური პრობლემების განხილვა.

მეშვიდე კლასში მოსახლეობის დემოგრაფიის საკითხების შესწავლა ონლაინგაკვეთილზე თამაშით დავიწყეთ. ჩვენი ოჯახებით მინისახელმწიფოები შევქმენით. უცებ ჩამოვაყალიბეთ მანანას, ნიას, ლუკას სახელმწიფოები. შემდეგ ჩამოვთვალეთ, რომელ ქვეყანაში რამდენი ბავშვი ცხოვრობდა და აღწარმოების რაობა გავარკვიეთ. საშინაო დავალებისთვის გაკვეთილზევე განვიხილეთ ინტერაქციული ვებგვერდი https://www.worldometers.info/world-population/#top20 , რამდენიმე ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელსაც გავეცანით. ამ გვერდზე ყველა ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებია, ასე რომ, მომდევნო გაკვეთილებზეც გამოიყენებთ.

დავალება: გამოიყენეთ მითითებულ ვებგვერდზე https://www.worldometers.info/world-population/#top20 მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, ამოირჩიეთ ქვეყნები, გამოთვალეთ ბუნებრივი მატება, განსაზღვრეთ, აღწარმოების რომელ ტიპს მიეკუთვნება და შეავსეთ ცხრილი:

გაფართოებული მარტივი შეზღუდული
 

 

   

 

ეს ის დავალებებია, რომლებიც ამ დროისთვის შევაგროვე.

ილუზია და ცოდნა  

0

„ადამიანთა 99% რეალობას აღიქვამს არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთად, როგორადაც ის ინტერპრეტირებულია წარსულის გამოცდილებისა და მზა შეხედულებების მიერ“.

ჯო დისპენზა

 

„ცნობიერება ხრიკების ნაკრებია“.

მარვინი

 

რამდენი რამ გვეჩვენება სამყაროში ისეთად, როგორიც ის არასდროს ყოფილა? ეს ეხება საგნებს, ფაქტებს, მოვლენებს, ურთიერთობებს… მერე ვამბობთ, რომ „მოგვეჩვენა“.

გიფიქრიათ, რატომ გვეჩვენება რეალობა დამახინჯებულად და ზოგჯერ ასიმეტრიულადაც კი? რაზეა დამოკიდებული ჩვენი „მოჩვენებები“?

უცნაურია, როცა რაღაცას ვუყურებთ და ხან თვალი გვატყუებს, ხან – ყური, ხან – გონება, და რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით ამ საკითხს, მით უფრო ყალბად გამოიყურება სამყარო და ადამიანთა ქცევა და ურთიერთობა ამ სამყაროში. რა თქმა უნდა, ადამიანი ამას უმეტესად ვერ აცნობიერებს და ცხოვრობს ასე, სტერეოტიპებისა და წარმოდგენების ტყვეობაში; მუდამ ზედაპირზე დაფარფატებს და ვერასდროს სწვდება სიღრმეს.

ყველაფერი კი შეიძლება სკოლიდან დაიწყოს!

ბავშვის ცნობისმოყვარეობა მაშინ იზრდება, როდესაც ის რაღაც შეუსაბამოს აღმოაჩენს თავის გარშემო და „გამოძიებას“ იწყებს. აი, სწორედ ახლაა დრო, აუხსნა, ასწავლო, ცოდნა მიაწოდო. ამ გზით მიღებული გამოცდილება არასდროს დაავიწყდება. ასე რომ, ღირს, გავაოცოთ მოსწავლეები – კლასში, სტუდენტები – აუდიტორიაში და მერე ერთად ვიმოგზაუროთ ცოდნის სამყაროში.

ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც თბილისში „ილუზიების მუზეუმს“ ვეწვიე და ბავშვებთან ერთად მეც დიდი სიამოვნება მივიღე. საქართველოც შეემატა მსოფლიოს იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასეთი მუზეუმი არსებობს. ქართული მუზეუმის გახსნის იდეა „სარკე ჯგუფს“ ეკუთვნის. სწორედ მისი ინიციატივის შედეგია, რომ „მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს“.

საკმაოდ შთამბეჭდავი იდეაა ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად და არა მხოლოდ ბავშვებისთვის.

ილუზიის შესახებ სალექსიკონო სტატიებში ვკითხულობთ: მას შემდეგ, რაც 1854-55 წლებში ჯ. ოპელმა ილუზიის პირველი მეცნიერული ანალიზი გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ბუნებაში, შეგრძნებებში, აღქმასა და ხელოვნებაში არსებულ ილუზიებზე. ილუზიების შესწავლაში ოპელის მოკრძალებული წვლილი გახლდათ ხაზებით შემოსაზღვრული სიბრტყე, რომელიც უფრო გრძელი ჩანდა, როცა რამდენიმე სეგმენტად იყო დაყოფილი (ვარიანტი ა), ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ განაპირა ხაზებს ვხედავდით (ვარიანტი ბ).

ილუზიების მუზეუმში წარმოდგენილი 70-ზე მეტი ინსტალაცია ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას უფრო მეტად შეგაყვარებთ. რა საინტერესო იქნებოდა, ასეთი მოვლენების ასახსნელად მოსწავლეს კომპლექსური ცოდნა მიეღო სკოლაში! შესანიშნავი იდეაა ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაც, რომელიც ბავშვს დაეხმარებოდა, მთლიანობაში გაეაზრებინა მოვლენა.

ილუზიების მუზეუმის ერთ დარბაზში – მიაბიჯებ და ფეხდაფეხ „მოგყვება“ აინშტაინის ჰოლოგრამა; სხვა კედელზე სარკეების ეფექტით უსასრულობას ჩახედავ თვალებში; მერე ის გაგაოცებს, როგორ განსხვავდება სარკეში არეკლილი სურათი რეალობისგან. ხიდზე გადადიხარ და – ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამო გგონია, ხიდი ირწევა და სადაცაა, გადავარდები, სინამდვილეში კი მსგავსიც არაფერი ხდება.

მაშ, რა მოსდის ჩვენს გონებას? რატომ აღიქვამს მოძრაობას იქ, სადაც მოძრაობა არ არის? საინტერესოა, ხომ?

მსგავსი „ილუზიების“ მეცნიერული გააზრება საჭიროა. სხვაგვარად ეს ცრუ ცოდნა საგნებიდან და მოვლენებიდან სოციალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში გადაინაცვლებს და ბედნიერებაში ხელს შეგვიშლის.

როგორც ფილიპ ზიმბარდო წერს: ცრურწმენა (Prejudice) სამიზნე ობიექტის მიმართ წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს (არმოწონება ან შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს (სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებს არსებულ დამოკიდებულებას და ქცევით განზრახვებს – აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნეს ის, ვინც ამ სამიზნე ჯგუფს ეკუთვნის.

ამასთან დაკავშირებით ზიმბარდო ასეთ ამბავს გვიამბობს:

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდისპირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდისპირებს, იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე და ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ორივე ჯგუფის წევრებს მიმართავდნენ ჯგუფის ფერის შესაბამისი სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდა და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, საკუთარ ჯგუფს ცდისპირები უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც: მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდე გამოვლინდა, სანამ ცდისპირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ (Rabbie, 1981).

დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიასაც“ თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ფიქსირებულ განწყობათა შექმნა ადვილია, მით უმეტეს, რომ ეს მოვლენა, წესისაებრ, არაცნობიერია, ადამაინი კი მხოლოდ პრობლემებს, ანუ ზედაპირს ხედავს; სიღრმეში კი, აი, ეს ხდება: ფიქსირებული განწყობები იწვევს რეალობის დამახინჯებას; როდესაც რაღაც იცვლება (ან არსებობს შესაძლებლობა, შეიცვალოს), ჩვენი ცნობიერება მოვლენებს კვლავ ისე „ხედავს“, როგორც „მიჩვეულია“.

ახლა თუ ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ ცრურწმენებსაც გავიხსენებთ, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის, ამ სტერეოტიპების მიღმა აღიქვან სამყარო, მივხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობაა, ასწავლო ბავშვს, როგორ ტყუვდება თვალი, გონება, ცნობიერება და ის, რაც „ნამდვილი“ გვგონია, სინამდვილეში ილუზორულია, ცრურწმენებს ეფუძნება.

როცა ბავშვისთვის საინტერესო ფოკუსის ახსნას ცდილობენ, ის უარობს, რადგან ადამიანს სურს, სასწაულების სჯეროდეს. ბევრი ზრდასრულ ასაკშიც ილუზიების ტყვეობაში დარჩენას ამჯობინებს. ჰოდა, სანამ ასე მოხდება, მანამდე ჩვენ უნდა გავიკეთოთ „ცოდნის სათვალეები“ და ისე შევხედოთ სამყაროს.

ბავშვობის შთაბეჭდილებები – სასწავლო რესურსი

0

„ეს იყო ორმოცი წლის წინ. მას შემდეგ აღარ მინახავს ის ნაპირი და ჩამპაკის ხეებში ჩაფლული აგარაკი. იგივე ხეები, იგივე სახლი, ალბათ ისევ დგას, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვის ცოცხალი და მხურვალე ცნობისმოყვარეობა ხატავდა, აღარ არის იქ. საიდან მოვიპოვო შთაგონების ის მძლავრი ძალა?“

„დღენი ჩემი სიჭაბუკისა“, რაბინდრანათ თაგორი

 

ბავშვობის შთაბეჭდილებები მძაფრი და დაუვიწყარია. სამყაროს ბავშვისეული აღქმაც განსხვავებულია. ცხოვრებისეული დამოკიდებულება, პირადი დაკვირვება თუ ფსიქოლოგთა დასკვნები ერთსა და იმავე მოსაზრებისკენ გვიბიძგებენ, კერძოდ, ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ბავშვობაზე დგას.

მწერალთა ბავშვობის დღეებზე დაკვირვება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ასე დავაგროვე პატარ-პატარა ამბები, რომლებიც მოთხრობების, ლექსების, პოემების, რომანების, პირადი წერილების მიღმა მწერლებისა და პოეტების ცხოვრებაში გვახედებს და მათ შესახებ ჩვენეულ დამოკიდებულებას ქმნის: მირზა გელოვანი თქვენობით ელაპარაკებოდა დედ-მამას; ვაჟას გულჩვილი, კეთილი, სტუმართმოყვარე დედა ჰყავდა,  გამორჩეული სახელით – გულქანი; ტერენტი გრანელს  დედა ხუთი წლისას გარდაცვლია, წიგნების სიყვარული კი ზუგდიდის მაზრაში ცნობილმა მწიგნობარმა, იაკობ შანავამ გაუღვივა; ნიკოლოზ ბარათაშვილს დედა იმ დროს დადგენილ წესებს არღვევდა და ჩვილს თავად აჭმევდა ძუძუს;  სულხან-საბა მამიდაშვილებმა – ვახტანგ V-ის ვაჟებმა არჩილმა, ლევანმა და გიორგიმ აღზარდეს.

ხშირად ვფიქრობ ჩემი ბავშვობის დღეებზე, გზებზე, ადამიანებზე, სახლებზე, ხეებზე. დაკვირვებული ვარ, ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო მოსასმენი ჩემი მოგონებებია. შეუძლიათ, ერთი და იგივე მრავალჯერ მომაყოლონ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბერში, ინდოელი მწერლისა და პოეტის, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“  წავიკითხე, რომელიც სკოლის, სწავლების, მასწავლებლების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ასახავს. მწერალი პირველივე გვერდებიდან გვიმხელს, რომ ფურცელზე გადატანილი ნებისმიერი მოგონება ლიტერატურაა. ბატონი თაგორი თანამოაზრე აღმოჩნდა. ერთგან წერს: „ცნობილია, ლიტერატურის გულწრფელი სიყვარული უფრო იშვიათია, ვიდრე ლიტერატურული ერუდიცია“ –  ლიტერატურის მასწავლებლისთვის ეს საყურადღებო გზავნილია.  თაგორი ერთნაირი მოწიწებითა და აღფრთოვანებით იხსენებს უბრალო ადამიანს, შრიკანტა-ბაბუს თუ დოქტორ რაჯინდრალალ მითრას. „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“ ცხოვრების ჩვეულებრიობის მიღმა არსებულის პოეზიად გადაქცევის მცდელობაა. მიჰყვები მწერალს მოგონებების ლაბირინთში და შრიკანტა-ბაბუ სამუდამოდ გამახსოვრდება: „ეს მოხუცი ერთდროულად მეგობრობდა მამაჩემთანაც, ჩემს უფროს ძმებთანაც და ჩვენთანაც, ბიჭებთან. ძნელად მოიძებნებოდა მეორე კაცი ლექსების ეგოდენ ტრფიალი. ვით პატარა კენჭს აიტაცებს ჩანჩქერის ნაკადი, წყლის სწრაფი ბრუნვით ააცეკვებს, აათამაშებს, ასევე მისთვის საკმარისი იყო სულ მცირე საბაბი, რომ უზენაეს აღტაცებას მისცემოდა“.

დოქტორ რაჯენდრალალ მითრას ასე გვაცნობს: „ის არა მარტო ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, მას ჰქონდა იშვიათი, მომხიბლავი ხასიათი, რომელიც მის სახეშიც გამოკრთოდა. საზოგადოებრივ მუშაობაში დაუზარელი და ენერგიული მუშაკი, პირად ცხოვრებაში სრულიად იცვლებოდა და ისეთ პაწია ბალღსაც, როგორიც მე ვიყავი, გატაცებით ესაუბრებოდა სერიოზულ თემაზე“.

რაბინდრანათ თაგორმა ბავშვობის მოგონებების გამოსახმობად შთაგონება კიდევ უფრო გამიმძაფრა.  თუ ჩვენ პატარა ადამიანების სულებთან გვაქვს შეხება, მათი აღზრდა და გამოწრთობა გვავალია, სწორედ ასეთი ბავშვობის ამბები უნდა ვუამბოთ მთელი გულითა და მონდომებით. ამგვარად ცხოვრების შემჩნევა, დაკვირვება, შეყვარება, დამახსოვრება და დაფასება ვასწავლოთ.

როგორ დავუკავშიროთ საგაკვეთილო პროცესს?

მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით შეგვიძლია მოვძებნოთ ქართველი მწერლების ბავშვობის მოგონებები. მაგალითად, სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ ვაჟა-ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“, დავით კლდიაშვილის „ჩემი ცხოვრების გზაზე“, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“…

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდით წავიკითხოთ ტექსტები.

გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე თავად ვუამბოთ ჩვენი ბავშვობის მოგონებები. თხრობა  ლიტერატურას რომ დაემსგავსოს, მოსაყოლ თემებს სათაურები მოვუფიქროთ. სანამ მე ჩემი მოგონებების გაცოცხლებას შევუდგები, ბოლომდე მივყვები გაკვეთილის ხაზს.

შეგვიძლია ბავშვებს ვთხოვოთ, ინტერვიუ ჩაწერონ ბებია-ბაბუებთან, მშობლებთან და მოპოვებული ინფორმაცია  საკლასო ოთახში ერთმანეთს გააცნონ.

გზები

მე მამას „ლურჯაში“ გავიზარდე. ასე დაარქვა საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანას „აძინადცატს“. 90-იანი წლების შიმშილს ჩემი მშობლები მასწავლებლობისთვის ვაჭრობის შეთავსებით ებრძოდნენ. წავიდოდნენ კახეთში. წაიღებდნენ ჭაღებს, ათას წვრილმანს. გადავიდოდნენ ბაქოში. ჭაღებს ცვლიდნენ ბენზინში. წნორში დაბრუნებისას ბენზინი ხორბლად იქცეოდა. კახეთიდან ზეთი და ფქვილი მთა-მთიულეთში მიჰქონდათ. იქიდან თბილისში ხაჭოთი, ყველით, ხორცით, ხილით ვბრუნდებოდით. ეს ყოველივე კი ხან იყიდებოდა, ხან – ვერ. ამ უცნაური ვაჭრობით ჩვენს ოჯახს ფული ვერა, მაგრამ უხვად ჰქონდა საჭმელ-სასმელი.

დამღლელი მგზავრობებისას წვრილმანების ფუთებსა და ფქვილის ტომრებს შუა ვიყავი მიკუჭული და მანქანიდან ვაკვირდებოდი გაბლანდულ შარაგზებს. ასე დამამახსოვრდა კახეთის ცხელი, გველებიანი გზატკეცილები, ყაზბეგის ვარდისფერი კლდეები და ვიწრობები, ძველ თბილისში, მტკვრის სანაპიროს გაყოლებით მანქანათა სვლა, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისთან თვალების დახუჭვის რიტუალი.

ყინვაში, წვიმასა თუ თაკარა მზეში დავდიოდით და ხან მიყრუებული სოფლის ბოლო ჭიშკართან გვიღამდებოდა, ხან ორთაჭალაში, ხან კი მცხეთის  ავტობანზე.

ტიბაანიდან მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სანახავად მე და ჩემმა მეგობრებმა ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა. შემოდგომის თბილი დღე სიარულს გვიადვილებდა. ალაგ-ალაგ მაყვლის ბუჩქებითა და მოყვითალო მიწით დაფარული გზა იმ დღის ისეთივე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დამრჩა, როგორც  ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დაკეტილი კარი.

ზაფხულია. მე და ჩემი ბიძაშვილი სოფელში ვართ. თაკარა მზეში შარაგზაზე ფეხზე ვიხდით და ფეხშიშველები მოვტანტალებთ. ფეხისგულებს ცხელი ასფალტი გვიწვავს და გვსიამოვნებს. ამ მოგონებას ოცდაათი წელია გულით დავატარებ.

ჩვენ ვართ გზები, რომლებზეც გვივლია.

 

მამას მეგობარი „ლეინტენანტი“

მამას სახლში ხშირად მოჰყავდა მეგობრები. მათ შორის იყო ერთი მაღალი, ხმელი კაცი, რომელსაც ზედმეტსახელად „ლეინტენანტს“ ეძახდა. ქვეყანაში საშინელი სიღატაკე იყო. ამ კაცს კი ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა „სნიკერსი“ . უზომოდ მიხაროდა მისი დანახვა. მამას მეგობართან შეხვედრის ბუნდოვანი სურათებიდან „ლეინტენანტის“ ღიმილი  და „სნიკერსი“ მახსენდება. მამაჩემის მადლიერი ვარ ამ ნაუცბადევად მოყვანილი სტუმრებისთვის, ჩემი გული სიყვარულით რომ აავსეს.

 

 ხეები

დაფიქრებულხართ თქვენი ბავშვობის ხეებზე? მე ხშირად ვფიქრობ. ალაზნის ველთან ახლოს, სოფელ ტიბაანს ხევი ეკრა. ხევზე კაკლის ხე იდგა, რომელზეც მე და ჩემი თანატოლი ბიძაშვილი ხშირად დავძვრებოდით. ბაღში ბროწეულისა და ლეღვის ხეები იდგა. მათი ტკბილი და მსუყე ნაყოფით ზაფხულისა თუ შემოდგომის მზიან დღეებში პირს ვიტკბარუნებდით და ხელები ტკბილი წვენით გვეწებებოდა.

მუხიანში, სახლის წინ ბაღი გვქონდა, სადაც მამამ თეთრი ბალი დარგო. მალე ბლის ტოტები კორპუსის მეხუთე სართულამდე აიწოწა. ივნისის დასაწყისში ნაყოფის დაკრეფის დრო დგებოდა. უბნის ბიჭები ხშირად მოდიოდნენ მოსაპარად და თუ თვალს შევასწრებდით, ფაცხა-ფუცხით გარბოდნენ. მამაჩემი უშიშრად მოექცეოდა ხოლმე ხის კენწეროში და საგულდაგულოდ კრეფდა ბალს. უწვრილეს ტოტებზე ისე იდგა, თვალებზე ხელს ვიფარებდი შიშისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ ბლის დაკრეფის რიტუალიც ქარს გაჰყვა.

ფასანაურის ეზოში ვაშლის, მსხლისა და ჭანჭურის ხეები გვქონდა. სახლის უკან კი უზარმაზარი კაკლის ხეები იდგა. შემოდგომობით სახლი ივსებოდა დაბერტყილი კაკლის, მსხლისა და ვაშლის სურნელით.

ტყის ძირში გარეული მსხლის, პანტის ხე იდგა. ბავშვურ წარმოსახვას იმის წარმოდგენა მიშფოთებდა, რომ პანტის საჭმელად დროდადრო დათვი სტუმრობდა.

ბავშვობის ხეებზე ჩემს შვილებს ხშირად ვუყვები. ძვირფასი მეგობრებივით მომყვება მოგონებები მათთან გატარებულ დღეებზე.

 

 ეკლესიები

კახეთში, სოფელ ტიბაანში, ორი ეკლესიაა: მთავარანგელოზისა და წმინდა სტეფანე ხირსელის. მთავარანგელოზის ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. ხევისა და ფოთლოვანი ტყის გავლით ყოველდღე დავდიოდით და საგულდაგულოდ ვალაგებდით. იქიდან ვაკვირდებოდით ხირსის მონასტერსა და სოფელს.

დაუვიწყარი იყო სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძარში გატარებული აღდგომის ღამეები. გარდამოხსნის ეზოში გამოტანისას მრევლი ანთებული სანთლით ხელში ვუვლიდით გარს ტაძარს. მთვარიან ღამეში ალაზნის ველი და იქვე, ეზოში ჩარიგებული საფლავები იდუმალებით ავსებდა ჩვენს სულებს.

 

ტიბაანში ისევ დგას პაპაჩემის აშენებული ვეებერთელა სახლი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმაური იყო. ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს. სოფლის ორღობეები, ჭიშკრები, ძაღლები, ვირები, ინდაურები, რუები, სახლები, ბებოები, პაპები, ნათესავები – ბავშვობაში დარჩნენ, მაგრამ ჩემგან არსად წასულან. სიზმრადაც ხშირად ვარ იქ. წერისას განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობ იმ დღეების სინათლეს. მგონია, რომ ხან „პედრო პარამოს“ ვკითხულობ, ხან ხიმენესის პლატერო მიდგას თვალწინ, ხან კი „სულების სახლი“ მახსენდება. ერთი რამ ცხადია, რომ არა ჩემი ბავშვობა, სამშობლოს, ენისა და რწმენის განცდა, არ იქნებოდა ისეთი ღრმა და ფაქიზი, როგორიც ახლა არის ჩემში. სწორედ ამიტომ, აუცილებელი მგონია, ვუამბოთ ბავშვებს ჩვენი ადამიანების, გზების, ხეების, სოფლების, ეკლესიების, დაუვიწყარი დღეების შესახებ, რათა მათ სულშიც გაიზარდოს სიკეთე და სიყვარული, რომელზეც ცხოვრებას ააგებენ.

 

ბავშვები, მოწყენილობა და ონლაინ გაკვეთილები

0

მას შემდეგ, რაც ეს ვერაგი ვირუსი გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ ადრე თუ გვიან თითქმის ყველას კართან ჩამოდგება, იმაზე ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი შემხვდება და ჰოსპიტალიზაცია დამჭირდება; როგორ იქნებიან ბავშვები ჩემ გარეშე იმ არც თუ ისე ცოტა დღეების განმავლობაში. ან რა იქნება მაშინ, რომელიმეს თუ დაემართება და საავადმყოფოში მარტოს მოუწევს ყოფნა. ვირუსის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მარტოობის. ჩემი და ბავშვების მარტოობის, ერთმანეთის გარეშე ყოფნის. თითქმის ორი თვეა იზოლირებული ვართ, მაგრამ ეს არაფერია, ერთად ვართ. მარტო ყველაფერი რთულდება. როცა ბავშვი ხარ, ან როცა ბავშვები გყავს.

 

სკოლიდან წერილი მივიღეთ, ჩვენი ფსიქოლოგი მზადაა, დახმარება თუ დაგჭირდათ, მიმართეთო. მსოფლიო მედია წერს იმაზე, რომ როცა ეს ყველაფერი გადაივლის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წამოყოფს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვობა ამაზე არანაკლებ განსაცდელებს დაემთხვა – ომებსა და სიღარიბეს, შიშით, გაურკვეველი მომავლის შიშით ცხოვრება ადვილი არ არის. სანამ მე ვირუსზე ვფიქრობ, სხვა იმაზე ფიქრობს, რა აჭამოს იმ დღეს შვილებს ან იმაზე, როდემდე შეიძლება ვერაფერი აჭამოს.

 

ყოველ დილას 4 ეკრანი ციმციმებს და ტარდება გაკვეთილები, შეხვედრები, თათბირები. ყველა ცდილობს, ცხოვრება ისე გააგრძელოს, როგორც მანამდე. ჩემი 5 წლის შვილს ბაღის „გაკვეთილებიც” კი უტარდება zoom-ში. ვარჯიშობენ, ხატავენ, მღერიან, დიდხანს გაჩერება უჭირთ და მასწავლებლებმა გვითხრეს, არა უშავს, თუ თავიდან ბოლომდე ვერ გაჩერდებიან, ნაწილობრივად დასწრებაც საქმეა, ერთმანეთთან კავშირი რომ შევინარჩუნოთ, ფორმაში რომ ვიყოთო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო იშვიათად შედის, ვხვდები, რომ სტრესია ეს ბავშვებთან კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა და არ ვაძალებ.

 

უფროსი მეორე კლასშია და დღეში 4 გაკვეთილი აქვს. ზოგჯერ დილას ადრე გაღვიძება ეზარება. პარასკევს 4-ის ნაცვლად 2 გაკვეთილი აქვს და ეგ მოსწონს. პროგრამა ჩვეულებრივ გრძელდება, მაგრამ ორივეს ეტყობა, რომ ეკრანებთან მყოფებს სკოლის ეზოში თამაში, მეგობრებთან ლაპარაკი და თავისუფალი დრო ენატრებათ. მხოლოდ გამრავლების ტაბულა და ტექსტების ანალიზი ხომ არ არის სწავლა, მით უმეტეს, როცა პატარა ხარ და თამაშით და გარემოზე დაკვირვებით უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე დავალებების შესრულებით. ისე ენატრებათ ის ყველაფერი, რაც მანამდე იყო, ზოგჯერ მაგიტომ არ დგებიან საწოლიდან დილაობით და მაგიტომ ამბობენ უარს „გაკვეთილზე შესვლაზე”, რომ უფრო არ დასევდიანდნენ მონატრებისგან.

 

მეც ჩვეულებრივ ვმუშაობ – სახლიდან, მაგრამ სრული დატვირთით და დღის განმავლობაში თითქმის არ მრჩება დრო მათთან სათამაშოდ. თავიდან ეგონათ, ეს ყველაფერი არდადეგებივით იქნებოდა, ბევრი დრო გვექნებოდა ერთმანეთისთვის. მალევე გაირკვა, რომ დრო მხოლოდ საკუთარი საქმეებისთვის გვაქვს, რომელთა შესრულებაც სახლიდან, რომელიც სკოლაცაა, ბაღიც, ბიბლიოთეკაც, სათამაშო მოედანიც, პარკიც, კაფეც და სამსახურიც, ბევრად რთულია. ამ დღეებში ბევრს ვწერ იმაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ ცალკეული ადამიანის ცხოვრება – ვის შეეზღუდა გადაადგილება, ვინ მოწყდა ოჯახს, ვინ ვერ შეძლო ონლაინგაკვეთილებში ჩართვა, იმიტომ, რომ ინტერნეტთან წვდომა და გაჯეტისთვის ფული არ ჰქონდა და იმაზეც, ვინ ვერ იბანს ხელს, იმის გამო, რომ სუფთა წყალზე არ მიუწვდება ხელი. ასეთი ბევრია და პანდემია პირველ რიგში დაუცველებს ერჩის, მათ აზიანებს. ისიც ცხადია, რომ ცენტრალიზებული და მასობრივი მიდგომა თუნდაც ყველაზე კეთილშობილი მიზნით, გაუფრთხილდე ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ცალკეული ადამიანისთვის შეიძლება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხედ გადაიქცეს, როცა ეს მათი საჭიროებების უგულებელყოფას გულისხმობს. ვწერ ამ ამბებს და ეს მეხმარება, რომ არ ვიფიქრო ჩემს შიშებზე – როგორ მიჭირს ვენდო ექიმებს, პოლიციელებს, გადაწყვეტილების მიმღებებს; როგორ არ მინდა, რომ საკვების დეფიციტი გაჩნდეს და შიმშილობამ უფრო მასობრივი სახე მიიღოს; რა ახლოსაა რეალობა, რომ მალე ისეთი გაჭირვება დადგება, აღარ გვექნება ფული წიგნებისა და სათამაშოებისთვის და ბავშვები მიხვდებიან, რაზე ვლაპარაკობთ მაშინ, როცა ჩვენს ბავშვობაზე ვლაპარაკობთ. რა მოხდება მაშინ, თუ ბებია-ბაბუებს შეხვდებათ ეს ვერაგი ვირუსი – გადაიტანენ კი?

 

ვმუშაობ, ვუყურებ ჩემი, ბავშვებისა და მასწავლებლების შეცვლილი ცხოვრების წესს და ვფიქრობ, იქნებ სწორედ ესაა დრო იმისთვის, რაც არა პროგრამების ჩვეულებრივ გაგრძელებაში, სრული დატვირთვით მუშაობისა და მოციმციმე ეკრანებთან ჯდომისთვის უნდა გამოვიყენოთ. ესაა დრო, როცა ზუსტადაც ჩვენს შიშებსა და მონატრებებზე, იმედგაცრუებებსა და შეუსრულებელ ამოცანებზე უნდა ვიფიქროთ. ყველა ის ამბავი უნდა გავიხსენოთ ალბათ, რაც თავს გადაგვხვდა და არ გვინდა განმეორდეს და დავსახოთ გადარჩენის გზები – ინდივიდუალური, ჯგუფური თუ საყოველთაო. ალბათ ახლაა საუკეთესო დრო აღიარებისთვის, რომ – დიდებს გვეშინია, ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, რა იქნება ხვალ და ადამიანს კიდევ უამრავი რამ აქვს სასწავლი, თუნდაც ის, როგორ გადაურჩეს ვირუსის პაწაწუნა ნაწილაკებს ცოცხლად. ალბათ ეს დრო იმისთვისაცაა, რომ გადავაფასოთ ჩვენი ცოდნა და უნარები, განათლების და სხვა სისტემები – ალბათ ახლა საუკეთესო ნიადაგია  იმაზე მსჯელობისთვის, რას ვერ ფარავდა სასწავლო პროგრამები, ვის ვერ ხედავდა განათლების სისტემა, რამდენად არ აძლევდა საჭიროების მიხედვით ლავირებების საშუალებას  მასწავლებლებს და იმაზეც, რა ცოდნასაც ვაძლევთ სკოლაში ან უნივერსიტეტში ადამიანს, რამდენად საჭირო და გამოსადეგია ის.

 

ონლაინგაკვეთილებსა და სწავლებაზე საუბრისას ძირითადად განხილვის საგანი ტექნოლოგიური ელემენტებია ხოლმე – რა პროგრამას გამოვიყენებთ და როგორ ვმართავთ მოსწავლეებს დიდ და პატარა ჯგუფებში. ამ ვითარებაში ტექნოლოგიური საკითხები მგონია ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარი ისაა, რომ სწავლება, როგორიც არ უნდა იყოს, საჭირო ცოდნის გადაცემას უნდა ისახავდეს მიზნად და თუკი ამ დაშვებაზე შევთანხმდებით, შეიძლება იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ახლა, შიშების, იზოლაციისა და მარტოობის პერიოდში ყველაზე უპრიანია ბავშვებს ამაზე ველაპარაკოთ, იმაზე, რომ რაღაც დროს შეიძლება მარტო დარჩნენ, შეიძლება განსხვავებულ, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, შეიძლება ამის გამო ტკივილი და სასოწარკვეთა იგრძნონ, მაგრამ ეს არ უშველით – მხნეობა უნდა მოიკრიბონ და გადარჩნენ. თუ ამას გადარჩებიან, აუცილებლად იქნება ვინმე მათთან ახლოს, ვისაც ეს დაემართება და მათ გვერდით დგომა, მათი მხარდაჭერა უნდა იცოდნენ. შეიძლება ზუსტად ახლაა ის დრო, რაც სულ გვჭირდებოდა, პაუზისთვის, ამოსუნთქვისთვის და იმაზე დაფიქრებისთვის, სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ, რას ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს და რა სჭირდებათ სინამდვილეში. ამ დროს უფრო მარტივად აიხსნება გაკვეთილები ავტორიტარიზმის, დემოკრატიის, მეცნიერების მნიშვნელობის, ეკონომიკური დილემების, სახელმწიფო მოწყობის შესახებ, გაკვეთილები უფლებებისთვის ბრძოლის, იზოლაციის, გარიყვისა და დისკრიმინაციის, სამართლიანობისთვის ომებში დაკარგული ადამიანების. ალბათ ახლაა კარგი დრო იმაზე სალაპარაკოდ, როგორი განსხვავებული ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა კულტურაში და რა საბედისწეროა ტოტალიტარიზმი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

 

შიგადაშიგ ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, რომ პეპიც მარტო ცხოვრობდა, მეტიც, ცხენს და მაიმუნსაც უვლიდა, ბლინებსაც აცხობდა და თავსაც ირთობდა. ყაჩაღის ასული რონია მთლად გამოქვაბულში წავიდა მარტო საცხოვრებლად მთელი ზაფხულით, როცა დაახლოებით იმხელა იყო, რამხელაც თქვენ ხართ. შესანიშნავი ხუთეულის ბავშვები მარტო როცა არიან, შესანიშნავ თავგადასავლებში ეხვევიან. ვუამბობ ამ და სხვა ამბებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე იფიქრებენ, თუ მარტო დარჩენა მოუწევთ.

 

იმასაც ვეუბნები ხოლმე, რომ ადამიანები ზოგჯერ მთელ სიცოცხლეს ასე ატარებენ სახლის კედლებში გამომწყვდეულები, იმიტომ, რომ მათი სახლი ან ქუჩა სახლთან ახლოს ეტლით გადაადგილებისთვის არ არის ადაპტირებული, ან ვიღაცას მისი დანახვა არ სიამოვნებს და ურჩევს, სახლში იყოს, გარეთ არ გამოვიდეს, თორემ საბედისწერო იქნება ეს გამოსვლა – ახლა კარგი დროა ემპათიისთვის. როცა თავად ხარ საფრთხის ქვეშ, მგონია, უკეთ გესმის სხვების, ვინც ასე ხანგრძლივად ცხოვრობს.

 

ისეთი დროა, ონლაინგაკვეთილების გარდა, ცხოვრების გაკვეთილებსაც ვიღებთ და ალბათ ამ გაკვეთილების ონლაინგაკვეთილებზე განხილვა საინტერესო იქნება, სანამ მოწყენილობა მორჩება.

 

 

 

 

 

რჩევები ციფრული პედაგოგიკის ჰუმანურობისთვის

0

ტექნოლოგიის ინტეგრაცია ორლესული მახვილია: მას შეუძლია, დაგვეხმაროს იმ დაბრკოლებების დაძლევაში, რომლებიც დაუძლევლად გვეჩვენება, თუმცა შეუძლია მეტი დაბრკოლებაც შეგვიქმნას, თუკი მას არასათანადოდ გამოვიყენებთ.

ბევრ ციფრულ საშუალებას ერთგვარი დეჰუმანიზაციის ეფექტი გააჩნია: მცირდება ადამიანური ურთიერთობები, ჰეტეროგენური დაჯგუფებებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები. მოსწავლეები კი მასწავლებლებისა და თანაკლასელების ნაცვლად ეკრანებს უცქერენ.

ქვემოთ მოცემულია რჩევები ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლებაში მოსწავლეების ჩასართავად.

 რჩევები  ტექნოლოგიის გამოყენებისას, რათა არ დაიკარგოს პირისპირ ურთიერთობის ელემენტები

  1. ჩამოყალიბებული კურიკულუმიდან დღიურის წარმოებისაკენ: ასეთ დროს გონივრულად მიიჩნევა ინტერნეტზე დაფუძნებული ადაპტირებული საშუალებების გამოყენება. ისინი უადვილებს მასწავლებლებს სწავლების დისტანციურად მართვას.

მაგრამ არ შეიძლება კურიკულუმის დაწყება და დასრულება ამ აქტივობებით. დღეს დისტანციური სწავლებისათვის ციფრული ტექნოლოგიები აუცილებელია, თუმცა ამასთანავე შესაძლებელია ღია დავალებების, კომპლექსური ინსტრუქციებისა და დღიურის წარმოების გამოყენება და მოსწავლეების მიერ მათი ნაშრომების ატვირთვა Seesaw-სა ან Google Drive-ზე.

დღიურის წარმოებით მრავალამოხსნიანი მათემატიკური ამოცანები მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა ამოხსნან; წაიკითხონ ამბავი და სხვადასხვა საკითხზე პასუხი მკითხველის დღიურში ან აზროვნების ჟურნალში ჩაწერონ. განივითარონ თავისუფალი ან შემოქმედებითი წერის ჩვევები გარკვეულ ჟანრში, რაც მასწავლებელს უკუკავშირის საშუალებას უტოვებს, და მოსწავლეებს წერითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

რაკი მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, მასწავლებელს შეუძლია უმასპინძლოს ონლაინდისკუსიას, სადაც მოსწავლეები გააზიარებენ თავიანთ ნაშრომებს და ისევე ექნებათ ურთიერთობა ერთმანეთთან, როგორც საკლასო ოთახში.

  1. შექმენით დიალოგისა და დისკურსის შესაძლებლობები: სოციალური ინტერაქცია რთული ინსტრუქციის კრიტიკული კომპონენტია. მისი დადებითი მხარეების სრულად გამოსავლენად უნდა შევქმნათ დიალოგისა და დისკურსის შესაძლებლობები, რათა კარანტინის განმავლობაში ბავშვებმა არ შეწყვიტონ კრიტიკულად ფიქრი. ბევრს გვაქვს აუდიო ან ვიდეო კონფერენციების შესაძლებლობა. Google Meet და Zoom მხოლოდ ორი ინსტრუმენტია, რომელიც მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვედრები გამართოს კლასთან.

მაგრამ ამის საჭიროება ბევრად სცდება სოციალურ ინტერაქციას. საფუძვლიანი სწავლება ხორციელდება არა სამუშაო ფურცელზე ან ერთმანეთთან დაუკავშირებელი ვიდეოებითა და დახურული შეკითხვებით. სწავლება საუბარია. მას სჭირდება ადამიანური კავშირი და ურთიერთობა. როდესაც ციფრულ ტექნოლოგიებზე ვართ დამოკიდებული და შეუძლებელია პირისპირ ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ საკონფერენციო ინსტრუმენტებზე, როგორც სხვებთან ურთიერთობის საშუალებებზე.

  1. შექმენით თვითრეფლექსიის შესაძლებლობები: მიმდინარე კრიზისი ყველა ჩვენგანს – მათ შორის მასწავლებლებსაც და მშობლებსაც – საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, რას ნიშნავს სინამდვილეში სწავლა. ჩვენ გვახსენებენ, რომ სწავლა უფრო პროცესია, ვიდრე პროდუქტი. ბევრი სამუშაო ფურცლის გამოყენება ვერ მოიტანს ნაყოფიერ ცოდნას.

შესაძლებელია მოსწავლეებს გავუზიაროთ დამატებითი აქტივობები მხოლოდ რეფლექსიისათვის. მაგ. ვიდეო ღია კითხვებით, რის შემდეგაც მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ შემდეგ შეკითხვებს (ჩაწერონ შესაბამისი ვიდეო):

  • რა გაგიადვილდათ ამ დავალებაში?
  • რას გააკეთებდით სხვაგვარად სხვა დროს?
  • როგორ შეიცვალა თქვენი ფიქრი?

ყოველივე ეს შეახსენებს მოსწავლეებს, რომ სწავლება არც იწყება და არც მთავრდება მათ მიერ განხორციელებული აქტივობით. ის შეიძლება უკავშირდებოდეს და უნდა უკავშირდებოდეს კიდეც მომავალ აქტივობებს და მათი განხილვა დავალებაზე რეფლექსიისას ქმნის მოლოდინს, რომ მათ დასჭირდებათ ახალი ცოდნის მორგება მომავალ დავალებებზე.

ონლაინსწავლების პრივილეგია

ნუ მიიღებთ ამ შესაძლებლობას, როგორც მოცემულობას. ბევრ მოსწავლეს, ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლია ონლაინსწავლებით სარგებლობა, იქნება ეს ინტერნეტის არქონა თუ კარს მომდგარი ფინანსური კრიზისი.

სოციალური დისტანცირების ეპოქაში ყველანი ვეძებთ სოციალური სიახლოვის რაიმე ფორმას. ციფრული სწავლების ჰუმანიზება, როგორც მისი კლასთან ურთიერთობის საშუალება, თქვენ გეხმარებათ სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის განხორციელებაში.

გამოყენებული რესურსი:

https://www.edutopia.org/article/3-tips-humanizing-digital-pedagogy

 

ოცნება ოლეზე

0

ხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა – ნაყოფიერებისა, ყვავილობისა, ადამიანური ცხოვრებისა, დრო-ჟამის ცვალებადობისა (გაზაფხული – ზაფხული – შემოდგომა – ზამთარი). ხე მოიაზრება უკვდავების სიმბოლოდაც.

თვითონ ხის არსი იძლევა მისი სიმბოლოდ გადააზრების საფუძველს: ფესვები მიწის სიღრმეში უდგას, კენწეროთი კი ცას სწვდება; შემაერთებელია მიწისა და ცისა.

ქართველებისთვის ხე წარმართულ ეპოქაშივე იყო სიმბოლურად დატვირთული, თუმცა ქრისტიანობამ ის უფრო მასშტაბურად გადაიაზრა. ჯვარი, ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო, ხისგანაა შექმნილი. სამოთხეში ხემ დაღუპა პირველი ადამიანი და ხემვე აღადგინა იმ ძელის სახით, რომელზეც იესო ჯვარს აცვეს.

ხისგან შეიქმნა სვეტიცხოველიც, რომელმაც უაღრესად დიდი როლი შეასრულა ქართველების იდენტობის ჩამოყალიბებაში.

ქართულ ლიტერატურაში ხეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მეოთხე საუკუნის „ნინოს ცხოვრებით“ დაწყებული, XX საუკუნის ლიტერატურით დამთავრებული, არ დარჩენილა საქართველოში მწერალი, რომ ხისთვის ერთი სტროფი მაინც არ მიეძღვნას და ამ ხნის განმავლობაში ქართველებისთვის საკულტო ხეებად სვეტიცხოველი, ვაზი და მუხა რჩებოდა.

გიორგი ლეონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა მდიდარია ხის სიმბოლიკით. ამის ნათელსაყოფად „ნატვრის ხეც“ საკმარისია, რომელსაც ავტორმა ხალხური ლექსი წაუმძღვარა: „ხეა, ხეა ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი“. აქ ხე ოცნებაა, რომელსაც შეიძლება შეერწყა კიდეც, მსგავსად ელიოზისა. ხე ცოცხალი არსებაა, მეტყველია. პოეტი მასში საყვარელ ადამიანს ხედავს, მის სულს, ხეში გადასულს.

ლექსებიდან კი მარტო „ოლეც“ კმარა, რომელსაც ბევრი მწერლის ავტოპორტრეტადაც მიიჩნევს.

ოლე მარტოხეა, საჩრდილობლად დატოვებული. ალბათ, ამ მარტოობის გამო თუ ადარებენ პოეტს.

ლეონიძე ოლეს ფრთებმომსხვრეულ არწივს ადარებს (ფრთები – ძლიერების სიმბოლო, სააქაო სინამდვილისგან გაქცევის, რეალურიდან ირეალურში გადასვლის საშუალება. როცა ფრთები იმსხვრევა, ადამიანი მატერიალურის, ამქვეყნიურის ამარა რჩება).

ოლე რაშია, მიწას მიჭედებული. რაში – თავდავიწყების, უსასრულობის, თავისუფლებისა და ქროლის სიმბოლო – დატყვევებულია. ოლე პარტახია, ნამეხარია.

ოლე არ უნდა იყოს მხოლოდ ავტორის ავტოპორტრეტი; ის გოგლას დროინდელი საქართველოს სახეცაა, ბალღამის და ცრემლის სვეტი, „ყორნისაგან ჩაყეფილი“, დროის ბრუნვაში ქერქგახდილი და შიგნიდან გამომწვარ-გამოღადრული.

ოლეს მარტოობა საქართველოს მარტოობაა. საქართველოც მარტოა სისხლიანი კომუნიზმის პირისპირ, როგორც ოლე – მეხის პირისპირ.

ოლეს მარადიული მოლოდინი ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში (აკვანიც ხისგან არის გამოთლილი!) მწოლიარე გმირის მოლოდინია.

ოლეს „ოქროს თავი“ ცისკენ იყურება. ოქრო ღვთაების ატრიბუტია. ცისკენ სწრაფვა კი ქრისტიანობაში ადამიანის მთავარი დანიშნულება და მოწოდებაა.

ლექსის მეხუთე ნაწილში პოეტის ოცნება ცხადდება: მის ზმანებაში ოლეს წასაყვანად ციდან კიბე ჩამოეშვება; ოლე ზეცად აიჭრება, მზე გულში იკრავს, ფესვებს უკოცნის, ვარსკვლავები თავს ევლებიან, ნუგეშს სცემენ.

„მიჰქრის ცაში წასაყვანად/ აკიბული კიბე,

დააყრიან ტოროლები ატლასებს და დიბებს“.

კიბეც ქრისტიანული სიმბოლოა,  ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტი, ცისა და მიწის შემაკავშირებელი. დიბა-ატლასი კი ქართულ ზღაპრებში დიდებულებისა და ბრწყინვალებას გამომხატველი ატრიბუტია.

ლექსის ეს ფრაგმენტი საოცრად ჰგავს „ნინოს ცხოვრებიდან“ სვეტიცხოვლის აღმართვის ეპიზოდს: სვეტიცხოველს შარავანდედი დაადგება და ცისკენ დაიძვრება. სვეტიცხოველი კი ქართულ მწერლობაში საქართველოს სულია, ამაყი და გაბრწყინებული.

ნამეხარი მარტოხე (სამშობლო) პოეტის ოცნებაში სვეტიცხოველია, რეალობაში – ბალღამისა და ცრემლის სვეტი.

ზმანება მთავრდება. პოეტს კვლავ ლიახვზე მდგარი მარტოხე წარმოუდგება თვალწინ, შრეებად დახლეჩილი. ეს შრეები ის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, ქართველებს ოდითგანვე რომ მოგვდგამს.

ლექსის დასასრულს პოეტის მოთმინებაც ილევა. იგი შესძახებს ოლეს: „რაშო, მიწას მიჭედილო,/გასჭერ, აიქროლე“. ეს მოწოდებაა ქმედებისკენ, ილიასეული მჩქეფარე თერგის მოწონებაა და მდუმარე მყინვარწვერის დაგმობა.

პოეტი ოცნებობს, მარტოხე ოლე ლიახვის რძიან ქაფში ტივად შემოცურდეს. მდინარე, ისევე როგორც რძე, განწმედის, ფერისცვალების, ინიციაციის საშუალებაა მითებსა თუ ზღაპრებში. გოგლას მარტოხის სწორედ ასეთი გარდასახვა სურს; სურს, ოლე იქცეს სახლის დედაბოძად, ხეთა წინამძღოლად!

ლექსი კათარზისით მთავრდება: ნამეხარი, ტყავდამსკდარი, ძვლებდამდნარი ოლე ქართველთათვის უწმინდეს დედაბოძად იქცევა.

 

გიორგი ლეონიძის ლირიკაში უამრავი ხეა, ზოგი ტყეებად შეყრილა, ზოგი მარტოა… პოეტმა იცის, რომ ხისგან აკვანიც ითლება და კუბოც, ხე საჩრდილობლადაც გამოიყენება და სახრჩობელას მარყუჟის ჩამოსაბმელადაც – ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. ხესთან ადამიანის ურთიერთობა მისი ადამიანურობის ერთგვარი ინდიკატორიცაა.

 

P.S. „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის წერილი „ქართული სახელები“. პოეტი წუხს, რომ საქართველოში მომრავლდა უცხოური სახელები, ძირძველი ქართული კი დაიკარგა და აქვე თავისივე შეგროვებული სახელების სიას აქვეყენებს, სადაც ვკითხულობთ: ალვა, ატმურა, ბროწეულა, იასამანი, ჩინარი, გულაბი… პოეტი დასძენს: „ჩვენი სია, უმთავრესად და არსებითად, ქართულია, ქართული წარმოშობისაა, ძველი და ახალი ქართული საგანძურიდან გამოზიდული“.

კომპლექსური დავალება – ევროკავშირი

0

მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა ყოველწლიურად, 9 მაისს აღნიშნავს ევროპის დღეს. აღნიშნული თარიღი უკავშირდება შუმანის ისტორიულ დეკლარაციას. 1950 წელს პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოაყენა პოლიტიკური თანამშრომლობის იდეა, რომელიც შეუძლებელს ხდიდა ომს კონტინენტზე. ევროპული გაერთიანება ფოლადისა და ქვანახშირის  შეგროვებასა და მართვას უკავშირდებოდა.

ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შესახებ იდეა თავდაპირველად ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ჟან მონემ წამოაყენა. მისი აზრით, ომის საწარმოებლად სწორედ ეს ორი რესურსია საჭირო და მისი სუპრანაციონალიზაცია საფრანგეთისა და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებას გამოიწვევდა.

ევროპის დღეების ფარგლებში ყოველწლიურად იმართებოდა მასშტაბური  სპორტული, კულტურულ –  შემეცნებითი აქტივობები, სემინარები დისკუსიები და ა.შ. პანდემიის გავრცელებამ კი ყველაფერი შეცვალა.

შექმნილ იტუაციაში შეიძლება დადებითის მონახვაც: სოციალური დისტანცირებისა და სახლებში გამოკეტვის ფონზე აღმოჩენილი თავისუფალი დრო რესურსების განახლებას ხმარდება. გთავაზობთ ევროპის თემატიკაზე შექმნილ კომპლექსურ დავალებას, რომელიც ფარავს სამი საგნის: ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს. დავალება განკუთვნილია საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მასზე მუშაობის დროს მოსწავლეებში დამუშავდება ისეთი ცნებები, როგორიცაა: ძალაუფლება, საზოგადოება, ისტორიული მოვლენა, მდგრადი განვითარება, დემოკრატია და სხვა.

დავალების შესრულებისას მოსწავლეები

აღმოაჩენენ:

  • ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების კანონზომიერებას;

იმსჯელებენ:

  • ევროკავშირის როლზე ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით;

გაიაზრებენ:

  • ევროპულ ღირებულებებს;

დაასაბუთებენ:

  • საქართველოს ევროპული გზის მართებულობას.

თითოეული დავალების/აქტივობის წინ მოსწავლეებს დახვდებათ მცირე შესავალი, რომლის გაცნობის შემდეგაც ექნებათ წარმოდგენა, თუ რის გაკეთება და  რა პროდუქტის შექმნა მოუწევთ მათ. ამასთანავე, დავალებაში რესურსები ჩადებულია ჰიპერლინკების სახით. დავალებაზე მუშაობისას მოსწავლე ერთი დაწკაპუნებით გახსნის საჭირო ვიდეოსა თუ ტექსტს.

 

ევროპული გაერთიანების შექმნა და გაფართოება

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა – დაუძლურებული, დანგრეული,  მიწასთან გასწორებული და უსახლკარო ადამიანებით სავსე იყო. თუმცა, ევროპამ მალევე შეძლო ძალების გაერთიანება, რამაც  სწრაფი განვითარება, აღმშენებლობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება, თანასწორობა, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა განაპირობა. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია  აღმოვაჩინოთ:

  • როგორ ჩაეყარა ევროპულ გაერთიანებას საფუძველი;
  • რა როლი შეასრულა მარშალის გეგმამ (ჰუმანიტარულმა დახმარებამ), ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაფუძნებამ;
  • რას გულისხმობდა ევროპის ერთიანი ეკონომიკური ბაზარი და ატომური ენერგიის გაერთიანება (1957 წლის რომის ხელშეკრულება);
  • რატომ გახდა მიმზიდველი სხვა ქვეყნებისთვის (გაფართოების კანონზომიერება).

პირველი დავალების პირობა: იმისთვის, რომ შეძლოთ ცხრილში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, გთავაზობთ  მულტიმედია რესურსებსა და სასარგებლო ბმულებს. უპირველეს ყოვლისა უყურეთ ვიდეოს – ევროკავშირის ისტორია. შემდეგ გაეცანით ევროკავშირის განვითარების ეტაპებს, სადაც ქრონოლოგიურად დალაგებულია მნიშვნელოვანი მოვლენები და ხელშეკრულებები.  ბოლოს გაეცანით ევროკავშირის გაფართოების ისტორიას. ცხრილის შევსებაში დიდ დახმარებას გაგიწევთ დოკუმენტური ფილმი – მოგზაურობა ევროპაში. დასახელებული რესურსების გაცნობის შემდეგ, თავისუფლად შეავსებთ მოცემულ ცხრილს.

როგორ ჩაეყარა ევროპულ გაერთიანებას საფუძველი;

 

 

რა როლი შეასრულა მარშალის გეგმამ (ჰუმანიტარულმა დახმარებამ), ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაფუძნებამ; რას გულისხმობდა ევროპის ერთიანი ეკონომიკური ბაზარი და ატომური ენერგიის გაერთიანება (1957 წლის რომის ხელშეკრულება).

 

როგორ გარდაიქმნა ევროგაერთიანება  ევროკავშირად? რა შეცვალა მაასტრიხტის ხელშეკრულებამ?

 

რით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული ევროკავშირის მე-5 გაფართოება?
­

 

ევროკავშირის როლი ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით

ევროკავშირს მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი ეკონომიკა  აქვს, რომლითაც იგი  მიმზიდველია დანარჩენი სამყაროსთვის.  მეორე დავალების შესრულების დროს იმსჯელებთ, თუ როგორ შეუწყო ხელი ეკონომიკის ზრდას და კეთილდღეობის მიღწევას თავისუფლებამ. მაგალითად, ევროპის შიდა ბაზარი, ასევე ცნობილი, როგორც „ერთიანი ბაზარი“ (ხალხსა და ბიზნესს აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალებას). პრაქტიკულად, ის სთავაზობს მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს და აძლევს მათი ყიდვის საშუალებას კონკურენტუნარიან ფასად, ამასთანავე, ხელს უწყობს მომხმარებელს, იყოს დაცული საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთ და/ან ინტერნეტით ვაჭრობისას.

მეორე დავალების პირობა: ევროკავშირის გაერთიანების ოთხი ძირითადი საფუძველია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილება. პირველ დავალებაში გაეცანით ოთხ მნიშვნელოვან რესურს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხეთ კითხვებს და შეავსეთ გონებრივი რუკა. დავალების შესრულებაში ასევე დაგეხმარებათ ვიდეო – ევროკავშირის უფლებამოსილებები.

ღირებულებები

მესამე დავალების პირობა: ანტიდასავლური პროპაგანდა ცდილობს ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას, მის ქართულთან შეუსაბამოდ წარმოჩენას. სინამდვილეში, ჩვენ ევროპასთან და ზოგადად დასავლეთთან ღირებულებითი თანხვედრა გვაკავშირებს. ევროპული ცივილიზაცია საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ის არასოდეს გაჩერებულა. არც მისი ხელახალი გააზრება ყოფილა პრობლემა. ძველის გარდაქმნის შიში მათ არასოდეს ჰქონიათ. სწორედ საუკუნეების წიაღში წარმოიშვა და განვითარდა ევროპული ღირებულებები. რა არის ევროპული ღირებულებები? – ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მის საფუძვლიანად გასააზრებლად შეასრულეთ აქტივობები:

პირველი აქტივობა ემსახურება ევროპული ღირებულებების ახლოს გაცნობას. დავალების შესასრულებლად რამდენიმე წყაროს გაცნობა დაგჭირდებათ. იმისთვის, რომ სრულყოფილად შეავსოთ ცხრილი, გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ შემდეგ რესურსებს:

ევროპული ღირებულებები

ევროკავშირის სტრუქტურები

მოგზაურობა ევროპაში

რას გულისხმობს ევროპული იდეა? რას მოიაზრებს ევროპული დემოკრატია?  რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა,  დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება? რისთვის არის საჭირო ეფექტური მმართველობა და საბაზრო ეკონომიკა? შენთვის ცნობილ რომელ ღირებულებებს, ფასეულობებს დაუმატებდი შენ?

 

მეორე აქტივობა ქართულ საზოგადოებაში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებსა და საბჭოთა სენტიმენტებს ეხება. რუსული მედია-ორგანიზაციები  და მათი სატელიტი ქართული გამომცემლები თუ ტელევიზიები, ყველა საშუალებით ცდილობენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. იმისთვის, რომ თქვენ არ მოექცეთ მათი ზეგავლენის ქვეშ, საჭიროა აქტიური მუშაობა.

თქვენი მიზანია, შექმნათ შედარებითი პოსტერები. პირველ პოსტერზე წარმოაჩინეთ ევროპული ღირებულებები, ხოლო მეორეზე ასახეთ, თუ რა თავისებურებებით ხასიათდებოდა საბჭოთა სისტემა. თუ გადაწყვეტთ პოსტერის ელექტრონული ვერსიის შექმნას, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვერსიით.

შედარებით პოსტერზე მუშაობისთვის, სკოლაში გავლილი საკითხების გარდა, დაგჭირდებათ დამატებითი რესურსები საბჭოთა კავშირზე. მოცემული რესურსები დაგეხმარებათ საორიენტაციო კითხვებზე პასუხების გაცემაში.

რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი

საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები

დოკუმენტური ფილმი – საბჭოთა საქართველო

შედარებითი პოსტერების  შექმნის პროცესში ყურადღება მიაქციეთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  • როგორი იყო ინდივიდების/ხალხის როლი?
  • როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
  • ვინ წყვეტს ქვეყნის ბედს?
  • როგორი კონტროლია გამეფებული?
  • როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს?

როგორც აღვნიშნეთ, პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ევროპული ღირებულებების ქართულთან შეუსაბამოდ წარმოჩენაა. მესამე აქტივობა დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე.

  • რეალურად რა არის ქართული ღირებულებები?
  • სად ჩანს ის ყველაზე მეტად? რას ფიქრობდნენ დიდი ქართველი მოაზროვნეები?

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ დაწეროთ სტატია (გნებავთ ბლოგი) სახელწოდებით ღირებულებები ნაწარმოებებში და პუბლიცისტიკაში. ნაშრომის ასაგებად მოიშველიეთ ქართველი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

შოთა რუსთაველი  „ვეფხისტყაოსანი“
„ვეფხისტყაოსანის“ გმირები ერთმანეთისაგან მკვეთრად გამოირჩევიან. როგორ ფიქრობ, ეს გამორჩეულობა, მრავალფეროვნება მათ აძლიერებს თუ ასუსტებს? რა დამოკიდებულება აქვთ პერსონაჟებს შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენლების მიმართ? ნაწარმოების მთავარი თემაა – თავგანწირვა სხვა ადამიანების გამო. რომელ ღირებულებას დაუკავშირებდი აღნიშნულს?
ვაჟა ფშაველა „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ბახტრიონი“
რომელ ნაწარმოებში უპირისპირდება მთავარი გმირი საუკუნეების წინ წარმოშობილ წესებსა და ადათებს?

რომელ ნაწარმოებშია ნაჩვენები პიროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფასეულობა?

რატომ უპირისპირდება ერთ-ერთი გმირი უცხოს გამო მთლიანად თემს?

სად ჩანს, როდესაც ინდივიდები პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ საზოგადოებას, ერს?

გრიგოლ რობაქიძე „გველის პერანგი“
რატომ არ სჯერდება ერთ-ერთი გმირი ერთხელ მიღებულ პასუხებს და ხელმეორედ სვამს  შეკითხვებს?
ილია ჭავჭავაძე პუბლიკაცია  – ქალთა თანასწორობა
ილია ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს საუბრობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. რომელი მაგალითებით ცდილობს წაახალისოს იმ დროინდელი ქართველი ქალები? რატომ?

 

საქართველოს ევროპული გზა

დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საქართველოსა და ევროკავშირს შორის იწყება ურთიერთობა. წლების განმავლობაში მხარეებს შორის არაერთი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღეს ერთადერთი სადამკვირვებლო მისიაა კონფლიქტის ზონაში.

მესამე დავალების პირობა:  როგორც უკვე იცით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულია ასოცირების შეთანხმება, რომლის ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველია. ჩვენ ასევე 2017 წლიდან ვსარგებლობთ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებით, ე.წ. ვიზალიბერალიზაციით. ჩვენი ქვეყანა და ორგანიზაცია თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

უყურე ვიდეოს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები და შეაფასე ჩვენი ქვეყნის შანსები გაწევრიანების თვალსაზრისით. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისათვის, რომ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს? წარმოადგინეთ დაახლოებისა და ინტეგრაციის  ხუთნაბიჯიანი  გეგმა.

 

დავალება საკმაოდ ვრცელია. მასზე მუშაობა შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს. მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა დაუთმოს რამდენიმე გაკვეთილი ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, თქვენი დახმარება და ფასილიტაცია აუცილებელია.

ამგვარად მიწოდებული ინფორმაცია, მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, ევროკავშირი დაინახონ დადებითი კუთხით, რაც მთავარია, ექნებათ გააზრებული და არგუმენტირებული პასუხი – რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და სწრაფი ინტეგრაცია. კომპლექსური დავალების საშუალებით  მოსწავლეთა ყურადღება მიექცევა არაერთ საკითხს.

 

* შენიშვნა! – ქართულ ელექტრონულ სივრცეში ევროკავშირის წევრად ჯერ ისევ 28 ქვეყანაა მოხსენიებული. გაითვალისწინეთ, რომ 2020 წლის 31 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დატოვა ევროკავშირი, რის შემდეგაც გაერთიანებაში დარჩა 27 ქვეყანა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსები:

ევროპის დღის ისტორია – https://europa.eu/european-union/about-eu/symbols/europe-day_en

ევროკავშირის ისტორია – https://youtu.be/SmtqCCKQiAU

ევროკავშირის განვითარების ეტაპები – https://old.infocenter.gov.ge/euinfo-structure/#1

ევროკავშირის გაფართოების ეტაპები – https://old.infocenter.gov.ge/euinfo-expansion-eu/#1

მოგზაურობა ევროპაში – https://youtu.be/2UUVSUSXOm0

ევროპული ღირებულებები – https://youtu.be/jUZ9DBjfIW8

ევროკავშირის სტრუქტურები https://youtu.be/o7oEB9dTuOc

რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი – https://www.gfsis.org/files/my-world/4/USSR.pdf

საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები – https://www.mythdetector.ge/ka/myth/sabchota-monobashi-akrdzaluli-literatura-da-pilmebi

დოკუმენტური ფილმი – საბჭოთა საქართველო – https://www.youtube.com/watch?v=DdmSaDu76Ho

ქალთა თანასწორობა – https://gdi.ge/uploads/other/0/442.pdf

ასოცირების შეთანხმება  – https://old.infocenter.gov.ge/euinfo-the-association-agreement/#1

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები – https://www.youtube.com/watch?v=_uR1gpdRlIY&feature=youtu.be

ვებ-გვერდი ელექტრონული პოსტერის შესაქმნელად – https://www.easel.ly/

 

 

 

 AnswerGarden-ის გამოყენება ონლაინსწავლებისას

0

გლობალურად შექმნილმა მდგომარეობამ საგანმანათლებლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწავლების დისტანციურ რეჟიმზე მყისიერმა გადასვლამ უფრო მეტად აქტუალური გახადა ელექტრონული რესურსების გამოყენება. მიღებულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ონლაისწავლების მთავარი სირთულე მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ხანგრძლივად შენარჩუნებაა. ჩვენი დაკვირვებით, ახალ, ვირტუალურ რეალობაში ელექტრონული პლატფორმები აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ეფექტური საშუალებაა.

AnswerGarden არის მარტივი პროგრამა, რომელიც საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ფაზაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აქტივობებისთვის:

  • გაკვეთილის დასაწყისში შეკითხვა დაუსვათ მოსწავლეებს;
  • წამოჭრათ პრობლემა და ითხოვოთ მოსაზრების დაფიქსირება;
  • გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სთხოვოთ იმ მნიშვნელოვანი სიტყვების გახსენება, რომლებიც შესწავლილ მასალას უკავშირდება

და სხვ.

AnswerGarden-ზე მუშაობის პრინციპი მარტივია – არ მოითხოვს რეგისტრაციას არც თქვენგან და არც თქვენი მოსწავლეებისგან.

თქვენ:

  • სვამთ შეკითხვას / წამოჭრით საკითხს  – ერთი სიტყვით, მოსწავლეებს აძლევთ დავალებას;
  • უზიარებთ აუდიტორიას;
  • ისინი პასუხობენ;
  • პასუხები მომენტალურად აისახება ეკრანზე. მას ხედავთ როგორც თქვენ, ისე – თქვენი მოსწავლეები.

პასუხები გამეორების სიხშირის მიხედვით ზომით განსხვავებული იქნება – მეტად გამეორებადი უფრო დიდად ჩანს, ყველაზე ნაკლებად გამოთქმულ მოსაზრებას კი მცირე ზომის შრიფტით დავინახავთ ეკრანზე. კონკრეტულ პასუხზე კურსორის მიახლოებისას შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი მოსწავლისგან მიიღეთ ეს უკუკავშირი.

მაგალითად:

  • მათემატიკის მასწავლებელმა წინარე ცოდნის გასააქტიურებლად შეიძლება დასვას შეკითხვა: რომელი გეომეტრიული ფიგურის სახელი გახსენდებათ?

  • უცხო ენის პედაგოგმა ლექსიკურ სავარჯიშოზე მუშაობისას მოსწავლეებს სთხოვოს სინონიმების გახსენება:

  • ლიტერატურის მასწავლებელმა კი ნაწარმოების გმირის დასახასიათებლად გამოიყენოს:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის საჭირო საიტზე რეგისტრაცია.

დავალების შესაქმნელად:

  • უნდა ეწვიოთ შემდეგ გვერდს: https://answergarden.ch/;
  • დააწკაპოთ საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში განლაგებულ „+“ ღილაკს;
  • გვერდის მარცხენა მხარეს მონიშნულ ველში განათავსოთ თქვენი შეკითხვა / საკითხი;

შემდეგ, თქვენი სურვილისამებრ, შეიძლება დააყენოთ სხვადასხვა პარამეტრი. მაგალითად:

  • პასუხის მიღების სხვადასხვა რეჟიმი:

ჩვენს შემთხვევაში არჩეულია საკლასო ოთახი.

ვნახოთ, რა განსხვავებაა მათ შორის:

Brainstorm – მოპასუხეს შეუძლია შეუზღუდავი რაოდენობის პასუხი შემოგვთავაზოს. მათ შორის აქვს საშუალება, რომ ერთი და  იგივე პასუხი რამდენიმეჯერ გაიმეოროს;

Classroom – მოპასუხეს შეუძლია შეუზღუდავი რაოდენობის პასუხი შემოგვთავაზოს – ერთი და იმავე პასუხის გამეორების გარეშე;

Moderator – ეს რეჟიმი კარგია, თუ თქვენი შეკითხვა საფრთხის შემცველია  (მაგალითად, ბულინგის)  – პასუხი მხოლოდ თქვენი დასტურის შემდეგ გახდება ხილვადი.

უკვე შექმნილი დავალების გვერდზე Modarate ღილაკის გამოყენებით შეძლებთ პასუხების დადასტურებას/უარყოფას.

 

Locked – ამ რეჟიმის დროს უკუკავშირის ველი არ არის აქტიური.

  •   თქვენი დავალების შესაბამისად შეგიძლიათ არეგულიროთ პასუხში სიმბოლოების რაოდენობა – მაქსიმალური რაოდენობით 20 ან 40
  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენი დავალების შეცვლა შეიძლება მოგიხდეთ, მაშინ პაროლი დაგჭირდებათ.

ელფოსტის მითითების შემთხვევაში მიიღებთ წერილს, რომელიც შეიცავს ბმულს და თქვენ მიერვე არჩეულ პაროლს:

ამ არასავალდებულო პარამეტრების სურვილისამებრ დაყენების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Create, რომელიც გვერდის ბოლოსაა:

აი, ერთი მაგალითი, რომელიც სტატიის წერისას შევქმენით. გაგვიზიარეთ მოსაზრებები:

https://answergarden.ch/1179123

საიტი გაზიარების სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობს:

 

გვერდის ბოლოს მოძებნეთ Share ღილაკი. მასზე დაწკაპების შემდეგ გამოჩნდება ყველა ის სოციალური ქსელი თუ გვერდი, სადაც ჩვენი დავალების გაზიარებას შევძლებთ:

 

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული თქვენი ვებგვერდის ან ბლოგისათვის:

ან შეგიძლიათ QR კოდი დააგენერიროთ:

იმედია, AnswerGarden-ის გამოყენებით თქვენ და თქვენი მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს დაგეგმავთ. გთხოვთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ გამოცდილება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://answergarden.ch/
  2. https://www.google.com/

 

 

 

რას და როგორ დავწერ?

0

იმდინარე წლის განმავლობაში მინდა შემოგთავაზოთ წერილების ციკლი, რომელიც შეეხება ქართული ენის სწავლებას მათთვის, ვისთვისაც ეს ენა მშობლიური არაა. ხვათა შორის, ჩემს სტატიებში შევეცდები ვუპასუხო შემდეგ შეკითხვებს:

  • ა გამოცდილება არსებობს ქართულის, როგორც მეორე / უცხოური ენის სწავლებაში?
  • ად და როგორ ისწავლება ქართული, როგორც მეორე / უცხოური ენა?
  • ა რესურსები არსებობს ქართულის, როგორც უცხოური ენის სწავლებისთვის? და რაც მთავარია:
  • ოგორ ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე / უცხოური ენა?

ს წერილი ერთგვარი შესავალია ამ სერიისთვის და საამწერილო სათქმელისთვის მინდა გავიხსენო რამდენიმე ამბავი, რომელსაც სხვადასხვა დროსა და გარემოში გადავწყდომივარ.

2016 თუ 17 წლის ჩახუთული ზაფხულია და იპრაიდში (USAID – საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი) ვმუშაობ. ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და ლეგენდარული მეშვიდე სართულის გაგრილებულ ოთახში ვარ. ცებ ჩემ წინ ირიბად მჯდომმა კოლეგამ წამოიძახა:

ი!

რ მივაქციე ყურადღება. ტყობა, ჩაფლული ვიყავი ჩემს საქმეებში. ან ყველა რეპლიკასა და ამოსუნთქვაზე გამოხმაურება ისედაც არაა ჩემი სტილი და არც არასდროს ყოფილა…

რთი ამას უყურე! — რ ცხრებოდა იგი.

ა ხდება, კოლეგავ? — ავი ავწიე ჩემი მაგიდიდან და ინტერესით შევხედე.

ს ნახე, — ღშფოთებას ვერ მალავდა გაბრაზებული თანამშრომელი, სათვალე მოეხსნა და განაგრძობდა, — აღაც საკითხზე ვეძებდი მასალებს და ერთი სტატია ამომიგდო… ავიწყე კითხვა, მეცნო რაღაცნაირად… კითხულობ, ვკითხულობ, ჩემი წერილია ფაქტობრივად გადაწერილი…

ოლეგა ადგილს ვერ პოულობდა. დგა და ბოლთის ცემას მოჰყვა.

არგი რა, ხომ იცი, როგორაა მოდებული პლაგიატიზმი?! — ავთი დავასხი კოლეგის აცეცხლებულ ბრაზს.

ლაგიატიც არის და პლაგიატიც! ახელებიც კი ჩემიდან აქვს გადაწერილი, პერსონაჟის სახელებიც… იფიქრე, ალბათ წერილში გამორჩა წყაროს მითითება ან სულაც არ არის ამ პორტალის სტილი-მეთქი და ბოლოში ვიქნები მოხსენიებული… ენც არ მომიკვდე! რანაირი ნიშანი!.. თითქოს ყველაფერი ვითონ შეუქმნია  ვაჟბატონს!..

აცია ავტორი?!

ა ავტორი?! ი, რა ავტორი?! — სეთი რისხვით გადმომხედა, ტუჩი მოვიკვნიტე, — ვტორი ჰქვია მაგას?!

ოკლედ, ვფიქრობ, გასაგებია, რატომაც გავიხსენე ჯიპრაიდული მეშვიდე სართულის ოთახის ამბავი… ნდა შევთანხმდეთ, რომ ჩემს წერილებში შევეცდები, დავიცვა ყველა იმ ავტორისა თუ კოლეგის საავტორო უფლება, რომელთა ნამუშევრებსაც გამოვიყენებ. უმცა, წინასწარვე ვიტყვი, რომ ძირითადად ვიხელმძღვანელებ იმ ნაშრომით, რომლის შექმნაშიც მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული და თანაავტორიც გახლავართ. გულისხმობ, ზემოხსენებული იპრაიდის (“საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის” ინგლისური აბრევიატურის გაქართულებული დასახელება) კრებულს “კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”.

გრეთვე, გაგიზიარებთ იმ ცოდნასაც, რაც გადმომეცა ჩემი მასწავლებლებისა და ტრენერებისგან: აატა აპავასგან, ლან როუფორდისგან, აია ნასარიძისგან, ალვა აბატაძისგან, ახა აბუნიასგან,  ინო არაშენიძისგან, ამარ ჯაყელისგან, ენსი არკსისგან, კატერინე უთათელაძისგან, ინა იღურაძისგან და სხვათა და სხვათაგან. აც არ უნდა დავივიწყო: ემს კოლეგათაგან, რომელთა გამოცდილება და სხვადასხვა ფორმატში დისკუსია ამდიდრებდა ჩემს ცოდნასა და შეხედულებებს.

ა შეიძლება დამატებით ვთქვათ საავტორო უფლებებსა და პლაგიატზე? ა შეიძლება ჩაითვალის პლაგიატად? ართლა და მართლა, ჩვენ ხომ გამუდმებით ვიღაცის მიერ გამოგონილ სიკეთეებს ვიყენებთ ისე, რომ არც ვუხდით რამეს და არც კი ვასახელებთ?! აგალითად, ჩვენ ხომ ყველა ქართველ ბერთა მიერ VIII-XI საუკუნეებში ჩამოქნილ ქართულ ანბანს ვიყენებთ?! (ე. წ. მხედრულ დამწერლობას. ამწუხაროდ, ვიყენებთ მხოლოდ მხედრულს და არა მრგვლოვანს — მთავრული ასოების ფუნქციით. მ წერილში, როგორც ხედავთ, ამ ფუნქციით გამუქებულია ასოები.)  მუშაობთ სხვადასხვა ავტორთა მიერ შექმნილ სხვადასხვა ციფრულ პროგრამაში. ვენ ხომ მუდმივად ვსაზრდოობთ სხვათა გამოგონებითა და შემოქმედებით ისე, რომ აზრადაც არ მოგვდის მათი მოხსენიებაც კი. უმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რაც მისათითებელია, ის არ მივუთითოთ.

მის შესახებ ერთი სატელეფონო ზარი მინდა გავიხსენო. ოკრძალებულად მომიკითხეს და თავიც წარმომიდგინეს. რთ-ერთი გამომცემლობის მესვეური აღმოჩნდა, თქვენი ტექსტი შევიტანეთ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში, საბედნიეროდ გრიფი მიიღო და გვინდა, რომ თქვენც ამის შესახებ გაცნობოთო (საქმის კურსში ჩაგაყენოთო, როგორც ადრე იტყოდნენ). ოდიში, რომ თავის დროზე, წინასწარ ვერ შეგატყობინეთ და შეგითანხმეთ, ვერ მოვახერხეთო… ი გამიკვირდა, რა დიდი მოხერხება უნდოდა ერთი ელწერილის მოწერას-მეთქი, მაგრამ გაკვირვებას სიხარულმა სძლია: ოგეხსენებათ, გაწაფული ავტორებისთვისაც ფრიად საპატიოა სახელმძღვანელოებში მოხვედრა. ადლობის მეტი რა მეთქმის-მეთქი, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე.

ცით, რა არისო, — არ კმაყოფილდება პატივცემული გამომცემელი, — თქვენს ტექსტში მცირეოდენი ცვლილებაც შევიტანეთო და გვინდა, რომ ამის შესახებაც გქონდეთ ინფორმაცია და სახელმძღვანელოს რომ ნახავთ, მერე არ გაგიკვირდეთო…

რაა-მეთქი, პრობლემა. ომელი კაკი ერეთელი მე ვარ, იმასაც კი უცვლიდა იაკობ გოგებაშილი ტექსტებს… თავად მასწავლებელი ვარ და მესმის: შეიძლება სახელმძღვანელოს ავტორებმა თავიანთი სასწავლო მიზნებისთვის უკეთესი გახადონ ტექსტი… — მაყოფილი და მადლიერიც დავემშვიდობე გამომცემელს და მანაც, ალბათ, დამშვიდებულმა განაგრძო თავისი საქმიანობა.

ადგან ვახსენე, ბარემ განვმარტავ: ემოხსნებულ იპრაიდში უამრავი აწონილ-გაზომილი სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ტექსტი შეიქმნა და სრულად და სრულიად ხელმისაწვდომად განთავსდა პორტალ kargiskola.ge-ზე. მასთან, სრული უფლება მიეცათ სახელმძღვანელოს ავტორებს, თავისუფლად, ყოველგვარი უფლების მოპოვების გარეშე გამოეყენებინათ ეს ტექსტები, მათ შორის, ავტორებთან შეუთანხმებლად ცვლილებების შეტანის  ჩათვლითაც. ოდა, იმ პატიოსანმა გამომცემელმა გვიან, მაგრამ მაინც  ალალმართლად დამირეკა და ჩემი ტექსტის ავან-ჩავანი გამაცნო.

(ემს ტექსტში ცვლილებას რაც შეეხება. ექსტი არის რამდენიმე ცხოველის თვითპრეზენტაცია, წარდგენა პატარა მკითხველების წინაშე ისე, რომ სახელის დაუსახელებლად, მხოლოდ თვისებებით უნდა გამოიცნონ, თუ რომელი ცხოველი წარმოადგენს საკუთარ თავს. იგნსაც ასე ჰქვია: „ინ ვარ მე“. ოდა, ის წიგნი მთავრდებოდა გველის წარდგინებით. ა გასაკვირია, რომ სახელმძღვანელოს ავტორებს არ მოსწონებოდათ გველის პერფორმანსი და საერთოდ ამოეღოთ იგი. ველის ნაცვლად ბოლოში დაემატებინათ სამიოდე უფრო მისაღები და ბავშვთათვის შედარებით სათნო ცხოველი. და ამ ცვლილების გამო მებოდიშებოდასავით გამომცემელი… რულიად მოსალოდნელია, სხვა ავტორებმა აიღონ ამ სახელმძღვანელოსეული ჩემი ტექსტი, ამოაკლონ წინა ცხოველები, ჩაანაცვლონ მათთვის უფრო მისაღები ცხოველებით და ავტორად მაინც მე მომიხსენიონ პატიოსნად… ა ჩემს ტექსტს ისე ეწეროს ჩემი სახელი, რომ მასში ერთი სიტყვის ავტორიც კი არ ვიყო მე…)

იდევ ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო განსახილველად. ღაპარ “ითელქუდას” მიხედვით გაკვეთილის სცენარი დავწერე. ქონდა თუ არა უფლება, რასაკვირველია, მორალურ უფლებას ვგულისხმობ, გამომეყენებინა ეს ზღაპარი? ლბათ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არათუ ჩემ მიერ, ქართულ სივრცეშიც კი არაა იგი შექმნილი. აგრამ იმდენად საყოველთაოა, რომ ფაქტობრივად, გამოდევნება არც შეიძლება. აც მთავარია, ძალიან მჭირდებოდა ილუსტრაციები. ა მექნა? ოგეხსენებათ უამრავი, – არათუ რაოდენობით, ჟანრობრივადაც, – ნახატი შეგიძლიათ მოიძიოთ ითელქუდას შესახებ – საბავშვო ანიმაციებით დაწყებული, უხამსი ნახატებით დამთავრებული… ოლობოლო, გასაფერადებელი ნიმუშების ამობეჭდვა შემეძლო და შემდგომ გაფერადება, მაგრამ გადავწყვიტე, მევე დამეხატა და… ამომივიდა! მასთან, ხატვაში ხომ ცალკე გავიწაფე, შემოქმედებითი სიამოვნება ცალკე მივიღე (ფიქრობ, დამეთანხმებით ორივე დებულებაში, როდესაც წერილის მთავარ ილუსტრაციას კარგად დააკვირდებით. არგად-მეთქი…).

ასაკვირველია, ვერავინ ვერ მომედავებოდა, თუკი რომელიმე ნახატს გადმოვიწერდი და პატიოსნადაც მივუთითებდი წყაროსა თუ ავტორს. მით ერთთვიან წვალებასაც ავცდებოდი, მაგრამ ახლა უფრო ნამუსგამართულად ვგრძნობ თავს…

იდევ ერთ ამბავს გავიხსენებ და ამით დავასრულებ პლაგიატზე საუბარს… ე და ჩემი კოლეგა პროფესიული საქმიანობის გარიჟრაჟზე დიდ წიგნზე ვმუშაობდით. იუჟეტი მოვიფიქრეთ, პერსონაჟებიც შევარჩიეთ და ჯერი მიდგა სათაურზე. „ოსლის მუსიკა” დავარქვათ-მეთქი, ადგილიც მახსოვს, სად ვისხედით, როცა ვუთხარი. არგიო, მასაც მოეწონა… ემდეგ ისე მოხდა, რომ მე გამოვეთიშე წიგნის შექმნის პროცესს. ოგეხსენებათ, ტექსტის შექმნა-რედაქტირება, დახატვა, დიდფორმატიან ქაღალდებზე გადაწერა, ყველაფერი მან გააკეთა და სრული საავტორო უფლება მიიღო და ეკუთვნოდა კიდეც. ა ერთ მშვენიერ დღეს ვხედავ ერთ-ერთი ტელევიზიისთვის ინტერვიუ მიუცია, თურმე ჩვენი დიდი წიგნი ინგლისურად უთარგმნიათ და ლონდონის ცნობილ გამომცემლობას გამოუცია უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე საოცარი ნახატებით. ამიხარდა, რასაკვირველია, და წერილის მისაწერადაც გადავწვდი ტელეფონს და უცებ, – რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა?! ალბატონი აცხადებს, რომ წიგნის სათაური ილუსტრაციის ხატვის მომენტში მოვიფიქრეო… ივად დავაგდე ტელეფონი. ეწყინა.რ იყო საწყენი?! ე ოჯახაშენებულო, რა სათაური ეგაა – “ბოსელია” საოცარი გამონაგონი თუ „მუსიკა“?! ხვისი წვლილის აღნიშვნა არც შენ დაგაკლებს რამეს და არც შენს წიგნს. ირსებას კი შეგმატებთ… ილოცვის წერილი მაინც მივწერე, ოღონდ იმას აღარ დავწერ, აღვუნიშნე თუ არა ჩემი გულისტკივილის მიზეზი იმ წერილში. ინც ჩემს ხასიათსა და ბუნებას იცნობს, ისედაც გამოიცნობს. ინც არ მიცნობთ, თქვენი მოსაზრება ამ წერილის ბოლოს დააკომენტარეთ.

 

ფიქრობ, ეს მაგალითი შეგვიძლია განვაზოგადოთ და ე. წ. საავტორო უფლებები ტყუილ-მართლის გარჩევამდე დავიყვანოთ და მეტი არაფერი. უმცა ეს თემა, სიმართლის თქმა, ჩემი აზრით, უპირველესია ნებისმიერ საქმიანობაში და ტყუილებით ადამიანი შორს ვერ წავა. ყუილს  მართლაც რომ მოკლე ფეხები აქვს.

 

  1. S. „ოსლის მუსიკის“ შემქნისა და ლონდონში გამოცემის ამბავი გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება, თუმცა ასეთი ტექსტი დიდი წიგნისთვის მართლა მაქვს დაწერილი და ერთ-ერთ გამომცემლობისთვის ჯერჯერობით უიმედოდ გაგზავნილი. ომენტარები კი მაინც დატოვეთ, თქვენ რას იზამდით — აგრძნობინებდით თუ არა თქვენს კოლეგას საკუთარ გულისტკივილს? ნ სულაც, გეწყინებოდათ თუ არა კოლეგისგან ასეთი გულმავიწყობა?

 

იორგი აუჭიძე

 

 

 

 

დისტანციური სწავლება ბიოლოგიის გაკვეთილზე

0

სასკოლო სივრცეში დისტანციური სწავლება   და გაკვეთილების ჩატარება პედაგოგებისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა. რაც დრო გადის, მეტი კითხვა ჩნდება სასწავლო პროცესის დისტანციურად დაგეგმვასთან დაკავშირებით. იწერება მრავალი შემოქმედებითი სტატია, საინტერესო და ინოვაციური სწავლებისთვის, საგნობრივ ექსპერტ-კონსულტანტების მიერ  იმართება ვებინარ-შეხვედრები. მთელი საქართველოს მოსწავლეებისათვის ტელესკოლა გახდა ყველაზე საყვარელი გადაცემა. მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად შექმნეს სხვადასხვა კრეატიული პროდუქტები.

წარმოგიდგენთ ჩემს გამოცდილებას: თუ როგორ ვგეგმავ და წარვმართავ დისტანციურ სწავლებას. სასწავლო გარემოს შეცვლის შემდეგ,  პირველი, რაც დამეხმარა, იყო Edmodo.com პლატფორმაზე ჯერ კიდევ შარშან შექმნილი, ჩემი კლასების ვირტუალური საკლასო სივრცე. შემდეგ კი, სამინისტროს მიერ შემოთავაზებული Microsoft teams-ში შექმნილი კლასები. Microsoft-ის სხვადასხვა პროგრამებმა მასწავლებლებს კიდევ უფრო გაგვიადვილეს საქმე.

თითოეულ კლასთან ბიოლოგიის გაკვეთილს კვირაში ერთხელ ვატარებ. შევცვალე ჩემი სამოქმედო გეგმა. სასწავლო გეგმის მოდიფიცირება აუცილებლობა გახდა, რადგან ახლა გაკვეთილის დრო 30 წუთი მქონდა.  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დავიწყე თემებისთვის დათმობილი საათების შეცვლა, საგაკვეთილო მიზნებისა და მეთოდების შესაბამისობას ვეძებდი  საკითხის საკვანძო კითხვებსა და ცნებებთან მიმართებაში. ვფიქრობდი, განმავითარებელი შეფასების რომელი ინსტრუმენტი შემერჩია  ან როგორ შემერჩია მრავალფეროვანი რესურსები, აქტივობები და საინტერესო საშინაო დავალებები. ვითვალისწინებდი მოსწავლეთა თავისებურებებს და  ამ მხრივ, teams-ის სხვადასხვა პროგრამები კარგი დამხმარე საშუალება აღმოჩნდა. კარგია, როცა ვცვლით აქტივობებს, მეთოდებს, რესურსებს, მუშაობის ფორმებს. ასევე მნიშვნელოვანია კომპლექსური დავალების შეთავაზებისას, მოსწავლეებს მივცეთ დავალებათა არჩევის ან შექმნილ პროდუქტთა წარდგენის სხვადასხვა საშუალება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დიფერენცირებულ სწავლებას.

მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორ გამოვიყენე Teams-ის ერთ- ერთი პროგრამა და როგორი ტიპის დავალებები შევთავაზე მეცხრე კლასელებს. თემაში – ,,ევოლუცია“ – გამოვყავი საკითხები და შევუსაბამე ცნებები.   შევჩერდი საკითხზე, რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული -გაკვეთილების #3.8 -ბუნებრივი გადარჩევა -ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა(გვ.80) და #3.13-ის -ხელოვნური გადარჩევა(გვ.97) სახით . (ბიოლოგიის  სასკოლო სახელმძღვანელო. ავტორები: მალხაზ მაყაშვილი, მარინა ჯალიაშვილი, მარინე სეხნიაშვილი, რუსუდან ახვლედიანი. )

 

ცხრილში წარმოგიდგენთ საკუთარ ნააზრევს:

ცნება: კვლევა

 

საკითხები

1.ბუნებრივი გადარჩევა და მისი ფორმები

2.ხელოვნური გადარჩევა

საკვანძო შეკითხვები:

1.რატომ ითვლება ბუნებრივი გადარჩევა ცოცხალი სამყაროს ევოლუციის მთავარ ფაქტორად?

2.რა მსგავსება და რა განსხვავებაა ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევას შორის?

 

შედეგი:

ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის შედარება.გადარჩევის პროცესის ამსახველი მოდელის შექმნა.

(ბიოლ.საბ.1,2,3,4,5,7,8)

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე, სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნედ საგნობრივი შედეგების გარდა ასევე ზოგიერთი გამჭოლი უნარი და ღირებულება  ავირჩიე.  (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ; დროსა და სივრცეში ორიენტირება).

კომპლექსური დავალება1.

დავალება შეასრულე ინდივიდუალურად , წარმოადგინე ნამუშევარი ელექტრონული პრეზენტაციის  (Sway ან Power point) სახით, სადაც წარმოაჩენ  ევოლუციის მთავარ მიმართულ ფაქტორს და ახსნი პროცესს მოდელირების საშუალებით . დაადასტურებ ან უარყოფ , რომ ბუნებრივი გადარჩევა არის ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, შეადარებ ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევას შენ მიერ მოფიქრებული კრიტერიუმების მიხედვით. საკუთარი დასკვნები გაამყარე არგუმენტირებული მსჯელობით.

ან შეგიძლია შეასრულოთ კომპლექსური დავალება 2.

წარმოიდგინე, რომ შენ ხარ მეცნიერ-ევოლუციონისტი და გადაწყვიტე, მისწერო წერილი ჩარლზ დარვინს შენი კვლევის შესახებ (მოდელირება /სიმულაცია), რომლის თემაც არის დღეს სამყაროში მიმდინარე ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევა. ნამუშევარი წარადგინე word-ის დოკუმენტის სახით.

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები მსჯელობენ არგუმენტირებულად, ქმნიან  ბუნებრივი გადარჩევის მოდელს და მსჯელობენ იმ მსგავსება -განსხვავებებზე ,რომელიც აღმოაჩინეს ხელოვნური და ბუნებრივი გადარჩევის შედარებისას. ნაშრომს წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის  (Sway ან Power point) ან word-ის დოკუმენტის სახით. (კომპლექსური დავალების არჩევის შესაბამისად.)

შენიშვნები:  ჩანაწერებს ვაკეთებ გაკვეთილის მსვლელობისას. ვინიშნავ, მოსწავლეებს  რა კითხვები ებადებათ, ან რა ცვლილებების შეტანა სურთ დავალების შესრულებაში. შემდეგ  შეიძლება შევცვალო კიდეც კომპლექსური დავალების პირობის გარკვეული ასპექტები და მხოლოდ ამის შემდეგ ვტვირთავ  სამუშაოს მათი  დავალებების ველში. მაგალითად, მათ არ ისურვეს ნამუშევრის  წარდგენა ელ-პრეზენტაციის სახით და გადაწყვიტეს პოსტერის დამზადება და სხვა.

რჩევები  მოსწავლეებს კომპლექსური დავალების შესრულებისათვის:

პირველი კომპლექსური დავალების შესრულებისა და მისი განხორციელებისათვის გამოიყენეთ მასწავლებლის მიერ მოწოდებული რესურსები სასკოლო სახელმძღვანელოსთან ერთად. შეგიძლიათ ტექსტის წაკითხვა, ვიდეო მასალის ნახვა და მოსმენა, პროცესის მოდელირება და სიმულაციის წარმართვა მოვლენებზე დაკვირვების მიზნით. თქვენ მუშაობთ ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად დაახარისხებთ ინფორმაციას, აღნიშნავთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც თქვენი დავალების მთავარი მიზანია. სიმულაციის ან მოდელირების მონაცემები წარმოადგინეთ კვლევითი ანგარიშის სახით. სიმულაციის სათამაშოდ დაგჭირდებათ JAVA პროგრამის ჩაწერა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ განახორციელოთ სიმულაცია.

მეორე  კომპლექსური დავალება: გაიაზრე თანამედროვე რეალობის სივრცე და დრო, გაითვალისწინე, დღეს როგორ განიცდიან ცოცხალი ორგანიზმები ბუნებრივ გადარჩევას, როგორ შეიცვალა დედამიწაზე  სახეობები და ჯიშები. მოიყვანე მინიმუმ სამი მაგალითი (ორი ბუნებრივ გადარჩევაზე და ერთი ხელოვნურ გადარჩევაზე,  შეადარე გადარჩევის სახეები). წარმოადგინე ნამუშევარში შენი ხედვა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით.   მათი შემდგომი გადარჩევის პერსპექტივის განვითარების კუთხით. შენი დასკვნების წარდგენისას, მეტ დამაჯერებლობას შეგძენს ის მტკიცებულებები,  რომელთაც აღმოაჩენ პროცესის მოდელირებით. ამისთვის გამოიყენე სხვადასხვა ტიპის რესურსი და შენი  ნააზრევი  გადმოეცი Word-ის დოკუმენტში წერილის სახით. (ჩარლზ დარვინის ეპოქისაგან ესეც განგვასხვავებს.)

რესურსების ნაკრები დავამზადე Wakelet.com პროგრამის საშუალებით, რომელიც ახლავს Teams, საჭიროა რომ ის დაამატოთ თქვენს Teams გვერდს. აქვეა ბმული, სადაც ყველა რესურსი თავმოყრილიაhttps://wke.lt/w/s/9fVXdp

ასეთი დავალება და ინსტრუქციები მოცემული კლასისთვის გასაგები და შესრულებადია. თუ თქვენმა მოსწავლეებმა  არ იციან თამაშის ან სიმულაციის შემდეგ, როგორ დაწერონ კვლევის ანგარიში, შეგიძლიათ გაუმარტივოთ დავალება და მიაწოდოთ სხვა სახით. ასეთი ნიმუშიც აქვეა წარმოდგენილი.

სათაური: ბუნებრივი გადარჩევის მოდელირება სიმულაციის საშუალებით. https://phet.colorado.edu/simulations/sims.php?sim=Natural_Selection (biol.co/2wolf2)

მითითებულ მისამართზე გადასვლით მიიღებ წვდომას სიმულაციაზე და შეძლებ შეისწავლო ბუნებრივი გადარჩევის პროცესი საკუთარი კვლევის წარმოებით. ამ საქმიანობაში დახმარებას გაგიწევს კითხვები.

  1. როცა გახსნი სიმულაციას, ეკრანზე გამოჩნდება ერთი ბაჭია, დააკვირდი, რა  ემართება მას?
  2. სიმულაცია გაძლევს საშუალებას, აკონტროლო მუტაციის ტიპები, რომელიც ბაჭიაში გამოვლინდება. მოძებნე სივრცე წარწერით ,,მუტაციის დამატება“. დააკვირდი, რა ცვლილებები შეგიძლია შეიტანო ბაჭიაში?
  3. განსაზღვრეთ, რომელ ცვლილებებს აკონტროლებ შენს სიმულაციაში?
  4. რა დაემართება კურდღლების პოპულაციას, თუკი მეგობარი არასდროს დაემატება? როგორ წარიმართება პროცესი, მეგობრის დამატების შემთხვევაში
  5. როგორ წარიმართება პროცესი, როცა დაამატებ საკვებს, როგორც გადარჩევის ფაქტორს?
  6. რა სხვაობაა არქტიკულ და ეკვატორულ გარემოში მიმდინარე პროცესებში?
  7. რა არის გენეტიკური მუტაცია? რომელი სამი მუტაცია შეგიძლია დაამატო კურდღლების პოპულაციას?

ა.ექსპერიმენტი:

-როგორ ახდენს გავლენას  ბუნებრივი გადარჩევა ბეწვის ფერის ნიშანზე?

ჰიპოთეზა: ბუნებრივი გადარჩევა მოახდენს დადებით გავლენას………ნიშნებზე, რომლებიც……………………….

შეასრულე შემდეგი სიმულაციები, რათა გასცე  ექსპერიმენტის კითხვას პასუხი( გახსოვდეს გააკეთო ჩანაწერები კვლევისათვის).

დაამატე მეგობარი და მუტაცია ყავისფერი ბეწვის ბაჭიების პოპულაციაში და წარმართე ექსპერიმენტი მის დასრულებამდე.

დაიწყე  თავიდან და დაამატე მუტაცია ყავისფერბეწვიანი ბაჭიის სახით, მაგრამ დაამატე ასევე გადამრჩევი ფაქტორი მგლების სახით მაშინ, როცა კურდღლები იწყებენ განსახლებას. ექსპერიმენტი გაგრძელდება მანამ, სანამ  არ გექნება ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, რა პროცესი მიმდინარეობს მგლებისა და კურდღლების პოპულაციაში.

შეცვალე მართვა ისე, რომ კიდევ გქონდეს  ყავისფერი ბეწვის მუტაციები, მაგრამ ამჯერად წაშალე მგლები  და გადარჩევის ფაქტორად გამოიყენე -საკვები. ექსპერიმენტი გაგრძელდება, სანამ არ გექნება ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, რა პროცესი მიმდინარეობს მგლებისა და კურდღლების პოპულაციაში.

შეცვალე პირობები,  რათა  ყავისფერი ბეწვის მუტაცია წარიმართოს არქტიკულ არეში,  გამოიყენე მგლები გადამრჩევ ფაქტორად.

  1. სიმულაციებზე დაყრდნობით, აღწერე, რა მოხდა შენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, ორგანიზმთა განსახლებისას ? უპასუხე ექსპერიმენტის კითხვას. განიხილე- რა მოხდება ორივე საცხოვრებელ არეში   და რა მოხდება მაშინ, როცა  ჯგუფში არ არის მტაცებელი. წარმოადგინე მიღებული  შედეგები, რათა  შენი დასკვნა დაადასტურო.

ბ-ექსპერიმენტი:-როგორ არის დამოკიდებული კბილების სიგრძე ბუნებრივ გადარჩევაზე?

7.ა-ექსპერიმენტში არსებულ ნაბიჯებს მიჰყევი, განსაზღვრე, რა შემთხვევაში აძლევენ გრძელი კბილები ბაჭიების პოპულაციას უპირატესობას. დაწერე  ექსპერიმენტის კითხვაზე პასუხი, დაასაბუთე არგუმენტებით.

  1. მოამზადე პრეზენტაცია:

წარმოადგინე საკვლევი კითხვა, შენი ვარაუდი, აღწერე პროცესი (კონკრეტული დეტალები ), დაკვირვებით მიღებული მონაცემები წარმოადგინე, დაწერე დასკვნა, სადაც  არგუმენტირებულად ახსნი ბიოლოგიურ პრინციპებს, რომელიც აღმოაჩინე.

 

რესურსი:(ტექსტური მასალა)

ა.ელექტრონული წიგნი-https://guide.iliauni.edu.ge/books/evolutsia/

ბ.ბეჭდური  ტექსტი

რესურსი:2(სიმულაციები)

ა.https://biomanbio.com/HTML5GamesandLabs/EvoClassGames/aaevolutionpage.html

ბ.https://www.legendsoflearning.com/learning-objectives/natural-selection/

გ. https://phet.colorado.edu/ka/simulation/natural-selection

რესურსი#3 (ვიდეო მასალები)

ა.ტელესკოლის  ლინკი იუთუბიდან

ბ.ვიდეო ხანის აკადემიიდან

გ. სილქნეტის საშინაო   სკოლის გაკვეთილი  -ხელოვნური გადარჩეცვა

დ.ვიდეო  ევოლუციის შესახებ

ე. სახეობათა წარმოქმნა ან სპილოებში მიმდინარე გადარჩევა

https://www.biointeractive.org/classroom-resources/origin-species-beak-finch ან

https://www.biointeractive.org/classroom-resources/selection-tuskless-elephants

ვ.ჩარლზ რობერტ დარვინი (1809–1882)— ინგლისელი ბუნებისმეტყველის შესახებ

რესურსი#4( ბუნებრივი გადრჩევის მოდელირება)

ბიოლოგიის სასკოლო სახელმძღვანელოს (მალხაზ მაყაშვილი, მარინა ჯალიაშვილი, მარინე სეხნიაშვილი, რუსუდან ახვლედიანი) 84-ე გვერდზე წარმოდგენილია ბუნებრივი გადრჩევის მოდელირების გეგმა.

ნაბიჯები გაკვეთილის ჩატარებისათვის  შემდეგი თანმიმდევრობით დავალაგე:

ნაბიჯი#1

გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა, კომპლექსური დავალების ფორმულირება, სასწავლო  რესურსის მომზადება, დავალების ინსტრუქციის და შეფასების მომზადება.

ნაბიჯი #2

კლასთან დაგეგმილ შეხვედრაზე  მცირე დიალოგით მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ მათთვის ბუნდოვან საკითხს  და ვპასუხობ კითხვებს. ამ ეტაპზეც საქმე გამიადვილა Teams-ის დავალებების ველში მოსწავლეთა მიერ ატვირთულმა დავალებებმა, რამაც საშუალება  მომეცა, იქვე მიმეწოდებინა ბავშვებისათვის განმავითარებელი შეფასება. ეს კი ეხმარება მათ, დროულად გააანალიზონ საკუთარი ცოდნა და უნარები. ვაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის  მიზანსა და კომპლექსურ დავალებას.

თემის კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე ვამოწმებ მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებას და ვსვამ კითხვებს : 1.თქვენი აზრით,  როგორ მიმდინარეობს  დღეს სამყაროში  ბუნებრივი გადარჩევა? 2.  რა ფაქტორები უნდა იყოს ბუნებრივი გადარჩევის წინაპირობა ?  3. როგორ შეაფასებდით ხელოვნური გადარჩევის მნიშვნელობას? (მოსწავლეებს მოსამზადებელი ჰქონდათ რეფერატი – საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი  ენდემური ჯიშის შესახებ-ხორბალი/ვაზი/შინაური ცხოველები ).  ბავშვები მორიგეობით შემოდიან დიალოგში და გამოთქვამენ საკუთარ აზრებს.

ნაბიჯი#3

ვახსენებ მოსწავლეებს, რომ ბიოლოგიურ ტერმინთა ლექსიკონის შედგენა განაგრძონ(თემა – ევოლუცია) და საკითხში არსებული ახალი ტერმინები შეიტანონ გაკვეთილის დასრულების შემდეგ . აქვე ვეუბნები, რომ მათთვის მომზადებული მაქვს  მრავალფეროვანი რესურსები. ვუზიარებ Teams-ის ეკრანს და ვაცნობ Wakelet-ში თავმოყრილ რესურსებს. ურთიერთდიალოგით წარვმართავთ (ტექსტური მასალის და ფოტოსურათის საშუალებით),  ბუნებრივი გადარჩევის ფორმების მიმოხილვას .

ნაბიჯი#4

ვაცნობ,  როგორ იმუშაონ კონკრეტული საკითხის ირგვლივ:

–  რა საკითხებს  შეისწავლიან და მათი რომელი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს მოცემული სამუშაოს ჩატარება?

-რატომ შეისწავლიან ამ საკითხებს?

-როგორ მოახერხებენ ამ საკითხების შესწავლას?

ნაბიჯი#5

საკუთარი ნამუშევრები ელექტრონული პრეზენტაციის სახით ატვირთონ ისევ Teams-ის  დავალებების ველში. ნამუშევრის შესრულებისთვის ერთი კვირა აქვთ, დრო მომდევნო გაკვეთილამდე.

ნაბიჯი #6

პრეზენტაციის ერთი სლაიდი უნდა დაეთმოს თვითშეფასების კითხვარს, სადაც მოსწავლეები უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:

-რამ დააინტერესათ  ამ დავალებაზე მუშაობისას?

-რა დაეხმარათ მათ დავალების შესრულებისას?

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...