შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

ვაჟა და გლობალიზაცია

0

თანამედროვე ლიტერატურულ-ფილოსოფიური აზროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებს კლასიკური მწერლობა თავისუფლების, პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის ცნებებს.

სხვადასხვა სააზროვნო სივრცის, სხვადასხვა მსოფლმხედველობის შემოქმედები საკუთარ სულიერ ძალას, გულის ნაწილს დებენ ამ პროცესის შესწავლისას და ეს არ არის პათეტიკა, რადგან ნამდვილი მეცნიერება ყოველთვის შინაგან განცდებს, ინტუიციას ეყრდნობა.

ვაჟასეული „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ გამორჩეულად საგულისხმოა, როდესაც ემიგრანტებზე, მათ მიერ შექმნილ ლიტერატურაზე ან სააზროვნო სტრუქტურებზე ვსაუბრობთ, რადგან ის, რასაც დღეს გლობალიზაციას ვუწოდებთ, წინათ კი კოსმოპოლიტიზმი ერქვა და, რა დასამალია, საკმაოდ ავიწროებდა პატრიოტიზმს, დღეს სხვა სახით გვევლინება და ეს ყველაზე უკეთესად ემიგრანტებმა იციან. ყოველი ერის ღირსებაა თვითმყოფადობა, რაც მსოფლიო კულტურის მრავალფეროვნების საწინდარია. „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს, თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელ კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელი ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა“ („კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“). ყველა გენიოსი ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენდა, მაგრამ თითოეული მათგანი კაცობრიობის საკუთრებაცაა. ასე რომ, სწორედ გენიოსები გვიხსნიან გზას გლობალიზაციისკენ. ამის დასტურია ის, რომ ვერცერთი თარგმანი ვერ შეედრება ლიტერატურული შედევრების ორიგინალში გაცნობას. ჩვენი როგორც პატარა ერის ტრაგედიაც ის არის, რომ რაც უნდა ბრწყინვალე იყოს თარგმანი, „ვეფხისტყაოსნის“ და ვაჟა-ფშაველას სრულყოფილად გაგებას ქართული ენის ცოდნა უნდა მაინც.

„პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც, მაგ., არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდან, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე – საზრდოდ, ნანა – მოსასვენებლად“ („კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“). აქედან გამომდინარე, რაოდენ მძიმე და არაბუნებრივი მდგომარეობაა ნებისმიერი  ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველისთვის, რომელიც სამშობლოზე უფრო მეტად მიჯაჭვული მგონია როგორც ფსიქოტიპი, სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მეტიც – იძულებითი ემიგრანტობა. ამ დროს იგი ინარჩუნებს თავის გენეტიკურ მეხსიერებაში არსებულ, წარუშლელ ეროვნულ თვისებებს, მაგრამ უამრავი პრობლემის წინაშე დგება. ავიღოთ თუნდაც საკმაოდ მტკივნეული ფიზიკური სიშორე სამშობლოსგან, შინაგანად დამანგრეველი ნოსტალგია, ორენოვნების დიდი სირთულე. ყოველივე ზემოთქმული ხომ ჩვენი დღევანდელობის თანამდევი და მახასიათებელია. თუმცა ხშირად მოძალებულ სასოწარკვეთილებას ცვლის იმედი, რომ „დრონი მეფობენ“ და ეს იარაც მოშუშდება.

კოსმოპოლიტიზმის არაჯანსაღი გაგებაა, როცა ჰგონიათ, რომ ყველა ერი ერთნაირად უნდა გიყვარდეს. ეს არასწორი განსჯაა. გლობალიზაციისა თუ კოსმოპოლიტიზმის საუკეთესო გაგება, ვაჟას აზრით, რომელიც დღესაც თანამედროვეა, ასეთია: „ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომდა კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თვითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელი კაცობრიობის განვითარებისა“.

ასე რომ, ეროვნულობა, რომელიც დღეს მავანთა მიერ ზოგჯერ პროვანციალიზმად აღიქმება, ვაჟასთან, როგორც ქართველ მწერალთა უმრავლესობასთან, ტკივილიანი სიმძაფრით წარმოჩენილი თემაა.

ზნეობრივი სიმტკიცე, გულგაუტეხელობა, ამტანობა, ვაჟკაცური სული – სწორედ ეს თვისებებია საყრდენი მწერლის ღრმა ეროვნულობისა („ქვეყნის ჭირ-ვარამს ვატარებ, ვერავინ შამედრებითა“). ვაჟა-ფშაველა არა მარტო მოუწოდებდა, არამედ თვითონაც, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი, თავისი გმირების მსგავსად, არასდროს ყოფილა მონა ყოფიერებისა, ყოველთვის მაღლდებოდა მასზე და დიდი შემოქმედისთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობით გვიამბობდა მომავალზე. იგი თავისი წინააღმდეგობათა გადამლახავი სულით იყო მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი გმირობის მაგალითი და ღირსეული მემკვიდრე ილიასა და აკაკის მამულიშვილური ტრადიციებისა. ოცდაორი წლის ვაჟამ უკვე იცოდა, რომ სამშობლო „ქვეყნიერი ღმერთია“.

პატრიოტული და სოციალური ყოვლისმომცველი, ფართო შინაარსის მქონე ცნებებია ვაჟასთვის, რომლებიც მრავალ მოტივს და საკითხს აერთიანებს მის ნაწარმოებებში. ეს ორი მთავარი განწყობილება ცალ-ცალკე არ მოიაზრება მწერლის შემოქმედებაში. ისინი ერწყმის და აღრმავებს ერთმანეთს და თანაბარი ძალით მჟღავნდება ვაჟას ლირიკაში, ეპოსსა და პროზაში.

ვაჟა-ფშაველას პოემების შინაარსი სოციალურია. პატრიოტული საკითხების გვერდით მწერალი გვიჩვენებს ადამიანთა ურთიერთობას საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში. მისი ინტერესები ამ მხრივ საოცრად ფართოა, ღრმა და მოიცავს ყველა დროისთვის აქტიურ პრობლემას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობისა.

სოციალური მოტივებიც ისევე მნიშვნელოვანია ვაჟასთან, როგორც მისი „რა არის თავისუფლება“. იგი ხსნის ამ ურთულეს პროცესებს, ოღონდ შიგნიდან და არა როგორც ემიგრანტი. თუ გრაფიკულად წარმოვიდგენთ, დავინახავთ განივ ჭრილს, რომელიც თანადამსწრის უტყუარი და უწრფელესი განცდით წარმოადგენს ისეთ თემებს, რომლებიც ზოგჯერ იჩქმალებოდა და ხანდახან, სამწუხაროდ, მათ ახლაც არიდებენ თავს.

„თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმადყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი“ („რა არის თავისუფლება?“). რა თანამედროვეა განცდები, რომლებიც ვაჟას აქვს იმ სოციუმისადმი, რომელშიც ცხოვრება უწევდა და რომელიც განაპირობებდა ადამიანის თავისუფლების ხარისხს მაშინ და ახლაც ასეა. „არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდესმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით: „სიკვდილი ან სიცოცხლე (ე. ი. თავისუფლება?!)“. თავისუფალი, ვაჟას აზრით, მხოლოდ მაშინ ხარ, როცა არ ემონები მძიმე რეალობას და, მიუხედავად ყველაფრისა, იბრძვი ბედნიერების მოსაპოვებლად. „რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი?“

თავისუფლება არ ნიშნავს აკრძალვების, ზნეობრივი ცენზურის მოსპობას, რომ რაც გინდა, ის აკეთო, ილაპარაკო, წერო. ყოველ სიტყვას საერთო, საზოგადოებრივი ბედნიერება უნდა ჰქონდეს მიზნად.

ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა სოციალური კეთილდღეობისა, რომელიც, გარკვეულწილად, არის განმაპირობებელი საზოგადოების, ერის ბედნიერებისა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ იყოს მისწრაფება სულიერი განახლებისა და სრულყოფისაკენ. „მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა“ („რა არის თავისუფლება?“).

ეს უნდა იყოს მიზანი ერისა თუ ბერისა ჩვენი, ცოტა არ იყოს, გროტესკული კომიკურობითა თუ უიმედო ტრაგიზმით დამძიმებული დღევანდელობისთვისაც. ეს არის იარაღიც წინააღმდეგ მტრისა, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ისეთივე რეალურია, როგორიც იყო საუკუნეების განმავლობაში.

„ბრჭყალით ვუპყრივარ სევდასა, როგორაც არწივს გნოლია“, – წერს ვაჟა, მაგრამ ეს სევდა ცხოვრების წვრილმანებით არ ყოფილა გამოწვეული. თვით სამყაროს ამოცნობის სურვილია ამის მიზეზი. ვაჟამ იცის, რომ სამყარო დიადია, მაგრამ ეს სიდიადე არ არის მხოლოდ ჩარჩო ადამიანის სახის წარმოსადგენად. მის გმირებს სხვა ღირსებებიც აქვთ, გარდა იმისა, რომ ისინი ბუნების ნაწილს შეადგენენ. ისინი ადამიანები არიან და, ამდენად, გამართლებულია მათი მისწრაფება, იყვნენ თავისთავადნი, თავისუფალნი. ისინი მთელი არსებით უარყოფენ ბრმა მორჩილებას, გულწრფელად და ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე მიილტვიან თავიანთი „მეობის“ შენარჩუნებისკენ. ვაჟას პერსონაჟების ეს თვისება არის საზომი მათი ღირსებისა. ეს დიდბუნებოვანი ადამიანები სასტიკად ისჯებიან და ჩვენ თანავუგრძნობთ, პატივისცემით ვიმსჭვალებით მათ მიმართ. მართალია, ვაჟას გმირებს კიცხავენ, სჯიან, თემიდანაც კი აძევებენ, მაგრამ მათი ინტერესები არ კვდება. ვაჟა-ფშაველას მიერ გმირისადმი მინიჭებული საკუთარ თავად დარჩენის უფლება, უფლის მიერ ადამიანისთვის ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქარი, თავისუფალი ნება, არჩევანი, მწერლის შემოქმედებაში შერწყმულია საზოგადო კეთილდღეობისთვის ზრუნვის მოვალეობასთან. ეს განხორციელებულია მინდიას, ჯოყოლას, აღაზასა და ალუდას სახეებში. სწორედ ეს ანიჭებს მათ პიროვნებას დიდ სოციალურ ღირებულებას.

მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ როცა ვაჟა-ფშაველა აფასებს მოვლენებს, ის არის „ბალახი და არა ცელი“. მანკიერის გადმოცემისას ცდილობს, არ მოკვეთოს ძირში ყველაზე მნიშვნელოვანი. ის ეძებს გამოსავალს, თავისუფლებას, ზნეობას, კაიყმობას, იმ ჰარმონიას, რომელიც პირიმზესა და ზვავს ერთად ათავსებს ამ სამყაროში, რომლის არსიც ტრაგიკულია.

სადაც არ უნდა იყვნენ, ქართველ მწერლებს აწვალებთ ფიქრი: რა არის წმინდა ესთეტიკა, მსოფლიოს მთლიანი აღქმა, სამშობლო, სიყვარული, ნამდვილი თავისუფლება, – და მათი დამოკიდებულებაც ამ მარადიული კატეგორიებისადმი, უფრო თანხვედრილია, ვიდრე აცდენილი.

როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი

0

როდესაც დილაობით აიაზმის (სოფელი წალკაში, სადაც სომხურენოვან სკოლაში ვმუშაობდი 2004-2007 წლებში) სკოლისკენ ტალახიან გზას მივიკვლევდი, ორღობეში მხვდებოდა მოღიმარი შავულვაშა კაცი ხელში ატატებული პატარა გოგოთი. ბარილუსობისა („ბარი ლუს“ – დილა მშვიდობისა) და მოკითხვის შემდეგ შვილიშვილს მიწაზე დასვამდა და ეტყოდა, აბა, ჰარგელის (პატივცემულს) აჩვენე, როგორ იცი ქართულადო… გოგონასაც გაუნათდებოდა მაყვალივით შავი თვალები და დაიწყებდა:

– ელთი, ოლი, სამი, ოთხი, ხუთი…  

თუ არ მეჩქარებოდა, ოცამდე ავიდოდა, თუ ვჩქარობდი, ათამდე არმისულს ტაშით დავაჯილდოებდი ხოლმე და გახარებულ ბაბუა-შვილიშვილს მეც გახარებული ვემშვიდობებოდი. მათგან წამოყოლილი ღიმილი და სომხის გოგოს „ელთი-ოლი“ სკოლამდე მისვლას მიიოლებდა.

ლაპარაკის (საუბრის) უნარი ერთ-ერთი განუყოფელი კომპეტენციაა უცხოურ ენაზე კომუნიკაციის დაწყებისას. თუ მშობლიურ ენაზე ეს უნარი ბუნებრივად, კომფორტულად და გაუცნობიერებლად ყალიბდება, უცხოურ ენაზე საუბრის დაწყება გარკვეულ ბარიერებთან არის დაკავშირებული, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს ადრეული ბავშვობიდანვე არ უწევს არამშობლიურ ენასთან შეხება და ბუნებრივი გზითვე ითვისებს მას – ამ შემთხვევაში მეორე ენის ბუნებრივი ათვისება ხდება, რაც გავრცელებული ტრადიცია იყო ძველი ტფილისის ტრადიციულ ეზოებში.

 

რეალურ სიტუაციებში მოსმენა-ლაპარაკი მრავალჯერადი განმეორებით

ენის სწავლებისას დიდი როლი ენიჭება ავთენტიკურ კონტექსტებს და აქ გახმოვანებულ ფრაზებსა და სიტყვებს.  არცთუ იშვიათად ასეთი კონტექსტები უფრო ადვილად ამახსოვრებინებს მოწაფეს საჭირო ფრაზასა თუ ენობრივ კონსტრუქციას. ასეთი მიდგომით ბავშვებს შეგვიძლია დავამახსოვრებინოთ და ავათვისებინოთ საოცრად რთული ფორმისა და გრამატიკული სტრუქტურის სიტყვები და გამოთქმები, რომელთა ათვისებაც, ენის ლოგიკური განვითარების მიხედვით, საკმაოდ გვიან მოუწევდა. მაგალითად: „დაგეძინა?“ „მეცოტავება“… ასეთი გამოთქმებისა და ფრაზების ასათვისებლად საკმაოდ ეფექტოვანია (ამ სიტყვით ვაერთიანებ ეფექტურობისა და ეფექტიანობის შინაარსს) მასწავლებლისეული ყალიბ-გამოთქმები. მაგალითად:

– დავალება არ წამოგიღია, სახლში დაგრჩა?

– გადავშალოთ წიგნები და რვეულები.

– ერთი „დანაშაული“ – რომ არ იყავი, მეორე „დანაშაული“ – დავალება რომ არ გაქვს.

– ყურადღებით გადაიწერეთ დაფიდან.

– ყველას ჩაგირთავთ/გამოგირთავთ მიკროფონებს.

ძალიან სასარგებლოა თითოფრაზიანი უკუკავშირის მიცემაც, როდესაც ბავშვები მუშაობენ. მაგალითად, ალიმ უკვე დახატა, ალინა ჯერ კიდევ ხატავს… რაუფი ხატავს, ნესტანი ხატავს, ნიკუშა ხატავს, აილინი ხატავს, გარი ხატავს… აქ იმ ფორმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც აქტუალურია ჩვენთვის: აწმყოზე ან წყვეტილზე ან, შეპირისპირებისა და კონტექსტის მიხედვით შინაარსის აღქმის გასაადვილებლად – ორივეზე.

რასაკვირველია, ასეთი ფრაზები და გამოთქმები, თუ დაგეგმილია მასწავლებლის მიერ სასწავლო მიზნების კვალად და შესაბამისად, უფრო და უფრო გართულდება საბაზო და საშუალო საფეხურებზე. მაგალითად, მეცოტავება-გეცოტავება, შემოგესწავლებათ, გავისიგრძეგანოთ

ასეთი მიდგომით ენობრივი მასალის ათვისების ეფექტურობაში პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი და არა სხვადასხვა თეორეტიკოსის შეგონებებით. რა გამოცდილება იყო? რა და…

ერთი პოპულარული ინგლისურის მასწავლებლის ვიდეოების დამუშავება დავიწყე ამ რამდენიმე წლის წინ. მისი სწავლების სტილი ასეთი იყო: რაღაც ენობრივ საკითხს წარმოადგენდა ინგლისურად, ყოველგვარი დამხმარე ენის გარეშე და შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადებებს, კერძო შემთხვევებს განიხილავდა. მისი პოპულარული სავარჯიშოები იყო გამოტოვებული წინადადებების შევსება, სიტყვების ჩასმა სამწერტილების ადგილას. და როდესაც ამ წინადადებებს კითხულობდა და სამწერტილს მიადგებოდა, something-something-ო, იტყოდა ხოლმე… ამ something-something-ის მეტი არც არაფერი დამმახსოვრებია იმ გაკვეთილებიდან. ჰოდა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს პროცედურული ინსტრუმენტები მოსწავლის ასალაპარაკებლად? უნდა გამოვიყენოთ.

 

ლაპარაკის უნარის განვითარებისთვის ეფექტური მეთოდებია ბუნებრივი მიდგომა – სრული ფიზიკური რეაქცია, ერთსიტყვიანი პასუხები, ორსიტყვიანი პასუხები. ეს მიდგომა შინაარსიანად მუშაობს რეალური ნივთებისა (კალამი, ვაშლი, ქუდი, წიგნი, ბლოკნოტი…) და პოსტერების გამოყენებით. საინტერესო იქნებოდა მომავალში ამ ინსტრუმენტებზე უფრო ვრცლად საუბარი, თუმცა ქვემოთ მოკლედ შევეხებით მათ.

 

რეალური ნივთები

აქტივობები სხვადასხვა ფერის რეალური ნივთების გამოყენებით. პაატა პაპავა, საქართველოში ამ მიდგომის იმპლემენტატორი, ამ აქტივობას სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, მწვანე) ვაშლის გამოყენებით ატარებდა ხოლმე. ალან კროუფორდს, მსოფლიოში ამ მიდგომის ერთ-ერთ გამავრცელებელს, კი ქუდები უყვარდა და აგროვებდა კიდეც სხვადასხვა ფერისა და ზომის ქუდებს.

 

პოსტერები

შესანიშნავი რესურსია თემატური პოსტერები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა ცენტრი, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი)  მიერ არის დაბეჭდილი და დარიგებული ჩვენს სკოლებში.

თემატური პოსტერი არის კონკრეტული თემატიკის ამსახველი სიუჟეტიანი დიდი ფერადი პლაკატი, რომლის გაკვრაც შესაძლებელია საკლასო ოთახის დაფაზე ისე, რომ ოთახის ყველა კუთხიდან კარგად ჩანდეს.

ასეთი პოსტერები დარიგებულია არაქართულენოვან სკოლებში. მათი ამობეჭდვა სხვადასხვა მასალაზე დამოუკიდებლადაც შეგვიძლია სხვადასხვა ფირმაში, თუ ნახატებს მივაწვდით. ნახატები კი გაზიარებულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ დატოვებულ პორტალზე: kargiskola.ge. ამ ნახატების ჩვენება პროექტორითაც შესაძლებელია, თუმცა დიდ ფორმატზე ამობეჭდილი სახით უფრო მოხერხებული და ეფექტურია.

ქვემოთ წარმოდგენილია ჯიპრაიდის ფარგლებში შექმნილი პოსტერი, რომელზეც, თუ კარგად დააკვირდებით, ჭიათურის ცნობილი გედების ტბა და საბაგიროა წარმოდგენილია.

 

პაატა პაპავას ცნობილ ვიდეოში სწორედ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში დამზადებული ამ პოსტერის სასწავლო მიზნით გამოყენების სცენაა ასახული:

 

რატომ უშლის ხელს წერისა და კითხვის შემოტანა ლაპარაკის უნარის განვითარებას?

როგორ დავაკავშიროთ ორგანულად კითხვა და წერა ლაპარაკთან? აქ უნდა გავითვალისწინოთ უნართა ინტეგრირებულად სწავლების თავისებურება და ის, რომ ლაპარაკი, ისვე როგორც წერა, პროდუცირებადი უნარია. ანუ, კითხვისა და მოსმენისგან განსხვავებით, შემსწავლელი მიმღები კი არ არის, არამედ მწარმოებელი, წარმომთქმელი და დამწერი, თვითონ ქმნის ენობრივ პროდუქტს (დაწერილ თუ წარმოთქმულ ტექსტს). მასწავლებლის მოვალეობაა, მკაფიოდ გამიჯნოს ლაპარაკის უნარის განმავითარებელი აქტივობები კითხვისა და მოსმენის როგორც საყრდენი უნარებისგან.

რას გულისხმობს გამიჯვნა? ან რამდენად შესაძლებელია ამის მოხერხება გაკვეთილზე? რასაკვირველია, ენობრივი უნარები ურთიერთდაკაშირებულია და ასეთივედ უნდა დარჩეს სწავლების პროცესში – ერთი უნარი მეორის განვითარების საყრდენად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ გამიჯვნაში ვგულისხმობთ იმას, რომ განსაზღვრულ შემთხვევებში მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ, რომ ლაპარაკის უნარზე კონცენტრირების მომენტებში ვერ გამოიყენებენ თუნდაც მათ მიერვე ანდა ერთობლივად წინასწარ დაწერილ ტექსტს. ამ კონკრეტულ, „სალაპარაკო მომენტებში“ უმჯობესია მოსწავლემ ნაწყვეტ-ნაწყვეტ, შეყოვნებით, შეცდომებით ილაპარაკოს, ვიდრე უშეცდომოდ, მაგრამ დაწერილი ტექსტების, მინიშნებების, ლექსიკონების, ჩანაწერების, სქემების დახმარებით.

 

შინაგანი საუბარი

ვიგოცკის მიხედვით, შინაგანი საუბარი სწავლის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია (shorturl.at/epwW0). ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა  აქვს ენის ათვისების პროცესში. თუ დაკვირვებიხართ სამი-ოთხი წლის ბავშვს, რომელიც თავის თავს ელაპარაკება? რა სასიამოვნო საყურებელია, არა? ამ აქტით ბავშვი უდიდეს ნახტომს აკეთებს განვითარებაში. სამწუხაროდ, ასეთი მომენტის აღმოჩენის დროს ბავშვებს რცხვენიათ ხოლმე და ცდილობენ, ჩაკლან ეს სასწაულებრივი მოვლენა საკუთარ ცხოვრებაში.

მეორე/უცხოური ენის მასწავლებლები უნდა უბრუნებდნენ თავიანთ მოსწავლეებს ასეთი აქტების განხორციელების სიამოვნებას. უნდა ჩააგონებდნენ, რომ საკუთარ თავთან განმარტოებისას ისაუბრონ, ესაუბრონ საკუთარ თავს სამიზნე ენაზე… ამისთვის, რასაკვირველია, საჭიროა, მასწავლებელმა მოსწავლე აღჭურვოს დაძლევადი ენობრივი მასალით.

კარგი რჩევა იქნება სარკის წინ საუბარი და მისი პარტნიორად გამოყენება.

ეს საუბარი შეიძლება წარიმართოს ელემენტარული საკომუნიკაციო სიტუაციებიდან (რა გქვია? რა გვარი ხარ?..) გართულებული და მაღალი კომპეტენციების ჩათვლით (რა გესიამოვნებოდა?..)

როგორ აღვჭურვოთ ბავშვები დაძლევადი ენობრივი მასალით?

რასაკვირველია, ამას დაგეგმილი სწავლება სჭირდება. გთავაზობთ ლაპარაკის სწავლების შვიდსაფეხურიან მოდელს.

1) ვაჩვენოთ სიტუაცია.

2) აღვწეროთ სიტუაცია.

3) კიდევ ერთხელ, უკვე მოსწავლეთა მონაწილეობით, აღვწეროთ სიტუაცია.

4) გავითამაშოთ დიალოგი სიტუაციაში, როგორც მულტიფუნქციურმა მსახიობმა.

5) კიდევ ერთხელ გავითამაშოთ დიალოგები, ამჯერად უკვე მოსწავლეთა ჩართულობით.

6) მოსწავლეებს დამოუკიდებლად გავათამაშებინოთ დამუშავებული სიტუაციური დიალოგები.

7) შევთავაზოთ მოსწავლეებს განსხვავებული სიტუაციური დიალოგების გათამაშება.

როგორ ჩამოვაყალიბოთ განსხვავებული სიტუაცია? ამისთვის სამი გზა არსებობს:

  1. დავტოვოთ იგივე კონტექსტი და შევცვალოთ მონაცემები (იმავე რანგის ან უფრო რთული მონაცემებით);
  2. დავტოვოთ იგივე მონაცემები და შევცვალოთ კონტექსტი;
  3. შევცვალოთ კონტექსტიც და მონაცემებიც.

მაგალითად, თუ ჩვენი მიზანია გაყიდვის სიტუაციებში კომუნიკაციის დამყარება და პირველ ვარიანტად დავამუშავეთ/გავითამაშეთ სიტუაცია სურსათის მაღაზიაში, სადაც მალვინა ყიდულობს შოკოლადსა და წვენს, განსხვავებული იქნება შემდეგი სიტუაციები:

ა) მალვინა მაღაზიაში ყიდულობს პურსა და ნაყინს;

ბ) მალვინა კინოში ყიდულობს შოკოლადსა და წვენს;

გ) მალვინა კინოში ყიდულობს ნაყინსა და პოპკორნს.

 

მოქმედება სიმულაციის ნაცვლად

აქვე უნდა გავიხსენოთ ჩანაწერი, რომელიც შემოთავაზებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში: „მოქმედებაზე ორიენტირებული მიდგომა (action-oriented approach) ენების დიდაქტიკის ახალ პარადიგმას წარმოადგენს. განსხვავებით კომუნიკაციური მიდგომისგან, რომელიც არსებითად ინფორმაციის გაცვლაზე იყო ორიენტირებული, ამ ახალ პარადიგმაში ენების სწავლა-სწავლების მთავარ ამოცანას შეადგენს  სოციალურ კონტექსტებში სხვადასხვა ტიპის საქმიანობათა უცხოურ ენაზე განხორციელების უნარების განვითარება. თუკი კომუნიკაციური მიდგომის მთავარ საგაკვეთილო აქტივობას „სიმულაცია“ წარმოადგენდა, ამ ახალი მიმართულების მიხედვით, პროექტული სწავლა-სწავლებაა პრიორიტეტული“.

ამ კონტექსტში დიდი დატვირთვა ენიჭება კომპლექსური დავალებების შესრულებასა და პრეზენტაციას. თუ განვიხილავთ ერთ-ერთი ტიპური კომპლექსური დავალების პირობას, ადვილად დავინახავთ, რომ ნებისმიერი ნამუშევრის (განურჩევლად იმისა, თუ რა უნარების კომპლექსურ ჩართვას მოითხოვს) პრეზენტაცია გულისხმობს მოსწავლეების ლაპარაკის კომპეტენციის განვითარებას.

მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი კომპლექსური დავალება, რომელიც ამოღებულია ახალი სახელმძღვანელოსთვის დაწერილი თემატური ერთეულიდან:

ციფრული ან არაციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით დაამზადე ბუკლეტი „ჩემი მხარე“.

ნამუშევარში/პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

  • შენი მხარის/რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა (დახატე საქართველოს რუკა და მასზე მონიშნე სათანადო ადგილი);
  • მოკლე ინფორმაცია რეგიონის შესახებ (შეგიძლია გამოიყენო როგორც შენი ცოდნა, ასევე დამატებით ინტერნეტშიც მოიძიო ინფორმაცია);
  • მსაზღვრელ-საზღვრულის სათანადო ბრუნვაში გამოყენების ცოდნა;
  • ინფორმაცია შენს მხარეში მცხოვრები ადამიანების გარეგნობის, თვისებების, სამზარეულოს შესახებ;
  • ბუკლეტის შესაბამისი სტრუქტურა და ილუსტრაციები;
  • ორი ისეთი სიტყვა, რომელთა შესახებაც დამატებით გექნება მცირე ინფორმაცია (ვითომ ჰიპერბმულებია).

ნამუშევრის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • როგორ დაგეხმარა ინფორმაციის მოძიება ბუკლეტზე მუშაობისას?
  • რა დამატებითი ინფორმაცია გამოიყენე ბუკლეტზე მუშაობისას და როგორ მოიძიე იგი? დაგეხმარნენ თუ არა ამაში შენი ოჯახის წევრები? კონკრეტულად, რა ინფორმაცია მოგაწოდეს მათ?
  • როგორ წარმართე ბუკლეტზე მუშაობა – რა გააკეთე პირველ ეტაპზე? შემდეგ? ბოლოს?
  • რას შეცვლიდი, ხელახლა რომ იწყებდე ბუკლეტზე მუშაობას?

თუ კარგად დავუკვირდებით შემოთავაზებული კომპლექსური დავალების პირობას, დავინახავთ, რომ იქ მხოლოდ ინფორმაციის მოძიება, მისი ნამუშევარში გადატანა, გაფორმება და ბუკლეტის მომზადება კი არ არის მთავარი, არამედ მასზე საუბარი. მეტიც: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტზე/ნამუშევარზე საუბარი, არამედ სამუშაო პროცესზე ხმამაღალი რეფლექსიაც. რასაკვირველია, ასეთი საუბრების დროს ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლები გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ, მაგრამ თითოეულ სიტყვას, ფრაზას, წინადადებას განუზომლად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მშობლიურ ენაზე ექნებოდა. მთავარია, მოსწავლე მთელი არსებით იყოს ჩართული როგორც ნამუშევრის შექმნაში, ასევე მის ქართულ ენაზე წარდგენაში.

 

დასასრულ, უნდა შევეხოთ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მშობლიური ენის გამოყენების საკითხს. ეს საკითხი არ შეეხება მხოლოდ ქართულის როგორც მეორე/უცხოური ენის სწავლებას, რადგან, ჩემი დაკვირვებით, საკმაოდ პრობლემურია ნებისმიერი უცხოური ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული…) სწავლების ტრადიცია. მე ხშირად მიკამათია უცხოური ენების მასწავლებლებთან, – რასაკვირველია, ჩემს კოლეგებთან და არა ჩემს ყოფილ მასწავლებლებთან, – რომლებიც ცდილობენ, მოსწავლეებს მათ მშობლიურ ენაზე აუხსნან სამიზნე ენის ესა თუ ის ნიუანსი. მეტიც, წუხან: მეხუთეკლასელებმა სათანადოდ არ იციან ქართული ენის გრამატიკა, რომ ინგლისურის (ფრანგულის, გერმანულის, რუსულის…) ესა თუ ის ნიუანსი გაიგონო.

– კი მაგრამ, ასე ხომ დააზარალებთ სამიზნე ენის გამოყენების სივრცესა და არეალს?! – გამკვირვებია ხოლმე მე, რაზეც მრავალმნიშვნელოვნად მოუგიათ:

– განა თქვენ, ქართულის როგორც მეორე/უცხოური ენის მასწავლებელი, არ უხსნით თქვენს მოსწავლეებს მათსავე მშობლიურ ენაზე ამა თუ იმ კონცეპტს?!

– პატივცემულო, ჩემი მოსწავლეების ნაწილი აზერბაიჯანულენოვანია, ნაწილი – სომხურენოვანი, ნაწილი – რუსულენოვანი, კორეელიც კი მყოლია და, როგორ ფიქრობთ, რამდენ ენაზე უნდა წარვმართო ქართულის სწავლება?!

ამ მიმართულებით საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა კი დავძენ, რომ თუ რამის ასახსნელად მოსწავლის მშობლიური ენის მოშველიება გვჭირდება, ესე იგი ამის სწავლება ჯერ ნაადრევია და ენის რეალიზებაში მაინც არ ექნება სათანადო ეფექტი. უმთავრესი ალაპარაკებული ბავშვია, მშობლიურ ენაზე გრამატიკული ნიუანსების ახსნის გარეშე. ისე, როგორც სარგის რესტევანიანის ქვემოთ შემოთავაზებულ ვიდეოშია წარმოდგენილი:

თვალბედითი შავი ყორნის ორსახოვანი სიმბოლოს გასააზრებლად

0

ლიტერატურის სახეობრივი ბუნება, ჩემი აზრით, ყველაზე მიმზიდველია მხატვრულ ტექსტებში. მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს მხატვრულ სახე-სიმბოლოთა დეკოდირება. ეპიკურია ტექსტი თუ ლირიკული, მხატვრული სახის გახსნა ყველაზე დამაინტრიგებელი პროცესია და ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. სახეების დეკოდირება ტექსტის ანალიზის უმთავრესი ნაწილია. ლირიკული და ეპიკური მხატვრული სახეები თავიანთი მახასიათებლებით მკვეთრად განსხვავდებიან. ეპოსშიც და ლირიკაშიც მხატვრული სახეა იდეის რეალიზების საშუალება. ლირიკული მხატვრული სახე ემოციური, იდუმალი, მოზაიკური, ფრაგმენტული და მრავალპლანიანია, ხოლო ეპიკურ ტექსტში პერსონაჟი, პროტაგონისტი იქნება ის თუ ანტაგონისტი, ყოველთვის უხვი ნარატივით იხატება, მის ქმედებებში, თავგადასავლებში იკითხება ხასიათის თვისებები, იძლევა მრავალმხრივი დაკვირვებებისა და ინტერპრეტაციების საშუალებას.

ამჯერად ჩვენი სტატიის თემაა ერთი კონკრეტული სახე-სიმბოლო, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია რომანტიკოსთა შემოქმედებაში. მისი აღმატებულება „თვალბედითი შავი ყორანი“…

საოცარი კაცი იყო XVIII საუკუნის შვედი ბუნებისმეტყველი კარლ ლინე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიზებას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინას სწავლობდა ლუნდისა და უფსალის უნივერსიტეტებში. 25 წლისამ იმოგზაურა ლაპლანდიაში და გამოსცა წიგნი „ლაპლანდიის ფლორა“. მოგვიანებით ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად და შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაშიც მიიღო მონაწილეობა. იყო ამავე აკადემიის პირველი პრეზიდენტი და უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი. გახლდათ პარიზის, ლონდონის, ბერლინისა და პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიების წევრი. მან შექმნა ცხოველთა კლასიფიკაციის სისტემა. დაყო ისინი სახეობებად, გვარებად, რიგებად და კლასებად. აღწერა და სახელები დაარქვა მცენარეთა და ცხოველთა 10 ათასამდე სახეობას.

გაგიკვირდებათ ფილოლოგის სტატიაში საბუნებისმეტყველო დარგის ამ დიდი მეცნიერის დამსახურებებზე ამდენი საუბარი. თუმცა რა… „რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო“ და… ყორანი, ლათინური სახელი  corvus corax… 1758 წელს იმ დალოცვილ კარლ ლინეს ეს საინტერესო და მისტიკური ფრინველი ასე გაუმწესებია მეცნიერულ კლასიფიკაციებში: სამეფო – ცხოველები, ტიპი – ქორდიანები, კლასი – ფრინველები, რიგი – ბეღურასნაირნი, ოჯახი – ყორნისებრნი, გვარი – ყორანი… ბეღურასნაირი ვეძახოთ ჩვენ და კი აუწიოკებია უნაზესი სულის პოეტების გული, გრძნობა და გონება ამ საინტერესო არსებას…

ამჯერად ჩვენი გაკვეთილის თემაა ყორნისა და ყვავის სახეები სხვადასხვა ეპოქების მხატვრულ ტექსტებში: გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, ედგარ ალან პოს „ყორანი“, გალაკტიონის „შავი ყორანი“, გოდერძი ჩოხელის სამი მოთხრობა „ყორნები“, „საზიარო ყვავი“ და „ყვავი“, ხალხური ლექსები „ფხოველი და შავანელი“ და  „ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს“.

მასალა მოცულობითი და საინტერესო საკვლევია კლასში ჯგუფური მუშაობისთვის. მასწავლებელი კისრულობს მოდერატორის როლს და მოსწავლეებს აცნობს, რომ ყვავ-ყორნის მხატვრული სახეების სიმბოლიკა უპირველესად მითოსური ნარატივებიდან იღებს სათავეს და კლასს აძლევს რესურსებს ამ მიმართულებით კვლევისთვის.

რესურსი I:

ყორნის სახე უაღრესად საინტერესოდ ცოცხლდება ძველ გერმანულ და სკანდინავიურ მითოსში და უკავშირდება მათი პანთეონის უზენაეს ღმერთს, სამყაროს მომწესრიგებელსა და აზრების ოქროსბეჭდიან მბრძანებელს – ოდინს, იგივე ვოდანს, რომელმაც  შექმნა  ასევე რუნები, დამწერლობა, მეცნიერება, წინასწარმეტყველება, კანონები. ყოველ დილით მისი მხრებიდან ორი ყორანი აფრინდება, მათ ჰუგინი და მუნინი ჰქვიათ, იგივე „აზრი“ და „მეხსიერება“. ჰუგინი და მუნინი საღამომდე ქვეყნიერებას შემოიქროლებენ და ოდინს აუწყებენ ნანახსა და მოსმენილს. ანუ აქ ყორანი ინტელექტის, გონიერების, ინფორმაციის გავრცელების, ცოდნის წყაროა.

რესურსი II:

ყვავი და ყორანი მონათესავე, მაგრამ განსხვავებული ფრინველები არიან. აი, რას გვეუბნება მათ შესახებ „კარგი სკოლის“ მიერ მომზადებული მასალა:

ყორანი, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს ყვავს. ისიც შავია, თუმცა მის ბუმბულს ოდნავ დაჰკრავს ლურჯი და მწვანე ფერები. ყორანი ყვავზე დიდია. აქვს უფრო მსხვილი, ბასრი ნისკარტი და გრძელი ფრთები. ყვავის მსგავსად ჭამს ყველაფერს, რაც მოსწონს. ზოგჯერ ნადირობს პატარა ცხოველებზე. ხშირად ლეშით იკვებება. ამბობენ, რომ ყორანი ფრთხილი არსებაა. ალბათ, ამიტომაც ერიდება ადამიანს. ეტანება ტყეს, მთას, უდაბნოს. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდეზე, ძველ კოშკებზე. მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ყორნის ქცევას. კვლევებიდან ჩანს, რომ ეს ფრინველი საკმაოდ ჭკვიანია. აი, ამის ერთი მაგალითი. თურმე, დიდ ძვალს თუ ვერ ერევა, მას ჰაერიდან ქვებზე აგდებს. ძვალი იმსხვრევა. ამის შემდეგ ყორანი ადვილად შეექცევა ნადავლს. ფიქრობენ, რომ მას მოთმინების უნარიც აქვს. ადამიანის სახის დამახსოვრებაც შეუძლია. ყორანი ყვავის მსგავსად უხეშ ხმას გამოსცემს. ასეთი ხმისა და შავი ფერის გამო ბევრს იგი ბოროტ არსებად მიაჩნია. თუმცა, ზოგი ძველი მითის მიხედვით, ყორანი სიბრძნის სიმბოლოა… ზოგის ვარაუდით, ის ცოცხლობს 70 წელს, ზოგის აზრით კი – 30 წელს. ბოლო დროს ყორანი ადამიანს ნაკლებად ერიდება. ის საკვების ძებნაში სოფლებსა და დიდ ქალაქებს ხშირად სტუმრობს…

რესურსი III:

ქართულ მითოსში ყორანს ორსახოვანი სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა აქვს. აი, რას გვიყვება მკვლევარი მაია ჩოხელი თავის ბლოგში „ყვავისა და ყორანის სახე ქართულ მითოსსა და ლიტერატურაში“ (intermedia.ge, 11.08.2017):

ერთი მოხეური თქმულება ყორანს უკავშირებს ხევის უპირველესი სიწმინდის, სამების ტაძრის, აშენებას, ადგილის აღმოჩენას. რაც სამმა ქართველმა მეფემ ვერ გადაწყვიტა, წყვეტს შავი ყორანი, თავისი ბუნებრივი მოქმედების მეშვეობით, რადგან ის ატარებს ღვთიურ ნებას. ბრძენი მცხეთელი ბერიკაციც კი უძლურია ძებნაში, თუმცა მან იცის ყორნის ზნე და ის, რომ შესაძლოა მის უკან ღვთიური ძალა მოქმედებდეს, ამიტომ ასეთ რჩევას აძლევს მეფეებს: დაკლან ფურბერწი და მისი მენჯის ნაწილი სოფლის ბოლოს დატოვონ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ უნდა ააშენონ. მართლაც, სამების მთავარი ტაძარი იქ აშენდა, სადაც ამ გრძნეულმა ფრინველმა საბოლოოდ გამოხრა ძვალი. მოცემულ სიუჟეტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის პასაჟი, რომ აქ სწორედ ყვავის ზნე, ლეშისაკენ მიდრეკილება, დაეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში.

მეორე მითი ამბობს: ოდესღაც მთელი სოფელი მინდვრად გამო­შლილა, გლეხებს სამკალი ჰქონიათ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში. შრომაში გართულებს ვერ შეუმჩნევიათ, როგორ ჩამძვრალა ცეცხლზე შემოდგმულ შეჭამანდში უხსენებელი და შიგ ჩახარშულა. მოიწამლებოდნენ და სიკვდილი არცერთს არ ასცდებოდა, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა. ყვავმა, რომელიც ჰაერში დაფრინავდა, ეს ყველაფერი დაინახა, უეცრად შხუილით დაეშვა ძირს და პირდაპირ ცხელ ქვაბში ჩავარდა. ამის მხილველ გლეხებს უთქვამთ – ყვავის ნახარშს ხომ არ შევჭამთო და წამოუპირქვავებიათ ქვაბი – ფრინველთან ერთად კი გველიც წამოვარდნილა. ხალხს ყვავის მოქმედება სასწაულად მიუჩნევია და მის სახელზე ეკლესიები აუგიათ. გონიერმა ყვავმა მართლაც შესწირა სიცოცხლე ადამიანებს­ და მათაც დაუფასეს – არაერთ კუთხეში აიგო ყვავის საყდრები: გურჯაანში, უფლისციხეში, ბოლნისსა და ადიგენში, თუმცა გამორჩეულია საგურამოს ახლოს, წიწამურის ტყის განაპირას, ერთი გალავნიანი საყდარი, რომლის ეზოში, საჩინო ადგილზე ყვავის ქანდაკება დგას – ფრთაგაშლილი ფრინველი თითქოს იცავს და დარაჯობს იქაურობას.

რესურსი IV:

ქართულ მითოსსა და პოეზიაში ყვავი და ყორანი წყვილად იხსენიება და ისინი თითქმის არ განირჩევიან ერთმანეთისგან სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვით:

ა) „ვეფხისტყაოსანი“: „ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!“;

ბ) აკაკი წერეთელი: „კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული“;

გ) ვაჟა-ფშაველა: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“…

დავალებები ჯგუფური სამუშაოსთვის:

  1. ყვავ-ყორნის მითოსური სახე-სიმბოლო – ზოგადი ასპექტები;
  2. ყორნის სახე-სიმბოლო რომანტიკოსების შემოქმედებაში (გრ. რობელიანი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ნ. ბარათაშვილის „მერანი“, ედგარ ალან პოს „ყორანი“;
  3. ყვავ-ყორნის სახე-სიმბოლოები ქართულ ხალხურ ლექსებში „ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს“ და „ფხოველი და შავანელი“;
  4. ყორნის წინააღმდეგობრივი სახე გალაკტიონის სიმბოლისტურ ლირიკაში;
  5. ყვავ-ყორანი, როგორც სიკეთის ჰიპოსტასი გოდერძი ჩოხელის მოთხრობებში: „ყორანი“, „საზიარო ყვავი“ და „ყვავი“.

მთავარი, რაც ჯგუფური სამუშაოს შედეგად შექმნილ პროდუქტებში უნდა გამოჩნდეს, არის ყვავისა და ყორნის სახე-სიმბოლოები ქართულ და უცხოურ მითოსურ წარმოდგენებში. ამ ფრინველთა ორსახოვანი ბუნება, რომ ისინი წყვილად იხსენიებიან და იდენტური სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა აქვთ. გვევლინებიან როგორც უბედურების, დეპრესიის, გმირის სულიერი ტკივილის მაცნედ, ასევე გონიერების, ინტელექტის, ხედვის, ცოდნის სიმბოლოებად.

გრიგოლ ორბელიანის ლექსის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ შავი ყორანი (გავიხსენოთ მისი სახე ტექსტიდან: „ვაჰ, თუ რაც წახდეს, ვეღარა აღსდგეს, ვეღარ აყვავდეს ახლის შვენებით და რაც დაეცა, ის წარიტაცა შავმან ყორანმან, ვით უმწე მსხვერპლი?!“) ძალიან ჰგავს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერნის“ „თვალბედით შავ ყორანს“, ნავსს, საბედისწეროს, ლირიკული გმირის გამჩხიბავს: „მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“… სასოწარკვეთილ გმირს თავგანწირულის სულისკვეთებით ქროლვის ჟამს საშინელის მოლოდინი აქვს და იქაც შავი ყორანი გამოჩნდება, როგორც მისი მესაფლავე: „შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის“… „მერანი“ 1842 წელს დაიწერა, სამი წლის შემდეგ იშვა ედგარ პოს „ყორანი“, რომელიც მსოფლიო ლირიკის უკვდავ შედევრად ითვლება დღემდე. გივი ბოჯგუამ წიგნად გამოსცა პოს ამ ლექსის 21 ქართული თარგმანი, რომელთა შორისაც არის ვაჟა-ფშაველასეულიც. ვაჟას ის ლეონიდ ობოლენსკის რუსული თარგმანის მიხედვით შეუქმნია (წყარო: მალხაზ ხარბედია, „ედგარ პოს „ყორანი“, რადიო თავისუფლება, 2.10.2011).

ბარათაშვილის ყორნის მსგავსი მისტიკური, ბნელი, ამაოებაზე დამაფიქრებელი და ნიჰილიზმის მთესველია ედგარ ალან პოს ყორანი… ლექსის დასასრულ ის ასე შემზარავად გამოიყურება და თავზარს სცემს ლირიკულ გმირს: „მზერაც თითქოს გაუქვავდა, მეოცნებე დემონს ჰგავდა და მის ჩრდილქვეშ ვიგრძენ კვლავ და მივხვდი, სული უნდა ძრწოდეს,
ყორნის ჩრდილში ჩაფერფლილ სული მარად უნდა ძრწოდეს და არ აღდგეს არასოდეს!“ (ლიტერატურული საიტი „ურაკპარაკი“, მთარგმნელი ალექსანდრე ელერდაშვილი, 6.03.2016).

ხალხურ ლექსებში „ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს“ და „ფხოველი და შავანელი“ ყორანი სიკვდილის, უბედურების მაცნეა. ბაცალიგო დუშეთში, არაგვისა და გუდანისწყლის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე შეფენილი ხევსურული სოფელია… ეს მიკროკოსმოსი სამყაროს ხატია, ყოფის წარმავლობისა და ამაოების გამოხატულებაა თინიბექაურთ ციხის დასკდომა, ასევე თინიბექაის სიკვდილი… „ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა, შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა, გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა“… ფხოველისა და შავანელის ბალადაშიც ყორანი ჭკვიანი, მაგრამ შემზარავი მსაჯული. ის დასცინის მტრობით გულანთებულ ფშაველსა და მოხევეს (შავანელს), თან მათი სისხლით თვრება: „…ცითა მოვიდა ყორანი, მაგათ ნაომარს დახყვაო, ჯერა დაითვრა სისხლითა, მერე ლეშ ჭამა, გაძღაო. ადგა და ისევ წავიდა, მაგათ ვაგლახი დასცაო: ორნივ ყოფილან უჭკონი, ერთმ მაინც რად არ დასთმაო”…

მოსწავლეთათვის სიურპრიზი აღმოჩნდება იმის გააზრება, როგორ აცოცხლებს ყვავ-ყორანს გოდერძი ჩოხელი, საქართველოს მთიანეთის მითოსითა და ტრადიციებით ნასაზრდოები მისი ტექსტები გვიხატავენ ყვავ-ყორნის სრულიად განსხვავებულ სახეებს. ჩოხელის ჰუმანიზმი იმდენად ღრმა და კოსმიური ჰარმონიით შთაგონებულია, რომ მას ყვავ-ყორნის გაკეთილშობილებაც კი შეუძლია. მწერალი თხრობას ასე იწყებს: „ფრინველებიდან ყველაზე მეტად ბეღურები და ყვავები ერთგულობენ გუდამაყრელებს“… ყვავი ფხუკიას დაუმეგობრდა. ჯერ ხონჩიდან ყველი ააცალა, ნელ-ნელა დაუახლოვდა, მის ფრაზებს იმეორებდა, მერე კი ჩვეულებრივ ემასლაათებოდა მეგობარს. აქ სასტიკები და გულბოროტები არა ყვავები, არამედ ადამიანები არიან – ეფროსას და ვალიკოს ყვავის ატანა არ შეუძლიათ, „მოკალით ე ყვავი, თორო ომი დაიწყებაო“, – ცრურწმენებს იყვნენ აყოლილნი. ვალიკომ კიდევაც თოფი ესროლა ფხუკიას ყვავს. ტყვიამ ერთი ფეხი მოაცალა ყვავს და ისიც ჯერ კი მოწყვეტით დაეცა, მაგრამ მერე ცის ლაჟვარდებს შეერია… გული დაწყვიტა გუდამაყრელებს მისმა გადაკარგვამ. ფხუკიას მეზობლები წუხდნენ, „მათ რაღაც დიდი დაკარგეს ამით“… „სად უნდა წასულიყოო?“ – ეკითხებოდნენ ფხუკიას… „ალბათ დედამიწიდან გადაფრინდაო“, – თქვა ერთხელ ფხუკიამ. მეზობლებს ბევრი არაფერი ესმოდათ ფხუკიასი, მაგრამ ფხუკიასნაირ უცნაურ ადამიანებს ესმით სწორედ სამყაროს ენა, ჩიტების ენა, ყორნების ენა… და გოდერძი ჩოხელს ესმის ფხუკიასნაირებისა და ყვავების ენა… მის სხვა ნოველაში, რომელსაც „ყორნები“ ჰქვია, ორი კუპრივით შავი ყორანი ცხოვრობს. „ყოეს“ ძახილით დაუყვებიან ხეობას, თითქოს ამოწმებენ, ვინმეს რამე ხომ არ უჭირსო… „კი არ მოფრინავდნენ, მოცურავდნენ ცაში დინჯად, თავის სიზვიადეში დარწმუნებულნი და თუ ხეობაში ჯანღი იყო დაწოლილი, „ყოეს“ ძახილით უხმობდნენ ერთურთს და შავი ფრთებით რძისფერ ნისლებსა ხევდნენ. რაც თავი მახსოვს, ასე იყვნენ. მე კი არა, ჩემი წინაპრებიც იძახოდნენ, ვისობახნისანი არიან, რაც დავიბადეთ, ეგენი სულ ეგრე დაფრინავენო“… ეს მაგიური აბზაცი საკმარისია, რომ მწერალმა ეს არსებები შეგვაყვაროს. მოხუცები გულთმისნებს ეძახდნენ… ვინმეს რომ საქონელი დაეკარგებოდა, ცაში იყურებოდნენ სოფლელები და სადაც ყორნები „ყოეს“ იძახდნენ, სწორედ იქ პოულობდნენ ნადირისგან დაგლეჯილ ან კლდეზე გადაჩეხილ საქონელს. ერთ დღესაც სოფლელებმა გაიგეს, რომ ზოოპარკში ყორანი არ ჰყავდათ და სამას მანეთს პირდებოდნენ, ვინც მიუყვანდა. დაერივნენ საფანტებიანი თოფებით ყორნებს და ერთი დაჭრეს, მარჯვენა მხარი გადაუმტვრიეს… მეორე დღეს ზოოპარკში უპირებდნენ წაყვანას, მაგრამ ლაღმა ფრინველმა თავისუფლების შეზღუდვას ვერ გაუძლო და დილას გაფიჩხული დახვდათ, ხოლო მეწყვილე თითქმის მთელი წელი დაეძებდა მეგობარს და მერე ისიც გადაიკარგა… ხალხი დანაშაულს გრძნობდა მის წინაშე  და მის ხმაზე საშინელი სინანული იპყრობდათ. მიხვდენენ, რომ მეტი დაკარგეს, ვიდრე ზოოპარკში აღებული ფული. „იმ დღიდან იმ ვიწრო ხეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცა რიტმი დაიკარგა“… „შავ კლდესა შავი ყორანი ჩავა და ჩაექანება“, – მღეროდნენ სოფლელები და ამ წამღერებასაც ხევხუვები იტაცებდნენ.

მოთხრობა „საზიარო ყვავის“ გმირი ორი ყვავიც გულთმისანია. სოფლის დეკანოზი ბუთულა  ჩოხელი შუღლიანთ მახარას უჩივის სასამართლოში, ჩემი ყვავი მიისაკუთრაო. მოსამართლე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე,  მექრთამე და უსამართლოა. ამიტომაც ბრძენმა ყვავმა ყველაფერი უკუღმა შეატრიალა და თავად გამოუტანა განაჩენი უსამართლოს: სახალხოდ ზედ ქუდზე დააჯდა, დასჩხავლა, დაასკინტლა და გაფრინდა… ახლა უსამართლო შურისმაძიებელიც გახდა და შემარცხვენელი ყვავის მიყვანას ითხოვდა. რადგან საზიარო ყვავს ვერ იჭერდნენ, სოფლელებმა სხვა ყვავის მიყვანა გადაწყვიტეს მოსამართლესთან. სოფლის ბოლოში მცხოვრები ბებერი ყვავი ისე ენდობოდა სოფლელებს, არც კი უცდია მათგან გაფრენა, არ ეგონა, თუ რამეს დაუშავებდნენ.

გოდერძი ჩოხელის ნოველების ყვავ-ყორნები სიკეთის ჰიპოსტასებად გვევლინებიან და ამართლებენ მასწავლებლის მიერ წარდგენილ ერთ-ერთ რესურსში (III) გადმოცემულ მთის ხალხის თქმულებებს.

სინთეზირების უნარების განსამტკიცებლად საინტერესოა იმის გააზრებაც, რომ ორსახოვანია ყორნის სახე-სიმბოლო გალაკტიონის შემოქმედებაშიც. მისი ლექსის („შავი ყორანი“) სათქმელი ახლოსაა ედგარ ალან პოსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებში გაცოცხლებულ ყორანთან. გალაკტიონი ისედაც თვლიდა თავს ბარათაშვილის პოეტური ტრადიციების მემკვიდრედ. მის ლირიკულ გმირსაც, რომელიც პოეტის ალტერ ეგოდ გვევლინება, სწორედ ისევე მისდევს შავი ყორანი, როგორც „მერნის“ მთავარ მხატვრულ სახეს:  „გზაზე მივდივარ… მსურს გავარკვიო გასავლელი გზის სივრცე უცვლელი; შავი ყორანი ისევ მომჩხავის: შორს ნუ გასცქერი… შორს ნურვის ელი!”. აქვე იელვებს სახე-ხატი ედგარ პოს დაკარგული სატრფოს, ლენორისა, რომლის პოვნის იმედსაც ყორანი უკლავს ლირიკულ გმირს.

დაახლოებით ასეთივე პოეტური სემანტიკით ცოცხლდება ყორნის სახე გალაკტიონის ნაკლებად ცნობილ ლექსში „ყორანი“:   „ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანი

და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში;

თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი,

წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი)”…

სულ სხვა დატვირთვისაა იგივე სახე-სიმბოლო ლექსში „ყორანის ცრემლები“: „ყორანს ცრემლით უმძიმს უპე – როგორც შავი ყვავილი; – დავიღუპე, დავიღუპე, – ისმის მისი ჩხავილი“. აქ ეს ლირიკული გმირი ფანტასმაგორიულია, ამასთანავე, ავტორისა და მკითხველის თანაგრძნობას იმსახურებს.

მოცემული თემა მრავალმხრივ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა სახეობრივი აზროვნების უნარების განვითარებას, რადგან ამ კონკრეტულ სახე-სიმბოლოსთან შეგვიძლია დავაკავშიროთ უამრავი ავტორი, სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ტექსტი, განსხვავებული აღმქმელობა და იდეები.  იძებნება მდიდარი საკვლევი მასალა ამ თემის გარშემო, რაც კვლევისა და ანალიზის უნარების განვითარებაში დაგვეხმარება. მთავარია, ბავშვებს გავააზრებინოთ, რომ ლიტერატურულ ტექსტებში ცოცხლდებიან მრავალპლანიანი მხატვრული სახეები. მსოფლიო ლიტერატურა იცნობს განსაკუთრებით პოპულარულ სახე-სიმბოლოებს, რომელთა შორისაც ყორანი ერთ-ერთი გამორჩეული და დამაინტრიგებელია.

 

 

 

 

 

 

 

კარტოფილის ამოღება და თავისუფალი ლექსის ხიბლი

0

თავისუფალი, თეთრი ლექსი, იგივე ვერლიბრი ძალიან უცნაურად გავიცანი, თან პირდაპირ ჟანრის კორიფე – ბესიკ ხარანაულის შედევრით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ისეთი დრო იყო, რომ ყველას გვქონდა სახლში პატარა ბოსტანი, ზოგს დიდი ნაკვეთიც კი, სადაც მოგვყავდა კარტოფილი, სიმინდი, ლობიო – ასე გაგვქონდა თავი 90-იანების გაჭირვებისას.

ჰოდა, ერთხელ, საღამოს, ჩვეულებისამებრ ჩემი კლასელი მესტუმრა, რომელიც ამავე დროს მეგობარი და კარის მეზობელიც იყო. ფაქტიურად მთელს დღეს ერთად ვატარებდით. ჰოდა, ხითხითებდა, უნდა გაცინოო, ნახე რა ვიპოვე სახლშიო. ლექსი რომელსაც რითმა არ აქვს და თან „კარტოფილის ამოღება“ ჰქვიაო.

საქმე იმაშიც იყო, რომ კარტოფილის ამოღება ჩვენც მალე გვიწევდა და რაღაცნაირად დაემთხვა ამ ტექსტის აღმოჩენა და ალბათ ამანაც გაახალისა ეს ჩემი მეგობარი. დაიწყო კითხვა, ინტონაციით:

„– ხვალე კარტოფილი უნდა ამოვიღოთ! –

მითხარი შენ

და საწოლისკენ სკამი მიიწიე,

რომელზეც შემდეგ,

შუქს რომ ჩააქრობდი,

ტანსაცმელი უნდა დაგეწყო.

მე კედლისკენ გადავბრუნდი.

ამით ისიც გაგრძნობინე,

რომ გავიგე შენი ნათქვამი

და ისიც გითხარ, რომ ხვალინდელ დღეს

სულ სხვა რამეებს ვაპირებდი:

_ მე თხუთმეტი წლისა ვიყავი,

ხვალ კვირა იყო

და მე მქონდა ჩემი გეგმები.

მაგრამ შენ თქვი, რომ

კარტოფილი უნდა ამოვიღოთ…“

ლექსი ძალიან გრძელი იყო, უგრძელესი, ჩვენთვის პოემას გავდა, თითქოს რითმა არ ჰქონდა, მაგრამ სიტყვები მღეროდნენ, ბგერები ირხეოდნენ, ალბათ იმ ასაკში ბევრს ვერ გავიგებდი, თუმცა რაღაცნაირად გულში ჩამწვდა. წიგნის დატოვება ვთხოვე და საღამოს თავად ჩავუჯექი. მერე სხვა ლექსებიც წავიკითხე და აი ასე შემიყვარდა.

ერთი ბლოკნოტი მქონდა, წითელ-მწვანე კუბოკრული ყდით, საყვარელ ლექსებსა და ფრაზებს იქ ვიწერდი, ვაგროვებდი ხოლმე, ჰოდა მთელი ღამე გავათენე, სანამ ბესიკ ხარანაულის ყველა ლექსი არ გადავწერე რაც კი მომეწონა. მას მერე ვერლიბრი რითმიან ლექსს ვარჩიე (ჩემი პირადი აზრია), რადგან ადამიანი სათქმელს ყოველგვარი რითმის ჩარჩოების გარეშე ამბობს, უფრო თავისუფლად. თუმცა რითმიანი ლექსი კლასიკად რჩება და თავის ადგილი უკავია ლიტერატურაში.

უამრავი წელი გავიდა, მე მასწავლებელი გავხდი და ხშირად ხდება ისე, რომ მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებული სტილის, ურითმო ლექსის მიღება. უკვირთ და რაღაცნაირად სკეპტიკურად არიან ხოლმე განწყობილები, რადგან მათთვის ლექსი აუცილებლად რითმასთან ასოცირდება, თუმცა რა მათი ბრალია, ასე ასწავლეს. ვეუბნები, რომ პოეზია რითმა არ არის და ის მუსიკაა, რომელსაც სიტყვები ქმნიან, ეს სიტყვები კი ავტორის ემოციებიდან იბადებიან, ავტორის განცდები, გრძნობები იქცევა პოეზიად, მუსიკად და იქმნება ლექსი – ვერლიბრი, ყველაზე თავისუფალი და ყველაზე თეთრი.

ზოგიერთს აქვს იმის ნიჭი, რომ საკუთარი ემოციებს რითმის ღობე შემოარტყას, და ხშირად ეს ძალიან ლამაზია, მაგრამ ხელოვნური და უსიცოცხლოც გამოდის ხოლმე, სიტყვები ემოციებისგან იცლებიან და მკვდარი სიტყვები, მხოლოდ რითმებით საცოდაობაა.

გალაკტიონია რითმის დიდოსტატი, რითმის მეფე, მას რითმა სჭირდება, რითმა ამ შემთხევაში, პირიქით ახალ სიცოცხლესა და მნიშვნელობებს ჩუქნის სიტყვებს. თუმცა გალაკტიონი რის გალაკტიონია თუ იდეალური თავისუფალი ლექსებიც არ ექნება.

ლექსების წერა ყველას უფლებაა, მათი გამოქვეყნებაც კი. თქვენც შეგიძლიათ დაწეროთ აბა სცადეთ, თან მუსიკას ვურთავ, რაიმე მშვიდს, წყნარს, რომანტიკულს, ფიქრებისა და გრძნობების ამშლელს.

  • რაზე დავწერო მას, არ ვიცი… – ვერ ისვენებენ. ვეუბნები რომ აი, ამ წუთას რასაც

გრძნობენ, რაც აწუხებთ აქციონ სიტყვებად. თან ვუკითხავ ხარანაულს, ლია სტურუას. მალევე ხვდებიან, და იწყებენ. წერენ იმაზე რომ შიათ, რომ უყვართ, ოცნებებზე, სურვილებზე, მოგზაურობებზე, მოგონებებზე, სიზმრებზეც კი. კითხულობენ ხმამაღლა და ვცდილობთ მუსიკა ვიპოვოთ. ვუხსნი როგორ გამოიყენონ ეპითეტები, მეტაფორები, რომ ისინი სამკაულებია ლექსებისთვის.

თანამედროვე სამყარო სავსეა იდეებით, ემოციებით, ტკივილებით, სევდებით, მეტაფორებითა და სიმბოლოებით, ანუ იმ ყველაფრით რითაც თეთრი ლექსი იქმნება, გარდა ამისა დროის მსვლელობა იმდენად აჩქარებულია, სათქმელი იმდენია რომ ვინღა დაეძებს რითმას, მთავარია ითქვას, გულიდან გადმოიღვაროს, ადამიანი დაიცალოს.

ჰო, დღეს ლექსმა რაღაცნაირად განტვირთვის ფუნქციაც მოირგო, ის აღარ არის ლამაზი სიტყვებით აკინძული ყელსაბამი, ის შეიძლება მძიმე, ტკივილიან, მოუქნელ ხანჯლად იქცეს, წაკითხვისას ჭრილობებს რომ გაგვიხსნის და გვატკენს, გვატირებს, შეგვზარავს. დამთავრდა ლამაზი, ბრჭყვიალა ლექსების ეპოქა, მხოლოდ ტრფობა და სულ უმნიშვნელო სევდა რომაა გარითმული, ან სულის ობლობა თუ მთვარის შუქზე გათენებული ღამეები. თუმცა ისინი მაინც ციმციმებენ მოლურჯო შუქით და მკითხველს რაღაც მაგიურ, რომანტიულ არა ამ ქვეყნიურ საბურველში ახვევენ. ტკბილია ეს გრძნობა, და გვჭირდება კიდეც ყოველდღიური ტრაგედიებით დაღლილებს, თუმცა დღევანდელი პოეზია ხისტია, ქვენა გრძნობები უფრო საინტერესო და მრავალმხრივია.

ჰოდა იქნებ ამ ჩვენს მოსწავლეებს შევაყვაროთ ვერლიბრი, იქნებ თავადაც სცადონ წერა, რაღაცნაირად ჩვენ იმ იარაღის ფლობას ვასწავლით რითაც სიმშვიდეს მოიპოვებენ, ტკივილის გაშვებას ისწავლიან. წერონ ყველაფერზე, ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება დიდებულ პოეზიად იქცეს, თუნდაც მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობა ან უბრალო გრიპიც კი. რა გასაკვირია, როცა  საოცარი ლია სტურუამ შაკიკს ამაღელვებელი, შეუდარებელი და ამაფორიაქებელი ლექსი მიუძღვნა, რა თქმა უნდა თეთრი და თავისუფალი:

ბალადა შაკიკზე

ყველაზე მწარე მოგონება ბავშვობის _

როგორ მოდიოდა ჩემთან

ზაფხულის ცხელი დღე,

შუბლს ამხდიდა სახურავივით

და მზესუმზირას ყვავილს

ჩამიტენიდა თავში…

თუ დედაჩემი მოასწრებდა

და ჩვენს შორის ჩადგებოდა,

ტკივილი უკან იხევდა,

თუ არა და გავარვარებული ჰორიზონტი

კედელივით მიშენდებოდა თვალწინ,

დაუნგრეველი კედელივით,

რადგან შიგ ჩემი ბავშვობა იყო ჩატანებული…

მთელი სიცოცხლე იდგა დედაჩემი

ჩემსა და ადუღებულ ჰორიზონს შორის

და, ზოგჯერ, ახერხებდა

სველი ტილოდან

გარეცხილი ფანჯარასავით კრიალა

გრილი დღე ამოეყვანა,

ვეღარავინ შველის

ჩემს ტკივილს,

(გინდა, ჰორიზონტის კედელთან გიბრძოლია,

გინდა, ქარის წისქვილებთან)

მათ შორის ან დედა უნდა იდგეს,

ან პოეზია

და ორივე შემთხვევაში

მადლიერი ვიქნები ბედის,

ოღონდ, ამ ბოლო დროს, შიში დამჩემდა,

ფანჯარას რომ გავაღებ,

ყინული არ ჩამივარდეს გულში.

(იქაც მზესუმზირების ცეცხლი თავში)

და სამოთხეში ვინ შემიშვებს ამხელა ტკივილით,

ჯოჯოხეთისთვისაც ვერ გამიმეტებენ,

ამიტომ სადმე შუაში გავჩერდები,

ვარსკვლავივით,

ჩემს შვილს გზას გავუნათებ…

მეტასაგნობრივი დავალებები ეფექტიანი სწავლებისათვის

0

როგორც ცნობილია,   ნებისმიერი დავალებას აქვს თავისი პირობა, რომელშიც  ნათლად,  გასაგებად უნდა იყოს მითითებული, რას და როგორ ითხოვენ მოსწავლისაგან,  რა უნდა მიიღონ შემეცნებითი საქმიანობის საბოლოო პროდუქტად. დავალების  პირობები ძირითადად  გულისხმობენ შემდეგ ოპერაციებს:

  • შეადარეთ.. განაზოგადეთ.. გააკეთეთ დასკვნა.. დააკონკრეტეთ.. მოიყვანეთ არგუმენტი და ა.შ.

თითოეული  მათგანი ერთგვარი უნივერსალური სასწავლო ქმედებაა და ამიტომაც – მეტასაგნობრივიც.  პრაქტიკულადაც, ნებისმიერი დავალება შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც მეტასაგნობრივი დავალება. გამონაკლისს შეადგენენ ისეთი დავალებები, რომლებსაც ცალსახად მარტივი მიზანი  გააჩნიათ (თუმცა პერიფრაზირებაც რომ ავიღოთ, ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივიც, მასაც კი მთელი რიგი სააზროვნო ოპერაცია უდევს საფუძვლად).

 

ზოგადად, შემეცნებით საქმიანობაზე გათვლილი დავალებები მრავალფეროვანია, სხვადასხვაგვარი: ესენია ისტორიული ანდა თანამედროვე დოკუმენტის ფრაგმენტები, კონკრეტული სოციალური სიტუაციის ამსახველი მასალა, ცალკეული სქემები, დიაგრამები და ა.შ. რომელთა საფუძველზეც მოსწავლემ უნდა შეძლოს განზოგადება, კონკრეტიზაცია, შედარება, ლოგიკური, სტრუქტურული, ფუნქციური კავშირების გამოვლენა/დადგენა და ა.შ. ამ მრავალფეროვან დავალებებში მნიშვნელოვან პედაგოგიურ პოტენციალს შეიცავენ ის დავალებები, რომლებიც მიმართულია შინაარსის წვდომაზე –  აუცილებელი ქმედებების შესასრულებლად: ისინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სწავლის პროცესში, ასევე დიაგნოსტიკისთვისაც. მათი შესრულებისას რეალურად გამოჩნდება, კონკრეტულად რა სახის უნარების დეფიციტია მოსწავლეებში (და არა პრობლემები სწავლაში).

 

ასეთი დავალებები, ე.წ. მეტსაგნობრივი დავალებები, მიიღება ჩვეულებრივი დავალების  სტრუქტურირებით, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან ახალ მიდგომებს და აზროვნების გააქტიურებას, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების „გაერთიანებას“, კომპლექსურად წარმოდგენას.   მასწავლებლები ვალდებული არიან ასეთი დავალებებს მუდმივად გაუკეთონ უკუკავშირი, დაურთონ  მეთოდური კომენტარები და შეაფასონ მოსწავლის ცალკეული ნაბიჯები.

 

განვიხილოთ მეტსაგნობრივი დავალებების რამდენიმე მაგალითი ისტორიის საგნის სწავლებიდან:

მაგალითი 1 –  დავალება: „ვინ და როგორ მართავდა ეგვიპტეს? (კლასი VII)

ძველი ეგვიპტის ისტორიის შესწავლისას მასწავლებელი  მოსწავლეებს ურიგებს  პატარა ბარათებს, რომელზედაც დაწერილია ცნებები: „დიდგვაროვანი“, „მეომარი“, „მწერალი“, „ფარაონი“. ბარათების მიხედვით მოსწავლემ უნდა ააგოს პირამიდა და აღწეროს ის. დავალება უნდა შესრულდეს  რამდენიმე წუთში.

შეკითხვები დავალების შესრულებისთვის:

  • როგორ ფიქრობთ, რა პრინციპის მიხედვით არის შედგენილი ბარათები?
  • დაალაგეთ ეგვიპტის მოსახლეობა პირამიდის საფეხურებზე (ზემოდან -ქვემოთ). ახსენით, რატომ გააკეთეთ ასე?
  • დაასათაურეთ სქემა (გამოიყენეთ კონკრეტული ტერმინი, ცნება, რომლითაც აღნიშნავთ ხელისუფლების ორგანიზებას ეგვიპტეში).

 

შესაძლო პასუხები და კომენტარები:

პასუხები:

  1. ფარაონი, დიდგვაროვანი, მწერალი, მეომარი (ჩამოთვლილია რიგობის მიხედვით);
  2. წარწერა – სახელმწიფო („ხელისუფლება“, „ხელისუფლების ორგანიზაცია“, „მართვა“ და ა.შ).

შემეცნებითი უნარები, რომელთა ფორმირებაც მოხდა:

  • ცნების განსაზღვრა (მოსწავლეებმა გააერთიანეს საგნები და მოვლენები გარკვეული ნიშნების მიხედვით);
  • მოდელებისა და სქემების გამოყენება (მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან  ხელისუფლების აგების აბსტრატქული მოდელი);
  • მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირების განსაზღვრა;
  • ინდუქციური ლოგიკური კავშირების აგება  და  დასკვნების გაკეთება  (მოსწავლეები გამოავლენენ  კავშირებს  და ურთიერთობებს  საგნებსა და მოვლენებს შორის).

 

მეთოდური კომენტარები: ა) მოცემული დავალება შეიძლება გამოვიყენოთ ისტორიის გაკვეთილზე ძველი სახელმწიფოების შესწავლის დროს ცნება „სახელმწიფოს“ ფორმირებისთვის; ბ) დავალების შესრულებისას მნიშვნელოვანია, მოსწავლე გაერკვეს, რატომ არ მიიღეს ბარათები წარწერით  „ხელოსანი“, „მეთემე“; გ)  დავალებას შეიძლება ჰქონდეს განმავითარებელი ხასიათი: ბარათის ამა თუ იმ საფეხურზე განთავსების დროს მოსწავლეებმა უნდა  ახსნან, რატომ გააკეთეს ეს არჩევანი.

 

მაგალითი 2 – აღორძინება იტალიაში  ( კლასი  – VIII)

 

დავალების პირობა – „ წაიკითხეთ ტექსტი და შეასრულეთ დავალება:

„რენესანსი იყო ანტიკური კულტურის აყვავების, ანტიკურობით გატაცების პერიოდი.  მთავარი იდეა, რომელიც ბატონობდა XIV-XVII  საუკუნეებში, ეს იყო ანტიკურობის აღორძინება. ითვლება, რომ რომაული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი – ლიტერატურა, სკულპტურა და არქიტექტურა   გაანადგურეს ბარბაროსებმა – გოთებმა, რომლისგანაც მომდინარეობს სახელწოდება შუასაუკუნეების არქიტექტურის სტილის – „გოთიკა“.

აღორძინების პერიოდის მწერლები  და მხატვრები  სულ უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ წარსულს. განასხვავებს სხვადასხვა პერიოდები: ანტიკური ხანა, ბარბაროსული ეპოქა ანუ „ბნელი საუკუნეები“, შუა საუკუნეები.  დაიწყეს ანტიკური ტრადიციების გამოკვლევა, განახლება, ძველი არქიტექტურული ფორმების აღდგენა (მაგალითად, პეტრარკა გატაცებული იყო ციცერონით, დონატელო ძველი რომის ნანგრევებს სწავლობდა..), მუსიკოსებმა ძველი მუსიკალური ჰანგების რეკონსტრუქციაც კი სცადეს,  მასწავლებლებმა განათლების კლასიკური სისტემის აღდგენა, დაინტერესდენენ რა გრამატიკით, რიტორიკით, სიტყვათწყობით, ისტორიით,  ეთიკით,  ანუ იმ საგნებით, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის არსების, შინაგანი „მე“-ს გახსნას. აქედან მოდის აღორძინების სახელწოდებაც „ჰუმანიზმი“. ერთ-ერთმა მოაზროვნემ აღორძინების ეპოქას „ახალი საუკუნის ტრიუმფიც“ კი უწოდა“.

 

შეკითხვები და დავალებები:

  1. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ აღორძინების დროს არამარტო  ხელოვნებაში, არამედ ცოდნის სხვა სფეროებშიც მოხდა მნიშვნელოვანი გარღვევა.  მოიყვანეთ არგუმენტი და გამოიყენეთ   გეოგრაფიის, ისტორიის და სხვ.  საგნებიდან მიღებული ცოდნა;
  2. იპოვეთ ტექსტში შეფასებითი ხასიათის მტკიცებულება და შეავსეთ ის ამ ეპოქის თქვენეული შეფასებით;
  3. შეადგინეთ/შეავსეთ ტექსტის გეგმა:

ა) ცალკეული პუნქტების მიხედვით

ბ)  მოკლე თეზისების სახით.

 

პასუხები და კომენტარები:

პასუხები:

  1. შესაძლებელია მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ: „რენესანს მოჰყვა მთელი რიგი აღმოჩენები გეოგრაფიაში (მათ შორის მოგზაურობა დედამიწის გარშემო, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, კომპასი, სანავიგაციო ხელსაწყოები..), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მედიცინაში..  საბეჭდი დაზგის,  ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონება ..
  2. შესაძლებელია მოიყვანონ შემდეგი მტკიცებულება: „რენესანსი – კულტურის აყვავების პერიოდია – „ახალი დროის ტრიუმფია“…
  3. შეადგინონ გეგმა ცალკეული პუნქტების მიხედვით ძირითად ცნებებზე:

ა) „რენესანსი“, „აღორძინება“.. „აღორძინების პერიოდის იტალიის კულტურა“..  „აღორძინების პერიოდის იტალიის გამოჩენილი მოღვაწეები“;

ბ) მოკლე თეზისები:

  • რენესანსის არსი: კულტურის აყვავება, ბარბაროსების (გოთები) მიერ რომაული კულტურის განადგურება;
  • მთავარი იდეა ანტიკური კულტურის აღორძინებაა; წარსულის გადახედვა და მისი პერიოდიზაციაა;
  • აღორძინება ანტიკურობის მიმართ ინტერესის გაღვივება, შედევრების მიბაძვა და ძველი ზნეობრივი ნორმების გაცნობაა;
  • აღორძინების პერიოდის იტალიურმა კულტურამ და ხელოვნებამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპაზე (ლიტერატურის გამოცოცხლება…).

 

შემეცნებითი ინტერესის ფორმირება:

  • ანალიზი, ინფორმაციის შედარება, წყაროს ტექსტის ზედმიწევნით გააზრება..
  • არსებული ცოდნის აქტუალიზაცია, ცოდნის ინტეგრაცია..
  • კერძოდან ზოგადის, ზოგადიდან – კერძო დეტალების გამოყოფა..
  • მტკიცებულებების არგუმენტირება..

 

მეთოდური კომენტარი: მასალის გამოყენება შესაძლებელია ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების გაკვეთილებზე. შესაძლებელია დისკუსიაც: შეიძლება თუ არა, რომ აღორძინებას ეწოდოს „ახალი დროის ტრიუმფი“? მოიყვანეთ ყველა შესაძლო  არგუმენტი და ა.შ.

 

მეტასაგნობრივი დავალებები ეფექტურია შედეგების თვალსაზრისით. ხელს უწყობს თავისუფალი, მობილური, ინტელექტუალური ადამიანის ჩამოყალიბებას, საკუთარი საგანმანათლებლო საქმიანობის დაგეგმვას, ინფორმაციასთან მუშაობის და არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარების ფორმირებას,  ე.წ. მეტსაგნობრივი კომპეტენციების  და  უნივერსალური სასწავლო ქმედებების დაუფლებას  და  წარმატებით გამოიყენება სწავლებაში.

 

გასტეხს ქვასაცა მაგარსა… ანუ დაკარგული მოსწავლეების აღმოჩენის გზაზე

0

ვერ ვიტან სკოლას.

ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.

არა, უფრო მეტადაც…

გამიმწარა ცხოვრება.

 

ანა გავალდა, „35 კილო იმედი“

ეპიგრაფი თუ გეცნოთ და გზაჯვარედინზე მდგარი, უიმედო, დაღლილი, სკოლისგან და მშობლების ჩიჩინისგან გაწამებული ჯადოსნურხელებიანი და შემოქმედებითი იდეებით სავსე ბიჭი გაგახსენდათ და სევდა მოგერიათ, ე.ი. თქვენ სხვა ასეთ ბავშვებსაც იცნობთ, იცნობდით, მათ სევდაზეც ბევრი გიფიქრიათ და გამოსავლის გზებიც გიძებნიათ. ნეტავ თუ იპოვეთ?

მე ვეძებ. ხახვის ფურცლებს მივყვები და ვცდილობ, არ დავიკარგო. ზოგჯერ, როცა ქარი ამოვარდება და ამ ფურცლებს აქეთ-იქით მიმოფანტავს, მთავარ გზას ავცდები ხოლმე, მაგრამ ამ დროს გრეგუარის მიერ ბაბუის სამუშაო მაგიდაზე ამოტვიფრული ჯადოსნური სიტყვა მახსენდება – „დამეხმარე“ და ამ სიტყვას თან მოაქვს ძალიან ნათელი პორტრეტები მხრებში მოხრილი, დაპატარავებული, გასაქრობად მზად მყოფი მოზარდებისა, რომლებმაც იფიქრეს: ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რაღაცის აშენებას რომ გადაწყვეტ, მაგრამ აღმოაჩენ, რომ ამისთვის არაფერი გაგაჩნია: არც პროექტი, არც მოდელი, არც გეგმა, არც მასალა და ხელსაწყოები. სულ არაფერი. და ახლა შველად მხოლოდ გაქრობა ესახებათ ან თავის წყალწაღებულად აღიარება, რადგან, როგორც პენაკი იტყვის „რომანივით საკითხავში“, არაფერს ისეთი სულიერი სიმშვიდე არ მოაქვს, როგორც მუდმივ ორიანს მათემატიკასა და მართლწერაში: გამოსწორების შესაძლებლობის სრული გამორიცხვა მცდელობებით გამოწვეულ შფოთვას უსვამს წერტილს. და კიდევ, ის ფერადი ბავშვი მახსენდება ანიმაციიდან, მშობლისა და საზოგადოების დიდურ შეხედულებებს (განათლებაზე, სამსახურზე, ცხოვრებაზე) რომ ეწირება, ნელ-ნელა ბაცდება და ნაცრისფერდება.. და ეს პორტრეტები, მტკივნეულად ნამდვილი სურათ-ხატები გამომაფხიზლებენ და გზაზე დამაყენებენ ხოლმე. მაგრამ, ერთია, თავად იდგე სწორ გზაზე, მეორე – შუქნიშნად გამოადგე ვიღაცას და მესამე – სწორი მიმართულების მაჩვენებლად.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ზოგადსაგანმა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა დაიწყო და ცხრაკლასდამთავრებულთათვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა, ისინი სასურველი პროფესიის დაუფლების პროცესში ინტეგრირებულად გაივლიან იმ საგნებს, რომლებიც სკოლის საშუალო საფეხურზე უნდა ესწავლათ, ოღონდ არა განყენებულად, არამედ თავიანთ პროფესიასთან მჭიდრო კავშირით/ინტეგრირებით და საბოლოოდ, პროფესიულ დიპლომთან ერთად სრული ზოგადი განათლების ატესტატსაც მიიღებენ, რაც გზას გაუხსნით, სამომავლოდ, უმაღლესი სასწავლებლებისკენ. მე ეს იდეა, მისი მიზანი და ხორცშესხმის მეთოდები ბევრი მიზეზით მომწონს, ამიტომ შუქნიშნობა სწორედ პროფესიული მასწავლებლის ამპლუაში გადავწყვიტე.

იმისათვის, რომ ვინმესთვის სწორი მიმართულების ჩვენება შეძლო, ჯერ უნდა გაიგო, მგზავრს საით უნდა წასვლა, ჰოდა, მეც, როცა ლექციაზე შევდივარ, ყველას გაცნობას ერთი კითხვით ვასრულებ: აქ რატომ ხარ? და რეალურად, ამ კითხვაზე პასუხების მოსმენით ვიწყებ მათ გაცნობასა და იმ გზების დაგეგმარებას, რომლებიც შუქნიშნით უნდა გამოუჩნდეთ.

სტუდენტების 80% მპასუხობს, რომ სკოლიდან აგდებდნენ და… სკოლაში მაინც არაფერს აკეთებდა და… 15%-ს გააზრებული აქვს, რა უნდა და რატომ, ძალიან კონკრეტული მიზნითაა მოსული – უკვე მუშაობს ამ სფეროში და უნდა კვალიფიკაცია ჰქონდეს ან პერსპექტივა აქვს ამ სფეროში და დიპლომი სჭირდება და ა.შ.  5% კი ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. არც ისე სახარბიელო შედეგია, ხომ?! კი, მაგრამ, პროფესიული სასწავლებელი თავშესაფარია თუ რა? – თქვენც გაიფიქრეთ ხომ?! წარმოგიდგენიათ, რა დაბალი წარმოდგენა აქვთ პროფესიულ სწავლებაზე? მაგრამ, ამის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ..

ვისაც კონკრეტული სფერო აინტერესებს, მისთვის სწავლება გამოწვევაა, ვისაც აქამდე არაფერი აინტერესებდა და არც იცის, რამ შეიძლება დააინტერესოს – ორმაგი გამოწვევა – ჯერ უნდა დაინტერესდეს, მერე დაიჯეროს, რომ გამოსდის და მერე შენიანი გახდეს, ანუ შუქნიშად გაღიაროს. მაგრამ, სანამ ისინი გაღიარებენ, ჯერ შენ უნდა აღიარო. ამისათვის, პირველი რაც სჭირდებათ, არის:

ინდივიდუალიზაცია – შემჩნევა რამე ისეთის, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს და ამისი ხშირი ხაზგასმა, შეხსენება. პროფესიული კოლეჯი, თავისი არსით, ისედაც ამას ემსახურება (რამდენად კარგად გამოსდის, ეს სხვა საკითხია), აქ ინტერესების მიხედვით იქმნება ჯგუფები და არა ასაკის, სქესის, აკადემიური მოსწრებისა თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

პასუხისმგებლობა – „ბავშვებო“ – გთხოვთ, დაივიწყეთ ეს მიმართვა. ისინი აქ სტუდენტის სტატუსით არიან, ამიტომ, ესაუბრეთ ისე, როგორც სტუდენტებს შეეფერებათ, რათა იგრძნონ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, იცოდნენ, რომ აქ თავიანთი ნებით არიან, ყოფნა კი გარკვეული მოვალეობების შესრულებას გულისხმობს.

თავისუფლება – ნაკლები დირექტიული ტონი და მეტი თანამშრომლობა.

გულშემატკივრობა – უნდა გჯეროდეთ მათი, ვითომ-ვითომ კი არა, მართლა უნდა გჯეროდეთ.

და უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავისაც. მე მჯერა, რომ მასწავლებლებს ყველაფერი შეგვიძლია, მჯერა რომ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ და თქვენ თუ ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი, აიღეთ ხელში საყვარელფერიანი კალამი, ქათქათა თაბახის ფურცელი და მასწავლებლობასთან დაკავშირებული ყველა ასოციაცია შეუჩერებლად ჩამოწერეთ, თუ ერთი ფურცელი არ გეყოთ, დაიმატეთ და როცა დაასრულებთ, გადაიკითხეთ თქვენი ცნობიერ-არაცნობიერი ნარატივი და თუ ღიმილი დაღლას გადაგიწონით, ჩათვალეთ რომ ღირდა, ღირს და მომავალშიც ისე შეძლებთ საქმის კეთებას, რომ ღირდეს.

სწავლა-სწავლების ღირებულებას რა განსაზღვრავს? პროცესი, რომელიც გრძელვადიან მიზანზეა ორიენტირებული და მოსწავლეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებას კი არ ჰპირდება, არამედ ახლა და აქ მის დაინტერესებას, საჭიროებების გამოკვეთას, უნარების გამოყენებას, შესაძლებლობების წარმოჩენას, წინარე ცოდნის აქტუალიზებას, სწავლის სწავლას უწყობს ხელს და ინტერესების შესაბამისი განათლების მიღების პროცესს სა-ჭირ-ო კი არა, ცხოვრების სასიამოვნო ეტაპად უქცევს. გრეგუარსაც ხომ სწორედ ის მასწავლებელი დაამახსოვრდა, რომელიც არ ელოდა დედის დღეს, რათა რამე მოეფიქრებინა. მის გაკვეთილებზე მოსწავლეებს მუდამ ჰქონდათ ნაირ-ნაირი ნივთების შექმნის საშუალება, რადგან მარი მასწავლებლის აზრით, წარმატებული მხოლოდ ის დღე იყო, როდესაც რამე ახალს ქმნიდნენ.

ძალიან მინდა, მარი მასწავლებლის საქმით თანამოაზრეები გავხდეთ და ერთად მოვიფიქროთ რამე, მოსწავლეების/სტუდენტების წარმატებული დღეებისთვის, რათა გრეგუარივით ყველა მიხვდეს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: ამქვეყნად ყველაზე საინტერესოა მათი ხელები, ტვინები, ფიქრები, დამოკიდებულებები, წარმოსახვა და ის, რაც მათი მეშვეობით შეუძლიათ შექმნან. რეფორმის ნაწილად ყოფნა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა კი მეტი არაფერია, თუ არა ამ შესაძლებლობების დანახვის, დაფასებისა და განვითარების ხელშეწყობა.

რისთვის ვასწავლო, რა ვასწავლო, როგორ ვასწავლო და თან ისე, რომ სამივე კითხვაზე პასუხი მოსწავლის შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარების ხელშეწყობასა და სიამოვნებას მიემართებოდეს? ამ კითხვაზე პასუხია კონსტრუქტივისტული მეთოდებით წარმართული სასწავლო პროცესი და კომპლექსური დავალება, რომელიც უნდა იყოს არა ბევრი, არამედ მრავლისმომცველი – მოსწავლეს თავისი თავის მრავალი მიმართულებით გამოხატვის საშუალებას უნდა აძლევდეს.

მსგავსი მიდგომები და დავალებები აქამდეც რომ იყო, ვიცით. შემოქმედებითი მასწავლებლებიც რომ ყოველთვის გვყავდა, ესეც ვიცით. მაგრამ, ახლა ამ მიდგომით პედაგოგთა უმცირესობამ კი არა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა ასწავლოს. მე არ ვაპირებ შედარებებით ლაპარაკს და კონტრასტების ჩვენებას, უბრალოდ მოგიყვებით ერთი კომპლექსური დავალების შესახებ და ჩემი გზავნილის მიზანი თავად განსაზღვრეთ.

დავალებაზე მუშაობისას გამოგადგებათ შემდეგი რესურსები

ჩვენი გაკვეთილის პოლიტიკა ასეთია: „Nihil de nobis, sine nobis“, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ არაფერი ხდება ჩვენი უშუალო თანამონაწილეობის გარეშე, მათ შორის არც კომპლექსური დავალების პირობის შედგენა. კომპლექსური დავალების (პირობა, კრიტერიუმები) გაცნობის შემდეგ აქტივობებზე ვიწყებთ მუშაობას და უცებ რომელიმე მათგანი იტყვის, „მე უკვე ვიცი, როგორც გავაკეთებ“. მერე მეც მომდის იდეები. ერთმანეთს ვუზიარებთ და დავალების პირობაში ისეთი ცვლილებები შეგვაქვს, რომ მაქსიმალური თავისუფლება გვქონდეს მუშაობის პროცესში. პირველ პირში იმიტომ ვსაუბრობ, რომ დავალების განმხორციელებლად ჩემს თავსაც მოვიაზრებ. მის რელევანტურობას კი იმით ვამოწმებ, თავად რა იდეები მაქვს მასთან დაკავშირებით, თუ იდეები მოდის, თუ შემოქმედებითობა შემიპყრობს, ე.ი. დავალება ვარგა (იხ. ჩემ მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება).

ხოლო, თუ რომელიმე თქვენგანი მაინც სკეპტიკურად იკითხავს, „ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ ამას აკეთებთ ონლაინსწავლების პირობებში?“ გეტყვით, რომ დიახ, ჩვენ – მე, როგორც მასწავლებელი, მე – როგორც სტუდენტი და ისინი – როგორც მაძიებელი ადამიანები, ამას აკეთებენ და აკეთებენ არა ჩემთვის, არამედ წლების განმავლობაში დაკარგული თავის აღმოსაჩენად. და ყველაფერი რომ მართლაც მათი აღმოჩენის, შესაძლებლობების, ინტერესების სამზეოზე გამოტანას ემსახურება. ამაზე მათი ნამუშევრები მეტყველებს.  და ზოგჯერ არშესრულებული ნამუშევრებიც.

გისურვებთ, თქვენს მოსწავლეებს აღმოეჩინოთ, რომ „ქულები არაფერს ნიშნავს, არსებობს კიდევ მოტივაცია..“. და სწორედ თქვენ ყოფილიყავით მათი მოტივაციის წყარო და უკუკავშირიც არ დააყოვნებს.

 

 

 

 

ადამიანად ყოფნის ტკივილი

0

„რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა?“- წუხს ვაჟა-ფშაველას ლექსის ლირიკული გმირი. ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც ადამიანად არსებობის უაზრობას ამხელს, არაერთ მხატვრულ ტექსტში წარმოჩნდება განსხვავებული ვარიაციით, მწერლის   ფილოსოფიურ-რელიგიური თუ ესთეტიკურ-მსოფლმხედველობრივი კონტექსტების შესაბამისად. ვაჟას ლექსში („რამ შემქმნა ადამიანად?“) მთავარი საფიქრალი   მოკვდავობის, ადამიანის დროში ხანმოკლე არსებობის როგორმე გადალახვაა, „სიკვდილის გაწბილება“ და იმგვარი თავისუფლების მოპოვებაა, ბუნებას რომ ახასიათებს.

ავტორის ფიქრის ნაკადები მიიმართება ადამიანის დანიშნულების გასარკვევად, გასააზრებლად. აქაც აქტუალურია ბარათაშვილისეული კითხვა: „მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი, /თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?“. ლექსში ამქვეყნიური ყოფა წარმოჩენილია, როგორც დაუსრულებელი სატანჯველი:

„არ გამწირავდა პატრონი,

ასე ოხრად და ტივლადა“.

პატრონი ღმერთია, რომლის შემწეობის იმედიც დაუკარგავს ლირიკულ გმირს. ქვეტექსტურად, აქ გაისმის სახარებისეული გოდება ჯვარზე გაკრული იესოსი:   „ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე“ (მათე, 24, 46). ეს მორწმუნე ადამიანის ტკივილია, ღვთისმოსავი კაცისა, რომელსაც სჯერა, რომ არ გაიწირება, მიუხედავად უამრავი დაცემისა და შეცოდებისა, ღვთის ღალატისა და გაცემისა. გვახსენდება გურამიშვილის, ვაჟას   „წინამორბედისა“ და „უძვირფასესი პაპის“   მოთქმა-გოდებაც:

„აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?

ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.

ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;

გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!“.

„ქვესკნელად“ ქცეული წუთისოფლის სიბნელიდან თავდაღწევის სურვილი მოისმის ვაჟს ლექსიდანაც: ცა და მიწა ერთმანეთს უპირისპირდება, ღვთაებრივ ზესკნელში მხოლოდ ხორცისგან განძარცული „აღიტაცება“, ბუნების ნაწილობა შეაძლებინებს იმ ჰარმონიული სიმშვიდის მოპოვებას, რომლის განცდაც   საკუთარ დანიშნულებას აღმოაჩენინებს. ამგვარად, ლექსში შემოიჭრება ჭეშმარიტების ძიების წყურვილი. ლირიკული გმირი ოცნებობს ღმერთთან სიახლოვეზე, რომელიც თავისუფლებას მიანიჭებს:

„ცაშივე ამიტაცებდა,

თან მატარებდა შვილადა.

ასე არ დამჭირდებოდა

სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა“.

საკუთარ თავსა თუ სამყაროსთან გამუდმებულ ჭიდილში დაღლილ ლირიკულ გმირს სურს დაუსრულებელ მშვენიერებასთან ზიარება. რთულია, რომ „ბალახი იყო სათიბი“,   რადგან არა გწადია „ცელობა“: „ცხვრადვე მამყოფე ისევა,/ ოღონდ ამშორდეს მგელობა“. მაგრამ სწორედ ამ წინააღმდეგობებთან ბრძოლაში გამოტანჯვით იბადება   პიროვნება, რომელიც მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როცა „შეწუხებულია“ („ჩემი ვედრება“) და რომელსაც ფიქრის ეკლიანი „კაცობის გვირგვინი“ ადგას.

ლექსის სხვადასხვა   წარმოსახული სივრცე   ერთმანეთს ენაცვლება. ლირიკული გმირი ცდილობს, გაარღვიოს ცხოვრების ჯურღმული, ამოვიდეს ღია სივრცეში, სადაც არაფერი შეზღუდავს მის ნებას. ერთი მხრივ, ტკივილითა და სიკვდილით დაბინდული მიწაა, რომელიც მას არ აურჩევია, მეორე მხრივ, ზეცაა – სინათლით, მარადისობით, სიხარულით აღბეჭდილი. მას სურს გაცნობიერებული არჩევნით სიცოცხლეს, საკუთარ არსებობას აზრი მიანიჭოს. აქაც შემოიჭრება ბარათაშვილისეული სწრაფვა: „გულისთქმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს,/ ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).

ლექსის ლირიკული გმირი ეჭვებით დაღლილი, განწირულების ფიქრით დაღდასმულია, თითქოს აღარ შეუძლია ამ ცხოვრებისეული დაქსაქსული გზების გაკვლევა, „სულ მუდამ ფრთხილად ყოფნა“, ათასგვარ საცდურთან გამკლავება, უფსკრულის თავზე ქანაობა. ეს უფსკრული, უპირველესად, მისი სხეულია, საიდანაც სურვილები, ოცნებები დაუსრულებლად ამოიფრქვევა. „ცხოვრება ხომ ჩვენი სურვილების მიხედვით გვტანჯავს“ (ბესიკ ხარანაული). წუთისოფელი   გაუსაძლისია,   „ორგემაგე“, ფლიდი, მატყუარაა. როგორც რუსთველი ამბობს: „ყოვლი შენი   მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა“. ლექსის სტრიქონებში ეკლესიასტეს გოდებაც გაისმის.

ლექსზე ფიქრისას მეხსიერებაში გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდის“ ფინალური აკორდებიც შემოიჭრება: „რა არის სიცოცხლე? – სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. – სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“.   ამ სევდის ფერებითა და არომატებითაა სავსე ვაჟა-ფშაველას ეს მშვენიერი ლექსიც.

დაცარიელებული ზეცის ხატიც უჩნდება მკითხველს და კამიუ გაახსენდება, ყოფის აბსურდულობის აღიარებით. ლირიკული გმირიც სიზიფეს მიაგავს, ლოდის მწვერვალისკენ ატანა მიუსჯიათ ღმერთებს, კამიუს სიზიფე ბედს შერიგებულია, მან იცის, რომ სიცოცხლე აბსურდულია და ამის გაცნობიერებით საკუთარ უბედურებაზე   მაღლა დგება. მწვერვალზე ყოფნის წამებით ტკბება. როგორც აკაკი ამბობს:

„ერთი წამიც კი სიცოცხლის,

თუ სხივების მომფენია,

უსინათლოს და უგრძნობელს

საუკუნეს მირჩევნია“. („რაც არ იწვის, არ ანათებს“).

სიზიფე შემოქმედი ადამიანის სიმბოლოდაც შეიძლება გავიაზროთ. მწვერვალზე ყოფნა შთაგონების, ექსტაზის წამია, როცა ჩნდებიან იდეები და პოეტური ხატები. მაგრამ ამ ლოდის გარეშე, ტანჯვის გარეშე არც ეს წამები იქნება. მსხვერპლის გარეშე   ღირებულს ვერავინ შექმნის.

გოეთეს ფაუსტი მზად არის   მეფისტოფელს ხელშეკრულებაზე ხელი მოუწეროს, ოღონდ ერთი პირობით:

„მომეცი ხელი!

თუ წამს მიმავალს როდისმე ვეტყვი:

„შეყოვნდი, წამო, ხარ მშვენიერი”!

დამდე ბორკილი, დამეც შენს ფერხთით,

ჩამასვე ჭანგი ქვესკნელიერი!

განთავისუფლდე იმავ წამიდან,

რა მსახურებაც გაქვს ნაკისრები,

შედგეს საათი – ჟამი წავიდა! –

ძირს ჩამოცვივდეს მისი ისრები“ (დავით წერედიანის თარგმანი).

ვაჟას ლექსის ლირიკული გმირისთვისაც დროს გააუქმებს მზესთან ტრფიალების მშვენიერი წამები. სტრიქონებში ქვეტექსტურად შეიგრძნობა ის სიცარიელე, რომელსაც „უპატრონობის“,   ღვთისგან მიტოვებულობის განცდა იწვევს.    თითქოს ღმერთიც აღარ დაეძებს, რადგან არა მხოლოდ უძღები შვილია, საკუთარი სახლიდან თავისი ნებით წასული და გზააბნეული,   არამედ „უძებნი შვილიცაა“ (ბესიკ ხარანაული),   რაც მეტ ტრაგიკულობას ბადებს .

ვაჟას აზრით, წვიმად ქცევა, ბუნების ნაწილობა, უპირველესად სიკვდილის,   მოკვდავად ყოფნას გადალახვის გზაა. ბუნებამ არ იცის სიკვდილის ტკივილი, აქ ყოველივე ტრანსფორმირდება, იცვლება, განახლდება. სიცოცხლე ციკლურია და დაუსრულებლად მეორდება:

„მზის მოტრფიალე ვივლიდი

სიკვდილის გამაწბილადა;

მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი

მე მექნებოდა წილადა“.

მზის ტრფიალება იქნებოდა უღალატო, რადგან დაცემა ადამიანის ხვედრია. ბუნება კი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა:

„ბუნება მბრძანებელია,

იგივ მონაა თავისა,

ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,

ზოგჯერ მქნელია ავისა;

ერთფერად მტვირთველი არის

საქმის თეთრის და შავისა;

საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა…

მაინც კი ლამაზი არის,

მაინც სიტურფით ჰყვავისა!..   („ღამე მთაში“).

ლექსში ჩანს დარდი ადამიანური გარჯის უნაყოფობისა. ბუნებაში კი ყველაფერი კანონზომიერია. აქ სხვისთვის მსახურება ბუნებრივია, ეს არსებობის კანონია. „ოფლის ღვრა“ სამყაროს საკეთილდღეოდ, სიცოცხლის   დასტურია, მისი გამართლებაა:

„გავიხარებდი, მთა-ბარსა

ოდეს ვნახავდი მწვანედა,

მორწყულსა ჩემის ოფლითა,

ყვავილებს შიგნით, გარეთა.

გადავუშლიდი გულ-მკერდსა

დღისით მზეს, ღამით მთვარესა.

სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი

მომაკვდავ არე-მარესა“.

წვიმა, წყალი სიცოცხლის სიმბოლოა. მითოლოგიური თვალსაზრისით, წყალი განმაახლებელია. მეცნიერული თვალსაზრისითაც, სიცოცხლე წყლიდან წარმოიშვა.

ვაჟას სამყაროში პოეტური ნიღბების მრავალფეროვნებაა, მისი ალტერ ეგო ხან დაჭრილ არწივად, ხან ნაიალაღარ ხარად, ხან მთად თუ ნისლად გარდაისახება. პოეტი მეტაფორებით შთამბეჭდავად წარმოაჩენს იმ შეგრძნებებს, რომლებიც წვიმად გადაქცევისას ექნებოდა. აქ წვიმის სურნელით გაჟღენთილ-გაწმენდილი სამყაროა დახატული:

„თოვლად ქცეულსა გულშია

ცეცხლად იმედი მრჩებოდა,

რომ ისევ ჩემი სიკვდილი

სიცოცხლედ გადიქცეოდა

და განახლებულ ბუნებას

ყელ-ყურზე მოეხვეოდა“.

ლექსში ჩანს პიროვნული რეალიზების სურვილი, საქმე აკეთოს და დაინახოს ამ საქმის, ზრუნვის, სიყვარულის შედეგი. ეს საოცარი სახარებისეული უშურველობა კი, რომელიც მხოლოდ გაცემას ემყარება, სავსეა ნეტარებით.   დავით მეფსალმუნის „ყოველი სული აქებდით უფალსა“ გვახსენდება. ეს აკაკისეული სიმთვრალეცაა:

სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით

და ნეტარებას მიმრავალკეცებს

მიდამო მისის მშვენიერებით.

ვიშ, ამ საღამოს,   მშვიდსა, საამოს,

ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..

რა უცნაურად,   მაღლით ციურად

სამოთხისაკენ იტაცებს გულსა“ („ქებათა-ქება“),

ვაჟას ლექსში „სამოთხის“ შეგრძნება წარმოსახულია, ოცნებისეული სივრცეა, რადგან ილუზია ჩნდება, რომ ამოხსნილია სიცოცხლის საიდუმლო. ლექსის მიღმა სამყაროში კი ჯოჯოხეთური უპასუხო კითხვებია, რომლებიც ანატრებინებენ „ადამიანად არყოფნას“.

ამ ლექსთან დაკავშირებით არსებობს ვაჟას ქალიშვილის, გულქან რაზიკაშვილის ლამაზი მოგონება: „წვიმდა ჩქეფითა, მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე კი არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალი კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი, იქა… გამყინა. მოვიდა უცებ ცხელი მზე. გავთბი. მომშივდა კიდეცა. ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი, დავფიქრდი: მე რო ობოლი არა ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი:

რად გამაჩინე, უფალო,

რატომ არ მოვედ წვიმადა

ამითვისებდენ ღრუბელნი,

თან მატარებდენ შვილადა…

ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე. შენა მყვანდიო, – მითხრა, – შენაო, პირველად მაშინ მაკოცა. შევნანდი მამასა და იმითა. მამამ მითხრა, რო ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა, შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი, ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო.

 

დავწერდი, გაიავდრებდა, გადამირეცხდა, დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკავდებოდნენ, მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი, ეეე!.. მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო…“

„განგების გასართობნი ვართ“, – წერს ვაჟა ერთ ლექსში და მკითხველს შეაგრძნობინებს ბედისწერის გარდაუვალობას, მაგრამ პოეზიით გამოდის ამ ჩაკეტილი წრიდან და, მიუხედავად იმისა, რომ „სიცოცხლე სამოთხე არ არის“ და „მოსვლაში არა ყრია რა“ („იას უთხარით ტურფასა), მაინც დაბადებას არჩევს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია    ოცნებისეული მეტამორფოზები შესაძლებელი, იმგვარი გარდასახვა, როდესაც უბედურება ბედნიერებად იქცევა და არაფრის მქონე კოსმოსის მფლობელად გადაიქცევა:
„მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:

მთაში – მთა, ბარად – ბარია,

ზღვა და ხმელეთი ერთიან,

ცას -ვარსკვლავების ჯარია“. („სიმღერა“).

ვაჟა-ფშაველას ამ ფილოსოფიურ ლექსში ლირიკული გმირი სვამს კითხვებს, რომლებითაც დგება სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნების დაუსრულებელ გზაზე. ეს გზა ტკივილითა და სიხარულით სავსეა, იმგვარი ფიქრის აღმძვრელია, რომელიც აწუხებს, მაგრამ თანვე აბედნიერებს   („მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,/ როცა ვარ შეწუხებული“ („ჩემი ვედრება“), ამიტომაც   გულწრფელი აღტაცებით აღმოხდება:

„დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია! („სოფლისა წესი ასეა“).

 

 

 

 

 

 

 

 

 

ციფრული ეპოქა: რა ქნას სკოლამ ასეთ დროს?

0

ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოცემული წიგნი, „Digital Leadership“, სასკოლო განათლების თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება. ავტორი ცდილობს, გაგვიზიაროს თავისი დამოკიდებულება სკოლების ტრანსფორმაციის მიმართ და მონიშნოს სირთულეები, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებებს. მიუხედავად აშშ-სა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში წიგნის პოპულარობისა, ავტორის ტონი ნათლად გვიჩვენებს, რა მძიმედ მიმდინარეობს სასკოლო სამყაროს „დიგიტალიზაცია“ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებზე გადასვლათვით აშშ-ის სასკოლო განათლების სექტორში.

საინტერესო და დასაფასებელია ერიკ შენინგერის შემართება და მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ცვლილებების ნელი ტემპისა და სირთულეებისადმი. აქ კარგად ჩანს ავტორის ადამიანური, ჰუმანისტური დამოკიდებულება მასწავლებლისადმი, ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ჩვენს ბავშვებთან მუშაობა, მათთან მრავალი საათის გატარება და რომელთათვისაც საკმაოდ მტკივნეულია ტრადიციული საგანმანათლებლო სამყაროდან „ციფრულ რევოლუციურ“ მეთოდებზე გადასვლა ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისა და ცვლილებების დროში.

გთავაზობთ ერიკ შენინგერის 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ბლოგ-სტატიას „დირექტორის ფიქრები: როგორ მივაღწიოთ წონასწორობას საკლასო ოთახში დღეს“.

 

წონასწორობის განცდა ყოველთვის გამოწვევა იყო მასწავლებლებისთვის. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც მასწავლებელი ვიყავი, ყოველ საღამოს სრულიად გამოფიტული ვბრუნდებოდი შინ. გარწმუნებთ, ყოველდღიური 45-წუთიანი მოგზაურობა სახლიდან სკოლამდე და უკან არ ყოფილა ამ დაღლილობის მიზეზი. მთავარი მიზეზი საკლასო ოთახში გატარებული 45-წუთიანი გაკვთილები გახლდათ და კიდევ ის, თუ როგორ ვიყენებდი ამ დროს ბავშვებთან ურთიერთობისას. იმხანად, რაკი დიდად არ ვფიქრობდი რისკზე და თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სამუშაოს მთავარი ასპექტი სასწავლო პროგრამის გულდასმით მიყოლა იყო, დარმუნებული გახლდით, რომ ფიკუსირება პირდაპირ ინსტრუქტაჟსა და საგნის სწავლებაზე უნდა მომეხდინა. მასწავლებლის შეფასებებიდან და მოსწავლეთა გამოხმაურებებიდან გამომდინარე, გამოდიოდა, რომ ჩემი მასწავლებლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა და მეც კარგად ვართმევდი თავს მოვალეობებს. მახსოვს, შაბათ-კვირას ხშირად დავდიოდი ადგილობრივ საკანცელარიო მაღაზიაში, სადაც სლაიდების გასაშვები პროექტორისთვის სხვადასხვა თემატიკის სლაიდებს ვიძენდი ხოლმე – იმ დროს სლაიდ-პროექტორი გახლდათ პირველი რანგის ტექნოლოგია, რომელსაც სწავლებისთვის ვიყენებდი.

მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ელექტროპროექტორის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა გაკვეთილების ჩატარება და ძალიან ვაფასებდი იმ ფაქტს, რომ პროექტორი მიმცირებდა დაფასთან გასატარებელ დროს (თუმცა ჩემი პიჯაკის სახელოები მაინც სულ დასვრილი იყო ცარცით!). შემდეგ, 2000-ში, მოხდა რაღაც ჯადოსნური და სკოლების სამეცნიერო განყოფილების დეპარტამენტმა ჩვენთვის სატელევიზიო კომპლექტები შეიძინა – ახლა უკვე შემეძლო, ამ დიდი ყუთების მეშვეობით პერსონალური კომპიუტერიდან გამეშვა სასწავლო მასალა და პრეზენტაციები – ელექტროპროექტორების დრო დასრულდა და ჩემი საყვარელი ხელსაწყო პენსიაზე გავიდა! ჩემს ცხოვრებაში ის შეიცვალა, რომ ამჯერად მთელ დროს Power Point-ის პრეზენტაციების მომზადებაში ვატარებდი, რომლებშიც სასწავლო მასალა უნდა ამესახა.

ამ მცირე ექსკურსმა ჩემი მასწავლებლობის ისტორიაში და წარსულზე დაფიქრებამ, მოსწავლეთა მოსაზრებების მოსმენამ და იმის კვლევამ, თუ რატომ ვიყავი მუდმივად დაღლილი და გამოფიტული, იქამდე მიმიყვანა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ საჭირო იყო, „სცენაზე მდგომი ბრძენის“ როლისთვის თავი დამენებებინა და უფრო სწავლების პროცესის ფასილიტატორი (ხელშემწყობი, წარმმართველი) გავმხდარიყავი. ნელ-ნელა გადავედი სხვადასხვა სახეობის სწავლებისა და კოოპერაციული დასწავლის სტრატეგიებზე, რომლებიც სხვადასხვა სახითა და დოზით ხორციელდებოდა გაკვეთილზე. ამ დროს უკვე გამოჩნდა პროექტებზე დამყარებული სწავლების კონცეფციები და მეთოდები. ეს ცვლილება ძალიან ბუნებრივი იყო – მე ხომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი გახლდით! რა თქმა უნდა, პირდაპირი ინსტრუქცია კვლავ გაკვეთილის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა ეს მეთოდი შეიზღუდა და მას დაახლოებით 15 წუთი ეთმობოდა. როდესაც პასუხისმგებლობები ნელ-ნელა მოსწავლეების მიერ კლასში გაწეულ სამუშაოზე გადავიდა, კლასში აშკარად უკეთესი წონასწორობა დამყარდა და მეც ნელ-ნელა უფრო ეფექტურ და საინტერესო მასწავლებლად ვიქეცი.

ეს ისტორია იმიტომ გაგიზიარეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმ მომენტში ჩემს თავს.

დღეს, როდესაც ტექნოლოგიური გარღვევები და პანდემიით გამოწვეული შოკი ერთად მოქმედებს, მასწავლებლებსა და სკოლებს დიდ სტრესთან უწევთ გამკლავება და შესაძლოა, რეაქციამ ბევრ შემთხვევაში წონასწორობის რღვევა გამოიწვია.

შედეგად ბევრგან მივიღეთ ის, რომ ბევრი მასწავლებელი მასწავლებელზე ფოკუსირებულ სწავლებაზე გადავიდა, ხოლო სხვებმა უფრო დიდი ნდობა ტექნოლოგიებზე დამყარებულ სწავლებას გამოუცხადეს. შედეგად მივიღეთ დისტანციური სწავლება და ძნელად სამართავი ჰიბრიდული მოდელები.

დარწმუნებული ვარ, აქ არავის ბრალეულობა არ იკვეთება. ასეთ დროს განმანათლებლებს სურთ რისკები შემცირება და, საზოგადოდ, სულიერი წონასწორობის შენარჩუნება.

ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, როგორ უნდა ავაგოთ და როგორ გამოვიყენოთ გაკვეთილი.

თუ სტუდენტების სწავლისთვის იყენებენ ტექნოლოგიებს ან პირდაპირ ინსტრუქტირებას, ამ დროს ჩნდება როგორც გამოწვევები, ისე შესაძლებლობები, რომელთა დროსაც საპოვნელია ის ბალანსი, რომელიც ამოცანებსა და სტრატეგიებს შორის უნდა დავამყაროთ.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც დაგვეხმარება, დავაბალანსოთ ჩვენი ქმედებები, უზრუნველვყოთ ჩართულობა და მოვამზადოთ ნიადაგი მოსწავლეთა უფლებებით აღსაჭურვად, სწავლების პერსონალიზაციის საშუალებით:

* პირდაპირ ინსტრუქციებს დაუთმეთ მინი-გაკვეთილი – ათი-თხუთმეტი წუთი მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

* გამოიყენეთ სხვადასხვაგვარი სტრატეგია საკითხის განხილვაში მოსწავლეთა ჩასართავად:

. დაინტერესების ეფექტი;

. დამაინტრიგებელი კითხვები ან მენტალური ხატები;

. სურათები, რომელთა შესახებაც დასვამთ კითხვებს და მოსთხოვთ დანახულის მოკლე აღწერას;

. შესთავაზეთ რომელიმე რეალურად არსებული პრობლემის განხილვა;

. ან მიმდინარე მოვლენა და პირადი ისტორია;

. ღია/თავისუფალი სახის თემა, რომელიც გაააქტიურებს შემოქმედებით აზროვნებას ან გამოიწვევს ინტერესს;

. გამოცანა,

. მოკლე, დამაინტრიგებელი ვიდეო, რომელსაც მოკლე საუბარი მოჰყვება;

. გაესაუბრეთ რომელიმე საკითხზე, რომელიც სენსორულ/გრძნობიერ აღქმას გულისხმობს.

. გამოიყენეთ ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი სურათების/ნახატების/ვიდეო-ფაილების დახმარებით მსჯელობისა და თანამშრომლობისთვის;

. გამოიყენეთ აქტივობები, რომლებიც გულისხმობს მოძრაობას და მოითხოვს რაიმე საკითხზე დაფიქრებას, საკითხის გააზრებას;

. გადადით ტრადიციულ პედაგოგიურ სწავლებაზე და შესთავაზეთ მოსწავლეებს ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური სწავლების ნარევი;

. ჩართეთ სწავლების პროცესში, როდესაც ეს შესაძლებელია, ასინქრონული დავალებები (მაგ., დავალება, რომელსაც თითოეული მოსწავლე მისთვის კომფორტული სიჩქარით ასრულებს) და უზრუნველყავით ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფის დახმარება მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება;

. გამოიყენეთ ან მოითხოვეთ პროფესიული მხარდაჭერა დისტანციური ან ჰიბრიდული სწავლებისას.

. გამოიყენეთ „შეცვლილი/გადაბრუნებული“ საკლასო ოთახის მიდგომა (ე.წ. flipped classroom approach, ინგლ.) – ამ დროს მოსწავლეები ჯერ წაიკითხავენ/ნახავენ ვიდეოზე დავალების თემას, სახლში გაეცნობიან მას, ხოლო კლასში ისაუბრებენ და იკამათებენ მოცემულ საკითხზე. ამ დროს მასწავლებელი, შუამავლის ან წარმმართველის როლშია და ეხმარება დისკუსიას, აზუსტებს საკითხების ფორმულირებას და სხვა.

გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ იდეებია. სწორი ბალანსის პოვნა, პერსონალური მოგზაურობაა სწავლების სამყაროში და მოიცავს ხელმისაწვდომ დროს, მხარდაჭერას და თანასწორობას.

ჩვენ შეგვიძლია, დავეთანხმოთ ერთმანეთს იმაში, რომ ტექნოლოგია ბავშვებს იმ შესაძლებლობებს აძლევს, რომლებზეც ჩვენ არც კი გვიოცნებია. თუმცა ისეთ დროს, როგორიც ახლა გვიდგას, ტექნოლოგიური სამყარო ვერ გახდება ჩვენი მთავარი საყრდენი. ტექნოლოგიებისა და ციფრული პლატფორმების როლი დღესაც იგივეა, რაც პანდემიამდე იყო – ეს საშუალებებია, რომლებიც სწავლების პროცესის დახვეწასა და გაძლიერებაში გვეხმარება, მაგრამ არ მართავს მას. მთავარი წინადადებაა: ყოველთვის გვახსოვდეს ის ჯადოსნობა, რომელიც სწავლებას ახლავს თან. რაღაც ისეთი, რასაც ტექნოლოგია ვერასდროს ჩაანაცვლებს.

როდესაც ყველაფერი უკვე ნათქვამი და გაკეთებულია, სწავლების პროცესში ბავშვების ჩართულობა ემყარება მოსწავლის უშუალო შეგრძნებას, თუ რატომ სწავლობს ის რამეს და როგორ შეძლებს ნასწავლის გამოყენებას (აღქმულს და დანახულს მისივე შეგრძნებებით) რეალურ სამყაროში.

 

 

მე პლასტმასის ეპოქაში ვცხოვრობ

0

თუ როდესმე მემუარებს დავწერ, აუცილებლად ვიტყვი, რომ მე პლასტმასის ეპოქაში ვცხოვრობდი. ჰო, რა გასაკვირია… მავანი, ქვის ან ბრინჯაოს ეპოქაში თუ  იყო, მე პლასტმასებში მომიწია ცხოვრებამ, დრომ მოიტანა ასე.

გარშემო თუ მიმოიხედავთ, სულ პლსტმასებით ვართ გარშემორტყმული. კალამი, სახაზავი, კომპიუტერი, ტელეფონი, საათი (ყველა მოდელი არა, ბუნებრივია), ერთჯერადი ჭურჭელი, ტანსაცმელშიც კი პლასტმასები ურევია…

პირველი პლასტმასი შემდეგნაირად გამოჩნდა.  1869 წელს ამერიკაში ერთი კაცი ცხოვრობდა.  ჯონ უელს ჰიაკი ერქვა და მისი პროფესია ქიმია სულაც არ ყოფილა.  საგამომცემლო საქმეში იყო და სახლში დაბრუნებისას გულის გადასაყოლებლად, ქიმიური ცდებით ერთობოდა. ერთ საღამოსაც ჯონმა გაზეთში წაიკითხა, რომ „ ფილინ ენდ კოლინდერის“ ფირმა ათი ათას დოლარად შეიძენდა  პატენტს  ახალ მასალაზე ბილიარდის ბურთების გასაკეთებლად. თავისი თვისებებით მასალა სპილოს ძვალს ტოლს არ უნდა უდებდესო, ეწერა განცხადებაში.  ჯონს ინგლისელი ალექსანდრე პარქსის აღმოჩენა გაახსენდა.  პარქსმა შვიდი წლით ადრე  ნიტროცელულოზისგან უცნაური მასალა დაასინთეზა.

ჰოდა, მოკლედ აქეთ ჩახედა, იქეთ გადმოხედა და ახალი პლასტმასის მიღების ტექნოლოგია შეიმუშავა. მისი დასახელებაც დააპატენტა-ცელულოიდი.

ცელულოიდი ცელულოზას ნიტრატის საფუძველზე შექმნილი პლასტმასია.  შეიცავს პლასტიფიკატორს (დიბუტილფტალატი ან სხვა დანამატი) და საღებავს.

სხვათა შორის, ფირმამ, ვისთვისაც ჯონმა იღვაწა, ცელულოიდი ბილიარდის ბურთებისთვის გამოუსადეგრად მიიჩნია და ჯონს დაპირებული ჯილდო არ გადაუხადა.  თუმცა, ჯონს არაფერი დაუკარგავს, რადგან ისტორიაში მისი სახელი სწორედ პირველი პლასტმასის შექმნის გამო შევიდა. ამან კიდევ ფოტოგრაფირების და კინომატოგრაფის განვითარებას შეუწყო ხელი.  ეს ახლა ვაჩხაკუნებთ მე და თქვენ ციფრულ ფოტოაპარატებს, თორემ ადრე ფოტო და ვიდეო ფირებს იყენებდნენ. პირველი ფოტოფირი კი ცელულოიდის ბაზაზე  შეიქმნა.

მანამდე, სულ პირველი ფოტო 1826 წელს ვინმე ფრანგ ჟოზეფ ნიეპსეს გადაუღია. გამოსახულება სპეციალური კამერით, ასფალტით დაფენილ თხელ ფენაზე გამოუსახავს. სინათლის მოქმედებით ასფალტი გამყარდა. ის ნაწილები კი, სადაც სინათლე არ მოხვდა, ლავანდის ზეთით დაამუშავა და შედეგიც მიიღო. მართალია, პროცესი რვა საათს  გაგრძელდა, თუმცა ლოდინად და წვალებად ეტყობა ღირდა. სურათი კი ხედს ასახავდა, რომელიც ავტორის სახელოსნოდან იშლებოდა.

ფოტოფირის გამოყენების დაწყებისას, საქმეში ქიმია ცოტა ღრმად ჩაერთო.  პირველად ფირზე, ე.წ. დაფარული გამოსახულება ჩნდებოდა. საჭირო იყო მისი გამჟღავნება. გამამჟღავნებელი რთული შემადგენლობის ხსნარი გახლდათ და შედგებოდა ნივთიერებებისგან, რომლებიც სინათლის მსგავსად მოქმედებდნენ და გამოყოფდნენ მეტალურ ვერცხლს. ეს ხსნარი პირველ რიგში ფირის იმ უბნებზე მოქმედებდა, სადაც სინათლე ხვდებოდა. შედეგად, ნათელ გამოსახულებას ღებულობდნენ. თუმცა, სურათის დამზადებისას მეორე ხსნარსაც იყენებდნენ და მას ფიქსატორი ეწოდებოდა. ის ფირიდან ვერცხლის მარილების იმ ნარჩენებს ჩამორეცხავდა, რომლებმაც გამოსახულების გამჟღავნებაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დღეს ცელულოიდისგან დამზადებულ ნივთებს იშვიათად ნახავთ, რადგან თავად მასალას ცეცხლი იოლად ეკიდება და  ხანძარსაშიშია. მასზე უარი 2014 წლიდან თქვეს. თუმცა, მაგ. მაგიდის ტენისის ბურთებს დღემდე ამ მყარი და ხისტი მასალისგან ამზადებენ.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ზოგადად, პლასტმასი რა არის? ორგანული მასალაა, რომელთა ფუძეს სინთეზური  ან ბუნებრივი  მაღალმოლეკულური  ნაერთები, ანუ პოლიმერები წარმოადგენენ.

წყლის მოლეკულა ხომ ვიცით, მისი ფარდობითი მოლეკულური მასა სულ რაღაც 18-ია. გლუკოზა, მარტივი შაქარი კი, რომლის მასა 180-ია,  წყალთან შედარებით დიდი ჩანს. თუმცა, თუ გლუკოზას მოლეკულას პოლიმერს შევადარებთ, მაგ. ცელულოზას, გლუკოზა განსაცვიფრებლად პატარა გამოჩნდება.  თავად სიტყვა-პოლიმერი-ბერძნული სიტყვებიდან-„პოლის“ ბევრი და „მერას“ნაწილი-წარმოდგება. პოლიმერები მონომერებისგან შედგებიან, რომლებიც თავის მხრივ, სულ რამდენიმე ატომს შეიცავენ. თვალსაჩინოებისთვის ჩვეულებრივი მძივი შეიძლება წარმოვიდგინოთ, სადაც თავად მძივი პოლიმერია, შემადგენელი ქვები კი მონომერები.  ეს მონომერები შეიძლება სწორხაზოვნად განლაგდნენ, ან ბურთის ფორმა მიიღონ, ან კიდევ, ბადესავით ფაშარი ფორმის პოლიმერი წარმოქმნან.  მოლეკულის ფორმაზეა დამოკიდებული პოლიმერის ფიზიკური თვისებები.  მაგ. გვაქვს პლასტმასი, რომლის შემადგენელი მოლეკულები ბურთივით მსრგვალ და კომპაქტურ ფორმას ქმნიან. ფორმა მტკიცე არ არის, რადგან მხოლოდ სუსტი მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებით ნარჩუნდება. თუ ასეთ პოლიმერს გავაცხელებთ, მაშინ მოლეკულები ერთმანეთს იოლად დაშორდებიან,  პლასტმასი რბილი გახდება, გალღვება. ასეთი პლასტმასის ჩაღვრა ნებისმიერ ფორმაშია შესაძლებელი, სადაც გაციებისას ის კვლავ გამყარდება. ასეთ პოლიმერებს თერმოპლასტიკურებს, ან უბრალოდ თერმოპლასტებს  უწოდებენ. მაგ. პოლიეთილენი სწორედ თერმოპლასტებს მიეკუთვნება.

პატარა ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება. ავიღოთ სადილის კოვზი, რომელსაც ქიმიური ცდებისთვის გაიმეტებთ. სხვათა შორის, ასეთი ფორმით ჩატარებულ ცდებს მე „კოვზზე ჩატარებული“ ქიმია დავარქვი და ზოგიერთი მათგანის ნახვა აქ შეგიძლიათ:

კოვზზე მოვათავსოთ პოლიეთილენის ნაჭერი, მივიტანოთ სპირტქურის ალზე და დავიწყოთ მისი გალღობა. კოვზის ტარი  რაიმე საჭერით ან სპეციალური ხელთათმანით დაიჭირეთ, რადგან გაცხელდება.  პლასტმასი მთლიანად გავალღოთ და სილამაზისთვის რაიმე საღებავი დაუმატოთ. კარგად ავურიოთ, რომ საღებავი გადანაწილდეს და რაიმე მყარ ზედაპირზე მოვათავსოთ გასაციებლად. მიეცით ნებისმიერი ფორმა და ახალი ფორმის ფერად პლასტმასს მიიღებთ, რომლის გადალღობაც კვლავ  შესაძლებელი იქნება.

ასეთ გასართობ ცდას ვერ ჩაატარებთ იმ პლასტმასებთან, რომლებიც ბადისებრი ფაშარი ფორმის მოლეკულებისგან შედგებიან.  ე.წ. ბადისებრ პოლიმერებში ჯაჭვები ერთმანეთთან ხიდაკებითაა დაკავშირებული, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა ქიმიური ბმები. მათი გახლეჩა არც ისე მარტივია. ასეთ პლასტმასებს თერმორეაქტიულებს, ან უბრალოდ რეაქტოპლასტებს  უწოდებენ.  მათ სინთეზუსი ცვილებისგან ღებულობენ, რომლებიც გამყარებისას მინისმაგვარ პოლიმერებს წარმოქმნიან.  პირველი სინთეზური ცვილი   1872 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ბაიერმა ფორმალდეჰიდის და კარბოლმჟავას შერევით მიიღო.  გაცხელებისას ეს ნარევი მყარ და უხსნად ნივთიერებად გარდაიქმნებოდა. მხოლოდ 35 წლის შემდეგ ბელგიელმა მკვლევარმა ლეო ბაკელანტმა მიაკვლია ამ ნივთიერების მიღების საწარმოო მეთოდს. თავად ნოვთიერებას კი ბაკელიტი უწოდა. ეს პლასტმასი ცელულოიდთან შედარებით გაცილებით პოპულარული და მოხმარებადი გახდა და ბილიარდის ბურთერბსაც, სწორედ მისგან აკეთებდნენ.  ბაკელიტი საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს და ამიტომ ყველანაირ შტეფსელებს, ჩასართველ-გამოსართველებს, შესაერთებლებს სწორედ მისგან ამზადებდნენ.  დღეისათვის ეს მასალა სილიკონმა ჩაანაცვლა.

ადრე ბებიას სოფელში ფირფიტების დასაკრავი ჰქონდა (დღესაც შემორჩენილია). თავად 45 წლის გამოცდილების მქონე პედაგოგი გახლდათ და თავისი პროფესიით ძალიან ამაყობდა. დღესაც, სოფლის სახლში მისი მოსწავლეების უამრავი წერილი ინახება, რომლებიც  უკვე დიდი ქალები და კაცები, თავის პირველ ქეთო მასწავლებელს წერდნენ და ცხოვრებისეულ პრობლემებზე კვლავ რჩევას ეკითხებოდნენ. ბებიაც არ იზარებდა და უკლებლივ ყველას პასუხობდა.

ჰოდა, რადგან სიტყვამ მოიტანა, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბებოსავით ქეთო, რომ მქვია და  მასავით მასწავლებელი ვარ, ძალიან, ძალიან მეამაყება.

ეს ფირფიტების საკრავიც სკოლამ რაღაც იუბილეს აღსანიშნავად აჩუქა და ბებიაც დიდის ამბით ინახავდა. ერთ დღეს რომელიღაც ფირფიტა გადმოვიღე, დავუკარი, შენახვისას კი ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. ბებოს კი დაწყდა გული, მაგრამ ეგ არაფერიო დამამშვიდა. ფირფიტა ძველი იყო და ამიტომაც სულ მცირე  მექანიკურ ზემოქმედებასაც ვერ გაუძლო, გატყდა.  ფირფიტების შემდეგ თაობებს კი ვინილმა უშველა.

ვინილის რადიკალს ქიმიკოსები უწოდებენ ეთილენის მოლეკულას, სადაც წყალბადის ერთი ატომი არ გვაქვს.  მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში იუსტუს ლიბიხმა ვინილქლორიდი მიიღო. მისმა მოსწავლე ანრი რენიონმა კი აღმოაჩინა, რომ სინათლის ზემოქმედებით  ეს გაზისებრი ნივთიერება თეთრ ფხვნილად გარდაიქმნებოდა. ამ ფაქტს არავინ არ მიაქცია ყურადღება. ასი წლის შემდეგ კი ამერიკელმა მეცნიერმა ვოლტერ სიმონმა  ვინილქლორიდის საწარმოო მიღებისთვის  პატენტი მიიღო. დღეს მთელ მსოფლიოში ამ ნივთიერებას უზარმაზარი რაოდენობით აწარმოებენ. რა საჭიროა ამ გაზის დიდი რაოდენობით წარმოებაო-იკითხავს ახლა რომელიმე მოსწავლე. თან ეს გაზი მომწამლავიცაა და მაინც აწარმოებენ. პოლიმერიზაციის უნარი აქვს, გაცხელებისას თეთრ ფხვნილად გარდაიქმნება, ანუ პოლივინილქლორიდად.  ეს უკანასკნელი კი აბსოლუტურად უსაფრთხო და ქიმიურად ინერტული მასალაა. ლინოლეუმი, სააბაზანოს ფარდები, სადენების საიზოლაციო მასალა, ხელოვნური ტყავი, ზღვის სამაშველო გასაბერი რგოლები, გასაბერი ლეიბები, გასაბერი ბურთები, გასაბერი აუზები, ფეხსაცმლის ძირები და უამრავი სხვა რამ პოლივინილქლორიდისგანაა დამზადებული.

პოლივინილქლორიდს ზოგჯერ უბრალოდ ვინილს უწოდებენ.   ჰოდა, სწორედ ვინილის ფირფიტებმა ხმის ჩაწერის ინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოაწყეს. ასეთი ფირფიტები მოსახერხებელიც იყო, უფრო მეტი მუსიკაც ეტეოდა  და არც ტყდებოდა.  ბუნებრივია, დღეს ვინილის ფირფიტებს აღარავინ იყენებს. თუმცა, ზოგიერთ მელომან კოლექციონერებს დღესაც საპატიო ადგილზე აქვთ თავიანთ კოლექციებში.

რამ გამახსენა ახლა ვინილის ფირფიტები? სოფელში  ჩემი ქეთო ბებოს ფირფიტებს ვაწესრიგებ  და ფიქრებში წავედი.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...