ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ძველი ფიცარი

0

რაც სრულიად დედამიწა ვირუსმა დაიბრიყვა, სოფელს და სუფთა ჰაერს სხვა მნიშვნელობა მიენიჭა. ქალაქებში ფაქტიურად, ჰაერს ვეღარ ვსუნთქავთ. ან სახლში ხარ გამოკეტილი და თუნდაც გარეთ გახვიდე ნიღაბი უნდა აიფარო, რაც საკუთარი ენდოგენური ნახშირორჟანგის უკან ჩასუნთქვას გაიძულებს და ასეთი გრძელვადიანი ყოფა, სულაც არ არის ორგანიზმისთვის შესაშური პერსპექტივა.

ჰოდა, იმ დღეს კვლავ სოფლად წავედი. წავედი და ახლა კიდევ ცოტა სხვანაირად დავაფასე ჩემი ეზოს კამკამა ჰაერი. ერთ-ორ დღეს დავრჩი და გადავწყვიტე სახლის ქვედა მარანი  საგულდაგულოდ  დამელაგებინა. სულ მცირე, გამეგო მაინც სად რა დევს, რადგან ადრე ამ საქმეს დედა აწესრიგებდა.

კედელთან დამაგრებულ სულ ქვედა თაროზე ძველი ფიცრის ნაჭრები ვიპოვე. ადრე ეზოს ბოლოს პატარა ფარდულივით იდგა, მერე დაშალეს და  ფიცრებიც უეჭველი იქიდან იყო შემორჩენილი. ეტყობა, დედამ ყოველ შემთხვევისთვის შეინახა, იქნებ რამეში გამოდგესო. ეს ფიცარი ერთ დროს ხე იყო. არა, ჯერ პატარა ნერგი იქნებოდა, მერე გაიზარდა, გარემოს ჟანგბადით მომარაგება დაიწო და უამრავ ჩიტუნას მისცა ბინა. არაა გამორიცხული, რომ მასზე ფოსოსმაგვარ არსებებსაც ებოდიალათ ღამღამობით. მერე მოჭრეს…ადამიამნა მაგის მეტი რა იცის… მერე ჩემს ეზოში ჯერ კიდევ პაპამ ფარდული ააგო… დრო დადგა ის ფარდული დაშალეს და აგერ ახლა მარანში თაროზე შემოლაგებული აღმოვაჩინე. ძველი ფიცრის  ცხოვრების ნაღვლიანი ციკლი. ის-ის იყო უკან უნდა დამებრუნებინა, რომ ზედ რაღაცნაირი მომწვანო კვალი შევნიშენე.

რა უნდა იყოს? მწვანედ შეღებილი ნამდვილად არ ყოფილა, თორემ, მემახსოვრებოდა. ხომ იცით, მე და მწვანე ფერს ჩვენი ურთიერთობა გვაქვს, მხოლოდ ჩვენ, რომ ვიცით, ისეთი.

მოიცა, მოიცა… დავიჯერო, ეს ფიცარი ქრომირებული სპილენძის არსენატით  As2CrCuO9 იყო დამუშავებული?  ნაერთი  1933 წელს ინდოელმა ქიმიკოსმა სონტი კამესამ შექმნა და 1934 წელს ინგლისში დააპატენტეს. მისი მეშვეობით ხის მასალას ჭიისგან, მღრღნელებისგან და ზოგადად გაფუჭებისგან იცავდნენ.    ნაერთი ფაქტიურად არაორგანული პესტიციდია და დღეს უკვე აღარ იყენებენ. თუმცა, ეს ფიცარიც ხომ ძველია.

დარიშხანზე ორჯერ უკვე დავწერე:

მწვანე კარები

მწვანე კაბა

ქიმია იმითაც  არის საინტერესო, რომ ერთი და იგივე თემას ვერ ამოწურავ, უზარმაზარი ინფორმაციაა.

დარიშხანი ბუნებრივად შედის ძალიან ბევრი ქვეყნის ნიადაგქვეშა წყლებში და ამ ქვეყნებს შორის საქართველოცაა. დარიშხანის ნაერთები ძალიან ტოქსიურია და თუ ასეთი წყლის ზემოქმედების ქვეშ (დალევა, სადილის მომზადება, სარწყავ წყლად გამოყენება) ადამიანი წლების განმავლობაში იქნება, შესაძლოა სიმსივნური დაავადებებიც განვითარდეს.

მწეველი ადამიანები ასევე ღებულობენ დარიშხანის თავის დოზას, რადგან თამბაქო დარიშხანს ისევე ითვისებს ნიადაგიდან, როგორც კადმიუმს. ადრეულ წლებში კი, თამბაქოს დამატებით  ტყვიის არსენატითაც  ამუშავებდნენ, რომელიც ინსექტიციდს წარმოადგენდა (დღეს უკვე აკრძალულია მისი გამოყენება).

დღეს კვლავ ქიმიურ ექსპერიმენტს გთავაზობთ, რომელიც ასევე კრიმინალისტიკურ ქიმიას ეკუთვნის. დიახ, ახლა ყველაფერი დისტანციურადაა, თუმცა მე ლაბორატორიულების ჩატარებას ჩემი სტუდენტებისთვის სწორედ ლაბორატორიიდან ვგეგმავ. უბრალოდ, თავად  გავაკეთებ ყველაფერს და თითოეულ ნაბიჯს დაწვრილებით აღვწერ. სტუდენტები კი კვლავ ზუმის პლატფორმიდან დამაკვირდებიან. ამიტომ, ახალ საინტერესო ექსპერიმენტებს ყოველთვის აქვს აზრი.

მაშ ასე, „მარშის“ ყველაზე მგრძნობიარე ტესტი დარიშხანის და სტიბიუმის თუნდაც უმცირესი რაოდენობის აღმოსაჩენად.

„მარშის ტესტი“  მაშინაც კი დადებითია, როდესაც ეს ორი ელემენტი ორგანიზმის სითხის ნიმუშში მიკროგრამ დოზით არის მოცემული.

ამ სუბსტრატების აღმოსაჩენად საიმედო ტესტის შემუშავების ძირითადი პრობლემაა ნიმუშში არსებული უმცირესი რაოდენობა. ადრე, სწორედ ეს მცირე რაოდენობა შეუძლებელს ხდიდა სტანდარტული ქიმიური ტესტების გამოყენებას, რომლებიც ეფუძნებიან ნალექის წარმოქმნას ან ფერის ცვლილებას. მარშმა თავისი ტესტი შეიმუშავა. ცნობილია, რომ  დარიშხანი და მისი ნაერთები ურთიერთქმედებენ მარილმჟავასთან არსენის გაზის წარმოქმნით. იგივე ხდება სტიბიუმის შემთხვევაში და სტიბინის გაზი წარმოიქმნება. თუმცა, ნიმუშში ეს ორი ელემენტი ძალიან მცირეა და გაზიც მცირე რაოდენობით იქნება.

მარშმა გამოიკვლია, რომ ზემოთ აღნიშნული რეაქცია შეიძლება გაძლიერდეს მეტალური თუთიის დამატებისას. თუთია მოქმედებს მარილმჟავასთან, წარმოიქმნება წყალბადი. მარშმა  თავისი შექმნილი აპარატიდან წარმოქმნილი გაზები რეაქტორიდან მიმართა ისე, რომ ანთებისას ალი ფაიფურის მოჭიქულ ფირფიტაზე დაცემულიყო. ანთებული წყალბადი ფირფიტაზე კვალს არ დატოვებდა. ანთებული არსინი და სტიბინი კი დატოვებდა დარიშხანის და სტიბიუმის მეტალურ კვალს.

ჩვენ შეგვიძლია მარშის ტესტის გამეორება და დარიშხანის და სტიბიუმის ნიმუშებს შორის განსხვავების ნახვა. ამ ორი ელემენტის ნიმუშების განსხვავებისთვის ისინი უნდა დამუშავდეს ნატრიუმის ჰიდროქლორატით (ქლორის შემცველი მათეთრებელი). დარიშხანის კვალი გაქრება, სტიბიუმის კვალი უცვლელი რჩება.

 

რა დაგვჭირდება:

ხელთათმანები, სათვალე, ხალათი;

გაზის მისაღები მინის კოლბა ჩახრახნილი  მილაკით;

ფაიფურის პატარა ფირფიტები;

პინცეტები (დამჭერები) ცხელი ნივთის ასაღებად;

მინის და ფაიფურის მარკერები (ფლომასტერები);

ასანთი ან სანთებელა;

დარიშხანის და სტიბიუმის ნიმუშები (სხეულის ნაწილიც შეიძლება-თმა, ფრჩხილი);

კონცენტრირებული მარილმჟავა;

მეტალური თუთია, ან მისი ფხვნილი;

სარეცხის მათეთრებელი (რამდენიმე მლ.);

 

რა რითი ჩავანაცვლოთ:

სტიბიუმის (III) სულფატი შედის ასანთის ღერის  თავებში. გადაფხიკეთ ასანთის თავები და ჩაყარეთ მარილმჟავაში.

დარიშხანის მარილებით დამუშავებულია თაგვის წამალი. ან, შეიძლება სოფლად ვინმეს ძველი ხის ფიცრებიც ქონდეს დარიშხანის მწვანე ნაკვალევით.

რატომ უნდა ვიფრთხილოთ:

ექსპერიმენტის მსვლელობისას იწვის წყალბადი, ამიტომ რეაქციაში მონაწილე რეაგენტები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა ავიღოთ. ფრთხილად იყავით ალთან და იქონიეთ ცეცხლის საქრობი ბალონი.  დარიშხანის და სტიბიუმის ნაერთები მომწამლავია. შესაბამისად, ექსპერიმენტის მსვლელობისას გამოყოფილი არსინი და სტიბინიც ტოქსიურობით ხასიათდება.  ამიტომ, ცდა ჩაატარეთ სკოლის ეზოში ან ამწოვ კარადაში.  არსინის სუნი 1ppm რაოდენობის დროსაც კი შეიგრძნობა  ნივრის დამახასიათებელი სურნელით.  სტიბინის გაზსაც უსიამოვნო სუნი გააჩნია და მცირე რაოდენობაც კი საკმარისია, რომ ადამიანი შეწუხდეს. ქლორწყალბადმჟავა ასევე სახიფათოა და მისი ორთქლის ჩასუნთქვა არ შეიძლება. მათეთრებელი სითხეც საფრთხილოა. ამიტომ, გამოიყენეთ ხალათი, სათვალე და ხელთათმანი.

წყალბადის ალზე ფაიფურის ფირფიტის გაცხელებისას, შეეცადეთ ხელით არ შეეხოთ, რადგან დაგეწვებათ. გამოიყენეთ სპეციალური დამჭერი.

სამუშაოს მსვლელობა:

ლაბორატორიული ექსპერიმენტი სამი ნაწილისგან შედგება. თავდაპირველად რეაგენტების სისუფთავე უნდა შემოწმდეს.  მეორე ეტაპზე, თავად მარშის ტესტს ჩაატარებთ, მესამე ნაწილში კი ფაიფურის ფირფიტას  სარეცხის მათეთრებლით დაამუშავებთ, რათა დააკვირდეთ მის მოქმედებას დარიშხანის და სტბიუმის კვალზე.

 ნაწილი პირველი:

აიღეთ გაზის მისაღები მინის კოლბა. ჩაასხით 10მლ მარილმჟავას კონც. ხსნარი, დაამატეთ 3გ თუთიის მარცვალი (ან ფხვნილი) და დაახურეთ საცობი. თუთიასა და მარილმჟავას შორის წარიმართება რეაქცია, რომლის შედეგად წარმოიქმნება თუთიის ქლორიდი და წყალბადი, რომელიც ბოთლის საცობში ჩამაგრებული მინის მილიდან  გარეთ გამოიყოფა. სწორედ ამ მილთან ძალიან ფრთხილად მიიტანეთ ანთებული კვარი ან ასანთი.  წყალბადი ცისფერი ალით იწვის. ამ ალთან ფრთხილად მიიტანეთ ფაიფურის ფირფიტა, გაახურეთ და დააკვირდით, რაიმე ნივთიერება ხომ არ გამოვლინდება. თუ თქვენი თუთია ან მჟავა დარიშხანით ან სტბიუმით არს დაბინძურებული ეს კვალის სახით გამოჩნდება ფაიფურის ფირფიტაზე. ცდისთვის კი მხოლოდ სუფთა რეაქტივებია აუცილებელი.

 

ნაწილი მეორე:

მოამზადეთ ნიმუში ანალიზისთვის. 2-3გ სრულიად საკმარისია. მოათავსეთ ის გაზის მისაღებ  კოლბაში, დაამატეთ 10მლ მარილმჟავა. ბოთლი შეანჯღიეთ. შემდეგ დაამატეთ 3გ თუთიის გრანულები და გაიმეორეთ პირველ ნაწილში აღწერილი მოქმედება.

 

ნაწილი მესამე:

ფაიფურის ფირფიტას (ექსპერიმენტის წინა ნაწილიდან) დააწვეთეთ ქლორის შემცველი მათეთრებელი. დააკვირდით შედეგებს და იმსჯელეთ.

ცდის ვიდეო ვერსია ამ მისამართიდან შეგიძლიათ ნახოთ.

 

სოფლის მარანში ნაპოვნ ფიცარს მწვანე კიდეს ჩამოვატეხავ  და თბილისში წავიღებ. „მარშის ტესტი“ უნდა გავაკეთო!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშობაო საჩუქრები ლიტერატურაში

0

ვაჟა- ფშაველა და მისი ძმები, ძია ესტატე, ელიზბარი ვაჟა-ფშაველას „საშობაო მოთხრობიდან“, ტოლკინი, დელა და ჯონი, ასტრიდ ლინდგრენი, ანე ფრანკი, მადიკენი და ლისაბეტი, უგო, ჰარი პოტერი, ავრორას მამა, ვირჯინიას დედა – ნამდვილი თუ გამოგონილი პერსონაჟები  სხვადასხვა დროსა და სივრცეში შობას ზეიმობენ, ერთმანეთს ულოცავენ და საჩუქრებს ჩუქნიან.

ლიტერატურას, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, აქვს  ერთი ჯადოსნური უნარი – მოვლენებს გვაყვარებს.

შობა ჩემს მახსოვრობაში დედას ნაამბობს უკავშირდება. ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი გატაცებით მიყვებოდა ო’ჰენრის „მოგვთა ძღვენს“, როგორ გაიმეტა ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულმა ცოლ-ქმარმა ყველაზე ძვირფასი ნივთები შობის საჩუქრების საყიდლად. ამბავი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. მე კი ახლა ვხვდები, რისკენ მიბიძგებდა დედა – ჩემს გულში სიყვარულს, უანგარობას, ადამიანის პატივისცემას აღვივებდა. თავადაც დელასავით გამეტებული გული აქვს – ყოველთვის შესწევდა ძალა გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა.

ახლა ჩემთვის შობა იმედი, რწმენა, საყვარელი ადამიანისთვის ცხრა მთის გადალახვაა. საშობაოდ საჩუქრების ჩუქება, შობის დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნა ჩემს ბავშვობას ნამდვილად არ უკავშირდება. მამა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ათეისტი იყო, დედა არასდროს ყოფილა ეკლესიური.

ლიტერატურამ ფიქრისა და დაკვირვების კარი გამიღო. პირველად სკანდინავიელ საბავშვო მწერლებთან აღმოვაჩინე, როგორი დიდი მოწიწებით აღნიშნავდნენ შობას. ამ ჭრილში წაკითხულმა ტექსტებმა თავი მოიყარა და სათქმელიც დაგროვდა.

ვკითხულობ  ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში საშობაო რიტუალის შესახებ  და მწერლის მამა მახსენდება. პავლე რაზიკაშვილი მღვდელი იყო. ვაჟა-ფშაველას ბავშვობაც სავსე იქნებოდა საღმრთო სადღესასწაულო ამბებით. სხვაგვარად ვერ აისახებოდა „სათაგურსა“ თუ „საშობაო მოთხრობაში“ სოფლის ცხოვრება შობის დღეს. ადამიანები ერთმანეთთან სტუმრობისთვის არ ერიდებიან დათოვლილ მთებს, მოყინულ გზებს, ერთად ყოფნით ხარობენ, სადღესასწაულო სადილებს ამზადებენ, დრო მარტივად ქრება, მკითხველი მე-19 საუკუნეში ინაცვლებ და  მოზარდ ელიზბართან ერთად დასდევ საშობაო კვერს, ლუდის ქვაბში ჩაგდებულ ცხელ ქვას თვალს აყოლებ, ძია ესტატეს ხურჯინიდან ამოღებულ საჩუქრებს პაწია სონასა და კოლასთან ერთად მოუთმენლად ელი. რაც მთავარია, ხვდები, რომ სადღესასწაულო განწყობა შენს გულშიც შემოდის, შენს გულსაც ათბობს და ანათებს.

რას ვყვებით მასწავლებლები შობის შესახებ? რას ვკითხულობთ? რას ვუამბობთ ჩვენს შვილებს? დაფიქრებულხართ, რას ჩუქნიან პერსონაჟები ერთმანეთს შობის დღესასწაულზე?

 

ესტატეს ხურჯინი

ქალაქიდან დაბრუნებულ ესტატეს შვილიშვილები, მეუღლე, რძალი დიდი სიხარულით ეგებებიან.  ბავშვებს პაპის მოტანილი საჩუქრებისთვის სული ელევათ. ესტატე არ ჩქარობს, ჯერ გაყინულ ხელებს ითბობს ღუმელთან, თან ქალაქის ამბებს ჰყვება, ჯიბიდან კანფეტებს იღებს და ბავშვების ყურადღება ცოტა ხნით სხვა საგანზე გადააქვს, მერე  ცხენს ქერს აჭმევს. ასე დინჯად მიჰყავს მწერალს პერსონაჟი ხურჯინამდე. ესტატემ ხურჯინის „ჯერ ერთი თვალის სახლართები გახსნა“ და ამოალაგა: ორი წყვილი „გელქანური“ თევზი, ძროხის ხორცი, ბრინჯი, ჩაი და შაქარი, მწვანილი „ოხრახოში და წიწმატი თავის რამე-რუმეებით“, ხმელი ხილი, ილი, მიხაკი და დარიჩინი, საკაბე და ფეხსაცმელი სონასთვის, კოლას წაღები, სოფიოს საკაბე, ეფემიასთვის ფლოსტები და „სულ ბოლოს ძია ესტატემ დიდი ამბით ამოიღო სათაგური“. 

ესტატეს  ოჯახის  წევრებზე ზრუნვა გულგრილს ვერავის დატოვებს. პარალელურად ასი წლის წინადელ ყოფაზე გეფიქრება, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ იჭერდნენ საშობაოდ თადარიგს, რას მიირთმევდნენ, რა უხაროდათ. მაკვირვებს იმის აღმოჩენა, რომ ერთი საუკუნის სიშორის მიუხედავად ძია ესტატეს საჩუქრები დღესაც თანამედროვედ გამოიყურება.

პაპის თვალების სინათლე

ვაჟა-ფშაველას „საშობაო მოთხრობის“ მთავარი მთხრობელი მოზარდი ელიზბარია, რომელიც პირველ პირში გვიამბობს შობის დღესასწაულისთვის გამართულ სამზადისზე. მკითხველი მწერლის ბიოგრაფიასა და მოთხრობაში ასახულ ამბებს შორის უნებურად კავშირს აბამს. ელიზბარის პროტოტიპად მწერალი გგონია.

პირველივე წინადადებიდან ვიგებთ, რომ ქრისტეშობის ოცდაოთხია. სოფლის მამაკაცები სანადიროდ მიდიან. ხელმოცარულ მოზარდებს შვლის ხორცს ჩუქნიან. ბიჭებს უხარიათ, რომ საშობაო სუფრას ნადირის ხორცს შემატებენ.  შინ დაბრუნებული ელიზბარი ხედავს ბანზე შემომდგარ ხევისბერ პაპა გიჟ-ბერიძეს, რომელსაც თავის სალოცავში მისვლას თოვლ-ზვავი ვერ დაუშლიდა. „ბერიძემ ლომივით თვალები ჩამომანათა, – იმის თვალების სინათლე არასდროს მავიწყდება“– ამბობს ელიზბარი. ოჯახს მალე ნათლიმამა არჯალა მოადგება კარს, „ცხენზე ხურჯინი ეკიდა, ხურჯინის თვალიდამ ერთს საკლავს ამოეყო თავი“.

საშობაო საჩუქრად პაპის თვალების სინათლეს ელიზბარისთვის ნივთიერ საჩუქარზე დიდი ძალა შეუძენია. ბავშვის სულიერ განვითარებაში დიდ როლს თამაშობენ უფროსი ადამიანები, ოჯახის ახლობლები, მეზობლები, მეგობრის მშობლები. ვაჟა-ფშაველას „საშობაო მოთხრობა“ იმაზე გვაფიქრებს, რას და როგორ მოყვებიან ჩვენზე ბავშვები.

 

 რაზიკაშვილების მიმოწერა

„ძმაო თედო!

          მოგილოცავ მომავალ დღესასწაულებს შობა-ახალწელს და ვისურვებ თქვენთვის ყოველივე კეთილს: იყვნეთ ჯანით საღადა, არავინ გაჰხდეთ ავადა, მადა გქონდესთ კარგადა და ღმერთმა ნუ გაგხადოსთ სხვისა ბარგადა.

         

შენი ძმა ვაჟა“

„რაზიკაშვილების მიმოწერა“ ლიტერატურის მუზეუმმა 2015 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.

ძმების, ბიძების, ძმისშვილების წერილები წარმოდგენას გვიქმნის რაზიკაშვილების ოჯახზე. ფშავში დაბადებული და პავლე მღვდლის ოჯახში აღზრდილი ბიჭების წერილები ფიქრების ამშლელია. განა რამდენ ოჯახს იცნობთ რაზიკაშვილების მსგავსად, ასი წლის წინ, წერილებით რომ ურთიერთობდნენ?

ერთმანეთს შესჩივიან გასაჭირს, უზიარებენ სიხარულს, ატყობინებენ მშობლების გარდაცვალებას, ამხნევებენ, ეფერებიან და დეკემბრის თვით დათარიღებულ წერილებში შობას ულოცავენ:

„თუ სიცოცხლეა, ღვთით, თქვენც კიდე მალე გნახავთ: საშობაოდ მანდ გიახლებით“. – სწერს ვაჟა თედოს.

„საშობაოდ შინ წავალ, ჩემი მისვლა საჭიროა; თუ როგორმე მაახერხებ მოსვლას, კარგს იზამ“. – ატყობინებს თედო რაზიკაშვილი სანდროს.

ან ეს ამონარიდი:

„საშობაოდ უეჭველად გელი, როცა მოიცალო, შობის უკან ამოდი. თუ ლუკა ჩამოვიდა, რასაკვირველია, სჯობია, რომ ორივენი ამოხვიდეთ“.

კახეთიდან დის ამბების გაგება სწყურიათ, ქართლიდან თედოს მზრუნველი თვალი და ხელი სწვდებათ, ქალაქში სანდროს ნიშნობა აღელვებთ, ფშავში მყოფი ვაჟა ძმებს თავისთან ეპატიჟება. წერილები მიმოდიან და  მიმოაქვთ  რაზიკაშვილების სიყვარულით სავსე მიმართვები, მილოცვები, სურვილები, სითბოთი სავსე მოკითხვები.

საშობაოდ ვაჟა თაფლს ელოდება ძმისგან, მაგრამ თაფლზე არანაკლებ ტკბილია თედოს სანდროსადმი მიწერილ წერილში ამოკითხული სიტყვები: „არა ძმაო, საშობაოთ მე კი დავწერე და საჩუქრები მოგიმზადე, მაგრამ თქვენმა მასწავლებელმა გამომასწრო“.

ასტრიდ ლინდგრენის შობა

იყო დრო, როცა ასტრიდი დიასახლისობასა და ორი შვილის აღზრდას საიდუმლო სამსახურს უთავსებდა, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგზავნილ წერილებს კითხულობდა. ასე იგებდა შვედეთის მთავრობა იმაზე მეტს, ვიდრე ზედაპირზე ჩანდა. ასე გაჩნდა ასტრიდის „ომის დღიურები“, რომელიც შვედურიდან ლიკა ჩაფიძემ თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

დღიურში შობის დღის მოვლენების პოვნა მარტივია. ასტრიდი 1941 წლის შობის მეორე დღეს ასე აღწერს:

„აქ, შვედეთში, ყველაზე მძაფრი წინასაშობაო შეგრძნება ისევ ის გულწრფელი შინაგანი მადლიერებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის, რადგან შეუძლებელია არ აფასებდე იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ ვახერხებთ შობის აღნიშვნას“.

1944 წელს ასტრიდი შობას კვლავ ოჯახთან ერთად ხვდება. საჩუქრების ჩამონათვალი ვრცელია:

„ ლასემ კაპიუშონიანი ქურთუკი, სათხილამურო შარვალი, ჟაკეტი, თეთრი შალის კაშნე, ორი წყვილი თბილი შიდა შარვალი (რასაც თითქმის ყოველ წელს ვჩუქნით), მანჟეტის სამაგრები, საშინაო შარვალი, საათის სამაჯური, „მსოფლიო თავგადასავლები“, „სანამ ცოცხლები ვართ“ და მარციპანის გოჭი მიიღო. ეს საჩუქრები მე ვუყიდე… ლაგერბლადებმა ღია ბარათი გამოუგზავნეს, ჩემმა მშობლებმა კი – ცოტაოდენი ფული, კარინმა პლისეებიანი, ნაცრისფერი ქვედაკაბა, მუქი ლურჯი ჟაკეტი, წინდები, „შავი ძმები და გადარჩენილთა კუნძული“, „შვედეთის მცენარეები“, „გუსტავ ვასას თავგადასავალი დალარნაში“, „უფლისწული ზღაპრიდან“ და „პრინცესა ზღაპრიდან“, „სასაცილო ოჯახი“, ფაზლი, მარციპანის გოჭი მიიღო. გარდა ამისა, მატემ „მერი პოპინსი აღებს კარს“ აჩუქა, ინგეგერდმა – ფურცლები წერილებისთვის. ლინეამ ფაზლი გამოუგზავნა, ჩემმა მშობლებმა კი – ცოტაოდენი ფული. მე სტურემ ლამაზი მაღვიძარა საათი მაჩუქა, რომელიც შობამდე რამდენიმე დღით ადრე მომიტანეს. კარინი უსაზღვროდ ბედნიერი იყო იმით, რომ ტანის გასახეხი ჯაგრისი მაჩუქა“.

 

ასტრიდის საჩუქრებისადმი პრაქტიკული დამოკიდებულება ჩემთვის მისაბაძი გახდა. მისი გავლენით ჩემს შვილებისთვის საჩუქრებს დიდი დაკვირვებით ვარჩევ – საჭირო ტანისამოსს, წვრილმან ნივთებსა და წიგნებს.

მადიკენი და ლისაბეტი

შობა ასტრიდის საბავშვო წიგნებში სწორედ ისეთივე დიდი სიხარულით აღინიშნება, როგორც რეალურ ცხოვრებაში განიცდიდა და ხარობდა.

რომანში „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ გოგონების საშობაო საჩუქრად პატარა დაიკო, კაისა, მოევლინებათ.

„- რამე ნანატრი საჩუქარი თუ მიიღე? – ჰკითხა ლისაბეტმა, როცა ყველაფერი დარიგდა.

მადიკენი დაფიქრდა. წიგნები, ახალი სათხილამურო ფეხსაცმელი, ქაღალდის თოჯინები, ბანქო, საწერი ქაღალდი, ქვედატანი, მარციპანიანი ტორტი“. – მადიკენი მიხვდა, რომ ნანატრი საშობაო საჩუქარი არაფერი მიუღია, მაგრამ მალევე შობას დაბადებული პატარა დაიკო გაახსენდა.

კაისას ყოველი მოქმედება გოგონებისთვის დიდ სიხარულად იქცა.

შვედი მწერალი ამ პატარა ეპიზოდით ბავშვებს ერთმანეთით გახარებას ასწავლის. მეც ვიცნობ ერთ პატარა ბიჭს, რომელიც საშობაო საჩუქრად პატარა ძამიკოს ნატრობს.

უგო

ნილს სიმეონის ფსევდონიმის მიღმა ქართველი მწერალი – გიორგი მასხარაშვილი იმალება. მისი სადებიუტო რომანი „14 კრისტალის თეორია“ საინტერესოდ აგებული სიუჟეტით, ფანტასტიკური ელემენტებითა და ბევრი თავგადასავლით გამოირჩევა. მოქმედება ფინეთში ვითარდება.

9 წლის უგო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. მეცნიერების ოჯახში დაბადებულმა ბიჭუნამ თავადაც კარგად იცის ფიზიკა, იგონებს რთულ კონსტრუქციებს და სამყაროს კეთილი ენერგიით მომარაგებაზე ოცნებობს.

წიგნი შობის დღესასწაულის აღნიშვნით სრულდება. ურსუსბერგენის სასახლე სოფელ კაილეენოს ბავშვებისთვის საშობაოდ გაუჩახჩახებიათ. მამა უგოს ეზოში იხმობს და ჩუქნის საჩუქარს, რომელიც ბაბუა თორის ლაბორატორიის გასაღები აღმოჩნდება.

ამ ერთი დეტალით – ლაბორატორიის გასაღებით – საყმაწვილო რომანი სამოგზაუროდ გიბიძგებთ.

ხელით გამოჩორკნილი ფლეიტა

რა ხდება მაშინ, როცა საშობაო საჩუქრებს არავისგან ელი? ლიტერატურა ობოლ ბავშვებს იცნობს. ჯოან როულინგის ჰარი პოტერი ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტს მახსენებს. ფენტეზის ჟანრის სიუჟეტი ძირითადად ჯადოქრების სკოლაში, ჰოგვორტსში, ვითარდება.

შობის არდადეგები კარს მომდგარა. ყველა ოჯახში ბრუნდება. 11 წლის ობოლ ჰარის კი დეიდა პეტუნიასთან დაბრუნებას სკოლაში დარჩენა ურჩევნია. ბიჭი, რომელიც დეიდაშვილის გამონაცვალ ტანისამოსში იზრდებოდა, პირველ ნამდვილ, მისთვის გულით შერჩეულ საშობაო საჩუქრებს სწორედ ჰოგვორტსში მიიღებს.

რონის დედა, მისიზ უისლი, ტრადიციულად თავის ბიჭებს სვიტერებს უქსოვს. თუ რონისთვის ნაქსოვი სვიტერი მომაბეზრებელ რუტინად ქცეულა, ჰარის ზურმუხტისფერი, სქელი შალის ჯემპრი  უზომოდ გაახარებს.

გოლიათი ჰაგრიდი თავისი ხელით გამოჩორკნილ ფლეიტას გამოუგზავნის, ჰერმიონი – შოკოლადის ბაყაყებს.

ბოლო შეკვრაში კი ჰაერზე მსუბუქი, გამჭვირვალე, მამის ნაქონი უჩინმაჩინის მოსასხამი აღმოჩნდება.

როდესაც ჰარი პოტერის შესახებ უარყოფითი მოსაზრება გაჟღერდება ხოლმე, სულ შობის დღესასწაული და ჰარის ნათლია სირიუს ბლექი მახსენდება. ჯადოქრებზე აგებული ფაბულა  ტრადიციული, რელიგიური დღესასწაულებისადმი ასეთი დიდი მოწიწებით გამოირჩევა. გოლიათი ჰაგრიდის ხელით გამოჩორკნილი ფლეიტა და რონ უისლის დედის მზრუნველობით მოქსოვილი სვიტერი – ამაზე ძვირფასი საჩუქარი რა უნდა იყოს?!

ჰარის საშობაო საჩუქრებზე ყურადღების გამახვილება ბავშვებს თანაგრძნობას გაუღვივებს,  მოულბობს გულებს, უფროსებს ფიქრს დაგვაწყებინებს – შვილების გარდა კიდევ ვის სჭირდება ჩვენი ყურადღება?

 

ანე ფრანკის პირველი საშობაო საჩუქარი

1943 წლის 27 დეკემბერს ანეს თავის დღიურში ჩაუწერია:

„ძვირფასო კიტი!

ცხოვრებაში პირველად მივიღე საშობაო საჩუქარი. ჩვენმა მეგობარმა ქალებმა, კლეიმანმა და კუგლერმა, საუცხოო სიურპრიზი მოგვიმზადეს. მიპმა ღვეზელი გამოაცხო და დააწერა „მშვიდობა 1944“. ბეპმა ომამდელი, ხარისხიანი ნამცხვარი გვაჩუქა. მე, პეტერსა და მარგოს თითო ბოთლი იოგურტი მოგვცეს, სხვებს კი – თითო ბოთლი ლუდი. ყველაფერი ლამაზად იყო შეფუთული.

შობამ შეუმჩნევლად გაირბინა.

შენი ანე“

ანე ფრანკის დღიურის კითხვისას ტკივილი მეუფლება, უსუსური ვხდები და ვფიქრობ პარალელურ რეალობაზე – თუ ასტრიდი შვედეთის სიმშვიდისთვის მადლიერებას გამოთქვამს, ანე თავშესაფარში იმალება და შეუმჩნევლად გარბენილ შობაზე წერს.

ვფიქრობ, ამგვარი პარალელები ბავშვებს საკუთარი ცხოვრების დაფასებას ასწავლის. მიუხედავად ანეს აუტანელი ყოფისა, ის სწორედ წერით, საკუთარი ცხოვრების აღწერით მარადიული მოაზროვნის ხატად შემორჩა კაცობრიობის მეხსიერებას. მისი საშობაო საჩუქრების ჩამონათვალიც ციცინათელებივით ციმციმებენ და იმედს ასხივებენ, რადგან არაფერი ისე არ უხდება ადამიანს, როგორც  სხვაზე ზრუნვა.

ავრორა Z კორპუსიდან

ინგლისიდან ნორვეგიაში გადავინაცვლოთ. ანე-კატარინე ვესტლის „ავრორა Z კორპუსიდან“ შობის დღესასწაულის  აღნიშვნით სრულდება. ავრორას მამა გულისხმიერებით გამოირჩევა და ამაზე მისი საშობაო საჩუქრებიც მეტყველებს. ნუსე, ბრიტ-კარენი და კნუტი – ავრორას ახლად შეძენილი მეგობრები არიან. მამა   შვილის მეგობრებისთვის წიგნებს ყიდულობს.

თქვენ გიფიქრიათ შვილის მეგობრების საჩუქრებზე? შეიძლება, ავრორას მამის საქციელმა შთამაგონა ჩემი გოგონას მეგობრისთვის ინგლისურის ენის სახელმძღვანელოს ყიდვა.

კამუფლაჟური შარვლები და ზურგჩანთები

ამჯერად ვირჯინიას დედა უნდა გაგაცნოთ მ. ჯ. ლეონარდის „ხოჭოების დედოფლიდან“. ამ წიგნის დასასრულშიც შობაა. დარკუსი ბიძასთან ერთად ვირჯინიას ესტუმრება.

ვირჯინიას დედას ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა შვილის მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენა არ ავიწყდება. სამივეს კამუფლაჟურ შარვლებსა და ზუგრჩანთებს აჩუქებს.

ვირჯინია ჩანთას ხსნის და იქიდან გადმოცვივდება: „კომპასი, მრავალპირა დასაკეცი დანა, პაწია აფთიაქი, წყალგაუმტარ კოლოფში ჩალაგებული ასანთი, კოღოებისგან დამცავი ბადე, თოკის ხვეულა და წყლის გამფილტრავი აბები“. გოგონას დედა, ბარბარა უოლასი, თვლის, რომ თუ ბავშვებს ამაზონში წასვლა აქვთ გადაწყვეტილი, ჩანთა, ზემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობით, აუცილებლად დასჭირდებათ.

ვირჯინიას დედის საქციელი ზურგს გვიმაგრებს, რომ ჩვენი შვილების ყველაზე თამამ ოცნებებს მხარი ავუბათ.

ტოლკინის წერილები

ინგლისელი მწერალი, ფენტეზის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ჯ.რ.რ. ტოლკინი ოცი წლის მანძილზე შვილებს წერილებს საშობაო პაპის სახელით სწერდა. წერილები პატარა მოთხრობებსა და ზღაპრებს ჰგავს – თავისი სიუჟეტური განვითარებით, უჩვეულო ამბებითა და პერსონაჟებით. „შობის პაპის წერილები“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“  გამოსცა. თითოეული წერილი გაფორმებულია ორნამენტებით და თან ერთვის მწერლის მიერ შესრულებული ილუსტრაციები.

„კლდის სახლი, სამყაროს მწვერვალი, ჩრდილოეთ პოლუსი“ – ადრესანტის მისამართი ძირითადად ამგვარად არის აღნიშნული.

ზოგიერთ წერილში საჩუქრებსაც ახსენებს. აი, ისინიც: „ლოტს ბოქსის“ საშობაო აგურები, სათამაშო მატარებლები, ავტოკალამი, ოქსფორდის ზღაპრების მეორე ტომი, ასტრონომიის პატარა წიგნი, ნაღდი ფული სასურველი წიგნისთვის. 1939-1941 წლებში გამოგზავნილ წერილებში მეორე მსოფლიო ომის საშინელებებსაც ეხება და ანე ფრანკისა და ასტრიდ ლინდგრენის დღიურების ამბებს ეხმიანება.

„საჩუქარი ბევრი არ არის, მაგრამ მათთან ერთად გიგზავნი ჩემს დიდ სიყვარულს“. – ტოლკინი ერთ-ერთი წერილის ბოლოს სწერს შვილს, პრისცილას.

ეს სიტყვები ჩვენი ვეებერთელა სტატიის დასასრულსაც მოუხდება, მოგზაურობა დროსა და სივრცეში, ადამიანების გულების გავლით, სწორედ ამგვარად უნდა დასრულდეს – მთავარია, ფიქრი საყვარელ ადამიანებზე, დიდი სიყვარული და შობის საჩუქარიც სხვაგვარად ელვარებს, მაშინაც კი, როცა ის მხოლოდ გულთბილი მოკითხვა ან ერთი ბოთლი იოგურტია.

 

 

 

 

 

მომავლის უნარები

0

ერთ დღესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან ახალი გამოცდილებით, მნიშვნელოვანი ცოდნითა და დანაკლისით, გაზრდილები, დამფრთხალები და ალბათ ცოტა გაუცხოებულებიც, დაქვეითებული სოციალური უნარებითა და სურვილით, აინაზღაურონ ის, რაც დაკარგეს. თუკი უკან დაბრუნებულებს ისეთივე განათლების სისტემა დახვდებათ, როგორიც პანდემიამდე იყო, კიდევ უფრო რთული იქნება მოზარდების დაინტერესება არსებული პროგრამებით, სრულფასოვანი ჩართვა სასწავლო პროცესში და დარწმუნება, რომ ჩვენ მათი უკეთესი მომავლისთვის, კარგი განათლებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ძალისხმევას არ ვიშურებთ.

 

ამბობენ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, აღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე იყო – ეს მოლოდინი ალბათ გადაჭარბებულია. თუმცა უკვე, ცხადია, პანდემიის გამოცდილება დიდხანს იქნება ჩვენთან. თუკი შეიძლება შიშში გატარებული თვეებისა და ათასობით გარდაცვლილი ადამიანის შემდეგ რაიმე ჩაითვალოს პანდემიის სიკეთედ, შეიძლება იყო ის, რომ კარგად გამოჩნდა ცოდნის ფასი, პროფესიონალიზმის მნიშვნელობა და მეცნიერების საჭიროება. ცხადი გახდა ისიც, როგორ ინგრევა მყიფე სისტემა, ნადგურდება ავტორიტეტები და საზოგადოებებში იქმნება კრიზისი, როცა პრობლემის მოგვარების ნაცვლად მათ დამალვას ცდილობენ, სხვების გამოცდილებებს არ იზიარებენ და დიალოგის ნაცვლად სარკეში თავიანთ თავთან საუბარს არჩევენ. პანდემიამ, ერთი მხრივ, გლობალიზაციის გზაზე დამდგარი სამყარო ჩაკეტა, მეორე მხრივ კი, ყველა ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაგვაბა – ახლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებთან გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე მანამდე: შეცვლილი ცხოვრების წესი, დაკარგული სამსახურები და ადამიანები, იზოლაცია, დისტანციური სწავლება, შიში და მომავლის იმედი – მეტ-ნაკლებად ყველა ამ მოლოდინით ვცხოვრობდით მთელი წლის განმავლობაში.

 

ფილოსოფიური დროა. კარგი შესაძლებლობა არსებულ სისტემებსა და მათი უკეთესი მოდელებით ჩანაცვლების გზებზე ფიქრისთვის. საზოგადოებებზე, მმართველებზე, სახელმწიფო მოწყობის ფორმებზე მსჯელობისა და პრიორიტეტების გადაწყობისთვის, სისუსტეების აღმოსაჩენად და გაძლიერების გზების მოსაძებნად. ან უფრო მარტივად, დრო გაჩერებისა და დაფიქრებისთვის – ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, მანამდე უხილავ და უცნობ ადამიანებზე დასაკვირვებლად და იმის დასანახად, რასაც აქამდე ვერ ან არ ვხედავდით. ჩვენი შიშების, იმედების, მოლოდინისა და შესაძლებლობების უკეთ შესასწავლად და გამოსაყენებლად.

 

შორენა წერდა როგორ დავინახეთ მშობლებმა უკეთ ჩვენი შვილები და მათი საჭიროებები პანდემიის დროს. მეც ხშირად ამავეს ვგრძნობ. მეტიც, გაზაფხულზე, როცა პირველად მომიწია მეყურებინა იმისთვის, როგორი იყო ჩემი შვილის გაკვეთილები, სემესტრი სკოლის შეცვლით დავამთავრეთ. ცვლილება გამართლებული აღმოჩნდა. ახლა ის მეტად ერთვება გაკვეთილში, მეტად ინტერესდება და უკეთ იგებს მას. მეც უკვე ვიცი, რომ მარტო ბავშვის დატოვება ამ ასაკში მის „საქმეებთან” სასურველი კია, მაგრამ არ გამოდის და ვცდილობ, მეტად გავამხნევო, დავეხმარო, მხარი დავუჭირო, მოვუსმინო და ველაპარაკო იმაზე, რა მოსწონს და რა არა, რას იგებს და რას ვერა. ამ პროცესს სიამოვნებასთან ერთად დიდი სევდაც ახლავს თან. რაც უფრო უახლოვდები, უფრო ცხადია, როგორი აცდენაა ჩვენს სასწავლო პროგრამებსა და თანამედროვე ბავშვების ინტერესებს შორის, როგორი მწირია ბავშვებისთვის განკუთვნილი რესურსი, როგორ ვერ ვაძლევთ მათ იმ უნარებს, რაც ახლა, თუნდაც დისტანციური სწავლის პროცესში სჭირდებათ და რა მარტო ვართ ჩვენს საფიქრალთან.

 

ბავშვების ერთი ნაწილი ახლა უფრო დაუახლოვდა ტექნოლოგიებს, მეორე კი – საერთოდ დაშორდა სასწავლო პროცესს. როგორ ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას პოსტპანდემიურ პერიოდში?

როგორ ვიცავთ ბავშვებს – რომლებმაც ინტერნეტში სერფინგს გემო გაუგეს და ახლა ინფორმაციის ზღვაში ცურავენ – იმ ათასგვარი საფრთხის, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენისგან, ან სულაც მდარე კონტენტისგან, რომელსაც გზად ხვდებიან?

როგორ ვაპირებთ ემოციურად მოშიმშილე და დაქვეითებული სოციალური უნარების მქონე ბავშვების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას?

რა ვიცით მათი სურვილების, შიშების, მოლოდინების შესახებ?

 

ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების მოსაძებნად არაერთი ჯგუფი მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ტარდება კვლევები, ისახება გეგმები, იწერება სტრატეგიები, მსჯელობენ და ფიქრობენ. ჩვენ ამ პროცესის მიღმა ვართ, განსაცდელთან მარტო დატოვებული ბავშვებით, მასწავლებლებითა და მშობლებით, მათი სიყოჩაღისა და ადაპტაციის უნარების იმედად. სიყოჩაღე და ადაპტაციის უნარი მათ მომავალშიც დაეხმარებათ, თუმცა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებიც დასჭირდებათ გზის გასაკვლევად: ფუნდამენტური მეცნიერებების ცოდნა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების დასახვა და მიყოლა, გლობალურ სივრცეში საკუთარი ადგილის პოვნა და საკუთარი მიკროსოციუმის კორექტირება, სწორი შეკითხვების დასმა და ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მიგნება, საკუთარ საჭიროებებზე ხმამაღლა ლაპარაკი, სხვების მოსმენა, გაგება და ამ ხმების გადაწყვეტილების მიმღებამდე მიტანა, შფოთვის მართვა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საქმეების განაწილება და სხვების შრომის დაფასება, მადლიერება და სიცოცხლის სიყვარული.

 

აი რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ახლა ან მერე მაინც, როცა ეს ყველაფერი დასრულდება.

 

 

ესმა ონიანის მითოლოგიური აჩრდილები

0

„სვანური ქუდით მზე მოჰქონდა ესმა ონიანს…“

                                                 ჩემი ერთი სონეტიდან

 

ესმა ონიანი ჩემს ცხოვრებაში ბავშვობაში, ფერწერით შემოვიდა. ქართველი მხატვრების რუსულენოვანი ალბომი მქონდა, სადაც თითო მხატვარი თითო ნამუშევრით იყო წარმოდგენილი. მახსოვს, სხვების რამდენიმე ნახატთან ერთად, განსაკუთრებით მომწონდა ალბომში შესული, ესმას დახატული გურამ რჩეულიშვილის პორტრეტი. მაშინ მკვეთრად რეალისტურ ფერწერას ვანიჭებდი უპირატესობას და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მიიქცია ამ პორტრეტმა ჩემი ყურადღება, წესით არაფრით არ უნდა მოვეხიბლე ალისფერ-ნარინჯისფერში ბუნდოვნად მოლივლივე სახეს  და ათლეტური ტორსის (როგორადაც გურამი წარმომედგონა) ოდნავ პრიმიტივისტულ კონტურებს. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ძალიან მომწონდა, ის კი არა, გუაშით ასლიც კი გავაკეთე. მოწონების მიზეზი ან ის ძალა იყო, რომელიც დიდ მხატვრობას გააჩნია და ჯიუტ ნებელობას წამში აცამტვერებს, ან – თვითონ გურამის ფაქტორი, ან – ორივე ერთად. ყოველ შემთხვევაში, ესმა ონიანის ძებნა დავიწყე საბჭოთა ენციკლოპედიაში იმ იმედით, რომ სხვა ნახატებსაც ვიპოვიდი (მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ლექსებსაც წერდა), მაგრამ არ იყო. არადა, თითქოს რატომ არ უნდა ყოფილიყო 1984 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში, სადაც თითქმის ყველაა შესული, ვისაც, სხვადასხვა სფეროში, თითი თითზე დაუკარებია. ესმას კი მაგ დროისთვის თავისი საუკეთესო ნახატები და ტექსტები უკვე შექმნილი ჰქონდა. ამ იგნორის მიზეზი, ცხადია, მის ცხოვრების წესში და შემოქმედებით პრინციპებში უნდა ვეძიოთ. კომუნისტური რეჟიმის მთავარი პრინციპი, რომ რაც კომუნისტური არ არის, ყველაფერი ანტიკომუნისტურია, მის შემოქმედებაზეც ვრცელდებოდა. მის ლექსებში და ნახატებში დისიდენტური არაფერია, მაგრამ ვერც მაგ პერიოდის მთლიან, საბჭოთა ხელოვნების და ლიტერატურის მოზაიკაში მოათავსებ. ცხადია, იყვნენ გამონაკლისებიც და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ესმა ონიანი რომ მარგინალიზებული იყო, ფაქტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ ჰქონდა. პირიქით, როგორც ოთარ იოსელიანი იხსენებს ერთგან, მისი სახელოსნო იყო სივრცე, სადაც მხატვრები, მწერლები და რეჟისორები იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, დროს ატარებდნენ და ა. შ.

ქართულ ლიტერატურას ახსოვს მწერლები, რომლებიც წერასთან ერთად, თავისუფალ დროს, ხატავდნენ კიდეც, მაგალითად: გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, ლადო ავალიანი, მიხეილ ქვლივიძე… ესენი, ვინც უცებ გამახსენდა, თორემ დარწმუნებული ვარ, სხვებიც იქნებიან. მაგრამ ისეთი, ვინც პროფესიულად მისდევდა ორივე ხელობას, მხოლოდ ორი იყო: ესმა ონიანი და კარლო კაჭარავა.

როცა მრავალმხრივ ადამიანებზე ამბობენ, რომ მათი შემოქმედება ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ, ეს არის ერთგვარი კომპრომისი, ამით, ქარაგმულად, იმას უსვამენ ხაზს, რომ ცალკეულ სფეროებში ისინი სათანადო სიმაღლისანი ვერ იყვნენ. ესმას და კარლოს შემთხვევაში ეს ასე არ არის. მათი პოეზიაც და მხატვრობაც ცალ-ცალკე შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამოუკიდებელი, დასრულებული ღირებულებები. შეიძლება, არ ვარ მართალი, მაგრამ ნერვები მეშლება ხოლმე, როცა ესმას ან კარლოს მთელი შემოქმედების რეპრეზენტირება სინქრონულად ხდება ხოლმე ერთ სივრცეში: გამოფენასთან ერთად ლექსებს კითხულობენ და ა. შ. მათ შემოქმედებას დასაბალანსებელი არაფერი სჭირს.

რამდენადაც ურბანისტულია ესმა ონიანის მხატვრობა, თავისი კოლორიტული პორტრეტებით თუ ქალაქური პეიზაჟებით, იმდენადვე ბევრშრიანია მისი პოეზია: აქ არის ყოფითი და ფერწერული თემატიკა, რელიგიური მოტივები, თითქმის ყველაფერი, რაზეც პოეტი შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მძლავრი მაინც მითოსური და ფოლკლორული მოტივებია. ვაჟა-ფშველას მერე ვერ ვიხსენებ სხვა პოეტს, ვინც მითოსი და ფოლკლორი, ეს ორი უმდიდრესი საბადო, ასე სისტემურად და თანმიმდევრულად გარდაქმნა ორიგინალურ პოეზიად. თუმცა ესმას შემთხვევაში არ ხდება ლოკალიზება ეროვნულ საზღვრებში. არქაისტული თემატიკის ლექსებში ხან სვანები უმღრიან მზეს, ხან შუმერები აღავლენენ ლოცვას აბზუსადმი, ხან მოქანდაკე მიმართავს ნეფერტიტს და ა. შ.

ტექნიკური ბრწყინვალება ესმა ონიანს ნაკლებად აინტერესებდა. აშკარაა, რომ ვერც ფლობდა ვირტუოზულად ვერსიფიკაციას, მაგრამ ეს მის პოეზიაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. წერდა კონვენციურ ლესებსაც, თავისუფალ ლექსებსაც და გარდამავალ ლექსებსაც, სადაც ორივე ფორმა ერწყმის ერთმანეთს.  მის ამ ტიპის ლექსებში ხშირად რიტმი უხეშად ირღვევა, გადადის პროზაულ დინამიკაში, მაგრამ ავტორი ამ ყველაფრის კომპენსირებას სპორადული რითმებით ახდენს, რომლებიც, წამიერი ამოვარდნის შემდეგ, ისევ პოეზიაში გაბრუნებენ.

ხშირად გამოუთქვამთ გულისტკივილი, რომ ესმა ონიანი არ არის სათანადოდ დაფასებული. მე ამას ვერ დავეთანხმები. ვისაც უყვარს პოეზია, შეუძლებელია, ესმას ლექსებს არ იცნობდეს, სიყვარულით კი ისინი ყველას ვერ ეყვარება, ისინი ვერაფრით გახდებიან საყოველთაონი. ესმას პოეზიის გადაფასებას და დაფასებას ინტერნეტმაც შეუწყო ხელი. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ის ერთგვარი ფემინური კულტიც კი გახდა დამწყები პოეტი გოგონებისთვის. ხოლო, ჩემთვის რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა ვხედავ, რომ ჩემს საყვარელ პოეტს კითხულობენ და აფასებენ.

ქირსე (საშობაო ჩანაწერები)

0

1.

თხუთმეტი წუთით მოვიდა ბებიაჩემი. შვიდი კილომეტრი გამოევლო 1993 წლის უტრანსპორტობაში ცაიშიდან ქალაქამდე. რძე და პური მოგვიტანა. რედიკული გახსნა და შოკოლადი ჩამოგვირიგა მე და ჩემს ძმას. არა, ვერ დავრჩები, სოფელში მეჩქარება, საქონელი და ქათმები გარეთ დამრჩებიანო.

 

2.

თამუნა და თამთა – ჩემი ბიძაშვილები – ცაიშის ტაძრის დეკანოზმა ამირან შენგელიამ მონათლა ჩვენთან, სოფლის სახლში. არ ვიცი, რატომ არ წავედით ეკლესიაში იმ გაგანია 1995-ს, მაგრამ ნათლობის და შემდგომ პურობის სცენები სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ზამთარი იყო, გარეთ ციოდა, მისაღები ოთახის შუაში დიდი ტაშტი იდგა და სანთლებით განათებულ ოთახში მღვდელი უჩვეულო, მაგრამ თითქოს ძალიან მშობლიურ სიტყვებს ამბობდა; სტუმრები რომ შექეიფდნენ და ახმაურდნენ, ბაბუაჩემის ალალი ბიძაშვილი, ხარიტონ (ხიხუ) კვარაცხელია გამოიჭრა ოთახის შუაგულში, ხელები გაშალა და ეტყობა ზამთრის სიცივისგან შეწუხებულმა, რეჩიტატივი ჩაუფინა თავის როკვას:

„გაზაფხულდა, ვესნა დადგა,

ცაში ტოროლა ლეტაეტ,

გლეხი გამოდის ყანაში

და ოჩენ ხარაშო რაბოტაეტ!“

იმ დღეს „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“ სულ ზეპირად ჩავაბულბულე. დროდადრო ბაბუაჩემის ამაყ სახეს გავხედავდი და მამა ამირანის კეთილი მზერაც შემომხვდებოდა ხოლმე. გამოსვლა რომ ჩავამთავრე, მოძღვარი წამოდგა, პატარა, ულამაზესი სანაწილე გახსნა, ვერცხლისფერი ჯვარი ამოიღო და გამომიწოდა.

 

3.

მუსტა ქირიას წისქვილში სიმინდი მიმაქვს შობის წინადღეს. რიგია. ურიკა გარეთ დავტოვე და ტომარამოკიდებული შევედი წისქვილში. ჩამოსაჯდომი ვიპოვნე. ჯერ ადრეა. შუახნის კაცები და ქალები ლაპარაკობენ ხმამაღლა, მეწისქვილეც გაეპასუხება ხოლმე. ზოგი მეცნობა, სიტყვებს და სახეებს ვიმახსოვრებ. მეც გამომხედავენ, წამით ჩამაკვირდებიან და ლაპარაკს აგრძელებენ წისქვილის დგანდგარში. ტომარა ტომარას ცვლის, ხვიმირაში იცლება სიმინდი და ქათქათა ფქვილად ავსებს ცოტა ხნით დაცარიელებულ ტომრებს. თვალს ვხუჭავ. დგანდგარი – ღრიანცელი – სიმინდის უხეშად ჩაცლის მომნუსხველი ხმა. ძილში მივიპარები. ისეთი თბილი და სასურველია, ჩემს საყვარელ ზღაპრებში რომ წამიკითხავს. „მიშ რექ, ძიე, სი?“ საიდანღაც ჩამესმის, მაგრამ აღარ მინდა მობრუნება, პასუხისთვის თავის შეწუხება აღარ მინდა, მით უფრო, რომ თვითონვე არკვევენ, ვინ ვარ, – „ვითაართ-ვთოჟირ წანერ ქიუაფუ“ – არა, ცამეტი წლის ვარ-მეთქი, მინდა დავაზუსტო, მაგრამ ძილი და წისქვილის დგანდგარი არ მეთმობა, როგორც თბილი და სუსხშეუღწეველი ლოგინი.

 

4.

ერთხელაც იყო, მაყვალა არქანია – ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის კოლორიტული თანამშრომელი – განაწყენებული დამხვდა. ღონისძიებას რომ ატარებ და თბილისიდან სასახელო ხალხი ჩამოგყავს, აქ იქნება თუ სხვაგან, ქალაქში, იცოდე, მე არ უნდა გამომტოვო, შენი არავიზე ნაკლები გულშემატკივარი მე არა ვარო. დამირეკე ან დააბარე ვინმეს, – მითხრა და თვალები დამიბრიალა, – თორე ხომ იცი, წყენა პატარიდან იწყება. – ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ მომიბრუნდა და ღიმილიანი გაბრაზებით მოაყოლა, – თქვენ ვინა ხართ საერთოდ, ამხელა კაცი, ამერიკის ელჩი იყო ჩამოსული, გულში ჩამიკრა და მაკოცაო.

„ტეფტიქ მაჯუნუ“ – რამდენჯერაც გამახსენდება და გავიცინებ, წამში სევდა და სინანული შემომაწვება ხოლმე, ბიბლიოთეკაში მისული ქალბატონ მაყვალას რომ ვერასოდეს შევხვდები.

5.

ლუკას სახარების ფერადი გამოცემიდან გაგიცანი. წერა-კითხვა რომ ვისწავლე, იმდროინდელი ამბავია. ყოველ შობას და აღდგომას შუქს რომ ჩართავდნენ და ორი დღე არ ქრებოდა, შენზე გადაღებულ ფილმებს ვიყავი დადარაჯებული. გამოსახულებებს ვადარებდი წიგნებში თუ ჟურნალ-გაზეთებში ნანახს, მოგვიანებით კი უკვე ტაძრის კედლებზე აღმოჩენილს. ერთადერთი ხარ, ვისაც ყველა მარცხის, გაჭირვების, უიმედობისა და დაცემისას მოვუხმობ და მხოლოდ იმ სიტყვებს ვიმეორებ, დიდი ხნის წინ რომ მირჩია და მასწავლა ბებიაჩემმა – „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ვიმეორებ, ვიმეორებ, ვიმეორებ. დაუსრულებელ დღეთა განსაცდელში თავჩარგულმა ისე შეგიყვარე, რომ სინანულით ვიხსენებ ყველა იმ წუთს, როცა ბედნიერებითა და სიხარულით რეტდასხმულს დამვიწყებიხარ, ჩემად გამისაღებია ის, რაც მომენიჭა. შენ უწყი, შენ ჩვენი გულების მეუფე ხარ და იცი იმათი მოსახვევები, იმათი ფეთქვის აზრი და საიდუმლო, ამიტომ გევედრები, მიიღო ლოცვა, ჩემი ლოცვა, წრფელი და დაჩეხილი, როგორც ჩემი ფიქრის ფთილები. მიიღო და მადლით აავსო. ბეთლემის ბაგაში შობილო იესო ქრისტე, გაძლება და გადარჩენა მასწავლე.

სამი საშობაო მოთხრობა

0

ყველა რელიგიურ დღესასწაულში ყოველთვის სიკეთის, სიყვარულისა და თვითჩაღრმავების იდეაა ჩადებული, მაგრამ ალბათ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ყველაზე, ყველაზე კეთილი დღესასწაულია შობა. ქრისტეს შობა ასოცირდება მოწყალებასთან, სიკეთესთან, ცვლილებებთან, სიახლეებთან.

მეცხრე კლასის ლიტერატურის პროგრამით გათვალისწინებულია ნიკო ლორთქიფანიძის იმპრესიონისტული ჩანახატები, მინიატურული პროზის შედევრებად აღიარებული „საშობაო მინიატურები“, რომლებიც არასდროს კარგავს აქტუალობას. ეს ჩანახატები ბავშვებს დააფიქრებს სიკეთის, ნოსტალგიის, თანალმობის, ეროვნული თვითშეგნების უკვდავ თემებზე. ამავე დროს შეუძლებელია მასწავლებელმა ამ ტექსტებზე მუშაობის პროცესში ლიტერატურული პარალელების სახით არ ჩართოს შობის თემებზე შექმნილი პარალელური ტექსტები.

ჩვენ მიერ მოძიებულ საშობაო ტექსტებს შორის ბავშვებმა რამდენიმე გამოარჩიეს და სინთეზირების უნარების განსავითარებლად გამოვიყენეთ შემდეგი ნაწარმოებები: ვაჟა-ფშაველას პოემა „საშობაო ამბავი“ და მისივე „საშობაო მოთხრობა“, სადაც მწერალმა ფშავის ეთნოგრაფია გააცოცხლა, თეოდორ დოსტოევსკის უსაზღვრო ტრაგიზმით ნასაზრდოები „საშობაო მოთხრობა“, ჩარლზ დიკენსის საშობაო მოთხრობების სერიის შედევრი „საშობაო სიმღერა“, ო’ჰენრის ცნობილი ნოველა „საშობაო საჩუქარი“ და პოლ ოსტერის „ოგი რენის საშობაო ამბავი“.

„ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი!“ – იტყვის ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერის“ გმირი, წრიპა ტიმ კრაჩიტი და მოთხრობაც ამ ფრაზით დასრულდება. დიახ, ყველა ეპოქის მხატვრული ტექსტების მთავარი თემა ყოველთვის იყო, არის და იქნება – ადამიანი! თავისი ვნებებით, მშვენებით, დაცემით, აღდგომით… ტიმ კრაჩიტისთვის შობა იმედისა და რწმენის დღეა, ადამიანთა გაკეთილშობილების დღეა, ამ იმედით ეუბნება ის მამას: „იმედი მაქვს, ხალხმა ეკლესიაში დამინახა და რადგან ხეიბარი ვარ, ჩემს შემხედვარეს, ამ შობა დღეს გაახსენდებოდათ ის, ვინც დავრდომილებს ფეხზე აყენებდა და ბრმებს თვალს უხელდა“…

„ხანდახან რა სჯობია ბავშვად ყოფნას და როდის, თუ არა შობას, რომლის უძლეველი დამფუძნებელიც ბავშვი იყო,“ – გვეტყვის ჩარლზ დიკენსი „საშობაო სიმღერაში“. ამ სიტყვებმა შთაგვაგონა მე და ჩემი მოსწავლეები, როცა საშობაო ტექსტების ესთეტიკასა და მოტივებზე ვსაუბრობდით.

ამ წერილში საუბარი გვექნება ონლაინ-გაკვეთილებზე საკლასო დისკუსიების თემატური ვარიაციების გარშემო საშობაო ტექსტებთან მიმართებაში. ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურების“ პროლოგად და ეპილოგად გვევლინება დაუვიწყარი რეფრენი: „იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი… აქ კი… დღეს…“ ამ სიტყვებში ცნაურდება შობის თემაზე შექმნილი მოთხრობების მთელი პათოსი… ყველა პარალელურ ტექსტში, რომელიც შევარჩიეთ დისკუსიისთვის, თემატური მეინსტრიმი დაკავშირებულია სამ პრობლემასთან:

  1. სოციალური სიდუხჭირე;
  2. ქრისტესმიერი თანალმობა;
  3. ქრისტეს მაგალითის ძალით პერსონაჟის მეტამორფოზა და კათარზისი.

გადავწყვიტეთ უპირველესად ამ ტექსტებს შორის პარალელური იდეურ-თემატური აქცენტები გამოგვეკვეთა და ისინი ასე დავაჯგუფეთ:

ტექსტები, სადაც გაუსაძლისი სოციალური სიდუხჭირე აისახება:

I პარალელი – ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“ და თეოდორ დოსტოევსკის „საშობაო მოთხრობა“

„საშობაო მინიატურების“ ციკლის ორ ნაწარმოებში – „სარეცელზე“ და „ბრმა თერძი“ ქართველი მწერალი ჩვეული იმპრესიონისტული სტილით, მინიმალისტურად და ტევადი ფრაზებით, აღწერს გულის გამგლეჯ ისტორიებს მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალური პრობლემებზე. სულისშემძვრელია მომაკვდავი შვილის სარეცელთან მყოფი უმწეო და სასოწარკვეთილი დედის ტრაგედია, ასევე უმუშევრად დარჩენილი, დამშეული ოჯახის მამის, ბრმა თერძის, ლევანას,  ტკივილი და ტანჯვა იმის გამო, რომ შვილის ყოლაც კი ამ სასტიკ საუკუნეში დანაშაულია, თუკი მისი გამოკვებაც კი არ შეგიძლია. ეს უკვე ნაცნობი ტკივილია ნ. ლორთქიფანიძის მინიატურების წაკითხვის შემდეგ და როცა დოსტოევსკის მივუბრუნდებით, ჩემი მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ მისი მოთხრობის გმირი ბიჭუნას ხვედრი გულის გამგმირავია. შობას მას დედის თბილი და მომღიმარი სხეულის, მისი ხელით გამომცხვარი ნამცხვრების ნაცვლად საყვარელი ადამიანის გაყინული ცხედარი ერგო, პატარა ბიჭმა ვერც კი გააცნობიერა სიკვდილი, ხოლო ქუჩაში გასულს არავინ გაუღო კარი და არ გაუწოდა მზრუნველი ხელი… შიმშილითა სიცივით გაწამებულ პატარას ჩაეძინა და… ფანტასმაგორიულად განათებულ სივრცეში ბედნიერ პატარას უთხრეს, რომ „ეს ქრისტეს ნაძვის ხეა, შობას ქრისტე მუდამ დგამს ნაძვის ხეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც დედამიწაზე არ ჰქონდა ის“…

ბავშვები ასკვნიან, რომ XIX და XX საუკუნეების ქართული და რუსული რეალობა ძალიან გავს ერთმანეთს… ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ 1910 წელსაც, როცა ნიკო ლორთქიფანიძე დასტიროდა ადამიანთა ტრაგედიებს და „საშობაო მინიატურებს“ წერდა, ჩვენი სამშობლო ჯერ კიდევ რუსეთის განუვითარებელი იმპერიის ტყვე იყო… ასევე იხსენებენ ამავე ავტორის ნოველას „ტრაგედია უგმიროთ“, რომელიც ეპოქის დოკუმენტია ისევე, როგორც ფრანგი მწერლის, ოქტავ მირბოს ნოველა „მუქთამჭამელები“.

აღსანიშნავია, რომ თეოდორ დოსტოევსკის „საშობაო მოთხრობის“ ფინალური სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურების“ ზემომოყვანილ რეფრენს წვეთი წყალივით ჰგავს იდეურად:  „და მაინც, რატომ გამოვიგონე ამგვარი ამბავი, რომელიც სულაც არ ჰგავს ჭკვიანურად დაწერილ, ჩვეულებრივ, თანაც მწერლის დღიურს? საქმე ისაა, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო, – ის, რაც სარდაფსა და დაჩეხილ შეშასთან მოხდა, ხოლო ქრისტეს ნაძვის ხესთან დაკავშირებით არც კი ვიცი რა გითხრათ, შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? მაგრამ რომანისტიც ხომ იმისთვის ვარ, რომ გამოვიგონო?“

II პარალელი – ვაჟა-ფშაველას „საშობაო ამბავი“ და ო’ჰენრის „საშობაო საჩუქარი“

ვაჟა-ფშაველას ნაკლებად ცნობილი პოემა „საშობაო ამბავიც“, როგორც ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“, 1910 წელს დაიწერა, იმ წელს, როცა ნოველის დიდოსტატი ო’ჰენრი გარდაიცვალა. შობის თემებზე შეთხზულ უკვდავ ტექსტებზე საუბრისას ვასკვნით, რომ ვხვდებით არა მხოლოდ ლორთქიფანიძისა და დოსტოევსკის ნაწარმოებების მსგავს პესიმისტურ ტექსტებს, მამხილებელ პათოსს, სამყაროს უსამართლოდ მოწყობაზე ხაზგასმას, არამედ – იმედიან, სულიერებით, სიყვარულითა და ჰუმანიზმით გამთბარ ნაწარმოებებს, სადაც სიღარიბე ადამიანებს ხელს არ უშლით, რომ გასცენ, აკეთონ სიკეთე, მოიფიქრონ დაუვიწყარი საშობაო საჩუქრები. ო’ჰენრი თავისი მოთხრობის ფინალში იტყვის: „მოგვები ის ბრძენკაცები იყვნენ, რომლებმაც პატარა იესოს ბაგაში მიართვეს საჩუქრები. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი საშობაო საჩუქრების მირთმევის ხელოვნებას. მათი საჩუქრებიც უდავოდ მათსავით ბრძნული იყო. მე თქვენ იმ ორი სულელი ბავშვის ამბავი მოგითხრეთ, რომლებმაც უჭკუოდ გაიღეს ერთმანეთისათვის ყველაზე დიდი ძვირფასეულობები. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ, მათ შორის, ვინც კი საჩუქრებს გასცემს, ისინი ყველაზე გონიერნი აღმოჩნდნენ. ჭეშმარიტად ბრძენია ყველა ადამიანი, ვინც ასევე გასცემს და იღებს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან“…

ეს სიტყვები ეძღვნებათ ჯიმის და დელას, ამაღელვებელი სიყვარულით დაკავშირებულ წყვილს, რომელთაც საყვარელი ადამიანისთვის ემეტებათ ყველაზე ძვირფასი, რაც კი რამ აბადიათ, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია ისინი შევადაროთ ბიბლიურ მოგვებს, ხოლო ვაჟას პოემის გმირი გეგენა ნამდვილად ქრისტესმიერი სიყვარულით გასხივოსნებული პერსონაჟია, რადგან უღარიბესი გეგენაც და მისი ოჯახის ყველა წევრიც მზადაა გაიღოს უცხო სტუმრისთვის ყველაფერი, რაც კი რამ აბადიათ… საშობაო ამბების მთავარი მოტივიც სწორედ ესაა – უნაპირო ქრისტესმიერი სიყვარული, რომელიც ჩვენსავე სულს ამზიანებს და ალაღებს, გვაძლიერებს მორალურად და გვზრდის პიროვნულად… სტუმარი თვით ქრისტეა და ამ სიკეთისთვის გეგენას ოჯახს ეძლევა ყველაფერი. ვაჟა იმედიანია. მისი პოემა სასარგებლო ტექსტია ასევე კონტრასტული პარალელისთვის, რომლის გამოსახვა ვენური დიაგრამის დახმარებით უაღრესად საინტერესო აქტივობაა. სოციალური თანალმობა და მისი დეფიციტი ვაჟას გეგენას და ჩარლზ დიკენსის უკვდავი გმირის, ებენეზერ სკრუჯის სახეების მიხედვით.

მოცემულმა სქემამ წარმოაჩინა პერსონაჟის სახეზე დაკვირვების უნარ-ჩვევები. მოსწავლეები აღიარებენ, რომ კონტრასტი ყოველთვის უფრო მკვეთრად წარმოაჩენს ორი დაპირისპირებული სახის იდეურ სიღრმეს. საერთო ნიშან-თვისებების ნაწილში სკრუჯი გეგენას ენათესავება მეტამორფოზის შემდეგ, ხოლო პერსონაჟის სულში მომხდარი ძვრები, მისი გარდაქმნა, ახლებური ხედვა ყოველთვის იწვევს მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს.

საშობაო ნაწარმოებებზე მუშაობის ბოლო, ყველაზე საინტერესო ნაწილი იქნება გმირის მეტამორფოზა, როგორც უაღრესად დამაინტრიგებელი, ჩამაფიქრებელი და ემოციური მხარე ტექსტში. ჩვენი ინტერესი გამოიწვია ამ ორი გმირის სახელთა ეტიმოლოგიამაც. სკრუჯის სახელი ებენიზერ ჩარლზ დიკენსმა ისესხა ბიბლიიდან და პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „დახმარების ქვას“. როგორც „საშობაო სიმღერის“ ნიკოლოზ ალექსიძისეული თარგმანის სქოლიოშია აღნიშნული (ჩარლზ დიკენსი, საშობაო სიმღერა, გამომცემლობა პალიტრა L, რედაქტორი ირმა ჩინჩალაძე, თბილისი, 2019, გვ. 27), დიკენსს ეს სახელი თავისი გმირისთვის შემთხვევით არ დაურქმევია, რადგან მისი ებრაული მნიშვნელობა თავის თავში მოიცავს სკრუჯის გარდასახვის ამბავს. ვფიქრობთ, არ არის შემთხვევითი ვაჟას გეგენას სახელის წარმომავლობაც. ის ფონეტიკური ასოციაციით „გეენას“ მოგვაგონებს, ხოლო ეს სიტყვა არამეულ, ებრაულ და არაბულ ენებში, ბიბლიასა და ყურანში, ქრისტიანობასა და იუდაიზმში აღნიშნავს მიწიერ ჯოჯოხეთს. გეგენა, რომელიც „ღარიბი არი, როგორც ზამთარში მინდორი“, სიყვარულსა და იმედს მაინც არასდროს კარგავს. პოეტი მას ასე გვიხატავს: „წამს მოსვენება არა აქვს გეგენას, წელში მოხრილსა, ცოდვას არ იზამს არაფერს, ღმერთი აშინებს ძალიან, ლოცულობს გულ-მხურვალედა, დროს რომ იხელთებს, სცალიან. ღარიბებისა ღვთის მიმართ მას ესმის აურ-ზაური,  თვით არ ემდურის, თუნდ წლამდე ვერსად იშოვოს შაური“… ამგვარი იობის მოთმინება გეგენას ქრისტიანულ მორალში გვარწმუნებს, მიწიერმა ჯოჯოხეთმა ვერ გაბზარა გმირის სული, რის საპირისპიროც არის სკრუჯი, თუმცა ვიქტორიანული ეპოქის დიდმა მთხრობელმა თავისი გმირის მეტამორფოზით განავრცო ფრანგი წინამორბედის, ონორე დე ბალზაკის „გობსეკში“ წამოჭრილი თემა. ცნობილია, რომ დიკენსი განიცდიდა ბალზაკის გავლენას და აი, მან გობსეკის მონათესავე სული მკვდრეთით აღადგინა. თუ გობსეკი საკუთარ სიძუნწე-სიხარბეში იხრჩობა, სკრუჯი ახერხებს ბოროტ ბუნებაზე გამარჯვებას. ჩემმა მოსწავლეებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტში მოძიებულ ვიზუალურ რესურსებში სკრუჯისა და გობსეკის სახეებს იდენტურად გამოსახავენ. გრძელი ცხვირით, წაგრძელებული წვრილი ნიკაპით, ბოროტად მოელვარე თვალებითა და ნავსი მზერით. რეჟისორ რობერტ ზემეკისის მიერ დიკენსის მოთხრობის მიხედვით 2009 წელს გადაღებულ  ფილმშიც, სადაც ებენიზერ სკრუჯის როლს ჯიმ ქერი განასახიერებს, კინოგმირი სწორედ ასე გამოიყურება. ფილმის ნახვა საინტერესო საშინაო დავალებაა.

შობის თემაზე შეთხზულ ქმნილებებს შორის საუკეთესოდ ვაღიარეთ თანამედროვე ამერიკელი მწერლის, აბსურდისა და ეგზისტენციალური თემების დიდოსტატის, პოლ ოსტერის „ოგი რენის საშობაო ამბავი“, რომელიც, მცირე მოცულობის მიუხედავად, დისკუსიისთვის წარმოუდგენლად მდიდარ მასალას იძლევა. ამ მოთხრობამ საშუალება მოგვცა დავკვირვებოდით, თუ რამდენად იცვლება ეპოქების მიხედვით საშობაო თემატიკისადმი ავტორთა მიმართება. ეს ცვლილებები ასე გამოვსახეთ:

XIX საუკუნის I და II ნახევარი ტრაგიზმის გამოსახვა
XIX საუკუნის II ნახევარი პიროვნების გარდაქმნა
XX საუკუნის I ნახევარი იმედისა და რწმენის გაჩენა
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფილოსოფიური ხედვა

 

„ოგი რენის საშობაო ამბავი“ მრავალპლანიანი ტექსტია. აქ დასმულ იდეურ აქცენტებს შორის გამოიკვეთა ადამიანის მარტოსულობის, სამყაროზე დაკვირვების, ქურდობის, როგორც მწვავე მორალურ-ეთიკური პრობლემის, შობის, როგორც სიკეთისა და მოწყალების დღის თემები. ოგი რენი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ტიპი, ხიბლავს პოლ ოსტერს, რომელიც მოულოდნელად ტექსტში პერსონაჟადაც იქცევა ისე, რომ საკუთარ სახელსაც კი არ ცვლის, უპირველესად ადამიანებისადმი მიმართებით. ის ყველაზე უცნაური გმირია იმით, რომ 15 წელი ქალაქის ერთ წერტილს ერთსა და იმავე დროს, გამთენიისას უღებდა ფოტოს, რათა ამ წერტილიდან კოსმიური უსასრულობისა და სრულქმნილების მიკრომოდელი აესახა, ღრმად ჩაკვირვებოდა და „წაეკითხა“ ბევრი ისეთი რამ, რასაც ყოველდღიური რუტინით დაბრმავებული ადამიანები ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. ამგვარი ფილოსოფიური ხედვის თემები შესაძლოა ვინმეს ნაადრევი მოეჩვენოს მეცხრე კლასისთვის, თუმცა „საშობაო მინიატურების“ შემდგომი თემატური ბლოკი ლიტერატურის პროგრამით გახლავთ „ადამიანი საკუთარი თავის ძიებაში“, რომელიც იხსნება ყველა დროის უბრწყინვალესი შედევრით, ოთარ ჭილაძის ლექსით „ადამიანი გაზეთის სვეტში“. ამ ნაწარმოებს თანამედროვე მხატვრულ ბიბლიას ვუწოდებდი თამამად. ოგი რენი ნამდვილად ენათესავება ოთარ ჭილაძის კრუს ხიმენესს მოყვასისთვის თავგანწირვის უნარით. ოგის შეუძლია მარტოსული, მიტოვებული მოხუცი ბრმა ქალის თამაშს აჰყვეს და მას უკანასკნელი შობა გაუფერადოს, ხოლო საშობაო თემაზე შეკვეთილი მოთხრობის წერის აბსურდულობით აწრიალებულ მწერალს ინსპირაცია მისცეს, მოუთხროს ისეთი საშობაო ამბავი, რომელიც დელიკატესების ბარში თხრობის დროსაც კი უკვე დასრულებული ქმნილებაა. მართალია, გაუგებარია, ნამდვილია ის თუ გამოგონილი, მაგრამ ლიტერატურის ჯადოსნური სამყაროსთვის ხომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს… გამოგონილი და სრულიად დაუჯერებელი ამბები აქ ნამდვილზე ნამდვილი ხდება! როგორ? მარტივად! – სიტყვის მაგიის ძალმოსილებით…

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

0

ჩვენო ერთგულო მკითხველებო !

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები –  ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”,  სამეცნიერო -რეფერირებადი ჟურნალი  “განათლების მეცნიერება” და  ჟურნალი  “სკოლის მართვა”

გილოცავთ დამდეგ  შობა- ახალ წელს!

ჩემს სურვილებში ისევ განვმეორდები და გეტყვით : ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ყვავილებს არ უნდა ყიდიდეს მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩასართავად.

არც საუკეთესო სკოლის დირექტორი და საუკეთესო მასწავლებელი უნდა ხარჯავდნენ ასე მიღებულ ჯილდოს.

რას ვისურვებდი საახალწლოდ? განათლება ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, ყველა მასწავლებელს ჰქონდეს შესაფერისი სამუშაო გარემო და, რაც მთავარია, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას!

მოულოდნელად აღმოჩენილი უნარი ლიტერატურის გაკვეთილზე

0

ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება ტერმინი „სწავლის უნივერსალური დიზაინი“.  ის განისაზღვრა, როგორც ერთგვარი ჩარჩო, რომლის მიზანია, ბავშვებისათვის არსებული შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრა, მოქნილი საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა და მულტიმოდალური სასწავლო გარემოს ფორმირება. ზოგიერთ ქვეყანაში სწავლის უნივერსალური დიზაინის გზამკვლევებიც კი შეიქმნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი სწავლის უნივერსალური დიზაინის სამი ძირითადი ელემენტი, სამი სახელმძღვანელო პრინციპი:

  1. სასწავლო მასალის მრავალნაირად მიწოდების, რეპრეზენტაციის უზრუნველყოფა;
  2. მოქმედებისა და გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებების უზრუნველყოფა;

III.      საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, მოტივირების მრავალგვარი საშუალების უზრუნველყოფა.

პანდემიის პირობებში ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულად მწვავედ დაისვა ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის არსებობის საკითხი, თუმცა სწავლებაში მულტიმოდალური მიდგომისა და სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას დისტანციური თუ კონტაქტური სწავლებისას ალტერნატივა მართლაც არ აქვს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლიტერატურასთან ურთიერთობამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება.

ვფიქრობ, ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს თითოეულ მოსწავლეში არსებული ინდივიდუალური და შემოქმედებითი უნარის  გამოვლენას.

სწორედ ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე, ტექსტის გააზრებისას, მოსწავლე წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და სათქმელს  თავისებურად გადმოსცემს.

სწავლებისას ვცდილობ, მოსწავლემ გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში აღწერილი რეალური პრობლემები, ლიტერატურა დაუკავშიროს რეალობას.

 

ვაჟა-ფშაველა

 

ის კი არ არის ბიჭობა,

რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.

ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,

თავისთავადა ჰვარგობდე.

მითხარ, ვის უთქვამს ბიჭობად

დამჩაგვრელებსა სწყალობდე?

აბა, ბიჭობა ის არი,

დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

 

ამ ლექსის წაკითხვისას, მესამეკლასელების უმრავლესობა ამბობს, რომ ავტორი „მაგარ ბიჭობაზე“ წერს.

ლექსის მთავარ სათქმელამდე მისაყვანად გამოვიყენე ანიმაცია, რომელიც  ამბავს ძალადობის შესახებ ხმის გარეშე გადმოსცემდა, მხოლოდ მოქმედებებით. (you tube არხიდან Mission CISD)

მოულოდნელად, ვიდეოს ყურებისას, ერთ-ერთი მოსწავლის ხმა გავიგონე, რომელმაც ეპიზოდი მთელი ემოციით გაახმოვანა და შემდეგ მიკროფონი გათიშა.

გაკვეთილის დასრულებისთანავე მშობელს დავუკავშირდი და ვთხოვე, ხომ არ ისურვებდა რატი ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე გახმოვანებას. ძალიან გაუკვირდა და გაოცებული ხმით მითხრა: „ვცდით“.

ცდად ღირდა:

რატი ბადაშვილი სსიპ ქ. თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის 106 საჯარო სკოლის მესამე დ კლასის მოსწავლის შესრულებული გახმოვანება.

მცდელობის შემდეგ კი ოჯახიდან წერილი მივიღე.

კიდევ ერთი მაგალითი პრაქტიკიდან, რომ ყველა მოსწავლეს აქვს განსაკუთრებული  ნიჭი და უნარი რომელიც ან აქვს აღმოჩენილი, ან სკოლამ უნდა მისცეს საშუალება აღმოაჩინოს. მოსწავლეებს სჭირდებათ თავისუფალი გარემო აზრების, ფიქრების და ემოციების წარმოსაჩენად.

 

უკაცრავად, თქვენ პარაცელსუსი ხართ?

0

(ადრინდელი ამბის გახსენება)

რვა წლის ასაკიდან ახალი წელი აღარ მეხალისება. აუცილებლად გადასაგორებელი ღონისძიებების სიაში მაქვს გადატანილი. სულ ვცდილობ, გავიგო, რას ვულოცავთ ერთმანეთს. კი ბატონო, სიახლეებს, ახალ განწყობას, ახალ იმედებსო, მეტყვით. ჰო, მაგრამ არ ვიცით, ეს ახალი რა იქნება და წინასწარ ისიც არ ვიცით, მოსალოცად გვექნება საქმე, თუ არა. ალბათ უფრო ლოგიკურია გასული წლის მშვიდობიანად დამთავრება აღნიშნოს ადამიანმა, თუმცა, კაცია და გუნება.

შარშანდელი ახალი წელი ხომ გახსოვთ. ტრადიციული აჟიოტაჟი და ყიჟინა იდგა. შუშხუნებსაც ჩვეულებრივად უშვებდნენ, თუმცა, ერთი რამ გამოგვრჩა… 2020 წელი დგებოდა…

დიახ, საშინელი წელი, რომელმაც დედამიწა გააჩერა. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეკონომიკა დაანგრია, შიშს აყოლილი ადამიანები კიდევ უფრო შეაშფოთა, სახლებში გამოგვკეტა და ნიღბებიც აგვაფარა.

მე ამ ვირუსის არც თავიდან შემშინებია და არც ახლა მეშინია. „არ მეშინია“ ნიშნავს, რომ სახლში ახალი ამბების მოსმენისას ვერ ვიცახცახებ. ვერც ქუჩაში ვივლი შფოთვით, რადგან, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება და შიშით შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო დავამძიმო. გარდა ამისა, საკუთარ თავზე რამდენჯერმე მაქვს გამოცდილი, რომ რაც მეტად გეშინია კონკრეტული რამის, ის რაღაც უეჭველად თავს გადაგხდება. ამიტომ, თავს პირობა მივეცი, რომ არასოდეს აღარაფრის შემეშინდება და თუ მთლად „უშიშარი ვითარცა უხორცო“ ვერ გავხდები, საშუალო დონის „უშიშრობა“ მაინც ვაიძულო თავს.

თუმცა…

„არ მეშინია“ არ ნიშნავს ბედის გამოცდას და სიფრთხილე ყოველთვის მნიშვნელოვანია.

რა, ქიმიურ ლაბორატორიაში არ უნდა იფრთხილო?

საჭესთან ყოფნისას არ უნდა იფრთხილო?

ქუჩაში ფეხით სიარულისას არ უნდა იფრთხილო?

პაციენტის მკურნალობისას არ უნდა იფრთხილო?

ექიმის შერჩევისას არ უნდა იფრთხილო? (შეიძლება ისეთს გადაეყარო, სისხლში კალციუმის ნორმალურ დონეს ვერ არჩევდეს).

აღელვებულ ზღვასთან თამაშისას არ უნდა იფრთხილო?

და ასე უამრავი „არ უნდა იფრთხილოს“ ჩამოთვლა შემიძლია.

ზუსტად ასევე, აუცილებელია სიფრთხილე ვირუსებთან და პათოგენებთან. ოღონდ, მათ გააქტიურებამდე გაცილებით ადრე უნდა იმოქმედო. მე იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვსაუბრობ და თუ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მაინც მოხვდება, ის მისივე იმუნიტეტმა უნდა „შეჭამოს“. იმუნიტეტზე ზრუნვას კი ხანგრძლივად და მუდმივად მუშაობა სჭირდება.

ერთი უცხოური არხის ყურებისას იაპონელი ექიმების მიერ ჩატარებულ კვლევებზე ჰყვებოდნენ. ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიკროელემენტ თუთიის ნაკლებობა აღენიშნებოდათ. ამ რისკჯგუფში ყველაზე მეტად მძიმე წონიანი და დიაბეტიანი ადამიანები ყოფილან. სხვათა შორის, დიაბეტის ზოგიერთი ფორმის დროს ვითარდება ცინკურია, ანუ ორგანიზმიდან შარდით თუთია ირეცხება.

თავად სახელწოდება მიკროელემენტი გვეუბნება, რომ მისი მიღება მიკროდოზებით არის აუცილებელი და ეს დღე-ღამეში 15მგ-ს შეადგენს.

თუთია, როგორც კოფაქტორი, შედის რამდენიმე ასეული ფერმენტის შემადგენლობაში. ეს ფერმენტები ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში მონაწილეობენ. ამიტომ, თუთია ადამიანის საკვების შეუცვლელი კომპონენტია. ჰორმონი ინსულინი პანკრეასის უჯრედებში გროვდება თუთიასთან წარმოქმნილი კომპლექსის სახით.

თუთია მონაწილეობს ენისა და ცხვირის ღრუს რეცეპტორების მიერ გემოსა და სუნის შეგრძნების აღქმაში.

რამე გეცნოთ? ახალი კორონა ვირუსის ერთ-ერთი ინდიკატორი ხომ სწორედ ეს არის – გემოს და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

ამ მეტალს, შესაბამის ფერმენტებთან ერთად, შეუძლია ვირუსის რნმ-ის რეპლიკაციის დათრგუნვა. ანუ, ვირუსის გამრავლების ბლოკირება. ასევე ორგანიზმში თუთიის ერთ-ერთი ფუნქცია ჩვენი დნმ-ის სტაბილიზაციაა.  თუთიადამოკიდებული ფერმენტების ერთი ქვეჯგუფი კი ქსოვილიდან ნახშირორჟანგს იღებს და ხელს უწყობს გაზთა ცვლას. თუთია ჰემოგლობინის სინთეზშიც მონაწილეობს. ღვიძლში ფერმენტებს ააქტიურებს, რომლებიც, თავის მხრივ, დეტოქსიკაციაში მონაწილეობენ. თუთიადამოკიდებული ფერმენტები კოლაგენის სინთეზს ააქტიურებენ, რაც ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ნიშნავს.

თუთიის შემცველობის მიხედვით ჩემპიონი პროდუქტი ხამანწკებია, ნორმის მისაღებად დღეში მხოლოდ 16 გრ. პროდუქტია საჭირო. თუმცა, ჩვენს რეალობაში ხამანწკები მეეჭვება ყოველდღიური მენიუს შემადგენლობაში ჩავრთოთ. შემდეგი საქონლისა და ფრინველის ღვიძლია, დღიური ნორმაა 100გრ. ბუნებრივია, ხორცის შემადგენლობაშიცაა, რადგან თუთია 300-ზე მეტი ფერმენტის ნაწილია. ფერმენტი კი ცილას წარმოადგენს, რომელიც ხორცში დიდი რაოდენობითაა.

მცენარეული პროდუქტებიდან ყველანაირ ბურღულეულში, ასევე ხორბლის ღივებში გვხვდება, ეს უკანასკნელი დღიურად 121გრ. არის აუცილებელი. არის წითელ ლობიოში, ზღვის კომბოსტოსა და ოსპში, შეიცავს გოგრის თესლი (დღიურად ერთი ჩაის კოვზია საჭირო).

თუმცა, მცენარეულ წყაროში შედიან ფიტინის მჟავას წარმოებული ფიტატები. ეს უკანასკნელნი ელემენტებთან და მათ შორის, თუთიასთან მყარ კომპლექსნაერთს წარმოქმნიან. ამის გამო, თუთია მცენარეული წყაროდან მთლიანად ვერ შეიწოვება. შედარებით გამონაკლისს გოგრის თესლი წარმოადგენს და სტატიის წერისას სწორედ მისი კნაწუნით ვარ გართული. სხვათა შორის, თუთიას, ადამიანების არ იყოს, თავისი პატარა მტერიც ჰყავს, მარტივი შაქარი, გლუკოზა. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი ტკბილის მიღება თუთიის შეთვისებას ბლოკავს.

ასევე ცუდად შეითვისებს ორგანიზმი კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას.

მოდით, კორონავირუსს შევეშვათ და უბრალოდ, წარმოვიდგინოთ ქალი, რომელსაც თუთიის დეფიციტი აქვს.

ფრჩხილები დაბზარული და თეთრი წერტილებით სავსე ექნება (ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში). ეს ფრჩხილის ლაქის ქვეშ სულ იოლად დაიმალება, არა? ტუჩის კუთხეები დაუწითლდება და შესაძლოა ნახეთქებიც გაუჩნდეს. თუმცა, ესეც იოლი დასამალია ნიღბის ქვეშ.

კიდევ?

გემოს შეგრძნებას დაკარგავს.

მადა გაქრება და ასეთი ქალბატონი უეჭველი ერთ ათეულ კილოგრამს მაინც დაემშვიდობება. ჭარბწონიანობისას შეიძლება ეს სიმპტომი კარგიც იყოს, თუმცა ნორმალური წონის ადამიანისთვის უკვე საგანგაშოა.

აკნე, ეგზემა, დერმატიტები იჩენს თავს, ძნელად შეხორცდება ჭრილობები (თუმცა, ამ უკანასკნელთ ბევრი სხვა გამომწვევი მიზეზიც აქვს).

თუთიის დეფიციტისას ვიტამინ A-ს შეთვისება მცირდება. თმები ცვენას იწყებს, თუმცა, ესეც არ არის პრობლემა, დაგრძელებაა შესაძლებელი.

მიხვდით, ალბათ… ყველაფრის შენიღბვაზე მსუბუქი ირონიით ვწერ. თუმცა, არსებობს ისეთი საგანგაშო ნიშნებიც, რომელთა შენიღბვა შეუძლებელია. მაგ. ორგანიზმის თავდაცვის უნარის მკვეთრად შესუსტება.

ახლა ზემოთ ნახსენები შიში გავიხსენოთ. რა არის შიში? სტრესული მდგომარეობა. სტრესის გრძნობას სტეროიდული ბუნების ჰორმონი კორტიზოლი იწვევს. ის თირკმელზედა ჯირკვლის გარეთა შრეში გამომუშავდება და თუთიის მოქმედებას ბლოკავს.

გარეთ ზამთარი უკვე იგრძნობა. ზამთარში დაბადებული, ზამთარს ვერ ვიტან. რაღაცნაირი სევდა მიპყრობს. არც ზამთრის თბილისი მიყვარს, ტატოს ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ სიცივეში „თბილისი ქალაქია სევდისა და ჯავრის აღმძვრელი”. ახლა ეს სევდა ერთი-ორად მომატებულა და ზოგჯერ გარეთაც იპარება. თუმცა, ჯიუტად მაინც უკან ვაბრუნებ, რადგან ხალხს შენი განწყობა არ აინტერესებს, ხალხს ყოველთვის მოღიმარი სჭირდები.

ფეხით მივდივარ, სხვა რა გზა მაქვს, არაფერი მოძრაობს. სახეზე ნიღაბი მაქვს აფარებული და ზამთრის სუსხი მხოლოდ ლოყების დაუფარავ ნაწილზე მხვდება. ჩემს წინ კვლავ ვიღაც კაცი მიდის. იქნება ასე 70 წლის. ისიც მისეირნობს.

-ჰმ, გარეთ გამოსულა, არ ეშინია… ჩემდა უნებურად მიელვებს თავში.

სწრაფი სიარული მჩვევია, უცებ ჩამოვიტოვებდი უკან, მაგრამ მინდა, კარგად შევათვალიერო. ჯერ ოდნავ გავუსწრებ, მერე მოვტრიალდები და ცოტა ხანს უკან გავყვები. სრული ტანისაა, მაღალი არ ეთქმის, ნიღაბი მთელ სახეს უფარავს და მხოლოდ მკაცრად მომზირალი თვალები ჩანს. ვერც კი ამჩნევს, რომ ათვალიერებენ. მე კი მინდა, მივიდე და ვკითხო:

– უკაცრავად, თქვენ პარაცელსუსი ბრძანდებით? როგორ უმკურნალეთ ქოლერის ეპიდემიას საფრანგეთში? მაშინ რით იცავდით თავს?…

არ ვეკითხები. ვერ გაიგებს, იუარებს, შეგეშალათო, და მთელი დღის განმავლობაში მოჰყვება, ამ მართლაც უცნაურ დროში, რა უცნაურობა დასჩემდა ხალხსო.

თქვენც რამე რომ არ დამწამოთ, გეტყვით, რომ პარაცელსუსი ალქიმიკოსი იყო. ეს სახელიც ფსევდონიმად აქვს აღებული, თორემ ისე ფილიპ აურეოლ თეოფრასტუს ფონ ჰოჰენჰეიემი ერქვა. მეათე საუკუნის იტალიელ ექიმს ავლუს კორნელიუს ცელსს ეჯიბრებოდა და ამტკიცებდა, მასზე აღმატებული ვარო. ჰოდა, დაირქვა პარაცელსუსი, ანუ ცელსზე აღტაცებული. ფილოსოფიურ ქვად თუთიას, სუფრის მარილს და წყალს ცნობდა…

პარაცელსუსზე ადრე უკვე დავწერე  უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?..თუმცა, მომკალით და დღესაც შემხვდა ქუჩაში.

მომეჩვენა ვითომ? არადა, შეიძლება, მართლაც პარაცელსუსი იყო, დროსა და საუკუნეებში ჩაკარგული, თავადაც, რომ აღარ ახსოვს ვინ არის.

 

სწავლის მოშინაურება

0

მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. 1-4 კლასელ ადამიანებთან ვურთიერთობ და მუდმივად იმის ფიქრში ვარ, როგორ დავაჭერინო ამ პატარა ასაკის ადამიანებს   „სწავლის ხიბლი“.

დისტანციური სწავლება რომ შედგეს, საჭიროა მასწავლებლები მარტონი არ დავრჩეთ ეკრანის წინ. ახლა როგორც არასდროს, მინდობილნი ვართ ოჯახებზე და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე, რომ შემოგვიერთდნენ და სასწავლო პროცესი არ ჩავარდეს.

აქტიურად მეფიქრება ბავშვების განწყობაზე, მოტივაციაზე, ემოციებზე და ასევე, ოჯახის, მშობლების ემოციურ მდგომარეობაზე, შვილისადმი თანაგრძნობისა და გაგების გამოხატვასა და მიდგომებზე.

 

ამჟამად პირველკლასელ ადამიანებთან და მათ ოჯახებთან ვთანამშრომლობ და ასევე, აქტიური ურთიერთობა მაქვს მე-3 და მე-4 კლასელებთან.

მინდა, ჩემი წარმატებული გამოცდილება და მიდგომები გაგიზიაროთ, რამაც დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა განწყობასა და სასწავლო მოტივაციის შექმნაზე და შესაბამისად, პოზიტიური და შემართებული გახდა მათი ოჯახების განწყობაც.

სწავლება, რომელიც ახარებს მოსწავლეებს!”

მუდმივად თავში მიტრიალებს ეს წინადადება, თავისი არსით, მიზნით, შემდეგ ფიქრებში რომ წარმოვიდგენ ბედნიერღიმილიან მოსწავლეებს, უფრო მეტად მომწონს!

ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როდესაც, გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გახარებას, გაღიმებას შეძლებ!

ამას კი შევძლებთ მაშინ, როცა არა საკუთარ, არამედ მოსწავლის ინტერესებზე ვიფიქრებთ!

ამ „ჩაქუფრულ” სამყაროში მასწავლებლის ყველაზე დიდ მიღწევად მისი ქმედებებითა და დამოკიდებულებებით გახარებული მოსწავლეების სიმრავლე მიმაჩნია!

მოვიშველიებ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, შალვა ამონაშვილის სიტყვებს:

„ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ?  არა!  ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულსა და გულშია“.

სინამდვილეში, უფრო მარტივი მგონია გულწრფელ, ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი!

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამად, პირველი კლასის მასწავლებელი ვარ. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ნაშრომებს ვეცნობი, გული და სული ამაღლებული განწყობით მევსება: პატარა ხელებით, მრავალფეროვანი, დაუსაზღვრავი აზროვნებითა და ფიქრებით, ყოველდღე რაღაც მნიშვნელოვანს რომ ამატებენ საკუთარ შესაძლებლობებს. პატარა ხელებით შექმნილი ნაშრომები მუდმივად მახსენებს, რომ

„1+0″-ითა და ,,აი ია”-თი დაწყებული მნიშვნელოვანი წარწერების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ გულგრილად  დაწერილი „საშინაო დავალება”.

ყველა ჩვენგანი ხომ სწორედ აქედან მოვდივართ. ასე ვიწყებთ და შემდეგ გრძელდება…

ამიტომ:

პირველი და უმთავრესი, პოზიტიური ურთიერთობისთვის არის ის, რომ არ დავივიწყოთ, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით მოსწავლეები, ჩვენც ვცდილობდით, ჩვენთვისაც იყო ბევრი სირთულე, დაბრკოლება, ნუ დავივიწყებთ იმდროინდელ ემოციებსა და ფიქრებს და თანაგრძნობა და გაგებაც თავისთავად მოვა!

დღევანდელი სამყაროს „ჩამუქებულობა” თანმდევი უსიამოვნო, დაუნდობელი, უიმედო, გულსატკენი, იმედგამაცრუებელი ფაქტორებით, უფრო მეტად უნდა გვიბიძგებდეს მასწავლებლებს, გავხდეთ ჩვენი მოსწავლეების საყრდენი, თანამგრძნობი, გამზიარებელი.   შევცვალოთ, შევამსუბუქოთ, გავალამაზოთ, გავამარტივოთ, ძვირფასი გავხადოთ ყველაფერი ის, რაც სიმძიმის, დამთრგუნველობის მატარებელია.

მეორე უმთავრესი რამ აღმოვაჩინე:

ჩემი აზრით, ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა გავაცნობიერებინოთ საკუთარი დანიშნულების, მიზნების, გეგმების აღქმა. დაე, ისმენდნენ ჩვენგან გამამხნევებელ შეძახილებს, რომ „მათაც აქვთ საქმე, რასაც აუცილებლად გაუმკლავდებიან, შეძლებენ!”  პატარაობიდანვე იცოდნენ, რომ „ჰაერიდან“ არაფერი ცვივა, დაუმსახურებლად არაფერი გვეძლევა!

ყველა ასაკს აქვს თავისი შესაფერისი საქმე და ეს ფაქტი სულაც არ არის ცუდი და მოსაწყენი.

პირიქით!

მახსოვს, როცა ტერმინი „საშინაო დავალება” „სახლის საქმით” შევცვალე, რამდენიმე მშობლისგან პირად შეტყობინებაში შექება მივიღე. ამან მოწონება დაიმსახურა, რადგან დავალება უფრო მძაფრად ჟღერს და აბა, რომელ პატარას უხარია დავალებების მიღება. „სახლის საქმე“ კი ყველა ოჯახის წევრს აქვს. პატარებს კი მუდმივად აქვთ მოთხოვნილება, „დიდური ამბები” მათაც შეეხოთ.

ჩემი აზრით, მასწავლებლები და ოჯახები ძლიერი ვიქნებით მაშინ, როდესაც შევძლებთ, რომ  ჩვენმა ბავშვებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ სწავლით! დიახ, ისიამოვნონ იმ მომენტებით, როცა საკუთარი თავით იამაყებენ – „ეს მე გამომივიდა!”, „ეს მე შევძელი”, „ნახე, რა მაგარი ვარ!” გაბედნიერდებიან ჩვენგან მიღებული შექებით, სიურპრიზითა და ჯილდოთი!

და ამ ყველაფერთან ერთად თანდათან აღიჭურვებიან განათლებით!

სწავლა რაში გამომადგება? –

როცა გავიზრდები, კარგი სამსახური რომ მქონდეს! – პასუხობენ ხოლმე ბავშვები. და ეს პასუხი გაუცნობიერებლად და უგულოდ ჟღერს ამ პატარა ადამიანების ბაგეებიდან, უმრავლესობას სულაც არ უფიქრია ამაზე. რა სამსახური, რა მომავალი, მათთვის ხომ ეს სრულიად აბსტრაქტული და რთულად წარმოსადგენი რამეა. აბა წარმოიდგინეთ, როგორ მიუდგება ადამიანი საქმეს, როცა იცის, რომ ამას აკეთებს რაღაც გაუცნობიერებლისთვის, რომელზე ფიქრიც მისთვის რთულია. უბრალოდ, ასე ესმის უფროსებისგან და ამ პასუხმაც მყარად გაიდგა ფესვები მის გონებაში და ყოველ ჯერზე, კითხვაზე: „რატომ სწავლობ? – ინსტიქტურად პასუხობს, „კარგი სამსახური რომ მქონდეს…“, ან მსგავსი შინაარსის პასუხს სცემს, რომელიც უმეტესად სამომავლო გეგმებითაა დატვირთული. გეგმებით, რომლებიც ისევ უფროსებმა შეუდგინეს…

ბავშვებს „სწავლა უნდა მოვაშინაურებინოთ“. გავაცნობიერებინოთ, დავანახოთ, რომ სწავლა ახლაც ადგებათ ბევრ რამეში, მეტიც, ყველა ბედნიერი წამის, მხიარული და მშვიდი მომენტის მომტანი სწორედ რომ სწავლაა!.. ამ აბზაცის დასაწყისში ჩამოთვლილი არასრული ფაქტორების დაფასება ვასწავლოთ და გავაცნობიერებინოთ, რომ ყველა ის მომენტი, როცა საკუთარი თავით ამაყობ და შენით ხარობენ შენი საყვარელი ადამიანები, ეს  სწავლისგან მიღებული ამჟამინდელი სარგებელია! და რომ ეს შესანიშნავია!

 

 

ბავშვებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა, თანაგრძნობა, გაგება!

რთულია მათთვის დღევანდელი სასწავლო რეალობა. საუბარი მაქვს, განსაკუთრებით, პირველკლასელ ადამიანებზე, რომლებმაც ჯერ ვერც კი გააცნობიერეს, რა ხდება მათ თავს, სახლში არიან და თან სკოლის მოსწავლეები ჰქვიათ. სახლიდან გაუსვლელად აღმოჩნდებიან ხოლმე დილაობით „ვირტუალურ სკოლაში”. მათი თავისუფალი დრო შემცირდა და ეს საქმეებმა დაიკავეს.

უფროსებმა მიდგომები უნდა შევცვალოთ. წახალისებით ყველაფერი გამოვა!

მშობლებო, თქვენ უკეთ იცით შვილის ხასიათი, ჩაეჭიდეთ ძლიერსა და პოზიტიურს, რაც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ, თუნდაც ამისთვის დაგჭირდეს ჯილდოების, სიურპრიზების გაკეთება, ჯერ ასეა საჭირო. შემდეგ კი შრომა ბავშვებს ჩვევაში გადაუვათ, პასუხისმგებლობაც გაეზრდებათ.

ახლა, როგორც არასდროს, სკოლას ისე სჭირდება ოჯახის თანადგომა!

ბავშვი დღეს თითქმის მთელ დროს ოჯახში ატარებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრების დამოკიდებულებები და მიდგომები:

  • გაამხნევეთ, გვერდში დაუდექით. შეგეშალა? არაუშავს, კიდევ სცადე, მეც მეშლება.
  • როგორი რთულია და შენ რა ადვილად დაწერე!
  • როგორ მიხარია, ასეთი შრომისმოყვარე რომ ხარ!
  • ყოველ ჯერზე უკეთესად გამოგდის!
  • ვიცი, რომ ძალიან მოინდომე!
  • შენ ეს გამოგივიდა!

და მსგავსი შექებები აბედნიერებთ ბავშვებს. მუდამ ვუმეოროთ ასეთი რამეები, რომ დაილექოს და ღრმად გაუჯდეთ!

„შეძახილმა ხე გაახარა” – შევცვალე ცნობილი გამონათქვამი, რადგან ღრმად მჯერა, რომ თუ გახმობა შეუძლია, გახარებასაც შეძლებს.

მოუყვანეთ თქვენი მაგალითი. ხომ მუშაობთ? მანაც უნდა იშრომოს და შრომით მიიღოს ის ყველფერი, რაც მას აბედნიერებს. აქედანვე დავაფიქროთ და ჩავუნერგოთ, რომ მცირე სასიკეთო ქმედებაც დაუფასდება. თუ დროს სწორად გაანაწილებს, ნახავს, რომ თამაშის დროც დარჩება და ამის შემდეგ კი ოჯახის წევრების გახარებასაც შეძლებს, შექებას დაიმსახურებს, მისით იამაყებენ. ჯილდოებსა და სიურპრიზებსაც ნუ მოაკლებთ, ეს უფროსებსაც გვიყვარს და გვახარებს და პატარებს ხომ საერთოდ.

მოგიწოდებთ თქვენც და საკუთარ თავსაც:  მოსწავლეებს გავაცნობირებინოთ, რომ სწავლა არ არის მათგან განცალკევებული რამ, რომ დაძალებით, ინერციით ან ვიღაცების ხათრით კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ბედნიერებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად.  ჯერ გაურკვეველი მომავლისთვის კი არა, ახლანდელი დროისთვისაც კარგი და საჭიროა, რათა მიიღო ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და საკუთარი თავი მეტად შეიყვარო!

ხშირად შევახსენოთ შვილებსა და მოსწავლეებს იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ისინი ყოველდღიურად სასწავლო პროცესში ჩართულობით იღებენ, ნათლად დავანახოთ მათ განათლების საჭიროება, „მოვაშინაურებინოთ სწავლა”, და განწყობაც ამაღლდება!

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...