სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

ზუმს მიღმა გაზაფხულია

0

ალბათ გავა წლები და ის მასწავლებლები, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს გაკვეთილებს ზუმით ატარებდნენ, მხიარულად გაიხსენებენ ამბებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებას ახლდა თან. ბავშვები უფრო ადვილად დაივიწყებენ სწავლის ამ ეტაპს, მაგრამ განათლების სისტემამ კი არ უნდა დაივიწყოს, რომ შესაძლოა, ოდესმე კიდევ დადგეს დრო, როცა დისტანციური სწავლება გახდება საჭირო. არ უნდა დაივიწყოს და მზად იყოს ამ საოცრად რთული გამოწვევისთვის, რამაც ძირითადად, მასწავლებლების გაორმაგებულ შრომაზე გადაიარა.

 

ბევრი პედაგოგი წერდა საკუთარ გამოცდილებაზე ზუმით სწავლებისას, ბევრს სათქმელი წინ აქვს. მე მსურს ნამდვილი და ცოცხალი შემთხვევები მოვყვე, მაგრამ მოვყვე იუმორით, კრიტიკისა და ვაი-ვიშის გარეშე. იმედია, ვისაც ეს საკითხი ეხება, სერიოზულად წაიკითხავს და დაფიქრდება. კონფიდენციალურობისთვის ყველა სახელი და გვარი შეცვლილია.

მაშ ასე, ზუმის კურიოზები:

 

ლელა მ. ბუნებისმეტყველების ახალგათხოვილი მასწავლებელია. კოვიდმა მას უდროო დროს და უდროო ადგილას მოუსწრო, რადგან ონლაინგაკვეთილების ჩატარება იმ პერიოდში მოუწია, როცა სტუმრიანობა ჯერაც არ ჰქონდათ ჯეროვნად მოლეული. ამ ამბავს თვითონ ჰყვება და ჰყვება მხიარულად, თუმცა მასში ჩანს იმ სიტუაციის მთელი ტრაგიზმი, რომელშიც განათლების სისტემა მოექცა.

ლელას ორშაბათის გაკვეთილი მამამთილის ნაბახუსევზე ყოფნის ფონზე ჩატარდა. მუხლებამდე ტრუსებიანი კაცი, ბუზღუნით დადიოდა ოთახში და რაღაცას გამწარებული ეძებდა. ბინა პატარაა. ლელა მორიდებითაა მამამთილთან, მაგრამ ცალკე ბავშვების რეაქციის რცხვენია, რადგან მათ ნამდვილად დაინახეს, როგორ ჩაისეირნა ეკრანთან გაბრუებულმა კაცმა.

 

ირინა ვ. მათემატიკას ასწავლის. რაკი მასწავლებლის შრომა ხშირად დამღლელ საქმიანობად არ ითვლება, ოჯახის წევრები იმდენივეს სთხოვენ მასწავლებლებს, რამდენსაც ჩვეულებრივ დიასახლისს. ირინა ვ. სახლში ყოფნისას მასწავლებლადაც რჩებოდა, მზარეულადაც, მრეცხავადაც, დამლაგებლადაც და საკუთარი შვილების მომვლელადაც, რადგან ქმარს აზრადაც არ მოსვლია ცოლს შეხიდებოდა – „სახლში ხარ, მაშინ ხარჩოც შენ გააკეთე, ბავშვი უნიტაზიდან შენ ჩამოსვი და მეზობელი თუ დაიძახებს, შენ უპასუხე, რადგან გევალება“.

ირინა ვ. (სიცილით) ჰყვება, მაგრამ ვაი ამ სიცილს. ერთხელ მოსწავლეებმა გაკვეთილისას მწვანილის დაჭრაზე წამასწრეს. ვიდეო კი გამორთული მქონდა, მაგრამ სპეციფიკურმა ხმამ გამყიდაო.
ამ ამბავში ის მთავარი ტრაგიკომიკურობა გამოსჭვივის, ქალ მასწავლებლებს ჩვეულებრივ ყოფაშიც რომ წყევლასავით თან დაჰყვებათ. საზოგადოებამ ხომ ასე გაანაწილა როლები: სამსახურში ქალმა უნდა იაროს და სახლის საქმეც ქალის საკეთებელია. მერე რა, თუ სიქაგაცლილ და დაღლილ (ის, ვინც მასწავლებლის შრომაზე იტყვის ადვილი საქმეაო, უბრალოდ უქნარა და ყბედი მგონია, რადგან ცოტა საქმე თუ მეგულება დედამიწაზე იმაზე რთული, ვიდრე მასწავლებლის შრომაა – სხვისი შვილებზე პასუხისმგებლობა უდიდესი სტრესია) მასწავლებელ ქალსაც სჭირდება ამოსუნთქვა და დასვენება. ხარჩოს ვინ გააკეთებს სახლში და ჭურჭელს ვინ დარეცხავს?

 

თ.ბ-ს შუა გაკვეთილზე მცირეწლოვანი შვილები შეუვარდნენ ოთახში. გოგო და ბიჭი კატა-ძაღლივით იყვნენ წაკიდებული და მშობელს კარგა ხანი დასჭირდა მათ დასაშოშმინებლად. ერთ მოსწავლეს უთქვამს თ.-ისთვის, მასწავლებელო, ზრდილობაზე რომ გველაპარაკებით, თქვენი შვილები რა სიტყვებს ეძახდნენ ერთმანეთს, თუ გესმოდათო?

 

მასწავლებელი წერდა, ოთხშაბათობით, როცა მე გაკვეთილს ვატარებ, ჩემი უმცროსი სხვის გაკვეთილს ესწრება, უფროსი ფორტეპიანოზე გამებს უკრავს და თუ მაზლიც  სახლშია და პრიუსის დაშლილ ნაწილებზე ელაპარაკება კლიენტებს, დღე დაკარგული და მკვდარია ჩემთვისო.

 

მრავალწევრიან ოჯახებში დიდი აურზაური ხდებოდა ხოლმე გაკვეთილების მსვლელობისას. მე შენ გეტყვი და ბევრი ცხოვრობს ისე, რომ დამოუკიდებელი ოთახი ჰქონდეს. აგერ ირმა ე.-ის ამბავიც: ირმა მთელი პანდემიის განმავლობაში ონლაინგაყიდვებზე მუშაობდა. მისი 5 შვილიდან 4 სკოლის მოსწავლეა, მული კი – მასწავლებელი. ყველანი გადასასვლელ ხიდთან, მოსკოვის პროექტის 2.5 ოთახიან ბინაში ცხოვრობენ. დედამთილ-მამამთილიც იქვე ცხოვრობს.

როცა მულს გაკვეთილები ეწყებოდა, ირმას ერთი შვილი მეზობელთან გადიოდა ჩართვისთვის, მეორე შვილი სამზარეულოდან ესწრებოდა გაკვეთილებს, მესამე დედის ტელეფონით (მაგრამ კლიენტებისგან შემოსულ ყველა ზარს დედა პასუხობდა, ამიტომ მესამე შვილის გაკვეთილი წყვეტებით მიმდინარეობდა), მეოთხე, ყველაზე უფროსი კი დედის მანქანასთან ჩადიოდა და იქიდან ერთვებოდა. ის, ვისაც სამზარეულო მოუწევს, ხმას არასოდეს იღებს, რადგან სამზარეულოში გამუდმებით ხმაურია და ბავშვებს ერიდებათ ბებიის ქოთქოთში გაკვეთილზე ჯდომაო, – ჰყვება ირმა.

ალბათ ნაცნობი სიტუაციაა, როცა ბავშვი გაკვეთილზე შემოდის და არც კამერას რთავს, არც მიკროფონს. არადა, რეალურ შეხვედრებზე ცოცხალი და აქტიური ბავშვი გახსოვთ და თავს კითხვას უსვამთ – ნეტავ რა დაემართა?

ინტერნეტსივრცე მოიარა ფოტომ, ბავშვი ბოსლიდან რომ ერთვება ბუნების გაკვეთილს. ის არც პირველია, არც უკანასკნელი. მთიულეთის ერთ-ერთ სოფელში მომიყვნენ, მობილურის ინტერნეტი სახლის მეორე სართულზე იჭერდა მხოლოდ, საიდანაც მეორეკლასელი თემური მთელი ზამთარი გაყინული თითებით ესწრებოდა შეხვედრებს, რადგან იმ ოთახში ღუმელი არ იდგაო.

საპირფარეშოში მოწყობილი კაბინეტი? კედელზე დაკიდებული ხალიჩითა და წიგნის თაროთი, საერთო ოთახში მწოლარე მძიმე ავადმყოფი ბებო რომ არ შეეწუხებინა მასწავლებელს.

ასაკოვანი მასწავლებლები? ზუმსა და მაიქროსოფთ თიმს ალღო რომ ვერაფრით აუღეს და კაი ხანი ბავშვები გაკვეთილიდან რომ აგდებდნენ ხოლმე?

ან ონავარი კლასი, მასწავლებელს რომ პირს შეუკრავდნენ „თქვენი ხმა არ ისმის მასწ, იქნებ ხმამაღლა ილაპარაკოთო“. მთელი ხმით რომ აყვირებდნენ გაკვეთილებზე და თვითონ ქირქილებდნენ?

ზუმმა და ონლაინგაკვეთილებმა ორმაგად დატვირთეს მასწავლებლები. ახლა მსოფლიო ვირუსთან ომის რეჟიმშია. ცხადია, ომში არ წუწუნებენ. წინა ხაზზე იბრძვიან ექიმებიც, პოლიციელებიც და ბევრი პროფესიის წარმომადგენლებიც. მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ მასწავლებლების ამბავს ყველაზე ბოლოს მოვიკითხავთ, თითქოს საზოგადოების ის ნაწილი იყოს, ნაკლებად რომ ედარდება ყველას.

ზუმს მიღმა გაზაფხულის სურნელი დატრიალდა. იმედი გაჩნდა, რომ სკოლა ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდება, მაგრამ ჯერ კიდევ შორი გზაა პანდემიის დამარცხებამდე, შორია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმთან დაბრუნებამდე. კაცობრიობამ დაინახა, რომ საყოველთაო უბედურება კიდევ შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა სახელითა და ფორმით.

მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ახალ რეალობასთან შეგუება და ამაში, ვფიქრობ, სახელმწიფოს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს როლი ყველაზე ბოლო არ უნდა იყოს.

 

„ზღაპრის კვალდაკვალ“ 

0

2012 წელს, სამაგისტრო ნაშრომის დაცვიდან ზუსტად ათ დღეში თავი ჯარში მიკრეს. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანის ეზოში გამოკეტილი სამხედრო სავალდებულო სამსახურს წელიწადი და ორი თვე გავდიოდი. 2013 წელს ჩემი სამხედრო ბაზა საკონტროლო გამშვები პუნქტის გამოსასვლელიდან დავტოვე. ამას მანამდეც სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ არ მიშვებდნენ. ჯარი ათასგვარი სირთულისა და დეფიციტის ადგილია – მათ შორის ინტელექტუალურის. ხშირად რომელიმე ონავარი სერჟანტი ჯარისკაცს სმენაზე გადასვლის ბრძანებას აძლევს და წარბებშეკრული ეუბნება: „ახლა კითხვას დაგისვამ და თუ პასუხს ძალიან სწრაფად არ გამცემ, მთელი დღე პახაობაში ამოგხდი სულს“. მერე სიგარეტს უკიდებს და შეშინებულ ჯარისკაცს, რომელიც მთელი გონებით სხარტი პასუხის გაცემაზეა ორიენტირებული, მარტივ რამეს ეკითხება: „რომელ წელს მოხდა 2008 წლის ომი?“ „2012 წელს, ბატონო სერჟანტო!“ – პასუხობს ზამბარასავით დაჭიმული ჯარისკაცი.

ჯარში მოყენებული ტრავმების მოსაშუშებლად წლები თუ არა, თვეები მაინც ხდება საჭირო. მე წლები არ დამჭირვებია. ფოთში წამოვედი, ჩემს სახლში და მიუხედავად იმისა, რომ ოთახში წიგნებით სავსე კარადა მედგა, მათკენ არც კი გამიხედავს. სამაგიეროდ ყოველ დილით ზუსტად 5 საათსა და 50 წუთზე ვაჭყეტდი თვალებს და კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი, ნამდვილად საკუთარ ლოგინში ვიწექი, თუ ისევ ყაზარმაში მდგარი რკინის ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე. მერე კომპიუტერთან ვჯდებოდი და შუადღემდე ვთამაშობდი call of duty-ს. ჯარის დამთავრებიდან სამ თვეში ჩემს ანგარიშზე უამრავი მოკლული ვირტუალური ჯარისკაცი, წარმატებით დახურული ტური და გარღვეული ალყა იყო. სამი თვის თავზე დედაჩემი თავზე წამომადგა და ნახევრად ხუმრობით, სრულიად ჯადოსნური რამ მითხრა: „დროა ჯამაგირის საშოვნელად წახვიდე“. რაღაც მეცნო. თაროსთან დავდექი და ძველ წიგნებში დავიწყე ქექვა. ბოლოს ზღაპრების კრებული აღმოვაჩინე, გადავშალე და მთელი დღე-ღამე გავასწორე მათ კითხვაში. ზღაპრის  მორფოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება: შტამპი და ის სხვადასხვა ზღაპარში მყარი, განმეორებადი სიუჟეტის არსებობას გულისხმობს. ერთ-ერთის მიხედვით, შვილის სახლიდან გასვლისა და მოგზაურობის აქტი, მშობლების მოთხოვნითაა პროვოცირებული და სწორედ ეს ხდება  ნამდვილი თავგადასავლის დაწყების საფუძველი. ასე გახდა ჩემი ახალი თავგადასავლის სულისჩამდგმელი ქალი, რომელიც დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ზღაპრის გმირია.

დასაქმების საიტებს დავუწყე თვალთვალი, მაგრამ არაფერი ჩანდა. მალე ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა დამირეკა და მითხრა, რომ ბათუმში მიდიოდა სამუშაოდ და ვერაფრით მოეფიქრებინა, რა ჯანდაბა მოეხერხებინა ერთი ზედმეტი წერაქვისთვის. გავყევი. კაი ხანი ვთხრიდით რაღაც ტრანშეებს. იქ აღებული ფული მალე დამიმთავრდა. რამე ახალი იყო საჭირო, გუდა-ნაბადი ავიკარი, ის ერთადერთი წიგნი, რომლის წაკითხვის ნებისყოფაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეყო – ქართული ზღაპრების სქელი კრებული – შიგ ჩავდე და თბილისისკენ დავაწექი.

ზუსტად არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ მზად ვიყავი ნებისმიერი გამოწვევისთვის. ელიავას ბაზრობაზე უნდა დამეწყო სანტექნიკის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა. მაგრამ საქმე არ აეწყო. მალე კი შემოსავლების სამსახურმა დადო ვაკანსია მებაჟის თანამდებობაზე და ოჯახის უხუცესი წევრის, ბებიაჩემის კატეგორიული მოთხვნით, რომელმაც ამ უწყებაში წამყვან პოზიციაზე მომუშავე ჩვენი ოჯახის ერთ ახლობელთან მიშუამდგომლა, განაცხადი შევიტანე. ახლობელმა სრულიად დესპოტური ბარიერი დამიწესა: „ზოგადი უნარების გამოცდა უნდა ჩააბარო“.

ჩავიჭერი. “გპი”-ს კორპუსიდან გამოსული ფეხით გამოვცდი ზოოპარკს, ამოვიარე ვარაზის ხევი და სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტის ეზოსთან რეტი დამეწია, სკამთან ჩავიკეცე. რატომღაც ზურაბ კიკნაძე და მისი ყვითელყდიანი, დიდი წიგნი დამიდგა თვალწინ: „ფოლკლორის შესავალი“, რომლითაც აქ სწავლის პირველ თუ მეორე კურსზე ვხელმძღვანელობდით – შტამპები, დევები, გველეშაპები. ტელეფონი ამოვიღე და დედაჩემს დავურეკე, ზღაპრის გმირს: „ჩავიჭერი, დე“. და გავუთიშე. ყელში რაღაც ბურთი მაწვებოდა.

ჩემს ისედაც დაბალ თვითშეფასებას გამოცდაში ჩაჭრა ნამდვილად ვერაფრით წაადგა სასიკეთოდ. ფულიც აღარ მქონდა და როცა იმ თვეში დევნილების ყოველთვიური შემწეობაც სრულიად ბუნდოვანი მიზეზის გამო არ დამირიცხეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ბედი დაწერილი და ნაწინასწარმეტყველები იყო. როგორღაც კიდევ ერთხელ შევეხეტე დასაქმების ბიუროს საიტზე და ვნახე, რომ საგანმანათლებლო პროგრამა სახელწოდებით: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ – კონკურსს დამხმარე მასწავლებლის თანამდებობაზე აცხადებდა. 2 წლით ადრე  აღნიშნული პროგრამის გასაუბრებაზე უკვე წარმატებით ვიყავი ჩაჭრილი. იმედიანად განწყობილი არც ამჯერად ვყოფილვარ, თუმცა განაცხადი მაინც გავაკეთე და ვიდრე გასაუბრების შედეგებისთვის დამირეკავდნენ, ან არ დამირეკავდნენ, ჩემი ზღაპრების კრებულიანად ენგურს მიღმა, უმთვარო ღამით, შეიარაღებული რუსი მესაზღვრეებისგან მალულად გადავიპარე.

ერთი თვე ეფერებოდა ბებია ზოგადი უნარების გამოცდაში ჩაჭრილ თავის სანაქებო შვილიშვილს, რომლის შესაძლებლობებზეც ყოველთვის ზედმეტი წარმოდგენის იყო, შვილიშვილი კი, თხილის კრეფაში თავგადადებული და იმედგადაწურული ეხმარებოდა მანამ, სანამ მოულოდნელად ტელეფონზე არ დაურეკეს: „პროგრამაში აგიყვანეთ“.

კაი ხანს ვუხსნიდი ღვთიურ ძალთა მიმართ მადლიერების გრძნობით აღსავსე ბებიაჩემს, რომ ეს არ იყო დიდი წარმატება. ვცდილობდი ჩამეგონებინა, რომ მუშაობა მოხალისე მასწავლებლის გაურკვეველ თანამდებობაზე მომიწევდა და ეს დიდად არ წაადგებოდა ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ ის არ დამცხრალა და იმავე ღამეს შეატყობინა ადგილობრივ სანათესაოს, ენგურზე გადაპარვაში დამხმარებოდნენ. ვიდექი და თვალი უკან მრჩებოდა, იმით დამორცხვებული ვუყურებდი, რომ ეს იოტისოდენა წარმატება ასე უხაროდა ამ ათას ჭირნახულ, მარტოხელა ქალს, თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უელავდა და ჯიუტად თავისას იმეორებდა: „წადი, ბებო, წადი…“.

კიდევ ერთხელ მოვათავსე ჩემი ყდაგამცვდარი კრებული გუდაში და სანამ დავტოვებდი, სურვილი მომეძალა ცხოვრებაში პირველად მისთვის უდიდესი სიმართლე გამემხილა. ნაბიჯი გადავდგი, გულში ჩავიკარი და ჩურჩულით ვუთხარი: „შენც ზღაპრის გმირი ხარ, ბე… მთავარი და ყველაზე მაგარი გმირი…“.

 

 

 

თვითშეფასება და ღირსება – მოზარდების დამოუკიდებლობისთვის

0

დადებითი თვითშეფასება (საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი ღირსების შეგრძნება) – პიროვნების უმნიშვნელოვანესი თვისებაა. თუ ადამიანს ის აქვს, მაშინ მას შეუძლია საზოგადოებაში წარმატების მიღწევა. საკუთარი თავისადმი პატივისცემა – ნიშნავს ზუსტად იცოდე საკუთარი ღირსებების შესახებ, შინაგანად განიცდიდე მათ, მოგწონდეს და მუდმივად ცდილობდე გაამრავლო და გაამრავალფეროვნო ისინი. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყოფნით საკუთარი თავის პატივისცემის განცდა, უჭირთ სხვა ადამიანების ზეგავლენისგან გათავისუფლება. ფიქრობენ, რომ უსარგებლო და არასრულფასოვანი არიან. ამიტომ ხშირად საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზებს მავნე ჩვევებში ეძებენ. ამის საპირისპიროდ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ შინაგანად მშვიდი და გაწონასწორებული არიან, საკუთარ ქცევებზე თავადვე იღებენ პასუხისმგებლობას, ცხოვრებისეულ სირთულეებს შედარებით მარტივად უმკლავდებიან და ფილოსოფიური სიდინჯით უყურებენ პერიოდულად თავს დამტყდარ წარუმატებლობებსა და მარცხს.

საკუთარი თავის პატივისცემა – არ არის ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და არც სხვებთან შედარებით საკუთარი უპირატესობის განცდა. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად ერთმანეთში ერევათ ეს მახასიათებლები, რის გამოც იწყებენ შფოთვას, როდესაც შვილებში ამჩნევენ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის ჩანასახის წარმოქმნას. ბავშვებზე მართლაც ცუდად მოქმედებს ზედმეტი ქება, მლიქვნელობა, დაუმსახურებლად თავზე ხელის გადასმა და მათი  შესაძლებლობების შესახებ გაზვიადებული წარმოდგენის შექმნა. პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იბადება არა საკუთარი თავისადმი ღირსების გრძნობისგან, არამედ სხვების ზიზღისა და მიუღებლობისგან. ღირსებას კი ადამიანს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობებისადმი პატივისცემა უყალიბებს.

ზიზღი, ზოგჯერ სიამაყით ინიღბება, მაგრამ ეს ცრუ სიამაყეა. ადამიანს, რომელსაც სხვა ადამიანები ეზიზღება, თვლის რომ ისინი მასზე დაბალ საფეხურზე არიან. სინამდვილეში კი, ყველაფერი სხვაგვარადაა: ადამიანი, რომელიც სხვების მიმართ ზიზღს განიცდის, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ ის თავად არის გარშემომყოფებზე უფრო ცუდი და ზიზღი მას ეხმარება (თუნდაც დროებით), გადაფაროს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება.

ძვირფასო მკითხველებო, თქვენ გაეცანით შესავალს გერშენ კაუფმანის (გერშენ კაუფმანი – ამერიკელი ფსიქოლოგი. მან განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში როჩესტერის უნივერსიტეტში დაიცვა. პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, ასევე  მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში. დოქტორი კაუფმანი არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველაზე პოპულარული გახდა – „მორცხვობის ფსიქოლოგია“),  ლევ რაფაელის (მან განათლება მიიღო ნიუ-იორკის ფორდემის უნივერსიტეტში. ლ. რაფაელს მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული სახვით ხელოვნებაში, სამწერლო ხელოვნების განხრით არმხერსტის მასაჩუსეტის უნივერსიტეტში. პარალელურად, მას აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც) და პამელა ესპელანდის (პამელა ესპელანდმა განათლება მიიღო მინესოტას შტატის კარლტონ-კოლეჯში, რომელიც ქალაქ ნორტფილდში მდებარეობს. ის არის 200-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად, პამელა ესპელანდი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მინეაპოლსში) წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“.

წიგნის ავტორები ფიქრობენ, რომ ზიზღი, როგორც საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევა სერიოზული პრობლემაა. ის არის იმ ორი ძირითადი სირთულის არსი, რომლებსაც პირისპირ აწყდება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა. საუბარია: დევნასა (ბულინგი) და ძალადობაზე.

იმ ბავშვებს, რომლებიც დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთ კლასელებს და სხვა მეგობრებს, არ გააჩნიათ დადებითი თვითშეფასება და საკუთარი ღირსების გულწრფელი შეგრძნება. მათ არ აქვთ თანაგრძნობა, ემპატია და სხვა მსგავსი სოციალური უნარ-ჩვევები. სავარაუდოდ, მოძალადე ბავშვებს სხვა სერიოზული პრობლემებიც აქვთ. ასევე, დასაშვებია, რომ მათზე თავად ძალადობენ მშობლები, უფროსი და-ძმები. შესაძლოა, ისინი ფარულ ბრაზსა და შურს გრძნობენ სხვა ადამიანების წარმატებებისადმი. ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევენ სხვები დაამცირონ, ფიქრობენ, რომ მათი საკუთარი გრძნობები, სურვილები და საჭიროებები არავის აინტერესებს. ასეთი ბავშვები და მოზარდები თავს მარტოსულად გრძნობენ.

ცუდი, მიუღებელი, მავნე ქცევებისკენ შესაძლოა ბავშვს უბიძგოს დადებითი თვითშეფასების არქონამ. მშობლები/უფროსები ბავშვებს ეხმარებიან დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პატარებმა მოახერხონ სწორი ნაბიჯების გადადგმა და ამ ქმედებებისგან სიამოვნების მიღება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ბავშვების ქმედებები რაიმე უზუსტობას შეიცავს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ დროს საჭიროა საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება. მშობლების მისია კიდევ უფრო დიდია: მათ ევალებათ აუხსნან შვილებს, რომ ნებისმიერი მიღწევა მატერიალური თუ არამატერიალური მნიშვნელოვანია და უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში უნდა იყოს შინაგანი და გარეგნული სრულყოფილებისკენ სწრაფვა. როდესაც ბავშვები მკაფიოდ და ნათლად აცნობიერებენ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს, შეუძლიათ რეალისტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, აქვთ პიროვნული სიძლიერე – ისინი გაცილებით მშვიდად, თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, ამდენად მათ არ უჩნდებათ სურვილი, დაჩაგრონ და დაამცირონ სხვები.

საკუთარი თავისადმი პატივისცემის განცდა – არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება. პატივისცემა, პიროვნული სიძლიერე, დადებითი თვითშეფასება  ბავშვის აღზრდის პროცესში ისწავლება. სწავლის პროცესი კი ოჯახში და სკოლაში უნდა მიმდინარეობდეს. აი, ზუსტად ისევე, როგორც ბავშვებს ასწავლიან წერასა და კითხვას.  აუცილებელია, უფროსები ბავშვებს პატივისცემით მოექცნენ. ზრდასრულები უნდა ახალისებდნენ, აქეზებდნენ პატარების მაქსიმალურ ძალისხმევას, მაგრამ, ცხადია, რომ პატარებისგან იდეალურ სრულყოფილებას არ უნდა მოელოდნენ. აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვებს უფლება ჰქონდეთ, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, დაუშვან შეცდომები, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გაწიონ რისკი. ამ რთულ გზაზე პატარებს მუდამ ისეთი უფროსები უნდა ედგნენ გვერდით, რომლებიც მათში ნდობასა და თანაგრძნობას იწვევენ. ეს ორი თაობა მუდმივად უნდა უზიარებდეს ერთმანეთს ემოციებს, გრძნობებს, სამომავლო გეგმებს.

სტატიის დასასრულ, მოკლედ გაგაცნობთ წიგნის ავტორების შეხედულებას „პასუხისმგებლობის“ შესახებ: უფროსები პატარებს უხსნიან, რომ ისინი პასუხისმგებელი არიან იმაზე, როგორი ადამიანი იქნება ის და როგორ იცხოვრებს. მაგრამ რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც უფროსები მუდმივად მიუთითებენ პატარებს, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ… მოკლედ სულ ჭკუას ასწავლიან მათ. ასეთ გარემოში როგორ მოხდება დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება? აი ეს კითხვა უჩნდებათ  თავად მოზარდებს.

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ტიპური შემთხვევა: მშობლები საღამოს სტუმრად წავიდნენ და პატარა გიორგი უფროს დაიკო ნინის დაუტოვეს. ნინი სარგებლობს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობით და გიორგის არ აყურებინებს მისთვის საყვარელ ტელეგადაცემას, რადგან თავად სხვა გადაცემის ნახვა სურს. „მე დედ-მამამ დამიტოვა შენი თავი, ამიტომ უნდა დამიჯერო და ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც მე მსურს“.

მშობლებმა შვილებს მკაფიოდ უნდა აუხსნან, რომ პასუხისმგებლობა არ გულისხმობს, აკეთო ყველაფერი ისე, როგორც გსურს და ამას გარდა: იყო პასუხისმგებელი – არ ნიშნავს აკონტროლო ყველაფერი ის, რაც შენს თავს ხდება. ცხოვრებაში ხდება ბევრი ისეთი რამ, რომელიც სრულებით არ არის შენზე დამოკიდებული. მაგალითად, ასეთია – ამინდი; ან ბინა, რომელშიც შენი ოჯახი ცხოვრობს; რამდენ საშინაო დავალებას მოგცემს მასწავლებელი; სხვა ადამიანების ქცევები და გრძნობები… შენ პასუხს აგებ მხოლოდ საკუთარ ქცევებზე და გრძნობებზე.

მშობლებმა უნდა დაარწმუნონ შვილები, რომ ზოგჯერ ჩვენ არ მოგვწონს სხვა ადამიანების სიტყვები, ქცევები რის გამოც ვბრაზობთ, ვნერვიულობთ. ჩვენ ვცდილობთ, როგორღაც შური ვიძიოთ „მჩაგვრელზე“ და თან თავს ვირწმუნებთ, რომ ყველაფერი მისი ბრალია. კიდევ ერთხელ: „ჩვენ ყველა დიდიც და პატარაც, მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე ვართ პასუხისმგებელი“.

ზოგჯერ, ადამიანები ერთმანეთის მუქარებს, შანტაჟს ექვემდებარებიან და აკეთებენ რაღაც ისეთს, რის გაკეთებაც კონკრეტულ სიტუაციაში არ არის სწორი. სავარაუდოდ, ნებისმიერ მშობელს ეცნობა ეს ფრაზა, რომელიც შვილისთვის უთქვამს: „ძალიან მწუხვარ, რომ წეღან დაგიყვირე, მაგრამ შენი ბრალია ყველაფერი, ისე ამიშალე ნერვები თავი ვეღარ შევიკავე“. ან ასეთი რამ: „მე ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და შენ თავად ხარ დამნაშავე ამაში, რადგან სულ მეკამათებოდი“; ან: „მართალია შეგპირდი, რომ ამ საღამოს კინოში წაგიყვანდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სამსახურში კოლეგებთან უნდა დავრჩენილიყავი“…  ამ დროს პატარებიც და დიდებიც ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობას იხსნიან მცდარ ქცევაზე.

ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ მოსწონთ და არ ფიქრობენ, რა შესაძლო შედეგები შეიძლება იქონიოს ამ საქციელმა სხვა ადამიანებზე. მაშინაც კი, როდესაც პატარების ან დიდების ქცევები შემთხვევითია, ეს მაინც არ ამცირებს მათ პასუხისმგებლობას შედეგზე. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქცევაზე ხშირად ძალიან უჭირთ როგორც პატარებს, ასევე ზრდასრულებსაც.  და სწორედ ამიტომ, მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება: ვილაპარაკოთ სიმართლე, იმის ნაცვლად, რომ ვიცრუოთ, გავაზვიადოთ ფაქტები, გამოვიგონოთ გასამართლებელი არგუმენტები“.

 

 

 

 

 

 

როგორ ვისწავლოთ ღირსებისა და უფლებების დაფასება

0

დემოკრატიის კულტურაში ეფექტური მონაწილეობისა და კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებებში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის შექმნილ „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოში” საკვანძო ოც კომპეტენციათაგან პირველი ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასებაა[1]. ზოგადი რწმენა იმის თაობაზე, რომ თითოეულ ადამიანს თანაბარი ღირებულება და ღირსება აქვს, თანასწორ პატივისცემას იმსახურებს და მისდამი მოპყრობაც ამ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

ამგვარი მიდგომების კვალში დგომა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალაუფლების ან ფიზიკური ძალის გამოყენებას სხვა ადამიანის, საზოგადოების თუ საკუთარი თავის წინააღმდეგ, რამდენადაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ტრავმა, განვითარების შეფერხება, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ან სხვადასხვა სახის ზარალი.

ძალადობას აქვს სამი შემადგენელი: მსხვერპლი, ამნაშავე და ქმედება და მოიაზრება, როგორც კრიმინალი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა ძალადობის შემდეგი სახეები:

  • ფიზიკური ძალადობა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობა;
  • უგულებელყოფა.

წერილის მომდევნო ნაწილში სწორედ ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ ყურადღებას.

სპეციალურ ლიტერატურაში უგულებელყოფა განმარტებულია, როგორც „მშობლის თუ მეურვის მხრიდან ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების  (საკვები, საცხოვრებელი ადგილი, სამედიცინო მეთვალყურეობა, ტანსაცმელი, ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა და სხვ.) დაუკმაყოფილებლობა. უგულებელყოფის მძიმე ფორმას წარმოადგენს ბავშვის შრომითი ექსპლუატაცია ან კანონით აკრძალული საქმიანობის იძულება, მათ შორის, სექსუალური ექსპლუატაცია.

გამოიყოფა ბავშვთა უგულებელყოფის შემდეგი ნიშნები:

  • ჰიგიენური ნორმების დაუცველობა – უსუფთაო სახე და სხეული;
  • ასაკისა და სეზონისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი;
  • ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში შეფერხება;
  • ხშირი ავადმყოფობა;
  • ხარბი ჭამა;
  • თამაშების არცოდნა;
  • თვითდამაზიანებელი ქცევები;
  • უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;
  • ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • სუსტი განვითარება;
  • აუცილებელი მოხმარების საგნების არქონა;
  • ხშირია კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები;
  • დაღლილობა და აპათიურობა,;
  • ყურადღების კონცენტრირების სირთულე;
  • ძილის სურვილი.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ უგულებელყოფილი ბავშვი მუდმივად მშიერია, არარეგულარულად დადის ბაღში ან სკოლაში, შესაძლოა შეიმჩნეოდეს წვრილმან ქურდობაში, არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები“.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის ისეთ ფორმას, როგორიც უგულებელყოფაა, თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და ჩვენში არც ისე მცირეა. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში ბავშვთა უგულებელყოფის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% მიიჩნევს, რომ ბავშვთა ინტერესების უგულებელყოფა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.

უგულებელყოფას შეიძლება ჰქონდეს ობიექტური მიზეზები: სიღარიბე, მშობელთა ფსიქიკური დაავადებები, მშობლების გამოუცდელობა, თუმცა ამ მიზეზების მიღმაც არსებობს უგულებელყოფის ფაქტები.  ბავშვის სენსორული შიმშილით, ფიზიკური და ფსიქიკური საჭიროებების ხანგრძლივ დაუკმაყოფილებლობით საფრთხე ექმნება ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და ფუნქციონირებას.

„არავის ვუყვარვარ“, ყველასთვის ზედმეტი ვარ, ვერავის ენდობი“, – ეს ის მტკივნეული გზავნილებია, რომლებსაც უგულებელყოფილი ბავშვები სამყაროსგან საკუთარი თავის შესახებ იღებენ, და რომლებიც აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე და გარე სამყაროსადმი მტრული დამოკიდებულების ან მუდმივად ბრალეულობის განცდის მიზეზად გადაიქცევა ხოლმე.  გარდა ამისა, ხშირია სტრესული რეაქციები: ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, შიში, შფოთვა, უიმედობა, ჩაკეტილობა. ყოველივე ეს ვლინდება სხვადასხვა სახის ქცევით ან ემოციურ პრობლემებში“, – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მისი თქმით, გამონაკლისს არც, ე.წ. რესპექტაბელური ოჯახები წარმოადგენენ. „როდესაც ჩვენ ნაკლებად ვკონტაქტობთ ბავშვებთან, მათ დასმულ შეკითხვებს უყურადღებოდ ვტოვებთ, არ ვინტერესდებით მათი მოსაზრებებით, თავგადასავლებით, არ ვითვალისწინებთ მათ აზრს, მუდმივად თავიდან ვიშორებთ – ესეც უგულებელყოფაა“.   უგულებელყოფილი ბავშვისთვის  ეს მტკივნეული გამოცდილება გავლენას ახდენს მის მომავალ ცხოვრებაზეც და „მოზრდილობაში მისი ფსიქიკა კვლავაც „მზად არის“ ტრავმული რეაქციებისათვის“. რადგან სამყარო უგულებელყოფილი ბავშვისთვის არასაიმედო და საფრთხის შემცველია, ამიტომ იბრძვის, რაც სხვა ადამიანებთან მუდმივ კონფლიქტში ვლინდება, ან გარბის – საკუთარ თავში იკეტება, ან შეშდება, რაც მორჩილებითა და უმოქმედობით გამოიხატება. „ფაქტობრივად, ისევე როგორც ძალადობის სხვა ფორმები, უგულებელყოფაც დაღია მთელი ცხოვრების მანძილზე“ – განმარტავს იგი.

 

ინკლუზიური განათლება და უგულებელყოფა

როგორც წესი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს. თუმცა ჩვენში არცთუ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვს აქვს დასწავლის უნარის ესა თუ ის დარღვევა, ემოციური ინტელექტის დაბალი დონე, არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან რაიმე ტიპის  ფიზიკური ტრავმის გამო სასწავლო პროცესიდან ამოვარდა და ეს ტრავმულია მისთვის… – ამგვარ შემთხვევებში ბავშვებს აქვთ სწავლაში ჩამორჩენა.  სკოლა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას, სპეცმასწავლებლის ჩარევითა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით განაგრძონ ბავშვებთან მუშაობა, როცა მშობელი განცხადებით მიმართავს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლებს აშინებთ მათდამი შეთავაზებული განცხადების ოფიციალური ფორმა, რომელშიც საკმაოდ მძიმე დარღვევებია მითითებული. აცხადებენ, რომ მათი შვილი ასეთი არ არის და არ სჭირდება ინკლუზია. ამდენად, ისინი თავად აცხადებენ უარს, სკოლისგან მიიღონ ბავშვისთვის საჭირო სერვისი და არც თავად მიუწვდებათ ხელი ბავშვისთვის სათანადო ხელშეწყობაზე. ამდენად იჩაგრება ბავშვი. მისი საჭიროებები უგულებელყოფილია.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წინაშე ჯერ კიდევ 2017 წელს დავსვით, რასაც შედეგად  მოჰყვა განათლების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის ბრძანება N 16/ნ, რომლის თანახმადაც, ამგვარ შემთხვევებში „სკოლის გუნდი მიმართავს მშობელს, რომელსაც აძლევს დროს, აიღოს პასუხისმგებლობა მოსწავლის სწავლის შედეგებზე. ხოლო თუ კვლავ გამოვლინდება სწავლასთან დაკავშირებული სიძნელე, სკოლა გონივრულ ვადებში განმეორებით იღებს ზომებს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებაზე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი წინააღმდეგია მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების, ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ განაცხადოს წერილობით”[2].

ეს არის და ეს. თუკი მშობელი წინააღმდეგია, ბავშვმა ისარგებლოს სპეციალური განათლების სერვისით და ამის შესახებ სკოლას განუცხადებს, ბავშვის საჭიროება კვლავ უგულებელყოფილი რჩება და მას ვერაფრით ვშველით. არადა, ჩვენ ამას არ ვითხოვდით!

იუნისეფის კვლევებით გამოვლინდა, რომ ბავშვის უგულებელყოფის შემთხვევაში მოსახლეობის თითქმის 40% ფიქრობს, რომ სოციალურმა სამსახურებმა  რეაგირება არ უნდა მოახდინონ. მოსახლეობის 70% დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის ჩარევა საჭირო არ არის, ხოლო, 50%  სკოლის ჩარევას მიიჩნევს ზედმეტად. ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევაში საზოგადოება ყველაზე  საჭიროდ სოციალური სამსახურების ჩარევას (60%) მიიჩნევს და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა სამსახურებს.

 

რა ვიღონოთ უგფულებელყოფის აღმოსაფხვრელად?

ქართველ ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით, პირველ რიგში საზოგადოება უნდა იყოს მზად, ძალადობის ამ ფორმის აღმოჩენისთანავე მიმართოს შესაბამის უწყებებს – დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505), მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ან პოლიციას, იმისათვის, რომ ბავშვი აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, სადაც მისი განვითარებისათვის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული იქნება. „მნიშვნელოვანია, გაიზარდოს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გავაცნობიეროთ, რომ როცა მშობელი ბავშვს უგულებელყოფს, ის საფრთხეს უქმნის მის მომავალს, ხოლო, როცა ჩვენ ამაზე ვდუმვართ, საფრთხეს ვაღრმავებთ და ძალადობის თანამონაწილეები ვხდებით“.

 

ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც, მას უნდა შეეძლოს პრობლემის მოგვარებისას იყოს ეფექტური. ხოლო თითოეული პროფესიონალი, რომელსაც გულისხმიერი მოქალაქე მიმართავს, უნდა იყოს სენსიტიური. „როდესაც პოლიციელი გეუბნება, რომ მშობლის მიერ ქუჩაში მოწყალებისთვის გამწესებულ ბავშვზე არ ხორციელდება ძალადობა, იმიტომ, რომ მას მოცემულ მომენტში ფიზიკურად არავინ უსწორდება – ეს საგანგაშო სიგნალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენაც არა აქვს, რომ ამ დროს ბავშვის ექსპლუატაცია ხდება. განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა ასეთ შეკითხვას მოჰყვება კითხვა – „სად წავიყვანოთ ბავშვი?“ პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი და საკმარისი სერვისები – თავშესაფრები, დღის ცენტრები, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და აღმზრდელობითი პროგრამები“, – ამბობს  მაია ცირამუა. გარდა ამისა, მისი თქმით,  უმნიშვნელოვანესია მშობლების განათლება, მათი მომზადება ბავშვებთან ურთიერთობისათვის. აუცილებელია,  ქვეყანაში დაინერგოს პოზიტიური მშობლების ინსტიტუტი.

უგულებელყოფასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის შემუშავებულია  ძირითადი რეკომენდაციები:

  1. უნდა შემუშავდეს და დაინერგოს დეტალური სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინები) და შიდასისტემური სავალდებულო ტრენინგები ძალადობის იდენტიფიკაციის და რეფერალის საკითხებზე, რეფერირების პროცედურების შესაბამისად;
  2. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მასწავლებლებისა და მანდატურების როლი ბავშვზე უგულებელყოფის შემთხვევების გამოვლენა-რეფერირების პროცესში. იმისათვის, რომ გაიზარდოს სკოლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირების ეფექტიანობა, სასურველია სკოლაში გამოიყოს ერთი თანამშრომელი, რომლის ძირითადი ვალდებულება იქნება უგულებელყოფის, როგორც ძალადობის იდენტიფიცირება სკოლაში, ოჯახებთან დაკავშირებისას დახმარება, ოჯახური ვითარების შეფასება და გარე უწყებებთან ურთიერთობების ხელშეწყობა;
  3. მასწავლებლების და მანდატურების სამუშაოს აღწერილობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, თუ როგორი უნდა იყოს ბავშთა უგულებელყოფის შემთხვევებზე მათი რეაგირება. გარდა ამისა, სასურველია, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები ჩართული იყოს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებსა და მანდატურების სავალდებულო ტრენინგების კურიკულუმებში. პროფესიონალების პასუხისმგებლობები მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული განათლების სამინისტროსა და/ან სკოლის შესაბამის დოკუმენტებში;
  4. საჭიროა გადაიხედოს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, რათა ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების პროცესში სკოლაც ჩაერთოს. სკოლის თანამშრომლებისათვის უნდა შემუშავდეს ახალი მექანიზმები, რაც გააუმჯობესებს ბავშვთა მიმართ უგულებელყოფის შემთხვევებზე მათ რეაგირებასა და შესაბამის მიმართვიანობას.

Z 62.4 – ეს ბავშვის მიმართ ბავშვის ემოციური უგულებელყოფის საერთაშორისო კლასიფიკატორების კოდია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერაა წარმოდგენილი და მისი საერთაშორისო კლასიფიკაციების ქსელის მიერ შექმნილი კლასიფიკაციათა ოჯახი სამეცნიერო და საკლასიფიკაციო პრინციპებს ეფუძნება, საერთაშორისოდ გამოიყენება და  ფოკუსირდება ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის მრავალგანზომილებიან ასპექტებზე.
ცხრილი 1. ICD-ის კოდები ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის შემთხვევების იდენტიფიცირებისათვის

კოდის ტიპი ICD -10 კოდი ICD 10 – კოდის აღწერა
დიაგნოზის კოდები T74.0 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: უგულებელყოფა და მიტოვება
  T74.3 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა
  T74.8 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები
  T74.9 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელი არაღირსეულად მოპყრობის სინდრომი
  Z62.0 მშობლის მიერ ბავშვზე არასათანადო მეთვალყურეობა და კონტროლი
  Z62.3 ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)
  Z62.4 ბავშვის ემოციური უგულებელყოფა
  Z62.5 ბავშვის უგულებელყოფით აღზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
  Z62.6 მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური თვისებები
 გამომწვევი გარე ფაქტორების კოდები X85-Y09 თავდასხმის კოდები – მოიცავს მოძალადის 5 კოდს, ესენია:
  1 მშობელი
  2 ოჯახის სხვა წევრი
  3 მზრუნველი პირი
  8 სხვა განსაზღვრული პირი*
  9 სხვა განუსაზღვრელი პირი*
 პროცედურების კოდები 5830600 მთლიანი ჩონჩხის რადიოგრაფია

*არაღირსეულად მოპყრობის ჯგუფში სხვა განუსაზღვრელი ან განსაზღვრული პირი შედის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ბავშვი 14 წლის ან უფრო პატარაა (იხილეთ მეთოდოლოგიის ნაწილი უფრო დაწვრილებით განმარტებისათვის).

ემოციური ან ფსიქოლოგიური ძალადობა  T74.3 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა
   Z62.3 ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)
   Z62.6 მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური თვისებები
სხვა ან განუსაზღვრელი/

არასპეციფიკური/

დაუზუსტებელი/

 

 T74.8 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები
   T74.9 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელი არაღირსეულად მოპყრობის სინდრომი
   Y07 სხვა არაღირსეული მოქცევის სინდრომები

 

 

წერილის დასაწყისში საუბარი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოზე საუბრით დავიწყეთ. „ამ ჩარჩოს საშუალებით, მასწავლებლები შეძლებენ, შთაუნერგონ თავიანთ მოსწავლეებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა შემწყნარებლობა და სხვების პატივისცემა, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ როგორც საკუთარი უფლებების, ასევე, სხვათა მიმართ პასუხისმგებლობების აღქმა, – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტურბიორნ იაგლანდის წინასიტყვაობაში.  და უპირველესი, რაც შეიძლება გაკეთდეს, უნდა დავიწყოთ ბევრი ფიქრი იმისთვის, როგორ ვაქციოთ აღნიშნული ღირებულებები უმოკლეს დროში ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ღირსეული არსებობის გარანტად.

 

სხვა რესურსები:

https://www.unicef.org/georgia/media/2066/file/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%20%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf

 

[1] https://rm.coe.int/georgie-competences-for-democratic-culture-geo/16808b391a

[2] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4007539?publication=0

https://www.mes.gov.ge/old/upload/editor/file/Brdzanebebi/2016/ianvari/01.pdf

არტეფაქტების გამოყენება, მოსწავლეებში ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის

0

ბენჯამინ ბარბური, უფროსი კლასების მასწავლებელი პენსილვანიიდან, გვთავაზობს ბავშვებში ანალიტიკური უნარების განვითარების ძალიან საინტერესო და პრაქტიკულ გზას: თქვენ უნდა წარმოიდგინოთ თავი მომავალში მცხოვრებ ისტორიკოსად, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გარშემო არსებულ ნივთებს სწავლობს.

სოციალურ მეცნიერებებში წარსული რეგულარულად განიხილება წერილობითი და მატერიალური კულტურის პრიზმიდან: ეს შეიძლება იყოს კოლონიური ამერიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაძიება ან რომის იმპერიის გავრცელების უკეთ გასააზრებლად ანტიკური მონეტების შესწავლის პროცესი.

მოსწავლეებმა უფრო ბევრ რამეს გაიგებენ ისტორიკოსთა მუშაობის შესახებ, თუ ამ მიდგომას თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. მაგალითად, სთხოვეთ კლასში მყოფ მოსწავლეებს წარმოიდგინონ, რის გაგებას მოახერხებდა 100 ან 200 წლის შემდეგ მცხოვრები მათივე თანატოლი ჩვენი ცხოვრების შესახებ თანამედროვე არტეფაქტის ნახვისას.

ეს არის ისტორიის გაკვეთილისადმი საკმაოდ არატრივიალური მიდგომა. თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით, ნაცნობი ნივთების რეგულარული გაანალიზებით თქვენ აიძულებთ მოსწავლეებს ახლებურად იფიქრონ თამამად და არასწორხაზოვნად. ასეთი დავალებები კარგად „ჯდება“ სასკოლო პროგრამაში, რადგან მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ივარჯიშონ არტეფაქტების შეფასებაში, ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები საზოგადოების სტრუქტურის, მისი მატერიალური კულტურის შესახებ და გაიაზრონ, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ინტერპრეტაციით წარსულის ფორმირება.

ნაბიჯი 1. ახსენით, რა არის არტეფაქტები

ჟურნალ National Geographic-ის განსაზღვრებით, არტეფაქტი არის ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ნებისმიერი ობიექტი. არტეფაქტებში შედის ხელოვნების საგნები, დღიურები, ხელსაწყოები და ტანსაცმელი, რომელიც ადამიანების მიერ დამზადდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა დროს.

ვიდრე თანამედროვე სამყაროს შესწავლას მომავალი ისტორიკოსის გადმოსახედიდან შეუდგებით, განუმარტეთ კლასს, ამდენად ფართოა სიტყვა „არტეფაქტის“ ინტერპრეტაცია. ის მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს, საწერ მასალებს, სამზარეულოს ჭურჭელს, სასკოლო ნივთებს, სამკაულებს და სპორტულ სამოსს.

ბავშვებისთვის სასარგებლო იქნება ნახონ მაგალითები, როგორ შეუძლიათ ისტორიკოსებს მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა მატერიალური კულტურის თითქმის ნებისმიერი საგნიდან. მოუყევით მათ მუზეუმებში არსებული არტეფაქტების შესახებ. ძველი ბერძნული პოეზია და ეგვიპტური სარკოფაგებიც ისეთივე არტეფაქტებია, როგორც ეროვნული ვიდეო თამაშების მუზეუმის, ლას-ვეგასის ნეონის მუზეუმისა და ბანანების ეროვნული მუზეუმის საგნები, სადაც „25 000 ბანანთან დაკავშირებული საგნისა და ნახატის“  ნახვა შეუძლიათ.

ნაბიჯი 2. გააზიარეთ, როგორ უნდა გაანალიზოთ არტეფაქტები

მას შემდეგ, რაც ყველამ გაიგო, რა არის არტეფაქტი, მოუყევით, როგორ იკვლევენ ისტორიკოსები და არქეოლოგები მონაპოვარს. პირველ რიგში, მაგალითად, უნდა განსაზღვრონ, რისგან არის დამზადებული არტეფაქტი, შემდეგ კი უპასუხონ კითხვებს:

ვინ გამოიყენა ეს ნივთი? დაწერეთ, რატომ ფიქრობთ ასე.

რისთვის გამოიყენებოდა ის? დაწერეთ, რატომ ფიქრობთ ასე.

რას ამბობს ეს იმ ადამიანებზე, ვინც ნივთი დაამზადა და გამოიყენა?

რას ამბობს ეს იმ ტექნოლოგიებზე, რომლითაც ნივთი იქმნებოდა?

ნაბიჯი 3: მიეცით ბავშვებს არტეფაქტების არჩევის და შესწავლის საშუალება

სთხოვეთ ბავშვებს, აირჩიონ არტეფაქტი იმ საგნებისგან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ. მათ შეუძლიათ ის სკოლაში მიიტანონ ან აჩვენონ მისი გამოსახულება/სურათი, თუკი დისტანციურად სწავლობენ.

შემდეგი ნაბიჯი უფრო რთულია, აუცილებელია წარმოსახვის უნარის ჩართვა. სთხოვეთ მოსწავლეებს, თავი მკვლევრებად წარმოიდგინონ, არქეოლოგებად ან სტუდენტებად მომავლიდან, რომლებიც არტეფაქტებს დეტალურად აანალიზებენ. შემდეგ სთხოვეთ გიპასუხონ შეკითხვებზე არტეფაქტების შესახებ:

რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ არტეფაქტს?

რა შეიძლება გვითხრას 2021 წლის კულტურაზე?

რას ამბობს ის XXI საუკუნის დასაწყისის საზოგადოებაზე?

რას გვამცნობს 2021 წლის ტექნოლოგიებზე?

ამ სავარჯიშოს დროს, კლასმა უნდა გააკეთოს რამდენიმე შემეცნებითი ნახტომი. პირველი – წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ცხოვრება მრავალი წლის შემდეგ; მეორე – გააანალიზონ თავიანთი არტეფაქტი მომავალში მცხოვრები ადამიანის გადასახედიდან. რას იფიქრებს ეს ადამიანი იმ სამყაროზე, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ? რა დასკვნებს გამოიტანს?

ამ სასწავლო პროგრამის შედგენა შეიძლება შემდეგნაირად:

სთხოვეთ ბავშვებს, შეასრულონ წერითი დავალება, რომელშიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნები უნდა გამოიტანონ.

დაჰყავით ისინი მცირე ჯგუფებად და სთხოვეთ, ერთობლივად დაარედაქტირონ თანაკლასელთა დასკვნები, მეტი ყურადღება მიაქციონ ფაქტების დადასტურების გზებს.

შეაფასეთ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ისტორიაზე არტეფაქტის სხვადასხვა ინტერპრეტაციამ.

იფიქრეთ იმაზე, რა უნდა გვიამბონ არტეფაქტებმა შეხედულებებისა და რწმენის სისტემებზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიასა და სოციალურ ორგანიზაციაზე.

 

ნაბიჯი 4: კლასში ერთად გაანალიზეთ არტეფაქტები

როგორც კი მოსწავლეებმა შეაგროვეს და გააანალიზეს თავიანთი არტეფაქტები, ვთხოვ, რომ კლასსაც გააცნონ (თუ სკოლაში ვსწავლობთ – ფიზიკურად, თუ სწავლება დისტანციურია – გამოსახულების საშუალებით). მოგვიანებით ეძელვათ დავალება, გააანალიზონ სხვა მოსწავლეთა არტეფაქტები ზუსტად ისევე, როგორც მათ საკუთარი გააანალიზეს.

როდესაც გამოსახულებასა და კომენტარებს ვათვალიერებ, ვთხოვ ჩემს მოსწავლეებს, ახსნან, რას ამბობს მათი არტეფაქტი საზოგადოებაზე, ან ისაუბრონ სხვა ბავშვის არტეფაქტის ანალიზზე. თუ სწავლება არადისტანციურია, კლასთან ერთად ვსეირნობ და ვთხოვ, გააანალიზონ ყოველდღიური საგნები, როგორიცაა პოსტერები  სკოლის დერეფნებში, განცხადებები მომავალი სასკოლო ღონისძიებების შესახებ, გამარჯვების თასები და კლასში არსებული სხვადასხვა საგანი. წარმოიდგინონ, რომ ისინი არიან არქეოლოგები, რომლებიც ამ საგნებს პირველად ხედავენ.

ჩემი მოსწავლეების მიერ გაანალიზებული საგნები გახლდათ: სკოლის ალბომი, პლანშეტი და საახალწლო ნაძვის ხე. ამან მოსწავლეებს არა მხოლოდ ამ ნივთების მფლობელის შესახებ მისცა წარმოდგენა, არამედ იმ საზოგადოებისა და კულტურულ გარემოზე, სადაც ეს ნივთები „არსებობდა“. ასეთი დისკუსიებისას მოსწავლეები საუბრობენ სკოლის ტექნიკურ და მატერიალურ აღჭურვილობაზე და ასევე იმაზე, თუ რა შეუძლია გვიამბოს  ნაძვის ხემ თანამედროვე საზოგადოებაში მიღებული რელიგიური და საერო ტრადიციების შესახებ.

დისტანციური სწავლებისას არტეფაქტის ანალიზი შეიძლება მოხდეს გაკვეთილის დასაწყისისას ან ბოლოს (შეგიძლიათ გამოიყენოთ ის გამხსნელ ან დამამთავრებელ დავალებად). სავარჯიშო დროის შესამცირებლად სთხოვეთ მოსწავლეებს, უპასუხონ ერთ ან ორ შეკითხვას თანამედროვე არტეფაქტის შესახებ და გამოიტანონ დასკვნა ამჟამინდელი კულტურის შესახებ სხვა რაკურსით.

ამგვარი დავალებების მიცემა შეგიძლიათ, მიაბათ გარკვეულ მოვლენებსა და ღონისძიებებს. მაგალითად, ახლა ბევრ სკოლას აქვს გამოკრული განცხადება: „გაიკეთე ნიღაბი“. ჰკითხეთ ბავშვებს: რას იფიქრებდა მკვლევარი ჩვენს დროზე, ასეთი განცხადება რომ აღმოეჩინა?

იმისათვის, რომ ეს დავალებები უფრო ეფექტიანი იყოს, მოსწავლეებს უფრო მკაფიო მიზნები დაუსახეთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება, სთხოვოთ ბავშვებს, გააკეთონ ანალიზი, რომელიც მოიცავს დეტალურ დასკვნებს ტექნოლოგიების  შესახებ.

ჯერ თქვენ გააანალიზეთ რომელიმე არტეფაქტი და აჩვენეთ კლასს ამის მაგალითი. მიეცით მოსწავლეებს კონკრეტული კითხვების ჩამონათვალი ან მისაღწევი მიზნების სია.

 

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” 9 წლისაა!

0

საინტერესო, რთული, დინამიური 9 წელია უკან.   ინტერნეტგაზეთზე 9 წლის მანძილზე გამოქვეყნებულია  7771 საგანმანათლებლო რესურსი/სტატია/ბლოგი.

ცხრა წლის ინტერნეტგაზეთი, თავისი  შინაარსით  მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებისთვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა. ეს გაზეთის  ავტორების, რედაქტორების და მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერის შედეგია. დიდი მადლობა მკითხველებს, რომელთა მადლიერების წერილები და გამოხმაურებები მეტ პასუხიმგებლობას გვძენს და ჩვენც ვეცდებით, იმედები გაგიმართლოთ.

ინტერნეტგაზეთს შექმნის დღიდან – დღემდე analytics.google-ის მონაცემებით,  ჰყავს  5,228,508  უნიკალური  მომხმარებელი, ვებგვერდიდან ნანახი და ჩამოწერილი სტატიების რაოდენობა შეადგენს   44,462,207 .

Tango Echo Alpha

0

ამ სამყაროში ორი ყაიდის ხალხია – ჩაით სავსე და ჩაისგან დაცლილი. მართალია, იაპონელებისთვის ეს ამბავი ჩაის სიყვარულზე მეტად ყოფიერების თავისებურებებზე უფრო მიანიშნებს, მაგრამ კაკუძო ოკაკურა „ჩაის წიგნში“ ამაზე ენას ტყუილად არ დაასველებდა. წაკითხვისთანავე მენიშნა, რომ ჩაის დიდ მოყვარულს არც ჩაი მაკლია. მართალია, მთლად ნართაული აღარ გამომივიდა, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნის ხსენება საშესავლოდ მაინც გამომადგა.

ხანდახან მგონია, მას შემდეგ, რაც ჩემმა დიდმა ბებიამ ქეთლი შემოდგა ცეცხლზე, ჩაიდანი ჩვენს ოჯახში აღარ გაგრილებულა. ხშირად გვითქვამს, რომ ჩაის სიყვარული სწორედ მისგან გამოგვყვა და რადგან ერთმანეთისთვის გულიც სწორედ ჩაის სმისას გადაგვიშლია, ჩვევად შემომრჩა, სულ რომ მდუმარედ დავეწვიო დედას ჩაიზე, ბოლოს მაინც ვეტყვი – აი, ასეთი ამბები.

ძველებს ემახსოვრებათ, 1967 წელს, ერთ ნისლიან დღეს ინდირა განდი თბილისს მეორედ ეწვია. ის კი ცოტას თუ ეცოდინება, რომ აეროპორტში დაშვებამდე, ქალაქის თავზე შემოფრენისას, თვითმფრინავი კინაღამ სატელევიზიო ანძას დაეჯახა. მართალია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და დამნაშავე მხოლოდ ამინდი აღმოჩნდა, მაგრამ  საპასუხისმგებლო რეისის მიღების შემდეგ დისპეტჩერის თარჯიმანმა სამსახური დატოვა. იმ დროს დედაჩემს ახალი დამთავრებული ჰქონდა „ინიაზი“, უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩემი დიდი პაპა კი აეროპორტში ტექნიკოსად მუშაობდა და შვილიშვილისთვის უთქვამს, თარჯიმნის ადგილი გათავისუფლდა და იქნებ შენც გეცადაო. დედამაც სცადა და არაერთი გამოცდის ჩაბარების შემდეგ 12-წლიანი თავგადასავალიც დაიწყო – ცას და მიწას შორის შუამავლობა. მაშინდელი საავიაციო ლექსიკონი ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში ახლაც ინახება. წიგნს რადიოსატელეფონო ანბანიც ერთვის, სადაც ყველა ასოს კოდური სიტყვა აქვს მინიჭებული. რადგან ავიაციაში შეტყობინება ადრესატამდე შეუცდომლად უნდა მივიდეს, პილოტი და დისპეტჩერი ერთმანეთს, პირობითად, Gandhi-ის ნაცვლად ეტყვიან – Golf Alfa November Delta Hotel India.

გავიდა წლები, დედა უკვე გამოცდილი თარჯიმანი იყო, როდესაც ერთ-ერთი მორიგეობის დროს ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი მოფრინდა. ეთერის შემდეგ, საბაჟო პროცედურების გავლისას, ეკიპაჟის წევრები პირადად გაიცნო, დამშვიდობებისას კი ხომალდის მეთაურმა, გვარად სინგჰიმ, ჩაი აჩუქა ყუთზე წარწერით – Golden Tea. როგორც მაშინდელი წესი მოითხოვდა, დედამ ძღვენის შესახებ აეროპორტის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას აცნობა, რადგან ანგარიშის ჩაბარების გარეშე აეროპორტის ტერიტორიას ვერ დატოვებდა. КГБ-ს თანამშრომლებმა ჩაის ყუთი გახსნეს, საგანგებოდ დაათვალიერეს და რახან ბომბი ვერ აღმოაჩინეს, სახლში წაღების ნებაც დართეს. ეს ამბავი მოგვიანებით შევიტყვე. იმ გამორჩეული დღიდან მხოლოდ სამზარეულოში გაშლილი არომატული ჩაი მახსოვს, და კიდევ ჩემი ახალგაზრდა მშობლების აღტაცებული შეძახილები  – აი, ჩაი! აი, ნამდვილი ჩაი! მაშინ უკვე მაგიდაზე ერთი თავით მაღალი ვიყავი და მომეტებული სიხარულის დაფარვაც ვიცოდი, მაგრამ იმ დღის მერე ჩაის ფოთოლი და აღმაფრენა ჩემთვის ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა. შუქიც კი, რომელიც ჩაის ეფინებოდა, სამზარეულოს სანათიდან კი არა, ციდან გადმოსული მეგონა. იქნებ იმიტომაც, რომ ოქროს ჩაიმ ჩვენამდე მოსაღწევად გრძელი, საჰაერო გზა გამოიარა.

ნამდვილ ჩაისთან ზიარების შემდეგ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ზაფხულის ქვემოიმერული არდადეგები, მაყვლის მურაბის მოდუღებასთან ერთად, ჩაის კრეფასაც გულისხმობდა. პლანტაციაში, როგორც წესი, საღამოს მივდიოდით. მართალია, მზე უკვე გადაწვერილი იყო, მაგრამ ჩალის ქუდებს თავმოსაწონად მაინც დავიხურავდით და რეზინის ჩექმებსაც ამოვიცვამდით. საქმე არჩევაზე იყო: ან საგანგებოდ შეკერილი დიდჯიბეებიანი წინსაფარი უნდა მოგერგო, ან წელზე გრძელი თავშალი შემოგეკრა, ბოლოები სათავეში ჩაგემაგრებინა და კალთის ტომსიკად გექცია. ჩაის პლანტაციებთან მიახლოებისთანავე, უფროსები გადაკრეფილ ბუჩქებს უმალ ამოიცნობდნენ და იმ მწკრივებზე მიგვანიშნებდნენ, სადაც ჯერ კიდევ შერჩენილი იყო ნორჩი ფოთლები. თუ უფროსებისგან განცალკევებით გსურდა ჩაის კრეფა, უხსენებლის დასაფრთხობად სტვენა აუცილებლად უნდა გცოდნოდა. იყვნენ ისეთი გაწაფულებიც, ვისაც სტვენასთან ერთად, სხვა მწკრივში გადასასვლელად ბუჩქზე გადაგორება რომ შეეძლო.

მთავარი პირობა იყო, მხოლოდ ოქროსფერი დუყები – ჩაის ბუჩქის უნაზესი წვეროები –დაგეკრიფა და დაძახებისთანავე ვერცხლისფერ ევკალიპტებთან გაჩენილიყავი. ბოლოს ყველას ნაშრომ-ნაჯაფარი ერთ გოდორში იყრიდა თავს და იმავე გზას ვადგებოდით, რომელსაც პლანტაციამდე მივყავდით. თუკი ქალები ლაპარაკის დროს შეყოვნდებოდნენ, ერთი მათგანი იმარჯვებდა, გოდორში ხელს ჩაყოფდა და ჩახურებულ ჩაის ამოაბრუნებდა. სახლში მისვლისთანავე ძველ გაზეთებს დიდ მაგიდაზე დავფენდით, დაკრეფილ ჩაის გავშლიდით და მთელი სახლი ნესტიანი ფოთლების სურნელით ივსებოდა. რამდენიმე დღეში უსიცოცხლო ფოთლების ახალი ცხოვრება იწყებოდა. მაგიდის ზედაპირზე ხელის გულებით ვსრესდით, ხის დაფებზე წვრილად ვჭრიდით და დაქუცმაცებულ ჩაის ისევ გაზეთებზე ვშლიდით. მართალია, გამოშრობამდე ხელის ხლება აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ ბევრჯერ დამიმარტოხელებია თავი, შავი ნამცეცები მუჭში მომიქცევია, თვალდახუჭულს დამიყნოსავს და კვალის დასაფარად ქაღალდზე ისევ თანაბრად გადამინაწილებია. აგვისტოს ბოლოს ოქროს ფოთლებით სავსე გოდორი ერთ მომცრო ყუთში ჩაეტეოდა და თბილისში დიდი პატივით  წამოვიღებდით.

როდესაც იმერეთში ჩაის პლანტაციები ამოთხარეს, ცხოვრება ქალაქშიც შეიცვალა. ჩემი სახლის წინ ერთი ძველი საჩაიე იყო, სახელად „ლილი“. ვეღარ ვიხსენებ, ღამით ანათებდა თუ არა ტრაფარეტზე გამოსახული ასოები, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში წარწერას ლურჯი შუქი დაჰკრავს. საუკუნის დასაწყისში იქ უკვე აღარავინ შედიოდა. ცხადი იყო, რომ  სულ მალე ძველმოდურ სივრცეს რომელიმე ბანკი, აფთიაქი ან პარფიუმერული მაღაზია დაეპატრონებოდა. მხოლოდ ერთხელ ვნახე – ვიტრინის მხარეს, მრგვალ მაგიდასთან ქალი დამჯდარიყო, ფეხები სკამის ქვეშ ჯვარედინად შეეკეცა, შუშის ჭიქით ჩაის სვამდა და ქუჩას გაჰყურებდა. ქალს თეთრი, არშიებიანი წინსაფარი ეკეთა და ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი ეცვა. არ ვიცი, რა წარმოისახა საჩაიეს ოფიციანტმა სანატრელ სტუმრად გარდასახვისას, მაგრამ ჩაი კი ნამდვილად დალია. რა თქმა უნდა, შემეძლო, მემარჩიელა და ისიც მომეთხრო, თუ რას  ფიქრობდა ის ქალი მაშინ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ჩაიში ლიტერატურა არ ერია. ეს იყო კინო,  დაუვიწყარი კინოკადრი, რადგან, ფრანსუა ტრიუფოსი არ იყოს, „ვერავის დაარწმუნებთ, რომ ქალი, რომელმაც ჩვენ თვალწინ დალია ჩაი, მხოლოდ წარმოიდგენს, რომ ჩაი დალია. ქალმა დალია ჩაი, მორჩა და დამთავრდა.“

რუსუდან რუხაძე

P.S. თუ თქვენ მაინც წარმოსახვებში მოგზაურობა და ღრუბლებში ფრენა გირჩევნიათ, სავარძელში მოკალათდით, უსაფრთხოების ღვედი შეიკარით და ბორტგამცილებელს სამი სიტყვა უთხარით: Tango Echo Alpha.

 

რამდენიმე რჩევა მასწავლებლებს COVID-19-ისგან თავდასაცავად

0

ახალი კვლევის მიხედვით, პირბადის ტარებამ, ხელების დაბანამ, სოციალურმა დისტანცირებამ და სხვა ზომებმა, სკოლებში COVID-19-ის  გავრცელება შესაძლოა უფრო მეტად შეამციროს, ვიდრე უფრო დიდ თემებში.

ქვემოთ მოცემული რჩევები შეიძლება დაეხმაროს მასწავლებლებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

პირადი დაცვა

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სკოლის პოლიტიკა, თქვენ შეგიძლიათ დამატებით არაერთი საშუალების გამოყენება თავის დასაცავად:

ლორენს კლაინმანი, მედიცინის დოქტორი, გვირჩევს, გავითვალისწინოთ  სამი  “W”, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის:

დაიბანეთ (Wash) ხელები დღის განმავლობაში რეგულარულად, იბანეთ 20 წამის განმავლობაში თბილი წყლით. განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთო გამოყენების ნივთებს შეეხებით, მაგ. კარის სახელურს. თუკი თქვენს საკლასო ოთახში არ არის პირსაბანი, დააყენეთ სანიტაიზერები რამდენიმე ადგილას. ხელების სადეზინფექციო სითხე უნდა შეიცავდეს არანაკლებ 60% ალკოჰოლს.

ატარეთ (Wear) პირბადე. „ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ორი პირბადე სჯობს ერთს, – ამბობს კლაინმანი, – ატარეთ ქირურგიული პირბადე სახესთან ახლოს, ხოლო მეორე – გარედან”. მეორე პირბადე ეხმარება ნებისმიერი ღიობის დაფარვას, რომელსაც პირველი ვერ ფარავს.

აკონტროლეთ (Watch) დისტანცია ადამიანებს შორის. „დაახლოებით 2 მეტრი უნდა განვიხილოთ როგორც მინიმუმი და არა უსაფრთხო ბარიერი, – ამბობს კლაინმანი. თუ ბავშვები მღერიან ან ჭამენ, დისტანცია მეტი უნდა იყოს”.

იზრუნეთ პირბადეებზე. გარეცხეთ ნაჭრის პირბადე რეგულარულად ცხელი წყლით და გამოცვალეთ პირბადე ყოველდღე. „მთავარი წესი ასეთია, თუ პირბადე დაზიანდა ან დაისვარა, ის უნდა გადააგდოთ. ასე რომ, ატარეთ სათადარიგო პირბადეც”, – ამბობს ჯონსონი. თუკი უფრო უსაფრთხო KN95 პირბადეს იყენებთ, შესაძლებელია მათი განმეორებით გამოყენება. ჯონსონის რჩევაა ქაღალდის ან ნაჭრის (სადაც ჰაერი მოძრაობს) ხუთ ჩანთას დააწეროთ კვირის დღეები. როდესაც სახლში დაბრუნდებით, შეინახეთ იმ დღის პირბადე შესაბამის ჩანთაში. ეს დღე ისევ რომ მოვა, პირბადე საკმაოდ გამომშრალი იქნება, რომ უსაფრთხოდ გამოვიყენოთ. როგორც კი KN95 პირბადეს შეეტყობა ცვეთა, გადააგდეთ.

იქონიეთ კომუნიკაცია მშობლებთან. ურჩიეთ, სახლში დატოვონ ბავშვები, თუკი კარგად ვერ გრძნობენ თავს.

მასწავლებლებს, რომლებსაც მოსწავლეებთან უფრო ახლოს მუშაობა უწევთ, მაგ. სპეციალური მასწავლებლები ან პარაპროფესიონალები, შესაძლოა პირბადის გარდა, დამატებითი დაცვა დასჭირდეთ, მაგ. ფარი. „თუკი პირისპირ მუშაობთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, დაგჭირდებათ პირადი დაცვის დამატებითი საშუალებები, რადგანაც მათ უჭირთ თავიანთი სეკრეტების მართვა, – ამბობს ჯონსონი, – თუკი თქვენ საუბრის თერაპიას ატარებთ ან ინგლისური ენის შემსწავლელებს ეხმარებით, ინსტრუქციებს იძლევით მეტყველების საშუალებით. ამიტომ ფარით დაცვა ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება”.

„ახლა ვიცით, რომ ტანსაცმლიდან ან მსგავსი ზედაპირებიდან ვირუსი ნაკლებად გადადის“. კლაიმანი გვირჩევს, რომ თუკი კონკრეტულ დღეს ვირუსიანთან გვქონდა კონტაქტი, სახლში მისვლისთანავე მივიღოთ შხაპი.

არ დაგავიწყდეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. „ძირითადად, ყველა მასწავლებელს აქვს განვითარებული განსაკუთრებულ საჭიროებებთან გამკლავების უნარი, მაგრამ ეს სხვა დონეა, – ამბობს ჯონსონი, – იყავით პროაქტიული მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან – თქვენ უნდა გრძნობდეთ მაქსიმალურ შესაძლო კონტროლს. მიმართეთ კოლეგებს სოლიდარობისათვის, როცა სოციალურ დისტანციას ინარჩუნებთ. ეს არაფორმალური მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანია”.

 

უსაფრთხოება საკლასო ოთახში

შემდეგი ნაბიჯების გადადგმა დაგჭირდებათ საკლასო ოთახების სათანადოდ მოსაწყობად თქვენი და თქვენი მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

დააშორიშორეთ მერხები, არანაკლებ 2 მეტრით, თუ ეს შესაძლებელია და განსაზღვრეთ ადგილები. ეცადეთ, ყველა მერხი ერთი მიმართულებით იყურებოდეს. თუ ეს შეუძლებელია, დასვით მოსწავლეები მაგიდის მხოლოდ ერთ მხარეს, ერთმანეთისაგან დაშორებით. გამოუყენებელი სივრცეები მონიშნეთ ფერადი “X”-ით, როგორც თვალსაჩინო შეხსენება. ამ ყველაფრის  არსი ის არის, რომ მოსწავლეები არასოდეს ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. თუკი ოთახი ამის საშუალებას არ გაძლევთ, მოაწყვეთ მცირე კლასტერები, მოსწავლეებს შორის ფიზიკური ბარიერებით. „იმის გათვალისწინებით, რომ რესურსები იშვიათია, მე ამ ბარიერებზე მეტად პირბადეების გამოყენების პოლიტიკას ვარჩევდი”, – ამბობს ჯონსონი.

გამოიყენეთ ფერადი წებოვანი ლენტი ოთახში ცალმხრივ სამოძრაო ბილიკების მოსანიშნად. დარწმუნდით, რომ ეს გზები ევაკუაციის გეგმას შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.

მოაწყვეთ „მასწავლებლის ზონა”, რათა უზრუნველყოთ 2-მეტრიანი დისტანცია თქვენსა და მოსწავლეებს შორის. თუკი საკმარისი სივრცე არ არის, გაარკვიეთ, შეძლებს თუ არა სკოლა გამჭვირვალე ბარიერის დაყენებას.

ვენტილაცია მნიშვნელოვანია, რათა ვირუსის წვეთები ჰაერში არ დარჩეს. თუკი თქვენს სკოლაში არ არსებობს სავენტილაციო სისტემა, გააღეთ ფანჯრები რამდენადაც შესაძლებელია – შესაძლოა, შესთავაზოთ მშობლებს, გამოატანოს ბავშვებს დამატებითი ტანსაცმელი.

რეგულარულად გაწმინდეთ ზედაპირები.

თუ შესაძლებელია, თავი აარიდეთ სახელმძღვანელოებისა და სხვა ნივთების გაზიარებას. „არაფერი გააზიაროთ, – ამბობს კლაინმანი, – და გაწმინდეთ ისინი გამოყენების შემდეგ”.

მოსწავლეების მიერ საკვების მიღება ვირუსის გავრცელების რისკს შეიცავს, მაგრამ ჯონსონი გვასწავლის, როგორ გავაკეთოთ ეს:

გააღეთ ფანჯრები, როცა მოსწავლეები ჭამენ.

ურჩიეთ მშობლებს, მოსწავლეებს სახლიდან გამოატანონ საჭმელი, რომელსაც თვითონ გახსნიან და სხვებთან ნაკლები კონტაქტი დასჭირდებათ.

ასევე ურჩიეთ მშობლებს, გამოატანონ ქაღალდის პარკი ან კონტეინერი, სადაც ბავშვებს ჭამის დროს პირბადეების შენახვა, შემდეგ კი ისევ გაკეთება შეეძლებათ.

მოსწავლეთა ასაკის მიხედვით, აუხსენით მათ, რომ ჭამისას ილაპარაკონ ხმადაბლა ან საერთოდ არ ილაპარაკონ, რადგანაც საუბრისა და ყვირილისას ჰაერში მეტი ნაწილაკი ვრცელდება. „მიაჩვიეთ ბავშვები, რომ ჭამისათვის გამოყოფილი დრო იქნება მოკლე და მშვიდი, – ამბობს ჯონსონი. – დაუკარით დამამშვიდებელი მუსიკა”.

თუკი ამინდი საშუალებას იძლევა, საუკეთესო იქნება გარეთ ჭამა.

ნუ შეჭამთ „სამასწავლებლოში“, რომელიც, როგორც წესი, ძალიან პატარაა სოციალური დისტანციისათვის. „შესვენებისას მასწავლებლებს მოსწონთ ერთმანეთთან საუბარი, ჩვენ კი ვიცით, რომ ეს შეიძლება ვირუსის გადაცემის ძირითად წყაროდ იქცეს”, – ამბობს ჯონსონი.

წყარო: https://www.webmd.com/lung/news/20210212/expert-tips-for-teachers-when-schools-reopen

 

ოთარ ჭილაძის სიცოცხლის ფირფიტები

0

უკვდავების წყურვილი ასაზრდოებს ხელოვნებას. ოთარ ჭილაძის შემოქმედებაშიც ხშირად წარმოჩნდება სწრაფვა იმ ხსნის გზის პოვნისკენ, რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიემართება. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია მისი „თიხის სამი ფირფიტა“, რომელშიც შუამდინარული ეპოსის, „გილგამეშიანის“, პერსონაჟები ცოცხლდებიან, რათა კიდევ ერთხელ იგემონ სიცოცხლის სიტკბოცა და სიმწარეც. პოეზიის გზით ლიტერატურულ სამოთხეში მოხვედრილთა შორის გილგამეშიცაა, რომლის ფათერაკებიანი ცხოვრების  შესახებ თიხის ფირფიტები მოგვითხრობენ. ოთარ ჭილაძემ ალუზიებით, ინტერტექსტუალური გადაძახილებით შექმნა ახალი ფერადოვანი პოეტური სივრცე, რომელშიც  მარადიული უპასუხო კითხვები კვლავაც მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიით წარმოჩნდა.

რას შეიძლება ჩაეჭიდოს კაცი ცხოვრების მღელვარე ტალღებზე აქანავებული, ნავდამსხვრეული და დასაღუპავად განწირული. მაგალითები ხომ უამრავია ისტორიასა  თუ ლიტერატურაში. ვისი ცხოვრება შეიძლება იქცეს ნუგეშად და ერთგვარ მეგზურად არარაობის წყვდიადიდან თავდასაღწევად? ოთარ ჭილაძისთვის, ამ შემთხვევაში, მხსნელად გილგამეში იქცა, რომელიც თავისი ცხოვრების კიდევ ერთხელ გახსენებით „პოეტად“ აქცია, თავის ალტერ ეგოდ და მისი სახელით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მრავალგზის გამეორებული, მაგრამ მაინც გაუცვეთელი ჭეშმარიტებანი, რადგან, როგორც იესო ქრისტე ამბობს: ჭეშმარიტება გზაა. სიცოცხლეც გზაა, თან ციკლური, თან სპირალური და თან დაუსრულებელი, მატერიალურსა თუ მეტაფიზიკურ სივრცეებში მიმავალი.

„თიხის სამი ფირფიტა“ მცირე ლირიკული პოემაა, რომელიც სიტყვის, ლოგოსის ძალას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. გილგამეში ვერ ძლებს დავიწყების ბნელ წიაღში, ამიტომაც „მოარღვევს“ მიწას გიორგი ლეონიძის ყივჩაღივით, დროდადრო რომ აფრთხობს სივრცეს შეძახილით: „ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს“. თიხა არა მხოლოდ საწერი საგანია, არამედ ალუზიაა ბიბლიური შესაქმისა. ღმერთმა თიხისგან გამოძერწა კაცი, პოეტიც, მაგრამ ეს თიხის კაცი, შემოქმედების ცეცხლით გარდაქმნილი, სიტყვით, ფიქრით, წარმოსახვით ქმნის სხვა ადამიანებს, რომელთაც არა ხანმოკლე, არამედ მარადიულ სიცოცხლეს ჩუქნის.

ოთარ ჭილაძის გილგამეში კიდევ ერთხელ გვიყვება თავის ამბავს, ფათერაკით, ბრძოლით, გამარჯვებით, სიყვარულით, იმედგაცრუებით, ტკივილითა და სიხარულით აღსავსეს:

„მე კაცი ვიყავ, მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების, ან უფრო სწორად, სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად. მე მსურდა, მაგრამ არ სურდათ ღმერთებს და ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი ამ ხმელ ფირფიტას შემორჩა მხოლოდ. ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში“.

„დაუსრულებელი სიცოცხლის წყურვილი“ აქმნევინებს ადამიანს ხელოვნების ნიმუშებს, არქიტექტურულ შედევრებს, მუსიკას, პოეზიას, ფერწერას, რათა თავისი „ყოფნა“ რაიმე სახით აღბეჭდოს. „ღმერთებთან ჭიდილს“ აგრძელებენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, ცაში ეგულებათ თუ არა ისინი.  პოეტი კი „ხმელ ფირფიტას“ მთრთოლვარე ხელად აქცევს, რომელიც სიცოცხლეს მკითხველის სახით კიდევ ერთხელ ეწაფება. ეს არაჩვეულებრივი შედარება უიტმენის  სტრიქონებს ეხმიანება:

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი,

ხელი ახლე და კაცს შეეხები,

(ნუთუ ღამეა და მე და შენ მარტოკა დავრჩით)

ეს მე ვარ – შენ რომ გიჭირავს ხელში

და ვისაც შენ ხელით უპყრიხარ,

გადმოვალაჯე ამ წიგნიდან,

მოვედი შენთან

და სიკვდილმა ვერ დამაკავა.

ო, როგორ მარწევს და ძილსა მგვრის შენი თითები,

გულზე მეცემა შენი სუნთქვა ციურ ნამივით

და შენი მშვიდი გულისცემა მესალბუნება,

მე ვგრძნობ ვინთქმები,

ვიძირები თხემით ტერფამდე“ („მეგობარო, ეს არ არის წიგნი“, თამაზ ჩხენკელის თარგმანი).

ასე გადმოდის  გმირი უძველესი თიხის  ფირფიტებზე ამოტვიფრული აქადელი პოეტის ტექსტიდან (რომლის მხოლოდ ორი მესამედია ჩვენამდე მოღწეული,). „გილგამეშიანი“  კაცობრიობამ საკმაოდ გვიან გაიცნო (ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეებში შექმნილი წარწერიანი თიხის ფირფიტები 1872 წ. აღმოაჩინეს ბრიტანეთის მუზეუმში, შემდეგ სხვაგანაც მოიძიეს ფრაგმენტები. 1900 წელს გამოიცა პირველად და დღემდე გრძელდება მისი კვლევა. სხვადასხვა გამოცემაში განსხვავებული რაოდენობის  ტექსტი, „დაფა“ თუ „კარია“). ქართულად პირველად მიხაკო წერეთელმა თარგმნა და გამოსცა 1924 წელს და გამოკვლევაც დაურთო: „რომელშიც გამოვლენილია პარალელები ჰომეროსის პოემებთან, დანტეს „ჯოჯოხეთთან“, მსოფლიო ფოლკლორულ ნიმუშებთან და, რაც მთავარია, „ვეფხისტყაოსანთან“ (ზურაბ კიკნაძე). შემდეგ ზურაბ კიკნაძემ თარგმნა, გამოიკვლია და გამოსცა 1963, 1984 და 2009 წლებში. ეს არის უმაღლესი რანგის პოეტური თარგმანი. რა თქმა უნდა, ოთარ ჭილაძის „სამი ფირფიტის“ სრულყოფილად გასააზრებელ კონტექსტად  ზურაბ კიკნაძის სწორედ ეს  არაჩვეულებრივად ნათარგმნი და კომენტირებული „გილგამეშიანი“ უნდა იქცეს, რომელშიც ამ მრავალშრიანი, მითოლოგიური, პალიმფსესტური პოეტური ტექსტის საიდუმლოებებია გაჩრეკილი და გამომზეურებული. მისი კითხვისას შეიგრძნობ, მაგრამ ვერ ხვდები, რა მაგიით გარდაიქმნებიან ჩვეულებრივი სიტყვები თუ ფრაზები მაღალ პოეზიად. ზურაბ კიკნაძე ამ ეპოსს „ფაუსტური ყაიდის“, „ინიციაციურ თხზულებად“ მიიჩნევს, რადგან „საგმირო ეპიზოდები არ არის თვითმიზანი, არამედ თითოეული მათგანი ემსახურება გმირის პიროვნების სრულყოფას“, „მასში ზნეობრივი კაცის დაბადებით იწყება ახალი ცხოვრება. იგი პირისპირ დგება სიკვდილის წინაშე, რომელიც შეძრავს მის არსებას და გააღვიძებს მასში მოაზროვნე ადამიანს“. ეპოსის პირველივე სტრიქონებში გაცხადებულია გზა  „ჭეშმარიტებას“ ზიარებული გილგამეშისა, რომელსაც ტანში ღმერთების ხორცი ჩადგმია, /ორი მესამედი ღმერთია, ერთი მესამედი კაცი“:

„რომელმან სიღრმე იხილა, ქვეყნის საფუძველი,

ყოველი შეიცნო, შთაიბეჭდა,

იდუმალებანი ვინც სრულად განჭვრიტა, –

სიბრძნის მფლობელმა, ყოვლის მეცნაურმა,

საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული,

მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა“.

ოთარ ჭილაძისთვის ეგზისტენციის ძიების გზაზე შთამაგონებლად იქცა ეს ეპოსი. ის თავის ლირიკულ გმირს, ხან გილგამეშისა და ხან თანამედროვე ავტორის ნიღბით, ზედმიწევნით, სახელთა და ტოპონიმთა ოდნავი სახეცვლილებით, თავს გადამხდადრ ზოგიერთ ამბავთა ზედმიწევნით ზუსტად „გახსენებით“ კვლავ აამბობინებს საკუთარ თავგადასავალს. მაგრამ მკითხველმა ხომ იცის, მთავარი ამბავი არ არის, არამედ ის ემოციურ-ინტელექტუალური შეგრძნებებია, რომლებითაც პოეტი ადამიანური არსებობის გამართლებას დაეძებს, სიცოცხლის ეფემერულობასა და მტკივნეულ წარმავლობაში საყრდენებს ქმნის,  სიცარიელისა და გაუცხოების კრიზისის დაძლევასა და გადალახვას ცდილობს.

ოთარ ჭილაძის კომპოზიციურად სამ ნაწილად, „ფირფიტად“ გაყოფილ პოემის პოეტურ სივრცეს სამი ქრონოტოპი გამსჭვალავს: წარსული, აწმყო და მომავალი. სამივე დროს თვითონ პოეტი აერთიანებს. თბილისი,  ურუქი და ზეციური უცნობი ქალაქი  ის ტოპოსებია, რომლებშიც ფიქრის მდინარე მიედინება და ასოციაციური შენაკადებით უსაზღვროდ განიტოტება. ამ ფიქრის ძაფებით იქსელება უსაზღვროდ გაფართოებული სააზროვნო სივრცე. პირველ ნაწილში ყოფნა-არყოფნის ჰამლეტისეული კითხვა მთავარ საფიქრალად გამოიკვეთება ეკლესიასტეს  კონტექსტში: „თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე“, „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“:

„რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,

ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ“.

ოთარ ჭილაძე პოემაში დიდი ხნის წინათ მომხდარ ამბავთაგან ყველაზე უძველესს ირჩევს. კვლავ აღდგება გილგამეში: „ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი“, ახლადგაღვიძებული ძველებურად ტკბება ევფრატის წყლით, რომელიც „ქალურად უხვი და იდუმალია“.  მკითხველი კიდევ ერთხელ შეიგრძნობს ენქიდუსთან დამეგობრების შთამბეჭდავ ამბავს, წმინდა ხარის მოკვლას, მეგობართა მიერ ხუმბამბას დამარცხებას. მათი ძმობა „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა ამბებსაც გაგვახსენებს. გილგამეში კაცთაგან აღმატებულ საქმეებს აკეთებს, მით უფრო ძლევამოსილი ხდება, როცა ენქიდუც გვერდში ამოუდგება, მაგრამ „ამაო იყო ყოველი“: „მაგრამ ვერცერთი ვერ გავცდით მაინც ადამიანის უბრალო სახელს, ვერ ვძლიეთ სიკვდილს“. დავიწყებული სიკვდილის არსებობა გილგამეშს მეგობრის „მიწად“ ქცევამ კვლავ გაახსენა და უსაშველოდ დაამწუხრა. თავის დროზე ღმერთების მიერ მის მეტოქედ გაჩენილი მხეცის მსგავსი ველური ენქიდუ ქალმა, შამხათმა, მოათვინიერა და კაცად აქცია: „და რადგან იგრძნო პურიც და ქალიც, ენკიდუ იქცა ადამიანად და მოკვდა, როგორც ადამიანი“.

რაც ურუქში ხდებოდა, იგივე მეორდება თანამედროვე ქალაქშიც. აქაც ყოველდღიურ საზრუნავებს, ამაღლებულსა თუ მდაბალს, ჩაუნთქავს ადამიანი. აქაც დროდადრო მდორე რიტმს არღვევენ  და თვალს იტაცებენ  შამხათის მსგავსი ცეცხლოვანი ქალები:

„დღემდე გრძელდება, ფეთქავს და ბრუნავს.

შამხატის ცხელი და ლაღი სისხლი.

და ჩვენც გვიმძაფრებს სიცოცხლის უნარს,

სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის“.

თბილისიც ურუქივით იღვიძებს, იძინებს და,  მიუხედავად მომქანცველი რუტინისა, ყველა თავის გზას  მიუყვება:

„რა უბრალოა ადამიანი!

რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად.

და რა უმწეო ხმებით შრიალებს,

რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,

ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს.

და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,

ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს“.

ქალაქის მღელვარე დღიურ ხმაურსა თუ სიზმრებით დამძიმებულ პირქუშ ღამეულ საყოველთაო სიჩუმეში არ სძინავს პოეტს და წარმოსახვაში შემოჭრილ გილგამეშის აჩრდილს ესაუბრება. მასაც სტანჯავს შუამდინარელი მონათესავე სულის უპასუხო კითხვები, მასაც სურს სიკვდილის მიღმა გახედვა.

პოემის მეორე ფირფიტაში ავტორი „გილგამეშიანის“ კიდევ ერთ პერსონაჟს, უთანაფიშთს აცოცხლებს, რომელიც „ნაზი ეას“ დახმარებით გადაურჩა ღმერთების მიერ ცოდვებისთვის კაცთა დასასჯელად მოვლენილ რისხვას, დაღუპვას  ბიბლიურ  ნოესავით კიდობნით გადაურჩა და იმავე ღმერთების დალოცვით უკვდავებით დაჯილდოვდა. ეს იცის გილგამეშმა და უძველეს ეპოსში ნაამბობია, როგორ მოძებნის მას, შემდეგ როგორ იპოვის მისი რჩევით უკვდავების ბალახს, თუმცა ჩაძინებულს გველი მოჰპარავს (ისევ ბიბლიური ალუზია ჩნდება).

ოთარ ჭილაძის პოემაში გილგამეშისა და ავტორის ნიღბები ერთმანეთს ერწყმის და გაისმის  უარი უკვდავებისთვის, თუკი ის ყოველივე, რასაც ქმნიდა, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა: „თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები. მე ახლა მზეზე ვზივარ და ვუცქერ მზეზე გაფენილ თიხის ფირფიტებს. მე მათ გავანდე და ჩავაბარე ჩემი ფიქრები და ოცნებები. ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით“.

თიხა, სიმბოლურად, ნაწერი, შემოქმედება ადამიანზე გამძლეა („ხელნაწერები არ იწვიან“, – იტყვის ვოლანდი და ცეცხლს გამოსტაცებს ოსტატის რომანს. ეშმაკიც კი მხატვრული ტექსტის გადარჩენის სამსახურში დგება, რადგან მხატვრული სიტყვა ყველას მიმართ გულმოწყალეა, ერთნაირი წყურვილით აცოცხლებს სიკეთესაც და ბოროტებასაც (მიხაილ ბულგაკოვი, „ოსტატი და მარგარიტა“).

„ადამიანზე გამძლეა თიხა,

მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა,

ის, შეიძლება, უბრალოც იყოს.

და აუტანელ ტკივილით ითქვას“.

რამ შეიძლება სიკვდილის შიშით გამოწვეული შიში შეამსუბუქოს? ისევ შამხათმა,  ყოვლისდამვიწყებელმა და გარდამქმნელმა სიყვარულის სიმბოლომ:

„შენ კი მზადა ხარ, რომ უფრო დიდხანს.

უცადო შენთვის გაჩენილ შამხატს.

ყველაფერს ფერი ეცვლება თითქოს,

როცა შამხატის თვალებში ჩანხარ“.

პლატონისეული ანდროგინოსივით დაეძებს ლირიკული გმირი თავის დაკარგულ მეორე  ნახევარს გამრთელებისა და სისრულისათვის.

ამიტომაცაა, რომ მუზეუმში, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, „უშველებელ სასაფლაოზე, სადაც ყოველი ერი, ყოველი რასსა თავის გრძნობებს მარხავს“ („პორცელანი“)  ოთარ ჭილაძის ლირიკული გმირი ამჩნევს:

„საყურეც ისევ ცახცახებს ვნებით.

და ისევ ასდის ნაზი სურნელი,

თითქოს არაფერს არ ნიშნავს წლები.

თითქოს არაფერს არ ცვლის…

სრულებით“.

რა თქმა უნდა, ეს ბარათაშვილის პეპელასავით მოცახცახე, „გრძნობის ამრევი“ , „სპეტაკ შროშანასავით“ საყურის ალუზიაცაა, ეკატერინე ჭავჭავაძის ნაზი ყურის ჩრდილში რომ იწვევდა პოეტს „სასუფევლისეული ნეტარების“ შესაგრძნობად და „უკვდავების შარბათის“  შესასმელად.

მესამე ფირფიტა ისევ გილგამეშის აღსარება-მონოლოგია, რომელსაც მსჭვალავს დამთრგუნველი მარტოობის შეგრძნება, თანმდევი ყოველი მშვენიერი პოეტური მაძიებელი სულისა. იგი თავის გამოცდილებას უზიარებს მკითხველს:

„არც მოწყალება და არც საშველი /არ ღირსებია ციდან არავის“, ამიტომ  კიდევ ერთხელ აღდგება იმისთვის, სიტყვაში კვლავ განიცადოს სიცოცხლე, ფაუსტივით მშვენიერი წამის შეჩერებაზე იოცნებოს და მკითხველს უანდერძოს:

„სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის.

და შენც გახსენი შენი ფიქრები,

რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ.

იცხოვრო, როცა აღარ იქნები“.

„ფიქრების გახსნა“ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმას, აღიარებასა და მიღებას გულისხმობს, იმგვარ არსებობას, რომელიც ადამიანს ხილულ თუ უხილავ მატერიალურ-სულიერ სივრცეთა ნაწილად შეაგრძნობინებს თავს და მტვრის ნაწილაკივით გაქრობის შიშისაგან იხსნის.

ასე ეუბნება უკვდავი უთანაფიშთი გილგამეშს:

„აუცდენელია უწყალო სიკვდილი:

ვინ არის, ვისაც არ უხილავს სიკვდილი?

ვინ არის, ვისაც სახე სიკვდილისა არ უხილავს?

ვინ არის, ვისაც ხმა სიკვდილისა არ სმენია?

განა სამუდამოდ ვაშენებთ სახლებს?

განა სამუდამოდ ირტყმის ბეჭედი?

განა სამუდამოდ იყრებიან ძმები?

განა სამუდამოდ მძულვარებენ მტრები?

განა სამუდამოდ დიდდება წყალი,

წყალი ყანებზე ნიაღვრის მიმღვრელი?

განა სამუდამოდ პარკშია ჭუპრი?

მზის თვალის მარად მჭვრეტელი თვალი

განა არსებულა დასაბამიდან?

ერთნი არიან მძინარე და მკვდარი,

განა არ ხატავენ სახეს სიკვდილისას?

განა თავს ეყუდნის მოკვდავი კაცი,

ოდეს ბედისწერის ჟამი მოაწევს?“ (ზურაბ კიკნაძის თარგმანი).

„გილგამეშიანისა“ და ოთარ ჭილაძის „თიხის სამი ფირფიტის“ მრავალფეროვანი სამყაროები დიალოგისთვის კვლაც იწვევენ მკითხველს, რათა გაუკვალონ გზა საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების ლაბირინთებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეკითხვები – სწავლების და საუბრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

0

შეკითხვები, მათი სწორად ფორმულირება, შერჩევა და გამოყენება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ყოველთვის. თუმცა, შეკითხვების როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით გაზრდილია დღეს, როდესაც პედაგოგებს ხშირად ვესაუბრებით მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე, სწავლებაში კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე, ინტერაქტიური სწავლების უპირატესობაზე, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, პედაგოგს ხშირად უწევს საუბარი მოზარდთან, მშობელთან, კოლეგასთან ბავშვთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ შეკითხვა წარმოადგენს საუბრის ძირითად ელემენტს და თანამოსაუბრისაგან ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებას, საუბრის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, საუბრის პროცესში რამდენად სწორად იქნება შერჩეული, ფორმულირებული და გამოყენებული შეკითხვები.

როგორც წესი, შეკითხვები გვეხმარება ახალი ინფორმაციის მიღებაში ან ჩვენს ხელთ უკვე არსებული ინფორმაციის დაზუსტებაში, ასევე საკუთარი აზრის, შეფასების, პოზიციის დემონსტრირებაში; თანამოსაუბრის ცნობიერებისა და ემოციების მომართვაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, უფროსების – პედაგოგებისა და მშობლების მხრიდან შეკითხვების სწორად დასმა მოზარდებში შეკითხვების დასმის უნარის განვითარების კარგ საშუალებას წარმოადგენს. შეკითხვების დასმის უნარი კი, თავის მხრივ, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი უნარია. გამომდინარე იქიდან, რომ შეკითხვა შემეცნების ინსტრუმენტს წარმოადგენს, ბევრი პედაგოგი  მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის დონეს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ როგორ და რა შეკითხვებს სვამენ ისინი. დღეს ხშირად შეიძლება მოვისმინოთ საყვედურები მოზარდების მისამართით იმის გამო, რომ მათ უჭირთ შეკითხვების დასმა. მათ მიერ დასმული შეკითხვები, როგორც წესი, ძალიან მარტივია, პრიმიტიულია, ეფუძნება მხოლოდ ფაქტებს, იშვიათად სვამენ კარგად გააზრებულ და ფორმულირებულ შეკითხვებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უნარის განვითარებას სერიოზული ყურადღება დაეთმოს სწავლების პროცესში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, რომელსაც აქვს შეკითხვების  დასმის უნარი, უკეთესად ორიენტირებს  გარემომცველ სამყაროში, ვიდრე ის, ვისაც ეს უნარი არ გააჩნია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ადვილად სწავლობენ დაკვირვებით და უფროსების ქცევის მოდელირებას უპრობლემოდ ახდენენ, პედაგოგებისა და მშობლების მიერ შეკითხვების სწორად გამოყენება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში მათში შეკითხვების დასმის უნარის განვითარების ეფექტიან საშუალებად შეიძლება იქცეს.

როგორ დავსვათ შეკითხვები, რომ ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, შემეცნებითი უნარების  და, მეორე მხრივ, შეკითხვების დასმის უნარის განვითარებას ბავშვებში:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვისთვის დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე, ნათელი, ცხადი; როდესაც შეკითხვა ერთ წინადადებაშია ჩატეული, მოზარდს ზედმეტ მინიშნებებს არ ვაძლევთ. ამასთან ერთად, მოკლე შეკითხვები ჩვეულებრივ უფრო გასაგებია და პრობლემის არსს უფრო ნათელს ხდის. შეკითხვის ფორმულირებისას შევეცადოთ აზრის კონცენტრირება მოვახდინოთ მოკლე ფრაზაში და დავიწყოთ კითხვითი სიტყვით;
  • შეკითხვების ფორმულირებისა და გამოყენების დროს ვიყოთ თანმიმდევრული. თუ შეკითხვებს ისე ავაგებთ, რომ თანმიმდევრულობა იქნება დაცული, განსახილველი საკითხის არსში გარკვევის კარგ პირობებს შევუქმნით მოზარდებს, რომლებსაც აღნიშნული შეკითხვებით მივმართავთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიის წარმართვის დროს. საწყისმა შეკითხვებმა დისკუსიის მონაწილეებში საკითხის განხილვის სურვილი უნდა აღძრას. შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს ისეთი შეკითხვები, რომლებიც გააღრმავებენ და შეავსებენ ძირითად შეკითხვას. დასკვნითმა შეკითხვებმა კი დისკუსიის შეჯამებაში უნდა გაგვიწიოს დახმარება. იმისათვის, რომ შევძლოთ სადისკუსიო საკითხის ეფექტიანად განხილვა, აუცილებელია წინასწარ მოვამზადოთ ძირითადი კითხვები, ყურადღებით მოვისმინოთ პასუხები და პერიოდულად განვაზოგადოთ გამოთქმული მოსაზრებები;  ყოველივე აღნიშნული საუბრის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად შეიძინონ ახალი ცოდნა;
  • შევეცადოთ მოვუსმინოთ და გავუგოთ მოზარდებს, როცა მათ შეკითხვებით მივმართავთ. შეკითხვის სწორად ფორმულირების გარდა, მოსმენას დიდი როლი ენიჭება საუბრის ეფექტიანად წარმართვაში. ცნობილია, რომ ადამიანები და განსაკუთრებით მოზარდები ძალიან არიან დამოკიდებული ჯგუფის აზრზე და იშვიათად ეწინააღმდეგებიან მას მაშინაც კი, თუ ის მათ წარმოდგენაში შეუსაბამობაშია საღ აზრთან და მათ პრინციპებთან. ამიტომ, თუ ჩვენ აუდიტორიას მივმართავთ შეკითხვით, გავითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ უმრავლესობა ერთ აზრს იზიარებს, ეს პასუხი არ უნდა მივიღოთ როგორც ყველაზე სწორი, მზად ვიყოთ ისეთი პასუხის, ისეთი თვალსაზრისის მოსასმენადაც, რომელიც ჯგუფის საერთო აზრისგან სრულიად განსხვავებული იქნება;
  • შეკითხვები ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ არ იყოს შთამაგონებელი, არ მოიცავდეს მზა პასუხს და თავს არ ვახვევდეთ ბავშვს ჩვენს აზრს. ასე მაგ. – „შენ ეს პერსონაჟი არ მოგწონს, შენ ასე არ მოიქცეოდი, ასე არ არის?“ – ამგვარად დასმული შეკითხვა ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ბავშვში დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარებას და არ იქნება მისთვის კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაისვას შეკითხვა;
  • გამოვიყენოთ უფრო მეტად ღია, შემოქმედებითი შეკითხვები, რომლებზეც შეიძლება ბავშვმა პასუხების სხვადასხვა ვარიანტი მოიფიქროს და რომლებიც დიალოგის გაგრძელების სურვილს აღძრავს მასში.

დაბოლოს, შეკითხვების დასმისას არ დავივიწყოთ კეთილგანწყობილი ტონი, ვიყოთ შემწყნარებელი, თუ ბავშვს უჭირს შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ან არასწორ პასუხს იძლევა. ნუ ვაქცევთ ამას ტრაგედიად, ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ის ხომ მოსწავლეა, სწავლობს. მან უნდა იცოდეს, რომ სწავლების პროცესში ის ბევრ სირთულეს შეხვდება და სწორედ იმიტომ სწავლობს, რომ ეს სირთულეები გადალახოს.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...