შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

წეროები

0

ახლა  ის დროა, როცა გაზაფხულის შემჩნევას იწყებ. თუმცა, ჯავახეთში პროგნოზი კალენდარულ ლოგიკას არასდროს ექვემდებარება, ასე რომ, მისი ფარული ნიშნების ამოსაცნობად გარემოზე მეტი ფოკუსირება ხდება საჭირო. გაზაფხულმა იცის, რომ აქ მისი ასპარეზი არაა. რომ ოთხ კალენდარულ სეზონთაგან ერთი, ყველაზე მკაცრი და უხასიათო სამყაროს დასაბამიდანვე აღზევდა აქაურ ტახტზე და ამის გამო, მასთან პირისპირ ბრძოლაში ჩაბმას ერიდება. სამაგიეროდ, წარმატებით ეყრდნობა ელიტარულ სამხედრო ტაქტიკას, ბრძოლის ველზე მზვერავ წეროებს გზავნის და ანგარიშწორების ძალიან მოკლევადიანი, თუმცა ფრთხილი აქტისთვის ემზადება. წეროები ძველ, ელექტრობოძებზე გაშენებულ მაღალ საგუშაგოებს სტუმრობენ და თვალთვალის, შრომის, სიყვარულისა და გამრავლების ერა იწყება, ეს კი საგრძნობლად მიმარტივებს მოსწავლეების მიერ დასმულ ჩამჭრელ შეკითხვას: „აბა, სად არის გაზაფხული?“ – პასუხი მოვუფიქრო:

„თქვენი გაზაფხული აქ არის“. – მერე ხელი უზარმაზარი ბუდისკენ გავიშვირო და ქურთუკმოცმული ბავშვებისკენ გამარჯვებული სახით შევბრუნდე. ცხადია, მათ ურჩევნიათ მტკიცებულება უფრო მეტად იყოს სანდო, მაგალითად ისეთივე, როგორიც მათი ქართული ენის ფერადი სურათებით ილუსტრირებულ სახელმძღვანელოებში ხატია, მაგრამ სულ არაფრის გარეშე დარჩენას ალბათ ისევ ეს უჯობთ. ყოველ შემთხვევაში, იმის გაგება ნამდვილად ამშვიდებთ, რომ წეროები წიგნებში ილუსტრირებულ გაზაფხულებსაც საგრძნობლად გაალამაზებდნენ, მაგრამ იქ არ არიან, ამიტომ სიამოვნებით ისმენენ ისტორიას ჩემს ერთ მეგობარზე, რომელმაც ჯავახეთში თავისი მოგზაურობისას ამ ეგზოტიკური ფრინველების ნახვით გაჩენილი შთაბეჭდილება ჩემს ტელეფონზე გამოგზავნილ სმს-შეტყობინებაში საინტერესოდ გამოხატა:

„ამ ელექტრიკი წეროების ამბავს მიმალავდი?!“

მართალია, ელექტრობოძები წეროებისთვის სამხედრო ობიექტის დასაშენებელი ერთადერთი პლაცდარმი არ არის, თუმცა, ძირითადად ბუდეების მოწყობა სწორედ მათზე ხდება. ზოგიერთ ზამთრის მოგზაურობიდან დაბრუნებულ წეროს ეს ბუდეები ხელუხლებელი ხვდება, ზოგის შემთხვევაში გარკვეულ რეკონსტრუქციას საჭიროებს, ნაწილს კი ცხადია, თავიდან უწევს შენება. მეგობრის ეს სახელდება: „ელექტრიკი წეროები“ ღრმად ჩამებეჭდა გონებაში, იმდენად, რომ ერთხელ, როცა სახლში დენი გადამეწვა, პროფესიული რჩევისთვის მათ პირდაპირ მივმართე. თავიდანვე ჩანდა, რომ ჩემი დილეტანტური მცდელობა – შორიდან თვალიერებით შემეფასებინა სადენების მდგომარეობა და ქვემოდან დამედგინა უშუქობის მიზეზი, სრული კრახისთვის იყო განწირული, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და სადენების კვალში მდგომი ისეთი თავდაჯერებული გამომეტყველებით გამოვბოდიალდი გარეთ, თითქოს თომას ედისონი ფარულად მკარნახობდა ინსტრუქციებს. საბოლოოდ, იმ ელექტრობოძამდე ვიარე, რომლის კენწეროშიც ერთი ოჯახის წევრი ორი ახალშეუღლებული და გრძელნისკარტა წერო, ერთმანეთში გადახლართულ სადენებზე გაშენებულ უზარმაზარ ბუდეში, სამი ბარტყითურთ ცხოვრობდა და ხმამაღლა ავძახე:

„რატომ არ გვაქვს შუქი?“

ამის გაგონებაზე თავზე გრძელი ნისკარტების ისეთი რახარუხი დამატეხეს, რომ მოულოდნელობისგან ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, მაგრამ რამდენიმე წამში ხმაური შეწყდა და დავინახე ცისკენ მიმართული გრძელი კისრები როგორ გაუშეშდათ. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს ასე მიჩერებოდნენ ლურჯ ცას, მაგრამ იქიდან, სადაც ვიდექი ეს ძალიან მაგარი სანახავი იყო; ელექტრობოძის კენწეროში გაშენებულ ბუდეში მჯდომი, ორი კისერმოღერებული, ყვითელნისკარტა წერო, რომელთა გვერდით ვიწრო სადენები ირწეოდნენ და რომელთაც უღრუბლო, ლურჯი ცა რბილად უთბობდათ ფონს.

ზოჯერ სამყარო მოულოდნელ დროსა და მოულოდნელ ადგილებში თავის ფანჯარას ხსნის. ასეთ დროს ისეთ რამეებს ხედავ და ხვდები, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი. ხვდები, რომ მთელი ეს დომხალი, პროექტი, რომელიც შეიქმნა და დღემდე გაძლო თავისი დიდი, თუ პატარა ნაწილებით: ჩემით, თქვენით, ფლორით, ფაუნით, წყლით, მიწით, მტვრითა და ცაზე გამოკიდული პლანეტებით, ვარსკვლავებით, მეტეორებით – ერთი და იგივეა, ასლების კომპლექტია, ტირაჟირებული სიცოცხლე, მისი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ვერსიები. რომ მთელი ის ერთი შეხედვით ბუნდოვანი ამბები, რაც ჩვენგან რამდენიმე ათასი სინათლის წლის დაშორებით ხდება, აქ, ჩვენი პლანეტის ერთი პატარა ქვეყნის უფრო პატარა კუთხეში მცხოვრები, ნაგვიანები გაზაფხულის ორი დესპანი წეროს არსებობაში მეორდება, ელექტროსადენებში გაჩხერილ ფიხის უბრალო ბუდეში და ეს სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის ერთ ხაზზე ხეტიალის დინჯი, დინამიკური მარშრუტი. სამყარო ისეთი სიმშვიდით ეკიდება ნებისმიერი სიცოცხლის წარმოებასა და გაქრობას, დაწყებული კოსმოსური მტვრის უზარმაზარი ნაერთებით, ვარსკვლავებით, გაგრძელებული ჩვენით და დამთავრებული ნებისმიერი მიკრონაწილაკით, რომ შეუძლებელია ყოფნის შინაარსი იყოს ტრაგიკული, მაგრამ გააჩნია სად ხარ და ამას საიდან უყურებ. მე დაკვირვების ამ პროცესს სახლიდან 400 კილომეტრით შორს ყოფნა და მთიანი სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობა მიმარტივებს, იქ, სადაც ყველა სხვა ადგილზე უკეთ გამოდის ერთი ძველი თამაში: სკოლის ეზოში დგომა. ბევრი ბავშვის შემოკრება ირგვლივ. მათთან ერთად მაღლა ყურება და არაფერი… თეთრი წეროების გუნდების თვლა თოვლიან ცაში.

„სად?“

„შორს…“

„რამდენი?“…

დიდი სევდის მიზეზი კი ხშირად პატარა, ყოფითი დისკომფორტი ხდება. მაგალითად ეს;

სახლში მარტო ხარ, შუქი გადაგეწვა და უახლოეს ელექტრობოძზე გაშენებულ ბუდეში მცხოვრებ, ელექტრიკ მეზობლებს დახმარებისთვის მიმართე: „რატომ არ გვაქვს შუქი?“

მაგრამ მათ პასუხი არ ჰქონდათ.

ან ჰქონდათ და შენ მათი ენა არ იცოდი.

გაკვეთილი როგორც თავგადასავალი, ანუ ერთი კომპლექსური დავალება

0

ბავშვობის დროინდელ საყვარელ გასართობებს ვიხსენებდი. უეცრად, თითქოს, ნათურა აინთო და თავში ათასი იდეა დატრიალდა. იდეები კი, რა თქმა უნდა, მოსწავლეებს უკავშირდებოდა. საერთოდ, ბოლო დროს ხშირად შემიმჩნევია საკუთარი თავისთვის, რომ ყოველდღიური, ჩვეულებრივი ან არაჩვეულებრივი მომენტებისგან გონებაში საინტერესო აქტივობებს „ვძერწავ“. მერე კი ერთი სული მაქვს, გაკვეთილზე შევიდე და ბავშვებს დავალების პირობა ავუხსნა. ინსტრუქციის გაცემით გამოწვეული აღფრთოვანება ყოველთვის საუკეთესო შედეგებით სრულდება.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიჯექი, ვფიქრობდი და ვიხსენებდი, როგორ გვიყვარდა მე და ჩემს დას ოთახების მოწყობა. მაშინ არ ვიცოდით, რომ ამ საქმიანობას ინტერიერის დიზაინი ერქვა და საერთოდაც, პროფესიაც კი არსებობდა ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი. ნამდვილი ოთახის ჩვენი გემოვნებით მოწყობა ცოტა არ იყოს დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თანაც, შეზღუდული რესურსების გამოყენებას გულისხმობდა. ამიტომაც ჩვენს უშრეტ ფანტაზიას ნახატებად ვაქცევდით და ფურცლებზე საოცნებო ოთახებს ვქმნიდით. დარწმუნებული ვარ, ახლა ამას კითხულობთ და ბევრ თქვენგანს გეღიმებათ, გახსენდებათ თქვენი ოცნების სახლები, ფურცლებზე რომ ხატავდით და მერე მთელი სიცხადით წარმოიდგენდით იქ ცხოვრებას.

ჰოდა, სწორედ აი ამ მომენტში აინთო იდეების ნათურა და თავში ერთმა აზრმა გამიელვა: კომპლექსური დავალება ხომ არ შემექმნა, რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარებოდა, გაეაზრებინათ, რომ ხელოვნება სამყაროში ყველგან არის. ინტერიერის დიზაინით ყველა დაინტერესდებოდა. თუმცა, რატომ მხოლოდ ინტერიერის დიზაინით? ერთ დროს არქიტექტორობაზეც ხომ ვოცნებობდი? თან, საკმაოდ დიდხანს. ჰოდა, რატომაც არა? სადაც ინტერიერის დიზაინს შექმნიან ჩემი მოსწავლეები, იქნებ, ექსტერიერითაც დაინტერესებულიყვნენ? და საერთოდ, იქნებ, მთელი შენობა დაეპროექტებინათ? და მერე ეზო? – ლამაზი, მყუდრო, კომფორტული. ლანდშაფტის დიზაინიც ხომ საინტერესო და ძალიან აქტუალური თუ პოპულარული პროფესიაა, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს.

ორი დღის წინ ახალ მატრიცაზე დავიწყე  მუშაობა, „ხელოვნება ჩემ გარშემო“ ჰქვია. ისედაც ვაპირებ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებზე ვესაუბრო. ერთ გაკვეთილს არქიტექტორის, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინერების პროფესიების გაცნობას დავუთმობ. ამ პროფესიებთან დაკავშირებით მოსწავლეებს პრეზენტაციებსა და მოკლე კლიპებს ვაჩვენებ. მოსწავლეები ახალ ინფორმაციას გაეცნობიან, როგორც სახვითი ხელოვნების დარგებზე, ასევე მათთვის შესაბამის მასალასა და ტექნიკაზე. ახლა გამახსენდა, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლებიდან ერთი – ლანდშაფტის დიზაინერია, მეორე – არქიტექტორი. იქნებ, ვიდეოების ჩაწერა მეთხოვა, სადაც თავიანთ პროფესიებზე ისაუბრებენ? რა საინტერესო იქნება მშობელთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ინტერიერის დიზაინერიც მოიძებნება სადმე. მოსწავლეების აზრსაც მოვისმენ ამ სფეროების შესახებ და საერთოდაც, იქნებ, რომელიმემ მომავალი პროფესიაც იპოვოს.

პირველი გაკვეთილი ზუსტად გეგმის მიხედვით წარიმართა. მშობლებმა სიამოვნებით ჩაწერეს მოკლე ვიდეოკლიპები თავიანთი პროფესიების შესახებ. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ახალი მასალით, განსაკუთრებით კი, ჩემ მიერ მიცემული მინიშნებით, რომ შემდეგ გაკვეთილზე თავად მოუწევდათ ამ პროფესიების მორგება.

და აი, დადგა ეს დღეც. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ გაკვეთილის დაწყებას. წინასწარ შეთანხმებული ყველა რესურსი უკვე გაემზადებინათ. პირველ რიგში, წინა გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია მიმოვიხილეთ, მნიშვნელოვანი დეტალები გავიხსენეთ, შევაჯამეთ. შემდეგ კომპლექსური დავალების პირობის ახსნა დავიწყე.

მოსწავლეები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით სამ ჯგუფში გავანაწილე და ვთხოვე, თითოეული ჯგუფის წევრებს თავად გადაენაწილებინათ არქიტექტორის, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინერების პროფესიები. ამის შემდეგ, გავაცანი დავალების პირობა. მათ უნდა წარმოედგინათ, რომ მე ვიყავი დამკვეთი და მსურდა, ამეშენებინა საცხოვრებელი სახლი ლამაზი და მყუდრო ეზოთი. მოსწავლეებს აპლიკაციის ტექნიკის გამოყენებით, დიდ ფორმატებზე უნდა დაეპროექტებინათ სახლი, შემდეგ კი მოეწყოთ ინტერიერი და ეზო. პირველ რიგში, არქიტექტორებს უნდა დაეწყოთ მუშაობა, მათ სახლის დახატვა ევალებოდათ. ამის შემდეგ, ინტერიერის დიზაინერები ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილ ავეჯს შესაბამის ოთახებში განათავსებდნენ (დააწებებდნენ). ლანდშაფტის დიზაინერებს კი პლასტელინისგან ბაღის მოსაწყობად საჭირო ფიგურების რელიეფური გამოსახულებები უნდა გამოეძერწათ და ეზოსთვის განსაზღვრულ ადგილებში უნდა დაეკრათ.

მოსწავლეებმა ინტერესით აიტაცეს იდეა და სწრაფადვე შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები. გამომდინარე იქიდან, რომ აქტივობა საკმაოდ შრომატევადი იყო, ორი გაკვეთილის დათმობა მოგვიხდა. საბოლოოდ კი, მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი ნამუშევრები შექმნეს. განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი თავად სამუშაო პროცესი იყო, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს გუნდურად მუშაობის, სხვისი აზრის პატივისცემისა და საკუთარი მოსაზრების რეალიზებისათვის საჭირო უნარების წარმოჩენა. ასევე, გაიაზრეს, რომ ჩვენ გარშემო ყველგან შეიძლება ხელოვნების აღმოჩენა. გაეცნენ არქიტექტურის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგისთვის გამოყენებულ მრავალფეროვან მასალებს და აპლიკაციის ტექნიკით, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით თავად შექმნეს ნამუშევრები.

აქტივობის ბოლოს მოვაწყვეთ პრეზენტაცია, რომელზეც თითოეული ჯგუფის წევრებმა თავიანთი ნამუშევარი წარადგინეს.

უკვე დღის ბოლოა. ვზივარ თითქმის ცარიელ ოთახში. ეს-ესაა თვითრეფლექსია დავასრულე და შესრულებული დავალებების საქაღალდეში გადავიტანე კომპლექსური დავალების ბარათი, რომელსაც აქვე, დანართის სახით ჩავსვამ. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი კედლებზე გამოფენილ ნამუშევრებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს გაეაზრებინათ, რომ ხელოვნება სამყაროში ყველგან არის. შემდეგ კი მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით, აპლიკაციის ტექნიკით შექმნეს ხელოვნების ერთ-ერთი დარგის არქიტექტურის ნიმუში.

საბოლოოდ ჩვენი სამუშაო შევაჯამე, კმაყოფილმა დავტოვე საკლასო ოთახი და გონებაში ჩემი მოსწავლეებისთვის ახალი თავგადასავლების დაგეგმვა დავიწყე.

  ხმარებით გაცრეცილი სიტყვები

0

დიდთონეთში, სასაფლაოს გორაზე, საყდრის გვერდით ქვის კედლები დგას და თონესავით ჩავარდნილ სოფელს ზევიდან დაჰყურებს. აქ ადრე სკოლა იყო, ორსართულიანი, ხის აივნითა და რიკულებით.

გული ჯერ არ ჰქონდა ტკენისგან გახეთქილი და თავის უპირველეს მოწოდებად მასწავლებლობა მიაჩნდა. თან ოჯახი ჰყავდა სარჩენი და მზად იყო, ამის გამო ნებისმიერ ადგილას ემუშავა. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ვაჟა თონეთში მიავლინა. სასიხარულო წერილი ვაჟამ ჩარგალში მიიღო და იმავე თვის თექვსმეტში თონეთში ამოვიდა. მოხსენებაც გაუგზავნა უკან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ოცამდე მოსწავლე დახვდა, რომ მოსწავლეები სწავლას არიან მოწყურებული და ითხოვდა, „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სწავლისთვის საჭირო სხვა ნივთებიც გამოეგზავნათ. ბევრი ბავშვი არ დადიოდა სკოლაში, მათ მშობლებს ერჩიათ, შვილებს ხელობა და ვაჭრობა ესწავლათ და ამით ერჩინათ თავი. ვაჟას ძალისძალად მოჰყავდა ბავშვები სკოლაში, ხან დაყვავებით ხან ჯარიმის მუქარით.

ჩემი დიდი პეპერა გლახო ძმებიდან ყველაზე ცოცხალი და მატაოცი იყო. უნდოდა სწავლა და მამამისი უშლიდა, ცხვარში იარეო, ბევრი ცხვარი ჰყავდათ, ოთხმა ძმამ ჯოხის გადაგდებით გაყვეს, მთლიანი ფარა, კომუნისტების მოსვლამდე. გლახო ისევ ვაჟას მიუყვანია სკოლაში, ჯარიმით დამუქრებია მამამისს. გლახო კარგად ისწავლის, შემდეგ კი კომუნისტები დახვრეტენ, სოფლის ბოლოში ხევის პირზე. თავის კალოზე ძნები წვიმაში განგებ დატოვა და დაალპო, ჩვენთვის რომ არ ჩაებარებინაო. მართლა ასე ქნა, ჭირივით სძულდა კომუნისტები, მისი წილკერძი ორასი სული დედა ცხვრიდან, ხუთიღა დაუტოვეს.

ვაჟას ერთი დარდიც ჰქონდა, თონეთელმა მედუქნე მუჯირიშვილებმა აშენეს ეს სკოლა საქარულზე. ქვით ნაშენი შენობა ნახევრად ფარღაღალა იყო და შიშობდა ბავშვები დამიცივდებიანო. ჩვენდა სამარცვხვინოდ არც თონეთელები აწვდიდნენ ზამთრის საკმარ შეშას. არადა, ევალათ ეს საქმე..

ვაჟა კი მთელი გულით აკეთებდა საქმეს, ბავშვები ბუნების წიაღში გაჰყავდა და უკითხავდა ხალხურსა და თავის ლექსებს. მეორე წელს ერთიორად იმატა ბავშვების რიცხვმა. დაინახა ხალხმა ეს უცხო მხრიდან მოსული მასწავლებელი მათი  გულის დამწველი რომ იყო და გულში ჩაისვეს.

სოფლის ბობოლებმა – მამასახლისმა და მღვდელმა მოიძულეს. ეს ორი ხარბი და თვალვიწრო რუსი მეფის მორჩილების მქადაგებლები იყვნენ, თან ერთმანეთის სიძე-ცოლისძმანი და მხარდამხარ ყვლეფდნენ ხალხს. წმინდა გიორგის საყდარი სკოლის მომიჯნავე გორაზე იყო. ხედავდა მღვდლის ავკაცობას მუდამდღე. ერთხელაც თავის საყვარელ მოსწავლეს, გლახო ბადალაშვილს ეტყვის:

  • ღმერთი იმას კი არ ამბობს, რასაც ეს მღვდელი ბურტყუნებს, იმას ამბობს, არავინ დაჩაგროთ და პირიდან ლუკმა არავის გამოაცალოთო.

ითმენდა ვაჟა, მღვდლის შვილი იყო თვითონაც და მღვდელს მამასახლისივით საყდრის გორიდან არ აგორებდა წიხლისკვრით. ერთხელაც, როცა მღვდელმა მანველიძეების ქვრივის ბიჭს კიდევ ერთი ხახალი კვერცხი მოსთხოვა მკვდრის გაპატიოსნებისთვის, ადგა და საყდრის ქვის გალავანზე სანიშნი გააკეთა და თოფის სროლა დაუწყო.

მამასახლისი კი, ძალაუფლებით წელმოდგმული სცემდა და ჰყვლეფდა ხალხს. ვინც მეტს ჩაუდებდა ჯიბეში იმას მიჰკერძავდა კარგ მიწას, ვისაც მისი მოქრთამვის საშუალება არ ჰქონდა, რჩებოდა უწიაღო თიხნარი.

მამასახლისის შვილიც ვაჟასთან დადიოდა სკოლაში. ერთხელაც თავისი სკოლელს წამოერტყა და მამასასხლისიც მოუვარდა და ცემა დაუწყო შვილის გამლახველს. პირველად მაშინ დააგორა ვაჟამ სოფლის თავი სკოლის გორიდან. მეორედ კი მოსწავლეების მშობლების ცემის გამო დაამჟავა ვაჟამ, თანაც მიაძახა, სადაც გინდა, იქ მიჩივლეო. მამასახლისი მართალი არ იყო და გაუჩუმდა, თავის დროს დაელოდა.

თონეთი სოფელ ორბეთსა და მანგლისს შუაა. მაშინ ორბეთს ჯერ კიდევ „პრიუტი“ ერქვა, რუსები ცხოვრობდნენ. აი მანგლისი კი ბევრად მრავალეროვანი და ჭრელი იყო. იქვე იდგა რუსის დიდი ჯარიც. თბილისიდან მანგლისში მომავლები თონეთში დუქანში ისვენებდნენ და აგრძელებდნენ გზას. მუჯირიშიშვილების დუქანი ზედ გზისა და მდინარის პირას იდგა. იმ გაზაფხულით „პრიუტიდან“ წამოსულ რუს სალდათებს თონეთში მოუნდათ დასვენება და ქეიფი. ქეიფში თონეთის მამასახლისი და ბოქაულიც მიიპატიჟეს. როცა შეზარხოშდნენ, ვირეშმაკა მამასახლისმა რუს აფიცერს სოფლის მასწავლებელიც დააპატიჟებინა. ზუსტად არავინ იცის, რა თქვა ასეთი რუსის აფიცერმა, ნათქვამს კი ის მოჰყვა, რომ ვაჟამ სამივე აპრილის ცივ მდინარეში გადაყარა და ვითომდა გამზავებელი მამასახლისიც ზედ მიაყოლა.

რუსის აფიცერმა ვერავისთან თქვა, როგორ აბანავა მდინარეში მეფის სამი ჯარისკაცი ერთმა ჩამოკონკილმა სოფლის „უჩიტელმა“. ამბის მიტანაზე კი იქ, სადაც საჭირო იყო, სოფლის მღვდელმა  იზრუნა.

ეს ამბები ძველების მონაყოლით ვიცი. არადა, მართლა ჰგავს სიმართლეს. მაშინ იმ დროს მეფის ჯარისკაცის ცემას ვინმე მასწავლებელს არავინ აპატიებდა. ძველები იმასაც ამბობდნენ, რომ მამასახლისი დღეობებზე იმუქრებოდა, რომ „მთიდან მოთრეულ“ მასწავლებელს მოკლავდა. მუქარის ამბავიც სკოლის მზრუნველს, მემამულე ყავრიშვილს ჩაუტანია ილიასთვის. ვინ და ილიამ ნამდვილად იცოდა ვაჟას ფასი და ისიც იცოდა, რამდენი დაგვაკლდებოდა, ის რომ თონეთში მოეკლა ვინმეს. ვაჟა წავიდა, თონეთელები კი უკან გამოეტირნენ, მის მოსვლამდე თუ წერა-კითხვა არავინ იცოდა, ახლა ოთხმოცამდე ბავშვი და მშობელი აწერდა თხოვნის ფურცელს ხელს, რომ უკან დაებრუნებინათ.

ვაჟა წავიდა, უფრო მართლად რომ ვთქვა, გააგდეს, ჩემნაირების გამოსარჩლების გამო.

 

კომუნისტები მოვიდნენ, სკოლის აივნები ამოაშენეს და კულტურის სახლად აქციეს. კლუბში ინდურ ფილმებს უშვებდნენ აქაურებისთვის. ქვეყანა რომ აირია, თონეთელებმა ჯერ სკამები დაიპარეს, შემდეგ კოჭები და კრამიტი მიაყოლეს. რაც გადარჩათ, იმაშიც ცხვარი შერეკეს და საზაფხულო ფარეხად აქციეს. ერთხელაც ბაკად ქცეულ სკოლაში მგელი გადახტა და რამდენიმე ცხვარი გაფატრა. თონეთელებმა ამბობდნენ, რომ ეს მგელი მეცხვარეს გაბრაზებულმა ვაჟა-ფშაველამ გამოუგზავნა საიქიოდან. ის, რომ დიდი ადამიანების ფასი არგაცვეთილი სიტყვებია უკვე, უფრო სწორად ხმარებაში გაცრეცილი სიტყვები.

იქნებ სჯობდა, რომ ვაჟას მოეთმინა, ჩაეყლაპა?! ოჯახს არ მოაშიებდა და უფრო მეტ გლახოსნაირს გაზრდიდა. მაგრამ, როცა მისი სკოლის ნანგრევს გახედავ, ხვდები თავჩახრილები ვერასდროს ვერაფერს ცვლიან და უნდა იბრძოლო, სამყარო უკეთესი საცხოვრებელი რომ გახდეს.

მინდოდა, ეს ამბავი ისე მომეყოლა, როგორადაც პატარაობისას მოხუცი თონეთელები მიყვებოდნენ. მაპატიოს ყველასი და უპირველესად ვაჟას ნათელმა სულმა, თუ ყველაფერი ისე არაა, როგორადაც სინამდვილეში იყო.

 

 

ეკოაქტივიზმი და ეკოშფოთვა მოზარდებში

0

მოზარდების ეკოაქტივიზმი სოციალური ფენომენია. ზოგიერთი სპეციალისტი მას გრეტა ტუნბერგის სინდრომადაც იხსენიებს.

გრეტა ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ეკოლოგიური პრობლემებით და ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად პლანეტის გადარჩენა დაისახა. ის უარს ამბობდა ცხოველური წარმოშობის საკვებზე, არ დაფრინავდა თვითმფრინავებით, არ ყიდულობდა ახალ ნივთებს, ვიდრე ძველი არ გაუცვდებოდა… დღეს გრეტას ათასობით მიმდევარი ჰყავს. თუმცა, სპეციალისტების გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ რადიკალური ეკოაქტივიზმი საფრთხილოა მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რადგან ის, გამონაკლის შემთხვევებში, სპეციფიკურ შიშს – ეკოშფოთვას იწვევს.

შიშები ასაკობრივია და მას მრავალნაირი გამოვლინება აქვს. თუმცა, მათი უმეტესობა ადამიანის ქცევაზე დიდად არ აისახება. მაგრამ არსებობს „დაღიანი“ შიშიც, რომლისგანაც თავის დახსნა ძნელია და ის სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს.

ასეთია ეკოკატასტროფებთან დაკავშირებული შიში – ის მოზარდის წარმოდგენაში მკაფიო სურათებს ხატავს და აიძულებს მას, წარმოიდგინოს გამოუსწორებელი ტრაგედია – დიდთოვლობით დანგრეული სახლი, გვალვით დაზარალებული ცხოველი, წყალდიდობით გარდაცვლილი ახლობელი, რაც მისთვის, საბოლოოდ, სამყაროს აღსასრულთან ასოცირდება.

ასეთ შიშს აძლიერებს საინფორმაციო ნაკადი. თითქმის ყოველდღიურად მოზარდებს ახალი ამბების მოსმენა უწევთ: გამანადგურებელ ავსტრალიულ ხანძრებზე, იაპონურ ცუნამსა ან ამერიკულ ქარიშხალზე. თუმცა, ამ ყველაფრის მსმენელ-მაყურებელი თუ ეკოგანათლებული და ცოდნით შეიარაღებულია, შიშს იოლად ძლევს და უმწეობის განცდა არ იპყრობს.

ტერმინი „ეკოშფოთვა“ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ პირველად 2017 წელს გამოიყენა და აღწერა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფის ქრონიკული შიში. ეკოშფოთვა სულ უფრო ხშირად იკიდებს ფეხს ეკოაქტივისტ მოზარდებში, რასაც აშშ-სა და ევროპაში უამრავი ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი მოწმობს. ასეთ ჯგუფებში იკვლევენ შფოთვის მიზეზებს, ბენეფიციარები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. მათ ეხმარებიან ფსიქოლოგებიც.

2019 წელს გრეტა ტუნბერგმა გაეროს სამიტზე მსოფლიოს პოლიტიკოსებს მიმართა სიტყვით – „როგორ ბედავ?“. ის ახლაც მონაწილეობს კონფერენციებში. თავის გამოსვლებში პოლიტიკოსებს ბავშვებივით მიმართავს, კიცხავს კიდეც იმისათვის, რომ მის თაობას სიზმრები მოჰპარეს და რომ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ. მას მიაჩნია, რომ გლობალური დათბობის პრობლემა და ეკოლოგიური კრიზისი ეგზისტენციალური საფრთხეა. გრეტას მთავარი მოთხოვნაა პარიზის 2015 წლის შეთანხმებების განხორციელება, რომლის მიზანია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება. მკაცრი განცხადებებით გრეტა კლიმატის ცვლილების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ცდილობს. ის ნამდვილი გარემოსდამცველია. მოზარდებისთვის კი – ნამდვილი კერპი.

გრეტას ეკოშემართება უამრავ მოზარდს ყოფას იუოლიებს.

გრეტას ცნობადობის ისტორიაც მაშინ დაიწყო, როდესაც სკოლიდან შვედეთის პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა და დედამიწის გადასარჩენი მოწოდებებით პლაკატები ააფრიალა. ერთ-ერთმა გამვლელმა ჰკითხა გრეტას, რატომ იყო პარლამენტთან და არა გაკვეთილებზე, მოზარდმა უპასუხა: „რაში მჭირდება განათლება, თუ მომავალი არ მექნება?“

პლანეტის გადამრჩენელ გოგონაზე ინფორმაციამ ათასობით მოსწავლეს უბიძგა, პარასკევობით მიეტოვებინა სკოლა და გაფიცულიყო. ახლა მოძრაობა Fridays for future 14 მლნ მხარდამჭერი ჰყავს. ასევე, გაჩნდა ახალი სოციალური ფენომენი – მოზარდთა ეკოაქტივიზმი. მთელი მსოფლიოს მოზარდები თანხმდებიან სოციალურ ქსელებში, რომ დანიშნულ დღეს და საათს, პლაკატებით ხელში თავიანთი ქალაქების მოედნებზე შეიკრიბებიან და ხმამაღლა ისაუბრებენ არასწორად მცხოვრებ უფროსებზე, რომლებიც ანადგურებენ პლანეტას, არ ფიქრობენ კატასტროფებზე, ბავშვების მომავალსა და მათ დამახინჯებულ აწმყოზე.

დედამიწისთვის ბრძოლა ახლა უფრო მეტია, ვიდრე მოზარდული პროტესტი. ეკოაქტივისტების აზრით, ბუნების დაცვა უტოლდება ადამიანის უფლებების დაცვას სუფთა ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და უსაფრთხო მომავლისთვის.

გრეტას დამსახურებით ეკოპრობლემების აქტუალობამ ეკოლოგიისთვის ბრძოლა უფრო ტრენდული გახადა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მას საქმიანად მიუდგა – ნარჩენების შეგროვების ორგანიზებით, პეტიციების გავრცელებით, ტექნიკური ინოვაციების შემუშავებით გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ახალგაზრდა ეკოაქტივისტების საქმიანობის გაშუქებას დრო დაუთმო არაერთმა სოლიდურმა მედიასშუალებამ, ისეთმა, როგორიცაა The Guardian. ის ახლაც იღებს სამეცნიერო გრანტებს ამ საკითხების გასაშუქებლად, რაც მოიცავს პრეზიდენტებთან შეხვედრებს, ეკოგანათლების ხელშეწყობას. 2019 წელს Time-ის ვერსიით, გრეტა წლის ადამიანად დასახელდა.

რაც შეეხება ეკოშფოთვით აშლილობას, რომელიც დაავადებად ჯერ არ უღიარებიათ და მხოლოდ შფოთვითი ნევროზის ტიპად მიიჩნევა, გრეტას პირადი პრობლემაც იყო. როგორც აღვნიშნეთ, ეკოშფოთვისკენ მიდრეკილია ის, ვისაც ძალიან აწუხებს ეკოლოგიური კრიზისი და გარემოს მდგომარეობა. წუხილი აჩენს პანიკურ შეტევებს, აქვეითებს მადას, აჩენს აკვიატებულ აზრებსა და უძილობას. ეკოშფოთვა შეიძლება ვარირებდეს პანიკურ შეტევასა და მწვავე ფობიას შორის.

რა გასაკვირია, რომ იმ ზღვა ინფორმაციაში, რომლებიც გვამცნობს, როგორ მიექანება ჩვენი პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფისკენ, თავს დათრგუნულად და შეუძლოდ ვგრძნობთ? რა გასაკვირია, რომ უამრავი ადამიანი კარგავს რაღაცის კეთების მოტივაციას? რომ ყველა პრობლემა უმნიშვნელო და ფერმკრთალია ეკოპრობლემებთან შედარებით? რისთვის უნდა ვახარისხოთ ნარჩენები, თუკი სამყარო მაინც განწირულია?..

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აშშ-ში ეკოშფოთვის კვლევის დროს დაადგინეს, რომ ამერიკელების 70% კლიმატის ცვლილებით „შეშფოთებულია“, 29% – „ძალიან შეშფოთებული“, ხოლო 51% თავს „აბსოლუტურად უმწეოდ“ გრძნობს.

ეკოლოგიური პრობლემები ევროპელებსაც აწუხებთ. ბრიტანელების თითქმის 70 პროცენტს ეშინია არ დარჩეს სუფთა სასმელი წყლის გარეშე და ელოდება, რომ მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს გლობალური დათბობის პრობლემის მოსაგვარებლად. საფრანგეთში კი ეს პრობლემა მოსახლეობის 85%-ს ადარდებს.

შვედეთში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მთელ ერს აქამდე უცნობი დარღვევა – ფლიგსკამი (Fligskam) განუვითარდა. ფლიგსკამი არის სირცხვილისა და დანაშაულის მწვავე განცდა თვითმფრინავით სარგებლობისას, რადგან ის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით CO2-ს აფრქვევს, რის გამოც პატიოსანი შვედები სინდისის ქენჯნით იტანჯებიან.

ამიტომ სუფთა გარემოს მხარდასაჭერად მათ გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ საჰაერო მიმოსვლაზე და ახლა, უმეტესად, მატარებლით მგზავრობენ, თან ცდილობენ, რომ თვითმფრინავები ბიოსაწვავზე გადაიყვანონ. შვედები ბუნების წინაშე თავს იმდენად დამნაშავედ გრძნობენ, რომ მოდის კვირეულები გააუქმეს. მათი აზრით, სამოსის კერვა და პოდიუმშოუები ჭარბი წარმოების ხელშემწყობია, რაც რესურსების ფლანგვასა და გარემოს დაბინძურებას განაპირობებს.

დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წუხს გარემოს მდგომარეობაზე. ცნობილია, რომ კლიმატის მკვეთრი ცვლილება და სითბური ტალღები აუარესებენ ჯანმრთელობას, იწვევენ სტრესს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არანორმალური სითბო ტვინზე ცუდად მოქმედებს, აზიანებს ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც ემოციების მოწესრიგებაზე აგებენ პასუხს.

ზედმეტი სიცხე ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას, რამაც შეიძლება აგრესიის, ძალადობის ზრდა გამოიწვიოს. ექსტრემალური კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით საზიანოა PTSD და დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის.

ბევრი მოზარდისთვის აქტიური მოქმედება შფოთვასთან გამკლავების ტოლფასია. ამიტომ ხშირად „შფოთიანი“ ადამიანები აქტივისტები ხდებიან.

როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვისთვისაც ეკოლოგიური კატასტროფები სამყაროს დასასრულთან ასოცირდება? ფსიქოლოგთა რჩევით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ საკუთარი შფოთვის მიზეზები. შფოთვასთან გამკლავების ეფექტიანი გზაა ნეგატიური აზროვნების კონსტრუქციულით ჩანაცვლება.

განუმარტეთ მოზარდს, არ ჩავარდეს პანიკაში იმის გამო, რომ ის ვერ გადაარჩენს ყველა მყინვარს დნობისგან, ვერ დაიცავს გადაშენების პირას მყოფ ყველა ცხოველს. ამის ნაცვლად ურჩიეთ, იზრუნოს ეკოლოგიაზე, ოღონდ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. მშვიდი და გონივრული მოქმედება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია ეკოშფოთვის დასაძლევად. თუ მოზარდი ეკოაქტივიზმში აქტიურად ჩაერთო, მოუსმინეთ, რისი თქმა სურს ამით. დაე, გაგიზიაროთ. კარგი იქნება, თუ მას გარემოს შესახებ სასარგებლო და საინტერესო რესურსით მოამარაგებთ – წიგნებით, ფილმებით, ვებსაიტებით. შეგიძლიათ ერთად იზრუნოთ ნარჩენების დახარისხებაზე, თქვათ უარი ერთჯერად ჭურჭელზე. კარგი იქნება, თუ მოზარდი თავად იმოქმედებს და შეცვლის თავის ცხოვრებას. მაშინ მისი პროტესტი გარემოსთვის პოზიტიურად შეიცვლება.

როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიამ გრეტა ტუნბერგის ოცნება რეალობად აქცია: ჩვენ უკვე ნაკლებად დავფრინავთ თვითმფრინავებით, ვზოგავთ ფინანსებს, თავს ვიკავებთ ზედმეტი საყიდლებისგან. თუ გსურთ, რომ მოზარდებმა ამის შესახებ უფრო მეტი იცოდნენ, აყურებინეთ ფილმი „მე გრეტა ვარ“ აქ: https://bit.ly/2PBNquy.

შეუძლებელია იმის თქმა, დღევანდელი ეკოაქტივისტი მოზარდები ზრდასრულობაშიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თუ არა გარემოსდაცვით საკითხებს, მაგრამ იმედია, ისინი დარჩებიან ადამიანებად, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში იმოქმედებენ ბუნების სასარგებლოდ, სასურველია ეკოშფოთვის გარეშე.

 

ჰიბრიდული სწავლება

0

როცა  დადგა ჩვენი სკოლების მოსწავლისთვის სანატრელი დრო,  სკოლასთან  საკმაოდ ხანგრძლივი განშორების შემდეგ, მათი ჩვეულ სასწავლო გარემოში დაბრუნების და სასწავლო პროცესის სასკოლო გარემოში გაგრძელების,  მოზარდებისთვის იმდენად დამღლელი და მოსაბეზრებელი აღმოჩნდა ერთწლიანი ონლაინსწავლება, რომ მათ სიხარული და აღფრთოვანება არ დაუმალავთ.

 

როგორც ბევრი მშობელი აღნიშნავს, თუ ადრე ერთგვარი დაძალება უწევდათ, რომ ბავშვი დილით დროულად ამდგარიყო და წასულიყო სკოლაში, ახლა პირიქით – მოზარდები დაჟინებით მოითხოვენ, რომ სახლში არ დატოვონ და გაუშვან სკოლაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას, თანატოლებთან და პადაგოგებთან სასკოლო გარემოში ურთიერთობას მონატრებული ბავშვები ჩვეულ გარემოში დაბრუნების ასეთ დიდ სურვილს გამოხატავენ, მშობლების გარკვეული ნაწილი ბავშვის „უსაფრთხოების“ ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ამბობს შვილის სკოლაში გაშვებაზე და ითხოვს, რომ ბავშვმა კვლავ ონლაინ რეჟიმში გააგრძელოს სწავლა.

 

ვფიქრობ, მშობლების ასეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება პირისპირ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით არავისთვის უნდა იყოს უცხო და მოულოდნელი. ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში მშობელთა ერთი ნაწილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ გარკვეული წესების დაცვის და ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გარანტიით მომხდარიყო მოსწავლეთა სკოლაში დაბრენება და პირისპირ სწავლების რეჟიმზე გადასვლა. თუმცა მშობელთა მეორე ნაწილი ადრეც დიდ სიფრთხილეს იჩენდა და ახლაც თვლის, რომ თუ შვილის ჯანმრთელობას ოდნავი საფრთხე მაინც დაემუქრება, ურჩევნია მის სწავლა-განათლებას მოაკლოს რაიმე, ვიდრე გარკვეულ რისკზე წავიდეს და შვილი სკოლაში გაუშვას. ასეთ მშობლებს ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების შეცვლა მაშინაც კი, როცა რწმუნდებიან, რომ სკოლაში ბევრი რამ გაკეთდა და შეძლებისდაგვარად უსაფრთხო გარემო შეუქმნეს ბავშვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არსებობდა  მოლოდინი იმისა, რომ  სკოლების გახსნის შემდეგ მშობელთა ერთი ნაწილი არ მოისურვებდა შვილის სკოლაში გამოშვებას. სწორედ ამიტომ შემუშავდა  სწავლების ჰიბრიდული მოდელი, როგორც პირისპირ სწავლებისა და ელექტრონული სწავლების კომბინაცია. სკოლები იყენებენ ჰიბრიდული სწავლების სხვადასხვა ვარიანტებს გამომდინარე კლასებში ბავშვების რაოდენობიდან და ასევე სკოლების ტექნიკური აღჭურვილობიდან.

 

სამწუხაროდ, დღეს ყველა სფეროში და მათ შორის განათლების სისტემაშიც ადამიანები ვიმყოფებით რეალობაში, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისაგან, რაც ერთი წლის წინ გვქონდა. მართალია ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ, მაგრამ ის სასწავლო გარემო, რომელიც მათ აქ დახვდათ, ნამდვილად არ არის ისეთი, რაც ერთი წლის წინ დატოვეს. დღეს მათ უწევთ ბევრი ისეთი წესის დაცვა, რომელზეც ადრე საერთოდ არ უფიქრიათ. ახალი გარემო, როგორც წესი, გარკვეულ დროს და ძალისხმევას საჭიროებს ადაპტირებისათვის, რაც ბუნებრივია თავის კვალს დაამჩნევს სასწავლო პროცესს.

 

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ის ბავშვები, რომლებიც სკოლების პირისპირ სწავლების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, მშობლების მოთხოვნის გამო ჯერჯერობით ისევ დისტანციურად აგრძელებენ სწავლას და რომლებიც უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში არიან. რასაკვირველია, არც მათთვის დარჩა სასწავლო გარემო ისეთივე, როგორიც თუნდაც რამდენიმე კვირის წინ იყო და მათაც სჭირდებათ ამ ახალ გარემოსთან შეგუება. სულ ცოტა ხნის წინ, დისტანციური სწავლების დროს  ისინი მთელ კლასთან ერთად ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში, ყველა ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს თითოეულ მათგანს უადვილებდა იმ სირთულეების გადალახვას, რაც ბუნებრივად ახლავს  ონლაინსწავლებას. ახლა კი, სახლში დარჩენილი და უმცირესობაში მყოფი ბავშვები, თუ ჰიბრიდულ გაკვეთილს ესწრებიან, ეკრანიდან ადევნებენ თვალს საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესს, ერთმანეთთან შეხვედრით და ერთად ყოფნით გახალისებულ, გალაღებულ, მხიარულ თანაკლასელებს და ბევრად უფრო დიდ დისკომფორტს განიცდიან, ვიდრე მაშინ, როდესაც მთელი კლასი ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ერთად ერთვებოდა ონლაინ სწავლებაში. ასეთი ბავშვები ვერც მაშინ გრძნობენ თავს კომფორტულად, როცა ონლაინ გაკვეთილები ცალკე, თანაკლასელებისაგან განცალკევებულად უტარდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში მეგობრებს სრულიად მოწყვეტილები არიან, რაც მათ სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის ის ბავშვები, რომლებიც ონლაინრეჟიმში აგრძელებენ სწავლას, ბევრად უფრო საჭიროებენ დახმარებას, ვიდრე ისინი, ვინც სკოლაში დაბრუნდნენ, მითუმეტეს, რომ როგორც მშობლებთან საუბრების პროცესში გამოვლინდა, სახლში დარჩენილ ბავშვებს სკოლაში დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ემორჩილებიან მშობლების ნებას, რომელთაც აშინებთ პანდემიის პირობებში ბავშვის სკოლაში გაშვება. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მშობლების ასეთმა შიშმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ბავშვის ემოციურ ცხოვრებაზე, მის ფსიქიკაზე და სრულიად გაუთვალისწინებელი პრობლემების აღმოცენების მიზეზიც გახდეს. ამდენად, კარგი იქნება, თუ უფრო მეტად დავფიქრდებით ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორესა და ეფექტიანობაზე.

 

უნდა ითქვას, რომ ჰიბრიდულმა სწავლებამ პედაგოგებიც სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა. ჰიბრიდულ გაკვეთილი, სადაც პედაგოგმა არც საკლასო ოთახში მყოფ ბავშვებს უნდა მოაკლოს ყურადღება, მართოს მათი სასწავლო საქმიანობა და არც საგაკვეთილო პროცესში ონლაინ რეჟიმით ჩართული მოსწავლეები დარჩეს უყურადღებოდ, საოცრად დიდი ფიზიკური და ფსიქიკური ენერგიის ხარჯვას მოითხოვს მასწავლებლისგან. საკლასო ოთახში გაკვეთილების ჩატარების შემდეგ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილთან ონლაინ გაკვეთილების ჩატარება  არანაკლებ დიდი დატვირთვაა პედაგოგისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეთი რეჟიმით მუშაობა დიდი ალბათობით გამოიწვევს მასწავლებლის პროფესიულ გადაწვას, გამოფიტვას, რაც ბუნებრივია სასწავლო პროცესის ხარისხზე აუცილებლად აისახება. ამდენად, ჰიბრიდული სწავლების გაგრძელების საჭიროების შემთხვევაში  კარგი იქნება, თუ ერთი და იმავე პედაგოგს არ მოუწევს პირისპირ სწავლების პარალელურად ონლაინ გაკვეთილების ჩატარება და მასწავლებლებს შორის მოხდება შრომის ერთგვარი გადანაწილება, რაც დადებით ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე. ამასთან, ასეთი მიდგომით პედაგოგის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად იქნება დაცული.

 

 

მხატვრული ლიტერატურა და ტკივილის გაზიარება

0

მხატვრული ტექსტის ფილოსოფიური, ესთეტიკური, დიდაქტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ლიტერატურის დახასიათებისას ბევრ ასპექტს ექცევა ყურადღება. ლიტერატურა არის ხიდი წარსულსა დ მომავალს შორის, ლიტერატურა არის გემი, რომელიც ცოდნის ზღვაში ცურავს.

ამასთან, ლიტერატურა არის ტკივილების გაზიარება.

ფრანც კაფკა ამბობდა: „ჩვენ გვჭირდება წიგნები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებენ, როგორც უბედურება, რაც ძალიან გვტკივა, ისევე, როგორც ჩვენთვის საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, როგორც თითქოს ტყეში დავრჩით ყველასგან შორს.  წიგნი უნდა იყოს ჩვენთვის ნაჯახი გაყინულ ზღვაში“. (ფრანც კაფკა, „წერილები ოსკარ პალაკს“).

ლიტერატურა არის ცხოვრება: ტკბილ-მწარე. ტკივილით გადმოცემული საქმე და ამბავი, ადამიანის ხასიათის რომელიმე მუქი და ბნელი მხარის ჩვენებით, საზოგადოების, ხალხის, სოციუმის ყველაზე ბრმა და  მიჩუმებული უარყოფითი ასპექტების გამოხატვით, რომელმაც მკითხველი უნდა შეძრას. აქ აუცილებლად გაგვახსენდება ილია ჭავჭავაძის „პოეტი“ – „არა მარტო ტკბილ ხმათათვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა“.

ლიტერატურა ზოგჯერ არის მხატვრული შურისძიება: ყველაზე მძიმე და მტკივნეული შურისძიება. მტკივნეული ილუსტრაცია, ან ნიმუში და მაგალითი, როცა სულიერად შიშვლდება ადამიანის, საზოგადოების, ნაკლი და ზადი, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები იყოს.

ლიტერატურა არის შეურიგებლობა, შეუგუებლობა და პროტესტი.

სწორედ შეურიგებლობა, პროტესტი და შურისძიება იკითხება მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“. კითხულობ ტექსტს, მიჰყვები ავტორს და გრჩება მხეცად ქცეული ადამიანის, დიქტატორის, საზარელი სახე. თუ სიმბოლურად გავიაზრებთ, თეიმურაზის დეგრადაცია, ჯაყოს აღმასვლა და მარგოს ღალატი – ეს ყველაფერი იმდენად საზარელია, რომ ტკივილით სავსე განცდა არ ტოვებს მკითხველს.

ლიტერატურა არის ტკივილის რეპრეზენტაცია, რაც მხატვრული ნაწარმოების დიდაქტიკური თვისებიდან მომდინარეობს. მკითხველმა, აქამდე მშვიდად მთვლემარემ, მოდუნებულმა, მინებებულმა ყოველდღიურ ორომტრიალს, საკუთარ ბუნაგში შეყუჟულმა, უნდა იგრძნოს ტკივილი, დაინახოს და განიცადოს ის, რასაც საკუთარი თვალით ვერ ამჩნევდა, ვერ ხედავდა და რასაც ვერ განიცდიდა. სწორედ ასეთი ტექსტია ილია ჭავჭავაძის შესანიშნავ მოთხრობა, „სარჩობელაზედ“. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ტექსტი არ არის საპროგრამო ნაწარმოები და მოსწავლეებმა ნაკლებად იციან. მეორე მხრივ, ისიც მართალია, რომ ილიას მრავალი ტექსტია შეტანილი პროგრამაში და რთულია ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოების სკოლაში სწავლება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ფილოსოფიური ნიადაგი, ეგზისტენციის პრობლემა, რაც ამ თხზულებაშია, აუცილებლად იმსახურებს მეტ ყურადღებას. ინდივიდის რთული, ბედისწერით განპირობებული ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება. ადამიანების სისასტიკე და გულგრილობა ერთმანეთს ეჯაჭვება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა  არ არსებობს.  პეტრეს ცხოვრებისეულ რუტინაში გაუვლია წუთისოფელი. ბევრი რამ უნახავს და განუცდია, თუმცა ვერ და არ გრძნობს ტრაგედიას, რომელიც მის თვალწინ ხდება. რეალობა თეატრალური წარმოდგენა ჰგონია, „თამაშა“. შემდეგ კი, როდესაც ყველაფერი გაირკვევა, კითხულობს, „მე რა შუაში ვარო“. სიუჟეტის მძაფრი და მოულოდნელი განვითარება, ტრაგიზმი და პერსონაჟების გამოუცნობი ქმედებები დიდ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე. ეს არის ლიტერატურის დიდაქტიკა, რომელმაც მკითხველში შეხედულებათა და ღირებულებათა გადაფასება უნდა გამოიწვიოს.

თანამედროვე პერუელ მწერალს, მარიოს ვარგას ლიოსას 2010 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“.   ლიტერატურის ბუნება, მკვეთრად და დრამატულად ასახოს, ლიოსას „ვაცის ნადიმში“ კიდევ უფრო ძლიერად ვლინდება. დრამატიზმი და ტრაგიზმი ერთიანდება და სიმკვეთრე შეუძლებელ, აუტანელ ტკივილს ასახავს, სასტიკ ბოროტებას, როგორც შურისძიებას კაცობრიობაზე, რომელმაც ეს ბოროტება თავის წიაღში შექმნა.

ლიოსას შემოქმედება, როგორც დაუვიწყარი განცდების სამყარო, მეტაფორულად აქვს შეფასებული გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.

“– თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?
– ა-არა, ხომ… – ამბობს ხელმძღვანელი, მშვიდდება, – არა, ტყუილი რა საჭიროა… ნაწარმოებია ასეთი?
– ჰე! არის და… და არც ლიოსა? მარიო ვარგასი…
– ეეე… არა,
– და კორტასარი?
– მმუ… არა.
და უცებ კაცი ღონივრად ართმევს ხელს:
– მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი…
– რატომ?! – უკვირს ხელმძღვანელს.
– რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით…
– რა სიამოვნებაა?
კაცი კი ამბობს:
– პირველად წაკითხვის”.

მარიოს ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ არის დიდი წიგნი, დიდი როგორც მოცულობით, ისე ამბებით, ეპოქალური სათქმელით. ეს არის წიგნი დიდ ტკივილებზე, პირად და გლობალურ ტკივილებსა და შიშებზე. ეს არის წიგნი, სადაც დიქტატურა მთელი თავისი სისასტიკით, წვრილმანებით, ათასი დეტალით, სხვადასხვა ადამიანის პოზიციიდან, სათქმელიდან იყურება. ეს არის დიქტატურის მხატვრული ასახვა, შიშისა და სისასტიკის მრავალფეროვანი და ფერადი სახეებით, თუკი სისასტიკე შეიძლება იყოს ფერადი. ეს არის წიგნი დიდ უბედურებაზე, რომელიც კაცობრიობას ატყდება თავს სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ საერთო სახელი აქვს – დიქტატურა – და საერთო ფორმები.
ლიოსას “ვაცის ნადიმი” არის ლიტერატურული შურისძიება დიქტატურაზე.

რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი ქალია, ურანია კაბრალი, დომენიკის რესპუბლიკის დიქტატორის, რაფაელ ტრუხილიოს დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლი. დიქტატორული სისტემა გოგონას, ბავშვის ცხოვრებაში საზარლად იჭრება. გოგონა იძულებულია, დევნას ემიგრაციაში გაექცეს. რომანის პერსონაჟები არიან რეჟიმის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მასთან ბრძოლაში მარცხდებიან, რადგან რეჟიმი ტირანის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.  ამავდროულად, რომანის პერსონაჟები არიან ის დომენიკელები, რომლებიც შეგუებულნი არიან სისასტიკეს, რომლის ნორმირება დიქტატორულ გარემოში დუმილთან ერთად იწვევს სრულ დანებებას. გენერალსიმუს ტრუხილიოს, დიქტატორსა და ბელადს, ლექსებს, ტექსტებს, პანეგირიკებს უძღვნიან, მის ხასიათს, შეუპოვრობას, დიდებულებას  აქებენ და განადიდებენ, ღმერთს ადარებენ და უზენაესთან აიგივებენ. შეგუება, დათმობა, კიდევ უფრო ამძაფრებს ტრაგიზმს.  შეიძლება ითქვას, რომ „ვაცის ნადიმი“ არის დიქტატურის ილუსტრაცია და მხილება, ლიტერატურული შურისძიება დიქტატურაზე.

მხატვრული ლიტერატურა, როგორც ტკივილის რეპრეზენტაცია, შესაძლებელია განვიხილოთ დიდაქტიკური პერსპექტივიდან. მწერალი საგანგებო ყურადღებას აქცევს მტკივნეულ თემას, პრობლემას, ტრაგიკულ ამბავს. მკითხველი თანაგანმცდელი და, ამავდროულად, დამკვირვებელია, შემმეცნებელია, რომელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის.

 

 

რატომ სჭირდება წიგნიერებას „ხარაჩოების აღმართვა“?

0

დღეს ყველამ იცის, რომ წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.

წიგნიერების უნარით დაჯილდოებული ადამიანი ძირითადად  დიდ წარმატებას აღწევს, რადგანაც იგი გულისხმობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რომელიც ეხმარება კომუნიკაციის დამყარებაში.

დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში ძნელია მოიძებნოს მასწავლებელი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მისი მოსწავლეების წიგნიერებაზე ზრუნვა არ არის.

წიგნიერების განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ერთ-ერთია  მოსწავლეებისთვის პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა.  (Routman, 2002). ამ მოდელის მიხედვით,:

  1. პირველ ეტაპზე(„მე ვაკეთებ) მასწავლებელი ახორციელებს კითხვის სტრატეგიის ან  უნარ-ჩვევის მოდელირებას;
  2. ამას მოსდევს მეორე ეტაპი („ჩვენ ვაკეთებთ“), როცა მასწავლებელი პასუხისმგებლობას გადაუნაწილებს მოსწავლეებს და ჩართავს მათ პრაქტიკულ მუშაობაში.
  3. მესამე ფაზაზე(„შენ/თქვენ აკეთებ()“) მოსწავლე თავად იღებს პასუხისმგებლობას და იყენებს გავარჯიშებულ უნარ-ჩვევას, მასწავლებელი კი საჭიროებისამებრ ეხმარება და აფასებს მას.“

კითხვის სწავლებისას, წიგნიერების უნარის გასავითარებლად   აუცილებელია პასუხისმგებლობის გადაცემა ეტაპობრივად, ნელ-ნელა, ანუ მასწავლებელმა პასუხისმგებლობა უნდა გაუნაწილოს მოსწავლეს. თავდაპირველად  მასწავლებელი მთელ კლასთან იწყებს კონკრეტული სტრატეგიების მოდელირებას. იგი დავალებას ხსნის და თავად ასრულებს. შემდგომ ერთობლივად, ჯგუფურად ხდება გამოცდილების პრაქტიკული გამოყენება, ანუ მოსწავლეები აქტიურობენ და ასრულებენ დავალებას მასწავლებლის დახმარებით.  ბოლოს, ინდივიდუალური მუშაობის ეტაპი დგება, როცა  პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მოსწავლეზეა.  ამჯერად მასწავლებელი კი არ ეხმარება, არამედ აკვირდება მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის პროცესს. ინდივიდუალური მუშაობისას მოსწავლე მარტო, დამოუკიდებლად ასრულებს სამუშაოს. ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად:

  1. „მე ვაკეთებ“ à შენ მაკვირდები (იგულისხმება კლასი);
  2. „ჩვენ ვაკეთებთ“ à მე ვაკეთებ -> შენ მონაწილეობ (მთელი კლასი მუშაობს);
  3. „შენ აკეთებ“ à შენ აკეთებ -> მე გაკვირდები (ინდივიდუალური).

მოსწავლეების წიგნიერებაზე ზრუნვის დროს უმნიშვნელოვანესია, მათ საჭიროებისამებრ  შევთავაზოთ ადეკვატური სკაფოლდინგი.

პირველად ლევ ვიგოტსკიმ გამოიყენა სიტყვა „სკაფოლდინგი“, რაც მასწავლებლის მონაწილეობას გულისხმობს მოსწავლის სამუშაო პროცესში. სკაფოლდინგს მეორენაირად „ხარაჩოს მეთოდს“, “ხარაჩოს აღმართვას“ უწოდებენ. სწორედ ხარაჩოს მსგავსია დროებითობა, დროებითი დახმარების გაწევა, ზუსტად ისე, როგორც ხარაჩოს იყენებენ რაიმე ნაგებობის/შენობის აგების პროცესში. სწავლა-განათლებაც ხარაჩოს მსგავსია. სწორედ ასეთი დროებითი და მცირე დახმარება მოსწავლისათვის არის საყრდენი და საფუძველი იმისა, რომ შემდეგში რთული დავალება დამოუკიდებლად  შეასრულოს. ეს თითქოს ერთგვარ მოტივაციასაც ამაღლებს, რომ მან რთული ამოცანის ამოხსნა შეძლო.  „ხარაჩოს მეთოდის“ უპირატესობაც ეს არის –  მასწავლებლის მიერ გაწეული მცირე  დახმარება არ ჩანს და ჩანს  მოსწავლის შედეგი. პატარა მინიშნებები მოსწავლეების ინტერესსა და მოტივაციას ზრდის, რაც წიგნიერების დონის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება,  კომპლექსური დავალების ჭრილში

0

ჩვენი სტატია გვინდა, დავიწყოთ გამონათქვამით: „საინტერესოა, რამდენი მოსწავლის ცხოვრებას გავხდით წარმატებულს, თუ მასწავლებლები გამოცდილებას ერთმანეთს გავუზიარებთ“. გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი ერთობლივი მონდომებით განხორციელებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის მიზანი – განუვითარდეს მოსწავლეს:

  • ეკოლოგიური წიგნიერება;
  • კვლევა-ძიების უნარი;
  • დაკვირვების უნარი;
  • შემოქმედებითი უნარი;
  • მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარი.

პროექტის აქტუალობა: მიღებული გამოცდილების ცხოვრებაში გამოყენება. ეკოლოგიური წიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი გამჭოლი კომპეტენციაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებმა. ერთმანეთს გაუზიარეს მრავალფეროვანი ინფორმაცია ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთქმედების შესახებ. საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში შეეცადნენ, ერთმანეთისა და დანარჩენი სასკოლო საზოგადოებისთვის შეეხსენებინათ გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა.

,,გარემოზე ზრუნვა, საკუთარ სიცოცხლეზე ზრუნვაა!“ – თქვა ერთ-ერთმა პირველკლასელმა, როდესაც გარემოსდაცვით საკითხებზე ვმსჯელობდით.

მალე დადგება 22 აპრილი – დედამიწის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. 1990 წლიდან „დედამიწის დღეს“ საქართველო სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.

ერთობლივი პროექტი, რომელიც მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს აერთიანებს:

  • ზრდის მოსწავლეებში სწავლის, საკითხის მრავალმხრივ გაცნობის მოტივაციას, ხალისსა და ინტერესს;
  • ასევე ზრდის საგნობრივ კომპეტენციას, რაც პროექტის ფარგლებში, თანასკოლელებს შორის ხანგრძლივი კომუნიკაციით მიიღწევა;
  • თანამშრომლობა და კომუნიკაცია ხელს უწყობს სკოლის გუნდური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას;
  • საგრძნობლად იზრდება სოციალური ურთიერთობების ხარისხი, რადგან პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულია მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, სკოლის ადმინისტრაცია;
  • თანამშრომლობა ეხმარება მასწავლებლებს, გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება და მოსწავლეებს განსხვავებული კუთხით დაანახონ შესასწავლი საკითხი.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ამ ყველაფრს ხელს აქტიურად უწყობს, შესაძლებლობას გვაძლევს მასწავლებლებს, დავგეგმოთ ერთობლივი ღონისძიებები და გავაერთიანოთ სასკოლო საზოგადოება მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.

21-ე საუკუნე ინოვაციური ტექნოლოგიების ეპოქაა. ამიტომ, ინფორმაციის ეფექტურად მოძიება, გაფილტვრა, გენერირება და გამოყენება, კრიტიკული აზროვნება და შეფასება, ამ თაობის აუცილებელ საჭიროებად იქცა. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სწორედ ამ უნარების განვითარებას უწყობს ხელს და მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისკენ უბიძგებს.

მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესი გულისხმობს ისეთი მეთოდებით სწავლებას, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება მოსწავლის საჭიროება და ინტერესები; ის კრიტიკულ და შემოქმედებით უნარებთან ერთად, მოსწავლეს სააზროვნო უნარებსაც განუვითარებს.

დავით პერკინსის აზრით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის შენარჩუნება, მისი კარგად გაგება-გააზრება და ცოდნის აქტიურად გამოყენება. განათლების მეცნიერებაში მიღებულია აზრი, რომ მოსწავლეები ჯერ იძენენ ცოდნას და შემდეგ იწყებენ ფიქრს. ხოლო პერკინსის აზრით, მოსწავლეები მაშინ იძენენ ცოდნას, როცა სწავლის პროცესში ხდება მისი გააზრება. მაშასადამე „აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ ცოდნა მოსდევს აზროვნებას”.

ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც, პირველ რიგში, მოითხოვს, მოსწავლეს განუვითარდეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, სწორედ ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალებების აქტიურად დანერგვა. ამიტომ პროექტი გავწერეთ კომპლექსური დავალების სახით. მოსწავლე ქმნის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პროდუქტს და ადასტურებს თავის ცოდნას. კეთებით სწავლა კი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებას.

ხშირად ვამბობთ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი უნდა დაგეგმოს. ამ დროს მასწავლებელი ცდილობს, მეთოდები მოსწავლეთა ინტერესებს მოარგოს და მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე გახადოს. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი გულისხმობს კონსტრუქტივისტულ მიდგომებს. ასეთ საკლასო ოთახში მოსწავლე არის თავისუფალი და მოაზროვნე; მუდამ ძიების პროცესშია. ძიებასა და ინტერესს ის კრიტიკული აზროვნების განვითარებამდე მიჰყავს. მოსწავლე ძიების პროცესში სწავლობს და იძენს ცოდნას.

კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის უნარს მოსწავლე დაწყებით საფეხურზე იძენს. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

პროექტის შინაარსობრივი მხარე:

პირველ- და მესამეკლასელ მოსწავლეებს შევთავაზეთ, განგვეხორციელებინა პროექტი „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად. საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა გონებრივი იერიშის, დისკუსიებისა და მსჯელობების სახით, გააჟღერეს, გაცვალეს ინფორმაციები გარემოს დაბინძურებისა და მასზე ადამიანის მავნე ზემოქმედების შესახებ. საგაკვეთილო საათის ფარგლებში განვიხილეთ:

  • რა იწვევს წყლის დაბინძურებას?
  • რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
  • როგორ გადავარჩინოთ გარემო?
  • რატომ უწოდებენ დედამიწას მწვანე პლანეტას?
  • რატომ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას.

ორივე კლასში მოეწყო ვიდეორგოლების ჩვენება. ასეთი აქტივობით მოსწავლემ უფრო ნათლად დაინახა გარემოს დაბინძურების მიზეზები და შედეგები.

  1. ჰაერის დაბინძურება – https://www.youtube.com/watch?v=zB5csRVvPNY&t=183s
  2. ჰაერის დაბინძურება – https://www.youtube.com/watch?v=yXWbXaLzKvE&t=9s
  3. წყლის დააბინძურება – https://www.youtube.com/watch?v=_Gk_AyyTmzg&t=22s
  4. გარემოს დაბინძურება – https://www.youtube.com/watch?v=Gsq5-W1GQtU&t=16s
  5. გარემოს დააბინძურება – https://www.youtube.com/watch?v=WTRt0qTA67o
  6. გარემოს დაბინძურება – https://www.youtube.com/watch?v=x7aMEbeb63Q
  7. გამარჯობა დედამიწა – https://www.youtube.com/watch?v=agDnJcR9Iqk
  8. ერთი სახლი – https://www.youtube.com/watch?v=3H0aGruo0pU
  9. სიმღერა ,,დედამიწა“ – https://www.youtube.com/watch?v=U2ddMJGRDrs
  10. გამარჯობა დედამიწა 3 – https://www.youtube.com/watch?v=UUmIMeMas9Q&list=PLtUoQq44f8ciIlYpynUVKzEUSXvke0Z9q

ვიდეორგოლების ნახვისა და გაანალიზების შემდეგ კლასში ვნახეთ პრეზენტაცია, რომელშიც საუბარი იყო დედამიწის „მწვანე პლანეტის“ მნიშვნელობაზე.

 

გაკვეთილის ბოლოს წავიკითხეთ ლექსი „მე ვარ ადამიანი“ და ვიმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე:

 

  • რას ითხოვს დედამიწა ჩვენგან?
  • რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?
  • როგორ მოუწოდებდი ადამიანებს ბუნების დაცვისკენ?

გავაანალიზეთ ლექსის სათქმელი. „პერსონაჟის რუკის“ დახმარებით დაახასიათეს ადამიანი და დედამიწა. ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე, რომელთა გაგებაც ლექსის ძირითადი სათქმელის ამოცნობას გულისხმობდა.

პროცესი პირველ კლასშიც მსგავსი, უფრო გამარტივებული აქტივობებით მიმდინარეობდა. გთავაზობთ, პროექტის აღწერილობას კომპლექსური დავალების ფორმით.

პირველკლასელებს უნდა მოერგოთ გარემოს შემადგენელი ნაწილების (წყალი, ჰაერი, მცენარე და ზოგადად, გარემო) როლები, რათა უკეთ გაეცნობიერებინათ, რას გრძნობს თითოეული მათგანი ადამიანის უდიერი ზემოქმედების შემდეგ. შექმნეს პლაკატები, მოწოდებებით, სადაც აალაპარაკეს გარემოს ნაწილები. ასევე ოჯახების ჩართულობით, დაამზადეს ნაგვის ურნები, მათზეც გააკეთეს გარემოსდაცვითი მოწოდებები. ურნები მოვათავსეთ სკოლის დერეფნებში.

მესამეკლასელებმა კი მოიძიეს ინფორმაციები, დაამზადეს საინტერესო პლაკატები, რომლებიც ასახავდნენ დედამიწის მდგომარეობას და გვთავაზობენ გამოსავალს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა თავიდან ავირიდოთ საფრთხეები. მესამეკლასელების ნამუშევრები ეხებოდა საკითხებს:

  • როგორ ზიანდება გარემო?
  • ვინ აზიანებს?
  • რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს?
  • როგორ უნდა გავუფრთხილდეთ?

 

მთავარია მონდომება, ბავშვები მუდამ წამოგვყვებიან მსგავს აქტივობებში!

კომპლექსური დავალების ბარათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

 

საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა

ძირითადი რესურსი/ტექსტი/: სახელმძღვანელო

თემა: გარემოსდაცვითი საკითხები

შესაძლო დამატებითი თემატიკა: მწვანე პლანეტა

კლასი: III

 

სამიზნე ცნება, ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

(2) ფუნქციური სამეტყველო ქმედება

 

1.       სხვადასხვა ტიპის მეტყველებას (მაგ., თხრობას, აღწერას, დასაბუთებას) თავისებური სტრუქტურა-აგებულება აქვს.

2.       მეტყველებისას გამოყენებული ენობრივი საშუალებები შეესაბამება სამეტყველო ამოცანას.

3.       მეტყველების დროს მნიშვნელოვანია აზრობრივი შესაბამისობის დაცვა.

4.       მეტყველება შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. წერილობითი მეტყველებისას საჭიროა აბზაცების დაცვა, სასვენი ნიშნების გამოყენება.

5.       სამეტყველო ქმედების შესასრულებლად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

შედეგები:  (შედეგები: I. 1; I. 2; I. 3 I. 4; I; 5;I. 9; I. 13; I. 14; I. 15)
ქვეცნებები/საკითხები:

 

ფუნქციური სამეტყველო ქმედების ტიპები:

თხრობა, აღწერა, დასაბუთება, შედარება

სტრუქტურა, აგებულება (ტიპების მიხედვით)

1.       თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული).

ლოგიკური მიმართულების აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები:

8.1. მიზეზშედეგობრიობის აღმნიშვნელი სიტყვები და ენობრივი კონსტრუქციები (მაგ., ამიტომ, იმიტომ, რომ…; რადგან);

8.2. მიზნის აღმნიშვნელი სიტყვები და ენობრივი კონსტრუქციები (მაგ., იმისთვის, რომ…);

8.3. სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები (ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ…, მგონი).

4. ნიშან-თვისებების (მაგ., ზომის, ფორმის, ფერის, გემოს, სუნის, ტექსტურის, ტემპერატურის,

რაოდენობის, შემადგენლობის) აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები:

4.1. ძირეული და წარმოქმნილი ზედსართავები (მაგ. მრგვალი, ცივი, რბილი, დიდი, წითელი, ქუდიანი, უქუდო, ცხენოსანი, ჯოხიანი, უსუნო).

7. სახელდებითი ენობრივი კონსტრუქციები (მაგ., ეს არის…, ამას ეწოდება…., ეს წარმოადგენს …-ს, ეს გახლავთ . . . ).

სტრუქტურა, აგებულება (ტიპების მიხედვით)

1. თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული).

2. აღწერის შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (ატრიბუტები/ნიშან-თვისებების კატეგორიები და მათი შესაბამისი მაგალითები).

 

საკვანძო შეკითხვა: როგორ გარდავქმნა საინფორმაციო ტექსტის სიუჟეტი პოსტერად?

როგორ/რა მახასიათებლების მიხედვით აღვწერო საგანი, მოვლენა?

როგორ ავაგო თხრობა?

რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენო, რა ნაბიჯები გადავდგა სამეტყველო ქმედების განსახორციელებლად.

 

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ პირველკლასელ მოსწავლეს პოსტერის საშუალებით უნდა აუხსნა, რა ზიანს აყენებს დაბინძურებული გარემო ადამიანს. პოსტერები იქმნება სხვადასხვა მიზნით. პოსტერზე ავტორი თვალსაჩინოდ გამოხატავს თავის სათქმელს/გზავნილს. შეიძლება გამოყენებული იყოს წარწერა, სურათი, ფოტო, რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს. გამოიყენება ვიზუალური ეფექტები სათქმელის უკეთ გამოსაკვეთად, შთაბეჭდილების მოსახდენად (სხვადასხვა ზომის თუ ფერის ასოების, წარწერებისა და ილუსტრაციების მიზნობრივი განლაგება). მითითებების გათვალისწინებით შექმენი პოსტერი, რომელზეც ასახავ მთავარი სათქმელის შენეულ გაგებას და ისაუბრე იმაზე, რის თქმაც გსურს. პოსტერის შესაქმნელად გამოიყენე ნახატები, წარწერები, სურათები.

·         ისაუბრე გარემოს დაბინძურებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ (ფ.მ. 1 პოსტ.1).

·         ისაუბრე ადამიანისა და ბუნების კავშირზე. (ფ.მ. 2-პოსტ. 1) (რა ემუქრება ადამიანს, თუ ბუნებას არ მოუფრთხილდება).

·         დაასაბუთე, რა ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს. (ფ.მ.3- პოსტ.2.) (როგორ ვისწავლოთ ბუნების სიყვარული).

·         პოსტერის საშუალებით გადმოეცი შენი აზრი ზეპირი ფორმით. (ფ.მ.5-პოსტ. 3) რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დასაცავად).

 

პირველკლასელებმაც მსგავსი კომპლექსური დავალების ბარათით იმუშავეს. გამარტივდა მხოლოდ პირობა. გთავაზობთ პირვეკლასელებისთვის შეთავაზებული კომპლექსური დავალების პირობას:

 

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ხარ გარემოს შემადგენელი ნაწილები – წყალი, ჰაერი, მცენარე ან თავად ზოგადად გარემო. დაფიქრდი, რას გრძნობს შენ მიერ შერჩეული ნაწილი ადამიანის ზემოქმედების შედეგად და რას გვეტყოდა ჩვენ, ადამიანებს.

დაამზადე შესაბამისი პოსტერი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება შენ მიერ არჩეული გარემოს ნაწილი და ასევე მოწოდება, რჩევა – რას გვეუბნება, გვირჩევს ადამიანებს.

გაითვალისწინე, რომ შენი შექმნილი პოსტერით უნდა გავაფორმოთ ნაგვის ურნები, რომლებსაც ერთობლივად, ოჯახის წევრების დახმარებით დაამზადებთ.

 

კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები

წარმოაჩინე პოსტერზე:

წარმოაჩინე მაგალითები რეალური ცხოვრებიდან, წიგნიდან, ფილმიდან.

გამოკვეთე აზრობრივი კავშირი სათაურს, წარწერებსა და ილუსტრაციებს შორის (ფ.მ. 2-პოს. 2); ·

გამოიყენე ვიზუალური ეფექტები, მაგ., სხვადასხვა ფერის, ზომის ასოები (ფ..მ. 1-პოს. 2); ·

გამოიყენე მოკლე, ლაკონიური წინადადებები (ფ.მ. 2 – პოს.3).

 

პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მოსწავლისთვის (ფაკულტატური):

 

 

პოსტერზე მუშაობისას გაითვალისწინე:

·         პოსტერში უნდა წარმოაჩინო შენი, როგორც გარემოს შემადგენელი ნაწილის დამოკიდებულებები;

·         უნდა ჩანდეს პრობლემა, რომელზეც საუბრობ;

·         მოწოდება უნდა იყოს მოკლე და საინტერესო;

·         ტექსტი უნდა იყოს მსხვილი ასოებით შედგენილი;

·         შექმნილი ილუსტრაცია უნდა ესადაგებოდეს თემას

 

 

 

ნაგვის ურნის დამზადებისას გაითვალისწინე:

·         დაგჭირდება მუყაოს ყუთი ან პლასტმასის მოზრდილი ,,ბიდონი“;

·         შეგიძლია გაუკეთო თავსაფარიც;

·         შექმნილი პოსტერით გააფორმე შენი ნაგვის ურნა.

 

 

 

 

 

 

 

 

.

 

სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობას ზრდის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა. მატულობს მონდომება, ინტერესი, სურვილი. ბავშვებიც უფრო დაინტერესებული ხდებიან. ჩვენს პროექტს ჰქონდა, ერთგვარად, „შებრუნებული საკლასო ოთახის“ სახე, სადაც მე-3 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, თავი მასწავლებლის როლში წარმოედგინათ და უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის ცოდნა გაეზიარებინათ. თანამშრომლობამ შესაძლებლობა მოგვცა:

  • ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა გამოცდილება;
  • უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი;
  • გავცნობოდით ერთმანეთის სწავლის მეთოდებსა და მიდგომებს;
  • დაგვაფიქრა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
  • დაგვანახა ერთად მუშაობის სარგებელი.

თანამშრომლობა ხელს უწყობს, არა მარტო მოსწავლეთა შედეგების გააუმჯობესებას, არამედ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასაც.

იაპონური ანდაზა ამბობს: „არცერთი ჩვენგანი არ არის ისეთი გონიერი, როგორც ჩვენ ყველანი ერთად“.

გისურვებთ წარმატებებს!

I კლასის დამრიგებელი: ინა მეცხვარიშვილი

III კლასის დამრიგებელი: ქეთევან მიქაძე

 

 

ეს ერთი ბეწო, პაწაწა ენა…

0

ტელევიზორში „მშვიდობით იარაღოს“ აჩვენებენ. პირველად, როდის წავიკითხე, აღარც კი მახსოვს. ის კი ვიცი, ბებოს ვკითხე, შენი აზრით, ყველაზე დიდი იარაღი რომელია-მეთქი. ამ წერილშიც იგივე მინდა გამოვიკვლიო. იარაღი იარაღია… თავს დაიცავ, სხვას დააზიანებ… არადა, შეიძლება პირიქითაც მოხდეს – მუდამ მშვიდობიან განწყობაზე მყოფი, სხვამ დაგაზიანოს მოპარვით და მუხანათურად.

იარაღი, ჯერ კიდევ ძველ ადამიანს ჰქონდა. ქვებით, ჯოხებით და წიხლებით – ალბათ ყველაფრით იბრძოდა. მერე, როდესაც მადნებიდან ლითონის გამოდნობა ისწავლეს ხმლები, ხანჯლები, დანები და ფარებიც შეაშველეს.

თუმცა… ჩემი აზრით, ყველაფერი სერიოზული მაინც როჯერ ბეკონისგან იწყება. აი, სწორედ იმ წუთიდან, როდესაც თავის ერთ-ერთ წიგნში დენთი აღწერა. არა, დენთი, რომ სათავეს ჩინეთიდან იღებს, ეგ ვიცით. ისიც ცნობილია, რომ პირველი აღმომჩენის გვარ-სახელი არ არის ცნობილი. ჩინელი კაცი (ვინ იცის, ქალიც) იყო და საკმარისია.

როჯერ ბეკონმა კი დენთის შესწავლა გადაწყვიტა. როჯერი საეკლესიო პირი გახლდათ და ომს არავისთან აპირებდა. უბრალოდ, ალქიმიკოსობდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს აღწერდა, იქნებ ოქროს ტრანსმუტაციის საიდუმლო ამოვხსნაო. მოგვიანებით ბრალი დასდეს, ოქროს კეთება იცი და არ გვიმხელო. სასჯელად თხუთმეტი წელი საეკლესიო ციხეში გაატარებინეს. მეზობელ კამერაში ბეკონის წიგნები იხდიდნენ სასჯელს, ასევე თხუთმეტი წლით.

მოგვიანებით, 1865 წელს ნობელმა დინამიტის შექმნის მცდელობა დაიწყო, რასაც მის მიერ აშენებული ორი ქარხანა შეეწირა – აფეთქდა. მესამე მცდელობა წარმატებით დასრულდა. შთაგონება კი სწორედ ბეკონის წიგნიდან მიიღო, რომელიც ერთი ძველი წიგნის მოვაჭრის მაღაზიაში ჩაუვარდა ხელთ. მეცნიერების ისტორიის ადაპტირებულ ვერსიებში ამ ამბავს სწორედ ასეთი ინტერპრეტაცია აქვს.

მე-18-ე საუკუნის 70-იან წლებში თბილისში კერძო მწარმოებელს გაუხსნია თოფის წამლის დამამზადებელი საწარმო, რომელსაც მანუფაქტურული ხასიათი ჰქონდა.

იმ დროს ცნობილი თოფის წამალი შავკვამლიან დენთს წარმოადგენდა.

შავი დენთის დამზადება მოითხოვდა კალიუმის გვარჯილას, გოგირდს და ხის ნახშირს. გვარჯილა და გოგირდი საქარველოში არ იყო და ის რუსეთიდან ან ირანიდან შემოჰქონდათ. შავ დენთში საწვავი ნახშირია, შემკვრელი გოგირდი, მჟანგავი კი გვარჯილა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მდოგვის გაზი, იპრიტი გამოჩნდა და ეს უკვე ქიმიური იარაღის არსებობის დასაწყისია.

ქიმიური იარაღის გამოყენების პირველი ნიშნებია რაღაცის გაგლეჯის, აფეთქების ყრუ ხმა. კვამლის წარმოქმნა, რომელიც მალევე გაიფანტება. ნიადაგზე, ფოთლებზე, შენობებზე ზეთისმაგვარი ლაქები წარმოიქმნება. მცენარეების ბუნებრივი შეფერილობა იცვლება. ადამიანებს ეწვით ლორწოვანი გარსი, თვალებიდან ცრემლი სდით და გუგები უვიწროვდებათ. მკერდის არეში კი სიმძიმეს გრძნობენ. ეს შეიძლება იყოს ნერვულ-პარალიზებული მოქმედების ნივთიერებები, მაგ. ზარინი და ზომანი. ორივე მათგანი თრგუნავს ნერვულ სისტემას და ორგანიზმში სასუნთქი გზებიდან ხვდება. ასევე შეიძლება ორგანიზმში კანიდან და საჭმლის მომნელებელი სისტემიდანაც შეაღწიოს. ეს უკანასკნელი მაშინ ამოქმედდება, თუ წყალი და საკვები მოიწამლება. ადამიანის მოსაწამლად ძალიან მცირე დოზებიც კი საკმარისია. მოწამვლის პირველი ნიშნებია ნერწყვის უკონტროლო გამოყოფა, გუგების შევიწროვება, ღებინება და კრუნჩხვები. მძიმე მოწამლვისას ერთ წუთში უკვე გონების დაკარგვაც შესაძლებელია. სიკვდილი დაახლოებით 15 წუთში დგება და ის გულის კუნთის უკმარისობითაა გამოწვეული. პირველადი დახმარებისას, დაზარალებულს არგებენ სპეციალურ ტანსაცმელს და აირწინაღს. სპეციალური შპრიცით კი შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი შეჰყავთ.

ჰენრიხ შრედერი ქიმიკოსი იყო, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში ბაიერის საწარმოში პესტიციდების შესწავლა შესთავაზეს. 1933 წელს გერმანიაში მოსავლის გაზრდას ცდილობდნენ, რომ გარედან იმპორტი შეემცირებინათ. პესტიციდებსაც გარედან ყიდულობდნენ და წლიურად 30 მლნ მარკას ხარჯავდნენ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო საკუთარი პესტიციდების წარმოებით იყო დაინტერესებული. ფთორისა და გოგირდის ბაზაზე ქიმიკოსმა ვერაფერი მდგრადი ვერ შექმნა და დაიწყო ფოსფორისა და ციანიდების შემცველი მოლეკულების ექსპერიმენტები. ახლად მიღებული ნივთიერებები თავის ხელმძღვანელთან მიჰქონდა, რომელიც მათ ინსექტიციდურ აქტივობაზე ამოწმებდა. სწორედ ამ დროს შეიქმნა ფოსფორშემცველი ორგანული ნივთიერება, რომელიც პესტიციდების სფეროში თითქოს ეფექტური ჩანდა. თუმცა, მომწამლავი აღმოჩნდა და ჭურჭელზე მისი მიკროსკოპული რაოდენობით შერჩენის გამო შრედერი ისე მოიწამლა, რომ საავადმყოფოშიც კი გახდა გადასაყვანი.

1936 წლის 23 დეკემბერს კი მან დაასინთეზა ნივთიერება, რომელსაც „9/91“ უწოდა. ეს ძალიან ძლიერი საწამლავი იყო. დამკვეთმა მიღებული პრეპარატი დაიწუნა, რადგან პესტიციდს შერჩევითად მხოლოდ მწერები უნდა მოეკლა. ახალი ნივთიერება კი ყველაფერ ცოცხალს კლავდა. ის ნეირომედიატორზე აცეტილქოლინზე ზემოქმედებდა. კერძოდ, თრგუნავდა უჯრედში ფერმენტ აცეტილქოლინესთერაზას, რის შედეგადაც გროვდებოდა აცეტილქოლინი და ნერვული უჯრედების ნორმალური ცხოველქმედება ირღვეოდა. აცეტილქოლინი კი ყველას აქვს, მწერებსაც, ძუძუმწოვრებსაც და ადამიანებსაც. ამიტომ იყო, რომ პრეპარატი, როგორც პესტიციდი ვერ იმუშავებდა. სამაგიეროდ, მისით სამხედროები დაინტერესდნენ და პრეპარატს „ტაბუნი“ უწოდეს. ხელმძღვანელობა ბედნიერი იყო, რადგან მაგ. მანამდე არსებული იპრიტით სიკვდილს დრო სჭირდებოდა, „ტაბუნი“ კი ოც წუთში კლავდა და 100 კგ წონაზე მისი 0,025 გრამიც საკმარისი იყო. მესამე რეიხმა შრედერს 50000 მარკა პრემიაც კი გადასცა ასეთი შესანიშნავი აღმოჩენისთვის. სამხედროები „ტაბუნით“ დაკავდნენ, შრედერმა კი კვლავ პესტიციდის ძებნა განაგრძო.

ექსპერიმენტ #113-ში მეთილფოსფოროვანი მჟავას ეთილეთერის ფტორიდი დაასინთეზა. მოლეკულა სტაბილური და საინტერესო ეჩვენა და მასზე მუშაობა განაგრძო. მისი სტრუქტურირებითა და გადრაქმნებით  მეთილფოსფოროვანი მჟავას  იზოპროპილეთერის ფთორანჰიდრიდი მიიღო. ნივთიერება უკვე არსებულ „ტაბუნზე“ ბევრად მომწამლავი იყო. ჯერ სუბსტანცია #14 , მოგვიანებით კი ზარინი უწოდეს.

სხვა ტიპის ნივთიერებები, მაგ. იპრიტი (იგივე მდოგვის გაზი) და ლუიზიტი კანზე ახდენს ზემოქმედებას. ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებისას კანს და თვალებს თრგუნავს. მათი ორთქლის ჩასუნთქვისას ფილტვები და სასუნთქი გზები ზიანდება, საკვებით და წყლით კი – საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. იპრიტის მოქმედების თავისებურება ის არის, რომ მოწამვლის ნიშნები მაშინვე არ ვლინდება. სადღაც ოთხი საათი ან ცოტა მეტიც კი შეიძლება გავიდეს, სანამ ადამიანი შეუძლოდ იგრძნობს თავს. კანი წითლდება, ზედ ბუშტუკები ჩნდება, რომლებიც ორი-სამი დღის შემდეგ სკდება და შეუხორცებელ წყლულებს წარმოქმნის. თვალები იპრიტის მიმართ კანზე მგრძნობიარეა და უკვე ნახევარ საათში საშინელი წვა და ქავილი იწყება. დაზიანება თვალის შიგა ნაწილში პროგრესირებს და ჩნდება მხედველობის დაკარგვის დიდი ალბათობა.

1917 წელს მთელი წლის განმავლობაში იპრში ჯარისკაცები ოქროსფერ კვამლსა და ჰაერში უცნაურ სუნზე საუბრობდნენ. მის ჩამსუნთქავს ჯერ ქავილი ეწყებოდა, შემდეგ კი ტანი საეჭვო შეუხორცებელი იარებით ეფარებოდა. ვინც გაზს ღრმად ჩაისუნთქავდა, სისხლს ახველებდა. ჯარი იპრიტით (ფაქტობრივად ქლორით) იყო მოწამლული. აირწინაღები იპრიტისგან ვერ იცავდა, რადგან გაზი მათშიც აღწევდა.

პირველადი დახმარებისას, მოწამლულს სპეციალურ ტანსაცმელს და აირწინაღს არგებენ. შპრიცით კი შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი შეყავთ.

ფოსგენი და დიფოსგენი ორგანიზმზე სასუნთქი გზების დაზიანებით ზემოქმედებენ. პირის ღრუში მოტკბო არასასიამოვნო გემო ჩნდება. ადამიანს ახველებს და თავბრუ ესხმის. თუმცა, თუ დაზარალებული ქიმიური იარაღის კერას მოსცილდება, სიმპტომებიც გაქრება და 12-15 საათის განმავლობაში ძველებურადაც კი იგრძნობს თავს. სწორედ ამ პერიოდში ვითარდება ფილტვების შეშუპება, რაც ვლინდება სიცხით, თავის ტკივილით, სუნთქვის გართულებით და მწვავე სველი ხველით. სიკვდილი მეორე-მესამე დღეს დგება. თუ მოწამლულს დახმარებას აღმოუჩენენ და კრიტიკული პერიოდიც გადაივლის, მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

პირველადი დახმარებისას დაზარალებულს არგებენ აირწინაღს, თბილად აწვენენ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.

სინილის მჟავა და ქლორციანწყალბადმჟავა – ასევე სასუნთქ გზებს აზიანებს. კანს არ აღიზიანებს. პირში მეტალის გემო და ყელის გაღიზიანება იგრძნობა. არის თავის ტკივილი, სისუსტე, ღებინების შეგრძნება, კრუნჩხვები. მძიმე შემთხვევებში დაზარალებულს ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ. ისე კი, აირწინაღი და ანტიდოტი საკმარისია.

ჰოდა, მაინც რომელია-მეთქი, ყველაზე მძლავრი იარაღი. საშიში და ბასრი. ერთი ბეწოა და რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია. ჯადოსანიც არის, რადგან ბუზს სპილოდ აქცევს, სპილოს – თხად, თხას კიდევ – ჭიამაიად და პანიკას თესავს. მოუნდება და ფრთებსაც გამოგასხამს ან ორ რქასაც გიფეშქაშებს საჩუქრად.

ერთი ბეწოა და კი დაგაფიქრებს. საკუთარ თავს მიაყურადებ, ხომ ისევ ძველებურად ვსუნთქავო, ნეტავ. ერთი ბეწოა და ისე აგაფორიაქებს, შეიძლება ქვამარილიც კი ალოკო, იმის გასაგებად, გემოს ვგრძნობ თუ არაო. ესეც არ იკმარო და ფრჩხილის ლაქის მოსაცილებლად საგულდაგულოდ თავმოხრახნილ აცეტონს მოხსნა თავი. ქიმიური სიფრთხილით კი არ დაყნოსო, პირდაპირ ცხირისკენ გააქანო, სპორტული ინტერესით, სუნს კვლავ ვგრძნობ თუ არაო. ჰოდა, როდესაც ეს „ალქიმიური სული“ ცხვირის ყველა რეცეპტორებში შეგიღიტინებს, გაიხარებ და ეტყვი, დაილოცოსო შენი სპეციფიკური სურნელი და შენი მარილიანი გემოც დაილოცოსო, მარილის ნატეხო.

ჰოდა, ჩემი კითხვის – რომელია ყველაზე მძლავრი იარაღი? – პასუხსაც მიხვდით ალბათ.

ყველაზე მძლავრი იარაღი ეს ერთი ბეწო პაწაწა ენაა…!

 

სასწავლო პროექტი – აკვნის „ნანები“, როგორც შემოქმედებითი უნარის განვითარების საუკეთესო საშუალება.

0

ხალხური შემოქმედება ქართველი ერის უდიდესი მონაპოვარია. ფოლკლორი ცოდნის ძირითადი წყაროა აღზრდის პრინციპების შესახებ, რომლებიც ქართველი ხალხის კულტურაში, მის ზნეობრივ და რელიგიურ საფუძვლებში ჩამოყალიბდა. ხალხური შემოქმედების ხატოვანი ხასიათი გავლენას ახდენს პიროვნების ემოციურ და სენსორულ სფეროზე.

მუსიკალური ფოლკლორი – ტრადიციული ხალხური მუსიკალური ხელოვნებაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ეს არის მხატვრული პედაგოგიკა, სადაც აღზრდა-განათლება ხორციელდება სიტყვებით, მუსიკით, მოძრაობითა და რიტმით.

ფოლკლორის საგანმანათლებლო პოტენციალი უსასრულოა. არაფერი უწყობს ხელს პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას ისე, როგორც ხალხური ტრადიციები, რიტუალები, ზეპირსიტყვიერება და სიმღერები.  ფოლკლორი, როგორც ადამიანის აღზრდისა და განვითარების ამოუწურავი წყარო, აქტიურია სოციალურ და პედაგოგიურ გარემოში. ეს განპირობებულია ფოლკლორის ჟანრების ფუნქციური მახასიათებლებით, ეროვნული კულტურის თაობიდან თაობაში გადაცემის პროცესის უწყვეტობით.

შორეულ საუკუნეებში შექმნილი, თაობიდან თაობას გადაცემული აკვნის „ნანები“ ჩვენს დრომდე შემოგვრჩა, რომელიც ადასტურებს დედისთვის ბავშვის მიერ დაკავებული ადგილის ღირებულებას. აკვნის „ნანა“ არის ფასდაუდებელი მასალა, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს იგრძნოს მშობლიური ენა, მისი მელოდია და რიტმი. „იავნანა“ გაჯერებულია ხალხური სულისკვეთებით, ის ამდიდრებს ბავშვების ლექსიკას.

ხალხური მუსიკა ბავშვის ცხოვრებაში ადრეული პერიოდიდან შემოდის. ბავშვობა ასოცირდება დედის ნაზ ხმასთან, მშვიდ მელოდიასთან და „იავნანას“ დამამშვიდებელ სიტყვებთან, რომლის ტექსტი მარტივია, მისი ინტონაცია კი სავსეა სითბოთი და მზრუნველობით. „იავნანა“ დედის ხელებს ჰგავს, რომელიც ბავშვს უხილავი, ბოროტი ძალებისგან იცავს. პირველი ბგერები, რომლებიც ბავშვს ესმის, არის დედის ხმა და მის მიერ შესრულებული „იავნანა“.

„ნანები“ მივიწყებას მიეცა. თანამედროვე დედები იშვიათად უმღერიან შვილებს „იავნანას“, ამის მიზეზად კი მუსიკალური უნარის ნაკლებობას, ტექსტის არცოდნასა და დროის სიმცირეს ასახელებენ. ძალიან ხშირად „ნანების“ ნაცვლად ისინი ბავშვს უბრალოდ მშვიდ მუსიკას ასმენინებენ ან ტელევიზორის ხმაზე აძინებენ. დღეს  ცოტას თუ ესმის, რომ „ნანა“ბავშვის განვითარებისა და მასთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. „იავნანა“ ბავშვზე ემოციურ გავლენას ახდენს და მჭიდრო კავშირს ამყარებს დედასა და შვილს შორის.

მე საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე ვასწავლი. მაია ოთიაშვილის მე-4 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია აკვნის „ნანები“. ბავშვებთან ჩავატარე გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა უმღერის თავის შვილს „ნანას“. ამ გარემოებამ მიბიძგა განმეხორციელებინა პროექტი „აკვნის ნანები”  ქ. თბილისის 126-ე საჯარო სკოლის IV-6 კლასში. პროექტის მთავარი ამოცანა იყო მშობლებისა და ბავშვებისთვის „ნანების“ , როგორც საგანმანათლებლო შესაძლებლობების წყაროს გაცნობა.

მოსწავლეებს წინასწარ ვესაუბრე „ნანების“ წარმოშობისა და მნიშვნელობის შესახებ. მოისმინეს სხვადასხვა აუდიოჩანაწერი. მშობლები ჩაერთნენ „ნანების“ შესახებ ინფორმაციის შეგროვების შემოქმედებით საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში ბავშვებთან მუშაობისთვის  სხვადასხვა კუთხის „ნანა“ ავირჩიე. ბავშვები არა მხოლოდ უსმენდნენ „იავნანას“, არამედ გაუჩნდათ სურვილი, ემღერათ თოჯინებისთვის.

 გაკვეთილზე მოსწავლეებს დავუსვი კითხვა:

  • რისთვის არის საჭირო „იავნანა“?
  • იციან თუ არა, რა არის აკვანი და რატომ არწევდნენ მას?

გაკვეთილზე წავიღე პატარა აკვანი, ხელით ნაქარგი პირსახოცი, ბალიში და საბანი. მასში ჩავაწვინეთ თოჯინა. ბავშვებმა სიხარულით მოირგეს დედის როლი და შეასრულეს სიმღერა „ეს აკვანი ხარატული“.

პროექტის მიზანი:

  • გაიზარდოს ბავშვების ინტერესი „იავნანას“ მიმართ;
  • გაეცნონ აკვნის „ნანებს“;
  • ისწავლონ სხვადასხვა კუთხის „იავნანები“;
  • განუვითარდეთ შემოქმედებითი, კომუნიკაციური და ემოციური უნარ-ჩვევები.

 მოსამზადებელი ეტაპი:

  • აკვნის „ნანების“ მასალის მოძიება;
  • „ნანების“ რეპერტუარის შერჩევა;
  • სიუჟეტური სურათების შერჩევა და პრეზენტაციის შექმნა ამ თემაზე;
  • აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მომზადება;
  • მშობლების გამოკითხვა „იავნანა“ თქვენი ბავშვის ცხოვრებაში”.

 მოსწავლეთა ჩართულობა:

  • საუბრები „იავნანას“ შესახებ;
  • „ნანების“ მოსმენა; (ხევსურული, მოხეური, თუშური, ქართლ-კახური, სვანური, რაჭული, გურული, აჭარული, ლაზური, მესხური);
  • მომზადებული პრეზენტაციის და ნახატების ნახვა;
  • „იავნანას“ სიმღერა;
  • „იავნანას“ მელოდიის იმპროვიზაციის მცდელობები;
  • როლების შესწავლა;
  • გათამაშება „იავნანას“ შინაარსის მიხედვით;
  • დაძინებამდე „იავნანას“ მოსმენა.

 

 მასწავლებლის ჩართულობა:

  • „იავნანას“ შესწავლა;
  • სათამაშო სიტუაციების შექმნა;
  • დრამატიზაციისთვის როლების სწავლა;
  • ბავშვებისთვის „იავნანას“ ჩანაწერების მოსმენა.

საბოლოო შედეგი:

  • ემოციური რეაგირების გამოვლინება ბავშვებში „იავნანას“ მოსმენისა და სიმღერის დროს;
  • ცვლილებები ბავშვების თამაშებში (თოჯინების დაძინება, იავნანის მღერა, თოჯინის რწევა);
  • საჭირო მომენტში „იავნანას“ შესრულება;
  • დაძინებამდე მშობლები შვილებს უფრო ხშირად უმღერებენ „იავნანას“.

 

 პროქეტზე მუშაობის შედეგად:

მოსწავლეები გამოიმუშავებენ შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევებს. მეტად დააფასებენ კულტურულ მრავალფეროვნებას, გაუადვილდებათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, შეძლებენ განსხვავებული აზრის მოსმენას.

ამ პროექტმა საშუალება მომცა, დავკვირვებოდი ბავშვებს  მუშაობის პროცესში. ასე უკეთესად გამოვლინდა მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები და უნარ-ჩვევები. გამოჩნდა უფრო მკვეთრი კონტურები მოსწავლეებთან სოციალური უნარებზე მუშაობის კუთხით.

პროექტით სწავლებამ ხელი შეუწყო აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზებას, ურთიერთობების ჰარმონიზაციას, ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას, კომუნიკაციის უნარებსა და მუსიკაზე ემოციურ რეაგირებას.

„იავნანაში“ ასახულია დედის სამყარო: მისი გრძნობები, გამოცდილება, ოცნება შვილის მომავალზე, როგორც დედა-შვილის განუყოფელი ერთიანობის გამოხატულება.

დღეს ეს ჟანრი ხალხური შემოქმედების მარგალიტია მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...