ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
7 მაისი, ოთხშაბათი, 2025

კომპლექსური დავალება ფიზიკაში: უკაცრიელი კუნძული

0

როგორც ვიცით, ახალი სკოლის მოდელი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია. ეს პროექტი მასწავლებელს ძირითადად ორ მოთხოვნას უყენებს:

  • სწავლა-სწავლების ორიენტირება გრძელვადიან მიზნებზე (პედაგოგმა სამიზნე ცნებებზე ორიენტირებულად უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი).
  • სწავლა-სწავლების დაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე, რაც გულისხმობს ხუთივე პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებას კომპლექსური დავალებებით.

კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც ადასტურებს საკუთარ ცოდნას კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. კომპლექსური დავალება სასწავლო პროცესში შუალედური მიზნის როლს ასრულებს. მისი საშუალებით მოსწავლე ახდენს გაკვეთილზე შეძენილი თეორიული ცოდნის რეალიზაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში (რამის დამზადება, რამე მოვლენაზე დაკვირვება, ვირტუალური ლაბორატორიით მოვლენის სიმულაცია, კვლევა). ცხადია, არ არის უგულებელყოფილი სტანდარტული სავარჯიშოებისა და ამოცანების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება, რაც ფაქტობრივი და პროცედურული ცოდნის განმტკიცებაში გვეხმარება, მაგრამ კომპლექსური დავალება უფრო მეტად ორიენტირებულია პირობისეული ცოდნის შეძენაზე.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ კომპლექსურ დავალებას, რომლის შესასწავლი საკითხია არქიმედეს ძალა, ხოლო თემა – სტატიკა და დინამიკა, მე-9 კლასი. სამიზნე ცნება, რომლის გააზრებასაც ემახურება ეს დავალება, არის „ენერგია და ურთიერთქმედება“ და „კვლევა“. მინდა აღვნიშნო, რომ სამიზნე ცნება „კვლევა“ ყველა სამიზნე ცნებასთან ერთად მუშავდება, რადგან ფიზიკაში შეუძლებელია რომელიმე საკითხის შესწავლა კვლევის გარეშე.

 

კომპლექსური დავალების პირობა:

უკაცრიელი კუნძული

წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა გემმა კატასტროფა განიცადა და თქვენი ჯგუფი აღმოჩნდა უკაცრიელ კუნძულზე, სადაც არ მოიპოვება საკვები, მხოლოდ სასმელი წყალია. თქვენდა საბედნიეროდ, იპოვეთ ნაპირზე გამორიყული ორლიტრიანი კოკა-კოლა zero-ს საკმაოდ ბევრი შეკვრა და ერთი ყუთი კონსერვი (ყუთს გარედან აწერია „მასა – 20 კგ“). კუნძული ლიანებით და ხეებით არის დაფარული, რომელთაგან ზოგი გამხმარია და ძირს გდია. ერთმა თქვენგანმა ჯიბეში წებოვანი ლენტა აღმოაჩინა, მეორემ კი პატარა სასწორი (5 კგ-მდე). უახლოესი დასახლებული პუნქტი კუნძულიდან დაახლოებით 20 დღის სავალზეა (ნავით) დასავლეთით.

თქვენი ამოცანაა, წარმოადგინოთ თავის გადარჩენის გეგმა და შექმნათ გადარჩენისთვის საჭირო მოდელი თქვენს ხელთ არსებული ნივთებით. ამისთვის დაგჭირდებათ დამხმარე ამოცანის განხილვა: რა მაქსიმალურ დატვირთვას გაუძლებს წყალში მოტივტივე სხეული? რეალურ ამოცანაში, როცა ტვირთის როლს ადამიანები ასრულებენ, რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით? იქნებოდა თუ არა პირობა რეალობასთან მიახლოებული, თუ კოკა-კოლა zero-ს ნაცვლად პირობაში ეწერებოდა „ლიმონათი „ზანდუკელი“?

იმსჯელეთ არგუმენტირებულად, უპასუხეთ კითხვებს რეალური პირობების გათვალისწინებით და ჩამოაყალიბეთ თავის გადარჩენის კონკრეტული გეგმა, რომელსაც წარმოადგენთ პრეზენტაციის სახით.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • თავის გადარჩენის მოწყობილობის მოდელი/ ნახაზი/ აღწერა, თავის გადარჩენის კონკრეტული გეგმა;
  • გამოსახეთ სხეულზე მოქმედი ძალები, გაითვალისწინეთ თქვენი ჯგუფის მონაცემები, რეალური პირობები;
  • ძალების ტოლქმედის მიხედვით იმსჯელეთ სხეულის მოძრაობაზე/უძრაობაზე.
  • იმსჯელეთ, რატომ მცირდება სხეულის წონა სითხეში და რაზეა დამოკიდებული არქიმედეს ძალა;
  • ჩამოაყალიბეთ ცურვის პირობები, დააკავშირეთ ეს პირობები სხეულისა და სითხის სიმკვრივეებთან.
  • იძირება თუ არა კოკა-კოლა zero ან ლიმონათი „ზანდუკელი“ წყალში? ახსენით სავარაუდო მიზეზი. შეგვიძლია თუ არა ვამტკიცოთ, რომ ზღვის წყალში იმავე შედეგს მივიღებთ?
  • საზოგადოდ, მოტივტივე სხეულის მოცულობის რა ნაწილია სითხეში (ფორმულა) და მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში რა ნაწილი უნდა ვიგულისხმოთ სითხეში?
  • რა რაოდენობის მასალა (და რა მასალა) დაგჭირდებათ მოწყობილობისთვის?
  • რეალური პირობების გათვალისწინებას რა შესწორებები შეაქვს გამოთვლებში?

სასურველია, ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლე დაფიქრდეს შემდეგ საკითხებზე: რა სტრატეგიები გამოიყენა მან დავალების შესრულების თითოეულ ეტაპზე დასმული ამოცანების შესასრულებლად და თავიდან რომ იწყებდეს მუშაობას, რას და როგორ გააუმჯობესებდა? როგორ გამოიყენა ფიზიკის ცოდნა პრობლემის გადაჭრის პროცესში?

მინდა აღვნიშნო, რომ კომპლექსურ დავალებას მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საკითხის შესწავლამდე და არა შესწავლის შემდეგ, რაც გავრცელებული შეცდომაა. დავალების წინასწარ გაცნობა მათ აძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდნენ და დაგეგმონ, რას და როგორ შეასრულებენ, გაინაწილონ როლები (თუ დავალებას ჯგუფურად ასრულებენ). განურჩევლად იმისა, დავალება ჯგუფურად შესრულდება თუ ინდივიდუალურად, დავალების წარდგენისას ყველა მოსწავლის წვლილი უნდა შეფასდეს, ანუ ყველა მოსწავლე ცალ-ცალკე უნდა იქნეს შეფასებული.

კომპლექსური დავალება მოსწავლეს ინტერესს უნდა აღუძრავდეს. უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრის და თავის გადარჩენის იდეა, ჩემი აზრით, მათთვის საინტერესო და დამაინტრიგებელია, თანაც მოსწავლე ხედავს ფიზიკის საკითხების ცოდნის აუცილებლობას ცხოვრებაში.

კომპლექსურ დავლებას ყოველთვის არ აქვს ერთი სწორი პასუხი. პასუხი კითხვაზე, რამდენი ბოთლი დასჭირდებოდათ მათ თავის გადასარჩენად, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაასაბუთებს მოსწავლე თავის მოსაზრებას. მაგალითად, კონკრეტულმა ჯგუფმა შეიძლება გაგვცეს პასუხი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ბოთლებით თან წასაღები სასმელი წყლის გარკვეული რაოდენობა, საკვები, ჯგუფის მთლიანი მასა, რაც სხვადასხვა ჯგუფის შემთხვევაში სხვადასხვა იქნება, ტივის მასა, ნიჩბები, რომლებიც მოძრაობისთვის აუცილებელია და, რაც მთავარია, ითქვას, რომ ამ გზით გამოთვლილი ბოთლების რაოდენობა მინიმალურია – რეალურ პირობებში ეს რაოდენობა საგრძნობლად მეტი უნდა იყოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოითხოვდეს კვლევის ან მისი რომელიმე ეტაპის ჩატარებას, მაგალითად, მოდელის დამზადებას. ამ შემთხვევაში ეს იქნება ბოთლებისგან შეკრული ტივის მოდელი.

ეს კომპლექსური დავალება კიდევ ერთ კვლევას მოითხოვს – იმის შემოწმებას, ტივტივებს თუ არა კოკა-კოლა zero ან ლიმონათი „ზანდუკელი“ წყალში. მოსწავლეებმა უნდა ივარაუდონ, რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს ფაქტი. ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ზღვის წყლის სიმკვრივე მცირედით მეტია მტკნარი წყლის სიმკვრივეზე, შესაბამისად, იმსჯელონ, რეალურია თუ არა კოკა-კოლა zero-ს შეკვრების გამორიყავა და შეიძლებოდა თუ არა, ლიმონათ „ზანდუკელის“ შეკვრები გამორიყულიყო?

ჩემი ხედვით, ასეთია კომპლექსური დავალება: საინტერესო, შემეცნებითი, მოითხოვს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას და, საბოლოოდ, სამიზნე ცნების გააზრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ncp.ge ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

https://www.youtube.com/watch?v=OPi6qqS33zw&fbclid=IwAR2V1wWxx5pHAYLBsQkGRfMUTh5CUOvPazMSUzKvHHnavp_AtQeVyRJ0vXU ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიური მრწამსი

https://edu.aris.ge/news/gzavnili-saskolo-sazogadoebas-axali-skolis-modelis-shesaxeb-procesi-gamowvevebi-da-savaraudo-shedegi.html

დოკუმენტური და მხატვრული ფილმები კლიმატის ცვლილებაზე

0

(ნაწილი მეორე)

როგორც შეგპირდით, ეტაპობრივად გაგიზიარებთ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, რომლებშიც ნაჩვენებია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები და შემოთავაზებულია გამოსავლის გზები. პირველი სტატია დაეთმო ოკეანეებში წყლის საშუალო ტემპერატურის მატებით გამოწვეულ პრობლემებსა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს (იხ. ნაწილი  პირველი). ამ სტატიაში გაგიზიარებთ კიდევ ორ დოკუმენტურ ფილმს. პირველი მათგანში დედამიწაზე მიმდინარე ცვლილებების უშუალო შემსწრე გვესაუბრება, ხოლო მეორე ფილმი ყინულოვანი საფარის შემცირებაზეა.

დეივიდ ატენბორო: ცხოვრება ჩვენს პლანეტაზეფილმი, რომელსაც მეორედ აუცილებლად ნახავ!

ნებისმიერი დანაშაული მარტივად იხსნება, როდესაც ფაქტს ჰყავს შემსწრე. შესაბამისად, სასამართლოში მოწმის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, ძალიან დიდი ძალა აქვს. ვინ შეიძლება იყოს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების „მოწმე“?

მრავლის მნახველი დევიდ ატენბორო გვიზიარებს თავისი თვალით დანახულ იმ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. ახალგაზრდა დავიდი კარიერის საწყის ეტაპზე გადაშენების ისტორიულ პროცესს მხოლოდ კლდეების შრეთა შორის ხედავდა. შემდგომში აღმოაჩინა, რომ პროცესი მის თვალწინ მიმდინარეობდა. დამაფიქრებელია ფრაზა ფილმიდან „ახლა ჩვენ პლანეტას ადამიანი ადამიანისთვის განაგებს“. ამ დროს გვერდზე გვრჩება ცოცხალი ორგანიზმები, ყველაფერი, რაც დედამიწას ჯადოსნურს ხდის…

მისი დამაჯერებელი თხრობის სტილი, რომელსაც მდიდარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, გვამოგზაურებს ზღაპრულ სამყაროში, სიღრმისეულად გვიჩვენებს დედამიწის მშვენიერებას. მოულოდნელად გადადის პრობლემებზე, იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ, მაგრამ მიზერულს ვაკეთებთ მათ მოსაგვარებლად… სამაგიეროდ, ავტორი გვთავაზობს მათი გადაჭრის გზებსაც.

ფილმი დისტანციური სწავლების  პერიოდში მოსწავლეებს გავუზიარე. ვკითხე –  რატომ უნდა უყურონ მას ახალგაზრდებმა? ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

„როდესაც  ჩემმა  მასწავლებელმა  ეს  ფილმი პირველად  გამოგვიგზავნა,   სიმართლე  გითხრათ,  არ  მეგონა,  რომ  ასე იმოქმედებდა  ჩემზე.  ნუთუ  ერთმა  ადამიანმა  გაცილებით  მეტი  იცის  ბუნების  შესახებ,  ვიდრე  სხვებმა.  ეს  უნიკალური  ფილმი  იყო.  ფილმში გადმოცემულმა დეივიდ  ატენბოროს  გამოცდილებამ დიდი  შთაბეჭდილება  დატოვა  ჩემზე.  ფილმის  დამთავრების  შემდეგ  ვიყავი  გაოგნებული  და  გამიჩნდა  ასეთი  კითხვები:  მართლა  ასეთი  იყო  ერთ  დროს  დედამიწა?      ახლა  როგორია?     და  რაც  მთავარია,  როგორ  იქნება  მომავალში?   პირველი  ორი  შეკითხვაზე  პასუხი   შევძელი,  მაგრამ  როგორ  იქნება  მომავალში  დედამიწა?  ამ  შეკითხვაზე  პასუხი  არ  მაქვს.

რატომ  უნდა  უყურონ  ამ  ფილმს  ახალგაზრდებმა?  იმიტომ,  რომ  ჩვენ  ვართ  მომავალი  თაობა  და ჩვენ,  ახალგაზრდებმა  უნდა  გავცეთ  ამ  კითხვას  პასუხი,  ჩვენ  ისევ უნდა  ავაყვავოთ  ჩვენი  დედამიწა  და  არ  უნდა  გავანადგუროთ  ის.  სწორედ  ამიტომ,  ვურჩევ  ამ  ფილმს  ყველას,  რადგან  ის  მწარე  რეალობა,  რომელიც  მე  დავინახე,  მინდა  რომ  სხვებმაც  ნახონ.“

ფილმის მიხედვით უამრავი აქტივობის მოფიქრებაა შესაძლებელი. გიზიარებთ რამდენიმე ვარიანტს.

აქტივობა პირველი – კამპანია სოციალურ ქსელში

ფილმის ყურების შემდეგ შესთავაზეთ თქვენს მოსწავლეებს საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა. სთხოვეთ, თითოეულმა მათგანმა შექმნას ფილმის აფიშა ან პოსტერი, გააზიაროს იგი ფილმის ბმულთან ერთად და მონიშნოს მინიმუმ 5 მეგობარი. პოსტის განთავსებისას გამოიყენონ ჰაშთაგი #უყურეშენც #ჩვენიდედამიწასაფრთხეშია

აქტივობა მეორე – კითხვები რეფლექსიისთვის

  • რა როლი შეასრულა სეზონების განაწილებამ ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლაზე?
  • რა გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ატმოსფეროში ნახშირბადის რაოდენობის ზრდაზე და ველური ბუნების შემცირებაზე?
  • რა როლი შეასრულა ვეშაპებზე ნადირობის საწინააღმდეგო მოძრაობებმა მათ გადარჩენაში? რამდენად აქვს აზრი აქტივიზმს ამ მიმართულებით?
  • რა შეიძლება მოჰყვეს ეკოსისტემის/ბიომრავალფეროვნების მიზანმიმართულ განადგურებას? რა მოხდება თუ არ შევაჩერეთ ის?
  • როგორ პროგნოზს აკეთებენ მეცნიერები 2100 წლისთვის? რა მოხდება თუ არ ვიმოქმედებთ? არსებობს გამოსწორების შანსი?
  • რას გვთავაზობს დავიდი გამოსავლის გზად? მოიყვანეთ ფილმიდან მაგალითები.
  • როგორ მოახერხა ნიდერლანდებმა რომ გამხდარიყო N2 ექსპორტიორი მსოფლიოში?

აქტივობა მესამე – ინფოგრაფიკების შექმნა

  • ააგე სვეტოვანი დიაგრამა და წლების მიხედვით წარმოადგინე ველური ბუნების კლების ტენდენცია.
  • მსოფლიო ოკეანის მაგალითზე წარმოადგინე ჯაჭვური კავშირი, რა შეიძლება გამოიწვიოს ერთი სახეობის თევზის განადგურებამ.

აქტივობა მეოთხე – ჩეკლისტები

დაურიგეთ მოსწავლეებს აღნიშნული ცხრილი და სთხოვეთ, ფილმის ყურების დროს მონიშნონ პასუხები – დიახ/არა. ხოლო შემდეგ შეავსონ მეორე ნაწილი – როგორ/რატომ? გაითვალისწინეთ, რომ თანმიმდევრობა მიჰყვება ფილმის სიუჟეტს.

N დებულება დიახ/არა როგორ/რატომ?
1 ქანებზე დაკვირვებით შესაძლებელია დავინახოთ ევოლუციური პროცესები.  დიახ ქანებს შორის ჩანს ხაზები,  მილიონობით წლის წინ ჩამარხული სიცოცხლის ფორმებით.
2 ტექნიკის მასობრივი განვითარება იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.
3 1971 წელს ახალ გინეაში მყოფ ველურ ტომსა და იმდროინდელ საზოგადოებას შორის თვალშისაცემი განსხვავება იყო.
4 ჯუნგლებში დედამიწაზე არსებული ველური სახეობების მხოლოდ მცირე რაოდენობა ცხოვრობს.
5 ხეების გაჩეხვით ადამიანები  სარგებელს ვერ იღებენ.
6 ზღვებიდან/ოკეანეებიდან დიდი თევზების გაქრობა გამოიწვია უკონტროლო თევზაობამ.
7 მარჯნის რიფების გათეთრება დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან.
8 ეკვატორის გარშემო ტყეების ვრცელი მასები ტენიანობისა და ჟანგბადის წყაროა.
9 ზაფხულის ზღვის ყინული არქტიკაში 40%-ით შემცირებულია.
10 ადამიანის მიერ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზა ბუნების ისევ „გაველურებაშია“.
11 ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვის სერვისები შობადობის შემცირებას იწვევს.
12 ადამიანის კვების რაციონის შეცვლა გამოსავალი არ არის.
13 ტყეების განახლება ჩვენი პლანეტის აღდგენის ფუნდამენტური ნაწილია.

 

აქტივობა მეხუთე – ლექსიკონი

ფილმში უამრავი ახალი სიტყვა და ტერმინია გამოყენებული. სთხოვეთ მოსწავლეებს, ფილმის ყურების დროს ჩაინიშნონ მათთვის უცნობი ტერმინები და შემდეგ მიუწერონ განმარტებები.

 

ყინულის დევნაში 2012 წლის დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ასახულია „National Geographic“-ის ფოტოგრაფის ჯეიმს ბალოგის (James Balog) მიერ შეგროვებული კადრები. ფოტოგრაფს თავისი საქმიანობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია. XX საუკუნის დასაწყისიდან დაინტერესდა კლიმატის ცვლილების  საკითხით. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა მყინვარებს, მათ მოძრაობასა და ზომების შემცირებას. აღიარებს, რომ წლების წინ თვითონაც სკეპტიკურად უყურებდა კლიმატის ცვლილების სერიოზულობას, თუმცა ახლა ამ საფრთხის რეალობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების დარწმუნებას ცდილობს…

კვლევითი გუნდის წევრები კუნძულებზე ისლანდიასა და გრენლანდიაზე, ასევე ალასკას ნახევარკუნძულზე და მონტანას შტატში მყინვარების დნობის პროცესზე დასაკვირვებლად სპეციალურ კამერებს აყენებენ.

მკვლევრები მტკიცებულებების მოსაპოვებლად უდიდეს შრომას დებენ. ზოგჯერ მათ მიერ გავლილი გზა არ არის მარტივი. რთული კლიმატის, გარემო პირობებისა და ტექნიკის კუთხით აწყდებიან დაბრკოლებებს. ხშირად გამოდიან დამარცხებული, თუმცა, არასოდეს კარგავენ შემართებას. ფოტოგრაფი ჯეიმს ბალოგი, კოლეგებთან ერთად მაინც ახერხებს მყინვარების ზომის შემცირების დამადასტურებელი ვიდეოკადრების შეგროვებას.

ფილმში ვიზუალური თვალსაჩინოებით ნაჩვენებია მყინვარების გულიდან ამოღებულ მასალაზე დაკვირვების შედეგები. საუკუნეებისა და წლების განმავლობაში ფიქსირდება ტემპერატურისა და CO2-ის ურთიერთშეთანხმებული აწევ-დაწევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია მკვეთრად იცვლება.

მოსწავლეებს დავუსვათ შეკითხვები:

  • როგორ ადგენენ მეცნიერები მყინვარების ასაკს?
  • როგორ აკავშირებენ მყინვარების ზომის ზრდის ტემპის შემცირებას კლიმატის ცვლილებასთან?

პრობლემა ჩვენთვისაც ახლობელია. მეცნიერები საქართველოში არსებული მყინვარების ზომისა და რაოდენობის შემცირებაზე დიდი ხანია საუბრობენ (დაწვრილებით იხილეთ მანანა სეხნიაშვილის სტატია – საქართველოს მყინვარები – კრიოსფერო).

ჩვენს ქვეყანაში მყინვარების ზომის შემცირების დამადასტურებელ მტკიცებულებებს  აქვეყნებს სამეცნიერო ვებგვერდი – კავკასიონის მყინვარები. გთავაზობთ აქტივობას, რომელიც შეგიძლიათ დაუკავშიროთ საქართველოს პრობლემებს.

  • გაეცანი „კავკასიონის მყინვარების“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო რესურსებს. საქართველოს ფიზიკური რუკის დახმარებით დაადგინე, რომელი მდინარეები საზრდოობენ აღნიშნული მყინვარებით. გამოთქვი ვარაუდი მომავალში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

დეივიდ ატენბორო: ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე;

ყინულის დევნაში;

მანანა სეხნიაშვილი – საქართველოს მყინვარები – კრიოსფერო;

სტატია – ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარი“ სერიოზულ საფრთხეშია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება;

Glaciers of the Greater Caucasus -კავკასიონის მყინვარები.

 

ინტერნეტმაღაზია- კომპლექსური დავალების შეფასება სოლოტაქსონომიით

0

წინა სტატიაში გაგიზიარეთ ჩემი გამოცდილება, გიამბეთ მე-4 კლასში სასწავლო ერთეულის მოქმედებები რიცხვებზე (შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება და შედეგის შეფასება, ქართული ფულის ერთეულების გამოყენებით),  სწავლების პროცესზე, ეტაპობრივად, კონსტრუირებულად – პირველი გაკვეთილიდან ბოლო კომპლექსური დავალების პრეზენტაციამდე  https://bit.ly/3pPaKky

ახლა კი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ზემოთ აღნიშნულ კომპლექსურ დავალებაზე (.იხ კომპლექსური დავალების ბარათი: კომლექსური დავალება), რომელიც შეიქმნა მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაზე, სოლოტაქსონომიით შექმნილ რუბრიკაზე დაყრდნობით.

შედეგის მისაღწევად ყოველდღიურად ვადევნებ თვალს, საით მიდიან მოსწავლეები, ვაძლევ მიმართულებას, რათა არ ასცდნენ მიზნისაკენ მიმავალ გზას.  ყველასათვის ცნობილია, რომ განმავითარებელი შეფასება სწავლებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებით ვაგროვებ ინფორმაციას  მოსწავლის გაგება-გააზრების დონის შესახებ, რაც  საშუალებას მაძლევს ხელი შევუწყო მოსწავლეთა პროგრესს და გავაუმჯობესო სწავლის პროცესი. სოლოტაქსონომიაც განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი საშუალება და ინსტრუმენტია, რომლითაც  მოსწავლეთა შედეგებს ვადგენთ. სოლო – არის დაკვირვებადი სწავლის შედეგების სტრუქტურა, იგი იძლევა მოსწავლის ნამუშევრის ხარისხისა და სწავლის შედეგების კლასიფიცირების    საშუალებას. ის შედგება შემეცნების დონის  ხუთი განზომილებისგან.

პრესტრუქტურული დონე – მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია;

უნისტრუქტურული დონე – მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს  აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

მიმართებითი დონე – მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

აბსტრაქტული დონე – მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი/არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა  და მისი დეკონტექსტუალიზების სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას უკავშირებს.

როგორც აღვნიშნე, სწორედ შეფასების ზემოთ აღნიშნული მეთოდიკა უდევს საფუძვლად მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებელ კომპლექსურ დავალებას. დგება დიფერენცირებული ანალიზი საგნის სამიზნე ცნებებთან მიმართებით სოლოტაქსონომიით შეფასების დონეზე. წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას სოლოტაქსონომიის მიხედვით.

დონე განმარტება

(მათემატიკური სამუშაოს შესრულება, განმარტება დავალების ფარგლებში)

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი?/არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა  და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

მოსწავლემ შეასრულა დავალების ყველა პირობა. სიღრმისეულად  გაიაზრა და დააკავშირა საკითხი ცხოვრებისეულ მაგალითებთან. შექმნა დავალების ანალოგი თანატოლებისათვის.

·         წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით. ან სახატავ ფურცელზე ფერადი ფანქრების გამოყენებით.

·         გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთები – 8 ნივთი.

·          თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი- თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

·         საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასის ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი.

·          წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლა.

·         იყენებს შეკრება-გამოკლების სხვადასხვა სტრატეგიას.

·         პასუხობს დავალების ყველა შეკითხვას

·         მსჯელობს დამაჯერებლად.

·         აკავშირებს დავალების პირობას რეალურ ცხოვრებასთან, მოჰყავს მაგალითები.

·         ქმნის მსგავს დავალებას 3 პირობით.

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

 

მოსწავლე ასრულებს დავალების ყველა პირობას და მათ ერთმანეთთან აკავშირებს. გამოთვლები სწორია. მსჯელობა ლოგიკური.

·         წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით. ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

·         გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი – 8 ნივთი.

·         თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი- თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

·         საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასის ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი.

·         წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლები.

·         იყენებს შეკრება გამოკლების სხვადასხვა სტრატეგიას.

·         პასუხობს დავალების ყველა შეკითხვას.

·         მსჯელობს დამაჯერებლად.

მულტისტრუქტურული დონე მოსწავლეს  აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მოსწავლე ასრულებს დავალების რამდენიმე პირობას, თუმცა მათ ერთმანეთთან ვერ აკავშირებს.

·         წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით. ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

·         გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი – 8 ნივთი.

·         თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი- თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

·         საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასის ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი. გამოთვლებში აქვს მცირე ხარვეზი.

·         ერთმანეთთან ვერ აკავშირებს საქონლის ჯამის მიახლოებით და ზუსტ გამოთვლებს.

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მოსწავლემ შეასრულა დავალების ერთი მოქმედება

·         მოსწავლემ წარმოადგინა ინტერნეტმაღაზია და გასაყიდად გამოიტანა რვა ნივთი. მიუწერა მას ფასი შესაბამისი შეზღუდვით. ფასი ლარსა და თეთრებში. რვავე ნივთი ერთი და იმავე სექციიდანაა.

ან

·         მოსწავლის მიერ მაღაზიაში  წარმოდგენილი ნივთების ფიქსირებული ფასები არ აკმაყოფილებს პირობას, თუმცა რვავე საქონლის ჯამი 500 დან 600 ლარამდეა.

პრესტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

ვერ იაზრებს ამოცანის პირობას, ვერ იწყებს დავალებას. ან შეიძლება შექმნას „მაღაზია“ და გასაყიდად გამოიტანოს  სხვადასხვა სახეობის რვა ნივთი

კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას, მოსწავლემ ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა, როგორ შეასრულა დავალება, უპასუხა მასწავლებლისა და თანაკლასელების შეკითხვებს.

სოლოტაქსონომიის მოდელის საშუალებით (დაკვირვებადი სწავლის შედეგების სტრუქტურა)  გავარკვიე, როგორ ესმის მოსწავლეს, რასაც სწავლობს და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მას სასწავლო პროცესში. აღვწერე მოსწავლის ნამუშევარი, განვსაზღვრე მიღწევის დონე და მივეცი უკუკავშირი კომენტარის სახით წინსვლისა და სწავლის შესაფასებლად (წერილობით ან სიტყვიერად). კომენტარს ვაძლევ აუცილებლად წამახალისებელს, წარმატებაზე ორიენტირებულს, რათა გააუმჯობესოს მოსწრება. ვიყენებ „სენდვიჩის“ მეთოდს, იგი ამაღლებს მოსწავლეებში მიღწევების გაუმჯობესებისათვის მზაობის მუხტს.

წარმოგიდგენთ, როგორ შევაფასე ზოგიერთი  მოსწავლეთა ნამუშევრები დონეების მიხედვით

აღწერა კომენტარი
აბსტრაქტული დონე წარმოადგინა ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის ვსწავლობთ თამაშის გამოყენებით სამივე პირობის დაცვით. წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი მნიშვნელობა. იყენებს რიცხვების თვისებებს და გამოთვლის სხვადასხვა სტრატეგიას. გამოთვლები სწორია. მსჯელობს არგუმენტირებულად. აკავშირებს ამოცანას სხვა ყოფაცხოვრებისეულ მაგალითთან, ქმნის ანალოგიურ პირობას თანაკლასელთათვის შენი ნამუშევარი შესანიშნავია, დავალების  პირობის ყველა მოთხოვნა დაცულია და ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გაქვს. ამოცანას აკავშირებ სხვა ყოფით მაგალითთან, ქმნი მსგავს პირობას. მოგყავს მყარი არგუმენტები შენი მსჯელობის დასასაბუთებლად. შესანიშნავი იყო  ნამუშევრის  გასიტყვება, მსჯელობა დამაჯერებელი,  თანმიმდევრული.
მიმართებითი დონე წარმოადგინა ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის ვსწავლობთ თამაშის გამოყენებით (ან სახატავი საშუალებებით) სამივე პირობის დაცვით. წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი მნიშვნელობა. გამოთვლები სწორია. იყენებს რიცხვების თვისებებს და გამოთვლის სხვადასხვა სტრატეგიას, არგუმენტირებულად მსჯელობს უპირატესობებზე. კარგი ნამუშევარი გაქვს. დავალების ყველა კითხვას სრულყოფილად პასუხობ. გამოთვლები სწორია.

დაფიქრდი მიღებულ გამოცდილებას როგორ დააკავშირებ ყოფაცხოვრებისეულ სხვა საკითხებთან. დააკვირდი დავალების ალგორითმს და შექმენი მსგავსი პირობა.

ძალიან მომეწონა შენ მიერ ორგანიზებული ონლაინმაღაზია, და გამოთვლის თვალსაჩინო წარმოდგენა. ძალიან კარგია, რომ შეგიძლია დავალების ყველა ნაბიჯის არგუმენტირებულად დასაბუთება.

მულტისტრუქტურული შექმნა ონლაინმაღაზია. მოცემული პირობების გათვალისწინებით, თუმცა მათ შორის კავშირებს ვერ ხედავს. ასრულებს მოქმედებებს, ძირითადად ერთი სტრატეგიის გამოყენებით. გამოთვლებში აქვს მცირე ხარვეზები. კარგია, რომ დავალება ძირითადად შეასრულე. გამოთვლები უმეტესად სწორია. მცირე ხარვეზევის გამოსწორებას შეძლებ, თუ კიდევ ერთხელ გააზრებულად ნახავ დავალების პირობაში ჩაშენებულ სასწავლო ვიდეოებს და შეასრულებ სავარჯიშოებს.

ეცადე შენ მიერ შესრულებულ მოქმედებებს შორის კავშირები დაამყარო. ძალიან მომეწონა შენი ორგანიზებული ონლაინმაღაზიის დიზაინი. ნივთების ფასებიც რეალურთან ახლოსაა.

უნისტრუქტურული შექმნა ინტერნეტმაღაზია. დაალაგა ნივთები, მიუწერა ფასები, თუმცა დავალების ყველა პირობა ვერ შეასრულა. შეკრების მოქმედებაც ხარვეზებით აქვს დაწყებული. კარგია, რომ შექმენი ონლაინმაღაზია და დალაგებულ ნივთებს ფასები მიუწერე, თუმცა ფასები აუცილებლად ლარებსა და თეთრებში უნდა ყოფილიყო.  ფასთა ჯამი სწორად განგისაზღვრავს. მსგავსი შეცდომის თავიდან აცილების მიზნით გირჩევ ყურადღებით წაიკითხო დავალების ყველა პირობა. რიცხვებზე მოქმედებებში რომ გაიწაფო, უყურე დავალების პირობაში ჩაშენებულ ვიდეოგაკვეთილებს და შეასრულე მოქმედებები. ძალიან ლამაზი დიზაინით შექმნილი მაღაზია გქონდა.
პრესტრუქტურული ვერ გაიაზრა დავალების ვერცერთი პირობა. არასწორად დაიწყო მუშაობა.

მხოლოდ მაღაზია შექმნა და ნივთების დალაგებისას ვერც ერთი პირობა ვერ გაითვალისწინა.

მომეწონა დაწყებული დავალება. მაღაზიაში ნივთები დალაგებული გაქვს. ცოტა მეტი ძალისხმევა რომ გამოგეჩინა და ყურადღებით წაგეკითხა, მომდევნო ნაბიჯებსაც თავისუფლად გადადგამდი. გირჩევ პირობა რამდენჯერმე წაიკითხო და გაიაზრო, რას ითხოვს შენგან დავალება. რიცხვებზე მოქმედებებში რომ გაიწაფო, უყურე დავალების პირობაში ჩაშენებულ ვიდეოგაკვეთილებს და შეასრულე სავარჯიშოები. მოსაწონია, რომ დაიწყე დავალებაზე მუშაობა.

 

სოლოტაქსონომია დამეხმარა მოსწავლის დონის განსაზღვრაში, შედეგის თვალსაჩინოდ დანახვაში, სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენაში. მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავე იმ თემატური ერთეულის ცოდნის გაუმჯობესებაზე,  რომელშიც ვმონაწილეობდით და შევაფასე სწავლა-სწავლების პროცესი. კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ შეფასება მნიშვნელოვანია სწავლის მართვაში და აუჯობესებს მოსწავლეთა შედეგებს. სოლოტაქსონომიით შეფასება კი შესანიშნავი შესაძლებლობაა მოსწავლეთა შედეგების დასადგენად და გასაუმჯობესებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შეგდენისათვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე .

https://clck.ru/SkNrc

 

 

 

კრიტიკული აზროვნება – რატომ სჭირდებათ ის მოსწავლეებს?

0

ბევრი წლის წინ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, გაკვეთილებზე მოსწავლეები კითხვებს იშვიათად სვამდნენ. თუ უფრო გავთამამდებოდით და საკუთარ აზრს თავისუფლად გამოვთქვამდით, ეს იმ მასწავლებლის დამსახურება იყო, რომელიც ნდობით სავსე გარემოს ქმნიდა. ასეთი მასწავლებელი მაშინაც და დღესაც იშვიათი მგონია. ალბათ გამართლებაზეც არის, შეგხვდეს ისეთი მასწავლებელი, რომელთანაც მოსწავლე გაბედული იქნება, არ მოერიდება კითხვის დასმა, არ შეეშინდება შეცდომის დაშვება და არ შერცხვება საკუთარი მოსაზრების გაჟღერება. „გამართლება“ – ამ სიტყვის გამოყენებასაც ხომ ძალიან მივეჩვიეთ განათლების კონტექსტში. „გაგვიმართლა და კარგი მასწავლებელი შეგვხვდა“, „თუ გაგვიმართლა და კარგ მასწავლებელს შევხვდით“, „საჯარო სკოლაა, მაგრამ გაგვიმართლა“ – რამდენჯერ გვითქვამს ან რამდენჯერ მოგვისმენია მსგავსი ფრაზები მშობლებისგან…

ჩემი დროის სკოლაში ცოტა შეკითხვები იყო. მეც იშვიათად მიჩნდებოდა კითხვების დასმის სურვილი და საერთოდაც, ამ მხრივ ძალიან არც სხვები აქტიურობდნენ. საკმაოდ გვიან გავიაზრე, რომ ჩემი თაობის ადამიანები ისეთი სკოლებიდან მოვდივართ, სადაც არ იყო მოსწავლის მხრიდან შეკითხვების დასმის კულტურა და ტრადიცია, რომელსაც კამათამდე, დისკუსიამდე, თავისუფალ აზრამდე უნდა მივეყვანეთ. იმ გაკვეთილებზე, სადაც ბევრი შეკითხვა იბადება და ჟღერდება, ფიქრის მასშტაბი იზრდება, საკითხი უფრო ცხადი და გასაგები ხდება და ყველაზე მთავარი – მოსწავლის ცოდნა და გამოცდილებაც უჩვეულოდ მდიდრდება. თუ ასეთ გაკვეთილზე შექმნილია პირობა, იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოისმინოს მოსწავლის აზრები, შეხედულებები, პატივი სცეს მის ნააზრევს და წაახალისოს ის ამ მიმართულებით, ალბათ ეს არის ყველაზე ეფექტური სწავლების ფორმა, რომელიც აუცილებელია მომავალში მოსწავლის შედეგის გასაუმჯობესებლად.

როდესაც, სკოლისა და მასწავლებლის დანიშნულებაზე ვფიქრობ, ყველაზე უმთავრეს მისიად მიმაჩნია, სკოლამ ასწავლოს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება და შექმნას კომფორტული სივრცე ინდივიდუალური მოსაზრებებისა და ნააზრევის გაზიარებისთვის.

ჩემი რვა და ექვსი წლის შვილები ყოველდღიურად უამრავ შეკითხვას მისვამენ, რაც ბევრ საფიქრალს მიჩენს. მათ მეც შეუსვენებლად ვპასუხობ. იმასაც მივხვდი, რომ კითხვების დასმა, მათი მთავარი „პროფესიაა“ და ახლა მთავარია, ჩვენ დუმილით არ შევაფერხოთ მათი მზარდი ინტერესი და გამოვნახოთ დრო მათთან სასაუბროდ. ზოგჯერ მიფიქრია, რატომ დაინტერესდნენ მაინცდამაინც „ამ“ თემით, ეს ხომ არ უნდა შედიოდეს ბავშვის ინტერესებში, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, თუ ბავშვი კითხვას სვამს, ე.ი მას აქვს მზაობა, მიიღოს და გაიაზროს პასუხი.

ჩემს შვილებს უკვირთ, რატომ ტოვებენ ნაგავს ქუჩაში მათზე ბევრად უფროსები და აბინძურებენ გარემოს; უკვირთ, რატომ არის მათ სახლთან მდებარე სკვერში დამტვრეული, მოძველებული და საფრთხის შემცველი გასართობები ბავშვებისთვის და რატომ არ ზრუნავენ თანაბრად ყველა ბავშვზე, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს ის; ან რატომ დადის გარეუბნებში მოძველებული ტრანსპორტი და სხვაგან უფრო სუფთა და შედარებით გამართული. მათ მოსაზრებებს სამოქალაქო პოზიციიდანაც რომ შევხედოთ, ნამდვილად ჯანსაღი, კრიტიკული და ლეგიტიმურია. მათ მიერ გარემოს ასეთი კრიტიკული შეფასებაც დასაფიქრებელია, რადგან ბავშვის დაკვირვებულ თვალს ნამდვილად არაფერი გამოეპარება. ყურადღების მიღმა არ რჩებათ არც მავანი პოლიტიკოსების დაპირებები, რომლებიც დიდ სარეკლამო ბანერებზეა გამოტანილი, კარგად იკითხება და ნებსით თუ უნებლიეთ გვამახსოვრდება. ვფიქრობ, როდესაც მოსწავლეების მხრიდან ასეთი შეკითხვები ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ უფრო შემართებით ვიზრუნოთ მათი სააზროვნო უნარების გაძლიერებისთვის და ამ მხრივ მსჯელობის გაღრმავებისთვის.

მოსწავლისთვის კრიტიკული აზროვნების სწავლება, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული, გამჭოლი კომპეტენცია და აუცილებელი უნარი, გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმითაც. გეგმაში ნათქვამია, რომ ამ სააზროვნო უნარის ფლობა მოსწავლეს მომავალში გაუადვილებს თვითრეალიზებას და დაეხმარება, იყოს კარგი მოქალაქე, დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში და შეიძინოს პრობლემის შეფასებისა და გააზრებისთვის საჭირო სააზროვნო უნარები. ეს უნარები განსაკუთრებით ახლა, ცვალებად კონტექსტშია მნიშვნელოვანი, როდესაც საკმაოდ რთულდება, გაარჩიო, სად არის სიმართლე. თუ ადამიანი ამ უნარებით აღჭურვილია, მას არ გაუჭირდება გააანალიზოს ინფორმაცია და გამოიტანოს სწორი დასკვნები.

რა უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას? როგორ იწყებს მოსწავლე კრიტიკულ აზროვნებას? ვპასუხობთ თუ არა მათ კრიტიკულ შეკითხვებს? როგორ ვპასუხობთ? როგორ ვუსმენთ? – ეს ის შეკითხვებია, რომლებიც მაშინ ჩნდება, როდესაც ვიწყებთ ფიქრს – რისთვის დასჭირდება მოსწავლეს მთელი ის ცოდნა, რასაც აგროვებს, იმახსოვრებს, იზეპირებს; როგორ გამოიყენებს ამ დაგროვილ ცოდნას, თუ პრაქტიკაში, ყოველდღიურობაში, რთული ცხოვრებისეული ამოცანების შესრულების დროს არ ეცოდინება ამ ცოდნის გამოყენების საჭირო მექანიზმები.

პასუხების ძიების პროცესში მოსწავლეები ბევრ შეკითხვას სვამენ და ამ დროს მათ მეგზური სჭირდებათ ისეთი მასწავლებლის სახით, რომელიც ამ გზაზე შეეშველება, უფრო ღრმად დააფიქრებს, მსჯელობას კრიტიკული მიმართულებით წაიყვანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროცესში შეცდომებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება მგონია და ვისურვებდი, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოსწავლეებმა შეცდომის შიშით არასოდეს თქვან უარი არასასიამოვნო და არასტანდარტული კრიტიკული მოსაზრების გამოთქმაზე.

 

ადამიანის დანიშნულების განსაზღვრა ოთარ ჭილაძის მხატვრულ სამყაროში, მითი და რეალობა „ადამიანი გაზეთის სვეტში“

0

რეზო ინანიშვილი წერდა: მწერლისთვის მხოლოდ დარაჯის ადგილი დარჩა და მასაც დარაჯივით უმწეოდ აქვს ხელები გაშლილიო. ოთარ ჭილაძემ მწერალი დავიწყებული ცოდნის საფლავზე დარგულ იმ ხეს შეადარა, ადგილის ხსოვნა რომ ევალება. ხსოვნის დარაჯობაა დღევანდელი ჭეშმარიტი ლიტერატურის დანიშნულება; იმ მარადიული ფასეულობების გახსენებაა, რასაც ადამიანად ყოფნა ჰქვია. ოთარ ჭილაძის მხატვრულ სამყაროსთან შეხება უცნაური შეგრძნებებით გავსებს.

ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტებები განსაკუთრებულად კონსტრუირდებიან და ემოციურ ველს სხვანაირად, ჭილაძისეულად აფართოებენ. ფიქრობ, რომ ეს ისედაც იცოდი, შენც გინდოდა გეთქვა, მაგრამ ასე სადად და ამავდროულად ზუსტად შერჩეული სიტყვა, ექსპრესიული სინტაგმა თუ ფრაზა ცხოვრების, ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმისეულად და სხვა კუთხით ჭვრეტას მოითხოვს. ჭილაძე სიტყვის ძალასა და მნიშვნელობაზე წერდა: „სიტყვა ერთადერთი და საკმაოდ ბნელი გვირაბია, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ვუკავშირდებით“. მის სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობის გარდა ღრმა შრეები დაიძებნება, კითხვის პროცესში მკითხველის ქვეცნობიერში დალექილი საიდუმლოებების ამოტყორცნის პროცესი აქტიურდება, რითაც ფანტაზიის ველი ფართოვდება და ჭილაძის სიტყვის დამგემოვნებელი მკითხველი ჯილდოდ იღებს ამ სამყაროში შეღწევის სიხარულს.

ნეტავ სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას, სიმართლესა და ტყუილს შორის? სიძულვილის, მტრობის დაძლევა და სიკეთის გამრავლების გზების ჩვენებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ლიტერატურული ტექსტები გვთავაზობს მკითხველთ. რეალური ცხოვრება, პრაგმატიზმითა და უსიყვარულობით გაჯერებული, უფრო და უფრო აცარიელებს ტექნოკრატიული მიღწევებით გაბრუებულ და თავის თავში გადაჭარბებულად თავდაჯერებულ ადამიანს. არადა, პასუხისმგებლობა, სიყვარული, სინანულის უნარი, თანაგრძნობა უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის. სწორედ ამ სულიერი ფასეულობების მარადიული მაძიებელი უნდა იყოს ადამიანი და არა ეჭვებით, შიშით, გაიძვერობით, სიძულვილით შეჭმულ–გამოხრული. ადამიანმა თუ სინდისს, „მამხილებელ გონებას“, თვალი მოუხუჭა, დიდოელი ლეკის გათელილ ნაბადს დაემსგავსება; ფიქრის უნარი ან სურვილი თუ დაკარგა ადამიანმა, თავისუფლების განცდა მომხვეჭელობასა და სხვის განადგურებაში თუ აერია, დაეკარგება ადამიანობის განმსაზღვრელი სასიცოცხლო იმპულსები. თავისუფალი ნება და იძულებითი მოვალეობა ერთმანეთისგან უნდა განირჩეს, ეს კი საკუთარ ვნებებთან, სურვილებთან მუდმივ ბრძოლაში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ბედნიერებისკენ ისწრაფვის (ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა – კარგად დავიწყებული „ძველი სიმღერა“), უარჩევანო ყოფაა ამქვეყნიური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი. წუთისოფელი წამიერი ბედნიერებისა, და უფრო მეტად, ხანგრძლივი ტანჯვის კალეიდოსკოპივითაა. ოთარ ჭილაძე თავისი შემოქმედებით კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ უსიყვარულობით, ანგარებით, გულგრილობით, სიბრიყვით, უვიცობით, შიშით გათანგული და გამოფიტული ადამიანის გადამრჩენელი სიყვარული, თანაგრძნობა, სხვისი უბედურებისა და სურვილების გაზიარება, მოყვასის (უფრო მეტიც, მტრის) მდგომარეობაში ყოფნის უნარი და სურვილია.

ინტერნეტში მეტად საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, რომელშიც დეტალურად იყო ნაჩვენები პანამაში რეალურად მომხდარ შეტაკებასა და ჭილაძისეულ გამონაგონს შორის მსგავსება-განსხვავების თავგადასავალი. როგორც ვიცით, ოთარ ჭილაძემ ეს პოემა 1963 წელს დაწერა (ამ წელს შეიქმნა ავტორის კიდევ სამი პოემა: „რკინის საწოლი“, „ თაკო და ზაზა“ და „ ცირკი“). აღნიშვნის ღირსია ის, რომ პანამის კოლუმბიისგან გამოყოფის შემდეგ ზონაზე კონტროლის სანაცვლოდ ამერიკას პანამელთათვის ყოველწლიურად 10 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სუეცის კრიზისის წარმოქმნისას (ამერიკის ზეწოლით 1956 წელს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სუეცის არხზე კონტროლი დაკარგეს)სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, კერძოდ, პანამელებმა არხზე თავიანთი კანონიერი უფლებების აღდგენა მოინდომეს; მიაღწიეს იმას, რომ ამერიკის დროშის გვერდით პანამის დროშაც აღიმართა, თუმცა კენედის მთავრობის წასვლის შემდეგ პანამის ზონაში არამილიტარულ დაწესებულებებზე დროშების აღმართვის უფლება გაუქმდა. ამ დეკრეტმა პანამელთა აღშფოთება გამოიწვია და ზონელმა სტუდენტებმა საკუთარი დროშით ხელში მსვლელობა მოაწყვეს ეროვნული ინსტიტუტიდან ბალბოას სკოლისკენ. აქ მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, რასაც დაპირისპირება, სისხლიანი შეტაკება მოჰყვა. ინციდენტის დროს ამბოხებულ სტუდენტებთან ერთად პოლიციელებიც დაიღუპნენ. გარდაცვლილ პოლიციელთა შორის ამერიკელი კრუს ხიმენესიც იყო. ეს ისტორიული ფაქტი ჭილაძის პოემის დაწერის შემდეგ მოხდა, 1964 წლის 9 იანვარს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამერიკელი პოლიციელის სახელიცა და გმირული დაღუპვის ისტორიაც ერთი წლით ადრე „ დაგეგმა“ ჭილაძემ. მან ისტორიულ მოვლენაზეც იწინასწარმეტყველა. საბჭოთა კავშირში გამოსული გაზეთების ფურცლებზე პანამელთა ტრაგედია 1964 წლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე შუქდებოდა. ამ ინციდენტს „აღშფოთებით“, თავში ხელის ცემითა და გულზე მჯიღების რტყმით გამოეხმაურა იმდროინდელი სისტემის თავი ნიკიტა ხრუშჩოვი: ეს რა უმსგავსობა და არაადამიანობა გამოიჩინეს ამერიკელებმა, როგორ ზღუდავენ თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებსო. ამას ურცხვად ამბობდა მაშინ , როცა 1956 წლის 9 მარტს თბილისი ქუჩებში ისე ჩაცხრილეს თავისუფლების მოსურნე ქართველი ახალგაზრდები, რომ ერთი გაზეთის ერთი ბწკარიც კი არ დაეთმო ნეკროლოგის ზოლში დაღუპულთა გვარ-სახელებს. ოფიციალური მონაცემებით, ამ სისხლიან დღეს ადამიანობაზე მოღაღადე საბჭოთა კავშირის დაურღვევლობის მესვეურთა ბრძანებით, თბილისში 27 ადამიანი დაიღუპა, არაოფიციალური ინფორმაციით, დახოცილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა ( იხ. https://www.youtube.com/watch?v=kPfd63zJwv0). ეს უსამართლობა ხდებოდა ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც, სადაც ძალაუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო თავისი ინტერესების დაკარგვის შიშით სისხლის გუბეებს აყენებდა ყველგან, სადაც მას მოთხოვნებს წაუყენებდნენ; სადაც დაფიქრდებოდნენ სამართლიანობაზე, ადამიანობაზე. ფიქრის უფლება არ შეარჩინეს მათზე დაქვემდებარებულებს, მეამბოხე, „ მეტიჩარა“ ელემენტებს.

პოემა „ ადამიანი გაზეთის სვეტში“ იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

● ადამიანის რაობის განსაზღვრა;

● შურის, მტრობის, სისხლისღვრის დამღუპველი შედეგების ჩვენება;

● ცხოვრების მთავარი საზრისის- სხვისი სიცოცხლის მოფრთხილებისა და მოყვასისთვის თავის გაწირვის არარსებობით გამოწვეული ტკივილი;

● მტრის სიყვარულის ჩვენება;

● ადამიანის, როგორც აღუვსებელი საწყაულის , „ ძირგავარდნილი ქვევრის“ სიმახინჯის დაგმობა;

● სამყაროში სიყვარულის, თანაგრძნობის, სხვისი ტკივილის გაგების არარსებობის ჩვენება;

● ფიქრის, როგორც ადამიანად ქცევის მთავარი ვექტორის დანახვება;

ამ პოემას არ აქვს კონკრეტული ქრონოტოპი. ის ზედროულია, მარადიულ და ყველგანმყოფ პრობლემას – თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხმიანება. „ადამიანი გაზეთის სვეტში“ იწყება ბიბლიური ალუზიით, რაც საინტერესოდ ათვალსაჩინოებს ადამიანთა სხვადასხვგვარ სულიერ მდგომარეობას. სახარებისეული „მთესველის იგავი“ (მათე, 13, 1–23 ; მარკოზი, 4, 1–15; ლუკა, 8, 4–15) პოემის მთავარი სათქმელის გააზრებაში გვეხმარება. პოეტის აზრით, ღვთის კალთიდან გადმოვარდნილი მარცვლის თავთავად ქცევა და ხალხის სულიერ–ხორციელად დაპურება ჩვენი ამქვეყნად მოსვლის მიზანია. სწორედ ეს „პური არსობისა“ არის ჩვენი გადამრჩენელი, გაღმა ნაპირზე გადამყვანი. სიცოცხლისთვის ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, თუ ის სიკეთეში გადადნება, ადამიანის არსებობის გამართლებას მოხმარდება, სხვის გადარჩენასა და გაკეთილშობილებას მიეძღვნება. „ათი მცნება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ძირითადი ადამიანური თვისების აღმოჩენა, ხოლო ადამიანობა – ამ ათი, ერთმანეთზე ძნელი და ერთმანეთზე ძლიერად მოსარეკი თვისების დათრგუნვისა თუ მიჩქმალვის ცდა. ადამიანი ყოველთვის კლავდა ანდა ეკვლევინებოდა საკუთარ ძმას, რადგამ სწორედ ძმის, მისი მსგავსის, მისი ჩამონაჭერის არსებობა აღიზიანებდა ყველაზე მეტად…მაინცდამაინც ძმის ხელობა ეგონა თავისაზე სარგებლიანიცა და იოლიც“(ჭილაძე 1981:202).

ოთარ ჭილაძის პოემის მიხედვით, კრუს ხიმენესი – თბილ ხნულში გაღვივებული მარცვალი – პანამელთა თავისუფლებას ეწირება. ის ხვდება: „ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც“. უსამართლო რეალობას შეჯახებული ახალგაზრდა ჯარისკაცი სრულიად დაცლილია „სულის საჭურისობისგან“. მას არ ეშინია „სიკვდილის…შიმშილის“ (ნიკო ლორთქიფანიძე „მონა“); ხვდება, რომ უიარაღო დემონსტრანტები არავის ერჩიან, თავიანთი თავისუფლებისათვის, თვითმყოფადობისთვის იბრძვიან, სხვისი არაფერი უნდათ. ამერიკა, თავისი დამრბევი დესანტით, ყველა მჩაგვრელის განზოგადებული სახეა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს პოემა 1963 წელს არის შექმნილი. ცოტა მოგვიანებით, 1889 წლის 9 აპრილს, რუსის ჯარმა ბარებითა და ნიჩბებით აჩეხა ჩვენი ლაღი უდანაშაულო გოგო–ბიჭები, რომლებიც არავისას ითხოვდნენ, სანთლებით ხელში „შავლეგოსა“ და „ჩემო კარგო ქვეყანას“ მღეროდნენ, თავიანთ მიწა–წყალზე ისხდნენ და შეუპოვრად ელოდნენ დასარბევად, გასათელად შემოსულ რუსის ტანკებსა და მათ „სალდათებს“; არ ელოდნენ, არ ეგონათ, რომ არ დაინდობდნენ, ასეთ ვანდალიზმს რომ გამოიჩენდნენ, მაგრამ …

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ორნი აქა–იქა“ შემზარავი პასაჟებით ასახავს ქართველთა გვამებზე მდგარი გავეშებული რუსის ჯარისკაცების ნადიმს; დამთრგუნველია დიდი რუსთაველის პროსპექტზე ბატონკაცურად მოთარეშე ბრბოს სისასტიკე; „ვალმოხდილი“ სტასიკა, გვამებზე ზეაღმართული, გამარჯვებული სახით კუთვნილ „პაიოკს“ მადიანად ილუკმებოდა და არბევდა იმ გეოგრაფიულ ლოკალს, რომელმაც, მისი აზრით, სტალინი შექმნა. მისთვის და მისნაირებისთვის ქართველები თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი კი არა, ურჩი, ვიღაც „რუსტაველის“ შთამომავალი ეთნოსი იყო, რომელიც ეურჩებოდა დიდ კავშირს საბჭოეთისას. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ორნი აქა–იქა“ იმავე ტკივილის მატარებელია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამერიკელებსა და პანამელებს შორის ხიდივით გადადებული ახალგაზრდა ხიმენესი აკლია ბარ–ნიჩბებით შეიარაღებულ იროდის „ლაშქარს“.

ტექსტზე მუშაობისას საინტერესო იქნება, მოსწავლეებმა გაიაზრონ რამდენიმე სახე–სიმბოლო, როგორებიცაა: მარცვალი(პური), ხიდი, სისხლი, ჩიტის ჩიჩახვი, თბილი ხნული და სხვ. კარგი იქნება, თუკი ბავშვებს მათ სიმბოლურ მნიშვნელობებს მოვაძებნინებთ; მაგ., პური ცხოვრებისთვის, არსებობისთვის აუცილებელი სუბსტანცია.

ტექსტში კრუს ხიმენესი ამბობს: „ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებს და დამსჯელებს შორის“ (ჭილაძე 2010:218). ხიდი ხილული მეტაფორაა ორ სამყაროს შორის კავშირისა. მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ბაბილონის გოდოლი აღიმართა, მათ, მტრობისაგან თვალახვეულებს, ერთმანეთის არ ესმოდათ. პირისპირ აღმოჩნდნენ დამსჯელები (ამერიკა) და დასასჯელები (მშვიდობიანი პანამელი დემონსტრანტები). მათ შორის მხოლოდ ტყვია მოციქულობდა, რომელიც სისხლის ღვრასთან ერთად ყველანაირ ადამიანურ ურთიერთობებს საფუძველს აცლიდა და მტრობად, დაპირისპირებად გარდაქმნიდა. კრუს ხიმენესი დასარბევებში თავისუფლებისათვის მებრძოლ მოყვასს ხედავს. ამის უნარი დაკარგული აქვთ ბრბოდ ქცეულ სალდაფონებს, რომლებიც ბრძანების შესრულების იქით ვერ აზროვნებენ, ფიქრის უნარი აქვთ დაკარგული და მისიის შესრულებით აღტკინებულნი სხვათა სიცოცხლეს ისე ანადგურებს, თითქოს საკუთარ ღირსებას ამით გვირგვინს ადგამდნენ. ძმა ძმას კლავს, სისხლი იღვრება, შეყვარებულები, სიკვდილისაგან დასუნთქულები, ერთმანეთს ეყრებიან, დედები ძაძას იცვამენ ერთადერთ სამოსად, სიკვდილს უზავდებიან და ეხვეწებიან თავიანთ შვილებთან შეხვედრას და ვის, რას ხმარდება ამდენი ცრემლი?

რუს ხიმენესში კათარზისი იწყება, რის წყალობითაც ხვდება, რომ ფიქრსმოკლებული „ადამიანი ძირგავარდნილი ქვევრია“(ილია), „საწყაული აღუვსებელია“(ნიკოლოზ ბარათაშვილი), რომლის „სტომაქი ვერ ძღება კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით“ (ჭილაძე 2010: 421), და „ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც“ (ჭილაძე 2010: 417). ეს ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესზე დაფიქრდა… კრუს ხიმენესი სიკვდილის წინ, აგონიაში მყოფი, წარსულში, ხსოვნაში გადაინაცვლებს, ამიტომაც ენატრება „ასე მტანჯველად“ ყველაზე მშობლიურის აღმნიშვნელი ნიშნები: ძველისძველი საწოლი, წყალი და დედა. მისი სიკვდილი, შეიძლება ითქვას, გარკვეული მიმართებით მოწამებრივი სიკვდილია. ის ნებაყოფლობით ეკვლევინება საკუთარ თანამოძმეებს, თავისი სიკვდილით უფრო დიდ სიკვდილს უღებს ბოლოს. თრგუნავს დაუნდობლობას და კაცთმოძულებას და სიკეთედ გარდაქმნის მათ. ის სიწმინდის შარავანდედით იმოსება, მასთან ერთად მთელი ქვეყანა ცოდვათაგან წვიმით (ციური ცვრით) ირეცხება, მადლმოსილი ხდება; ხალხი ფიქრდება და ხვდება, რომ ამქვეყნიური ცხოვრება, „ვითარცა ყვავილი ველთაი წარმავალ არს და დაუდგრომელ“(ცურტაველი).

სიკვდილამდე კრუს ხიმენესი ახალგაზრდა პანამელ გოგონას ხვდება (სრულ ვერსიაში), რომელსაც „მკერდით მოჰქონდა მინდვრის სურნელი, თმებში ჩაწვნოდა თივის ბულული“ (ჭილაძე 2010: 419). ბიჭი აცნობიერებს, რომ ამ მშვენიერებას არ უნდა ესროლოს. გოგონა კრებითი სახეა ქალისა, უბერებელი ევაა, რომელიც სილამაზისა და სიკეთის ჩამთესველად ევლინება იარაღასხმულ ბიჭს. ამ თვალხილული კონტრასტის წყალობით ხიმენესი აცნობიერებს, რომ მას(სიცოცხლის წამრთმეველს) ქალის (სიცოცხლის გამჩენის) განადგურების უფლება არამცდაარამც არ აქვს, ამიტომაც ეზედმეტება, ეჩოთირება ავტომატიან სულთამხუთავ პერსონად ყოფნა. „მე შემეჯავრა ჩემი მუნდირიც და ავტომატიც“ (ჭილაძე 2010:419).

სინაზითა და უცნაური გრძნობით აღვსილი ახალგაზრდა ჭაბუკი ფიქრით უკან იხევს და ეს მოძალადის უკანსვლა სულიერ წინსვლაში, მტრის სიყვარულში, მათი სურვილების გაგებაში გადაიზრდება. „ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი, წამი, წუთი, შემოჰკრა ქარმა და სწრაფ გააქრო, მაგრამ, თუკი, როგორმე წარსულში შებრუნდი, შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!“( ჭილაძე 1987: 5).

კრუს ხიმენესი მარადისობის მკვიდრი გახდა თავისი სისხლის დათხევით. მტერი შეიყვარა, თავი გასწირა მისთვის. სიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი აჩვენა თანამოძმეებსაც და პანამელებსაც. ის გადადნა, გარდაიცვალა და ფერი იცვალა მხოლოდ. კრუს ხიმენესისთვის „ ცა მიწიდან დაიწყო“, სიკვდილით კი ისინი იხოცებიან, ვისაც არ სჯერა, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ (.დოჩანაშვილი).

კარგი იქნება, თუკი მოსწავლეებს ყურადღებას გავამახვილებინებთ პოემის არქიტექტონიკაზეც. თეთრი ლექსის ფორმით სათქმელის გადმოცემა იმაზე მიუთითებს, რომ სათქმელი აღემატება რითმულად დახვეწილ, ევფონიური ეფექტებით მიღებულ შთაბეჭდილებებს. „ოთარ ჭილაძის პოემები აღბეჭდილია შინაგანი მონოლოგის ყოველი აუცილებელი ნიშნით. მის ქმნილებებში დგას ლირიკული პერსონა – მთავარი გმირი, რომელიც საუბრობს საკუთარი სულის პრიზმაში გარდატეხილი საგნებისა და მოვლენების ნაკვალევის ირგვლივ“ (სიგუა 2009:243). ოთარ ჭილაძის სიტყვის ძალა მოგმართავს სიკეთის კეთებისკენ, მართალი, ჭეშმარიტი საქციელისკენ. ოთარ ჭილაძემ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურა უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა და მსოფლიო მწერლობის ორბიტაზე თავისი განსხვავებული სიტყვა თქვა. დანიელი მწერალი, ლარს ბონნევი „რკინის თეატრის“ დანიურ ენაზე გამოქვეყნებისას წერდა, რომ „მსოფლიო რუკაზე საქართველო დაბრუნდა“, მას „კავკასიელი მარკესი უწოდეს“, თუმცა მარია ტეტცლაფმა (დანიელი მწერალი) ამასთან მიმართებით სამართლიანად აღნიშნა: „ჭილაძეს სულაც არ სჭირდება მარკესი, როგორც სარეკლამო ლოკომოტივიო“ (კვაჭანტირაძე 2009: 75)

უცხოელი კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მისი მკითხველი უმაღლეს ხარისხში მიიღებს თავის ჯილდოსო. ჭილაძეს რა ჯილდოს მონიჭებაც შეუძლია, ამას დანიელებსა თუ სხვათა უკეთ ჩვენ მივხვდებით, რადგან მათზე მეტად გაგვიმართლა. მის მხატვრულ სამყაროს მისსავე ენაზე შექმნილ–ნალოლიავებს ვკითხულობთ. ოთარ ჭილაძის წყალობით, „ ქართული ლიტერატურა ძალდაუტანებლად ეწერება საერთო საკაცობრიო კულტურის კონტექსტში, როგორც დამოუკიდებელი, თავისთავადი, ორიგინალური ცივილიზაციის ნაყოფი“ (ქ. ლიჰტენფელდი). რუსი კრიტიკოსი ვლადიმერ ოგნევიგოდორის“ შეფასებისას წერდა: „მის ზურგს უკან მრავალსაუკუნოვანი მწერლობა დგას, დაუშრეტელი წყარო, საიდანაც მწერალს შეუძლია უნივერსალური მნიშვნელობის ფორმები იპოვოს“. ჭილაძემ თავისი სამყარო ჩვენს და თავის მშობლიურ ენაზე შექმნა და ამით უსაზღვროდ გაგვაბედნიერა. დიდი ლიტერატურა მხოლოდ საკუთარ ენასთან უღრმესი კავშირით იქმნება.

1999 წელს, როცა ოთარ ჭილაძე სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ნომინანტად დასახელდა, რუსულ საიტებზე(!) ნობელის კომიტეტის არაობიექტურობით აღშფოთებული რუსი კრიტიკოსები წერდნენ: „ოთარ ჭილაძეს ისევე არ სჭირდება ნობელის პრემია, როგორც ჩაიკოვსკის – გრემი“. ისინი ამუნათებდნენ ნობელის კომიტეტს ლიტერატურის დარგში, ჩვენთან კი გულხელდაკრეფილი, უშფოთველი განწყობა იყო. არც პრეზიდენტს შეუწუხებია თავი, ჩემი ჩარევით ხელი არ შევუშალოო და არც სხვა ინსტანციებში არ ყოფილა შესაბამისი რეაქცია. ასე თუ ისე, ჩვენ რეალური ნობელის პრემია (ლიტერატურის დარგში) დავკარგეთ. ვფიქრობ, ჭილაძის სიტყვის მადლი და ძალა მეტად უნდა შევაგრძნობინოთ ჩვენს ახალგაზრდებს, თორემ ეს თაობა ოთარ ჭილაძეს კედლებსა თუ საიტებზე მიწერილი ორიოდე ფრაზით („შენ ხარ, რაც უნდა აქამდე მეთქვა, /შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“) იცნობს. ჭილაძე ხომ გაცილებით დიდია?! თუკი ჭილაძის შემოქმედებას სწორად და ხშირად წავაკითხებთ ახალგაზრდებს, აუცილებლად გადავრჩებით, ბევრად უკეთესები გავხდებით, ვიდრე ვართ, უფრო მეტად დაიტევს ჩვენი გული მოყვასის სიყვარულს; მისი დახმარებით მტრის სიყვარულსაც ძალიან რთულად , მაგრამ ნელ–ნელა, წვალებ–წვალებით ვისწავლით.

 

. გამოყენებული ლიტერატურა:

დოჩანაშვილი გურამ, ოთხი მოთხრობა, „ორნი აქა–იქა“, თბილისი, 1991,გვ., 3–26. კ

ვაჭანტირაძე მანანა, ოთარ ჭილაძე 75,

ჟურნ., „არილი“, Monday, july, 2009,

„ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“. სიგუა სოსო, ოთარ ჭილაძის პოემები,

ქართული ენა და ლიტერატურა, XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ტომი V, თბილისი, 2009.

ჭილაძე ოთარ, რომანი „მარტის მამალი“, თბილისი, 1987. ჭ

ილაძე ოთარ, ლექსები, პოემები, გამომც. „პეგასი“, თბ.,2010,

„ადამიანი გაზეთის სვეტში“. ჭილაძე ოთარ, რომანი „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, თბილისი, 1981.

ინტერნეტრესურსი : 1. https://mastsavlebeli.ge/?p=19323 2

.https://www.youtube.com/watch?v=kPfd63zJwv0

 

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერის გზები ონლაინსწავლებისას

0

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეებს საკლასო ოთახის წესებისა და წესრიგის გარეშე სწავლა შეიძლება გაუჭირდეთ. როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს მათი დახმარება:

 

ცრემლი და ტანტრუმი – სოციალურ მედიაში ეს სიტყვები ხშირად გამოიყენება ADHD-ის მქონე ბავშვების მშობელთა მიერ დისტანციურ სწავლაზე საუბრისას. მასწავლებელთაგან ჩვეული მხარდაჭერის, საკლასო ოთახის წესებისა და წესრიგის გარეშე ორგანიზებულობის შენარჩუნების, გაკვეთილებთან და საშინაო დავალებებთან გამკლავებისათვის გაწეული ძალისხმევა დამთრგუნველი ხდება.

 

ADHD ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დარღვევად ითვლება და საბაზო და საშუალო საფეხურებზე სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დავალებაზე მუშაობის დაწყებისა და დასრულების პრობლემებს, მოუსვენრობას აქტივობაში ჩაურთველობისას, ნაჩქარევ და არეულ სამუშაოსა და მრავალსაფეხურიანი მითითებების გათვალისწინების სირთულეს. დისტანციური სწავლა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემებს.

 

ქვემოთ იხილავთ ჩამონათვალს, რა შეუძლიათ გააკეთონ მასწავლებლებმა ADHD-ის მქონე ბავშვებისათვის:

 

გაარკვიეთ, როგორ სწავლობენ უკეთ მოსწავლეები და მხარი დაუჭირეთ ამას

 

განმეორებადი და ხანგრძლივი გაკვეთილები, რომელთაც გონების მუდმივი დაძაბვა სჭირდება, ბავშვების უმეტესობისთვის რთულია, მაგრამ ისინი განსაკუთრებით მძიმეა ADHD-ის მქონე მოსწავლეებისათვის, რომლებიც მალე იღლებიან და ყურადღება იოლად ეფანტებათ. არჩევნის მიცემას შეუძლია, გაზარდოს ADHD-ის მქონე მოსწავლის ჩართულობა და მისი ყურადღებაც გაახანგრძლივოს. კვლევით დასტურდება, რომ როდესაც შემოგვაქვს ახალი აქტივობა, რომელიც სხვა გრძნობის/შეგრძნების ჩართვას გულისხმობს (მაგ. რამდენიმე წუთით ფეხზე დგომა ვირტუალური გაკვეთილისას; თეთრი ხმაურის ან ფონად წყნარი მუსიკის მოსმენა მათემატიკურ ამოცანებზე მუშაობისას), ეს შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს ძირითად საკითხზე კონცენტრირებაში.

 

მაგ. ADHD-ის მქონე 15 წლის მოსწავლე ალენ ჯეფერსონს ნიუ-ორლეანიდან ურჩევნია ონლაინგაკვეთილებს მობილურიდან ჩაერთოს, რადგან ეს აძლევს სახლში ან ეზოში გადაადგილების საშუალებას, ისე, რომ გაკვეთილი არ გააცდინოს. სხეული რომ დაკავებულია, ეს მას კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

ADHD-ის მქონე მოსწავლეებს რომ ოპტიმალური სასწავლო გარემოს შექმნაში დავეხმაროთ, სჯობს მათთანვე განვიხილოთ, როგორ სწავლობენ უკეთ და ერთად გამოვძებნოთ სასწავლო გარემოს გაუმჯობესების გზები.

 

დაბოლოს, როდესაც ADHD-ის მქონე მოსწავლეების ხელები დაკავებულია, მათ უკეთ შეუძლიათ კონცენტრირება. ამისთვის არ არის საჭირო ძვირადღირებული სპინერები, ნებისმიერი რამ შეიძლება გამოდგეს, მაგ. რეზინის ლენტები, მძივებიანი სამაჯური, თიხა, პატარა ბურთი, ან ქაღალდის სამაგრები.

 

დაეხმარეთ დროისა და განრიგის შეგრძნების შენარჩუნებაში

ADHD-ის მქონე მოსწავლეებს უჭირთ დროის კონტროლი. ტელეფონებზე შეხსენების დაყენება (გაკვეთილის დაწყების დრო და სხვ.) შეიძლება სასარგებლო იყოს. ზოგჯერ უბრალო სამზარეულოს წამზომი შეიძლება დაეხმაროს მათ დავალებების დანაწილებასა და დროის მოკლე მონაკვეთებში ფოკუსირების შენარჩუნებაში.

 

სახლში სწავლისას სასარგებლოა დროის მართვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება, მაგ. პომოდორის ტექნიკა, როცა ტაიმერს ვაყენებთ და 25 წუთით ვკონცენტრირდებით კონკრეტულ დავალებაზე, შემდეგ 5 წუთით ვისვენებთ და ისევ ვუბრუნდებით დავალებას.

 

ორგანიზებულობის შესანარჩუნებლად ბავშვებს სჭირდებათ ნათელი, მარტივად წასაკითხი განრიგი. გამოაქვეყნეთ დღის განრიგები ერთ სივრცეში და შეეცადეთ, არ შეცვალოთ ის. თუ შესაძლებელია, მიუთითეთ ნებ-ბმულები ნებისმიერ რესურსზე, რომელთაც გამოიყენებთ, მათ შორის Zoom-ის ID-ები და პაროლები. შესთავაზეთ მოსწავლეებს, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, ამობეჭდონ დღიური განრიგი და სასწავლო სივრცეში ადვილად შესამჩნევ ადგილას დაკიდონ, ან (თუ ეს ციფრული განრიგია ბმულების მითითებით), შესთავაზეთ, შეინახონ თავიანთი კომპიუტერის ან პლანშეტის მთავარ გვერდზე.

 

დაიწყეთ სრული სურათით, შემდეგ დაანაწევრეთ გადადით დეტალებზე

ADHD-ის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ აღმასრულებელ ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები. აღმასრულებელი ფუნქციები არის ტვინის თვითკონტროლის შესაძლებლობები; ისინი საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ მოქმედება და გადავწყვტოთ პრობლემები.

 

ერთ-ერთი ასეთი აღმასრულებელი ფუნქციაა ქცევის სამართავად მენტალური რუკების შექმნა და მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების დამახსოვრება. შესაბამისად, რთული, მრავალსაფეხურიანი საშინაო დავალება სათანადო მხარდაჭერის გარეშე, შეიძლება დიდი დაბრკოლება აღმოჩნდეს ADHD-ის მქონე ბავშვისათვის.

 

დისტანციური სწავლის დროს ინსტრუქციის მიცემისას ADHD-ის მქონე ბავშვებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიწყოთ სრული სურათით და შემდეგ გადავიდეთ მცირე ნაწილებზე (მათ ჯერ ტყე უნდა დაინახონ და შემდეგ – ხეები).

 

გამოიყენეთ სტრატეგიები, რომელთაც ბავშვები ონლაინ უკვე იყენებენ

ADHD-ის მქონე ადამიანებს სუსტი მეხსიერება აქვთ, რამაც შეიძლება, გაართულოს წაკითხულის გაგება და დამახსოვრება. ეკრანზე კითხვისას მოსწავლეები ყურადღებით წაკითხვის ნაცვლად სწრაფად გადახედავენ ხოლმე ტექსტს, რაც ADHD-ის მქონე მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ართულებს ტექსტის გაგება-დამახსოვრებას. ამ დროს შეიძლება, მაგალითად, ტემპის შენელება და რჩევა – შეაჯამონ თითოეული აბზაცი. შეიძლება ასევე შევთავაზოთ აბზაცის მთავარი იდეის ჩაწერა, ან ჰეშთეგის შექმნა თითოეული აბზაცისთვის.

 

დააწესეთ შესვენებები ტვინისა და სხეულისათვის

ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა სწრაფი შესვენებები სასკოლო დღის განმავლობაში, ADHD-ის მქონე ბავშვებისათვის კი Zoom-გაკვეთილებისას ფოკუსის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული შესვენება.

 

ონლაინგაკვეთილებს შორის შესვენებების შემდეგ შესაძლოა, ბავშვებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა გაუჭირდეთ. ამ დროს მათ მობილიზებასა და გაკვეთილისათვის მზადებაში დაეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები.

 

და რადგანაც სახლიდან სწავლისას ბავშვებს აკლიათ თანატოლებთან სოციალიზების შესაძლებლობები, ზოგიერთი მასწავლებელი Zoom-ში ბავშვებს სპეციალურ შესვენებას აძლევს ერთმანეთთან სასაუბროდ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია ეს სოციალური ინტერაქცია.

 

წყარო: https://www.edutopia.org/article/5-ways-support-kids-adhd-during-remote-learning

 

შენ წერე ,შენ!

0

მისი გვარსახელი ჯერ კიდევ წლების წინ, ცხვარში რომ დავდიოდი მაშინ გავიგე. „ლიტერატურული პალიტრისთვის“ ჰქონდა მიცემული ინტერვიუ. მწერლის დანიშნულებაზე საუბრობდა, იმაზე რომ მწერალი ვალდებულია ყველაფერი მართლად და შეულამაზებლად მოჰყვეს. მისი წიგნის წაკითხვისას კი დავრწმუნდი, ასე ჰყვება ზუსტად.

მის სამსახურში მისული თაროსთან ვჯდები და ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვიღებ. თავის კაბინეტიდან გამოსული დამინახავს, ეშმაკობას ხვდება და იცინის: -წაიღე ჯიგარო, შენი ბიბლიოთეკისთვის!

„ ყიფლიბანდი“ მისივე ნაჩუქარ წიგნებში ვიპოვე, როცა გადავწყვიტე რომ აღარ მივაყურისძირებდი უფროსის დავალებას და საშველს დავაყენებდი ბიბლიოთეკის ფონდის აღწერას. წიგნი თვალის გადასატარებლად ავიღე და მთელი ღამე თვალი ვერ მოვწყვიტე. ისევ დამრჩა უფროსის დავალება შეუსრულებელი.

პირველი აღტაცება იყო და როყიო წამოძახილი: „ ნახე რა ენა აქვს თქო!?“. სასურველ სიტყვას ისევე პოულობს და ცნობს, როგორც „მცნობარი“ ბატკნის დედას უთვალავ ფარაში, სუნითა და ფერით. გადაკითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ, არცერთი სიტყვა არაა ზედმეტი, არცერთი არ ჟღრიალებს უშნოდ ყურში.

იყო შურიც აღტაცებასთან ერთად. არანაირი თეთრი და უბოროტო, უბრალოდ თვალვიწრო შური, მე რომ ვერ ვწერ მასავით, ამის გამო. და იყო ტკივილიც, იმის გამო რომ წიგნში გამოგონილი არაფერი არააა. ყველაფერი სიმართლეა და ყველაფერმა ჩვენი, ამ უბედური ქვეყნის შვილების კისერზე გადაიარა. და მგონი მაინც ვერაფერი ვერ გვასწავლა…..

ქვეყანა ორადაა გაყოფილი, ბარიკადებით.ორად გაყოფილ ადამიანებს, თავიანთი სიმართლეები აქვთ და თავიანთი სიმართლეების გამო, მზად არიან ერთმანეთს თვალები დასთხარონ. ცივი ჰაერი მოსალოდნელი სისხლის სუნითაა დამძიმებული. ხალხიც რაღაც ავისმომომასწავებელს ელოდება. ექიმმაც ტყუილად ჩაიფეფრლა თავი, დამწვარი ხორცის სუნი უფრო აღანთო ძმა, ძმის წინააღმდეგ. მემაწვნე გოგია ვერ იძინებს, წრიალებს თითქოს საწოლზე კი არა, ცხელ ნაკვერჩხლებზე იწვეს. იმის გამო არა, ხვალ რომ უთენია მაწვნის, მძიმე ჩანთებით კარდაკარ უნდა იაროს და ჰყიდოს. არც იმაზე დარდობს, რომ შეიძლება შალით შეფუთული მაწვნები, გაუცივდეს და გაუწყალდეს. იმაზე დარდობს რაც მოისმინა თავისი მაწვნის მუშტარი აკადემიკოსისგან. „აკადემიკოსი“ ტელეეთერიდან იმას ამბობდა რომ: „ ასეთი რამ პირველად ხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბნელი ძალები გაბატონდნენ.

მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას ხელში იარაღი აიღოს და ქვეყანა უწმინდურებისგან გაწმინდოს.“ სიმართლე ვერ აიტანა რაც უთხრეს, დაიბოღმა და სხვისი ხელით, ახალგაზრდების ხელით უნდა ნარ-ეკლის გლეჯა. მემაწვნე გოგია ერთი კეთილი, პატიოსანი კაცია. მას ვერ წარმოედგინა ასეთ განათლებულმა და „ ღვაწლმოსილმა“ კაცმა, ასეთი რამ როგორ დასძრა პირიდან. გოგიასთვის მისი ალალი შრომა, რძე-მაწონია, ინსტიტუტიცა და აკადემიაც. ამიტომ მეორე დღეს, აკადემიკოსს მისთვის მისაყიდ მაწონს აღარ მიუტანს, ღმერთთან პირწმინდა რომ იყოს. მგელს მგელი ერქვა, მაგრამ აკადემიკოსისნაირი ტურების ამოგდებულია ეს ქვეყანა. სხვებსაც რომ არ მიეტანათ მისნაირებისთვის მაწონი, არ ეკრათ ტაში, თავზე ხელი არ გადაესვათ, აუცილებლად გვეშველებოდა ალბათ რამე. კოჩობა წყაბელიასაც მიადგება დილით „ ექსპედიცია“, ცდილობს ღელვა არ შეიმჩნიოს, მაგრამ შეემჩნევა და ისევ ავტომატიანი,“სტუმრები“ დაამშვიდებენ ისევ. მალე მოვრჩებით ჩვენ საქმესო. დასცინიან, ჭკუასაც არიგებენ და თან უკვირთ, სუფრა რომ არ დაახვედრათ „ მასპინძელმა“. კოჩობას უნდა, როგორც უთხრეს, მალე დაამთავრონ, მისი სახლის ჩხრეკა და ოთახებში წოწიალი. არ დაამთავრეს, აგრძელებენ ისევ, კოჩობას კი გული დაეღალა და ძაფზე დაეკიდა.. ისევ თვითონ უშველის თავის თავს: -მაგიდის ქვეშ მამისეული თოფია და წაიღეთ.. -ფარდულში ახალი მანქანაა, არ დაგავიწყდეთ.. -ჩემი ბიჭის საათების კოლექციაა,სანამ მოკვდებოდა დამიბარა, ვინც გთხოვოს ყველას მიეციოო.

მოუსვენა გულმა, სხვა „სტუმრებისგანაც“ აირიდა თავი.. ასეთივე „ექსპედიცია“ მღვდელსაც მიადგება, წვერში სწვდებიან და თრევა-თრევით წაიყვანენ საყდარში. ჰგონიათ რომ მღვდელი ხატების ალაგას იარაღ საჭურველს მალავს. მღვდელი ცდილობს, მგლის თავზე სახარება წაიკითხოს, ეუბნება რომ ასე ბოლშევიკებსაც არ უქნიათ და სთხოვს ღმერთი არ განარისხონ.. მაძიებლები საყდარში ხატების მეტს ვერაფერს იპოვიან, ძალიან კი გაკვირდებიან და გაბრაზდებიან.

როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, მომინდა მომევლო ყველა ის სახლი და ყველა ის ადამიანი სამეგრელოში ვინც ეს ამბავი გადაიტანა.. მეთქვა მათთვის რომ მრცხვენია და ბოდიში მომეხადა.. ავტორი ამ წიგნს რომ წერდა, ოცდაოთხი წლის იყო. ახლა ის, ცნობილი გამომცემლობის მთავარი რედაქტორია. გამოსცემს სხვა ბევრის წიგნებს, მათ შორის ჩემსასაც.

მას შეგულიანება კარგად გამოსდის, გეტყვის: -წერე, ჯიგარო, წერე! მე კი როგორც მკითხველს მინდა რომ მან წეროს, წეროს ასეთი უსიკვდილოდ წასაკითხი ამბები. ამბები რომ რომლებიც თავისი სიმართლით შეგაძრწუნებთ და ბოლოს როცა კითხვას დაამთავრებთ, განცდა გაგიჩნდებათ, ადამიანური სიკეთეების რწმენისა. ასე რომ: -შენ წერე, შენ!

 თოვლის კაცი ანუ სიმართლის მარტივად დანახვის შესაძლებლობა

0

თოვლის ბაბუსადმი რწმენა პირველად მაშინ შემერყა, როცა უფროსმა ბიჭებმა ყოველგვარი შეფარვის გარეშე მაჯახეს: „მაგი მარტო კინოში არსებობს და ისიც მაშინ, თუ შუქი მოვიდა“.

ეს ბზარები იქამდეც არსებობდა. ვამჩნევდი, რომ თოვლის ბაბუა ჩემთან კომუნიკაციის სერიოზულ პრობლემებს უჩიოდა, თუმცა მაინც ჯიუტად ვებღაუჭებოდი იმედის ნაფლეთებს. სიმართლის გარკვევაში ყველაზე მეტად ხელს ის მიშლიდა, რომ მის ინტერესებს ოჯახის ლამის ყველა წევრი პერფექციონისტი ადვოკატივით იცავდა და ცდილობდა მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას. ასე მაგალითად – 1994 წლის 1 იანვრის ღამეს ეს ჩემი ბალიშის ქვევიდან ამოღებული მანდარინი და ჩურჩხელა აღმოჩნდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ბანანი და შოკოლადი. თოვლის ბაბუა ძალიან მოუცლელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ზუსტად მაშინ შემოირბენდა, როცა მე ღრმად მეძინა ხოლმე, ბალიშის ქვეშ საჩუქარს ამომიდებდა და სასწრაფოდ ტოვებდა სახლს.

„აბა რაფერ გინდათ, თქვენ ხომ არ ხართ ამ ქვეყანაზე მარტო?“ – მის გრაფიკს ჯიუტად ამართლებდა ერთი ჩემი მეგობრის მშობელი, ხოლო როცა ერთ ახალ წელს მის შვილს ბალიშს ქვეშ არაფერი დახვდა, თავის სამართლებლად მიზეზსაც იოლად მიაგნო:

„დაუდარაჯდნენ თურმე სხვა ბავშვები და იმდენი იქაქანეს, რომ დარჩი შენ უსაჩუქროთ“.

მშობლების მხრიდან დაგეგმილი ამ  შეთქმულების მსხვერპლნი მანამ ვიყავით, სანამ ერთი გულწრფელი კაცის წყალობით ციხესიმაგრე შიგნიდან არ გატყდა. ეს კაცი ბაბუაჩემი იყო.

„სულ რომ არსებობდეს საბაჟოსთან დააყაჩაღებდნენ. რა უნდა ბაბუ ამ დაქცეულ ქვეყანაში თოვლის ბაბუას?“ – თქვა და არც კი გამოუხედავს ჩემკენ, ისე განაგრძო ლურსმნის ფიცარზე მიჭედება.

„არ არსებობს? აქამდე რატომ არ მითხარი?“ – განაწყენებულმა ვუთხარი. „არ გიკითხავს და…“

ძალიან უცნაური და მოულოდნელი განცხადება იყო კაცისგან, რომელიც მთელი ჩემი ბავშვობა მიმტკიცებდა: ეზოს უკან მდებარე დაჭაობებულ აუზში უზარმაზარი ნიანგი წევს, რომელსაც ორ ფეხზე სიარული, ლექსების გამოთქმით წაკითხვა და ბურთის ასამდე აკენწლა შეუძლიაო. მეტად აღარ ჩავძიებივარ. მივხვდი – ბედს უნდა შევგუებოდი და დაკვირვება იმ დესტრუქციულ პროცესზე მეწარმოებინა, რომელიც ჩემი წარმოსახვითი პალიტრიდან დღითიდღე შლიდა ფერად პერსონაჟებს. ისე მოხდა, რომ ამ პროცესს თოვლის ბაბუაზე, ჯინზე, ფერიებზე და სირინოზებზე დიდხანს გაუძლო, თუმცა საბოლოოდ მაინც შეეწირა ბაბუაჩემის მეგობარი ფეხბურთელი ნიანგიც.

ამ ამბებიდან ბევრი წელი იყო გასული, როცა ჩემს პირველ კლასელ მოსწავლეებთან ერთად, ჯავახურ სუსხსა და ბუქში, თოვლის კაცის აგების პომპეზურ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ეს ზღვისპირეთის თოვლჭყაპში გართობის სულსწრაფ მცდელობას ნამდვილად არ ჰგავდა. მთის შვილი პირველკლასელები უცნაური სიდინჯით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს და თითოეულ მათ ნაბიჯში გამოცდილება, წვრილმანებზე ორიენტირებულობა და საქმისადმი უჩვეულოდ სერიოზული დამოკიდებულება შეინიშნებოდა: ერთმა ცოცხი მოიტანა, მეორემ სტაფილო, მესამემ ნახშირი, მეოთხემ ქუდი, მეხუთემ კაშნე და ის მზრუნველად შემოახვია ხურჯინიან თოვლის კაცს. ექვსი პატარა აბორიგენით გარემოცული ვიდექი, ისეთი წარმოდგენა მრჩებოდა, თითქოს ისინი თავიანთი საკრალური რიტუალის საიდუმლოს მიზიარებდნენ და ალბათ ასე პირდაღებულს კიდევ დიდხანს მომიწევდა დგომა, ისევ მათ ხმამაღალ მოწოდებებს რომ არ მოვეყვანე აზრზე.

ეს სიდინჯე უპირველესად გარემოს საიმედოობით იყო გამოწვეული. ასეთ გარანტიებს ბარის თოვლჭყაპი არასდროს იძლევა, იქ ყინულის შედევრის წამოსაჭიმად არც დრო გყოფნის და არც ნერვები, რადგან შენს წარმოსახვას მტერი ერჩის, რომელიც მთელ შემოქმედებას გათენებისთანავე თავისი სხივებიანი საშლელით მიადგება. ბარისგან განსხვავებით კი ჯავახეთის ეზოებში წამოჭიმული თოვლის კაცები ხანდაზმულ ასაკამდე ცოცხლობენ. ფარავანის, ხანჩალის, მადატაფას, ბუღდაშენის, ტაბაწყურის, კარწახის ტბების პირას ამოზრდილი ეს მოღიმარი ზამთრის დარაჯები შენს ბავშვობაში იჭვრიტებიან, ამიტომ ბუნებრივია მუხრუჭისკენ გაგექცეს ფეხი, მანქანა გააჩერო და საკუთარი თავის გასახსენებლად გვერდით მიუჯდე.

თოვლის კაცის ძალიან პრიმიტიული რაკურსი სიმართლის მარტივად დანახვის შესაძლებლობას იძლევა: ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავებს სიცრუედ მხოლოდ იმ მიზეზით ვასაღებთ, რომ წლები გვემატება და გვგონია ვიცით სადაც გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის. არადა ყველაფერს, რასთანაც კი ოდესმე გვქონია შეხება სიმართლის, ტყუილის, სიზმრის, ცხადის, კარგად დამახსოვრებულის, დავიწყებულის ან აწი დასავიწყებლის ჩათვლით, იმდენად აქვს ნამდვილობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნის უფლება, რამდენადაც ჩვენს საკმაოდ ჩვეულებრივ, დროებით არსებობას. თუ სინამდვილე საგარანტიოდ მაინცდამაინც ფიზიკური არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტს იყენებს, ხოლო ტყუილს ამხელს იმ მიზეზით – შენ მსგავსი არაფერი მოგეპოვებაო – მაშინ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ, ადამიანები, განწირულები ვართ ადრე თუ გვიან გავიზიაროთ სიცრუის ბედი. დრო მოვა და სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იმ მრავალჯერ აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს, რითაც თავის დროზე ჩვენ თოვლის ბაბუას გავუსწორდით – ადგება და თავისი მდიდარი წარმოსახვიდან ფიზიკურად წაგვშლის.

და ვერცერთი ფოტოსურათი, ვიდეოკადრი თუ აუდიოჩანაწერი ვერ იქნება იმაზე მყარი მტკიცებულება, რომ ოდესღაც მართლა ვარსებობდით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდით, ან გვიცნობდნენ, რომლებშიც გამოვიწვიეთ სულ უმნიშვნელო ემოციური ცვლილება, რომლებსაც შევუყვარდით, ან გვძულდნენ, სითბოდ, ან სიცივედ ვექეცით ერთმანეთს ცხოვრებაში. ამ პროცესში ჯინს, სალამურას, ოჩოკოჩს და სანტა-კლაუსსაც თავისი წვლილის შეხსენების ლეგიტიმური უფლება აქვთ, იმიტომ, რომ ეს სამყარო მხოლოდ ყველა იმ ტყუილთან ერთადაა ნამდვილი, რასაც კი ოდესმე ჩვენს გონებაში ადგილი ჰქონდა და რამაც იმად გვაქცია, რაც ვართ.

15, 20 წლის შემდეგ, როცა ჯავახეთში დავიწყე ცხოვრება, ძველი შეგრძნებები გამიმძაფრდა. ახლა იმ ბავშვებივით, რომლებსაც ვასწავლი, სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს, ოღონდ ახალი საუკუნის უკიდეგანო ციფრულმა რესურსმა ჩვენს ფანტაზიაში ის ჰოლივუდური ბრწყინვალებით, ლაპლანდიური ზღაპრების გავლენითა და სანტა-კლაუსის შარმით შემოსა. ეს იმდენად დამაჯერებელი ამბავია, რომ ჯავახეთის თოვლით დაფარულ მთებში ზოგჯერ საიდუმლო პორტალს დავეძებ, რომელიც თეთრი წვერით დაფარულ, გაბურძგნული ბერიკაცის ჯადოსნურ სახლში გადამიყვანს. ძალიან მინდა ჯერ მის ბუხართან გავთბე და მერე ვკითხო, თუ რატომ იყო ჩემს ბავშვობაში გაცილებით ჯიბეგაღლეტილი!

მანამდე კი ისევ აქაურობისთვის ლამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქცეული ყინულისა და თოვლის ქანდაკებების აგებით დავკმაყოფილდები. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თავის დროზე მარტოობის დასავიწყებელი კარგი თერაპიაც იყო. იმ სახლის ფანჯრიდან, სადაც ცხოვრების სამი წელი მარტომ გავატარე, ქარბუქიან ეზოში მდგარი უზარმაზარი, ჩემ მიერ აგებული სტაფილოსცხვირა თოვლის კაცი ცნობისმოყვარედ იჭყიტებოდა და ასზე მეტი ღამე დარაჯობდა ჩემს ზამთრის სიზმრებს. სანამ დადნებოდა ალბათ ნახა, თუ როგორ დამესიზმრა ერთხელ ზაფხული; აუზთან ჩამუხლული ვიდექი და წყლისგან ვცდილობდი მის დაცლას. ვხედავდი, როგორ ნელა იწეოდა ფსკერი ზემოთ. ცაზე გულების ქუხილი ისმოდა, სანამ აუზიდან თავი მწვანე ნიანგმა არ ამოყო, მერე სველი შუბლი ხელით მოიწმინდა, ორ ფეხზე დადგა და ამაყად მკითხა: „შენ ბურთის ასამდე აკენწლვას შეძლებ?“

eTwinning -ის ,,გემრიელი რეცეპტები’’

0

eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებს თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას. მისი მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება.  აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, რომელსაც სთავაზობს ყველა საფეხურის მასწავლებელს.

პორტალ www. etwinning.net-ზე დარეგისტრირების შემდეგ მასწავლებლები მოიძიებენ პარტნიორს და მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვებიან პროექტში. შესაძლებელია, როგორც  მზა პროექტის გამოყენება, ასევე – საკუთარი იდეის შემუშავებაც.

პლატფორმა, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უსაფრთხო გარემოში,  მასწავლებლებს თავიანთ პროექტზე მუშაობის გამარტივებისთვის მთელ რიგ საშუალებებს სთავაზობს, მათ შორის – პარტნიორის მოძიების ფუნქციას.

პარტნიორთან მუშაობის დროს უნდა განისაზღვროს, რომელი მხარე რა საკითხზე იქნება პასუხისმგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი. ისინი სამუშაოს თანაბრად ინაწილებენ. უპირველეს ყოვლისა, გაწერენ გეგმას და განსაზღვრავენ, როგორ და როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი, რამდენი საგანი და რამდენი მასწავლებელი ჩაერთვება მასში.

მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა პორტალზე განთავსებული პროექტების თემატიკა. მინდა, გაგიზიაროთ  რამდენიმე ,,გემრიელი რეცეპტი’’

თაფლაკვერის სახლი

ამ პროექტის მთავარი თემაა ზღაპარი. ბავშვების დავალებაა, გადააქციონ თავიანთი სასკოლო ცხოვრება ზღაპრულ ცხოვრებად. ისინი გამოსახავენ ზღაპრულ სამყაროს ნახატების მეშვეობით, რომელიც საბოლოოდ ციფრულ სახეს იღებს. ხატავენ თაფლაკვერის სახლს, რომელსაც სურათებიანი წიგნის ფუნქცია აქვს და გადააქვთ ციფრულ ფორმატში. ეს ნახატი განთავსდება მათ საერთო ვებგვერდზე. ამის შემდეგ, ბავშვებს, სხვადასხვა ზღაპრის გმირის სახით, სურათებიან წიგნში შეაქვთ  ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

 

ცისარტყელა სოფელი

რას იტყვით ცისარტყელა სოფელში შემოერთებაზე, სადაც მოსწავლეები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ისწავლიან ერთად ცხოვრებას და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას?

eTwinning-ის პლატფორმის საშუალებით, მოსწავლეები ჯერ გაიცნობენ ერთმანეთს, განიხილავენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ თემებს და შეადარებენ თავიანთ ქცევის ნორმებს მათი ევროპელი პარტნიორებისას. ეს მონაცემები შემდეგ გამოყენებული იქნება ვირტუალური სოფლის შესაქმნელად, რომელიც არის კულტურების ნარევი, სადაც მოსწავლეები 1) იღებენ ახალ იდენტობას (ფიზიკური აღწერილობა, ხასიათი, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ…) 2) წერენ მათთვის იდეალური სოფლის ფიზიკურ აღწერილობას 3) მოიფიქრებენ ემბლემას, ეროვნულ ჰიმნს და საერთო კანონს. ამბები განთავსდება პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ბლოგზე. მოსწავლეებს შეუძლიათ ელ.ფოსტის ან ვიდეო კონფერენციების საშუალებით კომუნიკაცია.

პროექტის ბმული: www.etwinning.net/profile/rainbow_villa

რეპორტაჟი საზღვრების გარეშე

მოსწავლეები თანამშრომლობენ და ქმნიან ელექტრონულ ჟურნალს.  ირჩევენ მათთვის სასურველ გამოსაკვლევ თემებს, იღებენ ინტერვიუებს  ევროპელი პარტნიორებისგან ამ საკითხებზე მათი მოსაზრების გასაგებად, შემდეგ ორგანიზებას უკეთებენ შეგროვილ ინფორმაციას და წერენ სტატიებს.

პროექტის ბმული: www.etwinning.net/profile/reporting_without_borders

ვქმნით ჩვენს საკუთარ მიკროქვეყანას

პარტნიორები იკვლევენ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც მათ ქვეყნებს საერთო აქვს. სუვერენიტეტი: სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი, ელჩების გაცვლა, პასპორტების მიღება, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა.  დროშა და ეროვნული ჰიმნი, რომლებიც სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს. კონსტიტუცია ან ძირითად კანონთა კრებული, რომლითაც ხელმძღვანელობს ქვეყნის სამართლებრივი სისტემა. მთავრობა: არჩეული და დაკომპლექტებული, კონსტიტუციის შესაბამისად.

პროექტის დასაწყისში მასწავლებლები და მოსწავლეები განიხილავენ და თანხმდებიან იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ღირებულებები უნდა იყოს დამკვიდრებული მათ მიერ შექმნილ წარმოსახვით სახელმწიფოში. მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან საკუთარი კონსტიტუცია და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მეთაურების არჩევნებში. პროექტის ბოლოს, შესაძლებელია, გაიმართოს მსჯელობა, რომლის დროსაც განხილული იქნება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი რეალური საზოგადოება დაემსგავსოს მოსწავლეების მიერ შექმნილ იმ იდეალურ საზოგადოებასა

და სახელმწიფოს, რომელიც მოსწავლეებმა საკუთარი წარმოსახვით შექმნეს პროექტის ფარგლებში.

მე მიყვარს მწვანე პლანეტა – დედამიწა

მიზანი – სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. მოსწავლეები თანხმდებიან, რომ სიყვარული მხოლოდ სიტყვებით კი არ გამოიხატება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებებით ვლინდება და ეკოლოგიურად ჯანსაღი პლანეტის – დედამიწის სიყვარული ნიშნავს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. ისინი იწყებენ მოხალისეობრივ საქმიანობას, როგორიცაა სკოლის ბაღის დასუფთავება, ხეების დარგვა, ხეებისადმი მიძღვნილი დღის აღნიშვნა. გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში  თითოეული გუნდი გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ასპექტზე მუშაობს, იკვლევს  გამომწვევ მიზეზებს და ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს. მოსწავლეები გასართობი ღონისძიებებით, ხეების დარგვით და მოსაზრებათა ერთმანეთისთვის გაზიარებით  თანატოლებს და სრულიად საზოგადოებას აწვდიან იდეებს და შთააგონებენ, რომ ყველამ იზრუნოს გარემოსა და პლანეტის გაჯანსაღებაზე.

eTwinning -ის პროექტები აფართოებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა თვალსაწიერს. იზრდება  მოტივაცია. ამას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, რაც მთელ სკოლაზე აისახება.

სკოლების მიერ ნამუშევრების ეროვნულ და ევროპულ პორტალებზე განთავსება თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მათ საქმიანობას, ხოლო ხარისხის ნიშნის მინიჭება პროექტებისთვის, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე, საამაყოა თითოეული სკოლის მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, ითვინინგის პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, რომელთა შესახებ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სწავლა ითვინინგის პროგრამით – სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის –

ევროპული სკოლის ქსელი

  1. ისწავლეთ დემოკრატია და იცხოვრეთ დემოკრატიულად „eTwinning“-ის საშუალებით – ევროკავშირის გამომცემლობა

თვითშეფასების გზამკვლევიდან – პიროვნული სიძლიერის ძალა

0

„სხვა ადამიანები ვერ გაიძულებენ, დაამტვრიო საკუთარი საყვარელი სათამაშო ან ვინმეს ნივთი დაამსხვრიო; მათ არ შეუძლიათ შენს ნაცვლად გადაწყვიტონ, რომ არ დაუჯერო მშობლებს. ზუსტად ასევე, ვერავინ დაგაძალებს იმხიარულო ან მოიწყინო, გაბრაზდე ან გახალისდე, გამოამჟღავნო ცნობისმოყვარეობა ან ინდიფერენტულობა. ანუ მხოლოდ შენ აგებ პასუხს საკუთრ გრძნობებზე“.

ძვირფასო მკითხველებო, მინდა, მოვიყვანო ამონარიდები გერშენ კაუფმანის (გერშენ კაუფმანი – ამერიკელი ფსიქოლოგი. მან განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში როჩესტერის უნივერსიტეტში დაიცვა. პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, ასევე  მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში. დოქტორი კაუფმანი არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველაზე მეტად პოპულარული გახდა – „მორცხვობის ფსიქოლოგია“), ლევ რაფაელისა (მან განათლება მიიღო ნიუ-იორკის ფორდემის უნივერსიტეტში. ლ. რაფაელს მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული სახვით ხელოვნებაში, სამწერლო ხელოვნების განხრით არმხერსტის მასაჩუსეტის უნივერსიტეტში. პარალელურად, მას აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც) და პამელა ესპელანდის (პამელა ესპელანდმა განათლება მიიღო მინესოტას შტატის კარლტონ-კოლეჯში, რომელიც ქალაქ ნორტფილდში მდებარეობს. ის არის 200-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად, პამელა ესპელანდი ოჯახთან ერთად მინეაპოლსში ცხოვრობს) წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ ვიდრე, თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“.

ხანდახან სხვა ადამიანების სიტყვები და ქმედებები ხდება ერთგვარი საბაბის/ბიძგის, მიმცემი (ტრიგერი – trigger- ერთგვარი გამშვები მექანიზმი)  ჩვენი გრძნობების გამოსახატად.

  • შენი ქურთუკი ისევ არ დაკიდე კარადაში? უკვე რამდენი ხანია, რაც სკოლიდან დაბრუნდი? – ეკითხება მამა გიორგის;
  • ჯერ არა – პასუხობს გიორგი, რომელიც საკუთარი საქმით არის გართული. მას ძალიან უყვარს ხატვა და ოცნებობს, მხატვარი გახდეს;
  • შენ ყოველთვის ეგრე იქცევი, არასდროს ალაგებ ნივთებს კარადაში! ახლავე შეწყვიტე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ადექი და ყველაფერს ადგილი მიუჩინე!

გიორგი გრძნობს, რომ ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია მამაზე, რომელიც მუდამ უყვირის მას. მამა სულ ჩხუბობს, რომ შვილი არ ალაგებს საკუთარ ნივთებს და საერთოდაც არასდროს ასრულებს მასზე მინდობილ სახლის საქმეებს.

მამის სიტყვები და ყვირილი გიორგის ანაწყენებს და აბრაზებს. მაგრამ იქნებ მამას მართლაც ძალიან ხშირად უწევს გიორგისთვის მისი მოვალეობების შესრულების შეხსენება? სავარაუდოდ, გიორგის ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს მამის შენიშვნებზე და მუდამ ცდილობს მომავლისთვის გადადოს საქმეების გაკეთება, მას ურჩევნია ჯერ საკუთარი საქმეებით დაკავდეს. სწორედ ამიტომ მორიგ ჯერზე მის მიერ წარმოთქმული „ჯერ არა“ მამისთვის სიბრაზის და გულის წყვეტის მიზეზია.

ყურადღებიანი მკითხველი უკვე მიხვდა, რომ ავტორებს სურთ, დაანახონ, ერთი მხრივ, მშობლებს და, მეორეს მხრივ, ბავშვებს, რომ მათი ქცევები ერთმანეთის გრძნობების ტრიგერი ხდება.  აქვე, ავტორები უხსნიან ორივე მხარეს, რომ მათ შეუძლიათ, ისწავლონ ტრიგერების იგნორირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რომელ გრძნობებს მისცენ გამოხატვის საშუალება. ბავშვებსა და უფროსებს შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ მაშინაც კი, როცა ძალიან დიდია ცდუნება იყვირო, იჩხუბო, ნივთები აქეთ-იქით მოისროლო … ადამიანების ქცევები ხშირად მათ გრძნობებზეა მიბმული. ჩვენ დავარტყით ვიღაცას იმის გამო, რომ გავბრაზდით მასზე; ჩვენ ვუყვირით ვიღაცას, რადგან ძალიან განერვიულებული ვართ; ჩვენ ვტირით იმიტომ, რომ სევდა შემოგვაწვა. ავტორების მოწოდება დიდებსა და პატარებს: ყოველთვის არის შესაძლებელი ბრაზის, სევდისა და მრისხანების ნაცვლად აირჩიო პოზიტიური და სასარგებლო განცდები.

აი მაგალითად: მათემატიკის საკონტროლოს დასაწერად ნინო გულდასმით ემზადებოდა და დარწმუნებული იყო მაღალ ქულას დაიმსახურებდა, მაგრამ როდესაც საკონტროლო რვეულში ჩაიხედა, აღმოაჩინა, რომ ამოცანების ნახევარი შეცდომით ამოეხსნა. მასწავლებელს კი იქვე მინაწერი ჰქონდა დატოვებული: „შენ შეგეძლო უკეთ დაგეწერა“. ნინოს შეუძლია გაბრაზდეს მასწავლებელზე და იფიქროს, რომ ის ვერ მიხვდა მის ძალისხმევას. შესაძლებელია გოგონა საკუთარ თავზე განაწყენდეს და გაიფიქროს, რომ ძალიან სულელია, რადგან ამდენი შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში, ნინოს კიდევ ერთი არჩევანი აქვს. მას შეუძლია იფიქროს, რომ ამ ეტაპზე მან ყველაფერი გააკეთა და მიუხედავად შეცდომებისა, მაინც ყოჩაღია და რომ მომავალ საკონტროლოს აუცილებლად უკეთესად დაწერს, რადგან მამას ან სხვა უფროსს სთხოვს, კარგად აუხსნას ის საკითხები, რომლებიც მისთვის შედარებით რთულია.

ლევანიკოს ძალიან უყვარს თავისი ფისო, რომელიც სულ პატარაობიდან გაზარდა. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ფისო ძალიან ავად გახდა. ვეტერინარმა ლევანიკოს და მის მშობლებს უთხრა, რომ ფისო დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. მსგავს მომენტებში სრულიად ნორმალური და ბუნებრივია იდარდო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლევანიკოს მაინც აქვს არჩევანი. მას შეუძლია თავისი დარდი და შფოთვა მარტომ განიცადოს ან მშობლებს გაუზიაროს საკუთარი განცდები. მათ შეუძლიათ ლევანიკოს დარდი გაიზიარონ, ისაუბრონ ფისოზე, იმაზე, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ფისო. არავინ ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ლევანიკო თავს ბედნიერად იგრძნობს, მაგრამ  ტკივილის წინაშე მარტო მაინც არ დარჩება. მძიმე მომენტებში მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მოუსმინონ ერთმანეთს, რათა შეიმსუბუქონ დარდი და ვარამი.

ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთრ ქცევებსა და გრძნობებზე და სწორედ ამიტომ ვირჩევთ იმას, თუ როგორ მოვიქცეთ, განვიცადოთ და შევიგრძნოთ. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანების მიერ გასაკეთებელი არჩევანი სულ უფრო რთულდება. შეცდომებისგან თავის დასაზღვევად უნდა ვიცოდეთ, რა არის რაციონალური, გონიერი არჩევანი. მართებული არჩევანი ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ ნაკლებად იმპულსური საქციელი ჩავიდინოთ, ამისათვის წინასწარ წარმოვიდგენთ იმას, რის მიღებაც გვსურს საბოლოოდ და ვაფასებთ, რეალისტურია თუ არა ჩვენი მოლოდინი. სხვა სიტყვებით: რა გსურს და როგორ წარმოგიდგენია ამ არჩევნით გამოწვეული შედეგები? რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ეს მართლაც მოხდება? თუ შანსი დიდია, მაშინ არჩევანი რეალისტურია და თუ მცირეა, მაშინ, სავარაუდოდ, ის არ არის რეალისტური.

სანდრომ გადაწყვიტა, რომ სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ ყოველდღე ივლის ფეხბურთის სექციაში, ივარჯიშებს, არ გააცდენს არცერთ საწვრთნელ შეხვედრას. ბიჭი ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ის სკოლისა და ლიგის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ძალიან კარგია, რომ სანდროს ფეხბურთის თამაში სურს და თანაც აპირებს გულმოდგინედ ივარჯიშოს და ყველა შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ რეალისტურია მისი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ აპირებს ყველაზე საუკეთესო გახდეს? შესაძლოა სანდრო წარმატებული ფეხბურთელი გახდეს, რაც დამოკიდებულია მის გულმოდგინებაზე, მის ბუნებრივ ნიჭსა და უნარზე, მაგრამ გახდე საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ძალიან რთულია, რადგან ამ მიზნის მიღწევის მსურველი ბევრია.

თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევა ბევრ რამეზე მეტად ფასობს. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ ყველაზე ძლიერები, ყველაზე სწრაფები, ყველაზე მდიდრები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ლამაზები. მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პიროვნულ სიძლიერესთან. პიროვნული სიძლიერე ვლინდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რისი უნარიც შეგვწევს იმ საქმეში, რომელსაც თავად ვთვლით მნიშვნელოვნად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთრი თავით კმაყოფილი ვართ მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პირადი საუკეთესო შედეგი – სულაც არ არის საუკეთესო. სანდროს რეალისტური მოლოდინი, სავარაუდოდ, ასე უნდა გამოიყურებოდეს: მას შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს ფეხბურთის თამაშისას, გახდეს სპორტული, გაკაჟებული. მას შეუძლია ისწავლოს გუნდური თამაშის კანონები, შეიძინოს მეგობრები, გაერთოს და, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრების ჯანსაღი წესი გაიხადოს თვითმიზნად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სანდროს შეუძლია თავს უფლება მისცეს, დაუშვას შეცდომები და არ ჩათვალოს, რომ ის აუცილებლად სრულყოფილი და უშეცდომო ადამიანია. აი ზუსტად ასე გამოიყურება რეალისტური მიზნები, რომლებიც პიროვნული სიძლიერის მანიშნებელია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იარაღია ჩაგვრისა და დევნის წინააღმდეგ.

 

ნაწყვეტი წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“ – თარგმნა ქეთევან კობალაძემ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...