კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

სკოლაში მოწყობილი მუზეუმი

0

მეოთხეკლასელებისთვის  მუზეუმის მნიშვნელობა და მუზეუმში მოქცევის წესები უნდა მესწავლებინა, სხვა დროს პირდაპირ მუზეუმში წავიყვანდი და რეალურ გარემოში ვაჩვენებდი ყველაფერს, ახლა კი პანდემიის გამო ვერ მოვახერხეთ, თუმცა  სტანდარტული გაკვეთილის ჩატარება მაინც არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე მუზეუმი სკოლაშივე მომეწყო.

  1. მზადების პროცესი

სახლში მოძებნე ნივთები, რომელთა შესახებ ისტორიის მოსმენა მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნებოდა. თავი მოვუყარე ტრადიციულ სამოსს, ძველ წიგნებს, სამკაულებს, ჭურჭელს, ტექნიკას,  ხელნაკეთ ნივთებს, რუკებს და ა.შ. შევარჩიე ნივთები, რომელთაც  ექსპონატად გამოვიყენებდი და ვეცადე ლოგიკური თანმიმდევრობით განმეთავსებინა.

თითოეული მოსწავლისთვის მოვამზადე ქცევის წესების ფურცელი, რომელიც  ბილეთების ფუნქციასაც შეასრულებდა. ვინც გაეცნობოდა წესებს და თანხმობას განაცხადებდა მათ დაცვაზე, ისინი შეძლებდნენ მუზეუმში სტუმრობას.

გაკვეთილზე მოსწავლეებს ძველ და ახალ წელთაღრიცხვაზე ვესაუბრე, რას ნიშნავს ძველი, რა პერიოდს მოიცავს, რას ნიშნავს ახალი, რატომ ვამბობთ ქრისტეშობამდე ან ქრისტეშობის შემდგომ  და ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატებიც  სწორედ ამ თანმიმდევრობით გადავანაწილე.

  1. ვიზიტი მუზეუმში

I ექსპონატი – არგო

პირველად არგოს და არგონავტების მითს გაეცნენ, მოვუყევი კოლხეთსა და მედეაზე, ოქროს საწმისზე, ვისაუბრეთ ნაოსნობაზე, ავუხსენი, რომ ადრე შავ ზღვას ძველი ბერძნები სხვა სახელით მოიხსენიებდნენ.

 

 

 

II ექსპონატი – რუკა და სამკაულები

ძვ.წ VI-III საუკუნეების რუკებზე მოსწავლეებს ვაჩვენე, რომ ტერიტორიების საზღვრები დროდადრო იცვლებოდა და ჩვენს ქვეყანას  იმ დროისთვის საქართველო არ ერქვა. ამავე სტენდთან მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძვ.წ VI-III საუკუნეებში  აღმოჩენილი სამკაულების სურათები.  ვისაუბრეთ, თუ რა როლს ასრულებს  არქეოლოგია ძველი ნივთების აღმოჩენაში.

III ექსპონატი – დამწერლობა  და ვეფხისტყაოსანი

ბავშვებმა გაიხსენეს, რაც იცოდნენ ქართულ დამწერლობაზე და დაათვალიერეს ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობები. ამავე სტენდზე იყო განთავსებული „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ქართული და მსოფლიო კულტურის ღირსშესანიშნავი და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის ნიმუში.

 

IV ექსპონატი – მხატვრობა

მომდევნო სტენდთან ვიზიტისას მოსწავლეებს ვესაუბრე  კლდის მხატვრობის შესახებ, ასევე დაათვალიერეს გუდიაშვილის მიერ შექმნილი ნახატი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით და დააკავშირეს წინა ექსპონატთან.

V ექსპონატი  – ტრადიციული სამოსი

მოსწავლეები  ხევსურულ, ტრადიციულ სამოსს გაეცნენ, მათი ყურადღება მიიპყრო  ქართულმა ორნამენტებმა. გაიხსენეს მანდილის მნიშვნელობა. ამავე სტენდთან დაათვალიერეს ყაზახური ქუდი და ფეხსაცმელები.

VI ექსპონატი – სამკაულები

ამ სტენდთან მოსწავლეებს სარესტავრაციო სამკაული ელოდათ, რომელიც სპეციალურად ჩავდე დამატებით შეფუთვაში, თანაც განსხვავებული განათება შევურჩიე.  ავუხსენი, რომ ზოგჯერ, მუზეუმში განსაკუთრებით ძვირფასი და ძველი ნივთები დამატებითი სიფრთხილით აქვთ შენახული, სადაც სპეციალურად არის შერჩეული განათება, ტემპერატურა და ა.შ.  ვესაუბრე რესტავრაციის მნიშვნელობაზე.

 

VII ექსპონატი –  ჭურჭელი

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ლითონის, მინის და ხის ხელით დამუშავებული და მოჭიქული ჭურჭელი. ლითონისგან დამზადებული ჭურჭელი საკმაოდ ძველი იყო და განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.

 

 

VIII ექსპონატი – ფული  

მოსწავლეებს გავახსენე ფულის ისტორია, ვაჩვენე სხვადასხვა ქვეყნის მონეტა და ქაღალდის ფული. ასევე ვისაუბრეთ ვირტუალური ფულის შესახებ.

 

IX ექსპონატი – ტექნიკა 

ამ სტენდზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი მობილურები და თანამედროვე სმარტფონები. ვინილი, CD დისკი და მეხსიერების ბარათი. დავაკვირდით განსხვავებებს,  ვიმსჯელეთ, როგორ ვითარდება ტექნიკა და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში.

მუზეუმის დასათვალიერებლად სულ 35 წუთი დაგვჭირდა და დრო გაკვეთილის შეჯამებისთვისაც დაგვრჩა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების ნაწილი მუზეუმში ჯერ არ ყოფილა და ახლა უკვე ერთი სული აქვთ, როდის ესტუმრებიან რომელიმე მათგანს.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ აქტივობამ გაამართლა, მოსწავლეებმა უკვე იციან, რას ნიშნავს მუზეუმი, როგორ უნდა მოვიქცეთ მუზეუმში სტუმრობისას, რომ მუზეუმში  პატარა ნივთსაც თავისი ისტორია აქვს და როგორი საინტერესოა ამ ისტორიის მოსმენა, როგორ იცვლება ყველაფერი დროსთან ერთად, რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ეს ყველაფერი კი, მოგეხსენებათ, ჩვენი საგნობრივი საკითხებია.

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! მედიაწიგნიერება, ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის.

0

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.

პირველი ანიმაცია- “მედიაწიგნიერების რაობა”, დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

მეორე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

მესამე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება და სანდოობა”, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ  მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

მედიაწიგნიერება და სანდოობა

მეოთხე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება- ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის” , თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი საინფორმაციო წყაროების გამოყენებაა საუკეთესო ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის, სკოლის შიგნით და მის გარეთ, მაშინ მათ უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა განსაჯონ ეს წყაროები და რატომ არის მათი განსჯის კრიტერიუმები მნიშვნელოვანი.

მოზარდის თვალით დანახული სკოლა, გაკვეთილი, მასწავლებელი, დავალება და სახელმძღვანელო

0

ჩვენ, მასწავლებლები და ჩვენ, მშობლები ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, როგორი უნდა იყოს სკოლა, გაკვეთილი, სახელმძღვანელო, დავალება, შიგადაშიგ ექსპერტებიც ერთვებიან და გამოთქვამენ მოსაზრებებს. ყველაზე მთავარი კი გვავიწყდება – ვკითხოთ აზრი, ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, მას, ვისთვისაც იქმნება ეს ყველაფერი. რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ მოსწავლეებს, როგორია მათთვის იდეალური სკოლა? რა თქმა უნდა, ჩემს 13 წლის შვილს, თეკლას მივადექი. თეკლას ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება აქვს, ხან კრიტიკული, ხან ზედმეტად პრინციპული, ხისტი, ვიღაცისთვის მიუღებელიც კი. თუმცა, ეს მისი აზრია, 13 წლის მოზარდი გოგონასი, რომელიც მერვე კლასელია და ხშირად ბრაზობს, ხშირად კი აღფრთოვანებულიცაა. თითოეულ პუნქტში მხოლოდ თეკლას მოსაზრებებია, მე უბრალოდ ვიწერდი. რაღაცებში ვეთანხმებოდი, რაღაცებს ვაპროტესტებდი, თუმცა ის არგუმენტირებულად მიხსნიდა და მგონი, მარწმუნებდა კიდეც.

 

იდეალური მასწავლებელი

მოდი, დავიწყოთ, როგორი არ უნდა იყოს. არ უნდა ყვიროდეს, თუ მოსწავლეს რაიმე შეეშლება, მაშინვე არ უნდა მისცეს შენიშვნები. მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ ახსნა გაკვეთილი, თუ მოსწავლემ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას. არ უნდა მეშინოდეს კითხვების დასმის, კომფორტული გარემო უნდა შექმნას კლასში. უნდა შეეძლოს ბავშვების ხუმრობების, ცელქობის ატანა – ამისთვის მას მყარი ნერვები უნდა ჰქონდეს, ადვილად არ უნდა გამოდიოდეს წყობიდან. იუმორის გრძნობა თუ ექნება, ძალიან კარგია, ბავშვებს აჰყვეს ხუმრობებში, მათთან ურთიერთობა უნდა სიამოვნებდეს. თუ შეკითხვა დავუსვი, რომელიც არ არის კავშირში მის საგანთან, შესაძლოა პასუხი არ ჰქონდეს, ვერ გვიპასუხოს, მაგრამ პასუხის პოვნაში უნდა დაგვეხმაროს. გარდა ამისა, მოსწავლე უნდა ენდობოდეს, მეგობარი უნდა იყოს, თუ ბავშვი რაღაცას ეტყვის და სთხოვს, რომ მშობელს არ უთხრას, არ უნდა უთხრას და საიდუმლო შეინახოს; თუ მოსწავლე გაუმხელს საკუთარ პრობლემებს, უნდა მოუსმინოს და ასწავლოს პრობლემების მოგვარების გზები. ცხოვრებაზე, სამსახურებზე, თავის დაცვაზე უნდა ესაუბროს, როგორ ამოიცნოს მოძალადე, მსხვერპლი. როდესაც კლასში ბულინგის შემთხვევაა, ამ დროს მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ დალაპარაკება მჩაგვრელთან და მსხვერპლთან არ შველის. თუ მსხვერპლს ეუბნები, რომ უბრალოდ მოძალადეს კარგად მოეპყროს და აჩვენოს როგორი კეთილია, ასე არ გამოვა, რადგან მოძალადე გამოიყენებს ამ სიკეთეს და მანიპულატორად იქცევა. მასწავლებელმა უნდა მიმართოს ორივე მხარის მშობლებს, თუ შედეგი არ დადგა – შემდეგ დირექტორს, ამის შემდეგ კი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას, პოლიციას. მასწავლებელმა ჩაგვრის არცერთი შემთხვევა არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ, თუნდაც სულ უმნიშვნელოდ მოეჩვენოს. საბოლოოდ კი, იდეალური მასწავლებელი მოსწავლის მეორე მშობელი ხდება.

 

იდეალური გაკვეთილი

გაკვეთილი მხოლოდ მოსმენა არ არის, თუმცა მოსწავლის ძალით გააქტიურება არ არის კარგი. იქნებ იდეა არ მაქვს და რატომ უნდა დამაძალოს. უნდა მომინდეს აქტიურობა, საკუთარი იდეების გაჟღერების არ უნდა მეშინოდეს. საინტერესო აპლიკაციები, საიტები, რესურსები უნდა გვირჩიოს მასწავლებელმა. ოღონდ ესეც იძულებით არა, უნდა დაგვაინტერესონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მხოლოდ სახელმძღვანელოები არ გამოიყენონ გაკვეთილზე, იქ მოცემული ინფორმაცია განავრცონ, დაუმატონ საინტერესო ფაქტები, ისტორიები, ამბები. მხოლოდ თეორიით არ უნდა შემოიფარგლოს მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე, ექსპერიმენტები, მაგალითად, ბიოლოგიაში ბანანიდან დნმ-ის ამოღება და სხვა. სხვადასხვა საგნების გაერთიანებით დაგეგმილი გაკვეთილებიც საინტერესო იქნებოდა.

 

იდეალური დავალება

დავალება არ უნდა იყოს ერთფეროვანი, მოსაბეზრებელი, კარგია თუ იქნება სახალისო, საინტერესო. უნდა მოგინდეს რომ შეასრულო. არ არის აუცილებელი ყოველდღე გვქონდეს დავალებები. მნიშვნელოვანია, ბავშვებს პირადი დრო ჰქონდეთ, რაშიც უნდათ, იმაში რომ გამოიყენონ. მაგალითად კარგი იქნება, თუ კი ისეთ საკითხზე მოგვცემენ სამუშაოს, რაც გვაინტერესებს. მაგალითად, ბიოლოგიაში სიამოვნებით შევასრულებდი დავალებას, თუ მეტყოდნენ, რომ იმაზე მომემზადებინა პრეზენტაცია, მომეძიებინა ინფორმაცია, რომელმა საკითხმაც დამაინტერესა. რაოდენობაც გასათვალისწინებელია, ბევრი ერთფეროვანი, რუტინული სავარჯიშოების შესრულება დაღლას, გულის აცრუებას და უმოტივაციობას იწვევს. მაგალითად, ქართულში, თუ კი მივხვდი, ჩავწვდი, რის დაწერასაც მთხოვს მასწავლებელი, თუ გავუგე დავალებას, მაშინ საინტერესო და სახალისო ხდება პროცესი. კარგი იქნება უფრო მეტი თავისუფალი წერა, თავისუფალი ესეები – ქართულშიც და ინგლისურშიც.

 

იდეალური სკოლა

ჩემთვის იდეალურია სკოლა, რომელიც პირად თავისუფლებას არ ზღუდავს. არ მომწონს სკოლა, სადაც ჩაცმის სტილს გიკონტროლებენ, რომ მიგითითებენ, აი მოკლე არ ჩაიცვა, აი მხრები არ გამოაჩინო, მხოლოდ გოგონებს რომ უკრძალავენ, ბიჭებს კი საერთოდ არანაირი აკრძალვა რომ არ აქვთ. ფორმები მისაღებია, ოღონდ გააჩნია – არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლებას და ბავშვებს უნდა მოსწონდეს ასეთი ტანსაცმელი.

პრობლემურია დასვენებების საკითხიც, 40-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ 5-წუთიანი დასვენება არასაკმარისია, ამ დროში შეუძლებელია რაიმეს მოსწრება.

კარგი იქნება, თუ კვება სკოლებში უფასო იქნება, ან რასაც ყიდიან ის იყოს ნორმალური, გემრიელი, ჭამა შეიძლებოდეს. იქნებ არ შემიძლია ყოველდღე სახლიდან ვატარო?

კარგი სკოლა, უნდა ზრუნავდეს, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი ცოდნა, ინფორმაცია, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ გამოადგებათ. მაგალითად, მოიწვიონ სპეციალისტები და ბავშვებს გაესაუბრონ სექსუალურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე (სამომავლოდ შეცდომები რომ არ დაუშვან), პირად ჰიგიენაზე, პრაქტიკულ ჩვევებზე – ბანკთან, პოლიციასთან, სასწრაფოსთან ურთიერთობა, მავნე ჩვევებზე და სხვა.

სკოლა უნდა ზრუნავდეს, მოსწავლეებს შეუქმნას საინტერესო, საგანმანათლებლო, სახალისო გარემო. დაგეგმოს ღონისძიებები, მაგალითად: ფესტივალები, კარნავალები, საღამოები.

ექსკურსია არის ძალიან პრობლემური, ხუთჯერ ერთსა და იმავე ადგილას ვიზიტი არ არის საინტერესო. კი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის ეკლესიები და მუზეუმები მოსაბეზრებელია. უფრო მეტად კრეატიული მიდგომა არ იქნებოდა ცუდი. სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც აქვთ უძველესი, კულტურული კერები, რატომ არ შეიძლება მათი მონახულება?

სპორტს უნდა მიაქციოს სკოლამ ყურადღება, ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია უნდა გაუკეთოს. ისეც მომხდარა, რომ სპორტის მასწავლებელს მხოლოდ ბიჭები ჩაურთია აქტივობებში, გოგონები კი ასე, უსაქმოდ ვისხედით. თუმცა მყავდა ჩოგბურთის მასწავლებელი, ვფიქრობ, რომ იდეალური იყო. ცდილობდა ყველა ბავშვი ჩაერთო გაკვეთილში, ძალიან სახალისო რამეებს იგონებდა, მან შემაყვარა ჩოგბურთი, თან პირადად მესაუბრებოდა. სპორტს ასეთი მასწავლებელი ძალიან უხდება.

 

იდეალური სახელმძღვანელო

ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი – გასაგები, ადამიანური სიტყვებით უნდა ეწეროს გაკვეთილი. შედარებებიც რომ ჩვენი ასაკისთვის გასაგები იყოს, მაგალითად, საიდან უნდა ვიცოდე, როგორ იწვება რკინა? ერთ შედარებას მოვიყვან, ქიმიის სკოლის წიგნი ჩემთვის არის საშინელი. გაკვეთილის სწავლას რომ ვიწყებ, ტირილი მინდება. არ მესმის, სკოლისთვის ყველაზე საშინელი სახელმძღვანელოებს რატომ არჩევენ? ხომ შეიძლება ისეთი ტექსტები შეარჩიონ, რომლებიც ჩვენს ასაკს შეესაბამება. ქართულის წიგნში „რომეო და ჯულიეტას“ მხოლოდ ნაწყვეტი შეიტანეს, რაც მსოფლიო კლასიკაა, თუმცა შეიტანეს „ეშმაკის ქვა“ – რომელმაც შემძრა, არაკომფორტულად მაგრძნობინა თავი. არ მინდა, წავიკითხო იმის შესახებ, როგორ გაგიჟდა და მერე მოკვდა ახალგაზრდა გოგო და ამაზე მერე ვიმსჯელო და ესეი დავწერო. ახლა ვკითხულობ ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნს: „ქიმია ყველასთვის“, რატომ არ შეიძლება ასეთი იყოს სკოლის სახელმძღვანელო? არ არის აუცილებელი, მასწავლებელი მხოლოდ სახელმძღვანელოს მიჰყვეს, არსებობს ინტერნეტი, სხვა უამრავი რესურსი, მხოლოდ სახელმძღვანელოთი სწავლება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ამ ყველაფერს ერთ წერილში ვერ ჩავტევ. ვფიქრობ, რომ თეკლამ, შესაძლოა ასაკისთვის დამახასიათებელი გაზვიადებით, თუმცა აქცენტები სწორად დასვა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, ჩვენ ხომ მათთვის ვქმნით და ვფიქრობთ.

                                   

 

ცხოვრების გამოცანები

0

ცხოვრება სავსეა ათასგვარი ხიფათითა და დაბრკოლებით. ბავშვობიდანვე ეჩვევა ადამიანი სამოთხისა და ჯოჯოხეთის ერთდროულ არსებობას. ყველა სიხარული და ტკივილი ილექება ქვეცნობიერში და სხვადასხვა გზით ვლინდება. პიროვნების ჩამოყალიბებაზე კი ბევრი რამ ახდენს გავლენას: ოჯახი, გარემო, პოლიტიკურ-სოციალური თუ კულტურული მოვლენები. გაუცხოება, უსაზრისობა, თაობათა ურთიერთობა, ოჯახი, სიყვარული, მეგობრობა, სამსახური, წარსული, აწმყო და მომავალი – სწორედ ამ თემებს უტრიალებს თანამედროვე ავსტრიელი მწერალი პაულუს ჰოხგატერერი თავის გახმაურებულ რომანში „სიცოცხლის სიტკბოება“. ადამიანის ფსიქიკის ღრმა შრეების მხატვრულ გამოსახვას ისიც უწყობს ხელს, რომ ავტორს ფსიქიატრიული გამოცდილებაც აქვს. იგი რამდენიმე რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია. მისმა ამ რომანმა კი ევროსაბჭოს ლიტერატურული პრემია დაიმსახურა.

 

რომანს ეპიგრაფად უძღვის ჯონ ლოკის სიტყვები: „რადგან ბავშვებში შიშის გამომწვევი მთავარი მიზეზი ტკივილია, შიშისა და საფრთხის წინააღმდეგ გამოწრთობისა და შეიარაღების საუკეთესო საშუალებაა, შევაჩვიოთ ისინი ტკივილის ატანას“. შიშისა და ტკივილის სპექტრი კი მრავალგვარია. განსაკუთრებით მძაფრი და ამოუხსნელი სიკვდილთან შეხვედრაა. რომანის მხატვრულ განზომილებაში გაშლილია, რეალური და მეტაფიზიკური საფრთხეები რა გავლენას ახდენენ ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე. სხვადასხვა სიუჟეტური ხაზი, რომლებსაც ავითარებენ და ამდიდრებენ განსხვავებული პერსონაჟები, თავს იყრიან ცენტრალური ამბის, მკვლელობის ირგვლივ.

 

რომანის პოსტმოდერნისტულობა მჟღავნდება, უპირველესად, ორმაგ კოდირებასა და თხრობის რაკურსთა ცვალებადობაში. ნაწარმოების სტრუქტურა კოლაჟურ-მოზაიკურია, სხვადასხვა პერსონაჟთა ამბების ნაკრებია. რომანს საინტერესო კომპოზიცია და სტრუქტურა აქვს, თავების სახელწოდებად გამოტანილია რიცხვები – 0-დან 23-ის ჩათვლით, ყოველ თავში განსხვავებული პერსონაჟები ჩნდებიან, თავიანთი ისტორიით, სიხარულითა და ტკივილით, თავგადასავლებით, შეხედულებებით. ისინი თავიანთი გეოგრაფიულ-სივრცული არეალით დაკავშირებული არიან კრიმინალურ დრამასთან. ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ გიმნაზიის მასწავლებელს კლასში 23 მოსწავლე ჰყავს, ყველა ბავშვი სხვადასხვა ბუნების, ინტერესებისაა. არავინ იცის, რა ელით, რა გამოცანებს უმზადებთ ცხოვრება, ზოგი ამოხსნისა და თავისუფლების გზას აირჩევს, ზოგი ვერა და ფსიქოპათად იქცევა. ამ ბავშვებს შორის არიან რომანის უცნაური პერსონაჟებიც: კატარინაც და ბიორნიც. ყურადღებას იქცევს მწერლისეული თხრობის მანერაც: ავტორისეული და პერსონაჟთა თხრობა ერთმანეთს გადაეწვნება და, ამგვარად, მკითხველს მოვლენათა თანადამსწრეობის ეფექტი ექმნება.

 

რომანი საოცრად კინემატოგრაფიულია, მონტაჟური ტექნიკით, ახლო და შორი ხედების მონაცვლეობით მკითხველი დეტალურად აღიქვამს პერსონაჟთა სახეზე აღბეჭდილ უმცირეს მოძრაობას, ემოციურ განწყობასა თუ გარემოს ცვალებადობას.

 

მწერალი დეტექტიური ამბის თხრობით, თანმდევი სასპენსებით გამუდმებულ დაძაბულობაში ამყოფებს მკითხველს. გამოძიების პროცესში მკითხველი გრძნობს, რომ პოტენციურად ყველა შეიძლება იყოს დამნაშავე. თან ზედაპირულად და ქვეტექსტურად, ამ „გამოძიებასთან“ ერთად, მკითხველის ფიქრის ნაკადები მიემართება თითოეული პერსონაჟის სულის სიღრმეებისაკენ. მწერალი ახერხებს ყოფითი დრამების ეგზისტენციალურ ჭრილში დანახვასა და გამოხატვას. ამგვარად, იგი თანამედროვე „აბურდულ“ სამყაროში გამძაფრებულ გაუცხოების ტკივილს გამოხატავს. რომანის ერთ ეპიზოდში ვკითხულობთ: „მინდა მოვეხვიო, გულში ჩავიკრა“, – გაიფიქრა ჰორნმა. უკვე იცოდა, რომ ამით დიაგნოზიც დასვა – დეპრესია. ამ დროს პაციენტს წამალს უნიშნავენ. არადა, დეპრესიულის ერთადერთი სურვილია, გულში ჩაიკრან“. ჩახუტება, სითბო, გულწრფელი თანაგრძნობა, სიყვარული აკლიათ ადამიანებს.

 

რომანი ქალაქგარეთ ოჯახური მყუდრო გარემოს აღწერით იწყება, ეს ერთგვარი პრელუდიაა. 86 წლის ბაბუა და შვილიშვილი, შვიდი წლის გოგონა კატარინა, ერთმანეთს ეთამაშებიან. შვიდი სიმბოლურად ბავშვობის ციკლის დასასრულის მაუწყებელია. მწერალს ბავშვი ამგვარად გამოჰყავს „სამოთხიდან“ და ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთში შეჰყავს. ეს თამაში თითქოს თავიდანვე სიმბოლურად მიანიშნებს ცხოვრებისეულ დიდ თამაშზე, რომელშიც ასევე გაგორდებიან კამათლები, მოთამაშეებსაც ან გაუმართლებთ ან არა, როგორც რეალურ ყოფაში. ეს ერთგვარი ნულოვანი საწყისია, ზამთრის სითეთრის ფონით, საიდანაც შემდეგ სხვა რიცხვები და ფერებად დაშლილი პერსონაჟები წამოიშლებიან. პირველსავე თავში იკვრება თხრობის კვანძი, ბავშვის ოცნებისეულ, ლამაზ, ლაღ, წარმოსახვებით სავსე სამყაროში სიმახინჯე შემოიჭრება. გოგონა ეზოში მკვდარ ბაბუას პოულობს, რომელსაც თავი გასრესილი აქვს. გოგონა მკვლელობის მთავარი მოწმეა, პირველად მან ნახა მოკლული და ამან თავზარი დასცა, დაადუმა.

 

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მკვლელობა 26 დეკემბერს მოხდა, საშობაო დღეებში. ამ დროს ხომ სამყაროში განმეორდა მისტერია, ქრისტე დაიბადა, რათა სამყაროში სიყვარული და სიმშვიდე კვლავ აღორძინდეს, თანამედროვე ადამიანის ქაოსურ არსებობას ცოტა ხნით მაინც აზრი და მნიშვნელობა შესძინოს, ხანმოკლე საშობაო რიტუალებით ადამიანი საკრალურს, მარადიულს აზიაროს. ადამიანებს, ყოფით წვრილმანებში ჩაკარგულთ ხელიდან უსხლტებათ მთავარი. სიმბოლურია კრიმინალური პოლიციელის, კოვაქსის რჩევაც: „გაითავისუფლეთ თავი ფიქრებისგან და, უბრალოდ, დააკვირდით გარემოს. ნურაფერზე გაამახვილებთ ყურადღებას და სწორედ მაშინ დაინახავთ ყველაზე მნიშვნელოვანს“.

 

შემთხვევითი არც ის არის, რომ ერთი პოლიციელი შემდეგ, მსხვერპლის დანახვისას, იტყვის: „როგორ ჯვარცმულივით წევს“. ყოველი მკვლელობა და სისასტიკე ქრისტეს ჯვარცმის მისტიკური გამეორებაა, ღვთის წამებაა. კრიმინალურ პოლიციელსაც, ლუდვიგ კოვაქსს, რომელმაც დანაშაულ უნდა გახსნას, ჯვარცმული წამებულები გაახსენდა. რამდენიმე ეპიზოდში საეკლესიო სივრცეც იხატება. ადამიანები ღვთის შემწეობას მოელიან, თუმცა სახარებისეული ამბები და ფრაზები თითქოს ცოცხალ ზემოქმედებას ვეღარ ახდენენ ადამიანებზე. თითქოს ღმერთი აკაკუნებს მათი გულის კარზე, მაგრამ ისინი ჩაკეტილან თავიანთი ეგოს სამყაროში და შიშით ვეღარც ამ კაკუნს გრძნობენ და რომც გაიგონონ, გულის კარის გაღებისთვის თითქოს არც ძალა და არც რწმენა არ ეყოფათ.

 

რომანი მკითხველში ბევრ კითხვასა და დიდ საფიქრალს აღძრავს, პასუხების ძიებაში კი საკუთარი თავის შემეცნების გზაზე დგება და სულის სიღრმეებისაკენ მიემართება. მთავარი ამბები გოგონასა და ამ მკვლელობის გარშემო ტრიალებს. სიუჟეტური თვალსაზრისით, ორ ძირითად კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: რა დაემართა გოგონას, რომელიც ამ ამბის შემდეგ ხმას არ იღებს და ვინ მოკლა მისი ბაბუა, სებასტიან ვილფერტი, ერთი უბრალო მოხუცი, რომელიც არავის არაფერს უშავებდა. თითქოს დროთა კავშირიც დაირღვა, როგორც ჰამლეტი იტყოდა.

 

მწერალი რომანში ყველა პერსონაჟის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნის. ერთ-ერთია ზემოთ ნახსენები რომანტიკოსი პოლიციელი კოვაქსი, რომელსაც უყვარს ვარსკვლავებზე ტელესკოპიით დაკვირვება. ერთი თანამშრომელი იტყვის: „ჩემი შეფი ვარსკვლავთმრიცხველი გახდაო“. მისთვის არც ის იყო სულერთი, რომ მისი კოლეგები ამით წამდაუწუმ აღიზიანებდნენ. ერთხელ სტრეკმა ჰკითხა: „მაინც, რისთვისაა კარგი საათობით ტელესკოპში ყურებაო“. მან უპასუხა: „ღმერთს ვეძებ – ამისთვისაა კარგიო“. ყველას ენა ჩაუვარდა. ამის მერე აღარც არაფერი უთქვამთ“. ესეც სიმბოლურად აღიქმება. ღმერთს აღარავინ ეძებს და, რაღა თქმა უნდა, არც მისი სამსჯავროში ეიმედებათ, ამიტომ ადამიანებში გახშირდა მანიაკური დეპრესიები.

 

თხრობაში ნელ-ნელა იჭრებიან ახალი პერსონაჟები, თავიანთი ყოფით, ფიქრებით. ეს კი ამბებისა და მოვლენების ჰორიზონტალურ-ვერტიკალურ ჭრილებს ქმნის, რომელთა საშუალებით იცვლება მატერიალურ-სულიერი გარემო და დრო. ყველა პერსონაჟს თავისი საფიქრალ-სატკივარი აქვს. ასეა ექიმი ფსიქიატრი ჰორნიც, რომელიც გაუცხოებულია სამყაროსგან, ამბობს კიდეც: „თავს შინ ვერსად ვგრძნობ“. მისი აზრით, მხოლოდ სიყმაწვილეშია ადამიანი ბედნიერი, „როცა შინაგან თავდაჯერებულობას გრძნობს და ჰგონია, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლია“. საავადმყოფოს სივრცე მწერალს იმისთვის შემოაქვს, რომ პაციენტთა ისტორიებით ადამიანური ყოფის სპექტრი გაამრავალფეროვნოს. ეს ათასგვარი ცხოვრებისეული მიზეზით ფსიქიკადარღვეული ადამიანები, უცნაური ვნებით, იდეით შეპყრობილი, ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაციებით გონებაარეული და გაუბედურებული ადამიანები მისგან მოელიან შველას. აქ არის ახალგაზრდა პაციენტიც, რომელიც „ამტკიცებდა, რომ მისი ახალდაბადებული გოგონა ეშმაკი იყო“. სტუდენტი ჰაიდემარია, რომელსაც „დეპრესია უტევს“ და თვითმკვლელობის მეთოდებზე ფიქრობს. „იცით, ყველაზე საშინელება რა არის? – განაგრძო ჰაიდემარიამ ცოტა ხნის შემდეგ, – როცა ადამიანი გრძნობს, როგორ კარგავს თავს. იმას, რაც კარგი გგონია შენში, ბოლომდე რომ გამოგწოვენ. დაბოლოს, ადამიანისგან რჩება მხოლოდ ცარიელი ტომარა, სხვა არაფერი“.

 

წარსული ტრავმები რომ არ იკურნება, ეს კარგად წარმოჩნდება, მკვლელის ამბითაც. იგი ჰორნის პაციენტთაგან ერთ-ერთია, 77 წლის იოახიმ ფუქსი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. იგი ჯერ ფოსტალიონად მუშაობდა, მერე მეფუტკრეობამ გაიტაცა. ის ჰყვება ამბავს ფუტკრების ტკიპის შესახებ და მერე ამას ასე აზოგადებს: „რაღაც მწერია. კეფაში ჩაგაფრინდება, გამოგწოვს სისხლს და დაგასახიჩრებს, – თქვა იოახიმ ფუქსმა. ძალიან გადაღლილის შთაბეჭდილებას ტოვებდა“. რომანის თავში ,„ოცდაორი“ რომ ჰქვია, ფოქსი თვითონ ჰყვება მკვლელობის ამბავს. იგი დაწვრილებით ჰყვება ჩადენილი სისასტიკის შესახებ, რომელიც მისი ძველი ჭრილობის მალამოდ იქცა. როგორც ირკვევა, მეორე მსოფლიო ომის დროს ის პასიურად მონაწილეობდა უდანაშაულო ადამიანების დასჯაში. მისმა ძმამ კი მის თვალწინ, უფროსის ბრძანებით, ერთი ოჯახი დაარბია მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვის ნახატებს შორის თეთრი დროშა დაინახა. მამა-შვილი ჩამოახრჩვეს. ძმამ ამ ამბის შემდეგ თავი მოიკლა. თვითონაც წლების მერე არაერთხელ სცადა თავის ჩამოხრჩობა. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებამ აქცია ის ჰორნის პაციენტად: „დიდხანს ვიფიქრე, იქნებ მეც ასე მოვქცეულიყავი. საქმე ისაა, რომ ნახევარიღა დავრჩი. იმის სახე, ვინც ეს ბრძანება გასცა, ყოველდღე თვალწინ მედგა. თანაც ვიცოდი, სად შემეძლო მისი პოვნა. ერთხელაც უკან მივდიე. ვერ მიცნო. მისთვის მხოლოდ ერთი უცნობი ვიყავი, შავი ჩანთით…“. როგორც ჩანს, ის უცნობი ფაშისტი მოკლული მოხუცი სებასტიან ვილფერტი იყო. ექიმს სჯერა, „პოსტტრავმული სიმპტომები შეიძლებოდა ათწლეულების შემდეგაც ამოტივტივებულიყო. თანაც უფრო ძლიერადაც კი“.

 

მწერლის აზრით, დრო ტკივილს ვერ აქრობს, არსებობს სულიერი ტრავმები, რომლებიც არასდროს იკურნებიან. განსაკუთრებით სახიფათო ძალადობის ეპიზოდებია, რომლებიც ამახინჯებენ სულს, ადამიანში სისასტიკეს ბადებენ. რომანის ერთ ეპიზოდში იოახიმ ფუქსი ექიმ ჰორნს გაყვითლებულ ფოტოს აჩვენებს, რომელზეც ფორმიანი ყმაწვილი ჯარისკაცები აღბეჭდილიყვნენ: „ორი ჯარისკაცი ისე ჰგავდა ერთმანეთს, ტყუპები გეგონებოდათ. ყველას აშკარად ეტყობა, უბედურად გრძნობენ თავს“, – გაუელვა ჰორნს. წინ იდგა ერთი ვიღაც, რომლის სახეც აღარ გაირჩეოდა. მის ადგილას მხოლოდ თეთრი ლაქა ანათებდა. თითქოს ვიღაც ხელს ხშირად უსვამდა იმ ადგილს. ალბათ ფოტოების დათვალიერებისას საკუთარ თავს წარამარა თითებით ეხება და ამგვარად სურს ამ ფოტოდან თავისი სახის წაშლა… ჰორნს ესმოდა იოახიმისა, რატომაც სურდა იმ დროიდან საკუთარი თავის ამოშლა“.

 

რომანში ეკლესიის სივრცეც იხატება, სულიერი საზრდოსთვის მოცემული ადამიანები მატერიალურს ვერ აღწევენ თავს. „შეხეთ ღმერთის კრავს! იგი საკუთარ თავზე იღებს სამყაროს ცოდვებს“. მღვდელიც ტრავმირებულია, მამამ ბავშვობაში მიატოვა და რელიგიაში იპოვა შვება. ეკლესიაში ჯერ თერთმეტი ადამიანია და მერე მე-12 შეემატება. სახარებისეული ამბები და ციტატებიც ბუნებრივად ქმნიან ახალ სააზროვნო სიბრტყეებს და რომანის ქვეტექსტურ შრეებს აღრმავებენ.

 

ექიმ რაფაელ ჰორნისა და მოკლულის შვილიშვილის, კატარინას, გზებიც ამგვარად გადაიკვეთება. ჰორნი ცდილობს საუბრებით გოგონა შოკიდან გამოიყვანოს და საბოლოოდ ახერხებს კიდეც ამას: „ბავშვის წინა ვიზიტი გაახსენდა. გოგონა შებოჭილი იყო. ინჰიბიცია – ესაა ფენომენი, რომელსაც ამოუხსნელი გაორება ან შიში იწვევს. შიში ბავშვებში სხვადასხვა სახით ვლინდება. ჰორნმა დაუშვა, რომ თავად იდგა მოხუცის წინ, რომელსაც ტრაქტორმა გადაუარა თავზე და მარტო ამის წარმოდგენამაც კი ენა წაართვა“.

 

რომანი პოლითემატურია. თანამედროვეობისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხთა შორის წარმოჩნდება მოხუცთა თავშესაფრების თემაც, რომელიც ადამიანთა გაუცხოებას უფრო გამოკვეთს: „ავსტრიის მოხუცებულთა სახლები სიმახინჯის განსახიერებაა. კაცი სამართლიანი თუა, უნდა აღიაროს, რომ მოხუცთა თავშესაფრები შვეიცარიაში, გერმანიასა და ნორვეგიაშიც ასეთივე მახინჯია. თავად კი არ უნახავს. ისე, ნორვეგიაში ალბათ ყველაზე ნაკლებ, გერმანიაში კი, სავარაუდოდ, ასეა. უამრავი ჩარაზული აივანია. ეშინიათ, სკლეროზიანი მოხუცები არ გავიდნენ და არ გადახტნენ. შესასვლელში პალმები და უზარმაზარი ფიკუსები დგას, რომლებზეც ჯოხებზე ჩამოცმული ნაჭრის თუთიყუშები დაუმაგრებიათ“.

 

პერსონაჟთაგან ყურადღებას იქცევს „ღამის მორბენალი“, ბაუერი, რომელიც გარემოს გამძაფრებული აღქმით გამოირჩევა. ის ამჩნევს სირბილისას შემხვედრ და გაელვებულ შენობებს, აბრებს, ხეებს, ფანჯარაში გამკრთალ ადამიანებს, ფიქრებიც ასე თავბრუდამხვევად იცვლებიან. ეს სირბილი თითქოს თანამედროვე ადამიანის მთავარი განმსაზღვრელია. ამ სიჩქარეში სადღაც ეკლესიის გუმბათიც გაკრთება, როგორც სამყაროდან გასაქრობად განწირული სულიერების სიმბოლო. სტრიქონები სიმღერისა, რომელსაც პერსონაჟი უსმენს („ღამის მამა…“), კარგად ასახავს ადამიანის ბნელ ქვეცნობიერს, სულის უფსკრულებს: „თვალის დახამხამებაში ბილიკი წვრილ-წვრილ, მავთულისებრ ძაფებად იქცა და მის თავში ჩაიხლართა. სულ მალე ისიც კი გადაავიწყდა, რომ ამ შავ უფსკრულში ყველაფრის ნამსხვრევებად მქცეველი ეშმაკი სახლობდა“. ბაუერმა ექიმ ჰორნს უთხრა ერთხელ: „გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელ სხეულში ასაფეთქებლები მიწყვია და ერთ დღესაც ყველა ერთდროულად აფეთქდება“. კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა: დღედაღამ დარბოდა და თან თავისი აიპოდით მუსიკას უსმენდა. იგი სხვას ადანაშაულებდა თავის ტანჯვაში. ჰორნმა სცადა წარმოედგინა, როგორ იდგა ბაუერი კლასში და უხსნიდა მოსწავლეებს სივრცეში განზომილებების ამბებს. შიგადაშიგ კი ისეთ რაღაცებსაც ამბობდა, გაკვეთილს სულ რომ არ შეეფერებოდა. ის წარმოსახულ სამყაროში ცხოვრობდა, სადაც არ არსებობდა არანაირი უკმაყოფილება, არანაირი ამბივალენტობა, არანაირი კონფლიქტი“.

 

რომანში საინტერესო პერსონაჟთაგან გამორჩეულია სულით ავადმყოფი ბიჭი, ბიორნი, ის მშობლებს, გარემოს თავისებურად აღიქვამს. უსიყვარულო გარემოა მათ ოჯახში. მისი ძმა დანიელ გაზელიკი „სიცარიელით ამოვსებულთვალებიანი“ მოძალადეა, რომელიც ბიორნს იარაღად იყენებს. მასწავლებელი ასე იხსენებს დანიელს: „თვალები მხოლოდ მაშინ თუ აენთებოდა, როცა კლასში ვინმე ტიროდა. გაახსენდა, როგორ დაუფლითა გვერდით მჯდომს დანიელმა წიგნები, როგორ ჩალეწა კარადის კარი. მასწავლებლებმა აშკარად შვებით ამოისუნთქეს, როცა მამამ მათი თხოვნით თავისი ვაჟი სასულიერო გიმნაზიიდან საშუალო სკოლაში გადაიყვანა. ახლაც თვალწინ ედგა თორმეტი წლის დანიელი, ერთხელ რომ უთხრა: „ყველა მღვდელი ჯვარს უნდა აცვან. ასე ამბობს მამაჩემი. მეც ასე ვფიქრობ“. დანიელი ფსიქოპათად ჩამოყალიბდა და სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ციხეს დაუსხლტა. დედას არ აინტერესებდა ბავშვის სწავლა-განათლება, მამა ფიზიკურად სჯიდა. ეს ოჯახური გარემო ხელს უწყობდა მოზარდში ცხოველური ინსტინქტების გააქტიურებასა და სააშკარაოზე გამოტანას, მგლური კანონებით ცხოვრებას უნერგავდა. „სამყარო უსამართლოა, – თქვა დანიელმა, – სამყაროსთვის აბსოლუტურად სულერთია, მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხარ თუ არა“. ამიტომ, ამ ლოგიკით, თითქოს შურისძიება უნდა მთელ სამყაროზე. ბიორნს დანით მალულად ქათმებს, იხვებს, ზაზუნებს, ზღვის გოჭებს, კატებს ახოცვინებს. ტრაქტორგადავლილი ფუტკრის სკები როცა ნახა კოვაქსმა, თქვა: „ალბათ ის აკეთებს ამას, ვისაც სიცოცხლის სიტკბოება აკლია“.

 

რომანი ვერდის „აიდას“ ტრიუმფალური მარშის ფონზე მთავრდება. კოვაქსს მობილურის ზარად აქვს დაყენებული ეს მუსიკა. იგი თაფლისფერ ტბას გაჰყურებს და ქარს ელოდება. სიმბოლურად, ქარი სულს განასახიერებს, რომელმაც ადამიანს სიცოცხლის სიტკბოება უნდა განაცდევინოს, რათა დაძლიოს საკუთარ არსებაში ცხოველური საწყისი. თაფლისფერი კი იმ მკვლელ მეფუტკრეს უკავშირდება, იოახიმ ფუქსს, რომელიც გოგონამ იცნო და ჰორნთან საუბარში „თაფლის კაცად“ მოიხსენია. მკითხველს სჯერა, სიცოცხლის ნამდვილ სიტკბოებას მხოლოდ სული შეაგრძნობინებს ადამიანს, სული, რომლის გარეშე ყოველივეს აზრი ეკარგება. სიტკბო და სიმწარე კი ცხოვრების ორი ძირითადი „საყრდენია“.

 

რომანი შესანიშნავად თარგმნა ამ საქმეში გამოცდილმა მაია პეტერ-მირიანაშვილმა და გამომცემლობა „იბისმა“ გამოსცა (2021 წელი). ქართველ მკითხველს კი კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციებს.

 

 

 

 

ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტში

0

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ჩვენი განათლების სისტემის ავტორიტეტული და კომპეტენტური ინსტიტუციაა უდავოდ. უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების 16-წლიანი პრაქტიკის მანძილზე არ ყოფილა ისეთი ხარვეზები, რომელთაც ამ უწყების რეპუტაციის შერყევა შესძლებოდა. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებიც, მშობლებიც და  აბიტურიენტებიც ენდობიან საგამოცდო ცენტრს, აღიარებენ მის სპეციალისტთა მაღალ კვალიფიკაციას. ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან საგამოცდო ტესტების შედგენაში, საგანგებოდ ეუფლებიან ფსიქომეტრიის სწავლებებს. ეს სამეცნიერო დარგი  სწავლობს ტესტების ვალიდურობის საკითხებს. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე არ გვაქვს ფსიქომეტრიის სამეცნიერო შრომები და რესურსები, რაც ნამდვილად სჭირდებათ არა მხოლოდ საგამოცდო ცენტრის სპეციალისტებს, არამედ უნივერსიტეტების ლექტორებს, კერძო თუ საჯარო სკოლების პედაგოგებს, რომელთაც ხშირად უწევთ ტესტების შედგენა სხვადასხვა საჭიროებებისთვის. წლების მანძილზე პერიოდულად შედიოდა ხოლმე ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში. ამჯერად საუბარი გვექნება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტზე. 2018 წლიდან ტესტი მოიცავდა სამ დავალებას: I – ტექსტის რედაქტირება, II – არგუმენტირებული ესე და  III – მხატვრული ტექსტის ანალიზი. 2018 წლამდე მხატვრულ ტექსტს ერთოდა მის გაგება-გააზრება-ანალიზთან დაკავშირებული 15 კითხვა, ე.წ. დახურული ტესტი 4 სავარაუდო პასუხით. ბოლო დროს იყო საუბარი იმაზე, რომ ტესტმა ამოწურა თავისი თავი და საჭირო იყო მორიგი ცვლილება. და აი, რამდენიმე დღის წინ ცენტრმა ოფიციალურად გამოაცხადა ცვლილებების შესახებ, ხოლო ვებ-გვერდზე დაიდო ტესტის პირველი ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები. ცვლილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც მასწავლებლებში, ასევე აბიტურიენტებში, რადგან გამოცდისთვის მომზადების პროცესში იცვლება საგამოცდო პროგრამის ათვისება-რეალიზაციის პრინციპები და მიდგომები. ყოველი სიახლე, მოგეხსენებათ, იწვევს შიშსა და გაურკვევლობას, თუმცა დასაწყისშივე აბიტურიენტთა გასახარად უნდა ითქვას, რომ ტესტი კი არ გართულდა, პირიქით, განიტვირთა, გამარტივდა და გახდა უფრო იოლად დასაძლევი, რაც, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ზოგ აბიტურიენტს სულაც არ ხიბლავს, რადგან არგუმენტირებული ესესა და ანალიტიკური თხზულების წერის ტექნიკას კარგად იყო დაუფლებული, ეს უფრო საინტერესოდ და სიღრმისეულად მიაჩნდა და სულაც არ სურს ტესტის გამარტივება. ტესტის დავალებები ახალ ვარიანტში ასე გამოიყურება: I- რედაქტირება, II – კითხვებზე პასუხი,  III – ლიტერატურული ესე მოცემული მხატვრული ტექსტის გარშემო, რომელიც მოიცავს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის ლიტერატურული ანალიზისა და თანამედროვეობასთან მისი დაკავშირების/პრობლემის აქტუალობის სეგმენტებს. მოცემული ლიტერატურული ესე ერთი მთლიანი ნაწარმოები უნდა იყოს, თანმიმდევრული, ლოგიკური ჯაჭვებით შეკავშირებული და  არგუმენტირებული მსჯელობით გამდიდრებული. შემცირდა ტესტირების დრო 3 საათამდე, ტექსტის მაქსიმალური ქულაა 60, რომელიც ასე ნაწილდება: ტექსტის რედაქტირება – 16 ქულა+ტექსტის გააზრება – 10 ქულა+ლიტერატურული ესე მხატვრულ ტექსტში დასმული პრობლემების გარშემო – 34 ქულა.

ყველაფერს ამ სამყაროში აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამონაკლისი არც წინამდებარე ძველი და ახალი ტესტებია. ძველი ტესტის სირთულე იმაში გამოიხატებოდა, რომ ზოგჯერ მოდიოდა არგუმენტირებული ესე განზოგადებულ პრობლემაზე, რომლის სიღრმეებში შესვლას რომ თავი დავანებოთ, აბიტურიენტი საერთოდ არ იცნობდა სფეროს და არაფერი ჰქონდა სათქმელი, ხოლო ლიტერატურული ტექსტის ანალიზი რთული დავალება იყო, რადგან იდეურად, სახეობრივად და სტილურად ზუსტად უნდა გაგეხსნა ტექსტი, აუცილებელი იყო წვდომა ქვეტექსტებსა და კონტექსტებში, აუცილებელი იყო სინთეზირება, ლიტერატურული პარალელების მოხმობა. განსაკუთრებული სირთულე იყო დაკავშირებული მხატვრული სახეების გახსნასთან, რადგან, როგორც ცნობილია, მხატვრული ტექსტის სახე გარკვეული შიფრ-კოდებით არის შექმნილი, რის გამოც დიდი ლიტერატურული გემოვნება და ხედვა სჭირდება მის სიღრმეებში წვდომას. ასევე რთულია მწერლის სტილის, ლიტერატურული მიმდინარეობის მახასიათებლების, ჟანრების, მწერლის ენის, ემოციის, განწყობის, თხრობის დინამიკისა და არქიტექტონიკის, ტროპული საშუალებების ამოცნობა და მიმოხილვა. ამასთან, უსამართლოა ის მომენტიც, რომ ვსწავლობთ ქართული ლიტერატურის ისტორიას მეხუთე საუკუნიდან თანამედროვეობამდე და ტესტი არ გვეკითხება არაფერს გავლილი მასალის გარშემო. შეიძლება გამოცდაზე გავიდეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იცნობს ქართული ლიტერატურის პროგრამას, დასაწერად აირჩიოს უცხო ტექსტი და მასზე იმუშაოს გამოცდაზე. გაუგებარია, რისთვის ვასწავლით ქართული მწერლობის ნიმუშებს „შუშანიკის წამებიდან“ უკანასკნელი პერიოდის მწერლობამდე?

შეცვლილი ტესტის ნიმუშის საინტერესო და ძლიერი მხარე ისაა, რომ ის მოითხოვს თავისუფალ აზროვნებას, არ ითხოვს მკაცრი კონსტრუქციის ესესა და თხზულების აგებას. ლიტერატურული ესეს ფორმა აბსოლუტურად თავისუფალი, შემოქმედებითი და დამაფიქრებელია. აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი არაშაბლონური, თავისუფალი ნააზრევი თამამად გადმოსცეს, იმსჯელოს მრავალწახნაგოვანი, მრავალშრიანი პრობლემის გარშემო, გამოთქვას ორიგინალური შეხედულებები ნაწარმოების ამა თუ იმ ასპექტის გარშემო. არგუმენტირებულ ესეს მკაცრი სტრუქტურა ჰქონდა, აუცილებელი იყო თეზისისა და ანტითეზისის გარშემო არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით მსჯელობა, ტევადი რეზიუმეს შექმნა სათანადო რეკომენდაციების თანხლებით. ამჯერად ამის საჭიროება არ დგას. აბიტურიენტს შეუძლია იმსჯელოს თავისუფლად, უბრალოდ თანმიმდევრული და ლოგიკური უნდა იყოს მისი მსჯელობები. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, აბიტურიენტები ჩივიან, რომ მათ იოლად შეეძლოთ არგუმენტირებული ესეს სტრუქტურის დასწავლა, რაც უადვილებდათ დავალების შესრულებას, ესეს სქემა ხელს უწყობდა ნაშრომის მარტივად კონსტრუირებას. აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ეს ცოდნა გამოიყენონ ახალი ტესტის ესეზე მუშაობაში.

შეფასების კრიტერიუმებში აღარ ვხვდებით არგუმენტირება-ციტირების სეგმენტს, ის ჩაანაცვლა მხატვრული ტექსტის ანალიზისა და პრობლემის აქტუალობის დასაბუთების კრიტერიუმებმა.

გამოცდების ცენტრის მიერ მოტანილ ტესტის ნიმუშში წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ ნაწყვეტი, გიორგის კონფლიქტი ომარაანთ მოჯამაგირესთან. ჩვენ შევეცადეთ, რომ დაგვეწერა ნიმუში, რომელსაც აქვე გთავაზობთ და რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ლიტერატურული ესეს სასურველი მოცულობა იქნება 600-700 სიტყვა. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ 150 სიტყვაზე ნაკლები მოცულობის ტექსტი ენობრივი კრიტერიუმებით არ გასწორდება, თუმცა აზრობრივადაც 150-200 სიტყვაში პრობლემის ამოწურვა და სრულყოფილი მსჯელობა წარმოუდგენელია. ჩვენი ნაშრომი მოიცავს 1000-ზე მეტ სიტყვას, თუმცა მისი შემოკლება მარტივად შეიძლება.

 

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“.

 

იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის“ მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა  და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

 

I ნაწილი

არიან ადამიანები, რომელთათვისაც მხოლოდ პირადი საჭიროებებია მნიშვნელოვანი. მათთვის „ეგოა“ წარმმართველი, ხოლო საზოგადო საქმე არასდროს ანაღვლებთ. თუმცა მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საზოგადოების ღირსეულ წევრად ყოფნა სხვა რამეს გულისხმობს. ჩვენი თვალი და გულისყური თუ საზოგადო საქმესაც სწვდება, ეს უკვე მაღალი მოქალაქეობრივი მისიაა. ასეთი შეგნების ადამიანები აშენებენ ცივილიზებულ საზოგადოებას, ძლიერ სახელმწიფოს.

„ოთარაანთ ქვრივის“ ავტორმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა საქვეყნო საქმის მსახურებას, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას, მორალური ღირებულებების შეგონებას ხალხისთვის. „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“, – ამ გაგების ადამიანთა გასაკრიტიკებლად დაიწერა მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“ რომელშიც ილიამ ამხილა ქართველ თავადთა მცონარობა, გულგრილობა, სიბრიყვე, ხოლო „ოთარაანთ ქვრივის“ იდეა იყო, რომ მწერალს ხალხისთვის ეჩვენებინა, თუ რამხელა პოტენციაა ყოველ ადამიანში, თუნდაც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელში. ოთარაანთ ქვრივი და გიორგი სრულიად ცვლიან რეალობას თავიანთ გარშემო. მათთვის არ არსებობს მხოლოდ პირადი ინტერესები, მათი ყოვლისმხედველი თვალი სწვდება ყველაფერს, რაც გარეთ ხდება, მათთვის უცხოა გულგრილობა.

მოთხრობის მოცემულ ეპიზოდში ჩანს, თუ როგორი უსიამოვნება გამოცადა გიორგიმ იმის გამო, რომ ომარაშვილის მოჯამაგირის სიზარმაცე, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და ბატონის სამსახურის არაფრად ჩაგდება დაინახა და ამას გულგრილად ვერ აუარა გვერდი.  ხშირად საზოგადოების განწყობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“, ნეგატიურია. უმრავლესობას არ უყვარს კომფორტის ზონის დარღვევა, არც სხვისთვის თავის შეწუხება და არც სხვათა ჩარევა საკუთარ საქმიანობაში. ილიამ კონფლიქტის დამაფიქრებელი წახნაგები შემოგვთავაზა. გიორგი ოთარაანთ ქვრივის ღირებულებებზეა გაზრდილი და ვერ შეეგუება ვერც თანასოფლელთა მცონარობას, ვერც ცხოველების წვალებას, რადგან ომარაშვილის მოჯამაგირის საქციელი საზოგადო საქმეს აზიანებს. ბატონყმობის ეპოქა ის პერიოდია, როცა, თვით ილიასავე თქმით, ხიდია ჩატეხილი გლეხობასა და თავადობას შორის. გლეხი და თავადი არ ენდობიან ერთმანეთს, ბატონს არ სჯერა გლეხის ერთგულებისა, მასში ადამიანს ვერ ამჩნევს, არ ეცოდება, არ ესმის მისი, ხოლო გლეხი ბატონში მხოლოდ მჩაგვრელს ხედავს და ცდილობს მის სამსახურში მინიმალურად დაიხარჯოს, მოატყუოს, მოპაროს, ითვალთმაქცოს, რაც უმწვავეს კონფლიქტებში გადაიზრდება ხოლმე და ზარალდება ორივე მხარე. საბოლოო ჯამში კი ზარალდება ქვეყანა, რადგან საზოგადოების ორი ფენა გახლეჩილი და ანტაგონისტურია, რეალურად მტრობენ ერთმანეთს, რაც ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას, დოვლათის შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ხოლო ამგვარ მოცემულობაში საქართველოს თავისუფლებისკენ სვლაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ვერც მჩაგვრელები და ვერც ჩაგრულები სამშობლოს სამსახურში სრულფასოვნად ვერასდროს ჩადგებიან.

გიორგი წუხს იმის გამო, რომ ასეთი უსულგულო, უნამუსო, ზარმაცი, გულგრილი და თვალთმაქცი ადამიანები ყველაფერს აფუჭებენ. სოფლის სასამართლოზე ის მოკლედ და დამაჯერებლად ახსნის თავისი გაცხარების მიზეზს: „ის დავა მქონდა, რომ მაგისთანა ნამუსახდილ კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს ვეღარა ჰნდობია. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც ნამუსი აქვს გატეხილი. თითონ ხომ ეძინა და ეძინა, კამეჩებიც მიეღრძო ურემზედ. იმათ საცოდაობამ დამწვა, სხვა არა იყოს-რა”…

რაც შეეხება ომარაშვილის მოჯამაგირეს, ის, გარდა იმისა, რომ მცონარა და უმაქნისი კაცია, ამავე დროს აგრესიული, თვალთმაქცი და ნამუსგაწყვეტილია. მან არ მიიღო გიორგის შენიშვნა. „შენ რა ჩემი ფეხები გინდა?.. შენ რა გეპრიანება?“ – ეს იყო უხიაგი მოჯამაგირის პასუხი გიორგის მოწოდებაზე. როცა გიორგი მას ამუნათებს: „არამია შენთვის ჯამაგირი. ვთქვათ, პატრონს ატყუებ და ატყუებ, ე პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა ხარ, მაგათი ცოდო მაინც არ გწვავს!..“ მოჯამაგირე ხეპრულად პასუხობს: “მაშ არადა თავზედ დავისვამდი… გამეშო-რა, მუქთი ფეხები მაქვს, მაგათ ძებნაში მერე სული ამომრთმევოდა“… შინ დაბრუნებული მოჯამაგირე ბატონს ატყუებს, გიორგის რისხვის სხვა მიზეზს ეუბნება. – ასე რატომ ტვირთავ ურემს? სხვასაც ხომ მოსთხოვენ ასე მუშაობას, ან საქონელი არ გეცოდება, ან სხვა გლეხებიო? – ურცხვადაც იცრუა ბატონთან, ცილი დასწამა გიორგის, შენც დედა და მამა საფლავში არ დაგიყენაო.

გიორგის მორალი ნამუსიანად ჭრის და კერავს. მისი ლოგიკა ასეთია: „თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს არ უღალატებდა, პირუტყვს შეიბრალებდა, და თუ ვაჟკაცი არ არის, რატომ ესე გაბედულად მომიშვირა გულ-მკერდი და თავმოწონებით ალვის ხესავით წინ გამემართაო?”

მართალია, ომარაშვილის მოჯამაგირე ვერ აცნობიერებს გიორგის ქცევის მოტივაციას, მაგრამ, საბედნიეროდ, გიორგისა კარგად ესმის სასამართლოს და თვით ომარაშვილიც კეთილად განეწყობა მის მიმართ. სოფელს კი უკვირდა ოთარაანთ ქვრივისა და გიორგის წუხილი სხვათა საზრუნავზე, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ საზოგადო სატკივრის გათავისება დედა-შვილს მაღალი მორალის გამოისობით შეეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამგვარ თავის გამოდებას მაინც აქვს თავისი ღრმა მნიშვნელობა. ადრე თუ გვიან საზოგადოებას თვალი აეხილება, თუ ერთი ვერ გაუგებს საერთო საქმის გულშემატკივარს, მეორე მიხვდება რაღაცას, უკვალოდ სამყაროში არაფერი იკარგება… ომარაშვილი კმაყოფილი დარჩა გიორგის ქცევით და სასამართლომაც გამართლებული გიორგი შინ გაისტუმრა.

II ნაწილი

ილიას მიერ მოთხრობის ამ ეპიზოდში წარმოჩენილი პრობლემა აქტუალური იყო და არის დღესაც. მართალია, საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა ახლა სუვერენული სახელმწიფოა, ეროვნული და საზოგადოებრივი თვითშეგნებაც ბევრად მაღალია, მაგრამ დღესაც ხშირად ვაწყდებით საქვეყნო და საერთო საქმისადმი გულგრილობის მაგალითებს და აგრესიას იმ აქტიური ადამიანებისადმი, რომელთაც აღელვებთ ქვეყნის ბედი, რომელთათვისაც სულერთი არ არის საზოგადო საჭიროებები. სწორად უნდა გავიგოთ „სხვის საქმეში ჩარევა“. თუკი ეს იქნება ადამიანის პირად ცხოვრებასა და კერძო საქმიანობაში ჩარევა, რასაკვირველია, მიუღებელია, მაგრამ როცა საქმე ეხება საქვეყნო პრობლემებს, გაჩუმება და გულგრილობა აქ დაუშვებელია.

ყველა ილიასავით ლიდერული თვისებებისა და დამსახურებების ადამიანი ვერ იქნება. ილიას ჰქონდა მორალური უფლება, რომ ხალხის მენტალურ გაჯანსაღებაზე, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე სიტყვა ეთქვა და სხვას შესაძლოა არც ჰქონდეს საამისო რესურსი, მაგრამ თუკი ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნება გვკარნახობს, რომ საზოგადო სატკივარს მახვილი თვალი და ყური შევაგებოთ, რატომაც არა? ძალიან ხშირია მოქალაქეობრივი გულგრილობის ფაქტები სხვათა ჩაგვრის, უსამართლობის, სახელწიფო აპარატის მხრიდან უფლებების შელახვის, უკანონო გადაწყვეტილებებისა, ასევე ხშირად ვხვდებით დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გატარების ფაქტებსაც და თუ ასეთ შემთხვევებში ხმის ამოღება ან დაგვეზარება, ან შეგვეშინდება, ეს უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე.

როცა საზოგადოება თავს დააღწევს მენტალობას, რომელიც გვკარნახობს: „რა ჩემი საქმეა?“ „სხვამ მიხედოს“… „სად მცალია საამისოდ?“ „ჩარევა ხომ საშიშია ჩემი კეთილდღეობისთვის?“ „ვისთვის გავწირო თავი?“ ცხადი იქნება, რომ საქმე გვაქვს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ინდივიდებთან, რომლებიც არ დაუშვებენ თავიანთ გარშემო უსამართლობას, ჩაგვრას, კანონის უგულებელყოფას. აქტიური საზოგადოება აშენებს ძლიერ სახელმწიფოს გამართული ინსტიტუციებით.

მახსენდება შემთხვევა, რომელიც ჩემს უბანში ხდებოდა ხოლმე. ქმარი ხშირად ძალადობდა ცოლზე საჯაროდ, ქუჩაში. უბანი კი ჩუმად იყო. მოძალადე სულ უფრო და უფრო საშიში და აგრესიული ხდებოდა. ერთხელ გავბედე, როცა ის უბნის გასაგონად მეუღლეს ურტყამდა, გარეთ გამოვედი და უშიშრად მივმართე, რომ ვერ შევეგუებოდი ამ საშინელებას და ვაპირებდი პოლიციისთვის შემეტყობინებინა მისი ძალადობის შესახებ. ქალს შეეშინდა და მომიწოდებდა, რომ თავი დამენებებინა. ჩემმა გამბედაობამ უბანში სხვებიც გაათამამა და რამდენიმე ადამიანმა ხმა ამოიღო. მოძალადე გავაფრთხილეთ, რომ როგორც კი ძალადობის მორიგ ფაქტს დავაფიქსირებდით, პოლიციას ჩავრევდით საქმეში. ამ კაცმა ცოლზე ძალადობა შეწყვიტა. ქალიც ბედნიერი და მადლიერი იყო მეზობლებისა და აღიარა, რომ „სხვის საქმეში ჩარევა საჭირო ყოფილა“. ერთხელ მე და ჩემმა ნათესავმა ქუჩაში დავინახეთ, რომ დედა წნელით სცემდა პატარა გოგონას. ბავშვი გულსაკლავად ტიროდა. საშინლად ავღელდით, მივიჭერით ამ ქალბატონთან. ჩემმა ნათესავმა იცრუა, სოციალური მუშაკი ვარ, ასეთი ფაქტების გამოვლენა და რეაგირება მევალებაო. ქალმა გვითხრა, რომ შვილი მას არ უჯერებდა, აბრაზებდა, როს გამოც დასაჯა და ჩვენი საქმე არ იყო მათ ცხოვრებაში ჩარევა. ჩვენ ეს ქალბატონი სკვერში დავსვით და ნათლად ავუხსენით ამგვარი ძალადობის არსი, მისი სისასტიკის მნიშვნელობა, ბავშვის ფსიქიკის ნგრევის შედეგები. ქალმა მოგვისმინა, გაიაზრა თავისი დანაშაული და დიდი სინანული გამოხატა ჩადენილის გამო. ჩვენ გავაგრძელეთ დაკვირვება ამ ადამიანზე და გვიხაროდა იმის დადასტურება, რომ ქალმა პატარა გოგონაზე ძალადობა შეწყვიტა.

როცა საზოგადოების წევრები ფხიზლად არიან, კანონდამრღვევს, მოძალადეს და მჩაგვრელს არ ექნება შესაძლებლობა, რომ ვინმეს რამე დაუშავოს ან საზოგადო საქმე დააზიანოს. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ხმა ამოიღოს, როცა ამის საჭიროება დგება.

 

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

0

უფროს კლასებში სესილია მაკგოფმა, სხვა მოსწავლეებთან ერთად, მანამდე უცნობი ვარსკვლავი აღმოაჩინა. უნივერსიტეტის პირველ კურსზე კი ის საავადმყოფოში შიზოფრენიის დიაგნოზით მოხვდა. ახლა სესილია ასეთივე პრობლემის მქონე ახალგაზრდებს ეხმარება და ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებულ მითებს ებრძვის.

გიგანტური ობობა, რომელიც მოძრაობის დროს ბავშვური სიცილის ხმებს გამოსცემს – ასეთია ამერიკელი სესილია მაკგოფის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჰალუცინაცია.

სხვა ჰალუცინციებს შორის ჯამბაზიცაა – მას შეუძლია მიუახლოვდეს და დაკბინოს უცნაური გოგონა დანით ხელში, რომელსაც ძალიან უყვარს ლაპარაკი.

სესილიას გამუდმებით ჩაესმის რაღაც ხმაური და დამახინჯებული ხმები.

ის ამბობს, რომ არარსებულ საგნებს, ადამიანებსა და მოვლენებს ბავშვობიდან ხედავს. ყველაფერი კი მოჩვენებითი ქალის ფიგურიდან დაიწყო, რომელიც ხშირად ელანდებოდა საპირფარეშოში. მშობლები ბავშვის მონაყოლს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ხუთი წლის შვილი ფანტაზიორი იყო და უბრალოდ სიბნელის ეშინოდა. თუმცა, სესილიასთვის ეს შიზოფრენიის დასაწყისი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ უცნაური წარმოსახვები ძალიან აშინებდა და ყურადღებას აფანტვინებდა, გოგონა იმდენად კარგად სწავლობდა, რომ სკოლაში ვუნდერკინდს უწოდებდნენ. ის მონაწილეობდა უფროსკლასელთა რეგულარულ სემინარში აშშ-ის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის ფარგლებში რეი დეშანგთან ერთად. მან  დამოუკიდებლად აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი – პულსარი, რომელიც არაჩვეულებრივად ფართო ორბიტით გამოირჩეობდა.

 

მეცნიერ ჯო სვიგგამის აზრით, პულსარის შესწავლა ასტრონომებს მნიშვნელოვან ცნობებს მისცემს იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდება ორობითი ვარსკვლავი. ასეთ წარმატებებზე დიდი მეცნიერები ოცნებობენ, მაგრამ მას რიგითმა სკოლის მოსწავლემ მიაღწია. მაკგოფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოს მოედო.

 

ამ აღმოჩენის წყალობით სესილიამ შეძლო პენსილვანიის პრესტიჟულ სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით ჩაბარება, მაგრამ სწავლის დროს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა, ალბათ სტრესისა და დატვირთვის ან ბუნებრივი ფაქტორების გამო: ამერიკელ ფსიქიატრ ტრეისი მარკსის აზრით – მას YouTube-არხი აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ – შიზოფრენია ხშირად ვლინდება გვიან მოზარდობაში, ოცდაათ წლამდე. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც ადამიანი ინსტიტუტში ან ასპირანტურაში სწავლობს.

 

პირველი კურსის ბოლოს სესილია ვეღარ გაუმკლავდა სწავლას: ინტენსიური ჰალუცინაციების გამო, ის წიგნსაც კი ვერ კითხულობდა. გოგონა ეცადა დედისთვის მოეყოლა თავისი ამბავი და დახმარება ეთხოვა, მაგრამ დედამ მკაცრად აუკრძალა ამ თემაზე სხვებთან საუბარი, მეტიც, გააფრთხილა, რომ თუ ბევრს ილაპარაკებდა, საზოგადოებაში საშიშად ჩათვლიდნენ და ვერასოდეს შეძლებდა სამსახურის შოვნას. დედამისმა არ იცოდა, რომ შიზოფრენიის დროს ნათელი ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები ადამიანში ნარჩუნდება, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეს გარკვეული კოგნიტური დეფიციტიც.

სესილიამ ვეღარ შეეძლო საკუთარ თავთან გამკლავება და თვითმკვლელობა სცადა. საბედნიეროდ, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ცნობისათვის: შიზოფრენიით დაავადებული ათიდან ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს.

მას შემდეგ სესილიამ კვლავ მოითხოვა დახმარება და წამლების მიღება დაიწყო. ის ექვსჯერ მოხვდა საავადმყოფოში, მაგრამ, როგორც აღნიშნავს, მკურნალობის შემდეგ თავი ბევრად უკეთ იგრძნო.

მკურნალობის პერიოდში სესილიამ ღიად დაიწყო ლაპარაკი საკუთარ დაავადებაზე და სხვა პრობლემებს შეეჩეხა, კერძოდ, შიზოფრენიის შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. ადამიანები, რომლებიც თითქმის მთელი ცხოვრება იცნობდნენ მას და მისი ნიჭით აღფრთოვანებულნი იყვნენ, ახლა თავს არიდებდნენ და გაურბოდნენ. საერთო საცხოვრებელში მომხდარი ერთ-ერთი კონფლიქტის დროს კი მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და განაცხადეს, რომ სესილია საშიშია.

მისი თქმით, შიზოფრენიის შესახებ ყველა წარმოდგენა, რომელიც პოპკულტურაშია გავრცელებული, სიმართლეს არ შეესაბამება. „მედია ხშირად იყენებს ამ დაავადებას სტერეოტიპების გასამყარებლად, რომლებიც შიშსა და სტიგმას აძლიერებენ. ერთ-ერთი სტერეოტიპის მიხედვით შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი აუცილებლად სასტიკია. სინამდვილეში, ის  თავად ხდება სხვისი ძალადობის მსხვერპლი“, – ამბობს სესილია.

მან საკუთარ თავზე იწვნია მწარე რეალობა. როდესაც „არანორმალურის“ იარლიყი მიაკრეს, გადაწყვიტა მთელი ძალა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით განათლებისკენ მიემართა და ეს მისი პირადი მისია ყოფილიყო. მან შეერთებულ შტატებში დააარსა ფონდი „სტუდენტები შიზოფრენიით“, რომელიც ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და მხარს უჭერს კოლეჯისა და უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც ამ დაავადებით იტანჯებიან. ფონდი უკვე ბევრს დაეხმარა არა მხოლოდ სწავლის დასრულებაში, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებაში.

აღმოჩნდა, რომ ამ დაავადებით არცთუ ცოტა ახალგაზრდა ავადობს. სესილიას მონაცემების თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის 1,1%-ს აქვს შიზოფრენიის ესა თუ ის ტიპი, მაგრამ საზოგადოება ამას ვერ ხედავს არსებული სტიგმის გამო. განკითხვისა და შიშის გამო, შიზოფრენიით დაავადებული ახალგაზრდები ამ მდგომარეობას უახლოეს ადამიანებსაც უმალავენ. სესილიას თქმით, ეს ძალიან მძიმე შედეგს იწვევს, რადგან სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს.

 

ახლა სესილიამ უკვე დაასრულა უნივერსიტეტი, გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში და განაგრძობს შიზოფრენიით დაავადებულთა უფლებების დაცვას, ებრძვის სტიგმას, ცდილობს მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადოს. ამის შესახებ სხვადასხვა კონფერენციებზე საუბრობს, მათ შორის გაეროში. მის ყველაზე ცნობილ გამოსვლას, რომელსაც ხუთ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს, „მე არ ვარ მონსტრი!“ ჰქვია.

 

სესილია აქტიურად იძლევა ინტერვიუებს, აქვს ინსტაგრამი და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი თქვას იმის შესახებ, თუ რა არის შიზოფრენია. ამავდროულად ის კვლავ ხედავს ჰალუცინაციებს, მაგრამ უკვე ისწავლა მათთან თანაცხოვრება და ესმის, რომ საშინელი წარმოსახვები და უჩვეულო ხმები მხოლოდ მისი წარმოსახვის პროდუქტია და ნაკლებად აქვს კავშირი რეალობასთან.

 

2019 წელს სესილიამ ნიუ-იორკში, იუნიონ-სკვერში ჩატერებული საპროტესტო აქციის – „მე ფსიქიკურად ავად ვარ, მე არავის ვკლავ“ თანაორგანიზატორი იყო. მას პაციენტთა  უფლებების დამცველი სხვა აქტივისტებიც უერთდებიან. ისინი ერთად იმედოვნებენ, რომ შეცვლიან დამოკიდებულებას ფსიქიკური დაავადებების მიმართ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში.

 

მშობლებისთვის:

შიზოფრენია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. შიზოფრენიული სპექტრის აშლილობის დიაგნოზი არ ნიშნავს სოციალურად სავალალო შედეგს. მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანს აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრების შანსი აქვს.

შიზოფრენია უფრო ხშირად ვლინდება თინეიჯერობის შუა პერიოდიდან საშუალოდ 35 წლამდე, ხოლო პიკი მოდის 20-დან 30 წლამდე. მოზარდებსა და ახალგაზრდებში გამოხატულებები მსგავსია. 12 წლამდე ასაკამდე დაავადების სიმპტომები ხშირად გამოხატული არ არის.

თუ თქვენს შვილს შიზოფრენიული სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, არ არის საჭირო იმის კითხვა, ვინ არის ამაში დამნაშავე. ასეთი დარღვევები არ გადაეცემა ბავშვებს წინაპრებისგან. უფრო მეტიც, მშობლების ქცევა ან ზოგიერთი პედაგოგიური შეცდომა ვერ ახდენს გავლენას დაავადების განვითარებაზე. მისი „დეტონატორი“ არ შეიძლება გახდეს მშობლების განქორწინება და ოჯახური ძალადობა. ისინი, სავარაუდოდ, იწვევს სტრესულ რეაქციებს ან ნევროზულ მდგომარეობებს, მაგრამ არა შიზოფრენიას.

შიზოფრენიული აშლილობების კონტროლი შესაძლებელია. ამ მხრივ, ის არაფრით განსხვავდება სხვა ქრონიკული დაავადებებისგან. ის ნამდვილად არ არის განაჩენი. შიზოფრენიის შესწავლის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, დღემდე მხოლოდ ჰიპოთეზება არსებობს მისი წარმოშობის მიზეზების შესახებ.

როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ მას სჭირდება ფსიქიატრთან ვიზიტი? თუ ამ შეხვედრის შედეგის მიღწევა გვსურს, ექიმთან ვიზიტი ცნობიერად  უნდა განხორციელდეს, ანუ ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომელ სპეციალისტთან მიგვყავს და რატომ. ნუ შეგეშინდებათ ამაზე ღიად საუბარი, რადგან ხშირად ბავშვს კარგად ესმის, რომ დახმარება სჭირდება და ეს გარედან უნდა მოხდეს. შეგიძლიათ უთხრათ: „ვხედავ, რომ ბევრს ნერვიულობ და ვერ უმკლავდები საქმეს“, „ვღელავ, რომ ძნელია შენთვის დაძინება და გაღვიძება“ და სხვ.

რა არის ბავშვის ფსიქიკური აშლილობის მიზეზი, როგორ ვლინდება ისინი, რა ახასიათებს დაავადებას, რა ეტაპებს გაივლის ის – ამის შესახებ მშობელმა უმჯობესია სპეციალისტებისგან გაიგოს. პირველ რიგში მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვის დაავადება მისი ბრალი არ არის.

უნდა ისაუბროს თუ არა მშობელმა ფსიქიატრიულ დიაგნოზზე სკოლაში, ეს მისი პირადი საქმე და არჩევანია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს კონცენტრაციის დაქვეითების გამო სწავლის ან კომუნიკაციის პრობლემები დაეწყება, მნიშვნელოვანია ამის შესახებ მასწავლებელთან მსჯელობა.

ერთად გავანადგუროთ მითები, რომლებიც ყველაზე მყარადაა ფესვგადგმული საზოგადოების ცნობიერებაში:

  1. 1. ადამიანს შიზოფრენიის დიაგნოზით არ აქვს მომავალი;
  2. შიზოფრენიის დიაგნოზი ნიშნავს ინვალიდობასა და უძლურებას;
  3. შიზოფრენიის დროს ადამიანი იღებს მედიკამენტებს მთელი ცხოვრების განმავლობაში;
  4. შიზოფრენიას არ შველის სამკურნალო საშუალებები;
  5. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი სოციალურად საშიშია და იზოლირებული უნდა იყოს.

ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

https://www.mentalhealth.org.uk/a-to-z/c/children-and-young-people

Early Childhood Mental Health

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

ზოგჯერ, როცა სხვა „საოცარ ახალ სამყაროზე“ ვფიქრობ, ფიქრი იქითკენაც გამექცევა , რომ შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, მართლა ჩაგვანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა. ამის გაფიქრებაზე, მართალია,  შიში მიპყრობს და თან ვიცი, რომ ბევრ პროფესიაში ეს გარდაუვალიცაა, თუმცა, მასწავლებლის პროფესია ამისთვის არ მეთმობა.

ეს ზოგჯერ…

თუმცა, ზოგჯერ თანახმა ვარ ადამიანი საერთოდ ჩაანაცვლოს ვინმე სხვა კეთილმა არსებამ, რომელსაც უყვარს ბავშვები და იმ  ბავშვებს უყვართ ერთმანეთი. თორემ, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რაც დაგვიწერია, თუ შეგვიქმნია, ერთ წამში კარგავს ფასს და ამაო ხდება.

ერთი დღისთვის ეს ორი სასტიკი ამბავი ასეთი  ფიქრებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ამბავი პირველი:

“2021 წლის მაისში, ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა. რის შედეგადაც ხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.“

ამბავი მეორე:

„ბათუმში არასრულწლოვანი თანატოლებმა სცემეს, შემდეგ ვიდეო გადაუღეს და სოციალურ აპლიკაცია “ტიკ-ტოკზე” ატვირთეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული 13 წლამდე ასაკის გოგონაა, რომელიც მისმა თანატოლებმა რეინჯერების ძველ რესტორანში წაიყვანეს და სცემეს. ცემისა და გინების ამსახველი კადრები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, ძალადობის მონაწილე ერთ-ერთი პირი მას მიმართავს: “მითხარი, რა ხარ. მითხარი-მეთქი, რა ხარ, კიდევ გაიმეორე, თორემ დაგარტყამ კიდევ ერთხელ”.  გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა უმძიმეს ფაქტს ადასტურებს. სკოლის დირექტორის განცხადებით, ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

დირექტორის კომენტარზე,  კომენტარის გაკეთება  ვერ შევძელი.

ვერ ვფიქრობ იმ გოგონას ნაცვლად – მის შიშებზე, ტკივილებზე, კომპლექსებზე და ზოგადად, მის მომავალ ცხოვრებაზე.

ეს ჩემთვის, ბათუმში,  ბეტონის ფილებს შორის მოყოლილი ბავშვების ტრაგედიის ტოლფასია.

ვდგავარ ხელებდაგრძელებული, ცარიელი, ვწერ ამ საშინელი ამბის შესახებ და  მინდა გკითხოთ, იქნებ ცოტა რიტორიკულად გამომივიდეს, მაგრამ მაინც:

თქვენ რას ფიქრობთ?  ან როგორ ცხოვრობთ?

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, თემურ სუყაშვილი,  ქეთევან ოსიაშვილი,    ლელა კოტორაშვილი, ინა იმედაშვილი, მაია მენაბდე,  ნათია უჩავა, თამთა კობახიძე,  ირმა კახურაშვილი, მარიამ გოდუაძე, ნათელა ბაღათრიშვილი, შორენა ტყეშელაშვილი, გურამ მეგრელიშვილი, დიანა ანფიმიადი, ელიზბარ ელიზბარაშვილი.

ჟურნალის წაკითხვა და  ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი”

მოგზაურის დღიურები #1

0

შარშან, როცა მცხეთის ერთ სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად, დედაჩემი ჩამოვიდა. დიდად არ უყვარს გურიის დატოვება. მამაჩემის დატოვება. ასე ამბობს – სასაფლაოს გულისხმობს. თანაც ვერც ჯანმრთელობით დაიკვეხნის. სრულიად პირიქითაც.

სახლს კი დაულაგებელი არ ეთქმოდა, მაგრამ საქმეებიდან რომ დავბრუნდი, დავინახე, მაინც ჩაჩოქილ იყო აივანზე და ხეხავდა. თან ხმამაღლა ლაპარაკობდა. ხეხვა არ გამკვირვებია. სხვანაირად რომ ყოფილიყო, ეგ უფრო გამაოცებდა. ხმას მივუგდე ყური – მამაჩემს ელაპარაკებოდა. სახლზე. ეზოზე. აღუწერდა. აი, დღესაც, უკვე საკმაოზე მეტად დასუსტებული, იჯდა, ყვავილს მიწას უცვლიდა და მამაჩემს, ამჯერად საყვედურობდა, სახლის ყვავილები რეიზა არ გიყვარდაო.

და კიდევ ერთხელ მივხვდი – სიტყვა ყველა გზაზე გრძელია. იოლად გასწვდება ათას კილომეტრს. მცხეთიდან კვირიკეთის სასაფლაომდე ადვილად უწევს. უფრო შორსაც. სიტყვას გააჩნია უბრალოდ – მთქმელს და სათქმელს.

 

 

არის სიტყვები, რომელიც უბრალოდ ხმამაღლა უნდა თქვა. ხმადაბლაც რომ სცადო, მაინც ხმამაღალი გამოდის. ამ სიტყვათა შორის, იშვიათია სიტყვა, რომელსაც ხმამაღლობა არ აყალბებს და ყურს არ აღიზიანებს. სწორედ ასე ითქმის – სვეტიცხოველი. სოფლიდან, სადაც ვცხოვრობ, გუმბათის ნაწილი მოჩანს და კიდევ ეგეცაა, იშვიათად, თუნდაც მცირე ნაწილიც კი ასე მთელი და დიდი იყოს.

 

ზურაბ კიკნაძე ოცი წლის წინ, უნივერსიტეტის აუდიტორიაში გავიცანი და მას შემდეგ ჩემი მასწავლებელია. დღეს კახეთში, ალმატში ვესტუმრე. ორი წელია იქ ცხოვრობს და ამ განრიდებაზე ვისაუბრეთ. მარტოობაში ვარჯიშზე. საუკუნეზე, რომელმაც ადამიანს საიდუმლო წაართვა და დუმილი დაავიწყა. სამყაროს მოშინაურებაზე. სოფელზე. მეზობლებზე.

ვკითხე: ადამიანი უფრო ხშირად ელაპარაკება ღმერთს თუ ღმერთი ადამიანს-მეთქი. და ღმერთიო. უბრალოდ ნიშნების გამოცნობის უნარი დავკარგეთო.

კარგი საღამო გამოდგა – რადგან ირგვლივ კახეთი იყო, ყვარელი, ფრთხილად შეყვითლებული მთები და ზურაბ კიკნაძე.

 

წიფობელა

0

„მესამე რანგიც მოხროვდა, / მეორე რანგის გარდა, / და დიალოგზე მოგროვდა / გამსახურდიას სკამთან“, – წერს მურმან ლებანიძე ერთ თავის ცნობილ ლექსში, რომელშიც „მწერალთა კავშირის“ ეზოში მომხდარ ამბავს აღწერს. ჩვენთვის საინტერესო ამ პასაჟში მწერალთა კლასიფიკაციაა: „მეორე რანგი“, „მესამე რანგი“… „მეორე რანგი“ კიდევ გასაგებია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, „მესამე რანგის“ მწერლები ვინ უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, ფაქტია, რომ იყვნენ და „მწერალთა კავშირის“ წევრობის მოწმობაც ედოთ გულის ჯიბეში.

 

პოეტი, რომელზეც მინდა, გესაუბროთ, ჩემეული კლასიფიკაციით, სწორედ „მეორე რანგს“ განეკუთვნება და ყველა იმ ზოგად ნიშნებს აერთიანებს თავის თავში, მისი დონის, ანუ „მეორე რანგის“ პოეტებს რომ ახასიათებთ. ეს პოეტი გახლავთ შალვა ფორჩხიძე. ინტერნეტში განთავსებულ მის მოკლე ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ დაბადებულა 1919 წელს და გარდაცვლილა 2006 წელს, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ პოეტმა მთელი ახალგაზრდობისა და მოწიფულობის წლები საბჭოთა რეალობაში გაატარა და ჩამოყალიბდა სტანდარტულ საბჭოთა მეორეხარისხოვან პოეტად. ვაღიარებ, რომ მისი საკმაოდ მოზრდილი პოეტური კრებული, რომელსაც „წიფობელა“ ჰქვია, ბავშვობაში რამდენჯერმე მაქვს წაკითხული (როგორც ჩანს, მომწონდა, თორემ რამდენჯერმე რატომ წავიკითხავდი. არადა, მახსოვს, რამდენჯერმე წავიკითხე). ამას წინათ წიგნის თაროში ქექვისას გადავაწყდი და გადავიკითხე. წიგნი იმ დროის კვალობაზე უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ახლახან გარდაცვლილი გოგი წერეთლის მიერ შესანიშნავად გაფორმებული გარეკანი ამშვენებს. გამოუცია „საბჭოთა საქართველოს“ 1973 წელს. შალვა ფორჩხიძე გახლავთ მაშინდელ ლიტერატურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურას მორგებული ტიპური პოეტი. როგორც წიგნში შესული ერთი ლექსიდან ვიგებთ, თურმე ძმაკაცობდა კიდეც მაშინდელი ლიტერატურული კონიუნქტურის ერთ-ერთ არქიტექტორთან, ელგუჯა მაღრაძესთან (ეს უკანასკნელი გახლავთ ლექსის ადრესატი). ლექსი გამსჭვალულია სუფრულ-მუხამბაზური პათოსით და ჰომეროსული ჟინით არის ჰეროიზებული სხვაზე მეტად მსმელი კაცები, ამ შემთხვევაში – ავტორი და ადრესატი:

 

„.. აგვიწვავს თვალებს

რძისფერი ბოლი

და ღდინზე დავლევთ!
დაგვითვრებიან ვიეთნი მალე, დახრიან თავებს,

აირევიან ბინდები მთაზე ჩვენ მაინც დავლევთ!

ხევებს სინათლედ

შევუნთებთ კოცონს,

გეტყვი სიმართლეს _

აღარ გვეყოფა ჭიქები მომცრო,

შორს რომ შევტოპოთ,

რად უნდა ფიქრი,

დიდ ჯამებს ავწევთ

და ჩვეულ რიხით

დავლოცავთ დამსწრეთ…“.
(აქვე მოგახსენებთ, რომ დავგუგლე და „ღდინი“, თურმე, მხოლოდ და მხოლოდ „რჯულს“ ნიშნავს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მეეჭვება, ამიერიდან, როცა სინტაგმა „ღდინზე დავლევთ“ გამახსენდება, სიცილის შეკავება მოვახერხო, რაღაცნაირად ჟღერს, სხვანაირად).

 

ლექსში შემდეგ, ავტორ-ადრესატის გარდა, ყველას მიეძინება, ბოლოსკენ კი ლოპიანას და გრიგოლ ორბელიანის აჩრდილები მოდიან (გაიხსენეთ ადრესატის სიყვარული პოეტი-ღენერლისადმი). მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის, ამ ბახუსურ-სპირიტუალურ ვიზიონზე უფრო, როგორც უკვე მოგახსენეთ, ისაა საინტერესო, რომ ავტორი, კარგ მსმელთან ერთად, ელგუჯა მაღრაძის ძმაკაცი ყოფილა…

 

წიგნს წამძღვარებული აქვს ტიპური ანოტაცია: „სამშობლოს სიყვარული, ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული, ქართველ მამულიშვილთა დიდებული სახეები, საქართველოს ბედნიერი აწმყო და მომავალი _ აი, რა ასაზრდოებს შალვა ფორჩხიძის ლექსების ლირიკულ გმირს.“

 

ასეთ ანოტაციებს პირველხარისხოვანი პოეტების კრებულებზეც შეხვდებით, მაგრამ განსაკუთრებით მეორეხარისხოვანი პოეტების კრებულებს უხდება. უნდა აღინიშნოს, რომ მეორეხარისხოვანი პოეტები პროსოდიული მრავალფეროვნებით ნაკლებად იწუხებდნენ თავს, მათი საყვარელი საზომი ლოგაედური ათმარცვლიანი იყო. შალვა ფორჩხიძის შემთხვევაში კი ფორმალისტურ ერთფეროვნებასთან შეუგუებლობას ვხედავთ. ეს კი მაშინდელი ტოტალური პროსოდიულ-ვერსიფიკაციული ერთფეროვნების ფონზე (ცხადია, რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტის შემოქმედების გამოკლებით) ნამდვილად დასაფასებელია. შალვა ფორჩხიძე მხოლოდ ცალ-ცალკე აღებულ შავთელურს და მცირე ბესიკურს არ სჯერდება, ხშირად აწყვილებს მათ ერთმანეთთან. არცთუ იშვიათად ამ დუეტში დიდი ბესიკურიც შემოჰყავს. თან, ამ ფორმით დაწერილ ლექსებს არატრადიციულ გრაფიკულ განლაგებას აძლევს, ზოგჯერ გარითმვის კანონიკურ წესსაც უგულვებელჰყოფს, მხოლოდ სპორადულად რითმავს, რის გამოც ამ ფორმის ლექსები ზოგან ვერლიბრს ძალიან უახლოვდება. ამ ჰეტეროსილაბურობასთან ერთად შალვა ფორჩხიძე ტონურ ლექსთწყობასაც მიმართავს, ამ წიგნში შესული არაერთი ლექსია დაწერილი ტონური ლექსთწყობით, მათ შორის – არცთუ უინტერესო ციკლი „მითრიდატე“.

 

შალვა ფორჩხიძის პოეზიაში კიდევ ერთი საინტერესო მისწრაფება შეიმჩნევა: ეს არის თანმიმდევრულობისკენ, მონოლითურობისკენ სწრაფვა, ანუ ერთიანი პოეტური მითოლოგიის შექმნის მცდელობა. სახე-სიმბოლოები და სხვა ტროპული ერთეულები ზოგჯერ ლექსიდან ლექსში ინაცვლებენ, მაგრამ ისინი იმდენად გაცვეთილი და ბანალური არიან, აბსოლუტურად უკარგავენ მკითხველს სერიოზულად აღქმისა და გააზრების სურვილს. ე. წ., „საყოველთაო მოხმარების მეტაფორებს“ შალვა ფორჩხიძის თაობის პირველხარისხოვან პოეტებთანაც ვხვდებით, მაგრამ პირველხარისხოვან და მეორახარისხოვან პოეტებს ერთმანეთისგან, სხვა მახასიათებლებთან ერთად, ზომიერების გრძნობა განასხვავებთ: პირველხასრისხოვანი პოეტები ან საერთოდ არ იყენებენ ასეთ ტროპულ ერთეულებს, ან – მცირე დოზით და ზომიერად, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სათქმელის გამოსაკვეთად. მეორეხარისხოვანი პოეტები კი ასეთ ბანალიზმებზე და კლიშეებზე აგებენ ლექსის მთელ ხერხემალს. აქვე უნდა ვახსენოთ ზომიერება პოეტური ენის არქაიზაციის დროსაც, შალვა ფორჩხიძის შემთხვევაში კი ზოგჯერ გეგონება, ანტონ კათალიკოსის სკოლის მიმდევარი რომელიმე „კლასიცისტი“ პოეტის ლექსს კითხულობ, და არა – მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პოეტისას:

 

„მე მჯერა, ვიდრე სული მზეობს და არა აჭკნობს

სიცივე ხორცსა – ბოლოს მტვერსა დასამარხავსა,

მე გადმოვაფრქვევ ლექსთა ხშირთა, გულისა გამჭოლს,

და არა ენამწარე კაცთა დასაძრახავსა…”.

 

იმ მედიტაციური, პატრიოტული, სოცრეალისტური თუ სატრფიალო ლირიკის კლიშეების ფონზე, რომლითაც გადაძეძგილია ეს წიგნი, ყველაზე პოზიტიურ ხაზად შეიძლება, დედისადმი მიძღვნილი ლექსები ჩაითვალოს,  ციკლიდან „დედა… სოფელი… ელდა…“. ამ ციკლში ჩემი საყვარელი ორი დიდი პოეტის, ნიკო სამადაშვილისა და გიორგი კორნაპელის მკაფიო ექოები ისმის. შეუძლებელია, ამ სტრიქონებმა სამადაშვილი არ გაგახსენოს:

 

„მინდვრები – ღვთისშობლის ლურჯი ეზო“

 

ან:

 

„საყდრის ჩიტები სხდებოდნენ ჯვრებზე,

ცა იყო რაღაც შორი და მშვიდი.

იდგა ხატივით მკვდრის მყუდრო მზეზე

ლოდს დამხობილი ყვითელი შინდი“.

 

აქ კი მე კორნაპელს ვხედავ:

 

„და ველი, დედა, შენი სულის ამოთენებას!

ეკლესიაში სერობა აქვთ, დედა, შეთქმულთა.

შეხედე, კორდზე მამამ ცხენი ამოაჭენა,

საყდრის ეზოში სამრეკლოზე ჩამოკრა ზარი…“.

 

და ამ მშვენიერ ლექსშიც, რომელსაც თავიდან ბოლომდე გთავაზობთ:

 

***

 

დედა, როდემდის გაატანს ასე!

მატარებლით რომ გამოვცდები მოლითს და წიფას,

გამიცოცხლდები იმერეთის წიფობელების

ნაზი ფერებით და ხმებით სავსე.

 

და გამოკრთება ხის ტოტებში, თითქო ცრემლებით,

შორს ჩვენი სახლის კრამიტი წითლად…

ჩამოვიტოვებ მარტოთუბანს, ბოსლევს, სალიეთს,

კაცხის კორდებზე სიხარული გადმომატარებს…

მაგრამ შევხედავ ეზოს ცარიელს

და ჭიშკრის კარბას ხელს ვერ ვაკარებ.

ცხადია, იმერეთის, როგორც პოეტური ტოპოსის, ათვისებაზე და გარდაცვლილ დედაზე მინორული მიძღვნითი ლექსების წერაზე ექსკლუზივი გიორგი კორნაპელისთვის არავის მიუნიჭებია. მაგრამ მე მაინც მგონია, აქ ინსპირაციის წყარო კორნაპელის პოეზია უნდა იყოს, მით უმეტეს, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა არც ისე დიდია. თუ ვცდები, მაპატიოს „წიფობელას“ ავტორის სულმა.

 

დასასრულ კი: მეორეხარისხოვან პოეტებს, სხვა უბედურებასთან ერთად, ერთი უბედურებაც სჭირთ – მათ მხოლოდ სიცოცხლეში კითხულობენ, სიკვდილის შემდეგ ალბათ შთამომავლები თუ ჩამოიღებენ თაროდან მათ წიგნებს, ისე, ინტერესის გამო. აი, მე კი შალვა ფორჩხიძის 250 გვერდიანი წიგნი, არც კი ვიცი მერამდენედ, ამ ჯერზეც წავიკითხე.

 

წიგნის ყდის გარეშე – ლიტერატურული გამოძიება და სახალისო აქტივობები  ლიტერატურის გაკვეთილზე

0

ზაფხულობით, როცა ჩემი თანატოლები მთაში თუ ზღვაზე, ბებია-ბაბუასთან სოფელში თუ საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ჩემი არდადეგებიც იწყებოდა. ამისთვის სულ რამდენიმე კილომეტრი უნდა გამევლო მეზობელ უბნამდე. იქ, ერთ ქუჩაზე, 41 და 49 ნომრებში, ჩემი მშობლების მშობლები, ჩემი ბიძები, ბიცოლები და ბიძაშვილები ცხოვრობდნენ. ეს იყო ჩემი არდადეგების ერთადერთი ადგილი.

აბა, ჩემნაირი წიგნის ჭიის ზაფხული უწიგნოდ როგორ ჩაივლიდა? ჰოდა, იქაც მქონდა ჩემი საიდუმლო გამოქვაბული – ბებიაჩემის წიგნების კარადა და პატარა ოთახი დიდი ტახტით, სადაც ამ წიგნებს ვკითხულობდი.

ბევრი რამ იყო იქ, ბულვარული რომანებით დაწყებული, „ცისკრისა“ და „საუნჯის“ ნომრებით გაგრძელებული და საბჭოთა ენციკლოპედიის ტომებით დასრულებული. იქ წავიკითხე ჩემი პირველი ჰემინგუეი, ჯოისი და კიდევ ბევრი სხვა.

ერთი წიგნი განსაკუთრებით მახსოვს. უსინათლო ბიჭისა და მისი კეთილი მეგობრების ამბავი იყო, რომლებმაც ბიჭს დიდი ხნის ოცნება აუსრულეს და ზღვაზე წაიყვანეს.

წიგნის არც ავტორი ვიცოდი და არც სათაური, ისე, უსათაუროდ მიყვარდა. მერე, დიდი ხნის მერე ერთ-ერთ ფორუმზე დავსვი კითხვა, ასეთი წიგნი ხომ არ იცით, ვისია და რა არის-მეთქი? და ვიღაც ჩემზე ჭკვიანმა მომწერა, იტალიელი მწერლის მარჩელო არჯილის „სანლორენცოელი ბიჭებიაო“, წიგნი, რომელმაც ცრემლებიც გვარიანად მაღვრევინა და სიხარულითაც ბევრჯერ გამაღიმა.

უყდო წიგნი – რა შეიძლება იყოს უფრო კარგი საშუალება წარმოსახვის გასავარჯიშებლად და, რაც მთავარია, საინტერესო სასკოლო პროექტის დასაგეგმავად?

(აქვე – ერთი შენიშვნა: თუ უყდო წიგნი არ გაქვთ, ყდას ნუ მოახევთ, უბრალოდ რამე შემოაკარით, რომ წარწერები დაიფაროს).

პროექტის იდეა წიგნის „დაბინავება“ და თავიდან ბოლომდე აღჭურვაა, ანუ ავტორისა და სათაურის გამოცნობა ენის, პერიოდის, თემატიკის, ჟანრის მიხედვით, გარეკანის ილუსტრაციის შექმნა, მისი მომზადება, წიგნის აკინძვა და სკოლის ბიბლიოთეკაში „დაბინავება“.

  1. შეარჩიეთ წიგნი, დაავალეთ მოსწავლეებს რომელიმე უყდო წიგნის მოძებნა, ოღონდ გააფრთხილეთ, რომ ამ პროექტისთვის წიგნს ყდა არ მოახიონ. თუ შესაფერისი ვერაფერი აღმოაჩინეთ, წინასწარ შერჩეულ წიგნს ისეთი გადასაკრავი გადააკარით, რომელიც მთლიანად დაფარავს ყდას.
  2. წინასწარ წაიკითხეთ წიგნი და მოსწავლეებს მოუყევით, რაზეა ის, ვინ არიან პერსონაჟები, რომელ დროში ხდება მოქმედება, როგორ ვითარდება სიუჟეტი და სხვა.
  3. ამოარჩიეთ ტექსტის ეპიზოდები და მოსწავლეებთან ერთად წაიკითხეთ, იმსჯელეთ ენაზე, მეთოდზე, ხომ არ მიგანიშნებთ გამომსახველობითი საშუალებები იმაზე, რომელ ეპოქაში მოღვაწეობდა ავტორი?
  4. წინასწარ მოამზადეთ 5 საიდუმლო მინიშნება, რომლებსაც წიგნში ჩადებთ. ამან მოსწავლეები ავტორის წარმომავლობასთან, ნაწარმოების დაწერის დროსთან, ჟანრსა და სხვა მახასიათებლებთან უნდა მიიყვანოს.
  5. როდესაც წიგნს გამოიცნობთ, მოამზადეთ პრეზენტაცია ამ წიგნის გარეკანის გამოსახულებით, იმსჯელეთ ყდის მხატვრობაზე. თუ წიგნის რამდენიმე გამოცემა არსებობს, პრეზენტაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოვა.
  6. შეიმუშავეთ ყდის თქვენეული ინტერპრეტაცია, დახატეთ, შექმენით აპლიკაცია, რომელიმე კომპიუტერულ პროგრამაში ააწყვეთ ყდა და ა.შ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...