ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

„მითები და რეალობა   განმავითარებელ შეფასებაზე“

0

 

ანიმაციაში  „მითები და რეალობა   განმავითარებელ შეფასებაზე“  სიუჟეტურადაა გადმოცემული და განხილული საკმაოდ გავრცელებული  მითები განმავითარებელ შეფასებაზე და ახსნილია, რომ  განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს,  გვეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები,  მიმართულება მივცეთ მას და  ახსნილია,  რატომ ითვლება განმავითარებელი შეფასება    ინტერვენციად რეალურ დროში.

მშობელი ვიყო შვილისთვის, თუ საუკეთესო მეგობარი?

0

წლის განმავლობაში უამრავ შეხვედრას ვატარებ მშობლებთან. ისინი დაინტერესებული არიან აღზრდის საკითხებით. გამუდმებით აინტერესებთ პასუხების მოძებნა ისეთ საკითხებზე, რომლებიც სულს უფორიაქებთ. არ დავუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც გამოუსწორებელი იქნება მომავალში ან არ მოვიქცე იმგვარად, როგორც მე მეპყრობოდნენ – ეს წუხილი ყველა ასეთ შეხვედრაზე ისმის ან კითხვებს შორის იკითხება, როგორც ერთი მუდმივი დილემა, რომელზეც ისეთი პასუხის მოსმენა, როგორიც მე წარმომიდგენია, ბევრს არ ეხატება გულზე.

უნდა ვიყო თუ არა ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი?

აღზრდის ავტორიტეტულ ან თავისუფალ სტილს შორის მერყეობა ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა, რომელიც ყველა მშობლის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რადგან რთულია თქმა ერთი სჯობს, თუ მეორე. ეს რაღაცნაირად ორგანიზაციის მართვის სტილს ჰგავს, ვიღაცას ამაზონის მოდელი მოსწონს, სხვას – გუგლისა. მთავარია, ბავშვი მინიმალურად დავაზიანოთ ჩვენი მოუგვარებელი პრობლემებით. დანარჩენი გემოვნების ამბავია.

მაშ, უნდა ვიყო თუ არა შვილის საუკეთესო მეგობარი?

ჩემი პასუხია – არა. გადაჭრით – არა, რაც, როგორც წესი, ყოველთვის იწვევს უკურეაქციას მსმენელში? – „მამაჩემი/დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“, „ჩვენ ვმეგობრობთ და ამიტომაც ყველაფერს მიყვება“.

რთული ასახსნელია ხოლმე, რომ ჩვენი დაუოკებელი სურვილი, ვიყოთ შვილის საუკეთესო მეგობარი, სხვა არაფერია თუ არა ლატენტური ნარცისული მოთხოვნილება ბოლომდე მიჯაჭვული გვყავდეს პირმშო, ოღონდ იმგვარად, რომ სინდისი მშვიდად დაგვრჩეს – მაკონტროლებელი მშობელი არ ვარ და სრულ თავისუფლებას ვაძლევ შვილსო.

იკონტაქტოთ შვილთან მეგობრულად, როგორც პიროვნებასთან სულაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ დარჩე მშობლის როლშიც, რადგან ყველა ბავშვს სჭირდება მეგობარიც და მშობელიც, რომელზე ჩვენი მხრიდან უარის შემთხვევაში პატარა და მერე უკვე მოზარდი აუცილებლად ეცდება ახალი კანდიდატის პოვნას. ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ საზღვრები (ზომიერი), წესები და მენტორი, ვინც მათზე ზრუნავს, ვისაც აზრს დაეკითხებიან და ვისაც გარკვეულ ასაკში აუმხედრდებიან კიდეც. ეს ის გასავლელი გზაა, რომელზეც ჩვენი ვითომ ტოლერანტულობით თავგზა არ უნდა ავურიოთ შვილებს, რომლებსაც ისევე სჭირდება ავტორიტეტის ხატ-სახე, როგორც მორწმუნეს – ღმერთი. აზრი – თითქოს შვილის საუკეთესო მეგობარი ვიქნები და მისი არაფერი გამომეპარება – ჩანასახშივე განწირული იდეაა, როგორც ძალიან მკაცრ მშობელს უმალავენ ბავშვები თავიანთი ცხოვრების ნაწილს, ისე თქვენ დაგიმალავთ, რადგან მათთვის ავტორიტეტად ვეღარასდროს დარჩებით.
ზრდასრულ ადამიანსა და ბავშვს შორის არსებული ძირითადი სხვაობა გამოცდილებაა, რომელიც უფროსმა ადამიანმა (კარგ შემთხვევაში) დააგროვა და ახლა შეუძლია უსასყიდლოდ გადასცეს საყვარელ ადამიანს. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვებს მოსწონთ ამ გამოცდილების მიღება და რაგინდ (თითქოს) აგდებული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ „მამის დარიგებასთან“, ისინი მაინც იმახსოვრებენ, უსმენენ და ითვალისწინებენ მშობლის აზრს, როცა მშობელი ავტორიტეტია.

ცხოვრების მთავარი იმედგაცრუებების დროსაც, როდესაც მოზარდს თანატოლებთან, მეგობრებთან სოციუმში რაიმეზე გული გაუტყდება, გამკლავების საუკეთესო ხერხად სწორედ მშობლის საიმედო ფრთის ქვეშ დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ესახებოდეს. ცხადია, ეს შეიძლება ასე არც მოხდეს და ალბათ არც უნდა მოხდეს. პირადი ბარიერები ჩვენივე გადასალახია, მაგრამ იმედი, რომ სადღაც შენ უპირობოდ მიგიღებენ სწორედ ისეთს, როგორიც ხარ, ძლიერი ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმია.

წლის განმავლობაში ასობით მოსწავლეს ვესაუბრები ხოლმე მათ პირად ცხოვრებაზე. როგორც წესი, ისინი პერიოდულად წუწუნებენ იმაზე, რომ მშობლები ზედმეტად მკაცრი არიან, უწესებენ საზღვრებს და არ აძლევენ თავისუფლებას იქ, სადაც უნდათ, იყვნენ უფრო ლაღები. თუ მშობელი ზედმეტად ავტორიტარი არ არის და ეს „შეზღუდვები“ რაციონალურ ხასიათს ატარებს (მაგალითად, კომპიუტერულ თამაშებზე ლიმიტის დაწესება), მოზარდები ამ ამბავს, როგორც მოცემულობას ისე იღებენ და სამართლიანობის შეგრძნება არ უქრებათ.

შიდა ოჯახური იერარქია, სადაც ერთი მეორეზე მეტი კი არა, მეტად პასუხისმგებელია რაღაცაზე, მოზარდისთვის გარდატეხის ასაკში გარანტირებული დაცულობის კარგი საშუალებაა.

წამიკითხავს, რომ ბევრი კვლევაა ჩატარებული იმაზე, როგორ ანაწილებენ სუსტი და ხშირად უნებურად უნებისყოფო მშობლები საკუთარი ცხოვრების ტვირთს შვილებზე, იმგვარად, რომ ამაზე არც დაფიქრდებიან ხოლმე. მაგალითად, მარტოხელა დედები ცდილობენ ქალიშვილებთან ან ვაჟებთან იმგვარად დაახლოებას, რომ მთლიანად გულს გადაუშლიან ხოლმე მათ პირადი ცხოვრების დეტალებიდან დაწყებული, ფინანსური ვალდებულებებითა თუ სამსახურში არსებული სტრესული სიტუაციების განხილვით დასრულებული. ისინი არც მეუღლის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უმალავენ შვილებს, რაც, თითქოს რაღაც პერიოდის განმავლობაში დედისა და შვილების მეტად დაახლოების, „გათანაბრებისა“ და საუკეთესო მეგობრობის საწინდარია, მაგრამ მოწიფულობაში, მოზარდობაში მიღებული ეს მძიმე ტვირთი შვილებისთვის მძიმე სატარებელი აღმოჩნდება ხოლმე.

ლიტერატურაში არის საინტერესო კანონი, რომელიც კემპბელს ეკუთვნის. მას „გმირის მოგზაურობა“ ჰქვია და ამ მოგზაურობაში პერსონაჟის გმირად გადაქცევას ვადევნებთ თვალს. გზას, რომელსაც პროტაგონისტი გაივლის ხოლმე, მას ბევრი ბარიერი ხვდება, თუმცა, ამ გზაზე ერთი საინტერესო გაჩერებაცაა, მას მენტორი ჰქვია. მენტორი ადამიანია, ვინც მთელი წრის განმავლობაში ან ერთი თავგადასავლიდან მეორემდე მიჰყვება, ამხნევებს, აგულიანებს გმირს, რათა კარგად მოფრთიანდეს, თავი მყარად იგრძნოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეშვება ხოლმე. თუმცა შინაგანი კავშირი გმირსა და მენტორს შორის მაინც მუდმივია. ასეთი მენტორები ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ჩნდებიან. იქნებიან ეს მასწავლებლები თუ ადამიანები, ვინც რაიმე ახალი საქმის დასაწყებად შეგვაგულიანეს. მშობელს კი ვალდებულებაც კი აქვს, იყოს საკუთარი შვილის იმგვარი მენტორი, ვინც, კი ბატონო, მისი მეგობარიც იქნება, მაგრამ მთავარ ფუნქციას მაინც არ დაკარგავს – დარჩეს შვილისთვის გზის გამკვლევი ან მთავარი გულშემატკივარი.

ეს საკითხი ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიაში, ადამიანების არქეტიპულ მეხსიერებაში საინტერესოდ ინახება და დაფიქრებული მკითხველი ადვილად გაავლებს პარალელს საკუთარ მაგალითებთან.

იშვიათ ბიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ ანომალიებს თუ არ ჩავთვლით, ცხადია, არ მჯერა, რომ მშობელს გაცნობიერებულად სურს, ზიანი მიაყენოს საკუთარ შვილს. ჩვენთვის ყველაზე მიუღებელ სიტუაციაშიც კი, მშობელი საკუთარი ტრავმების გათვალისწინებით მოქმედებს და აზიანებს პირმშოს იმგვარად, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას.

არავის სურს, იყოს დიქტატორი შვილთან. მშობლები ურთიერთობის ამ გზას იმიტომ ირჩევენ, რომ ეშინიათ ავტორიტეტის დაკარგვის ან უბრალოდ სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ ურთიერთობა. ისინი ჩანან საზოგადოებაში და ჩვენ მათზე ბევრს ვსაუბრობთ (ზურგს უკან მაინც), ვაკრიტიკებთ და ყურადღებას ვამახვილებთ, მაგრამ მშობლები, ვინც საკუთარ როლზე უარს ამბობენ და ცდილობენ შვილზე ასაღები პასუხისმგებლობა შვილზევე გადაანაწილონ, ასევე იმსახურებენ კრიტიკას.

დიახ, შვილთან მეგობრული ურთიერთობა დიდი ფუფუნებაა ყველასთვის. ასეთი ბავშვები გაცილებით თავდაჯერებული და შემეცნებაზე ორიენტირებული არიან ხოლმე, ნაკლებად ჩხუბობენ ან არიდებენ თავს კონფლიქტებს, არ ქურდობენ, არ აფუჭებენ ნივთებს წინასწარგანზრახულად, არ აწვალებენ ცხოველებს. ეს ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს და არა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული (მშობლობაზე უარის თქმით), როგორც ზოგს წარმოუდგენია.

მენტორს, მშობელს მწვრთნელის, გზის გამკვალავის და როგორც ზევით დავწერე, საკუთარი მეტი ცხოვრებისეული გამოცდილების უსასყიდლოდ, სიყვარულით გადაცემის მოვალეობა აკისრია, იმგვარად, რომ თავისუფალი სივრცე არ წაართვას შვილს. თუ შენ პარაშუტით გადმოხტომა გადაგიწყვეტია, მოდი, ჯერ გასწავლი მის დაკეცვას, გაგავარჯიშებ, გაგწვრთნი, დაგანახებ რისკებს, გაგიზიარებ გამოცდილებას; დავრწმუნდები, რომ შენს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და მხოლოდ ამის მერე დაგრთავ ნებას, თავად გადაწყვიტო – გინდა გადახტომა თუ არა.

პრობლემა, როგორც ყველა სხვა ამბავში, აქაც ჩნდება – როდის დავიხიო უკან, როდის მივხვდე, რომ ჩემი, როგორც მენტორის როლი უნდა შევზღუდო, როდის დავიწყო „მისითღა მაყურებელი თვალებით ყურება“ და როდის მივცეთ შვილებს მეტი და სრული თავისუფლება ისე, რომ ჩვენი როლი შევასრულოთ.

მშობლის როლური უკან დახევა შვილის სიმწიფის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. მაგრამ როგორ მომწიფდება შვილი, თუ მშობელი მხოლოდ მენტორია და მიაჩნია, რომ საკმარისად არ გაზრდილა მისი პირმშო? ეს ურთიერთდაკავშირებული კითხვები და მოქმედებებია. ამიტომ აქაც, მშობელს სამაგალითო, ბიბლიური სიფხიზლე მოეთხოვება.

შვილთან დროის გატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში, მაგრამ როდესაც მშობელი მხოლოდ შვილის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და მთელ პირად დროს მხოლოდ ბავშვებთან ატარებს, მხოლოდ მათთან მეგობრობს და შვილებისთვისაც თავადაა საუკეთესო მეგობარი, ამით უნებურად დამოკიდებული ხდება შვილებზე და ბავშვებსაც იმგვარად მიიჯაჭვავს ხოლმე, რომ ორივესთვის სოციალური რეალიზაციისა და გართობის ერთადერთი საშუალება შიდა ოჯახური ურთიერთობებია. ეს აუცილებლად წარმოშობს გაუგებრობებსა და პრობლემებს, ძირითადად შვილებში.

იუნგი წერდა, რომ ადამიანის ინდივიდუალიზაციის გზაზე (რაც აუცილებელია და ძალიან ჰგავს კემპბელის გმირის მოგზაურობას) ბავშვობის ხანა უმნიშვნელოვანესია, სადაც მშობელი შვილისთვის ბარიერი კი არა, თანამგზავრი უნდა გახდეს. როგორც ავტორიტარი მშობელია ბარიერი, ასევე მშობლის როლზე უარის მთქმელი მშობელი აფერხებს ბავშვის სწორ განვითარებას. ინდივიდუალიზაციის დროს, შვილი გეგმაზომიერად ამცირებს ფიზიკურ, ემოციურ დამოკიდებულებას მშობელზე და ხდება სრულფასოვნად დამოუკიდებელი, რასაც ხელს მეგობრულ ურთიერთობაზე უარის მთქმელი ან მხოლოდ მეგობრულ კავშირზე (მშობლის როლის უარყოფით) წამსვლელი მშობლები უშლიან.

ინდივიდუალიზაცია მთელი ცხოვრების პროცესია, მაგრამ ბავშვობაში შეჩერებული განვითარება ზრდასრულობაში გასავლელ გზასაც აფერხებს. თუ მე შვილს ბავშვობაში, მოზარდობაში, თინეიჯერობაში ერთნაირად „ვძალავ საიდუმლოებებს“ და აღარ ვუტოვებ პირად სივრცეს, მას გაუჭირდება სრული ინდივიდუალიზაცია და ოდესმე მაინც მოინდომებს კონფიდენციალურობის დაცვას ჩვენგან და ამას გააკეთებს შეცდომებით (გაიხსენეთ მეგობრებიც, ვინც ჩვენს პირად სივრცეში ძალიან იჭრებიან, გვღლიან და მათთან არაცნობიერად დისტანცირებას ვცდილობთ).

ბავშვის ან უფრო მეტად ბავშვობაში დათმობილი და ვერგავლილი განცალკევების პროცესის საკომპენსაციოდ, „მეგობარ“ მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტები მოგვიანებით მაინც მოხდება, ან კონფლიქტს უკვე ზრდასრული ადამიანი დაიწყებს ყველა იმ ავტორიტეტთან, რომლებიც მის ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოჩნდება (ცნობილი ადამიანები, დღის წესრიგი, ისტორიული ფიგურა და ასე შემდეგ).

მშობლების ნაწილს, სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც გაუჭირდება, უარი თქვას შვილთან ურთიერთობის არჩეულ სტილზე, როდესაც ის ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობას ბავშვთან ერთადვე ინაწილებს, მაგრამ საკითხი დასაფიქრებელია. ალბათ უნდა გავიხსენოთ მაგალითები ჩვენ ირგვლივ, დავაკვირდეთ სხვასაც, ვკითხოთ აზრი გამოცდილ პედაგოგებსა თუ ფსიქოლოგებს და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ შვილებისთვის და საკუთარი თავებისთვისაც.

 

რომაული ციფრების გამოყენება

0

მათემატიკა წარმოგიდგენთ სხვადასხვა სახის რიცხვებს, რომლებიც გვეხმარება პრობლემების გადაჭრასა და ირგვლივ არსებული საგნების ამოცნობაში.

რიცხვების დანახვა, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა გზით, არის შესანიშნავი გზა, დაეხმაროს ბავშვებს, უკეთ გაიაზრონ რიცხვის ცნება. ციფრებზე სხვადასხვა გზით ფიქრი ასევე ეხმარება მათ კავშირების დანახვაში. რიცხვის რომაული რიცხვის სახით დაწერა კიდევ ერთი გზაა იმის საჩვენებლად, რომ ერთი და იგივე რიცხვი შეიძლება სხვადასხვა ფორმით, ანუ განსხვავებულად გამოიყურებოდეს.

მიუხედავად მათემატიკური გამოთვლებისათვის რომაული ციფრების გამოყენების არაპრაქტიკულობისა, რამაც გამოიწვია ინდურ-არაბული რიცხვითი სისტემის ფართო გამოყენება, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს გავაცნოთ რომაული ციფრები. რომაული ციფრები უზრუნველყოფს რიცხვების ახალ წარმოდგენას, აქვს მუდმივი კულტურული აქტუალურობა და დღესაც გამოიყენება ისტორიასა და საზოგადოებაში

კლასი მე-5

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელირება. კანონზომიერება. ლოგიკა

ქვეცნება: რიცხვები და თანრიგები

ქვესაკითხი: რომაული რიცხვები

საკვანძო შეკითხვა: რისთვის გამოიყენება რომაული რიცხვები?

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები:

მათ.დაწყ.(I).1 მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს რიცხვის ცნებას და რიცხვის წარმოდგენის საშუალებებს; მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვების შედარება და კლასიფიცირება.

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რიცხვის წარმოდგენას და ზოგიერთი არითმეტიკული მოქმედების შესრულებას რომაულ რიცხვთა სისტემაში. შეძლებენ რიცხვთა პოზიციური და არაპოზიციური სისტემების შედარებასა და მსჯელობას.

აქტივობა 1. სად გინახავთ რომაული ციფრები?

გაკვეთილს ვიწყებ დისკუსიით:

  • იცით, რომ არსებობს სხვა განსხვავებული ციფრთა სისტემები? იცით, რომ რიცხვებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ უწოდებენ არაბულს? სანამ არაბებმა თავიანთი ნუმერაციის სისტემა შექმნეს (რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ) და ევროპაში შემოიტანეს, მანამდე ძველ რომში რომაელებმა გამოიგონეს ნუმერაციის სისტემა, რომელსაც რომაულ ციფრებს ვუწოდებთ და დღესაც ვიყენებთ ზოგიერთ შემთხვევაში.

სად გინახავთ რომაული რიცხვები?

იცით, რომ საათის ციფერბლატზე რომაული რიცხვებია გამოსახული?

 

 

აქტივობა 2. ციფრების გაცნობა

რომაული ციფრები არის რიცხვების სიმბოლური წარმოდგენა. რომაული რიცხვების წარმოსაჩენად ლათინური ანბანის რამდენიმე ასო გამოიყენება.

თანამედროვე რომაული რიცხვები იყენებენ შვიდ ასოს სხვადასხვა რიცხვის ჩასაწერად. ეს არის I, V, X, L, C, D და M, რომელთა შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობებია 1, 5 , 10, 50, 100, 500 და 1000.

აქტივობა2: რომაული რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა

როგორ ითვლება რომაულ ციფრებში 1-დან 3-მდე I=1, II=2, III=3
როგორ იწერება 4? IIII=4

სინამდვილეში ეს ასე არაა

IV=4

 

რა არის ეს V სიმბოლო? V=5
რომაულ რიცხვებში 3 -ზე მეტი ზედიზედ ერთი და იგივე სიმბოლო არ იწერება. ამიტომ III-ის შემდეგ მოდის IV. როგორ ფიქრობთ, რა მოდის V-ის შემდეგ?
ვამატებთ ერთს I  VI=6
ვამატებთ კიდევ ერთს I VII=7
ვამატებთ კიდევ ერთს I VIII=8
9-ის მისაღებად ჩვენ არ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი I. ამიტომ შემოდის ახალი უფრო დიდი სიმბოლო
ათი X=10
9-ის მისაღებად 10-ს ვაკლებთ I -ს IX=9

 

 

 

1 I
2 II
3 III
4 IV
5 V
6 VI
7 VII
8 VIII
9 IX
10 X
დაიმახსოვრე: როდესაც ვწერთ I-ს დიდი სიმბოლოს წინ, როგორიცაა V ან X ამ რიცხვს ვაკლებთ 1-ს.

10 მდე დასათვლელად ვიყენებთ სამ სიმბოლოს, რომლებიც ქმნიან რომაულ რიცხვებს I , V , X.

 

აქტივობა 3: საერთო საკლასო მუშაობა

ჩაწერე რიცხვები 11-დან 20-მდე

(რჩევა: ჩაწერე იგივე წესით, როგორც 1-დან 10-მდე)

აქტივობა 4: წესები

 

რომაული რიცხვების ჩასაწერად სულ გამოიყენება 4 წესი
წესი მაგალითი
წესი 1: როდესაც პატარა სიმბოლო უფრო დიდი სიმბოლოს შემდეგ არის, ის ამ რიცხვს ემატება. VI=5+1=6
წესი 2: თუ სიმბოლო მეორდება ისინი იკრიბება. XX=10+10=20

II=1+1=2

წესი 3: როდესაც პატარა სიმბოლო უფრო დიდი სიმბოლოს წინ არის, ის ამ რიცხვს აკლდება. IX=10-1=9

IV=5-1=4

წესი 4: ერთი და იგივე სიმბოლო არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ზედმეტად სამზე მეტჯერ.  III=1 +1+1=3, მაგრამ

4 არ არის IIII, 4 არის IV

ამ წესების გაცნობისა და რამდენიმე მაგალითის შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა დააკავშირეს რომაული რიცხვის ჩაწერისა და არაბული რიცხვების ჩაწერის წესები. თავად შეამჩნიეს, რომ რომაული რიცხვების ჩანაწერში „ციფრები“ თანრიგის ერთეულებს არ წარმოადგენენ, „პოზიციები არა აქვთ“. სწორედ ამიტომ იგი წარმოადგენს არაპოზიციური რიცხვთა სისტემას.

აქტივობა 5: ვაგრძელებთ რიცხვების გაცნობას.

ახლა ვისწავლოთ დანარჩენი ოთხი სიმბოლო LCD და M.

L = 50

C = 100

D = 500

M = 1000

აქტივობა 6: სავარჯიშოების შესრულება

(მოსწავლეთა საერთო-საკლასო ორგანიზება)

მოსწავლეები ასრულებენ სავარჯიშოებს, ზემოთ განხილული მაგალითების მსგავსად, იმავე წესებისა და თვისებების გამოყენებით

რომაული რიცხვების ჩაწერა ათობით რიცხვთა სისტემაში

50 – 10 = 40
CCLX 100 100 50 10 = 260
1000 – 100 = 900
XXX 10 10 10 = 30, მაგრამ 40 რ არის XXXX 
CCC 100 100 100 = 300, მაგრამ 400 არ არის CCCC
MDC LI 1000 500 100 + ( 50 – 10 ) + 1= 1000 + 600 + 40 + 1= 1641

რიცხვების რომაულ რიცხვთა სისტემაში გადაყვანა

300 = 100 + 100 + 100 = CCC
400 = 500 – 100 D
600 = 500 100 DC
800 = 500+100 + 100 + 100 = DCCC
900 = 1000 – 100 M
2342 = 2000 + 300 + 40 + 2= MMCCCXLII
978 = 900 + 70 + 8=MLXXXVIII

აქტივობა 7: სად გვხვდება რომაული რიცხვები ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და მოიყვანეს რამდენიმე მაგალითი:

ჩვენ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში. საქართველოში. დავით IV აღმაშენებელი მეფობდა XXI-XXII საუკუნეებში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი არის XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი.

ისტორიის წიგნებში საუკუნეების, მეფეებისა და დედოფლების სახელებს, ასევე ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებზე თარიღებს, ხშირად წიგნის თავებს, საათის ციფერბლატებს და ა.შ რომაული რიცხვებით გამოსახავენ.

აქტივობა 8. გასასვლელი ბარათები, წყვილთათვის

მოსწავლეთა წყვილს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ მათი მზაობის შესაბამის ბარათს.

ბარათი დაბალი მზაობის მოსწავლეთათვის

საშინაო დავალება (სურვილისამებრ შესასრულებელი)

  • მოიძიე ინფორმაცია ძველი სამყაროს სხვადასხვა რიცხვთა სისტემაზე და შეავსე ქვემოთ მოცემული ცხრილი.

 

სიტყვიერად არაბული რომაული ეგვიპტური მაიას
ოცდაჩვიდმეტი 37      
       
    CLIX    
       

 

გადააადგილე ერთი ასანთის ღერი, რომ სწორი იყოს:

 

 

გაკვეთილი შეჯამდა საკვანძო შეკითხვაზე მოსწავლეთა საინტერესო პასუხებით.

მიუხედავად იმისა, რომ რომაულ რიცხვთა ჩაწერისა და წაკითხვის სწავლება შეიძლება აუცილებელი არ იყოს რეალურ სამყაროში პრობლემების გადასაჭრელად, ვფიქრობ, რომ მისი სწავლება მნიშვნელოვანია რიცხვის ცნების გასაძლიერებლად.

რომაული ციფრებით (სიმბოლოებით) რიცხვის ჩაწერა კოდით ან იეროგლიფებით წერას ჰგავს, ამიტომ მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით გაეცნენ რომაულ რიცხვებსა და მათზე ზოგიერთ არითმეტიკულ მოქმედებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-5 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/mekhute-klasi/.

 

გლინტვაინი – „ჩაფიქრებული“ ღვინო

0

გლინტვაინი ცხელი სასმელია, რომელსაც სხვადასხვა სანელებელი აქვს დამატებული. გუგლს რომ გლინტვაინის დამზადების რეცეპტი სთხოვოთ, 684 სხვადასხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ. ინგლისურად ასეთ სასმელს „Mulled Wine“-ს უწოდებენ.

ღვინოში სანელებლების დამატების ჩვეულება ანტიკური ხანიდან მოდის. იმ დროს, ანუ, ჩვ.ერამდე V-VI საუკუნეებში მედიცინა ჰუმორალურ თეორიას ემორჩილებოდა. ეს ნიშნავდა, რომ ადამიანის ორგანიზმში იყო ოთხი სითხე – სისხლი, შავი ნაღველი, ლორწო, ყვითელი ნაღველი. სწორედ ამ სითხეების თანაფარდობა ორგანიზმში განაპირობებდა ადამიანის ხასიათსა და ჯანმრთელობას. მკურნალობაც ორგანიზმში ამ სითხეების სწორ თანაფარდობას გულისხმობდა. კულინარიაშიც ამავე თეორიას მიყვებოდნენ – თანაფარდობას. ამიტომ, თხევად და ცივ ღვინოს თუ დაამატებდით მყარ ფხვიერ სანელებლებს და გააცხელებდით, წონასწორობა აღდგებოდა.

მთელი ეს ცოდნა ე.წ. ღვინო თერაპიით (ენოთერაპიით) იყო გამყარებული. ფიქრობდნენ, რომ ღვინო ღმერთის, დიონისეს სისხლი იყო და ვაზი მათთან პირველად სწორედ მან შეიტანა. უფრო მეტი ეფექტისთვის შიგნით მინერალური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ნივთიერებას ამატებდნენ. გარდა ამისა, არომატიც უმჯობესდებოდა და კარგად ინახებოდა. უმატებდნენ ზეითუნის ზეთს, დამწვარი ვაზის ნაცარს, თაბაშირს, თეთრ თიხას, ნუშს, ჩამიჩს, პიტნას, თაფლს, რძესა და სხვა ათას უცნაურობას. ღვინის ჭურჭელს ზღვის წყლით რეცხავდნენ.

ჰიპოკრატე დარწმუნებული იყო, რომ ყურძნის დაღვინებული წვენი აუცილებელიც კი იყო. ამიტომ, წითელ ღვინოს უნიშნავდა ანემიით, დისტროფიით, ნერვული სისტემის აშლილობით და რევმატიზმით დაავადებულებს. სხვათა შორის, ჰომეროსის „ილიადაში“ ნახსენებია ექიმების მაქაონისა და პადალირიუსის სახელები, რომლებიც ღვინის საფენებს ჭრილობების გადასახვევად იყენებდნენ.

ეს თეორია ევროპაში მთელი შუასაუკუნეები აქტუალური იყო. ასეთ სასმელებს „Hipocras“-ს უწოდებდნენ. სინამდვილეში, ეს სახელწოდება ეკუთვნოდა ჭურჭელს, რომელიც გიგანტურ ძაბრს წარმოადგენდა და მასში წამლებსა და ცხელ ალკოჰოლურ სასმელებს ფილტრავდნენ. სახელი კი იმ დიადი ჰიპოკრატეს პატივსაცემად ერქვა, ზემოთ რომ დავწერე. ასეთ გაფილტრულ სანელებლიან ცხელ ღვინოებს კი როგორც წამალს ისე იყენებდნენ გონების მატონიზირებლად. გაფილტვრის შემდეგ დარჩენილ სანელებლებს არ ყრიდნენ, კვლავ იყენებდნენ საკვებში, სოუსებში და კოსმეტიკურ საშუალებებშიც კი. სანელებლები იმ დროისთვის ძალიან ძვირი ღირდა და გადასაყრელად ასე იოლად ვერ შეელეოდნენ. სხვათა შორის, ასეთი თეორიაც არსებობს, რომ სანელებლებს თითქოს იმიტომ იყენებდნენ, რომ მდარე ხარისხის ღვინის გემო გამოესწორებინათ. არ იქნება სწორი, რადგან იმათ, ვისაც ძვირადღირებული სანელებლების ფული ჰქონდათ, ხარისხიანი ღვინის ფულიც ექნებოდათ.

ასეთი ღვინოების მოსამზადებლად დიდი რაოდენობის შაქარს ხარჯავდნენ. მაგ. მეჩვიდმეტე საუკუნის ერთი რეცეპტის თანახმად, ნახევარ ლიტრ ღვინოს ნახევარი კილო შაქარი სჭირდებოდა. ამას, მგონი, ვერავინ დალევს. თუმცა, მაშინ სწორედ ეს იყო ხარისხიანი სასმელი. შაქარს კი მაშინ ოქროს ფასი ჰქონდა. ასეთ ღვინოს მხოლოდ მდიდრები მიირთმევდნენ. ღარიბებს რაც შეეხებათ, ისინი ღვინოში საკუთარ ბოსტანში მოყვანილ არომატულ ბალახებს იყენებდნენ – როზმარინს, რეჰანს, პიტნას… შაქრის ნაცვლად კი    თაფლს    ან ხილს.

„ჰიპოკრასები“ მთელი შუა საუკუნეების პერიოდი ძალიან პოპულარული იყო. მე-16 საუკუნეში კი სასმლის სახელი ჟილე დერეს სკანდალური საქმის სასამართლოში გაეხვა. ის საფრანგეთის მარშალ ჟან ბეარის თანამოაზრე იყო. ასევე გახლდათ „მარკიზ ლურჯი წვერი“, ალქიმიკოსი, ნეკრომანტი და მანიაკი. ჰოდა, სასამართლოზე გამოიკვეთა, რომ ეს ბატონი ლიტრობით სვამდა „ჰიპოკრასს“, ასევე მისით ათრობდა მოტაცებულ გოგო-ბიჭებს და შემდეგ წამებით კლავდა.

მე-18 საუკუნიდან შეხედულებები შეიცვალა და „ჰიპოკრასები“ მოდიდან გადავიდა. მათ სანაცვლოდ ცხელი, ე.წ. „ჩაფიქრებული ღვინო“ – სკანდინავიაში „გლუკი“, გერმანიაში „გლუვაინი“ შემოვიდა. ინგლისში კი ასეთ ცხელ სასმელს ვაშლის სიდრისგან ამზადებდნენ და მას „Wassal“ ეწოდებოდა. მთელ ამ გემრიელობას კი უკვე მხოლოდ საშობაოდ სვამდნენ და არა მთელი წლის განმავლობაში.

ასეთი სასმელი ჩარლზ დიკენსსაც აქვს ნახსენები თავის „A Cristmas Carol”-ში. თუ გახსოვთ, სულ ბოლოს, როდესაც უკვე გამოსწორებული სკრუჯი სტუმრად შობის მისალოცად მიდის, სუფრასთან მიირთმევენ. კერძოდ ეს იყო „Smoking Bishop” და 1845 წლის ამ გლინტვაინის რეცეპტი ასე გამოიყურებოდა: აიღეთ ლიმონი და შიგნით მიხაკის ნაჭრები ჩაარჭვეთ. შებრაწეთ ლიმონი ნელ ცეცხლზე. ერთმანეთს შეურიეთ ტოლი მოცულობებით დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი, ჯანჯაფილი და წიწაკა ჩილი. გადაიტანეთ ქვაბში და დაამატეთ ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ, სანამ ნახევარ ჭიქამდე არ დაშრება. აიღეთ ერთი ლიტრი პორტვეინი და მასში არსებული სპირტი დაწვით (აადუღეთ და ანთებული ქაღალდი მიუტანეთ, რომ სპირტი დაიწვას). დაამატეთ ღვინოს ლიმონი და სანელებლები. დააყოვნეთ 10 წუთი.

გლინტვაინის თანამედროვე რეცეპტები ღვინისთვის ცეცხლის მოკიდებას კი არა, ადუღებასაც კრძალავს. რატომ? სპირტი აორთქლდება და ხელში კომპოტი შეგრჩებათ.

დიახ, ისევე, როგორც ნებისმიერ სასმელში, ღვინოშიც სპირტია და ამიტომ მისით ნამეტანი გატაცება არ ივარგებს.

ეთანოლს ადამიანის ორგანიზმში ღვიძლი ჟანგავს. საერთოდაც, ეს ორგანო ყველაფერ ცუდს ანეიტრალებს და მას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმა სპეციალურ ფერმენტს ალკოჰოლდეჰიდროგენაზას გამოიმუშავებს, რომლის მოქმედებითაც სპირტი აცეტალდეჰიდამდე იჟანგება. შემდეგ ეტაპზე, ის ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადაინაცვლებს, სადაც უკვე მიტოქონდრიული ალდეჰიდდეჰიდროგენაზა მოქმედებს და ძმარმჟავა წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი კი ნახშირორჟანგს და წყალს გვაძლევს.

სპირტი ორგანული ნივთიერებაა, რომლის მოლეკულაშიც ნახშირწყალბადის რადიკალთან დაკავშირებულია ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფი. ამ ჯგუფს ყველა სპირტი შეიცავს, თუმცა მათი რაოდენობის მიხედვით შეიძლება იყოს ერთ-, ორ-, სამატომიანი სპირტები.

ქიმიის გაკვეთილზე, ან თუ ქიმიის კლუბი გაქვთ, შემდეგი ექსპერიმენტების ჩატარებაა შესაძლებელი.

  1. მრგვალძირიან კოლბაში მოათავსეთ გლუკოზის ხსნარი (10გ გლუკოზა+30მლ წყალი) და 1გ. საფუარი, მიმღებ კოლბაში – კირიანი წყალი.

სარეაქციო არე შევათბოთ. წყლის ტემპერატურა 25-37 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს. ეს ექსპერიმენტი ერთ დღეში არ დასრულდება. შემდეგ გაკვეთილზე კირიანი წყალი ნახშირორჟანგის გამოყოფის გამო ამღვრეული დაგხვდებათ.

C6H12O6=2C2H5OH+2CO2

 

  1. სპირტიან სინჯარაში მოვათავსოთ ნატრიუმის ნაჭერი. გამოყოფილი გაზი ავანთოთ. რეაქციის დასრულებისას, სინჯარიდან მასა ფაიფურის ჯამში გადმოვასხათ და ავაორთქლოთ. მივიღებთ თეთრი ფერის მარილს – ნატრიუმის ალკოჰოლატს.
  2. მრგვალძირიან კოლბაში მოვათავსოთ 21მლ. გოგირდმჟავა და ნელა დავამატოთ 27მლ. სპირტი. ხსნარის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 140 გრადუსს. როდესაც მიმღებში შეგროვდება 10-15მლ. სითხე, გაცხელება შევწყვიტოთ. მიმღები გამოვიტანოთ და დავამატოთ 20მლ. სოდის ხსნარი. დიეთილის ეთერი ზემოთ ამოტივტივდება (იხ. სურათი 1).

თუ ეთერის შეგროვება გვსურს, ნარევი გამყოფ ძაბრში გადმოვიტანოთ და დავყოთ. მიღებულ ეთერს სპეციფიკური სუნი აქვს და ადვილად ორთქლდება.

სურ. 1 . მარტივი ეთერის მიღება სპირტისგან

  • ეთილის სპირტისა და კონც. გოგირდმჟავას გაცხელებით ხდება სპირტების დეჰიდრატაცია (წყლის წართმევა). მიიღება ეთილენი. აუცილებელია ტემპერატურის რეჟიმის დაცვა -160-170 გრადუსი (იხ. სურ. 2).

სურ.2. სპირტის დეჰიდრატაცია

 

გლინტვაინს, ანუ „ჩაფიქრებულ“ ღვინოს რაც შეეხება, თქვენსავე სამზარეულოში გააკეთეთ. სანამ ჯერ კიდევ ცივა და თებერვლის სუსხიანი ქარები დგას.

 

 

 

 

 

საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის საუკეთესოდ გამოყენების პრაქტიკები 5 სკოლისგან

0

2022 წელს განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და  საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ის ინიციატივით შეიქმნა “საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“ და ჩატარდა კონკურსი, რომლის მიზანიც ამ პლატფორმის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა იყო.

ორიგინალურ პლატფორმაზე ძალიან ბევრი მასალა და ყველაფრის გადმოქართულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ ვეცადეთ, შეგვერჩია რესურსები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის უკვე ყველა საფეხურისთვის არსებობს წიგნები STEM-ის მიმართულების საგნებში ქართულ ენაზე, ასევე ხელმისაწვდომია 100-მდე სიმულაცია ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს გაუმარტივებს რიგი საკითხების ახსნას“, – გვეუბნება განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილის ამბობს, რომ  საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური რესურსების ინტეგრირება მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური გახადონ სასწავლო პროცესი და უკეთესად უპასუხონ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ ინტერესებს. ისევე როგორც ნებისმიერ სიახლეს, მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ამ პლატფორმის სისტემურ დონეზე დანერგვას, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მასწავლებლისა და მოსწავლისათვის. ამისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პლატფორმა CK-12 ინტეგრირდა ამ უნივერსიტეტების შესაბამის საგნობრივ სილაბუსებშიც. უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩართულია შესაბამის რეგიონებში პლატფორმა CK-12-ის მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაშიც.

ქსელის მიზანი CK-12-ის  რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად სკოლებთან და მასწავლებლებთან 2022 წელს 20 კონსულტანტ-მასწავლებელი იყო ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებასა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს უზიარებდნენ კოლეგებს. ჯამში, 2022 წელს CK-12-ის სკოლების ქსელმა 60 სკოლა, 327 მასწავლებელი და 9522 მოსწავლე გააერთიანა.

წლის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლის სია კი ასეთია:

  1. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა
  2. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლა
  3. სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა
  4. ქალაქ თბილისის №26 საჯარო სკოლა
  5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

ჟურნალი „მასწავლებელი“ ხუთივე სკოლის დირექტორს ესაუბრა და ამ სტატიის მიზანიც მათი გამოცდილების გაზიარებაა.

“ჩვენი სკოლის მისია არის ზოგადად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება და სულ ვცდილობთ,  ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმები დავნერგოთ სასწავლო პროცესში, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ინტერაქიუს გახდის. ამგვარი პლატფორმების საჭიროება ნათლად დავინახეთ, როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. იმ პერიოდში სულ გვიწევდა სასწავლო მასალების ძებნა, ადაპტირება, დისტანციური გაკვეთილებისთვის გამოსადეგი რესურსების ძებნა – როცა CK-12-ის მასალები გამოჩნდა, მივხვდით, რომ მათი გამოყენება არა მარტო დისტანციური, პირისპირ სწავლებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. თანაც, ქართულ ენაზე ადაპტირებული ასეთი ხარისხის მასალები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში, ბევრი არ არის. ჩვენ ტექნოლოგიურადაც მზად ვიყავით ამისთვის, გვქონდა გამართული კომპიუტერები, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, პროექტორი, საბუნებისმეტყველო ვირტუალური ლაბორატორია და ნამდვილად გაამართლა ამ რესურსის გამოყენებამ სასწავლო პროგრამაში” – გვიყვება საჩხერის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი. ის ფიქრობს, რომ მისი სკოლის მოხვედრა საუკეთესო პრაქტიკების მქონეთა რიცხვში ერთდროულად განაპირობა კარგად დაგეგმილმა სასწავლო პროცესმაც, რომლის დროსაც მასწავლებლები მუდმივად უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას და იყენებდნენ კომპლექსური გაკვეთილების პრაქტიკასაც და იმ გამოცდილებამ, რომელიც უკვე არსებობდა სკოლაში ვირტუალური და ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიების გამოყენების თვალსაზრისით.

“ჩვენ, მე და კათედრა ერთად დავსხედით და შევიმუშავეთ გეგმა, ერთად განვსაზღვრეთ, რომელ კლასში რა საკითხები უნდა შეეტანათ,  გვქონდა სისტემატური შეხვედრები, ერთმანეთს წარვდგენდით ანგარიშებს და ყველამ ზუსტად იცოდა, რა იყო მისი საქმე. ჩვეულებრივი გაკვეთილების გარდა მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც გეგმავდნენ, ეს რესურსები ჩავსვით კომპლექსურ დავალებებში, ვიყენებდით პროფესიული განვითარებისთვის, რეკომენდაციებსაც კი ვაძლევდით თვითონ ამ პლატფორმას, თუ, მაგალითად, თარგმანი იყო მოუქნელი ან მასალის გაუმჯობესების რესურსი არსებობდა. მათემატიკის ერთმა მასწავლებელმა CK-12-ის ონლაინ კლუბი შექმნა და იმ კლუბში მუშაობდა ბავშვებთან ერთად. შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთად ვაგროვებდით მასალებს, რომელსაც ვიყენებდით და  მოსწავლეების ნამუშევრებს – პროცესის სწორად დაგეგმვა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმ შედეგისთვის, რაც მივიღეთ” – ამბობს ლენა გომართელი.

“სოფლის სკოლებს ზოგადად ძალიან გვიჭირს კომპიუტერული ტექნიკა და ინოვაციების შემოტანა და ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ საგრანტო კონკურსებში, რომელიც კარგი შესაძლებლობაა სკოლის განვითარებისთვის. CK-12-ის კონკურსითაც თავიდან იმიტომ  დავინტერესდით, რომ  გამარჯვების შემთხვევაში ტექნიკური გაძლიერების საშუალება გვექნებოდა” – გვეუბნება ნონა ყაველაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექტორი. კონკურსში სწორედ იმ დროს მიიღეს მონაწილეობა, როცა სკოლას და სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს სკოლის ახალი შენობის მოლოდინში ძველი შენობის დაცლა და მეზობელი სკოლის შენობაში შესახლება უწევდათ. მიუხედავად ამ გამოწვევისა, ძალები მოსინჯეს და საუკეთესო სკოლებს შორისაც მოხვდნენ, რამაც გარდა სიხარულისა, სკოლას ახალი კომპიუტერები, პროექტორი და ეკრანი მოუტანა, რაც მომდევნო წლებში ელექტრონული რესურსების კლასებში გამოყენებას გაამარტივებს.

“თავიდან თითქოს გაგვიჭირდა, მაგრამ მალევე ისე მოეწონათ მასწავლებლებს ეს რესურსებიც და მენტორებიც, რომ ახლა უკვე CK-12-ის გამოყენება სასწავლო პროცესის  ჩვეულებრივი ნაწილია, ბევრად ცოცხალი გამოდის გაკვეთილებიც და ნამდვილად ძალიან კარგი სასწავლო რესურსია. მასწავლებლებისთვის  დიდი სტიმულია საუკეთესო პრაქტიკის სკოლებს შორის რომ მოვხვდით – უფრო თავდაჯერებულად გააგრძელებენ სიახლეების დანერგვას სასწავლო პროცესში” – გვიზიარებს მისი სკოლის გამოცდილებას ნონა ყაველაშვილი.

“მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი რესურსები STEM-ის საგნების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს ჟუჟუნა გაბაიძე, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის დირექტორი. მან CK-12-ის შესახებ პირველად მაშინ გაიგო ფეისბუკიდან, როცა განათლების კოალიციამ კონკურსი გამოაცხადა სკოლებისთვის. რესურსის გაცნობიდან მალევე მიხვდა, რომ მისი გამოყენება საინტერესო იქნებოდა როგორც მასწავლებლებისთვის,ასევე  მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც გაჯეტების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრად მეტი ხალისით სწავლობენ, ვიდრე ტრადიციული სახელმძღვანელოებიდან.

“ძალიან კარგი კონსულტანტები ჰყავს ამ პროგრამას, რომლებიც მუდმივად ედგნენ მხარში ჩვენს მასწავლებლებს და შედეგად მივიღეთ მრავალფეროვანი აქტივობები სასწავლო პროცესში, რამაც გაამართლა. ცხადია, უწყვეტი უნდა იყოს ეს პროცესი, თვითონ პლატფორმასაც ემატება რესურსები და ვფიქრობ, რომ ჩვენ CK-12-ის მუდმივ მომხმარებლებად ვიქცევით” – გვითხრა ჟუჟუნა გაბაიძემ. ის თვლის, რომ ამ პლატფორმაზე არსებული სასწავლო მასალები თავისი ფორმით და შინაარსით, არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის არის ადვილად გამოსაყენებელი, არამედ ბავშვების ინტერესებთანაც ახლოს არის და საბოლოო ჯამში, ამიტომაც არის შედეგიანი მისი გამოყენება სწავლების პროცესში.

 “CK-12-ის შესახებ ვიცოდით, დისტანციური სწავლების დროს ვიყენებდით კიდეც და როცა განათლების კოალიციის გვერდზე ვნახეთ, რომ კონკურსი გამოცხადდა, ვიფიქრეთ ჩავრთულიყავით. საბუნებისმეტყველო საგნები  უჭირთ მოსწავლეებს, რთულ საგნებად ითვლება ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკაც და ვიფიქრეთ, რომ დაგვეხმარებოდა ამ მიმართულებით ახალი რესურსების ინტენსიური გამოყენება. მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი რესურსები აქვთ: თამაშით სწავლება, სიმულაციები, გაკვეთილების ბოლოს შემაჯამებელი კითხვები ისეთ საინტერესოს და სახალისოს ხდის გაკვეთილს და აადვილებს ახალი საკითხების ახსნასაც და გავლილის გამტკიცებასაც. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ რესურსის საშუალებით, ხედავენ სასწავლო მასალასა და ცხოვრებას შორის კავშირს. ზოგადად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სახელმძღვანელოს მოიაზრებს მხოლოდ ერთ-ერთ სასწავლო რესურსად და საინტერესო რომ იყოს გაკვეთილი, მასწავლებელს შეუძლია მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება და ყველა ასეთი პლატფორმა ძალიან გვეხმარება” – გვიყვება ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე. ის თვლის, რომ ელექტრონული რესურსების წარმატებით გამოყენებაში მის სკოლას სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის ქონაც დაეხმარა და მასწავლებლების ღიაობაც სიახლეების მიმართ. ზოგადად, ონის საჯარო სკოლა გამოირჩევა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებს შორის  მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრებით და ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების მიღწევებით.

ამ პლატფორმაზე ცალკე საგნად არის მეცნიერება, რომელიც პირდაპირ ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანს,  მოსწავლემ დაინახოს საგანთა შორის კავშირი და ერთიანობაში მოიყვანოს თავისი ცოდნა. საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად არის მოცემული ამ საგნის ქვეშ და ძალიან კარგად შეიძლება მისი გამოყენება, მით უმეტეს, რომ მასწავლებლებისთვის დეტალური ინსტრუქციაც მოყვება” – ამბობს დალი რაზმაძე.

“ზოგადად კონკურსები ჩვენთვის უცხო არ არის, სულ ვმონაწილეობთ საინტერესო კონკურსებშიც და პროექტებშიც იმ პრინციპით, რომ გამოცდილების მისაღებად მაინცდამაინც გამარჯვება საჭირო არ არის. თუ ვიმარჯვებთ, ეს კიდევ დამატებითი სიხარულია. განათლების კოალიცია გამორჩეული ორგანიზაციაა, სადაც ნამდვილად ვიცით, რომ ფიქრობენ, აზროვნებენ და სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. მათთან წლებია მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და როცა ეს კონკურსი გამოცხადდა, მაშინვე გადავწყვიტეთ, გვეცადა” – გვიყვება გელა მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბოულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი. ის იხსენებს სხვა ელექტრონულ სასწავლო რესურსებსაც, მაგალითად საიტ el.ge-ს, რომელსაც მასწავლებლები მანამდეც იყენებდნენ და ავლებს პარალელს CK-12-თან, სადაც რესურსების უმეტესობა ნათარგმნი და ქართულ რეალობაზე ადაპტირებულია.

“პანდემიამ აჩვენა, რამდენად გვჭირდება ციფრული რესურსები, ელექტრონული მატარებლები და მას შემდეგ ინტერესიც გაზრდილია ყველა ასეთი სიახლის მიმართ. ბავშვებისთვისაც საინტერესოა ახალი მიდგომებით ჩატარებული გაკვეთილები. მასწავლებლებისთვის კი სტიმულია ნამდვილად, როცა ხედავენ შენს მონდომებას” – ამბობს გელა მაჭარაშვილი.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ იმ

რწმენით შეიქმნა, რომ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ბავშვს აქვს კარგი განათლების

მიღების უფლება, ყველა ბავშვი განსხვავებულია, განსხვავებული საჭიროებებით,

რეალობითა და შესაძლებლობებით და იმისთვის, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ,

საჭიროა, სწავლის პროცესი პერსონალურ მოგზაურობას ჰგავდეს. პლატფორმა,

რომელსაც დღეს 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და სწავლების ყველა

საფეხურისა და ყველა საგნისთვის ასობით სასწავლო რესურსს აერთიანებს, ცდილობს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს გაუმარტივოს წვდომა მათთვის მორგებულ და საჭირო მასალებზე, რომელიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და ინტერაქტიურია, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას აძლევს, სასკოლო პროცესის მიღმაც შეძლონ ჩავარდნების გამოსწორება, ცუდად ნასწავლ მასალასთან მიბრუნება და პირიქით, იმის შესახებ ცოდნის გაღრმავება, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა ბავშვი გაკვეთილზე. CK-12 უკვე წელიწადზე მეტია ქართულ ენაზეც გამოჩნდა და მეშვიდე-მეთორმეტე კლასებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებისთვის სასწავლო რესურსების ადაპტირებულ ვერსიებს სთავაზობს ქართულ სკოლებს.

 

ინიციატივას ახორციელებს განათლების კოალიცია პროექტისხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვისფარგლებში. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

სიურრეალისტური თამაშები

0

სიურრეალისტების ხელოვნებას ჩემი მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ათვალიერებენ და უამრავ შეკითხვას მისვამენ – რატომ დნება საათები სალვადორ დალის ნახატში? მაგრიტის შავქუდიანი მამაკაცები ღრუბლებში რად სეირნობენ? და ა.შ. მათი თვალით ეს ნამუშევრები ერთგვარი გამოცანებია, რომელთა ამოხსნას ჩვენ თამაშებით ვიწყებთ.

სიურრეალისტების მიერ მოგონილი თამაშები, ხატვის სხვადასხვა ტექნიკა, სახალისო და მოულოდნელობებით სავსე აქტივობები, ხელოვნების გაკვეთილებზე ამ მიმდინარეობის განხილვისას, თემის შესავალში, ან ჯგუფური სამუშაოს დაწყების წინ, გნებავთ სასწავლო წლის დასაწყისში, ან უბრალოდ ბავშვების განტვირთვისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

სიურრეალისტურ ნახატებში თუ ობიექტებში, საგნები, ადამიანები, ბუნება უჩვეულო კონტექსტში გვევლინებიან, სადაც რეალური და წარმოსახული სამყარო ლოგიკის გარეშეა გაერთიანებული. ასეთი სიმბოლური სურათები შეიძლება სიზმარში ვნახოთ, როცა გონება ცნობიერის კონტროლისგან თავისუფალია. სიურრეალისტები სწორედ ქვეცნობიერს ათავისუფლებენ და „ზერეალობას“ ქმნიან.

სიურრეალისტები თავს სიმბოლიზმის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. მათ წრეში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ეროვნების ხელოვანი მრავალფეროვანი მხატვრული მიდგომებით. ლიტერატურასა და მხატვრობაში ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ავტომატიზმი, ენის ექსპერიმენტული გამოყენება, ნაპოვნი საგნები, გარკვეულწილად მის წინამორბედ დადაიზმშიც იყო წარმოდგენილი. თუმცა, სიურრეალისტებმა ეს სტრატეგიები ზიგმუნდ ფროიდის სიზმრებისა და ქვეცნობიერი გონების თეორიების ჩარჩოში მოაქციეს. მათ სჯეროდათ, რომ შემოქმედება რომელიც ადამიანის ქვეცნობიერიდან მოდის უფრო ძლიერი და ნამდვილია, ვიდრე ცნობიერი ფიქრის ნებისმიერი პროდუქტი. ღრმად აინტერესებდათ სიზმრების ინტერპრეტაციაც, როგორც გამოუთქმელი გრძნობებისა და სურვილების გამოვლენა.

სიურრეალისტებმა სახვითი ტექნიკის, ხერხებისა და ჯგუფური თამაშების სერია სიზმრების სამყაროს გამოსაღვიძებლად გამოიგონეს. ამ „სალონური თამაშების“ მიზანი გაოცების, აბსურდულობის, იუმორისა და მოულოდნელი გადაკვეთების წარმოქმნა იყო. (სურ. 1)

სტატიაში განხილული რამდენიმე თამაში და ტექნიკა – „დახვეწილი გვამი“ (Cadavre Exquis), ავტომატური ხატვა, ფროტაჟი და „კოლაჟი დახეული ქაღალდით”, ვფიქრობ, მოსწავლეებს სიურრეალიზმის უკეთ გაგებაში დაეხმარება და თამაშის გზით საკუთარ თავს, ნაცნობ საგნებსა თუ მოვლენებს ახლებურად დაანახებს.

ყველაზე სახელგანთქმული სიურრეალისტური თამაში Cadavre Exquis (ფრანგულად), (ინგლისურად Exquisite Corpse), ქართულად ასე ჟღერს – „დახვეწილი გვამი“. თამაშის შინაარსი უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, გაკვეთილზე მოსწავლეებს წარვუდგინე, როგორც „უცნაური, გამოგონილი არსება“. ბავშვობაში ასეთი თამაშის ვარიაცია სიტყვებით თუ ნახატებით, ალბათ ბევრ ჩვენგანს უთამაშია. მე პირადად მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რომ ეს გასართობი სიურრეალისტების მოგონილი იყო, ისევე როგორც ფროტაჟის ტექნიკა – როცა ხურდა ფულს ფურცლის ქვეშ ამოვდებდით და გრაფიტის ფანქრით მის ანაბეჭდს ვაკეთებდით.

„დახვეწილი გვამი“ 1925 წელს პარიზში სიურრეალისტებმა ივ ტანგმა, ჟაკ პრევემ, ანდრე ბრეტონმა და მარსელ დიუშანმა გამოიგონეს და ძალიან ჰგავს ძველ სალონურ თამაშს, რომელშიც მონაწილენი ერთ წინადადებას ისე ადგენენ, რომ არ იციან რა დაწერა წინა მოთამაშემ. სახელი „cadavre exquis“ კი მოდის ფრაზიდან, რომელიც ამ პირველი თამაშის შედეგად დაიბადა – „დახვეწილი გვამი ახალ ღვინოს დალევს“ („le cadavre exquis boira le vin nouveau“).

„დახვეწილ გვამს“ სიურრეალისტები ნახატებითა და კოლაჟებითაც თამაშობდნენ და სიტყვების ნაცვლად უცნაური, გამოგონილი, ჰიბრიდული არსებების სხეულის ნაწილებს ინტუიციურად ხატავდნენ.

ამ თამაშს სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეების გასახალისებლად ხშირად ვიყენებ. სიურრეალიზმის ისტორიის გაცნობისას კი ბავშვების ყურადღების კონცენტრირებასა და ახალი თემით უფრო ცოცხლად დაინტერესებაში მეხმარება. ძალიან კარგია, სანამ გონებისა და ხელის სავარჯიშო პორტრეტის ხატვას, ან ილუსტრაციასა და ფანტასტიკური ქმნილებების დიზაინზე მუშაობას შევუდგებოდეთ. მთავარი ხიბლი ალბათ თამაშის იუმორი და მოულოდნელობის ეფექტია, თან თანატოლთა თანამშრომლობას ეყრდნობა და იდუმალების გრძნობას შეიცავს. თამაშის წესები კი თავისუფლად შეიძლება მოვარგოთ ნახატების, კოლაჟების და ლექსების შექმნის პროცესსაც. შეგვიძლია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთადაც ვითამაშოთ.

„გამოგონილი არსებები“ სიურრეალისტურ სტილში ჩვენ ასევ ვითამაშეთ: (სურ. 2)

კლასი 3- ან 4-წევრიან ჯგუფებად იყოფა, თითოეულს ფურცელი და ფანქარი დასჭირდება. ფურცელი ჰორიზონტალურად სამად იკეცება – უცნაური არსების თავის, ტორსის და ფეხების დასახატად. მოთამაშეები დაფარულად ხატავენ ამ სხეულის ნაწილებს და ფურცელს გადაკეცილს გადააწოდებენ ერთმანეთს, მხოლოდ მინიშნებას უტოვებენ, სად მთავრდება კისერი ან ტორსი. დაფარულ ნახატებში არ ვიხედებით, ეს თამაშის მოულოდნელობის ეფექტს არღვევს. როდესაც ბოლო მოთამაშე დაასრულებს ხატვას, ფურცელი მაშინ იხსნება სრული ნახატების გამოსავლენად.

მოსწავლეები ხატავენ სპონტანურად, რაც იმ წამს მოუვათ თავში. ფურცლის პირველ გადაკეცილ არეში შეუძლიათ ყველაზე უცნაური თავი დახატონ, რაც კი წარმოუდგენიათ – ადამიანის ან ფანტასტიკური არსების, პროპორციული ან დისპროპორციული, სიმეტრიული ან ასიმეტრიული, სახის ნაკვთები შეუძლიათ ზედმეტი მიუხატონ, ან სულაც მოაკლონ. თმა, ბეწვი, ქუდი, რქები, სათვალე, სამკაული, ნისკარტი და სხვა დეტალები არ დაავიწყდეთ. მეორე მოთამაშე კისრის ხაზების მიხედვით აგრძელებს და ხატავს ტორსს – ტანსაცმლით, ხელებით, ან თუნდაც ფრთებით და ა.შ. მესამე ხატავს არსების ფეხებს, ან გადაადგილების ნებისმიერ საშუალებას, ფარფლებს, საცეცებს, ბორბლებს და ა.შ. ბოლოს ფურცლებს ერთდროულად ვხსნით და თუ საჭირო გახდა, უცნაური ქმნილების სხეულის ნაწილებს ხაზებით ვაერთებთ. მერწმუნეთ, ასეთ ნახატებს სიცილის გარეშე ვერ დაათვალიერებთ.

ნახატების გახსნის მერე, როცა სიცილით გული ვიჯერეთ, ერთად განვიხილეთ, როგორი იყო ხატვა, როცა წინასწარ არ იცი, რა გამოსახულებას აგრძელებ, როგორი განცდაა, როცა ფიქრის გარეშე წამიერად აზრად მოსულ იდეას ხატავ. სპონტანური ნახატებით თამაში ბავშვებს ძალიან მოეწონათ. მთხოვეს, ხშირად გავიმეოროთ გაკვეთილებზე. ფიგურების გაფერადებაც სახალისოა, ამ დროს უფრო ახლოს და სხვა თვალით აკვირდებიან ამ უცნაურ არსებებს, სახელებიც შეიძლება დაარქვან და საინტერესო გარემოც დაუხატონ ირგვლივ. (სურ. 3)

ევროპასა და ამერიკაში Cadavre Exquis/Exquisite Corps-ს ხელოვნების გაკვეთილებზე კოლეჯში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებით კლასებსა თუ საზაფხულო ბანაკებში თამაშობენ. ინტერნეტსივრცეში ამ აქტივობის უთვალავი რესურსი და მაგალითი შეგვიძლია ვიპოვოთ.

სიურრეალისტურ ტექნიკებში ავტომატიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა – სპონტანური ან ავტომატური წერა, ხატვა; გამოსახულებებისა და სიტყვების თავისუფალი ასოციაციები.

ავტომატური ხატვა განისაზღვრება, როგორც „ქვეცნობიერის გამოხატვა, ან „ქვეცნობიერის სავარჯიშო“. იგი მონაწილეებისგან გონების კონტროლის გარეშე ხატვას მოითხოვს. ერთი შეხედვით შედეგი შეიძლება ნაჯღაბნების სერიას ჰგავდეს, მაგრამ ეს ნახატები ავტორის ქვეცნობიერის ნაკადის დაფიქსირებაა. (სურ. 4)

ავტომატური ხატვა სიურრეალისტური მიმდინარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილია თანამედროვე ხელოვნებაში. ხელოვნების შექმნის ამ უნიკალურ მეთოდს 1920-იანი წლების ბევრი ხელოვანი იყენებდა – ანდრე მასონი, ოსტინ ოსმან სპარი, ხუან მირო, სალვადორ დალი, ჟან არპი, ანდრე ბრეტონი. შემოქმედების ბოლო პერიოდში პაბლო პიკასოც სიურრეალისტური ავტომატიზმით იყო გატაცებული. მას შემდეგ, რაც ავტომატური ხატვით პირველი ნამუშევრები შეიქმნა, ეს ახალი ტექნიკა სწრაფად გადავიდა ფერწერასა და სხვა მედიაში.

ავომატური ხატვისთვის სხვადასხვა სახატავი საშუალება – ფანქრები, პასტელები ან მარკერები და თითო მოსწავლისთვის 2-3 ფურცელი დაგვჭირდება. ეს აქტივობა მუსიკის თანხლებითაც შეგვიძლია ჩავატაროთ. კარგი იქნება, თუ წინასწარ სხვადასხვა მელოდიას (წყნარი, აჩქარებული, და დრამატული) შევარჩევთ, 1-2 წუთი მოვუსმენთ და უმალ უწყვეტი კონტურით დავიწყებთ ხატვას. ფურცლებზე ხაზების აჩქარებულ თუ შენელებულ მოძრაობებში მოულოდნელი გამოსახულებები დაიხატება. შემდეგ კი ამ ნახატებმა ახალი ვიზუალური სახეები ან თამაშები შეიძლება შთაგვაგონოს. (სურ. 5, 6)

ფროტაჟი ფურცლის ზედაპირზე ტექსტურის შექმნის ტექნიკაა ისეთი მასალებით, როგორიცაა ნებისმიერი ფაქტურიანი ზედაპირი და ცვილის პასტელი, გრაფიტის ფანქარი ან ნახშირი. ფაქტურის შესაქმნელად შეიძლება კედლის ხაოიანი ზედაპირი, იატაკი, მაგიდა, წიგნის ყდა, ქსოვილი და ნებისმიერი რელიეფური ზედაპირის მქონე საგანი გამოვიყენოთ. ამ ტექნიკის აღმომჩენი მაქს ერნსტისთვის ფროტაჟი მის ქვეცნობიერში შეღწევის საშუალება იყო. ის ნამუშევრებში სიმებს, ბადეს, პურის ქერქსაც კი იყენებდა. (სურ 7)

თხელი ქაღალდი განათავსეთ სხვადასხვა ტექსტურიან საგანზე, წაუსვით ფანქარი, პასტელი ან ნახშირი და ნახავთ, როგორ ამოისახება ზედაპირზე ფურცლის ქვეშ არსებული ფორმები და გამოსახულებები. შემდეგ დავაკვირდეთ ამ ნახატებს, რას გვაგონებს ეს ფაქტურები? ადამიანებთან, სიმბოლოებთან, ობიექტებთან თუ ბუნებრივ მოვლენებთან ხომ არ გვიჩნდება ასოციაციები? წარმოსახვას გზა მივცეთ, ახალი ნიშნები და ფერები შეიძლება დავამატოთ და ფროტაჟში დამალულ მოულოდნელ სახეებს ამოვიკითხავთ. (სურ. 8)

ფროტაჟი მოსწავლეებს შემოქმედებითი ფიქრისკენ უბიძგებს, სადაც „არაფერი“ შეიძლება „რაღაც“ გახდეს. ერთ ნახატში სხვადასხვა ზედაპირისგან მიღებული ფროტაჟების დაკავშირებით კომპლექსური ეფექტების შექმნაა შესაძლებელი. დამატებით შეიძლება გავაფერადოთ, გამოვჭრათ ან სხვა მასალებს დავუკავშიროთ კოლაჟში.

„კოლაჟი დახეული ქაღალდით“ (ფრ. Papier Déchiré) პირველად ჟან არპმა გამოიყენა. (სურ. 9)

ნაკუწებად დახეული ან სხვადასხვა ფორმად დაჭრილი ფერადი ან მეორადი ქაღალდები თეთრ ფურცელზე უნდა მიმოვაბნიოთ. შემთხვევით დაცვენილი ქაღალდები უკვე გარკვეულ კონფიგურაციებს შეიცავს, რომლებიც ასეთივე წყობით ფურცელზე დავაწებოთ. (სურ. 10)

მოსწავლეები ყურადღებით დააკვირდებიან შემთხვევით მიღებულ კოლაჟს, რომელიც აბსტრაქტულ კომპოზიციად შეუძლიათ დატოვონ, ან განავრცონ – ფანქრებით, საღებავებით, პასტელებით, მარკერებით ამ დეტალების შემაერთებელი ან ზედ მიხატული ხაზების, წერტილების თუ სხვა ფორმების დამატებით და დამუშავებით.

მოსწავლეებთან ერთად ხელოვნების გაკვეთილებზე კიდევ არაერთი სიურრეალისტური თამაში და ვიზუალური ტექნიკა – გრატაჟი, ფროსაჟი, დეკალკომანია, ფოტოკოლაჟი, ფოტომონტაჟი – შეგვიძლია გამოვიყენოთ. ბავშვებს ყოველთვის ხიბლავთ მოულოდნელობის ელემენტი და იუმორი საკლასო ოთახში. თამაშით სწავლება კი ყველა ასაკის მოსწავლისთვის საინტერესო და სასარგებლოა, როგორც საგნით დაინტერესების, ისე განტვირთვისთვის და რაც მთავარია, ხელოვნებაში თავისუფლების შეგრძნებისთვის.

 

წყარო:

A book of surrealist games, Compiled by Alastair Brotchie, Edited by Mel Gooding, 1995

https://www.nationalgalleries.org/art-and-artists/31332/cadavre-exquis-exquisite-corpse

https://www.centrepompidou.fr/es/ressources/oeuvre/ckXapBx

https://www.widewalls.ch/magazine/automatic-drawing

Unreal, Mysterious, Strange, Explore the dreamlike art of the Surrealists with these art activities for kids and families. Elizabeth Margulies, Lisa Mazzola Nov 12, 2020

 

 

ძვირფასი დრო ბავშვებისთვის

0

ისეთი დღეები მიყვარს, როცა სახლში დიდი ხმაური, სითბო გუზგუზებს, ყველა ერთად ვართ, მამა თავის სამუშაოს უზის, შენ შენსას, ტოსტები” იხუხება, ბევრი გემრიელი საჭმელია და ჩვენ ყირაზე გადავდივართ”, მითხრა ჩემმა რვა წლის შვილმა ერთი ძალიან, ძალიან დამქანცველი დღის ბოლოს, როცა ყველაზე მეტად გამახარებდა საღამოს მშვიდი ძილისწინა რუტინა: დროულად დაძინებული ბავშვები და სიწყნარე სახლში.

ხმაური და ყირაზე დგომა ალბათ დიდი მოულოდნელობა არ იქნება ისეთ სახლში, სადაც ორი, თითქმის ერთი ასაკის და უკვე ინტერესებდაახლოებული ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც ერთმანეთი მაინც ყველაზე მეტად უყვართ და ზოგჯერ ერთმანეთს ყველაზე მეტად „ემტერებიან”, ყველაზე „ბნელ” საქმეებში ერთმანეთის თანამზრახველებიც არიან და ყველაზე კარგი თამაში მაინც ერთად გამოსდით. მაგრამ, თუ ოჯახის უფროსი წევრებიც ჩავერთვებით მათ თამაშებში, ყველაზე ბედნიერი მაშინ არიან და სიხარულსაც და მადლიერებასაც უშურველად გვიბრუნებენ – ყიჟინაც იმატებს, ყირაზე გადასვლაც და დიდი მხიარულების ფეიერვერკია.

თამაშსა და ხალისში გატარებული დრო ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი შეიძლება მშობელმა გაიმეტოს შვილისთვის, ამას გადამოწმება არ სჭირდება. თუმცა ხშირად მშობლებს გვავიწყდება თამაში; გვავიწყდება, რომ დრო, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რა სჭირდებათ ბავშვებს კეთილდღეობისთვის? რა სჭირდებათ იმისთვის, რომ სავსე ცხოვრებით იცხოვრონ და თავი ნამდვილად კარგად იგრძნონ? ხომ არ ვაკლებთ რამეს და ხომ არ შეგვიძლია უფრო მეტად ვიზრუნოთ მათ ბედნიერებაზე? გვრჩება კი დრო, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ მათ და დღის ამბები მოვაყოლოთ? ვკითხოთ – რა ხდება მათ კლასში? რა ხდება გაკვეთილებზე? და ა.შ. – ეს კითხვები ძალიან ხშირად მაწუხებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგად ვიაზრებ, თუ როგორ მართმევს პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების გამძაფრებული შეგრძნება ამის შესაძლებლობას და რა დიდი წნეხის ქვეშ გვიწევს მშობლობა თანამედროვე მშობლებს. იმაზეც ვდარდობ, როგორ მართმევს ამ საუბრების ფუფუნებას აჩქარებული ცხოვრების სტრესული რიტმი, მუდმივი გადარბენა და ყველაფრის მოსწრების ვნება – ყველაფერი ჩავატიო ერთ ჩვეულებრივ დღეში, რომელიც არის ძალიან მოკლე, მე კი ვცდილობ, გავხადო უფრო ტევადი.

 

რაც უფრო სწრაფად იზრდებიან ბავშვები, არ მტოვებს განცდა, რომ ძალიან უნდა ჩავებღაუჭო ყველა წუთს, რომელსაც ერთად ვატარებთ; ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვრო ყველა დღე, როდესაც ფეხით ბევრი ვისეირნეთ და გემრიელი ნაყინი ვჭამეთ; დავიმახსოვრო ყველა უბრალო გასეირნება პარკსა და ქუჩაში და ეს დღეები შთამბეჭდავ მოგონებად ვაქციო. მშობლობა სწორედ ასეთი მოგონებების სკივრია, რომელსაც ბევრი ხალისიანი და ბედნიერი დღით ვავსებთ.

დრო კი მაინც ისე სწრაფად გარბის, თითქოს უკანმოუხედავად მოქუსლა. თითქოს დრო მშობლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამის უტყუარი საბუთი ბავშვები არიან, რომლებიც უსაშველოდ სწრაფად იზრდებიან და ხვდები, რომ ყველა წუთი ძვირფასია, რომელიც მოგვეცა. ყველა წუთი გამოსაყენებელია მათთან სასაუბროდ, სამეგობროდ და მათთან ერთად მხიარულებაში გასატარებლად. ამ მნიშვნელოვან წუთებზე დგას ჩვენი და მათი ცხოვრება, როგორები იქნებიან მომავალში, როგორ იცხოვრებენ, როგორ ეყვარებათ ცხოვრება და ადამიანები, როგორ გაუძლებენ განსაცდელებს…

 

 

 

 

„მოდური სიგამხდრე“ – სადამრიგებლო საათისთვის საშუალო საფეხურზე

0

„მასწავლებელო, იცით, მე პური ავკრძალე და მარტო „ხლებცებს“ ვჭამ, არ მინდა, გავსუქდე, მაგრამ სიმაღლეში მინდა გავიზარდო, ამიტომ ფიტნესზე შევედი“, – ამბობს მერვეკლასელი ნიკა.

„ჩემი შვილი საერთოდ არ ჭამს, მხოლოდ ლობიანი და გაზიანი სასმელია მისი სადილის ულუფა“, – ჩივის შეწუხებული მშობელი, რომელმაც შვილის პედიატრთან მიყვანა გადაწყვიტა.

ენდოკრინოლოგთან ბავშვების გრძელი რიგია. ზოგს ჭარბი წონა აწუხებს, ზოგს – წონის დეფიციტი.

თვრამეტსაათიანი შიმშილი…

მარის რეჟიმი…

დიეტების ჩამონათვალი ძალიან გრძელია. „გამარჯობის“ შემდეგ პირველი გვესმის: „დაიკელი?“ „მოიმატე?“ – და ა.შ.

პირადად მე ყველაზე მეტად ჭარბწონიანი გოგოები და ბიჭები მეცოდებიან გარშემო მყოფების რეპლიკების, რეაქციების გამო. ამას მოჰყვება საკვების აკრძალვა, მთელი დღე საღეჭი რეზინის ღეჭვა და… ბოლოს – გასტრიტი.

ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები საშუალებას მაძლევს, ნებისმიერ თემას დავუკავშირო საკვების სწორად მიღების მნიშვნელობა და რაც შეიძლება მეტი ვესაუბრო მოსწავლეებს, თუმცა დამრიგებლის ჩართულობა მნიშვნელოვანია, პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. თანაც სადამრიგებლო საათის ფარგლებში საინტერესო იქნება „გაუთავებელ მტანჯველ დიეტებზე“ მსჯელობა.

ჩემი წერილი ეხება მეცნიერებას წონის მატებისა და კლების შესახებ. მარტივი, ადვილად გასაგები ენით აღვწერ, რა ახდენს გავლენას დიეტების პოპულარობაზე და როგორ მოგვიყვანა ისტორიამ დღევანდელ ვითარებამდე.

 

სიტყვა „დიეტა“ ინგლისურენოვან ლიტერატურაში უბრალოდ სწორ კვებას აღნიშნავს, ჩვენ კი რომელიმე სახის საკვების შეზღუდვის აღსანიშნავად ვიყენებთ. წიგნის მაღაზიებში დიეტებთან დაკავშირებული ლიტერატურისთვის ცალკე განყოფილებაც კი არსებობს.

ამ წიგნების ავტორებს მიაჩნიათ, რომ მარტივი პრობლემიდან მარტივ გამოსავალს გვთავაზობენ. დიეტები პოპულარულია. არსებობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვაზე დაფუძნებული დიეტები. მიიჩნევა, რომ ყველა დიეტა აკეთებს თავის საქმეს და ადამიანი აღწევს მიზანს. საინტერესოა, როგორ ხდება ეს, როგორ შეიძლება, ყველა მიდგომა წარმატებული იყოს?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი დიეტა ზღუდავს საკვებს – ცოტას ჭამ, მეორე კი ის, რომ თითოეული მათგანი განსაზღვრული კატეგორიის ხალხზეა გათვლილი. დიდი ხნით საკვების შეზღუდვა ძნელია. შიმშილი ცვლის ადამიანის ემოციურ ფონს, ზრდის აგრესიის ხარისხს.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან გენეტიკით, კულტურით, ქცევით, ფიზიოლოგიითა და სოციალური შესაძლებლობებით. ამას ემატება ასაკი, გენდერი, ნაწლავების მიკროფლორა, საცხოვრებელი გარემო და ნათელი ხდება, რომ წონის კონტროლი ადამიანის პერსონალური საქმეა.

სიმსუქნე არ არის ერთი დაავადება, მას უამრავი ქვეტიპი აქვს. მაგალითად, ზოგიერთს ენერგიის ბალანსი აქვს დარღვეული, ზოგი გემრიელ, მაცდურ საკვებზე ვერ ამბობს უარს. არსებობს ტერმინი „წონის ჰომეოსტაზი“, რომელიც წონის ავტომატურად მაკონტროლებელ სისტემას გულისხმობს. სიტყვა „ჰომეოსტაზი“ ბერძნული წარმოშობისაა და მუდმივობას ნიშნავს. სხეულის ნებისმიერი პარამეტრის ჰომეოსტაზი ნებისმიერი ცოცხალი სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წონის დისბალანსის დროს ჰომეოსტაზის დარღვევის ორ სახეს განასხვავებენ. ადამიანების ერთი ჯგუფი ასაკის მატებასთან ერთად წონის მატებას იწყებს. ცვლილება კარგად ჩანს სარკეშიც, სასწორზეც და ექიმის კაბინეტშიც. მეორე შემთხვევაში წონა პერმანენტულად ერთნაირია, თუმცა ის არასასურველია და არაჯანსაღი გზით არის მიღწეული.

პირველ შემთხვევაში ჰომეოსტაზი არ მუშაობს, მეორეში კონტროლი ირთვება უფრო დიდი წონის მიღწევისას, რომელიც აღარ იცვლება. ჰომეოსტაზის გზით ნარჩუნდება სხეულის ტემპერატურა, სისხლის წნევა, სისხლში შაქრის რაოდენობა და სხვა მაჩვენებლები. გლუკოზის რეგულაციის დარღვევის შედეგად დიაბეტი ყალიბდება. შედეგი ხშირად წონის მატებაა. თავის მხრივ, სიმსუქნე დიაბეტის რისკფაქტორია.

სამწუხაროდ, საქართველოში ჭარბ წონასა და წონის დეფიციტთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა არ მოიძებნა, ამერიკული კვლევის მიხედვით კი ზრდასრული მოსახლეობის 68% ჭარბწონიანია, მათ შორის 35% – მსუქანი. 1960 წლამდე მოსახლეობის მხოლოდ 13% იყო ჭარბწონიანი, 2010 წლის მონაცემებით კი – 35%.

სიმსუქნის სიხშირის მატება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის – ქვეყნის ინდუსტრიალიზაციამ და ისტორიულმა ცვლილებებმა.

ცვლილება N1: ინდუსტრიამდელ ამერიკაში სიმსუქნის მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო. იმ დროს არ არსებობდა სუპერმარკეტები, კაფეები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, გაყინული საკვები.

ცვლილება N2: შეიცვალა საკვების შემადგენლობა. მაგალითად, ზეთებში გაიზარდა ცხიმოვანი მჟავა ომეგა-6-ის შემცველობა. ვიღებთ 3-ჯერ მეტი ცხიმის შემცველ პროდუქტს, ვიდრე 1900 წელს. სიტკბოს რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.

ცვლილება N3: შეიცვალა საკვების წარმოების წესი. წინათ ადამიანი საჭმელს მხოლოდ სახლში ამზადებდა, დღეს მზა საკვები ყოველ ნაბიჯზე იყიდება, თანაც ძალიან მიმზიდველად არის შეფუთული. მომატებულია კალორიების დღიური რაოდენობა. ერთ სულ მოსახლეზე 20%-ით მეტი საკვები იხარჯება, ვიდრე 45 წლის წინ.

საკვების მატებას წონის მატება რომ არ გამოეწვია, უნდა გაზრდილიყო მეტაბოლიზმის სიჩქარე და ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობა.

ცხიმოვანი უჯრედები ამზადებენ სიგნალს, რომ ორგანიზმმა საკმარისი საკვები მიიღო. კუჭი აღარ გზავნის სიგნალს შიმშილის შესახებ. ტვინმა ამ დროს უნდა დაძლიოს საკვების მიღების ცდუნება და გადარჩეს. როცა საჭიროზე 20%-ით მეტ საკვებს ვიღებთ, ის ცხიმოვან უჯრედებში გადადის. როცა წონას ვიმატებთ, უფრო მეტი საკვები გვჭირდება, რადგან მთელი დღის განმავლობაში უფრო მეტი წონა უნდა ვატაროთ. დღეში 425 კალორია, როგორც ოდესღაც, აღარ არის საკმარისი. გარდა ამისა, უფრო და უფრო იშვიათად დავდივართ ფეხით, რაც სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესებამ და პროცესების მექანიზაციამ გამოიწვია. გაზრდილია სამაგიდო სამუშაოების წილი. დღევანდელი სმარტფონები უკვე ითვლიან ნაბიჯებს და ადამიანს შეუძლია, აკონტროლოს დახარჯული კალორიების რაოდენობა. თანამედროვე ადამიანს უფრო ნაკლები სძინავს. ძილი უმნიშვნელოვანესია მეტაბოლიზმის რეგულაციისთვის. უძილობა შიმშილს იწვევს და შედეგად უფრო მეტს ვჭამთ. ცისფერი სინათლე მზის ჩასვლის შემდეგ არღვევს ძილის სინქრონულობას. ტელევიზორიდან, კომპიუტერიდან, ტელეფონიდან მომავალი ბევრი ლურჯი შუქი ძილს ართულებს. თეთრი პიქსელების სინათლის მიღება ლურჯი სინათლის გარეშე შეუძლებელია.

ამასთან, არსებობს საკვები, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს. მას ადიქციურ საკვებს უწოდებენ. ასეთია სიმინდისა და ჭარხლის შაქარი, ხორბლის ფქვილი. ორგანიზმში მათი ტრანსპორტირება ადვილია და ბევრი ენერგიაც არ იხარჯება.

შიმშილისა და სიმაძღრის შეგრძნებები კონტროლდება ნერვული ქსელით, რომელსაც უკუკავშირის სისტემას უწოდებენ. ქსელის შემადგენლობაში შედის ე.წ. ლიმბური სისტემა, შიმშილისა და სიმაძღრის ცენტრები, რომლებიც ჰიპოთალამუსში მდებარეობს.

ჭარბწონიანობის მიზეზია ისიც, რომ ადამიანი ემოციურად არის დამოკიდებული საკვებზე. ადამიანი ჭამს სიამოვნებისთვის და ბოლოს იტანჯება შიმშლის გრძნობით. შაქრისა და ხორბლის ფქვილის მიღების შემდეგ სიგნალი დანაყრების შესახებ არ მოდის, შესაბამისად, ვერ ვგრძნობთ დანაყრებას, ამიტომ ადამიანი კიდევ უფრო მეტს მიირთმევს. ამ საკვებს არ სჭირდება დაღეჭვა, პირში დნება, აქვს სასიამოვნო არომატი, სურნელი. სხვა ადიქციური ნივთიერებების მსგავსად, ისიც ხელმისაწვდომია.

კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ბევრი შინ არ ამზადებს საკვებს, მომარაგებული აქვს კარადაში, მაცივარში. ნაყინი საყინულეშია და გველოდება. როგორც ალკოჰოლსა და ნიკოტინს ეჩვევა ადამიანი, ისევე ეჩვევა შაქრიან პროდუქტებსა და გაზიან სასმელებსაც. ოფისებში, სადაც ადამიანებს ემსახურებიან, ლოდინის პერიოდში ხშირად სთავაზობენ ტკბილეულს. სავარჯიშო დარბაზებში ენერგიის წყაროს სახით წარმოდგენილია შოკოლადი და ცილოვანი პროდუქტები კანფეტის სახით. მიმზიდველი საკვები ზემოქმედებს მეზოკორტიკოლიმბურ წრეზე. ტვინის მიჯაჭვულობას იწვევს ვარჯიში.

ნიკოტინის ან შოკოლადის ჩიპებით არ დავბადებულვართ, ტვინს ნელ-ნელა ვაპროგრამებთ, რომ ისინი გვჭირდება და არა გვინდა. შესაბამისად, იკარგება კონტროლი.

შეგვიძლია, შევცვალოთ დამოკიდებულება. არც ისე დიდი ხნის წინ მწეველი უფრო პოპულარულ პერსონად ითვლებოდა. დღეს პირიქითაა. თუ გადაწყვეტ, მხოლოდ მაშინ ჭამო, როცა გშია, თუ იფიქრებ, როგორ იგრძნობ თავს გადავსებული კუჭით, რას იგრძნობ სასწორზე წონის მაჩვენებლის დანახვისას, შეძლებ ტვინის გადაპროგრამებას და ის ისევ გააკონტროლებს შიმშილისა და სიმაძღრის პროცესებს. ყველა ჭარბწონიანი არ არის მიჯაჭვული საკვებზე, წონის მატების მიზეზი ზოგჯერ ჰომეოსტაზის დარღვევაა, ზოგჯერ – ცუდი გენეტიკა, მოუწესრიგებელი ძილი, ცუდი კვებითი ჩვევები, ნევროზი, დისბაქტერიოზი, არაჯანსაღი გარემო. გამხდარსაც შეიძლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემა ჰქონდეს. ყველა ჩვენგანი სხვადასხვანაირია. შესაბამისად, წონის მატება-კლებისთვისაც ინდივიდუალური პროგრამები გვჭირდება და არა პოპულარული დიეტა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Gut Reactions: The Science of weight gain and loss. Simon Quellen Field, 2019

რატომ უნდა ვუკითხოთ ბავშვებს ლექსები

0

ჩემს სამი წლის გოგონას ვირუსი შეხვდა. მთელი ღამე გაუჩერებლად ახველებდა. მისი ხველება გულში ხანჯალივით მესობოდა. ბევრი რამ მოვსინჯეთ, ვერაფერმა უშველა. ხველებისგან დაოსებული მეხუტებოდა და საალერსო სიტყვებთან ერთად ჩვენი საყვარელი ლექსების კითხვა დავიწყე. ლილე ძალას იკრებდა მოსასმენად და მხოლოდ ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ახერხებდა ხველის შეკავებას.

იმ ღამეს კიდევ ერთხელ დავინახე, რა დიდი ძალა აქვს პოეზიას. მერე ერთ საინტერესო სტატიას გავეცანი და გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილებით გამემყარებინა მასში გამოთქმული მოსაზრებები.

 

თერაპია

უპირველეს ყოვლისა, ლექსების თერაპიულ ზემოქმედებაზე გავამახვილებ ყურადღებას. შეგვიძლია, საბავშვო ლექსები ფიზიკური ტკივილის დროს ყურადღების გადასატანად გამოვიყენოთ. ამასთანავე, ჩემი დაკვირვებით, ლექსების კითხვა მენტალურ ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს. ლექსების რიტმი, სიტყვების ჟღერადობა დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვზე, მაღლდება განწყობა, რაც ბავშვის ქცევის მართვასაც აადვილებს.

 

რიტუალები

ლექსების კითხვის რიტუალები თავად გამოიგონეთ. მე ბაღისკენ მიმავალ გზაზე და ძილის წინ ვუკითხავ. ის, რაც მუდმივად მეორდება, ბავშვებს სიმშვიდისა და სიმყარის განცდას უღვივებს. თან ეს პატარ-პატარა რიტუალები განსაკუთრებულ ურთიერთობას აყალიბებს.

 

პირველი ამბები

ლექსებით ბავშვები პატარა ამბებს ეცნობიან. მათი ნებისყოფა ჯერ მზად არ არის ვრცელი ამბის მოსასმენად, ამიტომ პირველი ლექსები დიდი ამბებისკენ გადებული ხიდია.

 

საუბრის დასაწყისი

ლექსის კითხვისას ხმამაღლა წარმოვთქვამთ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ბავშვის გონებაში ილექება. ადრეულ ასაკში მოსმენილი ლექსები ბავშვს ამეტყველებაში ეხმარება.

 

სოციალური უნარების განვითარება

საბავშვო ლექსებზე თაობები იზრდებიან. ყველა ქვეყანას თავისი საბავშვო ლექსები აქვს, რომლებიც დროს უძლებს და სამყაროში მომხდარი ცვლილებების ფონზეც კი ცოცხლობს. როცა ბავშვებს მშობლები ერთსა და იმავე ლექსებს უკითხავენ, სადღაც აუცილებლად იკვეთება ეს ცოდნა და ბავშვს სოციუმში დამკვიდრებაში ეხმარება. ერთი და იმავე ლექსების ცოდნა ერთიანობის განცდას ბადებს.

 

გზა წიგნის სიყვარულისკენ

ბავშვებმა ამოჩემება იციან – ითხოვენ ერთი და იმავე ზღაპრის მოყოლას ან ერთი და იმავე წიგნის წაკითხვას. ეს ბუნებრივი პროცესია. ამგვარად სამყაროს რიტმულობას ეცნობიან და ყოველდღიურად რწმუნდებიან, რომ მზად ვართ, მათ დრო დავუთმოთ. ჩემი გოგონა ერთი წლის განმავლობაში ყოველღამ მთხოვდა, მისთვის კორნეი ჩუკოვსკის „ბუზანკალი“ წამეკითხა. ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვამჩნევდით, ვხარობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით. ერთხელაც აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ვრცელი ლექსი ზეპირად დაუმახსოვრებია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო: ჩვენი მიზანი ლექსების ზეპირად დასწავლა არ უნდა იყოს. 2-3 წლის ბავშვების მეხსიერება ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს და მალევე ავიწყდება. ლექსების ხმამაღლა კითხვას თავისთავად მოჰყვება დამახსოვრება. ზოგი ბავშვი სიტყვებს ცვლის, თავისებურად აღიქვამს და წარმოთქვამს და ამაზე დაკვირვებაც ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს შემოქმედებითი უნარების ადრეული გამოხატვის ფორმაა.

„ბუზანკალის“ შემდეგ ჩემმა პატარა მსმენელმა თავად დაიწყო წასაკითხი წიგნების შერჩევა. უბნის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი „მიყვარხარ, დედიკო“, „პიერი და მთვარე“, „რწყილი და ჭიანჭველა“, თუთა ჯგუშიას ლექსების კრებული „კარგად ყოფნის წესები“ – ეს იმ საბავშვო ლექსების კრებულთა ნუსხაა, რომლებიც ჩვენს პირად ურთიერთობას გასდევს. ასე რომ, საბავშვო ლექსების კითხვამ წიგნის სიყვარულს ნამდვილად გაუღო კარი.

 

სიტყვათა მარაგი

საბავშვო ლექსების კითხვისას ბავშვის გონებაში ილექება სიტყვები, სიტყვათა მრავალგვარი დაბოლოებები. მდიდრდება ლექსიკური მარაგი, ვითარდება გონებრივი შესაძლებლობები, რაც კითხვის სწავლას და საუბრისას აზრის გამოხატვას აადვილებს.

 

წერა-კითხვის საფუძველი

ლექსების კითხვა წერა-კითხვის სწავლების საძირკველია. ბგერებს, რომლებიც ლექსების კითხვისას ესმით, ანბანის შესწავლისას ბავშვები ადვილად აიგივებენ ასოებთან. ნაცნობი სიტყვები ამოკითხვასა და გამთლიანებას უწყობს ხელს, სიტყვათა მარაგი აზრების წერილობით ჩამოყალიბებას აადვილებს.

 

წარმოსახვა

ყველაფერი ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვებით იწყება. ბავშვები იზრდებიან, თანდათან ეცნობიან სამყაროს და პატარაობისას მოსმენილი ლექსები ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ილუსტრირებული ლექსების წიგნი ბავშვს წარმოსახვას უვითარებს. კითხვის პროცესში შევჩერდეთ, ყურადღება გავამახვილოთ ილუსტრაციაზე, პერსონაჟის ჩაცმულობაზე, გამომეტყველებაზე. თანდათან ბავშვიც შემოგვიერთდება და ახლა თავად გაგვიწევს მეგზურობას ახალ-ახალი დეტალების აღმოჩენისას.

 

შემოქმედებითი უნარები

საბავშვო ლექსების კითხვის სიკეთე აისბერგს ჰგავს – ზედაპირზე მისი მხოლოდ ნაწილი ჩანს, ბავშვის ზრდასთან ერთად კი კიდევ ბევრი დადებითი მხარე იჩენს თავს, მაგალითად, შემოქმედებითი უნარები. ჩემს პატარა გოგონას კარგად გამოსდის ხატვა, წარმოსახვითი თამაშები და დარწმუნებული ვარ, ყოველივე ამას საბავშვო ლექსების ყოველდღიურმა კითხვამ, მიზნობრივმა პაუზებმა, დასმულმა კითხვებმა შეუწყო ხელი.

 

ცოდნა და ღირებულებები

აქლემი, ჟირაფი, რწყილი, ლამბაქი – კიდევ ბევრი სიტყვის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ჩემმა გოგონამ საბავშვო ლექსებიდან ისწავლა და რეალურ ცხოვრებაში გადაიტანა ან სხვა წიგნებს დაუკავშირა. გარდა ამისა, ბავშვი უფროსის ჩარევით თანდათან ლექსის მთავარ გზავნილზეც იწყებს ფიქრს. მაგალითად, იმაზე, რა თავდადებული მეგობარია რწყილი ან იმაზე, რომ გრძელი თმა ბიჭსაც შეიძლება ჰქონდეს (თუთა ჯგუშიას ლექსიდან), როგორ შემოივლის პიერი მთელ ქვეყანას დედისთვის მთვარის საუკეთესო ნაჭრის მისართმევად, როგორ ეხმარებიან ექიმ ვაივიშს არწივები და დელფინები აფრიკაში ჩასვლაში და როგორ არ ზოგავს თავს თავად ექიმი ცხოველების გამოსაჯანმრთელებლად.

 

იუმორი და ემოციური ინტელექტი

საბავშვო ლექსების კითხვა გართობის საუკეთესო გზაა. ჩემი გოგონა მეოთხე წელშია და სწორედ ხმამაღლა კითხვისას ერთად გატარებული დრო იქცა ჩვენი ურთიერთობის ვარსკვლავურ სამყაროდ. უკვე ბევრი მოგონება დაგვიგროვდა, ხმამაღალი კითხვისას ერთნაირ რაღაცებზე გვეცინება. ვაკვირდებით პერსონაჟების ემოციებს, სახის გამომეტყველებას და ერთმანეთს ვუზიარებთ. ყოველივე ეს ბავშვს ემოციურ ინტელექტს უვითარებს და სხვისი განცდების ამოცნობასაც უადვილებს.

 

ლექსების კითხვა ჩვილობიდან დაიწყეთ, ისწავლეთ ზეპირად და ყოველდღიური საქმიანობისას გართობის საშუალებად აქციეთ, მაგალითად, სადილის მზადებისას თუ ჭურჭლის რეცხვისას ხმამაღლა იკითხეთ ლექსები, გახალისდით, თავადაც ისიამოვნეთ და თქვენი განწყობა ბავშვსაც გადასდეთ. წადით წიგნის მაღაზიაში და თავად შეარჩიეთ ლექსები ბავშვისთვის, შექმენით თქვენი პირადი ურთიერთობის ამსახველი ბიბლიოთეკა. აქციეთ ლექსების კითხვა ყოველდღიურ რუტინად, სიამოვნებად და ჯილდოდ თქვენი შვილის განვითარებულ გონებას, სიმშვიდეს, ფიზიკურ და მენტალურ სიმტკიცეს მიიღებთ.

 

გამოყენებული რესურსები:

https://nurseryrhymecentral.com/eleven-brilliant-ways-nursery-rhymes-are-educational-heres-the-research/

 

 

პოსტდეპრესიული ჩანაწერები

0

ჩემი წლის ამბავი ასეთია:

21 მაისს, როცა თვალი გავახილე, მოთეთრო ოთახში ვიწექი, თავთან გაღიმებული მეგობარი მეჯდა და მითხრა, რომ გადავრჩი, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ მთელი საქართველო ღელავდა და ლოცულობდა ჩემთვის. სულ რაღაც ერთი წამით ძალიან გამიხარდა და მერე სიხარული სადღაც გაქრა. ვიღაც იფიქრებდა, რომ ეს იყო დაღმართის ფსკერი, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი შემდეგ დაიწყო. კლინიკები. კლინიკები. გადასხმები. ბენზოდიაზეპინების საშინელი ბურუსი, რომელსაც განგაში მალევე ფანტავს და დაჭიმული სხეული ახალს ითხოვს. მაშინდელ ფოტოს რომ ვუყურებ, ჰოლოკოსტის მსხვერპლის სურათია – სახე არეული, დახრილი წარბები და ჩავარდნილი, სასოწარკვეთილი თვალები. წონა – 58 კილოგრამი. კანკალი. კანკალი. გულისრევა. თავბრუსხვევა. საზარელი, აკვიატებული ფიქრები. ყველა ძველი და ახალი შიში ერთად მოდის და არც კი აკაკუნებს – კარი ღია ხვდება. ბავშვობის უწყინარ ცოდვებზეც კი დიდი სინანული და თვითგვემა. მარტივი შეცდომები საზარელ, მოუნანიებელ დანაშაულად წარმოგიდგენია. არამარტივი ხომ საერთოდ. დილით, საათით ჩაძინებულს, ყვირილით გეღვიძება და გულმკერდზე რაღაც გაწვება, თითქოს ხორცი უნდა გამოგლიჯოს. ამაზრზენი დერეალიზაცია – სამყარო შუშის კედლებს მიღმაა, ხედავ და ვერ ეხები – შენ სხვაგან ხარ, დანარჩენები სხვაგან. შეუჩერებელი, სპაზმური სლოკინი, ძილშიც კი. დავდიოდი კედელს მიყრდნობილი, ლოკოკინას სიჩქარით. მერე სადმე პალატის კუთხეში ჩავიმუხლებდი, თითებს სასათან მივიტანდი და წუთით ვიჩერებდი ამ სლოკინს. მოდიოდნენ ექიმები, სხვადასხვა ხელობის. ზოგიერთი მსჯელობდა რომ საყლაპავის ნერვი გაეყინათ სპაზმის შესაჩერებლად, ზოგიერთიც, სხვა პროფილისა – წამალი შეეცვალათ. უკვე მეათასედ. სახლში ბარემ ასი აცდენილი რეცეპტი მიდევს ახლაც. ზოგი ისრაელის კლინიკაში გადაყვანას ფიქრობდა, სადაც რეზისტენტულ დეპრესიას და შფოთვებს კარგად მკურნალობენ. მე ვიწექი და უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა ამაო ლაპარაკი. სრული უიმედობა. ფიქრი, რომ ეს მხოლოდ მე დამემართა, რომ მდგომარეობა სამუდამოა და ისევ ამ აღუწერელი ტანჯვის დასრულება სჯობს. „თავს შემოუძახე“ და მისთანანი ხომ ყველაზე საშინელი სიტყვებია ამ დროს – მიდით და შემოუძახეთ აბა, თუ გააგონებთ. ვიწექი და ვხედავდი, როგორ იღლებოდნენ ადამიანები ჩემ ირგვლივ, რადგან თანაგრძნობაც საზღვრიანი განცდაა. ბოლოს ორი-სამიღა შემომრჩა. ვიწექი და ვუყურებდი ფანჯარას. ვფიქრობდი, რომ იქ, გარეთ დადიან სხვა ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები და მათსავით ყოფნა მიუწვდომელ საქმედ მიმაჩნდა – ნებისმიერ მომაკვდინებელ დაავადებაზე გავცვლიდი იმ ყოფას, ვინმეს რომ მოეტანა მსგავსი კონტრაქტი. ვიწექი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზეც, ვისაც ყველაზე რთულ დროს ხელი გავუწოდე, გზაზე დავაყენე, არაფერი დამიშავებია და შემდეგ ტალახის მსროლელთა რიგებში მოწინავედ დამდგარან. ჩემი გასაჭირებისას პირში წყალჩაგუბებულებზეც ვფიქრობდი. რა საჭირო იყო ამგვარი ბანალური ფიქრით გაღიზიანება, არ ვიცი. ან რა იყო აქ გასაკვირი და უცხო. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და იმაზე კი აღარ – რომ ადამიანი ადამიანია, გინდა ლიბერალი დაირქვას, გინდ კონსერვატორი და გინდა ანგელოზი. არც იმაზე, რომ ცხოვრება სამართლიანობის აუცილებლობას არ გულისხმობს. იმაზე მით უფრო ვერ ვფიქრობდი, რომ ათიათასობით კეთილი წერილი მოდიოდა, რომელთაც მერე ვეღარც ვკითხულობდი, საფოსტო ყუთის გახსნის შიში დამჩემდა და ძალაც აღარ მქონდა. აღარც ის მაიმედებდა, მნახველები რომ მეუბნებოდნენ დაზეპირებულ სიტყვებს, ყველას უყვარხარო და სხვანი. არამედ ვფიქრობდი, სუბიექტურად ვფიქრობდი და ეს ფიქრი და კიდევ სარკე, სადაც შემთხვევით თვალს მოვკრავდი ჩემს წაქცეულ სილეუტს, მიბიძგებდა, ამეღო ტელეფონი, დამეწერა რაღაც საშინელება, გამეშვირა თითი სხვისკენ და გამოვმშვიდობებოდი წუთისოფელს. მეორედ და საბოლოოდ, სიკვდილის მყარი გარანტიით. წამიერი იყო ეს გაელვება, მაგრამ ძლიერი და მაცდუნებელი. იყო, მაგრამ გავიმარჯვე. მერე ასე მოხდა: სწორი ექიმების პოვნით, იმ ექიმებისგან სწორი წამლებისვე დაძებნით და არაადამიანური ძალისხმევით ამოვძვერი ჭაობიდან, რომელიც არამხოლოდ ფიზიკურად მიღებდა ბოლოს, არამედ მეწვრილმანე ბოროტად ქცევასაც მიპირებდა. და ახლა მივიღე სამყარო ისეთი, როგორიც არის – პატარა ადამიანებით, ცილისმწამებლებით, მოსეირეებით, უმადურებით, მიმტევებლებით, დიდი ადამიანებით, მოულოდნელი ადამიანებით, კეთილი ადამიანებით. მივიღე და გავუწოდე ხელი. შფოთვების პერიოდული გაბრძოლებებით, მაგრამ დღეს გაცილებით ძლიერი ვარ და უფრო მაღალ მთებს მოვერევი.

 

თუმცა მთავარი სხვა რამ არის – ზუსტად ვიცი, რომ მიუხედავად ამ სიძლიერისა, არაფერი დამთავრებულა – კიდევ წავიქცევი, კიდევ დავსუსტდები, კიდევ იქნება ტანჯვა და კიდევ გავიმარჯვებ, სანამ ოზურგეთში, კვირიკეთის პატარა სასაფლაოსკენ არ წამასვენებენ. ცხოვრება ყალბი სამოტივაციო ფრაზები არ არის. ეგ რომ იყოს, საშინლად მოსაწყენი იქნებოდა. საინტერესო და გასაძლები თავგადასავალია უფრო. მე თქვენ გვერდით ვარ ამ გაძლებისას.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...