კვირა, მაისი 4, 2025
4 მაისი, კვირა, 2025

კომპლექსური დავალება და სწავლების სტრატეგიები

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებლებისგან ითხოვს როგორც საგნობრივ სამიზნე ცნებების გააზრებაზე ორიენტირებული კომპლექსური დავალებების განხორციელებას, აგრეთვე საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას. შესაბამისად უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია. მასწავლებლებმა უნდა განვახორციელოთ კომპლექსური დავალებები, ამასთანავე იმ გაკვეთილებზე, რომლებსაც დავუთმობთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას, გამოვიყენოთ მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიები, რომლებიც რამდენიმე მიზანს მოემსახურება:

  • დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები;
  • საინტერესოს და მიმზიდველს გახდის სასწავლო პროცესს;
  • მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

ამასთანავე, ზოგიერთი სტრატეგია მოსწავლისთვის საკუთარი სწავლის პროცესის შემადგენელ ნაწილად იქცევა და დაეხმარება მეტაკოგნიციაში, განავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა კოგნიტიურ უნარს, ხელს შეუწყობს სწავლის სწავლას.

ჩვენი სტატიის მიზანი სწორედ კომპლექსურ დავალებაში სასწავლო სტრატეგიების ინტეგრირების ჩვენება გახლავთ კონკრეტული კომპლექსური დავალების მაგალითზე. განსახილველი კომპლექსური დავალება განხორციელდა მეხუთე კლასში საგანში ,,ჩვენი საქართველო“. კომპლექსური დავალება ,,ახალი სკოლის მოდელის“ თემატური მატრიციდან გახლავთ (თუმცა ჩემ მიერ გარკვეულწილად მოდიფიცირებული იქნა, თავადაც ამ გუნდის წევრი გახლავართ), რომელიც სკოლებისთვის გზამკვლევად არის მიწოდებული, ხოლო სასწავლო სტრატეგიების შესარჩევად ამჯერად გამოვიყენეთ მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნი „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ (ავტორები: მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი).

 

საგანი „ჩვენი საქართველო“

კლასი: V

საკითხი: ქართლის ციხესიმაგრეები

სამიზნე ცნებები: დრო / საზოგადოება

 

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინეთ, რომ ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ხართ და საქართველოს ისტორიული კუთხის, ქართლისათვის ისტორიით დაინტერესებული ტურისტების მოსაზიდად ქმნი ბუკლეტს, სადაც საინტერესოდ მოჰყვები ლეგენდებს, მითებს და რეალურ ისტორიულ ამბებს: გორის ციხის, სურამის ციხის, უფლისციხის შესახებ.

 

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 

  • რატომ იყო მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეების არსებობა ქართლში? ( საზ. 1;3)
  • საიდან ვიცით აღნიშნული ციხე-სიმაგრეების შესახებ? (დრო, 3)
  • როგორ დარჩა შიდა ქართლში არსებული ციხესიმაგრეები ხალხის მეხსიერებაში? ( დრო, 1).

 

კომპლექსურ დავალებას დაეთმო 6 გაკვეთილი. პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაცანით კომპლექსური დავალების პირობა და შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც მათ უნდა მოემზადებინათ კომპლექსური დავალების დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში პროდუქტი გახლავთ ბუკლეტი. ბუკლეტთან დაკავშირებით მოსწავლეებს შევთავაზეთ არჩევანი:

  1. ბუკლეტს დაამზადებენ ხელით (ვთანხმდებით ბუკლეტის ფორმატზე: ზომა, გვერდების მიახლოებითი რაოდენობა, გაფორმება (საკუთარი ნახატებით, ინტერნეტში მოძიებული სურათები) და სხვ.
  2. ბუკლეტს დაამზადებენ ელექტრონულად აპლიკაციის გამოყენებით. მოსწავლეებს გავაცანი ერთ-ერთი აპლიკაცია.

 ბუკლეტის დამზადება პროგრამა Canva-ს გამოყენებით – YouTube

 

რასაკვირველია, თქვენ შესაძლოა ბუკლეტის მომზადების უკეთესი აპლიკაციაც გქონდეთ შეგულებული, თუმცა შეგიძლიათ დამერწმუნოთ, რომ ეს აპლიკაცია ერთ-ერთი საუკეთესოა (ჩემთვის ჯერჯერობით საუკეთესოც კი მისი სიმარტივიდან გამომდინარე). თუმცა, რაც არ უნდა მარტივი იყოს აპლიკაციის გამოყენება, მოსწავლეს ელექტრონული ბუკლეტის დასამზადებლად სჭირდება კომპიუტერული უნარ-ჩვევები და წვდომა ინტერნეტზე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მოსწავლეებს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას მათთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით დაამზადოს ბუკლეტი. აქვე დავძენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სრულიად მართებულად აქცენტი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე კეთდება, ხელით დამზადებულ პროდუქტებს თავისი ხიბლი მაინც აქვთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოგჯერ სხვა გამოსავალი არც გვრჩება.

 მეორე გაკვეთილზე დავამუშავებთ პირველ კრიტერიუმს:

 

  • რატომ იყო მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეების არსებობა შიდა ქართლში?;

 

მთავარი რესურსი იყო სახელმძღვანელო („ჩვენი საქართველო“ , გამომც. „კლიო“, პარაგ. 1.4; გვ. 34 ). გაკვეთილზე განვახორციელეთ ორი ძირითადი აქტივობა. იმისათვის, რომ მოსწავლეებს კარგად გაეაზრებინათ თავდაცვის ძველი საშუალებები, მათ შევთავაზეთ სახელმძღვანელოს ტექსტის წაკითხვა და ცხრილის (გრაფიკული ორგანიზატორის) მეშვეობით თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაციის წარმოდგენა:

 

  დაცვის საშუალება დანიშნულება
1 ჯაჭვის პერანგი  
2 სათვალთვალო კოშკი  
3 ციხესიმაგრე  

 

მეორე აქტივობაში გამოვიყენეთ სტრატეგია – ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გააზიარე“. იმისათვის, რომ მოსწავლეებს უკეთ დამახსოვრებოდათ ციხე-სიმაგრის მახასიათებლები და განუვითარდეთ წარმოსახვის უნარი. ვთხოვთ, ჯერ ყურადღებით წაიკითხონ სახელმძღვანელოს ტექსტი ბირთვისის ციხეზე, ხოლო შემდეგ მეწყვილესთან ერთად ვთხოვთ, მოიგონონ ერთი ამბავი/ლეგენდა, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო ბირთვისის ციხის დაცვისას. აუცილებელი პირობაა, რომ მოსწავლეებმა ამბავში ჩართონ წაკითხული ინფორმაცია. შემდგომ 3 გაკვეთილზე დავამუშავეთ რესურსები კომპლექსური დავალების პირობაში მოცემული ციხეების შესახებ: უფლისციხე, გორის ციხე, სურამის ციხე. სამივე გაკვეთილზე ვამუშავებდით ერთსა და იმავე კრიტერიუმებს

  • საიდან ვიცით აღნიშნული ციხე-სიმაგრეების შესახებ /ლეგენდა ან მითი/ ?
  • როგორ დარჩა შიდა ქართლში არსებული ციხესიმაგრეები ხალხის მეხსიერებაში?

 

უფლისციხის შესახებ მოსწავლეებს შევთავაზე ვიდეო-რესურსი – რესურსი 1 – https://www.youtube.com/watch?v=H09OKKM9OZg

იმისათვის, რომ მოსწავლეები ყურადღებით გასცნობოდნენ ვიდეოს და ყოფილიყვნენ მობილიზებულები, მათ წინასწარ გავაცანი შეკითხვები, რომლებზეც ვიდეოს ყურების შემდეგ პასუხები უნდა გასცენ, კითხვები მოიცავს დეკლარაციულ, პირობისეულ და პროცედურულ შეკითხვებს:

კითხვები

  • ვის მიაწერენ უფლისციხის დაარსებას?
  • რა დანიშნულება ჰქონდა უფლისციხეს?
  • სად მდებარეობს უფლისციხე?
  • საიდან გვაქვს ინფორმაციები უფლისციხის შესახებ?
  • რა ინფორმაციას გვაწვდის უფლისციხის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევები?
  • რა პერიოდიდან ცხოვრობდნენ ნაქალაქარში ადამიანები?
  • რა პერიოდიდან იწყება უფლისციხეში საცხოვრებლების გამოკვეთა?
  • რა ენაზეა შესრულებული უფლისციხეში აღმოჩენილ ჭურჭელზე წარწერები?
  • როგორ ფიქრობ, დარჩა თუ არა ხალხის მეხსიერებაში უფლისციხის ისტორია?
  • როგორ ასახავ ნანახ ინფორმაციას ბუკლეტში?

ნანახის უკეთ გასააზრებლად გამოვიყენე სტრატეგია ,,ორმაგი ჩანაწერების დღიური“. მოსწავლეებს ვთხოვთ, რომ გაიხსენონ ნანახი ვიდეოდან ფაქტები და სცადონ ამ ფაქტების შეფასება. ამ აქტივობით მოსწავლეები განივითარებენ ლოგიკური მსჯელობის, არგუმენტირების უნარს და დაუგროვდებათ მასალა კომპლექსური დავალებისათვის. მოსწავლეებს ვთხოვე, რომ დამოუკიდებლად კიდევ ენახათ ვიდეო და ეცადათ ახალი ფაქტების დაფიქსირება, რომლებსაც გამოიყენებენ თავიანთ დავალებაში.

ორმაგი ჩანაწერების დღიური

  ფაქტი შეფასება/დამოკიდებულება
1    
2    
3    

 

მომდევნო გაკვეთილზე ვიმუშავეთ გორის ციხესთან დაკავშირებულ ტექსტებზე. პირველი რესურსი გორის ციხის შესახებ ინფორმაცია გახლავთ, რომელსაც წაკითხული ინფორმაციის უკეთ გასააზრებლად, მთავარი ინფორმაციების გამოსარჩევად თან დავურთეთ კითხვები.

  • რამ დააზიანა გორის ციხე?
  • რომელი მდინარე ამარაგებდა გორის ციხეს?
  • როდის იხსენიება პირველად გორის ციხე?
  • რომელ მეფეს უკავშირდება ერთ-ერთი ვერსიით გორის ციხის აგება?
  • რომელმა ხალხმა აიღო გორის ციხე XIII საუკუნის ბოლოს?
  • რატომ არ ელოდნენ ოსმალები სიმონ მეფისგან თავდასხმას?
  • რა ხერხი იხმარა გივი ამილახვარმა ციხის ასაღებად?

ამავე გაკვეთილზე მოსწავლეებს შევთავაზეთ გორის ციხესთან დაკავშირებული ორ ლეგენდის წაკითხვა. ამჯერად გამოვიყენეთ სტრატეგია „ორი ჭეშმარიტი, ერთი მცდარი“. წაკითხული ტექსტებიდან მოსწავლეებს უნდა შეედგინათ ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი წინადადება. ეს წინადადებები მოსწავლეებმა შემთხვევითი პრინციპით შემდეგ ერთმანეთს გაუცვალეს და სცადეს, გამოეცნოთ, რომელი იყო მცდარი და რომელი ჭეშმარიტი.

კომპლექსური დავალების პრეზენტაციის წინა გაკვეთილი სურამის ციხის რესურსებს დაეთმო. აქ გამოვიყენეთ როგორც ვიდეო, ასევე ტექსტი სურამის ციხეზე. მოსწავლეებმა ჯერ ტექსტი გააანალიზეს კითხვებზე პასუხების მეშვეობით.

  • სად მდებარეობს სურამის ციხე?
  • როდის არის აშენებული სურამის ციხე?
  • რომელი ქვეყნის მმართველმა ვერ აიღო სურამის ციხე?
  • ვის დანებდა აჯანყებული გივი ამილახვარი?
  • როგორ ფიქრობ, რატომ?

შემდეგ მათ შევთავაზე ვიდეო-რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=L1EW9-87NNY. მოსწავლეებს ვთხოვე, ყურადღება მიექციათ როგორც უკვე ტექსტში წაკითხული ინფორმაციისთვის, აგრეთვე ახალი ინფორმაციებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეებს სურამის ციხესთან დაკავშირებულ ლეგენდაზე მივაქცევინე. ვიდეოს ყურების შემდეგ მოსწავლეებს შევახსენე, რომ მათ თავიანთ ნაშრომებში უნდა ასახონ ციხეებთან დაკავშირებული ლეგენდები. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ლეგენდა არის სწორედ სურამის ციხეს უკავშირდება. გამოვიყენე სტრატეგია ,,სწრაფი წერითი ჩანაწერი“, მოსწავლეებს შევთავაზე ჩანაწერის პირველი წინადადება „მე ამ ლეგენდაზე ვფიქრობ, რომ …….“ და ვთხოვე 3-4 წინადადებით დაეწერათ, რას ფიქრობდნენ ისინი ამ ლეგენდის შესახებ. მოსწავლეებს შევახსენე, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა სწორი და არასწორი პასუხები და მათ შეეძლოთ დაეწერათ ნებისმიერი შეხედულება, რაც ლეგენდის გაცნობის შემდეგ შეექმნათ. (რატომ და როგორ გაჩნდა, რა იყო მართალი და რა იყო ტყუილი და ა.შ.).

 

რესურსების ფაილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფემიციდი ლიტერატურის გაკვეთილზე

0

კომპლექსური დავალებები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩევა და ყველაზე ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. მინდა, შემოგთავაზოთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩემ მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კომპლექსური დავალების აღწერა და რეფლექსია.

თემა – ფემიციდი და მხატვრული ლიტერატურა, როგორც ამ უმძიმეს პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი.

კლასი – მერვე

კომპლექსური დავალების პირველ ეტაპზე განვიხილეთ შემდეგი ლიტერატურული ნაწარმოებები: გიორგი ლეონიძის „მარიტა“, რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“, ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“, ლეილა ბეროშვილის „ლილი“. აღნიშნული ნაწარმოებების  განხილვას დავუთმეთ 4 გაკვეთილი.

მეორე ეტაპზე ვიმსჯელეთ ფემიციდის არსსა და სახეებზე (ინტიმური, ე.წ „ღირსების მკვლელობა“…), ქალის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში და დავწერეთ არგუმენტირებული ესეი – „როგორ დავამარცხოთ ფემიციდი მხატვრული ტექსტების დახმარებით, როგორ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერების დონე სწორად მიწოდებული ინფორმაციითა და აქცენტებით“. ამ საკითხების განხილვას ორი  გაკვეთილი დავუთმეთ. ერთი  გაკვეთილი ფემიციდზე მსჯელობა, ერთიც – ესეის დაწერა.

პარალელურად, მოვიძიეთ ის ხალხური ანდაზები, რომლებმაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში ქალების მიმართ ნეგატიური განწყობის გაღვივებას: „ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო“, „კარგი ცოლის ყოლას კარგი ცხენის ყოლა ჯობია, კარგი ცხენის ყოლას კი კარგი თოფის ქონაო“… ასევე ერთად ჩამოვწერეთ ყველა გენდერული სტერეოტიპი (კაცს უნდა კარიერა, ქალს – ოჯახი; კაცს უკეთ გამოსდის ტექნიკური საგნები, კაცი უფრო ნიჭიერია… არგუმენტირებული მსჯელობით და მაგალითებით დავადასტურეთ ამ მსჯელობის მცდარობა. მაგალითად, ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გოგოებს ბევრად მაღალი მაჩვენებლები აქვთ ტექნიკურ საგნებში, ვიდრე – ბიჭებს. საკითხზე მსჯელობას ერთი გაკვეთილი დავუთმეთ.

მომდევნო ეტაპზე დავამზადეთ პოსტერი-გაზეთი სახელწოდებით „არა ფემიციდს“, რომელშიც ჩავრთეთ ჩვენ მიერ მომზადებული ესეი, ანდაზები, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, ფემიციდის სტატისტიკა საქართველოში და საზღვარგარეთ და ის ნაწყვეტები „მარიტადან“, რომლებშიც კარგად ჩანს, ერთი მხრივ, ავტორის სიყვარული მარიტასადმი, მისი სულიერი და ფიზიკური სილამაზე, მეორე მხრივ, საზოგადოების სახე, რომელიც მშვენიერებას, სიყვარულსა და სიცოცხლეს დაუფიქრებლად ანადგურებს. პოსტერს ერთი გაკვეთილის განმავლობაში ვამზადებდით.

შემდეგ ეტაპზე ვნახეთ თ. აბულაძის კინოშედევრი „ნატვრის ხე“. ჩვენს თემას დავუკავშირეთ ფუფალას პერსონაჟიც, ვიმსჯელეთ ფილმსა და ნაწარმოებს შორის მსგავსება-განსხვავებებზე, ბრბოს ფსიქოლოგიაზე, სახელმძღვანელოში წარმოდგენილ საინტერესო ილუსტრაციაზე, სადაც სახე მხოლოდ ციციკორეს აქვს, ხალხი კი უსახო მასადაა წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხებს დავუთმეთ 2 გაკვეთილი.

ბოლო გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააკეთეს თავიანთი ნაშრომის პრეზენტაცია, რაც შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

ჩართულობა თემაზე მუშაობის პროცესში;

ერთმანეთის მოსაზრების გათვალისწინება და პატივისცემა;

მიღებული ცოდნის სრულფასოვანი პრეზენტაცია და საკითხის გააზრების სისრულე.

მიმაჩნია, რომ ესგ-ში კომპლექსური დავალებისთვის განსაზღვრული ყველა სტანდარტი დავიცავით. ზოგადად კი, როგორც მასწავლებელი, სწავლების ამ მეთოდს მივესალმები. იქნებ, ვინმეს მსჯელობა და პარალელები მარტივი და ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ – მე-8 კლასია, უფრო ღრმად საკითხზე ვერ ვიმსჯელებდით და ვერც ვირჯინია ვულფს წავიკითხავდით, თუმცა ყველაფერი წინაა.

რაც შეეხება ესეის, მოსწავლეებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ რევაზ ინანიშვილის ნოველაში „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ დედით ქართველი თავადი ვიტგენშეინი სიცოცხლეს დაუფიქრებლად სწირავს ქალის დასაცავად, მაშინ, როცა რუსი გენერალი ასეთი თავგანწირვით გაოცებულია, ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს, რა ხდება და დუელანტს ასეთ რამესაც კი ეუბნება: „ამ ქალის გამო არ ღირს“.

მოსწავლეებმა იმაზეც იმსჯელეს, როდიდან გაჩნდა ქართველებში ქალებისადმი უპატივცემლობა, მათი ჩაგვრისა და მათზე ბატონობის სურვილი. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პრობლემასთან ბრძოლა კომპლექსურია, მაგრამ რადგან ფემიციდის ძირითად მიზეზად განათლების ნაკლებობა დაასახელეს, ჩათვალეს, რომ მხატვრული ლიტერატურა ამ პრობლემასთან ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, მთავარია, პრობლემა იყოს სწორად მიწოდებული და საზოგადოებამ აღიაროს, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია, რომ ის არავისი საკუთრება არ არის და სრული უფლება აქვს იცხოვროს ისე, როგორც თავად გადაწყვეტს. ესეიში ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ ადამიანის ნიჭსა და შესაძლებლობებს სქესი არ განსაზღვრავს, რაც ქალებმა მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც განათლების მიღებისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მიეცათ.

შეიძლება ძალიან იდეალისტი ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჩემი მოსწავლეები, განსაკუთრებით ბიჭები, რომლებმაც ამ თემაზე იმუშავეს, არასდროს გახდებიან მოძალადეები.

სწორედ ამ თემაზე მუშაობისას, ქვეყანაში ბოლო ათ თვეში მოხდარ 22 შემთხვევას  ფემიციდის კიდევ ერთი, 23-ე შემთხვევა დაემატა.

 

 

 

შემოქმედებითი სწავლება -მეტაფორული ბარათები და „დრუდლები“ სწავლებაში 

0

სამყარო ერთი დიდი მეტაფორაა, რომელსაც ყველა თავისებურად ხსნის. არ არსებობს ერთი განმარტება, რომელიც უნივერსალური იქნება ყველასთვის – ერთი გაგებით, მნიშვნელობით შემოსაზღვრული. სწორედ ამიტომ არის სამყარო და ადამიანი დღემდე საინტერესო. ჩვენ, ადამიანებიც, როგორც მეტაფორები, ისე ვარსებობთ და ვცდილობთ, შემეცნებით გავიფართოოთ ცნობიერება და დამატებითი მნიშვნელობები მივანიჭოთ საგნებს, ფაქტებს, მოვლენებს, სამყაროს და საკუთარ თავს. რაც უფრო მეტად ვიძიებთ, მით მეტად ამოდის ზედაპირზე ჩვენი აისბერგის დაფარული ნაწილი, უხილავი ხდება ხილული. მთავარია, სწორად დავზუმოთ ის დეტალები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა, რომლებსაც ჩვენი ცნობიერება „წამოედო“ სწორედ იმისთვის, რომ გამოიკვლიოს და გააცნობიეროს.

ჩვენი ცნობიერების აისბერგის დაფარული ნაწილი ძალიან ჰგავს იმ ფილმს, რომელიც ჯერ არ გაგვიშვია ეკრანზე. გაცნობიერება კი ხილულს ხდის ჩვენს დაფარულს. ამისთვის მოვიმარჯვოთ კინოპროექტორი და თეთრ ეკრანზე გავუშვათ ჩვენი ფილმი. მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, თუ ისიც კი არ ვიცით, რომ ფილმები/ამბები სადღაც, ქვეცნობიერის რომელიღაც უჯრაშია ჩაკეტილი.

ამისთვის არსებობს ისეთი უნიკალური საშუალება, როგორიცაა, მეტაფორული ბარათები. სწორედ მათზე ხდება ჩვენი ფილმის პროეცირება და უხილავი ხდება ხილული. ადამიანი გარე სამყაროში, მოვლენებში და სხვა ადამიანებში პროეცირდება და ხედავს „თავის ფილმს“, თუმცა, დარწმუნებულია, რომ რასაც ხედავს, ეს მისი შინაგანი სამყაროს პროექცია კი არა, არამედ რეალობაა. ამ გაგებით, ყველა ადამიანი ცხოვრობს თავის სუბიექტურ რეალობაში და თავის სამყაროში. მეტაფორული ასოციაციური ბარათები გვეხმარება შევაღწიოთ საკუთარ და სხვის არაცნობიერში და გავანათოთ ჩაბნელებული უბნები.

მეტაფორული ასოციაციური ბარათები (შემოკლებით MAC) არის სურათების/ნახატების ნაკრები სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებით, პერსონაჟებით, საგნებითა და ცხოველებით. ერთი სიტყვით, ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. ამ ბარათებს უწოდებენ მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს, რადგან თითოეული ნახატი/ფოტო არის ასოციაცია ან მეტაფორა ადამიანის აზრების, გრძნობების, მოგონებების ან გამოცდილებისა. მეტაფორული ბარათები პროექციული ტექნიკაა, ერთგვარი კინოპროექტორი, რომელიც პირდაპირ არაცნობიერიდან უშვებს „ჩვენს ფილმებს“.

მეტაფორული ბარათების შექმნა 1975 წლიდან იწყება. პირველი კრებული გამოუშვა ელი რამანმა, კანადელმა ხელოვნებათმცოდნემ. თავიდან ბარათებს საერთოდ არ ჰქონდა ფსიქოლოგიური დანიშნულება. მისი ფუნქცია იყო მასების კულტურული განმანათლებლობა. მოგვიანებით შემუშავებული მიდგომის მიხედვით შესაძლებელი გახდა მეტაფორული ბარათების პრაქტიკაში გამოყენება. რამანის პირველ ბარათებს ერქვა „Oh-Cards“-ს. მისი კონცეფციით, ხელოვნება უნდა გასულიყო გალერეებიდან და საგამოფენო დარბაზებიდან გარეთ. ბარათების იდეა კი ის იყო, რომ ნამუშევარი ხელისგულზე უნდა დატეულიყო, ახლოს მაყურებელთან („ხელოვნება ხელისგულზე“). რამანის აზრით, ასე უფრო ადვილი იყო ადამიანზე ზემოქმედება და რეფლექსიის გამოწვევა.

როგორც ვალტრაუდ კირშკე წერს თავის წიგნში „მარწყვი ფანჯარასთან“:

„ხელოვნება სრულიად განსხვავებულ, უფრო ხელმისაწვდომ ფორმებს იღებს ბანქოს კომპაქტურ ფორმატში, როცა ის მაქსიმალურად ახლოსაა ჩვეულებრივ ადამიანებთან. თუ ადამიანი მონუმენტურ ტილოებზე ჭვრეტის დროს პასიურ როლს ასრულებს, ნაწარმოების ბანქოს/ბარათების ჭვრეტამ შეიძლება გააღვიძოს მასში საკუთარი შემოქმედებითი იმპულსი… ხელოვნების ნიმუში წარმოიქმნება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტორი ქმნის მას, არამედ ყოველთვის თავიდან იბადება, როცა მას აღიქვამს კონკრეტული მაყურებელი, რომელიც უერთდება ქმნადობის პროცესს“.

„Oh-Cards“-ები შედგებოდა ორი კრებულისგან: 88 ბარათი-რეპროდუქცია და 88 ბარათი-სიტყვები. ადამიანი იღებდა ერთ ბარათს და მეორე ნაკრებიდან ეძებდა შესაბამის სიტყვას. ბარათის და სიტყვის დაკავშირება კი ქმნიდა საინტერესო სიუჟეტებს, აღვიძებდა ფანტაზიას და შთააგონებდა ადამიანებს.

წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ მეტაფორული ბარათები სწავლებაში. იმისათვის, რომ მოსწავლეებს/სტუდენტებს გაუჩნდეთ მოტივაცია და ხალისით ჩაერთონ სასწავლო მასალაში. მეტაფორული ბარათების გამოყენება ქმნის სანდოობის ატმოსფეროს, განაწყობს მოსწავლეებს თვითანალიზისათვის, რეფლექსიისათვის და გადაწყვეტილებების ძიებისთვის. მასწავლებელს/ლექტორს თავისი ამოცანებიდან გამომდინარე შეუძლია შეარჩიოს შესაბამისი ბარათები სასწავლო მასალებზე დაფუძნებული ან ნებისმიერი.

ასოციაციური/მეტაფორული აზროვნების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკში, რადგან სწორედ სკოლა ის ადგილია, სადაც უპირატესობა ლოგიკურ-ანალიტიკური უნარების გამომუშავებას ენიჭება, ხოლო შემოქმედებითობა „იჩაგრება“. ყველას გქონიათ ის გამოცდილება, როდესაც შემთხვევით ობიექტს, გამოსახულებას, სიტყვას ან ფრაზას თქვენში განსაკუთრებული რეფლექსია გამოუწვევია. თუ ამ მოვლენას გაცნობიერებულად გამოვიყენებთ მეტაფორული ასოციაციური ბარათების დახმარებით, მაშინ შედეგიც იქნება შესაბამისი.

შემოქმედებითი ადამიანები ხშირად სარგებლობენ ასოციაციური ბარათებით შთაგონებისთვის. მაგალითად, ცნობილი მწერალი ფილიპ პულმანი წერდა, რომ მას წერაში და სიუჟეტების მოფიქრებაში ეხმარებოდა Myriorama-ები. მირიორამა – ეს არის დამოუკიდებელი სურათები, რომელთაგან სრულიად სხვადასხვა სიუჟეტები შეიძლება ააწყო:

მეტაფორულ ბარათებთან ერთად ძალიან პოპულარულია შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად ე.წ. „დრუდლები“. ეს არის მარტივი ორაზროვანი ნახატები, რომელსაც ცალსახად ვერ გაშიფრავ, ამიტომ ყველა ხედავს თავისას – ეს კი ავითარებს ფანტაზიას.

„დრუდლები” პოპულარული გახდა შეერთებულ შტატებში მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კომიკოსმა როჯერ პრაისმა 1953 წელს გამოსცა წიგნი Droodles მარტივი სურათების კრებულით. სურათების მნიშვნელობა თქვენ თავად უნდა გამოგეცნოთ. ავტორმა ნახატებს სახალისო და მოულოდნელი წარწერები გაუკეთა, რათა მკითხველისთვის დამოუკიდებელი და კრეატიული ძიებებისკენ ებიძგებინა. ამერიკელებმა ტელეშოუც კი გააკეთეს ამ თემაზე, იმდენად საინტერესო გახდა მსმენელებისთვის.

„დრუდლების“ პოპულარობამდე დრუდლებს აღმოაჩენთ ეკზიუპერის „პატარა უფლისწულში“. ალბათ ყველას გახსოვთ ეს ფრაგმენტი:

„ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“.

მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1.

ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ – მომიგეს მათ. მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო“.

ძვირფასო მასწავლებლებო, ვფიქრობ, თქვენს გაკვეთილებს შემოქმედებითს გახდის შემოთავაზებული ტექნიკები თქვენი ინტერპრეტაციით და მასალაზე მორგებით.

ორიოდე სიტყვა პედაგოგების შესახებ: ჩანაწერები ჯუმბერ ლეჟავას დღიურებიდან

0

ბოლო რამდენიმე წელია, ზოგჯერ აქტიურად და ზოგჯერ პასიურად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვმუშაობ მსოფლიო მოგზაურისა და გინესის არაერთგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე.[1] თავის მხრივ, წიგნი დაფუძნებული იქნება მისსავე ჩანაწერებზე, რომელსაც იგი მოგზაურობის განმავლობაში ყოველდღიურად აკეთებდა. გარკვეულწილად, ესეც მისი მოგზაურობის რუტინა იყო. ცხადია, 9 წლის მანძილზე ყოველდღიური ჩანაწერები არც თუ ისე მცირე ზომის გამოვიდა და ხელნაწერის სახით დაახლოებით 7,000 გვერდი შეადგინა.  ხელნაწერების  მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ჰქონდა დამუშავებული, ნაწილი კი ჩვენ დავამუშავეთ. ზოგადად, ამ წიგნზე მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ ფაქტობრივად წიგნების სამყაროში გადამაგდო და მეც დამაფიქრა წიგნის წერაზე (თუმცა, ეს სამომავლოდ).

საბედნიეროდ, წიგნი ძალიან მალე, გამომცემლობა „ინტელექტთან“ თანამშრომლობით, დაახლოებით ერთ თვეში გამოიცემა და იმედი მაქვს, საზოგადოების ინტერესსა და კმაყოფილებასაც გამოიწვევს. საბედნიეროდ, ჩანაწერებში დიდი ადგილი ეთმობა მასწავლებლის პროფესიისადმი მისი დამოკიდებულების აღწერას და ინფორმაცია პირადად მისი მასწავლებლების შესახებაც საკმაოდ მოიპოვება. ვფიქრობ, ინტერნეტგაზეთის მკითხველისათვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ნაწილი იქნება. ამ სტატიის მეშვეობით გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან.

„ახლა კი, ორიოდ სიტყვით გამოვხატავ ჩემს დიდ სათქმელს იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რომელიც მიუძღვით ჩვენს პედაგოგებს ჩემი და ჩემი მეგობრების აღზრდასა და განსწავლაში“ – ასე იწყებს ავტორი იმ ქვეთავს, რომელიც მის პედაგოგებს ეხება და შემდეგნაირად აგრძელებს:

„სიყვარულით მოვიგონებ ქალბატონ ვერა ადამიას, გერმანული ენის მასწავლებელს, კეთილშობილ პედაგოგს, რომელიც მეხუთე კლასიდან ჩვენი დამრიგებელი იყო და ასე გაგვყვა სკოლის დამთავრებამდე. იგი მაღალი, გამხდარი, ლამაზი ტან-ფეხის ქალბატონი იყო. მაღალ ქუსლებზე შემდგარს, ლამაზად მოსიარულეს, სხვადასხვა ფერის კაბები უხდებოდა ფრიად. ნაზი ხმა და მშვიდი, დამაჯერებელი საუბარი ჰქონდა. ჩემი აზრით, ვერა მასწავლებელმა, სწავლების მეთოდით, ფიზიკური იერსახით და მოსწავლეებთან თუ მშობლებთან დამოკიდებულებებით ქართველი პედაგოგის სრულყოფილი სახე შექმნა, რომლისთვისაც კარგი იქნებოდა სხვა პედაგოგებსაც მიებაძათ.

ვერა მასწავლებელი ხშირად დადიოდა მოსწავლეთა ოჯახებში მშობელთა გასაცნობად. სწორედ მათგან ისმენდა ბავშვის დახასიათებას, აქ ეცნობოდა იმ ფსიქიკურ თუ ეკონომიკურ გარემოპირობებს, რომელშიც ცხოვრობდა და იზრდებოდა მისი მოსწავლე. ეს მეთოდი ეხმარებოდა მას მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის სტილის გამომუშავებაში. ბავშვებს სკოლაში მიგვიხაროდა, რადგან საყვარელ ვერა მასწავლებელს უნდა შევხვედროდით.

რაჟდენ ნაცვლიშვილი არა მარტო რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა, არამედ ცხოვრების წესსაც.  წლის განმავლობაში, ბავშვებს, გაკვეთილს რომ გამოგვკითხავდა, ასეთ კითხვას დაგვისვამდა: აბა, მომიყევით, რა ნახეთ ცუდი და რა გააკეთეთ კარგიო. აბა ერთი, რაღაც ცუღლუტური გეთქვათ, ნურას უკაცრავად, გაიძულებდა მთელი სერიოზულობით გემსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, რის შეფასებასაც ითვალისწინებდა საერთო ნიშნის დაწერის დროს. ხშირად მთელი გაკვეთილი კლასის კამათში გადადიოდა. კამათი რომელიმე ერთი საკითხის გარჩევით მთავრდებოდა. ამით ბატონი რაჟდენი კამათის კულტურასა და ლოგიკურ აზროვნებას გვივითარებდა.

ბავშვებს რუსულად დიალოგის წარმართვა რომ შეგვძლებოდა, ასეთ წესს მიმართავდა: წაგვიყვანდა  გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი თავისთან სახლში, ჩაისა და ნამცხვარზე მიგვიწვევდა, რათა ერთად გვემსჯელა სპექტაკლში დასმულ პრობლემებზე. ამით იგი პრაქტიკულად გვაჩვევდა რუსულ მეტყველებას, ნებისმიერი დიალოგის კარგად მოსმენას, საზოგადოებაში მსჯელობისა და აზრთა პაექრობის კულტურას, პრობლემატური საკითხების სწორად დასმას და მის გარშემო მსჯელობას, რაც მთავარია, რუსულად თავისუფალ მეტყველებას.

ბატონი რაჟდენისაგან მოსწავლეებმა ბევრი რამ ვისწავლეთ. იგი ისე გვიყვარდა ბავშვებს, რომ დიდობაშიც, კლასელების შეხვედრისას, ხშირად გვითქვამს, რომ იგი ჩვენი კლასის თილისმა იყო.

კლასის პედაგოგებიდან ხშირად ვიხსენებ ქალბატონ დარიკო მეტრეველს – გეოგრაფიის მასწავლებელს. ქალბატონი დარიკო, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდან გახლდათ. საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი და გამხდარი იყო. ძალიან ცუდი სიარული იცოდა, თითქოს, ფიზიკურადაც შეუხედავი იყო, მაგრამ ბავშვებს ძალიან გვიყვარდა. გაკვეთილის ახსნისას ყველანაირად ცდილობდა სრულად და ზუსტად გადმოეცა გეოგრაფიის ნებისმიერი საკითხი და როგორც საგანი, კიდევაც შეგვაყვარა იგი. დიდებულად იცოდა მსოფლიოს გეოგრაფია და ჩვენგანაც იმავეს ითხოვდა. დარიკო მასწავლებელი ისე ცოცხლად აღგვიწერდა ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებას, რელიეფს, ტრადიციებს, ისტორიასა და სხვა ტოპონიმურ თუ ეთნომახასიათებლებს, იფიქრებდი, ყველა ეს ქვეყანა საკუთარი ფეხით ჰქონდა მოვლილი და საკუთარი თვალით ნანახიო. როდესაც ამის დასტურს ვთხოვდი, მორიდებულად, ოდნავი სინანულით, იტყოდა ხოლმე, რაჭისა და თბილისის მეტი, არსად ვარ ნამყოფიო. მაშინ ვფიქრობდი, ნუთუ, საგნის ასეთი სიყვარული შესაძლებელია? ამას ვწერ, რადგან არიან პედაგოგები, რომლებშიც თავიანთი საგნის ასეთ სიყვარულს ვერ აღმოაჩენთ. მიუხედავად ამისა, ბავშვები, გაკვეთილის ახსნისას, ანცობის მიზნით, მაინც ვკითხავდით ხოლმე, თუ ხართ ნამყოფი, მაგალითად, სუმატრაზე, ასე სკრუპულოზური სიზუსტით რომ გვიხსნით ამ ქვეყნის შესახებ? იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, ხომ იცით, საზღვარგარეთ არსად არ ვარ ნამყოფიო, გვეტყოდა,  სუმატრაზე კი არა, მეზობელ სოციალისტურ ქვეყნებშიც ვერ გახვალ, რადგან სსრკ-ში უმკაცრესი სახელმწიფოებრივი რეჟიმია, რის გამოც ვიზის აღება საზღვარგარეთ წასასვლელად თითქმის შეუძლებელიაო. ამის თქმისას ისეთ სახეს მიიღებდა და ისეთი ნაღვლიანი ტონით იტყოდა ხოლმე, რომ ნებისმიერს სიბრალულის გრძნობა აღეძვრებოდა იმ დროის დაბალი ეკონომიკური დონის, მკაცრი პოლიტიკური ვითარებისა და უმკაცრესი სასაზღვრო რეჟიმის გამო.

მოგზაურობის პერიოდში ხშირად ვიხსენებდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს და ვიტყოდი ხოლმე, რა იქნებოდა ცოცხალი ყოფილიყო და გაეგო, რომ მისი მოსწავლე, მსოფლიოს ყველა კონტინენტისა და ყველა ქვეყნის მხილველია-მეთქი.

ქართულ ენასა და ლიტერატურას ბატონი გოგი ჩიქობავა გვასწავლიდა. ის იყო მაღალი და ოდნავ მსუქანი, ნორდისტული სითეთრის კაცი. ჰქონდა თეთრი, ქათქათა კბილები, გამოირჩეოდა ინტელიგენტური შესახედაობითა და სწრაფი, მაგრამ მოხდენილი სიარულით. ძალზე უხდებოდა სანდომიანი, მოღიმარი სახე. ოდნავი სიმსუქნე თითქოს ელეგანტურობასაც კი მატებდა. ბავშვები მისდამი ისეთი სიყვარულით ვიყავით განწყობილები, ალბათ, ნაკლად მისათვლელ მის სისრულეს  ვერც კი ვამჩნევდით.

ბატონი გოგი მაღალი ინტელექტის პროფესიონალი პედაგოგი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანი იყო. დასახასიათებლად ისიც ეყოფოდა, რომ დიდი გალაკტიონის პირადი მდივანი იყო. ბატონ გოგის იმდენად საინტერესოდ მიჰყავდა გაკვეთილი, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. იგი იყო „შავჩოხოსანთა“ ჯგუფის წევრი, ჯგუფისა, რომელიც შავი ფერით უცხადებდა პროტესტს კომუნისტურ სახელმწიფო წყობილებას, მის რეჟიმს და გამოხატავდა გლოვას საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობაში ყოფნის გამო. იგი იყო შეურიგებელი კომუნისტური რეჟიმისადმი და ამ რეჟიმის მოწინააღმდეგე დისიდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. „შავჩოხოსანთა“ ბრძოლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. იმ დროისათვის მთავრობის წინააღმდეგ ასეთი ფორმით პროტესტის სახალხოდ გამოხატვა მათი მხრიდან გმირობად ითვლებოდა. საბჭოურმა უშიშროების სამსახურმა იგი დააპატიმრა და თერთმეტი წლით ქალაქ მოსკოვის „ბუტირკის“ ციხეში ჩასვა. მისი საგნისადმი ჩვენი კლასელების სერიოზული დამოკიდებულების წყალობით დავეუფლეთ გამართული ქართულით ლაპარაკს და მართლწერას. მის მიერ მოცემულ საშინაო დავალებებს ყოველთვის ბიბლიოთეკებში ვამუშავებდით, რამაც ნებისმიერ საკითხზე მუშაობის დამოუკიდებელი სტილი და კრიტიკული აზროვნება გამოგვიმუშავა.

ფიზიკის მასწავლებელი, ბატონი გულია ჩიგოგიძე, მაღალი, გამხდარი, ლამაზი, ყოველმხრივ მოწესრიგებული, უმკაცრესი, მომთხოვნი, პედაგოგთა წრეში უმაღლესი რეპუტაციის მქონე პიროვნება იყო. ამის გამო მას რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის წოდებაც კი მიანიჭეს. მოსწავლეების უმეტესობა მის საგანს შიშის გამოც სწავლობდა. ესეც აღზრდის ერთ-ერთი მეთოდი იყო.

ამის შემდგომ, იგი რამდენიმე მასწავლებელზე კიდევ ჰყვება და ასეთ რამეს წერს ბოტანიკისა და ზოოლოგიის მასწავლებლის აღწერისას, რაც ვფიქრობ, ბევრი მასწავლებლისათვის დღემდე დამახასიათებელი თვისებაა საქართველოში:

ერთი ნაკლი ჰქონდა ქალბატონ მანიას – თუ ვინმე ჰყავდა კლასში ამოჩემებული, არ გაახარებდა, სისტემატურად წამოაძახებდა ხოლმე საკუთარ ნაკლს, რაც უარყოფითად მოქმედებდა, როგორც მოსწავლის გუნება-განწყობაზე, ისე მთელი კლასის ფსიქიკაზეც. გარდა ამისა, ამ ქალბატონს პედაგოგის თავდადებულ მუშაობასთან ერთად ბევრი სხვა უცნაურობანიც ახასიათებდა. მაგალითად, თუ რამე შეეშლებოდა და შევუსწორებდით, არავითარ შემთხვევაში ჩვენგან შენიშვნას არ მიიღებდა. ერთხელ, მეშვიდე კლასში, წამოსცდა თუ არცოდნის გამო, სიტყვა „ლაურეატი“ „ლაუარეტის“ ფორმით თქვა. ჩვენმა მეგობარმა თენგიზ კიკაჩეიშვილმა დელიკატურად შეუსწორა, მასწავლებელო, თქვენ, ალბათ, „ლაურეატი“ გინდოდათ გეთქვათო. მცირე პაუზის შემდეგ მტერს დაატყდეს იმდენი ქოქოლა, რამდენიც მანია მასწავლებელმა დააყარა ჩვენს თენგიზს. ყველაზე ცუდი და შეუწყნარებელი ის იყო, ამგვარი განწყობა მეთერთმეტე კლასის დამთავრებამდე რომ გაგრძელდა. კიდევ სხვა უცნაურობანი ახასიათებდა ჩვენს ძვირფას მასწავლებელს. მაგალითად, კლასის სიის ამოკითხვა ნამდვილი ტრაგიკომედია იყო. ამოკითხულთა გვარებს მასწავლებელი თავის კომენტარს ურთავდა. ზოგს ქოქოლას აყრიდა, ზოგს საერთოდ არ ამოიკითხავდა და სხვა მხარეს მიტრიალებული თავისთვის მრავალმნიშვნელოვნად წამოიძახებდა: „აჰა!“. ერთი ასეთი რამ მინდა მოგახსენოთ: სანამ ჩვენი მეგობრის, კოტე ცქიტიშვილის მამა იუსტიციის მინისტრი იყო, სიის კითხვისას, კოტეზე იტყოდა: აი, ინტელიგენტი ბავშვიო. ბატონი გიორგის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, კოტეს გვარ-სახელის კომენტირება ასე შეიცვალა: „ეს ვინ არის, ნეტა გამაგებინა, ჰა?!“ და თუ ვინმეს წამოსცდებოდა, ინტელიგენტია, პატივცემულო, ინტელიგენტიო, მაშინ ხომ გაკვეთილი თითქმის იშლებოდა…

მიუხედავად ასეთი უცნაურობებისა, ბავშვებს მანია მასწავლებელი მაინც ძალიან გვიყვარდა, რადგან თუ სადმე სკოლის გარეთ შეგვხვდებოდა, გაგვაჩერებდა და  გვეტყოდა, ბავშვებო, თქვენთვის იმდენი სიკეთე მსურს რამდენიც ღმერთსო. ჩემს წყევლას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ხომ იცით, მარიცასავით მიყვარხართო. მარიცა მისი დისშვილი იყო, თავად გაუთხოვარს, მასზე გადაჰქონდა დედობრივი სიყვარული და მზრუნველობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა, ალბათ, თავისი ნეგატიური კვალი დაამჩნია მის ფსიქიკას. ჩვენ იგი მაინც გვიყვარდა, რადგან ნამდვილად ავკარგიანი ქალი იყო.

მინდა გაგაცნოთ არა მარტო ჩვენი სკოლის,  არამედ, ასე ვიტყოდი, მთელი „პლეხანოვის“ გამზირის კოლორიტიც. ეს პიროვნება ჩვენი სკოლის საყვარელი მასწავლებელი, ბატონი როსტომ აბაშიძე იყო.  ლოყებღაჟღაჟა კაცი, აწკეპილი ულვაშებით, თითქმის შუაზე გაყოფილი სწორი ჭაღარა თმით. სულ მოცინარი, ოდნავ მეჩხერი კბილებით… ჩარლი ჩაპლინივით დადიოდა და სიარულისას ერთი ფეხიდან მეორეზე ისე გადადიოდა, მოძრაობისას, ალბათ, ნახევარმეტრიან ამპლიტუდას რკალავდა. ბატონ როსტომს ყველაფერი ეს ერთგვარ კომიკურ იერს სძენდა, რასაც ხაზს უსვამდა შლაპის დახურვის მისეული მეთოდიც, მნახველში რომ ღიმილს იწვევდა. გვერდზე ჩამოფხატებული ფართოფარფლებიანი ქუდით მარჯვენა თვალი საერთოდ არც კი უჩანდა. შლაპის დახურვის ამგვარი სტილი მის მოღიმარ სახეს, გაწელილი ულვაშებისა და ღაჟღაჟა ლოყების ფონზე, სასაცილოს ხდიდა. შეხვედრისას, უნებურ რომ გაგღიმებოდა და ამით უხერხული მდგომარეობა არ შექმნილიყო, მისალმებისთანავე რაღაც უნდა მოგეფიქრებინათ სათქმელად, რომ ღიმილის მიზეზს არ მიმხვდარიყო. მიუხედავად ამისა, მოსწავლეებს ჩვენი უპატიოსნესი მასწავლებელი ძალიან გვიყვარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებდით მას, როგორც პატიოსანი პედაგოგის ეტალონს. ბატონი როსტომი სსრკ-ს კონსტიტუციას გვასწავლიდა. ჩვენ, მისმა მოსწავლეებმა, კონსტიტუცია რომ არ ვიცოდით, ეს დღესავით ნათელი იყო, მაგრამ თავად ბატონმა როსტომმა იცოდა თუ არა, ამაში ეჭვი მართლაც გვეპარებოდა, რადგან კონსტიტუციის გაკვეთილის ხარჯზე, დამატებით, ყოველთვის გვიტარდებოდა მათემატიკის ან ფიზიკის გაკვეთილი. მუდამ გვარიგებდა, უმჯობესია მათემატიკა და ფიზიკა ისწავლოთ კარგად, ვიდრე ამ სასაცილო ქვეყნის სასაცილო კონსტიტუციაო. როგორი იყო ამის თქმა იმ ტოტალიტარული რეჟიმის დროს, თავად განსაჯეთ.

ჩვენს დიდ სიყვარულს იმსახურებდნენ ფიზკულტურის მასწავლებლები, ბატონები – სერგო დეკანოზიშვილი და ნოდარ ვარდოსანიძე. ორივენი ტანმოვარჯიშეები იყვნენ. სამწუხაროდ, ბატონი სერგო ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ტანვარჯიშში მეცადინეობა კარგა ხანს ჩაშალა და მერე ბევრი ჩვენგანი ამ სპორტს აღარც დაჰბრუნებია.

ჩვენს დიდ სიყვარულს იმსახურებდა, სრულიად ახალგაზრდა ფიზკულტურის მასწავლებელი, ბატონი ნოდარ ვარდოსანიძე. ჩვენზე 7-8 წლით უფროსი თუ იქნებოდა, ამიტომ ნამდვილ უფროს მეგობრად მივიღეთ. ხშირად გვეკითხებოდა, რომელ საგანში გვიჭირდა, რომელში ვსაჭიროებდით დახმარებას. ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. დიდი სითბო და უშურველი თანადგომა გვახსოვს მისგან. მისი შესანიშნავი ალღო და ნიჭი არ გამოჰპარვია განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას და მალევე ჩვენი სკოლიდან რკინიგზელთა სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე გადაიყვანეს. აქაც გამოიჩინა თავი ახალგაზრდა სპეციალისტმა და სულ მალე სკოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რუსთავის სკოლა-ინტერნატის დირექტორად დანიშნეს, სადაც ყოველწლიურად მკურნალობდა სკოლიოზით დაავადებულ 400-ზე მეტ ბავშვს. სამწუხარო ფაქტია, რომ სკოლას, რომელსაც ბატონი ნოდარი 40 წლის განმავლობაში უძღვებოდა და ათასობით ბავშვს დაუბრუნა ფიზიკური სრულყოფილება და ჯანმრთელობა, ერთ მშვენიერ დღეს უარი უთხრეს, აღარ გვინდა შენი სკოლა და შენი სკოლის ნამკურნალევი ბავშვებიო – სკოლა მისი შესანიშნავი ეზო-გარემოთი გაიყიდა. სამოცდათხუთმეტ წელს მიღწეული ბატონი ნოდარი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო, მაგრამ ოჯახის მიერ იუბილეს გადახდის შემდეგ, ბატონ ნოდარს, დამსახურებულ სპორტსმენს, პედაგოგსა და ორგანიზატორს, სამწუხაროდ, დიდხანს აღარ უცოცხლია…“

 

და ბოლოს, თუ მასწავლებლები არ იქნებიან თბილი გულისანი, ბავშვების მოსიყვარულენი, მაღალკვალიფიციურნი, თავიანთი საქმისა და პედაგოგიური პროფესიის ერთგულნი, საკუთარი ქვეყნის პატრიოტები, ჩვენი ინტელექტუალური და სულიერი დონე დაეცემა. ეს კი მოგვიმრავლებს უცოდინარ, მლიქვნელ და მხდალ ადამიანებს…

[1] წიგნი წარმოაჩენს ჯუმბერ ლეჟავას ველო-მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო თუმცა, მისი მიღწევებისა და რეკორდების დიდი ნაწილი მოგზაურობამდე იქნა დამყარებული, მათ შორის, 1990-1992 წლებში:

 

1 საათი – 5,011 აზიდვა

6 საათი – 19,378 აზიდვა

12 საათი – 34,955 აზიდვა

24 საათი – 44,144 აზიდვა

100 დღის განმავლობაში – 1,730,000 აზიდვა

1 წლის განმავლობაში – 4,800,000 აზიდვა

1 საათი – 2,806 მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში

 

რაც შეეხება მოგზაურობას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მან ეს პროცესი 50 წლის შემდგომ ასაკში დაიწყო, რაც უდიდესი გამოწვევა იყო მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისათვის.

 

საბოლოოდ, 1993 წელს დაწყებული მოგზაურობა 9 წლის განმავლობაში, 2003 წლის 3 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით იმოგზაურა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მოიარა 238 ქვეყანა და  ორჯერ იყო ანტარქტიდაზე.

დედამიწის ფილტვები

0

მთაგორიანია ჩვენი დედამიწა, კიდევ – წყალჭალიანი, ცოდვაბრალიანი და ჭორმართალიანი. რას არ გაიგონებს ადამიანის ყური, რას არ იტყვის მისი მოქნილი ენა. ჭორსა და მართალს არასოდეს უჭირდა თანაარსებობა, მაგრამ დღეს, ინტერნეტისა და სხვა ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ინფორმაციის გავრცელება ისე გამარტივდა, რომ ჭორ-მართალი მთლად ოაზისში აღმოჩნდა.

მაინც რა ბადებს ჭორს? თავიდათავი ალბათ მომჭირნემცოდნეობაა. სულ მთლად უცოდინარი ადამიანი ჭორს ვერ მოიგონებს, მცოდნეს კი, ნაკლებმოსალოდნელია, საამისოდ ეცალოს ან ამის სურვილი ჰქონდეს. ყველაზე ნოყიერ ნიადაგს, ნებით თუ უნებლიეთ, მცირედ მცოდნენი ქმნიან. ისე, თუ მიუკერძოებლად მივუდგებით, მთლად მათი ბრალიც არ უნდა იყოს. მეცნიერება და ტექნიკა ისე განვითარდა  და სხვადასხვა დისციპლინა ერთმანეთში ისე გადაიხლართა, რომ ერთ ადამიანს ყველაფრის ცოდნა აღარ ძალუძს. ადამიანის ტვინი იმავე ზომისაა, რაც რამდენიმე საუკუნის წინ, და კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა მასში აღარ ეტევა. სად არის გამოსავალი? რით შეიძლება ვებრძოლოთ ამ სენს? ეჭვით, კრიტიკით, ანალიზით – ტრიადით, რომელიც საფუძვლად უდევს იმას, რასაც დღეს მედიაწიგნიერებას ვუწოდებთ.

ქვეყნიერების შემოქმედმა ადამიანი, ისევე როგორც ყოველი სულიერი, ჟანგბადზე დამოკიდებულ არსებად გააჩინა. ეს უსუნო, უგემო, უფერული ნაერთი რომ არა, ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა სიცოცხლე. უკიდეგანო კოსმოსშიც უპირველესად ამ ნივთიერებას დავეძებთ. თუ რომელიმე პლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადი აღმოჩნდა, იქ შეიძლება სიცოცხლეც არსებობდეს – ისეთი, ჩვენ რომ ვიცით და წარმოგვიდგენია.

ადამიანი ოდითგანვე ეძიებდა სიცოცხლის არსს. სული ტკბილია და სამყაროს გაჩენიდან სხვადასხვა გზით ვცდილობთ მის უკვდავყოფას. ცხადია, არ გამოგვდის – მარადიული ხომ არაფერია სამყაროში, ამიტომ უფრო პრაგმატულებმა მის გახანგრძლივებაზე დავიწყეთ ფიქრი. ჯერ დავადგინეთ, რომ სიცოცხლისათვის მარტო გულისცემა არ იყო საკმარისი და მის შესანარჩუნებლად საკვების მიღებაზე მეტად სუნთქვა იყო საჭირო. მერე იმასაც მივაკვლიეთ, რომ ჰაერი ერთი ნივთიერება კი არა, სხვადასხვა აირის ნარევია, რომელთაგან სუნთქვისთვის მხოლოდ ერთია საჭირო, მოგვიანებით ჟანგბადი რომ დავარქვით. თანდათან ისიც გავარკვიეთ, რომ ჟანგბადს ჰაერში მცენარეები გამოყოფენ, ისინი რომ არა, დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა. ამიტომაც მისხალ-მისხალ დავიწყეთ დედამიწაზე ტყის საფარის ზომვა. ყველზე დიდი ამაზონის ტყე გამოვიდა და „დედამიწის ფილტვების“ იარლიყიც მივაწებეთ. ამიტომაც, სულ ცოტა ხნის წინ იქ დიდი ხანძარი რომ იყო, მთელ მსოფლიოს ეტკინა თავისი „ფილტვი“…

სად არის აქ ჭორი?

დღეს ბევრს სჯერა, რომ ხე-მცენარეები ჟანგბადის მთავარი წყაროა, მაგრამ ჟანგბადის წარმოებასა და დედამიწის ატმოსფეროში მისი ბალანსის შენარჩუნებაში ტყეების წვლილი არცთუ ისე დიდია. მაგალითად, ამაზონის ტყეები, სხვადასხვა მონაცემებით, მთელი ჟანგბადის 9-16%-ს აწარმოებენ. საიდან მოდის დანარჩენი? ოკეანეებიდან, უფრო ზუსტად, მისი ბინდარი უმარტივესი ორგანიზმებისგან, რომლებიც მთელი ჟანგბადის თითქმის 70%-ს წარმოქმნიან.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყეს არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ. დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებაში მას გაცილებით დიდი როლი აკისრია, ვიდრე მხოლოდ ჟანგბადის გენერაცია, როგორც ეს დიდმა ბუნებისმეტყველმა ვაჟა-ფშაველამ ბრძანა.

კომპლექსური დავალება: მარშმელოუ – არა მხოლოდ საყვარელი ტკბილეული

0

„როცა საჭმელს ამზადებ, უკვე ქიმიკოსი ხარ!

ყოველ ჯერზე მიჰყვები ან აუმჯობესებ რეცეპტს. ექსპერიმენტს ატარებ მჟავებითა და ტუტეებით, ემულსიებითა და სუსპენზიებით, გელებითა და ქაფებით, ახდენ ცილების დენატურაციას, ნაერთების გამოკრისტალებას, ფერმენტებსა და სუბსტრატს შორის ურთიერთქმედებას, ააქტიურებ ან თრგუნავ ბუნებრივ მიკრობებს. ნამდვილი ლაბორატორიისაგან განსხვავებით შეგიძლია მიირთვა ექსპერიმენტის პროდუქტი და დაადასტურო ჰიპოთეზა“. წერს სიმონ ქუელინ ფიელდი წიგნში ,,კულინარიული რეაქციები“.

დიდი ხნის ძიების შემდეგ ეს საინტერესო წიგნი აღმოვაჩინე. მასში უამრავი მაგალითია კომპლექსური დავალების პირობის შესაქმნელად და დამუშავების ეტაპის აქტივობების დასაგეგმად.

ავტორი სამზარეულოში მიმდინარე პროცესების ქიმიურ საფუძველს წარმოადგენს. მოსწავლეს შეუძლია ისეთ კითხვებზე მიიღოს პასუხი, როგორიცაა, მაგალითად:

  • რატომ იყენებენ ათქვეფილი ნაღებისათვის დიაზოტის მონოოქსიდს უფრო ხშირად, ვიდრე ნახშირორჟანგს?
  • რა ქიმიური საფუძველი აქვს ჰოლანდიური კარაქის მომზადებას?
  • როგორ წარმოიქმნება ნაღების ტოპინგი, ანუ ქაფი?
  • რა ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს ალუბლიანი ბეზეთი ,,Cherry Dream” ყველის მომზადების დროს?
  • როგორ გამოვყოთ ჰელოუინის გოგრიდან დნმ? და სხვა.

გთავაზობთ მეათე კლასებში უკვე განხორციელებული ინტეგრირებული კომპლექსური დავალების ნიმუშს ქიმიასა და ბიოლოგიაში: ,,მარშმელოუ – არა მხოლოდ საყვარელი ტკბილეული“.

საგნები: ქიმია და ბიოლოგია

კლასი – X

სამიზნე ცნებები ქიმიაში: სამიზნე ცნებები ბიოლოგიაში:
ივთიერება – (ქიმ.საშ.1,2,3,4)

ქიმიური ბმა – (ქიმ.საშ.1,2,3,4)

ფიზიკური და ქიმიური მოვლენები – (ქიმ.საშ.1,2,3,4)

სტრუქტურა და ფუნქცია – (ბიოლ. საშ. 1,2,3,4,5)

ბიომრავალფეროვნება – (ბიოლ. საშ. 1,2,3,4,5)

 

 

კომპლექსური დავალების პირობა: სკოლის მეათე კლასელებმა გადაწყვიტეს ლაშქრობის მოწყობა, ღამე კოცონიც უნდა დაანთონ და მარშმელოუს შეწვას გეგმავენ, თუმცა მშობლები და დამრიგებელი არ თანხმდებიან, რადგან ეშინიათ შვილების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მათი აზრით, ტკბილეული ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და კარიესის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ასევე სისხლში მნიშვნელოვნად გაზრდის გლუკოზის რაოდენობას.

გთავაზობთ მისი მომზადების რეცეპტს. თქვენი მიზანია, მოამზადოთ მოხსენება მშობლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც აუხსნით მარშმელოუს ქიმიურ შედგენილობას, მისი თითოეული ინგრედიენტის მნიშვნელობას და ქიმიურ მექანიზმს.

დავალების პრეზენტაციის დროს ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა გავლენას ახდენს ქიმიური ბმის ტიპი ნივთიერების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე (მკ.წ. 3. ნივთიერება);
  • რა გავლენას ახდენს გარემო პირობები ნივთიერების თვისებებზე (მკ. წ. 2 ქიმიური ბმა);
  • რა გავლენას ახდენს გარემო პირობები ცილების კონფორმაციულ ცვლილებებზე (მკ.წ. 3. სტრუქტურა და ფუნქცია);
  • როგორ აისახება ცილების განსხვავებული ქიმიური შედგენილობა სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების თავისებურებებზე (მკ.წ. 1 ბიომრავალფეროვნება).

დავალების დამუშავების ეტაპები ყველა კლასის საჭიროებიდან გამომდინარე განსხვავებულია. ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია:

პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცნობიან დავალების პირობას;

მეორე ეტაპზე დამუშავდება ზემოთ მითითებული სამიზნე ცნებები, როგორც ბიოლოგიის, ასევე ქიმიის გაკვეთილებზე (გაკვეთილების რაოდენობასა და რესურსებს მასწავლებელი შეარჩევს კლასის საჭიროებიდან გამომდინარე).

სავარაუდო აქტივობების მაგალითებია:

მესამე ეტაპზე მოსწავლეები წარმოადგენენ დავალებებს და გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრის რეფლექსიას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქიმია X – ბუთხუზი თ. ფაცაცია ს. კუჭუხიძე მ. ხატისაშვილი თ.- მასწავლებლის წიგნი, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“ 2022 წელი – https://bit.ly/3WRCMxq;
  2. ბიოლოგია X – ზაალიშვილი ნ. მოსწავლის წიგნი, ნაწილი I, გამომცემლობა ,,ტრიასი“ 2022 წელი https://bit.ly/3Iwebtr;
  3. ბიოლოგია X – ზაალიშვილი ნ. ზარდიაშვილი თ. მასწავლებლის წიგნი, ნაწილი II, გამომცემლობა ,,ტრიასი“ 2022 წელი – https://bit.ly/3GMUFI1;
  4. Marshmallow – https://bit.ly/3CtzEzm;
  5. Culinary reactions – Simon Quellen Field 2011.

 

 

 

 

 

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი გამოიცა

0

როგორ სკოლას ვქმნით? როგორი მოსწავლეები გვინდა, რომ გვყავდეს? როგორი

საზოგადოება, როგორი მსოფლიო გვინდა, რომ გვქონდეს?

თვალი რომ გადავავლოთ განვლილ ურთულეს წელს, ამ კითხვებზე გაცემულ მრავალ

ფილოსოფიურ, უტყუარ და ღირებულ პასუხს შორის, აუცილებლად ვიპოვით იმას, რაც

დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს – მონაწილეობას.

ჩვენ გვინდა სკოლა, სადაც მოსწავლეს უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ და ასწავლიან,

როგორ მიიღოს მონაწილეობა დიდი და მცირე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,

როგორ იქცეს პასუხისმგებლიანი საზოგადოების წევრად, როგორ ჩაერთოს საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში, როგორ გამოხატოს თანადგომა

სხვის მიმართ და როგორ იქცეს საერთო, გლობალური კონტექსტის აქტიურ ნაწილად.

სწორედ მონაწილეობითი კულტურაა ჩვენი ნომრის მთავარი თემა. მკითხველი გაეცნობა მონაწილეობის ძირითად პრინციპებს, თეორიულ ჩარჩოებსა და ფორმებს. ასევე,

მიიღებს ინფორმაციას საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევის

შესახებ, რომელიც სწორედაც სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობის ხარისხის შესწავლას ისახავდა მიზნად.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, თავადაც შეაფასოთ, უფრო ღრმად შეისწავლოთ

თქვენი სკოლის მონაწილეობითი კულტურა, გამოგადგებათ ამ ნომერში წარმოდგენილი

კითხვარები – მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლისა და საზოგადოების მონაწილეობის

ხარისხის სათანადოდ გასაზომად.

მოსწავლის მონაწილეობითი კულტურის / კომპეტენციების განვითარებაში გადამწყვეტი

როლი ენიჭება კლასის დამრიგებლის ფაქტორს. შესაბამისად, გიზიარებთ ერთ-ერთი

სკოლის მიერ ინიცირებული და განხორციელებული ერთწლიანი პროექტის კონცეფციას,

რომელიც ეხებოდა, სკოლებში დემოკრატიული კულტურისა და მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სასკოლო სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებას.

აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა, სკოლამ შეძლო მიღებული შედეგებისა და პროგრესის გაზომვა და ახლა, ინფორმაციის გაზიარებით, სხვა სკოლებსაც

აძლევს მსგავსი პრაქტიკის დანერგვის საშუალებას.

…როგორც ჩვენი მიმდინარე ნომრის მთავარი გმირი, ნიკო ცხვედაძე ამბობდა, სათანადოდ თუ არ იქნა განმარტებული სკოლის ხასიათი, ვერ შევძლებთ კეთილდღეობის

მიღწევას. არადა, საზოგადოების კეთილდღეობა არის ის, რასაც მიზნად ისახავდნენ

განათლების მესვეურები ერთი საუკუნის წინ და რაც მთავარ ორიენტირს წარმოადგენს

დღევანდელი მსოფლიოსთვისაც.

რედაქტორი : ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი: ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური

ნომრის ავტორები:

სალომე ცხვედიანი,  დენის წურწუმია, ლელა მახოხაშვილი, ნიკო ცხვედაძე, მაია არავიაშვილი, ნინო ჩიხლაძე, ნინო გაგელიძე.

ჟურნალის წაკითხვა  და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან: 

სკოლის მართვა #4

კომპლექსური დავალება – საკლასო ოთახის ამსახველი სურათის აღწერა

0

ეროვნული    სასწავლო      გეგმის            გრძელვადიანი        მიზნების მისაღწევად საჭიროა, სასწავლო პროცესი დაიყოს შუალედურ სასწავლო მიზნებად, რომელიც მიიღწევა კომპლექსური დავალებების განხორციელებით. თემის ფარგლებში უნდა დამუშავდეს ყველა შედეგი და სამიზნე ცნება.

დაწყებით საფეხურზე, ანბანის შემდგომი პერიოდისთვის გრძელვადიანი სამიზნე ცნებები ამგვარად არის განსაზღვრული:

 

  1. ტექსტი (ჟანრები);
  2. სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე);
  3. გრამატიკა (პრაქტიკული).

 

გრძელვადიანი სამიზნე ცნება – „სიტყვა, წინადადება, ტექსტი“ – შეიძლება დამუშავდეს ქვეცნებებზე – თხრობა, აღწერა, შედარება, დასაბუთება – დაყრდნობით.

 

კვლევები ადასტურებს, რომ საგნობრივი გზამკვლევებისა და მრავალფეროვანი სანიმუშო დავალებების დახმარებით სწავლების პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და სახალისოა.

 

მასწავლებლის შემოქმედებითობა არ იზღუდება, რადგან მას შეუძლია, აქტივობები და რესურსები სურვილისამებრ შეცვალოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ყველა რესურსი და აქტივობა შერჩეული იყოს გრძელვადიანი მიზნის შესაბამისად.

გთავაზობთ მეორე კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილ სარეკომენდაციო კომპლექსური დავალების სცენარს. ავტორი გახლავთ დაწყებითი განათლების საგნობრივი ექსპერტი, ნინო ჭიჭინაძე.

 

კლასი – II

გრძელვადიანი მიზანი – სამიზნე ცნება – სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე) შედეგები: (I).4, 5, 6) ქვეცნება – აღწერა.

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლე აცნობიერებს, რომ:

  1. სათქმელის გადმოსაცემად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა (მაგ., დროითი მიმართებების, მდებარეობის, ლოგიკური კავშირების, ნიშან-თვისებების აღსანიშნავად).
  2. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენება.
  3. იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, მისი აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.

 

შუალედური სასწავლო მიზანი

საკითხი – საკლასო ოთახის ამსახველი სურათის აღწერა.

ქვესაკითხი – საკლასო ოთახის ამსახველი ფოტოების აღწერა, ადგილმდებარეობისა და ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები.

 

საკვანძო შეკითხვა

  • როგორ აღვწერო სურათი ისე, რომ მსმენელს თვალწინ წარმოუდგეს იგი?
  • აღწერის რომელი მიმართულება ავირჩიო?

 

კომპლექსური დავალების პირობა

ზეპირად აღწერე სურათი, აღნიშნე დეტალები, მიუთითე, რას აკეთებს მასწავლებელი, როგორ იქცევიან მოსწავლეები.

შეფასების კრიტერიუმი – (კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული)

აღწერისას წარმოაჩინე:

 

  • სურათის რომელ ნაწილში რა არის გამოსახული (წინა პლანზე, უკანა პლანზე – კედლებზე, კედელთან, მაგიდებზე), როგორია – რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის) (ს.1, 2, 3);
  • ვინ არიან სურათზე გამოსახული, როგორები არიან, თითოეული სად არის და რას აკეთებს, როგორ იქცევიან მოსწავლეები (ს.1. 2. 3).

შენიშვნა: კომპლექსური დავალების პირობაში, შეფასების კრიტერიუმებთან, ფრჩხილებში, შემოკლებითაა მითითებული სამიზნე ცნება „სიტყვა, წინადადება, ტექსტი“ (ს) და მისი მკვიდრი წარმოდგენები.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

რესურსი: აღსაწერი სურათი

 

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება – კლასში ქცევის წესები

 

რესურსი 1: ასოციაციური რუკა

 

 რესურსი 2: პრეზენტაცია ქცევის წესებზე

https://www.slideshare.net/rusudanlomidze1/ss-77165140

აქტივობა 1. ასოციაციური რუკის შევსება; ხმამაღალი ფიქრი – მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებსა და ფიქრებს საკლასო ქცევებთან დაკავშირებით.

აქტივობა 2. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება; მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით ხსნიან, რისი გაკეთება ევალებათ, იხსენებენ წინარე გამოცდილებას აღწერასთან დაკავშირებით.

გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • რა წესები შეადგინე კლასისთვის?
  • რატომ/რისთვის არის საჭირო წესების შედგენა – რაში გვეხმარება საკლასო წესები?
  • რომელი ქცევის წესებია წარმოდგენილი პრეზენტაციაში?
  • რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თითოეულის დარღვევას?
  • შენ რომელ წესს გამოარჩევ – რომელი წესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
  • რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ მის შესაქმნელად?
  • რისი შესწავლა დაგვჭირდება?
  • გაიხსენეთ, რისი აღწერა გიწევთ თანატოლთან, მასწავლებელთან;

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი

 

ნაბიჯი 1. სურათის რომელ ნაწილში რა არის გამოსახული (წინა პლანზე, უკანა პლანზე – კედლებზე, კედელთან, მაგიდებზე), როგორია – რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის) (ს.1, 2, 3) ვინ არიან სურათზე გამოსახული, როგორები არიან, თითოეული სად არის და რას აკეთებს, როგორ იქცევიან მოსწავლეები (ს.1. 2. 3)

 

რესურსი 1: აღსაწერი სურათი

 

რესურსი 2. აღწერითი ტექსტის შეფასების ცხრილი

 

 

 

 

გასაუმჯობესებელია კარგია
დაზუსტებულია თუ არა საგანთა, ადამიანთა ადგილმდებარეობა?
გამოკვეთილია თუ არა საგანთა, ნიშან-თვისებები?
აღწერილია თუ არა ბავშვების ქცევები?  

 

მართებულადაა გამოყენებული სასვენი ნიშნები?  

 

 

 

აქტივობა 1. სურათის აღწერა დამხმარე კითხვების საშუალებით.

(მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ წინადადებებს მასწავლებელი დაფაზე წერს).

აქტივობა 2. შეკითხვების მიხედვით დაწერილ მოკლე ვარიანტზე დაყრდნობით გავრცობილი ვარიანტის შექმნა.

აქტივობა 3. აღწერითი ტექსტის პირველადი ვარიანტის შეფასება ცხრილზე დაყრდნობით.

 

გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • ვინ ჩანს სურათზე?
  • სად არიან?
  • სად დგას მასწავლებელი?
  • რას აკეთებს წინა მხარეს მერხზე მჯდომი გოგონა?
  • რას აკეთებს შუა რიგში კიკინებიანი გოგონა?
  • რას აკეთებს გოგონების უკან გამოსახული ბიჭი?
  • რას აკეთებენ სურათის მარცხენა მხარეს გამოსახული ბიჭები?
  • რას აკეთებს უკანა მერხზე მჯდომი გოგონა?
  • რა ჩანს სურათის უკანა პლანზე?
  • როგორ იქცევიან ბავშვები? როგორი განწყობაა კლასში?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად.

 

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით.

  • რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი აღწერაა?
  • აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე, რა გააკეთე რა თანამიმდევრობით?
  • განსაკუთრებით რა გაგიადვილდა? რა გაგიძნელდა, რატომ?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • ილუსტრაციის რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელმა წარდგენამ მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და რა დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში.

  • რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების გამოყენება.

 

ბიოგრაფია – მოსამართლე ილია ჭავჭავაძე

0
Under the radar books

 მოღვაწეების, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები სასკოლო სალიტერატურო კურსის შემადგენელი ნაწილია. როგორც წესი, ესაა ქრონოლოგიის დაცვით მოწოდებული მშრალი ჩამონათვალი გაკეთებული საქმეებისა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების მოკლე მიმოხილვა, დაბადება-გარდაცვალების წლები…

რა ამახსოვრდებათ მოსწავლეებს სახელმძღვანელოებში მოწოდებული მოკლე ან ვრცელი ბიოგრაფიის გაცნობისას?

რა წარმოდგენა ექმნებათ ამა თუ იმ მოღვაწეზე?

ვფიქრობ, ეს კითხვები მნიშვნელოვანია და მათზე პასუხების გაცემას მასწავლებლები პრაქტიკაზე დაკვირვებით შეძლებენ.

 

ზოგადად, საინტერესოდ მოწოდებული ბიოგრაფია კარგი შემეცნებითი აქტივობაა. სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ადამიანების ბიოგრაფიების გაცნობა ეხმარება ახალგაზრდას:

  • მიიღოს და გააანალიზოს ახალი ინფორმაცია;
  • იკვლიოს ისტორიული მოვლენები;
  • წარმოდგენა შეიქმნას ისტორიულ დროსა და ეპოქაზე.

ისინი აკვირდებიან ადამიანების ქცევას, მათ მოქმედებებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას – როგორ იქცეოდნენ „ცნობილები“ ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში? რა შეცდომებს უშვებდნენ? რა სირთულეები, დაბრკოლებები ხვდებოდათ? როგორ ძლევდნენ ამ სირთულეებს? როგორ მუშაობდნენ შეცდომების გამოსწორებაზე? რა საინტერესო და უჩვეულო ამბები გადახდენიათ თავს?

საკვანძო შეკითხვები, რომლებიც შეიძლება დამუშავდეს ბიოგრაფიის შესწავლისას, შემდეგია:

  • როგორ/რის საფუძველზე შემიძლია ამოვიცნო ადამიანის პიროვნული მახასიათებლები, მისი შინაგანი სამყარო, შეხედულებები, ფასეულობები?
  • როგორ წარმოვაჩინო მიღებული ცოდნა?

 

დავალებები, რომლებიც მოსწავლეებმა შეიძლება შეასრულონ მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად და საგნობრივი კომპეტენციების დასახვეწად:

  • წარმოსახვითი ინტერვიუ (ალტერნატივა – ე.წ. ჩეტბოტი)
  • ჩანაწერი დღიურში – ერთი დღე (პირის როლის მორგება და მისი პირადი დღიურისთვის ჩანაწერის მომზადება. დღიურში მასალის ფაქტობრივი ცოდნასთან ერთად წარმოჩენილი უნდა იყოს პიროვნების ფიქრები, ემოციები, დამოკიდებულებები).

ამჯერად ბლოგისთვის ილიას სამოსამართლეო პრაქტიკიდან შევარჩიე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობა. ილიას მრავალმხრივი მოღვაწეობიდან ილია მოსამართლის გაცნობა მოზარდებს აინტერესებთ ხოლმე.

როგორ წყვეტდა ამა თუ იმ დილემას? როგორ მუშაობდა? რა საქმეებს აწარმოებდა და როგორ?

პასუხები ამ კითხვებზე თავმოყრილია ვახტანგ ჟვანიას წიგნში „მართლმსაჯულება და პუბლიცისტიკის ზოგიერთი საკითხი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“. წიგნი მიზნად ისახავს, გააცნოს მკითხველს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი ბიოგრაფიის უცნობი მხარე. პირველ განყოფილებაში განხილულია ილიას პრაქტიკული იურიდიული მოღვაწეობა, მეორეში – მისი პუბლიცისტური წერილები.

 

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს წიგნიდან, სადაც კარგად ჩანს ილიას ხასიათი, მისი პიროვნება (ქვესათაურები ბლოგის ავტორისაა – ნ.ლ.)

 

წესრიგი+დისციპლინა

 

როგორც ვიცით, ილია მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა დუშეთში.

იმ პერიოდში განხილულია 2392 საქმე.

უმეტესობა – ილიას მიერ არის ნაწარმოები.

„საქმეები კარგად მიდის. რაც კი გვქონია, სულ მორიგებით გაგვითავებია“ – სწერს ილია ოლღას. მორიგებით დამთავრება კი მოსამართლის ავტორიტეტზე იყო დამოკიდებული. უმეტესწილად – ილიას „დარწმუნებით და შთაგონებით“ მოდავე მხარეები რიგდებოდნენ ან თანხმდებოდნენ.

სასამართლო არქივის შესწავლით ირკვევა, რომ დუშეთში ძირითადად განიხილებოდა სისხლის სამართლის, სამოქალაქო და სამეურვეო საქმეები.

კერძოდ:

ქურდობა, გამოძალვა, ყალბი დოკუმენტებით ქონების მითვისება, ძარცვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, დაჭრა, ცრუ ჩვენება, მრუშობა, დასახიჩრება, ექიმბაშობა, მაწანწალობა, ძალადობა…

„ილია მის წარმოებაში არსებულ საქმეებს თავად აფორმებდა – დოკუმენტაციას პირველი ფურცლიდან უკანასკნელამდე თითქმის ყოველთვის თავად აწესრიგებდა, სასამართლო უწყებებსაც ხელით ავსებდა.

რაც უნდა მცირე მნიშვნელობისა ყოფილიყო დოკუმენტი, ილია ყოველთვის მიუთითებდა კანონს და თითოეულ დებულებას კანონის შესაბამის დასაბუთებას აძლევდა. ეს დიდ დროს ართმევდა, ბევრ ენერგიას ითხოვდა, მაგრამ მაინც დიდ ყურადღებას უთმობდა. საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება არ შეეძლო.

 

უფლებადამცველი და ქალების ქომაგი

 

სასამართლო არქივში დიდი რაოდენობით საქმეა, რომლებიც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამოა აღძრული. ძირითადად, თავადაზნაურებსა და გლეხობას შორის. მოძალადეები – პირველნი იყვნენ, დაზარალებულები – გლეხები. შერიგების შემთხვევაშიც კი ილია დაზარებულების სასარგებლოდ ჯარიმას უნიშნავდა მოძალადეს.

განსაკუთრებით სიმკაცრეს იჩენდა ქალის შეურაცხყოფის შემთხვევებზე აღძრულ საქმეებზე.

„ვიხელმძღვანელე რა სამოქალაქო წარმოების 119 მუხლით, ვცანი გლეხი მათე კორაშვილი დამნაშავედ ქეთევან კორაშვილის შეურაცხყოფაში და უკანასკნელის კამეჩის მითვისებაში. სასჯელთა დებულების 135 მუხლის საფუძველზე დამნაშავეს ქალის მოქმედებით შეურაცხყოფისთვის განესაზღვროს ერთი თვე და თხუთმეტი დღე პატიმრობა… და მასვე დაეკისროს დაუყოვნებლივ დაუბრუნოს შეურაცხყოფილს თვითნებურად წაყვანილი კამეჩი“…

„ქალი საქმროს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ მშობლებმა მის გრძნობებს ანგარიში არ გაუწიეს და სხვაზე დასწერეს ჯვარი. ქალი წინ აღუდგა საუკუნეების მიერ დაკანონებულ ადათ-წესებს. ქმარს შუა ქორწილიდან გაეპარა და თავის მიჯნურთან მივიდა. მარტო ადათ-წესი კი არა, კანონიც ქმრის მხარეზე იყო, რომელმაც სასამართლოს წესით მოითხოვა დარღვეული უფლებების აღდგენა.

ილიამ მისი მოთხოვნა საფუძვლიანად არ ცნო. მიუთითა, რომ სიყვარულის გრძნობას წინ ვერავითარი კანონი ვერ აღუდგება და საკითხის გადაწყვეტაში, თუ ვის უნდა გაჰყვეს ქალი ცოლად – განუსაზღვრელი უფლება მასვე ენიჭება.

 

ნოვატორი

პრაქტიკაში სამეცნიერო-კვლევითი მეთოდების გამოყენება (კრიმინალისტიკა, სასამართლო მედიცინა…) ჯერ კიდევ ჩასახვის პროცესში იყო და მეტად დაბალ დონეზე იდგა. ილია პრაქტიკაში ხშირად იყენებდა სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზას. ყველა საქმეზე, რომელიც დასახიჩრებას, დაჭრას და სხვა ასეთებს ეხებოდა, ილია ნიშნავდა სასამართლო ექსპერტიზას.

 

ვექილი

მოსამართლედ მუშაობას თავი რომ დაანება, ნაფიც ვექილად დაიწყო მუშაობა.

ახალსოფლელი ივანე ინაშვილის მოგონება:
„ერთხელ ქალაქში მივედი ილიასთან, ვთხოვე დამხმარებოდა წართმეული მამულის დაბრუნებაში. ილია დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით, ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა და შემპირდა დახმარებას. მისმა მეუღლე ოლღამ მკითხა, თუ როგორ ვცხოვრობდი, მოიკითხა ჩვენი სოფლელი ნაცნობებიც. იმ დროს ახლად დაქორწინებული ვიყავი. ოლღამ ეს რომ გაიგო, ცოლისთვის ორი ახალი კაბა მაჩუქა და ერთი მეტად ლამაზი მოსახვევიც მომცა. ილიამ კი თავის ლაქიას უთხრა, აბა ინაშვილს პური კარგა აჭამე, უჭმელი აქედან არ გაუშვაო. ილიას დახმარებით ჩამორთმეული მამულიც მალე დავიბრუნე“.

 

ნაფიცი ვექილის, ილია ჭავჭავაძის პირად საქმეში არის ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც უდავოდ მტკიცდება, რომ გლეხებს საქმის წარმოებაში საზღაურს არ ართმევდა.

 

 

 

 

 

 

 

აღზრდა და აღმზრდელები კინემატოგრაფიაში

0

რამდენიმე თვის წინ ჩემი კოლეგის მიერ ჩატარებულ საინტერესო ვებინარს დავესწარი, რომლის სათაური „მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა“ იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა უცხო არ არის მასწავლებლებისთვის. ისინი ამის მიზეზად ძირითადად ბევრ რუტინულ საქმეს, ზედმეტი და არასაჭირო დოკუმენტების წარმოებას და თავისუფალი დროის უქონლობას ასახელებენ. არ ვიცი, სხვას როგორ დაეხმარება, მაგრამ ასეთ დროს მოტივაციის წყაროდ შეიძლება იქცეს ისეთი ფილმების ნახვა, რომლებიც ბავშვებს, მათ აღზრდას, პრობლემებსა და წარმატების მიღწევის გზებს ეხება, სადაც აღზრდასა და აღმზრდელებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ამიტომ, მათ, ვისაც მხატვრული ფილმების ნახვა და საჭიროების შემთხვევაში მათი განხილვა ძალიან უყვარს, შემიძლია რამდენიმე ფილმის სათაური და მცირე აღწერა შემოგთავაზოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე ნანახიც გექნებათ, თუმცა შეიძლება ზოგიერთი მათგანი თქვენთვის აღმოჩენა იყოს. გირჩევთ, მათ სანახავად დრო აუცილებლად გამოყოთ, რადგან ეს ნამდვილად კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის, მოტივაციისთვის, ოჯახის წევრებთან თუ მოსწავლეებთან სადისკუსიოდ.

  1. ჩამონათვალი აუცილებლად ქართული ფილმებით უნდა დავიწყო, რადგან ისინი მეტად ასახავს ქართულ სინამდვილეს. ამ სიის დასაწყისად მოვიაზრებ ისეთ ფილმს, როგორიცაა „როცა აყვავდა ნუში“. ფილმის მთავარი გმირი მდიდარი ბიზნესმენის ვაჟი – ზურაა. იგი იპარავს მამის მეგობრის მანქანას, რათა შთაბეჭდილება მოახდინოს კლასელებზე. ამ ფაქტის გაგების შემდეგ სკოლის დირექტორი მას ველოშეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა მოახერხებს მის გადარწმუნებას და შვილს ჩემპიონობასაც მოუტანს. კლასელებმა იციან, რომ ზურამ დაუმსახურებლად გაიმარჯვა, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. მხოლოდ შეყვარებული ხათუნა და მეგობარი ლექსო გააპროტესტებს ამ ფაქტს. ყველაფერი კი ავტოკატასტროფით მთავრდება, სადაც ლექსო იღუპება. ზურას მამა ისევ ცდილობს, შვილს სასჯელი ააცილოს, მაგრამ ამჯერად თავად ზურაა წინააღმდეგი. ფილმის დასასრული კი იმგვარია, რომ წესით მაყურებელმა თავად უნდა აირჩიოს, როგორ დაასრულებს ამ ამბავს.
  2. ძნელი დასაწყისი – ეს ქართული ფილმი ერლომ ახვლედიანისა და თენგიზ მაღალაშვილის სცენარის მიხედვითაა გადაღებული. სიუჟეტი კი ასეთია: სკოლა-ინტერნატში ახალ დირექტორს ნიშნავენ. მას ბევრი პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს სანამ ბავშვების ნდობას მოიპოვებს. მიაღწევს თუ არა მიზანს, ამას ფილმის ბოლო ნაწილში იხილავთ.
  3. მატილდა (Matilda) – როალდ დალის ამავე სახელწოდების საბავშვო რომანზე დაფუძნებული კლასიკური მიუზიკლის „მატილდა” რიმეიკი, ვუნდერკინდი პატარა გოგონას მატილდას შესახებ, რომელიც თავის უსიამოვნო მშობლებთან ცხოვრობს და დადის სკოლაში, რომელსაც მოძალადე დირექტორი მართავს, სადაც მისი კეთილი მასწავლებლის – მის ჰანის სახით მონათესავე სულს აღმოაჩენს. შედეგად, ის იძულებული ხდება დაუპირისპირდეს საზოგადოებას, რომელიც უარს ამბობს მის მიღებაზე. მატილდა ცდილობს, განავითაროს თავისი უჩვეულო შესაძლებლობები, ისწავლოს და შეიცნოს სამყარო, მაგრამ მოზარდები ყოველმხრივ ხელს უშლიან მის ცნობისმოყვარეობას და ცდილობენ, შეზღუდონ იგი. მახვილი გონებითა და უზარმაზარი ფანტაზიით შეიარაღებული, ახალგაზრდა გმირი ბედავს სასწაულებრივად შეცვალოს თავისი ბედი.
  4. კარგი ბავშვები არ ტირიან (cool kids don^t cry) – ახალგაზრდა ანია იმყოფება საავადმყოფოში, რადგან მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ჩანს, მას აქ დიდი ხნით დარჩენა მოუწევს. მაგრამ ანია არ აპირებს გამოტოვოს მნიშვნელოვანი საფეხბურთო თამაში და მისი ერთგული მეგობრების ლარისას და ლიზას დახმარებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს მისთვის ასეთ მნიშვნელოვან ტურნირში.
  5. ნახევრად ნელსონი (half nelson) – სკოლის მასწავლებელი ნარკოტიკების მომხმარებელია. ერთ-ერთი მოწაფე მის საიდუმლოს აღმოაჩენს, რის შემდეგაც ისინი დამეგობრდებიან. საინტერესოა, რაში გადაიზრდება მათი მეგობრობა.
  6. მონა ლიზას ღიმილი (mona lisa smile)კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც 1953 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად, სადაც დიდი წინააღმდეგობისა და ბარიერების მიუხედავად, არ წყვეტს ბრძოლას გენდერული სტერეოტიპების შესაცვლელად.
  7. თავისუფლების მწერლები (freedom writers) ფილმში ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს, ისწავლონ ტოლერანტობა, მეგობრობა, თანადგომა. იმუშაონ საკუთარ თავზე და ჩაუნერგოს მათ, რომ სკოლის შემდეგ სწავლა აუცილებლად გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში.
  8. წლის საუკეთესო მასწავლებელი (school of life) – ფოლბრუკის სკოლა აღფრთოვანებულია ახალი მასწავლებლით. მისტერ დი – ჭკვიანი, მშვენიერი, სასაცილო და აზრიანი გამომგონებელია. ახალგაზრდა კუმირს უკვე გამოუჩნდა გავლენიანი მტერი. პედანტ მისტერ უორენს გადაწყვეტილი აქვს, მიიღოს წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება. მაგრამ მისტერ დის გამოჩენის შემდეგ მისი შანსები ქრება.
  9. მკვდარი პოეტების საზოგადოება (dead poets society)ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.
  10. ბრონქსის ისტორია (a Bronx tale) – მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა, დღისით, მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გამო. მოწმემ – ცხრა წლის კალოჯერომ – არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო, სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა.
  11. აღორძინების ხანის ადამიანი (renaissance man) – სარეკლამო სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ ბილ რაგო სამხედრო ბანაკში იწყებს მუშაობას და ცდილობს, განავითაროს ჯარისკაცების ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები.
  12. სუფთა დაფა (tabula rasa) – ახალგაზრდა ქალი, სახელად მია, საავადმყოფოში იღვიძებს. მას ამნეზია აქვს. მასთან დეტექტივი მიდის და ეუბნება, რომ იგი ერთადერთია, ვინც ბოლოს ნახა გაუჩინარებული ტომას სპეკტრი. შესაბამისად, მია ერთადერთი მოწმე და მთავარი ეჭვმიტანილია. კლინიკიდან გამოსასვლელად მიას მეხსიერების დაბრუნება სჭირდება. რაც მეტაც დილობს, დააკავშიროს მოვლენები, მით უფრო ნაკლებად ენდობა გარშემომყოფებს.
  13. გუნდის მომღერლები (The chorus) – სიუჟეტი ვითარდება საფრანგეთში 1940 წელს, სკოლის ახალი მასწავლებელი, რთულად აღსაზრდელ და იმედდაკარგულ ბიჭებს ახალ იმედსა და შთაგონებას სთავაზობს სიმღერის სახით.
  14. რონ კლარკის ისტორია (The Ron Clark story) – ფილმის გმირი, პედაგოგი-იდეალისტი პროვინციას ტოვებს, რათა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლოს. რონ კლარკი მთელ თავის ძალასა და ინოვაციურ მეთოდებს იყენებს, რათა ახალი მოწაფეები შთაგონებისკენ წაიყვანოს. შეძლებს თუ არა იგი მოსწავლეთა დაინტერესებასა და სკოლის შეყვარებას ამას თავად ფილმის ბოლო ნაწილში იხილავთ.
  15. სიტყვები და სურათები (words and pictures) – ინგლისურის ენისა და ხელოვნების მასწავლებელი სკოლაში ნამდვილ ომს გააჩაღებენ, რომელშიც მოსწავლეებს ჩართავენ, ისინი ცდილობენ, გადაწყვიტონ რა უფრო მნიშვნელოვანია სიტყვები თუ სურათები. თქვენ როგორ ფიქრობთ?
  16. იპოვო ფორესტერი (finding forrester) – მწერალი უილიამ ფორესტერი მრავალი წელია, რაც საკუთარი ნებით, განდეგილად ცხოვრობს. ის ხალხში უკანასკნელად ორმოცი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც მისი შესანიშნავი წიგნი დაიბეჭდა. მას შემდეგ, მისი სახლის ზღურბლზე არავის გადაუბიჯებია. მაგრამ 16 წლის ჯამალ უოლესმა მასთან შეღწევა მოახერხა. ეს შემთხვევითი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. ფორესტერს კარს მიღმა ცხოვრების ინტერესი კვლავ დაუბრუნდა, ჯამალი კი, რომელსაც ბრწყინვალე სპორტული მომავალი აქვს, მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება – ლიტერატურაა.
  17. ჩანაცვლება (detachment) – „შეცვლა“ – სამი კვირის განმავლობაში, კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთ-ერთი მასწავლებლის – ჰენრი ბართსის თვალით დანახულს გვიჩვენებს. ის დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება და როდესაც მორიგ სკოლაში გააგზავნიან, სამი სხვადასხვა ქალის დახმარებით, ის ცდილობს სასტიკ სამყაროში მშვენიერების პოვნას.
  18. სკანდალური დღიური (notes on a scandal) – ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს, შება ჰარტს თავის 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს. მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს, რადგანაც ყველაფერი ცნობილი ხდება სხვა მასწავლებლისთვისაც.
  19. საოცრება (wonder) – ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეოთამაშები, თავის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების“ ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა – სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰგავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმის დამტკიცება, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
  20. სამი იდიოტი (3 idiots) – მოულოდნელი ზარი წარსულიდან ორ მეგობარს შოკში აგდებს. მათ საყვარელი მეგობარი რანჩო პოულობს, რომლის მოძებნაც 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს. თუმცა, რაც ძალიან გინდა, ბოლოს აუცილებლად აგისრულდება. რანჩო აიძულებს მათ ცხოვრებისეული შეხედულებები შეიცვალონ და სწორი არჩევანი გააკეთონ.
  21. რადიო (radio) – რადიო ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს. ფეხბურთის გუნდის მწვრთნელის მხარდაჭერით რადიო გუნდის მენეჯერი და ყველასათვის მისაბაძი მაგალითი ხდება.
  22. მაკფარლანდი (Mcfarland) – ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. 90-იან წლებში პატარა ქალაქ მაკფარლანდში, პროფესიონალმა მწვრთნელმა შექმნა მძლეოსანთა გუნდი ჩვეულებრივი ადგილობრივი ხულიგნებისგან და გუნდი სპორტული ოლიმპის მწერვალზე აიყვანა. როგორ და რა მეთოდებით ახერხებს ამას მწვრთელი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ფილმში.
  23. ვარსკვლავები დედამიწაზე (like stars on earth) – პატარა 8 წლის იშან ავატი დანადებიდან განსხვავდება სხვა ბავშვებისაგან. ის დისლექსიკია. მას გაცილებით უჭირს იმის ათვისება, რასაც მისი ასაკის ბავშვები მარტივად აკეთებენ. მისი გაგება მშობლებს უჭირთ, როდესაც იშანი მესამე ჯერზეც ვერ ჩააბარებს სკოლის გამოცდას, მამა დასჯის და სკოლა-ინტერნატში გააგზავნის. იქ კი იწყება ნამდვილი თავგადასავლები იშანის ცხოვრებაში, რომელიც შეცვლის მის მომავალს.
  24. სახიფათო ფიქრები (dangerous minds) – ლოუან ჯონსონი საზღვაო ქვეითია, ის იწყებს მუშაობას ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან კოლეჯში. თავდაპირველად მისთვის აქ მუშაობა რთულია, რადგან მას ურთიერთობა აქვს „განსხვავებულ“ მოსწავლეებთან, თუმცა მალე ის ხდება მათთვის საყვარელი მასწავლებელი, რომელიც ორიგინალურ ხერხებს იყენებს, რათა გაკვეთილები სასიამოვნო გახადოს.
  25. აკილას გაკვეთილი (akeelah and the bee) – 11 წლის აკელა ანდერსონის ცხოვრება მარტივი არაა, მას მამა გარდაეცვალა, დედას კი არ ადარდებს. გოგონა საზრიანია, მაგრამ მეტყველების პრობლემები აქვს, სკოლის მასწავლებლის დახმარებით ის პრობლემას დაძლევს და მეტყველების კონკურსში იღებს მონაწილეობას.
  26. კლასის წინ (front of the class) – ბრედი პატარაობიდანვე ტურეტის სინდრომით იტანჯება. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის.
  27. ბილი ელიოტი (Billy Elliot) – რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში. მამა და ძმა კი ამის წინააღმდეგია. როგორ და რა გზებით მოახერხებს იგი მიზნის მიღწევას, ამას ფილმის მსვლელობისას გაიგებთ.
  28. თემპლ გრანდინი (Templ Grandin)ეს გახლავთ ბიოგრაფიული ფილმი აუტისტ თემპლ გრანდინის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი გახდა სოფლის მეურნეობის სფეროში. ფილმის მთავარი გმირი სასწავლო პროცესში შეხვდება მასწავლებელს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი წარმატებული მომავლის განსაზღვრაში.
  29. ენი (Anne with an e) სერიალიენი ცამეტი წლის ობოლი გოგონაა, რომელმაც ადრე დაკარგა მშობლები. გოგონა ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს, მაგრამ მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც შეცდომით ბიჭის ნაცვლად ახალ ოჯახში გაგზავნიან საცხოვრებლად, მარტო მცხოვრებ ასაკოვან და-ძმასთან. სერიალში ისეთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხებია წარმოჩენილი, როგორიცაა – სტერეოტიპებით ცხოვრება, გენდერული უთანასწორობა, რასობრივი განსხვავებულობა, სოციალური უთანასწორობა და სხვა. თუმცა ამ საკითხებს ფარავს ისეთი დადებითი თვისებები, როგორიცაა, სიყვარული, სიკეთე, ზრუნვა, მეგობრობა და ბუნების სიყვარული.
  30. სიყვარული 101 (love 101) სერიალი 1990-იან წლებში თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში არის მოზარდ მეამბოხეთა ჯგუფი, რომლებსაც „გარიყულებს“ უწოდებენ. მათ სკოლიდან გარიცხვას მხოლოდ ერთი მასწავლებელი დაუპირისპირდება. ცოტა ხანში ეს მასწავლებელი (ბურჯუ) სკოლიდან გადასვლას გეგმავს. ამის გამო მოსწავლეები საერთო მიზნის ქვეშ ერთიანდება: მათ საყვარელ მასწავლებელს ვიღაც უნდა შეუყვარდეს, იმისათვის, რომ მათთან, ქალაქში დასარჩენი მიზეზი ჰქონდეს. შეიცვლება თუ არა მოსწავლეთა სკოლისადმი დამოკიდებულება და მათი მომავალი ეს მხოლოდ მასწავლებლების ქმედებასა და მათ მეგობრობაზეა დამოკიდებული.
  31. ეს ჩამონათვალი ერთი საოცარი და ემოციური ფილმით მინდა დავასრულო „სიბნელე“ (black), (თუმცა ქართულ თარგმანში შეიძლება შეგხვდეთ შემდეგი სათაურით – „უკანასკნელი იმედი“) . მოქმედება მთის კურორტზე, XX საუკუნის დასაწყისში ხდება. ფილმში ორი მთავარი გმირია: დაბადებიდან მხედველობაშეზღუდული და სმენადაქვეითებული ანგლო-ინდოელი გოგონა – მიშელ მაკნელი, რომელიც სრულ სიბნელეში ცხოვრობს; და მისი ექსცენტრული აღმზრდელი დევრაჟ სახაი. დევრაჟი მრავალი მცდელობის შედეგად ახერხებს, გოგონას ასწავლოს შეხებით საუბარი, სიჩუმის მოსმენა და სიბნელეში მზის სხივის დანახვა. მას ერთადერთი სიტყვა არ უსწავლებია მხოლოდ მიშელისთვის და ეს იყო სიტყვა „შეუძლებელი“. თუ ემოციების გამოხატვა თქვენთვის უცხო არ არის, გამორიცხულია ფილმის ნახვამ ცრემლების გარეშე ჩაიაროს. მისი სიუჟეტი კი ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...