ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
3 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

ნატიფი იაპონია, რომელმაც შემქმნა – იასუნარი კავაბატა

0
როცა კი ძველი ხელნაწერის ნიმუშის მოყვანა მომიწევს, ხშირად ვიმოწმებ ძენის მსახურის – ლოგენის (1200-1253) “საწყის ხატებად” წოდებულ ლექსს:

“გაზაფხულზე ყვავილთა კვირტებია,
ზაფხულში – გუგული,
შემოდგომაზე – მთვარე,
ზამთარში – სპეტაკი და ცივი თოვლი”.

და კიდევ ბრძენ მიოეს (1173-1272) შემდეგ ლექსს:

“ღრუბლებიდან გამოსულო,
ჩემო მეგზურო ზამთრის მთვარევ,
ნუთუ ქარმა არ გაგთოშა,
ნუთუ თოვლს არ დაუსუსხიხარ?..”

უტა-მონოგატარის  მსგავსად, მიოეს ამ ლექსსაც გრძელი და დაწვრილებითი წინასიტყვაობა ახლავს, საიდანაც ნათელი ხდება მისი არსი: “გაინენის 1 წლის 12 დეკემბერს (დაახლოებით 1224 წ) ღამით ცა მოღრუბლულიყო და მთვარეც დაებნელებინა. სასახლეში შევედი და ძაძენის პოზა მივიღე. ფეხაკრეფით მოვიდა შუაღამე. როცა მედიტაციის მერე ზედა სამლოცველოდან ქვედაში ვბრუნდებოდი, მთვარემ ღრუბლები გაარღვია და განათებული თოვლიც აელვარდა. მთვარე მეგობრად მომევლინა და ველზე მგლების ყმუილს ძლიერ არ შევუშინებივარ. შევედი ქვემო სამლოცველოში და ცოტა ხანი დავყავი. გამოვედი… მთვარე ისევ ღრუბლებს მიჰფარვოდა. როცა შუაღამის ზარმა დარეკა და ისევ ზედა სამლოცველოს მივაშურე, მიმავალი დამინახა თუ არა მთვარემ, ღრუბლები მიატოვა და გამომყვა. მთის წვერს მივაღწიე და მედიტაციის ოთახში შევედი, მთვარე კი ღრუბლებს გამოედევნა; გეგონებოდათ, დაუოკებელი სურვილი აქვს, მოპირდაპირე მთის წვერს მოეფაროსო. ალბათ, უსულო მთვარეს სურდა დაეფარა, რომ ჩემი მეგზური იყო”.
ამას მოსდევს ზემოთ მოყვანილი ლექსი და შემდეგ გრძელდება. “როცა მთვარე მთის წვერს მიადგა, მედიტაციის ოთახში შევედი:
მე მთის წვერისაკენ წავალ, შენც იქ წამოდი, მთვარევ, და როგორც ამაღამ, ვიყოთ სამარადჟამოდ ერთად”.
ლექსი მიოემ, ალბათ, მაშინ შექმნა, როცა ღამით განმარტოვდა ძენის რიტუალის ოთახში, ანდა იქ ალიონზე შევიდა: “მედიტაციის დროს თვალები გავახილე. გამთენიის მთვარის შუქი ფანჯარას დაეცა. მე სიბნელიდან ვუყურებდი ამას და ვერ გამეგო – ჩემი ნათელი სულის შუქი იყო იგი თუ მთვარისა – გულის სიღრმემდე ჩაიჭრება ნათელი იგი და გონებას გააცისკროვნებს. ნეტავი მთვარეს ხომ არ ჰგონია, რომ ეს მისი შუქია?!”
საიგიოს მოიხსენიებენ საკურას პოეტად, ხოლო მიოე მთვარის მეხოტბედ იწოდება. ნათელო, ნათელო ო, ნათელო, ნათელო, ო, ნათელო, ნათელო, ო, ნათელო, ნათელო, ო, ნათელო, ნათელო, ნათელო, მთვარევ!
ესაა ლექსი, სადაც იგრძნობა მხოლოდ და მხოლოდ გულის, გრძნობის ზეაღმავალი ძახილი!
შუაღამიდან გათენებამდე მიოემ “ზამთრის მთვარეს” სამი ლექსი მიუძღვნა, რომელთა საერთო დევიზად გამოდგება საიგიოს სიტყვები: “როცა ლექსს ქმნი, სინამდვილეში არ იფიქრო მის შექმნაზე”.
თითოეული ეს ლექსი მთვარისადმი მიმართული გულღია და ხალასი ჰიმნია. 31-მარცვლიანი ლექსით მიოე ესაუბრებოდა მთვარეს არა მარტო როგორც მეგობარს, არამედ როგორც უახლოეს ადამიანს. “ვუყურებ მთვარეს და მთვარედ ვიქცევი. მთვარეც მიყურებს და იქცევა იმად, რაც მე ვარ. ერთმანეთის ბუნებით ვივსებით, ერთმანეთში ვითქვიფებით”.
ნიშანდობლივია, რომ გამთენიისას, ბნელ ოთახში, მედიტაციაში მყოფი პოეტის “გაცისკროვნებული გონების” ნათელი – ალიონის მთვარეს თავისი შუქი ჰგონია. ლექსში – “ჩემი მეგზური ზამთრის მთვარე”, როგორც გრძელი შესავლიდანაა ნათელი, მიოემ, ვისი გონებაც დარბაზში შესვლისას ფილოსოფიასა და რელიგიაზე ფიქრით იყო გაცისკროვნებული, გადმოგვცა მთვარესთან შეხვედრით გამოწვეული ნატიფი გრძნობები, მასთან უხილავი ურთიერთობა.
რაც შეეხება ჩემ მიერ ნიმუშად ამ ლექსის მოტანას, ამის მიზეზია მათი ალალი სიკეთე და გულისხმიერება. “ალბათ, ზამთრის მთვარე, რომელიც ხან ღრუბლებს ეფარებოდა, ხან კი გამოიხედავდა და, მედიტაციის ოთახისაკენ მიმავალს, გზას მინათებდა, იყო მიზეზი იმისა, რომ მგლების საშინელმა ყმუილმა ვერ შემაკრთო. ნუთუ შენ, მთვარევ, ან ქარმა არ გაგთოშა, ან თოვლს არ დაუსუსხიხარ?”
მე ეს ლექსები გაგაცანით, როგორც ბუნებისა და ადამიანებისადმი თბილი, ღრმა, ფაქიზი თანაგრძნობის გამომხატველი, რომლებშიც არეკლილია იაპონური სულის უსაზღვრო სინაზე.
ბოტიჩელის შემოქმედების მკვლევარმა, ძველი და ახალი აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ხელოვნების მცოდნემ, საქვეყნოდ ცნობილმა დოქტორმა იასირო იუკიომ თქვა: “იაპონური ხელოვნების დახასიათებისათვის, უწინარეს ყოვლისა, გამოდგება შემდეგი პოეტური ფრაზა: არასოდეს ისე არ ფიქრობ მეგობრებზე, როგორც თოვლის, ყვავილებისა და მთვარის აღქმის დროს”. როცა აღიქვამ თოვლის სილამაზეს, მთვარის სილამაზეს, ერთი სიტყვით, როცა თვითონ შეგძრავს წლის ოთხივე დროის მშვენიერებასთან შეხება, როცა სილამაზის მარადიული მოძრაობა სიხარულით აღგავსებს, ახლობლებზე ფიქრი მაშინ განსაკუთრებით გეუფლება, მოგეძალება სურვილი, რომ ისინიც ამ ბედნიერების თანაზიარნი გახადო. ერთი სიტყვით, სილამაზის შეცნობაა ადამიანთა ხალასი და ფასეული გრძნობების აღმძვრელი. ამ დროს სიტყვა “ახლობელიც” ფართო გაგებას იძენს – “ადამიანს” აღნიშნავს, სიტყვები “თოვლი, მთვარე, ყვავილები”, რომლებიც ასახავენ ერთიმეორის შემცვლელი წლის ოთხივე დროის მშვენიერებას, იაპონიაში ტრადიციულად გამოხატავენ სილამაზეს საერთოდ – მთების, მდინარეების, ბალახების, ხეების – მთელი ბუნებისა და ადამიანთა გრძნობების სილამაზეს. “არასოდეს ისე არ ფიქრობ მეგობრებზე, როგორც თოვლის, მთვარის, ყვავილების აღქმისას” – ასევე ხდება ჩაის ცერემონიალის დროსაც. ჩაის სმის დროს შეხვედრა – ესაა იგივე გრძნობათა შეხვედრა სასიამოვნო საზოგადოებაში, სასიამოვნო ხალხში და სასიამოვნო დროს. ჰო, მართლა, თუ მკითხველები ჩემს მოთხრობაში – “ათასფრთიანი წერო” – დაინახავენ ჩაის ცერემონიალის მხოლოდ შინაგანი და გარეგანი ფორმების სილამაზის ჩვენებას, შეცდებიან. ეს ლიტერატურული ნამუშევარი ამ შემთხვევაში უფრო უარყოფაა, ეჭვებითა და გაფრთხილებებით სავსე მიმართვაა იმ ვულგარულობის საწინააღმდეგოდ, რითაც ხასიათდება თანამედროვე ჩაის ცერემონიალები.
გაზაფხულზე – ყვავილთა კვირტები, ზაფხულში კი – გუგული, შემოდ­გომაზე – მთვარე, ზამთარში – სპეტაკი და ცივი თოვლი.
თუ ფიქრობთ, რომ დოგენის ამ ლექსში წელიწადის ოთხი დროის სილამაზეზე მხოლოდ მექანიკურად ჩამოთვლილი გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ბანალური, გაცვეთილი და იაპონელებისთვის კარგად ცნობილი სურათებია, იფიქრეთ! თუ იმასაც იტყვით, რომ ეს ლექსი არც არის, თქვით! მაგრამ ნახეთ, რარიგ ჰგავს ეს ლექსი მეორე ძველი პოეტის, რიოკანის (1758-1881) სიკვდილის წინ დაწერილ ქმნილებას: თუკი სამახსოვროდ ჩემს მერე რაიმე დარჩება, ეს გაზაფხულის ალუბლის ყვავილები, მთებში გუგულის ხმა და შემოდგომის წითელი ფოთლები იქნება.
აქაც, დოგენის ლექსის მსგავსად, ჩვეულებრივი სახეები და უბრალო სიტყვები სავსებით ძალდაუტანებლად, ხელშესახები უბრალოებით მიჰყვებიან ერთმანეთს, ურთიერთს ავსებენ და იაპონიის სულს გადმოგვცემენ. ამასთანავე, რიოკანის ეს ლექსი უკანასკნელია.
როგორ გადიან გაზაფხულის ნისლიანი და გრძელი დღენი… თითქოს ბავშვებთან ბურთს ვთამაშობდე… გრილი ქარია და კაშკაშებს მთვარე. მომინდა მეგობრებთან ერთად ცეკვა – მოხუცს ცელქობის სურვილმა დამრია ხელი… ადამიანებთან ცხოვრებას შევეწყვე, მათთვის არც უცხო ვარ თითქოს, მაგრამ რაოდენ კარგია მარტოობის ტყვედ ყოფნა.
რიოკანი იყო საუკეთესო ლექსების ავტორი და კალიგრაფიული სტილის დიდოსტატი. ედოს გვიანი პერიოდის (XVIII-XIX სს. დასაწყისი) იაპონიის ვულგარული გემოვნების უარმყოფელი და სიძველეთა სინატიფის ერთგული. მისი ნაწერები და ლექსები დღეს იაპონიაში ძალიან ფასობს. მას თავისი ლექსების მსგავსი სული ჰქონდა. ცხოვრობდა განმარტოებით მდგარ დახავსებულ ქოხში, ატარებდა უბრალო სამოსს, მინდვრის ბილიკებზე დაეხეტებოდა, თამაშობდა ბავშვებთან, ესაუბრებოდა გლეხებს რელიგიასა და ლიტერატურის სიღრმეებზე რთულ მსჯელობებს გაურბოდა. ის მისდევდა ბუდისტურ ფრაზას “მომღიმარი სახე და ალერსიანი სიტყვები”, სჯეროდა ამ სიტყვების სიკეთისა. სიკვდილის წინ დაწერილი მისი ზემოთ მოყვანილი ლექსიდან ჩანს, რომ იგი, ამ სოფლიდან წასული, სამახსოვროდ არაფერს ტოვებს, არც ფიქრობს რაიმეს დატოვებას. მისი სიკვდილის მერე ბუნება უფრო მშვენიერი დარჩება და, მისი აზრით, სწორედ ეს იქნება მის მიერ ამქვეყნად დატოვებული სახსოვარი. ამ ლექსით შეიძლება შეფასდეს ძველი იაპონიის გრძნობადი სამყარო. რიოკანის ამ ლექსში ჩანს მისი სულის რწმენაც. რა დრო, რა ხანი დამჭირდა ლოდინი, სანამ ის მოვიდა… ახლა ერთად ვართ… მეტი სხვა რაღა ვინატრო ნეტავ?
რიოკანის ეს სატრფიალო ლექსი ჩემი საყვარელი ლექსია. სიბერემოძალებული და დასუსტებული რიოკანი 29 წლის მონაზონს, ტეისინს შეხვდა და თავდავიწყებით შეუყვარდა. ამ ლექსში ჩანს საყვარელ ქალთან, როგორც მარადისობასთან, შეხვედრით გამოწვეული სიხარული და საყვარელი ქალის, როგორც ნანატრი სიყვარულის, მოსვლით გამოწ­ვეული ბედნიერება. “მეტი სხვა რაღა ვინატრო, ნეტავ?” – რა უბრალოდ ამთავრებს პოეტი თავის ლექსს!..
რიოკანი გარდაიცვალა 74 წლისა. იგი დაიბადა პროვინცია ეტიგოში (ახლა ნიიგატას პრეფექტურა), ჩრდილოეთ მხარეს, რომელსაც “უკიდურეს იაპონიას” უწოდებენ და სადაც სახეში გეცემათ ციმბირიდან დაძრული, იაპონიის ზღვაზე გადმოვლილი ჩრდილოეთის ქარი. ეს კუთხეა აღწერილი ჩემს რომანშიც – “თოვლიანი მხარე”, რიოკანმა მთელი სიცოცხლე ამ თოვლიან მხარეში გაატარა. სიბერისაგან დაუძლურებული იყო, გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და, მიუხედავად ამისა, მისმა არსებამ სატორის მიაღწია. ვფიქრობ, მის “მომაკვდავის გამოხედვაში” ბუნება გამოიხატა უფრო ნატიფად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. მაქვს “მომაკვდავის გამოხედვად” წოდებული ძიუხიცუ.  აქ ეს სათაური აკუტაგავა რიუნოსკეს (1892-1927) ნაშრომიდან არის აღებული, რაც მან თვითმკვლელობის გამო ვერ დაასრულა.
ამ დაუმთავრებელ ნაშრომში არის სიტყვები, რომლებმაც სულის სიღრმემდე შემძრა: “სიცოცხლისუნარიანობა, სასიცოცხლო ძალა თან­დათანობით დამეშრიტა, მე ავადმყოფურ ნერვთა სამყაროში ვარსებობ, რომელიც ყინულივით გამჭვირვალეა. ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, ოდესმე შევძლებ – გავბედო და თავი მოვიკლა? ბუნება კი ჩემთვის ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გალამაზდა. თქვენ შესაძლოა ჩემს პარადოქსებზე სიცილიც დაიწყოთ: ვეტრფი ბუნების სილამაზეს და თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. მაგრამ ბუნება იმიტომ არის ასე ლამაზი, რომ ჩემში, როგორც მომაკვდავის გამოხედვაში, ირეკლება იგი”.
1927 წელს, 35 წლის ასაკში, აკუტაგავამ თავი მოიკლა. მე კი ჩემს “მომაკვდავის გამოხედვაში” მიწერია: “რაც არ უნდა დაგეშრიტოს ამ ქვეყნისადმი ინტერესი, თვითმკვლელობა სატორიმდე არ მიგიყვანს, რაც არ უნდა მაღალი სულისა იყო, თვითმკვლელი სრულყოფას ვერ მიაღწევ. არც აკუტაგავა, არც დაძაი ოსამუ (1909-1948), რომელმაც ომის მერე თავი მოიკლა, არც სხვანი ჩემში არც თანაგრძნობას იწვევენ, არც ხოტბის სურვილს. მყავდა მეგობარი, მხატვარი-ავანგარდისტი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. სწორედ მას ვახსენებ “მომაკვდავის გამოხედვაში”. ისიც ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. მას უყვარდა თქმა: “არ არსებობს სიკვდილზე უფრო მაღალი ხელოვნება”, ანდა – “სიკვდილი ნიშნავს სწორედ სიცოცხლეს” (“მომაკვდავის გამოხედვა”). მე მაინც მგონია, ბუდისტურ ტაძარში დაბადებული, ბუდისტურ სკოლაში გაზრდილი ადამიანის შეხედულება სიკვდილზე განსხვავდება ევროპელის შემდეგი შეხედულებისაგან: მოაზროვნეთა შორის განა არის ისეთი ვინმე, ვისაც თვითმკვლელობაზე არ უფიქრია? ჩემთვის ცნობილია, რომ სწორედ იმ იკიუმ (1394-1481) ორჯერ სცადა თავის მოკვლა. მე აქ ვიხმარე გამოთქმა “სწორედ” იმიტომ, რომ იგი ცნობილია ბავშვებისთვისაც კი, როგორც მახვილგონიერი მეზღაპრე. მასზე ფართოდაა გავრცელებული თავისუფალი, ექსტრავაგანტური, უცნაური ანეკდოტები. თურმე, ჩვეულებად ჰქონდა – ბავშვებს ჩაისვამდა კალთაში, ისინიც ხელით წვერს უვარცხნიდნენ, ჩიტები მისი ხელიდან საჭმელს კენკავდნენ. ეს ხომ უმაღლესი უბრალოებაა. იგი იყო კაცთმოყვარე. მშვიდობიანი და გულღია. ამასთანავე, ნამდვილად სხარტი, ღრმააზროვანი, ჭეშმარიტად ძენის პოეტის.
გადმოგვცემენ, რომ იმპერატორის შვილი, 6 წლის იკიუ, ბუდისტურ ტაძარში მივიდა. უკვე მაშინვე ჩანდა გენიალური ყმაწვილი პოეტის ბრწყინვალება. აქედან იწყება რელიგიასა და ადამიანის ცხოვრების არსში დაეჭვებით გამოწვეული მისი ტკივილებიც. ყოფილა შემთხვევა, რომ იგი ტბაში გადავარდნილა, მაგრამ გადაურჩენიათ; “თუ ღმერთი არის, ის მომეხმაროს. და, თუ ღმერთი არ არსებობს, ტბის ფსკერისაკენ დავეშვები და თევზებს გავაძღობ”. როცა იკიუს ტაძარში – დაიტოკუძიში – ერთ-ერთმა ბერმა თავი მოიკლა და რამდენიმე კაცი ციხეში ერთიმეორის მიყოლებით წაიყვანეს, იკიუ წავიდა მთებში, აღიკვეთა ჭამა და ელოდა სიკვდილს იმიტომ, რომ “როგორც მხრებზე დაწოლილ ტვირთს”, ისე გრძნობდა პასუხისმგებლობას.
მან თავისი ლექსების კრებული დაასათაურა, როგორც “შეშლილი ღრუბლები”. მისი ფსევდონიმიც “შეშლილი ღრუბელი” იყო. უნდა ითქვას, რომ “შეშლილ ღრუბლებში” და მეორე კრებულშიც შუა საუკუნეების იაპონიისათვის დამახასიათებელი კანსის,  მით უმეტეს ძენის პოეზიის მაგიერ თვალში გვხვდება კანონების ჯებირებს გადაცილებული ეროტიკული ლირიკა. იმ დროისათვის უმაგალითო სიმამაცე იყო ასე დაუფარავად ელაპარაკა პოეტს სარეცლის საიდუმლოებებზე. იკიუ ჭამდა თევზს, სვამდა საკეს, უახლოვდებოდა ლამაზმანებს, არღვევდა ძენის აკრძალვებსა და ქცევის ნორმებს. თავის თავისუფლებას უპირისპირებდა მონასტრის წესებს, ფიქრობდა ქვეყანაში შინაომებისა და მორალური გახრწნის ხანაში რელიგიური საფუძვლების შეცვლას, ცდილობდა პიროვნების არსის შეცნობას, ცხოვრებაში ბუნებრიობის აღორძინებას. იკიუს ადგილსა­მყოფელი კიოტოში, დაიტოკუძის ტაძარი მურასაკინოში დღესაც ჩაის ცერემონიალის ცენტრია. დიდად ფასობს იკიუს ტუშით ნაწერი ჩაის ოთახების კაკემონოები. ჩემი საკუთრებაა იგიუს დაწერილი ორი კაკემონო. ერთ მათგანზე ერთ სვეტად წერია: “ბუდას სამყაროში შესვლა ადვილია, ბოროტი სულის სამყაროში შესვლაა ძნელი”. ამ სიტყვებზე მიგაქცევინეთ ყურადღება იმიტომ, რომ მეც ხშირად მომყავს ისინი. რაც შეეხება მათ აზრს, სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს გაგებული. თუ ღრმად ჩავუკვირდებით, მათი აზრი უსასრულოა. როცა სიტყვებს “ბუდას სამყაროში შესვლაა ადვილი”, მოსდევს “ბოროტი სულის სამყაროშია შესვლა ძნელი” – იკიუს ასეთი გაგება ძენისა ჩემს სულში იჭრება, ფაქტია, რომ ხელოვანისათვის, რომლის მიზანია ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების ძიება, სურვილი “ბოროტ სულთა სამყაროში შეღწევისა” შიშის გრძნობით თუ ლოცვებით, დაფარულად თუ აშკარად, საბედისწერო აუცილებლობაა. “ბოროტ სულთა სამყაროს” გარეშე “ბუდას სამყარო” არ არსებობს. “ბოროტ სულთა” სამყაროში შესვლა უფრო ძნელია, ამიტომაც სულმოკლენი ამას ვერასოდეს გაბედავენ.
შეხვდები ბუდას, მოკალი ბუდა. შეხვდები წინაპარს, მოკალი წინაპარი! – ეს კარგად ცნობილი დოგმაა ძენის მოძღვრებაში. თუკი ბუდიზმი დაიყოფა სექტებად, რომელთა პრინციპები იქნება გარეშე ძალების რწმენით გადარჩენა ან საკუთარი სულის ძალებით გადარჩენა, მაშინ ძენის სექტა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით გადარჩენის პრინციპს დაემყარება. ეს ჩანს ამ ძლიერ და მკაცრ დევიზშიც.
ეს ჩანს სინის სექტის (რომელიც რწმენით გადარჩენას ქადაგებს) დამაარსებლის სინრანის (1173-1262) სიტყვებში: “სამოთხეში სიკეთეზე უწინ ბოროტება აღორძინდება”. ამ ფრაზასა და იკიუს “ბუდას სამყაროს” და “ბოროტ სულთა სამყაროს” საერთო აზრიც აქვთ და, ამავე დროს, განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისაგან. სინრანმა თავის სიტყვებს ეს დაუმატა: “ჩემს ცხოვრებას არც ერთი მიმდევარი არ ეყოლება”.
“თუ წინაპარს შეხვდი, მოკალი წინაპარი” და “არც ერთი მიმდევრის დატოვება” – ეს ორი ფრაზა, ალბათ, გვიჩვენებს ხელოვნებაში არსებულ მკაცრ ბედისწერას. ძენის სექტა არ გულისხმობს კერპთაყვანისცემას, თუმცა ძენის ტაძრებში ზოგან მაინც დგას ბუდას გამოსახულება. იმ დარბაზებში კი, რომლებიც სწავლის ადგილადაა მიჩნეული და სადაც ხდება ძაძენის პოზაში გარინდება, არ არის არც ბუდას გამოსახულება, არც წმინდა ნაწერები. ესაა ადგილი, სადაც თვალდახუჭული სხედან დიდხანს, ჩუმად და გაუნძრევლად. ამ დროს ხდება სიცარიელის, არარაობის სამყაროში შესვლა. ქრება “მე” და ისადგურებს სიცარიელე. ეს “სიცარიელე” ევროპული არარაობა როდია. იგი უფრო საწინააღმდეგოს ნიშნავს. ესაა სივრცე სულისა, უკიდეგანობა, სადაც უსაზღვროებაა, სადაც ყველაფერი თავისთავადია და მაინც ძალდაუტანებლადაა შერწყმული ერთმანეთთან. ძენის მოძღვრების დასაუფლებლად აუცილებელია მასწავლებელი, რომელიც თვითშეცნობაში დახელოვნებას ხელმძღვა­ნელობს, საუბრობს პიროვნებასთან, აცნობს კლასიკურ ლიტერატურას ძენზე. მედიტაციაში მყოფი პიროვნება თავის თავს ეკუთვნის და ეს შეგრძნება უკიდურესობამდეა მისული. მხოლოდ ასე, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით მიიღწევა სატორი, როცა ლოგიკას გადასძალავს ინტუიცია. სატორი შეცვლის შეძენილ ცოდნას. რაც შეეხება ჭეშმარიტებას, იგი “სიტყვებში ვერ ეტევა” და “სიტყვათა მიღმა რჩება” (ძენის ფრაზები). ეს აზრი უმაღლეს წერტილს აღწევს “ვიმალაკირტა სუტრაში”  – “დუმილი ჭექა-ქუხილსა ჰგავს”.
ამბობენ, რომ ჩანის (იაპონურად ძენი) სექტის მამამთავარი ჩინეთში ბოდჰიდჰარმა 9 წელი მდუმარედ იჯდა გამოქვაბულში კედლისკენ პირშექცეული; ამიტომ უწოდეს მას “9 წელს კედლისკენ პირით მჯდომელი”. თვითშეცნობის დროს მან მიაღწია სატორს. სწორედ მისგანვე იღებს სათავეს ძაძენის პოეზია. როდესაც გეკითხები, პასუხს მაძლევ, არ გეკითხები, და დუმხარ. ნეტავ, რაიმეზე თუ ფიქრობს შენი გონება, ო, ბრძენო ჰოდჰიდჰარმა!… (იკიუ).

აი, კიდევ იკიუს ასეთივე ლექსი: ვინ იტყვის, ნეტავ, რა არის გული? ალბათ, ის სუმიეში ჩახატული ხმაა ფიჭვებში ქარის ხმაურისა.
სუმიე აღმოსავლური წერის მანერაა, რომლის სული მის დიდ სივრცეში, ფართო ფონსა და ფუნჯის ხაზების სიმცირეშია. “ხატავ ტოტს და გესმის ქარის ხმა, რომელიც მას არხევს” (ჩინ ნუნგი), ხოლო ძენის მასწავლებელს დოგენს ეს სიტყვები ეკუთვნის: “განა ბამბუკის შრიალზე არ მისულხართ სატორიმდე? განა საკურას ყვავილები სულს არ გინათებთ?”
იაპონელი მეყვავილის, იკებანას ცნობილი სპეციალისტის, იკონებო სენოს (1632-1554) ნათქვამია: “მხოლოდ წყლის ცვარმა და ხის ნაფოტმა შეიძლება წარმოგვადგენინონ მთები და მდინარეები. სულ მცირე დროში შეიძლება განიცადო მათი ათასგვარი გარდაქმნა. გეგონება, ჯადოქრის საუფლოში ხარ” (“საიდუმლო ჩანაწერები”).
იაპონური ბაღი დიდი ბუნების სიმბოლოა. დასავლეთში ბაღების უმეტესობა სიმეტრიულადაა დაკვალული, თითქმის ყველა იაპონური ბაღი ასიმეტრიულია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ასიმეტრიას სიმეტრიასთან შედარებით უფრო შეუძლია გამოხატოს ბუნების მრავალფეროვნება და სივრცე. ეს ასიმეტრიულობა, რასაკვირველია, განპირობებულია იაპონელთა დახვეწილი და სათუთი მგრძნობელობით – შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი ჰარმონიულობა. იაპონური ბაღების მრავალფეროვანი, უზუსტესი დაგეგმვის მეთოდებზე რთული, ალბათ, ამქვეყნად არაფერია. მარტო “მშრალ ლანდშაფტად” წოდებული მეთოდი რადა ღირს? იგი ემყარება კლდის ლოდებისა და ქვების განლაგებას. ეს “ქვების გროვა” გამოხატავს აქ არარსებულ მთებსა და მდინარეებს, დიდი ოკეანის ტალღების მოხეთქებასაც კი. მასალის ასეთი კონცენტრირების დაუფლების შედეგად გაჩნდა ბონსაი და ბონსეკი.
რაც შეეხება სიტყვას “ლანდშაფტი” (სანსუი), იაპონელისათვის ის აღნიშნავს მთებსა და მდინარეებს, ბუნების პეიზაჟებს, აგრეთვე ლანდშაფტურ მხატვრობას, ბაღებს და სხვა – ამ ცნებებიდან დაწყებული “მარტოობით” და “მიტოვებული და გაპარტახებული” ადგილით დამთავრებული.
თუ “ვაბი, საბი”, რომლითაც განთქმულია ჩაის ცერემონიალი და რომლის არსია: სიმშვიდე, მოკრძალება, სიფაქიზე და განმარტოება – გამოხატავენ ადამიანის სულის სიმდიდრეს, მაშინ ოსტატურად დაპატარავებული უბრალო ჩაის ოთახი უსასრულო სივრცისა და უსაზღვრო სილამაზის სიმბოლოდ გვევლინება.
ერთი ყვავილი უკეთესად გადმოგვცემს ყვავილთა სამყაროზე შთაბეჭდილებას, ვიდრე ასი ყვავილი. რიკიუ ასწავლიდა, – არასოდეს ჩაედგათ ლარნაკში მთლიანად გადაშლილი ყვავილი. დღესაც იაპონიაში ჩაის ცერემონიალის დროს ოთახის ნიშაში (ტოკონომა) უმეტესად მხოლოდ ერთი გაუშლელი ყვავილი იდგმება, თუ ზამთარია, ირჩევენ ზამთრის სეზონის ყვავილებს; მაგალითად, კამელიებს – “თეთრ მარგალიტს” ან “ვაბისუკეს”. ისინი სხვა ყვავილებისაგან სიპატარავითა და სითეთრით გამოირჩევიან. იდგმება ერთი კოკორი – თეთრი, რომელსაც სხვა ელფერი არ გადაჰკრავს, ყველაზე უმანკო ფერია და, ამასთანავე, ყველა ფერს იტევს. კოკორში აუცილებლად ნამი უნდა იყოს. ყვავილს წყლის რამდენიმე წვეთს აპკურებენ და ისე დგამენ. მაისში ჩაის ცერემონიალს ყველაზე მეტად უხდება ღია მწვანე ფერის ლარნაკში თეთრი პიონები. მათ, ზემო­აღნიშნულის მსგავსად, აქვთ ერთი კოკორი და ნამით არიან დაცვარული. არა მარტო ყვავილებს ნამავენ წყლით, არამედ ხშირად ყვავილების ლარნაკსაც წყლის ცვარი ეპკურება და მერე იდგმება შიგ ყვავილები.
იაპონიაში ყვავილების კერამიკულ ლარნაკებს შორის ყველაზე გამორჩეულია ძვეილ იგა (V-VI სს.). თუ იგას წყლით დავასველებთ, თითქოს ცოცხლდება, სიხალისეს აფრქვევს. იგას გამოწვა ხდებოდა ჩალის ძლიერ ალზე. საწვავის ფერფლი და კვამლი ლარნაკებს გარს ერტყმოდა, ამას მოსდევდა ტემპერატურის დაცემა და ლარნაკიც თითქოს ჭიქურით იფარებოდა. აქ კერამიკის ოსტატის უნარი კი არ არის მთავარი, ღუმლის შიგნით თვით ბუნება იღვწოდა, მასალას გარდაქმნიდა და ყოველნაირ ფერთა შეხამებას ქმნიდა. ძველებური იგას რბილი, მასიური, მკვეთრი ნახატები სინესტის მოხვედრისას მომხიბლავ შუქს ასხივებს. ყვავილების ცვარი და ლარნაკი ერთად სუნთქავენ. ჩაის ცერემონიალის ჩვევები ითხოვს, რომ ჩაის ფიალაც ხმარების წინ წყლით დაინამოს და ამით მას ბუნებრიობის სილამაზე მიენიჭოს. იკენობო სენო “საიდუმლო ხმებში” ამბობდა: “მინდვრები, მთები, ნაპირები იქმნებიან თავიანთი ფორმებით”. მან შექმნა თავისი სკოლა და შემოიტანა სიახლე ყვავილთა აღქმაში. მანვე აღმოაჩინა, რომ დამსხვრეულ ლარნაკში და გამხმარ ტოტებშიც შეიძლება ყვავილთა ხილვა და სწორედ ამ წარმოსახვით “ყვავილებს” შეუძლიათ ადამიანი სატორიმდე მიიყვანონ. “ძველად, ყვავილების გამოყვანისას, უდიდეს სიბრძნეს აღწევდნენ”, მისმა სულმაც ძენის ზეგავლენით მიაღწია იაპონური სილამაზის შეცნობას. ის – იაპონიის სილამაზე – მძაფრად იგრძნო ქვეყანაში გამეფებული ხანგრძლივი შინაომების გარემოში მცხოვრები ადამიანის სულმა.
ლირიკულ ამბავთა უძველეს იაპონურ კრებულში – “ისე მონოგატარი”, რომელიც მრავალ პატარა ნოველად ჩაწერილ ამბავს შეიცავს (ეს კრებული X ს. უნდა ეკუთვნოდეს), მოთხრობილია, თუ როგორი ყვავილები ჩადგა ლარნაკში არივარა ნარიხირამ მოწვეული სტუმრებისათვის: “ის ნატიფი გემოვნების ადამიანი იყო. ლარნაკებში ყვავილები ჩააწყო. მათ შორის იყო საოცარი გლიცინიები. მათი ყვავილოვანი მტევნები 3 სიაკუსა და 6 სუნის სიგრძისა იყო”.
გლიცინიის მტევნები 3 სიაკუ და 6 სუნის სიგრძისა იმდენად საოცარია, რომ მის სინამდვილეში ეჭვი მეპარება. მაგრამ ამ ყვავილებში ხეიანის კულტურის გამოვლინებას ვგრძნობ. გლიცინია იაპონური სტილის ყვავილია. ქალური სინატიფით სავსე, თავმოდრეკილი ყვავილოვანი მტევნები სუსტ ნიავზეც კი ირხევიან. ლამაზნი, კდემამოსილი და ნაზი არიან, ზაფხულის დამდეგს სიმწვანეში ხან ჩაიმალებიან, ხან გამოანათებენ. თითქოს თვითონ არიან “მონო ავარე” (გასაგნებული სილამაზე). ალბათ, აქედან იღებს სათავეს ის ბრწყინვალე საოცრება, რომ ამ ყვავილების მტევნები 3 სიაკუ და 6 სუნი აღმოჩნდა.
დაახლოებით 1000 წლის წინათ რომ ეზიარა რატანის კულტურას, იაპონიამ შექმნა თავისთავადი, ბრწყინვალე ხეიანის კულტურა და ვფიქრობ, რომ იაპონელებში სილამაზის შეგრძნების ჩამოყალიბება ისეთივე შესანიშნავი საოცრებაა, როგორც თვით “საოცარი გლიცინიების” ყვავილობა.
იაპონური კლასიკური კულტურის უმაღლეს შედევრებად გვევლინებიან: პოეზიაში – იმპერატორის მიერ შეკრებილი ლირიკული პოეზიის პირველი ანთოლოგია “კოკინსიუ” (905 წ.), პროზაში – “ისე-მონოგატარი”, მურასაკი სიკიბუს (დაახლ. 970-1002) “გენძი-მონოგატარი”, სეი სენაგონის (996-1017, სიცოცხლის ბოლო თარიღი) “ჩანაწერები სასთუმალთან” და სხვა. მათ მიერ შექმნილი იაპონური სილამაზის ტრადიციები თითქმის 800 წლის განმავლობაში არა მარტო გავლენას ახდენდა მომდევნო ხანების ლიტერატურაზე, არამედ მთლიანად განსაზღვრავდა კიდევაც მის ხასიათს.
განსაკუთრებით “გენძი-მონოგატარი” არის ყველა დროის იაპონური პროზის უმაღლესი ნაწარმოები. ჩვენს დრომდე მისი ტოლფასი თხზულება არ შექმნილა. ახლა საზღვარგარეთაც ბევრმა აღიარა მსოფლიო საოცრებად ის ფაქტი, რომ X საუკუნეში დაწერილი “გენძიმონოგატარი” თანამედროვე ჟღერადობისაა. ყმაწვილობაში ძველებურ ნაწერებს (რომელთა შორის ხეიანის კლასიკაც ბევრი იყო) ვკითხულობდი, თუმცა კარგად ვერც ვიგებდი. “გენძი-მონაგატარი”, მგონი, თავისთავად შეესისხლხორცა ჩემს სულს. მისი შექმნის დღიდან იაპონური პროზის ამ მწვერვალისაკენ მიისწრაფიან, ხშირად ბაძავენ მას და სახის შეცვლაც კი დაუპირეს, მაგრამ “გენძი-მონოგატარი” დღემდე რჩება უსაზღვრო, უკიდეგანო მშვენიერების შთაგონების წყაროდ ხელოვნების ყველა დარგში – გამოყენებითი ხელოვნებიდან დაწყებული ბაღების დაგეგმვით გათავებული, პოეზიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მურასაკი სიკიბუ, სეი სენაგონი და ცნობილი პოეტები: იძუმი სიკიბუ (გარდ. 979) და აკაძომე ემონი (დაახლ. 975-1041) – იმპერატორის კარის სეფექალები იყვნენ. ხეიანის კულტურა ხომ ძირითადად სასახლის კარზე ვითარდებოდა. თავისი ხასიათით ის ნაზი, ქალური ბუნების კულტურა იყო. “გენძი-მონოგატარისა” და “სასთუმალთან ჩანაწერებში” იაპონიის საიმპერატორო კარის კულტურის გაფურჩქვნის ხანაა ნაჩვენები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს კულტურის სრული სიმწიფე აპოგეას აღწევს და იწყება დაცემა. ატმოსფეროს ნაღველი ჟღენთავს, რაც გარდუვლად მოჰყვება ხოლმე საზოგადოების განვითარების უმაღლეს წერტილს.
მალე საიმპერატორო კარი დასუსტდა და პოლიტიკური ძალაუფ­ლებაც უმაღლესი არისტოკრატიიდან სამურაების ხელში გადავიდა. დადგა კამაკურას ერა (1192-1333 წწ.). სამურაების პოლიტიკა გრძელ­დებოდა მეიძის I წლამდე (დაახლ. 700 წელი). თუმც ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ მონარქიული სისტემა და საიმპერატორო კულტურა საერთოდ გაქრა. კამაკურას პერიოდის დასაწყისის ლირიკული ანთოლოგია “სინკოკინსიუ” (1205 წ.) კვლავ აგრძელებს ხეიანის “კოკინსიუს” ოსტატურ სალექსო კანონებს, თუმცა უკვე თავს იჩენს სიტყვათქმნადობის მდარე მანერა, მნიშვნელობა ენიჭება იონს, იუგენს, იოძიოს, ამას ემატება გრძნობადი ფანტაზია და გამოდის თანამედროვე სიმბოლური პოეზიის მსგავსი რაღაც.
საიგიო ხოსი (1118-1190) იყო ტიპური წარმომადგენელი იმ პოე­ტე­ბისა, რომლებმაც შეაერთეს ეს ორი პერიოდი: ხეიანი და კამაკურა. გაუთავებლად მასზე ვფიქრობდი, ჩაძინებულსაც იგი მესიზმრა. მე რომ მცოდნოდა, სიზმრად იყო, გავიღვიძებდი განა ოდესმე?… მე ჩემს სიზმრებში ყოველღამე მისკენ მივილტვი და არ ვიცი, რა არის დაღლა. ცხადში კი იგი არასოდეს არ შემხვედრია.
ეს ლექსები “კოკინსიუს” პოეტ ქალ ონო ნო კომატის ეკუთვნის. მან ოცნებაზე ლექსებითაც კი შეძლო ეჩვენებინა ხალასი რეალიზმი. “სინკოკინსიუს” შექმნის შემდეგ კამაკურას ბოლო პერიოდის იმპერატორის ტიფუკუს (1271-1342) ლექსებში მკვიდრდება უნაზესი რეალიზმი. ეს ლექსები წარმოადგენს იაპონური ნატიფი მელანქოლიის სიმბოლოს და, ჩემი აზრით, ბევრი რამით ეხმაურება თანამედროვეობას. ბამბუკებში ბეღურების გუნდი ხმიანობს, თვით ბამბუკებზე მზე ირეკლება, ალბათ, ამიტომ მზის სხივთა ათინათი შემოდგომის ფერად გადაიქცა… ქარი ბაღისა, სადაც შემოდგომაზე ხაგის ფოთლები ცვივა, ჩემს სულში იჭრება. ჩამავალი მზის ჩრდილი კედელს ადნება.
ლექსის – “სუფთა და ცივი თოვლი ზამთარში” – ავტორი, ძენის მსახური დოგენი და “ჩემი მეგზური ზამთრის მთვარის” ავტორი ბუდისტი მიოე უფრო “სინკოკინსიუს” ეპოქის წარმომადგენლები არიან. მიოე და საიგიო ლექსებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს პოეზიაზე.
როცა კი საიგიო მოვიდოდა, ლიტერატურაზე იწყებდა ლაპარაკს. ამბობდა, რომ პოეზიაზე მას თავისი, განსხვავებული შეხედულება ჰქონდა: “თუმცა მე ლექსებში ვუმღერ ყვავილებს, გუგულს, მთვარეს, თოვლს, ათას რაიმეს, მაგრამ ეს ყველაფერი ხილვაა მხოლოდ. ისინი თვალებს მივსებენ და სმენას მიხშობენ. ანდა შექმნილ ლექსებში არის კი სინამდვილის ორეული სიტყვები? როცა ლექსს ყვავილებზე ქმნი, სინამდვილეში ხომ არც ფიქრობ ყვავილებზე? ვწერ ლექსს მთვარეზე და არც კი მახსენდება ნამდვილი მთვარე. მხოლოდ იმის მსგავსს ვქმნით, რაც გვინდა და რაც გვიტაცებს. მეწამული ცისარტყელა გადაიხრება და თითქოს ცა წითლად იღებება, თეთრი მზე გამოანათებს და სუფთა ცა გაცისკროვნდება. მაგრამ ცა ხომ თავისთავად არც ნათდება, არც იღებება. ჩვენც ასევე ჩვენს სულში შეუმჩნევლად ვღებავთ სხვადასხვა საგანს სხვადასხვა ფერად ამ სუფთა ცის მსგავსად. სწორედ ასეთ ლექსებს შეუძლიათ გამოხატონ ბუდას ჭეშმარიტება” (მიოეს შეგირდის კიკაის ნაშრომი “მიოეს ბიოგრაფია”).
იაპონურ, საერთოდ აღმოსავლურ, “სუფთა ცაში” გულისხმობენ სიცარიელეს, არარაობას. ჩემს მოთხრობებშიც პოულობენ ამ არარაობას, მაგრამ ეს ის არ არის, რაც დასავლეთში ნიჰილიზმად იწოდება. რადგან მგონია, რომ ჩვენი თვით სულიერი საწყისები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამის გასაგებად საკმარისია დოგენის ლექსები, რომელთა სათაურია “საწყისი ხატება” და რომლებიც უმღერიან წლის ოთხივე დროის სილამაზეს, აი, ჭეშმარიტი ძენი!

რამდენად ვაცნობიერებთ მასის მუდმივობის კანონს

0

ამბავი, რომელიც მინდა მოგითხროთ, ათი-თხუთმეტი წლის წინ მოხდა და ისეთი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში, რომ ახლაც თვალწინ მიდგას…

აღდგომა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანთათვის. უმეტესობა საგანგებოდ ვემზადებით ამ ბრწყინვალე დღის შესახვედრად. წინასადღესასწაულო ფუსფუსსა და სამზადისში ჩვენს აუცილებელ საქმეთა ნუსხაში შედის სასაფლაოზე შერბენა და გარდაცვლილი ნათესავების საფლავების დასუფთავება.

აღდგომის წინა დღე იყო და სასაფლაოზე ხალხი მრავლად ირეოდა. ყველა თავ-თავისი საქმით იყო გართული – ვინ ბალახებისგან ასუფთავებდა საფლავს, ვინ ნაძვის ჩამოცვენილ წიწვებს აგროვებდა, ვინ მტვერს წმენდდა… იქვე ტრიალებდა სასაფლაოს მომსახურე პერსონალი და ხან ერთის დაკვეთასა თუ თხოვნას ასრულებდა, ხან მეორისას. ჩვენგან არცთუ ისე შორს ერთი ახალგაზრდა მარტო დასტრიალებდა თავს პატარა ბავშვის სამარეს. დიდი რუდუნებით, თითქმის სათითაოდ კრეფდა ახალამობიბინებულ ბალახს და იქვე, მესრის შიგნითვე, ფრთხილად აწყობდა. საქმიანობას რომ მორჩა, სასაფლაოს მოსამსახურეს დაუძახა და შეეხვეწა, ეს ბალახი არ გადამიყაროთო. ხელებიდან მტვერი ჩამოიფერთხა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელისკენ მიმავალ ბილიკს. მახსოვს, რამდენი გაკვირვებული, სინანულითა და სიბრალულით სავსე თვალი მიაცილებდა… “ეს საწყალი ბიჭი სულ ასე იქცევა”, – ჩაილაპარაკა სასაფლაოს მომვლელმა ცნობისმოყვარეთა გასაგონად.

მეც ერთ-ერთი მათგანი გახლდით. არ ვიცი, სხვები რას ფიქრობდნენ, მე კი მონუსხული მზერით მივაცილებდი ადამიანს, რომელსაც მასის მუდმივობის კანონი ესმოდა.

ჩვენ დიდი ხანია ვირწმუნეთ, რომ სამყაროში ნაწილაკები (ატომები) ქიმიური პროცესების დონეზე უცვლელნი არიან. ქიმიური რეაქციის დროს ერთი ნივთიერება მეორედ იმიტომ გარდაიქმნება, რომ წყდება ატომებს შორის მანამდე არსებული ზოგიერთი კავშირი და ახალ ნაერთში ისინი ახლებურად უკავშირდებიან ერთმანეთს. არ შეიძლება, ერთი ქიმიური რეაქციის ფარგლებში რომელიმე ატომი სადმე გაქრეს, უმისამართოდ გაუჩინარდეს. ქიმიური რეაქცია თუ შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს, აღებული ატომები ახალი კავშირებით ერთიანდებიან და ახალ მოლეკულას წარმოქმნიან. იგი შესაძლოა რაღაცით ჰგავდეს წინაპარს, მაგრამ მაინც ახალი ინდივიდია, თავისი თვისებებითა და ხასიათით.

ზოგიერთი ქიმიური რეაქცია მიმოცვლის მექანიზმით მიმდინარეობს. ამ დროს ორი ან მეტი ნაერთი ატომებს მიმოცვლის და ამ გადაწყობა-გადაჯგუფებით ახალ ნივთიერებას წარმოშობს. მაგრამ ისინიც ისევე ემორჩილებიან მასის მუდმივობის კანონს, როგორც წინა წესით მოქმედი მოლეკულები.

არსებობს დაშლის მექანიზმით მიმდინარე რეაქციებიც. ამ დროს ერთი მოლეკულა ფრაგმენტებად იშლება. წყდება ის კავშირები, მის შიგნით ატომებს რომ აერთიანებდა. მოწყვეტილი ატომები ახლებური ფორმით ჯგუფდებიან და დამოუკიდებელი, ახალი ნაერთის სახით იწყებენ ხეტიალს უკიდეგანო სამყაროში. ასე მარტოსულად იხეტიალებენ, სანამ სხვა მოლეკულებს არ შეხვდებიან და მათ შორის შეერთების ან მიმოცვლის რეაქცია არ მოხდება. თუმცა არც იმისგან არიან დაზღვეულნი, ხელახლა განიცადონ დაშლის რეაქცია.

ასეთია სამყარო. მოუსვენარი, მუდამ მბორგავი, მუდამ ცვალებადი, თუმცა იმავდროულად მუდმივიც და უცვლელიც. ყველაფერი იცვლება ჩვენთვის, მარადისობისთვის კი უცვლელი რჩება.

თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მიკრო (დედამიწის წიაღში მიმალული მეთანის პატარა მოლეკულა) და მაკრო (ჩვენ, ჩვენი არსით, იდეალებითა და განცდებით) სამყაროები ერთმანეთისგან დიდად არ განხვავდება. ჩვენი ჩასახვა, დაბადება და ზრდა ატომების შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს. შემდეგ, მიმოცვლის რეაქციის მსგავსი მექანიზმებით, გზადაგზა ვპოულობთ მეგობრებს, ცხოვრების თანამგზავრებს და ბოლოს დაშლის რეაქციებსაც მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნევთ. მაგრამ ვიკარგებით ჩვენ და არა ჩვენი ატომები; ისინი ახალ-ახალი კავშირების ძიებაში უსასრულო ხეტიალს აგრძელებენ.

ჩვენ, ატომების უზარმაზარი გროვა, და პატარა, ორად ორი ატომის შემცველი წყალბადის მოლეკულა ერთნაირად ვემორჩილებით მასის მუდმივობის კანონის ფარგლებში მარადიულ ცვალებადობას. ჩვენი ატომები, ისევე როგორც წყალბადის ორი ატომი, მატერიის უსასრულო ხეტიალისას მხოლოდ წამიერად შეჩერებულან ჩვენს სხეულში და ჩვენი დაშლის შემდეგ აღარასოდეს შეიყრებიან ერთად იმავე ფორმით. თუმცა ვინ იცის, სად, როდის ან რა ვითარებაში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს…

მახსენდება კადრი  ქართული ფილმიდან “ფესვები”: პარიზის კაფე; მევიოლინე, გოგი გეგეჭკორის გმირი, ფეხსაცმელს იხდის და თანამემამულეს ქართულ მიწას აჩვენებს… ესეც მასის მუდმივობის კანონია… საფლავზე ამობიბინებული ბალახიც მასის მუდმივობის კანონს ემორჩილება… ვინ იცის, რომელ ფოთოლში შეყოვნებულა ის ატომი, რომელთან შეხება ადრე სიხარულს გგვრიდა.

რელიგიური ომების საუკუნე

0

დასავლეთ-აღმოსავლეთთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენები, არცთუ ისე შორს მდგომი რეალობისაგან.

ადამიანთა უმრავლესობის ცნობიერებაში დასავლეთი ეს არის საათის მექანიზმივით ზუსტად აწყობილი გიგანტური და ულამაზესი ქალაქები, იდეალური სისუფთავე, სიმდიდრე, სიმშვიდე, კეთილდღეობა, თავისუფლება, უაღრესად რაციონალურადა და ჰარმონიულად მოწესრიგებული გარემო, თავისუფლად გამოწყობილი მამაკაცებითა და გამოკვეთილად სექსუალური ესთეტიკით ჩაცმულ-დახურული მომხიბლავი ქალებით სავსე ქუჩები.

აღმოსავლეთის ხსენებაზე, პირველ რიგში, თვალწინ ალბათ მისი სიმბოლო – ჭრელი და აყაყანებული ბაზარი დაგიდგებათ, მერე უსისტემოდ მიმოფანტული ქოხმახები, შუასაუკუნეობრივი გარემო, ქაოსი, საარაკო სიბინძურე, წარმოუდგენელი სიღატაკის გვერდით იშვიათად ასევე წარმოუდგენელი სიმდიდრე, წვერგაბრუძგუნული, თავგადაპარსული, მოღუშული გამომეტყველების ჩალმიანი მამაკაცები და ჩადრით თავფეხიანად შესუდრული დედაკაცები.

დასავლეთთან ასოცირდება კეთილდღეობა და მშვიდ ცხოვრებაში ჩაძირული რესპექტაბელური კათოლიკე მღვდელი და პროტესტანტი პასტორი.

აღმოსავლეთთან – მინარეთიდან გამყინავი ხმით აყივლებული მუეძინი, რომელიც მართლმორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს და უზარმაზარი ავტორიტეტისა და გავლენის მქონე შეიხები და აიათოლები.
დასავლეთში თვალს მოგჭრით გოთური ტაძრების სიდიადე, იდუმალება და სიმდიდრე. მაგრამ გაგაოცებთ მათში მობორიალე ზედაპირული ცნობისმოყვარეობით შეპყრობილ ტურისტთა ჭრელ ბრბოებში ჩაკარგული მცირერიცხოვან ხანშიშესულ მორწმუნეთა პატარ-პატარა ჯგუფები.

აღმოსავლეთში შეგაშფოთებთ უზარმაზარ მეჩეთებში დაჩოქილი ჭრელხალათიანი მამაკაცების გრძელი რიგები, ნამაზის შესრულებისას გულმოდგინედ და მწყობრად რომ ურტყამენ შუბლებს იატაკზე დაფენილ ძვირფას ხალიჩებს. შეგაშფოთებთ იმიტომ, რომ ალაჰის მონების ასეთ გულმოდგინებაში აშკარად იგრძნობა რაღაც ფარული ენერგია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მეტად მრისხანე ძალად გადაიქცეს.
ერთი ასეთი ტრანსფორმაცია სულ ახლახან, ჩვენს თვალწინ მოხდა.

11 სექტემბერს მთელ მსოფლიოს საშუალება მიეცა სახლიდან გაუსვლელად, ტელეეკრანებზე ენახა, პერიოდულად რა თავგანწირულ, სასტიკ და დაუნდობელ ძალად ყალიბდება ეს ენერგია.

ის, რაც ვერასოდეს გაბედა მე-20 საუკუნეში აღმოსავლეთის ფარმა და მახვილმა – საბჭოთა იმპერიამ, ახალი საუკუნის გარიჟრაჟზევე გასაოცარი თავხედობით მოიმოქმედეს ჩალმიანმა მამაკაცებმა. კომუნისტურ ფსევდორელიგიასთან შედარებით ისლამი გაცილებით ქმედითი იარაღი აღმოჩნდა დასავლეთისაგან თავის დასაცავად. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ადრეული საუკუნეებისაგან განსხვავებით, ჯიჰადი დღეს “მართლმორწმუნების” თავდაცვითი ომია “ურწმუნოთა” წინააღმდეგ.

მაგრამ დასავლეთმა დიდი ხანია უარი თქვა კოლონიალურ პოლიტიკაზე, დიდი ხანია ევროპა აღარ ეწევა აზიის უხეშ ექსპლუატაციას, დიდი ხანია აზიურ სახელმწიფოებს საკუთარი, ეროვნული მთავრობები მართავენ.
მაშ რაშია საქმე, რისგან იცავს თავს აღმოსავლეთი?

როგორც ჩანს, იმ პრინციპებისა და ფასეულობებისაგან, რომლებიც საფუძვლად დაედო დასავლურ ცივილიზაციას და რომლებზე უკეთესიც, ადამიანის რეალური კეთილდღეობისათვის, კაცობრიობას ჯერ არაფერი შეუქმნია.
დღეს ამ ფასეულობების ზეგავლენისაგან თავის დაცვა წარმოადგენს ყველაზე თანმიმდევრულ აღმოსავლურ პოზიციას, რადგან ის, რაც სიცოცხლით ავსებს და აძლიერებს დასავლეთს, შინაგანად ხრწნის და აუძლურებს აღმოსავლეთს. სტალინური რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ სწორედ ამ ფასეულობებმა გახრწნა და დაანგრია საბჭოთა იმპერია. ამიტომაა, რომ ისეთი თანმიმდევრულად აღმოსავლური იდეოლოგია, როგორიცაა ისლამი, თავის უმთავრეს ამოცანად დასავლური სამყაროსაგან თავის მოზღუდვას მიიჩნევს და ეს მას საბჭოთა იმპერიაზე გაცილებით უკეთესად გამოსდის. საქმე ისაა, რომ ისლამი არც დღეს და არც არასოდეს, არც მთლიანად და არც სანახევროდ, არ მიიჩნევდა დასავლეთს აღთქმულ მიწად, ხოლო მის ცივილიზაციასა და კულტურას პროგრესის მწვერვალად და მოდების კანონმდებლად. შესაბამისად, მის წიაღში არ არსებობს მეხუთე კოლონა. ან თუ არსებობს, იმდენად სუსტი და უმნიშვნელო, რომ ყოველგვარ აზრს კარგავს. ისლამისთვის დასავლური სამყარო მხოლოდ ბოროტების წყაროა, რომლისგანაც თავის დაცვაა საჭირო.
* * *
პოლიტიკას, როგორც სიცრუის ხელოვნებას, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არასოდეს არ აძლევს ხელს მოვლენათა არსზე ხმამაღლა საუბარი. დღესაც კი პოლიტიკოსები ცდილობენ 11 სექტემბრის ტრაგედია ერთ მუჭა ფანატიკოსების ნამოქმედარად გაასაღონ. პრინციპი გასაგებია. დღეს დასავლეთში არც ერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი არ განაცხადებს ხმამაღლა, რომ დასავლეთის ყველაზე დიდი მტერი ისლამია, რათა ხელი არ შეუწყოს აღმოსავლური სამყაროს გაერთიანებას. ეს მართლაც კატასტროფა იქნებოდა. პირიქით, დასავლეთში ყველანაირად შეეცდებიან გააღრმავონ მუსულმანურ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობანი, ყველანაირად წაახალისებენ აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მთავრობების მცდელობას, ხელი მოითბონ შექმნილი ვითარებისას. მაგალითად, მე მგონი, ნათელია, რომ ტრაგედიის მეორე დღესვე იასირ არაფატის მიერ სისხლის ჩაბარება დაშავებულთა დასახმარებლად და ამის ფართოდ რეკლამირება მხოლოდ გამობრძმედილი პოლიტიკოსის ჟესტია, ხოლო მისივე ქვეშევრდომების _ პალესტინელი არაბების – ქუჩაში გადმოღვრილი სტიქიური სიხარული, სავსებით თანმიმდევრული განცდა. იგივე შეიძლება ითქვას პაკისტანის მთავრობისა და უბრალო პაკისტანელების განსხვავებულ პოზიციებზე.

ერთი სიტყვით, მიუხედავად აზიელ პოლიტიკოსთა “დიპლომატიური თამაშებისა”, სავსებით ცხადია, რომ მუსულმანური სამყაროს სიმპათიები იმათ მხარესაა, ვინც ასეთი მოულოდნელი და სასტიკი დარტყმა მიაყენა დასავლური სამყაროს ფორპოსტს – ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივად გამოდის წინა პლანზე ისლამური ფუნდამენტალიზმისა და მისგან შობილი ტერორიზმის პრობლემა. მაგრამ, არა მგონია, ასეთ კონტექსტში მაინცდამაინც ისლამზე ყურადღების გამახვილება სწორი იყოს, რადგან არსებობს, ვთქვათ, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმიც. მართალია, ამ უკანასკნელს არასოდეს ჰქონია ისეთი ძალა და გავლენა, როგორც ისლამურს, მაგრამ არსებობით მაინც არსებობს. უმთავრესი ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს, რომ საერთოდ ნებისმიერი ფუნდამენტალიზმი ამა თუ იმ საზოგადოების უკიდურესი კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი და ამავე დროს, მისგან თავის დაღწევის ერთგვარი კონვულსიური მცდელობაა. აღმოსავლური რელიგიური ფუნდამენტალისტური მოძრაობები კარგად გვაჩვენებენ იმას, რამდენად მძლავრი ფენომენია დასავლური ცივილიზაცია, რომელიც აღმოსავლეთთან მშვიდობიანი შეხების შემთხვევაშიც კი ამ უკანასკნელის ნგრევას იწვევს. იმდენად სერიოზულ ნგრევას, რომ აღმოსავლეთი თავის გადასარჩენად და ძალების მოსაკრებად იძულებული ხდება ისეთ უკიდურეს ზომას მიმართოს, როგორიცაა რელიგიური ფუნდამენტალიზმი. შესაბამისად, ისლამური ფუნდამენტალიზმი ძალიან ჰგავს კუთხეში მიმწყვდეული ნადირის რეაქციას, იძულებითსა და თავგანწირულს. მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს, თუმცა ალბათ არც იმის თქმა იქნება ზედმეტი, რომ რაღაც სპეციალური ბოროტი განზრახვით ეს არავის გაუკეთებია.
* * *
დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის არსებულ უმთავრეს განსხვავებას თანამედროვე სოციოლოგია ასე განმარტავს: დასავლეთში საზოგადოება, სახელმწიფო, წარმოადგენს მხოლოდ საშუალებას, ხოლო მიზანია ყოველი ცალკეული ადამიანის, ყოველი მოქალაქის კეთილდღეობა. ანუ ეს არის ცივილიზაცია, რომელსაც განსაზღვრავს ინდივიდუალისტური ცნობიერება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ პირიქით – საშუალებაა ყოველი ცალკეული ინდივიდი, ყოველი მოქალაქე, ხოლო მიზანია მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს ინტერესები. ანუ აღმოსავლური ცივილიზაციების ხერხემალია ჰოლისტური, იგივე კოლექტიური ცნობიერება. ამიტომ მიუხედავად სხვა უთვალავი განსხვავებისა მართლმადიდებლურ სამყაროს, მუსულმანურ აზიასა და კონვეციანულ ჩინეთს შორის, ყველა მათგანს მაინც ერთი პრინციპი -ჰოლიზმი განმსჭვალავს. ამ ქვეყნებში არასოდეს არსებულა ინდივიდუალიზმის პრინციპზე აშენებული სახელმწიფო, სადაც უმთავრესი ფასეულობა მოქალაქის კეთილდღეობა იქნებოდა. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა რუსეთში მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საფუძველზე გამარჯვებული კომუნისტური ტოტალიტარიზმი იქნება, კადაფის ჯამაჰირია, სადამ ჰუსეინის დიქტატურა, ირანული თეოკრატია თუ ჩინური სოციალიზმი – თავისი არსით არც ერთი არ არის დასავლური ტიპის ცივილიზაცია და შესაბამისად, სისტემატური წინააღმდეგობაც აქვთ მასთან.

ამ შემთხვევაში უმთავრესი და განმსაზღვრელი სწორედ ეს არის, თორემ ვერავინ უარყოფს, ვთქვათ, რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ სხვა რიგის უთვალავ განსხვავებას. მაგრამ ცივილიზაციის ზოგადი ტიპის განსაზღვრისას მთავარი ყურადღება მაინც ზემოხსენებულ უმთავრეს პრინციპს ექცევა, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი სისტემისა და კულტურის ტიპს. სხვა სიტყვებით _ ცივილიზაციური რაობა თავისი ინდივიდუალიზმით ან ჰოლიზმით განაპირობებს მასზე ამოზრდილი კულტურისა და სახელმწიფოებრივი სისტემის ხასიათს.

ასეთი რადიკალური განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როგორც ისტორიაც მოწმობს, ყოველთვის პრობლემატურს ხდიდა მათ შორის ურთიერთობას. ასეთად რჩება იგი დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა დიდი ხანია უარი თქვა აღმოსავლეთის მიმართ უხეში პოლიტიკის წარმოებაზე. მაგრამ ეს არც არის საჭირო. გამომდინარე სიცოცხლის უმთავრესი პრინციპიდან, სუსტი ყოველთვის იჩაგრება ძლიერთან ურთიერთობისას.

დღევანდელი დასავლეთი თავისი უზარმაზარი ძალმოსილებითა და მიმზიდველობით ავტომატურად იქცევს ნებისმიერ ცივილიზაციას თავისი გავლენის არეალში. ეს პროცესი განსაკუთრებით დამაგრეველი იმ ხალხებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ბუნებრივად, თავისი ცივილიზაციის ევოლუციით კი არ მივიდნენ დასავლური ტიპის სისტემამდე, არამედ ახლა ცდილობენ მექანიკურად მოარგონ მათ მათთვის პრინციპულად უცხო ფენომენი.

უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ მაშინ ცნობიერდება, როცა აღმოსავლეთი დასავლურ კულტურას ეხება. მექანიზმი ასეთია: იმის გამო, რომ ყოველი ხალხი ჩვეულებრივ სწორედ კულტურის მეშვეობით ახერხებს ემოციურად გაიცნობიეროს საკუთარი ცივილიზაციური ორიგინალურობა და თვითმყოფადობა, საკმარისია აღმოსავლეთის რომელიმე ხალხის დასავლურ კულტურასთან ოდნავ ინტენსიური კონტაქტი, რომ მყისიერად მოხდეს მისდამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, როგორც უცხო და დამანგრეველი ძალისადმი.

ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ჰუმანისტურ ან პაციფისტურ შინაარსს დებს ამ პროცესში დასავლური სამყარო, ყველაფერი მაინც თავისთავად, მოვლენათა განვითარების შინაგანი ლოგიკის თანახმად ხდება. შედარებით სუსტი კულტურა და ცივილიზაცია უნებლიეთ ემორჩილება ძლიერის ზეგავლენას. დასავლური კულტურა და ცივილიზაცია რომ სუსტი და უმნიშვნელო ყოფილიყო, ვერც აღმოსავლეთის თვითმყოფადობას დააკლებდა რამეს.

რაც შეეხება დასავლური კაცობრიობის ავანგარდს – ამერიკულ კულტურას, დასავლური ცივილიზაციის ყველაზე მოწინავე ელემენტებით დეტერმინირებულობის გამო იმდენად სწრაფად და მძლავრად ვითარდება და თან ისეთი სპეციფიკური მიართულებით, რომ თავისი უზარმაზარი მიზიდულობის ძალით შეუძლებელია აღმოსავლეთისათვის ექსპანსიურ ძალად არ იქცეს. შეუძლებელია მასთან ინტენსიურმა კონტაქტმა აღმოსავლური კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნგრევა არ გამოიწვიოს, რისი გამოისობითაც აღმოსავლეთი სწრაფი ტემპით კარგავს სიცოცხლისათვის აუცილებელ ძალას, რადგან იმსხვრევა მისი არსებობის საფუძველი, თავდაყირა დგება საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ცხოვრების წესი, ხდება ტრადიციების შინაგანი ევოლუციის უხეში წყვეტა.

ერთი სიტყვით, დასავლეთი ნებსით თუ უნებლიეთ შინაგანად ხრწნის და ანადგურებს აღმოსავლეთს, რაც მომავალში შეიძლება სერიოზული კატასტროფის მიზეზი გახდეს. რა გამოსავალი არსებობს აქედან? სასწაული რომ მოხდეს და მსოფლიო ძალაუფლებისათვის ბრძოლის პოლიტიკური თამაშებისგან განთავისუფლდეს, ეს მაინც ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. დღევანდელი მსოფლიო იმდენად “დაპატარავდა”, რომ შეუძლებელია დასავლური კულტურა თავის საზღვრებში დარჩეს, გარეთ არ “გადაიღვაროს” და თავისი კვალი არ დაამჩნიოს დანარჩენ ქვეყნიერებას.

დღეს დასავლეთს ნამდვილად აღარ შეუძლია ვინმეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ნება მისცეს, რადგან დინების მიმართულებას თავად განსაზღვრავს. ის ძალმოსილება და სიმდიდრე, რომელიც მას გააჩნია და რომელიც მას დღევანდელი მსოფლიოს ბატონ-პატრონად აქცევს, თავადვე კარნახობს მას მოქმედების ლოგიკას.
* * *
ასეთ ვითარებაში ე. წ. “მესამე მსოფლიომ” თავდასაცავი ძალა ისლამში იპოვა.
როგორც უკვე ითქვა, ისლამი თავისი არსით ისეთივე ჰოლისტური ფენომენია, როგორიც მართლმადიდებლობა. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო რეალური ძალა მაინც მხოლოდ ისლამს აღმოაჩნდა. მიუხედავად მართლმადიდებლობის წიაღში არსებული ფუნდამენტალისტური განწყობილებებისა, იგი მაინც ვერ ახერხებს საზოგადოებაზე განმსაზღვრელი ზეგავლენის მოხდენას. მიზეზი ამისა, ცხადია, უამრავია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უეჭველად ის უნდა იყოს, რაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე დაკვირვებითაც კარგად ჩანს. საქმე ის არის, რომ თვით ყველაზე ისტერიული ანტიმედასავლეთეებიც კი, დღენიადაგ ანათემას რომ გადასცემენ ალან დალესს, ე. წ. დასავლურ მასობრივ კულტურას, ეკუმენიზმს, გლობალიზაციასა და სხვა რეალურად არსებულ თუ მითიურ მოვლენებს, ვერ ბედავენ მთლიანად უარი თქვან დასავლურ ფასეულობებზე. არა მარტო იმიტომ, რომ რეტროგრადისა და რეაქციონერის სახელს უფრთხიან, რადგან კარგა ხანია ყველაფერი დასავლური ჩვენში ეტალონად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში მათ ჩვენი კულტურის იმ ნაწილის უკუგდებაც მოუწევდათ, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ნაწილობრივ დასავლეთიდან მიღებული იმპულსებით იკვებებოდა.

ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლური აღმოსავლეთი ყოველთვის ერთგვარი გარდამავალი საფეხურისა თუ ბუფერის როლს ასრულებდა დასავლურ სამყაროსა და კლასიკურ აზიას შორის, გარკვეული დროიდან იგი დასავლური ცივილიზაციის ძუძუზე მიგდებული ჩვილის მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ყველა შესაბამისი შედეგითურთ. პოლიტიკოსთა ასეთმა ნაბიჯმა მართლმადიდებლური სამყარო დასავლური კულტურის პერიფერიად აქცია, სადაც ყველაფერი დასავლური ორიენტირისა თუ ეტალონის მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ვერაფრით ვერ ხერხდება უმთავრესი _ დასავლური კაცობრიობის რეალურ ნაწილად გარდასახვა.

მართლმადიდებლური სამყარო საუკეთესო შემთხვევაშიაც კი ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამორჩება დასავლეთს, რადგან დღემდე უცვლელი რჩება მთავარი _ ჩვენი ცივილიზაციის ჰოლისტური პრინციპები. ამგვარი ვითარება ქმნის თავისებურ მოჯადოებულ წრეს, როცა ვერც წინ მიდიხარ და ვეღარც უკან ბრუნდები. დაკარგულია მთლიანობა, გარკვეულობა, თანმიმდევრობა. თავის დროზე მართლმადიდებლობამ ვერ მოახერხა წინ აღდგომოდა თავისი მრევლის ცნობიერების ასეთ გაორებას, ასეთ წინააღმდეგობრივ ფენომენად ჩამოყალიბებას.

არსებული ქაოსის პირდაპირ გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს, ვთქვათ, ასეთი სასაცილო დეტალი ჩვენი კულტურული ცხოვრებიდან: რომელიმე ჩვენებური გულმხურვალე პუბლიცისტი, ბიბლიური წინასწარმეტყველის პათოსით რომ ქოლავს “საქართველოს დამაქცევარ” მასონებს, იქვე, ეტყობა იმიტომ, ეჭვი რომ არ შეგვეპაროს მის პროგრესულობაში, ხოტბას აღავლენს “ჭეშმარიტი ევროპული კულტურისა” და მისი კორიფეების მისამართით, თუმცა ვერ გეტყვით, არ იცის თუ შეგნებულად აფუჩეჩებს (?!) იმ გარემოებას, რომ ახალი დროის თითქმის ყველა ევროპელი მოაზროვნე და შემოქმედი მასონი ან მათი თანამოაზრე იყო.

რა თქმა უნდა, ასეთი ქაოტური ცნობიერების უკან, მშობლიური ცივილიზაციის აუმღვრეველი სათავეებისაკენ დაბრუნება მართლმადიდებლობას კი არა, ნებისმიერ მოძღვრებას გაუჭირდება. ამის გაკეთება მხოლოდ ლენინურ-სტალინურ უდრეკ ნებას შეუძლია და ისიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად. ამისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს.
* * *
ისლამს ასეთი ტიპის ფრაგმენტულ, წინააღმდეგობრივ ცნობიერებასთან ნაკლებად უწევს ურთიერთობა. ამიტომ მისი რესურსები პრაქტიკულად ამოუწურავია.

ის ფაქტი, რომ ისლამს შეუძლია 21-ე საუკუნეშიაც კი შარიათის კანონებით აცხოვროს თავისი ხალხი, მხოლოდ იმას ადასტურებს, რაოდენ ჰოლისტური ანუ თანმიმდევრულად აზიური ფენომენია მუჰამედის რელიგია. პარალელურად ეს იმასაც ნიშნავს, რომ მუსულმანურმა სამყარომ დღემდე შეინარჩუნა მაქსიმალური დამოუკიდებლობა დასავლეთთან ურთიერთობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ მსოფლიოში თუ გაოცებისა და მოწიწების გრძნობას აღძრავს დასავლური კაცობრიობის მიღწევები და არც მის ფარვატერში ცურვას მიიჩნევენ შეურაცხყოფად, მართლმორწმუნე მუსულმანისთვის ყოველივე ამას გახვრეტილი გროშის ფასიც არა აქვს. იგი შინაგანად არაფრით არ არის დამოკიდებული დასავლეთზე.

ასეთი ადამიანი თავისი გაუბზარავი ცნობიერებით, რა თქმა უნდა, არაფრით არა ჰგავს ჩვენში ასე გავრცელებულ ტიპს – ადამიანს, რომელსაც ძალიანაც მოსწონს დასავლური ყოფა, მაგრამ თავად არაფრით არ შეუძლია მსგავსი ჰარმონიის შექმნა და პერმანენტულ ქაოსში იმყოფება. ის აღარც ცხელია და არც ცივი, სჯობდა კი რომელიმე მათგანი ყოფილიყო – ან ცხელი, ანდა ცივი.
* * *
მუსულმანურ სამყაროს საკუთარი ლოგიკა აღმოაჩნდა. თავის ძალას იგი ისლამურ ფუნდამენტალიზმში პოულობს, რომელიც უფრო და უფრო უკან, საკუთარი ცივილიზაციის საფუძვლებისკენ რადიკალურ მიბრუნებას გულისხმობს. ამ გზაზე არავითარი უკიდურესობა არ არის გამორიცხული, იქნება ეს უსასტიკესი ტერორისტული აქტები, ბუდას უზარმაზარი ქანდაკებების განადგურება თუ სხვა რამ. ცხადია, ეს ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ალოგიკური ნამდვილად არ არის.

ყოველი მართლმორწმუნე მუსულმანი თვლის, რომ რაც საჭიროა ადამიანისათვის ამ ქვეყანაზე, ყველაფერი აქვს. ჰყავს ღმერთი და მისი წინასწარმეტყველი, აქვს წმინდა წიგნი და მეჩეთები, ჰყავს შეიხები, აიათოლები და მოლები, აქვს საკუთარი ორიგინალური და ღრმა კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების წესი, ასევე საკუთარი მიწა, სახელმწიფო და რაც მთავარია, აქვს ორი ხელი, რათა მშვიდობიანობის დროს პური არსობისა მოიპოვოს, ხოლო საღვთო ომის დროს იარაღი აიღოს. ყველაფერი დანარჩენი, რაც ასეთ ჰარმონიას საფრთხეს შეუქმნის, არსებობის ღირსი არ არის.

მუსულმანური სამყაროს ძალა არ არის არც ახალ ტექნოლოგიებსა და არც სიმდიდრეში. მას არც ერთი აქვს და არც მეორე. მისი ძალა მის გაუბზარავ ცნობიერებაშია.

მე-20 საუკუნეში დასავლეთი პირველად ამ ძალას ირანის ისლამური რევოლუციის დროს გადაეყარა. მან იგი თვითონვე შვა ირანში თავისი სოციალ-პოლიტიკური სისტემისა და კულტურის ინტენსიური დანერგვით. იქნებ იგი ამას მაინცდამაინც ბოროტი განზრახვით არც აკეთებდა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ისლამმა მხოლოდ თავი დაიცვა.

თუმცა მაშინ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაში. მაშინ აღმოსავლეთს ძირითადად საბჭოთა იმპერია წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთმა ბოლოს და ბოლოს მშრალი ანგარიშით დაამარცხა.

დღეს აღმოსავლეთს ისლამური ფუნდამენტალიზმი წარმოადგენს, როგორც ყველაფრიდან ჩანს, პოტენციურად უფრო სერიოზული ძალა, ვიდრე სანახევროდ დასავლურ თეორიულ წანამძღვრებზე შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი იყო.

და რაც ყველაზე საშიშია, არც დასავლეთს შეუძლია საკუთარ თავზე უარის თქმა და არც მუსულმანურ აღმოსავლეთს.

21-ე საუკუნეს ომებს შორის ყველაზე სასტიკი – რელიგიური ომების აჩრდილი წამოადგა თავზე.

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=173&composition=505  

ენ უოტსონი, მაიკლ კელერი, უეინ მარტინო – ბიჭების დაბალი მოსწრების პრობლემის ზოგიერთი ასპექტი

0

„ბიჭური კრიზისის” მიღმა

ბოლო ხანს განგაშია ატეხილი იმის თაობაზე, რომ მოსწავლე ვაჟები როგორც ჰომოგენური ჯგუფი „ბიჭების წინააღმდეგ ბრძოლის” (სომერსი, 2000) მსხვერპლნი არიან.

ვაჟების დაბალი მოსწრების პოპულარული ახსნა უმთავრესად მათ ბიოლოგიურ კონსტიტუციასა და მამაკაცი მასწავლებლების ნაკლებობას ეფუძნება. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ბიჭს არ ემუქრება რისკი და მათი დაბალი მოსწრება სულაც არ არის გარდაუვალი.
როგორც ალოვეიმ და დალეი-ტრიმმა (2006) მიუთითეს, სასწავლო პროცესში გენდერული სხვაობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ვლინდება. PISA 2000-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე მეტი წარმატებით უმკლავდება ბიჭების დაბალი მოსწრების პრობლემას. თუმცა ჰოლი და კოლესი (2001) ამტკიცებენ, რომ „ბიჭების სწავლის კრიზისი, როგორც ასეთი, არ განიხილება კურიკულუმისა და შეფასების საკითხებთან ერთად, ასევე – არც ოჯახის კულტურული და სოციალური ფონის, თანატოლების, კლასისა და ეთნიკური წარმომავლობის ფაქტორების გათვალისწინებით” (გვ. 200). გურიანი კი (ჯეისონის ციტაციით, 2009) აღიარებს, რომ სკოლაში „ბევრი ბიჭი სწავლობს კარგად”. ამრიგად, მხოლოდ ის კი არ უნდა ვიკითხოთ, რატომ არ სწავლობენ ბიჭები კარგად, არამედ ისიც უნდა გვაინტერესებდეს, რომელი კატეგორია – როგორც ბიჭებისა, ისე გოგონებისაც – ექცევა წარუმატებელი სწავლის რისკის ქვეშ (იხ. ლინგარდი, მარტინო, მილსი და ბარი, 2002).
გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, კოლინსმა, კენვეიმ და მაკლეოდმა (2000) აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული საკითხის კვლევისას „სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გენდერულ განსხვავებას” (გვ. 4). მართლაც, „PISA-ს მონაცემების ანალიზი ავლენს მჭიდრო კავშირს სტუდენტის შეფასების შედეგებსა და მის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს შორის” (იხ. OECD, 2004, p. 162). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ გენდერული განსხვავება სწავლის პროცესზე უარყოფითი გავლენის მომხდენი არცთუ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ გამოკვლეულ უნდა იქნეს ის მიმართულებები, სადაც გენდერული და სოციალურ-კულტურული ფაქტორები ერთმანეთს კვეთს.
სხვა ნაშრომების მიხედვით, „როდესაც რასობრივი და ეკონომიკური ასპექტები კომბინაციას ქმნის გენდერულ განსხვავებასთან, სწავლის დონე შემაშფოთებლად დაბალი ჩანს ღარიბ, შავკანიან და ესპანური წარმოშობის ბიჭებში” (მეადი, 2006, გვ. 9; იხ. ასევე AAUW, 2008).
ელოვეისა და სხვების (2002) აზრით, მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებში მამაკაცურობისა და ქალურობის გაგება ყურადღებით უნდა იქნეს განხილული (იხ. ასევე მარტინო, ლინგარდი და მილსი 2004). ხშირად მედიაც უწევს პოპულარიზებას ამგვარ გაგებას, რომელიც მასკულინურობის ტრადიციული გაგების იდენტურია. ელოვეის აზრით, „სკოლებმა, მასწავლებლებმა უნდა აღიარონ და გამოიკვლიონ ის სოციალური, კულტურული თუ ეთნიკური ბექგრაუნდები, რომლებიც ბიჭებს „მოაქვთ” საკლასო ოთახებში და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მასკულინურობის ინტერპრეტაციის იმ გავლენას, რომელიც ბიჭების ქცევასა და სწავლა-განათლებაზე უარყოფითად აისახება” (გვ. 7).
მარტინოსა და კელერის (2007) მტკიცებით, კვლევები მოწმობს, რომ ჰეგემონური მასკულინურობის გაგებას ცენტრალური ადგილი უჭირავს იმ სირთულეთა შორის, რომლებიც ბიჭებს სწავლაში ხელს უშლის. მოსაზრებანი იმის შესახებ, რას ნიშნავს ნამდვილ მამაკაცად ყოფნა, როგორც ჩანს, ბიჭების სწავლის კრიზისის საფუძველია. მარტინოს კვლევაში (1995) ერთ-ერთი მოსწავლე ვაჟი აცხადებს: „ინგლისურის გაკვეთილი უფრო მეტად გოგოებისთვისაა, რადგან ის შორს დგას ბიჭების აზროვნებისგან… ამიტომ მე არ მიყვარს ეს საგანი. იმედია, არ გამინაწყენდებით, თუ ვიტყვი, რომ იმ ბიჭების უმრავლესობა, რომლებსაც ინგლისური უყვართ, ჩემი აზრით, ცისფერია” (გვ. 354). ამრიგად, ინგლისური ენის გაკვეთილზე სიზარმაცე მასკულინური ქცევის შესახებ მოსწავლეებს შორის გავრცელებული გაგებიდან მომდინარეობს. ამიტომ, თუ გვინდა, მამრობითი სქესის მოსწავლეებს სწავლის სურვილი გავუძლიეროთ, პირველ რიგში, ამგვარი გაგების კორექციაზე უნდა ვიზრუნოთ.
როგორც ზემოთ ითქვა, ბიჭების ცუდად სწავლის პრობლემასთან დაკავშირებული სირთულეები მრავალსახოვანია და ერთმანეთთან მჭიდროდ გადაწნული. შესაბამისად, მათი მხოლოდ გენდერული ფაქტორით ახსნა შეუძლებელია (იხ. უაითი 2007).
სწავლისა და მასკულინურობის ურთიერთდაკავშირებისთვის
როგორც აღინიშნა, „ესენციალური არგუმენტები უმთავრესად განმსჭვალულია იმ აზრით, რომ ბიჭები ბიოლოგიურად განსხვავდებიან გოგონებისგან და სწორედ ეს ბიოლოგიური სხვაობაა ქცევითი სხვაობის მიზეზი” (როუენი და სხვ. 2002, გვ. 34). როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს განიხილავენ თანდაყოლილი ან ფიქსირებული მახასიათებლების მქონე არსებებად, რომლებიც განსაზღვრავს მათ პიროვნულ „მე”-ს, მათ ბუნებრივ ინტერესებსა და ქცევებს. და ვინაიდან ბიჭებისა და გოგონების განმსაზღვრელი ეს თვისებები – მასკულინურობა და ფემინურობა – თანდაყოლილად მიიჩნევა, სწავლაში წარმატება მათ აღიარებასა და მათთან რაიმეგვარ შეწყობაზეა დამოკიდებული (როუენი და სხვები, 2002).
ამგვარი თვალსაზრისი მედიასთან ერთად იმ პირებმაც აიტაცეს, ვინც განათლების სისტემაში გადაწყვეტილებებს იღებს და ის პრაქტიკულ მიდგომად გამოაცხადეს ბიჭების სწავლის პრობლემის მოსაგვარებლად.
ჩვენ არ ვამბობთ, თითქოს ბიოლოგიური განსხვავებანი ბიჭებსა და გოგონებს შორის მნიშვნელოვანი არ იყოს მათი იდენტობის განსაზღვრისას, მაგრამ სოციალურ და კულტურულ სივრცეში კონსტრუირებული გაგება გენდერისა ყურადღებით უნდა იქნეს განხილული. როგორც ტიტუსი (2004) მიუთითებს, „ზოგიერთი შეძენილი ქცევა შესაძლოა ღრმად ფესვგადგმული და ძნელად მოდიფიცირებადი იყოს” (გვ. 155), მაგრამ ისინი მაინც შეძენილია და არა თანდაყოლილი. სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ გენდერული იდენტობა არ განიცდის კულტურულ და სოციეტურ გავლენებს, თუმცა საკითხისადმი დომინანტური მიდგომა ამ გავლენებს არ ითვალისწინებს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს ბიჭების სწავლაზე. გარდა ამისა, ასეთი გაგება არ ითვალისწინებს მასკულინურობისა და სწავლის ურთიერთკავშირის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებს (იხ. ფრანცისი, 2000; ჰამეტი და სენფორდი, 2008; მაკნგაილი, 1994 და სხვ.).
მოსწავლე ვაჟების მსხვერპლად წარმოჩენასთან დაკავშირებული მითი ანტიფემინისტური განწყობებით არის გაჯერებული. მეინსტრიმული მედიისა და საგანმანათლებლო პოლიტიკისთვის თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია, რომ სასკოლო განათლების ფემინიზაციას თავისი უარყოფითი წვლილი შეაქვს – ნაწილობრივ მაინც – ბიჭების დაბალ მოსწრებაში. გაისმის მოსაზრება, რომ ბიჭები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან სწავლების ფემინიზებული სტილისა და ქალი მასწავლებლების მიერ უზრუნველყოფილი რესურსების გამო (ამ პოზიციის კრიტიკისთვის იხ. მარტინო, 2008). კრიზისის ამგვარად წარმოდგენა, როგორც გამარჯვება-დამარცხების დიქოტომიისა, საშიშია, რადგან ის ერთმანეთს უპირისპირებს ბიჭებსა და გოგონებს როგორც „მოპაექრე მსხვერპლთ” (როუენი და სხვები, 2002, გვ. 16). როცა ბიჭებისა და გოგონების ტესტების შედეგებს ერთმანეთს ადარებენ, სწავლა იქცევა ერთგვარ სპორტულ ასპარეზად, სადაც ერთმანეთს აჯიბრებენ ბიჭებსა და გოგონებს (იხ. კიმელი, 2000; სადკერი, 2002).
ბიჭების ცუდ მოსწრებასთან დაკავშირებულმა პანიკამ, რომელიც დომინირებს საგანმანათლებლო ინიციატივებზე საერთაშორისო მასშტაბით, ერთგვარად დაჩრდილა გოგონების სწავლასთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ ლოგიკურ გამოსავლად მიიჩნევა უფრო მეტად ბიჭებზე ორიენტირებული (boy-friendly) სტრატეგიებისა და რესურსების შექმნა, ასევე – მეტი მასწავლებელი მამაკაცის ჩართვა სწავლების პროცესში და ერთსქესიანი კლასების ჩამოყალიბება. პრობლემის ე.წ. ლოგიკური გადაწყვეტა გულისხმობს სკოლების მისადაგებას ბიჭებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სიძლიერეებისა და ინტერესებისადმი. მაგრამ, იანგერისა და უარინგტონის (2005) აზრით, „სქესსა და სწავლის სტილს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ არსებობს” (გვ. 77). სმითი და ვილჰელმი (2002) ასევე გვაფრთხილებენ ბიჭების „ესენციალიზაციისა” და „ზედმეტად გამარტივების” თაობაზე და შენიშნავენ, რომ დავიწყებას არ უნდა მიეცეს ბიჭების ინდივიდუალურობა. ბროზოს (2005) კი საჭიროდ მიაჩნია „სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება გენდერზე ორიენტირებული სტერეოტიპების სხვადასხვა ფორმის წარმოქმნასთან დაკავშირებული რისკის გამო” (გვ. 18).
მიჩნეულია, რომ მამაკაცი მასწავლებლები, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში და ფემინიზებულ ანუ „რბილ” საგნებში (მაგ., ინგლისურის გაკვეთილი), „უკეთესად ახერხებენ ბიჭების ყურადღების მობილიზებას და მათ მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში” (მარტინო და კელერი, 2007, გვ. 409). ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ სასწავლო პროცესში უფრო მეტი მამაკაცი მასწავლებლის ჩართვა პრიორიტეტი არ უნდა იყოს, მაგრამ ბიჭებიც და გოგონებიც მეტ სარგებელს მიიღებდნენ ისეთ პედაგოგიურ გარემოში, რომელიც უფრო მეტად იქნება დივერსიფიცირებული არა მხოლოდ გენდერული, არამედ რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნებითაც. ჩვენ აზრით, მამაკაცი მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა ბიჭების ცუდი აკადემიური მოსწრების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ლინგარდი და სხვები (2009) თავიანთ კვლევაში საუბრობენ იმ მამაკაც მასწავლებლებზე, რომელთა მიმართაც ჰქონდათ განსაზღვრული მოლოდინი: ისინი უნდა ყოფილიყვნენ ათლეტური აღნაგობის, სწორი სქესობრივი ორიენტაციის, ანგლოკელტური წარმოშობის (ჩვენს შემთხვევაში – „ჭეშმარიტი ქართველი”, – მთარგმნ.) და მკაცრად დისციპლინირებულნი. ჩვენი აზრით კი, უპირატესი ყურადღება მასწავლებლის კვალიფიკაციას უნდა მიენიჭოს.
ლინგარდი მიუთითებს, რომ მამაკაც მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ მასკულინურობის ჰეგემონური გაგების დაძლევა, როგორც ბიჭების, ისე გოგონების ცხოვრებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენის მეტი პოტენციალი აქვთ (გვ. 144).
დაბოლოს, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ერთსქესიან კლასებში მასწავლებლები უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან ბიჭების სწავლის საჭიროებებთან მისადაგების თვალსაზრისით, მაგრამ მარტინო, მილსი და ლინგარდი (2005) აღნიშნავენ, რომ ასეთ კლასებში მასწავლებლებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ სტერეოტიპული შეხედულებები იმის შესახებ, როგორ სწავლობენ ბიჭები და გოგონები ერთ ჯგუფში. მათი აზრით, საჭიროა „გენდერის, პრივილეგიისა და ძალაუფლების ცნებების კრიტიკული გააზრება” (გვ. 250) ბიჭებისთვის რაიმეგვარი უპირატესობის მინიჭების გარეშე. ბიჭების დაბალი მოსწრების გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთსქესიანი კლასები გამოსავალი არ არის.
ალტერნატიული მიდგომები და სტრუქტურები
ბროზოს (2005) მითითებით, „არსებობს უამრავი საბუთი, რომლებიც გვიჩვენებს, რომ თანაკლასელების დამცინავი დამოკიდებულების გამო მოზარდი ასაკის ბევრი ბიჭი უკლებს წიგნების კითხვას, რადგან მათ თვალში ისინი „ქალაჩუნა ფრიადოსნები” არიან და არა მაგარი ტიპები” (გვ. 18). არქერისა და იამაშიტას (2003) აზრით, სკოლისადმი ბიჭების აგდებული დამოკიდებულების საფუძველი „საგანმანათლებლო კონტექსტის გარეთ არსებულ” მასკულინურობაში უნდა ვეძებოთ (გვ. 129).
„ბიჭების გადარჩენის” (“save the boys”) ნაციონალური და ინტერნაციონალური ტენდენციებისა და სტრატეგიების განხილვისას მიზანშეწონილი იქნებოდა, განმანათლებლებს მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციისთვის კი არ მიექციათ ყურადღება, არამედ განეხილათ ის მიზეზებიც, რომლებმაც ბიჭების მრავალპლანიანი კრიზისი გამოიწვია. თუ ხსენებულ ავტორთა ამგვარი შეფასება მართებულია, მაშინ პრობლემის თავიდათავი სკოლის კედლებს მიღმა, კერძოდ, საზოგადოებაში დომინირებად მასკულინურ წარმოდგენებში უნდა ვეძებოთ.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უფრო შედეგიანი იქნება, კულტურულ და სოციალურ სივრცეში კონსტრუირებული მასკულინური გაგება პედაგოგიური ხასიათის რეფორმებით გამოწვევის წინაშე დავაყენოთ, ვიდრე სკოლებში შევინარჩუნოთ/გავაძლიეროთ ბიჭებზე ორიენტირებული (boy-friendly) გარემო. თუ სწავლის პროცესში ბიჭების ეფექტური ჩართვა გვინდა, ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ მედიასა და თავად ახალგაზრდებში გავრცელებული ეგზალტირებული წარმოდგენა ჰეგემონური მასკულინურობის შესახებ და გავითვალისწინოთ ის მიდგომაც, რომელიც სწავლა-განათლებას წარმოაჩენს ქალურ (feminized) პრიორიტეტად, რომელთან მიმართებითაც „მაგარი” ბიჭები სულაც არ უნდა იყვნენ წარმატებულნი.
მასკულინურობისა და ფემინურობის შესახებ გავრცელებულ წარმოდგენებთან ბრძოლას ფართოდ უჭერენ მხარს. ამ მხრივ მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის რესურსები. ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა www.genderads.com/Gender_Ads.com.html, www.medialit.org/about_cml.html და www.media-awareness.ca, მოცემულია პირველადი მასალა, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს მასკულინურობისა და ფემინურობის ტრადიციულ სახეებს და წარმოდგენებს მათ შესახებ.
გენდერული საკითხების კურიკულუმის აუცილებელ ნაწილად ქცევით ჩვენ შეგვიძლია ბიძგი მივცეთ იმის ესენციალური გაგების ახლებურ გააზრებას, რას ნიშნავს ბიჭად ან გოგოდ ყოფნა. ამ გზით შეგვეძლება შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, რომელშიც ბიჭებიც და გოგონებიც თავისუფლად, სოციალური და კულტურული სტერეოტიპების შიშის გარეშე განივითარებენ სწავლით უნარებს.
ბიჭების უმრავლესობამ, იმისთვის, რომ სწავლის დონე აიმაღლოს, „ბევრი უნდა იკითხოს, აქტიურად იურთიერთოს მასწავლებლებსა და სხვა მოსწავლეებთან, შეეძლოს ბეჯითად მუშაობა, იყოს კეთილსინდისიერი და იამაყოს საკუთარი მოსწრებით, შეეძლოს გუნდური მუშაობა და უკეთესად არტიკულირება კომუნიკაციის ყველა ასპექტში” (ფრანცისი და სკელტონი, 2005, გვ. 129). სანამ მოსწავლის ეს თვისებები ფემინურად/ქალურად აღიქმება, ბიჭების ნაწილი გოგონებთან შედარებით კვლავ ჩამორჩენილი იქნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბიჭები არიან, არამედ იმიტომ, რომ გენდერის ცნების სოციალურ-კულტურულ ინტერპრეტაციებს არავინ აყენებს გამოწვევის წინაშე.
ორიგინალი იხ. პერიოდულ გამოცემაში:
Anne Watson, Michael Kehler, Wayne Martino. The Problem of Boys' Literacy Underachievement: Raising Some Questions // Journal of Adolescent & Adult Literacy, Vol. 53, No. 5 (Feb., 2010), pp. 356-361
მცირეოდენი შემოკლებით თარგმნა
დავით თინიკაშვილმა

ქართული ლიტერატურა და კოლბერგის მორალური განვითარების თეორია

0

არისტოტელე ამბობდა: ”ვინც წარმატებას აღწევს მეცნიერებაში, მაგრამ ჩამორჩენილია ზნეობრივად, ის უკან მიდის და არა წინ”. ვფიქრობ, ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტებაა, რადგან ადამიანი ჯერ ადამიანობით ფასობს და მერე – წარმატებული კარიერით.

ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლორენს კოლბერგმა XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ადამიანის მორალური განვითარების ეტაპების კვლევა. როგორც ცნობილია, კოლბერგი კოგნიტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია და მასვე ეკუთვნის მორალური განვითარების თეორიაც. აქ უნდა ითქვას, რომ ზნეობა, მორალი და ეთიკა ხშირად იდენტურ, სინონიმურ ცნებებად აღიქმება, თუმცა ზნეობა გაცილებით ვიწრო ცნებაა და მას ადამიანი საკუთარი ცნობიერების, იმ შეხედულებების საფუძველზე იყალიბებს, რომლებიც მისივე თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება მორალს, მისი ზუსტი განმარტება ასეთია: იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში. ამის კვალობაზე, მორალი გაცილებით ფართო მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ზნეობა. მორალი ცალკეული ინდივიდების მიერ შემუშავებული და მიღებული წესები როდია; მას ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფი, სოციუმი აყალიბებს და არგებს იმ კულტურას, რომელშიც უწევს არსებობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არის შემთხვევები, როდესაც საზოგადო და ინდივიდუალური მორალი ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც – კანონმორჩილება, წესების პატიცისცემა ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაშიც კი მოდის ადამიანურ მორალთან, ზნეობასთან. ის, რაც მისაღები და თითქოს კანონიერია, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მიუღებლად მიაჩნია, რაც კამათსა და გაუგებრობას წარმოშობს.

აღმოჩნდა, რომ ბავშვებზე დაკვირვებით, მათი საქციელის ანალიზით კოლბერგმა ძალზე საინტერესო დასკვნები გამოიტანა. კერძოდ, მან დაასკვნა, რომ მოზარდს სამყაროს შეცნობისა და გარემო პირობებთან ადაპტაციასთან ერთად უნდა განუვითარდეს შინაგანი მორალიც, რაც სამომავლოდ მის დადებით ან უარყოფით პიროვნებად ჩამოყალიბებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვის გარშემო შეიქმნას ჯანსაღი ატმოსფერო, რომელიც კარგი და ნათელი მაგალითებით იქნება გამყარებული.

ყველა ადამიანი თავისთავადი, განუმეორებელი ინდივიდია. მართალია, კოლბერგს მიაჩნდა, რომ მოზარდი ერთნაირად გაივლის განვითარების ყველა ეტაპს, პირველიდან მეექვსემდე, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ ადამიანების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ახერხებს მორალურად, ზნეობრივად სწორად ფორმირებასა და ცხოვრებას. ამიტომ საზოგადოებრივი ნორმების მიღება მათ გაზიარებასა და გათავისებას როდი ნიშნავს; ეს უფრო საკუთარ თავთან კომპრომისია.

ქართული კულტურა, ხელოვნების ყველა დარგი და მთლიანად ჩვენი საზოგადოება, ერთი შეხედვით, გადაჭარბებულად მორალური და დამრიგებლობითია, თუმცა ქართველები საოცრად არაკანონმორჩილები და ხშირად უწესრიგოებიც კი ვართ.

თანამედროვეობის დიდი მონაპოვარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად სწავლობს კანონის პატივისცემას, მაგრამ აქვე დავძენ, რომ საკამათოა, რამდენად მორალურია თავად ეს კანონები. ძნელი გასარკვევია, რა უფრო მართებულია: ხანდაზმულ ადამიანს დაუთმო ადგილი და მოიქცე ისე, როგორც წინაპარი გასწავლიდა თუ მიიღო და გაიზიარო შეხედულება, რომლის თანახმადაც, როდესაც ტრანსპორტში ”ოფლითა შენითა” მოპოვებულ ფულს იხდი და კომფორტულად მგზავრობა გინდა, ხანდაზმულის მდგომარეობა შეიძლება სულაც არ გენაღვლებოდეს, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა და პატივისცემაც თითოეული მოქალაქის ვალია. აქ ჭიდილში ერთვება საზოგადო მორალი და პიროვნული ზნეობა და, ბუნებრივია, რომელიმე მათგანი იმარჯვებს, მაგრამ ორივე მიდგომა დასაშვებია და რომელიც არ უნდა ავირჩიოთ, ვერავინ გაგვკიცხავს, რადგან ამას გვკარნახობს ახალი რეალობა.

სწორედ ამიტომ მივიჩნიე მართებულად ზნეობისა და მორალის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
კოლბერგის თეორიის უმაღლესი დონე სწორედ ამგვარი დილემის წინაშე აყენებს ადამიანს. გადამწყვეტია შინაგანი პრინციპი, რაც, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადო მორალური კანონი.
ქართული ლიტერატურა, როგორც ყველამ ვიცით, ძალზე მორალისტურია. ეს მისი თანდაყოლილი თვისებაა და არა შეძენილი. დამრიგებლობითი, დიდაქტიკური ტონი ზოგჯერ შეფარვით გამოსჭვივის მასში, ზოგჯერ კი აშკარად შეინიშნება. დადებითი ლიტერატურული გმირები საკუთარი ქცევით, ყოფითა და საუბრით ახდენენ მკითხველზე ზემოქმედებას და ემსახურებიან მის სულიერ გაჯანსაღებას. პირველი, ვინც ამ შემთხვევაში გაგვახსენდება, არის სულხან-საბა, რომლის იგავები მორალურ-ზნეობრივი კანონების ერთობლიობას წარმოადგენს.

ზემოთქმულის გასამყარებლად, ვფიქრობ, საკმარისი იქნება ერთი იგავის – ”კუ და მორიელის” – გახსენება. ვერავინ მეტყვის, რა უფრო მორალურია – მტრისთვის საზღაურის მიზღვა თუ მისი ”გადარჩენა”. ძნელია მოსწავლეს აუხსნა, რატომ არ უნდა დაახრჩოს კუმ მორიელი, მაშინ, როდესაც მან იცის, რომ ავისმქმნელი, ბოროტი ისჯება. მეორე მაგალითიც საინტერესოა: იგავში ”კაცი და გველი” ნათლად ჩანს, რომ მორალურ და ალტრუისტულ საქციელს ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს და რომ ადამიანები სიკეთეს ზოგჯერ ბოროტებით პასუხობენ. ხშირად ბავშვებს ოჯახშიც ასწავლიან, თუ ვინმე რამეს დაგიშავებს, საკადრისი პასუხი უნდა გასცეო. აქ ბავშვის შინაგანი სამყარო წყვეტს, რა მიიღოს და რას არ დაეთანხმოს.

მნიშვნელობა არ აქვს, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება მოზარდი – დარწმუნებული ვარ, სიკეთისა და ბოროტებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე ასაკი დიდ გავლენას არ ახდენს. ალბათ, ამ შემთხვევებს გულისხმობს კოლბერგი, როდესაც ამბობს, რომ მეექვსე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს ადამიანთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი აღწევს.
საგულისხმოა, რომ ლიტერატურული პარალელები კარგი საშუალებაა მოსწავლეზე დადებითი ზეგავლენის მოსახდენად, მის არსებაში თანადგომის, სხვაზე ზრუნვისა და პატივისცემის მოთხოვნილების გასაღვიძებლად. რასაკვირველია, ეს ზემოქმედება უნდა იყოს მეტად ფრთხილი და ძალდაუტანებელი, რადგან გადაჭარბებული სიკეთეც კი გამაღიზიანებელია და შესაძლოა, არასწორადაც აღიქვან. ბავშვისთვის მარტივი ცხოვრებისეული მაგალითიც საკმარისია.

გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები, რომლებიც მეტად რეალისტური, დამთრგუნველი და ძალზე ადამიანურია. ყველა მოთხრობის მთავარი იდეა მორალურ-ზნეობრივისა და ამორალურის ჭიდილია. ამ შემთხვევაში სრულიადაც არ არის საჭირო მითითება, რა კარგია და რა – ცუდი; გონიერი ბავშვი თავადაც მიხვდება, სად არის ჭეშმარიტება. ჩანჩურა, ეკა, სოფიო, კურკა – ყველა ეს პერსონაჟი სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს. აბდულა მკვლელია, მაგრამ მაინც მართალია, არღვევს საყოველთაო მორალს, მაგრამ ზნეობრივად იმარჯვებს ბოროტებაზე. მორალი ამ შემთხვევაშიც ორგვარია; როგორც ყველა მედალს, მასაც ორი მხარე აქვს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დარღვევა ხშირად უფრო მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.

კოლბერგმა განვითარების მეოთხე სტადიად გამოყო კანონებითა და წესებით ხელმძღვანელობა და იქვე აღნიშნა, რომ ხშირად მოზარდები გაუცნობიერებლად იქცევიან ასე, მაგრამ მე ამას მარტო მოზარდებზე ვერ ვიტყოდი; ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე მისთვის სრულიად გაუგებარ წესებს ემონება, რადგან მორჩილება მისი შინაგანი თვისებაა.

საზოგადოების დიდი ნაწილი დახმარების, სიკეთის გაცვლა-გამოცვლის პრინციპით ხელმძღვანელობს. მოზარდიც, რომელიც ამგვარ სოციუმში ცხოვრობს, ითვისებს ამ წესებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ სიკეთისთვის ჯილდოს მიღება ყოველთვის დასაშვები და აუცილებელი არ არის. დასანანია, როდესაც ადამიანი განვითარების ამ დონეზე რჩება.

ვაჟა-ფშაველას, გოდერძი ჩოხელის, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილისა და უამრავი სხვა სასახელო ქართველი მწერლის მთელი შემოქმედება კაცთმოყვარეობასა და უანგარო თავგანწირვის სურვილზეა აგებული, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტ ღირებულებებთან ზიარება, სულიერი სამყაროს გამდიდრება, ადამიანურისა და ზნეობრივი კარგი მაგალითების მიღება მოსწავლეებს მშობლიური ლიტერატურიდანაც შეუძლიათ, რომელიც კულტურისა და ეროვნული ფასეულობების სინთეზს წარმოადგენს.

ლიტერატურას ნაწილობრივ რწმენა განსაზღვრავს, ქრისტიანობა კი სიკეთის ქმნას, მოყვასისა და მტრის ერთნაირად სიყვარულს გულისხმობს.

აქვე დავძენ, რომ თავად მასწავლებლებს მოეთხოვებათ, იდგნენ მორალისა და ზნეობის სადარაჯოზე, პროფესიონალიზმთან ერთად მეტი გულისხმიერება, სიყვარული და ტაქტი გამოიჩინონ აღსაზრდელების მიმართ, რადგან მორალი მარტო საკლასო ოთახში არ უნდა ფასობდეს, – ის სკოლის გარეთ უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, ამას გულისხმობდა არისტოტელეც, რომლის სიტყვებიც მოვიხმე წერილის დასაწყისში.

სუბკულტურა – საფრთხე თუ პროგრესი?

0

სოციოლოგები სუბკულტურას ხალხის ჯგუფს უწოდებენ, რომელიც ძირითადი, “მეინსტრიმული” (ახლა მოდაშია ეს სიტყვა) კულტურის მატარებელია, თუმცა ზოგიერთი ასპექტი (გამოხატვა, ღირებულებები და ა.შ.) განსხვავებული აქვს. სუბკულტურა არ არის მასობრივი, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ასეთად იქცეს. იმ შემთხვევაში, როდესაც სუბკულტურის იდეები რადიკალურად უპირისპირდება “მეინსტრიმს”, ის კონტრკულტურად იქცევა.

განსხვავებულობის განცდას სუბკულტურის მიმდევრები მანამდე არ იწვევენ, სანამ თავიანთ იდეებს “გარეთ არ გამოიტანენ”, ანუ საკუთარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ დაიწყებენ მოქმედებას. სწორედ ამ მომენტში გადაწყდება, მიიღებს მათ მასა თუ არა.

სუბკულტურა შეიძლება ერთი კონკრეტული ფაქტორის გარშემო იყოს გაერთიანებული. ხშირად ეს ფაქტორი მუსიკაა. რა ტიპის, როგორი გარეგნობისა და ჩაცმის სტილის ადამიანები გახსენდებათ, როდესაც მუსიკასთან ასოცირებული სუბკულტურის შესახებ გეკითხებიან?

ნება მომეცით, თქვენ მაგივრად ვუპასუხო: დახეული, ზოგჯერ ჯაჭვებასხმული ვიწრო ჯინსის შარვალი, ნახატიანი ან წარწერიანი მაისური, პირსინგი (ზოგჯერ – ხელოვნური), გრძელი, ზოგჯერ შავად, წითლად ან ვარდისფრად შეღებილი თმა, რკინისდეტალებიანი სამაჯური, ოდნავ ჩაშავებული თვალები…

რას ეძახით ასეთ ადამიანებს?

დიახ, სწორად გამოვიცანი – როკერებს.

ეს – საუკეთესო შემთხვევაში 🙂 თორემ ხშირად მათ მაიმუნებად, სატანისტებად, მწვალებლებად, ქართველობის გამრყვნელებად და ათას უბედურებად მოიხსენიებენ. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ისინი ცოტას თუ აინტერესებს და კიდევ უფრო მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც რაიმე მაინც წაუკითხავს როკ სუბკულტურების შესახებ.

თუ საკითხში ოდნავ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ “როკერობა” არ არის უბრალო ახირება და მას საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტებიც აქვს. ადამიანთა ის ერთობა, რომელსაც მეინსტრიმსაზოგადოება “როკერს” ეძახის, სინამდვილეში შეიძლება მრავალ სუბკულტურად დაიყოს. ბევრს იქნებ გაუკვირდეს, მაგრამ მათი ცხოვრების წესი მეტ-ნაკლებად სერიოზულ ფილოსოფიურ და იდეოლოგიურ ბაზისს ეფუძნება, ხელოვნების კუთხითაც საკმაოდ მრავალფეროვანნი არიან, აქვთ საკუთარი მოდა, ფერწერა, ლიტერატურა, მუსიკა და კინემატოგრაფიაც კი.

სამი ყველაზე დიდი და გავლენიანი სუბკულტურა, რომელიც როკის გარშემოა გაერთიანებულიმ არის პანკ (Punk), გოთ (Goth) და ემო (Emo) სუბკულტურები. ამჯერად მინდა პანკების შესახებ მოგითხროთ.

Punk – ეს სუბკულტურა 1970-იან წლებში მუსიკალური მიმდინარეობა Punk Rock-ის პარალელურად აღმოცენდა. სად დაიწყო პირველად პანკ მოძრაობა, ძნელი სათქმელია, თუმცა ყველაზე ძლიერი ის ბრიტანეთში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში გახლდათ. პანკ კულტურამ ერთგვარად გააერთიანა მანამდე არსებული ყველა ახალგაზრდული მოძრაობა.

პანკების იდეოლოგია ძალიან ფართოა. დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, ისინი მემარცხენეები არიან, თუმცა ჩვენს დროში მათი იდეები მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრულ საზოგადოებებში პანკებისადმი უარყოფითად არიან განწყობილნი, მათი მთავარი ლოზუნგი მშვიდობაა. ისინი აქტიურად ეწევიან ანტიავტორიტარულ, ანტიმილიტარისტულ, ანტისექსისტურ თუ ანტიჰომოფობიურ პროპაგანდას.

სახვითი ხელოვნება. პანკ მხატვრობას ხელოვნების ცალკე მიმდინარეობად ვერ განვიხილავთ, თუმცა არის თავისებურებები, რომლებიც მას ახასიათებთ. პროტესტი, ბევრი გაურკვეველი ფერი და ერთმანეთში არეული კომპოზიციები პანკ სუბკულტურის მხატვრობის მთავარი ნიშნებია. განვითარება ასეთმა ხელოვნებამ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის ალბომის გარეკანების, აფიშებისა და პლაკატების საშუალებით მოახერხა. საინტერესოა ამ მხრივ 70-იანი და 80-იანი წლების ბრიტანული სტრიტ არტიც – ქუჩის ხელოვნება, რომელიც კედლებზე თუ ქუჩაში ინსტალაციებისა და ნახატების განთავსებას გულისხმობს.

პანკების მუსიკა მრავალგვარია: როკ-ენ-როლი, ფოლკ პანკი, სკა, პროტოპანკი… ხანდახან მათ მუსიკას აგრესიულს უწოდებენ, რაც ხშირად მართებული არ არის. მრავალი სხვა ჟანრისგან განსხვავებით, პანკ როკში ჩვეულებრივზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მელოდიას, არამედ ლირიკას. თუ პანკ მხატვრები გაურკვეველი კომპოზიციებით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას, მუსიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა: ტექსტები გასაგები და პირდაპირია, ზოგჯერ – ზედმეტად პირდაპირიც. იგრძნობა მეამბოხე იდეოლოგია, რომელიც მზადაა დაიცვას საკუთარი ინტერესები უსამართლო ჩარევისგან.

პოსტსაბჭოთა სივრცეში პანკ მუსიკა საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ჯგუფი, “Кино”, რომელსაც ვიქტორ ცოი ედგა სათავეში, “ახალი ტალღის” როკსა (New Wave) და პოსტპანკს უკრავდა. ცოი 1990 წელს საკმაოდ ახალგაზრდა, 28 წლისა, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ დატოვებული მუსიკა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დღესაც აქტუალური და მისაღებია.

რაც შეეხება მოქმედ ბენდებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ბელორუსიული ჯგუფი “Ляпис Трубецкой”, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე დაუკრა. მუსიკოსების სტილი ე.წ. AgitPop-ია – აგიტაციური პოპი, რომელშიც უხვადაა სკა პანკის ელემენტები. “Ляпис Трубецкой” თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ პოსტსაბჭოთა პანკ მუსიკის ერთ-ერთ სერიოზულ და ხარისხიან წარმომადგენლად.

ჯგუფი ცოცხალი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შეინარჩუნო საპროტესტო განწყობა და თანაც მიაწოდო მასას ის იდეები, რომელთა გამოხატვაც გინდა. მათი რამდენიმე სიმღერა ბელორუსიის მთავრობამ დაბლოკა, ჯგუფის ლიდერი სერგეი მიხალოკი კი არაერთხელ ქცეულა შავი პროპაგანდისა და ბელორუსი სამართალდამცავების მსხვერპლად.

მიუხედავად ყველაფრისა, ბენდი აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს. თბილისში მათი მოსმენა ჩემთვის, როკმუსიკის მოყვარულისთვის, ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. დადებითი ემოციები ძალიან დიდხანს გამყვება.

როგორც ხედავთ, პანკ მუსიკას შეუძლია საკმაოდ დიდი როლი ითამაშოს საზოგადოების ცხოვრებაში. ამ სუბკულტურის იდეები ერთმნიშვნელოვნად ეწევა სამოქალაქო აქტივობისა და ლიბერალური ღირებულებების (ტოლერანტობა, თანასწორობა და ა.შ.) პროპაგანდას, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტორია.

სუბკულტურათა სიმრავლე განვითარებული საზოგადოების ძალაა და არა სისუსტე. კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოებაც გააცნობიერებს, რომ ეს სავსებით ჩვეულებრივი ადამიანები მათ საფრთხეს არ უქმნიან, რომ ისინი არ არიან სატანისტები, არ წვავენ კატებს 🙂 და არც ქართველობას გვართმევენ; რომ მოსწავლე, რომელიც სკოლაში უცნაური ვარცხნილობით მოდის, გარშემო მყოფთა პროვოცირებას კი არ ცდილობს, უბრალოდ სურს, განსხვავებული იყოს. ეს მისი უფლებაა და არა ვინმეს მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება.

როგორ მოვიქცეთ მათთან მიმართებით? ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანის მიმართ ვიქცევით. იმედი მაქვს, ეს პოსტი ამის გაცნობიერებაში ოდნავ მაინც დაგეხმარებათ.

ახლა კი მინდა, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრეკით დაგემშვიდობოთ, რომელსაც ზემოთ ნახსენები სკა პანკ ჯგუფი “Ляпис Трубецкой” ასრულებს.

მე
მჯერა… 🙂

მეტი აკადემიურობა – “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულის შესახებ

0

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ხელმძღვანელობით “საქართველოს ისტორიის” რვატომეული გამოიცა. მას შემდეგ წყაროთმცოდნეობითი ბაზა არქეიოლოგიური კვლევის გზით მოპოვებული ახალი მასალებით შეივსო, გამოქვეყნდა არაერთი სიახლის შემცველი ნაშრომი, შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური სტატუსი, რამაც, ბუნებრივია, “საქართველოს ისტორიის” ახალი რედაქციის გამოცემის საჭიროება დააყენა.

ორი თვის წინ გამომცემლობა “პალიტრა ელმა” “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეული გამოსცა, რომელიც კომპანია “მაგთიკომის” მხარდაჭერით დასტამბა .წიგნის შემდგნლები არიან აკადემიკოსები მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და ოთარ ჯაფარიძე.

საგამომცემლო ჯგუფის განმარტებით, საქართველოს ოთხტომეული წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომს, მაგრამ ქართველ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამ გამოცემისგან მეტ აკადემიურობას მოითხოვს და ავტორებს ამა თუ იმ საკითხების წარმოჩენა-გაანალიზების ხარისხზე ეკამათება.
რამდნიმე დღის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო განხილვა თემაზე: “კოლხურ-იბერიული და ადრექრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ახლად გამოცემულ “საქართველოს ისტორიაში” (I-II ტ.), სადაც მოხსენებებით გამოვიდნენ გიორგი კვაშილავა, რაულ გვეტაძე, რამაზ პატარიძე, რომელთაც ისაუბრეს – პროტოქართულ-კოლხური ცივილიზაციის კრეტული წერილობითი ძეგლების, იბერიული ცივილიზაციისა და ადრექრისტიანული კულტურის ფუნდამენტური მნიშვნელობის წერილობითი ძეგლებისა და ქართული დამწერლობის წარმომავლობის ისტორიული წყაროების შესახებ; ხოლო იგორ კვესელავამ წარმოადგინა რეკომენდაციები, რითაც მეცნიერთა ჯგუფი წიგნის ავტორებს მიმართავდა.
განხილვის შედეგად გაირკვა, რომ “საქართველოს ისტორიის” პირველ ტომში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მატერიალური კულტურის ძეგლი, რომელიც შეიცავს ასომთავრულ სიმბოლოებს. არ არის ასახული იბერიის ცივილიზაციის ამსახველი მასალები, რომელიც აღწერილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრიფით გამოცემულ აკადემიკოს ლ. ჭილაშვილის მონოგრაფიაში და ქრისტიანული არქეოლოგიის მე-6 კონფერენციების კრებულში. უგულებელყოფილია ქართველი მეცნიერების ახალი შრომები (მაგალითად, “ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი”), რომლითაც მტკიცდება, რომ უნიკალური ასომთავრული ანბანური სისტემა შეიცავს ასტრონომიული, მათემატიკური და კალენდარული ხასიათის ინფორმაციებს. მეორე ტომში განთავსებულია მხოლოდ ბოლნისის სიონის დავით ეპისკოპოსისეული წარწერის სურათი, სავარაუდო თარიღით – მე-5 ს-ით, მაშინ როდესაც ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის ქართული დამწერლობის ძეგლია, რომელზეც ასახულია საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების თარიღები. ძველქართული პალესტინის წარწერებიდან კი წარმოდგენილია მხოლოდ ერთის გრაფიკული ასლი, რომელსაც, რატომღაც, პალესტინის მოზაიკური წარწერა ეწოდა, ასლზე არ არის დატანილი სამკუთხა კრიპტოგრამული ნიშნულები, რომელთა გარეშე შეუძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოხსნა. როგორც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამინ რამიშვილი აღნიშნავს, მართალია წარმოდგენილი ოთხტომეული საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებისათვისაა განკუთვნილი, მაგრამ მას კვლევა-ძიების პრეტენზიაც გააჩნია, ამიტომაც სასურველი და აუცილებელი იყო, რომ ოთხივე წიგნს თან დართვოდა შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურისა და წყაროების მითითება. განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ნაშრომს არ ახლავს შესაბამისი ავტორების ან პირველწყაროების მითითება. მეცნიერებთა თქმით, 1800 გვერდიან ბოლო ტომს მაინც უნდა დართვოდა საძიებელი.
“არა მხოლოდ ისტორიული საკითხების კვლევაში მოპოვებული სიახლეები, ძველი ნაშრომების შედეგებიც არ არის სათანადოდ გამოყენებული, მაგალითად, პავლე ინგოროყვას ნაშრომები და რამაზ პატარიძის ბრწყინვალე გამოკვლევა “ქართული ასომთავრული”, რომელიც არავითარ ეჭვს არ ტოვებს ქართული ანბანის წარმომავლობასა და სიძველესთან დაკავშირებით. უგულებელყოფილია მათემატიკოსების ნ.კანდელაკისა და გ.ცერცვაძის ფუნდამენტური ნაშრომი “ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი”, მაგრამ გარდა ამისა, სრულიად უსამართლოდ ყურადღების მიღმაა დარჩენილი ნეკრესის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მასალები, კერძოდ, წინაქრისტიანული ხანის ეპიგრაფიული ძეგლები, რომელთა კვლევას აკად. ლ. ჭილაშვილმა საგანგებო მონოგრაფია მიუძღვნა და რომელთა შესახებ საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული რ.პატარიძეს, გ.ნარსიძეს, ნ.გაფრინდაშვილს და სხვათ.
დასანანია, რომ ოთხტომეულის მე-2 ტომის მე-13 თავში, ნეკრესის აღმოჩენასთან დაკავშირებით, მხოლოდ სქოლიოშია საუბარი. აკად. ლ. ჭილაშვილი გამოცდილი საველე მუშაკი და ძალზედ ფრთხილი მკვლევარი, როდესაც არქეოლოგიური მეთოდების გამოყენებით გვთავაზობს მის მიერ გათხრილი ძეგლების თარიღს, ვფიქრობთ, უფრო მეტი ანგარიში უნდა გაეწიოს მის მოსაზრებებს. ამავე დროს, ლ. ჭილაშვილმა დაათარიღა რუსთავში აღმოჩენილი წარწერები, რომელიც მიიჩნია ნეკრესის წარწერების თანადროულად, რითაც კიდევ უფრო გაზარდა წინაქრისტიანული ხანის წარწერიანი ძეგლების რიცხვი. ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, სამწუხაროდ, ლ. ჭილაშვილის გარდაცვალების შემდეგ საგრძნობლად შენელდა, არადა, არქეოლოგიურ სამუშაოთა გაფართოების შემთხვევაში ნეკრესში კიდევ უფრო დიდი აღმოჩენებია მოსალოდნელი.
შენიშნვნა გვაქვს ტექსტში ჩართული რუკების მიმართაც, კერძოდ, პირველი ტომის პირველივე რუკა, რომლის სათაურია “საქართველო ძვ.წ. მე-4-3 საუკუნეებში”, იწვევს ჩვენს გაკვირვებას იმის გამო, რომ მასზე აღნიშნული არ არის სასპერთა სახელი და განსახლების არეალი, რომელიც მოიცავდა მდ.არაქსის შუაწელის ორივე მხარეს არსებულ საკმაოდ ვრცელ მიწა-წყალს, რომელიც ქართველურმა ტომებმა ადრე კიმიერილთა მიერ პროვინცია სპერის განადგურებისა და იქ სომხური მოსახლეობის შესვლის შემდეგ დაიკავა.
ასევე მიუღებელია ის მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ეგრისი წარმოადგენდა იმ სამეფოს, როგორც ეს რუკაზეა წარმოდგენილი. იბერიის შემადგენლობაში დასავლეთ საქართველოდან შედიოდა ორი საერისთავო, რომელთაგან ერთ-ერთს სათავეში ედგა ერისთავი ქუჯი” – ამბობს რამინ რამიშვილი..
მეცნიერთა თქმით, წინამდებარე “საქართველოს ისტორიის” პირველი და მეორე ტომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კვლავ გრძელდება უნდობლობა ქართული წერილობითი ძეგლებისადმი, რასაც საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში და მიიჩვენ, რომ ხარვეზები აუცილებლად უნდა შეივსოს, რისთვისაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ დანართის სახით მე-5 ტომის გამოცემა, სადაც არსებული მასალები შევა, რაც ხელს შეუწყობს “საქართველოს ისტორიის” სწორად გააზრებას ახალი თაობის მიერ და სწორად წარმოაჩენს მას მსოფლიო კულტურის კონტექსტში.
ისინი ფიქრობენ, რომ დანართში შეტანილი იქნას საილუსტრაციო მასალები განმარტებებით, რომელიც ეხება ქართული დამწერლობის წარმომავლობას და ასომთავრული ანბანის ანალიზს. ილუსტრიტება მოხდეს იბერიული ცივილიზაციის ამსახველი მატერიალური კულტურის წერილობითი ძეგლებისა მცხეთიდან, რუსთავიდან და ნეკრესიდან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იბერიის მეფეთა მემორიალურ ძეგლებს დათარირებულს ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემით.
თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულის ოპონენტების შეხვედრა ავტორთა ჯგუფთან და საჯარო დისკუსია. ეს ოპონენტებს აუცილებლად მიაჩნიათ, რადგან ისინი კიდევ უფრო მეტ ხარვეზებს ხედავენ საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებში, რომელიც მე-4 ტომშია შესული.

“გოგონა დრაკონის ტატუთი”

0

თანამედროვე ბესტსელერები, განსაკუთრებით – ისეთები, რომლებსაც უმთავრესად ახალგაზრდა მკითხველი ეტანება, ლიტერატურული ღირებულების, მწერლის ენისა თუ სხვა ფაქტორების გამო ხშირად ფართო განსჯის საგნად იქცევა. ლოგიკურიც არის – სხვადასხვა თაობის მკითხველს ხომ სხვადასხვანაირი ლიტერატურული გემოვნება აქვს, გემოვნება კი სუბიექტური ცნებაა. თანამედროვე ახალგაზრდების ხედვა და ლიტერატურის მიმართ მოთხოვნა განსხვავებულია. ციფრულ ეპოქაში საკმაოდ ძნელია, მწერალმა მათ 500-, 600- თუ 700-გვერდიანი წიგნის წაკითხვა მოანდომოს. ამის მიზეზი ახალგაზრდების წიგნისადმი გაუცხოება კი არა, დროის უქონლობა და იმ ინფორმაციის მრავალფეროვნებაა, რომელსაც თანამედროვე სამყარო კომპიუტერებისა თუ ციფრული ტექნიკის საშუალებით აწვდის მათ. ისინი ბევრად უფრო მომთხოვნები და პრეტენზიულები არიან – მათ ხომ უსაზღვრო არჩევანი აქვთ. გლობალიზაციის ეპოქაში ლიტერატურაც ყოველგვარ საზღვარს გაცსდა.

დღეს კორეული, ჩინური, შვედური, ესტონური თუ თურქული ლიტერატურის გაცნობა ისევე ადვილია, როგორც ქართულისა. ხშირად ეს უკანასკნელი უფრო ჭირს.

თანამედროვე მკითხველთან ბევრს ვერაფერს გახდები, თუ ჰამბურგერივით არ შეფუთე შენი ლიტერატურული პროდუქტი და მარკეტინგის, პიარის, რეკლამისა თუ საინფორმაციო მედიის მეშვეობით კოკა-კოლას მსგავსად არ შესთავაზე მომხმარებელს. 21-ე საუკუნეში მკითხველიც მომხმარებელია, მისი ყურადღებისა და ინტერესის დამსახურება კი – საკმაოდ რთული, და თუ უცნობმა ავტორმა მილიონობით ახალგაზრდა მოხიბლე მთელს მსოფლიოში და 500-გვერდიანი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წააკითხე, უკვე დიდი გამარჯვებაა

მე წიგნისადმი პირველი ინტერესი ხშირად სწორედ ზემოხსენებული საფეხურების წარმატებით გავლის გამო მიჩნდება, მით უფრო – როდესაც საქმე უცნობი შვედი მწერლის დეტექტივს ეხება, რომელიც 40 ენაზე ითარგმნა, 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და უკვე ქართულადაც შემიძლია წავიკითხ ო.”გოგონა დრაკონის ტატუთი”, რომელსაც დედანში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია, თანამედროვე შვედური დეტექტივია. წიგნი ტრილოგიაა და სამი ნაწილისგან შედგება. მისი ავტორი სტიგ ლარსონია, რომელიც 2004 წელს, რომანის გამოცემამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.წიგნი ერთი შეხედვით კლასიკური დეტექტივია, თუმცა მას უაღრესად ორიგინალური სიუჟეტი აქვს, უფრო სწორად, აქ რამდენიმე სიუჟეტური ხაზი და ამდენივე კვანძის გახსნაა. მისი კითხვისას შეუძლებელია, თუნდაც რამდენიმე წუთით მოსწყდე შინაარსს – მუდმივი ინტრიგა და ადრენალინი წიგნს ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს. იშვიათია თანამედროვე დეტექტივი, საინტერესო რომ იყოს და თანაც ისეთი, რამდენიმე ღამე თეთრად გაგათენებინოს. ამიტომ მისი წაკითხვა სადაგ დღეებში რეკომენდებული არ არის.

ამბავი კი ასეთია: შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებას 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია და ახლა მისი უკანასკნელი სურვილია, გაიგოს, ვინ მოკლა მისი ძმისწული. ამისთვის იგი ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს დაიქირავებს, რომელსაც გამოძიებაში საზოგადოების მიერ გონებაშეზღუდულად შერაცხული ჰაკერი გოგონა ლისბეთ სალანდერი ეხმარება. ვანგერების დინასტიის შემზარავ ამბავს წარმოუდგენელი დასასრული აქვს…სიუჟეტს ფონად გასდევს შვედეთში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა: ”შვედეთში ქალების 18%-ს ერთხელ მაინც დამუქრებია საფრთხე მამაკაცისგან”, “შვედეთში ქალების 48% არაერთხელ გამხდარა მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი”… და თუ ამ მონაცემებს სახალხო დამცველის ოფისის ქალთა დახმარების ცენტრის მონაცემებს შევადარებთ, გაუგებარია, რატომ დუმს ქართული საზოგადოება, რატომ არ უჩნდება სურვილი არც ერთ ქართველ ხელოვანს, საკუთარ შემოქმედებაში წამოსწიოს ქალთა პრობლემები, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებაში არსებული ბევრი სხვა ტაბუდადებული თემა, მაშინ, როდესაც მსგავსი ფემინისტური თუ პოსტფემინისტური საკაზმი წიგნისადმი ინტერესს აორმაგებს და გაყიდვების მაჩვენებელს ზრდის. ლიტერატურის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსსაც გაუჭირდება, სტიგ ლარსონის დეტექტივს ბანალური უწოდოს – მასში ხომ რეალურად არსებულ პრობლემაზე მსჯელობენ და რაც უნდა ბევრი ვიდავოთ მის ლიტერატურულ ღირებულებაზე, ფაქტს წინ ვერ აღვუდგებით. წიგნი კარგად შეფუთული ჰამბურგერივითაა, რომლის მარგებლობა შესაძლოა ეჭვს ბადებდეს, მაგრამ მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

გირჩევთ, მისი კითხვა სამუშაო/სასწავლო კვირის მიწურულს დაიწყოთ. ქართულ ენაზე უკვე ტრილოგიის მეორე წიგნიც გამოვიდა, რომელსაც თარგმანში “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” ჰქვია, მაგრამ მის შესახებ მომდევნო ბლოგპოსტების მეშვეობით მოგითხრობთ.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...