ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
5 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2025

დროის მენეჯმენტი

0

 ვრცლად

ზოგადი რეკომენდაციები ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას

0
ფიზიკის ამოცანების ამოხსნის ერთი ზოგადი წესი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მათთვის, ვისაც სურს, ფიზიკის ამოცანების ამოხსნას დაეუფლოს, სასარგებლო იქნება რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება.
გახსოვდეთ, რომ ფიზიკის ამოცანები სამყაროში მიმდინარე რეალური პროცესების მოდელირებაა, ამიტომ ეცადეთ, ამოცანის – თუნდაც ერთი შეხედვით უმარტივესის – ამოხსნისას თავდაპირველად წარმოიდგინოთ, შეიცნოთ, რა მოვლენასთან გაქვთ საქმე და მერეღა დაიწყოთ პასუხის ძებნა.

ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ მავანი კარგად ხსნის მექანიკის ამოცანებს, მაგრამ უჭირს ამოცანების ამოხსნა ფიზიკის სხვა განყოფილებიდან, მაგალითად, ოპტიკიდან ან ატომბირთვის ნაწილიდან. ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ეს ადამიანი სათანადოდ არ იცნობს ფიზიკის ამ ნაწილს ან უჭირს მისი რეალურად წარმოდგენა.
თუ გიჭირთ წარმოდგენა, როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის ფიზიკური მოვლენა (განსაკუთრებით – მოლეკულური, რხევითი მოვლენები, ატომბირთვის ფიზიკა), ეცადეთ მოიძიოთ და ნახოთ ე.წ. „ინტერაქტიული მოდელები ფიზიკაში”. ეს არის Flash-ანიმაცია, რომელიც დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ მოვლენის არსს და შეძლოთ მისი სხვადასხვა პირობებში მოდელირება.

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ მარტივი ამოცანა:
. ავტომობილმა გზის პირველი ნახევარი 30 კმ/სთ სიჩქარით გაიარა, ხოლო მეორე – 50 კმ/სთ სიჩქარით. ვიპოვოთ საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე.

არის შემთხვევები, როდესაც პასუხად ასახელებენ 40 კმ/სთ-ს, ე.ი. იღებენ სიჩქარეთა საშუალო არითმეტიკულს, რაც, ცხადია, შეცდომაა. ხოლო თუ ამოცანის პირობას მივცემთ ასეთ სახეს: თბილისიდან ბათუმამდე 400 კმ-ის გავლას (სადაც, ცხადია, ავტომობილი მოძრაობდა სხვადასხვა სიჩქარით, ხან კი გარკვეული ხნით ჩერდებოდა კიდეც) მოვანდომეთ 8 სთ, – ფიზიკის არმცოდნეც კი გიპასუხებთ, რომ საშუალო სიჩქარე 50 კმ/სთ ყოფილა და ადვილი მისახვედრია, რომ საშუალო სიჩქარის საპოვნელად საჭიროა მთელი გავლილი მანძილის გაყოფა მთელ დროზე.

ამოცანების ამოხსნის პროცესში სასურველია დავიცვათ გარკვეული თანამიმდევრობა:
1. ამოცანის პირობის გაგება და მოთხოვნების დაზუსტება
დაკვირვებით წავიკითხოთ ამოცანა, გავარკვიოთ მისი ფიზიკური შინაარსი და ისიც, რას მოითხოვენ ჩვენგან. ვთქვათ, ფიზიკის რომელ ნაწილს მიეკუთვნება ამოცანა, რა კანონები შეიძლება გამოვიყენოთ მისი ამოხსნისას. ამოცანა შეიძლება იყოს კომბინირებული – ფიზიკის სხვადასხვა ნაწილის გამოყენება დაგვჭირდეს.
ყურადღება მივაქციოთ, რა ფორმით არის დასმული კითხვა: რაიმე პარამეტრის გამოთვლას გვთხოვენ თუ ამ პარამეტრის ცვლილებისას? რამდენჯერ შეიცვალა ესა თუ ის სიდიდე და რამდენით? ასევე ყურადღება მიაქციეთ ამოცანაში მოცემულ დამატებით პირობებს, მაგალითად, „რომელიმე პარამეტრი ჩათვალეთ ნულის ტოლად”, „ხახუნის ძალა უგულებელყავით”, „აჩქარება ან რომელიმე პარამეტრი მუდმივია” და სხვ. გახსოვდეთ, ამოცანაში თითოეულ სიტყვას აქვს გარკვეული აზრობრივი დატვირთვა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სწორი პასუხის მოსაძებნად, ამიტომ სასარგებლო იქნება, თუ ამოცანას რამდენჯერმე ყურადღებით გადაიკითხავთ და თითოეული სიტყვის მნიშვნელობას დაუფიქრდებით.

2. მოცემულობის ჩამოწერა და რიცხვითი მნიშვნელობების ერთ (სასურველია, SI) სისტემაში გადაყვანა.
დავწეროთ მოცემულობა, რათა გამუდმებით თვალთახედვის არეში გვქონდეს ცნობილი და საძებნი სიდიდეები. თუ უკვე იცით, რას შეეხება ამოცანა, მაგრამ ვერ ხვდებით, რა გააკეთოთ ან რით დაიწყოთ, მაშინ ამოცანა ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და ცალკე ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა ის ფორმულა და განმარტება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ამოცანის პირობებთან.

3. პროცესის სქემატური და გრაფიკული ნახაზის შედგენა
გახსოვდეთ: ნახაზის შედგენა საგრძნობლად ამარტივებს ამოცანის ამოხსნას. ამოცანის ამოხსნისას შესაძლოა ორი სხვადასხვაგვარი ნახაზი დაგვჭირდეს, პირველი – ესკიზის სახით, რათა უკეთ წარმოვიდგინოთ ფიზიკური პროცესის არსი (ანუ ამოცანა გამოვსახოთ ვიზუალურად), ხოლო მეორე – სქემატური. მაგალითად, თუ სხეულის მოძრაობა გამოწვეულია რამდენიმე ძალის მოქმედებით, აუცილებელია სხეულზე მოდებული ძალის ვექტორების გამოსახვა და მათი ისე განლაგება, რომ შესაძლებელი იყოს ვექტორებზე ალგებრული მოქმედებების შესრულება. ყურადღება მივაქციოთ, რომ შესაძლოა, მოქმედება მიმდინარეობდეს არა ერთ, არამედ ორ ან სამ განზომილებაში. ამ შემთხვევაში ძალების ტოლქმედის მისაღებად ამ ძალების სიდიდეების უბრალოდ მიმატება ან გამოკლება არ შეიძლება. ნახაზი განსაკუთრებით დაგვეხმარება, თუ ამოცანაში სხეულის მოძრაობა ან მდებარეობა სხვა სხეულის მიმართ მოცემულია რაიმე კუთხით.


4. ამოხსნა
ხშირად ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია მზა, არსებული ფორმულების პირდაპირი გამოყენებით. როგორც წესი, ამოცანათა უმრავლესობა მრავალსაფეხურიანია, ამ დროს მოგვეთხოვება, მათემატიკური აპარატის დახმარებით ფიზიკის სტანდარტული ფორმულებიდან ჩვენთვის სასურველი ახალი ფორმულა გამოვიყვანოთ. თუ აღმოჩნდა, რომ მიღებულ ფორმულაში შემავალი პარამეტრებიდან ყველა არ არის ცნობილი, საჭიროა განტოლების დამატება.
ზოგადი პრინციპია, რომ რამდენი უცნობიც გვაქვს, იმდენივე ფორმულაა საჭირო და ამოცანა დაიყვანება სისტემის ამოხსნაზე, ანუ ფიზიკური ამოცანა – მათემატიკურზე.
ამოცანის ამოხსნა უნდა მოხდეს ანალიზურად (ფორმულებით), მხოლოდ საბოლოო ფორმულაში უნდა ჩავსვათ რიცხვითი მნიშვნელობები. ფორმულებით ჩაწერილ ამოხსნაში უფრო ადვილია ლოგიკის, ფიზიკური აზრის დანახვა და შეცდომების პოვნა.

5. შემოწმება
თუ ამოცანის ამოხსნის მსვლელობის ან საბოლოო ფორმულის სისწორეში ეჭვი გეპარებათ, შემოწმების ყველაზე მარტივი ხერხია ფორმულაში მხოლოდ განზომილებების ჩასმა. ცხადია, ტოლობის ორივე მხარეს უნდა გვქონდეს ერთი და იგივე განზომილება. ამ მეთოდის გამოყენება არ შეიძლება, თუ ფორმულაში ზოგიერთი რიცხვითი მნიშვნელობა უკვე ჩასმულია. ხშირად შეიძლება მივიღოთ ერთი შეხედვით მოულოდნელი, საღ აზრს მოკლებული პასუხი, მაგალითად, საფანტის წონა – რამდენიმე კილოგრამი, უარყოფითი დრო და ა.შ. ნუ უარყოფთ პასუხს, რომელიც, ერთი შეხედვით, რეალობასთან შეუსაბამოა; ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ამოცანის ამოხსნის მსვლელობა. მაგ., უარყოფითი დრო შეიძლება იყოს უბრალოდ დრო t=0 მომეტამდე, ანუ დროის ათვლის დაწყებამდე.


დაიმახსოვრეთ:
თუ გსურთ, ფიზიკის ამოცანების ამოხსნა ისწავლოთ, ეცადეთ, ისინი დამოუკიდებლად ამოხსნათ. როდესაც ამოცანას გიხსნით სხვა, როგორც წესი, ყველაფერი გასაგებია, ხოლო როდესაც დამოუკიდებლად ხსნით, არაფერი გამოგდით.

როგორც წესი, ამოცანა ზედმეტ მოცემულობას არ შეიცავს; თუ მისი ამოხსნისას რომელიმე მოცემულობა არ გამოიყენეთ, ე.ი. ამოხსნის მსვლელობაში შეცდომაა.

ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი იარაღია შენახვის კანონების გამოყენება, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ შენახვის კანონები სამართლიანია მხოლოდ ჩაკეტილი, იზოლირებული სისტემისთვის.
მივაქციოთ ყურადღება: თუ სხეულზე მოდებულია რამდენიმე ძალა, შესაძლოა ორი ან რამდენიმე ძალა ერთმანეთს აბათილებდეს. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება უგულებელვყოთ და ამოცანაც საგრძნობლად გამარტივდება.

ელექტრულ წრედთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას დენის მიმართულების ცოდნა აუცილებელი არ არის; შეგიძლიათ, ის უბრალოდ დაუშვათ.

თუ შესაძლებელია მიმდევრობით ან პარალელურად ჩართული წინაღობების მათი ეკვივალენტური წინაღობით შეცვლა, აუცილებლად შეცვალეთ.

მატერიალური წერტილის შემთხვევაში ათვლის სისტემა დაამთხვიეთ ათვლის სათავეს, სიჩქარის მიმართულება – x ან y ღერძისას.

ხშირად ოპტიკაში ლინზისა და სარკის მახასიათებლები ერთმანეთში ერევათ. გახსოვდეთ: ამოზნექილზედაპირიანი სარკის ფოკუსური მანძილი უარყოფითია, ხოლო ამოზნექილზედაპირიანი ლინზისა – დადებითი; ჩაზნექილზედაპირიანი ლინზისა და სარკის შემთხვევაში პირიქითაა.

ყველაზე მარტივი კანონის თანახმად…

0

ეს პატარა წერილი თუ პოსტი ეძღვნება გიორგის და მათ,
ვისაც უნებურად რაღაც არასწორად ,
ან ისე ვასწავლე, როგორც არ უნდა მესწავლებინა

თავიდან ვერ ვიცანი – გაზრდილი, გამხდარი, გამაღლებული, ორ გოგოსთან ერთად შემოვიდა. მოსაშვილზე, ერთ-ერთ კაფეში მეგობართან ერთად ვიჯექი. მისი თანმხლები გოგოები რაღაცაზე იცინოდნენ. ესეც იცინოდა, მაგრამ სახეზე მაინც რაღაც უცნაური დაძაბულობა ჰქონდა აკრული, ნიღაბივით. ახლა მგონია, რომ სწორედ ამ დაძაბულობით მიიქცია ყურადღება, ეს „ნიღაბი” მეცნო, ამიტომ დავაკვირდი და მერე უცებ – ვიცანი! გარშემო ბევრი ხალხი იყო, მაგიდები – გადაჭედილი და ვერ დავინახე, სად დასხდნენ. ისე გამოვედით, თვალი აღარ მომიკრავს. არც თვითონ დავუნახივარ.

 

არაჩვეულებრივი კლასი იყო, ფრთხიალა ჩიტების გუნდს ჰგავდა – რაღაცნაირი ფუსფუსა, აქტიური, მოძრავი, მოხტუნავე, ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ყველას უცნაური იდეებით ჰქონდა თავი გამოტენილი. ერთმანეთზე ლამაზები და ცელქები იყვნენ. ყველა ერთდროულად ჟღურტულებდა და, მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთისთვის მოესმინათ. მეხუთე კლასში უკვე ჰქონდათ გარემოს მართვის და მასზე ლიდერობის უნარები. და ყველაზე მეტად სწორედ ამით ჰგავდნენ ერთმანეთს. მარტო გიორგი იყო სხვანაირი. სანამ შენ არ ჰკითხავდი რამეს, თვითონ ხმას არ ამოიღებდა. სახეზე სულ ის უცნაური, დაძაბულობის ნიღაბი ჰქონდა აკრული, დასვენებებზეც თავის მერხს არ სცილდებოდა და ოდნავ შესამჩნევი, ძალიან თბილი ღიმილით, მერხიდან აკვირდებოდა, როგორ დახტოდნენ დანარჩენები.

ერთი უჯრა მაქვს გამოტენილი მათი ნაჩუქარი კალმებით, თავმოღრღნილი ფანქრებით, ბარბებიანი და მიკი მაუსებიანი სათლელებით, გაცვეთილი საშლელებით და წერილებით, წერილებით, წერილებით. გაკვეთილზე წამოხტებოდნენ, მოირბენდნენ, დამიდებდნენ მაგიდაზე და ერთ წამში ისევ თავიანთ სკამზე გაჩნდებოდნენ. თავიდან, მიუჩვეველი, მონდომებით ვაპროტესტებდი ამ უცნაურ საჩუქრებს, მაგრამ მერე მივხვდი, როგორ სერიოზულად სწყინდათ ეს უარი და ყოველ საშლელს, კალამს, რვეულის ყდიდან ამოჭრილ გულს და ბარბებს ისეთი სიხარულით, აღფრთოვანებით და მადლობებით ვიღებდი, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირფას და ძვირადღირებულ ნივთს. ისინიც, ამაყები და გაბრწყინებულები, ხვდებოდნენ, რომ მესმოდა თითოეული ამ ნივთის მნიშვნელობა.

… ერთხელაც, ერთ-ერთ გაკვეთილზე, რომელიღაც სახალისო თამაშის ბოლოს გიორგი შევაქეთ ტაშით და სულ ოდნავ გავბზარეთ მისი ნიღაბი. სანამ ზარი დაირეკებოდა, გიორგი წამოდგა, ძალიან ნელა, დინჯად მოუახლოვდა ჩემს მაგიდას, გამიღიმა და ყვითელი, ნახევრად გახარჯული, აქა-იქ ნაკბილარებდამჩნეული ფანქარი წინ დამიდო. მერე ისევ დინჯად დაუბრუნდა თავის მერხს. მე მისი პირველი საჩუქარი მივიღე! მან პირველად გადმოდგა ნაბიჯი თავისი ჯადოსნური წრიდან. ძალიან დავიბენი, ძალიან მინდოდა, მივსულიყავი და გულში ჩამეხუტებინა. ძლივს შევიკავე თავი.

მერე ზარი დაირეკა, ჩიტები ფრთხიალით და ჟრიამულით წამოცვივდნენ თავიანთი მერხებიდან. მე ჩემი ნივთები წამოვკრიფე მაგიდიდან, დავემშვიდობე და კლასიდან გავედი. იმ დასვენებაზეც და შემდეგ დასვენებებზეც ფოიეში ვტრიალებდი, ალბათ მორიგე ვიყავი. ბავშვებს შორის რამდენჯერმე მოვკარი თვალი გიორგის, დაძაბული სახით თვალს არ მაცილებდა. რამდენჯერმე შორიდან გავუღიმე, ერთხელ ახლოს ჩავუარე და თავზე ხელი გადავუსვი.

სამასწავლებლოში ვიჯექი, რვეულებს ვასწორებდი, ბოლო გაკვეთილის დასრულების ნიშნად ზარი რომ დაირეკა. რიგრიგობით ბრუნდებოდნენ ჩემი კოლეგები გაკვეთილებიდან. ერთ-ერთის შემოსვლისას ინსტინქტურად კარს გავხედე და ღია კართან დერეფანში მდგარ ჩანთააკიდებულ გიორგის მოვკარი თვალი. ხელებში რაღაცას აწვალებდა და საშინლად დაძაბული სახით მიყურებდა. მაშინვე გავედი. მისკენ დავიხარე, გავუღიმე და სანამ რამეს ვკითხავდი, ყვითელი, ნახევრად გახარჯული, აქა-იქ ნაკბილარებდამჩნეული ფანქარი, დილით მაგიდაზე რომ დამიდო, სწორედ ის ფანქარი გამომიწოდა – კლასიდან რომ გადიოდით, დაგივარდათო. კი არ გამოვართვი,თავისი გაყინული ხელებით უფრო ხელებში ჩამიგდო, გამიღიმა, შებრუნდა და გაიქცა.

მართლა ვიგრძენი, როგორ შემერყა ფეხქვეშ მიწა. თითქოს მართლა ცივი წყალი გადამასხეს. გაშტერებული ვიდექი და ძალიან, ძალიან, ძალიან მინდოდა ტირილი.

 

საგნობრივ შედეგებზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა

0

შევეცადე, წინამდებარე სტატიაში გამეანალიზებინა საკუთარი პედაგოგიური საქმიანობა. მსურს, ზოგიერთი ჩემი დაკვირვება და მიგნება გაგიზიაროთ.

 ვრცლად

როგორ და რატომ უნდა დავიცვათ მშობლიური ენა

0

გასული საუკუნის მიწურულს მასშტაბურ რუსიფიკაციას გადავურჩით და მშობლიურ ენას სტატუსი სისხლის ფასად შევუნარჩუნეთ, “დედა ენას” ძეგლიც კი დავუდგით, მაგრამ წარსულთან კავშირის გაწყვეტა ვერ შევძელით, მეხსიერებიდან ბევრი რამ ვერ ამოვშალეთ და ერთი მეტად “მნიშვნელოვანი” მონაპოვარი შვილებსა და შვილიშვილებს შემოვუნახეთ. კერძოდ, მშობლიური ენა უსარგებლო, ზედმეტი რუსული სიტყვებით ავავსეთ.

საინტერესოა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებმა ცუდად იციან რუსული ენა, არც ისე კარგად იცნობენ რუსულ ლიტერატურას, მაგრამ საუბრისას გაუცნობიერებლად იყენებენ რუსულ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც კალკირების გზით დამკვიდრდა ენაში ან უბრალოდ ბარბარიზმია. ვინ არის დამნაშავე? რასაკვირველია, კონკრეტულად არავინ და იმავდროულად ყველა, რადგან მხოლოდ საზოგადოებას მოეთხოვება პასუხი ენის შებღალვისა და დაბინძურების გამო, განსაკუთრებით კი ბეჭდურ და სატელევიზიო მედიას, რომელიც საზოგადოების სახეა. თანამედროვე ადამიანი ინფორმაციას მედიასაშუალებებით იღებს, ამიტომ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს ყველაზე კარგად და გამართულად უნდა შეეძლოთ საუბარი, წერა. იგივე ითქმის გამომცემლობებში დასაქმებულ კორექტორებზეც. გაოცება ვერ დავმალე, როდესაც პირველკლასელებისთვის განკუთვნილ მშობლიური ენის სახელმძღვანელოში ლამაზი ასოებით დაბეჭდილი სიტყვა “გარაჟი” ამოვიკითხე…

ახალ თაობას რას ვერჩით, ენის სიწმინდე ჯერ უფროსებმა უნდა დავიცვათ და მერე მოვთხოვოთ ბავშვებს.

მავანს იქნებ ჰგონია, რომ ენის ცოდნა მხოლოდ გრამატიკული ნორმების მართებული გამოყენებაა. ცხადია, წესები აუცილებელია, მაგრამ უმთავრესი ხომ ქართული სიტყვებია, ბარბარიზმებით მართლმეტყველება განა შესაძლებელია?! ვაჟა-ფშაველა გრამატიკული ნორმების დაცვით როდი წერდა, მაგრამ ის კარგი მოქართულე იყო. ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში ხშირად დარღვეულია ზმნებისა და ზმნიზედების მართლწერის წესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწერალი ცუდი ქართულით წერდა. აქ მკითხველი იტყვის, მწერალს ყველაფერი ეპატიებაო. რასაკვირველია, ასეა, მაგრამ იქნებ უმჯობესია, ქართული სიტყვები უფრო მეტად შევაყვაროთ ახალგაზრდებს და ენა გავწმინდოთ. ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში გრამატიკა ზმნის გასარჩევად ან მაღალი შეფასების მისაღებად კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ყოველდღიური მეტყველების დასახვეწად. სხვაგვარად სამეტყველო და ლიტერატურული ენა უფრო მეტად დაშორდება ერთმანეთს, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

პატრიოტიზმი მხოლოდ სატელევიზიო ეთერში პათეტიკური ტონით საუბარი როდია; სამშობლოს სიყვარული, უწინარესად, მისი ძირითადი კომპონენტების პატივისცემას გულისხმობს, ენა კი ერის თვითმყოფადობის საზომი და ნიშანია. რა დიდიც უნდა იყოს ტერიტორია, თუ მასზე მოსახლე ადამიანების უმრავლესობა ერთსა და იმავე ენაზე არ ლაპარაკობს, ერი ვერ იარსებებს, გადაშენდება. ისტორიას ამის არაერთი მაგალითი ახსოვს.

ყველამ იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერი და სახელმწიფო შედგეს, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას სამშობლოს წინაშე. მკერდში მჯიღის ცემა, ანთებული თვალები, მგზნებარე ტაში, ცრუ პატრიოტიზმი და უსარგებლო ყიჟინი ქვეყანას ვერ გააძლიერებს. ყველაფერი მარტივია, უბრალოდ, მეპურემ პური უნდა აცხოს, მასწავლებელმა ასწავლოს, ექიმმა მოარჩინოს…

ხშირად ამბობენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება და ახალი სიტყვებით ივსება. ქართული კულტურა ძალზე ახლოს იყო ბეძნულ-რომაულ, სპარსულ კულტურებთან, შესაბამისად, თანამედროვე ქართულში შემორჩენილია ამ ენებიდან შემოსული სიტყვები. ამაში საოცარი არაფერია, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ბევრი კარგიც აქვს. ენა რომ გამდიდრდეს და განვითარება განაგრძოს, ზოგჯერ სესხება და საერთაშორისო სიტყვების შემოტანა აუცილებელიც კია, მაგრამ ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს – თუ გადავაჭარბეთ, საბოლოოდ იქამდე მივალთ, რომ ქართული ენა დიდი ქალაქებიდან ნელ-ნელა გაქრება.

ციტატა ერთი მეცნიერის ნაშრომიდან: „ენის ორგანიზმში ნასესხები სიტყვების შემოტანა ერთგვარი აცრაა, მაგრამ აცრა არა მაავადებელი შხამით, არამედ მაცოცხლებელი ნივთიერებით და ეს პროცედურა ენის განმაახლებელი საშუალებაა. ხოლო თუ ეს ნივთიერება ჭარბად მოხვდა ენის ორგანიზმში, თვით ენა მოერევა მას, ოღონდ ავტორიტეტული მწერლებისა და ენის თეორეტიკოსების დახმარებით”. დასკვნა თავად უნდა გამოვიტანოთ. სესხება გამართლებულია – საზოგადოება დროსა და სივრცეში იცვლება და მასთან ერთად მისი სამეტყველო ენაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ შეცვლა არ ნიშნავს უარყოფას. თანამედროვე მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ აღნიშნულ საკითხს. ძველი ქართული სიტყვები ჯერ კიდევ ახსოვთ სოფლებსა და დაბებში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს, მათი მეტყველება რუსულმა და ინგლისურმა ენებმა ვერ შებღალა.

შესაძლოა, მრავალმა ჩვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა “ქალაქი”, “ქუჩა”, “ოთახი”, “ფანჯარა”, სირიული და სპარსული წარმოშობისაა, მაგრამ იმდენად შეთვისებული და მიღებული, რომ ქართველებს ქართული გვგონია. ხშირად მწერლები, საზოგადო მოღვაწეები თავადაც ქმნიან სიტყვებს. სიტყვა “გაზი” მე-17 საუკუნეში შექმნა ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა ჰელმონტმა; “ლილიპუტი” ჯონათან სვიფტმა 1726 წელს პირველად გამოიყენა თავის ცნობილ ნაწარმოებში; “რობოტი” ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა შემოიღო სიტყვახმარებაში. ეს ის ხელოვნურად შექმნილი სიტყვებია, რომლებიც დღეს ყველამ იცის, მაგრამ დასანანია, როდესაც ენაში უკვე არსებულს ენაცვლება უცხოურიდან შემოსული და მკვიდრდება ისე, რომ საზოგადოება ივიწყებს მშობლიურს.

ბოლო ხანს მოდური გახდა უცხო, გადაპრანჭული და რთული სიტყვებით საუბარი. წინათ წარჩინებულ ოჯახებში მეტყველებისას რუსულ ფრაზებს იყენებდნენ, რაც მათ “განსწავლულობასა” და “კეთილშობილ წარმომავლობას” უსვამდა ხაზს. დღეს რუსული ინგლისურმა შეცვალა. თუ გსურთ, უცხო საზოგადოებაში თავი გამოიჩინოთ და სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მეტყველებაში რამდენიმე ინგლისური ფრაზა გაურიეთ. ან, მაგალითად, თუ გსურთ, თქვათ “შთაგონება”, მის ნაცვლად “ინსპირაცია” გამოიყენეთ – ლათინური წარმოშობის (inspiratio) სიტყვა, რომელიც თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ ახლახან აღმოაჩინა და ისე შეიყვარა, დაავიწყდა კიდეც, რომ ქართულ ენაში მისი შესატყვისი არსებობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას არაჩვეულებრივ დიალოგს შევესწარი. ორი ახალგაზრდა ქართული ენის შესახებ საუბრობდა. დასკვნა ასეთი იყო: “ნამდვილი ფანტასტიკაა”, – მაგრამ ეს ეპითეტი არა დადებითი, არამედ უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ აწ უკვე შესისხლხორცებული “ბალკონი”, “კუხნა”, “სუმკა”, “ტუფლი” და მრავალი სხვა ამ ახალგაზრდების შინაგან სამყაროსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩვენი სათაყვანებელი, ლაზათიანი, უხვი და მოქნილი ქართული. უნებლიეთ ნიკო გომელაურის ფრაზა გამახსენდა ლექსიდან „ენა, მამული”: “ამბიცია ულევია, ინტელექტი – ნოლი”. ჩვენ ხომ ძალიან თავდაჯერებული და ამბიციური ერი ვართ, ვინმემ რომ გვკითხოს, სამშობლო ჩვენზე მეტად დედამიწის ზურგზე არავის უყვარს, მაგრამ გვავიწყდება, რით იწყება სამშობლოს სიყვარული და რა ქმნის ერთობას. საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში განიცდიდა ახლო თუ შორეული მეზობლების პოლიტიკურ-კულტურულ და ეკონომიკურ გავლენას, რაც ერის ყოფა-ცხოვრებაზე აისახებოდა. ასეა დღესაც და ამიტომ მით უფრო საჭიროა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც თავის დროზე ქართულმა საზოგადოებამ თავდაუზოგავი და შეუპოვარი ფიზიკურ- იდეოლოგიური ბრძოლით მოახერხა. აი, რას წერდა ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი ქართული ენის შესახებ: „მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა, რომელიც ქართულ ენას ჰქონდა სხვა კულტურულ ენებთან, ქართული ყოველთვის ღირსეულად იმარჯვებდა და ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა ქართული საზოგადოებისთვის”.

ვფიქრობ, კითხვაზე „რატომ?” პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცი. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გიორგი მერჩულემ ბრწყინვალედ განსაზღვრა ქართული ენის მნიშვნელობა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების”. მოგვიანებით ილიას ცნობილი სიტყვები მთელმა საქართველომ აიტაცა და სამუდამოდ ამოიქარგა გულსა და გონებაში. რაც შეეხება კითხვას „როგორ?”, აქაც ყველაფერი ძალზე მარტივია. მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ ბავშვი ქართულად სწორად მეტყველებას სკოლაში სწავლობს და მთელი პასუხისმგებლობა მასწავლებელს ეკისრება. მასწავლებელი მოსწავლეს, მის მეტყველებას მხოლოდ გაკვეთილზე აკონტროლებს, ხოლო მშობელი – მთელი ცხოვრება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ქართული სიტყვები შევაყვაროთ შვილებსა და მოსწავლეებს, რათა ახალგაზრდებს მშობლიური ენა „ფანტასტიკად” აღარ ეჩვენებოდეთ. თუ ქართული სიტყვა დავკარგეთ, ჩვენი გრამატიკული ნორმების სხვა ენისთვის მორგება ძალიან გაგვიჭირდება.

შუა კონცერტში გასროლილი ტყვია

0

რამდენიმე დღის წინ, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში დისკუსიას დავესწარი , თემაზე: “რელიგია და პოლიტიკა, დესეკულარიზაციის ტენდენციები”. თავდაპირველი ინტერესი, სწორედ სათაურმა მიიქცია. საკმაოდ უცნაურად მეჩვენა , წარმოუდგენელადაც კი, საუბარი დესეკულარიზაციის ტენდენციებზე იმ საზოგადოებაში, სადაც სეკულარიზმის მნიშვნელობა ტერმინის დონეზეც, ძალიან ცოტას თუ ესმის, მათ შორის პოლიტიკოსებსაც. სეკულარიზაცია, კი როგორც ბუნებრივი პროცესი, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს მომხდარა. თუ არ ჩავთვლით საქართველოს პირველ რესპუბლიკას, რომელმაც სულ სამი წელი გასტანა . ამჟამად სიტყვა სეკულარიზმს , ყველა ფორმის უარყოფითი იარლიყი აქვს მიკერებული და თითქმის საბჭოთა დროინდელ ათეიზმთან იგივდება.

შესაბამისად, მოხსენებების ნაწილი, სწორედ ტერმინების განმარტებით იწყებოდა. თუმცა უშედეგოდ.
დისკუსია როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. რელიგია და პოლიტიკა ხომ, ის ორი თემაა რომელზეც ფეხბურთის შემდეგ ყველაზე მეტს კამათობენ. არც ხსენებული დისკუსია განიცდიდა კამათის ნაკლებობას, მიუხედავად მისი აკადემიური ფორმატისა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობისა თუ ურთიერთგამიჯვნის თემები, ხომ ბოლო დროს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს . მოახლოებული საარჩევნო კამპანიის, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის ფორმების გამო. მთავარი დასკვნა, რაც ამ დისკუსიიდან გამოვიტანე არის ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს გააზრებული, თუ სად მთავრდება სახელმწიფო და სად იწყება რელიგიის თავისუფლება. რა ფუნქცია აქვს ერთ და რა ფუნქცია აქვს მეორე ინსტიტუციას.
დღევანდელ პოსტში , მსურს ერთი წიგნის შესახებ გიამბოთ. რომელშიც ვთვლი რომ სეკულარული საზოგადოების დადებითი, თუ უარყოფითი მხარეები საუკეთესოდ არის წარმოჩინებული. ამ თემით დაინტერესებული ადამიანები, დიდ სიამოვნებას მიიღებთ მისი კითხვისას. რომანი კი ისეა აგებული, რომ შესაძლოა მის პოლიტიკურ ქვეტექსტებს ნაკლებადაც კი მიაქციოთ ყურადღება . არჩევანის ამბავია, მწერალი ისე ასრულებს რომანს, რომ მისი პირადი პოზიციის გარკვევა შეუძლებელიც კია. ის უბრალოდ საინტერესო ამბავს გვიყვება. პოლიტიკა კი, უბრალოდ ფონია .

“ეს რომანიც პოსტმოდერნისტულია. მე არ გეუბნებით, აი, სიმართლე, აი, რეალობა-მეთქი. მე ვწერ იმას, რაც უბრალოდ სარკეში ირეკლება და როგორც შემიძლია, ვკამათობ ამაზე.”
ამბობს, თურქი ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი, თავისი რომანის “თოვლის” შესახებ. რომელიც 2001 წელს გამოვიდა და როგორც მისი წიგნების დიდი უმრავლესობა, ბესტსელერად იქცა.
“თოვლი” ორჰან ფამუქის შემოქმედებაში გამორჩეული წიგნია. სადაც თურქული საზოგადოების პრობლემები დაუფარავად არის წარმოჩინებული. მწერალი ღიად საუბრობს სომეხთა მიტოვებულ სახლებზე და მიანიშნებს გენოციდზე, ყვება ბერძნებზე, რომლებიც აქ აღარ ცხოვრობენ, ყვება ისლამისტებზე და აჩვენებს დასავლური ღირებულებებისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, რომელიც საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსს განიცდის. დასავლეთის თვალში როგორ გამოვჩნდებით, აქაც მნიშვნელოვანი არგუმენტია. გვაძლევს საშუალებას გვერდიდან შევხედოთ საკუთარ თავებს . თუნდაც იმ ქალებს, რომლებიც საქართველოდან თურქეთში მიდიოდნენ ფულის საშოვნელად. ასეთები წიგნში რამდენჯერმე გვხვდებიან. ამ ყველაფერს კი ყოველგვარი მორალის კითხვის გარეშე ახერხებს. ფამუქი სარკეში არეკლილ რეალობას გვთავაზობს . რაც ,ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო შესახედია ხოლმე.

“პოლიტიკა ლიტერატურულ ნაწარმოებში ისეთივე უხამსობაა, როგორც შუა კონცერტში გასროლილი ტყვია, მაგრამ მისი იგნორირებაც შეუძლებელია. ” მოჰყავს მწერალს სტენდალის ციტირება , წიგნის წანამძღვარში. თითქოს ბოდიშს უხდის მკითხველს პოლიტიკური გადახვევისთვისო. “თოვლში” კი პოლიტიკური ქვეტექსტები ყველაზე ნაკლებად ჰგავს შუა კონცერტში თოფის გასროლას ხმას. მასში მოყოლილი ამბები, მეტ დროს გიტოვებენ ფიქრისთვის , წიგნის პერსონაჟები არ იყოფიან კარგ და ცუდ გმირებად. რომლებსაც 20 იანი წლების ჰოლივუდის ვესტერნების მსგავსად, თეთრი ან შავი სამოსი აცვიათ. თავისუფლად არის შესაძლებელი, ისლამისტი გმირების მიმართ მეტი სიმპატიაც გაგიჩნდეს, ვიდრე “გაევროპელებული” თურქების, ან სულაც პირიქით. “თოვლში” არ ჩანს ისლამისტების “სიბნელე” და გაევროპელებული თურქების “ინტელექტუალობა” . აქ ორი დაპირისპირებული მხარე, ცდილობს დიალოგში ერთმანეთს გაუგოს. წიგნში შემზარავი სწორედ სარკეში არეკლილი რეალობაა , რომელთან დაპირისპირებაც საკმაოდ რთული საქმეა. რთულია მწერალს შეეკამათო ნაწარმოებში აღწერილი ფაქტების გამო . ის რეალობის შეგრძნობას არ ცდება.
ორჰან ფამუქის წიგნში “თოვლი” მოქმედება თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ვითარდება. სადაც სეკულარული მთავრობის მიერ მიღებულ ახალ კანონს სასწავლებლებში დოლბანდების(თავსაფარი) ტარების აკრძალვის შესახებ ათობით გოგონა თვითმკვლელობით პასუხობს. თვითმკვლელი გოგონების ამბის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად კი გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში , პოეტი კა ბრუნდება. რომელიც თურქეთში დაბრუნების შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის პროფესიას და ლექსების წერას იწყებს. ქალაქის ქუჩები , ჩაიხანები , თოვლი , თითქოს ყარსში ახალი არაფერი ხდება , სანამ ანკარიდან ჩამოსული თეატრალური დასი , რადიკალი ისლამისტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო “ქარპალასის” მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მონაწილენი არ გახდებიან. წიგნში მრავლადაა როგორც სასიყვარულო, ასევე ადამიანური ისტორიები. როგორც აღვნიშნე აქ პოლიტიკა მხოლოდ კარგად მოთხრობილი ამბის ფონია.
ვფიქრობ დიდ სიამოვნებას მიიღებთ წიგნის კითხვისას. იქნებ წიგნის გმირების მსგავსად ერთმანეთის გაგებას თუ არა მოსმენას მაინც ვისწავლით, და შემდგომში ჩვენმა დებატებმაც სეკულარულ თუ დესეკულარულ საზოგადოებაზე ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარეშე ჩაიაროს ხოლმე.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის სათავეებთან

0

გეოგრაფიული დეტერმინიზმი გეოგრაფიული და სოციალური ტერმინია, რომელიც საზოგადოებისა და გეოგრაფიული გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას აღნიშნავს. გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეა ორი ათას წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში სწავლების სოციალურმა ფუნქციამ რამდენჯერმე განიცადა სახეცვლილება, რაც არსებული პოლიტიკური წეს-წყობილების, რევოლუციის მიზეზების ან კოლონიალიზმის გამართლებით გამოიხატებოდა.

XVI საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო თანამედროვე გაგებით მეცნიერების ჩამოყალიბება, მრავალი მოაზროვნის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვა: რა განაპირობებს სხვადასხვა გარემოსა და ისტორიულ ეპოქაში სოციოისტორიულ მრავალფეროვნებას? ამ მეტად მნიშვნელოვან კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი ის იყო, რომ სხვადასხვა საზოგადოება სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რაც მათი მრავალფეროვანი სოციალური, კულტურული, ინტელექტუალური და ეკონომიკური ცხოვრების საფუძველია.

თავისთავად, ამგვარი თეორია არ შეიძლება ჩაითვალოს გეოგრაფიულ დეტერმინიზმად. გეოგრაფიულ დეტერმინიზმზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბუნებრივი გარემო სოციალური ცხოვრების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია.

ეს თეორია ჩანასახოვანი ფორმით ჯერ კიდევ ძველი ბერძენი სწავლულის ჰიპოკრატეს ნაშრომში „ჰაერის, წყლისა და ადგილების შესახებ” გვხვდება. სახელგანთქმული ექიმი ამტკიცებდა, რომ ადამიანთა გარეგნულ სახესა და წეს-ჩვეულებებში აისახება ქვეყნის ბუნება. ჰიპოკრატეს მოსაზრება განავითარა არისტოტელემ, რომელიც თავის „პოლიტიკაში” წერდა: „ტომები, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობენ, დაჯილდოებულნი არიან დიდი სიმამაცით, მაგრამ არ ჰყოფნით გონება სახელმწიფოებრივი საქმეების გადასაწყვეტად, ამიტომ მათ არ შეუძლიათ იბატონონ მეზობლებზე. აზიის მოსახლეობა კი, პირიქით, გამოირჩევა გონებრივი განვითარებით, მაგრამ აკლია სიმამაცე, ამიტომ მორჩილებასა და მონობაში ცხოვრობს”. არისტოტელეს თეორიას ნაწილობრივ იზიარებდა რომაელი ისტორიკოსი პოლიბიოსიც.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის პირველი ჩამოყალიბებული კონცეფცია XVI საუკუნეში შეიქმნა. მისი ავტორი გახლდათ ფრანგი სწავლული ჟან ბოდენი. თავისი თეორია მეცნიერმა განავითარა ორ ნაშრომში – „მსუბუქი შემეცნების მეთოდი” და „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ”.

ბოდენი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის ისტორიასა და სოციალურ ცხოვრებაში ბუნებრივი ფაქტორებიდან სწორედ კლიმატი ასრულებს გადამწყვეტ როლს. ის გამოყოფს სამ ძირითად კლიმატურ ზონას – სამხრეთისას, ჩრდილოეთისას და ზომიერს. მეცნიერს შემოაქვს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცნებაც, რომელშიც აღმოსავლეთს სამხრეთის ზონას მიაკუთვნებს, ხოლო დასავლეთს – ჩრდილოეთისას. მისი თქმით, საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისეთი ბუნებრივი ფაქტორები, როგორებიცაა მთიანი, ჭაობიანი თუ უდაბნო გარემო, ნაყოფიერი თუ უნაყოფო ნიადაგი, თუმცა გადამწყვეტი მაინც კლიმატია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთში სითბო ცოტაა, ბოდენის აზრით, ამ ზონის მაცხოვრებლებს მეტი შინაგანი სითბო აქვთ; სამხრეთის მკვიდრთ მზის სითბო უხვად აქვთ, მაგრამ აკლიათ შინაგანი სითბო. ამ შეხედულებაზე დაყრდნობით სწავლული ასკვნის, რომ საკუთარი შინაგანი სიმხურვალის გამო ჩრდილოელები უფრო ამტანნი, უშიშარნი და აქტიურნი არიან.

ბოდენის აზრით, სამხრეთელთა აზროვნება მეტადაა მიდრეკილი მჭვრეტელობისკენ, ხოლო ჩრდილოელებისა – ხელოსნობისა და გამომგონებლობისკენ. რაც შეეხება ზომიერი კლიმატის მოსახლეობას, ის უმთავრესად სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას.

ჟან ბოდენი მიიჩნევს, რომ ნაყოფიერ ნიადაგზე მცხოვრები ხალხი ფუფუნებისკენ არის მიდრეკილი, ხოლო უნაყოფო ქვეყნები სახელოვანი მეომრებითა და ხელმარჯვე ოსტატებითაა დასახლებული. სწავლულს მაგალითად მოჰყავს ატიკა – ამ მხარის უნაყოფო მიწებმა აიძულა ათენელები, ხელოვნებაში უდიდესი წარმატებისთვის მიეღწიათ.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის თეორიას იზიარებდა XVII-XVIII საუკუნეების მოღვაწე ჟან-ბატისტ დიუბო. საკუთარი შეხედულებები მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „კრიტიკული ფიქრები ფერწერისა და პოეზიის შესახებ”. ამ წიგნში ავტორი განიხილავს არა კაცობრიობის ისტორიას მთლიანობაში, არამედ ხელოვნების ისტორიას.
დიუბო აღნიშნავს, რომ ხელოვნების ისტორიაში იყო აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები, რომელთაგანაც შეიძლება გამოვყოთ ოთხი დიდი პერიოდი: 1) ეპოქა, რომელიც იწყება ალექსანდრე მაკედონელის მამის ფილიპე II-ის გამეფებამდე 10 წლით ადრე; 2) იულიუს კეისრისა და ოქტავიანე ავგუსტუსის ეპოქა; 3) რომის პაპების – იულიუს II-ისა და ლეონ X-ის ეპოქა; 4) ლუი XIV-ის ეპოქა. ხელოვნების აყვავებისა და დაცემის მიზეზების კვლევისას მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ ფაქტორებზე.

როგორც დიუბო გვეუბნება, არსებობს ქვეყნები, სადაც ვერასოდეს დაიბადებიან ვერც დიდი მხატვრები და ვერც დიდი პოეტები. ასეთებია ჩრდილოეთის ქვეყნები.

ამ მოვლენის მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ ადგილობრივ კლიმატში, უპირველეს ყოვლისა, ჰაერის ხარისხში, „რადგანაც, – წერს დიუბო, – ადამიანის სული და სხეული ურთერთქმედებენ ერთმანეთზე, ამიტომ სულის ხასიათი განპირობებულია სისხლის ხარისხით. სისხლით იკვებება ჩვენი სხეულის ყველა ორგანო, იგი მიაწვდის მათ იმ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვისა და მოზარდის ზრდისთვის”. სწავლული ასკვნის, რომ „სისხლის ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული იმ ჰაერის ხარისხით, რომლითაც ვსუნთქავთ, განსაკუთრებით – იმ ჰაერისა, რომელსაც ბავშვობაში ან სიყრმეში ჩავისუნთქავდით, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის ფორმირება. სწორედ ამიტომ განსხვავდებიან სხვადასხვა კლიმატის პირობებში მცხოვრები ხალხები ერთმანეთისგან ინტელექტითა და მიდრეკილებებით. თვით ჰაერის ხარისხი კი დამოკიდებულია ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლებულ წყალზე. სხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგი სხვადასხვანაირ ჰაერს წარმოქმნის”.

სხვადასხვა ხალხის სულისა და მიდრეკილებების განმსაზღვრელ ფაქტორად ჰაერის მიჩნევა დიუბოს საშუალებას აძლევს განმარტოს, რატომ აქვთ სხვადასხვა ეპოქაში ერთსა და იმავე ერებს განსხვავებული წეს-ჩვეულებები და მიდრეკილებები. საქმე ის არის, რომ ჰაერის თვისებები დროთა განმავლობაში იცვლება. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი ისტორიის მანძილზე კონკრეტული საზოგადოების თვისებათა ცვლილებისა.

ამ თეზისის დასადასტურებლად დიუბოს მოჰყავს კონკრეტული მაგალითი: „თუ განსხვავება იტალიელებსა და ფრანგებს შორის განპირობებულია ამ ქვეყნებში ჰაერის არაერთგვაროვნებით, ასეთივე წარმატებით შეიძლება დავასკვნთ, რომ ფრანგებს შორის სხვადასხვა ეპოქაში ზნე-ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შეცვლა კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული”.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის ფრანგ განმანათლებელს შარლ მონტესკიეს. მისი აზრით, საზოგადოებრივი მოწყობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კლიმატი. მონტესკიე წერდა: „არსებობს ქვეყნები, სადაც ცხელი კლიმატი იმდენად ფიტავს სხეულს და აძაბუნებს სულს, რომ აქ მცხოვრები ხალხი ყოველგვარ მძიმე სამუშაოს მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის შიშით ასრულებს. ასეთ საზოგადოებებში მონობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც სამოქალაქო საზოგადოება აქ პოლიტიკურ მონობაში იმყოფება”.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს ადგილის რელიეფი წარმოადგენს. „აზიაში, – ვკითხულობთ მონტესკიეს ნაშრომში, – ყოველთვის არსებობდა ვრცელი იმპერიები, ევროპაში კი, პირიქით, ამგვარი იმპერიები დიდხანს ვერ ძლებდა. საქმე ის არის, რომ აზიაში მრავლად გვხვდება ვრცელი ვაკეები, რომლებიც ნაკლებად არის დასერილი მთებითა და ხევებით. ვინაიდან ეს რეგიონი სამხრეთითაა, მთებში თოვლის საფარი სწრაფად დნება და ნაკლებად წყალუხვი მდინარეები ადამიანისთვის არ წარმოადგენს ძნელად გადასალახ დაბრკოლებას. ამიტომ აზიაში ხელისუფლება ყოველთვის დესპოტური უნდა იყოს. ამ ქვეყნებში არსებული უკიდურესი მონობა საფუძველს ქმნის დიდი სახელმწიფოებისა და იმპერიების არსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ადვილად დაიშლებოდა წვრილ და უფრო მცირე ზომის ერთეულებად, რაც ქვეყნის ბუნებრივი დაყოფისთვის შეუთავსებელი იქნებოდა”.

დაბოლოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის ხასიათს. „უნაყოფო ატიკამ, – ამტკიცებდა მონტესკიე, – წარმოშვა სახალხო მმართველობა, ხოლო ლაკედომონის ნაყოფიერ ველებზე სპარტის არისტოკრატიული სახელმწიფო შეიქმნა, რომელიც უფრო ახლოს დგას ერთმმართველობასთან და რომელიც სრულიად მიუღებელი იყო საბერძნეთის იმდროინდელი მოსახლეობისთვის”.

ბევრს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მონტეკიეს მოსაზრებები მეტად პრიმიტიული და საკამათოა, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეცნიერულ აზროვნებას, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია შეჩვეულები ვართ, სწორედ ამ ეპოქაში ეყრებოდა საფუძველი. მოგვიანებით XIX-XX საუკუნეების მრავალი მოაზროვნე თავის თეორიებში ისტორიის მამოძრავებელი ფაქტორების შესახებ პირდაპირ თუ ირიბად შეეხო გეოგრაფიულ დეტერმინიზმს და ეს კონცეფცია წარმატებით გამოიყენა ისტორიის ერთიანი პროცესის გააზრებისას.

დაკარგული პოეტების ქვეყანა

0

ზუსტად არ მახსოვს, პირველად სად და როდის წავიკითხე ეს ლექსი:

„ ჩემს ტოლებს

ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზე გადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი
რადგან მზითევში არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს.”
არ მახსოვს სად და როდის, მაგრამ მახსოვს როგორ – როგორ ძალიან განვიცადე, მომეწონა, დავდარდიანდი. მერე მისი ავტორის ძებნა დავიწყე, როგორ იქნა, სახელსა და გვარს მივაკვლიე  – ნინო თარიშვილი.

მერე ძალიან მომინდა, რამე გამეგო ამ ავტორის შესახებ, მენახა ფოტო, წამეკითხა მისი სხვა ლექსები. ვეძებე, ვეძებე  –  ბევრი არაფერი, გადმოცემები და ლეგენდები-  რომ პაოლო იაშვილი უყვარდა, უნივერსიტეტიდან მეტისმეტად გაბედული ლექსების გამო გარიცხეს, რომ  როცა პაოლომ მიატოვა, ლექსი აღარ დაუწერია.

ამეკვიატა ეს ქალი, ვერაფრით მოვიშორე და ამას წინათ, მასზე ცოტა მეტი ინფორმაციის მოსაძებნად ლიტერატურული განძის მცველს – ლიტერატურის მუზეუმს მივაკითხე- ყველაფერი მაინტერესებდა – ფოტოები, დღიურები, ჩანაწერები…

სხვისი დღიურების კითხვა ყოველთვის ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებთან არის დაკავშირებული – თან თითქოს გრცხვენია, ისე ახლოს მიდიხარ ადამიანის ყველაზე საიდუმლო და პირად ამბებთან, ამავე დროს კი ძალიან გაინტერესებს.

ამ ჩანაწერებიდან  მარტოსული, გულგატეხილი, მოწყენილი ქალი მესაუბრებოდა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორი და ძალიან კარგი პოეტი იყო, ცხოვრებას ვერაფრით უმკლავდებოდა, რაღა ცხოვრება – საკუთარი ძაღლიც კი აშინებდა.

სამწუხაროა, რომ დრომ, საბჭოთა კულტურის თავისებურებამ თუ ზოგადად, გაბედული და ცოტა ეპატაჟური ქალებისადმი საზოგადოების  დამოკიდებულებამ, მკითხველისათვის თითქმის უცნობად დატოვა ეს შესანიშნავი პოეტი, ძალიან განათლებული და კულტურული პიროვნება, ვინც დასავლეთ ევროპისა თუ ძველბერძნული ლიტერატურის გარდა, პედაგოგიურ და ბავშვთა ფსიქოლოგიაზეც კითხულობდა ლექციებს და ნარკვევებს წერდა, ვისი პოეტური ენა და მხატვრული ოსტატობა ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა, ( თუ არ აღმატებოდა) მისი  მრავალი თანამედროვე პოეტის პოეტურ ხმას.

P.S.

 

18 სექტემბერი

” აღარ აინტერესებთ ჩემი ამბავი ზოგიერთებს, რომელთაც მე ვუთხარი, რომ სურათებს გადავცემ ფიროსმანის მუზეუმს გამოფენის შემდეგ, წიგნებს – უნივერსიტეტს, ბინას  – სახელმწიფოს. ამის შემდეგ არავინ გამოჩენილა” . . .

1982 წ. 2 იანვარი
“საზიზღარია ასეთი დღეები ჩემთვის, როგორიცაა ახალი წელი და სხვა, როდესაც განსაკუთრებით მკვეთრად ვგრძნობ ჩემს მარტოობას, ჩემს უბედობას”. . .

მასწავლებლების ურთიერთობა მშობლებთან

0

მასწავლებლის ერთი უმთავრესი პროფესიულ მოვალეობათაგანია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას. მოსწავლის აღზრდა-განათლებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებლისა და მშობლის როლი, ფუნქციები, ამოცანები და საბოლოო მიზნებიც კი ნაწილობრივ თანხვდება ერთმანეთს. სამაგიეროდ, სრული თანხვედრაა მათ ინტერესებში, ამიტომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივი და უალტერნატივო ფორმა თანამშრომლობაა.

ნებისმიერ თანამშრომლობას აქვს თავისი პირობები და ორივე მხარისათვის სავალდებულო “თამაშის წესები”, რომელთა დაცვის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება. მასწავლებლისა და მოსწავლის მშობლის თანამშრომლობის ასეთ არსებით და აუცილებელ პირობას ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს.
ვერშემდგარმა თანამშრომლობამ შესაძლოა კონფლიქტიც კი გამოიწვიოს მასწავლებელსა და მოსწავლის მშობელს შორის. კონფლიქტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორი, კერძოდ:
. კომპეტენციის დეფიციტი, რომელიც უმეტესწილად გამოიხატება მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ მასწავლებლისა და მშობლის წარმოდგენათა განსხვავებით და მათ მიერ ამ შესაძლებლობათა რეალიზაციის შეფასების არაერთგვაროვნებით. მოსწავლის ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა, მშობელს ამ სფეროში საგნის მასწავლებელთან შედარებით არასაკმარისი კომპეტენცია აქვს. მას ნაკლებად ესმის სპეციფიკური პედაგოგიური და მეთოდური საკითხები, თუნდაც მრავალკომპონენტიანი შეფასება. რა კომფორტული გარემოც არ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელმა, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა გაკვეთილზე მიმდინარეობს მეტ-ნაკლები ფსიქოლოგიური დაძაბვის ფონზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზე. ამის გათვალისწინება მშობელს, რომელსაც ბავშვის ცოდნისა და უნარების შემოწმება სხვა ფსიქოლოგიურ ფონზე, განსხვავებულ სიტუაციასა და პირობებში უხდება, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ეს განსხვავება კი გაუგებრობის და ზოგჯერ კონფლიქტის საფუძველსაც კი ქმნის. ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს მშობლებთან, აუხსნას მათ შეფასების ახალი სისტემის არსი, მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ დაეხმარონ შვილს შედეგების გაუმჯობესებაში. ამისკენ მოუწოდებს მასწავლებელს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიც: “ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ” (მუხლი 5. 2,3).
. საკუთარი შვილის ქცევათა სისტემის შესახებ არასრული ინფორმაციის ფლობა. ქცევათა სისტემა გულისხმობს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის ნორმების სხვადასხვა გამოვლინებისა და მათი მართვის უნარ-ჩვევების ერთობლიობას. მშობლის კომპეტენცია ამ სფეროში შესაძლოა მასწავლებლისაზე ნაკლები იყოს, რადგან შვილის სიტუაციურ ქცევათა სრული რეპერტუარი მისთვის უცნობია ან, პირიქით, მასწავლებლისთვის არის უცნობი ბავშვის ქცევა არასასკოლო`არაფორმალურ სიტუაციებში. სკოლა თავისი სიტუაციური მრავალფეროვნებით, სოციალიზაციის აქტიური პროცესით ხელს უწყობს ამ რეპერტუარის გაფართოებას და ეს, ფაქტობრივად, მასწავლებლის, უფრო კი კლასის დამრიგებლის თვალწინ ხდება.
მშობლები იცნობენ ბავშვის ცხოვრებას, ქცევის თავისებურებებს ოჯახში, პედაგოგი კი – სკოლის ფარგლებში. ასე რომ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ბავშვს სხვადახვაგვარად ახასიათებენ, არ არის გამორიცხული, ორივე მხარე გულწრფელი იყოს. ხშირად მშობლის წარმოდგენა, გნებავთ, სტერეოტიპი შვილის ყოფაქცევის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის მისი შვილის რომელიმე დისციპლინური დარღვევის შესახებ ინფორმაციასთან, ეს კი მშობელს აღიზიანებს და შესაძლოა მასწავლებელთან კონფლიქტიც გამოიწვიოს. ამ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია, როდესაც მშობელი და მასწავლებელი დარწმუნებულნი არიან ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაციის სანდოობასა და კონფიდენციალურობაში. მოსწავლის შესახებ მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას პედაგოგს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიც ავალდებულებს: “მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით” (მუხლი 3, 5).
. უამრავი მოვალეობა, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს აკისრებენ. ხშირად მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთს აკისრებენ აურაცხელ მოვალეობას გარემოებებისა და შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად. ამის გამო მხარეები ვერ ასრულებენ ამ მოვალეობებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს უკმაყოფილებას, გაუგებრობას, წყენას. მასწავლებლის მშობლისადმი (და პირიქით) გადაჭარბებული მოთხოვნები შესაძლოა განაპირობოს იმან, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის განსაკუთრებულ სტატუსსა და მნიშვნელობას, აქვთ დიდი მოლოდინი და`ან ცდილობენ, აღზრდა-განათლების პასუხისმგებლობა და მოვალეობები მეორე მხარეს გადააბარონ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია იურიდიულ-ნორმატიული რესურსების არსებობა, კერძოდ, სკოლის შინაგანაწესისა, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული თითოეული მხარის უფლება-მოვალეობანი, სამეურვეო საბჭოს დებულებისა, მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსისა და სხვა, – რომელთა დაცვაც სასკოლო ურთიერთობებში ჩართულ თითოეულ მხარეს – მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის სხვა პერსონალს, მშობელს – მოეთხოვება.
. მშობლისა და მასწავლებლის ბავშვისადმი განსხვავებული დამოკიდებულება. სკოლა და ოჯახი არის სხვადასხვა სოციალურ-ფსიქოლოგიური ჯგუფი თავისი სპეციფიკური მრავალფეროვანი ფუნქციებითა და დამოკიდებულებებით. ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლები იწყებენ ურთიერთზემოქმედებას ისე, რომ ინარჩუნებენ ბავშვისადმი მათი ჯგუფისთვის ჩვეულ და განმტკიცებულ დამოკიდებულებას. პედაგოგსა და მშობელს შორის წინააღმდეგობა ძლიერდება იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელი ფორმალისტია და თავისი მოღვაწეობა უბრალო სამსახურად მიაჩნია, ამიტომ მოსწავლესთან მხოლოდ და მხოლოდ “საქმიან ურთიერთობას” ამყარებს. მშობლებსა და ახლობლებს კი ბავშვისადმი სულ სხვაგვარი, ემოციურად შეფერილი დამოკიდებულება აქვთ. მშობლებს უჭირთ მასწავლებლის მშრალ დამოკიდებულებასთან შეუგება, პედაგოგს კი მშობლების ეს პრეტენზიები და განცდები გადაჭარბებული და უსაფუძვლო ეჩვენება. თუ მასწავლებელი ვერ შეძლებს გაიგოს, მიიღოს და თავის პედაგოგიურ საქმიანობაში გაითვალისწინოს მშობლების მღელვარება შვილის ბედ-იღბლის გამო, შესაძლოა მხარეებს შორის უკმაყოფილებამ იჩინოს თავი. ზოგიერთ მასწავლებელს უჭირს, თავი მშობლის ადგილას წარმოიდგინოს და გააცნობიეროს, რას განიცდის ის. ამიტომ ბავშვის უკეთ გასაგებად, სწავლისა თუ პიროვნული ზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის შეთანხმებული მოქმდება, თანამშრომლობა.
მასწავლებელსა და მშობლებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომლებიც ხელს უშლის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას, შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რეკომენდაციებს:
. მოსწავლეთა მშობლებთან კონტაქტების ძიება. მშობლებთან კონტაქტის დამყარების სურვილის უქონლობა უმეტესწილად განპირობებულია მასწავლებლის ზედმეტი თავდაჯერებით, საკუთარი პედაგოგიური შესაძლობლობების დიდი რწმენით და`ან გულგრილობით, პასუხისმგებლობის ნაკლებობით. ეს წინააღმდეგობა რომ დაიძლიოს, ერთი მხრივ, აუცილებელია, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლის შესახებ მოიპოვოს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელსაც პედაგოგიური საქმიანობისას გამოიყენებს. მეორე მხრივ, უნდა დაიძლიოს მხარეებს შორის წინააღმდეგობები ბავშვისადმი მოთხოვნებისა და დამოკიდებულების გამო. ამ წინააღმდეგობათა დაძლევა კი შესაძლებელია მშობელთან მუდმივი თანამშრომლობის გზით, რასაც პირდაპირ გვავალდებულებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი (მუხლი 5).
. პასუხისმგებლობა მშობლის წინაშე ბავშვის აღზრდისა და სწავლის შედეგებზე. მასწავლებელმა მუდმივად უნდა იქონიოს კონტაქტი მშობელთან და მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ, იმის შესახებ, რას მიაღწია მან, რას – ვერა და რატომ, ანდა რა შეიძლება იღონონ მასწავლებელმა და მშობელმა ურთიერთთანამშრომლობით მოსწავლის სუსტი მხარეების გასაძლიერებლად (ეთიკის კოდექსი, მუხლი 5,4).
. ბავშვის უნარების, ცოდნისა და ქცევის დაუსაბუთებლად უარყოფითი შეფასებით მშობლის განაწყენების თავიდან აცილება. მასწავლებლის ნებისმიერ დაუდევარ და მიკერძოებულ მსჯელობას ბავშვები მწვავედ განიცდიან და მათი განწყობა ხშირად გადაეცემა მშობლებს, რომლებიც, თავის მხრივ, მტკივნეულად რეაგირებენ ამ ფაქტზე. ხოლო თუ პედაგოგი ბავშვზე პატივისცემით ლაპარაკობს, ხედავს მის არა მარტო უარყოფით, არამედ დადებით მხარეებსაც, მაშინ ის მშობლის სახით მოკავშირეს იძენს.
უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი ბავშვის პრობლემებზე მშობელთან საუბრისას გამოიყენებს ე.წ. “სენდვიჩის” სტრატეგიას, რაც გულისხმობს შემდეგს: მასწავლებელი მშობელს ჯერ ბავშვის პოზიტიურ ქცევასა თუ მხარეებზე ესაუბრება, მერე პრობლემურზე გადადის, ხოლო საუბარს ისევ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით და გაუმჯობესების გზებზე მსჯელობით ასრულებს. იგი მშობელს ბავშვის ძლიერი მხარეების გათვალისწინება-გამოყენებით პრობლემის მოგვარების გზების ერთობლივად ძებნას სთავაზობს. უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი კი არ შეაფასებს, არამედ აღწერს ბავშვის ქცევას და დასკვნის გამოტანისა და ქცევის შეფასების საშუალებას მშობელს დაუტოვებს. ამგვარი მიდგომით მასწავლებელი პასუხისმგებლობას მშობელს უნაწილებს, რაც სტიმულს აძლევს ამ უკანასკნელს, ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში.
. მოსწავლეების თვალში მშობლების ავტორიტეტის ამაღლება, ბავშვებისთვის მშობლების პოზიტიური მახასიათებლების ჩვენება. პედაგოგს ზოგჯერ დიდი ძალისხმევა უწევს იმ გაუცხოების დასაძლევად, რომელიც შესაძლოა იყოს ბავშვსა და მის მშობლებს შორის. მასწავლებელი, რომელიც გავლენას მოახდენს მშობლის ავტორიტეტზე, საკუთარ ავტორიტეტსაც ამაღლებს არა მარტო მოსწავლის, არამედ მშობლის თვალშიც.
. მშობლებისადმი აუცილებელი მოთხოვნების ტაქტიანი წარდგენა. გამოცდილი პედაგოგები ყოველთვის მიუთითებენ მშობლებსა და ოჯახებთან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება – მშობლებთან წარმატებული კომუნიკაციის განვითარებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ისეთი უნარები სჭირდება, როგორებიცაა ტაქტი, მოსაუბრის პატივისცემა, თავაზიანობა, სიკეთე, ენთუზიაზმი და სხვ.
მშობელთან შეხვედრის ეფექტურად წარმართვაში მასწავლებელს შემდეგი რჩევები დაეხმარება:
. მშობელს თბილად შეხვდით – გაუღიმეთ და ხელი ჩამოართვით; საუბარი მისი შვილის შესახებ პოზიტიური ინფორმაციით დაიწყეთ
. აგრძნობინეთ ასერტიულობა – მშობელთან საუბრისას ნუ მიუჯდებით თქვენს მაგიდას. სკამი მასთან ახლოს მიიდგით და აგრძნობინეთ, რომ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ. თუ მშობელი დგომას ამჯობინებს, თქვენც ფეხზე იდექით. თვალი თვალში გაუყარეთ – ნუ აფიქრებინებთ, რომ თქვენს დაშინებას შეძლებს.
. მოუსმინეთ ყურადღებით, მიეცით სიბრაზისა და იმედგაცრუების გამოხატვის საშუალება. ნუ შეაწყვეტინებთ ან შეეკამათებით, უბრალოდ მოუსმინეთ. გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია ემპათიისა და გაგების საჩვენებლად. სანამ უპასუხებთ და თქვენს პოზიციას გამოთქვამთ, დარწმუნდით, რომ პრობლემა მშობლის პოზიციიდან გაიაზრეთ.
. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა, ნურასოდეს წახვალთ კომპრომისზე თქვენს პროფესიულ წესიერებასთან. გაბრაზებული სიტყვების საპასუხოდ მშვიდი და გაწონასწორებული რეაქცია სიტუაციის განმუხტვას შეუწყობს ხელს.
. აწონ-დაწონეთ სიტყვები, თქვენს კომენტარებში მშობლებმა ცინიზმი არ უნდა იგრძნონ. ეცადეთ, საუბარმა თემას არ გადაუხვიოს და ის შეხვედრის საგანსა და მოსწავლის საჭიროებებზე იყოს კონცენტრირებული. მშობელს საშუალება მიეცით, ისე დაიხიოს უკან, რომ ამის გამო თავი “დამარცხებულად” არ იგრძნოს.
. ერთად იფიქრეთ პრობლემის მოგვარებაზე, ჰკითხეთ რჩევა, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, რომლებიც მოსწავლის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე იქნება ფოკუსირებული.
. ყოველთვის პატივი ეცით მშობელს და მისგან საპასუხო პატივისცემა მოითხოვეთ. თუ მშობელი თქვენს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დაშინებას ეცდება, უთხარით, რომ არავის აძლევთ ასეთი საუბრის უფლებას და სიამოვნებით გააგრძელებთ საუბარს მას შემდეგ, რაც ის დამშვიდდება. თუ მშობელი უღირს საუბარს და თქვენს შეურაცხყოფას გააგრძელებს, გაჩმდით, ზურგი შეაქციეთ და უემოციოდ გაეცალეთ.
. შეხვედრისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ბოლომდე მისდიეთ. დაუყოვნებლივ დაიწყეთ მშობელთან შეხვედრისას მიღებული შეთანხმების განხორციელება. თუ შეხვედრისას საკითხი არ ამოიწურა, გააგრძელეთ მასზე მუშაობა. მოსწავლის, მისი პრობლემების მიმართ გულწრფელი ინტერესი, წუხილი და შემდგომი დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეთ.
მასწავლებლის მიმართ მშობლის კრიტიკული შენიშვნების ანალიზი
პედაგოგს უნდა შეეძლოს მშობლის მიერ მისი მისამართით გამოთქმული შენიშვნების მიღება, კრიტიკის მთქმელისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს ხშირად არ სიამოვნებს კრიტიკული შენიშვნების მოსმენა, მან ეს შენიშვნები უნდა პედაგოგიური მიზნებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენოს. მშობლების კრიტიკა უფრო კონკრეტული და საქმიანია, როდესაც მასწავლებელი თვითონ უწევს ორგანიზებას შენიშვნების გამოთქმას. იგი არწმუნებს მშობლებს, რომ სჭირდება მათი აზრის ცოდნა საკუთარი საქმიანობის შესახებ, აინტერესებს, სწორად ესმით თუ არა მისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, არის თუ არა, მათი თვალსაზრისით, ხარვეზები პედაგოგიურ პროცესში და, კერძოდ, რა. საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, თვითკიტიკული მასწავლებელი ყოველთვის აღმოაჩენს მშობლის შენიშვნებში მისთვის საინტერესო, სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის საჭირო რამეს. თუ მშობლებმა კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისგან თავი შეიკავეს, უკმაყოფილება შენარჩუნდება, გამძაფრდება და საბოლოო ჯამში გაუგებრობებამდე, უნდობლობამდე, კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანს.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შენიშვნების მოსმენით, ხარვეზებზე საუბრით. პედაგოგმა უნდა გაიგოს ისიც, მის რომელ აქტივობას და რა თვისებებს აფასებენ მშობლები პოზიტიურად.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელსა და მშობელს ბავშვთან მიმართებით საერთო ინტერესები აქვთ, მათი ურთიერთობები არ უნდა გავიგოთ და განვიხილოთ როგორც სრული ურთიერთგაგება და უკონფლიქტო თანამშრომლობა. ამ ურთიერთობებში ხშირია წინააღმდეგობები და პრობლემური სიტუაციები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პედაგოგმა შეძლოს შედეგზე ორიენტირებული პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, გაიხადოს მშობელი მოკავშირედ ბავშვის აღზრდასა და განათლებაში.
სტატიაში გამოყენებულია მასალა, რომელიც მომზადდა წიგნისთვის “მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო” (ავტორები: მ. ინასარიძე, ს. ლობჟანიძე, შ. მამუკიძე), მაგრამ არ შევიდა მასში.

თეორიები სწავლის სტილის შესახებ

0

სწავლობენ თუ არა ადამიანები განსხვავებულად? სწავლობს თუ არა უკეთ ბავშვი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომელიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ. გაგაცნობთ იმ თეორიებს, რომლებიც სწავლის სტილის შესახებ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.

რას გულისხმობს სწავლის სტილი?

სწავლის სტილი კოგნიტური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. სწავლის სტილი ეფუძნება თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობას. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, რა მოგდით აზრად პირველ რიგში, როდესაც მოისმენთ სიტყვას „სკამი”? ეს შეიძლება იყოს დასაჯდომი საშუალება, ავეჯი, რომელიმე კონკრეტული სკამი და ა.შ. განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, თუ რატომ აფასებენ და ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად. კლასში ხშირად ბავშვებს მასწავლებლის სხვადასხვა მითითება „ესმით”. მასწავლებელი ტრენინგ-სესიის ბოლოს, იმ დღეს გავლილი თემების ნაწილს ადვილად გაიხსენებს, ნაწილს კი-ვერა. ეს მაგალითები აღწერს აღქმისა, ინფორმაციის გააზრებისა და დახსომების სპეციფიურობას ყველაზე იდეალურ სიტუაციაშიც კი, სადაც ცოდნის თუ ინფორმაციის მიმღები სწავლაზე კონცენტრირებულია. უმცროსი ასაკიდანვე ბავშვებს ეს განსხვავებულობა სასწავლო სიტუაციაშიც გადააქვთ. სწავლის განსხვავებული სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვასწავლის ჩვენთვის „საუკეთესო” გზებს სწავლისათვის წარმატებით თავის გასართმევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია და წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ თვისებებს. ზოგიერთი სტილის სფეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ დავალებებზე მუშაობა მოსწავლისთვის უფრო მარტივი ან უფრო რთული აღმოჩნდეს; როდესაც მოსწავლე მისი სტილის ძლიერ მხარეებს იყენებს, ის უფრო ეფექტურად ეუფლება ცოდნას თუ უნარებს.
თანამედროვე თეორიები
1960-იანი წლებიდან მეცნიერები აქტიურად იწყებენ სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებულ კვლევებს და ნელ-ნელა მკვიდრდება ტერმინი „სწავლის სტილი”. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ. ბევრი მკვლევარის აზრით კი, რთულია მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება.
·შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ გამოყენებული იქნა კატერინ მაიერსისა და იზაბელ მაიერს ბრიგსის მიერ. მათ შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი „მაიერს- ბრიგსის ტიპის ინდიკატორი”. იუნგის თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებით აღქმა-ხუთი გრძნობის საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცესი; 2. ინტუიტური აღქმა- სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირებისა და დასკვნების გაკეთების პროცესი. აგრეთვე, თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში: 1. გონებრივი მსჯელობა – ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასების პროცესი; 2. გრძნობითი მსჯელობა – ინფორმაციის სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე შეფასების პროცესი.
·რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოთახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემოს, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელები. მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია- ხმაურის მიმართ მგრძნობელობა; ზოგიერთ ბავშვს დავალებების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა- ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა უადვილდება, ზოგს კი პირიქით- თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორი ფორმით – ვიზუალური, აუდიო, ტაქტილური თუ კინესთეტური- მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და გამოიყენებენ.
აღნიშნული მოდელი ავტორებმა შეიმუშავეს რათა მასწავლებლებს შეძლებოდათ თავინთი მოსწავლეების სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
· ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, და ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ და არათანმიმდევრულ სტილს. მეცნიერის მიხედვით, თითოეულ ინდივიდს გააჩნია როგორც კონკრეტული, ასევე აბსტრაქტული აღქმის უნარი, აგრეთვე ინფორმაციის თანმიმდევრულად და არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა თითოეული ადამიანი უფრო წარმატებულად იყენებს ერთ-ერთს.
·უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცეტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტურ მოდალობაზე და მასწავლებლებს სთავაზობს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს სწავლისას მუდმივად უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის (მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა სრულიად იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში უფრო მკვეთრად დომინირებს ერთ-ერთი მოდალობა. მოწიფულობასთან ერთად ადამიანს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.
ვიზუალური მოდალობა. ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ ნათქვამს; კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა.შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები- სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.
აუდიტორული მოდალობა. პიროვნება, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს აზრებს. საკუთარი აზრების მოსმენით, ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვასა და გამეორეობას და როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.
კინესთეტური მოდალობა. ბარბი და სვასინგი კინესთეტურ მოდალობას განმარტავენ, როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტური მოდალობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ისინი ბევრად მეტს სწავლობენ მაშინ, როდესაც მშვიდად არ ზიან, რადგან ასეთ დროს მათ ყურადღებას არ ფანტავს ადგომისა და მოძრაობის სურვილი.
შერეული მოდალობები. მოსწავლის დომინანტური მოდალობა არის ის, რომლის საშუალებითაც ის ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა ცხადად ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებში უკვე რთული ხდება მისი გამოცალკევება. მოსწავლეებში შერეული მოდალობები (ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მათ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები თითოეული მოდალობის გასავარჯიშებლად (მაგ. მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინობები, საკუთარი ხელით ჩატარებული ექსპერიმენტები და ა.შ.).
·ჰოვარდ გარდნერმა 80-იან წლებში შეიმუშავა და შემდგომ განავითარა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. გარდნერი ინტელექტს განმარტავს, როგორც პრობლემების გადაჭრის ან ისეთი პროდუქტის შექმნის უნარს, რომელიც ღირებულია ამა თუ იმ კულტურულ გარემოცვაში. თეორია ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ ადამიანებს დაბადებიდან აქვთ „ერთი” ინტელექტი, რომელიც არ იცვლება და ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით გაზომვადია. ინტელექტის ტესტების უმრავლესობა ზომავს ვერბალურ-ლინგვისტურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტს, გარდნერი კი მათ გარდა კიდევ ექვსს გამოყოფს: სივრცითი ინტელექტი, სხეულებრივ-კინესთეტური ინტელექტი, ინტერპერსონალური ინტელექტი, ინტრაპერსონალური ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი და ნატურალისტური ინტელექტი. გარდნერი თვლის, რომ თითოეული ადამიანს გააჩნია რვავე ინტელექტი, თუმცა დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მეტად უვითარდება, სხვა კი ნაკლებად და შესაბამისად, სწავლისას უკეთ ართმევს თავს იმ სფეროებს რასაც „წარმატებული” ინტელექტი მოიცავს.
თეორიული ცოდნის გამოყენება საკლასო ოთახში
სწავლის სტილთან დაკავშირებული ზემოთ აღწერილი თეორიები და მოდელები იმდენად მრავალმხრივია, რომ შესაძლოა ბევრმა მასწავლებელმა იმთავითვე ჩათვალოს, რომ მათი გათვალისწინება პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ თეორიასთან დაკავშირებით რიგ მეცნიერებსაც მსგავსი შეხედულება აქვთ და მიაჩნიათ, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო მისი ეფექტურობის შესახებ კი სათანადო კვლევების შედეგები არ არსებობს. არც იმის განსაზღვრა არის ადვილი, თუ სწავლის რომელი სტილია (და რომელი კლასიფიკაციით!) დომინანტური თითოეული მოსწავლისათვის. მიუხედავად ამისა, მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე ბავშვებისთვის სწავლას გაამარტივებს და უფრო სახალისოს გახდის:
·მიეცით ბავშვებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური დავალებები; რიგ შემთხვევებში მიეცით საშუალება თავად აირჩიონ დავალებაზე მარტო იმუშავებენ თუ თანაკლასელებთან ერთად;

·ბავშვებთან ერთად რეგულარულად განახორციელეთ გონებრივი იერიში ახალ საკითხთან დაკავშირებით; ასეთი აქტივობის დროს თითოეული ბავშვი შეიძლება თანაბარი ინტერესით ჩაერთოს მასში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები სპონტანურობასა და შემოქმედებითობას ავლენენ;

·მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისას გამოიყენეთ სხვადასხვა მანიპულატივები, თვალსაჩინოებები; მიეცით საშუალება ბავშვებს მოახდინონ მანიპულაციები შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების/საგანმანათლებლო თამაშების საშუალებით და ა.შ;

·ნუ დაუშლით ბავშვებს, განსაკუთრებით უმცროს ასაკში, კითხვისას თითი გააყოლონ ტექსტს, ან ფერადი ფანქრებით გააკეთონ წიგნში მონიშვნა;

·ახალი ინფორმაციის მიწოდების დროს შეეცადეთ ხატოვნად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, ისე რომ, ბავშვებმა მეტი ყურადღებითა და ინტერესით მოგისმინონ;

·ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს ისეთი დავალებები, სადაც ზედმიწევნით გაწერილი რა ევალება მას, სხვებს კი ურჩევნიათ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარკვეული დავალებების მიცემისას (მაგ. პროექტზე მუშაობა) მკაფიოდ განუსაზღვრეთ მოსწავლეს დავალების მიზანი, მაგრამ შესთავაზეთ რესურსების, დავალების ჩაბარების თარიღის და სხვ. არჩევანი;

·თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს უჭირს მერხთან უმოძრაოდ ჯდომა, შეეცადეთ ფიზიკურად ჩართოთ რაიმე აქტივობაში, მაგ. სთხოვეთ, დაფაზე დაწეროს მომავალი გაკვეთილის თემა.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...