ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური ფაქტორების გავლენა ოლიმპიურ თამაშებზე

0
წლევანდელი ზაფხული არა მხოლოდ სპორტის მოყვარულებს, არამედ რიგით მაყურებლებსაც მნიშვნელოვანი ოლიმპიური თამაშებით დაგვამახსოვრდება. არ მეგულება ადამიანი, ზერელედ მაინც რომ არ ედევნებინა თვალი ოლიმპიადისთვის და არ ესიამოვნა გახსნისა და დახურვის საზეიმო ღონისძიებებით. ჭეშმარიტად დაუვიწყარი შეგრძნებაა, როდესაც ოლიმპიადაზე შენი ქვეყნის დროშა აღიმართება და გაისმის შენი ქვეყნის ჰიმნი. თუმცა ბედი ყველას როდი ანებივრებს ასე… მოდი, თავიდან მოვყვეთ და გავიგოთ, საიდან მოდის ოლიმპიური თამაშები, როდის და სად იმართება და რა განაპირობებს ამ თამაშებზე წარმატებას.
ოლიმპიური თამაშები ძველ საბერძნეთში იღებს სათავეს. იქ ზევსის პატივსაცემად ოლიმპოს მთის ძირას სპორტული შეჯიბრებები იმართებოდა. სახელწოდებაც სწორედ ამ მთის სახელიდან მომდინარეობს. 1896 წლიდან, ახალშექმნილი ოლიმპიური კომიტეტის მიერ დადგენილი წესების თანახმად, ოლიმპიადა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება, თავად ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა კი ლოზანაში (შვეიცარია) მდებარეობს.
სიმბოლოები. სიმბოლოებს ოლიმპიურ თამაშებში დიდი დატვირთვა აქვს. მათგან, პირველ რიგში, ერთიანობის სიმბოლო – ხუთი ურთიერთგადამკვეთი რგოლი უნდა დავასახელოთ, რომლებიც იდენტობას ანიჭებს ოლიმპიადას. ეს რგოლები კონტინენტებს აღნიშნავს, რომელთა წარმომადგენლებიც ერთმანეთს ოლიმპიურ თამაშებზე ხვდებიან.
დროშაზე ფონი თეთრია, ხოლო რგოლები – ფერადი: ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე, წითელი. ფერებს კონტინენტებთან კავშირი არ აქვს; ისინი იმიტომ შეირჩა, რომ ყველაზე ხშირად გვხვდება სახელმწიფო დროშებზე.
დროშის იდეის ავტორი იყო ფრანგი საზოგადო მოღვაწე პიერ კუბერტენი. კუბერტენს ეს იდეა 1913 წელს დაებადა, მას შემდეგ, რაც შვედეთის ოლიმპიადას 5 კონტინენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამწუხაროდ, მომდევნო ოლიმპიადა პირველი მსოფლიო ომის გამო გადაიდო. ისე რომ, დროშამ დღის სინათლე ოფიციალურად 1920 წლის ანტვერპენის თამაშებზე იხილა.
სადღეისოდ რგოლები და დროშის ფერები მკაცრად სტანდარტიზებულია.
დევიზი. ოლიმპიადის დევიზი მთელი ამ თამაშების ფილოსოფიას გამოხატავს: Citius -Altius – Fortius (ლათ.), – რაც ნიშნავს: ”უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ”.
ცნობილი სიმბოლოა ოლიმპიური ცეცხლიც. მასთან მთელი რიტუალია დაკავშირებული. ცეცხლი ოლიმპოზე ინთება თამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. ლამპარი, რომლითაც ცეცხლი მოგზაურობს, მორბენლებს მიაქვთ. ის ხელიდან ხელში გადადის და არ უნდა ჩაქრეს. საბოლოო მიზანი ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქამდე მისი მიტანაა. მანამდე კი ცეცხლი მრავალ ქვეყანას მოივლის. ტრადიციას 1936 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების გეოგრაფია
ოლიმპიური თამაშები ორად იყოფა: ზამთრისა და ზაფხულის თამაშებად. ზამთრის სახეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ თამაშების მასპინძლობა ყველა ქვეყანას არ შეუძლია. აუცილებელია ცივი კლიმატი, თოვლის ხანგრძლივი და მდგრადი საფარი, მთიანი ლანდშაფტი. მონაწილე სპორტსმენებს შორისაც უფრო უკეთ ისინი ასპარეზობენ, რომლებსაც ვარჯიშისთვის ხელსაყრელი პირობები აქვთ. ამ სპეციფიკის გამო ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების ჩამონათვალი გაცილებით მცირერიცხოვანი და განმეორებადია.
ქვეყანას, რომელიც ოლიმპიადას მასპინძლობს, სტადიონებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად თუ მოსაწესრიგებლად დიდი კაპიტალდაბანდება სჭირდება, თუმცა ეს არ არის დანახარჯი, რომლითაც ქვეყანას დიდხანს სარგებლობა არ შეუძლია.
თავდაპირველად ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთდროულად იმართებოდა. ისინი მხოლოდ 1994 წლიდან განცალკევდა და ამჟამად ოლიმპიადა ორწლიანი შუალედით იმართება.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ქვეყანა მით უფრო მაღლაა მოქცეული, რაც უფრო ხშირად მასპინძლობს ოლიმპიურ თამაშებს:
 
ქვეყანა ზაფხულის თამაშები ზამთრის თამაშები
აშშ, ატლანტა 1904- სენტ ლუისი, 1932- ლოს-ანჯელესი, 1984 – ლოს-ანჯელესი,

 

1996- ატლანტა

1932 – ლეიკ პლესიდი, 1960 – სქიუ ველი, 1980- ლეიკ პლესიდი,

 

2002- სოლტ-ლეიკ სიტი

საფრანგეთი 1900- პარიზი, 1924 – პარიზი 1924 – შემონიქსი, 1968 – გრენობლი, 1992 – ალბერვილი
გერმანია 1916 – ბერლინი (გაუქმდა პირველი მსოფლიო ომის გამო), 1936 – ბერლინი, 1972 – მიუნხენი 1936 – გარმიში, პარტენკირხე
საბერძნეთი 1896 – ათენი, 2004 – ათენი
იტალია 1960 – რომი 1944 – კორტინა დ’ამპეზო (გაუქმდა მეორე მსოფლიო ომის გამო), 1956 – კორტინა დ’ამპეზო, 2006 – ტურინი
იაპონია 1940- ტოკიო (გაუქმდა მე-2 მსოფლიო ომის გამო), 1964 – ტოკიო 1940 – საპორო (გაუქმდა მე-2 მსოფლიო ომის გამო), 1972 – საპორო, 1998 – ნაგანო
კანადა 1976 – მონრეალი 1988 – კალგარი, 2010 – ვანკუვერი
გაერთიანებული სამეფო 1908 – ლონდონი, 1944 – ლონდონი (გაუქმდა მე-2 მსოფლიო ომის გამო),

 

1948 – ლონდონი, 2012 – ლონდონი

ავსტრალია 1956 – მელბურნი, 2000 – სიდნეი
შვეიცარია 1928 – სენტ მორისი, 1948 – სენტ მორისი
ნორვეგია 1952 – ოსლო, 1994 – ლილეჰამერი
ავსტრია 1964 – ინსბრუკი, 1976 – ინსბრუკი
შვედეთი 1912 – სტოკჰოლმი
ბელგია 1920 – ანტვერპენი
ჰოლანდია 1928 – ამსტერდამი
ფინეთი 1952 – ჰელსინკი
მექსიკა 1968 – მეხიკო
სსრკ 1980 – მოსკოვი
სამხრეთი კორეა 1988 – სეული
ესპანეთი 1992 – ბარსელონა
ჩინეთი 2008 – ბეიჯინი
იუგოსლავია 1984- სარაევო
რუსეთი (2014) – სოჭი
ბრაზილია (2016) რიო დე ჟანეირო

დაჯგუფება შეიძლება კონტინენტების მიხედვითაც, რის შემდეგაც შეიძლება პასუხი გაეცეს არაერთ საინტერესო გეოგრაფიულ კითხვას. ამ ცხრილიდან კარგად ჩანს, რა კავშირია ოლიმპიადის მასპინძლობასა და ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს შორის.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქვს 204 ქვეყანას, შესაბამისად, სწორედ ამდენი ქვეყნის მასპინძლობა შეუძლია ოლიმპიურ თამაშებს. ეს რაოდენობა აღემატება გაეროს მიერ აღიარებული ქვეყნების რიცხვს.
ოლიმპიური მედლების ანალიზი

მივადექით არანაკლებ საინტერესო თემას: როგორია მედალოსანი ქვეყნების სტატისტიკა, რომელი ქვეყნები არიან ყველაზე წარმატებულები ამ კუთხით, ექვემდებარება თუ არა მათი მოპოვება-არმოპოვება რაიმე კანონზომიერებას?
ყველა მედალოსანი ქვეყანა ამაყობს თავისი წარმატებებით. ამ ინფორმაციას გამუდმებით გადასცემს ტელევიზია, აშუქებს პრესა. არც ოლიმპიადის ოფიციალურ საიტსა თუ სხვა სპორტულ ვებგვერდებზე გაჭირდება ამ სტატისტიკის მოპოვება. საინტერესო შესადარებელია მედლების რიცხვი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობასთან, ასევე – მათი განვითარების მაჩვენებლებთან. ამაში ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგვეხმარება:
 

 

1980 მოსკოვი

1984 ლოს-ანჯელესი

1988 სეული

1992 ბარსელონა

1996 ატლანტა

2000 სიდნეი

2004 ათენი

2008 ბეიჯინი

2012 ლონდონი

1

სსრკ

აშშ

სსრკ

რუსეთი

აშშ

აშშ

აშშ

ჩინეთი

აშშ

2

აღმ. გერმანია

რუმინეთი

აღმ.გერმანია

აშშ

გერმანია

რუსეთი

ჩინეთი

აშშ

ჩინეთი

3

ბულგარეთი

დას. გერმანია

აშშ

გერმანია

რუსეთი

ჩინეთი

რუსეთი

რუსეთი

გაერთიანე- ბული სამეფო

4

კუბა

ჩინეთი

დას. გერმანია

ჩინეთი

ჩინეთი

ავსტრალია

ავსტრალია

გაერთიანე- ბული სამეფო

რუსეთი

5

იტალია

იტალია

სამხ. კორეა

კუბა

ავსტრალია

გერმანია

იაპონია

გერმანია

სამხ. კორეა

6

უნგრეთი

კანადა

ბულგარეთი

უნგრეთი

საფრანგეთი

საფრანგეთი

გერმანია

ავსტრალია

გერმანია

7

რუმინეთი

იაპონია

უნგრეთი

სამხ.კორეა

იტალია

იტალია

საფრანგეთი

სამხ. კორეა

საფრანგეთი

8

საფრანგეთი

ახ. ზელანდია

რუმინეთი

ესპანეთი

სამხ. კორეა

ჰოლანდია

იტალია

იაპონია

იტალია

9

გაერთიანე- ბული სამეფო

იუგოსლავია

ჩინეთი

საფრანგეთი

კუბა

კუბა

სამხ.კორეა

იტალია

უნგრეთი

10

პოლონეთი

სამხ. კორეა

გაერთიანე- ბული სამეფო

ავსტრალია

უკრაინა

გაერთიანე- ბული სამეფო

გაერთიანე-ბული სამეფო

საფრანგეთი

ავსტრალია

ცხრილში მოცემულია ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ქვეყნების პირველი ათეული 1980 წლიდან.

იოლი შესამჩნევია, რომ პირველ ადგილებზე უმთავრესად მრავალრიცხოვანი მოსახლეობის პატრონი ქვეყნები არიან, მათ შორის – აშშ, ჩინეთი, რუსეთი და სხვები, რომელთა მოსახლეობის რიცხოვნობაც ათეულობით მილიონს აღწევს. ეს ამგვარად შეიძლება აიხსნას: რაც უფრო მეტია მოსახლეობა, მით უფრო დიდია ალბათობა, მათ შორის რომელიმე მედალოსანი გამოვიდეს. ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის უფრო ძლიერია მეტოქეობა, რაც მათ უკეთ მომზადებისკენ უბიძგებს. თუმცა, ცხადია, ყველა დიდი ქვეყანა როდია წარმატებული. მაგალითად, ინდოეთი ან ინდონეზია პირველ ათეულში არსად გვხვდება.

რა თქმა უნდა, მედლების რაოდენობა მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასთან. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, შეუძლია, მით მეტი რესურსი მიმართოს სპორტის განვითარებისთვის, მეტი კაპიტალი დააბანდოს სპორტულ ინფრასტრუქტურაში, სპორტსმენებისა და მწვრთნელების მაღალ ანაზღაურებაში.
საინტერესოა, რომ არცთუ დიდი ხანია, სპორტი ადამიანების პროფესიად იქცა. მანამდე სპორტს უმთავრესად მოყვარულები მისდევდნენ. აქედან გამომდინარე, დროც ნაკლები იხარჯებოდა – მის მოყვარულებს ხომ ყოფითი საკითხების მოგვარება სხვა საქმიანობით უხდებოდათ.

მედლებს კვლავ არცთუ იშვიათად იღებენ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, რადგან მათი სპორტული ინფრასტრუქტურა დიდი ხნის წინ აშენდა, იმ დროს, როდესაც სპორტს სათანადო ყურადღება ექცეოდა. ზოგიერთმა ქვეყანამ მოახერხა მისი შენარჩუნება. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიციები, შეიქმნა სკოლები. ამის საბუთად ბოლო ოლიმპიადაზე ამ ჯგუფის ქვეყნების მიერ მოპოვებული მედლებიც გამოდგება: უკრაინა – 14, უნგრეთი – 13, ბელორუსი – 12, აზერბაიჯანი – 10, საქართველო – 7, ყაზახეთი – 7, ხორვატია – 6, ლიტვა – 5, მონღოლეთი – 5, სერბეთი – 4, სლოვაკეთი – 4, უზბეკეთი – 4…

მრავალ ქვეყანაში სპორტის განსაზღვრული სახეობები ეროვნულ იდენტობასთან არის გაიგივებული. მაგალითად, დიდი კულტურული თუ ისტორიული მნიშვნელობა აქვს ზოგიერთი სახეობის განვითარებას, ამ სახეობებში იქმნება სკოლები, მიედინება მეტი თანხები, რაც პერსპექტიულს ხდის მას და ზრდის მედლების მოტანის ალბათობას. მაგ. კუბა – კრივი, იამაიკა და კენია – მძლეოსნობა.

სწორედ მოსახლეობის რიცხვსა და ეკონომიკაზე დაყრდნობით გამოთვალეს, რომელ ქვეყანას რამდენი მედალი უნდა აეღო ლონდონის ოლიმპიადაზე. ეს კვლევა კელოგის მენეჯმენტის სკოლამ (აშშ) ჩაატარა. ცხრილში ნაჩვენებია, აცხადდა თუ არა პროგნოზი:
 
მოლოდინს გადააჭარბეს ექსტრა მედლებივერ გაამართლეს მოლოდინიმედლების დეფიციტი

მოლოდინს გადააჭარბეს

ექსტრა მედლები

ვერ გაამართლეს მოლოდინი

მედლების დეფიციტი

აშშ

53

ინდოეთი

-28

რუსეთი

52

ინდონეზია

-21

ჩინეთი

43

მექსიკა

-19

გაერთიანებული სამეფო

33

თურქეთი

-17

უკრაინა

14

ბრაზილია

-16

უნგრეთი

13

საუდის არაბეთი

-16

ბელორუსი

12

ტაივანი

-14

იამაიკა

12

ვენესუელა

-14

კენია

11

ავსტრია

-13

ავსტრალია

10

ბელგია

-13

კარგია, რომ წინასწარი გამოთვლები დიდი სიზუსტით არ სრულდება – ამ შემთხვევაში ხომ სანახაობა ბევრისთვის დაკარგავდა მიმზიდველობასა და აზარტს.

ქვემოთ მოცემული წერტილოვანი დიაგრამა კი აჩვენებს კორელაციას მედლების რაოდენობასა და თითოეული ქვეყნიდან წარმოდგენილ ძალოსანთა რაოდენობას შორის. რა თქმა უნდა, კავშირი მკაფიოა, თუმცა შეინიშნება ანომალიებიც ჩინეთის, რუსეთის, აშშ-ს, პოლონეთისა და ავსტრალიის სახით: პირველი სამი წარმოდგენილი ძალოსნებით უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე წარმოდგენილი ეროვნული გუნდით იყო შესაძლებელი, ხოლო ბოლო ორს ამ რაოდენობის სპორტსმენების პირობებში უკეთესი შედეგები უნდა ეჩვენებინა.
როგორც ხედავთ, გუნდში სპორტსმენების რაოდენობა ყოველთვის არ არის წარმატების გარანტი – დიაგრამის ქვედა მარცხენა კუთხეში, დიაგონალური ხაზის ქვემოთ, ამის არაერთ დასტურს ვხედავთ შეჯგუფებული წერტილების სახით. თუმცა დიდი გუნდის ყოლა მაინც მეტი წარმატების შანსს იძლევა.
ლონდონის ოლიმპიადაზე ყოველ 11.1 ძალოსანზე საშუალოდ 1 მედალი მოდიოდა. იყო გამონაკლისებიც, მაგალითად, ბოტსვანამ, რომელმაც ოლიმპიადაზე 4 ძალოსანი გაგზავნა, 1 მედალი მოიპოვა, იამაიკამ – 12, საშუალოდ მედალი 1 მედალი 4,2 ძალოსანზე. ამის საწინააღმდეგოდ, პორტუგალია, რომლის ეროვნულ გუნდში 77 ძალოსანი იყო, 1 მედალს დასჯერდა.

ქვემოთ მოცემულ ანამორფულ რუკაზე გამოსახულია კორელაცია ოლიმპიურ მედლებსა და დემოკრატიას შორის. ეს კავშირი არცთუ უსაფუძვლოა, პირველ რიგში – იმიტომ, რომ დემოკრატიული ქვეყნები ხშირად განვითარების მაღალი მაჩვენებლებითაც გამოირჩევიან, რაც სპორტში დიდ დანახარჯსაც გულისხმობს. ალბათ, გამონაკლისს ნავთობით მდიდარი ქვეყნები წარმოადგენენ (მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, დაბალი დემოკრატიის ინდექსი). ამ რუკაზე კიდევ რამდენიმე დაბალი დემოკრატიის ინდექსის ქვეყანაა, რომლებმაც მედლები მოიპოვეს. ამაში წვლილი მიუძღვის ქვეყნების სპორტულ ტრადიციებს (მაგალითად, კუბა) ან მოსახლეობის სიჭარბეს, რის შედეგადაც იზრდება ალბათობა, რომ იმედისმომცემი სპორტსმენისგან ოლიმპიური ჩემპიონი დადგება (მაგალითად, ჩინეთი)
ოლიმპიადის მასპინძლობის გეოგრაფიული ფასი
საინტერესოა, რამდენად ხელსაყრელია ქვეყნისთვის ოლიმპიადის მასპინძლობა. ამის თაობაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. გასაგებია, რომ ოლიმპიადის მასპინძლობა ქვეყანას პოპულარობას მატებს, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ მასპინძელი ქვეყნების ნუსხას, აღმოჩნდება, რომ მათ არ სჭირდებათ ამგვარი პოპულარობა – ისედაც მთელ მსოფლიოში იცნობენ.
ეკონომიკური შემოსავალი უკანასკნელ ხანს, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის შემდეგ გახდა აქტუალური. თავდაპირველად ოლიმპიადას შემოსავალზე მეტი გასავალი ჰქონდა, თუმცა ბოლო ხანს ვითარება შეიცვალა. მაგალითად, ბეიჯინის ოლიმპიადისთვის 7 წლის განმავლობაში მოსამზადებელ სამუშაოებზე 42 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა (ამ თანხაში შედის აეროპორტის გამტარობის გასაზრდელად დახარჯული 3 მილიარდი და სტადიონ ”ჩიტის ბუდის” მშენებლობისთვის გამოყოფილი 500 მილიონი), მაგრამ თუ დანახარჯს შევადარებთ შემოსავალს (4 ტრილიონი), გასაგები ხდება, რატომ შეაქვს ოლიმპიურ კომიტეტში სულ უფრო მეტ ქვეყანას განაცხადი.

ხანმოკლე, მაგრამ შესამჩნევ ეკონომიკურ მოგებას იძლევა ტურისტების დიდი რაოდენობით შემოდინება, ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაკავებული მუშების ხელფასები, დროებითი მომსახურე პერსონალის გაზრდა აეროპორტებში, სასტუმროებსა და კვებით დაწესებულებებში.
თუმცა რისკის ფაქტორიც გასათვალისწინებელია: ჩინეთს საკმაოდ დაეძაბა საერთაშორისო ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან ტიბეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისთვის, რომელსაც მსხვერპლიც მოყვა. ამ არადემოკრატიულმა მოპყრობამ მთელი ეს პროექტი საფრთხის წინაშე დააყენა.

მსოფლიოს კარგად ახსოვს ოლიმპიადების ბოიკოტი. ყველაზე მასშტაბური სსრკ-ს ავღანეთში ინტერვენციის საპასუხოდ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი გახლდათ. მასში მონაწილეობა არ მიუღია თითქმის მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ამ ოლიმპიადის დანახარჯებისა და შემოსავლების თაობაზე მონაცემების მოპოვება არ არის ადვილი, რადგან საბჭოთა კავშირს სტატისტიკური მონაცემების დამალვა-შელამაზება სჩვეოდა. სხვათა შორის, ამიტომაც გამოიყურება ასე განსხვავებულად მოსკოვის ოლიმპიადაზე მედალოსანი ქვეყნების ათეული, სადაც სოციალისტური ბანაკის ქვეყნები დომინირებს, ტრადიციული მედალოსნები კი წარმოდგენილი არ არის.
მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ პრობლემად იქცა ტერორისტული აქტებიც. ამის კვალობაზე, სულ უფრო იზრდება ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ხარჯი.

ოლიმპიადა შეიძლება არალეგალური მიგრანტების დარჩენის საშუალებად იქცეს. მაგალითად, ლონდონის ოლიმპიადაზე ჩავიდნენ და ”დაიკარგნენ” განვითარებადი ქვეყნების (კონგო, კამერუნი, ერითრეა) სპორტსმენები, რომლებმაც ეს ღონისძიება აქ დარჩენის საბაბად გამოიყენეს.
ოლიმპიადები ჯერ არ გამართულა აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და დასავლეთ/სამხრეთ/ცენტრალურ აზიაში. ეს განაწილება უკავშირდება აქ არსებული ქვეყნებისა და მათი ქალაქების განვითარებას, სანდოობას. თუმცა 2016 წელს სამხრეთ ამერიკა მასპინძელი კონტინენტების რიცხვში შევა.

ოლიმპიადებს ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა მასპინძლობენ.

ოლიმპიადის დადებით გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ინფრასტრუქტურაც, რომელიც ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც რჩება ქვეყანაში და მოაქვს სარგებელი, რადგან მაღალი სტანდარტების სტადიონებსა თუ აუზებზე უკეთესად არის შესაძლებელი მომავალი ჩემპიონების მომზადება.
დადებითი სოციალური ფაქტორებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ეროვნული სიამაყე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ფოკუსში ექცევა. 204 ქვეყნის წარმომადგენელთა ჩამოსვლა შეიძლება საგარეო პოლიტიკის წარმატებად იქნეს მიჩნეული; ადვილდება დიპლომატიური კავშირები. იზრდება სპორტით დაინტერესება ეროვნულ დონეზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ფართოდ ჩაბმა თუნდაც სამოყვარულო სპორტში, რაც მათი ჯანმრთელობის ეკვივალენტურია. გარდა დარჩენილი ინფრასტრუქტურისა, ამაზე გავლენას მოახდენს ოლიმპიადის შედეგად სპორტის პოპულარიზაცია. სოციალურად დაუცველი, ნაკლებკომპეტენტური მოსახლეობა იღებს ხანმოკლე შემოსავლებს ოლიმპიადიდან (მოსახლეობის კომპეტენტური ნაწილი მაღალშემოსავლიან სამსახურს დროებითი შემოსავლისთვის არ დატოვებს). ინტენსიურად მიმდინარეობს ურბანული განახლება, რაც მომავალში უძრავი ქონების ღირებულებას გაზრდის.

უარყოფითი შედეგებიდან უნდა აღინიშნოს გარემოზე ზეწოლა, რომელიც დიდ მასშტაბს იძენს, თუმცა მდგრადი პოლიტიკის არსებობის პირობებში ამის მოგვარება შესაძლებელია. ამის მაგალითად გამოდგება სიდნეის ოლიმპიადა. სწორედ გარემოზე ზრუნვის უპრეცედენტო მასშტაბის გამო გამოაცხადეს ეს ოლიმპიადა ”მწვანე თამაშებად” – ყველა ახალაშენებული შენობა წყალენერგოეფექტური იყო. ყოველივე დაიგეგმა ისე, რომ ნარჩენების მოსალოდნელი მოცულობა მინიმალური ყოფილიყო. გადაადგილების ძირითადი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახლდათ. ოლიმპიური ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ აშენდა ყოფილ ჭაობზე, რომელსაც ინდუსტრია წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად იყენებდა.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ოლიმპიადა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდმასშტაბიანი განმეორებადი საერთაშორისო მოვლენა, რომლის გააზრება შეიძლება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთა შორის არის სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული ფაქტორები. ამდენად, ოლიმპიადის მიმართ ინტერესი მხოლოდ მისი მსვლელობის დროს კი არ არის დიდი, არამედ დასრულების შემდეგაც ტოვებს საფიქრალს. მეც შევეცადე, თქვენთვის სწორედ ეს მრავალმხრივი ასპექტები დამენახვებინა.

როლური თამაშები უცხოური ენის გაკვეთილზე

0

ზეპირი მეტყველების უნარის განსავითარებლად მასწავლებელი ხშირად ცდილობს, კითხვა-პასუხის მეშვეობით გაავარჯიშოს მოსწავლეთა სამეტყველო უნარები ან გაბმული მეტყველების გზით ჩააბას ისინი საუბარში – დაავალოს რაიმე ამბის მოყოლა, სურათის აღწერა და სხვა. ამ დროს როგორც დაწყებით საფეხურზე, ისე საბაზო-საშუალო სკოლაში არცთუ იშვიათად უგულებელყოფენ ზეპირი მეტყველების კომპეტენციის ჩამოყალიბებისთვის უაღრესად აქტუალურ, სახალისო, მოტივაციის აღმძვრელ და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობას – როლურ თამაშებს.

როლური თამაშები მოსწავლის ასაკობრივი ინტერესებისა და განვლილი მასალის მიხედვით იგეგმება და სრულდება. ეს აქტივობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უცხოურ თანამედროვე, საკომუნიკაციო უნარებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდიკაში. როლური თამაშები, ევროსაბჭოს ენის ფლობის დონეების მიხედვით, მეტწილად A1 და A2 საფეხურებისთვის შესაფერისად არის მიჩნეული. მათი უმარტივესი ფორმა დიალოგის წყვილში წაკითხვაა.

უცხოური ენის გაკვეთილზე როლური თამაშისთვის ემზადებიან. იგეგმება გათამაშება სკეტჩისა “სიტუაცია კაფეში”. სახელმძღვანელო “თეფშად” გამოდგება, კალამი და ფანქარი კი – “დანა-ჩანგლად”. ერთ-ერთი მოსწავლე მკლავზე ცხვირსახოცგადაფარებული და “ლანგრით” – საქაღალდით – ხელში უახლოვდება მერხს და ღიმილით მიმართავს თანაკლასელს უცხოურ ენაზე: “რას მიირთმევთ?” თანაკლასელი იფერებს მომხმარებლის როლს, დაჰყურებს “მენიუს” და თავაზიანად უკვეთავს “მიმტანს”:
– გეთაყვა, ორი შნიცელი და კარტოფილი ფრი.
– დასალევად რას ინებებთ? – თავაზიანად ჰკითხავს “მიმტანი”.
– ფორთოხლის წვენს, თუ შეიძლება.
– დესერტს ხომ არ ინებებთ? – არ ცხრება “მიმტანი”.
– ყავასა და ხილის ტორტის ნაჭერს გავსინჯავ, – ტოლს არ უდებს “მომხმარებელი”.
კიდევ ერთი ნიმუში – სიტუაცია “გამყიდველი-მყიდველი”: მოსწავლეს, რომელიც გამყიდველის როლს ასრულებს, თანაკლასელების მიერ მიწოდებული სასკოლო ნივთები მერხზე უწყვია. რვეულები, ბლოკნოტები, საშლელები ხილ-ბოსტნეულის როლს ასრულებს. ორი სქელტანიანი სახელმძღვანელო სასწორის თეფშებად გამოდგება. “მომხმარებლები” თავაზიანად დგანან რიგში და ერთმანეთის მიყოლებით “ვაჭრობენ” დახლთან:

გეთაყვა, ორი კილოგრამი ვაშლი ამიწონეთ!
ინებეთ. ფორთოხალიც ხომ არ გნებავთ? ახალია და ძალიან ტკბილი.
არა, გმადლობთ. კილოგრამ კიტრსაც ავიღებ. სულ რამდენი მოგართვათ? – და ა.შ.
მოსწავლე მოხერხებულად ირგებს კინოთეატრის ბილეთების გამყიდვლის როლს და თავაზიანად ეგებება “მომხმარებელს”. “ბილეთები” საგანგებოდ დაჭრილი პატარა ფურცლებია.
სალამი.
გამარჯობა.
გეთაყვა, ორი ბილეთი უახლოეს სეანსზე.
რომელ რიგში გსურთ?
სასურველია, დარბაზის შუაში.
ინებეთ ორი ბილეთი მეათე რიგში.
რამდენი მოგართვათ? – და ა.შ.

მასწავლებელს შემდგომი განმავითარებელი შეფასებისთვის ჩანაწერები ბლოკნოტში შეაქვს. შეფასებისთვის ის იყენებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა შესაბამისი ლექსიკისა და სამეტყველო ფუნქციების გამოყენების ხარისხი, გრამატიკული გამართულობა, კითხვა-პასუხის ადეკვატურობის ხარისხი, გამოთქმა და სხვა. ის თავს არიდებს კომენტარებს და აცდის როლური თამაშის მონაწილეებს, დამოუკიდებლად გაართვან თავი დავალებას, რათა სკეტჩს ეფექტი არ დაუკარგოს. ხშირად მოსწავლეები აქტივობის დასრულების შემდეგ თვითონვე მონაწილეობენ თანაშეფასების პროცესში, ანდა ერთმანეთს ეხმარებიან შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებაში.

ასეთ როლურ თამაშს პედაგოგი კლასში, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ აწყობს. მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ეკიდებიან საინტერესო აქტივობას. წინასწარ მიწოდებულ სამეტყველო ფუნქციებსა და კლიშეებსაც უფრო მეტი ენთუზიაზმით ითვისებენ, რადგან იციან მათი გამოყენების მიზანი და თვითონვე რწმუნდებიან ასეთი თამაშების შედეგიანობაში.

როლური თამაშების მომზადებას დიდი ხანი როდი სჭირდება: მთავარია განვლილი სიტუაციური თემატიკის გამოკვეთა, საჭირო ლექსიკური ერთეულებისა და სამეტყველო ფუნქციების დადგენა, შეხსენება, გამეორება, შემდეგ თამაშის წესების ახსნა და როლური თამაშისთვის მონაწილეთა შერჩევა. რაღა თქმა უნდა, მცირე მოცულობის სკეტჩების გათამაშებას გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეთა არაერთი ჯგუფი ასწრებს.

სპეციალისტების აზრით, როლური თამაში მხოლოდ ენობრივი და სამეტყველო საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებას კი არ ემსახურება, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სოციოკულტურული კომპეტენციის განვითარებაშიც. მოსწავლე ეუფლება ამა თუ იმ სიტუაციური კონტექსტისთვის დამახასიათებელ ქცევას, შესაბამის ლექსიკასა თუ ეტიკეტს, გარემოსთვის ადეკვატურ ავთენტურ მოქმედებას, მაშასადამე, საკომუნიკაციო და ენობრივი კომპეტენციების განვითარებასთან ერთად სოციოკულტურულ უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებს, რაც უცხოური ენის შესწავლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

როლური თამაშის დაგეგმვისას, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დავალების შესრულებისას, მნიშვნელოვანია დროის ლიმიტის დაწესებაც. მოსწავლეები უნდა მიეჩვიონ დროის მენეჯმენტს, რაც მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ისევე თანაკლასელებისთვისაც, რათა სკეტჩი არ იქცეს გაუთავებელ, მოსაწყენ, ინტერესს მოკლებულ დიალოგად, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის როგორც მსმენელებს, ისე თავად როლური თამაშის მონაწილეებს.

მოაზროვნე – თემურ პაპასქირი – სკოლა და განათლება მოაზროვნის სარკმლიდან

0

 

ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია მოაზროვნე, ბროლის ბუს მფლობელი თემურ პაპასქირი.
თემურ პაპასქირი დაიბადა 1974 წლის 6 დეკემბერს მოსკოვში. დაამთავრა სოხუმის მე-8 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ჰყავს მეუღლე – ლელა უბილავა და ქალიშვილი – 6 წლის მარიამი.
ჰობი, ინტერესები: კითხვა და ინტელექტუალური თამაშები. საყვარელი მწერლები და პოეტები: ალექსანდრ დიუმა, რობერტ ჰაინლაინი, აიზეკ აზიმოვი, მორის დრიუონი, აგათა კრისტი, ართურ კონან დოილი, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, გალაკტიონ ტაბიძე.
„რა? სად? როდის?” თამაშობს 1997 წლიდან. მისი გუნდი დავით რაფავას ხელმძღვანელობით 2002 წელს სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი გახდა; იყო თბილისის 5-გზის ჩემპიონი (1998, 2002, 2006–07); 2006 წელს მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში; იმავე წელს „პენტიუმი” საქართველოს ჩემპიონი გახდა. ერთი კვირის წინ გუნდმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ეს ტიტული. 2009 წლის „რა? სად? როდის?” სატელევიზიო ვერსიის ზამთრის (ფინალური) სერიის მეხუთე შესარჩევ თამაშში თემურ პაპასქირი საუკეთესო მოაზროვნედ აღიარეს. იგი არის 2010 წლის ზამთრის სერიის ბროლის ბუს მფლობელი.
თემურ პაპასქირი თავის ბავშვობას განუყოფლად აკავშირებს წიგნებთან:
– ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი. ერთია, რომ ოჯახმა ადრეული ასაკიდან მიმაჩვია კითხვას, მაგრამ მე თვითონაც ძალიან მიყვარდა და მიტაცებდა წიგნები. წიგნის გარეშე ცხოვრება დღესაც ვერ წარმომიდგენია. როგორც ყველა ბავშვმა, კითხვა ზღაპრებით დავიწყე. ცოტა რომ მოვიზარდე, ჩემი საყვარელი წიგნი იყო ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები”. მამაჩემი ზურაბ პაპასქირი, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორია, ცდილობდა, ბავშვობიდან გაეღვივებინა ჩემთვის ყოველივე ქართულის სიყვარული, ამიტომ საქართველოს ისტორია თავიდანვე ძალიან მიტაცებდა; ფაქტობრივად, სასკოლო ასაკშივე გადავწყვიტე, ისტორიკოსი გავმხდარიყავი. ერთი სიტყვით, სერიოზული ლიტერატურის კითხვა ისტორიული წიგნებით დავიწყე და მალე ჩვენი ოჯახის ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა თითქმის სულ მთლად წაკითხული მქონდა.
– გასაგებია, რომ წიგნის სიყვარული, პირველ რიგში, ოჯახიდან იღებს სათავეს, მაგრამ მის გაღვივებაში ხშირად დიდ როლს ასრულებენ მასწავლებლებიც. თუ გეხმარებოდნენ პედაგოგები კლასგარეშე საკითხავი წიგნების შერჩევაში ან მიმართულებას თუ გაძლევდნენ?
– მეოთხე კლასიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი საზაფხულოდ გვაძლევდა კლასგარეშე საკითხავ მასალას. შემდეგ წაკითხული წიგნის მოკლე შინაარსი უნდა დაგვეწერა, რათა პედაგოგი დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად წავიკითხეთ. ამ წიგნების უმეტესობა მე და ჩემს რამდენიმე თანაკლასელს უკვე წაკითხული გვქონდა, დანარჩენსაც მალევე გადავიკითხავდი ხოლმე და მერე თავად ვირჩევდი წიგნებს.
– ხომ არ აღიზიანებდა თანატოლებს წიგნებისადმი თქვენი ასეთი სიყვარული?
– თავიდან იყო ირონიული დამოკიდებულება, მსაყვედურობდნენ, სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებო, ერთხანს „მოსიარულე ენციკლოპედიასაც” კი მეძახდნენ, მაგრამ ეს ამბავი საერთოდ არ მაღელვებდა. როდესაც დავიწყეთ ვიქტორინებში მონაწილეობა, სადაც ცოდნა და განათლება იყო საჭირო, დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. შეჯიბრება სხვადასხვა საგანში იმართებოდა და კლასში ყოველთვის მე ვიყავი კაპიტანი.
1980-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?”, რომელიც საკავშირო ტელევიზიით გადაიცემოდა. მისი გავლენით ჩვენს სკოლაშიც გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინა. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი და გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება ინტელექტუალურ თამაშში.
უნივერსიტეტში 1991-1996 წლებში ვსწავლობდი. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი – ომი, დევნილობა… მართალია, იმ დროსაც იმართებოდა ინტელექტუალური შეჯიბრებები, მაგრამ მე რატომღაც ავცდი ამ მიმართულებას. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და დისერტაციაზე დავიწყე მუშაობა, სწორედ იმ წელიწადს დაიწყო საქართველოს ტელევიზიამ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?” გადაცემა და გამოჩნდა სოხუმის გუნდი. შემთხვევით შევიტყვე, რომ აფხაზეთის ახალგაზრდული კლუბი ყოველ კვირა მართავდა შეჯიბრებას, მივედი, გავხდი მისი წევრი და ცოტა ხანში ორი თამაში მოვიგეთ. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა ჩემით სოხუმის გუნდი. ასე მოვხვდი „პენტიუმში” – დავით რაფავას გუნდში, რომელიც 15 წელია თამაშობს და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია საქართველოში. ერთი კვირის წინ მეორედ გავხდით საქართველოს ჩემპიონები.
– ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებას, ალბათ, განსხვავებული ხიბლი აქვს…
– ეს არის თამაში, სადაც ამოწმებ საკუთარ თავს – რა იცი და რა ხარვეზი უნდა აღმოფხვრა. პირველ ხანებში კითხვები უმთავრესად ცოდნაზე იყო დაფუძნებული, შესაბამისად, რაც უფრო მეტი გქონდა წაკითხული, მით უკეთ თამაშობდი; დღეს ინტელექტუალური თამაში მოითხოვს როგორც განათლებას, ისე კარგ ინტუიციასაც. მაგრამ თუ არ იკითხე, ვერც ინტუიციასა და ვერც ლოგიკას ვერ განივითარებ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ბროლის ბუს მფლობელის ტიტული?
– იმას, რაც წლების განმავლობაში გიკეთებია, საბოლოოდ უმაღლესი შეფასება ენიჭება. მართალია, ბევრი თამაშობს, მაგრამ ბროლის ბუს მფლობელი ყველა ვერ ხდება.
– რას ცვლის პოპულარული მოაზროვნის სტატუსი?
– ეს სტატუსი ძალიან ზრდის ლექტორის პოპულარობის ხარისხს. სხვა ფაკულტეტების ბევრი სტუდენტი ირჩევს ჩემს საგანს სწორედ იმიტომ, რომ ინტელექტკლუბში ვთამაშობ. ხშირად შემიმჩნევია – ამაყობენ კიდეც, მე რომ ვასწავლი. თუ სკოლაში კითხვის მოყვარული ბავშვი ხშირად დაცინვის ობიექტად იქცევა, სტუდენტობისას დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. დღეს ბევრი სტუდენტი თამაშობს „რა? სად? როდის?” სპორტულ ვერსიას. ბოლო წლების განმავლობაში მოთამაშეთა რაოდენობით მსოფლიო რეკორდი მოვხსენით.
– არადა, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გაიგონებთ, რომ ახალ თაობაში ინტელექტი და ერუდიციის დონე დაბალია…
– დღევანდელი სტუდენტების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტების საშუალო მომზადების დონემ აშკარად აიწია. შესაძლოა, პროცენტულად წინა თაობაში მცოდნეთა რაოდენობა უფრო მეტი იყო, მაგრამ ფაქტია, განათლების დონემ აშკარად მოიმატა. ვფიქრობ, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, საშუალო დონე ბევრს არ დააკმაყოფილებს და ნელ-ნელა ძლიერი სტუდენტებიც გამოჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ, წინა თაობისგან განსხვავებით, მკვეთრად გაუმჯობესდა ენების ცოდნა. ადრე თუ ორი უცხო ენის ცოდნა სენსაციად ითვლებოდა, დღეს სტუდენტებმა სამი და ოთხი უცხო ენა იციან.
– სტუდენტები თუ მოგმართავენ, არა როგორც ლექტორს, არამედ როგორ ინტელექტკლუბის მოთამაშეს?
– ხშირად მოდიან და მეკითხებიან, გუნდი ჩამოვაყალიბეთ და რას გვირჩევდითო. ადვილი მისახვედრია, რომ გუნდს ქმნიან მეგობრები, რომლებიც ერთსა და იმავე ფაკულტეტზე სწავლობენ და ძირითადად ერთი და იგივე ლიტერატურა აქვთ წაკითხული. თავდაპირველად ამან შესაძლოა გაამართლოს, მაგრამ შემდეგ გუნდს გადახალისება სჭირდება – ან სხვა პროფესიის ადამიანები უნდა დაამატონ, ანდა თავად გუნდის წევრებმა გადაინაწილონ სფეროები და მოემზადონ. თუმცა მაინც ჯობს, გუნდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან იყოს დაკომპლექტებული.
– რამდენად გამართლებულია სწავლების პროცესში ინტელექტუალური თამაშების გამოყენება? საერთოდ, რას ურჩევდით სკოლის მასწავლებლებს?
– მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ინტელექტუალური თამაშების ელემენტები. ვთქვათ, შეადგინოს კითხვარები ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს ის ბავშვი, რომელსაც წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ შესაძლოა სხვა მოსწავლესაც გაუჩნდეს ნაწარმოების წაკითხვის სურვილი, ეს კი უკვე შედეგია.

დღეს სკოლას ისევ უბრუნდება ძველი ფუნქცია, სასკოლო გამოცდების წყალობით სწავლების პროცესი უფრო მომთხოვნი გახდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი თაობა აშკარად უბრუნდება წიგნს. ამას ხელი შეუწყო ელექტრონული წიგნების გაჩენამ და ელექტრონული წამკითხველების მომრავლებამ. ძველად წიგნის შოვნა იყო პრობლემა, უკანასკნელ ხანს კი გამოცემების ბუმია. მოთხოვნა რომ არ იყოს, არც ამდენი წიგნი გამოიცემოდა და ეს, ვფიქრობ, სულ მალე შესამჩნევ შედეგს გამოიღებს.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

 

 

 

მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

0

სამყარო დასაბამიდან გამუდმებით იცვლება. იცვლება გარემო, ლანდშაფტი, ატმოსფერო, რელიეფი, იბადება და იღუპება ცივილიზაციები… მოკლედ, იცვლება ყველაფერი ჩვენ გარშემო და ვიცვლებით ჩვენც. რა იწვევს ამ ცვლილებებს? რა ძალა ატრიალებს მუდმივი ცვალებადობის ღერძს? ცხადია, ამ დაუსრულებელ ორომტრიალში ბუნება ხშირად არაფერს გვეკითხება, მაგრამ დროდადრო იბადებიან ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი, სამყაროს გაქანებას უფრო მეტი ბიძგი მისცენ ან მის დინებას გეზი უცვალონ. მაინც ვინ არიან ისინი? მცდარია აზრი, თითქოს ეს მხოლოდ პოლიტიკოსებსა და მეომრებს _ მეფეებს, იმპერატორებს, დიქტატორებს, მხედართმთავრებს – ხელეწიფებოდეთ; კაცობრიობის ისტორიაში მრავალი უფრო დიდი რევოლუციური ნახტომი სხვა პროფესიის ადამიანებს ეკუთვნით. მათ შორის, ცხადია, ქიმიკოსებიც არიან.

მინდა, დღეს პირველი ათეული გაგაცნოთ. მეორეს მომდევნო ბლოგში განვიხილავ. ამთავითვე ვიტყვი, რომ მოყვანილი ნუსხა მავანს შესაძლოა საკამათო მოეჩვენოს. გარდა ამისა, ზოგიერთი, ასევე ფრიად მნიშვნელოვანი ნაერთი ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მაგრამ მუდმივი ცვალებადობის კანონი ამ სიასაც ეხება – გავა დრო და მრავალი მათგანი ადგილს სხვას დაუთმობს.
დღევანდელი გადასახედიდან კი ეს ათეული ასე გამოიყურება:
1. პენიცილინი
 
პენიცილინი 1928 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა მიკრობიოლოგმა ალექსანდრ ფლემინგმა, რომელმაც შეამჩნია, რომ პენიცილინიან პეტრის ჯამში ბაქტერიები აღარ მრავლდებოდნენ. ფლემინგს აზრადაც არ მოსვლია, რა საჩუქარი უძღვნა კაცობრიობას, რომელმაც მისი ფასი გაცილებით გვიან, 1940-იან წლებში გაიგო და ხელი მიჰყო პირველი ანტიბიოტიკის წარმოებას, რომელმაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
2. ნატრიუმის ქლორიდი – NaCl
ამ უბრალო თეთრმა მლაშე ფხვნილმა, რომელიც ნებისმიერ სამზარეულოში შეგვიძლია მოვიძიოთ, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ცივილიზაციას. 4000 წლის წინ მას უკვე იყენებდნენ საკვების კონსერვირებისთვის. ნატრიუმის ქლორიდი, რომელსაც ყოფაში, უბრალოდ, სუფრის მარილს ვუწოდებთ, განუყრელი თანამგზავრი იყო აბრეშუმის გზაზე მიმავალი ვაჭრებისა თუ ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებში გამაგრებული მეომრებისთვის. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნედლეულია სხვა ძვირფასი ნაერთების, მათ შორის – ნატრიუმის ტუტეს, სოდის, ქლორის, საპნის, ქაღალდის დასამზადებლად. მის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ წელიწადში დაახლოებით 240 მილიონი ტონა იწარმოება.
3. კალიუმის ნიტრატი – KNO3
ადამიანი გაჩენის დღიდან იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა უკვე საკმარისად არის გაპოხილი ბრძოლაში დაღუპულთა სისხლით, ჰომო საპიენსმა კი გონებრივი განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო, ბრძოლის ჟინი მაინც ვერ მოიკლა. კალიუმის ნიტრატი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია დენთისა, რომლის წყალობითაც ომებმა სახე იცვალა – კომბლებისა და ხმლების ნაცვლად ჯარი ცეცხლსასროლი იარაღით აღიჭურვა. ამჟამად მსოფლიო შეიარაღებაში 500 მილიონზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღია, რომლებითაც დღეში საშუალოდ 1000 კაცი იღუპება. დენთის ფორმულა მე-8 საუკუნეში აღმოაჩინეს. თავდაპირველად მისგან უმთავრესად მაშხალებს ამზადებდნენ, მე-13 საუკუნიდან კი იგი „აგრესიული” გახდა.

4. ასპირინი

 ალბათ გაგიგონიათ – გაციებულ ადამიანს ხშირად ურჩევენ ჟოლოს ან კომშისმურაბიან ჩაის. ეს იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც დიდი რაოდენობით ასპირინს შეიცავს. სახალხო მედიცინა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში იცნობდა მის სამკურნალო ეფექტს. ასპირინს წლების განმავლობაში სიცხის დამწევად იყენებდნენ, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა მისი გამოყენება ართრიტის სამკურნალოდ, გულის შეტევის პრევენციისთვის და სხვა. სინთეზურად ასპირინი 1897 წელს მიიღო გერმანელმა ქიმიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სინთეზური მედიკამენტი, რომლის მიღებამ ქიმიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი. სადღეისოდ წელიწადში ასპირინის 100 მილიონზე მეტი აბი იწარმოება.

5. ნატრიუმის სტეარატი

როგორ წარმოგიდგენიათ დღეს ჩვენი ყოფა საპნის გარეშე? რამდენიმე საუკუნის წინ კაცობრიობა არ იცნობდა ნატრიუმის სტეარატს – საპნის პროტოტიპს. დღეს მას უცვლელი ადგილი უკავია პირადი ჰიგიენის საშუალებებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე “თხევადი საპნები” გამოჩნდა. ამ უკანასკნელებს, წესით, საპნები არ უნდა ერქვათ, რადგან ქიმიური შედგენილობით მათთან საერთო არაფერი აქვთ.
საპნებმა, შეიძლება ითქვას, დაასწრო მედიკამენტებს და უამრავი ხალხი იხსნა ინფექციური დაავადებებისგან. UNCF-ის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 1.4 მილიონი ბავშვის გადარჩენა ხელის საპნის დამსახურებაა.
საპნებს, გარდა პირადი ჰიგიენისა, ფართოდ იყენებენ ინდუსტრიაშიც – ჭაბურღილების გასაკეთებლად, ფლოტაციური მეთოდით ნედლეულის გასამდიდრებლად და ა.შ.
6. სილიციუმი – Si
დედამიწაზე გავრცელებულ ელემენტებს შორის სილიციუმს პირველი ადგილი უკავია. იყო დრო, როდესაც იგი უხვად მოიპოვებოდა, – ეს გახლდათ დედამიწის ქერქის ფორმირების დასაწყისში, – მაგრამ ჟანგბადის აგრესიული ბუნების გამო მთლიანად ოქსიდად გარდაიქმნა და დღეს მისი მიღება სინთეზურად გვიწევს. ბევრმა იქნებ არც კი იცის – რომ არა ქვიშა, რომელზეც, ცურვით დაღლილები, მზის აბაზანების მისაღებად ვნებივრობთ, დღეს არ გვექნებოდა თანამედროვე მიკროპროცესორებზე აგებული ციფრული ტექნიკა. ამ უკანასკნელს კი 1954 წელს დაედო დასაბამი, როდესაც სილიციუმიანი ნახევარგამტარული ტრანზისტორი დამზადდა. პირველივე წელს ამ ტექნოლოგიამ 160-მილიონიანი მოგება მოიტანა.
დღეს სილიციუმს იყენებენ მზის ბატარეების, ჰიდროფობური მასალების, ფეთქებადი ნაერთებისა და სამედიცინო იმპლანტანტების ტექნოლოგიაშიც.
7. იზოპრენი და კაუჩუკი
ბუნებრივ კაუჩუკს წლების განმავლობაში ბუნებრივი წარმოშობის ლატექსისგან აწარმოებდნენ. ინდუსტრიაში მისი დანერგვა დაკავშირებულია ჩარლზ გუდიარის სახელთან, რომელმაც მისგან მედეგი, მაგრამ ელასტიკური მასალის დამზადება მოახერხა. ამ აღმოჩენამ უდიდესი გავლენა მოახდინა ავტო- და, საზოგადოდ, სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებაზე. ლატექსის მოპოვების ტემპი და რესურსები საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა მოთხოვნას. ქიმიკოსებმა გამოსავალი იპოვეს და სინთეზურად ჯერ იზოპრენი მიიღეს, მერე კი, მის ბაზაზე – ბუნებრივი კაუჩუკი. იზოპრენი სინთეზურად 1931 წელს მიიღო ელმერ ბოლტონმა. ამჟამად წელიწადში 21 მილიონი ტონა რეზინი იწამოება, რომელსაც ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა დარგი იყენებს.
8. სილიციუმის დიოქსიდი
სილიციუმი ტოპათეულში მეორედ მოხვდა, ამჯერად – ოქსიდის სახით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლით ადრე კაცობრიობა უკვე იყენებდა მას მინის წარმოებაში. არქეოლოგები ამის არაერთ ნივთმტკიცებას პოულობენ. მინაც, რეზინის მსგავსად, ინდუსტრიის უამრავ დარგში გამოიყენება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მასალაა.
9.პოლიეთილენი – -CH2=CH2-
პოლიეთილენი პირველი სინთეზური პოლიმერია. პოლიმერი, რომელსაც ბუნებრივი ანალოგი არ მოეძებნება. ის შემთხვევით აღმოაჩინეს, სადღეისოდ კი ერთ-ერთი მსხვილტონაჟიან წარმოებათაგანია. მისი აღმოჩენის შესახებ რამდენიმე ხნის წინ დაწვრილებით გესაუბრეთ, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. დავძენ მხოლოდ იმას, რომ პოლიეთილენმა ბევრი ბუნებრივი პროდუქტი განადგურებას გადაარჩინა. რამდენიმე ათეული წლის წინ მას 60 მილიონ ტონაზე მეტს აწარმოებდნენ, რადგან არსებულ პოლიმერებს შორის ყველაზე მდგრადი იყო, მაგრამ სწორედ ეს მდგრადობა იქცა იმის მიზეზად, რომ კაცობრიობა მასზე ნელ-ნელა უარს ამბობს და მისი წარმოებაც დღითი დღე მცირდება.
10. DDT
 
DDT, ე.წ. დუსტი, 1950-იან წლებში იქნა აღმოჩენილი და ათ წელიწადში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მუსრი გაავლო მალარიას, რითაც 25 მილიონზე მეტი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. იგი ძალიან ჰგავს გამარჯვებულ გენერალს, რომელმაც სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. DDT მეტად მდგრადი ნაერთია, გრუნტში მოხვედრისას არ იშლება და აბინძურებს მას, ამიტომ დღეს მისი გამოყენება კანონით ისჯება.
ასე გამოიყურება პირველი ათეული მოლეკულებისა, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი ყოფა და თავის დროზე უდიდესი სამსახური გაგვიწიეს. დღეს მათი უმეტესობა „დამსახურებულ” პენსიაზეა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათ დამსახურებას პატივი არ მივაგოთ…
მომდევნო კვირას ამავე თემით დაგიბრუნდებით და კიდევ 10 მოლეკულას წარვადგენ „დიდების კვარცხლბეკზე”.

გაჯეტების თაობა

0

ნატა 15 წლისაა და კითხვა არ უყვარს. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ მის მშობლებს მანამდეც და მას შემდეგაც, რაც გოგონას პლანშეტური კომპიუტერი აჩუქეს. ნატას ხელში წიგნი მეც იშვიათად შემიმჩნევია. სამაგიეროდ, ახალი გაჯეტის მეშვეობით ჰელენა გომესის ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებიც კი შეისწავლა, თუმცა “ტომ სოიერის თავგადასავალიც” არ წაუკითხავს (მისი მშობლების დასკვნას ვენდე).

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის უკიდურესად დამქანცველი აღმოჩნდა. რაკი სტრესულ რუტინას დღემდე ყველაზე უკეთ მულტფილმების ყურება და მოზარდების ლიტერატურის კითხვა მავიწყებს, ხოლო შინ ტელევიზორს მულტფილმებისთვის არასოდეს სცალია, გადავწყვიტე, ფენტეზიში მემოგზაურა და “ნიუ-იორკ თაიმსის” ბესტსელერს, სიუზან კოლინზის “მშიერ თამაშებს” ჩავუჯექი. მეორე გვერდიდანვე მივხვდი, რომ ის, რასაც ვკითხულობდი, სრულიად არ ჰგავდა პოტერისეულ ჯადოსნურ ეგზოტიკას. სიუჟეტური ქარგა უჩვეულოა, ხოლო ავტორი – საოცრად კარგი მთხრობელი, მაგრამ, მერწმუნეთ, აქ არც ლამაზი სიყვარულის ამბავია აღწერილი, არც რაინდების საგმირო საქმეები. სიუჟეტს არ მოვყვები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რომანი დისტოპიური ჟანრისაა (დიახ, ეს სწორედ ჯორჯ ორუელის “1984”-ისა და რეი ბრედბერის “ფარენჰეიტი 451”-ის ჟანრია). ის ბავშვების მიერ მოყვარული მშობლების დაკარგვის, ბავშვების ექსპლოატაციის, მედიის როლისა და სიკვდილის შესახებ მოგვითხობს, თანაც უბრალოდ სიკვდილისა კი არა, არამედ იმის შესახებ, როგორ იქცა ბავშვების სიკვდილი სანახაობად. შემზარავია, არა? იქნებ ეს თემები თინეიჯერებისთვის შეუფერებლად მიიჩნიოთ, მაგრამ ეს სწორედ ის წიგნია, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე პირველი ადგილი უკავია მსოფლიოს მოზარდების საყვარელი წიგნების ნუსხაში.

სწორედ ამიტომ გამიკვირდა, როცა ნატამ (იმ ნატამ, კითხვა რომ არ უყვარს!), იმის გაგებისას, რას ვკითხულობდი, აღფრთოვანება ვერ დაფარა. ჩავეკითხე და დიდხანს ვისაუბრეთ “მშიერ თამაშებზე”.

ვისაუბრეთ იმაზე, რა უსამართლოდაა დოვლათი განაწილებული მსოფლიოში, რადგან ზოგი ლუკმაპურისთვის იბრძვის, ზოგმა კი არ იცის, თავი რით შეიქციოს; რა საშინელებაა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, მაშინ როცა ზოგიერთ სახელმწიფოში ზედმეტ საჭმელს უბრალოდ ყრიან; განვიხილეთ, როგორ მანიპულირებს ზრდასრული, გონიერი ადამიანებით მედია, როგორ გვიყალიბებს და გვინერგავს თავისთვის ხელსაყრელ ღირებულებებს; როგორ გვიმონებენ ჩვენი ცხოვრების თანამდევი გაჯეტების ეკრანები, გვალაპარაკებენ, გვაპოსტინებენ: “აუუუ, თმას ვიღებავდი, ეს რომ ვნახე. რა შემზარავი იყო! კინაღამ გული წამივიდა!” ვისაუბრეთ იმაზეც, რა სასტიკები ვართ, როგორ არაფერს ნიშნავს ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე. და თუ წიგნის დასაწყისში ავტორზე ბრაზობ – ასეთი საშინელება რამ მოაფიქრა და დააწერინაო, რამდენიმე ათეული გვერდის შემდეგ საკუთარ თავს იმ ფიქრში იჭერ, ოღონდ მთავარი გმირი გადარჩეს და სხვას ყველას გზაც იქით ჰქონიაო.

და კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ გაიზარდნენ ბავშვები. მათ აღარ იზიდავთ აღარც ზღაპრები ფერიებზე, აღარც ინდიელებით დასახლებული ველური დასავლეთი და აღარც საიდუმლო კუნძულზე დაფლული განძის გამოცანები; მათ უფრო საშინელ, სასტიკ ამბებზე უწევთ ფიქრი. მათი ინტერესები გაცილებით ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე ჩვენი იყო. ისინი ხშირად უკეთ ხვდებიან და ხსნიან იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება.

როცა ნატას ვკითხე, როდის ან სად წაიკითხა ეს წიგნი, თავის პლანშეტურ კომპიუტერს გადახედა, თან ამიხსნა, რა მარტივი და მოხერხებული იყო მისთვის სასურველი წიგნის/რესურსის/ინფორმაციის მოპოვება, როგორ ეცნობოდა პარალელურად იმ თემებს, რომლებიც რომანში ნახსენებია, მაგრამ სიღრმისეულად არ არის განხილული.

ასე რომ, ვიდრე ჩვენი მოსწავლეების უწიგნურობასა და მხოლოდ კომპიუტერით გატაცებაზე დავიწყებდეთ წუწუნს, კარგად დავფიქრდეთ, რამდენად წიგნიერები, უფრო სწორად, “ნაკითხები” ვართ ჩვენ, მასწავლებლები; რა წიგნი წავიკითხეთ ბოლოს? რა ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები 10-15 წლის შემდეგ უნდა შეეჭიდონ იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველი და მშვიდი სიბერე გვქონდეს?
ერთი რამ ცხადია – ნატა ჩემზე უკეთესი მკითხველია!

კვირის გეგმით მუშაობა

0

კვირის გეგმის ისტორიული ფესვები

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დამლევს დასავლეთის სკოლებში დაიწყო კვირის გეგმით მუშაობის მეთოდის დანერგვა, ხოლო მის მასობრივ გამოყენებას მოგვიანებით, მე-20 საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს, რომ კვირის გეგმა საუკეთესო მეთოდია, რომელიც მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლის შესაძლებლობას აძლევს და ისეთი მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ეხმარება, როგორებიცაა დაგეგმვა, მონიტორინგი/ანალიზი, შეფასება/თვითშეფასება.
კვირის გეგმის ისტორიული ფესვები რეფორმპედაგოგიურ მიმართულებას უკავშირდება. სელესტინ ფრეინემ განავითარა კონცეფცია „სამუშაო გეგმა” – იგი კლასის საბჭოში ყოველი კვირის ბოლოს განიხილავდა მომავალი კვირის თემებსა და დავალებებს. კლასის საბჭოს მიერ დადგენილი კვირის სამუშაო პროგრამის მიხედვით დგებოდა კოლექტიური გეგმა – კლასის სამუშაო გეგმა, ამ უკანასკნელზე დაყრდნობით კი ყოველი მოსწავლე კვირის დასაწყისში წარმოადგენდა კვირის ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ან დამოუკიდებლად, ან მასწავლებლის დახმარებით ადგენდა.
ამერიკელმა სოფლის მასწავლებელმა ჰელენ პარკჰურსტმა, მას შემდეგ, რაც მარია მონტესორის დაემოწაფა, წამოიწყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობა მათი ინდივიდუალური ნიჭისა და შესაძლებლობების, მიდრეკილებებისა და რიტმის გათვალისწინებით. იგი მასალით ამარაგებდა მათ და აძლევდა მითითებებს, როგორ გამოეყენებინათ ის. ამ მასალისა და მითითებების გათვალისწინებით თითოეულ მოსწავლეს უნდა შეედგინა ინდივიდუალური ერთკვირიანი სასწავლო გეგმა, რომელსაც მასწავლებელს წარუდგენდა. ეს იყო ერთგვარი კონტრაქტი (Daltoplan), რომელიც იდებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და რომლის შესრულებაზეც მოსწავლე აგებდა პასუხს.

სასწავლო პროცესი და ინტუიციური და დისკურსიული აზროვნება

0
ცნობილია, რომ კოგნიტური პროცესებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა. ადამიანის ბიოლოგიური სახეობისთვის ის ნამდვილად სასწაულებრივი ნიჭია – იგი წარმოადგენს ორიენტირების, პრობლემის მოგვარების, ამოცანის გადაჭრის უნარს, რომელიც მყისვე ირთვება, როცა ინფორმაცია გაუგებარი, ხარვეზიანი და არასრულია. ამოცანის გადაჭრით პიროვნების პრობლემაც გვარდება. ამრიგად, აზროვნება განაპირობებს საქმიანობას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიკური არსებობისთვის.

ვინაიდან სწავლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ ურთულეს საქმიანობად ითვლება, აზროვნება და, საზოგადოდ, აზროვნების ფორმები წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში: კოგნიტური პროცესების დაუფლებითა და გავარჯიშებული გონებით სწავლა/სწავლების პროცესი – უფრო ეფექტური, ადამიანის საქმიანობა – გაცილებით შედეგიანი, მისი ცხოვრება კი უფრო საინტერესო გახდება.
რაკი სააზროვნო ფორმების განვითარება მეტწილად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასკოლო ასაკში ხდება, ამ პროცესის წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მასწავლებელზე – მისი ხელშეწყობით ჩანერგილმა სააზროვნო უნარებმა და ჩვევებმა მოსწავლის მთელი შემდეგი ცხოვრება უნდა განსაზღვროს, საფუძვლად დაედოს მის სამომავლო საქმიანობას.

რა სახისაა ის სააზროვნო ფორმები და სახეები, რომელთა განვითარება/გააქტიურებაზეც ასეა დამოკიდებული ადამიანის მთელი მოღვაწეობა? როგორ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელმა მათი ეფქტურობა, მოსწავლეთა მიერ მათი წარმატებით ათვისება?

აზროვნებას ფსიქოლოგები მრავალი პრინციპის მიხედვით შეისწავლიან. ამის კვალობაზე, აზროვნების ფორმების კლასიფიკაციაც სხვადასხვაგვარია. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, ანგარიშგასაწევი ფსიქოლოგებისა და მრავალრიცხოვანი ფსიქოლოგიური სკოლის [აზროვნების ასოციაციური თეორია, ბიჰევიორიზმი, ინტუიტივიზმის ფილოსოფია, აზროვნების ფსიქოლოგიის ვიურცბურგის სკოლა, მატერიალისტური ფსიქოლოგია და სხვ. (დ. ჰარტლი, ჯ. პრისტლი, ი. ტენი, ბ. ვუნდტი, ე. თორნდაიკი, ჯ. უოტსონი, ვ. კიოლერი, კ. კოფკა, კ. ლევინი, ა. ბინე, ო. კიულპე, ლ. ვიგოტსკი, ი. ალექსანდროვა და სხვ.)] მემკვიდრეობის შეჯერებით აზროვნების კლასიფიკაცია შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ:

ვრცლად

სიმპათიური ხელოვნება

0

მეოცე საუკუნის ჰალუცინოგენი ერთი უბრალო სათამაშო ცხენი გახლდათ. ამ ცხენით დიდი ბავშვები ერთობოდნენ და პარალელურად ანარქიაზე ოცნებობდნენ. ბავშვებისთვის ეს დაჭერობანას თამაშზე უფრო მარტივი საქმეა; სირთულე უფროსების დარწმუნებაა, ისეთებისა, რომლებმაც ბავშვებად დარჩენა ვერ შეძლეს. ამის გაკეთება, ბოლოს და ბოლოს, ხელოვნებით მაინც შესაძლებელია, უფრო სწორად, ანტიხელოვნებით. ერთი სიტყვით, ლექსების მდაბიურად და სიმპათიურად მწერ ადამიანებზე უნდა გიამბოთ და მათ გოგლი- მოგლზე. გოგლი-მოგლი ყველა ბავშვს უყვარს.

ჩანართი 1: ყველა, ვინც ამბობს, რომ ქართველი (და არამხოლოდ ქართველი) დადაისტები მალევე გაიზარდნენ და დასერიოზულდნენ და ყველა „ნორმალურ” პოეზიას დაუბრუნდა, ცდება. საკამათოა „ნორმალური პოეზიის” განსაზღვრების მცდელობანი, ფორმალიზმი ძალიან ხშირად მომაბეზრებელი ხდება და, მით უმეტეს, ის ვერასოდეს იქნება ჰალუცინოგენი; ვერასოდეს წარმოიდგენ კომიკურ სცენას, როგორ ერჭობა ქინძისთავს იალბუზი.

გამოდის, ბოლოდან დავიწყეთ. დადაიზმზე საუბრისას ცოტა ბუნდოვანება და ქაოსი არ გვაწყენდა – ხანდახან მაინც ნუ ვიქნებით ასეთი სწორხაზოვანნი. მიხაკმიბნეული, „ლექსი-მეწყერის” დამწერი ტიციანი ხანდახან სათამაშო ცხენით რომ ერთობოდა, ზოგისთვის არახალი ამბავია, ბევრმა კი არც იცის. ყოველ შემთხვევაში, მე ამისა სკოლის ასაკში არაფერი გამეგებოდა და მისი პოეტური მემკვიდრეობა ჩემთვის „ლექსი-მეწყერით” შემოიფარგლებოდა. მაშინ უკვე დაწყებული მქონდა პატარ-პატარა პოეტური ექსპერიმენტები და მობეზრებული – რითმა; მღლიდა ფორმალიზმი და სევდიანი სონეტი, არც ფლორისადმი სენტიმენტალურ ლტოლვას განვიცდიდი და წვიმის წვეთებს აყოლილი პოეტების დარდებიც ფეხზე მეკიდა. ერთი სიტყვით, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ, ირემს რომ წყარო სურინ, ზუსტად ასევე მისწრება იქნებოდა ჩემთვის სიმპათიური ლექსების მწერალი ქართველი პოეტების აღმოჩენა. ისე, მოგვიანებითაც არა უშავდა ჟანგოს მიერ სხვის სახეზე ნაპოვნი სავარძლის მიგნებას.

სანამ ღოღობერიძე სხვის სახეზე სავარძელს აღმოაჩენდა და მასში ძროხას წვალებით ჩასვამდა (ეს არ ყოფილა ელესდესეული ჰალუცინაცია – დასაწყისშივე ხომ გითხარით ცოტა რამ სათამაშო ცხენის შესახებ), ტრისტან ტცარამ „დიდებული არაფერი” აღმოაჩინა – დადა. „დადა” „ხის სათამაშო ცხენსაც” ნიშნავს და ბავშვის ტიტინსაც. აი, ასე, ლატარიის პრინციპით შედგა ანტიხელოვნების ნათლობა, თუმცა ჯეკპოტი არავის მოუგია – დადაისტები ისე გაიზარდნენ, ხალხის სიყვარული ვერ მოიპოვეს. უფროსები „აბდაუბდაზე” არ გიჟდებიან. ვერც თავად ნათლიამ უპატრონა ნათლულს – სევდიან და სენტიმენტალურ ლექსებზე გაცვალა.

პაციფისტი, ანარქიის სურვილით შეპყრობილი ხელოვანები მეჭეჭში უფრო მეტ ესთეტიკას ხედავდნენ, ვიდრე, მაგალითად, შესაშური საიუველირო სინატიფის ბეჭედში, არ სწყალობდნენ ფორმალიზმს და მიმდინარეობებს, დასცინოდნენ „იზმებით” შებოჭილ საზოგადოებას, განსაკუთრებით – ბურჟუებს და სწორედ ირონიით დაუმატეს დადას „იზმი”. ისინი ფუტურისტებივით იოლად ვერ თმობდნენ – ძველი სამყაროსგან ახალი უნდა შეექმნათ, მასალა კი პრიმიტიული ხელოვნება გახლდათ და ის ისეთივე დიდებული იყო, როგორიც ორი წლის ბავშვის მიერ ფურცელს მიხატული მზე. ასეთი მზე საქართველოში მალევე, ტიციანის („ცისფერყანწელების”) საშუალებით ამოვიდა – ეტყობა, მიხაკი დროებით მოიხსნა და გულის აჩქარებაზე გათვლილი საკუთარი ლექსები ცოტათი ძველმოდური ეჩვენა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქართული დადაიზმი ქართულ ფუტურიზმს უსწრებდა, საბოლოოდ კი, როგორც ატომური ორბიტალები ერწყმის ერთმანეთს და ახალ ორბიტალს წარმოქმნის, ასევე იქმნებოდა ახალი ლიტერატურული ჰიბრიდი. თუ ინდურ მითოლოგიაში სამყარო კვერცხიდან შეიქმნა, ქართველი დადა თავად სამყარომ, კვახივით მრგვალმა და მელოტმა წარმოშვა:
„პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა.
დაიბადა

დადა”.

გრიგოლ ცეცხლაძის ეს ვერლიბრი დადა მანიფესტის ნაწილია. ის მაშინ უკვე ზედმეტად სიმპათიურადაც კი წერდა („მე ვამტკიცებ: კალოშები საჭირო არაა სრულებით,/საჭიროა დილ-დილობით გოგლი-მოგლი/და მოკლე-მოკლე/ლექსების წერა მდაბიური ენით და სიმპათიურად”. („სიმპათიური ლექსი”)), იმდენად სიმპათიურად, რომ ტიციანსაც აღაფრთოვანებდა.

ჩანართი 2: დადა შეიძლება არანორმალური გახლდათ, მაგრამ – ძალიან სიმპათიური.
ხელოვნების კავშირი ქიმიასთან

დიახაც რომ კავშირშია. ყოველ შემთხვევაში – 20-30-იანი წლების საქართველოში, ლიტერატურულ საქართველოში. თავაშვებული, არაქიმიური ცდების ასპარეზად H2SO4 იქცა – დადაისტებისა და ლიტ. ფუტურისტების ჟურნალი. ჟურნალი ნამდვილად ენათესავებოდა მჟავას: ძველი ხელოვნების დასახიჩრებას ცდილობდა. იწერებოდა სინტაქსურად გაუმართავი ვერლიბრი პუნქტუაციის საგანგებო რღვევით. ყველაფერი მაინც კარგად იყო: ნოზაძის პრიმიტიული დადა ხანდახან ლურსმანს მისტიროდა, თანაც – ერთი შეხედვით, აბულაძე მამლის ზღაპარს ჰყვებოდა და ხანდახან მამადავითს აჯდებოდა შუბლზე, ღოღობერიძეს ხეებზე აჰყავდა ხალხი და ამ ხეზე რატომღაც ძვლებიღა რჩებოდნენ და არაფრისდიდებით არ ჩამოდიოდნენ დაბლა, ცეცხლაძის პეპელა კი პროპელერს დასდევდა.

ყველაფერი კარგადაა, რადგან როცა ალოგიკურის ამოხსნას და დალაგებას ცდილობ, უფრო მეტს ფიქრობ, ვიდრე წყალივით მორაკრაკე ლექსებზე, რომელთა კალაპოტი ვიწროა. ეს გონების სავარჯიშოები ძალიან სჭირდებოდა იმდროინდელ ლიტერატურულ საზოგადოებას, რომელსაც ნაფტალინი თავზე საყრელად ჰქონდა.

ჩანართი 3: ნაფტალინი უმოძრაო სამყაროს ინახავს, შესაბამისად, სამყაროს უკუღმა ვერაფრით გაატარებ. ვერც წაღმა.

შემდგომ უკუღმა სვლა სათამაშო ცხენით კვლავაც სცადეს ქართველმა ინტელექტუალებმა, ქარვასლაში დადა აქციაც კი გამართეს და დადა მეფედ ზურაბ რთველიაშვილი შერაცხეს. ეს უკვე მოგვიანებით მოხდა, მაშინ, როცა დადა უკვე ძალიან ძველი იყო: ოდესმე სათამაშო ცხენებიც ძველდება და პულტით სამართავ სათამაშოებს კონკურენციას ვეღარ უწევს.

თუმცა 20-იანი წლების შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა: ძალიანაც რომ გინდოდეს, ახლაც ვერაფრით გადაიქცევი მცირე აზიის ყველაზე ლამაზ ხედ და მაიმუნიდან ფეხის დაჭერითაც ვერ გამოიყვან მოკუზულ სინათლეს – ღოღობერიძე ხომ არ ხარ.

პროფესიული სტანდარტები განათლებაში

0

რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?

პროფესიული სტანდარტები განათლებაში გასული საუკუნის ბოლო წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში აქტუალური თემა გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის განათლების სისტემაში. ზოგადად საგანმანათლებლო სტანდარტებზე დისკუსია პირველად მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებმა პირველად დააფიქრა განათლების სისტემის მესვეურები, შემოეღოთ ისეთი მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც მოსწავლეთა მიერ მისაღწევ მინიმალურ შედეგებს განსაზღვრავდა და დაეხმარებოდა მასწავლებლებს, ორიენტაცია აეღოთ, რა შედეგს უნდა მიეღწია მოსწავლეს სასწავლო პროცესის გარკვეული საფეხურის დასრულების შემდეგ.

განათლებამ ტერმინი „სტანდარტი” ტექნიკური სფეროდან ისესხა. „სტანდარტი” პროფესიულ ლიტერატურაში ასეა განმარტებული: „სტანდარტი არის დაინტერესებულ მხარეთა მიერ აღიარებული და შეთანხმებული ფორმა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ფორმის, დეტალის, მასის გასაზომად.” ფაქტობრივად გამოდის, რომ სტანდარტის ძირითადი ფუნქცია არის რაიმეს გაზომვა, რამდენად შეესაბამება მოცემული დეტალი დაინტერესებულ მხარეთა მიერ შეთანხმებულ სტანდარტს.
განათლების სისტემაში სტანდარტს დაახლოებით მსგავსი ფუნქცია აქვს, თუმცა მისი გამოყენების ფუნქცია კი გაცილებით მრავალფეროვანია. ზოგადად განათლებაში ორი სახის სტანდარტები არსებობს: საგანმანათლებლო და პროფესიული. რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რა მსგავსება-განსხვავებაა მათ შორის?
ორივე სახის სტანდარტებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი საგანანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტებს შორის მათი ფუნქციებია. საგანანმანათლებლო სტანდარტები განსაზღვრავენ მოსწავლის მიერ გარკვეული კლასის ან სასწავლო საფეხურის დასრულების შემდგომ მისაღწევ შედეგებს. პროფესიულ სტანდარტებს განათლებაში კი მულტი ფუნქცია გააჩნიათ. პირველ რიგში პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს რა უნდა შეეძლოს და რა უნდა იცოდეს ამ კონკრეტული პროფესიით მომუშავე ადამიანმა (მასწავლებელმა) საიმისოდ, რომ დაეხმაროს მოსწავლეს საგანმანათლებლო სტანდარტებით მისაღწევი შედეგების მიღწევაში. მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს მინიმუმ ის, რაც მოეთხოვება მოსწავლეს და მისი ცოდნისა და უნარების მაქსიმუმი განსაზღვრული არ არის. ამასთანავე უნდა ფლობდეს ამ ცოდნის გადაცემისა და მოსწავლის უნარების განვითარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიას.

პროფესიული სტანდარტები განათლებაში კი გამოიყენება მომავალი კადრების მომზადებისა და ასევე მათი პროფესიული განვითარების მიზნით; თვითშეფასების მიზნით, რათა მასწავლებელმა ან სკოლის დირექტორმა თავად შეძლოს შეაფასოს, რამდენად არის შესაბამისობაში მისი ცოდნა და უნარები იმ სტანდარტებთან, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, როგორც მისაღწევი და სასურველი შედეგი; პროფესიული სტანდარტები გამოიყენება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესისათვის და ასევე განათლების ხარისხის მართვისა და განვითარებისათვის. როდესაც ვსაუბრობთ პროფესიულ სტანდარტებზე განათლებაში, პირველ რიგში ვგულისხმობთ საქართველოს განათლების სისტემაში მოქმედ სამ ძირითად დოკუმენტს: მასწავლებლის, სკოლის დირექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის სტანდარტებს.
როგორ ხდება პროფესიული სტანდარტის შემუშავება?

პროფესიული სტანდარტის შემუშავება ხანგრძლივი, შრომატევადი და ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. პროფესიული სტანდარტის შემუშავებისას რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი:

მაგალითად

რა გავლენა აქვს პროფესიულ სტანდარტებს უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამებთან?

ჩატარდა თუ არა სტანდარტების კვლევა საერთაშორისო გამოცდილების დონეზე, მოხდა თუ არა შედარებითი დახასიათება?

რა შედეგები მოაქვს სტანდარტებს მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამებისათვის?

რა კავშირშია სტანდარტი მასწავლებლობის მაძიებლობის ინსტიტუტთან?

იყო თუ არა ყველა დაინტერესებული მხარე სტანდარტის შემუშავებაში ჩართული? და იქნა თუ არა მათი მოსაზრებები მუშაობის დროს გათვალისწინებული?

განიხილება თუ არა სტანდარტები სისტემატურად?

ჩატარდა თუ არა პედაგოგების მომზადების დონესა და სტანდარტების მოთხოვნებს შორის არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა? (მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა)

მასწავლებლის სტანდარტის დაინტერესებული მხარეებს შორის ერთერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია არის ის უნივერსიტეტები, რომლებიც მომავალ მასწავლებელს ამზადებს. სტანდარტი განსაზღვრავს იმ სავალდებულო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც უნდა ჰქონდეს მომავალ მასწავლებელს. შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მასწავლებლის სტანდარტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის ქმნის მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის პროფესიული სტანდარტები არის ასევე დამხმარე დოკუმენტი, რათა უნივერსიტეტებმა შეძლონ, თავიანთი სასწავლო პროგრამები მოარგონ არსებულ დამტკიცებულ სტანდარტებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომავალი მასწავლებლების მომზადების პროგრამები ისეა გაწერილი, რომ შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ მაღალკვალიფიციური მასწავლებლის მიერ შესასრულებელ სტანდარტებთან.
პროფესიული სტანდარტების შემუშავებას ყოველთვის უძღვის წინ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მსგავსი დოკუმენტების კვლევა. კვლევის მიზანია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული ეროვნული სტანდარტები შესაბამისობაში იყოს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნებისა და განათლების სისტემების მიერ აღიარებულ და დამტკიცებულ სტანდარტებთან.
მასწავლებლის სტანდარტის მიხედვით ხდება მაძიებლის სტანდარტის შემუშავება. ამ დოკუმენტის მიზანია, რომ დაადგინოს, რა უნარების განვითარება ესაჭიროება მასწავლებლობის მაძიებელს იმისათვის, რომ შეძლოს პროფესიაში შესვლა. მაძიებლის სტანდარტი ეხმარება ერთის მხრივ თავად მაძიებელს იმაში, რომ მან თანმიმდევრულად შეძლოს იმ უნარების განვითარება პრაქტიკაში, რომელიც მას, როგორც დამოუკიდებლად მომუშავე მასწავლებელს აუცილებლად დასჭირდება. მეორეს მხრივ კი მაძიებლის სტანდარტი არის ერთგვარი გზამკვლევი მენტორისათვის, რათა იგი დაეხმაროს მაძიებელს, წარმატებით გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი პროფესიაში შესვლამდე.

სტანდარტების შემუშავებაში ჩართულები არიან როგორც საგნის ექსპერტები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები, ასევე თავად მასწავლებლები. მასწავლებლების ჩართვა სამუშაო პროცესში ერთერთი აუცილებელი პირობაა, რადგან მასწავლებლის მიერ გამოთქმული შენიშვნები და შემოთავაზებები მაქსიმალურად იქნას გათვალიწინებული სამუშაო პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში სტანდარტი ვერ იქნება ქმედითი დოკუმენტი და ის პრაქტიკაში ვერ განხორციელდება.
სტანდარტი დინამიური დოკუმენტია და იგი პერიოდულად იცვლება. ცვლილებები სტანდარტში უკავშირდება პირველ რიგში ერთერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს- ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა. როდესაც ცვლილებები შედის ეროვნულ სასწავლო გეგ მაში, ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა აისახოს მასწავლებლის სტანდარტშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს, რომ მოსწავლის მიერ მისაღწევია ისეთი შედეგები, რომლებიც არ არის ასახული მასწავლებლის სტანდარტში და მათი სწავლება მასწავლებელს, უბრალოდ, არ ევალება. ამას გარდა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სისტემატურად ხდება მასწავლებლის პროფესიის კვლევა, მოსწავლეთა მიერ მისაღწევი შედეგების გადახედვა და კორექტირება. მიმდინარე ცვლილებებზე მუდმივი დაკვირვებით, ადგილობრივად ჩატარებული კვლევებისა და სერტიფიცირების შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ცვლილებები მასწავლებლის სტანდარტის დახვეწისა და მისი შესაბამისობის მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან.
პროფესიული სტანდარტების კრიტიკა და ანალიზი

პროფესიული სტანდარტების კრიტიკოსების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ სტანდარტებმა გამოიწვია მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების „გადავსება” სასწავლო თეორიული მასალით და პრაქტიკის ნაკლებობა. რადგან მასწავლებლობა პრაქტიკული საქმიანობაა, კრიტიკოსები თვლიან, რომ მთავარი დატვირთვა მასწავლებლების მომზადებისა და პროფესიული განვითარების დროს უნდა ეთმობოდეს პრაქტიკას, გამოცდილებას და სისტემატურ წვრთნას, ნაკლებად გადაჭარბებული თეორიული ცოდნის მიღებას. მომავალი და მოქმედი მასწავლებლები აღჭურვილნი უნდა იყვნენ მეტი უნარებით, რომლებიც მათ პროფესიული და პიროვნული თვითგანვითარებისათვის ესაჭიროებათ. მასწავლებელმა თავად გადაწყვიტოს, რა ესაჭიროება მას იმისათვის, რომ იყოს კარგი მასწავლებელი და არა სახელმწიფომ უკარნახოს ეს. კრიტიკოსები თვლიან, რომ ორი უმთავრესი პირობა მასწავლებელთა პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის არის ნდობა და თავისუფლება. მასწავლებელს ასევე ესაჭიროება არა სტანდარტების დაწესება, არამედ ფუნდამენტური უნარების განვითარება, ისეთების, როგორიცაა კვლევის ჩატარება, დროის მენეჯმენტი, თვითშეფასება, მოტივაციისა და კომუნიკაციის უნარი და სხვა.

სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის ჩატარებამ და შედეგების ანალიზმა ბევრი განვითარებული ქვეყანა დააფიქრა პროფესიული სტანდარტების აუცილებლობაზე განათლების სისტემაში. ამგვარი სტანდარტები იცავს ქვეყნებს საერთაშორისო დონეზე ცუდი შედეგების ჩვენებისაგან და ასევე განაპიროებებს განათლების ხარისხის მართვას სახელმწიფოში. ამიტომ პირველადი კრიტიკისა და უნდობლობის მიუხედავად მასწავლებლის პროფესია მაინც რეგულირებად და სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მრავალ ქვეყანაში.
პროფესიული სტანდარტების შემოღება, პირველ რიგში, „საფრთხეს” უქმნის გამოცდილი და პროფესიაში დიდ ხანს მყოფი მასწავლებლის გამოცდილებასა და ცოდნას, რადგან სტანდარტები თავისთავად ბევრ სიახლეს ამკვიდრებს პროფესიაში და შესაბამისად მასწავლებელმა, მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნასა და გამოცდილებას, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს და გადასინჯოს ისინი ახალ მოთხოვნებთან მიმართებაში. პროფესიული სტანდარტების შემოღებამ მასწავლებელი მიაჩვია იმას, რომ ცოდნა სწრაფად იცვლება და მას სისტემატური განახლება სჭირდება. ზოგადად განათლების სისტემა და მით უმეტეს მასწავლებლის პროფესია ერთერთი ყველაზე კონსერვატიზმისკენ მიდრეკილი დარგი იყო ყოველთვის. პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და მათი სისტემატური განახლება ამ მოძველებულ შეხედულებას თანდათანობით ამარცხებს.

დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების ასპექტები თანამედროვე სასკოლო განათლებაში

0

ზოგადი დებულებების თანახმად, დემოკრატია გამოვლინდება:

1) ცხოვრების ფორმაში;
2) საზოგადოების ფორმაში;
3) მართვის ფორმაში.სწავლებისას დემოკრატია სამივე ამ ასპექტში ვლინდება. რამდენიმე ხნის წინ დემოკრატიულ ასპექტად მხოლოდ მართვის ფორმა მიიჩნეოდა, თანამედროვე წარმოდგენით კი დემოკრატია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მართვა.

დემოკრატიული ცნობიერების ვიწრო ჭრილში განსახილველად საჭიროა ისტორულ-პოლიტიკური გარემოს გათვალისწინება. ამერიკისა და ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა დემოკრატიული ცნობიერების განვითარების უდავოდ გრძელი გზა განვლეს. საპირისპირო ვითარებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა), სადაც დემოკრატიის როგორც მართვის ფორმის ისტორია მხოლოდ ორ ათეულ წელიწადს მოიცავს.
გზა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე გადამწყვეტია ნებისმიერი ერისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების განათლების სისტემა ძირფესვიანად შეიცვალა. ორიენტირად უმთავრესად დასავლური გამოცდილება იქნა გამოყენებული. დასავლეთ ევროპის დემოკრატიულ ფასეულობებში მთავარი ადგილი პირად (ინდივიდუალურ) პასუხისმგებლობას ეკავა, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირში უპირატესად კოლექტიური პასუხისმგებლობა მიიჩნეოდა.
მოზარდის პიროვნულ ჩამოყალიბებაში ოჯახთან ერთად უდიდეს როლს ასრულებს სკოლაც. განათლების სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ სკოლა უყალიბებს და უვითარებს მოზარდს ლიბერალურ ღირებულებებს.
სკოლა დაწესებულებაა, რომელსაც საკუთარი სტრუქტურა და წესები აქვს. ეს არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო და პიროვნების ჩამოყალიბების პროცესები სინქრონულად იმართება, ერთი სიტყვით, სკოლა არის სოციალური ინსტიტუტი, სადაც პიროვნება ყალიბდება.
თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში განსაზღვრულია ღირებულებანი, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ, კერძოდ, სკოლამ უნდა განუვითაროს მოზარდს. თავისუფლება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მეგობრობა, ღირსება, ტოლერანტობა, ჰუმანურობა – ეს ზნეობრივი ნორმები სწორხაზოვნად გასდევს ნებისმიერი დემოკრატიული საგანმანათლებლო სისტემის ქმედებას. აქვე ნიშანდობლივია საქართველოს მაგალითი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ეროვნულ გეგმაში ხაზგასმულია ლიბერალურ ღირებულებათა როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში: სკოლამ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორებიცაა ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი პირად მაგალითზე აჩვენებდეს მოსწავლეს, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობა.
მაშასადამე, კანონი ზოგადი განათლების შესახებ და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები პირდაპირ ავალდებულებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, ხელი შეუწყონ მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას.
საქართველომ, როგორც ევროსაბჭოში გაწევრებულმა ქვეყანამ, აღიარა საერთოევროპული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. განათლების სისტემა მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
ღირებულებების სწავლება მანამდე არ იქნება ეფექტური, სანამ ის გარკვეულ ადგილს არ დაიკავებს სასკოლო განათლებაში. სკოლა წარმოადგენს დემოკრატი მოქალაქის მოსამზადებელ ადგილს, რომელსაც ოთხი ძირითადი ფუნქცია აკისრია:
1. მისცეს მოსწავლეს ყველა ის უფლება, რაც კანონით არის გათვალისწინებული;
2. ხელი შეუწყოს დემოკრატიულ სწავლებას;
3. თანაბარი უფლებებით ჩართოს თითოეული მოსწავლე სასწავლო პროცესებში;
4. წაახალისოს მოსწავლეები სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის და ასწავლოს მათ მოქალაქეობრივი უფლებები.
დემოკრატ მოქალაქეებად მოსწავლეთა აღზრდა ნებისმიერი სასკოლო პროცესის გლობალური მიზანია. ადამიანური ფასეულობანი, რომლებსაც განვითარების ადრეულ ეტაპზე ეუფლებიან ბავშვები, მათ ასაკთან ერთად ვითარდება. დაწყებით კლასებში მასწავლებელი ფოკუსირებას ახდენს ინდივიდუალიზმზე; მისი მიზანია, ბავშვებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარი გაუღვივოს. ამ შემთხვევაში დემოკრატია როგორც ცხოვრების ფორმა საშუალებას აძლევს მოზარდებს, პირდაპირი კავშირი დაამყარონ სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ გამოცდილებასთან.
სასკოლო განათლების საბაზო საფეხურზე აქცენტი კეთდება დემოკრატიაზე როგორც საზოგადოების ფორმაზე; სოციუმზე, რომლის მიზანია ხელსაყრელი სოციალური განათლების მიღება (კომუნიკაციის განვითარება, სხვათა მიმართ პატივისცემა, პასუხისმგებლობა, ურთიერთთანამშრომლობა).
მოზარდთა ცნობიერების ფორმირების პროცესი თანდათანობით და მოქნილად უნდა იქნეს შეტანილი სასწავლო გეგმაში. ვინაიდან სწავლება კონსერვატიული, სავალდებულო ქმედებაა, მასწავლებელმა სინქრონულად, სრულიად ძალდაუტანებლად უნდა ჩართოს ფასეულობათა სწავლება არსებულ პროგრამაში, რათა მოსწავლეებს აღეძრათ ინტერესი დასმული საკითხის ირგვლივ.
ღირებულებები ისწავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. თუ ჩვენ სასწავლო პროცესს მხოლოდ ტერმინებისა და განმარტებების დასწავლით წარვმართავთ, მივიღებთ პირდაპირ სწავლებას, რომელიც უეფექტოა, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასეთი სახით შესწავლილი ზნეობრივი ნორმები მოზარდის პიროვნებას ვერ განავითარებს. ადამიანურ კრიტერიუმთა შეფასების სტანდარტები, რომლებსაც მოსწავლე გაკვეთილზე წიგნიდან პირდაპირი მნიშვნელობით აითვისებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გადმოიტანება, ვინაიდან ეს პროცესი წმინდა მექანიკურ დატვირთვას შეიძენს. დემოკრატიული ღირებულებების პრაქტიკაში გადატანა და დანერგვა მეტად საპასუხისმგებლო მომენტია. მასწავლებელმა სწავლების პროცესში აუცილებლად უნდა ჩართოს სოციალურ უნარ-ჩვევათა სისტემა. მოსწავლეები ფასეულობებს ითვისებენ ძირითადად სოციალური მეცნიერებების, ხელოვნების, ისტორიისა და ლიტერატურის სწავლის შედეგად.
`ღირებულებების ათვისება” ხორციელდება სწავლების სხვადასხვა მეთოდით, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს ცოდნის დაუფლებასთან. აქ მნიშვნელოვანია, რა გზით მივიტანთ ამ მზა „პროდუქტს” მოსწავლემდე და რა სტრატეგიებს ჩავრთავთ სასწავლო პროცესში. როგორც უკანასკნელმა პედაგოგიურმა კვლევებმა ცხადყო, დემოკრატიული ცნობიერების განვითარებას, მის ფორმირება-ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს სასწავლო მიზნის, კურიკულუმის, დიდაქტიკური მეთოდებისა და სწავლების სტრატეგიების მართებული განსაზღვრა. თანამშრომლობა, სასწავლო პროცესებში ჩართულობა და ინტერაქციული მუშაობა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას და უყალიბებს მათ ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე ყურადსაღებია ნებისმიერი მოსწავლის ხედვის გაზიარება მასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობითი პროცესებით.

არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც, დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს მოზარდის დემოკრატიული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამ სტრატეგიების თანახმად:

1. მოსწავლეთა ცნობიერების განვითარება და ფორმირება უნდა მოხდეს პირადი ღირსების, პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ძალდაუტანებლად, სასწავლო პროცესების თანხლებით;
2. სწავლება წარიმართოს ერთობლივი და თანამშრომლობითი, ჯგუფური სწავლების საფუძველზე;
3. სკოლებში სასწავლო პროცესები განხორციელდეს იმ სასწავლო დოკუმენტებით, რომლებიც დემოკრატიული განათლების პრინციპებს ემყარება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...