შაბათი, ივლისი 11, 2026
11 ივლისი, შაბათი, 2026

ტექსტები ამბებად, ანუ საქანელას მეთოდი

0
სომხურენოვან სკოლაში რომ ვასწავლიდი, მაშინ იყო – კლასში შევედი და ვაჟა-ფშაველას ფოტოს თვალები ჰქონდა ამოკაწრული. გავიგე, ვისაც ჩაედინა, მაგრამ არც დირექტორისთვის მითქვამს, არც დამრიგებლისთვის. არ მინდოდა მისი დასჯა. უბრალოდ, ვცადე გამერკვია, რატომ მოიქცა ასე.

რამდენიმე კვირის განმავლობაში გახანგრძლივებულ გაკვეთილს ვატარებდი და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. პირველი ის შევცვალე საკლასო ოთახში, რომ სომეხი მწერლების ფოტოებს გვერდით ქართველებისა და უცხოელებისა მივუწყვე და დავიწყე მუშაობა. რამდენიმე მწერლის შემდეგ ვაჟას ენობრივად შედარებით მარტივად გასაგები და მცირე ზომის რომელიღაც ტექსტი განვიხილეთ. ამას კი, თურმე, ვინც თვალები დასთხარა სიცოცხლეში ისედაც ნახევრად მზერაჩამქრალ რაზიკაშვილს, ის არ მოსწონებია, „რაღაც გაუგებრობებს” რომ ვასწავლიდი, – ასე ამიხსნა თვითონ. ეს აღმოჩნდა ერთადერთი, მაგრამ მისთვის წყალგაუვალი მიზეზი და გააკეთა კიდეც ის, რასაც მოვყევი.

დავფიქრდი მერე. დრო კი მქონდა – საღამოს ექვსზე რომ დაღამდებოდა მაშინ, დილამდე არც იყო საქმე. დავფიქრდი და ვერაფერი აზრი გამოვიტანე. მეორე, მესამე დღესაც – ვერაფერი. მერე ის ნახატი გამახსენდა, ამ წერილის დასასრულსაც რომ ვახსენებ და… ევრიკა! მივაგენი გამოსავალს.

თურმე, კაცო, მხატვრული ლიტერატურის ყველა ტექსტი ისე უნდა ასწავლო, როგორც რაღაც ამბავი, უბრალო, მაგრამ საინტერესო. გინდა მოდერნისტული იყოს და ცენტრში ავტორს აყენებდეს, გინდა პოსტმოდერნისტული ან ნეორეალისტური, მწერალი კი ისე უნდა გამოიყვანო და დაახასიათო, როგორც ამ ამბის შემსწრე, ჩამწერი, რეპორტიორი თუნდაც.

ტექსტიც – ამბავიც ისე უნდა მიაწოდო მოსწავლეს, გამოზომილად, არც მეტი, არც ნაკლები. აბა, სულელი ხომ არ იყო შეჰერაზადა! იცოდა ესენი და გადარჩა კიდეც. ცოტა რომ გავაზვიადო, მასწავლებელიც უნდა გადარჩე. არა, არც ისე შორს ვარ სიმართლისგან – შენი სახელი, პერსონა, ღირსება და მოსწავლეებისადმი კარგი დამოკიდებულება ყოველ გაკვეთილზე უნდა გადაარჩინო და შეინარჩუნო.

აჰა, ვიპოვე-მეთქი გზა და ასეც მოვიქეცი. ქართული ენის იმ შედარებით კარგად მცოდნე ბავშვებს, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ, ირაკლი ლომოურის მოთხრობა „შემთხვევა” ვასწავლე, უფრო სწორად, ამბავი წავაკითხე და უცხო სიტყვები ავუხსენი. მერე უკვე, შინაარსი რომ გაიგეს და ტექსტის აზრიც, დაინტერესდნენ. თითქმის ორი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით და შემაჯამებელი გაკვეთილის დღეც დადგა.

აბა, აფო-ჯან, უყურე, კაცო, – ვუთხარი იმ დამნაშავეს, – წადი ახლა და არკვიე, რა ამბავია ეს, რა სასწაული და ქვეყნის უცნაურობა-მეთქი. მიყურა ჯერ, ეჭვობდა, მატყუებს რაღაცასო, მერე დაფიქრდა და სამ ენაზე შეკოწიწებული წინადადებებით დაიწყო მსჯელობა. აჰყვნენ სხვებიც, ზოგმა – ტყუილიაო, ზოგმა – სასწაულიო, ელენამ – თქვენ თუ ყოფილხართ პოლიტექნიკურის მეტროს ბაქანზეო, უკანა მერხთან ვაჰე იცინოდა გულის წასვლამდე. ჩვენ უკვე ათასი კუთხით გვქონდა ამბავი განხილული და ახლა იმას ამბობდნენ მოსწავლეები, რომ იმ სოფელში მეტრო არა, მაგრამ რკინიგზის სადგური შენდებოდა და, ვაითუ ასეთი რამ აქაც მოხდესო. მე კი, იმით გახარებული, ჩემმა ცდამ რომ გაამართლა, ვპირდებოდი, ასეთი რამ თუ მოხდა, უთუოდ წაგიყვანთ მოვლენების ეპიცენტრში და ჩვენც მწერლები გავხდებით-მეთქი. 
 
მერეც სულ ასე გრძელდებოდა ლექსების, მოთხრობებისა თუ სხვა სახის ჩანაწერების სწავლებისას. ჩვენთვის ყველაფერი ამბავი იყო. ავითვისებდით უცხო სიტყვებს, აზრს გავიგებდით და იყო მერე დისკუსია და კამათი და ფიქრი. ასე ვასწავლე ქარჩხაძის „იგი”, ეგზიუპერის „პატარა უფლისწული”, შტორმის „მწვანე ფოთოლი” და მრავალი სხვა ამბავი. ხან მხრებში მოხრილი დავდიოდით, რომ იგის გრძნობები გაგვეგო და მერე გვესაუბრა, ხან ცას ავყურებდით ივნისის გრილ საღამოებში და იმ ხუთ პლანეტას ვეძებდით, უფლისწულმა რომ იმოგზაურა. 
 
როგორც ვთქვი, ამ ტიპის სწავლების უპირატესობას თავიდანვე მივხვდი და საბოლოო შედეგმა გამაკვირვა კიდეც. თბილისში წამოსვლის დღეს, საზაფხულო არდადეგების დამდეგს, ერთ-ერთი მოსწავლე, რომლის სახელი ახლა, სამწუხაროდ, არ მაგონდება, მოვიდა და ჩვენ მიერ წაკითხული ამბების ჩანახატები – კომიქსები მომიტანა. სხვებზე ვკითხე, სად არიან-მეთქი. ის, აფო, ვაჟას რომ თვალები ამოკაწრა სურათზე, თურმე დროებით რკინიგზის სადგურზე მოწყობილიყო სამუშაოდ. წინა ღამით კი ამ გოგოსთვის მოეწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ღამით ვზივარ ხოლმე და წარმოვიდგენ, რომ ქარავანი ჩამოივლისო.
სამხრეთ ტიროლში, გვიანი შუა საუკუნეების ტაძარში, არის ერთი ფრესკა, რომელზეც წმინდა პროკოლოა გამოსახული. წმინდანი საქანელაზე ზის, გაღიმებული, მხიარული. პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე, ეს კაცი ან თვითონ იყო ტვინშატალო, ან ამის აქ გამომსახველი-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ყველაფერში არის დიდი სიკეთე და დადებითი იმპულსი, თუ შენც ასე შეხედავ საკითხს, საგანს. ვინ იცის, რა ღვაწლი ჰქონდა პროკოლოს სიცოცხლეში და მისი დამწერ-დამხატავიც დოგმატიკოსი მორწმუნე იყო, მაგრამ ამ საქანელამ, ამ ერთმა პოზამ და მიმიკამ შექმნა უცნაურად კარგი ამბავი. აბა, საიდან მეხსომებოდა პროკოლო, ჩვეულებრივად რომ მიეხატათ იქ, ან ის ოსტატი საიდან მეცოდინებოდა?!

ვიდრე ასეთ რამეს მოვიფიქრებდი, იქნებ მეც დოგმატიკოსი მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ ავდექი და ის ჩემი მოსწავლე „საქანელაზე დავსვი” და გავაღიმე. იმ ხატმწერმაც ხომ გარისკა და გამოუვიდა?!.
 

ქართველ მეომართა აღჭურვილობა შუა საუკუნეებში

0
„აბჯარი – ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამად ჯაჭვთა”, _ ასე განმარტავს სულხან-საბა იმ იარაღისა და სამოსლის საერთო სახელწოდებას, რომლის ხარისხზეც მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული მეომრის სიცოცხლე.

ფეოდალურ საქართველოში სრული საბრძოლო აღჭურვილობა ასეთი გახლდათ: ჯაჭვის პერანგი, მუზარადი, ჩაჩქანი, საფუხარი, ხელნავი, საბარკული, საწვივე.

ისტორიკოს ჯაბა სამუშიას განმარტებით, საქართველოში მეომრის შეიარაღების ძირითად სახელწოდებად უძველესი დროიდან “ჭური” იყო დამკვიდრებული. ამის დამადასტურებელია სიტყვები “ჭურვილი”, “აღჭურვა”. “ჭურიდან” მომდინარეობს ტერმინი “საჭურველიც”, რომელიც XIII საუკუნემდე მეომრის სრულ შეიარაღებას აღნიშნავდა. IX-X საუკუნეებიდან ქართულ ენაში მკვიდრდება სიტყვა “აბჯარი” _ სამხედრო აღჭურვილობის კრებითი სახელი. ერთხანს “საჭურველი” და “აბჯარი” გვერდიგვერდ იხმარებოდა, XII-XIII საუკუნეებიდან შეიარაღებას უკვე მეტწილად “აბჯარს” უწოდებდნენ, XVI-XVII საუკუნეებიდან კი მის ზოგად სახელად “იარაღი” იქცა.

მეომრის შეიარაღება მოიცავდა თავდაცვით საჭურველს, მკვეთელ, დასარტყამ, საძგერ და სასროლ იარაღებს.
თავდაცვითი საჭურველი მეომრის აღჭურვილობის ის ელემენტები იყო, რომლებიც ჯავშნის როლს ასრულებდა. არსებობდა როგორც ტანდასაცავი, ისე თავსაბურავი საჭურველი.


ტანის ჯავშანი სხვადასხვანაირი იყო. მათ შორის ყველაზე გავრცელებული გახლდათ ჯაჭვის პერანგი.

ჯაჭვის პერანგი სხვადასხვა ხარისხისა და ზომისა იქსოვებოდა. მისი წონა 7-დან 17 კილოგრამამდე მერყეობდა. ჯაჭვის პერანგის მოქსოვა ადვილი არ გახლდათ: საჭირო იყო რგოლების სათითაოდ დამზადება, შემდეგ სხვა რგოლებთან შეკავშირება და დამაგრება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯაჭვის პერანგში რგოლების რაოდენობა საშუალოდ 15 000-დან 20 000-მდე მერყეობდა, ადვილი წარმოსადგენია, რა დრო და ენერგია დასჭირდებოდა ერთი ჯაჭვის პერანგის მოქსოვას. იყო შემთხვევები, როდესაც რგოლების რიცხვი 50 000-საც კი აჭარბებდა. ამ შემთხვევაში ისინი შედარებით მცირე დიამეტრისა უნდა ყოფილიყო.

სულხან-საბას მიხედვით, ჯაჭვის პერანგი ხუთი სახეობისა ყოფილა: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა და ჯაბალა. მათ ერთმანეთისგან განასხვავებდა ჯაჭვის ქსოვისა და რგოლების დამზადების წესი. ჯაჭვის რგოლების, “ჭიკუს”, შეკვრის წესის მიხედვით კი სამი ტიპის პერანგებს განასხვავებდნენ: ფარეშიანს, უფარეშოსა და დადუღებულს. ფარეშიანი ეწოდებოდა ჯაჭვს, რომლის რგოლები ჭანჭიკით (ფარეშით) იყო შეკრული. ფარეშიანი ჯაჭვი, თავის მხრივ, რამდენიმე ტიპისა გახლდათ: რგოლს შეიძლებოდა ჰქონოდა ერთი, ორი ან სამი ფარეში. უფარეშო ჯაჭვი რგოლების გადაგრეხით მიიღებოდა; მათი თავები დაუმაგრებელი იყო. ჯაჭვის პერანგის იმ სახეობას, რომელიც რგოლის თავების ერთმანეთთან შედუღებით მიიღებოდა, მეცნიერები “დადუღებულს” უწოდებენ.


ჯაჭვის მოქსოვა თვეობით შრომას მოითხოვდა, ამიტომ მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ჯაჭვის პერანგი ძალზე ძვირი ღირდა. XI საუკუნეში (“ნიკორწმინდის დაწერილის” მიხედვით) ტყიანი მიწის ფასად ორ ჯაჭვს შეიძენდი. XIV-XV საუკუნეებში ერთ-ერთ მონასტერში დაქირავებული ჯაჭვისა და მუზარადის გამოსახსნელად ფეოდალს ვენახის შეწირვა მოუხდა.

ვინაიდან აბჯარი ძვირად ფასობდა, მას არასოდეს ტოვებდნენ ბრძოლის ველზე. მაგალითად, 1048 წელს ბიზანტიურ-ქართულ-სომხური კოალიციის დამარცხების შემდეგ თურქ-სელჩუკებს დავლად 19 ათასი აბჯარი წაუღიათ. ამ ფაქტს არაბი მემატიანენი საგანგებოდ აღწერდნენ.

სულხან-საბას განმარტებით, კარგი ჯაჭვის პერანგი ასეთი უნდა ყოფილიყო: „გრძელი და ფართო; ჯაჭვის თვალი _ რაზმად და რაზმად დაწყობილი, ფარეშ-შვენიერი და ძნელად გასახსნელი; ნოტიოობაში ძნელად დაგესლდეს, ყრილი არა ჰქონდეს, კალთიდამ შედევნებით უსხო და უსხოსი იყოს, მკერდთა, ბეჭთა და ღლიათა უზრქელესი და მიყრილი იყოს”.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი: ქართველებს ჯაჭვის პერანგის გარეთაც სცმიათ სამოსი, რომელსაც იალმაგი (სულხან-საბა: “იალმაგი _ ესე სამოსელი საომარი გარეგან საცვამი”) ეწოდებოდა.

სხვა დამცავ აღჭურვილობასთან შედარებით ჯაჭვის პერანგს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ გაცილებით მოქნილი და მსუბუქი გახლდათ, ვიდრე მთლიანი რკინის ფირფიტებისაგან შემდგარი აბჯარი, მაგალითად, თორი.

თორი, სულხან-საბას მიხედვით, იყო “მთელი რკინა პოლოტიკი (რკინის ფიცარი) ტანს ჩასაცმელი”. იგი რკინის ნაჭრებისგან მზადდებოდა და ტანს წელამდე ფარავდა. ზოგიერთი თორი შედგებოდა რკინის ორი ნაჭრისგან, რომლებიც მხრებზე, იღლიის ქვეშ და წელზე საგანგებო ზონრებით იკვრებოდა. ასეთი ტიპის აბჯარზე ხშირად გამოსახავდნენ ცხოველებსა და სხვა სტილიზებულ ფიგურებს.

სხვათა შორის, თორი საქართველოში სხვა ტანსაცავ აბჯრებზე მეტხანს იხმარებოდა, რადგან უკეთ იცავდა მეომარს. მას ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების შემდეგაც კი ხმარობდნენ.

შუა საუკუნების საქართველოში ასევე გავრცელებული იყო ლითონის მოზრდილი ფირფიტებისაგან დამზადებული ჯავშანი – ბეგთარი.

მეომრის ხელებსა და ფეხებსაც საგანგებო ჯავშანი იცავდა: სამუხლე, ხელნავი, საბარკული, საბუხარი.

მეომრის თავდაცვითი თავსაბურავიც რამდენიმე სახეობისა იყო. სულხან-საბა ორბელიანი ასახელებს ჩაფხუტს, ჩაჩქანს, მუზარადს, ზუჩს, ჩაბალახს. ისინი ერთმანეთისგან მოყვანილობითა და შედგენილობით განსხვავდებოდა. მაგალითად, ჩაფხუტი სფეროსებრი მოყვანილობისა იყო და წინ გრძლად ჰქონდა ჩამოშვებული საცხვირე.

მკვეთელი იარაღიდან ყველაზე მეტად ხმალი იყო გავრცელებული, საძგერი იარაღიდან  _ ოროლი, შუბი, კინენი. სასროლიდან – მშვილდ-ისარი.

როგორც ისტორიკოსი ჯაბა სამუშია აღნიშნავს, ძვირად ღირებული იარაღი და საჭურველი მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჯარის გარკვეული კონტინგენტის (მონა-სპა, მეციხოვნეები) შეიარაღებაზე სახელმწიფო ზრუნავდა.

ნამდვილი უმადურება

0
ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკისთვის თითქმის ყოველდღიურ წნეხს განვიცდი. თავად პოლიტიკოსები აღარ მავიწროებენ – უმეტესად გულწრფელი და დაიმედებული მოქალაქეების მოგერიება მიწევს. ჩემზე გაბრაზებულთა უმრავლესობას ერთი და იგივე აკერია პირზე: ისინი უმადურებასა და მმართველთა საქმიანობის დაუფასებლობაში მადანაშაულებენ. მათ სიტყვებში ალბათ სიმართლის მძიმე მარცვალიც არის, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფესვგადგმულ ნამდვილ, საყოველთაო უმადურებას სხვაგან უნდა ვეძებდეთ და ვებრძოდეთ.

ერთი წლის წინ მსოფლიოში სახელგანთქმული რამდენიმე ქართველი მკვლევარი განათლების რეფორმების სახელმწიფო კომისიაში გაერთიანდა. უცნაურია, მაგრამ კომისია თავიდანვე არაფორმალური გახლდათ და სამართლებრივი სტატუსი არც კი გააჩნდა. გამოცდილ მკვლევართა ჯგუფს პრემიერ-მინისტრმა განათლების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება სთხოვა. შესანიშნავი მოქალაქეები და კომპეტენტური მეცნიერები უსასყიდლოდ, უანგაროდ შეუდგნენ ახალ დოკუმენტზე მუშაობას. გია დვალმა, ზაალ კოკაიამ, დავით ლორთქიფანიძემ და ვაჟა ბერეჟიანმა უმოკლეს დროში ჩამოაყალიბეს თავიანთი ხედვები. მათ საუკეთესო და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების ელემენტარულ, ანბანურ დებულებებს მოუყარეს თავი და განათლების სისტემის უმართავ, მოუწესრიგებელ გზებზე შუქნიშნების დადგმა შემოგვთავაზეს.

რა პრინციპებს დაეფუძნა ექსპრემიერის მიერ მოწონებული, აღიარებული და მხარდაჭერილი პროექტი?

კონცეფცია აქცენტს აკადემიურ თავისუფლებასა და მიუკერძოებლობაზე სვამდა. მაშასადამე, ავტორებმა განათლების სისტემაში (სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც) ადამიანის მუშაობისა და წარმატების მთავარ ფაქტორად ცოდნა, მაღალი კვალიფიკაცია, პროფესიული კომპეტენტურობა გამოაცხადეს. მკვლევართა ჯგუფმა პრიორიტეტად მასწავლებლებისა და მეცნიერების პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრედიტაციისგან გათავისუფლება მიიჩნია.

დოკუმენტის კიდევ ერთი ფუნდამენტური დებულება აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფა გახლდათ. გია დვალმა და მისმა პარტნიორებმა სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლება სისტემის სრულყოფის აუცილებელ წინა პირობად აღიარეს. ვგონებ, იოლი მისახვედრია, რომ თუ საგანი ძირფესვიანად არ შეისწავლე, თუ პრობლემა მრავალი კუთხით არ შეაფასე, ცოდნის გადაცემის პროცესი მაინცდამაინც წარმატებული ვერ იქნება.

ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ აკადემიურ თავისუფლებაზე საოცნებოდ და მის ღირსებათა ხაზგასასმელად სახელმწიფო კომისიის შექმნა და მეცნიერთა შეწუხება არც ღირდა – დასავლური საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხოტბის შესხმა ხომ ისედაც ყველას შეუძლია. თუმცა დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ კონცეფცია მიზნის მიღწევის კონკრეტულ გზებსა და პროცედურებზეც მიგვანიშნებს.

ცნობილმა პროფესიონალებმა გარე რეფერირების მექანიზმის დანარგვა გვირჩიეს. უშინაარსო ცვლილებებით გადაღლილ საზოგადოებას კი უცხო ტერმინების შეეშინდა. არადა, აღნიშნული მექანიზმი მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ სასწავლებელთა მართვის უფლების მქონე, ცენტრალურ აკადემიურ გადაწყვეტილებათა მიმღები პროფესორები (ტენუარები) უცნაური საკონკურსო კომისიების ნაცვლად მსოფლიოში აღიარებულმა მეცნიერებმა შეარჩიონ.

კონცეფციის განხორციელებას იმთავითვე სერიოზულმა პრობლემებმა შეუშალა ხელი, რაც მოსალოდნელიც გახლდათ. ცხადია, ერთბაშად საუკეთესო სისტემის შექმნა შეუძლებელია. სახლს ჯერ საძირკველი უნდა ჩაუყარო და კედლები მერე ამოაშენო. ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ დღმდე საძირკვლის ჩაყრაზეც კი არავინ ფიქრობს. “ქართული ოცნების” განათლების მინისტრებმა რეფორმის კონკრეტული გეგმა, განათლების სფეროს გარდაქმნის დეტალურად გაწერილი სტრატეგია ვერ (ან არ) წარმოგვიდგინეს. მეტიც – 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უარი ითქვა მეცნიერების დაფინანსების რეალურ ზრდაზე. კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მტვრის სქელ ფენაში ჩაიძირა. აი, ნამდვილი უმადურება!

რას აკეთებს ამ დროს საზოგადოების “ელიტური” ნაწილი?

ინტელექტუალებიც და ფსევდოინტელექტუალებიც რელიგიურ შეუწყნარებლობაზე, მომძლავრებულ ჰომოფობიასა და ანტისემიტიზმზე, სამოქალაქო საზოგადოების სუსტ სტრუქტურაზე ამახვილებენ ყურადღებას. ხანდახან მოსახლეობის უკიდურეს გაჭირვებაზეც წამოსცდებათ ერთი-ორი სიტყვა. სამაგიეროდ, ყველას ავიწყდება იმის აღნიშვნა, რომ პრობლემათა უმრავლესობის სათავე მოქალაქეთათვის ხარისხიანი გაანათლების ხელმიუწვდომლობა გახლავთ.

განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მისაღწევად კი ბრძოლაა საჭირო.

კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები

0
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და მის კონტროლს გულისხმობს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განირჩევა საკლასო შეფასების ორი სახესხვაობა: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. პირველი ფართოდ გამოიყენება სკოლაში, თუმცა კი მისი ხარისხი დახვეწას საჭიროებს. რაც შეეხება განმავითარებელ შეფასებას, ის ნაკლებადაა ცნობილი ჩვენი პედაგოგებისთვის და მისი არსი, სტრატეგიები თუ ტექნიკა სპეციალურ განმარტებას მოითხოვს.

განმავითარებელი შეფასება არის უწყვეტად მიმდინარე პროცესი, რომლის მიზანია:

1. დაგროვდეს ფაქტები/მონაცემები მოსწავლეთა სწავლის შესახებ;
2. უზრუნველყოფილ იქნეს უკუკავშირი სწავლის შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
3. შეივსოს “ღიობები” მოსწავლის არსებულ კომპეტენციებსა და სასურველ/სამიზნე კომპეტენციებს შორის.
განმავითარებელი შეფასება:

● ცხადად და უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლების მიზნებთან;
● დაკავშირებული უნდა იყოს სწავლებასთან;
● მოიცავდეს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს;
● განაპირობებდეს ცვლილებებს მოსწავლეთა განვითარების მიმართულებით.
განმავითარებელი შეფასება სამი სახისაა:

● მასწავლებლის მიერ ექსპრომტად შესრულებული;
● ინტერაქციისთვის დაგეგმილი;
● სწავლებასთან შერწყმული.
განმავითარებელი შეფასება შეიძლება დაკავშირებული იყოს:

● მოსწავლის ქცევაზე დაკვირვებასთან (მასწავლებელი აკვირდება, როგორ ასრულებს მოსწავლე, მაგალითად, პრეზენტაციას ან კვლევას);
● წერითი დავალებების შესრულებასთან (მასწავლებელი აანალიზებს, მაგალითად, მოსწავლის მომზადებულ საშინაო დავალებას ან პროექტს);
● დისკუსიასთან (კლასში მიმდინარეობს ერთმანეთისთვის კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა მსჯელობა-დასაბუთების თანხლებით, საკითხის განხილვა მცირე ჯგუფებში ან მოსწავლეთა მინიკონფერენციები მასწავლებლის მონაწილეობით);
● ტესტირებასთან (მასწავლებელი ატარებს ქვიზს, სკრინინგულ/მიმოხილვით ან დიაგნოსტიკურ ტესტირებას);
● მოსწავლეთა თვითშეფასებასთან.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ამოიცნონ და შეავსონ ცოდნასა და უნარ-ჩვევებში არსებული მათთვის უხილავი “ღიობები”, მასწავლებელმა კლასთან უნდა შესრულოს აქტივობათა ციკლი, რომელიც მოიცავს:

1. სწავლის შესახებ ინფორმაციის შეკრებას მასწავლებლის მიერ შესრულებული შეფასებისა და მოსწავლეთა თვითშეფასების გზით;
2. მონაცემთა ანალიზსა და განმარტებას;
3. მოსწავლეთა კომპეტენციებში არსებული “ღიობების” დადგენას;
4. სწავლების მიზნების დასახვას;
5. წარმატების კრიტერიუმების ჩამოყალიბებას;
6. მოსწავლეთა საჭიროებებისადმი სასწავლო აქტივობათა მისადაგებას ანუ სწავლების დიფერენცირებას;
7. სკაფოლდინგს მოსწავლეთა განვითარების უახლოეს ზონაში.
ამ ციკლის დასრულების შედეგი იქნება გაურკვევლობათა აღმოფხვრის გზით მოსწავლეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებში არსებული “ღიობების” ამოვსება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა “ღიობი” ექნება და მათი შევსება მოსწავლეთა საჭიროებებს მისადაგებულ სასწავლო აქტივობათა საშუალებით უნდა მოხდეს. ეს აქტივობები მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული და მასწავლებელიც ამ ზონის ფარგლებში უნდა აწარმოებდეს სკაფოლდინგს მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სწავლის ინტენსივობისა და შედეგიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის მოსწავლის ინდივიდუალურ ზრდას უფრო უნდა გამახვილდეს ყურადღება, ვიდრე სხვებთან მის შედარებაზე.

ამ ციკლის შესასრულებლად მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს სასწავლო შინაარსს, დასახული მიზნისკენ სვლის სასწავლო ტრაექტორიებს, მოსწავლეთა მიერ მოცემული საკითხის ცოდნის ნიმუშებს (როგორც სრულყოფილს, ასევე ხარვეზებიანს, მაგალითად, მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით), მოცემული საკითხის სწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრის ხერხებს. გარდა ამისა, შეფასებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გამო მასწავლებელმა უნდა იცოდეს მოსწავლის მეტაკოგნიციის (თვითრეგულირების, თვითშეფასების, მოტივაციის) შესახებ არსებული თეორია და პრაქტიკა. ამასთანავე, მისი პედაგოგიური ცოდნა უნდა მოიცავდეს ამა თუ იმ სასწავლო შინაარსის სწავლების მრავალ განსხვავებულ მოდელს, დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს, მოსწავლეთათვის მეტაკოგნიტური სტრატეგიების სწავლების მოდელებს.

მოსწავლეთა შეფასებისას მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ იგი უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ვალიდური და სანდო შეფასების მონაცემებს, შეეძლოს ასეთი მონაცემების განმარტება მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე, სწავლების მისადაგება კლასში მოსწავლეთა მზაობის ერთნაირი დონის მიხედვით შექმნილი ჰომოგენური ჯგუფების საჭიროებებისადმი მაინც (თუ ინდივიდუალური საჭიროებებისადმი არა), მათი განვითარების უახლოესი ზონის განსაზღვრა და ამ ზონაში სკაფოლდინგი.

მასწავლებელს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მრწამსი, რომ განმავითარებელი შეფასება ფასეულია, იგი მნიშვნელოვან და ქმედით ინფორმაციას იძლევა მოსწავლეთა სწავლის შესახებ, განუყოფელია სწავლებისგან, მოსწავლეები მისი პარტნიორები არიან განმავითარებელ შეფასებასა და სწავლებაში. 

საზოგადოდ, კვალიფიციური საკლასო შეფასება, რომელიც მოიცავს ზუსტი ინფორმაციის შეკრებას და ამ ინფორმაციისა და შეფასების პროცედურების ეფექტიან გამოყენებას, შემდეგი ინდიკატორებით ხასიათდება:

1. რატომ უნდა შეფასდეს?

შეფასების პროცედურები და შედეგები გამოიყენება ცხადი და ადეკვატური მიზნებისთვის.

◊ მასწავლებელმა იცის, ვინ და რისთვის იყენებს საკლასო შეფასებით მოძიებულ ინფორმაციას და როგორია მათი საჭიროებანი შეფასებასთან დაკავშირებით.

მასწავლებელი აცნობიერებს მიმართებას შეფასებასა და მოსწავლეთა მოტივაციას შორის და ისე ასრულებს შეფასებას, რომ მოტივაცია გაზარდოს.

◊ მასწავლებელი მოსწავლეებთან მიმართავს განმავითარებელ შეფასებას (შეფასებას სწავლისთვის).

◊ მასწავლებელი მოსწავლეებთან მიმართავს განმსაზღვრელ შეფასებას (სწავლის შედეგების შეფასებას).

◊ მასწავლებელს აქვს გონივრული გეგმა, დროდადრო განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ინტეგრირება მოახდინოს.

2. რა უნდა შეფასდეს?

შეფასება ასახავს მოსწავლეთა სწავლის ცხად და მნიშვნელოვან მიზნებს.

◊ მასწავლებელი
გააზრებული აქვს სხვადასხვა სასწავლო მიზანი, რომლებსაც წარუდგენს მოსწავლეებს.

◊ მასწავლებელი
შეარჩევს იმ სასწავლო მიზნებს, რომლებიც ფოკუსირებულია ყველაზე მნიშვნელოვან კომპეტენციებზე,
რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები.

◊ მასწავლებელს
აქვს გონივრული გეგმა, დროდადრო გადასინჯოს და ცვალოს სასწავლო მიზნები.

3.
როგორ უნდა შეფასდეს?

სასწავლო მიზნების საფუძველზე შექმნილია ისეთი შეფასება (ინსტრუმენტი და პროცედურა), რომელიც ზუსტ შედეგებს უზრუნველყოფს.

◊ მასწავლებელი
იცნობს შეფასების სხვადასხვა მეთოდს.

◊ მასწავლებელს
შეუძლია იმ მეთოდის შერჩევა, რომელიც შეესაბამება სასწავლო მიზანს.

◊ მასწავლებელს
შეუძლია მიზნის შესაფერისი შეფასების დიზაინი.

◊ მასწავლებელს
შეუძლია, ერთმანეთს შეურწყას სწავლა და შეფასება.

◊ მასწავლებელი
მარჯვედ სვამს შეფასებისთვის საჭირო კითხვებს.

◊ მასწავლებელს
შეუძლია თავი არიდოს მიკერძოების წყაროებს, რომლებიც ხარვეზიანს ხდის შედეგებს.

4.
როგორ უნდა მოხდეს განხილვა?

შეფასების შედეგები ორგანიზებულია და წარმოდგენილია ეფექტურად.

◊ მასწავლებელი
ზუსტად აღრიცხავს შეფასების შედეგებს, კონფიდენციალურად ინახავს მათ და შესაფერისად
წარმოადგენს დაჯამებული სახით (ნიშნების ჩათვლით). ეს შეჯამება ზუსტად ასახავს მოსწავლეთა
სწავლის არსებულ დონეს.

◊ მასწავლებელს
შეუძლია შეარჩიოს საუკეთესო ფორმა შედეგების წარმოდგენისთვის (ნიშნები, აღწერილობითი
უკუკავშირი, პორტფოლიო, კონფერენცია) ყოველ კონტექსტში (სასწავლო მიზნებისა და დაინტერებული
მხარეების გარკვეული ერთობლიობა).

◊ მასწავლებელი
სწორად განმარტავს და იყენებს სტანდარტიზებული ტესტის შედეგებს.

◊ მასწავლებელი
ეფექტურად განიხილავს შეფასების შედეგებს მოსწავლეებთან.

◊ მასწავლებელი
ეფექტურად განიხილავს შეფასების შედეგებს სხვადასხვა აუდიტორიასთან (მშობლების, კოლეგებისა
და სხვა დაინტერესებული პირების ჩათვლით).

5.
როგორ უნდა ჩაერთონ შეფასებაში მოსწავლეები?

მოსწავლეები მონაწილეობენ საკუთარი სწავლის შეფასებაში.

◊ მასწავლებელი მკაფიოდ ყალიბებს მოსწავლეებსასწავლო მიზნებს.

◊ მასწავლებელი რთავს მოსწავლეებს შეფასებაში, პროგრესისთვის თვალყურის დევნებაში და საკუთარი თავისთვის მიზნების დასახვაში.

◊ მასწავლებელი რთავს მოსწავლეებს საკუთარი სწავლის განხილვაში.

ნათელია, რომ როგორც ყველა სხვა ინოვაციური პრაქტიკა, უწყვეტი და სისტემური საკლასო (განსაკუთრებით კი განმავითარებელი) შეფასების წარმატებული პრაქტიკის დანერგვაც სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვან და მიზანმიმართულ ძალისხმევას მოითხოვს. მათ წინ უნდა უძღვოდეთ საგანმანათლებლო ლიდერი – ეს შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, რომელიმე კათედრის გამგე, სკოლის მენტორი-მასწავლებელი ან თუნდაც მოწვეული ექსპერტი. ქვემოთ მოყვანილია კითხვარი ამგვარი საგანმანათლებლო ლიდერის კომპეტენციების შეფასებისთვის.
საგანმანათლებლო ლიდერის საშემფასებლო კომპეტენციები

1. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების სტანდარტები და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ყველა სახის შეფასებაში.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

2. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს განმავითარებელი შეფასების პრინციპები და ცდილობს მათ პრაქტიკაში დანერგვას.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

3. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეებთან შეთანხმებული სასწავლო მიზნების საჭიროება და ამ მიზნების კავშირი ზუსტი შეფასების ჩამოყალიბებასთან.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

4. საგანმანათლებლო ლიდერმა იცის და შეუძლია შეაფასოს მასწავლებლის საშემფასებლო კომპეტენციები, დაეხმაროს მასწავლებლებს, ზუსტად შეაფასონ მოსწავლეები და ნაყოფიერად გამოიყენონ შეფასების შედეგები.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

5. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია დაგეგმოს, წარმოადგინოს ან მასწავლებლებისთვის შეინარჩუნოს პროფესიული განვითარების აქტივობები, რომლებიც წაადგება შეფასების წარმატებული პრაქტიკის დანერგვას.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

6. საგანმანათლებლო ლიდერი ღრმად აანალიზებს შეფასების შედეგებს, იყენებს მიღებულ ინფორმაციას სასწავლო გეგმისა და სწავლების გასაუმჯობესებლად და ეხმარება მასწავლებლებს ანალოგიურ საქმიანობაში.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

7. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია, წარმატებით განახორციელოს შეფასება და დანერგოს შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკა.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

8. საგანმანათლებლო ლიდერი ქმნის მოსწავლეთა მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიზანშეწონილი  გამოყენებისა და წარმოდგენის აუცილებელ პირობებს, შეუძლია, ეფექტურად განიხილოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრთან მოსწავლეთა შეფასების შედეგები და მათი კავშირი სასწავლო გეგმისა და სწავლების გაუმჯობესებასთან.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

9. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს წარმატებული და დაბალანსებული შეფასების სისტემის კომპონენტები და მახასიათებლები.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

10. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების შედეგების არაეთიკური და შეუფერებელი გამოყენების საკითხები და იცავს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ამგვარი მცდარი გამოყენებისგან.
დაბალი    1……….  2          3            4         5   მაღალი

საერთაშორისო სასკოლო ინტერნეტპროექტები

0

ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული საერთაშორისო სასკოლო პროექტები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. მათი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა ერთმანეთთან დაკავშირება და საინტერესო, შემეცნებით ერთობლივ საქმიანობაში ჩაბმაა. ინტერნეტის საერთაშორისო სასკოლო პროექტებში მონაწილეობა ამაღლებს მოსწავლეთა როგორც ენობრივ, საკომუნიკაციო და ინტერკულტურულ უნარ-ჩვევებს, ისე მათ კომპეტენციებს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

 

 

მსგავსი პროექტები უმთავრესად იმით გამოირჩევა, რომ მათი წარმოება ინტერნეტის (ელექტრონული ფოსტით მიმოწერის, ვებგვერდებზე მასალის განთავსების) მეშვეობით ხდება. პროექტი შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ დარგებს, როგორებიცაა სამოქალაქო განათლება, ისტორია და კულტურა, ბუნებისმეტყველება, ეკოლოგია და მრავალი სხვა. ასეთი პროექტები განსაკუთრებით საინტერესოა უცხოური ენების დაუფლების კუთხით, რადგან, ბუნებრივია, საერთაშორისო სასკოლო პროექტების უცხოურ ენაზე ხორციელდება.

 

ხშირად სასკოლო პროექტების იდეა თვითონ სკოლებში იბადება. სკოლები აყალიბებენ პროექტების მიზნებსა და მათი განხორციელებისთვის საჭირო პირობებს და ეძებენ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც მათ მიერ შემუშავებულ პროექტში მონაწილეობისა და ამა თუ იმ დარგში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებია სურვილს გამოთქვამენ. უცხოელი პარტნიორების ძებნაში სკოლებს პროექტების ვებგვერდები ან საერთაშორისო ვებგაერთიანებები ეხმარება.

არსებობს არაერთი ვებგაერთიანება, რომლებიც პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლების/კლასების ერთმანეთთან კავშირსა და პროექტის მსვლელობისათვის საჭირო სივრცეებს უზრუნველყოფს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კუთხით. საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტებია: e-twining (პროექტის Comenius ფარგლებში), iEarn, European Schools Project, European Collaborative Learning Network (Ecole), The Image of the Other და მრავალი სხვა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოიცავს, ხოლო ზოგი – ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების სკოლებს.

იმის გამო, რომ სკოლები ინტერნეტის მეშვეობით ურთიერთობენ, ასეთი პროექტები ხშირად არც რაიმე სახის დაფინანსებას მოიაზრებს და არც პირისპირ შეხვედრებს გულისხმობს. საერთაშორისო სასკოლო პროექტში შესაძლოა მონაწილეობდეს ორი ან მეტი სკოლა/კლასი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების, აგრეთვე მონაწილე მხარეების სურვილისა და საჭიროებების მიხედვით.

საერთაშორისო სასკოლო პროექტების ფარგლებში პარტნიორ სკოლებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ ყოველი მონაწილე მხარისათვის საინტერესო თემებზე. წარმატებულად მიიჩნევა ისეთი პროექტები, რომლებიც ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და კარგად დაგეგმილი აქტივობების ბალანსს წარმოადგენს. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, მსგავსი პროექტები წარმატებით ეხმიანებოდეს მონაწილე სკოლების ეროვნულ სასწავლო გეგმებს.

საერთაშორისო სასკოლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად სულაც არაა აუცილებელი, რომ მონაწილე კლასის/სკოლის მასწავლებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში დახელოვნებული იყოს. პირიქით, ასეთი პროექტები უმთავრესად მონაწილე მხარეთა ისტ-კომპეტენციების ამაღლებას და საინფორმაციო ტექნოლოგიების მათ ყოველდღიურ სამუშაოში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

პროექტის თემა შესაძლოა იყოს როგორც საგნობრივ, ისე გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო უნარების ინტეგრაცია მსგავს პროექტში აუცილებელ პირობად და მოცემულობად გვევლინება. ზოგჯერ ასეთი პროექტები სწორედ ისტ-კომპეტენციების ამაღლებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას ემსახურება.

საერთაშორისო სასკოლო ინტერნეტპროექტები ძალზე წარმატებულად მიიჩნევა უცხოური ენების სწავლებისას. სამიზნე ენის მატარებლებთან ან სამიზნე ენის შემსწავლელ უცხოელ პარტნიორებთან პროექტის წარმოება წარმატებულია სხვადასხვა ასპექტით. პირველ შემთხვევაში მოსწავლეებს ენის მატარებლებთან კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ, ხოლო მეორე შემთხვევაში პარტნიორები ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ერთმანეთს უზიარებენ. მთავარი კი ის არის, რომ უცხოელ თანატოლებთან მიმოწერისას მოსწავლეები ეუფლებიან წერითი კომუნიკაციისა და სწავლის სწავლისთვის საჭირო ღირებულ უნარ-ჩვევებს, აგრეთვე – ინტერკულტურულ და სოციოკულტურულ უნარებს.

პროექტების თემატიკა შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, დაწყებული ისეთი გლობალური საჭირბოროტო საკითხებიდან, როგორებიცაა ეკოლოგია, გეოგრაფია, ბავშვთა უფლებების დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი მოსწავლეთა შორის. ხშირია პროექტები საბუნებისმეტყველო და ისტორიული, კულტურული და სოციოკულტურული თემატიკის შესახებ – ”ჩემი ქვეყანა”, ”ჩემი ქალაქი”, ”ჩემი სოფელი” და სხვა.

გლობალური თემატიკის ირგვლივ აგებულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა შესაბამისი ენის სათანადო დონეზე ფლობას მოითხოვს. რაც შეეხება ინტერკულტურული შინაარსის პროექტებს, – ისეთებს, როგორებიცაა ”ჩემი ქვეყანა”, ”ჩემი ქალაქი” და სხვა, – მათში მონაწილეობა იმ მოსწავლეებსაც შეუძლიათ, რომლებმაც ახლახან დაიწყეს უცხოური ენის შესწავლა. მასალა მხოლოდ განვლილ მარტივ ლექსიკასა და სამეტყველო ფუნქციებს მოიცავს და მარტივი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით შემოიფარგლება. დამწყებ ენის შემსწავლელთა შორის წარმოებული პროექტების ფარგლებში უმთავრესად ელექტრონული მიმოწერა და ინტერკულტურული და სოციოკულტურული ინფორმაციის გაზიარება ხდება. ელექტრონული კორესპონდენციის თემები შესაძლოა შემდეგნაირი იყოს: ”გაცნობა”, ”მიმოწერის მეგობარი”, ”ჩემი ოჯახი, ”ჩემი ჰობი”, ”ჩემი სახლი/ ბინა”, ”ჩემი სკოლა”, ”ჩემი ქვეყანა” და სხვა. ასეთი ელექტრონული წერილები შესაბამის თვალსაჩინოებასა და ილუსტრაციებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წერილს მოსწავლეებმა შესაბამისი თემატიკის შესახებ კითხვებიც დაურთონ, რათა რესპონდენტ/პარტნიორ მოსწავლეს შეეძლოს, საპასუხო წერილში გამოეხმაუროს მონათხრობს და თავის თავზე, თავის სკოლაზე, ქალაქზე და ა.შ. მოუთხროს თანატოლს.

უცხოური ენის მასწავლებლის როლი ელექტრონული წერილის წერისას მნიშვნელოვანია შემდეგი კუთხით: მან მოსწავლეებს უნდა ასწავლოს სამიზნე ენაში კორესპონდენციისთვის მისაღები კლიშეების მართებულად გამოყენება, მისალმების, დამშვიდობებისა თუ მიმართვის ფორმულები იქნება ეს, კორესპონდენციის ტიპის (ოფიციალური წერილი, მეგობრული წერილი) შესაბამისი თხრობის ფორმები, რეგისტრი – თავაზიანი/მეგობრული, დათარიღება თუ სხვა. გარდა ამისა, მასწავლებელმა მოსწავლეებთან სტილისტიკური და ენობრივი შეცდომების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელადაც უნდა იმუშაოს, რაც აამაღლებს მოსწავლეთა არა მარტო წერით-საკომუნიკაციო, არამედ ზოგად ენობრივ უნარ-ჩვევებსა და ცოდნის დონეს.

რაც შეეხება უცხოური ენების შემსწავლელ საქართველოს სკოლების მოსწავლეებს, უცხოური ენების განახლებულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ენის პრაქტიკული გამოყენების (მედიაციის) მიმართულებას, რომელიც ამა თუ იმ პროექტის უცხოურ ენაზე წარმოებას გულისხმობს. გარდა ამისა, ახალ სასწავლო გეგმაში ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის სწავლის მიმართულების მნიშვნელოვან ასპექტად გვევლინება. უდავოა, რომ სასწავლო გეგმის ორივე ზემოხსენებული მიმართულება წარმატებით პოვებს განვითარებას მსგავს პროექტებში მოსწავლეთა მონაწილეობისას.

საერთაშორისო ინტერნეტპროექტში მონაწილეობას მოსწავლეთათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს, რაც, თავის მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი მიმართულების – სწავლის სწავლის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. კერძოდ, პროექტთან დაკავშირებულ საქმიანობაში შესაძლებელია მონაწილე კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩაბმა, განურჩევლად მათი კომპეტენციების დონისა და აკადემიური მოსწრებისა. როგორც ყველა ჯგუფური სამუშაო, პროექტში მონაწილეობაც ხომ გასხვავებული იდეებისა და უნარების ერთობლიობას, აგრეთვე – გუნდურ სულისკვეთებას მოითხოვს: ზოგიერთი მოსწავლე შესაძლოა მუშაობდეს ტექსტობრივ მასალაზე, ზოგი – საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაზე, ზოგი – თვალსაჩინოებაზე, ზოგი კი ისტ-საქმიანობას თაოსნობდეს. ყოველივე ეს უფრო სახალისოს ხდის და მოტივაციას მატებს სასწავლო პროცესს.

ზემოხსენებულ პროექტებში მონაწილეობისას ევროსაბჭოსა და ევროკავშირის არაერთი ქვეყნის სკოლა, კლასი თუ ცალკეული მოსწავლე წარმატებას აღწევს. ვიმედოვნებთ, ამ ასპარეზზე სულ მალე საქართველოს სკოლებიც დაიმკვიდრებენ ადგილს.

ნელსონ მანდელა: „როლიჰლაჰლა“ – ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს

0
18 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირისა და პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას დაბადების დღე აღნიშნეს. ამ დღეს 12 მილიონამდე მოსწავლემ უმღერა მას სადღეობო ჰიმნი: “დაბადების დღეს გილოცავთ, ნელსონ მანდელა”, ხოლო რესპუბლიკის მინისტრებმა სხვადასხვა საქველმოქმედო აქცია გამართეს. თვითონ იუბილარმა მოკრძალებით აღნიშნა ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად. 

სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ცხოვრების 67 წელი აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანამემამულეთა უფლებების დაცვას შეალია. ამის გასახსენებლად მანდელას ფონდმა ყოველ სამხრეთაფრიკელს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღო აქციაში “67 წუთი”: ეს დრო კეთილი საქმეების კეთებაში დაეხარჯა, ადამიანებს დახმარებოდა და მათთვის იმედი მიეცა. აქციაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ: ესტუმრნენ მოხუცთა და ობოლთა თავშესაფრებს, მონაწილეობა მიიღეს ღარიბებისთვის საკვების განაწილებაში და ა.შ. ამავე დღეს ქვეყანაში მანდელასადმი მიძღვნილი უამრავი გამოფენა გაიხსნა.

“ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ჩვენს ხალხს შეუძლია, ნელსონ მანდელას მიუძღვნას, ეს მისი კეთილშობილებისა და დიდსულოვნების გაზიარებაა,” – განაცხადა აპარტეიდთან ბრძოლის აქტივისტმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, არქიეპისკოპოსმა დესმონდ ტუტუმ. 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საქმიანობიდან გადადგა, მანდელა მშობლიურ სოფელში დასახლდა და ბოლო ორი წელი, ნაკლებად ჩნდებოდა საჯაროდ, თუმცა კი მუდმივად თვალს ადევნებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 11 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, 18 ივლისი ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა აღიარებს ნელსონ მანდელას ცხოვრებისეულ ფასეულობებს და მის მნიშვნელოვან წვლილს კონფლიქტთა დარეგულირებასა და რასობრივი ურთიერთობების მოგვარებაში, ადამიანთა უფლებების დაცვაში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში, ბავშვთა და სამყაროს სხვა დაუცველი მოსახლეობის უფლებებისათვის, ასევე ღატაკი და ნაკლებად განვითარებული სოციალური ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში. 

სამყაროს ახსოვს ნელსონ მანდელა – აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) მეთაური, აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი, რომელიც 27-წლიანმა პატიმრობამაც ვერ გატეხა. 1990 წელს 73 წლის მანდელას გათავისუფლება წლის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა გახდა. ვესტერის ციხიდან მის გამოსვლას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში. ყველამ დაინახა, რომ ხანგრძლივმა პატიმრობამ მხოლოდ მის სხეულს დაატყო კვალი, ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლის სულისკვეთებას კი ვერაფერი დააკლო. მანდელას გულმხურვალე შეხვედრა მოუწყვეს: უამრავი ტელეკამერა, ფოტოაპარატი, ჟურნალისტი ელოდა მის გამოჩენას. რაც მთავარია, ყოფილ პატიმარს უამრავი კეთილი სურვილი და დიდი იმედი შეაგებეს. მანდელა გაოცებასა და სიხარულს ვერ მალავდა: “გუშინ ტერორისტს მეძახდნენ, ციხიდან გამოსული კი ბევრმა ჩამიკრა გულში, მათ შორის ჩემმა ყოფილმა მტრებმაც”. 

მანდელა ციხიდან გამოსვლისთანავე ანკ-ის მეთაური გახდა და მონდომებით შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას. შემოიარა მთელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ხალხს თანასწორუფლებიანობისკენ მოუწოდა. ექვს თვეში მან ოფიციალურად განაცხადა ანკ-ის შეიარაღებული ბრძოლის დასრულების შესახებ. ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდებისთვის უპირატესობის მინიჭებამ მანდელას ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები ჩამოაშორა. ეს ცვლილება მრავალი შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ზოგიერთისთვის იგი მხოლოდ პატივსაცემი ჯენტლმენი იყო, რომელსაც კეთილშობილური, მაგრამ უტოპიური, განუხოციელებელი იდეები ჰქონდა.

მანდელამ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო მოქმედ პრეზიდენტ დე კლარკთან. „თუ მშვიდობა გინდა, შენს მტერთან ერთად უნდა იმუშაო, მაშინ ის შენი პარტნიორი ხდება,” _ განაცხადა მან. მართალია, მათი ურთიერთობა სავსე იყო კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით, მაგრამ მაინც მოხერხდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. მათ შორისაა მანდელასა და დე კლარკის „ურთიერთგაგების ჩანაწერი”. 1993 წელს მანდელა და დე კლარკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. 

მთავარ მიზანს – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას – ნელსონ მანდელამ 1994 წლის 27 აპრილს მიაღწია. იმ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დიდმა მღელვარებამ მოიცვა. შავკანიან მოქალაქეებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკუთარ ქვეყანაში. მანდელას ლიდერობით ანკ-მა ხმების 62,6% მოაგროვა და ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა. ბევრისთვის გასაკვირად, მან კაბინეტში ეროვნული პარტიის (თეთრკანიანების) და მოწინააღმდეგე შავკანიანთა პარტიის წევრებიც დანიშნა. მანდელამ პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პატივისცემა მოიპოვა. დაიწყო აპარტეიდული კანონების გაუქმება. ამავე დროს პრეზიდენტი აფრთხილებდა მოსახლეობას, დიდი ცვლილებები ერთ ღამეში არ ხდება, ხვალვე „მერსედესები” არ გეყოლებათ და არც საკუთარ აუზებში იცურავებთ უდარდელადო.  

მანდელას მთავრობის პრიორიტეტებს ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენდა. ამასთანავე ის მუდმივად მოუწოდებდა თავის თანამემამულე შავკანიან უმრავლესობას და თეთრკანიან აფრიკელებს სიყვარულისა და ურთიერთგაგებისაკენ. „არავინ იბადება სხვა ფერის კანის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით. ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რადგან ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს,” _ ამბობდა იგი. მანდელას მიერ გაღებული ძალისხმევის კარგი მაგალითია შავკანიანებისთვის ერთ დროს საძულველი თეთრკანიანი რაგბისტების გუნდის გულშემატკივრობა 1995 წლის მსოფლიო თასზე. სიყვარულისა და თანასწორობის ნიშნად, მანდელამ „სფინგბოქსების” მაისური ჩაიცვა და ისე გადასცა გუნდის კაპიტანს ჯილდო.

ნელსონ მანდელა პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც აქტიურად არის ჩართული სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დღესაც „მადიბას” – ოჯახის უფროსს ეძახიან. ის და მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „46664″ შიდსის წინააღმდეგ იბრძვიან. მისი ვაჟი შიდსით გარდაიცვალა. მას ესმის ამ ვირუსით დაავადებულებისა და მათი ახლობლების ტრაგედია. 2007 წელს მანდელამ თანამოაზრეებთან, დესმონ ტუტუსა და გ. მაჩელთან ერთად იოჰანესბურგში მსოფლიოს ლიდერთა ჯგუფი „უფროსები” ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც ლიდერთა მიერ ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე საჭირბოროტო საკითხების მოგვარების მიზნით. ამ ჯგუფის წევრთა არასრული სია ასე გამოყურება: კოფი ანანი, ჯიმი კარტერი, მერი რობინსონი, მუჰამაუ იუნუსი… 

დაბადებისას მას „როლიჰლაჰლა” დაარქვეს, რაც ნიშნავს: „ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს”. სკოლის მასწავლებელმა მას ნელსონი შეარქვა, რადგან აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. იგი ახალგაზრდობიდანვე ჩაება პოლიტიკურ მოძრაობებში. 22 წლის იყო მანდელა, როცა კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების გამო. მალე ის იოჰანესბურგში გადავიდა და ოქროს მაღაროში დაიწყო მუშაობა. ამავე დროს უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტიც დაამთავრა. იოჰანესბურგშივე გაიცნო მან სულიერი მოძღვარი ვოლტერ სისულუ და მომავალი თანამებრძოლი ოლივერ ტამბო.

 

მალე მანდელამ ოლივერ ტამბოსთან ერთად იოჰანესბურგში პირველი საადვოკატო ფირმა გახსნა, რომელიც შავკანიანებს ემსახურებოდა. თავისი საქმიანობის გამო ის ყოველდღე აწყდებოდა რასიზმის დამამცირებელ გამოვლინებებს. 1944 წელს ნელსონი აფრიკის ნაციონალურ კონგრესს შეუერთდა. ანკ-ი იმ დროისათვის სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია იყო. მანდელა და ანკ-ის ახალგაზრდული ლიგის წევრები თავიდან განდის მშვიდობიანი წინააღმდეგობის იდეით იყვნენ შთაგონებულნი და ბრძოლის პაციფისტურ მეთოდებს უჭერდნენ მხარს. 

პრაგმატულობით, სხვისი მოსმენისა და მოთმინების უნარის წყალობით მანდელამ მალევე შეძლო თანაგუნდელების მოხიბლვა. 1951 წელს ის ანკ-ის ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტი გახდა. პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად შეიცვალა მისი პაციფისტური შეხედულებებიც, იგი ყველაზე რადიკალურ ფრთას – წინააღმდეგობის ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება იყო. 1948 წლიდან კოალიციურმა მთავრობამ, დანიელ მალანის ხელმძღვანელობით, მწვავე რასისტული და დისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას მიჰყო ხელი. აიკრძალა სხვადასხვა რასის ადამიანთა შორის ქორწინება, დადგინდა მკაცრი გეოგრაფიული ზონები სხვადასხვა რასის წარმომადგენელთათვის, შავკანიანთა გადადგილების შეზღუდვის მიზნით მკაცრად გაიმიჯნა შავკანიანთა და თეთრკანიანთა საავადმყოფოები, სკოლები, პარკები, ავტობუსები და სხვ. 

მანდელას თაოსნობით ანკ-ის ახალგაზრდული ლიგა აქტიურად მოუწოდებდა შავკანიანებს სამოქალაქო წინააღმდეგობისაკენ. მათ აპარტეიდის კანონის საწინააღმდეგოდ 600-მდე დემონსტრაცია და გაფიცვა მოაწყვეს. მთავრობამ ანკ-ი კანონგარეშედ გამოაცხადა და მანდელას, როგორც მისი ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტს და წინააღმდეგობის ჯგუფის ხელმძღვანელს, 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, 1956 წელს, მას ღალატის ბრალდებაც წაუყენეს. ანკ-ის წევრებისა და საერთოდ, სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის სახალხო მოძრაობისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა შარფევილის მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევა 1960 წელს. ამ სისხლიან დარბევას 60-მდე შეუიარაღებელი შავკანიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ამავე დროს ანკ-ისა და პანაფრიკული კონგრესის ყოველგვარი მოქმედება აკრძალა. მანდელასა და მის თანამებრძოლებს ადამიანთა უფლებების დეკლარაციის სწამდათ. მათ სწამდათ, რომ ხელისუფლების ძალაუფლების საფუძველი ხალხის ნება უნდა ყოფილიყო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ანკ-მა დაასკვნა, რომ იმ დროს ბრძოლის შეწყვეტა აფრიკის სამუდამო დამუნჯების ტოლფასი იქნებოდა. 

მანდელას აზრით, აპარტეიდული ხელისუფლების დასამარცხებლად საჭირო იყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. 1961 წელს ეთიოპიაში პანაფრიკულ კონფერენციაზე მან განაცხადა: „როცა ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის მთავრობა მხოლოდ ძალის გამოყენებით ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას უმრავლესობის წინააღმდეგ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში აღარ სუფევს”. იმავე წელს ჩამოყალიბდა იატაკქვეშა შეიარაღებული მოძრაობა „ერის მახვილი”, რომლის საპატიო მდივნადაც ნელსონ მანდელა დაინიშნა. მიუხედავად დიდი რისკისა, ორგანიზაციისათვის საჭირო ფინანსების მოსაძიებლად ის აფრიკის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობდა. დაბრუნებისას მანდელა ქვეყნის უკანონოდ დატოვებისა და არაკანონიერი დემონსტრაციების მოწყობისათვის დაპატიმრეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე მან კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი შეხედულება: „მე რასისტი არ ვარ და არანაირი სახის რასიზმს არ ვუჭერ მხარს. ჩემთვის თეთრკანიანების რასიზმიც ბარბაროსობაა და შავკანიანებისაც”. 

1964 წელს პრეტორიის უზენაესმა სასამართლომ მანდელას ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. თავის სიტყვაში ნელსონმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა საკუთარი მრწამსი და შეხედულებები; ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე ანკ-ს სწამდა მშვიდობიანი წინააღმდეგობის ძალისა, რომ მისი პოლიტიკა და მოქმედება შარპელვილის სისხლისღვრამდე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი იყო. მან უარყო ღალატის ბრალდება და ამავდროულად აღიარა, რომ “ერის მახვილის” მიერ ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმები ერთადერთი გზა იყო აპარტეიდის დასამარცხებლად, რადგან მთავრობის მოქმედებებმა სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. 

ნელსონ მანდელას სასამართლომ მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა. მისი ბოლო, 27-წლიანი პატიმრობა კეიპტაუნიდან 11 კილომეტრით დაშორებულ რობენის კუნძულზე დაიწყო. ამ კუნძულზე სეგრეგირებული ზონები არსებობდა თეთრკანიანი და შავკანიანი პატიმრებისათვის. აქვე იყო განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული ზონა პოლიტპატიმრებისათვის. ავტობიოგრაფიულ წიგნში „გრძელი გზა თავისუფლებამდე” მანდელა იხსენებდა, რომ მას მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ ჰქონდა უფლება, ერთი მნახველი და ერთი წერილი მიეღო. ეს უკანასკნელი ხშირად დიდი დაგვიანებით მოსდიოდა და ისე იყო დაზიანებული, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელი ხდებოდა. ქვეყანაში აიკრძალა მანდელაზე საუბარი – ამ გზით მთავრობას სურდა, საზოგადოებას დავიწყებოდა ის და მასთან ასოცირებული ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის. 

მანდელა განსაცვიფრებელი მოთმინებით იტანდა მძიმე პატიმრობას. მას არც იმედი დაუკარგავს და არც ცხოვრების ხალისი. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მან ლონდონის უნივერსიტეტში დისტანციური სწავლება გაიარა და იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ხანგრძლივმა პატიმრობამ კვალი მის ჯანმრთელობას დაამჩნია. შავკანიან აქტივისტებზე მანდელას „არასასურველი გავლენის” შესამცირებლად მთავრობამ ის და ანკ-ის სხვა ლიდერები პოლსმურის ციხეში გადაიყვანა. პატიმრობისას მას არაერთხელ შესთავაზეს გარიგება – საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ბანტუსტანის პოლიტიკის მართებულობა ეღიარებინა და ანკ-ის ბრძოლის მეთოდები დაეგმო. მანდელამ ყველა შემოთავაზება უარყო: „არ მესმის, რა თავისუფლებას მთავაზობენ, როცა ხალხის ორგანიზაცია ჯერ კიდევ აკრძალულია. პატიმრებს არ შეუძლიათ მოლაპარაკება და არც გარიგება. ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ”.  

ნობელის პრემიის გარდა, ნელსონ მანდელას 20-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო ქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენი, მეგობრობის ორდენი რუსეთისგან, პლაი ხირონის ორდენი კუბისგან, ხალხთა მეგობრობის ვარსკვლავი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისგან, დამსახურების ორდენი დიდი ბრიტანეთისგან, აშშ-ს კონგრესის ოქროს მედალი და პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, უკრაინის კნიაზ იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენი, ბხარატ რატნას ორდენი ინდოეთისგან, აცტეკური არწივის ორდენი მექსიკისგან და სხვ. 

ნელსონ მანდელას პატივსაცემად ინგლისურმა ჯგუფმა “The Specials”  ჩაწერა სიმღერა “ნელსონ მანდელა”. მისი სახელი ეწოდა უგანდის საქალაქო ოლქს, აქვე გაიხსნა მისი სახელობის ეროვნული სტადიონი. კეიპტაუნში მანდელას სახელი მიენიჭა ქუჩას, ლონდონის ცენტრში კი მისი მონუმენტი აღმართეს. 1988 წელს საბჭოთა კავშირში მანდელასადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა გამოუშვეს. 2009 წელს კი გამოვიდა დოკუმენტური დრამა “დაუმორჩილებელი”, რომელიც ამ დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მიმდინარე წელს კომპანია Google-მა ნელსონ მანდელას ციფრული არქივი შექმნა. 

იგი 5 დეკემბერს სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელოვანი პერიოდი – „დიდი ტერორი“

0

რჩევა მოსწავლეს:

* წერილობით გამოხატე შენი მოსაზრება. დაწერე
შესავალი, რომელშიც გააკეთებ მოკლე ისტორიულ მიმოხილვას, მაგრამ ისტორიამ არ
გაგიტაცოს, ყოველთვის გახსოვდეს, რა თემას წერ და რატომ. მოიყვანე (მინიმუმ) ორი
ურთიერთსაპირისპირო არგუმენტი. დასკვნა რადიკალური ნუ იქნება, ეცადე, დაიცვა
ბალანსი. კრიტიკული ხედვა, სასურველია, დასკვნაშიც გამოამჟღავნო. პარალელები თემაში
არაჩვეულებრივია, მაგრამ მათი მეშვეობით მხოლოდ მთავარი სათქმელი უნდა გამოთქვა, ამიტომ
ახსენი, რატომ გინდა ამ ანალოგიის გამოყენება, რის მანიშნებელია ეს? დასკვნაში
ახალ ფაქტებს ნუ მოიყვან.

ვრცლად

თავგატეხილასთან, გამოქვაბულში

0
თქვენი არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყველაზე მძაფრი ამბები ბავშვობაში ხდება, თავგადასავლებიც უფრო ბუნებრივი, შეუნიღბავი და ადამიანურია. ოღონდ ეგაა, დამახსოვრება უნდა შეძლო.

ერთი ასეთი ამბავი დიდი ხნის წინ, გასულ საუკუნეში მომხდარა სიღნაღში. ხმა გავარდა, ბიჭები დაიკარგნენო. პატარა ქალაქი იყო და ყველამ შეიტყო, ყველა გამოვიდა დაკარგულების საძებრად. ბიჭებიც პატარები იყვნენ, იმ ასაკში, როცა ადვილად შეიძლება მოიხიბლო წაკითხულ-გაგონილი ზღაპრული თავგადასავლებით, ამან წაგაქეზოს და შენც სცადო მსგავსი რამ – ერთფეროვანი გარემოსგან თავის დასაღწევად. 

შემდეგ ეს ამბავი რომანის ფურცლებზეც შეიძლება მოხვდეს, ისეთი რომანისა, რომლის მსგავსიც იშვიათად იწერება.

მოდით, ერთად გავიხსენოთ –

როგორ ხვდებიან ფარნაოზი და ინო დარიაჩანგის ბაღში ერთმანეთს, როგორ აუყვებიან ხრიოკ, ბუჩქნარებით მოფენილ ფერდობს, მღვიმეს გადააწყდებიან და ჩქარი სიარულისგან დაღლილები და გაოფლილები, დასვენებას გადაწყვეტენ.

მერე მღვიმე დააინტერესებთ, შეიხედავენ და იქიდან რომელიღაც ფრინველი გამოიჭრება გარეთ ფართხაფურთხით. „მღვიმის სული გამოფრინდაო” – სრული სერიოზულობით იტყვის ფარნაოზი.

ორივეს მოეწონებათ მღვიმე, შეთანხმდებიან, რომ აქ სიამოვნებით იცხოვრებენ და შეუდგებიან იქაურობის დასუფთავებას. ქვა-ღორღს გამოზიდავენ, იატაკს მოასწორებენ, გამოგვიან და მერე გარეთ, ხველებ-ხველებით გამოცვენილები დიდხანს უცქერენ, როგორ გამოდის მღვიმიდან წითელი მტვერი და თავის ბუნაგს მომხვდურებს უთმობს.

ესეც მათი პირველი განზრახვისა და სითამამის თავშესაფარი. ოღონდ რაც გაქცევამდე არ არსებობდა – შიმშილი, წყურვილი და ხიფათები – გაქცევის შემდეგ, გამოქვაბულში ერთიანად წამოყოფს თავს: სადღაც ტურები ახარხარდებიან, განგებ დაგორებული თუ თავისით მომწყდარი ქვა დიდხანს მოხტუნავს ფერდობზე, სანამ ხევში ჩაინთქმება. 

ერთი სიტყვით, ღამეა, ჩამობნელდა, ჩამოცხა, დუმილი გაურკვეველი, საიდუმლო ხმებით გაივსო, ცაზე ვარსკვლავები აჩახჩახდნენ. ინო და ფარნაოზი ტყუპებივით მიხუტებიან ერთმანეთს. „აი, ის ვარსკვლავი შენთვის მიჩუქნია!” – ამბობს ფარნაოზი და ინო თვალს ვეღარ აშორებს დიდ, ლურჯ ვარსკვლავს. იქამდე უყურებს, სანამ თვალები არ აებლანდება, მერე გაიღიმებს და საჩუქარს გულში ჩაიკრავს. გული უცნაურად დაუმძიმდება. ინოს უკვირს, რას იფიქრებდა, თუ ეს ციმციმა ნაპერწკალი ასე მძიმე იქნებოდა, სუნთქვას შეუკრავდა და წვეტიანი ქიმებით გულის კედლებს ჩაუკაწრავდა.

…ერთი კვირის მერე აზმუვლებული ნახირი ჩამოივლის სოფელში. ქვაფენილზე ჩლიქების ფხაჭუნისა და ზანზალაკების ყურისწამღები ხმა რომ მიწყნარდება, ნახირის მწყემსები იტყვიან, გამოქვაბულში ბავშვებს მოვკარით თვალიო. მერე ის მოხდება, რომ ვანელები შიმშილისგან დაოსებულ, გამოქვაბულის კუთხეში მიყრილ ინოს და ფარნაოზს მოულოდნელად დაადგებიან თავზე, დაიჭერენ და ყველას დასანახად ჩამოატარებენ ქალაქში.

 

ეს ეპიზოდი ოთარ ჭილაძის რომანიდან „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ბევრს გვახსოვს, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, რომ მსგავსი ამბავი გასულ საუკუნეში მართლა მოხდა სიღნაღში (მშობლიური სიღნაღი მოგვიანებით ოთარ ჭილაძის კიდევ ორ რომანში დაიდებს ბინას – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” და „მარტის მამალი”). 

თამაზ ჭილაძე თავის წიგნში – „ოთართან ერთად” მოგვითხრობს:

„ერთ დღეს სიღნაღში ხმა გავარდა, ბიჭები დაიკარგნენო – ანუ ოთარი და მის მიერ ფანტასტიკური სათავგადასავლო ამბებით მონუსხული ერთ-ერთი მისი კლასელი, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს… მთელი ქალაქი ეძებდა დაკარგულ ბიჭებს, ისინი „თავგატეხილას” ქვევით (განთქმული წყაროა სიღნაღში), კლდეში გამოჭრილ გამოქვაბულში იყვნენ შეყუჟულები. ეტყობა შესცივნოდათ და ცეცხლი დაენთოთ. ვიღაც მგზავრს კვამლი შეენიშნა…

ამ ცეცხლს დიდი ხნის მერე ფარნაოზი დაანთებს ოთარის პირველ რომანში…”

ეს ჩანაწერი, გარდა იმისა, რომ ერთ საინტერესო ფრაგმენტს გვაცნობს ოთარ ჭილაძის ბავშვობიდან, მის ლიტერატურულ ვერსიაზეც გვაძლევს ინფორმაციას. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის „ცეცხლის დანთებაა”, რომელიც იქამდეა ერთი კაცის ბიოგრაფიის ნაწილი, სანამ დიდი მწერლის ხელში მოხვედრილი, მის წარმოსახვაში ამოვლებული მარადიულ სიცოცხლეს არ შეიძენს. 

გია ნიჟარაძე – რაგბი ქართული სპორტია

0
არსებობს გადმოცემა, რომ რაგბი 1823 წლის 7 აპრილს დაიბადა. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby;  აქედან მომდინარეობს თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეს ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ჰქვია. სინამდვილეში იმხანად ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომლებმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს – Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ, რომელი წესებით ეთამაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი – მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში, 1871 წელს კი თამაშის ამ წესის მიმდევრებმა დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც ინგლისსა და შოტლანდიას შორის.

როგორც მორაგბეები ამბობენ, ქართველებმა რაგბი პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ითამაშეს; ოფიციალური წყაროების მიხედვით, რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი ჩვენთან 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა, პირველი ქართული კლუბი კი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც  1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება, თბილისის პირველობა, ოთხი გუნდის მონაწილეობით 1962 წელს გაიმართა.

უკანასკნელ ხანს რაგბი საქართველოში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სახეობაა, რის გამოც სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, გახდეს მორაგბე. რა ხიბლი აქვს რაგბის და რით იზიდავს იგი ქართველ ახალგაზრდებს? ამის შესახებ mastsavlebeli.ge-ს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ესაუბრება.
• ბატონო გია, ბოლო ხანს ქართველმა მორაგბეებმა მრავალი სასახელო გამარჯვება მოიპოვეს. მხოლოდ ამის წყალობით არის, რომ რაგბი ქართველ ახალგაზრდებში ასეთი პოპულარული გახდა?

– გამარჯვებები თავისთავად არ მოდის; ისინი დიდი შრომის საზღაურია. უამრავმა თაობამ სისხლისა და ოფლის ფასად მოიტანა რაგბი დღევანდელ დღემდე. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უეცრად დაინგრა მთელი სისტემა, შეწყდა ცენტრალური დაფინანსება, სპორტის მრავალ სახეობას გაუჩნდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ გადავრჩით, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ოჯახი ვართ. ბევრმა გმირმა მორაგბემ სახლები და სხვა ქონება გაყიდა და ამ გზით შეინარჩუნა ეს ოჯახი. შემდეგ ნელ-ნელა განვვითარდით და ჩამოყალიბდა რაგბის კავშირი. თითოეულმა მოთამაშემ, ხელმძღვანელის ჩათვლით, ყველაფერი გააკეთა, რომ წლების განმავლობაში გავძლიერებულიყავით. დიდმა შრომამ და უზარმაზარმა სიყვარულმა მოგვიყვანა აქამდე. ზოგჯერ ჩვენც მოგვდის უთანხმოება, როგორც ყველას, მაგრამ ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს და ვაკეთებთ იმას, რაც ქართული რაგბისა და ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიკეთო. ალბათ ამით განვსხვავდებით სხვებისგან.

რაგბი მორაგბისთვის არ არის მხოლოდ სპორტი; ეს არის ცხოვრების წესი, ფასეულობათა მთელი ნაკრები, რომლის გარეშე ეს სპორტი ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს. არ მინდა, გაცვეთილი ფრაზებით ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია – ჩვენი ფასეულობებია სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის სამსახური, თავგანწირვა, მეგობრობა, რაინდობა, მეტოქე გუნდისა და მისი მაყურებელის დაფასება, სუსტის დახმარება. უამრავ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც სპორტს არ უკავშირდება, მაგრამ ვერავინ იგებს, რადგან ვაკეთებთ პიარისა და ქულების ჩაწერის გარეშე. ერთი სიტყვით, ეს ფასეულობები კრავს ჩვენს ოჯახს. დიახ, მე ოჯახს ვეძახი სარაგბო საზოგადოებას და ამ სულისკვეთებით ვზრდი ახალგაზრდა თაობებსაც, მერე ისინი ზრდიან მომდევნოს და ასე… ასეთივე სულისკვეთებაა მსოფლიო რაგბიში. ჩვენც ნაწილი ვართ ამ საერთაშორისო სარაგბო ოჯახისა, რომელიც ღირსეული ფასეულობებით ცხოვრობს. გამონაკლისი აქ არ არსებობს, მიუხედავად ამ რთული სამყაროსი, სადაც ფასეულობები ან იმსხვრევა, ან იცვლება და, სამწუხაროდ, არცთუ სასიკეთოდ.

• რა მონაცემები უნდა ჰქონდეს მოზარდს, რომ მორაგბე გახდეს? 

– ჩემი პირველი მოწოდება მშობლებისადმი ის იქნება, რომ ბავშვი სპორტის ნებისმიერ სახეობაზე მიიყვანონ. ნუ იქნება რაგბი, ოღონდ მიიყვანეთ. ერი კნინდება ფიზიკურად და, შესაბამისად, სულიერადაც. არ შეიძლება, ბავშვი სპორტის გარეშე არსებობდეს. რაც შეეხება რაგბის, ის ძალიან დემოკრატიული სპორტია და არავითარ სპეციალურ მონაცემებს არ მოითხოვს. ჩვენთან არის ღონიერები, სუსტები, მაღლები, დაბლები… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაგბის თამაში, თუ ექნება სათანადო ფიზიკური მომზადება და, რაც მთავარია, სულიერი სიმტკიცე. ამასთან, ის რაგბის ფასეულობების ერთგული უნდა იყოს. ეს ყველაფერი საწინდარია იმისა, რომ ადამიანი ძალიან წარმატებული მორაგბე გახდეს.
• ჩემთვის ცნობილია, რომ სკოლებში არჩევითი სპორტის სახეობად შეტანილია რაგბიც. ბევრი მოსწავლე ირჩევს ამ სპორტს?

– უფრო და უფრო მეტი. სამწუხაროდ, რაგბი ყველა სკოლაში არ არის დანერგილი, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტურქტურა. ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერი სკოლის მასწავლებელს დავეხმაროთ სარაგბო კვალიფიკაციის ამაღლებაში, ჩავუტაროთ ტრენინგები ქვედა დონეზე, მაგრამ შემდეგ თავს იჩენს ინფრასტრუქტურული პრობლემა. არა მარტო რაგბიში – ფეხბურთშიც იგივე პრობლემები აქვთ. აქ განათლების სამინისტროს უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია. იმედია, სახელმწიფო მეტ თანხას გამოყოფს იმისთვის, რომ აშენდეს და გარემონტდეს დარბაზები. ბავშვებს უნდა მიეცეთ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართვის საშუალება. რაგბის ანბანის სწავლება დარბაზებშიც შეიძლება. სპეციალური „ანის და ბანის პროგრამებიც” გვაქვს, რის შემდეგაც მოსწავლეები გადავლენ სპეციალურ სექციებში, კლუბებში. ასე განვითარდებიან და ჩამოყალიბდებიან მორაგბეებად. 
• რატომ მოინდომეთ სასჯელაღსრულების სისტემაში რაგბის დანერგვა?

– ავჭალის კოლონიაში ვავარჯიშებთ არასრულწლოვან პატიმრებს, ვასწავლით რაგბის ფასეულობებს, ვახვედრებთ თანატოლებს. შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდიან, ვანაწილებთ ჩვენს კლუბებში, რომლებიც პასუხისმგებელნი ხდებიან მათ მომავალზე. ეს ჩემი იდეა და ოცნება იყო, რადგან მცირეწლოვანის ციხეში მოხვედრა ტრაგედიად მიმაჩნია. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. იმავეს ვაკეთებთ ობოლ ბავშვთა სახლებში, დევნილებთანაც.

ჩემი მეგობრების ინიციატივით, საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ არაქართულენოვან მოსახლეობაში: ასპინძაში გვაქვს ბაზა, სადაც ახალქალაქიდან ვიწვეთ სომხური წარმომავლობის ბავშვებს. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, სომეხ ბავშვებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია გაადვილებოდათ, დაეძლიათ სხვადასხვა პრობლემა. ფანტასტიკური შედეგი გვაქვს – ბავშვები თამაშობენ რაგბის, ლაპარაკობენ ქართულად, მეგობრობენ თანატოლებთან…
• საზოგადოება გამორჩეულად აფასებს მორაგბეთა წარმატებას. ქართულმა რაგბიმ სახელი გაითქვა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, განსკუთრებით მნიშვნელოვანია. 

– ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გაირკვა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს სახელის გატანაში რაგბის უზარმაზარი წვლილი შეუტანია. ეს არის საშუალება, დააინტერესო რაც შეიძლება მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში, რათა გადაშალონ ენციკლოპედია და წაიკითხონ საქართველოს შესახებ, ჩამოვიდნენ, დაიწყოს ურთიერთობები, რომლებიც კულტურულ, სპორტულ, საქმიან თუ პოლიტიკურ ურთიერთობებში გადაიზრდება. ჩვენ ამ კუთხით დიდი დახმარების გაწევა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც. 

• რაგბის ტრადიციებსა და რიტუალებზე ლეგენდებს ჰყვებიან… რა რიტუალები აქვს ქართულ რაგბის? 

– ამ ტრადიციებს მე ფასეულობებს დავარქმევდი. ერთ-ერთ ფასეულობაა მოწინააღმდეგის პატივისცემა. მორაგბეებმა მოედანზე შესაძლოა ჩახოცონ ერთმანეთი, მაგრამ გაისმება თუ არა მსაჯის სასტვენის ხმა, ეს ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. გამარჯვებული გუნდი გარბის მოედნის კიდისკენ, აკეთებს დერეფანს და ტაშით აცილებს დამარცხებულ გუნდს, რომელიც ამ დერეფანში გადის. ამით ის დამარცხებულის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მადლობას უხდის თამაშისთვის. მერე უკვე დამარცხებული გუნდი აკეთებს დერეფანს გამარჯვებულისთვის… ბოლოს „მესამე ტაიმი” იმართება – ორივე გუნდი, მსაჯები და სპორტული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ერთად მიდიან რესტორანში, სვამენ ღვინოს ან ლუდს და საუბრობენ რაგბიზე.

რიტუალი ყველა გუნდს თავისი აქვს. ზოგიერთი, მაგალითად, ახალზელანდიელები და სამოელები, მოედანზე საბრძოლო რიტუალს ატარებს. ჩვენი რიტუალი ასეთია: თამაშის წინ ბიჭები მარტო რჩებიან გასახდელში, დგებიან წრეში, ეხვევიან ერთმანეთს და „მამაო ჩვენოს” კითხულობენ… ჩვენ ჩვენი ქვეყნის მეომრები ვართ. ჩვენი წინაპრები სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის იბრძოდნენ. ჩვენც ჩვენი ქვეყნისა და უფლისთვის ვლოცულობთ და ასე გავდივართ მოედანზე.

• ქართველი მორაგბეები ხშირად ამტკიცებენ, რომ რაგბი ქართული თამაშია. რატომ? 

– პირველი – ჩვენში საუკუნეების განმავლობაში თამაშობდნენ ლელოს, რომელიც ძალიან ჰგავს რაგბის. მეორე – ფასეულობები, რომლებიც ჩამოვთვალე, ჩვენი მენტალიტეტიდან, ტრადიციებიდან, წარსულიდან მოდის. დიახ, ეს ჩვენი სპორტია, ამიტომ მეტ და მეტ წარმატებას მივაღწევთ და ამ პატარა ქვეყნის შვილები მსოფლიოში წარმატებულ ადგილს დავიმკვიდრებთ. დარწმუნებული ვარ, სამოასთან ისტორიული მოგება კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს ქართველ ახალგაზრდებს სპორტის ამ სახეობის მიმართ. 

რაგბი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სპორტია, რომელიც ახალგაზრდას ბევრ რამეს მისცემს: ხალხის სიყვარულს, პატივისცემას, ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს, წარმატებას. მორაგბე ბუნებით ლიდერია და სადაც არ უნდა წავიდეს – ბიზნესში, პოლიტიკაში თუ სხვაგან, ლიდერად დარჩება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. მე გარანტიას ვაძლევ მშობლებს, რომ რაგბის წყალობით მათი შვილებისგან კარგი ადამიანები დადგებიან. ამიტომ უნდა აირჩიონ რაგბი.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

ჰოვარდ გარდნერის თეორია საკლასო ოთახში

0
ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

უკან დაგვრჩა სასერტიფიკაციო გამოცდების ოთხი წელი. როგორც ამბობენ, წინ ახალი საგამოცდო პერიპეტიები გველის, რომლებიც, ჯერ არ ვიცით, რა კრიტერიუმებზე იქნება აგებული, ამიტომ, მოდი, ამჯერად წარსულზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რა მოგვცა ამ წლებმა? მოსაზრება უამრავია და ურთიერთგამომრიცხავი, შეფასებებში დადებითს უარყოფითი სჭარბობს. როგორც ამ გამოცდებისა და ტრენინგების აქტიურ მონაწილეს (ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველ წელს ვმონაწილეობდი სხვადასხვა საგანში სხვადასხვა მიზნით), საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. მერწმუნეთ, ამ გამოცდილებაში უარყოფითიც მრავლად მოიპოვება, მაგრამ ნება მომეცით, დღეს მაინც დადებით მხარეებზე გესაუბროთ.

თუ მკითხავთ, რა მიმაჩნია სასერტიფიკაციო გამოცდების დადებით მხარედ, ასე გიპასუხებთ: მასწავლებლების აქტიურმა ნაწილმა უკეთესად გაიცნო (ან ახლაღა აღმოაჩინა) მსოფლიო პედაგოგიური აზროვნების კორიფეები. იმედია, ამ აღმოჩენებს უკვალოდ არ ჩაუვლია და გაკვეთილების ხარისხზე აისახა, სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და აქტიური გახადა. მინდა, ამ წერილში სწორედ ერთ ასეთ „აღმოჩენაზე”, კერძოდ, ჰოვარდ გარდნერსა და მის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე გესაუბროთ.

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია რამდენიმე მიზეზის გამო მიმაჩნია საინტერესოდ. უწინარესად იმიტომ, რომ ის ფართო ასპარეზს იძლევა შემოქმედებითი უნარის წარმოსაჩენად. თეორია სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა. შემდეგ ის თავად ავტორმაც განავრცო და მისმა მიმდევრებმაც. ახალი იდეების წარმოშობა მომავალშიც არის მოსალოდნელი. გარდნერის თეორია საინტერესოა მის ირგვლივ წამოჭრილი აზრთა სხვადასხვაობის გამოც. მას გამოუჩნდა უამრავი მომხრე, რომლებიც ამტკიცებენ ამ თეორიის სიცოცხლისუნარიანობასა და გამოსადეგობას, მიიჩნევენ, რომ მასწავლებლებს წარმატებით შეუძლიათ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ამასთანავე, დღემდე არ წყდება საპირისპირო მოსაზრებებიც. ზოგიერთი სავსებით უარყოფს ამ თეორიას (მათ მიაჩნიათ, რომ მრავალმხრივი ინტელექტი არ არსებობს, რომ ადამიანს ერთი ზოგადი ინტელექტი აქვს), ზოგიერთი კი ირწმუნება, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია პრაქტიკაში ძალზე რთული გამოსაყენებელი და, შესაბამისად, უსარგებლოა.

თავისი წიგნი „გონების ჩარჩოები: მრავალმხრივი ინტელექტის თეორია” ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოვარდ გარდნერმა 1983 წელს გამოაქვეყნა. მას იმთავითვე ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გარდნერის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ექსპერიმენტატორი მასწავლებლის მრავალ კითხვას გასცემდა პასუხს, შეგვაძლებინებდა, გაგვეგო მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ ერგებოდნენ „ჩვეულებივი” მოსწავლის ყალიბს. გარდნერმა თვალნათლივ დაგვანახვა, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოსწავლეები თავიანთი ინტელექტუალური მონაცემებით და გვირჩია, ყურადღება იმაზე გაგვემახვილებინა, რა შეუძლიათ მოსწავლეებს, ნაცვლად იმისა, რა არ შეუძლიათ მათ.

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ამტკიცებს, რომ ინტელექტი არ ნიშნავს ტესტებში მიღებულ მაღალ ქულას – ეს პრობლემა ორგანიზებული განათლების დაარსების დღიდან არსებობს. გარდნერის თეორიამ განათლების მუშაკებს ახლებურად გაააზრებინა IQ-ს მნიშვნელობა და გონებამახვილობის განმარტება. მან შეცვალა მრავალი მასწავლებლის სწავლების სტილი.

თავისი იდეები გარდნერმა განავრცო კიდევ ორი წიგნით: „როგორ აზროვნებენ ბავშვები და როგორ უნდა ასწავლონ სკოლებმა” (1991) და „მრავალმხრივი ინტელექტი: თეორია პრაქტიკაში” (1993). 

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის წარმატებით გამოყენების შემთხვევაში მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს სწავლის მრავალი ახალი გზა აღმოაჩენინონ და თითოეულ მათგანს შეურჩიონ ის მეთოდი, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და თავისი რეალური შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას მისცემს.

ჰოვარდ გარდნერმა უარყო ინტელექტის ერთი საზომით გაზომვის პრინციპი. თავდაპირველად მან გამოყო ინტელექტის 7 სახეობა:

• ლინგვისტურ-ენობრივი ინტელექტი – საუბრისას თუ წერისას ენის ოსტატურად გამოყენების უნარი, კარგი ლექსიკური მარაგი; 

• ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი – მათემატიკური ოპერაციებისა და კომპლექსური ლოგიკური აზროვნების გაძლიერებული უნარები;

• მუსიკალური ინტელექტი – მუსიკის შესანიშნავად გაგებისა და შექმნის უნარი; 

• სივრცული ინტელექტი – სამყაროს ვიზუალურად ზუსტი აღქმის, დანახულის გონებაში ან ქაღალდზე ასახვა-შეცვლის უნარი; 

• სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი – სხეულის მოქნილად გამოყენების, სისწრაფისა და შეხების შეგრძნების უნარი;

• ინტერპერსონალური ინტელექტი – სხვების ხასიათების, სურვილების, მოტივაციების გაგებისა და ემპათიის უნარი;

• ინტრაპერსონალური ინტელექტი – თვითშემეცნების, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის, თვითდისციპლინის უნარი.

მოგვიანებით გარდნერმა თავის ნაშრომში „პირველი შვიდი და მერვე” განსაზღვრა მერვე – ნატურალისტური ინტელექტიც.

გარდნერი წერს: „ნატურალისტური ინტელექტი არის უნარი, აღიქვა და ერთმანეთისგან განასხვაო მცენარეები, მინერალები, ცხოველები, გქონდეს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობის განსაკუთრებული სიყვარული. ზოგიერთი ბავშვი 3-4 წლის ასაკში გაცილებით უკეთესად განასხვავებს ერთმანეთისგან დინოზავრების სახეობებს, ვიდრე ზრდასრულთა უმეტესობა”. მკვეთრად გამოხატული ნატურალისტური ინტელექტის მქონე პიროვნებად გარდნერს ჩარლზ დარვინი მიაჩნდა.
გარდნერის თეორია საკლასო ოთახში

როცა გარდნერს ჰკითხეს, როგორ მოახერხებდნენ მასწავლებლები მისი თეორიის სასწავლო პროცესში იმპლემენტაციას, მან უპასუხა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს. იგი უნდა ცდილობდეს ბავშვის ხასიათის ამოცნობას და იმის გარკვევას, რით განსხვავდება ერთმანეთისგან მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები; რაც მთავარია, ხელს უწყობდეს მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების ზედმიწევნით ეფექტურად გამოყენებაში”.

ჰოვარდ გარდნერმა შესაძლებლობა მისცა განათლების სფეროს მუშაკებს, გამოეთქვათ ახალი ვარაუდები სწავლისა და მოსწავლეების შესახებ. მასწავლებლებმა ამ თეორიის მეშვეობით გადაიაზრეს სწავლებისადმი ძველი მიდგომა, მოახერხეს გაკვეთილებისა და შესასწავლი თემების ახლებურად გააზრება.

პატრიცია ვებერი, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის ერთ-ერთი მიმდევარი, წერს: „განათლების სისტემის მიერ დამკვიდრებული ინტელექტის ვიწრო ხედვა უნდა შეიცვალოს და მობილიზაცია გაუკეთდეს ადამიანის მრავალმხრივ ინტელექტს”.

მასწავლებლების უმრავლესობა კარგი მოსწავლე იყო. ისინი თითქმის ყველა მიმართულებით აკმაყოფილებდნენ კურიკულუმის მოთხოვნებს, ანუ მათი უნარები კარგად იზომებოდა ოფიციალურად დამკვიდრებული შეფასების მეთოდებით. მაგრამ რა ქნან იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთ შესაძლებლობათა ტრადიციული გზით დემონსტრირება? გვიფიქრია იმაზე, როგორ ვსჯით მათ?

გადნერის თეორია აფართოებს საზღვრებს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენაში არსებობს სწავლის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი მომენტია. 21-ე საუკუნის მოქალაქეები მხოლოდ ლიტერატურული ან მათემატიკური უნარების დახვეწით ვერ მიაღწევენ წარმატებას; მათ მოეთხოვებათ გარემომცველი სამყაროს რეალური პრობლემების დანახვა და გადაჭრა. მომავალ თაობას უნდა შესწევდეს უნარი, იოლად მოიპოვოს და გამოიყენოს ამისთვის ყოველგვარი ინფორმაცია, იყოს პროდუქტიული. გარდნერის თეორია შესაძლებლობას გვაძლევს, ამ გამოწვევებისთვის დღესვე დავიწყოთ მზადება.

გარდნერის თეორიის კიდევ ერთი მიმდევარი, თომას არმსტრონგი, დიდი ხანია აწყობს ვორქშოპებს და პრეზენტაციებს მასწავლებლების დასახმარებლად, შეიმუშავებს მათთვის საკლასო აქტივობებსა და მეთოდებს. არმსტრონგი ეხმარება მასწავლებლებს, გაამრავალფეროვნონ სწავლის მეთოდები, უფრო მეტი იფიქრონ იმ ბავშვებზე, რომლებსაც წარუმატებლობა სდევთ თან, განსაკუთრებით მათზე, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ სწავლის უნარი ან ჰიპერაქტიურობის გამო ყურადღების მობილიზება უჭირთ.

არმსტრონგს მიაჩნია, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა (დროის დეფიციტისა, რესურსების ნაკლებობისა და სხვ.), მასწავლებლებს შეუძლიათ გაკვეთილზე რვავე ინტელექტის გამოყენება. ამისთვის ზოგჯერ ყურადღება სახელმძღვანელოდან ისეთ ელემენტებზე გადავიტანოთ, როგორიცაა ვიზუალი, დრამატიზება, სიტყვიერება, სოციალიზაცია და ნატურალიზაცია. არმსტრონგის აზრით, მასწავლებელი უკეთეს შედეგს მიაღწევს, თუ მიმართავს მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე დაფუძნებულ სწავლების სტილს და მოიშველიებს შემდეგ ქმედებებს: დახატავს დაფაზე, მოჰყვება ამბებს, საუბრისას ზომიერად გამოიყენებს სხეულის ენას, მოხერხებულად გამოიყენებს რიტმიკას, მოიყვანს მაგალითებს ბუნებიდან და ა.შ.

არმსტრონგი სთხოვს მასწავლებლებს და მშობლებს, უარი თქვან ტრადიციულ წარმოდგენებზე მოსწავლეების ნიჭიერების შესახებ, არ შემოიფარგლონ აკადემიური უნარების შეფასებით და ყურადღება მიაქციონ ისეთ უნარებს, როგორებიცაა, მაგალითად, თაგადასავლების სიყვარული, გარემომცველი სამყაროს ესთეტიკური აღქმა, თანაგრძნობა, გამბედაობა, ხელგარჯილობა, ემოციური სიმწიფე და სხვ.

როგორც ვთქვით, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას არც კრიტიკოსები აკლია. ზოგიერთი მათგანი მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ამ თეორიით მიღწეული შედეგები ზუსტად არ იზომება ტესტებით. არმსტრონგი ამ მოსაზრებას აბსურდულად მიიჩნევს, რადგან მრავალმხრივი ინტელექტის თეორია თავისთავად პარადიგმული ცვლილებაა, რომელიც სრულიად ახლებურ მიდგომას მოითხოვს შეფასების პრინციპების, საშინაო დავალებების და, საერთოდ, ყველაფრის მიმართ, რაც აზროვნებასთან არის დაკავშირებული. 

დაბოლოს, გარდნერის თეორია მასწავლებლებს – განსხვავებული გზებით სწავლების, მოსწავლეებს კი სწავლის პროცესის კორექტირების, საკუთარი შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას აძლევს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...