ორშაბათი, მაისი 18, 2026
18 მაისი, ორშაბათი, 2026

გამოცდების შედეგების გამოყენება მასწავლებელთა შეფასებისთვის

0

მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგების გამოყენება მასწავლებელთა შეფასებისთვის (რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრაციისთვის)

ნებისმიერი დაწესებულების წარმატებულად მუშაობისთვის საჭიროა მისი საქმიანობის რეგულარული ანალიზი და შეფასება, რომლის საფუძველზეც დადგინდება ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და სწორად დაიგეგმება სამომავლო საქმიანობა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ზოგასაგანმანათლებლო სკოლებია, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლების მუშაობის შეფასება, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიზუსტით.

უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სკოლებში სასწავლო წლის ბოლოს ტარდება მე-6 და მე-9-კლასელების ტესტირება. ეს გამოცდა არ არის სავალდებულო და სკოლა თავად წყვეტს, სჭირდება თუ არა მისი ჩატარება. ტესტირების შედეგების გამოყენება კი შეიძლება არა მხოლოდ თითოეული მოსწავლის მომზადების დონის დასადგენად, არამედ მასწავლებლების მუშაობის შესაფასებლადაც.

მე-6 და მე-9 კლასების გამოცდები მიეკუთვნება ცენტრალიზებული ტესტირების ტიპს (ისევე, როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში) და ტარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. ამ გამოცდების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტულ სკოლაში სწავლის დონის შეფასება, არამედ მიღებული შედეგების შედარება სხვა სკოლების შედეგებთან. მაგრამ ხდება თუ არა ასეთი შეფასებისას გამოცდის შედეგად მიღებული მონაცემების სწორად გამოყენება? ხომ არ ანიჭებს ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია რომელიმე კომპონენტს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას და ხომ არ ტოვებს ყურადღების მიღმა სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს?

ამ წერილში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს სკოლამ მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგები მასწავლებლების შეფასებისთვის.

 

მონაცემები, რომლებიც აღწერს გამოცდების შედეგებს.

მე-6 და მე-9 კლასების გამოცდები ტარდება რამდენიმე საგანში. გამოცდების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ სკოლას უგზავნის მონაცემთა პაკეტს, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • თითოეული მოსწავლის მიერ მიღებული ქულები საგნების მიხედვით;
  • თითოეული მოსწავლის პროცენტილი საგნების და ცალკეული სასწავლო თემის მიხედვით (პროცენტილის არსს განვიხილავთ მოგვიანებით);
  • სკოლის საშუალო შედეგი თითოეულ საგანში;
  • სკოლის პროცენტილი თითოეულ საგანში.

რადგანაც ჩვენს მიზანს ამ შემთხვევაში წარმოადგენს პედაგოგების მიღწევების შეფასება, ამიტომ ძირითადი ყურადღება უნდა მივაქციოთ არა ცალკეული მოსწავლეების ქულებს, არამედ თითოეულ საგანში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებლებს.

მაგალითისთვის გამოვიყენებთ 2014-2015 სასწავლო წლის ბოლოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩატარებული გამოცდების შედეგებს, რომლებსაც წარმოვადგენთ ცხრილების სახით (მოსწავლეების ინდივიდუალური შედეგების გარეშე).

6 კლასი

საგანი დავალებათა რაოდენობა სკოლის საშუალო შედეგი პროცენტილი
ქულები %
ქართული ენა და ლიტერატურა 40 24,13 60,32 44,88
მათემატიკა 30 11,00 36,67 25,82
ინგლისური ენა 70 37,25 53,21 70,43

 

9 კლასი

საგანი დავალებათა რაოდენობა სკოლის საშუალო შედეგი პროცენტილი
ქულები %
ქართული ენა და ლიტერატურა 40 20,43 51,08 18,03
მათემატიკა 30 6,00 20,00 0,49
ინგლისური ენა 70 22,86 32,65 23,53
ისტორია 60 29,00 48,33 34,05
რუსული ენა 70 23,00 32,86 28,70
გეოგრაფია 50 21,57 43,14 23,66
ბიოლოგია 40 18,14 45,35 34,33
ქიმია 40 17,00 42,50 28,99
ფიზიკა 40 10,57 26,42 6,22

 

მეოთხე გრაფაში მოცემული მონაცემები – პროცენტებით გამოხატული საშუალო შედეგი – სკოლას არ მიეწოდება, მაგრამ სკოლის წარმომადგენლებს თავად შეუძლიათ ამ რიცხვების გამოთვლა. რადგანაც თითოეული ტესტური დავალება არის 1-ქულიანი, ამიტომ დავალებათა რაოდენობა  ემთხვევა მაქსიმალურ ქულას, რომლის მიღებაც შეუძლია მოსწავლეს მოცემულ საგანში. ქულებით გამოსახული სკოლის საშუალო შედეგი (საშუალო ქულა) წარმოადგენს შესაბამისი კლასის გამოცდაზე გასული ყველა მოსწავლის ქულების საშუალო არითმეტიკულს, ხოლო პროცენტებით გამოსახული საშუალო შედეგი აჩვენებს, მაქსიმალური ქულის რამდენ პროცენტს წარმოადგენს საშუალო ქულა. პროცენტებით გამოსახული შედეგის გამოსათვლელად საჭიროა საშუალო ქულა გაიყოს შესაბამისი საგნის დავალებათა რაოდენობაზე და მიღებული შედეგი გამრავლდეს 100-ზე. მაგალითად, მე-9 კლასის ინგლისური ენის გამოცდის შემთხვევაში საშუალო შედეგის პროცენტული მაჩვენებელი გამოითვლება ასე: 22,86:70×100=32,65 (პასუხი დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით).

რადგანაც სხვადასხვა საგანში მაქსიმალური ქულა განსხვავდება, ამიტომაც კლასის შედეგის შესაფასებლად უფრო მართებულია პროცენტებით (და არა ქულებით) გამოხატული საშუალო შედეგის გათვალისწინება. მაგალითად, თუ სკოლის საშუალო შედეგი ქართულ ენაშიც და ისტორიაშიც იქნება ტოლი 20-ის, პროცენტებით გამოსახვის შემთხვევაში მივიღებთ სხვადასხვა რიცხვს – 50%-ს ქართული ენისთვის და 40%-ს ისტორიისთვის (ანუ ქართულ ენის შედეგი აღმოჩნდება უფრო მაღალი, ვიდრე ისტორიისა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა ერთნაირია).

ცხრილების ბოლო სვეტში წარმოდგენილი პროცენტილი კი არის სიდიდე, რომელიც აჩვენებს, მოცემულ საგანში სკოლის საშუალო შედეგი გამოცდაში მონაწილე დანარჩენი სკოლების რა ნაწილზე (რამდენ პროცენტზე) უკეთესია. პროცენტილის გამოთვლა არ არის საჭირო – ამ მაჩვენებელს სკოლა იღებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრიდან.

იმის დასადგენად, თუ რამდენად წარმატებულად იმუშავა თითოეული საგნის მასწავლებელმა, მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგებში პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება ორ სიდიდეს – სკოლის საშუალო შედეგს  და პროცენტილს. მაგ., მე-9 კლასის ინგლისური ენის გამოცდაში სკოლის საშუალო შედეგია 22,86 ქულა (რაც წარმოადგენს მაქსიმალური ქულის დაახლოებით 33%-ს), ხოლო პროცენტილია 23,53% (რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლამ ინგლისურ ენაში აჯობა გამოცდებში მონაწილე სკოლების 23,53%-ს).

რადგანაც თითოეულ სკოლას უწევს მუშაობა განსაკუთრებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ პირობებში, ამიტომ მართებული იქნება შევაფასოთ თითოეული საგნის შედეგები არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა შედეგი მაქსიმალურთან, არამედ ასევე შევადაროთ ის სხვა საგნებში დაფიქსირებულ შედეგებს და ამ შედარების საფუძველზე გამოვავლინოთ წარმატებული და ნაკლებ წარმატებული საგნები.

 

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება სკოლის საშუალო შედეგის მიხედვით?

სკოლის საშუალო ქულის მიხედვით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის მოსწავლე ან კლასი შემდგომში მსგავს გამოცდებზე (მაგ., სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე). საშუალო შედეგების მიხედვით საგნების რეიტინგი ჩვენ მიერ შერჩეულ სკოლაში გამოიყურება ასე:

6 კლასი

  1. ქართული ენა – 60,32%
  2. ინგლისური ენა – 53,21%
  3. მათემატიკა – 36,67%

9 კლასი

  1. ქართული ენა – 51,08%
  2. ისტორია – 48,33%
  3. ბიოლოგია – 45,35%
  4. გეოგრაფია – 43,14%
  5. ქიმია – 42,50%
  6. რუსული ენა – 32,86%
  7. ინგლისური ენა – 32,65%
  8. ფიზიკა – 26,42%
  9. მათემატიკა – 20,00%

მაგალითად, მე-9 კლასის ქართული ენის გამოცდაზე დავალებების რაოდენობა იყო 40, ხოლო მოსწავლეების საშუალო შედეგი – 20,43 ქულა, ანუ მაქსიმალური ქულის 50%-ზე ოდნავ მეტი, რაც აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ყველა დანარჩენ საგანში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, თუ მომავალში ქართული ენის სწავლება ამ კლასში ამავე წარმატებით გაგრძელდა, გამოსაშვებ გამოცდებზეც დაფიქსირდება დამაკმაყოფილებელი შედეგი.

მაგრამ სურათი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ისეთ მონაცემს, როგორიცაა პროცენტილი.

 

რატომ არ ნიშნავს მაღალი საშუალო ქულა ყოველთვის მაღალ პროცენტილს?

პროცენტილის მიხედვით საგნების რეიტინგი ჩვენ მიერ შერჩეულ სკოლაში გამოიყურება ასე:

6 კლასი

  1. ინგლისური ენა – 70,43%
  2. ქართული ენა – 44,88%
  3. მათემატიკა – 25,82%

9 კლასი

  1. ბიოლოგია – 34,33%
  2. ისტორია – 34,05%
  3. ქიმია – 28,99%
  4. რუსული ენა – 28,70%
  5. გეოგრაფია – 23,66%
  6. ინგლისური ენა – 23,53%
  7. ქართული ენა – 18,03%
  8. ფიზიკა – 6,22%
  9. მათემატიკა – 0,49%

როგორც ვხედავთ, საგნების განლაგება ჩამონათვალში შეიცვალა. ზოგიერთი შემთხვევაში ეს ცვლილება უმნიშვნელოა: მაგ. მათემატიკა და ფიზიკა მე-9 კლასში ბოლო ორ ადგილს იკავებენ როგორც საშუალო ქულის, ასევე პროცენტილის მიხედვით, მათ უბრალოდ გაცვალეს ადგილები. სხვა შემთხვევაში კი ცვლილება უფრო მნიშვნელოვანია: მაგ., იმავე მე-9 კლასში ქართული ენა ლიდერობდა საშუალო ქულის მიხედვით, მაგრამ პროცენტილის მიხედვით სხვა საგნების ფონზე მხოლოდ მე-7 ადგილზე აღმოჩნდა.

როგორც ვხედავთ, სკოლის მაღალი საშუალო შედეგი ამა თუ იმ საგანში ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პროცენტილიც მაღალი იქნება. მარტივი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ასე, ასეთია: ზოგიერთი საგნის სწავლება უფრო რთულია, ვიდრე სხვა საგნების. ანუ შეიძლება ერთი საგნის მასწავლებელს უწევდეს მეტი ძალისხმევა, ვიდრე რომელიმე სხვა საგნისას ანალოგიური შედეგის მისაღწევად. ეს კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  1. მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია ზოგიერთ საგანში აპრიორი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა საგნებში. მაგ., განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, ალბათ, არ იქნება სადავო ის ფაქტი, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია საქართველოში როგორც წესი უფრო დაბალია, ვიდრე ჰუმანიტარული საგნებისა.
  2. ერთი საგნის სახელმძღვანელოები ხარისხით აღემატება სხვა საგნისას.
  3. ერთი საგნის პროგრამა ობიექტურად უფრო რთულია, ვიდრე მეორე საგნისა.
  4. ქვეყანაში ზოგიერთი საგნის კვალიფიციური პედაგოგების აშკარა ნაკლებობაა და შესაბამისად ამ საგნის სწავლება დამაკმაყოფილებელ დონეზე ბევრ სკოლაში ვერ ხერხდება. ასეთ საგნებს მიეკუთვნება, მაგალითად, ფიზიკა.

ჩვენი აზრით, ამ მიზეზებისგან ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი – განსხვავებული მოტივაციის დონე. შესაძლოა, არსებობდეს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც ზოგიერთი საგნის სწავლებისას მაღალი შედეგების მიღწევა (ქვეყნის მასშტაბით) უფრო რთულია, ვიდრე სხვა საგნებში.

აქედან გამომდინარეობს პროცენტილის გათვალისწინების საჭიროება.

 

რას გვაჩვენებს პროცენტილი?

  1. პროცენტილი შეიძლება მიუთითებდეს მასწავლებლის მუშაობის საკმაოდ მაღალ ეფექტიანობაზე მაშინაც კი, როდესაც მის საგანში მოსწავლეების მიერ მიღებული საშუალო ქულა არც ისე მაღალია. მაგ., ჩვენს შემთხვევაში მე-9 კლასის გამოცდებზე უმაღლესი პროცენტილი აქვს ბიოლოგიას (34,33%), რომელიც საშუალო ქულის მიხედვით მხოლოდ მესამეა. ასევე პროცენტილის მიხედვით, ორ-ორი ადგილით მაღლა აიწია 2 საგანი: ქიმია (28,99%) და რუსული ენა (28,70%). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქიმიის და რუსული ენის მასწავლებლებლებს (სხვა საგნების ფონზე) არც ისე წარუმატებლად უმუშავიათ, როგორც ეს საშუალო ქულის მიხედვით ჩანდა.
  2. რადგან პროცენტილი ითვალისწინებს სხვა სკოლების შედეგებს, ამიტომ ის გარკვეულწილად ასახავს სკოლის მოსწავლეების პერსპექტივებს ისეთ კონკურსებში, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვა სკოლების მოსწავლეებიც, მაგალითად – ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამ შემთხვევაში მოსწავლეს თუ აბიტურიენტს სჭირდება, რომ თავისი ქულით აჯობოს სხვა კონკურსანტებს. სხვა სიტყვით, პროცენტილი გვაჩვენებს სკოლის მოსწავლეების კონკურენტუნარიანობას ამა თუ იმ საგანში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენ მიერ შერჩეული სკოლის შემთხვევაში, მე-9 კლასში ქართულ ენაში დაფიქსირდა საუკეთესო საშუალო ქულა, მაგრამ ამ საგნის კონკურენტუნარიანობა გარე კონკურსების თვალსაზრისით აღმოჩნდა საკმაოდ დაბალი და მასწავლებელს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია, მიიღოს ზომები მოსწავლეების კომპეტენციების ასამაღლებლად, მით უმეტეს, თუ ეს მოსწავლეები განაგრძობენ სწავლას საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც უნდა იყვნენ მზად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

ამგვარად, მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგების შეფასებისას აუცილებელია როგორც სკოლის საშუალო შედეგის, ასევე პროცენტილის გათვალისწინება. პედაგოგების წარმატების აღნიშვნა თითოეული ამ მაჩვენებლის მიხედვით შეიძლება გახდეს მათთვის დამატებითი სტიმული  მუშაობაში.

 

დამატებითი რეკომენდაციები

  1. მონაცემების შეფასებისას სკოლამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე. კერძოდ, თუ ორი ან მეტი საგნის მაჩვენებლები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, მაშინ მათ შორის არ უნდა გამოვყოთ უარესი და უკეთესი. მაგალითად, მე-9 კლასის გამოცდებზე ყველაზე მაღალი პროცენტილი აქვთ ბიოლოგიას (34,33%) და ისტორიას (34,05%). მათი მაჩვენებლების სხვაობა უმნიშვნელოა (არ აღემატება 1%-ს) და შეიძლება იყოს გამოწვეული რამე შემთხვევითი ფაქტორებით; შესაბამისად, ორივე საგანი უნდა ჩაითვალოს თანაბრად წარმატებულად პროცენტილის მიხედვით. იგივე ეხება ქიმიას და რუსულ ენას (შესაბამისად – 28,99% და 28,70%) და ა.შ.
  2. მონაცემების ანალიზის შედეგები კლასებისა და საგნების მიხედვით მით უფრო სანდოა, რაც მეტია გამოცდებზე გასული მოსწავლეების რაოდენობა, ანუ რაც უფრო მრავალრიცხოვანია კლასი.
  3. რათა შესაძლებელი იყოს კლასის მომზადების დონის რაც შეიძლება სრულყოფილი ანალიზი, ტესტები ყველა საგანში უნდა შეასრულონ ამ კლასის ერთმა და იმავე მოსწავლეებმა (იდეალურ შემთხვევაში – კლასის ყველა მოსწავლემ). წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საგნები აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში და ვერ მოხერხდეს გამოცდების შედეგების მიხედვით სწორი დასკვნების გაკეთება.

 

სად არის ალენ დელონი?

0

ერთი კვირის წინ, დედამ ფეხი მოიტეხა. 5 საათიანი ოპერაცია დასჭირდა, ძვლის ნაწილი გამოუცვალეს. დედაჩემს ფეხის მოტეხვის მას შემდეგ ეშინია, რაც ბებოს დაემართა იგივე. რუსიკო მაშინ, მგონი, სამოცდათორმეტისა იყო. იწვალა, სამი თვე გაუნძრევლად იწვა და ფეხი გირზე ეკიდა, მაგრამ მაინც ადგა. ადგა და გაიარა. მაშინ ექიმმა თქვა, ამას ახლადდაბადებული შვილიშვილი აძლევს ძალასო, თორემ ამ ასაკში იშვიათობაა ადამიანმა ეგეთი მოტეხილობა დაძლიოსო. ჰოდა, ეშინოდა დედაჩემს ფეხის მოტეხვის, სიფრთხილითა და ყურადღებით დააბიჯებდა, მაგრამ მაინც მოტყდა. რას იზამ, არის რაღაცები, რასაც ვერ აცდები, ალბათ.

მის პალატაში ვიჯექი, თავთითო, რომ ამბობენ, ისე. ჰოსპიტალი, რომელშიც მანანა იწვა, თბილისის ზღვის სიახლოვესაა, ვარკეთილისა და ვაზისუბნის საზღვარზე, აი, ჩინელების დასახლებას რომ ეძახიან – იქ. ეგ კიდევ იმას ნიშნავს, რომ იქაურობას უდაბნოს ელფერი დაკრავს – ამერიკულ ფილმებში ტეხასურ გზას რო დაადგებიან ხოლმე მანქანით და ირგვლივ რო მარტო უდაბნოა, იმათ კიდევ ბენზინის ჩამატება და ზუნზლიანი მზარეულის მომზადებული ბლინების ჭამა უნდათ, ეგეთი კიდევ ერთი დგას, სადღაც ხუთასი მილის მოშოებით, ეგეთი ადგილია ეს ჩინელების დასახლება – მზეს ისრუტავს თუ რა არის, ვერ გაიგებ. ერთი კვირის განმავლობაში იქ წოლა იმასაც ნიშნავს, რომ აეროპორტიდან აფრენილ ყველა თვითმფრინავს ხედავ. დანახვა რა სალაპარაკოა, ხედავ კი არა, გრძნობ. თავთით ვიჯექი – მეთქი, ვთქვი. მანანა იწვა და ფანჯარაში იყურებოდა, საიდანაც უდაბნოს ნაგლეჯი, მწვანე ღობე, სიცხის ფერი და ლურჯი ზეცა მოჩანდა.

  • დღეს უკვე მერვეა – თქვა დედამ.
  • რა არის მერვე?
  • თვითმფრინავი.
  • ჰო, აეროპორტი ახლოსაა აქ.
  • შეიძლება რაღაც დროს ჩამეძინა და მეტიცაა, მე რვა დავთვალე.
  • თუ უძილობა გაქვს, თვითმფრინავების თვლას, ცხვრები დათვალე, ჯობია.
  • ცხვრების დათვლა ვერასოდეს მაძინებდა.
  • არც მე. მაშინ ბუზები.
  • ბუზები არ შემიმჩნევია, კარგი საავადმყოფოა.

მანანა მოწყენილი იყო, მაგრამ ამ მოწყენის ფსკერზე, სადღაც, ძალიან შორეულ კუნჭულში რაღაც აძლევდა გაღიმების მიზეზს. ეგეთ დროს, ამ მიზეზის გამოკვლევა ვერაა შესაქები ამბავი, უნდა აცადო ადამიანს და თვითონ იტყვის, თუ სათქმელია.

  • ხო გითხარი, მერვე თვითმფრინავია – მეთქი?
  • კი, მითხარი.
  • რვავეში ვისხედით.
  • ვერ მივხვდი.
  • რვავეში ვისხედით, მე, შენ, ნინია, ნატო, ტუკი და ეკა.

ცოტა დავიძაბე. ვიფიქრე, რომ მისი ნათქვამი გამაყუჩებლების შედეგი იყო. ძლიერი ტკივილი სცოდნია მენჯის თავის მოტეხილობას და ხუთსაათიანი ოპერაციის შემდგომ პერიოდს. ბოლო-ბოლო, ხერხითა და ჩაქუჩით მუშაობენ, იოლი კი არაა. მდუმარება ვარჩიე, არაფერი მითქვამს.

  • არ გეგონოს გაგიჟდაო, უბრალოდ, რამდენჯერაც თვითმფრინავი გადაიფრენს, იმდენჯერ მგონია, რომ შიგნით ვსხედვართ და ისევ პარიზში მივფრინავთ.

ბურთი მომაწვა ყელზე. მანჩოსთვის საფრანგეთი ყველაფერია. მთელი ცხოვრება, როცა იმის თქმა უნდოდა, რომ ვინმე რამეს არ გააკეთებდა, ამბობდა, ეგ ისე იზამს მაგას, როგორც მე ხვალ პარიზში გავფრინდებიო. ერთხელაც, მე, ნინიამ და ტუკიმ ვიფიქრეთ, რა გახდა ერთი მოგზაურობაო და ბილეთები ვიყიდეთ ჩვენთვის და დედებისთვის. დიდხანს არ სჯეროდა მანანას, სანამ სასტუმროს ჯავშანი და ბილეთები არ ვაჩვენე. განა იმიტომ, რომ არ მენდობა ან არასერიოზული კაცი ვგონივარ, არა. უბრალოდ, რთულია ალბათ იმის წარმოდგენა, რომ თითქმის სამოცწლიანი ოცნება სადაცაა ახდება. რთულიც და, შეიძლება შიშის მომგვრელიც. არ ვიცი, მე ეგ არასოდეს განმიცდია.

  • ეს რომ პარიზში წასვლამდე დამმართნოდა… – თქვა მანანამ და ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია, საიდანაც, ლურჯ ცაზე თვითმფრინავის მიერ დატოვებული თეთრი ნაკვალევიღა მოჩანდა.
  • არ დაგემართებოდა.
  • რატომ, ვითომ?
  • არ ვიცი. მე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ეგ დანამდვილებით ვიცი, რომ ეგ არ დაგემართებოდა.

მე პარიზში მეორედ ვიყავი. პირველად ყოფნისას ერთი საოცარი რამ დავამუღამე. შანზელიზედან სენასკენ ქუჩა ჩაუდის. ლამაზი ქუჩაა, ისეთი მაღაზიებით გადაძეძგილი, რომელშიც მოკვდავი ვერაფერს იყიდის, მარტო ვიტრაჟებს უნდა უყურო და იმათ ნაკვალევზე იარო, ვინც იქ იმოსება. ამ ქუჩას რო ფეხდაფეხ მილევ, მაღალი ხე დგას, რომლის ქვეშაც პატარა ტურისტული ჯიხური და ფრანგული სუვენირებით მოფენილი დახლებია. ამ ამბავში საოცარი კი ისაა, რომ ის არამზადა, ამპარტავანი, ამაყი და პატივმოყვარე რკინის გოლიათი ამ ერთი ხის უკან იმალება. ხეს გასცდები თუ არა, თავზე წამოგადგება სკოლის ყარაულივით, ტუალეტში რომ გამოგიჭერს გაკვეთილის გაცდენისას. გოგოებს შევუთანხმე, მოდი, ამ გზით წავიყვანოთ და მოულოდნელობის ეფექტი ექნება – მეთქი. ხემ თავისი როლი იდეალურად შეასრულა – მკერდით გადაეფარა ეიფელის კოშკს და დიდხანს, ძალიან დიდხანს უმალავდა მანანას თვალებს იმ ნაგებობას, რომლის ნახვაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში უნდოდა – მას შემდეგ, რაც მის უშველებელ, ფრანგული კინოსთვის განკუთვნილი ალბომების ორტომეულში ალენ დელონის პირველი ფოტო ჩააკრა. დედამ მრავალი ათწლეული იცადა, მრავალი ათასი კილომეტრი გამოიარა იმ წამამდე რომ მიეღწია. სამაგიეროდ, კოშკის წვერის დანახვისას მისმა სახემ აირეკლა ის, რაც შეუძლებელია გაითამაშო, დადგა, მოიტყუო. ამას ვერავინ შეძლებდა – ვერც მანჩოს მიერ სათაყვანებელი ჟან გაბენი, თავისი მრავლისმთქმელი დუმილით.  სენას გადაღმა, მოშორებით, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ძალიან ახლოს მდგომი ეიფელის კოშკის პირველი კადრი სამუდამოდ ჩარჩება დედაჩემის მეხსიერებაში. მე კი ვერასოდეს დავივიწყებ იმ სურათს, რომელშიც სამოცს მიტანებული ქალის ოცნების ახდენა ჩანს. როცა არცერთი ემოცია და არცერთი ნაკვთი არ გემორჩილება და შენზე აღარაა დამოკიდებული რას იზამ, გაიცინებ თუ იტირებ. იქნებ, ორივეს ერთად.

იქ გატარებული ოთხი დღის განმავლობაში, მანანამ ბევრი კილომეტრი გაიარა და კიდევ უფრო ეტი ადგილი იცნო – შენობები, რომლებიც ფილმებში ჰქონდა ნანახი. ქუჩები, რომლებზეც რობერ ოსეინი და ბელმონდო დადიოდნენ. ადგილები, სადაც ქეითის და ლიუკ დეზიეს წინააღმდეგობრივი სიყვარული იძერწებოდა. კაფეები, რომელსაც ვუდი ალენი გულუხვად აჩვენებს ფილმში „შუაღამე პარიზში”. ყოველთვის, როდესაც სხვა ადგილისკენ ავიღებდით გეზს, მანანა ჩამოგვრჩებოდა და დიდხანს, ძალიან დიდხანს აკვირდებოდა ამ ადგილებს. ვიმახსოვრებო, ამბობდა.

„ყურადღებით იყავი, ალენ დელონს არსად გადაეყაროს” – გამაფრთხილა მამაჩემმა წასვლის წინ. ამაზე ვიცინეთ. ცვილის ფიგურების მუზეუმში, მანანა დიდი მონდომებით იღებდა ფოტოებს თავის კუმირებთან. თან, რაღაცნაირი მოწიწებით იდგა, მორიდებით იცინოდა. ასეთია მანანა, ცვილის ფიგურისაც კი ერიდება, ლამის მადლობა გადაუხადოს. როცა იმ უშველებელი მუზეუმის ბოლოში გავედით, დედა მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა: „სად არის ალენ დელონი?”. ალენ დელონი იქ აღარ იყო. მუზეუმის თანამშრომლებმა მითხრეს, ორი ათასი ფიგურა გვაქვს და ვცვლით ხოლმეო. როცა ეს ვამცნე, მანანამ ღიმილით თქვა: „ალენ დელონის ფიგურა თუ არ აქვთ, აბა რაღა აქვთ”.

 

  • მეცხრე … – თქვა დედამ და ფანჯარას თვალი მოაშორა.
  • შიგნით ვსხედვართ? – ვკითხე.
  • კი, ყველანი – გაიცინა.
  • პირდაპირი რეისია, თუ ტრანზიტი?
  • რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი დანიშნულების ადგილია.

მანჩო უკვე დადის, ნელ-ნელა. მანჩო ძლიერია. მომავალ წელს სხვა მოგზაურობას დავგეგმავთ. იტალიური კინოც უყვარს მანანას. ფრანგულივით არა, მაგრამ უყვარს. წასვლამდე ვუთხარი, ოცნება ოხერი რამაა, ახდენა შეუძლია – მეთქი. მართლა ეგრეა. ნავსის გატეხვაა რთული, თორემ მერე საქართველოს პრემიერ მინისტრებივით მიდის და მიდის, ვეღარ დააკავებ. გვიანობამდე ვისხედით. მზე ძალას კარგავდა, რკინის კოლოფები კი არ წყვეტდნენ ჩვენს თავებზე გადაფრენას. ლურჯ ცას სიმუქე ემატებოდა. მანანა კი იმ თვითმფრინავებს ითვლიდა, რომლებშიც ვისხედით.

კითხვა ნიშანთა სისტემით

0

ჩვენი მოსწავლეები ყოველდღე კითხულობენ.

კითხულობენ გაკვეთილებს, ამოცანების პირობებს, ლექსებს, ახალგამოცემულ თუ ძველ წიგნებს, ერთმანეთის წერილებს. ტექსტებს ხვდებიან სახლში, სკოლაში, ქუჩაში, აბრებზე, მაღაზიებში, ყველგან.

და ყველაზე მთავარი ამ დროს არის ის, თუ როგორ იგებენ, იაზრებენ და შემდეგ იყენებენ ისინი წაკითხულს. ჩვენ კი, მასწავლებლებმა, უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ, როგორ იკითხონ და გამოვუმუშაოთ ტექსტის გააზრების, ინფორმაციის დახარისხების უნარები. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ მოსწავლეები წაკითხულის გააზრებას ახერხებენ სკოლაში, შემდეგ უადვილდებათ სწავლა უნივერსიტეტში, საქმეს იოლად ართმევენ თავს სამსახურში, უმარტივდებათ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა.

როგორ ვასწავლოთ წაკითხულის გააზრება? ამისთვის ბევრი გზა არსებობს, ერთ-ერთია ყველასთვის ნაცნობი მეთოდი – კითხვა ნიშანთა სისტემით, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტის წასაკითხად ნებისმიერ საგანში, სწავლების სამივე საფეხურზე.

სასურველია, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაოთ რამდენიმე სიმბოლო. მაგალითად:

გაუგებარი სიტყვა – ?

ნაცნობი ინფორმაცია – +

მნიშვნელოვანი ცნობა – ! და ა.შ.

ეს ნიშნები მკითხველებმა უნდა გამოიყენონ ტექსტზე მუშაობისას. სიმბოლოები შესაძლოა შევცვალოთ გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით. ინფორმაციის ამგვარად დახარისხება უფრო საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს და ბავშვები უკეთ იმახსოვრებენ წაკითხულს. ,,მთავარია, შერჩეული სიმბოლოები გვაძლევდეს საშუალებას, გავიგოთ, რა გაიგეს მოსწავლეებმა, რა – ვერ გაიგეს, რა დარჩა ბუნდოვანი, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ. ამგვარი მიდგომა ეხმარება მოსწავლეს ტექსტის არა მარტო უკეთ გაგებასა და სწავლაში, არამედ ტექსტში მოცემული ინფორმაციის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრასა და გამოხატვაში. ეს ყოველივე კი აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს მასში აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებისათვის” (კითხვის ეფექტური მეთოდები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013, გვ. 80).

რამდენიმე თვის წინ მოსწავლეებთან ერთად ერთგვარი სამკითხველო ექსპერიმენტი წამოვიწყე სწორედ ნიშანთა სისტემით.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც მოსწავლემ მითხრა, ბოლოს წიგნს როცა ვკითხულობდი, არ მომწონდა და ვაღიარებ, ფურცლებს ვტოვებდიო. ჩვეულებრივი ამბავია, არ გამკვირვებია, პირიქით, გამახარა მისმა გულწრფელობამ. წიგნით დაინტერესება არ არის მარტივი და უამრავი რამის გამოგონება გვიწევს, თუ გვინდა, რომ  ბავშვებმა სიამოვნებით იკითხონ. იმ მომენტიდან დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ მომდევნო წიგნი, მიუხედავად იმისა, მოეწონებოდა თუ არა, მისთვის საინტერესო ყოფილიყო, არა მხოლოდ ტექსტი, კითხვის პროცესიც.

ასეთი რამ მოვიფიქრე: ბავშვებს შევთავაზე, წაგვეკითხა ისეთი წიგნი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის იქნებოდა უცხო, აქამდე არც ერთს არ უნდა გვქონოდა წაკითხული, მოგვეფიქრებინა ნიშნები, სიმბოლოები მხოლოდ ამ ტექსტისთვის, კითხვისას ფურცლებზე გადაგვეტანა და ამგვარად გამოგვეხატა ჩვენი ემოციები, შეხედულებები. წაკითხვის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გაგვეცვალა წიგნები და დავკვირვებოდით ერთმანეთის განცდებს, შთაბეჭდილებებს. ჩემი მიზანი არ იყო ის, რომ ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ მოსწონებოდათ ან არ მოსწონებოდათ წაკითხული ამბავი, მინდოდა, მიმხვდარიყვნენ, რომ წიგნი, ისევე როგორც ცხოვრება, იქმნება დეტალებით, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, მსურდა, გაეაზრებინათ ის, რასაც კითხულობდნენ, ეს კი დაკვირვების გარეშე შეუძლებელია.

ჩემი შეთავაზება, როგორც ერთგვარი გამოწვევა, მიიღო მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, სამი კლასის 60-მდე მოსწავლიდან მხოლოდ ერთმა არ მოინდომა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა.

მეხუთეკლასელებს შევთავაზე ანე-კატარინე ვესტლის ,,ანტონის პატარა საჩუქარი”, რადგან პირველი სამი ნაწილი უკვე წაკითხული გვქონდა. ბავშვებმა ნიშანთა სისტემას კითხვის ენა დაარქვეს.

შევთანხმდით, რომ, გარდა საერთო სიმბოლოებისა, თუ რომელიმე ჩვენგანს მოუნდებოდა, ინდივიდუალური ნიშნებიც მოეფიქრებინა. ასე გაჩნდა საოცარი მინიშნებები, ილუსტრაციები. ბავშვების ფანტაზიას ხომ არასდროს არ აქვს საზღვარი.

მეშვიდეკლასელებმა წაიკითხეს სარა პენიპეკერის ,,პაქსი” (პაქსის სიმბოლოები) და ლინდა მალალი ჰანთის ,,თევზი ხეზე” (კითხვის ემოციები).

კითხვა ნიშანთა სისტემით ჩემთვის ნაცნობი მეთოდი იყო პროგრამული ნაწარმოებების სწავლებისას, წიგნი კი ამგვარად მოსწავლეებთან ერთად პირველად წავიკითხე. პროცესიც და შედეგებიც იმაზე სასიამოვნო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ვცდილობდი, უყურადღებოდ არ დამეტოვებინა არც ერთი გვერდი, არც ერთი ეპიზოდი, ფრაზა, სიტყვა.

ასევე იყვნენ ბავშვებიც. მათი წაკითხული წიგნების ფურცვლამ გამაბედნიერა. რომ იცოდეთ, რამდენ რამეს ამჩნევენ, რამდენ რამეზე ფიქრობენ ეს პატარა/დიდი ადამიანები.

მათი თქმით, ხშირად წაუკითხავთ ჩქარ-ჩქარა, ზოგჯერ – უყურადღებოდ, ამ მეთოდით კითხვის დროს კი უფრო ჩაუღრმავდნენ წიგნს.

მოსწავლეებს ვთხოვე, შთაბეჭდილებები დაეწერათ. თითოეულის წერილი ერთმანეთზე საინტერესოა, მე ბევრ რამეზე დამაფიქრა (სამომავლოდ რომ გავითვალისწინებ) და კარგად მაჩვენა, თუ რა მოჰყვა შედეგად წიგნების კითხვას ნიშანთა სისტემით:

არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა მეორე ეტაპი, როცა ერთმანეთს წაკითხული წიგნები გავუცვალეთ. ერთი მხრივ, ეს იყო ტექსტის სიღრმისეულად გააზრების კიდევ ერთი გზა და, მეორე მხრივ, თითოეული ჩვენგანის (მკითხველების) უკეთ გაცნობისა და დაახლოების საშუალება.

ვაკვირდებოდი, რას მიაქციეს ყურადღება კითხვისას ჩემმა მოსწავლეებმა, ბავშვები კი მეგობრებისა და მასწავლებლების განცდებს ეცნობოდნენ (ჩემ გარდა წიგნი დასახელებული კლასების დამრიგებლებმა და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა წაიკითხეს). საინტერესო იყო იმის ნახვა, რომელი ქცევა აღმოჩნდა ჩვენთვის მიუღებელი, რომელი სიტყვები მოგვეწონა, რას გავითვალისწინებდით და სხვა ბევრი რამ.

 

ლიტერატურას აქვს საოცარი ძალა და ამ თავგადასავალმა ემოციურად კიდევ უფრო დაგვაკავშირა, ეს კი დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. როცა მასწავლებელმა იცის, რა ახარებს მოსწავლეს, ეცნობა მის გემოვნებას ან კიდევ – პირიქით, ბავშვი ხედავს, როგორ კითხულობს მისი პედაგოგი და რა აფიქრებს, მათი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული ხდება.

 

 

 

წერილი 2: რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გათვლებს?

0

პირველ წერილში ბავშვთა თამაშების გაცოცხლების თაობაზე მოგიყევით. მინდა ისიც გიამბოთ, თუ რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის თამაშების განუყოფელი ნაწილი – გათვლები – კვლევის კუთხით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მკითხველი ამ ასპექტითაც დაინტერესდება, მოსაზრებებს გამოთქვამს კომენტარის ველში და ამით კიდევ უფრო დამეხმარება.
მთელი რიგი თამაშები ერთგვარი პრელუდიით, გათვლით იწყება. გათვლებით თამაშის დაწყებას სისტემატური სახე არა აქვს მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ კულტურაში ან ეთნოსში, გათვლები გვხვდება მსოფლიოს ნებიმიერი კუთხის საბავშვო ფოლკლორში. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ქართული საბავშვო ფოლკლორისთვისაც გათვლების ტექსტები მრავალფეროვანია, მაგრამ, ისევე როგორც სხვა კულტურებისთვის სახასიათო გათვლებში, აქაც, ქართულ ფოლკლორში, შესამჩნევია რამდენიმე კანონზომიერება, რომელთაგანაც გამოვყოფდი შემდეგს:
1.ფორმულადქცეული შესავალი: ფორმულად გადაქცეული სიტყვები გათვლების შესავალში ზოგჯერ ნასესხობებს წარმოადგენს, რომლებიც სხვადასხვა დროსაა შემოსული გათვლებში (მაგ. ენკი-ბენკი, ანკა-ბანკა და ჰოპ-ჰოპ უნდა წარმოადგენდეს რუსული გათვლებისთვის დამახასიათებელ დასაწყისს Эники—Беники, თუმცა თავად რუსულ საბავშვო ფოლკლორში გავრცელებული დასაწყისი გერმანული და სხვა ევროპული გათვლებიდან უნდა იყოს შესული). ზოგჯერ ფორმულად გადაქცეული შესავლის გაჩენა სრულიად დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს (მაგ. ესა-მესა). საინტერესოა, რომ ეს ფორმულები ერთი სიტყვის (ამ სიტყვას ხან აქვს მნიშვნელობა, ხანაც – არა) გარშემო ტრიალებს, ხდება მისი პირდაპირი გამეორება ზოგჯერ სახეშეუცვლელად (გეფიცები, გეფიცები; კომში, კომში; ტაში, ტაში; აგნა, აგნა; ნიშხა-ნიშხა; ვარდი, ვარდი; დოლ, დოლ; შვინდი, შვინდი; ონი, ონი; უგმა, უგმა), ზოგჯერ კი მცირედი სხვაობით (იწილო, ბიწილო; ეგლე, დუგლე; ადელ, დუდელ,.. კუდელ; აცა-ბაცა, ბაცანიკი; აცქა, ცუცქა, ჩაიცუცქა; ელა-ბელა). ეს უკანასკნელი რედუპლიკაციის სახესხვაობას წარმოადგენს და მას ექო სიტყვებს უწოდებენ. ექო სიტყვები სიტყვის უმცირესი სეგმენტის ცვლილებით ხასიათდება, ეს შეიძლება იყოს თავკიდური ასოს შეცვლა ან თავკიდურ ხმოვანზე თანხმოვნის დამატება. როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, სალაპარაკო ქართულში ასეთი სიტყვების გავრცელება, თურქული ენის გავლენით აიხსნება (აქ საუბარია ისეთი ტიპის სიტყვებზე, როგორებიცაა არემარე, ახლომახლო და ასევე ისეთ სამეტყველო სიტყვებზე, როგორებიცაა ხილი-მილი, ფული-მული და სხვ.), სწორედ ეს პროცესი შეინიშნება გათვლებშიც და საბავშვო ფოლკლორის სხვა ჟანრებშიც, სადაც დამატებულ/ჩანაცვლებულ თანხმოვნად არა მხოლოდ თანხმოვანი მ, არამედ ბ და დ-ც გამოდის. ამ თანხმოვნების გაჩენაც არაა მხოლოდ ქართული ენისთვის ნიშანდობლივი პროცესი, მსგავსი პროცესი სხვა გეოგრაფიულად მეზობელ რეგიონში გავრცელებულ ენებშიც შეინიშნება.
2. მნიშვნელობას მოკლებული სიტყვების მოზღვავებული რაოდენობა: მნიშვნელობას მოკლებული სიტყვების მოზღვავებული რაოდენობა არა მარტო ქართული საბავშვო გათვლების, არამედ ყველა ენაზე შესრულებული გათვლების დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელიცაა სხვადასხვა ენის სპეციალისტების დახმარების გარეშე ამ სიტყვების თავდაპირველი მნიშვნელობის აღდგენა, თუმცა მკვლევარები ძალღონეს არ იშურებენ მათი საწყისი მნიშვნელობების დასადგენად. მაგ. ლათინური ფრაზა “ჰოკ ესტ კორპუს” იმის გამო, რომ რიგითი ადამიანები არ ფლობდნენ ამ მკვდარ ენას, იმდენად დამახინჯდა, რომ საბავშვო თამაშების თანმხლებ ტექსტებში გავრცელდა ფორმით ჰოკუს პოკუს. დღეს უკვე ცნობილია, რომ ინგლისური საბავშვო ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ჰიქორი-დიქორი-დოქ უნდა მომდინარეობდეს ეკკერი, აკკაირი-დან, რაც ბოშებისთვის კარგად ნაცნობი შელოცვაა და მარტივად ითარგმნება, რადგან სანსკრიტზე ეს რაოდენობითი რიცხვითი სახელებია. როგორ გაჩნდა ინგლისურ გათვლაში ბოშური შელოცვის ტექსტი არაა რთული ასახსნელი. ბოშების განსახლების არეალი ხომ ფართოა და, როგორც ჩანს, რიგითი მაცხოვრებლები ავადმყოფობის შემთხვევაში მიმართავდნენ ამ ხალხის დახმარებას, შემდეგ კი საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ცუდად დამახსოვრებული ფორმულების გამეორებას და სასაცილო ჟღერადობის გამო ადვილად უნდა მოხვედრილიყო ბავშვების რეპერტუარში. სწორედ ის, რომ ბავშვებს მოსწონთ სასაცილო, სახალისო ჟღერადობის სიტყვების გამოყენება განაპირობებდა ამ სიტყვების გადატანას ერთი გათვლიდან მეორეში და მათ სიცოცხლისუნარიანობასაც. ბავშვობაში ჩემი სმენისთვის ჯადოსნურად მომხიბვლელად გაისმოდა მუშტებით გათვლისას სიტყვები „ბუქტარ, ბუქტარ, ბუქტარ, ბე, აბელ, კამელ, კუმანე, ინკლი, ბინკლი, კამა, ცინკლი, ვიშლა ძე, ვისი ხელი გინდა შენ, ამოირჩიე“ და ერთი სული მქონდა, როდის გავხდებოდი გათვლის წამყვანი და გავიმეორებდი ამ საკრალურ სიტყვებს. ცხადია, რომ გათვლის ამ სიტყვებში არაფერია საკრალური და მათი ნაწილი მაინც რომელიღაც ენის დამახინჯებულ სიტყვებს წარმოადგენს, ერითმება სხვა მოგონილ „სიტყვებს“ და ასე ვიღებთ ვისთვის სახალისო და ვისთვის ჯადოსნური შინაარსით დატვირთულ გათვლას. ამ რიგის გათვლებად უნდა ჩაითვალოს „ონი, ონი, კაპიტონი, დელიცკონი, ნაპრიკონი, იიშკი, ბიშკი, ნაკალუკი ვიდი ონ“ – სავარუდოდ, ეს გათვლა რუსული ენიდან უნდა იყოს შემოსული. ამაზე სიტყვების ჟღერადობა და ბოლო სიტყვები მიიუთითებს („ვიდი ონ“ ალბათ უნდა ითარგმნებოდეს როგორც „გადი აქედან“, ხოლო დაბოლოება კონი, როგორც – „ცხენი“); “აცა-ბაცა, ბაცანიკი, ძუაგრძელი, სატკვეცილი, იწერ-ბუწერ, ტყვეპი კვაჭი, გიოღური, გიაჩხური, ვამირი და აში მორთო“ – სავარაუდოდ, ეს გათვლა დამახინჯებული მეგრული უნდა იყოს. გიოღური ნიშნავს დააკვდი-ს, ვაძირი და აშო მორთი – თუ ვერ ნახე, აქ მოდი-ს, ხოლო გიაჩხური, სავარაუდოდ, შემცივნება-ს უნდა ნიშნავდეს, რადგან ჩხუ არის სიცივე. აზრსმოკლებული არ უნდა იყოს იმის მტკიცება, რომ საბავშვო გათვლაში ეს ტექსტი შელოცვიდან გადავიდა, თუმცა არასრული სახით დამახინჯდა და შემდეგ მას, შევსების მიზნით, დაემატა სიტყვები, ზოგი მნიშვნელობის მქონე და ზოგიც ყოველგვარ შინაარსს მოკლებული; ამ რიგის გათვლებში გამოიყოფა გათვლების ერთი ჯგუფი, რომლებიც თითქოს უშინაარსო სიტყვების წყებაა, მაგრამ მათი განხილვა ცალკე უნდა მოხდეს. ასეთი გათვლებია: „უგმა, უგმა, ბარბარუკა, სამარ ხიდურ, საჯურ გედურ, აბულბულდი, ჩახტი გეთურ“; „ადელ, დუდელ, ვაშლის კუდელ, ლიკლიკა, ტონჩურათი, იანვარი მოსულა, ვარდო, ვირდო ქის, ეს გადის“; „ეგლე, დუგლე, ყარა, ყურე, აჯინჯილე, ედერ კაფი, კუჭი ჭახი, ჭუხი, ია, ვარდი ბუჩქი“; „დოლ, დოლ ბაია, ახჩა ბახჩა ჩაიარ, თევზი მითალ-მოთალა, ყალა ქოჩი, ქოთანა, ქოთანს ძირი გავარდა, მახუხი დაიღვარა“ – ამ გათვლებშიც რამდენიმე სტრიქონი უშინაარსო სიტყვების რახარუხია, ხოლო სიტყვები, რომელთაც შინაარსი გააჩნიათ, ხშირად არც კი ერითმება ასეთ სტრიქონებს. თანაც ეს სიტყვები წააგავს სიტყვებს, რომლებიც სხვა ჟანრისთვისაა სპეციფიკური. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გათვლა შერეული ტიპისაა და მასში ორი სხვადასხვა ჟანრია არეული. სწორედ ამიტომ გამოვყავი საბავშვო ჟანრის ფოლკლორის, კერძოდ, გათვლების მესამე კანონზომიერება.
3. სპეციფიკური ტერმინებისა და საკუთარი სახელების ჩართვა, რომლებიც უადგილოდ გამოიყურება ტექსტებში: სავარაუდოდ, ისეთი ტერმინებისა და საკუთარი სახელების ჩართვა ტექსტებში, როგორებიცაა „ბარბალუკა/ბარბარუკა“, „ვარდი“, „ია“, „ქოთანი“ შემთხვევითი ხასიათის არაა. ვ. ბარდაველიძე ვარაუდობს, რომ საკუთარი სახელის „ბარბარეს“ არსებობა გათვლაში მზის ღვთაება ბარბალეს კულტის გადმონაშთი უნდა იყოს. მკვლევარის დასკვნით, “ნიშხა-ნიშხა” მნათობი მზისა და შავბნელი ძალის, გველეშაპის, დაუცხრომელი ბრძოლის კოსმიურ-მითოლოგიურ სცენას ასახავს: “თამაშობაში წარმოდგენილი ბრძოლა სპეციფიკური ხასიათის არის, აქ – ბანაკი ბანაკს კი არ ეცემა უშუალოდ, არამედ თავდამსხმელის მხრიდან ერთი მებრძოლი გამოდის, მოწინააღმდეგე მწკრივს ეცემა და საკუთხარი ძალით ცდილობს მისი მწკრივი გაარღვიოს და გამარჯვება მოიპოვოს. თუ მან ეს მოახერხა, მაშინ მას ტყვედ თავის ბანაკში მხოლოდ ერთი ბავშვი მიჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამცემს ატყვევებნ. ამ ბრძოლაში მიზანი თავდაპირველად, უთუოდ, ბარბალუკას დატყვევება უნდა ყოფილიყო, ვინაიდან თამაშში სავსებით აშკარად არის მითითებული იმაზე, რომ მტერი ბარბალუკას ეძებს, და მისი ხელში ჩაგდება სწადია და ამ მიზნით ბარბალუკას და მის ბანაკს ეცემა და ებრძვის. ეს თავდასხმა და ბრძოლა იმართება მხოლოდ იმის შემდგომ, რაც ბარბალუკა თავის თავს ამჟღავნებს, როდესაც მტრის შეკითხვაზე – “ქალი ვინაო”, უპასუხებს: “მე გახლავარო”. ამრიგად, ბრძოლის ძირითად მიზანდასახულობას, ერთი მხრივ, ბარბალუკას გატაცება და, მეორე მხრივ, ბარბალუკას დაცვა და მტრის მოგერიება-განადგურება (ტყვედ ჩაგდება) წარმოადგენს. ბარბალუკას მტერი, მასზე თავდამსხმელი და მასთან მებრძოლი ერთი პირი იყო და ეს პირი თავდაპირველად უთუოდ ნიშხა-ნიშხა უნდა ყოფილიყო, რადგან თამაშობის ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი ეს პირია და ის მეთაურობს ბარბალუკას მოწინააღმდეგე ბანაკს”. ჩემი აზრით, ეს ტექსტი არა მზის ღვთაების და გველეშაპის მარადიული ბრძოლის ასახვას, არამედ ეს თამაში ბავშვების მიერ ავადმყოფობების, ე.წ. ბატონების დროს მოსმენილი და ნანახი რიტუალის იმიტაცია უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრების მართებულობას უნდა ადასტურებდეს სხვა ისეთი სპეციფიკური სიტყვების არსებობაც დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ ტექსტებში, რომლებიც ალბათ ამ კულტის მსახურების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. როგორც აღვნიშნე, სპეციფიკური ტერმინები სხვადასხვა გათვლებისთვის სახასიათო შემდეგი სიტყვებია: ვარდი, ია. შევეცდები ავხსნა, რატომ მივიჩნევ ამ სიტყვებს სპეციფიკურ ტერმინებად და რატომ მივიჩნევ მათ რიტუალის ნაწილად. მძვინვარე ბატონების ეპიდემიის დროს შესასრულებელ იავნანას ტიპის სიმღერების შესწავლისას ტექსტებში, როგორც წესი, სხვა სპეციფიკურ ტერმინებთან ერთად სწორედ ზემოთ ნახსენები სიტყვები იკვეთება. რადგან, როგორც ჩანს, ამ სიმღერებში რიტუალის აღწერა ხდებოდა. რაც შეეხება სიტყვა „ქოთანს“, იგი ისევდაისევ ბატონების გავრცელების ცრურწმენას უნდა უკავშირდებოდეს. საინტერესოა, რომ ინდოეთში სჯეროდათ, რომ სახადებისთვის დამახასიათებელ გამონაყარს შესაბამისი ჭურჭლიდან ყრიდა ამ დაავადების გამავრცელებელი ღვთაება. ეგებ ქართულ სინამდვილეშიც ქოთნის გატეხვა და იქიდან მარცვლის, მარილის გადმოყრა და სითხის გადმოღვრა იყოს იმის მიმანიშნებელი, რომელსაც სნეულების გავრცელება უნდა მოჰყოლოდა. სამწუხაროდ, „ქოთანი“ არ შემოინახა აკვნის სიმღერებში, მაგრამ გათვლებში მისი გაჩენა იმავე რიტუალის ნაწილი უნდა ყოფილიყო. სიტყვა „ქოთანს“ სხვა ტექსტებში სიტყვა „ტაშტი“ ენაცვლება და მისი დატვირთვაც იგივე უნდა იყოს.
ჩემი ვარაუდით, სხვა ჟანრისთვის (ამ შემთხვევაში ინფექციური დაავადებების დროს შესასრულებელი რეპერტუარისთვის) სპეციფიკური ტერმინებისა და საკუთარი სახელების არსებობა გათვლის ტექსტებში მიუთითებს გარკვეული სტრიქონების ერთი ჟანრიდან მეორეში არა მექანიკურ გადატანას, არამედ კონკრეტული რიტუალის ბავშვურ იმიტაციას გათამაშებით და ამ რიტუალის შემდგომი “პროფანაციით”.
როგორ და რატომ უნდა გაჩენილიყო რიტუალისთვის სახასიათო სიტყვები საბავშვო ფოლკლორის ამ კონკრეტულ ჟანრში? პასუხი საკმაოდ მარტივია. თუკი ჭურჭლის გატეხვა ინფექციური დაავადების გავრცელების ავისმომასწავებელ წინმსწრებ ნიშნად ითვლებოდა, მას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ამ წინმსწრები ნიშნის გასანაიტრალებელი რიტუალი. ხალხში დღემდე შემორჩენილია მარილის დაპნევის შემთხვევაში შესაბამისი ტექსტის თანხლებით მწიკვით მისი ზურგსუკან სამჯერ გადაყრის პრაქტიკა, უბედურების მაუწყებლად მიჩნეული სიზმრის შესაბამისი ტექსტის თანხლებით წყლისთვის გატანების პრაქტიკა, რომლებიც მოკლე რიტუალებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თანმხლები ტექსტები ან გულში უხმოდ ან ჩურჩულით/ბუტბუტით წარმოითქმებოდა. სწორედ ამგვარ პრაქტიკასთან უნდა გვქონოდა საქმე ქოთნის, რომელშიც მარცვლეული (სხვადასხვა ფორმით, ეს იქნებოდა ფაფა თუ მოუხარშავი ბურღული) ინახებოდა და ტაშტის, რომელშიც სითხე ესხა, გატეხვის შემთხვევაში. ალბათ ამ ინციდენტს მოჰყვებოდა შესაბამისი ტექსტის (სავარაუდოდ, მოკლე და მარტივი დასამახსოვრებლად) ჩურჩულით/ბუტბუტით წარმოთქმა. სწორედ ეს მოკლე ტექსტი მოხვდა თამაშში, რომელიც ავადმყოფობის იმიტაციას, გაჩენიდან განკურნებამდე, წარმოადგენდა. იმ დროს, როდესაც თამაშების და მისი თანმხლები ტექსტების ჩაწერა მოხდა, ცხადია, თამაშის ნამდვილი შინაარსი დაკარგული იქნებოდა და ოდესღაც ერთიანი თამაშიც დანაწევრებული იქნებოდა მეტნაკლებად ალოგიკურ ნაწილებად. ამ დანაწევრებული თამაშების გაერთიანებით ძირძველი და პირვანდელი თამაშის რეკონსტრუქცია ასეთ სურათს იძლევა: თამაში დაიწყებოდა გათვლის ტექსტით, რომელიც შეარჩევდა ავადმყოფობის მფარველ ღვთაებას. ამის შემდეგ მოხდებოდა ღვთაების ჭურჭლის გატეხვის იმიტაცია. ეს შეიძლებოდა კენჭის სროლა ან სხვა მსგავსი ქმედება ყოფილიყო (საინტერესოა, რომ არაერთი ზღაპრის დასაწყისმა შემოგვინახა პროტაგონისტის მიერ ბავშვობაში კენჭის სროლით და დედაბრის დოქის, კოკის ან სხვა ჭურჭლის გატეხვის ამბავი. ალბათ ამ მოტივის გაჩენას ორ ჟანრში ერთი წარმომავლობა უმდა ჰქონოდა). რა თქმა უნდა, ამ დროს თამაშში ნამდვილი ჭურჭლის ნაცვლად იმიტირებული საგანი იქნებოდა გამოყენებული. ამას მოჰყვებოდა წინმსწრები ნიშნის გამანეიტრალებელი ტექსტის წარმოთქმა. მიუხედავად ამისა გაბრაზებული ღვთაების წყრომა არ დაცხრებოდა და ის სამართლიანად მოითხოვდა ქალს ან ვაჟს ონავრების ჯგუფიდან. აი, სწორედ ეს ნაწილი შემოინახა, ჩემი აზრით, თამაშმა „ნიშხა-ნიშხა“. აქ შეკითხვა „ქალი/ვაჟი ვინა?“ თავის დროზე სწორედ ღვთაების მიერ უნდა დასმულიყო, რასაც უნდა მოჰყოლოდა პასუხი „ჩვენ გახლავართ, მზად გახლავართ“, რაც მიუთითებდა, რომ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევდა ჯგუფი. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს იმის მტკიცებაც, რომ ნიშხა-ნიშხა გველეშაპი კი არ იყო, რომელიც მზის ღვთაება ბარბალუკას იტაცებდა, როგორც ამას ბარდაველიძე ვარაუდობდა, არამედ სიტყვები „ნიშხა-ნიშხა, ბარბალუკა“ უნდა ნიშნავდეს, „წადი, წადი, ბარბალუკა“ და ამ სიტყვებში „ნიშხა“ დაახლოებით იგივე იყო, რაც „აქშა“, სიტყვა, რომელსაც დღესაც გამოიყენებენ ფრინველების მოსაგერიებლად. გარდა ამისა გათვლა „უგმა, უგმა, ბარბარუკა“ მთავრდება სიტყვებით „აბულბულდი ჩახტი, გეთურ“, სადაც სიტყვა „აბულბულდი“-ც იმავე აზრის (მოშორდი, გაფრინდი) მატარებელი უნდა იყოს. ეს ვარაუდი ემყარება იმასაც, რომ ერთ-ერთ აკვნის სიმღერა იწყებოდა სიტყვებით „აქშა, ქშა, ქშა“. ასევე უამრავი აკვნის სიმღერა შეიცავს სიტყვებს, რომლებიც ფრინველებს ასახავს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბატონების ხეც ეწყობოდა გაპუტული შაშვით, რომელსაც კუდი შენარჩუნებული ჰქონდა. თუკი ისევ გავიხსენებთ ინდურ მითოლოგიას, დავრწმუნდებით, რომ მარაო (რომლის ფუნქციასაც ქართულ სინამდვილეში ფრინველის ფრთები და ბუმბულები ასრულებდნენ) არა მარტო იმ ფუნქციას ატარებდა, რომ აწყნარებდა გამონაყარის შემაწუხებელ ქავილს, არამედ იმიტომაც, რომ მისი დაქნევაც ისევე იწვევდა გამონაყარს, როგორც ჭურჭლიდან გამონაყარის მიმოყრა. რაც შეეხება იმას, რამდენად დაესესხა ქართული რწმენა-წარმოდგენა ინდურ ტრადიციას, ძნელი სათქმელია. ამ ორს შორის, შესაძლოა, ტიპოლოგიური მსგავსებაც იყოს და, შესაძლოა, ერთი მეორეს გაგრძელება იყოს. რომელი ძველია, საიდან გავრცელდა და რომელი რომელს დაესესხა, ძნელი სათქმელია. თუმცა, ორი აზრი არ არის, რომ ინდურმა ტრადიციამ ბევრად მეტი მასალაც და უფრო სრულყოფილი სახეც შემოინახა. რაც შეეხება სიტყვებს „ვარდი“ და „ია“ – ეს სიტყვები იმდენად განუყოფელი ნაწილია აკვნის სიმღერების (იავ, ნანა, ვარდო, ნანა), რომ ამ ჟანრს სხვაგვარად იავნანასაც უწოდებენ. და ბოლოს, ყურადღება უნდა შევაჩერო საკუთარ სახელ ბარბარეზე. თავის დროზე ერთ-ერთ ჩემს კვლევაში გამოვთქვი ვარაუდი, რომ ჰომეროსის „ოდისეაში“ მოხსენიებული აიეტის და და მზის ასული “ბარბარა კირკე”, რომელსაც თარგმნიან, როგორც – “უცხოელ კირკეს”, უნდა ყოფილიყო ბატონების მფარველი ღვთაება და მის მიერ ოდისევსის მეგობრების ღორებად გადაქცევა ყბაყურის, ანუ ეპიდემიური პაროტიტის მხატვრული ასახვა. გათვლების შესწავლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბარბარა კირკეს შესახებ გაფანტული ცნობების მოძიება ნამდვილად შესაძლებელია ქართულ ფოლკლორში, საბავშვო გათვლები იქნება ეს თუ აკვნის სიმღერები.
ცხადია, ჩემს მიერ აღწერილი და რეკონსტრუირებული თამაში არ წარმოადგენს ერთადერთ სიმართლეს; შესაძლოა, ბარდაველიძის მოსაზრება იყოს უფრო მართებული ან კიდევ სხვა ვარაუდებიც გაჩნდეს მომავალი კვლევებისას. მაგრამ იმის გამო, რომ ცოცხალი თამაშები მუდმივად ექვემდებარებოდა ცვლილებებს, დანამდვილებით იმის მტკიცება, თითქოს რომელიმე ერთი მოსაზრებაა უტყუარი, აზრსაა მოკლებული და ყველა მოსაზრებას არსებობის თანაბარი უფლება აქვს.

თუ შვილს ან მოსწავლეს ძალადობას შევნიშნავთ

0

ბულინგი, რაც ჩაგვრას და დაშინებასაც ნიშნავს, როგორც წესი, წინასწარ განზრახული, განმეორებადი და აგრესიული ქმედებაა. მჩაგვრელს ყოველთვის ჰყავს სამიზნე და მასზე ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბულინგის მსხვერპლი უმეტესად ნაკლებად თავდაჯერებული, ფიზიკურად სუსტი ბავშვია, სხვებთან შედარებით მორიდებული, მგრძნობიარე ან ჩაკეტილი. ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ბულინგის სამიზნე შეიძლება გახდეს ჯგუფიდან უარყოფილი ბავშვიც, რომელსაც არ ჰყავს ახლო მეგობრები.

ასეთი შემთხვევების შესახებ ბევრი რამ გაგიგონიათ. ალბათ კარგი იქნებოდა გცოდნოდათ, როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენი შვილი ან მოსწავლე არა ბულინგის მსხვერპლი, არამედ მისი ინიციატორი ან თანამონაწილეა.

იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი საყვარელი შვილი ან არცთუ ურიგო მოსწავლე სხვაზე ძალადობს, შესაძლოა ნამდვილ ტრამვად იქცეს. თავდაპირველად ზრდასრულებს უჭირთ ამის დაჯერება და ფიქრობენ, რომ რაღაც გაუგებრობასთან აქვთ საქმე, მერე კი ამ უსიამოვნო ფაქტთან შეგუება და მოქმედება უწევთ.

ცნობილია, რომ ბულინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გარემო დეზორგანიზებული სკოლაა. ყველაზე ხშირად ბულინგის შემთხვევები სწორედ იქ იჩენს თავს, სადაც ნაკლებად მოძრაობენ უფროსები. უფროსებიც ბულინგს საკმაოდ გვიან ამჩნევენ, მაშინ, როდესაც სიტუაცია გართულებულია. მოსწავლეებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია სათანადოდ ვერ ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე და ვერ მართავენ ბულინგს. მისი აღკვეთის შესახებ ცოდნაც არ გააჩნიათ. ზრდასრულების ახლოს ყოფნის შემთხვევაშიც კი ბულინგის ინიციატორები კარგად ახერხებენ შენიღბვას და ზრდასრულებისგან დისტანცირებას.

როგორ დავეხმაროთ მოძალადე ბავშვს მისი ნეგატიური ქმედებების გააზრებასა და იდენტიფიცირებაში?

უპირველეს ყოვლისა, ამ დროს საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე. სასურველია, ვიპოვოთ ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც ამ შემთხვევას შეესწრნენ.

ბულინგი განსხვავდება რიგითი კონფლიქტისა და ერთჯერადი შეხლა-შემოხლისაგან. როგორც აღვნიშნეთ, ის სისტემურ, განმეორებად და აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს და მას ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. ბავშვი შეიძლება გალახონ, შეურაცხყონ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის – სიტყვიერად, ატირონ, დაამცირონ, გაუწიონ იგნორირება ან სხვა სახით მიიტანონ მასზე იერიში.

თუ ბულინგი დადასტურდა, მშობელს ან მასწავლებელს ჯერ ბრაზი ერევა, მერე კი უნდა, დამნაშავე დასაჯოს. ხშირად მშობელი მასწავლებელს ადანაშაულებს, რომ ეს სიტუაცია „გამოეპარა“ ან პირიქით, მასწავლებელი ხელს მშობლისკენ იშვერს და შვილის ცუდად აღზრდის გამო კიცხავს.

ასეთ ემოციებში ჩაღრმავება არ ღირს. ეს ემოციები და ეჭვები შეიძლება ახლობლებს გავუზიაროთ, მაგრამ ეს ამბავი უფრო სხვაგვარ, პრაგმატულ და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

დავსვათ კითხვა: რატომ მოხდა ასე? რატომ მოირგო ჩვენმა შვილმა/მოსწავლემ მოძალადის როლი? გვახსოვდეს, რომ ბავშვთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ რაიმე ჯგუფის წევრები. თუ მათ შორის დასაჯგუფებელი კავშირი არ არსებობს, ბავშვებმა შესაძლოა ის ხელოვნურად შექმნან და ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

განსაკუთრებით სწრაფად ჯგუფებად გაერთიანება ხდება აგრესიითა და ქსენოფობიით დამუხტულ საზოგადოებაში. გაერთიანებულ ჯგუფს ერთეულებზე ნადირობისა და ეიფორიის აზარტი იპყრობს. ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამართლიანად იქცევა და არ ცნობს ბულინგს.

ძალადობაში აქტიურ ბავშვებს, როგორც წესი, ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ. მათ ან გადაიტანეს ძალადობა, ან სხვისი გავლენის ქვეშ მოხვდნენ. სიტუაცია უმართავი ხდება, როდესაც მასწავლებელი ან მშობელი პატარ-პატარა ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, ყურადღებას არ აქცევენ. ბავშვები კი უფროსების ჩარევის გარეშე სიტუაციას ვეღარ არეგულირებენ. ამიტომ არ ღირს ლოდინი, სანამ „ყველაფერი თავისთავად დალაგდება“.

უფროსები უნდა ეცადონ, აღკვეთონ ძალადობა. ბულინგში მონაწილე ყველა ბავშვს სჭირდება დახმარება – მოძალადესაც და ძალადობის მსხვერპლსაც, მაგრამ რადგან ძალადობა სკოლაში ლამის სოციალური პროცესის ნაწილად არის ქცეული, აუცილებელია ბავშვთა ჯგუფთან მუშაობა და არა მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება. თვალსაჩინო ზიანის გარდა, რომელიც ძალადობას მსხვერპლისა და მოძალადისთვის მოაქვს, ბულინგი აზიანებს ბავშვთა ჯგუფისა და მისი ყველა მონაწილის პროდუქტიულობას სკოლაში და სკოლის მიღმა.

მოძალადე ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური რესურსი უარყოფით განცდებზე იხარჯება. ამიტომ ამბობენ, რომ ბულინგი არ არის ინდივიდუალური ან მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის პრობლემა. ის აზარალებს როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მონაწილეებს, ხოლო შორეული შედეგებით – მთელ საზოგადოებას.

დაუსჯელობისა და საკუთარი ძალის დემონსტრირების ილუზიური გამოცდილება განსაკუთრებით ცუდად აისახება მოძალადეზე. თუ ზრდასრულებმა დროულად არ ვიმოქმედეთ, მას ჩამოუყალიბდება ასოციალური პიროვნების თვისებები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.

როგორ არ უნდა ვესაუბროთ ბავშვს ძალადობაზე? არ შეიძლება ყვირილი, ჩხუბი, ცემა. ამით კიდევ ერთხელ განვუმტკიცებთ ბავშვს რწმენას, რომ სამყარო ძლიერებისა და სუსტებისგან შედგება, რომ ძლიერს შეუძლია, სუსტი დაჩაგროს. არ შეიძლება ბავშვის შერცხვენა, მას არ უნდა აღვუძრათ დანაშაულის განცდა. სწორედ სირცხვილი, შიში და დანაშაულის განცდა უბიძგებს მოძალადეს, იძალადოს და თავისი უპირატესობა ამ გზით დაამტკიცოს. ასევე არ შეიძლება მასთან საუბარი ძალადობის მსხვერპლის განცდებზე. ამ დროს ნებისმიერ აგრესორს უჩნდება ზიზღი უსუსურობის მიმართ.

როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს ისე, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ? საკმაოდ მკაცრად შეიძლება ვუთხრათ: „ის, რასაც აკეთებ, ძალადობაა“. საქმე ის არის, რომ ბევრი ბავშვი ვერ აცნობიერებს ძალადობას. მისთვის ეს თამაშია, აზარტული გასართობი ან იმის გამოხატვა, რომ ვიღაც არ მოსწონს. ბავშვები სიტუაციას სისტემურად ვერ ხედავენ.

შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს, საკუთარი თავი წარმოიდგინოს მსხვერპლის როლში. აღწერეთ კონკრეტული ქმედებები, მაგალითად: „წარმოიდგინე, შეხვედი კლასში და არავინ მოგესალმა, ყველა დაგცინის, ყველა შენს ზურგს უკან ქირქილებს. შენს ნივთებს შეგნებულად ყრიან იატაკზე, წერის დროს ხელს გიშლიან და თუ არაფერს ამბობ, უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადიან. შესვენების დროს დერეფანში ყველა მხარს გკრავს, არ გაძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას, გკეტავენ საპირფარეშოში, გიმალავენ ჩანთას, შენს რვეულებს კი სანაგვე ურნაში პოულობ“.

მიუთითეთ ძალადობის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე: „ეს სერიოზული პრობლემაა, არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ჯგუფისა (კლასისა). არსებობს პრობლემები, დაავადებები, რომლებიც აქვთ არა ადამიანებს, არამედ კოლექტივს. თქვენთანაც იგივე მოხდა. ჩვენ სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ, თქვენ დახმარება გჭირდებათ“.

თქვენ შეგიძლიათ აყურებინოთ ბავშვებს ფილმები ბულინგზე. ასე უფრო უკეთ დაინახავენ შორიდან საკუთარ თავს.

როგორ დაველაპარაკოთ დაზარალებული ბავშვის მშობლებს? ბულინგის მართვა შესაძლებელია, თუ უფროსები აღიარებენ მას როგორც პრობლემას, შეძლებენ მის ამოცნობას და არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ ბულინგის შემსრულებლის დახმარებასაც ეცდებიან.

თავის მართლების გარეშე მოუსმინეთ დაზარალებული ბავშვის მშობლებს, ნუ შეაწყვეტინებთ. აცადეთ შიშის და უკმაყოფილების გამოხატვა. მათ უყვართ შვილი და მისი დაცვა უნდათ. თქვენც ასე მოიქცეოდით. ამიტომ აჩვენეთ, რომ მათი გესმის, რომ ეს სერიოზული შემთხვევაა და თქვენ მზად ხართ, ამ პრობლემის მოგვარებაში მიიღოთ მონაწილეობა.

მოუყევით დაზარალებულის მშობლებს, რა გააკეთეთ უკვე და რას აპირებთ მომავალში – რომ აპირებთ, იპოვოთ ვინმე, ვინც შეძლებს ჯგუფთან მუშაობას. ეს შეიძლება იყოს სკოლის ფსიქოლოგი, დირექტორი, დამრიგებელი, მოწვეული სპეციალისტი. შეგიძლიათ შექმნათ მშობლების ჯგუფი, რომელიც ამის მოგვარებას იკისრებს.

როგორ ვიმუშაოთ მთელ გუნდთან და ვინ უნდა გააკეთოს ეს? არსებობს ნაცადი და ეფექტიანი მეთოდები ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობისთვის ბავშვთა იმ ჯგუფთან, რომელმაც ბულინგი განახორციელა. უმჯობესია, თუ ჯგუფთან იმუშავებს პროფესიონალი, კომპეტენტური პირი, რომლის რეკომენდაციები არ გააუარესებს სიტუაციას.

თუ ასეთი პროფესიონალი ვერ იპოვიეთ, უნდა მოიძიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მზად იქნება იკისროს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს კლასს, შეისწავლოს ბულინგთან ბრძოლის ინსტრუქციები და ჩაატაროს რამდენიმე გასაუბრება. თემა ძალიან სერიოზულია, ამიტომ კლასთან ერთი შეხვედრა არ იქნება საკმარისი. შუალედებში მან სიტუაციის შემდგომ განვითარებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

კლასთან მუშაობა იწყება შემდეგი ნაბიჯებით: სიტუაციაში გარკვევა, დაზარალებული ბავშვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის მოთხოვნა, იმის გამოცხადება, რომ ძალადობა მიუღებელია.

მომდევნო ეტაპები:

  • სთხოვეთ ბავშვს, ქულებით შეაფასოს ძალადობაში მონაწილეობა.
  • შესთავაზეთ, განიხილონ და მიიღონ ჯგუფის ახალი წესები, ჩამოწერონ და კედელზე თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდონ.
  • ყოველდღიურად ჩაინიშნონ ჯგუფში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები.
  • ორგანიზება გაეწიოს ღონისძიებებს, რომლებიც ჯგუფის წევრთა ენერგიას სხვა კალაპოტში გადააგდებს და მათი ნიჭის ჩვენებას მოხმარდება, მათთვის, კლასისთვის, სკოლისთვის სასარგებლო და ღირებული იქნება.

 

მედიაწიგნიერება სკოლაში

0

მედიაწიგნიერების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციის, შესახებ საკმაოდ ხშირად საუბრობენ. ბევრი სტატია, ბლოგი თუ რჩევა წამიკითხავს იმაზე, თუ როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს ინფორმაციის ზღვაში საჭირო მასალის მოძიება-გადამოწმებისა და გააზრება-გამოყენების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების პროცესში ყველა ზემოხსენებული კომპეტენციის გაუმჯობესებას ვცდილობთ, წიგნიერებასთან დაკავშირებული კვლევები (მაგალითად, PIRLS) გვიჩვენებს, რომ კვლევაში ჩართულ მოსწავლეებს ყველაზე მეტად ინფორმაციული ტექსტების გააზრება-დამუშავება უჭირთ. ფაქტია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში მხატვრული ტექსტები ჭარბობს, სხვა საგნები კი, მიზეზთა გამო, ორიენტირებული კითხვის უნარებზე იმ დოზით ვერ ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ეს მშობლიური ენის მასწავლებლებს მოეთხოვებათ. ამ ვაკუუმის შესავსებად ხშირად სხვადასხვა დამხმარე ბეჭდურ ან ინტერნეტ რესურსს ვიყენებ. თუმცა პროგრამით გათვალისწინებული მასალა არც თუ ისე ხშირად გვიტოვებს დროს დამატებით ტექსტებზე მუშაობისთვის.

2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მედიაწიგნიერებას ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციად ასახელებს. ესგ-ის მიხედვით, მოსწავლეებს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული აკადემიური უნარ-ჩვევები ყველა საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს. მედიაწიგნიერების უნარებში მულტიმედია ტექსტების გაგება-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა იგულისხმება. მოსწავლემ უნდა შეძლოს მედიასივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირება, ინფორმაციის გადარჩევა-გადამოწმება და კრიტიკულად შეფასება. მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან, რადგან ინფორმაციის ხარისხიანად დამუშავებას, სანდოობის განსაზღვრას და ამასთან, ახალი ინფორმაციის შექმნას სწორედ ზემოაღნიშნული უნარები უზრუნველყოფს.

ბოლო წლებში, მედიაწიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად იმართებოდა არასამთავრობო თუ სამთავრობო საგანმანათლებლო ცენტრების მიერ ორგანიზებული კონფერენციები, ტრენინგები და კონკურსები. მაგალითად მოვიყვან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ჩატარებულ კონკურსს –  ,,ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ (2013წ.), ტრენინგს – ,,მედიაწიგნიერების თეორიული ასპექტები და პრაქტიკული გაკვეთილები“ (2016), კონფერენციებს –  ,,კრიტიკული მედიაწიგნიერება – 2016“ და ,,დემოკრატიული სკოლა და მედიაწიგნიერება 2017“ (,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ (CNC)) და ა.შ. თუმცა ალბათ უფრო მასშტაბური ინტერვენცია და დროა საჭირო, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა შედეგები მოსწავლეთა წიგნიერების უნარებზეც აისახოს.

ჩემი აზრით, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას მეტ დრო უნდა ეთმობოდეს მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას. სახელმძღვანელოებში ჩადებული მასალების პარალელურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ინტერნეტ თუ ბეჭდური რესურსი (კითხვის უნარების დახვეწასა და ტექსტის სიღრმისეულად გააზრებაზე ორიენტირებული ტესტები), რომელიც ჩვენს აღსაზრდელებს საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობას მიაჩვევს. თუმცა პირადად მე, საკმაოდ დატვირთული კურიკულუმის გამო ზემოაღნიშნულ უნარებზე ორიენტირებას კლუბური მუშაობის დროს უფრო ვახერხებ.

ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების კერების არსებობა რომ საკმაოდ ეფექტურია, ამაზე აღარ ვისაუბრებ. კლუბური მუშაობა მოსწავლეებს სავალდებულო სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის საშუალებას აძლევს და იმის ილუზიას უქმნის, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაგეგმილი აქტივობები მათ განტვირთვას და გახალისებას ემსახურება, რაც კლუბის შინაარსსა და აქტივობების მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. მართალია, არაფორმალური შეხვედრები სტანდარტულ გაკვეთილს არ უნდა დაემსგავსოს, მაგრამ გარკვეულწილად მაინც დაეყრდნობა მონათესავე დისციპლინას. კლუბური სისტემა სკოლის ერთიანი აკადემიური მიმართულების ნაწილია და საგაკვეთილო პროცესის დროს აქცენტირებულ უნარებს მიღმა დარჩენილი შესაძლებლობების გამოვლენას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩემი კლუბი მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილებზე მიღებული კომპეტენციის გაუმჯობესებაშიც ეხმარება და მედიაწიგნიერებასთანაც პირდაპირ კავშირშია.

,,ცნობის ფურცლის“ იდეა მეხუთე კლასის ერთ-ერთ შემაჯამებელ პროექტზე მუშაობის დროს დამებადა. ,,დავითის და გოლიათის“ ისტორია დაძველებულ ფურცლებზე რეპორტაჟების, სტატიების ან დღიურების სახით უნდა ,,გადაგვეწერა“, შემდეგ კი გაზეთად აგვეკინძა და სკოლაში გაგვევრცელებინა. გაზეთში ,,გამოქვეყნებულ“ ისტორიებს ავტორები სკოლის რადიოში გამოაცხადებდნენ. ზემოაღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეების და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალ სასწავლო წელს კი ჩვენს სკოლას, ახალი კლუბის სახით, ,,ცნობის ფურცლის“ რედაქცია შეემატა.

 

კლუბის წევრებმა ჟურნალზე მუშაობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ ერთად ჩაატარეს რამდენიმე სასკოლო გამოკითხვა და შედეგების მიხედვით შეარჩიეს რუბრიკები და გასაშუქებელი თემები სტატიებისა და ინტერვიუებისთვის. ყოველი სემესტრის ბოლოს ,,ცნობის ფურცლის“ ერთი ნომერი გამოდიოდა. ჟურნალს, მოსწავლეებთან ერთად, დიდი ინტერესით კითხულობდნენ უფროსებიც. იგი ღია კარის დღეებზე ერთგვარი გიდის როლს ასრულებდა, რადგან სტუმრები სკოლის ცხოვრების შესახებ ყველაზე მეტს სწორედ ამ ბეჭდური გამოცემის გადაშლისას იგებდნენ. კლუბის ინიციატივით, სკოლაში ფონტების კონკურსი ჩატარდა, გამარჯვებული შრიფტით კი ჟურნალის მეორე ნომერი გავაფორმეთ. სკოლის დღიურის გარდა, ,,ცნობის ფურცელში“ იბეჭდებოდა პატარა მეცნიერთა ბლოგები, მოგზაურთა ჩანაწერები, ნორჩ შემოქმედთა ზღაპრები, სტატიები ხელოვნებაზე, დიდ შესვენებაზე თავშესაქცევი კროსვორდები და სხვა თავსატეხები. ეს იყო ძალიან შრომატევადი, საპასუხისმგებლო და საინტერესო თავგადასავალი, რომელიც მოსწავლეებს სწორედ იმ უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებოდა, რაზეც ზემოთ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე.

 

სკოლის ჟურნალზე IV-VI კლასების მოსწავლეები მუშაობენ, უფრო პატარები კი მედიაწიგნიერების საწყის უნარებს ეუფლებიან და ხელნაწერი წიგნებს ამზადებენ. უკვე ხუთი წელია ზემოაღნიშნულ კლასებში ხელნაწერ კრებულებს ვქმნით. მოსწავლეებს საშინაო დავალებად მხატვრულ და საინფორმაციო ტექსტებს თანაბრად ვაძლევ და მათზე მუშაობის სხვადასხვა ხერხს ვთავაზობ. სასწავლო წლის განმავლობაში მათი ,,შთაბეჭდილების სკივრები“ ივსება საყვარელი მოთხრობების/ზღაპრების ილუსტრირებული შინაარსებით, კომიქსებით, პერსონაჟებთან მიწერილი წერილებით, საყვარელი კერძების რეცეპტებით, ისტორიული, სპორტული თუ სხვა სფეროსთან დაკავშირებული სიახლეებით, ცნობილი ამბების უცნობი გაგრძელებებით, რომლებსაც თავად იგონებენ და წიგნის თანაავტორები ხდებიან და ა.შ.

მომავალ წელს კიდევ ერთი პროექტის – სკოლის რადიოს განხორციელებას ვაპირებ. ამჯერად, კლუბური მუშაობის მიზანი რადიოგადაცემების მომზადება და სკოლის ტერიტორიაზე გავრცელება იქნება. იმედი მაქვს, ეს ახალი ინიციატივა, სკოლის ჟურნალთან ერთად, მოსწავლეთა წიგნიერების დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.

სიმბოლისტური ჯადოქრობა გოგლასგან

0

გიორგი ლეონიძის ”მეცამეტე საუკუნე”

 მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მსოფლიო (ქართულიც, რასაკვირველია) პოეზია იდეურად, სახეობრივად და სტილურად მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მეცხრამეტე საუკუნის ლექსი ლოზუნგურობის დამღას ატარებს, რადგან ამ ეპოქაში ცივილიზებული კაცობრიობა ახალი ღირებულებების დამკვიდრებისა და თვითგამორკვევისთვის იბრძვის. მწერლობა კი ყოფის პროექციაა და ამას თვით ლირიკული ლექსიც ვერ ასცდება, რადგან ლირიკული განცდებიც ისევე არის ობიექტური სინამდვილის ანარეკლი, როგორც – პროზაული ტექსტის ვრცელი ნარატივები.

მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტულმა ლირიკამ კი ადამიანის სულის უღრმეს ხვეულებში წიაღსვლები, ლირიკული გმირის ფსიქოპორტრეტების ინტროსპექცია და გამოუთქმელის გამოთქმა სცადა. უღრმესი ფსიქოლოგიზმი სიმბოლისტური ლექსის უპირველესი მახასიათებელია. ადამიანის ქვეცნობიერი იმდენ გამოუცნობ ხატს ინახავს, მათი ”ამოზიდვა” ტექსტებში პოეტის ”გულიდან სისხლის წვეთებით”, მართალია, უამრავ პასუხგაუცემელ კითხვასაც ბადებს, მაგრამ ფსიქოლოგიზმით დაინტერესებული მკითხველისთვის უაღრესად საინტერესოა.

სკოლის დამამთავრებელ კლასში ქართული ლიტერატურის პროგრამით გათვალისწინებულია ქართული სიმბოლიზმის სწავლება, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სიმბოლისტური ლექსის სახე-სიმბოლო იმდენად მრავალპლანიანი, ღრმა და ამოუცნობია, შთაგვაგონებს პოლარულად განსხვავებულ წაკითხვებს და ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მოსწავლეებს ხშირად არ სჯერათ სახელმძღვანელოს ან რომელიმე ლიტმცოდნის ან თუნდაც მასწავლებლის მიერ შეთავაზებული წაკითხვებისა. სახე-სიმბოლოს დეკოდირება ნებისმიერი ეპოქის ტექსტების ანალიზისას უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სიმბოლისტური ლირიკული ტექსტი ამ მხრივ განსაკუთრებულია.

სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე სიმბოლისტი პოეტის ტექსტების სწავლება. ესენია: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე. პროგრამაში არ შედის ბევრი ლექსი, მოსწავლეებს უჭირთ მათი გაგება და ეროვნულ გამოცდებზეც ამ ტექსტების განხილვის წერა დაუძლეველ სირთულედ ეჩვენებათ. მასწავლებელს რომ გაუიოლდეს სიმბოლისტური ლექსის სწავლება, ამისთვის სასურველია მიმართოს პარალელურ ტექსტებს და რამდენიმე მასტერკლასი საკმარისია საიმისოდ, რომ სიმბოლისტური ლექსის ბუნება ნათელი და იოლად საკვლევი გახდეს მოსწავლეებისთვის. გიორგი ლეონიძის ”მეცამეტე საუკუნე” არის ლექსი, რომლის სიმბოლოთა დეკოდირება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ხელს შეუწყობს ამ მიმდინარეობის ლირიკული ნიმუშების გაგება-გააზრებაში.

ლექსის სათაური უკვე არის უმნიშვნელოვანესი შიფრ-კოდი, პოეტური სახე-სიმბოლო, რომლის ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამ თარიღის ხსენებაზე ყველას საქართველოში მონღოლთა შემოსევა ასოციაციურად ისედაც ახსენდება. პოეტმა უნდა შექმნას ისტორიული ეპოქის ლირიკული სურათები და გადმოსცეს ერის უდიდესი ტკივილი, რომელიც ახლავს დამპყრობლის თარეშს, ქვეყნის განადგურებას და რომელიც  მეხსიერებიდან არ იშლება. ლირიკული ამბებით ამ საშინელების გადმოცემა ამაო მცდელობა იქნება ეპოქის გაცოცხლებისა, ამიტომაც პოეტი ელვარე სიმბოლისტური ხატებით ისე ეფექტურად გადმოსცემს ტკივილს, საშინელებას, რომელიც ველური დამპყრობლის წყალობით ქვეყანაში დატრიალდა. ამ ლექსის ნათელი იდეის ამოცნობა იოლია. სამშობლოს სატკივრის თემა და მასთან დაკავშირებული იდეები ისევე ძველია, როგორც ჩვენი სამშობლო, მაგრამ ამ იდეების ასე ახლებურად გაჟღერება ამ სიმბოლისტური ხატების მეოხებით პოეტისგან არა მხოლოდ უდიდეს ოსტატობასა და ვირტუოზობას მოითხოვს, არამედ ნამდვილი ჯადოქრობაა.

მტრის ხატის გამძაფრებული ემოციით აღსაქმელად პოეტი ქმნის უძლიერეს სახე-სიმბოლოებს: ურა ცხენი მონგოლური დაღით, შავი თარაქამა, რომელიც აღვირს ძლივს უსწორებს ურჩ ცხენს, კალია მჭამელი ან კალია – მინდვრის დალაქი, მუზარადის მტვრით დაბნელებული მინდვრები, მულიდების ყივილი, საყვირები, ზურნა, დროშების ტყე, თათრის ხმალი და ჩალმა, ჩინგისხანი, მონგოლური ანგელოზი…

ტრაგიკული  ქართული სინამდვილის გამომსახველი სიმბოლოებია: მულიდების ყივილით გულშეღონებული ქართული მთები, აალებული გზა, გაშანთული მიწის ქერქი, დათხრილი ქალაქები, შემწვარი მდინარე, მდუღარე გიშერი, შანშა და შარვაშა, ღრიანკალი, ბუ, დამდნარი გალავნები, გოგირდის ბური, მოედანზე აზელილი თმა და ტვინი, აჩეხილი ფალავნები, ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილი თავთავი, ცხენის უზანგში გაჩხერილი მტევანი, ვენახში გაჭრილი სამარე, თეთრი ძვლებით მოთესილი ნაფუძრები, მეწყერები, ტრამალები, წყაროზე სისხლით სავსე ტაგანი, კეთროვანი, ბუგრიანი, ვერცხლით ნაჭედი იატაგანით შეიარაღებული მხარგრძელი ანგელოზი, განკვართული ქართლი, მღვიმეებში ჩაყენებული ნათელი…

ეს სახე-სიმბოლოები იმდენად ცხადად და ემოციურად აცოცხლებენ მონღოლთა შემოსევის და ქართლის დაპყრობის სურათებს, რომ მკითხველი ფრაგმენტულ კინოკადრებად ხედავს ყოველივეს და 8 საუკუნის წინანდელი ისტორიული ტრაგედიის მონაწილე ხდება. დამანგრეველ ქარიშხლად მოვლენილი ველური დამპყრობლის მიერ მოულოდნელად გაჩენილი რეალობა ლექსში საოცარი დინამიკითა და ექსპრესიით აღიწერება პირველსავე ფრაზაში: „მოჰქრის ურა ცხენი მონგოლური დაღით, ზედ შავი თარაქამა ვერ უსწორებს აღვირს და კალია მჭამელი უკან სვეტად მისდევს მუზარადის მტვერით დაბნელებულ მინდვრებს“… ამ სიტყვების წაკითხვისთანავე მხატვრული ფილმების ბატალური სცენა დაუდგება მკითხველს თვალწინ და მთელი ტრაგიზმიც უმცირეს დეტალებამდე ცხადად საგრძნობია. ურა ცხენი მონღოლური ველური ენერგიის სიმბოლოა, ხოლო შავი თარაქამა (მეომარი), რომელიც აღვირს ძლივს უსწორებს ცხენს, სასტიკ დამპყრობელს დემონად წარმოაჩენს… ამ ერთ დემონს კი უკან მოსდევს კალია-მჭამელი სვეტად ანუ უთვალავი ასეთი თარაქამა-დემონი შეკრულა და შეკავშირებულა, რათა ქართული მიწა გადაჯეგოს, სისხლიან ტალღად თუ გრიგალად გადაუაროს პატარა სამეფოს… კალია ასევე მინდვრის დალაქიც არის – გაკრეჭს და გადააშამბნარებს, გადახრუკავს მწვანედ აბიბინებულ ქართულ ველ-მინდვრებს, რომლებიც შორეული მონღოლეთიდან მქროლავი, ათასი სტეპიდან მტვერაკრული მუზარადების მტვრით დაბნელებულან. ქართლში მონღოლური სული დაისადგურებს, მონღოლური კანონები გაუსაძლისი არტახებით შეკრავს ქართველობას, მულიდები, პარვით კაცის მკვლელები, იყივლებენ და ქართულ მთებსაც კი ტანში გასცრის მათი შემზარავი ხმები… მონღოლური საყვირები და ზურნა ქართულ ტკბილხმოვანებას და პოლიფონიას, ქართულ საგალობლებს და ხალხურ საკრავებს გადაფარავენ, მონღოლური დროშების ტყე აღიმართება, თათრის ხმალი და ჩალმა იატაკქვეშეთისკენ ჩალალავს უმწეო ქართველობას… ო, რა მწარეა, შემოსეული მტრის გასამკლავებლად ძალები რომ გეშრიტება და საკუთარი უსუსურობა კბილებით საკუთარ ხორცს გაგლეჯინებს… ჩინგისხანი და მონგოლური ანგელოზი დაეპატრონება დედოფალივით ტურფა დედაქალაქს ჩვენსას… ხოლო ქართლის მფარველი მხარგრძელი ანგელოზი, კეთროვანი და ბუგრიანი, დამუწუკებული, ჩირქოვანი წყლულებით გაწამებული ვერცხლით ნაჭედ იატაგანს აიღებს ხელში… ეს ოქსიმორონის ხერხით გაცოცხლებული სახე-სიმბოლო საკვირველი სიმწვავით ასახავს ეროვნულ ტრაგიზმს…

დაცემული და დამარცხებული, მორალურად და სულიერად გატეხილი ქართლი საკვირველი ოსტატობით იხატება… პოეტი არ ყვება ამბავს, მხოლოდ სიმბოლისტური ხატების მეშვეობით ფერმწერივით ხატავს რეალობას… „გზა გაცეცხლა ალმა“… იტყვის ის და თვალწინ დაგვიდგება გაშანთული მიწის ქერქი… მხატვრულ ფილმ „ილაის წიგნში“ გლობალური კატასტროფის ამსახველი კადრები ცოცხლდება ასოციაციურად, გადამწვარი დედამიწა, დათხრილი ქალაქები… შემწვარი მდინარე – მსგავსი გამომსახველობის მხატვრული სახე სხვაგან არსად შემხვედრია, არც ქართველი და არც ფრანგი სიმბოლისტების გენიალურ ლექსებში. აქაც სახის გაცოცხლებისას პოეტმა ოქსიმორონი გამოიყენა და გამოუთქმელი გამოთქვა, ის სიტყვებით ჯადოქრობს, ქართული სიტყვის სულსა და გულში წვდება, ლეონიძე ხომ ისედაც ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი მეცნიერი და ქართული სიტყვის მაგი იყო, მის ლექსებსა და „ნატვრის ხის“ მოთხრობებში იმდენი არქაიზმი, დიალექტიზმი და ორიგინალური, ნოვატორული სიტყვათქმნადობები გვხვდება… სიტყვებით თამაში და სათქმელის ეფექტურად გამოხატვა, მკითხველის გაოცება მისთვის უცხო არ არის… ამ ჯადოქრობის კრიალოსანს აგრძელებს მდუღარე გიშერი, ქართული ქვა, რომელიც ქართული სინამდვილის სიმბოლოა და მონღოლთა თარეშის გამო იწვის და დუღს… შანშა და შარვაშა შიშვლები ივლიან, მხარგადაკრულნი… ამ სიტყვების ეტიმოლოგია და მნიშვნელობა ბევრგან ვეძიე, არცერთ განმარტებით ლექსიკონში ისინი არ არის ახსნილი და ვერც ენათმეცნიერები იძლევიან დაზუსტებულ პასუხს, მაგრამ სავარაუდოდ აქ უნდა იგულისხმებოდეს ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ისტორიული წყაროები არაერთგან და არაერთგზის იმეორებენ: „მეფე მეფეთა, იესიანი, დავითიანი, სოლომონიანი, ბაგრატიონი, ნებითა ღვთისათა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა, ვიდრე დასავლეთამდის მქონებელი მპყრობელი და თვით ხელმწიფე მფლობელთა“…

სიმბოლისტურ სახე-ხატებს უღრმესი დატვირთვა ეძლევა, მათ საოცარი პოლისემიურობა ახასიათებს… მტრისგან გავერანებული მამულის სინამდვილის ასასახავად გოგლა იყენებს სიმბოლოებს, რომლებიც ერთგვარ პოეტურ შიფრ-კოდებს წარმოადგენენ და მათ ასახსნელად ან გემოვნებიანი, განსწავლული მკითხველია საჭირო, ან კომპეტენტური მასწავლებელი, ან საგანგებო სქოლიოები თუ განმარტებები. მაგალითისთვის ავიღოთ მთელი გალერეა მართლაც რომ ჯადოქრული სახე-სიმბოლოებისა, რომლებიც უსიტყვოდ, მხოლოდ ხსენებით ყვებიან ქართლის ცხოვრების ტრაგედიებს: ღრიანკალი, ბუ, დამდნარი გალავნები, გოგირდის ბური, მოედანზე აზელილი თმა და ტვინი, აჩეხილი ფალავნები, ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილი თავთავი, ცხენის უზანგში გაჩხერილი მტევანი, ვენახში გაჭრილი სამარე, თეთრი ძვლებით მოთესილი ნაფუძრები, მეწყერები, ტრამალები, წყაროზე სისხლით სავსე ტაგანი, განკვართული ქართლი, მღვიმეებში ჩაყენებული ნათელი… ღრიანკალი (მორიელი) და ბუ გაუკაცრიელებულ ადგილებში იდებენ ბინას და აქ ისინი სწორედ ქართლის გაუკაცრიელების, უდაბურების, ნგრევის, აოხრების, დაქცევის სიმბოლოებად გვევლინებიან. დამდნარი გალავნები, რკინისა იქნებოდნენ ისინი თუ ქვისა (ალბათ გალავნებს უფრო ქვისას აშენებდნენ ჩვენი შორეული წინაპრები), განასახიერებენ ქართველთა სასტიკ მარცხს, დაცემას, მტრისთვის დანებებას, აღმაშენებლისეული ძლევაი საკვირველი საკვირველმა ნგრევამ  ჩაანაცვლა, გოგირდის ბური აალების, წვის, კვამლის, ფერფლის და განადგურების, პირისაგან მიწისა აღგვის სიმბოლოა. მოედანზე აზელილი თმა და ტვინი და აჩეხილი ფალავნები ცხადად და მტკივნეულად განგვაცდევინებენ თანამოძმეთა ამოწყვეტას. ეს შეგრძნება იმდენად ხელშესავლები და ღრმად საგრძნობია, როგორც ლეონიძის ლირიკული გმირი განიცდის სხვა ლექსში („მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“) და მიმართავს ნაწამებ დედაქალაქს: „გამოვვარდები, ხარ თუ აღარა, კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?“

„მეცამეტე საუკუნე“ ის ლექსია, რომელიც ასჯერ რომ წაიკითხო, გაოცება მწერლის გამომსახველობით არ გაგივლის და არ გაფერმკრთალდება. უამრავი აღმაფრთოვანებელი სახე-სიმბოლოა, მაგრამ ეს ორი განსხვავებული და განსაცვიფრებელია. თუ მართლა ლოგოსის მაგიის უნარით ხელდასხმული არ არის პოეტი, როგორ შეუძლია წარმოიდგინოს ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილი თავთავი და ცხენის უზანგში გაჩხერილი მტევანი? მან წარმოიდგინა, დაინახა, რომ მონღოლურმა ურა ცხენებმა გადაჯეგეს ნაყოფიერი ქართული ყანები და ვენახები, პურის ყანა და ვაზი ხომ ქართული სულიერების და ხორციელების სათაყვანო სიმბოლოები არიან ყველა ეპოქაში. ნაცვლად იმისა, რომ პურის ყანებიდან მოსავალი მოეწია უბედურებადატეხილ ქართველობას, ყანები, რომლებსაც ისინი შეჰხაროდნენ, მტრის ურდოების ძლივსდასაოკებელმა ცხენებმა გადაჯეგეს და ნანინანატრი თავთავები ბზედ და ხვავად გალეწვის ნაცვლად მათი ცხენების ქაჩაჩებს შერჩა! ვენახში, რომელიც ქართველი კაცისთვის სალოლიავო და სალოცავია, ნაჯაფ ზვრებში, სადაც დალოცვილი ოქროსფერი მტევნები ღუოდნენ, მონღოლების ცხენებმა შეალაჯეს და მათ უზანგებში გაეჩხირა იესოს სისხლად დასაწური მტევნები, ვენახში სამარე გაიჭრა, თეთრი ძვლებით მოითესა ნაფუძრები და მეწყრად და ტრამლად იქცა ამწვანებული, ბიბინა ველები… ტკივილის უფრო მძაფრად და მგრძნობიარედ აღწერა წარმოუდგენელი მეჩვენება!

პოეტი სამჯერ იმეორებს შესიტყვებას: „ხვალ ნახავთ“… აქ ის დროის მითოლოგიზაციას ახდენს… დროში მოგზაური ხდება და ჩვენც გადავყავართ იმ ეპოქაში, რომ ტკივილი უფრო მძაფრად შეგვაგრძნობინოს, თითქოს იქა ვართ, თითქოს თვითმხილველები ვართ, თითქოს ხვალ უნდა ვიხილოთ კალიები – მინდვრის დალაქები, ღრიანკალისა და ბუს მოძალება გაუკაცრიელებულ, აკვამლებულ ნასახლარებში და ბოლოს ისიც, რომ „სისხლით აივსება წყაროზე ტაგანი“… ტაგანი ძველებური ხის ვედროა, რომელსაც წყაროებს შეუდგამდა ხოლმე ქართველი გლეხი, რომ წყალი დაგროვილიყო და ყველას ესარგებლა, უწყლობას არ შეეწუხებინა სოფელი… წყაროებიდან სისხლი იწანწკარებს… ღმერთო, რა გრძნეულებაა ეს ჰიპერბოლა?

ლექსის ფინალში კი ქართლის სახე-სიმბოლო პოეტის მიერ გამოხატულ ეროვნულ ტკივილს ტკბილმწარე, სევდიან-იმედიანი განცდით ავსებს: „და ქართლი, განკვართული, ნაპრალებში, მღვიმეებში ჩააყენებს ნათელს“…

მიუხედავად იმ საშინელებისა, რომელიც მრისხანე დამპყრობლებმა კოშმარად დაატრიალეს ქვეყანაში, ქართლი – ქრისტესავით განკვართული (გაპიროვნების მასტერკლასი), ჯვარცმული ქართლი, ქრისტესეული ფენიქსური ბუნებით გაძლიერებული, მომაკვდავი და მუდამ მკვდრეთით აღმდგომი, განა ქრება, განა კვდება, განა სისხლისგან იწრიტება? ის გადახრუკული შუასკნელიდან დროებით ქვესკნელში ჩადის, იქ ჩააყენებს თავის ნათელს, რათა ქტონური ღმერთივით კვლავ აღდგეს, საკუთარ თავში იპოვოს თვითაღგინების ინსტინქტები, თავი მოიმკვდარუნოს, დროებით თვალს მიეფაროს და ასე გადაარჩინოს თავისი სულიერი სინათლე, რათა ხელსაყრელ ჟამს კვლავ გაბრწყინდეს, ქვესკნელიდან შუასკნელს ამაღლდეს და თავის შვილებს შეუნახოს ყველაფერი ის, რასაც ქართული სული და ეროვნული სხეული ქვია…

ეს ლექსი თავისი საკვირველი პოეტური ხატებით მხატვრული სიტყვის მოყვარულებს საოცარი სიცხადით შეაგრძნობინებს, რომ სიტყვას შეუძლია ის, რა ძალასაც მას სიტყვის მეორე დიდოსტატი, კონსტანტინე გამსახურდია მიაწერდა: “მე ვიტყვი სიტყვას – ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას შვენიერსა და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან”…

 

 

ბავშვი სოფლად თუ ქალაქში

0

სად არის უმჯობესი ბავშვის გაზრდა – ქალაქში, გარეუბანში, თუ სოფელში?      ნებისმიერი ოჯახის წინაშე  მატერიალური სიძნელეების, თუ სხვა მიზეზების გამო ან  თუნდაც არ ჰქონდეს ოჯახს მსგავსი პრობლემები, ხშირად ჩნდება ეს კითხვა. რას ვამჯობინებდით, თუ კი ასეთი არჩევანის წინაშე დავდგებოდით?

კითხვაზე პასუხის გაცემა იოლი არ არის, რადგან   მთელი რიგი მოსაზრებების განხილვა და გათვალისწინებაა საჭირო. პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან,  ვერ გადაწყდება ქალაქიდან სოფელში გადასახლებით ან პირიქით.  ქალაქში ან  სოფელში ცხოვრება  ვერ იქნება  ბავშვის  გარემოსთან ადაპტაციის გარანტი და არასერიოზულია იმის მტკიცება, თითქოს, საცხოვრებელ ადგილს – ქალაქს თუ სოფელს –  თავისთავად შეუძლია  მოზარდის აღზრდასთან არსებული  სიძნელეების მოგვარება.

უდავოა ერთი – ბავშვის ფსიქიკურ განვითარებასა და ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახური გარემო-  მშობლების სოციალური მდგომარეობა, მათი ჯანმრთელობა და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია – გაწონასწორებული, მშვიდი ოჯახური გარემო, მეუღლეებს შორის დამოკიდებულება  და მშობლების შვილებთან ურთიერთობის ხასიათი.   ეს არ არის   ან თითქმის არ არის დამოკიდებული იმაზე, სად ცხოვრობს ოჯახი – ქალაქში თუ სოფელში.

ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავების პოვნა და მათი  ჩამოთვლა ძნელი არ არის და ეს ჩამონათვალი არ განსაზღვრავს რამდენად უპირატესია ერთი მეორესთან, არჩევანი კეთდება  პიროვნებისთვის მისაღები ან  სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული  აუცილებლობით. ზოგს მოსწონს ქალაქში ცხოვრება და გაკვირვებულია, როცა მისი არჩევანი მიუღებელია ოჯახისთვის. ზოგი გვარწმუნებს, რომ  საცხოვრებელ ადგილზე არჩევანს  აკეთებს შვილების კეთილდღეობისთვის.

ქალაქის ცხოვრებაში, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ტრანსპორტი. ოდესღაც ქალაქის ქუჩები ბავშვების თამაშისა და გართობის ადგილი იყო. ახლა საშიშია  მასზე გადაადგილებაც კი. მდგომარეობას  ვერ ცვლის რამდენიმე პარკი და საბავშვო მოედანი, დიდ ქალაქებში  ატმოსფერო  იმდენად გაჟღენთილია ავტომანქანის გამონაბოლქვი გაზებით, რომ „სუფთა“ ჰაერზე ყოფნამ დაკარგა თავისი თავდაპირველი აზრი.  აი რა მივიღეთ: ბავშვები თითქმის  ვერ თამაშობენ, თითქმის ვერ  ხვდებიან ერთმანეთს და უფროსები  იძულებულნი ვართ მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდნენ ისინი, არ გავუშვათ მარტონი ეზოში და ქუჩაში. სკოლიდან დაბრუნებული  მოზარდები სახლში  დროს პასიურად ატარებენ  ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. პატარებს კი,  რომლებისთვისაც  სკოლაში წასვლა ჯერ ნაადრევია, ურთიერთობის სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.

ქალაქური ცხოვრების სერიოზული პრობლემაა  გადატვირთული კლასები. ნებისმიერი მასწავლებლისთვის რთულია ნაყოფიერი გაკვეთილის ჩატარება, როცა  კლასში 20-25 მოსწავლეზე მეტია. კლასებში მოსწავლეთა  რაოდენობა  აგრეთვე განსაზღვრავს მასწავლებლის  და  მშობლების  კომუნიკაციის ხარისხს, რაც  მნიშვნელოვანია მოზარდის სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

გარკვეული პრობლემებია  სოფელში მცხოვრები მოზარდების სწავლა-განათლების საკითხში.

თუმცა ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ საცხოვრებელი ადგილის უპირატესობებს ქალაქად თუ  სოფლად.   საინტერესო ადგილების და საინტერესო გარემოს  ნახვა ყველგანაა შესაძლებელი. ოჯახთან ერთად   სათევზაოდ და ქალაქის თუ სოფლის შემოგარენში სასეირნოდ წასვლა დადებითად მოქმედებს მოზარდის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე.  სოფლის მაცხოვრებლები დრო და დრო უნდა სტუმრობდნენ ქალაქს, ეცნობოდნენ  სიახლეებს და პირიქით, ქალაქელი ბავშვი ხანდახან უნდა ეზიაროს სოფლის სიკეთეებს.

 

 

 

 

 

ჩვენი „შეცდომებით“ გამოწვეული ანუ ბავშვებიც იღლებიან

0

ბავშვებს ხშირად უბრაზდებიან და სჯიან კიდეც, როდესაც ისინი სკოლაში დაბალ შეფასებას იღებენ. გაბრაზება და დასჯა მშობლების ერთგვარი ტრადიციაა. „გინდა,უნივერსიტეტში ვერ ჩააბარო და მეეზოვე გამოხვიდე?“ – ასე გვაშინებდნენ ჩვენ ბავშვობაში და ასე აშინებენ თანამედროვე ბავშვებსაც.

მშობლების ზედმეტად დრამატული რეაქცია დაბალ ნიშნებზე ბავშვებში ძლიერ სტრესს იწვევს და არასრულფასოვნების კომპლექსს აღვივებს. ბავშვობაში ყველას გვეშინოდა შეცდომების, იმიტომ, რომ ამისთვის გვკიცხავდნენ ან გვსჯიდნენ. გავიზარდეთ და შიშიც გამოგვყვა – ისევ გვეშინია შეცდომების სამსახურსა თუ ურთიერთობაში. გვეშინია დაგვიანების, კოლეგების შენიშვნების, ოჯახის წევრების საყვედურების და ამასთან დაკავშირებული სირთულეების, გვეშინია ურთიერთობის გაფუჭების…

ჩვენი „შეცდომებით“ გამოწვეული ფობიები ცხოვრების ყველა სფეროში წამოტივტივდება ხოლმე და საბოლოოდ გვეშინია ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს, იმიტომ, რომ სხვები განგვსჯიან ან დაგვსჯიან კიდეც.

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სკოლაში მიღებულ დაბალ ნიშნებს?

მოსწავლეობისას ცუდი ნიშნები მხოლოდ იმიტომ კი არ გვაღელვებდა, რომ ის ცუდად აისახებოდა სემესტრულ შეფასებაზე, არამედ იმიტომაც, რომ მათ ნეგატიურად აღიქვამდნენ მშობლები. თუმცა ეს ყველაფერი თითქოსდა ჩვენი ცხოვრებისგან განყენებულად ხდებოდა.

არადა, არსებობდა და არსებობს სხვა სცენარიც. თუ მშობლები ვართ, შეგვიძლია ვუთხრათ შვილს: „შენ ქართულში დაბალი ქულა გაქვს და ეს ცუდია, მაგრამ არა იმიტომ, რომ წლის ბოლოს ნიშანი გაგიფუჭდება, არამედ იმიტომ, რომ საკმარისად გამართულად ვერ წერ. წერა კი ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და დაგეხმარება, მაგალითად, მოლაპარაკების წარმატებით ჩატარებაში“.

ან ასე: „მათემატიკაში შენი დაბალი ქულა  საბოლოო ნიშანზე მოახდენს გავლენას. ჯამში, არც ისე მნიშვნელოვანია, საბოლოდ რა ქულა გამოგივა, მაგრამ თუ ამოცანების სწორად ამოხსნას ისწავლი, შესაძლოა, ეს თვითმფრინავების მშენებლობაში გამოგადგეს. შენ ხომ ამაზე ოცნებობ? მათემატიკა საჭიროა არა ქულისთვის ან უფროსების გულის მოსაგებად, არამედ ცხოვრებისათვის. ბოლოს და ბოლოს, თუ კარგად ისწავლი ანგარიშს, როცა გაიზრდები, ბიზნესში ვერავინ მოგატყუებს“.

ასეთი სცენარის დროს მშობლის ყურადღება კონცენტრირებულია არა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ მისი ცოდნის ხარისხზე და ამ ცოდნის საჭიროებაზე. დღეს ბავშვი გამართულად წერას და სწორად თვლას სწავლობს, ხვალ კი უნივერსიტეტში ისწავლის და არამხოლოდ ქულების ხათრით დაესწრება ლექციებს.

ბავშვმა/ახალგაზრდამ უნდა გაიზროს, რომ ის, რასაც შეისწავლის, მისი პროფესია გახდება, პროფესია კი მთელი მისი ცხოვრების ვექტორს განსაზღვრავს. ის ხარისხიანად შეასრულებს ნებისმიერ სამუშაოს, საკუთარი თუ სხვისი ბიზნესის განვითარებასაც კარგი თვითმომზადებით მიუდგება.

პირველ სამუშაო დღეს ან საკუთარი საქმის დაწყებისას ჩვენ ისედაც პოტენციური „ექვსოსნები“ ვართ. უბრალოდ, ზოგი თავის შეცდომებს ისე ეკიდება, როგორც კატასტროფას, ზოგი კი  – როგორც გამოცდილებას ან განვითარების შესაძლებლობას.

საკონტროლოში თუ საშინაო დავალებაში მიღებული დაბალი ნიშანი სწორედ ის ბიძგია, რომელიც ბავშვს მიუთითებს, რა უნდა გამოასწოროს, სად არის მისი სუსტი მხარე. ნიშანი ბავშვს საკუთარი ცოდნის შეფასების საშუალებას აძლევს. ნიშნის გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის ჩატარებული სამუშაოა და არა იმისთვის, რომ ამით მასწავლებელს ან მშობელს ასიამოვნოს. სკოლაში ცუდი ნიშნებისადმი გააზრებული მიდგომა საკუთარი ცხოვრებისა და მიზნებისადმი პასუხისმგებლობის საწინდარია.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნიშნებისადმი „კეთილგანწყობა“ და მათთვის ბრძოლა ხშირად ბავშვის ემოციურ გადაწვასაც იწვევს და ეს უკვე სულიერიდან ფიზიკური პრობლემების რანგში გადადის. ასეთი რამ დაუშვებელია და ყურადღებას მოითხოვს. რაღაც მომენტში შეიძლება შევამჩნიოთ, რომ მუდამ აქტიური და მხიარული ბავშვი, რომელიც წიგნებს აკვდება და დღედაღამ მეცადინეობს, ერთ მშვენიერ დღეს ინტერესს კარგავს ყველაფრის მიმართ, მოწყენილი და გულგრილი ხდება. ეს ემოციური გადაწვის პირველი სიმპტომებია.

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს აპათია მოერია, აღარ აინტერესებს მეგობრები, საყვარელი ფილმები და ლიტერატურა, მალე დილით ადრე ადგომა და გაკვეთილების მომზადებაც დაეზარება. თუ უკვე ასეა, დიდია ალბათობა, რომ ბავშვი ემოციურად გადაიწვა.

ამიტომ ნუ იჩქარებთ მის დადანაშაულებას და ჩხუბს – ამით მხოლოდ გაამწვავებთ მდგომარეობას. უმჯობესია, გავარკვიოთ, რა მოხდა, რატომ იქცევა ბავშვი ასე, გავუგოთ და სასწრაფოდ დავეხმაროთ დაკარგული ძალების აღდგენაში.

როგორ ამოვიცნოთ ემოციური გადაწვა, თუ სამედიცინო თვალსაზრისით ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს და ერთი შეხედვით არაფერი ეტყობა?

როგორც უკვე ვთქვით, პირველი ნიშანი დაღლილობაა. მისი ამოცნობა ძნელი არ არის. მაგალითად, ბავშვს საკმარისად სძინავს, მაგრამ მაინც ვერ იღვიძებს დასვენებული, დილიდან საღამომდე დარდიანია და პასიური. გამუდმებით ცდილობს საქმის გადადებას.

თანამედროვე მშობლები ცდილობენ, ბავშვი მაქსიმალურად დატვირთონ  ხელოვნებით, მეცნიერებით ან სპორტით, რათა ის არ მოდუნდეს და ვერ მოიცალოს ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლზე საფიქრალად. ხდება ისეც, რომ მშობელი ბავშვს გეგმას რამდენიმე თვით ადრე უწერს და ამ გეგმაში დასვენებისთვის ძალიან ცოტა დროა გამოყოფილი. მშობელს სურს, ბავშვი ყველგან და ყველაფერში წარმატებული იყოს. ასეთი ტრავმული ტემპის გამო ბავშვის ემოციური გადაწვის შანსი კიდევ უფრო იზრდება. ეცადეთ, სწორად დაუგეგმოთ დასვენების დღეები და თავისუფალი დროც, როცა შეეძლება, საერთოდ არაფერი აკეთოს.

ემოციური გადაწვა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც მშობლები მეტისმეტად ბევრს ელიან შვილისგან და თუ მან მოლოდინი ვერ გაამართლდა, თავს დამნაშავედ აგრძნობინებენ. განსაკუთრებით საშიშია ასეთი ფრაზები: „ჩვენ ძვირად ღირებული ფორმა გიყიდეთ იმისთვის, რომ კარგად ივარჯიშო და ჩემპიონი გახდე, შენ კი…“, „შენი კლასელი უკვე ბავშვებს ამზადებს და საკუთარი ჯიბის ფული აქვს, შენ კი ინგლისური წესიერად ვერ გისწავლია“ და სხვ.

თუ ბავშვი ყოველ შენიშვნაზე უხეშად და სარკასტულად გპასუხობთ, ესეც ემოციური გადაღლის ნიშანია. თუ ასეთი ქცევა რამდენიმე დღეა გრძელდება, ეცადეთ, ბავშვს დასვენება და განტვირთვა მოუწყოთ. არ ეჩხუბოთ, არ მოითხოვოთ მისგან დავალებების დაუყოვნებლივ შესრულება – გახსოვდეთ, ბავშვებიც იღლებიან!

იარაღით მოვაჭრეები

0

გასულ წელს „სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა“ იარაღით ვაჭრობის შესახებ არსებული ოფიციალური მონაცემების შეგროვება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. შვედმა მეცნიერებმა 2012 და 2017 წელს ჩატარებული ორი იდენტური კვლევის შედეგები ერთმანეთს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ უმოკლეს პერიოდში მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის მაჩვენებლები 10%-ით გაიზარდა.

ჩვენს პლანეტაზე წარმოებული სამხედრო პროდუქციის 30%-ზე მეტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იყიდება. იარაღის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აშშ იკავებს. იგი გაეროს წევრ 98 ქვეყანას ამარაგებს სხვადასხვა ტიპის საომარი ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო ინდუსტრიის მიერ წარმოებული ყოველი მეორე პროდუქტი არაბეთის ნახევარკუნძულისა თუ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ბაზრებზე იგზავნება. იარაღის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა სიაში საპატიო მეორე პოზიცია რუსეთის  ფედერაციას ხვდა წილად. რუსული ავტომატები, ჯავშანტრანსპორტიორები და ბომბდამშენებიც მრავლად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სირიის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანსა თუ ინდოსტანის სუბკონტინენტზე. საკმაოდ შემოსავლიან საქმიანობაში ლიდერებს მციდერით ჩამორჩებიან ევროკავშირის ქვეყნები (ძირითადად საფრანგეთი, გერმანია) და ჩინეთი. მაშასადამე, თანამედროვე სამყაროს ოთხივე უმნიშვნელოვანესი აქტორი საკუთარი ეკონომიკის რეალური სექტორის მდგრადობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფას, ძალაუფლებისა  და დამატებითი ფინანსური რესურსების მოპოვებას  სამხედრო ნაწარმის რეალიზებით ცდილობს.

ვინ არიან იარაღის მთავარი იმპორტიორები? რომელი ქვეყნები ყიდულობენ აშშ-ის, რუსეთის, ევროკავშირისა და ჩინეთის მიერ წარმოებულ პროდუქციას?

იარაღის იმპორტიორი სახელმწიფოების ჩამონათვალში მოწინავეთა შორის საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თურქეთი და ერაყი არიან. დასახელებული სახელმწიფოები სირიის ომში აქტიურად მონაწილეობენ. ისინი პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართულნი რეგიონის სხვა კუთხეებში მიმდინარე სამხედრო შეაიარაღებულ დაპირისპირებებშიც. იარაღის იმპორტიორი ქვეყნები შეძენილი საქონლით მხოლოდ საკუთარ რეზერვებს არ ავსებენ. იმპორტიორები თავიანთი პარტნიორებისა და მოკავშირეების მომარაგებასაც ცდილობდნენ.

ევროპასა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში უკვე დიდი ხანია დაწყებულია იარაღით ვაჭრობის საწინააღმდეგო მოძრაობა. ოპოზიციონერი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო პროდუქციის ექსპორტით მდიდარი ქვეყნები ღარიბ რეგიონებში ომების წამოწყებას უწყობენ ხელს. მილიტარისტული ინდუსტრიის შეკვეცის მომხრეები მიიჩნევენ, რომ იარაღის მწარმოებელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია სარფიანი გარიგებების დადება.  მოგებაზე ორიენტირებული პირები აღარ ფიქრობენ, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლისა თუ ბედნიერების ხარჯზე აღწევს მათი კომერციული საქმიანობა წარმატებას. მოძრაობის წევრები მხარს უჭერენ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც განვითარებულ ქვეყნებს არაჰუმანური დესპოტიებისთვის იარაღის მიყიდვა აეკრძალებათ. აქტივისტები კატეგორიულად ითხოვენ იმასაც, რომ ომის გამჩაღებელ რეგიონალურ ზესახელმწიფოებსაც დაუწესდეთ იარაღის ემბარგო. საუბედუროდ, მშვიდობისთვის მებრძოლი მოქალაქეების დამოკიდებულებებს ძალაუფლების მქონე პირები არ იზიარებენ. იარაღის ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უშედეგოა. განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები რიგი მოქალაქეები „მესამე სამყაროში“ მიმდინარე ომებით ცდილობენ გამდიდრებას. მათი გავლენების დაძლევა კი სხვადასხვა თანამდებობაზე არჩეულ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ. პროგნოზი შემაშფოთებელია – მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კვლავ მოიმატებს იარაღის ინდუსტრიის საერთო მოცულობა და მისი შემოსავალი. იარაღით ვაჭრობის ზრდა ომების კვლავწარმოების, დევნილთა ახალ ნაკადების წარმოქმნის, ტერორიზმის გაძლიერებისა და გლობალური უწესრიგობის გახანგრძლივების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

თანამედროვე სამყაროში იარაღით ვაჭრობა გლობალური დათბობაზე, მილიონობით ადამიანის შიმშილობაზე, საყოველთაოდ გავრცელებულ დაავადებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის შესახებ ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებულმა მომავალმა სტუდენტებმა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...