სამშაბათი, მაისი 12, 2026
12 მაისი, სამშაბათი, 2026

საშუალო საფეხურის სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებები და მოსწავლე დღეს

0

საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებული ვარიანტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა (განსხვავებით დაწყებითი და საშუალო საფეხურებისგან). სახელმძღვანელო დოკუმენტად საშუალო საფეხურზე 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა – საგნობრივი სტანდარტები, პროგრამის შინაარსი, სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალი რჩება.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მოცულობითი მასალა უნდა დაძლიონ. მეათე კლასში, მაგალითად, მოსწავლეები ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს ეცნობიან. გრიფირებულ სახელმძღვანელოებში უმეტესად ქრონოლოგიური პრინციპია დაცული და შესაბამისად,  მეათეკლასელი მოსწავლე დიდი გამოწვევის წინაშე დგას – ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი მას მთელი წლის განმავლობაში ძველი ქართულით დაწერილი ტექსტების გაცნობა-დამუშავებას „ავალებს“.

კოლეგებისგან არაერთხელ მსმენია, რომ მეათე კლასი „ყველაზე რთულია“ და რომ ამდენი ძველი ტექსტის ერთი წლის განმავლობაში დამუშავება არ არის სასურველი. მოსწავლეებს ტექსტის ლექსიკურ დონეზე გასაგებად საკმაოდ ბევრი დროის დახარჯვა უწევთ. მასწავლებლები იყენებენ ისეთ მეთოდს, როგორიცაა პარაფრაზირება, შინაარსის წერილობით გადმოცემა, ეპიზოდების გამოკრებილი შინაარსი.

მოსწავლეები, უმეტესწილად, იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა, ინტერნეტში მოძიებული მზა მასალის გადმოკიპირება (რომ დაინტერესდეთ და საძიებო სისტემაში ჩაწეროთ „შუშანიკის წამება – შინაარსი“ ბევრი სხვადასხვა ხარისხით შესრულებული „გაშინაარსებული“ ვარიანტი დაგხვდებათ) ან კეთილსინდისიერად უთმობენ არაერთ საათს ძველი ქართულით დაწერილის პარაფრაზირებას. ძნელი სათქმელია, რა სიკეთის მომტანია ამ შრომატევადი სამუშაოს გაწევა, მაშინ, როცა ჩამონათვალში სამი ვრცელი ჰაგიოგრაფიული ტექსტი – „ვეფხისტყაოსნი“, „დავითიანი“ და საბას იგავ-არაკებია.

მე-11 და მე-12 კლასებში გადანაწილებული სავალდებულო ნაწარმოებებიდან უმეტესობა მე-19 საუკუნეში და მეოცეს დასაწყისშია დაწერილი. სავალდებულო ტექსტებიდან უკანასკნელია ჯემალ ქარჩხაძის „იგი“. სავალდებულო ჩამონათვალში არ არის არცერთი თანამედროვე ავტორის ტექსტი.

მოსწავლეების განწყობა-დამოკიდებულებები, რომლებიც შესასწავლ მასალაზე მუშაობისას ექმნებათ, დიდწილად განაპირობებს მათ მოტივაციას. მათი ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინება ლიტერატურის კურსზე შეთავაზებული ტექსტების შერჩევისას მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდისთვის საინტერესო ტექსტი და მისი განწყობა-დამოკიდებულება შესასწავლ მასალასთან პირდაპირ აისახება მიღებული ცოდნის ხარისხზე (იხ. სტატია „Impact of Students’ Reading Preferences on Reading Achievement“, ავტორები:Yamina Bouchamma, Vincent Poulin, Marc Basque, Catherine Ruel, გამოქვეყნებულია ჟურნალში „კრეატივ ედუქეიშენ“, ასევე „STUDENTS’ READING PREFERENCE AND ITS IMPLICATIONS: A STUDY OF THREE ENGLISH EDUCATION DEPARTMENTS IN JEMBER, Noviyanti Sari Dewi. ამ კვლევის პდფ ვერსია ხელმისაწვდომია აქ).

ჩვენთვის საინტერესო საკვლევი კითხვებია:

  • რამდენადაა გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესები დღეს არსებული სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებების შედგენისას?
  • რამდენადაა გათვალისწინებული მასწავლებელთა მოსაზრებები ამა თუ იმ ტექსტის სწავლების პროცესში წარმოშობილი სირთულეების ან გამოწვევების შესახებ ლიტერატურული კანონის შედგენისას?
  • რამდენად აღძრავს მოზარდებში კითხვისა და კვლევის ინტერესს შეთავაზებული საპროგრამო ტექსტები და მეთოდები?
  • რა ცვლილებები გველის საშუალო საფეხურზე და იგეგმება თუ არა საპროგრამო ნაწარმოებების ჩამონათვალის რედაქტირება?

საინტერესო იქნება ამ კითხვებზე პასუხების მიღება

დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებულ სახელმძღვანელო დოკუმენტში სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალში დისბალანსი თვალსაჩინოა. მოსწავლეები უხვად ეცნობიან ძველ და კლასიკურ ტექსტებს. „ქართული მწერლობის კლასიკოსთა დროში გამოცდილ თხზულებებს, რომლებმაც მყარად დაიმკვიდრეს ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში“. თანამედროვე ლიტერატურისთვის კი ადგილი  ჯერჯერობით ვერ გამოიძებნა.

ეს საკითხი, ვფიქრობ, დებატებისა და დისკუსიის, კვლევების საგანი უნდა გახდეს. გვჭირდება ღია და ცოცხალი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან მასწავლებლები, მოსწავლეები, მეთოდური პრინციპების შემმუშავებელი ორგანიზაციები, დაინტერესებული პირები, ექსპერტები. სხვაგვარად სწავლა-სწავლების უშუალო პროცესი და მოსწავლის ინტერესები უგულებელყოფილი რჩება და ჩნდება განცდა, რომ  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები „დახურულ კარს მიღმა კაბინეტებში“ მიიღება.

ევროპული და ამერიკული სკოლებისა და უნივერსიტეტების სასწავლო მასალის შერჩევისას, ჩემი დაკვირვებით, ხელმძღვანელობენ პრინციპით „სარკე და სარკმელი“ და ცდილობენ, სავალდებულოდ შესასწავლი ლიტერატურული ნაწარმოებები დააბალანსონ ისე, რომ მოსწავლეს საშუალება ჰქონდეს, იკვლიოს ტექსტებში ის, რაც ეხმიანება, ირეკლავს, ასახავს მათ თანამედროვეობას; ტექსტები, რომლებშიც მათთვის აქტუალური თემები, საკითხები და იდეებია წარმოჩენილი („სარკე“)  და ამავდროულად, დააკვირდეს სხვა დროსა და ეპოქაში, სხვა მოცემულობებსა და რეალობაში შექმნილ ლიტერატურას, ისტორიულ, სოციალურ, კულტურულ ასპექტებს, რათა წარმოდგენა შეექმნას „გარდასულ დროზე“ (ერთგვარი ლიტერატურული „სარკმელი“).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის ჯგუფის მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩატარებული კვლევა მოიცავდა ფოკუსჯგუფს მოსწავლეებთან. განსახილველი საკითხი იყო მოსწავლეთა განწყობა-დამოკიდებულებები და მიმართებები ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის შემდეგ – რამდენად მრავალფეროვანია, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ლიტერატურის გაკვეთილები, რა ეადვილებათ და რა უჭირთ განსაკუთრებულად ამ ტექსტების შესწავლის დროს.

(ვრცლად ამ კვლევის შედეგების შესახებ იხ. აქ და აქ).

კვლევის შედეგად შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები საინტერესო და გასათვალისწინებელია, რადგან სხვა არაერთ კვლევასთან ერთად, ცხადყოფს, რომ მოსწავლის მოტივაციასა და მიღებული ცოდნის ხარისხზე პირდაპირ ზემოქმედებს შესასწავლი მასალისადმი მათი დამოკიდებულება (ამის დასტურია, დამატებით, პირადი გამოცდილებაც და კოლეგებისგან მიღებული გამოხმაურებები).

ამ მიმოხილვითი სტატიის დასასრულ გთავაზობთ ამონარიდს ხსენებული კვლევის დასკვნითი ნაწილიდან. ცხადია, საკითხი საჭიროებს შემდგომ კვლევასა და შესწავლას:

ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების პრაქტიკა მე-10 კლასში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ავტორები: ილონა აკობია, მარიამ დვალი, ლია ნარიმანიძე), დასკვნით ნაწილი (არასრული):

„მოსწავლეებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფი და ტესტების ანალიზი, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ქართული ლიტერატურის საგაკვეთილო პროცესი მე-10 კლასის პირველ სემესტრში არ გამოირჩევა მეთოდური მრავალფეროვნებით. მოსწავლეებს არ ეძლევათ საშუალება, განივითარონ და საგაკვეთილო პროცესში დაამუშაონ მაღალი სააზროვნო უნარები;

ძირითადი პრობლემა მდგომარეობს ტექსტების ენობრივ სირთულეში და მოსწავლეთა რაოდენობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება მათი შესწავლისას;

მე-10 კლასის ლიტერატურის პროგრამა ნაკლებად ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინდივიდუალურ ინტერესებს;

მოსწავლეები იმთავითვე რელიგიური დანიშნულების მქონედ  აღიქვამენ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს;

ლიტერატურის გაკვეთილებზე ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების დროს არ/ვერ იყენებენ ტექსტების შედარების მეთოდს, ეს ეხება როგორც ნაციონალურ ტექსტებთან პარალელებს, ასევე უცხოენოვან ლიტერატურას“.

 

ჩვენ და მფრინავი მაიმუნები

0

რატომ ქუდის ჯადოს არ გამოიყენებ და ფრთოსან მაიმუნებს არ მოუხმობ? ერთი საათიც არ გავა, რომ ოზის ქალაქში მიგიყვანენ. რა ვიცოდი, ჯადოსნური თუ იყო, – გაკვირვებით მიუგო დოროთიმ, – როგორ მოვუხმო?

  • ოქროს ქუდს შიგნიდან აწერია, – უთხრა თაგვების დედოფალმა, მაგრამ თუ ფრთოსანი მაიმუნების მოხმობას აპირებ, ჩვენ გავიქცევით, თორემ ძალიან, ძალიან მავნეები არიან და ჩვენი წვალება გაუხარდებათ.
  • მე არაფერს დამიშავებენ? – შეშფოთდა დოროთი.
  • შენ – არა. ქუდის პატრონს უნდა დაემორჩილონ“.

ფრენკ ბაუმი, ოზის ჯადოქარი[1]

 

მფრინავი მაიმუნები უმალ გაახსენდება მათ, ვისაც „ოზის ჯადოქარი“ ერთხელ მაინც წაუკითხავს. რომანში ისინი ჯადოქრის ოქროს ქუდის მორჩილი არსებები არიან, ქუდის ყოველ ახალ მფლობელს  ნებისმიერ სამ სურვილს უსიტყვოდ უსრულებენ – „ბინძურ სამუშაოს“, რომელიც ნარცის მბრძანებლებს ბოროტი მიზნების მიღწევაში ეხმარება.

რეალურ ცხოვრებაში იმ მაიმუნებს, მეტაფორული ქუდის გარდა, ვერანაირ ქუდში ვერ გამოამწყვდევ. ჰაერი მათით უხვადაა გაჯერებული, თითქმის ყველგან არიან – სასწავლო დაწესებულებებში, სანათესაოში, სამეგობროში, სამეზობლოსა თუ ნებისმიერ სამსახურში. სხვათა შორის, ეს სულაც არაა მხოლოდ უცხოური ან მხოლოდ ქართული ამბავი, არც სიახლეა და ლიტერატურაც არ უჩივის ამ ტიპის პერსონაჟების ნაკლებობას.

გვახსოვს, აკაკის „ბაში-აჩუკში“ შაჰ-აბასი გმირულ, პირდაპირ პოლიტიკას როგორ ცვლის „საქვეშქვეშო-სავერაგოზე“, რადგან „იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის კუდმა უნდა მოიმკოს!..“ – და აოხრებულ ქვეყანას რისხვას წყალობად უცვლის. უხვი წყალობა კახეთს აბრმავებს,  „კუჭი გულს სძლევს, სული ხორცს უთმობს“ და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანა „საფრთხეში ტოპავს“. აქაური თავადები შაჰის სასახლის კარზე უპირველეს ადგილებს იჭერენ. ვინც ქართველობას არ ივიწყებს, იჩაგრება და გმირთა-გმირიც რომ იყოს, „წინ ბიჯის წადგმასაც“ ვერ ახერხებს. შაჰ-აბაზი გულში იცინის, რადგან აღმოსავლეთი საქართველო ნახევრად გათათრდა. ბოლოს ისე ხდება, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობს.  „და თუ აქა-იქ სადმე „რიგიანი“  და ჯერ კიდევ „სამშობლოს მოჭირისუფლე“ ვინმე გამოერევა, ჯერ თავისიანებსავე არ მოსწონთ და უკიჟინებენ“. მაგალითად, ბიძინა ჩოლოყაშვილს ბიძამისი ჯანდიერი, მთავარმართებლის თითქმის პირველი ვეზირი,  ერთხელაც ეუბნება, რომ ახირებული და საკუთარი თავის მტერია, რადგან სასახლის კარზე ბედნიერება მოელის და ის კი ნაცარქექიასავით ჩააკვდა ახმეტას მაშინ, როცა ყეენის მზეს უნდა ფიცულობდეს, რადგან ქვეყანა პურს სწორედ შაჰის წყალობით ჭამს.

ეს ტიპური შემთხვევაა, რომლის მაგვარი ლიტერატურაში, ისტორიასა  თუ რეალურ ცხოვრებაში უამრავია. თავადი ჯანდიერის მსგავსი პიროვნებები კი გენერალიზდება ერთ ტერმინზე, რომელსაც პოპულარულ ფსიქოლოგიაში „მფრინავ მაიმუნებს“ უწოდებენ და ამ ტერმინს ნარცისული ძალადობის კონტექსტში ემოციური ძალადობის, ასევე რწმუნებითი ძალადობის (Abuse by proxy) ფორმად განიხილავენ.

მფრინავი მაიმუნი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვისაც ნარცისი ადამიანის სჯერა, მაგალითად, მეუღლე, შვილი, მეგობარი, ტყუპის ცალი თუ ნათესავი. პოპულარული ფსიქოლოგიის წარმომადგენლის, ანგელა ატკინსონის (Angela Atkinson) თანახმად[2][9], მფრინავი მაიმუნები ჩვეულებრივ,  მართული ხალხია, ვინც მსხვერპლის დანაშაულს გულწრფელად იჯერებს და, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე ნარცისი ადამიანის სამსახურშიც იდგეს[4] . ნარცისული პიროვნული აშლილობის(NPD)[2] მკვლევრის, სემ ვაკნინის და სხვა ავტორთა თანახმად, რწმუნებით მოძალადეების3][7][10] გაჩენას განაპირობებს:

  • მოძალადე კოლეგა/კომპანიონი/ მოკავშირე…
    • მსხვერპლის კოლეგა/კომპანიონი – რომელიც მასზე მანიპულირებს მოძალადის იდეებით;
  • ხელისუფლებისა და წარმომადგენლობითი ორგანიზაციების წევრი/წევრები – რომლებიც მოძალადის სურვილებით/იდეებით მანიპულირებენ.

ტაქტიკა

მფრინავი მაიმუნები ასრულებენ ნარცისი მოძალადის სურვილს და  სამიზნე მსხვერპლს დამატებით ტკივილებს/ტანჯვას აყენებენ. ეს შეიძლება იყოს „ჩაშვება“, ჭორების გავრცელება, მუქარა, მოძალადის მსხვერპლის როლში წარმოჩენა, (მსხვერპლობის თამაში) და სამიზნე მსხვერპლის დადანაშაულება, თითქოს ის იყოს მოძალადე. ამის მიუხედავად, მოძალადეს არ უჭირს „მფრინავი მაიმუნები“ განტევების ვაცად გამოიყენოს და თუ საქმე საქმეზე მიდგება, დანაშაულის მთელი სიმძიმე მათ გადააბრალოს, ისე, რომ ვერასდროს მიხვდეს, ასე უნამუსოდ რომ იყენებენ.  მრავალრიცხოვანი „მფრინავი მაიმუნები“ მოქმედებენ მობინგის, ანუ კოლექტიური ბულინგის პრინციპით.

ნარცისი მოძალადის მხარდაჭერის მოტივთა მენიუ შეიძლება მრავალფეროვანი იყოს.  ერთი მხრივ, ნარცისი ცალმხრივი პერსპექტივით ხიბლავს მათ. ოჯახის წევრები ცდილობენ კეთილსინდისიერად შეეცადონ „პრობლემური წევრის“ სიტუაციაში გარკვევას. დამოკიდებულები ან იჯერებენ ნარცისი მოძალადის ყოვლადშემძლეობას ან იყენებენ მათ საკუთარი აგრესიული ინსტინქტების სანქცირებისთვის.

გვახსოვდეს: „მფრინავი მაიმუნი“ ნარცისი ადამიანის ხელში იარაღია, რომლითაც ცილისმწამებლურ კამპანიას აგორებს და უდანაშაულო მსხვერპლს ესხმის თავს.

„მფრინავი მაიმუნების“ პირველი კატეგორია გულუბრყვილოა. არ ეძებენ მიზეზებს,  ვერც სიმართლეს ხედავენ და რაკი თავად არ შეუძლიათ ვინმეს მიმართ ბოროტების ჩადენა, ჰგონიათ, რომ სხვებიც ვერ შეძლებენ ამას.  ასე რომ, იჯერებენ სიცრუეს მსხვერპლის შესახებ და ავრცელებენ მას. თუკი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან, ამ ტიპის ადამიანებს ძლიერი, დომინანტური პიროვნების „ფრთებქვეშ დნობა“ ურჩევნიათ იმის გააზრებას, თუ რა ხდება.

მეორე კატეგორია „ტოქსიკურია“ – ადამიანები, რომელთა ქცევებს საზღვარი არ აქვს. მათ უყვართ ჭორები და დრამა და მათ გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, აქვთ მთლიანობის პრობლემა და, როგორც წესი, ნარცისისგან რაღაც უნდათ. მათ სურთ ჰქონდეთ სტატუსი; ჰყავდეთ მომხრეები, მაამებელი ადამიანები. ისინი ნარცისისგან იღებენ იმას, რის გამოც მზად არიან შეასრულონ ბრძანება.

ჩვენი რეალობა

წარმოიდგინეთ სასკოლო სიტუაცია, როდესაც მოსწავლე/მასწვლებელი ასერტულია, ვერ ეგუება ჩაგვრასა და უსამართლობას და თავისი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. ეს აშინებს მის ზემდგომ ნარცის მოძალადეს და ყველა გზით ცდილობს, „მსხვერპლის“ ბრძოლისუნარიანობის შემცირებასა და საბოლოოდ ჩაქრობას. ამისთვის მოძალადე ჯერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს საკუთარი დანაშაულის მოწმეებზე, მაგალითად, მოსწავლეებზე/მათ მშობლებზე/მასწავლებლებსა თუ დირექციის წევრებზე და მათ შთააგონებს, რომ „მსხვერპლია“, რომ „უსამართლოდ ექცევიან“, რომ „ამდენი რამ გაუკეთებია და არ უფასდება“ და ა. შ.. მერე ხდება ისე, რომ მოძალადის ოპონენტ მართალ ადამიანს არათუ მხარს უჭერენ უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ გაჩუმებისკენ მოუწოდებენ, ყველგან დასცინიან, ადამიანად არ თვლიან, რიყავენ და სრულიად მარტო ტოვებენ.

 

სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის ასე ნაცნობი და არცთუ იშვიათი რეალობაა, რომელზე ღიად საუბარს გავურბივართ, რადგან გვეშინია და ამ შიშისაგან თავი გაქცევით უნდა დავიცვათ. არადა, ფიქრი, ანალიზი და ხმამაღლა საუბარიც რაოდენ მნიშვნელოვანია! ადამიანი, რომელიც შენი მჩაგვრელის გამართლებაშია და მომხდარის გადაკეთებასა და გარეშეთათვის აზრის შექმნას ცდილობს“, flying monkey[1]-ს ამგვარი განსაზღვრა  უცხოეთში მოღვაწე ქართველი ენათმეცნიერის ჩანაწერებში აღმოვაჩინე და მენიშნა, რომ იგი ხელის გულზე გადაშლილ არცთუ სასურველ მემკვიდრეობას  ფარდას თითქმის ბოლომდე ხდიდა. ამ წერილის შექმნაც სწორედ მისმა ჩანაწერმა შთამაგონა.

 

უარეს შემთხვევაში, მირჩევნია, ვიცოდე, რომ ვერავის ვერაფერში გამოვადგები, ვიდრე მავანმა საკუთარი ბოროტი მიზნის მისაღწევად მხოლოდ „შავი სამუშაოსთვის“ გამომიყენოს და შემდეგ საბოლოოდ სანაგვეზე მომისროლოს, –  ეს მე ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ, კანზასელი დოროთის მსგავსად, ჯერ ვერცხლის ფეხსაცმელი თუ, მით უფრო,  ვერც ოქროს ქუდი ვერ მიპოვია, მაინც ამავეს ვეტყვი ჩემსა თუ სხვის მოწაფეებს. ყველაფერი უსარგებლოა, როცა გული სიყვარულით არ გიძგერს და მუდამ სხვების თანაგანცდას არ გავალებს.

გამოყენებული რესურსები:

  1. Jump up to:ab Carmen Bryant (7 May 2019). Unmasking the Illusion of Perfection: Narcissist Abuse; Abused by the Esteemed!ISBN 978-1973654667. Retrieved 30 May 2019. These people, termed through popular psychology, as flying monkeys (in context of narcissist abuse) and redirect all attention back to the narcissist …
  2. Jump up to:ab c d e f g “Flying Monkeys (The Narcissist’s Tool for the Smear Campaign)”Medium. 13 May 2018. Retrieved 30 May 2019. So the role of these flying monkeys is first of all abuse by proxy.
  3. Jump up to:ab Angela Atkinson (December 2015). Gaslighting, Love Bombing and Flying Monkeys: The Ultimate Toxic Relationship Survival Guide for Victims and Survivors of Narcissistic AbuseASIN B0192Q652O.
  4. ^Brian C Toner; Anne E Hathaway (May 2012). Bill the Sociopathic Flying MonkeyISBN 978-1477626221. Retrieved 30 May 2019.
  5. Jump up to:ab Sam Vaknin (2010). “Abuse By Proxy: From Smear Campaigns to 3rd-party Stalking and Abuse”. Retrieved 30 May 2019.
  6. https://medium.com/@OwnYourReality/flying-monkeys-the-narcissists-tool-for-the-smear-campaign-798daf7a59c0
  7. https://en.wikipedia.org/wiki/Flying_monkeys_(popular_psychology)

[1] ციცო ხოცუაშვილის თარგმანი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2015, გვ. 126.

[2] narcissistic personality disorder

 

დედობა პანდემიისას

0

დილიდან ვიცი, რთული დღე იქნება და ეს გაღვიძებისთანავე მღლის. პანდემიის პერიოდში არა მარტო ჩემი, ბავშვების რეჟიმიც აირია – გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ. 12 საათზე კი დისტანციური გაკვეთილები იწყება. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მესამე კლასელი ბიჭი და 5 წლის გოგონა. ვცდილობთ, დილის რუტინული ჩვევები შევასრულოთ, მერე სწრაფად ვისაუზმოთ და გაკვეთილზე არ დავაგვიანოთ. გაკვეთილის დაწყებისთანავე  მარტო ვტოვებთ  და  სხვა ოთახში გავდივართ. დილიდან სამუშაო მეც მაქვს, მაგრამ ამ დროს 5 წლის გოგონას სჭირდება ყურადღება, ხან გართობა უნდა, ხან წიგნის კითხვა, ხან კიდევ როლური თამაშები. ვიცი, მუშაობას ვეღარ მოვახერხებ, რადგან თუ პატარა რაიმეთი არ დაკავდება, სკოლის მოსწავლეს ხმაურით ხელი შეეშლება. ოდნავი ფაჩუნიც კი ძაბავს. როცა გაკვეთილი იწყება, თითქმის ფეხაკრეფით დავდივართ, რომ არ ვიხმაურო, დისტანციურ გაკვეთილზე „ოჯახის ხმები” არ შევიდეს და ამის გამო თავი უხერხულად არ იგრძნოს.

 

დედობა არასოდეს ყოფილა მარტივი, მაგრამ პანდემიის პირობებში დედობა კიდევ უფრო რთული და საპასუხისმგებლო გახდა. ოჯახის საქმეები და ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, რომელიც აქამდე ისედაც ქალის პირდაპირი მოვალეობა იყო, კიდევ უფრო გაიზარდა და შრომისა და პასუხისმგებლობის ეს უზარმაზარი ტვირთი ქალებს უფრო მძიმედ დააწვა მხრებზე. სოციალური ინსტიტუტების – ბაღების და სკოლების დახურვამ ქალების უხილავი შრომის ტვირთი კიდევ უფრო დაამძიმა. ჯერ კიდევ, როცა მომავალი ბურუსით მოცულია, პროგნოზების გაკეთება რთულია და სკოლა-ბაღების ამუშავების საკითხი  ისევ არ არის გადაწყვეტილი, მნიშვნელოვანია, დედებმა ვისაუბროთ მაინც იმ გამოწვევებზე, რომლებიც პანდემიამ მომუშავე თუ არამომუშავე დედებს შეუქმნა.

 

სწავლების ახალ მოდელზე გადასვლამ მშობლებს კიდევ ერთი ახალი რამ აღმოგვაჩენინა, ეს იყო შიში იმისა,  რომ ისედაც მძიმე განათლების სისტემის პირობებში და ახლა უკვე პანდემიური განათლების პირობებში, მოსწავლეები კიდევ უფრო  „ჩამორჩებიან”, თუ ძალიან არ მოინდომებს თავად მოსწავლე  და მისი მშობელი. ისე გამოვიდა, რომ დედებმა მასწავლებლობაც შევითავსეთ, შვილების სწავლის ხარვეზები  უფრო ახლოდან აღმოვაჩინეთ და შევეცადეთ საუკეთესო შედეგისთვის ერთად გვემუშავა. შემოქმედებითი უნარების განვითარება, კითხვის ტექნიკის დახვეწა, უცხო ენის შესასწავლად გაძლიერებული ყურადღება და ამის თვალ-ყური ყველაფერი რუტინული ყოფის მთავარ მოვალეობებად იქცა.

 

ამას გარდა, ყოველდღიურად გვიწევდა მოგვეფიქრებინა, როგორ შეგვეწყო ხელი ბავშვების ფიზიკური გააქტიურებისთვის, ხელი შეგვეწყო სოციალური კავშირების გაბმისთვის და ყველაზე მთავარი, ხშირად მოგვესმინა ბავშვებისთვის, რომლებიც უმეგობროდ დარჩნენ და ამას ძალიან განიცდიან.

 

თითქმის რვა წელია ტელევიზორში არხები გამოვრთე და მხოლოდ ტელევიზორის ყუთი დაგვრჩა, რომელშიც ხანდახან, მოცალეობის დროს, საოჯახო კინოსეანსებისთვის ვიყენებთ. ამ გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დავრწმუნდი, რაც ბავშვები წამოიზარდნენ და ჩვენს  ტელევიზორებში კი ისევ ქაოსი, განუკითხაობა და მდარე გადაცემების კორიანტელია.  ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეკრანი ჩემს შვილებსაც ანდამატივით იზიდავთ და ყოველიდღე, უამრავი საჭიროებაზე ფიქრისა და ზრუნვის პარალელურად, დედებს იმაზე ფიქრიც გვიწევს, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეთ ბავშვებს ეკრანთან. აქამდე ეს ყველაფერი მეტწილად დაბალანსებული იყო, სკოლაში ცოცხალი ურთიერთობები ჰქონდათ, სწავლობდნენ, თამაშობდნენ, ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ. ახლა კი ყოველდღიურ საფიქრალად იქცა, როგორ შევთავაზოთ მათ უფრო მეტი ცოცხალი ურთიერთობა პანდემიის პირობებში და თავიდან ავარდიოთ ეკრანთან ხანგრძლივი ჯდომა. ისიც შევამჩნიე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ვცდილობთ ეკრანებთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეთ, სახლში გაჯეტები მრავალთავა გველეშაპივით მრავლდებიან. ერთს შევინახავ, მეორეს აღმოაჩენენ, მეორეს დავმალავ, პირველს პოულობენ და ა.შ ციფრული ეკრანების ეს მრავალთავა გველეშაპი, დაუმარცხებელია, როგორც ჩანს, და გადავწყვიტეთ უფრო მოვიშინაუროთ, ვიდრე ვებრძოლოთ – ასე დაიწყო ჩემმა უმცროსმა შვილმა ეკრანიდან ტანვარჯიშის შესწავლა, დაინტერესდა რუსულით და ინგლისური კიდევ უფრო გაიუმჯობესა. თუმცა, იმ პირობებში როდესაც, ბავშვები გაკვეთილებს ეკრანის წინ ესწრებიან, ეკრანებთან მეცადინეობენ, ეკრანების გამოყენებით ცდილობენ მეგობრებთან ურთიერთობებს და გასართობადაც ეკრანისკენ მიიწევენ, ეს ნამდვილად შეიძლება გვექცეს უზარმაზარ პრობლემად ბევრი სხვადასხვა გამოვლინებით. ეკრანებთან ხანგრძლივად ჯდომა პანდემიის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაცაა  და ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

 

როდესაც პანდემიის დროს დედობის მძიმე ტვირთზე და პასუხისმგებლობებზე ვწერ, მახსენდება და  განსაკუთრებით მაფიქრებს დედები, რომელთაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები ჰყავთ და ამ უჩვეულო მდგომარეობამ მათ კიდევ მეტი პრობლემა შეუქმნა; დედები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ ოჯახებში მომავლის შიშმა და მოწყენილობამ დაისადგურა; მარტოხელა დედები, რომლებიც იმაზე მეტად მარტო დარჩნენ პრობლემების პირისპირ, ვიდრე აქამდე იყო; ემიგრანტი დედები, რომლებიც წლებია შიშებით ცხოვრობენ და შორიდან უწევთ შვილებზე და ოჯახის წევრებზე ზრუნვა;  დედები ჯანმრთელობის პრობლემებით[ დედები რომლებიც სისტემატიური ძალადობის ქვეშ იმყოფებიან და კიდევ ბევრი დედა, რომლებიც მხარდაჭერის გარეშე ქმნის შვილებისთვის მომავალს.

 

ახლა, ისე როგორც არასდროს, საუბარი და ერთმანეთის მოსმენა გადარჩენის ტოლფასია. და ამაზე დიდი სიკეთე, ამაზე დიდი მხარდაჭერა, რა შეიძლება გავუკეთოთ ერთმანეთს, მოსმენისა და გაზიარების გარდა?!

 

 

 

„ზარმაცი“ თუ უხილავი პრობლემების მქონე ბავშვები

0

ალბათ ბევრმა მასწავლებელმა თუ მშობელმა ნახა და შეიძლება საკუთარ კედელზეც კი გააზიარა ვიდეო მოსწავლეთა მოკლე მიმართვით, რომლის მთავარი ადრესატი მასწავლებლები არიან. ვიდეომ სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ნოემბერ-დეკემბერში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების დირექტორთა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები დაიწყო. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება“ (CFS) უძღვება. სატრენინგო სესია სწორედ ამ ვიდეო-მიმართვით დაიწყო. მერე კი ხაზი გაესვა ისეთ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას, როგორიცაა დისლექსია, სწავლის (ვიწრო ცნებით კითხვის) უნარის დაქვეითება. იქვე დაისვა კითხვა, რა იყო სესიის გზავნილი. ბევრ ფიქრს არ საჭიროებდა ის ფაქტი, რომ სესიის მიზანი საკითხზე ცნობიერების ამაღლება იყო, რადგან ჩვენ, მასწავლებლებს არ გაგვიჭირდეს პრობლემის დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სწორი და დროული დიაგნოსტირებისთვის კი აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ პრობლემის არსს, რაც შემდეგში მდგომარეობს:

ბოლო დროს მომრავლდა პრობლემების მქონე მოსწავლეები, როცა პრობლემა თვალნათლივ არ ჩანს. მათ ხშირად უინტერესო, ჯიუტ და ზარმაც მოსწავლეებად თვლიან. უნდა ვაღიაროთ, რომ მეტწილად სწორედ აქ უშვებენ შეცდომას, რადგან იგი შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის გარკვეული უნარის დისფუნქციით.

 

ზუსტად ასეთი უხილავი პრობლემაა დისლექსია – სწავლის უნარის დაქვეითება, რაც ძირითადად კითხვისა და მართლწერის სირთულეებში ვლინდება, შესაძლოა ანგარიშის დროსაც.

 

დისლექსია დაწყებით კლასებში სიტყვების დონეზე კითხვის ჩამოყალიბების დეფიციტია, რაც ვიზუალური სიმბოლოების ბგერებთან დაკავშირების დაქვეითებული უნარის გამო იქმნება. ვარაუდობენ, რომ დისლექსია ბავშვის განვითარების პროცესში ყალიბდება. მისი ხარისხი შესაბამისი მკურნალობითა და დამხმარე, სწორად შერჩეული მეთოდების გამოყენებით შეიძლება შემცირდეს.

დისლექსიის დიაგნოზი კვალიფიცირებული ნევროლოგისა და განათლების სფეროში სპეციალიზებული ფსიქოლოგის მიერ ისმება. მულტიდისციპლინარული გუნდის შეფასება ძირითადად მოიცავს კითხვის უნარის დონის განსაზღვრას, საგნების სწრაფი დასახელების ტესტს, მოკლევადიანი მეხსიერებისა და თანმიმდევრულობის უნარის შეფასებას. ასევე არარსებული სიტყვების კითხვას, რათა შეფასდეს დეკოდირების უნარი.

 

როგორ ამოვიცნოთ დისლექსიის მქონე მოსწავლე?

ასეთი მოსწავლე შეიძლება იყოს გონებამახვილი, საზრიანი და კარგი მეტყველების მქონე, თუმცა მისი კითხვის, წერისა და მართლწერის დონე ჩამორჩებოდეს ასაკობრივ ნორმას;

შესაძლოა ჰქონდეს დაბალი აკადემიური მოსწრება კითხვასა და წერასთან დაკავშირებული სირთულეების გამო;

დისლექსია ძირითადად გავლენას ახდენს კითხვის უნარზე და არა ზოგადად მოსწავლის ინტელექტზე;

ის შესაძლოა ფუთავდეს კითხვით სისუსტეს სხვა, კარგად განვითარებული უნარით;

ასეთი მოსწავლე უკეთ სწავლობს შეხებით, დემონსტრირებით, ექსპერიმენტით, დაკვირვებითა და მხედველობის დახმარებით;

შესაძლოა გამოავლინოს ტალანტი სხვა სფეროში, როგორიც არის ხელოვნება, დიზაინი, მუსიკა, სპორტი, ბიზნესი, მშენებლობა, ინჟინერია;

სკოლაში შესაძლოა შეექმნას ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითად: იფრონოს „ოცნებებში“, დაკარგოს დროის შეგრძნება, უჭირდეს ყურადღების კონცენტრირება;

შესაძლოა გაუცნობიერებლად გამოავლინოს სარკისებური კითხვა ან წერა;

შეიძლება ციფრებს კითხულობდეს უკუღმა ან ნახტომით;

უცხო ენის სწავლა მისთვის ხშირად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.

 

მეტყველება/სმენა დისლექსიის დროს:

  • ასეთ მოსწავლეს უჭირს ტექსტის გაგება, რომელიც წინა გამოცდილებას არ უკავშირდება;
  • ერთმანეთში ერევა ჯერ/შემდეგ, მარჯვენა/მარცხენა და ა.შ.
  • უჭირს ანბანის დასწავლა;
  • უჭირს ტექსტში სიტყვების ამოცნობა;
  • უჭირს სიტყვებიდან ხმოვნების გამოყოფა;
  • უჭირს სიტყვებში ბგერების ერთმანეთისგან განსხვავება;
  • სირთულე აქვს ასოების ბგერების დასწავლაში;
  • უჭირს საგნისა და მისი შესაბამისი გამოსახულების ერთმანეთთან დაკავშირება;
  • წინადადებაში ერევა სიტყვათა თანმიმდევრობა;
  • შეცდომით ლაპარაკის შიშის გამო, შეიძლება ზოგი ბავშვი გახდეს მორცხვი და გარიყული ან მშფოთვარე.

 

კითხვა და მართლწერა

  • ასოებისა და ბგერების ვერშესატყვისობის გამო, მოსწავლემ შეიძლება არასწორად დაწეროს სიტყვა;
  • ხშირად ის უშვებს სარკისებურ შეცდომას როგორც წერისას, ასევე კითხვისას. მაგ: ხერხი – ძერძი; შიში – წიწი და ა.შ;
  • კარგი და ხანგრძლივი მეხსიერების წყალობით ასეთი მოსწავლე იზეპირებს სიტყვის გამოსახულებებს და წინადადებებში ყურადღებას არ აქცევს მათ დაბლოებებს. მაგ. „წიგნისთვის“ ნაცვლად შეიძლება წაიკითხონ „წიგნით“;
  • მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას მდიდარი ლექსიკური მარაგი ჰქონდეს, წერისას იყენებს მის მხოლოდ მცირე ნაწილს;
  • ხშირია მოტორული უნარების დარღვევა: მოუქნელობა და კოორდინაცია. ასევე შენელებული წერა და ცუდი კალიგრაფია;
  • დისლექსია თავს იჩენს მათემატიკაშიც, რადგან კითხვის პრობლემის გამო ასეთი მოსწავლე ვერ იგებს პირობას, უჭირს გამრავლების ტაბულის დამახსოვრება, განტოლების ამოხსნის ეტაპების თანამიმდვრობა და ა.შ;

მართალია დისლექსიისგან საბოლოოდ თავის დაღწევის გზა არ არსებობს, თუმცა ადრეული შეფასება და მიზანმიმართული ჩარევა საუკეთესო შედეგს იძლევა. ზოგჯერ იგი წლების განმავლობაში რჩება შეუმჩნეველი და სრულწლოვანებამდე არ აღიარებენ მას, მაგრამ დახმარების მიღება გვიანი არასდროსაა. ამისთვის კი საჭიროა 3 ძირითადი რამ:

  • ადრეული დიაგნოსტირება – რაც უფრო მალე მოხდება დისლეექსიის აღმოჩენა, მით უფრო გაუადვილდება მოსწავლეს სწავლა, მასწავლებელს კი – მუშაობა;
  • სწავლებისთვის საჭირო ინდივიდუალური გეგმის შემუშავება – მოხდეს ძლიერი მხარეების დადგენა და მასზე აქცენტირება;
  • ურთიერთშეთანხმება და თანამშრომლობა მშობელსა და სკოლის გუნდს შორის – მოსწავლე უმეტეს დროს შინ ატარებს და უწევს დავალებების შესრულება. ასეთ დროს მშობელთა ჩართულობა მისთვის წარმატების საწინდარია.

დისლექსიის ნიშნების ამოცნობა სასკოლო ასაკამდე ძნელია. პრობლემა ძირითადად თავს იჩენს სკოლაში მისვლის შემდეგ, როცა საანბანო პერიოდი სრულდება და მოსწავლეები შინაარსობრივი ტექსტების კითხვაზე გადადიან. მასწავლებელი შეიძლება პირველი აღმოჩნდეს, ვინც ეს შეამჩნიოს. სწორედ აქ უნდა გადაიდგეს სწორი ნაბიჯები:

  1. მასწავლებელმა უნდა აწარმოოს ფოკუსირებული დაკვირვება ზემოთ ჩამოთვლილ გამოვლინებებზე;
  2. მოაწყოს ინდივიდუალური შეხვედრა მშობელთან, საფუძვლიანად და უმტკივნეულოდ გააცნოს მას პრობლემის არსი;
  3. მშობელთან და სკოლის დირექციასთან შეთანხმებით მოხდეს დარღვევის ადეკვატური შეფასება და შედგეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა;
  4. ინდივიდუალური გეგმის საფუძველზე მშობელმა და სკოლის გუნდმა უნდა აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა, რათა სწავლება გახდეს ეფექტური და მოსწავლემ შეძლოს სირთულეების დაძლევა.

ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები შეიძლება მცირე დამხმარე საშუალებად მივიჩნიოთ:

  • კითხვის დროს ტექსტისთვის თითის მიდევნება;
  • ხმამაღლა კითხვა;
  • წყვილში ერთობლივი კითხვა;
  • ფერადფონიანი ტექსტების (ძირითადად პასტელის ფერები) გამოყენება. ან ტექსტზე ფერადი სახაზავის დადებით, ფერადი შუშის გამოყენებით კითხვა;
  • ასოების წერისას მიმართულების მიმცემი აღნიშვნების გამოყენება;
  • ქვიშაზე, მარცვლეულზე, ფქვილზე წერა;
  • დიდი ზომის ფურცელზე წერა, ეტაპობრივი დაპატარავებით;
  • მეტი დროის მიცემა წერითი დავალების შესრულებისას.

რამდენიმე მიზანშეწონილი აქტივობა:

  • სიტყვის ბარათები – მოსწავლე პოულობს სურათის შესაბამის სიტყვას სიტყვების გროვაში;
  • მოძრავი ანბანს დამატებული სურათები – მოსწავლე ასო-ასო აწყობს სურათის და ტექსტის დახმარებით, სურათის შესაბამისად ან კარნახით და ადარებს მოცემულ ტექსტს;
  • კომპიუტერული ფაზლი-ანბანი – თავიდან მოსწავლე აწყობს ფაზლად დაშლილ ასოებს, შემდეგი ეტაპისთვის – სიტყვებს, შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებით;
  • ფერადი სიტყვები – ფერად სიტყვაში არსებულ ნაცნობ ასოებს ეძებს და პოულობს სხვა, მისთვის უცნობ სიტყვაში;
  • ხმოვანი, ილუსტრირებული წიგნები – მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მოისმინოს, დააკვირდეს ილუსტრაციას და პარალელურ რეჟიმში თანდართულ ტექსტსაც მიადევნოს თვალი თითის გაყოლების პრინციპით.

(ეს და სხვა მსგავსი ტიპის აქტივობები შეგიძლიათ ასევე იხილოთ დამხმარე ელქტრონულ სახელმძღვანელოში ან გზამკვლევში).

ლიტერატურის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე საკითხის ირგვლივ მცირე მოკვლევა ჩამეტარებინა. გავესაუბრე დადასტურებული დისლექსიის მქონე მოსწავლეთა პედაგოგებსა და სპეცპედაგოგს. მერე კი სოციალური ქსელის დახმარებით ჩავატარე მინი-გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 174-მა რესპონდენტმა (159 პედაგოგი და 15 სპეცპედაგოგი) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

მათი უმრავლესობა (89%) საჯარო სკოლის პედაგოგი გახლდათ, კერძო სკოლის კი -11%.

კითხვაზე – „გყავთ თუ არა დისლექსიის მქონე მოსწავლე?“, პასუხები ამგვარად გადანაწილდა:

როგორც აღმოჩნდა:

  • 88 პედაგოგი ფიქრობს, რომ არ ჰყავს ასეთი მოსწავლე, თუმცა იმდენად კარგად არიან ინფორმირებულნი, რომ არ გაუჭირდებათ მისი ამოცნობა;
  • 43 რესპონდენტი ფიქრობს, რომ კარგი იქნება საკითხის ირგვლივ ფლობდნენ მეტ ინფორმაციას, რადგან სხვა შემთხვევაში გაუჭირდებათ ამოცნობა;
  • 15 პედაგოგს უკვე ჰყავს მოსწავლე დადასტურებული შეფასებით;
  • 12 – ვარაუდობს რომ ჰყავს, მაგრამ მშობელი არ თანხმდება შეფასებას;
  • 11 – აპირებს მშობელთან მოლაპარაკებას შეფასების საკითხზე;
  • 5 რესპონდენტმა კი არ იცის, რა არის დისლექსია.

ზოგად კომენტარებში ბევრი საუბრობდა იმაზეც, რომ ჰყავდათ ასეთი მოსწავლე, თუმცა სტერეოტიპული შეხედულების გამო მშობელი ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ შვილისთვის შეფასება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა მოეთხოვათ. ასეთ დროს აუცილებლად უნდა  აღინიშნოს, რომ დისლექსია არ წარმოადგენს დაბალ ინტელექტს, შეზღუდულ შესაძლებლობას, დაბალ მოტივაციას ან სენსორულ დარღვევებს. მას ნევროლოგიური საფუძველი აქვს, რომელიც მეტწილად გენეტიკურია. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ემოციური მხარდაჭერაა. აუცილებელია გამოვავლინოთ მისი ძლიერი მხარეები და ავუმაღლოთ მოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მის წარმატებაზე. სწორი დამოკიდებულებები და მხარდაჭერა ბევრი ცნობილი ადამიანისთვის წარმატების საწინდარი გამხდარა. ამის საილუსტრაციოდ კი შეგვიძლია ცნობილი დისლექსიკები გავიხსენოთ: ლეონარდო და ვინჩი, აგათა კრისტი, ტომას ალვა ედისონი, ალბერტ აინშტაინი, პაბლო პიკასო, ჰანს კრისტიან ანდერსენი, უოლტ დისნეი, მერლინ მონრო, ტომ კრუზი და სხვა.

მასწავლებლებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ვურჩევ, გამონახონ დრო და აუცილებლად უყურონ ფილმს „როგორც ვარსკვლავი დედამიწაზე”, რომლის მთავარი პერსონაჟი 8 წლის მესამეკლასელი ბიჭუნა – იშან ავატია. ის დისლექსიამ ოჯახს მოსწყვიტა და ბავშვობა საშინელ კოშმარად უქცია. თუმცა ვერავინ ხვდება მის მთავარ პრობლემას, ხელოვნების მასწავლებლის გარდა, რომელმაც შეძლო ამ ბიჭუნაში დარღვევის აღმოჩენა, ნიჭზე ორიენტირება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხელი შეუწყო მის თავდაჯერებულ და წარმატებულ ბავშვად ჩამოყალიბებას.

წერილიც ამ ფილმის დამამთავრებელი წინადადებით მინდა დავასრულო. იგი დაახლოებით ასე ჟღერს: „მსურს, მადლობა გადავუხადო იმ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც შეძლეს ფანჯრის ფართოდ გაღება და მის მიღმა სინათლის სხივის აღმოჩენა“.

რთული და შრომატევადია, მაგრამ ვიცი, რომ ყველა ჩვენგანი ცდილობს, საკუთარ თავში გამონახოს ძალა, რომელიც ბევრ ბავშვს გაუღებს სარკმელს მზის სხივის დასანახად.

წარმატებებს გისურვებთ!

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვისწავლოთ ერთად, ინკლუზიური განათლება, თბილისი, 2008.
  2. სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში, ქართული ენა და ლიტერატურა, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, ინკლუზიური განათლება.

https://drive.google.com/file/d/1xYiODW4Ya1kJWbA1sAb15iWab1YP10QW/view?usp=sharing

  1. კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლებში

https://drive.google.com/file/d/12ZOlsolIyR_ZhY5b1dJWeeWtQSdNY4qC/view?usp=sharing

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტასაგნობრივი დავალებები ეფექტიანი სწავლებისათვის

0

როგორც ცნობილია, ნებისმიერი დავალებას აქვს თავისი პირობა, რომელშიც ნათლად, გასაგებად უნდა იყოს მითითებული, რას და როგორ ითხოვენ მოსწავლისაგან, რა უნდა მიიღონ შემეცნებითი საქმიანობის საბოლოო პროდუქტად. დავალების პირობები ძირითადად გულისხმობენ შემდეგ ოპერაციებს:

  • შედარება, განაზოგადება, დასკვნის გაკეთება, დაკონკრეტება, არგუმენტის მოყვანა და ა.შ.

თითოეული მათგანი ერთგვარი უნივერსალური სასწავლო ქმედებაა და ამიტომაც – მეტასაგნობრივიც. პრაქტიკულადაც, ნებისმიერი დავალება შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც მეტასაგნობრივი დავალება. გამონაკლისს შეადგენენ ისეთი დავალებები, რომლებსაც ცალსახად მარტივი მიზანი აქვთ (თუმცა პერიფრაზირებაც რომ ავიღოთ, ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივიც, მასაც კი მთელი რიგი სააზროვნო ოპერაციები უდევს საფუძვლად).

 

ზოგადად, შემეცნებით საქმიანობაზე გათვლილი დავალებები მრავალფეროვანია, სხვადასხვაგვარი: ესენია ისტორიული ანდა თანამედროვე დოკუმენტის ფრაგმენტები, კონკრეტული სოციალური სიტუაციის ამსახველი მასალა, ცალკეული სქემები, დიაგრამები და ა.შ. რომელთა საფუძველზეც მოსწავლემ უნდა შეძლოს განზოგადება, კონკრეტიზაცია, შედარება, ლოგიკური, სტრუქტურული, ფუნქციური კავშირების გამოვლენა/დადგენა და ა.შ. ამ მრავალფეროვან დავალებებში მნიშვნელოვან პედაგოგიურ პოტენციალს შეიცავენ ის დავალებები, რომლებიც მიმართულია შინაარსის წვდომაზე – აუცილებელი ქმედებების შესასრულებლად: ისინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სწავლის პროცესში, ასევე დიაგნოსტიკისთვისაც. მათი შესრულებისას რეალურად გამოჩნდება, კონკრეტულად რა სახის უნარების დეფიციტია მოსწავლეებში (და არა პრობლემები სწავლაში).

 

ასეთი დავალებები, ე.წ. მეტასაგნობრივი დავალებები, მიიღება ჩვეულებრივი დავალების სტრუქტურირებით, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან ახალ მიდგომებს და აზროვნების გააქტიურებას, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების „გაერთიანებას“, კომპლექსურად წარმოდგენას.  მასწავლებლები ვალდებული არიან, ასეთი დავალებებს მუდმივად გაუკეთონ უკუკავშირი, დაურთონ მეთოდური კომენტარები და შეაფასონ მოსწავლის ცალკეული ნაბიჯები.

 

განვიხილოთ მეტასაგნობრივი დავალებების რამდენიმე მაგალითი ისტორიის საგნის სწავლებიდან:

მაგალითი 1 – დავალება: „ვინ და როგორ მართავდა ეგვიპტეს? (კლასი VII)

ძველი ეგვიპტის ისტორიის შესწავლისას მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს პატარა ბარათებს, რომლებზედაც დაწერილია ცნებები: „დიდგვაროვანი“, „მეომარი“, „მწერალი“, „ფარაონი“. ბარათების მიხედვით მოსწავლემ უნდა ააგოს პირამიდა და აღწეროს ის. დავალება უნდა შესრულდეს რამდენიმე წუთში.

შეკითხვები დავალების შესრულებისთვის:

  • როგორ ფიქრობთ, რა პრინციპის მიხედვით არის შედგენილი ბარათები?
  • დაალაგეთ ეგვიპტის მოსახლეობა პირამიდის საფეხურებზე (ზემოდან ქვემოთ). ახსენით, რატომ გააკეთეთ ასე?
  • დაასათაურეთ სქემა (გამოიყენეთ კონკრეტული ტერმინი, ცნება, რომლითაც აღნიშნავთ ხელისუფლების ორგანიზებას ეგვიპტეში).

 

 

შესაძლო პასუხები და კომენტარები:

პასუხები:

  1. ფარაონი, დიდგვაროვანი, მწერალი, მეომარი (ჩამოთვლილია რიგობის მიხედვით);
  2. წარწერა – სახელმწიფო („ხელისუფლება“, „ხელისუფლების ორგანიზაცია“, „მართვა“ და ა.შ).

შემეცნებითი უნარები, რომელთა ფორმირებაც მოხდა:

  • ცნების განსაზღვრა (მოსწავლეებმა გააერთიანეს საგნები და მოვლენები გარკვეული ნიშნების მიხედვით);
  • მოდელებისა და სქემების გამოყენება (მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ხელისუფლების აგების აბსტრაქტული მოდელი);
  • მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირების განსაზღვრა;
  • ინდუქციური ლოგიკური კავშირების აგება და დასკვნების გაკეთება (მოსწავლეები გამოავლენენ კავშირებს და ურთიერთობებს საგნებსა და მოვლენებს შორის).

 

მეთოდური კომენტარები: ა) მოცემული დავალება შეიძლება გამოვიყენოთ ისტორიის გაკვეთილზე ძველი სახელმწიფოების შესწავლის დროს ცნება „სახელმწიფოს“ ფორმირებისთვის; ბ) დავალების შესრულებისას მნიშვნელოვანია, მოსწავლე გაერკვეს, რატომ არ მიიღეს ბარათები წარწერით „ხელოსანი“, „მეთემე“; გ) დავალებას შეიძლება ჰქონდეს განმავითარებელი ხასიათი: ბარათის ამა თუ იმ საფეხურზე განთავსების დროს მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რატომ გააკეთეს ეს არჩევანი.

 

მაგალითი 2 – აღორძინება იტალიაში ( კლასი – VIII)

 

დავალების პირობა – წაიკითხეთ ტექსტი და შეასრულეთ დავალება:

„რენესანსი იყო ანტიკური კულტურის აყვავების, ანტიკურობით გატაცების პერიოდი. მთავარი იდეა, რომელიც ბატონობდა XIV-XVII საუკუნეებში, ეს იყო ანტიკურობის აღორძინება. ითვლება, რომ რომაული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი – ლიტერატურა, სკულპტურა და არქიტექტურა – გაანადგურეს ბარბაროსებმა – გოთებმა, რომლისგანაც მომდინარეობს სახელწოდება შუასაუკუნეების არქიტექტურის სტილის – „გოთიკა“.

აღორძინების პერიოდის მწერლები და მხატვრები სულ უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ წარსულს (ანტიკური ხანა, ბარბაროსული ეპოქა ანუ „ბნელი საუკუნეები“, შუა საუკუნეები). დაიწყეს ანტიკური ტრადიციების გამოკვლევა, განახლება, ძველი არქიტექტურული ფორმების აღდგენა (მაგალითად, პეტრარკა გატაცებული იყო ციცერონით, დონატელო ძველი რომის ნანგრევებს სწავლობდა..), მუსიკოსებმა ძველი მუსიკალური ჰანგების რეკონსტრუქციაც კი სცადეს, მასწავლებლებმა განათლების კლასიკური სისტემის აღდგენა, დაინტერესდნენ რა გრამატიკით, რიტორიკით, სიტყვათწყობით, ისტორიით, ეთიკით, ანუ იმ საგნებით, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის არსების, შინაგანი „მე“-ს გახსნას. აქედან მოდის აღორძინების სახელწოდებაც „ჰუმანიზმი“. ერთ-ერთმა მოაზროვნემ აღორძენების ეპოქას „ახალი საუკუნის ტრიუმფიც“ კი უწოდა“.

 

შეკითხვები და დავალებები:

  1. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ აღორძინების დროს არამარტო ხელოვნებაში, არამედ ცოდნის სხვა სფეროებშიც მოხდა მნიშვნელოვანი გარღვევა. მოიყვანეთ არგუმენტი და გამოიყენეთ გეოგრაფიის, ისტორიის და სხვ. საგნებიდან მიღებული ცოდნა;
  2. იპოვეთ ტექსტში შეფასებითი ხასიათის მტკიცებულება და შეავსეთ ის ამ ეპოქის თქვენეული შეფასებით;
  3. შეადგინეთ/შეავსეთ ტექსტის გეგმა:

ა) ცალკეული პუნქტის მიხედვით

ბ) მოკლე თეზისების სახით.

 

პასუხები და კომენტარები:

პასუხები:

  1. შესაძლებელია მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ: „რენესანს მოჰყვა მთელი რიგი აღმოჩენები გეოგრაფიაში (მათ შორის მოგზაურობა დედამიწის გარშემო, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, კომპასი, სანავიგაციო ხელსაწყოები..), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მედიცინაში საბეჭდი დაზგის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონება…
  2. შესაძლებელია მოიყვანონ შემდეგი მტკიცებულება: „რენესანსი – კულტურის აყვავების პერიოდია – „ახალი დროის ტრიუმფია“.
  3. შეადგინონ გეგმა ცალკეული პუნქტის მიხედვით ძირითად ცნებებზე:

ა) „რენესანსი“, „აღორძინება“, „აღორძინების პერიოდის იტალიის კულტურა“, „აღორძინების პერიოდის იტალიის გამოჩენილი მოღვაწეები“.

ბ) მოკლე თეზისები:

  • რენესანსის არსი: კულტურის აყვავება, ბარბაროსების (გოთები) მიერ რომაული კულტურის განადგურება;
  • მთავარი იდეა ანტიკური კულტურის აღორძინება, წარსულის გადახედვა და მისი პერიოდიზაციაა;
  • აღორძინება ანტიკურობის მიმართ ინტერესის გაღვივება, შედევრების მიბაძვა და ძველი ზნეობრივი ნორმების გაცნობაა;
  • აღორძინების პერიოდის იტალიურმა კულტურამ და ხელოვნებამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპაზე (ლიტერატურის გამოცოცხლება).

 

შემეცნებითი ინტერესის ფორმირება:

  • ანალიზი, ინფორმაციის შედარება, წყაროს ტექსტის ზედმიწევნით გააზრება;
  • არსებული ცოდნის აქტუალიზაცია, ცოდნის ინტეგრაცია;
  • კერძოდან ზოგადის, ზოგადიდან – კერძო დეტალების გამოყოფა;
  • მტკიცებულებების არგუმენტირება.

 

მეთოდური კომენტარი: მასალის გამოყენება შესაძლებელია ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების გაკვეთილებზე. შესაძლებელია დისკუსიაც: შეიძლება თუ არა, რომ აღორძინებას ეწოდოს „ახალი დროის ტრიუმფი“? მოიყვნეთ ყველა შესაძლო არგუმენტი და ა.შ.

 

მეტასაგნობრივი დავალებები ეფექტურია შედეგების თვალსაზრისით. ხელს უწყობს თავისუფალი, მობილური, ინტელექტუალური ადამიანის ჩამოყალიბებას, საკუთარი საგანმანათლებლო საქმიანობის დაგეგმვას, ინფორმაციასთან მუშაობის და არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარების ფორმირებას, ე.წ. მეტასაგნობრივი კომპეტენციებისა და უნივერსალური სასწავლო ქმედებების დაუფლებასა და სწავლებაში წარმატებით გამოიყენება.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბრაზის მართვაში

0

ბრაზი ერთ-ერთი ის ძირითადი ემოციაა, რომელსაც დროდადრო ყველა ადამიანი განიცდის. საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები სწავლობენ ბრაზის გამოხატვას ქცევის იმ მოდელის შესაბამისად, რომელსაც  ისინი გარშემო მყოფ უფროსებში ხედავენ. აღმზრდელები, როგორც წესი, ბრაზს არასასურველ ემოციად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის ბავშვში უნდა დაითრგუნოს, რათა მომავალში მისი ხასიათის თვისებად არ ჩამოყალიბდეს. მაგრამ, თუ ჩვენ ჩავაგონებთ მოზარდს, რომ ბრაზი რაღაც ძალიან ცუდი და სახიფათოა, ამით ვუბიძგებთ მას ჩაახშოს საკუთარ თავში მისი ადამიანური ბუნების ძალიან ჩვეულებრივი ნაწილი. ასეთ დროს ბავშვები ცდილობენ, ან იგნორირება გაუკეთონ და არ მიაქციონ ყურადღება ბრაზს ან გამოხატონ ის რაიმე არაპირდაპირი გზით (ძალადობა, შეურაცხყოფა, აგრესია), რაც კარგს არაფერს მოგვიტანს – ბავშვები სრულიად მოუმზადებლები იქნებიან იმისათვის, რომ ზრდასრულობაში სწორად გამოხატონ ბრაზი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ემოცია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებსაც უჭირთ საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა, არასასურველია და შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს, მაგრამ აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ბრაზი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში – ის საშუალებას გვაძლევს,  აუცილებლობის შემთხვევაში, დავიცვათ საკუთარი კეთილდღეობა და თავად ჩვენი თავი. მთავარია, ვისწავლოთ ჩვენი ბრაზის გამოხატვა ჯანსაღი, ცივილიზებული ხერხით და ამის კეთებას უკვე ბავშვობის პერიოდიდან უნდა ვიწყებდეთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვეთოს ის ნიშნები, რომლებიც მიმანიშნებელი იქნება, რომ ბრაზის სამართავად  ბავშვს ჩვენი დახმარება სჭირდება:

  • ძალიან ხშირად ბავშვი უმნიშვნელო მიზეზის გამო გამოდის მდგომარეობიდან, კარგავს თვითკონტროლს, არ შეუძლია გაჩერება გაბრაზების დროს;
  • ბავშვი ვერ ამჩნევს, როგორ მოქმედებს მისი ბრაზი სხვა ადამიანებზე; ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას არ აღელვებს გარშემომყოფთა გრძნობები;
  • ხშირად დაუფიქრებლად იქცევა, იყენებს მუქარის აღმნიშვნელ სიტყვებს მეტყველებისას;
  • ბავშვის ნამუშევრებში – ნახატებში და ნაწერებში თავს იჩენს ძალადობის და აგრესიის თემა;
  • ბავშვი ხშირად აცხადებს, რომ მის აგრესიულ ქცევაში სხვები არიან დამნაშავე. ბრაზი დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვება.

თუ ზემოაღნიშნული ნიშნები ფიქსირდება ბავშვთან, არ უნდა დავაყოვნოთ და დავეხმაროთ  მას, ისწავლოს საკუთარი  ემოციების, ამ შემთხვევაში კი ბრაზის მართვა, ვასწავლოთ როგორ წარმართოს ის უსაფრთხო მიმართულებით. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ემოციის მართვა, როგორც უკვე აღინიშნა, არ მოიაზრებს მის დათრგუნვას ან უარყოფას. საჭიროა ავუხსნათ ბავშვს, რომ ბრაზი ნორმალური გრძნობაა და ის უნდა გამოვხატოთ, რომ დათრგუნულმა ბრაზმა აფეთქებამდე არ მიგვიყვანოს და არ გაგვხადოს აგრესიული და სასტიკი. ბრაზის მართვა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ისეთი აფეთქებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს ან გარშემომყოფ ადამიანებს.

ბრაზის მართვის ჩვევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ცხოვრებისეული ჩვევები, რომლებიც მოზარდს ბევრი პრობლემის დაძლევაში ეხმარება.

 

რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს, ისწავლოს ბრაზის მართვა:  

  • გავაკეთოთ პაუზა. ხშირ შემთხვევაში, როცა ბავშვი ბრაზით არის შეპყრობილი, სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია პაუზას – მოვერიდოთ ასეთ დროს რეაგირებას ბავშვის სიბრაზეზე, ნუ ვეჩხუბებით და ამით კიდევ უფრო ნუ გავაძლიერებთ მის ბრაზს. ნაცვლად იმისა, რომ ვეკამათოთ და ველაპარაკოთ ხმამაღალი ტონით, დაველოდოთ როდის დაამთავრებს ბრაზის გამოვლენას, შემდეგ გავიყვანოთ თავის ოთახში და ძალიან მშვიდად ავუხსნათ, რომ გარკვეული დროის გატარება მას ამ ოთახში მოუწევს იმისათვის, რომ დამშვიდდეს. თუმცა, არიან ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ბრაზი აშინებთ. ასეთ შემთხვევაში არ ღირს მათი ოთახში მარტო დატოვება, ეს უფრო გააძლიერებს მათ ბრაზს. თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ ამ გრძნობას ბავშვში შიშიც ემატება, დავრჩეთ მის გვერდით. მაგრამ, თუ ბავშვი ავლენს აგრესიას, დაუყონებლივ გავაჩეროთ ის და ვაიძულოთ იჯდეს წყნარად ერთი-ორი წუთი, სანამ არ დამშვიდდება;
  • სუნთქვითი ვარჯიშები და სეირნობა სუფთა ჰაერზე ასევე დაეხმარება ბავშვს მოიკრიბოს აზრები, გრძნობები და მართოს ბრაზი;
  • შევასწავლოთ ბავშვს გრძნობებისა და ემოციების აღმნიშვნელი სიტყვები. როდესაც პატარა ბავშვები ბრაზობენ, ისინი ჩვეულებრივ ყვირიან, ჩხუბობენ, აქეთ-იქით ისვრიან სათამაშოებს, ნივთებს იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გამოხატონ ბრაზი სიტყვებით. ემოციების და გრძნობების აღმნიშვნელი სიტყვების სწავლება შეიძლება დავიწყოთ ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „ბრაზი“, „ბედნიერება“, „შიში“, „შფოთვა“, „ნერვიულობა“, „გაღიზიანება“, განრისხება“, „აგრესია“ და ა.შ. როგორც კი ბავშვი ამ სიტყვებს ისწავლის, ვასწავლოთ მათი გამოყენება წინადადებებში: „მე ახლა ისე ვბრაზობ შენზე….“, ან „ის მე მაღიზიანებს….“ და ა. შ. დავანახოთ ბავშვს, რომ საკუთარი გრძნობების გამოხატვა ბევრად უკეთესია სიტყვების დახმარებით, ვიდრე ჩხუბით, ნივთების აქეთ-იქით გადაყრით, აგრესიით;
  • ემოციებზე წიგნების წაკითხვა და შემდეგ საუბარი წაკითხულის გარშემო ასევე დაეხმარება ბავშვს უკეთესად გაერკვეს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში;
  • მივცეთ ბრაზს გარეთ გამოსვლის საშუალება. გაბრაზებული ადამიანი, როგორც წესი, ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას განიცდის. ასეთი ცვლილებები ზრდის აგრესიული ქცევის რისკს. იმისათვის, რომ შევძლოთ მისი თავიდან აცილება, ჩვენი ძალები და ენერგია მივმართოთ უფრო პროდუქტიულზე და სარგებლისმომტან ქცევაზე. სირბილი, ცურვა ან უბრალოდ ფიზიკური ვარჯიში ან ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია ბრაზის სამართავად, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც;
  • თანავუგრძნოთ ბავშვს. თანაგრძნობამ და თანაგანცდამ შეიძლება საოცრება მოახდინოს, როცა საუბარია ბავშვზე, რომელიც ბრაზს განიცდის. ამ დროს მივცეთ მას საშუალება, ილაპარაკოს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე, გამოხატოს ბრაზი. ვაღიაროთ მისი ნებისმიერი გრძნობა, იქნება ეს ბრაზი, მრისხანება, გაღიზიანება, თუ რაიმე სხვა. ვუჩვენოთ ბავშვს, რომ ჩვენ ვზრუნავთ მასზე. ხშირად ბავშვი განიცდის უკმაყოფილებას და ბრაზს, როცა იმედგაცრუებულია ან გრძნობს, რომ უგულებელყოფენ ან ღალატობენ მას. ამ დროს გაბრაზება ერთადერთი ხერხია იმისათვის, რომ მას მოუსმინონ, ან აღიქვან სერიოზულად. ცუდი არ იქნება დავფიქრდეთ იმაზეც, თუ ჩვენი როგორი ქცევის შემდეგ დაიწყო ბავშვმა ბრაზის გამოვლენა. როდესაც ის დამშვიდდება, დავჯდეთ მის გვერდით და გულწრფელად ვკითხოთ, რა აწუხებს მას და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ;
  • ნუ მოვახდენთ ბავშვის ყურადღების კონცენტრირებას შეცდომებზე. მას უნდა ჰქონდეს უფლება დაუშვას შეცდომა; ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება. ნუ მოვაბეზრებთ ბავშვს თავს ჭკუისდამრიგებლური საუბრებით – უბრალოდ გავჩუმდეთ და ამით გამოვავლინოთ მცირეოდენი თანაგრძნობა;
  • შევაქოთ ბავშვი კარგი ქცევის გამო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ მასზე. ბავშვები ყოველთვის მიისწრაფიან მიიპყრონ მშობლების ყურადღება ნებისმიერი ხერხით და დაიმსახურონ მათი მოწონება, შექება. ამიტომ, როცა პატარა დემონსტრირებას უკეთებს კარგ ქცევას, შევაქოთ ის და დავაფასოთ მისი ძალისხმევა, მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ, ზედმეტად ხშირი ქება შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ბავშვი მხოლოდ ქების მოლოდინში იქნება და ვერ შეძლებს კრიტიკის და შენიშვნების მიღებას. შექება კარგი ქცევის გამო მნიშვნელოვანია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია არასწორ ქცევაზე მითითება და დახმარება მის შესაცვლელად.

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ ბავშვისთვის საუკეთესო მასწავლებელი ჩვენი პირადი მაგალითია. ვუჩვენოთ მას, როგორ ვმართოთ ბრაზი და ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. თუ ჩვენ, უფროსებს არ შეგვიძლია თავაზიანად, სიყვარულით და აგრესიის გარეშე ურთიერთობა, საეჭვოა, რომ ბავშვებმა შეძლონ და ისწავლონ ეს. თუმცა, იქ, სადაც სურვილი და მონდომებაა, დაუძლეველი პრობლემები არ არსებობს და ემოციების მართვის, ისევე, როგორც ეფექტიანი ურთიერთობის სწავლა ნამდვილად შესაძლებელია.

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” ავტორები “პიკის საათის” საკლასო ოთახში

0

დილის შემეცნებით- გასართობი პროგრამა “პიკის საათი”, კვირაში ერთხელ, ეთერს, ჟურნალ “მასწავლებლის”  ავტორებს  დაუთმობს და ვისაუბრებთ განათლების საკითხებზე.

„ჩემი თავის გამკვირვებია! ამ ეტაპზე, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცოტა ინდიფერენტული დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე სექტემბერში მქონდა“ – ლელა კოტორაშვილი, მასწავლებელი, რომელიც დისტანციური სწავლების ავ-კარგიანობასა და სასწავლო პროცესის სრულად განახლების საკითხებზე „პიკის საათის“ მსმენელთან ერთად საუბრობს.

ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე:

 სასწავლო პროცესის სრულად განახლების მოლოდინი

 

საგანმანათლებლო რესურსები კლიმატის ცვლილებაზე

0

დოკუმენტური და მხატვრული ფილმები კლიმატის ცვლილებაზე

(ნაწილი პირველი)

კლიმატის გლობალური ცვლილება დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს არის ხანგრძლივი კომპლექსური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების მიერ სათბურის ეფექტის წარმოქმნასთან. კლიმატის ცვლილების პროცესში უდიდეს როლს ასრულებს ადამიანი. ანთროპოგენური ფაქტორების გამო ბინძურდება ჰაერი, წყალი და ნიადაგი. დედამიწის სხვადასხვა წერტილში, როგორც ხმელეთზე, ასევე ოკეანეების ზედაპირთან, აღირიცხება ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატება. შედეგად მიმდინარეობს პოლუსებსა და მყინვარებზე ყინულის შეუქცევადი დნობა, მარჯნის რიფების განადგურება… ამის გამოძახილია ოკეანეებში წყლის დონის მატება და სხვა გლობალური კატასტროფები (კლიმატის ცვლილებაზე ვრცლად იხილეთ მანანა რატიანის სტატია „შესავალი კლიმატის ცვლილებაში“, ნაწილი პირველი და ნაწილი მეორე).

აღნიშნულ პრობლემას უშუალოდ ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, გაატარონ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა მომავალი თაობების ამ გამოწვევის სიმძიმესა და სერიოზულობაში დარწმუნებაა. ჩვენი მოსწავლეების უმეტესობამ იცის შვედი აქტივისტის გრეტა ტუნბერგის შესახებ, რომელიც პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს აცდენდა, თუმცა ბევრს უჭირს დედამიწის სხვა წერტილში მიმდინარე პროცესის საქართველოსთან დაკავშირება.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების სერიოზულობაში დარწმუნების რამდენიმე გზა არსებობს. დამეთანხმებით, რომ გეოგრაფიული ობიექტებისთვის სხვადასხვა დროს გადაღებული კადრების შედარება ნებისმიერ პროცესსა და მოვლენას დამაჯერებლობას სძენს. ამ კუთხით დოკუმენტური და მხატვრული ფილმები ფასდაუდებელ რესურსებს წარმოადგენს.

გადავწყვიტე, ხშირად გაგაცნოთ ფილმები, რომლებიც წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების სერიოზულობას, გვთავაზობს გამოსავალს, გვიბიძგებს ფიქრისკენ, აქტიურობისკენ, გაცილებით მეტის გაკეთებისკენ…

ამ სტატიაში ნახსენები დოკუმენტური ფილმები ეხება ოკეანეებში წყლის საშუალო ტემპერატურის მატებას, ამით გამოწვეულ პრობლემებს და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, მწვანე საფარის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მარჯნის ძიებაში (Chasing Coral) Netflix-ის 2017 წლის ფილმია, რომელიც გვიტოვებს საფიქრალს დედამიწის ერთ-ერთი გამორჩეული ეკოსისტემის – მარჯნის რიფების განადგურებაზე, გადაშენებაზე, გაუფერულებაზე (ფილმში გამოყენებულია ტერმინი bleaching) (ვრცლად იხილეთ რუსუდან თევდორაძის სტატია – რატომ უფერულდება მარჯნის რიფები).

ვიზუალური ეფექტები, შთამბეჭდავი წყალქვეშა სამყარო იზიდავს მაყურებელს. მკვლევარები იყენებენ შედარების მეთოდს. ფოტოგრაფები შერჩეულ წერტილებში ამონტაჟებენ სპეციალურ კამერებს. მათი ექსპერიმენტის შედეგად ცხადი ხდება, რომ განსხვავება აშკარაა არა მხოლოდ წლიდან წლამდე, არამედ ყოველ ექვსთვიან ინტერვალშიც. მეცნიერთა განცხადებით, სახეზეა მსოფლიოში მარჯნის რიფების 50%-იანი დანაკარგი.

ფილმში აღწერილია რიფის ბიოლოგიური აგებულება და კვებითი სტრუქტურა. ნაჩვენებია ადაპტაციის პროცესი წყლის ბინადრებს შორის. მაყურებელი აღმოაჩენს, თუ როგორ მუშაობენ და თანამშრომლობენ ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთის სასარგებლოდ, საერთო ინტერესებით. ნათლად არის წარმოჩენილი, თუ როგორ იწვევს ეკოსისტემის ერთი ნაწილის დაღუპვა მეორის გაქრობას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია თევზებისა და რიფების ურთიერთკავშირი. ავტორი პრობლემას უკავშირებს მსოფლიო მოსახლეობას – ოკეანის წყლის ბინადრებით სარგებლობის, ტურიზმისა და მედიცინის თვალსაზრისით.

„ოკეანე სიცოცხლის წყაროა. ის აკონტროლებს ყველაფერს – ამინდს, კლიმატს, ჟანგბადის რაოდენობას… ჯანმრთელი ოკაენის გარეშე არ გვექნება ჯანმრთელი პლანეტა“.

თემა ასევე ეხება ბიოლოგიის საკითხებს და სასურველია მასთან ინტეგრაცია. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას:

* ფილმის ყურებისას ჩაინიშნეთ გეოგრაფიული ობიექტები (ქვეყნები, კუნძულები, რიფები და ა.შ.) და მონიშნეთ ინტერაქტიულ რუკებზე.

უპასუხეთ კითხვებს:

N კითხვები სავარაუდო პასუხები
1 რა ზიანს აყენებს ოკეანეებში წყლის ტემპერატურის ცვლილება მის ბინადარ ცოცხალ ორგანიზმებს? წყლის ტემპერატურის მატების შედეგად მცირდება იმ წყალმცენარეების რაოდენობა, რომლებითაც მარჯანი იკვებება.
2 როგორ არის დაკავშირებული ჯანსაღი მარჯნის რიფების არსებობა მოსახლეობასთან?  
3 როგორ ახერხებენ მეცნიერები, დაუკავშირონ რიფების სიკვდილი გლობალურ დათბობას?  
4 რა გავლენა აქვს სათბურის ეფექტს ოკეანეებში წყლის საშუალო ტემპერატურის ცვლილებაზე?  
5 პრობლემის მოგვარების როგორი გზებია შემოთავაზებული ფილმში?  

ბიოლოგიასთან კავშირის კუთხით შეიძლება შევთავაზოთ ასეთი დავალება:

* აღწერეთ რიფების აგებულება და მათი კვებითი სტრუქტურა.

საკითხის შეჯამების მიზნით კი ასეთი დავალება:

* მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმენი პოსტერი. პოსტერზე გამოსახე, რა ზიანს აყენებს კლიმატის ცვლილება მარჯნის რიფების სიცოცხლისუნარიანობას.

 

ეამბორე მიწას (Kiss The Ground) 2020 წლის ფილმია. რეჟისორები ჯოშუა ტიკელი და რებეკა ჰარელი აერთიანებენ მეცნიერებს, ფერმერებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ყურადღება მიაქციონ ნიადაგის გაუდაბნოების პროცესს.

ინდუსტრიალიზაციის პროცესის დასაწყისი, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, პირველი და მეორე მსოფლიო ომები… მთელი ეს ტვირთი დიდწილად სოფლის მეურნეობას დააწვა. ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ძალიან გაიზარდა დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი. მოსახლეობის კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო ქიმიური ნივთიერებების აქტიური გამოყენება.

მიწათმოქმედება უძველესი დროიდანვე ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში სოფლის მეურნეობა დღემდე ერთ-ერთი წამყვანი დარგია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთანაც დგას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ნიადაგის დეგრადაცია, ეროზია, გამოფიტვა და გაუდაბნოება. ჩვენი მინდორ-ველების უდიდესი ნაწილი საძოვრებად გამოიყენება. უკონტროლო ძოვების შედეგად ბალახეული საფარი ღარიბდება. დოკუმენტური ფილმი „ეამბორე მიწას“ შეიძლება იქცეს ერთგვარ სახელმძღვანელოდ მომავალი თაობებისთვის.

ფილმში აღწერილია პესტიციდების შექმნისა და გამოყენების ისტორია და მცენარის მიერ CO2-ის შთანთქმის პროცესი; ნაჩვენებია, თუ როგორ მიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიომ ენერგია ბუნების წინააღმდეგ; დასაბუთებულია ქიმიური ნივთიერებების გავლენა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, მომავალ თაობებზე, გავრცელებულ მძიმე დაავადებებზე.

ფილმის დასაწყისში განხილულია 1930 წელს ამერიკაში მომხდარი მტვრის შემოტევა (dust blow). მის მიზეზად ნიადაგის გამოფიტვა და ეროზია დასახელდა. სტიქიურმა უბედურებამ კი აშშ-ს დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა.

ცნობილია, რომ დედამიწის მუქი ზედაპირი უფრო მეტ მზის ენერგიას ირეკლავს. არეკლილი ენერგია რჩება ატმოსფეროში, რადგან აქ გამონაბოლქვის სახით მოხვედრილი მავნე ნივთიერებები სათბურის ეფექტს წამოქმნის. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე (კადრი დილმიდან) სწორედ ამ პროცესს აღწერს.

მკვლევარები შედარების მეთოდით გვაჩვენებენ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების მავნე გავლენას გარემოზე. მაყურებელი აღმოაჩენს, როგორ ხოცავს პესტიციდები ნიადაგში სასარგებლო მიკრობებს, რაც იწვევს მთელი სისტემის მოშლას, მწვანე საფარის გაღარიბებას. აღსანიშნავია, რომ პესტიციდების აქტიური გამოყენების შედეგად ჩვენ უკვე დავკარგეთ დედამიწის ნაყოფიერი ზედაპირის 1/3.

გრაფიკული გამოსახულებებით ახსნილია გაუდაბნოების უარყოფითი გავლენა და კავშირი კლიმატის ცვლილებასთან. მომავლის პროგნოზიც საკმაოდ არასახარბიელოა. ნავარაუდევია, რომ 2050 წლისთვის გაუდაბნოების შედეგად 1 მილიარდი ადამიანი გახდება ლტოლვილი.

ფილმის დაწყებამდე სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდები ქვემოთ მოცემული წინადადების შესახებ. აუცილებლად აუხსენით, რომ პასუხს ყურების დროს მიიღებენ:

ხვნა-თესვის სეზონის დაწყებას შეუძლია კლიმატის ცვლილებაზე გავლენის მოხდენა.

ექსპერიმენტები მეცნიერების განუყოფელი ნაწილია. ფილმში მოყვანილია NASA-ს 2006 წლის მონაცემები. მოკლე ინტერვალში, თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ივნის-ივლისში, ნათესების გამწვანებისთანავე, შესამჩნევად იკლებს.

ინდუსტრიული რევოლუციის საწყის წერტილად წარმოჩენილია მე-18 საუკუნის 50-იანი წლები. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იმატებს. ინდუსტრიალიზაციას, ტექნოლოგიურ პროგრესს, პესტიციდების გამოყენებასა და კლიმატის ცვლილებას შორის ლოგიკური ჯაჭვის დასანახად შევთავაზოთ შემდეგი კითხვა:

რა როლი შეასრულა პესტიციდებმა და სხვა ქიმიურმა დანამატებმა მსოფლიოს მოსახლეობის კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილების თვალსაზრისით?

„ეამბორე მიწას“ იმითაც არის გამორჩეული, რომ, ერთი მხრივ, წარმოჩენილია პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ – გამოსავალი.

მოსწავლეებს შესთავაზეთ მარტივი ცხრილის შევსება. შეგიძლიათ, წინასწარ განსაზღვროთ კონკრეტული მიმართულებები.

ფილმის ყურების დროს ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ მიმართულებებზე: სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ქიმიური დანამატების გარეშე ნიადაგის დამუშავების ახალი მიდგომები საქონლის გეგმაზომიერი ძოვება

 

ნაყოფიერი ნიადაგის წარმოება დიდ ქალაქებში – კომპოსტირება
ფილმში შემოთავაზებული გამოსავალი/მოსწავლის კომენტარი        

აქვე გთავაზობთ განსხვავებულ ვერსიას. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს მოუწევთ, თვითონვე გამოკვეთონ პრობლემა და მისი მოგვარების შესაბამისი გზა.

პრობლემა მოგვარების გზა დამატებითი კომენტარი
უკონტროლო ძოვებისას მცენარეული საფარის განადგურება საძოვრების გეგმაზომიერი ძოვება, მათი სექციებად დაყოფა  
     

ფილმის ბოლო ნაწილი მთლიანად ეთმობა ახალი ნიადაგის მიღებას კომპოსტირების გზით. საინტერესოა დიდი ამერიკული ქალაქების მაგალითები, სადაც ნარჩენების დახარისხებისა და შესაბამისი მართვის შედეგად ახერხებენ საუკეთესო ხარისხის ნიადაგის მიღებას.

მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ კომპოსტირების პროცესის გადმოტანა სკოლებში ან საკუთარ სახლებში. ეს მიდგომა იმ თვალსაზრისითაცაა კარგი, რომ ისინი ჩაერთვებიან კეთებით სწავლის პროცესში და იმავდროულად პროცესის უშუალო მონაწილეები იქნებიან. წარმატებით დასრულების შემთხვევაში შეგიძლიათ მოაწყოთ კონტაქტური ბოსტანი სკოლის ეზოში.

იხილეთ კომპოსტირების ვიდეოინსტრუქცია ქართულ ენაზე.

 

ნებისმიერ რესურსს ვუყურებ ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების თვალით. როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები ცხადი და გასაგები უნდა იყოს. მსგავსი მიდგომის შემთხვევაში მოსწავლეები ნათლად დაინახავენ არსებულ საფრთხეებს და შეძლებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან მათ დაკავშირებას.

სამწუხაროდ, ზემოთ ნახსენები დოკუმენტური ფილმები ქართულ ენაზე არ არის თარგმნილი, მაგრამ ნუ მოერიდებით ამ დაბრკოლებას. დაგეგმეთ ჩვენებები ინგლისური ენის (შესაძლებელია პირიქით) მასწავლებელთან ერთად. შედეგად შეძლებთ საგანთა ინტეგრაციას, მოსწავლეები კი დაეუფლებიან ახალ ლექსიკურ ერთეულებს, განუვითარდებათ უცხო ენაზე მოსმენა-გააზრების უნარები.

 

გამოყენებული წყაროები:

დოკუმენტური ფილმი – მარჯნის ძიებაში

დოკუმენტური ფილმი – ეამბორე მიწას

მანანა რატიანი – შესავალი კლიმატის ცვლილებაში – პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი

რუსუდან თევდორაძე – რატომ უფერულდება მარჯნის რიფები

გრეტა ტუნბერგი

მდგრადი განვითარების მიზნები

კომპოსტირების ვიდეო ინსტრუქცია

რუსთველის მისტიფიცირებული ვინაობის გასააზრებლად

0

ქართულ ხელოვნებაში რომ „ვეფხისტყაოსანზე“ დიდებული და პოპულარული არაფერი შექმნილა, ყველანი ვთანხმდებით. საერთაშორისო არენაზე გასატანადაც რუსთველის პოემაზე მნიშვნელოვანი სხვა რა უნდა იყოს? დღემდე ამ პოემისა და მისი ავტორისადმი დაუოკებელი ინტერესი რომ არ განელებულა, ესეც ცხადია; რომ არასდროს შეწყვეტილა ჩხრეკანი „ვეფხისტყაოსნისა“, ვიცით. ის ამოუწურავი საბადოა და ყველა მკვლევარს აძლევს ახლის აღმოჩენის შესაძლებლობას. ასეთი პოპულარობისა და საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პოემის ფაბულა და ავტორის ვინაობა რომ დღემდე მისტიფიკაციად რჩება, სწორედ რომ უცნაური ამბავია.

ამჯერად თავი დავანებოთ ფაბულის მისტიფიკაციას და ვისაუბროთ ავტორის ვინაობასა და იმაზე, თუ რა და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ მოსწავლეთა კონფერენციაზე, რომელიც ავტორიტეტული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, მოსწავლემ გამოიტანა ნაშრომი რუსთველის ვინაობაზე. მას გულდასმით ჰქონდა შესწავლილი რუსთველის ვინაობასთან დაკავშირებული ყველა თეორია, წერილი თუ თვალსაზრისი, ყველა ვარაუდი დამოწმებული და განხილული იყო, თუმცა არ თქმულა მთავარი: რუსთველის საიდუმლო შექმნა რუსთველმა, წარმატებით შეინახა ეს საიდუმლო და ჩვენ დღემდე რეალურად მასზე არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რასაც ის საკუთარ თავზე ამბობს პოემის პროლოგსა და ეპილოგში. მან ოთხჯერ ახსენა სახელი რუსთველი, ასევე გვითხრა, რომ არის მესხი მელექსე, რომ უიმედოდ არის შეყვარებული თამარზე და მას უძღვნის თავის პოემას, შეფარვით აქებს თავისი გმირების სახით.

როცა ზემოხსენებულ კონფერენციაზე მოსწავლეს ვურჩიე, რომ რუსთველოლოგთა ვარაუდებთან ერთად სასურველი იქნება იმის გაცნობიერებაც, რომ რუსთველის ვინაობა საიდუმლოა, საგანგებოდ შექმნილი, რომ თუ ეს საიდუმლო 900 წელი საიდუმლოდ რჩება, თითქმის არ არსებობს შანსი მისი გახსნისა და დროა მივიღოთ, დავჯერდეთ იმ მისტიფიკაციებს, რაც პოეტმა შემოგვთავაზა. ამაზე კოლეგები შემეკამათნენ, თუკი საიდუმლოა, რატომ არ შეიძლება, რომ კვლევები გაგრძელდეს და ოდესმე ეს საიდუმლო გაიხსნასო? კითხვა ლეგიტიმურია, თუმცა მასზე პასუხად მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: აგერ თქვენ და აგერ მე, თუ ოდესმე ვინმემ ეს მისტიფიკაცია რეალური ამბებით გახსნას, მეც დამიძახეთ ან საფლავში ჩამომძახეთ!

როცა მეათე კლასში „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე ვმუშაობთ, ბუნებრივად ისმის ხოლმე კითხვები ავტორის ვინაობის გარშემო. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით მეცნიერული ჩხრეკები ამაო წყლის ნაყვაა და უმჯობესია მეცნიერება ხელოვნებით ჩავანაცვლოთ. ყური მივუგდოთ, როგორ აცოცხლებენ და გვაცნობენ რუსთველს ჩვენი მწერლები. ავტორის ვინაობაზე საუბრის დროს სასურველია მასწავლებელმა დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე გაკვეთილი იმაზე, თუ როგორ გააცოცხლა ქართულმა პოეზიამ რუსთველის საიდუმლო. მაშ, ასე: გაკვეთილის თემაა რუსთველის მისტიფიკაციები ქართულ მწერლობაში. შეგვიძლია მოვიძიოთ უამრავი უნიკალური ტექსტი, თუმცა ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე განსაკუთრებული ნიმუში, ბავშვებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ეს სია შეავსონ, გაამდიდრონ, მრავალფეროვანი წიაღსვლები მოსინჯონ. გარდა იმისა, რომ ეს ტექსტები მიგვანიშნებენ ჩვენი კლასიკოსების დამოკიდებულებაზე რუსთველისადმი, გვეხმარებიან, რომ საიდუმლო ამოვხსნათ ხელოვნების ენაზე, ამ ახალ ტექსტებზე მუშაობა ასევე საუკეთესო გზაა უცხო ტექსტების გაგებისა და ანალიზი უნარების განსავითარებლად.  რუსთველის მისტიკა საოცარი ემოციებით გაგვიცოცხლეს ჩვენმა დიდმა პოეტებმა. ჩვენი გაკვეთილის თემა იქნება შემდეგი ტექსტების გააზრება:

  1. აკაკი წერეთლის „სიზმარი“;
  2. გიორგი ლეონიძის „მესხი ვარ“ და „ვეფხისტყაოსანს“;
  3. მიხეილ ქვლივიძის „იყო არაბეთს“.

აქვე დამხმარე რესურსის სახით მოგვაქვს ორი წერილი:  კონსტანტინე გამსახურდიას „აპოლოგია რუსთაველისა“ და გრიგოლ რობაქიძის „შოთა რუსთაველი“. ინტერნეტში ნავიგაციის დროს მივაგენით მრავლისმთქმელ კარიკატურას, რომელიც იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ #12-ში გამოუქვეყნებიათ 1916 წელს. კარიკატურა ეკუთვნის ქართულ მხატვრობაში ამ ჟანრის ფუძემდებელს, სამხატვრო აკადემიის პროფესორს, ლადო გუდიაშვილისა და ქეთევან მაღალაშვილის მასწავლებელს, ოსკარ შმერლინგს. მასზე გამოსახულნი არიან: რუსთველის მთარგმნელი რუსი პოეტი კონსტანტინ ბალმონტი, თვით რუსთველი, პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი. კარიკატურაზე რუსულად მიწერილია ბალმონტის სიტყვები: მიყვარს რუსთველთან დამეგობრებული გაფრინდაშვილი და იაშვილი. ამ დროს გაფრინდაშვილი და იაშვილი მხოლოდ ჯამბაზის წოწოლა ქუდებითღა თუ შესწვდებიან რუსთველს. ბალმონტი კი რუსთველთან „მოქიშპე“ გაფრინდაშვილ-იაშვილს გამომცდელად აკვირდება შორიდან. ცნობილია ბალმონტის პიეტეტი რუსთველის პოემისადმი, მან „ვეფხისტყაოსანს“ უწოდა „სიყვარულის ცისარტყელა, ცისა და მიწის შემაერთებელი ცეცხლოვანი ხიდი“. (იხ. ოსკარ შმერლინგის კარიკატურა ბმულზე: https://niamorebi.ge/gafrindashvili/შოთა-რუსთაველი-პაოლო-იაშ/). მართალია, იაშვილსა და გაფრინდაშვილს კი არასდროს გამოუმჟღავნებიათ რუსთველთან ქიშპის მკვდრადშობილი იდეა, თუმცა ამ კარიკატურამ კარგად ამხილა ქართულ მწერლობაში ცნობილი ზოგიერთი ავტორის სიშმაგე რუსთველთან მიმართებაში, რომელზე საუბარიც ახლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი სტატიისა და ერთი გაკვეთილის თემადაც გამოდგება და ამ თემის ფართოდ გასავრცობადაც.

აკაკი წერეთლის ლექსი „სიზმარი“ უთუოდ უთუოდ უნდა გავიგოთ, როგორც „ახალი მითოსი“ რუსთველის საიდუმლოს ახსნის გზაზე. სათაურის პოეტიკაც მეტყველია. რუსთველი მართლაც სიზმარს ჰგავს, მისტიკაა. მწერალმა სწორედ ის წარმოიდგინა, რასაც რუსთველი გვიყვება პოემის პროლოგში. ზის თამარი, ზურგით უდგანან ქალები, რომელთა პროტოტიპადაც ის ყველა დროის პოეტების მეფეს წარმოუდგენია, მოდის რუსთველი და მოწიწებით უძღვნის პოემას თამარს, რომელიც ტირის მადლიერების უკმარისობას განიცდის და მომავალს მიანდობს რუსთველის აღიარებას, ხოლო მომავალში რა ხდება? არ დაგვავიწყდეს, რომ ლექსი 1898 წელს დაიწერა და ცარისტული იმპერიის მარწუხებში დამონებული ქვეყნის რეალობაზე აკაკის მხოლოდ ამ სიტყვების თქმა შეეძლო: „მე კი დავრჩი… შემეშინდა!.. მიმოვავლე გარს თვალები და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!.. სხვა ხალხი და სხვა ქალები!.. არც თამარი, არც თინათინ, აღარც ნესტან-დარეჯანი!… აღარცერთს არ ეტყობოდა ქართველობის რამ ნიშანი!“.

ამ ლექსის წყალობით აკაკიმ ორი კურდღელი მოინადირა: ისიც გაუმხილა ქართველობას, თუ როგორ უნდა დავინახოთ რუსთველი და მისი მუზა და მეორე – ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სათქმელიც ითქვა მისთვის ჩვეული მკვახე ენით, რომ ქართველობის ნიშან-წყალი დაკარგა ჩვენმა ხალხმა, დაშორდა სახელოვან წარსულსა და წინაპრებს, რაც ეროვნული ტრაგედიაა, გასააზრებელია და საშველიც მოსანახი.

რუსთველს ბევრი მკვლევარი და მაქებარი ჰყავდა, მაგრამ გიორგი ლეონიძე მათ შორის გამორჩეულია. ბავშვებს ვაცნობთ, რომ ის წლების მანძილზე გახლდათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, რუსთველის მკვლევარი და „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი. მისი შემოქმედება გაჯერებულია რუსთველის სამყაროსადმი სიყვარულით, ამ სამყაროს ავტორი ახალი პოეტური ხედვით აცოცხლებს, მის ლექსებში ილანდება უამრავი ალუზია „ვეფხისტყაოსნიდან“. ლეონიძის პოეტური ენა უნიკალური, უმდიდრესი და ორიგინალურია. მისი ლექსი „ვეფხისტყაოსანს“ ავტორის სათაყვანო პოემისადმი მიძღვნილი სახოტბო ნაწარმოებია, მასში საოცარი პოეტური ხატებით, ხატოვანი მეტაფორებითა და ეპითეტებით ახსნილია როგორც პოემის სიდიადე, ისე ავტორის მისტიკური სული. აი, ისიც: „წიგნო, წინ მიუძღვებოდი ხალხს უკვდავების ნაღარით; შენ გწერდა დიდი რუსთველი, თავს ოქროგადანაყარი. შენ გწერდა ცისკრის კამკამი, ხევთა ხმა ზვავის ზრიალი; შენს კალამს ორბი ჰზიდავდა, ტყავს ― ვეფხი თანაზიარი. შენ გწერდა ქალის წამწამი, ვაჟკაცის მკერდი გმირული, შენ ხალხი გწერდა მხედარი, ბრძოლით გულამოკირული“.

თუკი ჩვენ ბავშვებს ვასწავლით რომ პოეტური ხედვა, ლირიკულ სახეებში კოდირებული სათქმელი ისეთივე საუკეთესო გზაა სამყაროს, ადამიანის, მოვლენათა არსის ან თუნდაც ხელოვნების ქმნილების შესაცნობად, როგორც მეცნიერული ხედვა, ამით ხელს შევუწყობთ პოეტური აზროვნების განვითარებას.

რუსთველზე ყველაფერს ამბობს გიორგი ლეონიძის ლირიკული ლექსი „მესხი ვარ!“ ვერცერთი მეცნიერული კვლევა ისე შთამბეჭდავად და ემოციურად ვერ წარმოაჩენს რუსთველს, როგორც ამ ლექსში გაცოცხლებული ლირიკული გმირის მხატვრული სახე. აი, საოცარი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ალიტერაციებითა და მეტაფორებით შეუცნობლის შეცნობა, მისტიკური ბურუსის ნათელყოფა: „მესხი ვარ! ვანთე მე სხივი, მესხმა შესხმა ვსთქვი ახალი, მტერი დამესხა, დავძლიე, ვიყავი სახელმაღალი. მესხმა დავასხი ვენახი, კლდეებში ვკვეთე ტაძარი, წიგნი დავწერე ვეფხვისა, შიგ სიყვარული დავძარი!“.

პოემის პროლოგის მე-12-მე-19 სტროფებში რუსთველი გვიხსნის შაირობის, ანუ პოეზიის ბუნებასა და ლექსის ტიპებს. ამ რამდენიმე სტროფით ის გვთავაზობს მთელ ტრაქტატს, სადაც ლაკონურად, მწყობრად ახსნილია პოეტის შეხედულებები პოეზიის ფილოსოფიურ ხასიათზე. თანამედროვე მეცნიერება არ დაეთანხმება რუსთველს იმაში, რომ „შაირობა სიბრძნისაა ერთი დარგი“, ანუ ფილოსოფიაა, რადგან ფილოსოფია მეცნიერებაა სამყაროს შემეცნების შესახებ, ხოლო პოეზია – ხელოვნება, მაგრამ აქ რუსთველი გულისხმობს, რომ პოეზიაც ისევე უნდა ემსახურებოდეს სამყაროს შემეცნების იდეას, როგორც – ფილოსოფია. ლეონიძის მოცემული ლექსი სწორედ ამგვარი ფილოსოფიური ჭვრეტის საუკეთესო ნიმუშია, მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია პოეტური თვალით დავინახოთ ყველა საიდუმლო.

რუსთველისადმი მიძღვნილ პოეტურ ტექსტებში გამორჩეულია მიხეილ ქვლივიძის „იყო არაბეთს“. ეს ლექსი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება მინიმალისტური ენით, უმარტივესი, სადა პოეტური სახეებითა და მინიშნებებით, კოდური ფრაზებით ამოიცნო რუსთველის ვინაობის პოეტური მისტიფიკაცია. თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რა ვარაუდები გვსმენია რუსთველის ვინაობის შესახებ, მიხეილ ქვლივიძის ლექსის ერთი პაწაწინა სტროფი პასუხობს ყველა კითხვას რუსთველის საიდუმლოს შესახებ:  „იყო არაბეთს“… არაბეთს არა ყოფილა არავინ! საქართველოში იმხანად ხელმწიფედ გვყავდა თამარი“… აქ სადად და გენიალურად გაცხადებულია რუსთველის ვინაობისა და პოემის ფაბულის მისტიფიკაციის მთელი საიდუმლო.

მოსწავლეთა დიდ მოწონებას იმსახურებს კონსტანტინე გამსახურდიას ესე „აპოლოგია რუსთაველისა“, სადაც სიტყვის დიდოსტატი ჩვეული ჯადოქრული გამომსახველობით  წერილის შესავალშივე წვდება რუსთველის საიდუმლოს. შენდობას ვითხოვ ვრცლად ციტირებისთვის, მაგრამ ჩემი წერილის პათოსს სხვა ვერაფერი გამოხატავს ისე ზუსტად და ამავე დროს უმაღლესი ლირიზმით, როგორც პოეტური პროზის ოსტატის ეს სიტყვები: „შვიდი საუკუნის მანძილზე იდგა ბნელში ქართული პოეზიის იგავმიუწვდომელი ორფეოსი, პოეტთა შორის ბრძენი უდიდესი, ბრძენთა შორის მოძღვართ-მოძღვარი. არცერთ სახლს ამშვენებს მისი სახელის მემორიული დაფა, არც რომელიმე აკადემიის წევრად აურჩევიათ იგი ოდესმე, არც თუ დაფნითა და მუხის ფოთლებით შეუმკიათ მისთვის შუბლი თანამედროვეთ. იგი ხელიდან გასხლტომია მემატიანეთა ყურადღებას და ვინ იცის, ბიოგრაფები შესძლებენ თუ არა თარიღების სალტეში მოაქციონ ოდესმე მისი აქ მოსვლის და იდუმალი გაუჩინარების ამბავი, ხოლო ქმნილება მისი დღესაც სძევს ჩვენს წინაშე, როგორც უპირატესი თავკიდური ქართული პოეტური კულტურისა, მომდევნო თაობათა პოეტებისათვის გარდაუვალი ბარიერი, ენათმეცნიერთათვის თავსამტვრევი საგანი, ისტორიკოსთათვის გამოუცნობელი მეტეორიტი… უნებლიე სურვილი მებადება მაინც, მისი უცნაური ცხოვრების გაუშიფრავი ლეგენდა მარადჟამს შერჩეს ქართველი ხალხის მეხსიერებას, როგორც უჩვეულო რამ ნათელის გაელვება საუკუნეთა უმთვარო ღამეში“.

ამ ციტატის უკანასკნელი ფრაზა გახლავთ სწორედ ჩვენი წერილის მთავარი სათქმელიც, „გაუშიფრავი ლეგენდა შერჩეს ქართველი ხალხის მეხსიერებას!“. გაუშიფრავი ლეგენდები, ამოუცნობი საიდუმლოებანი, მისტიკური საბურველები, ვფიქრობ, ისევე კვებავენ, ამშვენებენ და ატკბობენ ჩვენს სულებს, როგორც მეცნიერული ცოდნა, ან ხელშესახები, მატერიალური სიკეთეები, რომლებიც უხვად დაუგროვებია ცივილიზებულ კაცობრიობას.

 

 

 

 

მოკლე ტექსტური შეტყობინება ანუ უჩვეულო დავალებები

0

გიფიქრიათ, რამდენ ტექსტურ შეტყობინებას ვაგზავნით მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზითა თუ მიზნით? პანდემიის პერიოდში კი ესემესები ჩვენი ურთიერთობის მთავარ ფორმად იქცა.

მოკლე ტექსტური შეტყობინება განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. თანამედროვე თაობა ძალიან სწრაფად ითვისებს ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს. ხშირად მოზარდები კარგავენ დროის შეგრძნებას, მთელი დღე და ხშირად მთელი ღამეც, სმარტფონებში თავჩარგულნი, სწყდებიან რეალობას და შორდებიან სოციუმს, ვირტუალურ სამყაროში შეძენილ „ფრენდებთან“ მიმოწერა ანაცვლებს მეგობრებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაშს, დროის მიღმა შემდგარი გულახდილი საუბრები ხშირად ჩატეულა მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, მოზღვავებული ემოციები კი მარტივ „სმაილებად“ გამოგვიხატავს. თუმცა, ამასთანავე, წამიერად შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია, მოვიკითხოთ ახლობლები, მივულოცოთ დღესასწაულები, გავაგზავნოთ ფოტოები, შეტყობინებაში ჩავტიოთ ისეთი ამბებიც, რომლებსაც ხმამაღლა არ ან ვერ გამოვთქვამთ. და ასე იქცევა ყველა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ სტატუსისა. სათქმელი ადრესატამდე რომ მივიდეს, თითის ერთი დაწკაპუნებაც კმარა.

მზარდი ტექნოლოგიური ძვრები შეუქცევადი პროცესია, მათ წინააღმდეგ გალაშქრება იგივეა, რაც ქარის წისქვილებთან შერკინება, მაგრამ იქნებ არც არის საჭირო დონკიხოტობა, როდესაც შეგიძლია იყო მერი პოპინსი და ბავშვებთან ერთად იმოგზაურო დროსა და სივრცეში, სადაც საგნებიც სხვა ელფერს იძენს.

მჯერა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ეს რწმენა მასწავლებლისთვის იგივეა, რაც კეთილი ჯადოქრისთვის – ჯადოსნური ჯოხი. ამ ჯადოქრობით ჩვეულებრივ გაკვეთილზე საგნებმა შეიძლება ფორმა იცვალოს – ტელეფონი რვეულად იქცეს, ესემესები კი მოსწავლეების დავალებებად.

გახსოვთ, როგორ მოიქცა ჯანი როდარის ერთ-ერთი პერსონაჟი – სინიორ ბიანკი, რათა შვილთან მუდმივი კომუნიკაცია შეენარჩუნებინა?

სამსახურებრივი მოვალეობის გამო ის კვირაში ექვს დღეს გზაში ატარებდა, მისი პატარა გოგონა კი ზღაპრების გარეშე ვერ იძინებდა. ამის გამო მამა ყოველ საღამოს რეკავდა სახლში და გოგონას ტელეფონით უყვებოდა სახალისო ამბებს. ასე შეიქმნა ბავშვების საყვარელი წიგნი – „ტელეფონით მოყოლილი ამბები“.

თანამედროვე ტექნოლოგია, თუ მას ჩვენს მიზანს მოვარგებთ, შეიძლება ახალი თავგადასავლების წყაროდაც კი იქცეს, როგორც ეს სინიორ ბიანკიმ შეძლო.

მოსწავლეების უმეტესობას წერითი დავალების შესრულება ერთულება, რადგან წერა მოითხოვს დროს, ფიქრს, ძალისხმევას და ნაწარმოების გაგება-გააზრებას. როგორ ვაქციოთ სწავლა-სწავლების აუცილებელი რუტინა სახალისო აქტივობად?

ყველამ ვიცით, რომ მოზარდისთვის ტელეფონი მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება არ არის, ხშირად მას თვითდამკვიდრების მიზნით იყენებენ და თუ რომელიმე მათგანს არ აღმოაჩნდება ამა თუ იმ ბრენდის ტელეფონი, შეიძლება ერთგვარი ბულინგის ქვეშაც მოექცეს. მასწავლებლის თვალს მსგავსი ნიუანსები არ გამოეპარება. გადავწყვიტე, მოზარდების საყვარელი ნივთი საგაკვეთილო მიზნისთვის გამომეყენებინა. ერთ დღეს მოსწავლეებს ვთხოვე, გადმოეცათ ნაწარმოების დედაარსი, ოღონდ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

– ესემესები უნდა ვწეროთ? – იკითხა რამდენიმემ გაოცებით.

– დიახ, ესემესებით მომწერეთ, რას ფიქრობთ ამ ნაწარმოებზე, მის მთავარ პერსონაჟზე. სანამ წერას დავიწყებთ, მანამდე უნდა დავამზადოთ მობილური ტელეფონები – იმ ფორმის და იმ ფირმის, რომელიც გსურთ.

კლასში საოცარი ფუსფუსი ატყდა. ბავშვები ხალისითა და ენთუზიაზმით ამზადებდნენ მობილურებს, სულ მერხებზე ეწყო მათი საოცნებო სხვადასხვა ფორმის, ფერის, დიზაინისა და თაობის „ტელეფონები“. კლასი მზად იყო მომდევნო დავალებისთვის. პირველი ესემესი მე „გავუგზავნე“ – დაფაზე გაჩნდა ჩემი შეტყობინება: „გამარჯობა, ბავშვებო, როგორ ხართ? თუ მიიღებთ ჩემს შეტყობინებას, მომწერეთ, რას ფიქრობთ ამ ნაწარმოებზე“. მოსწავლეებმა უხმოდ წაიკითხეს ჩემი შეტყობინება – ისე, როგორც სინამდვილეში ვკითხულობთ ესემესებს. უხმოდ და ყურადღებით. დავალების შესრულებას მთელი კლასი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა – თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხელით დამზადებულ სმარტფონებში „მომწერა“ ესემესი. მართალია, პასუხები მოკლე და კონკრეტული იყო, მაგრამ გულწრფელი და საინტერესო. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთს არ გახსენებია ნამდვილი მობილური – თითოეულ მათგანს ხომ საკუთარი ხელით შექმნილი ბოლო მოდელის ტელეფონი ეჭირა.

აქტივობა კიდევ უფრო სახალისო აღმოჩნდა წყვილური მუშაობისას. მოსწავლეები ამჯერად თანატოლებს სწერდნენ, კიდევ უფრო ლაღად და თავდაჯერებულად „აგზავნიდნენ“ „ესემესებს“ და ყურადღებით კითხულობდნენ ერთმანეთის შეტყობინებებს. ზოგიერთმა გადაწყვიტა, ემოციები „სმაილებით“ გამოეხატა.

ესემესებით მიმოწერა განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ისეთი მოსწავლეების გასააქტიურებლად, რომლებსაც აზრის ხმამაღლა გამოთქმა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა ერთულებოდათ.

კლასმა ასეთივე ხალისით გაართვა თავი პერსონაჟებს შორის ესემეს მიმოწერას: წარმოიდგინეთ რას მისწერდა სალამურა ციცინათელების მწყემს ბაიას, რწყილი – განსაცდელში მყოფ ჭიანჭველას, გერდა – ჩრდილოეთში გადაკარგულ კაის და ა.შ. უშრეტი ფანტაზიის წყალობით შეტყობინება შეგვიძლია პატარა უფლისწულსაც დავუტოვოთ, იმ იმედით, რომ ოდესმე წაიკითხავს და თავადაც შეგვეხმიანება უცნობი გალაქტიკიდან.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები შეგვიძლია დისტანციური სწავლების ფორმატსაც მოვარგოთ. მოსწავლეებისთვის გაზიარებულ დაფაზე შეგვიძლია პირველი ესემესი თავად დავწეროთ და რიგრიგობით მივცეთ საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რამდენად ფლობენ კლავიატურას. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დავეხმაროთ.

პანდემიის წყალობით სრულიად უჩვეულო გარემოში მოხვედრილებს ყველაზე მეტად ემოციური ინტელექტის მართვა გაგვიჭირდა. მით უფრო რთული აღმოჩნდა ეს ბავშვებისთვის. პირბადეების მიღმა ემოციების გაზიარების, გაანალიზებისა და კონტროლის დეფიციტი დამოკლეს მახვილივით აღიმართა ჩვენს თავზე. უშრეტი ენერგიის მქონე მოზარდისთვის კი უპირატესი სწორედ ამ უნარ-ჩვევების სწორი ფორმირებაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ მათთვის ნაცნობ ნივთებს ახალ ელფერს შევძენთ, თანამედროვე ტექნოლოგიებს კი საგაკვეთილო მიზანს მოვარგებთ, მოსწავლეებს საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მივცემთ. თუ სინიორ ბიანკოსთვის დრო და მანძილი ვერ იქცა დაბრკოლებად, ჩვენც შეგვიძლია, „ესემესით მოყოლილი ამბები“ ქართულის დავალებებად ვაქციოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...