ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

გუგლის ხელოვნებისა და კულტურის ვებგვერდის გამოყენება სასწავლო პროცესში

0

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მასშტაბებიდან გამომდინარე ადვილია ინტერნეტში დიდი რაოდენობით მასალის მოპოვება, მნიშვნელოვანია სანდო და სარწმუნო წყაროს მიგნება. ინტერნეტში სანდო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასურველია, უმეტესად მივმართოთ საგანმანათლებლო და სამთავრობო ინსტიტუციების, სამეცნიერო ელექტრონული ბაზების ვებ-საიტებს.  ამ მიზნით მინდა გაგიზიაროთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების Google-ის კულტურული ინსტიტუტის ვებგვერდის სასწავლო პროცესში გამოყენების გამოცდილება. მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის ონლაინ პლატფორმა განთავსებულია შემდეგ ვებ-მისამართზე: artsandculture.google.com

2011 წელს გუგლმა  ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო ონლაინ პლატფორმა დააარსა, ერთგვარი საგამოფენო სივრცე, რომელზეც 2000-ზე მეტი მუზეუმის საგანძურია განთავსებული. Google Arts & Culture გუნდი ეხმარება პარტნიორებს მათი კოლექციების გაციფრულებაში, მართვაში და გამოქვეყნებაში. საიტი გთავაზობთ ხელმისაწვდომობას მუზეუმების და ასევე რეალური სამყაროს  საიტებზე Google-ის მონაცემთა ბაზებიდან აღებული სურათებით,  შესაძლებელია ვირტუალურად დაათვალიეროთ ისეთ ადგილები, როგორიცაა ხელოვნების ინსტალაციები; სამეცნიერო ცენტრი CERN. ვებგვერდზე  ხელმისაწვდომია წერილობითი შინაარსი, ახალი ამბები მუზეუმებისა და გალერეების შესახებ და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების შემოთავაზებები. ზოგიერთ არტეფაქტს თან ახლავს ამბავი, რაც კიდევ უფრო აცოცხლებს გამოფენას.

საგანმანათლებლო პერსპექტივიდან გამომდინარე პლატფორმის   გამოყენებით ხელმისაწვდომია    საკლასო ოთახიდან აღმოაჩინოთ უახლესი ტექნოლოგიები და იხილოთ საშემსრულებლო ხელოვნება პარიზის ოპერაში, NASA-ს განსაცვიფრებელი სურათების არქივი, აღმოაჩინოთ ისტორიები ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე. რაც  მთავარია,  მასწავლებლებს  საშუალება აქვთ პლატფორმა ეფექტიანად გამოიყენონ  დისტანციური სწავლებისას,   ციფრული მოწყობილობის გამოყენებით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ მუზეუმების და გალერეების  რეალური კოლექციები.  ვებგვერდზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული და განლაგებულია ისე, რომ ადვილად გასაგებია ნავიგაცია, რაც შესანიშნავი ვარიანტია ცოდნის მისაღებად მოსწავლეებისთვის, მაშინაც კი, როცა ისინი სკოლაში არ არიან. Google Arts & Culture ხელმისაწვდომია ვებ-ბრაუზერში, მაგრამ ასევე კარგად მუშაობს როგორც iOS და Android აპი, ასე რომ მოსწავლეებს  შეუძლიათ მასზე წვდომა სმარტფონებიდანაც. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა, ისევე როგორც ვებგვერდი. მასწავლებლებისთვის არის სასარგებლო ფავორიტის შერჩევის და გაზიარების ფუნქციები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ ფავორიტი გვერდები და აიღოთ ბმული კონკრეტულ ექსპონატზე და გაუზიაროთ იგი კლასს. იდეალურია, თუ გსურთ, რომ მათ სახლში შეისწავლონ ან მოიძიონ ინფორმაცია  ამ თემაზე გაკვეთილის წინ ან პირიქით,  გაკვეთილს შემდგომი კვლევისა და საშინაო დავალების მოსამზადებლად.

Google Arts & Culture-ის ვებგვერდიდან  შესაძლებელია  მსოფლიოს სახელგანთქმულ მუზეუმებში ვირტუალური ტური მოვაწყოთ. ვირტუალური მუზეუმები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს, შესაძლებლობას გაძლევთ ვირტუალურ     რეალობაში.   დაათვალიეროთ და გამოიკვლიოთ ნახატები, ქანდაკებები და არქიტექტურის ნიმუშები ვირტუალური ექსკურსია არის ინტერნეტში განთავსებული სამგანზომილებიანი  სცენა, რომელიც რეალურ ობიექტზე წარმოდგენის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. შექმნილ

მოდელში შესაძლებელია ვირტუალურად გადაადგილება.   ვირტუალური ექსკურსიები, რა თქმა უნდა, სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს რეალურ ექსკურსიებს, მაგრამ ეს საუკეთესო საშუალებაა  საოცნებო ადგილების გასაცნობად ნებისმიერ დროს. ამგვარი  ექსკურსიების კიდევ ერთი  უპირატესობა, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის

მოძიების  შესაძლებლობა და მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებაა,  აგრეთვე, ის  გაკვეთილებს უფრო ცოცხალსა და საინტერესოს ხდის.  მასწავლებელმა

მოსწავლეები შეუძლია ამუშაოს დამოუკიდებლადაც და ჯგუფურადაც, ასევე

შესაძლებელია დაათვალიერებინოს მთელ კლასს პროექტორის გამოყენებით .
წარმოგიდგენთ ვებგვერდზე განთავსებულ რამდენიმე ვირტუალური მუზეუმის ბმულს:

  • British Museum”, ლონდონის გულში მდებარე ეს სახელგანთქმული მუზეუმი საშუალებას აძლევს ვირტუალურ ვიზიტორებს, დაათვალიერონ უძველესი არტეფაქტები, მაგალითად: უძველესი როზეტას სტელა და ეგვიპტური მუმიები. მუზეუმის ვირტუალური ტურის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ ექსპონატები, მუზეუმისვირტუალურად დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს.
  • “Musée d’Orsay”, პარიზის ამ გალერეაშითქვენ შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ფრანგ ფერმწერთა ნამუშევრები. ეს მხატვრები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ 1848-1914 წლების პერიოდში(მონე, სეზანი, გოგენი და სხვ.), მუზეუმის ვირტუალურად დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს.
  • “Pergamon Museum”, ბერლინი. პერგამონის მუზეუმიბერლინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია, რომელიც მნახველს ძალიან ბევრ საინტერესო ხელოვნების ნიმუშს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, თქვენ იქ ფიზიკურად იმყოფებით თუ არა, ეს მუზეუმი ერთგვარად ანტიკური არტეფაქტების სახლია. მუზეუმის ვირტუალურად დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს.
  • “Rijksmuseum”, ამსტერდამის ამ მუზეუმში შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ნიდერლანდებისოქროს ხანის ნამუშევრები, რომლებიც რემბრანდტისა და ვერმეერის შემოქმედებასაც მოიცავს. მუზეუმის ვირტუალურად დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს.
  • “Uffizi Gallery”, ფლორენციის ეს ყველასთვის ცნობილი გალერეა, იტალიაში სახელგანთქმულმა მედიჩების ოჯახმა დააარსა. გალერეის შენობის დიზაინი 1560 წელს ჯორჯო ვაზარიმ შექმნა. დაათვალიერეთ ისაღნიშნულ ბმულზე.

Google Arts & Culture ბევრი შესაძლებლობა აქვს: მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა ეპოქის  ნიმუშების ქრონოლოგიურად დალაგების ფუნქცია; ხელოვნების ნიმუშის სხვა მიმდინარეობის სტილში გადაყვანის საშუალება, მსოფლიოს ცნობილი ქალაქების, არქიტექტურის ნიმუშების  ვირტუალური დათვალიერების შესაძლებლობა, განთავსებულია ცნობილი ხელოვანების შემოქმედების ამსახველი მასალა, ასევე გვთავაზობს ინტერაქტიურ ექსპერიმენტებს და საგანმანათლებლო შემეცნებით თამაშებს, ვებგვერდზე განთავსებულია 1600-ზე მეტი ექსპერიმენტის კოლექცია.  მიმართულებების  მიხედვით  ექსპერიმენტები განთავსებულია ბმულზე. წარმოგიდგენთ რამდენიმე ექსპერიმენტის ბმულს, რომელთა გამოყენება შეუძლიათ სასწავლო პროცესში: ხელოვნების, მუსიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს.

2021 წელს COVID 19 გამოწვეული პანდემიის გამო, დისტანციური სწავლებისათვის  ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდის  მიზნით ვებგვერდმა დაამატა თემა: „ისწავლეთ Google Arts & Culture-ით მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის“:https://artsandculture.google.com/u/0/project/learn  შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი საგნები: მუსიკა; ისტორია; ქიმია; ფიზიკა; ხელოვნება; ბიოლოგია; გეოგრაფია; კომპიუტერული მეცნიერებები; ლიტერატურა. კონკრეტული საგნის არჩევის შემთხვევაში განთავსებულია მრავალფეროვანი მასალა: გზამკვლევები, პრაქტიკული რჩევები, ისტორიები, ცნობილი ფაქტები, მიმდინარეობები, საგანმანათლებლო თამაშები, ექსპერიმენტები, გაკვეთილის გეგმები, ფოტო და სხვა ვიზუალური მასალა.

აქვე წარმოგიდგენთ Google Arts & Culture-ის ვებგვერდზე   საქართველოს  მუზეუმებისა და კოლექციების შესახებ განთავსებული ინფორმაციის ბმულებს :

  • ქართული ანბანის ისტორია გუგლის ხელოვნებისა და კულტურის პლატფორმაზე განთავსდა. იხ. ბმული
  • საქართველოს მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი კომპანია „გუგლის“ (google) ხელოვნების ინსტიტუტის პარტნიორი გახდა. ამ სივრცეში პეტრე ოცხელის გამოფენაა განთავსებული.
  • შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექცია
  • დადიანების სასახლის კოლექციის ნახვაა შესაძლებელია: ბმულზე

მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის ონლაინ პლატფორმა Google Arts & Culture არის არაკომერციული ინიციატივა, მუშაობს  კულტურულ ინსტიტუტებთან და ხელოვანებთან მთელს მსოფლიოში. მათი  მისიაა, შეინარჩუნონ და გაავრცელონ მსოფლიო ხელოვნება და კულტურა ინტერნეტ სივრცეში, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ნებისმიერ ადგილას.  ვებგვერდი  ყოველდღიურად გვთავაზობს სიახლეებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.What is Google Arts & Culture and How Can It Be Used for Teaching? Tips and Tricks

https://www.techlearning.com/how-to/what-is-google-arts-and-culture-and-how-can-it-be-used-for-teaching-tips-and-tricks

2.12 ცნობილი მუზეუმი, რომელსაც ვირტუალურად შეგიძლიათ, ესტუმროთ

https://www.marketer.ge/12-famous-museum-virtual-tour/

3.საქართველოში პირველად, ხელოვნების სასახლის ექსპონატები Google-ის მუზეუმში აიტვირთება https://bm.ge/ka/article/saqartveloshi-pirvelad-xelovnebis-sasaxlis-eqsponatebi-google-is-muzeumshi-aitvirteba/2599/

4.დადიანების სასახლეების კოლექცია „გუგლის“ კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა https://1tv.ge/news/dadianebis-sasakhleebis-koleqcia-guglis-kulturuli-institutis-platformaze-gantavsda/

  1. ქართული ანბანის ისტორია გუგლის ხელოვნებისა და კულტურის პლატფორმაზე განთავსდა https://edu.aris.ge/news/qartuli-anbanis-istoria-guglis-xelovnebisa-da-kulturis-platformaze-gantavsda.html

 

სად მიდის სული?

0
Question marks with blurred city abstract lights background

„ადამიანის სული შიშველი უსაზღვროებაა, მაგრამ უსაზღვროება, სავსე საზრიანობითა და სისტემატურობით. მისი გარემო კი ძირფესვიანად დაუსრულებელი, ქაოსური და უმიზნოა“, – უთქვამს #1 ქართველ ფსიქოლოგს, დიმიტრი უზნაძეს.

როცა ეს სიტყვები წავიკითხე, პირველად გავიაზრე სხვაგვარად, როგორი შეიძლება იყოს ადამიანის სული და სად მიდის ის.

ჩემს მოსწავლეებს მხატვრული ტექსტების ანალიზზე მუშაობის დროს ხშირად ვეუბნები, რომ ლიტერატურის მასაზრდოებელი, მითოსთან, ისტორიასთან და რელიგიასთან ერთად, არის უპირველესად ფილოსოფია და მწერალი ყოველთვის ცდილობს, პასუხი გასცეს ოთხ მთავარ ფილოსოფიურ კითხვას: 1. რამ შექმნა და როგორია სამყარო? 2. რა კოსმიური ძალაა ღმერთი? 3. ვინ არის ადამიანი და რაში გამოიხატება მისი სულიერი მისია? 4. სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?

ამ წერილით მინდა გადმოვცე ლიტერატურის მასწავლებლის შეულამაზებელი ფიქრები ადამიანის სულის რაობასა და მოძრაობაზე.

ის კოსმიური ძალის (რომელსაც ვუწოდებთ ღმერთს, „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“) განუყოფელი ნაწილია, კოსმოსში განფენილი, როგორც ჰაერი… უზნაძის გაგებით, „დაუსრულებელი, ქაოსური და უმიზნო“. „უმიზნოს“ შესახებ მე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ჩემი მწირი გონებით სამყაროს საიდუმლოებათა შეცნობა ნაკლებად შემიძლია, არც ინიციაციური სიბრძნის მფლობელი ვარ, ჩემდა საუბედუროდ (ალბათ გენიოს ფსიქოლოგს ამის თქმის უფლება ჰქონდა), მაგრამ „დაუსრულებელს“ ნამდვილად ვეთანხმები, სინონიმად ასევე უსამანოს ვუწოდებდი. ხოლო უზნაძის განმარტებას – „ქაოსურს“ ერთ სიტყვას დავამატებდი (რა თქმა უნდა, ჩემთვის! თუ დიდი მეცნიერის სული მომიტევებდა ამ მკრეხელობას) და მივიღებდი ასეთ შესიტყვებას: „მოწესრიგებულად ქაოსური“ ან „ღვთაებრივად ქაოსური“.

ერთი ადამიანის სული ამ უსამანო მოვლენის ერთი „მოლეკულაა“ (პირობითად ვიყენებ ამ ტერმინს, რადგან არ ვიცი, რა ვუწოდო). ის დაბადებისას თუ მუცლად ჩასახვისას ერთ კონკრეტულ სხეულში განეფინება. სხეული მისთვის პატარა ჭურჭელია, ქართული სასულიერო მწერლობის გაგებით, „სამოსელი სულისა“ (იოვანე საბანისძე, „ჰაბოს წამება“). სიკვდილი სულს ამ სხეულიდან ამოტყორცნის, გაათავისუფლებს და ისევ იმ დაუსაბამო კოსმიურ სივრცეს თუ ველს დაუბრუნებს. ამიტომაც გვჯერა სულის უკვდავების. და რადგანაც ყოველივე მატერიალური, ხორციელი და მიწიერი წარმავალია, სამყაროში მემილიონეხარისხოვან და ბევრად უფრო ნაკლებმნიშვნელოვან ადგილს იკავებს, დაბადება და სიკვდილიც საოცარი რამ ყოფილა: ჩასახვისას ჩვენი სხეული, უფლის ნებით, კოსმიურ წესრიგს „მოსტაცებს“ ერთ უნივერსალურ „მოლეკულას“, მსოფლიო სულის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს (მაკროსგან მიკრო გამოცალკევდება და „ჩაიღვრება“, დაივანებს ღვთისა და მშობლების ძალისხმევით შექმნილ ჭურჭელში – პაწაწინა, უმწეო, უსაყვარლეს ქმნილებაში – ბავშვის სხეულში) და დაისაკუთრებს იმდენი ხნით, რამდენი წლითაც მას დედამიწაზე ხორციელად არსებობა უწერია. ეს „ნაგლეჯი“ სიკვდილის შემდეგ ისევ იმ ღვთაებრივ ველს დაუბრუნდება, ამორფულსა და უსასრულოს.

ვინ იცის, ის ოდესმე დაბრუნდება თუ არა რომელიმე ახალ, პაწაწინა, უსაყვარლეს სხეულში ისევ იმ სახით, როგორც ჩვენს სხეულში იყო, მაგრამ ეს წარმოუდგენელი მგონია, რადგან, ადამიანის სული, ეს აბსტრაქტული სუბსტანცია, ინდივიდუალურად სახექმნილი კი არ ყოფილა, არამედ – უფლისეული უსასრულობის განუყოფელი ნაწილი, თავისი არსისთვის დამახასიათებელი „ინგრედიენტებისგან“ შემდგარი. „ინგრედიენტებში“ ვგულისხმობ იმ დამახასიათებელ თავისებურებებს, რაც სულს ზოგადად გააჩნია ჩვენში ბინადრობის ჟამს.

თურმე ადამიანები ამ არსით გაერთიანებულნი და ურთიერთდაკავშირებულნი ვყოფილვართ. ერთი მთლიანის განუყოფელი ნაწილები ვყოფილვართ, სამება და ერთარსება უფალივით ერთარსება, მაგრამ რამდენიმემილიარდება (იმდენი, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს დედა პლანეტაზე).

გავიხსენოთ, როგორ მოიაზრებს საკუთარ თავს ავთანდილი სამყაროს კოსმიურ წესრიგში: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა? მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“. #1-მა ფსიქოლოგმა ხომ გვითხრა, რომ „სულის უსაზღვროება სავსეა საზრიანობითა და სისტემატურობით“! ბრძენთა ბრძენი ავთანდილი, სრულქმნილი თავისი გონიერებით, „სევდის მუფარახი“ და „ცნობიერთა დასტაქარი“ (ანუ ფსიქოანალიტიკოსი) სწორედ იმას გვიმხელს, რომ თავისი ცოდნა ღმერთის მიერ დაწესებულ კოსმიურ წესრიგში ინტეგრაციისთვის სჭირდება.

ალბათ ამიტომაც არის გააზრებული ქართულ მითოსსა და სულიერ კულტურაში დაბადება და გარდაცვალება ესოდენ მახლობელ, ლამის ურთიერთფარდ მოვლენებად.

ვინ იცის, იქნებ სამყაროს შემოქმედი ღმერთი, მოკვდავთა მიერ შეუცნობელი, სწორედ ეს მთლიანობაა, ჩვენი სულებისა და კიდევ კოსმოსის სხვა ნაწილების უსასრულო მთლიანობა? ჰაერივით თვალით უხილავი, უნივერსალური, შეუმეცნებელი, რუსთველის ენით რომ ვთქვათ, „ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი“, კოსმოსის სამი სკნელის გამგებელი, „ღმერთი ხმელთა და ცათა“, „რომელი ფლობს ქვენათ ზესსა“, „უცნაური და უთქმელი უფალი უფლებათა“, „გულისთქმათმფლობელი“, „წყალობის გარდმომფენელი“, „ერთარსება ერთი“, „მზიანი ღამე“, „უჟამო ჟამი“, „ნათელი დაუღამებელი“, „უმძლესთა მძლეთა მძლე“, „ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს“, „ვის მორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად“ და ასე დაუსრულებლად… ამ მთლიანობის მწამს, რადგან სხვაგვარად მისტიური, ინიციაციური სიბრძნის მფლობელნი – ბიბლიური ავტორები ადამიანს არ გამოაცხადებდნენ უფლის სახედ და ხატად.

ალბათ არცერთ ენაში „ადამიანის“ შესატყვისი სიტყვის ფუძე უფლის მიერ შექმნილი პირველი კაცის სახელისგან არ წარმოდგება. განსაცვიფრებელია ქართული ენის ეს მიგნება. ეს სიტყვაც ალბათ მაშინ გაჩნდა, როცა ძველი აღთქმის წიგნები ითარგმნა ქართულად. ნეტავი გულთმისნობა შემეძლოს, რომ დავადგინო, როდის ვინ წარმოთქვა ქართულ ენაზე სიტყვა „ადამიანი“ პირველად? ნეტა ის ჰაგიოგრაფიასა და „ვეფხისტყაოსანში“ თუ გვხვდება? უნდა ვეძებო. თუმცა, ღმერთო, რამ დამაჩლუნგა? განა ოდესმე დამავიწყდება ავთანდილის შეძახილი მისი ხილვით ზარდაცემული ასმათის დასამშვიდებლად: „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი“…

ალბათ ილიამ თავის უკვდავ მოთხრობას ამიტომაც უწოდა `კაცია-ადამიანი?!“ და სათაურის ქვეტექსტში მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა ჩადო: ეს ლუარსაბი, ქართველთა ყველა მანკიერების კრებითი სახე-სიმბოლო, არის ან კაცი, ან ადამიანიო?

ნურავინ გამოიდებს თავს, რომ ადამიანურ გრძნობებში დადებითი და უარყოფითი ბუნებისთვის ფარდია და ორივე პოლუსი ადამიანურია. რაც ჰუმანისტური, ანუ ადამიანურია, ეს არის მხოლოდ კეთილი გრძნობები და მიდრეკილებები, ხოლო ბოროტი ადამიანური კი არა, სატანურია და სულიერი სრულქმნილებისგან შორს დგას. სხვა რამეა შეცდომა, შეცოდება (რაც ევასა და ადამს დაემართათ და რასაც ემსხვერპლა კაცობრიობის კეთილდღეობა), რაც უვიცობით ან სულსწრაფობით, გაუცნობიერებლად მოსდის ადამიანს. თუ არის სინანული, ეს უკვე კეთილშობილურია! მაგრამ შეგნებული ბოროტმოქმედება, შორსგამიზნული ბოროტგანზრახვანი სულ სხვა რამეა.

მინდა, მთელი კატეგორიულობით განვაცხადო: ბოროტება არ შედის სამყაროში არსებულ იმ კოსმიურ წესრიგში, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. არ შეიძლება კოსმიური სული – ღვთაებრივი უსასრულო „ხალიჩა“, მშვენიერი და თვალწარმტაცი, რომელიც ადამიანებში არის „განფენილი“, ბოროტსა და მანკიერს შეიცავდეს. თინათინიც ხომ არწმუნებს საკვირველი უცხო მოყმის ნახვისა და ვერშეცნობის გამო მჭმუნვარე როსტევანს: „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“. ბოროტის მსახურნი ამ „ხალიჩისგან“ შორს არიან, სადღაც სატანურ დაუსაბამობაში, სხვა განზომილებაში, რომლის აღწერითაც თავის ატკივება არ მინდა. აი, სწორედ აქ უნდა შევიმეცნოთ სამოთხე და ჯოჯოხეთი. ის ღვთაებრივი „ხალიჩა“ სამოთხეა, სალხინებელი სულისა, სადაც სულით ნათელნი და გულით სუფთანი მიდიან (თუ „უერთდებიან“ უფრო სწორი იქნება?), ხოლო ჯოჯოხეთი სატანური დაუსაბამობაა და სულით ბნელნი იქითკენ წავლენ.

უთუოდ დაგღალეთ ჩემი აბდა-უბდით. ნუ მეტყვით, რა აბრაკადაბრა დაგიწერიაო. დასასრულ ჩემი მთავარი სათქმელის განდობა მინდა: ჩვენი სულები, ღვთის განსაცვიფრებელი წესრიგის განუყოფელი ნაწილები, მხოლოდ სიკეთეს და უსამანო სიყვარულს უნდა ასხივებდნენ და განაგდონ ბოროტი.

რამდენჯერაც არ უნდა მკითხონ, რომელია მსოფლიო მწერლობიდან შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაო, ვუპასუხებ, რომ ესაა ნესტან-დარეჯანის სიტყვები ქაჯეთის ციხიდან სატრფოსადმი მიწერილი წერილიდან:

„ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,

მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,

დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა“…

თუ ქართველთა მითოსური წარმოდგენით იმიერსოფლის 9 ციდან შვიდი ცა იყო ადამიანური, მერვე – გარდამავალი, ხოლო მეცხრე ცაზე ივანებდა უფალი და ზეადამიანური იყო მხოლოდ მეშვიდე ცაზე ასვლა, რუსთველმა თავის გმირს ათქმევინა: „ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა“… მეცხრე ცაზე ნუ ავსულიყავიო… ეს იყო ნესტანისთვის ყველაზე დიდი წყევლა, რადგან მას თავის საუფლოდ მეცხრე ცა მიაჩნდა, მარადიულ ნათელში უფალთან ამაღლება…

ვერასოდეს ვივიწყებ გიორგი მერჩულის მიერ მოთხრობილ წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელის აღსასრულს: „და ესრეთ შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო ანგელოსთა კრებულსა, რამეთუ უხორცონი ანგელოსნი და სულნი კაცთანი ერთბუნება არიან და სულსა კაცისასა აქუს მეტყუელებაი ანგელოზებრი“. ანალოგიური შეფასება ბოროტ სულზე თუ შეიძლება ითქვას? თუნდაც იმავე ძეგლის უკეთური გმირის – ცქირის აღსასრულის დროს თუ იტყოდა მსგავს რამეს გიორგი მერჩულე? პასუხი უთქმელადაც ნათელია…

ღმერთმანი, არ დამვიწყებია მთავარი, რისთვისაც ვიჯახირე ამ წერილის წერისას. სად მიდის სული? ნათელი სული, დროებით ჩვენს სხეულში ჩასახლებული, შეუერთდება კოსმიურ წესრიგს, „უფლის ხალიჩას“, საიდანაც ღმერთმა შთაგვბერა იგი, ხოლო კეთროვანი სული სატანის საუფლოში წავა. აბა, რა იქნება, სატანის მიერ შთაბერილს იქ რა უნდა, „სადა მართალნი განისვენებენ“?

ვერ გადავწყვიტე, როგორ უნდა დამემთავრებინა ეს წერილი? რა უფრო მოუხდებოდა? რატომღაც გამახსენდა ჩემი 2012 წელს დაწერილი ლექსი, რომელსაც ჰქვია „მთავარი“…

არის ჟამი, როცა უნდა დაამთავრო, მაგრამ არის რაღაც, რაც არ მთავრდება…

მთავარია, ”მთავრის ღიმილზე არ გაცვალო პატიოსნება”,

მთავარია, რაც არის მთავარი, სულიდან იყოს…

მთავარია, გზანი წამებისანი ისე გაიარო, მთავარი დარჩეს შენთან…

და თუ მთავარი გადარჩა, მიუხედავად ბევრი არამთავრის შეტევისა,

მიხვდები, რომ მართლაც ის ყოფილა მთავარი…

და რადგანაც იცი მთავარი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია…

 

ანიმაცია, რესურსი სოციალური უნარების გამოსამუშავებლად

0

„ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“, შესაბამისად ყველა ის თვისება, რომელიც ჩვენში ყალიბდება, ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს. სწორად ჩაგდებული მარცვალი, ღირსეული, ზნეობრივი ადამიანის ჩამოყალიბების საფუძველია. ეს საპასუხისმგებლო მისია კი უფროსებს აკისრიათ, რომელთაც უდიდესი სიფრთხილე მართებთ, რომ სწორი ხედვა, სწორი ღირებულებები, უნარ-ჩვევები განავითარონ პატარებში. დღეს თუ საზოგადოება ბევრი უნარის, განსაკუთრებით სოციალური უნარის დეფიციტს განიცდის, ვფიქრობ, სწორედ არასწორი აღზრდის, არასწორად ჩაგდებული მარცვლის ბრალია. უკვე აღარავინ დავობს საკითხზე, რომ სოციალური უნარები არის მწვანე ბარათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ის თანდაყოლილი არ არის და მისი შეძენა–შეთვისება ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სასურველია ბავშვობიდანვე ვასწავლოთ მომავალ თაობას, სხვაგვარად გაიაზრონ მათ ირგვლივ არსებული თითოეული დეტალი; იფიქრონ და დაინახონ როგორ აღიქვამენ, რას ითხოვენ მათ ირგვლივ მყოფნი, მშობლები, მეგობრები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები, ცხოველები, ფრინველები, მცენარეები და, ზოგადად, სამყარო; რის გაცემა და მიღება სრულყოფს ჩვენს როლს საზოგადოებაში. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, სოციალური უნარები არის საშუალება ჩვენი ემოციისა და გრძნობების გამოსახატავად. იგი გვაძლევს საშუალებას, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება იმ სიტუაციებზე, რომლებიც ჩვენში განცდებს იწვევს, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ურთიერთზე და გავხადოთ სამყარო უფრო კარგი.

სოციალური უნარების წყალობით, ცხოვრება უფრო მარტივი და საინტერესოა. იგი ინტერპერსონალური და ინტერკულტურული ურთიერთობის დამყარების საშუალებას იძლევა. მაღალი სოციალური უნარები ამარტივებს ცხოვრებას, ადამიანთა მიღებას, მათი განსხვავებულობის მიუხედავად, საზოგადოებაში ადაპტირებას და ცხოვრებაში დასახული მიზნების მიღწევას.

რას მოიაზრებს სოციალური უნარები?

სოციალურ უნარებში, რომლებსაც ფსიქოლოგები, პირობითად, კატეგორიებად ყოფენ, მოიაზრება:

  1. ძირითადი სოციალური უნარები
  • პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
  •  ამოცანის შესაბამისად შესრულება;
  •  პასუხისმგებლობის სხვასთან გაზიარების სურვილი.
  1. მოწინავე სოციალური უნარები
  • სხვისი პატივისცემა;
  • სხვისი მოსმენა (ემპათია);
  • გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე (ჯგუფურ მუშაობაში);
  • საკუთარ და სხვის რწმენებს, შეხედულებებსა და იდეებს შორის განსხვავების აღიარება;
  • აზრის გამოხატვა სხვისი შეურაცხყოფის გარეშე.
  1. აფექტური სოციალური უნარები
  • თანამშრომლობა;
  • თანამშრომლობა ჯგუფში;
  • თავაზიანობა;
  • მასალის გაზიარება.
  1. მოლაპარაკების უნარები ან აგრესიის ალტერნატივები
  • კონფლიქტის გადაჭრა;
  • სხვების ყურადღებით მოსმენა;
  • კომპრომისის დაშვება;
  • სიტუაციის შესატყვისი რეაქცია;
  • პასუხისმგებლობის აღება;
  • სამართლიანობა. 
  1. სტრესის დაძლევის უნარები
  • გადაწყვეტილების მიღება ჯგუფში;
  • სხვების მოსმენა;
  • კამათი იდეების გარშემო;
  • კითხვების დასმა;
  • ძალისხმევა კონსენსუსის მისაღწევად.
  1. დაგეგმვის უნარები
  • ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღება;
  • მოცემულ სიტუაციაში შესატყვისი ქცევის გაცნობიერება და შესაბამისი მოქმედება;
  • როლების მონაცვლეობა (მაგ., ერთ გარემოში – ლიდერობა, მეორეში – შემსრულებლობა).

როგორ შევიძინოთ სოციალური უნარები?სოციალური უნარების შეძენის უამრავი საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ანიმაცია. ვფიქრობ, იგი საუკეთესო საშუალებაა ადრეულ ასაკში მნიშვნელოვან საკითხებზე დასაფიქრებლად, ასოციაციური ფიქრების აღსაძვრელად, თუმცა შემოთავაზებული ანიმაციები არც უფროსებს დატოვებს გულგრილს და ბევრ ფიქრს აღძრავს. ჩემი მოსწავლეების მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ეს ანიმაციები, ძალიან ბევრ საკითხს სულ სხვაგვარად დაანახებს მოზარდს და კარგად გააზრების შემდეგ, იქცევა ერთგვარ რესურსად სოციალური უნარების გამოსამუშავებლად.

  1. უსინათლო ვაიშა

ეს არის თეოდორ აშევის დრამა არაჩვეულებრივი სიუჟეტით. ამბავი გოგონაზე, რომელიც მარცხენა თვალით მხოლოდ წარსულს ხედავს, მარჯვენით – მომავალს. ყოველი დღე არის ახალი აღმოჩენა და ახალი დაბადება, მაგრამ გოგონას ეს უნარი წართმეული აქვს. „წარსულსა და მომავალს შორის მხოლოდ ერთი წამია, სწორედ ამ წამის დაჭერაა ცხოვრება“, რათა იგრძნო შეჩერებული წამის მშვენიერება, ზოგჯერ სწორედ ამ წამების დაფასებას ვერ ვახერხებთ. ვერ ვამჩნევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წამებს გვილამაზებენ, უსინათლო ვაიშას მსგავსად ვერ ვაფასებთ სათანადოდ აწმყოსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან.

ფილმის ბმული:https://www.imovies.cc/ka/movies/878370125/BlindVaysha/GEO/MEDIUM

  1. მგალობელი ჩიტი

ეს არის ამბავი პატარა ჩიტისა, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას, სამყაროს შეცნობას. იგი ჯონათან ლივინგსტონის შთამომავალია. დედა საკვების მოპოვებას ასწავლის, პატარას კი უფრო დიდი სამყაროს შეცნობა სურს. არ ემორჩილება დედას, არ ჰგავს სხვებს. საკუთარ გზას ირჩევს, რომელიც მის და სხვების ცხოვრებას, უფრო ლამაზს, ტკბილსა და საინტერესოს ხდის. გაუკვალავი გზით სვლა, რა თქმა უნდა, რისკია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხომ სწორედ ეს სძენს ცხოვრებას ხიბლს, ასეთი ადამიანები ცვლიან სამყაროს.

ფილმის ბმული: https://www.imovies.cc/ka/movies/450295417/Piper/ENG/MEDIUM

  1. თმიანი სიყვარული

ეს არის ძალიან თანამედროვე, ემოციური, უთბილესი ანიმაცია დედაშვილობაზე, მამაშვილობასა და ზოგადად ოჯახზე. ამბავი მძიმე სენით დაავადებული დედის სანახავად მიმავალ გოგოზეა, რომელსაც სურს ის რჩეული ვარცხნილობა გაიკეთოს, რომელიც დედასთან ასოცირდება. ეს არის ფილმი, რომელიც მცირე დროში ძალიან ბევრს გეტყვით, ბევრ ფიქრსა და განცდას აღგიძრავთ მნიშვნელოვან თემებსა და საკითხებზე, როგორიცაა ზრუნვა, ზრუნვის დაფასება, თანადგომა, თანაზიარობა, გამოუვალი მდგომარეობის არარსებობა.

ფილმის ბმული:

https://https://www.imovies.cc/ka/movies/878446608/Hair-Love/ENG/MEDIUM

  1. ნადიმი

ოთხფეხა მეგობრები ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, გვილამაზებენ სამყაროს. აღვიძებენ ჩვენში დაფარულ უნარებს და გვაიძულებენ სხვაგვარები ვიყოთ. ცხოველთან ურთიერთობის დადებით გავლენაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, უამრავი ემოციური ფილმიც არსებობს. ეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაც ამ ურთიერთობის კიდევ ერთი საოცარი ხედვაა, ოღონდ სხვა რაკურსით.

ფილმის ბმული: https://www.imovies.cc/ka/movies/450141863/Feast/ENG/MEDIUM

  1. ბაო

ეს არის ერთი გაბმული მეტაფორა დედაშვილობაზე. დედას ეგოისტურად უყვარს შვილი და ვერასდროს გრძნობს, რომ ის იზრდება და დედის კალთას უნდა მოშორდეს, გაშვება ძნელია. ყველა დედა და შვილი მიხვდება, რას განიცდიან ისინი; გაუგებს ბიჭს, რომელსაც უჭირს დედის ემოციების დანახვა და მიღება, ჩვენც ხომ ასეთები ვიყავით ან ვართ… ხშირად გვიჭირს ყურადღებით მოსმენა, კომპრომისის დაშვება, ვითარების ადეკვატურად გაანალიზება და შესაბამისად მოქმედება, პასუხისმგებლობის აღება, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნული ანიმაცია სწორედ ამ საკითხებზე დააფიქრებს მნახველს.

ფილმის ბმული: https://www.imovies.cc/ka/movies/878369857/Bao/ENG/MEDIUM

 

 

ზაფხულის ღამის ჩანაწერები

0

***

პეპელა ფარდაზე  – ასე იწყება ზაფხული.

***

დედებისთვის არსებობს წელიწადის მეხუთე დრო – სანამ ალუბალია.

***

მას შემდეგ, რაც საპენსიო სქემა დავტოვე, ვცდილობ, გამოვიცნო ბებერი ცაცხვის ასაკი, რომელმაც წელსაც იყვავილა.

***

ჭავჭავაძის გამზირის ახალი შენობები ჭადრებზე მაღალია, ძველებს ხეივანი ფარავს.

***

ქუჩის ლამპიონებს რომ აქრობენ და შენ ისევ გღვიძავს, ეგ არის ინსომნია.

***

ელენე აქციაზე წასასვლელად ემზადება: “დე, მამოს მაისური და დროშა სად არის?”

ასეა, როცა მამები ამხნევებენ გოგოებს.

***

„სადაა დასვენება?! სკოლა რომ მთავრდება, მაშინვე არდადეგები იწყება!“ – ჩივის გიორგი.

***

კლასელები შევიკრიბეთ. ლამბადა ვიცეკვეთ. ვიდეო არ იქნება.

***

„სულ გვეცეკვა! სულ გვეცინა! სულ ერთად ვყოფილიყავით! სანამ იყო ჩვენი დრო!“

გაბრიაძის არ იყოს.

***

ველური არ გეგონოთ, ოჯახში გაზრდილია, პიტნაზე მეუბნება გამყიდველი.

***

„ხუთი წელი ვიმუშავე მცხობლად, მერე დამაწინაურეს და მესალათედ გადამიყვანეს,“ – ზაფხულში მივუხვდი ნათქვამს.

***

how fast hydrangea grow – თქვენ რა დაგუგლეთ ბოლოს?

***

ნეტა, იმ ადამიანთა რამე ერთობა თუ არსებობს, რომლებსაც არასოდეს ეპარებათ 22:22?

***

დღეს ჩამოვრჩი ცხოვრებას, გამოვიძინე და დილის სიზმარსაც ბოლომდე ვუყურე.

***

„ღამით შემოგვიხტა ფანჯრიდან, მერე მიიმალა… დილით ვხედავ, სარკესთან ზის გაპრანჭული“ – დედაჩემი სიყვარულით კალიაზე.

***

„ბათუმში წვიმის მერე ქუჩები აღარ დაიტბორება, სანიაღვრე სატუმბოს ვაპროექტებ.“ მატასის და გიორგის კიდევ ერთი სული აქვთ ბაბუს ნახაზებს რამე მიახატონ.

***

სახლში ნივთების გადანაცვლებით მისამართი არ იცვლება.

***

როგორი რამეა ეს სახლში დაკარგული ნივთები – თან აღარ გაქვს, თან სადღაც გვერდითაა.

***

ძველი ბლოკნოტი ვიპოვე რესპონდენტების სახლის ნომრებით.

***

საქართველოს უახლესი ისტორია:

კარადა დავალაგე. ელენეს ბავშვობის ზამთრის ტანსაცმელი გაცილებით თბილია, ვიდრე მატასის. სხვაობა – 12 წელი.

***

ელენეს ბავშვობის დროინდელ „მეგობრობის დღიურს“ ვათვალიერებ. უმეტესობას საყვარელ წიგნად უწერია „ჰარი პოტერი“, მხოლოდ ერნა გრიგორიანს – „ვეფხისტყაოსანი“.

***

Reply all

ყველა წიგნი წაიკითხეთ, რომლებზეც მკითხეთ, წავიკითხო თუ არაო.

***

დავკარგე თეთრი შლაპა, რომელშიც მოთხრობებს ვაგროვებდი. მპოვნელი განსაცდელშია.

***

კაცებისთვის, რომლებიც ზაფხულში ქალაქში რჩებიან, კურორტზე გამგზავრების წინ ქალები ერთი კვირის (მინიმუმ) სამყოფ სადილს ამზადებენ ხოლმე.

ოხშივრისა და კლიმატის ცვლილების სააგენტო

***

Живи, плодись и размножайся – აგარაკის წესები ჩეხოვისგან.

***

გაზაფხულზე მორცხვი მიმოზას თესლი მიმოვაბნიე სადღაც. ვეღარ ვაგნებ, აღარც თვითონ იჩინა თავი. ასეთი სიმორცხვეც ნამეტანია.

***

ბალახის თიბვისას დაუპატიჟებელი ომბალოს სურნელი ამყვება ხოლმე.

***

ბალახს ქალის სუნი ჰქონდა – პოეზიაა,

ქალს ბალახის სუნი ჰქონდა – პროზა.

***

მერცხლების შვიდი ბუდეა ჩვენთან – არც ნებართვა, არც პროექტი, არის ერთი ჟივილ-ხივილი.

***

წითელ ნეკერჩხალს ცეცხლი უკიდია. სამას ლარს ხელით მანიშნებს მებაღე.

***

აღარც დიდგორი ჩანს, აღარც ციციშვილები ციხესიმაგრე, ნისლის მერე თავიდან იწყება ცხოვრება.

***

გული ერთ ფაილში რომ გაქვს და მეორეში იჩხრიკები, ეგრე გაიბერტყა დღე.

***

შეხმიანების საბაბად ნუ მისწერთ – “დამესიზმრე”. თუ არ დაგსიზმრებიათ, მით უმეტეს.

***

სალარომდეა ფესვები მოსულიო, სამტრედიის ვაგზლის მოლარე მეუბნება ნიკო ნიკოლაძის ჩამოტანილ ლარიქსზე.

***

ღამით მხოლოდ ჭიშკრის გაღების ხმა ისმის და სტუმარი არ ჩანს. ის წუთი მიყვარს, სანამ გაცხადდება ყველაფერი.

***

ლოტოს გუდას ერთი კოჭი აკლდა. თუ 28-იანი კარტი მოგვივიდოდა, ამოძახების დაწყებამდე დავადებდით ხოლმე სიმინდის მარცვალს.

***

გზიდან დარეკილ ამბავს მოკლედ რომ მოჰყვები, კითხვებზე პასუხი არ გაქვს და ამბობ – მოვა და იტყვის.

***

მატასი იმერეთიდან ბრიუსელში აღმოჩნდა. ქუჩაში პატარა გუბეს გვერდი აუარა, უჟმური არ ამყვესო. უთარგმნელი ამბავია.

***

ივლისის დეპრესია – უნდა არსებობდეს ასეთი.

***

საირმეში პრესა მოდის ასე: სანამ არ გაიყიდება ყველაფერი, ახალი არ მოაქვთ.

***

„დამნაშავეებო და ოლიგარქებო, იყიდეთ გაზეთები, ეს სამშობლოა!“ – გაჰყვირის მოხუცი „კრიკუნი“ კვარიათის სანაპიროზე.

***

ნესტისგან წიგნი რომ გაიფხორება და ყდას აუშვებს აფრასავით, ეგ მიყვარს ზღვაზე და ნესვი.

***

„სადაც წყალია და ბურთია, იქ ბავშვიც გაჩნდება,“ – წყალბურთის მომავალზე ლაპარაკობს კაცი ტელევიზორში.

***

გოგომ ზღვისპირა კაფეში მორიდებით შეუკვეთა კოქტეილი:

– ორი „…პლაჟზე“, თუ შეიძლება.

***

წვიმს და შევყევი ძველ ჩატებს. ზოგი თქვენობით იწყება, მერე დავმეგობრებულვართ.

***

You have memories with… მარკ, ზოგი რამ არ მოხვდა აქაურ ამბებში და ისე ვინახავთ.

***

მეორედ მოსვლისას წაშლილი ჩატები აღდგება.

***

თუ რამის საიმედოდ შენახვა შეუძლია ჩემს მეხსიერებას, თეფშების მოხატულობაა, კიდეზე მოფენილი ყვავილებით.

***

არ ვიცი წელიწადის რა დროს ამოვედი, მაგრამ მატარებელში შემოდგომაა.

***

ცხოვრება სავსეა სიყალბით და ლიტერატურაში ფიქციის დეფიციტია.

გწერთ ფოთი-თბილისის მატარებლიდან.

***

ურბანული ინსომნია: გავალ ქალაქიდან, კარგად მძინავს. დავბრუნდები, რული არ მეკიდება.

***

გრძელი დღე და მოკლე კაბა, ადრე უფრო მიხაროდა ზაფხული.

***

მარიამობა. ჩატი – ხატი. ჩატი – ხატი.

***

ბაღებსა და სკოლებში ბავშვებმა ერთმანეთის გახარება იციან – მოგაკითხეს! შემოდგომა და ეგ ყიჟინა მომენატრა.

***

სექტემბერში მთავარია, მალე დავიმახსოვრო სტუდენტების სახელები, მაგრამ არა ისე, როგორც სიაში წერია.

***

ორი დღეც და ჩაცმასაც ფასი დაედება და გახდასაც.

***

ჩემმა მეზობელმა მაისური ჩაიცვა და ისე გამოვიდა აივანზე მოსაწევად.

მორჩა ზაფხული.

***

ზამთარში ზაფხული რომ მომენატრება, მატასის ლოყაზე მოთამაშე მზეს დავხედავ.

***

ზაფხული ყოველთვის ჩავლილი ამბავია – მაშინაც კი, როცა მოუთმენლად ელი.

-შენ რას ხედავ?

0

მეხუთე კლასში ვიყავი. ჩემს ბავშვობაში ოთხი კლასი ითვლებოდა დაწყებით საფეხურად. შემდეგ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები გვასწავლიდნენ. ქართულის მასწავლებლად შეგვირჩიეს ბატონი დემური ძიძიგური. ამ სტატიას მას ვუძღვნი.

სექტემბერში დაიწყო სასწავლო წელი. პირველ შეხვედრაზე გაგვეცნო და არდადეგების შესახებ გვკითხა. მომდევნო გაკვეთილისთვის არასაპროგრამო დავალება მოგვცა.

…მაშინ დავიჩივლე, რამ მოაფიქრა ეს სათაური – მეთქი როცა დავჯექი მაგიდასთან, ბეჯითად მოვიკრიბე ყურადღება და მერთულა. ერთხანს ვაკაკუნე მაგიდაზე ავტოკალამი და ვიქექე თავი. დავიწყე წერა, მაშინვე გადავხაზე; ისევ შევეცადე – უფრო გადავჯღაბნე. თვალი დავხუჭე, იქნებ წარმოვიდგინო მაინც, როგორც დავალების პირობა მოითხოვს-მეთქი და ამაოდ. ერთფეროვანი კორპუსების, ასფალტის გზისა და ტრანსპორტის მეტი ვერაფერი შევნიშნე – ზუსტად ის, რისგანაც შედგება ქალაქი. ამას ხომ არ დავწერ, ეს რა სამყაროა, ესაა ბუნება?! სხვა დავალება მოეცა, თუნდაც მთელ წიგნს წავიკითხავდი… – ვწუწუნებდი.

უფრო გაბუტულობით წამოვდექი და გულის გასაგრილებლად გადავყავი თავი ფანჯრიდან. სექტემბრის ნიავი შემომეგება, ჯერ გამაღიმა, მერე ამომქოქა, აი, ზუსტად ისე, როგორც მექანიზმს მომართავს ძრავა და ჩემს თავს აქამდე უცნობი რამ დატრიალდა – ფანტაზიის ციბრუტი.

გონებით ავედი მაღლა, იმდენად მაღლა, რომ თვალსაწიერის რადიუსში მოხვდა ქალაქი და სოფელი ერთად. აი, ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო-მეთქი – სიხარულით ავცქმუტდი, იქვე, რაფაზე გადმოვიტანე რვეული და წერას შევუდექი, სწრაფად, გაუჩერებლად…

სამყარო შევადარე ქორწილს. სადღესასწაულო მსვლელობა – ალვის ხეები, როგორც მაყრები, მიაცილებდნენ ტაძრისკენ ატმისა და ტყემლის აყვავილებულ წყვილს – მეფესა და პატარძალს. ვარდისფერ ფრიალა კაბითა და თეთრი ჩოხით შემოსილ ქალ-ვაჟს გვერდს უმშვენებდნენ ვაშლისა და მსხლის კვირტშემოსხმული მეჯვარეები. იყო ყიჟინა და მხიარულება, ისმოდა საქორწილო მარში… გზა იყო მოფარდაგებული  და შენობები თავს უკრავდნენ მაყრიონს…

ეს შინაარსი დავწერე სხვაგვარად. სულ რაღაც ათამდე სტრიქონი. ამოვგლიჯე შუა ფურცელი და ზედ გადავწერე ლამაზად. მახსოვს, რომ ვყოყმანობდი წაკითხვას, იმიტომ რომ არც გაზაფხული იყო და არც ამდენი ხე ჩანდა ჩემი ფანჯრიდან. სისულელედ ჩამეთვლება და შევრცხვები-მეთქი. იცით, რამ გადამარჩინა? – გადაჭარბებულად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას და ვიცოდი, ის უფრო დამტანჯავდა, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო შევრცხვებოდი ახალ მასწავლებელთან. რაც არის, არის-მეთქი და წარვადგინე.

რა მოხდა გაკვეთილზე:

მახსოვს, პირველ მერხზე ვიჯექი. გატრუნული. ნაღვლიანი სახით. დაწუნების მოლოდინით. მოვიდა ჩემი ჯერი. გაუბედავად ჩავიკითხე. თავი ვერ ავწიე. მისი ხელი მახსოვს, როგორ გამომართვა ფურცელი, და ხმა: – ყოჩაღ! – გავოცდი. მერე გვთხოვა, მის დაბრუნებამდე ჩუმად ყოფნა და გავიდა საკლასო ოთახიდან. მალევე დაბრუნდა. ფურცელი აღარ ეჭირა.

შესვენებაზე დამრიგებელმა, ქალბატონმა ცისანამ, მიამბო, რა ამაყად შესულა სამასწავლებლოში, იქ მყოფების ყურადღება მოუთხოვია, წაუკითხავს ეს მომცრო ტექსტი, ეს სოფიო კუბლაშვილის დაწერილია, ამ ბავშვს წერა შეუძლიაო და ჯიბეში ჩაუდია საგულდაგულოდ დაკეცილი. ის ფურცელი სკოლის დამთავრებისას დამიბრუნა დემური მასწავლებელმა. ის უფრთხილდებოდა, მე – აღარ!

რისთვის ვწერ და ვიგონებ ამ ამბავს?

…მასწავლებელს შეუძლია, დაძრას აზრის ისეთი ნაკადი მოსწავლის გონებაში, რომ მოიზიდოს ნიჭი და შრომის უნარი. მასწავლებელს შეუძლია, აღმოაჩენინოს მოსწავლეს საუკეთესო  ინტერესები და უფრო მეტიც, აარჩევინოს მართებული, გამართლებული წარმატების გზა.

ოღონდ დავალების პირობა უნდა იყოს ზუსტი და მკაფიო. თუნდაც ასეთი:

ფართოდ გამოაღეთ ფანჯარა და გადაიხედეთ, რასაც დაინახავთ, ისაა თქვენი სამყარო!

-შენ რას ხედავ?

მხატვრული წერის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის

0

ნაწილი მეოთხე

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

თუ წინა წერილებში გმირის, მისი გარემოცვისა და ანტაგონისტების შექმნაზე ვივარჯიშეთ, ახლა წერაში გასაწაფად პატარა სავარჯიშოები დაგვჭირდება, რომელიც მასწავლებლის დახმარებით შეგვიძლია რამდენიმე შეხვედრაზე გადავანაწილოთ.

თავი მეორე

ამ თავში ბევრი პრაქტიკული, ოდნავ მოსაწყენი სავარჯიშო შეგხვდებათ, მაგრამ თქვენი დაოსტატებისთვის აუცილებელია ეს Level-იც გაიაროთ, რათა ნამდვილი მწერლებისთვის მისაცემ დავალებას ადვილად გაუმკლავდეთ.

სავარჯიშო პირველი

აღწერეთ თქვენი გმირის საყვარელი ამინდი, რაც შეიძლება დეტალურად.

სავარჯიშო მეორე

გადმოეცით, რას გრძნობს თქვენი გმირი, როდესაც საყვარელ მუსიკას უსმენს, უყურებს ფილმს, რომელიც ათასჯერ უნახავს, მაგრამ არ ბეზრდება, მიირთმევს ყველაზე მაგარ კერძს და ასე შემდეგ.

სავარჯიშო მესამე

მოიფიქრეთ 5 განსხვავებული სიტუაცია, სადაც თქვენი გმირი იქნება აღწერილი. აუცილებელი პირობაა, რომ ხუთივე ამბავში ხუთი მთავარი გრძნობა მონაწილეობდეს: ყნოსვა, გემო, შეხება, სმენა, ვიზუალი.

სავარჯიშო მეოთხე

პერსონაჟი კრიზისის დროს. როგორ იქცევა ის? მოიფიქრეთ პატარა ამბავი, სადაც რომელიმე ბუნებრივი კატაკლიზმა იქნება აღწერილი: გრიგალი, ცუნამი, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა თუ სხვა. ახლა, როგორც ნამდვილ მწერლებს შეუძლიათ, ლოგიკურად, სწორედ აქ, ამ ვითარებაში თქვენი პერსონაჟი შემოიყვანეთ და  ვნახოთ, როგორ მოიქცევა ის ძაალიან რთულ ვითარებაში.

სავარჯიშო მეხუთე

მოიფიქრეთ და დეტალურად აღწერეთ დღე, რომელიც თქვენმა გმირმა საუკეთესოდ გაატარა.

მაგალითი:
ერთ დღეს ბუსი ალისას დაბადების დღისთვის საყიდლებზე წავიდა. წასვლამდე კარგად გამოეწყო, რადგან ალისას თქმით, დაბადების დღეზე ადამიანს სადღესასწაულოდ უნდა ეცვას, ჩაიცვა ლამაზი პიჯაკი, ჰალსტუხი, ასევე ძვირადღირებული სუნამო და საათიც გაიკეთა. ჯინსის შარვალი ვერ ნახა და ნაჭრისა ჩაიცვა. 30 კილომეტრის გავლა მოუწია და შარვალმა ცოტა დაღალა, მაგრამ რას იზამდა?

სამაგიეროდ, ალისას ლამაზი კაბა და მზის სათვალე უყიდა (მიუხედავად იმისა, რომ სულ ჩხუბობდნენ, ბუსის თავისი ცელქი და მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარდა). საბოლოო ჯამში 203 დოლარი დახარჯა მარტო ალისას საჩუქრებში, მთლიანობაში კი იმ დღეს, 607 დოლარი შემოეხარჯა. რა ექნა, რამდენი გასართობიც ნახა, ყველგან გაუწია გულმა.

ალისას ძალიან გაუხარდა საჩუქრები და თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქრების მიღების დღე იყო, რამაც ბუსის გული აუჩუყა და კინაღამ თავიდან წავიდა საყიდლებზე.

დაბადების დღეზე ბილიც მოიწვიეს და ბუსიც ალისასთან დაახლოებაში დაეხმარა საუკეთესო მეგობარს.

ალისასთან ერთად, სტუმრებმა საჩუქრები ბუსისაც მოუტანეს. ბიჭი ისე გაახარა ამ ამბავმა, გადაწყვიტა მეორე დღეს სკოლაში ასე სადღესასწაულოდ გამოწყობილი წასულიყო და ცოტა ემაიმუნა კიდეც ჰალსტუხიანს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მას სასაცილო ეგონა, კლასელებისთვის და მასწავლებლებისთვის „Wow” ამბავი იყო და ბუსის პოპულარობა ერთ დღეში უცბად გაიზარდა.

„რა კარგი ყოფილა ჩემი დის დაბადების დღე!“ გაიფიქრა ბუსიმ, „ნეტავ ყოველ დღე იყოს! იდეალურად ვიცხოვრებდი!“

სავარჯიშო მეექვსე

მოიფიქრეთ და აღწერეთ დღე, რომელიც ყველაზე უსიამოვნო და მძიმე იყო თქვენი გმირის შემთხვევაში

მაგალითი:

ერთ დღეს ბუსი და მამამისი ჰენრის ბაბუის დაბადების დღეზე წავიდნენ. როგორც გახსოვთ, ამ კაცის ორივეს მაგრად ეშინოდა, რადგან სულ წესრიგს და კარგად მოქცევას ითხოვდა შვილიშვილისა და შვილთაშვილისგან. ახლა კი მისი იუბილე იყო (90 წლისა გახდა) და ჰენრიმაც მკაცრად გააფრთხილა შვილი, იცოდე, თოჯინასავით იჯექი სანამ იქ ვიქნებით, თორემ ორივეს გამოგვაპანღურებენო.

დიდი ბაბუა იუბილეს სახლში აღნიშნავდა. სტუმრად თანამშრომლები , მეგობრები, შვილები და მათი ოჯახები ჰყავდა და ძალიან ბედნიერი იყო ამ დღით.

„იცოდე, ჰენრი, არ დააგვიანო! ოთხზე ვსხდებით!“ – გააფრთხილა ბაბუამ ბუსის მამიკო, ამიტომაც, შეშინებულმა კაცმა სახლიდან ორი საათით ადრე გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ბედი არ გინდა? ისეთ საცობში მოყვნენ, სამი საათი კუსავით მიღოღავდნენ.

სახლში ტარაკნებივით შეიპარნენ მამა და შვილი. ბაბუამ ორივე შენიშნა, მაგრამ საყვედურის ნაცვლად ხმამაღლა წარუდგინა მეგობრებს, ჩემი საამაყო და ცელქი შვილიშვილი და მისი ჭკვიანი ბიჭუნა მესტუმრნენ როგორც იქნაო.

ბუსი სუფრასთან გასუსული იჯდა. ათასნაირი საჭმელი ელაგა და ყველას ჭამა უნდოდა, მაგრამ სად ჰქონდა შენიშვნების თავი, ამიტომ მხოლოდ ის მიირთვა, რაც ნათესავმა ქალმა თეფშზე დაუდო.

სტუმრები 9 საათისთვის წავიდნენ. ჰენრიმ ბაბუას უთხრა, რომ ისინიც აპირებდნენ წასვლას, რომ შინ დროულად მისულიყვნენ. დაემშვიდობნენ ყველას და უკანა გზაზე ისევ უზარმაზარ საცობში აღმოჩნდნენ. ამჯერად, 2 საათის მანძილზე 12 კილომეტრი ძლივს გაიარეს. ამაზე სწრაფად ადამიანი ფეხით დადის მგონი, ამიტომ ბუსიმ ძალიან მოიწყინა. 3 საათი ერთი გზა, სამიც მეორე და მანქანაში არაფერი ხდება საინტერესო!

ხომ არ გავაჩეროთ სადმე და ბაბუასთან მივბრუნდეთ იქ დავრჩეთ? შესთავაზა მამამ ბუსის, მაგრამ ბიჭი წინააღმდეგი იყო. ვერ იტანდა იმ სახლს და კედლის საათიდან გამომხტარ კოდალას.

ბუსის სახლამდე კიდევ 82 კილომეტრი იყო. ბიჭი გუნებაში ითვლიდა, თუ ორ საათში 12 კილომეტრი გავიარეთ, ესე იგი…

მაგრამ მალე საცობი გაიხსნა. მართალია, უკვე ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ ცოტაც და სახლში მივიდოდნენ. ჰენრიმ გაზის პედალს ფეხი დააჭირა და… მანქანაც გაფუჭდა. გზაში ბუსი მამის ტელეფონით თამაშობდა, თავისი სახლში დატოვა, ახლა კი დახმარების გამოძახებაც არ შეეძლოთ. 37 კილომეტრი იარეს ფეხით. ყველაფერთან ერთად თქეში წვიმაც წამოვიდა და სულ დასველდნენ. აქამდე თუ ამდენი მანქანა დადიოდა, თითქოს ბედად ახლა ერთმა გამვლელმაც კი აღარ გამოიარა. სახლში გამთენიისას მივიდნენ და ერთმანეთს გაბუტულებივით დაემშვიდობნენ, სანამ დაიძინებდნენ.

ბუსისთვის ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ცხოვრებაში.

სავარჯიშო მეშვიდე

შეცვალეთ რამე ან ვინმე. მაგალითად, გვანახეთ, როგორ ეცვლება ხასიათი თქვენ გმირს, როგორ იცვლება ბუნება სეზონის მიხედვით, როგორ იცვლება ერთი მოვლენა მეორით და ასე შემდეგ. მთავარია, კარგად დაგვანახვეთ უშუალოდ ცვლილების მომენტი.

 

სავარჯიშო მერვე

წერილი წარსულს და მომავალს. ამ სავარჯიშოში, თქვენმა გმირმა (გააჩნია რა ასაკისაა), მისწეროს წერილი საკუთარ „მე“-ს წარსულში ან მომავალში. ამ წერილში უნდა ჩანდეს სხვაობა, როგორი იყო ის ადრე და როგორია ახლა.

მაგალითი:

გამარჯობა თემო თავი 20 წლის შემდეგ!

ეს მე ვარ, ბუსი, შენი თავი, ოღონდ 12 წლისა. ვიცი, ახლა მდიდარი და ცნობილი ხარ, ანუ ვარ. ალბათ ახლა გემრიელობებს მიირთმევს, უფრო ზუსტად, მივირთმევ და Playstation-ს თამაშობ, ბოდიში, ვთამაშობ.

ცოლ-შვილი მყავს? ვარსკვლავური ომები ისევ მიყვარს? ბურგერი? ჩემი საყვარელი წიგნი ახლა რომელია? ალისა და ბილი დაქორწინდნენ? ანიმეების ყურება ისევ მომწონს?

კითხვები გამითავდა და დაგემშვიდობები.

პ.ს. ამ წერილს ისეთ ადგილას შევინახავ, რომ 20 წლის მერე უსაფრთხოდ გავხსნა.

7/03/2021

ბუსისგან ჩემ თავს!

სავარჯიშო მეცხრე

გადააკეთეთ თქვენი გმირი რამდენიმე საათით. შეცვალეთ თქვენი გმირი ანტიგმირად. როგორი იქნებოდა ის, ცუდი ტიპაჟი რომ ყოფილიყო. როგორი იქნება ბოროტი „სუპერმენი“ ან ნარუტო თუ ბოროტების მხარეს დადგება, ბევრის გაფუჭებას მოახერხებს? როგორ? მოიფიქრეთ მისი საწინააღმდეგო მოქმედებებიც.

მაგალითი:

ამ თავში ბუსის პარალელურ სამყაროს რეალობას წარმოგიდგენთ:

როდესაც ბუსიმ სკოლის ზარი გააფუჭა და ბილს გადააბრალა, ბილმი ბუსისთან ჩხუბი გადაწყვიტა. ამის შემდეგ, ბუსიმ ისე სცემა ბილი, თავ-ყბა გაუერთიანა და ცხვირიც გაუტეხა. ორი დღის შემდეგ კი სულაც კატა მოკლა და მაქსს პაემანი ჩაუშალა. თავის ბიძაშვილს ფლეისთეიშენი დაუმტვრია და ბებოს ყვავილები ამოჩიჩქნა, მერე ბიო ტუალეტში ნიღბით შეუვარდა უცნობ კაცს და ტუალეტის ქაღალდი გამოსტაცა ჩაცუცქულ, გაოგნებულ კაცს, მერე ქაღალდი დაკუწა, ქუჩაში დაყარა და ბუნება დაანაგვიანა.

ზაფხულში წაუკითხავი

0

ვიქტორ ჰიუგო ჩავარდა იმ ზაფხულს, მისი აღარც ერთი რომანიდან და მოთხრობიდან არ ამყოლია არც ერთი სტრიქონი. მონიშნული მქონდა და წამოღებულიც, მაგრამ გული არ მიმდიოდა, ღაჭაჭიებზე (კიბორჩხალაა მეგრულად) თევზაობამ ღელეში უფრო შემითრია და ალბათ მაგიტომ.

შაბათ-კვირებზე საკითხავში გადმოვიტანე, მაგრამ მანდ სტაინბეკის „მრისხანების მტევნებს“ ეკავა ადგილი, გადაუშლელ წიგნს, რომელიც იქამდე ვერ გადავშალე, სანამ ლალი ყუშიტაშვილის მიერ ორიგინალიდან თარგმნილი არ მომივიდა ელფოსტაზე მთელი ჩვიდმეტი წლის შემდეგ.

ირუბაქიძის „გველის პერანგს“ მეოცე გვერდამდე ძლივს გავუქაჩე მეხუთეკლასელმა, ძალიან მიზიდავდა ეს ენა და თხრობის ექსტრავაგანტურობა, მაგრამ იმაზე ძნელი გასაგები აღმოჩნდა, ვიდრე 2002-ში რონალდინიოს მიერ ჩახვეული ჯარიმის სიმენისგან გაშვების ლოგიკა.

უიარაღოს „მამელუკი“ მეექვსეკლასელმა დავიწყე, მეათე კლასში ჩავიკითხე ერთი ამოსუნთქვით და აგერ, სულ ახლახან დავრწმუნდი, რომ ისეთივე დაუფასებელი მწერალია კონდრატე თათარიშვილი, როგორც ჭოლა ლომთათიძე, ბასილ მელიქიშვილი, ვოვა სიხარულიძე, ლეილა ბეროშვილი, გიორგი ბაქანიძე… არც ერთი მათგანი სკოლაში არ წამიკითხავს, იმიტომ რომ არავის ურჩევია, მათზე რეცენზიებს კი წავაწყდებოდი აქა-იქ, მაგრამ მეგობარი რომ გირჩევს ან მასწავლებელი, უკეთესი ყოფილა, თავს რომ აგაწევინებს შენი ულუფიდან და რაღაც ახალს შემოგიდგამს.

ვერ წავიკითხე დილარ დაგარგულიას და ღუბურ ეფენიას ბიბლიოთეკებიდან წამოღებული კლასიკა. ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულ მოთხრობებს“ ჩემს ძმასთან და გიზო ბოხუასთან ბურთის თამაში ვარჩიე ეზოში, ალექსანდრე ყაზბეგის მოზრდილი ტომის მოზრდილ თხზულებებს კი ბოლო კლასში დავეწიე, როცა საპროგრამო „ელგუჯამ“ და „ხევისბერმა გოჩამ“ შემიტყუა მოჩხუბარიძის საგაში.

მოჩხუბარიძე და უიარაღო იქით იყოს და, სხვა კაი-კაი ფსევდონიმებით დაჭედილი სტენდალის, ჯეკ ლონდონისა და ეგნატე ნინოშვილის პროზასთან გაშინაურებაც გამიჭირდა და ეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ინგა ქარჩავასგან დაწესებული ათდღიანი ვადით სულაც არ მომხდარა. ითქვას სიმართლე, ინგა დეიდა სამ-ოთხ დღეს (მეტსაც) დიდსულოვნად მიმატებდა ხოლმე და ხელად შეატყობდა, წაუკითხავად რომ ვუბრუნებდი წიგნს, მაგრამ ჩემ მიერ გულდასმით წაკითხული და ფანქრით ჩანიშნული ოთარ ჭილაძისა და ჯერომ სელინჯერის წიგნებიც ახსოვდა და უფრო ის ერჩივნა, ჩემი ჩანაწერებით არ შემელანძღა ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ძვირფასი ლიტერატურა.

სამაგიეროდ, ბიბლიოთეკაში ზაფხულის იმ დღეს გამოჩენილმა აბესალომ ტუღუშმა დამატეხა რისხვა მეცხრეკლასელს შორეულ 2001-ში, ქართლის ცხოვრების მეოთხე ტომი დროულად რომ ვერ დავუბრუნე. შვილო, მე ვარ მეცნიერი და ეს წიგნი ყოველ დღე მჭირდებაო, – მიყვირა სამკითხველო დარბაზის შესასვლელთან და სანამ ჩემი ქომაგი ბიბლიოთეკის ქალთა დასი ოთახებიდან გამოსვლას მოასწრებდა, ერთი-ორი მხურვალე საყვედური ნაჭამი მქონდა უკვე.

ვილჰელმ ჰაუფის „ლიხტენშტაინს“ და რომენ როლანის „კოლა ბრონიონს“ უდროო დროს გადავაწყდი და მე რომ ვერაფერი ვუქენი, ბებიაჩემს ძმას – ცხონებულ ბოჩია თოლორაიას გადავუტანე, რომელმაც თავისი მარნის წინ, სავარძელში ჩამჯდარმა, ხუთ დღეში ორივეს ღირსეულად მოუთავა ხელი.

ანა ქოჩუასგან პირველ კურსზე ნათხოვარი პუშკინის ჰიტები (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის სერიით გამოცემული) მგონი ახლაც ჩემს ზუგდიდურ სამკითხველოში განისვენებს. შიგადაშიგ წაკითხული. ისევე ზერელედ, როგორც ბიძაჩემის – თენგიზ პაჭკორიას პირადი ბიბლიოთეკიდან დიდის მოწიწებით გადმოღებული ფუცუ დგებუაძე-ფულარია, აგვისტოს ცხელ დღეებში „არსენა მარაბდელით“ რომ ჩავანაცვლე.

შარშან ზაფხულს სამი სარედაქციო და ერთიც – ნებიერად წასაკითხი ტექსტი წავიღე სოფელში. პარკში გამოკრული მომავალი ბესტსელერების „ანაბეჭდები“. არც ერთი მათგანი არ გადამიშლია. დილას ვიტყოდი, ღამე ჩავუჯდები-თქო, ღამე ვიძინებდი იმ იმედით, უთენია სხვა საქმეს ხელს არ მოვკიდებ-მეთქი, მაგრამ წიგნებთან ურთიერთობას, მონატრებულ ხალხთან შეხვედრის – გართობის – მუღამებმა აჯობა.

მგონი ახლაც ასე იქნება.

მგონი.

P.S. არის წიგნები, რომლის თხოვნაც მფლობელს ვერ გავუბედე და მხოლოდ ამ მიზეზით დამრჩა წაუკითხავი: ცისანა სართანიას „ეფრემვერდი“ ლამის სასთუმალთან ედო შიგ ჩანიშნული კვიმატი დღეებით; ჩინო აბაშიძეს მამამისის „ლაშარელას“ პირველ (დაუცენზურებელ) გამოცემაზე ვერც ვკითხავდი იმ ხანმოკლე ოფიციალური შეხვედრისას 2011-ში; კახეთის ერთ ტაძარში, მონაზონი ქალის მიერ თარგმნილი „პატარა უფლისწული“ შევნიშნე, მინდოდა მეყიდა, უცებ ამომვარდა თავიდან და მერე ვერც ერთ მაღაზიაში ვერ მივაგენი…

 

გილგამეში და სხვები – მოსამზადებელი გაკვეთილი „ვეფხისტყაოსნისთვის“

0

რა არის ლიტერატურა? ამ მარტივ და გავრცელებულ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს, კონტექსტის, გამოცდილების, დანიშნულების, საჭიროებისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით.

ამ გაკვეთილისთვის, რომლის მიზანი მსოფლიო ლიტერატურის რამდენიმე პერსონაჟის გაცნობაა, ჩვენი დევიზი იქნება – ლიტერატურა პერსონაჟთა დაუსრულებელი გალერეაა, ხოლო საკვანძო იდეაა ის, რომ ამ უცნაურ ობობას ქსელში, როგორიც ლიტერატურაა, ყოველი პერსონაჟი შეიძლება რაღაც ნიშნით ჰგავდეს მეორეს ან სხვა პერსონაჟის გაგებასა და გახსნაში დაგვეხმაროს. სულაც არ არის აუცილებელი, ავტორს სხვა ავტორის გავლენა ჰქონდეს, სხვა ნაწარმოების მიხედვით დახატოს თავისი პერსონაჟი. ეს დამთხვევა არაა, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც თვისება, რომელიც ორ ადამიანს აქვს, დამთხვევაა? ეს მოცემულობაა, რომლის მიხედვითაც, ყოველი ადამიანი ჰგავს მეორეს, ასევეა ლიტერატურაში.

თუმცა ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ნიშანთა ერთობლიობას, რომლითაც ერთ პერსონაჟს მეორეს მივამსგავსებთ, ეს პარალელიზმი ხომ თვალსაჩინოების საუკეთესო ფორმაა, საუკეთესო საშუალება, რომელიც ლიტერატურული პერსონაჟის დახატვასა და აღწერაში გვეხმარება.

„ვეფხისტყაოსნის“ გმირთა წარმოშობისა და მსგავსების შესახებ რუსთველოლოგიაში არაერთი თეორია არსებობს, თუმცა ამ სტატიის მიზანი თეორიათა მიმოხილვა სულაც არ არის. თუ ვთანხმდებით, რომ ლიტერატურაში შესაძლებელია ნებისმიერი ერთი პერსონაჟი უკავშირდებოდეს ნებისმიერ სხვას, მაშინ მთელი ეს კვლევა-ძიებითი თეორიები და სამეცნიერო დასკვნები მკითხველის ცნობისმოყვარეობას ჩამოვაშოროთ და ფილოლოგიურ კვლევებს დავუტოვოთ. ჩვენ კი ლიტერატურის გაკვეთილებზე ლიტერატურით სიამოვნება მივიღოთ.

„ვეფხისტყაოსანში“ მრავალი საინტერესო პერსონაჟია, მეტიც, ერთი-მეორეზე საინტერესო, მრავალწახნაგოვანი და კაშკაშა, ამჯერად მის მთავარ მოყმეზე, ავთანდილზე ვისაუბრებთ – ბრძენ, მშვენიერ, კეთილ, ერთგულ, ფილოსოფოს, შემოქმედ გმირზე, რომელიც, ჩემი აზრით, პოემის ავტორს ყველაზე მეტად უყვარს.

ამ პერსონაჟის უკეთ გასაგებად დაგვეხმარება მსოფლიო ლიტერატურის „გმირების“ გალერეა, კერძოდ კი, სხვა „უცხო მოყმე“ გმირების, მათი, ვისი საგმირო საქმეებიც საუკუნეების მანძილზე აოცებს და შთააგონებს მკითხველს.

მე ამ გაკვეთილისთვის შევარჩიე შუამდინარული ეპოსის – გილგამეში, ქართული ეპოსის – ამირანი, ჰომეროსის – აქილევსი და ოდისევსი, და რუსთველის პოემის მეორე, მთავარი პერსონაჟი – ტარიელი – ავთანდილის ხასიათის სხვადასხვა შტრიხის გამოსაკვეთად.

აუცილებლად გამოიყენეთ როგორც ტექსტი, ისე მრავალფეროვანი მულტიმედია რესურსი, ილუსტრაციები, ანიმაციები და ფილმები. თვალსაჩინოება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გამოსაკვებად და მათში ინტერესის გასაღვივებლად.

 

ა. მოსამზადებელი სამუშაო

  1. პირველ ეტაპზე ვამზადებთ ბარათებს, სადაც ჩვენი არჩეული პერსონაჟების შესახებ ინფორმაციაა დატანილი – ტექსტის შესახებ, მოკლე შინაარსი, გმირის დახასიათება. (აუცილებელია, რომ თითო გმირზე ბარათის 5 ეგზემპლარი მაინც გვქონდეს).
  2. ვამზადებთ სხვა ფერის ბარათებს, სადაც გმირების თვისებებია ჩამოწერილი.
  3. ვამზადებთ ყველაზე დიდი ზომის და განსხვავებულ ბარათს, სადაც ავთანდილის თვისებებს ჩამოვწერთ.
  4. წინასწარ მომზადებული გვაქვს პრეზენტაცია ყველა გმირზე, სადაც ვყვებით ეპოსის მოკლე შინაარსის, წარმომავლობის, ავტორისა და სხვა დეტალების შესახებ.
  5. ამობეჭდილი გვაქვს ეპიზოდები ტექსტებიდან, რომელთაც წინასწარ ვარიგებთ კლასში.

 

ბ. მთავარი ნაწილი:

 

  1. პრეზენტაციის საშუალებით ვეცნობით ყველა პერსონაჟს;
  2. მოსწავლეებს ვთხოვთ ტექსტის ეპიზოდებიდან გმირების თვისებების ამოცნობას, ეს არის დავალების ერთგვარი ზეპირი ნაწილი;
  3. გმირების შესახებ ბარათებს ვურიგებთ მოსწავლეებს, მაგიდაზე ვტოვებთ თვისებების ბარათებს, მოსწავლე მოდის მაგიდასთან და გმირის ბარათს იმ ბარათთან დებს, რომელზეც ის თვისებაა აღნიშნული, რომელიც გმირის შესახებ ტექსტსა და პრეზენტაციაში აღმოაჩინა. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა ბარათს არ მოვათავსებთ თავის ადგილას.

 

გ. საშინაო დავალება

 

  1. საშინაო დავალებისთვის მოსწავლეებს ვავალებთ ავთანდილის შესახებ ეპიზოდების წაკითხვას (წინასწარ მომზადებული გვაქვს ადაპტირებული ვერსია ლექსიკონითა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზის განმარტებით);
  2. შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეებმა უნდა გვიპასუხონ, რომელი თვისებებით ემსგავსებიან ჩვენ მიერ აღწერილი გმირები ავთანდილს და ავთანდილის ბარათი ამ თვისებების ჩამონათვალით შეავსონ.

 

ფშავის სინდრომი

0

ხელოვნებას რომ შეუძლია შეძრას, შეცვალოს ადამიანი, ეს არაერთ მხატვრულ ნაწარმოებშია წარმოჩენილი. ჩვენი წარმოდგენები, რომლებიც მუსიკის, ფერწერის, ლიტერატურის გავლენით იქმნება, გარემოსაც გადაასხვაფერებენ. მეცხრამეტე საუკუნის 10-იან წლებში სტენდალმა იტალიაში იმოგზაურა. შემდეგ აღწერა, რას განიცდიდა შედევრებთან შეხვედრისას. სწორედ მისი შთაბეჭდილებების წიგნის, „ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში“, მიხედვით, ფსიქოლოგიაში გაჩნდა ტერმინი – სტენდალის (იგივე, ფლორენციის) სინდრომი. ადამიანს ისე იპყრობს მღელვარება, როდესაც ნაოცნებარ ხელოვნების ნიმუშს უყურებს, რომ ერთგვარ ექსტაზში შეიძლება ჩავარდეს, თავბრუ დაეხვეს, ჰალუცინაციები გაუჩნდეს და გულის შეტევაც კი დაემართოს. როდესაც სტენდალმა მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის საფლავები ნახა, გულისცემა გაუხშირდა. ჯოტოს შედევრების თვალიერებისას არარაობად მიიჩნია ყოველივე, მთელი ძალით იგრძნო ყოველდღიური ყოფის ამაოება. უფიცის მუზეუმიდან გამოსვლისას დაბარბაცდა, თითქოს სასიცოცხლო ენერგია დაეშრიტა. ხანდახან კი, პირიქით, ენერგიის უცნაური მოზღვავების შეგრძნება ჰქონდა.

იმის მიხედვით, თუ რა წინასწარი განწყობა და წარმოდგენა აქვთ ადამიანებს წმინდა ადგილებზე, ქალაქებზე, გრძნობენ უცნაურ ცვლილებას მათი მონახულებისას. ამის კვალდაკვალ გაჩნდა სხვა ტერმინებიც: პარიზის, იერუსალიმის და სხვა სინდრომები. ჰემინგუეი წერს: „ბედმა თუ გაგიღიმა და ახალგაზრდობისას მოხვდი პარიზში, მერე სადაც არ უნდა წახვიდე, იგი სიკვდილის დღემდე შენთან იქნება, რადგან პარიზი განუყრელი დღესასწაულია, რომელიც მუდამ თან გახლავს“. ამიტომაც აქცია მან ეს სინათლის ქალაქი თავისი მხატვრულ-დოკუმენტური პროზის, „განუყრელი დღესასწაულის“, მთავარ პერსონაჟად. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ყველაზე ცოცხალ ფერადოვან პარიზის ქუჩებსა და კაფეებში ხეტიალისას მკითხველი ჰემინგუეისთან ერთად შეხვდება სკოტ ფიცჯერალდს, ეზრა პაუნდს, ჯეიმს ჯოისს, მის სტაინსა და სხვა ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანებს, რომლებთანაც სამუდამოდ გააიგივებს ამ ქალაქს და პარიზში ჩასულს აუცილებლად ექნება განცდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც სილვია ბიჩის დაარსებულ წიგნების მყუდრო მაღაზია-ბიბლიოთეკაში „შექსპირი და კომპანია“ ჯეიმს ჯოისის სილუეტსაც დალანდავს. მას ხომ საღამოობით უყვარდა აქ შემოვლა. შთამბეჭდავია ამ წიგნის ფინალური ფრაზები: „პარიზი არასოდეს არ გათავდება და ვისაც იქ უცხოვრია, ყველას თავისებურად ახსოვს იგი. ჩვენ მუდამ ვბრუნდებოდით ხოლმე იქ, როგორადაც არ უნდა შევცვლილიყავით, და როგორადაც არ უნდა შეცვლილიყო თვითონ პარიზი, რა ძნელიც არ უნდა ყოფილიყო იქ მოხვედრა. პარიზი ღირს კიდეც ამად, და რაც შენ მისთვის მიგიზღავს, სამაგიერო მთლიანად მიგიღია. ასეთი იყო პარიზი იმ დროს, როცა ჩვენ ძალიან ღარიბები და ძალიან ბედნიერები ვიყავით“ (ვახტანგ ჭელიძის თარგმანი).

გალაკტიონის დღიურში ჩაწერილი პარიზული შთაბეჭდილებებიც გვახსენდება: „მე ვცხოვრობდი სიზმარში. ღმერთებს ვქმნიდი თვითონ მე. პარიზის კონგრესი გრძელდებოდა ხუთი დღე. ის [ერთი წამი] ხუთი დღე გამოცოცხლდა და ხუთი ათას წელიწადზე გაამრავლა ცხოვრება, რომელიც მე მომცა ბედმა!“ (1935 წ. https://galaktion.ge/?page=Diaries&id=6814). ლია სტურუას სიურრეალისტური ხატებიც წამოტივტივდება გონებაში წიგნიდან „ბედნიერი სიჩუმე“, რომელსაც გავეხმაურეთ კიდეც წერილით „ლია სტურუას რომანი პარიზთან“. ეს მაგალითები პარიზის სინდრომის თვალსაჩინოებისთვის მოვიხმეთ.

რეზო ინანიშვილის ერთი ნოველა კი ადასტურებს იმას, რომ „ფშავის სინდრომიც“ არსებობს. რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიყვარულით გაჩენილი. ჩარგალში ჩასვლა, იმ სახლისა და გარემოს ნახვა, სადაც ვაჟა ცხოვრობდა და ქმნიდა, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე, ვინც ვაჟას შემოქმედებით აღფრთოვანებულია. მაგრამ რასაც რეზო ინანიშვილი მოგვითხრობს, ეს შთაბეჭდილებაზე ბევრად მეტია. ნოველას „ფშავლები“ ჰქვია. ექსპოზიცია ასეთია: „ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა, კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე“. ეს ისეთი მოგონებაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს, ამიტომაც აქცია მწერალმა ისეთ ამბად, რომ ნამდვილად გაიწკრიალებს მკითხველის გულშიც. რეზო ინანიშვილისეული ლაკონიზმით, თანვე ფერადოვნებით, დეტალების გამოკვეთილი ხატვით, სრულყოფილი უბრალოებისა და სისადავის ესთეტიკით წარმოსახვაში ცოცხლდება ჩარგალი – სასკოლო ექსკურსიის განუყოფელი ღირსშესანიშნაობა. რამდენჯერაც უნდა ნახოს ადამიანმა, ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილება პალიმფსესტივით რჩება და ზედ წაფენილი ახალი განცდებით ვერასოდეს ბოლომდე ვერ წაიშლება.

ნოველაში მთხრობლის თვალით ვხედავთ ყოველივეს. ეს მთხრობელი მწერლის ალტერ ეგოა: „ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი“.

ამ უთავბოლოდ დაწყობილ, ერთმანეთისთვის შეუფერებელ ნივთთა ჩამონათვალში (მაგალითად, წიგნები და რკინეული და სხვ.) აბსტრაქტული „მოწყენილობა“ ყველაზე ამოვარდნილია, ის მატერიალურ საგანთა შორისაა მოხსენიებული. ამიტომ 25-ე კადრივითაა, რომელიც შეიძლება უცებ ვერ შენიშნო, მაგრამ მაინც ჩაიბეჭდება გონებაში, თუკი, რა თქმა უნდა, იქ მოიძებნება მისთვის ადგილი. ამ კადრს მაჰიპნოზირებელი ძალა აქვს, ის ქვეცნობიერზე მოქმედებს და ისეთ იმპულსებს აღვიძებს, რომელთაც გონება მაშინვე ვერ გაიაზრებს. ეს მოწყენილობა სულის პურია, ფიქრისა და ოცნების აღმძვრელი. კარგად წერს ტერენტი გრანელი: „შეიძლება ჩემი მწუხარების მიზეზი / უხილავი ბაღების სილურჯე იყოს“ („მე და გაფითრება“).

ამ მოწყენილობის, სხვა უჩვეულო რამეზე ფიქრის, „გაგრძელებაა“ „მკლავმაგარი“ ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელიც უთუოდ აღაზას და ლელას „ჩამომავალია“. მთხრობელი და ქალი სრულიად შეუფერებელნი არიან, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სამყაროს ეკუთვნიან, მაგრამ რაღაც მიზიდულობის ნაპერწკალი მოულოდნელად იელვებს. მკითხველის მოლოდინიც იძაბება, დიდი თუ არა, პატარა დრამის, ან მელოდრამისთვის მაინც იქმნება განწყობა.

ამის შემდეგ თითქოს ჩვეულებრივად უნდა გაგრძელდეს თხრობა, მაგრამ ვხედავთ, რომ რაღაც უჩვეულო ხდება მთხრობლის თავს. ფშავი თავისი მისტიკური ძალებით ზემოქმედებს. აქ ვაჟას შემოქმედებით გარდაქმნილი მეტაფიზიკური გარემოა. ამიტომ მთხრობელიც კარგავს იგივეობას საკუთარ თავთან. მას „ფშავის სინდრომი“ ემართება. რაც იმას გულისხმობს, რომ მასში პოეტი იღვიძებს. ვიღაცამ ზემოდან, მის არსებაში, როგორც დაცარიელებულ ჭურჭელში, ჩაასხა მათრობელა კამკამა სასმელი პოეზიისა. ჯერ იმით დაიწყო მისი „ამოვარდნა“ ყოფის ჩვეულებრივი განზომილებიდან, რომ ლექსიკა და ინტონაცია შეეცვალა: „აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად“. ამას მოჰყვა უფრო დიდი ცვლილება. ის უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც ვაჟას კაი ყმა მოიქცეოდა. ამიტომ აღარ გვიკვირს მისი ასეთი გარდაქმნა: „გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე“. მისი იდენტობა ახლა უკვე ფშავითაც განისაზღვრება.

ის, რაც მთხრობლის სულსა, გულსა და გონებაში ხდება, რა თქმა უნდა, გარედან არ ჩანს. ამიტომაც ფშაველი ქალისთვის ის ჩვეულებრივი ინტელიგენტია, ქალაქიდან ჩამოსული, აქაურობისათვის უცხო, ზედმეტი და შეუფერებელი. ამიტომაც „ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით“. შეიძლება ვთქვათ, რომ გარემოს თვითმპყრობელმა ძალამ მთლიანად ჩაანაცვლა ქალაქური ცხოვრების წეს-კანონები აქაურით, ფშაურით, ჩარგლური სულისკვეთებით: „ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, დავდგით ძირს, დიდი მადლობაო, მაგრამ ვიგრძენი, ტომრის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა. – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა. მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც“.

ქალიც ხვდება, რომ რაღაც გარდაქმნა მოხდა ამ უცხო კაცში. თითქოს ინტუიციურად იგრძნო, რომ ახლა ის აქაურებს დაემსგავსა, მათიანად იქცა. ამიტომაც წეღან ხელოვნურად, საგანგებოდ სტუმრისთვის შერჩეული ფრაზა და ინტონაცია დაივიწყა. ნიღაბი მოიშორა და ფშაველი ქალის სახე დაიბრუნა: „ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა: – მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან!“ ამ სიტყვებმა, ფშაური კილოკავის ამ სურნელმა მაგნიტივით მიიზიდა მთხრობელი.

რასაც მწერალი აღწერს შემდეგ, ეს არის ექსტაზური მდგომარეობა, როდესაც მთლიანად იშლება რეალობა და ადამიანი ირაციონალურ სივრცეში ინაცვლებს: „მე მთვრალივით ვიყავი, პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი, ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, და ამ სიტყვებმა, ამ „ძმისავ!“ ხომ მუხლები მომკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი“.

„ფშავის სინდრომის“ საუკეთესო მხატვრული აღწერაა. მართლაც, არაჩვეულებრივი, მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით, თან სისადავით, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვისა და სამკაულის გარეშე გვიხატავს რევაზ ინანიშვილი ამ ამოუხსნელ ფენომენს, სულის უფსკრულში მიმდინარე ძვრებს. მთხრობელი იქცევა „სხვად“. დაახლოებით ის ხდება, რაც უძველეს მისტერიებში შელოცვებით მიიღწეოდა. ქურუმი იწყებდა ისეთ რიტმულ, ამაღლებულ მეტყველებას, რომელიც ადამიანებს ღვთაებრივის სიახლოვის განცდას უქმნიდა. ამიტომ ჩვენი „ღიმილიანი, ალერსიანი, სევდიანი“ გმირი სათქმელს თამამი შაირით ამბობს:

„ქმარი სადა გყავს, ბეჩავი,

მარტოს რად გიშვებს შარასა“.

ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა:

„ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა.

არავინ მაიპარავსა“.

მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი:

„რათ გინდა ეგეთი კაცი,

მე გამამყევი ხარასა“.

ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება:

„შენ უთხარ აეგ სათქმელი,

ჩემს არ იჯერებს არასა“.

მკითხველიც აღტაცებულია პერსონაჟებივით. ქალი რასაც და როგორც ამბობს, ეს მისთვის ბუნებრივია. მთხრობლისთვის კი _ უჩვეულო და დაუჯერებელი. ვაჟას სამყარომ აქ, ფშავში, თავისი ჯადოსნური ძალა გამოავლინა. მთხრობელში მოკვდა ყოფითი ადამიანი და დაიბადა პოეტი. თითქოს უხილავმა ძალებმა უცნობ, მაგიურ სპექტაკლში მცირე ხნით ფშაველი ათამაშეს. ამ მდგომარეობას სჭირდებოდა „განმუხტვა“ და სწორედ ეს ფუნქცია შეასრულა სიცილმა, რომელმაც მოულოდნელად იფეთქა, როგორც მომხდარი მოვლენის ბედნიერების გამომხატველმა ძახილის ნიშანმა: „მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, უკვე უგრძნობლად ვიყავი მთვრალი, მაგრამ აღარ დამცალდა“.

ნოველის ბოლოს მხატვრული სიტყვით მოგვრილი კიდევ ერთი სასიამოვნო გაოცება ელის მკითხველს. ფშავის „მითური“ სივრციდან სავსებით რეალური ფშაველი გამოჩნდება. ეს წამიერი „დამიწება“ მწერალს კონტრასტებისთვის სჭირდება. მიუხედავად რეალისტური ხატვისა, მკითხველს მაინც არ ტოვებს განცდა, რომ ეს ყველაფერი სხვა განზომილებაში ხდება: „მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, წვერგაუპარსავ, ჩამოგაზულ ყბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული. ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე. ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას“. ფშავლის ეს ფერწერულ-ვიზუალური „წაშავება“ წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში საოცარ ექსპრესიას ქმნის და სიზმარეულის განცდას აღძრავს.

მკითხველიც გრძნობს, რომ მის წინაშე რეზო ინანიშვილმა ფშავის სამყაროს საიდუმლო კარი გააღო. იქიდან კი პოეზიის ქარები შემოიჭრა. მაგრამ გაელვება დიდხანს ვერ გაგრძელდება. მისი ღირებულებაც ეს არის. ამიტომაც: „დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე“. წამი შეჩერდა იმ დროს, როდესაც მთხრობელმა ქალს აღტაცება ლექსის სტრიქონებით გამოუხატა. ამ წამმა ვაჟას პოეზიის უსაზღვროება დაიტია. შემდეგ დრო დაუბრუნდა თავის ჩვეულებრივ, წუთისოფლურ მდინარებას. ამ წამზე ასე იტყოდა აკაკი წერეთელი:

„ერთი წამიც კი სიცოცხლის,

თუ სხივების მომფენია,

უსინათლოს და უგრძნობელს

საუკუნეს მირჩევნია“ („რაც არ იწვის, არ ანათებს“).

ვაჟა-ფშაველას მხატვრულმა სამყარომ ფშავი მითოპოეტურ სივრცედ აქცია, სადაც თუ ერთხელ შეხვალ, იქიდან აუცილებლად განსხვავებული, ახლად შობილივით გამოხვალ, პოეზიის მადლით განწმენდილი, რადგან როგორც თვითონ წერს:

„მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:

მთაში – მთა, ბარად – ბარია,

ზღვა და ხმელეთი ერთიან,

ცას – ვარსკვლავების ჯარია,

დილით მზე მანათობელი,

ღამის გუშაგი მთვარია“ („სიმღერა“).

სავარჯიშოები  შემოქმედებითი აზროვნებისთვის

0

თანამედროვეობის მოთხოვნა ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელსაც შეუძლია საქმის სასარგებლოდ არაორდინალური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც უწყვეტად ისწრაფვის ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისკენ, რომელსაც სურს ცვალებად სამყაროსთან ადაპტაცია. მოქნილი აზროვნების დახმარებით ადამიანი სწრაფად შეიცნობს მის გარშემო არსებულ სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

თანამედროვე აზროვნება ნიშნავს ახლის, უცნობის შეცნობას, უცნობსა და ნაცნობს შორის კავშირების პოვნას, ყველა საგანსა და მოვლენაში ზოგადი კანონებისა და ამ კანონების მიღმა რაღაც საინტერესოს აღმოჩენას. აზროვნება უმაღლესი შემეცნებითი გონებრივი პროცესია იმ ცოდნის გენერირებით, რომელიც ადამიანის მიერ რეალობის შემოქმედებით ასახვასა და ტრანსფორმაციას ეფუძნება. შემეცნებითი აქტივობა კი რთული ინტელექტუალური პროცესია. მასზე დაყრდნობით ტარდება არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ პრაქტიკული და თეორიული აქტივობები, მათ შორის სკოლებშიც.

დაწყებითი სკოლის ასაკში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პედაგოგიური ამოცანაა ასოციაციურობისა და სისტემური აზროვნების ჩამოყალიბება. ამ თვისებების განვითარება უმცროსი ასაკის მოსწავლის აზროვნებას ხდის უფრო ორიგინალურს, პროდუქტიულს. კრეატიულობა, ანუ დიზაინის აზროვნება, არის კრეატიული მიდგომა პრობლემის გადაჭრისადმი, ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას და ასწავლის მოსწავლეს კრიტიკულად აზროვნებას.

აქ მოყვანილი მარტივი სავარჯიშოები დაეხმარება მასწავლებლებს, ასწავლონ ბავშვებს შემოქმედებითად აზროვნება. ამ სავარჯიშოების ინტეგრირება შესაძლებელია სხვადასხვა საგნის გაკვეთილებში.

დაიწყეთ შემოქმედებითი მოთელვით. მაგალითად, დაურიგეთ ბავშვებს ფურცლები ცარიელი წრეებით. სთხოვეთ, გადააქციონ ეს ფორმები ნებისმიერ მრგვალ ობიექტად: ბურთად, გლობუსად, საათად, სმაილად და ა.შ. მთავარია, მოსწავლე დავალებას რაც შეიძლება შემოქმედებითად მიუდგეს.

ჩაატარეთ ინტერვიუები დაწყვილებულ მოსწავლეებში. ამოცანის/პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, რა სურთ სხვა ადამიანებს, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად. დაწყვილებული ინტერვიუების დახმარებით მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, გაგებას. სთხოვეთ მათ დაუსვან ერთმანეთს სამი შეკითხვა, შემდეგ ჩაინიშნონ ჩანაწერები და გაუზიარონ კლასს თავიანთი დაკვირვებები.

დააორგანიზეთ ბრეინშტორმი. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაავალეთ, მოსწავლეთა მეორე ნაწილს შესთავაზონ რამდენიმე სიტუაცია მათი ცხოვრებიდან, რომლის გადაჭრაც თვითონ გაუჭირდათ. სხვა მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი იდეა უნდა დააგროვონ თანატოლების პრობლემების გადასაჭრელად. მასწავლებლის ამოცანაა, შეახსენოს მოსწავლეებს, რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. არსებობს კოლექტიური აზროვნება და ხშირად სწორედ მასში იბადება ჭეშმარიტება.

სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ გამოსავალი ბრეინშტორმის დროს შერჩეული ერთ-ერთი იდეის მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წარმოსახვის ჩართვას. შემდეგ მათ შეუძლიათ თავიანთი კრეატიულობა სხვებსაც გაუზიარონ.

ასევე, შეგიძლიათ, მოიფიქროთ სპორტის ახალი სახეობა. ბევრი ბავშვი დაკავებულია სპორტით: ფეხბურთით, კალათბურთით, ჭიდაობით, მაგრამ, მოდით, დავფიქრდეთ, ვინ იგონებს სპორტში წესებს? დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად, მოამზადეთ თითოეულისთვის გარკვეული საგნების ნაკრები და ამ საგნების ჩართულობით სთხოვეთ მოიგონონ სპორტის სრულიად ახალი სახეობა, რომელსაც თავისი წესები ექნება. ეს ძალიან სახალისო სავარჯიშოა და ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხოლმე.

ასევე, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვებს იფანტაზიორონ და წარმოიდგინონ, რომ მომავალი დრო უკვე დადგა. შემდეგ შესთავაზეთ, შექმნან კოლაჟი იმ დროში გამოცემული ჟურნალის გარეკანისა. რა იქნება მასზე ნაჩვენები? რომელი სტატიის სათაურს გაიტანენ ყდაზე? რა ერქმევა თავად ჟურნალს?

ლიტერატურის ან ისტორიის მასწავლებლებს შეუძლიათ, დააფიქრონ მოსწავლეები იმაზე, თუ რისი ჩუქება შეიძლება ამა თუ იმ პერსონაჟისთვის, რომელიმე წიგნის გმირისთვის. ამისათვის ბავშვებმა უნდა შეისწავლონ გმირი, მისი ხასიათი, სოციალური წრე და ინტერესები, გაერკვნენ თავად ნაწარმოების კონტექსტში. ამ სავარჯიშოს დროს უმჯობესია ჯგუფურად მუშაობა – თითოეულ ჯგუფს თავისი პერსონაჟი ეყოლება.

კიდევ ერთი სწრაფი სავარჯიშო: თითოეულ მოსწავლეს ეძლევა სამი წუთი, რომ დახატონ ტოსტების მომზადების ინსტრუქცია. ასეთი ინსტრუქციების შედარებისას ყველა გაკვირვებული რჩება ხოლმე, რადგან აღმოაჩენენ, რომ ტოსტების მომზადების მრავალი გზა არსებობს. ბოლოს, შეგიძლიათ მოსწავლეები ჯგუფებად დაყოთ და, მათი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, სთხოვოთ, განიხილონ იდეალური ტოსტების მომზადების სქემა.

არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია თვითშემოწმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც ახალს ვსწავლობთ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა კლასისგან უკუკავშირის მისაღებად: რა მოგეწონათ? რა უნდა შეიცვალოს? ჰკითხეთ მოსწავლეებს, რა ისწავლეს.

მეცნიერები ეძებენ კრეატიულობის განვითარების ახალ მიდგომებს და კონცეფციებს ამ უნარის გასავითარებლად. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული არის ნარატიული აზროვნების სწავლება, ანუ ისტორიების წერა. მსგავს ისტორიებს ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. იმისათვის, რომ სხვებს ვუამბოთ საკუთარ თავზე, ჩვენი ცხოვრებისეული მოვლენები თხრობად უნდა ვაქციოთ. ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ვაქცევთ ისტორიებად და ისინიც უკავშირდებიან ერთმანეთს, შემდეგ კი ჩვენს იდენტობას ქმნიან.

მაგრამ, რაც მთავარია, თხრობის საშუალებით ჩვენ შევიმეცნებთ სამყაროს. თხრობა ხელს უწყობს იმ სიტუაციების შესწავლას, რომლებიც შესაძლოა მოხდეს. როდესაც ამ სიტუაციებში აღმოვჩნდებით, მათ ეფექტურად ვუპასუხებთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ურთიერთქმედება ნარატივებთან ასე გამოიყურება:

გაცნობა. ადამიანი ბევრ ისტორიას სწავლობს – სხვადასხვა სიუჟეტით, ამ მოვლენების გაგების სხვადასხვა ხერხით და მათზე განსხვავებული რეაქციით.

თხრობის არჩევანი. ადამიანს ესმის, როგორ უნდა აღწეროს ყველაზე ზუსტად ის, რაც მას ემართება – ანუ, ის ირჩევს სხვადასხვა ნარატივიდან იმას, რაც ყველაზე მეტად შეეფერება მის მდგომარეობას.

თხრობის გაცოცხლება. ადამიანი მოქმედებს ისე, როგორც ამბის შესაბამისი ვერსია გვთავაზობს.

ანგუს ფლეტჩერი და მაიკ ბენვენისტე, ამერიკელი ექსპერტები ნეირომეცნიერებისა და თხრობის დარგში, გვთავაზობენ ისტორიების შედგენას და ამით კრეატიულობის განვითარებას. მათ მიერ შემოთავაზებული ტექნიკა ასახავს იმ თემებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მსოფლიო ლიტერატურაში.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...