კვირა, მაისი 3, 2026
3 მაისი, კვირა, 2026

შეფასების პარადოქსი -„მე მინდა 10 ქულა. იმიტომ რომ, ვიმსახურებ, რადგან ძალიან ბევრს ვმეცადინეობ.“

0

მოსწავლე, რომელმაც ეს წინადადება დაწერა სტიკერზე მხოლოდ და მხოლოდ იმით განსხვავდებოდა თანაკლასელებისგან, რომ ნელა საუბრობდა და ფრთხილად მოძრაობდა შესვენებაზე სკოლის დერეფანში, კედელთან ახლოს. მკლავიც მომზადებული ჰქონდა ვინმესთან მოსალოდნელი დაჯახების ასაცილებლად. უფრო ინტერესით დაკვირვებული მასწავლებელი შენიშნავდა მის დაყოვნებულ პასუხებსაც კლასში ყველასთვის გახმოვანებულ კითხვებზე. კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და პროფესიონალური ალღოთი შემფასებელი პედაგოგი მალე დაასკვნიდა, რომ მისი პასიურობა და მოკლე ფრაზებით მეტყველება სულაც არ იყო განპირობებული სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, პირიქით, მისი მისწრაფება, დაუფლებოდა მეტ ცოდნას, საკუთარ თავში აღმოეჩინა და გაეძლიერებინა ყველა საგნის სწავლის უნარი ბევრად თვალსაჩინო იყო, ვიდრე სხვა რომელიმე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეული მოსწავლის ქცევა.

ასე იყო თუ ისე – ზემოთ დახასიათებული მოსწავლისადმი სიბრალულს გამოხატავდნენ, ხოლო მასთან ნიშნებით გატოლებული მისსავე მეგობრის მიმართ „პედაგოგიურ უწყინარ მრისხანებას.“ ერთს თუ შეაქებდნენ, მეორე – საყვედურობდნენ; ერთს თუ მოეფერებოდნენ, მეორეს ბრძანებას აძლევდნენ. იმიტომ რომ, ზოგიერთის შეხედულებით, ერთს არ შეეძლო სწავლა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხოლო მეორე „ჩლუნგი“ გახლდათ და, ამავე ზოგიერთის აზრით, საერთოდაც ვერასდროს, ვერაფერს ისწავლიდა. „იმ მეორემ“, კი სტიკერზე დაწერა:

„მე მინდა 10 ქულა, იმიტომ რომ დედაჩემი სულ მუშაობს და გავახარებ.“

საოცარი სულაც არ არის, რომ მათ – ამ ორს – მეგობრობა გამოუვიდათ, ერთმანეთზე მზრუნველი და დამცველნი გახდნენ. საუბრობდნენ, იცინოდნენ, თამაშობდნენ ერთად სკოლაში თუ მის გარეთ.

-მაინც რა არის შეფასება და რა როლი აქვს მოსწავლის განვითარებისთვის?!  შეფასებაა ურთიერთობის ბიძგი? რის მიხედვით ირჩევენ კლასში მეგობრებს? რა იმალება ნიშნის მიღმა?

ფართოდ საანალიზო თემაა. თუმცა სხარტად მოფიქრებული – ჯაჭვის რგოლებივით გადაბმული – პასუხებიც მოიძებნება. შეფასება არის ნიშნით გამოხატული საგნობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევა. ცოდნა და უნარ-ჩვევა მზარდია წლიდან წლამდე, რაც ნიშნავს განვითარებას, განვითარების უწყვეტობა ბიძგს აძლევს თანაკლასელებს შორის ურთიერთობას, ურთიერთობას ამყარებს თანაბრად აღიარებული შესაძლებლობისა და საერთო ინტერესების ქონა. საერთო ინტერესები იმალება ნიშნის მიღმა. რაც ნიშნავს, რომ ინტერესები არ ფასდება!

ინკლუზიური განათლების პროგრამის ხიბლიც ესაა:

  1. ავლენს მოსწავლის ინტერესებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სულაც არ შეესაბამება ის სასწავლო საგნობრივ მიზნებს, „სხვა“ რომ აღწევს.
  2. მოსწავლის აღიარება ხდება იმის მიხედვით, რაც ყველაზე კარგად გამოსდის თავად მას,  არა „სხვასთან“ შედარებით.
  3. მოსწავლის შეფასება პროპორციულია მისი შრომის რაოდენობასთან და პოტენციალის მაქსიმუმთან, არა „სხვის“ აკადემიურ მოსწრებასთან.
  4. მოსწავლის დავალების შესრულების ხარისხი მოწმდება მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არა „სხვისი“ უკეთესი დავალების გათვალისწინებით.
  5. მოსწავლის აქტიურობის მაჩვენებელი დამოკიდებულია მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობაზე, არა „სხვა“მოსწავლეებისმიერ ინიციატივის გამოვლენის სიხშირეზე.
  6. მოსწავლის ინდივიდუალური მისაღწევი შედეგი სრულად დაძლეულია, რაც მისი „სხვასთან“ გათანაბრების ტოლფასია და ნიშნავს, რომ იმსახურებს 10 ქულას.

…იმიტომ რომ მან იშრომა, იწვალა, იმეცადინა და ვეღარ ითამაშა!

და

-ის მისი მეგობარიო? -გაჩნდებოდა კითხვა.

-ისიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეა (სსსმ), რადგან მისი ოჯახური პირობები არაა სწავლის წამახალისებელი და ხელშემწყობი; არა აქვს საკმარისი გამოცდილება. სამაგიეროდ, მისგან დაჟინებით მოითხოვენ იმას, რაშიც დახმარება სჭირდება და დამოუკიდებლად ვერ დაძლევს, თუმცა არავის „სცალია“… მისთვის დედის ბედნიერი ღიმილი უფრო სასიცოცხლოა, ვიდრე ცოდნის ფლობა. მანაც იშრომა, იწვალა და ვეღარ ითამაშა; მაგრამ ვეღარც იმეცადინა, იმიტომ რომ დედას ეხმარებოდა.

-რატომ აირჩიეს ერთმანეთიო? – ლოგიკური კითხვაა.

-იმიტომ რომ, მასწავლებლების მხრიდან მათი შეფასებით გამოხატული აღიარების დონე აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს და შესამჩნევად დაბალია. ესაა მიზეზი, რის გამოც, მათ ერთმანეთი აღიარეს და მიიღეს ისეთი ბუნებრივი, როგორიც არიან და არც უცდიათ სხვასთან დამეგობრება, მით უმეტეს, არც მათგან გამოვლენილა სურვილი.

სტატიის კონცეპტიც ესაა:

-დამაკვირდი, გამოიცანი ჩემი ინტერესები, მაღიარე და ისე შემაფასე, რომ დაღი არ დამასვა, რადგან მე მეგობარი უფრო მჭირდება!

გამორჩეული მოსწავლე

0

სკოლა საზოგადოების მიკრომოდელია და მასში ყველა აქტუალური პრობლემა სარკესავით ირეკლება. საკლასო სივრცეში მასწავლებელს ბევრ რამეზე უწევს დაფიქრება, არჩევანის გაკეთებამდე სხვადასხვა გზის მოსინჯვა. ზოგჯერ განსაკუთრებით რთულია რაიმე ნიჭით გამორჩეულ ბავშვებთან ურთიერთობა. განსხვავებული ადამიანების მიმართ ხომ საზოგადოებასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ასეა სკოლაშიც. მთავარია, სწორედ სასკოლო სივრცეში შეიგრძნოს მოსწავლემ სამყაროს უზოგადესი კანონი: მრავალფეროვნების აუცილებლობა სიცოცხლისთვის.

ყველა ადამიანი უნიკალურია, მაგრამ ხანდახან გამოირჩევიან ხოლმე სხვებისგან მკვეთრად განსხვავებული მოსწავლეები. ესენი შეიძლება იყვნენ ე.წ. ვუნდერკინდები ან განსაკუთრებული ინტერესების მქონე ბავშვები, რომლებსაც  მასწავლებლის მხრივ სათანადო მოპყრობა და ყურადღება სჭირდებათ. რა თქმა უნდა,  ყველა პედაგოგი ცდილობს დავალების იმგვარად შერჩევას, საკითხთა ისე დიფერენცირებას, რომ ყველა მოსწავლემ თავისი უნარების შესაბამისად მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ თუ სპონტანურ აქტივობებში. ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ქართულისა თუ სხვა საგნის  მასწავლებლებს არაერთი შემთხვევა გაახსენდებათ, როდესაც მოსწავლე, რომელსაც განსაკუთრებით აინტერესებს მეცნიერების რომელიმე დარგი, ბევრს კითხულობს ამ სფეროში, გამოირჩევა ნიჭით, – მოულოდნელ უხერხულ კითხვას უსვამს პედაგოგს, რომელიც პასუხისთვის შესაძლოა არ აღმოჩნდეს მზად.

მოსწავლის ასეთი კითხვა შესაძლოა სულაც არ იყოს საგანგებოდ თავმოსაწონებლად ან მასწავლებლის „ჩასაჭრელად“ გამიზნული – კონკრეტულ თემაზე ფიქრისას ბუნებრივად დაებადოს ბავშვს და მასწავლებელსაც ასევე ბუნებრივად დაუსვას, არა მაინცდამაინც სწორი პასუხის მოლოდინით, არამედ განსჯისა და  კრიტიკული ანალიზისთვის, რაც ესოდენ დამახასიათებელია ამ ტიპის მოსწავლეებისთვის.

როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მასწავლებელი?

რეაქცია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. თუ საკითხის შესახებ პედაგოგს სათანადო ცოდნა არ გააჩნია, უმჯობესია, გულწრფელად  აღიაროს, რომ ახლა ამაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია და აჯობებს, ამ თემაზე სხვა დროს ისაუბრონ. ამასობაში მასწავლებელი უფრო ჩაუღრმავდება საკითხს – ინტერნეტი ხომ ნებისმიერ თემაზე ინფორმაციის სწრაფად მოპოვებას აადვილებს. ასეთი პასუხი დამაჯერებელი იქნება და პედაგოგი მოსწავლეთა ნდობასაც მოიპოვებს.

ხანდახან მასწავლებლის რეაქცია უხეშია, რათა მოსწავლის მოულოდნელი და ზოგჯერ საგაკვეთილო თემისგან დაშორებული კითხვა აგრესიით გაანეიტრალოს. ამან შესაძლოა კლასში დაძაბულობა შექმნას და ვითარება გაამწვაოს, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უნდობლობა წარმოშვას.

არაერთი ფსიქოლოგიური გამოკვლევა თუ დაკვირვება ადასტურებს, რომ ნიჭიერი ბავშვები სხვებისგან განსხვავებულად იქცევიან, უფრო ლაღები და თავისუფლები არიან,  არ უჭირთ სწავლა, კრიტიკულად აზროვნებენ, არ აკლიათ თავდაჯერება, ხშირად პრობლემების გადაჭრის ორიგინალურ გზას მიმართავენ, სწრაფად ადაპტირდებიან ახალ გარემოში, პიროვნულადაც განვითარებულები არიან (თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ნიჭიერი ბავშვი, პირიქით, ასოციალურია, ჩაკეტილი, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა). ისინი, რა თქმა უნდა, სწავლაში უსწრებენ თანატოლებს, ამიტომ მასწავლებელსაც უმატებენ თავსატეხს. კარგი პედაგოგი ცდილობს, მათთან საურთიერთობოდ საუკეთესო გზა გამონახოს, რათა კი არ შეაფერხოს, არამედ ხელი შეუწყოს ასეთი მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. თუ პედაგოგი შეეცდება, თვალი აარიდოს ამ გამორჩეულობას, შესაძლოა, მასაც და მოსწავლესაც გაუჭირდეთ ერთ სივრცეში თანაარსებობა და გაკვეთილი მუდმივი კონფლიქტის წყაროდ იქცეს.

არსებობს სტერეოტიპი, შეიძლება ითქვას, მითიც, რომ ნიჭიერი ბავშვი ძნელი აღსაზრდელია, ამიტომ ასეთ მოსწავლეს პედაგოგი უფრთხის,  მშობელი საგონებელშია ჩავარდნილი, თანატოლებიც  ათვალწუნებით უყურებენ. ჩვეულებრივ მოსწავლეებთან პრობლემა თუ გაჩნდა, მასწავლებელი, ფსიქოლოგი და მშობლები ეძებენ მისი გადაჭრის გზებს, მაგრამ თუ ბავშვი ნიჭიერია, მაშინ, უმრავლეს შემთხვევაში, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე, თითქოს თავს იმართლებენ, მაინც ვერაფერს გავაწყობთო. ეს კი გულგრილობის, პრობლემის მიჩუმათების, სირაქლემას პოზაში ჩადგომის ტოლფასია. ნიჭიერი ბავშვის შემთხვევაშიც საჭიროა ანალიზი, განსაკუთრებული მიდგომა, შესაბამისი დავალებების მიცემა და  მისთვის სასურველი აქტივობების შერჩევა, რათა კლასისგან გამოცალკევებულად არ იგრძნოს თავი. პედაგოგმა მასაც ისევე უნდა მისცეს საკუთარი ნიჭის გამოვლენის, თავის გამოჩენის შესაძლებლობა, როგორც სხვებს, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არ გაჩნდეს უთანასწორობის, სხვებზე აღმატებულობის განცდა.

ყველა მოსწავლე იმით უნდა ფასდებოდეს, რასაც აღწევს თავისი უნარების შესაბამისად. შეჯიბრების განცდა სწავლისას არაჯანსაღ გარემოს ქმნის, ვითარებას ძაბავს, ამიტომ პედაგოგმა გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს სრულფასოვნების განცდა და საკუთარი „როლითაც“ კმაყოფილი იყოს.  პრობლემები, რომლებიც გამორჩეულ მოსწავლეებთან იჩენს თავს, სხვადასხვაგვარია და მათი მოგვარება შესაძლოა მოითხოვდეს, უპირველესად, მოსწავლის სოციალიზაციას, თანატოლთა კოლექტივში ჩართვას, სასწავლო პროგრამების კორექტირებას, შეფასებათა განსხვავებული კრიტერიუმების შემუშავებას და სხვ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრობლემათა სპექტრი იცვლება. შესაბამისად, მოგვარების გზებიც ხელახლაა საძიებელი, რისთვისაც შემოქმედებითი მიდგომა დაგვჭირდება.

ნიჭერი ბავშვები ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალია. დღეს ბევრი ჩივის, რომ ნიჭიერი ადამიანები სხვა ქვეყნებში მიდიან თავიანთი ადგილის საპოვნელად და აღარ ბრუნდებიან. თანამედროვე ცივილიზებულ, ტექნოლოგიურ-ციფრულ სამყაროში ქვეყანა განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდეს ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც გამორჩეული უნარები აქვთ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევაცაა, შეიმუშაოს განსაკუთრებული სტრატეგიები ასეთი მოსწავლეებისთვის.

ისეც ხდება, რომ ნიჭიერ მოსწავლეს ერთი საგანი აინტერესებს და სხვების მიმართ გულგრილია. ამ შემთხვევაში საჭიროა პედაგოგთა ერთგვარი კონსილიუმი, ერთობლივი მსჯელობა და პრობლემის ისე გადაწყვეტა. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართვა სასწავლო პროცესში. მასთან კონსულტაციებით პედაგოგი უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ნიჭიერ ბავშვთან, რათა არ გაუჩინოს გაუცხოების, გარიყულობის განცდა. სპეციალურ და მხატვრულ ლიტერატურაში ამ თემასთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო მაგალითს ვხვდებით. ამჯერად ერთს მოვიხმობ, რომელიც თვალსაჩინოდ გამოკვეთს, რა შეიძლება „შეეშალოს“ მასწავლებელს ნიჭიერ, არაორდინარულად მოაზროვნე ბავშვთან ურთიერთობისას, როგორი თავშეკავება, სიმშვიდე და გულისხმიერებაა საჭირო იმისთვის, რომ  მცირე „უთანხმოება“ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ჯემალ ქარჩხაძის რომან „ქარავანში“ ერთი ეპიზოდია, რომელშიც კარგად წარმოჩნდება ნიჭიერი მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის ასპექტები. მართალია, ამ ეპიზოდში ქართულის გაკვეთილზე მომხდარი შემთხვევაა აღწერილი, მაგრამ იგივე თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო ისტორიის, ფიზიკის, ქიმიისა თუ მათემატიკის გაკვეთილებზეც:

„იმ დღეს გაკვეთილად აკაკი წერეთლის ბიოგრაფია ჰქონდათ. მასწავლებელმა, მსუქანმა, ასთმიანმა ქალმა, რომელმაც ხვნეშითა და სვენებ-სვენებით ლაპარაკი იცოდა, შეკითხვა დასვა:

– აბა, როდის დაიბადა აკაკი წერეთელი? – და თავისდა ჭირად მირიანი გამოიძახა.

– შენ მიპასუხე, როდის დაიბადა აკაკი წერეთელი?

მირიანი წამოდგა და მიუგო:

– არ ვიცი.

– არ გიყვარს ხომ აკაკი წერეთელი? აბა, ვინ იტყვის? შენ თქვი, – სხვას მიუბრუნდა ახლა. იმ სხვამ თქვა. მასწავლებელმა ნიშნის მოგებით შეხედა მირიანს და უთხრა:

– უნდა იცოდე, დაჯექი.

მირიანმა მხრები აიჩეჩა.

– რა საჭიროა… – თქვა და დაჯდა. მასწავლებელმა ქშენა დაიწყო.

– ადექი!

მირიანი ადგა.

– აბა, რა არის საჭირო, შენი აზრით? გაკვეთილის სწავლა არაა ხომ საჭირო?!

– აკაკი წერეთელი 1840 წელს დაიბადებოდა თუ 1841-ში, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რატომ დაწერა „მზემან სხივი მომაფინა“ და არა, ვთქვათ, „მზემან შუქი მომაფინა“. ესაა საინტერესო და ამას უნდა ვსწავლობდეთ.

მასწავლებელმა ფეხები განგან გადგა, დოინჯი შემოიყარა და მირიანს გაკვირვებით მიაჩერდა. ბოლოს ამოიხვნეშა.

– შენ ასწავლი, ბიჭო, განათლების სამინისტროს, რა გასწავლოს და რა არა?!

განათლების სამინისტრო ისეთი კოზირი იყო, რომელიც არ იჭრება. მაგრამ მირიანმა მხრები აიჩეჩა და ეს გაუჭრელი კოზირიც გაუჭრა.

– თუკი საჭირო იქნება, რატომაც არ ვასწავლი…

ეს მკრეხელობა იყო და მასწავლებელმა დაიქუხა:

– დაჯექი მანდ!

ამ სიტყვებზე თვითონაც დაჯდა და დიდხანს იქშინა, რადგან მის თვალში განათლების სამინისტროს ლაქა მოეცხო“.

ამ იუმორით შეზავებულ, ცოტა კარიკატურულად დახატულ პასაჟში კარგად წარმოჩნდება „ურჩი“  მოსწავლისა და „მკაცრი“ მასწავლებლის დაძაბული ურთიერთობა.  რა ქმნის ასეთ სიტუაციას? მხოლოდ ის, რომ პედაგოგს არ სურს მოსწავლის აზრის გათვალისწინება, მიუღებლად მიაჩნია მისი განსხვავებული დამოკიდებულება საკითხის მიმართ. მოსწავლე კი ნაკითხია, მოაზროვნე, უყვარს ლიტერატურა, ცდილობს, განსხვავებული კუთხით შეხედოს მოვლენებს. მასწავლებელი ამას პირად შეურაცხყოფად მიიჩნევს, ღელავს, ბრაზობს მოსწავლეზე და მის გაჩუმებას, დამცირებას ცდილობს, რითაც თავს გამოუვალ მდგომარეობაში იგდებს, რადგან ჯიუტ, თავის თავში დარწმუნებულ მოსწავლეს ვერაფერს უხერხებს.

ამავე რომანში ჯემალ ქარჩხაძე მირიანთან სხვა მასწავლებლის ურთიერთობასაც აღწერს, რომელიც მშვიდობიანი და თანამშრომლობითია: „ერთადერთი, ვინც მირიანთან კამათს არ გაურბოდა, ისტორიის მასწავლებელი იყო. არათუ არ გაურბოდა, ხანდახან ისე ჩაეფლობოდა ხოლმე, რომ მთელი კლასის სასიხარულოდ ძველის გამოკითხვაც ავიწყდებოდა და ახლის ახსნაც. მაგრამ წლის ბოლოს იგი სადღაც გადაიყვანეს და მისმა შემცვლელმა მკაცრად და უხეშად უთხრა მირიანს: რასაც გასწავლიან, ის ისწავლე, დანარჩენ ისტორიას უშენოდაც მოევლებაო“.

საინტერესო იქნებოდა, თვითონ პედაგოგებსაც განეხილათ ეს ეპიზოდი და ემსჯელათ, როგორ მოიქცეოდნენ ამ შემთხვევაში ან რას ურჩევდნენ მასწავლებელს, რომელმაც ნიჭიერი მოსწავლე კი არ შეაქო განსხვავებული თვალსაზრისისთვის, არამედ გაკიცხა და მთელი კლასი სადუელო დრამის მონაწილედ აქცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად არც ისე გამორჩეული ნიჭის, მაგრამ შემოქმედებითად მოაზროვნე მოსწავლეებსაც უყვართ მასწავლებლისთვის უცნაური კითხვების დასმა. საგაკვეთილო პროცესს სწორედ ასეთი კითხვები აცოცხლებს. ამიტომ მასწავლებელმა კი არ უნდა ჩაახშოს თავისუფლებისკენ სწრაფვის ეს მცდელობა, არამედ, პირიქით, წაახალისოს. სწორედ იმგვარი „რევოლუციების“ მომხრე უნდა იყოს მასწავლებელი, როგორსაც ილია აღწერს „მგზავრის წერილებში“: „ჩემს ტვინში სრული რევოლუცია მოხდა: ძირს მილაგებულნი ფიქრები მაღლა მოექცნენ, მაღლა დალაგებულნი – ძირსა და მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამ „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ“.

კარგ მასწავლებელს არ გამორჩება ნიჭიერი და განსხვავებული მოსწავლის ფიქრთა ეს „დუღილი“ და ამ რევოლუციურ ენერგიას იმისთვის გამოიყენებს, რომ სხვა მოსწავლეებსაც დაეხმაროს, რათა მათ ნაცნობ და გატკეპნილ გზებზე ცოდნისკენ მიმავალი უცხო ბილიკები აღმოაჩინონ.

 

 

ციფრული ტექნოლოგიების სარგებელი და ზიანი – როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში

0

ციფრული ტექნოლოგიების სარგებელი და ზიანითანამედროვე ციფრულ ეპოქაში ადამიანებს შორის ცოცხალი კონტაქტი ფუფუნებაა“, – ამ საინტერესო მოსაზრებით განვაგრძობთ ამერიკელი ავტორის შიმი კანგის ნააზრევის გაცნობას. შიმი კანგი არის ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი, ექსპერტი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სფეროში, ბესტსელერების ავტორი, მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯილდო. ქალბატონი კინგი ძალიან ამაყობს თავისი ემიგრანტული ფესვებით და ოჯახით. გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი წიგნიდან „როგორ აღვზარდოთ ჯანსაღი უნარ-ჩვევები გაჯეტებისა და სოციალური ქსელების სამყაროში“.

 

ცნობილია, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა ისევე გვჭირდება, როგორც საკვები და თავშესაფარი. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კი ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ინტერნეტიდან გამოუსვლელად ძალიან ადვილი, ხელმისაწვდომი და კომფორტულია. ეს კომფორტი კი სულაც არ საჭიროებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. თანამედროვე სამყარო, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, იმ იდეით ხელმძღვანელობს, რომ ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ განმარტოებულ, დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომელშიც მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილია. კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სახლიდან გაუსვლელად, მარტივად შეუძლიათ.

ამ ყველაფერს იმისთვის ვამბობ, – განმარტავს ამერიკელი ფსიქიატრი, – რომ აგიხსნათ, როგორ შეცვალა ციფრულმა ტექნილოგიებმა სოციუმთან ჩვენი შვილების ურთიერთობა.

ერთხელ, – იხსენებს შიმი კანგი, – შეწუხებულმა მშობლებმა კონსულტაციაზე მომიყვანეს მოზარდი ბიჭუნა, სახელად ანდრეა. მშობლებს ეშინოდათ, რომ მათი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ცოცხალი ურთიერთობებისგან მისი პრაქტიკულად სრული იზოლაცია. ბიჭმა კი პირველივე შეხვედრაზე გამომიცხადა: „წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მომიყვანეს თქვენთან მშობლებმა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს მარტო ყოფნა, ღამით გვიან დაძინება, ინტერნეტის საშუალებით ხალხთან საუბარი და თამაშები. ცხოვრებაში მეტი არავინ მჭირდება და საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ეს სავსებით ნორმალურია“.

ამ მაგალითიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: მაინც ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი მსგავს სიტუაციებში? სიმართლე ის არის, რომ ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ შორის – სოციალური კონტაქტების მოთხოვნილებითაც. ჩემი ერთი შვილი მშვიდი, ჩუმი, გაწონასწორებული და, შეიძლება ითქვას, საკუთრ თავში ჩაკეტილი მოზარდია. სამაგიეროდ, მეორე ხმამაღლა, ემოციურად მოსაუბრეა. უყვარს ამბების თხრობა, ეკითხვების დასმა, ყურადღების ცენტრში ყოფნა. აი, ასეთი მრავალფეროვნებაა ჩვენს ოჯახში.

დავუბრუნდეთ ანდრეას და ვიკითხვოთ: იქნებ ის მართლა კომფორტულად გრძნობს თავს მარტო? შეუძლია თუ არა ადამიანს, გაძლოს სიყვარულისა და სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდის გარეშე?

ვფიქრობ, – განმარტავს ამერიკელი ფსიქიატრი, – ანდრეამ მართლაც ისწავლა საჭირო დროს თავის დამოუკიდებლად დამშვიდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მისი თავის ტვინის ემოციური კონტური ძალიან ზარალდებოდა, რადგან მას სჭირდებოდა ურთიერთობა, სოციალური კავშირები. ადამიანი სოციალური არსებაა, ეს დიდი ხანია ცნობილია, ამიტომ სოციალიზაციაზე უარის თქმამ შესაძლოა ძალიან უსიამოვნო შედეგი მოიტანოს.

ამერიკელი ფსიქოლოგი ჰარი ჰარლოუ (1906-1984 წ.წ.) ექსპერიმენტებს ატარებდა მაიმუნებზე. მისი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ იმ მაიმუნებს, რომლებიც ჩვილობაში მოაშორეს დედებს, თავიანთ სოციუმს და მთელი წლის განმავლობაში ამყოფეს იზოლაციაში, სერიოზული სოციალური დეფიციტი განუვითარდათ. ისინი გალიის კუთხეებში იმალებოდნენ, მონოტონურ მოძრაობებს აკეთებდნენ და თავს იზიანებდნენ. როდესაც ამგვარად გაზრდილი მაიმუნების სხვა მაიმუნებთან შესახლება სცადეს, აღმოჩნდა, რომ მათ ვერც თამაში მოახერხეს და ვერც სხვა ტიპის ურთიერთობა დაამყარეს დანარჩენენ პრიმატებთან. იზოლაციაგამოვლილი მაიმუნები მშიშრები, იმპულსურები, აგრესიულები გახდნენ. მათ სექსუალური ლტოლვაც კი ვერ განუვითარდათ სათანადოდ. ჰარი ჰარლოუს შეფასებით, ექსპერიმენტში მონაწილე მაკაკა-რეზუსები „სოციალურად განადგურებულები“ აღმოჩნდნენ. მათ ვერ ჩამოუყალიბდათ ურთიერთობების დამყარების სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარები.

გასაგები მიზეზების გამო ადამიანებზე ასეთი ექსპერიმენტები არ ტარდება, მაგრამ ისტორიაში იყო ფაქტები, რომლებიც პრაქტიკულად ადასტურებდა ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტის შედეგებს. გასული საუკუნის 90-იან წლებში გაღატაკებულ რუმინეთში გადაარჩინეს ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს – იმ დროს კომუნისტურ რუმინეთში აბორტი აჯრძალული იყო და არასასურველ ჩვილებს დედები ბავშვთა სახლებში აბარებდნენ. პატარები ძირითადად საწოლში იწვნენ და დღის განმავლობაში ადამიანები მათთან მხოლოდ 5-6 წუთის განმავლობაში ურთიერთობდნენ. ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვებს სერიოზული სოციალური, კოგნიტიური და ქცევითი პრობლემები აღმოაჩნდათ.

ემოციების კონტროლი ერთ-ერთ დაუძლეველი პრობლემაა ბავშვთა სახლში გაზრდილი მოზარდებისთვის. ამას ემატება დაბალი თვითშეფასება, ტიკები, ასოციალური/კრიმინალური ქცევა, თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება. ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა და სხვა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადრეულ სოციალურ დეპრივაციას შეუძლია, შეცვალოს ადამიანის თავის ტვინის ფუნქციობა. უფრო მეტიც: ზოგ შემთხვევაში სოციალური უგულებელყოფის შედეგების სრულყოფილი აღმოფხვრა შეუძლებელიც კია.

მე ხშირად ვფიქრობ იმაზე, – დასძენს შიმი კანგი, – რა ხდება ჩვილების თავის ტვინში მაშინ, როდესაც მათ დედები ცალი ხელით კვებავენ, მეორით კი ტელეფონი უჭირავთ. ვფიქრობ პატარების ფსიქიკაზე იმ მომენტში, როდესაც ისინი ცდილობენ ეთამაშონ მამიკოს, რომელიც თავის პერსონალურ კომპიუტერშია ჩამძვრალი. ვფიქრობ მოზარდებზე, რომლებიც უკვე თავად არიან იმდენად შეპყრობილები, რომ ინტერნეტსივრციდან თითქმის არ გამოდიან. ვფიქრობ იმაზე, რომ უახლოესი ადამიანები ხელიდან უშვებენ ცოცხალი ურთიერთობის შესაძლებლობას და დროთა განმავლობაში სრულიად უუცხოვდებიან ერთმანეთს.

ძვირფასო მშობლებო! მე ვცდილობ აგიხსნათ, რომ თქვენს შვილებს სრულებითაც არ სჭირდებათ 400-500 ინტერნეტმეგობარი. არ არის აუცილებელი, შვილებს თავად დაუგეგმოთ თანატოლებთან შეხვედრები, საფეხბურთო მატჩი ან რომელიმე სხვა გამოგონილი გასართობი. თქვენს შვილებს ერთი-ორი ახლო მეგობარი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის განცდა სჭირდებათ, – ამბობს ამერიკელი ავტორი. შიმი კანგს მიაჩნია, რომ ურთიერთობებში მთავარი ხარისხია. ამ მოსაზრებას ის ამყარებს 2010 წელს მონრეალის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის დასკვნით, რომლის თანახმად, ერთი მეგობარიც საკმარისია, რათა საკუთარ თავში ჩაკეტილმა, შფოთვის მაღალი დონის მქონე ბავშვებმა დეპრესიას თავი დააღწიონ.

მორცხვ ბავშვებსა და მოზარდებს უფრო მეტად უჭირთ გარემოში ადაპტირება. კვლევის ავტორთა მტკიცებით, მათი მშობლები მეგობრობას სერიოზულად უნდა მოეკიდონ. აი, ციტატა კვლევიდან: „ბავშვებს ხომ ყველა ქვეყანაში ასწავლიან წერა-კითხვასა და ანგარიშს. ზუსტად ასევე უნდა ისწავლებოდეს ურთიერთობების დამყარება და წარმართვა“. მშობლები კი შვილების სასწავლო წარმატებას უფრო აქცევენ ყურადღებას (ვაღიარებ, მეც ასე ვიქცევი). მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე ორიენტირება სიკეთეს არ მოუტანს მოზარდს. ყველა მშობლის/აღმზრდელის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, დაეხმაროს ბავშვს სერიოზული, მნიშვნელოვანი, პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში. ბავშვობაში დახმარება შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვით. შემდეგ დადგება მოენტი, როდესაც უფროსებმა ნაბიჯი უკან უნდა გადადგან და მოზარდებს საშუალება მისცენ, თავად წარმართონ თავიანთი სოციალური ცხოვრება.

აქვე მინდა დავძინო, რომ ეს სულაც არ გულისხმობს სრულ უმოქმედობას. მშობლებს შეუძლიათ, ესაუბრონ შვილებს საკუთარ გამოცდილებაზე. ბავშვებს ყოველთვის აინტერესებთ მშობლების შეხედულებები მსგავს საკითხებზე.

გართობაც ურთიერთობის ფორმაა, მაგრამ ის ვერ ცვლის ცოცხალ, ჯანსაღ ურთიერთობებს. კომენტარები, რომლებსაც მოზარდი ტოვებს სოციალურ ქსელში ვიღაცის პოსტის ქვეშ, ვერ ცვლის ურთიერთობას რეალურ სამყაროში.

რას (არ) ვასწავლით სკოლაში

0

შენ ალბათ ამოცანის შინაარსი არ მოგწონს, არა? – ეკითხება ჯერი დარელს მისი ძმის მეგობარი და მასწავლებელი ჯორჯი მათემატიკის გაკვეთილზე და ცდილობს, მარტივი არითმეტიკა არა მშენებლების, არამედ მუხლუხოების მაგალითზე ასწავლოს, იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭი ცხოველებით და მწერებით არის გატაცებული.

 

გეოგრაფიაში საქმე უკეთ მიდიოდა, რადგან ჯორჯმა ამ საგანს ზოოლოგიაც დაუკავშირა. ვხატავდით უზარმაზარ, მთაგრეხილებით დახაზულ რუკებს და შემდეგ სხვადასხვა ადგილს იქ გავრცელებული ცხოველებით და მცენარეებით ვავსებდით. ამგვარად გამოდიოდა, რომ ცეილონში უმთავრესად ტაპირები ბინადრობდნენ და ჩაი ხარობდა, ინდოეთში – ვეფხვები და ბრინჯი, ავსტრალიაში – კენგურუ და ცხვარი, ხოლო ოკეანეში ზღვის ცისფერ დინებებს თან მოჰქონდა არა მხოლოდ გრიგალი, პასატები, დარი და ავდარი, არამედ ვეშაპები, ალბატროსები, პინგვინები და ლომვეშაპები. ჩვენი რუკები ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშები იყო“, – ჰყვება ჯერი დარელი და ხსნის, რა აქცევდა ათი წლის ბიჭის და მისი ახალგაზრდა მასწავლებლის მიერ დახატულ რუკებს ხელოვნების ნიმუშებად.

 

ამ რუკებზე სიცოცხლე იყო, მათზე შეიძლებოდა რამე გესწავლა, ჩაფიქრებულიყავი და კიდევ რაღაც დაგემატებინა. ერთი სიტყვით, ეს რუკები ნამდვილად რაღაცას ნიშნავდა“, – იხსენებს ბიჭი და გადადის ისტორიის გაკვეთილების აღწერაზე, სადაც ასევე უხვად არიან ცხოველები, სხვადასხვა დროისa და ადგილის ფლორა და ფაუნა, ბუნებრივი თავისებურებები.

 

სრულიადაც არ მაწუხებდა, რამ უბიძგა ჰანიბალს ასეთი მამაცობისკენ, ან რას აპირებდა მთების გადავლის შემდეგ. ამ, ჩემი აზრით, საკმაოდ ცუდად მოწობილ ექსპედიციაში მე მხოლოდ სპილოების სახელები მაინტერესებდა. გავიგე ისიც, რო ჰანიბალმა სპილოების მომვლელ კაცს არა მხოლოდ მათი კვება დაავალა, ცივ ამინდში მათი ცხელი წყლით უზრუნველყოფაც უბრძანა“, – ესეც ისტორიის სწავლების მაგალითი.

 

მიხვდებოდით, რომ ჯერი დარელი ცნობილი საბავშვო წიგნის ავტორი და ამავე წიგნის გმირია. წიგნს, რომელსაც „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ ჰქვია, ჩემს შვილებს ვუკითხავ და არც კი ვიცი, მერამდენედ ვარ აღფრთოვანებული მისით. პირველად რომ წავიკითხე, მეც ჩემი გოგოების ასაკის ვიქნებოდი და მახსოვს, ყველაზე მეტად იმ ადგილმა მომნუსხა, სადაც ჯერის ოჯახი საშიშად მიიჩნევს კუნძულ კორფუს ეკლესიაში სიწმინდეების მთხვევას ინფექციების გავრცელებისა და გადადების საფრთხის გამო. იმ დროს პანდემია ჯერ კიდევ შორს იყო და ჩემ გარშემო არავინ აყენებდა ეჭვქვეშ ამ წმინდა რიტუალის უსაფრთხოებას. კარგი წიგნი ალბათ ისაა, სადაც ყოველ ჯერზე ახალ ხელმოსაჭიდს იპოვი და ამჯერად ეს ჯერის „ჰოუმსქულინგი“ აღმოჩნდა. ჯერი ჰყვება, როგორ გადაინაცვლა გაკვეთილებმა ზეთისხილის ბაღებში და ზღვის სანაპიროზე იმის გამო, რომ ბიჭს სახლში სულ ჩიტებზე, ჭრიჭინებსა და მწერებზე ეფიქრებოდა. ჩემმა შვილებმა თქვეს, რომ ისინიც სიამოვნებით დაესწრებოდნენ ასეთ გაკვეთილებს და ყველაფერს, სულ ყველაფერს ისწავლიდნენ ასეთი მასწავლებლის ხელში. მერე ჩიოდნენ, რომ სკოლაში ერთ ოთახში დიდხანს ჯდომა რთულია, გარე აქტივობა ცოტა აქვთ, საერთოდ, ქალაქებში ბავშვების ცხოვრება უფრო მოსაწყენია, ვიდრე, მაგალითად, კუნძულ კორფუზე ან რომელიმე ტყისპირა დასახლებაში, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მდინარეში ბანაობა, სანაპიროზე სეირნობა, ცხენით ჯირითი, კენკრის კრეფა და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ყველაზე მეტი დრო ბუნებისმეტყველებისთვის უნდა დაგვეთმო და ჯორჯიც კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ მასწავლიდა, როგორ მეწარმოებინა დაკვირვებები და დღიურები. ამის შედეგად ბუნებით უთავბოლო გატაცებას გეზი მიეცა. მივხვდი, რომ შთაბეჭდილებების ჩაწერა მოვლენების უკეთესად შესწავლასა და დამახსოვრებაში მეხმარებოდა“, წერს დარელი და ჩვენ ვთანხმდებით, რომ კარგი მასწავლებელი ისაა, ვინც ხვდება, რა აინტერესებს ბავშვს მთელი სულით და გულით და მხოლოდ ამას კი არ ასწავლის, არამედ იმასაც უხსნის, რომ ყველა საგანში, ყველა მოვლენაში, ყველა ამბავში შეიძლება იპოვოს თავისთვის საინტერესო რამ.

 

მასწავლებლობა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და არცთუ ისე დახვეწილი სისტემის პირობებში მასწავლებლის ოსტატობაზე, მოთმინებაზე, ცნობისმოყვარეობაზე, ბავშვებისა და საქმის სიყვარულზე, მუდმივად ახლის ძიების უნარზე ათეულობით, ასეულობით ბავშვის ბედი და მომავალია დამოკიდებული. ჩვენი სისტემა, მცდელობების მიუხედავად, კარგად ვერ ხედავს ბავშვების ინტერესებს, ზოგ შემთხვევაში ვერც სასწავლო მასალა პასუხობს მათ და მოსწავლეებს ინტერნეტში ბევრად უფრო საინტერესო თავგადასავლების პოვნა შეუძლიათ, ვიდრე სასკოლო სახელმძღვანელოებში. ამ შემთხვევაში მასწავლებელს გადამწყვეტი როლი აკისრია ბავშვებისთვის იმის ახსნაში, რომ არ არსებობს მოსაწყენი ამბავი ან უსარგებლო საგანი – არსებობენ მოსაწყენი ამბის მთხრობელები და ცუდად ახსნილი გაკვეთილები და მათ გამო არ ღირს, უარი თქვა სწავლასა და შემეცნებაზე. უნდა იცოდე, როგორ გამოადნო ყველაფრიდან შენთვის საინტერესო ნაწილი, როგორ დაინახო მოვლენები შენთვის სასურველ პრიზმაში და აიძულო უფროსები, შენთვის გასაგებად აგიხსნან ყველაფერი, რაც შეიძლება თავიდან ბუნდოვანი ან რთული ჩანდეს. სკოლა და მასწავლებელი ბავშვს სწავლას უნდა ასწავლიდეს – მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი კონკრეტული ცოდნის მიცემა. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ ჩამოიყალიბოს ხედვის კუთხე და როგორ გაატაროს ნებისმიერი ახალი ინფორმაცია სასურველ პრიზმაში. ამ პროცესში კი მას უფროსების დახმარება სჭირდება, მათი პატივისცემა და თანადგომა და გულწრფელობაც – რაღაც შეიძლება უფროსსაც არ ესმოდეს ან არ გამოსდიოდეს.

 

როცა იმაზე ვფიქრობ, რას არ აძლევს დღევანდელი სკოლა ჩვენს შვილებს, პირველ რიგში ზუსტად ის უნარები მაფიქრდება, რომლებიც ჩვენც სუსტად გვქონდა განვითარებული და რომელთა დეფიციტიც თაობიდან თაობამდე გამოწვევად რჩება. კრიტიკული აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, მოვლენების სხვადასხვა კუთხით დანახვა და საკუთარი პოზიციების, ინტერესების, შეხედულებების დაცვა ისე, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო, სხვისი გაგებაც შეძლო. ესაა ის, რასაც სკოლაში უნდა სწავლობდეს ადამიანი, სწავლის საწყის ეტაპზე, და როგორც ჯერი დარელის მონათხრობი ცხადყოფს, ამას არც განსაკუთრებული სასწავლო მასალები და არც საგანგებო წვრთნა არ სჭირდება. მხოლოდ მონდომება, საკუთარი თავისა და მოსწავლეების ინტერესებისა და ხასიათის თავისებურებების გათვალისწინებაც კი შეიძლება საკმარისი იყოს.

გეოგრაფიის როლი თანამედროვე სამყაროში

0

ამა თუ იმ მეცნიერების როლი თანამედროვე სამყაროში და მისი მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარების პროცესში მის მიერ შესრულებული ფუნქციებით განისაზღვრება.

გეოგრაფია ერთადერთი ფუნდამენტური მეცნიერებაა, რომელიც ერთდროულად სწავლობს საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების პრობლემებს. იგი აქტიურად თანამშრომლობს მეცნიერებათა პრაქტიკულად ყველა ჯგუფთან: სოციალურთან, საბუნებისმეტყველოსთან, ტექნიკურთან და ა.შ. ცოდნის ურთიერთგამდიდრება ხელს უწყობს მეცნიერული ცოდნის მთელი სისტემის ფართო გეოგრაფიზაციას.

„გეოგრაფი არ უნდა იყოს მოსიარულე ენციკლოპედია, მაგრამ მან უნდა განავითაროს საკუთარ თავში ენციკლოპედიური ცნობისმოყვარეობა… გეოგრაფია ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ პროფესიას: იგი უფრო მეტად სამყაროს გაგების გზაა. გეოგრაფი არა მხოლოდ უყურებს და აკვირდება გარემოს და მასში მიმდინარე მოვლენებსა და ცვლილებებს, არამედ ავტომატურად ცდილობს გაიაზროს, რას ხედავს, რატომ იცვლება ის, რასაც ხედავს, როგორია სხვა ადამიანების საქმიანობა, ცხოვრება და როლი ამ ცვლილებებში და უფრო ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ცხოვრება“, – ასე აფასებს გეოგრაფიის როლს გამოჩენილი ფრანგი გეოგრაფი, სორბონის უნივერსიტეტის პირველი ქალი პროფესორი ჟაკლინ ბოჟე-გარნიე.

XXI საუკუნეში გეოგრაფიული მეცნიერების შემეცნებითი ფუნქციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ადამიანის კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და საზოგადოებასა და ბუნებას შორის ურთიერთზემოქმედების კანონზომიერებათა გააზრებას ემსახურება. ადამიანის მიერ დედამიწის შესწავლის საბოლოო შედეგიც ხომ სამყაროს გეოგრაფიული სურათია, რომელიც დედამიწისა და მისი განვითარების სივრცულ-დროითი მახასიათებლების შესახებ ჰოლისტურ გეოგრაფიულ წარმოდგენას გვიქმნის. გეოგრაფიის კონსტრუქციული როლი კაცობრიობის ცხოვრებაში გამოყენებითი გეოგრაფიული კვლევის განვითარებით გამოიხატება, რაც უახლესი მეთოდების, კომპიუტერული და დისტანციურ-კოსმოსური სივრცის გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზეა დაფუძნებული.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოგრაფია დიდ როლს ასრულებს ბუნებრივი რესურსების, ბუნებათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების, ეკონომიკური პროექტების გარემოსდაცვითი ექსპერტიზის, ადამიანის საცხოვრებელი გარემოს მონიტორინგისა და სხვა სახის კვლევებსა და პრობლემების გადაწყვეტაში.

დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიის იდეოლოგიურ, კულტურულ-შემეცნებით, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ფუნქციებს. მას უდიდესი როლი აკისრია სამყაროს და მასში ადამიანის ადგილის შესახებ ცოდნის საფუძვლების ჩამოყალიბებაში. გეოგრაფია აფართოებს პიროვნების თვალსაწიერს, ეხმარება მას გლობალური პრობლემების გაგება-გააზრებაში, შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, ხელს უწყობს ადამიანებში ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის სულისკვეთების ფორმირებას და, საზოგადოდ, სამყაროს მიმართ ადამიანის დამოკიდებულებას აყალიბებს.

მეტად მრავალფეროვანია გეოგრაფიის კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციები. გეოგრაფიული კულტურა ნებისმიერი ხალხის კულტურის ნაწილია, რომელიც ამ ხალხის გარემოსთან ურთიერთობის კულტურას, ეთნიკური ურთიერთობების კულტურასა და საქმიანობის რეგიონულ კულტურას მოიცავს. გეოგრაფიულ კულტურას უკავშირდება აღმზრდელობითი ფუნქციებიც, რაც პიროვნების მაღალი ზნეობრივი და მორალური თვისებების ფორმირებითა და განვითარებით, სამშობლოს სიყვარულითა და ბუნების პატივისცემით, მიზნების დასახვისა და მიღწევის მდგრადობით ვლინდება.

გეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მისი ინფორმაციულობაა. აქ განსაკუთრებული ადგილი საგანმანათლებლო გეოგრაფიას უკავია, რომელიც ადამიანებს გეოგრაფიული ცოდნით „ამარაგებს“ და მათ გარემოსა და ადამიანების ურთიერთზემოქმედების შესახებ ინფორმაციის სწორად აღქმისა და გააზრებისთვის ამზადებს.

ჩვენს დროში გეოგრაფების საქმიანობის სფეროები და ფუნქციები მეტად მრავალფეროვანია, თანაც მუდმივად ფართოვდება, რაც კაცობრიობის განვითარებაზე გეოგრაფიული მეცნიერების გავლენის შესაძლებლობას ზრდის. გეოგრაფების პროფესიული საქმიანობის ფორმები სხვადასხვა გეოგრაფიული დისციპლინით არის წარმოდგენილი და დაახლოებით 90-მდეა. ის მოიცავს: სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, გეოგრაფიული განათლების განვითარებას უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებეში, გეოინფორმაციულ საქმიანობას, სასკოლო გეოგრაფიის სწავლებას, გეოგრაფიულ განათლებასა და გეოგრაფიული ცოდნის მნიშვნელობის პოპულარიზაციას, გეოგრაფების საქმიანობას სამთავრობო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით.

გეოგრაფიის განვითარების პერსპექტივები XXI საუკუნის პირველ ათწლეულებში მკაფიოდ გამოიკვეთა. გეოგრაფიის ახალი ამპლუა გარემომცველი სამყაროს შესახებ შემდგომ ცოდნასა და, კაცობრიობის ინტერესებიდან გამომდინარე, მის მიზანმიმართულ ტრანსფორმაციას, კერძოდ კი რეალურ ცხოვრებაში მისი გამოყენებითი მნიშვნელობის კიდევ უფრო გააქტიურებას გულისხმობს. ასევე აუცილებელია გეოგრაფიაში ინტეგრაციის პროცესების განვითარება, იმ დარგებისა და მიმართულებების სრულყოფა, რომლებიც ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების შესწავლას აერთიანებს.

ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან სწრაფად ვითარდება „საინფორმაციო“ გეოგრაფიაც. მრავალფეროვანი ინფორმაციის სწრაფად შეკრების შესაძლებლობები ელექტრონული რუკების სახითაა რეალიზებული. ინტერაქციული ელექტრონული რუკები გვაწვდიან ინფორმაციას ატმოსფერული დაბინძურების, მდინარეებში, ტბებსა და ზღვებში წყლის დონის, ტყეების ჩეხვისა და გაშენების, დანაშაულის მაჩვენებლების, პოლიტიკური დაძაბულობის, ვალუტის კურსების, საბაზრო ფასების, რეალურ დროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

აქტუალური იქნება გეოგრაფიის როლი ბუნებრივი, ტექნოგენური, ანთროპოგენური, კოსმოსური წარმოშობის კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ფინანსური ინვესტიციების მიმდინარე რისკების შეფასებისა და პროგნოზირების დროს. გეოგრაფია როგორც ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების პროცესების მართვისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი სწრაფი პროცესების გეოგრაფიად გარდაიქმნება.

გეოგრაფიამ უნდა იპოვოს თავისი ნიშა ამ გრანდიოზული ცვლილებების ეპოქაში და საპატიო ადგილი დაიკავოს როგორც თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, ისე მეცნიერებათა სისტემაში. მომავალში გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემა უფრო მოქნილი უნდა გახდეს, ხოლო მისი ცალკეული ნაწილები, სავარაუდოდ, ერთმანეთს „გადაფარავს“ და კიდევ უფრო მეტ გადაკვეთის წერტილს დავინახავთ. შედეგად გაჩნდება სრულიად ახალი „ინტეგრაციის არეალები“, რასაც გეოგრაფიული და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების შერწყმა გამოიწვევს.

როგორ  გამოვიყენოთ  აღქმის  მოდალობები  მასალის  ასათვისებლად

0

მოდალობას როგორც ინფორმაციის მიღების სახეობა(გრძნობათა ორგანოებსა და შეგრძნებებთან მიმართებით)  დიდი მნიშვნელობა აქვს  შემეცნებით პროცესებში.  არსებობს მოდალობის ოთხი ძირითადი ტიპი:

  • ვიზუალური – როდესაც დომინანტია მხედველობითი სისტემა: ფორმა, განლაგება, ფერი;
  • სმენითი – ინფორმაციის გადამუშავებისას დომინანტის როლს ასრულებს ხმები, მელოდიები, ტონი, ტემბრი, სიხშირე;
  • კინესთეტიკური – აქ დომინანტია სენსორული ინფორმაცია: შეხება, გემო, სუნი, ტექსტურის შეგრძნება, ტემპერატურა;
  • ციფრული – ასოცირებულია ლოგიკურ კონსტრუქციებთან.

ამ ოთხი მოცემულობიდან ერთ-ერთი დომინანატი ანუ წამყვანი სისტემაა, ის იწყებს აზროვნების პროცესს, მისგან ხდება იმპულსის გადაცემა სხვა ფსიქიკური  პროცესებისთვის, როგორიცაა  მეხსიერება, წარმოდგენა და წარმოსახვა. მაგალითად, მოსწავლეებს სთხოვენ, წარმოიდგინონ „აღელვებული ზღვა“.  შედეგად:

  • მოსწავლევიზუალი ჯერ ზღვას წარმოიდგენს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსენებს, როგორია აღელვებული ზღვა;
  • მოსწავლეაუდიალი ჯერ ტალღების ან თოლიების ხმას გაიხსენებს და შემდეგ – სხვა შეგრძნებებს;
  • მოსწავლეკინესთეტიკი მაშინვე გრძნობს წყლის შეხებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ზღვის გამოსახულებას.
  • ციფრული მოდალობის მოსწავლე ჯერ თავის თავს „გაესაუბრება“, თავის ცნობიერს „ეტყვის“,   რა არის ზღვა და შემდეგ  წარმოიდგენს აღელვებულ  ზღვას.

ფაქტობრივად, თითოეული მათგანი თავის თავში დაინახავს აღელვებული ზღვის გამოსახულებას, მაგრამ ზოგი – მაშინვე,  ზოგიც – ცოტა მოგვიანებით, მისთვის დამახასიათებელი დომინანტური სისტემის შესაბამისად. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ  მკაცრად გავლებული ხაზები აქ არ არსებობს. შესაძლებელია, მოსწავლე  ბუნებით ეკუთვნოდეს რომელიმე ტიპს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სხვა მოდალობების გამოყენება არ შეუძლია. რაც უფრო მეტ არხს გამოიყენებს მასწავლებელი ინფორმაციის გადაცემისას  და სწავლებისას,  ცხადია, მით უფრო მეტი იქნება შედეგიც.

 

იმისთვის, რომ ინდივიდის აღქმის მოდალობები წარმატებით გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში, მნიშვნელოვანია:

I – მოსწავლის წამყვანი სისტემის, მისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრების პრინციპის დადგენა. ამისთვის შესაძლებელია დაკვირვებისა  და ტესტის გამოყენება;  II – მიღებული შედეგების საფუძველზე პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობის დაგეგმვა და რეკომენდაციისა თუ შენიშვნის გაცემის ფორმის გათვალისწინებაც. მაგალითად:

I – დაკვირვების ეტაპზე:

ა) მოვინიშნოთ, ვინ როგორ ჩაიწერს და ჩაინიშნავს დაფაზე დაწერილ დავალებას:

  • ვიზუალი: წყნარად გადაშლის რვეულს და ჩაიწერს/გადაიწერს დავალებას. ის ადვილად აღიქვამს დაფაზე დაწერილ ტექსტს. ურჩევნია, თავად ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია, ვიდრე სხვებს ჰკითხოს და ამის შემდეგ მშვიდად გრძნობს თავს;
  • აუდიალი: დაფიდან გადაწერის/ჩაწერის ნაცვლად ურჩევნია, სახლში მისვლისთანავე დარეკოს თანაკლასელთან და ტელეფონით ჩაინიშნოს დავალება;
  • კინესთეტიკი: დიდხანს ეძებს რვეულს, შემდეგ ამოიღებს ჩანთიდან სახელმძღვანელოს, მოძებნის საჭირო გვერდს და პირდაპირ სახელმძღვანელოში მოინიშნავს დავალებას.

 

ბ) დავაკვირდეთ, რას აკეთებენ მოსწავლეები შესვენებაზე, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ:

  • ვიზუალი რჩება საკლასო ოთახში, როდესაც მოსწავლეთა უმეტესობა ოთახიდან გადის. მისთვის მთავარია, მშვიდად „ჩაიძიროს“ ვიზუალურ გამოსახულებებში. მაგრამ მას შესაძლოა ხელი შეუშალოს კლასში შემოსულმა სმენითების ხმაურმა ანდა კინესთეტიკების დაუსრულებელმა თამაშმა. ის მხოლოდ ამის შემდეგ გადის კლასიდან და ისიც იმიტომ, რომ ახლა დერეფანში დააკვირდეს სხვა ბავშვებს ან მიიღოს ინფორმაცია კედელზე გაკრული მასალებიდან;
  • აუდიალები დასვენებაზე ბევრს საუბრობენ და ხმაურობენ;
  • კინესთეტიკები დასვენებას იყენებენ აქტიური ფიზიკური მოძრაობისთვის.

 

რას გვეუბნება ასეთი დაკვირვება? არ უნდა ვაიძულოთ ყველა მოსწავლე, დასვენებაზე წყნარ მუსიკას უსმინონ. მთავარია, შევქმნათ პირობები, ყველა მოიქცეს ისე, როგორც უნდა და გამოიყენოს დასვენება და საგაკვეთილო დრო ძალების აღდგენისა და აქტიური სწავლისთვის.

 

გ) ინდივიდისთვის დამახასიათებელი პერცეფციული დომინანტი მოდალობის დასადგენად აქტიურად გამოიყენება სპეციალური ტესტები (https://goaravetisyan.ru/en/test-na-vospriyatie-onlain-test-na-opredelenie-tipa-vospriyatiya-kanaly/ )

მოსწავლისთვის დამახასიათებელი წამყვანი არხის დასადგენად შესაძლებელია ადაპტირებული ტესტის გამოყენებაც. სპეციალისტების მითითებით, სწავლის დაწყებით საფეხურზე იყენებენ ნაწილობრივ ვარიაციას – 5 ცნების გამოყენებით, ხოლო ზედა საფეხურის მოსწავლეებთან – სრულ ვარიანტს – 15 ცნების გამოყენებით (იმის მიხედვით, რა დონეზე იცნობენ მოსწავლეები ცნების შინაარსს).

ტესტის ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემული სიტყვათწყობიდან ამოირჩიეთ შესაბამისი, რომელიც მეტ-ნაკლებად  ზუსტად შეესაბამება დასახელებულ ცნებას.

ტესტის გასაღები: თუ პასუხებში ბევრი „ვ“ დაფიქსირდა, ნიშნავს, რომ ეს ვიზუალი-მოსწავლეა, თუ უმეტესობაა „ა“ – აუდიალი/სმენითი, თუ „კ“ – კინესთეტიკი.

 

ტესტი  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის:

 

„ცუდი ამინდი“

  1. ქარის ზუზუნი, წვეთების წკაპუნი (აუდიალი)
  2. სიცივე, ტენიანობის შეგრძნება (კინესთეტიკი)
  3. ღრუბლიანი ცა, ნაცრისფერი ღრუბლები (ვიზუალი)

 

„თაფლი“

  1. ტკბილი სუნი (კ)
  2. ოქროსფერი გამჭვირვალე სითხე (ვ)
  3. ფუტკრების ზუზუნი, კოვზების ხმა (ა)

 

„ზღვა“

  1. მოლურჯო-მომწვანო წყალი, თეთრი ტალღები (ვ)
  2. თბილი მარილიანი წყალი, ცხელი ქვიშა (კ)
  3. ტალღებისა და თოლიების ხმა (ა)

 

„ვაშლი“

  1. ჩაკბეჩის ხმა (ა)
  2. მაღალ ხეზე ჩამოკიდებული წითელი, ყვითელი ან მწვანე ფერის მრგვალი ნაყოფი (ვ)
  3. ტკბილი / მჟავე გემო… ჯემი… (კ)

 

„თოვლი“

  1. მზეზე მობრჭყვიალე თეთრი ფარდა (ვ)
  2. ცივი, რბილი, ფუმფულა (კ)
  3. ხრაშუნი ფეხქვეშ (ა)

 

 

ტესტი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის:

 

  1. „სიჩქარე“

ა) ლანდშაფტის სწრაფი ცვლილება, „გარბიან“ ხეები, სახლები (ვ)

ბ) ქარის ხმაური, საბურავებისა და მუხრუჭების ხმა (ა)

გ)  გულისცემის ხმა, სახეში ქარი გცემს… (კ)

 

  1. „ცუდი ამინდი“

ა) ქარის ზუზუნი, წვეთების წკაპუნი (ა)

ბ)  სიცივე, ტენიანობის შეგრძნება (კ)

გ) ღრუბლიანი ცა, ნაცრისფერი ღრუბლები (ვ)

 

  1. „თაფლი“

ა) ტკბილი სუნი (კ)

ბ) ოქროსფერი გამჭვირვალე სითხე (ვ)

გ) ფუტკრების ზუზუნი, კოვზების ხმა (ა)

  1. „ზღვა“

ა) მოლურჯო-მომწვანო წყალი, თეთრი ტალღები (ვ)

ბ) თბილი მარილიანი წყალი, ცხელი ქვიშა (კ)

გ) ტალღებისა და თოლიების ხმა (ა)

 

  1. „დაღლილობა“

ა)  ძილიანობა, თავის ტკივილი… (კ)

ბ) ნაცრისფერი სამყარო… უფერული გარემო (ვ)

გ) გამაღიზიანებელი ხმაური… სიმშვიდე გინდა (ა)

 

  1. „ვაშლი“

ა) ჩაკბეჩის ხმა (ა)

ბ) მაღალ ხეზე ჩამოკიდებული წითელი, ყვითელი ან მწვანე ფერის მრგვალი ნაყოფი (ვ)

გ) ტკბილი / მჟავე გემო… ჯემის სუნი… (კ)

 

  1. „თოვლი“

ა) მზეზე მობრჭყვიალე თეთრი ფარდა (ვ)

ბ) ცივი, რბილი, ფუმფულა (კ)

გ) ხრაშუნი ფეხქვეშ (ა)

 

  1. „საღამო“

ა) ბუნდოვანი ფერები, ფარნების შუქი, გრძელი ჩრდილები (ვ)

ბ) ახლობლების ხმა, ვახშმის ფუსფუსი სამზარეულოში (ა)

გ) სასიამოვნო დაღლილობის შეგრძნება, მოხერხებული სავარძელი, ცხელი ჩაი ფინჯნით (კ)

 

  1. „კოცონთან“

ა) სითბო, კვამლი თვალებს წვავს, ათბობს (კ)

ბ) ცეცხლის წითელი ენები, ნაცრისფერი კვამლი (ვ)

გ) გახურებული ნახშირი, შეშის ტკაცუნი (ა)

  1. „ხესთან“

ა) ფოთლების შრიალი, ტოტების რხევა (ა)

ბ) მაღალი, სწორი ყავისფერი ზრო, მწვანე გვირგვინი, მზის სხივები ფოთლებში (ვ)

გ) უხეში ქერქი, რბილი ფოთლები, სიგრილის შეგრძნება (კ)

 

  1. „ბიბლიოთეკა“

ა) გადაფურცვლის ხმა, მოგუდული საუბარი, სკამების ჭრაჭუნი (ა)

ბ) რბილყდიანი წიგნები, სქელი ტომები, ძველი წიგნების სუნი (კ)

გ) მაღალი თაროები, ფერადი, პრიალა წიგნის ყდები (ვ)

 

  1. „ქალაქი“

ა) შერეული სუნი, მრავალფეროვნება, ფერადი ვიტრინები (კ)

ბ) მაღალი შენობები, ნაცრისფერი ხიდები, მყვირალა სარეკლამო ბანერები (ვ)

გ) მანქანების ხმა, გუგუნი, სიგნალების ხმა, კარების ჯახუნი (ა)

 

  1. „დილა“

ა) ვარდისფერი მზე ჰორიზონტთან (ვ)

ბ) ჩიტების ჭიკჭიკი, სიჩუმე, ფოთლების მშვიდი შრიალი (ა)

გ) გრილი ჰაერი, ნესტიანი ბალახი, მზის თბილი სხივები, გინდა, ღრმად ისუნთქო (კ)

 

  1. „რემონტი“

ა) მტვრის, საღებავის, ლაქის სუნი, წებოვანება (კ)

ბ) სისუფთავე, თეთრი ჭერი, უწესრიგობა (ვ)

გ) ჩაქუჩის ხმა, ბურღის გუგუნი, ექო ცარიელ ოთახებში (ა)

 

  1. „ტაძარი“

ა) სანთლის შუქი, უძველესი ხატების დაბინდული ფერები (ვ)

ბ) ღვთისმსახურთა მონოტონური ხმა, საგალობლები, სანთლების ციმციმი (ა)

გ) საკმევლის ტკბილი სუნი, დამწვარი სანთლის სუნი, სიმშვიდის განცდა (კ)

 

II – მას შემდეგ, რაც დავადგენთ მოსწავლეთა პერცეფციულ, დომინანტ მოდალობებს,    შეგვიძლია, გავითვალისწინოთ ისინი პრაქტიკულ საგაკვეთილო საქმიანობაში სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. მაგალითად,  ახალი  მასალის გადაცემისას:

  • ვიზუალი: ა) ცდილობს, დაიმახსოვროს, როგორ გამოიყურება გაკვეთილის ფურცელი, სახელმძღვანელო, სურათები. მას ამის საშუალება უნდა მივცეთ; ბ) ამავე დროს შეიძლება მოვთხოვოთ დავალების სწრაფად შესრულება, შევთავაზოთ, აღწეროს ფერი, ფორმა, ზომა, ადგილმდებარეობა, სხვადასხვა ფერით გამოყოს ცალკეული პუნქტები, ან შინაარსი ასახოს სქემატურად, ჩაიწეროს მოქმედება, ცხრილები და სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების გამოყენებით შეასრულოს დავალება; გ) უმჯობესია, შევთავაზოთ ფურცელი, რომელზეც მასალის გააზრების დროს შეძლებს ინფორმაციის ტრანსფორმაციას – დახაზავს, დახატავს და სხვ.; დ) ვიზუალებთან მუშაობისას სასურველია, კარგად გამოვიყურებოდეთ, სწავლებისას ხშირად ვიყენებდეთ ვიზუალურ მასალებს, ნახატებს, ინტელექტუალურ რუკებს, ილუსტრაციებს, სქემებს; ე)  მათ შედარებით უჭირთ რიცხვით მოქმედებებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება, ამიტომ სასურველია, ვიზუალიზაციის საშუალებები ჩავრთოთ სწავლებაში.
  • კინესთეტიკისთვის კი ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მასალის ამ გზით ათვისება წარმოუდგენელია. ის უკეთესად გაიგებს ინფორმაციას: ა) თუ შეიგრძნობს მასალას, სუნს, გემოს; ბ) თუ გამოიყენებს თეორიული მასალის მატერიალურ განსახიერებას, მაგალითად, ისეთ სასწავლო მოდელებს, როგორიცაა სათვლელი ჩხირები (სწავლის დაწყებით საფეხურზე), ასევე -სწავლის ზედა საფეხურზე, მაგალითად, ფიზიკის შესწავლისას, იმის ასახსნელად, როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო… მისთვის არ არის აუცილებელი, უყუროს სასწავლო ფილმს ამის შესახებ, საკმარისია, ვაშლისა და ნათურისგან შექმნილი „მოდელი“ ნახოს. სწორი პედაგოგიური მიდგომა იქნება, თუ მასწავლებელი საშუალებას მისცემს ასეთ მოსწავლეს, ვაშლზე („დედამიწაზე“) თავად მონიშნოს „დღე“ და „ღამე“, მონიშნოს, „დედამიწის“ რომელ მხარესაა „ზაფხული“ და რომელ მხარეს – „ზამთარი“… კინესთეტიკი ნებისმიერ ახსნაზე უკეთესად ამ გზით იგებს მასალას; გ) გაკვეთილზეც და შინ მეცადინეობის დროსაც კინესთეტიკებს მეტი მოთმინებით უნდა მოვეპყროთ; არ უნდა მივცეთ ისეთი დავალება, რომელიც მათგან დიდხანს ჯდომას მოითხოვს; შევთავაზოთ მოტორული აქტივობები: დაწერონ დაფაზე, შეამოწმონ თანაკლასელების რვეულები. უყვართ როლური თამაშებიც. მოძრაობის დროს ისინი მასალას უკეთ იმახსოვრებენ და იაზრებენ;
  • აუდიალ მოსწავლეებს: ა) ურჩევნიათ, ხმამაღლა იკითხონ მასალა. ამის აკრძალვა ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს – უბრალოდ, ისინი ვერ დაიმახსოვრებენ იმას, რაც უნდა იცოდნენ. უმჯობესია ვთხოვოთ, ჩუმად იმეცადინონ; ბ) დამახსოვრებისთვის სჭირდებათ სიჩუმე, გულისყურის მოკრება; გ) ამავე დროს, შეიძლება მოვთხოვოთ მოსმენილი მასალის მშვიდად გამეორება, ახსნის დროს კი გამოვიყენოთ შესაბამისი ტონალობა, პაუზები; ისინი ინფორმაციას უკეთესად გაიაზრებენ საუბრის დროს; დ) დავალების შესრულებისას თუ ხმაურობენ, ხმებს გამოსცემენ, ესე იგი, უკეთ იმახსოვრებენ და იაზრებენ; ე) არაჩვეულებრივი მთხრობელები და მუსიკოსები არიან;
  • ციფრული მოდალობის მოსწავლეები: ა) კარგად სწავლობენ ზუსტ მეცნიერებებს, შეუძლიათ ლოგიკური კავშირების დამყარება; ბ) თუმცა იშვიათად ავლენენ ემოციებს ურთიერთობის დროს; გ) სტრესულ სიტუაციებში ისინი ყველაზე მეტად ინარჩუნებენ ლოგიკური აზროვნების უნარს, სიმშვიდეს, აზროვნების სიცხადეს და გარემო პირობების ობიექტურ აღქმას.

შენიშვნის მიცემის დროსაც უმჯობესია, „მათივე ენა“ გამოვიყენოთ:

  • ვიზუალებთან შესაძლებელია ჟესტური მიმიკის გამოყენება, თავის დაქნევა და სხვ.
  • აუდიალს შეგვიძლია ჩავჩურჩულოთ: „ჩჩჩ…“
  • კინესთეტიკს ხელით ვანიშნოთ მოწონება, ტაში შემოვკრათ და სხვ.

აღქმის მოდალობისა და მიღებული ტიპის შესაბამისი მეთოდური მიდგომების   გათვალისწინება მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლებისა და რემედიაციული ჩარევის დროსაც. ის ხელს უწყობს  სასწავლო პროცესის მოქნილობას და ეფექტურობას და წარმატებით გამოიყენება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.

„უუნარო ვარ“. გახსოვდი დამარცხებული?

0

ასეთი შეფასება ხშირად ჟღერს ჩემთან შეხვედრებზე. საკუთარი თავის შესახებ ამ რწმენის მატარებელნი იტანჯებიან განცდით, რომ აწმყოში თუ არა, მომავალში მაინც მათ უუნაროებად და უნიჭოებად შეაფასებენ; ირგვლივ მყოფები აუცილებლად „მიხვდებიან“, „ამხელენ“ და „გამოამჟღავნებენ“, რომ ისინი „უუნაროები“ და „უნიჭოები“ არიან. ამ მოლოდინის თანმხლებ მტანჯველ, ძლიერ შფოთვასთან გასამკლავებლად ადამიანი ოთხ გზას მიმართავს:

გაქცევა  – როდესაც ამ რწმენის მქონე ადამიანი აღმოჩნდება ისეთი სირთულის ან ამოცანის წინაშე, რომელიც მასში აცოცხლებს შეფასებას − „უუნარო ვარ“, ის ცდილობს, გაექცეს ამ რწმენის მაცოცხლებელ გარემოს თუ გამღიზიანებელს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გადააწყდა ტექსტის ისეთ მონაკვეთს, რომლის შინაარსის გაგებაც ერთი წაკითხვით გაუჭირდა. თუ მან ეს სირთულე შეაფასა როგორც მისი უუნარობის ან უნიჭობის დასტური, შესაძლოა, ტექსტის კითხვა შეწყვიტოს და ყურადღება სიამოვნების აღმძვრელი ან ისეთი საქმიანობისკენ მიმართოს, რომელიც მასში უნარიანობის განცდას აღძრავს. ნაცვლად იმისა, რომ ტექსტის მონაკვეთთან დაბრუნება და მასში ჩაღრმავება სცადოს, ვიდეოთამაშს არჩევს, რადგან იქ დაბრკოლებების გადალახვა, ერთი მხრივ, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელია, მეორე მხრივ კი შესაძლებელი. ანუ მას აქვს განცდა, რომ შეუძლია დასახულ მიზანს მიაღწიოს და, შესაბამისად, კმაყოფილება განიცადოს. კმაყოფილება და სიამოვნება კი ორი ისეთი რამაა, რისკენაც, როგორც წესი, მივილტვით.

დაპირისპირება – თუ ადამიანი უუნარობის განცდასთან გასამკლავებლად დაპირისპირებას ირჩევს, მას უჭირს ამ განცდის აღმძვრელი გარემოს მიტოვება. გაქცევის ნაცვლად ის ირჩევს თავაუღებლად შრომას, ზოგჯერ უარს ამბობს სიამოვნების სხვა წყაროებზე, ვერ წყვეტს დაბრკოლებებზე ფიქრს, ვერ ივიწყებს მათ. გაიხსენეთ, რამდენჯერ გაგიგრძელებიათ მშფოთვარე ფიქრი ისეთ ამოცანაზე, რომლის ამოხსნაც მყისიერად ვერ შეძელით. ცნობისმოყვარეობით სავსე მიზანდასახულობისგან განსხვავებით, უუნარობის განცდასთან დაპირისპირებით გამკლავება გაჯერებულია უსიამოვნო შფოთვით, სულსწრაფი დაჟინებით. მეჩქარება დავამტკიცო, რომ უუნარო არ ვარ. „ვაითუ ვერ შევძლო“, „ვაითუ თავი ვერ გავართვა“. ამ შემთხვევაში დაჟინებას ამოძრავებს უუნარობის დადასტურების შიში და არა შემეცნების წყურვილი ან წრფელი ცნობისმოყვარეობისთვის საჭირო უსაფრთხოების განცდა, რომელიც, შეცდომის პასუხად, უპირველეს ყოვლისა, ირგვლივ მყოფებისგან მიღებული, თანმიმდევრულად გამოხატული, შემწყნარებლური დამოკიდებულების გაშინაგნების შედეგია.

გაშეშება – თავი ხელებში მაქვს ჩარგული და ტექსტს დავყურებ. რაღაც ვერ გავიგე და ამის პასუხად ჩემს გონებაში თითქოს სრული სიცარიელეა; სხეული შებოჭილი მაქვს, გულისცემა – ზოგჯერ შენელებული, ზოგჯერ აჩქარებული, მაგრამ ვხვდები, რომ საკუთარ თავში შევბრუნდი, გარემოს გავუუცხოვდი. რადგან გარემოს დატოვება და გაქცევა არ შემიძლია, თითქოს ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, სულაც არ ხდება ჩემს თავს; სიტყვები, რომლებსაც ვკითხულობ, უშინაარსოა, მიჭირს ტექსტზე ყურადღების შეჩერება და, საერთოდაც, რა მოხდება, თუ ოცნებებში ჩავიკარგები, სადაც ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია?

განრიდება – განრიდება უუნარობის განცდასთან გამკლავების სხვა გზებისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი სრულიად განერიდება გარემოს, სადაც შესაძლოა მისი უუნარობა დადასტურდეს. მაგალითად, შესაძლოა უარი თქვას სიახლეებსა და წამოწყებებზე, რადგან ეშინია, რომ ცხოვრების რომელიღაც საფეხურზე მაინც აუცილებლად „ამხელენ“ „უუნარობასა“ და „უნიჭობაში“. „ვაითუ მიხვდნენ, სინამდვილეში როგორიც ვარ…“

ოთხივე გზა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქცევაა და ოთხივე მათგანი მიზნად ისახავს უუნარობის რწმენის დადასტურებისგან თავის დაცვას.

რატომ გვეშინია ასე უუნარობისა და უნიჭობის რწმენის დადასტურების?

ადამიანების უმრავლესობისთვის ძირეული, უუნარობის შფოთვას „ამოფარებული“, მის მიღმა მდგომი შფოთვა უარყოფის და მის საფუძველზე მივიწყების შფოთვაა. რა მოხდება ყველაზე უარესი, თუკი წარმოვიდგენთ, რომ მართლაც უუნაროდ და უნიჭოდ მიგიჩნიეს? ამ კითხვაზე პასუხი ხშირად ასახავს გარიყვის, უარყოფისა და მიტოვება-მივიწყების შფოთვასა და მოლოდინს: „ადამიანები ჩემდამი ინტერესს დაკარგავენ, იფიქრებენ, რომ მოსაწყენი ადამიანი ვარ, რომ ჩემთან მეგობრობა არ ღირს, უვარგისად ჩამთვლიან და დამივიწყებენ“. ასეთი მტანჯველი, უკიდურესად მტკივნეული შფოთვა, როგორც წესი, განვითარების საკმაოდ ადრეულ საფეხურზე განცდილი მიტოვებისა და მივიწყების შფოთვის ანარეკლია.

როგორ უმკლავდებოდნენ ჩემს მარცხს ჩემი მშობლები თუ სხვა აღმზრდელები? მარცხი ჩემი განვითარების განუყოფელი ნაწილი იყო თუ მე, როგორც მარცხის განმცდელ (და არავითარ შემთხვევაში უუნარო ან უნიჭო) ადამიანს, მივიწყებდნენ? მშობლები და სხვა აღმზრდელები უგულებელყოფდნენ თუ არა იმას, რომ მეც შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი, მეც შეიძლებოდა უზადოდ ვერ გამერთმია თავი ამოცანისთვის? რას მეუბნებოდნენ, როდესაც ხელი მეცარებოდა?

კიდევ უფრო ზუსტად: გახსოვდი დამარცხებული? თუ ზურგს მაქცევდი, მებუტებოდი და ჩემთან კავშირის გაწყვეტა მარცხის პასუხად მიღებული სასჯელი იყო?

უუნარობის განცდისა და მისგან განრიდების მიღმა ხშირად სასოწარკვეთილი ვედრებაა: ხომ არ დამივიწყებ, თუ დავმარცხდი? ხომ დამიყრდნობ, თუ რამეს ვერ გავუმკლავდი? ოღონდ დამიყრდნობ დროებით და არა იმისთვის, რომ სამუდამოდ შენზე დავრჩე დამოკიდებული, რადგან ჩემი ძირეული მოთხოვნილება, უსაფრთხოების განცდასთან ერთად, სწორედ უნარიანობის განცდაა, სირთულეებთან შეჭიდებისა და მათი დაძლევისკენ ლტოლვა. შენგან მჭირდება თანაგრძნობა და შემწყნარებლობა – არა როგორც სამუდამო თავშესაფარი, რომელშიც ზრდას შევწყვეტ, არამედ დროებითი, იმისთვის, რომ შევძლო, ისევ გავიდე სამყაროში, საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული, იმ განცდით, რომ შემიძლია შევიმეცნო, გავიზარდო და განვვითარდე – არა როგორც გზააბნეული, შფოთვით სავსე ადამიანი, რომელიც, არც კი ვიცი, საით მიემართება (ჩემი ქცევები უწესრიგო, განსაზღვრულ მიზანს მოკლებულია, რადგან არ მეგულები), არამედ ადამიანი, რომელსაც, საკუთარი უსაფრთხოების განცდისგან გამომდინარე, უნარი შესწევს, დაგეგმოს, გაიაზროს, აწონ-დაწონოს, რა ელის და ასე შეაბიჯოს ზრდასრულთა სამყაროში, რომელიც სავსეა პირობებით და სადაც მარცხი მართლაც გარდაუვალია.

გახსოვდი დამარცხებული?

სკოლამდელი აღზრდის მიდგომების გავლენა ბავშვის მიღწევებზე სკოლაში

0

ჩემი შვილებისთვის საბავშვო ბაღის ძებნა ორი წლის წინ დავიწყე. დავინტერესდი, სად რომელ მეთოდს მიჰყვებოდნენ და თუ შეეძლოთ, გაეზიარებინათ მიმდინარე წლის პროგრამა. ცოტა დაბნეული თანამშრომლებისგან იმდენად ზოგად პასუხებს ვიღებდი, რომ რამდენიმე ცდის შემდეგ კითხვების დასმა შევწყვიტე და ვენდე დაწესებულებას, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობდა. ალბათ ბევრი მშობელი იქცევა ასე და ბაღის შერჩევის კრიტერიუმებიდან (ადგილმდებარეობა, გარემო, ფასი, სწავლის მიდგომები, სამუშაო საათები, კვების რაციონი, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა…) ძალიან ცოტა ანიჭებს პრიორიტეტს სასწავლო პროგრამას, რომლითაც აღმზრდელები ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობისას უნდა ხელმძღვანელობდნენ. არადა სკოლამდელი აღზრდა და განათლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამომავლო მიღწევებზე სკოლაში.

არსებობს სკოლამდელი განათლების ტრადიციული და ე.წ. ალტერნატიული მიდგომები. მცირერიცხოვანია სამეცნიერო კვლევები იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა მიდგომა ბავშვის განვითარებაზე და განსხვავდება თუ არა სწავლის შედეგები სწავლების ალტერნატიული მიდგომების მიხედვით.

2022 წელს ჟურნალში „Frontiers in Psychology“ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც სწავლობდა სკოლამდელი ასაკის ბავშვების დამოკიდებულებებს, სასკოლო მოტივაციასა და აღმასრულებელი ფუნქციების[1] განვითარებას სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღში. კვლევის მიზანი იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში სკოლამდელი განათლების სხვადასხვა მიდგომის გავლენის შეფასება ფსიქოლოგიური ცვლადების კონტექსტში, სადაც აისახებოდა კვლევის მონაწილე ბავშვების ის უნარები, რომლებიც სკოლის სამომავლო მიღწევებს უწყობს ხელს. კვლევის ცვლადი იყო სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვების დამოკიდებულებები, მოტივაცია და ძირითადი აღმასრულებელი ფუნქციები. კვლევის ავტორებმა შეადარეს სკოლამდელი განათლების ტრადიციული და ე.წ. ალტერნატიული, სკოლამდელი განათლების პროგრამის შედეგები. კვლევაში მონაწილეობდა 861 ბავშვი, რომლებიც დადიოდნენ ტრადიციულ (84.9%) და ალტერნატიულ (15.1%) – რელიგიურ, მონტესორის და ვალდორფის – საბავშვო ბაღებში. ვინაიდან მონტესორისა და ვალდორფის პედაგოგიური მიდგომები ბევრისთვის კარგად ნაცნობი და საერთაშორისოდ აღიარებულია, მოკლედ შევეხები ტრადიციულ და რელიგიურ საბავშვო ბაღებს, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედებს.

ტრადიციული საბავშვო ბაღები ალტერნატიული ბაღებისგან განსხვავდება მეთოდებით, დაკვირვების ფორმებითა და საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზებით. ტრადიციულ ჯგუფში 24-28 ბავშვია. ეს ინდივიდუალურ მუშაობას ხელს უშლის, ამიტომ აღმზრდელები ირჩევენ ყველასთვის ხელმისაწვდომი შინაარსის აქტივობებს. სკოლამდელი განათლება ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგულირდება ჩარჩო პროგრამით, რომელიც განსაზღვრავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების შინაარსს, პირობებს და წესებს. ტრადიციულ საბავშვო ბაღებს აქვთ საერთო მახასიათებლები, რომლებიც ეფუძნება სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ჩეხეთის სკოლამდელი განათლების ისტორიულ კონტექსტს.  მიუხედავად ამისა, ბაღებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლების მიდგომები. მთელი სასწავლო პროცესი კი დამოკიდებულია აღმზრდელის მითითებებსა და სწავლების რიტმზე.

რელიგიური სკოლების დაარსება ჩეხეთში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ეკლესიებსა თუ რელიგიურ თემებს შეუძლიათ. მათი მიდგომები ემსახურება რელიგიურ განათლებას და მორალს (ქრისტიანულს, ებრაულს და ა.შ.). ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებებში უმეტესად ქრისტიანული საბავშვო ბაღები ჭარბობს და ტრადიციულისგან ის გამოარჩევს, რომ დღის განმავლობაში იქ ლოცვებს კითხულობენ და რელიგიურ დღესასწაულებს (აღდგომა, შობა…) აღნიშნავენ.

სკოლამდელი აღზრდის ფილოსოფიისა და სწავლების მეთოდების განსხვავებულობის მიუხედავად, ბავშვების განვითარება ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კვლევამ მხოლოდ მინიმალური განსხვავება გამოავლინა ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღებს შორის სასკოლო მიღწევებთან (ბავშვების დამოკიდებულება საბავშვო ბაღის მიმართ, მთავარი აღმასრულებელი ფუნქციები, სკოლაში სწავლის მოტივაცია) მიმართებით. ამავე დროს სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღებს აქვთ სპეციფიკური ძლიერი მხარეებიც. მაგალითად, მონტესორის განათლება ყველაზე დადებითად აღიქმება ბავშვების მიერ და ხელს უწყობს მიღწევაზე ორიენტირებულ აღმასრულებელ მოტივაციას, ხოლო ვალდორფის მიდგომა ხასიათდება საუკეთესო შედეგებით აღმასრულებელი ფუნქციების განვითარების თვალსაზრისით.

 

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი ტიპის საბავშვო ბაღს ბავშვები დადებითად აღიქვამენ და ყველა საკმარისად ავითარებს აღმასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, ალტერნატიული სკოლამდელი განათლება მეტი წარმატებით ამზადებს ბავშვებს მომავლისთვის.

[1] აღმასრულებელი ფუნქცია არის კონსტრუქცია, რომელიც ეხება ურთიერთდაკავშირებულ ნეიროფსიქოლოგიურ ფუნქციებს და ჩართულია ისეთი კოგნიტიური, ქცევითი და ემოციური ფუნქციების წარმართვაში, რეგულირებასა და მართვაში, რომლებიც მნიშვნელოვანია აკადემიური და ცხოვრებისეული წარმატებისთვის. ეს პროცესები ბავშვობაში ვითარდება. განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ყურადღება ეთმობა თვითრეგულაციას, იმპულსების კონტროლს, სამუშაო მეხსიერებას და გონებრივ მოქნილობას. თუმცა ასევე არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები აჩვენებენ დაგეგმვის, ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებსაც. მრავალი კვლევა ადასტურებს მჭიდრო კავშირს სასკოლო მიღწევებსა და აღმასრულებელ ფუნქციებს შორის.

 

10 უცნაური შეცდომა, რომლებსაც მშობლები უნებლიეთ ვუშვებთ

0

ჩემი უფროსი შვილი მალე თინეიჯერი გახდება. გარდატეხის ასაკი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს და სასურველია, გაიაროს სწორ დროს, მალე თავს იჩენს. ამისთვის შინაგანად ვემზადები და თავსაც შემოვუძახებ ხოლმე: აბა, მზად ხარ, შვილის გვერდით იდგე თუ შენც გჭირდება გაზრდა იმისთვის, რომ ამ მომენტს სწორად შეხვდე?

 

ბოლო თვეებია, კიდევ უფრო მეტს ვფიქრობ ბავშვებზე. წიგნის „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ გამოცემის შემდეგ თითქოს პასუხისმგებლობა გამიორმაგდა. უცნაურია, მაგრამ საკუთარი შეცდომები კიდევ უფრო ცხადად დავინახე. რაღაცას აღარაფერი ეშველება. როგორც ყველა სხვა მშობელი, მეც საკუთარი შვილების ცნობიერად ან არაცნობიერად მატრავმირებლად დავრჩები. რაღაცის გამოსწორება კიდევ შესაძლებელია, სხვა რამეს იქნებ თავიც ავარიდო.

იქნებ ჩემი გამოცდილება, დაკვირვება ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს და გაიზიაროს კიდეც.

თანამედროვე კვლევებს ფსიქოლოგიასა თუ პედაგოგიკაში თვალს ვადევნებ ხოლმე. ამასწინათ ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რომელშიც დამუშავებული იყო ფსიქოლოგთა ჯგუფის მიერ ნაკვლევი ასამდე ცდისპირის გამოკითხვის ფორმულარები. ისინი დეპრესიას მკურნალობდნენ და სწორედ ამ მიმართულებით ჩატარდა კვლევაც.

 

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა დიდ ნაწილს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მათ არ გადაუტანიათ რაიმე სერიოზული ტრავმა, გაიზარდნენ მეტ-ნაკლებად კომფორტულ გარემოში. რა არის მათი სულიერი მდგომარეობის სიმძიმის მიზეზი?

ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, რომ შვილების მიმართ გულგრილობაა ის მთავარი ტრავმა, რომელსაც მომავალი თაობა „კლდის პირას“ მიჰყავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხანდახან პრობლემა ისეთ ყუთში იმალება, სადაც ყველაზე უკეთ დაცული გვგონია საკუთარი თავი.

როდესაც წიგნს „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ ვწერდი, უკვე მეფიქრებოდა სულ სხვა, ჩვენი და კიდევ ბევრი სოციუმისთვის საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც მშობლისა და შვილის ურთიერთობის პრობლემებთან მივყავართ. მაგრამ გამოხმაურებამ, შეხვედრებმა და წერილებმა, რომლებსაც აუდიტორიისგან ვიღებდი, ამ ახალი ტექსტის დაწერის აუცილებლობაში დამარწმუნა.

მშობლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს ჩემთან საუბრისას და ეს წუხილი მეც მაქვს. სად ვუშვებთ შეცდომას აღზრდისას, როდესაც თითქოს „არაფერს ვაკლებთ“ ოჯახის უმცროს წევრებს, ისინი კი იზრდებიან და ხშირად დეპრესიული ფონი უვითარდებათ?

მოზარდებში გახშირებულმა სუიციდის ფაქტებმა ეს პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

ამ საკითხზე თანამედროვე მსოფლიო აქტიურად ფიქრობს. ფიქრობენ ფსიქოლოგები, პედაგოგები, ექიმები – რატომ იმატებს დეპრესიისა და თვითმკვლელობების რიცხვი ისეთ ოჯახებშიც კი, სადაც თითქოს „არავის არაფერი აკლია“?

 

ხშირად ვკითხულობ უახლეს კვლევებს, რჩევებს, რეკომენდაციებს. ვიაზრებ მათ კლასიკური ფსიქოლოგიის პრიზმაში. ვადარებ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მაგალითებს და შესაძლოა, ერთგვარი სურათის დახატვაც შევძლო, რაც, ცხადია, მთის წვერის ცალი მხრიდან დანახვის მცდელობა იქნება, მაგრამ მაინც.

 

რატომ არიან ჩვენი ნალოლიავები შვილები უბედურები?

 

რას აკეთებს მშობელი, როდესაც ბავშვი მიწაზე ეცემა?

ამ კითხვაზე პასუხი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენ მანამდე ვწუხვართ, სანამ პატარა წაიფორხილებს. მშობლებს არ გვსურს (რაც ლოგიკურია), შვილმა ხანდახან უსიამოვნებაც ნახოს ცხოვრებაში და ამისთვის ვებრძვით ყველა არსებულ თუ შესაძლო განსაცდელს.

არადა, წარმოიდგინეთ, რომ გაუვალ ჯაგნარში, რომელსაც დასასრული არ აქვს, მიგვყავს შვილები. წლები გადის, ჩვენ კი მივდივართ, მივდივართ, მივდივართ. ვცდილობთ, გზა იმგვარად გავკაფოთ, რომ ჯერ პატარა, მერე კი უკვე ზრდასრული ჩვენი შვილები ეკლებმა არ დაკაწროს. დრო მიდის, ისინი არხეინად მოგვყვებიან უკან და უცებ ჩვენ სადღაც ვქრებით, ისინი კი შუაგულ ტყეში, გაუვალ ეკალ-ბარდებში თავიანთ შვილებთან ერთად რჩებიან…

მშობლებს შვილებისთვის უსიამოვნებების არიდება საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია, არადა, უსიამოვნებაც ხომ ისეთივე ნაწილია ცხოვრებისა, როგორიც სიამოვნება. ის უნარ-ჩვევები, რომლებიც პატარ-პატარა პრობლემების გადაჭრისას გამოუმუშავდება მოზარდს, ზრდასრულობაში დიდ უსიამოვნებებთან გამკლავებაში ეხმარება. ვისაც ჩაქუჩით ლურსმნის დაჭედებას არ ვასწავლით, სახლს თავისით ვერასოდეს ააშენებს. ამიტომ ასაკისთვის შესაფერისი პრობლემების წინაშე შვილების მარტო დატოვება ლოგიკური და აუცილებელიც კია.

ცნობილი ამერიკელი ფსიქიატრი პოლ ბონი ასეთ საინტერესო რამეს ამბობს: „მშობელი ცდილობს, შვილი დისკომფორტს აარიდოს და ამ დროს ხელიდან აცლის მას სიამოვნების ჰორმონებს, სიამოვნებისა, რომელსაც ორგანიზმი პრობლემის გადაჭრისას განიცდის!“

 

დიახ, ჩვენი ჰიპერმზრუნველობით, ხელის ჩაჭიდებითა და შიშით, რომ „ეს თაობა“ დაუხმარებლად ვერ გადარჩება, ბავშვებს რაღაც მნიშნელოვანს ვაცლით ფეხქვეშ და ერთ დღესაც ისინი მტკივნეულად ეცემიან.

 

მაშ ასე, რომელია ათი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც მშობელი უშვებს? საკუთარი გამოცდილებით და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული შემთხვევების შეჯამებით დავწეროთ:

 

შეცდომა N1 – ჩემი შვილი ჩემი ღმერთია!

ვის არ უყვარს, როცა უყვართ? მეტიც: ერთი ჩემი მეგობარი მღვდლის, გიორგი წეროძისა არ იყოს, ხანდახან ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, უყვარდეთ, ვიდრე თავად უყვარდეს, რათა ფიზიკურად გადარჩეს.

შვილებს ჩვენი სიყვარული წყალივით სჭირდებათ, მაგრამ როგორც კი მათ ვაკერპებთ, მათ სულში ჭია იწყებს ძრომიალს და რაღაც ყროლდება. ეს პატარა საყვარელი ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად წარმოიდგენენ და, როგორც ყველა კერპს სჩვევია, ზრდასრულობაშიც ითხოვენ თაყვანისცემას – მეუღლისგან, თანამშრომლისგან, შვილებისგან, უცხოებისგანაც კი. კაცობრიობა კი ასე არ არის მოწყობილი. აბა, დაფიქრდით, რამდენ თქვენგანს უხარია, როდესაც ვიღაც უცხო ადამიანი უპირობო თაყვანისცემას ითხოვს? რას პასუხობთ? სწორედ ამ პასუხს მიიღებენ ჩვენი შვილებიც, რადგან დასაწყისში ისინი დავაზიანეთ.

 

შეცდომა N2 – ჩემი შვილი უნაკლოა.

ჩემი სამასწავლებლო გამოცდილებიდან ვიცი, რომ მშობლებს შვილები ხშირად უნაკლოებად წარმოუდგენიათ.

უნაკლო ადამიანები არ არსებობენ – ეს აქსიომაა. არც ისეთი ნაკლი არსებობს, რომელიც გამოსწორებას არ ექვემდებარება, მაგრამ როგორც ნაკლოვანებებზე ჩაციკვლა და ამით თვითგვემა იწვევს ბავშვის შინაგან ნგრევას (ხშირად ეს შედეგია ჩვენი, მშობლების, არაცნობიერი პრობლემების სხვაში მოგვარების მცდელობისა, რასაც ფროიდი გადატანას უწოდებს), ასევე რეალურ პრობლემაზე თვალის დახუჭვას მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებსაც აშკარა პრობლემა აქვთ – სხვა ბავშვებს აბულინგებენ. მშობლები ამ პრობლემას ვერ ხედავენ, უარყოფენ და მძიმედ განიცდიან საგანმანათლებლო დაწესებულებისა თუ დაბულინგებული ბავშვების მშობლებისგან მიწოდებულ ინფორმაციას.

ვიცი ასეთი შემთხვევა – ბავშვი დანას ატარებდა და სკოლამ საქმის კურსში ჩააყენა მშობელი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მსგავსი ფაქტის არსებობა და პრობლემის ცივილიზებულად გადაჭრის ნაცვლად შვილს სკოლა შეუცვალა.

მეორე ამბავი მოზარდებში ადრეული დეპრესიის ნიშნებია, რასაც მშობელი პრობლემად კი არა, სასირცხვილო ამბად მიიჩნევს და უარყოფს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

 

შეცდომა N3 – ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი მე ვარ!

ხშირად მშობელი არაცნობიერად ცდილობს, შვილისგან აღიარება მოიპოვოს და ამისთვის მასთან „თანასწორი“ ურთიერთობის ფიქციას მიმართავს, რითაც უარს ამბობს თავისი ბუნებრივი ფუნქციის შესრულებაზე. არადა, მშობელი მაინც მშობელია. პატივისცემა, გულახდილობა და პრობლემების დროს გვერდით დგომა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ შვილების საუკეთესო მეგობრები ვერ გავხდებით და არც უნდა ვიყოთ. რატომ? – ეს ძალადობის ერთგვარი ფორმაა. ასე გვსურს, ისინი მუდმივად საკუთარ ორბიტაზე გვყავდნენ და ვაკონტროლოთ. ამას შვილები ხვდებიან და არაცნობიერი პროტესტის განცდა უჩნდებათ, კარგავენ ჩვენდამი პატივისცემას და როცა „ნამდვილ საუკეთესო მეგობარს“ პოულობენ, სრულიად გვშორდებიან.

მეგობრობა არჩევანის ნაწილია, პიროვნული გადაწყვეტილებაა და ვალდებულებასთან კავშირი არ აქვს. მშობელი და შვილი შეიძლება ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ, მაგრამ როლური ურთიერთობა ასევე მნიშნელოვანია. მამისა და დედის ხატი მთელი ცხოვრება თან დაჰყვება ადამიანს და მის ბევრ გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას. თუ მშობელი შვილის პიროვნებას თრგუნავს, რა ილეთებიც არ უნდა გამოიყენოს, მისი მცდელობა, გახდეს შვილის საუკეთესო მეგობარი, წარუმატებლობისთვისაა განწირული. ჩვენსა და შვილებს შორის, სულ მცირე, თაობა დგას, თაობათა შორის ღირებულებითი სხვაობა თავისას შვრება. ის, რაც ჩემი შვილისა და მისი გარემოცვისთვის სასაცილოა, მე აღარ მაცინებს და რაზეც მე მეღიმება, მათთვის გაუგებარია. როგორც არ უნდა ვეცადო, ცხვრის ტყავი გადავიცვა, ცხვარი ვერ გავხდები და სიმართლე სადღაც გამოაშკარავდება.

იყავით შვილის მეგობარიც, მაგრამ საუკეთესო მეგობარი თუ თქვენ ხართ, იცოდეთ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვით.

 

შეცდომა N4 – რასაც მე ვერ მივაღწიე, ის იზამს.

ერთხელ ერთ ნაცნობს, ყოფილ მოჭიდავეს, ვკითხე: როგორ მოიქცევი, შენმა ერთადერთმა ვაჟმა ჭიდაობას თავი რომ დაანებოს და ბალერონობა გადაწყვიტოს-მეთქი? ჯერ დაიბნა, გაუკვირდა კიდეც, რადგან არასოდეს დაუშვია მსგავსი ფიქრი, ჩემმა კითხვამ კი აამღვრია და ცხოვრება გაუმწარა, შუბლი დაეღარა და ბევრი გინება ამოუშვა პირიდან საკუთარი შვილის მიმართ.

შვილს კი სრულიად სხვა ინტერესები ჰქონდა. მაგრამ მამას, ვერშემდგარ მოჭიდავეს, შვილის მიღწევებით სურდა იმის კომპენსაცია, რაც თავად არ გამოუვიდა.

ეს ამბავი სევდიანად, თუმცა კლასიკურად დასრულდა: ბევრი იჭიდავა, ბევრი სცადა შვილმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ახლა ერთი დაბნეული ახალგაზრდა კაცია, რომელიც 32 წლისა ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. ძალიან კი უჭირს.

მშობლებს ძალიან გვიჭირს იმის განსაზღვრა, სად ვმთავრდებით ჩვენ და სად იწყება ჩვენი შვილი. ჩვენი ვერრეალიზებული და გაზრდილი ეგოს სხვა ადამიანით რეალიზება შეუძლებელია და შედეგი რომც მოიტანოს (ასეთებიც ხდება – გავიხსენოთ ბეთჰოვენის მაგალითი), კაცმა არ იცის, რა ჯობია პიროვნებისთვის: იყოს ბედნიერი თუ ვიღაცის სურვილების ასრულებას შეეწიროს.

მშობლის მოვალეობა უფრო მეტად შვილის ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში მის გვერდით დგომა მგონია. რასაც მე ვერ მივაღწიე, სხვა მიაღწევს, მაგრამ ეს სხვა შეიძლება ჩემი შვილი არ იყოს.

 

შეცდომა N5 – ვერავინ უნდა გაჯობოს!

სადაც კი მისწავლებია, ყველგან მოსულა ერთი მშობელი მაინც, შეშინებული, განწირული ადამიანის თვალებით და უკითხავს: რას შვრება ჩემი შვილი? პასუხი დიდად არც აინტერესებთ, რადგან კითხვის განმარტება ტუჩის კუთხეზე ადგათ და ამატებენ ხოლმე: ისეთი მორცხვია, ყველა თავზე გადასდის და ჯაბნის. არ მინდა, უკანასკნელი იყოს კლასში.

„არ მინდა, უკანასკნელი იყოს!“ – ამ სიტყვების მიღმა ბევრი მშობელი სინამდვილეში იმას გულისხმობს, რომ სურს, მისი შვილი ყოველთვის და ყველგან იყოს პირველი, რაც ყველას ხასიათის ნაწილი არ არის. ზოგი ბუნებრივად ცდილობს, ჩრდილში დარჩეს და ასე დაიმკვიდროს თავისი ადგილი მზისქვეშეთში.

 

შეცდომა N6 – გამოიცვალე ასაკი, სამოსივით!

მახსოვს, ბავშვობაში ძილის წინ ოცნება მიყვარდა. უშუქობაში, რომელიც მაშინდელ თბილისს არ უკვირდა, ძლივს ჩამთბარ ლოგინში, თავზე საბანგადაფარებული რაღაცებზე ვოცნებობდი. ეს იყო სრულიად ბავშვური და სასაცილო ოცნებები, რომლებსაც კეთილი სიზმრები მოჰქონდა. ტყეში ხეტიალი, თანატოლებთან ერთად გართობა – უფროსების გადმოსახედიდან, უაზროც კი – ჩემთვის ახალი დღის სიხარულით გათენების საწინდარი იყო.

ჩემს მოსწავლეებს რომ ვეკითხები, რით ერთობიან, პასუხი გულს მიკლავს, რადგან მათ ხშირად არც კი აქვთ საამისო დრო, ან მათი ერთადერთი გასართობი „გაჯეტია“, რომელსაც მაშინვე მოიგდებენ ხოლმე ხელში, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავენ. ვინ წაართვა ბავშვს თავისუფალი დრო? მშობელმა, ვისაც კარგის მეტი ალბათ არაფერი სურს შვილისთვის. როგორ? ისე, როგორც თავად წარმოუდგენია: ცეკვა, ხატვა, უცხო ენები… სპორტიც ხომ უნდა ბავშვს? ტყეში სეირნობის ნაცვლად – რეპეტიტორიდან რეპეტიტორის კარზე ხეტიალი, შაბათ-კვირას – საკვირაო სკოლა… მერე თვითონ სკოლაც რამდენ დავალებას იძლევა? ბავშვს ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს, ვერ ერთობა, ვერ თამაშობს, როცა სწორედ თამაშში უნდა გაიზარდოს და განვითარდეს როგორც ინდივიდი. ლომიც კი უტოვებს ბოკვერს თამაშისა და გართობის საშუალებას, რადგან იცის, რომ ასე სწავლობს პატარა ცხოვრებას, ასე ემზადება დაუნდობელ გარემოსთან პირისპირ დასარჩენად და ასე შეიძლება გამოიწრთოს ნამდვილი მონადირე.

ბავშვობა ჩვენი ცხოვრების ის მონაკვეთია, რომელიც აღარასოდეს განმეორდება. თუ პატარაობაშიც ისე ვაცხოვრებთ შვილს, როგორც დიდს, მას მალე მობეზრდება ყველაფერი, რადგან ორჯერ მოუწევს იმ გზის გავლა, რომელიც ერთხელ უნდა გაიაროს ადამიანმა. ორჯერ შუახანი, ორჯერ სიბერე, თუნდაც ორჯერ ახალგაზრდული მსუბუქი ტვირთი – როგორი გადასატანია? იქნებ ამიტომ იღლება ადამიანი მალე და ეკარგება ცხოვრების ინტერესი?

რაც გავიზარდე, ვაკვირდები თავს და აღარ ვოცნებობ. ის დრო კეთილ მოგონებად დამრჩა. მადლობის მეტი რა მეთქმის ჩემი მშობლებისთვის – ყოველთვის მიტოვებდნენ თამაშის დროს და ეს წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მგონია.

 

შეცდომა N7 – „რა შევუკვეთე და რა ჩამომივიდა“

მშობლების ნაწილი შვილის ჩასახვის დღიდან გეგმავს მის მომავალს. წარმოუდგენია მისი თვალის ფერიც, ხასიათიც და პროფესიაც კი და მოულოდნელად აღმოჩნდება ხოლმე, რომ „ჩვენი სისხლი და ხორცი“, ჩვენი ნაწილი სულ სხვანაირია. სხვანაირი გარეგნობით თუ სურვილებით, ჩვევებით და წესებით. მაგრამ ჩვენ ხომ ასე არ დაგვიგეგმავს, სხვანაირად წარმოგვედგინა და სხვანაირად გვინდოდა, რადგან არაცნობიერად საკუთარი ეგოსთვის მოედანს ვამზადებდით შვილების სახით.

თუ პიროვნების უნიკალურობას ვადასტურებთ, პატივიც უნდა ვცეთ ამას. თუ ვფიქრობთ, რომ საკუთარი ასლი გვჭირდება, რომელიც ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ ვერ გავხდით, გვახსოვდეს, რომ, ცხოვრების კანონების მიხედვით, ყველაფერი თავდაყირა დადგება.

 

შეცდომა N8 – დამიჯერე, შვილო!

როგორც ბევრი სხვა მშობელი, მეც ვუშვებ ამ შეცდომას – შვილს ვეუბნები ერთს და ვაკეთებ მეორეს.

ამას, ცხადია, ვერ ვამჩნევ, მაგრამ ბავშვებს არაფერი გამოეპარებათ, რადგან ჩვენ გვერდით იზრდებიან და ყველაფერს ლუპით აკვირდებიან. რამდენიც უნდა შეაგონო შვილს, ერთი საპირისპირო მოქმედება ყველაფერს წყალში ჩაყრის და შეიძლება უარესიც მოხდეს, რადგან ბავშვი თავს მოტყუებულად ჩათვლის და ეცდება, სწორედ ის გააკეთოს, რასაც მთელი ცხოვრება უკრძალავდნენ.

 

შეცდომა N9 – მეზვერისა და ფარისევლის იგავი

ჩვენ არ ვიცით, რას უმზადებს ცხოვრება ჩვენს შვილებს, რა შეცდომას დაუშვებენ და როგორ წარიმართება მათი ბედი. პროგრამა, რომელსაც მშობელი დებს საკუთარ შვილში, ხანდახან ისეთი ძლიერია, რომ ბევრ რამეს განსაზღვრავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კოდების მოფიქრება ან კოდებზე საერთოდ უარის თქმა.

როდესაც შვილის თანდასწრებით სხვა მოზარდს ან მის მშობელს განვსჯით, სწორედ ასეთი კოდები იწერება ბავშვის არაცნობიერში. კრიტიკულ ვითარებაში, იმავე შეცდომის დაშვების მომენტში (და ამისგან არავინაა დაზღვეული) ჩვენი შვილი ასეთი პროგრამირების წყალობით შესაძლოა უფსკრულის პირას აღმოჩნდეს, უკანასკნელი დასაყრდენის იმედი აღარ დარჩეს და უბედურებაც მოხდეს.

პრაქტიკაში (ვმართავ წერითი თერაპიის ჯგუფს) მქონია შემთხვევა, როდესაც მონაწილემ სუიციდური ფიქრების შესახებ ილაპარაკა, რომლებიც თინეიჯერობისას ჰქონდა. მიზეზი ბანალური, მაგრამ მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. თინეიჯერობისას ნაადრევი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა შეყვარებულთან, რომელსაც მიზეზთა გამო დაშორდა. თვითმკვლელობაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაქტი გააანალიზა და წარმოიდგინა, რას იტყოდა მამამისი, ეს რომ გაეგო. კაცი ხომ მთელი ცხოვრება „გარყვნილ“ გოგოებს და მათ მშობლებს ლანძღავდა. საბედნიეროდ, გოგონამ სიცოცხლეზე უარი არ თქვა, მაგრამ ტრავმებს დღემდე ებრძვის.

 

შეცდომა N10 – წაიკითხე პერსონაჟი სწორად!

მხატვრული ნაწარმოების აგებისას ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ავტორმა უნდა მოახერხოს, პროტაგონისტის სრულყოფილად დანახვაა. იმის გაგება, ვინ არის ის რეალურად, როგორი ხასიათი აქვს, როგორ მოქმედებს და რითია უნიკალური, საშუალებას გვაძლევს, დამაჯერებელი და საინტერესო ტიპაჟი შევქმნათ.

შვილებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი ფუნდამენტური შეცდომა მათი ამგვარად გააზრების უუნარობაა.

მშობელი თითქოს კარგად იცნობს – ან უნდა იცნობდეს – საკუთარ შვილს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, მის წინაშე სრულიად უცნობი ადამიანია, რომელსაც იმ თვისებებს მიაწერს, რაც თავად წარმოუდგენია ან უნდა, რომ მას ჰქონდეს.

შვილის შემყურე, ბევრი მშობელი წუხს, რადგან „რაღაც ვერ არის რიგზე მის თავს“ და მოზარდს ასაკისთვის შეუფერებლად აფასებს, ავიწყდება, რომ 7-8 წლის ბავშვი სურვილების მოკლევადიან დაკმაყოფილებაზე ბუნებრივად ზრუნავს (წარმოიდგინეთ პატარა, კომუნალურ გადასახადებზე ფიქრით ნაყინზე უარს რომ ამბობდეს). ეს ტრაგედია არ არის და თავს ტყუილად ნუ აიტკივებთ.

დაბადებიდან მოყოლებული, კარგი იქნება, თუ დაწვრილებით შეისწავლით შვილის ჩვევებს, ხასიათს, მიდრეკილებებს და მათ გარდაქმნას კი არა, გამოყენებას ეცდებით. არ არსებობს ცუდი და კარგი თვისება – არსებობს თვისებები, რომლებიც ცუდად ან კარგად განვითარდა და ამაში მშობელს არცთუ უკანასკნელი წვლილი შეაქვს.

შვილების შეცდომებისთვის თვალის გასწორება ძნელია. ძნელია ამ დროს თავის ხელში აყვანაც. მაგრამ, ისევ ლიტერატურის კანონებს და ერთ ჩინურ ანდაზას თუ მოვიხმობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დიდია მარცხი, მით მეტად გვმართებს ძვირფასი ღვინის გახსნა, რადგან სადღაც იქვე დიდი წარმატება მომდგარა კარს.

ასეა ლიტერატურაშიც – მხოლოდ დიდი ქარტეხილების შემდეგ ხდება უბრალო პერსონაჟი დაუვიწყარი გმირი, რადგან თუ მის პრობლემებს სულ სხვა მოაგვარებს, ვიღაზე დაწეროს მწერალმა?

ალბათ ღირს დახსომებად, რომ სანამ შვილის პრობლემის მოგვარებას შევუდგებოდეთ, თავს ვკითხოთ: შეძლებს ჩვენი შვილი მის დაძლევას? იქნებ ჯერ ადრეა ხისტად ჩარევა? იქნებ მხოლოდ გვერდით დგომა და გამხნევებაც საკმარისია, იქნებ ვაცადოთ, თავადვე გაძლიერდეს?

ხანდახან ხანმოკლე ტკივილი ხომ დიდი და ხანგრძლივი სიხარულის საწინდარია! აარიდებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შეიძლება ცხოვრება წაართვა ადამიანს.

ზღაპრებშიც ხომ ასეა!

ციფრული მინიმალიზმი ანუ როგორ ვისწავლოთ ბაგირზე სიარული

0

„უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩვენ დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მათ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი ნაწილის კოლონიზაცია მოახდინეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ მოგვიწერია ხელი ისეთი ციფრული სამყაროსთვის,

რომელშიც ახლა ვართ ჩაძირული”.

Cal Newport Digital Minimalism

სამყაროს მთავარი პერსონაჟი ადამიანია. ციფრული სამყარო და ტექნოლოგიები ადამიანს სცენიდან ვერ გაიყვანს, თუ თავად არ დატოვებს მას!

ც.ბ.

ჩვენ უკვე ორი ცხოვრება გვაქვს: ერთი – ე.წ. რეალობა და მეორე – ციფრული რეალობა. ეს სტატია არ მოგიწოდებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ, ან რომელიმეს უპირატესობაზე იფიქროთ, არამედ ორივეზე ადამიანის უპირატესობა მინდა რომ დავინახოთ. ორივე სამყაროში ჩვენ ვართ, შესაძლოა, სრულიად სხვადასხვაგვარად, მაგრამ – ჩვენ. ინტერნეტი გახდა სარკე, რომელმაც აგვირეკლა და ამავე დროს, მან მოიპოვა დამოუკიდებელი არსებობა და დაიწყო ჩვენთვის „გზის სწავლება“.

თუმცა ვინ ვართ ჩვენ? – ეს ჩვენი ორივე სამყაროში ცხოვრების მნიშვნელოვანი კითხვაა. კითხვა, რომელიც დაავიწყდა ადამიანს, რადგან მისი ცნობიერება ინფორმაციული სანაგვე გახდა, რომელშიც იშვიათად აღმოაჩენთ რაიმე ღირებულს.

ცხოვრებაც და ციფრული ცხოვრებაც პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა და მივყვებით ერთ შემთხვევაში – ცხოვრების დინებას და, მეორე შემთხვევაში, – ინფორმაციების ნაკადს, რომელიც არ ვიცით, სად ჩაგვიტანს.

სოციალურ ქსელებში „(ს)ქროლვა“ გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ქუჩაში, ტრანსპორტში, ლექციებზე, შეკრებებზე, შეხვედრებზე – ორ სამყაროში გვიდგას ფეხი. ვეღარ ვტკბებით გარემოთი, ადამიანებით, ურთიერთობებით და, ციფრულ რეალობაში ჩვენი ნებით ემიგრირებულები, განვაგრძობთ სქროლვას…

ზოგჯერ მგონია, რომ ეს სქროლვა მაგნეტიზმია და ძალისხმევის გარეშე არ დაიძლევა… აი, როგორც მაგნიტი – რკინას, გარკვეულ მანძილზე იზიდავს და მერე ნებდება, რადგან მანძილი ძალას აკარგვინებს მაგნიტს.

გადაცემა „60 წუთში“ 2017 წელს გუგლის ყოფილმა ინჟინერმა, ტრისტან ჰარისმა, ანდერსონ კუპერთან საუბრისას დაადასტურა, რომ ტექნოლოგიების შემქმნელები აკეთებენ ყველაფერს, რათა მათი პროდუქტი გამოვიყენოთ, რაც შეიძლება დიდხანს. ამისთვის მიმართავენ სხვადასხვა მანიპულაციას. ეს ჩვენთვის სიახლე სულაც არ არის, თუმცა, როცა ამას გუგლის ინჟინერი ამბობს, სხვაგვარად აღვიქვამთ.

ჰარისი ძალიან საინტერესო მეტაფორას გვთავაზობს: სმარტფონებს ადარებს სათამაშო ავტომატებს: ყოველთვის, როცა მათ ვამოწმებთ, გვინდა ვიცოდეთ, რა მივიღეთ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ, Silicon Valley აპლიკაციებს აპროგრამებს თუ ადამიანებს? ჰარისი უპრობლემოდ პასუხობს:

– ისინი აპროგრამებენ ადამიანებს. თქვენ მუდმივად გესმით ისტორიები, რომ ტექნოლოგია ნეიტრალურია და ჩვენ ვართ, ვინც წყვეტს, როგორ გამოვიყენოთ იგი. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება…

– მაშ, ტექნოლოგია არ არის ნეიტრალური? – შეაწყვეტინა კუპერმა.

– არა, ისინი არ არიან ნეიტრალური. თქვენ უნდა გამოიყენოთ ისინი გარკვეულ ვითარებაში ან გარკვეულ დროს. იმიტომ რომ, კორპორაციები ფულს ამ გზით შოულობენ.

ასე ჩაგვიდეს ჯიბეში მოწყობილობა, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. ადრე ჰარისმა კოლეგებისათვის დაწერა მანიფესტი: „მოწოდება მომხმარებელთა ყურადღების მინიმიზაციასა და მათ მიმართ პატივისცემაზე“. ამ წერილის შემდეგ ჰარისი გადაიყვანეს სხვა პოზიციაზე. ის გახდა „პროდუქტის ფილოსოფოსი“. მაგრამ ამას სიკეთე არ მოუტანია. რადგან მომხმარებელთა ყურადღების პატივისცემას მოჰყვა შემოსავლის შემცირება. საბოლოოდ, ჰარისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან დააფუძნა ორგანიზაცია Time Well Spent / კარგად გატარებული დრო. ორგანიზაციის მისია იყო: ტექნოლოგიები გვემსახურება ჩვენ და არა რეკლამას.

შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენი უსარგებლო ნივთი შეგვიძენია მხოლოდ რეკლამის გამო და იმის გამო, რომ მუდმივ ინფორმაციულ მდინარეში ვართ, საიდანაც „მშრალად ვერ ამოვალთ“.

ნივთები – ნივთებად, მაგრამ ჩვენ ამ სივრცეში ვკარგავთ დროს, ყურადღება გადაგვაქვს უსარგებლო ინფორმაციების მიღება-განხილვაზე… ხოლო სადაც ჩვენი ყურადღებაა – იქ არის ჩვენი ენერგიაც. ეს ენერგია კი ჩვენთვის უფრო სასარგებლო საქმეებში შეგვეძლო დაგვეხარჯა.

„ციფრული რეალობა და ტექნოლოგიები სულ უფრო ინტენსიურად მართავენ ჩვენს განწყობებსa და ქცევებს და გვაიძულებენ, გაჯეტები გამოვიყენოთ იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე ჩვენ ვთვლით ნორმალურად – გვთავაზობენ უფრო და უფრო მომგებიან აქტივობებს.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვკარგავთ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე და თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვეღარ ვტკბებით მომენტით – ვირტუალური აუდიტორიისთვის მისი დოკუმენტირების სასოწარკვეთილი სურვილის გარეშე“ – ეს არის ფრაგმენტი Cal Newport-ის წიგნიდან „Digital Minimalism“. წიგნის მეორე სათაურია: „ფოკუსირებული ცხოვრების არჩევა ხმაურიან სამყაროში“. წიგნში საუბარია იმ გამოსავლის ძიებაზე, რომელიც დაგვაბრუნებს საკუთარ თავთან.

თუ კარგად გავაცნობიერებთ, აღმოვაჩენთ, რომ „ჩვენი თავები ჩვენ აღარ გვეკუთვნის“. აქ შეიძლება ილიას სიტყვებიც გაგვახსენდეს: „ჩვენი თავი რომ ჩვენვე გვეყუდნეს“, მაგრამ ეს უარესი „დაპყრობაა“, ვიდრე ის, რაზეც ილია წერდა. რადგან ოკუპირებულია ჩვენი გონება, გატეხილია ყველა პაროლი და ჩვენს ცნობიერებაში სხვა ოპერატორები სხედან, რომლებიც იქით გაგახედებენ, საითაც მათ სურთ და თან ისე, რომ შენ გეგონოს, რომ ეს შენი გადაწყვეტილებაა. არადა, ღმერთმანი, ჩვენ სულ გვგონია, რომ სოცქსელებში უბრალოდ ვერთობით… დიახ, ზუსტი იყო ის შედარება სათამაშო ავტომატებზე: ვერთობით ისე, როგორც კაზინოებში… ქსელებში არავის ეკუთვნის თავისი თავი, ის ეკუთვნის ქსელების სისტემის დემონს. ეს არ არის უბრალოდ ინტერნეტდამოკიდებულება… ეს უფრო უარესია. ჩვენ, შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც ასე ვართ, მაგრამ ციფრულ რეალობაში ეს მკვეთრად გამოჩნდა.

კელ ნიუპორტის აზრით, სოცქსელებიდან მექანიკური გათიშვა საკმარისი არ არის ინტერნეტდამოკიდებულების დასაძლევად. ტექნოლოგიების გამოყენებას საფუძვლად უნდა დაედოს ფილოსოფია, რომელიც თქვენს ღირებულებებს ეფუძნება. ამ ფილოსოფიის თავის ვერსიას ნიუპორტმა უწოდა „ციფრული მინიმალიზმი”. მისი მიმდევრები შეიძლება შევადაროთ ბაგირზე მოსიარულეებს, რომლებმაც მიაღწიეს წონასწორობას იმის მიუხედავად, რომ ყურადღების გაფანტვის უამრავი ფაქტორი არსებობდა. ციფრული მინიმალიზმის იდეა მარტივი სლოგანით გამოიხატება: „ცოტა უკეთესია… დიახ, უკეთესია!”.

ციფრული მინიმალიზმის ფილოსოფია და მისი მთავარი პრაქტიკული კომპონენტი – ციფრული დალაგება – დაგეხმარებათ, გადაიაზროთ თქვენი ცხოვრება, დაუბრუნდეთ ჭეშმარიტ ღირებულებებს და ისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენება თქვენ სასარგებლოდ.

„თანამედროვე ციფრული ცხოვრება ხასიათდება სიტყვით – ამოწურვა. ეს არ არის ის, რომ აპლიკაციები ან ვებსაიტები ცუდია. პრობლემაა დიდი რაოდენობით კაშკაშა „გამღიზიანებლების” გავლენა, რომლებიც ყურადღებას გართმევენ და ასე აკონტროლებენ მომხმარებლების განწყობას. ინტერნეტ-აქტივობა უკონტროლოა. სოციალური ქსელები ჩვენს დროს ამსხვრევენ და ძალიან ცოტა დრო გვრჩება გაცნობიერებული ცხოვრებისთვის. (Cal Newport „Digital Minimalism“)

P.S. წიგნი იხილეთ ბმულზე: https://www.goodreads.com/book/show/40672036-digital-minimalism

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...