კვირა, მაისი 3, 2026
3 მაისი, კვირა, 2026

კანონი ჩვენს მხარეს

0

როგორ ავუხსნათ ბავშვებს კანონმორჩილების მნიშვნელობა

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად, სკოლაში 12 წლიანი ყოფნის დროს, სხვადასხვა საგნის სწავლების პროცესში, ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს კანონის დაცვა და წესების კრიტიკულად გააზრება. გააზრება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სიტყვებს – „კანონი“ და „წესრიგი“ – ავტორიტარული რეჟიმებიც მართვის მთავარ მექანიზმად იყენებენ. სწორედ ამ გამოწვევის პასუხად, სკოლის ამოცანა არა მხოლოდ კანონმორჩილი ადამიანის აღზრდა უნდა იყოს, არამედ მოაზროვნე ადამიანის, რომელიც ემორჩილება კანონს, რომლის სულისკვეთებაც ესმის; რომელიც იაზრებს, რა საფუძველი ჰქონდა ამა თუ იმ კანონის მიღებას და რით განსხვავდება კანონმორჩილება დემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოში.

როგორ მივაღწიოთ ამას ბავშვებთან, მაშინ როცა მათი მშობლების ასაკის მოქალაქეებსაც კი უჭირთ ერთმანეთისგან გამიჯნონ უპირობო მორჩილება და გააზრებული კანონმორჩილება? მარტივად – ჩავრთოთ ბავშვები სასკოლო წესების, შინაგანაწესის, წესდების შემუშავებაში. მივცეთ შესაძლებლობა, გადახედონ და შეაფასონ უკვე დადგენილი რეგულაციები, რომელიც უსამართლოდ მიაჩნიათ. გააკრიტიკონ, იმსჯელონ, დისკუსიები მოაწყონ იმ საკითხებზე, რაც მათ ეხებათ, თუმცა მხოლოდ ზრდასრულების დაკანონებულია. წავახალისოთ მოსწავლეთა თვითმართველობა, იმუშაოს თანატოლებთან. წავახალისოთ ოპოზიციური აზროვნება, საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა, არგუმენტირებული მსჯელობა, განსხვავებული მოსაზრებების მქონე თანატოლების მშვიდობიანი თანაარსებობა სასკოლო სივრცეში. ამით ჩვენ მოსწავლეებს ბავშვობიდან მივაჩვევთ, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც შენ გეხება, უნდა გაიაზრო, ამის შემდეგ კი ან დაეთანხმო და დაემორჩილო ან გააპროტესტო, შეცვლა მოითხოვო, უკეთესის შემუშავებისთვის დრო და რესურსი გამოყო.

სამართლებრივი ცნება „კანონის უზენაესობა“ ყოველდღიური საუბრებისთვის ზედმეტად მკაცრად ჟღერს და ერთი შეხედვით მხოლოდ პოლიტიკურ  და სასამართლო პროცესებთან ასოცირდება.

სინამდვილეში, ეს ცნება ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობას ეხება. კანონის უზენაესობა გარანტიაა, რომ ჩვენ, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, ჩვენი უფლებრივი მდგომარეობით ერთმანეთის თანასწორი ვართ. კანონი ეს იგივეა, რაც ჩარჩო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. კანონი წესრიგის საფუძველია. კანონის უზენაესობა გვჭირდება რიგით ადამიანებს, მათ შორის, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, რადგან ის გვიცავს მათგან, ვინც ფლობს ძალაუფლებას, გვიცავს ერთპიროვნული მმართველობისგან.

ბავშვობიდან თუ სასჯელით, პოლიციით, კანონით შევაშინებთ მოსწავლეებს, დიდი შანსია, სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ. კანონი არა მათ მხარეს, არამედ მათ წინააღმდეგ წარმოიდგინონ, რაც, ცხადია, გაზრდის სხვადასხვა რისკებს.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ წესებს და კანონებს ვინმე ერთპიროვნულად არ იღებს.  საქართველოს პარლამენტის მიღებულ ყველა კანონს  თავისი არგუმენტები აქვს და ახსნა-განმარტებითი ბარათი ახლავს, სადაც აღწერილია, რატომ დადგა ამ კანონის მიღების საჭიროება. არგუმენტები საჯაროა და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გაეცნოს თითოეული კანონის სულისკვეთებას. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ არც მათ სკოლაში აქვს ვინმეს უფლება დააკანონოს რაიმე ერთპიროვნულად, ფაქტობრივი (და არა ფიქციური) განხილვისა და დისკუსიების გარეშე.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ კანონები მათი შეზღუდვისთვის კი არ იქმნება, არამედ თანასწორობისთვის და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. თუ ამის გააზრებაში დავეხმარებით, იქნებ, აღარ დაეთანხმონ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას: „კანონი იმისთვის არსებობს, რომ უნდა დაარღვიო“.

პრაქტიკული განმარტებისთვის შეიძლება შუქნიშნის მაგალითი გამოგვადგეს: როდესაც შუქნიშანზე ვჩერდებით, ამ მოქმედებით ჩვენ გზას ვუთმობთ სხვა ადამიანს. ანალოგიურად იქცევა სხვა, როცა ჩვენ ვკვეთთ გზას. თუ ჩვენ არ დავუთმობთ სხვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ადამიანზე უპირატესად მივიჩნევთ ჩვენს თავს, მას კი ვამცირებთ. ეს დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შექმნის დაპირისპირების რისკებს.

ყველას გვინახავს საცობში მიმავალი მანქანების რიგები და სულსწრაფი მძღოლები, რომლებიც მოძრაობის წესების დარღვევით ცდილობენ გადაუსწრონ წინ მდგომ მანქანებს. რაც არა მხოლოდ კანონდარღვევად შეიძლება შეფასდეს, არამედ სხვა ადამიანების ღირსების შელახვადაც, რასაც არც თუ იშვიათად მოჰყვება ხოლმე ხმაურიანი გარჩევები.

ცხოვრებისეული სიტუაციური ამოცანების სიღრმისეული განხილვა დაეხმარებოდა მოსწავლეებს, კანონის უზენაესობის მნიშვნელობის გააზრებაში. ასეთ საკითხებზე მსჯელობით მოსწავლეები შეიძენენ და განივითარებენ სამართლიანობის კულტურას, საზოგადოებაში ქცევის წესებს, პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ქცევებს.

ასეთი გაკვეთილებით დავეხმარებით მოსწავლეებს, გაიაზრონ მოქალაქეობის არსი და შეცვალონ დამოკიდებულება ძალაუფლების გამოყენების მიმართ, რაც ასეთი პოპულარულია ჩვენში საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კი.

მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ ტრანსფორმაციებს სკოლაში მიღებულმა ფორმალურმა და არაფორმალურმა განათლებამ უნდა შეუწყოს ხელი, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით 2004 წლიდან გვაქვს განსაზღვრული.

გამოყენებული ბმულები:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098?publication=0

https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis/videos/694793335555075

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

ცვლილებების მენეჯმენტი და მისი გავლენა განათლების პოლიტიკაზე

0

ჩვენს დროში ცვლილებები ორგანიზაციათა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტექნოლოგიებთან ადაპტირება, სამუშაოს მოცულობის, სამუშაო სივრცისა და გარემოს ადაპტირება, შინაარსობრივი ცვლილებები ორგანიზაციული სტრუქტურისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ახლებურ გააზრებას მოითხოვს. სწორედ აქ იჩენს თავს ცვლილებების მენეჯმენტის როგორც დისციპლინის მნიშვნელობა.

ცვლილებების მენეჯმენტი როგორც დისციპლინა 50-იანი წლებიდანაა აღიარებული. ინსტიტუციებმა და ორგანიზაციებმა დიდძალი თანხა ჩადეს ამ მიმართულებით ტრენინგებსა და ვორქშოფებში, კონსულტაციებსა და მარეგულირებელი დოკუმენტაციის შექმნაში, რათა თავიანთი საწარმოების პროდუქტიულობა გაეზარდათ. ტერმინი „ცვლილებების მენეჯმენტი“ (change management) ინგლისურენოვან სივრცეში გაჩნდა და 1930-იან წლებში აშშ-ში ჩატარებული კვლევები დაედო საფუძვლად: ჰარვარდის პროფესორები იკვლევდნენ ქარხნებში დასაქმებული პერსონალის შრომის ნაყოფიერების ზრდის ფაქტორებს. კვლევის თანახმად, პერსონალის შრომის ნაყოფიერება მეტად იზრდებოდა, როდესაც დასაქმებულები მეტ ყურადღებას და დაფასებას გრძნობდნენ. ლიტერატურაში ეს დამკვიდრდა ჰოთორნის ეფექტის (Hawthorne Effect) სახელწოდებით, რაც ორგანიზაციებისთვის პიროვნებათა მნიშვნელოვნების ხაზგასმას გულისხმობს.

პერსონალის ფაქტორის მნიშვნელოვნების დამადასტურებელ კიდევ ერთ არგუმენტად გამოდგება 1970-1980-იან წლებში იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საწარმოებში დასაქმებულ პირთა კვლევა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იაპონური საწარმოები ამერიკულსა და ევროპულთან შედარებით უფრო წარმატებულები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის პერიოდში ტექნოლოგიური განვითარებით ჩამორჩებოდნენ ზემოაღნიშნულ ქვეყნებს. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დასაქმებულთა გუნდური სულისკვეთება და კმაყოფილება აღმოჩნდა. მენეჯმენტის თეორიებში დამკვიდრება დაიწყო მოსაზრებამ, რომ წარმატებას არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი, არამედ თანამშრომელთა მოტივაციაც განაპირობებს.

მაინც რას ნიშნავს ცვლილებების მენეჯმენტი? იგი მოიცავს ყველა საშუალებას, რომელიც მიმართულია სტრატეგიების, სტრუქტურებისა და სისტემების თანამდევი მოქმედებების ინიცირების, დაგეგმვისა და განხორციელებისკენ. ეს გულისხმობს ყველა იმ აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც მენეჯმენტსა და დასაქმებულ პირებს შესაძლო ცვლილებებისთვის მოამზადებს.

ცვლილებების მენეჯმენტი დაკავშირებულია პროექტებსა და პროცესებთან, რათა ორგანიზაციები გახდნენ უფრო პროდუქტიულები, უკეთესები და მოქნილები. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გარდა ტექნოლოგიური პროგრესისა, დიდ მოთხოვნებს უწესებენ გარე მარეგულირებლები და გლობალური სტანდარტებიც. აქედან გამომდინარე, ცვლილებების განხორციელება ძირითადად საჭირო ხდება შემდეგი მიმართულებით:

  • ინოვაციების დანერგვის სტრატეგია;
  • პროფესიული განვითარება;
  • ტექნოლოგიები;
  • გლობალიზაცია;
  • მართვის დეცენტრალიზაცია;
  • ხარჯების შემცირება.

ამ ფონზე ცვლილებების მენეჯმენტი არის სისტემატური და გამიზნული მოქმედება, რათა უპასუხოს ორგანიზაციის სურვილს, განახორციელოს ცვლილება, განსაზღვროს ახალი სტრატეგია და იყოს მეტად პროდუქტიული.

ცვლილებების მენეჯმენტს როგორც პროცესს ბევრი საერთო აქვს პრაქტიკის კვლევასა და პროექტების მენეჯმენტთან. წლების განმავლობაში დიდ კორპორაციებში მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ გატარებული ცვლილების/რეფორმის/რეორგანიზაციის რეალური მიზნები შესაძლოა მიუღწეველი დარჩეს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხია მენეჯერების/მმართველების მიერ ცვლილებისთვის პერსონალის მომზადება. ხშირად მმართველ რგოლს ავიწყდება, რომ დაქირავებულია ის ადამიანი, რომელიც წყვეტს, სურს თუ არა რაიმე სახის ცვლილება საქმიანობაში. გარდა ამისა, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს პროცესმა, ამას დასაქმებული აღიქვამს პერსონალურად, უკავშირებს თავის ცხოვრებასა და მომავალს. ადამიანები ძირითადად ეთანხმებიან ისეთ ცვლილებებს, საიდანაც ექნებათ შანსი, სამომავლოდ ბევრი პირადი სიკეთე მიიღონ. ყველა გლობალური თუ ლოკალური რეფორმის დროს მენეჯმენტს ავიწყდება, რომ წარმატების გზა გადის დასაქმებულების კეთილ ნებაზე, შეასრულონ ესა თუ ის სამუშაო ახლებურად.

მეორე ფაქტორი ფსიქოემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებაა. არგუმენტირებული მსჯელობა და ცვლილების აუცილებლობის ლოგიკური დასაბუთება ხშირად არ ჭრის მათზე, ვის გამოცდილებაშიც ცვლილება ნეგატიურ ემოციებსა და შედეგებთანაა დაკავშირებული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბავშვობაში სკოლის შეცვლით იყო გამოწვეული თუ სამსახურში მენეჯმენტის ცვლილებით – ადამიანი მნიშვნელოვანწილად სწორედ გამოცდილების საფუძველზე განეწყობა კონკრეტული საკითხისადმი დადებითად ან უარყოფითად.

მესამე და გადამწყვეტი თავად მენეჯერების დამოკიდებულებაა – მმართველი რგოლი ყოველთვის ფიქრობს, რომ უკეთ იცის, რა სჭირდება დასაქმებულს. ამგვარი დამოკიდებულება ცვლის დასაქმებულთა განწყობას, ქმნის კიდევ ერთ წინააღმდეგობას რეფორმის განხორციელების გზაზე. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ადამიანების სუბიექტური აღქმა უმთავრესია ცვლილებისადმი განწყობის ჩამოყალიბებისას.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვაჩვენებს განსხვავებას მენეჯერებისა და დასაქმებულების დამოკიდებულებებს შორის:

მმართველი რგოლის ხედვა დასაქმებულის ხედვა
ცვლილებები კარგია, ისინი საშუალებას გვაძლევს, მოვერგოთ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. ცვლილებები ცუდია, მათ მოაქვთ არასტაბილურობა, შფოთვა და დროის კარგვა.
დაზოგვა მოგების წინაპირობაა. თუ ინსტიტუცია დაზოგავს, ამით ჩემი შემოსავალი შემცირდება.
ოპტიმიზაცია კარგია ორგანიზაციის განვითარებისა და სამუშაო ადგილების სტაბილურობისთვის. ოპტიმიზაციის შედეგად მე შესაძლოა სამსახური დავკარგო.
მუდმივად ერთ ადგილზე ყოფნა წამგებიანია ორგანიზაციისთვის. მუდმივად ერთ ადგილზე ყოფნა სტაბილურობას ნიშნავს.

 

ცხრილი მკაფიოდ აჩვენებს რეალურ განსხვავებას გადაწყვეტილების მიმღები და აღმასრულებელი რგოლების დამოკიდებულებებს შორის. აშკარაა, რომ ამგვარი აცდენის შემთხვევაში რეფორმა/ცვლილება ვერცერთი მხარისთვის ვერ იქნება წარმატებული. თეორიაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების 70% ორგანიზაციებში წარუმატებელია, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

2007 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, წარუმატებლობის მიზეზების სიის სათავეში მერყევი გარემო, ბუნდოვანი მიზნები და პროცესები, კომუნიკაციის მხრივ მენეჯერების არასაკმარისი კომპეტენცია მოექცა. საინტერესო შედეგებს იძლევა 2012 წლის კვლევაც, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დასაქმებულების განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. კვლევის თანახმად, ცვლილებები ხშირად საშიშროებად აღიქმება და არა შესაძლებლობად, შესაბამისად, მომავლის შიში, მენტალური მიუღებლობა, შეჩვეულ გარემოსთან დამშვიდობება და პირადი მდგომარეობის გაუარესება ჩამონათვალის სათავეშია. საუბრობენ ისეთ მნიშვნელოვან პიროვნულ ფაქტორებზეც, როგორიცაა ფსიქოლოგიური მზაობის ნაკლებობა („არ მინდა, არ გავაკეთებ“, „არ შემიძლია ამის გაკეთება“) და ხელოვნურ ბარიერებზე, რომლებიც ადამიანებს არგუმენტად მოჰყავთ ნებისმიერი სიახლის ინიცირების დროს („იცით, ჩვენთან ასე არ გამოვა, რადგან…“).

როგორც ვხედავთ, ადამიანების ემოციური დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ ყველა ქვეყანაში ერთნაირია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიკითხოთ: რა უნდა გავითვალისწინოთ გლობალური თუ ლოკალური ცვლილებების დაგეგმვისას? რა მიდგომები არსებობს? როგორ შევცვალოთ ადამიანების ნეგატიური გამოცდილება და დავარწმუნოთ ცვლილების აუცილებლობაში?

როგორც აღვნიშნეთ, რეალობისგან შორს არ ვიქნებით, თუ ცვლილებების დაგეგმვის პროცესსა და პრაქტიკის კვლევას შორის მსგავსებას დავინახავთ. თეორიის განვითარებასთან ერთად შემუშავდა გარკვეული მიდგომები, რომელთაგან ერთ-ერთი კურტ ლევინის შრომებს ეფუძნება. სწორედ ლევინის სამი ნაბიჯი, ჯონ კოტერის წარმატების რვა კრიტერიუმი და ვილფრიდ კრუგერისა და ბახის მიზნის მიღწევის ხუთი ფაზაა პროცესის წარმართვის ის ძირითადი ეტაპები, რომლებსაც ორგანიზაციაში ცვლილებების დაგეგმვის დროს ითვალისწინებენ.

კურტ ლევინის სამსაფეხურიანი მოდელი წარმოადგენს ცვლილებების პროცესის აღწერას და გვთავაზობს სირთულეების დაძლევაში მხარდაჭერას. ის 1940-იან წლებში შემუშავდა. მოდელის უკეთ გააზრებისთვის წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ყინულის კუბი; ჩვენი მიზანია, მას ფორმა შევუცვალოთ – სამკუთხა პრიზმად ვაქციოთ, ოღონდ ისე, რომ სტრუქტურა იგივე დარჩეს. რას გავაკეთებთ ამისთვის? ყველაზე ლოგიკური გზა ყინულის გადნობა და ხელახლა, ახალი ფორმით გაყინვაა. ამ პროცესში ლევინი განასხვავებს მოწინააღმდეგე და მამოძრავებელ ძალებს, რომლებიც ცვლილების ყველა ეტაპზე ინდივიდის განსხვავებულ ქცევას განაპირობებს. საწყის ეტაპზე დიდია წინააღმდეგობის ძალა, რადგან მოსალოდნელი ცვლილება შესაძლოა შიშს აღუძრავდეს ადამიანს. მეორე ეტაპზე წინააღმდეგობის ძალა უფრო მეტად იზრდება და ცვლილებით გამოწვეული მტკივნეული გადაწყვეტილებები უარყოფითად აისახება დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერებაზე. ცვლილების დასასრულს კი, სტაბილურ გარემოში, უკვე გატარებული ცვლილება და წარსულში დარჩენილი გამოცდილება აღარ წარმოადგენს საშიშ და უარყოფით ემოციებთან დაკავშირებულ აქტივობას – პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი ხდება (გალღობა, ფორმის შეცვლა, გაყინვა).

პირველ ეტაპზე ლევინი ხაზს უსვამს ორგანიზაციული კლიმატის შეცვლის აუცილებლობას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლებს მოტივაცია ექნებათ, სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში. მეორე ეტაპი უფრო მენეჯერებისთვის წარმოადგენს გამოწვევას. მათ, გარდა იმისა, რომ თავიანთ სფეროში კომპეტენტურები უნდა იყვნენ, უნდა ჰქონდათ ცოდნა ცვლილებების მართვისა და დაგეგმვის თვალსაზრისითაც, რათა შეძლონ იმ საფრთხეებისა და წინააღმდეგობების დაძლევა, რომლებსაც დასაქმებულების სკეპტიციზმი, გულგრილობა და შიშები იწვევს.

ამ მოდელის უპირატესობად შეიძლება დასახელდეს ადამიანური ემოციების მნიშვნელობის ხაზგასმა, თუმცა დღემდე ბუნდოვანია, რატომ აყენებს წინააღმდეგობას ფოკუსში ცვილილების საპირწონედ, ნაცვლად მისი პოზიტიური წარმოდგენისა. ლევინმა წარმოადგინა მოდელი, რომელიც შემდეგ დაიხვეწა კონკრეტული ნაბიჯებისა და პროცესების აღწერის კუთხით კოტერთან და კრუგერსა და ბახთან.

კოტერი თავის რვასაფეხურიან მოდელში აკონკრეტებს და ავითარებს ლევინის მოდელს. ცვლილებების მენეჯმენტის თეორიაში ეს მოდელიც აღიარებულია და მას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საფუძვლები აქვს:

  1. განცდა, რომ აუცილებელია ცვლილება – მენეჯრებისა და დასაქმებულებისთვის უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მათ გაუჩნდეთ ცვლილების აუცილებლობის შეგრძნება;
  2. მენეჯერთა გუნდის ჩამოყალიბება – ადამიანების გაერთიანება და კომპეტენტური გუნდის შექმნა;
  3. ხედვისა და მისიის ჩამოყალიბება – გააზრებული მისია ზრდის რეფორმის წარმატების შანსს;
  4. ხედვისა და მისიის გაზიარება – დასაქმებულებისთვის მიზნების გაცნობა, ამ მიზნების შესახებ ნათელი და მკაფიო წარმოდგენის შექმნა, მათი დარწმუნება;
  5. მოტივაცია – ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც თანამშრომელთა მოტივაციას აამაღლებს;
  6. მოკლევადიანი მიზნებისა და შედეგების წარმოდგენა – ნათელი მიზნების გაზიარება და მიღწეული წარმატების აღიარება, რაც გაზრდის ცვლილების პროდუქტიულობას;
  7. მიღწეული მიზნების განმტკიცება და ახლის დასახვა;
  8. მიღწეული ცვლილების ორგანიზაციულ სტრუქტურაში ჩაშენება.

კოტერის მოდელის უპირატესობა მისი ნაბიჯების სიცხადეა. მისი ნაკლოვანებაა ის, რომ ჯერ არ არსებობს ამ მოდელის შედეგიანობის საკმარისი ემპირიული მტკიცებულება. 2002 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რვიდან ექვსი საფეხურის ეფექტიანობის დამადასტურებელი ემპირიული მტკიცებულებები მოიძებნა, ხოლო მეხუთე და მეშვიდე საფეხურის პოზიტიური გავლენის დასტური კვლევამ ვერ აღმოაჩინა. კოტერი თავადაც მიანიშნებს ნათელი მიზნებისა და ხედვის მნიშვნელოვნებაზე, მაგრამ მის მოდელს აკლია ადამიანური ქცევის, ემოციებისა და გამოცდილების ასპექტების გათვალისწინება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს გავითვალისწინოთ სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც შეიძლება არსებობდეს დარგობრივად და დრო, ფინანსები და ადამიანური რესურსი დავზოგოთ. ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მოდელის შერჩევისას აუცილებელია ემპირიულად დასაბუთებული მიდგომების გამოყენება, რაც უფრო მეტად ზრდის წარმატების მიღწევის შანსს.

ლევინისა და კოტერის მოდელების შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ როგორც ადამიანური, ისე სტრუქტურული ფაქტორები უმნიშვნელოვანესია ცვლილების დაგეგმვა-განხორციელების დროს. ამის შეჯამება სცადეს კრიუგერმა და ბახმა ხუთსაფეხურიან მოდელში, რომელიც ცვლილების განხორციელების პროცესს შემდეგნაირად წარმოადგენს:

ფაზა 1 – ინიციატივა: შიდა და გარე შეფასებისას გამოვლინდება საჭიროებები. პარალელურად გააქტიურდება მენეჯმენტსა და დასაქმებულებში მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობები;

ფაზა 2 – კონცეფცია: მიზნები მკაფიოდ გაიწერება, სტრატეგიები შემუშავდება ერთობლივად და ამ მიზნების მიღწევის გზები განისაზღვრება კონკრეტული ინდიკატორების მეშვეობით;

ფაზა 3 – მობილიზაცია: მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დასაქმებულებთან მათი ფსიქოემოციური მდგომარეობისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რათა პროცესისადმი ნდობა და ინტერესი გავუღვივოთ.

ფაზა 4 – განხორციელება: ცვლილების გატარების ეტაპი. ყოველ ნაბიჯზე ხდება მიღწეული შედეგების გაანალიზება და შეცდომების გასწორება.

ფაზა 5 – განმტკიცება: შედეგების შეჯამება და სამომავლო ცვლილებებისადმი ემოციური მზაობის განმტკიცება.

ეს მოდელი ნათელ წარმოდგენას გვაძლევს განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ და ადამიანურ ფაქტორებსაც ითვალისწინებს, რაც მენეჯერს დამაბრკოლებელი გარემოებების განეიტრალების საშუალებას აძლევს. ცვლილებების დაგეგმვის დროს ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ სწორედ დასაქმებულთა იმ ემოციური ფონისა და განწყობის გადალახვაა, რომელიც ყველა ქვეყანაში მსგავსია – შიში და წინასწარ შექმნილი ნეგატიური დამოკიდებულება. ასეთ დროს თამაშში შემოდის ფსიქოლოგია, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი საკითხისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისას ადამიანი წარსული გამოცდილებით ხელმძღვანელობს. როგორი იყო თქვენი გამოცდილება რაიმე ცვლილების მიმართ? თუ ასეთ დროს ნეგატიური ემოციები მძლავრობს, სავარაუდოდ, ყველა მომავალი ცვლილების მიმართ ნეგატიურად იქნებით განწყობილი და მენეჯერის მიერ თავს მოხვეულ დავალებებს მხოლოდ ფორმალურად შეასრულებთ.

არ შეიძლება არ შევნიშნოთ ცვლილებების თეორიის მსგავსება მსოფლიო სისტემების თეორიასა და იმ კვლევებთან, რომლებიც განათლებაში კონკრეტული რეფორმების წარუმატებლობის მიზეზებს იკვლევს. ცხადია, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებთა და შემსრულებელთა მოლოდინები და აღქმები განსხვავებულია, ეს კი იძლევა განსხვავებულ შედეგებს ცვლილებების განხორციელების დროს, რომელთა 70% წარუმატებელია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ნებისმიერი გადაწყვეტილება დაეფუძნოს სამეცნიერო ცოდნასა და უახლეს კვლევებს, რომლებიც მხოლოდ დამხმარე რგოლს წარმოადგენს ახალი ცოდნის შექმნისა და სისტემების გაუმჯობესების საქმეში.

 

 

„ყოველთვის შეგიძლია იპოვო უკეთესი ვერსია“

0
Top view image of two kids lying on the floor and playing with tablet and smartphone watching movie or gaming. Mockup or template for web or application design.

„განათლებაში რევოლუცია ახდენს არა ტექნოლოგია, არამედ სამყაროს აღქმა“

ემრე ფირატი თურქი პედაგოგია, რომელმაც თავისი საგანმანათლებლო გზა მათემატიკის მასწავლებლობით დაიწყო. ამჟამად ის სტამბოლის რობერტ-კოლეჯის სასწავლო პროგრამების დეკანია და მიაჩნია, რომ პროფესიული წინსვლისთვის უწყვეტი განვითარებაა საჭირო. მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და იცვლება, ემრე ფირატი განათლებას ფუტურისტული პერსპექტივიდან უყურებს და ხელმძღვანელობს დევიზით – „ყოველთვის შეგიძლია იპოვო უკეთესი ვერსია“.

უნდა მიჰყვეს თუ არა სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებს და როდის შეძლებენ მასწავლებლები, ყურადღება მიაქციონ ყველა მოსწავლეს? – ამ საკითხებზე მას თავისი შეხედულებები აქვს:

„დღევანდელ მსოფლიოში სასკოლო სისტემას ყველა უჩივის. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მხარს ვუჭერთ მოძველებული სწავლის მოდელს, რომელიც ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შეიქმნა.

სკოლაში ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთ მასწავლებელზე ძალიან ბევრი მოსწავლე მოდის. მეტიც, მასწავლებლები ჯერ ისევ ასწავლიან კლასებში და ისინი მოსწავლეებთან ერთად 6-8 საათი სხედან მერხებთან. ბავშვებს არ სურთ ასე სწავლა. მათ უფრო მეტად სწავლების ჰიბრიდული ფორმატი აინტერესებთ. ერთი მხრივ, მათ სურთ სოციალიზაცია და ექსპერტებთან, ოფლაინ მასწავლებლებთან ურთიერთობა. მეორე მხრივ, ისინი არ არიან მზად სკოლის შენობაში დღის მეოთხედი ან მესამედი გაატარონ. სხვათა შორის, არც მასწავლებლები.

COVID-19 პანდემია უდავოდ ტრაგიკული მოვლენაა, მაგრამ მან მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სწავლის შესახებ. მივხვდით, რომ ონლაინსწავლა უჩვეულო და რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. დღევანდელ ბავშვებს სურთ პერსონალიზებული სწავლა და აქ ისევ ვაწყდებით მასწავლებლების ბავშვებისადმი დამოკიდებულების პრობლემას.

მასობრივი სწავლის მოდელი ყველას არ უხდება. ზოგჯერ ერთი მასწავლებელი ერთდროულად 30-40 ბავშვზეა პასუხისმგებელი. როგორ ვიპოვოთ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის მიმართ? ზოგიერთი სკოლა ცდილობს ამ მოდელისგან თავის დაღწევას და, როგორც ჩანს, ეს მუშაობს.

პრობლემა ის არის, რომ განათლების შეცვლით შედეგს მაშინვე ვერ ვხედავთ. ამიტომ საზოგადოება შეშფოთებულია იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ექსპერიმენტული სკოლები მომგებიანია.

პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ შექმნათ უფრო მცირე კლასები, გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები სკოლის პერსონალს შორის და შეამციროთ მასწავლებლების დატვირთვა. შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რომელიც მხარს უჭერს მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრატორებს, ბავშვებს, გვექნება ღირსეული გამოსავალი. თუ მასწავლებელს მეტი დრო გამოუჩნდება თითოეული მოსწავლისთვის, ბავშვი შეძლებს მასწავლებლისგან მაღალი ხარისხის უკუკავშირის მიღებას. ეს დაეხმარება, მიაღწიოს მეტ წარმატებას კლასში.

რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის საჯარო სკოლებში განხორციელება. ყველა სახელმწიფოს არ აქვს ბიუჯეტი და რესურსები მსგავსი ცვლილებებისთვის. ზოგიერთ ქვეყანას აქვს გარკვეული ბიუჯეტი განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ მათ შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი სახსრები ყველა სკოლისთვის. ჩნდება ეთიკური დილემა: მე, მაგალითად, როგორც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა, თუ არ მომეპოვება საკმარისი რესურსი, რომელიც საკმარისი იქნებოდა ყველა სკოლაში რეფორმების გასატარებლად, შემიძლია გავაუმჯობესო განათლება სკოლების მხოლოდ 20%-ში?

რა თქმა უნდა, სკოლებს სჭირდებათ საინფორმაციო და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. პანდემიის დროს სწორედ IT უჭერდა მხარს სწავლას. თუმცა, ჩვენი ფოკუსი არ უნდა იყოს მხოლოდ ტექნოლოგია. აქცენტი ყოველთვის უნდა იყოს გადატანილი მოსწავლეებზე. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მაშინ ღირს, თუ ისინი მართლა სასარგებლოა მოსწავლეებისთვის.

არსებობს მრავალი გზა, რომ დაინერგოს IT განათლებაში ისე, რომ დააკმაყოფილოს მოსწავლეთა საჭიროებები. მაგალითად, ზოგიერთ ბავშვს, რომელიც შორს ცხოვრობს, დილის ხუთ საათზე უწევს ადგომა, რომ სკოლაში პირველ გაკვეთილს მიუსწროს. ასეთ სიტუაციაში სავსებით მიზანშეწონილია პირველი გაკვეთილის ჩატარება Zoom-ის მეშვეობით. მივცეთ ბავშვებს უფლება დანარჩენ გაკვეთილებზე დიდი შესვენების დროს მოვიდნენ. სირთულე ისევ ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი ცვლილებები სარგებელს მოუტანს ბავშვებსა და მასწავლებლებს. ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა.

მეტიც, სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა შინაარსიანი უნდა იყოს. მასწავლებლებმა და კურიკულუმების შემქმნელებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: „რატომ სჭირდებათ ბავშვებს ეს ინფორმაცია? როგორ შეუძლია მას დაეხმაროს მათ?“

მაგალითად, კრიპტოვალუტა არის შედარებით ახალი ტექნოლოგია, რომელიც პირდაპირ ცვლის თანამედროვე ეკონომიკას. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ უთხრათ ბავშვებს, რა არის ეს ან შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, როგორ დაეხმარება ეს ცოდნა ცხოვრებაში და სამაგიეროდ არა მხოლოდ იმსჯელოთ კრიპტოვალუტაზე, არამედ დააყენოთ ფულის საკითხი ადამიანის ცხოვრებაში. რა არის ვალუტა? რა განსაზღვრავს მის ღირებულებას? როგორ უნდა მართოთ თქვენი ფინანსები?

როდესაც გვეცოდინება, რატომ გვჭირდება კონკრეტული ტექნოლოგიები განათლებაში, ტექნოლოგიები დაიწყებენ ჩვენს დახმარებას. ჩემს გაკვეთილებზე ზოგიერთი ბავშვი ამჯობინებს iPad-ის გამოყენებას. ვინაიდან ეს ნამდვილად ეხმარება მათ ინფორმაციის შესწავლასა და ათვისებაში, ასევე ეხმარება იმაში, რომ არ გადატვირთონ ზურგჩანთები მძიმე სახელმძღვანელოებით. მე მათ ვაძლევ გაჯეტების გამოყენების უფლებას.

ყოველ ჯერზე, როცა საზოგადოებაში ახალი ტექნოლოგიები ჩნდება, ხალხი დარწმუნებულია, რომ ისინი რევოლუციას მოახდენენ განათლებაში. ასე იყო ტელევიზიით, ონლაინთამაშებით, ვირტუალური რეალობით. თუმცა, ვიდეოკონფერენცია ჩვენთან თითქმის 20 წელია არსებობს, მაგრამ მე არ მინახავს სკოლები, რომლებიც მათ რეგულარულად იყენებდნენ კორონოვირუსულ პანდემიამდე. განათლებაში რევოლუციას ახდენს არა ტექნოლოგია, არამედ სამყაროს აღქმა.

ტექნოლოგია ავითარებს ბავშვებში უმაღლესი დონის სააზროვნო უნარებს – შექმნის, შეფასებისა და ანალიზის უნარს. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება გარე სამყაროსთან მიმართებაში: მათ აქვთ ინფორმაციის მრავალი წყარო და, შესაბამისად, მისი გადამოწმების მეტი გზა. გარდა ამისა, გაჯეტები ეხმარება მათ კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.

თანამედროვე საზოგადოებაში ძნელია გაიზარდო ადამიანად, რომელსაც არ დასჭირდება ონლაინურთიერთობა.

სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიის გონივრულად გამოყენება დაეხმარება ბავშვებს სოციალიზაციაში კომპიუტერის გამოყენებით.

ტექნოლოგია ასევე სასარგებლოა, როდესაც საქმე ეხება უკუკავშირს. სპეციალური პროგრამების წყალობით მასწავლებელს შეუძლია არა მხოლოდ დღიურში ჩაინიშნოს შეფასება, არამედ დატოვოს კომენტარები და დამატებითი ბმულები შესასწავლად, რაც დაეხმარება მოსწავლეს შეცდომებზე მუშაობაში.

სასკოლო განათლებაში მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ზომიერება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით: ბავშვებს ეს არ მოსწონთ. მათ არ უხარიათ ზედიზედ 7-8 გაკვეთილი ეკრანს უყურონ. სკოლას უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური და ადამიანური ურთიერთქმედების ბალანსი – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ მნიშვნელოვან სოციალურ კავშირებს.

წარსულში ინდივიდებმა კაცობრიობა წინ წასწიეს – ახლა კი ამას გუნდები აკეთებენ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ გუნდში მუშაობა. ამიტომ გამოიყენეთ ონლაინკონფერენციები, Zoom-ოთახები, გაზიარებული დოკუმენტები, სადაც ყველას შეუძლია ცვლილებების შეტანა, აკეთეთ პროექტები მთელი მსოფლიოს მოსწავლეებთან ერთად. ასე სწავლობენ ბავშვები ერთმანეთთან თანამშრომლობას.

გაამდიდრე ციფრული მასალა, დაამატეთ ციფრული წიგნები, YouTube-ვიდეოები, 3D მოდელები. რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის ერთად დრო არასაკმარისია, მაგრამ თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაეხმაროთ ბავშვებს რაიმე ტექნოლოგიის დახმარებით ახალი მასალის შესწავლაში, შეეცადეთ გამოიყენოთ ის.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები მუდმივად იყვნენ გადამზადებული ციფრულ ტექნოლოგიებში. მასწავლებლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიან, შეიძლება ვერ ორიენტირდებოდნენ ტექნოლოგიებში, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ეს აუცილებელია, თუ გსურთ ბავშვებთან მათთვის გასაგებ ენაზე ისაუბროთ. ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება: ერთ წელს იყენებ რაღაცას, შემდეგ წელს კი ის არავის სჭირდება. ამიტომ, მასწავლებელი, ისე როგორც არავინ, უნდა მისდევდეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს“.

„სამშობლო, როგორც უფალი…“

0

გრიგოლ რობაქიძე – სამყარო ეროვნული არსის პრიზმაში

თანამედროვე ლიტერატურული, ფილოსოფიური აზროვნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებს კლასიკური მწერლობა თავისუფლების, პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის ცნებებს. გლობალიზაციის ეპოქა ამ საკითხებს კიდევ უმატებს პრობლემებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სხვადასხვა სააზროვნო სივრცის, მსოფლმხედველობის შემოქმედები საკუთარ სულიერ ძალას, გულის ნაწილს დებენ ამ პროცესის შესწავლისას და ეს არ არის ესეისტური გამონათქვამი, რადგან ნამდვილი მეცნიერება ყოველთვის ეყრდნობა შინაგან განცდებს, ინტუიციას.

ამ წერილში შევეცადე, მეჩვენებინა განსხვავებულ სოციუმებში მცხოვრები დიდი მწერლის სააზროვნო სივრცეში, შემოქმედებაში ზემოჩამოთვლილი კატეგორიების გააზრება და მათ მიმართ დამოკიდებულება, რომელიც მაინც ერთ საწყისზეა ამოზრდილი, მას ეყრდნობა და მისით იკვებება.

ადამიანის არსებობას განაპირობებს ისტორიული ეპოქა, რომელშიც ის ცხოვრობს, როგორც წინასწარგანზრახულობა, შეუცვლელი ბედისწერა. გავიხსენოთ ის მძიმე პერიოდი, რომელმაც ტრაგიკულად განავითარა გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება.

„გრიგალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,

მას დირიჟორობს თვითონ სატანა“… (გ. ტაბიძე)

სულიერმა ფასეულობებმა გლობალური მასშტაბით იწყეს რღვევა. „ღმერთის ამოძირკვა ყოფიერებიდან _ ეს არის კულტურის ახალი მიჯნა“ (გ. რობაქიძე). – არსებულ სინამდვილეში მომხდარი ამდენი ძალადობა, სისასტიკე, უამრავი უდანაშაულო ადამიანის წამება და სიკვდილი ზოგადად ღმერთის არსებობაზეც ჩააფიქრებდა კაცს. ათეისტურ სამყაროში ადამიანი მარტოდმარტო დარჩა ყოფითი პრობლემების პირისპირ. დადგა დრო პიროვნების ნიველირებისა და მასის, კოლექტივის, რომელიც უფრო ადვილად სამართავია, პრიმატისა.

გრიგოლ რობაქიძე იკვლევდა გამოთქმებს „უნივერსალური კაცი“, „კოლექტიური კაცი“, „მარადი ადამიანი“. რობაქიძისეული „ადამიანი“ ნიშნავს არა ადამისაგან წარმოშობილს, არამედ ცალკეულს, რომელშიც „ადამია“, კაცის პირველქმნილი, სრულყოფილი ხატი, ღმერთთან წილნაყარი… და რწმენაში ნაპოვნი შვება. სამყაროს დარდი _ სიმარტოვისა და არყოფნის შიში. „შენ შენს თავში ატარებ ყოველგვარ სიამეს, ბრწყინვალებას, მაგრამ ყველა დარდსაც. შორიდან, ძალიან შორიდან მობრწყინავს ხსნა. ო, სიმარტოვევ! ო, შენ, ქრისტეს სისხლო, დაჭრილი ნეკნებიდან გადმოღვრილო, შენს ერთ წვეთს მაზიარე, მხოლოდ ერთ პატარა წვეთს, რათა განვახლდე, გავნათლდე“, (გ. რობაქიძე)… „რა ეშველება თავისუფლებას, ღმერთის ამ უმაღლეს საჩუქარს? როგორ შეიძლება კაცი მის აღმოფხვრას დაეთანხმოს? რა გაამართლებს თვით არსებობას, თუ ერთი კაციც კი არ არის თავისუფალი? ან ვის სჭირდება არათავისუფალი სამყარო?“ (გ. რობაქიძე). ეს ის დროა, როცა ჯერ არ დამდგარა რეპრესიების, დასმენის, „მოღალატეთაგან წმენდის“ დღეები, იმ დროის ტერმინოლოგიით.

თავისუფლება კი ღმერთთან მიახლებაა, მისი ადამიანში დავანება. აი, ციტატა მიხეილ წერეთელის ენათმეცნიერული კვლევებიდან: „ღმერთი ყველგანაა, სადაც გული ღიაა, სამსხვერპლო ცხოველის დარად, მზად არის თავის თავის შესათავაზებლად“. ვანლერ დაისელი, 1926 წ. კრებულში „მზის სისხლი“ წერდა: „მე წავიკითხე მთელი სიბრძნე ყოფნა-არყოფნის, კრავის თვალებში დალეწილი უბიწოებით“. აქვე გავიხსენოთ სულხან-საბასეული განმარტება: ღმერთი – „წვა და ხედვა“. ეს ენათესავება სიტყვას მზე, რომელიც თეოლოგიურ ფილოსოფიაში სიმბოლოა ღვთაებისა. ქართულში დღეგრძელობა – დიდხანს, ხანგრძლივი სიცოცხლეა, მზეგრძელობა კი – არა მხოლოდ სიცოცხლის, მზის (ნათლის, ღვთაებრივის) დიდხანს შენარჩუნებისკენ სწრაფვაა ადამიანისა.

უღმერთო კაცი აღარაა ჰარმონიაში ბუნებასთან, რადგან სამყაროს შეცნობა უფლის შეცნობას ნიშნავს.

გრიგოლ რობაქიძე წერს ღმერთის განდევნაზე სამყაროდან: „ჩვენთან ღმერთის წინააღმდეგ იბრძვიან, მისი მოკვლა სურთ. ამერიკასა და ევროპაში რაღა ხდება? იქ არ კლავენ ღმერთს, იქ იგი თავისით კვდება. ღმერთი მუდმივი წვაა…“. როცა ცდილობენ, მოკლან ღმერთი ჩვენში, როგორც თავისუფლება, დგება საფრთხეც ფიზიკური გადარჩენისა, როგორც წინაპირობა სულის, ღირსების, ადამიანურობის შენარჩუნებისა და გრიგოლ რობაქიძე ხდება იძულებითი ემიგრანტი. იწყება მტანჯველი განშორება სამშობლოსთან, ზმანებები და უტოპიური ოცნება წარსულ თუ მომავლის საქართველოზე.

„მე მესიზმრება რაღაც წმინდა, შორი ქვეყანა,

სადღაც, ოდესღაც ზმანებული, ერთხელ ნახული“( გ. ტაბიძე).

გრიგოლ რობაქიძე იყო ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლოა ყველაზე დიდი ღირებულება სამყაროში. „საქართველო დაჭრილი მზეა, „დაჭრილი“… მაგრამ მაინც მზე“. იგი წერდა: „ვზივარ აივანზე და ვერთვი ნელ-ნელა მდინარის ხმაურს, ჩაფიქრებული, მზე უხვად ედინება ჩემს ბინას, მაგრამ იგი არაა „ცხრათვალა“, როგორც ჩვენშია, მყუდრო თალარში აციალებული, ვიხილავ კვლავ შენს სამფლობელოს, დიდო კარდუ: საქართველოს ან სანაკადულოს!“

როგორ მჟღავნდება კიდევ და რას წერს გრიგოლ რობაქიძე დღეს ასე ხშირად და არამიზნობრივად ხმარებულ პატრიოტიზმზე. „გსურს გაიგო, „ვინ ხარ“, უნდა შეიგნო „ვინ იყავ“. გინდა იქცე „რამედ“, უნდა შეიტყო „რა განვლე“… „საითკენ“? მიზანხვედრია მაშინ, თუ ესეც იცი „საიდან“. ეს კი რელიგიური, წარმართული და მასზე კულტურულად „დამყნობილი“ ქრისტიანული წარმოდგენების სიღრმიდან მომდინარეა. ამ მხრივ გავიხსენოთ წმინდა ნინოს ჯვრის გრიგოლ რობაქიძისეული გახსნა: „ხსნა არის!… ჯვარი ვაზისა. მითქვამს და ვიმეორებ: ასეთი უნივერსალური რეალ-სიმბოლო მთელ საქრისტიანოში არ მოიპოვება, ეს სიმბოლო შეიძლებოდა მხოლოდ იმ მხარეში წარმოშობილიყო, საცა მევენახე ამბობს: „თვალი ჩასულა მტევანში“. გავიხსენოთ „გველის პერანგიც“: „სხვების ჯვარი ან ქვისაა, ან რკინის, ან უბრალო ხის _ ყოველთვის მშრალი და წუთხე. აქ კი: ჯვარი ვაზის. ვაზი ხომ სახეა მიწის – ნიადაგის – სიცოცხლის. სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია, ჩვენში ჯვარი ლხინია თვითონ. ჯვარი _ ვაზის ნასხლავისგან გამოჭრილი, ჯვარი _ ქალის თმებით, ქალის თმები ხომ სახეა _ ქალობის _ ქალწულობის _ დედობის… არა, სხვების ჯვარი ბერწია, ჩვენი კი _ ნოყიერი და ნაყოფიერი“.

ქართულ ცეკვაზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: „გარდა ქართველისა, მას ვერ იცეკვებს ვერავინ: რასსა არ ეყოფა“. რასაში, უპირველესად, ეროვნული ქართული მახასიათებლები იგულისხმება, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანში და შემდგომ უკვე ზოგადადამიანური თვისებებიც. ან კიდევ ჭირსა და ლხინში ნამღერი „მრავალჟამიერი“, რობაქიძე წერს: „მღერის ქართველი „მრავალჟამიერს“ რაღაც წვალებით… აწვალებს რამე? ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს ან მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გარდასულ ჟამს?“ სიცოცხლე მოიაზრებს სიკვდილს, რადგან მისი ათვლა იწყება, როგორც დასასრული დასაწყისისა. „პლატონი და ჰეგელი განცვიფრთებოდნენ, რომ სცოდნოდათ, ქართულად „ყოფნას“ და „არყოფნას“ ერთი და იგივე ფესვები აქვს“. ჰომეროსის მთარგმნელი და ანტიკური მსოფლიოს მკვლევარი, ტასილიო ფონ შეფერი, გრიგოლ რობაქიძეს სწერდა: მე შემშურდებოდა თქვენი გენიისა, რომ რამე მიდრეკილება მქონდეს შურიანობისა, მაგრამ რადგან ეს არა მაქვს, დამრჩენია მხოლოდ აღფრთოვანებული ვიყო თქვენით.

„რაჲ ყოფილი, იგივე ყოფადი, და რაჲ ქმნადი, იგივე ქმნული. და არა რაჲ არს ახალი მზესა ქუეშე.“ _ წერს ეკლესიასტე. ამას ეხმიანება გრიგოლ რობაქიძისეული ანალიზი ქართული ენის სიღრმისა: „გოეტჰეს შობამდე ქართველნი ვიტყვით, მაგალითად: „ვქმნიდე“. ეს არაა არც წარსული: „ვქენ“, არც აწმყო: „ვქმნი“, არც მომავალი „შევქმნი“, სტილი ქართული ზმნისა მოქროლვით ანიშნებს „მარად მყოფადს“.

რობაქიძესთან უფლის და სამშობლოს ცნებები შეზრდილია ერთმანეთთან, როგორც ქართულ ვაზის ჯვარზე წმინდა ნინოს თმები. „შვილი, რომელსაც საქართველო სიზმრად ახსოვს, დაეძებს დაკარგულ მამას. მამის ძებნაში იძვრის თანდათან მეტი სიმძაფრით შორეული ფესვი: „მამულის“ ნახვაში იელვებს ხანდახან მამა უზენაესი_თაური ყოვლისა“, – წერს მწერალი.

გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაშიც ნაყოფიერად მუშაობდა და სულიერად დაკავშირებული იყო სამშობლოსთან, ფიზიკური სიშორის მიუხედავად. თუმცა, ამას თან ერთოდა სიმწარე: საქართველოში მისი მოღალატედ, გამცემად შერაცხვა, რაც მკვდრად გამოცხადებას უდრიდა, მონატრებული სანახები და პატარა შვილის საფლავი. მწერალი წერდა: „მათ ჰგონიათ თურმე: თითქო მე ჰიტლერიანი ვყოფილიყვე… მაშინ არ ვიქნებოდი გესტაპოს ზვერვის ქვეშ მოქცეული 1942 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან ომის ბოლომდე“ (ირაკლი აბაშიძისადმი გაგზავნილი წერილიდან). იგი ამბობდა, რომ მისი წიგნები ჰიტლერსა და მუსოლინიზე წმინდა ლიტერატურულ ფარგლებს არ გასცილებია და მათში წვეთიც არაა ფაშიზმისა (წერილი ნიკო ურუშაძისადმი). კარლო ინასარიძე კი წერდა: „რობაქიძე ლენინს უფრო ამკობდა ქება-დიდებით, ვიდრე მუსოლინ-ჰიტლერს, თუმცა არასდროს ყოფილა არც ბოლშევიკი, არც ფაშისტი“.

ცნობილია, რომ როცა 1945 წელს ბერლინი იბომბებოდა, ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი კ. გამსახურდიას მეთაურობით მივარდა მთავრობის სასახლეში და ითხოვა, რამე ეღონათ გრ. რობაქიძისა და მ. წერეთლის გადასარჩენად, რომლებიც ბერლინში ეგულებოდათ.

1962 წლის 20 ნოემბერს ჟენევის პოლიციამ გრიგოლ რობაქიძე თავისსავე ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინა.

„შორეული წინაპარი და უახლოესი ნათესავი ერთი არსებობის გაგრძელებაა“ – წერდა გრიგოლ რობაქიძე. ყოფადობის ასეთ გაგრძელებაზე ნატვრაა მისი ანდერძიც: „ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად უკვე აღარ ვიქნები, მიდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით იხსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.

გრიგოლ რობაქიძის სამყაროში ძლიერი და ტრაგიკულია ჩვეული სივრციდან დიდი ხნით გასვლის იმპულსი. მთავარი ისაა, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, ქართველ მწერლებს, აწვალებთ ფიქრი: რა არის წმინდა ესთეტიკა, მსოფლიოს მთლიანი აღქმა, სამშობლო, სიყვარული და ნამდვილი თავისუფლება და მათი დამოკიდებულებაც ამ მარადიული კატეგორიებისადმი ძირითადად თანხვედრილია, ვიდრე აცდენილი, მიუხედავად იმ საოცრად განსხვავებული სივრცისა და რეალობისა, რომლებშიც მათ უწევდათ ხშირად ტკივილიანი ცხოვრება.

 

 

 

 

კომპლექსური დავალება – მოიფიქრე და დაწერე იგავის შეგონება

0

 სწავლების დაწყებით საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია იგავების სწავლება, რადგან ამ ჟანრის ნაწარმოებებს დართული აქვს ზნეობრივ-დამრიგებლური შეგონება, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომელიც მოზარდთა მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

 

იგავების სწავლების პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება კომპლექსურ დავალებებს, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად და გააზრებულად განახორციელოს აქტივობები, რათა მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრონ იგავის შინაარსი, ჩასწვდნენ დეტალებს, დააკავშირონ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და გააკეთონ სწორი დასკვნა.

 

გთავაზობთ იგავის სწავლებისთვის შექმნილი კომპლექსური დავალების სცენარს, რომელიც სარეკომენდაციოა. მასწავლებელს შეუძლია, გრძელვადიანი სამიზნე ცნების შესაბამისად თავად დაგეგმოს აქტივობები, შეარჩიოს სათანადო რესურსები.

გრძელვადიანი მიზანი: სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I). 1, 2, 3, 4, 5)

მკვიდრი წარმოდგენები. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

  1. 1. ტექსტის მეშვეობით ავტორი   გვიზიარებს  თავის   სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის. ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

 

ტექსტი შეიძლება იყოს: იგავი

 

  1. შინაარსი
  • იგავში მოთხრობილია გამოგონილი ამბავი.
  • იგავში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები; ხშირად პერსონაჟები არიან ცხოველები;
  • იგავი რაღაცას გვასწავლის, ჭკუას გვარიგებს, გვირჩევს.
  • იგავი ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;
  • იგავში გამოიყენება დიალოგები.

 

  1. აგებულება-სტრუქტურა
  • იგავში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;
  • იგავში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით;
  • იგავის ბოლოს შეიძლება იყოს შეგონება (დასკვნა) – ერთი-ორი წინადადება, რომლებშიც გადმოცემულია იგავის დედააზრი/მთავარი აზრი.
  • იგავს აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა.

 

  1. ენა
  • იგავში შეიძლება გამოყენებული იყოს იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;
  • გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.
  • შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.

 

ქვეცნებები – იგავი, შეგონება, პერსონაჟი, შინაარსობრივი მხარე, გაგებისა და წერის სტრატეგია.

საკითხი – იგავის, ,,სამი მოწაფის’’ შინაარსის/მთავარი სათქმელის საფუძველზე შეგონების შექმნა.

ქვესაკითხი – ,,სამი მოწაფის’’ თემა, დედააზრი, ძირითადი საკითხი – შეგონება, პერსონაჟის ქცევა, ფასეულობები. იგავის ჟანრული მახასიათებლები. გაგებისა და წერის სტრატეგიები.

 

საკვანძო შეკითხვა – როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა შეგონება იგავის საფუძველზე? როგორ ამოვიცნო და წარმოვაჩინო შეგონების დედააზრი?

კომპლექსური დავალების პირობა

იგავის, ,,სამი მოწაფის’’ შინაარსის/მთავარი სათქმელის საფუძველზე მოიფიქრე და დაწერე შეგონება.

შეფასების კრიტერიუმები

ნაშრომში წარმოაჩინე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავის შეგონებაა? (იგ.1,2,3)
  • როგორ გამოხატავს ტექსტის შინაარსს/მთავარ სათქმელს? (ტ.1, 2)
  • რომელი პერსონაჟის ქმედება ასახავს ყველაზე კარგად შენ მიერ შექმნილ შეგონებას? რატომ ფიქრობ ასე? (იგ.1,2 ტ.1, 2, 3).

 

შენიშვნა: კომპლექსური დავალების პირობასა და შეფასების კრიტერიუმებს მასწავლებელი ტექსტის წაკითხვამდე აცნობს და გაააზრებინებს მოსწავლეებს. პირველი დღიდან დასრულებამდე, გაკვეთილი იწყება კომპლექსური დავალების პირობისა და კრიტერიუმების გააზრებით.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

აქტივობა 1. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით, თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა არის შეგონება? შეგიძლია გაიხსენო შესწავლილი იგავ-არაკების შეგონება?
  • რა დაგჭირდებათ შეგონების შესაქმნელად?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ შეგონებაზე მუშაობისას?

აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება

 

რესურსი: შესწავლილი იგავ-არაკების ილუსტრაციები, (,,კუ, კურდღელი და მელა’’, ,,სოფლის მაშენებლები’’, ,,ციყვი და მგელი’’), ტექსტები

პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

  • რა არის იგავი?
  • რომელი იგავები შევისწავლეთ? (,,კუ, კურდღელი და მელა’’, ,,სოფლის მაშენებლები’’, ,,ციყვი და მგელი’’…)
  • რა გასწავლათ ამ იგავებმა?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. რა ხერხები, სტრატეგიები გამოიყენე იგავის გასაგებად?

 

ძირითადი რესურსი – იგავი ,,სამი მოწაფე’’ (ქართული ენა და ლიტერატურა, მე-3 კლასი, გამომცემლობა ,,ტრიასი“, ავტორები: ი. იაშვილი, ნ. მხეიძე, მ. აბესაძე)

 

დამატებითი რესურსები:

საინფორმაციო ტექსტი ,,სად და როდის მოიყვანეს პირველად სიმინდი’’. (ქართული ენა და ლიტერატურა, მე-3 კლასი, გამომცემლობა ,,ტრიასი“, ავტორები: ი. იაშვილი, ნ. მხეიძე, მ. აბესაძე) პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

აქტივობა 1. ცოდნის გააქტიურება სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით;

აქტივობა 2. საინფორმაციო ტექსტის – ,,სად და როდის მოიყვანეს პირველად სიმინდი’’ – მასწავლებლის მიერ წაკითხვა და საუბარი.

აქტივობა 3. ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა ( სიმინდის მარცვალი, ტარო, აღმოცენება, მექსიკელი ინდიელები, ქრისტეფორე კოლუმბი – სიტყვების ახსნა ილუსტრაციების დახმარებით)

რესურსი: ილუსტრირებული ლექსიკონი

 

შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

  • რას გეუბნება ტექსტის სათაური? ილუსტრაცია?
  • რით უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას?
  • რა დასკვნების გამოტანა შეგიძლია მათზე დაყრდნობით ტექსტის შესახებ?
  • შენი აზრით, როგორ იქნება დაკავშირებული სიმინდი სამ მოწაფესთან?
  • რაში იყენებდნენ ძველად სიმინდს? ახლა?
  • როგორ დავიმახსოვრო უცნობი სიტყვები?

 

აქტივობა 4. მასწავლებლის მიერ იგავის, ,,სამი მოწაფის’’ წაკითხვა.

აქტივობა 5. გაგრძელებით კითხვა.

აქტივობა 6. ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, ლექსიკონის შედგენა – მოსწავლეები ახლად ნასწავლ სიტყვებს შეიტანენ რვეულებში და თითოეულისთვის შეავსებენ სქემას.

 რესურსი:

აქტივობა 7. ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით წინადადებების შედგენა.

აქტივობა 8. ტექსტის შინაარსის გაგება შეკითხვებით.

 

 შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

 

  • რა უნდა მოვიმოქმედო, თუკი არ მესმის სიტყვის მნიშვნელობა?
  • რას ნიშნავს სიტყვები: „ბრძენი“? ,,ეგემრიელა“? „აღმოცენდა“?
  • ,,აღმოცენდას” ნაცვლად კიდევ რა სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ? (ამოვიდა, გაიზარდა)
  • რა შეიძლება კიდევ აღმოცენდეს? (ხორბალი, მცენარე, ყვავილი…)
  • როგორ გესმის ,,ეგემრიელა’’? სხვანაირად როგორ იტყვი? (გემო მოეწონა)
  • შენ რომელი საჭმელი გეგემრიელება?
  • თანმიმდევრულად როგორ გადავაბა წინადადებები ერთმანეთს?
  • რა მისცა ბრძენმა მოწაფეებს? რატომ? რას მოუტანდა სიმინდის მარცვლები მათ?
  • როგორ მოიქცა პირველი მოწაფე? მეორე? მესამე?
  • რომელმა მოწაფემ გამოიყენა მარცვლები გონივრულად?

 

ნაბიჯი 2. რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავის შეგონებაა? (იგ.1,2,3)

აქტივობა 9. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გაიხსენებენ შესწავლილ იგავებს, შეგონებას და შეავსებენ სქემას.

რესურსი

 შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

 

  • რა არის იგავი?
  • რა აქვს ყველა იგავს საერთო? რა მახასიათებლები აქვს? (ჭკუას გვარიგებს, გვასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი)
  • რით ჰგავს ერთმანეთს თქვენ მიერ შესწავლილი იგავები, რით განსხვავდება ერთმანეთისგან? (,,კუ, კურდღელი და მელა’’, ,,სოფლის მაშენებლები’’, ,,ციყვი და მგელი’’…)
  • რა არის შეგონება? იგავის მთავარი სათქმელი?

 

 

 

 

 

 

ნაბიჯი 3. როგორ გამოხატავს შეგონება ტექსტის შინაარსს/მთავარ სათქმელს? (ტ.1, 2)

რომელი პერსონაჟის ქმედება ასახავს ყველაზე კარგად შენ მიერ შექმნილ შეგონებას? რატომ ფიქრობ ასე? (იგ.1,2 ტ.1, 2, 3).

აქტივობა 10. პერსონაჟის სქემის შევსება (თავდაპირველად დამოუკიდებლად, შემდეგ -ერთობლივად)

რესურსი

აქტივობა 11. პერსონაჟების დახასიათება სქემის მიხედვით.

 

აქტივობა 12. მინი-დისკუსია – ,,ვის მოუტანს ბედნიერებას სიმინდის მარცვალი?’’

მთავარი სათქმელის დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან, ფილმთან, სხვა წიგნთან, ამბავთან.

რესურსები: ,,ლეგენდა ვაზზე’’, ,,ჭიანჭველა და ხორბლის მარცვალი’’… (მე-2 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან)

 

შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

 

  • გაიხსენე, ბრძენის სიტყვებით, რას მოუტანდა სიმინდის მარცვლები მოწაფეებს?
  • შენ რომელი მოწაფის საქციელი მოგწონს? ახსენი, რატომ.
  • რატომ მოუტანა სიმინდის მარცვალმა ბედნიერება მესამე მოწაფეს? რისი ცოდნა დაეხმარა მას?
  • რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცოდნასთან ერთად ადამიანი იყოს შრომისმოყვარე?
  • რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს ან კონკრეტულ ინფორმაციას ტექსტის დედააზრის/მთავარი იდეის/საკითხის გაგებისთვის?
  • როგორ ახასიათებს პერსონაჟებს მათი ქმედებები, დამოკიდებულებები?
  • რით უკავშირდება წაკითხული ტექსტი რეალურ ცხოვრებას? შენს გამოცდილებას?
  • როგორ გამოვიყენებ წაკითხულით მიღებულ გამოცდილებას რეალურ ცხოვრებაში?
  • რომელი წიგნი, მულტფილმი ან ფილმი გამახსენა ამ ტექსტმა? რა მსგავსებაა-განსხვავებაა მათ შორის?

 

აქტივობა 13. შეგონების პირველადი ვარიანტის შექმნა.

აქტივობა 14. ურთიერთშეფასება კრიტერიუმების ბადის საფუძველზე;

 

რესურსი

 

შენიშვნა: როგორც დასაწყისში აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, ყველა გაკვეთილზე, მასწავლებელმა მოსწავლეებს კარგად გააცნობიერებინოს ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები.

 

აქტივობა 15. ნამუშევრის გაუმჯობესება, ბოლო ვარიანტის მომზადება და წარდგენა.

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად.

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნაშრომი ნამდვილად შეგონებაა?
  • რით უკავშირდება ტექსტის შინაარსს/მთავარ სათქმელს?
  • როგორ გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე:

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ ამოიცანი ტექსტის შინაარსი, მთავარი სათქმელი? პერსონაჟების თვისებები, მათი ქმედება, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რომელი პერსონაჟის ქმედება ასახავს ყველაზე კარგად შენ მიერ შექმნილ შეგონებას? რატომ ფიქრობ ასე?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • გასაგები იქნება შენ მიერ შექმნილი შეგონება მკითხველისთვის?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში:

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?

 

 

გასულ წელს ვიგონებ ახალი წლის წინ…

0

ერევანში სტუმრობისას მასპინძლებმა სავახშმოდ განსაკუთრებულ ადგილას წაგვიყვანეს. ეს იყო ჯადოსნური ადგილი, სახელად „მეგერიან ხალიჩის მუზეუმი“. ის უზარმაზარ ტერიტორიაზეა განთავსებული, თან მუზეუმია, თან სახელოსნო და შოუ-რუმი, საიდანაც ნებისმიერ ნაკეთობას შეიძენთ და თან ისეთ ნაციონალურ კერძებს გაგასინჯებენ, თითებს ჩაიკვნეტთ.

 

საერთოდაც ერთ რამეს ვარ დაკვირვებული, სომეხმა კოლეგებმა სანიმუშო მასპინძლობა იციან. აი, ევროპელიც გიმასპინძლებს, როგორ არა, მაგრამ ამათთან სხვა გემო და სითბო აქვს ყველაფერს. მოგეფერებიან, დროს, ენერგიას, ყველაფერს დაგითმობენ და უკან თბილისში გულგამთბარს გამოგიშვებენ.

 

ჰოდა, ახლაც, როდესაც ამ წერილის თემა იბადება ჩემს თავში, მეგერიანების ხალიჩის მუზეუმში ვარ და მინი-ლექციას ვისმენ ხალიჩის ძაფის შესაღებად გამოყენებული საღებავების შესახებ. ბოლო დარბაზში გაშლილი სუფრა გველოდება, მაგრამ მანამდე ხუთი ოთახი უნდა გავიაროთ, რაღაცები მოვისმინოთ, ბოლოს შოურუმში უნდა შევიდეთ, სადაც მე პირადად ვერაფერს შევიძენ, რადგან ყველაზე იაფიანი ხალიჩა შვიდასი დოლარი ღირს… და პროფესორის მოკრძალებული ხელფასით ეჭვი მეპარება როდესმე ვიყიდო, მაგრამ შეხედვას და ამბის მოსმენას ვერავინ დამიშლის.

 

მოკლედ, ოჯახური ბიზნესია, გვარიც მაგაზე მიუთითებს, მეგერიანებს ეკუთვნის. ახლა ბიზნესის და ტრადიციის გამგრძელებელი შვილთაშვილები ამერიკაში ცხოვრობენ, მაგრამ ფილიალები თითქმის მთელ მსოფლიოში აქვთ და აქმით უმეტეს, ერევანში მუზეუმ-სალონ-რესტორნის ქონა, განა რა გასაკვირია.

 

გიდი იმ ნივთიერებებზე გვიყვება, რომლებიც შესაღებად გამოიყენება. მას მთავარი მასპინძელი, ერევნის ამერიკის უნივერსიტეტის, აკოპიანის გარემოს ცენტრის გენერალური დირექტორი, მეცნიერი და უბრალოდ გულიანი ადამიანი, ალენ ამირხანიანი ეხუმრება, ფრთხილად იყავი, წინ ქიმიკოსი გიდგას და არაფერი შეგეშალოსო. ყველანი ვიცინით და მოსმენას ვაგრძელებთ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მთელი ამ მონათხრობიდან საღებავების ამბავი უფრო მაინტერესებს, რადგან წერილშიც სწორედ მათ დახასიათებას ვაპირებ.

 

მაშ ასე, ჩვენ წინ რამდენიმე თასია. პირველ თასში, ე.წ. ღვინის ქვაა ჩაყრილი. ღვინის ქვა, სინამდვილეში ნალექია, რომელიც ღვინის მომწიფების პროცესში წარმოიქმნება და გვერდითი პროდუქტის სახით რჩება. ნატურალური პროდუქტია, დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს და ღვინის მჟავას საწარმოებლად მთავარი ნედლეული გახლავთ. ღვინის ქვა ორი მარილის ნარევია-კალიუმის ჰიდროტარტრატი (KC4H5O6) და კალიუმის ტარტრატი (KC4H4O6). ორივე მარილი საკვებ დანამატად გამოიყენება და E 336-ით აღინიშნება.

 

მეორე თასში თეთრი შაბია. მისი ზოგადი ფორმულაა M2+SO42- ან M23+(SO4)32-·24H2O, სადაც M+ შეიძლება იყოს რომელიმე ტუტე მეტალი, ლითიუმის გარდა. M3+ შეიძლება იყოს ალუმინი, ქრომი, რკინა. ქრომკალიუმიანი შაბები ყველაზე გავრცელებულია.

 

ზოგიერთი შაბი მინერალების სახით გვხვდება, ყველაზე გავრცელებული ალუნიტია. კალიუმის, ნატრიუმის და ამონიუმის შემცველი შაბები სამრეწველო გზით მიიღება.

 

შაბები ძველი დროიდან არის ცნობილი. მათ ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი აღწერდა თავის „ბუნებისმეტყველების ისტორიაში“. Alumen ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „მწარე მარილი“ და ალუმინმა თავისი სახელწოდება სწორედ აქედან მიიღო. ბუნებრივი ბოჭკოსა და ბეწვეულის შეღებვის საქმეშიც შაბის გამოყენების შესახებ პლინიუსთანაც ამოიკითხავთ და იბნ სინასთანაც. ქართველი ქიმიკოსი მეფე ვახტანგ მეექვსეც არ დაივიწყოთ, რადგან მის ქიმიის წიგნში შაბის გამოყენებას რამდენიმე პარაგრაფი აქვს დათმობილი.

 

ზემოთ ქრომკალიუმიანი შაბი ვახსენე, რომელიც ფართოდ გამოიყენება, როგორც სამღებრო, ისე სამედიცინო და საკვების მომზადების საქმეში. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ქეთო ბებო, როგორ მარჯვედ იყენებდა შაბს კაკლის, გარგარისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ბადრიჯნის მურაბის გაკეთებისასაც.

 

რა წერილის თემის პასუხია და იმდროინდელი პატარა ქეთო (ანუ, მე) მინდა დავიჭირო და კარგად მივტყიპო… რატომ იცით? ასეთი ბებია გიბოძა ღმერთმა, ხელიდან ყველაფერი რომ გამოსდის და უყურე, შე დალოცვილო და ისწავლე შენც რამე. აბა, მარტო იმას რომ გაიძახოდი ნოდარ დუმბაძის თუ გრიგოლ აბაშიძის (მომიტევეთ, კარგად აღარ მახსოვს) ლექსიდან – „როცა დიდი გავხდები, ქეთო ბებო ვიქნებიო“, არ ჯობდა ისეთი „ბებო“ ყოფილიყავი, მურაბის ხარშვაც რომ ეცოდინებოდა?

 

შემდეგ თასში ინდიგოა. ინდიგო ლათინური სიტყვა inticum-დან იღებს სათავეს, რაც ინდოელს აღნიშნავს. ეს ალბათ სიმბოლურია, რადგან საღებავი თავდაპირველად ევროპაში ინდოეთიდან ყოფილა ექსპორტირებული. მუქ ლურჯ შეფერილობას იძლევა და თავისი შედგენილობითა და თვისებებით „ულტრამარინ ლურჯის“ ზოგიერთ შეფერილობასთან ახლოს დგას. სხვადასხვა წყაროს თანახმად, პიგმენტი ულტრამარინ ლურჯი ბუნებრივი სახით ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. მისი სახელი ტარიმ ბაზენის ოაზისიდან მომდინარეობს, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ენის გადაკვეთის საკვანძო ადგილს წარმოადგენდა. ამ პერიოდისთვის პიგმენტის კვალი აღმოჩენილია კედლის მხატვრობაში ტაკლამაკანის უდაბნოს (აბრეშუმის გზის ჩრდილოეთით) ახლოს.

 

ისლამის სამყაროში ულტრამარინ ლურჯის ნაკვალევი მართლაც შესამჩნევია. მეშვიდე და მერვე საუკუნეების ყურანის ამ პიგმენტით მოხატული ფრაგმენტები დღეს ლუვრშია დაცული, იორდანიაში კი მეათე საუკუნის რელიგიური შინაარსის მოხატულობას აღმოაჩენთ.

 

მესამე თასში თუთის ხის ნახერხია, მეოთხეში კაკლის ნაჭუჭი, მეხუთეში სამკურნალო ბალახი „უკვდავა“, რომელიც სავარაუდოდ, ყვითელ შეფერილობას გვაძლევს, სულ ბოლო თასში კი ბროწეულის კანია.

 

ბროწეულის კანის აქ ნახვა სულაც არ გამკვირვებია, რადგან სომხური ტრადიციები და ბროწეული სიმბოლურადაა ერთმანეთთან გადაბმული.

გახსოვთ, ბროწეულზე წინა თვის წერილში მოგიყევით –

https://mastsavlebeli.ge/?p=34787&fbclid=IwAR1vNzM6-ERXiI3RD8Mu6LaWs1KhpL2xEF_LqxCu1GcJ5Xbh_AjunwfTenQ.

 

იქაც ერევანს და ფარაჯანოვის მუზეუმს ვიხსენებდი. იმ ჯადოსნურ ადგილს, სადაც ფარაჯანოვისეული ბევრი ჯოკონდა შეგიძლიათ იხილოთ, ოღონდ ყველა ბროწეულის გარეშე.

 

მონა ლიზა, იგივე ჯოკონდა ლეონარდო და ვინჩიმ შეკვეთით დახატა. სხვათა შორის, ლეონარდო თავის ნაშრომებში ულტრამარინ ლურჯს და ინდიგოსაც იყენებდა. ჰოდა, მოკლედ ეს შეკვეთა სიკვდილამდე ათი წლით ადრე აუღია, თუმცა შემკვეთისთვის ჯოკონდას პორტრეტი არ დაუბრუნებია. ეტყობა, ბოლომდე თვლიდა, რომ დასრულებას რაღაც შტრიხი აკლდა. შემდეგ, ფრანცისკ პირველს ოფიციალურად შეუძენია და ჯერ ფონტებლოს სასახლეში დაუბრძანებია, შემდეგ ვერსალში გადაუტანიათ, ბოლოს კი ლუვრში დაიდო ბინა.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მონა ლიზა ლუიჯი პერუჯიმ მოიპარა. პერუჯი საფრანგეთში მუშად მუშაობდა. ზოგადად, ბევრი იტალიელი იყო იმხანად დასაქმებული და ისეთ მძინე საქმეს აკეთებდა გროშებად, ფრანგი რომ ითაკილებდა. ფრანგები, თურმე იტალიელებს დასცინოდნენ კიდეც, „მაკარონებს“ ეძახდნენ და ქირქილებდნენ. პერუჯი ლუვრში მუშაობდა და ტილოებს მინის ჩარჩოებში სვამდა. იმხანად ახალი მოდა იყო შემოსული. შევარდებოდა ვინმე უსაქმური მუზეუმში და რომელიმე ტილოს საღებავს შეასხამდა. ამით ვითომ ყურადღებას იქცევდნენ და რაღაცებს აპროტესტებდნენ. სინამდვილეში, ჩვეულებრივ ვანდალიზმთან გვქონდა საქმე. ჰოდა, ლუვრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ტილოები მინის ჩარჩოში ჩაესვა. ამ საქმისთვის კი „მაკარონა“ იტალიელები დაიქირავა. ლუვრში ხუთთვიანი მუშაობის შედეგად პერუჯი ერთ რამეზე ჩაფიქრდა. იქაურობა იტალიური რენესანსის უძვირფასესი ტილოებით იყო სავსე. ფრანგებს ისინი ძალიან ეძვირფასებოდათ და ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევდნენ. არადა, თანამედროვე იტალიელებს დასცინოდნენ. ანუ, რა გამოდის ის, ძველი იტალიელები ეამაყებოდათ და ახლებს დასცინოდნენ?

 

ამას ისიც დაემატა, რომ შემთხვევით რაღაც ილუსტრირებული წიგნი ჩაუვარდა ხელში, სადაც აღწერილი იყო, როგორ ძარცვავდა ნაპოლეონის არმია იტალიას და უძვირფასესი ტილოები საფრანგეთში როგორ გამოჰქონდა. ჰოდა, გული დაეწვა, გაბრაზდა და გადაწყვიტა, თუნდაც ერთი ტილო სამშობლოსთვის დაებრუნებინა. ბევრი არც უფიქრია, ჯოკონდას დაადო ხელი. ის კი ვეღარ მოისაზრა, რომ სწორედ ჯოკონდა სრულიად კანონიერად იყო საფრანგეთის კუთვნილება.

 

ერთ მშვენიერ ორშაბათს, როდისაც მუზეუმში სანიტარული დღე იყო, ჯოკონდა ნაჭერში გაახვია და გვერდითა შემოსასვლელიდან გამოიტანა. მონა ლიზას მინისჩარჩოიან ყუთს შემდეგღა იპოვიან სახანძრო კიბეებს შორის და ზედ თითის უამრავ ანაბეჭდს აღმოაჩენენ. დიახ, იმ პერიოდში ანაბეჭდებს უკვე იღებდნენ. ამ ამბის დასასრულს სხვა დროს მოგითხრობთ. აქ უბრალოდ ერთი ექსპერიმენტი მინდა გაგაცნოთ, სემესტრის მიწურულს, ახალი წლის არდადეგების წინ მოსწავლეებს რომ გაახალისებს.

 

თითის ანაბეჭდის გამოვლენა ნინჰიდრინის მეშვეობით შეიძლება, რადგან თითების ნაკვალევში ამინმჟავები რჩება. ნინჰიდრინი (ტრიკეტოჰიდრიდენ ჰიდრატი C9H6O4) რეაგირებს ამინმჟავებთან და წარმოქმნის მუქ ლურჯ ან მოლურჯო-ალისფერ საღებავს, რომელსაც რუჰემანის მეწამული ეწოდება. ნიმუშს ასხურებენ 0,5% ან 1% -იან ნინჰიდრინის სპირტხსნარს ან აცეტონში გახსნიან. ოთახის ტემპერატურაზე ანაბეჭდების ფერი იცვლება და ნელა მჟღავნდება. გაცხელებით პროცესი დაჩქარდება.

 

წერილი საღებავებით დავიწყე და კვლავ საღებავამდე მივედი.

 

განა რამე, გასულ წელს ვიგონებ ახალი წლის წინ….

 

 

გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ ქართული რეალიზმის სათავეში

0

უნიკალური თეატრალური ტრადიციებით ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია თავის მოწონება. თეატრის მოყვარულია ჩვენი განათლებული საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, საზოგადოება ბოლომდე კარგად ვერც კი აცნობიერებდეს თეატრის როლსა და მნიშვნელობას. სხვაც ბევრი დამსახურება აქვს გიორგი ერისთავს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ქართული თეატრის სათავეებთან მისი ყოფნა, პირველი დრამატული ნაწარმოებების შექმნა, მათი რეალიზაცია სცენაზე, რეჟისურა, მსახიობობა და თეატრალური დასის ლიდერობა მის ღვაწლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. 1850 წლის 14 იანვარს თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზის სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ავტორი ერთ-ერთი მთავარი გმირის, სოვდაგარ მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვის როლში გამოდიოდა. ქართული თეატრის დაარსების დღედ სწორედ ეს თარიღი ითვლება. 14 იანვარი ყოველთვის ფართოდ აღინიშნება ხოლმე თეატრის მოყვარულთა შორის.

ცნობილია ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ინტერესი თეატრისადმი. იგი თავის პუბლიცისტურ წერილებში ეხმიანებოდა ქართული თეატრის ყოველ მოვლენას, საგანგებოდ აკვირდებოდა თეატრში განვითარებულ მოვლენებს, რეცენზირებას უკეთებდა ყველა წარმოდგენას, დაწვრილებით განიხილავდა პიესის იდეურ-თემატურ ღირებულებებს, ყოველი არტისტის სამსახიობო ოსტატობას.

გიორგი ერისთავის ღვაწლის შეფასებისას ილიამ გაიხსენა შექსპირის გმირის ცნობილი ფრაზა მის მიერვე თარგმნილი „მეფე ლირიდან“ – „არარაისგან არ იქმნების არარაიცა!“ და მისი პერიფრაზით შეეხმიანა გიორგი ერისთავის თეატრალურ მოღვაწეობას: „არარაისგან არ იქნების არარაიცაო“, ჩვენმა თეატრმა ცხადად დაგვანახა, რომ შესაძლოა არარიასაგან იქმნას რამ. ამ ორმოცდაათი წლის წინათ არარა იყო და ეხლა ვხედავთ, რომ არარაისგან იქმნა ჩვენი თეატრი, – ეს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის. საქმე ის არის, რომ იქმნა, გაიზარდა, გაძლიერდა… გიორგი ერისთავმა დაიწყო ქართული საზოგადოების ზნეობრივად აღზრდა და გაწვრთნა”…

გიორგი ერისთავი ირიცხებოდა სოლომონ დოდაშვილის მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ წრეში. ნათელია, რა სულისკვეთებით აღზრდიდა ყმაწვილ გიორგის სოლომონი. იონა მეუნარგია წერდა, რომ ამავე წრეში დაბადებულა ჟურნალის გამოცემის იდეაც, რომლის ავტორი და შემსრულებელიც გიორგი ერისთავი იყო. ასე დაიბადა 1852 წელს კოლონიად ქცეულ, ოკუპირებულ, ყოველმხრივ დაცემულ ქვეყანაში ჟურნალი „ცისკარი“, რომელმაც იმ დროიდან დღემდე წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კულტურისა და სულიერების ისტორიაში. მწერალი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთანაც და მისი გარდაცვალებისთვის ლექსიც მიუძღვნია. 1842 წლის 31 ოქტომბერს ნ. ბარათაშვილი მაიკო ორბელიანს სწერს: „შენ გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი (გ. ერისთავი) ნახო, ჩემს მაგიერ მოიკითხეთ და უთხარ, რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისკენთქო. როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსათქო”.

გიორგი ერისთავის ოჯახი გორში, ხიდისთავში ცხოვრობდა, თუმცა მწერალი თბილისში ხშირად სტუმრობდა მანანა ორბელიანის სალონს და აქ გააცნო მან საზოგადოებას თავისი პირველი დრამატული ნაწარმოებები: „შეშლილი“, „დავა“, „ძუნწი“, „გაყრა“, „წარსული დროების სურათები“.

გიორგი ერისთავი ჭეშმარიტად იყო ქართული კულტურის ლიდერი და მთავარი გმირი, თუმცა 60-იანი წლებიდან მისი სახელი დავიწყებას მიეცა. ის საზოგადოებას გაახსენა ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც „საქართველოს მოამბის“ სხვადასხვა ნომრებში გამოაქვეყნა მისი კომედია „შეშლილი“, ლექსი „თანამგზავრი“ და მისივე თარგმნილი ალექსანდრე გრიბოედოვის პიესა „ვაი ჭკუისაგან“.

1864 წლის 9 სექტემბერს 51 წლის გიორგი ერისთავი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა გორში. მის დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი ჩასულა, მათ შორის მწერლის სიყრმის მეგობარი გრიგოლ ორბელიანიც. სოფრომ მგალობლიშვილი იხსენებდა, რომ გიორგი ერისთავის სიკვდილმა ადგილობრივი გლეხობა ძალიან დაამწუხრა, რადგან ის გლეხობის მოამაგე, მხარდამჭერი, მათი უფლებებისთვის მებრძოლი იყო. გიორგი ერისთავი დაკრძალულია ისტორიულ სოფელ იკორთაში, რომელიც 1991 წლამდე ცხინვალის რაიონში შედიოდა, ხოლო 2006 წლიდან მიეკუთვნებოდა გორის მუნიციპალიტეტს, 2008 წლიდან კი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამჟამად სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკა და მინიჭებული აქვს ოსური ტოპონიმი.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გიორგი ერისთავმა მე-19 საუკუნის 40-იან წლებშივე უკვე თავი დააღწია გაბატონებული ლიტერატურული მიმდინარეობის, რომანტიზმის, გავლენას და გამოკვეთა ქართული კრიტიკული რეალიზმის კონტურები. მანკიერებათა მხილება დაცემული საზოგადოების გამოსაფხიზლებლად ამ ეპოქის დაკვეთა იყო. დრო და მოთხოვნილებები იცვლებოდა და ამ მწერალმა ალღო სწორად აუღო ახალ დროებას. სახელმწიფოს დაკარგვასა და ეროვნულ ჩაგვრაზე უსაგნო მოთქმა-გოდების ეპოქა დასრულდა. დადგა ჟამი მოქმედებისა, გამოღვიძებისა, ცვლილებებისა, როცა უკვე უნარიანმა ლიდერებმა ხალხს უნდა ჩაუნერგონ ბრძოლისა და მოქმედების იდეები. საიდან იწყება ბრძოლა? – უპირველესად პრობლემების, სირთულეების გაცნობიერება, სწორი დიაგნოსტირება და მათი გამოსასწორებელი გზების ძიებაა გადამწყვეტი.

კომედია „გაყრა“ ქართველ თავადთა ოჯახური ყოფის საოცრად რეალისტური სურათებით სარკის ეფექტის მომხდენია. მწერალმა მკითხველი შეიყვანა ქართველი თავადების ოჯახში, სადაც გამეფებულია ის მახინჯი ცხოვრების წესი, მანკიერებები და მორალურ-ეთიკური სნეულებები, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს ხალხს წინსვლისა და თვითგანვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

მოქმედება მიმდინარეობს დიდებულიძეების ოჯახში. მთავარი გმირია სამი ძმა: ანდუყაფარი, პავლე და ივანე, რომელთა შორისაც უფროსი (ანდუყაფარი) ძველი, ფსევდოკონსერვატიული იდეების მიმდევარია, შუათანა პავლე დარდიმანდი, ნადირობის მოყვარული, ექსცენტრული, ქარაფშუტა, არასერიოზული ტიპია, ხოლო ივანე „თერგდალეულია“, რუსეთსა და პოლონეთში უსწავლია და ყველაფერი ქართული მიუღებელია მისთვის, ცდილობს რუსულ-ევროპულ ყაიდაზე იცხოვროს და ეროვნულ ტრადიციებს არაფრად აგდებს. დრამატურგმა ამ სამი გმირის სახით სხვადასხვა გემოვნების, გაგებისა და ტემპერამენტის სახეები შექმნა, ხოლო მათ გარშემო გააცოცხლა ისეთი გმირები, რომლებიც ეპოქის რეალურ სურათს აღადგენენ მაყურებლის თვალწინ. უკვდავი სახეა სომეხი ვაჭარი მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი. ის ამ პერიოდში თბილისში მომრავლებულ სომეხი ეროვნების ვაჭართა კასტას განასახიერებს თავისი თვისებებით. ასევე დაუვიწყარია სუდის სეკრეტარ რამაზისა და მოურავ ბარამის სახეები. რამაზი იმდროინდელ მოხელეთა და სასამართლოს სახე-სიმბოლოა, ხოლო მოურავი ბარამი განასახიერებს თავადთა გარშემო თავმოყრილი თაღლითი, მლიქვნელი, უსამართლო, გაიძვერა ადამიანების სახასიათო ნიშან-თვისებებს. თავადის ოჯახის წვრილფეხობას განასახიერებენ ივანეს მსახური გაბრიელი და მოახლე გოგო ყარდაშვერდი. ავტორმა ყველანაირი სოციალური სტატუსისა და ფსიქოკონსტიტუციის ადამიანი გამოიყვანა კომედიის სიუჟეტში, რათა მის მიერ გაცოცხლებული სამყარო დამაჯერებელი, შეულამაზებელი და მამხილებელი ყოფილიყო.

ოჯახური დრამა დაიწყო იმით, რომ რუსეთიდან დაბრუნებულმა უმცროსმა ძმამ მამულის გაყოფა და საკუთარი წილის მიღება მოითხოვა. პიესა იწყება საგონებელში ჩავარდნილი ანდუყაფარის სასოწარკვეთილი მონოლოგებითა და გაიძვერა ბარამთან კონსულტაციებით. ანდუყაფარისთვის მამულის გაყოფა წარმოუდგენელია. ის ქვრივია, მის გარშემო არ ჩანან არც შვილები, უკვე მხცოვანია და მისი დრო წასულია, მაგრამ მაინც ებღაუჭება ქონებას და ძმებისთვის არაფრის დათმობა არ სურს. ვალებში ჩავარდნილ, გაღატაკებულ ოჯახში გასაყოფი არც არაფერია და დგება ასეთი რეალობა: ცარიელი და გაპარტახებული სახლ-კარი უნდა დარჩეს უმცროს ძმას, როგორც მთავარ მემკვიდრეს, ხოლო ანდუყაფარი და პავლე უნდა აღმოჩნდნენ უსახლკაროდ, უნდა დატოვონ მამაპაპისეული სამკვიდრო. საკვირველია ძმების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. მათ შორის არის სრული დისჰარმონია, შეუთანხმებლობა, ანტაგონიზმი, აცდენა ერთმანეთის ინტერესებისა და გეგმებისადმი. მათ ერთმანეთისა არაფერი ესმით. არცერთი არ ფიქრობს სხვის უფლებებსა და ინტერესებზე. ეგომ სრულად დააბნელა მათი ხედვა, დაუხშო მათ თანაგრძნობისა და სიყვარულის უნარი. გამხეცებულ-გამგელებულები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაგლიჯონ ძმებს და საერთოდ არ ანაღვლებთ მათი ყოფა. თან ყველაფერ ამას ცდილობენ თაღლითური მეთოდებით. გაიძვერა მოურავი ბარამი ანდუყაფარს ურჩევს, რომ ან შინაყმები ჩააბაროს ძმას, ან ზასედატლად გაამწესებინოს, ან დაუარონ გლეხებს, „შეაწერონ“ ოთხასიოდე თუმანი და მოისყიდონ სასამართლო. ბარამი დარწმუნებულია, რომ თუნდაც ასი თუმნით სასამართლოს მოსყიდვა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს: „ასის თუმნითა, აბა, რას ბრძანებ? სუდსა, პალატას ხელით ვაქანებ, ჩვენ სუდიასა – აიმ კუკნასა, სულ ვათამაშებ ლეკურ-ბუქნასა და სეკრეტარსა მე ოც თუმნადა, გნებავთ, გაგიხდით მაიმუნათა!“.

თუ ანდუყაფარს ეძნელება ბარამის რეკომენდაციების შესრულება, სამაგიეროდ სასამართლოს მოსყიდვის გეგმით აქტიურად მოქმედებს პავლეს ცოლი მაკრინე, ასევე გაიძვერა და თვალთმაქცი ქალი, რომელსაც ფული არა აქვს სუდის სეკრეტარ რამაზის მოსასყიდად, მაგრამ ყიდის იმას, რაც გააჩნია – საკუთარი ქალიშვილის მითხოვებას ჰპირდება, ხოლო როცა პავლე აღშფოთდება, იქნებ ფიქრობ, ჩვენი ქალი იმ მაიმუნს მისცეო, მაკრინე პასუხობს: „მედიატორათ ვირჩევ, ვატყუებ, აგება ჩემკენ იყოს, თორემ ყარდაშვერდი გოგოსაც არ მივცემო“. პავლე მეუღლის „სიბრძნით“ მოხიბლულია და დითირამბებს უმღერის მას: „ჩემი ცოლი თამარ მეფის დროს რომ ყოფილიყო, ვეზირობას მისცემდნენ… რაც უნდა ჭკვიანი კაცი იყოს, პამპულათ გახდის… ეგ რო კაცი ყოფილიყო, დიდებულიძეებს სულ აჰყრიდა“…

საკვირველია ისიც, რომ ივანეს საერთოდ არ ედარდება, მამისეული სახლიდან გასახლების შემდეგ რა ბედი ეწევათ მის ძმებს. მისთვის ანდუყაფარი ველურია და უკვე ჭარმაგი ძმისადმი მისხალი თანაგრძნობაც კი არ გააჩნია. პირველივე მოქმედების მესამე გამოსვლაში, როცა ივანე პირველად გამოცხადდება ანდუყაფარისა და ბარამის წინაშე, ის მწარედ დასცინის და ამასხარავებს, ამცირებს საკუთარ ძმას. შემოდის წკეპლით ხელში, ანტრაშისა და პირუეტის მოძრაობებით და გაოგნებულ ძმას ასე მიმართავს: „ბონჟურ, ყაფარ, კაპარ! კაკ იმია, დაკ ი ონ დიკარ!“. დასცინის ქართულ ტრადიციებს, მეურნეობას, ღვინოს. აქვს ილუზია, რომ თავად რუსულ-ევროპულად მოაწყობს საკუთარ მამულს და სასწაულებს მოახდენს.

ადამიანის იმგვარი დაცემა, როგორსაც გიორგი ერისთავის კომედიაში ვხვდებით, ტრაგედიაა და დაკავშირებულია ადამიანის სულიერად დაპატარავებასთან, რწმენისა და სიყვარულის დეფიციტთან. გიორგი ერისთავი პიესაში დაუზოგავად ამხელს თავისი გმირების მწვავე მორალურ-ეთიკურ პრობლემებს. ანდუყაფარის სიხარბესა და ექსპლუატატორულ ბუნებას, გლეხთა ძარცვის გამოცდილებას, პავლეს მცონარობასა და ქარაფშუტობას, ივანესა და მისი მსახურის, გაბრიელის გულგრილობას, ცინიზმსა და ანტიქართველობას, მაკრინესა და თათელას ანგარებასა და მესაკუთრეობას, მიკირტუმ გასპარიჩის დაუნდობლობას, ხრიკებსა და ინტრიგებს, რომლებშიც ობობას ქსელივით ახვევს ადამიანებს, ბარამისა და რამაზის მზაკვარ ბუნებას, უსამართლობას, ყარდაშვერდის ანგარებას. აქ ვერ იპოვით ზნეობრივ ადამიანს, გამქრალია ღირსება, სამართალი არ არსებობს, ერთმანეთის დანდობა არავის სურს, ყველა მომხვეჭელი, ხარბი, ანგარებიანი, ეგოისტი, უგულო და უსიყვარულოა. გამეფებულია ყოველგვარი ადამიანური ზადი და მანკი, არავის აღარაფერი შერჩენია წმინდა და ნათელი. ასეთი საზოგადოება არამცთუ მზად არის, რომ სახელმწიფოს აღმშენებლობაში თუნდაც უმნიშვნელო როლი შეასრულოს, მათ არ ძალუძთ არც პირადი და ოჯახური პრობლემების მოგვარება, რადგან ამგვარი თვალთმაქცური ურთიერთობებით, ცხადია, ყოველთვის შარში ეხვევიან, გარშემო ყველაფერი ენგრევათ, სხვებსაც აზიანებენ და საკუთარ სინდისსაც.

„გაყრას“ სულ ათიოდე აქტიური მოქმედი გმირი ჰყავს, თუმცა ყოველი მათგანი უკვდავი და დაუვიწყარი მხატვრული სახეა, განზოგადებული და მრავლისმთქმელი, როგორც კრიტიკული რეალიზმის მწერლობისთვის არის დამახასიათებელი. გმირი აქ ერთ კონკრეტულ პერსონად კი არ წარმოგვიდგება, არამედ კრებითი სახეა ხალხის მანკიერებებისა. ამიტომაც ის იქცევა უკვდავ არქეტიპად, რომელიც ყოველ დროში ცოცხლობს და ყოფის ავკარგიანობაზე დაგვაფიქრებს.

ილია ჭავჭავაძე თავის ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ წერდა: „სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს და ამასთანაც, იმისთანა შემაქცევარიც არის, რომ უკეთეს მხარეს ადამიანისას ფეხს ადგმევინებს, ფრთას აშლევინებს. უკეთესი შესაქცევარი, უკეთესი დროსგასართობი, სულისა და გულის ამამაღლებელი სხვა ისეთი არა ვიცით რა, სცენის მეტი. თუ ეს ძვირფასი თვისება, როგორც ხალხის წვრთნა და ზრდა, სცენას ჩამოვაცილეთ, იგი მიკიტანხანად გადაიქცევა და მაშინ სჯობს წაწყმდეს, ვიდრე სუფევდეს“.

თუ თეატრი არ ასრულებს ამ ორ მისიას, რომ დაეხმაროს მაყურებელს უკეთეს ადამიანად ქცევაში და ამავე დროს იყოს საუკეთესო გასართობი, მაშინ ის ჯობია, არც არსებობდეს. თუ ვინმე იკითხავს, თუ როგორ მოახერხებდა საზოგადოების გაკეთილშობილებასა და ადამიანთა სულების გამთლიანებას გ. ერისთავი თავისი უკიდურესად დემორალიზებული გმირების სახითო, ამაზე ერთადერთი პასუხი გვაქვს: საზოგადოებას ისევე ეხმარება კათარსისში ადამიანური ზადისა და მანკიერებების შეულამაზებლად ჩვენება, როგორც იდეალური მოდელების ჩვენება, მაგალითად, როგორებიც გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“, რენესანსული ცნობიერების წიგნში. „გაყრა“ ხომ არა რენესანსის, არამედ დეკადანსის ეპოქის პროდუქტია, თავისი ეპოქის რეალობას აცოცხლებს, გმობს ყველა იმ საზოგადოებრივ მანკს, რომელიც ქვეყანას წინსვლის შესაძლებლობას უსპობს. ეს ყველაფერი, რაც გიორგი წერეთელმა სცენაზე აიტანა, იდეალურ გმირთა სამყაროზე კიდევ უფრო მეტად, უფრო ექსპრესიულად, უფრო დამაჯერებლად გვასწავლის ცხოვრების გაკვეთილებს. საზოგადოების ზრდა და წვრთნა შეუძლია იმის ჩვენებას, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ.

ვფიქრობ, უსამართლოდ მიჩქმალულია გიორგი ერისთავის ღვაწლი და შემოქმედებითი დამსახურებები. ქართული რეალიზმის სათავე არა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან, არამედ გიორგი ერისთავის დრამატული ნაწარმოებებიდან უნდა ავითვალოთ. ჩვენი ახალი თაობების მადლობა ამ დიდებულ მოღვაწეს ქვეყნისთვის თავდადებისა და საღი ორიენტირების ჩვენებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგალითებით  სწავლების უპირატესობა

0

ქეისებით სწავლების მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს რთული პრობლემის გადაჭრაში. მეთოდი საშუალებას იძლევა საკითხი დაუკავშიროს რეალურ სიტუაციას და დაანახოს მოსწავლეს კონკრეტული საკითხის სწავლის საჭიროება. მეთოდის დეტალური აღწერა და დაგეგმვის ეტაპები წარმოდგენილია სტატიაში ,,ქეისებით სწავლება“.

ჩემი წერილის პირველი ნაწილი ეხება საკვების შემადგენელ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ აგებულებას, ფუნქციასა და როლს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასაკობრივად გათვლილია მეათე კლასის მოსწავლეებზე:

ქეისი გათვლილია შემდეგი სამიზნე ცნებების დამუშავებაზე:

ჯანმრთელობა და დაავადება: (სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები)

  • ჯანმრთელობა არის ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ჰომეოსტაზი და შრომისუნარიანობა;
  • ავადობა არის ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც მას დარღვეული აქვს ჰომეოსტაზი და შრომისუნარიანობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას;

სასიცოცხლო თვისება: (სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები)

  • სასიცოცხლო თვისებებია: ზრდა-განვითარება, გამრავლება, მეტაბოლიზმი (კვება, სუნთქვა, გამოყოფა), გაღიზიანებადობა, მოძრაობა, მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა.

მოსწავლეები გაეცნობიან ქეისს: ,,დიეტის დილემა“

ლუკა კოლეჯის სტუდენტია. მის მამას უკვე რამდენიმე წელია მეორე ტიპის დიაბეტი დაუდასტურდა. ასეთი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში შესაბამისი რეცეპტორი ვერ რეაგირებს ჰორმონ ინსულინის ზემოქმედებაზე. ორგანიზმში შაქრის დონის რეგულაცია არ ხდება, გლუკოზა სისხლიდან უჯრედებში არ გადადის, შედეგად უჯრედები შესაძლოა დაზიანდეს.

დიაბეტის მკურნალობა შესაძლებელია ინსულინის ინიექციის გზით, რასაც თან უნდა ახლდეს საკვები რაციონის ზუსტი და სწორი შერჩევა. დიაბეტი ბოლომდე არ იკურნება. ლუკას მამას ტერფის ნერვები აქვს დაზიანებული (ნეიროპათია), რის გამოც ფეხები უბუჟდება და ვერ გრძნობს, როგორ უზიანდებოდა კანი, შედეგად რამდენჯერმე სერიოზული ინფექციაც კი დაემართა.

ლუკას აქვს ჭარბი წონა და იცის, რომ ეს ზრდის დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის რისკს, მას უნდა რომ რამენაირად თავიდან აიცილოს დაავადება, რომლითაც მამამისი ასე იტანჯება. ამიტომ დაიწყო ფეხით სიარული და ყოველდღიური ვარჯიში. რამდენიმე ხანში წონაც დაიკლო. ასევე უნდა, რომ შეიმუშაოს ისეთი დიეტა, რომ მეტი წონა დაკარგოს და დიაბეტის განვითარების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. თუმცა იმდენი ინფორმაცია მიიღო ინტერნეტიდან და ადამიანებისგან, რომ თავგზა აებნა და არ იცის, რა გააკეთოს.

ლუკას მამა ურჩევს, რომ შეზღუდოს ნახშირწყლები, მაგალითად, თეთრი პური და ბრინჯი, ამ გზით შეძლებს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას . . .

ლუკას მეგობრები ურჩევენ, რომ წონის დაკლებისთვის კარგია ცხიმების შეზღუდვა და ნახშირწყლების მიღება. . . ინტერნეტში წაიკითხა, რომ დაუმუშავებელი საკვების მიღება და ქიმიური ნაერთებისგან სუფთა საკვების მიღება წონის დაკლებაში დაეხმარება. ერთი, რაზეც ყველა თანხმდება, ის არის, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.

ეს რჩევები შესაძლოა ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარგად გაიგო და გაიაზრო როგორია დიაბეტთან ერთად ცხოვრება და რა მნიშვნელობა აქვს კვების რაციონს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამის გასაგებად კი საკვების ქიმიური შედგენილობის ცოდნაა აუცილებელი. ქიმია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ქიმიური რეაქციები, რომლებიც სინჯარებში ტარდება ხოლმე – ის ატომები, მოლეკულები და რეაქციები, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი ცოცხალია და შეუძლია გარკვეული ფუნქციების შესრულება. საკვები მთავარი ნედლეულია ორგანიზმის ასაშენებლად და ენერგიის მისაღებად.

თავის მიმოხილვა: სიცოცხლის ქიმია

თუ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნობი, დაადგენ კავშირს საკვების ქიმიურ შედგენილობასა და მის როლს შორის ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესში. კერძოდ კი:

  • რა თვისებები აქვს ქიმიურ ნივთიერებებს, მის შემადგენლობაში შემავალ ატომებსა და მოლეკულებს;
  • როგორია ბიოქიმიური ნაერთების სტრუქტურა და ფუნქცია, მათ შორის ნახშირწყლების, ლიპიდების, ცილებისა და ნუკლეინის მჟავებისა (დნმ და რნმ);
  • რა არის ქიმიური რეაქცია, რა როლს ასრულებს ენერგია ქიმიური რეაქციების წარმართვის პროცესში, როგორ აჩქარებს ფერმენტი ქიმიურ რეაქციას, რა სახის ბიოქიმიური გარდაქმნები მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში;
  • რა თვისებები აქვს წყალს და რა მნიშვნელობა აქვს მას ბიოქიმიურ პროცესებში;
  • რა არის pH და რა მნიშვნელობა აქვს მის მუდმივობას, რომელი ბიოქიმიური პროცესები მონაწილეობს pH -ის ჰომეოსტაზში;

ინფორმაციის დამუშავებისას იფიქრე ლუკას მდგომარეობაზე. იმსჯელე, როგორ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქიმიას. ეცადე პასუხი გასცე შემდეგ შეკითხვებს:

  1. რატომ ფიქრობს ლუკა, რომ მამის დიაბეტი მისთვის დაავადების ჩამოყალიბების რისკფაქტორს წარმოადგენს?
  2. რა განსხვავებაა მარტივ და რთულ ნახშირწყლებს შორის? რა საფრთხეს უქმნის რაფინირებული ნახშირწყლები დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს?
  3. ინსულინი პეპტიდური ჰორმონია. ბიოქიმიური კომპონენტების კლასიფიკაციისას რომელ კატეგორიაში გააერთიანებდი მას? რატომ?
  4. რატომ არის წყლის მიღება მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? საკმარის წყალს სვამ დღის განმავლობაში?
  5. რატომ თვლიან რომ საკვები ქიმიურ ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდეს? შენი აზრით, ასეთი საკვები არსებობს?

დაამუშავებენ შესაბამის საკითხებს.

ქეისის ანალიზი: დიეტის დილემა

პარაგრაფებში მოცემული საკითხების დამუშავებისას მეტ კავშირს დაინახავდი ქიმიას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შორის. ლუკას სიტუაციაში მამის დიაბეტის, ლუკას რისკჯგუფში ყოფნა, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზი ქიმიური ნივთიერებების ცვლილებებია.

ტიპი 2 დიაბეტის მიზეზია ის, რომ ორგანიზმი არ რეაგირებს ჰორმონ ინსულინზე, რის გამოც სისხლში გლუკოზის დონის რეგულაცია არ ხდება. ინსულინი პეპტიდია. ის ამინომჟავების ჯაჭვს წარმოადგენს. ამიტომ ცილებს მიეკუთვნება. ლუკას დიაბეტით დაავადების რისკი მაღალია, რადგან აქ მემკვიდრული ფაქტორებია ჩართული. დნმ ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ნუკლეინის მჟავა ეწოდება. დნმ-ს შვილები მშობლებისგან იღებენ, ის შეიცავს ინფორმაციას ცილების პირველადი სტრუქტურის შესახებ. გენი ნუკლეოტიდების თანმიმდევრობაა, გენის ცვლილება დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. მაგალითად, მეორე ტიპის დიაბეტი ან მემკვიდრეობით გადაეცემა, ან დაავადების ჩამოყალიბების რისკია გაზრდილი.

მაგრამ გენეტიკა არის ლუკას დიაბეტის რისკის გაზრდის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. თავად სიმსუქნე უკვე რისკფაქტორია და ცხოვრების სტილთან არის დაკავშირებული. სიმსუქნის გამომწვევია არასრულფასოვანი კვება და ნაკლები ფიზიკური აქტივობა. ამ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა შესაძლოა პროვოცირება გაუკეთოს დიაბეტს. ალბათ იცი, რომ მარტივი ნახშირწყლები უფრო ადვილად და სწრაფად იშლება მომნელებელ სისტემაში, ვიდრე რთული მოლეკულები, რომლებიც შედის მარცვლეულისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში. შედეგი განსაკუთრებით დრამატულია დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, რადგან მათი ორგანიზმისთვის შაქრის დონის კონტროლი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ახლა ალბათ ხვდები, რატომ არ იღებს ლუკას მამა რაფინირებულ ნახშირწყლებს. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს.

ლუკას მეგობარმა ურჩია, რომ წონის დასაკლებად ნაკლები ცხიმი და მეტი ნახშირწყალი მიეღო, მაგრამ რომელი ნახშირწყალი, მარტივი თუ რთული, ეს არის მსჯელობის საგანი. თეთრი პურისა და ბრინჯის გამოყენება ვერ დაეხმარება ლუკას დიაბეტის ჩამოყალიბების რისკის შემცირებაში. ჯანსაღი კვება კი დაეხმარება როგორც წონის დაკლებაში, ასევე დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებაში. რომელი ტიპის კვება უფრო ეფექტური იქნება, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, მის აგებულებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცხოვრების სტილსა და მიღებული საკვების შედგენილობაზე. მან უნდა გაიაროს ექიმის კონსულტაცია საკვებისა და ფიზიკური აქტივობის გეგმის შესახებ, ნებისმიერი სპეციფიკური სიტუაცია უნდა იქნას გათვალისწინებული და მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, განსაკუთრებით კი, თუ წყლით ჩანაცვლდება შაქრიანი და გაზიანი სასმელები. ახლა უკვე იცი, რომ წყალი მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ქიმიური რეაქციისთვის. თუმცა ზედმეტი წყალი მორბენალებში დაავადების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. როგორც უკვე მიხვდი, ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა, ანუ ჰომეოსტაზი ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

გააანალიზე ალბათ, რომ ყველა ქიმიური ნივთიერება არ არის საშიში, ტოქსიკური. ყველა სხეული ნივთიერებისგან შედგება. მაგალითად, ადამიანის სხეული, თევზი და ბოსტნეული წყალს შეიცავს. როცა ადამიანები მხარს უჭერენ ქიმიური ნაერთებისგან ,,სუფთა საკვებს”, ისინი სინთეზურად მიღებულ ქიმიურ ნაერთებს გულისხმობენ, მაგალითად კონსერვანტებს. ყველაფერი მოლეკულებისგან, ატომებისგან ან იონებისგან შედგება, მათი თვისებები კი დამოკიდებულია ნაწილაკების ურთიერთგანლაგებაზე და ატომებს შორის ქიმიურ ბმებზე.

თემის შეჯამება

ოთარაანთ ქვრივი და თავისუფლების კანონი

0

ნაკლებად ცნობილ ლინგვისტთან წამიკითხავს, სიტყვა „ქვრივი“ არსებითთა სამწევრა პარადიგმაში (ცოლი-ქვრივი-საცოლე) ერთ-ერთია, რომელსაც დროის გრამატიკული კატეგორია აქვსო. არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა იმ ლინგვისტის მტკიცება, რომ ,,ქვრივი“ მაინცდამაინც წარსული დროის სემანტიკის მატარებელ სახელად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ის ვიცი, რომ ილიასეული „ქვრივი“ გრამატიკული დროის წარსულს და მომავალ კატეგორიებთან ერთად ლიტერატურულ კანონში ახლანდელ დროსაც მშვენივრად შეითავსებს. მასზე, ისევე, როგორც სხვა ლიტერატურულ მარგინალებზე, მუდამ „ახლა“ წავიკითხავთ, „ახლა“ დავფიქრდებით და „ახლა“ აღვადგენთ კავშირს თავისუფლების ურყევ კანონთან.

ამ წერილში 1887 წლის 7 იანვარს დაწერილი „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტიდან მხოლოდ ერთ გახმაურებულ პასაჟს შევეხებით, ამბავს, თუ როგორ წაერთმია გზირს მარტოხელა დედისთვის ერთხელ ერთი ქათამი – დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთო. ოთარაანთ ქვრივი ერთ „ვაი-ვაგლახს“ დააწევს, „გუბერნატორამდე თავის ფეხით ივლის და ერთ ქათამს შვიდჯერ ძვირს „დაუსვამს“ მოურიდებელ გზირს, იმის მიუხედავად, რომ თავადაც ათიოდ მანეთი ეხარჯება მისვლა-მოსვლაში“. „ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?!“, აცხადებს ქალი, რომელსაც ამ ქცევით ილიამ მისი გარშემომყოფი საზოგადოებისთვის საკუთარი პრინციპი დააკანონებინა.

ჯერ კიდევ 1849 წელს, საფრანგეთის მესამე რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, მარქსისთვის მიუღებელი ფრანგი მოაზროვნე, კლოდ ფრედერიკ ბასტია წერდა: „თითოეულ ადამიანს საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვის ბუნებითი უფლება აქვს; სახელმწიფოს ადამიანები თავდაცვის ერთობლივი ორგანიზების მიზნით ქმნიან და მისი არსებობა გამართლებულია მხოლოდ მანამ, სანამ ის ამ ფუნქციას ასრულებს; კანონი ბუნებრივი წესრიგის მანიფესტაცია უნდა იყოს: ის სამართლიანია, თუკი ყოველი ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და საკუთრებას თანაბრად იცავს, ხოლო უსამართლოა, როდესაც ადამიანების ერთ ჯგუფს სხვების ხარჯზე პროტექციას უწევს; ყველას აქვს უფლება საკუთარი რისკით და ხარჯით იცხოვროს, მაგრამ არავის აქვს უფლება საკუთარი შეხედეულებები და მათი განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები სხვებს ძალით მოახვიოს თავს; ძარცვის დაკანონება ცივილიზაციას კრახს უქადის“[1].

ამავე ნაშრომში ავტორი წუხს იმის გამო, რომ კანონმა არათუ დაკარგა ჭეშმარიტი არსი, არამედ სრულიად საწინააღმდეგო მიზანს ემსახურება, რადგან გაუკუღმართდა და სიხარბის იარაღად გადაიქცა, რომ დანაშაულის შებოჭვის ნაცვლად თავად გახდა იმ ბოროტების წყარო, რომელიც უნდა აღმოეფხვრა, ამასობაში კი სახელმწიფო წესრიგიც შეირყვნა. და რადგან ადამიანს თვითმყოფადობა („სიცოცხლე, როგორც ღვთის საჩუქარი), თავისუფლება და საკუთრება ქმნის, მიუხედავად „პოლიტიკური ლიდერების მოხერხებული ეშმაკობისა“, ღვთისგან ბოძებული ეს სამი საჩუქარი საზოგადოებაში მიღებულ ნებისმიერ კანონმდებლობას უსწრებს და მასზე მაღლა დგას. თავისუფლება და საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს, რომ ადამიანებმა კანონები შექმნეს, არამედ პირიქით, სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების არსებობამ განაპირობა ადამიანების მიერ კანონების წინ წამოწევა.

ახლა ისევ ილია ჭავჭავაძეს დავუბრუნდეთ. ილია იმავე, 1887, წლის 25 ივნისს აქვეყნებს ცნობილ პუბლიცისტურ ესეის ­– „რა არის თავისუფლება?“, რომელშიც ადამიანური არსებობის მოდუს-ვივენდი – თავისუფლება – სწორედ კანონთან მიმართებითაა განხილული. „თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, – ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, – საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფლებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენი… და ახლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგანო[2]. ილიას აზრით, იქ არის მხოლოდ „ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა“, სადაც „გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს“ ხოლო იქ, სადაც ეს ქვაკუთხედი არ არსებობს, საზოგადოებრივი ცხოვრება მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯაო, – აცხადებს ილია, რომელსაც ამავე პუბლიცისტურ წერილში ბრესლაველი სოვდაგრის მაგალითიც სწორედ უსამართლობის „საგერ ფარად“ შემოაქვს და, ოთარაანთ ქვრივის არ იყოს, ერთი მანათისა და შაურის დავიდარაბასაც უსამართლოდ ამოწვდენილი კანონის ხმლის წინააღმდეგ მიამართვინებს: „მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ – მისის თავისუფლების ციხე-სიმაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღვწის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია… კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზაგახსნილია სიკეთისათვის“.

ბრძოლა სამართლიანობის ღირებულებაზე დაფუძნებული კანონებისთვის სწორედ პიროვნული თავისუფლების გზაზე გადის. ამიტომაც აცხადებს ილია: „თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი“.

წესს, რომლითაც შემოსაზღვრულია ინდივიდის ყოფისა და მოქმედების დაცული და თავისუფალი სფერო, კანონი ეწოდებაო, მოგვიანებით იტყვის ფრიდრიხ ჰაიეკი პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის კოლექტიური ორგანიზების იმგვარი ფორმის შესახებ, რომელიც ინდივიდთა საზოგადოებაში თანაცხოვრების შესაძლებლობას იძლევა, კულტურათა განსხვავებული წესების, ნორმების თუ ტაბუების მიუხედავად. სწორედ მათგან დასაცავად გვზღუდავს კანონი ჩვენივე თავისუფლების უზრუნველსაყოფად მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონი ღირებულია, თუ დროს უძლებს და ათასწლეულიც ვერ გადააფასებს; ხოლო თუ ფასეულობათა სკალას ოდნავადაც ასცდა, ალუდას მუცალისათვის ხელის მოკვეთა დაავალა, მუცალს – სტუმრის ღალატი, აღაზას და ძიძიას – თვითმკვლელობა… მაშინ ირღვევა კანონის პარადოქსულობა, იგი მხოლოდ გვზღუდავს, თუმცა ჩვენს თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ ვრჩებით კანონის მიერ დაწესებულ საზღვრებში, სხვა პირის ნებაზე დამოკიდებულნი, ვინმეს ავტორიტეტის ქვეშ მოქცეულნი, უფლება და ღირსებააყრილნი. ამ შემთხვევაში ვკარგავთ პიროვნულ თავისუფლებას, რომელსაც ეროვნულ თავისუფლებასთანაც აუცილებლად ექნება ზიარობის ვრცელი შრე თუ დონე.

ოთარაანთ ქვრივი ეროვნული თავისუფლებისაგან დაქვრივებული პერსონაჟი მგონია, რომელმაც კი შვა ღვთის ნიშნით აღბეჭდილი ძე, თუმცა, ვინ იცის, განგებამ მისი სახელი კვლავ ბაზალეთის თუ სხვა რომელი ტბის ძირას ჩაიტანა.

[1]https://lashachochua.yolasite.com/resources/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%20_%20%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90.pdf

[2] https://www.europeangeorgia.ge/blogs/ilia-chavchavadze-ra-aris-tavisufleba

ბავშვები, ბლოგერობა – სიკეთე და საფრთხე

0

იუთუბზე ყველაზე მეტი აქტივობა საბავშვო არხების წილად მოდის. 13 წლამდე ბავშვების მიერ გადაღებულ ვიდეოებს სამჯერ მეტი ნახვა აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენს. მეტიც, ათი უმდიდრესი YouTube-არხიდან ხუთი ბავშვების საკუთრებაა.

ვიდეობლოგები ჩვენი დროის ტრენდია და მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ამიტომ ბავშვისთვის მათი აკრძალვა შეუძლებელია, მაგრამ მშობლებს უნდა აინტერესებდეთ, რომელ ბლოგებს უყურებს მათი შვილი, რა მოსწონს, YouTube-ის რომელ ვარსკვლავს სურს ჰგავდეს და თავად რა ბლოგს უძღვება.

თუ ბავშვმა ბლოგერობა მოისურვა, ერთადერთი, რაც მშობლებს მოეთხოვებათ, შვილის მხარდაჭერაა. მხარდაჭერა და რწმენა ყველაზე ღირებული რამაა, რისი მიცემაც მშობლებს შეუძლიათ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ ჩავუხშოთ ბავშვს თვითგამოხატვის სურვილი, არ დავცინოთ მის საყვარელ გასართობს. პირიქით, მივცეთ შანსი, ამ ასპარეზზეც მოსინჯოს თავისი ძალები. იქნებ ცნობილი ბლოგერი არ გახდეს, მაგრამ ბევრ სასარგებლო უნარს შეიძენს, რადგან ვიდეობლოგინგი არა მხოლოდ რთული შემოქმედებითი პროცესია – ის რთულია ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც: ბავშვმა უნდა ისწავლოს გადაღება, დაეუფლოს ვიდეოს მონტაჟისა და დამუშავებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, თავი გაართვას YouTube-ზე ვიდეოს გამოქვეყნების სირთულეებს.

ბავშვისთვის ბლოგინგი უმეტესად ჰობია. ამ ჰობის, ისევე როგორც გატაცებების უმეტესობას, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვი მარტო არ შევატოვოთ თავის ჰობის. იდეალურ შემთხვევაში, მშობლები უნდა დაეხმარონ მას და გარკვეული მიმართულება მისცენ.

არცთუ იშვიათად მშობლები უკრძალავენ შვილს საკუთარი YouTube-არხის შექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ მცდარი წარმოდგენა აქვთ ამ საქმიანობის ზოგიერთ ასპექტზე. მოდი, დავამსხვრიოთ ყველაზე გავრცელებული მითები ბლოგინგის შესახებ:

 

მითი #1. ბლოგინგი პროფესია ვერ გახდება.

სწორედაც რომ გახდება. ცნობილი ბლოგერები დღეს სერიოზულ ჰონორარს იღებენ თავიანთ არხებზე რეკლამისთვის. ეს ბავშვებსაც ეხება. მაგალითად, 7 წლის ამერიკელმა რაიანმა თავისი არხით სათამაშოების რეკლამისთვის 2018 წელს 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მაშინ სათამაშოების მიმოხილვას 19 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. საინტერესოა, რომ მშობლებმა ბავშვისთვის არხი გასართობად 2015 წელს შექმნეს.

თუ ბავშვი ბლოგით ცხოვრობს, თუ მეტისმეტად არის ამ საქმიანობით გატაცებული, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს, ის პროფესიად აქციოს. მთავარია, სწორი ნიშა იპოვოს.

 

მითი #2. ბლოგერები იღებენ არაფრის მომცემ ვიდეოებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნია.

YouTube-ზე მართლაც უამრავი ინფორმაცია იტვირთება, რომლის შინაარსი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, თუმცა პოპულარული ხდება გამოსადეგი არხები. მაგალითად, მაყურებელი ხშირად ეძებს სასარგებლო რჩევებს, გარდერობის არჩევით დაწყებული, სადილის მომზადებით დამთავრებული. მეორე მხრივ, ბლოგერები ტესტავენ სათამაშოებს, მიმოიხილავენ ახალ ტექნოლოგიებსა თუ ფილმებს, გვირჩევენ, რა წავიკითხოთ, რა ვითამაშოთ.

 

მითი 3. ბლოგებს ზარმაცი, არაფრის გამკეთებელი თინეიჯერები უყურებენ.

სინამდვილეში YouTube-ს დღეს თითქმის ყველა ბავშვი და მოზარდი უყურებს. სხვა საქმეა, რას უყურებენ და რამდენს. თუ ბავშვი ბლოგებიდან მიღებულ ინფორმაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ეს უკვე აღარ არის დროის კარგვა.

გარდა ამისა, ცნობილი ბლოგერების გამომწერები ქმნიან ჯგუფებს, სადაც ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთს და კრეატიულ იდეებს უზიარებენ.

რითაა სასარგებლო ბლოგერობის გამოცდილება? უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები წარმატებული მომავლის გასაღებია. რაც უფრო მეტ პროგრამას დაეუფლება ბავშვი, მით უკეთესი. გარდა ამისა, ინგლისურის ცოდნასაც გაიუმჯობესებს.

საზოგადოდ, ბავშვის სურვილს, გადაიღოს ვიდეო ან გაუძღვეს საკუთარ ბლოგს, შემდეგი დადებითი ასპექტები აქვს:

. ბლოგინგი შესანიშნავი საშუალებაა კომუნიკაციისა და წერის უნარების დასახვეწად. მომავალში ბავშვს გაუადვილდება საჯაროდ გამოსვლა.

. ბლოგინგი ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. ზოგიერთი ბავშვი სხვისი იდეების გამეორებით იწყებს ვიდეოების გადაღებას, მაგრამ შემდეგ საკუთარ ფორმატსაც აგნებს.

. საკუთარი არხი ბავშვისგან სისტემურ მუშაობას მოითხოვს. ეს არის დაგეგმვა (კონტენტის გეგმის შექმნა, სცენარისა და გადაღების ადგილებზე ფიქრი), იდეების გენერირება (ტენდენციების ანალიზი, პოპულარული არხები), გადაღება და მონტაჟი (პროგრამებთან მუშაობა).

. ბლოგინგი უდავოდ ავითარებს ლიდერის თვისებებს. ბავშვები სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას.

. სოციალური ქსელებისთვის ფოტოების გადაღება, პოსტების წერა ძალიან პროდუქტიული გზაა სკოლის შემდეგ თავისუფალი დროის გასატარებლად.

. ბლოგერები ბევრს ურთიერთობენ როგორც ონლაინ, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ისინი ხშირად აერთიანებენ სხვა კრეატიულ ადამიანებს ერთობლივი პროექტებისთვის. თანამშრომლობა – ეს უნარი დღეს დიდებსაც სჭირდებათ და არასრულწლოვნებსაც.

. თუ ბავშვი საინტერესო ვიდეოებს იღებს, ადრე თუ გვიან ის შეძლებს ფულის გამომუშავებას – მას ან რეკლამის განთავსებას შესთავაზებენ, ან დასაქმების თაობაზე მიიღებს წინადადებას.

რაც შეეხება უსაფრთხო ბლოგინგის წესებს:

. აუცილებელია, ბავშვს თავიდანვე ავუხსნათ, რისი გაკეთება არ შეიძლება ინტერნეტში. უთხარით, რომ არ უნდა ილაპარაკოს თავის საცხოვრებელ ადგილზე, სკოლაზე და სასურველია, არ გაამჟღავნოს თავისი ნამდვილი სახელი და გვარი. უმჯობესია, ფსევდონიმი აირჩიოს. აუხსენით, რომ არ უნდა მოყვეს საჯაროდ, სად და როდის აპირებს წასვლას. ასევე არ შეიძლება ინტერნეტში გაცნობილებთან შეხვედრა თქვენთან მოთათბირების გარეშე.

. პრობლემაა უარყოფითი კომენტარებიც. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა აკეთოს, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, შეურაცხყოფა მიაყენონ და გააუფასურონ მისი შრომა. თუ თქვენი შვილი ისწავლის, რეაგირება არ მოახდინოს ცუდ კომენტარებზე, ეს მომავალში ძალიან დაეხმარება. აუხსენით, რომ ცხოვრების გზაზე დროდადრო ყველა ვხვდებით არასასიამოვნო ადამიანებს.

თუ ბავშვი ტოპ ბლოგერების ისტორიებს გავეცნობით, დავინახავთ, რომ მათ მშობლები ეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, სხვაგვარად შეუძლებელია წარმატებული არხის შექმნა, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ეყოლება. ყველაზე ცნობილი არხები ყოველთვის მშობლებისა და შვილების ერთობლივი ნამუშევარია.

თუ ამის გაკეთება არ გსურთ, უბრალოდ, მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილს და დაეხმარეთ ამ პროცესის რთული მომენტების გაგებაში. შესაძლოა, ვიდეოკამერის შეძენა მოგიწიოთ, თუ ბავშვი ბლოგერობამ სერიოზულად გაიტაცა.

საბავშვო კონტენტს YouTube-ზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მას ხშირად აკრიტიკებენ. ბევრი ბლოგერის მშობლებს შვილების ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, საბავშვო არხების რაოდენობა დღიდან დღემდე იმატებს, ხოლო არასრულწლოვანი ბლოგერები სულაც არ გამოიყურებიან დაჩაგრულებად. პირიქით, ღიმილით აგრძელებენ ცხელ-ცხელი ვიდეოებით გამომწერთა აღფრთოვანებას.

ონლაინ-ცხოვრება დღეს რეალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ გავექცევით. ამიტომ ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, მიუდგნენ მას, როგორც რაღაც ისეთს, რაც მათი შვილისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...