სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

ჩვენ, დიდები

0
სულ მინდოდა, ამაზე მელაპარაკა, განსაკუთრებით – მოწყენილობის ჟამს. ეს ის დროა, მაგალითად, გაზაფხულის მშვიდი საღამო რომ დგას, შენ, სამსახურიდან დაბრუნებული და დაღლილი, მოღებულ ფანჯარასთან სკამზე რომ ზიხარ (ფანჯრის რაფაზე დაჯდებოდი, მაგრამ უკვე დიდი ხარ და რაფაც დაგივიწროვდა), მუხლებზე რამე სადიდო და ერთობ რთული, თავსატეხებით სავსე გადაშლილი წიგნი გიდევს და ეს წიგნი ისე გეზარება, როგორც შენი მეზობელი თავისი აუცილებლად მოსასმენი ჭორებით. ძილი თუ მოგერია, მის მოგერიებას იწყებ: აბა, წიგნზე ჩამოძინება რა სადიდო საქმეა, ბავშვი ხომ არ ხარ და დედა ძილისპირულ ზღაპრებს ხომ არ გიკითხავს!
დაახლოებით ამგვარ საღამოს, ზოგჯერ – არაამგვარ საღამოს, არაამგვარ შუადღესა და არაამგვარ დილასაც ჩვენ, არამხოლოდ არჩაძინების მიზნით, ვიწყებთ ისეთ რაღაცებზე ფიქრს, რამაც გაგვასწრო, რასაც გავასწარით, რაც იყო და შეიძლებოდა ისევ ყოფილიყო, მაგრამ პრიორიტეტები ისე უცნაურად გადანაწილდა სამსახურებრივ, სოლიდურ სამოსსა და ბრენდებზე, წვეულებების ბრწყინვალებასა და ჩვენი თითების, მაჯებისა თუ ყელ-ყურის ბრწყინვალებაზე, ყოვლად უსახო, მაგრამ საჭირო ხალხთან აუცილებელ ვიზიტებზე, ასეთივე წიგნების საშუალებით დიდური, მაღალფარდოვანი, უცხოსიტყვებიანი და რთული საუბრის შესწავლის მცდელობაზე, რომ ვერც კი მივხვდით, როგორ დავიწროვდა ქუჩები და დაპატარავდა ქალაქები, მინიატურული გლობუსივით როგორ დავატრიალეთ მსოფლიო ჩვენ გარშემო და საერთოდ, რა ამბები დავატრიალეთ – ანუ გავიზარდეთ.
მე ახლა ძალიან ნაღვლიანი ვარ, რადგან ვეღარაფრით ვიჯერებ პატარა უფლისწულის არსებობას და თქვენნაირი, უფროსებისნაირი  გავხდი. არადა, შემეძლო, სპილოგადაყლაპული მახრჩობელა გველი, დახატული შიგნიდან და გარედან, უბრალო ქუდი არ მგონებოდა და, მაშასადამე, ისიც შემეძლო, თქვენ არ დაგმსგავსებოდით. მაგრამ რაკი მაინც დაგემსგავსეთ, უმჯობესი იქნებოდა იმაზე მელაპარაკა, რა გზით ავიცილოთ თავიდან ჩვენნაირი უსულო პოპულაციით სულიერის ჩანაცვლება.
ყველაზე მოკლე გზა “პატარა უფლისწულზე” გადის – ეს არის სიკეთის, სისადავის, ნამდვილი ღირებულებებისა და ბედნიერების სიმარტივის უნივერსალური გზა.
რაღა თქმა უნდა, არ ვაპირებ ნაწარმოების ფაბულაზე საუბარს – საინტერესო მისი შინაგანი პლასტებია, სიმბოლოები, რომლებიც ძალიან ჰგავს შენი ბაღის მკვახე ხილს და გონებაში, ამ დიდ და მრავალფეროვანი, მსხმოიარე ხეხილით დახუნძლულ ბაღში, მხოლოდ მაშინ მწიფდება, როცა “პატარა უფლისწულს” არაერთხელ და სხვადასხვა ასაკში წაიკითხავ. ასე რომ, დიდებო, მოუხმეთ გონებას და ნუ იტყვით, რომ ეს წიგნი მხოლოდ პატარებისთვისაა, და თუნდაც ასე იყოს, ისწავლეთ საბავშვო ზღაპრების დიდობაში კითხვა, თორემ ისეთივე მოსაწყენები იქნებით, როგორც ჩემი ჭორიკანა მეზობელი, რომელსაც ჭორების შეთხზვა დიდური და ღირსების საქმე ჰგონია.
ლეონ ვერტისადმი, დიდი ბავშვისადმი მიძღვნილი “პატარა უფლისწული” ახლახან კიდევ ერთხელ გახდა დიდური მსოფლიოს განხილვის საგანი: ზღაპრის ხელნაწერი დედანი ერთ-ერთ კერძო კოლექციონერთან აღმოაჩინეს. ის ნაწარმოების მე-17 და მე-19 თავის გამოუქვეყნებელ ფრაგმენტებს შეიცავს. ხელნაწერი 40-50 ათას ევროდ შეფასდა და აუქციონზე 16 მაისს გაიყიდა – რაკი ამას თქვენთვის, დიდებისთვის ვწერ, ალბათ ციფრებთან დაკავშირებული ინფორმაციაც დაგაინტერესებთ, თორემ, რომ გითხრათ, ეგზიუპერის რა ოღროჩოღრო ან, პირიქით, შესაშურად ჩაწიკწიკებული კალიგრაფია ჰქონია, ან იმ ფურცლებს ყვითელი ისე შეჰპარვია, როგორც ჩვენს ბებოებს – ნაოჭები-მეთქი, გულგრილად გამოტოვებთ მთელ აბზაცს. მატერიალისტი უფროსების ცხოვრების აზრი ციფრებშია; “თუ მათ ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია; არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგივრად გკითხავენ, რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო და ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, ვარდისფერი აგურით ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრებზე ნემსიწვერა ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი; მათ ასე უნდა უთხრათ: “მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს”, – და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო! სინამდვილეში კი, რამდენი ხანია, ყვავილი არ დაუყნოსავთ და ყნოსვის რეცეპტორებს მხოლოდ ძვირფასი სუნამოს შესარჩევად იყენებენ.
უდაბნოში, სადღაც საჰარისკენ, სადაც პატარა უფლისწული მოხვდა, ეგზიუპერი თავის მეგობართან ერთად მართლაც ჩამოვარდა და ის, სიკვდილის პირას მყოფი, სრულიად შემთხვევით გადაარჩინეს. ვინ იცის, იქნებ სიკვდილის პირას, მირაჟისა და ცხადის უჩინარ ზღვარზე, მას მართლაც მოევლინა ოქროსფერთმიანი, ასტეროიდ ბ612-ელი პრინცი, რომელსაც ძალიან ენატრებოდა თავისი მოშინაურებული და, შესაბამისად, ერთადერთი ვარდი, ძალიან უნდოდა, ჰყოლოდა ბატკანი და კიდევ ერთხელ ენახა მზის ჩასვლა ორმოცდასამჯერ.
მე სულ სამჯერაც არ მინახავს მზის ჩასვლა. სამწუხაროა. სამაგიეროდ, დღეში უამრავჯერ ვუყურებ საკუთარ ანარეკლს სარკესა თუ ვიტრინებში. ეს ბევრ დროს არ მოითხოვს: სარკეში შეგიძლია ჩაიხედო საქმის კეთებისას, საქმემდე და საქმის შემდეგ, ვიტრინებში კი – გზად, საქმეზე მიმავალმა. მეც საკუთარი თავი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჩემს ქმედებებს მუდამ ვუთანხმებ დროსა და მის უქმად დაუკარგავობას, მუდამ სადღაც მეჩქარება და სულ მავიწყდება, რომ თუ შუადღის მზეს თვალს გაუსწორებ, თვალწინ ფერადი რგოლები დაიწყებენ ტრიალს – თითქოს აბსტრაქტულ ტილოს უყურებდე… თავი სერიოზული, საქმიანი ადამიანები გვგონია და გვავიწყდება, რომ ბედნიერება იქ არ არის, სადაც ვეძებთ: “მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისთვის, არასოდეს ჰყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, – და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ ის ხომ კაცი არ არის. ის სოკოა!”
სოკოები წვიმის შემდეგ ამოდიან, ჩვენ ხან წეროებს მოვყავართ, ხან კომბოსტოში გვპოულობენ და საბოლოოდ ჩვენი ამქვეყნად მოსვლის ნამდვილ ისტორიასაც ვიგებთ. აი, ბაობაბები კი, კაცმა არ იცის, როგორ ხვდებოდნენ უფლისწულის პატარა პლანეტაზე. ისიც ყოველდღე გულდასმით ამოძირკვავდა ხოლმე ყოველგვარ საეჭვო თესლს თავისი მიწიდან, რათა ეს თესლი ცოტა ხანში ბაობაბად არ ქცეულიყო, არ გაზრდილიყო, არ გამრავლებულიყო და ბოლოს უფლისწულის საყვარელი პლანეტა ნაფლეთებად არ ექცია. ერთი მხრივ, ბაობაბი – ბოროტება, მეორე მხრივ, ვარდი – სიყვარული და სიკეთე – მხოლოდ პრინცის პლანეტას კი არ სტუმრობენ, ჩვენს გულებსაც ესტუმრებიან ხოლმე. ჩვენ კი ხშირად ბაობაბის თესლის ნაცვლად ვარდის კოკრებს ვანადგურებთ. ჩვენი გული არასდროს არის ღია და როცა ვაღებთ, დასაზეთი კარივით ჭრიალებს.
ყველა იგავის ამხსნელი გველი, ბრძენი და ძალიან პოეტური მელია, ოქროსფერთმიანი ბიჭუნას არამატერიალური საჩუქარი (ბავშვური კისკისი) – რომელ ერთზე გელაპარაკოთ, როცა ჩვენი “მეიგავე” გატელევიზორებული მსახიობია და ბრძენი პოეტი – ვინმე “ბიჭი”.
ასეა თუ ისე, ჩემო დიდო მეგობრებო, წააკითხეთ ეს წიგნი თქვენს შვილებს 5, 10, 13, 17 თუ 23 წლის ასაკში, თქვენს მოსწავლეებს მესამე, მეხუთე, მერვე თუ მეთორმეტე კლასებში და თქვენს სტუდენტებს ყოველ კურსზე, რათა უფრო მეტად ადამიანურები, ანუ ბედნიერები გახდნენ.
ეგზიუპერი მთელი სიცოცხლე (და ეს სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლე გახლდათ), 44 წელიწადი, სწორედ ასეთი ბედნიერი იყო, მერე კი გაუჩინარდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ბავშვების უმეტესობა მფრინავობაზე ოცნებობს და ეგზიუპერიც – მგონია, რომ არცთუ შემთხვევით – პილოტი გახლდათ. დიდხანს მისი დაღუპვის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, 1998 წელს კი მარსელთან ახლოს, ზღვაში, ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა ამოიკითხეს: “Antoine”, “Consuelo” (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და “c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA” (იმ გამომცემლობის მისამართი, რომელიც ეგზიუპერის წიგნებს გამოსცემდა). 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრის სიღრმეზე თვითმფრინავის ნარჩენები აღმოაჩინა, რომელიც იქნებ ამ დიდ მწერალს, პაციფისტსა და ჰუმანისტსაც ეკუთვნოდა. გამოძიებამ ვერსია დაადასტურა, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღემდე არავინ იცის: ბავშვებს ხომ ძალიან უყვართ საიდუმლოებები; ეგზიუპერის სიკვდილიც ასეთივე იდუმალი და ბავშვურია, თუ, საერთოდ, შეიძლება, სიკვდილი ბავშვური იყოს.

თეო ნეფარიძე – კლასგარეშე აქტივობები და პრობლემები

0

თანამედროვე მსოფლიოს
შრომითი ბაზრის თავისებურებებისა და მოთხოვნების გამო, დღეს, სასკოლო პროცესის დასრულების
შემდეგ სახლში მისული უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება უფროსების ყურადღების გარეშე.
დასაქმებული მშობლების უმრავლესობას გვიან ღამემდე უწევს სამსახურეობრივი მოვალეობების
შესრულება და სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებისთვის სათანადო დროის დათმობის საშუალება
აღარ აქვს. არადა, სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული გამოცდილება უზარმაზარ
გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მის აკადემიურ
პროგრესს. მშობლე­ბის ყურადღების გარეშე, ან მინიმალური ყურადღების პირობებში დარჩენილ
ბავშვებში, ერთი მხრივ, აკადემიური პრობლე­მები იჩენს თავს, ხოლო მეორე მხრივ, სარისკო
ქცევის ჩამოყალიბების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხშირად მშობლების მითითებები პროტესტის გრძნობას
იწვევს. ამდენად, მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური
მიმართულებით განვითარება დღევანდელი საგან­მა­ნათლებლო სისტემების და მრავალი ოჯახის
ამოცანას წარმოადგენს.

 

ზემოაღწერილი გარემოებების
გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების საჭიროება
დღითი დღე იზრდება. კლასგარეშე პროგრამები გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დროის უსაფრთხოდ,
ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს, მათ ენერგიას პოზიტიური მიმართუ­ლე­ბით
წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმა­ყოფილებასა და განსაკუთრებული
ტალანტის გამოვლენასაც უწყობს ხელს. კლასგარეშე პროგრამების საჭიროება და სარგებლიანობა
იმდენად დიდია განვითარებულ ქვეყნებში, რომ განათლების სფე­­როსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის
მნიშვნელოვანი წილი სწორედ ასეთი ტიპის პროგრამე­ბის და ღონისძიებების დაფინანსებაზე
მოდის. მაგალითად, ამერიკის შეერთე­ბულ შტატებში, დაწყებითი და საშუ­ალო განათლების
საფეხურის 
ფედე­რალური დაფი­ნანსების დაახლოებით 10% კლასგა­რე­შე აქტივობებისა
და პროგრამების დაფინანსებას ეთმობა. 

 

კლასგარეშე პროგრამების შეფასე­ბი­თი კვლევების დასკვნებში,
წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მათ აკადემიურ შედეგებსა და სარგებლიანობას.
თუმცა, დღეს, არანაკლებ მნიშვნე­ლოვნად მიიჩნევა კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების
პიროვნული და სოციალური სარგე­­-ბელი. სწავლისა და სწავლების სფეროში ჩატარებული კვლევები
გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია ბავშვს პიროვნული და სოციალური უნარ-ჩვევები ვასწავლოთ.
კლას­გა­რეშე პროგრამების შეფასებებში კი დასტურდება, რომ ბავშვების ჩართუ­ლობა აღნიშნულ
პროგრამებში პირდაპირ კავშირშია, ერთი მხრივ, მათ სტაბილურ ემოციურ მდგომა­რეობასა
და დადებითი დამოკიდე­ბუ­-­ლებების ჩამოყალიბებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, დადებით ქცევასთან.

 

ბავშვებისა და მოზარდების განვი­თარების თეორიების თანახმად
კი, სწავლება მაშინ არის განსაკუთ­რე­ბით ეფექტური, როცა პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.
ამდენად, კლასგარეშე პროგრამების ფარგ­ლებ­ში, პიროვნული და სოციალური განვითარების
ასპექტები ისეთი უნარჩვევების სწავლებას მოიცავს, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა,
კონფლიქტების მართვა, თვითკონტროლი, გადაწყვეტილე­ბებზე პასუხისმგებლობის აღება, თვითეფექტურობის
გაზრდა, ობიექტური თვითშეფასება და ა.შ.

 

 

კლასგარეშე პროგრამების ძირითადი მიმართულებები

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფექტური კლასგარეშე პროგრამები პრაქტი­კულ
მომზადებას ეფუძნება. ეს უკანასკ­ნელი კი სასურველია, მოიცავდეს როგორც ტრენინგის,
ისე პროგ­რა­მულ კომპონენტებს. ტრენინგის კუთხით პროგრამები უნდა იყოს თანმიმდევრული
და ინტერაქ­ტი­ული ფორმატის, ხოლო პროგრამული თვალსაზრისით – თემატურად დალა­­გებული
და ნათ­­ლად ჩამოყალიბე­ბუ­ლი. აღნიშნული კომპონენტების მქონე პროგრამები სამი მიმართუ­ლე­­ბით
გვაძლევს შედეგს: ისინი გავლენას ახდენს ბავშვების გრძნობებსა და შეხედუ­ლებებზე, განაპირობებს
ქცევის დადებითად მოდიფიცი­რე­ბასა და აკადემიურ წარმატებას.

 

კლასგარეშე პროგრამა შეიძლება იყოს აკადემიური ან შემეცნებითი
მიმართულების. ამ დროს მოსწავ­ლე­ებს საშუალება ეძლევათ, მოამზადონ საშინაო დავალებები
და დახმარება მიიღონ ისეთ უნარ-ჩვევებში, როგორიცაა: კითხვა, არითმეტიკა, საბუნებისმეტყველო
მეცნიერებები და ა.შ. ამავე კატეგორიას განე­კუთ­­ვნება საუნივერსიტეტო გამოცდე­ბისთვის
მოსამზადებელი პროგრამები, კომპიუტერული კურსები, უცხო ენის კურსები, მომზადება დასაქ­მე­ბისთვის
და ა.შ. სოციალური მიმართულების პროგრამებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში
ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.),
ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებელი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა),
მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები და ა.შ. ბავშვის ფიზიკური
და პიროვნული განვითარების მიმართულებით კი წარმატებით მუშაობს ისეთი პროგრამები, როგო­-რიცაა:
დრამისა და ხელოვნების, მუსიკისა და ხელსაქმის შემსწავ­ლე­ლი წრეები, კულტურული, სპორტული
და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები. 

 

 

კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა

 

კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერისთვის სხვადასხვა
სოციალურ ჯგუფსა თუ ინსტიტუ­ციას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. სამთავრობო ინსტიტუტებისთვის
კლასგარეშე პროგრამების განხორციელება და შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის
გაუმჯობესება სკოლებისა და საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის ამაღლების გარანტიას
წარმოადგენს. მშობლებისთვის კლასგარეშე პროგრამები შვილების უსაფრთხო გარემოსა და მათი
დროის ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს. საზოგადოების­თ­ვის ახალგაზრდების კლასგარეშე
პროგრამებით დაკავება დანაშაულის შემცირებასა და უსაფრთხო სამეზობ­ლოს ნიშნავს, ხოლო
ბიზნესისთვის – შრომისმოყვარე, ორგანიზებული და სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურ­ვილი
კადრების მომზადებას.

 

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების ყველა ზემოჩამოთვლილი
სექტორი სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა კლასგარეშე პროგრამას. ბუნებრივია,
იმისათვის, რომ პროგრამამ ფინანსური მხარ­­დაჭერა მოიპოვოს, ის ხარისხის გარკვეულ სტანდარტებს
უნდა აკმაყოფილებდეს. ქვემოთ განვი­ხილავთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური კლასგარეშე
პროგრამები და მივიღოთ სამთავრობო თუ ბიზნეს-სექტორის, მშობლების, თემის მხარდაჭერა.

 

 

ეფექტური კლასგარეშე პროგრამების შექმნა

 

აკადემიური, სოციალური თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული
კლასგარეშე პროგრა­მების შექმნისას რეკომენდებულია რამდენიმე საერთო სტანდარტის დაცვა.
ქვემოთ მოცემული მახასი­ათებლების გათვალისწინება სხვადასხვა საჭიროებისა და გამოცდილების
მქონე ბავშვების სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

 

1.     მიზნების დასახვა
და ძლიერი          მენეჯმენტი

 

კლასგარეშე პროგრამების მიზნები, საჭიროებათა კვლევის საფუძველზე,
თემის ლიდერებისა და წევრების, მშობლებისა და მოსწავლეების აზრების გათვალისწინებით
უნდა განისაზღვროს. რეალისტური და რელევანტური მიზნების დასახვის შემდეგ სწორი და ძლიერი
მენეჯ­მენტის საჭიროება ჩნდება, რათა ისინი წარმატებით შესრულდეს. კარგი კლასგარეშე
პროგრამა უნარ­­შეზღუდული ბავშების ინტეგრირე­ბასაც უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია,
რომ პროგრამების დაფინანსება, სტრუქტურა და აქტივობები, თანამშრომელთა რაოდენობა სწორედ
მის მიზნებზეა დამოკიდებული.

 

2.     კვალიფიციური
თანამშრომლების დაქირავება

 

თანამშრომლების დაქირავება პროგრამის მასშტაბზე, მენეჯმენტის
სტრუქტურასა და პროგრამის მიზნებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ კლასგარეშე პროგრამების
განხორციელებით დაკავებული თანამშრომლები კვალიფიციური, გამოცდილი და მოტივირებული
უნდა იყვნენ, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ სკოლის მასწავ­ლებ­ლებთან ნაყოფიერი კომუნიკაცია
და კოორდინაცია. მათი სპეციფი­კუ­რი უნარჩვევები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ასაკის,
ეროვნებისა და კულტურის ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებისა და უნარშეზღუ­დულ
ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. სასკოლო სასწავლო გეგ­მისა და შეფასების სისტემის
ცოდნა მათ მოსწავლეების აკადე­მი­ური კუთხით დახმარების საშუალებას მისცემს. კლასგარეშე
პროგრამებში ჩართული ბავშვების არაერთი გამოკითხვით დადასტურდა, რომ უფროსების მხრიდან
მათ სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ, რაც კლასგარეშე პროგრამების თანამშ­რომლებმა უნდა
გაითვალისწინონ.

 

3. უსაფრთხო და ჯანსაღი
გარემო

 

სასურველია, კლასგარეშე პროგრა­მები ქალაქის ყველა რაიონში,
სოფლად კი ყველა თემში ხორცი­ელ­დებოდეს, რათა თითოეულ მოსწავლეს შეეძლოს საცხოვრებელ
ადგილთან ახლოს სასურველ პროგრამაში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში გამოყენებული აქტი­ვობები
მოსწავლის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს და ჯანსაღი ქცევის მოტი­ვირებას უნდა ახდენდეს.
საუკეთესო კლასგარეშე პროგრა­მები მოსწავ­ლე­ებს სოციალიზაციის მრავალ­ფე­რო­ვან ფორმებს
სთავაზობს.

 

4.     პარტნიორობა
თემთან, ორგანიზაციებთან,                                      სამართლებრივ
ორგანოებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან

 

კლასგარეშე პროგრამების განხორ­ციელება დამოკიდებულია მშობლების,
განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და თემის წევრების მხარდაჭერაზე. წარმატებული
პროგრამები მნიშვნელოვან მხარ­დაჭერას იღებს ისეთი ორგანოები­დანაც, როგორიცაა: სკოლის
სამეთვალყურეო საბჭო, თემის საკრებულო, ადგილობრივი პოლიცია და ა.შ. ეფექტური პროგრამები
ზემოჩამოთვლილ ერთეულებს, ახალგაზრდობასთან ერთად, აქტი­­ურად აბამს პროგრამის დაგეგმ­ვა­ში,
რათა მთლიანად თემის საჭიროე­ბე­ბის გათვალისწინება მოხდეს. წარმატებული პარტნიორობის
ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სკოლისა და თემის საჭიროებებისა და რესურსების შესწავლა-შეფასება,
ლოჯისტიკური საკითხების დასმა, პროგრამის ერთობლივად  დაგეგმვა და ა.შ.

 

5. ოჯახების ჩართულობა

 

ცალკე გამოვყოფთ ოჯახების როლს კლასგარეშე პროგრამებში, რადგან
ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ეფექტური პროგრამები
რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს, საორიენტაციო სესიებსა და მშობ­ლე­ბის მრჩეველთა საბჭოს
შეკრებებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, აუცილებელია დასაქმებული მშობ­­ლების საჭიროებების
გათვალისწი­ნება, მათთან რეგულარული ურთიერთობა წერილობითი ფორმით, საინფორმაციო ცენტრის
ან ვებგვერდის გახსნა, საინფორმაციო ბროშურების შექმნა, სოციალური საღამოების მოწყობა.

 

6. სასწავლო  შესაძლებლობების გამრავალფეროვნება

 

კლასგარეშე პროგრამებს ბავშვის აკადემიური მოსწრების, ემოციური
და ფიზიკური მდგომარეობის გაუმ­­ჯობესება შეუძლია. ეფექტური პროგრამები მოსწავლეებს
მათი ინტერესის სფეროში მუშაობის საშუალებას აძლევს, ცნობისმოყვა­რეობას უკმაყოფილებს,
ეხმარება საყვარელი საქმიანობის შეძენასა და სხვადასხვა სტილით (ვიზუა­ლური, აუდიო
და კინესთეტიკური) სწავლაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლასგარეშე პროგრამების კურიკულუმი
გარკვეული სირთულის შემცველი, თუმცა დაუძლეველი არ უნდა იყოს.

 

7. კავშირი სასკოლო
პროგრამასთან

 

იმისათვის, რომ სასკოლო პროგრა­მასა და კლასგარეშე აქტივობებს
შორის ნაყოფიერი კავშირი არსე­ბობდეს, აუცილებელია კლასგარეშე პროგრამებში დასაქმებული
მასწავლებლების მიერ სასწავლო პროგრამის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, მოსწავლეთა შეფასებების
გაცვლა-გამოცვლა სხვა მასწავლებლებთან და ა.შ. ზოგიერთი კლასგა­რე­შე პროგრამა წარმატებით
ახორცი­ე­ლებს ინტერდისციპლინურ და თემატურ ჯგუფურ პროექტებს. მაგალითად, თუ მოსწავლეები
მათემატიკაში გამრავლების ტაბუ­ლას სწავლობენ, აღნიშნული ცოდნის გამყარება, კლასგარეშე
პროგრამის ფარგლებში, “ჩეჩოტ­კას” ტიპის ცეკვითაც კი შეიძლება; ან თუ საბუნებისმეტყველო
საგნებში ღრუბლების ფორმირებას სწავლობენ, ხელოვნების კლას­გა­რე­შე პროგ­რამის ფარგლებში,
მათ შეუძლიათ დახატონ წრიული, ფენა-ფენა ან აკუმულირებული ღრუბლები.

 

8.     პროგრამის ეფექტურობის       შეფასება

 

რადგან კლასგარეშე პროგრამები მრავალფეროვანი და კომპლექსუ­რია,
მათი შეფასების სტანდარტული ფორმის შემუშავება შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია: თითოეულმა
კლასგარეშე პროგრამამ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააუმჯობესოს ხარისხი.
ზოგადად, ეფექტური პროგრა­მები შეფასების კომპო­ნენტსაც მოიცავს. მაგალითად, იმ პროგრამებმა,
რომლე­ბიც უსაფრთხო გარე­­მოს შექმნას ისახავს მიზნად, უნდა შეაფასონ უსაფრთხო­ე­ბის,
დანა­შა­ულის, ნარკოტიკის გამო­­ყენების ინდიკატორები. პროგრა­მე­ბი როგორც თვითშეფასებას,
ისე გარე შეფასებას უნდა ახორციე­ლებ­დეს და საკონტროლო ჯგუფის დაკვირვებასა და შედეგე­ბის
შედარებას უნდა ახდენდეს.

 

 

    დამატებითი ფაქტორები

 

კლასგარეშე პროგრამების შექმნისას, ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა
და სტან­დარტების დაცვის შემთხვე­ვაშიც კი, ხშირად თავს იჩენს ისეთი ბარიერები, რომელთა
გათვალისწინება რთულია, თუმ­­ცა რეკომენდებულია პროგრამის ეფექტურობის უზრუნველსაყო­ფად.
ზოგჯერ კლასგარეშე პროგრამები სასურველ შედეგს ვერ აღწევს ადეკვატური რესურ­სე­ბის
ნაკლე­ბობის გამო. ზოგჯერ პროგრამა უშედეგოა, თუ მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა
მაღალია, ან მასწავ­ლებლები ხშირად იცვლებიან, ვთქვათ, დაბალი ხელფასის გამო.

 

კლასგარეშე პროგრამების
ზოგი­ერ­თი კვლევა კიდევ ერთ პრობლემას წარმოაჩენს, რომლის წარმატებით გადაჭრა მხოლოდ
მასწავლებლე­ბი­სა და მშობლების ეფექტური კოორდი­ნაციის მეშვეობითა და რაციონა­ლუ­რი
გადაწყვეტილებების მიღებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კვლევების შედეგები გვაჩვენებს,
რომ სასწავლო პროცესის შემდეგ მოსწავლის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაში ჩართვა, ზოგჯერ,
მის ზედმეტად დატვირთვას იწვევს და შედეგად, სწავლის ხარისხს ამცი­რებს, ხოლო  ემოციურ მდგომა­რე­ობას დაძაბულობას მატებს. ბავშვებს
თავისუფალი დრო აღარ რჩებათ და ისინი სტრესულ მდგო­მარეობაში ვარდებიან. მსგავსი შემთხვევების
იდენტიფიცირებას მშობლებისა და მასწავლებლების დაკვირვებული თვალი და ბავშვ­თან აქტიური
კომუნიკაცია სჭირდება. აუცილებელია, მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად განიხილონ
მოსწავლის შესაძლებ­ლობები და მიდრეკილებები, რათა სათანადო დატვირთვის გრაფიკი და
აქტივობები შეარჩიონ.

ცხოვრების ჯანსაღი წესი და უსაფრთხო ქცევა

0

დამხმარე სახელმძღვანელო ბიოლოგიისა და სპორტის მასწავლებლებისათვის

სრულად

ისტორია არის Magister vitae – ცხოვრების მასწავლებელი

0

 

 
 
 
 
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ყორანაშვილი, რომელიც mastsavlebeli.ge მკითხველს ისტორიის როლზე და ქართული ისტორიოგრაფიის პრობლემებზე ესაუბრება, ამბობს, რომ ”ისტორიისადმი სერიოზული დამოკიდებულება არის მანიშნებელი ერის კულტურულობისა.”
– ისტორიის მნიშვნელობაზე ჩვენი წინაპრები ბევრს წერდნენ – მეცნიერულ ისტორიაზე და არა ყალბზე, გაზვიადებულზე ან მითოლოგიურზე, როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობდა. ქართველები, საბედნიეროდ, ვეკუთვნით იმ ერს, რომესაც ისტორიის ტრადიცია ჰქონდა. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ფარნავაზის დროს მატიანე უკვე გვქონდა, რომელიც რა თქმა უნდა დაიკარგა, მაგრამ გადარჩა ნაწილი, რომელიც “მოქცევაჲ ქართისაჲსა” და ” მეფეთა ცხოვრებაში” შემორჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეონტი მროველს 14 საუკუნის წინანდელი ფაქტები საიდან ეცოდინებოდა? ეს უწყვეტი ტრადიცია იყო. თუმცა ბოლო პერიოდში შეიმჩნევა კრიზისი. საშობაო ეპისტოლეში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა: ჩვენ ისტორიოგრაფია ძალიან ჩამორჩა, რისი მიზეზიც ერთის მხრივ იყო საბჭოთა რეჟიმი, რასაც შემდეგ დაემატა ის, რომ დღევანდელმა ქართველებმა ძალიან ცუდადთ ვიცით ისტორიაო. ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ძველ და საშუალო თაობას საბჭოთა სკოლებში გაყალბებულ ისტორიას გვასწავლიდნენ, ამიტომ ისტორიაზე სწორი წარმოდგენა არ გვქონდა. ახლა მოდის კომპიუტერის ხანა და ახალ თაობას წიგნების წაკითხვა ნაკლებად უნდა. ამდენად, ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ საშუალო ქართველმა ქვეყნის ისტორია ძალია ცუდად იცის. მაგარამ ქართული ისტორიოგრაფიის ჩამორჩენილობას მხოლოდ საბჭოთა კვაშირს თუ დავაბრალებთ, არც ამაში ვიქნებით ბოლომდე მართლები, რადგან ამ რეჟიმის დასრულებიდან საუკუნის თითქმის მეოთხედი გავიდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მაინც ვერ მოხერხდა ახლებური აზროვნებით ისტორიის გააზრება. სამწუხაროდ, დღევანდელი საბუნებისმეტყველო და ისტორიოგრაფია ძალიან დიდი ჩიხშია, დიდ კრიზისს განიცდის. საქართველოს ისტორიოგრაფიას ქართველების მეტი ვერავინ მოუვლის.
 
ისტორიოგრაფიის პრობლემა მხოლოდ ისტორიის შემეცნების პრობლემა კი არ არის, იგი გადაჯაჭულია უმაღლეს სასაწავლებლებზე და აისახება საჯარო სკოლების დონეზეც, ეს სამი სტადი ერთმანეთზეა გადაჯაჭული. ძალიან კარგია, რომ ავტორები ინიციატივას იჩენენ და წერენ ისტორიის სახელმძღვანელოებს. მაგრამ ყველას მოვუწოდებ, თუ მართლა შესტკივათ გული ამ დარგზე, არის რიგი საკითხებისა, რაზეც უნდა მოეწყოს დისკუსიები, შეჯერდეს აზრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათი დანერგვა სასკოლო და სხვა დონეზე. ვთქვათ, ქართული ეთნოგენეზზე თვითონ მეცნიერები, აკადემიკოსები და პროფესორებიც კი დაბნეულები არიან და ვერ გაურკვევიათ ეს საკითხი. მაგრამ თუ ძალიან მოვინდომებთ და სერიოზულად მივუდგებით, აუცილებლად გავარკვევთ ამ საკითხს. ასევე დღემდე საკამათოა, სახელმწიფოს წარმოშობის საკითხი. არგონავტები და აიეტი ბერძნული მითოლოგიის პროდუქტია და ჩემი ღრმა რწმენით, ეს გზა ისტორიის დასადგენად არ გამოდგება. კიდევ არის უამრავი საკითხი, მათ შორის, სასპერები, ქართების, იბერების და სხვა ტომთა საკითხები. მოკლედ ბევრი რამე არის ახლებურად გასააზრებელი, მაგრამ დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ კრიზისს ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. ძველ თაობას არ უნდა ამის აღიარება და ახალ თაობაშიც არ გამოჩნდა ისეთი პიროვნება, რომელიც სერიუზულად გასცემს პასუხს დროის ამ გამოწვევას.
 
ერთი სიტყვით, საქართველო ისტორია გასააზრებელი რჩება და ფაქტობრივად, ახლებურად არის დასაწერი.
 

– თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ისტორიის ახალი გამოცემები გამოვიდა.

 
– საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიცა, ფაქტობრივად, არის უკვე გამოცემული ძველი რვატომეულის გამეორება, მხოლოდ, შემოკლებული ვარიანტი. საინტერესოა, XIX საუკუნე და XXსაუკუნის დასაწყისი, რომლის ავტორიც არის ძალიან კარგი მკვლევარი, აწ განსვენებული ალექსანდრე ბენდიანიშვილი. იგი ჩარჩოებში არ ჩაჯდა და ეცადა, საბჭოთა პერიოდშიც კი, ახელებურად გაეაზრებინა რიგი საკითხები. მეცნიერებს და საზოგადოებას, ერთი ჭეშმარიტების გაგება არ უნდათ: ისტორია მხოლოდ წყაროები და ფაქტები არ არის, ეს არის სინთეზური და გლობალური ხედვა, რასაც სჭირდება სერიოზული მეთოდოლოგია. ადრე არსებობდა ე.წ. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორია, ეხლა მათი ციტატობანა მიატოვეს, მაგრამ აზროვნება დარჩათ ისევ იმდროინდელი.
 
ჩემი აზრით, საქართველოს ისტორია ერთბაშად ვერ დაიწერება. უნდა მოხდეს ცალკეული საკითხების დამუშავება, მოეწყოს დისკუსიები და სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ერთიანი ისტროიის შექმნა. შეიძლება შემკითხოთ, თავად რას ვაკეთებ. ამჟამად ვმუშაობ გიორგი სააკაძის თემაზე, შემდეგ გადავალ საქართველოს ძველ ისტორიაზე, რომელიც უკვე დაწერილი მაქვს და საბოლოო სახით მზად მექნება ოქტომბერ-ნოემბერში. საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული ძველი ისტროიაა, რადგან ფაქტები და წყაროები ცოტაა. ამის შემდეგ საქართველოს ისტორიის შემდეგ პერიოდების დამუშავება ბევრად უფრო ადვილია.
 

– თქვენ მუშაობდით ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე, სადაც საბოლოო მინიშნება სტალინზე გააკეთეთ

 

– ვიდრე ილიას მკვლელობის საკითხით დავინტერესდებოდი, მანამდე დაკავებული ვიყავი “ილიას ფენომენით”, რადგან საბჭოთა პეროდში იგი გაყალბებული იყო და მისი ბოლომდე გააზრება არც ბოლო პერიოდში მომხდარა. თავის დროზე ნოე ჟორდანიამ, ფილიპე მახარაძემ და სხვებმა ილია წარმოაჩინეს, როგორც მემამულე და თავადების ინტერესების დამცველი, მაგრამ შემდეგ ჩაერია სტალინი. მან ილიას გააზრება სცადა მას შემდეგ, რაც რუსი ემიგრანტები და ტროცკი საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ ყვებოდნენ, დაიღუპა რუსეთი, მის სათავეში ველური ხალხის შვილი მოვიდაო. სწორედ ამიტომ დასჭირდა სტალინს ქართველი მწერლების, მათ შორის, ილიას წარმოჩენა. მართალია, ამ დროიდან ილიას უკვე ოფიციალურ დონეზეც დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ და ამით წინ წამოწიეს ეროვნული თვითშეგნება, მაგრამ სამაგიეროდ, ახალი, რუსული შაბლონები მოარგეს და ილია გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლუბოვისა და სხვათა კონტქსტში განიხილებოდა.

 
სტალინი თითქოს დაინტერესდა ილიას მკვლელბის გამოძიებითაც. ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდა. ჯერ ერთი, საზოგადოებში ავტორიტეტი აიმაღლა და მეორეც, შეეცადა სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის კვალის დაფარვას.
 

შეგახსენებთ, რომ ძველი, მეფის რუსეთის ხელისუფლების ვერსიით ილია მოკლეს გლეხებმა აგრალურ ნიადაგზე, იყო ძარცვის მოტივიც. თუმცა ქართული საზოგადოებრიობის ნაწილი მთავარ დამნაშავედ სოციალ-დემოკრატებს თვლიდა. საბჭოური გამოძიებისა და სასამართლო პროცესის თანახმად მკვლელობა მოაწყო მეფის ხელისუფლებამ თავისი ”ოხრანკა”-ჟანდარმერიის მეშვეობით. სინამდვილეში ამ საზიზღარ დანაშაულში მონაწილეობდა ორივე მხარე: ”ოხრანკა”- ჟანდარმერია და ქართველი სიციალ-დემოკრატები, განსაკუთრებით მისი რადიკალური ფრთა – ბოლშევიკები. დოკუმენტები და ფაქტები ადასტურებენ, რომ მკველებს – სოციალ დემოკრატებს, სწორედ იმდროინდელი ხელისეფლებისგან ჰქონდათ ხელშეუხებლობის გარანტია, რადგან ილია მხოლოდ ქართველი ხალხის სიამაყე კი არ იყო, არამედ სახელმწიფო საბჭოს წევრიც და აქტიურად იბრძოდა საქართველოს ავტონომიისთვის, ეკლესიის ავტოკეფალიის, სიკვდილით დასჯის გაუქმების, აგრარული საკითხის გადასაჭრელად. ამის გამო სოციალ-დემოკრატების და მეფის ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. სწორედ მეფის ხელისუფლებამ ჩაფარცხა ილიას მოურავის მოსე მემანიშვილის მკვლელობა, რის შემდეგაც ჩაუნერგეს ორმაგი აგენტი ჯაში. შემდეგ კი ძალიან ცოტა რამ გააკეთეს თვად ილიას მკვლელობის გასახსნელად.

 
1931 წელი გამოიცა ემიგრანტ სოციალ-დემოკრატის, სტალინის ყოფილი მეგობარის იოსებ ირემაშვილის წიგნი “სტალინი და საქართველოს ტრაგედია”, სადაც იგი პირდაპირ წერდა, რომ ილიას მკვლეობის უკან იდგა სტალინი. იმის გამო, რომ ეს მოსაზრება არანაირ არგუმენტს არ ეფუძნებოდა, იმხანად ეს არც მე მჯეროდა. მაგრამ შემდეგ დოკუმენტების და ფაქტების შესწავლით მივხვდი, რომ ეს მოსაზრება სწორი იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ ერთ-ერთი მკვლელი ვანო ინაშვილი ძალინ ახლოს იყო სტალინთან, ასევე ლავრენტი ასათიანი. ბერბიჭაშვილი კი ფილიპე მახარაძის აგენტი იყო, ხოლო თავად იმერელი ბიჭი, ჩემი აზრით, არის სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც სტალინის ვირს ეძახდნენ. საბჭოთა სასამართლო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს მეოთხე მკვლელი, იმერელი ბიჭი არ გამჟღავნებულიყო. ამჟამად კამათი მიდის იმაზე, იმერელი ბიჭი იყო თუ არა სერგო ორჯონიკიძე. არსებობს ფაქტები და მემუარები, რომელზე დაყრდნობითაც მე ვამტკიცებ, იმერელი ბიჭი სწორედ სერგო ორჯონიკიძეა, მაგრამ ამის გაზიარება არ უნდათ, რადგან ზოგიერითი მკვლევარი სენსაციებს არის გამოკიდებული.
ამდენად შესწავლილ დოკუმენტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, მე ვთვლი, რომ სტალინი იყო ილიას მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი. მით უმეტეს, არსებობს დიდი ეჭვი, რომ სწორედ სტალინი თანამშრომლობდა მეფის ”ოხრანკასთან”.
 

– საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში დღემდე შესწავლილი არ არის სტალინის ფენომენიც.
 

– სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ძლიერია სტალინის კულტი. ეს მითოლოგია მოდის იქიდან, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ჩავეწერეთ სტალინით. მაგრამ ქართველების ამ ნაწილს არ უნდათ გაიგონ, რომ სტალინი იყო რუსეთის მოღვაწე. ყველაზე დიდი ბოროტება, რაც ჩაიდინა სტალინმა საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ის, რომ მან საბჭოთა ჯარი შემოუსია ჩვენს ქვეყანას და დაღუპა დემოკრატიული საქართველო. თუ ადამიანი დემოკრატიულად და პატრიოტულად აზროვნებს, ეს უნდა დაინახოს, მაგრამ ბევრი ვერ ხედავს ამას, რადგან ქართველებს აქვთ მითოლოგიური და ახირებული აზროვნება. ილიას მკვლელობაზე მუშაობის შემდგომ, ორი წელი მოვანდომე სტალინის საქმიანობის და მისი ფსიქოლოგიის შესწავლას. მინდოდა დავრწმუნებულიყავი იმაშიც იკადრებდა თუ არა იგი ამას და საბოლოოდ მივხვდი, იგი ყველაფერს იკადრებდა. სწორედ მაშინ დავწერე “შტრიხები სტალინის პორტრეტისათვის”.

 

საქართველოში სტალინზე სამეცნიერო ნაშრომები მართლაც არ არსებობს, ძირითადად არის ქება-დიდება. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ინგლისელი ავტორის საიმონ მონტეფიორეს წიგნი “სტალინის წითელი სამეფო კარი”, რომლის კონსულტანტიც ვარ. ახლა გამოდის ”ახალგაზრდა სტალინი”. ეს წიგნები ნამდვილად საინტერესო იქნება ქართველო მკითხველისთვის.

 

– თქვენ ახსენეთ გიორგი სააკაძე, რომლის ბიოგრაფიაშიც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები.

 

– თავის დროზე განსაკუთრებით ანტონ ფურცელაძემ დაიწყო გიორგი სააკაძის განდიდება. როგორც ჩანს ახალგაზრდობაში ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა სტალინს. მოგვიანებით, ჯუღაშვილი დაინტერესდა სააკაძით იმიტომ, რომ საკუთარ თავთან გააიგივა. მან პრიმიტიული აზროვნება მოახვია ხალხს – გიორგი სააკაძე იყო აზნაურთა ბელადი, უნდოდა მეფის ხელისუფლების გაძლიერება, ქვეყნის ცენტრალიზაცია, რისთვისაც ძალები არ ეყო და უცხო ძალები მოიყვანა. სწორედ ასე მოიქცა თავადაც – იმის გამო, რომ საქართველოში სოციალური ძალები იყო ძლინ სუსტი, შემოიყვანა უცხო ქვეყნის ძალები და ამით სიციალიზმი დაამყარა.

 

მოგვიანებით გაჩნდა მეორე უკიდურესობა, თითქოს გიორგი სააკაძე იყო სულმთლად უარყოფითი მოვლენა.

მაგრამ სააკაძეთან დაკავშირებით ორივე მოსაზრება არ არის ბოლომდე გამართლებული. მართალია, გიორგი სააკძეს კახეთის აოხრებაში დიდი წვლილი მიუძღვის და სამარცხვინო იყო ბაზალეთის ომიც, მაგრამ მარტყოფის ბრძოლა იყო ერთ-ერთი დიდი მოვლენა არ მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ომების ისტორიაში. 30 000 კაციანი არმიიდან ამ ბრძოლაში სპარსელებმა მხოლოდ 3 ათასი მებრძოლის გადარჩენა შეძლეს. წარმატებული იყო ტაშისკრის ბრძოლაც, ხოლო მარაბდის ომში, გიორგი სააკაძისთვის რომ დაეჯერებინათ, იქაც გავიმარჯვებდით. ასე თუ ისე, გიორგი სააკაძის მთავარი დამსახურებაა ის, რომ შაჰმა ხელი აიღო თავის განზრახვაზე: იმის გამო, რომ ქართლ-კახეთის მეფეების რუსებს იწვევდნენ, მას უნდოდა, კახეთი და ქართლი ბოლომდე აეოხრებინა და მოსახლეობა გადაესახლებინა. მაგრამ მოხდა ისე, რომ საბოლოოდ სპარსეთის 120 000 არმიიდან 60 000 სწორედ გიორგი სააკაძის მეშვეობით განადგურდა.
 

საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი პრობლემა, რაც შეეხება მეფის რუსეთის შემოსვლას. სპარსელების, არაბების, ყიზილბაშების, თურქების და სხვათა შემოსევებისგან განსხვავებით რუსეთი მარტო თავისი ველურობით არ შემოსაულა საქართველოში, არამედ ამ პერიოდში რუსეთში უკვე იწყებოდა ევროპეიზაცია და ჩვენთან ეს ცივილიზაციაც რუსეთის მეშვეობის შემოვიდა, რამაც თავისი მხრივ მოამზადა 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა რუსეთის ბატონობა, უკვე იყო სრული ტირანია. ისტორიის წერის დროს უნდა გავითვალისწინოთ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ფაქტორები, სხვანაირად ობიექტურ მეცნიერებას ვერ მივიღებთ.

 

– თქვენ სკოლებში ატარებთ გაკვეთილებს. რამდენად აინტერესებთ ქართველო მოსწავლეებს საქართველოს ისტორია.

 

– ბოლო წლების განმავლობაში 40-მდე გაკვეთილი და ლექცია ჩავატარე და წავიკითხე თბილისში, ასევე სხვადასხვა რაიონებსა და სოფლების სკოლებში. ბავშვები ძალიან კარგად მხვდებიან, აშკარად აინტერესებთ ისტორია და კითხვებსაც აქტიურად სვამენ. ისტორიის ცოდნა ადამიანს უღრმავებს საკუთრი ქვეყნის სიყვარულს და პატივისცემას, რა თქმა უნდა, შოვინიზმს არ ვგულისხმობ. მეორეც, ისტორიის ცოდნა, კულტურასთან ერთად ბავშვში ზრდის მოქალაქეობის გრძნობას და შეგნებას. ისტორიის შესწავლას ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ცხოვრების მასწავლებელია. დიდ ისტოიული პიროვნებების ისტორიას მოსწავლე უბრალოდ კი არ უნდა სწავლობდეს, არამედ მისთვის იგი უნდა იყოს მაგალითი და უნდა ბაძავდეს მას. ისტორია არის Magister vitae – “ცხოვრების მასწავლებელი”, ამბობდა დიდი რომაელი მოღვაწე ციცერონი და ეს სიტყვები ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.

 
 
 
 
 
 
 

 

 

მამაჩემის ჩემოდანი – ორჰან ფამუქი

0

გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, მამაჩემმა თავისი ნაწერებით, ხელნაწერებითა და რვეულებით სავსე პატარა ჩემოდანი გადმომცა და ჩვეული იუმორითა და ირონიით, უმალვე მოაყოლა, რომ სურდა, მას მერე წამეკითხა, ის რომ აღარ იქნებოდა, ანუ მისი გარადაცვალების შემდეგ.

– „მიდი, ერთი, გადახედე” – თქვა ცოტა არ იყოს დარცხვენილმა – “ეგებ, რამე სასარგებლო აღმოაჩინო, შეარჩიო და ჩემს შემდეგ გამოაქვეყნო”.
ჩემს სამუშაო ოთახში, წიგნების გარემოცვაში ვსაუბრობდით. თითქოს, მტკივნეული, რაღაც ძალზე ინტიმური ტვირთისგან ეწადა განთავისუფლება, არ იცოდა სად დაედო და ოთახს თვალი მიმოავლო. მერე კი, ჩემოდანი, აქამდე რომ ხელში ეკავა, თვალისგან მოფარებულ ერთ კუთხეში ფრთხილად დადო. როგორც კი უხერხულობის ორივესთვის დაუვიწყარი წუთები გასრულდა, ჩვენს როლებს, კიდევ უფრო თავქარიან, სასაცილო, სარკასტულ ცხოვრებისეულ პერსონაჟებს დავუბრუნდით და ამოვისუნთქეთ. ამინდზე, წყალზე, ცხოვრებაზე, თურქების პოლიტიკით გაჯერებულ უკიდეგანო დარდზე, მამაჩემის უამრავ წარუმატებელ საქმეებზე ჩვეულებრივზე უფრო სევდიანად ვილაპარაკეთ.
მამაჩემის წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღე ჩემოდანს არ გავკარებივარ, არ გამიხსნია, მახსოვს, ზევით-ქვევით როგორ ავდი-ჩამოვდიოდი. პატარა, შავი ტყავის ჩემოდანი, მისი გასაღები, მისი მომრგვალებული კიდეებიც კი, ბავშვობის მოგონებებში აღბეჭდილიყო. ხანმოკლე მოგზაურობებისას, ზოგჯერ კი სახლიდან სამსახურში რაიმეს წასაღებად, მამაჩემს სწორედ ეს ჩემოდანი დაჰქონდა. მახსოვს, ბავშვობაში მოგზაურობიდან დაბრუნებული პატარა ჩემოდანს როგორც კი გახსნიდა, მის ნივთებში ვიქექებოდი, იქიდან ამოფრქვეული ოდეკოლონისა და უცხო მხარის სურნელი მიზიდავდა. ჩემოდანს, წარსულსა და ჩემს ბავშვობას რომ მახსენებდა, ბევრი რამ გადაეტანა და ერთობ მომხიბლავი რამ გახლდათ, მაგრამ ახლა მასთან გაკარებაც არ მსურდა. რატომ? უთუოდ, ჩემოდანში მოთავსებული იმ საკრალური ტვირთის სიმძიმის გამო.
ახლა ამ სიმძიმის რაობაზე მოგახსენებთ. ლიტერატურის არსი იმ ადამიანის ქმედებაა, ოთახში რომ განმარტოვდება, მაგიდას მიუჯდება და საკუთარი თავის გამოსახატად, რომელიღაც კუთხე-კუნჭულიდან გამოღებულ ქაღალდსა და კალამს მოიმარჯვებს.
მამაჩემის ჩემოდანს არ შევხებივარ, არ გამიხსნია, მაგრამ შიგ რომ რვეულები მეგულებოდა, ზოგიერთის შესახებ ვიცოდი, ზოგიერთი კი იმ პერიოდიდან დამამახსოვრდა, რაღაც-რაღაცებს რომ წერდა. ჩემოდანში მოთავსებული ტვირთი ის არ აღმოჩნდა, თავდაპირველად რომ მეგონა. მამაჩემს დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ახალგაზრდობაში, ასე, 1940-იანი წლების ბოლოს სტამბოლში პოეტობა მოუწადინებია, ვალერი თურქულად უთარგმნია, მაგრამ ღატაკ ქვეყანაში მკითხველის სიმწირის გამო, ლექსების წერითა და ლიტერატურით ცხოვრების გართულებას მორიდებია. მამაჩემის მამა, პაპაჩემი მდიდარი, საქმიანი კაცი გახლდათ. მამაჩემმა ბავშვობისა და სიყმაწვილის ბედნიერი წლები განვლო და არ უნდოდა, ლიტერატურული საქმიანობითა და წერით სირთულეები შექმნოდა. ცხოვრება მთელი თავისი მშვენიერებით უყვარდა. მესმოდა მისი…
მამაჩემის ჩემოდანში მოთავსებულ ტვირთს იმიტომ არ ვეკარებოდი და შეშფოთებაც იმის გამო მეუფლებოდა, მეშინოდა, რომ წავიკითხავდი, რაც იქ მეგულებოდა, შესაძლოა, არ მომწონებოდა. მამაჩემმა ეს მშვენივრად იცოდა და ამიტომაც ზომები წინასწარ მიუღია, სერიოზულად რომ ვერ აღიქვამ, ჩემოდანში იმგვარი ატმოსფერო შეუქმნია. ოცდახუთი წლის მწერლური ცხოვრების შემდეგ, ამ ყველაფრის ყურება მტანჯავდა, მაგრამ მამაჩემზე ვერც კი ვბრაზდებოდი, რადგან ვიცოდი, ლიტერატურას სერიოზულად არ აღიქვამდა… შიშის მთავარი მიზეზი, რისი ცოდნა კი არა, გაგონებაც არ მსურდა, ის გახლდათ, რომ შეიძლებოდა, მამაჩემი კარგი მწერალი აღმოჩენილიყო. ჩემოდანს ამიტომაც არ ვხსნიდი, ამის მეშინოდა. თანაც, მიზეზს საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელდი. რადგან თუკი ჩემოდანში მართლაც დიდი ლიტერატურა აღმოჩნდებოდა, მაშინ უთუოდ უნდა მერწმუნა, რომ მამაჩემში ვიღაც სრულიად სხვა ადამიანი სახლობდა. ეს, მართლაც, შიშისმომგვრელი რამ გახლდათ. რადგან ჩემი აღმასვლის წლებშიც კი, მეწადა, მწერალი კი არა, მამაჩემი, მარტოოდენ მამაჩემი ვყოფილიყავი.
იყო მწერალი, ნიშნავს, ადამიანში დავანებული, წლობით რუ­დუნებით მოღვაწე მეორე არსების მიერ შექმნილი სამყარო აღმოაჩინო. მწერლობა, უწინარესად, რომანები, ლექსები, ლიტერატურული მეთოდი როდია – ოთახში განმარტოება, მაგიდასთან ჯდომა, საკუთარ თავთან დარჩენა, საკუთარ არსებაში დაბრუნებაა, რომლის წყალობითაც, ჩემს თვალწინ, სიტყვებით ახალი სამყაროს მშენებელი კაცი წამოიმართება. ამ კაცს, ან ქალს საბეჭდი მანქანის ხმარება, კომპიუტერით თავისუფლად სარგებლობა, ანდა ჩემსავით, ოცდაათი წლის მანძილზე ავტოკალმით ქაღალდზე წერა ემარჯვება. წერისას, შესაძლოა, ყავას, ჩაის სვამდეს, ანდა სიგარეტს ეწეოდეს. დროდადრო მაგიდიდან წამოხტება, ფანჯრიდან გარეთ, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს, თუ წარმატებულია, ხეებსა და ხედებს, ან გაშავებულ კედელს გახედავს. ლექსის, პიესის ანდა, ჩემსავით, რომანის წერა ხელეწიფება. სხვაობა მათ შორის, უმთავრესად, საქმით, მაგიდასთან ჯდომითა და მოთმინებით საკუთარ თავთან მიბრუნების მერე იწყება. წერა, შინაგან არსში დაბრუნების ჭვრეტისას მიღებულ შთაბეჭდილებათა სიტყვებით გამოხატვაა, ადამიანის შინაგანი არსიდან მომდინარე, რაღაც უცნობი სამყაროს მოთმინებით, ჯიუტად და ნეტარებით კვლევაა. ცარიელ ფურცლებს ნელ-ნელა ახალ-ახალი სიტყვებით ვავსებ და მაგიდასთან დღეებს, თვეებს, წლებს რომ ვატარებ, ჩემში დავანებული სხვა ადამანი, ვგრძნობ, სწორედ ისე, ხიდის, ანდა გუმბათის შენებისას აგურს აგურზე რომ ადებენ, ახალ სამყაროს ხორცს ასხამს. ჩვენთვის მწერლობის აგური სიტყვებია. მათ ხელს ვავლებთ, მათ შორის კავშირს ვგრძნობთ, ხან შორიდან გავხედავთ და შევათვალიერებთ, ხან, ჩვენივე თითებითა და კალმის წვერით, თითქოს, ვეფერებით, სიმძიმეს ვუმოწმებთ, ყოველ სიტყვას კუთვნილ ადგილს მივუჩენთ და წლობით ჯიუტად, მოთმინებითა და იმედით ახალ სამყაროებს ვაშენებთ.
ჩემთვის მწერლობის საიდუმლო შთაგონებაში კი არა, საიდან გვეწვევა ხოლმე ვერაფრით რომ გამიგია, სიჯიუტესა და მოთმინებაშია. მშვენიერი თურქული ხალხური გამოთქმა, „ნემსით ჭის თხრა”, ვგონებ, სწორედ მწერლობას ეხება. ძველ ლეგენდებში სიყვარულისთვის მთებს რომ ანგრევს, ფერჰადის ის მოთმინება მხიბლავს და მესმის მისი. რომანში, „ჩემი სახელი წითელია”, მართალია, ერთ მოხუც ირანელ მინიატურისტზე ვლაპარაკობ, რომელიც ძლიერი ვნებით შეპყრობილი, ერთსა და იმავე ცხენს წლობით ხატავს და თითოეული ხაზი ისე გაუზეპირებია, მშვენიერ ბედაურს თვალდახუჭულიც კი დახატავს, ვიცი, სინამდვილეში მკითხველს მწერლობაზე, ჩემს ცხოვრებაზე ვესაუბრები. თანდათან ხვდები, შენი საკუთარი ცხოვრება რომ სხვათა ამბავია, ხოლო ეს რომ მთელი არსებით გაითავისო, მჯერა, მაგიდასთან ჯდომას, დახელოვნებასა და დაოსტატებას წლები უნდა შეალიო და თან, აუცილებელი ოპტიმიზმით განიმსჭვალო. შთაგონების ანგელოზს, ზოგს საერთოდ რომ არ ეწვევა, ხოლო ზოგიერთის ხშირი სტუმარია, ამგვარი რწმენა და ოპტიმიზმი ხიბლავს და მწერალს უკიდურესი მარტოობის განცდის, რუდუნების, ფანტაზიისა და საკუთარი ნაწერების ღირსებაში უკიდურესი დაეჭვების ჟამს, ანუ, როდესაც ფიქრობს, რომ რასაც მოგვითხრობს, მარტოოდენ, მისი ამბავია და სხვა არავისი, მსოფლიოსთან გამაერთიანებელ მოთხრობებს, სურათებს, ოცნებებს, შინაგანი არსიდან გადმოღვრილ სამყაროსთან ერთად, შენების სურვილს, მწამს, უმალვე შესთავაზებს. მთელი ჩემი ცხოვრება მწერლობის საქმეს შევალიე და განცდა, რამაც განსაკუთრებით შემძრა და უსაზღვრო სიხარული მომანიჭა, ზოგიერთი წინადადება, აზრი, ფურცელია, რასაც მე კი არა, ვგონებ, რაღაც სულ სხვა ძალამ მიაგნო და გულუხვად გამომიწოდა.
მამაჩემის ჩემოდნის გახსნისა და რვეულების წაკითხვის მეშინოდა, რადგან მჯეროდა, პრობლემები, მე რომ ცხოვრებაში შემხვედრია, მისთვის სრულიად უცხო ხილი გახლდათ. განმარტოება კი არა, მეგობრები, ხალხმრავლობა, სალონები, ოხუნჯობა, საზოგადოებაში ტრიალი უყვარდა. მაგრამ მალე სულ სხვა ფიქრი მომეძალა: ეს აზრები, ტანჯვა-წამებისა და დათმენის ილუზიები, შესაძლოა, პირადად ჩემი ცხოვრებიდან და მწერლობის საკუთარი ექსპერიმენტიდან მომდინარე აკვიატება გახლდათ. საკმაოდ ბევრი ბრწყინვალე მწერალი ვიცი, ხალხმრავლობის, ოჯახური ცხოვრების, მაღალი საზოგადოების ბედნიერ ჟღურტულში რომ წერდა. ამასთან, მამაჩემს, ჩვენს ბავშვობაში ოჯახური ცხოვრების იდილია მობეზრებია და მივუტოვებივართ, პარიზში წასულა, სასტუმროს ნომერში – სხვა, საკმაოდ კარგი მწერლებივით, რვეულები გაუვსია. ჩემოდანში იმ რვეულების რაღაც ნაწილი მეგულებოდა, რადგან კიდეც რომ არ მოეტანა, წინა წლებში, მისი ცხოვრების ამ პერიოდზე, უკვე თავად მიამბობდა. ბავშვობაშიც მესაუბრებოდა იმ წლებზე, მაგრამ საკუთარ სისუსტეზე, პოეტობის წყურვილზე, სასტუმროს ნომრებში დავანებულ მარტოობის სევდაზე ხმას არ იღებდა. მიყვებოდა, რაოდენ ხშირად ხვდებოდა პარიზის ტროტუარებზე სარტრის. წაკითხულ წიგნებსა და ნანახ ფილმებზე უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაცას რომ გვაწვდის სწორედ იმ კაცივით, ემოციურად და გულში ჩამწვდომად ლაპარაკობდა. თავიდან არ მშორდება ფიქრი, რომ ჩემს მწერლად ჩამოყალიბებაში, მამაჩემს, უთუოდ, ლომის წილი მიუძღოდა, რადგან სახლში ფაშებსა და მრავალ დიდ სულიერ ლიდერზე, მსოფლიო ლიტერატურაზე ხშირად მესაუბრებოდა. ამას რომ ვფიქრობდი, ეგებ უნდა გამხსენებოდა, დიდი ბიბლიოთეკებისგან რაოდენ დავალებული ვარ და მამაჩემის რვეულები წამეკითხა. ერთად ცხოვრებისას, უთუოდ უნდა შემენიშნა, რომ მამაჩემს, ზუსტად ჩემსავით, ოთახში წიგნებთან და ფიქრებთან განმარტოება სწყუროდა და მისი ნაწერების ლიტერატურული ღირსებისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია.
მაგრამ მამაჩემის დანატოვარ ჩემოდანს თრთოლვით როგორც კი შევავლებდი თვალს, ვგრძნობდი, სწორედ ამას ვერ ჩავიდენდი. ხანდახან მამაჩემი ბიბლიოთეკის წინ, ტახტზე წამოწვებოდა, ხელში წიგნს ან ჟურნალს დაიკავებდა და ღრმა ფიქრებსა და ოცნებებს მიეცემოდა. ხუმრობის, კამათის, პატარ-პატარა უთანხმოებათა ფონზე, გარეგნულად საოჯახო ცხოვრება, თითქოს, ჩვეულ კალაპოტში მიედინებოდა, მაგრამ იმხანებში მამაჩემს სახეზე რომ შევხედავდი, ჩემთვის ნათელი ხდებოდა, რაოდენ განსხვავებული გამომეტყველება ჰქონდა, მისი მზერა სულის სიღრმეში მიემართებოდა, განსაკუთრებით, ბავშვობისა და სიყმაწვილის წლებში, მამაჩემის შეშფოთებისა მესმოდა და საგონებელში მაგდებდა. ახლა, წლების მერე მივხვდი, ეს შეშფოთება, ადამიანს რომ წერის იმპულსს ანიჭებს, ერთ-ერთი იმათგანია. მწერალი რომ გახდე, ვიდრე მოთმინებითა და რუდუნებით შრომას შეუდგებოდე, აუცილებელია, ძალა გეყოს და ჩვენს შიგნით დაბუდებულ არეულობას, საზოგადოებას, ბანალურ ყოველდღიურობას, ყველაფერს, რითიც თითოეული ჩვენგანი სულდგმულობს, როგორმე თავი დააღწიო და განმარტოვდე. დათმენა და ნუგეში წერით ღრმა სულიერი სამყაროს შესაქმნელად გვჭირდება. მაგრამ პირველი, რაც ქმედებისკენ გვიბიძგებს, ოთახში, წიგნებით სავსე ოთახში განმარტოების წადილია. ვინც ამ წიგნებს სიამოვნებით კითხულობს, მარტოოდენ, საკუთარი სინდისის ხმას აყურადებს, სხვების სიტყვას წონის და წიგნებით თავისი ოცნების სამყაროს ქმნის, თავისუფალი, ლაღი მწერლის პირველი დიდი ნიმუში, თანამედროვე ლიტერატურის სათავეებთან რომ დგას, ჭეშმარიტად, მონტენია. მონტენია, ვისაც მამაჩემი ხშირად მიბრუნებია და მირჩევდა, წამეკითხა. სადაც არ უნდა იყოს, დედამიწის რომელ კუთხეში – აღმოსავლეთში, გინდ დასავლეთში, მსურს, საზოგადოებისგან განდგომისა და ოთახში წიგნებთან განმარტოების მწერლური ტრადიციის რაღაც ნაწილად ვიგრძნო თავი. პირადად ჩემთვის, ჭეშმარიტი ლიტერატურა ოთახში განმარტოებული ადამიანით იწყება.
მაგრამ ოთახში განმარტოებულნი თავად რომ მგონია, ისე მარტონიც როდი ვართ. ჩვენზე, უწინარესად, სხვათა სიტყვა, სხვათა ამბები, სხვათა წიგნები, ან ტრადიციად წოდებული ის რაღაც ახდენს გავლენას. მწამს, ლიტერატურა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, რაც კაცობრიობას საკუთარ რაობაში გასარკვევად შეუქმნია. საზოგადოებრივი გაერთიანებები, თემები, ერები, ყველა, ვისთვისაც ლიტერატურა ძვირფასია, მწერლობას აყურადებს, ტკბება, სულიერად მდიდრდება და მაღლდება. ამასთან, თითოეულმა მშვენივრად იცის, რომ წიგნების დაწვა, მწერლების დამცირება, ერებისთვის შავბნელ, უგუნურ დღეთა მაუწყებელია. მაგრამ ლიტერატურა, მარტოოდენ, ეროვნული თემით არასოდეს შემოიფარგლება. წიგნებთან ოთახში განმარტოებულ, უწინარესად, საკუთარ არსებაში წლობით სამოგზაუროდ წასულ მწერალს, დღის სინათლეზე ის ნორმები გამოაქვს, რაზეც კარგი ლიტერატურა ვერასოდეს იტყვის უარს. ლიტერატურა, ჩვენი ამბებისა და სხვათა მონათხრობის, ასევე, სხვათა ამბებისა და ჩვენი მონათხრობის გადმოცემის ოსტატობაა. ამისთვის სხვათა ნაამბობითა და საკუთარი წიგნებით მივუყვებით გზას.
მამაჩემს ერთი მწერლისთვისაც კი სრულიად საკმარისი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სადაც ათას ხუთასი წიგნი ინახებოდა. ოცდაორი წლისას, უმეტესობა, შესაძლოა, არც კი წამეკითხა, მაგრამ თითოეულ წიგნს ვიცნობდი. ზოგი სერიოზული, ზოგი გასართობი და იოლად წასაკითხი, ზოგი კლასიკა, რომელიღაც კი ისეთი, მსოფლიო რომ ვერასოდეს აუვლის გვერდს, ზოგიერთი ჩვენს ისტორიას რომ შეგვახსენებს, დროის მოსაკლავად წასაკითხი, ზოგი კი, მამაჩემისთვის ესოდენ ძვირფასი, ფრანგი მწერლების ნაწარმოებები გახლდათ. ამ ბიბლიოთეკას ხანდახან შორიდან რომ გავხედავდი, ვოცნებობდი, ერთ მშვენიერ დღეს, სხვა სახლში ამ­გვარ ბიბლიოთეკას, თანაც გაცილებით უკეთესს – წიგნებით ჩემ სამყაროს, როგორ შევქმნიდი. მამაჩემის ბიბლიოთეკა შორიდან ზოგჯერ მთელი სამყაროს პაწია ხატად მესახებოდა. მაგრამ ეს, ჩვენი თვალსაწიერიდან, სტამბოლიდან დანახული სამყარო გახლდათ. ბიბლიოთეკაც ამას მეტყველებდა. ეს ბიბლიოთეკა მამაჩემმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას, პარიზსა და ამერიკაში ნაყიდ წიგნებთან ერთად, ახალგაზრდობაში, სტამბოლში 1940-იან, ორმოცდაათიან წლებში უცხოური ლიტერატურით მოვაჭრეების წყა­ლობით შეაგროვა და თითოეული, მეც რომ კარგად ვიცნობდი, სტამბოლის იმ ძველი და ახალი წიგნების გამყიდველებისგან მოიხელთა. ლოკალურთან, ეროვნულთან ერთად, დასავლურის ნაზავია ჩემი სამყარო.
1970-იანი წლებიდან, საკუთარი, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკის შექმნას მივყავი ხელი. ჯერ კიდევ საბოლოოდ არ მქონდა გადაწყვეტილი, გავმხდარიყავი თუ არა მწერალი, მაგრამ როგორც ჩემს წიგნში, „სტამბოლი” რომ ვუწოდე, ვამბობ, უკვე ვგრძნობდი, მხატვარი რომ არ გამოვიდოდი, თუმცა, ცხოვრების რა გზას დავადგებოდი, ბოლომდე კარგად ვერ ვაცნობიერებდი. ერთი მხრივ, ყველაფრისადმი დაუოკებელი ინტერესი და უკიდურესი ოპტიმიზმი, კითხვისა და ცოდნის წყურვილი ძალუმად იჩენდა თავს, მეორე მხრივ კი, ვგრძნობდი, ჩემი ცხოვრება, რამდენადმე, „სრულფასოვანი” არ იქნებოდა, სხვებივით ვერასოდეს ვიცხოვრებდი. ჩემი ამგვარი აღქმის პირველ ნაწილს, სწორედ ისე, მამაჩემის ბიბლიოთეკის თვალიერებისას რომ მიგვრძნია, ფიქრით ცენტრიდან შორს გადავყავდი. ეს იყო პროვინციული ცხოვრების განცდა, იმხანად სტამბოლში ყველა რომ მოიცვა. არასრულფასოვანი ცხოვრებით კიდევ ერთი შეშფოთება, რაც გნებავთ ხატვაში, გნებავთ ლიტერატურაში მჟღავნდებოდა, ბუნებრივია, ის გახლდათ, რომ ბოლომდე ვერ გამეაზრებინა, ისეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდი, რომელიც ხელოვანთა მიმართ დიდ დაინტერესებას არ იჩენდა და იმედის ნაპერწკალს არ აღვივებდა. 1970-იან წლებში, გეგონებოდათ, არასრულფასოვანი ცხოვრებისგან გაქცევა სწადიაო, მამაჩემისგან ნაჩუქარი ფულით, სტამბოლის ძველი წიგნებით მოვაჭრეებთან, გაცრეცილ, ნახმარ, მტვრიან წიგნებს ხარბად დავეწაფე. ბუკინისტური მაღაზიების, გზების გასწვრივ, მეჩეთების ეზოებში, ჩამონგრეული კედლების კიდეებზე მოკალათებული წიგნების გამყიდველთა ღატაკი, დამაბნეველი და ადამიანში ხანგრძლივად უიმედობის აღმძვრელი, არეულ-დარეული ატმოსფერო წაუკითხავი წიგნებივით მიზიდავდა.
უმთავრესი, რაც სამყაროში, ისევე როგორც ცხოვრებასა და ლიტერატურაში ჩემი ადგილის გამო განვიცადე, ის გახლდათ, რომ “ცენტრში არ ვიმყოფებოდი.” მსოფლიოს ცენტრში ადამიანებს ჩვენზე უფრო შეძლებული, ასატანი ცხოვრება ჰქონდათ და მე, თითოეულ სტამბოლელთან და თურქთან ერთად, ამ ყველაფრის მიღმა ვრჩებოდი. ვფქრობ, დღეს ამ გრძნობას მსოფლიოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან ერთად ვინაწილებ. სწორედ ასევე, არსებობდა მსოფლიო ლიტერატურა, რომლის „ცენტრი” ჩემგან ძალზე შორს გახლდათ. მაგრამ უმთავრესი, რაზეც ხშირად მიფიქრია, მსოფლიო კი არა, დასავლური ლიტერატურაა, რომლის მიღმაც ასევე აღმოვჩნდით ჩვენ, თურქები. მამაჩემის ბიბლიოთეკაც ამას ადასტურებდა. მაგრამ, ერთი მხრივ, ლოკალური მსოფლიო ვართ, დეტალები რომ იტაცებს და ამ გატაცებას ვერა და ვერ შელევია. სტამბოლშიც შეხვდებით წიგნებსა და მწერლობას, თანაც, ისეთს, მას რომ სრულებით არ ჰგავს და თან გვაწუხებს, თანაც გვაიმედებს დასავლეთის ლიტერატურისგან ეს განსხვავება.
წერა და კითხვა, ვგონებ, რომელიღაც სამყაროდან გამოსვლასა და სხვა, განსაკუთრებულ, საოცარ, უჩვეულო გარემოში ნუგეშის პოვნას ჩამოჰგავს. ზოგჯერ ვგრძნობდი, მამაჩემიც, ზუსტად ისევე, მოგვიანებით თავად რომ დამჩემდა, ამ რომანების კითხვით, საკუთარი ცხოვრებიდან დასავლეთში გაქცევას ლამობდა. ანდა, იმხანად, წიგნები ისეთი რამ გახლდათ, სხვადასხვა კულტურული არასრულფასოვნების გრძნობის გადასალახად რომ მივმართავდი. მარტოოდენ კითხვა კი არა, წერაც ჩვენი სტამბოლური ცხოვრებიდან დასავლეთში წასვლასა და უკან დაბრუნებას მაგონებდა. ჩემოდანში მოთავსებული რვეულების უმეტესობის შესავსებად, მამაჩემი პარიზში გაემგზავრა, სასტუმროს ნომერში განმარტოვდა და ნაწერები უკან, თურქეთში ჩამოიტანა. მამაჩემის ჩემოდნის თვალის შევლებისას, შეშფოთება ამიტომაც მეუფლებოდა. ოცდახუთი წლის ასაკში თურქეთში მწერალი რომ გავმხდარიყავი და ფეხზე დავმდგარიყავი, საკუთარ ოთახში გამოვიკეტე და მივხვდი, მწერლისთვის საზოგადოებიდან, სახელმწიფოდან, ერიდან განმარტოება ისეთივე გარდუვალია, როგორც მწერლობის ჩვენი არსებიდან მომდინარეობა. მამაჩემის ჩემოდნის ყურებისას, უკვე აღშფოთება მეუფლებოდა. მეტწილად იმიტომ ვბრაზობდი, რომ მწერლობას ჩემსავით სერიოზულად არ აღიქვამდა.
მამაჩემმა ჩემგან სრულიად განსხვავებულად იცხოვრა. მცირეოდენი კონფლიქტიც კი საზოგადოებაში არავისთან მოსვლია. ვბრაზობდი, მეგობრებთან და მიჯნურებთან ერთად, მხიარული და ბედნიერი ცხოვრება რომ ეწადა. მაგრამ გონება მკარნახობს, „გაბრაზების” ნაცვლად, მართებული იქნებოდა მეთქვა, რომ მისი „მშურდა” და ეს მაწუხებდა. იმხანად, მოვალეობის ჩვეული შეგნებით, შეშფოთებული ხმით საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „რა არის ბედნიერება?” ოთახში განმარტოება და სულიერი ცხოვრება, თუ რწმენა იმისა, რომ საზოგადოების საერთო ფერხულში ხარ ჩაბმული და გინდა იწამო, რომ მშვიდად ცხოვრობ? მართლაც და, რა უნდა იყოს ეს, ბედნიერება, თუ უბედურება, როდესაც, ერთი მხრივ, სრულიად უკონფლიქტოდ ცხოვრობ, მეორე მხრივ კი, განმარტოებული, სხვებისგან მალულად წერ? თუმცა, ამაზე უფრო გამაღიზიანებელი, შემაშფოთებელი კითხვებიც არსებობს. თანაც, საიდან მოვიტანე, რომ კარგი ცხოვრების საზომი ბედნირებაა? ადამიანები, გაზეთები ისე ირჯებიან, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ცხოვრების უმთავრესი საზომი ბედნიერებაა. თუნდაც მარტოოდენ ამის საპირისპირო ჭეშმარიტების კვლევას განა, მნიშვნელოვან თემასთან არ მივყავართ? საერთოდ, ჩვენგან, ოჯახიდან გაქცეულ მამაჩემს ვიცნობდი კი წესიერად, შემეძლო მისი შეშფოთების მიზეზებში გავრკვეულიყავი?
ერთი სიტყვით, პირველად ასეთი განწყობით გავხსენი მამაჩემის ჩემოდანი. მისი ცხოვრების ჩემთვის უცნობი მხარე, მის ნაწერებში დავანებული უბედურება იყო ეგებ, ის საიდუმლო, რასაც უნდა დავყრდნობოდი? როგორც კი ჩემოდანი გავხსენი, მაშინვე სამოგზაურო ჩანთის სურნელი გამახსენდა, ზოგიერთი რვეული ვიცანი, მამაჩემმა რომ ვერ მოითმინა და წლების წინ მაჩვენა. ყველას სათითაოდ შევავლე ხელი, ჩემ მიერ არეულ-დარეული რვეულების უმეტესობა, ახალგაზრდობის იმ წლებიდან შემორჩენოდა, პარიზში რომ წავიდა და ჩვენ მიგვატოვა. თანაც, მისი ბიოგრაფიის მსგავსი ამბები წავიკითხე. მამაჩემისგან იმის გაგება მეწადა, რასაც ჩემი საყვარელი მწერლების კითხვისას ვეშურებოდი, მაინტერესებდა, ჩემს ასაკში რას წერდა და რაზე ფიქრობდა. იმასაც მივხვდი, ამგვარ რამეებს მასთან მყისვე ვერ წავაწყდებოდი. სამაგიეროდ, მამაჩემის რვეულებში, აქა-იქ, ის შეშფოთება დავინახე, მწერლის ხმაში რომ იგრძნობა ხოლმე და, ეს მამაჩემის ხმა არ არის-მეთქი, გავიფიქრე. ნამდვილად მისი არ იყო, ანდა, მამას რომ ვუწოდებ და ნამდვილ მამად მიმაჩნია, იმ კაცისა არ გახლდათ ეს ხმა. მის ნაწერებში, ვგონებ, შეშფოთებაზე უფრო მძიმე, იმ­გვარ შიშს დაესადგურებინა, მამაჩემისას რომ არ ჰგავდა, ჩემთვის ნამდვილად უცნობ შიშს. მამაჩემის ნაწერებს აქამდე სათანადოდ რომ ვერ ვაფასებდი, ახლა მისი სხვა ნაწერების უკეთ გაცნობის სურვილი მომეძალა. განსაკუთრებით ახალგაზრდობაში რომ დამმართნია, თითქოს საკუთარი არსებობა, მთელი ჩემი ცხოვრება, წერის სურვილი და ჩემი ნაწერები მისვამდნენ კითხვებს და ჩიხში შევყავდი. რომანების წერის დაწყებიდან პირველი ათი წელი, შიში კიდევ უფრო გამიღრმავდა, წინააღმდეგობის გაწევა ერთობ გამიჭირდა. მარცხი რომ განვიცადე და ხატვას შევეშვი, ხანდახან ვშიშობდი, ერთ მშვენიერ დღეს, ამ შეშფოთების გამო, რომანების წერაც არ მიმეტოვებინა.
ჩემოდანი როგორც კი დავკეტე და ავწიე, ჩემში უმალვე ორმა მთავარმა გრძნობამ გაიღვიძა: გრძნობამ, რომ პროვინციაში ვიმყოფებოდი და შეშფოთებამ, რომ შესაძლოა, რეალურად, მართლაც ასე იყო. ამგვარი შიშისმომგვრელი განცდები მთელ ჩემს არსებას პირველად როდი დაეუფლა. ეს განცდები, მთელი თავისი სიგრძე-სიგანითა და შედეგებით, ნერვიულობის სათავითა და შინაგანი კავშირებით, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, წლების მანძილზე, საკუთარ მაგიდასთან ჯდომითა და წერა-კითხვით ვიკვლიე, დღის სინათლეზე გამოვიტანე, გავაღრმავე. ამ გაუცნობიერებელი ტკივილებით, განცდებით, სიმოვნებას ხელიდან რომ გაცლის, ამასთან, არეულ-დარეული გონებით, ცხოვრებამ და წიგნებმა რომ დამაჯილდოა, განსაკუთრებით ახლგაზრდობაში, მართლაც, კარგა დიდხანს მიცხოვრია. თუმცა, მიუხედავად ამისა, თუნდაც მარტოოდენ პროვინციელობის განცდისა და ნაღდი შეშფოთების გამო, მოვახერხე და წიგნები დავწერე (მაგალითად, პროვინციელობის განცდით „თოვლი”, „სტამბოლი”, ჭეშმარიტი შეშფოთებით „ჩემი სახელი წითელია”, ანდა „შავი წიგნი”). მწერალობა, შინაგანად განცდილ, ზოგჯერ მარტოოდენ ჩვენთვის ნაცნობ, ფარულ ჭრილობებზე დაკვირვება, მათი რუდუნებით გამომზეურება, გაცნობა, დღის სინათლეზე ოსტატურად გამოტანა და, საკუთარი ნაწერებისა და ვინაობის გაცნობიერებით, ამ ჭრილობებისა და ტკივილებისთვის, ჩვენივე უნარითა და ოსტატობით, სათანადო ფორმის მინიჭებაა.
მწერლობა იმაზე საუბარია, რაც ყველამ იცის და თან არ იციან, რომ მათ ეს იციან. ამ ცოდნის მზის სინათლეზე გამოტანა, განვრცობა და მკითხველისთვის ძალზე ნაცნობ სამყაროში, საუცხოო მოგზაურობით ტკბობაა მწერლობა. ამ სიამოვნებას, მთელი ჩვენი ცოდნის, ყოველივეს ნაწერებში გულწრფელად გადმოღვრის ხელოვნება გვანიჭებს. ოთახში წლობით განმარტოებითა და ოსტატობის დახვეწით მწერალი ახალი სამყაროს შენებას ცდილობს, საქმეს საკუთარი ფარული ჭრილობებით იწყებს და, აცნობიერებს ამას თავად, თუ არა, კაცობრიობას რწმენას უნერგავს.
სხვათა მსგავსი ჭრილობები, ამ გზით მიღწეული ურთიერთგაგება და ურთიერთმსგავსება, მოვალეობის შეგნების განცდა – ყველაფერი გამოვიარე. ყოველი ჭეშმარიტი ლიტერატურა, ადამიანთა ურთიერთმსგავსების ბავშვურ და ოპტიმისტურ რწმენას ეყრდნობა. განმარტოებითა და წლობით წერის გზით მწერალს იმ სამყაროსთვის ხმის მიწვდენა სწადია, რომელიც არც ჰუმანურია და არც ცენტრი.
მაგრამ მამაჩემის ჩემოდნიდან და, ბუნებრივია, სტამბოლში ჩვენ მიერ გატარებული უღიმღამო დღეებიდან იმის გაგება მოვახერხე, რომ მსოფლიოს ცენტრი ჩვენგან ძალზე შორს იმყოფებოდა. სასიცოცხლო იმპულსის მომნიჭებელ ამ უმთავრეს გრძნობაზე, პროვინციის ჩეხოვისეულ განცდაზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შედეგის მომტან ჭეშმარიტ შეშფოთებაზე ჩემს წიგნებში ხშირად მისაუბრია. მოსახლეობის უმეტესობა დედამიწაზე მსგავსი განცდებით ცხოვრობს. ამასთან, ხუთი თითივით ვიცნობ იმათ ყოფას, კიდევ უფრო დაბეჩავებულნი რომ არიან და საკუთარი თავისადმი უნდობლობისა და დამცირების შიშით ძრწიან. დიახ, კაცობრიობის უპირველესი საფიქრალი, კვლავ უქონლობა, შიმშილი, უბინაობაა. . . მაგრამ ამ უმთავრეს ნაღველზე, ტელევიზორები, გაზეთები, გაცილებით სწრაფად და მარტივად მოგვითხრობენ. მთავარი და აუცილებელი, რაც დღეს ლიტერატურამ უნდა ახსნას და იკვლიოს, კაცობრიობის უპირველესი სატკივრის მიღმა დარჩენა, საკუთარი არარაობის შეგნებისგან, მისგან გამომდინარე განცდებისგან: ამა თუ იმ საზოგადოებაში მცხოვრებთა შელახული თავმოყვარეობისგან, იმედგაცრუებისგან, განაწყენებისგან, დამცრობისგან, მრავალზე მრავალი აღშფოთებისა და სიბრაზისგან, გაუთავებელი, შეურაცხმყოფელი ილუზიებისგან და მათი ძმა და მეგობრის, ეროვნული თავმოთნეობისა და გადიდკაცებისგან განთავისუფლებაა…
კარგა ხანია, რომელიმე ენაზე გამოხატული, ამგვარი უგუნური და უკიდურესად ემოციური შეხედულებების, ჩემს არსებაში დაბუდებული წყვდიადის ყოველმხრივ აღქმა შემიძლია. ყველანი მოწმენი ვართ, ჩემ მიერ იდენტიფიცირებულ, დასავლეთისგან დაშორებულ სამყაროს, არეულობებით, საზოგადოებისა და ერების დამცირებით გამოწვეული შეშფოთება და ილუზიები, სიბრიყვემდე დასული შიში, დროდადრო, როგორ ასაზრდოებს. ისიც ვიცი, ჩემ მიერ იდენტიფიცირებულ დასავლურ სამყაროში რენესანსს, განმანათლებლობის ეპოქას, მოდერნიზმს, პერიოდულად, ცალკეული ერების, სახელმწიფოების მიერ სიმდიდრით უკიდურესი, ბრიყვული სიამაყე და თვითკმაყოფილება სააშკარაოზე როგორ გამოჰქონდა.
ასე რომ, მარტო მამაჩემი კი არა, ჩვენც, მთელი მსოფლიოს ცენტრად ყოფნის იდეას, ერთობ გაზვიადებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მაშინ როდესაც, წლობით ოთახში განმარტოებისა და წერისას, საპირისპირო რწმენა გვეუფლება; ერთ მშვენიერ დღეს, ვინც ამ ჩემს ნაწერებს წაიკითხავს, მიხვდება, ეს არის რწმენა, რომ დედამიწის ყველა კუთხის ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან და მამაჩემის ნაწერებიდან ვიცი, გარდა ქვეყნის კიდეზე, ცენტრის გარეთ დარჩენის აღშფოთებისა, ეს ნაიარევი, სევდიანი ოპტიმიზმია. მთელი ცხოვრების მანძილზე დასავლეთისადმი დოსტოევსკისეული სიყვარული და სიძულვილი ძალზე ხშირად თავადაც განმიცდია. მაგრამ მთავარი, რაც მისი წყალობით დავინახე, ამ დიდი მწერლის ოპტიმიზმის მთავარი წყარო, დასავლეთისადმი სიყვარულითა და სიძულვილით რომ მიუყვება გზას, მის მიერ შექმნილი სრულიად სხვა სამყაროა.
ყველა, ვინც მწერლობის საქმეს მთელი ცხოვრება შეალია, მშვენივრად წვდება ამ ჭეშმარიტების არსს: მაგიდას საწერად წლობით რომ მივუსხდებით, რწმენით ვაშენებთ სამყაროს, რომელიც მერე სულ სხვა სივრცეში გადაინაცვლებს. სევდიანად და აღშფოთებით მაგიდასთან მსხედარნი, იმ მაგიდიდან ამ გრძნობებს სხვა მხარეს, სრულიად სხვა სამყაროს ვუწილადებთ. განა, ერთ ამგვარ სამყაროს არ მიაგნო მამაჩემმაც? ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობის გასრულებისას ნისლი რომ აიკრიფება და ჩვენს თვალწინ კუნძულივით წამომართული ახალი სამყაროს ფერები თანდათან უმშვენიერეს გრძნობებს წამოშლის, ანდა, ბევრის მნახველი დასავლელი მოგზაურები სტამბოლს სამხრეთიდან გემით რომ მოადგებიან, დილის ნისლი აიკრიფება და მათ წინაშე საოცარი სანახაობა გადაიშლება, მათ მიერ განცდილ გრძნობას ვამსგავსებ ამ ყოველივეს. იმედით აღსავსე, მიმზიდველი, ხანგრძლივი მოგზაურობის დასასრულს – მეჩეთები, მინარეთები, სახლები, ქუჩები, შემაღლებული ადგილები, ხიდები, აღმართები, მთელი ქალაქი – მთელი სამყაროა. ადამიანს, წიგნის ფურცლებში ჩაძირული ლიტერატურის ტრფიალივით, მის წინაშე აღმართულ ახალ სამყაროში მყისვე შესვლა და გაუჩინარება სწადია. ქვეყნის კიდეზე, პროვინციაში, უცხოეთში, შეშფოთების, ანდა უკიდურესი მოწყენილობის ჟამს მაგიდას რომ მივუსხდებით და ახალ სამყაროებს ვქმნით, სწორედ ამგვარ გრძნობებს შევახსენებთ მკითხველს.
ბავშვობისა და სიყმაწვილის განცდათა საპირისპიროდ, დედამიწის ცენტრი ჩემთვის უკვე სტამბოლია. მარტოოდენ იმიტომ კი არა, რომ რაც არ უნდა იყოს, მთელი ცხოვრება იქ გავატარე, ოცდაცამეტი წელია საკუთარი თავი თითოეულ ქუჩასთან, ხიდთან, ადამიანთან, ძაღლთან, სახლთან, მეჩეთთან, წყაროსთან, საოცარ გმირებთან, დუქნებთან, ნაცნობებთან, ბნელ უბნებთან, ღამეებთან და დღეებთან გავაიგივე, ეს ყველაფრი რომ გადმომეცა. გავა დრო და ეს სამყაროც, წარმოსახვით რომ შევქმენი და ოცნებებში ვიცხოვრე, იმ ქალაქზე უფრო რეალური აღმოჩნდება. მაშინ ყველა ის ადამიანი და ქუჩა, ნივთი და სახლი, მე რომ თავდაპირველად ვერ აღვიქვი, ერთმანეთს შეეხმიანება, ურთიერთობებს დაამყარებენ და ამიერიდან, ჩემს წარმოსახვასა და წიგნებში კი არა, დამოუკიდებლად გაუყვებიან ცხოვრების გზასავალს. ნემსით ჭის თხრასავით, წარმოსახვაში რუდუნებით შექმნილი ეს სამყარო, მაშინ ჩემთვის ყველაფერზე უფრო რეალური აღმოჩნდება.
მამაჩემმაც, ეგებ, მწერლობას წლები რომ შეალიეს, იმათი ბედნიერებანი აღწერა. ამიტომაც არა მაქვს უფლება, განვიკითხო, ვამბობდი ჩემოდანს რომ ვუყურებდი. მამაჩემი, თავისთავად, ის მამა არ იყო, რომელიც მბრძანებლობს, კრძალავს, ავიწროებს, სჯის. არასოდეს არ მზღუდავდა, ყოველთვის უაღრესად გულთბილად მექცეოდა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ბავშვობისა და სიყმაწვილის მრავალი მეგობრისგან განსხვავებით, მამაჩემის არასოდეს მეშინოდა. ზოგჯერ მჯერა, სწორედ ამიტომ, ჩემი ფანტაზია, დროდადრო, თავისუფლად, ანდა ბავშვურად ნავარდობდა, ზოგჯერ კი დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ მწერალი იმიტომ გავხდი, თავად მამაჩემს რომ ეწადა ახალგაზრდობაში მწერლობა. უნდა მივმხვდარიყავი და მოთმინებით წამეკითხა, რაც მამაჩემმა სასტუმროს ნომრებში დაწერა. მის მიერ დატოვებულმა, დღემდე იმევე ადგილზე მდგარმა ჩემოდანმა, ამგვარი ოპტმისტური ფიქრები აღმიძრა, ძალ-ღონე მოვიკრიბე და ზოგიერთი რვეული და ფურცელი წავიკითხე. ნეტა, მამამ რა დაწერა? პარიზის სასტუმროებიდან დანახული ხედები მახსენდება, ზოგი ლექსი, ზოგი პარადოქსი, გონების სავარჯიშო… ავარიის შემდეგ კაცი ძლივს რომ იხსენებს თავს რაც გადახდა, თან უჭირს, თანაც არ სურს გახსენება, ახლა იმგვარი განცდა მეუფლება. ბავშვობაში ჩემს მშობლებს შორის ურთიერთობა სერიოზულად რომ იძაბებოდა, ანუ იმ მრავალი მომაკვინებელი მდუმარებიდან ერთ-ერთის დაწყებისას, მამაჩემი ვითარების განსამუხტად, მყისვე რადიოს რთავდა. მუსიკა ყოველივეს, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, სწრაფად გვავიწყებდა. მეც, რამდენადმე, ვგრძნობ, მუსიკის ამგვარ ფუნქციას და ორიოდ სიტყვით, სიამოვნებით სხვა თემაზე გადავდივარ.
მოგეხსენებათ, ჩვენ, მწერლებს ძალზე ხშირად მოგვმართავენ კითხვით, რომელიც მომეტებულად უყვართ: – რატომ წერთ? მეწერება და იმიტომ! იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით ნორმალურ საქმეს ვერ ვაკეთებ! ჩემნაირ წიგნებს თუ დაწერ, წავიკითხავ-მეთქი, ვამბობ და ვწერ. ყველაფერზე, ყველაზე ძალიან, ძალიან გაბრაზებული რომ ვარ, იმიტომაც ვწერ. ძალზე მხიბლავს ოთახში ჯდომა და მთელი დღე წერა და, იმიტომ ვწერ. დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ. მე, სხვებმა, ჩვენ ყველამ სტამბოლში, თურქეთში, როგორ ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს-მეთქი, და ვწერ. ქაღალდის, კალმის, მელნის სუნი მიზიდავს და იმიტომ ვწერ, მთელი არსებით მწამს ლიტერატურის, რომანის ოსტატობისა და ვწერ. ჩვევისა და ძლიერი წადილის გამო ვწერ. მეშინია, რომ არ დამივიწყონ და ვწერ. მხიბლავს სახელი და პოპულარობა რომ მოაქვს და იმიტომაც ვწერ. განმარტოებისთვის ვწერ. ეგებ როგორმე გავარ­კვიო, ყველაზე, თითოეულზე ასე ძლიერ რატომ ვბრაზობ-მეთქი, და ვწერ. კითხვა მიყვარს და იმიტომ ვწერ. ერთხელ დაწყებულ რომანს, ნაწერს, გვერდს, ბარემ დავამთავრებ-მეთქი და ვწერ. ჩემგან ყველა ამას ელის და მეც ვწერ. ბიბლიოთეკების უკვდავებისა და წიგნების თაროზე შემოდების ბავშვური რწმენის გამო ვწერ. ცხოვრება, სამყარო წარმოუდგენლად მშვენიერი და საოცარი რომ არის, იმიტომ ვწერ. მთელი თავის მშვენიერებითა და მრავალფეროვნებით, ცხოვრების სიტყვებით გამოხატვა რომ მწადია, იმიტომ ვწერ. ამბის გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ. ერთი ადგილია, ყველა რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე, ზუსტად იმგვარად, თითქოს იქამდე ვერა და ვერ ვაღწევ. იმისთვის ვწერ, ამ გრძნობისგან რომ გავთავისუფლდე. ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ. ბედნიერი რომ ვიყო, იმისთვის ვწერ.
ჩემს სამუშაო ოთახში რომ შემოვიდა და ჩემოდანი დატოვა, ერთი კვირის თავზე, მამაჩემი, ჩვეულებისამებრ, შოკოლადებით სავსე პარკით (დაავიწყდა, რომ ორმოცდარვა წლის ვიყავი), კვლავ მეწვია. ისევ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე ვისაუბრეთ, საოჯახო ჭორები გავიხსენეთ და ვიცინეთ. უცებ მამაჩემმა კუთხეში მიდგმულ ჩემოდანს ჰკიდა მზერა და მიხვდა, გახსნილი და დათვალიერებული რომ მქონდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. გულისშემძვრელი, სამარცხვინო დუმილი ჩამოვარდა. როდი ვუთხარი, რომ ჩემოდანი გავხსენი და მისი ნაწერების წაკითხვას შევეცადე. თვალი მოვარიდე, მაგრამ მიმიხვდა. მეც მივხვდი, რასაც ის მიმიხვდა. ისიც მიხვდა, რომ მე მივხვდი, რასაც ის მიხვდა. ამ ურთიერთმიხვედრილობის ჟამმა, სულ რამდენიმე წამს, რამდენიც საჭირო იყო, იმდენხანს გასტანა. მამაჩემი თვითდაჯერებული, მშვიდი და ბედნიერი კაცი იყო და მყისვე გაიცინა. წასვლა რომ განიზრახა და ოთახიდან გადიოდა, ის სასიამოვნო, გულითადი სიტყვები, ჩვეულებრივ, მამები შვილებს რომ ეუბნებიან ხოლმე, კვლავ გამიმეორა.
მამაჩემის მხიარული, უდარდელი, მშვიდი ხასიათი მშურდა და მზერა გავაყოლე. მაგრამ მახსოვს, იმ დღეს სირცხვილისა და ბედნიერების მსუბუქი თრთოლვა მთელ სხეულში როგორ მივლიდა. მართალია, მასავით უდარდელი არ ვიყავი, მასავით მშფოთვარე და ბედნიერი ცხოვრება არ განვვლე, მაგრამ სამაგიეროდ, მისეულ აღქმას სიტყვით გამოხატვის უფლება მივანიჭე, მიმიხვდით ალბათ… მრცხვენოდა, მამაჩემის მიმართ ამას რომ ვგრძნობდი. მით უმეტეს, იმ ცენტრივით, ცხოვრება არ გამიმწარა, თავისუფლება მომანიჭა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ წერასა და ლიტერატურასთან, ჩვენი ცხოვრების ცენტრში დაბუდებულ არასრულფასოვნებასთან ერთად, ყოველივე ბედნიერებისა და უბედურების აღქმას სიღრმისეულად უკავშირდებოდა.
მაგრამ სიმეტრიაა, რაც მთელ ამ ნაამბობში დანაშაულის განცდას კიდევ უფრო მიმძაფრებს. იმ დღეს, მყისვე, მისი მეორე ნაწილი გამახსენდა. ოცდასამი წლით ადრე, ვიდრე მამაჩემი ჩემოდანს დატოვებდა, ოცდაორი წლის ასაკში ყველაფერი მივატოვე და რომანების წერა გადავწყვიტე. ოთახში განვმარტოვდი და ოთხი წლის თავზე პირველი რომანი, „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟები” დავასრულე, წიგნი ჯერ არ გამომექვეყნებინა, რომ გადავბეჭდე და ასლი მამაჩემს აკანკალებული ხელით გავუწოდე, წაიკითხე და შენი აზრი მითხარი-მეთქი, ვთხოვე. მარტოოდენ იმიტომ არა, რომ მსიამოვნებდა და მის გონიერებას ვენდობოდი, დედაჩემისგან განსხვავებით, მამაჩემი, წინააღმდეგი არ იყო, მწერალი გავმხდარიყავი, ამიტომაც ვანიჭებდი მის მხარდაჭერას ასეთ მნიშვნელობას. იმხანად მამაჩემი ჩვენგან შორს იმყოფებოდა. მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი. ორმა კვირამ რომ განვლო და დაბრუნდა, კარის გასაღებად სულმოუთქმელად გავიქეცი. არაფერი უთქვამს, მაგრამ ერთბაშად ისე მომეხვია, მივხვდი, წიგნი ძალიან მოეწონა. უცაბედად, უკიდურესი გულითადობის ფონზე, უმწეო დუმილი ჩამოვარდა და ორივენი გამოუვალ ვითარებაში აღმოვჩნდით. მცირე ხნის შეყოვნების შემდეგ საუბარი რომ წამოვიწყეთ, მამაჩემმა ნდობა ჩემი პირველი წიგნის მიმართ, აღელვებულმა, ზეაღმატებით გამოხატა და მითხრა, რომ დადგებოდა დრო და იმ ჯილდოს მომანიჭებდნენ, დღეს რომ სიამოვნებით ვიღებ.
ეს სიტყვა იმისთვის არ უთქვამს, რომ დავერწმუნებინე, ანდა შეეხსენებინა, ეს ბევრისთვის რაოდენ დიდი მიზანია, არამედ, მხარდასაჭერად, გამბედაობისთვის, თურქი მამა თავის ვაჟს რომ ეტყვის: „მოვა დრო და ფაშა გახდები!” – იმ გაგებით მითხრა. წლების მანძილზე, ყოველთვის, როცა კი მნახულობდა, გასამხნევებლად მუდამ ამ სიტყვას მიმეორებდა.
მამაჩემი 2002 წელს, დეკემბერის თვეში გარდაიცვალა.
შვედეთის ამ ჯილდოს, პატივისა და ღირსების მომნიჭებელი აკადემიის ძვირფასო წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, გულით მეწადა, რომ მამაჩემი დღეს ჩვენს შორის ყოფილიყო.

მაკ ცუკერბერგის ღია წერილი (პირველი ნაწილი)

0

დღეს, 18 მისს ფეისბუქი ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე წარდგება. ფეისბუქის
საერთო ღირებულება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე
წარდგენას საკამოდ გრძელი პროცედურები უძღვოდა წინ, რომლის განმავლობაშიც კომპანიის
დეტალური შესწავლა ხდებოდა. ამ პროცესის დასაწყისში, 2012 წლის თებერვალში მარკ ცუკერბერგმა
ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელის პირველ ნაწილსაც ქვემოთ გთავაზობთ.


მარკ ცუკერბერგის წერილი


ფეისბუქი არ შექმნილა როგორც კომპანია. ის სოციალური მისიის განსახორციელებლად
შეიქმნა, რათა გაეხადა სამყარო კიდევ უფრო ღია და ურთიერთდაკავშირებული.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ ვინც აპირებს ჩადოს ინვესტიცია
ფეისბუქში კარგად გაიაზროს რას წარმოადგენს ეს მისია ჩვენთვის, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს
და რატომ ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ. ამ წერილში მე შევეცდები განვმარტო ჩვენი მიდგომა.


ფეისბუქში, ჩვენი შთაგონების წყარო ის ტექნოლოგიებია, რომლებმაც
მოახდინეს რევოლუცია ინფორმაციის მოხმარებასა და გავრცელებში. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ
ისეთ გამოგონებებზე, როგორიცაა საბეჭდი პრეს
და ტელევიზია – რომლებმაც კომუნიკაცია
უფრო ეფექტური გახადეს, რამაც გამოიწვია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ძირეული
ტრანსფორმაცია. ამ ტექნოლოგიებმა უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა გამოეხატათ
თავისი აზრი. ხელი შეუწყვეს პროგრესს. შეცვალეს საზოგადოების ორგანიზების მოდელი. უფრო
დაგვაახლოვეს ერთმანეთთან. 


დღესდღეობით, ჩევნმა საზოგადოებამ მიაღწია გარდამტეხ წერტილს. ჩვენ
ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ხალხის უმრავლესობისათვის ხელმისაწდომია
  ინტერენტი ან მობილური კავშირი – ეს ტექნოლოგიები
ეხმარება ადამინს ფიქრების, გრძნობების, ქმედებების გასაზიარებაში. ფეისბუქი ისწრაფვის
რათა ააგოს ისეთი სერვისები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეცვალიან ძირეულ ინდუსტრიებსა
და ინსტიტუტებს.


არსებობს საჭიროება და შესაძლებლობაც სამყაროში ყველას ურთიერთდაკავშირებისა,
რათა ყველას ჰქონდეს ხმის მიცემის საშუალება და საზოგადოების უკეთესობისაკენ ტრანსფორმირების
საშუალება. ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის მასშტაბი
უპრეცენდენტოა. ეს ყველაზე მნშვნელოვანი პრობლემა ჩვენთვის.


ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ გავამყაროთ კავშირები ადამიანებს შორის.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მისია მასშტაბურია –  ის იწყება ორ ადამიანს შორის ურთიერთობით.


პირადი ურთიერთობები ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტია. ურთიერთობი
გვეხმარება ადამიანებს ახალი იდეების გენერირებაში, სამყაროს აღქმაში და საბოლოოდ ბედნიერებას
გვანიჭებს.


ფეისბუქში ჩვენ ვქმნით საშულებებს რომლითაც ვეხმარებით ადამიანებს იპოვონ ერთმანეთი და გააზიარონ
ყველაფერი რაც მათ
გარშემოა. ამით ჩვენ ვაფართოვებთ ადამიანების შესაძლებლობას ააგონ და განამტკიცონ
ურთიერთობები.


რაც უფრო მეტს აზიარებენ დამიანები – თუნდაც თავიანთი ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებში
– მით უფრო მაშტაბურია კულტურის გაცვლა და ამას მივყავართ სხვების ცხოვრებისა და პერსპექტივების
უკეთესად აღქმამდე. ჩვენ გვჯერა რომ ეს ზრდის ადამიანთა შორის მტკიცე კავშირების რადენობას.
მრავალფეროვან პერსპექტივას სთავაზობს ადამიანებს.


ადამიანებს შორის ამ კავშირების დამყარებით, გვჯერა რომ შევიმუშავებთ
ინფორმაციის გავრცელებისა და მოხმარების ახალ გზებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს ინფორმაციული
ინფრასტრუქტურა უნდა გავდეს სოციალურ ქსელს, რომელიც თანასწორობის პრინციპებზეა აგებული
და არა მონოლითური პირამიდას, როგორადაც ის დღეს გვევლინება. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს
უნდა ქონდეთ საშუალება თავად გააკონტროლონ ის რასაც აზიარებნ და ეს არის ფუნდამენტური
პრინციპი მიმდინარე ცვლილებებისა.


ჩვენ უკვე დავეხმარეთ 800 მილიონზე მეტ ადამიანს დაემყარებინა
100 მილიარდზე მეტი კავშირი და ჩვენი მიზანია ამ პროცესების კიდევ უფრო გაღრმავება.


ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ ადამიანთა კავშირი სხვადასხვა ბიზნესთან
და ეკონიმიკასთან.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო ღია და ურთიერთ დაკავშირებული სამყარო
დაგვეხმარება შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც შექმნის უკეთეს პროდუქტებსა
და სერვისებს.


რაც უფრო მეტს აზიარებენ ადამიანები, მით უფრო მეტ სასარგებლო რჩევას
იღებენ სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებზე, მათგან ვისაც ენდობიან. ეს ამარტივებს
საუკეთე
ო პრდუქტის აღმოჩენას, სწორი არჩევანის გაკეთებას და აუმჯობესებს
მათი ცხოვრების ხარისხს.


არჩევანის გაკეთების გაადვილება ბიზნესს აძლევს სტიმულს კიდევ უფრო უკეთესი
პროდუქტი შექმნას, პროდუქტი, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ მომხმარებელზე. ჩვენ
ვნახეთ, რომ “სოციალურად დაპროექტებული” პროდუქტი მეტად მომხიბლავია მომხმარებლისათვის,
ჩვენ ვთვლით, რომ გამოჩნდება სულ უფრო მეტი ასეთი ტიპის პროდუქტი.


ჩვენმა პლატფორმამ შესაძლებლობა მისცა ასი ათასობით ბიზნესს შეექმნათ მაღალი ხარისხის სოციალურად ორიენტირებული
პროდუქტები. ჩვენ ვნახეთ როგორი დამანგრეველი გავლენა მოახდინა ამან თამაშების, მუსიკის,
ახალი ამბების ინდუსტრიაზე და ჩვენ ველოდებით მსგავს სოციალური ხასიათის აფეთქებას
სხვა ინდუსტრიებშიც.


გარდა ამისა, ღია სამყარო უბიძგებს თავად კომპანიებს აწარმოონ პირდაპირი
დიალოგი თავიანთ მომხმარებლებთან. ოთხ მილიონზე მეტ ბიზნეს კომპანიას აქვს გახსნილი
თავისი გვერდი ფეისბუქზე, ამ ფეისბუქ გვერდებს ისინი მომხმარებლებთან ურთიერთობისათვის
  იყენებენ. ჩვენ ველოდებით ამ ტენდენციის გაღრმავებას.


ჩვენ გვჯერა, რომ შევცვლით ხალხის ურთიერთობის მოდელს მთავრობასა და საზოგადოებრივ
ინსტიტუციებთან.


ჩვენ გვჯერა, რომ ინსტრუმენტები რომლებსაც ვქმნით, დაეხმარება ადამიანებს
ინფორმაციის გაცვლაში და უზრუნველყოფს გამჭვირვალე, სამართლიან დიალოგს. რაც გაზრდის
ადამიანების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მთავრობა იქნება მეტად
ანგარიშვალდებული მოსახლეობის წინაშე. ეს ყველაფერი დაგვეხმარება გამოვნახოთ ჩვენი
დროის
  უდიდესი პრობლემების გადაწყვეტის გზები.


მიეცათ რა ადამიანებს ინფორმაციის გაცვლის ფართო შესაძლებლობი, ჩვენ
დავინახეთ, როგორ გახდა მათი ხმა კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე ეს ისტორიულად იყო შესაძლებელი.
მათი ხმა მომავალშიც მოიკრებს ძალას. შედეგად, შეუძლებელი იქნება ხალხის იგნორირება.
მთავრობები იძულებულები იქნებიან რეაგირება მოახდინონ ადამიანთა მიერ წამოჭრილ პრობლემებზე
პირდაპირ, ყოველგვარი შუამავალი რგოლის გარეშე.


ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესის შედეგად, იმ ქვეყნებში რომლებშიც ინტერნეტი
კარგად არის განვითარებული გამოჩნდებიან ახალი ტიპის ლიდერები, რომლებიც იბრძოლებენ
ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაცვლისა და ხელმისაწვდომობის
უფლებაზე.


და ბოლოს, რაც უფრო მეტად ისწრაფის ეკონომიკა მაღალი ხარისხის და თითოეულ პიროვნებაზე
ორიენტირებული
  პროდუქტების შექმნაზე, მით უფრო
მეტად გაჩნდება ახალი ტიპის “სოციალური თავისი შინაარსით” სერვისები რომლებიც შეიქმნება
ისეთი გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად როგორიცაა დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა.
ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ ყველაფერს რათა ხელი შევუწყოთ ამ განვითარების პროცესს.
 



ჩვენი მისია და ჩვენი ბიზნესი


როგორც მე უკვე ვახსენე, ფეისბუქი არ შექმნილა როგორც ბიზნეს კომპანია.
ჩვენ პირველ რიგში ვზრუნავდით ჩვენი სოციალური მისიის განხორციელებაზე, ახალი სოციალური
სერვისების შექმნაზე და ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს სერვისებს მოიხმარენ.


ფეისბუქის პირველი ვერსია მე თავად შევქმენი, ვინაიდან მინდოდა რომ ასეთი რამ
ყოფილიყო. ამის შემდეგ ჩემს ფეისბუქს დამატა უამრავი იდეა და პროგრამული კოდი, რომელიც
იმ დიდებულმა ადამიანებმა შეიმუშავეს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდა.


დიდებული ადამიანების უმრავლესობა პირველ რიგში ზრუნავს შექმნას
რაიმე ღირებული, მაგრამ ისინი ფულის კეთებაზეც არ ამბობენ უარს. გუნდის შექმნის, სარეკლამო
ბაზრისა და ინვესტორთა ბაზის ჩამოყალიბებისას მე აღმოვაჩინე რომ მხოლოდ ეკონომიკურად
ძლიერ და მუდმივად მზარდ კომპანიას შეუძლია შემოიკრიბოს ადამიანები
  მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტათ.


მარტივად რომ ვთქვა: ჩვენ არ ვქმნით ამა თუ იმ სერვისს ფულის საშოვნელად,
არამედ ჩვენ ვშოულობთ ფულს რათა უკეთესი სერვისები შევქმნათ.


და ჩვენ ვფიქრობთ ეს არის საუკეთესო გზა რაიმეს შესაქმნელად. ვინაიდან
დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს იმ კომპანიების სერვისებს რომლთაც ფულის
კეთების გარდა სხვა მიზნებიც ამოძრავებთ.


აქცენტს ვაკეთებთ რა ჩვენს მისიაზე და ვქმნით რა გამორჩეულ სერვისებს,
გვჯერა რომ ჩვენ მივაღწევთ ჩვენი პარტნიორებისა და აქციონერებისათვის მომხიბლავ, ხანგრძლივ
ეკონომიურ ეფექტს. ეს თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს
  მუდმივად მოვიზიდოთ საუკეთესო ადამიანები და შევქმმნათ
უკეთესი სერვისები. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ფულის კეთება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ,
რომ ჩვენი მისიის განხორციელების საუკეთესო გზაა ძლიერი და ღირებული კომპანიის შექმნა.


ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩევენი ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე გამოჩენასთან
დაკავშირებით. ჩვენ ვხვდებით საჯაროები ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენი ინვესტორებისათვის.
ჩვენ მათ წინაშე დავდეთ პირობა რომ დაუღალავად ვიმუშავებთ რათა მათ მიერ დაბანდებული
კაპიტალი გაიზარდოს ფასში და იყოს ლიკვიდური.


გაგრძელება (ნაწილი მეორე)

“ძლივს აჩენილო ღიმილო, ღიმილო დარდიანაო”

0
მიიწურა კიდევ ერთი სასწავლო წელი. კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი, კიდევ ერთი თაობა დავაფრთიანეთ… კიდევ ერთხელ გავაყოლეთ თვალი ჩვენ წინ ჩავლილ სასწავლო წელს… ჩვენ ხომ ქრონოლოგიას სწავლის დაწყება-დამთავრების მიხედვით აღვრიცხავთ. მიდის კიდევ ერთი წელი და სევდაშეპარული ღიმილით ვაცილებთ… რატომ სევდაშეპარულით? მიზეზი ძალიან ბევრია… გვიჭირს შეჩვეულ ადამიანებთან განშორება; ვინ იცის, როდის, სად და რა ვითარებაში შევხვდებით მათ, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა, ვიცნობთ კი ერთმანეთს?

როდესაც ესა თუ ის ეტაპი მთავრდება, სანამ იგი ისტორიის უძირო სტომაქში შთაინთქმებოდეს, ჩვენდა უნებურად თვალწინ წარმოგვიდგება მთელი განვლილი პერიოდი, განურჩევლად იმისა, როგორ ჩაიარა მან – სწრაფად თუ ზლაზვნით. მისთვის თვალის გადავლებას ზოგჯერ ერთი ამოსუნთქვა ჰყოფნის, ზოგჯერ…

ყოველი სასწავლო წლის დამთავრებისას მისი დასაწყისი მაგონდება. ახლაც თვალწინ მიდგას “პირველი სექტემბერი” (დარწმუნებული ვარ, სწავლის დაწყება ბევრისთვის ჯერ კიდევ ამ თარიღთან ასოცირდება), პირველი ლექცია ახალ ნაკადთან. მე, როგორც წესი, ხუთი წუთით ადრე შევდივარ აუდიტორიაში და ველოდები სტუდენტების გამოჩენას. ისინიც მოდიან, ვინ – მკვირცხლად, ვინ – აუჩქარებლად. ვცდილობ, აქედანვე შევაფასო მათი მონდომება. ისინი იკავებენ ადგილებს დიდ აუდიტორიაში. ზოგი პირველ მერხზე ჯდება, ზოგი პირველზე ვეღარ ეტევა და იძულებული ხდება, მომდევნოზე იპოვოს ნავსაყუდელი, ზოგიერთი კი გზას აგრძელებს და სადღაც შორს, სხვებისგან განცალკევებით ჯდება.

ვუყურებ აუდიტორიას და მეღიმება. მგონია, რომ ჩვენს მოლეკულებში მოფუსფუსე პატარა ელექტრონები ჩვენზე გონიერი არსებები არიან. მათი ყოველი ნაბიჯი მოზომილია, ყოველი მათგანი ცდილობს, დრო არ დაკარგოს და ბირთვთან რაც შეიძლება ახლოს დაიდოს ბინა – იქ მას ნაკლებად ემუქრება ცხოვრების (რეაქციის) ქარტეხილები.

წყალბადის ატომს ერთი ობოლი ელექტრონი აქვს, ამიტომ იგი ხშირად ხდება საჯილდაო ქვა სხვა ატომებისთვის. წყალბადს მრავლად ჰყავს მომხდური, რომლებიც მას ამ ერთადერთ ელექტრონსაც ართმევენ და ცარიელ-ტარიელს ტოვებენ. გაღარიბებული წყალბადის ატომი კი მარტო იწყებს ხეტიალს მჟავე განწყობით.

მომდევნო ელემენტში, ჰელიუმში, ორი ელექტრონია. მაგრამ როგორ თავსდებიან ისინი? ელექტრონებმაც იციან, რომ მარტოობა ძნელია და წყვილდებიან. ერთ (პირველ) ორბიტალზე დაწყვილებული ელექტრონები სრულ ჰარმონიას პოვებენ და თითქმის სამუდამოდ ერთად იდებენ ბინას. არ მოიძებნება ძალა, რომელიც მათ დააშორებს. ეს წყვილი იმითაც არის საოცარი, რომ ისინი ერთ ბილიკზე (ორბიტალზე) ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ, თანაც ისე, რომ ერთხელაც არ დაეჯახებიან ერთმანეთს.

მომდევნო ელემენტს, ლითიუმს, სამი ელექტრონი აქვს. ორი მათგანი პირველ ორბიტალზე სახლდება, მესამისთვის კი იქ ადგილი აღარ რჩება და ისიც იძულებული ხდება, ახალი ორბიტალი მოძებნოს და იქ ინავარდოს, სანამ რომელიმე “ძლიერი” ელემენტი არ ჩამოუქროლებს და წიწილასავით არ გაიტაცებს.

მომდევნო ელემენტი, ბერილიუმი, ოთხი ელექტრონის მფლობელია. ორი მათგანი პირველ სართულზე, ერთ ოთახშია შეყუჟული (1S ორბიტალი), ორიც – მეორე სართულზე, ასევე ერთ ოთახში (2S ორბიტალი). ამ სართულზე ბერილიუმს კიდევ სამი ცარიელი ოთახი (2p ორბიტალები) აქვს, მაგრამ ელექტრონები ერთად უფრო მშვიდად (ქიმიურად – ნაკლები ენერგიის შემცველობით) გრძნობენ თავს.

ბორს ერთი ელექტრონი ემატება და მასაც, ბერილიუმის ელექტრონების მსგავსად, საკუთარი ოთახი (2px ორბიტალი) აქვს მიჩენილი. მომდევნო ელემენტში კი ვითარება ცოტა იცვლება: ნახშირბადატომს კიდევ ერთი ელექტრონი ემატება, რომელიც 2px ელექტრონთან დაწყვილებას თავს არიდებს და ერთ-ერთ თავისუფალ ორბიტალს (უჯრას, ოთახს) იკავებს.

ნახშირბადატომს კიდევ ერთი მეტად თავისებური თვისება აქვს. ასეთი ხასიათის გამო იგი ძლიერ განსხვავდება დანარჩენი ელემენტებისგან.

საზოგადოდ, ელემენტის ქიმიური თვისებები გარე სავალენტო შრეზე არსებული დაუწყვილებელი ელექტრონების ხასიათსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. “მტრად მომხდურ” თუ “მოყვრად მოსულ” სხვა ელემენტების ატომებს სწორედ ისინი ეგებებიან და, შესაბამისად, ებრძვიან ან ემოყვრებიან. მაგალითად, ნახშირბადის მომდევნო ელემენტს, აზოტს, სამი დაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და ამიტომ სამვალენტიანია. ნახშირბადის ატომში არსებული ელექტრონები კი მტერსა და მოყვარეს ერთნაირად ხვდებიან. საკმარისია, სხვა ატომების მოახლოება იგრძნონ, რომ მაშინვე ერთ მწკრივად გადანაწილდებიან სხვადასხვა “უჯრაში” და ერთიანი ფრონტით უტევენ ან იგერიებენ მომხდურს.

ყველა ელემენტის ელექტრონულ აღნაგობაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია – ისინი მეტად ორგანიზებულნი არიან.

მაკროსამყარო მიკროსამყაროს გადიდებული ასლია და, როგორც გადიდებისას ხდება ხოლმე, რაღაც-რაღაცეები მახინჯდება. ასეა, თუ გვინდა, ჩვენი ცხოვრება უფრო ჰარმონიული და ორგანიზებული იყოს, უფრო მეტად უნდა დავაკვირდეთ ერთი ციცქნა მოლეკულებს, ვისწავლოთ მათი ცხოვრების წესი, გამოვნახოთ მათთან სასაუბრო ენა. არადა რა ხშირად გვეპატარავებიან ისინი თვალში…

კლასსა და აუდიტორიაში მჯდომი პუბლიკაც ასევე გვეპატარავება ხოლმე თვალში ხანდახან. მოდი, კარგად დავაკვირდეთ მათ; მათაც შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, მათი სიბრძნე ბუნებასა და მის კანონებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენი.

აქ ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ; დანარჩენი ეგზიუპერის “პატარა უფლისწულში” მშვენივრადაა მოთხრობილი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...