ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

სიტყვა და ხედვა

0
ჩემი ქმრისა და რამდენიმე ინტერტექსტის შესახებ
ზაზა ჩემი ქმარია, მგონი, უკვე მიხსენებია არა?

ბევრ რამეში ვგავართ, უფრო მეტით-განვსხვავდებით.

ის მათემატიკოსია, მე-გამრავლების ტაბულას ვერ გავცდი,
სამაგიეროდ მე ლექსებს ვწერ-ის კი მათ იშვიათად კითხულობს.
ჰოდა, ამას წინათ, ჩვენს სამზარეულოში ვისხედით, ვვახშმობდით. 

რაც მართალია, მართალია,  ვახშამი ძალიან  გემრიელი იყო-როგორც ზაზა იტყვის, არსებობს ობიექტური ჭეშმარიტებები,  მაგალითად, ის, რომ ხორცს ყველაზე გემრიელად მე  ვწვავ.

ჰოდა, ვისხედით, ვლაპარაკობდით, ძირითადად, მე  ვლაქლაქებდი, ის ჩუმად მიირთმევდა-როცა რამე ძალიან გემრიელს ჭამს, ლაპარაკზე დროს არ კარგავს.

ჰოდა, მარჯვნივ წავედი, პირდაპირ თუ მარცხნივ-მწერლობას მივადექი.

ვწუწუნებდი, რომ ერთგვარ მოდად იქცა ყოველგვარ ქართულზე ცხვირის აბზუება, რომ ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველი მკითხველი, ნათარგმნ ლიტერატურას უფრო ხშირად კითხულობს, ვიდრე ქართულს, არადა, ქართული ენის ( ძნელადსათარგმნი ენის) საკანში ჩაკეტილი იმდენი ძალიან კარგი ქართველი ავტორით აღფრთოვანდებოდა უცხოელი მკითხველი…

-მაგალითად?-მეკითხება ზაზა.

-რა მაგალითად? 

-ერთი მოთხრობა მითხარი, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო ამ საღამოს და წავიკითხავ, მერე ჩემს აზრს მოგახსენებ.

არ დაგიმალავთ და გამიჭირდა, მაინც რომელი ერთი  უნდა მეთქვა? სასტუმრო ოთახში  განჯინიდან შოკოლადის ასაღებად შევედი, წიგნის თაროს თვალი გადავავლე, ჯემალ ქარჩხაძის „იგის” მივწვდი და სამზარეულოში დავბრუნდი.

-აჰა, ხვალ ჩამაბარებ-ვუთხარი და ჩაი დავუსხი.

გამიღიმა და ჩემს ჩაყრილ სამ კოვზ შაქარს კიდევ ერთი დაუმატა. ნეტავ ვიცოდე, რა ასმევს ასეთ ტკბილ ჩაის?!
….
დილით ლიტერატურაზე სალაპარაკოდ არ გვეცალა, თავქუდმოგლეჯილები გავცვივდით სამსახურში.
….
საღამოს შემწვარი თევზი მქონდა ფოლგაში-იქნებ ფხასა და ფხას შუა სათქმელიც ამოვწიწკნო-მეთქი ამ ჩემს სიტყვაძუნწ მათემატიკოსს.

-მოგეწონა?

– კი, კარგი იყო.

-მეტს არაფერს მეტყვი?

-ერთი წიგნი გამახსენდა, მოიცა, თუ სახლში გვაქვს, მოგიძებნი.- ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა,  წიგნი მაგიდაზე დამიდო და თეფშზე გარნირი დაიმატა-ჰერბერტ უელსი, „ბრმათა ქვეყანა” ეწერა ყდაზე.
-პირველი მოთხრობა წაიკითხე და მერე ვილაპარაკოთ-მითხრა.
….
ჰერბერტ უელსის , ამ ფანტასტი მწერლის,  „დროის მანქანის”ავტორის რამდენიმე მოთხრობა ადრეც მინახავს, რომ ვთქვა, გადავირიე -მეთქი, მოგატყუებთ.

ახლა კი მოთხრობა „ბრმათა ქვეყანა” წავიკითხე და გავოცდი, ეს ჩემი ქმარი, რომელიც ძალიან იშვიათად ლაპარაკობს ლიტერატურაზე, არც წაკითხული წიგნების რაოდენობით ან მათზე ღრმააზროვანი ბაასით არასდროს იწონებს თავს, როგორ ზუსტად  პოულობს ხოლმე ლიტერატურულ პარალელებს, როგორ კარგად აგნებს ხოლმე-ეტყობა ესეც მათემატიკური ნიჭის წყალობაა-აღმოაჩინო მსგავსი.
….
ჰერბერტ უელსის მოთხრობის   „ბრმათა ქვეყნის” მთავარი პერსონაჟი, ნუნიესი, ბრმების ქვეყანაში ხვდება. მისი მცხოვრებლები, რომლებიც უხსოვარი დროიდან რომელიღაც დაავადებამ დააბრმავა, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ, ისე,  რომ თვალხილულთა შესახებ არც არაფერი უწყიან, რელიგია, წარმოდგენები, წინაპართაგან გადმოცემული ისტორია-ეს ყველაფერი არწმუნებს მათ, რომ  სხვაგვარი რეალობა არც არსებობს, ისინი მორგებულნი არიან თავიანთ სმენით თუ შეგრძნებად  გარემოს, შრომობენ, უყვართ,  შვილებს აჩენენ.

ნუნიესი, ერთადერთი თვალხილული მათ შორის, თანდათან ხვდება, რომ ხედვა-რომელიც მისთვის შეიძლებოდა მძლავრი იარაღი გამხდარიყო ამ  ქვეყანაში, სრულიად უქმი და არაფრისმომტანია, პირიქით, ხელსაც უშლის.

რადგანაც ბრძოლა ამაოა, რადგანაც გაქცევა შიმშილით სიკვდილს უდრის, ის ეგუება, თავს დამარცხებულად  აღიარებს  და ბრმათა ქვეყნის წესებით იწყებს ცხოვრებას- ეს კი  მისთვის ძალიან ძვირფასის-მხედველობის დათმობას ითხოვს, ყველაზე რთული  ისაა, რომ სიყვარული ითხოვს ამას მისგან:

„ -მხოლოდ ოდნავ გეტკინება-თქვა მან.-და შენ გაუძლებ მას, საყვარელო, ჩემი გულისთვის… ძვირფასო, თუ ქალის გული, მთელი მისი სიცოცხლე შეიძლება ჯილდო იყოს, მე შენ დაგაჯილდოებ…

-მშვიდობით-უჩურჩულა თავის ძვირფას არსებას,-მშვიდობით.

და შემდეგ უხმოდ შეაქცია ზურგი”.

შემდეგ კი, მასში ჯემალ ქარჩხაძის „იგის” მსგავსად ჭეშმარიტების წყურვილი, შეურიგებლობა იღვიძებს:
„თვალები აღაპყრო და დილა დაინახა-ოქროსაბჯრიანი ანგელოზის მსგავსი დილა, რომელიც ფლატეებიდან მისკენ ეშვებოდა.

მოეჩვენა, რომ ამ სიდიადის წინაშე თვით ის და   ამ ხეობის ეს ბრმა სამყარო და მისი სიყვარული-ყველაფერი მხოლოდ ცოდვა  და სიბილწეა.

მას გზიდან აღარ გადაუხვევია, წინ გასწია, მთებისკენ…

როდესაც მზე გადაიწვერა, ის მეტს აღარ მიცოცავდა: შორს და ძალიან მაღლა იყო… სხეული ერთიანად დალურჯებოდა, მაგრამ მშვიდად იწვა და სახეზე ღიმილი ეფინა.”
ახლა  ჯემალ ქარჩხაძის შესანიშნავი მოთხრობის ფინალიც ვნახოთ:

„იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო,  ყველა-მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რაღაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი  გაანათა…

კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა  ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში:-„იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”.
დილით მხიარულები და ბედნიერები ვსაუზმობდით, ლიტერატურაზე სულ არ გვილაპარაკია, უბრალოდ, ჩუმად,  ჩვენს-ჩვენს გულებში გვიხაროდა, რომ ყველაფერ სხვასთან  ერთად, არსებობს წიგნები, რომლებიც გვაკავშირებენ.
ზაზა ჩემი ქმარია, მგონი, უკვე მიხსენებია არა?

ბევრ რამეში ვგავართ, უფრო მეტით-განვსხვავდებით.

როგორ ვიმუშაოთ გონებრივი რუკით

0
მეთოდის აღწერა
„გონებრივი რუკა” (Mind-Mapping) მეთოდია, რომელიც მოქნილი და შემოქმედებითი მუშაობის საშუალებას იძლევა. ეს მეთოდი მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში განავითარა ინგლისელმა მეცნიერმა ტონი ბუზანმა ნეიროფიზიოლოგიური ჰიპოთეზის საფუძველზე (Buzan,T./ Buzan,B.: Das Mind-Map-Buch, Die beste Methode zur Steigerung Ihres geistigen Potenzials. 5. aktualisierte Aufl.- Landsberg, München (mvg) 2002).

„გონებრივი რუკა” თვალსაჩინო ჩანიშვნების გაკეთების ხერხებს მოიცავს. კლასიკური, სწორხაზოვანი ჩანაწერებისგან განსხვავებით, მისი სტრუქტურა შეხედვისთანავე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ცენტრალურ თემასა და მის შემადგენელ ნაწილებზე – ცენტრში დგას თემა/მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც შემადგენელ ნაწილებად არის დატოტვილი. ასეთი ვიზუალიზაცია გვეხმარება საკითხის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, თემის მთლიანობაში აღქმაში, რეფერატებისა და პრეზენტაციების სტრუქტურირებაში.


მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება

მეთოდის შემუშავებისას ტონი ბუზანი ეყრდნობოდა ტვინის ფუნქციის შესახებ შემდეგ ჰიპოთეზას: ადამიანის ტვინი ორი – მარჯვენა და მარცხენა – ნახევარსფეროსგან შედგება; კვლევები მოწმობს, რომ, თუმცაღა ამ ჰემისფეროებს განსხვავებული ფუნქციები აქვთ, ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. მარცხენა განაგებს ისეთ უნარებს, როგორიცაა ლაპარაკი, წერა, კითხვა, მათემატიკური ცნობიერება, რაციონალური აზროვნება, ლოგიკა, სწორხაზოვნება, ანალიზი, მაშინ როცა მარჯვენა უმთავრესად სივრცის აღქმას, ფანტაზიას, ფერს, ფორმას აკონტროლებს.

 
ამ ცოდნაზე დაყრდნობით ტონი ბუზანი ავითარებს „გონებრივი რუკის” ტექნიკას, რომლის გამოყენებისას ამოქმედდება ორივე ჰემისფერო და მიიღწევა სინერგიული ეფექტი, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.

ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აზროვნება არ არის წრფივი. ეს კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც გონებაში გამუდმებით წარმოიქმნება ახალი, საკვანძო სიტყვებით გამოწვეული ასოციაციები და სტრუქტურები. მას ყოველთვის შეუძლია, ერთი საკითხიდან მეორეზე გადახტეს და პირიქით. დეტალები ჩვენს აზროვნებაში შეიძლება დაემატოს, ვარირდეს ან დაიმალოს, დამყარდეს კავშირები ცოდნის სხვა სფეროებთან. ასე წარმოიქმნება გონებაში ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციის ქსელი.

„გონებრივი რუკის” მეთოდს მრავალ სფეროში იყენებენ. განსაკუთრებული გამოყენება პოვა მან საგანმანათლებლო სფეროში – როგორც აკადემიური განათლების პროცესში, ასევე საწვრთნელ/სატრენინგო პროგრამებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მეთოდი გვეხმარება დაგეგმვაში, პრეზენტაციაში, ორგანიზებაში, საკითხზე ერთიანი წარმოდგენის შექმნაში, შინაარსის დამუშავებასა და გადამუშავებაში, იდეების შეგროვებაში.

იდეების შეგროვების ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილი მეთოდია „გონებრივი იერიში”, რომლის პირველი ეტაპის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი კრეატიული იდეის გენერირება. სწორედ იდეების სიუხვე და ფანტაზიის ხელშეწყობაა „გონებრივი იერიშის” ძლიერი მხარე. გონებრივი იერიში შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ „გონებრივ რუკასთან” ერთად: „გონებრივი იერიშით” ნაპოვნი იდეები „გონებრივი რუკის” საშუალებით დავასათაუროთ, დავალაგოთ და მივიღოთ პირველი სტრუქტურა. ეს სათაურები წარმოადგენს „გონებრივი რუკის” პირველ ტოტებს. ეს არის საუკეთესო გზა, შედეგები დავიწყებას არ მიეცეს და ვიზუალიზაციით ხელი შევუწყოთ, დავუბრუნდეთ თემას, გავიხსენოთ და ჩავუღრმავდეთ მას.
მეთოდის გამოყენება

. გონებრივ რუკაზე მუშაობისას ფლიფჩარტი უნდა მოვათავსოთ ჰორიზონტალურად.

. გონებრივი რუკის ძირითადი თემა უნდა მოვათავსოთ ფლიფჩარტის ცენტრში. უმჯობესია, იგი წარმოვადგინოთ სიმბოლოთი, სურათით ან პატარა ესკიზით, რომელიც ნათლად აღწერს ძირითად თემას. 

უნდა გვახსოვდეს, რომ სურათი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე 1000 სიტყვა!

. ცენტრალურ თემაზე/ნახატზე დაკვირვებისას ვუღრმავდებით ჩვენს აზრებს, გამოვყოფთ პუნქტებს. თითოეულ პუნქტს ვუსადაგებთ საკვანძო სიტყვას და ე.წ. მთავარი ტოტებით ვაკავშირებთ ცენტრალურ თემასთან/ნახატთან.

ეს საკვანძო სიტყვები ფლიფჩარტზე დატანილი უნდა იქნეს გარკვევით და ისეთი ზომის ასოებით, რომ ყველა მოსწავლემ/მონაწილემ დაინახოს. თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით ჩვენს აზროვნებას, თითოეული პუნქტი კვლავ დაიშლება ქვეპუნქტებად, რომლებიც დამატებითი ტოტებით დაუკავშირდება ძირითადს და ა.შ.

. სასურველია, გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერის მარკერები – ეს გაზრდის გამოსახულების აღქმადობას. იმის ხაზგასასმელად, რომ ესა თუ ის აზრი თუ იდეა უკავშირდება რომელიმე სხვას, შეგვიძლია გამოვსახოთ ისინი ერთი და იმავე ფერით. ისრები, გეომეტრიული ფიგურები, პატარა სურათები, ძახილისა თუ კითხვის ნიშნები, ჩვენ მიერ შექმნილი სიმბოლოები რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს აადვილებს შინაარსის ჩაწერას და სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნასა თუ დაკავშირებაში გვეხმარება.

გთავაზობთ ამ მეთოდით მუშაობის ძირითად წესებს, წარმოდგენილს გონებრივ რუკაზე.

 
„გონებრივი რუკის” მეთოდის გამოყენება მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუ დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. თემისა და მიზნის განმარტება;
2. ყოველი მოსწავლის/მონაწილის მიერ ბლიც გონებრივი რუკის ინდივიდუალურად შექმნა;
3. დისკუსია მცირე ჯგუფებში და ინდივიდუალურად შექმნილი რუკების განვითარება;
4. ინდივიდუალური გონებრივი რუკების შეჯერებით საერთო რუკის შემუშავება და ფლიფჩარტზე გადატანა;
5. ანალიზი და გადაწყვეტილების პოვნა – ამ ფაზაში მიგნებულია ძირითადი გადაწყვეტილებები, დასახულია მიზანი და მოხაზულია გეგმა.

მეთოდის უპირატესობა

* ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელია;

* ადვილი გასაგებია, საშუალებას იძლევა, ერთმანეთთან კომუნიკაციის გზით მრავალფეროვანი იდეები ზუსტად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ და მოვიყვანოთ სტრუქტურაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს შემოქმედებითი, კომუნიკაციური და სოციალური უნარების განვითარებას;

* „გონებრივი რუკა” არ არის სტატიკური, ყოველ წუთს შეიძლება მისი ახალ-ახალი იდეებით შევსება;
* აადვილებს სწავლას და ზრდის მოტივაციას;

* კონსტრუქტივისტული მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის/მონაწილის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

საკმაოდ კრეატიულად შეიძლება „გონებრივი რუკის” ინტეგრირება მრავალ სხვა სისტემურ-კონსტრუქტივისტულ მეთოდთან, რაც მის ეფექტურობას ამაღლებს. მაგალითად, შედეგიანია უკუკავშირის მეთოდის ვიზუალურად წარმოდგენა „გონებრივი რუკის” მეშვეობით. მისი ეფექტური გამოყენება ასევე შესაძლებელია მოდერაციის/დისკუსიის დროს და ა.შ.

რძე და მისი რაობა

0
მიყვარს სოფელი. თბილისში ისეთი დაძაბული გრაფიკი მაქვს, დროდადრო ხუმრობით ვიტყვი ხოლმე, ფიგაროდ ვმუშაობ-მეთქი. სოფელში კი არსად მეჩქარება, არც ხმაური მაღვიძებს. ვზივარ ჩემს ულამაზეს ეზოში და თითოეულ უჯრედს ვასვენებ.

ეზოს ორღობე ჩაუდის, ორღობის გადაღმა კი მეზობლის სახლია. სწორედ მას ჰყავს ძროხა, სახელად ლამაზო. პირველად ორი წლის წინ მოვკარი თვალი. საძოვრიდან სავსე ჯიქნით შინ ბრუნდებოდა. თავდაჯერებულად შემოუხვია ორღობეში და სახლისკენ აიღო გეზი. დავრწმუნდი, რომ ახლომახლო არავინ იყო და ერთი ნახტომით ღობესთან გავჩნდი, ლამაზო, ლამაზო-მეთქი, დავუძახე და ისიც შეჩერდა. გაოცებული მომაცქერდა. ალბათ, იმან გააოცა, რომ მთელი სოფელი ისე გამოიარა, ზედაც არავის  შეუხედავს, მე კი ქება არ დავიშურე. მართლა ძალიან ლამაზი იყო, წაბლისფერი ქოჩორი ისე ეფინა შუბლზე, იფიქრებდი, ეს-ესაა სალონიდან გამოსულაო, მეტყველი, წყლიანი თვალები ჰქონდა, მისი დაბერილი ტუჩები ხომ სილიკონჩასხმულ ლამაზმანებს შეშურდებოდათ…

მას შემდეგ ტრადიციად გვექცა – რომ ჩამოივლის, თუ ეზოში დამინახა, ჩერდება, მეც მივდივარ და ქათინაურებით ვავსებ. მოსწონს, განაბული მისმენს… ქალი ქალია.

ჩემი და ლამაზოს მეგობრობა გაზეთში ამოკითხულმა ერთმა ამბავმა გამახსენა: თურმე ზოგიერთი ევროპელი და რუსი მწარმოებელი პაკეტის რძეს ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს უმატებს, რაც კარგიცაა და ცუდიც. კარგი – მწარმოებლებისთვის, რადგან ეს ხერხი პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს, ცუდი კი მომხმარებლისთვის, რადგან ტეტრაციკლინის მიღება არცთუ უსაფრთხოა – ეს მედიკამენტი სამკურნალოდაც კი შეზღუდვებით ინიშნება. ტეტრაციკლინი ყველაზე იაფი და, მისივე ანოტაციის მიხედვით, სახიფათო ანტიბიოტიკია.

რძე 200-ზე მეტ კომპონენტს შეიცავს. მათგან ძირითადია წყალი, ადვილად ასათვისებელი ცილები (რომელთა შემადგენლობაში ყველა შეუცვლელი ამინმჟავა შედის და რომლებსაც თითქმის მთლიანად – 96%-ით – ითვისებს ორგანიზმი), ცილა-ფერმენტები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, იოდი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, თუთია – და ვიტამინები, მათ შორის – A, E, D, ეს უკანასკნელი კი, აქვე შეგახსენებთ, კალციუმის გადამტანია.

ძროხის რძეს დაბალი მჟავიანობა ახასიათებს და მისი pH 6,5-6,6-ის ფარგლებში მერყეობს.

ზრდასრული ადამიანის კუჭის წვენი მხოლოდ ცილებს გადააამუშავებს, ბავშვებისა, მეტადრე ჩვილებისა, კი შეიცავს აქტიურ ფერმენტს ლიპაზას (ბავშვების კუჭის წვენის pH 5,5-7,5-ის ტოლია – სწორედ ასეთ არეშია ფერმენტი ლიპაზა აქტიური), რომელიც ცხიმებს ინელებს, უმთავრესად – მაღალემულსირებულ მდგომარეობაში მყოფ რძის ცხიმებს. ზრდასრული ადამიანის კუჭის წვენის pH დაბალია – 1,5-2,5. ასეთ არეში ლიპაზა აქტიურობას კარგავს, ამიტომ ცხიმები პირის ღრუშივე იწყებენ დაშლას და თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავებში აგრძელებენ. მათ მონელებაზე გავლენას ახდენს ნაღველიც, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება.

რძის არასწორი შენახვისას მისი შემადგენლობა იცვლება, მასში შემავალი ცხიმები იშლება და იჟანგება. დაშლის შედეგად თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და გლიცეროლი წარმოიქმნება. ჟანგვის პროდუქტები კი შეიძლება იყოს ალდეჰიდები, კეტონები, ოქსიკეტონები და სხვა. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები დამახასიათებელ სუნს აძლევს რძეს. დაშლილია თუ არა რძის ცხიმი, ანუ შეიცავს თუ არა ცხიმოვან მჟავებს თავისუფალი სახით, იოლი დასადგენია.

სტუდენტებთან მუშაობისას ექსპერიმენტებს ინტენსიურად ვიყენებ. მოსწონთ და ხალისით ერთვებიან პროცესში. სცადეთ იგივე ხერხი მოსწავლეებთანაც და გაკვეთილი შეუმჩნევლად გაირბენს. ზემოთ ნახსენები ცხიმოვანი მჟავების აღმოჩენასთან ერთად, შეგიძლიათ, გამოყოთ რძისგან ცილა კაზეინი. რა თქმა უნდა, სოფლის რძის გამოყენება ჯობია, რადგან შედეგს უმალვე მიიღებთ.

აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ კაზეინი ფოსფოპროტეინია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამინმჟავებთან ფოსფატური ნაშთია დაკავშირებული. კაზეინისთვის მჟავა თვისებებია დამახასიათებელი. რძე მას კალციუმის ხსნადი მარილის სახით შეიცავს. კაზეინი ჰეტეროგენული ცილაა და დადგენილია, რომ ფოსფორის შემცველობა მასში 0,79-0,88%-ს შეადგენს. ელექტროფორეზის მეშვეობით კაზეინი სამ კომპონენტად: α, β და γ კაზეინებად – იყოფა.

კაზეინს უმეტესად რძის შემჟავების გზით გამოყოფენ. მიიჩნევა, რომ რძე მას კაზეინოგენის სახით შეიცავს, რომელიც გამოყოფის პროცესში გარდაიქმნება კაზეინად. 200 მლ-იან ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 30 მლ რძე, გააზავეთ 120 მლ წყლით და წვეთობით, უწყვეტი რევით დაამატეთ ძმარმჟავას 1%-იანი ხსნარი. ამატეთ, სანამ კაზეინი არ გამოილექება. ყურადღებით იყავით, ძმარმჟავა ჭარბად არ მოგივიდეთ, რადგან კაზეინი იხსნება მასში. კაზეინს ფილტრავენ, ცხიმებისა და სხვა ნივთიერებების მოსაცილებლად ჩარეცხავენ გამოხდილი წყლით და ხსნიან ნატრიუმის კარბონატის 0,1%-იან ხსნარში. კაზეინი იხსნება, ცხიმი შეწონილ მდგომარეობაში რჩება. ნარევს ფილტრავენ, ცხიმი სველ ფილტრის ქაღალდზე რჩება. ფილტრატს, რომელიც კაზეინის ნატრიუმის მარილს შეიცავს, ცილის დალექვის მიზნით კვლავ ძმარმჟავას 0,1%-იან ხსნარს ამატებენ. კაზეინის ნალექს ფილტრავენ, ათავსებენ როდინში, ასხამენ 15-20 მლ სპირტს და გაუწყლოების მიზნით სრესენ, შემდეგ დიდ სინჯარაში გადაიტანენ და ცხიმის მოსაცილებლად შეანჯღრევენ. ამას ჯერ ეთერის მეშვეობით აკეთებენ, მერე კი მეთილის სპირტისა და ქლოროფორმის (1:1) 15-20 მლ ნარევის დამატებით. მიღებული სუფთა კაზეინი ჰაერზე გამოშრობის შემდეგ თეთრ ფხვნილად იქცევა. მას მჟავა თვისებები ახასიათებს. კაზეინს როდინში ათავსებენ, ამატებენ სოდის ხსნარს და სრესენ, რის შედეგადაც ნახშირბადის დიოქსიდი გამოიყოფა, კაზეინი კი გაიხსნება და წარმოიქმნება კაზეინის ნატრიუმის მარილი.

კაზეინი ხომ მივიღეთ? მოდი, ახლა მისი იზოელექტრული წერტილი განვსაზღვროთ. მერწმუნეთ, მოსწავლეები თავისივე მიღებულ ცილაზე დაკვირვებას სიამოვნებით ჩაატარებენ.

ცილები ამფოტერულ ელექტროლიტებს წარმოადგენენ და დისოციაციის შედეგად როგორც დადებით, ისე უარყოფით დამუხტულ ჯგუფებს წარმოქმნიან.

pH-ის განსაზღვრისას შესაძლებელია იონიზებული ჯგუფების ისეთი თანაფარდობა, როდესაც ცილის ხსნარი ყველაზე არამდგრადია და ცილა გამოილექება. ცილის ხსნარში წყალბადიონთა განსხვავებული კონცენტრაციის შემთხვევაში ცილის მდგომარეობის შესწავლისას პოულობენ არის pH-ის ისეთ მნიშვნელობას, რომელიც ცილის იზოელექტრულ წერტილს შეესაბამება.

სინჯარებში ბიურეტიდან ასხამენ 0,1N ძმარმჟავას ხსნარს: პირველში – 0,25 მლ-ს; მეორეში – 0,5 მლ-ს; მესამეში – 1,0 მლ-ს; მეოთხეში – 30 მლ-ს და მეხუთეში – 4,0 მლ-ს. მეორე ბიურეტიდან იმავე თანამიმდევრობით ყოველ სინჯარას ამატებენ წყალს: 8,75 მლ-ს; 8,5 მლ-ს; 7,0 მლ-ს და 5,0 მლ-ს. ნატრიუმის აცეტატში გახსნილი კაზეინის დამატებისას მიღებულ ნარევებში pH-ის მნიშვნელობა სინჯარების შესაბამისად იქნება: 5,3; 5,0; 4,7; 4,4; 4,1. 

კაზეინის 0,1%-იან ხსნარს ამგვარად ამზადებენ: წყლის აბაზანაში ოდნავი გაცხელებით 5 მლ ნატრიუმის აცეტატის 0,1N ხსნარში ხსნიან 0,2 გ კაზეინს და მიღებულ ხსნარს 200 მლ-მდე ავსებენ იმავე კონცენტრაციის ნატრიუმის აცეტატის ხსნარით. ყოველ სინჯარას პიპეტით ამატებენ 1 მლ კაზეინის ხსნარს და აღნიშნავენ ხსნარის შემღვრევის ინტენსიურობას. იქ, სადაც ხსნარი მაქსიმალურად შეიმღვრევა, მისი pH შეესაბამება ცილის იზოელექტრულ წერტილს (pH=4,7). 

მახსოვს, ერთხელ სტუდენტებთან ერთად ვიტამინების აღმომჩენ რეაქციებს ვატარებდი. A ვიტამინის კარგი აღმომჩენია კონცენტრირებული გოგირდმჟავა. საკვლევ მასას რამდენიმე წვეთი მჟავა უნდა დააწვეთოთ – თუ მან მწიფე ალუბლისფერი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ A-ს. ფერის სიმკვეთრე, ვიტამინის კონცენტრაციის შესაბამისად, სხვადასხვაა. ორ ქიმიურ ჭიქაში ორნაირი რძე მქონდა: ერთში – სოფლისა, მეორეში – რომელიღაც მწარმოებლისა, რომელსაც ეტიკეტზე ეწერა, რომ ნამდვილი რძისგან (და არა ფხვნილისგან) იყო დამზადებული და ვიტამინებით გამდიდრებულიც გახლდათ. სოფლის რძე მაშინვე გაწითლდა და რამდენიმე წუთში ფერის სიმკვეთრემ პიკს მიაღწია. პაკეტის რძეს ფერი არ უცვლია. ეს მეორე ჭიქა საგანგებოდ დავტოვე, მაინტერესებდა, გარკვეული ხნის შემდეგ მაინც თუ იქნებოდა ფერის ცვლილება შესამჩნევი. ერთი კვირის შემდეგ რძე ოდნავ გავარდისფრდა.

ლამაზოს და მისი დარი „ქალბატონების” ერთი ჭიქა რძე შეიცავს: 25% კალციუმს, 22% ვიტამინ B2-ს, 21% ვიტამინ D-ს, 18% ფოსფორს, 15% ვიტამინ B12-ს, 13,5% ცილას, 11% სელენს, 9% კალიუმს. 
მაშ, რომელი რძე ჯობია, პაკეტისა თუ ლამაზოსი?

უსმინეთ ხეებსანუ ცხოვრება სიმართლის ტყეში

0
ადამიანებმა რატომღაც დავივიწყეთ, რომ ჩვენც იმ ბუნების ნაწილი ვართ, რომელშიც ვცხოვრობთ. აბა, სცადეთ, გააჩერეთ ვინმე ქუჩაში და ჰკითხეთ: „უსმენთ ხეებს?” გამვლელთა უმეტესობა გიჟად მოგნათლავთ. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ყველა ცოცხალ არსებას შეუძლია, ხმა მიაწვდინოს თუნდაც მისგან განსხვავებულ ქმნილებას. სიტყვები ხომ კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება არ არის, ხომ არსებობს სხეულის ენაც?! ჩემი აზრით, ამ „საგნის” შესასწავლად საჭიროა მახვილი სმენა, რწმენა და მოთმინება.
ხეების ენას მათზე უკეთ ალბათ ვერავინ გასწავლით – ისინი ხომ გამჭრიახი მასწავლებლები არიან, თქვენ მხოლოდ მათი გულისყურით მოსმენა გმართებთ.

აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ წავიკითხე ჰერმან ჰესეს შესანიშნავი ესე „უსმინეთ ხეებს”. პირველი წაკითხვისას სათქმელის „შეფუთვის” მანერა მომეწონა, მეორე წაკითხვისას – სიღრმე. იმ დღეს კი, როცა პირველად ვიგრძენი ხეების მოჭრით გამოწვეული ტკივილი, მივხვდი, რომ ტყე მართლა ჰგავს ტაძარს და „ვინც იცის, როგორ მოუსმინოს მას, მხოლოდ ის სწავლობს სიმართლეს”.
 
ბოლო დროს ქალაქის ხმაურსა და უჟანგბადობას ვეღარ ვუძლებ. ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენს ქალაქში ხეების თავს დატრიალებული „ბართლომეს ღამე”. ამ საყოველთაო ჩეხვას რამდენიმე მიზეზი უპოვეს: ხანდაზმული ხეები ძლიერ ქარში შესაძლოა გადატყდეს და შენობა ან ადამიანი იმსხვერპლოსო, ალერგიის გამომწვევიც მოვაცილეთო მოსახლეობას… ასეა თუ ისე, თბილისი თითქმის უჟანგბადოდ და ზაფხულის ხვატში სულის მოსათქმელი ჩრდილის გარეშე დარჩა. დიდხანს ველოდი, რომ ძველ ხეებს ახალი ნარგავებით შეცვლიდნენ, კუნძების გვერდით ჩავლისას თითქოს ფილტვები მიხმებოდა. ხეების ნაცვლად კი ქალაქში პატარა, უსუსური ბუჩქები მომრავლდა.

„როდესაც ხეს ჭრიან და მისი სასიკვდილო ჭრილობა მზის სინათლეზე იკვეთება, მის ნათელ ტანზე მთელი მისი ისტორია იკითხება: წლოვანების რგოლები, ჭრილობები, ბრძოლა, ტკივილი და ტანჯვა – ყოველი ბედნიერება და კეთილდღეობა, რომლებიც მოვარდნილ ქარიშხლებს ებრძვიან”. სოფლებში ასეთ „წიგნებს” ბევრი მკითხველი ჰყავს – კომპასად იყენებენ, ასაკს უთვლიან. აქ კი, ქალაქში, ცხოვრების ტემპის თავბრუდამხვევი აჩქარების წყალობით არავის სცალია, რამეზე უფრო მეტხანს შეაჩეროს ყურადღება, ვიდრე მის დასავიწყებლადაა საჭირო. მობილურ ტელეფონებში ჩატვირთული ელექტრონული კომპასების წყალობით უცხო ქალაქის კორპუსების ტყეშიც არ დაიკარგები.
 
ალბათ გაგიგონიათ დადიანების სახელგანთქმული ბაღის შესახებ. შარშან მივლინებით მოვხვდი ზუგდიდში და მეგობრის დედას ვესტუმრე. სწორედ მან წამიყვანა ამ გამრჯე ხელებისგან მიტოვებულ, მაგრამ მაინც ულამაზეს ოაზისში. მისივე თხოვნით ამოვარჩიე ერთი მხცოვანი, ხავსით დაფარული ხე და ჩავეხუტე. უცებ მომეჩვენა, რომ მისი ფოთლები ყველასგან განსხვავებულად შრიალებდნენ. მწვანე ენერგიას თვალებით, ხელებით, მთელი ტანით ვიწოვდი.

ბავშვობაში ზაფხულის უმეტეს ნაწილს ხეებზე ვატარებდი, იქ ვკითხულობდი, ვსადილობდი, ვოცნებობდი… მერე გავიზარდე და რაღაცნაირად შემრცხვა ხეებთან მეგობრობის, მხოლოდ დიდი ქარების დროს ვუსმენდი შორიდან, მაგრამ ისინი აღარ მელაპარაკებოდნენ. 

როგორ გგონიათ, ოცდამეერთე საუკუნის წარმტაცი ტექნოლოგიური გასართობების ფონზე ბავშვებს ასე ძალიან რატომ უყვართ ხეზე აშენებული სახლები? სახლობანას თამაში ხომ მიწასთან ახლოს, ფარდულებშიც შეიძლება. ნუთუ ერთხელ მაინც არ გიფიქრიათ, როგორ ჰგავხართ თქვენივე ხეებს, რომლებიც ყოველ დილით დაუნანებლად გიწილადებენ „პურს თქვენი არსობისას”?! 

ხეებისა და ადამიანების მსგავსების შესახებ არაერთ წიგნში ამომიკითხავს. ჰენრი დევიდ თოროს ნამდვილი ადამიანი ხისთვის დამახასიათებელი თვისებებით შეუმკია: „ადამიანისგან მე მისი ყვავილი, მისი ნაყოფი მჭირდება. მისი სურნელის შეგრძნება მინდა, მასთან ურთიერთობას კი მწიფე ნაყოფის საამური გემო უნდა დაჰყვებოდეს”. 

ადამიან-ხეებს ქართულ მწერლობაშიც შეხვდებით. საკმარისია, გავიხსენოთ გოდერძი ჩოხელის აყვავებული ადამიანი-მოთხრობები და, რაც მთავარია, ნაძვად ქცეული ბერის ბუნებასთან შერწყმის, მის ნაწილად ქცევის დაუოკებელი სურვილი. მაგრამ როგორც არ უნდა შეგვივსოს ცარიელი არსებობა ჩვენში აღმოცენებულმა მცენარემ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა”.

ამას წინათ გუდამაყრელი ბერის ტყუპისცალს იუთუბზე გადავაწყდი და დიდხანს არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ადამიანი-ხე – სწორედ ასე უწოდებენ ინდონეზიელ მეთევზეს დედე კოსვარას, რომელიც ტოტებად ქცეულმა ხელებმა იძულებული გახადა, საყვარელ საქმიანობას შელეოდა. მას მერე თავისი იშვიათი უბედურების სახალხოდ დემონსტრირებით ირჩენდა თავს. 2007 წელს ადამიანი-ხის შესახებ ბრიტანეთის პრესა ალაპარაკდა, ტელეარხმა „დისქავერიმ” დოკუმენტური ფილმი გადაიღო დედეს შესახებ. პრესას არც მედიკოსები ჩამორჩნენ და მალე ინდონეზიაში ჩავიდა ცნობილი ამერიკელი ექიმი გასპარი, რომელმაც მოგვიანებით ადამიან-ხეს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთა.

ექიმები ამ უცნაურ შემთხვევას დერმატოლოგიურ დაავადებას უწოდებენ, ცდილობენ, მეცნიერული ახსნა უპოვონ „ინფექციას”, რომელმაც ადამიანში ხედ გაიღვიძა. თუ ამ მოვლენას გუდამაყრელი მწერლის თვალით შევხედავთ, შეიძლება, ეს, ერთი შეხედვით, შემზარავი შემთხვევა ორი სულის ერთ სხეულში ჩასახლების ხილულ მაგალითადაც მივიჩნიოთ:

ის, რაც ვერ შეძლო ინდონეზიელმა მეთევზემ, კანადელ ფერმერს, აქსელ ერლანდსონს გამოუვიდა, მას „ცოცხალი ქანდაკებების ცირკში” ხეების მომთვინიერებლის როლი ერგო. ერლანდსონმა 1947 წელს კალიფორნიაში შეიძინა მოზრდილი მიწის ნაკვეთი, სადაც „ცოცხალი ქანდაკებების” საუკეთესო ნიმუშები „გამოფინა”. ყველაზე აქტუალურ კითხვას, როგორ მოახერხა უბრალო ფერმერმა ხეებისთვის ასეთი საოცარი ფორმების მიცემა, ერლანდსონი ღიმილით პასუხობდა: „უბრალოდ, ვთხოვე”. 
 
,,ცხოვრება ტყეში”

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საუკეთესო მეზობლებად ხეები მიაჩნიათ. არ არის აუცილებელი, ტყე მხოლოდ მარტოსულების თავშესაფრად მივიჩნიოთ. საზოგადოებრივ მოვალეობათაგან თავის დაღწევა საკუთარი მეს საძებნელად წასვლას უფრო მაგონებს, ვიდრე ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას. ან როგორ შეიძლება, ჰენრი დევიდ თოროს და მის მსგავს ადამიანებს მარტოსულები უწოდო? მერე რა, რომ ტყეში დასახლებული მწერალი მხოლოდ ქარის გრამოფონით აჟღერებულ მიწის მუსიკას უსმენს.

დევიდ თოროს აზრით, ადამიანმა, უპირველესად, გარე სამყაროსა და საკუთარი თავის მოსმენა უნდა ისწავლოს, რადგან, ყოველდღიურობის ფერხულში ჩაბმულს, საამისო დრო თითქმის აღარ რჩება: „ფილოსოფოსობა მხოლოდ ნატიფი აზრების ქონას არ ნიშნავს, არც სკოლის დამაარსებლობა კმარა – ასეთ კაცს სიბრძნე ისე უნდა უყვარდეს, რომ მისი კარნახით იცხოვროს – სადა, დამოუკიდებელი, ფართო ცხოვრებითა და სამყაროსადმი ნდობით”.

ამრიგად, მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელი მწერლისა და მასწავლებლის მთავარი საფიქრალი ფუჭი შრომის უსარგებლო ნაყოფი და ხელოვნურად დაჩქარებული ცხოვრების ტემპი იყო. შორს რომ არ წავიდეთ, ბავშვობიდან, თუნდაც სკოლაში, ყველაზე მეტად რუტინული შრომა, ასე ვთქვათ, ზრდისკენ თავდაუზოგავი სწრაფვა გვიფასდება. ე.წ. საზოგადოებრივი ცხოვრება – საერთო მიზნების, სტერეოტიპებისა თუ ტრადიციების მსახურება, თითქმის მთელ სიცოცხლეს მოითხოვს ჩვენგან. მეტი ძალაუფლებისა თუ სიმდიდრის ხელში ჩაგდების იმედით ვფლანგავთ ყველაზე ძვირფასს – დროს. მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ, „უსარგებლო ქანდაკებების” შექმნაზე არ მოცდნენ და საკუთარი ქცევისა და აზროვნების „გაშალაშინებას” მიჰყონ ხელი, თავად ცხოვრებისგან ისწავლონ გააზრებით ცხოვრება.

სანამ A-დან B წერტილამდე უმოკლესი გზები გაგვყავდა, ერთმანეთთან და საკუთარ თავთან მისასვლელი ბილიკიც დავკარგეთ. იქნებ მართლა ჯობდა, გენიალური გამოგონებებით თავის მოწონების ნაცვლად მოსმენა გვესწავლა? „ვჩქარობთ, მენიდან ტექსასამდე მაგნიტური ტელეგრაფის მოწყობა გვინდა; ოღონდ მეინს და ტექსასს შესაძლოა ერთმანეთისთვის ბევრი არც არაფერი ჰქონდეთ სათქმელი”.

კითხვის სწავლება საკომუნიკაციო მეთოდის გამოყენებით ნაწილი I

0
გაზეთს, ჟურნალსა თუ წიგნს კონკრეტული მიზნით ვკითხულობთ: ცოდნის მისაღებად, მეგობრებსა თუ კოლეგებთან საუბრისას კომპეტენტური ავტორების აზრის მოსაშველიებლად, მოხსენებით გამოსვლისთვის, ამა თუ იმ საკითხის შესახებ სტატიის დასაწერად, გასართობად.

თუ კითხვისას კონკრეტული მიზანი არ გვაქვს, კითხვის პროცესი აზრს კარგავს. ამ შემთხვევაში წაკითხულის გაგება გვიჭირს.

უცხოური ენის სწავლისას კითხვა საკმაოდ რთული გონებრივი პროცესია. იგი არეგულირებს კომუნიკაციურ ამოცანებს, რომელთა გადაჭრა უწევს მკითხველს თავის ყოველდღიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში. მიზანი სხვადასხვაა: მიღებული ინფორმაციის სხვისთვის გაზიარება, საუბრისას, სიტყვით გამოსვლისას, მესიჯის წერისას გამოყენება…

საკომუნიკაციო ამოცანები არეგულირებს კითხვის პროცესს, აკონტროლებს აზრთა მდინარებას კითხვის დროს.
ბევრს მიაჩნია, რომ თუ მოსწავლე ცნობს ასოებს, ახერხებს მარცვლებისა და სიტყვების ამოკითხვას, სიტყვის ამოცნობას ტექსტში, ის კითხვას ისწავლის, სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ეს აზრი მცდარია. როგორც ფსიქოლინგვისტიკა გვიჩვენებს, კითხვა არ გულისხმობს სიტყვების ამოკითხვას; ეს არ არის პრიმიტიული, მექანიკური პროცესი. კითხვის უნარი დამოკიდებულია საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებზე დაყრდნობით ზოგადი შინაარსის ამოცნობაზე. ამ უნარ-ჩვევის განვითარება რთულია, თუ მოსწავლეს ტექსტის აზრობრივი აღქმის უნარი არ შესწევს. საკომუნიკაციო მეთოდი გვთავაზობს, კითხვაზე მუშაობის დროს დავეყრდნოთ როლურ თამაშებს, დისკუსიას. კერძოდ, წავიკითხოთ, რათა შემდეგ გავითამაშოთ (სიტუაციის სიმულაცია), ვიმსჯელოთ ტექსტში წამოჭრილ პრობლემებზე. ამისთვის მკითხველი წინასწარ ირჩევს ფრაზებს, სიტყვებს, საჭირო ინფორმაციას, არგუმენტებს შემდგომი ამოცანის შესასრულებლად.

როდესაც მოსწავლეს რამის წაკითხვას ვთხოვთ, მისი წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეესაბამება მოცემული ტექსტი მისი ცოდნის დონეს.

შესაძლოა, გვსურდეს, მოსწავლეებმა ავთენტური, ორიგინალური, არა საგანგებოდ ენის შემსწავლელთათვის დაწერილი ტექსტები იკითხონ, მაგრამ დაბალ საფეხურზე ამგვარი ტექსტების კითხვა რთულია, სირთულემ კი, შესაძლოა, მოსწავლისთვის მიუწვდომელი გახადოს უცხო ტექსტი. ავთენტური ტექსტები დამწყებთათვის ძალზე მარტივი უნდა იყოს: მენიუ, ცხრილი, აბრა, მარტივი ინსტრუქცია. მოსწავლეს მისი დონის შესაბამისი მასალა უნდა მივაწოდოთ. მნიშვნელოვანია, ტექსტი ზედმიწევნით ახლოს იყოს რეალობასთან. თუ გვსურს, მოსწავლეებმა სიამოვნებისთვის იკითხონ, ტექსტი მათთვის მეტისმეტად რთული არ უნდა იყოს. თუ კითხვა ძალიან გაუჭირდათ, შესაძლოა, თავიც კი დაანებონ. სწორედ ამიტომ უნდა იკითხონ დამწყებმა მოსწავლეებმა მარტივი და დონეების მიხედვით დაყოფილი ტექსტები. ამის შედეგად მოსწავლეები მაშინაც კი შეძლებენ კითხვისგან სიამოვნების მიღებას, როცა მასწავლებელი მათთან არ იმყოფება და მათი დახმარება არ შეუძლია.

მოსწავლეებს კითხვისას რამდენიმე დავალების შესრულება უწევთ. მათ უნდა შეძლონ ტექსტის ისე წაკითხვა, რომ იპოვონ სასურველი ინფორმაცია (მაგ., ვეძებთ ტელეფონის ნომერს). ამ ხერხის გამოყენებისას თითოეული სიტყვის ან სტრიქონის წაკითხვა არ არის საჭირო. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტის ზერელე გადაკითხვაც მისი ძირითადი იდეის, არსის გასაგებად (მაგალითად, როდესაც თვალს გადავავლებთ ფილმის მიმოხილვას, რათა გავიგოთ, რის შესახებაა ფილმი ან რას ფიქრობს მასზე მიმომხილველი). თუ მოსწავლემ ამ ხერხის გამოყენებისას ყოველ სიტყვას მიაქცია ყურადღება, სავარაუდოდ, ძირითადი აზრის გამოტანა გაუჭირდება, რადგან დეტალებზე მოახდენს კონცენტრაციას.
 კითხვის ტიპები და სახეობები

რას ვკითხულობთ?

რა მიზნით?

როგორ? (კითხვის ტიპები)

გაზეთები, ჟურნალები

ზოგადი ინფორმაციის
გასაცნობად

მიმოხილვითი კითხვა შინაარსის ზოგადი, ზედაპირული გაგება

წერილები

ურთიერთობა, კონტაქტის
დამყარება, პასუხი

მიმოხილვითი კითხვა
შინაარსის ზოგადი, ზედაპირული გაგება

რეცეპტი, მენიუ, ინსტრუქცია

განცხადება, აფიშა,
რეკლამა

სახელმძღვანელოები,
ლექსიკონები, სამეცნიერო ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა

პირობის (მოქმედების)
სწორად შესრულება

აქტივობათა დაგეგმვა,
მოცემული ინფორმაციის გამოყენება, ესთეტიკური სიამოვნებისთვის კითხვა, ცოდნის გაღრმავება,
წყაროდ გამოყენება

გაცნობითი კითხვა- შინაარსის სრულად

გაგება

სელექციური (არჩევითი)
კითხვა – საჭირო ინფორმაციის პოვნა, ციტატები

დეტალური კითხვა – ზედმიწევნით სრული, დეტალური კითხვა


რა ხარვეზებს ვაწყდებით კითხვაზე მუშაობის დროს
1. ხშირად მასწავლებელი ახალ ტექსტს ჯერ თვითონ წაიკითხავს, მერე მოსწავლეებს წააკითხებს ხმამაღლა, მერე კი ეს უკანასკნელნი უპასუხებენ კითხვებს. ამ დროს მასწავლებელს გულწრფელად მიაჩნია, რომ კითხვას ასწავლის. სინამდვილეში, ასე არ არის! აქ შეიძლება ორი ხარვეზი გამოვყოთ. პირველი: ხმამაღლა კითხვის დროს მოსწავლის მთელი ყურადღება არტიკულაციისკენ არის მიმართული, ამიტომ შინაარსის გააზრება უჭირს, რაც კითხვებზე პასუხის გაცემაში ხელს უშლის. მეორე: კითხვა გულისხმობს ტექსტის გრაფიკული სახისა და შინაარსის შესაბამისობის აღქმის უნარს, ამიტომ მასწავლებელმა საკმარისი დრო უნდა მისცეს მოსწავლეს, რათა ამ უკანასკნელმა, კითხვებზე პასუხის გაცემამდე დამოუკიდებლად (უხმოდ) წაიკითხოს ტექსტი.

2. ბევრ მასწავლებელს ჰგონია, რომ კითხვაა კლასში ნებისმიერი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა, ამიტომ ხშირად ეს პროცესი ფასდება კიდეც. სინამდვილეში ეს არ არის კითხვა, ეს კითხვის ტექნიკაზე მუშაობაა.

3. მასწავლებლები ნაკლებ დროს უთმობენ ამ ტიპის აქტივობებს საშინაო დავალების მიცემისად. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალა სავსებით საკმარისია. ამის შედეგად:

ა) მოსწავლეს ვერ ვუვითარებთ ვარაუდის გამოთქმის უნარს;
ბ) ნაკლები ყურადღება ექცევა ფრაზების გრამატიკულ და სემანტიკურ სტრუქტურას;
გ) მოსწავლეები ვერ სწავლობენ საჭირო ინფორმაციის ამოკრეფას, საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შინაარსის ამოცნობას.

4. მასწავლებლები იშვიათად იყენებენ „საშინაო კითხვას”.

5. ბევრი ტექსტში ყოველ სიტყვას ათარგმნინებს – ეს არ არის რეკომენდებული და შედეგის მომცემი, ვინაიდან კონცენტრირება მათი შინაარსის დამახსოვრებაზე ხდება და მოსწავლე ვერ ახერხებს, უპასუხოს უცხოურ ენაზე დასმულ კითხვას. სასურველია, ვასწავლოთ შინაარსის ამოცნობა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.

6. კითხვა იშვიათად კონტროლდება მასწავლებლის მიერ, იშვიათად ხდება ამ კომპონენტის შეფასება. ცნობილია, რომ კითხვის უნარის განვითარება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დიდხანს შეინარჩუნოს და დამოუკიდებლად განივითაროს ენობრივი ცოდნა.
 რეკომენდაციები კითხვის უნარის განვითარებისთვის
1. სამუშაო გეგმის შედგენისას მასწავლებელმა მნიშვნელოვანი დრო უნდა დაუთმოს კითხვის უნარზე მუშაობას.

2. მასწავლებელმა ტექსტის კითხვა საინტერესო საგაკვეთილო პროცესად უნდა აქციოს, გამოიყენოს თემა სადისკუსიოდ და ჩაატაროს აქტივობები ტექსტის რეალობაში გადმოსატანად.

3. შემაჯამებელი სამუშაოებისა და ტესტირებების დროს სწავლების დაწყებითი ეტაპიდან უნდა ფასდებოდეს კითხვის უნარი.

4. რეკომენდებულია, მოსწავლეებს დაწყებითი ეტაპიდან გავაცნოთ ავთენტური ტექსტები (გაზეთები, ჟურნალები, წიგნები). შევთავაზოთ, ვარაუდი გამოთქვან სათაურის, გაფორმების, ციტატის, სურათის მიხედვით.

5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საშინაო კითხვას, რაც მოსწავლეს წიგნთან მუშაობას აჩვევს, უვითარებს კითხვის უნარს, უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, ერუდიციას.

6. როცა გადაწყდება, რა უნდა წაიკითხონ მოსწავლეებმა (დონის, თემისა და ლინგვისტური პოტენციალის გათვალისწინებით), უნდა ავარჩიოთ კარგი დავალებები – სწორად ფორმირებული კითხვები და სხვ. ყველაზე სასარგებლო და საინტერესო ტექსტიც კი უღიმღამო გახდება, თუ დავალებები შეუსაბამო და მოსაბეზრებელი იქნება. საუკეთესო პასაჟი შეიძლება ჩამოყალიბდეს საინტერესო, კრეატიული აქტივობით, შეჯიბრებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეჯიბრების სირთულე შეესაბამება კლასის მომზადების დონეს.

რელიგის წარმოშობის თეორიები -მეორე ნაწილი

0
დურკჰაიმი და სოციოლოგიური სკოლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე რელიგიათმცოდნეობაში ჩამოყალიბდა ახალი მიმდინარეობა, რომელსაც პირობითად რელიგიის სოციოლოგია ეწოდება. ამ მიმდინარეობის დამაარსებლად შეიძლება მივიჩნიოთ ფრანგი მეცნიერი ემილ დურკჰაიმი.
დურკჰაიმის აზრით, რელიგია და საზოგადოება ფაქტობრივად ერთი და იგივეა: რელიგია სიმბოლური ფორმით გამოხატული სოციუმია, სოციალური რეალობაა. რელიგიურ კულტმსახურებაში საზოგადოება, როგორც უზენაეს მოვლენას, თაყვანს სცემს საკუთარ თავს, რომელიც თითოეულ ადამიანზე ან ინდივიდების ჯამზე მაღლა დგას. რელიგიას აქვს სოციალური წარმოშობა. მეცნიერის აზრით, ნებისმიერი რელიგიური მსოფლმხედველობისთვის სამყარო დაყოფილია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროდ: წმინდად და მიწიერად, – სადაც წმინდად მოიაზრება თვით საზოგადოება. რელიგიაში საზოგადოება აღმერთებს საკუთარ თავს. 
დურკჰაიმი მაგიას რელიგიისადმი მტრულად განწყობილად მიიჩნევს, რადგან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია ეკლესია და მრევლი. მაგს, სამღვდელო პირისგან განსხვავებით, საქმე აქვს არა მორწმუნეთა კოლექტივთან, არამედ ინდივიდუალურ კლიენტურასთან. მეცნიერი ხაზს უსვამს მაგიის ინდივიდუალისტურ (მავნე) ხასიათს, რომელსაც უპირისპირებს სოციალურად მაინტეგრირებელი ფუნქციის მატარებელ რელიგიას.
დურკჰაიმისა და მისი სკოლის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა კოლექტიური წარმოდგენების თეორიის შემუშავება. ამ სკოლის წარმომადგენელთა აზრით, კოლექტიური წარმოდგენები პრინციპულად განსხვავდება ინდივიდუალურისგან. კოლექტიური აზროვნება ე.წ. ფსიქიკური ცხოვრების უმაღლესი ფორმაა. როგორც ჯამი ინდივიდებისა არ წარმოადგენს საზოგადოებას, ისე საზოგადოებრივი აზროვნება არ წარმოადგენს ინდივიდების აზროვნების ჯამს. აქედან გამომდინარე, რელიგიური წარმოდგენები კოლექტიური წარმოდგენებია.
თავის მონოგრაფიაში „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები” დურკჰაიმი წერს, რომ „თუ რელიგიის წარმოშობაში ვგულისხმობთ რელიგიის ათვლის წერტილის პოვნას, მაშინ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ამგვარ ძიებას მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. რომელ მომენტში ჩაისახა რელიგია, ზუსტად ვერავინ იტყვის, ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე უაზრობად მიმაჩნია”. რელიგიის „წარმოშობაში” დურკჰაიმი გულისხმობს არა ამ რწმენის აბსოლუტური საწყისის, არამედ მისი წარმოშობის სოციალური პირობების კვლევას. 
დურკჰაიმი ვარაუდობს, რომ პირველყოფილ ხალხებში არსებობდა იდეა არამატერიალური სუბსტანციის შესახებ, რომლითაც გაჯერებული იყო მთელი სამყარო და რომელიც სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული სახელებით გვხვდება: მანა, ვაკანი, ორინდა, მანიტუ და სხვა. ამ უნივერსალური ძალის გაგება სოციალურ ნიადაგზე წარმოიშვა. მეცნიერის აზრით, ტოტემი ამ ძალის კონკრეტული მატერიალური გარდასახვაა. სწორედ ეს სუბსტანციაა რელიგიური აზროვნების პირველსაწყისი, რომელიც საკრალურ ერთარსს წარმოადგენს.
დურკჰაიმი მიიჩნევს, რომ ტოტემი სოციალური ერთობის სიმბოლური გამოხატულებაა, ხოლო ტოტემური სიმბოლოები ამ საზოგადოების სოლიდარობის ასახვას წარმოადგენს. მეცნიერი განიხილავს ტოტემიზმს როგორც ფორმას, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივი ორგანიზაციის ყველაზე არქაულ მოწყობას და უძველეს საზოგადოებრივ სტუქტურებს ასახავს.
რელიგია – ეს მატრიცაა, რომლის წიაღშიც წარმოიშვა საზოგადოებრივი აზროვნების ყველა სხვა ფორმა – მორალი, მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა… „პირველად იყო რელიგია”, – ასკვნის ემილ დურკჰაიმი.
ფროიდი და იუნგი – არაცნობიერის პრობლემა. ფსიქოანალიტიკური თეორიის შემქმნელმა ზიგმუნდ ფროიდმა რელგიის წარმოშობის საკითხი სრულიად ახლებურად დააყენა. ეს მოვლენა მან ადამიანური ფსიქიკის ისეთ ფენომენს დაუკავშირა, როგორიცაა არაცნობიერი. ფროიდი და მისი მიმდევრები ადამიანის სულიერ ცხოვრებას ნევროზულ მდგომარეობასთან აიგივებდნენ. რელიგიის ისტორია – ეს კოლექტიური ნევროზის ისტორიაა, რომლისგანაც გათავისუფლება კაცობრიობას მხოლოდ გონების მეშვეობით შეუძლია. წიგნში „ტოტემი და ტაბუ” მეცნიერი ქმნის ე.წ. ფსიქოანალიტიკურ მითს. ამ მითს საფუძვლად უდევს დრამატული ისტორია შვილებისა, რომლებმაც დედისადმი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარი მამა მოკლეს, ხოლო მისი გვამი შეჭამეს. ფროიდის აზრით, პირველყოფილი „ურდო” აერთიანებდა ქალებს, ბავშვებსა და მათ ხელმძღვანელს – პატრიარქს. ინცესტი – ქორწინება სისხლით ნათესავებს შორის – ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული, ამიტომ ჯგუფის მეთაურს შეეძლო, სქესობრივი ურთიერთობა დაემყარებინა ნებისმიერ ქალთან, მათ შორის – საკუთარ დებსა და ქალიშვილებთან. კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად პატრიარქი ურდოდან აძევებდა ვაჟებს, რომლებიც სქესობრივ სიმწიფეს აღწევდნენ. გაძევებული შვილები, რომლებსაც ქალებთან ურთიერთობა აეკრძალათ, კლავდნენ საკუთარ მამას. ეს ტრაგედია წარმოშობდა სინანულს, რაც იწვევდა ცოდვის მონანიების სურვილს და ინცესტის ტაბუირების (აკრძალვის) აუცილებლობას. ამიერიდან ქორწინება შეიძლებოდა მხოლოდ სხვა ჯგუფის ქალებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩამოყალიბდა ეგზოგამია. ამასთანავე, ცოდვილმა შვილებმა მამა რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად გაიხადეს. ფროიდის მიხედვით, სწორედ იმ ფსიქოლოგიური ფენომენიდან, რომელსაც ოიდიპოსის კომპლექსი ეწოდა, წარმოიშვა რელიგია. ის წარმოიშვა ტოტემიზმის ფორმით, სადაც მოკლული მამა გახდა შთამომავლების ტოტემი. მამისადმი ამბვალენტური (ურთიერთსაპირისპირო განცდების მომცველი) გრძნობები, სიყვარული და სიძულვილი, შვილებმა ტოტემურ ცხოველზე გადაიტანეს. ისინი ყოველწლიურად მართავდნენ ტოტემურ წარმოდგენას, რომელიც განასახიერებდა მამის მკვლელობას ცხოველების რიტუალური დახოცვისა და მათი შეჭმის მეშვეობით. ამრიგად, ოდესღაც მოკლული და შეჭმული მამა გადაიქცა ტოტემურ ცხოველად, ხოლო ძველი კანიბალური ტრაპეზი – რიტუალურ მსხვერპლშეწირვად. ამავე პრობლემის გადაჭრას, ფროიდის აზრით, ცდილობდნენ გვიანდელი რელიგიებიც: „მამისადმი სინანული წარმოადგენს ყველა რელიგიის განვითარების საფუძველს”. მამის „შემცვლელი” ტოტემი დროთა განმავლობაში ღმერთად გადაიქცა. განვითარებული რელიგიების ღმერთი ფსიქოლოგიურად მამის სახის იდეალიზაციას წარმოადგენს. მოგვიანებით მამა ღმერთი ისევ ადამიანის სახით წარმოგვიდგა. რელიგიაში სუბლიმაცია (ფსიქიკის დამცავი მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს შინაგანი დაძაბულობის მოხსნის და ენერგიის სოციალურად მისაღები საქმიანობისკენ წარმართვის საშუალებას) განიცადა სიყვარულისა და სიძულვილის, ბრალეულობისა და მონანიების დათრგუნულმა და განდევნილმა გრძნობებმა. რელიგიური ინსტიტუტები მოწოდებულნი იყვნენ, აელაგმათ კაცობრიობის გამანადგურებელი, ირაციონალური ინსტინქტები და მიეცათ მათთვის სოციალურად პოზიტიური გეზი. ამრიგად, ფროიდის თანახმად, ძველი მამისმკვლელობიდან წარმოიშვა როგორც რელიგია, ასევე სოციალური ორგანიზაცია და მორალი.
მეორე დიდი ფსიქოლოგის, კარლ გუსტავ იუნგის ნააზრევში დიდი ადგილი უკავია კოლექტიური არაცნობიერის ფენომენს როგორც სუბსტრატს კოლექტიური ფსიქიკური ცხოვრებისა.
იუნგი უშვებს, რომ ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაში, ინდივიდუალურ არაცნობიერთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლექტიურ არაცნობიერსაც. კოლექტიური არაცნობიერი ბადებს ელემენტარულ იდეებს, რომელთაც მეცნიერი არქეტიპებს უწოდებს. არქეტიპების საფუძველზე, მათი გაცნობიერებული ინტერპრეტაციის გზით, ყალიბდება ადამიანის აზროვნების შემადგენელი სახეები, უპირველეს ყოვლისა, რელიგიურ-მითოლოგიური. ეს სახეები გვევლინებიან ე.წ. დამცავ მექანიზმებად „არაცნობიერის საშიშროების” წინააღმდეგ, რომელიც განადგურებას უქადის ადამიანსა და საზოგადოებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არქეტიპები უძველესი უნივერსალური, ზოგადსაკაცობრიო იდეები და წარმოდგენებია, რომლებიც ასახავს ზოგადადამიანურ გამოცდილებას სიმბოლური ფორმით – მითებში, რელიგიურ და მხატვრულ შემოქმედებაში.
კაცობრიობის რელიგიური ისტორია, იუნგის აზრით, კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპების წარმოშობის, ინტერპრეტაციისა და რეინტერპრეტაციის ისტორიაა. პირველყოფილი ადამიანები, – ამბობს მეცნიერი, – კი არ იგონებენ საკუთარ მითებს, არამედ „განიცდიან” მათ. იუნგს მიაჩნია, რომ რელიგია ადამიანის გონების ყველაზე ძველი და უნივერსალური შემოქმედების ნაყოფია. 
ფუნქციონალიზმი და პირველყოფილი რელიგია. ფუნქციონალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად სამართლიანად მიიჩნევა დასავლური ეთნოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბრონისლავ მალინოვსკი. ფუნქციონალისტები თითოეულ საზოგადოებას განიხილავდნენ როგორც ერთ მთლიანობას, ერთ სისტემას, რომელიც ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი ნაწილებისგან შედგება. ყოველი მათგანი ასრულებს განსაზღვრულ და აუცილებელ როლს მთელი სისტემის ფუნქციობისთვის, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. სხვა თეორიებთან შედარებით ფუნქციონალიზმს ის უპირატესობა აქვს, რომ კულტურის ცალკეულ მოვლენებს განიხილავს არა როგორც იზოლირებულს, მთელიდან ამოგლეჯილს, არამედ როგორც ერთი მთლიანობის ნაწილებს, რომელთა გაგებაც შეუძლებელია სოციოკულტურულ გარემოში მათი ადგილისა და როლის გაუაზრებლად. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ეხება რელიგიასაც. არქაულ საზოგადოებებში მითი, რელიგია და მაგია, მალინოვსკის აზრით, წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანულ ნაწილს. რელიგიის შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ერთიან კონტექსტში. ამგვარი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ავხსნათ მისი როლი, ადგილი და წარმოშობა.
ბრონისლავ მალინოვსკი მიიჩნევს, რომ პირველყოფილმა ადამიანებმა შრომის იარაღებისა და ენის – სოციალური კომუნიკაციის მძლავრი იარაღის – მეშვეობით საფუძველი ჩაუყარეს სამყაროს მეცნიერულ ათვისებას. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ დარჩა ადამიანისთვის არაკონტროლირებადი და აუხსნელი. ის უძლურ იყო, აელაგმა უბედური შემთხვევები, ბუნების სტიქიური და გამანადგურებელი მოვლენები. ამ მოვლენებზე გარკვეული კონტროლის დასამყარებლად ადამიანები მიმართავდნენ მათ მიერ შექმნილ ისეთ იარაღს, როგორიც იყო მაგია. მაგიის მეშვეობით ისინი ერთგვარად ცდილობდნენ იმ სირთულეთა კომპენსირებას, რომელთა მოგვარებას რაციონალური გზებით ვერ ახერხებდნენ. 
მეცნიერს მიაჩნია, რომ არქაული ადამიანისთვის სამყარო ორ ნაწილად იყოფა. პირველი ისეთი მიზეზშედეგობრივი სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა  ახსნა და კონტროლირება ადამიანს შეუძლია, ხოლო მეორე – მტრულ ძალებს, რომელთა ალაგმვაც არსებული ცოდნითა და რაციონალური შრომითი გამოცდილებით შეუძლებელია. სწორედ აქ წარმოიშობა მაგიისა და რელიგიის საჭიროება.
მალინოვსკი მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, პოზიტიური ცოდნა, როგორც მეცნიერების საფუძველი, მეორე მხრივ კი რელიგია და მაგია ასრულებენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ფუნქციას, რომლებიც აკმაყოფილებს პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან მოთხოვნილებებს. სამივე სფერო – მეცნიერება, მაგია და რელიგია – აუცილებელია საზოგადოების ფუნქციობისთვის.
ფუნქციონალისტების აზრით, რელიგიისა და მაგიის ფუნქციები დაახლოებით ერთნაირია. რელიგია ამკვიდრებს სოციალურად პოზიტიურ ფასეულობებს. მას საფუძვლად უდევს არა განსჯა და სპეკულაციები, არა ილუზიები და შეცდომები, არამედ ადამიანური ცხოვრების რეალური ტრაგედიები. ადამიანს შეუძლია, რელგიის მეშვეობით დაძლიოს ეს ტრაგედიები და შეეგებოს სიკვდილს. 
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მკვლევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მეცნიერებას არ ძალუძს გასცეს პასუხი კითხვას, როგორ წარმოიშვა რელიგია, ამიტომ, ამ თაობის მეცნიერები აქცენტს უმთავრესად კონკრეტული რელიგიების შესწავლაზე სვამენ. ასევე ძალიან გავრცელებულია რელიგიების განხილვა მსოფლიო ისტორიისა და საზოგადოების განვითარების ჭრილში.
რელიგიის წარმოშობისა და მისი ისტორიის ამსახველი ნაშრომი ქართულ ენაზე, სამწუხაროდ, თითქმის არ მოიპოვება. სწორედ ამ ხარვეზის ამოვსებას ისახავს მიზნად ჩვენი სტატია. 

ჩვეულებრივი- არაჩვეულებრივი ჰობიტი

0
ტოლკიენი ჯერ კიდევ თუ არ წაგიკითხავთ, რიგითობის პრინციპი დაიცავით და “ჰობიტით” დაიწყეთ. ბევრი ტოლკიენონამი “ჰობიტს” “საბავშვო ბაღად” მიიჩნევს, მაგრამ წიგნს არც სუპის სუნი უდის და არც არსად დაცურავს სქლად დაჭრილი ხახვი, არც მომვლელი გაიძულებთ, შუადღის არასასურველ ძილს მიეცეთ და არც საყვარელ სათამაშოს გართმევთ რომელიმე უპირობო ლიდერი. ეს არის ამბავი ჩვეულებრივი, სიმშვიდისმოყვარე ჰობიტისა, რომელმაც სრულიად არაჩვეულებრივი საქმეები ჩაიდინა. ჩვენ, ყველანი, პატარ- პატარა გმირობების პატრონები ვართ. არსებობენ სახლის პატრონები, ძაღლის პატრონები, ბავშვის პატრონები, დიდძალი ფულის პატრონები, მაღაზიათა ქსელების პატრონები, ერთი, მარჩენალი ძროხის პატრონები თუ “ეფლის” აქციების პატრონები. ბილბო აბგელი (ბილბო ბეგინსი) კი კეთილმოწყობილი სოროს, სასუსნავების მოყვარული მუცლისა და ჰობიტთათვის დამახასიათებელი ბანჯგვლიანი ტერფების პატრონია და წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ოდესმე, შეიძლება, საკუთარ გმირობებს უპატრონოს. თუმცა ერთ მშვიდ, მზიან დილას მას დიდი ჯადოსანი, გენდალფი ესტუმრება და აიძულებს, დაეხმაროს ცამეტ ჯუჯას ბოროტი დრაკონის, სმაუგის მიერ მითვისებული საცხოვრისისა და განძის გამოხსნაში. ბილბოს კი, რომელიც, თავისდაუნებურად გმირი და “დიდი გამტეხი” გახდა, მთელი რთული გზისა და არასასიამოვნო თავგადასავლების განმავლობაში არ ტოვებს შიში, არც  სურვილი,- დაუბრუნდეს საკუთარ მშვიდ, მიწისქვეშა ცხოვრებას, სავსეს ჩაიდნის უდარდელი ზუზუნითა და საუზმე- სადილ- ვახშამზე ზრუნვით. ეს ერთი მხრივ კომიკურია, მეორე მხრივ კი ძალიან, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დეტალი:  სისუსტე და შიში პოზიტიურ საქმეებს არ გამორიცხავს და მათი თანხლებითაც ხდებიან გმირები. ბილბო სულ ცოტათი წააგავს ნაცარქექიას, ზუსტად ასეთივე მოხერხებული და უდარდელია, მაგრამ არა- ნაცრის ქექვით და სრული უსაქმურობით გატაცებული. 

არც “ჰობიტი” და არც “ბეჭდების მბრძანებელი” ევროპული მითოსის უბრალო გადამღერება არ გახლავთ. ევროპული ფოლკლორიდან გადმოტანილი პერსონაჟები  პირველად ნიშნებს ინარჩუნებენ, თუმცა მათი გამდიდრებული ხასიათები, ზუსტად გაწერილი და არაჩვეულებრივი ზღაპრული სამყარო ცალკე დროსა და სივრცეს ქმნის. ტოლკიენის სამყარო იმდენად რეალურია, მკითხველს შანსს არ უტოვებს, მის არსებობაში ეჭვი შეეპაროს,- უმალ საკუთარი ეპოქის არსებობას დავაყენებთ ეჭვქვეშ. ჩვენი ყოვლისშემძლე, ტექნიკური აღამავლობის ხანის მსოფლიო ხომ ხშირად ისეთი მომაბეზრებელი ხდება, იმდენად არაუშუალო, არაგულწრფელი  და ხელოვნური, მზად ხარ, ბნელტევრის საშიშ ბილიკებზეც კი იმოგზაურო, ოღონდაც მიაგნო სამყაროს, რომელიც პირველ საწყისებთან დაგაბრუნებს. თუმცაღა, მე, გადამკიდე დამღლელი არაქნეფობიით, ბნელი ტყის ერთადერთ არასაშიშ ბილიკს არაფრისდიდებით გადავუხვევდი. 

რადგან ეს არც მეცნიერული წერილია, არც კრიტიკული რეცენზია და არც ტოლკიენისტიკის სიღრმეებში ვიჭრები, უფლება მაქვს, პარალელებით ქრისტიანობასა თუ წარმართულ ფოლკლორში თავი არ მოგაბეზროთ. სამაგიეროდ, თავისუფლად შემიძლია, გადავუხვიო ნებისმიერ “ბილიკზე”, ნებისმიერ “ორღობეს” მოვედო და ნებისმიერი გზით ვეცადო,  ჯერ ჩემი საყვარელი ტოლკიენი წაგაკითხოთ და მერე ჯექსონის შესანიშნავი ეკრანიზაციებიც შემოგაპაროთ. ეს განსაკუთრებით ახლა შემიძლია: კითხვისათვის აქტიურ პერიოდში. თან, გაითვალისწინეთ, კარგა ხანია, ქართული თარგმანებიც გამოვიდა: სამუშიას თარგმანი, რომელსაც წუნი საკუთარი სახელების გადმოქართულებაში დასდეს. მე კი დარწმუნებული ვარ, ბილბო აბგელი ბილბო ბეგინსივით შეგიყვარდებათ და რა თქმა უნდა, შეიყვარებთ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინს, ბრიტანელ ფილოლოგსა და ფენტეზის ჟანრის მწერალს, “სილმარილიონის”, “ჰობიტისა” და “ბეჭდების მბრძანებლის” ავტორს, რომელმაც შეძლო, სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ბრძოლაზე ისეთი იუმორით მოეთხრო, როგორც შეიძლება ისაუბრო მეზობელი მანანას მუდმივ ომზე მეზობელ ციალასთან. ამავდროულად კი, მან შეძლო, მკითხველს გამუდმებით ეფიქრა ისეთ მნიშვნელოვან შინაგან პლასტებზე, როგორებიცაა ჰობიტი ფროდოს  ეტაპობრივი გარეგნული მსგავსება გრძნეულ ელფებთან (“ბეჭდების მბრძანებელი”) და მის მოკვეთილ, ბეჭდიან თითს უფსკრულში გადაყოლილი გოლუმი, როგორიც ჯუჯების მოულოდნელი სიხარბე თუ გენდალფის მოულოდნელი გაუჩინარებებია (“ჰობიტი”). ყველა შემთხვევაში თქვენ, ვისთვისაც ეს პოსტი დაიწერა, ძალიან, ძალიან ბედნიერი მკითხველები ხართ, რადგან წინ იმხელა თავგადასავლები გელით, ჩაშლილ ზაფხულს წვიმიან ზღვისპირეთში საწუწუნოდ აღარ გაიხდით.

გიორგი ლობჟანიძე – მასწავლებელს ყოველთვის აქვს დრო მოწაფისთვის

0

ერთი დიალოგი მაგონდება: მაშინ გიორგი ლობჟანიძე “ყურანის” თარგმანზე მუშაობდა და აღნიშნა, არაბული უცნაური ენაა, ამ ენაზე “ბალახი” და “ვარსკვლავი” ერთნაირად გამოითქმისო. პოეტმა დიანა ანფიმიადიმ უპასუხა, ალბათ იმიტომ, რომ ვარსკვლავი ზეცის ბალახიაო. მახსოვს ეს გასაუბრება და შიში, რომელიც განვიცადე, როცა წარმოვიდგინე, რას ნიშნავს, თარგმნო “ყურანი” – წიგნი, რომელიც რწმენას უნერგავს მილიონებს, სხვა მიზეზებთან ერთად, თავისი მხატვრული ფასეულობითაც.

კიდევ, არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩემმა ნამდვილმა მასწავლებელმა, ეკა ნავროზაშვილმა, უნივერსიტეტში მოგვიტანა გაზეთი, რომელშიც ჩემთვის უცნობი ავტორის ორი ლექსი იყო დაბეჭდილი: “ბრბოს კაცი” და “ქაღალდის სახლი”, – და მე ის ავტორი ჩემს საყვარელ პოეტად ავირჩიე. ორიოდე წლის შემდეგ ეკა მასწავლებელმა გიორგი ლობჟანიძე სტუმრადაც გვაწვია. მახსოვს, ვკითხე:

– მე თქვენი მშურს. ვისი გშურთ თქვენ?

ისე, რომ წამითაც არ შეუცბუნებია ჩემი კითხვის უცნაურ ფორმულირებას, მყისვე დამისახელა სამი ადამიანი: თინა მარგველაშვილი, ალექსანდრე გვახარია და ვახუშტი კოტეტიშვილი. სამივე მისი მასწავლებელი იყო. სწორედ ეს სამი ადამიანი ახსენა ახლაც, როცა ინტერვიუ ვთხოვე როგორც პედაგოგსა და შესანიშნავი პედაგოგების მოწაფეს. იგი დამთანხმდა, რადგან იცის, რომ ჩემი მასწავლებელია და ამბობს, რომ მასწავლებელს ყოველთვის აქვს დრო მოწაფისთვის.

გიორგი ლობჟანიძე ფიქრობს, რომ მასწავლებელს მართლა შეუძლია მოსწავლის ცხოვრების შეცვლა და მისი აზროვნების სრულიად სხვა რელსებზე გადაყვანა. ოღონდ მაინცდამაინც იმ მასწავლებელს არა, რომელიც ბედმა გარგუნა, – მასწავლებელი შენ თვითონ უნდა აირჩიო, როგორც საყვარელი პოეტი ან, უფრო ზუსტად, როგორც მოძღვარი. ასე აირჩია მან ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც სულ ერთი სემესტრის განმავლობაში იყო მისი პედაგოგი, მაგრამ მას შემდეგ ოთხი წელი ყოველთვის და ყველგან ახერხებდა დასწრებოდა მის მეცადინეობებს და ესწავლა მისგან ყველაფერი, რისი სწავლაც ერთ ადამიანს მეორისგან შეუძლია. ბატონი ვახუშტი ეხუმრებოდა ხოლმე, მე ხომ მზე ვარ და მზე ვარ – შენ ჩემი თანამდევი პლანეტა ხარო.

ბატონი ვახუშტისგან მაშინ ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა: როგორ უნდა გაუძლო ცხოვრების ფსკერზე აღმოჩენას, საყოველთაო სიყვარულს შეჩვეულმა როგორ უნდა აიტანო ყველას განდგომა და დამცირება; რომ ხალხის აღტაცება ეფემერაა და წამში ქრება; რომ მასწავლებელი უშურველია და შეგირდში არასოდეს ხედავს მეტოქეს და რომ შინაგანი თავისუფლება არის ის, რაც ყველა გასაჭირს გაგიიოლებს.

არაბები უცნაური ხალხია – მასწავლებელს გვამების გამბანს ადარებენ, რომლის ხელშიც შეგირდი მიცვალებულივით დამყოლი უნდა იყოს. თუ მოძღვარი აირჩიე, უნდა ბოლომდე დაემორჩილო კიდეც და მისცე საშუალება, შენგან ის გამოძერწოს, რაც სურს.

გიორგი ლობჟანიძის გამოძერწვის ამბავი იქიდან იღებს სათავეს, 11 წლისა ბლის საკრეფად წასული შუა გზიდან რომ მიბრუნდა უკან და სასწრაფოდ ფურცელზე გადაიტანა პირველი ლექსი. ერთხანს აწუხებდა საკუთარი განსხვავებულობა, ბალზეც კი რომ ათქმევინა უარი, მაგრამ როდესაც აღტაცებულმა უფროსმა დებმა მისი ლექსები ხაშურის რაიონულ გაზეთ “გამარჯვების გზაში” გაგზავნეს, იქ, ასე განსაჯეთ, დაბეჭდეს კიდეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰონორარიც, მანეთი და ორი კაპიკი, მისცეს, მიხვდა, რომ ლექსების წერას დადებითი მხარეც ჰქონდა. გაზეთის რედაქტორმა თავისთან დაიბარა და ისე ღელავდა, ამ შეხვედრის ამბები მხოლოდ რედაქტორის ნაამბობიდან ახსოვს: თურმე იმხანად იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა მესამე ტომს კითხულობდა და საუბარი ასე დაიწყო: “ჩვენ, პოეტები…” ასე გაუჩნდა მასწავლებელი, რომელიც მთელი ცხოვრებაა მოჰყვება – გოგი გოგოლაძე. მეორე დღეს ბედმა მეორე მასწავლებელი გამოუგზავნა: ფოსტალიონმა, რომელმაც წინა დღეს თავისლექსებიანი გაზეთი მოუფრიალა ჭიშკართან, ახლა დეპეშა მოუტანა; დეპეშა მურად მთვარელიძისგან იყო, რომელიც იმ დროს სკოლის დირექტორი გახლდათ, მაგრამ არ დაიზარა, პატარა ბიჭის მიმართ საკუთარი აღტაცება ჯერ დეპეშით, მერე კი პირადად გამოეხატა, ჩასჭიდა ხელი და გზა გაუკვალა. იყო მესამეც, გიორგის ქართულის მასწავლებელი ფატი კურტანიძე. ეს სამი ადამიანი დღემდე მის ყოველ ნაბიჯს ადევნებს თვალს და მოწაფეც მორჩილად დგამს ახალ დიდ ნაბიჯებს.

მერე იყო მისი პუბლიკაცია იმდროინდელ ყველაზე პრესტიჟულ საყმაწვილო გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში”, რედაქტორის, პაატა ნაცვლიშვილის, მეტად კეთილმოსურნე წარდგინებით. იმ დროს 13 წლის გიორგი ერთი თვით “არტეკში” იყო წასული და რომ ჩამოვიდა, დახვდა შვიდასი წერილი, გახსნილი და გადახარისხებული მისი სკოლის მასწავლებლების მიერ (სხვათა შორის, მხედველობის არიდან მოარიდეს ციხიდან გამოგზავნილი წერილებიც). აღიარებს, რომ საკუთარი ნიჭის რწმენასთან ერთად ამპარტავნების ნიშნებიც გაუჩნდა, აგრესიაც მაქებართა მიმართ და შიშიც, რომ ანგარების კარნახით უმეგობრდებოდნენ. ამ დროს მასწავლებლად დედა მოევლინა, უთხრა, რომ ნიჭი ღმერთის საჩუქარი იყო და თუ ვინმეს ზევიდან გადახედავდა, ღმერთს ეწყინებოდა და ამ საჩუქარს წაართმევდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება ნანოტექნოლოგიების განხრით, მერე გადაიფიქრა და უცებ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც პატარა სამოთხე დახვდა: ყველას ერთმანეთი უყვარდა და თაობებს, ისევე როგორც ოჯახის წევრებს, ლეგენდებად გადაეცემოდათ წინამორბედთა ამბები. თვითონაც სულ მალე გახდა ამ ოჯახის წევრი. უნივერსიტეტის წლებში თინა მარგველაშვილი, ცნობილი არაბისტი და “ათას ერთი ღამის” მთარგმნელთაგანი, იყო მისი “გვამის გამბანი” – თან მზრუნველი და თანგადაყოლილი “თინა ბებო”, თან მკაცრი მასწავლებელი, რომელიც ერთ არასწორ ნაბიჯსაც არ გაპატიებს. სწორედ მისი წყალობით იქცა გიორგიც პედაგოგად. ახალუნივერსიტეტდამთავრებული, პირდაპირ ლექციაზე შეუშვეს, თანაც მეოთხეკურსელებთან. შედეგი თითქმის გარდაუვალი იყო – საკუთარი სტუდენტი შეუყვარდა…

ამბობს, რომ მათ შორის, ვინც ასწავლის და ვინც სწავლობს, ხშირად წარმოიშობა მიზიდულობა, რომელიც მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს და ახსოვდეს, რომ ეს არ არის ეროსი – ეს აგაპეა.

ის რომანი უიღბლოდ დასრულდა, მაგრამ ორი გაკვეთილი კი დაუტოვა: აღარასოდეს შეჰყვარებოდა სტუდენტი და ესწავლებინა შეგირდისთვის ყველაფერი, მაგრამ მცირე რჩევაც კი არასოდეს მიეცა პირად საკითხებთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ფატალისტია და სჯერა, რომ ადამიანს საკუთარ ცხოვრებაშიც კი არ შეუძლია ჩარევა. იმისიც სჯერა, რომ მოსასმენად ყველაზე ვულგარული, მავანის ცხოვრებაში შეიძლება ყველაზე მშვენიერი რამ იყოს.

სჯერა ბავშვების – მათ ასაკი აძლევთ საშუალებას, უკეთესობისკენ შეიცვალონ და მრავალი მარცხისა და იმედგაცრუების შემდეგაც არ უსუსტდება ნდობა თითოეული მათგანის მიმართ, მოწადინება, მათ ფრთების გაშლის უნარი შესძინოს. მაგრამ, მეორე მხრივ, არასოდეს უჩლექს ენას მოწაფეებს, არასოდეს არაფერს უიოლებს.
არაბული უცნაური ენაა, ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება “სიყვარულსაც” ნიშნავდეს და “სიძულვილსაც”, გააჩნია კონტექტს. ცხოვრებაც კონტექსტია და მასწავლებელმა მოსწავლეს ამ კონტექსტის ზუსტად დაჭერა უნდა ასწავლოს.

ანი კოპალიანი

ინფორმაციის თავისუფლება

0
„დემოკრატია კვდება დახურულ კარს მიღმა”.
მოსამართლე დეიმონ ჯ. კიტი, საქმე Detroit Free Press v. Ashcroft 
ინფორმაციის თავისუფლება დაცულია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. ის ჯერ კიდევ 1766 წელს აღიარა შვედეთმა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „ვეტერანი დემოკრატიის” ქვეყნების კონსტიტუციებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ნორმა უმეტესად მხოლოდ მე-20 საუკუნეში გაჩნდა. მაგალითად, 1874 წელს მიღებული შვეიცარიის კონსტიტუციით ინფორმაციის თავისუფლება არ იყო გარანტირებული, 1999 წელს განხორციელებული ცვლილებით კი აღიარებულ იქნა როგორც კონსტიტუციური უფლება. ნიდერლანდების სამეფოს მიერ 1815 წელს მიღებული კონსტიტუცია არ მოიცავდა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ნორმას, თუმცა 1983 წელს განხორციელებული ცვლილებებით გარანტირებულ იქნა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. ,,ვეტერანი დემოკრატიის” ქვეყნებისგან განსხვავებით, ,,ახალგაზრდა დემოკრატიის” ქვეყნების კონსტიტუციებში ინფორმაციის თავისუფლება გარანტირებულ იქნა კონსტიტუციის მიღებისთანავე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარებასა და მთავრობის გამჭვირვალობის პრინციპის დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მე-20 საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მიღებულმა კანონმა, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა მოქალაქის უფლება, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებიდან.

1946 წლის 14 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 59-ე რეზოლუცია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. რეზოლუციის თანახმად, ინფორმაციის თავისუფლება აღიარებულია ადამიანის ძირითად უფლებად. მოგვიანებით, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლით, გარანტირებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლება როგორც ადამიანის ძირითადი უფლება. 1966 წელს მიღებულ იქნა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომლის მე-19 მუხლით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება.

ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ევროპული კავშირის ორგანოები საქმიანობას წარმართავენ საჯაროობის პრინციპის დაცვით. ევროპული კავშირის ყველა მოქალაქეს, აგრეთვე ყველა იურიდიულ პირს, რომლის ადგილსამყოფელიც ევროპული კავშირის წევრ ქვეყანაშია, აქვს უფლება გაეცნოს ევროპული კავშირის ორგანოებში დაცულ დოკუმენტებს. თუმცა ეს უფლება გარკვეულწილად შეზღუდულია. ევროპული კავშირი, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ადგენს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. 

ინფორმაციის თავისუფლება, ძირითადად, გულისხმობს შემდეგს:

* ყველას აქვს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის მოთხოვნის უფლება;
* დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქვა იმ მოტივით, რომ განმცხადებელს არ აქვს ინფორმაციის მოთხოვნის კონკრეტული მიზანი;
* საჯარო ინფორმაციაზე წვდომა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს თანასწორობის პრინციპის დაცვით;
* ყველა განცხადება ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განხილულ უნდა იქნეს გონივრულ ვადაში;
* საჯარო დაწესებულება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება და მიუთითოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები; 
* გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე უნდა ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას; 
* ინფორმაციის გაცემა არ უნდა ითვალისწინებდეს საფასურს, გარდა ასლის გადაღების საფასურისა.

საქართველოში გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფლება. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის კონკრეტულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ეს კოდექსი და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი მასწავლებელს ანიჭებს უფლებას, მიიღოს საჯარო დაწესებულებაში დაცული საჯარო ინფორმაცია. 

რა არის საჯარო დაწესებულება და საჯარო ინფორმაცია?

საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში. საჯარო დაწესებულებაა, მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აგრეთვე მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებები (მასწავლებლის სახლი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მანდატურის სამსახური და სხვა), საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სკოლა. საჯარო ინფორმაცია არის „ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის – ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია წერილობითი განცხადების წარდგენა. თუმცა, არ არის აუცილებელი განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. 

საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ გასცეს. დაუყოვნებლივ ინფორმაციის გაცემა გულისხმობს, რომ განცხადება რეგისტრაციისთანავე უნდა მოხვდეს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან. ეს პირი ვალდებულია, დაუბრკოლებლად განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება. 

თუმცა არსებობს ამ წესიდან გამონაკლისიც. განსაკუთრებულ შემთხვევებში საჯარო დაწესებულება ინფორმაციას გაცემს არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 

ინფორმაცია არ გაიცემა, თუ იგი არის საიდუმლო. ინფორმაცია საიდუმლოა, თუ იგი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას:
I. პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. პერსონალური მონაცემები არ არის ღია და ხელმისაწვდომი. 

სასამართლოს განმარტებით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის კერძო საკითხებთან, გასაიდუმლოებულია ავტომატურად და ვერ გაიცემა შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე. 
II. კომერციული საიდუმლოება

კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია ისეთი გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც აქვს კომერციული ფასეულობა და რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. 

თუმცა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა ავტომატურად არ ხდება. ამისთვის საჭიროა კანონით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება. კომპანიამ უნდა მიმართოს საჯარო დაწესებულებას და მოითხოვოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. საჯარო დაწესებულება კანონით გათვალისწინებულ ვადაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
III. სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოების შემთხვევაში ინფორმაციის გასაიდუმლოების ინიციატორი სახელმწიფოა. გასაიდუმლოების მიზანია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა თავდაცვის, უშიშროების, საგარეო დაზვერვის, მართლწესრიგის დაცვის, ეკონომიკისა და სხვა სტრატეგიულ სფეროებში. 
საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია არის პრინციპულად ღია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მისი გასაიდუმლოება, თუ არსებობს სათანადო ლეგიტიმური მიზანი.
თანასწორობის პრინციპისა და არაორაზროვანი წესების საფუძველზე საჯარო დოკუმენტებზე ფართო წვდომა შესაძლებელს ხდის, საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური წარმოდგენები, ასევე ჩამოიყალიბოს კრიტიკული  შეხედულებები სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზე. ინფორმაციის თავისუფლება ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის ეფექტიანობას და ეხმარება მათ კორუფციის თავიდან აცილებაში.

ხელოვნება, ჭეშმარიტება და პოლიტიკა – ჰაროლდ პინტერი

0

1958 წელს ასეთი რამ დამიწერია:

“არ არის მკვეთრი განსხვავება რეალურსა და ირეალურს, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ესა თუ ის მოვლენა, თავისთავად, არ არის მხოლოდ სიმართლე ან ტყუილი: ის შეიძლება ორივე ერთად იყოს”.

მიმაჩნია, რომ ეს მოსაზრება დღემდე აქტუალურია და ახლაც დაგვეხმარება, რათა რეალობას ხელოვნების მეშვეობით ჩავწვდეთ. ამას მოგახსენებთ როგორც მწერალი, მაგრამ როგორც მოქალაქემ მაინც უნდა ვიკითხო: რა არის ჭეშმარიტება? რა არის სიცრუე?

დრამატურგიაში ჭეშმარიტება ოდითგანვე მოუხელთებელ ცნებად ითვლებოდა. მისი აღმოჩენა მუდამ გვიჭირს, თუმცაღა, ძალაუნებურად, სულ მის ძიებაში ვართ. ეს ძიება აშკარად ითხოვს ძალისხმევას, ეს ჩვენი მოვალეობაა. ხშირად გაუცნობიერებლად გადავეყრებით ხოლმე წყვდიადში ჭეშმარიტებას, უბრალოდ შევე­ფეთებით, ანდა მხოლოდ თვალს ვკიდებთ იმ ხატებასა და ფორმას, რომელიც სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ დრამატურგიაში არ მოიძევება ერთადერთი ჭეშმარიტება: ის იქ ბევრია. ეს ჭეშმარიტებები ერთმანეთს კიდეც იწვევენ, კიდეც გაურბიან… ერთმანეთს ასახავენ, უარყოფენ, ნიშნს უგებენ და ერთმანეთის ვერაფერი გაუგიათ. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ წამიერი ჭეშმარიტება მოიხელთეთ, მუჭში გაქვთ გამომწყვდეული, მაგრამ შემდეგ ის ხელიდან გისხლტებათ და გეკარგებათ.

ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ იბადება ჩემი პიესები. ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჩემი საკუთარი პიესების განხილვაც გამიჭირდება.იმასღა თუ გეტყვით, რომ იქ ასე მოხდა, ასეთი რამ ითქვა.

ჩემი პიესების უმრავლესობას, ძირითადად, ერთი ფრაზა, სიტყვა ან ხატება აძლევს დასაბამს. სიტყვას მაშინვე მოსდევს სახე, ხატება. მაგალითად, დაგისახელებთ ორ ამოსავალ წერტილს, მოულოდნელად რომ მეწვია საიდანღაც. შემდეგ მათ წარმოსახვაც მოჰყვა… მეც მივყევი.

“დაბრუნებასა” და “ძველ დროებაზე” მოგახსენებთ. “დაბრუნების” დასაბამი გახლავთ “სად წაიღე მაკრატელი?” “ძველი დროების” – “მუქი, სიბნელე.” პიესების დაწერამდე ამის მეტი მეც არაფერი ვიცოდი.

აშკარა იყო, რომ პირველ პიესაში ვიღაც მაკრატელს ეძებდა და მის შესახებ ეკითხებოდა სხვა ვიღაცას, რომელსაც, სავარაუდოდ, მის მოპარვას აბრალებდა. ისიც ვიცოდი, რომ ეჭვმიტანილი არც იმ მაკრატელს დაგიდევდათ და არც მის მაძიებელს.

“მუქი” ვიღაცის თმა უნდა ყოფილიყო, ვიღაც ქალის. სწორედ ეს “მუქი” იყო პიესის გასაღები. ორივე შემთხვევაში იძულებული ვიყავი ამ ორ ამოსავალ წერტილს დავყრდნობოდი. ეს ყველაფერი ვიზუალურად ხდებოდა. ჩემ თვალწინ… თანდათანობით გადადიოდა ბნელიდან ნათელში.

პიესის წერას ყოველთვის ჩემებურად ვიწყებ: პერსონაჟებს A-ს, B-ს და ჩ-ს ვარქმევ.

პიესაში, შემდგომ “დაბრუნებად” რომ დასათაურდა, ვხედავდი, როგორ შედიოდა ვიღაც ერთობ გაპარტახებულ ოთახში და მაკრატელზე ეკითხებოდა თავისზე ახალგაზრდა კაცს, რომელიც გაქუცულ დივანზე მოკალათებულიყო და გაზეთს კითხულობდა – კერძოდ, დოღის ამბებს ჩაღრმავებოდა. ჩემი ვარაუდით, A მამა იყო, B – მისი შვილი. მხოლოდ ვარაუდით, დარწმუნებული არ ვიყავი. ამაში მერეღა დავრწმუნდი, როდესაც B-მ (მოგვიანებით ლენიმ) უთხრა AA-ს (მოგვიანებით მაქსს): “მამა, მოდი რა, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაღაც მინდა გკითხო. აი, სადილად რაც ვჭამეთ, იმას რა ჰქვია? საერთოდ, რა არის? ძაღლს რატომ არა ყიდულობ? შენ ხომ ძაღლების მზარეული ხარ. გეფიცები. ძაღლებისთვის ამზადებ საჭმელს”.ასე რომ, რახან B A-ს “მამას” უწოდებდა, სავსებით ლოგიკური მომეჩვენა მათი მამაშვილობა. თანაც საჭმლის მომზადება აშკარად A-ს მოვალეობა გახლდათ, თუმცაღა მისი ეს საქმიანობა მაღალ შეფასებას არ იმსახურებდა.ეს იმაზე ხომ არ მიგვანიშნებდა, რომ ოჯახში დედა არ იყო? ჯერ არ ვიცოდი. მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, დასაწყისმა ხომ არასდროს იცის დასასრული-მეთქი.
“მუქი, სიბნელე”. ფართო ფანჯარა. საღამოს ცა. კაცი – A (შემდგომ – დილი) და ქალი – B (შემდგომ – ქეითი) ოთახში სხედან და სასმელს წრუპავენ. “მსუქანი, გამხდარი?” კითხულობს კაცი. ვისზე ლაპარაკობენ? ჰოდა, მეც ვხედავ ქალს, ჩ-ს (შემდგომ – ანას). ფანჯარასთან დგას სიბნელეში. მათკენ ზურგით. მუქი თმა აქვს.

უცნაური წამია – შექმნა პერსონაჟები, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ. შემდეგ ხდება რაღაც მოულოდნელი, ელდის მომგვრელი, საოცარი და ზოგჯერ უეცრად მოვარდნილ ზვავს ემსგავსება.ავტორი გაურკვეველ მდგომარეობაშია. მას თითქოს პერსონაჟები არ სწყალობენ, არ ემორჩილებიან. ძნელია მათთან შეგუება, შეუძლებელია მათი ჩარჩოში მოქცევა.მათ ვერაფერს უკარნახებ. გარკვეულწილად, ავტორი მათ უსასრულო თამაშს ეთამაშება – კატათაგვობანას, აბა, გამოიცანის, დამალობანას. მაგრამ ბოლოს ხელში ცოცხალი ადამიანები შეგრჩება – ადამიანები სურვილებითა და გრძნობებით, ადამიანები, რომლებსაც ვეღარ შეცვლი, ვერ მართავ და ვერც დაამახინჯებ.

ასე რომ, ხელოვნებაში ენა ერთობ ორაზროვანი რამეა. ეს არის ქვიშა, რომელიც ფეხქვეშ გეცლება, ყინული, რომელიც ფეხქვეშ გიტყდება.

როგორც გითხარით, ჭეშმარიტების ძიებას არა აქვს დასასრული. შეუძლებელია ამ პროცესის გადადება. მას იმავე წამს უნდა გაუსწორო თვალი, სახვალიოდ ვერ შემოინახავ.

აი, პოლიტიკური თეატრი კი სულ სხვა პრობლემებს წამოჭრის. ნებისმიერ შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ დამოძღვრას, ჭკუის სწავლებას. აქ მთავარი ობიექტურობაა. პერსონაჟებმა თვითონ იციან თავიანთი საქმე. ავტორმა არ უნდა შეზღუდოს ისინი, არ უნდა მოაქციოს საკუთარი გემოვნების, განწყობა-დამოკიდებულების თუ სიმპათიების ჩარჩოში. მწერალი პერსონაჟებს სხვადასხვა კუთხით უნდა მიუდგეს, ლაღად, თავისუფლად, ანაზდად უნდა “დაესხას თავს” და, ამავე დროს, გარკვეულწილად გზაზე არ გადაეღობოს. თუმცაღა, ეს ყოველთვის არ ხერხდება.პოლიტიკური სატირა ამ წესებს არ ემორჩილება. ფაქტობრივად, სწორედ ამის საპირისპიროს აკეთებს, რაც არის კიდეც მისი ნამდვილი ფუნქცია.

“დაბადების დღეში” ჩემი პერსონაჟები თავისუფლად დაეხეტებიან შესაძლებლობათა უღრან ტყეში… იქამდე, ვიდრე საბოლოოდ დამემორჩილებოდნენ.

აი, “მთების ენაში” კი მსგავსი არაფერი ხდება. ეს პიესა შეკუმშული, სასტიკი და უხეშია. და მიუხედავად ამისა, მასში ჯარისკაცები მაინც ახერხებენ გართობას, მაინც ხალისობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯალათი იოლად იღლება, მალე ამოსდის ყელში თავისი საქმიანობა. ცოტაოდენი სიცილი მასაც სჭირდება გასამხნევებლად. ეს ხომ ბაღდადში აბუ ღურაიბის მოვლენებმაც დაადასტურა. “მთების ენა” მხოლოდ 20 წუთს გრძელდება, მაგრამ ის შესაძლოა განუწყვეტლივაც მიმდინარეობდეს, დღითი დღე, დაუსრულებლად.

პიესაში “მიწა მიწადვე” მოქმედება წყალქვეშ უნდა ხდებოდეს: ქალი იხრჩობა, ტალღებიდან ხან მოჩანს მისი ხელი, ხანაც ქრება. ეს ხელი ცდილობს ვიღაცას მოეჭიდოს, მაგრამ ამაოდ:^ ვერც წყალქვეშ პოულობს ვინმეს და ვერც ზედაპირზე. იქ მხოლოდ ჩრდილები, ანარეკლი და წყლის ნაკადია. სასიკვდილოდ განწირული ქალი წყალწაღებულ ქვეყანაში… თავს ვერ აღწევს საფრთხეს, რომელიც თითქოს სხვებს უნდა დამუქრებოდა და არა მას.

მაგრამ ისიც სხვებივით იღუპება.

პოლიტიკოსთა ენა ვერ ბედავს ამ სფეროში შეჭრას, რადგან პოლიტიკოსთა უმრავლესობას (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) აინტერესებს არა ჭეშმარიტება, არამედ ძალაუფლება და ამ ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნება. ძალაუფლება რომ განი­მტკიცონ, ხალხი უთუოდ უმეცარი უნდა იყოს, არ იცოდეს სიმართლე – სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზეც კი.ჩვენ ტყუილების გაუვალ ქსელში ვართ გახლართული და სიცრუით ვსაზრდოობთ.

ყველამ ვიცით, რითიც ამართლებენ ერაყის დაბომბვას. გვითხრეს, სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების ისეთ იარაღს ფლობს, რომელთაგან ზოგიერთი 45 წუთში აღგვის პირისაგან მიწისა ყველაფერსო. ხომ გვჯეროდა, ხომ მიგვაჩნდა სიმართლედ. ტყუილი კი აღმოჩნდა. ისიც გვითხრეს, ერაყს კავშირი აქვს ალ-ქაიდასთან და პასუხს აგებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიაზეო. ეგეც დავიჯერეთ. არ უნდა დაგვეჯერებინა. გვითხრეს, ერა­ყი მსოფლიოს კეთილდღეობას ემუქრებაო. დავიჯერეთ და კვლავ შევცდით. სიმართლე კი სულ სხვა რამ ყოფილა. გვიჯობს გავიაზროთ, როგორ ესმის აშშ-ს თავისი როლი და რა გზით ცდილობს მის შესრულებას.

მაგრამ ვიდრე აწმყოს დავუბრუნდებოდე, მინდა ახლო წარსულზეც, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. მგონი, მოკლედ მაინც უნდა მიმოვიხილოთ ეს პერიოდი.

ყველამ ვიცით, რა მოხდა საბჭოთა კავშირსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ომის შემდგომ პერიოდში: სისტემატური ძალადობა, მხეცობა, თავისუფალი აზრის ჩახშობა. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადგენილი და დადასტურებული.

ვფიქრობ, რომ აშშ-ს მაშინდელი დანაშაულებრივი მოქმედება მხოლოდ ზედაპირულად არის გაშუქებული. არც დოკუმენტური მასალა, არც აღიარებული ბოროტმოქმედება (თუკი საერთოდ თვლიან ამას ბოროტმოქმედებად)! ეს უნდა ითქვას, და ეს სიმართლე უშუალოდ უკავშირდება დღევანდელ მსოფლიოს. მართალია, აშშ-ს გარკვეულწილად ზღუდავდა საბჭოთა კავშირის არსებობა, მაგრამ მისი იმდროინდელი ქმედებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნათლად მოწმობს, რომ ის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა.

აშკარა ინტერვენცია სუვერენულ სახელმწიფოში, ფაქტობრივად, არასდროს ყოფილა ამერიკის ჩვეული მეთოდი. ის იმას უფრო ანიჭებს უპირატესობას, რასაც თავად “დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტს” უწოდებს. “დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტში” კი ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ ათასობით ადამიანი კვდება, კვდება ნელა, დიდხანს და არა ისე, როგორც მხეცური დაბომბვის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გული დააავადო, ხელი შეუწყო იქ ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას და თვალი ადევნო მის ლპობას. და მაშინ, როცა მოსახლეობა დამორჩილებული ანდა სასიკვდილოდ განწირულია (ეს ხომ, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა) და როცა ძალაუფლებას შენი საკუთარი მეგობრები, სამხედროები და დიდი კორპორაციების მფლობელები დაჰპატრონებიან, შენ კამერის წინ აცხადებ, რომ დემოკრატია ზეიმობს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ წლების ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.

როგორ შემიძლია გვერდი ავუარო ნიკარაგუას ამბებს. ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ წარმოედგინა ამერიკას საკუთარი როლი – მაშინაც და ახლაც.

1980-იანი წლების მიწურულს ლონდონში აშშ-ს საელჩოში სხდო­­მას ვესწრებოდი.

აშშ-ს კონგრესს უნდა გადაეწყვიტა, დამატებით დაეფინანსებინა თუ არა “კონტრას” კამპანია ნიკარაგუას წინააღმდეგ. მე იმ დელეგაციის წევრი გახლდით, რომელიც ნიკარაგუას სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ ამავე დელეგაციის გაცილებით მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო ღირსი მამა ხონ მეტკალფი. აშშ-ს კორპუსის ლიდერი იყო რაიმონდ საიცი (მაშინ მეორე კაცი ელჩის შემდეგ, მოგვიანებით – თავად ელჩი). ღირსმა მამა მეტკალფმა გვითხრა:

“ბატონებო, მე ნიკარაგუას ჩრდილოეთ მხარეში ვმოღვაწეობ. ჩემმა მრევლმა ააშენა სკოლა, ჯანმრთელობისა და კულტურის ცენტრები.ჩვენ მშვიდად ვცხოვრობდით, მაგრამ რამდენიმე თვის წინათ “კონტრას” ძალებმა იერიში მიიტანეს ჩემს სამწყსოზე.ყველაფერი გაანადგურეს – სკოლაც და ჯანმრთელობისა და კულტურის ცენტრებიც. ძალა იხმარეს მომვლელებსა და მასწავლებლებზე, მხეცურად ამოხოცეს ექიმები.ნამდვილი ველურებივით იქცეოდნენ. გთხოვთ, აუკრძალოთ აშშ-ს მთავრობას ამ თავზარდამცემი ტერორისტული აქტების მხარდაჭერა”.

რაიმონდ საიცი ერთობ გონიერი, სანდო და გამოცდილი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. მას დიდად სცემდნენ პატივს დიპლომატიურ წრეებში. მან მოუსმინა სასულიერო პირს, წამით დაფიქრდა და დინჯად მიუგო: “მამაო, ერთ რამეს გეტყვით. ომის დროს ყოველთვის უდანაშაულონი ისჯებიან”. დარბაზი გაირინდა. ყველა საიცს შევყურებდით, მას კი წარბიც არ შეუხრია.

უდანაშაულონი მართლაც ყოველთვის ისჯებიან.

ბოლოს ვიღაცამ თქვა: “მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულო ხალხი თქვენი მთავრობის მხარდაჭერით ჩადენილ ერთ-ერთ მხეცურ ქმედებას ემსხვერპლა. თუ კონგრესი კვლავაც გამოუყოფს “კონტრას” თანხებს, კიდევ არაერთი ასეთი ძალადობის მოწმენი გავხდებით.განა ასე არ არის? განა თქვენი მთავრობა დანაშაულს არ სჩადის, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეთა დარბევა-ამოჟლეტას უჭერს მხარს?”

საიცს არც ამჯერად შეუხრია წარბი, შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა: “არა მგონია, აქ წარმოდგენილი ფაქტები რაიმეს ამტკიცებდეს”.

როდესაც საელჩოდან გავდიოდით, ერთმა ამერიკელმა სამხედრომ მითხრა, ძალიან მომწონს თქვენი პიესებიო. მე მისთვის ხმა არ გამიცია.

უნდა შეგახსენოთ, რომ იმხანად პრეზიდენტმა რეიგანმა განაცხადა, “კონტრა” ჩვენი ქვეყნის მამამთავრების მორალური ეკვივალენტიაო.

40 წლის მანძილზე უჭერდა აშშ მხარს ნიკარაგუაში სომოზას სასტიკ დიქტატურას.ნიკარაგუელმა ხალხმა ეს რეჟიმი 1979 წელს დაამხო სანდანისტების მეთაურობით. მან უდავოდ დიდი რევოლუცია მოახდინა.

იმასაც ვიტყვი, რომ სანდანისტები ანგელოზები არ ყოფილან. ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდნენ და მათი პოლიტიკური ფილოსოფია მთელ რიგ ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ გონიერი და ცივილიზებული ხალხი ნამდვილად იყო. მათ სტაბილური, პლურალისტური საზოგადოება შექმნეს, გააუქმეს სიკვდილით დასჯა: ასობით ათასმა ღარიბ-ღატაკმა გლეხმა შვებით ამოისუნთქა; ასი ათას ოჯახს გადაეცა მიწა დასამუშავებლად; აშენდა 2000 სკოლა. შესანიშნავმა საგანმანათლებლო კამპანიამ ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვი საგრძნობლად შეამცირა (მოსახლეობის 1/7-მდე); განათლება და სამედიცინო მომსახურება უფასო გახდა; სამჯერ შემცირდა სიკვდილიანობა ბავშვთა შორის.ძირფესვიანად ამოიძირკვა პოლიომიელიტი.

აშშ-მ ეს ყველაფერი მარქსისტულ-ლენინურ მავნებლობად მონათლა. ამერიკის მთავრობა შეშფოთდა: თუკი ნიკარაგუას ნება მიეცა დაედგინა სოციალურ-ეკონომიკური სამართლიანობის ნორმები, აემაღლებინა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სტანდარტები, მიეღწია სოციალური ერთიანობისთვის და დაემკვიდრებინა ეროვნული ღირსების გრძნობა, რა გასაკვირი იქნებოდა, მის მეზობელ ქვეყნებსაც რომ აემაღლებინათ ხმა. აშშ, ცხადია, ყოველ ღონეს იხმარდა, ელ სალვადორსაც რომ არ მიებაძა ნიკარაგუასთვის.

წეღან ვახსენე “სიცრუეთა ქსელი”, რომელშიც თავფეხიანად ვართ გახლართული. პრეზიდენტმა რეიგანმა ნიკარაგუას, არც მეტი, არც ნაკლები, “ტოტალიტარული საპყრობილე” უწოდა. ეს მაშინვე აიტაცა მასმედიამ და ბრიტანეთის მთავრობამ და უტყუარ და სამართლიან დახასიათებად მიიჩნია. არადა, სანდანისტური რეჟიმის პერიოდში არანაირ ხოცვა-ჟლეტას არ ჰქონია ადგილი; არ ყოფილა წამების შემთხვევა; არ მომხდარა სისტემატური და ოფიციალური სამხედრო ძალადობა: ნიკარაგუაში არავინ ხოცავდა სასულიერო პირებს. ის კი არადა, ფაქტობრივად, მთავრობაში სამი მღვდელიც იყო – ორი იეზუიტი და ერთიც მისიონერი. სადაც სამართალია, ტოტალიტარული საპყრობილეები იქვე, მეზობლად იყო – სალვადორსა და გვატემალაში. აშშ-მ 1954 წელს დაამხო გვატემალაში დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა და როგორც ცნობილია, ამის შედეგად ხელისუფლებაში მოსულ სამხედრო რეჟიმებს 200 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

1989 წელს ექვსი საქვეყნოდ ცნობილი იეზუიტი მხეცურად იქნა მოკლული სან სალვადორის ცენტრალურ ამერიკულ უნივერსიტეტში ალკატლის ბატალიონის მიერ, რომელიც წვრთნას აშშ-ში გადიოდა – ჯორჯიაში, ფორტ ბენინგში. მამაცი ადამიანი, არქიეპისკოპოსი რომერო ვერაგულად მოკლეს მესის დროს. დაიღუპა 75 000 ადამიანი. რატომ დახოცეს ეს ხალხი? პასუხი ერთია: მათ სჯეროდათ, რომ შეიძლებოდა ცხოვრების გაუმჯობესება. ასეთმა რწმენამ ისინი დაუყოვნებლივ კომუნისტების რიცხვს მიათვალა. ისინი იმიტომ მოკლეს, რომ გაბედეს და ხმა აიმაღლეს არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ. სამართლიანად იბრძოდნენ სიღატაკის, ეპიდემიების, დეგრადაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

აშშ-მ, ბოლოს და ბოლოს, დაამხო სანდანისტების მთავრობა. მართალია, ამას რამდენიმე წელი მოანდომა და დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდა, მაგრამ გაუსაძლისმა ეკონომიკურმა ძალადობამ და 30 000 ადამიანის დაღუპვამ სულიერად გატეხა ნიკარაგუელი ხალხი. კვლავ სიღატაკეში ჩაცვივდნენ, კვლავ ამოერთვათ სული. ქვეყანაში გაიხსნა კაზინოები და წერტილი დაესვა უფასო ჯანდაცვასა და განათლებას. დიდებით დაბრუნდა დიდი ბიზნესი. “დემოკრატიამ” იზეიმა!

ასეთი “პოლიტიკა” მარტო ცენტრალური ამერიკის მიმართ როდი გამოიყენებოდა. არა, მან მთელი მსოფლიო მოიცვა და დასასრულიც არ უჩანს. შთაბეჭდილებას კი ისეთ გვიქმნიან, თითქოს მსგავსი არაფერი მომხდარიყოს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ მხარს უჭერდა და უმეტეს შემთხვევაში თავადვე უდგამდა სულს ყველა მემარჯვენე სამხედრო დიქტატურულ რეჟიმს მთელ მსოფლიოში. გაიხსენეთ ინდონეზია, საბერძნეთი, ურუგვაი, ბრაზილია, პარაგვაი, ჰაიტი, ფილიპინები, გვატემალა, ელ სალვადორი და, რა თქმა უნდა, ჩილე. არ შეიძლება იმ საშინელების პატიება, რაც აშშ-მ 1973 წელს დაატეხა თავს ჩილეს; ამ დანაშაულს ის ვერასდროს გამოისყიდის.

ზემოხსენებულ ქვეყნებში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. მოხდა თუ არა ეს? ახასიათებს თუ არა ასეთი რამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას? პასუხი ერთია: დიახ, ეს მოხდა, ხალხი გაიჟლიტა და ეს ჩვეულებრივი ამბავია აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის, მაგრამ ვითომც არაფერი!

თითქოს არაფერი მომხდარა.არასდროს. თურმე მაშინაც კი არ ხდებოდა, როცა ხდებოდა! ბევრს არაფერს ნიშნავდა, უმნიშვნელო რამ გახლდათ. აშშ-ს დანაშაულებრივი მოქმედება სისტემატური იყო, აულაგმავი, სასტიკი და არაადამიანური, მაგრამ ამაზე ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობდა. ეს მართლაც არ უნდა დავუკარგოთ ამერიკას. საყოველთაო ბედნიერებისთვის მებრძოლის ნიღაბს ამოფარებული, ის მთელ მსოფლიოში უმსგავსოდ მანიპულირებდა საკუთარი ძალაუფლებით. ის ხომ ჰიპნოზის დიდოსტატია.

აშშ უდავოდ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეა. კი არის ულმობელი, გულცივი, სასტიკი, მაგრამ ჭკვიანიც გახლავთ. და კიდევ ერთობ თავისებური მოვაჭრეა: ის წარმატებით ვაჭრობს საკუთარი თავის სიყვარულით. და გამარჯვებულიც ის არის. დააკვირდით, რამდენჯერ ახსენებენ “ამერიკელ ხალხს” ტელევიზორის ეკრანიდან ამერიკის პრეზიდენტები: “მივმართავ ამერიკელ ხალხს, რომ დადგა ლოცვისა და ამერიკელი ხალხის უფლებათა დაცვის ჟამი და მე ვთხოვ ამერიკელ ხალხს, ენდოს თავის პრეზიდენტს და მხარი დაუჭიროს მის ქმედებას, რომელიც ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ არის მიმართული”.

ბრწყინვალე ფანდია! აქ ენა აზრის დასაფარავად გამოიყენება. სიტყვები “ამერიკელი ხალხი” კარგი სატყუარაა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება კაცს. გადაწექი ბალიშზე და მიეცი ნეტარებას! მერე რა, რომ ეს ბალიში ახშობს შენს აზროვნებას, შენს უნარს კრიტიკულად შეაფასო მოვლენები, სამაგიეროდ მოხერხებული ხომ უდავოდ არის! მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება 40 მილიონ ღარიბ-ღატაკს და იმ 2 მილიონ ქალსა და მამაკაცს, ამერიკის საპყრობილეებში რომ იტანჯება.

აშშ აღარ დაგიდევთ დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებს. აღარაფერში სჭირდება თავშეკავება ან რაიმეს მიკიბ-მოკიბვა. ის ახლა თამამად მოქმედებს, უშიშრად და დაუფარავად. აშშ-ს, უბრალოდ, არ ანაღვლებს არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, არც საერთაშორისო კანონმდებლობა და არც განსხვავებული აზრი. ამ უკანასკნელს უსუსურად და უადგილოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, მას ერთი პატარა ბეკეკაც ჰყავს, რომელსაც საბელით მიათრევს და რომელიც ერთობ საწყალობელი და ინერტული ვინმეა: დიდი ბრიტანეთი.

სად არის ჩვენი მორალი? ოდესმე კი გვქონია ასეთი რამ? რას ნიშნავს ეს სიტყვა? აქვს მას რაიმე კავშირი დღესდღეობით იშვიათად გამოყენებულ ტერმინთან – “სინდისი?” სინდისთან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საკუთარ, არამედ სხვათა მოქმედებასაც აკონტროლებს? ნუთუ მოკვდა ეს ყველაფერი! აი, თუნდაც გუანტანამოს ყურე ავიღოთ. სამი წლის მანძილზე იქ ასეულობით ადამიანია დაპატიმრებული – ბრალწაუყენებლად, გაუსამართლებლად. ფაქტობრივად, იმ ხალხს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამ აშკარა უკანონობის ჩამდენნი არ დაგიდევენ ჟენევის კონვენციას და ე. წ. “საერთაშორისო საზოგადოებაც” არა მარტო უშვებს ამ უკანონობას, არამედ საერთოდ ხუჭავს მასზე თვალს. ეს დანაშაულებრივი ძალადობა ჩაიდინა ქვეყანამ, რომელიც საკუთარ თავს “თავისუფალი სამყაროს ლიდერად” ასაღებს. ვფიქრობთ, გუანტანამოს ყურეს მცხოვრებლებზე? რას გვაუწყებს მათზე მასმედია? მხოლოდ შიგადაშიგ თუ გაგვაბედნიერებს მწირი ცნობებით. ის ხალხი კი გადაგზავნილია ამ უკონტროლო ადგილას, საიდანაც ალბათ დაბრუნება აღარ უწერია. ახლა იმ ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს და მათ იძულებით კვებავენ – მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებსაც. ცუდის მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ იძულებით კვებაზე. მათ არც ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ და არც ანესთეზიას უკეთებენ. მილაკს ჩასჩრიან ცხვირში და ხახაში და სულ ეს არის! ისინი კი სისხლს არწყევენ. განა ეს წამება არ არის? რა გვითხრა ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა? რა და არაფერი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რაღას ამბობს? ისიც არაფერს. რატომ დუმან? იმიტომ, რომ აშშ-მ გააფრთხილა: “გუანტანამოში ჩვენი მოქმედების გაკრიტიკება არამეგობრული საქციელია. ან ჩვენთან უნდა იყოთ, ან ჩვენს წინააღმდეგ”. ჰოდა, ბლერმაც პირში წყალი ჩაიგუბა.

ერაყზე თავდასხმა ბანდიტური აქცია გახლდათ, აშკარა გამო­ვლინება სახელმწიფო ტერორიზმისა, რომელიც შეურაცხყოფს საერთაშორისო სამართალს. ერაყში შეჭრა თვითნებური სამხედრო ოპერაცია იყო – უტიფარი სიცრუის, დამორჩილებული მასმედიისა და საზოგადოების მიერ ინსპირირებული. ამ აქციის მიზანია ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური კონტროლის გაძლიერება შუა აღმოსავლეთზე. აშშ-ს ამ შემთხვევაში განმათავისუფლებლის ნიღაბი აუფარებია (ეს არის თავის მართლების უკანასკნელი საშუალება – ყველა სხვა დანარჩენმა არ გაამართლა). ამას ვუწოდებ სამხედრო ძალის საზარელ გამოვლინებას, რომლის სინდისზეც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და დასახიჩრებაა.

ჩვენ ერაყელ ხალხს დავაყარეთ კასეტური ყუმბარები, გაღარიბებული ურანი, თავს დავატეხეთ უბედურება, წამება, განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა, დეგრადაცია და ყველაფერ ამას “შუა აღმოსავლეთში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამყარებას” ვარქმევთ.

ბოლოს და ბოლოს, რამდენი ადამიანი უნდა მოკლა, მასობრივი მკვლელი და სამხედრო დამნაშავე რომ გიწოდონ? ასი ათასი? გარწმუნებთ, ეს საკმარისზე მეტია. სწორედ ამიტომ უნდა წარდგნენ ბუში და ბლერი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. მაგრამ ბუში ჭკვიანია: ბლერისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდენია საერთაშორისო სასამართლოს რატიფიკაცია. ამიტომ თუ რომელიმე ამერიკელი ჯარისკაცი ან პოლიტიკოსი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე, ბუში მაშინვე ძალას მიმართავს. აი, ტონი ბლერის გასამართლება კი შეიძლება. თუ სასამართლოს სურს, შემიძლია მისი მისამართიც გავუმხილო: ლონდონი, დაუნინგ სტრიტ # 10.

ამ შემთხვევაში ბუშსა და ბლერს ნაკლებ ადარდებთ დახოცილი ადამიანები. მათ ეს მეორეხარისხოვან საკითხად აქციეს. ვიდრე ერაყში ამბოხება დაიწყებოდა, ამერიკულმა ყუმბარებმა და რაკეტებმა სულ ცოტა 100 000 ერაყელი მაინც იმსხვერპლა. იმ ხალხზე არავინ ლაპარაკობს. ვითომ არც მოუკლავთ. არსად არის დაფიქსირებული მათი სიკვდილი. “ჩვენ არ ვითვლით მიცვალებულებს”, განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ტომი ფრენკსმა.

სულ ცოტა ხნის შეჭრილი იყო აშშ ერაყში, როცა ბრიტანული გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ტონი ბლერის ფოტო, რომელიც ერაყელ ბიჭუნას ლოყაზე კოცნის. “მადლიერი ბავშვი” – ასეთი გახლდათ მინაწერი. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაზეთის შიდა გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო სხვა ოთხი წლის ბიჭისა, რომელსაც ორივე ხელი ჰქონდა მოწყვეტილი. გაზეთი გვამცნობდა, რომ მისი ოჯახი აფეთქებას ემსხვერპლა და ის იყო ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი. “როდის დამიბრუნებენ ხელებს?” კითხულობდა ბიჭუნა. ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა. დიახ, ის ბავშვი არ ჰყავდა ხელში აყვანილი ტონი ბლერს, არც სხვა დასახიჩრებული პატარა, არც ვინმეს გასისხლიანებული გვამი აეხუტებინა გულზე. სისხლი ბინძურია! ის გისვრის პერანგსა და ჰალსტუხს, როდესაც ტელეეკრანიდან გულწრფელი სიტყვით მიმართავ მაყურებელს.

2000 მოკლული ამერიკელი დიდ უხერხულობას ქმნის. მათ ღამით მარხავენ. პანაშვიდები უხმაუროა (შორს ცოდვისგან!). დასახიჩრებულნი თავიანთ საწოლებში ლპებიან – ზოგიერთ მათგანს წამოდგომა აღარ უწერია. ასე რომ, მკვდრებიც ლპებიან და სახიჩარნიც, ოღონდ განსხვავებულ საფლავებში.

გთავაზობთ ნაწყვეტს პაბლო ნერუდას ლექსიდან “ახლა ცოტა რამ უნდა აგიხსნათ”:
ერთ დილას ცეცხლი ეკიდა ზეცას,
ათასმა კოცონმა იფეთქა ერთად
და შთანთქა ყველა დაბადებული
მერე სულ იყო ცეცხლის ენები,
იყო დენთი და იყო სისხლი.
სიკვდილის მაცნე თვითმფრინავიდან,
სიკვდილის მაცნე – ხელბეჭდიანი,
ფარჩით მოსილი.
შავი ბერები ლოცვას გვითვლიდნენ,
ციდან გვიკლავდნენ ბავშვებს.
ბავშვების სისხლი ქუჩებს ღებავდა,
მიწანწკარებდა ნელა, მორჩილად,
სულ ისე, როგორც ბავშვების სისხლი.
ტურები, ტურებს რომ ეჯავრებათ,
ქვები, ეკლებიც რომ ვერ იტანენ,
გველები, გველებს რომ ეზიზღებათ.
მე და შენ ვნახეთ
ესპანური სისხლის მდინარეები,
სისხლის ტალღებმა
გშთანთქეს და გაგანადგურეს.
თქვენ გეუბნებით,
მოღალატე გენერლებო:
მოდით და ნახეთ
ჩემი სახლი იავარქმნილი,
მოდით და ნახეთ
ესპანეთი აოტებული:
ყველა ფანჯრიდან ყვავილთა ნაცვლად
ალმოდებული ლითონი ცვივა.
ორმოდ ქცეულა ესპანეთი.
მოკლულ ბავშვთაგან იარაღი იბადება,
დანაშაული კი ტყვიას ბადებს,
ერთ დღეს გულში რომ დაგეძგერებათ.
და მეკითხებით:
თუ პოეტი ხარ, რად არ უმღერი
სიზმრებს და ფოთლებს,
რად არ უმღერი შენი ქვეყნის
ცნობილ ვულკანებს?
მოდით და ნახეთ სისხლი ქუჩებში.
მოდით და ნახეთ
ქუჩებში სისხლი.
მოდით და ნახეთ სისხლი ქუჩებში.

ნერუდას ლექსიდან ნაწყვეტი იმიტომ კი არ შემოგთავაზეთ, რომ რესპუბლიკური ესპანეთი სადამ ჰუსეინის ერაყისთვის შემედარებინა. ეს ლექსი მხოლოდ იმიტომ შეგახსენეთ, რომ თანამედროვე პოეზიაში, მგონი, არავის შეუქმნია მოსახლეობის დაბომბვის ასეთი შთამბეჭდავი სურათი.

ზემოთ შევნიშნე, აშშ ახლა უკვე ღიად მოქმედებს-მეთქი. მართლაც ასეა. მისი ოფიციალური პოლიტიკა ამჟამად “ყოვლისმომცველ დომინირებად” მოიხსენიება. ჩემი მოგონილი ტერმინი არ გეგონოთ: ეს მათი ტერმინია და მთელ მიწა-წყალზე, ჰაერზე, კოსმოსზე, ყველა რესურსზე კონტროლის დაწესებას ნიშნავს.

აშშ ახლა 702 სამხედრო ობიექტსა ფლობს 132 ქვეყანაში (მხო­ლოდ შვედეთია ბედნიერი გამონაკლისი). გაურკვეველია, როგორ მოხვდა იმ ქვეყნებში, მაგრამ ფაქტია, იქ არცთუ ურიგოდ გრძნობს თავს.

აშშ-ს საბრძოლო მზადყოფნაში აქვს 8000 ბირთვულ ქობინიანი რაკეტა. მათგან 2000 უკვე შემართულია: 15 წუთი თუ სჭირდება მათ ამოქმედებას. ეს გახლავთ ბირთვული იარაღის ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და მას “ბუნკერის გამანადგურებელი” ეწოდება. და ბრიტანეთიც, არასდროს რომ ეუბნება აშშ-ს უარს თანამშრომლობაზე, მზად არის შეცვალოს საკუთარი ბირთვული რაკეტა “ტრაიდენტი”. ნეტავ ვიცოდე, ვის უმიზნებენ! უსამა ბინ ლადენს? მე? შენ?იმას? ჩინეთს?პარიზს? მოდი და გაიგე! ერთი კი ცხადია: ეს ინფანტილური შეშლილობა, ანუ ჩვენი დაშინება ბირთვული იარაღით ამერიკის თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ მუდამ სამხედრო მზადყოფნაშია და არც აპირებს დაძაბულობის შესუსტებას.

თავად აშშ-ს ათასობით (თუ არა მილიონობით) მოქალაქე გაბეზრებული, დარცხვენილი და განრისხებულია საკუთარი მთავრობის მოქმედებით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები ჯერ არ ქცეულან ერთიან პოლიტიკურ ძალად. თუმცაღა, როგორც ჩანს, ეს დღითი დღე მზარდი მღელვარება და შეშფოთება აღარ შენელდება.

ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტს ბუშს ჰყავს მთელი რიგი კომპეტენტური ადამიანებისა, რომლებიც მოხსენებებს უწერენ. სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს სამსახურსაც – აი, თუნდაც ასეთ მოკლე სატელევიზიო მიმართვას (თითქოს უკვე ვხედავ მას ტელეეკრანზე: დინჯია, საგულდაგულოდ თმადავარცხნილი, თავდაჯერებული, გულწრფელი, შიგადაშიგ მაამებელი, მზაკვრულად მოღიმარე, სიმპათიური… ერთი სიტყვით, კაცური კაცი):

“ღმერთი სახიერია.ღმერთი დიდია.ღმერთი სახიერია.ბინ ლადენის ღმერთი კი ცუდია. ის ცუდი ღმერთია. სადამის ღმერთიც ცუდი იყო, თუკი საერთოდ ჰყავდა ასეთი. სადამი ბარბაროსია. ჩვენ არა ვართ ბარბაროსები. ჩვენ ადამიანებს თავებს არ ვაყრევინებთ.ჩვენ გვინდა მშვიდობა.ღმერთსაც უნდა.მე არა ვარ ბარბაროსი. მე ვარ მშვიდობისმოყვარე დემოკრატიის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერი. ჩვენ გულჩვილი საზოგადოება ვართ.გულჩვილად ვაგზავნით ადამიანებს ელექტროსკამზე და გულჩვილად ვუშხაპუნებთ სასიკვდილო ინექციას. ჩვენ დიადი ერი ვართ.მე არა ვარ დიქტატორი. ის კი არის. მე არა ვარ ბარბაროსი. ის კი არის. ის ნამდვილი ბარბაროსია. ისინი ყველანი ბარბაროსები არიან. მე ვფლობ მორალურ ავტორიტეტს. ამ მუშტს ხედავთ? აბა, უსუნეთ”.

მწერალი ადვილად მოწყვლადი, თითქმის უმწეო არსებაა. მაგრამ ამაზე არ უნდა ვიწუწუნოთ. მწერალი აკეთებს საკუთარ არჩევანს და მას ვეღარსად გაექცევა. ფაქტია, რომ მწერალი დაუცველია, ქარი მას ყოველი მხრიდან უტევს – ზოგჯერ მართლაც საკმაოდ სუსხიანი. მწერალს სულ რაღაც ემუქრება, სულ საფრთხე ელის. ვერც თავშესაფარს პოვებს და არც არავინ დაიცავს… რა თქმა უნდა, თუ არ იცრუა. თუკი იცრუებს, მაშინ მფარველიც გამოუჩნდება და, შესაძლოა, პოლიტიკოსობასაც გამოჰკრას ხელი.

ამ საღამოს რამდენჯერმე ვახსენე სიკვდილი. ახლა კი ჩემ საკუთარ ლექსს შემოგთავაზებთ. მისი სათაურია “სიკვდილი”.
სად იპოვეს მოკლული?
ვინ იპოვა მოკლული?
როცა იპოვეს, მართლა მკვდარი იყო მოკლული?
როგორ იპოვეს მოკლული?
ვინ იყო ის მოკლული?
ვინ იყო მიტოვებული მოკლულის
მამა, შვილი, ძმა,
ან ბიძა, ან დედა?
მკვდარი იყო მოკლული, როცა მიატოვეს?
მიატოვეს მოკლული?
ვინ მიატოვა?
მოკლულის სხეული შიშველი იყო,
თუ სამოგზაუროდ გამოწყობილი?
რამ გაიძულათ მოკლულის მკვდრად გამოცხადება?
გამოაცხადეთ მოკლული მკვდრად?
კარგად იცნობდით მოკლულს?
რა იცით, რომ მოკლული მოკვდა?
განბანეთ მოკლულის სხეული,
დაუხუჭეთ მოკლულს თვალები,
დამარხეთ მოკლული,
თუ მიატოვეთ?
ეამბორეთ მოკლულის სხეულს?

როდესაც სარკეში ვიყურებით, გვეჩვენება, რომ გამოსახულება ზუსტია, მაგრამ, აბა, ერთი მილიმეტრით მაინც გაიწიეთ განზე და უსასრულო ჯაჭვს შევყურებთ. მწერალმა ზოგჯერ უნდა დაამსხვრიოს სარკე, რადგან ჭეშმარიტება შეიძლება სარკის მიღმა იმა­ლებოდეს.

მჯერა, რომ არსებულ უთანხმოებათა მიუხედავად, ჩვენი, როგორც მოქალაქეების მტკიცე, ურყევი და მარადიული ვალია ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სურათის წარმოჩენა. ფაქტობრივად, სხვა გამოსავალი არც გვაქვს.

თუ ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებში არ აისახება ასეთი ნება, მაშინ არც იმის დაბრუნების რაიმე იმედი უნდა გვქონდეს, რაც თითქმის დავკარგეთ კიდეც – ადამიანური ღირსების.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...