მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენების ჩამონათვალი ასეთია: 2013 – გალერეა „აპოლო”, თბილისი, საქართველო; 2012 – „ფანტასტიკური რეალიზმი”, Marien Hospital Galerie, დიუსელდორფი, გერმანია; 2012 – „580 მეტრი ზღვის დონიდან”, ზესტაფონის რაიონის საჯარო სკოლა, საქართველო; 2012 – ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია; 2011 – Impressionen, Emotionen, Momentaufnahmen, St. Mauritius Therapieklinik Galerie, ქ. მერბუში, გერმანია. ჯგუფური გამოფენები: 2013 – Marbella Art Festival, ქ. მარბელა, ესპანეთი; 2013 – საქველმოქმედო გამოფენა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად, ივენთჰოლი, თბილისი, საქართველო; 2012 – INTER ART, ბათუმი, საქართველო; 2011 – Marziart internationale Galerie, ჰამბურგი, გერმანია; 2010 – Gruppe108&friends, St. Mauritius Therapieklinik Galerie, ქ. მერბუში, გერმანია. მისი ნამუშევრები დაცულია ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში. არის ავტორი და მხატვარი წიგნებისა “ბარდი” და “ვლადიმერ ვისოცკის 101 შედევრი” (2003; ეგზემპლარები დაცულია მოსკოვის, ტოლიატისა და სამარის მუზეუმებში).
აკაკი გაჩეჩილაძე mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
. ამბობენ, მხატვრები სამყაროს ფერებით იმახსოვრებენო. თქვენი აზრით, რა ფერია ბავშვობა?
– სამყაროს, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ფერებით აღიქვამს. ფორმა და ფერი ერთად შემოდის ჩვენს ცნობიერებაში. როდესაც რამით აღვფრთოვანდებით, ვიწყებთ მის ფერებად თუ ფორმებად დაშლას და იმის გაუცნობიერებელ ანალიზს, რამ მოგვხიბლა და აღგვაფრთოვანა – სინათლემ, მოყვანილობამ თუ მათმა მთლიანობამ, ურთიერთდამოკიდებულებამ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმა – შინაარსიც გვხიბლავს.
ბავშვობა მხოლოდ ფერი არ არის. ეს ზღვა ინფორმაციაა, რომელიც ჯერ – მშობლების, მერე მასწავლებლების დახმარებით იოლად დავძლიეთ და გადავამუშავეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ, სხვადასხვა უჯრაში შევინახეთ და დღეს სწორედ იმ უჯრებს ვაცარიელებთ.
. ადამიანს გონებრივი განვითარებისთვის ბავშვობიდან აწყებინებენ ხატვას. რით არის ხატვა ასე მნიშვნელოვანი?
– ბავშვს ხატვას არავინ აწყებინებს – ის თავად აკეთებს ამას. ჩვენ აღქმის, შექმნის, მიღებისა და გაცემის უნარი მოგვეცა. ბავშვობაში მნიშვნელოვანია, საზოგადოდ, სულიერი საზრდოს მიცემაა. ეს ქმნის პიროვნებას.
. ხატვას ასწავლიან სკოლაშიც. შესაძლებელია მისი სწავლა თუ ხატვა მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ?
– ხატვის სწავლა შესაძლებელია, ისევე როგორც, თუნდაც, მუსიკისა. ფორტეპიანოს შესწავლას ხომ მცირე სავარჯიშოებით და მარტივი გამებით ვიწყებთ, მათემატიკის შესწავლას – რიცხვებით, ელემენტარული მოქმედებებით. ასევეა ხატვაც. ცოდნა მხოლოდ ინსტრუმენტია ღირებულის შესაქმნელად. შემოქმედება კი არ ისწავლება. შეუძლებელია, პოეტს ასწავლო, რა დაწეროს. განა ყველა ბრწყინვალე პიანისტს შეეძლო მუსიკის შექმნა? ანდა ვინმეს შეუძლია, იუმორი ასწავლოს? ადამიანს ან აქვს ეს, ან არა.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რას წარმოადგენს ხელოვნება, სურათი მხოლოდ სასიამოვნო სანახაობად გვესახება თუ სულში თითქოსდა არსებული სიცარიელის შემავსებლად.
. რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელი დამწყები მხატვრისთვის? რა თვისებები უნდა ჰქონდეს ხატვის მასწავლებელს? თვითონაც ხომ არ გყავთ მოსწავლეები?
– ხატვის სწავლებაზე არასდროს მიფიქრია. ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებ, რადგან არ ვიცი, როგორ უნდა ვასწავლო. თავად არავისგან მისწავლია ფერწერა.
ხატვის მასწავლებელმა ისე უნდა მისცეს ცოდნა მოსწავლეს, რომ თავისი გავლენის ქვეშ არ მოაქციოს, არ გაუფერმკრთალოს საკუთარი წარმოსახვა. აუცილებელი არ არის, მოსწავლე ზუსტად იმეორებდეს პედაგოგის ხაზს, ფეხს მის ნაკვალევში დგამდეს. პედაგოგი კი იუველირის სამუშაოს ასრულებს – მან უნდა მოახერხოს სწორი გეზის მიცემა მომავალი შემოქმედისთვის. ეს მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.
. თქვენ თვითონ როდის დაიწყეთ ხატვა?
– არ მახსოვს. მგონი, ჯერ ძერწვა დავიწყე. ვძერწავდი ადამიანებს, მერე ამ ფიგურებით ვთამაშობდი, ვიგონებდი ათასგვარ სიუჟეტს… აღმოვჩნდი უაღრესად საინტერესო სამყაროში, რომელიც თვითონვე შევქმენი.
კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მამამ გუაშის საღებავები მომიტანა, მაგრამ ფუნჯი ყუთში არ იდო. მამასვე გავახსნევინე საღებავების ქილები. დედის საქსოვი ჩხირებით დავიწყე ხატვა მუყაოზე… დღემდე ცოცხლობს ის განცდა ჩემში.
. თქვენი მხატვრობა ძალზე ორიგინალურია…
– ყველა მხატვარს თავისი ხელწერა აქვს. ეს ჩვენი დამსახურება არ არის, გაუცნობიერებლად ხდება. თუ იმაზე ვიფიქრე, რომ ვინმეს არ დავემსგავსო, ალბათ სწორედ მაშინ დავემსგავსები. ჩემი ორიგინალურობის მთავარი მიზეზი კი ჩემი უსწავლელობაა; თუ რამე ვიპოვე, თავად ვიპოვე, თუ რამეს ამიერიდან მივაგნებ – ისევ თავად.
არ ვხატავ მხოლოდ იმისთვის, რომ ვხატო – თუ სათქმელი არ მაქვს, ტილოსთან მისვლის აზრს ვერ ვხედავ.
თავს ძალას არ ვატან. შემოქმედება ვერ იტანს შეკვეთას. ამიტომაც არ გამომდის ნაწვალები ტილოები. თუ რაიმე ჩაისახა სულში, არ მომასვენებს, სანამ ტილოზე არ აღმოჩნდება.
. თქვენ მართავთ გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ . რას ეუბნებით თქვენი შემოქმედებით დამთვალიერებელს და რამდენად სწორად აღიქვამენ თქვენს ნათქვამს?
– პირველად ჩემი ნახატები გერმანიაში გამოიფინა. საქართველოში პირველი პერსონალური გამოფენა მეგობრების დახმარებით გავმართე ზესტაფონის რაიონის სოფელ ზემო წევის საჯარო სკოლაში. ამ სოფლიდან არის წარმოშობით ჩემი გვარი. თითქოს ვალი გადავუხადე ჩემს წინაპრებს…
ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს შორის დიდი განსხვავება ვერ დავინახე. მხატვრობას თარჯიმანი არ სჭირდება. უცხოელები თითქოს უფრო თამამად გამოხატავენ ემოციას, სათაურს მიჰყვებიან და ჩემს სათქმელსაც იოლად იგებენ. ქართველები ოდნავ თავშეკავებულნი არიან, თუმცა, უცხოელებისგან განსხვავებით, უფრო ღრმად იხედებიან. მათთვის უფრო მახლობელია ის ტკივილი და სიხარული, რაც ჩემს ტილოებზეა აღბეჭდილი.
. ხელოვანის ხვედრი ყველგან და ყოველთვის მძიმე იყო, თუმცა ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში მხატვრებს განსაკუთრებით აკლიათ დაფასება...
– სათანადოდ უნდა ფასდებოდეს არა მხოლოდ მხატვარი, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. ყველა პროფესიონალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გრანდიოზული გამოწვევების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ცალკეული სპორტსმენი, მომღერალი ან მხატვარი უცხოეთში ასახელებს ჩვენს ქვეყანას, აჩვენებს ჩვენს კულტურას, მაგრამ უფრო მეტად გვჭირდება გვერდიგვერდ დგომა, პოლემიკის გარეშე ერთი საქმის კარგად კეთება. მხოლოდ ამის შემდეგ დავაფასებთ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც.
. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ თქვენ ძალიან კარგ სიმღერებსაც წერთ და კარგად მღერით…
– მუსიკა ძალიან მიყვარს. გიტარა ჩემი თანამგზავრია. სუფრაზე ჩემს სიმღერებს არ ვმღერი, ახლო მეგობრების წრეში – სიამოვნებით. ძალიან მიყვარს საავტორო სიმღერების მოსმენაც. 2001 წელს წიგნი გამოვეცი ოთარ რამიშვილზე, მასთან ურთიერთობის უნიკალური მომენტები მოვიგონე. 2003 წელს რუსულ ენაზე დაისტამბა ჩემი წიგნი ვლადიმერ ვისოცკის შესახებ. იანვარში პოლონეთში, ვისოცკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მიმიწვიეს, სადაც ქართულად შევასრულე მისი ორი სიმღერა. იქნებ ოდესმე ჩემი სიმღერები დისკზე ჩავწერო და გამოვცე…
ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის შესართავიდან
ორი საათის სავალზე ერთი ლამაზი “წყალჯვარედინია”. ამ ადგილას ორი პატარა მდინარე ერთვის არაგვს სხვადასხვა მხრიდან. ერთს ნაროულა
ჰქვია, მეორეს – თეთრახევა. ეს ის თეთრახევაა, “ბროლს
რომ მოამსხვრევს ბროლიანსა”, თავდაღმა მოჰქრის და:
“ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანემოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა…
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა...”
ეს ის თეთრახევაა, რომლის ნაპირებთან კიდევაც
მრავალი ყვავილი თუ პოეტი დაიბადება…
დილაა. მზე ეს-ესაა ამოიწვერა მისელურის თავზე. ჯერ
კიდევ ნახევრად წამოწოლილი დასცქერის არაგვის ჭალებს. მთის სიგრილეც აშკარად იგრძნობა.
ამ დროს ნისლები მთებიდან ქვევით ეშვებიან – როგორც აქაურები ამბობენ, არაგვზე ჩამოდიან
პირის დასაბანად. გაივლის კიდევ მცირე ხანი და მზე შუბის ტარს წამოეგება. მისი ნატყორცნი
სხივები უფრო მეტი ენერგიით ეკვეთებიან დედამიწას და მის წიაღში დაიდებენ სავანეს.
გათბება მიწაც. პირს შეიშრობენ დილის ნამით თუ არაგვის ანცი წყლის მოლეკულებით დასველებული
ყვავილ-მცენარენი. გამთბარი მიწა მიღებულ ენერგიას ჰაერსაც უწილადებს – ჰაერი ხომ ენერგიით
მიწიდან საზრდოობს. ამიტომაც არის ალბათ, ასე რომ ეკვრის მას და არ შორდება ამ უკიდეგანო
პლანეტარულ სივრცეში უსასრულო ხეტიალისას. თავისი წილი სითბო ნისლსაც ერგება. გათბება,
მისი მოლეკულები უფრო აცელქდებიან, უფრო შორს მანძილზე დაიწყებენ ხტუნვას… ნისლიც
დამსუბუქდება, მერე მკერდს მიუშვერს გამთბარი ჰაერის დინებას და მასთან ერთად გაეშურება
მთების მწვერვალისკენ… ზოგჯერ ისე გაიტაცებთ აღმასვლა, ვეღარ ზომავენ. არადა, ზევით
ძალიან ცივა. შეცივებული წყლის მოლეკულები მოიბუზებიან და ერთმანეთს მიეკვრებიან. ნისლიც
ფერს შეიცვლის, უფრო პირქუში გახდება, გული დაუმძიმდება და თუ ვეღარ დაიტევს დარდსა
და ვარამს, წვიმის ცრემლებად ჩამოყრის. თეთრახევას თავზე ბუნება თითქოს ყველაზე სპეტაკი
ცრემლებით ტირის. ჯერ არავის ახსოვს თეთრახევა გულამღვრეული – ზამთარ-ზაფხულ, დილა-საღამოს,
დარსა და ავდარში ერთნაირად წმინდა და კამკამა მოჩქეფს ხეობაში.
საათობით შეიძლება იდგე და უცქირო ამ სილამაზეს – მწვანით
დაბურულ მთის ციცაბო კალთაზე თეთრ ზოლად დაჩნეულ თეთრახევას და აღმა-დაღმა მოლივლივე
ნისლებს, ფერდობებს შავ ლაქებად რომ აჩნდებიან.
რა გვიზიდავს ასე? რა გვაქვს საერთო ჩვენ, თეთრახევასა
და ნისლებს? – წყლის მოლეკულები. ნისლი წყალია, ორთქლად ქცეული, თუმცა მისი მოლეკულები
მთლად არ არიან “გათითოკაცებულნი”, ამიტომ შეგვიძლია, თვალი ვადევნოთ მისი
მოლეკულების დინებას.
თეთრახევაც წყალია, თუ არ ჩავთვლით მასში მოფარფატე
რამდენიმე “უცხო ტომის” მოლეკულას თუ იონს.
ჩვენ? ჩვენი სხეულის 60%-იც წყალია. ისეთივე წყალი,
როგორიც თეთრახევას ძარღვებში მოჩუხჩუხებს თუ ნისლად დახეტიალებს მთის კალთებზე. და
ვინ იცის, წყლის რომელიღაც მოლეკულა, რომელიც ახლა ჩვენს რომელიმე ორგანოში მოკალათებულა
და რუდუნებით იღვწის მისი სრულფასოვანი ფუნქციობისთვის, ერთ დროს ნისლის სხვა მოლეკულებთან
ერთად უდარდელად დაეხეტებოდა მთის კალთებზე ან ანც მდინარედ მოჩხრიალებდა თავდაღმა.
ახლა თვალი ჰკიდა ყოფილ მოძმეებს და ტკბილ მოგონებებში ჩაძირული მიაშტერდა მათ…
ასეთია წყლის ცირკულაცია ბუნებაში. ასე იყო ჩვენამდე…
ასე იქნება ჩვენს მერეც… მთებში წვიმად თუ თოვლად მოსული წყლის მოლეკულები მერცხლებივით
ტოვებენ თავიანთ ბუდეს და “თბილი ქვეყნებისკენ” მიეშურებიან. გზადაგზა პოულობენ
თვისტომებს და, დაჯარებულნი, ჯერ ნაკადულებად, რუებად, ფშებად იქცევიან, მერე ცოტა
მომძლავრდებიან და ხევებად და მდინარეებად გარდაისახებიან, მდინარეები – ზღვებად, ზღვები
– ოკეანეებად, ოკეანეები – ისევ ნისლად! გზადაგზა იცვლიან კალაპოტს, სახელს, ნავსაყუდელს…
ამ გიჟური რბოლისას შესაძლოა მცირე ხნით ჩაიმუხლონ ჩვენს ან მცენარეთა სხეულებში, დროებით
შეყოვნდნენ, სუპერმარკეტისა თუ აფთიაქის თაროებზე ბოთლებში გამოკეტილნი, ბოლოს კი მაინც
ოკეანეში ამოყოფენ თავს. მაგრამ იქაც დროებითია მათი ყოფნა, რადგან ახალი ციკლის დაწყების
დროა და, ნისლად ქცეულნი, ხელახლა იწყებენ მთათა მწვერვალებისკენ “გადაფრენას”
– ასეთია ბედის მწერელის მიერ დაწერილი სამყაროსეული კანონი…
ასევე გამართულად უნდა მუშაობდეს ციკლი: ოჯახი – საბავშვო
ბაღი – სკოლა – უმაღლესი – წარმოება (დამსაქმებელი)… მაგრამ ეს კანონი უკვე ჩვენი
დასაწერია.
მოამზადა ლევან ალფაიძემ
დიდი ხანია, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩემს სოფელში არ შევხვედრივარ. ადრე სულ იქით მიმიწევდა გული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბებია და ბაბუა მელოდნენ ცაიშში. ბავშვობისას მთელ ზაფხულს იქ ვატარებდი და ფეხბურთის თამაშში, თევზაობასა და ტყე-ღრე წანწალში გალეული დრო დიდხანს მყოფნიდა სათქმელად, სალაპარაკოდ, ახალი თავგადასავლებისთვისაც.
მარაშნას მოლოდინი მაინც სხვა იყო. ის არ ჰგავდა ახალი წლის პირველ დღეებში მობრძანებულ ქირსეს (რომლისთვისაც მთელი წელი ასუქებდნენ ღორს სოფელში), არც თანაფას (ენდროსფრად შეღებილი კვერცხებითა და ნაირ-ნაირი მოსაკითხით სასაფლაოზე გაკრეფილ ადამიანებს), არც პერტობას…
სამზადისი წინა დღეს, უთენია იწყებოდა. კაცები შეშას ვეზიდებოდით ტყიდან, დედა და ბებია ეზო-კარს გვიდნენ და ასუფთავებდნენ. მერე ბუხარში ცეცხლი გაჩაღდებოდა, ახმიანდებოდა გამხმარი კუნძი და წვრილ-წვრილი ფიჩხი.
იმ დღისა და იმდღევანდელი სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო საკურთხი – მიცვალებულთა ულუფა. ბებიაჩემი ისეთი მონდომებითა და მოწიწებით ამზადებდა საკურთხს თავისი მშობლებისა და დედამთილ-მამამთილისთვის, რომ მე და ჩემს ძმას გვშურდა, გვწყინდა, ბავშვურად გვჯეროდა კიდეც, რომ ჩვენ არ ვიყავით ასეთ პატივში.
– იმ ბარკალს ავიღებ, თუ შეიძლება, ჩემსას მოვრჩი უკვე, – ვამბობდი ყველას გასაგონად და მადიანად გავცქეროდი თეფშებზე განცალკევებით დაწყობილ ოხშივარადენილ კერძებს, თან მაინტერესებდა, რას იტყოდა ბაბუა, ნებას დამრთავდა თუ დამიშლიდა.
– აგერ ბარკალიცაა და რბილი ხორციც, – ამის პასუხად ბებია თეფშს გამომიწვდიდა, გადაიღეო.
ის საკურთხი მაინც იდუმალი და მიუწვდომელი ჩანდა. თქვენც წარმოიდგინეთ: მაგიდაზე გადაფარებული ქათქათა ტილო, ზედ დალაგებული ძვირფასი ჭურჭელი, სუფრის ცალ მხარეს – მთელი ოჯახის დიდ-პატარა, მეორე მხარეს კი ისინი, ვინც მარადიულად იგულისხმებიან ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. მათ კერძს ლუკმა არ აკლდებოდა, სამაგიეროდ, მათ თეფშებზე დამაგრებული სანთლები წვეთავდნენ, ილეოდნენ, თითქოს წამიერად, ჩვენ თვალწინ, ერთხელ კიდევ იბადებიან და იფერფლებიანო.
დაფერფვლაზე წინა ღამე – ჭეჭეთობა-ჭიაკოკონობა – მახსენდებოდა. თავს მოვიჩიჩქნიდით – ავი სულებისგან, მაზაკვალებისგან დასაცავად თმაში ჩაწებებული სანთელი ადგილზე იყო. არც სახელდახელოდ მოგროვილ „პაკრიშკებზე” გადახტომა-გადმოხტომის დროს ატრუსული, კვამლისსუნნაკრავი ტანსაცმელი ეწყო შეუფერებელ ადგილას – სარეცხში ეყარა…
ბებიას ახალი ხილი და ბოსტნეული შემოჰქონდა სუფრაზე. თვალს ახარებდა და ოთახსაც სურნელებით ავსებდა ლანგრებზე დაწყობილი ვაშლი, მსხალი, ლეღვი, ყურძენი, ნესვი თუ საზამთრო. ბაბუაჩემს უცნაური და მოულოდნელი ამბები ახსენდებოდა ასეთ დროს, – ერთი ქალი იყო ჩვენს სამოხიო-საახლობლოში, შვილის სიკვდილის შემდეგ ხილს და ტკბილეულს არ ეკარებოდაო. ჩვენ გვიკვირდა, გაოცებული შევყურებდით, მისი შეთხზული და გამოგონილი გვეგონა, ის კი, ჩვენს გაკვირვებაზე:
– ადრე გლოვაც ღირსეული იცოდნენ, ახლა რომ გაფუჭდა და გაბითურდა ყველაფერი! – იტყოდა ხმამაღლა და დაბეჯითებით.
სოფელში ამბობდნენ, მარაშნამდე რამდენიმე დღით ადრე, ფერიცვალებას, მდინარეში ყინული ვარდება და ბანაობა არ შეიძლებაო. წარმოვიდგენდი კიდეც, როგორ შეიძლებოდა, წყალში ყინული ჩავარდნილიყო: ალბათ, მთის მწვერვალიდან, სათავიდან დაუყვებოდა, მთელ შენაკადებს მოედებოდა, დაიქსელებოდა, გაფართოვდებოდა და ფსკერამდე უწევდა. ამიტომაც დღემდე ვერ გამიბედავს შემოდგომაზე მდინარეში შესვლა, ასე მგონია, ყინულით გაჭექილი წყალი ფილტვებზე შემომიდგება, სუნთქვას დამიხშობს და ჩამითრევს სარკესავით დაწმენდილ, აუმღვრეველ მორევში.
საინტერესო მოვლენად მიმაჩნია ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც homeschooling-ი – განათლების შინ მიღება – ჰქვია. პირადად ჩემთვის ეს განათლების მიღების საკმაოდ უცნაური გზაა და ერთგვარად მიუღებელიც კი. ამ საკითხით უფრო მეტად დავინტერესდი, როცა გავიგე, რომ ამჟამად ჰოუმსქულერები ამერიკელი მოსწავლეების 3%-ს შეადგენენ და მათი რაოდენობა იზრდება კიდეც. ძალიან კი მეეჭვება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ჰოუმსქულინგმა ჩვენთანაც მოიკიდოს ფეხი, მანამდე კი, მგონი, არაფერი დაშავდება, სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემების განხილვასთან ერთად ამ ფენომენზეც თუ ვისაუბრებთ. რასაკვირველია, ამ სტატიას სრულყოფილების პრეტენზია არ გააჩნია და მხოლოდ ზედაპირულად მიმოიხილავს საკითხს, უფრო სწორად, იმ არგუმენტაციას, რომლებსაც ჰოუმსქულინგის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უპირისპირებენ ერთმანეთს.
მოდი, ჯერ ჰოუმსქულინგის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს გავეცნოთ. უნდა ითქვას, რომ ჰოუმსქულინგი მათ ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენად არ მიაჩნიათ, მაგრამ აცხადებენ, რომ სწავლების ამ სტილთან დაკავშირებული უამრავი სირთულის წარმატებით დაძლევა ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც. ამიტომ, მათი აზრით, არ ღირს უზარმაზარი დროისა და ძალისხმევის გაღება საეჭვო წარმატების იმედით.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ განათლების შინ მიღება კარგი გამოსავალია მათთვის, ვინც, ამა თუ იმ მოსაზრებით, ტრადიციული სკოლების პრინციპული მოწინააღმდეგეა; მიუხედავად ამისა, ჰოუმსქულინგი არ არის ყველასათვის მისაღები და არც მართებულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე მიზეზის გამო:
* მოითხოვს უზარმაზარ დროს
შინ სწავლა დიდ დროს მოითხოვს. მას დღის უმეტესი ნაწილი მიაქვს და თუ სახლში არ არის მოზრდილი ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ დროის გამონახვას, სწავლა შეუძლებელი გახდება. ამგვარად, ჰოუმსქულინგი უპირველესად ცხოვრების სტილია და არა განათლების მიღების გზის არჩევანი. გამოსავალია, მოზარდის განათლება თავის თავზე არა ერთმა, არამედ ორმა ადამიანმა აიღოს და მათვე გაინაწილონ დრო და პასუხისმგებლობა. მაგრამ მაინც დროის დიდი დეფიციტი შეექმნებათ, რადგან, სავარაუდოდ, სამსახურშიც მოუწევთ სიარული.
თუმცა ზოგიერთ შტატში კანონი მშობლებს შვილისთვის სპეციალისტის დაქირავების ნებას რთავს. ამრიგად, ზოგიერთ მშობელს აქვს არჩევანი, თვითონ ასწავლოს შვილს თუ სხვა დაიქირაოს.
ჰოუსქულინგის დრო გულისხმობს იმ დროსაც, რომელიც გაკვეთილების დასაგეგმავად და ჩანაწერების გასაკეთებლად არის საჭირო. ეს დრო ემატება სწავლის აქტუალურ დროს. ზოგჯერ საჭიროა სასწავლო პროცესის სახლიდან გატანაც. ესეც დამატებით დროს მოითხოვს. ამრიგად, თუ მშობელი დარწმუნებული არ არის, რომ შეძლებს ყოველივე ამისთვის დროის გამონახვას, იგი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ტრადიციულ სკოლაზე უარის თქმა და მოახერხებს თუ არა შვილისთვის უკეთესი განათლების მიცემას შინ.
* პასუხისმგებლობა
შინ სწავლა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა მშობლებისათვის. მშობელი, როგორც მასწავლებელი, თავის თავზე იღებს იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რომელიც სკოლაში არა მარტო მასწავლებელს, არამედ მთელ სასკოლო სისტემას აკისრია. მშობელი-მასწავლებელი პასუხისმგებელია არა მარტო გაკვეთილის დაგეგმვაზე, არამედ მთელი სასწავლო კურსის გამართულად წარმართვაზე და ამ კურსის საფეხურებად სწორად დაყოფაზე. მშობელსვე აკისრია აკადემიური მიღწევების ჩანაწერების წარმოება, პროგრესის ან რეგრესის პროცესზე დაკვირვება და ა. შ.
ამასთანავე, მშობელი იმაშიც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი შვილის სასწავლო პროცესი სრულ თანხმობაშია შტატის საგანმანათლებლო კანონმდებლობასთან. ჰოუმსქულინგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც იმ კონკრეტულ შტატში მოქმედ კანონებს შეისწავლიან და გაითვალისწინებენ – კანონის უგულებელყოფა ისჯება.
* ყველა მოსწავლე ვერ ამჟღავნებს შესაძლებლობათა მაქსიმუმს
ზოგიერთი მოსწავლე სრულ წარმატებას მხოლოდ ტრადიციული სასკოლო სწავლებისას აღწევს. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შეჯიბრების მომენტი, რომელიც სკოლებში არსებობს და გამორიცხულია შინ სწავლისას. ასეთი მოსწავლეები შესაძლებლობათა მაქსიმუმს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ, როცა ირგვლივ სხვა მოსწავლეებიც ახვევიან. ეს მათ სტიმულს აძლევთ „მწვერვალზე ასაცოცებლად”. ასეთ ბავშვებს ჰოუმსქულინგი უზარმაზარ ზიანს მიაყენებს, რადგან შინ სწავლა, წესისამებრ, ერთ მოსწავლეზეა ორიენტირებული. მაშინაც კი, როდესაც სახლში რამდენიმე ბავშვია, მიზეზთა გამო (სხვადასხვა ასაკი და ა. შ.) ისინი ერთმანეთს უშუალო კონკურენციას ვერ უწევენ.
* აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის თანხმობა
როგორც დავინახეთ, შინ განათლების მიღება მოითხოვს უამრავ დროს, დიდ პასუხისმგებლობას, მოქნილ სასწავლო გეგმას და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებას, მაგრამ ყველა ამ პირობის დაცვის შემთხვევაშიც კი ჰოუმსქულინგი წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაივლის, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი (უპირველესად – მშობლები) თანახმა იქნება, ბავშვმა განათლება სახლში მიიღოს. თუ ერთი მშობელი ჰოუმსქულინგის მომხრეა, ხოლო მეორე – სკოლაში სიარულის, ადვილი წარმოსადგენია, რა წინააღმდეგობები და შესაძლოა კონფლიქტებიც კი მოჰყვება ნებისმიერ წარუმატებლობას სახლში სწავლისას.
შინ განათლების მიღება ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ რამდენიმე მეთოდის მოსინჯვაა საჭირო თითოეული ბავშვისთვის საუკეთესოს საპოვნელად. ამიტომ ორივე მშობელმა უნდა იცოდეს, რომ დროებითი რეგრესი გამორიცხული არარის და ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი არ ნიშნავს საბოლოო წარუმატებლობას. თუ ორივე მშობელი არ იქნება თანახმა შინ სწავლებაზე, მცირე შეფერხებაც იკმარებს, რომ ჰოუმსქულინგი წარუმატებლად ჩაითვალოს.
როგორც დასაწყისში ვთქვით, ჰოუმსქულინგის მოწინააღმდეგები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის დაცვის შემთხვევაში წარმატებას არ გამორიცხავენ, მაგრამ ყველა ოჯახმა, რომელიც გადაწყვეტს, ბავშვს შინ მისცეს განათლება, უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის განათლებას ძალიან ცოტა მოსწავლე იღებს. სწავლისას შესაძლოა მრავალმა დაბრკოლებამ იჩინოს თავი და, საერთოდ, სწავლის ეს სტილი ყველა ბავშვისთვის არ არის მიზანშეწონილი.
შესაძლოა გასაკვირიც მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰოუმსქულინგის მომხრეებს თავიანთ პოზიციას უფრო კატეგორიულად იცავენ. მათ მიაჩნიათ, რომ საჯარო სკოლები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და მომავალი მხოლოდ სახლის განათლებას აქვს. ქვემოთ მათ არგუმენტებს წარმოგიდგენთ.
* საჯარო სკოლებს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს იძულებით
ყოველწლიურად ათეულობით ათასი ამერიკელი ახალგაზრდა ანებებს თავს სკოლას მაღალ კლასებში, ე.ი. ათეულობით ათასი ახალგაზრდა რჩება სრულფასოვანი განათლების გარეშე. ჰოუმსქულინგის მომხრეთა აზრით, ეს საჯარო სკოლების დიდი ნაკლია და იმაზე მიუთითებს, რომ ისინი თავიანთ მთავარ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებენ. ამის თავიდან აცილება, მათი აზრით, განათლების შინ მიღებით არის შესაძლებელი.
სკოლას მრავალი მიზეზით ტოვებენ. მაგალითად, ეთნიკური წარმომავლობის გამო – ბევრი აფროამერიკელი, ესპანური წარმომავლობის თუ ინდიელი მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას. ბევრი სწავლას სამუშაოს გამო ანებებს თავს (დროებითი შემოსავალი მათთვის სწავლაზე მნიშვნელოვანია). ზოგიერთი ოჯახს მოეკიდა და მშობელი გახდა, ზოგი კი ოჯახის წევრის გამო გახდა იძულებული, მიეტოვებინა სკოლა, რადგან მას მუდმივი მზრუნველობა სჭირდებოდა. არსებობს სხვა მიზეზებიც.
* ჰოუმსქულერების აკადემიური შედეგები უკეთესია
ჰოუმსქულინგის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჰოუმსქულერებს უკეთესი აკადემიური შედეგები აქვთ. მათ არგუმენტად მოჰყავთ კვლევის შედეგები, რომლის დროსაც ძირითად საგნებში 16 000 ჰოუმსქულერის აკადემიური ცოდნა იქნა შესწავლილი. კვლევამ დაადასტურა, რომ ჰოუმსქულერებმა საჯარო სკოლის მოსწავლეთა 77%-ზე უკეთესი აკადემიური შედეგები აჩვენეს, ხოლო მათი 55% საუკეთესო 25%-ში მოხვდა (ეს მონაცემები ჰოუმსქულინგის მომხრის სტატიიდან ამოვიღე და არ ვიცი, რამდენად სანდოა, მაგრამ შედეგები თავისთავად შესაძლოა ასეთი ყოფილიყო კიდეც).
* ბიუჯეტის თანხების არაეფექტური ხარჯვა
ჰოუსქულინგის მომხრეთა კიდევ ერთი მთავარი არგუმენტი არაეფექტურად დახარჯულ ბიუჯეტს ეხმაურება. მათი აზრით, საჯარო სკოლებში სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ფული იხარჯება, მაგრამ პრობლემები ძველებურად მოუგვარებელი რჩება.
დასასრულ, მოვიყვან ჰოუმსქულინგის მომხრეთა კიდევ რამდენიმე არგუმენტს. მათ სკოლები პოლიციურ ინსტიტუტებად მიაჩნიათ, სადაც მოსწავლეებზე ძალადობა ხდება. ისინი გულისხმობენ ძალადობის როგორც ფიზიკურ, ასევე – ფსიქოლოგიური ფორმებს (უმთავრესად – სწორედ ამ უკანასკნელს), რომელსაც შეფარული სახე აქვს და შესაძლოა, საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს (გასულ თვეში ამ საკითხზე საკმაოდ დამაფიქრებელი სტატია გამოაქვეყნა ლევან ალფაიძემ). მათი აზრით, ასეთ ფონზე გასაკვირი აღარ არის, რომ საშინაო სკოლების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და ამის კვალდაკვალ აკადემიური შედეგებიც უმჯობესდება. ჰოუსქულინგის მომხრეებს დადებითად მიაჩნიათ ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა სახლის სკოლა ქრისტიანულ რელიგიებს ეყრდნობა. მათ სჯერათ, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია ამ მიმართულებით სვლის თამამად გასაგრძელებლად.
ჰოუმსქულინგის მომხრეთა არგუმენტაციაში აგრეთვე მოხსენიებულია მთელი წლის განმავლობაში მოქნილი სასწავლო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (მაგ., უქმეების ნებისმიერ დროს გამოყენება), მზრუნველი გარემო და საკმაოდ მოზრდილი დაზოგილი თანხა. მათ სჯერათ, რომ სახლის სკოლა არა მარტო საჯარო სკოლის სისტემას, არამედ კერძო სკოლებსაც კი დაამარცხებს.