მაპატიე, მე შეცდომა დავუშვი!
რწმენის უფლება
აღდგომა მოდის და სკოლაში სააღდგომო პროექტებზე მუშაობაა
გაჩაღებული: ბავშვები სათამაშო კვერცხებს ათასგვარად რთავენ, ხორბალს თესავენ, მუშაობენ
სადღესასწაულო კედლის გაზეთზე… პატარებს ბიბლიური ისტორიების მოსმენაც ძალიან უყვართ.
თუმცა გამოგიტყდებით, ყველაზე მეტად რელიგიური თემატიკის თხზულებების წაკითხვა მიჭირს.
არ მინდა, პატარების ჯერ კიდევ გაუაზრებელ რწმენას შევეხო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ,
ბიბლიური ისტორიები ყოველგვარი გადაჭარბებული ემოციის გარეშე წავიკითხო.
საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ არის ეროვნებით ქართველი და არც
სახელმწიფო რელიგიად აღიარებულ ქრისტიანულ მრწამსს იზიარებს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე
მეტად გავრცელებულია მართლმადიდებლობა (მოსახლეობის 70%), მას მოსდევს კათოლიციზმი და
პროტესტანტიზმი (ბაპტიზმი), მრავლად შეხვდებით სხვადასხვა რელიგიური სექტის
წარმომადგენლებსაც. აჭარის მაღალმთიან რეგიონში კი უმეტესად ქართველი მუსლიმები
ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ფიქსირდება რელიგიური და ეროვნული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები. გამოკითხვის
შედეგად დადგინდა, რომ რელიგიურ უმცირესობათა დევნა-შევიწროება ბოლო წლებში
შემცირებულია, თუმცა ეს შედეგი სამართალდამცავი ორგანოების აქტიური
ჩარევის შედეგად მივიღეთ. არადა, რელიგიური თუ ეთნიკური თავისუფლების დაცვა თავად საზოგადოების მიერ უნდა ხორციელდებოდეს.დღემდე საკამათო საკითხად რჩება, ისწავლებოდეს თუ არა
სკოლაში რელიგიის ისტორია. ამ კითხვას სახელმწიფომ 2005 წელს ზოგადი განათლების
შესახებ კანონის მიღებით გასცა პასუხი, როდესაც თქვა, რომ რელიგიის სწავლება სკოლაში
სავალდებულო აღარ იქნებოდა. თუმცა აშკარაა, სკოლა დღემდე ვერ იქცა რელიგიური ორგანიზაციებისგან
თავისუფალ სივრცედ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს საგანი საქართველოს განათლების
სისტემაში არასავალდებულო დისციპლინად ითვლება, თბილისის ზოგიერთ კერძო თუ საჯარო სკოლაში
მაინც ტარდება რელიგიის გაკვეთილები, რომლებსაც უმეტესად ეკლესიის მსახური ან რელიგიის
ისტორიის სპეციალისტი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ არც საპატრიარქო მიიჩნევს საჭიროდ
რელიგიის სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალში შეტანას. მათი აზრით, სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს საწყისი ცოდნა ძირითად მეცნიერულ დისციპლინებში.
დაინტერესების შემთხვევაში კი შესაძლოა სკოლაში რელიგიის, ოღონდ არასავალდებულო, არჩევით
საგნად ჩართვა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სახელმძღვანელოებს თუ გადავხედავთ, რელიგიურ თემებს მრავლად აღმოვაჩენთ ისტორიის, სამოქალაქო
განათლებისა და გეოგრაფიის სასწავლო მასალაში.
ჩემი აზრით, არამარტო მართლმადიდებლობის, არამედ მსოფლიოში
გავრცელებული რელიგიების ისტორიის იმ დოზით შესწავლა, რომ არ დაირღვეს არცერთი მოქალაქის
რწმენის უფლება, უფრო მეტად მიმღებს გახდიდა ჩვენს ქვეყანას განსხვავებულობისადმი.
ეთნიკურ უმცირესობათა დამცველების აზრით, ერთი რელიგიის
სავალდებულო საგნად სწავლება დიდი წნეხის ქვეშ
აქცევს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს, მაგალითად, მუსლიმ ქართველებს,
რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია აჭარის მთიანეთში. ამავე რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში მრავლად დაფიქსირებულა მასწავლებელთა
მხრიდან მოსწავლეების რელიგიური ნიშნით გამორჩევისა და შევიწროების ფაქტები (ისლამის აღმსარებლების რწმენას ,,ისტორიულ შეცდომას”
უწოდებენ), თითქოს უნებლიე დამნაშავის მძიმე ლოდის ზიდვას პატარაობიდანვე აჩვევენ აღსაზრდელებს.
არადა, ვინ დაგვიწესა, ვისაუბროთ მხოლოდ
უმრავლესობის მიერ აღიარებულ ღმერთზე?! თუ
მე, რელიგიური უმრავლესობის წევრმა, ,,კრძალვით და ცახცახით”, მაგრამ მაინც გავბედე მსგავსი კითხვის დასმა, მაშინ პატარა მუსლიმ მოსწავლესაც
ოდესმე დააინტერესებს, თუ ისიც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეა, რატომ არ აქვს
საკუთარი რწმენის ,,დემონსტრირების”, მასზე ღიად საუბრის უფლება?!
ჩემს სკოლაში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ (აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, თურქები…), შესაბამისად, ორმაგი სიფრთხილით გვიწევს მუშაობა
ეკლესიური დღესასწაულების მოახლოების დროს. არავინ საუბრობს იმაზე, თუ რომელ რელიგიურ აღმსარებლობას მიეკუთვნება. და რა
ქნას მასწავლებელმა, რომელმაც არ იცის, როგორ მიაწოდოს ბავშვებს რელიგიური თემატიკის
თხზულებები ისეთი ფორმით, რომ მათი რწმენის
თავისუფლება მცირედითაც არ შეავიწროვოს?! ერთადერთი
გზა რჩება: შეგვიძლია ავიღოთ რელიგიური თემატიკის კარგი საბავშვო ლიტერატურა და ყოველგვარი
კომენტარის, ემოციური ინტონაციის გარეშე წავუკითხოთ ბავშვებს ან ამავე თემაზე შექმნილი
საბავშვო ფილმები ვაჩვენოთ… მათ რწმენაზე ზემოქმედების ნაცვლად, მსოფლიოს რელიგიებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
რელიგიის ისტორიაში ხანმოკლე მოგზაურობას თუ დავისახავთ მიზნად, უხერხულ სიტუაციებს
აუცილებლად ავირიდებთ თავიდან.
***
ამას წინათ, სკოლაში ბავშვებს გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მოთხრობა წავუკითხე.
გაკვეთილი გარემოს დაცვას ეხებოდა და ბუნებასთან იდენტობის უკეთ გასააზრებლად, ვაჟასეულ
თანაგრძნობას ნაძვად გადაქცეული კაცის ამბავიც მივამატე. ცოტა ხნის შემდეგ, რამდენიმე
მშობელთან, ე.წ. ,,უჟასების” მწერლის ზემოთხსენებული თხზულების მხატვრული ღირებულების
განმარტება და ,,პროფესიული თვითნებობის” გამო თავის მართლება
დამჭირდა.
საოცარია, თუ ბავშვს შეგვიძლია გავაცნოთ საქართველოს დიდი მეფეების მიერ
ქვეყნის გაერთიანებისთვის დაღვრილი სისხლით ნაწერი ამბები, რატომ არ შეგვიძლია მოვუყვეთ
განსხვავებულ სიძლიერეზე: ერთი შეხედვით უჩინარ ადამიანებზე, სულ სხვანაირი თავგანწირვა
რომ შეუძლიათ; მათ თანატოლებზე, რომელთა დიდგორიც შეიძლება საკუთარ სოფელს, სკოლის
ეზოს არ გასცდენია, მაგრამ სწორედ ასეთი ბრძოლების
შედეგად მათ ლექსიკონშიც შეიძლება გაჩნდეს ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,არჩევნის უფლება”.
ჩემი აზრით, თუ გვინდა, რომ შერეული ეროვნების მოსწავლეებით დაკომპლექტებულ
კლასებში ოდესმე მოიხსნას რელიგიურ-ეროვნული ნიშნით ადამიანთა შევიწროების ფარული შიში,
მგონი დისკრიმინაციის მაგალითების დამალვა კი არა, პირიქით, გამომზეურება და განხილვა
უნდა დავიწყოთ. ამ მხრივ კი მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს,
ჩოხელის ,,ლუკას სახარებაზე” უკეთესი რესურსი არ მეგულება, განსაკუთრებით წინასააღდგომო პერიოდში.
(პრიზისაუკეთესოსცენარისათვის,დსთ–სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი ,,კინოშოკი“(ანაპა – 1998).
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა გაიფიქროს, რომ ეს ნაწარმოები ძალიან მძიმე
მოსასმენ/ საყურებელია, რადგან შეიცავს ძალადობას სკოლაში, მოსწავლის შეურაცხმყოფელ
ეპიზოდებს, რწმენის თავისუფლების პირდაპირ უარყოფას და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ბავშვმა
უნდა იცოდეს შორეული ისტორია ქართველთა თავგანწირული ბრძოლების შესახებ, რომელთა უმეტესობაც
რელიგიის შენარჩუნების მიზნით ჩაღდებოდა, რატომ არ შეიძლება გაეცნოს, ერთი შეხედვით,
სხვა მოსწავლეებისგან არაფრით გამორჩეული თანატოლის თავგანწირვის ამბავს?! ჩემი აზრით,
მუსლიმი მოსწავლე (და ყველა რელიგიური ნიშნით ,,გამორჩეული” ადამიანი) დაინახავს, რომ
მარტო თვითონ არ მოქცეულა რელიგიურ წნეხში და იგივე ბედი შეიძლება სხვამაც გაიზიაროს.
არა მგონია, ცუდი შედეგი გამოიღოს ამ აღმოჩენამ, მეტიც, შესაძლოა ერთგვარი ემპათია
გააჩინოს სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელ ადამიანთა შორის, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოდ
ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.
დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს
,,ლუკას სახარების” მსგავს რელიგიური თემატიკის ტექსტებს. სამწუხაროდ, ხელი არ მიმიწვდება
სხვა რელიგიათა ისტორიის შესახებ დაწერილ საბავშვო ლიტერატურაზე, არც ის ვიცი, არსებობს
თუ არა მსგავსი ლიტერატურა ქართულ ენაზე, თორემ აუცილებლად გავეცნობოდი ჩემს მოსწავლეებთან
ერთად.
რაც შეეხება ,,ლუკას სახარებას”, სათაურზე დაკვირვებაც კი საკმარისია,
რომ მივხვდეთ, ის სახარება, რომელსაც ლუკა იცავს, ის რწმენა, რომლის მატარებელიცაა
ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე, მისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ზოგადად რელიგიისადმი
დაბადებიდანვე ნასწავლი მორჩილება შეიძლება იყოს.
მავანნი შემახსენებენ, რომ რელიგია ამა თუ იმ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი
გამაერთიანებელი კომპონენტია და თაობიდან თაობას
გადაეცემა. მაშინ როგორ ინარჩუნებენ ერთეულები
რწმენას, როცა საზოგადოება კარგავს მას?! სწორედ
ესაა არჩეული, გააზრებული და არა მემკვიდრეობითი რწმენის მაგალითი. მხოლოდ ასეთ ადამიანებს
შეუძლიათ დაანგრიონ ძირგამომპალი კოლექტიური ცნობიერება და დარჩნენ მარტო მთელი სამყაროს
პირისპირ.
***
რადგან ,,სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული”, ყველაზე უტყუარ კომპასად
ამ რთულ და დაუსრულებელ გზაზე მხოლოდ რწმენა შეიძლება მივიჩნიოთ. მე კი იმედს ვიტოვებ,
რომ ერთხელაც აღარავინ ესვრის ქვას უცხო სამოსში გახვეულ უფალს, ადამიანს, რწმენის
უფლებას.
ქრისტე აღ(ს)დგა! ანუ სწორი ფორმის შესახებ
სკოლაში ნაკლებად, თუმცა უნივერსიტეტში უფრო ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვიღაც უცნობი შემომიღებს აუდიტორიის კარს და იტყვის „ბოდიშით”. არასოდეს არ მეზარებს (ეს ჩემი ქართული ენის მასწავლებლისგან გამომყვა) და კარის შემომღებს ყოველთვის მივუთითებ შეცდომაზე, ის კი არა, მოკლედ განვუმარტავ კიდეც, რატომ არ უნდა იხმაროს „თ”. არ ვიცი, რამდენად საკმარისია ხოლმე ეს მცირე განმარტება უცნობი კარის შემომღებისათვის, მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემი სტუდენტები დაიმახსოვრებენ და არ დაუშვებენ მსგავს შეცდომას (თუკი მანამდე უშვებდნენ).
აღდგომის შემდეგ ჩემი ფეისბუქელი მეგობრების წრე ორ ჯგუფად შემიძლია დავყო: ისინი, ვინც ქართული ენის ნორმებს იცავენ და ქრისტეს აღდგომას სწორი გრამატიკული ფორმით გვილოცავენ და ისინი, ვინც ქრისტეს აღდგომას არასწორი ფორმით გვამცნობენ. მეორე ჯგუფიც ორ ნაწილად იყოფა, ერთმა ჯგუფმა იცის და მაინც არ ემორჩილება წესებს, მეორემ კი არ იცის და ისე იმეორებს, როგორც ტელევიზიიდან ესმის და არც დაფიქრებულა იმაზე, სკოლის მოსწავლე რომ იყოს, ასეთ შეცდომაში ქართულის მაწავლებელი ნიშანს დააკლებდა. პირადად მე ფეისბუქელთა პირველ კატეგორიას მივეკუთვნები და როდესაც ქრისტე აღდგა-ს ვამბობ/ვწერ, ჯიუტად უგულებელვყოფ ს-ს, რადგან ისევე, როგორც სხვა ჩემნაირებს, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ს ან მეორე სუბიექტური პირის ან მესამე ობიექტური პირის ნიშანია და ვინაიდან „აღდგა” ზმნა ერთპირიანია და ეს ერთი პირი, რა თქმა უნდა, მესამე პირის სუბიექტია, მისი ნიშანი კი ბოლოკიდური ა არის, ამიტომ ამ ზმნაში ს სრულიად ზედმეტია და მისი უფუნქციოდ ჩაწერა ზმნისწინის შემდეგ სრულიად გაუმართლებელია. წელს არ დავიზარე და იმის ნაცვლად რომ ყველა ჩემი მეგობრისთვის ერთი სტატუსით მიმელოცა აღდგომა, კურსორით ჩამოვუარე ფეისქბუქის მეგობრების „ქრისტე აღდგა/აღსდგა” სტატუსებს და კომენტარებში მივუწერე: „ჭეშმარიტად აღდგა”. ვისაც, ჩემი აზრით, სწორი ფორმა ეწერა, სოლიდარობის ნიშნად დავუკომენტარე. ჩემი ამ საქციელით შევეცადე, მეჩვენებინა, რომ ერთნაირად ვფიქრობთ და გრამატიკული წესების უზენაესობას ერთნაირად ვაღიარებთ, ხოლო, ვისაც, ჩემი აზრით, არასწორად ეწერა, შევეცადე, ჩემი კომენტარით მეჩვენებინა, რომ სწორ ფორმას S2O3-ის ნიშანი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, შემეძლო, შეცდომის უფრო დეტალური განმარტება მათთვის ჩატში ისევე მიმეთითებინა, როგორც ამას შარშან, შარშანწინ ვაკეთებდი, რადგან წლევანდელმა სტატუსებმა მიჩვენა, რომ, ჩემი გარჯა ფუჭი არ იყო და ვისაც შარშან გავუსწორე, ავუხსენი, რატომ არ იყო ს-თი დაწერილი ფორმა სწორი, წელს უკვე „ჩემიანი” გამხდარიყო. როგორც მივხვდი, ჩემი მეგობრების უმეტესობას, რომელთაც წესი უგულებელყვეს, შესანიშნავად იციან ქართული ენის გრამატიკა, მაგრამ მათ თავიანთი სიმართლე აქვთ, ამიტომაც, ამ სიმართლის გამო არაფრად დაგიდევენ ამ წესს, ჯიუტად არღვევენ მას და მცდარი ფორმის დამკვიდრებას უწყობენ ხელს. მათი სიმართლე კი ისაა, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია (პირველი აქსიომა), იგი არაჩვეულებრივად ასახავს სხვადასხვა პროცესს და მას ხელი არ უნდა შეუშალო. ამ მიდგომის გამოა, რომ ის, რაც გუშინ არასწორ ფორმად ითვლებოდა დღეს უკვე სწორ ფორმადაა მიჩნეული. გავიხსენოთ თუნდაც მისასალმებელი სიტყვა „გამარჯობათ”. ყველამ იცის, რომ ნიშანი „თ” ზმნის მრავლობით რიცხვს გამოხატავს. „გამარჯობა” რომელი ზმნა არის, რომ მას ზმნისთვის დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდეს? მაგრამ იმის გამო, რომ ყველა ენა უნიფიკაციისკენ ისწრაფვის (მეორე აქსიომა), ჯერ ცოცხალ მეტყველებაში დამკვიდრდა არასწორი ფორმა, ხოლო მერე უკვე ეს არასწორი ფორმა ნორმად იქცა. დღეს ორთოგრაფიულ ლექსიკონში „გამარჯობათ” სწორ ფორმად არის შეტანილი. ამგვარი მიდგომით ხვალ უკვე „ბოდიშით” ფორმაც შესაძლოა, სწორ ფორმად მოგვევლინოს და მე აღარ დამჭირდეს მცირე განმარტების გაკეთება იმ სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის, ვინც აუდიტორიის კარს შემომიღებენ.
ენა „შეცდომებითაა” სავსე, მიუხედავად იმისა, რომ ენას, მისი მწყობრი სისტემის გამო, ხშირად მათემატიკას ადარებენ. ამ „შეცდომების” წარმომავლობა განსხვავებულია. სიტყვა „შეცდომა” იმიტომ დავწერე ბრჭყალებში, რომ არ არის მართებული, შეცდომა უწოდო იმას, რაც უკვე ნორმად იქცა. მახსოვს, თანამედროვე ქართული ენის ლექტორი ქართული ენის ფილოსოფიური და თეოლოგიური ლექსიკის გამდიდრების საქმეში იოანე პეტრიწის დამსახურებაზე გვიამბობდა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ამ დიდ საქმეში წესების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია. დღეს „არსი”, „არსება”. „არსებობა” ყველასთვის ჩვეულებრივი ქართული სიტყვებია. არადა, თავის დროზე ეს სიტყვები წესების დარღვევით შეიქმნა. აბა, ვის მოუვა თავში აზრად, მესამე პირის ზმნას სახელობითის ნიშანი დაუმატოს და ასე მიიღოს ახალი სიტყვა? ვის მოუვა თავში აზრად, ნორმად აქციოს „ჭამსი” ან „წერსი”, არადა, თავის დროზე ასევე წარმოუდგენელი იყო, „არს” ზმნაზე სახელობითის „ი”-ს დამატება; ასევე წარმოუდგენელი იყო ხელოვნურად წარმოებულ ამ სიტყვაზე სხვადასხვა სუფიქსების დამატება და მისგან კიდევ ახალი სიტყვების – „ არსება” იქნებოდა ეს თუ „არსობა” – წარმოება. მაგრამ მთარგმნელის ფანტაზია და კრეატიულობა კიდევ უფრო შორს წავიდა და ზედსართავისა და არსებითი სახელებისთვის განკუთვნილი ორივე სუფიქსი ერთ ხელოვნურად მიღებულ სიტყვას დაურთო და სრულიად წარმოუდგენელი ფორმა „არსებობა” შემოგვთავაზა. დღეს არც არავის (ლინგვისტების გარდა) აინტერესებს ამ სიტყვის წარმომავლობა, იმდენად კარგად მოერგო და შეესისხლხორცა ქართულ ენას. იოანე პეტრიწის კრეატიულობას საზღვარი არ ჰქონდა. მან ზმნა „არს”-ის მოკლე ვარიანტსაც (ბიჭი არს = ბიჭია, არს=ა) დაურთო სუფიქსი და თავის ნაწერებში სიტყვა „აობა” შემოგვთავაზა, თუმცა, დანარჩენი სიტყვების მსგავსად, ეს სიტყვა ენამ ვერ იგუა.
სკოლა, სპორტი, და ჯანმრთელობა. რას გვირჩევს ექსპერტი
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რომელი ქვეყნის მოდელია საუკეთესო ნიმუში ქართული საგანმანათლებლო სისტემისათვის და ამ საკითხზე მსჯელობა ალბათ კვლავ გაგრძელდება. სპორტის სპეციალისტებს სკოლებში სპორტის სწავლების ხარისხსა და დონის ამაღლებაზე საუბრისას, ხშირად მოჰყავთ გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები.
სამეგრელოს საქმე
ბავშვის სასკოლო ასაკი
5-წლიანების სკოლაში შეყვანის მომხრეებს ხშირად საკუთარი პოზიციის დასაცავად არგუმენტად პირადი გამოცდილება მოაქვთ ხოლმე – „იცით, მე 5 წლის შემიყვანეს სკოლაში, მაგრამ ამის გამო პრობლემა არ შემქმნია” – ამაყად აცხადებს ბევრი მათგანი. ამ ადამიანების გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ პრობლემის დაუნახაობა და შეუმჩნევლობა უკვე პრობლემაა. რამდენიმე კვირის წინ, 5-6-წლიანთა სასკოლო სწავლებისადმი მიძღვნილ სატელევიზიო დებატებში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან 5 წლისამ დაიწყო სკოლაში სიარული და არასოდეს ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თუმცა, ცოტა მოგვიანებით იმავე ჟურნალისტმა სინანულით აღნიშნა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამი უნივერსიტეტი გამოიცვალა და ვერსად მოახერხა დამკვიდრება.
იყავით მართლები – თეიმურაზ ლეჟავა
ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი ივანე ბერიტაშვილი პირველი ქართველი ბიოლოგი იყო, რომლის მონოგრაფიაც აშშ-ში გამოქვეყნდა. რამდენიმე წლის წინ კი ნიუ-იორკში მეორე ქართველი ბიოლოგის, თეიმურაზ ლეჟავას მონოგრაფია “Human Chromosomes and Aging” გამოსცეს.
ბედნიერება, სტრესი და მასწავლებლობა
რა შეიძლება იყოს მძიმე?
ცირა ბარბაქაძე – როგორ წავიკითხოთ ერთი ლექსი სამ სემიოტიკურ ენაზე
სამყარო ჩვენში განსხვავებულად შემოდის, განსხვავებული არხებით: ხმებით, ხედვით, შეგრძნებებით… სამივეთი ერთად, ან ერთით – განსაკუთრებით… ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთსა და იმავე მოვლენებს განსხვავებულად აღვიქვამთ და რომ ამ განსხვავებულობამ კონფლიქტი არ უნდა გამოიწვიოს… არადა, რამდენი და რამდენჯერ მინახავს ამის გამო მოკამათე ადამიანები. ან ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთს ვერ გაუგეს მხოლოდ იმის გამო: რომ განსხვავებული აღქმის ენებით საუბრობენ…




