ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

მოსწავლეთა ქცევის წახალისების მეთოდები: პრემაკის პრინციპი

0
ბევრი ფსიქოლოგი ურჩევს მასწავლებლებს, „ჩაუღრმავდნენ პოზიტიურს” – შეაქონ მოსწავლეები კარგი საქციელისთვის და უგულებელყონ ცუდი. ზოგი მეცნიერი იმასაც კი მიიჩნევს, რომ ქებისა და ყურადღების სისტემატური გამოყენება შესაძლოა ყველაზე ძლიერი მამოტივირებელი მეთოდი და კლასის მართვის საშუალება იყოს მასწავლებლისთვის. ამასთან დაკავშირებული სტრატეგიებია განმასხვავებელი განმტკიცება, ან შეუფერებელი ქცევის იგნორირება, ასევე – კარგი საქციელის წახალისება. მაგალითად, თუ მოსწავლე მიჩვეულია უსარგებლო კომენტარების კეთებას, კარგი იქნება, თუ ამგვარ წამოძახილებს უყურადღებოდ დატოვებთ, მაგრამ როგორც კი თავს იჩენს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გააქტიურდება, მაშინვე უნდა აღნიშნოთ და ხაზი გაუსვათ საკითხთან დაკავშირებულ კომენტარს.

ქება-იგნორირების ამგვარი გამოყენება შესაძლოა სასარგებლო იყოს, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ ამ გზით საკლასო მენეჯმენტის ყველა პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება. რამდენიმე გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ხელის შემშლელი ქცევა ნარჩუნდება, როცა მასწავლებელი პოზიტიურ შედეგებს (ძირითადად – ქებას) საკლასო მენეჯმენტის ერთადერთ სტრატეგიად იყენებს. როცა პრობლემური ქცევა თანატოლთა ყურადღებას იქცევს, მასწავლებლის მხრივ მისი იგნორირება ასევე ვერ იქნება დიდად მომგებიანი და წარმატებული.

არსებობს მეორე შეხედულებაც ქების გამოყენების შესახებ. კვლევებით აღმოჩენილი დადებითი შედეგები თავს იჩენს, როცა მასწავლებლები ფრთხილად და სისტემატურად აქებენ მოსწავლეებს. მხოლოდ „კომპლიმენტების ჩამორიგება” ვერ გამოასწორებს ქცევას. იმისთვის, რომ ქება შედეგიანი იყოს: (1) იგი უნდა განამტკიცებდეს ქცევას; (2) მან ცხადად და ხაზგასმით უნდა გამოკვეთოს ის საქციელი, რომლის განმტკიცებაც უნდა; (3) იგი უნდა იყოს დამაჯერებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქება უნდა იყოს გულწრფელი აღიარება კარგად ჩამოყალიბებული ქცევისა ისე, რომ მოსწავლემ კარგად გაიგოს, რა გააკეთა აღიარების მისაღებად. მასწავლებლები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ ამ პირობებს.

მრავალი ფსიქოლოგის აზრით, ქება განაწყობს ბავშვს არა საკუთრივ სწავლისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქება დაიმსახუროს. ალბათ, საუკეთესო რჩევა იქნებოდა, კარგად გაგვეცნობიერებინა ქების ზედმეტი ან არასწორი გამოყენების პოტენციური საფრთხე და ამის შესაბამისად მოგვეხდინა ლავირება.

პრემაკის პრინციპი. ეფექტიანი განმამტკიცებლების არჩევაში დაგვეხმარება პრემაკის პრინციპი, რომელსაც სახელი დავიდ პრემაკის პატივსაცემად ეწოდა. პრემაკის პრინციპის თანახმად, მაღალი სიხშირის ქმედება (საყვარელი საქმიანობა) შეიძლება დაბალი სიხშირის ქმედების (ნაკლებსასურველი საქმიანობის) ეფექტური განმამტკიცებელი გახდეს. ამას ხშირად „ბებოს წესსაც” უწოდებენ: „ჯერ ის გააკეთე, რაც მე მინდა, მერე კი შეგიძლია აკეთო, რაც თავად გსურს”.

რა უნდა აკეთოს მოსწავლემ, თუ არ ისწავლა? ამ კითხვაზე პასუხი მრავალ განმამტკიცებელს შეიძლება გულისხმობდეს და მოიცავდეს. ბევრი მოსწავლისთვის საუბარი, კლასში გადაადგილება, მეგობრის გვერდით ჯდომა, დავალებებისა და ტესტების მოშორება, ჟურნალების კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა ან თამაში საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. საუკეთესო გზა მოსწავლეთა განმამტკიცებლების გასარკვევად შესვენების დროს მათ საქმიანობაზე დაკვირვებაა.

იმისთვის, რომ პრემაკის პრინციპი ეფექტური იყოს, საჭიროა, ჯერ დაბალი სიხშირის (ნაკლებსასურველი) საქმიანობა განხორციელდეს. მომდევნო დიალოგში დააკვირდით, როგორ კარგავს მასწავლებელი პრემაკის პრინციპის გამოყენების იდეალურ შანსს:

მოსწავლეები: „არა, რა! აუცილებელია, დღეს გრამატიკაზე ვიმუშაოთ? სხვა კლასებში ის ფილმი განიხილეს, ამ დილით აუდიტორიაში რომ ვნახეთ”.

მასწავლებელი: „მაგრამ სხვა კლასებმა გუშინ დაასრულეს გრამატიკაზე მუშაობა. ჩვენც თითქმის მოვრჩით. თუ გაკვეთილი არ დავასრულეთ, გუშინ ნასწავლი წესები დაგავიწყდებათ”.

მოსწავლეები: „იქნებ წესები გაკვეთილის ბოლოს განვიხილოთ, ახლა კი კინოზე ვისაუბროთ”.

მასწავლებელი: „კარგი, ოღონდ სიტყვა მომეცით, რომ გაკვეთილის ბოლოს წინადადებებს მივუბრუნდებით”.
ფილმის განხილვა შესაძლოა გაკვეთილის დასრულების განმამტკიცებელი გამხდარიყო, ასე კი კლასმა შესაძლოა მთელი გაკვეთილი ფილმზე საუბარში გაატაროს. როცა განხილვა ყველაზე საინტერესო ხდება, მასწავლებელი იძულებულია, შეწყვიტოს ის და გრამატიკას მიუბრუნდეს.

ფორმირება: რა ხდება, როცა მოსწავლე მუდმივად განმამტკიცებლის გარეშე რჩება, რადგან დავალების შესრულება არ შეუძლია? განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:

მეოთხეკლასელი უყურებს მათემატიკაში თავისი ბოლო საკონტროლოს შედეგებს: „ამოცანათა ნახევარში ძალიან ცუდი ნიშნები მივიღე, იმიტომ რომ თითოეულში სულელური შეცდომა მომივიდა. ვერ ვიტან მათემატიკას!”

მეათეკლასელი ყოველდღე ცდილობს, გამოიგონოს რაიმე საბაბი, რათა თავიდან აიცილოს ბურთით თამაში ფიზკულტურის გაკვეთილზე. ბავშვი ვერ იჭერს ბურთს და ამიტომ ცდაზეც კი უარს ამბობს.

ვერც ერთ შემთხვევაში მოსწავლეები განმტკიცებას ვერ იღებენ თავიანთი სამუშაოსთვის, რადგან მათი მუშაობის შედეგი არც ისე კარგია. არსებობს იმის მტკიცების საფუძველიც, რომ მოსწავლე სულ მალე გადაიყვარებს კლასს, საგანს და, შესაძლოა, მასწავლებელსა და სკოლასაც კი. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა ფორმირება. მას თანდათანობით მიახლოებასაც უწოდებენ. ფორმირება გულისხმობს პროგრესის განმტკიცებას, ნაცვლად იმისა, რომ სრულყოფილებას ველოდოთ.

ფორმირების მისაღწევად მასწავლებელმა უნდა აიღოს ის კომპლექსური ქცევა, რომლის დაუფლება და მიღწევაც სურს მოსწავლეს, და მცირე ნაბიჯებად დაყოს. ამის ერთ-ერთი საშუალება, სამუშაო დავალებების ანალიზი, რ. ბ. მილერმა შეიმუშავა. ეს ტექნიკა მან იმისთვის გამოიგონა, რათა დახმარებოდა შეიარაღებულ ძალებს პერსონალის წვრთნასა და მომზადებაში. მილერის სისტემა იწყება მიზნის, ანუ იმ შედეგის განსაზღვრით, რომლის მიღწევაც მოსწავლეს პროგრამის დასასრულს უნდა შეეძლოს. შემდეგ ხაზგასმულია თითოეული ნაბიჯი, რომელმაც მოსწავლე მიზნამდე უნდა მიიყვანოს. ეს პროცედურა უნარებსა და პროცესებს ქვეუნარებად და ქვეპროცესებად შლის.

განვიხილოთ სამუშაო დავალებების ანალიზის მაგალითი. ვთქვათ, მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ბიბლიოთეკურ კვლევაზე დაფუძნებული მოხსენება. რა მოხდება, თუ მასწავლებელი ამ დავალებას აუხსნელად მისცემს მათ? ზოგმა მოსწავლემ შესაძლოა ერთ-ორ ენციკლოპედიაში მოძებნოს მასალები, მერე კი მხოლოდ ენციკლოპედიაში ამოკითხულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწეროს მოკლე რეზიუმე. მოსწავლეთა მეორე ჯგუფმა შესაძლოა იცოდეს კომპიუტერის, სათაურებისა და ინდექსების გამოყენება, მაგრამ დასკვნების გამოტანა გაუჭირდეს. მათ შესაძლოა ჩააბარონ სქელტანიანი ნამუშევრები, სადაც სხვადასხვა იდეა იქნება გაშლილი. სხვებმა შესაძლოა დასკვნების გამოტანა მოახერხონ, მაგრამ მათი ნაწერი გაურკვეველი და გრამატიკულად დაულაგებელი იყოს და მასწავლებელი ვერ მიხვდეს, რას გულისხმობენ მოსწავლეები. ამრიგად, დავალების შესრულებას ვერც ერთი ჯგუფი ვერ შეძლებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით.

სამუშაო დავალების ანალიზი იძლევა ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებული ნაბიჯების სურათს, რომელსაც საბოლოო მიზნამდე მივყავართ. ამ თანმიმდევრობის ცოდნამ შესაძლოა მასწავლებლებს იმის გარკვევის საშუალება მისცეს, აქვთ თუ არა მოსწავლეებს საჭირო უნარები და შესაძლებლობები. ამასთან, თუ მოსწავლეები სირთულეებს წააწყდნენ, მასწავლებელს შეუძლია, ზუსტად დაადგინოს პრობლემური ადგილები. ფორმირების გზით მრავალი საქციელის გამოსწორება შეიძლება. განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებიც მოითხოვს დაჟინებას, გამძლეობას, დიდ გულმოდგინებას, დიდ სიჩქარესა და პრაქტიკას. ვინაიდან ფორმირების პროცესი ბევრ დროს მოითხოვს, არ შეიძლება მისი გამოყენება მაშინ, როცა წარმატების მიღწევა შესაძლებელია უფრო ადვილი მეთოდებითაც, მაგალითად, სიგნალით.

რეკომენდაციები ქების სწორად გამოყენების
თაობაზე

● ეცადეთ, ქება ყოველთვის რაიმე კონკრეტულ ქმედებას მოჰყვეს.

● აუცილებელია, მოსწავლე ხვდებოდეს, რა სპეციფიკური ქმედებისა და მიღწევისთვის აქებენ. უთხარით: „შენ დავალება დროზე ჩამაბარე, თანაც კარგადაა შესრულებული” და არა: „პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაქვს” ან „კარგი ბიჭი/გოგო ხარ”.

● დააჯილდოეთ განსაზღვრული მიზნის მიღწევისთვის და არა მხოლოდ მონაწილეობისთვის.

● ნუ დააჯილდოებთ მოსწავლეებს, რომლებიც პროცესში არ მონაწილეობდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩუმად იყვნენ და კლასს ხელს არ უშლიდნენ.

● ქება მოაყოლეთ მოსწავლის გაუმჯობესებულ კომპეტენციას ან მიღწევის ხარისხს. უთხარით: „შევამჩნიე, რომ შენ პასუხები ორჯერ გადაამოწმე. შენი ნიშანიც შენი დაკვირვებული მუშაობის შედეგია”.

● შეაქეთ მოსწავლე, თუ ხედავთ პროგრესს წარსულთან შედარებით ან ქებით აღნიშნეთ მისი ახალი მიღწევები.

● ეცადეთ, მოსწავლემ ყურადღება საკუთარ მიღწევებსა და პროგრესზე გაამახვილოს და არა სხვებისაზე.

● ნუ გაავრცელებთ კლასში მოსაზრებას, რომ წარმატება დამოკიდებულია იღბალზე, სხვის დახმარებაზე ან მასალის სიადვილეზე.

● სთხოვეთ მოსწავლეებს, გიამბონ, რა პრობლემებს წააწყდნენ მუშაობისას და როგორ გადაჭრეს ისინი.

● ნუ ეცდებით, რამდენიმე მოსწავლის შექებით გავლენა მოახდინოთ დანარჩენებზე. ეს ტაქტიკა ხშირად წამგებიანია, რადგან შესაძლოა უხერხულობა აგრძნობინოთ მოსწავლეს, რომელსაც აქებთ.

● ნუ შეაქებთ მოსწავლეებს დაუმსახურებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ შეცდომები დააბალანსოთ. ეს იშვიათადაა ნუგეშის მიმცემი და ხშირად ხაზს უსვამს მოსწავლის უუნარობას, ნამდვილად დაიმსახუროს ქება.

წელს უმაღლესში ვაბარებთ (ქართველი მშობლის ტიპური ფრაზა )

0
წელს ჩემი გოგო სკოლას ამთავრებს. არ არის ცუდი მოსწავლე. ჰუმანიტარული საგნები უყვარს, მათემატიკა ერთი ხანობა გაუჭირდა, მაგრამ კერძო მასწავლებელთან მივიყვანეთ და სწრაფად დაძლია. აი, საბუნებისმეტყველო საგნებმა ყველაზე ნაკლებად მოხიბლა. კი მოემზადა და ჩააბარა შარშან მეთერთმეტე კლასის საატესტატო გამოცდები, მაგრამ  ხალისი და ინტერესი დიდად არ შემიტყვია. ენები უყვარს ძალიან. საღამოობით ფილმები ხან რუსული გახმოვანებითაა ჩართული, ხან – ინგლისური და ხანაც – გერმანული. მე რუსულის გარდა არცერთი არ მესმის. გავივლი ხოლმე მისაღებ ოთახში და ბებიაჩემი მახსენდება, ჩემი და და  მე რუსულ არხს რომ ვუყურებდით და დაღონებული გვკითხავდა – რას ამბობენ, ჩემო ქალო?

მოკლედ ჩვეულებრივი მეთორმეტეკლასელია. ერთი რამა აქვს არაჩვეულებრივი – წელს არ აბარებს.

სააღდგომოდ გურიაში წავიყვანე, ჩემს დედულეთში. წინასწარ შემითანხმდა – რატომ არ ვაბარებ, იქ შენ გაეცი პასუხიო.

რატომ არ აბარებს? ვერ მოიფიქრა.  ხან რა მოუნდა, ხან – რა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

არაფერი მომიხვევია თავს. რამდენადაც შემეძლო ველაპარაკებოდი იმ პროფესიებზე, რომლებზეც ფიქრობდა. შარშან ისიც ვკითხე, საერთოდ უნდოდა თუ არა სწავლის გაგრძელება. გაკვირვებულმა მიპასუხა, ყველა აბარებს, ჩემზე ათჯერ ნაკლები შესაძლებლობისა და ცოდნის ბავშვებიც კი, მე რატომ არ უნდა ჩავაბაროო?! ავუხსენი, რომ ყველა კი აბარებს, მაგრამ მას თუ არ უნდა, შეუძლია არ ჩააბაროს.

ასეა თუ ისე, რომ უნდა ისწავლოს, მისი გადაწყვეტილებაა. ალბათ მომავალ წლამდე იმასაც მოიფიქრებს, რისი სწავლა უნდა.  უკეთ მოემზადება და უკეთ ჩააბარებს. დიდი იმედი მაქვს, რაღაც გადაწყვეტილებას თვითონ თუ მიიღებს, შედეგიც უკეთესი იქნება.

წელს კი ჩემს გოგოს და მე ხშირად გვიწევს უხერხულ  დიალოგებთან გამკლავება. – არ აბარებს, რატომ? და იქვე გრძნობ დამამცირებელ მზერას, რომლის იქითაც ადვილად იკითხება – ეტყობა საერთოდ არაფერი არა აქვს თავში, საწყალი. 

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღევანდელ ქართულ საზოგადოებასა და განათლებას უდგას, სწორედ უმაღლესი განათლების მსურველთა დიდი რიცხვია. ყველა აბარებს, მიუხედავად სურვილისა და შესაძლებლობებისა. ოჯახი, კულტურა და მთლიანად გარემო ძალადობს ახალგაზრდებზე, რომ უნდათ თუ არა, აუცილებლად  ჩაააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში.

რა თქმა უნდა, არიან ჭკვიანი და მოტივირებული მოსწავლეებიც, რომლებმაც კარგად იციან რა უნდათ უმაღლესი სასწავლებლისგან და რისკენ ისწრაფვიან, გადაწყვეტილებასაც თავად იღებენ, თუმცა უფროსკლასელებთან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ვიცი, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია.  

ამას თავისი მიზეზები აქვს. ზოგიერთი მათგანი მენტალობიდან მომდინარეობს, ზოგიერთი – ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან. ერთ-ერთი უპირველესი, ქართველი მშობლის ამბიცია მგონია: სხვისი შვილი თუ აბარებს, მისამ როგორ შეიძლება არ ჩააბაროს. ხშირია შემთხვევები, ოთხი წელი წელებზე ფეხს იდგამს მშობელი, იხდის გადასახადს, რომელიც მისთვის მძიმე ტვირთია, (ამ კატეგორიის ახალგაზრდებს სახელმწიფო სტიპენდია, როგორც წესი, არა აქვთ) ამთავრებს და რჩება სამსახურის გარეშე. ის ცოდნა, რომელიც ასე ძალათი  მიიღო, არ არის საკმარისი დამსაქმებლისთვის. დღეს რომ სამსახური იშოვო ან ქართულ-ხალხური ნეპოტიზმი გჭირდება, ან საუკეთესო ცოდნა და უნარები.

ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებს, ან არც ამთავრებენ, სადღაც შუაში წყვეტენ სწავლას და ემატებიან დიპლომიანი ოფიციანტებისა და ტაქსის მძღოლების რიგებს. თუმცა მშობელი ნაღვლიანად, მაგრამ მაინც უფრო ამაყად ყვება, რომ მისი შვილი დიპლომიანია და ოფიციანტად მუშაობს. ატყობ, დიდად არც ენანება ის თანხები და დრო, რომლებიც შეიძლებოდა უფრო რაციონალურად დახარჯულიყო. მაინც რაღაცნაირად კმაყოფილია, რომ მისმა შვილმა ისწავლა, დიპლომი აქვს. ეს მას ქართულ  საზოგადოებაში  უკეთეს დამოკიდებულებას ჰპირდება.

მეორე და უფრო მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა. რომ არ ჩააბაროს, სად წავიდეს? სად იპოვის 18 წლის ახალგაზრდა სამსახურს? მშობელს ეშინია თავისი შვილის თავისუფალი დროის. ურჩევნია, ფული იხადოს და იცოდეს, რომ რაღაცით დაკავებულია.

კიდევ ერთი ხელისშემშლელი პირობაა პროფესიული სასწავლებლების სიმცირე. ისინი ნელ-ნელ ჩნდება და ადგილსაც იმკვიდრებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გახდა მიმზიდველი და მოდური.

შეიძლება, ისიც გარკვეულ როლს თამაშობს, რომ საქართველოში მომსახურე პერსონალისადმი აგდებული და უპატივცემულო დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული. ერთი მხრივ, ეს ზოგჯერ მათივე არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუმცა რატომღაც, როგორც კი ოდნავ პრივილეგირებულად ვიგრძნობთ თავს, ხშირად სხვისი დამცირებისა და უპატივცემულობის სურვილი გვიჩნდება.

არადა როგორი აუცილებლები და საჭირონი არიან, მაგალითად, ხელოსნები ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. გაფუჭდება, ვთქვათ, გაზის გამათბობელი და გაზის ხელოსანზე ძვირფასი და საჭირო არავინაა. მოვა, გაგიკეთებს, ფულსაც მშვენივრად გამოიმუშავებს, წავა და ფიქრობ, რამდენი დაუსაქმებელია უმაღლესი განათლებით, ან თუნდაც დასაქმებული, მაგრამ არავის რომ არასდროს არ დასჭირდება მისი პროფესიული დახმარება.
 ქართველთა უმეტეს ნაწილს ამგვარი მომავალი არ ხიბლავს. საზღვარგარეთ გადახვეწილი დედა ერთგულად აგზავნის შვილის სწავლის ფულს და უყურებ, ეს სისხლის ფასად გამოგზავნილი თანხა როგორ იყრება წყალში.

არის კიდევ ერთი პრობლემაც. ჩვენი სკოლები ვერ უქმნიან ბავშვებს წარმოდგენას აკადემიური სივრცისა და აკადემიური განათლების შესახებ. როგორც წესი, ახალგაზრდა ემოციურადაც კი არაა მზად, შეისწავლოს მეცნიერება, იკვლიოს, მიიღოს განათლება. უმაღლესში სწავლა რაღაც ზოგად, გაუგებარ ცნებად იქცა, რომლის იქითაც, ვის რას წარმოუდგენია და ვინ რას გულისხმობს და ელოდება, სრულიად გაუგებარია.

ორ  უმაღლეს  სასწავლებელში მიწევს სტუდენტებთან ურთიერთობა და რასაც ვხედავ, საკმაოდ მძიმეა. 

სტუდენტების ნახევარზე მეტი ვერასოდეს ვერ შეძლებს თავისი ცოდნით იარსებოს, იმიტომ რომ არა აქვს ამ ცოდნის მიღების უნარი ან სურვილი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იქმნება, როდესაც ქულის მიღებისთვის, ზღვრის გადალახვისთვის წვალებას იწყებენ. ხშირად ხდება, ლექციის მანძილზე ერთი და იმავეს, ელემენტარულის გამეორება გიწევს და ამ დროს მომზადებული, ნიჭიერი, მოტივირებული სტუდენტი გეჩაგრება. უმაღლეს სასწავლებლებს ფინანსურად, რაღა თქმა უნდა, ხელს აძლევს ბევრი სტუდენტი, მაგრამ ამასობაში სწავლების დონე ვარდება, რადგან ძალიან ძნელია, როცა ახალგაზრდა, რომლის ადგილიც საერთოდ არაა უმაღლეს სასწავლებელში, გთხოვს, რაღაცა გააგებინო, -უთხრა უარი, არ მიეხმარო, არ შეეცადო, – თუნდაც გრძნობდე, რომ საბოლოო ჯამში ტყუილად ირჯები.

თუმცა უმაღლესი განათლება საბოლოო საფეხურია, ყველაფერი კი პატარაობიდან, სკოლამდელი ასაკიდან იწყება. 
ორიოდე წლის წინ მეგობართან ვიყავი გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალურ საბავშვო ბაღში. იქ სამი წლიდან ბავშვებისთვის ღიაა  ბაღის მთელი სივრცე. ისაუზმებენ, გამოდიან უზარმაზარ დერეფნებში და თვითონ წყვეტენ, რომელ ოთახს  ესტუმრონ: კითხვის, ხატვის, კონსტრუირების, კულინარიის, მეცნიერების, მუსიკის და ა. შ. რა ხდება იმ ოთახებში, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ გერმანული განათლების სისტემა სამი წლიდან ეკითხება ბავშვს – რა სურს მას, სამი წლიდან ასწავლის გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ 17-18 წლისებსაც არ ვანდობთ თავიანთ ბედს. ჩვეულებრივი სიტყვათშეთანხმება გახდა მშობლის მიერ მრავლობითში ნათქვამი: წელს ვაბარებთ, სტუდენტი გავხდით.

ჩემი გოგონა გოეთეს ინსტიტუტში ენის კურსებზე დადის და ამას წინათ გახარებულმა მითხრა, დედა, გერმანულში პერიოდს, როცა მოზარდმა სკოლა დაამთავრა და ფიქრობს, რა გააკეთოს, ცალკე ლექსიკური ერთეული შეესაბამებაო. ჩვენთან?

ჩვენთან საბჭოთა  გამოცდილება ჯერ კიდევ მძლავრად გვექაჩება სიბნელისაკენ. სისტემა, რომელიც საერთოდ არ ცნობდა პიროვნებას, კიდევ უფრო უგულებელყოფდა ბავშვის, როგორც მომავალი მოქალაქის მნიშვნელობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. 

ვასწავლით გურამიშვილს: „ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო” მაგრამ ამ კითხვებზე დაფიქრების დროსა და სივრცეს მაქსიმალურად ვუზღუდავთ. ყველაფერზე ჩვენ გვაქვს გამზადებული პასუხი. არ ან ვერ ვთავაზობთ ალტერნატივას, ისწავლოს თუ არა სკოლის დამთავრების შემდეგ. შედეგად, ხშირად სწავლის გაგრძელება სულაც არაა მათი თავისუფალი არჩევანი, არადა ამის გარეშე ყველაფერი უფასურდება.  
     
 
 
   
  

ლიტერატურის მავზოლეუმი

0
როგორ უნდა ისწავლებოდეს მხატვრული ლიტერატურა სკოლაში? ამ ერთ კითხვას ერთი ოპტიმალური და კონკრეტული პასუხი აქვს ალბათ, თუმცა ჩვენ ჯერ ვერ მიგვიგნია. მე კი ჩემს აზრს დავწერ, რომ ლიტერატურა, როგორც რიგითი საგანი, ერთ-ერთი დისციპლინა, უკვე მკვდარი სხეულია მოსწავლისთვის.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ არამარტო მხატვრული ლიტერატურის შესწავლის პროცესი, ყველა სხვა საგნის სწავლების მთავარი ტიპი უნდა იყოს მკვლევარ-მაძიებლობა და შემდეგ საკუთარი მიღწევებით სიხარული და მოტივაციის ზრდა მოსწავლეთათვის. რუზველტი ამბობდა, რომ ბავშვები ყველაზე ყურადღებით უსმენენ მაშინ, როცა მათ არ ელაპარაკებიანო. ბავშვს უბრალოდ სწორად უნდა ესაუბრო მისი ასაკის, გონებრივი თუ ფიზიკური მონაცემების და ინტერესების გათვალისწინებით და დაანახო, რომ შენ მასზე ამყარებ იმედს, გჯერა რომ ის შეძლებს ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაოს შესრულებას. მთავარი კი მაინც დაინტერესებაა ამ სამუშაოსადმი, „მოსმენა”, რომელზეც რუზველტი საუბრობს.
ბავშვს უფრო მეტად აქვს განვითარებული წარმოსახვის უნარი, მეტად მიმნდობია მოვლენების, აზრების, ფაქტებისა და ლიტერატურული გმირებისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში მოსწავლეებმა დაიჯერონ და იგრძნონ, რომ ლიტერატურა და ცალკეული ტექსტები არაა საძულველი საშინაო დავალება ან საკლასო სამუშაო, რომ ესაა ზღაპრული, საინტერესო, სამსჯელო, გამოსაცნობი სამყარო, რომელიც ბევრად მეტი არის ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება იყოს, ვიდრე რეალობა, რომ ლიტერატურა შენ გაძლევს მეტ სივრცეს, ადგილს და ყველანაირ უფლებას, რომ აუმხედრდე მის კონკრეტულ ტექსტებს, შეეგუო, შეიყვარო, გააანალიზო, გააკრიტიკო.
ჩვენ, მასწავლებლებს კი ეს ძირითადად გვავიწყდება და მხატვრული ლიტერატურა ისწავლება ისე, ნაწილ-ნაწილ, დავალებებად, თავებად, საზეპიროებად. იმ დროს, როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი, ძნელად თუ იშოვებოდა ახალი წიგნები და თუ იშოვებოდა, იმდენად რთული ეკონომიკურ-სოციალური ვითარება იყო, რომ შეძენა ჭირდა და მახსოვს უფროსკასელებისაგან, ნათესავ-მეზობლებისაგან როგორ ვთხოულობდით წიგნებს, სადაც მათ უკვე ჰქონდათ მონიშნული საზეპირო ადგილები, გახაზული „მნიშვნელოვანი ადგილები” და ვინც ამას პირველად აკეთებდა, აკეთებდა შემდეგი ხუთი, ექვსი და შვიდი შემდეგი მოსწავლისთვის, ანუ წლების მანძილზე ერთიდაიგივე რჩებოდა. წლები კი იქნებ უფრო არაფერ შუაში იყვნენ და არიან, ვიდრე კონკრეტული ადამიანები. როგორ შეიძლება მეც ის ადგილი დავისწავლო ზეპირად, რაც წინა რამდენიმე წლით უფროსებმა, ის ტაეპი, აბზაცი მიმაჩნდეს მნიშვნელოვნად, რაც მათ. ცხოვრება ყოველდღიურად იცვლება. ორი სამი თვე რომ სახლში დაჯდე და შემდეგ გამოხვიდე შენს სოფელში, ქალაქში, მერე ჩართო ტელევიზორი, სიახლეებს გაეცნო, გაგიჟდები ალბათ, იმდენი რამ იქნება შეცვლილი. მაშინ რატომ უნდა დარჩეს ლიტერატურა ერთ ყრუ ქვად, რომელსაც ხელში უნდა ვჩრიდეთ მოსწავლეებს და არც ვეუბნებოდეთ, სად უნდა გადადონ ის, ან საით ისროლონ?..
რამდენიმე სტატია დავწერე კლასგარეშე ლიტერატურის მნიშვნელობაზე; რომ ეს უკანასკნელი აუცილებელია უფრო მეტი განათლების, წარმოსახვის უნარის გაუმჯობესებისათვის, მაგრამ ის დამატებითი ხიბლი, რაც კლასგარეშე ლიტერატურას აქვს, სასკოლო-საპროგრამოსაც უნდა გაუჩნდეს. ანუ მეტი თავისუფლება ტექსტის გაცნობისა და კითხვის, მასთან მისვლისას. რა თქმა უნდა, არც ისაა შესაძლებელი, რომ გაწერილი პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით, არ იქნას დაცული, რომ დავალებები არ შესრულდეს წიგნიდან, დროში განსაზღვრული სასწავლო მასალა ვერ დაიძლიოს, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფრის დაცვაც და ლიტერატურის განთავისუფლებაც ყოველგვარი საშინელი ნაწყვეტების, ნაგლეჯებისაგან.
ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იმ ტიპის სწავლებით, რაც ახლაა, ჩვენ მიგვაქვს მოსწავლეებთან სურათის ნაწილები და ვეუბნებით, რომ ისევ გაამრთელონ, ისე, რომ მათ ეს სურათის მთლიანი სახე მათ ნანახი არც კი აქვთ. მგონი, სჯობს, ჯერ მთლიანზე შეექმნათ წარმოდგენა და შემდეგ თვითონ დაანაწევრონ, იმსჯელონ, თავიანთთვის მთავარი ტექსტები, იდეები, პერსონაჟები გამოყონ, თუნდაც ადგილებიც გადაუნაცვლონ. ლიტერატურა კი ემყარება რაღაც ლოგიკისა თუ ალოგიკის თანამიმდევრულობას, მაგრამ მისი მთავარი მიმზიდველობა, ხიბლი და ღირსება ისაა, რომ ამ თავისი ისტორიის ზოგად მიმდევრულობასთან ერთად გააჩნია ძალიან სუბიექტური გზა ყველა ადამიანში და შესაძლებლობა ამ გზების სიმართლისა.
აი, მარტივად რომ ავიღოთ, მაგალითისთვის, დაწყებით კლასებში ლიტერატურის განსაზღვრება-სახელად შეგვიძლია ავიღოთ ზღაპარი, ასე წარმოვაჩინოთ და გავააზრებინოთ. საბაზო საფეხურზე უფრო გაძლიერდეს ტექსტებისადმი კრიტიკული მიდგომა, შეფასება, მსჯელობა. ხოლო უფროსკლასელთათვის პრიორიტეტი იყოს შემოქმედებითობა, როგორც მწერილის სამუშაოს გაგება, სრული აღქმა იმისა, თუ რა არის წერის პროცესი და რა რჩება დამდგარ შედეგად.

სიძუნწიდან ხელგაშლილობამდე

0
– მეორე კლასი მყავს, შეკრული და საინტერესო კლასია. უკვე მიეჩვივნენ სკოლას, სასკოლო წესებს და კლასის ერთობაც იგრძნობა, თუმცა ერთი მოსწავლე პრობლემურია. კარგი ბავშვია, არაფერს აშავებს, მაგრამ თუ მის ნივთს ვინმე  შეეხო, სერიოზულად განიცდის, აპროტესტებს… ვცადე მასთან საუბარი, მშობელიც ჩაერია, მაგრამ ვერაფერს გავხდით… – აღნიშნა დამრიგებელთა ერთერთ ტრენინგზე დაწყებითი კლასის პედაგოგმა.

ყველა გავმხდარვართ იმის მოწმე, თუ როგორ ეპატრონება პატარა მესაკუთრე თავის ნივთებს და სხვას ხელს არ აკარებინებს. ბევრი მშობელი და მასწავლებელი განიცდის ასეთ სიძუნწეს და გამოსავალს ეძებს. იქნებ სჯობს არ გავამახვილოთ ყურადღება ასეთ საქციელზე?

ამ კითხვებზე პასუხები ფსიქოლოგთა რჩევებში ვეძებეთ.  

სიძუნწე, როგორც თვისება, სამ წლამდე ასაკში არ არსებობს. ის მოგვიანებით იჩენს თავს, როცა ბავშვი გარშემომყოფებთან იწყებს ურთიერთობას. ეს თვისება სათავეს ნაწილობრივ ოჯახური გარემოდან იღებს. ბევრ რამეს ბავშვი აღიქვამს როგორც ერთიანს, განუყოფელს: მაგალითად, დედის კოსმეტიკა – უმჯობესია ხელი არ ვახლო, დედა განაწყენდება! მამის ჩანთა – არ უნდა გავხსნა, მამა იჩხუბებს!  და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ბავშვი იაზრებს, რომ თავადაც მესაკუთრეა: აქვს თავისი საწოლი, ფინჯანი, წიგნი, სათამაშო… მაგრამ რატომღაც უფროსები არ ითვალისწინებენ მის უფლებას, იყოს ამ ნივთების ბატონ-პატრონი. ის ებმება არათანაბარ ,,ბრძოლაში” საკუთარი უფლებების დასაცავად: „არ აიღო! ხელი არ ახლო!, ჩემია!” ამით ესწრაფვის თავის დამკვიდრებას და საკუთარი თავის დამკვიდრებას, პიროვნებად აღიარებას.

უფროსები ამას სიძუნწედ უთვლიან და იწყებენ ბრძოლას მისი გამოსწორებისთვის. ის ვერ ხვდება, რატომ ესარჩლებიან მისიანები მეზობლის ბავშვს, ან მის თანაკლასელს. ამის გამო, მას წყენისა და უნდობლობის განცდა უჩნდება, ფიქრობს, რომ ის სხვაზე ნაკლებად უყვართ, იქნებ იმიტომ რომ სხვაზე ცუდია? 

იქმნება მოჯადოებული წრე – მშობლები ცდილობენ ბავშვს ასწავლონ ხელგაშლილობა, ბავშვი კი სულ უფრო გამალებით იცავს თავის საკუთრებას. ეს პერიოდი და წინააღმდეგობა, ზოგიერთს სასკოლო ასაკშიც გადაჰყვება.
როგორ უნდა მოგვარდეს ასეთი სიტუაცია?

უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ბავშვი ოჯახშიც და კლასშიც, ისეთივე წევრია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც აქვს უფლება, პატივი სცეს საკუთარ თავს და თავის საკუთრებას. არ არის საჭირო დაავალოთ ბავშვს ამ საკუთრების სხვისთვის განაწილება, თუ მას ეს თავად არ სურს ეს. შეუძლებელია  სიკეთისა და ხელგაშლილობის ძალით სწავლება. თუ დავიწყებთ ბავშვის კეთილი თვისებების ხარისხის მუდმივ კონტროლს, არ გაგიკვირდეთ, რომ შედეგად აგრესია და ბუნტი მივიღოთ.

ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ძუნწად ჩამოყალიბების სერიოზული ,,ხელშემწყობი” არის ბავშვის იძულება, იყოს ხელგაშლილი. ნუ შეშფოთდებით, დაე, ბავშვს შეექმნას იმის განცდა, რომ თავისი ნივთების პატრონია და ამ ნივთებს  არანაირი საფრთხე არ ემუქრება ოჯახის წევრების, მასწავლებლის თუ თანაკლასელების მხრიდან. თანდათანობით, მას მოეხსნება შიში თავისი ნივთების გამო,  დამშვიდებით შეხედავს სხვების ურთიერთობას და თავადაც მიეჩვევა თხოვებასა და ჩუქებას. მაგრამ ამას დრო სჭირდება. 

ხშირად ერთმანეთში ურევენ ბავშვის  კატეგორიულ უარსა და სიძუნწეს. არადა, პირველი ბავშვის პროტესტია, რომელსაც წინაპირობა, საფუძველი აქვს. ამიტომაც უპირველესად საჭიროა გავარკვიოთ, რა იმალება მისი ქცევის მიღმა, შემდეგ შევეცადოთ ზემოქმედებას.

ურთიერთობების წესებში გარკვევა პატარისათვის ადვილი არ არის. მით უფრო, თუ უფროსები მას ხან იმის გამო საყვედურობენ, რომ ვინმეს რაიმე არ მისცა, არ ათხოვა და ხან იმის გამო, რომ თავისი ნივთი სხვას აჩუქა ან ათხოვა. ეს აბნევს ბავშვებს. ეს დაბნეულობა სკოლაშიც იჩენს თავს. ძალდატანება ჩვენი მეთოდებიდან ყველა შემთხვევაში უნდა გამოვრიცხოთ. ასეთ მოსწავლესთან ურთიერთობაში ფრთხილი და დაკვირვებული მიდგომების შერჩევაა საჭირო, რომ გარდაქმნა თავისთავად მოხდეს. მშობელთან თანამშრომლობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა გაჭირდება. ანუ უკეთესია, თუ მასწავლებელი და მშობელი საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ პატარა ძუნწის გამოსასწორებლად. ეს შეიძლება იყოს პირადი მაგალითების მიცემა. შეიძლება იყოს დიდაქტიკური მოთხრობისა თუ ზღაპრის შერჩევა საკითხავად და მერე ამ თემაზე მსჯელობა. 

კარგად შეიძლება იმუშაოს კლასში საჩუქრების ზეიმის მოწყობამ, როცა ბავშვებს ავუხსნით, რომ ერთი კვირის შემდეგ, საშუალება ექნებათ მიიღონ და გასცენ საჩუქრები ერთმანეთისგან და ერთმანეთისთვის. ადრესატიც თავად უნდა შეარჩიონ და საჩუქარიც თავად მოამზადონ (ბარათი, ქაღალდის სათამაშო, ნაქარგი, პატარა ნივთი და ასე შემდეგ). კლასის საათის დროს მასწავლებელი ყველას რიგრიგობით მისცემს საშუალებას, გადასცეს მეგობარს სამახსოვრო საჩუქარი. მასწავლებელი აკვირდება პროცესს და თუ რომელიმე უსაჩუქროდ დარჩა, გადასცემს თავის მომზადებულ სამახსოვროს. დასაჩუქრებულებს აძლევს საშუალებას, გამოთქვან მადლიერება მეგობრების მიმართ. ასეთი აქტივობის წელიწადში ორ-სამჯერ გამეორება ბავშვებს მზრუნველობის განცდას უვითარებს და სიკეთის არსზეც დააფიქრებს.

გაზაფხული, სახსოვარი და საყვარელი მწერლის დანგრეული სახლი

0

ერთი კვირაა ჩემს პატარა ეზოში პაწია კომშის ხე ყვავის. ჯერ ადრიან გაზაფხულზე მომესალმა ოდნავ მოვერცხლისფრო, ნორჩი ყლორტებით, მერე ფოთლებითაც შეიმოსა და ზუსტად ერთი კვირის წინ კვირტებითაც გამახარა. ვერავის ავუხსნი, რანაირი სიხარულია – ჯერ ერთი, პირველი ხეა, რომელიც საერთოდ აყვავდა ჩემს ეზოში, ერთი წელია, რაც აქ გადმოვედით და ყველა ხე სულ ნორჩია, ამიტომ ზოგს ფოთოლიც კი არ აქვს.   მეორე და მთავარი კი ისაა, რომ ეს პატარა ხე საყვარელი მწერლის კარ-მიდამოდან, ხაშმიდან წამოვაბრძანე.   ერთ დღეს, როცა მისი დანგრეული სახლ-კარის გადასაღებად წავყევი ჟურნალისტებს,  მწერლის უსაყვარლესი მეუღლის, ქალბატონი როზას ნებართვით, პაწაწა ნერგი ამოვიღე და ჩემს ეზოში დავრგე.

მინდოდა, ყოველ  დილით, ეზოში გასულს დამხვედროდა და გაეხსენებინა „ცეტები”, „ბღუკები”, „ბიბო”, „ლამაზი ცრემლები” და ყველა ის გულშიჩამწვდომი ამბავი, რომელიც ზეპირად ვიცი. კიდევ გაეხსენებინა რეზო ინანიშვილის დანგრეული სახლ-კარი, სადაც მხოლოდ ხეები დგანან მედგრად.

დღეს დილითაც,  კომშის აყვავება ნიშნად ჩავთვალე, თაროდან რეზო ინანიშვილის წიგნები გადმოვალაგე, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში დავძებნე, მოვიმარაგე  და ვზივარ, ვზივარ და ვკითხულობ.

ერთი რამეც უნდა გაგიმხილოთ,

ხომ ყველა მასწავლებლის ცხოვრებაში ყოფილა ერთი დღე, როდესაც სკოლაში მოუმზადებელი მიდიხარ – არც აქტივობები დაგიგეგმავს, არც ის იცი ზუსტად, რაზე ილაპარაკებ. ყოფილა, მე ვაღიარებ. ჰოდა, იმ მასწავლებლური „ოროსნობის” იშვიათ დღეს სწორედ  რევაზ ინანიშვილი დამეხმარა.  ამოვირჩიე ერთ-ერთი მოთხრობა, უცებ დავგეგმე გაკვეთილი, მოვიფიქრე დავალებები და ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოგვივიდა, მეც და ჩემს მოსწავლეებსაც.

მიყვარს ის წიგნები თუ ავტორები, რომელთა მიმართაც აღტაცება არ მინელდება. ეს მუდმივი გრძნობა რაღაც მნიშვნელოვანის მარადიულობაში მაჯერებს.

სულ თავიდან „ბიბოს” მიკითხავდა დედა. ყველაზე უმადო ბავშვი ვიყავი, თუმცა ბიბოს ხათრით მაინც ვჭამდი კარაქიან პურს.

„გათენებას ჯერ ბევრი აკლია, რომ ერთი პირობა მაშინ გაიღვიძებს. დედას და ბებიას სძინავთ. ეცოდება, არ უნდა, შეაწუხოს. წევს გატვრენილი, აპარპალებს იმ დიდრონ თვალებს და იცდის, იქნებ თავისით გაიღვიძონო, მაგრამ თავისით არ იღვიძებენ და როდემდე იქნება ასე, კაცს პური შია!

– ბებო! – გადასძახებს ჩუმად.

– რაო, შემოგევლე! – იმწამსვე გამოეპასუხება ბებია.

– კარაქიანი პური მომიტანე რა, ცოტა!”

მერე „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები” მოვიდნენ. მოვიდნენ  და ისეთი დარდი ჩატოვეს გულში, დღესაც რომ მარადიულ ჭრილობად ღუის.

 მერე მოვიდნენ და მოვიდნენ, ცეტები და მათ კვალს მიჩერებული ცოლი და დედა, მირანდუხტი და ეთერი, მათთან ერთად გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა, ბიბოს ძმაკაცები – ონავარი ბიჭები…მოვიდა სოფელი,სკოლა, ხე, მიწა, ცა, წვიმა და ნაღველი, ნათელ და მხიარულ თვალებში მოციმციმე ნაღველი – ლამაზი ცრემლები.

და მერე „თითქოს ხელახლა დავინახე ყველაფერი. ქვეყნიერება არის დიდი, თოვლის ფიფქების მთელი ოკეანე ჩამოდის მაღლიდან, ოკეანესავით გასწოლია ნისლი დედამიწას. ხეებიც არიან რაღაცნაირად დიდები, ჯერ ცისკენ წასულნი, მერე დაღუნულები, მეცა ვარ დიდი. ყველანი ერთად ავად დავდგომივართ ორ პაწაწინა ჩიტბატონას. ჩიტბატონები კი, ჭრელები, წითლად ციმციმანი, წყნარად, აუღელვებლად ეძებენ რაღაცებს შავ ფოთლებში, არად აგდებენ ქვეყნიერების სიდიდეს და სიმკაცრეს”.

დღემდე, როდესაც ვინმესთვის ქართული ენის შესაძლებლობების ჩვენება მჭირდება,  პირველი, რაც მახსენდება,  ინანიშვილის პროზის მარტივი და რთული ლექსიკა,  ყველაზე ბუნებრივი სინტაქსი, ყველაზე ძარღვიანი ფრაზეოლოგიზმებია. მისი პროზა ნამდვილად საუკეთესოა ( მასალა ან რესურსი როგორ დავარქვა, მაგრამ მაინც. )  სკოლისთვისაც, როდესაც მოსწავლეებს გვინდა ქართული ენა, მისი შესაძლებლობები შევაყვაროთ.

ჩემს ეზოში ინანიშვილის კომში აყვავდა, ჩემი საყვარელი მწერლის კარ-მიდამოში კი  მისი დანგრეული სახლია, აგურ-აგურ გატანილი, უჭერო, თითქმის მხოლოდ კარკასი და ამდენი ხნის მანძილზე არავინ გამოუჩნდა პატრონი.

 რა ვუპასუხოთ მოსწავლეებს, რომლებიც გვეკითხებიან, რატომ არ მივდივართ რეზო ინანიშვილის სახლ-მუზეუმში?

კონფლიქტის მართვა საკლასო ოთახში

0
ეს ის ასაკია, როცა გგონია, შენი არავის ესმის; ვერავინ ხვდება, როგორი ხარ და რა გინდა. სტრესი და კონფლიქტები მხოლოდ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს არ აწუხებთ – მათ ყველა ასაკის ადამიანები ეჯახებიან, თუმცა გარდატეხის ასაკი ის დროა, როცა მრავალი მიზეზის გამო ეს პრობლემები ყველაზე ხშირად იჩენს თავს.

სტრესსა და კონფლიქტზე რეაქცია ყველა ასაკში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ორი წლის ბავშვს შესაძლოა ტემპერატურამ აუწიოს. შვიდი-რვა წლის ბავშვებს სტრესზე მოტორული რეაგირება სჩვევიათ – რაიმე მავნე ჩვევის გაჩენა, ფრჩხილების კვნეტა, ტუჩების პერმანენტული კბენა, უნებლიე მოძრაობები, ენაბორძიკობა. გარდატეხის ასაკის მოზარდები ჩხუბობენ და გარშემო მყოფებს შეურაცხყოფას აყენებენ. მათ კონფლიქტი აქვთ უფროსებთან, თანატოლებსა და საკუთარ თავთანაც.

სკოლა კი ის ადგილია, სადაც კონფლიქტი ყოველდღე ხდება: მოსწავლეებს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის… ფსიქოლოგები სასკოლო კონფლიქტებს ორ ჯგუფად: მოგვარებულ და მოუგვარებელ კონფლიქტებად – ყოფენ. ისინი ამბობენ, რომ მოგვარებული კონფლიქტები სკოლაში მყოფ ადამიანთა ინტერაქციის, განვითარებისა და ზრდის აუცილებელი პროცესია. მოგვარებული კონფლიქტის შემდეგ მოსწავლე და მასწავლებელი სკოლის კულტურის ნაწილი ხდებიან და ჯანსაღი სასწავლო პროცესის მიმდინარეობას განსაზღვრავენ. რაც შეეხება მასწავლებელსა და მოსწავლეებს ან მოსწავლეებს შორის მოუგვარებელ კონფლიქტებს, ეს დაბალი თვითშეფასებისა და მოსწავლის ხასიათის უარესობისკენ შეცვლის მანიშნებელია.

როგორ შევამციროთ საკლასო ოთახში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კონფლიქტი? – ამის გასარკვევად არაერთი კვლევა ჩატარებულა. გთავაზობთ უნიკალურ მიგნებებს ცნობილი გამოცემის, Guardian-ის სტატიიდან, რომელიც გაზეთმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.
● რაც უფრო დაბალი თვითშეფასება აქვს მოსწავლეს, მით უფრო გარიყულად გრძნობს თავს. სწორედ ესაა მისი აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამ დროს მოსწავლეს ურჩევნია, დაუმორჩილებლობა გამოამჟღავნოს, რათა მეტი ყურადღება მიიქციოს. სწორედ ეს აღიზიანებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებს. ეცადეთ, დაეხმაროთ მოსწავლეს თვითშეფასების ამაღლებაში და მისი ურჩობაც ნელ-ნელა გაქრება.

● ქცევის ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აღიარება თანატოლებისა თუ უფროსების მიერ, ამიტომ აუცილებელია, მოვუსმინოთ მოსწავლეს და მისი აზრი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ამ დროს მოსწავლე თავის მნიშვნელოვნებას გრძნობს, რაც თავდაჯერებას მატებს.

● გარდატეხის ასაკში მყოფ მოსწავლეებს ესაუბრეთ როგორც თანატოლებს და არა როგორც პატარებს. იყავით მათ მიმართ ისეთივე ეთიკურები, როგორიც ხართ უფროსი კოლეგების მიმართ. ეს მათი თვითშეფასების ამაღლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

● ნურასოდეს იფიქრებთ მოსწავლეზე შურისძიებაზე, მაგალითად, დასჯაზე. ამით კონფლიქტს უფრო გაამწვავებთ და შესაძლოა, სავალალო შედეგიც მიიღოთ. გირჩევთ, დასჯა, ნებისმიერ შემთხვევაში, საერთოდ დაივიწყოთ.

● ნუ დაემუქრებით მოსწავლეებს მშობლების, მეურვეების სკოლაში გამოძახებით. ამას სჯობია, თავად დაუკავშირდეთ მშობელს და მშვიდად სთხოვოთ დახმარება მოსწავლის პრობლემების დასაძლევად.

● ჩხუბისა და ყვირილის გარეშე, მშვიდად აუხსენით მოსწავლეს, რატომ აუბნებით „არას” და რატომ – „კის”.

● იცოდეთ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიმართლე არ არსებობოს. უფრო სწორად, სიმართლე ორივეს მხარესაა. იმის გარკვევას, სადაა წინააღმდეგობა ამ ორ სიმართლეს შორის, რა არის გასაყოფი, სწორი კომუნიკაცია და საუბარი სჭირდება.

● დაბოლოს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოგება-წაგების პრინციპის დრომ დიდი ხანია ჩაიარა. კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა სკოლაში მოგება-მოგების პრინციპია.
სტრესისა და კონფლიქტის დროს მოსწავლეებს მასწავლებლების დახმარება სჭირდებათ. სწორი კომუნიკაცია, თანატოლად აღიარება, დასჯაზე უარის თქმა, თვითშეფასების ამაღლებაში დახმარება და მშობლებთან მოლაპარაკება კონფლიქტის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტური საშუალებებია. ეფექტური იმიტომ, რომ ამ დროს დამარცხებული არ არსებობს – მოსწავლეცა და მასწავლებელიც თანაბრად გამარჯვებული არიან.

როგორ მოიქცეს მოზარდი უცნობთან შეხვედრისას

0

სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის „მე, მასწავლებელის” ექსპერტები მოზარდთა უსაფრთხოების საკითხებში, ოტო ვეიერმანი და ჰერმიონე მანდელშტამი, მრავალი წელია სწავლობენ მოცემულობას, როგორ უნდა მოიქცეს სკოლის მოსწავლე უცხოსთან შეხვედრის ან სკოლის ტერიტორიაზე უცხოს გამოჩენის შემთხვევაში. ექსპერტთა მოსაზრებით, აუცილებელია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოვუყალიბოთ ამ დროს გამოსაყენებელი ზოგადი უნარ-ჩვევები. ექსპერტების სიფრთხილე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მავანს ერთი შეხედვით შესაძლოა გადაჭარბებულიც კი მოეჩვენოს, მაგრამ საგანმანათლებლო პრაქტიკაში არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც სკოლის ტერიტორიაზე მოხვედრილი უცხო პირი სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს.

უსაფრთხოების წესები, რომლებიც უნდა დაიცვან სკოლის აღსაზრდელებმა უცხო პირებთან შეხვედრისას:
1. ეცადეთ, აუხსნათ და ჩააგონოთ მოზარდს, რომ ის არ არის ვალდებული, ნებისმიერი სახის სამსახური გაუწიოს მისთვის უცნობ ადამიანს, თუნდაც ამას არსებული სიტუაცია და საზოგადოებრივი მორალი ითხოვდეს. ბავშვის მიერ გაწეული სამსახური ამ შემთხვევაში იმით უნდა შემოიფარგლოს, რომ მან უცნობი ადამიანის პრობლემა მშობლებს ან მისთვის ნაცნობ უფროსებს აცნობოს.

2. როდესაც მოზარდებს უცხოებთან ქცევის სპეციფიკაზე ვესაუბრებით, სასურველია ავუხსნათ, რომ უცნობთან შეხვედრისას სულაც არ არის საჭირო მისი კითხვების უპასუხოდ დატოვება. პირიქით – მოზარდმა უცხოს ადეკვატური პასუხები უნდა გასცეს, რისი მეშვეობითაც მასთან არასასურველ კონტაქტს თავს აარიდებს.

3. ბავშვმა უნდა შეიგნოს, რომ მან ყოველგვარი გზით უნდა აარიდოს თავი უცხო პირთან შეხვედრას, უსაფრთხო ადგილას გასვლის შემდეგ კი მომხდარის შესახებ ნებისმიერი საშუალებით აცნობოს მშობლებს ან მისთვის ნაცნობ უფროსებს.
უცხოსთან ქუჩაში შეხვედრისას ბავშვი ასე უნდა მოიქცეს:
პირველი ნაბიჯი – შეაფასოს სიტუაცია

მოზარდმა უნდა შეიგნოს, რომ მის წინ მდგომ უცნობი ადამიანი, რომელიც მასთან გამოლაპარაკებას დაჟინებით ცდილობს, პოტენციურად სახიფათოა. მნიშვნელობა არ აქვს, მამაკაცია ის თუ ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი. თუ მას მოზარდის მშობლები ან ახლობლები არ იცნობენ, ბავშვს სიფრთხილე მართებს.
მეორე ნაბიჯი – გაერიდოს უცნობს უსაფრთხო ადგილამდე

ასწავლეთ მოზარდს, თავი დაიჭიროს უცხოსგან მინიმუმ 2 მეტრზე. ამისთვის ის შეიძლება ავარჯიშოთ კიდეც. კერძოდ, შემოუხაზეთ ორმეტრიანი რადიუსის წრე და ასწავლეთ, დროის მოკლე მონაკვეთში მოახერხოს ამ წრის დატოვება.
ნაბიჯი მესამე – ყურადღება გაუფანტოს უცხოს

დავუშვათ, ბოროტგანმზრახველი უცხო პირი ბავშვთან ვერბალური კონტაქტის დამყარებას ცდილობს. ამ შემთხვევაში მოზარდმა ყურადღება უნდა მოიკრიბოს და საუბარში ასეთი ფრაზები ჩაურთოს: „მაპატიეთ, მშობლების ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ”, „მაპატიეთ, ვერაფრით დაგეხმარებით, უფროსებს სთხოვეთ”. ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი პასუხების გასაანალიზებლად ნებისმიერი ადამიანი სამიდან ათ წამამდე დროს კარგავს, ეს კი საშუალებას მისცემს მოზარდს, უსაფრთხო ადგილას გაარიდოს თავი უცნობ ადამიანს.
განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცხო პირი (მოცემულ შემთხვევაში – პოტენციური ბოროტგანმზრახველი) მოზარდთან კონტაქტში შესვლას ცდილობს.

შემთხვევა პირველი: სკოლის ეზოში მოთამაშე ბავშვთან მიდის უცნობი და მიმართავს: „აქვე, სიახლოვეს, ახალი სპორტული მოედანი გახსნეს, რომელიც თქვენი სკოლის მოედანს გაცილებით სჯობია”. მოზარდმა უნდა უპასუხოს: „ჯერ აღმზრდელს/დამრიგებელს/მასწავლებელს უნდა დავეკითხო, მერე კი წამოგყვებით ახალი მოედნის სანახავად”. უცნობის შემდგომი ნაბიჯი ასეთი იქნება: „ქალაჩუნა ხომ არ ხარ, რად გინდა უფროსების ნებართვა, თავად არაფრის გადაწყვეტა არ შეგიძლია?” „ქალაჩუნა არ ვარ, უბრალოდ, ვეტყვი მათ და ახლავე დავბრუნდები!” – ამ სიტყვებით მოზარდი ნელ-ნელა იხევს სკოლის შენობისაკენ და თან თვალს ადევნებს, ხომ არ აედევნა უცნობი.

შემთხვევა მეორე: მოზარდის მახლობლად ავტომანქანა ჩერდება და უცნობი მას მიმართავს: „გეთაყვა, ჩამიჯექი მანქანაში და მასწავლე, როგორ მივიდე ფოლკშტრასემდე, გზა ამებნა”. „მაპატიეთ, ვერაფრით დაგეხმარებით”, – უნდა უპასუხოს მოზარდმა და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდეს, ამასთანავე, დაუკვირდეს, ხომ არ აედევნა მას მანქანიანი უცნობი.

შემთხვევა მესამე: ბავშვთან მოხუცებული ქალბატონი მიდის და სთხოვს: „გთხოვ, სურსათით დატვირთული ჩანთები მესამე სართულზე ამატანინე”. ბავშვის პასუხი ასეთი უნდა იყოს: „მაპატიეთ, მე ჯერ მეტისმეტად პატარა ვარ იმისთვის, რომ უცხო ადამიანს ჩანთების ატანაში დავეხმარო”, – მერე კი სასწრფოდ გაეცალოს მას, მშობლებს ან ახლობლებს მიაშუროს და მათ უამბოს მომხდარის შესახებ.
მოზარდების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის აუცილებელია, მათ ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ უცხო პირთან შეხვედრის შემთხვევაში ქცევის ზოგადი უნარ-ჩვევები. ექსპერტების სიფრთხილე გადაჭარბებული არ არის, რადგან საგანმანათლებლო პრაქტიკაში უამრავი ასეთი შემთხვევაა და საკითხის აქტუალობაც სწორედ ამ ფაქტებს ეფუძნება.

შიშების წიგნი

0
მეც, ისევე როგორც თქვენ, ყველას, ძალიან მინდოდა ჭკვიანი ვყოფილიყავი. ვკითხულობდი წიგნებს, ვეცნობოდი საინტერესო სამეცნიერო სტატიებს, უარს არ ვამბობდი ფილმებსა და ხარისხიან მუსიკაზე, ვიქექებოდი ინტერნეტში, ვსწავლობდი, ვსწავლობდი. იყო ჭკვიანი, ნიშნავს, გესმოდეს არა მხოლოდ საკუთარი თავის, სხვებისაც. ჭკვიანად გახდომის პროცესი  კენწერომდე მიღწევის სიტკბოების დაგემოვნების სურვილით გამოწვეული არ ყოფილა.  კარგად მესმოდა, რომ წარმოსახვითი კენწეროები მაშინ განსაკუთრებით არ არსებობს, როცა პროცესი დაუსრულებელია. მინდოდა, მყვარებოდა ადამიანები, განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა, წარმომავლობისა, კანის ფერისა, განსხვავებული ინტელექტუალური შესაძლებლობებისა თუ ორიენტაციისა. მინდოდა, სამყარო ყოფილიყო უკეთესი და ჭკვიან ადამიანებს ომები არასდროს წამოეწყოთ. მაშინ, როცა ჯადოსნური ლარიანი მხოლოდ მე მქონდა და იმ ლარიანით სამყაროს ყიდვა შემეძლო, სკოლის ბუფეტში კლასელებს ფუნთუშებზე ვპატიჟებდი. იმიტომ რომ ვფიქრობდი, მე უკვე ცოტათი ჭკვიანი ვიყავი და კარგი საქმეების კეთება სწორედაც სკოლის ბუფეტიდან იწყება. ჩემი გულუბრყვილო სიკეთე. თითქოს სამყარო ცხელ– ცხელი ფუნთუშების უზარმაზარი თასი იყოს. ამ თასის გაცივება როგორ შეიძლება. იმედია, კარგი გოგოობის ტკბილი იმიჯი არ მამოძრავებოდა. არ მახსოვს, ალბათ არა. მერე მივხვდი, რომ არსებობენ ბოროტი ჭკვიანი ადამიანებიც და იყო ჭკვიანი, სულაც არ ნიშნავს, გქონდეს ხანგრძლივი, უზარმაზარი სიყვარული ადამიანებისადმი. მე კეთილი ჭკვიანი ადამიანი უნდა გამოვსულიყავი. ჩემი ბავშვური გულუბრყვილო ლოგიკა ძალიან ჰგავდა დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებლის მქონე ჩარლი გორდონის დაუცხრომელ სურვილს, ესწავლა წერა– კითხვა. ესწავლა უნაკლოდ წერა, რადგან ფიქრობდა, ეს იქნებოდა აპრიორი სიჭკვიანისა და ბევრი მეგობრის შეძენისა. იმედები ორივეს გაგვიცრუვდა. 
დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” ახლახანს თინათინ ხომერიკმა გადმოაქართულა. სამეცნიერო ფანტასტიკა დღიურის სტილში თხრობის პარალელურ გონებრივ განვითარებას ოსტატურად გვიჩვენებს. გონებასუსტი მთხრობელი პირველი სულაც არ არის მსოფლიო ლიტერატურაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო მთხრობელია. პრინციპში,  დღიური კი არა, შეგნებული ანგარიშია საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი, მათდამი, ვინც არ უნდა დაივიწყოს, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოინდომოს მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობა და როგორ დაუღალავად შუძლია, იბრძოდეს მიზნის მიღწევისთვის. სწორედ ეს დაუღალავი სურვილი და საკუთარ თავზე მუშაობის წარმოუდგენელი ნებისყოფა  გახდა ჩარლი გორდონის ექსპერიმენტში ჩართვის მიზეზი. გონებრივად ჩამორჩენილ ჩარლის ოპერაციას უკეთებენ. მას უკვე შეუძლია, იყოს სრულყოფილი, მის ტვინს შეუძლია, მსოფლიო ცოდნა დაიტიოს. ტვინი კი არა, უზარმაზარი ყუთია, რომელიც მსოფლიო ენებიდან დაწყებული ყველაფერს დაიტევს. მაგრამ ყუთები ორთვისებიანი ჭურჭლები არიან: სავსეები ან დაცლილები. ექსპერიმენტის მინუსიც ამაშია: კაცმა არ იცის, “შეგროვებული” ინტელექტი როდის გაიპარება. ვირთხა ელჯერნონი, რომელზეც პირველად ჩაატარეს ექპერიმენტი, უკვე საეჭვოდ იქცევა, მისთვის ხელოვნურად შექმნილ ლაბირინთებში გზას ვეღარ იკვლევს.

ახალი ჩარლი გორდონი, უკვე ასე ჭკვიანი, სხვებზე ჭკვიანი ჩარლი გორდონი იმედგაცრუებულია. მისი ინტელექტის ზრდასთან ერთად მეგობრების რიცხვი იკლებს და რაც მთავარია, ხვდება, რომ ისინი, ვინც ადრე თავისი მეგობრები ეგონა, მხოლოდ მისით ერთობოდნენ. ისიც ცხადი ხდება, რომ არ არსებობს სრულყოფილი ცოდნა, რომ ის პროფესორები და მეცნიერები, რომლებიც მის ძველ წარმოსახვაში ღმერთებს წააგავდნენ, სრულყოფილები არ ყოფილან. ინტელექტუალები კარგავენ ღმერთების სტატუსს. ადამიანები ხდებიან სასაცილოები. მთავარ აღმოჩენას კი მაშინ აკეთებს, როცა დაახარისხებს ძველ და ახალ განწყობებს ადამიანების მხრიდან. გონებასუსტი ჩარლი გორდონი პირვნება არ იყო, არც მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ჩარლი გორდონია პიროვნება, ის ახლა მხოლოდ ექსპერიმენტის ნაყოფია. ექსპერიმენტი, საბოლოოდ, მაინც განწირულია: გონებრივი რეგრესი ახლოსაა, ხელოვნურად გაუმჯობესებული ინტელექტის დაქვეითების სისწრაფე გაუმჯობესების მასშტაბის პირდაპირპროპორციულია. 
წიგნი “მიხშეული წედეგების ანგარიწიდან” “მიღწეული შედეგების ანგარიშამდე” და პირიქით ერთი დიდი სევდაა. ეს არის  სევდიანი ამბავი  სოციუმისა, რომლისთვისაც ადამიანები ან დაცინვის ობიექტები არიან, ან– ღმერთები. ეს ჩარლი გორდონის მიერ მოთხრობილი ჩვენი ამბავია, ამბავი ადამიანებისა, რომლებსაც წარმოუდგენლად ეშინიათ, დაუმეგობრდნენ და შეიყვარონ განსხვავებული ადამიანები. შიშების წიგნი არც ისე სქელტანიანი სახელმძღვანელოა ჩვენთვის, ვისაც ნამდვილად გვინდა, გვესმოდეს არა მხოლოდ საკუთარი თავის. 

სასაფლაოთა და აკვიატებათა გამო

0
ჩემთვის ისედაც ყველა დღე საფლავზე გასვლის იყო. სასაფლაოზეა ბევრი ბალახია, ხოლო ძროხას ბალახი ჭირდება. აიღებდა მამაჩემი რამდენიმე ტომარას, ნამგალს და მივდიოდით. სადღაც ორ საათამდე დრო ჭირდებოდა საქმეს. დღეში ორი საათი ცოტა როდია, ნებისმიერ ნიუანსს იზეპირებ. მკვდრების სახეებს მარმარილოზე, გვერდიდან რომ ნეგატივივით ჩანს, თუ მარმარილო შავია. ასაკს, გარდაცვალების ვითარებას, ოჯახის შესაძლებლობებს. და მთელი ის საშიში, მისტიკური განწყობები, რაც ამგვარ ადგილებს ახლავს სახუმარო საქმე ხდება. მე ვაკვირდები, მამაჩემი ბალახს ჭრის. მერე გვავიწყდება ერთმანეთი – მე რომელიმე საფლავის გმირის სავაურადო ბიოგრაფიის წარმოდგენას ვცდილობ, მამაჩემი კი ხმამაღლა თამაშობს ჭადრაკს. სადღაც, ფერდამფრთხალ წარმოდგენებში ტალს და ფიშერს ამარცხებს – ქიშ! ლაზიერი უნდა გავწირო! დეტსკი მატი! და ასე შემდეგ. მამაჩემი შეუმდგარი მოჭადრაკეა. არცერთი ადგილი ისე არ აადვილებს ოცნებებს, როგორც სასაფლაო. იქ ყველაზე იოლად გრძნობს ოცნებების აუცილებლობას. მერე მზე გადადის. მზე რომ გადადის, სახლში ძროხები ბრუნდებიან.

 

დიახ, მამაჩემს ყოველთვის უნდოდა მოჭადრაკე გამხდარიყო. ჰქონდა კიდეც უნარები – დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. მაგრამ, მერე როგორც ხდება ხოლმე ,,ხელი არ შეეწყო” თუ რაღაც. კოოპვაჭრობაში მუშაობდა წარმატებით, გაჭირვებისას კი, მოგახსენეთ, ძროხისთვის ბალახს ცელავდა. მე დავყვებოდი და ვსუმენდი, ჩუმად როგორ იმეორებდა: ახლა ლაზიერს გავცვლი კუში, ან ქიშ და შამათი. არის მთავარი აკვიატებები, რომელთაც ვერასდროს მოიშლი და და როგორც წესი, სულ მარცხდები მასთან. ბაბუაჩემი სოფლის უფროსი იყო, მაგრამ ყოველთვის ერთი აუხდენელი ოცნება ჰქონდა – ლექსების კრებული გამოეცა და მის საღამოზე მოსულიყვნენ ის ქალები, რომლებიც მას ადრე უყვარდა. რიმა, შურა, ნატალია და კიდევ ვიღაცები: სოხუმი-ბათუმი. თავი ისე მოიკლა, ვერ აასრულა. ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი და დამიმკვიდრა შიში (თუ ფსიქოლოგების ენაზე – კომპლექსი), რომ ოცნებებთან მარცხი არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი შეიძლება მოგივიდეს და ყველა ჩემი წინაპრის მაგივრად ვიბრძვი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება – ადამიანად ყოფნის ნიშანი სწორედ ეს დამარცხება იყო.


შეიძლება სიმბოლური ამბავია, რომ ეს ბრძოლა იქ მეკარნახა, სადაც სხეულთან დამარცხებულები განისვენებენ. ვერაფერს გეტყვით: ამ აზრით მკითხაობა უმადური საქმეა. მერე საკითხს ამითებს და შეიძლება, კომიკურიც გახადოს. ჩემთვის კი ეს პროცესი სხვა ამბავს გულისხმობს. ცოტა ტრაგიკულს, მეტად გამომწვევს, ხან დამღლელს, ხან … და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ომი, რომლის მომავალი წინასწარ იცი, მაგრამ მაინც არ გამოდიხარ. სხვა ჯაჭვი გაბამს და იმიტომ, ბავშვობისას ფეხზე მობმული ჯაჭვი.

ბავშვის თამაშისა და მონაწილეობის უფლებები და სტანდარტიზებული ადრეული განათლება

0

ადრეულ ასაკში ბავშვების მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობები დისკუსიის თემაა მრავალ ქვეყანაში, სადაც ბავშვზე ორიენტირებული კურიკულუმი უპირისპირდება საგანმანათლებლო მიზნებისა და შედეგების სტანდარტიზების ტენდეციებს.

 

ბავშვების მონაწილეობა

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციამ (1989) განსაზღვრა ბავშვის მონაწილეობითი უფლებები, რომელმაც ხელი შეუწყო ბავშვის როგორც აქტიური და კომპეტენტური ადამიანის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებას. კონვენციის რამდენიმე მუხლი პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ საკითხს. მე-12 მუხლი განსაზღვრავს ბავშვის უფლებას „თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება”. მე-13 მუხლში ჩამოყალიბებულია ბავშვის თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება, რაც გულისხმობს, „საზღვრების არსებობის მიუხედავად, მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური ფორმით, ბავშვის არჩევანისამებრ”. საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე სამართლებრივი ცვლილებების პარალელურად გაიზარდა იმ კვლევების რაოდენობა, რომლებიც ბავშვს განიხილავს არა როგორც კვლევის ობიექტს (როგორც, ტრადიციულად, ხდებოდა), არამედ როგორც კვლევის სუბიექტს. ასეთმა კვლევებმა გამოავლინა მრავალი მტკიცებულება ბავშვების კომპეტენტურობისა იმ სფეროებში, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

ბუნებრივია, მრავალ ქვეყანაში კომპეტენტური ბავშვის ცნება აისახებოდა ადრეული განათლების კურიკულუმსა და პრაქტიკაზე. შირი (Shier, 2001) განსაზღვრავს ადრეული განათლების კონტექსტში ბავშვის მონაწილეობის ხუთ დონეს:


1.

ბავშვებს უსმენენ;


2.

ბავშვებს ხელს უწყობენ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები;


3.

ბავშვების შეხედულებები გათვალისწინებულია;


4.

ბავშვები ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში;


5.

ბავშვები ინაწილებენ გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას.

შირი ამტკიცებს, რომ კონვენციით გარანტირებულ უფლებათა რეალიზებისთვის საჭიროა, სულ მცირე, პირველი სამი საფეხურის შესრულება. თუმცა ზედა დონის მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სკოლამდელ განათლებაში არსებული ტრადიციული ძალაუფლებრივი ურთიერთობების რეკონცეპტუალიზაციისთვის. მართალია, ბავშვების მონაწილეობა არ გულისხმობს, რომ ბავშვები ყოველთვის აირჩევენ და გადაწყვეტენ საკუთარი სურვილის მიხედვით, მაგრამ, როგორც ბე (Bae, 2009) აღნიშნავს, ასეთი შესაძლებლობები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც „დემოკრატიული მომენტები”, როდესაც ბავშვებს კომპეტენტურ თანამონაწილეებად მოიაზრებენ. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ასეთი მომენტების დაყვანა უბრალო პროცედურებამდე და რუტინამდე, სადაც ინდივიდის არჩევანს ენიჭება პრიორიტეტი. ბე (Bae, 2009) სხვადასხვა ემპირიულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოყოფს პედაგოგიური პრაქტიკის ოთხ მახასიათებელს, რომლებიც მიშვნელოვანია ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობისთვის:

1. ბავშვის ინიციატივისთვის ყურადღების მიქცევა და აყოლა;

2. სათანადო ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენის უნარი და გამომხატველობა;

3. ხალისიანი განწყობა;

4. თვალთახედვის შეცვლისა და ბავშვის პოზიციიდან დაფიქრების უნარი.

თამაში როგორც მონაწილეობა და მისი ადგილი კურიკულუმში

სხვადასხვა მკვლევარის აზრით, თამაშისა და გართობის უფლება, რომელიც განმტკიცებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 31-ე მუხლით, უკავშირდება მონაწილეობით უფლებებს, რადგან თამაში იძლევა საკუთარი თავის გამოხატვისა და ბავშვის კომპეტენციების განვითარების საშუალებას. ბავშვის მონაწილეობითი უფლებების რეალიზებისთვის თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვისთვის ის ხშირად უფრო სასურველი და სასიამოვნო საქმიანობაა. სკოლამდელი განათლების დისკურსში თამაშს ათეულობით წელია ცენტრალური ადგილი უკავია, თუმცა უფრო ხშირად ის განიხილება როგორც ინსტრუმენტი, ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების შესაბამისი საშუალება. მნიშვნელოვანია თამაშის განსხვავებულად, ბავშვის უფლებების პერსპექტივიდან წარმოდგენა, როგორც ბავშვის მიერ არჩეული აქტივობისა, სადაც მას საშუალება ეძლევა გამოხატოს საკუთარი თავი, ჰქონდეს გარემოსთან თავისუფალი ურთიერთობა. ეს პერსპექტივა არ უგულებელყოფს პოზიტიურ გავლენს სწავლასა და განვითარებაზე, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს თამაშს; უბრალოდ, ეს „შედეგები” განხილული იქნება როგორც ბავშვების საქმიანობის პოზიტიური „გვერდითი ეფექტები”, რომლებსაც აწმყოში მიეცათ თავიანთი კომპეტენციების განვითარების საშუალება.

კურიკულუმი და სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტები აყალიბებს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პედაგოგიური პრაქტიკა. ეს ჩარჩოები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ შესაძლებლობებს იძლევა ბავშვის მონაწილეობის უფლების რეალიზებისთვის, მათ შორის – თავისუფალი თამაშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კურიკულუმების ან სხვა ჩარჩო დოკუმენტების შედარებითი ანალიზი უმთავრესად დასავლურ ქვეყნებს მოიცავს, მათ შორის სხვაობაც თვალსაჩინოა. მაგალითად, ნორდულ ქვეყნებში კურიკულუმები ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს. შესაბამისად, ხაზგასმულია ბავშვის როგორც ზრდასრულთა კომპეტენტური და აქტიური თანამონაწილის პატივისცემა და განსაკუთრებული ადგილი უკავია ბავშვის მონაწილეობას აქტივობათა დაგეგმვის პროცესში. საბავშვო ბაღების (école maternelle) ფრანგული კურიკულუმი განსხვავდება ნორდული მიდგომისგან, ვინაიდან ის განსაზღვრავს განვითარების/სწავლის სფეროებს, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებს მოეთხოვებათ, ბავშვებთან ერთად დაგეგმონ უფრო სტრუქტურული აქტივობები.

დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც თამაში, ტრადიციულად, სკოლამდელი განათლების ძირეული „საყრდენი” იყო, დღესდღეობით გამოწვევის წინაშე დგას, რაც სკოლამდელ ასაკში აკდემიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირდება. ნეოლიბერალური საგანმანათლებლო პოლიტიკის კონტექსტში წინ წამოიწია სასკოლო მზაობისა და მომავალი აკადემიური წარმატების საკითხმა, რამაც ხელი შეუწყო უფრო სტრუქტურირებული და სტანდარტიზებული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყანაში. ამან ზეგავლენა მოახდინა და შეამცირა მრავალი ბავშვის თამაშის, მონაწილეობისა და საბავშვო ბაღში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მიუხედავად ადრეული განათლების აკადემიზაციის„კეთილშობილური” მიზნისა, გააუმჯობესოს გაზომვადი აკადემიური შედეგები, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ მას სულაც არ აქვს კავშირი მომავალში სასკოლო წარმატებასთან, პირიქით, შესაძლოა საპირისპირო შედეგიც კი გამოიღოს (მაგ. Bodrova, 2008; van Oers & Duijkers, 2013). სოციოკულტურული პერსპექტივა ადრეულ განათლებასა და განვითარებაზე გვთავაზობს ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც ადგილს ტოვებს როგორც სწავლისთვის, ისე თამაშის გზით მონაწილეობისთვის.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადრეული განათლების მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესდა და იყენებს სოციალურ-კონსტრუქტივისტულ თეორიას, რომელიც თავდაპირველად ლევ ვიგოტსკიმ ჩამოაყალიბა. ვიგოტსკის მიდგომა ბავშვს მოიაზრებს კომპეტენტურ არსებად, რომელიც სხვებთან ურთიერთობის გზით ვითარდება და სწავლობს. ერთი მხრივ, თეორიის მომხრეები აკრიტიკებენ ბავშვზე ფოკუსირებულ ე.წ. თავისუფალ (laissez-fair) მიდგომას, რომელმაც შესაძლოა ვერ უზრუნველყოს ღირებული მნიშვნელობებით დატვირთული და მდიდარი გამოცდილების შეძენა საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე სკოლამდელ გარემოში. მეორე მხრივ, შეუსაბამოდ განიხილება ტრადიციული სწავლება და აკადემიური უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, ვინაიდან ხელს უშლის ბავშვის ინტერესების გამოვლენას და ხელშეწყობას, ზღუდავს მონაწილეობის უფლებას და ა.შ.

ვიგოტსკის მიდგომის პრაქტიკაში დანერგვა გულისხმობს ბავშვის კომპეტენტურობის აღიარებას, აგრეთვე – სკოლამდელ კონტექსტში თანატოლებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობის სასწავლო და განმავითარებელ შესაძლებლობებს. სხვადასხვა კვლევის შედეგები განამტკიცებს სოციალურ-კონსტრუქტივისტულ არგუმენტებს. გოუჩის (Goouch, 2008) აზრით, ზედმიწევნით სტრუქტურირებული კურიკულუმი და პროგრამული მოთხოვნები ადრეული ასაკის ბავშვებს მცირე ადგილს უტოვებს „ადამიანური” საგანმანათლებლო გამოცდილებისთვის, რომელსაც „ტექნიკური” გამოცდილება ანაცვლებს. გოუჩი იყენებს ხალისიანი პედაგოგიკის იდეას და მიაჩნია, რომ მასწავლებლებს მოეთხოვებათ თამაშისა და სწავლის ცოცხალი პროცესისადმი შემოქმედებითი ადაპტაცია და ლიდერობა ბავშვების ინტერესების მიყოლის გზით. ბოდროვა (Bodrova, 2008) კვლევის შედეგების საფუძველზე აკრიტიკებს სკოლამდელ განათლებაში აკადემიური ელემენტების გაძლიერებას და მიაჩნია, რომ მასწავლებლების მიერ თავისუფალი, წარმოსახვითი თამაშის ხელშეწყობა, ავითარებს მეტყველების, სააზროვნო, სოციალურ და ემოციურ უნარებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია წარმატებული სწავლისთვის. მკვლევარები ხშირად იყენებენ რეჯიო ემილიას მიდგომას როგორც წარმატებულ მაგალითს, სადაც კურიკულუმი ბავშვზე ან მასწავლებელზე არ არის ფოკუსირებული. ორივე, ბავშვიცა და მასწავლებელიც, მოაზრებულია, როგორც „მოსწავლე”; მასწავლებლებს მოეთხოვებათ, ბავშვთა ინტერესების ფარგლებში გაუზიარონ ბავშვებს ცოდნა და ასწავლონ მათ. არსებობს კვლევებიც, რომლებმაც გამოავლინა, რომ თავისუფალ თამაშზე ორიენტირებული კურიკულუმი სტრუქტურირებულზე გაცილებით პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მეტყველების განვითარების გრძელვადიან შედეგებზე (მაგ., ვან ორსი და დუიჟკერსი, 2013). გახანგრძლივებული გაზიარებული აზროვნებაბოლო დროს ხშირად გამოყენებული ცნებაა, რომლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა ხანგრძლივმა კვლევამ „სკოლამდელი განათლების ეფექტური მიწოდება” (EPPE). ცნება მოიაზრებს „ეფექტურ პედაგოგიურ ინტერაქციას, სადაც ორი ან მეტი ინდივიდი ინტელექტუალურად ერთად მუშაობს (და, როგორც წესი, ხალისიანად) რაიმე პრობლემის გადასაჭრელად, რაიმე ცნების ასახსნელად, აქტივობის შესაფასებლად ან ნარატივის გასაფართოებლად” (Siraj-Blatchford, 2008). ამასთანავე, კვლევათა შედეგები მიუთითებს, რომ ბავშვის თამაშში მასწავლებლის ფრთხილი ჩართვა (და არა პირიქით, ბავშვის ჩართვა ზრდასრულის დაგეგმილ თამაშში) ამდიდრებს თამაშს და მეტ სასწავლო ღირებულებას სძენს მას.

არსებულ კვლევათა შედეგები და ვიგოტსკის მიდგომის თეორიული საფუძვლები შესაძლოა მოაზრებული იყოს როგორც თამაშისადმი ინსტრუმენტული დამოკიდებულება. შესაბამისად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ზღუდავს ბავშვის თავისუფლებასა და მონაწილეობას. თუმცა ამ ვარაუდის საწინააღმდეგო არგუმენტები შეგვიძლია ვეძებოთ კულტურულ-ისტორიული მოქმედების თეორიაში, რომელიც მოქმედებას (თამაშს) მოიაზრებს განსაზღვრული კონტექსტისა და შინაარსის ნაწილად, სადაც მოქმედი პირები განსაზღვრული წესების შესაბამისად, სხვებთან ურთიერთობის გზით მოქმედებენ და, აქედან გამომდინარე, არასოდეს აქვთ სრული თავისუფლება (van Oers, 2013).

ადრეული განათლების პროგრამული თავისუფლება-შეზღუდულობის დილემის განსხვავებულად გააზრებისთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნება თამაშისა და სწავლის როგორც ადრეული ასაკის განუყოფელი განზომილებების მოაზრება. ბავშვებისთვის აზრის გამოთქმის, საქმიანობისა და თამაშის თავისუფალი არჩევანის საშუალების მიცემა ქმნის ასპარეზს შინაარსობრივად უფრო მიმზიდველი და საინტერესო სწავლებისთვის, რომელიც არ არის გარედან თავს მოხვეული, რადგან ბავშვები თავად იწვევენ მასწავლებლებს საკუთარ თამაშში ჩასართავად.

გამოყენებული ლიტერატურა

გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია (1989)

https://unicef.ge/uploads/CRC_georgian_language_version.pdf

Bodrova, E. (2008). Make-believe play versus academic skills: A vygotskian approach to today's dilemma of early childhood education.European Early Childhood Education Research Journal, 16(3), 357-369

Bae, B. (2009). Children’s right to participate – challenges in everyday interactions. European Early Childhood Education Research Journal, 17(3), 391-406

Goouch, K. (2008). Understanding playful pedagogies, play narratives and play spaces.Early Years, 28(1), 93-102

van Oers, B., & Duijkers, D. (2013). Teaching in a play-based curriculum: Theory, practice and evidence of developmental education for young children.Journal of Curriculum Studies, 45(4), 511-534

van Oers, B., & Duijkers, D. (2013). Teaching in a play-based curriculum: Theory, practice and evidence of developmental education for young children.Journal of Curriculum Studies, 45(4), 511-534.

Shier, H. (2001). Pathways to participation: Openings, opportunities and obligations.Children and Society, 15, 107-117.

Siraj-Blatchford, I. (2008). Understanding the relationship between curriculum, pedagogy and progression in learning in early childhood. Hong Kong Journal of Early Childhood, 7(2), 6-13.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...