ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს საკუთარი ძალების რწმენის განმტკიცებაში

0

მთავრდება სასწავლო წლის პირველი სემესტრი და საგაკვეთილო მეცადინეობებზე მასწავლებელთა ძალისხმევის დიდი ნაწილი სუსტი მოსწავლეებისკენაა მიმართული. ზოგადად სუსტი ის მოსწავლეა, რომელსაც არ შეუძლია დაძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ შეუძლია რეპროდუქტიული ხასიათის დავალებების შესრულება, ანუ პარაგრაფის ტექსტის თხრობა, ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც არ მოითხოვს ანალიზს  და სხვა  მარტივი სახის  მოქმედებების შესრულებას. რა არის ამის მიზეზი? სწავლაში სისუსტის მიზეზი  ფსიქოციალურ ფაქტორთან ერთად შეიძლება ზოგადად შრომითი  უნარ-ჩვევების დაბალი დონე, ძლიერი გადაღლა, მოტივაციის არქონა და ცოდნის მიღებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები იყოს. ეს განსაკუთრებით იმ საგნებშია შესამჩნევი, რომელიც მოსწავლეებისთვის სიახლე აღმოჩნდა და საგნობრივი  სპეციფიკების ათვისება გაუჭირდათ.

სწავლაში ჩამორჩენა სხვა ნებისმიერ კლასშიც იჩენს თავს. განსაკუთრებით შესამჩნევია ის მეშვიდე კლასის ისტორიის სწავლებისას, როდესაც წინა საფეხურთან შედარებით მოსწავლეებს გაცილებით რთული პროგრამის ათვისება ევალებათ და საამისო უნარ-ჩვევები ხშირად არასაკმარისია.

საგანგაშო
სიგნალები აქაც ტრადიციულია:
მოსწავლეს  უჭირს წიგნზე მუშაობა, გაკვეთილის ტექსტის
გამოყენება   (მაგალითად, ვერ ახერხებს
საუბარს რომის კოლიზეუმზე და ბაბილონის დაკიდებულ ბაღებზე, ვერ აფასებს
შუასაუკუნეების კულტურას, ვერ ახასიათებს რომანულ და გოთიკურ სტილს და ა.შ.), ვერ
ახერხებს ვიზუალური მასალის  „წაკითხვას”,
რადგან არ აქვს ვიზუალურ მასალასთან მუშაობის უნარ-ჩვევა, არ გააჩნია არათუ
დროითი, არამედ ელემენტარული სივრცობრივი წარმოდგენები, შესაბამისად არ აქვს რუკის
გაანალიზების ელემენტარული უნარიც
კი; ამიტომმას არ შეუძლია
ბუნებრივ-ფიზიკურ
გარემოს დახასიათება; ვერ
იმახსოვრებს ცნებებს, ტერმინებს, სახელწოდებებს
; ანუ საერთოდ არ შეუძლია კონცეპტუალური, ტრანსფერული და დინამიური ცოდნის ათვისება; ამიტომ ის ვერ  შეძლებს მეშვიდე  კლასის ისტორიის  საგნობრივი  კოპეტენციების დაუფლებას.

როგორ  უნდა  დავეხმაროთ მოსწავლეს  ამ  დროს?  მართალია, ჩამორჩენილობასთან  ბრძოლა  კომპლექსურად უნდა მიმდინარეობდეს. ამ პროცესში გაკვეთილს გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს.
დიაგნოსტიკური დაკვირვების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გამოვავლენთ, ვინ არის სუსტი, საშუალო და ძლიერი მოსწავლე,
შესაძლოა კონკრეტულ დავალებებზე გადავიდეთ, დადებითი ძვრები კი დამოუკიდებელი
სამუშაოთი შევამოწმოთ.

უპირველესად
ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსწავლის ინდივიდუალურ თვისებებზე და ვცადოთ,
შედარებით მარტივი დავალებებით ავუმაღლოთ
მას მოტივაცია და შევუდგინოთ ცოდნის შეფასების შედარებით მკაცრად
დიფერენცირებული კრიტერიუმები, რომელიც მოსწავლეს საკლასო  მუშაობაშიც დაეხმარება და საშინაო დავალების
შესრულებაშიც.

როგორ მივცეთ დიფერენცირებული დავალებები?

გაკვეთილის
დასაწყისში, როდესაც მოსწავლეები ზეპირად პასუხობენ მასწავლებელს, სუსტ მოსწავლეს
ფერად ბარათებზე გამზადებული დავალებები
შევურჩიოთ: წითელ ფერის ქაღალდზე საშუალო სირთულის დავალებები
დავწეროთ, ცისფერზე – შედარებით მარტივი დავალებები, ყვითელზე კი – კიდევ უფრო
მარტივი.  მოსწავლეს ავუხსნათ  ფერებს შორის განსხვავების მიზეზი და ისიც
დამოუკიდებლად ამოირჩევს ბარათს. თავდაპირველად ის ალბათ ყველაზე მარტივ დავალებას
ამოირჩევს, რაშიც, მართალია, მხოლოდ  დაბალ ქულას მიიღებს, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია, რადგან
ის იღებს არა „ცუდ” შეფასებას, არამედ „დაბალ” ქულას
. შემდეგში, დარწმუნებ რა
საკუთარ ძალებ
ში,
ამოირჩევს საშუალო დონის დავალებებს, შემდეგში – უფრო მაღალს და შედეგებიც უკეთესი
იქნება. მთავარია, რომ დავალებები ზუსტად შესაძლებლობების შესაბამისი იყოს.

შეიძლება მასწავლებელმა
მოსწავლეს რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მისცეს,
რათა მან უკეთ შეასრულოს დავალება.  მაგალითად:


1)  

მასწავლებელი
აუცილებლად შენიშნავს, რომ თემის  თითოეული
პარაგრაფის ბოლოს  მო
ანილია შეკითხვები, რომლებიც, შეიძლება ითქვას,
ყველა რეპროდუქტიული ხასიათისაა. მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეს,  ამოირჩიოს ამ შეკითხვებიდან   ერთ-ერთი და შეასრულოს მომავალი
გაკვეთილისთვის, ამავე დროს მოსწავლეს მკაფიო ინსტრუქცია უნდა მივცეთ  მისი შესრულებისთვის; 
 


2)  

სივრცობრივი
აღქმის გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია კონტურულ რუკაზე მუშაობა და  ცალკეული მხარეების გაფერადებაზე დავალებების
შესრულება.
ამიტომ
მასწავლებლის თხოვნით  მოსწავლე რუკაზე
აღნიშნულ რომის იმპერიაში შემავალ სხვადასხვა   ტერ
ტორიებს სხვადასხვა ფერით გააფერადებს;


3)  

 თარიღების დამახსოვრებისთვის ეფექტურია პატარა
ბარათების გამზადება, სადაც ერთ მხარეზე ჩამოვწერთ თარიღებს, მეორე მხარეზე კი
მოვათავსებთ
პატარა აღწერით  ინფორმაციას,
მაგალითად, ერთ მხარეზე ეწერება „476 წელი”, მეორე მხარეზე –  „რომის აღება ბარბაროსული ტომების მიერ,
იმპერიის დასასრული”. ასეთი ბარათებით მოსწავლეს შეიძლება პატარა
გამოკითხვა-თამაში მოვუწყოთ – „აბა, გამოიცანი!”


4)  

მოსწავლეს
ცხრილის შედგენით მარტივი კონსპექტის მომზადებას და მასში მთავ
რი
სიტყვის გამოყოფას
ვასწავლით;


5)  

შეგვიძლია
ვასწავლოთ თეზისის მარტივად ჩამოყალიბების წესი, რომ  თუ გეგმას დაამატებს 1-2 წინადადებას, მიიღებს
თეზისს, ხოლო თუ ძირითად თეზისს აღნიშნავს რაიმე ნიშნით, ნახატით, სქემით, მიიღებს საყრდენ კონსპექტს;


6)  

 მივცეთ ისეთი სავარჯიშოები, სადაც გამოიყენებენ სხვა საგნიდან მიღებულ ცოდნას და უნარებს. მაგალითად, კულტურის ისტრიის შესწავლისას გამოიყენებს ლოგიკურ კავშირებს
ლიტერატურასთან
;ტერიტორიულ თვისებურებების
შესწავლისას კი
– გეოგრაფიიდან მიღებულცოდნასთან და ა.შ;


7)  

გამოვიყენოთ ნებისმიერი ტექნიკური საშუალება,
რომელიც დაეხმარება მოსწავლეს  დავალების
შესრულებაში, იქნება ეს სქემები, რუკები, ტექსტები თუ  ნებისმიერი ვიზუალური მასალა
და ა.შ;


8)  

და ასეთ მოწავლეებს პასუხის გასაცემად აუცილებლად გაცილებით დიდი დრო უდა მივცეთ, ვიდრე ძლიერ მოსწავლეს.

 

VII კლასი, საგაკვეთილო  თემა „შუა საუკუნეები”, სავარაუდო  დავალებები:


1.   

შეგიძლია თუ არა შედარება?

ამისათვის  შეადარე  ცნებათა  წყვილები და   იპოვე  საერთო  და  განმასხვავებელი ნიშნები:  ფეოდალი –
რაინდი; მეფე
ბასილევსი; მონარქია – რესპუბლიკა; კოლონია
– მეტროპოლია, ფეოდი – დომენი;


2.   

დააკავშირე  ცნებები და  ტერმინები:
) ფეოდალი, რაინდი,  ბასილევსი;

ბ) დომენი, ფეოდი, სამეფო;
) ფეოდი, საგრაფო, სახელმწიფო;
) რესპუბლიკა, შეზღუდული
მონარქია,
 აბსოლუტური
მონარქია.

ე) მიწა, სახალიფო,  ტერიტორია.


3.   

 შეგიძლია  განაზოგადო?

ამისთვის  განაზოგადე  ცნებები  და გამოიცანი  რომელია   ზედმეტი?

         ა) მონარქია,
რესპუბლიკა, სახელოსნო;

         ბ) ბიბლია, ყურანი,
არაბობა;

         გ) ფრანკომანები,
ლანკასტერები; ალემანები

         დ) სახელმწიფო,  მონარქია, შრომის იარაღი.

 4. დააკვირდი,  რამდენად   ზუსტად  არის    შესრულებული

        განზოგადება,  მაგალითად, რესპუბლიკა  ესაა:

            ა)
სახელმწიფო  ხელისუფლების  ფორმა;

            ბ)
იმპერატორი;

           დ) მეფე.


4.   

 შეადარე  განმაზოგადებელი სიტყვა ცნებასთან, მაგალითად,

         მონოპოლიური ვაჭრობა –  ესაა:

            ა) ახალი ტექნიკით
ვაჭრობა;

            ბ) ვაჭრობის
განსაკუთ
ებული
უფლების დამყარება;

           დ) ფინასური
ოლიგარქია.


5.   

გამოყავით   განმაზოგადებელი  და  განმსაზღვრელი   სიტყვა,  მაგალითად:
ქრისტიანობა,  მართლმადიდებლობა,  კათოლიციზმი.

 


6.   

დაალაგეთ ცნებები ლოგიკურ
სქემებად:
მაგალითად,

           ბრწყინვალე პორტა,
ოსმალთა ბატონობა, საღვთო ლიგა.


7.   

შეგვიძლია მოსწავლს აზროვნების გასააქტიურებლადლოგიკური
სავარჯიშოების შეთავაზებითაც დავეხმაროთ.
მაგალითად,

I-ამოირჩიეთ  სწორი  პასუხი:

     პრობლემა ეს არის:

          ა)  რთული დავალების  შეკითხვა, რომელიც მოითხოვს კვლევას და

           განზოგადებას;

           ბ) განზოგადების და  შედეგების გამოყვანის უნარი;

           გ) ადამიანის ცუდი
განწყობილება.

მიზეზი   ესაა:

    ა)
ადამიანის აზრი;

           ბ) მოვლენა
რომელიმე ქვეყანაში;

           გ) გარემოება,
რომელიც იწვევს სხვა მოვლენას;

შედეგი  ესაა:

             ა) ტექსტის
თხრობის უნარი;

             ბ) ის, რაც
გამომდინარეობს ……გან;  რეზულტატი;

             ბ) რაღაც ცუდი.

შედარება   ესაა:

              ა) მსგავსებისა
და განსხვავების დადგენა;

               ბ) მოთხრობა
რამეზე;

              გ)  მთავარის გამოყოფა.
II- გამოყავი  პირველხარისხოვანი   მეორეხარისხოვნისაგან:

ა) გადმოეცით ტექსტის  აზრი ერთი სიტყვით ან ფრაზით;

             ბ) გამოყავით
ტექსტიდან  ძირითადი სიტყვა (ტექსტის
ნაწილს მასწავლებელი

            წინასწარ  ანაწილებს მოსწავლეებს  შორის),  შემდეგ კი  ააგეთ სიტყვათა

             ჯაჭვი  მათი მნიშვნელობების მიხედვით;

გ) წაიკითხეთ ტექსტი და ფანქრით გამოყავით ძირითადი
აზრი;

დ) გაკვეთილის თემა.

III – იპოვე განმაზოგადებელი სიტყვა,მაგალითად:

ტოლერანტობა  ესაა:

ა) რელიგიური შემწყნარებლობა;

ბ) სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა შემწყნარებლობა;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ფორმა;

დ) კავშირის სახეობა.

დავალებების შესრულებისას მოსწავლეებმა, თავდაპირველად შესაძლოა ვერ
მიიღონ შესაფერისი შეფასება და სასურველი  ქულები (ანუ საგნობრივი კრიტერიუმების მიხედვით  მათ არ ეკუთვნოდეთ 5,6,7,8,9,10
ქულა), მაგრამ მასწავლებელს შეუძლია  დიფერენცირებული კრიტერიუმების მიხედვით
დაწერილი ქულები ცალკე  ჩაინიშნოს  და მხოლოდ რამდენიმე  გაკვეთილის  შემდეგ, შემდგომი წარმატებების
შემდეგ შეიტანოს ჟურნალში. ასეთი დამოკიდებულებით
მოსწავლეები  იგრ
ნობენ თუნდაც პატარა წინსვლას და პროგრესს  ცოდნის შეძენის გზაზე და ირწმუნებენ საკუთარ
ძალებს, რაც აამაღლებს მათ განწყობას მომავალი  მეცადინეობისათვის.

სუსტ
მოსწავლესთან მუშაობისას ძალიან ბევრია დამოკიდებული საშინაო დავალების ხასიათზე,
დამოუკიდებელ სამუშაოზეც. მართალია, ხშირად დოზირებულ და ინდივიდუალურ დავალებას
მოსწავლე უბრალო სიზარმაცის გამოც არ ასრულებს, მაგრამ სწავლაში სუსტ მოსწავლე
ბს დავალებების მოცულობაც აფრთხობს, განსაკუთრებით,
წერილობითი ფორმით შესასრულებელი დავალებები, რადგან ეშინიათ მათთვის რთულ
დავალებასთან მარტო დარჩენის, ამიტომ უმჯობესია, სუსტ მოსწავლეს საგანგებოდ
შევურჩიოთ  საშინაო დავალების ფორმა და
შინაარსი, როგორც საკლასო სამუშაოების დროს.

 და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი  ისტორიული მოვლენის  შესწავლა შეიძლება, თუ  სწავლებისას
ყურადღებას ისეთ საკითხებზე
გავამახვილებთ,  როგორიცაა ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების:


·       

დრო (როდის?); 


·       

ადგილი (სად?); 


·       

მონაწილეები (ვინ?);


·       

მიზეზი (რატომ?);


·       

საბაბი (რამ გამოიწვია „ბიძგი”?)


·       

მიზანი (რა სურდათ?);


·       

მიმდინარეობა (როგორ განვითარდა მოვლენები?)


·       

შედეგები (რით დამთავრდა?); 


·       

შეჯამება (რა შეიცვალა ადამიანების ცხოვრებაში?);


·       

ისტორიული მნიშნელობა (რა
გავლენა მოახდინა ისტორიის მსვლელობაზე?).


და ყველაზე მთავარი – სუსტი
მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესი მაინც მასწავლებლის მხარდაჭერაა, ვისი თანადგომის
გარეშეც გაუჭირდება საკუთარი ძალებ
ში დარწმუნება და
ამის შესაბამისად საგნობრივი თუ პიროვნული სირ
ულეების დაძლევა. დავეხმაროთ მათ, ირწმუნონ
საკუთარი ძალები
და ამით არამარტო დავძლევთ პროგრამული სწავლების
სირთულეებს, არამედ ძლიერი მოსწავლეების შემომატებით
კიდევ უფრო წარმატებულს და საინტერესოს გავხდით
ჩვენს გაკვეთილებს.


















 

 

 

ოჯალეშის დიდებულება

0
ოჯალეშის, ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშის, სამშობლოდ ფაქტობრივად მთელ სამეგრელოს მიიჩნევენ, მაგრამ ყველაზე უკეთ ის მაინც მარტვილის რაიონში ხარობს. სოფლები სალხინო, თამაკონი და თარგამეული ოჯალეშისთვის საუკეთესო მიკროზონადაა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ სოფლებში არსებული ოჯალეშის რაოდენობა სასურველზე გაცილებით ნაკლებია, ჯიშის ხელახლა აღორძინება, სასურველია, სწორედ მარტვილის რიაონიდან (მდინარე ტეხურას ხეობა) დაიწყოს.

 

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ოჯალეშის სახელწოდება ვაზის მაღლარობის გამომხატველია. “ჯა” მეგრულად ხეს ნიშნავს, “ო-ჯა-ლეში” კი ხეზე ასულ ვაზს. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ამ სახელწოდებით თავდაპირველად არა კონკრეტულ ჯიშს, არამედ საზოგადოდ ხეზე ასულ ვაზს მოიხსენიებდნენ. ამპელოგრაფ ერმილე ნაკაშიძეს ივანე ჯავახიშვილისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ ტერმინი “ოჯალეში” წარმოებული უნდა იყოს ვენახის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვისგან: “ბჟა” მეგრულად მზეს ნიშნავს; აქედან – “ობჟალეში”, ანუ მზიანი ადგილი. საკამათო არ უნდა ჩანდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში სამეგრელოში ჩამოყალიბებულ ვაზის ჯიშებს შორის ოჯალეში მუდამ წამყვანი იყო და მას მეგრულ მევენახეობა-მეღვინეობაში ერთგვარად დომინანტური ადგილი ეკავა.

ქართველი ამპელოგრაფების ნაწილს მიაჩნია, რომ სამეგრელოში დაბლარი სახით გაშენებული ოჯალეში ვერ აღწევს ამ ჯიშისთვის დამახასიათებელ მძლავრ ზრდა-განვითარებას და მცირე მოსავალსა და უფრო მდარე ღირსების ღვინოს იძლევა. ეს საკამათო საკითხია, რადგან სამეგრელოში ღვინის კლუბის ერთ-ერთი ვიზიტის დროს მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში მცხოვრებმა გლეხებმა სრულიად საპირისპირო რამ გვითხრეს: თარგამეულელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოჯალეში დაბლარად გახარების შემთხვევაში უფრო უკეთესი ხარისხის მოსავალს იძლევა და ოლიხნარის ერთადერთი უპირატესობა, მათი აზრით, არა ხარისხის, არამედ მოსავლიანობის გაზრდაა.

საინტერესოა ოჯალეშის სამეგრელოში გავრცელებული მეორე სახელწოდებაც – შონური, ანუ სვანური. ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, გვეგონება, რომ “შონური” ჯიშის წარმომავლობისა და კუთხურობის აღმნიშვნელი სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ ოჯალეშის სვანურობა არც ისტორიული წყაროებით და არც სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება. პირიქით, თითქმის ყველა აგრობიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ოჯალეში მკვიდრი მეგრული ჯიშია და ჩვენი წინაპრები მას შავიზღვისპირეთში ასეულობით წლის წინ აშენებდნენ.

გურიასა და ლეჩხუმში (ცაგერის რიონში), სამეგრელოს მსგავსად, ასევე გავრცელებულია “ოჯალეშის” სახელით ცნობილი წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ქართველმა მეცნიერებმა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ გურულ და ლეჩხუმურ (ორბელურ) ოჯალეშს მეგრულთან კავშირი არ აქვს – გურულ-ლეჩხუმური ოჯალეში სრულიად სხვა ჯიშია და მისგან ღვინოც განსხვავებული დგება.

სანამ სოკოვანი დაავადებები და ფილოქსერა XIX საუკუნეში მთელ საქართველოს მოედებოდა, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში ოჯალეშის საკმაოდ დიდი ვენახები იყო გაშენებული. მიუხედავად მოარული აზრისა, რომ ოჯალეში ძირითადად მთისპირა მეგრულ სოფლებში ხარობს, მას ზუგდიდისა და გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებშიც აშენებდნენ – კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთიდან (ზუგდიდის რაიონი) ისტორიული სამურზაყანოს (გალის რაიონი) ტერიტორიამდე.

XIX საუკუნის შუა ხანებში ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.

ჩვენამდე ყურძნის მრავალი მეგრული ჯიშის სახელებმა მოაღწია. დღეს ამ ჯიშების ნაწილი გამქრალია და სათანადო მოძიებას მოითხოვს. ძველ ქართულ წყაროებში ბევრ სხვა ჯიშსაც იხსენიებენ როგორც განსაკუთრებულს, მხოლოდ ამ კუთხისთვის დამახასიათებელს და ამ მხრივ ორიგინალურს. მაგალითად, სამეგრელოში საუკუნეების განმავლობაში ხარობდა ჯიშები, რომელთა უმეტესობისა დღეს სახელიღაა შემორჩენილი: კეთილური, კერთოლი, კოლოში, კუტალა, მაჭყვატური, მუხიშხა, ეგურძგული, ზერდაგი, თეთრიშა, თხურთხუ, კვაწახურა, ჩეჭიფეში… ეს მხოლოდ ნაწილია იმ შთამბეჭდავი ნუსხისა, რომლის შედგენაც მეგრული ვაზის ძველი ჯიშების გახსენებისას შეიძლება. თუმცა ამ ჯიშებს შორის ოჯალეში ყოველთვის განსაკუთრებული, გამორჩეული იყო.

მიუხედავად ჯიშის სიძველისა, გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის მარტვილის რიაონის სოფელ სალხინოში ფილოქსერგამძლე საძირეზე დამყნობილი ოჯალეში მხოლოდ 14 ჰექტარზე იყო გაშენებული. მიურატის ჩაყრილი ვაზი თითქმის მთელ სამეგრელოში უკვე აეჩეხათ და ნავენახრები სიმინდის ყანებად ექციათ. გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ოჯალეში გურიასა და აფხაზეთშიც გააშენეს. საბჭოთა კოლმეურნეობები ლამის მთელი დასავლეთი საქართველოს ტერიტორიაზე გამალებით აშენებდნენ ამ ძველ მეგრულ ჯიშს. თუმცა ყველგან ის შედეგი არ მიუღიათ, რომელსაც ვარაუდობდნენ. აფხაზეთსა და გურიაში სამეგრელოდან ჩატანილი ნერგებით გაშენებული ოჯალეშის ვენახები გაშენებიდან რამდენიმე წელიწადში გაიჩეხა და სხვა ჯიშებით ჩანაცვლდა. ბევრგან ოჯალეში, ბუნებრივია, ვერ ახერხებდა საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებას, რაც სულაც არ არის გასაკვირი.

მეგრელი მევენახე–მეღვინე გლეხების ნაწილი დღეს გეტყვით, რომ ოჯალეშისგან წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო დგება და ეს ჯიში სწორედ ტკბილი ღვინის დასაყენებლადაა ზედგამოჭრილი. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ამ აზრს ბევრი მეღვინე და ღვინის სპეციალისტი იზიარებდა. ცნობილია რუსებისა და, საზოგადოდ, სლავების განსაკუთრებული სიყვარული ტკბილი ღვინოების მიმართ და ვინაიდან საქართველო მთელი ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა სახით ფორმირებული იმპერიის ნაწილი გახლდათ, ქართული მეღვინეობაც იმპერიის მოსახლეობის უმეტესობის, სლავების, გემოვნებაზე იყო ორიენტირებული. დღეს ბევრი მეღვინე ამბობს, რომ ოჯალეშისგან მაღალი ხარისხის წითელი მშრალი ღვინის მიღება შეიძლება და მისგან, უპირველეს ყოვლისა, სწორედ წითელი მშრალი ღვინო დგება. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ, გარდა მცირე გამონაკლისისა, ფაქტობრივად არ არსებობს ისტორიული წყარო, რომელიც სამეგრელოში და, საზოგადოდ, საქართველოში ტკბილი ღვინის დაყენების დიდ ტრადიციებს გაგვახსენებდა.

1953 წლის აღწერით, ოჯალეშის ვენახები მთელ სამეგრელოში დაახლოებით 51 ჰექტარს მოიცავდა. იმ პერიოდისთვის სამეგრელოში ოჯალეში თითქმის მთლიანად ადესითა და ცოლიკოურით იყო ჩანაცვლებული. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწლეულების სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია, ადგილობრივ გლეხობასა და მის ვენახებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დღეს სამეგრელოში 50-იან წლებში არსებული ვენახების დიდი ნაწილი აღარ არის შემორჩენილი. ვაზის მასობრივი გაკაფვა და მის ადგილას მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების გაშენება გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განაპირობა. გლეხების უმეტესობამ ხარისხიანი ღვინით ტკბობას სიმინდი და ლობიო არჩია.

ტ ა ჩ კ ა

0
ზოგი ამბობს, რომ თბილისი ეთნიკური სომხების აშენებული ქალაქია. მე კი ვამბობ, რომ თანამედროვე თბილისი მხოლოდ ერთმა ადამიანმა ააშენა და ეს ადამიანი არც ქვეყნის მმართველია და არც ცნობილი არქიტექტორი. ის უბრალოდ „ჰაიდელბერგ ბეტონი”-ის თანამშრომელი, პოლონური ფესვების მქონე ქართველი, სანდრო რაჩკოვსკი, იგივე ტაჩკა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია ტაჩკასთან ახლო მეგობარობა მაკავშირებს, წარმოდგენა არ მაქვს ტაჩკას რატომ ვეძახით ტაჩკას. როგორც ჩანს თიკუნის შერქმევის დღე გამომეპარა. დიდი ინტერესი არც არასოდეს გამომიჩენია. ყოველთვის, როცა შეკითხვა მიჩნდებოდა მის მეტსახელთან დაკავშირებით, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „დავით, მოდი, დაიკიდე. მთავარია, რომ უხდება”.
თუკი ტაჩკასთან ერთად მანქანით, ან, თუნდაც ფეხით გასეირნება მოგიწევთ, წუთ-ნახევრიანი შუალედებით მოისმენთ ფრაზას: „ეს ჩვენი აშენებულია”. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სანდრო ამ თემაზე არც ხუმრობს და არც ტყუის. მისი მობილური ტელეფონი თავს არასოდეს გვავიწყებს. რეკავს, რეკავს, რეკავს. ამ დროს სანდროში მენეჯერი იღვიძებს და მიდის შეთანხმებები კლიენტებთან, 13:30 სთ-ზე რამდენი კუბი ბეტონი მივა ობიექტზე და ნახევარ საათში რამდენ კუბს მიაშველებენ. როგორც მე ვხვდები, ტაჩკა ბეტონის სამყაროში იმავე წონის ფიგურაა, როგორიც ბატონი Wolf-ი, ფილმში „კრიმუნალური საკითხავი”. ჯერ მხოლოდ ჩემ თვალწინ  ოთხი-ხუთი მშენებლობა გადაურჩენია დაღუპვას.
წარმოიდგინეთ ქანქარა, რომელიც მოქმედებისას ორ უკიდურეს მხარეს აღწევს. ასევეა სანდრო რაჩკოვსკი. ის, რამდენად ზრდასრეული პროფესიონალიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, იმდენადვე ბავშვია სახლში და ჩვენთან, მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს. ტაჩკას შეუძლია მცირედისგან ულევი ბედნიერება იგრძნოს და ამისათვის არც ექსტაზის მიღება სჭირდება, არც კოკაიანის გაყნოსვა. საამისოდ მეგობრებთან ერთად ფურცლობანას, მაფიოზობანას ან Jepardy-ის თამაშიც საკმარისია მისთვის. სამაგიდო თამაშებზე ხომ საერთოდ მეცხრე ცაზე გაჰყავს. ტაჩკას შეუძლია ღამე გაათენოს Jepardy-ის თამაშში. უფრო სწორად კი – ღამეები გადააბას. ის თამაშდამოკიდებულია. მსგავსი სახის ინტელექტუალური გასართობების მიმართ, სანდროს ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ლოთებს ალკოჰოლისადმი. ორი-სამი ღამის გადაბმა და – „ზაპოი” აკიდებულია.
ერთხელ ასეთი სასაცილო შემთხვევა მოხდა: ტაჩკა ზედიზედ რამდენიმე ღამეა მეგობრის სახლში Jepardy-ის თამაშობს. გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. ახსოვთ და ადარდებთ მხოლოდ ორი რამ: ის, რომ აქვთ ამ თამაშის უამრავი შეკითხვა და ის, რომ ეს შეკითხვები ბოლომდე უნდა ჩაამთავრონ. ასეც მოიქცნენ. მომდევნო საღამოს, თუ არ ვცდები პარასკევს, ისინი ამ შეკითხვების ამოწურვას აღნიშნავენ. გასაგებ ენაზე რომ ვთქვა – სვამენ.
ამ დროს, ტაჩკას დედა ურეკავს:
-მეგობრებთან ერთად ვარ.
-სანდრო (დაძაბული ხმით), ისევ Jepardy-ის ხო არ თამაშობ?
-დამშვიდდი დედა, ვსვამ.
ვინც მულტფილმი Inside out ნახა, კარგად მიხვდება, რასაც ახლა დავწერ. სანდროს ცნობიერებაში რამდენიმე კუნძული არსებობს: თეო – მისი მეუღლე (მძულს ეს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოლს ვამჯობინე) და ოჯახის სხვა წევრები; სამსახური. რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი ზეპასუხისმგებლობით ეკიდება; ჩვენ – მეგობრები, რომელთა გარეშეც ძალიან ცოტა ხანს ძლებს; და, კუნძული, რომელზეც ყველა მისი ჰობი თუ ინტერესია თავმოყრილი – ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი, კალათბურთი, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.
თეოზე უნდა მეთქვა: თუკი ვინმეს ცხოვრებაში გაუმართლა, ალბათ პირველ რიგში ტაჩკას, რადგანაც თეო იპოვა. მე იშვიათად მინახავს ასეთი სინთეზი. ადამიანები, რომელთა ინტერესებიც იშვიათად ემთხვევა და რომლებიც ასე იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. მთავარი კი ისაა, რომ ეს შევსება ნაძალადევი არ არის. იმის მიუხედავად, რომ სანდრო და თეო სრულფასოვანი ინდივიდები არიან, მე უკვე მიჭირს მათი არათუ ცალ-ცალკე ხსენება, არამედ წარმოდგენაც კი.
ტაჩკა ჩემთვის იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ნელ-ნელა, აუღელვებლად, მოთმინებით დაიკმაყოფილოს და აისრულოს ყველა ის ინტერესი თუ ოცნება, რომელიც კი ოდესმე ჰქონია: დაესწროს საყვარელი ბენდების კონცერტებს; მოიპოვოს ტრევის ბარკერის დრამის ჯოხი; წავიდეს აშშ-ში და ტრიბუნებიდან უგულშემატკივროს ამერიკული ფეხბურთის, ჰოკეისა თუ კალათბურთის მისთვის საყვარელ გუნდებს; ხუთი მეტრის დაშორებით ნახოს მისი ბავშვობის გმირი – კევინ გარნეტი; იაროს იმ სამყაროში, რომელიც ხიბლავს; ფეხდაფერ სდიოს საკუთარ ბედნიერებას და, რაც მთავარია ეს ყველაფერი აკეთოს საყვარელ ადამიანთან ერთად.

პოზიტიური აზროვნება და ტექსტები

0
ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებსაც ვირჩევთ (ან ვარჩევთ სკოლებისთვის), იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამის წარმოდგენა ჩვენ შეგვიძლია. რადგან ტექსტები (განსაკუთრებით უმცროს სასკოლო ასაკში) დაუბრკოლებლად ჩაედინება ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერში და, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ქმნის „პროგრამებს”, რომლებიც მომავალში ჩვენს მსოფლხედვას განაპირობებს.

 

მკითხველს აუცილებლად გაახსენდება სკოლაში ლიტერატურული ტექსტებიდან მიღებული ემოცია: პოზიტიურც და ნეგატიურიც და გაანალიზების შემდეგ უთქვამს: რატომ ტანჯავდნენ ასეთი ტექსტებით ბავშვებს? მაგრამ აქ საქმე მხოლოდ ემოციებთან არ გვაქვს, არამედ იმ მატრიცასთან, რომელსაც რომელიმე ტექსტის იდეა ტოვებს ჩვენში. ზღაპრები და იგავებიც შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც „უნერგავს” მკითხველებს რაღაცას, როგორც „ჭეშმარიტებას”. შემდეგ ასეთი „სიბრძნეები” მსგავს შემთხვევებში ახსენდება ადამიანს და მოქმედებს (და ხშირ შემთხვევაში, არაცნობიერად) უკვე მზა ცოდნის შესაბამისად.

რა თქმა უნდა, იმის თქმა მინდა, რომ ცნობიერებაში ასეთი მოდელების არსებობა ყოველთვის ნეგატიური არ არის, არსებობს „სასარგებლო პროგრამებიც”; მნიშვნელოვანი სწორედ ესაა: გაარჩიო სასარგებლო და უსარგებლო ტექსტები, რომლებსაც ბავშვებს ვაწვდით.

გახსოვთ ხომ ის ზღაპარი: „- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო… რაო, ბატონო მელაო…? _ ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ…” და ფინალში: „რა უნდა ექნა საწყალ ჩიორას, ადგა და გადმოუგდო ბარტყი…” არაცნობიერში ამ ზღაპრით მოდელირდება პროგრამა: თავდაცვის გამო შვილები უნდა გასწირო… შენ მაინც რომ გადარჩე…

ამ ნიშნით დავით გურამიშვილის ტექსტი – „სწავლა მოსწავლეთა”- ასევე ნეგატიური პროგრამის მატარებელია, რადგან ვფიქრობ, რომ აგრესიით მიღებული ცოდნა პოზიტიური ვერასდროს ვერ იქნება.

„ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი…”

ფრაზა: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების” _ ასევე დაკავშირებულია ცოდნასთან, როგორც ტანჯვასთან და ორიენტირებულია მომავალზე (კენწეროზე), ვფიქრობ, რომ პოზიტიური განათლება ზეიმია და ეს ზეიმი ცოდნის მიღების პროცესს ახლავს თან და სადღაც მომავალში არ გველოდება.

თავის დროზე და შესაფერის კონტექსტში ნათქვამი: „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია” – ზედმეტად შეისისხლხორცა ქართულმა კულტურამ და გამოდის, რომ არასდროს არ დგება მომავალი, რომელიც ჩვენია, სწორედ იმიტომ, რომ მომავალია.

არა მხოლოდ სასკოლო ტექსტები ახდენენ ჩვენზე ზეგავლენას, არამედ ის ფრაზებიც კი, რომლებსაც მშობლები, მასწავლებლები ხშირად გვიმეორებენ ვითომ ხუმრობით, მაგალითად: „დაიძინე, თორემ ბუა შეგჭამს”, „ჭამე, თორემ გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანს” და ბევრი ასეთი…

რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობაში მართლა მეგონა, რომ „გუდიანი კაცი” არსებობდა, რომელსაც მშობლების ურჩი ბავშვები გუდით მიჰყავდა… ცნობიერებაში მყავდა ასეთი „გუდიანი”… საშინელი განცდა იყო ამის წარმოდგენა… მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს უწყინარი ხუმრობაა, თამაში, რომლებსაც შვილების „უკეთესი მომავლისთვის” სჩადიან, სინამდვილეში, ეს „შიშის ჩანერგვაა” და ამაზე უარესს ვერადროს გავაკეთებთ შვილებისთვის. ჩვენს ფსიქიკაში შექმნილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იწყებს „მოქმედებას” და როგორც კი ბავშვი „რამე ისეთს” ან „ისე” ვერ გააკეთებს, როგორიც უფროსებს მოეწონებათ, ირთვება ეს პროგრამა და უკვე დიდობაშიც, როცა არავინ გემუქრება „პრიუტში ჩაბარებით” და „ბუათი”, უკვე შენ თავად იწყებ საკუთარი თავის დასჯას გაუცნობიერებლად. ასე მომრავლებული სუიციდიც თვითდასჯაა, რომელიც, ვინ იცის, ასეთი აღზრდითაც იკვებება.

ბავშვობაში ასეთი ფრაზების „მავნებლობას” ასევე ინტუიციურად გრძნობდა ზოგიერთი მწერალი და ქმნიდა ისეთ ტექსტებს, რომლებიც მსგავს პროგრამებს წაუშლიდა ბავშვებს და პოზიტიურ განწყობაზე გადართავდა. ამიტომ გვავსებს ოპტიმიზმით, სიხარულით და პოზიტივით ნოდარ დუმბაძის საბავშვო ტექსტები. განსხვავებული სტილისტიკის მიუხედავად, დუმბაძე – ჩვენი ეკზიუპერია… გამუდმებულად „პატარა უფლისწულზე” მოფიქრალი… „პატარა უფლისწული” ეკზიუპერთანაც მეტაფორაა და ამ შემთხვევაშიც მეტაფორად გამოვიყენე, იმ სისუფთავის აღსანიშნად, რომელსაც პატარები ფლობენ და დიდები კარგავენ.

დარწმუნებული ვარ, ზეპირად იცით ნოდარ დუმბაძის ეს ლექსი:
_ბებომ იმდენი მაშინა, მოვა და შეგჭამს ბუაო,
მე მგონი, თვითონ შეშინდა და წნევამ გააბრუაო,
_ ნუ გეშინია, ბებიკო, მაგას ვასწავლი ჭკუასა

და შენი შეშინებისთვის მე თვითონ შევჭამ ბუასა.” („ბუა”)

ადამიანის ფსიქიკის ღრმად მცოდნე მწერალმა ასე გადაათამაშა ნეგატიური პროგრამა და შექმნა სრულიად სხვა ემოციის ტექსტი: იუმორით, ღიმილით, სიყვარულით სავსე. სწორედ ამგვარი ტექსტებია ძალიან მნიშვნელოვანი კულტურისთვის, სკოლისთვის, ადამიანებისთვის: ტექსტები, რომლებიც ხელს უწვდიან ადამიანს, გადაარჩინონ.

ასეთივე პათოსისაა ნოდარ დუმბაძის სხვა ლექსიც:

„ბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით,
დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი,
რომ ვიტირე, დედიკომ დამაწიწკნა ქოჩორი,
ბებიამ კი მიძახა გაუზრდელი ჩოჩორი.
იმას კი არა ვტირი, რომ დავფხრიწე წიგნები,

თურმე რომ გავიზრდები, დიდი ვირი ვიქნები”. („ჩოჩორი”)

ეს ალქიმიაა, რასაც ნოდარ დუმბაძე ამ ტექსტებით აკეთებს. ნამდვილად დიდი ძალა აქვს იუმორს (და არა ირონიას) და სიყვარულს ერთად: ერთი შეხედვით მძიმე სურათი: ბავშვი ხევს წიგნებს, დედა ქოჩორს აწიწკნის და სადილს არ აჭმევს, ბებია შეურაცყოფს… აი, ასეთ ამბავს აქცევს პოზიტიურ განწყობად, ამიტომ არის, რომ ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსებს ბავშვები (და დიდებიც) ხალისით იმახსოვრებენ.

ნოდარ დუმბაძის ლექსებში ხშირად ვხვდებით ტრანსფორმაციას, ტრაფატების ჩანაცვლებას ახალი ტექსტებით… მწერალი ნეგატივის პოზიტივით დამთრგუნველია, ყოველთვის სიცოცხლის მხარესაა. გახსოვთ ზღაპრის ეს ფრაგმენტი ალბათ:

„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ღობეს ჩიტი მომკვდარიყო…”
მწერალთან ეს ფრაგმენტი ნახეთ როგორ ტრანსფორმირდა:
„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
წყალში ყინვა ჩამდგარიყო,
ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის
ტყეში მოცვი გამქრალიყო,
მშიერი და გათოშილი
ფანჯარასთან მომდგარიყო
და ტირილით ეძახოდა:
– გამიღეო, ნოდარიკო!
სხვანაირად აბა, განა
შეიძლება მომხდარიყო?
ის ზარმაცი ღობემძვრალა
ნოდარისთან სტუმრად იყო.
სტუმრად იყო და შიმშილით
ჩიტი რომ არ მომკვდარიყო

დღეში სამჯერ ჩაის კოვზით

რძეს ასმევდა ნოდარიკო.” („ნოდარიკოს სტუმარი”)

მასწავლებლები ტექსტებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტექსტების იქით იდეებია… ჩვენ კი ვარჩევთ იდეებს…

5 მითი ახალგაზრდებსა და სოციალურ მედიაზე

0

ამერიკელი მკვლევრის დანა ბოიდის წიგნი ეჭვქვეშ აყენებს ახალ ტექნოლოგიებზე საყოველთაოდ გავრცელებულ წარმოდგენებს

 

მოზარდებს მუდამ იზიდავდა საჯარო სივრცე, სადაც შეეძლოთ მეგობრებთან ერთად ყოფნა, ახალი მეგობრების შეძენა და თანატოლებთან უსასრულოდ საუბარი საინტერესო თემებზე. თანაც ეს ის ადგილებია, სადაც ისინი მშობლებს ან სხვა ოფიციალურ „მოზრდილებს” არ ელიან.

ასეთი შეკრებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის. ეს ის საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მოზარდები იფართოებენ სოციალურ თვალსაწიერს, ერთმანეთს უზიარებენ თვალსაზრისს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ექსპერიმენტირებენ თავიანთი პიროვნების სხვადასხვა ვერსიაზე და ივითარებენ მშობლებისგან და, საზოგადოდ, ზრდასრული ადამიანებისგან დამოუკიდებლობის გრძნობას, რაც თავისთავად აუცილებელია ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის.

ბოლო დრომდე ადგილები, სადაც მოზარდები იკრიბებოდნენ ან ხვდებოდნენ ერთმანეთს, ფიზიკურ, გეოგრაფიულ სივრცეში იყო, დღეს კი ასეთი სივრცე ხშირად კიბერნეტიკულ-ვირტუალურ ინტერნეტსამყაროში მდებარეობს.

ბევრი ზრდასრული ადამიანი ამის გამო საგონებელშია ჩავარდნილი, ბევრიც შეძრწუნებულია. მიზეზი გახლავთ დრო, რომელსაც ბავშვები ონლაინ რეჟიმში ატარებენ და ის, რითაც ამ დროს არიან დაკავებულნი. დანა ბოიდის (რომელიც თავის სახელს მთავრული ასოების გარეშე წერს) შესანიშნავ წიგნს ეწოდება „It’s Complicated: The Social Lives of Networked Teens

[1]

(„ეს ჩახლართული ამბავია: ქსელში მყოფი მოზარდების სოციალური ცხოვრება”). წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოიცა, დაიბეჭდა იელის უნივერსიტეტში და საფუძვლად დანა ბოიდის სადოქტორო კვლევა დაედო. 2005-2012 წლებში დანამ თითქმის მთელი აშშ მოიარა. მოგზაურობისას იგი ხვდებოდა მოზარდებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ბიბლიოთეკარებს, ახლაგაზრდულ რელიგიურ ორგანიზაციებს და სხვებს, ვისაც მოზარდებთან უწევდა მუშაობა. ამასთან, როგორც თავად წერს, მან ურიცხვი საათი შეალია მოზარდების ონლაინ „კვალის” შესწავლას ანუ იმ აქტივობის კვლევას, რომელსაც ახალგაზრდები თავიანთ ბლოგებში, სოციალურ ქსელებში და სხვა სოციალურ მედიაპლატფორმებზე ახორციელებდნენ. გარდა ამისა, დანამ თანამკვლევართან, ელის მარვიქთან ერთად მოზარდებს ჩამოართვა 166 ფორმალური, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ მათი სოციალური მედიაქცევის შესახებ.

როგორც წიგნის სათაური გვაუწყებს, შეუძლებელია, ბოიდის გამოკვლევის შედეგები რამდენიმე წინადადებაში მოაქციო. წიგნი ააშკარავებს რამდენიმე პრიმიტიულ მითს მოზარდებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც ასე ხშირად გვხვდება პოპულარულ მედიაში ან გვესმის მოზრდილთა საუბრებიდან. ქვემოთ გთავაზობთ 5 ძირითად მითს და რამდენიმე სხვასაც, რომლებიც, ქალბატონი ბოიდის თქმით, ასევე შეესაბამება გავრცელებულ წარმოდგენებს.

მითი #1: ტექნოლოგია იწვევს სოციალურ იზოლაციას

მოზარდი („თინეიჯერი”, როგორც უკვე ხშირად მოიხსენიებენ ინგლისურად) კომპიუტერთან ან სმარტფონით ხელში შესაძლოა მართლაც სოციალურად იზოლირებული ჩანდეს, მაგრამ უფრო ხშირად (ვიდრე იშვიათად) მოზარდი ამ მოწყობილობებს სოციალური იზოლაციისგან თავდასაღწევად იყენებს – იზოლაციისგან, რომელიც ჩვენ, ზრდასრულმა ადამიანებმა მოვახვიეთ თავს. როგორც დანა ბოიდი ამბობს, მას ხშირად გაუგონია მშობლების წუწუნი იმის თაობაზე, რომ „მათ შვილებს კომპიუტერი ურჩევნიათ „რეალურ ადამიანებს”, თუმცა მოზარდებს სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ.

მოზარდები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან მთელ ქვეყანაში ეუბნებოდნენ დანას, რომ სიამოვნებით შეხვდებოდნენ მეგობრებს პირადად, მაგრამ ამის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, ამიტომ მათთან კავშირს სოციალური მედიის მეშვეობით ამყარებენ, რადგან ხშირად ეს ერთადერთი გზაა, დაუკავშირდე და „მისწვდე” მეგობრებს.

წინა თაობების მოზარდები და უფრო მცირე ასაკის ბავშვები ერთმანეთთან სოციალურ კავშირებს ყოველდღიურად, სკოლაში წასვლისას და სკოლიდან შინ ფეხით დაბრუნებისას ამყარებდნენ. სკოლაში მათ კავშირი გრძელდებოდა სადილის დროს და შესვენებებზე. სკოლის შემდგომ პერიოდში და უქმე დღეების განმავლობაში კი ერთად დადიოდნენ, ველოსიპედით სეირნობდნენ, ერთად მგზავრობდნენ საჯარო ტრანსპორტით ან ავტომობილით პარკებში, ქუჩებში, ბუნების წიაღში, თავიანთ „საიდუმლო” კლუბებში, დაწესებულებებში, სასადილოებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა, მათთვის მისაღებ ადგილებში.

დღევანდელ ბავშვებს ამდენი თავისუფლება აღარ აქვთ. მრავალ მათგანს არ აძლევენ სკოლაში ფეხით წასვლის უფლებას, „ლანჩის საათი” ერთ საათს აღარ გრძელდება, ხოლო სხვა შესვენებები ბევრ სკოლაში უბრალოდ აღარ არსებობს.

ბევრი მშობელი შვილებს უკრძალავს გარეთ სიარულს ან თანატოლებთან შეხვედრას მოზრდილების დაუსწრებლად. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მშობლები არ ზღუდავენ შვილების თავისუფლებას, მოზარდების წინააღმდეგ სხვა ძალები მოქმედებს. როგორც ქ-ნი ბოიდი წერს, კანონმდებლებმა უამრავი ახალი წესი შემოიღეს, რომლებიც ზღუდავს მოზარდების შეკრებას ან განსაზღვრულ ადგილებში მათ ყოფნას – ეს, სამწუხაროდ, ის შეცდომებია, რომლებსაც პოლიტიკოსები ახალგაზრდული დანაშაულის წინააღმდეგ ვითომ ბრძოლის სახელით უშვებენ (წიგნში მოყვანილია მაგალითები, რომლებიც საპირისიპიროს ამტკიცებს). შედეგად ბევრი კომერციული დაწესებულება, რომლებიც წინათ მოზარდებისთვის თანატოლებთან შეხვედრის ჩვეული ადგილი იყო, დღეს აღარ მასპინძლობს მათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ჯგუფებად მიდიან. მაშინაც კი, როდესაც ბავშვს აქვს დრო და თავისუფლება, გავიდეს გარეთ და ისეირნოს, შესაძლოა, მის მეგობრებს ამის უფლება არ მისცენ.

მშობლებთან ბოიდის საუბრისას გაირკვა: მათ მიაჩნიათ, რომ სკოლის შემდეგ წრეებში თუ ინტერესთა ჯგუფებში ტარებით შვილებს სოციალიზაციის კარგ შესაძლებლობას აძლევენ, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც მშობლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ – ყველა ეს ჯგუფი თუ წრე უფროსების მიერაა ორგანიზებული, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მოზარდები მშობლების ასეთ დამოკიდებულებას არ ეთანხმებიან.

ახალგაზრდებმა ბოიდს პირდაპირ უთხრეს, რომ ასეთი აქტივობები მათ ერთმანეთთან სოციალიზაციისა თუ კავშირების ჩამოყალიბების მცირე შესაძლებლობას აძლევს და ეს ის არ არის, რაც მათ სურთ. ასეთი კავშირები მათთვის იმიტომაა მიუღებელი, რომ ყველა ეს აქტივობა უფროსების მიერ არის სტრუქტურირებული და, რა თქმა უნდა, მათზე უფროსების უწყვეტ დაკვირვება-თვალთვალს გულისხმობს.

როგორც დოქტორი ბოიდი წერს, თანამდებობის პირები მოზარდებს დანახვისთანავე მიიჩნევენ საზოგადოებრივი წესრიგის შესაძლო დამრღვევებად, რომლებიც აუცილებლად უნდა მართო, ან უსუსურ ბავშვებად, რომლებიც უნდა დაიცვა. მოზარდები ორივენი არიან – შემწუხებლებიც და უმწეო სამიზნეებიც. საზოგადოებას მათი ეშინია და მათზე ღელავს. ამის გამო ჩვენ უმეტესად ხელს ვუშლით მოზარდების ყოფნას ფიზიკურ საჯარო სივრცეებში. შედეგად მოზარდებმა, რომლებიც ადამიანები არიან და სოციალური კავშირები სჭირდებათ, მოიფიქრეს, სად და როგორ „შეკრებილიყვნენ”.

მითი #2: მოზარდები დამოკიდებულნი არიან ტექნოლოგიასა და სოციალურ მედიაზე

ბოლო ხანს შესამჩნევი გახდა ტენდენცია, ადამიანების ნებისმიერ აქტივობას, რომელიც მათ მოსწონთ და რომელშიც ხშირად არიან ჩართულნი, „დამოკიდებულება” ან „ადიქცია” უწოდონ.

თუ უფრო კონსერვატიულად და პრაგმატულად ვიმსჯელებთ, ეს ტერმინი (რაიმეზე დამოკიდებულება, ადიქცია) აღწერს ქმედებას, რომელიც: ა) დაუძლეველია, ანუ ადამიანს არ შეუძლია შეწყვიტოს მისი კეთება, თუნდაც ძალისხმევის შედეგად და ბ) უფრო ზიანის მომატანია, ვიდრე სიკეთისა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ ტიპის საქმიანობაშია ჩართული.

ბოიდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი მოზარდი მართლაც უფრო მეტ დროს უთმობს სოციალურ მედიას, ვიდრე სურს.

ამ მოზარდებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მედიაზე მათი მიჯაჭვულობა და მიღებული სიამოვნება იმდენად დიდია, რომ ისინი კარგავენ დროის შეგრძნებას და აღარ რჩებათ დრო სხვა აქტივობებისთვის, ვთქვათ, საშინაო დავალებისთვის, რომელსაც ასე ხშირად შეახსენებენ ხოლმე მშობლები.

მაგრამ გაუგებარია, სოციალურ ქსელთან ასეთ ურთიერთობას ზიანი მეტი მოაქვს თუ სარგებელი. ბოიდის აზრით, ზიანის შემთხვევაშიც კი დამოკიდებულებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ეს პრობლემის სენსაციონალიზაციას ახდენს, რითაც უფრო პათოლოგიაზე დაისმის აქცენტი, ვიდრე დროის მენეჯმეტის პრობლემაზე, რომელიც მეტ–ნაკლებად ყველა ჩვენგანს აწუხებს.

ბოიდი წერს: „ტერმინს „ადიქცია/დამოკიდებულება” ვიყენებთ იმ აქტივობათა აღსანიშნავად, რომლებსაც ადამიანი დროის დიდ ნაწილს უთმობს და რომლის კეთებაც მოსწონს. თუ ასეა, გამოდის, რომ ინფორმაციაზე „დამოკიდებულება” ადამიანის მდგომარეობის ამსახველია: ის სათავეს იღებს ადამიანის ჯანსაღი სურვილისგან, იცოდეს, რა ხდება გარშემო და დაკავშირებული იყოს საზოგადოებასთან”. ტექნოლოგია კი არ იზიდავს ახლგაზრდებს, არამედ ის შესაძლებლობა, რომელიც მათ თანატოლებთან კომუნიკაციის საშუალებას და მათი სამყაროს გაგების შანსს აძლევს. კომპიუტერი უბრალოდ ხელსაწყოა, ისეთივე, როგორიც ერთ დროს ტელეფონი იყო.

როცა უფროსები ეზოში მოთამაშეთა მაგივრად კომპიუტერთან მსხდომ ან სმარტფონში ჩამძვრალ მოზარდებს ხედავენ, მათთვის უფრო ადვილია, ეს „დამოკიდებულება” კომპიუტერს და მის „ადიქტურ” თვისებებს დააბრალონ, ვიდრე საკუთარ თავს და იმ სოციალურ პირობებს, რომლებიც ახალგაზრდების თავისუფლებას ზღუდავს და შეუძლებელს ხდის მათ შეკრებას ფიზიკურ გარემოში მოზრდილთა ჩარევის გარეშე.

მითი #3: დღევანდელი მოზარდები არად დაგიდევენ პირადის ხელშეუხებლობას

მოზრდილები ხშირად ბრაზობენ, როდესაც ახალგაზრდები, მოზრდილთა აზრით, „პირად” ინფორმაციას ინტერნეტში ათავსებენ.

ამავე დროს, მოზარდების უმეტესობა ბოიდს ეუბნება, რომ სოციალური მედია მათ პრივატულობის მისაღწევად სჭირდებათ. როგორც ჩანს, განსხვავებულია იმის აღქმა, ვისგან პრივატულობას გულისხმობენ ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლები. მშობლებს ადარდებთ უცხოთა ცნობისმოყვარეობა, მაშინ როდესაც მოზარდებს – იმ უფროსების ცნობისმოყვარე მზერა და მიყურადება, რომლებიც მათ კარგად იცნობენ.

ბოიდის თქმით, როდესაც მოზარდები (და ამ შემთხვევაში – მოზრდილებიც) პრივატულობას ეძიებენ, ისინი მათთან მიმართებით აკეთებენ ამას, ვისაც მათზე რაიმე ძალაუფლება გააჩნია. პოლიტიკურად გათვითცნობიერებული მოზრდილებისგან განსხვავებით, მოზარდებს ნაკლებად ადარდებთ მთავრობა და კორპორაციები. მათ მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა ზემდგომი პირების ყურადღებისა და თვალთვალისგან უნდათ თავის დაღწევა. მათ სურთ თავისუფლება იმ ხალხისგან, რომლებიც მათი ცხოვრების ნაწილნი არიან… მოზარდებს სურთ, თავი დააღწიონ პატერნალისტურ მოზრდილებს, რომლებიც უსაფრთხოებისა და დაცვის ცნებებს მათი ყოველდღიური სოციალიზაციის მონიტორინგის გასამართლებლად იყენებენ.

მოზარდები, რომლებიც გეოგრაფიულად ახლოს არიან ერთმანეთთან, ხშირად ერთმანეთს ტექსტური შეტყობინებების ან სოციალური მედიის მეშვეობით ესაუბრებიან, ისე, რომ მშობლებმა ან სხვებმა, ვინც ფიზიკურად მათ გვერდითაა, ვერ გაიგონ ამ საუბრის შინაარსი. მოზარდებს აღიზიანებთ, როდესაც მშობლები მათი თანატოლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებებს კითხულობენ. ეს მათთვის იგივეა, რაც მათი პირადი წერილის წაკითხვა, ოთახის გაჩხრეკა თუ დღიურის ჩანაწერების წაკითხვა იქნებოდა.

ბოიდი ერთგან აღნიშნავს: „როდესაც 2012 წელს მოზარდებს ვკითხე, რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას Twitter-ს, Tumblr-სდაInstagram-ს Facebook-თან შედარებით, ყველამ თითქმის ერთხმად მიპასუხა: „იმიტომ რომ მშობლებმა არაფერი იციან მათ შესახებ”.

მითი #4: სოციალური მედია მოზარდს სექსუალური მოძალადეების სამიზნედ აქცევს

საერთოეროვნული გამოკვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ბოიდმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს, მშობლების 93%–ს აშფოთებს საფრთხე, რომელიც მათ შვილებს შესაძლოა ინტერნეტში ემუქრებოდეთ უცხო პირებისგან, თუმცა გამოკითხულთა მხოლოდ 1% ადასტურებს, რომ მათ შვილებს ოდესმე შემთხვევიათ ასეთი რამ. მშობლების ყველაზე დიდ შიშს იწვევენ „სექსუალური მოძალადეები”, „ბავშვებზე თავდამსხმელები” და „სექსუალური სამართალდამრღვევები”, რომლებსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათ შვილებს ონლაინ ურთიერთობისას.

ეს შიში იმ შიშების ანარეკლია, რომლებიც მკაფიოდ იკვეთება სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო კვლევებში და რომლებიც საფუძვლად უდევს ბავშვების მიერ მოზრდილთა მეთვალყურეობის გარეშე გატარებული თავისუფალი დროის შეზღუდვას. მოულოდნელად ბოიდის რესპონდენტებმა ეს შიში თანაბრად გამოხატეს როგორც ვაჟების, ისე გოგონების გამო.

ლენორ სკენაზის წიგნში „Free Range Kidsაღნიშნულია, რომ „შიში უცხოთა მიმართ” უმეტესად გაზვიადებულია. ფაქტობრივი მონაცემებით, ალბათობა ზიანისა, რომელიც შეიძლება მიაყენოს ბავშვს უცხო ადამიანმა, ძალიან მცირეა. ასევე მწირია მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ტექნოლოგიებმა ან სოციალურმა მედიამ ამის ალბათობა გაზარდა. ქალბატონი ბოიდიც წერს, რომ ინტერნეტში ინიცირებული სექსუალური თავდასხმები ძალზე მცირერიცხოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების მიმართ სექსუალურმა დანაშაულმა 1992 წლიდან დღემდე შესამჩნევად იკლო, რაც მოწმობს, რომ ინტერნეტს ახალი განსაცდელი ამ თვალსაზრისით არ წარმოუშვია.

რა თქმა უნდა, ყველა – მოზარდებიც და ბავშვებიც –ფრთხილად უნდა იყოს და ჩვენც მათთან ერთად განვიხილავდეთ ასეთი საშიშროების თავიდან აცილების გზებს, მაგრამ ამ ტიპის საფრთხე იმდენად მცირეა, რომ ბავშვებისთვის ინტერნეტის ან სოციალური მედიის აკრძალვა არარაციონალურია.

სამწუხაროდ, ფაქტები მოწმობს, რომ იმ პირებისგან, რომლებიც ბავშვს კარგად იცნობენ – ნათესავებისგან, ოჯახის მეგობრებისგან, მღვდლებისა და მასწავლებლებისგან – ბავშვებზე სექსუალური თავდასხმის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოებისგან.

დანა ბოიდი ამის თაობაზე ამბობს: „კანონმდებლები ხალისით გვთავაზობენ ახალგაზრდებისთვის ონლაინ სივრცის წვდომის შეზღუდვას, მაგრამ მათ არ შემოუთავაზებიათ, შეგვეზღუდა ბავშვებისთვის რელიგიურ ინსტიტუტებთან, სკოლებსა თუ სხვა ოჯახებთან ურთიერთობის წვდომა, მიუხედავად იმისა, რომ, სტატისტიკურად, აქ ბავშვთა ჩაგვრისა და მათთვის ზიანის მიყენების ალბათობა უფრო დიდია”.

მითი #5: ბულინგი

[2]

სოციალური მედიის მეშვეობით ეროვნული პრობლემაა

ბულინგი, რეალური დაშინება-ჩაგვრა, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, სადაც არ უნდა ხდებოდეს იგი. აქვე დავძენთ, რომ ცნობილია ინტერნეტბულინგის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ტრაგიკულად დამთავრდა. სხვა საქმეა, რამდენად ხშირია ასეთი რამ, რამდენად გავრცელებულია ზეწოლის ასეთი ფორმა და რამდენად სერიოზულია მათი რიცხვი საიმისოდ, რომ ახალგაზრდებს სოციალური მედიით სარგებლობა შევუზღუდოთ. მსგავსად „დამოკიდებულება-ადიქციისა”, დაშინება-ბულინგის პრობლემაც ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, როგორ აღიქვამს ხალხი ამ ცნებასა თუ მოვლენას.

ქ-ნი ბოიდი ამბობს, რომ შეხვედრია მშობლებს, რომლებიც ბავშვის გაღიზიანებისა თუ გაბრაზების ყველა შემთხვევას ბულინგად აღიქვამენ, მაშინ როცა შვილებს, მათაც კი, ვისაც დასცინეს ან გააბრაზეს, ასე არ მიაჩნიათ. და ასეთი მშობლები ხშირად სრულიად შეუვალნი არიან.

გაზვიადებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ტერმინი „ბულინგი” გამოიყენება ორმხრივი კამათის აღსანიშნავად, მეტადრე მაშინ, როდესაც მოკამათე მხარეებს თანაბარი ძალა თუ სტატუსი აქვთ. ბოიდის დასკვნით, მოზარდები ბულინგის აქტის აღწერისას უფრო კონსერვატიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ: ზეწოლაზე, დაშინებაზე, ბულინგზე მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც მხარეები (ჯგუფები თუ ინდივიდები) არათანაბარი ძალისანი არიან და მეტი ძალისა თუ შესაძლებლობების მქონე მხარე რეგულარულად უტევს მეორეს, უფრო სუსტს, ისე, რომ აზიანებს ან ჩაგრავს მას. ამ განსაზღვრების გათვალისწინებით, მოზარდების გამოკითხვა მოწმობს, რომ ინტერნეტბულინგი გაცილებით იშვიათია, ვიდრე მშობლებს ჰგონიათ.

რა თქმა უნდა, ონლაინ სივრცეში უამრავი უხეში, დამცინავი თუ გამაღიზიანებელი კომენტარია, ხშირია აქტიც, რომელსაც ბავშვები დრამას ან pranking-ს (ინგლ. ცელქობა, გამაღიზიანებელი ქცევა) უწოდებენ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც სასტიკი და მიუღებელი ბულინგის ცნება გულისხმობს. ბოიდის თანახმად, მოზარდები უფრო სასკოლო, ფიზიკური ურთიერთობისას არსებულ ბულინგს უჩივიან, ვიდრე ვირტუალურ სივრცეში არსებულს.

ბოიდი იმ ახალ მოვლენასაც აღწერს, რომელსაც „დრამას” უწოდებენ. ეს გახლავთ უმთავრესად გოგნებში გავრცელებული ონლაინ ურთიერთქმედება, რომელსაც ბოიდი განმარტავს როგორც პერფორმაციულ, პიროვნებათაშორის კონფლიქტს, რომელიც ვითარდება აქტიური, ჩართული აუდიტორიის წინაშე, ხშირად – სოციალურ მედიაში.

დრამა, ბოიდის მიხედვით, ორმხრივი აქტივობაა, რომელში ჩართულ მხარეებსაც თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ. ამასთან, დრამა არ არის აუცილებლად დრამატული ან ვისიმე დამაზიანებელი. ბევრ მოზარდს, რომელსაც ბოიდმა ინტერვიუ ჩამოართვა, მოსწონდა კიდეც დრამაში მონაწილეობა – მათთვის ეს ყურადღების მიპყრობისა და მეგობრებისგან მხარდაჭერის მიღების გზა გახლდათ.

ბოიდის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულ ბავშვთა 9% ამბობს, რომ თვითონვე შექმნიდნენ ყალბ დრამას საკუთარი თავის შესახებ, ანონიმურად, უხეში კომენტარებით და სხვების კომენტარებზე პასუხების გასაცემად, თითქოს სხვა პირები ყოფილიყვნენ.

თავის მხრივ, ბიჭებსაც აქვთ მსგავსი აქტივობები, რომლებიც უფრო pranking-ს ანუ გამაღიზიანებელ საქციელს გულისხმობს და რომლის მთავარი მახასიათებელი სხვების დაცინვა და გაღიზიანებაა. მრავალი მოზარდისთვის ასეთ გამღიზიანებელზე პასუხის გაცემა ღირსების საკითხია – მათ თავი მოვალედ მიაჩნიათ, უპასუხონ შემტევ მხარეს გარკვევით და გონივრულად, ღირსების დაუკარგავად, ბრაზის გარეშე, მტკიცე ხასიათის დემონსტრირებით. ეს ალბათ ის აქტივობაა, რომლის მეშვეობითაც მოზარდები მოთმინებას სწავლობენ. ასეთი ურთიერთობა მეტ–ნაკლებად ყოველთვის სჩვეოდათ მოზარდებს და მოზარდ ასაკს და მისი გამოჩენა არც ონლაინ სივრცეშია გასაკვირი თუ მოულოდნელი.

შემაჯამებელი ფიქრები მოცემულ თემაზე

პირდაპირ გეტყვით, ძალიან მომწონს ქ-ნი ბოიდის წიგნის სათაური: „ეს ჩახლართული ამბავია”. ნათლად წარმოვიდგენ, რამდენჯერ გამოიყენეს მოზარდებმა ეს ფრაზა დანა ბოიდის კითხვებზე პასუხის გაცემის დროს.

ამ წიგნის მთავარი გზავნილი ალბათ ის არის, რომ წარმოდგენები, რომლებიც მოზარდებსა და ტექნოლოგიებზე ისმის მედიაში, პოლიტიკოსებისგან, მშობლებისგან, განათლების სპეციალისტებისა და თვით ბავშვთა ფსიქიატრებისგანაც (ან სხვა ე.წ „ექსპერტებისგან”), უმეტესად პრიმიტიულია, ხოლო ზოგჯერ – აბსოლუტურად მცდარი.

როგორც კი დავინახავთ მოზარდებისთვის დამახასიათებელ ქცევას, რომელიც უცნაურად გვესახება ან გავიგებთ რაიმე საშინელი შემთხვევის შესახებ, რომელიც მართლა მოხდა, მაშინვე შეფასებას ვიწყებთ. მერე კი ერთად, ჯგუფურად მივისწრაფვით კიდევ ერთი შეზღუდვის შემოტანისკენ ახალგაზრდა თაობის ისედაც უკვე საკმაოდ შეზღუდულ ცხოვრებაში.

სიღარიბესა და უთანასწორობასთან ერთად დღევანდელი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მოზარდებისა და ახალგაზრდებისადმი ნდობის ნაკლებობაცაა.

ყოველთვის, როდესაც მოზარდების საქმეში ვერევით, ვუკრძალავთ რამეს „მათივე კეთილდღეობისთვის”, ვიღებთ ახალ კანონებსა თუ რეგულაციებს, რომლებიც ზღუდავს მათ წვდომას საჯარო სივრცეზე, ვეუბნებით მათ: „არ გენდობით”.

ნდობა ხელს უწყობს ურთიერთობათა განვითარებას, ხოლო ნდობის არარსებობა ანგრევს მათ. მოზარდები არც ანგელოზები არიან და არც დემონები; არც ყოფილან და არც იქნებიან ჩემზე და თქვენზე უკეთესები ან უარესები. უბრალოდ, ჯერ არ არიან სრულწლოვანები; მათ შეცდომები მოსდით.

ისინი შესაძლოა ჩვენზე უმწიფრები იყვნენ და უფრო ხშირადაც ცდებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათ აქვთ შეცდომის უფლება. ეს იმის ნაწილია, რასაც ზრდის პროცესი ჰქვია.

მოზარდები ვერისწავლიან საკუთარი ცხოვრების კონტროლს, თუ ამ კონტროლის უფლება წავართვით; ვერ ისწავლიან საკუთარი თავის ნდობას, თუ ამ ნდობის პრაქტიკაში განხორციელებამის საშუალება არ მივეცით.

ქ-ნი ბოიდის გამოკვლევა ნამდვილად დიდი მიღწევაა, რადგან მისი ავტორი მოზარდებს სერიოზულად აღიქვამს და უსმენს მათ.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

ავტორი: პიტერ გრეი

წყარო: https://www.schoolleadership20.com/profiles/blogs/five-myths-about-young-people-and-social-media-by-peter-gray




[1]

danah boyd, დანა ბოიდი (დაბ. 1977 წ.) – ამერიკელი ავტორი, სოციალური მედიის და ახალგაზრდობის პრობლემების მკვლევარი, ადვოკატიMicrosoft Research-ში,ნიუ-იორკის უნივერსიტეტისMedia Culture & Communicationცენტრშიდაჰარვარდის უნივერსიტეტისBerkman Center for Internet & Society.



[2]

ბულინგი (bullying,ინგლ.)– ინგლისურენოვან ქვეყნებში დამკვირდებული და შემდეგ სხვაგან გავრცელებული ტერმინი, რომელიც დაშინებას და ძალადობას გულისხმობს, განსაკუთრებით – უმცროსთა მიმართ (ლ. ა.)

როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი

0

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს

„…სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“ წინამდებარე მასალაში კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ მკითხველს დაგეგმვის აუცილებლობაზე, მივცემთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც საგანმანათლებლო ლიტერატურაში კონსტრუქტივისტული გაკვეთილის სახელითაა ცნობილი.

კონსტრუქტივისტული გაკვეთილი გამოირჩევა მოქნილობით. იგი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი, შეძლონ ანალიზი, ცალკეული ელემენტების გაერთიანება ახალი სტრუქტურის სახით და სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს.

მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელის შემწყობი. სანამ პედაგოგი გაკვეთილის გეგმის შედგენას დაიწყებს –

 

სრულად

მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი

0

მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი

რა არის პორტფოლიო?

პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთ, არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიო უპირველესად, როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამოხატავს.

 

სრულად

დავალება საახალწლო არდადეგებზე – აუცილებლად წასაკითხი წიგნები

0

2005 წელი იყო, ზამთრის ცივი ამინდი. სახლში სრულიად მოულოდნელად ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი მომადგა და მთხოვა, ერთ ამერიკელ პროფესორთან გავყოლოდი, რომელიც რაღაც ახალი პროგრამის გახსნას აპირებდა და ამ პროგრამისთვის კადრებს ეძებდა. ჩემი მეგობარი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე ზედგამოჭრილი კანდიდატი ვიქნებოდი. მე, მაშინ უკვე ორდისერტაციადაცული, სამსახურს არ ვეძებდი და, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარს არ წყენოდა, მის ნებას დავმორჩილდი. ასე აღმოვჩნდი დღეს უკვე ჩემთვის უსაყვარლესი პროგრამის, ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის, ერთ-ერთი დამფუძნებელი. რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთს გეტყვით, ეს პროგრამა გაშლილი/ღია წიგნის პრინციპს ეფუძნება და მეც, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენთან მოსულ სტუდენტებს სხვადასხვა ეპოქაში დაწერილ გენიალურ წიგნებს განსხვავებული კურსების ფარგლებში ვასწავლით. ერთ-ერთ კურსს, რომელსაც ამ პროგრამის ეგიდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე რამდენიმე წელია, ვუძღვები, Libri magni, ანუ, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თარგმნა, დიადი წიგნები  ჰქვია. მე ამ კურსის მხოლოდ პირველ ნაწილს ვასწავლი და ის წიგნები, რომელთაც ლექციებზე მე და ჩემი სტუდენტები გულდასმით ვეცნობით, ჩემი გემოვნებით და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებითაა შერჩეული. ამავე სახელწოდების კურსს აშშ საუკეთესო უნივერსიტეტებიც სთავაზობენ თავიანთ სტუდენტებს. ერთ-ერთ ასეთ უნივერსიტეტში ჩემი შვილიც სწავლობს და, ცხადია, მანაც გაიარა დიადი წიგნების კურსი. განსხვავება კი ის არის, რომ ჩემი ნუსხა და ჩემი შვილის გავლილი ლიტერატურა ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა: მე ჰომეროსის „ოდისეას” ვასწავლი, ჩემმა შვილმა ჰომეროსის „ილიადა” ისწავლა, მე პლატონის „სოკრატეს აპოლოგიას” ვასწავლი, ჩემმა შვილმა პლატონის „ფედონი” ისწავლა, მე არისტოფანეს „ღრუბლებს” ვასწავლი, ჩემმა შვილმა კი არისტოტელეს „მეტაფიზიკა” გაიარა, ერთადერთი, რაც ორივე ჩამონათვალში აღმოჩნდა, პლატონის „სახელმწიფო” იყო… და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი სიისგან განსხვავებული ეს ტექსტები დიად წიგნებად არ მიმაჩნია ან სეინთ ჯონსის პროგრამის შემდგენლები დაიწუნებდნენ ჩემს არჩევანს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ის არის, რომ კურსი მხოლოდ ერთსემესტრიანია და დრო არ მრჩება იმისთვის, რომ ჩემს სტუდენტებთან ერთად სხვა წიგნებიც გავარჩიო. იმ ნაწარმოებებს, რომლებთანაც შელევა გამიჭირდა, სხვა კურსებში მივუჩინე ადგილი, ხოლო დანარჩენებისთვის დრო და ადგილი რომ არ გამოიძებნა, იმ იმედით „დავივიწყე”, რომ ჩემი სტუდენტები აუცილებლად გამოძებნიან დროს და აუცილებლად წაიკითხავენ სხვა დროს, რადგან ყველა ეს ტექსტი სხვა ათობით ან კიდევ უფრო მეტ ნაწარმოებთან ერთად ნამდვილად წარმოადგენს აუცილებლად წასაკითხ ლიტერატურას. რაც შეეხება ჩემს შვილს, სანამ ამერიკაში გაემგზავრებოდა, მანამდე თითქმის ყველა იმ კურსს ესწრებოდა, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ილიაუნი-ში ვასწავლით. ამიტომ დამშვიდებული ვარ, რომ მან აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა თითქმის სრულად დაფარა…

როდესაც აუცილებლად წასაკითხი
წიგნების ჩემეულ არასრულ ჩამონათვალს გადაავლებდით თვალს, ასე მგონია, თქვენც
გაგიჩნდებოდათ სურვილი, მისთვის თქვენი ვერსია შეგედარებინათ. დარწმუნებული ვარ,
თქვენი ნუსხიდან რომელიმე, თუნდაც ერთი ან ორი, აუცილებლად დაემთხვეოდა ერთმანეთს.
თუმცა დიდი ნაწილი მაინც განსხვავებული იქნებოდა ან – პირიქით. გააჩნია, ვინ რას
ვეძახით დიად წიგნს და გააჩნია, ვის რომელი წიგნი მიგვაჩნია აუცილებლად წასაკითხ
ლიტერატურად. მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე გამომცემლობებიც გვთავაზობენ
თავიანთ სიებს და ამ სიებით გვკარნახობენ, რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ, სანამ
ცოცხლები ვართ და ამგვარად ახორციელებენ სხვადასხვა დასახელების პროექტებს. მე
ზოგჯერ ვეთანხმები ამ ჩამონათვალს, ზოგჯერ – არა, ასე იქნებით თქვენც. ჩემთვის
ღიმილისმომგვრელია, საუკუნეების წინ ბერძნების მიერ წამოწყებული თამაში: პირველად
ბერძნებმა გადაწყვიტეს შვიდი საუკეთესო პოეტის სია შეედგინათ, მერე ამ სიას
დაემატა შვიდი საუკეთესო ფილოსოფოსი, ბოლოს კი სამყაროს შვიდი საოცრების სიაც
შეიმუშავეს. ამ სიებს ხან ვინ აკლდებოდა, ხან კი ვინ ემატებოდა, შვიდი რომ არ იყო
საკმარისი, ამას უკვე მომავალი თაობები მიხვდნენ და შვიდი ჯერ ათამდე, მერე კი
ორმოცდაათამდე და ასამდე გაიზარდა.

       მე აღარ მივეკუთვნები ადამიანთა იმ
კატეგორიას, ვისაც მიაჩნია, რომ, რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავ, ამით უფრო
განათლებული გახდები (გამოგიტყდებით, სკოლაში სწავლის პერიოდში და უნივერსიტეტშიც,
სამწუხაროდ, ასე ვფიქრობდი. მხოლოდ გვიან დავუსვი ჩემს თავს ასეთი შეკითხვები:
ნეტა რამდენი წიგნის წაკითხვა მოასწრო ჩემმა საყვარელმა ქართველმა მწერალმა ქართულ
ენაზე, სანამ საქართველოდან სამუდამოდ გადახვეწდნენ; ნეტა ქართულ ემიგრაციასთან
კონტაქტით მოახერხა ლექსიკური მარაგის გამდიდრება თუ ამ ემიგრაციამ აზიარა ქართულ
ენაზე შექმნილ ან ნათარგმნ ლიტერატურას. მხოლოდ ამ შეკითხვებზე პასუხის ძიებისას
მივხვდი, რომ მთავარი ის კი არაა, რამდენს კითხულობ, არამედ რას და როგორ კითხულობ).
დიახ, ნაკითხი იქნები, მაგრამ განათლებული – ვერა. მთავარი ის კი არაა, რამდენ
წიგნნს წაიკითხავ, არამედ როგორ და მერე უკვე რატომ წაიკითხავ ამ წიგნებს. აი
სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს. თორემ ამაზე ერთი კარგი ამბავი
მახსენდება. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის შემდეგ კანადურმა გაზეთმა ასეთი სტატია
გამოაქვეყნა: „ ვინ მოიგო სინამდვილეში საუკუნის ოლიმპიადა”
(https://www.footwork.com/globe1.asp).
ამ სტატიის ავტორს ის აინტერესებდა, თუ რომელმა ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე და
ვინ იყო საუკუნის გამარჯვებული. სია ასე გამოიყურებოდა:

 

ქვეყანა

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

სულ

აშშ

44

32

25

101

გერმანია

20

18

27

65

რუსეთი

26

21

16

63

ჩინეთი

16

23

12

50

კანადა

3

11

8

22

 

შემდეგ სტატიის ავტორი შეეცადა,
მედლებისთვის ქულები მიენიჭებინა, ოქროს მედლისთვის ერთი ქულა, ვერცხლისთვის –
ორი, ხოლო ბრინჯაოსთვის – სამი. ამის შემდეგ მისმა ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:

ადგილი

ქვეყანა

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

ქულა

1

აშშ

44

32

25

221

2

რუსეთი

26

21

16

136

3

გერმანია

20

18

27

123

4

ჩინეთი

16

22

12

104

11

კანადა

3

11

8

39

 

ასეთი დაჯგუფება კანადისთვის
წამგებიანი გამოდგა, მან მეხუთედან მეთერთმეტე ადგილზე გადაინაცვლა. სხვა
ქვეყნებისთვის ბევრი არაფერი არ შეცვლილა, მხოლოდ რუსეთმა და გერმანიამ გაცვალეს
ადგილები. მაგრამ რა მოხდებოდა, თუკი მედლებისთვის ქულების მინიჭებისას სხვა
ფაქტორებსაც აღვნიშნავდით. მაგ. მოპოვებულ მედლებს ქულას იმის მიხედვით
მივანიჭებდით, თუკი გავითვალისწინებდით, რა ასაკის ადამიანმა მოიპოვა ის; ან ქულის
მინიჭებისას, თუკი ყურადღებას სპორტსმენთა სქესს მივანიჭებდით; ან აქცენტს
ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე დავსვამდით; ან
ყურადღებას ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობას მივაქცევდით. ამ უკანასკნელის
გათვალისწინებით, სია ასეთ სახეს მიიღებდა:

ადგილი

ქვეყანა

ქულათა
რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე

1

ტონგის სამეფო

20

2

ბაჰამის კუნძულები

6.6

3

კუბა

4.6

25

კანადა

1.3

37

აშშ

0.9

 

ხედავთ, როგორ აღმოჩნდა საუკუნის
გამარჯვებულად ტონგა, ხოლო გერმანია და რუსეთი ბაჰამებმა და კუბამ ჩაანაცვლეს.
კანადა უკვე 25-ე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო მანამდე ყველას მიერ გამარჯვებულად
აღიარებული აშშ მხოლოდ 37-ზე.

       მინდა გითხრათ, რომ ამ სტატიამ ძალიან
ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. დღეს უკვე ადვილად არ ვენდობი არც უნივერსიტეტების და
არც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, ყოველთვის ვცდილობ, კარგად გავერკვე
დეტალებში და გავიგო, რა დევს ამგვარი სიების მიღმა, როგორ მოხდა დაანგარიშება და
ცალკეული სუბიექტებისთვის ქულების/პროცენტების/ადგილების მინიჭება.

       ამასვე მაგონებს აუცილებლად წასაკითხი
სიების მიცემა ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამის ნაცვლად უფრო საინტერესო და
სახალისოც ხომ არ იქნებოდა, ასეთი დავალება მიგვეცა არდადეგებზე ბავშვებისთვის:
წაიკითხონ წიგნები და თავად შეადგინონ იმ წიგნების სია (სამეული, შვიდეული, ათეული
და ა.შ. გააჩნია, რამდენ ხანს გრძელდება მოცემული არდადეგები), რომელთა წაკითხვასაც
თავად ურჩევდნენ თანატოლებს, ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა განმარტონ, რის
მიხედვით მოხვდა მათ შედგენილ სიაში ესა თუ ის წიგნი. თუკი თქვენი მოსწავლეები
დაბალ კლასებში არიან, შეგიძლიათ მოთხრობებით დაიწყოთ. მე, ბევრი მასწავლებლისგან
განსხვავებით, არც ლექსების დაზეპირებას უარვყოფ, ჰოდა, თუკი თქვენც ჩემს რიგებში
ხართ, ერთ ვარიანტად ბავშვებს იმ ლექსების სიის შედგენაც შესთავაზეთ, რომელთა
დაზეპირებასაც სხვებს ურჩევდნენ. ოღონდ აქაც არ დაგავიწყდეთ, მოსწავლეებმა
აუცილებლად განმარტონ რატომ მოხვდა მათ სიაში კონკრეტული ავტორის კონკრეტული
ლექსი. სხვაგვარად ამ წამოწყებას აზრი არ ექნება. წარმატებები თქვენც და თქვენს მოსწავლეებსაც
თამაშში! ბედნიერ და ნაყოფიერ ახალ წელს გისურვებთ!!!

 

 

 

 

 

კოლაბორაცია, ჯგუფური მუშაობა და კოოპერატიული სწავლება

0
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა კონცენტრირებულია აკადემიურ სტანდარტებზე, პრეზენტაციაზე, ტესტებზე… ის გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ აკადემიური სწავლაა. რა თქმა უნდა, აკადემიური სწავლება უპირველესი მიმართულებაა, მაგრამ სკოლას მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მოსწავლის განვითარების სხვა ასპექტებზეც, მაგალითად, მოსწავლეებში იმ ატიტუდების, უნარ-ჩვევების, ორიენტაციების განვითარებაზე, რომლებიც მათ დასჭირდებათ, რათა იცხოვრონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები და ემსახურონ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ამას გარდა, განათლება ამზადებს მოსწავლეებს, მოერგონ ცხოვრებას და დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები.

ორგანიზაციათა უმეტესობა ისეთ ადამიანებს ეძებს, რომლებიც არა მარტო კარგად ფლობენ გარკვეულ აკადემიურ უნარ-ჩვევებს, არამედ აქვთ უნარიც, ჰარმონიულად იმუშაონ სხვა და ადამიანებთან ერთად შექმნან შეკრული გუნდი, გამოიჩინონ ინიციატივა და პასუხისმგებლობის გრძნობა, შეძლონ ეფექტიანი კომუნიკაცია.

უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერები სკოლებში კოლაბორაციისა და თანამშრომლობის საკითხებს იკვლევდნენ. თუმცა არსებობს გარკვეული შეუსაბამობები. კვლევების უმეტესობამ გამოავლინა, რომ ნამდვილად თანამშრომლური ჯგუფები პოზიტიურ გავლენას ახდენენ მოსწავლის ემპათიაზე, ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე, მეგობრობაზე, საკუთარი თავის ნდობასა და გაკვეთილებზე დასწრებაზეც კი. იმასაც ამტკიცებენ, რომ თანამშრომლობით სწავლებას ბავშვებისა და მოზარდებისათვის სოციალური პრობლემების მოგვარებაც კი შეუძლია.

ტერმინები – კოლაბორაცია, ჯგუფური სწავლა და თანამშრომლობითი სწავლა ხშირად ერთი მნიშვნელობით გამოიყენება. მათ შორის მსგავსება მართლაც არის, მაგრამ არის განსხვავებაც. განსხვავება კოლაბორაციასა და თანამშრომლობას შორის ყოველთვის ცხადი როდია. ტედ პანიცი შემდეგ განსხვავებებზე საუბრობს: კოლაბორაცია ესაა ხედვა, როგორ უნდა დაამყარო ურთიერთობა სხვებთან – როგორ ისწავლო და იმუშაო. კოლაბორაცია ურთიერთობის გზაა იმათთან, ვინც განსხვავებულია, აქვს ძალაუფლება. თანამშრომლობა კი ამავე დროს არის სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა ერთი საერთო მიზნის მისაღწევად. კოლაბორაციულ სწავლებას პირველად ბრიტანელმა პედაგოგებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათ სურდათ, რომ მოსწავლეებს აქტიურად გამოეყენებინათ შესწავლილი ლიტერატურა. თანამშრომლობით სწავლებას საფუძველი ამერიკაში ჩაეყარა. ეს კარგად ჩანს ფსიქოლოგების, ჯონ დიუისა და კურტ ლევინის შრომებში. შეიძლება ისიც ითქვას, რომ თანამშრომლობითი სწავლება კოლაბორაციის ერთ-ერთი გზაა.

ჯგუფური მუშაობა გულისხმობს რამდენიმე მოსწავლის ერთობლივ მეცადინეობას – ისინი შეიძლება თანამშრომლობდნენ და შეიძლება არა. ჯგუფში შეიძლება განხორციელდეს მრავალი საქმიანობა. მაგალითად, მოსწავლეებმა შეიძლება ერთობლივად ჩაატარონ ადგილობრივი კვლევა. თუ მოსწავლეებმა 10 ახალი ცნება უნდა ისწავლონ ბიოლოგიაში, რატომ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, გაინაწილონ ეს ტერმინები და ერთმანეთს ასწავლონ? რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს შეუძლია ამოცანასთან გამკლავება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი ჯგუფის საქმეს ერთი-ორი მოსწავლე აკეთებს.

ჯგუფური მუშაობა ძალიან კარგია, მაგრამ თანამშრომლობითი სწავლება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ბავშვების უბრალოდ ჯგუფებში განაწილებას. ანჯელა ო’დონელი და ჯიმ ო’კელი აღწერენ მასწავლებელს, რომელმაც განაცხადა, რომ „თანამშრომლურ სწავლებას” იყენებდა, როდესაც მოსწავლეებს აწყვილებდა და რეფერატის დაწერას ავალებდა. ოღონდ თითოეულ მოსწავლეს რეფერატის მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა დაეწერა. სამწუხაროდ, მასწავლებელმა მათ არ გამოუყო ერთად სამუშაო დრო. მოსწავლეებმა შეფასება მხოლოდ თავიანთი ნაწილის მიხედვით მიიღეს და ჯგუფური შეფასება კი – მთლიანი პროექტის შესაბამისად. ერთმა მოსწავლემ თავის ნაწილში მიიღო უმაღლესი შეფასება, მაგრამ C შეფასება მთლიან პროექტში, იმიტომ, რომ მისმა პარტნიორმა მიიღო F. გამოვიდა, რომ ერთი მოსწავლე C შეფასებით იმ ნაწილის გამო დაისაჯა, რომლის გაკონტროლებაც თავად არ შეეძლო. ხოლო მეორე მოსწავლე, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, დაჯილდოვდა C შეფასებით. ეს არ ყოფილა თანამშრომლური სწავლება, ამას ჯგუფურ მუშაობასაც კი ვერ დავარქმევთ.

კოოპერაციული ჯგუფების მიღმა. კოოპერაციულ სწავლებას დიდი ისტორია აქვს ამერიკის განათლების სისტემაში. ჯერ კიდევ ადრეულ 1900-იან წლებში ჯონ დიუი აკრიტიკებდა შეჯიბრის მომენტს განათლებაში და მოუწოდებდა პედაგოგებს, შეექმნათ სკოლის ისეთი სტრუქტურა, რომელიც დემოკრატიული სწავლების პრინციპებზე იქნებოდა აგებული. ეს იდეები უარყოფილ იქნა 40-50-იან წლებში და მათი ადგილი შეჯიბრებასთან დაკავშირებულმა იდეებმა დაიკავა. 60-იან წლებში კვლავ აქტუალური გახდა ინდივიდუალური და თანამშრომლური სწავლების სტრუქტურები. ეს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვით იყო განპირობებული და, მეორე მხრივ, ინტერაქციული კავშირებით. დღეს სწავლების კონსტრუქტივისტული პერსპექტივები კოლაბორაციისა და კოოპერაციული სწავლებისადმი იჩენენ ინტერესს. დიდია ინტერესი ისეთი სიტუაციების მიმართ, სადაც ჯგუფის საქმიანობაში ინტეგრირებულია დამუშავების, ინტერპრეტაციის, ახსნის, არგუმენტაციის პროცესები და სადაც სწავლას სხვა პიროვნებებიც უწყობენ ხელს.

სწავლების სხვადასხვა თეორია თანამშრომლობით სწავლებას განსხვავებული მიზეზების გამო უჭერენ მხარს. ინფორმაციის გადამუშავების თეორეტიკოსები ხაზს უსვამენ ჯგუფური დისკუსიების მნიშვნელობას მოსწავლეთა მიერ არსებული ცოდნის გახსენებაში, ელაბორაციაში, ცოდნის გაღრმავებაში. როდესაც ჯგუფის წევრები წამოჭრიან საკითხებს და ცდილობენ ამ პრობლემების ახსნას, მათ უწევთ საკუთარი ცოდნის ორგანიზება, მიმართებების დამყარება, მიმოხილვა. ერთი სიტყვით, ყველა იმ პროცესების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციის გადამუშავებას. პიაჟეს მიმდევრები ამბობენ, რომ ინტერაქცია ჯგუფის შიგნით ქმნის კოგნიტურ კონფლიქტებსა და უწონასწორობას, რაც ინდივიდს უბიძგებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საკუთარი შეხედულება და ახალი იდეის ძებნა დაიწყოს. ან, როგორც პიაჟემ განაცხადა : „გამოვიდეს არსებული გარემოებიდან და ახალი მიმართულებით წავიდეს”. ისინი, ვინც ვიგოტსკის თეორიას ანიჭებენ უპირატესობას, ამბობენ, რომ სოციალურ ინტერაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლისათვის, რამდენადაც მაღალი ფსიქიკური ფუნქციები, როგორიცაა განსჯა, გაგება, კრიტიკული აზროვნება სოციალურ ინტერაქციაში აღმოცენდება და შემდეგ ინდივიდის მიერ მათი ინტერნალიზება ხდება. ბავშვები სხვებთან ერთად უფრო მალე შეასრულებენ გონებრივ ამოცანებს, ვიდრე ინდივიდუალურად. ამდენად, თანამშრომლობითი სწავლება უზრუნველყოფს სოციალურ მხარდაჭერას და ამზადებს საყრდენს საიმისოდ, რომ მოსწავლეებმა სწავლის მხრივ წინ წაიწიონ.

თანამშრომლობითი სწავლების ფუნქციებმა რომ სარგებელი მოიტანოს, ჯგუფის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ, თითოეული მონაწილე ჩართული უნდა იყოს საქმიანობაში. მაგრამ, როგორც ეს ყოველმა მასწავლებელმა თუ მშობელმა იცის, თანამშრომლობა ავტომატურად ბავშვების ჯგუფებში გადანაწილებით არ იწყება.

ჯგუფური სწავლების არასწორი გამოყენება. თუ ყურადღებით არ დაგეგმავთ და ყველაფერს კარგად არ გააკონტროლებთ, ჯგუფურმა ინტერაქციამ კლასში სოციალური კავშირების განმტკიცების ნაცვლად შეიძლება ხელი შეუშალოს სწავლას. მაგალითად, თუ არსებობს კონფორმიზმის წაქეზება – ვთქვათ, ჯილდოს გამოყენება ხდება არამართებულად ან ერთი მოსწავლე გავლენას ახდენს დანარჩენებზე – ინტერაქცია შეიძლება არაეფექტური და არაპროდუქტიული აღმოჩნდეს. შეიძლება განმტკიცდეს არასწორი შეხედულებები, ან შეხედულება ჩამოყალიბდეს არა საუკეთესო იდეების კომბინირებით. მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფში მუშაობენ და არასწორ პასუხამდე მიდიან, შეიძლება უფრო დარწმუნებულები იყვნენ, რომ მართლები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ „ორი თავი სჯობს ერთს”. ასევე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეების იდეები შეიძლება იგნორირებული იყოს და დაცინვის საგანიც კი გახდეს, მაშინ, როცა მაღალი სტატუსის მოსწრების მქონე მოსწავლეების იდეები ყოველთვის მოწონებულია, მიუხედავად ამ იდეების ხარისხისა და წყობისა. მერი მაკასლინმა და ტომ გუდმა ჯგუფური სწავლების რამდენიმე სხვა ნაკლიც ჩამოთვალეს:

•მოსწავლეები ხშირად პროცესსა და პროცედურებს მეტ ღირებულებას ანიჭებენ, ვიდრე სწავლას. სისწრაფე და სამუშაოს დროზე ადრე დასრულება მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაფიქრებული აზროვნება და სწავლა;

•მოსწავლეები უფრო იშვიათად ცდილობენ შეცდომების გასწორებას, ვიდრე მცდარი შეხედულებების ჩამოყალიბებას;

•სოციალიზაციამ და ინტერპერსონალურმა ურთიერთობებმა შეიძლება დაჯაბნოს სწავლის პროცესი;

•მოსწავლეებმა უფრო დიდი ყურადღება შეიძლება, ჯგუფის „ექსპერტს” მიაპყრონ და არა მასწავლებელს. სწავლა პასიურია და რაც ისწავლება, შეიძლება შეცდომით ისწავლებოდეს.

•შემცირების ნაცვლად, სტატუსობრივი განსხვავება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ზოგი მოსწავლე სრულიად უსაქმოდაა, რადგან ჯგუფი მასთან ერთად თუ მის გარეშე მაინც მიიწევს წინ. სხვები უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ჯგუფის გარეშე ვერაფერს ახერხებენ.

სხვისი ღირებულებების ინსტა-პლანტაცია ჩვენში

0
თქვენ, ალბათ, გიყვართ ყავა _ მეც მიყვარს, უფრო სწორად, კი არ მიყვარს, ყოველდღე ვსვამ, ორჯერ. მახსოვს, როგორ დავიჯღანე, პირველად რომ გავსინჯე ეს მწკლარტე სითხე, ჭიქის შუამდეც ვერ ჩავედი, მერე კი ასე, ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა. დილით გაღვიძების, საყვარელი საქმის კეთების, მეგობრებთან ერთად სადმე მყუდრო ადგილას ჩამოჯდომის რიტუალებისა.

 

ზუსტად მახსოვს, რატომ დავიწყე ყავის სმა _ სკოლის მოსწავლეს საკუთარი თავი მომავალში ასე წარმომედგინა: წინ ბევრი გაშლილი ფურცელი მელაგა, რომლებიც საკუთარი ნაფიქრალით უნდა შემევსო, მე ვფიქრობდი, თმაგაწეწილი სიგარეტს ვეწეოდი, გვერდით კი ფინჯანი ყავა მედო. აბიტურიენტობისას გადავწყვიტე, რომ დრო იყო, ჩემს წარმოსახვაში არსებულ საკუთარ თავს დავახლოვებოდი, სიგარეტის მოწევა არ დამიწყია (ვერ გავბედე?), ფურცლები მოგვიანებით კომპიუტერის მონიტორმა შეცვალა, აბურდული თმა და ფინჯანი ყავა კი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

ნეტავ სად ვნახე შავ-თეთრი ფოტო თმაგაწეწილი ქალისა, რომელიც ფურცლებით მოფენილ მაგიდასთან ზის, სიგარეტს აბოლებს და გარინდებული ფიქრობს? არ მახსოვს. ღმერთმა იცის, როდის ჩამოკრავს წამი, როდესაც მოზარდი დაისახავს იმის ხატს, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში.

მხოლოდ ღმერთმა კი იცის, მაგრამ გზად ბევრი ჩასაფრებულიც ელოდება. ჩვენ ვხვდებით, თუ რამხელა წყალობაა, როდესაც ტელევიზორის ფართო ეკრანზე ფილმი წყდება და დიდი ასოებით ,,რეკლამა” ეწერება, ვინაიდან ამ შემთხვევაში წინასწარ მაინც გვაფრთხილებენ, რომ ჩამოყარეს ანკესები, რომლებზედაც მსუყე ნადავლის, ჩვენი ქვეცნობიერის, წამოგების იმედი აქვთ. მაგრამ ამქვეყნად ბევრი სხვა რეკლამაცაა, უფრო შეფარული და კიდევ უფრო იმპერატიული _ რეკლამა, რომელიც კი არ გთავაზობს კონკრეტულ პროდუქტს, არამედ გამცირებს, თუკი არ იყენებ მას. ამგვარი რეკლამა აგრესიულია და ჩვენი სისუსტის იმედი აქვს, განსაკუთრებით, თუკი ჯერაც მოზარდები ვართ.

არ ვიცი, კიდევ არის თუ არა აქტუალური და მოდური სლენგი ,,გოიმი”, თუ იმავე ცნებას ახლა უკვე სხვა, უფრო თანამედროვე ტერმინი აღნიშნავს, შეიძლება ,,გოიმი” უკვე ძალიან ,,გოიმურია”. ასეა თუ ისეა, ალბათ, ყველამ იცით, რომ ეს სიტყვა ებრაულად სხვა სარწმუნოების აღმსარებელს, არაებრაელს ნიშნავს, ანუ სხვებისაგან განსხვავებულს. თუ თქვენ მოზარდი ხართ და ახალ საზოგადოებაში მოგიწიათ ადაპტირების დაწყება, ესე იგი, ან ლიდერად წარმოაჩენთ თავს, ან გოიმად; თუ ამ საზოგადოებაში ერთი წლის შემდეგაც ,,უცხოდ” რჩებით, შეიძლება იფიქროთ, რომ სოციოპათი ხართ და მოიწყინოთ, არადა, ეგებ სწორედ ის ხართ, ვინც მუდამ საკუთარ თავად რჩება და მოსალოცად გაქვთ საქმე.

მახსოვს, 11 წლის ვიყავი, ახალ ბინაში რომ გადავედით, ერთი-ორი წელი ოჯახმა თავი ვერ მოაბა რემონტის გაკეთებას. კლასელები სახლში არ მომყავდა, ვიცოდი, ვერ გამიგებდნენ, მე კი უამისოდაც საკმაოდ განვსხვავდებოდი ყველასაგან. ერთხელ ბებო ავად გახდა და ექიმი მოვიდა ჩვენთან, სახელიც კი დღემდე მახსოვს, ქეთევან ანჯაფარიძე, არც კედლებისათვის შეუხედავს, არც _ ჭერისაკენ აღუპყრია მზერა, შემოვიდა და უცებ მივხვდით, რომ მის საზოგადოებაში ყველანი შესანიშნავად ვგრძნობდით თავს. წასვლისას დედამ თქვა: ,,როგორი ინტელიგენტი ქალი იყო”. იმ დღის შემდეგ სიტყვა ,,ინტელიგენტი” ჩემთვის ნიშნავს ადამიანს, რომლის გვერდითაც ლაღად სუნთქავ, რადგან გრძნობ, რომ არ განგსჯის.

ადამიანი-რეკლამებისათვის დამახასიათებელი თვისება სხვების განსჯა, მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, თქვენი მიყვანა აწრიალებამდე ,,ვაიმე, რა ვქნა?!” და ამ დროს გიპასუხებენ: ,,აი, როგორც მე.” მათ არ სჭირდებათ თქვენი მეგობრობა, მათ მიმდევრები სჭირდებათ.

ამ საკითხზე სტატიის დაწერა ესინა ო’ნილმა შთამაგონა, ავსტრალიელმა გოგონამ, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამზე” მილიონობით მიმდევარი ჰყავდა; გოგონას ქარიზმა სულ მალე გამოიყენეს სავაჭრო ბრენდებმა, მას ასობით დოლარს უხდიდნენ, რომ მათ კაბაში გამოწყობილს გადაეღო კაბა მზიან პლაჟზე ანდა კოქტეილით ხელში. თითქოს კაბას მზისგულის მოთენთილობა ანდა კოქტეილის თრობა მოჰყვებოდეს, თითქოს კაბას ბედნიერი ღიმილი მოჰყვებოდეს თან… გოგონამ (არ ვიცი, რატომ) საიდუმლო გაამჟღავნა, თქვა, რომ ეს მისი ნამდვილი ცხოვრება არაა, თქვა, რომ მარტოობისაგან იტანჯება.

ჩვენ უამრავ ძალისხმევას ვხარჯავთ, ჩვენ ვმდიდრდებით იმის გამო, რომ ჩვენზე უბედურ ადამიანებს ვგავდეთ.
ესინას სანდო გოგოდ ვერ ვხედავ, მაგრამ მის ნათქვამში ერთი რამ მაინც იყო საგულისხმო _ მან თქვა, რომ დაუკავშირდა თანამემამულე, ასევე შესანიშნავი გარეგნობის ბიჭი და უთხრა, რომ გამხდარიყვნენ ,,ინსტა-წყვილი”, რათა ყველასთვის ,,თვალი დაეყენებინათ”. ამის წაკითხვისას ჯერ ელდა მეცა, მერე კი მივხვდი, რომ ასეთ წყვილს ბევრსაც ვიცნობ და კიდევ უფრო მეტზე მსმენია. წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ,,უხდებიან”, რითი და, ოჯახიშვილობით, თანამდებობით, პერსპექტივით ანდა უბრალოდ, ,,მათი მწვანე თვალებით და ლამაზი ტუჩებით”.

რეკლამა ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს, მაგრამ სოციალური ქსელი მისთვის მაინც ისეთივე მისწრებაა, როგორც ტილისთვის _ ფეთხუმის თავი. საღამოს კაბებსა და შხაპის გელებზე ვიღა დარდობს, როდესაც სოციალური ქსელები ,,აზროვნების მოდასაც” კი ამკვიდრებენ, როდესაც რამე ახალი საჭირბოროტო თემა წამოიჭრება საზოგადოებაში, უკვე წინასწარ ვიცი, ვისი მხრიდან როგორი შეფასება მოჰყვება ამას, ვინ წამოიწყებს და ვინ აჰყვება, ვინ დაწვავს არც მწვადსა და არც _ შამფურს და ვინ გაანადგურებს დაუნდობელი სარკაზმით ანდა ,,ამოხეთქილი” ინტელექტუალური გინებით საწინააღმდეგო აზრის მქონეებს. ,,შეთქმულების თეორიების” რომ მჯეროდეს (მოდური გამოთქმაა ასეთი ,,შეთქმულების თეორიების არ მჯერა” და ეგ მიშლის ხელს), ვიფიქრებდი, რომ შეთანხმებული არიან. მათ ფეხისხმას აყოლილი ჭყინტიც ბევრი ვიცი…

მეჩვენება, თუმცა ალბათ, მხოლოდ მეჩვენება, რომ, როცა ყველაზე საშიში ადგილიდან, მასწავლებლის სკამიდან, ვუყურებ ჩემს წინ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას, უკვე ერთი შეხედვით ვიცი, ვისგან შეიძლება ველოდო საინტერესო, ორიგინალურ, განსხვავებულ, დახვეწილ მოსაზრებას და რაღაცნაირად ბოლომდე თვალს ვარიდებ ხოლმე, ტკბილ ლუკმად ვიტოვებ. ვერ ვიტყვი, რომ არსებობს ვინმე, ვინც სტერეოტიპების მსხვერპლი არ ხდება, უბრალოდ, ზოგი მეტად გავრცელებული სტერეოტიპის გავლენის ქვეშ ვართ, ზოგი კი _ ნაკლებად.

რამდენიმე სახის ყავა კი მართლაც შევიყვარე ამასობაში, ირლანდიური ვისკით, დარიჩინიანი კაპუჩინო, ბათუმური მოხარშული… ათასი კაცისგან გავიგონე, ყველაზე კარგი ყავა იმ კაფეს აქვს, ევროპასა და ამერიკაში რომ ძალიან ცნობილია და საქართველოში პრინციპულად არ ადგამს ფეხსო. რეკლამას ავყევი და ევროპის მიწას ვემთხვიე თუ არა, მაგ ყავასაც გავუსინჯე ჭაშნიკი. ,,დიდი ვერაფერი შვილია, დეიდა უკეთესს აკეთებს”, _ გავიფიქრე და უცებ გული ამიჩუყდა: ,,თბილისში რომ ჩავალ, იმ კვირაშივე დეიდა უნდა ვნახო”.
ხანდახან რეკლამა უძლურია ჭეშმარიტი გრძნობების წინაშე…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...