სამშაბათი, აგვისტო 5, 2025
5 აგვისტო, სამშაბათი, 2025

გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია

0

7 ფაქტი გალაქტიკაში ქიმიური ელემენტების ატომთა დაგროვების ისტორიიდან

სიტყვა „ქიმიურს”, ჩვეულებრივ, იყენებენ მოლეკულებთან, ქიმიურ რეაქციებთან ანუ რაიმე იმდაგვართან მიმართებით, რაც „ნივთიერებათა გარდაქმნად” იწოდება. გალაქტიკის ქიმიური ევოლუციის კონტექსტში ქიმია გულისხმობს სწორედ ატომების, ელემენტების და არა მოლეკულათა წარმოქმნას, რომლებიც სწორედ ამ ატომებისგან შედგება.

 

გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია – ეს ისტორიაა ყველა იმ ქიმიური ელემენტის ატომთა გალაქტიკაში დაგროვებისა, რომლებიც ამა თუ იმ პროცესის შედეგად ჩნდება. ეს საკითხი უშუალოდაა დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან, რადგან საუბარია სწორედ იმ ქიმიურ ელემენტებზე, რომელთაგანაც ჩვენ თავად შევდგებით, შედგება პლანეტა, რომელზეც ვცხოვრობთ და ჩვენი გარემომცველი საგნებიც.

ჩვენს გალაქტიკაში ქიმიური ელემენტების ევოლუციის შესახებ თანამედროვე წარმოდგენებს 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი.

1957 წელს გამოჩნდა ფაულერის და ჰოლის ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც მას შემდეგ ასე იწოდება: „B2FH”. მასში აღწერილია ატომბირთვების სინთეზის ძირითადი მექანიზმები. ერთ-ერთმა მექანიზმმა – დიდი აფეთქების ნუკლეოსინთეზმა – საწყისი პირობები შექმნა ჩვენი სამყაროს ქიმიური ევოლუციისთვის. შემდეგია ნუკლეოსინთეზი ვარსკვლავებში, რომელიც ნორმალურ ვარსკვლავურ ევოლუციას უკავშირდება. არის ფეთქებადი ნუკლეოსინთეზი – ეს ბირთვებია, რომლებიც ვარსკვლავებზე სხვადასხვა ტიპის აფეთქების შედეგად წარმოიშობა და კიდევ ერთი მექანიზმი – სკალირების რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობს კოსმოსურ სხივებში. სკალირების რეაქციები როგორც ქიმიური ელემენტების სინთეზის მექანიზმი არცთუ ეფექტურია, მაგრამ პრაქტიკულად ერთადერთი საშუალებაა ზოგი მათგანის, კერძოდ, ბერილიუმისა და ბორის, სინთეზირებისთვის. ყველა დანარჩენი ელემენტი ვარსკვლავებში წარმოიშობა. ამრიგად, გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია – ეს მის შემადგენელ ვარსკვლავთა ევოლუციაა.

ბუნებრივია ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში გალაქტიკაში დაგროვდება სულ მეტი ატომი იმ ქიმიური ელემენტებისა, რომლებიც დიდი აფეთქების პროცესში არ წარმოშობილა, ანუ მოსალოდნელია, რომ გალაქტიკის ასაკსა და მის ქიმიურ შემადგენლობას შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გახდეს შესამჩნევი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. გალაქტიკა არ წარმოადგენს ქიმიური ელემენტების წარმომქმნელ მანქანას. მასში მიმდინარეობს ურიცხვი პროცესი, რომლებიც კავშირშია როგორც ნივთიერებათა შემოდენასთან, ისე გალაქტიკათაშორის სივრცეში მათ გატყორცნასთანაც, ამიტომ გალაქტიკის ასაკსა და მის ქიმიურ შემადგენლობას შორის მკაფიო ურთიერთდამოკიდებულება არ შეიმჩნევა.

კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ ჩვენ გალაქტიკის ევოლუციას ვერ ვხედავთ.

ქიმიური შემადგენლობა გალაქტიკის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ასაკის ვარსკვლავებშია დაკონსერვებული, მაგალითად, ქიმიური შემადგენლობა, რომელიც ჩვენს გალაქტიკას 4,5 მილიარდი წლის წინ ჰქონდა, დაკონსერვებულია მზეში. თუ რომელიმე უფრო ძველ ვარსკვლავს განვიხილავთ, დავინახავთ გალაქტიკის ქიმიურ შემადგენლობას ევოლუციის უფრო ადრეულ ეტაპებზე. თუ თვალს გავადევნებთ გალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ანუ მისი არსებობის მთელ 13 მილიარდ წელს, დავინახავთ, რომ დროთა განმავლობაში მასში უფრო და უფრო მეტი მძიმე – წყალბადისა და ჰელიუმისგან განსხვავებული ელემენტი გროვდებოდა.

ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც ამჟამად დგას ასტროფიზიკოსების წინაშე, ესაა მძიმე ელემენტების სულ უფრო ნაკლები შემცველობის ვარსკვლავთა კვლევა. სავარაუდოდ, ისინი ძალიან ძველები არიან და ვერ მოასწრეს ვარსკვლა­ვური ევოლუციის პროდუქტებით გაჯერება.

გალაქტიკაში არის დისკო, რომელშიც ჩვენი მზეც მდებარეობს. მის­ი ქიმიური შემადგენლობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მზისა. გალაქტიკის დისკოს გარემომცველი სფერული ქვესისტემა დასახლებულია უფრო ძველი ვარსკვლავებით. ამ ქვესისტემას ეწოდება „გალო”. მათში მძიმე ელემენტები დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მზეზე. „გალოს” შემადგენლობაში შედის მძიმე მეტალების მინიმალური შემცვლობის მქონე ვარსკვლავებიც.
ამჟამად ცნობილია ისეთი ვარსკვლავები, რომლებშიც რკინის შემცველობა 100 000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მზეში. ლოგიკურად სავარაუდოა, რომ სწორედ ისინი არიან უძველესნი გალაქტიკაში გადარჩენილ ვარსკვლავთა შორის, თუმცა მათ ვერ მივიჩნევთ გალაქტიკის პირველ ვარსკვლავებად, რადგან ეს უკანასკნელნი საერთოდ არ უნდა შეიცავდნენ მძიმე ელემენტებს – უნდა შედგებოდნენ მხოლოდ იმ ელემენტებისგან, რომლებიც სინთეზირდა დიდი აფეთქების შედეგად. მძიმე ელემენტების ნულოვანი შემცველობის მქონე ამ ვარსკვლავების აღმოსაჩენად დიდი ძალისხმევა იხარჯება. მათი არარსებობის ასახსნელად სხვადასხვა თეორია განიხილება, მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ვარსკვლავები ძალზე მასიური იყო და არცთუ დიდხანს ცოცხლობდა. შესაძლოა, ისინი გალაქტიკის წარმოქმნამდე არსებობდნენ, შესაძლოა, ისინი იყვნენ ჩვენი გალაქტიკის პირველი მოსახლენი. ასეა თუ ისე, ისინი წარმოიქმნენ, იცოცხლეს განკუთვნილი ხნის განმავლობაში – რამდენიმე მილიონი წელი, აფეთქდნენ, დააბინძურეს გალაქტიკამდელი (ანუ პროგალაქტიკური) სუბსტანცია მძიმე მეტალებით, შემდეგ ამ მცირედ დაბინძურებული სუბსტანციიდან წარმოიქმნა ის ვარსკვლავები, რომელთა ნარჩენებსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. ამის შემდეგ თერმობირთვული სინთეზი უფრო ნელა მიმდინარეობდა, თანდათანობით გროვდებოდა მძიმე ელემენტები, ვარსკვლავები სულ უფრო მდიდრდებოდა ამ ელემენტებით და საბოლოოდ წარმოიქმნა ის, რაც გარს გვახვევია.

საჭიროა მცირედი დაზუსტება. ასტრონომიაში ხშირად მეტალებს უწოდებენ ყველა იმ ელემენტს, რომელიც ბორზე მძიმეა, რასაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს არასპეციალისტები. განსაკუთრებით აფრთხობს ეს გარემოება ბიოლოგებს, როცა მათი თანდასწრებით ნახშირბადს მეტალს უწოდებენ. ეს ტრადიცია ისტორიულ მიზეზთა გამო წარმოიშვა. მეტალთა შემადგენლობა გაცილებით მარტივად განისაზღვრება ვარსკვლავურ სპექტრებში, ამიტომაც გაჩნდა ასეთი განზოგადებული დასახელება. როცა ასტრონომი ლაპარაკობს ვარსკვლავში მეტალის შეცველობაზე, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ რკინაზე, მაგნიუმზე ან ალუმინზე ლაპარაკობს – სავსებით შესაძლებელია, გულისხმობდეს ჟანგბადს ან აზოტს. სწორედ ამ ელემენტებს უკავშირდება კვლევები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, გალაქტიკის ქიმიური ევოლუციის შესწავლის მოწინავე ამოცანაა – ეს გახლავთ ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის დაგროვების მიზეზთა კვლევა. ბოლო ხანს მნიშვნელოვანი წინსვლაა არა მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის, არამედ სხვა ვარსკვლავთა სისტემის გამოკვლევის მხრივ. გაჩნდა მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებიც მაღალხარისხოვან სპექტრს იძლევა. ესაა როგორც დედამიწაზე დამინტაჟებული, ისე კოსმოსური ჰაბლის სახელობის ტელესკოპები.

გალაქტიკა მრავალი ნაწილისგან შედგება. ყოველი მათ­­­­გა­ნი დამოუკიდებლად გადის ევოლუციას, მაგრამ მათ შორის ხდება განსაზღვრული ურთიერთქმედებაც.

გალაქტიკის ქიმიური ევოლუცია მრავალი პროცესის ერთობლიობაა, რომელთა შესწავლაც ჩვენს გალაქტიკაში რთულია, მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ აქ, სიღრმეში ვართ და ბევრ რამეს ვერ ვხედავთ, რადგან ჩვენთან გალაქტიკის ერთი ობიექტი გადაფარავს დანარჩენს. მაგრამ ახალი ტელესკოპების წყალობით შესაძლებლობა მოგვეცა, დეტალურად გამოვიკვლიოთ გალაქ­ტიკებში სხვა მასების, სხვა სტრუქტურების ქიმიური შემადგენლობა. რაც უფრო შორს გავყურებთ სამყაროს, მით ღრმად ვწვდებით წარსულს, რაც ასევე ევოლუციის შესწავლის საშუალებაა. უფრო მეტს შევიტყობთ იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობდა ნუკლეოსინთეზი სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს კვლევები კიდევ დიდხანს იქნება ასტროფიზიკის დარგში მოწინავე.

შეიძლება იმის თქმაც, რომ ამჟამად დაკვირვებები უსწრებს თეორიას. სხვა გალაქტიკებზე დაკვირვებამ საშუალება მოგვცა, ზღვა ინფორმაცია დაგვეგროვებინა ქიმიური ელემენტების შემადგენლობასა და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან, შედის თუ არა ეს ელემენტები ვარსკვლავთაშორისი აირებისა და კოსმოსური მტვრის შემადგენლობაში და რა სახის კოსმოსური მტვრისა.

ინფრაწითელმა ტელესკოპებმა საშუალება მოგვცა, ჩაგვეხედა სპექტრულ სფეროებში, რაც წინათ შეუძლებელი იყო. სპიტცერისა და ჰერშელის ტელესკოპების მეშვეობით უამრავი ახალი მონაცემი მივიღეთ, გასაშვებად ემზადება ახალი ტელესკოპები. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ არა მარტო მძიმე მეტალების სინთეზის, არამედ ფაზებს შორის გადასვლის პროცესებიც, მაგალითად, მყარი ფაზიდან (მტვრის ნაწილაკების) აირად ფაზაში (ვარსკვლავები და ვარსკვლავთშორისი ნივთიერება) გადასვლა. ახლა სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მრავალი სამეცნიერო კვლევა.
დიმიტრი ვიბე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასტრონომიის ინსტიტუტის ვარსკვლავთა ევოლუციისა და ფიზიკის განყოფილების უფროსი
წყარო : https://postnauka.ru/faq/12321

აუტანელი ურბანული ყოფის სიმსუბუქე და სხვა ამბები

0
გამარჯობა. მე ორი ბავშვის დედა და ორადგილიანი საბავშვო ეტლის პატრონი ვარ. როდესაც ამ ორადგილიანი ეტლით სასეირნოდ მივეშურებით, მანქანების ბარიკადებთან გმირული გამკლავება მიწევს და იმასაც ვხვდები, როგორ არ გვადარდებს და არ გვაინტერესებს ერთმანეთი. შენ შეიძლება ჩემი მეზობელიც იყო ან საერთოდ არც იყო მეზობელი და ჩემს ქუჩაზე, ჩემს სახლთან ახლოს, მეგობრებს სტუმრობ, ან კაფეში ხვდები ნაცნობს, ან საქმიან პარტნიორს, ან რამდენიმე წუთით მაღაზიაში გადაირბინე და მანქანა პირდაპირ, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დატოვე, ან უბრალოდ დაგეზარა შესაბამისი ადგილის მოძებნა, რომელიც ამ ტროტუარისგან არც ისე შორსაა და რატომღაც, ყოველთვის თავისუფალია იქ ადგილი.
ეს პრობლემა მარტო ჩემი არაა და მე არ გამომიგონია. ამაზე ბევრი წუწუნებს, ოხრავს, ღიზიანდება, მერე საკუთარ ქვეყანას აძაგებს, რომ “ამ ქვეყანამ” ვერ მოახერხა, მოეგვარებინა ეს ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა. პრობლემა, რომელიც არამარტო ფეხით მოსიარულეებს უქმნის დისკომფორტს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ეტლით სარგებლობს და გადაადგილდება, უფრო სწორედ გადაადგილებას ცდილობს.
ტროტუარი ჩაკეტილია. ვცდილობ, გავძვრე ეტლთან ერთად, მაგრამ არ გამოდის. იძულებული ვარ, სამანქანო გზაზე გადავიდეთ და როდესაც ჩვენი გზა იქნება თავისუფალი, შემდეგ იქ გავაგრძელოთ სიარული. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში არ ვფიქრობ იმაზე, რომ გადაადგილების უფლება ჩემი ფუნდამენტური უფლებაა. მე ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ ვცემთ ადამიანები ერთმანეთს პატივს და არ ვითვალისწინებთ მათ შესაძლებლობებს. როგორ ვუქმნით მათ სიცოცხლეს საფრთხეს, როდესაც სამანქანო გზაზე სიარულს ვაიძულებთ, სადაც მთელი სისწრაფით გამორბიან მანქანები, ცხელ და ჭვარტლიან კვამლს ტოვებენ და ჩვენც ვიბუღებით ამ მომწამვლელი გამონაბოლქვით. ეს სხვა სერიოზული და არანაკლებ მძიმე საკითხია.
ზებრაზე მარტო გადავდივარ, ბავშვებთან ერთად ვერ ვბედავ, არც ეტლით გადასვლას ვრისკავ. შუქნიშნით რეგულირებულ გადასასვლელზეც კი მანქანები თავიანთ პოზიციებს არ თმობენ. მოკლედ, მეშინია.
აი, ამ შიშებითა და ყოველდღიური გაღიზიანებებით გართულს მახსენდება, რომ ხალხი აღარ იცინის, რომ ქუჩაში შემხვედრი ადამიანები პირქუშები და მოწყენილები დადიან, ჩაფლული თავიანთ საზრუნავსა და საფიქრალში. მასევდიანებს ეს ამბავი, ეს მასიური გაუღიმებლობა და მგონია, რომ ამისთვის სერიოზული საფუძველი არსებობს. არავის სიამოვნებს იყოს მუდმივად მჭმუნვარე.
მე არამწეველი ვარ და ვერიდები ისეთ ადგილებს, სადაც არამწეველთათვის გამოყოფილი სივრცე არ არის. ასეთი სივრცეები კი ჩემს ქალაქში ძალიან ცოტაა, სადაც არ უნდა გვინდოდეს შესვლა, ყველგან გვეტყვიან: “სამწუხაროდ, აქ ყველგან ეწევიან”. შემდეგ, იძულებული ვხდებით უკან გამოვბრუნდეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, სადაც მუდმივად უჰაერობაა და იმაზე მეტი ადამიანი მგზავრობს, ვიდრე უნდა მგზავრობდეს, მძღოლი თავაზიანი და ხვეწნაგარეული თხოვნის შემდეგაც კი ისევ მეორე ღერ სიგარეტს უკიდებს და, ალბათ, ძალიან გაუკვირდება თუკი ვეტყვი, რომ არა მარტო ბავშვების, არამედ ჩემს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა. მაგრამ, ამას არ ვეუბნები, არ გაითვალისწინებს და მეც სასაცილოდ გამოვჩნდები. ერთხელ ძალიან არ მოეწონათ, არც მძღოლს და არც მგზავრებს ჩემი მსუბუქი შენიშვნა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ მესროლეს ისეთი მრისხანე მზერა იმ მგზავრებმა, რომელთა უფლებებსაც ვიცავდი და, წესით, ისინიც კმაყოფილი უნდა დარჩენილიყვნენ მიღწეული მცირე შედეგით.
ჩემი სახლთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელ ხეებს ჭრიან, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებს, სამწუხაროდ არც მე. ყველა ერთად ჩაფლული ვართ ჩვენს ყოველდღიურ საზრუნავში და არ გვაინტერესებს, როგორ ვიწროვდება რეკრეაციული სივრცე ჩვენ გარშემო. როგორ აღარ რჩება ჩვენს შვილებს და ჩვენ სუნთქვისთვის სამყოფი ჰაერი. მართალია, გვაწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ვერაფერს ვშველით. შორიდან ვღელავთ მხოლოდ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს აზრს ისედაც არავინ გაითვალისწინებს.
თბილისის ქუჩებში გაჩენილ სტენსილებს, თუ როგორ იფარებს გოგონა სახეზე ხელს, გარდა ვიზუალური მხარისა, სოციალური დატვირთვაც გააჩნია და გზავნილია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტად დაფიქრდნენ პრობლემებზე, რომელიც ყველას ერთნაირად გვეხება. და თუ ამ პრობლემებზე საუბარს ყველა დავიწყებთ და მათ შემჩნევას ვისწავლით, მგონია, რომ უფრო მალე აღმოვაჩენთ მოგვარების გზებსა და საშუალებებს.

სიყვარული, როგორც სიტყვა

0

ვინც დაბლა იყო, იმან თქვა, სიყვარული აღგვამაღლებსო? ეგებ იმან, ვინც ისედაც ყველაზე მაღლა იდგა. ვინ იცის.

საინტერესო შესაქცევარია: სიყვარულს შეუძლია უსიტყვოდ, სიტყვას უსიყვარულოდ – თითქმის ვერ. ამადაც, მთელი მხატვრული ლიტერატურა სიყვარულს ებღაუჭება – ცდილობს ამოხსნას, გაგვანდოს, დაგვიმალოს კიდეც. ეს ზმნები ალბათ ბრჭყალებით უნდა შემემოსა. დიახ, დიახ, ლიტერატურა სიყვარულით ვაჭრობს. და დიდი წარმატებითაც. ყველაზე უთავმოყვარეო გრაფომანის ნაბოდვარი მთვარიან ღამეზე, სატრფოს ათრთოლებულ თითებსა და უიღბლობისგან თვალს მომდგარ ცრემლზე უფრო ადვილად აღწევს მკითხველის თუნდაც ქვა-გულამდე, ვიდრე, მაგალითად, ტროპებით დახუნძლული ფილოსოფიური ამბავი. მოკლედ, ასე…

არა, რა თქმა უნდა, გულწრფელი შემთხვევებიც არსებობს, იმდენად გულწრფელი, რომ მხატვრულ ტექსტად სულაც უნებლიედ იქცა. მე რომ სიყვარულზე დაწერილი ლექსების ანთოლოგიას ვადგენდე, უმთავრეს ჰიმნად ერთ, არალექსად ჩაფიქრებულ მინაწერს გამოვიტანდი.

ვარძიის კედელზე ოდესღაც ვიღაცას ამოუკაწრავს:

„თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის…

რა ლამაზი იყავი, ბიჭო…”

ამაზე ძლიერი სიტყვისა და სიყვარულის ქორწინება მე არ მეგულება.

ვაჭრობა რომ ვახსენე, ცუდი სიტყვა ნუ გეგონებათ – ჩვეულებრივი ინსტრუმენტია და რიგ შემთხვევებში ეს საქმე უკიდურესად ხარისხიანიც შეიძლება გამოდგეს. მაგრამ იქვე გამოჩნდებიან მისი „გადამყიდველებიც” და ერთი ხელის მოსმით აფუჭებენ საქმეს. რუსთაველი მოვიგონოთ – პოემა უმაღლესი პილოტაჟით და მერე ჩვენი სასკოლო რუტინა: „სიყვარული ვეფსიტყაოსანში” – შაბლონური, მოსაწყენი თემების წერა… ტექსტსაც შეგაძულებს, წერასაც და, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვათშეთანხმება, სიყვარულსაც.

სიყვარულის შეძულება კი ცოტა რთული ამბავია, გეთანხმებით.

ეს მარტო ქართული საქმე როდია – იგივე სჭირთ საკუთარ ქვეყნებში შექსპირს, ჰიუგოს, პეტრარკას და ჰაინეს. და სხვებსაც… თუ მთლად სამუელ ბეკეტის გზას არ ადგანან და თავგზას არ გიბნევენ.

ისე, თავგზის აბნევა, გნებავთ, დაკარგვინება სიყვარულის ერთ-ერთი ექსკლუზიური უფლებაა – ეგვიპტური საგლობლებიდან მოყოლებული, რაინდული რომანებით გაგრძელებული და ფორუყ ფაროხზადის ფანტასმაგორიული ნაწარმოებებით დამთავრებული – ყველა ტექსტი ამ საქმეს ემსახურება. ასე იქნება ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ადამიანებს ვრცელი წიგნების კითხვა დაეზარებათ და მთელი ლიტერატურა იაპონური ტანკების ზომაზე დავა. ის ტექსტი, ზემოთ რომ დაააგემოვნეთ, მაშინ კიდევ უფრო დაიფასებს თავს. საერთოდაც, სიყვარულს ხომ გრძელი და ჭარბი სიტყვა არ უხდება, მეტიც – არც მისთვის სათქმელის სახეში მიხლაა მომხიბლავი. ჯობს, შორიდან ელაპარაკო, ისე, როგორც ამას ბუსონი აკეთებდა:

„ბინდში
ანთებულ ლამპის შუქზე
ფერი დაკარგეს
ახლახან ყვითლად მოხასხასე ქრიზანთემებმა”.

ტემპერამენტის ტიპები

0

ადამიანები ქცევის თავისებურებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ზოგი ჩვენგანი ემოციურია, ენერგიული და მოუსვენარი, ზოგი – გაწონასწორებული, დინჯი და აღუშფოთველი, ზოგიც – გულჩათხრობილი და ხშირად მოწყენილი.

ცნება „ტემპერამენტი” გულისხმობს იმ თვისებას, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ემოციურობის ხასიათს – ემოციების აგზნებადობას, მათ სიცხოველეს, ინტენსივობას, სიმტკიცეს, მათი გამოხატვის თავისებურებას. ტემპერამენტი მოძრაობათა სისწრაფითაც ვლინდება, მაგრამ ვინაიდან მოძრაობათა სიცხოველე უმთავრესად ისევ ემოციურ აგზნებასთან დაკავშირებულ მოძრაობებს მოიაზრებს, ტემპერამენტი უფრო მეტად ადამიანის ემოციათა საფუძვლად მიიჩნევა.

ტემპერამენტის კონცეფცია ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ შემოგვთავაზა. მისი აზრით, ადამიანის ტემპერამენტი დამოკიდებულია ორგანიზმში არსებული რომელიმე სითხის (სისხლის – ბერძნ „სანგნის”, ლორწოს – ბერძ. „ფლეგმა”, ნაღველის – ბერძ. „ქოლე” ან შავი ნაღვლის – ბერძ. „მელან ქოლე”) სიჭარბეზე. ტემპერამენტის ტიპებიც ამ სითხეთა სახელებიდან მომდინარეობს. სახელდობრ, განასხვავებენ მის ოთხ ძირითად ტიპს: სანგვინიკურს, ქოლერიკულს, ფლეგმატიკურსა და მელანქოლიკურს.

მართალია, ჰიპოკრატეს კლასიფიკაციას აკლდა სამეცნიერო დასაბუთება, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებაშიც დადასტურდა, რომ ტემპერამენტს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეცია.

ი. პავლოვის მიხედვით, ტემპერამენტის ფიზოლოგიური საფუძველი ნერვული სისტემის მდგომარეობაა. მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ტემპერამენტის ტიპი თავის ტვინის ქერქში ნერვული აგზნებისა და შეკავების პროცესებზეა დამოკიდებული. პავლოვი ხაზს უსვამდა ნერვული პროცესების ძალას, აგზნებისა და შეკავების პროცესების შესაბამისობას, ნერვული პროცესების მოქნილობას.

ნერვული პროცესების ძალა ნერვული უჯრედების გამძლეობასა და შრომისუნარიანობას გულისხმობს. ის ვლინდება ძლიერი გამღიზიანებლით გამოწვეული შესაბამისი რეაქციით. მაგალითად, ძლიერი გამღიზიანებელი ძლიერი ნერვული სისტემის შემთხვევაში აგზნებისა და შეკავების ძლიერ რეაქციას იწვევს, ხოლო სუსტის შემთხვევაში – სუსტს.

გაწონასწორება მოიაზრებს აგზნებისა და შეკავების პროცესების შესაბამისობას. თუ აგზნება პრევალირებს შეკავებაზე, პირობითი რეფლექსები სწრაფად აღმოცენდება და ნელა ქრება, თუ პირიქით – ნელა აღმოცენდება და მალე ქრება.

ნერვული პროცესების მოქნილობა – ეს არის ნერვული სისტემის უნარი, გარემო პირობების მოთხოვნის შესაბამისად შეცვალოს აგზნება შეკავებით და პირიქით.

მათზე დაყრდნობით პავლოვმაც ნერვული სისტემის ოთხი ტიპი გამოყო:

1. ცოცხალი ტიპი – ძლიერი, გაწონასწორებული და მოძრავი ტიპი. გაწონასწორებულობა აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას გულისხმობს. ეს არის მოძრავი ტიპი – აგზნებისა და შეკავების პროცესები სწრაფად ცვლის ერთმანეთს. ნერვული სისტემის ეს ტიპი სანგვინიკური ტემპერამენტის საფუძველს წარმოადგენს;
2. მშვიდი, ნელი ტიპი – ძლიერი, გაწონასწორებული და ინერტული ტიპი. მას ახასიათებს ძლიერი ნერვული სისტემა, აგზნება და შეკავება გაწონასწორებულია, ნაკლებად მოძრავი. აგზნება და შეკავება ნელა, ძნელად ენაცვლება ერთმანეთს. ეს ტიპი ფლეგმატიკური ტემპერამენტის ნერვული საფუძველია;

3. აგზნებადი, შეუკავებელი ტიპი – ძლიერი, მაგრამ გაუწონასწორებელი ტიპი. ამ შემთხვევაში აგზნება პრევალირებს შეკავებაზე. ეს ტიპი ქოლერიკულ ტემპერამენტს შეესატყვისება;

4. სუსტი ტიპი – ახასიათებს აგზნებისა და შეკავების სუსტი მიმდინარეობა. იოლად იღლება, ვერ უძლებს ძლიერ გამღიზიანებლებს. ნერვული სისტემის ეს ტიპი მელანქოლიკური ტემპერამენტის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნული პროცესების კავშირს წარმოაჩენს ქვემოთ მოცემული სქემა:
უმაღლესი ნერვული სისტემის ტიპები
ამ აღწერილობაში შესაძლოა ჩვენი რომელიმე ნაცნობი ან პერსონაჟი ამოვიცნოთ, თუმცა მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანს არ აქვს „წმინდა ტემპერამენტი” – ბევრის ტემპერამენტი შერეული ან გარდამავალი ტიპისაა.
ტემპერამენტთა ტიპების ფსიქოლოგიური დახასიათება

სანგვინიკური ტემპერამენტი: გრძნობები სწრაფად აღმოცენდება და მალევე ნელდება. უმეტესად დადებითია. სანგვინიკი უდარდელია, ოპტიმისტურად განწყობილი, ცხოვრებაშიც უფრო დადებით მხარეებს ამჩნევს. ცოცხალი, მოძრავი პიროვნებაა.

ქოლერიკული ტემპერამენტი: დამახასიათებელია გრძნობათა ძლიერი აგზნებადობა. ასეთი პიროვნება იოლად ენთება, შესაძლოა, აფექტურიც იყოს, მაგრამ, სანგვინიკისგან განსხვავებით, უფრო მტკიცე და ხანრძლივი გრძნობები ახასიათებს. ის ხშირად არის უკმაყოფილო, იოლად ბრაზდება.

ფლეგმატიკური ტემპერამენტი: ამ ტიპის ტემპერამენტის მქონე ადამიანი მშვიდი და გულრილია. მას არ ახასიათებს აფექტი. გრძნობები მასთან ნელა აღმოცენდება და აფექტს არ აღწევს. სამაგიეროდ, მტკიცე და ხანგრძლივია. ფლეგმატიკისთვის, სანგვინის მსგავსად, უფრო მეტად დადებითი ემოციებია დამახასიათებელი. მისი მოძრაობები დინჯი და აუჩქარებელია.

მელანქოლიური ტემპერამენტი: მისთვის დამახასიათებელია ღრმა და ძლიერი ემოციები. მელანქოლიკი შესაძლოა არ რეაგირებდეს ყველა გამღიზიანებელზე, მაგრამ როდესაც რეაგირებს, მისი ემოცია დიდხანს გასტანს. თუმცაღა მელანქოლიური ტიპის ადამიანები ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს.

თითოეულ ტემპერამენტს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტემპერამენტი თავისთავად არ შეიძლება იყოს არც კარგი, არც ცუდი. ის მჟღავნდება მოძრაობით, მოქმედებით, მაგრამ არ განსაზღვრავს პიროვნების არც ქცევის მოტივს, არც მრწამსსა და მორალს.

მართალია, ტემპერამენტის ტიპი დროთა განმავლობაში ზოგჯერ იცვლება და ადამიანებიც, აღზრდიდან, კულტურიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირად გამოხატავენ ემოციებს, მაგრამ პედაგოგი მაინც არ ეცადოს ბავშვის ტემპერამენტის ტიპის შეცვლას.

როგორ ვლინდება ტემპერამენტის ტიპი ბავშვებთან?

მიიჩნევა, რომ ბავშვის ტემპერამენტის ამოცნობა ადრეული ასაკიდანვეა შესაძლებელი.

ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ბავშვები აქტიურები არიან, იოლად იწყებენ ამა თუ იმ საქმეს და ბოლომდე მიჰყავთ, უყვართ ჯგუფური თამაშები, ხშირად თავადაც არიან ინიციატორნი. ნელ, მდორედ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა მათთვის შესაძლოა მოსაწყენი იყოს. დავალებას სხარტად ასრულებენ, მაგრამ სიჩქარეში შესაძლოა გამორჩეთ ასოები, გაეპაროთ მექანიკური შეცდომები, ამიტომ ამ ტიპის ბავშვებს საკუთარი შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების ჩვევა უნდა განუვითაროთ.

სანგვინიკური ტემპერამენტის მქონე ბავშვები ძალზე ცოცხლები არიან. მუდამ მზად არიან, ჩაერთონ წამოწყებაში, მაგრამ ხშირად მალევე უქრებათ ენთუზიაზმი და სხვა საქმეზე გადაერთვებიან ხოლმე. მათ შესაძლოა ეწყინოთ რამე, მაგრამ წყენა იოლად გადაუვლით.

ასეთ ბავშვებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ისეთი სიტუაციების შექმნა, სადაც ისინი აქტიურობას გამოიჩენენ. პედაგოგის ამოცანაა, სასარგებლო მიმართულება მისცეს ბავშვის ენერგიასა და ძალას, არ შეზღუდოს მისი აქტიურობა. სასურველია, დაავალოთ ისეთი საქმეების ორგანიზება, სადაც საჭიროა სისწრაფე, მრავალფეროვნება, გონებამახვილობა.

ქოლერიკული ტემპერამენტის ბავშვებთან ყოველდღიურმა ზედამხედველობამ, ჭკუის დარიგებამ (განსაკუთრებით – სხვების თანდასწრებით) შესაძლოა გამოიწვიოს დაუმორჩილებლობა, წესების მიზანმიმართული დარღვევა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაძლიერება. არ შეიძლება არც წვრილმანების მეტისმეტი კონტროლი და არც სრული უკონტროლობა. ერიდეთ ურთიერთობის დირექტიულ სტილს. ბავშვთან საუბარი საჭიროა ცოცხალ, სწრაფ ტემპში, დიდხანს ნუ შეჩერდებით ერთ თემაზე, ხშირად გადაეცით საუბრის ინიციატივა თვითონ მოზარდს, დაიცავით დისტანცია.

ფლეგმატური ტემპერამენტის ბავშვების ემოციების ამოცნობა ძნელია. მათთვის დამახასიათებელია მშვიდი და გაწონასწორებული ქცევა. ხშირად დამჯერები არიან, კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ ჰყავთ რამდენიმე კარგი მეგობარი. თავად იშვიათად აწყებინინებენ ვინმეს. ხშირად თავს არიდებენ კონფლიქტურ სიტუაციებს.

ასეთ მოზარდებს პედაგოგი თვითშეფასების ამაღლებაში უნდა დაეხმაროს. მათთან კონტაქტის დამყარება ძნელია, მაგრამ, ამასთანავე, მათ აქვთ ძლიერი მოთხოვნილება, გაუზიარონ საკუთარი განცდები სხვებს, ამიტომ აუცილებელია ასეთ მოზარდებთან საუბარი, სიტუაციის დეტალური ანალიზი.

უნდა შეუქმნათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავს სრულყოფილად წარმოაჩენენ, უბიძგოთ ისეთი აქტივობისკენ, რომელშიც თავი სუსტად მიაჩნიათ, მაგრამ სწორად განსაზღვროთ დატვირთვა და დაეხმაროთ.

მელანქოლიური ტიპის ბავშვები წყნარები არიან, თუ რამეს ჰკითხავთ, დაიმორცხვებენ ხოლმე. მათთვის გულის ტკენა იოლია. წყენა დიდხანს მიჰყვებათ. შესაძლოა, საქმიანობასა თუ თამაშში ძნელად ჩაერთონ, მაგრამ ყოველგვარ საქმეს დიდი გულისყურით ეკიდებიან. მათ კომუნიკაციის უნარების განვითარებაში უნდა დავეხმაროთ და თავდაჯერება გავუღვივოთ, გაუბედაობა და არასრულფასოვნების განცდა დავაძლევინოთ., გამუდმებით არ უნდა მივუთითოთ პასუხისმგებლობის გრძნობაზე. ასეთი ტემპერამენტის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია ინიციატივის მხარდაჭერა, არ შეიძლება მათი დაცინვა, აქტიურობის სურვილის ჩახშობა. უნდა შევუქმნათ წარმატების განცდა.

მელანქოლიკებისთვის კომფორტულია მშვიდი საქმიანობა, რომლის მიზანი წინასწარაა ცნობილი და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას არ მოითხოვს, თუმცა მათ ხელი უნდა შევუწყოთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში. ხშირად შევაქოთ (რა თქმა უნდა, დამსახურებისამებრ), მივცეთ საყვარელი საქმის კეთების საშუალება.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ტემპერამენტის ამა თუ იმ ტიპისადმი ადამიანის მიკუთვნება საკმაოდ ძნელია. ყოველ ჩვენგანს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც მხოლოდ ტემპერამენტის ტიპზე არ არის დამოკიდებული.

მასწავლებელი ტემპერამენტის შეცვლას კი არ უნდა ეცადოს, არამედ დაეხმაროს სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე მოსწავლეებს ძლიერი მხარეების განვითარებაში და ასწავლოს სისუსტეების დაძლევა და მართვა. ამაში მას დაეხმარება ინდივიდუალური მიდგომა და მრავალფეროვანი აქტივობები – მოძრავი, ჯგუფური, ინდივიდუალური…
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ნათაძე რ., ზოგადი ფსიქოლოგია. 1977
2. Дубровина И. В., Данилова Е. Е., Прихожан А.М.. Психология. Академия. 2003

მარტოობით გამოცდა

0

თავის ბოლო გამოსვლაში აუდიტორიის წინაშე მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ათი წლის შემდეგ ვირტუალური ცხოვრება კიდევ უფრო გაზრდის ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვს, პარალელურად კი ადამიანთა შორის კომუნიკაცია მთლიანად გადავა SMS, ფოტო და ვიდეოურთიერთობის ფორმატში. თუმცა ვირგინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კომუნიკაციის საშუალებები არა მხოლოდ თვით კომუნიკაციის დამყარებას, არამედ მარტოობასთან გამკლავებასაც ემსახურება, რადგან ადამიანთა უმეტესობას არ სურს, გადაჩვეულია ან ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის. ექსპერიმენტი, რომელსაც თიმოტი უილსონმა და მისმა კოლეგებმა უხელმძღვანელეს, მარტივი იყო: მათ თხოვეს მოხალისეებს ცარიელ ოთახში ტელეფონის გარეშე დარჩენილიყვნენ. ოთახში მყოფთ ეკრძალებოდათ წერა-კითხვა. ექსპერიმენტის მონაწილეები სრულ მარტოობაში 15 წუთით რჩებოდნენ. შემდეგ კი მათ ეკითხებოდნენ, მოეწონათ თუ არა მარტო ყოფნა და შეძლეს თუ არა რაიმეზე კონცენტრირება.

თავდაპირველად ექსპერიმენტში მონაწილეობა სტუდენტებს მიაღებინეს. უმეტესობას ცარიელ ოთახში ჯდომა ძალიან არ მოეწონა. მათი განმარტებით, რაიმეზე კონცენტრირება გაუჭირდათ და აზრებიც ეფენტებოდათ. სტუდენტების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდებოდა, თუ წიგნის კითხვის ან მუსიკის მოსმენის საშუალებას აძლევდნენ. მნიშვნელობა არ იქონია გერემომაც – ექსპერიმენტი ლაბორატორიულ და სახლის პირობებში ტარდებოდა. ადამიანი მისთვის საყვარელ გარემოშიც კი ვერაფერზე კონცენტრირდებოდა, რადგან არაფრით იყო დაკავებული.

ექსპერიმენტში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, სოციალური სტატუსისა და განათლების მქონე მონაწილეებმა მიიღეს – 18-დან 77 წლამდე. „უაზროდ” და „მარტო ყოფნის” დისკომფორტს ყველა განიცდიდა. ხანდაზმულ ადამიანებსაც არ მოეწონათ ცარიელ ოთახში ჯდომა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ისედაც უწევდათ მარტოობაში ყოფნა.

ყველაზე საინტერესო კი მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ექსპერიმენტის მესვეურებმა დაადგინეს, რამდენად არ უყვართ ადამიანებს სრული მარტოობა. იმის სანაცვლოდ, რომ ხელმეორედ დარჩენილიყვნენ ცარიელ ოთახში, მათ მონაწილეებს მსუბუქი დენის დარტყმა შესთავაზეს, რაზეც ექსპერიმენტის თითქმის ყველა მონაწილე დათანხმდა. უსიამოვნო ელექტროშოკი ადამიანებისთვის უფრო სასურველი აღმოჩნდა, ვიდრე მარტოობის განცდა. ელექტროშოკს ყველა მამაკაცი დათანხმდა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მამაკაცები მეტად არიან დამოკიდებულები განცდებზე და ქალებზე უფრო საჭიროებენ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორების არსებობას.

ორი წლის წინ კი მსგავსი ექსპერიმენტი მოზარდ თაობაზე სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა. მასში 12-დან 18 წლამდე ასაკის 68 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ რვა საათი სრულ მარტოობაში უნდა გაეტარებინათ ისე, რომ აკრძალული ჰქონდათ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება: ტელევიზორის, კომპიუტერის, მობილური ტელეფონის. სამაგიეროდ, მთელ რიგ სხვა გასართობებთან ერთად შეეძლოთ კითხვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, წერა, ხელსაქმიანობა, თამაში, სეირნობა… ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა ოჯახის ფსიქოლოგი, რომელსაც სურდა დაემტკიცებინა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ თანამედროვე ბავშვებმა, მიუხედავად იმისა, რომ გართობას საჭიროზე მეტ დროს უთმობენ, არ იციან რითი დაკავდნენ დამოუკიდებლად, ასევე, ძალიან ცოტა რამ იციან საკუთარ შინაგან სამყაროზე.

ექსპერიმენტის წესების თანახმად, მონაწილეებს მეორე დღეს უნდა მოეყოლათ თუ როგორ გაატარეს მოცემული რვა საათი. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათ დაწვრილებით უნდა ჩაენიშნათ ყოველი მოქმედება, შეგრძნება, მოსაზრება. თუკი რომელიმე მონაწილე აღელდებოდა, დაიძაბებოდა ან რაიმე დისკომფორტი ექნებოდა, ექსპერიმენტის შეწყვეტის დრო უნდა დაეფიქსირებინა და დაწვრილებით განემარტა მიზეზი.

ერთი შეხედვით, მარტოსულობის ექსპერიმენტი საკმაოდ უწყინარი ჩანდა. სწორედ ასე იფიქრა ექსპერიმენტატორმა ფსიქოლოგმაც. თუმცა შედეგები მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. 68 მონაწილედან მხოლოდ სამმა შეძლო ექსპერიმენტის დასრულება (ორმა ბიჭმა და ერთმა გოგომ). დანარჩენებმა ის სხვადასხვა მიზეზით შეწყვიტეს: ხუთი ძლიერმა პანიკამ აიტანა, სამი სუიციდური ფიქრებისგან შეწუხდა, ოცდაშვიდ მონაწილეს კი ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა: ცხელება, ოფლიანობა, თმის ყალყზე დგომის შეგძნება, გულისრევა, ტკივილები მუცელში, თავბრუსხვევა და სხვ. თითქმის ყველა მონაწილე შფოთვასა და შიშს უჩიოდა.

ექსპერიმენტში მონაწილეებს ექსპერიმენტისადმი თავდაპირველი ინტერესი და სიახლის მოლოდინი დაახლოებით ორ საათში გაუქრათ. მხოლოდ ათმა მონაწილემ მარტოობაში გატარებულ სამ ან მეტ საათში დაიწყო ღელვა. გოგონამ, რომელმაც ექსპერიმენტი ბოლომდე გაიარა, ხელმძღვანელობას დღიური გაუგზავნა, სადაც რვა საათის განმავლობაში ყველაფერს დეტალურად იწერდა. მისი წაკითხვის შემდეგ, თმის ყალყზე დგომას ფსიქოლოგიც გრძნობდა. ეთიკური მოსაზრებების გამო, დღიური ვერ გამოქვეყნდა, მაგრამ ცნობილი გახდა, თუ როგორ ცდილობდნენ თავის გართობას მონაწილეები: ზოგი უბრალოდ ფანჯარაში იყურებოდა ან უმიზნოდ დაეხეტებოდა სახლში, ხატავდა ან ცდილობდა დაეხატა, ვარჯიშობდა ტრენაჟორებზე, თავიანთი მოსაზრებებით ავსებდა დღიურს ან უბრალოდ, ფურცლებზე წერდა წერილებს, ამზადებდა ან მიირთმევდა საკვებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერიმენტი არდადეგების დროს ჩატარდა, ბავშვები სასოწარკვეთისგან გაკვეთილების მზადებასაც კი შეუდგნენ. ცილობდნენ ამოეხსნათ თავსატეხები, დროს შინაურ ცხოველებთან ერთად ატარებდნენ; კითხულობდნენ ან შხაპს იღებდნენ. ერთი ბიჭმა ფლეიტაზე დაუკრა, ზოგმა – გიტარაზე, ზოგმა – ფორტეპიანოზე. ერთმა გოგომ დრო ქარგვაში გაატარა, კიდევ ერთი გოგო ლოცულობდა. ერთმა ბიჭმა ქალაქში ფეხით 25 კილომეტრი გაიარა, ზოგი ლექსებს თხზავდა, ალაგებდა სახლს, ზოგი კაფეში იდა ან მაღაზიებში დადიოდა. ექსპერიმენტის წესების მიხედვით, მონაწილეებს ვინმესთან ლაპარაკი ეკრძალებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ გამყიდველებთან საუბარი შეიძლებოდა. ერთი ბიჭი გასართობ პარკში წავიდა და სამი საათის გამავლობაში ატრაქციონებზე კატაობდა, ვიდრე გულისრევა არ დაეწყო. ერთმა ბიჭმა დროის ზოოპარკში გატარება გადაწყვიტა. ერთი გოგონა პოლიტიკური ისტორიის მუზეუმს ეწვია. ერთი ბიჭი კი ხუთი საათის განმავლობაში ქალაქში ავტობუსითა და ტროლეიბუსით სეირნობდა.

რაღაც მომენტში ყოველ მონაწილეს უჩნდებოდა ძილის სურვილი, მაგრამ ეს არავის გამოსდიოდა. ყველამ აღიარა, რომ ცუდი აზრებიც აწუხებდა. იმის შემდეგ, რაც ბავშვებმა ექსპერიმენტი შეწყვიტეს, 20-მა მაშინვე დასტაცა ხელი მობილურ ტელეფონს, დარეკა მეგობრებთან, 5 ახალგაზრდა სტუმრად წავიდა, 14-მა ინტერნეტი გამოიყენა და შევიდა სოციალურ ქსელში, 3-მა მშობელს დაურეკა. დანარჩენმა მონაწილებმა დაუყოვნებლივ კომპიუტერული თამაშები ან ტელევიზორი ჩართეს. ამას გარდა, ფაქტობრივად, ყველა მოზარდმა ჩართო მუსიკა.

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შეწყვეტის შემდეგ, მონაწილეებს ყოველგვარი არასასიამოვნო სიმპტომი გაუქრათ. გარკვეული დროის შემდეგ, 63-მა ყოფილმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ექსპერიმენტი არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლოც იყო, განსაკუთრებით საკუთარი თავის შეცნობისთვის. ექვსმა ადამიანმა ექსპერიმენტის დამოუკიდებლად ჩატარება გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ მაინც შეძლო მისი ბოლომდე გავლა მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე ვერ გამოუვიდა.

მოგვიანებით, როდესაც მონაწილეებმა ექსპერიმენტის დროს საკუთარი მდგომარეობა გაანალიზეს, აღმოჩნდა, რომ მათგან 51-მა გამოიყენა შემდეგი სიტყვები: „აღკვეთის სინდრომი”, „გამოდის, რომ მე არ შემიძლია ცხოვრება …-ის გარეშე”, „დამოკიდებულება” და სხვა მსგავსი ფრაზები. აბსოლუტურად ყველამ აღნიშნა, რომ ექსპერიმენტის დროს მისთვის სრულიად უჩვეულო რაღაცეებზე ფიქრობდა, მაგრამ კონკრეტულ საქმიანობაზე ვერ კონცენტრირდებოდა, რადგან თავს სულ უფრო ცუდად გრძნობდა.

აი, რას აკეთებდნენ ის ბავშვები, ვინც წარმატებით დაასრულა ექსპერიმენტი: — ერთმა ბიჭმა თავისი კოლექციების გადარჩევა და სისტემატიზაცია მოახდინა. შემდეგ კი ოთახის მცენარეები გადარგო, მეორე ბიჭი რვა საათის განმავლობაში აფრებიან გემს აშენებდა, საქმიანობას მხოლოდ საკვების მიღებისთვის და ძაღლთან ერთად გასეირნებისთვის წყვეტდა. არც ერთ ბიჭს არანაირი ნეგატიური ემოციები არ ჰქონია და არც უცნაურ აზრებს შეუწუხებია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი: საჯარო ბიბლიოთეკა – სკოლა

0

ბიბლიოთეკებისა და სკოლების ურთიერთმიმართების კვლევას ამერიკის შეერთებულ შტატებში საფუძველი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში ჩაეყარა. 1976 წელს უილიამ ფლეტჩერმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით “საჯარო ბიბლიოთეკები ამერიკის შეერთებულ შტატებში”. ანგარიშში ცალკე თავი დაეთმო საჯარო ბიბლიოთეკებისა და მოზარდების ურთიერთმიმართების საკითხს. უ. ფლეთჩერის აზრით, საჯარო ბიბლიოთეკები განათლებაში დამხმარე ზმნების ფუნქციებს ასრულებენ.

1897 წელს ეროვნულ სასწავლო ასოციაციისა და ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციის მიერ ერთობლივად შექმნილი სპეციალური კომიტეტი შეისწავლიდა საჯარო ბიბლიოთეკებსა და სკოლებს შორის არსებულ ურთიერთკავშირს. მან შეიმუშავა სამეცნიერო და პრაქტიკულ რეკომენდაციები.

საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების ურთიერთმიმართების საკითხის შესწავლა არც მეოცე საუკუნეში შეწყვეტილა. 1941 წელს ამავე ორგანიზაციების ერთობლივი კომისიის სააგენტოს ანგარიშში მკაფიოდ გაცხადდა სკოლის სასწავლო გეგმების სრულყოფილად რეალიზებაში საჯარო ბიბლიოთეკების ჩართვის აუცილებლობა და მაინც საჯარო ბიბლიოთეებისა და სკოლების ურთიერთმიმართების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბუშისა და კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში.

საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების ურთიერთმიმართების საკითხს ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იაპონიაში, კანადაში, დასავლეთ ევროპის, დსთ-ის ქვეყნებსა და სხვა მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში .

საჯარო ბიბლიოთეებისა და სკოლების ურთიერთმიმართების საკითხის ზერელე გაცნობაც კი აუცილებლს ხდის ორი დამოუკიდებელი სისტემა “ბიბლიოთეკა”, “სკოლა” წარმოვადგინოთ ერთ მთლიან, განუყოფელ სისტემად “ბიბლიოთეკა-სკოლა” (ვუწოდოთ სპებს სისტემა).

დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულმა რეფორმამ უზრუნველყო საბიბლიოთეკო მომსახურების დონის ამაღლება, მოსწავლეების საბიბლიოთეკო რესურსებზე უკეთესი წვდომა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ სკოლისა და საჯარო ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობა შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდების საჭიროებების განხორციელებას, მათი უკეთესი მოსახურების გაუმჯობესებას, განთლების, დასვენების, პირადი ინტერესებისა და კარიერული ზრდის საკითხების მოგვარებას. რეფორმების საფუძველზე ჩამოყალიბდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი:

  1. პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება;
  2. ისტორიული პერსპექტივები;
  3. როლები და მიზნები თითოეული ბიბლიოთეკისათვის;
  4. ერთობლივი ძალისხმევა და ურთიერთობები;
  5. საჯარო სკოლის ბიბლიოთეკების შესაძლებლობანი;
  6. საბიბლიოთეკო მომსახურების მაღალი დონე;
  7. ინფორმაციის უკეთესი ხელმისაწვდომობა;
  8. საგანმანათლებლო რეფორმის მომავალი გაუმჯობესებისათვის წარსულის სიღრმისეული გამოკვლევა და მომავლის რეკომენდაციები.

* * *

“საჯარო ბიბლიოთეკას” აქვს სამი სახის რესურსი: ბეჭდური, ელექტრონული, ადამიანური, რომელთა დიდი ნაწილი შესაძლებელია მიეწოდოს ქვესისტემა “სკოლას”. ქვესისტემაში “სკოლა” წარმოიშობა ახალი საჭიროებები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან ქვესისტემა “სკოლის” მიზნებსა და ამოცანებს. სისტემის ამგვარი სქემატური წარმოდგენა “აღიარებს”, რომ სისტემაში “საჯარო ბიბლიოთეკა – სკოლა” ქვესისტემა “სკოლა” არის დომინანტური ქვესისტემა, სწორედ “სკოლა” განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს:

1) ქვესისტემა „საჯარო ბიბლიოთეკა” და

2) როგორ იფუნქციონირებს სისტემა “საჯარო ბიბლიოთეკა – სკოლა”.

იბადება შეკითხვა, რა რესურსს ფლობს და რა საშუალებებით შეუძლია ამ რესურსის მიწოდება საჯარო ბიბლიოთეკებს სკოლებისათვის.

დავიწყოთ რესურსებით.

საჯარო ბიბლითეკები ძირითადად სამი სახის რესურსს ფლობს:

1) ბეჭდური;

2) ელექტრონული;

3) ადამიანური.

და მოწოდების ორი საშუალება: პირდაპირი და შუამავლით (ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკათშორისი აბონიმენტი, ბშა).

სხვა ვითარება გვაქვს ელექტრონული რესურსების მიწოდებისას. ელრესურსი _ მასწავლებელი, მოსწავლე კავშირი – ხორციელდება სკოლაში ინტერნეტის არსებობისას. აქვე შევნიშნოთ, სკოლა ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო ინსტიტუტის სინონიმია და არა შენობა-ნაგებობის.

რესურსები – მიწოდების კავშირზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საჯარო ბიბლიოთეკის ელპროდუქტის გაკვეთილზე გამოყენების შესაძლებლობებს. ბუნებრივია, კლასებში ელრესურსების გამოყენებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ინტერნეტის არსებობას ენიჭება, თუმცა ასევე შესაძლებელია ინტრანენტული ქსელის აწყობა საბიბლიოთეკო ელრესურსების პირდაპირი მიწოდების გზით.

ზემოღნიშნული სამი რესურსიდან ქვესისტემა „სკოლა”, ჩემი დაკვირვებით, ქვესისტემა “საჯარო ბიბლიოთეკის” რესურსებიდან მეტ-ნაკლებად სრულად მხოლოდ ადამიანურ (ინტელექტუალურ) რესურსს იყენებს. (წინასწარ შევნიშნავ. სტატიაში მხოლოდ იმ ელრესურსებზე (კოლექცია “მამარდაშვილი” “სასკოლო ლექსიკონთა ერთიანი ბაზა”) გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩემი მონაწილეობით შეიქმნა. დარწმუნებული ვარ დაინტერესებული მკითხველი სხვა რესურსებს ადვილად იპოვის და შესაბამისად გამოიყენებს).

სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებს თუ არ ჩავთვლით, პირველ ორ რესურსს „სკოლა” ფაქტობრივად არ იყენებდა. სემინარების ჩატარებისა და მეთოდური დახმარების მთელი სიმძიმე, კი ფაქტობრივად ჩემი კოლეგის გურამ თაყნიაშვილის ენთუზიაზმსა (თავს ვხრი სემინარებში მონაწილე ჩემი ყველა კოლეგის წინაშე, მათი პროფესიონალიზმისა და დაუზარელი შრომის გამო) და სკოლის ბიბლიოთეკართა მხრებზე გადადიოდა. გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსწავლეები ფაქტობრივად არ იცნობდნენ ზემოხსენებულ კოლექციებსა და „საქართველოს პარლამენტის ლექსიკონთა ერთიან ბაზას”. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე სკოლისა (თბილისის 183–ე საჯარო სკოლა, თბილისის 92–ე საჯარო სკოლა, ქალაქ რუსთავის მე-6 საჯარო სკოლა, ქალაქ რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა, სკოლა “ლოგოსი”) და “სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა”, თბილისის პარტნიორ ორგანიზაცია “ფონდი თბილისის მოზარდთა სახლთან” აქტიურმა თანამშრომლობამ აღნიშნულ რესურსებს, ფაქტობრივად, სკოლისკენ გზა გაუხსნა.

“საჯარო ბიბლიოთეკა” – სკოლის” ოპტიმალურ ფუნქციონირებაში, ვფიქ­რობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება საჯარო ბიბლიოთეკისა და სოციალური ქსელებში მოქმედი საბიბლიოთეკო, საგანმანათლებლო ფორუმები. სასიამოვნოა ამ მიმართულებით “საქართველოს მასწავლებლები”, “მასწავ­ლებელი”, “პედაგოგთა კლუბი”, “ფრიად კრეატიული პედაგოგები”, “სამოქა­ლაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი”, “მშობელთა კლუბი” და კიდევ რამდენიმე მსგავს ფორუმთან თანამშრომლობა. ქ. რუსთავის მე–12 სკოლაში ჩატარებული ღონისძიება სწორედ “პედაგოფთა კლუბისა” და მისი ადმინისტრატორის ქალბატონ ფიქრია სიდამონიძის აქტიურობით განხორციელდა.

შუამავალ რგოლზე საუბრისას აუცილებელია კიდევ ერთი სქემის განხილვა. საქმე ეხება საჯარო ბიბლიოთეკის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია სკოლის ბიბლიოთეკისა და მასწავლებელი-მოსწავლის კავშირს. ვფიქრობ, ამ სქემამ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს სისტემის “საჯარო ბიბლიოთეკა – სკოლა” ოპტიმალურ ფუნქციონირებაში.

სისტემის – „საჯარო ბიბლიოთეკა – სკოლა” – ოპტიმიზაციისთვის ასევე აუცილებელია იმ საჭიროებებათა გამოკვლევა, რომელიც, ამჟამად პრიორიტეტულია “სკოლისთვის”. ამ მიზნით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეს მოსწავლე-მასწავლებლებს შორის განსაკუთრებულად საინტერესოა „სასკოლო ლექსიკონთა ერთიანი ბაზა”. მის “შევსებაზე” მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე კოლექცია “მამარდაშვილის” გაფართოებაზე. ამასთან მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად “მიმზიდველია” იმ სასკოლო ლექსიკონის მიწოდება, რომელიც კონკრეტულ დროში, ამა თუ იმ ნაწარმოების შესწავლისას წაადგებათ. შეიძლება ითქვას, კონკრეტული სასკოლო ლექსიკონის სასიცოცხლო ციკლი ზუსტად ემთხვევა სკოლაში შესწავლილი ნაწარმოების “სასიცოცხლო ციკლს”. (სავარაუდოდ, ასეთივე ვითარებას ექნება ადგილი სასკოლო/სააბიტურიენტო გამოცდების მომზადებისას). “ეჰ, ახლა სულხან-საბას გავდივართ და თქვენ რუსთაველიც არ დაგისრულებიათ, იქნებ ჯერ “სიბრძნე-სიცრუისა” გააციფროთ”, მსგავსი სინანულით ნათქვამი წინადადებები ხშირად გვესმოდა მეც და ჩემს კოლეგებს გამოკითხვის ჩატარებისას.

ქვესისტემა ‘”საჯარო ბიბლიოთეკას” გააჩნია კიდევ ერთი ელრესურსი. ვფიქრობთ, “სასკოლო ორენოვანი სასაუბროების” ელექტრონული ბაზა ასევე შეუწყობს ხელს სისტემა “საჯარო ბიბლიოთეკა – სკოლის” ფუნქციონირების ოპტიმიზაციას. სასკოლო ლექსიკონებში ამ ტიპის მხოლოდ ერთი სასაუბროა; მისი გამოყენების მოლიდინი შემქმნელებს გაცილებით მეტი გვქონდა. ზოგიერთი ჩემი კოლეგის, მეგობრის აზრით, ამის მიზეზი “სასაუბროში” ტრანსკრიპციის არარსებობაა. ვფიქრობ, დაინტერესების შემთხვევაში ამ პრობლემის გადაწყვეტა არ იქნება ძნელი. თუმცა, არსებული შეზღუდული ადამიანური რესურსების პირობებში მომავლის ამოცანად გვესახება “ორენოვან სასაუბროთა” ერთიანი ბაზის შექმნა.

გიორგი კილაძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

მამათმზე

0
რა არ მიყვარს ყველაზე მეტად? უჰ, ათასი რამე არ მიყვარს. თოვლი და წვიმა… ქარი და ნისლი… ჭორაობა და სხვისი განსჯა… არც ფიზიკური შრომა მხიბლავს დიდად.

არ მიყვარს დილით ადრე გაღვიძება… თავისუფლებას რომ მიზღუდავენ, არ მიყვარს… არამკითხე მოამბეები არ მიყვარს… ჩემს საქმეში სხვისი ცხვირის აღმოჩენა არ მიყვარს.

ბაზარში სიარული არ მიყვარს… თუმცა, ზაფხულის ერთ სისხამ დილას ერთ სოფელში მოწყობილ ბაზარში აღმოვჩნდი. რაც არ მიყვარს, არ მიყვარს, თორემ როცა სხვა გზა არ არის, ვაკეთებ… ვიწრო ბილიკზე სანოვაგით დატვირთულ პაპა-შვილიშვილს მოვკარი თვალი. ბიჭი ქოჩორა და ლოყებღაჟღაჟა იყო და ტირილნარევი ხმით ეხვეწებოდა პაპას:

– პაპა მამათმზევ, კამფეტი მიყიდეო.

ჯერ ვიფიქრე, მომესმა–მეთქი, მაგრამ ბიჭი არა და არ გაჩერდა.

ჩემს საქმეში სხვისი ჩარევა თუ არ მიყვარს, თავად რაღა მესაქმებოდა ბიჭისა და პაპის საქმეში, მაგრამ გამეცინა და მოხუცს ვუთხარი, ნახეთ, მამათმზესაც კი გეძახით, ოღონდ ტკბილეული გამოგტყუოთ-მეთქი.

ეგრე მქვია, შვილო, რა ქნას ბალღმაო? კამფეტს კიდევ ბაზრიდან გასვლისას უყიდი. ეს იგეთია, თავის კამფეტს არ დაკარგავსო.

მშვენიერი სახელი გრქმევიათ, ბატონო–მეთქი გაუღიმე და ვიფიქრე, რომ ჯობდა, ჩემი საქმეებისთვის მიმეხედა.
თუმცა ტყუილი არ მითქვამს – მამათმზე მშვენიერი ქართული სახელია, არა? მამების მზე. მზე კიდევ აღმატებული პლანეტაა…

მზის სიყვარული ხალხურ პოეზიაშიც აისახა.

„მზე დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი”.
მნათობს ყველა შინ ეპატიჟებოდა:
„მზე შინა და მზე გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო.
უყივლია მამალსაო,
მზევ, შინ შემოდიო.
გათენდი, თუ გათენდები,
მზევ, შინ შემოდიო…”

გაწყრნენ სხვა ვარსკვლავები, ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, ეს მზე, ყველა რომ მას ეტრფის და ეთაყვანებაო…

„ ერთხელ ვარსკვლავთა კრებული,
უხვ-სხივიანი ცაზედა,
ასტყდა, აბორგვნდა, ჩიოდა…
უნდა იცოდეთ, რაზედა.
ყველა მზეს ემუქრებოდა,
მის დაბნელებას ნატრობდა:
როგორ თუ ყველა აქებსო,
ქვეყანა რადა ჰყვარობდა?
მოდი, შევიკრნეთ ფიცითა,
არ ამოვუშვათ ცაზედა,
თუ ამოჩნდება, ერთადა
ყველა დავესხათ თავზედა…” (ვაჟა-ფშაველა, „მზე და ვარსკვლავები”)

მართლაც, რა არის მზე? ერთი შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავია და ვარსკვლავთა იმ ტიპს განეკუთვნება, „ყვითელ ჯუჯებს” რომ უწოდებენ. ყვითელი ზედაპირის ფერის გამო შეარქვეს, ჯუჯა კი მცირე ზომის გამო. ამქვეყნად ხომ ყველაფერი შედარებითია, ჰოდა, მცირეც სხვებთან შედარებითაა, თორემ დედამიწისოდენა პლანეტას მილიონს დაიტევს…

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მიაჩნდათ, რომ მზეზე ენერგიის წყარო იყო, მაგალითად, ქვანახშირი, რომელიც ნება-ნება იწვოდა, თუმცა ამისი, მგონი, თავადაც არ სჯეროდათ ბოლომდე.

მერე და მერე შემდეგ გაირკვა, რომ მზე წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. დიახ, მზისა და ვარსკვლავების მასის ნახევარზე მეტი პლაზმურ მდგომარეობაში არსებული წყალბადია. მისი რაოდენობა ჰელიუმზე ხუთჯერ მეტია და ყველა დანარჩენ ელემენტზე, ერთად აღებულზე, ათიათასჯერ მეტი (მზეზე 70-მდე ქიმიური ელემენტია აღმოჩენილი).

რაც შეეხება დედამიწას, აქ წყალბადი გავრცელებულია ისეთი ნაერთების სახით, როგორებიცაა წყალი, ნავთობი, ბუნებრივი აირები, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ორგანიზმების შემადგენელი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები.

წყალბადი 1766 წელს სუფთა სახით ჰენრი კავენდიშმა მიიღო. მარილმჟავაში თუთიის მარცვლები ჩაყარა და დაინახა, რომ აირი გამოიყო. ისევ გაიმეორა და შეამოწმა, მიღებული აირი იწვებოდა თუ არა. გაზი აფეთქებით დაიწვა და კავენდიშმა დაასკვნა, რომ მან თვით ფლოგისტონი მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფლოგისტონის თეორიის მიმდევრებს ფლოგისტონი მისტიკური ნივთიერება ეგონათ, რომელიც თავადაც იწვოდა და წვასაც ხელს უწყობდა. მათი მტკიცებით, ყველა აალებადი საგანი ფლოგისტონს შეიცავდა. მოგვიანებით მიღებული გაზი ლავუაზიემ მონათლა: წყალმბადი – წყალბადი. კავენდიში კი წლების განმავლობაში სხვადასხვა ხერხით იღებდა წყალბადს და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ, განურჩევლად მიღების მეთოდისა, ამ აირს ერთი და იგივე თვისებები და თავისებურებები ახასიათებს: უგემო და უსუნოა, ყველა ნივთიერებასა და ნარევზე, მათ შორის – ჰაერზეც, 14,5-ჯერ მსუბუქი აირადი ნივთიერებაა; წყალში მცირე რაოდენობით იხსნება; სამაგიეროდ, კარგად იხსნება ზოგიერთ ლითონში, განსაკუთრებით – პალადიუმსა და პლატინაში; მაღალი წნევის პირობებში შეიძლება მისი იმ დონემდე შეკუმშვა, რომ ლითონურ მდგომარეობაში გადავიდეს.

მოლეკულური წყალბადი დიდ ქიმიურ აქტიურობას არ იჩენს. წყალბადის მოლეკულაში ბმის ენერგია 436 კჯ/მოლის ტოლია. სწორედ ამით აიხსნება ჩვეულებრივ პირობებში წყალბადის მოლეკულის მდგრადობა. მაღალ ტემპერატურაზე წყალბადის ქიმიურ რეაქციაში შესვლის უნარი იზრდება. წყალბადი მჟანგავია აქტიურ ლითონებთან ურთიერთქმედების დროს. რეაქცია მიმდინარეობს ლითონების გათბობისას წყალბადის ატმოსფეროში, რომელსაც თან ახლავს მარილის მსგავსი ნაერთის – ჰიდრიდის წარმოქმნა. მარტივ და რთულ ნივთიერებებთან ურთირთქმედებისას წყალბადისთვის უფრო დამახასიათებელია აღმდგენის როლი. წყალბადი თითქმის ყველა არალითონთან ურთიერთქმედებს. სიბნელეში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, აფეთქებით უერთდება ფთორს. ქლორთან უფრო მშვიდად, აფეთქების გარეშე ურთიერთქმედებს. სიბნელეში და გახურების გარეშე ქლორთან წყალბადის რეაქცია საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, სინათლეზე – შედარებით სწრაფად, ხოლო ინიციატორის (ნაპერწკალი, გახურება) არსებობის შემთხვევაში რეაქცია შეიძლება მყისიერად, აფეთქებით წარიმართოს. ბრომსა და იოდთან მეტისმეტად ნელა რეაგირებს. ასევე ნელა ურთიერთქმედებს გალღობილ გოგირდთან და გოგირდწყალბადს წარმოქმნის. წყალბადსა და აზოტს შორის რეაქცია განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარეობს, კატალიზატორი რკინაა, კალიუმის ოქსიდი და ალუმინის (III) ოქსიდი პრომოტორებია, ტემპერატურა 400-450 გრადუსია, წნევა – 30 მპა.

წყალბადს დიდი რაოდენობით იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში, ამიაკისა და სინთეზური მეთილის სპირტის, ანილინის, ქლორწყალბადის, სინთეზური ბენზინის წარმოებაში. წყალბადის წვით ჟანგბადში მიღებული მაღალი ტემპერატურა გამოიყენება ლითონთა ჭრისა და სხვადასხვა კონსტრუქციის შედუღებისთვის.

და მაინც, მისი უმეტესი რაოდენობა მზეზეა.
მზე ერთია და ყველგანაა – ცაშიც და პოეზიაშიც.

ყველა თავისებურად ეტრფის, ზოგი ეპირფერება, ზოგი საყვედურობს, ზოგი ეფიცხება, ზოგი ემალება, ზოგიც რაღაცას ითხოვს მისგან.

მე კიდევ ჩემს ტრადიციას არ დავარღვევ და გალაკტიონის სტრიქონებით დავასრულებ:
„…დღეს ყველგან მზეა და სილამაზე,
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი”.

გამოყენება და მოდელირება მათემატიკის სწავლებისას

0

გამოყენება და მოდელირება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მათემატიკური კომპე­ტენციების ჩამოყალიბებისას. მოსწავლის მიერ საჭირო მათემატიკური უნარების გამოყენება სხვადასხვა სახის, მათ შორის რეალური ვითარებების კონტექსტის პრობლემების გადაჭრისას ძალზე მნიშვნელოვანია.

როდესაც საუბარი ეხება გამოყენებას, პროცესი შეიძლება დაიწყოს წმინდა მათემატიკური ცნებით ან პროცედურით და მივიდეს ისეთი რეალური კონტექსტის მქონე ამოცანის ჩამოყალი­ბებამდე, რომელიც მოითხოვს ამ მათემატიკური ცოდნის გამოყენებას. ამ დროს მასწავ­ლებელი სვამს შეკითხვას, თუ სად შეიძლება ამ მათემატიკური ცოდნის გამოყენება. ამას მივყავართ ისეთი სახის ამოცანებამდე, რომლებითაც ხდება მათემა­ტიკური შინაარსის გამოყენების დემონსტრირება.

სწავლებისას ასევე მნიშვნელოვანია შებრუნებული პროცესი, რომლის დროსაც ამოცანის დასმა რეალური ვითარებიდან ხდება. შემდეგ ხდება იმ მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების მოძიება (ან ჩამოყალიბება), რომლებიც საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, მოდელის ანალიზი იმ რეალური პრობლემის კონტექსტში, რომლის გადასაჭრელადაც შეიქმნა ეს მოდელი. ამას შესაძლოა მოჰყვეს მოდელის გაუმჯობესება.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოყენებებისა და მოდელირების ხაზგასმა მათემატიკის სწავლების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პირობაა. ამასთან შევნიშნავთ, რომ გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ცოდნის გამოყენების კონტექსტი აუცილებლად უნდა იყოს რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები. საზოგადოდ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის გამოყენებითი შინაარსის მქონე ამოცანები.

პირველი ტიპიმოიცავს ისეთ ამოცანებს, რომლებშიც ხდება მათემატიკის ერთ სფეროსთან დაკავშირებული ცოდნის გამოყენება მათემატიკის მეორე სფეროსთან დაკავ­შირებულ საკითხებში. ამის მაგალითია ალგებრული ტექნიკის გამოყენება გეომეტ­რიული ამოცანების ამოხსნისას ან პირიქით – გეომეტრიული წარმოდგენების გამოყენება ალგებრულ შინაარსის ამოცანებში.

მეორე ტიპისამოცანები ისეთი ამოცანებია, რომლებიც წმინდა მათემატიკური ხასიათისაა, მაგრამ მათი ჩამოყალიბება ხდება სიტყვიერად აღწერილ რეალურ ვითარე­ბასთან მიმსგავსებულ კონტექსტში. ამ სახის ამოცანები ტრადიციულად მრავლად გვხვდება სასკოლო მათემატიკის კურსებსადა სახელმძღვანელოებში. ამის მაგალითია, ე.წ. „ტექსტური ამოცანები”, რომელთა ამოხსნისას საჭიროა განტოლების ან ალგებ­რული გამოსახულების შედგენა.

მესამე ტიპისამოცანები დაკავშირებულია ავთენტურ რეალურ ვითარებებთან. ამ ამოცანებში, მოსწავლეს უნდა შეეძლოს რეალური პრობლემის მკაფიოდ გამოკვეთა და მისი „თარგმნა” მათემატიკურ ენაზე. ამასთან, ხშირად არ არსებობს ამ სახის პრობლემის გადაჭრის ცალსახად განსაზღვრული გზები და ხერხები. ასევე,არ არის ცალსახად განსაზღვრული ცოდნის ის სფერო, რომელიდანაც უნდა მოხდეს ამოცანის ამოსახს­ნელად საჭირო მათემატიკური აპარატის შერჩევა. ტექსტური ამოცანებისგან განსხვა­ვებით, ამ სახის პრობლემებში, თვით შეკითხვაც კი არ არის მკაფიოდ ფორმულირებული და ამოსახსნელად „გამზადებული”. ხოლო,რაც შეეხება მათემატიკურ აპარატს, ზოგჯერ საჭირო ხდება არა მხოლოდ მისი მოძიება უკვე არსებულ რესურსებს შორის, არამედ ახალი მათემატიკური პროცედურის მოფიქრება ამოცანის ამოსახსნელად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი ამ სახის ამოცანების უშუალო წყარო ყოველთვის რეალობა იყოს. მათი ჩამოყალიბება შესაძლებელია სხვადასხვა რეალური ამოცანების მოდიფიკაციის ან კომბინირების გზით, რასაც ხშირად ახერხებს გამოცდილი და მდიდარი შემოქმედებითი უნარების მქონე მასწავლებელი.

როდესაც საუბარია მოდელირებაზე და მის გამოყენებაზე პედაგოგიური მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია მოდელის შეფასება. ეს კი გულისხმობს მოდელისშეფასების კომპო­ნენტების გათვალისწინებას:

  1. მოდელის კორექტულობის, ლოგიკურად გამართულობის შემოწმება;
  2. იმის შემოწმება, თუ რამდენად აკურატულად ასახავს მოდელი რეალური სტრუქ­ტურის შემადგენელ ნაწილებსა და პარამეტრებს;
  3. იმის შემოწმება, თუ რამდენად ადეკვატურად (მიზნის შესაბამისად) ასახავს მოდელი რეალური სტრუქტურის შემადგენელ ნაწილებს და პარამეტრებს;
  4. რამდენად ითვალისწინებს მოდელი გარეშე ფაქტორების ზემოქმედებას. მოდელისა და ექსპერიმენტული მონაცემების არასაკმარისი შესაბამისობის მიზეზის დადგენა (ექსპერიმენტის არასრულყოფილება, მოდელის არასრულყოფილება);
  5. მოდელის ეფექტიანობის განსაზღვრა (მათ შორის მისი გამოყენებადობა);
  6. მოდელის გამოყენების შედეგების შესაბამისობა რეალურ ვითარებაში მიღებულ მონაცემებთან;
  7. რამდენად ითვალისწინებს მოდელი ზღვრულ შემთხვევებს;
  8. რამდენად მარტივია/რთულია ამოცანისა თუ ვითარების მიხედვით მოდელის მოდი­ფიცირება (მაგ. შედეგების სიზუსტის გაუმჯობესება პარამეტრების ან/და სტრუქტუ­რული ელემენტების რაოდენობის გაზრდით);
  9. რამდენად მარტივია/რთულია მოდელით გათვალისწინებული პარამეტრების დაკვირვება/გაზომვა;
  10. მოდელის თავსებადობა მონათესავე / მოსაზღვრე სფეროებში არსებულ მოდელებთან.

ნიმუში: ბანკომატის მოდელის დამზადება

განვიხილოთ ასეთი ამოცანა: საჭიროა დავამზადოთ ბანკომატი (ფულის გასაცემი მოწყობილობა). გარდა მისი გამართულად მუშაობისა, ძირითადი მოთხოვნაა, რომ მან დახარჯოს მასში ჩალაგებული ბანკნოტების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო გახდება მისი ხშირად შევსება. მაგ. თუ დარჩა მხოლოდ 20 და 50-ლარიანი ბანკნოტები, მაშინ 30 ლარის გაცემა შეუძლებელი იქნება.

მიმდინარეობა

სამუშაოს საფეხურების მიხედვით მოსწავლეებს ეძლევა ასეთ დავალებები:

  1. ჩამოწერეთ რა ღირებულების ბანკნოტებია (”ქაღალდის” ფული) საქართ­ველოში ხმარებაში (ამ ეტაპზე საკმარისია შემოვიფარგლოთ 100 ლარზე ნაკლები თანხით, რადგან გარდა იმისა, რომ ეს გააადვილებს გამოთვლებს, ადვილი შესამჩნევია, რომ უფრო მაღალი ღირებულების ბანკნოტებისადა დიდი თანხების განხილვა პრინციპულად არაფერს ცვლის);
  2. განიხილეთ რამდენიმე კერძო მაგალითი. როგორ გასცემდით 1, 2, 3, … 9 ლარის ტოლ თანხას? ამ კერძო შემთხვევებიდან თითოეულისთვის მოსწავლეებმა უნდა მოახერხონ თანხის ისე”დაშლა”, რომშესაძლებელი გახდეს ბანკნოტების უმცირესი რაოდენობისგამოყენება;
  3. როგორ ჩამოაყალიბებდით ამ ამოცანას მათემატიკურად?
  4. სასურველია ეს კერძო შემთხვევები აღინუსხოს რომელიმე ფორმით. 20-ის ფარგლებში ყოველი რაოდენობისათვის, ჩამოვწეროთ რიცხვების დაშლის შესაძლო ვარიანტები (დაშლაში მონაწილეობენ მხოლოდ ბანკნოტების შესაბამისი რიცხვები). როგორი დიზაინია უკეთესი მათ ჩასაწერად (რომ უკეთ შევამჩნიოთ კანონზომიერება)? ამ დროს არ არის აუცილებელი ყველა შესაძლო ვარიანტის ჩამოწერა, რადგან თითქმის ყველა მოსწავლე ხვდება რომ მაგ., 10=1+1+1+1+2+2+2 დაშლა არ ვარგა;
  5. რა კანონზომიერებას ამჩნევთ? რომელ დაშლაში გამოიყენება ყველაზე ნაკლები რიცხვი? (ჰიპოთეზა: მოცემული რიცხვისათვის ოპტიმალური დაშლა მიიღება, თუ დავიწყებთ უდიდესი რიცხვით, რომელიც ამ რიცხვზე ნაკლებია და ყოველ შემდგომ ნაბიჯზე იმავეს გავი­მეორებთ);
  6. მას შემდეგ,რაც პრობლემა ემპირიული გზით გადაიჭრა 20-ის ფარგლებში, სასურველია ვიფიქროთ მის განზოგადებაზე. გამოდგება თუ არა იგივე ხერხი 20-ზე დიდი რიცხვე­ბისათვის? ამ შემთხვევაში ემპირიული გზა ნაკლებად გამოსადეგია, რადგან რიცხვების რაოდენობა დიდია და ყველას დაშლა და მათი ჩამოწერა არაეფექტურია. ამიტომ მოსწავლეებს შევთავაზოთ,დაასაბუთონ ამ ხერხის ვარგისიანობა. ამისათვის მათ უნდა გაიარონ გარკვეული საფეხურები;
  7. ალგორითმის ჩამოყალიბების შემდეგ სასურველია მისი რეალიზაცია ელექტრონული ცხრილის საშუალებით. სავარაუდოდ ეს მოსწავლეებს გაუჭირდებათ, მაგრამ სამუშაო შესრულდება მასწავლებელთან ერთად.

მონეტარული სისტემის ანალიზი

აქ აღწერილ ალგორითმსადა შესაბამის მოდელს, შეიძლება დავუკავშიროთ ასეთი ამოცანა: დავუშვათ ხურდის გაცემისას სავაჭრო დაწესებულებებში იყენებენ იმავე ალგორითმს, რომელიც გამოვიყენეთ ბანკომატის მუშაობისას.ხურდის დაბრუნების დროს, როგორც წესი, ყოველი დასაბრუნებელი თანხისათვის პირველ რიგში გაიცემა ის ფულის ნიშნები, რომელთა ღირებულება ყველაზე მაღალია გასაცემ თანხაზე ნაკლებ ფულის ნიშნებს შორის. რომელი ფულის ნიშნები იქნება ყველა ხშირად ბრუნვაში?

მიმდინარეობა

განვიხილოთ საქართველოში არსებული მონეტები და სიმარტივისათვის ვიგუ­ლისხმოთ,რომ ხურდა ყოველთვის ზუსტად გაიცემა.

  1. წინა დავალებაში ჩვენ შევქმენით ბანკომატი – მოწყობილობა, რომელიც თანხას გასცემს. ამჩნევთ თუ არამსგავსებასამ მოწყობილობასა და გამყიდველის ქცევას შორის, როდესაც იგი გიბრუნებთ ხურდა ფულს? (უმეტესწილად, გამყიდველი ცდილობს,რაც შეიძლება ნაკლები მონეტაგასცეს, რადგან შემდგომში ხურდის დაბრუნება არ გაუჭირდეს).
  2. ვივარაუდოთ, რომ 100 ლარის ფარგლებში ნებისმიერი თანხის ხურდის სახით გაცემის სიხშირე დაახლოებით ერთნაირია. როგორ დავადგინოთ,რომელი ბანკნოტი (ან მონეტა) გაიცემა დახურდავებისას ყველაზე ხშირად?
  3. გამოიყენეთ ბანკომატის შემთხვევაში შედგენილი ალგორითმი და შეადგინეთ ცხრილი, რომელშიც მოცემული იქნება ამა თუ იმ ღირებულების რამდენი მონეტა გამოიყენება თითოეული თანხის შემთხვევაში;
  4. შეაჯამეთ რაოდენობები სვეტებში. მივიღეთ, რომ 2 ყველაზე ხშირად გვხვდება. რატომ? სავარაუდოდ, მოსწავლეთა უმეტესობა ამ შეკითხვას დამოუ­კიდებლად პასუხს ვერ გასცემს. თუმცა შეიძლება მივუთითოთ, რომ იპოვონ შეფარდებები ორ მომდევნო რიცხვს შორის. რის შემდეგაც აღმოჩნდება, რომ ყოველი რიცხვის შეფარდება წინასთან 2-ის ტოლია, 5/2=2.5 ის გარდა.
  5. შეეცადეთ ახსნათ,რატომ იწვევს ეს ”მაღალი” შეფარდება 2-ის სიხშირის გაზრდას. როდესაც რომელიმე ფულის ნიშანი ყველაზე ხშირადაა ხმარებაში,ეს იწვევს მის ცვეთას. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ 2-ლარიანი ქაღალდის ფული შეიცვალა ლითონის მონეტით? რა თქმა უნდა,ეს მხოლოდ ვარაუდია და საჭიროა კვლევის ჩატარება, მართლაც ყველაზე მაღალია თუ არა 2-ლარიანის სიხშირე რეალობაში.

ბანკომატის მოდელის შეფასება

აღწერილ აქტივობას ასევე ბუნებრივად მოსდევს შეკითხვა და მასთან დაკავშირებული აქტივობა: ყველა ქვეყანაში გამოდგება თუ არა ჩვენ მიერ შექმნილი ბანკომატი?

მიმდინარეობა

  1. ალგორითმი, რომელსაც ჩვენ ბანკომატის მუშაობისას ვიყენებთ,კარგად მუშაობს როდესაც ბანკნოტების ერთობლიობაა 1, 2, 5, 10, 20, 50. ბანკნოტების ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოდგება თუ არა იგი? მოიფიქრეთ კონტრმაგალითი (მაგალითად: როდესაც ფულის ნიშნებია 1, 3, 4, 25, ჩვენი ალგორითმით გვაქვს 6=4+1+1, მაშინ როდესაც შესაძლებელია ასე: 6=3+3).
  2. რა არის იმის მიზეზი, რომ ამ შემთხვევაში ალგორითმი არ მუშაობს?
  3. როგორ მოახდენდით ალგორითმის მოდიფიცირებას ამ შემთხვევაში?
  4. ამის შემდეგ ფოკუსი შეიძლება შევცვალოთ და შეფასების ობიექტად ავირჩიოთ თვითონ მონეტარული სისტემა. გამოვიყენოთ მონეტარული სისტემის ანალიზის ის სქემა, რომელიც უკვე გვაქვს. ვთქვათ უფლება გვაქვს დავამატოთ ერთი ახალი ღირებულების ბანკნოტი. რომელს დაამატებდით,თუ ჩვენი ბანკომატის გამოყენებაგვინდა?
  5. რას გამოიწვევდა ახალი ბანკნოტის დამატება, არამარტო ბანკომატის გამოყენების თვალსაზრისით, არამედ ხმარებაში არსებული ბანკნოტების სიხშირეების გადანა­წილების თვალსაზრისით?
  6. იცნობთ თუ არა ისეთ ქვეყანას რეალობაში, სადაც ჩვენი ბანკომატი არ გამოდგება? მოიძიეთ სხვადასხვა ქვეყნის მონეტარული სისტემები და დაადგინეთ,სად გამოდგება ჩვენი ბანკომატი და სად არა?

დასკვნა

როგორც ვხედავთ, როდესაც მათემატიკური მოდელის შექმნა დაკავშირებულია ავთენტურ ამოცანასთან, იგი მოიცავს სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ფართო სპექტრს. მათ შორისაა:პროექტის სახის აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მონაცემების შეგროვებასა და ანალიზთან; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, რომლის დროსაც ხდება რეალობის სიმულაცია, შედეგებზე დაკვირვება და რეალურ მონაცემებთან შედარება; მსჯელობა-დასაბუთება, რომელიც საჭიროა შედგენილი ალგორითმის სისწორის დასამტკიცებლად; მოდელის შეფასება და მისი უნივერსალურობის დადგენა. გარდა ამისა, ეს აქტივობები მოითხოვს სხვადასხვა მიმართულებების და დისციპლინების ურთიერთ­დაკავშირებას.

ლიტერატურა

  1. “MathematicalApplicationsandModelling”, Yearbook 2010, Association of Mathematics Educators, editors: Berinderjeet Kaur and Jaguthsing Dindyal, National Institute of Education, Singapore
  2. Beck, M. and Robins, S. “The Coin-Exchange Problem of Frobenius”
  3. Elwyn R. Berlekamp, John H. Conway, Richard K. Guy, “Winning Ways for Your Mathematical Plays”
  4. Wilf, H. “A Circle of Lights Algorithm for the ‘Money Changing Problem.'”, Amer. Math. Monthly 85, 562-565, 1978
  5. J. Shallit, “What this country needs is an 18c piece” (PDF). Mathematical Intelligencer 25 (2): 20–23
  6. Robert Sedgewick, Kevin Wayne, “Algorithms”, Princeton University

შეფასება განათლებისთვის _ როგორ ვიქცეთ სწავლის ლიდერებად

0
დაახლოებით ამგვარი სათაური ნორვეგიელმა პროფესორმა, როა ენგმა წარუმძღვარა ქართველი პედაგოგებისთვის შექმნილ კურსს, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ, ზოგადკულტურულ ღირებულებებს, საზიაროა ევროპული საგანმანათლებლო სივრცისთვის და მოსწავლეთა მაღალ მოსწრებებზე თუ სასწავლო შედეგებზეა გათვლილი, პედაგოგთა თუ, ზოგადად, სასწავლო დაწესებულებების მხრიდან კი დაფიქრებასა და ბევრი რამის გადაფასებას მოითხოვს.

 

ქართულ სასწავლო სივრცეში შეფასებას ერთ-ერთი გადამწყვეტი ადგილი უჭირავს. შეფასება მნიშვნელოვანია თითქმის ყველა სასკოლო ასაკის ბავშვისთვის, მათი მშობლებისა და პაპა-ბებიებისთვისაც კი. მოსწავლეთა ნიშნები ხშირად განსაზღვრავს პედაგოგთა წარმატებას, ასე რომ, მოსწავლეთა „მოსწრება” დირექციათა დიდ ყურადღებასაც იმსახურებს. პრობლემა კი სწორედ მოსწრება-შეჯიბრებითობაში იკვეთება. ყველას გვინახავს წარჩინებული ათოსანი, რომელიც ჭეშმარიტი განათლების ფასეულობებს მნიშვნელოვნად ემიჯნება, ან ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც, უმთავრესად, დაუმსახურებელ ქულებში ცდილობენ „ცოდნის” დაგროვებას. სურათი სკოლასა თუ უნივერსიტეტებში უცვლელია. ბავშვები სწავლობენ (ან სულაც არ სწავლობენ, უბრალოდ, სასწავლებლებში დადიან) ნიშნებისა და არა განათლებისათვის.

მიუხედავად ამგვარი მდგომარეობისა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მაინც დავას იწვევს ჩვენში შეფასების დასავლური მოდელის დანერგვის საკითხი. არადა, კვლევები აჩვენებს, რომ აქ სასკოლო განათლება მკაფიო სისტემას წარმოადგენს, რომელშიც შეფასება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განათლების ხარისხის ამაღლების საქმეში. შეფასება მარეგულირებელი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც გროვდება საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობის ამსახველი ყველა საჭირო ინფორმაცია, შიდა და გარე შეფასების შედეგების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა და ღიაობა კი მიიღწევა ამ ინფორმაციის პუბლიკაციით. შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაციას იყენებენ როგორც განათლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უმაღლესი ორგანოები ქვეყანაში განათლების სტრატეგიული განვითარებისა და რეფორმების განხორციელებისთვის, ისე პედაგოგიური კოლექტივები თავიანთი პროფესიული საქმიანობის სრულყოფის მიზნით.

განსაკუთრებით მნიშვნელოანია შეფასების მოტივაციური ფუნქცია. შეფასება გამიზნულია მოსწავლის დადებითი ხატის ფორმირებისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავად მოსწავლეზე მოქმედებს დადებითად, წარმოადგენს სერიოზულ სტიმულს აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ამასთან, შეფასებას არ აქვს შეჯიბრების ხასიათი. შეფასების ამგვარი სისტემის წყალობით კლასში მინიმუმამდეა დაყვანილი სტრესი და ჩვეული ნერვიულობა. სკოლის დამთავრებამდე სტანდარტული გამოცდებისა და ტესტების არარსებობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ზომიერად და პოზიტიურად შეუფარდოს მოსწავლეს ნიშნები, რადგან მასწავლებლის მიზანია, ბავშვს ასწავლოს დამოუკიდებლად სწავლა, შესაბამისი უნარების განვითარება და საკუთარი მიღწევების შეფასება.
აღნიშნული ცოდნის გათვალისწინებით, 2013-14 წლებში ჩვენ მიერ ჩატარდა მცირე კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. გამოიკვეთა, რომ მათთვის მისაღებია შეფასების ფინური მოდელი და პედაგოგთა ერთი ნაწილის შიში, რომ ქართველი ბავშვებისთვის ამგვარი მოდელი უშედეგო იქნება, გაუმართლებელია.

პირადი გამოცდილებაც იმავეს გვკარნახობს. არასტრესულ, მასტიმულირებელ, თანამშრომლურ სასწავლო გარემოში, სადაც ყველა თანაბარია, ეფექტურ სასწავლო ტექნიკათა გამოყენებით, მოსწავლე-მასწავლებელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობით, უკუკავშირისა და ჯგუფებთან დისკუსიების მაღალი ხარისხით ბავშვები მეტ ცოდნას იძენენ, ისინი ლიდერებად თავადაც ყალიბდებიან და მასწავლებელსაც უტოვებენ მსგავს ფუფუნებას.

საშობაო არდადეგები დავალებად

0

განსაკუთრებული თვეა იანვარი – მოლოდინის, სიხარულით გაბრწყინებული თვალების, სითამამის, წინ გადადგმული ნაბიჯების, ყველა ნატვრის ახდენის. მსოფლიოს საუკეთესო ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუშებიც ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით მხოლოდ იმედითა და უკეთესი მომავლის მოლოდინით სავსე ამბებს გვთავაზობენ. შობა–ახალ წელს ადამიანთა უმრავლესობას ამაღლებული განწყობა ეუფლება. ამ დროს არც ვარდისფერი სათვალის მორგება ნიშნავს თვალის მოტყუებას.

ასეთ დროს, როცა სტუმრობისა და გასტუმრების პროცესი უსასრულოდ იჭიმება, პატარები მწვავედ აპროტესტებენ არდადეგებზე შესასრულებელი დავალებების ნუსხას, რომელიც მათ ისევ სასკოლო რუტინას მოაგონებს.

სემესტრის დასასრულ, როცა მოსწავლეებს საშობაო დავალება გავაცანი, მათი უმრავლესობა ინტერესით შეხვდა ახალ გამოწვევას, რადგან წასაკითხი წიგნების სიაში უმეტესად სადღესასწაულო თემატიკის თხზულებები შედიოდა, რომლის წაკითხვის შემდეგაც ბავშვებს სახალისო კვლევითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ. მაგალითად გთავაზობთ საშობაო არდადეგებზე შესასრულებელი დავალების ერთ-ერთ ჩემეულ ნიმუშს ქართულ ენასა და ლიტერატურაში:

,,აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი წიგნი:

1.ჩარლზ დიკენსი – ,,საშობაო სიმღერა”;
2.ჯანი როდარი – ,,ლაჟვარდისფერი ისარი”;
3.როალდ დალი – ,,ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”;
4.ე.თ.ა.ჰოფმანი – ,,მაკნატუნა”;

5.აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თხზულება.

წაიკითხეთ ერთ-ერთი წიგნი (რამდენსაც მოასწრებთ). შეადგინეთ ამავე ნაწარმოების ,,სიტყვის სკივრი” (ხატოვანი გამონათქვამები და უცხო სიტყვები ამოწერეთ და განმარტეთ თქვენი ვარაუდით). შეადგინეთ პერსონაჟთა სია, მათგან ამოირჩიეთ და დაახასიათეთ ერთ-ერთი გმირი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ და ერთი ისეთი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგეწონათ (მოსაზრებები გაამყარეთ არგუმენტებით). ბოლოს დაწერეთ იმ თავის მოკლე შინაარსი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე და ნამუშევარი გააფორმეთ შესაბამისი ილუსტრაციით”.
ვფიქრობ, არჩევნის საშუალება მოსწავლეს თავისუფლების შეგრძნებას არ შეუზღუდავს, კვლევისა და ინფორმაციის მოძიება-დახარისხების პროცესში კი წერითი აზროვნების უნარსაც განივითარებს.
პირადი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეთა მხრიდან ინტერესი იზრდება, მათ სურვილი უჩნდებათ, რომ სიაში მოხვედრილი ყველა წიგნი წაიკითხონ. ჩემი აზრით, მიზანიც სწორედ მაშინ ითვლება მიღწეულად, როცა მოსწავლე სწავლის დაწყების შემდეგაც აგრძელებს საშობაო დავალებების შესრულებას.

როგორც ხედავთ, ჩემ მიერ შედგენილი ზამთრის არდადეგებზე წასაკითხი წიგნების სია ,,საშობაო სიმღერით” იწყება. შეგახსენებთ, რომ ჩარლზ დიკენსის ამ პატარა ნოველამ პოპულარობით ,,ოლივერ ტვისტიც” კი დაჩრდილა. 31 წლის ჩარლზმა თხზულება ექვს კვირაში დაწერა და შობამდე რამდენიმე დღით ადრე, 1843 წლის 19 დეკემბერს გამოსცა. დიკენსის თანამედროვენი ირწმუნებოდნენ, თხზულების პერსონაჟთა პროტოტიპები რეალური ადამიანები და მწერლის კარგი ნაცნობები არიანო. აი რას წერდა ავტორი თავისი ახალი თხზულების შესახებ:

,,მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემ მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე. თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ.”

,,საშობაო სიმღერა” გამოცემის პირველივე წელს 15 000 ტირაჟით გაიყიდა და მალე თეატრის აფიშებზეც გადაინაცვლა. მისი ნახვა ქართული თეატრის სცენაზე დღესაც შეგიძლიათ.

,,ლაჟვარდისფერი ისარი” ის იშვიათი წიგნია, რომელმაც შობის დღესასწაულზე, შეიძლება ითქვას, თავად მიპოვა. მაშინ არავინ გვაძლევდა საარდადეგებო დავალებებს და არც კომპიუტერში გადმოწერილი სადღესასწაულო ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი გვიქმნიდა საშობაო განწყობას. ჰოდა, ჩვენც, მოწყენილობის გასაქარვებლად, მშობლების მიერ მივიწყებულ წიგნებით სავსე ძველ სკივრებში ვიქექებოდით. სწორედ ამგვარ ,,საწყობში” გადავაწყდი ვარდისფერ, მარიონეტების გამოსახულებიან კრებულს, რომელსაც სადღესასწაულო განწყობისა არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მაინც გადავშალე და…

თოჯინები რომ იცინიან, ქართული კინემატოგრაფიის წყალობით უკვე ვიცოდი, ჰოდა არც ლაჟვარდისფერი ისრის მგზავრების საშობაო თავგადასავლის დაჯერება გამჭირვებია. მერე რა, თუ იტალიელი სანტა ,,თითქმის ბარონესა” სინიორა ბეფანაა და ირმებშებმული მარხილის ნაცვლად, ცოცხზე ამხედრებული არიგებს საჩუქრებს. სწორედ მისი მაღაზიის ბინადარი თოჯინები გადაწყვეტენ, ერთხელ მაინც თავად აირჩიონ მომავალი პატრონები – იმედდაკარგული, მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიჭყლეტილი ბავშვები. შობა ხომ ოცნებების ახდენისთვის ყველაზე შესაფერისი დღესასწაულია. ასე რომ, თუ სათამაშოებმა მოახერხეს ადამიანებისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა, ოდესმე მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ,,ბეფანების” გულებიც მოლბება.

საშობაო არდადეგებზე დასაგემოვნებელი წიგნებიდან ყველაზე გემრიელი ,,ლუკმა” როალდ დალის ,,ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” გახლავთ. ყველას ვურჩევდი ვილი ვონკას ტკბილეულის გასინჯვას, ოღონდ გაითვალისწინეთ, მის ნახელავს მხოლოდ წარმოსახვის რეცეპტორებით თუ შეიგრძნობთ. აბა რომელი ნუგბარი შეედრება იისგემოიან მარმელადებს, კარამელებს, რომლებიც ყოველ ათ წამში ერთხელ იცვლიან ფერს, ჰაეროვან ტკბილეულს, პირში ჩადებისთანავე რომ დნება ან ცისფერ ჩიტებს, რაღაც ჯადოსნობის წყალობით, ენის წვერზე ციცქნა ალისფერ ბარტყებად რომ იქცევიან?! ვილი ვონკას არც განსაკუთრებული საღეჭი რეზინების გამოგონება უჭირს. გემოსა და ფერის მრავალფეროვნება რაღა გასაკვირია, როცა უცნაური კონდიტერის მიერ დამზადებული კევი სიტკბოს არასდროს კარგავს. მსუყე სადილისა და დესერტის გემოთა მონაცვლეობით განთქმული საბედისწერო საღეჭი რეზინი ხომ წარმოსახვით–კულინარიულ შედევრს წარმოადგენს…

საბედნიეროდ, ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი საკმაოდ გვიან ვნახე. მანამდე კი ვის აღარ მოვარგე როალდ დალის საოცარი პერსონაჟების როლი. ჩემი მოგონების სცენაზე ჩარლი სულაც არ იყო ლამაზთვალება და სიფრიფანა თავმდაბალი ბიჭი, იგი გახლდათ ჩემი ნაყვავილარსახიანი და ,,ზომიერად ფერხორციანი” თანატოლი, რომელმაც ოდესღაც გამიმხილა, რომ არასდროს გაუსინჯავს შოკოლადი. დანარჩენ პერსონაჟთა როლებს კი ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ინაწილებდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ,,ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” უკეთეს მომავალში აღმოჩენის კიდევ ერთი უმოკლესი გზაა, იმ მომავალში, სადაც სასწაულები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება.

რაც შეეხება ქართველ ავტორებს, მათთანაც მრავლად მოიძებნება საინტერესო დათოვლილი ამბები, მაგალითად: ილიას ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი”, ვაჟა–ფშაველას ,,სათაგური”; ,,ახალი წელი ფშავში”, ,,მოგონება” (საშობაო მოთხრობა), ,,საახალწლო სიზმარი” და სხვა; ინანიშვილის ,,ზამთრის ზღაპარი”, ,,შველი ზამთარში”, ,,ყინულის პაპის საჩუქარი”, ,,ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა” და კიდევ ბევრი საინტერესო მოთხრობა. თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან ნაირა გელაშვილის ,,ციყვი რიკო”, დავით ჯავახიშვილის ,,ყოჩაღი ბაკურისა და ძილისგუდა ზარმაცების თავგადასავალი”, თამრი ფხაკაძის ,,საახალწლო ზღაპარი” და ასეთივე სათაურის ირმა მალაციძის პიესა მახსენდება. წაკითხვის გარდა, ამ პიესების მიხედვით სახელდახელო საოჯახო თეატრალური წარმოდგენის დადგმაც შეგიძლიათ. მოკლედ, წასაკითხი ბევრია. მონდომებული მკითხველი აუცილებლად მიაგნებს თავის საშობაო ისტორიას, რომელიც ბავშვობის თუ არა, ერთი არდადეგების სიმბოლოდ მაინც იქცევა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...