ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16 ივნისი, ორშაბათი, 2025

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები 

0

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიების წყალობით იმდენად შეიცვალა, რომ აზრის გამოხატვის ძველი ფორმები მოძველდა და მოსაწყენი გახდა; მაგალითად, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ რომელიმე ლექციაზე (ან კონფერენციაზე) ორატორი ტექსტს ფურცლებიდან კითხულობს, დიდი შანსია, რომ მას არ მოუსმენთ… აჩქარებულმა დრომ და ტექნოლოგიების განვითარებამ გააძლიერა ვიზუალური აღქმა, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციის დიდ ნაწილს უფრო სწრაფად და ეფექტურად ვიღებთ გამოსახულებიდან (ფოტო, სლაიდი, ანიმაცია, გიფები…);

ამიტომ საჯაროდ გამომსვლელი პრეზენტაციისას უნდა ფლობდეს მულტისემიოტიკურ უნარებს, რათა შეძლოს მსმენელამდე აზრის ეფექტურად მიტანა.

პრეზენტაცია დროში შეზღუდულია, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი, ამავე დროს, უნდა გამოიხატოს მოკლედ და ეფექტურად, რაც პრეზენტაციას ანიჭებს რეკლამურობას…

მულტისემიოტიკურობა – აზრის გადაცემის საუკეთესო საშუალებაა, რადგან მსმენელს აწვდის ინფორმაციას განსახვევბული კოდებით და საშუალებებით ერთდროულად.

ვერბალური, ვიზუალური, აუდიო-ვიდეო კოდებით თქვენ  ქმნით ერთ ამბავს, ერთ ისტორიას – ეს ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია.

სწორედ ამიტომ ეფექტური პრეზენტაცია – არის საუკეთესო მულტისემიოტიკური რიტორიკული მოდელი, – ჩართოთ სამყარო თქვენს ქსელში!

გახსოვდეთ: წარმატებულ პრეზენტაციას შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება!

და კიდევ: დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს, ვინც ახლა ამ ტექსტს კითხულობს, აქვს განსაკუთრებული იდეა, რომლის შესახებაც უნდა ვინმეს, ან სულაც, მთელს სამყაროს მოუთხროს!

როგორ ავაგოთ პრეზენტაცია?

ზოგიერთი რჩევა

  1. პრეზენტაციის შინაარსისა და სტრუქტურის განსაზღვრა; არგუმენტაციის მეთოდების შემუშავება;
  1. აუდიტორიის მოტივირება და ემოციის გამოწვევა
  • რას ელოდებით აუდიტორიისგან პრეზენტაციის შემდეგ და
  • რომელი მეთოდებით მიაღწევთ სასურველ შედეგს?
  • გახსოვდეთ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რომ ადამიანებზე ემოციური ზეგავლენა აღემატება ე.წ. ლოგიკურ ზეგავლენას;
  • იფიქრეთ იმაზე, როგორ ჩართოთ პრეზენტაციაში ემოციები?
  1. შექმენით პრეზენტაციის მთავარი ამბავი, მეტაფორა, ისტორია (ფილმი)
  • პრეზენტაცია საინტერესოა მაშინ, როცა ის ერთგვარი კინოფილმივით არის და ამ ფილმში მაყურებელი სრულად ჩართულია;
  • შეარჩიეთ სიუჟეტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თხრობაში და ამით თქვენი პრეზენტაცია ეფექტური გახადოთ;
  • პრეზენტაციაში კოდების გადანაწილებით შექმენით ფილმის (ფილმის თრეილერის) დინამიური სიუჟეტი.
  1. პრეზენტაციის აგება პოზიტივზე
  • აზრის პოზიტიურ გამოხატვაზე კონცენრტაცია აძლიერებს სასურველი შედეგის მიღებას;
  • პოზიტიური აზროვნება ახდენს ენერგიის ტრანსფორმაციას;
  1. ვიზუალური ეფექტების შექმნა პრეზენტაციაში
  • ვიზუალური მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვერბალურზე;
  • სწორად გაადაანაწილეთ სლაიდები, გააფორმეთ გრაფიკულად,

შეარჩიეთ ვიზუალური გამოსახულებები;

  1. პრეზენტაცია, როგორც რეკლამა
  • მოკლედ და ლაკონურად აზრის გადაცემა მოითხოვს შემოქმედებითობას;
  • რაკი პრეზენტაცია ჰგავს რეკლამას, უნდა გამოიყენოთ კარგი რეკლამისთვის დამახასიათებელი სემიოტიკური მოდელები;
  1. დაანთეთ“ ცეცხლი თვალებში“ და იყავით გადამდები პრეზენტაციისას
  • ადამიანს ამოძრავებს ვნება და სურვილი; გამოავლინეთ ძლიერი ინტერესი იმის მიმართ, რასაც სხვებს უამბობთ;
  • ენერგია, რომელიც თქვენს სიტყვებს მოჰყვება, ძალიან მნიშვნელოვანია: მან შეიძლება აანთოს ან ჩააქროს მსმენელი… „მოკლე ჩართვაც“ შეიძლება გამოიწვიოს… ამიტომ ფრთხილად, დანთებულ ცეცხლთან!

გისურვებთ წარმატებებს!

წინასაგამოცდო რჩევები აბიტურიენტებს

0

გამოცდები ახლოვდება. აბიტურიენტებს ყოველდღიურად არაერთი რჩევა-დარიგება ესმით მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან, მეზობლებისა და ნათესავებისგან. ამ დროს მათ ომში ყველა ბრძენია. ყველამ ზედმიწევნით იცის, როგორ უნდა შეინარჩუნონ აბიტურიენტებმა გამოცდებზე სიმშვიდე, არ აღელდნენ, მოიკრიბონ ყურადღება, არ იჩქარონ, არ გადაიწერონ.

ხშირად ისინი ირგვლივ მყოფების საყვედურების სამიზნეც ხდებიან – რომ გამოცდებზე ადრე უნდა ეფიქრათ, რომ უნდა ემეცადინათ, რომ ყველაფერი დასრულდა და გვიანია. სინამდვილეში, გვიანი არასდროსაა. 17-18 წლის ადამიანებს მთელი ცხოვრება კიდევ არაერთი შანსი მიეცემათ გამოცდების ჩაბარებისა და სასურველი პროფესიის დაუფლებისა. ასევე, ინდივიდუალურად, მათ უკეთ იციან, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე, რაზე ინერვიულონ და სად აჩქარდნენ, სჭირდებათ თუ არა გადაწერა და როგორ კონცენტრირდნენ საგამოცდო ტესტებზე.

ვებგვერდი www.topuniversity.com აბიტურიენტებს წინასაგამოცდოდ პროფესიონალებისგან გაზიარებულ ათ რჩევას სთავაზობს. არა იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ გამოცდაზე, არამედ, როგორ მოემზადონ გამოცდებისათვის:

კარგად განსაზღვრე მეცადინეობის დრო.

ნუ დაიტოვებ სამეცადინოს ბოლო წუთისთვის. ეს გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად არ გამოგადგება. წინასწარ გამოყავი დღის კონკრეტული მონაკვეთი მეცადინეობისათვის. ჩამოწერე, რამდენი გამოცდა გაქვს და თითოეულისათვის სამეცადინოდ დაახლოებით, რამდენი დრო გჭირდება. ამის შემდეგ, ორგანიზება გაუწიე დროს. შესაძლოა, ერთი საგნის მეცადინეობა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მეორესი. დაიცავი ბალანსი, რომ ბოლოს თავი კომფორტულად იგრძნო.

მოაწესრიგე შენი სამუშაო გარემო.

დარწმუნდი, რომ რვეულებისა და წიგნების გასაშლელად საკმარისი ადგილი გაქვს. სკამზე კომფორტულად გრძნობ თავს? საკმარისი სინათლეა? ხმაური ხომ არ გაწუხებს? იქნებ ფონად მუსიკის თანხლებით მეცადინეობა გირჩევნია? გამორთული გაქვს კომპიუტერული თამაშები? ეცადე, ყველაფერი გააქრო და გამორთო, რაც კონცენტრაციის მობილიზებაში ხელს გიშლის. მეცადინეობა რომ სასიამოვნო პროცესი გახდეს, თავი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნო.

გამოიყენე ვიზუალური მასალა.

დახატე დიაგრამები, თუნდაც ნახატები. ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია შენი დავალება. მსგავსი წარმოდგენები, ვიზუალური მეხსიერება ძალიან სასარგებლოა მასალის დამახსოვრებაში.

ხშირად მშობლები და უმცროსი და-ძმა არაერთ შეკითხვას გისვამენ და თავს გაბეზრებენ კიდეც. ესაუბრეთ მათ ამოცანებსა და სასწავლო საკითხებზე. აუხსენით პასუხები. მსგავსი საუბრის შემდეგ ინფორმაციას უკეთესად დაიმახსოვრებთ.

არ დაგავიწყდეს რეგულარული შესვენებები.

არასოდეს იფიქრო, რომ განუწყვეტელი, უსასრულო მეცადინეობა კარგია. რომ, რაც უფრო მეტ დროს ატარებ წიგნებთან, მით უფრო კარგად სწავლობ. აუცილებლად შეისვენე საათში მინიმუმ ორჯერ 10-10 წუთით. მოუსმინე მუსიკას, დახატე, იცეკვე ან შეასრულე შენთვის სასიამოვნო აქტივობა, რაც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარება.

კარგი კვება არ დაგავიწყდეს.

მოერიდე სწრაფი კვების ობიექტებს. ეცადე, ჯანსაღი საკვები მიირთვა. სულ თან იქონიე ბოსტნეული, შოკოლადი, თაფლი და ხილი – რაც დაგეხმარება ენერგიის აღდგენასა და სხარტად აზროვნებაში. დალიე ბევრი წყალი.

დაგეგმე საგამოცდო დღე.

ჩამოწერე, რომელი ნივთები უნდა წაიღო. რომელ საათზე უნდა გახვიდე შინიდან. არ დააგვიანო გამოცდაზე.

წარმატებას გისურვებ!

წერილი საოცარ ამბავზე

0

,,აი, ჩემი საიდუმლო: ძალიან მარტივ  მხოლოდ გულია ყოვლის მხედველი. მთავარს თვალით ვერ დაინახავ“.

   ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ,,პატარა უფლისწული“

ეს წერილი უდავოდ საოცარ ამბავზეა. წიგნზე, რომლის მნიშვნელობაც ხელში აღებისთანავე საგრძნობი გახდება არა მხოლოდ  მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც გულით წაიკითხავს. ესაა სულისშემძვრელი ისტორია პატარა, საყვარელი ბიჭისა, რომელსაც ბედისწერამ განსხვავებულად ყოფნა არგუნა.

   დღეს, როცა ასე ცხადი გახდა  სასკოლო განათლებაში  ტოლერანტობასა და განსხვავებულის მიღებაზე მკვეთრი აქცენტების საჭიროება, სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტებს, რომლებიც მოზარდის ფსიქიკას აღნიშნულის მიმართ გამტარსა და მიმღებს ხდიან. განსხვავებულის მიღების თემაზე ჩვენს სივრცეში ბევრი საბავშვო წიგნის დასახელება შეუძლებელია. მასწავლებლებიც, აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას,  ძირითადად, ,,ელამი კატოსა“ და ,,მახინჯი იხვის ჭუჭულის“ იმედად არიან ხოლმე. წიგნის წაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლახან თარგმნილი პალაციოს „საოცრება“  ნამდვილად ის ტექსტია, რომელიც ამ ხარვეზს რამდენადმე ამოავსებს.

წიგნში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სატირალიცაა და სახალისოც, სასოწარმკვეთიც და იმედიანიც; თემა – უზომოდ სენსიტიური: შეიძლება თუ არა, გარშემომყოფებმა, ბავშვებმა,  მიიღონ თანატოლი, რომელიც მათგან რადიკალურად განსხვავებული, უფრო მეტიც, შემაძრწუნებელი გარეგნობისაა. შეიძლება თუ არა, სახე, რომელიც ნიღაბს ჰგავს, რომელსაც ცივი გულით შეიძლება მხოლოდ „დეფექტური“ უწოდო, ოდესმე შენთვის საყვარელი გახდეს. კი არ გზაფრავდეს და გაშინებდეს, არამედ მის განსხვავებულობას ვეღარც ამჩნევდე,  პიროვნებასთან კი მეგობრობდე, პატივს სცემდე, აღიარებდე…  დიახ, ეს შესაძლებელია! ამის თქმის საბაბს სწორედ ეს საოცარი წიგნი იძლევა. წიგნი სავსეა გარიყულობის განცდისაგან გამოწვეული ტკივილით, ბავშვური გამოცდებითა და დილემებით. ამ ამოცანებს  წიგნის გმირები თავს ძნელად, მაგრამ მაინც ღირსეულად ართმევენ.

    ავგუსტ პულმანი, ბიჭი, რომელიც პირველად მეხუთე კლასში შედის, არაა სკოლაში შემსვლელი ჩვეულებრივი მოსწავლე.  ის არ გახლავთ ახალი თანაკლასელი, რომელიც შეიძლება ჯაგარა თმის, დიდი ყურების ან ჭორფლიანი სახის გამო აითვალწუნო. დიაგნოზი, რომლის მეცნიერულ აზრსაც ბიჭი კარგად ვერ ხვდება, თუმცა ზეპირად იცის, ასე ჟღერს: „აქამდე უცნობი სახეობის ყბა-სახის დიზოსტოზი“.  ავგუსტი თავად ასე აღწერს საკუთარ გარეგნობას: „ირიბად ჩასმული, თითქოს დაბლა ჩამოცურებული თვალები, ჩაცვენილი ლოყები, კუსავით პირი…“ და ეს ყველაფერი არაერთი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ…

   რა გაეწყობა, ეს ავგუსტის განაჩენი და ტვირთია. ტვირთი უცხო ადამიანებში გასვლისა, რადგან მის დანახვაზე ყველას სახე ეცვლება, ზოგი კივილსაც კი იწყებს და უკანმოუხედავად გარბის… ან შეხედავენ, ელდა ეცემათ და  მეორედ ფრთხილად და შიშით ცდილობენ მის დათვალიერებას…

     აი, ასეთი ბიჭი პირველად შედის სკოლაში, მეხუთე კლასში გადასულ და უკვე გათამამებულ მოსწავლეებთან.  ბიჭი, რომელსაც ქუჩაში კოსმონავტის ჩაფხუტის გარეშე გასვლა ეხამუშება, ახლა კლასის წინაშე უნდა წარდგეს. ავგუსტმა იცის, რომ, მამის თქმისა არ იყოს,  შეიძლება სამსხვერპლო კრავად იქცეს, მაგრამ დიდი პროტესტის შემდეგ, მაინც ჰყოფნის გამბედაობა, აასრულოს დედის სურვილი და დაიწყოს სწავლა. ესაა ბავშვური გმირობის გზა, ტკივილიანი და იმედგაცრუებებით სავსე, მაგრამ მაინც საამაყო და აღმაფრთოვანებელი.

წიგნი რამდენიმე პერსონაჟის მონათხრობისგან შედგება. მათგან ყველაზე ემოციური, ცხადია, თავად ავგუსტის პირით მოყოლილი ამბავია: მისი ტანჯვა, იმედგაცრუება და გვიანი, მაგრამ მაინც განცდილი სიხარული, ურთიერთობების, მეგობრობისა და აღიარებისაგან გამოწვეული.

  ავგუსტისათვის სკოლაში შესვლა თავიდანვე სასწაულად დამზაფრველი არ ყოფილა, რადგან დირექტორმა წინასწარვე მოამზადა ნიადაგი, რომ ბიჭუნასთვის დიდი ტკივილი არ მიეყენებინათ. ერთი-ორი მოსწავლე დაუმეგობრდა კიდეც, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ავგუსტის ირგვლივ მაინც იქმნება  სტიგმა, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში იჩენს თავს: მის გვერდით არ სხდებიან, შეხებას ჭირიანივით გაურბიან, მუდმივად თვალს არიდებენ ან მალულად და შიშით ათვალიერებენ… დასცინიან, უფრო ცალკე და ფარულად, რადგან დირექტორის შიში აქვთ. ამიტომაც, ბიჭი იძულებულია, მუდმივად თავჩაღუნულმა და სახეზე თმაჩამოყრილმა იაროს…  ერთი სიტყვით, ის მარტოა. მარტო და გარიყული.  მოგვიანებით გაიგებს, რომ მისი მიზეზით „ჭირობანას“ თამაშიც კი მოიგონეს, რაც შემდეგს ნიშნავს: ვინც შემთხვევით შეეხება ავგუსტს, 30 წამის განმავლობაში ხელები უნდა დაიბანოს, თანაც სადეზინფექციო ხსნარით, თორემ ჭირი გადაედება… განა რა უნდა იყოს იმაზე  დიდი ტკივილი, როცა ხედავ, რომ  თითქმის ჰუმანოიდად აღგიქვამენ ან ჭირიანივით გექცევიან…

   თუმცა არიან მოსწავლეები, რომლებიც, საერთო ფონის მიუხედავად, ავგუსტს იღებენ. ასეთია გოგონა, ჯუნი, რომელთან ერთადაც ავგუსტი ხშირად სადილობს, მასლაათობს, სასკოლო გარემოში ურთიერთობს; და ჯეკი, რომელიც თავიდანვე უპრობლემოდ უმეგობრდება მას. თუმცა მას უკავშირდება მთელ წიგნში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი: ერთ დღესაც, ჰელოუინზე ნიღბით მისული ავგუსტი, რომელსაც ვერ ცნობენ, გაიგებს, რომ ჯეკთან მეგობრობა ამ უკანასკნელის სურვილიდან სულაც არ გამომდინარეობდა. ჯეკი მასწავლებელს დაუნამუსებია და ახალ მოსწავლესთან ურთიერთობა დაუვალებია. ავგუსტი ცხადად მოისმენს  ბიჭის თავის მართლებას  დანარჩენი ამხანაგების წინაშე მასთან  მეგობრობის გამო, იმ მწარე სიტყვებს, რომ თურმე იძულებული იყო ამ „დეფექტურთან“ ემეგობრა. სინამდვილეში კი, ავგუსტის ადგილას რომ ყოფილიყო, ალბათ, თავს მოიკლავდა. ეს ყველაზე მტკივნეული მომენტია ავგუსტ პულმანის სასკოლო დრამაში. საშინელი იმედგაცრუება ერთადერთი თანაკლასელისგან, რომელსაც ნამდვილ მეგობრად იგულებდა. ამის მოსმენის შემდეგ ავგუსტი სულიერი ტკივილისაგან ავად ხდება და ჰელოუინზე კი არა, გაკვეთილებზე წასვლაც აღარ უნდა.

  მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ჯეკი განიცდის ავგუსტთან ურთიერთობის გაცივებას და ბიჭების მეგობრობა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. საბოლოოდ, ჯეკს ძალიან ბევრის გადატანა მოუწევს ავგუსტთან კავშირის გამო. თანაკლასელები  ,,დეფექტურთან“ ურთიერთობისათვის  მას ფაქტობრივად ომს უცხადებენ. ავგუსტივით რიყავენ, ამცირებენ, მახეს უგებენ, მაგრამ ჯეკი მაინც ღირსეულად აბარებს გამოცდას მეგობრობის შესახებ.

ავგუსტს ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც მუდმივად უადვილებს მწარე რეალობასთან შეგუებას. თბილი და მზრუნველი დედ-მამა, და ოლივია, რომლისთვისაც ავგუსტი მზეა, რადგან პლანეტები, ოჯახის წევრები, მის გარშემო ტრიალებენ… ოლივიას უზომოდ უყვარს ძმა, მაგრამ ისიც ბავშვია, პატარა ადამიანი, რომელსაც შიგადაშიგ თავმოყვარეობისა და სიამაყის შემოტევები აქვს. ამ მიზეზით, ერთხელ ოლივიაც სცოდავს ძმის წინაშე – ახალ სკოლაში გადასული, სახლში არ ამხელს, რომ ღონისძიება აქვთ, სადაც თვითონაც მონაწილეობს. არ ამბობს, რადგან ეთაკილება სკოლაში დედ-მამასთან ერთად ავგუსტის გამოჩენა. ავგუსტი ყველაფერს ხვდება, თუმცა შემდგომ ოლივია მწარედ განიცდის თავის ბავშვურ სისუსტეს და საოცრად ქენჯნის სინდისი…

 ავგუსტს ბევრი, ძალიან ბევრი დამცირების გადატანა მოუწევს. სულისშემძვრელია მისი განცდები ამ გზაზე. ხშირად ფიქრობს ისეთ არსებობაზე, სადაც სახეს აღარ ექნება არავითარი მნიშვნელობა. ასეთად კი სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა წარმოუდგენია…

მაგრამ ავგუსტი მაინც ძალიან ძლიერია. აღსანიშნავია ის საოცარი თვითირონია, საკუთარ თავზე შაყირის უნარი, რომელიც ამ პატარა ბიჭის პერსონაჟს კიდევ უფრო საყვარელს ხდის: „ისე ვართ, როგორც ურჩხული და მზეთუნახავი“, – ეუბნება იგი მეგობარ გოგონას, ჯუნის და ასეთი თვითშეფასება მისგან არც ისე იშვიათია. იგი  ღირსეულად ეგუება მწარე მოცემულობას, რომელშიც გაჩნდა და ცხოვრობს.

წიგნში გამოკვეთილია ამ ფაქიზ საკითხთან საზოგადოების დამოკიდებულების რამდენიმე ასპექტი: ნაჩვენებია სკოლა, როგორც ინდივიდზე მზრუნველი სტრუქტურა, სადაც ყველანაირი პირობა სრულდება, რომ განსხვავებული არ დაიჩაგროს და საზოგადოება, რომელიც ხშირად არაა მზად შემწყნარებლობისა და თანადგომისათვის: ერთ-ერთი თანაკლასელის დედა ავგუსტის სახეს კლასის საერთო ფოტოზე ფოტოშოპით წაშლის და მის ტანს ძაღლის თავს მიაბამს. თან ხშირად და დაჟინებით ითხოვს, რომ ავგუსტი  სხვა ტიპის სკოლაში გაამწესონ. დირექტორი ამ ახირებულ და უგულო მშობელს პრინციპულად განუმარტავს, რომ ავგუსტი არაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლე, პირიქით, სხვებზე წარმატებულია.

         მაგრამ ავგუსტ პულმანი, როგორც ჩანს, გაჩნდა იმისათვის, რომ სხვები უკეთესი გახადოს.                              ასეც ხდება ნაწარმოების ფინალისაკენ – კლასელები, რომლებიც თავიდან ადამიანად ვერ  აღიქვამენ მას, ბოლოს ერთ მუშტად იკვრებიან მის დასაცავად. გამოსაშვებ საღამოზე კი ავგუსტი ყველას თვალში გმირი ხდება, ვინაიდან სკოლის ყველაზე საპატიო ჯილდოს იღებს სიმამაცისა და გაბედულებისათვის. დიახ, გაბედულებამ შეაძლებინა მას, რომ შესულიყო სკოლაში, გადაეტანა უამრავი სასკოლო დრამა და აქამდე მისულიყო. გამოსაშვები საღამოს დაჯილდოებაზე ავგუსტი ცხოვრებაში პირველად გრძნობს, რომ ადამიანები პატივს სცემენ და მისით აღფრთოვანებული არიან. თანაკლასელები, ადრე რომ კეთროვანივით გაურბოდნენ, მასთან ფოტოს გადაღებას ცდოლობენ. ავგუსტი ბედნიერია. შემთხვევით არ ეკიდა დირექტორს კაბინეტში ბიჭის მიერ დახატული იხვი.  ავგუსტი ნამდვილად ის იხვის ჭუჭულია, რომელიც ბოლოს გედად გადაიქცა…

   ცალკე აღსანიშნავია ნაწარმოების თხრობის მანერა, სტილი, მასში აღწერილი თანამედროვე გარემო, რომელიც მოზარდებს აუცილებლად მიიზიდავს. წიგნის გმირები უყურებენ „ვარსკვლავურ ომებს“, იყენებენ ,,ფლეისთეიშენს“, იქსბოქსს, ურთიერთობენ ფეისბუკით და ა.შ. ისინი ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს სხვა ბავშვები.

ერთი სიტყვით, რ.ჯ. პალაციოს ,,საოცრება“ მოზარდებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნია. მასში მტკივნეულად და ხელშესახებადაა ყველაფერი, რაც მკითხველში ბუნებრივად იწვევს თანალმობას, სითბოს და ეს, დამეთანხმებით, უფრო შედეგიანია, ვიდრე ათასი ხმამაღალი მოწოდება სიკეთისაკენ, ათასი შეგონება სადამრიგებლო საათზე…

სკოლების ავტორიზაციის პროცედურა

0

ავტორიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
  2. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;

III. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

  1. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
  2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;
  3. ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;

VII. გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

 

განვიხილოთ ავტორიზაციის პროცედურის ეტაპები:

 

  1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა

ავტორიზაციის მისაღებად სკოლამ უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:

  1. თვითშეფასების შევსებული კითხვარი. თვითშეფასების კითხვარი განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება. თვითშეფასება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად ხდება.
  2. საგანმანათლებლო საქმიანობის მომწესრიგებელი დოკუმენტის (წესდება ან სხვა) დამოწმებული ასლი;
  3. ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს. სკოლის ავტორიზაციის საფასური შეადგენს:

– 2000 ლარს, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აპირებს მხოლოდ ერთი საფეხურის (მხოლოდ დაწყებითი, საბაზო ან საშუალო) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას;

– 3500 ლარს, თუ მაძიებელი გეგმავს მხოლოდ ორი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას;

– 5000 ლარს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სურვილის შემთხვევაში.

 

  1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა

ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს, დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადთან ერთად წარადგინა თუ არა თვითშეფასების კითხვარი, წესდება (ან საგანმანათლებლო საქმიანობის მომწესრიგებელი დოკუმენტი) და განაცხადის განხილვის საფასური (500 ლარი). თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ზემოაღნიშნულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შესახებ. თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას საავტორიზაციო განაცხადის განხილვის გარეშე დატოვების შესახებ.

 

III. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, ხოლო ცენტრი ქმნის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის დასაბუთებული აცილება ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანება მისი გაცნობიდან 2 დღის ვადაში. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ. ავტორიზაციის ექსპერტის აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.

ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, თუმცა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ცენტრის თანამშრომელი.

 

  1. საავტორიზაციო ვიზიტი

ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებას. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.

ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია:

– საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების შევსებული კითხვარი და თანდართული დოკუმენტაცია, დაადგინოს მისი შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან;

– საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეამოწმოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.

დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.

 

  1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა

საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად ავტორიზაციის ექსპერტები ადგენენ დასკვნას. დასკვნაში აღწერილი უნდა იყოს თვითშეფასების კითხვარში შესული მონაცემების ნამდვილობა და ამ მონაცემების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა. დასკვნა ეგზავნება ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას და საშუალება ეძლევა, ზეპირ მოსმენაზე წარადგინოს მოსაზრებები.

 

  1. ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა

საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.

ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ეცნობება. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს.

ცენტრისა და ავტორიზაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც ვიზიტის შემდეგ შემუშავდა.

საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

 

VII. გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება

საბჭო ზეპირი მოსმენისა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

1) ავტორიზაციის შესახებ;

2) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ.

საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

ავტორიზაციის შემთხვევაში, საბჭო სკოლას განუსაზღვრავს მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

 

 

 

 

ყველა ბავშვი სუპერგმირია

0

ანდრო სისულელეებს იძახი! –  ისმის მამაკაცის ხმა.

ანდრო სისულელეებს იძახი. კენწეროში ვერ აფრინდები. ვერც ტვინში აფრინდები, ვერც ცაში აფრინდები, – ახლა გოგონა აჰყვა.

აი, ახლა ავფრინდები ძალიან მაღლა და ფეხებს მივარტყამ ცას, – პატარა ბიჭი ფეხებს გამეტებით იქნევს და საქანელაც უფრო მაღლა მიქრის.

სისულელეებს ამბობ ანდრო, სი-სუ-ლე-ლე-ებს. გოგონას მამა ისევ არ ცხრება.

ანდრო სისულელეებს ამბობ, სისულელეეებს, – ისევ მხიარული ხმით იმეორებს გოგონა მამის სიტყვებს.

არ არის სისულელე. არრრრაააა! – გაჰყვირის ბიჭი და ფეხებს უფრო მაგრად აქნევს.

საქანელა კი უფრო და უფრო მაღლა მიფრინავს და  ოთხი წლის ანდროსაც ჰგონია, რომ სიმაღლე შეიძლება დაიპყრო. სიტყვები, რომლებიც შეიძლება დაუჯერებლად  ჟღერდეს, შეიძლება ,,სისულელე” არ იყოს. მას საერთოდ არც უფიქრია, რომ რაღაცის მიღწევა  შეუძლებელია. მხიარული ქროლვა პატარა მეგობრებს შორის კონფლიქტით მთავრდება. უფროსები ზოგჯერ ძალიან უხეშად და დაუფიქრებლად ერევიან შვილების და მათი მეგობრების ურთიერთობებში, მათ საუბრებში და ასწავლიან რა შეიძლება იყოს სისულელე და რა არა; რა შეიძლება იყოს მიუღწეველი და რა მიღწევადი. ასწავლიან, როგორ შეიძლება გაიზომოს ოცნება და შესაძლებლობები. ზოგჯერ, პირიქითაც იქცევიან და გადაჭარბებულ მოლოდინებს უღვივებენ, მაგრამ ეს სხვა თემაა და ესეც არანაკლებ ზიანის მომტანი.

როდესაც საქმე ბავშვებთან გვაქვს, ძნელია ამ წონასწორობის დაცვა, მაგრამ თუ მოვინდომებთ ალბათ შესაძლებელი გახდება. დაკვირვებული მასწავლებელი კი ყოველთვის მოახერხებს ამ ოქროს შუალედის პოვნას.  მოახერხებს გააძლიეროს მათში პიროვნება და სტიმული მისცეს, რომ იფიქროს თავის შესაძლებლობებზე. ამ უნარების  სწორად გამოყენებაზე და იმასაც აუხსნის, რომ არ არსებობს საქმეები და ინტერესები, რომლებიც ჩვენი დროის ხარჯვად არ ღირდეს და რომ ეს მცდელობები არასდროსაა ფუჭი.

სინამდვილეში კი პატარების ნებისმიერი აქტივობა, ახალი გამოცდილებით  და ახალი თავგადასავლებითაა სავსე. რითაც ისინი  თავიანთ  პატარა სამყაროში ახალ აღმოჩენებს აკეთებენ და თავად ადგენენ წესებს. მთავარია, ჩვენ არ ჩავერიოთ ცუდად და ჩვენი დაუკვირვებელი რეპლიკებით ყველანაირი ინტერესი არ გავუქროთ. არ დავუკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, რომელიც ერთხელ თუ დაკარგა, შემდეგ შესაძლოა ძალიან გაუჭირდეს  საყრდენი წერტილის მონახვა და მთელი სიცოცხლე ეცადოს თავდაჯერებულობის მოპოვებას.

ამიტომ მათ უნიკალურ საქციელსა და სიტყვებს ასე უნდა შევხედოთ:

თუ გვეწინააღმდეგება – უნდა გვიხაროდეს, რადგან საკუთარი მოსაზრების დაცვა შეუძლია;

თუ ბევრს ლაპარაკობს  – არც ,,ენატლიკინა” არ არის, ამით საკუთარ თავს გამოხატავს;

თუ წარმოუდგენელ ამბებს ჰყვება- ნუ გეშინიათ, არარეალისტი მეოცნებე არ გაიზრდება, უბრალოდ მას  ასეთი  შეხედულებები აქვს სამყაროზე და კარგი ფანტაზია გასაქანს აძლევს, ყველაფერი ჩვენზე საინტერესოდ წარმოიდგინოს.

თუ მას ჰგონია, რომ  შეიძლება ისე მაღლა გაქროლდეს, ცას მიარტყას ფეხები – ეს მისი რწმენაა  და ჩვენგან მისი რწმენაც  პატივისცემას მოითხოვს, რაგინდ დაუჯერებლად ჟღერდეს მისი სიტყვები.

ისიც კარგად უნდა დავიხსომოთ, რომ ცალმხრივი პატივისცემა  ყოველთვის მოსაწყენია და როდესაც მათ ვასწავლით უფროსების მიმართ პატივისცემის გამოვლენას, ჩვენც უნდა შევძლოთ მათი შეხედულებებისთვის თვალის გასწორება და მათი აზრების მშვიდად მოსმენა და მიღება. ჩვენ უნდა მივცეთ მას იმის მაგალითი, რომ ადამიანის მიმართ  არაკორექტული და დამამცირებელი შეფასებების გაკეთება უღირსი საქციელია და ის ამას აუცილებლად გაიმეორებს, თუკი ამ ყველაფერს წავახალისებთ.

ბავშვებთან ურთიერთობა,  გარდა იმისა, რომ  თვალსაწიერს გვიფართოებს  და ასევე  აღმოჩენებით გვავსებს,  უფროსებისთვის ძალიან სასარგებლოა. მოვლენებს ამ ახალი გამოცდილების პრიზმაში ვუჭვრეტთ და უფრო მგრძნობიარე და უფრო მიმტევებელი ვხდებით სამყაროს მიმართ, რომელიც არც ისეთი ფაქიზია ჩვენ მიმართ, რომ  მისი სიკეთის ბოლომდე ვირწმუნოთ და  ბოლომდე გულუბრყვილოდ ვენდოთ. ზუსტად, ამ სკეპტიკურ დამოკიდებულებას გვიქარწყლებენ ისინი  თავიანთი ურთიერთობით, ოღონდ მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომები არ დავუშვათ მათთან.

ეს  ურთიერთობა ხომ დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ – მშობელი, სკოლის  მასწავლებელი, ბაღის მასწავლებელი თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ურთიერთობა აქვს ბავშვებთან. ჩვენ – უფროსები პასუხისმგებლები ვართ თითოეულ ჩვენს სიტყვაზე, ჩვენს ქცევაზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს  ბავშვის ხასიათს, მის ქცევას  და საზოგადოებასთან მის მიმართებას.

ყველა ბავშვი თავისი ბუნებითა და შესაძლებლობებით უნიკალურია. ისინი ცოტა არ იყოს ჰგვანან თავიანთ საყვარელი კომიქსების სუპერგმირებს, რომლებიც თუ სწორ და კეთილშობილურ მიზანს დაისახავენ, ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდებიან მიზნის მისაღწევად. ჩვენი  მისიაც ალბათ ესაა, რომ ამ დიდ თავგადასავალში მოგზაურობისას კეთილი როლი შევასრულოთ და დავეხმაროთ მათ, ფინიშამდე გამარჯვებულები მივიდნენ.

 

 

 

 

 

 

გალაკტიონ ტაბიძის ლექსის „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“ ახლებური გააზრებისათვის

0

გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის სწავლება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული: ამისთვის საჭიროა, მოსწავლეებმა იცოდნენ სიმბოლიზმის როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის კონცეპტუალური პრინციპები, წარმოდგენა ჰქონდეთ ბიბლიურ მეტაფორებსა და პარადიგმებზე და იცნობდნენ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს. გასაოცარია ლექსის როგორც სემანტიკური, ისე მხატვრულ-გამომსახველობითი სამყარო. მისი იდეური გააზრების შესახებ ბევრი დაწერილა და კიდევ დაიწერება. აი, რამდენიმე თვალსაზრისი: „სული, ვედრებით განაოცები, შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა“ სიმბოლოა ადამიანის ბედისადმი დამორჩილებისა, ბედისა, რომელიც მოკლებულია სულიერ ძალებს“ (ი. ლორთქიფანიძე, „გალაკტიონ ტაბიძე“, თბ., 1988, გვ. 155); „გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ინდივიდუალობაც – მის მთელ რიგ, ქართული პოეზიის კლასიკად ქცეულ ქმნილებებში – აღბეჭდილია სულიერი უთვისტომობისა და მიუსაფრობის ნიშნით. მისი მუზაც ხშირად ისევე აფორიაქებული და თავდავიწყებამდე სასოწარკვეთილია, როგორც „სულო ბოროტოს“ ავტორისა: „შეხედე, დასტკბი, ჩემი თვალები…“ (გურამ ასათიანი, „საუკუნის პოეტები“, თბ., 1988, გვ. 343); „სილაში ვარდი იმავე ასოციაციას აღძრავს, რასაც სილამაზე, მშვენიერება, რომელსაც აღარ კვებავს სიყვარული, როგორც დედა მშვენიერებისა“ (ნოდარ გრიგალაშვილი, „სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები“, თბ. 1997, გვ. 289); ავთანდილ ნიკოლეიშვილს გალაკტიონის ეს პოეტური შედევრი „ღვთისმშობელთან ადამიანური გაპაექრებისა და ცხოვრებისეული ამაოების წინააღმდეგ გალაშქრების ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ გამოვლინებად“ მიაჩნია ქართულ პოეზიაში (ა. ნიკოლეიშვილი, „ქართული ლიტერატურა, XI კლასი, ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი, გვ. 198); „ეს არის ანაბეჭდი, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საუკუნეობით ჩამოყალიბებულ-განმტკიცებული ქრისტიანული მრწამსი და ცხოვრების საზრისად წარმავლობის ყოვლისდამთრგუნველი იდეა აღიარა“ (რ. დევდარიანი, წერილები. ქუთაისი, 2010 წ., გვ. 76); ან კიდევ: ,,გალაკტიონის უმშვენიერეს ლექსში ,,სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“ წარმოჩენილია აფორიქებული ლირიკული გმირი, ხსნის გზა და საშველი რომ ვერ უპოვია და იტანჯება“ (მაია ჯალიაშვილი, ლალი დათაშვილი, „უახლესი ქართული ლიტერატურა“, თბ., 2011, გვ. 31). კიდევ შეიძლება მაგალითების მოხმობა, მაგრამ ყველა ნააზრევი საბოლოოდ ერთ საერთო შეხედულებამდე დადის: ლექსში წარმოჩენილია პოეტის მარტოობა და სულიერი კრიზისი, ამ კრიზისის ახსნას კი, ძირითადად, ასეთი საფუძველი აქვს – უღმერთო, ათეისტური ეპოქის გავლენა პოეტის მყიფე შინაგან სამყაროზე. რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ცნობილია, რომ რაც უფრო დიდია ნაწარმოები, მით უფრო მეტად იძლევა ახლებური წაკითხვის საშუალებას. ვფიქრობ, გალაკტიონის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ სწორედ ასეთი ლექსია.

პოეტური ტექსტის უკეთ აღსაქმელად აუცილებელია გამოვყოთ სიმბოლისტურ-მეტაფორული სახეები, გავშიფროთ კოდირებული შინაარსის მქონე ტაეპები, რის შემდეგაც მისი ახლებური გააზრების საშუალება მოგვეცემა. ამისთვის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ სქემა /ციტატა/მხატვრული ხერხი/გააზრება/.

 

ციტატა მხატვრული ხერხი გააზრება
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! მეტაფორა მზე მარიამ ღვთისმშობლის ძალზე ცნობილი რელიგიური მეტაფორაა, თუმცა იგი, საზოგადოდ, ღვთის ხატია არა მარტო ქრისტიანულ, არამედ სხვა რელიგიებშიც. თუ გავიხსენებთ, რომ ღვთისმშობლის ღვთაებრივი ჰიპოსტასი სულიწმიდაა, ნათელი გახდება, რომ ლირიკული გმირი უფლის წინაშე დგას და მას ესაუბრება. ამავე დროს მისთვის უფრო ახლობელი ღვთის ქალური ასპექტია, როგორც მარადიული დედისა და მარადქალურობის სიმბოლო.

 

ვარდი

 

სიმბოლო სიყვარულის, მშვენიერების აღმნიშვნელია.
ნაწვიმარ სილაში ვარდი

 

სიმბოლო გამოხატავს უნაყოფობას, შეურაცხყოფილ, დაკარგულ სიყვარულს.
სიზმარი სიმბოლო არარეალურობის, მოჩვენებითობის, სულის ილუზორული თავისუფლების გამომხატველია. „სიზმარიან ჩვენებით, ჩემი ლურჯა ცხენებით…“ („ლურჯა ცხენები“)
შორეული ცის სილაჟვარდე სიმბოლო სიმბოლოა მიღმური, ირეალური, იდეალური, ღვთაებრივი მხარისა, რომელიც ყოველთვის მიუღწეველია. ამიტომაცაა იგი შორეული. ბარათშვილიც ხომ ასე მიისწრაფოდა მიღმური მხარისკენ. გავიხსენოთ ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ – აქ პოეტი აბობს: „გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება… მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს“.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონისთვის ცხოვრება – ესაა დაკარგული სიყვარულის ტრაგიკული განცდა, სულიერი თავისუფლების შეგრძნება და მუდმივი სწრაფვა იდეალური მხარისკენ, ღმერთისკენ, პოეზიისკენ.

გამოიყოფა სამი მთავარი რამ მის ცხოვრებაში: სიყვარული, თავისუფლება და პოეზია, რომელიც ღვთაებრივია.

შემოიღამებს მთის ნაპრალები

 

მეტაფორა შემოღამება აქ ფიზიკურთან ერთად სულიერი შემოღამების მნიშვნელობითაც შეიძლება გავიგოთ და გამოხატავს უღმერთობის, სასოწარკვეთის, ცოდვით დაცემის, განწირულობის განცდას.
და თუ როგორმე ისევ გათენდა მეტაფორა საკუთარ თავში ღვთის ხელახალ შეგრძნებასა და დაბრუნებაზეა საუბარი, სულიერ გათენებაზე, იმედის, სასოების გაჩენაზე.
ღამენათევი და ნამთვრალევი ეპითეტები ფრაზა, რომელსაც შეცდომით მოიაზრებენ მეტაფორად. ეს სიმთვრალე თითქოს შემოქმედებით თრობაზე უნდა მიანიშნებდეს და არა ღვინით თრობაზე (მ. ჯალიაშვილი, „ქართული ლიტერატურა, თბ., 2011, გვ. 32), არადა სულაც არ იქნებოდა გასაკვირი რეალური სიმთვრალე, მით უმეტეს – გალაკტიონისთვის. ნოდარ ტაბიძე იგონებს: „ზოგჯერ გვინდა, რომ გალაკტიონი სხვადასხვაგვარად წარმოვსახოთ და ლეგენდები იქმნება. ალბათ, გახსოვთ, გავრცელებულია ერთ-ერთი სიტუაციის აღწერა, რომ ერთხელ გალაკტიონი დუქანთან მივიდა, მოითხოვა ლუდი და არაყი. ოთხი ჭიქა გაავსეს. გალაკტიონმა ჩააპირქვავა ჭიქა, მოისვა წვერზე ხელი და თქვა: „ასე აჯობებს, მთვრალი ვეგონები ხალხსო“. ეს არის ლეგენდა, რომელიც შეთხზა ხალხმა. გალაკტიონი დაავადებული იყო. რომ დაიწყებოდა ეს საშინელი სიტუაცია, ის დილიდან საღამომდე სვამდა. ამ დროს ერთი ჭიქა საკმარისი იყო, რომ დამთვრალიყო. ერთადერთი გზა იყო მისი სამკურნალო კომბინატში მოთავსება. წავიყვანდით იქ, დავაწვენდით და გამოკეთდებოდა – ერთ წვეთს არ დალევდა ამის შემდეგ, მაგრამ მერე ისევ აწყენინებდნენ, გააბრაზებდნენ და ისევ იწყებდა სმას“, – და იქვე აგრძელებს: „გალაკტიონს არ უნდა შელამაზება, გალაკტიონი იმდენად დიდია, რომ მას ახსნა უნდა! (https://www.galaktion-tabidze.narod.ru/nodar_tabidze.htm)

ამრიგად, ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ და იგი გამოხატავს პოეტის ბოჰემურ ცხოვრებას, შემოქმედებით წვას, სიმთვრალეს, რომელსაც თან ახლავს სულიერი დაცემის, ცოდვის შეგრძნება და საოცარი სასოწარკვეთა.

დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან

 

შედარება,

ალუზია

არსებობს მოგონება, რომლის მიხედვით, გალაკტიონმა ერთხელ ტაძარში მხურვალედ მლოცველი მეძავი ქალი ნახა (მ. ჯალიაშვილი, იქვე, გვ. 33), თუმცა ამას სულაც არა აქვს არსებითი მნიშვნელობა; ეს ალუზიაა მრუში დედაკაცისა, რომლის სახეშიც მარიამ მაგდალინელის სახე შეიძლება დავინახოთ. მრუშ დედაკაცში კი, ზოგადად, ადამიანური ცოდვებით დაცემული სული მოიაზრება.
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს

 

 

 

 

 

 

ალუზია

 

 

 

 

 

 

 

 

კარებთან და არა საკურთხეველთან დგომა პოეტის უდიდეს სინანულზე მეტყველებს. აქ შეიძლება მეზვერესა და ფარისევლის იგავი გავიხსენოთ. სწორად შენიშნავს ქ-ნი მაია ჯალიაშვილი: გალაკტიონი „სიღრმეში არ შედის ფარისეველივით, მეზვერესავით ინანიებს საკუთარ ცოდვებს“ (უახლესი ქართული ლიტერატურა, თბ. 2011 წ., გვ. 33). ადამიანს მხოლოდ საკუთარი ცოდვილობის უდიდესი შეგრძნებით შეუძლია მონანიება. გალაკტიონიც ხომ ამისთვის მივიდა ტაძრად: „და თუ როგორმე ისევ გათენდა…“

 

შემოიჭრება სიონში სხივი მეტაფორა ძე ღმერთის მეტაფორაა. სიონში უფალი შემოდის უხილავად, პოეტი გრძნობს მის ძალას.
და თეთრ ოლარებს ააელვარებს

 

ალუზია ოლარქვეშ ამბობენ აღსარებას, ამ ოლარით მყარდება კავშირი სააქაოსა და საიქიოს შორის. ლირიკული გმირიც მზადაა წრფელი აღსარების სათქმელად, მზადაა უფალთან შესახვედრად. თუმცა მოულოდნელად წრფელი აღსარება საშინელ ყვედრებად, ირონიად და ჩივილად გადაიქცევა მომდევნო ტაეპებში.
დაჭრილი გედი

 

 

მეტაფორა

პოეტის აღმნიშვნელია, ჯერ კიდევ აკაკი წერეთელმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში („ქებათა ქება“), თუმცა გალაკტიონთან ეს გედი დაჭრილია, რაც დამსხვრეული ჭაბუკური ოცნებების, იმედგაცრუების გამომხატველია. აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ ბარათაშვილის ლექსთან „სულო ბოროტო“ – ბართაშვილიც ხომ ჭაბუკური ოცნებებისა და რწმენის დამსხვრევაზე ლაპარაკობს: „რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?“
ოცნების ბაღით სიმბოლო სიმბოლოა ბავშვური სიწრფელის, სილაღის, საზოგადოდ, ბავშვობის. (გავიხსენოთ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“: „დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის“). „ოცნების ბაღში სამოთხის ყოფა, ედემის ბაღიც მოაიზრება“ (რ. დევდარიანი, „წერილები“, 2010 წ., გვ. 88); დაჭრილი გედი ოცნების ბაღიდან – ბავშვობიდან წამოსული, სიყმაწვილის ოცნებებდაკარგული, იმედდამსხვრეული პოეტია. ამავე დროს, ეს ალუზიაა სამოთხოდან გამოძევებული პირველი ადამიანებისა.
ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით წამებულ სახით სიმბოლო იმავეს გამომხატველია, რისიც „გედი დაჭრილი ოცნების ბაღით“: დაჭრილი გედი მოდის ოცნების ბაღიდან – ბავშვობიდან.
ცვრებით, იებით სიმბოლო სიმბოლოა სიწმინდისა, სიწრფელისა, („ცვარი ქრისტეს პარადიგმული სახეა, ყვავილი (ია) – ღვთაებისა, ხანაც ღვთისმშობლისა ან ანგელოზისა“ (რ. დევდარიანი, იქვე, გვ. 89)), თუმცა ეს ბავშვური ცრემლი შურისძიების ცრემლებმა შეცვალა იქვე: „სავსეა ცრემლთა შურისძიებით!“
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

შენს მოლოდინში ასეა ყველა?

რიტორიკული კითხვები ეს კითხვები პასუხს კი არ მოითხოვს, არამედ შეიცავს: გალაკტიონის აზრით, დიახ, ასეა ყველა მგოსანი, საზოგადოდ, ყველა ხელოვანი. უფალთან მიახლოების დაუცხრომელი სურვილი და მოლოდინი თან ახლავს შემოქმედებით პროცესს, როგორც ჭიდილს წარმავლობის ნისლთან, როგორც კოჭლი იაკობის ბრძოლას თავის მრისხანე ღმერთთან (გამსახურდია). გაიხსენოთ: „ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“ (ტიციან ტაბიძე), ან კიდევ: „მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება“ (პაოლო იაშვილი). ვაჟა–ფშაველა ასე გამოხატავს ამ გაუსაძლის ტკივილს: „როცა გულს ცეცხლი ედება, გონება მსჯელობს საღადა“. თავისი ტანჯვითა და სულიერი გვემით ეს ტკივილი ჯვარცმის ტოლფასი ხდება.
სული, ვედრებით განაოცები ეპითეტი პოეტი თავადვეა გაოცებული იმ მოულოდნელი გარდასახვით, რაც მასში მოხდა; აღსარების ნაცვლად – ჩივილი, ზიარებისა და სასუფევლის ნაცვლად – ჯოჯოხეთი. აკი ამბობს კიდეც: „ვით სამოთხიდან ალიგიერი, მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!“
შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა. შედარება ღვთისმშობლის ფეხქვეშ მკვდარი პოეტი თავს პეპელას ადარებს. აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ფარვანისა და სანთლის პარადიგმა: სანთელზე ცალმხრივად შეყვარებული ფარვანა თავს იკლავს მისივე ცეცხლში. ამდენად, ღვთისმშობლისაგან მიტოვებული, მისი ლოდინით დაღლილი პოეტი ცალმხრივად შეყვარებულ ფარვანასავით კვდება სატრფოს ფეხქვეშ, ეს სატრფო კი მარადი დედა, ღვთისმშობელია.
სად არის ჩემთვის სამაგიერო? საბედნიერო სად არის სული? რიტორიკული კითხვები მართლაც, არ არსებობს პოეტისათვის სამაგიერო ბედნიერება, ცალმხრივი სიყვარული განწირულია დასაღუპავად, პოეტი ვერ ეღირსა სიმშვიდეს, ღვთის მოლოდინში გათეული ღამეები, რომლებიც შემოქმედებითი წვის გამო ენით აუწერელი ტკივილებითაა სავსე, პასუხგაუცემელი დარჩა. პოეზიასთან ზიარება უფალთან შეხვდრას გულისხმობს, ეს კი თავისთავად მიღმურ სამყაროში გადასვლას მოასწავებს. ბარათშვილი გავიხსენოთ: „მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან“. მიღმურის მიღწევის, ბედის საზღვრის გადალახვის თავგანწირული სურვილით შეპყრობილთათვის საშველი არ არსებობს, ეს მარადიული სწარფვაა, რომელსაც დასასრული არ გააჩნია. „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას…“ (გალაკტიონი), ადამიანი ხომ „აღუვსებელი საწყაულია“ (ბარათაშვილი)… ყოველი მიღწეული სიმაღლე ახლის დასაწყისი ხდება. ამიტომაც ბედნიერება არ არსებობს, ის მხოლოდ წამიერი შეგრძნებაა ფაუსტური ადამიანებისთვის.
განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

 

კოდირებული შინაარსის ფრაზა ლირიკული გმირი უარს ამბობს, უკანასკნელ, განსასვენებელ ზიარებაზე ღვთისმშობლის სახელი ახსენოს, არ სურს, სული ჩააბაროს, მიანდოს მას. ღვთისგან საბოლოო განდგომის ეს მკრეხელური მოწოდება მტკიცე და შეუვალია. აქ გალაკტიონი ეწინააღმდეგება ბარათაშვილის პოზიციას ლექსიდან „სულო ბოროტო“: თუ ბარათაშვილი განდევნის ბოროტ სულს („განვედი ჩემგან, ჰოი, მაცდურო, სულო ბოროტო!“), გალაკტიონი, პირიქით, უარს ამბობს ღვთისმშობლის, იმავე ღვთის შემწეობაზე და, გაგულისებული, სულს არ აძლევს მას.
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

 

სიმბოლო სწრაფი ცხენები იგივე ლურჯა ცხენებია, გალაკტიონისთვის მუზის, პოეზიის სიმბოლო. გალაკტიონი მიჰყვება ლურჯა ცხენების უსასრულო სრბოლას, ისე როგორც ბარათაშვილი მიჰყვებოდა მერნის ჭენებას. იგი მზადაა, შეეწიროს თავის შემოქმედებით დემონს, რომელიც მსხვერპლად სიცოცხლეს ითხოვს. „ბაირონის კაენმა ამისთვის ლუციფერი აირჩია, გოეთემ „ფაუსტში“ – მეფისტოფელი და ჩვენმა პოეტმა – მერანი, ე. ი. თავისი სულის ქროლვა“, – წერდა ილია ჭავჭავაძე თავის დროზე. სწორედ ამ გზის გაგრძელებაა გალაკტიონის ლურჯა ცხენებიც.

ლურჯი ზეციური საუფლოს, ღვთაებრივი სამყოფლის, პოეზიის ფერია („ცისა ფერს, ლურჯსა ფერს…“ – ბარათაშვილი), ცხენი კი დემონურ ძალთა განმასახიერებელია, დიონისური ადამიანის ატრიბუტი“ (ს. სიგუა, გამსახურდიას პროზის სტრუქტურა, თბ., 1989 წ., გვ. 177-179). „სიმბოლური აზროვნებით, მხედარი ადამიანის სულია, ცხენი კი – მისი სხეული. მხედრი (რაინდი) არის სიმბოლო უფლისა, მეუფისა, პატრონი ლოგოსი, პატრონი ცხენისა, რომელსაც ხედნის, როგორც სული სხეულს“ (ზ. გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის სახიმეტყველება“, თბ., 1991. გვ. 164).

ამრიგად, გალაკტიონი სულს პოეზიას სწირავს და პირველი სტროფის გამეორებით თითქოს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მის ცხოვრებაში მთავარი სწორედ ესაა: სიყვარული, თავისუფლება და პოეზია. ხოლო ღვთისმშობელთან დაპირისპირება ისე უნდა გავიგოთ, როგორც ღმერთთან მებრძოლი იაკობის პარადიგმა „დიდოსტატის მარჯვენაში“. ესაა ღმერთთან ჭიდილი მისი შეცნობის მასთან მიღწევის, მიახლოების მიზნით, ე. წ. „კეთილი ღვთისმებრძოლობა“, თეოზისის, განღმრთობის გზა, რომელიც დამახასიათებელია ხელოვანთათვის და რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

 

ხელოვნება სიცოცხლეს მოითხოვს მისი შემქმნელისგან. არსებობს ერთი საინტერესო მესხური თქმულება: მომღერალი თავისი სიმღერისგან დაიწვება; მისი სატრფო, რომელიც საკუთარი თმით ფერფლის შეგროვებას დაიწყებს, ნაპერწკლიდან გაღვივებული ცეცხლის მსხვერპლი ხდება. ასე რომ, ხელოვნება იწირავს არა მარტო ხელოვანს, არამედ იმასაც, ვისაც ეს ხელოვნება უყვარს და ესმის. გალაკტიონმა საკუთარი აღსასრულით დაადასტურა ეს. არ შეიძლება არ გაგვახსენდეს „დიდოსტატის მარჯვენის“ ბოლო თავი, სადაც არსაკიძის სიკვდილის სცენაა აღწერილი. არსაკიძეც ხელოვნებას აძლევს სულს, იგი არც მელქისედეკის სახით მის წინაშე მოვლენილ რელიგიურ დოგმატიზმს ეწირება და არც სიყვარულს. „ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისათვის შეეწირა იგი“ (კ. გამსახურდია, ,,დიდოსტატის მარჯვენა“. თხზულებანი, ტ. V, 1996 წ., გვ. 324). „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან“ (იქვე, გვ. 167). გალაკტიონის ამ ლექსის მთავარიც სათქმელიც სწორედ ესაა, პოეტმა გვიჩვენა შემოქმედებითი პროცესის მთელი სირთულე და მეტაფორულ-სიმბოლისტური სახეებით დაგვანახა, რომ „ხელოვნებაა თავად უკვდავება“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ი. ლორთქიფანიძე, „გალაკტიონ ტაბიძე“, თბ., 1988
  2. გურამ ასათიანი, „საუკუნის პოეტები“, თბ., 1988
  3. ა. ნიკოლეიშვილი, „ქართული ლიტერატურა“, XI კლასი, ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი
  4. რ. დევდარიანი, „წერილები“. ქუთაისი, 2010
  5. მაია ჯალიაშვილი, ლალი დათაშვილი, „უახლესი ქართული ლიტერატურა“, თბ., 2011
  6. ს. სიგუა, „გამსახურდიას პროზის სტრუქტურა“, თბ., 1989
  7. ზ. გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის სახიმეტყველება“, თბ., 1991
  8. კ. გამსახურდია, „დიდოსტატის მარჯვენა“, თხზულებანი, ტ. V, თბ., 1996
  9. ინტერვიუ ნოდარ ტაბიძესთან https://www.galaktion-tabidze.narod.ru/nodar_tabidze.htm

 

თინა – დედის მაგიერი

0

არა, მე ნუ გადამიღებთ, არ მიყვარს სურათების გადაღებაო, – ფეხზე წამოდგა და ხელით მანიშნა, არ მომეხვედრებინა ობიექტივში. ცოტა დავიბენი, მანამდე იშვიათად მენახა ასეთი ადამიანები. უფრო ისეთები ვიცოდი, ვინც წესის გამო, მოსაჩვენებლად იუარებს ფოტოს გადაღებას იმისთვის, რომ შემდეგ ხვეწნით დაიყოლიონ ხოლმე. ის კი შეუვალი ჩანდა.

მის ძმებს – ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ მწერლებს – ცხადია, ეს ამბავი არ გაკვირვებიათ, მაგრამ მე კი სამუდამოდ დამამახსოვრდა ის დღე, როცა ჯემალ მონიავამ მოულოდნელად წამიყვანა ხილიანზე, ჭილაძეების სახლში.

შემდეგ კი, რამდენიმე თვეში:

– ვერ გხვდებით, როგორც საჭიროა, დაბნეულები, დათრგუნულები და უმწეოები ვართ, – კარის გაღებისთანავე გვითხრა ბატონმა თამაზმა და სანამ მიზეზზე ვკითხავდით, თვითონვე გაგვიმხილა, – თინა ვერ გვყავს კარგად, საავადმყოფოშია…

ბევრჯერ გვსმენია და ძნელია, არ დაეთანხმო: ნიჭს დაცვა და შენახვა უნდა, ნიჭიერი ადამიანი ხშირად ბალღივით უსუსურია, გარემო ადვილად გასრესს. ამიტომაც ახლო მყოფი ძლიერი თანამდგომი სჭირდება – და-ძმა, დედა, ცოლი, მეგობარი – ვინც სიძნელესა და სიავეს, ყოფის ვნებებს აარიდებს და გადაეფარება. მის მოსახვედრ ტალახს, გესლს და ბასრ სიტყვას კბილებით დაუხვდება, მუშტს მოუღერებს; მის გამოსაცდელ შიმშილს, წყურვილს და შინაურობის ათას წვრილმანს საკუთარ თავზე აიღებს და ამ წვრილმანებში დანაწილდება და დაიხარჯება დაუნანებლად.

თინა ჭილაძეს ღმერთმა სწორედ ეს ძალა მიანიჭა. თვითონ შეიძლება არ უკვირდეს, რაც ჩვენ გვიკვირს – ეს საოცარი თანადგომისა და სიყვარულის უნარი, – მაგრამ მისი თავმდაბლობის შემხედვარე, არც იმის თქმა უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან „მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი ნიჭი, ყველაფერი, რაც გააჩნდა და არ გააჩნდა, უშურველად შესწირა თავის ორ სახელოვან ძმას და მათ შემოქმედებაში, ამის გამო, თინიკოს წვლილი უდიდესია. ჩვენ ვალდებულები ვართ, უდიდესი მადლობა გამოვუცხადოთ მას ამისთვის!“ (ტარიელ ჭანტურია).

ოთარ ჭილაძე ჩანაწერების წიგნში ჯერ თინას დაბადების ამბავს იხსენებს: „მამაჩემმა სამი შვილიდან მხოლოდ თინას დაბადება აღნიშნა „განსაკუთრებულად“ – „ვეფხისტყაოსანს“ დააწერა მისი ამქვეყნად მობრძანების თარიღი – წინასწარ განსჭვრიტა თინას როლი და მნიშვნელობა მისი ოჯახისათვის და კერძოდ მისთვისაც. მამაჩემის ბოლო დღეებზე რომ ვფიქრობ, რატომღაც თინას მუხლებზე ასვენია, იარებმობანილი, ჯვრიდან გადმოხსნილი ქრისტესავით…“; შემდეგ თინას სიზმარს: „თინას დაესიზმრა, თითქოს მამაჩემს ჩემი თავის ქალა ეჭირა ხელში. მიმტკიცებს – კარგიაო. მე კი ვერაფერს ვხედავ ამაში კარგს“. მერე თინას სამეფო ბეჭდის წარწერას გვაცნობს: „ოთიას თინია – თაზიას ფინია!“; 2000 წლის 27 ოქტომბერს კი დღიურში ჩაუწერია: „თინიკოს დაბადების დღე! გაუმარჯოს თინას! დედის მაგიერს!“

„ოთარის ბოლო დღეებზე რომ ვფიქრობ, მას ვერც წარმოვიდგენ თინას გარეშე“ – ეს უკვე თამაზ ჭილაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდანაა („ოთართან ერთად“), დილამდე მის საწოლთან იჯდა, მისი ხელი ეჭირა, ან მაჯას უთვლიდა, ან ისე – იმედისთვისო. სხვა დროს, მძიმე ფიქრებისგან რომ გამოეყვანა და გაერთო, „დურაჩკას“ ეთამაშებოდა ხოლმე. ერთხელაც ოთარს უთქვამს: „ეტყობა მართლა ვკვდები, ამან მე კარტი როგორ უნდა მომიგოს!“

თინას როლსა და მნიშვნელობაზე ფიქრისას ტარიელ ჭანტურიას ვან გოგის ძმა – თეო ახსენდება, თამაზ ჭილაძეს კი ორი ლეგენდარული ქალი: იზაბელა რემბო, რომელიც მარსელის საავადმყოფოში თავზე ადგა თავის მომაკვდავ ძმას და ზოზია კვირკველია, „სულის მოთქმა და იმედი გაწამებული და გამწარებული ტერენტი გრანელისა“.

ფოტოზე უარს მეუბნებით და ტელეფონში თქვენს ხმას მაინც ჩავიწერ-მეთქი, – ვთხოვე ერთხელ, მგონი 2009 წლის ივლისი იყო. ცოტა გაუკვირდა, მერე მაგიდის გარშემო ჩამომსხდარ ძმებს გახედა და ალერსიანი ხმით დაუძახა:

– როგორ ხართ, ლომებოოო?!

პირველი დღეები სკოლაში

0

ერთხელ, სწავლის დაწყებიდან მეორე კვირის ორშაბათს,  გაკვეთილები ახალდაწყებული იყო, რომ პირველკლასელების საკლასო ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. გაკვეთილს ვატარებდი. კარი გავაღე და დავინახე, რომ  კართან  აცრემლებული ჩემი მოსწავლე, პირველკლასელი ბიჭუნა და მისი აღელვებული დედ-მამა იდგნენ. დედამ შემომჩივლა: აი, (შვილის სახელი თქვა) სკოლაში მოვიყვანეთ, მას კი აქ დარჩენა არ უნდაო. ჯერი ჩემზე, მასწავლებელზე მიდგა. ყველანი მე შემომცქეროდნენ. ბავშვისა და მშობლების მზერაში მუდარა  ერია.

ბიჭთან ჩავიცუცქე და თვალი თვალში გავუყარე. მინდოდა, ისე მელაპარაკა, რომ მისი ნდობა დამემსახურებინა. ასე  უფრო  დამიჯერებდა კიდეც. ცრემლიან თვალებში თხოვნა და შიში ჩასდგომოდა. მივხვდი, რომ იმდენად უნდოდა შინ დარჩენა და აქედან წასვლა, რომ რაც უნდა მეთქვა, მისივე ნებით ვერ გადმოვიბირებდი.

ბავშვს მოვეფერე, ვუთხარი, რომ პატარა როცა ვიყავი, პირველად სკოლაში წასვლისას მეც გამიჭირდა  უცხო ბავშვებთან დარჩენა და ვიცოდი, ახლა ის რასაც განიცდიდა. მერე ხმამაღლა, მტკიცედ და მშვიდად დავამატე – მე ახლა შინ გაგიშვებ, შენ დაისვენე, ხვალისთვის კარგად მოემზადე (აქვე ავუხსენი, მოსწავლეებისთვის რა დავალების მიცემას ვაპირებდი იმ დღეს) და ხვალ გაკვეთილებზე კარგად მიპასუხე-მეთქი.

მოსწავლესაც და მის მშობლებსაც გაუკვირდათ ასეთი რეაქცია. ისინი ელოდნენ, რომ მე  ბავშვს იძულებულს  გავხდიდი, დარჩენილიყო. პატარას ძალიან გაუხარდა, რომ არ გავუწყერი და გავუგე. მშობლებმა ვერაფერი მითხრეს. ბიჭუნა დამპირდა, რომ მოემზადებოდა და მეორე დღეს  მოვიდოდა.

მომდევნო დღიდან ამგვარი მიზეზით მას სკოლა აღარ გაუცდენია.

სწორედ ახლა დგება ზაფხული და მომავალი პირველკლასელები სასექტემბროდ ემზადებიან. დაწყებითი სწავლების პირველ საფეხურზე ვისაც უმასწავლებლია, დამეთანხმება, რომ პირველ კლასში ყოველთვის აღმოჩნდება ერთი-ორი მოსწავლე, რომელიც ვერაფრით თმობს შინაურ სითბოს და სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ყოველ დილით მშობლებს ევედრება, სკოლაში არ წაიყვანონ.

ადრე ასე უმეტესწილად ის ბავშვები იქცეოდნენ, რომლებიც ჯერ 6 წლის არ იყვნენ, სკოლაში ზედმეტად იღლებოდნენ, უჭირდათ 45 წუთის მანძილზე ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, ჯერ ისევ თამაში უნდოდათ, მშობლების მონდომებამ კი „თამაშის“ ერთი წელიწადი „დააკარგვინა“.

მაგრამ ზოგჯერ 6 წლის ბავშვიც, რომელმაც პირველ დღეს იმ იმედით შემოაღო საკლასო ოთახის კარი, რომ სკოლაში საყვარელი მასწავლებელი და კარგი მეგობრები დახვდებოდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ ტირის და სკოლაში წასვლა არ სურს.

ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება  იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გამოირიცხოს, რომ ვინმე (ვთქვათ, თანაკლასელი ან სხვა კლასის მოსწავლე) მას რაიმეს უშავებს და ბავშვს სკოლაში მოსვლის ეშინია. თუ საქმე ასე არაა და ის დილაობით მაინც შინ დარჩენას ითხოვს, გამოდის, რომ იგი სხვა რამეს მოელოდა სკოლისგან (მეტ გართობას, ადვილად წერას, ხატვას და მისთ.) და უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება.

ამგვარ შემთხვევებში მშობლებს ხშირად ძალით მიჰყავთ სკოლაში პატარა, რადგან სამსახურში ეჩქარებათ, დაგეგმილი დღე ერევათ და ა.შ.  რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მშვიდად „გამოძვრე“ ამგვარი სიტუაციიდან, თუმცა ნათელია, რომ მშობლებმა როგორმე უნდა დაიცვან საკუთარი შვილის ინტერესი, რადგან სკოლაში ძალით მოყვანილი ბავშვი არც   გაკვეთილს მოისმენს, არც ხარისხიანად იმუშავებს, დროის გასვლასთან ერთად კი უფრო მეტად ინერვიულებს.

ასეთ დროს სჯობს, ბავშვს ვუთხრათ, რომ გვესმის მისი, გვიყვარს და გვინდა, გავუგოთ. ამიტომ  შინ ვინმესთან უნდა დავტოვოთ და ნება დავრთოთ, რომ ის ერთი დღე გააცდინოს, თუმცა ერთი პირობით: რადგან მის სურვილს ახლა ვითვალისწინებთ, მომდევნო დღეებში უკვე მან უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სურვილი და სკოლა აღარ გააცდინოს. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბავშვი დამშვიდდება, მშობლების საქციელს დახმარებად და მეგობრულ ჟესტად მიიღებს და ეცდება, თვითონაც შეუსრულოს მათ თხოვნა.

მოსწავლის ახალ გარემოსთან შეგუების პრობლემა ნელ-ნელა უნდა გადაიჭრას. თუკი მშობელი იძულებით დააჩქარებს ამ მოვლენას, შესაძლოა, სტრესმა ბავშვის  ქცევა შეცვალოს კიდეც. ამასთან, რასაც ძალით აკეთებინებ, ადამიანს შეიძლება იმისი კეთება შესძულდეს, რაც ასევე სტრესის მიზეზი ხდება. სტრესული მდგომარეობა თუ დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება რაიმე დაავადებაშიც კი გადაიზარდოს.

თუმცა იქმნება მეორე საშიშროებაც: ბავშვმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მან „გაიმარჯვა“ და მომდევნო დღეებშიც შინ დარჩენას ეცადოს. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, გავიმეორებ, რომ ბავშვთან პირველი მოლაპარაკების დროს მშობელმა მას კონკრეტულად უნდა დაუსახოს მოქმედების გეგმა და თავიდანვე გააგებინოს – დღეს იმ პირობით უთმობს რაღაცას, რომ ხვალიდან ბავშვი ჩვეულებრივ, მოსწავლის  ცხოვრებისეულ  რიტმს დაუბრუნდება და ეცდება, კარგად ისწავლოს.

 

 

აზა მდინარაძე

ნიუტონის თავისუფალი სკოლის  მასწავლებელი

ცოდვა-მადლი  და ადამიანის არჩევანი – ჯემალ ქარჩხაძის  “ზებულონი”

0

 

ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ სასკოლო პროგრამაში შეტანამ ხელი შეუწყო ამ მწერლის პოპულარობის გაზრდას, თუმცა, მისი სხვა რომანები და მოთხრობები მაინც ნაკლებად არის ცნობილი.  ამ წერილში მის „ზებულონს“ წარმოვაჩენთ, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანს. ჯემალ ქარჩხაძე  ინტელექტუალური ტიპის მწერალია და მის ნაწარმოებებში თხრობას უპირატესად სულიერი სამყაროს დახატვის ფუნქცია აკისრია.  მისი რომანი `ზებულონი~ ინტროვერსული, ცენტრისკენული რომანია. თომას მანის, ჰერმან ჰესეს, ფრანც კაფკას, უილიამ  ფოლკნერის რომანების მსგავსად, ამ ნაწარმოებში სულის ლანდშაფტებია აღწერილი. 1988 წელს გამოცემულ ამ რომანში თითქმის არ ჩანს რეალისტური რომანისთვის დამახასიათებელი სოციალურ-პანორამულობა. მართალია, მწერალს ყოველთვის  თანადროული პრობლემები აინტერესებდა, მაგრამ მისთვის მთავარი ერთგვარი ზედროული სივრცე იყო, რომელშიც ცხოვრობენ მისი პერსონაჟები და ავლენენ იმ არსებითს, რაც ადამიანს ან ღმერთთან მიაახლოვებს ან დემონთან. ამიტომ ამ მწერლისთვის მთავარი ადამიანია, რომელსაც კონტექსტის მრავალფეროვნებისთვის ურჩევს ხან ადრინდელ საუკუნეებს, ხან ძველ რომს, ხან ზღაპარს, ხან თანამედროვეობას. ამჯერად  საქართველოს ისტორიის მძიმე დროში გადავინაცვლებთ. თუმცა მწერალს ნაკლებად აინტერესებს თვითონ ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა, ამიტომაც ეს არ არის რომანი ისტორიულ თემაზე, არამედ ადამიანზე, რომელიც თავის ბედს, თავის ცოდვა-მადლს შესჭიდებია. `ზებულონი~ სულის ბიოგრაფიაა. მთავარი პერსონაჟი  ჩვენ თვალწინ იზრდება და ვითარდება. მის გარშემოა თავმოყრილი მოვლენები, ფაქტები, სხვა პერსონაჟები. იგი რომანის ერთგვარი ცენტრია, რომლისგანაც გამოდის და სხვადასხვა მხარეს განიტოტება ცალკეული ამბავი.

ზებულონს იდეალი იულონ ბატონიშვილია, რომელზეც მათ სოფელში ლეგენდებს ჰყვებოდნენ.  მასთან შეხვედრის შემდეგ ეს იდეალი კი არ დაიმსხვრა, არამედ მეტი ბრწყინვალებით შეიმოსა. ზებულონი თითქოს გაორდა და მის სულში, გონებასა და გულში ჩვეული, ნაცნობი შეგრძნებების გარდა გაჩნდა პარალელურად მიმდინარე ახალი და უჩვეულო ფიქრთა ნაკადი. იგი თანდათან გადაიქცა ოცნების ადამიანად, თანვე,  ამან უფრო შესაგრძნობი გახდა რეალობასა და ოცნებას შორის ზღვარი. იულონ ბატონიშვილი იქცა ღვთაებრივის, მიუწვდომელის სინონიმად. მასთან დაკავშირებულ თხრობას სწორედ ეს ფუნქცია აქვს, ზედროული დაუპირისპიროს წარმავალს. ზებულონის გონებაში გაღვივება დაიწყო უცხო, მაგრამ მიმზიდველმა ფიქრის მარცვლებმა:  `ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენ იყოფა, რის მაქნისია ეს ამოდენა ხალხი, ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებს დედამიწის ზურგზე~.

`შურისძიება~, `სიყვარული~, `სიკვდილი~ _ ეს არის კონცეპტუალური სათაურები, რომლებიც გმირის ცხოვრების სამ ეტაპს წარმოაჩენენ. იმავდროულად, ეს სამი სიმბოლოა, ზებულონის სულიერ-მატერიალური სამყაროს ძირითადი საყრდენები. ასე რომ, თხრობა სამი მიმართულებით განიტოტება. ხან შურისძიებაა წინა რიგში, ხან სიყვარული და ხან სიკვდილი. შურისძიების ამბით წარმოჩენილია ზებულონის სულიერ ცხოვრებაში მომხდარი დიდი გარდატეხა. ის თავისდაუნებურად იქცა შურისმაძიებლად. მოკლული მამა `აიძულებს~ მას ამ შურისძიებას (აქ გაიელვებს ჰამლეტისეული შურისძიების მოტივიც, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ შურისძიება `იძულებითია~ და მთლიანად ეწინააღმდეგება გმირის მეს). ასე რომ, შურისძიებას  გამსჭვალავს ცოდვა.  ამ ორი ძლიერი გრძნობის ჭიდილი აყალიბებს ზებულონს, როგორც პიროვნებას.

ჯემალ ქარჩხაძის, როგორც მთხრობელის, ოსტატობა  ისაა, შექმნას ილუზია, თითქოს სხვადასხვა ეპიზოდს განსხვავებული პერსონაჟები ჰყვებიან. სინამდვილეში ავტორი _ მთხრობელი მესამე პირში წარმოაჩენს ყოველივეს, მაგრამ თხრობის რიტმი, შეფერილობა, ინტონაცია იმდენად იცვლება, რომ მკითხველი შეჰყავს გმირის `ტექსტში~, როგორც მისი აღსარების მსმენელი.

რომანი წრული სტრუქტურისაა, იწყება მთავარი გმირის სიკვდილთან შეხვედრის ეპიზოდით და მთავრდება ამავე გმირის სიკვდილით. არსებითად, ეს ერთი და იგივე ეპიზოდია, სხვადასხვა რაკურსით დახატული, ოღონდ დასაწყისში მკითხველი შესცქერის მისთვის უცნობი ადამიანის სულის ამოსვლას, ბოლოში კარგად ნაცნობის აღსასრულს. მწერალი გარკვეულ ფრაზებს თავსა და ბოლოში იმეორებს და ამგვარადაც ადუღაბებს რომანის მთლიანობას.  აქ არის გადაძახილი რომანტიზმის იდეალებთან, რადგან ჯემალ ქარჩხაძე სიკვდილს ხატავს, როგორც ცისფერს. გმირი  აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრში შენიშნავს მისკენ მსუბუქად მოლივლივე ცისფერ სიკვდილს, რომელიც ჭრელ მინდორზე დაეშვება და მისკენ გამოეშურება. ქართულსა თუ უცხოურ ლიტერატურაში სიკვდილის ათასგვარი სახეა დახატული, მაგრამ იშვიათად შეხვდებით ასეთი თბილი ტონებით დახატულს, ნატიფი, ნაზი მონასმებით შესრულებულს. სიკვდილთან დაკავშირებული ამგვარი პოეტური განცდა მოულოდნელობის ეფექტს ქმნის და გარკვეულ დაძაბულობას მატებს თხრობას. სიკვდილთან ამგვარი შეხვედრა ეხმიანება სულის უკვდავების რწმენას. იმისათვის, რომ სულისა და ხორცის გაყრის ჰარმონიულობა წარმოაჩინოს, მწერალი სიკვდილის სიფაქიზეს უსვამს ხაზს: `ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა~. თხრობაში მთლიანად Eშემოიჭრება ცისფერი და ყველაფერს გადაფარავს. ეს `პირველად ქმნილი ფერი~ (ნიკოლოზ ბარათაშვილი) გმირს სიმშვიდეს მოუტანს და ამ ფერში გამოჩნდება მთელი მისი ცხოვრება, რომელიც სავსე იყო უამრავი, სწორედაც რომ შავი, სიკვდილით, მაგრამ ახლა `სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების უცხო ნათელი გადასდიოდა~. რომანის ამგვარი დასაწყისი არის ერთგვარი მუსიკალური პრელუდია. სახეთა ფერწერულობა, სტრიქონთა შეფარული, მაგრამ საგრძნობი რიტმი ამძაფრებს მელოდიურობას. ამგვარი მუსიკალურობის განცდა არ ტოვებს მკითხველს მთელი რომანის განმავლობაში.

თხრობის ძირითადი ნაწილში მწერალი ქმნის დროის ვერტიკალურ ჭრილს და მასზე განალაგებს მოვლენებს. მკითხველი ჩაღრმავდება პერსონაჟის წარსულში, რათა გაიაზროს, რატომ არის გმირის `საკუთარი სიკვდილი~ ცისფერი, რა გზა გაიარა მან, რომ მწერალმა ამგვარი სიკვდილით `დააჯილდოვა~. თხრობაში შემოიჭრება `ჭვრეტა~, `განათება~, `გასხივოსნება~ _ გრიგოლ რობაქიძე ამას გზნებასა  და ექსტაზს უწოდებდა.  ამგვარი უნარით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ზებულონი. ამ შემთხვევაში, მწერალი გმირის სახის გამოსაკვეთად ტრადიციულ ხერხს იყენებს, იგი სხვათაგან განსხვავებული ბავშვია, ყველასგან განრიდებული, განმარტოებული, თავის ფიქრებსა და ოცნებებში ჩაძირული. რა ელის ამ სიწმინდეს ცხოვრებაში? გაუძლებს თუ არა ცხოვრების მღვრიე ტალღების შემოტევას? ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებს მკითხველს და რომანიც ამის მცდელობაა, წარმოაჩინოს ამქვეყნიური ცოდვა-მადლის ჭიდილი.

მწერალი თავისი პოეტური სულის გმირს პოეტური სახელის სოფელში დაასახლებს _ წყაროსთვალში, რომელიც თითქოს  მიწიერი სამოთხესავითაა. ზებულონი იზრდება და ადამივით `სახელებს არქმევს~ საგნებს, ე. ი. შეიმეცნებს სამყაროს. იგი მშობლების ერთადერთი ვაჟი, და-ძმები დაბადების პირველ კვირასვე დაეხოცნენ. ამით თითქოს ხაზი ესმება მის გამორჩეულობას, რომ მან ცხოვრებაში რაღაც მძიმე უნდა იტვირთოს, მსხვერპლად იქცეს.  მწერალი ხაზს უსვამს ზებულონის განმარტოებისკენ მიდრეკილებას. ის შინაგან სამყაროსა და ბუნებას იყო მიყურადებული. `როდესაც ერთხელ ყური მოჰკრა, ალიონზე, სინათლისა და სიბნელის შეხვედრის ჟამს, მდინარე წამითY შედგებაო, ამ უჩვეულო ამბის სანახავად სამჯერ უთენია გაიპარა სახლიდან, მართალია ვერც ერთხელ დამდგარი მდინარე ვერ ნახა, მაგრამ ნახვის მოლოდინი სამივეჯერ ისეთი ტკბილი იყო, ისეთი ამაფორიაქებელი და ჟრუანტელისმომგვრელი, რომლის  მსგავსსაც ტოლ-ამხანაგებში ყოფნა ვერ მიანიჭებდა~. მას აქვს უნარი ბუნებასთან შერწყმისა, გარდასახვისა. ერთხელ, საყვარელ მუხნარში განმარტოებულმა, სწორედ ამგვარი ექსტაზი განიცადა,  იგრძნო, რომ თვითონაც მუხად იქცა და აღმოაჩინა: `მუხა მიწის ტყვე იყო! მიწა ბორკილებივით შემოჰკვროდა ფესვებზე და გასაქანს არა ძლევდა. მუხას  მოძრაობა უნდოდა და დაბმული იყო. საცა დაიბადა, იქ უნდა მომკვდარიყო და უცხო მინდორთა სილამაზეს ვერასოდეს იხილავდა~. სწორედ ამ დროს დაიბადა ზებულონის გულში სოფლიდან წასვლისა და უცხო სანახების მოხილვის წყურვილი. ზღაპრები, ლეგენდებით იკვებება მისი სული, ამიტომაც ყველაფერს რომანტიკული საბურველი აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მშობლიური მიწის სიყვარულის ახალი რაკურსით დახატვა. ყველასთვის ცნობილია გალაკტიონისეული ცვრიან ბალახზე გავლის  განცდა. ჯემალ ქარჩხაძის ზებულონს კი წვიმის შემდეგ რბილ ტალახში ფეხშიშველი სიარული უყვარდა. არის თუ არა დაპირისპირება კრიალა, სუფთა  ნამიან ბალახსა და შავ, ჭუჭყისფერ ტალახს შორის? არა, უბრალოდ, მიწის შეგრძნება ახალი ნიუანსითაა გამდიდრებული: `ნელთბილი და თოთო მიწა რომ ნესტიანი ენით მოელამუნებოდა და ტერფებზე საამო არტახებად შემოეკვროდა, ის უცხო და უსახელო, აუხსნელი განცდა გულში ნიაღვარივით შემოვარდებოდა, მერე ყოველ მხარეს გაიფანტებოდა, სისხლს შეერეოდა და მთელ სხეულს ტკბილი, მომთენთავი ნეტარებით ავსებდა~. მწერალი ვრცლად მოგვითხრობს, რას განიცდის გმირი რბილ და თბილ ტალახთან შეხებისას. ამგვარად იქმნება საოცარი ესთეტიკური ხატი, ტალახი განიწმინდება, ჩამოშორებს ჩვეულ შინაარსს და ახალი ემოციით  იტვირთება. ამგვარად, იგი განცდის ინტენსივობით ცვრიანი ბალახის სილამაზეს ეთანაბრება.  ზებულონის სულის სიფაქიზე წარმოჩნდება ამგვარი შეგრძნებებისას. საგულისხმოა კიდევ ერთი შტრიხი მისი ხასიათის გასააზრებლად: მას  ერთგულ მეგობრებადაც ადამიანები კი არა, ორი ძაღლი: ბროლია და ლომია ჰყავს. მისი სულის წარმოსაჩენად მწერალი ერთ დეტალს გამოკვეთს. ყმაწვილი ზებულონი თანატოლებივით ოცნებობს მტერთან ბრძოლაზე, მომხვდურთა დახოცვაზე, მაგრამ წარმოდგენაშიც კი არასოდეს კლავს ვინმეს. წარმოსახვა სწორედ იქ ებინდება, როდესაც ვინმეს პირისპირ დგას და მახვილს უღერებს. ეს პასაჟი კონტრასტს შექმნის შემდგომ მოვლენებთან, როდესაც ზებულონი უამრავს გაუჩეხს ხმლით თავს, სინანულისა და სიბრალულის გარეშე.

მწერალი რომანში ხატავს წინააღმდეგობას იდეალისკენ სწრაფვის გზაზე. ზებულონის სოფელში იულონ ბატონიშვილი გამითებულია. მის შესახებ თხრობისას იყენებენ თურმეობით ფორმას. მასზე ზღაპარივით ჰყვებიან, მაგრამ თუ  დანარჩენი გმირები ზღაპრის თავგადასავალს იმით ამთავრებენ, რომ მეფეები ხდებიან, იოველმა, უფლის ანგელოზის კარნახით,  უარი თქვა ხელმწიფებაზე. ეს იყო გაუგონარი და საოცარი რამ. მან, მეფის უფროსმა ვაჟმა, ტახტი უმცროსს დაუთმო: `ამგვარი კაცის ადგილი მხოლოდ ზღაპარშია, ჭაბუკებთან და მზეჭაბუკებთან, დევებთან და გველეშაპებთან, ფასკუნჯებთან და კუდიან დედაბრებთან~. იოველს თურმე ბევრი უმოგზაურია, ენები შეუსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულს კი მაღალი მთის წვერზე ტაძარი აუგია და სასწავლებელი გაუმართავს. აი, ამ ტაძრის ხილვა იქცა ზებულონის ოცნებად. მერე ისე მოხდა, რომ მათ სოფელში სტუმრად მოსულმა იოველმა ზებულონი გამოარჩია და მის მშობლებს სთხოვა, ორიოდ თვეში მასთან გაეგზავნათ, რათა წერა-კითხვა ესწავლებინა და მერე ზებულონს სხვაგანაც დაენთო სწავლის ლამპარი, თან პატარა წიგნი _ ხელნაწერი სახარება აჩუქა. იოველის სახეში ერის  განმანათლელი ილია ჭავჭავაძე ირეკლება. მის საუბარშიც ილიასეული თვალსაზრისები მოჩანს.  ზებულონსაც აქვს იდეალი, იულონ ბატონიშვილთან მიმსგავსება, მაგრამ ამ გზაზე ცხოვრება გადაეღობება და ეს იდეალი დროდადრო ხან იკარგება, ხან წარმოჩნდება.

მთელი რომანი ამ იდეალისკენ ზიგზაგურ სვლას აღწერს.  საბოლოოდ კი, ეს გზა ზებულონის სულიერი სიღრმეებისკენ მიიმართება. ამის შემდეგ თხრობაში ახალი ნაკადები ჩნდება, რომელთაც წარმართავს წიგნიერ ცხოვრებაზე ოცნება, თუმცა ტაძრისკენ სწრაფვა ბოლომდე განუხორციელებელი დარჩება. ცხოვრების წიგნს კი წაიკითხავს ზებულონი, მაგრამ ადამიანთა დაწერილს კი – ვერა. რომანის მდინარებას მწერალი არღვევს უცხოს შემოჭრით.  უცხო სოფლის განაპირას მცხოვრები, საიდანღაც გამოხიზნული უჟმური ოჯახია, რომლის ერთი წევრი ზებულონს მამას, ცალთვალა ისახარს მოუკლავს.  ზებულონი ამ დროს აღმოაჩენს ცხოვრების საზრისს, აქამდე უცნობ ჭეშმარიტებას, ერთგვარ `ზნეობრივ კანონს~. ეს არის გარკვეულ მოვალეობათა აღსრულების ტვირთი. ხშირად იმგვარი მოვალეობებისაც, რომლებიც გმირის მეს, მის სულიერ სამყაროს ეწინააღმდეგებიან. თხრობაში შემოიჭრება ახალი, საშიში, ხმაურიანი მოტივი. ეს არის საშინელი  ცოდვა, რომელიც ზებულონმა უნდა ჩაიდინოს. ცოდვა თითქოს თვითონვე  წარმართვს მოვლენათა განვითარების დინამიკას. მთელი სოფელი და ოჯახი უთქმელად აღძრავს ყმაწვილ ზებულონს შურისძიებისთვის. ზებულონი თითქოს რაღაც საშინელი ძალის მორჩილია. იგი ამოქოლავს იმ ხვრელს, რომელშიც  მამამისის  მკვლელთა ჩვილბავშვებიანი ოჯახი იმალება.  ეს არის საწყისი წერტილი, საიდანაც განიტოტება რთული გზა ნამდვილი ცხოვრებისკენ. შურისძიების აღსრულების შემდეგ ზებულონს სამი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა. მწერალი ამ დეტალით მიანიშნებს, რომ ამ სამ დღეში ცოდვის ნაყოფი _ ახალი ზებულონი დაიბადა, რომელსაც ჩადენილმა ცოდვამ იდეალისკენ გზა გადაუკეტა. ეს ახალი ზებულონი მატერიალური ცხოვრების ორომტრიალისთვის არის მზად _ სისხლის საღვრელად და ცოდვის მორევში დასანთქმელად.  ამის შემდეგ მის გარშემო შიში და სისასტიკის მოლოდინი ისადგურებს. ხალხი როგორც ურჩხულს, ისე ერიდება, ერთგულმა ძაღლებმაც კი მიატოვეს. ზებულონი კვლავ მარტოა მთელი სამყაროს პირისპირ. სოფელში ხმა დაირხა, ღამღამობით ქაჯები და ავი სულები დაუდიანო. ზებულონი გრძნობდა, რომ `სხვა კაცი გახდა, კი არ გარდაიქმნა  და იმისგან კი არ აღმოცენდა, რაც ქამდე არსებობდა, როგორც ფესვიდან აღმოცენდება მცენარე,  არამედ სულ მოსწყდა ფესვს და ცალკე მცენარედ იქცა. სამაგიეროდ, სულში დარჩა იმ ფესვის მარადიული, მტკივნეული, მახრჩობელა ნატვრა“. იოველ ბატონიშვილისკენ მიმავალს ესიზმრა, რომ მცველმა არათუ შეუშვა მასთან, ეჭვიც კი შეიტანა: `ამ ავაზაკს ჭაბუკი ზებულონი მოუკლავს და გაუძარცვავს, სახელიც კი წაურთმევიაო~. ზებულონს მხოლოდ იოველის ნაჩუქარი სახარება დააქვს ავგაროზივით. ეს პატარა წიგნი სიმბოლურად განასახიერებს მისი სულის შეურყვნელ ნაწილს, ნაპერწკალივით მბჟუტავს და დიდ ცეცხლად გადაქცევის მომლოდინეს.

სიყვარული ზებულონში ახალ ენერგიას აღვიძებს. იოველისკენ სწრაფვა, როგორც იდეალიკენ, ტრანსფორმირდება ნესტანისკენ სწრაფვაში. საგულისხმოა ისიც, რომ ზებულონი პირველად როცა მოჰკრავს პატარა გოგონას, ნესტანს, თვალს, ის მაგიდაზე თავდახრილი წიგნს კითხულობს. ამჯერადაც კვლავ წიგნია ხიდი უფლისკენ მიმავალ გზაზე, სიყვარულით განათებულზე. ზებულონს ეს წიგნი, ე.ი. წერა-კითხვის შესწავლა, სიკვდილამდე მიუწვდომელ იდეალად დარჩება, სხვაგვარად ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა. იდეალი არ უნდა განსხეულდეს, მას არც არაფერი არ უნდა ჩაენაცვლოს, მაშინ შეეძლება ადამიანს ამ იდეალის ერთგულება და მაშინ დაჯილდოვდება ცისფერი სიკვდილით.  მწერალს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ დაურქმევია მშვენიერი ქალწულისთვის ეს სახელი. ის განსახიერებაა, მართლაც, იდეალისა, რომელსაც დიდი ძალისხმევით სჭირდება მოპოვება და დაცვა. ნესტანთან ურთიერთობაში ზებულონის სულში სწორედ ის შეურყვნელი ნაპერწკალი გაღვივდება: `ზებულონი თვალგაშტერებით შესცქეროდა წინ მიმავალ ნესტანს და  მის არსებაში ვიღაც, ვინც ზებულონიც იყო და და არც იყო ზებულონი, მძაფრად, ლოცვასავით ნატრობდა, ყველაფერი გამქრალიყო, მთელი ქვეყნიერება, მხოლოდ ეს ჭალა დარჩენილიყო და ეს მდინარე. მუდამ ასე ევლო ამ ჭალაში ნესტანს ზებულონის წინ და მუდამ ასე ეცქირა ზებულონს ნესტანისთვის~. ამ გზაზე ზებულონი სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრად იქცევა,  ხმალჩაუგებელ ვაჟკაცად. ქართლის მეფე მანუჩარის გვერდით რომ დააყენებს განგება და მასთან ერთად ქვეყნის დასაცავად აბრძოლებს. მწერალი რომანს ახლ კონტექსტში წარმოაჩენს. ეს არის შავბნელი ხანა საქართველოს ისტორიისა, დაშლილ-დაქუცმაცებული ქვეყანა, შინაომები, ათასგვარი მტერი. ზებულონი მთლიანად გადაეშვა ცხოვრების შუაგულში, რომელიც მისგან ამჯერად მტრის უმოწყალო დახოცვას მოითხოვდა. ის კვლავაც იარაღი იყო ბედისწერის ხელში: `როცა ერთიანად ხმლად და ბრძოლად იყო ქცეული, იმ დროს არ იცოდა, რომ თათარი, რომელსაც გამეტებით  უქნევდა ხმალს, ადამიანი იყო, სულიერი, თვითონაც სიცოცხლე უნდოდა და ხმალი რო ხვდებოდა, სტკიოდა~. სიკვდილს მიესწრაფვოდა თვითონაც, მაგრამ უცნაური რამ ხდებოდა მის სულში, სიცოცხლის სიყვარულს ბრძოლა ბადებდა.

მტრის დაუნდობლად მოკვლისა და შებრალების  მოტივები რომანში ერთმანეთს გადაკვეთს და აქაც ერთმანეთს ხვდება ცოდვა და მადლი.  ერთ ეპიზოდში ზებულონი ტყვედ ჩაგდებულ ლეკ ყმაწვილს რომ ჩახედავს თვალებში, შეშფოთდება, მართალია, თანამებრძოლებს დაუბარებს, ყველაფერს რომ ათქმევინებთ, მერე რაც გინდათ, ის უყავით, გინდა მოკალით და გინდა ცოცხლად გაუშვითო, მაგრამ ვეღარ მოისვენებს, ნატრობს, რომ ამხანაგებმა გაუშვან და დიდი ხნის მერე, როცა კვლავ მოიკითხავს და პასუხად მიიღებს, გავუშვითო, შვებით ამოისუნთქავს.

მწერალს ზებულონი ცხოვრების დახლართულ  გზებზე დაჰყავს ფიზიკურად და ათასგვარ ხიფათს შეახვედრებს, მაგრამ მთავარი მისი სულიერი გზებია. როგორც აღვნიშნეთ, რომანი პირობითად ისტორიულ თემაზეა, მაგრამ, ჯემალ ქარჩხაძეს როგორც ჩვევია, მას ისტორია აინტერესებს არა მომხდარი მოვლენების თვალსაზრისით, არამედ იმ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის გადმოსახედიდან (ამგვარი ორიგინალური რაკურსის მაგალითია `რაჰათ-ლუხუმი~, რომელშიც მტერი ჰყვება თევდორე მღვდლის გმირობის ამბავს). ასე რომ, რომანში აღწერილი ისტორიული მოვლენები ერთგვარი პარადიგმებია, რომლებიც ხშირად მეორდებიან საქართველოს ისტორიაში. აქაც `დრო ავი იყო, ქვეყანა გავერანებული~. ამჯერად, უბრალო აზნაურის, ზებულონის, თავგადასავალია მოთხრობილი მოდელირებულ ისტორიულ ფონზე. ეს არის მძიმე  ხანა საქართველოსთვის. ზებულონი უნებურად მოექცევა მოვლენათა შუაგულში, მაგრამ მწერლისთვის მთავარია მისი ზნეობრივი ცვლილებები. რომანში სხვა პერსონაჟებიც შემოიჭრებიან თავიანთი განსხვავებული ხმებით. ესენია: მანუჩარ ბატონიშვილი, ბექა ამილახვარი, ნესტანი,  იესე ერისთავი. რომანში მრავლად იხატებიან ქვეყნის ერთგულნიც და მოღალატენიც, მაგრამ ისე, რომ მთავარი პერსონაჟის, ზებულონის, ხმა არსად არ იჩრდილება.

განსაკუთრებულ ყურდღებას იქცევს კათალიკოსის სახე. ეს არის ამაღლებულის  შემოჭრა რომანში. როცა რწმენაშეცვლილი ისკანდერი ირანის მხარდაჭერით დაჯდა სამეფო ტახტზე, ქართლის კათალიკოსმა ჯერ საჯაროდ შეაჩვენა მაჰმადიანი მეფე, მერე კათალიკოსის ძვირფასი სამოსი შემოიძარცვა, ჯვალოს კაბა ჩაიცვა, ხელში რკინის ჯვარი დაიჭირა და სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული: `ქადაგად დაცემული ყველა ქრისტიანს, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, გულმხურვალედ მოუწოდებდა, ხელი გამოეღო, რათა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ურჯულოთაგან  ეხსნათ და თუ ვერ იხსნიდნენ, ნამუსიანად დახოცილიყვნენ~. რომანში განსაკუთრებით შთამბეჭდავია  ერთი ეპიზოდი. ტყეში გახიზნულ კათალიკოსთან ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში თავშეფარებულ ზებულონს დაევალა, ეთვალთვალა და ამოეცნო აქ ამოსული მოღალატე თავადი. ზებულონმა დავალებას თავი ჩვეული მოხერხებულობით გაართვა, მაგრამ ის სახეზე არ იცნობდა თავადებს. მოულოდნელად ეკლესიაში კათალიკოსი გამოჩნდა, რომელმაც მიმალული ზებულონის გასაგებად ხმამაღლა სახელით მიმართა მისთვის ნაცნობ მოღალატეს. ზებულონის თვალწინ მოკლეს კათალიკოსი. ეს იყო საოცარი თავგანწირვა ეკლესიის საჭეთმპყრობელისა, რომელმაც საკუთარი სისხლით დაამოწმა თავისივე ნაქადაგევი. იგი ასე არიგებდა ზებულონს: `გათათრება ეგრე იოლი არ არის. ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა. გულში გვიან აღწევს~. რა თქმა უნდა, გათათრებაც ერთგვარი სიმბოლოა და იგი, ზოგადად, ერის გადაგვარებას გულისხმობს.

ცხოვრებანაგემი ზებულონი შემეცნების ახალ საფეხურზე სიკვდილს გაიაზრებს, როგორც უჩვეულო სიცოცხლის დასაწყისს, ამიტომაც ბრუნდება მშობლიურ სოფელ წყაროსთვალში: `მიხვდა, რომ ამაო ყოფილა სიკვდილის ძებნა, ისევე როგორც სიცოცხლის ძებნა ამო ყოფილა~. ზებულონი თავის მიწას უბრუნდება ნამდვილი სიკვდილისა და ნამდვილი ზებულონის საძებნელად. მან ცხოვრების აღმართ-დაღმართებზე ხეტიალისას კიდევ ერთი ჭეშმარიტება აღმოაჩინა: `სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა, ვიდრე სიკვდილი~. სიმბოლურია, რომ მას მოღალატის ისარი ზურგში მშობელთა საფლავზე წამოეწევა და `ზებულონი მიხვდა: `სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა~, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა. როგორც მუგუზლიდან ავარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება. ეს ნაპერწკალი შურისძიებისაა, სიყვარულისა და სიკვდილისა და ზებულონის სიცოცხლეც სხვა არა ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიებისა, განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიკვდილისა~.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...