კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

რატომ ვასწავლით მეშვიდე კლასში დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთას“

0

დავით გურამიშვილი და  მისი ბედი ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეგვიძლია ქართველებს ვიღაცისთვის თუ რაღაცისთვის ძეგლის დადგმა და მერე სამუდამოდ დავიწყება, თითქოს ძეგლით მთავრდება შემოქმედისა თუ პრობლემის კვლევა, თითქოს ყველა საკითხი მის ირგვლივ გადაჭრილია და მეტ კვლევასა და ზრუნვას აღარ საჭიროებს.

 თბილისის ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოქანდაკის მიერ შესრულებული ძეგლი გვაქვს, მიკუთვნებული აქვს კატეგორია: „დიდი პოეტი“ და თითქოს ამით დამთავრებულია მისი კვლევა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც თითქმის ყველა მასწავლებელი თუ ლექტორი ფაქტობრივად იხვეწება: „ გვენდეთ, მართლა დიდიაო „ და ძნელად ახერხებს ამ სიდიდის ახსნასა და დამტკიცებას კლასისა თუ აუდიტორიისთვის.

პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ გამოკვლეული და დამტკიცებული ცოტაა, რაცაა, ის ნაშრომებიც რაღაცნაირად ჩრდილშია, თითქოს ქართული საზოგადოებისთვის საკმარისი ავტორიტეტები არ არიან რევაზ თვარაძე, სარგის ცაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ნოდარ ნათაძე…

იქნებ საქმე ისაა, რომ თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია და არ არსებობს ერთი დადგენილი აზრი ძალიან ფუნდამენტურ საკითხებზეც კი. თუმცა ლიტერატურის აღქმა სუბიექტური პროცესია, მაგრამ ლიტმცოდნეობა მაინც თხოულობს გარკვეული სახელების დარქმევას. ეს პროცესი კი დავით გურამიშვილთან მიმართებაში ფრიად შენელებულია.

გარდა ამისა, არც სწავლების დრო და სტრატეგიაა სწორად დაგეგმილი.

ჩვენი მოსწავლეები მეშვიდე კლაში დავით გურამიშვილის პოემის ნაწყვეტს „სწავლა მოსწავლეთა“ სწავლობენ. საბაზო საფეხურზე ამ ნაწილის შეტანა საბჭოთა ინერციების ნათელი დადასტურება მგონია.

საერთოდ გაუგებარია ქართული ლიტერატურის სწავლების ზოგადი პოლიტიკა – რას ვასწავლით, რატომ ვასწავლით, როდის და როგორ?

ლიტერატურის სწავლებისას საბოლოო შედეგი მხატვრულ სახეთა შეცნობისა და შეგრძნების სიხარული უნდა იყოს. მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა და  თუნდაც ტროპის სახეების ცნობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვების მკითხველებად გაზრდას. ეს ფუნქცია მთლიანად პედაგოგის ნიჭსა და მონდომებაზეა მინდობილი. რამდენად ხშირად ჰყოფნის კომპეტენცია საამისოდ მასწავლებელს, სხვა ამბავია. ალბათ ხან ჰყოფნის, ხან – არა, მაგრამ მაინც, გინდაც შეძლოს და საჭირო ფორმით მიიტანოს მოზარდებამდე, სრულიად დაუშვებელია, სახელმძღვანელოში შეტანილი მასალა ინტერესსა და ხალისს (სწავლის, კითხვის ხალისს) არ აღძრავდეს მოსწავლეში.

მე არ შემხვედრია მეშვიდეკლასელი, რომელსაც პირდაპირი, ღია დიდაქტიკა ხიბლავს, რომელზეც შეიძლება გავლენა იქონიოს გურამიშვილის სიტყვებმა:

„ ისმინე სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა,

ჯერ მწარე ჭამე,  კვლავ – ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;

თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა;

ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.“

დავით გურამიშვილის ტექსტებს ორაზროვნება, გაგების სხვადასხვა სიღრმე ახასიათებს. ზედაპირულად, მარტივი ალეგორიის ამოხსნით, ჯერ უნდა გაიჭირვო და ისწავლო და შემდეგ მოილხენ. უფრო სიღრმეში, აქ შეიძლება ქრისტიანული ფესვებიც ვეძებოთ, საერთოდ, გურამიშვილთან ყველგან შეიძლება ვეძებოთ ქრისტიანული ფესვები.  მით უფრო,  ჩვენ, დიდებმა ვიცით, რომ:

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის,  წავა სადაო;

ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო;

ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს, ულაგმო და უსადაო. “

ანუ ვიცით, რომ გურამიშვილისეული სწავლის მიზანი გაცილებით უფრო ღრმაა და ზოგად ადამიანური ყოფის  პრობლემებამდე მიდის. ჩვენ ვიცით, მაგრამ მეშვიდეკლასელებმა არ იციან. ვერც შეიგრძნობენ და ვერც გაიგებენ, არადა ამ ფინალის გარეშე  კონტექსტს სრულიად მოწყვეტილია გურამიშვილისეული კონცეფცია სწავლის შესახებ.

თავად აფორიზმად ქცეული „ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“ თანამედროვე კონტექსტს მოკლებულია. ჯერ ერთი, თანამედროვე სწავლების პირობებში სწავლა ყოველთვის მწარე  არაა, ის შეიძლება ძალიან ტკბილი, აზარტული, სასიამოვნო და საინტერესო იყოს (ისევ აღვნიშნავ, თუ  გურამიშვილისეულ „სწავლას“ მხოლოდ ზედაპირული მნიშვნელობით გავიგებთ ), მეორეც, თანამედროვე სამყაროში სწავლა-განვითარება უწყვეტი პროცესი გახდა და „რა სრულყოფს“ უკვე სრულიად პირობითი რამაა. დღეს თითქმის წარმოუდგენელია რაიმე საქმის პროფესიონალი, რომელმაც თავისი საქმის შესწავლა დაასრულა და ერთხელ მიღებული ცოდნით ახერხებს იყოს სათანადო სიმაღლეზე. თავისთავად ცხადია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსწავლეები პირდაპირ მიიღებენ დავით გურამიშვილის შეგონებას და შეეცდებიან თავიანთ ცხოვრებაში გაატარონ და გამოიყენონ, მაინც არანაირი სარგებელი არ იქნება, რადგან თანამედროვე მოთხოვნებს ის არ შეესაბამება.

მაშინ ცხადია, რომ ტექსტის თუნდაც მხოლოდ შინაარსობრივი ანალიზისათვის აუცილებელია მთელი ისტორიული კონტექსტის არა მხოლოდ ცოდნა, არამედ შეგრძნებაც, რაც თავისთავად გულისხმობს ერის, როგორც ისტორიული მთლიანობის აღქმასა და ამ ერთან თვითიდენტიფიკაციას, რაც საკმაოდ რთული პროცესია და მაღალ ინტელექტსა და განვითარებულ მგრძნობელობას საჭიროებს.

საერთოდ, გურამიშვილის აღქმა კონტექსტის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. ის არის პოეტი, რომლის შემოქმედებაშიც პირადი და ეროვნული, ქრისტიანული და ეროტიკული, ისტორიული და მისტიკური თავისუფლად ცვლის და ენაცვლება ერთმანეთს. იქნებ სწორედ ამიტომ რჩება დღემდე ჩრდილში მდგომ პოეტად. ახალი სახელმწიფოებრიობის პირობებში ქართველებს გვიჭირს ემოციური კავშირის დამყარება მეთვრამეტე საუკუნესთან კი არა, ლამის მეოცე საუკუნის დასაწყისთანაც კი. გამოურკვეველი ეროვნული ღირებულებების გამო საერთოდ გვიჭირს ეროვნული თვითიდენტიფიკაცია და საბჭოთა გამოცდილება ფსევდოპატრიოტიზმისაკენ გვექაჩება.

იქნებ ამიტომაც დავით გურამიშვილზე, მის შემოქმედებაზე თითქმის არაფერი ვიცით. არსებობდა საბჭოთა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ეს იყო ერთა შორის, მოძმე რესპუბლიკებს შორის „გზად და ხიდად“ გადებული პოეტი. მისი იუბილეები პომპეზურად აღინიშნებოდა ხოლმე რუსეთშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც. საბჭოთა იდეოლოგიას მეტი არც არაფერი აინტერესებდა. მეშვიდე კლასში „სწავლა მოსწავლეთას“ სწავლება სწორედ ამ ინერციას ჰგავს.

კიდევ ერთი თანამედროვეობისთვის საჩოთირო საკითხია სწავლისას ძალადობრივი მეთოდის გამართლება.

სხვა საკითხია აკაკი წერეთლის „ჩემ თავგადასავალში“ სკოლაში სახაზავით ცემის ეპიზოდი. სრულიად გასაგებია ავტორის დამოკიდებულება ამ საქციელისადმი და ისიც, რომ ეს ქცევა მტერი, დამპყრობელი ერის მიერაა თავსმოხვეული. შესაბამისად, თუნდაც ინფორმაციული თვალსაზრისით ამ ნაწყვეტის უმცროს კლასებში სწავლება მიზანშეწონილია და შესაბამის შედეგსაც ვიღებთ.

სულხან-საბა ორბელიანისეული აღზრდის სისტემაც, რომელსაც მისი კრებულის „სიბრძნე სიცრუისას“ პერსონაჟი – ლეონი იყენებს, პირად გამოცდილებისკენ, სამომავლოდ ქვეშევრდომების მიმართ თანაგრძნობისკენაა მიმართული. მართალია, დღეს ვიცით, რომ ბავშვობაში მიღებულმა ამგვარმა ძალადობად შეიძლება თანაგრძნობა კი არა, პირიქით სამომავლოდ აგრესია გამოიწვიოს, მაგრამ თვითონ ტექსტის კონტექსტში ის აბსოლუტურად გამართლებულია და თანაც შედარებით უფროს ასაკში ისწავლება.

აი, გურამიშვილის „ ნუ გენაღვლების სწავლაზედ ყრმის წკეპლის ცემით კივილი“    სრულიად მიუღებელია თანამედროვე ბავშვისთვის. გარდა იმისა, რომ ცემა გამოყვანილია პირდაპირ სწავლის მეთოდად, საკმაოდ მძაფრად, უხეშადაა დახატული სურათი და ბავშვის კივილი, მართლაც რომ, ხმამაღლა და შთამბეჭდავად ისმის. საბოლოოდ ჩვენი მოსწავლეების ცნობიერებაში გურამიშვილთან დაკავშირებით ერთი რამ რჩება : ეგ ის არაა, ბავშვებს წკლეპლით ასწავლეო?!

თუ მაინცდამაინც ამისი სწავლება გვინდა ბავშვებისთვის ,  უფროს კლასებში ხომ ვასწავლით, მეშვიდეში რა საჭიროა? ვაყვედრით, ახლა თქვენ ხომ აღარ გირტყამთ წკეპლებსო, თუ გვგონია, მხატვრულ ღირებულებაზე დაფიქრდებიან ან იმაზე დაიწყებენ მსჯელობას, რა შეიცვალა კაცობრიობაში, სად მიდიოდა ამდენი აგრესია, რომელიც ბავშვობაში მიღებული ძალადობით უნდა დაგროვილიყო. ამ ყველაფერზე მსჯელობას შეიძლება პედაგოგი წარუძღვეს, მაგრამ ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახელმძღვანელო თვითკმარი რესურსი უნდა იყოს.

ვფიქრობ, თანამედროვე ბავშვი საკმაოდ შეიცვალა და დროა, შეიცვალოს დავით გურამიშვილთან პედაგოგიკური მიდგომაც. ღია დიდაქტიკაზე მეტად თანამედროვე ახალგაზრდებს ღია ეროტიკა დააინტერესებთ. რატომ გვეშინია ახალგაზრდებს წავაკითხოთ „მხიარული ზაფხული?! „ თუკი უფროსკლასელებს შესაბამის მოსაზრებებს გავაცნობთ, ისინი ხალისით იმსჯელებენ, სად და როგორ ცვლის ეროტიკულ ვნებებს რელიგიური. სწორედ ეს მგონია უფროს ასაკში თანამედროვე მოზარდისთვის დაინტერესების საწყისად და არა – დიდაქტიკა, მით უფრო მეშვიდე კლასში.

ნიკო ლორთქიფანიძის  `შელოცვა რადიოთი~  _სწავლებისათვის

0

ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის, `შელოცვა რადიოთი~, სწავლებისას მნიშვნელოვანია მოდერნისტული კონტექსტის გათვალისწინება. ქართული მოდერნიზმის ერთ მძლავრ შენაკადს ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ქმნის. მისი სამწერლო მანერა გამოირჩევა ძიებებით, რაც გულისხმობს თხრობის სტრუქტურის გამრავალფეროვნებას. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა მისი იმპრესიონისტული სტილი, რომელიც მას გამოარჩევდა მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველ პროზაიკოსთაგან. ეს კარგად შენიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც თვითონ ქმნიდა მოდერნისტულ პროზას: `ილიას შემდგომ ჩამომდგარ ლიტერატურულ კრიზისს, რომელსაც მოჰყვა ქართულ პროზაში მიშვებული ჯღაბნის სამწუხარო პრაქტიკა, ზღვარი დაუდო რამდენიმე მაღალნიჭიერმა ოსტატმა ქართული სიტყვისამ. ამ ოსტატთა პირველ რიგებში უთუოდ იგულისხმება ნიკო ლორთქიფანიძე. საჭირო იყო ქართული პროზის განახლება, მოდერნიზება ფრაზისა და თემატური სიახლე. იგი დიდი გულმოდგინებით ამუშავებდა დეტალებს. მას კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ მწერალი ისე მომჭირნედ უნდა ხარჯავდეს სიტყვას, როგორც რომელიმე ძუნწი _ ოქროს, რადგან სიტყვაა ჩვენი სიმდიდრე, ტონისა და ფერის ექვივალენტი, სიტყვა ჩვენი უბასრესი იარაღია, ჩვენი საჭრეთელი და ჩვენი ფუნჯი~.

ნიკო ლორთქიფანიძის ამ მოთხრობაში მოდერნისტული კონტექსტი უნდა გავიაზროთ ორი მიმართულებით:

  1. გამოთქმის ხელოვნების მოდერნიზება (სიტყვის, ფრაზის, თხრობის სტრუქტურის, რიტმის ვარიაციები);
  2. თემატური სიახლე (ახალი ტიპის გმირები ურბანულ გარემოში).

როცა ეს მოთხრობა დაიწერა, 1928 წელს, ამ დროს ქართულ პროზაში უკვე შექმნილი იყო მოდერნისტული რომანები: დემნა შენგელაიას `სანავარდო~, გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგი~, კონსტანტინე გამსახურდიას `დიონისოს ღიმილი~. მოდერნისტულ პროზას ქმნიდნენ სანდრო ცირეკიძე, ჭოლა ლომთათიძე, ლეო ქიაჩელი და სხვები. მოდერნისტულ  სტილს (იგულისხმება სიმბოლისტური, ექსპრესიონისტული, იმპრესიონისტული, ფუტურისტული და სხვა იზმის ერთობლიობა) ახასიათებდა თხრობის ასოციაციურობა, მრავალშრიანობა,  ფორმის სირთულე, პოეტურ პროზა, მითის აღორძინება, ახალი ტიპის გმირები, ურბანული გარემო, დრო-სივრცული ჭრილების განსხვავებული ხატვა და სხვ.

როგორ უნდა გავიაზროთ ნიკო ლორთქიფანიძის მიერ გამოთქმის ხელოვნების მოდერნიზება? ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმპრესიონისტულ სტილს. რა იყო დამახასიათებელი ლიტერატურული იმპრესიონიზმისთვის?

  1. თხრობის ფრაგმენტულობა.
  2. ლაკონური ფრაზები.
  3. თხრობის მოზაიკურობა.
  4. ერთსიტყვიანი, ხშირად უზმნო, სახელდებითი წინადადებები.
  5. დეტალებზე, ნიუანსებზე აქცენტირება.
  6. 5. პოეტური პროზა

თხრობის ამგვარი მანერა ეყრდნობოდა გადმოსაცემი ამბის რაობას, რომელიც აღმოცენებული იყო შთაბეჭდილებიდან. როგორც ცნობილია ხელოვნებაში, კერძოდ, ფრანგულ ფერწერაში გაჩნდა პირველად ეს სიტყვა, როგორც მხატვრობაში ახალი მიმართულების აღმნიშვნელი. მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში პარიზში ახალგაზრდა მხატვართა ერთმა ჯგუფმა გამოფინა სრულიად განსხვავებული ხელწერის ნახატები, რომლებზეც ფერისა და ხაზის გამოყენების უცნაური ტექნიკა ჩანდა. ერთ ნახატზე, რომლის ავტორი იყო კლოდ მონე, აღბეჭდილი იყო მზის ამოსვლა და სახელწოდებაც შესაბამისი ჰქონდა: „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“. ამგვარად, სიტყვა შთაბეჭდილება (იმპრესსიონ-ფრანგ.) იქცა ახალი სკოლის სახელად. რაც შეეხება ლიტერატურას, ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ევროპულ ლიტერატურაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში სწავლობდა, სწორედ მაშინ აქ მოღვაწობდა ორი გამორჩეული იმპრესიონისტი მწერალი: პიტერ ალტენბერგი და არტურ შნიცლერი. წერის იმპრესიონისტული მანერა ყველაზე უფრო მიესადაგა ნიკო ლორთქიფანიძის ესთეტიკურ გემოვნებას და ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან შექმნა გამორჩეული იმპრესიონისტული მხატვრული ნაწარმოებები. ამ სტილის ერთგვარი თეორიული აღწერა მას მოცემული აქვს ნოველაში `უიალქნოდ~, რომელიც იმპრესიონიზმის `მანიფესტადაც~ გამოდგებოდა: `მე სხვადასხვა სურათს მოგაწვდენ ცხოვრებიდან. მათი ერთმანეთთან შეკავშირება შენთვის მომინდვია… მე მა­ინც მგონია, რომ მკითხველს მეტი ადგილი უნდა დაეთმოს ფანტაზიისათვის, შემოქმედებისათვის… მკითხველს მოს­წყინდა ყველაფერი უკვე შემუშავებული თავ-თავის ადგილზე ჰპოვოს… მწერალმა მარმარილო, ტილო, საერთო აზრი, ჩარჩო, ორი-სამი ხაზი დაამზადოს, დაბოლოოება, დამთავრება ნაწარმოებისა მკითხველის გემოვნებას და სურვილს მიანდოს“.

ამ მოთხრობაშიც (`შელოცვა რადიოთი~) მწერალს იმპრესიონისტული სტილით აქვს გადმოცემული მთავარი გმირის, ელი (ელპიდე) გორდელიანის თავგადასავალი. მოთხრობაში გაფართოებულია გმირის `ჰორიზონტალურ ხაზზე~ მოძრაობა. ელი და სხვა გმირები ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობენ, ამგვარად, მწერალს შესაძლებლობა აქვს მკითხველს  დაუხატოს ევროპა, გააცნოს ევროპელთა ცხოვრების წესი. შესაბამისად, წარმოაჩინოს ცივილიზაციის განვითარების დონე, თუ რას მიაღწია ადამიანმა მატერიალურ სამყაროში და როგორ აირეკლა ეს მიღწევები სულიერ-ზნეობრივ სივრცეში. რუსეთის, სკანდინავიის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის ურბანული ლანდშაფტები  იქცა ელის მატერიალურ-სულიერი სამყაროს ფონად.  ეს იყო მოდერნიზმის მთავარი თემა _ ადამიანის ბედის წარმოჩენა ქალაქის `უდაბნოში~. ამ დროის პულსაციას კარგად გადმოგვცემს გრიგოლ რობაქიძე ერთ წერილში: „თანამედროვე ადამიანი დროს სწრაფად იმორჩილებს. იგი ავტომობილით საათში ასსა და მეტ კილომეტრს გადის, თვითმფრინავით კი – უფრო მეტს. ის რადიოტალღებით წამის მცირე ნაწილში თავის ხმას დედამიწის სფეროს ირგვლივ აგზავნის. მას სურს, თვალის დახამხამებაში მთლიანად სრულყოს საკუთარი თავი, იგი ცდილობს, მასში დროის მდინარება აბსოლუტური აწმყოს ერთ-ერთ სახედ შეინარჩუნოს. საშუალება, რომელიც მას ამისათვის ემსახურება, მანქანაა – მაგრამ მანქანა მასზე უკუქმედებას ახდენს, მაშინ, როდესაც ის მასში შეგრძნების ახალ ფორმას იწვევს. შევისწავლოთ ავტომრბოლერის ფსიქიკა. მას მოქმედებაში საზარელი ძალები მოჰყავს. იგი მათ იმორჩილებს, საშინელ სიჩქარეს ავითარებს, ნთქავს სივრცეს, დროს შემზარავად ამოკლებს. სისწრაფე – ის ამითაა შეპყრობილი. რაც შეეხება განვლილ მანძილს, ლანდშაფტთა ფრაგმენტებს, საკუთარ თავში ჩაძირულ წამებს – ეს მას არ აღელვებს. თავის შეგრძნებაში თითოეული დროის შუალედურ სივრცეს აქრობს. იგი უდროობას ან ზედროულობას გამოიხმობს. უდროობას ვერ აღწევს, მაგრამ მასში მიღწევის შესაძლებლობა ღვივის. მისი დაძაბულობა იმდენად აწეულია, რომ ეს შესაძლებლობა მიღწეულამდეა მიახლოებული და თითქმის უკვე აღსრულებულით ტკბება. წინაცდუნებით მოხიბლული, ის უდროო აწმყოს უსინჯავს გემოს: ახალი მისტიკოსი, სიცარიელეს რომ ეჯახება“ („გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა“). ევროპაში ელიც  ჩაერთო ამ თავბრუდამხვევ რიტმში, რომელსაც  უნდა დაევიწყებინა ოჯახი, მიტოვებული შვილი, ახლობლები, მაგრამ გაქცევამ ვერ უშველა და შეეჯახა „სიცარიელეს“, რომელიც ვერ დაძლია.

მოთხრობაში არა მხოლოდ გმირის ბედი იხატება ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის კონტექსტში, არამედ ერისაც. ცნობილია, საქართველოს ერთგვარი განაპირება კულტურული სივრცისგან, რაც მის ბედისწერად იქცა და რომელიც  ჯერ კიდევ იოანე საბანისძემ  ასე გამოთქვა: `ვართ ყურესა ამას ქვეყნისასა~. საუკუნეთა განმავლობაში ქართული კულტურა თანაბრად საზრდოობდა აღმოსავლური და დასავლური იდეებით, როგორც  გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, თუმცა მუდმივად მიისწრაფოდა დასავლეთისკენ. ამას მოწმობს იოანეს განუხორციელებელი სწრაფვა ესპანეთისკენ (`იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება~), „ვეფხისტყაოსნის“ რენესანსული იდეალები, სულხან-საბას ორბელიანის მოგზაურობა იტალიასა და საფრანგეთში, ქართული რომანტიზმისა და მოდერნიზმის ევროპული სულისკვეთება და სხვ.

ქართულმა მოდერნისტულმა ლიტერატურამ ყველაზე კარგად გამოხატა ქართული კულტურის დასავლურ ორიენტირებთან ნათესაობა. ამის გამომხატველია `შელოცვა რადიოთი~. ნიკო ლორთქიფანიძისეული თხრობის ქსპერიმენტულობა მჟღავნდება პერსონაჟთა პორტრეტების ხატვასა თუ ამბების მოზაიკური, ფრაგმენტული გადმოცემის დინამიკაში. უჩვეულო იყო ბულვარული პრესის შემოჭრაც _ ავტორი თხრობაში ჩართავს სარეკლამო ტექსტებს, რომლებითაც მეტ ექსპრესიულობას მატებს ამბებს, კარგად შეიგრძნობს მკითხველი საზოგადოებას, გარემოს, ადამიანურ ურთიერთობებს, პრესის როლს, დროის მაჯისცემას.

მოთხრობის სათაური გამომხატველია ერთგვარი ანტაგონიზმისა, რომელიც ტრადიციისა და ცივილიზაციის ერთგვარ კონფლიქტურ შეხვედრას აღნიშნავს. ცივილიზაციის სიმბოლოა რადიო, შელოცვა _ ტრადიციისა, ძველი კულტურისა, რწმენისა. შელოცვამ ძალა დაკარგა რადიოთი გადაცემისას. ეს იმასაც მიანიშნებს, რომ შელოცვა დაკავშირებულია სამშობლოსთან, ფესვებთან. ელის შელოცვა საქართველოში უშველიდა, ტექნიკური ცივილიზაციით (რადიოთი) გაშუალებულ შელოცვას კი ძალა აღარ ჰქონდა. თანამედროვევობის ფიზიკა სრულიად დევნიდა მეტაფიზიკურს სამყაროდან.

ელი გორდელიანი მოდერნისტული ეპოქის ქალია, რომელსაც აქვს განათლება, თავისუფალია და რომლისთვისაც ეგოისტური მე წინა რიგშია. მას უნდა, რომ იყოს პიროვნება, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქართულ ტრადიციულ შეხედულებებს. ამგვარი არჩევანი იყო ევროპელ ჰექსლეისთან ერთად წასვლა უცხოეთში, ამერიკელ ბრომლეისთან მეგობრობა, გველებთან ცეკვა. ამ უკანასკნელით ის ცდილობდა, თითქმის დაკარგული პიროვნულობის აღდგენას, საქართველოში დაბრუნების `დამსახურებას~.  აშკარაა ავტორის სიმპათია მის მიმართ, მიუხედავად დაბნეულობისა, უძღები შვილობისა და დაკარგულობისა, მწერალი მის ფერფლს ბარათაშვილის საფლავზე მოფანტვის ღირსად მიიჩნევს. ელი მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა, მისი მოგზაურობა, რუსთან, ინგლისელ-ფრანგთან, ამერიკელ თუ ქართველ თაყვანისმცემელ-ქმრებთან ურთიერთობა ქვეტექსტებითაა დატვირთული. ელის შერეული სისხლი აქვს: მამა ქართველი თავადი შალვა გორდელიანი, დედა _ გერმანელი, იოჰანე ვახერერის ასული მატილდა. ასე რომ, ეს ერთგვარი სისხლისმიერი გაორება თითქოს მის ბუნებაშიც არის ასახული. ქართული სახელი ელპიდე საბუთებში დარჩა და მას ელის ეძახიან. `იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას~, _ ასე სიმბოლურად აფასებს მის დაბადებას მწერალი. იგი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნების როლის მნიშვნელობაზე ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. ევროპის მუზეუმებში ფერწერული შედევრების მონახულება, მათით `თრობა~ ავლენს ელის გამორჩეულ ბუნებას, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა გახარებისა, ისევე როგორც თვითონ საქართველოს არ ჰქონდა საშუალება თავისი ტრადიციის შესაფერისი  განვითარებისა და მუდმივად პატრონის ძიებაში იოყო.

მოთხრობის დროული არეალი მოიცავს მეოცე საუკუნის დასაწყისს, პირველ მსოფლიო ომს, რევოლუციებს, თანმდევი პროცესებით, რომელთა შორისაა ზნეობრივი ღირებულებების დაცემა, საზოგადოების დეგრადაცია: `ძაღლებს მიუგდეს მოკლული ადამიანების ცხედარი. და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო~.  ერთადერთი მწერალია, რომელიც ამ ყოველივეს თვალყურმადევარია. თუმცა, ამ დეტალს ერთგვარი თვითირონიაც ახლავს: „აქ იყო მწერალი, ჩასაწერ-წიგნაკ გახსნილი ახალ სტილსა და ახალ შინაარსს რომ ეძებს – ის“.

საგულისხმოა, როგორ ახასიათებს ეპოქას მწერალი: უკვე დაწერილია `მერანი~ (ბარათაშვილი), `აჩრდილი~ (ილია ჭავჭავაძე), `ელგუჯა~ (ალექსანდრე ყაზბეგი) და ერი თვრება `ვეფხისტყაოსნით“. ესე იგი, არსებობს დიდებული წარსული, რომელსაც თითქოს გაგრძელება არა აქვს, ან ისეთივე ტრაგიკული  აქვს, როგორადაც ელის ცხოვრება იქცა.  ნახსენები ტექსტები ქმნიან ინტერტექსტუალურ „გასასვლელებს“ მოთხრობის ჩარჩოდან, რათა მკითხველმა აწმყოს სიცარიელე შეიგრძნოს, დაფიქრდეს, გაანალიზოს. ნებისმიერ დროში აქტუალური ეგზისტენციალური პრობლემები ამ მოთხრობაშიც მნიშვნელოვანია. გმირების ყოფა, მათი სიცოცხლე თუ სიკვდილი, სიყვარული თუ სიძულვილი, ბედნიერების წყურვილი, ნოსტალგია გადაჯაჭვულია კონკრეტულსა თუ ზოგად წუთისოფლისეულ  კანონზომიერებებთან.

„რად გამომრიყე, ღმერთო, ამ ბუღალტრების საუკუნეში“, _ ჩივის კონსტანტინე სავარსამიძე, „დიონისოს ღიმილის“ მთავარი პერსონაჟი, საკუთარი თავის შემეცნებისთვის სულიერსა და მატერიალურ გზებზე მოხეტიალე, ეროპის დიდი ქალაქების ხორციელ კომფორტსა და სულიერ  უდაბნოებს ზიარებული. ბუღალტერი მისთვის ანგარიშიანობის,  პრაგმატულობის სინონიმია. საქართველოში კი ფულს ყოველთვის ერთგვარი ამრეზით ეკიდებოდნენ. ამ ყოველივეს კარგად აანალიზებს ევროპელი ჰექსლეი, როდესაც ელის ამერიკელი ბრომლეის ფულის შოვნით გატაცებასა და ქართველთა ბუნებაზე ესაუბრება: „ქრისტეს მოციქულებმა, უბრალო მებადურებმა დაიპყრეს ქვეყანა თავიანთი გატაცებით, თავდადებით და რად გიკვირთ, რომ ამერიკელები იძენდნენ სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულნი არიან სიმდიდრისთვის. ევროპას აღარ აქვს შეურყვნელი მისწრაფება სიმდიდრისადმი… იგი გატაცებულია პოლიტიკური, მეცნიერული, მხატვრული იდეებით. როგორც თქვენ არა გყავთ როკფელერი, მორგანი, ბრომლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეთჰოვენი, კანტი… თქვენ მხოლოდ ნახევარი გულით ეკიდებით სიმდიდრეს, დოვლათს _ ამერიკელები „ნახევარი გულით“ ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას. თქვენთვის პირველია სახელი აზროვნების მეფობისა, ჩვენთვის პირველია _ მეფობა სიმდიდრეზე… თქვენ, ქართველები, ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, როგორ გადაიტანეთ ამდენი მრავალგვარი უბედურება… მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს, მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის _ ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი _ ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი _ სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი _ თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულისა“. ნიკო ლორთქიფანიძემ ამ მოთხრობაში თხრობის ახალი ტექნიკა გამოიყენა იმ სულიერი კრიზისის დასახატავად, რომელსაც განიცდიდა ღვთისაგან მიტოვებული  ადამიანი და დაბნეული დაეძებდა ხსნის გზას.

პოლიბიუსი რომის პოლიტიკური ინსტიტუციების შესახებ

0

პოლიბიოსი, ბერძენი ისტორიკოსი, ძვ. წ. II ს., “ისტორია”.

ჩემი შედგენილი ისტორიიდან მკითხველი მხოლოდ მაშინ გამოიტანს სასარგებლო დასკვნებს, როდესაც გაიგებს, თუ როგორ და რომელი სახელმწიფო ორგანოების წყალობით მოახერხეს რომაელებმა 53 წლის განმავლობაში თითქმის მთელი დასახლებული სამყაროს დაპყრობა და განუყოფელი ბატონობის ქვეშ მოქცევა, რადგან ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა. სრულყოფილ სახელმწიფო წყობილებად შეიძლება ჩავთვალოთ ის წყობილება, რომელშიც ყველა ფორმის თავისებურებაა გაერთიანებული. რომაელთა სახელმწიფოში მმართველობის სამივე ფორმა იყო წარმოდგენილი, ამასთანავე ძალაუფლება ამ დამოუკიდებელ მმართველებს შორის ისე თანაბრად და სწორად იყო განაწილებული, რომ არავის შეეძლო ეთქვა, ქვეყანა მოწყობით არისტოკრატიულია, დემოკრატიული თუ მონარქიული…

რომის რესპუბლიკის სამ მიწაზე ერთდროულად არსებობდა მონარქია, არისტოკრატია და დემოკრატია, რომლებიც ისე შერწყმული იყო ერთმანეთთან, რომ ძნელი იყო განსაზღვრა, მმართველობის რომელ ფორმას ექვემდებარებოდა სახელმწიფო – არისტოკრატიულს, დემოკრატიულს თუ მონარქიულს. კონსულების ძალაუფლებით თუ ვიმსჯელებდით, მმართველობა წმინდა მონარქიული და სამეფო იყო. თუ სენატის ძალაუფლებას გავითვალისწინებთ, მმართველობას არისტოკრატიული ფორმა ჰქონდა. დაბოლოს, ქვეყნის საქმეების ადმინისტრირებაში ხალხის მონაწილეობის მიხედვით ყველაზე შესაფერისი სახალხო მმართველობა იყო.

რამდენიმე ძალაუფლება, რომლებიც მიესადაგებოდა კონსტიტუციის განსაზღვრულ ნაწილებს იმ დროს, რომელზედაც საუბარი გვაქვს, მცირე ვარიაციებით დღესაც არის შემორჩენილი. დავახასიათოთ ისინი.

კონსულები, როდესაც ისინი რომში იმყოფებიან, სანამ ჯარებს საბრძოლველად გაუძღვებიან, ხელმძღვანელობენ სახალხო საქმეებს. ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირი, ტრიბუნების გარდა, ემორჩილება მათ და ასრულებს მათ განკარგულებებს. ისინი წარადგენენ ელჩებს სენატში. მათ ასევე შეაქვთ სენატში განსახილველი საკითხები და ხელმძღვანელობენ დეკრეტების გამოცემას. მათ ფუნქციებში ასევე შედის მონაწილეობა ხალხის მიერ წარმოებულ ყველა საქმეში, სახალხო კრების მოწვევა, მათთვის სენატის გადაწყვეტილებების გაცნობა, უმრავლესობით მიღებული ყველა დადგენილების რატიფიკაცია. ისინი სარგებლობენ აბსოლუტური ავტორიტეტით როგორც ომის საკითხების მომზადებისას, ასევე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისას; განსაზღვრავენ, რა სამსახურის გაწევა დაავალონ მოკავშირეებს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ნიშნავენ სამხედრო ტრიბუნალებს, ადგენენ ლეგიონებს, ახორციელებენ საჭირო გაწვევებს, აწესებენ სასჯელს ბრძოლის ველზე ყველასთვის, ვინც მათ დაქვემდებარებაშია. გარდა ამისა, მათ უფლება აქვთ საკუთარი შეხედულებისამებრ  განკარგონ თანხები სახელმწიფო ხაზინიდან, რასაც ახორციელებს კვესტორი, რომელიც ყოველთვის მზად არის მათი განკარგულებების შესასრულებლად. თუ ვინმე აღნიშნულ წყობას დააკვირდება, სამართლიანად მიიჩნევს მას სამეფო წყობად. ნება მიბოძეთ, მხოლოდ აღვნიშნო, რომ ამ საკითხებში ან მომავალში ნახსენებ საკითხებში რაიმე ცვლილებების შეტანა არ შეცვლის მონათხრობის ძირითად პრინციპს.

 სენატს უპირველეს ყოვლისა, ევალება სახალხო ფინანსებზე ზრუნვა და მათი მართვა. ხაზინაში მიმდინარე ყველა შემოსავლები თუ გასავლები კონტროლდება სენატის მიერ. კვესტორს უფლება არ აქვს, გამოყოს თანხა რაიმე ღონისძიებისათვის სენატის დეკრეტის გარეშე, გარდა  იმ თანხებისა, რომლებიც გამიზნულია კონსულების მომსახურებისათვის. ისეთი თანხებიც კი, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო შენობების ასაგებად და შესაკეთებლად, ხუთ წელიწადში ერთხელ გამოიყოფა მხოლოდ სენატის სპეციალური განკარგულებით. სენატის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ნებისმიერი დანაშაულის გამოძიება, ჩადენილი იტალიის ნებისმიერ ნაწილში, ისეთი, როგორიცაა ღალატი, შეთქმულება, მოწამვლა, მკვლელობა. გარდა ამისა, სენატმა უნდა განიხილოს და მოაგვაროს სადავო საკითხები როგორც კერძო პირებს, ასევე ქალაქებს შორის: გაკიცხოს დამნაშავეები, მხარი დაუჭიროს მათ, ვისაც გამოსარჩლება და დაცვა ესაჭიროება. მთლიანად სენატს აქვს მინდობილი ისეთი საქმეები, როგორიცაა იტალიის ელჩების დაგზავნა, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების შერიგებაში მონაწილეობა, რჩევა-დარიგების მიცემა; განკარგულებების გაცემა, ზავის პირობების შემუშავება ან ომის დენონსაცია (ლათ. ხელშეკრულების გაწყვეტა). რომში უცხო ქვეყნების ელჩების ჩამოსვლისას სენატი განსაზღვრავს მათი მიღებისა და გამასპინძლების რეგლამენტს, აგრეთვე, ამზადებს პასუხებს მათ მოთხოვნებზე.

ყოველივე იმაში, რაც ახლა ჩამოვთვალეთ, ხალხი არ მონაწილეობს. რომში კონსულების არყოფნის დროს ჩამოსული ადამიანები ქვეყნის მმართველობას აღიქვამენ როგორც არისტოკრატულს. ბერძნები და სხვა უცხოელები, რომლებიც რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რომაელებთან, ადვილად რწმუნდებიან, რომ ყველა საკითხს სენატი წყვეტს.

ახლა შეიძლება ვიკითხოთ, რა მონაწილეობას ღებულობს ხალხი ამ მმართველობაში, როდესაც სენატი, ერთი მხრივ, აღჭურვილია უმაღლესი ძალაუფლებით რამდენიმე ინსტანციაში, რომლებიც ჩამოთვლილი იყო, და განსაკუთრებით ყველა საკითხში, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების ზედამხედველობას და განკარგვას ეხება; როდესაც, მეორე მხრივ, კონსულები უფლებამოსილნი არიან აბსოლუტური უფლებით ახორციელონ ომის მომზადება და იმოქმედონ სრულიად უკონტროლოდ ბრძოლის ველზე. თუმცა, არსებობს მართვის ერთი მნიშვნელოვანი შტო, რომელიც ხალხზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ხალხი არის ყველა წახალისებისა თუ სასჯელის ერთპიროვნული გამანაწილებელი, რომელიც არის შემაკავშირებელი ყველა სახელმწიფოსი და სამეფოსი, ერთი სიტყვით, ყველა საზოგადოებისა. როდესაც მათ შორის განსხვავებები იგნორირებულია, ანუ როდესაც ისინი განაწილებულია არასამართლიანად, შედეგად მიიღება უწესრიგობა და არეულობა. მმართველობის შენარჩუნებაც შეუძლებელია, როდესაც ცუდი და კარგი ერთი და იგივე საზომით იზომება. როდესაც რაიმე კანონდარღვევა ხდება, ხალხი მოქალაქეების დაჯარიმებას მოითხოვს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ადრე მაღალ თანამდებობაზე იყო. ხალხს ეკუთვნის უფლება ვინმეს სიკვდილით დასჯისა. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ერთი წესი გააჩნიათ, რომელიც ქებით არის მოსახსენებელი. ბრალდებულს უფლება ეძლევა წავიდეს რომიდან და საკუთარ თავს თვითონ მოუწყოს გადასახლება, თუ რომელიმე ტრიბას მიერ არ არის გასამართლებული, დატოვოს რომი მშვიდობიანად და წავიდეს რომელიმე კონფედერატ ქალაქში. სახელმწიფო თანამდებობის პირებიც ინიშნებიან ხალხის მიერ, რომლებიც ყველაზე ღირსეულს ირჩევს და ეს არის საუკეთესო ჯილდო, რაც კი შეიძლება რომელიმე მთავრობამ მიანიჭოს მათ დამსახურებისათვის. ხალხზეა დამოკიდებული ამა თუ იმ კანონის მიღება ან არმიღება, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ომისა და მშვიდობის საკითხების გადაწყვეტაც. როდესაც რაიმე ხელშეკრულება იდება, ომის დამთავრების ან ზავის შესახებ, ხალხის მიერ ხდება დოკუმენტის რატიფიცირება ან გაუქმება. ამრიგად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხალხი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის მართვაში და სახელმწიფო იყო ნამდვილად დემოკრატიული. ასეთია რომის რესპუბლიკაში გაერთიანებული მმართველობის სამი ფორმის შესაბამისი ადმინისტრირების სამი სფერო. ახლა ისღა დაგვრჩენია, განვიხილოთ, თუ რა გზით ეწინააღმდეგება ან ეთანხმება თითოეული ფორმა სხვა ფორმებს.

როდესაც კონსულებს, ზემოთ აღნიშნული უფლებებით აღჭურვილებს, ომში მიჰყავთ ჯარი, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლეებად გამოიყურებიან, სინამდვილეში ისე ძლიერ არიან დამოკიდებულნი სენატზე და ხალხზე, რომ მათი დახმარების გარეშე ვერცერთ ჩანაფიქრს ვერ განახორციელებენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯარს სჭირდება მუდმივი მომარაგება სხვადასხვა აუცილებელი მასალით. მაგრამ არც მარცვლეული, არც ტანსაცმელი და არც სამხედრო ჯამაგირი არასოდეს მიეცემა ლეგიონებს სენატის საგანგებო განკარგულების გარეშე. ნებისმიერმა წინააღმდეგობამ ან შეჩერებამ სენატის მხრიდან შეიძლება საერთოდ გააუქმოს გენერლების გადაწყვეტილება. სწორედ სენატი აიძულებს კონსულებს, რომ შეწყვიტონ დასახული გეგმის განხორციელება ან საშუალება მისცეს, ბოლომდე მიიყვანონ იგი, რისთვისაც ყველა ცალკეულ პროვინციაში იგზავნებიან შემცვლელები ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, ან ისინი რჩებიან იმავე თანამდებობებზე. სენატს აგრეთვე შეუძლია განადიდოს და გააზვიადოს მიღწეული გამარჯვებები, ან პირიქით, გააკრიტიკოს და გააუფასუროს ისინი. ის, რასაც რომაელები ტრიუმფს ეძახიან და რომელიც წარმოაჩენს გენერლების შთამბეჭდავ მოქმედებებს საზეიმო პროცესიაში ყველა მოქალაქისათვის სამზერლად, შეიძლება არ ჩატარდეს სათანადო ზარზეიმითა და დიდებით, ან რაიმე სხვა სახით, თუ ამაზე თანხასთან ერთად არ იქნება სენატის თანხმობა, რომელიც ყოველივე ამისთვის არის საჭირო. მეორე მხრივ, არანაკლებ აუცილებელია, რომ კონსულებმა, რაც არ უნდა შორს იყვნენ რომიდან, შეინარჩუნონ ხალხის კეთილგანწყობა. ხალხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუქმებს ან ამტკიცებს ყველა ხელშეკრულებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ კონსულები, ვიდრე სამსახურს შეუდგებოდნენ, ვალდებულნი არიან ხალხის სამსჯავროზე წარადგინონ თავიანთი წინა საქმიანობა. ამრიგად, თანამდებობის ეს პირები ვერასოდეს იქნებიან უსაფრთხოდ, თუ ისინი არ შეეცდებიან სენატისა და ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას.

ამგვარადვე, სენატი, მიუხედავად დიდი უფლებამოსილებისა, ვალდებულია დაუთმოს გარკვეული ყურადღება ხალხს და იმოქმედოს მასთან შეთანხმებულად ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას. განსაკუთრებით სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი  კანონდარღვევისას, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, დაუშვებელია გამოძიების დასრულება და სასჯელის აღსრულება, თუ ხალხის მიერ არ იქნება დამტკიცებული სენატის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება. თვით სენატთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხების განხილვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იგივე კონტროლი. თუ ოდესმე მიღებულ იქნება კანონი, რომელიც შეამცირებს სენატორების უფლებამოსილებას, მათ უპირატესობას ან ჩამოართმევს მათ ქონების ნაწილს, მთლიანად ხალხის გადასაწყვეტია, დაამტკიცონ თუ არა ეს კანონი. უფრო მეტიც, ერთი ტრიბუნის ჩარევაც კი საკმარისია, რომ არა მარტო შეჩერდეს სენატის მიერ საკითხის განხილვა, არამედ არ ჩატარდეს არცერთი კრება და სხდომა. ამჟამად ტრიბუნთა მოვალეობა გულისხმობს იმ მოსაზრებების გამოხატვას, რომლებიც ყველაზე მეტად სასიამოვნოა ხალხისათვის, მათი ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით. ამრიგად, სენატი, ყველა აღნიშნულ მიზეზთა გამო, იძულებულია ანგარიში გაუწიოს და დააკმაყოფილოს ხალხის სურვილები.

დავალება: გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს.

კითხვები:

  1. თქვენი სიტყვებით გადმოეცით, თუ რას თვლის ავტორი საკუთარი ნაშრომის დაწერის მიზნად?

პასუხი:

  1. რომელ სახელმწიფო წყობილებას თვლის პოლიბიოსი სრულყოფილად?

პასუხი:

  1. რა ტიპის მმართველობებს ასახელებს ავტორი?

პასუხი:

  1. დაასახელეთ რომის მმართველობითი ორგანოები, რომლებიც, ავტორის აზრით, არისტოკრატიულ, მონარქიულ და დემოკრატიულ მმართველობის ტიპს შეესატყვისება.

პასუხი:

  1. ტექსტის მიხედვით, თქვენი სიტყვებით ცხრილში ჩამოწერეთ წყაროში დასახელებული რომის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების უფლებები/მოვალეობები და დააჯგუფეთ ისინი თემატურად (მაგ., საგარეო, სამხედრო, საკანონმდებლო, სასამართლო, მიმდინარე საქმეები და სხვა).
კონსულები სენატი სახალხო კრება
     

  1. ცხრილზე და ტექსტზე დაკვირვებით, მოკლედ ახსენით, თუ რატომ თვლის ავტორი, რომ რომის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოები აწონასწორებენ ერთმანეთს. მოიტანეთ მაგალითები?

პასუხი:

  1. რატომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ რომის რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო იყო?

პასუხი:

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის: აქ მოცემულია სავარაუდო პასუხები, რომლებიც წყაროს ანალიზისას გამოგადგებათ. თუმცა, შესაძლებელია მოსწავლეთა პასუხები არ იყოს ზუსტად იმგვარი, როგორც აქ არის მოტანილი. მთავარია, მათი პასუხები იყოს ლოგიკური და დასაბუთებული. წერითი დავალების შესრულების შემდეგ, შესაძლებელია მოსწავლეებს შორის გავმართოთ მცირე დისკუსია და ამ წყაროსა და სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ რომის რესპუბლიკის მმართველობის შესახებ.

დავალება: გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს.

კითხვები:

  1. თქვენი სიტყვებით გადმოეცით, თუ რას თვლის ავტორი საკუთარი ნაშრომის დაწერის მიზნად?

სავარაუდო პასუხი: ავტორს უნდა ახსნას, თუ რამ გამოიწვია მოკლე დროში რომის გაძლიერება და დიდი ტერიტორიების დაპყრობა.

  1. რომელ სახელმწიფო წყობილებას თვლის პოლიბიოსი სრულყოფილად?

სავარაუდო პასუხი:  სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს ის სახელმწიფო წყობილება, რომელშიც ყველა ფორმის მმართველობაა გაერთიანებული და რომლებიც  აწონასწორებენ ერთმანეთს. 

  1. რა ტიპის მმართველობებს ასახელებს ავტორი?

სავარაუდო პასუხი: არისტოკრატიულს, მონარქიულს და დემოკრატიულს.

  1. დაასახელეთ რომის მმართველობითი ორგანოები, რომლებიც, ავტორის აზრით, არისტოკრატიულ, მონარქიულ და დემოკრატიულ მმართველობის ტიპს შეესატყვისება.

სავარაუდო პასუხი: მონარქიული – კონსულების ხელისუფლება; არისტოკრატიული სენატი; დემოკრატიული – სახალხო მმართველობა (სახალხო კრება).

  1. ტექსტის მიხედვით, თქვენი სიტყვებით ცხრილში ჩამოწერეთ წყაროში დასახელებული რომის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების უფლებები/მოვალეობები და დააჯგუფეთ ისინი თემატურად (მაგ., საგარეო, სამხედრო, საკანონმდებლო, სასამართლო, მიმდინარე საქმეები და სხვა). სავარაუდო პასუხი იხილეთ ცხრილში:

რომის რესპუბლიკის მმართველობის შტოების ფუნქციები პოლიბიოსის მიხედვით

კონსული სენატი სახალხო კრება
·         კონსულთა ფუნქციაში შედის საგარეო ურთიერთობები: კონსულები წარადგენენ ელჩებს სენატში.

·         კონსულთა ფუნქციაა მიმდინარე სახელმწიფო საქმეების განიხილვა: 1)კონსულებს შეაქვთ განსახილველი საკითხები სენატში; 2) კონსულები იწვევენ სახალხო კრებას; 3)კონსულები მონაწილეობენ ხალხის მიერ წარმოებულ ყველა საკითხის განხილვაში; 4) კონსულები აცნობენ ხალხს სენატის გადაწყვეტილებებს.

კონსულებს გააჩნიათ საკანონმდებლო ფუნქცია:  1) კონსულები ხელმძღვანელობენ დეკრეტების გამოცემას; 2) კონსულები ახდენენ სახალხო კრების უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიკაციას.

·         კონსულებს გააჩნიათ სამხედრო ფუნქცია: 1) კონსულები ხელმძღვანელობენ სამხედრო მომზადებას; 2) კონსულები ხელმძღვანელობენ სამხედრო მოქმედებებს; 3) კონსულები განსაზღვრავენ მოკავშირეებისთვის სამხედრო დავალებების შესრულებას; 4) კონსულები ნიშნავენ სამხედრო ტრიბუნალებს; 5) კონსულები ადგენენ ლეგიონებს; 6) კონსულები ადგენენ სამხედრო გაწვევას; 7) კონსულები აწესებენ სასჯელს ბრძოლის ველზე; 8) კონსულები განკარგავენ სამხედრო თანხებს სახელმწიფო ხაზინიდან.

·         სენატის ფუნქციაში შედის ფინანსების განკარგვა და კონტროლი: 1) სენატი აკონტროლებს ხაზინაში მიმდინარე ყველა შემოსავალ-გასავალს; 2) სენატი აფინანსებს ყველა სახელმწიფო მშენებლობას;

·         სენატს აკისრია სასამართლო ფუნქცია: 1) სენატის ფუნქციაში შედის იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიება. 2) სენატს ევალება კერძო პირებსა და ქალაქებს შორის სასამართლო დავების წარმართვა

·         სენატს ევალება საგარეო ურთიერთობების  წარმართვა: 1) ელჩების გაგზავნა უცხოეთში; 2) უცხო ქვეყნების ელჩების მიღება; 3) ზავის პირობების შემუშავება; 4) ომის  დენონსაცია.

·         სენატს აკისრია საკანონმდებლო ფუნქცია: 1) სენატი იღებს სხვადასხვა სახის კანონებს.

 

·       სახალხო კრებას აქვს სასამართლო ფუნქცია: 1) ხალხი არის წახალისებისა და დასჯის გამანაწილებელი: 2) სახალხო კრება აჯარიმებს მოქალაქეებს. 3) სახალხო კრებას გააჩნია სიკვდილით სჯის მოქალაქეებს;

·         სახალხო კრებას აქვს საკანონმდებლო ფუნქცია: 1) სახალხო კრება იღებს გარკვეულ კანონებს. 2) სახალხო კრება ახდენს ომის დამთავრებისა და საზავო ხელშეკრულების გაუქმებას ან რატიფიცირებას

·         სახალხო კრების ფუნქციაა მიმდინარე სახელმწიფო საქმეების განიხილვა:  1) სახალხო კრება ნიშნავს სახელმწიფო მოხელეების გარკვეული ნაწილს.

 

  1. ცხრილზე და ტექსტზე დაკვირვებით, მოკლედ ახსენით, თუ რატომ თვლის ავტორი, რომ რომის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოები აწონასწორებენ ერთმანეთს. მოიტანეთ მაგალითები.

სავარაუდო პასუხი: როგორც ცხრილშია მოცემული, სამივე სახელმწიფო ორგანოს მრავალი ფუნქცია გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, რაც ურთიერთკონტროლის საშუალებას იძლევა და რაც საშუალებას არ აძლევს რომელიმე შტოს მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. მაგალითად, საკანონმდებლო საქმიანობა შედის სამივე შტოს ფუნქციებში; საგარეო საქმეებს განსაზღვრავენ როგორც კონსულები, ასევე სენატი და სხვა.

ტექსტის მიხედვით, კონსულთა საქმიანობას აკონტროლებს როგორც სენატი, ასევე ხალხი, ხოლო სენატისას – ხალხი. (შესაძლებელია პასუხის უფრო ვრცელი იყოს).

  1. რატომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ რომის რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო იყო?

სავარაუდო პასუხი: პოლიბიოსის მიხედვით, რომის რესპუბლიკაში მოქმედებდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რაც თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ძველი რომის რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო იყო.

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი!

0

მალე, ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი, საქართველოს ყველა სკოლს და მასწავლებელს!

ამ ნომერში წაიკითხავთ მასწავლებელი 5

 

^084F85B4DAD8871D8EB7FB60D17CDB64FF2761358C15C81466^pimgpsh_fullsize_distr

ასოციაციობანა

0

ასოციაციობანა, გნებავთ „ნამიოკობანა“, ვფიქრობ, ყველას გვითამაშია. ის ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ზრდის ლექსიკურ მარაგს და ა. შ. არ იქნებოდა ურიგო გაკვეთილის ნაწილის ამ პრინციპზე აგება.

ჰო, სიტყვა „გაკვეთილი“ ამ წუთას ჩემთვის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდთან ასოცირდება, გარდამტეხ ან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბებთან, რომლებმაც სრულიად შემცვალა, გამზარდა.

ყოველდღიური, ყოფითი სცენები ხშირად ზოგიერთ მხატვრულ ნაწარმოებთანაც მიჩენს ხოლმე ასოციაციას. მაგალითად, ყოველთვის, როცა ახალგაღვიძებული შვილების ტიტველ ტერფებს დავინახავ, ირაკლი ჯავახაძის „ადამიანი ზერო“ მახსენდება. კერძოდ კი მოთხრობის ფინალური სცენა, როდესაც კაცი ოჯახიდან წასვლასა და სხვა ქალთან ცხოვრებას გადაწყვეტს, გასვლისას კი მძინარე შვილს დახედავს. ბიჭუნას საბნიდან ქუსლი მოუჩანს. დანარჩენი, გირჩევთ, თავად წაიკითხოთ.

„სამოთხე აქვეა,
კარის უკან,
შვილების ტიკტიკში.“

იაკი კაბეს ეს ტანკაც მაშინ ამომიტივტივდება ხოლმე, როცა ვხედავ, ჩემი სამივე შვილი ერთად რომ თამაშობს, ან შორიდან ვისმენ, როგორ საუბრობენ თავიანთ ენაზე, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორ არიგებენ ჭკუას ერთმანეთს. სავარაუდოდ ყველა დედას გამოუცდია ის გრძნობა, როცა გული ყელში გებჯინება სიხარულისაგან.

„ქალაქი შხაპის ქვეშ იყო, მაღვიძარამ რომ დარეკა“. – ასე იწყება რუსა ამირეჯიბის მოთხრობა „აბსურდი“, რომელიც წლების წინ წავიკითხე რომელიღაც ლიტერატურულ ჟურნალსა თუ გაზეთში. ბავშვობიდან ჩემთვის შხაპის მიღება ძილისწინა, ღამეულ რიტუალთან ასოცირდებოდა. ახლა ყოველთვის, როდესაც დილით ვიღებ შხაპს, მაშინათვე ეს მოთხრობა და ის გაოცება მახსენდება, კითხვისას რომ დამეუფლა, თურმე მთელი თუ არა, ნახევარი ქალაქი მაინც ახალგაღვიძებულზე ბანაობს და მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი-მეთქი.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ასოციაციები კულინარიულიც არსებობს. მაგალითად, კარტოფილს რომ უცნაურ ფორმებად ვჭრი, მაშინვე მამიდაჩემი მახსენდება, ვისგანაც ამგვარი დაჭრა ვისწავლე. ის წამით არ დაფიქრებულა და ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა ძმისშვილების მოსავლელად, როცა მისი ძმა უცხოეთში ოპერაციის გასაკეთებლად ცოლთან ერთად წავიდა. მამიდამ საკუთარი შვილები ერთი თვით დატოვა და აბიტურიენტობისას მე მიწყობდა ხელს, რომ საჭმელზე საზრუნავი არ მქონოდა; ახერხებდა, რომ სანთლის შუქზე ნამეცადინევისა და ღამენათევისათვის დილის მაღვიძარაც ყოფილიყო და დედაც.

ასეთი ასოციაციობანა არ გაგიგიათ?! უფრო მოკლედ და სხარტად ჯობია? კარგი, შევეცდები.

დილა – ყავა.

შოკოლადი – ბედნიერება.

ზღვა – სიმშვიდე.

ფოლკნერი – მწვერვალი.

ვან გოგი – ჟრუანტელი.

მაინც გრძლად მირჩევნია… არასდროს დამავიწყდება ის უჰაერობა და თავბრუსხვევა იმ სიდიადის ხილვის მერე, რაც მქონდა ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში. დარეტიანებული კარგა ხანს ვიჯექი სკამზე. ჰოდა, ამას წინათ მეგობარს ვეკამათე, რომელიც ამტკიცებდა, რომ უსამართლობაა ამდენი შედევრის ერთად თავმოყრა; უსამართლობაა, რომ ხუთ წუთზე მეტს მაგალითად ვან გოგის ავტოპორტრეტს ვერ უთმობ. მე კი ვუპასუხე, რომ მსოფლიოში გაფანტულ ნიმუშებს ალბათ მთელი ცხოვრება დასჭირდებოდა დასათვალიერებლად და ამიტომ მუზეუმი კარგი გამოსავალია იმის მიუხედავად, რომ ხანდახან ზედოზირებით შეიძლება მოკვდე-მეთქი.

აუტიზმის მქონე ქალს – თემპლ გრანდინს ფრანგულის შესწავლისას სულ გველთევზები (ინგლ. eel) აგონდებოდა. საქმე ისაა, რომ მესამე პირის ნაცვალსახელი (ფრანგ. elle, il), რომელიც ტექსტებში ხშირად ხვდებოდა, ასოციაციას სწორედ გველთევზებზე უჩენდა, რადგან მისი აზროვნება ფოტოკადრების პრინციპზეა აგებული. კითხვისას მაშინათვე წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ და უკვირდა, რაში სჭირდებოდა ფრანგულს ამდენი გველთევზა.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველა ჩვენი ფანტაზიისა და მდგომარეობის მიხედვით ვუყურებთ და აღვიქვამთ სამყაროს. იქნებ დავინტერესდეთ, ვის რა ასოციაციას უჩენს, მაგალითად, სიტყვა „სკოლა“? გავიაზროთ ეს სიტყვა როგორც წარჩინებული, ისე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის, მწერლებისა და მასწავლებლების, მხატვრებისა თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების, არქიტექტორების, წარმატებული მეცნიერებისა თუ სხვადასხვა სპეციალობაში ხელმოცარული ადამიანების თვალთახედვიდან.

ვითამაშოთ ასოციაციობანა!

რა, როგორ და რატომ? – მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

0

„ცოტა სიტყვებს მეტი წონა აქვს“.

შექსპირი

„ნარკოტიკებიდან ყველაზე ძლიერი სიტყვაა“.

კიპლინგი

ერთმა აღმოსავლელმა მბრძანებელმა ნახა უცნაური სიზმარი: თითქოს ყველა კბილი ერთმანეთის მიყოლებით დაცვივდა. შეწუხებულმა სიზმრების ამხსნელი გამოიძახა. მან ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:

  • მბრძანებელო, მე თქვენ უნდა გაუწყოთ ცუდი ამბავი: თქვენ ერთმანეთის მიყოლებით დაკარგავთ ახლობლებს.

ამ ამბავმა განარისხა მბრძანებელი და საცოდავი სიზმრების ამხსნელი დილეგში ჩააგდო. ამის შემდეგ სხვა სიზმრების ამხსნელი მოიყვანა. მან მოუსმინა უთხრა:

  • მოხარული ვარ, გაცნობოთ სასიამოვნო ამბავი: თქვენ ყველა თქვენს ახლობელზე დიდხანს იცოცხლებთ!

ამ ამბის მოსმენით გახარებულმა მბრძანებელმა სიზმრების ამხსნელი წინასწარმეტყველებისთვის გულუხვად დაასაჩუქრა. კარისკაცები გაოცდნენ და ჰკითხეს სიზმრების ამხსნელს: შენც ხომ იგივე ამბავი უთხარი მბრძანებელს, რაც შენმა წინამორბედმა, მაშ, რა  მოხდა? ის რატომ დაისაჯა და შენ რატომ დაგასაჩუქრეს? ამ კითხვაზე პასუხი ასეთი იყო: დიახ, ჩვენ ერთი და იგივე ვთქვით, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რას ამბობ, არამედ ის, როგორ ამბობ…

რა კავშირია ამ აღმოსავლურ იგავსა და თანამედროვე ადამიანს შორის?

ძალიან მნიშვნელოვანია სათქმელის „შეფუთვა“ და იმგვარად მიწოდება, რომ საინტერესო, სასიამოვნო და პოზიტიური იყოს მსმენელისთვის, ამიტომ ეფექტური კომუნიკაციის მისაღწევად ამაზე ფიქრი აუცილებელია. ერთი სიტყვით, შეიძლება მოიპოვოთ თანაგრძნობა, თანადგომა და ამავე დროს ერთმა სიტყვამ შეიძლება, ყველაფერი გააფუჭოს. ასევე მნიშვნელოვანია, აუდიტორია (მოსწავლეები, სტუდენტები…) თქვენი სიტყვით (პრეზენტაციით) შთააგონოთ, მოტივაცია აუმაღლოთ, რეფლექსია გამოიწვიოთ და პირიქითაც… შეიძლება, ისე განაწყოთ, რომ მხოლოდ მოვალეობის გამო შეიძლება მოგისმინონ.

მშრალი ინფორმაცია ყველგან მოიპოვება, ეს ინფორმაცია სრულიად სხვაგვარად ზემოქმედებს, როცა კითხულობ და როდესაც ვინმე (მასწავლებელი, ლექტორი, მენეჯერი…) გადასცემს.

რაკი ადამიანებს განსხვავებული თვისებები აქვთ, ერთსა და იმავე საგანზე (მოვლენაზე, ფაქტზე) გამოთქმული მათი აზრი სრულიად განსხვავებული ზემოქმედების მქონეა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ თვისებებს სტივენ კოვი: „თვისებები ჩვენი ცხოვრების ყოვლისშემძლე ფაქტორებია, გამოხატავენ რა ჩვენს ხასიათს და ქმნიან ეფექტურობას ან პირიქით, არაეფექტურობას.

თვისება განისაზღვრება, როგორც ცოდნის, უნარების და სურვილის გადაკვეთა. ცოდნა თეორიული პარადიგმაა: რა აკეთო და რატომ. უნარი არის იმის ცოდნა, თუ როგორ აკეთო. ხოლო სურვილი არის მოტივაცია, გინდოდეს აკეთო. იმისთვის, რომ რაღაც გადავაქციოთ ჩვენი ცხოვრების თვისებად ან ჩვევად, ჩვენ გვჭირდება, გვქონდეს ეს სამივე თვისება.

შესაძლებელია თვისებების სწავლა და გადასწავლა. თუმცა ეს არ ხდება სწრაფად. ეს ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს ნებისყოფას.“ (სტივენ კოვი, „ძალიან ეფექტური ადამიანების 7 თვისება“)

კოვის მიხედვით, ეფექტური კომუნიკაციისათვის (პრეზენტაციისათვის) მთავრი ფაქტორებია: ცოდნა, უნარი და მოტივაცია. ამ სამიდან თუ რომელიმე გაკლიათ, პრეზენტაცია ნაკლოვანია. წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ ცოდნა და უნარი, მაგრამ არ გაქვთ მოტივაცია, ასეთ შემთხვევაში, თქვენ საერთოდ არ მოგინდებათ საუბარი, რადგან არ იცით, რატომ უნდა  ილაპარაკოთ…

სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის, ის ქმნის მაგნეტიზმს, მიზიდულობის ველს, რომელშიც მსმენელები უნებურად ექცევიან.  სხვა შემთხვევაში, თუ გაქვთ უნარი და მოტივაცია, მაგრამ არ გაქვთ ცოდნა, რაზე ილაპარაკოთ, დანარჩენი ორი თვისებაც გამოუყენებელი დაგრჩებათ, ისევე როგორც იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ცოდნა და მოტივაცია, მაგრამ არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ, რადგან არ გაქვთ შესაბამისი უნარი.

ცოდნა, უნარი და მოტივაცია აერთიანებს სამ კითხვას: რა, როგორ და რატომ? და ერთობლიობით ქმნის და განაპირობებს ეფექტურ კომუნიკაციას.

აზრი, რომელსაც გადასცემთ გარკვეული შინაარსებით და მეთოდებით, ძალას იძენს იმის მიხედვით, თუ რა ძალისხმევას დებთ მასში, თუ რამდენად ძლიერია თქვენი რწმენა. ასეთ შემთხვევაში მას აქვს უფრო ძლიერი ზემოქმედების ძალა, რადგან აზრი – ეს არის ენერგია, რომელსაც სიტყვებით გადასცემთ…. სიტყვები – ერთგვარი სადენებია, ამ ენერგიის გასატარებლად და მსმენელამდე მისატანად. სათქმელის კონკრეტული, მოკლე და სხარტი ფრაზებით გადმოცემა კიდევ უფრო აძლიერებს ენერგიას, რადგან ჭარბსიტყვაობაში იკარგება მთავარი სათქმელი. „ცოტა სიტყვებს მეტი წონა აქვს…“ (შექსპირი).

ერთხელ მარკ ტვენს ისე მოეწონა მოძღვრის სიტყვა, რომ გადაწყვიტა, დოლარი შეეწირა. ქადაგება რომ ერთ საათს გაგრძელდა, მწერალმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ნახევარი დოლარით შემოფარგლულიყო…  კიდევ ნახევარი საათის შემდეგ მან თქვა, რომ არაფრის ღირსი არ იყო მოძღვარი და არაფერს არ შესწირავდა. როცა 2 საათის შემდეგ, როგორც იქნა, რომ დაამთავრა მოძღვარმა ქაგადება, მარკ ტვენმა შესაწირი ჯამიდან დოლარი ამოიღო, თავისი დაკარგული დროის კომპენსაციისთვის.

ერთმა ყბედმა ახალგაზრდამ სოკრატეს სთხოვა, ესწავლებინა მისთვის რიტორიკა. სოკრატემ მოსთხოვა ორმაგი გასამრჯელო და განუმარტა: შენ უნდა შეგასწავლო ორი რამ – მეტყველების კულტურა და დუმილის კულტურა. ჭკვიანურად ლაპარაკი რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ჭკვიანურად დუმილი.

პრეზენტაციის უნარების შეძენა – ეს არ არის ისეთი რამ, რომელიც მხოლოდ ჯგუფთან გამოიყენება. მეტყველება – არ არის დანიშნული განსაკუთრებული შემთხვევებისათვის… ეს – ყოველდღიური პროცესია… ლაპარაკს ვისწავლით მაშინ, როცა ვისწავლით ფიქრს…

დიახ, ფიქრით და დაფიქრებით იწყება ყველაფერი. ფიქრი  სიტყვის, პრეზენტაციის მომზადების წინა პერიოდია. ფიქრი არსად არ გეზღუდებათ, თქვენ შეგიძლიათ ყველგან იფიქროთ: გზაში, ტრანსპორტში, სადილის კეთებისას… ყველგან. სწორედ თქვენი ფიქრია მომავალი წარმატებული პრეზენტაციის წინაპირობა – რამდენად ღრმაა, რამდენად ინტენსიური, რამდენად ძლიერი… ეს ქაოსის მდგომარეობაა, როცა ყველაფერი ერთმანეთში ირევა, როცა ჯერ კიდევ არ ჩანს გზა… მაგრამ მერე ხდება სასწაული: ყველაფერი თითქოს თავისით ლაგდება, ეწყობა და სათქმელიც მდინარესავით იწყებს გადმოსვლას, გავრცელებას და სულ უფრო მეტი სივრცეების ათვისებას.

ვიღაც მიამბობდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის შესასვლელში (რომელი უნივერსიტეტის, დამავიწყდა) გამოკრულია დიდი აბრა, წარწერით: „ი ფ ი ქ რ ე თ!“ და ხშირად ცვლიდნენ წარწერის ფერს, რომ სტუდენტები ერთ ფერს არ შეჩვეოდნენ და ეს სიტყვა ყოველთვის აღექვათ, როგორც ახალი…

ასე რომ, იფიქრეთ და  მერე ილაპარაკეთ!

ბიჭი

0

რიგში სულ რამდენიმე ადამიანი იდგა. შიგნით შესულები კარგა ხანს ყოვნდებოდნენ. იქიდან გამოსულებს ზოგს კამყოფილი სახე ჰქონდა, ზოგის სახეზე ვერაფერს ვერ ამოიკითხავდი. ამასობაში მალე მოუწია რიგმა. ოთახში შესულს სისუფთავე მოხვდა თვალში. ექიმებს და ექთნებს, ყველას თეთრი, ტკიცინა ხალათები ეცვათ და დაღლილობისდა მიუხედავად მაინც იღიმებოდნენ. ოთახი დაბალი ტიხარებით ოთხგან იყო გადატიხრული.

_ სიმაღლე?

_ 196 სანტიმეტრი.

_ წონა?

_ 66 კილო.

_ რა არის ბიჭო, დამწყვდეული ხომ არა ჰყავდი? _ უკბილოდ გაიხუმრა ექიმის თანაშემწე ექთანმა, რომელიც წონიდა და თან მის მონაცემებს იწერდა.

ბიჭს მაინც გაეღიმა, ექთანს თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო. ისე კი, თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა. ყველა პროცედურა გაიარა. ბოლოს, შევსებული თეთრი ფურცლები ახალგაზრდა, ლამაზმა ექთანმა გოგონამ აკინძა  და მთავარ ექიმს მიაწოდა. მთავარმა ექიმმა ყურადღებით გადაიკითხა ყველა ფურცელი, ბიჭს კიდევ ერთხელ ახედ-დახედა. მაღალია, მაგრამ ძალიან გამხდარი, ისე ჯანმრთელია, რა გინდა – გაიფიქრა თავისთვის. მერე ბეჭედი დაარტყა, – მშვიდობით მოგეაროსო – ღიმილით უთხრა და აკინძული ფურცლები მიაწოდა. დანარჩენებმაც გაუღიმეს და მათაც რაღაც ამდაგვარი უსურვეს. სულ რაღაც ნახევარი, ან იქნებ ერთი საათით შესულ ბიჭსა და დამხვდურ ექიმ-ექთნებს შორის, რაღაც ნათესაური თუ სულიერი ძაფები გაიბა. ბიჭმა დიდი მადლობა გადაუხადა, მთავარ ექიმს ხელიც კი ჩამოართვა და გამოვიდა. სახეზე კმაყოფილება ეწერა.

მერე დაიწყო გაუთავებელი წვრთნები. ხან აღმოსავლეთში იყო, ხან დასავლეთში. არა, კი არ უჭირდა, პირიქით, _ უკვე ძვალსა და რბილში გაუჯდა ვარჯიში. მეგობრები გაიჩინა. საქრთველოს ისტორიის წიგნები გამოაგზავნინა სახლიდან და თუ ცოტაც თავისუფალი დრო ჰქონდა, კითხულობდა. ისტორია სკოლაში შეუყვარდა.  თენგიზი მასწავლებელი ისე ემოციურად უხსნიდა გაკვეთილებს, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის, რომ შინ მისული ბიჭი მაშინვე ჩაუჯდებოდა და სწავლობდა. შეფასებაც საუკეთესო ჰქონდა. ისე, კლასგარეშე ლიტერატურასაც კითხულობდა. რა თქმა უნდა ისტორიული ჟანრისას. ერთხელ, იმ მეზობელმა, რომელსაც ხან თოხვნაში, ხანაც ბარვაში ეხმარებოდა მცირე საფასურის ფასად, – კითხვები დაუსვა. ბიჭი უშეცდომოდ, ფაქტებით პასუხობდა. მეზობელი გაოცდა. მიწიანი ხელები ჩქარ-ჩქარა, სახელდახელოდ ჩაიფერთხა, სახლში შევიდა და რამდენიმე წიგნი გამოუტანა. _ აი, შენი იყოს. ამ წიგნებს სკოლაში არ ასწავლიან. წაიკითხე. ვიცი მოგეწონება და მერე სხვებსაც მოგცემ. ჩემს შვილებს ოღონდ წიგნს ნუ გადააშლევინებ და გინდა მთელი დღე ტრაქტორის და მანქანის ქვეშ იგორავებენ, _ თითქოს დანანებით, მაგრამ კმაყოფილი სახით მიაჩერდა ბიჭს. ბიჭმა გადაფურცლა – “რომის ისტორია” ავტორი ლევან სანიკიძე – ეწერა გაყვითლებულ თავფურცელზე. რამდენიმე ტომი იყო. მეორე წიგნს ლევან გოთუა – “გმირთა ვარამი” – ეწერა. გაუხარდა. აღარ იცოდა მადლობა როგორ ეთქვა.

ოცმეთაურს მოსწონდა მისი ასეთი აქტიურობა. აქებდა ხოლმე სხვების თანდასწრებით. ბიჭს გულის – გულში უხაროდა კიდეც, მაგრამ ამხანაგების ერიდებოდა – თითქოს დამნაშავედ გრძნობდა თავს მათ წინაშე, მარტო მას რომ შეაქებდა უფროსი. ცოტა მოსუქდა – კვება კარგი იყო და საწუწუნო ამ მხრივაც არაფერი ჰქონდა. მაგრამ 4-5 თვე რომ გავიდა მიხვდა, რომ არ უნდა წამოსულიყო.

დენთის სუნით გაიჟღინთა მთლიანად. პირშიც დენთის გემოს გრძნობდა. ვერაფრით ვერ მოიცილა ეს შეგრძნება. საწვრთნელად გასულს, სულ ერთი და იგივე პეიზაჟი ხვდებოდა, – გაცრეცილი ტრამალი და გორმახები, რომლებიც წაქცეული აქლემების კუზებს ჰგავდნენ. მუდმივად ზუზუნებდა ნიავი, რომელსაც გატუსული ბალახის სუნი მოჰქონდა.

სუფთა ჰაერი და მთები მოენატრა. ხშირად ფიქრობდა სკოლაზე, თანაკლასელებსა და თენგიზი მასწავლებლის გაკვეთილებზე. დიდი ფიქრის და შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად ნაადრევად მიატოვა სკოლა. სკოლა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც თვალუწვდენელ ემოციებს, ოცნებებს და რეალურ–ირეალურ ფიქრებს ბადებდა მასში. ამ ყველაფერს თან ახლდა გაურკვევლობის ბურუსი– გრძნობდა, წიგნები, მასში აღწერილი ამბები(განსაკუთრებით ისტორიაში ) ბევრ რამეში ეხმარებოდა და გარკვეულწილად შეეძლო მისი მომავალი მკვეთრად შეეცვალა. მაგრამ რაღაც, თითქოს მთავარი რამ აკლდა ბიჭის ამ ოცნებებს – ირეალური, წარმოსახვითი სამყაროდან სინამდვილეში გადმოსვლა და მოქმედება გზის საძიებლად.

ბიჭი მიხვდა, რომ შეცდა. აღარ უნდოდა ჯარისკაცობა. აღარც ოცთმეთაურის თუ ამხანაგების შექებაზე გაჰკრავდა სიამოვნების ელვა გულში. სახეზეც ეტყობოდა მოწყენილობა. ოჯახის წევრებსაც იშვიათად ხედავდა. სუფთა ჰაერი და მთები სულ თვალწინ ედგა – ცხენების და თონის პურის სუნი. მამა დიდი ხანია ცუდად იყო – ცალი თირკმელით და მუდმივი შრომით გამოფიტული. დედას, ორ დას და მოხუც მამიდას ვინ მიხედავდა?!. სკოლიდან დაბრუნებულს, ხშირად მხოლოდ პური და მწვანილი დახვედრია. ხანდახან მეზობელი გააგზავნიდა ძროხის ჯერში თავის ნაცვლად და ფულს აძლევდა. ბიჭი გახარებული ბრუნდებოდა – დედასთან გარბოდა ბოსტანში. ქალი გულში იკრავდა მის გამხდარ ტანს, ჰკოცნიდა, ჰკოცნიდა და თან ტიროდა – შენი, შენი გამხდარი ხელების იმედზეღა ვართ.. გენაცალე.. გენაცვლე _ ტირილისგან აუდ-ჩაუდიოდა მკერდი. ბიჭი დაირცხვენდა, – კარგი რაა დედი, კარგი რაა – ამასღა ეტყოდა და გაიცინებდა გულუბრყვილოდ.

სკოლა როგორც კი მიატოვა, მაშინვე  ადგა და წავიდა ცხვარში. ქარში, წვიმაში, მზეში თუ თოვლში ნაბადში გახვეული, ფარის ღონიერ ძაღლებთან ერთად ცხვარს აძოვებდა. თეოზე რომ დაეყრებოდა ცხვარი, არსდროს იძინებდა – მთებს გაჰყურებდა, ნისლის ნაგლეჯებიდან ამოჩრილ მათ კლდეებს. იშვიათად არწივი გადაჰკვეთავდა ნაყაიჩოსკენ მიმავალი ცის უხილავ ბილიკს. ანდა შუნების გუნდი შედგებოდა მთის კლდოვან ნაშლიანებში ძაღლების ყეფაზე. დილის სისხამზე, მომნუსხველ სიჩუმეში სადღაც შორიდან, სუსტად, მაგრამ მაინც ისმოდა ხევის შხუილი. სანამ ნისლი აიკრიფებოდა, სიცივისგან ძაგძაგებდნენ ყვავილები..  თითქმის ყოველ დღე ასეთ სურათს უყურებდა, მაგრამ არა სწყინდებოდა. შემგლისფერებულზე ბინისკენ მიჰყავდა ცხვარი. ბინაში მისული პურს აცხობდა, ხან ხინკალს აკეთებდა, ხან ყველს ჩაფშვნიდა ტაფაში ერბოსთან ერთად. ხან მჟავე რძეს სვამდა. ყველი და ერბო ამოჰყავდა. დაღლილს რამდენჯერ დასძინებია სახელდახელოდ შეკრულ სკამზე. მაგრამ დილით ისე წამოხტებოდა, თითქოს სამი ღამე გადაბმულად სძინებოდეს. თუ ვინმე შემცვლელი ამოუვიდოდა, პირიქითის ხეობის სოფლებში ჩავიდოდა. ხანდახან – ოჯახის წევრებსა და ნათესავ-მეგობრებს მოინახულებდა და მეორე დღესვე უკან ბრუნდებოდა. თუ ათნიგენობები იყო, ორ-სამ დღეს დარჩებოდა – ავიდოდა სალოცავში თანასოფლელებთან ერთად და ქეიფობდა.  ყველა დეტალსა და ნიუანსს იმახსოვრებდა: გარმონის ხმა.. სოფლის შუაში დანთებული კოცონი.. ქალები ხინკალს დგაფა-დგუფით ყრიან პირგანიერ, ღრმა ქვაბებში..  მთვრალი ბიჭ-ბუჭები ცხენებზე.. გაშმაგებული, ოფლიანი ცხენების ხვიხვინი და სკორის სუნი.. ქალების კისკისი.. ცა თავის მთვარე –ვარსკვლავებიანად.. უკვე გადამთვრალი, მობარბაცე კაცების ჩხუბი.. აყირავებული საალუდე და სახინკლე ქვაბები.. სტვენა.. ძაღლების წკმუტუნი.. ცხენების მოსართავებში არეული გავაზე დასაფენი თოქალთოები, აღვირ-უნაგირები, დასაჯდომ-დასაფენი პატარ-პატარა ჭრელი ნაბდები.. ნაბდებზე ქალაქიდან სტუმრად ჩამოსული, ერთმანეთს ჩახვეულ-ჩაკრული გოგო და ბიჭი. ბიჭის სახეზე გრძელი ნაიარევი. გოგოს თმები – გრძელი, წაბლისფერი, თივისა და სკორის ნაფხვენებაკრული.. არეულ-აბარბაცებული სოფელი. დგას ბიჭი უკვე აშლილ სუფრასთან. მოზვრის დაცლილი ყანწები ყრია მითელილ-მოთელილ ბალახში.  შეყვარებული გოგო და ბიჭი ისევ ისე ჩახვეულები მიგორავენ ფერდობზე, დაბლა ბოსლებისკენ. ახლა სოფლიდან ისმის სიმღერის და გარმონის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმები..კისკისი.. მთვრალების ხორხოცი და ტაში..

იქიდან გამოყოლილ შთაბეჭდილებებზე დიდხან ფიქრობდა. თავიდან ბოლომდე თვალსა და გულს გადაავლებდა ნანახ-გაგონილს. თავად ნაკლებ მონაწილეობას იღებდა ათნიგენობების ამ ზრიალ-წკრიალში. გვერდიდან მაცქირალი უნდოდა ყოფილიყო.. ხანდახან თუ გააშველებდა მოჩხუბრებს, ან ქალებს მიეშველებოდა სახინკლე ქვაბების ცეცხლზე შედგმაში. ასე უფრო მოსწონდა. დრო ამ ფიქრებში გაჰყავდა. ამოვიდოდა ბარიდან შემცვლელი. სურსათ-სანოვაგეს და წერილებს ამოუტანდა და ამაოდ სთხოვდა დასვენებასა და ბარში ჩასვლას. ბიჭი კი, მასთან ერთად მიერეკებოდა მაინც ფარას. მთის ფერდობზე მიშლიდა ნაბადს და კითხულობდა.

დედის წერილები ვრცელი, ყოვლის მომცველი და სათუთად დაწერილი იყო. ბიჭის წასვლიდან მოყოლებული დღემდე, ყველა მოვლენას საინტერესოდ და მხატვრულად  აღწერდა. ბიჭს უყვარდა დედის წერილების კითხვა და თან უკვირდა საიდან ჰქონდა ამხელა ფანტაზია და გადმოცემის ასეთი უნარი დედას. ალბათ იმიტომ, რომ აქაური ყოფა შემიმსუბუქოსო–ფიქრობდა. განსაკუთრებით წვრილად იყო აღწერილი სკოლის ამბები, თანაკლასელების და თენგიზი მასწავლებლის სტუმრობები მათთან, საუბრების დეტალები სხვადასხვა თემებზე . ყველა წერილს მასწავლებლის გმოტანებულ ახალ–ახალ წიგნებში დებდა და ისე უგზავნიდა ბიჭს.

შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავადაც მონაწილე იყო იმ მოვლენებისა, რაც წერილებში და წიგნებში იყო აღწერილი და რაღაც შეუცნობელ მირაჟის ტბორში ტივტივებდა. მისი შემცვლელი თმა-წვერ გაბურძგნული კაცი კი, კომბალზე დაყრდნობილი, საეჭვო თვალით შეჰყურებდა ბიჭს და სინანული გადააქნევდა ხოლმე გაწეწელ თავს.

კითხულობდა დიდხანს და ბევრჯერ. მერე სანოვაგეს გახსნიდა და დედის გამოგზავნილ ნამცხვარს ბიჭი ხარბად, ერთი ამოსუნთქვით ჭამდა. ნამცხვარი ხან ქლიავის, ხან ალუბლის ხან კი გარგრის იყო, თეთრ კალკის ქაღალდში გახვეული. ბიჭი ფრთხილად, სათუთად შემოაცლიდა, კოხტად დაკეცავდა და მავთულზე ჩამოკიდებულ ფიცარზე, სადაც ჯამები იყო დამხობილი, ერთ-ერთი ჯამის ქვეშ მზრუნველად შეაცურებდა. რამდენიმე კვერცხში, ფქვილში და სოდა-ძმარში ათქვეფილ მასაში დედა ხან გაფრცქვნილ ქლიავს, ხან გარგრს, ხან კი ალუბლებს ჩაალაგებდა და ასე აცხობდა. პატარაობიდანვე ძალიან უყვარდა ეს უბრალო, მაგრამ ძალზე არომატული  ნამცხვარი. როცა სულ ცოტა საშუალებაც კი ჰქონდა, დედა მაშინვე ამას აცხობდა. ბიჭი იმ დღეს ბედნიერი იყო. ახლა აქაც, ამსიმაღლე მთებში გადმოკარგულს დედა მაინც უგზავნიდა. ბიჭი ხშირ-ხშირად გადმოიღებდა კალკის ქაღალდს თაროდან და ხარბად დასუნავდა.

წვრთნები გრძელდებოდა. პოლიგონიდან პოლიგონზე, ნაწილიდან ნაწილში, ტრამალიდან ტრამალზე, გორიდან გორზე გადადიოდნენ, ისროდნენ, ხოხავდნენ, ცოცავდნენ, დარბოდნენ.. უკვე კითხვისთვისაც აღარ რჩებოდა დრო. მხოლოდ ძილი და ვარჯიში. ბიჭისთვის უკვე აუტანელი გახდა ასეთი ყოფა. ერთ ღამესაც, კუჭის არეში  ძლიერმა ტკივილმა გამოაღვიძა. დილით, სანამ მოეწყობოდნენ ნაწილის ექიმი ნახა. ექიმმა დაკვირვებით გასინჯა. გარეგნული დათვალიერებით არაფერიაო – უთხრა _ შეიძლება კუჭი გაქვს გადიდებულიო და  ოცთმეთაურს სთხოვა სურათის გადასაღებად ჰოსპიტალში გაეგზავნათ. ოცთმეთაურმა მანქანა გამოუყო. წესისამებრ არ ეკუთვნოდა, მაგრამ მეთაურმა შინაურულად მოუთათუნა მხარზე ხელი, – მანქანის გაღებული კარისკენ უბიძგა. გამოჯანმრთელება უსურვა და _  შენნაირები განა ბევრი გვყავსო, _ თან მოაყოლა. ჰოსპიტალში ბევრი ხალხი დახვდა. უმრავლესობა სურათის გადასაღებად იდგა რიგში. საღამოს ძლივს ეღირსა შესვლა. გადაიღო და კიდევ ნახევარი საათი სურათს ელოდა. მძღოლს მთელი ეს დრო, არხეინად ეძინა მანქანის სავარძელზე გადაწოლილს. თავის ნაწილში დაბრუნებულმა მაშინვე მთავრ ექიმს შეუტანა სურათი. კუჭზე წყლული გაქვსო – ექიმმა. მაგრამ ნუ გეშინია, საგანგაშო არაფერია, წამლებს გამოგიწერ, ცოტა ხანი შვებულებასაც მოგარტყამ, დაისვენებ და კენჭივით იქნებიო – მხიარულად, თვალის ჩაკვრით დააიმედა. ბიჭს გაუხარდა. ცოტა ხანი მაინც მოსწყდებოდა აქაურობას, ამ მოსაწყენ პეიზაჟებს. სურათი და ექიმის დანიშნულება ოცთმეთაურს შეუტანა კაბინეტში. მაღალმა, ხმელ-ხმელმა და მკაცრი გარეგნობის ორმოცდაათიოდე წლის კაცმა წაიკითხა თუ არა დანიშნულება, მაშინვე ბრძანების და მიწერილობის ნებართვა გასცა. მდივანმაც ააკაკუნა კომპიუტერის კლავიატურა. მერე ხელი ძლიერად ჩამოართვა და, – ერთ თვეში გელოდებითო – უთხრა. ბიჭმა გახარებულმა, რამდენჯერმე მოუხადა მადლობა. დილით უკვე თავისუფალი იყო. საჭირო ნივთები ჩაალაგა, შხაპი მიიღო, პირი სუფთად გაიპარსა და მეგობრებს დაემშვიდობა. გარეთ ისევ ის მანქანა ელოდა, რომლითაც წინა დღეს ჰოსპიტალში გააგზავნეს.

ნოემბრის ბოლო კვირა იყო. მთებში ვერ ავიდოდა – თოვლს ჩაეკეტა გზები. ცხვარი შირაქის საძოვრებზე გაერეკათ. ერთი კვირით მაინც ჩავალო – გაიფიქრა ბიჭმა. დედა ეხვეწებოდა – სახლში, ჩვენთან იყავი, გავძღეთ შენი ყურებითაო. აკი ძალიან ენატრებოდა ოჯახის წევრები ბიჭს, განსაკუთრებით დედა, მაგრამ ამის ხმამაღლა, ცხადად გამოხატვის რცხვენოდა. თან ცხვარ-მეცხვარეებიც უნდოდა ენახა. დენთის სუნი შეგრძნება ძლივს მოიცილა და უხაროდა. წამლებს სვამდა. ხელფასიც მისცეს წამოსვლისას და სურსათ-სანოვაგით დატვირთული მივიდა სახლში. დედა და დები სულ საჭმელების კეთებაზე იყვნენ გადასულები. ნამცხვარიც გამოაცხვეს. თანაც ორი. მთელ სახლში ქლიავის და ვანილის არომატული სუნი იფრქვეოდა. ნახევარი შეჭამა ბიჭმა, ნახევარი კალკის თეთრ ქაღალდში გადაუხვია დედამ, ზურგჩანთაში ჩაუდო. ხაჭაპური, ცივად მოხარშული დედალი, პური, ვაშლები და ორლიტრიანით არაყიც ჩაუდგა. ბიჭი დილით, ბინდზე გავიდა, თანასოფლელის ორხიდიან  მძიმე,  ტალახში ამოგანგლულ მანქანას გაჰყვა შირაქისკენ.

ცხვრის ბინაში გაუხარდათ ბიჭის გამოჩენა. ავადმყოფი ბატკანი დაკლეს, ჩაქაფული გააკეთეს. იქეიფეს იმ ღამით. ბიჭს ჯარის ამბებს აყოლინებდნენ. არაო, არაო, ისევ მანდა სჯობიაო – წუწუნებდნენ ამდენი ჯაფისგან და წვიმა-თოვლში გარეთ წანწალისგან შებეზრებული მწყემსები – საჭმელი მაინცა გხვდებათ გაკეთებული და საწოლი მაინცა გაქვთ სუფთა და მშრალიო. მგელი მაინც არ დაგეცემათ და ფარას მოწყვეტილი ცხვრის ნოტო მაინც არა გყავთ საძებარიო. ცოლ-შვილს თვეობით, ხანაც მთელი წელი ვერა ვხედავთ, – ბალღები ვეღარ გვცნობენ, ასე თმა – წვერ გაბურძგნულებს რო დაგვინახავენ, შეშინებულები გვემალებიან და უკან ისე მოვდივართ ვერც კი ვეფერებითო. ერთი ამ ცხვარ-მეცხვარის მომგონიაცაო – იგინებოდნენ უკვე კარგად შეზარხოშებული მეცხვარეები. დაძარღვულ, ძლიერ ხელებს, ქარისგან გამომშრალ – გაწითლებულ სახეზე წამოზრდილ წვერზე, ხშირად აისვ- ჩაისვამდნენ..

მთელ ამ ცხვრის ბინაში, მარტო ბიჭი იყო კმაყოფილი. ჯერ ერთი, რომ დენთის სუნი მოიშორა, მეორეც, ისმენდა მეცხვარეების  თავშესაქცევ თავდაგასავლებს. ცხვარს აძოვებდა, საჭმელს აკეთებდა, ქეიფობდა.. გორმახები და უსიერი ველები აქაც იყო. უკვე ჩალისფერი დაჰკრავდა არე-მარეს. ცაზე ტყვიისფერი ღრუბელი ისე საგულდაგულოდ გაწოლილიყო, თითქოს მთელი ცხოვრება ასე იყო და მზე საერთოდაც არ ამოდიოდა. ნიავიც ქროდა, მაგრამ შეტუსული ბალახის სუნი არ მოჰქონდა. ფარის ძაღლები შემოიჩვია – ხორცის წვენს უსხამდა გეჯებში,, შაქარ-ყინულის ნატეხებს უყრიდა. სულ კუდში დასდევდნენ.

მობილური ტელეფონის ზარის ხმამ გამოაღვიძა. ოთახში თბილოდა. დანის ხშირ-ხშირი კაკუნი ისმოდა სამზარეულოდან. ნამგზავრს ისეთსავე გაუხდელს ჩასძინებოდა. ნომრისთვის არც დაუხედავს, ნახევრადმძინარემ უპასუხა.

_ მერაბი ვარ. სადა ხარ ბიჭო?

_ სად ვიქნები – მთქნარებით უპასუხა.

_ ჰოდა, მისმინე. ვიკრიბებით რაა ბიჭები. ხო იცი, ჩვენი ოცმეთაური რა ჯიგარია. გარიკა კარაპეტიანის დაბადების დღეა და ორი დღე გვაჩუქა.

_ ვააა – უცებ გამოფხიზლდა – აღარც მახსოვდა..

_ ჰოდა ოცოდე. რესტორანს ვნახავთ და კავშირზე იყავი. დაგირეკავ.

_ კაი. მაგარია. Mმოვდივარ. შენ ზარს ველოდები _ უკვე კარგად შეფხიზლებულმა უპასუხა.

ბიჭს გაუხარდა. მოენატრა მეგობრები. აღარც ახსოვდა გარიკას დაბადების დღე. მაშინ დიმა ჯაილოვაც იქნება. გარიკა და დიმა განსაკუთრებით უყვარდა. მერაბიც უყვარდა, დათოც, ფანცულაც, მის ნაწილში თითქმის ყველანი საიმედო და გამორჩეული ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ, მაგრამ დიმა და გარიკა რატომღაც ამოჩემებული ჰყავდა. თავიდანვე ამ ორს დაუმეგობრდა. ერთი სომეხი და მეორე აზერბაიჯანელი, მაგრამ სულით და გულით ქართველები, სამშობლოზე შეყვარებული ბიჭები იყვნენ. სხვა თუ არაფერი, დანარჩენ ქართველებზე უკეთესად იცოდნენ საქართველოს ისტორია. შეიძლება ამის გამო უფრო მოსწონდა ისინი. თანაც კარგად ახსოვდა თენგიზი მასწავლებლის შეგონებები, ომის დროს მხოლოდ საკუთარი თავის და ერთგული მეგობრის იმედი უნდა გქონდესო. და სწორედ გარიკა და დიმა ესახებოდა ასეთებად.

თენგიზი მასწავლებელს გაკვეთილზე ხშირად მოუყოლია ბავშვებისთვის აფხაზეთის ომის ამბები, სადაც მისი ბიძაშვილი გია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გიას თანამებრძოლები კი, ვინც გადარჩნენ, დღემდე დუმდნენ. ყვებოდა თენგიზი მასწავლებელი, როგორ “დააწერა” საქართველოს ულამაზესი კუთხე აფხაზეთი, “ერთმორწმუნე, დიდმა მეგობარმა” რუსეთმა. მერე როგორ ძარცვავდნენ სვანეთისკენ მიმავალ ქართველ დევნილებს ქართველივე “მარადიორები”. როგორ იყინებოდნენ უღელტეხილზე მოხუცები, ბავშვები და ავადმყოფები. ბიჭს გული ეთუთქებოდა ამ ამბების მოსმენისას. სამაჩაბლოს ომის ამბებიც იცოდა თავისი მეზობლის ბიძაშვილისგან მონაყოლი. ერთთავად იმაზე ფიქრობდა, როდის იქნება ჩემი სამშობლო ისევ ერთიანი, ისევ ისეთი, როგორსაც მასწავლებელი ეუბნებოდა – ულამაზესი აფხაზეთი, – ლურჯი ზღვით, მარადმწვანე კიპარისების ტევრებით, ხშირი ტყეებით, მანდარინის ზვრებით და მწვანეში ჩაფლული ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით. თენგიზი მასწავლებელი თურმე ყოველ ზაფხულს აფხაზეთში, სოხუმში ატარებდა თავის მამიდასთან და სულ წვრილ-წვრილად ჰყვებოდა ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. ბიჭმა, ქუჩების, უბნების და ახლო-მახლო სოფლების სახელები და მისახვევ-მოსახვევები სულ ზეპირად იცოდა. მარტო რომ გაგეშვა, მიაგნებდა კიდეც.

გარიკას დაბადების დღე თითქოს დღესასწაულად გადაიქცა ბიჭისთვის. არ უღრეობიათ, იზეიმეს და ამ დღიდან სამი თვის მერე, იქ გაცნობილ გოგონაზე იქორწინა. უკვე ერთი წლის მერე კი, მამა გახდა და ცხოვრებამ სულ სხვანაირი ელ-ფერი შეიძინა მისთვის. თითქოს ხელახლა დაიბადა, თითქოს არც ყოფილა ისეთ გაჭირვებაში, თითქოს არც უცხოვრია ამ ქვეყნად და ახალი, ფერადი სხივებით განათებული სამყარო გადაიშალა მის თვალწინ თავისი, თოთო ბავშვის თვალების სახით.. უნდოდა კიდევ ბევრი შვილი, რომ სამყარო უფრო დიდი და ნათელი გამხდარიყო..

შვილთან ჩახვეულს ეძინა. ცოლმა ფრთხილად შეაღვიძა, ტელეფონი მიაწოდა. აღელვებული ხმით იხმობდნენ ნაწილში სასწრაფოდ. შვილს დახედა, პატარა ხელებზე ხელი გადაუსვა. მშვიდად, უდარდელად ფშვინავდა პატარა. წვრილ-წვრილი ოფლის წვეთებით დასცვარვოდა შუბლი და უპეები. გაღებული კარიდან ჩანდა, როგორ ფუსფუსებდა ფეხმძიმე ცოლი სამზარეულოში. დიდხანს უყურებდა. ძალზე შორეულ არსებად ეჩვენა – მზით განათებული მინდვრის უგრძესი ბილიკის ბოლოში წერტილივით მოძრავ არსებად.. მერე სასწრაფოდ ჩაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეჩქარებოდა, წვერი მაინც გაიპარსა, სარკეში უყურებდა თავის თავს. თითქოს ვიღაც უცხო, სრულიად სხვა ადამიანი შეჰყურებდა შიშჩამდგარი, დიდი თვალებით.

მათ ნაწილში ყველას მ-4-ები დაურიგეს. ოცმეთაურის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდი, მხოლოდ მახვილი თვალისთვის ძლივს შესამჩნევად გაჰფითრებოდა ტუჩის კუთხეები. დიდი სამხედრო მანქანით დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. მეთაურმა სწრაფად, მაგრამ შეძლებისდაგვარად დაწვრილებით აუხსნა საქმის ვითარება. მერე ბრძანება გასცა და ხშირ ტყეს შეერივნენ. მდინარის გაღმა სოფელში, აქა-იქ ხანძრის ალი ჩანდა. შიგა და შიგ ავტომატის კაკანი ისმოდა. დაბომბვა დროებით შეჩერებულიყო და თუ კარგად მიაყურადებდი, კალიების ჭრიჭინსაც შეიგრძნობდი სიცხის ბუღში. ამისთვის კი ვის ეცალა. რამდენიმე მეტრში ფაშვგამოყრილი ძროხა ეგდო, იქვე პატრონი, ისიც იგივე მდგომარეობაში, თოკი ისევ შერჩენოდა ხელში. ვაშლის ბაღები გადაიარეს, – ტოტებდალეწილი, მსხმოიარე ვაშლის ბაღები. ბიჭს სულმა წასძლია და ერთს ჩაკბიჩა. ასეთი სურნელოვანი ვაშლი არასოდეს ეჭამა. დიმა და ფანცულაც ჭამდნენ. ალბათ დასცხათ და ყელი გაისველეს. რაციაში ოცმეთაური ხრინწიანი ხმით ბრძანების ტექსტს უმეორებდა. ვაშლის ბაღები დამთავრდა თუ არა, სიცხისაგან ოხშივარავარდნილი თემშარა გადაკვეთეს და სიმინდის ყანაში შევიდნენ. აქედან უკვე ერთი ხელის გაწვდნეზე იყო ქალაქი. ქალაქი რომლისთვისაც სისხლი უკვე დაღვრილი იყო და მაინც სისხლს ითხოვდა.

ბიჭს, მოულოდნელად ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა. მარცხნივ, ორასიოდე მეტრის მოშორებით დამშრალი, აჭაობებული არხი იყო. იმის იქით სახელდახელოდ გათხრილი სანგრები ჩანდა. ხმა თითქოს იქიდან ისმოდა.  ნაწილს  ჩამოვრჩებიო, _ გაიფიქრა, მაგრამ ტირილის ხმა კვლავ განმეორდა და არხისკენ გასწია. აშმორებული ბალახების და დადუმებული ბაყაყების გარდა არაფერი დახვდა. სანგრებიდანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. შვილი გაახსენდა. ფეხმძიმე ცოლი. გოგონას ელოდებოდნენ. სულ ოცნებობდა გოგონაზე -ნაწნავებს დავუწნავ, მხრებზე შევისვამ ხან ერთს, ხან – მეორეს, მერე მესამეს და მეოთხესაცო – ოცნებობდა. მაგრამ ეს ფიქრი მყისვე უკუაქცია, – ახლა თითქმის ღალატის ტოლფასი იყო ამაზე ფიქრი, მხოლოდ ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა.  ერთხელ კიდევ შეავლო მზერა გადათხრილ სანგრებს, სიცხისგან ფერდაკარგულ, გაცრეცილ ცას და უკანვე გამობრუნდა. თავისი ნაწილის ბიჭებს ვეღარსად მოჰკრა თვალი და გზა ალალბედზე განაგრძო. Uათიოდე წუთის მერე აფეთქების მძლავრმა ტალღამ შორს გაისროლა. გონზე მოსულს ვიღაც უცხოები მიათრევდენენ. რამდენჯერმე თოფის კონდახიც მოარტყეს სახეში გამოსაფხიზლებლად. წელს ზემოთ გაეშიშვლებინათ და ბეჭებზე, _ ქვებზე თრევისგან, აქა-იქ მოსდიოდა სისხლი. ხელები ზურგსუკან ჰქონდა გაკრული. შვიდი – რვა კაცი შემოხვეოდა. იცინოდნენ, კონდახებს მორიგეობით ურტყამდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. აუტანელი ტკივილისდა მიუხედავად, ყველას სახეს აკვირდებოდა. ერთს, ყველაზე სახეშეშლილს და გვარიანად გამობრუჟულს, ცალ ხელში არყის ნახევრად დაცლილი ბოთლი ეჭირა, მეორეში კალაშნიკოვის ავტომატი და რაღაც გაუგებარ სიმღერას მღეროდა. ორს, შავწვერას, ერთნაირი შავი ქუდები ეხურათ რუსეთის დროშის ემბლემით. არწივის ნისკარტებს მიუგავდათ ნესტოებდაბერილი ცხვირები. ყველაზე დიდი ჟინით და გამეტებით ხაკისფერკეპიანი გამოირჩეოდა, რომელიც ბიჭს დაუნდობლად ურტყამდა.  დიდი კაკლის ხის ქვეშ მიათრიეს. მხრებში თავჩარგულმა თვალი მოჰკრა, მეორე ხის ქვეშ სისხლით მოსვრილი ფანცულა და გარიკა ერთმანეთზე თოკებით მიებათ და ზედ აფურთხებდნენ. ბიჭმა დაიღრიალა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიფა და წამოხტა. მაშინვე მძიმე, სქელლანჩიანი ჩექმები ჩასცხეს. რუსულად და ბიჭისთვის რაღაც გაიგებარ ენაზე უყვიროდნენ. თითქოს წამიერად კარგავდა გონს და ისევ ახელდა თვალებს. რამდენჯერმე სახელი დაუძახეს გარიკამ და ფანცულამ. ალბათ გასამხნევებლად. ბიჭსაც უნდოდა იგივე ექნა, მაგრამ დააპირა თუ არა, იერთ-ერთმა, თავგადაპარსულმა ახმახმა სიცილით მიარტყა თოფის ლულა ტუჩებზე და რუსულად  უთხრა:

_ მიდი, მიდი, ეამბორე რუსეთის მიწას! ეს ჩვენია, გაიგე? ეამბორე და მადლობაც მოგვიხადე, რომ შენი ბინძური სხეულით ამ მიწაზე გდიხარ!  დავაი, დავაი, ეამბორე ძაღლო! _ დანარჩენებიც, დაახლოებით ასეთ რაღაცეებს ეუბნებოდნენ. ბიჭს ჩამტვრეული კბილებით და სისხლით აევსო პირი. გადმოფურთხებასაც ვერ ახერხებდა. გარშემო მყოფნი მორიგეობით წიხლების და კონდახების რტყმას აგრძელებდნენ. მერე იმ ერთმა ცხვირნისკარტა, შავქუდიანმა, გაქონილ-გაზინტლული ჟილეტის შიდა ჯიბიდან რაღაც დიდი ზომის თეთრი ნაჭერი ამოაძვრინა და ბიჭს წინ, მიწაზე გაუშალა. _ დავაი! დვაი! მიაფურთხე! მიაფურთხე შე მძორო! დახიე! გათელე და გასუნსულდიები შენი ვითომ ამაყი და გულადი ძმებისკენ! _ კონდახების რტყმით ცდილობდნენ ბიჭი ფეხზე წამოეგდოთ. ბიჭს  სისხლი აწვებოდა თვალებში. მის წინ გაფენილ, თავისი სამშობლოს დაჭმუჭნულ და დასვრილ დროშაზე გამოსახულ წითელ ჯვრებს თვალს არ აცილებდა და უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა, რომ ამ მგლების ხროვას არ დამორჩილებოდა.. ნეტავ სად იყვნენ დანარჩენები: დიმა, მერაბი, დათო, ოცმეთაური.. გადაურჩნენ აფეთქებას თუ ისინიც ტყვედ ჰყავდათ?!.. თავისი სახელი შემოესმა ისევ. ფანცულას ხმას მიამსგავსა. მერე ავტომატის მოკლე ჯერი გაისმა და სიჩუმე ჩამოვარდა. ბიჭს გაგიჟებას ცოტაღა აკლდა, _ თვალებიდან ლამის სიმწრის სისხლმა გადმოხეთქა. უნდოდა წამომხტარიყო და თავისი მეგობრებისკენ გაქცეულიყო, მაგრამ სხეული ტყვიასავით დამძიმებოდა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიფა. წამოიწია თუ არა, გონი დაკარგა. სიმღერის ხმამ თითქოს შეაფხიზლა. ალბათ ის არყით მთვრალი მღერისო-გაიფიქრა, მაგრამ რაღაც სხვა, ტკბილი მელოდია იყო. აი, მთებში რო მღერიან – ისეთი. ნისლში ჩაიძირულმა მთების მწვერვალებს მოჰკრა თვალი. დედის გამომცხვარი ნამცხვრის სურნელი ტრიალებდა ჰაერში. სადღაც ზემოდან უყურებდა მთის ფერდობზე შეფენილ სოფელს. ხელი-ხელ გადახვეული მთვრალი კაცები მიბარბაცებდნენ, თავზე ყვავილების გვირგვინები ედგათ. გარმონს უკრავდა ერთი და დანარჩენები არეულად მღეროდნენ უტკბეს სიმღერებს. ერთ-ერთი სახლის ეზოში, ხარიხაზე გამობმული ჯედილა ბღაოდა. ეზოში ნაბდები, უნაგირები, ჭრელ-ჭრელი ხალიჩები, წინდები და საალუდე ქვაბები გაეშალათ. იქვე ქალები ტრიალებდნენ, _ ხინკალს ხარშავდნენ. ოხშივარში გახვეულიყო სოფელი. წამიერად თითქოს გამოფხიზლდა, თავის მიბრუნება უნდოდა მარცხნივ, თვალების გახელას ცდილობდა რომ თითქოს უფრო ნაცნობი და მშობლიური ხმები ჩაესმა, – თანაკლასელები სკოლის ეზოში შეკრებილიყვნენ და ისინიც მღეროდნენ. ბუნდოვნად  ჩანდა სკოლის შენობის სახურავი, ბავშვების სილუეტები და აზოში აღმართული ხუთჯვრიანი დროშა.

 ბიჭს უნდოდა ახლოს მისულიყო, გამოლაპარაკებოდა, მოსიყვარულებოდა ამ ხალხს, მაგრამ თითქოს ფეხებზე ბორკილები ედო, _ ადგილიდან ვერ იძვროდა. სიმღერის ხმაც მიწყდა  და მხოლოდ მაღალ ცას, ვარსკვლავებს და ყველაზე დიდ ვარსკვლავზე წამოდებულ ღრუბელს ხედავდა.. წამიერად გონსმოსულმა იმ ახმახის მოცინარე სახე, რამდენიმე ოქროს კბილი და ქუდის კეპზე სისხლის წვეთები დალანდა. ისევ სადღაც მიათრევდნენ. უნდოდა დაეყვირა თავის ბიჭების სახელები, მაგრამ ენა გასიებოდა და მხოლოდ გაურკვეველი ბგერები ამოსდიოდა.

ზაფხულის ხანგრძლივი ხვატის შემდეგ, რაც ასე უცხო იყო სოხუმისთვის, ძლივს მოვიდა შხაპუნა წვიმა. შიშხინებდა დასიცხული მიწა და მტვრის ოდნავ მოტკბო, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ჰაერში. მეტისმეტი სიცხისგან გაფერმკრთალებული კიპარისები ახლა უკვე მწვანედ ხასხასებდნენ. ჰყვაოდნენ მაგნოლიები და ჟასმინები. გახარებული ტურისტები გუნდ-გუნდად სეირნობდნენ ქუჩებში. ყველა კუთხიდან სასიამოვნო შეძახილები და კსიკისი ისმოდა. ბიჭს თხელი, ცისფერი კუბოკრული პერანგი და თეთრი შორტები ეცვა. მხარზე თხელი პულოვერი დაუდევრად გადაეფინა და ღიმილით მიაბიჯებდა მთავარ ქუჩაზე. გამვლელები ხელის აწევით ესალმებოდნენ. ზოგი, უფრო ხანში შესული კაცები და ქალები მიდოდნენ და ხელს ართმევდნენ. რამდენიმე თამამმა, გამომწვევად ჩაცმულმა გოგონამ გადაკოცნა კიდეც. ეზოებში ნარდის და დომინოს თამაში გაეჩაღებინათ. ერთგან პატარა სუფრაც ჰქონდათ გაშლილი. ბიჭის დანახვაზე წამოდგნენ, თავაზიანად მიიპატიჟეს. ბიჭმა იუარა, მადლობა მოუხადა და გზა განაგრძო. ქუჩის კუთხეში, წყლის დასალევად დახრილს, გვარიანად შემელოტებულმა მენაყინემ, გახარებულმა, ნაყინებით სავსე პარკი მიაჩეჩა ხელში. ბიჭი გაოცებული უარს ეუბნებოდა, მაგრამ კაცმა ისე დანამუსა, _ გამოართვა. ბავშვების გუნდი დაინახა, იქვე ბაღში. დაუძახა და მათ მისცა. კისკისით მოუხადეს მადლობა და გაიქცნენ თავისი მეგობრებისკენ. მთავარი ქუჩიდან კიპარისების ხეივნისკენ გადაუხვა. მის მოპირადპირედ პატარა, სამიოდე წლის გოგონა მოდიოდა. ყვითელი, თეთრწინწკებიანი სარაფანი და ლურჯი ბასანოჩკები ეცვა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ბიჭს გაუკვირდა, ასეთი პატარა ბავშვი მშობლების გარეშე რატომ იყო მარტო, ქუჩაში. გოგონა მიუახლოვდა. ბიჭმა სახელი ჰკითხა.

_ ანა, ანა მქვია _ უპასუხა მკვეთრი, ჟღერადი ხმით პატარამ და თვალებით თავის მაჯაზე ანიშნა _ დედას გამოვეპარე, ღობეზე გადმოვძვერი და მაჯა გავიკაწრე. სულ ოდნავ გაჰკაწვროდა და სისხლის წვრილი ზოლი ეტყობოდა. ბიჭი დაიხარა, უნოდა ნატკენზე მოჰფერებოდა, დაეწყნარებინა, მაგრამ გოგონა შებრუნდა და უკანმოუხედავად გაიქცა. ბიჭმა მიმოიხედა. მხოლოდ ახლაღა ეუცხოვა ეს ქალაქი, ხალხი. ვერ მიმხვდარიყო, ასეთი აღფრთოვანებით რატომ ხვდებოდნენ. თანაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ადრეც იყო აქ ნამყოფი, თითქოს მშობლიური იყო ეს ქუჩები, ეს ხალხი, ასე გულწრფელად და სიყვარულით რომ ეგებობდნენ. მაგრამ ეს პატარა გოგონა კი, ყველაზე ახლობლად, თავის სისხლად და ხორცად მიაჩნდა ბიჭს. უნდოდა დასწეოდა, ჩახუტებოდა და გოგონას ძებნაში კიპარისების ხეივნიდან აღმართს აუყვა, უკან მოიტოვა წვიმისგან გახალისებული ქალაქი და ნელ-ნელა თვალს მიეფარა..

გაკვეთილზე სრული დასწრება იყო. მხოლოდ ერთი _ გაგოიძე აკლდა. ბიძა გარდაეცვალაო – კლასის ხელმძღვანელმა სამასწავლებლოშივე უთხრა. ისედაც, თითქმის ყოველთვის კარგი დასწრება იყო ისტორიის გაკვეთილზე. მხოლოდ გაზაფხულზე, როცა უკვე თბილი ამინდები დადგებოდა და ხეები ყვავილობდნენ, სულ გარეთ მიუწევდათ ბავშვებს გული. დღეს კი, თებერვლის ამ ჟინჟლიან დღეს, ვის ეხალისებოდა ტალახში სეირნობა და თბილ კლასში ჯდომა არჩიეს. თანაც, თენგიზი მასწავლებელი ისე ემოციურად და საინტერესოდ საუბრობდა მოსწავლეებისთვის ყველაზე უინტერესო თემებზეც კი, რომ ზარმაცებიცა და წარჩინებულნიც – ყველანი ყურადღებით უსმენდნენ.

_ დღეს 25 თებერვალია, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის დღე. ეს ყველა თქვენგანმა კარგად უნდა იცოდეს და მე მოვითხოვ, თითოეულმა ვრცლად და შინაარსიანად შეისწავლოს ის მოვლენები, რომელიც 1921 წლის თებერვალში ჩვენს სამშობლოში განვითარდა!

„საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელიწადში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის 11-ე არმიას ქართული ჯარი, სახალხო არმია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე- 11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია, სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით თბილისში უბრძოლველად შემოვიდა. ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები, დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი, 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს. 2010 წელს  საქართველოს პარლამენტმა  ერთხმად  მიიღო  დადგენილება, რომელიც ავალებს  მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით  ოკუპაციის  მსხვერპლთა  პატივსაცემად, რომლებიც  კომუნისტურმა  საოკუპაციო რეჟიმმა  პოლიტიკური ნიშნით  სიცოცხლეს  გამოასალმა,  დაუშვას სახელმწიფო  დროშები  და  გამოცხადდეს  წუთიერი დუმილი.“

თენგიზი მასწავლებელი ზედმეტად ღელავდა და ეს მოსწავლეებმაც შეამჩნიეს. მან ცხვირსახოცი სწრაფად ამოიღო პიჯაკის ჯიბიდან და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. გარეთ ისევ წვიმდა. მასწავლებელი ფანჯარასთან მივიდა და ჩაფიქრებული სახით, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო – განაგრძო:

_ აქვე აცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ შეიძლება ითქვას, ჩვენ გმირი იუნკერები უახლოეს ისტორიულ წარსულშიც გვყავს. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომელიც საქართველოს ძირძველი ისტორიული კუთხეებია და რომელიც რუსული არმიის მიერ დღესაც ოკუპირებულია, ბევრი ახალბედა ქართველი ჯარისკაცი და ადგილობრივი დაიღუპა გმირულად, რომელთა გვარებს და სახელებს საქართველოს ისტორიის წიგნებში ვერ ამოიკითხავთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, გმირულად დაიღუპა თქვენივე თანასოფლელი, ჩემი ყოფილი, ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, გმირი თუში _ გიორგი ანწუხელიძე. იგი ბრძოლისას ტყვედ ჩავარდა. ხერხემალში გადატეხეს და წამებით მოკლეს. აიძულებლდნენ ფეხით გაეთელა ჩვენი სამშობლოს დროშა.

აქ კი, ხმა აუკანკალდა და ნამდვილად ვეღარ შეეძლო თენგიზი მასწავლებელმა ლაპარაკის გაგრძელება. მოსწავლეები შეშფოთდნენ – ცალკე მასწავლებლის მონაყოლით, ცალკე კი, _ ცუდად არ გახდესო – ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. მასწავლებელი ფანჯრიდან უყურებდა, როგორ უდარდელად და ზანტად აწვიმდა სკოლის ეზოს გადაღმა, მეორე მსოფლიო ომში დაღულულთა მემორიალს და  ცელოფნის პარკებით და სიგარეტის ნამწვებით სავსე პატარა ბაღს. ბაღის შუაში, „დიდი საბჭოთა“ ბელადის _. სტალინის ძეგლი იდგა. თითქოს მასაც, თებერვლის ამ უჟმური წვიმით გაბეზრებულს, ნაღვლიანი გამომეტყველება ჩასდგომოდა თვალებში და, ულვაშებზე და მხრებზე ვიღაც ხულიგნების მიერ მისხმული ვარდისფერი საღებავი უფრო მკვეთრად აჩნდა.

ბუხუტი მასწავლებელი

0

მეოთხე გაკვეთილია   და  ვფიქრობ, როგორ ავაჩქარო დრო, რომ მალე დაირეკოს ზარი. ფიზიკა გვეუბნება,  ეს აინშტაინმა იცოდაო, მაგრამ რა  იცოდა და როგორ, მთლად კარგად ვერ გავიგე, შესაბამისად  ვერაფერი მოვიფიქრე.  ამ გაკვეთილის მერე   ფიზკულტურა გვაქვს, ბუხუტის გაკვეთილი.  თუ კარგი ამინდი იქნება, დღეს ფეხბურთს ვითამაშებთ.  დრო კი ისე მიიზლაზნება, როგორც მშიერი აქლემი ჩელიაბინსკის გერბზე.  ახლა ისტორიის გაკვეთილია. ისტორიას  დირექტორი გვასწავლის.  აბა, ვინ გამოიჩენს ცოდნით თავსო,  გამოაცხადა.  სრული სიჩუმით ვპასუხობთ. მის გაკვეთილზე ბუზის ხმა უნდა ისმოდეს,  ახლა კი ისეთი სიჩუმეა, ეტყობა ბუზსაც ეშინია.  მე თავი ქუდში მაქვს, წინაზე   მკითხა და  ორი ან  სამი გაკვეთილი  ვიცი თავისუფალი ვარ.   მახსენდება, რომ ასპინძის ომზე გვესაუბრა,  თუმცა ახლა მე უფრო ამინდი მაღელვებს, რადგან თუ გაწვიმდა ფაფუ ფეხბურთი. უკანა სკამზე,  ფანჯარასთან ვზივარ  და   ცას ვაკვირდები,  სადაც ნამდვილი  ომი აქვთ  გაჩაღებული მზეს და ღრუბლებს, გარდამავალი უპირატესობით…  მზის მზვერავი მერცხლები დაბლა ფრენენ,  შავი ღრუბლები, რომლებიც ცხრათავიან თუ თვრამეტყურიან დევებს ჰგვანან, ყველა მხრიდან უტევენ მზეს, რომელიც უკვე ალყაში ჰყავს მტერს. ვერაა კარგად საქმე, ვიცი, რომ თუ მერცხლები დაბლა დაფრინავენ და შავი ღრუბლებია, საწვიმარია.  არც ქარი, ანუ დამხმარე ჯარი მოქრის, რომ ღრუბლებს შეუტიოს და გადარეკოს,   წვიმა თითქმის გარდაუვალია,  რაც არანაირად არ გვაწყობს, იმიტომ რომ წვიმის დროს ჭადრაკი გვიტარდება. ჭადრაკი რა სპორტია, სპორტია ფეხბურთი. ზეგ კი ფინალია.   სადღაც გაანათა,  ახლა უნდა დავთვალო: ერთი, ორი..  ექვსამდე ავედი და  გრგვინვის ხმაც მოდის,  ანუ  როგორც ფიზიკა ამბობს, თუ ბგერის სიჩქარე  ჰაერში  სამასოცდაათი მეტრია წამში, სადღაც  ორ კილომეტრში ელავს, ანუ მოგვადგა მტერი და ესაა…  აჰა, ბატონო,  ფანჯრის რაფაზე რაკა-რუკი აუტყდა  წვიმის მსხვილ წვეთებს.   ჰოდა  მორჩა დღევანდელი ფეხბურთი.   არადა ზეგ სამ საათზე ფინალი  გვაქვს…

დირექტორმა დაფასთან კახა გამოიძახა,  ჩვენი გუნდის მეკარე, ახლა მასზე გაკვეთილის  კითხვა შეიძლება? ორიანს თუ მიიღებს ინერვიულებს!

–  აბა, კა-ხა-ბერ! –   უმარცვლავს დირექტორი,  – რას მოგვიყვები?

კახა ჩუმადაა.

– რა გვაქვს გაკვეთილად?

– ასპინძის ომი! – ალიკას ზურგს ვეფარები და ვჩურჩულებ მე.

– სსუუ! –  ამბობს და ვიცი რომ თვალებს აბრიალებს ახლა  დირექტორი… მაგრამ  ვერ  ხვდება  საიდან მოდის ხმა.

–  ასპინძის ომი! – ამბობს კახა…

–  გასაგებია!   აბა რას გვეტყვი,  რომელი მეფის დროს მოხდა ასპინძის ომი?

–   მეფე ერეკლე…  –  ძლივს გასაგონად ჩურჩულებს  ნანა!

–   მეფე ირაკლი! – ამბობს  კახა.

–  ყოჩაღ, ასეც მოიხსენიებდნენ,  გარდა ამისა შენი სახელიც ერქვა,   პატარა კახიც იყო ერთ-ერთი მეტსახელი,  აბა გვარიც გვითხარი?

– ჩარკვიანი!  – ყოჩაღად პასუხობს  გუნებაზე მოსული კახაბერი.  სიცილს ვინ გაუბედავს დირექტორს გაკვეთილზე,  მაგრამ  აქა იქ თავს ვერ  იკავებენ.  გაბრაზებული დირექტორი, ფეხზე დგება.  ახლა ხარ  ცოდო ჩვენი გუნდის გოლკიპერო, კახა!

– ა, შეხედეთ ახლა ამას,  იმის მაგივრად ისწავლოს, დადის,  გესმით?  კი არ დადის, დაშაკალობს ან დამაიმუნობს –  ხეებზე დაძვრება, ჩამოდი ხიდან, ბიჭო, 1770  წელია, ერეკლეს უნდა  ოსმალეთის  განდევნა სამხრეთ საქართველოდან,  ტოტლებენმა გვიღალატა, ერეკლემ ქართული ლაშქარით დაამარცხა ოსმალ-ლეკთა გაერთიანებული  არმია,   მოკლა კოხტა ბელადი, მოიგო ომი, ეს იყო ასპინძასთან,  დაერქვა ასპინძის ომი…

კახას ფერი ეკარგება. ახლა დგება დრო, რომ  დირექტორმა  ჰაერი დიდი დოზით  ღრმად  ჩაისუნთქოს    და იყვიროს,   ,,დეეეეგ… ”  ანუ, დეეგდეო,  კაი ბიჭი ხარ  და ნუ დაჯდები:   ყვირილის დროს წარმოშობილმა გრიგალმა შეიძლება   ან კედელზე მიგაბერტყოს ან ფანჯრიდან გისროლოს. კახას ფერი ეკარგება.   ამ დროს ზარის ხმა  ისმის.  დირექტორი გვეუბნება, რომ გაკვეთილი იგივე გვექნება და გადის.  გარეთ  კი უკვე  კოკისპირულად წვიმს, ჩაგვეშალა ფეხბურთი…

კახა ყვირილსაც გადაურჩა და ორიანსაც.   ისე დიდი შეცდომაც არ დაუშვია,  ირაკლი ჩარკვიანიც ,,მეფე”  იყო,  მის ამბავში, აბა რა!  ნინო იწყებს ჩარკვიანის სიმღერას  ,,ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ სევდა მიაქვს დროს…”  კახა დაედევნა,  უნდა რომ თმები დააწიწკნოს, გოგოები კახას აკავებენ, ბიჭები ნინოს დაჭერას ვცდილობთ.  საქმეში ერთვება წიგნი, ჩანთა, სახაზავი…  მერე ჯერ ერთ სკამს ძვრება საზურგე, მერე მეორეს, ცოტა ხანიც და არცერთ სკამს საზურგე არ აქვს,  მათ  ისე ვიქნევთ, როგორც მეფე ერეკლე იქნევდა ალბათ ასპინძის ომში ხმალს, ძალთა ბალანსი რომ არ დაირღვეს,  ნაწილი ბიჭებისა ნინოსკენ გადადის.  არ ვიცი, ამ ომს  ისტორიულ ანალებში  რას დაარქმევენ, ალბათ  საზურგეთა ომს… ამასობაში ზარიც ირეკება. მეოთხედა მეხუთეს შორის მოკლე დასვენებაა.   გარეთ  ისევ წვიმს,  ანუ ახლა ბუხუტი შემოვა  ჭადრაკის დაფებით.  ბუხუტი, როგორც  ამბობენ, ძველი სპორტსმენია და  ჩვენ, მთელ მეათე   კლასს,  ეს   გვჯერა, რადგან გვგონია,  რომ ყველა სპორტის სახეობა იცის.  ამ სასწავლო წელს სამ საგანს ვსწავლობთ, წვიმაში ჭადრაკს, კარგ ამინდში ფეხბურთს და მოღრუბლულში კარატეს.  მის შემოსვლამდე   სკამების საზურგეებს მერხში ვინახავთ  და ჩანთებს ისე ვდებთ რომ არ გამოჩნდეს საზურგეთა ომის სავალალო შედეგი, უზურგოდ დარჩენილი  სკამები.

 საკლასო ოთახის კარი იღება და  ბუხუტი  კი არა თამაზა შემოდის და ყვირის:

–  გაქვავდით!

ბუხუტიმ იცის ასე. კლასში რომ შემოდის, პირველი რასაც გვეუბება, გაქვავდითო.  როგორ გინდა გაქვავდე ფიზკულტურის გაკვეთილზე, თუნდაც ჭადრაკს თამაშობდე?!

–   ბაღნებო, ბაღნებო, ბუხუტი რომ შემოვა და დაიძახებს, გაქვავდითო,  მართლა გავქვავდეთ, კარგი?!  –  ამბობს ნესტანი.

–  ,,იყო ერთი მელა, იმან მოათხელა, ვინცხა ახლა გაინძრეს…” -ო –  გვეუბნება ხვიჩა.  სანამ  ბუხუტი შემოვიდოდა, ლამის მინავლული ომი კვლავ გაღვივდა, ოღონდ ამჯერად საზურგეების გარეშე.     ,,დაჰკარით ბიჭებო, დაჰკარით…” – სიმღერის ხასიათზეა მოსული კახა. ამასობაში კარი იღება და შემოდის ბუხუტი.

– გაქვავდით! –  დაიყვირა, როგორც იცის. ჰოდა რა პოზიციაც გვეკავა ისევე დავრჩით.  ზოგი რვეულით ხელში, ზოგი  წიგნით და   ვართ ასე, ვითომდა გაქვავებულები.  გვიყურებს ბუხუტი გაკვირვებული. ის იყო ლამის დაიჯერა თავისი სიტყვების ჯადოსნური ძალა, ჯერ  ერთმა ატეხა ფხუკუნი, აყვა მეორე.  უცებ ნაირა მასმა,  სასწავლო  ნაწილმა, შემოიხედა.   სიცილი მოვსხიპეთ, მაგრამ  განძრევა არავის უნდა, სიტყვაა ნათქვამი.

–  რა ხდება აქ, ბუხუტი მასწავლებელო?  – ეკითხება ბუხუტის.

–  რა უნდა ხდებოდეს, გაკვეთილი გვაქვს!

–  ესაა  ფიზკულტურის გაკვეთილი?

–  ფიზკულტურა რომ  ტარდება , ისე ნეტა სხვა საგანი ტარდებოდეს აქ!

–  აბა ამიხსენით რა ხდება?!  –  ახლა ბავშვებს  შემოგვხედა.  ჩვენ, გაქვავებულები,  ხმას რომ ამოვიღებთ ამის იმედი არ აქვს, ამიტომ ისევ ბუხუტი პასუხობს:

–  რა უნდა ხდებოდეს,  წვიმს გარეთ და  დღეს ჭადრაკი გვაქვს!

–  რაღაც არ ეტყობა ამათ ჭადრაკს თამაშობდნენ!

–  ესენი რომ თამაშობენ ჭადრაკს, ნეტა ისე სხვა თამაშობდეს!  – ძველინდურად  თუ გურულად გვიცავს ბუხუტი.  სხვაში ვინ იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვერაფერი შვილი მოჭადრაკეები ვიყავით, თუმცა ერთხელ მესამე ადგილზეც გავედით მეათეკლასელებს შორის  სარაიონო ოლიმპიადაზე,  ჩოხატაურში,  იმიტომ  რომ უამინდობის გამო სულ ოთხი    გუნდი გამოცხადდა.  სანამ თამაში დაიწყებოდა,  ბიჭებმა სხვა გუნდელებთან ტრაბახი დავიწყეთ,  კარატისტები ვართო, ყველას შავ-შავი ქამრები გვაქვსო  და  ვაჩვენეთ კიდეც ჩვენი შავი ტყავის ქამრები.  მგონი მხოლოდ ერთ გუნდზე იმოქმედა ამან, თუ  ჩვენ უკეთესი მოჭადრაკეები ვიყავით, მოვუგეთ, ჰოდა გადმოგვცეს პატარა  ბრინჯაოს მედლები დიდი ლენტით და  სიგელები, რომელიც ახლა კლასში გვაქვს გაკრული და ვამაყობთ.

 სასწავლო ნაწილი, ასე ქვად ქცეულებს გვიბარებს,  –  ,,მაცალეთო!”, არ ვიცი ჩვენ, არ ვიცი ბუხუტის  და გადის.  ,,ცლილი ხარ, ქალბატონო!” –   ამბობს ბუხუტი. გასაგებია,   ანუ   ნაირა ახლა დირექტორთან ერთად შემოვა. ჩვენ სასწრაფოდ ვიკავებთ  ადგილებს. ბუხუტი მასწავლებელი  დიდ, მაგნიტურ საჭადრაკო დაფას ამაგრებს ჩვეულებრივ, შავ დაფაზე,  მერე ფიგურებს უჩენს თავ-თავიანთ ადგილს.  ჩვენ  თითო პატარა ყუთი ჭადრაკი გვაქვს  მერხებზე. ყუთს თუ ორად გაშლი, საჭადრაკო დაფაა.   ზოგ  ყუთს  პაიკი აკლია, ზოგს ტურა ან ოფიცერი და ჩვეულებრივ ფურცლებზე ვაწერთ: ,,ტურა”, ,,ცხენი”, ,,პაიკი”… თუ შავი ფიგურებია, ფურცლებს ვამუქებთ. მერე ამ  ფურცლებს რაც შეიძლება მალე ვიცილებთ თავიდან,  ანუ საჭადრაკო ენაზე  რომ ვთქვათ, ვწირავთ, თითქოს  მაიას  ტომის ინდიელები  ვიყოთ და ხარკს ვუხდიდეთ  ღმერთს  კუკულკანსისე კლასში მაიაც გვყავს და ნონაც.

–  დღეს გავარჩევთ საუკუნის მატჩს,  1910 წელი, ლასკერი – შლეხტერი.  ვინ მეტყვის ვინ არის ლასკერი? – კითხულობს ბუხუტი.  კლასში სიჩუმეა.

–   გადამრევთ თქვენ, წინა გაკვეთილზე  ხო გითხარით ლასკერი მსოფლიოს მეორე ჩემპიონი იყო, თან  27 წელი, რაც აქამდე  ვერავინ ვერ მოახერხა.   სად დაგირბით გონება, ტყეში დახეტიალობთ ახლა ხო, წვიმს ბიჭო ტყეში,  ჭადრაკი გვაქვს, დღეს გაიგეთ! აბა, ვინ მეტყვის ჭადრაკი სად გამოიგონეს?  –  სვამს ახალ კითხვას, არადა ათასჯერ აქვს ნათქვამი, რომ ინდოეთში.

–  მას, მას, მას… – ყველანი მწყობრად ვწევთ ხელს. ამ დროს კარი იღება და შემოდის დირექტორი. უკან   სასწავლო ნაწილი მოყვება.   ყველანი ხელს ვუშვებთ, ვჩუმდებით და ფეხზე ვდგებით.

–  გამარჯობა, ბუხუტი მასწავლებელო, – ამბობს დირექტორი,  –  რას შვებიან შენი არწივები, ვიგებთ ზეგ? –   ეტყობა დაავიწყდა ამ არწივებმა წინა გაკვეთილზე ასპინძის ომი ლამის წააგეს.

–  არწივობამდე ცოტა აკლიათ, ჯერ მართვეები არიან! – ამბობს ბუხუტი.

დირექტორს ეტყობა გაახსენდა რომ  გაბრაზებული უნდა შემოსულიყო. წარბები მაღლა აწია და  კითხულობს.

–  რა ხდება, აქ?  –  რადგან ვერაფრით ვერ მიხვდა ცუდი რა ხდებოდა, სასწავლო ნაწილს გამოხედა.

–  ბატონო დავით, უნდა გენახათ წეღან რა ხდებოდა, თავდაყირა იდგა კლასი! – ბრაზობს ნაირა.

დირექტორმა ახლა ჩვენ  შემოგვხედა, ალბათ წარმოიდგინა როგორი სანახავი ვიქნებოდით ჩვენ  ან არწივები თავდაყირა.

–  მაშინ მადლობა უნდა ვუთხრათ ბუხუტი მასწავლებელს, დაუწყნარებია ყირაზე მყოფი კლასი. აბა, ბატონო ბუხუტი,  რომელ პარტიას ვარჩევთ დღეს?  – საჭადრაკო დაფას უყურებს.

–  ლასკერი – შლეხტერი,  გადამწყვეტი პარტია, 1910 წელი.

–  უ, კაია, აუფ, რა თამაშია, კაცის ბედისწერას ერთი არასწორი სვლა როგორ წყვეტს. შლეხტერმა გამარჯვებამდე მიყვანილი პარტია როგორ ერთი სვლით ჩამოშალა როგორც ცას ამწვდარი სილის კოშკი… ნიჩიაც ყოფნიდა და ჩემპიონი იყო, რა მაინტერესებს,  ბატონო  ბუხუტი, რით ხსნიან ამ საოცრად  სუსტ სვლას, რა მოუვიდა შლეხტერს?

–  ზოგი ამბობს, ლასკერის ჰიპნოზიო, მაგრამ მე უბრალოდ მგონია შიოდა!

–  არაა გამორიცხული!  შლეხტერის  ვატერლოო,  აუფ,  ბუხუტი მასწავლებელო, ვამაყობ თქვენით, სიამოვნებით დაგესწრებოდით  გაკვეთილზე.   ეს იყო  ძველბერძნული ტრაგედია.  რა თამაში, რა თამაში!  რა ქნა კაცო, ა…

ნაირა გაკვირვებული  უყურებს ორივეს.

– აუფ, მომენატრა თქვენთან თამაში, დღის ბოლოს არ გამეპაროთ, ვთამაშობთ სისხლის ბოლო წვეთამდე… არ მითხრა მერე სათოხნი მაქვსო!  წვიმას მიაქვს ქვეყანა!

დირექტორი ხელს ართმევს  ბუხუტი მასწავლებელს და გადის.  ნაირა ჟურნალთან მიდის:

–    ვინ არ არის?

–   ცინცაძე და ლონდარიძე,  მას! –  პასუხობს ნანა.

–   ბუხუტი მასწავლებელო, არები რატომ არ გიწერიათ? – ეუბნება ბუხუტის, ისე რომ  ჟურნალს თვალს არ აცილებს.

–   ვაცალოთ, ბატონო, იქნებ მოდიან!

–  ოთხი გაკვეთილი თუ არ იყვნენ, ამ კოკისპირულ წვიმაში, მეხუთეზე მოვლენ?

ხო ხდება საოცრება. იელვა ისევ, ცოტა ხანში მეხიც გავარდა.  უცებ მართლა იღება კარი და  გალუმპულები და გაღიმებულები შემოდიან ორივე, ლონდარიძეც და ცინცაძეც.

–  რა გეჩქარებოდათ,  გადაიღებდა წვიმა და მოსულიყავით!  – უყურებს გაკვირვებული  ნაირა ორთავეს.

–  თამაში გვაქვს, მას!  –  ამბობს ლონდარიძე.

–  მერე რომ გაცივდეთ ამ წვიმაში, რა ეშველება სკოლას!   დასხედით ორივე!  – ამბობს ნაირა და ისევ ჟურნალს  უკირკიტებს!

– რა არის, ბატონო   ბუხუტი,  წინა გაკვეთილზე ყველასთვის ათიანები  რომ  ჩაგიწიკწიკებიათ!

–  იცოდნენ,  ქალბატონო ნაირა,  გაკვეთილი!

–  ყველამ ათზე ხო?!

–  თქვენ არ მითხარით ნიშნებს რატო არ წერთო?

–  გაკვეთილის შემდეგ  სამასწავლებლოში მოდით ჟურნალით!

მერე ჩვენ შემოგვხედა.  ანუ ახლა თვალებით გვითხრა, ,,მაცალეთ მე თქვენო”  და გავიდა.

მეზობლები ნაირაზე ამბობენ, ბუხუტი მოწონსო,  ბუხუტიზე ამბობენ ნაირაო, მაგრამ ამათთვის ასეთი არაფერი შემიმჩნევია, სულ ჩხუბში არიან.  ბუხუტი  ქვრივია, სულ მარტოა სახლში. ბიჭი და გოგო კი ჰყავს მაგრამ  ორივე ქალაქშია და ორივეს ცალ-ცალკე ოჯახები აქვს.   ნაირა  გასათხოვია თუ გაუთხოვარია, არ ვიცი, აბა შინაბერას თქმას  ვინ გაუბედავს. ის ვიცი მოხუც დედასთან ცხოვრობს ჩემს მეზობლად.  კლასში რომ მასზე მკაცრი არავინ გეგონება, ისე სამეზობლოდ ძალიან თბილი ქალია და ხუმრობა უყვარს.  სამი დღის წინ ჩვენთან იყო გადმოსული, არ იცოდა იქ თუ ვიყავი,  ჰოდა მესმოდა დედას როგორ ელაპარაკებოდა:  ,,ქალი ოცამდე გასათხოვია, ორმოცამდე გოუთხოვარი, ხოლო ორმოცის მერე სახტად დარჩენილიო.  წინა  ზაფხულს ერთი  კვირით ურეკში ვიყავი,  ხოდა დილით გავედი პლაჟზე, ვვარჯიშობ,  წინმკალვი, ზემკლავი, განმკლავი, ბუქნი… (ესენი სულ ბუხუტის ნასწავლი იქნება)  მესმის ჩემს უკან  ქვიშა ახმაურდა.  გამეხსნა ალბათ ბედი-მეთქი-ვფიქრობ.  ახლოვდება ეს ხმა. აჩქარებული სუნთქვაც მესმის. ვფიქრობ, აღელდა კაცი, როგორც ზღვა…  ვერ მოვითმინე და მოვიხედე.  ვხედავ, ძროხა მიყურებს. ეჰ, გაგისკდა ფაშვი! – ვეუბნები. მარა მას რას ვერჩი. ხოდა დავრჩი ასე სახტადო…”

 ნაირაზე ულამაზოს ახლაც ვერავინ იტყვის, მით უმეტეს ადრე უფრო ლამაზი იქნებოდა,  შუამავლების  მასპინძლობას ვერ აუდიოდა თურმემ ოჯახი, მაგრამ ნაირას გული  ცივი იყო ვითარცა ყინული,  ხოდა გამოდის ვერ გაალღვო ვერავინ, ახლა რანაირად მოწონს ბუხუტი  მე პირადად არ მესმის,  სულ ჩხუბში არიან.

 –  მას, არ გვინდა რა ჭადრაკი, ფეხბურთზე ვისაუბროთ! – ვამბობ მე,  ამის  სრული უფლება მაქვს გუნდის კაპიტანი  ვარ.

–  კაცი ჭკუით გატენილი  მგონიხარ,  ამას უნდა მეუბნებოდე?   ვერ ნახე დირექტორი  რომ იყო შემოსული?  ხომ იცი რომ წვიმაში ვთამაშობთ ჭადრაკს?!

–  მას, რა ვქნათ იცი, დავალაგოთ ფიგურები და ვისაუბროთ ფეხბურთზე, რა ტაქტიკა ავარჩიოთ, ფინალი გვაქვს,  სათამაშო!

–  ტაქტიკაზე ნაფიქრი მაქვს უკვე, დუბლვე!

–  მაი რაია მას?  –   გვიკვირს ჩვენ.

–   ვინ მივა დაფასთან? – დასვა   კითხვა ბუხუტიმ.

–  მე მივალ, მას! –  ვთქვი მე და დაფასთან გავდივარ.

–   აბა რა უნდა ქნა ახლა თუ იცი?

–   რაცხას კი ვხვდები, მარა მთლად კარგად ვერა, მას!  –  იხტიბარი არ გავიტეხე მე,  ისე სიმართლე რომ ვთქვა,  ალბათ ლასკერ-შლეხტერის პარტია ვარჩევთ  ისევ-თქვა, ვიფიქრე.

–   ჩამოხსენი  საჭადრაკო დაფა და გადაკიდე გვერდით იმ ლურსმანზე!

სწრაფად ვასრულებ  პირველი დავალებას.

–  აი, ყოჩაღ!  აიღე ახლა ცარცი და დაწერე  ლათინური ვე!

–   იგივე რომაული მეხუთ, ხო, მას!  – მე სწრაფად დავწერე ლათინური დიდი ვე.

– აი, ყოჩაღ!  ახლა მიუწერე  მეორე იგივე ასო გვერდით, ისე რომ ორმა გვერდმა ერთმანეთი გადაკვეთონ! რა მივიღეთ!?

–   დუბლვე!

–   ხოდა ეს იქნება ჩვენი ტაქტიკა! ზედა წვეროებს ხო ხედავთ, ეს არის ოთხი დაცვა! შემდეგ მოდის სამი ნახევარდაცვა,  შემდეგ ორი გარემარბი, როგორც  სოლი  და ცენტრალური თავდამსხმელი.

 –  მეკარე,  მას?

–  რად გვინდა მეკარე?   სწორად თუ ვითამაშებთ ჩათვალეთ მეკარესთან ბურთი არ უნდა მივიდეს, კაი,  არ ეწყინოს კახას, მიახატე დასვი  უკან ერთი წერტილი, ესეც მეკარე!

–  წერტილი ვარ,  მას, ამხელა კაცი?!

–  წერტილი საქმეა, იცოდე, გოუშვებ გოლს და გახდები მრავალწერტილი! –  ბრაზობს ბუხუტი.

–  მას არ გვინდა რა ფეხბურთი, ჭადრაკი გვირჩევნია!  – ამბობს ნონა.

–  გიშლის,  ქალბატონო ნონა, ვინმე ჭადრაკის თამაშს?    აგერ დაფა და ეთამაშე მაიას!  ვითომ მე ვარ ქარსელაძე. ხო მოგიყევით ბავშვებო, ჩვენს ჩემპიონებს, ნონას და მაიას ერთი და იგივე პირველი მწვრთვნელი ჰყავდათ და ეს იყო ვახტანგ ქარსელაძე, მოკლედ გოგოები თამაშობენ ჭადრაკს, ბიჭებს ექნებათ თეორიული  მეცადინეობა ფეხბურთში!

–  ვაშა! – ვამბობ მე.

–  მას, მოგისმენთ რა! – ამბობს ნათია.

–  ვისაც მოსმენა გინდათ, მოისმინეთ, ვისაც ჭადრაკი გინდათ,  ითამაშეთ!

მაია  და ნონა იწყებენ ჭადრაკს.

–  ახლა მომისმინეთ!  დღეს არის ოთხშაბათი, ხო?

–   კი, არის,  მას!

–   როდის  გვაქვს ფინალი?

–   ზეგ ,  პარასკევს!  –  პასუხობს ლონდარიძე.

–   ხო, მართლა ლონდარიძე, ამ კოკისპირულ წვიმაში, მეხუთე გაკვეთილზე  რამ მოგიყვანა?!

–  ფიზკულტურამ, მას,  ვიფიქრე ფეხბურთი გვექნებოდა?

–   ამ წვიმაში?

–   წვიმაშიც ხო თამაშობენ, მას,  ფეხბურთს?

–  გეტყვის მერე ნაირა, ათიანს რატო  წერო? ყოჩაღ  ლონდარიძე? კიკვაძემ  თუ გამაბრაზა, შენ იქნები კაპიტანი!

–  არ მინდა მას,  კაპიტნობა,  მე გენერლობა მირჩევნია!

–  ხოდა გენერალი იქნები!  კაპიტნად  დავტოვოთ ზაზა,  თქვენი არჩეული ის არის  და მგონი არ არის ცუდი  კაპიტანი, ა, რას იტყვით?

–  იყოს, მას! – ეუბნება კახა.

– მაშ ასე, აბა მითხარით, ფეხბურთში რა არის მთავარი?

–  გოლი!

–  უფრო მთავარი?

– ლამაზი თამაში!

– უფრო მთავარი?

გავჩუმდით. უფრო მთავარი რა უნდა იყოს?!

–  კარატე! –  ამბობს უცებ ცინცაძე.

–  გენიოსი არ არის ახლა ეს? ფეხბურთში მთავარია კარატეო…  როგორ ამოვშალო ის ათიანი, რატო მელანი  არ დამიმთავრდა კალმისტარში შენ რომ ათიანი დაგიწერე!

–  აბა რა არის მას?

– შედეგი! არავის ემახსოვრება  თქვენი  ლამაზი ფინტები  ათი წლის მერე, ისტორია შემორჩება, ის რომ კოხნარის საშუალო სკოლის მეათეკლასელები გახდნენ რაიონის ჩემპიონები. ან რა სჯობს რომ გახვალთ სოფლის შუკაში  და მეზობელი შეგხვდება და ჩემპიონს გაუმარჯოსო, გეტყვის!

–  მაგარია, მას!

– არ დაიწყოთ ახლა მესები  ვართ, სუარესები და მაგათ ზე უარესებიო. პირველ ვარჯიშზე რომ ყველა მესის ათნომრიანი მაიკით მოით, ხო გახსოვთ? ახლა მაქვს გუნდის კაპიტანთან შეკითხვა!

–  გისმენთ,  მას!  –  ვფაციცდები მე.

– აბა მითხარი სადაა დედამიწის ცენტრი?

რა თქმა უნდა არ ვიცოდი, რა მეპასუხა,  მთლად უპასუხობას, ერთადერთი ვერსია მქონდა და ის ვთქვი:

– საქართველო!

– თბილა, უფრო კონკრეტულად?

ანუ არ ვარ შორს.

–  უფრო კონკრეტულად  გურია!

–  კიდე უფრო კონკრეტულად?

–  ჩოხატაური  და ჩვენი სოფელი, კოხნარი!

– უფრო კონკრეტულად?

რაღა დარჩა!

– ჩვენ მას, სადაც ახლა ვართ!

–  ახლოს ხარ! თუ არ მეტყვი ახლა სად არის დედამიწის ცენტრი,  გადაგაყენებ იცოდე კაპიტნობიდან!

უცებ დირექტორის  გაკვეთილი გამახსენდა,  საფრანგეთის   რომელიღაცა ლუი რომ იძახოდა,  სახელმწიფო ეს მე ვარო,  რადგან დირექტორი და ბუხუტი ძმაკაცობენ, ამ ლოგიკით ცენტრი  მე ვარ!

– მე ვარ, მას დედამიწის ცენტრი!

–  კაი ბატონო,  ხარ შენ ცენტრი!  აი, კახა ვინაა მაშინ? – დასვა ახალი  კითხვა ბუხუტიმ.

–  დაცენტრილი! –  თქვა უცებ ბესიკამ.

–  დაგცენტრავ ახლა, შენ! – ბრაზობს კახა.

–   ამას ვინ იტყოდა ცენტერაძის მეტი! კიდე ვერ მიხვდით რას გეუბნებით?!

–   მივხვდით მას, დაცენტრილები ვართ  ყველა!  –  ამობს შავლეგო.

–  დაახლოებით სწორს ამბობ, შავლეგო,  თითოეული თქვენთაგანი ხართ დედამიწის ღერძი, ცენტრი,  ბუფონი ხოა მის ადგილას მესიზე მაგარი?

–  არის!

–  მარსელოს  სჯობს ვინმე ორ ნომერზე?!

– არავინ!

–  ჩივაძე რომ  იყო სამი , არის იმისთანა ვინმე?

– არავინ!

– რა ადგილასაც არ უნდა მოგიწიოთ თამაში,  შეუცვლელები ხართ, გაიგეთ?   ჰოდა ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, თქვენს უკან თქვენი სოფელია!

მეორე დღეს კარგი ის იყო რომ გამოიდარა, ცუდი კი ის იყო, რომ   კლასის დამრიგებელმა, სანამ ზარი დაირეკებოდა, კრება გამოაცხადა.

–  გუშინ, კლასში იყავით ყველა, ხომ კი?

–  ვიყავით!

–  გუშინ დილით  ყველ სკამს ჰქონდა საზურგე,  დღეს არც ერთს არ აქვს?  მორიგე ვინ იყო.

–  ნესტანი და თამაზა…

–  ძალიან კარგი,  აბა გისმენთ, რა მოუვიდა სკამებს?

–  ჩვენ რა ვიცით მასწ!

–  თქვე საზიზღრებო  თქვენ, აბა მე ვიცი!  ერთხელ გავეთავისუფლე დირექტორს,  დედაჩემი ოპერაციას იკეთებს-თქვა,  ახლავე იტყვით  ვინ დააზიანა საკლასო ინვენტარი,  თორემ ყველანი მივდივართ დირექტორის კაბინეტში!

–  დედათქვენი  როგორ არის,  მას?

–  მადლობთ, არა უშავს, თქვენ არ მოუკვდით დედათქვენებს,   კლასი  ვერ უნდა დავტოვო ერთი დღით?

–  ჩვენ რა შუაში ვართ, მას, გუშინ ბუხუტი მასწავლებელს ეჩხუბებოდა ნაირა მასწავლებელი ჩვენს კლასში, ჰოდა იქნებ იმათ…

–  ჩუ, ბიჭო! –  ეცინება მაყვალა მასს.

–  კი მას, ასე იყო!  – ავყევით ჩვენ ხვიჩას.

–  რა ასე იყო, არ შემშალოთ ახლა!

–  კი, მას ასე იყო დირექტორიც აქ იყო და აშველებდა!

–   ასე რომ ყოფილიყო, სამასწავლებლოში ხო იტყოდნენ!

–   მას, ვინ იტყოდა, ნაირა ხო არ იტყოდა და ბუხუტი,  აბა დირექტორიც ხო არ იტყოდა!

–  ხმა, კრინტი არ გავიგო თქვენი, ამოგაცლით ენას  იცოდეთ! – გვემუქრება მაყვალა   მასწავლებელი, თან ეცინება.   –  გაკვეთილების მერე დარჩებით ყველა და საზურგეებს შეაკეთებთ, დარაჯს გამოართმევთ ლურსმნებს და  ჩაქუჩს!  ერთი ვინმე ვნახო წასული,  სკოლას  დავატოვებინებ.

რა გვექნა, გაკვეთილების მერე ყველანი  დავრჩით.  დარაჯმა, რომელიც ხელოსანიცაა,   ,,ეს ატვიორკა სულ თავში უნდა გირტყათ კაცმაო”, – მკაცრი სასჯელი გამოგვიტან, კიდევ კარგი ჩაქუჩს გადავრჩით. მერე  ჩვენს მაგივრად შეაკეთა ყველა სკამი, ცოტა ჩვენც  წავეხმარეთ.  ამ პროცესის დროს  ჯერ ნაირა შემოვიდა კლასში, ვინ თქვა ესო, ისე გვიყვირა,  ყურებს  დარაჯის  ატვიორკა  გვიბურღავდა გვეგონა.  მერე ბუხუტი შემოვიდა: ,,ხვალ თამაში არ გქონდეთ, ვიცი მე თქვენი ამბავიო”,  – თქვა  და გავიდა.

სკოლიდან ბიჭები სტადიონზე ჩავედით, ბუხუტიც მოვიდა ცოტა ხანში თავის კალიასკიანი მოტოციკლით, საზურგეთა ომზე და მის თანამდევ შედეგებზე არაფერი უთქვამს, 15-15 წუთიანი ორკარა გვათამაშა და გვითხრა, რომ სტადიონიდან პირდაპირ სახლში წავსულიყავით,  არსად არ გვებოდიალა,  ისე, რომ ყველანი თერთმეტ საათზე ლოგინში უნდა ვყოფილიყავით, თან გაგვაფრთხილა, იცოდეთ ყველას ჩამოგივლითო.  ამას  როგორ  მოახერხებდა არ ვიცოდი, მაგრამ  ბიჭებმა  მოვილაპარაკეთ,  თერთმეტ საათზე ყველანი  ლოგინებში ვყოფილიყავით,  რათა ჩვენი ცხოვრების პირველი  ფინალში  არ შევრცხვენილიყავით.

მართლაც, თერთმეტზე დასაძინელად რომ გავემზადე, დედამ გაკვირვებულმა  შემომხედა, ავად ხომ არ ხარო და შუბლზე დამადო ხელი. ხვალ ფინალი  გვაქვს-მეთქი რომ ვუთხარი,  გადაგრევთ  თქვენ მაგი  ბუხუტიო,  დედა, მასე ნუ იტყვი-მეთქი, ვთხოვე, ნახევარი ბაღნები მაგის  გულიზა დადის კლასში-მეთქი…

ცოტა ხანში, ჯერ მოტოციკლეტის ხმა  გაისმა ჭიშკართან, მერე ბუხუტის:  ,,გენადიო”, – მამაჩემს ეძახდა. მობრძანდი ბუხუტიო, – მამაჩემმა.  ,,რას შვება შენი ბიჭიო?” – ბუხუტიმ იკითხა.  მერე  უკვე, მამაჩემი სხმა გავიგონე, დედაჩემს ეძახდა: ,,ბეჩა,  ბაღანე სადააო?” ,,დასაძინებლად ავიდა, თამაში ქონია ხვალო”, –  დედაჩემმა.  ,,ხო, მაი მაინტერესებდაო”, – ბუხუტიმ  და ისევ აამუშავა მოტოციკლი, ისე რომ მამაჩემის მოპატიჟება, ,,ჩამოი ბუხუტი,  კაი ღვინო  მაქვსო!” –  მგონი არც გაუგია. მერე თქვეს  ბიჭებმა, ყველას ოჯახში გაუვლია, რას შვებიანო.

დაწოლით  კი დავწექი,  მაგრამ როგორ გინდა დაიძინო, სულ ხვალინდელი თამაში მიდგას თვალწინ, არადა გაგვაფრთხილა, ამ ღამით თამაშზე არ იფიქროთ, დაასვენეთ გონება, თამაშზე თამაშის დროს იფიქრეთო. მეც ის გავიხსენე,  როგორ უნდა დაიძინო, როცა არ გეძინება  და დავიწყე ცხვრების ეზოში ჩამოდენა და თვლა, ათამდე რომ ავედი, გამიძალიანდა ერთი, სულ გარე-გარე დარბოდა, ვერაფრით ვერ მოვიხელთე, მერე საიდანღაც ბუხუტი მოვიდა, მოტოციკლით, კალიასკაში  ნაირა ეჯდა. მერე ორივენი მეხმარებოდნენ ის გაჯიუტებული  ცხვარი რომ ეზოში ჩამედენა, ჩავდენეთ  და  გამეღვიძა კიდეც.

თამაშზე დირექტორი ვერ წამოვიდა, სასწრაფოდ თბილისში მოუწია წასვლა, ნაირას სთხოვა, გუნდი არ მიმიტოვოო. სოფლის გამგებელმა მიკროავტობუსიც გამოგვიყო. თამაში ჩოხატაურის ,,ბახმაროს” ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ფინალში ჩვენი მეზობელი სოფლის, საჭამიასერის გუნდს ვხვდებოდით. სტადიონი გადაჭედილი არ იყო, მაგრამ სანახევროდ კი გაივსო.

პირველი ტაიმი, ნულოვანი ფრე. ჩვენც ვუტევდით, ისინიც გვიტევდნენ, მაგრამ ნერვიულობა იყო, თუ რა იყო, ბურთი კარისკენ არადა არ მიდიოდა…

შევედით გასახდელში,   შემოვაწყვეთ ფეხები მაღლა, სკამებზე, დიდი ფეხბურთელებივით.

– შენ, კაპიტანი რომ ხარ, გუნდს უნდა უხელმძღვანელო!  რო დაადებ თავს ღლონტის ღორივით, ვერ ხედავ ვერავის, პასი არ უნდა მისცე გახსნილ კაცს? – პირველი მე დამიწყო ჩხუბი ბუხუტიმ

– დამიძახონ  მას!

– დეპეშა  ხო არ გინდა გამოგიგზავნოს! გადამრევს ეს კაცი!  მოიხედე აქეთ, მხედავ !

– კი მას!

– აგერ ჯონიას ხედავ?

–  კი, მას!

– აბა, მოედანზე რა გჭირს?  ყველას გეხებათ, სანამ ბურთს მიიღებთ,  უნდა იცოდე რა უქნა იმ ბურთს!  ჰაერში ლივლივებთ!  გაშალეთ  თამაში,  ფინტით ატყუებ ერთ კაცს, კარგი პასით ხუთს, პასი მამაძაღლია. სადაა ტაქტიკა, რაც მოვილაპარაკეთ. უნდა მოვიგოთ იცოდეთ!

ბოლოს გვეუბნება სიტყვებს, რაც კარატეზეც გვითხრა ერთხელ:  ,,თუ გინდათ  გამარჯვება, შეუტიეთ  მტერს და გამოგლიჯეთ მათ  ხელებიდან გამარჯვებაო” –  და მსაჯის სასტვენმაც გვიხმო.

მეორე ტაიმი დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან, ალბათ დამატებითი დრო ან პენლები თუ გადაწყვეტდა თამაშის ბედს. ტაიმის მიწურულს ცოტათი მოიღრუბლა.   მერე უწყინარ მომენტში, შუა მინდორზე სერის გუნდის   კაპიტანმა  საშინლად ჩამარტყა  ბუცი კოჭში. ტკივილისგან გამწარებულს  მახსენდება ბუხუტის  დარიგება,  მიეცი ქულა აართვი ილეთიო, რომ გვასწავლიდა, ჰოდა   კარატეს  ყველაზე მარტივი ილეთის, კატას რომ ეძახის ბუხუტი, ჩატარების შემდეგ მეტოქე გუნდელი  ბალახზე იწვა გულაღმა და თავზე ვადექი,  როგორც, ალბათ მეფე ერეკლე კოხტა ბელადს. იქ ამბავი ატყდა, ბებია შვილიშვილს სათოფეზე არ მიიკარებდა, თუმცა ჩვენ აშკარად ვჯობდით და ცოტა ხანში,  მთელი სერის გუნდი, მეკარის გარდა,  ბალახზე იწვა და ვხედავდი კახა როგორ გარბოდა მეტოქე გუნდის მეკარისკენ. მსაჯმა მოასწრო, მისი გაკავება მოახერხა და მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა და ბუხუტის ჩაუგდო მკლავებში. მერე დანარჩენ ათ ფეხბურთელს ჩამოგვიარა  და სათითაოდ  გვაჩვენა  წითელი ბარათი, თავი მიტინგზე მეგონა, მედროშე კი მსაჯი იყო, რომელიც ახლა ტელეფონით ათანხმებდა ვიღაცასთან, რა ვქნა, ათი კაცი გავაგდე ერთი გუნდიდან  და თამაში განვაგრძო თუ შევაჩეროო. იქედან ეტყობა უთხრეს, თამაში ბოლომდე მიიყვანეო. ერთი კახა დაგვრჩა მინდორზე, რათა  ჩვენი გუნდისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია არ მოეცათ. მოსულიერებულმა და გაბრაზებულმა სერელებმა, სათითაოდ ათი გოლი ისე გაგვიტანეს,   არც ერთი არ გაწითლებულა. მერე მათ საზეიმო ვითარებაში გადასცეს დიდი თასი და მედლები ჩვენ ისევ სიგელები შეგვხვდა.

ბუხუტის ფერი არ ედო.

–  რა  ქენით ბაღნებო, აი?!  – გვითხრა. ჩვენ თავჩაქინდრულები ვიდექით და ხმას ვერ ვიღებდით, კახამ რაღა დააშავა და ისიც ჩვენსავით იდგა, პანაშვიდზე მეგონა თავი.

დავინახეთ ნაირა როგორ მოდიოდა ჩვენსკენ. ახლა ამის ყვირილის თავი ვის აქვსო, კი ვიფიქრე, მარა არ უყვირია. ჯერ  ჩვენ  გადაგვისვა თავზე ხელი, არა უშავსო,- მოგვისამძიმრა,  მერე   კი ბუხუტი მასწავლებელთან მივიდა ხელის ჩამოსართმევად.

–  ბუხუტი მასწავლებელო,  ძალიანაც ნუ იდარდებთ, სამაგიეროდ კარატეში ხო მოვიგეთ, თან ერთ თამაშში ათი წითელი ბარათი ერთ გუნდს, გინესის რეკორდია! –    თქვა უცებ და გაიღიმა.

პირველად დავინახეთ ნაირა როგორ უღიმოდა ბუხუტის,  ბუხუტიმ არ ელოდა თუ რა იყო,  ვერაფერი თქვა, გაეღიმა იმასაც და მომეჩვენა თუ მართლა, ცრემლი აუკიაფდა  თვალთან…

… ძალიან რომ გეწყინება რაიმე, იმ დღეს რა სიზმარსაც ნახავ აგისრულდებაო, ვიღაცა მეუბნებოდა.  რა დამჩემდა ეს ნაირა და ბუხუტი სიზმარში, ამ ღამესაც მესიზმრენ, თითქოს ქორწილი ჰქონდათ, ბუხუტი ქართული ჩოხა-ახალუხით იჯდა თავის მოტოციკლში,  კალიასკაში კი ნაირა ეჯდა თეთრი ფატით, ხელში საჭადრაკო დაფით,  ჩვენ მთელი მეათე  კლასი  მაყრიონში ვიყავით, ზოგი ქართული ჩოხებით, ზოგი იაპონური კიმანოებით  და ,,ვისია ვისია, ქალი ლამაზიო…” ვმღეროდით…

იყო და არა იყო რა, ანუ სპეცმასწავლებლების სევდა

0

„შენ ყური უგდე ჩემს ლაპარაკსა, მე მართალს გეტყვი, ართუ არაკსა.“

/დავით გურამიშვილი/

არაკი 1.  დიდი ხანია, დედაქალაქში ერთ-ერთი უცხო ენის სერტიფიცირებული პედაგოგია, სკოლაში შემცირებული საათობრივი დატვირთვის გამო ინკლუზიური განათლების არაერთი საერთაშორისო ტრენინგი გაიარა, გადამზადდა და სპეცმასწავლებლობის სიმძიმე იტვირთა. კარგად გაეცნო ბავშვების საჭიროებებს, ფორმალობის ყველა დეტალს, სწავლების სტანდარტებს, ძალიან უყვარს „თავისი ბავშვები“, 6 ჰყავს – აუტისტური სპექტრის, გონებრივი ჩამორჩენის და მძიმე სოციალური ფენის ოჯახებიდან, მხედველობის არმქონე და სმენადაქვეითებული, ცერებრუალური დამბლითაც კი. სკოლაში  8 მ2-იანი ოთახი ძლივს გამოუყვეს, ისიც საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგა, შეძლებისდაგვარად მორთო, ავეჯისა კი რა მოგახსენოთ, ძველი მონჯღრეული მაგიდა და რკინის სკამები უდგას.  ამის გამო ძალიან წუხს. არაერთგზის მიმართა დირექციას საჭირო რესურსების მოსაპოვებლად, თუმცა – უშედეგოდ. დიდი ჩამორჩენის გამო „თავისი ბავშვების“ მშობლები სთხოვენ, გაკვეთილებიდან გამოიყვანოს და ისე ამეცადინოს. ასე რომ, რესურსოთახში დღეში საშუალოდ 4-6 გაკვეთილს ატარებს, დანარჩენი დრო კლასებში სიარულს, დაკვირვებას, ქცევის კითხვარების შევსებას, პედაგოგებთან კონსულტაციას, გეგმებზე მუშაობასა და სხვა წვრილმანებს ხმარდება. დილის 8 საათზე გამოსული, შინ 7-ზე ბრუნდება. ელის მოხუცი, ავადმყოფი დედა, რომელსაც თავად უვლის. მისი ხელფასი 280 ლარია, რომელიც უნდა ეყოს გადასახადების, საკვებისა და  წამლების, სამგზავრო ხარჯებისათვის, მეორადი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის  საყიდლად მაინც, წიგნების, კალმების და სხვა საჭირო წვრილმანებისთვის.  ეყოფა? – ჰოდა აქვს ვალები. განა ეს არსებობაა? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ რატომ არა? კი! ის ხომ ღირებულებებს ემსახურება. იმას, რასაც თითქმის ნახევარი საუკუნე უკვე შესწირა.

არაკი 2. არ ცხოვრობს დედაქალაქში, თუმცა ისიც სერტიფიცირებული პედაგოგია. შეფასების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი – საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელი. 4 ათეულ წელს ისე მიატანა, რომ საკუთარ ქალაქში თავისი პროფესიით საჯარო სკოლის მასწავლებლობას ვერსად ეღირსა. არაერთ სკოლაში მისულს დირექტორები უარით ისტუმრებდნენ, ადგილი არ გვაქვსო, შემდეგ კი, როგორც ხდება ხოლმე, ადგილები ჩნდებოდა, ოღონდ თავისიანებისთვის. ქრთამი არ და ვერ გადაიხადა. ქართულის მასწავლებლობას რომ ვერ ეღირსა, სპეცმასწავლებლად წავიდა მეზობელ ქალაქში, ყოველდღე 4 ლარს ხარჯავდა გზაში იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინა. მერე საკუთარ ქალაქშიც გამოჩნდა ვაკანსია და კომისიამ აიყვანა სპეცმასწავლებლად. ჰყავს ოთხი ბავშვი – ქცევის დარღვევების და გონებრივი ჩამორჩენის, ასპერგერის სინდრომის მქონე, სოციალურად მოწყვლადი ოჯახებიდან. დირექციამ, მართალია, მიიღო, მაგრამ ზედმეტად მიიჩნევს სკოლაში მის არსებობას, ასეთივეა მის მიმართ თითქმის ყველა პედაგოგის განწყობა. არ იღებენ რჩევებს, მიიჩნევენ, რომ ასეთი ბავშვები ცალკე სკოლებში უნდა სწავლობდნენ. სამუშაოდ გამოუყვეს 11მ2-იანი ოთახი, რომელშიც არ აქვს რბილი ავეჯი, ტექნიკა და არც სხვა ტიპის სასწავლო თუ სამუშაო რესურსები. ხელფასი – 280 ლარი. შინ 6-ზე ბრუნდება. სახლში მეუღლე, ლოგინად ჩავარდნილი დედამთილი და ოთხი მცირეწლოვანი შვილი ელის. გული უკვდება, რადგან იცის, რომ თავისი შვილებიც იმსახურებენ სსსმ სტატუსს, იმის გამო რომ შიათ, რომ ყველაფერი აკლიათ, რომ ხშირად ჩუმად ტირიან რაიმეს არქონის ან ექსკურსიაზე წაუსვლელობის გამო. და განა ეს არსებობაა?! პასუხად – აქაც იგივე არა/კი. ისიც ხომ ღირებულებებისთვის შრომობს.

არაკი 3.    ორ საგანში სერტიფიცირებული, ორგზის მაგისტრი, დოქტორანტი, მეოთხე ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალაქი გამოიცვალა. დედაქალაქში ბედს არ უჩიოდა, ძირითადი პროფესიით მუშაობდა. კლასში სსსმ ბავშვებთან არსებობის გამო ინკლუზიის პრინციპები შეისისხლხორცა და მშობლიურ ქალაქში სპეცმასწავლებლად მუშაობის დაწყებაც ინკლუზიური და ფსიქოლოგიური განათლებისა თუ  გამოცდილების ქონის გამო შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი არძირითადი პროფესიაა, ძალიან უყვარს თავისი საქმე, ბავშვები და იმათი ამხანაგები, მშობლები, კოლეგები. აწყობს სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებას, კოლეგების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დიდად არ ადარდებს. იცის, დრო მოვა და ყველა შეთანხმდება, რომ ყველა თანასწორია და რომ სპეცსკოლები არ უნდა არსებობდეს. ალტრუისტია. ბევრს ფიქრობს, მწირი რესურების პირობებში როგორ გააუმჯობესოს „თავისი ბავშვების“ შედეგები. თუმცა კი გულს უკლავს მათი მდგომარეობა. ყოველდღე 8 საათიანი დატვირთვის გარდა, ბევრ დროს ხარჯავს მშობლებთან თუ კლასის პედაგოგებთან სატელეფონო კომუნიკაციაში, შუაღამით კითხულობს უცხოურენოვან ლიტერატურას. მიუხედავად იმისა, რომ არ ევალება, თავად ახდენს შესასწავლი ტექსტების ადაპტირებას, აქვს შედეგი, მაგრამ მეტი უნდა. ისიც მრავალშვილიანია, ჰყავს თვითდასაქმებული და თითქმის უმუშევარი მეუღლე, ხელფასი – იგივე, სცენებიც – იგივე. აქაც იგივე შეკითხვა და პასუხადაც  – იგივე არა/კი.

არაკი 4. სტუდენტია. მაინორად ინკლუზიური განათლება აირჩია. სკოლაში პრაქტიკის დროს ხედავს, როგორ მუშაობს სპეცმასწავლებელი, გრძნობს მისდამი ბავშვების და უფროსების არაერთგვაროვან დამოკიდებულებებს. რადგან მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ამხანაგი სახელით მიმართავს, სხვა ბავშვები მასწავლებლად არ მიიჩნევენ,  უფროსები – კოლეგად, ეს კი უკვირს. ზოგი რას ავალებს, ზოგი რას სთხოვს სპეცმასწავლებელს. აკვირვებს მისი მოთმინება. „დაგუგლა“ და ხელფასიც ნახა, 280 ლარი თვეში, პერსპექტიული ახალგაზრდისთვის არასახარბიელო შემოსავალია, თანაც როგორი დატვირთვით. ასე ვერ იარსებებს. თითქოს გადაიფიქრა სპეცმასწავლებლობა, მაგრამ ბავშვები რომ ეცოდება?! ესეც მეოთხე არა/კი.

დაახლოებით ამგვარი სურათი არაერთ კოლეგას აღუწერია თუ დაუხატავს. ურესურსობა, რესურსების სიმწირე, არარსებობა თუ „რესურსოთახის“ ზომა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სპეცმასწავლებლები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად განიცდიან თითოეულ სსსმ მოსწავლესთან ურთიერთობისას. წარმატების მისაღწევად კი დიდი ენთუზიაზმი, ალტრუიზმი, ამავდროულად, უძლიერესი შინაგანი დაცვითი მექანიზმების არსებობაა საჭირო ამგვარ ბავშვებთან სამუშაოდ.  ეს კი ძალიან ძნელია. მით უფრო მაშინ, როდესაც იცი, რომ ხელზე ასაღები შენი წლიური სარგებელი (3360 ლარი) უცხოელი კოლეგის თვიურ სარგებელსაც  არ უტოლდება.

რეალობა 1. კონტროლის ღილაკს მარცხენა ხელის თითს თუ დავადებთ, მარჯვენას კი – აი, ამ ლინკს: https://www.teachingdegree.org/california/salary/, შემდეგ სურათს დავინახავთ: საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების სპეცმასწავლებლების ხელფასი კალიფორნიის შტატში 67650 აშშ დოლარს შეადგენს, სრულიად აშშ-ში კი წლიური საშუალო ხელფასი 10000 დოლარზე ცოტა მეტით ჩამოუვარდება პირველ სანეტარო ციფრს და 56690 აშშ დოლარია. საბაზო საფეხურზე ხელფსები შემდეგია: 63610$ – კალიფორნიაში და 59580$ – აშშ-ში; საშუალო საფეხურზე კი სეცმასწავლებლების სახელფასო ციფრები 67680$-სა და 59540$-ს შორის მერყეობს.

რეალობა 2. ევროპაში სპეცმასწავლებლების რამდენადმე დაბალი ხელფასია მითითებული. მაგ., ლონდონში, რომში წლიური შემოსავალი 47000 აშშ დოლარამდე ჯამდება, ბერლინში – 51000$-ამდე, პარიზში, ტალინსა და ვილნიუსში – 48000$-მდე, რიგაში –42000$-მდე, ვენასა და ბუდაპეშტში – 61000$-მდე და ა. შ.  https://www.indeed.com/salary/Special-Education-Teacher.html – ამ ლინკზე გადასვლით ევროპის ნებისმიერი რეგიონის სპეცმასწავლებელთა წლიურ ხელფასის გაგება შეიძლება.

რეალობა 3. ხელფასების გარდა, ამ ქვეყნებში რესურსოთახები დიდ სივრცეებზეა განთავსებული და უამრავი რესურსითაა აღჭურვილი. სპეცმასწავლებელს რესურსების დამატების მოძიებაზე თავისტეხვა არ სჭირდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი ეს საკითხი ბევრად მოგვარებულია, ვიდრე ჩვენთან. 2010 წელს პესტალოცის ეგიდით ჩატარებული ვორკშოფის ფარგლებში ლატვიის  სხვადასხვა სოფლები მოგვატარეს და გვაჩვენეს, რესურსოთახებში როგორ ამზადებდნენ სკოლაში არსებული გამოუყენებელი საგნებისაგან სხვადასხვა ნივთებს თუ სუვენირებს და ერთ-ერთი სამოქალაქო საგანმანათლებლო საგნის, „Home Economics”-ის (შინა ეკონომიკის) პროგრამის ფარგლებში როგორ ახდენენ მათ რეალიზაციას სხვა ბავშვებთან ერთად სსსმ ბავშვებიც.

რეალობა 4. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში პრობლემას არ წარმოადგენს სპეცმასწავლებლისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი მუშაობა ინდივიდუალური თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნების მისაღწევად და ყველა მასწავლებელს აქვს კომპეტენცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით. სპეციალური მასწავლებელი ბავშვის ინდივიდუალური მიზნების მიღწევისთვის მუშაობს კლასის გარეთ. სსსმ მოსწავლესთნ დაკავშირებით, იმავე ღონისძიებების განხორციელება კლასში კი საგნის მასწავლებელს ევალება, რამდენადაც მას უნდა გააჩნდეს სათანადო კომპეტენცია. სპეცმასწავლებელი ხელს უწყობს სკოლას და საგნის მასწავლებელს საკლასო აქტივობების იმგვარად დაგეგმვაში, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში სსსმ მოსწავლე.

თეორიულად, ჩვენთანაც ასევე უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. საგნის მასწავლებელი ხშირად თავს არიდებს სპეცმასწავლებელთან „ზედმეტ“ ურთიერთობას და ამაოდ აცხადებს, რომ თავად გაართმევს თავს ყველაფერს, ის ხომ ხშირად საგნის სერტიფიცირებული პედაგოგია. სპეცმასწავლებლებს კი სერტიფიკატიც არ აქვთ,  ვერც გამოცდას ჩააბარებენ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს, ვერც სქემაში ჩაერთვებიან, შედაბამისად, ახლო მომავალში ვერც სახელფასო ზრდა შეეხებათ.

ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, რომ ბრძანებით „სპეცმასწავლებლის პოზიციაზე“ დასაქმებული ადამიანთა ეს ჯგუფი მასწავლებლის ნიშნით ვერც რესურსცენტრების ბაზაში იძებნება და თუ სხვა საგნის გამოცდაზე დააპირეს გასვლა, არამოქმედი პედაგოგების მსგავსად, მათაც 50 ლარი უნდა გადაიხადონ. სამაგიეროდ, რესურსცენტრების ბაზაში ინკლუზიური განათლების მენეჯერების სტატუსი აქვთ, ძალა და უფლება კი – არაფრის.

 აი, „იყო და არა იყო რა“-ს საარაკო სევდაც. ვინ არიან ისინი? არიან? არ არიან?

„ლხინი იქა, ლხინი აქა,

    ფქვილი იქა, ფქვილი აქა!“

ორი ამბავი

0

 

ოქტაი

ოქტაი ქაზუმი ჩემი მეგობარია. ძველ, კეთილ დროს უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით. ის ჩემი პირველი მუსლიმი მეგობარია – ძველ, კეთილ დროს, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, ხშირად გვისაუბრია ალაჰზე და საქართველოს მკვიდრ მაჰმადიანებზე.

ოქტაი დღეს საკმაოდ ცნობილი მთარგმნელია. თარგმნის აზრბაიჯანულიდან ქართულად და პირიქითაც. თბილისში არაერთ სახელოვნებო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, დღის სამუშაო ნაწილს დედაქალაქში ატარებს, საღამოთი კი მშობლიურ სოფელს უბრუნდება.

ციხისძირი მცხეთის გადაღმა სოფელია, მუსლიმი აზერბაიჯანელებითა და ქრისტიანი ქართველებით დასახლებული. თუ ოდესმე ესტუმრებით, ქსნის ლეგენდარულ ციხესაც დაინახავთ – სოფელი მის ძირშია, მყუდროა, უხმაურო – ოქტაი მიყვება, რომ საოცარიც – მთის წვერზე პატარა ეკლესიაა, შუასაუკუნეების, ბაზილიკური ტიპის და მუსლიმებს, თუ რამე ჩაუთქვეს და შეფიცეს, საკლავი აჰყავთ და ქრისტიანთა ღმერთს სწირავენ.

ოქტაი მკაცრად იცავს ყველა რელიგიურ წესს, არც სასმელს ეტანება, არც ლოცვებს აკლდება.
„ალაჰ, აქბარ!” – ეს სოფელ ფერმის მეჩეთია, ციხისძირიდან ორიოდ კილომეტრში, დაბლობზე აგებული თეთრი შენობა, ჭრელი ფარდაგებით, ფოლიანტი ყურანით, სკვნილებით, ჩუმი, მდორე, გამაბრუებელი ღიღინით. შახსეი-ვახსეი (მოძრავთარიღიანი გლოვის ათდღეული – იწყება არაბული კალენდრის პირველი თვის მუჰარამობის პირველ რიცხვში) ახლოვდება. ოქტაი ლოცულობს.

უკან მოვდივართ, ციხისძირისკენ. გზად დაბალი სახლებია, ეზოში ჭრელთავსაფრიანი ქალებით და შარაზე გზააბნეული ცხვრებით. ოქტაი ამბობს, რომ მომავალში შარიათს დაიცავს, იქვე დასძენს – შესაძლოა ქართველი ქრისტიანი ცოლი შეირთოს. თბილისში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისევე როგორც თურქული სამოვარი და ქართული ხაჭაპური, ბიბლია და ყურანი ერთ თაროზე და კიდევ ტაძარსა და მეჩეთს შორის ჯდომა და ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის” თარგმნა აზერბაიჯანულად. ოქტაი დღეს თბილისში ცხოვრობს. ეს ქალაქი მისი ბუნებრივი სახლია. ეს ქალაქი ყველა სოფელს იმეორებს და ითვისებს, ყველა ქალაქსაც – მათ შორის მასზე დიდებს.

–კირტანი კაჭარავაზე-

კაცი ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ კაჭარავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ნომერში მსოფლიოს უძველესი რელიგიის აშრამი დაიდებდა ბინას, ბაჯანებს იმღერებდნენ, მრიდანგამზე დაუკრავდნენ.
„ჰარე კრიშნა, ჰარე რამა!”

„კრიშნას ცნობიერების საზოგადოების” პრეზიდენტი ანთიმოზ ნაცვლიშვილია. ანთიმოზს კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს და ალბათ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც არც მყუდრო ბაღის მოვლას თაკილობს, არც პრასადის (საუფლო საკვები, რომელსაც ჯერ კრიშნას შესთავაზებენ და მერე მლოცველები მიირთმევენ) მომზადებას, გარდა იმისა, რომ კირტანის დაწყებამდე ზოგჯერ ლექციას კითხულობს “ბჰაგავადგიტას” ან სხვა ვედური წიგნის განმარტებისთვის სხვა ერთგულების (დაახლოებით „მრევლის” შესატყვისია) მსგავსად.

სწორედ ანთიმოზის საოცარი ენთუზიაზმის წყალობით, საქართველოს არაერთი მსოფლიოში განთქმული გურუ და სანიასი სტუმრობს.

თუ ვინმე ერთხელ მაინც მოხვდება ამ ტაძარში, მალევე შეიგრძნობს, რომ ნამდვილ აღმოსავლურ ზეიმზეა: სულ რაღაც რამდენიმე ათეულ ქართველ კრიშნაიდს ტკბილი ბაჯანებით მოგვრილი რელიგიური ექსტაზი ეუფლება. წარმოიდგინეთ ფართო, ნათელი, ინდური ფერადი ფარდებით, ღვთაებების მცირე ქანდაკებებით მორთული დარბაზი, რომლის კედლიდანაც სვამი პრაბჰუპადას შთამბეჭდავი სურათი გიმზერთ – იმ პრაბჰუპადასი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთიოდ დოლარით ჩავიდა და ლამის იმჟამინდელი ახალგაზრდობის (რომელთა შორის ბიტთაობის არაერთი წარმომადგენელი იყო) ნახევარი დაიმოწაფა.

ზიხართ ამ დარბაზში ლოტოსის პოზაში, საკმევლის მსუბუქ სურნელს იყნოსავთ და ფიქრობთ: რა მშვენიერი და საოცარი ამბავია კირტანი აქ, თბილისში, კაჭარავაზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...