კვირა, ივნისი 22, 2025
22 ივნისი, კვირა, 2025

დემოკრატია და აზერბაიჯანი

0

აღდგომის დღესასწაულზე თურქეთის რესპუბლიკაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი გაიმართა. მოქალაქეთა უმრავლესობამ კონსტიტუციის შეცვლას დაუჭირა მხარი. თურქეთის პრეზიდენტმა თითქმის შეუზღუდავი გავლენა მოიპოვა მინისტრთა კაბინეტზე, პარლამენტზე, სასამართლოზე, არმიაზე, ეროვნულ ბანკსა და მმართველ პარტიაზე. ჩვენს სამეზობლოში „ატლანტიკური ალიანსის“ ერთადერთი წევრი სახელმწიფოც საბოლოოდ ავტორიტარიზმის მორევმა ჩაითრია. საქართველოს მოქალაქეები მეტ-ნაკლებად კარგად იცნობენ რუსეთის ფედერაციის დემოკრატიული განვითარების პროცესის თავისებურებებს. კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე იმპერიაც დაუნდობლად ებრძვის ოპოზიციასა და განსხვავებულ აზრს.

საქართველოში ხშირად ბჭობენ ქვეყნის დიდი მეზობლების ავტორიტარულ მისწრაფებებზე, მაგრამ ყოველთვის თავს არიდებენ სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩამოყალიბებულ რეჟიმებზე მსჯელობას. არადა, ორივე სახელმწიფოში მდგომარეობა არასახარბიელოა. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, საქართველოს სამეზობლოს შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ვიცოდეთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე დღევანდელი აზერბაიჯანის პოლიტიკური ცხოვრებიდან რამდენიმე საგულისხმო დეტალი შეგახსენოთ.

აზერბაიჯანის პოლიტიკური განვითარების გზას ყველაზე უკეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის გადაგვარების პროცესი აღწერს.

1995 წლის კონსტიტუციის საფუძველზე აზერბაიჯანი ტიპურ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანი საპრეზიდენტო მმართველობის რეჟიმად გამოცხადდა. პრეზიდენტის პარტიამ საპარლამენტო მანდატების უმრავლესობის მოპოვება მოახერხა. მმართველი პარტიის გარდა, არსებობდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც. თავდაპირველად,  ვერავინ იფიქრებდა, რომ აზერბაიჯანი ერთი დინასტიის მიერ მართულ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა.

ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციების შესრულება პრემიერ-მინისტრს დაევალა. მძიმედ სნეულმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მთავრობის თავმჯდომარედ საკუთარი ვაჟი დაასახელა. 2009 წლის რეფერენდუმზე აზერბაიჯანელმა ხალხმა ერთი პირის პრეზიდენტად არჩევა ორზე მეტი ვადით გახადა შესაძლებელი. ილჰამ ალიევს მესამეჯერ მიეცა კენჭისყრის საშუალება. 2016 წლისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლება არჩევნების პერიოდულობითა და კენჭისყრის პროცედურების სიხშირით შეწუხდა. უკანასკნელი პლებისციტით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ 2017 წელს პრეზიდენტმა ალიევმა მისი მეუღლე და ტანვარჯიშის ფედერაციის თავმჯდომარე, დეპუტატი მეჰრიბან ალიევა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.

ცხადია, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდაქმნის პროცესს თან ახლდა პარლამენტის მნიშვნელობის შემცირება და საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური მრავალფეროვნების გაქრობა. დღეს აზერბაიჯანის მეჯლისში მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და, ე.წ. „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მუშაობენ.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელები დინასტიურ საპრეზიდენტო ავტორიტარიზმს ეკონომიკური კეთილდღეობისა და მაღალი შემოსავლების გამო არ უპირისპირდებიან. ჩვენს ქვეყანაში ბევრი მითი არსებობს რიგით აზერბაიჯანელთა სიმდიდრის შესახებ. მაშინ, როდესაც პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის საერთო შვილების სიმდიდრეს  „პანამის დოკუმენტებში“(საიდუმლო მასალები არალეგალურად მოპოვებული და უკონტროლო ზონებში დარეგისტრირებული მრავალმილიონიანი საბანკო რეზერვების შესახებ) პოულობენ, რიგითი მოქალაქეები სიღარიბეში აგრძელებენ ცხოვრებას. უკანასკნელ პერიოდში აზერბაიჯანული მანათი დოლართან  მიმართებით 130%-ზე მეტით გაუფასურდა, იზრდება ინფლაციისა და სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები. ბაქოში მოგზაურობისას აუცილებლად შეამჩნევთ გზის პირას აღმართულ კედლებს, რომლებიც ღარიბ უბნებს ფეშენებელური კვარტლებისგან მიჯნავენ. გაზისა და ნავთობის ინდუსტრიის მოგებით ძირითადად მხოლოდ საპრეზიდენტო საგვარეულოსთან დაკავშირებული პირები ხეირობენ. ხელისუფლება საყოველთაო სიღარიბის დაფარვასა და წარმატებული ქვეყნის იმიჯის შემქნას „ევროპის ოლიმპიური თამაშებითა“ და „ფორმულა ერთის“ კავკასიური ტურის ორგანიზებით ცდილობს.

აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგობას ხელისუფლება დაუნდობელი რეპრესიებით პასუხობს ხოლმე. პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულირება, არაადეკვატური სასჯელი, პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა აზერბაიჯანში ჩვეულებრივ მოვლენებად განიხილება. ადამიანის უფლებების დამცველი ევროპული ორგანიზაციები პერიოდულად აქვეყნებენ ხოლმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის მთავრობის მიერ შევიწროვებულ პოლიტიკურ პატიმართა სიას. ევროპელები პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ასობით პირს ხუთ სიმრავლედ აჯგუფებენ. რეპრესირებულთა შორის მრავლად არიან ჟურნალისტები და ბლოგერები, თავისუფალი რეპორტიორები. საქართველოს სამხრეთით ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული ნებისმიერი მოსაზრების გახმაურება სამშობლოს ღალატად და ხელისუფლებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობად მიიჩნევა. ხატიჯა ისმაილოვას, რადიო „თავისუფლების“ უსამართლოდ დასჯილ თანამშრომელს მთელი მსოფლიო იცნობს. ის მხოლოდ იმიტომ გასამართლდა, რომ პრეზიდენტთან დაახლოებული პირების კორუფციულ შემოსავალზე წერა გაბედა. პოლიტპატიმართა მეორე ჯგუფს უფლებადამცველები წარმოადგენენ. მრავალი ქრონიკული დაავადებით  გატანჯული, ლეილა იუნუსი გადასახადების დამალვისა და სხვა აბსურდული ბრალდებების გამო კინაღამ საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ქალთა და ბავშვთა უფლებებისთვის მებრძოლი, დემოკრატიული არჩევნების პრინციპების დამცველი აზერბაიჯანელი ამჟამად ჰოლანდიაში არის გახიზნული. აზერბაიჯანის პოლიტიკურ პატიმართა სიაში მრავლად არიან ახალგაზრდები და სტუდენტები. რეპრესირებულთა ჩამონათვალში ათობით რელიგიური მოღვაწე და პოლიტიკური პარტიის მრავალი წევრია.

მაშასადამე, აზერბაიჯანის ხელისუფლება თანაბარი სიმკაცრით უსწორდება ყველა იმ საზოგადოებრივ ძალას, რომელსაც საპრეზიდენტო ძალაუფლების დაბალანსება, ოდნავ მაინც გაწონასწორება შეუძლია. მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტობა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და აქტიური რელიგიური პირები პოლიტიკური სისტემისთვის აუცილებლად გასანდგურებელ საფრთხედ აღიქმებიან.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს მოქალაქეები პატივს ვცემთ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ გვაქვს უფლება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევისა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა (სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მაინც) – რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად?

ჩვენ მხოლოდ იმის ძალა შეგვწევს, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო დევნილ მოქალაქეებს თავშესაფარი მივცეთ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ აზერბაიჯანელებს უკეთესი პოლიტიკური სტანდარტებით ცხოვრების მაგალითი მივცეთ, ამგვარ მაგალითებზე დაკვირვების შესაძლებლობა გავუზიაროთ.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სტუდენტი აქტივისტი თუ უფლებადამცველი აფარებდა თავს. ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ და საქართველოდან მთელ მსოფლიოს მოუთხრობდნენ თავიანთი გასაჭირის შესახებ. ბოლო ორ წელიწადში მათი რაოდენობა დრამატულად შემცირდა. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ყველაზე გამბედავი მოქალაქეებისათვის ხელის გაწოდებას ვეღარ ვახერხებთ.

 

 

შემოქმედებითი აზროვნების, პროდუქტიული სწავლის ხელსაწყოები

0

არც კი იცოდა ტალოსმა, ხერხის შექმნა თევზის ფარფლებმა რომ შთააგონა, ფარგალიც გამოიგონა, მისი მეშვეობით ხის ნაჭერზე წრე დახაზა, გამოთალა, გამოთლილ ნაჭერს ტრიალი აიძულა და თიხის ჭურჭლის დაზგაც დაამზადა,  თუ სიხარულის ნაცვლად აღმზრდელი ბიძის აღშფოთებას გამოიწვევდა. ვინ იცის, კიდევ რას არ გამოიგონებდა იგი, რომ არა დედალოსის შური და გამეტება.

თუმცა მათი დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს ყველას მოგვეხსენება, რომ სასწავლო პროცესში შემოქმედებითი, პროდუქტიული აზროვნების განვითარება ყოველი ჩვენგანის უმთავრესი ამოცანაა. შემოქმედება სიკეთე და სათნოებაა, თუმცა ისიც უნდა გავითავისოთ, რომ მისკენ სავალ გზაზე ადამიანს შეიძლება არაერთი დაბრკოლება შეხვდეს. მთავარია, ვიცოდეთ ხერხები, რომელთა დახმარებით გზიდან არასოდეს გადავიჩეხებით და გაგვაჩნდეს სამუშაო ხელსაწყოები, რომლებიც ამ ხერხების გამოყენებაში დაგვეხმარება.

რადგან ოდესღაც ქართულ ენობრივ სივრცეში ტალოსის მიერ გამოგონილი ინსტრუმენტის სახელი ისე განზოგადდა, რომ რეალურ და დიდ ძალასთან უკვე ყოველთვის უპირატესია („ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“), რადგან სადგისი, ჭყინტი ყველი და ნაცარი – ის ხელსაწყოებია, რომელთა გამოყენებით შესაძლოა დევები დაამარცხო, ხოლო გამოუყენებლობით – ერთ დღესაც კავკასიონის ქედზე მიგაჯაჭვონ, ცხადია, უნდა ვაღიაროთ მათი მნიშვნელობა და ამ „უტილიტარულ ხრიკებზე“ რაც შეიძლება, ბევრი ვიფიქროთ. სააზროვნო ინსტრუმენტებს, რომლებსაც ასე უცნაურად ვიღებთ ან არ ვაღიარებთ, ხომ ძალიან შორს შეუძლია ჩვენი წაყვანა ანაც მთელი ჩვენი შეგრძნებების, ემოციონალობის, შემეცნების დაკნინება თუ გაფართოება?!

აზროვნების ინსტრუმენტების შესახებ საუბრისას სავსებით  სამართლიანდ მიიჩნევენ, რომ ისინი, განსაკუთრებით, ენისა და წიგნიერების ინსტრუმენტები, მხოლოდ ისეთი მარტივი მიზნებისთვის არ გამოიყენება, რომლისთვისაც გამოიგონეს, რომ მათი მიზნები ძალიან გასცდა გამომგონებლების წარმოდგენებს. ამიტომ მათზე მსჯელობას ენის ინსტრუმენტებზე საუბრით იწყებენ. კირან იგანის აზრით, სწავლა-სწავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ის მარტივი ინსტრუმენტებია, რომლებსაც ყოველთვის სათანადოდ ვერ იყენებენ და დროდადრო მათ საერთოდაც ივიწყებენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების იმ კულტურული სიმდიდრეების სამყაროში გადაყვანა შეუძლია, რომელიც მარტივი წიგნიერების კარიბჭის მიღმაა მოქცეული.

ფსიქოლოგ დავიდ ოზუბელის (David Ausubel) მტკიცებით, ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი გახლავთ „წინასწარი ცხრილი“, რომელსაც მოსწავლისთის მომავალი სასწავლო მასალის სტრუქტურის წინასწარ გაცნობით მათი შედეგების ბევრად გაუმჯობესება შეუძლია და, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ძველი პრინციპების გამეორებაა, იდეის წარდგენის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა:

  • ადამიანებს უთხარით იმის შესახებ, რაზეც მათთან ლაპარაკს აპირებთ;
  • მოუყევით სათქმელი;
  • ამის შემდეგ კი უკვე ნათქვამზე ესაუბრეთ.

თავის მხრივ, კირან იგანი, ძირითადი შემეცნებითი ინსტრუმენტების იმგვარ ნაკრებს გვთავაზობს, რომელთაგან განსაკუთრებით, პირველი ოთხი, მნიშვნელოვანია სიმბოლოთა ყველა სისტემის შესწავლისათვის,  მათემატიკიდან და მუსიკიდან დაწყებული, ნებისმიერი ცოდნისა და გამოცდილების ყველა ფორმით დასრულებული. მაშ, ეს ხელსაწყოებია:

  • ამბავი, რომელსაც მოსწავლეები წარმოსახვის საშუალებით ცოდნის დამუშავებისთვის იყენებენ. ამბებს რეალური სამყაროს შინაარსის განსაზღვრა შეუძლია, რეალური სამყაროს ამგვარი ჩამოყალიბება კი სწავლების ყველაზე დიდ ღირებულებად მიიჩნევა. ამდენად, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემეცნებითი ინსტრუმენტია.
  • მეტაფორა საშუალებას გვაძლევს, ერთი საკითხი მეორის საშუალებით დავინახოთ. ეს უჩვეულო უნარი ადამიანის ინტელექტუალური გამჭრიახობის, კრეატიულობისა და წარმოსახვის ძირითადი შემადგენელი ნაწილია და მოსწავლეებისთვის მის შენარჩუნებაში დახმარება, მათი სწავლების პროცესში ხშირად გამოყენება ენერგიულად და მოქნილად კითხვასა და აზროვნებაში გვეხმარება.
  • ბინარული დაპირისპირებანი ცოდნის მოწესრიგებისა და კატეგორიებად დაყოფის მნიშვნელოვანი და ძლიერი ხელსაწყოებია. ამგვარ დაპირისპირებას თითქმის ყველა ამბავში ვხვდებით და მათ ცოდნის ბევრი კომპლექსური ფორმის საწყისი განაწილების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ყველაზე ძლიერი დაპირისპირებანი, მაგალითად, კარგი/ცუდი, უსაფრთხოება/შიში, შეჯიბრი/თანამშრომლობა – ემოციურად დატვირთულია და შინაარსთან დაკავშირების შემთხვევაში შემოქმედებითი ხდება.
  • რითმა, რიტმი და სტრუქტურა ნებისმიერი შინაარსისთვის დასამახსოვრებელი, აზრის შემცველი და მომხიბვლელი ფორმის მიცმის ძლიერი ინსტრუმენტებია. ძალიან დიდია როგორც მათი როლი სწავლებისას, ისე – მათი მნიშვნელობა ენის რიტმისა და სტრუქტურის წარმოსახვისა თუ ძირითადი ემოციების გააქტიურებისათვის.
  • ხუმრობები და იუმორი ენის ფუნქციონირების ძირითადი საშუალებების მაჩვენებელი ინსტრუმენტებია. ამავე დროს ისინი მოსწავლეებს ცოდნის ელემენტებთან თამაშისა და სწავლის სარგებლის აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და ეხმარება, არ „დაავიწყდეთ“ წარმოსახვა და შეინარჩუნონ წესების მკაცრი, საყოველთაოდ აღიარებული გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. ეს ინსტრუმენტები მოსწავლეებს მათი ცოდნის მრავალ განზომილებას დაანახებს და გონების მოქნილობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
  • გონებრივი გამოსახულებები ძალიან დიდი ემოციური მნიშვნელობის ხელსაწყოებია. ისინი ჩვენს მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ვიზუალური სახეებით გაჯერებულ საზოგადოებაში შესაძლოა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს მოსწავლეებისათვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ისინი საკუთარი გონებრივი გამოსახულებების ჩამოყალიბების სწავლას შეძლებენ. ჩვენ შეგვიძლია, ადვილად დავივიწყოთ სიტყვების მეშვეობით წარმოქმნილი უნიკალური სახეების ძალა, რადგან ხშირად სახეს უფრო მეტი წარმოსახვითი და დასამახსოვრებელი ძალა აქვს, ვიდრე ეს მხოლოდ კონცეფციას ექნებოდა. ორივე ერთად შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი ეფექტის მქონე აღმოჩნდეს. აზრობრივი, გარე სახეებისგან განსხვავებული გამოსახულებების გამოყენებამ სერიოზული როლი უნდა ითამაშოს სწავლისა და სწავლების საქმეში.
  • ჭორი ხშირად უსარგებლო სიამოვნებად ფასდება, თუმცა სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეატანა შეუძლია. ჭორი სოციალური ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. მასში ჩართვა ადვილია და ეს, ჩვეულებრივ, სასიამონო პროცესად ითვლება. ამდენად, ჭორაობა, მოვლენების ნარატივის საშუალებით გადმოცემის ჩათვლით მთელ რიგ უნარებს აერთიანებს. მას მოსწავლეების ცოდნის წარმოსახვითი გაგების გაფართოება შეუძლია. ჭორის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეების ენასა და, განსაკუთრებით, ზეპირმეტყველებაში მნიშვნელოვანი ელემენტებისა და შესაძლებლობების განვითარება.
  • თამაში დაკავშირებული შემეცნებითი ინსტრუმენტი ან ინსტრუმენტების ნაკრებია. ის ადამიანებს იმ ობიექტებისაგან გათავისუფლებში ეხმარება, რომლებთანაც მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი. მაგალითად, „კლასობანას“ თამაშისას ბავშვები სკოლაში ქცევის ნორმებსა და შეზღუდვებს გაიზიარებენ. ისინი სიამოვნებას შემბოჭველი სამყაროს პაროდირებით იღებენ. თამაშს ასევე შეუძლია მოსწავლეების თვითკონტროლის უნარის განვითარება და მისი მნიშვნელობის გააზრება.  თამაშის დროს ისინი სწავლობენ, რომ იმპულსურად კი არ ნდა იმოქმედონ, არამედ მოქნილ წესებს უნდა მისდიონ. მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ ტირიან, სინამდვილეში კი  – თვალთმაქცობისაგან სიამოვნება მიიღონ.
  • საიდუმლო მოსწავლეთა ყოველდღიური გარემოს მიღმა არსებული ცოდნის საშუალებით მათი ჩართულობის განვითარებისთვისაა საჭირო. მოსწავლეებს უჩნდებათ მიმზიდველი განცდა, რომ კიდევ ბევრი არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი რამაა აღმოსაჩენი. ყველა საგნის კურიკულუმს აქვს თავისი საიდუმლო, ჩვენი საქმე კი მოსწავლეთათვის ამ შინაარსის გაცნობისას მისი უფრო მდიდარი და ღრმა შინაარსის ისეთი წარდგენა უნდა იყოს, რომ მათი გონება სწავლის თავგადასავლში ჩააბას.

 

სასწავლო პროცესში კირან იგანის ეს სააზროვნო ხელსაწყოები/ინსტრუმენტები, ალბათ, ბევრ ჩვენგანს წარმატებით გამოუყენებია, ხოლო ვისაც არა – შეუძლია ღრმად იწამოს, რომ ისინი, ერთად აღებული, ტროას ცხენია, რომლითაც ბავშვების სულსა თუ გულში, გონებაში შეღწევა და საგაკვეთილო „ომების“ მოგება  ბევრად უფრო მარტივი, სასიამოვნო და, რაღა თქმა უნდა, უდანაკარგო იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძალისხმევის გამოყენება.

როგორ ვითანამშრომლოთ „დამგვიანებელ“ ბავშვებთან

0

 

„დროს არ უყვარს, როდესაც კლავენ“, – ამბობს „ალისა საოცრებათა ქვეყნის“ ერთ-ერთი პერსონაჟი. დროს უნდა ემეგობრო. დროს უნდა გაუფრთხილდე… როგორ მოვეხმაროთ ბავშვს, დააფასოს დრო, არ დაიგვიანოს სკოლაში, გახდეს პუნქტუალური, დაგეგმოს თავისი გაკვეთილები და გართობა? დღეს ამის შესახებ უბრალო რჩევებს გაგიზიარებთ.

ყველას, მით უფრო მასწავლებლებს, შეხვედრია მოსწავლე, რომელიც გამუდმებით იგვიანებს საკლასო ოთახში, ცუდად ორიენტირდება დროში, მისთვის წუთები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასეთი ბავშვისთვის ზრდასრულობის ასაკში ცხოვრების მოშვებული რიტმი ნორმად იქცევა ხოლმე. მათთვის ყველგან დაგვიანება მყარი ჩვევა ხდება. ამიტომ პატარაობაშივე, როგორც კი ბავშვი ინტერესს გამოიჩენს საათის, დღე-ღამის ცვალებადობის, კალენდრის მიმართ, აუცილებელია განემარტოს, რა არის დრო, რამდენად მნიშვნელოვანია იგი.

რას ნიშნავს „ერთი საათის მერე?“ ბევრია თუ არა „ხუთი წუთი“? რის გაკეთებას მოასწრებ ათ წამში? რამდენი საათი გჭირდება იმისათვის, რომ სოფელში, ბებიასთან და ბაბუსთან  ჩახვიდე? რამდენი წელი უნდა ხეს, რომ გაიზარდოს და ნაყოფი მოისხას? ეს და სხვა ამგვარი კითხვა-პასუხი ბავშვისთვის ძალიან საცნობაროა. ამ კითხვების დასმაში ბავშვებს ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ბავშვს უნდა აინტერესებდეს, რა არის დრო.

ბევრი ფსიქოლოგი ბავშვის სათამაშოებში საათის ქონას გვირჩევს. ის შეიძლება იყოს მაჯის ან კედლის, ხელნაკეთი ან ნაყიდი, ციფერბლატიანი ან ელექტრონული. დროის ციკლურობის ასახსნელად მცირე ასაკის ბავშვისათვის, რასაკვირველია, ციფრებიანი საათი უფრო გამოგვადგება. ასევე, აუცილებელია შინ თუ საკლასო ოთახში გვეკიდოს ან გვედოს ბეჭდური კალენდარი, სადაც გარკვევით გამოჩნდება კვირის დღეები, თვეები და წელი.

მშობელმა ბავშვს უწყვეტად უნდა განუმარტოს, რას ნიშნავს დღე და ღამე, განთიადი და მზის ჩასვლა, საიდან ხდება ადამიანის სიცოცხლის ათვლა, რატომ აღვნიშნავთ ახალი წლის დადგომას და ა.შ. ეს ინფორმაცია ბავშვს, მისთვის გასაგებ ენაზე და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა მივაწოდოთ.

აუცილებელია, დავფიქრდეთ მედლის მეორე მხარეზეც – ვინ არ იგვიანებს არასდროს? ვინ მოდის დანიშნულ დროზე ადრე? ასეთი ბავშვებიც ხომ გვინახავს. როგორც წესი, მათი ზედმეტად პუნქტუალურობის მიზეზი გაძლიერებული შფოთვაა. თუკი ბავშვი სკოლაში ყოველდღიურად 15-20 წუთით ადრე ცხადდება, ეს არცთუ კარგია. ხშირად ასეთ ბავშვებს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა ახასიათებთ. ისინი გამუდმებით აკონტროლებენ თავს, უფრთხიან შეცდომებს. ასეთ ბავშვებს საკმაოდ ფხიზელი ძილი აქვთ, რადგან შიშობენ, რომ დაიგვიანებენ და საყვედურს მიიღებენ. ასეთ მშფოთვარე ბავშვებს ფხიზელი ძილი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დღის განმავლობაში დახარჯული ძალა და რესურსი ბოლომდე აღიდგინონ.

ის კი, ვინც სულ მუდამ იგვიანებს გაკვეთილებზე, შესაძლოა, მშფოთვარეც იყოს და სრულებით უშფოთველიც. თუმცა, ორივე შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვმა ისწავლოს დროის დაფასება და პუნქტუალურობა. ეს მას ზრდასრულობის ასაკში უამრავი უსიამოვნებისგან დააზღვევს. სწორედ ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და ჩავეძიოთ ბავშვის დაგვიანების მიზეზს; მოვიკვლიოთ, რატომ სურს იმაზე მეტ ხანს ეძინოს, ვიდრე ეს მისაღებია? რატომ გამოდის სახლიდან გვიან? რატომ გეგმავს თავისი დღეს არასწორად? იქნებ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური პრობლემები აქვს? გვახსოვდეს, რომ ყველა ქცევას, მათ შორის დაგვიანებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს და სანამ ბავშვს მკაცრად ვუსაყვედურებთ, ეს უნდა გავარკვიოთ.

როგორ გავიგოთ, რომ ბავშვი მზად არის, თვითონ დაგეგმოს თავისი დღე? თუ ის თქვენზეა დამოკიდებული, მაშინ ამას ვერ მოახერხებს. მისი დრო თქვენს განკარგულებაშია – თქვენ კარნახობთ, როდის დაიძინებს და გაიღვიძებს; თქვენ დაგყავთ სკოლაში, უსაზღვრავთ თამაშის და კვების საათებს. სამწუხაროდ, მშობელთა ზემზრუნველობა და გავლენა ბავშვის ცხოვრებაზე ხშირად დიდხანს გრძელდება, რაც იწვევს იმას, რომ ბავშვი გვიან სწავლობს დროის სწორ განაწილებას, შემდგომში – დამოუკიდებლობას.

დიახ, თავდაპირველად მშობელმა უნდა დაგეგმოს ბავშვის დღე, მაგრამ მომავალში დაგეგმარების საკითხები უკვე ბავშვთან თანამშრომლობით გვარდება, ბოლოს კი დროის მართვის სადავე სრულად გადაეცემა ბავშვს. ეს პროცესი თანდათანობითი და ზედმიწევნით ზომიერი უნდა იყოს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ „დამგვიანებელ“ ბავშვებს სხვადასხვაგვარად, მათი ინდივიდუალურობის გათვალისწინებით მივუდგეთ. მაგალითად, თუ ბავშვი სკოლაში წასასვლელად დიდხანს ემზადება, მაღვიძარა ხუთ ზარზე უნდა დავუყენოთ. პირველი ზარი ბავშვს აღვიძებს, მეორე ზარი კარნახობს, რომ აბაზანაში შესვლის დროა, მესამე –  საუზმის დროს კარნახობს, მეოთხე – ჩაცმისას, მეხუთე – სახლიდან გასვლისას. „ხმოვანი გრაფიკი“ გაცილებით სახალისო შესასრულებელი იქნება ბავშვისთვის, ვიდრე ამ თემაზე ატეხილი დავიდარაბა.

შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს თვითონ შეუძლია, მოიფიქროს თავის „გამოსაფხიზლებელი“ და ამაჩქარებელი მეთოდი. მაგალითად, ჩართოს მუსიკა, რომელიც უყვარს და რომელიც აიძულებს, უფრო სწრაფად იმოძრაოს, ანდა მაღვიძარას ზარის ნაცვლად სახუმარო ხმოვანი შეტყობინებები ჩაიწეროს და საკუთარი თავი ამით წააქეზოს.

ასეთივე მიდგომას საჭიროებს ზედმეტად მოჩქარე ბავშვი, რომელიც ისე ჩქარობს, რომ სკოლის ჯერ კიდევ დახურულ კართან უწევს ჯდომა და სხვების ლოდინი. განუმარტეთ ბავშვს, რომ ამ „ზედმეტი 20 წუთის“ დახარჯვა უფრო საინტერესოდ შეუძლია. მაგალითად, ამ დროში ის თავისუფლად გადაიკითხავს გაკვეთილებს, მოუსმენს საყვარელ სიმღერას, მიალაგებს თავის ოთახს, სამუშაო მაგიდას და სხვ.

მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბავშვებს ძალიან მოსწონთ პუნქტუალურობასთან დაკავშირებული თამაშები. მაგალითად, ბავშვს შეუძლია წუთებში ზუსტად გამოთვალოს, რა დრო სჭირდება პირის დაბანასა და კბილების გასახეხად, რამდენ ხანს საუზმობს, რამდენ წუთში იცვამს ფეხსაცმელს, რა დროს საჭიროებს სკოლამდე მისასვლელად. გამოთვლის მერე ბავშვი ცდილობს ყოველდღიურად ისევ ამდენივე წუთი დახარჯოს სასკოლოდ მომზადების პროცესზე. ასე სწავლობს დროის კონტროლს.

არსებობს კიდევ ერთი, დროის უკუღმა ათვლის მეთოდი, რომლითაც ბავშვი კარგად აცნობიერებს, რომ დროს მოფრთხილება უნდა. მაგალითად, მშობელი ბავშვს განუმარტავს: „მამა სახლში შვიდ საათზე მოვა. შენ უკვე თავისუფალი დრო გექნება და ერთად ითამაშებთ. დავითვალოთ: საშინაო დავალებებისთვის სულ ორი საათი გჭირდება, მაშასადამე, ხუთ საათზე უნდა დაჯდე სამეცადინოდ. მანამდე კი შეგიძლია ერთი საათი დაისვენო, ანუ ოთხიდან ხუთ საათამდე. მოინიშნე“.

მნიშვნელოვანია ის, რომ დღის დაგეგმვისას ბავშვს უნდა მივცეთ შეცდომის დაშვების საშუალება. მან თავად უნდა დაინახოს, რას ვერ ასწრებს, რა დაგეგმა არასწორად. სხვა დროს ის უფრო ბევრს იფიქრებს იმაზე, რომ დრო ტყუილად არ დაეხარჯოს და მეტი თავისუფალი დრო დარჩეს.

გამოცდილება აჩვენებს, რომ დღის დაგეგმვის საუკეთესო მაშველად კედლის დაფა რჩება. დაფას შეიძლება კედელზე მიკრული ფურცელი ჩაენაცვლოს. დაფაზე/ფურცელზე ჩამოწერილ საქმეებს ბავშვმა თვითონ უნდა დაუსვას პლიუსები ან მინუსები. დროის კონტროლის ეს ინსტრუმენტი უდავოდ ეფექტიანია.

დაფის მქონე ყველაზე უზრუნველი ბავშვებიც კი გაცილებით პუნქტუალურები ხდებიან. დაფაზე არა მხოლოდ საქმეები, არამედ დროის დედლაინებიც იწერება – ეს საქმე ამ დროიდან იმ დრომდე მონაკვეთში უნდა გაკეთდეს. დაფაზე ჯერ მშობლები უწერენ ბავშვებს შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალს, შემდეგ კი ესტაფეტას ბავშვებს გადასცემენ. თავდაპირველად ბავშვები ვერ საზღვრავენ საკუთარ შესაძლებლობებს და სიაში ბევრ ზედმეტ რამეს ინიშნავენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია.

ვიღაცისთვის დაფა მარტივი ინსტრუმენტია (მაგალითად, მოზარდებისთვის). მათ დაფის ნაცვლად სპეციალური მობილური პროგრამების და გაჯეტების გამოყენება შეუძლიათ.  გაჯეტი შეახსენებს მოზარდს, რის მერე რა უნდა გააკეთოს; როდის უნდა შეისვენოს, როდის უნდა წავიდეს რომელიმე წრეზე, რომ არ დააგვიანდეს; როდის დაურეკოს მშობლებს, რომ მათ არ ინერვიულონ.

კიდევ ერთი იდეალური ინსტრუმენტი თვითნაკეთი ყოველდღიურია. ვიღებთ უჯრედებიან რვეულს და გაშლაზე ვწერთ კვირის დღეებს, შემდეგ კი ამ დღეებში ვინიშნავთ იმ საქმეებს, რომელიც ბავშვმა აუცილებლად უნდა შეასრულოს. თუ ბავშვს დროის მართვის სადავეებს დროულად მივანდობთ, ის იოლად მიეჩვევა ცხოვრების ამგვარ წესს.

დროის მართვის ხელოვნება არცთუ იოლია. ამიტომ ნუ გაუბრაზდებით ბავშვს, თუ თავისივე გეგმას ვერ გაჰყვა. ბოლოს და ბოლოს, ბევრმა უფროსმაც არ იცის, როგორ უნდა დახარჯოს თავისი დრო. გავიხსენოთ, რომ სკოლაში ჩვენც ვიგვიანებდით და ვცდილობდით, რომ უფრო მეტი დრო მეგობრებთან ერთად გაგვეტარებინა, ვიდრე გვემეცადინა. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა გვიან ხვდება, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამაა, პუნქტუალურობას კი, რაღაც მომენტში, ისეთივე სიამოვნების მოტანა შეუძლია, როგორც დილის ძილს, რომელიც შემთხვევით გაგვიგრძელდა…

 

 

ჩემი და მაიკლ კეის მათემატიკური ცხოვრება და დროება

0

მათემატიკა, როგორც იტყვიან ხოლმე, „ჩინური“ იყო ჩემთვის ყოველთვის. შეიძლება ცოტა ვაჭარბებ – სკოლაში ალგებრა-გეომეტრიაში დაუყვედრებელი ოთხიანი მეწერა – მაგრამ, ამის მიუხედავად, მე და მათემატიკა მაინც ვერასოდეს დავმეგობრდით. ვინ იცის, ბავშვობაში რამდენჯერ მიოცნებია, რაიმე ისეთი აპარატი  გამოეგონებინათ (ალბათ ჩიპის მსგავს რაღაცას ვგულისხმობდი), რომლის თავთან ახლოს მიტანით, ან თმის სარჭივით თმაში ჩამაგრებით, ნებისმიერ ამოცანას თუ მაგალითს ყოველგვარი ტვინის ჭყლეტის გარეშე ამოვხსნიდი. დღეს, ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, როცა თითქმის აღარაფერია შეუძლებელი, დარწმუნებული ვარ, ჩემი გულუბრყვილო ნაოცნებარის რეალობად ქცევაც შეიძლება (იქნებ იქცა კიდეც უკვე და მე არ ვიცი). მაგრამ მანამდე, სანამ ეს მოხდება (ან ინფორმაცია ჩემამდე მოაღწევს), შევეცდები, ჩემ მიერ ნებაყოფლობით არჩეული „მეგობარი საგნისა“ თუ „დისციპლინის“ დახმარებით, ისეთი და იმ მათემატიკის შესახებ მოვყვე, რომლის „ათვისებაც“ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოვახერხე.

 

A . ეთერ ხოსროშვილის „ხორციანი გაკვეთილი“

მისი ტალღოვანი, შეჭაღარავებული თმა მახსოვს,  სახეზე დიდი, მუქი ყავისფერი ხალი, ქალისთვის  ზედმეტად დაკუნთული ფეხები და მჭექარე ხმა. ისეთი ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა, გეგონება სიცოცხლეს თავის ნებაზე დააქროლებსო. უზომოდ უყვარდა თავისი საგანი და მათემატიკის გაკვეთილზე დაგვიანებას პირად შეურაცხყოფაზე მეტად საგნის შეურაცხყოფად იღებდა. რამდენიმე ჩემს კლასელს, მათ შორის გოგოებსაც, სწორედ დაგვიანების გამო, მისი მწარე ხელიც ახსოვთ. კი, მკაცრი იყო, ოღონდ, იმავდროულად, მშობლიური და ნათესაური – სოფელში  უმეტესად ასეთი მასწავლებლები არიან.

გაკვეთილის ახსნის ნამდვილი ვირტუოზი იყო. არასოდეს დამავიწყდება ფრაზა, რომელსაც მხოლოდ თავისი საგნის ფანატიკოსი და შემოქმედებითი მასწავლებელი თუ მოიფიქრებდა. ახლა რომ ვიხსენებ, მისი ყოველი ახლად ახსნილი გაკვეთილი ერთგვარი პერფორმანსი იყო. ოღონდ ის არ თამაშობდა, ბუნებრივად აკეთებდა ამ ყველაფერს: დაფასთან გვერდულად დადგებოდა,  გრძელსახელოიანი ზედა თუ ეცვა, ჯანმრთელ მკლავებს, სიცხე-სიცივის მიუხედავად, აუცილებლად დაიკარწახებდა, ცარციან მარჯვენა ხელს ჭერისკენ შემართავდა, მარცხენათი ჩვარს ჩაბღუჯავდა და ბედნიერი სახით იტყოდა: „ბავშვებოოო… – მეტი ექსპრესიისთვის, და იმისათვის, რომ ინტერესი აღეძრა და ჩვენი ყურადღება ბოლომდე მიეპყრო, ზოგიერთ სიტყვას გაწელავდა – ახლა ისეთი ხორციანი გაკვეთილი უნდა აგიხსნააათ, ისეთიიიი…“ და იწყებოდა ჯადოქრობა. თვალის დახამხამებაში სადღესასწაულო სუფრასავით ივსებოდა დაფა „მსუქანი“ და მჭლე“ რიცხვებით თუ ფორმულებით, ჩვენ კი,  გვესმოდა  თუ არ გვესმოდა რასაც  ის გვიხსნიდა, მაინც მოჯადოებულები შევყურებდით, როგორ ბობოქრობდა ჩვენგან სულ რამდენიმე ნაბიჯში „მათემატიკური ცუნამი“.

დარწმუნებული ვარ, ეთერ მასწავლებელს „ჰარი პოტერის“ ავტორისთვის რომ ესწავლებინა, ჯოანა რულინგი მისთვისაც აუცილებლად გამონახავდა ადგილს ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში.

 

  1. ქეთო ჩხეიძის „დარიგება“

ზუსტად არ ვიცი, რამდენი წლის იქნებოდა, როცა ჩემს კლასში შემოვიდა. სოლიდური ასაკის მიმანიშნებელი იყო მისი თეთრი თმა, დასივებული, სახლის ჩუსტებში წაყოფილი ფეხები და ის ფაქტი, რომ თავის დროზე დედაჩემსაც ასწავლიდა ალგებრა-გეომეტრიას.

„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლი“ იყო და სრულიად სამართლიანადაც. თავისი საგნის უბადლო მცოდნეს, ჩემი გამოთვლით, 55 წელი მაინც უნდა გაეტარებინა სკოლაში, რომელიც გზის მოპირდაპირე მხარეს, ზუსტად სახლის წინ ჰქონდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ხშირად შინაურულად ჩაცმული, ბამბაზიის ხალათითაც კი „გადმოირბენდა“ ხოლმე გაკვეთილებზე. გაზაფხულობით სკოლის უზარმაზარ, მწვანედ ახასხასებულ სტადიონზე თავის ინდაურებს შემორეკავდა გამოსაკვებად. თან გაკვეთილს ხსნიდა, თან კი საკლასო ოთახის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს ნოყიერი ბალახისგან ჩიჩაყვდაბერილ მობალახე ფრინველებს. თუ ინდაურები თვალს მიეფარებოდნენ, „არაფრისმაქნის და გაკვეთილზე მაინც ტყუილად მსხდომ“ ბიჭებს სასწრაფოდ გააქცევდა ეზოში, წადით, ნახეთ, ქუჩაში არ გავიდნენ, სადმე არ გადაიკარგონ, განა ბევრი მოეკითხებათ, ეგენიც თქვენსავით ინდაურები არიანო.

წყნარი, მშვიდი ბუნების ქალი იყო ქეთო ჩხეიძე. თუ არ სწავლობდი,  სამიანს არ დაგამადლიდა, თუ სწავლობდი, უფრო მეტს ითხოვდა შენგან. გოგოებს  სახელის ნაცვლად „ქალოთი“ მოგმართავდა, გვართან ერთად. აი ასე: „ქალო, …არჩუაშვილო…“ – და მერე სათქმელს მოაყოლებდა. ერთხელ, მახსოვს, გაკვეთილის თემას გადაუხვია (მეორე ასეთი შემთხვევა არ მახსენდება) და ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, უფრო სწორად, გათხოვებაზე გველაპარაკა კლასში რატომღაც ბიჭების გარეშე დარჩენილ გოგოებს. მაშინაც „ქალოთი“ დაიწყო, მაგრამ ყველას ერთად მოგვმართავდა: „ჭკვიანი ქალი, თუ უნდა, რომ ბედნიერი იყოს, ჩიტირეკია და გიჟპოეტა კაცს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. ქმრად ინჟინერი, მათემატიკოსი და  ფიზიკოსი კაცი ჯობია. ტექნიკური ტვინის კაცები ნაკლებად ერევიან საქალო წვრილმანებში და ერთგული მეუღლეები და კარგი მამები არიან. თუ დამიჯერებთ,   ოდესმე გაიხსენებთ ჩემს ნათქვამს და იტყვით, მართალი ყოფილაო; თუ არ დამიჯერებთ, მაინც გამიხსენებთ, ოღონდ იმას იტყვით, რატომ არ დავუჯერეო“. – ასეთი იყო ქეთო ჩხეიძის „მასტერკლასი“ „ქალური ბედნიერების საგანში“,  რომლის ასაკშიც, როგორც ამბობენ, ტყუილიც კი დაიჯერება. თუმცა, სკოლას რომ დამთავრებისას ისეთი რამ მითხრა, მისგან  ნამდვილად რომ არ ველოდი:

„- ქალო,  – გამაჩერა სკოლის დერეფანში, კიბესთან, – შენზე გავიგე, ფილოლოგიურზე აბარებსო, – პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა, – დაანებე  მაგ პოეტების ფაკულტეტს თავი, წიგნების კითხვა თუ გიყვარს, იკითხე, ვინ გიშლის, ოღონდ ჯერ ჩააბარე და მერე. მათემატიკას ჩაუჯექი, ცოტა თავი დაიტვირთე და პოლიტექნიკურში შეიტანე საბუთები, შენი ადგილი იქ არის“.

„- მე მეუბნებით ქეთო მას, – სიცილი ვერ შევიკავე, – მე, ვისაც არაფერი გამეგება მათემატიკის და ფიზიკის… (ისეთი მეხსიერება ჰქონდა, ვერ ვაკადრე, სხვაში ხომ არ გეშლებით-მეთქი.)  – ხო, ქალო, შენ გეუბნები, აბა, მე ჩემი წილი  უკვე დიდი ხანია ვისწავლე“, – წყენით შემომხედა და  გზა გააგრძელა.

ახლაც არ ვიცი, რა ძალამ ათქმევინა ქეთო ჩხეიძეს ჩემთვის ეს სიტყვები, მაგრამ მაინც უზომოდ მადლიერი ვარ მისი, და არა მხოლოდ კეთილი რჩევის გამო: მის ნათქვამს დღემდე ვებღაუჭები, როგორც ჩემი „მათემატიკური მონაცემების“ ერთადერთ დასტურს.

 

  1. თემო მაღლაფერიძის „ კოშმარი“

ის ჩემი უფროსი მეგობარი და ლექტორი იყო. ვინ მოთვლის, რამდენ რამეზე გვისაუბრია უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნამდე (მაშინ ჯერ კიდევ „ლენინის მოედანი“ ერქვა)  ფეხით მიმავლებს, კაფეში შესულებს თუ მზიან ამინდში უნივერსიტეტის ბაღში სკამზე ჩამომსხდრებს: თავისი ახალი მოთხრობა, წერილი თუ თარგმანიც წაუკითხავს ჩემთვის გამოქვეყნებამდე, საყვედურიც მიმიღია მისგან, როდესაც ლიტერატურულ გაზეთში, რომელსაც ის რედაქტორობდა, კორექტურები გამეპარა, ჩემთვის უცნობი ავტორის წიგნის წაკითხვაც ბევრჯერ ურჩევია და თავისი სიზმრებიც მოუყოლია, რომელთაგან ერთი, ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ტანჯავდა.

„წარმოგიდგენია, ისევ ის სიზმარი დამესიზმრა, – მეტყოდა და ისეთი განცდით    დაიწყებდა მოყოლას, თითქოს პირველად ჰყვებოდა. – ვითომ ისევ მათემატიკის გამოცდაზე  ვიჯექი, ისევ იმ კოშშშმარ – კბილებში გამოცრიდა – ამოცანას  ვხსნიდი, ის ჯალათი გამომცდელიც ისევ თავზე მადგა და მერხზე თითებს მიკაკუნებდა… გავწამდი კაცი, თან ვერც ვიღვიძებ, რომ დავუძვრე ამ დამამცირებელ მდგომარეობას და ოფლის ღვრას…მერე კი, როცა ბოლოს და ბოლოს ძილს თავს დავაღწევ, ადამიანად აღარ ვვარგივარ, სულ მთლად წამხდარი, დათრგუნული და ღირსებააყრილი ვუბრუნდები რეალობას… ალბათ არასოდეს დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი…“.

გულწრფელად თანავუგრძნობდი სიზმრის მოყოლისას ლამის ბავშვად ქცეულ ჩემს ლექტორს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სიზმრებს არ ვნახულობდი, მესმოდა მისი, რადგან კარგად ვიცოდი ვერამოხსნილი ამოცანებისა და ფორმულებით სავსე  დაფასთან უხერხულად დგომისა და სირცხვილის სიმწარე; მეც დავატარებდი ჩემთვის სრულიად გაუგებარი წესებისა თუ ფორმულების გაზუთხვისა და გამოცდა-გასაუბრებისას მიღებულ სტრესს, და დღემდე ვერმონელებულ წუხილს იმის გამო, თუ რატომ  შევწირე  სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის „ამაო სწავლა-დაზეპირებას“ ჩემი ძვირფასი დროის უდიდესი ნაწილი  და მაგიდაზე აკოკოლავებელი სასკოლო წიგნების ქვეშ, მალულად, რატომ უფრო მეტი „კლასგარეშე“ საკითხავი წიგნი არ შევაცურე. და ბარემ, ისიც აქვე უნდა ვთქვა, თუ ჩემი და ჩემი მეგობრის, შესანიშნავი ფილოლოგისა და მწერლის, თეიმურაზ მაღლაფერიძისა და სხვა არაერთი წარმატებული „ჰუმანიტარის“ მსგავსად, კიდევ რამდენ  ადამიანს ექცა გამოცდებისა და სავალდებულო „ტექნიკური“ საგნების სწავლის გამო ცხოვრება კოშმარად – ცხადსა თუ სიზმარში (რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თურმე პუშკინი ძალიან ცუდად სწავლობდა ლიცეუმში და მათემატიკის გაკვეთილებზე ტიროდა; რომ ბეთხოვენი შეცდომებით წერდა და ვერაფრით ისწავლა რიცხვების გაყოფა და გამრავლება, რომ მის ხვედრს იზიარებდა მამა ალექსანდრე დიუმაც და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი).

 

  1. მაიკლ კეის „ფიქრები“

წერილის დასრულებას აქ ვაპირებდი, მაგრამ შემთხვევით თაროზე რამდენიმე თვის წინ წაკითხულ ჯ.მ. კუტზეეს რომანს, „მაიკლ კეის ცხოვრება  და დროებას“ მოვკარი თვალი. გამახსენდა, რომ რომანში იყო ერთი (ჩემთვის) ძალიან ემოციური ადგილი,  სადაც  პროტაგონისტი მაიკლ კეი თავისი არითმეტიკის გაკვეთილს „იხსენებს“. და რადგან წერილიც არ გამოვიდა ისეთი სახალისო, როგორიც თავიდან მქონდა ჩაფიქრებული, მაიკლ კეის შესახებ მცირე კომენტართან ერთად, მისი ციტირებაც გადავწყვიტე.

რომანის მიხედვით, მაიკლ კეი თითქოსდა არ უნდა მივიჩნიოთ მთლად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანად, მაგრამ განა ვინმემ იცის, როგორია ადამიანის სრულყოფილი გონი  და როგორად ჩაიფიქრა იგი ღმერთმა? იქნებ სწორედ კურდღლისტუჩა მაიკლ კეია (და მისნაირები) ნომერ პირველი Homo sapiens-ი, რომელიც მთელი  ცხოვრება  თავისუფლებისკენ მიისწრაფვის და მხოლოდ ის უნდა, რომ იცხოვროს უბრალოდ და შეუმჩნევლად (რასაც სხვა ადამიანები არ აცდიან, მათ შორის, საკუთარი დედა) ცხოვრებასთან  და თავის თავთან ჰარმონიაში მყოფმა?  მაიკლ კეის „გახსენება“ კიდევ ერთი დასტურია იმ ადამიანების განცდათა სიმძაფრისა, ვისთვისაც მათემატიკა ჩემსავით „აუღებელ ციხესიმაგრედ“ დარჩა; და თუ მე და მაიკლს არ დაგვიჯერებთ, ბატონ ჯონ მაქსველს მაინც ენდეთ, ბუკერისა და ნობელის პრემიების ლაურეატს:

„მაიკლს „თავშესაფარი „ნორენიუსი“ და არითმეტიკის გაკვეთილები გაახსენდა. შიშისგან გახევებული მიშტერებია ამოცანას, რომელიც უნდა გამოიყვანოს. მასწავლებელი რიგებში დადის და ელოდება, როდის დადებენ მოსწავლეები კალმისტრებს, როდის დადგება დრო, რომ ცხვრები თხებისგან განაცალკეოს.  თორმეტმა ადამიანმა ექვსი ტომარა კარტოფილი შეჭამა. თითოეულ ტომარაში ექვსი კილოგრამი იყო. რამდენი კარტოფილი შეჭამა თითოეულმა? ის ხედავს საკუთარ თავს, რიცხვი „თორმეტი“ როგორ გამოჰყავს.  შემდეგ „ექვსიანს“ წერს, მაგრამ, ვერ გაუგია, ამ ციფრებს რა უნდა მოუხერხოს. ორივეს შლის. სიტყვა „რამდენი“-ს დასჩერებია. ის არ იცვლება, ჰაერში არ იფანტება. თავის საიდუმლოს არ ამჟღავნებს. „მე მოვკვდები, – ფიქრობს ის, – ისე მოვკვდები, რომ ვერ გავიგებ, რამდენი შეჭამა თითოეულმა“.

 

 

 

 

 

 

 

ბევრი-შხამია… მცირე-წამალი…

0

არც თუ დიდი ხნის წინ, ერთ სტატიაში  ე.წ.  „აგრესიულ რეკლამაზე“ ვწერდი. მოდის და მოდის ტელეფონით დაუსრულებლად, იქვე მითითებული აქვს რეკლამის გასათიში კოდი, თუმცა, თქვენი არ ვიცი და მე არაფერი გამომდის. ისღა დამრჩენია, მორჩილად (ოღონდ წაუკითხავად) წავშალო ყველაფერი. თუმცა, გუშინდელმა ელვა-წერილ-რეკლამამ გამახალისა.

-გსურთ იშოვოთ ფული და…

ჰო, რა მოხდა მერე. იფიქრებთ თქვენ,  სესხის შეთავაზების ჩვეულებრივი რეკლამაა. არადა, ბოლოში ეს მრავალი წერტილი, რა მრავლის მთქმელია. შენს წარმოსახვის უნარზეა ყველაფერი დამოკიდებული.

-გსურთ იშოვოთ ფული და… წიგნები შეიძინოთ?… საოცნებო ქვეყანაში წახვიდეთ?…  გაერთოთ?… ლამაზი სამკაულებით დამშვენდეთ?… ან, უბრალოდ, კარგად იცხოვროთ?…

მე კიდევ ჩემებურად დავწერდი.

-გსურთ იშოვოთ ფული და…სულ რამდენიმე თვეში ბინას დაემშვიდობოთ?…

-გსურთ იშოვოთ ფული და… სულ მალე ქუჩაში აღმოჩნდეთ?…

-გსურთ იშოვოთ ფული და… ნერვული აშლილობის გამო  დასამშვიდებელი წამლების სმით მძაფრი შეგრძნებები იქონიოთ? ნერვიულობა ჩვენგან გექნებათ გარანტირებული, რადგან ზარებს, ყურადღებას და მუქარას არ მოგაკლებთ…

ჰო, მოკლედ, ეს ამ რეკლამის  ჩემებური ინტერპრეტაციაა და მსგავს რამეებს სიკვდილივით გავურბივარ.

არადა, სარეკლამო სიტყვები აუცილებელია. მთავარია, დაშიფრულ ტექსტს  როგორ ამოიცნობ. მაგალითად, თამბაქოს რეკლამა მახსენდება-„შენი განსხვავებული შეგრძნება იწყება აქ“…

კი, უეჭველი დაიწყება. ნაირ-ნაირ შხამებს მიაწვდი ორგანიზმს, მძიმე მეტალებს და სხვა  ათას „ლამაზ“ რამეს. კვამლს არა მხოლოდ შენ ჩაყლაპავ, სხვასაც ჩააყლაპებ (საბრალო, შემთხვევით გვერდით მოხვედრილ, პასიურ მწეველს ვგულისხმობ), კანს ნაადრევად დაიბერებ, ღრძილებს დაიავადებ, სისხლძარღვებსაც, მუდმივ ხველაში იქნები და თუ ძალიან გაგიმართლებს, შეიძლება ფილტვის სიმსივნესაც გამოკრა ხელი. რეკლამა არ ტყუის, ნახეთ რამდენი განსხვავებული შეგრძნება ჩამოვთვალე…

თუმცა, ეს ისე ლირიული გადახვევაა… სინამდვილეში, წერილს მოლდოვაზე ვწერ.

მოლდოვაში ვარ.  კიშინიოვიდან ოცი კილომეტრის  სავალზე,   სოფელ მილეშტი მიჩში ორმოცდაათ კილომეტრზე, მიწისქვეშა გვირაბები გადაჭიმულა, სიღრმე 80 მეტრს აღწევს. მთელი წელი ტემპერატურა +12…+14 გრადუსია და ღვინის უზარმაზარ კოლექციას ინახავს. ეს გვირაბები 2007 წელს გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეტანილი. ჩვენით, ანუ კონფერენციის მონაწილეებით სავსე

მიკროავტობუსები ნელ-ნელა გვირაბებში შედიან, მშვენივრად იგრძნობა, ყოველ მოსახვევში უფრო ღრმად და ღრმად ვეშვებით. სიმართლე გითხრათ, მიწისქვეშ სიარული არ მიყვარს. იქ ერთ დღეს წავალ და ვთვლი, რომ მაშინაც საკმარისი იქნება. ჰოდა, სანამ ცოცხალი ვარ, რაღა მიწისქვეშეთში ვირბინო. თუმცა, ამჯერად, „ყველას“ ვერ ჩამოვრჩი და ბედს შეგუებული ჩავდივარ ღრმად, კიდევ უფრო… ნეტა, ჟანგბადი საიდან შემოდის? აქეთ იქეთ ვიხედები… ფრანგები სუნთქავენ, რუმინელებიც, ის გერმანელი კაციც სუნთქავს… რა გაეწყობა, მეც ვისუნთქებ…

სიღრმეში ახალი ამბავი გველოდება. თურმე, ეს ადგილი მთელ მოლდოვაში სეისმურად ყველაზე მგრძნობიარე და აქტიური ყოფილა. ამიტომ, სწორედ აქ არის შესაბამისი ლაბორატორიაც, სადაც დანადგარები თითოეულ ბიძგს ბეჯითად იწერენ და შიფრავენ. შვება ის არის, რომ მიწისძვრები იშვიათად ხდება და თან ამისთანა  სიღრმეში არც არაფერი იგრძნობა.

ჰო, რეკლამები აქაც არის, მაგ. „ქვეყანა სამოთხის კარით “. ეს ქვეყანა, მიხვდით ალბათ, მოლდოვაა და დავეთანხმები. ძალიან ბევრი მწვანეა, სუფთა ჰაერი, გულღია, სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი საჭმელი და სახელგანთქმული ღვინო. გვირაბებში ღვინოზე სხვა რეკლამებიც აქვთ, ვიტყოდი, უფრო წამახალისებელი სიტყვები. მაგალითად,  პანოზე ბრგე ვაჟკაცია გამოსახული, რომელიც ერთი კნაჭა ბიჭი ყოფილა, მაგრამ რაც ღვინის სმა დაუწყიააა… უჰ, ასეთ დევგმირად გადაქცეულა. სხვა ლამაზი სიტყვებიც ეწერა, რომლებსაც შევაჯამებ და ჩვენებურად დავწერ: „მთვრალი კაცი, კარგი კაცი“.

ოღონდ… მთვრალი კაცი კარგი ვერ იქნება! ვერც თავისთვის, ვერც სხვისთვის! მე ღვინოდამოკიდებულ მთვრალებზე მოგახსენებთ, თორემ ორი-სამი ჭიქის მირთმევაზე არ არის საუბარი. აქ ერთი ნაცნობი მახსენდება. იცით, რა თავმომწონე კაცი გახლდათ? მოსაწონიც ჰქონდა თავი, საზოგადოებაშიც და ოჯახშიც დაფასებული იყო. ღვინოს ეთამაშებოდა, სმა კარგად გამოსდიოდა, ყანწების შემდეგ ვერც ვერაფერს შეატყობდით. ღვინომ შეიტყუა და ისე გალახა, თავისი საქციელით საზოგადოებაშიც და ოჯახშიც თანდათან დაფასება დაკარგა, შემდეგ ღირსებაც და თავის პატივისცემაც სადღაც შემოეფანტა და სულ მარტო,  ღვინის ამარაღა დარჩა. ამიტომ, ღვინის და ჩვენი თავის ზომა-წონა უნდა ვიცოდეთ, თორემ მილეშტი მიჩის ღვინის სარდაფებში, დეგუსტაციაზე ოდნავ მეც გავსინჯე. ამ საუკეთესო ხარისხის  „ოდნავს“ კი, მერწმუნეთ, ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია.

ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ ე.წ. ღვინო თერაპიის (ენოთერაპიის) შესახებ. მეტიც, ფიქრობდნენ, რომ ღვინო ღმერთ დიონისეს სისხლი იყო და ვაზი მათთან პირველად სწორედ მან შეიტანა.   უფრო მეტი ეფექტისთვის შიგნით მინერალური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ნივთიერებებს ამატებდნენ. გარდა ამისა, არომატიც უმჯობესდებოდა და კარგად ინახებოდა. უმატებდნენ ზეითუნის ზეთს, დამწვარი ვაზის ნაცარს, თაბაშირს, თეთრ თიხას, ნუშს, ჩამიჩს, პიტნას, თაფლს, რძეს და სხვა ათას უცნაურობას. ღვინის ჭურჭელს ზღვის წყლით რეცხავდნენ.

ჰიპოკრატე დარწმუნებული იყო, რომ ყურძენი ადამიანის ორგანიზმს შეესაბამებოდა,  მისი დაღვინებული წვენი აუცილებელიც კი  იყო. ამიტომ, წითელ ღვინოს უნიშნავდა დასუსტებულებს, ანემიით, დისტროფიით, ნერვული სისტემის აშლილობით და რევმატიზმით  დაავადებულებს.  სხვათა შორის, ჰომეროსის „ილიადაში“  ნახსენებია ექიმების მაქაონის და პადალირიუსის სახელები,  რომლებიც ღვინის საფენებს ჭრილობების გადახვევისას იყენებდნენ.

დღეს ენოთერაპიას ევროპის მრავალ  სანატორიუმში მიმართავენ, მათ შორის ნიღბების და კომპრესების სახითაც.  ღვინო ამაღლებს იმუნიტეტს, გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას ასტაბილიზებს, ანელებს დაბერების პროცესს. ოღონდ, აქ ისევ პარაცელსი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ამბობდა, მთავარი საიდუმლო რაოდენობაშიაო. ანუ, არაფერში არ გადაამლაშოთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. იბნ სინამ კი ბრძანა, ღვინო მეგობარია, მაგრამ შიგნით მზაკვრობა იმალება: ბევრს დალევ-შხამია, მცირე-წამალი.

დღეს ღვინის ქიმიურ შემადგენლობაზე არ დავწერ, ერთხელ უკვე დავწერე და საკმარისია. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ 350 ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ოცივე პროტეინგენულ ამინმჟავას. დღეს  ის გავიგოთ, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ალკოჰოლს რა ემართება, სად და როგორ გადამუშავდება.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეთანოლის დაჟანგვა ღვიძლში ხორციელდება. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმაში არსებული ფერმენტი ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით ეთანოლი აცეტალდეჰილამდე იჟანგება. წარმოქმნილი აცეტალადეჰილი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადადის, სადაც მიტოქონდრიული ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მოქმედებით ძმარმჟავას წარმოქმნით იჟანგება. ძმარმჟავა კი საბოლოოდ ნახშირორჟანგს და წყალს გვაძლევს.

მწვავე ალკოჰოლური ინტოკსიკაციის დროს მკვეთრად იზრდება ბარბიტურატების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობა. ბარბიტურატები ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტურ ნივთიერებათა ჯგუფია, რომლებსაც დაწყებული მსუბუქი დამაწყნარებელი მოქმედებიდან, ღრმა ძილიანობა და  ნარკოზული მდგომარეობა ახასიათებთ. ალკოჰოლთან ერთად მათმა მიღებამ შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ ეთანოლი აინჰიბირებს ღვიძლის ენდოპლაზმურ რეტიკულუმში ბარბიტურატების ჰიდროქსილირების პროცესს. ამის გამო, ბარბიტურატების მოქმედების დრო მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება. როგორც ეთანოლი (მაღალი დოზებით), ისე ბარბიტურატები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე  მოქმედებს, როგორც დეპრესანტი. ამიტომ, ამ ორი ნივთიერების სინერგისტული მოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს სუნთქვითი ცენტრის დამბლა და ადამიანი დაიღუპოს.

ცოტა გასაგებად რომ დავწერო, ბევრი ალკოჰოლი ცუდია. ბევრი ალკოჰოლი და საძილე საშუალებები ერთად  კი სამუდამოდ დაძინების დიდი შესაძლებლობა.

ჰმ, მეც სარეკლამო სიტყვებივით გამომივიდა. ოღონდ, შელამაზებული კი არა, მწარე სიმართლის პრინციპით.

რეკლამა ყველგან არის. ტელევიზორში, რადიოში, ინტერნეტში, ტელეფონში, ქუჩაში…

იყიდე… აიღე… მოწიე… დალიე… გაერთე… ჩვენთან მოდი… ჩვენთააან… ჩურჩულებს იდუმალი ხმა.

ჰმ…

ვცდილობ, სტატია ლამაზად დავასრულო და…კვლავ წერილი მომდის. ეს „აგრესიული“ რეკლამაა,  გასათიში კოდიც ახლავს, ოღონდ მე არაფერი გამომდის. ამიტომ, მორჩილად, ოღონდ წაუკითხავად წავშლი.

 

     ქართული ლირიკული პოემა

0

ამ არცთუ ისე ცოტა ხნის წინ წავიკითხე ფილოსოფოს  ზაზა შათირიშვილის წერილი ქართული ლირიკული პოემის შესახებ, სადაც ის პირველ ქართულ ლირიკულ პოემად „ბედი ქართლისას” მიიჩნევს, მცირე მიმოხილვას ბესიკ ხარანაულით ამთავრებს და არც კი ახსენებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის და შემდგომი პოეტების კარგ, შესანიშნავ და ბრწყინვალე ლირიკულ პოემებს.

დავიწყებ იმით, რომ ბარათაშვილის ზემოთ აღნიშნული შედევრის ლირიკულ-ეპიკური ხასიათიდან გამომდინარე, მისი ცალსახად ლირიკულ პოემად გამოცხადება არასწორი მგონია. ის შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც წინაპირობა ჭეშმარიტად პირველი ქართული ლირიკული პოემისა „აჩრდილი”. მეცხრამეტე საუკუნის დიდი პოეტების პოემებიდან მკაფიოდ ლირიკული ხასიათის პოემა სხვა არ მეგულება. თუ გალაკტიონს არ ჩავთვლით, ეს ჟანრი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი პოეტების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა თანამედროვე ქართული ვერსიფიკაციის უმთავრესი რეფორმატორი რამდენადაც გენიალური იყო ლირიკულ ლექსებში, იმდენადვე უფერული აღმოჩნდა ლირიკულ პოემებში, გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს „ჯონ რიდი”. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულმა ლირიკულმა პოემამ წამყვანი პოეტების ყურადღება მიიქცია, სათავესთან ერთ-ერთი ოთარ ჭილაძე იდგა.

მისმა განუმეორებელი ხმით დაწერილმა, თემატურად და ფორმალისტურად ქართული სინამდვილისთვის ნოვატორულმა პოემებმა ახალი არხი გახსნა და შემდგომში რამდენიმე პოეტმა მისი მიღწევები გამოიყენა. აღსანიშნავია გივი გეგეჭკორის, მურმან ლებანიძის, ტარიელ ჭანტურიას (განსაკუთრებით „ლტოლვა”), რეზო ამაშუკელის, ტარიელ ხარხელაურის, ლია რუსიაშვილის ლირიკული პოემები. საერთოდ სხვა სივრცეები და სამყაროებია გიორგი კორნაპელის, ესმა ონიანისა და მიშა გოგუაძის პოემები. რა თქმა უნდა,  ცალკე გამოყოფის ღირსია ბესიკ ხარანაული, რომლის საეტაპო ლექსებმა და პოემებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართული პოეზიის შემდგომი განვითარებისთვის. ორიათასიანი წლების დასაწყისში დიდი რეზონანსი მოჰყვა პაატა შამუგიას პოსტმოდერნისტულ-ინტერპოლაციურ მინიპოემა „ანტიტყაოსანს”. თანამედროვე ქართული პოეზიისთვის უმნიშვნელოვანესია ზვიად რატიანის „მოძრავი სამიზნე” და შალვა ბაკურაძის ბრწყინვალე პოემები. ძალიან საინტერესოა ლია ლიქოკელის ვრცელი ლექსები, რომლებსაც მე ლირიკულ პოემებს დავარქმევდი.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანამედროვე ავტორები, ზოგადად, ერიდებიან პოემის წერას, რადგან მათ ცოტა მკითხველი ჰყავთ. პროზაში კი პირიქითაა, რომანს მეტი კითხულობს, ვიდრე მოთხრობების კრებულს. ჯორჯ ორუელი ერთგან წერს, როცა წიგნის მაღაზიაში (თუ სწორად მახსოვს) ვმუშაობდი, ხალხი მოთხრობების კრებულებს არ ყიდულობდა. როცა მიზეზს ვეკითხებოდი, მპასუხობდნენ, რომ ახალ პერსონაჟებთან მალ-მალე შეჩვევის ნერვები არ ჰქონდათო. მე კი ვთვლი, რომ პრობლემა დაბალი ხარისხიაო. პრინციპში, სწორს ამბობს, მაგრამ ისიც მართალია, რომ წიგნს თუ „რომანი“ აწერია, მყიდველი არ მოაკლდება.

 

 

 

ქართველის სპორტსმენების ავტობიოგრაფიები

0

ჯერ კიდევ 5 წლის წინ შოთა  არველაძემ ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც მისი საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო ცხოვრების დეტალებია აღწერილი. საკუთრივ ეს ფაქტი უკვე კარგი პრეცედენტია, იმისა, რომ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას ქართველებმაც შეიძლება ავუწყოთ ფეხი და ჩვენი წიგნის თაროები ასეთი ტიპის ქართული ლიტერატურით შეიძლება შეივსოს.

 

მსოფლიოში პრაქტიკულად არ დარჩა წარმატებული სპორტსმენი, რომელსაც ავტობიოგრაფიული წიგნი არ აქვს დაწერილი. ასეთ წიგნებს, როგორც წესი, ჟურნალისტები ან მწერლები წერენ სპორტსმენის მითითებითა და მოყოლილ ამბებზე დაყრდნობით, თუმცა არიან გამონაკლისი სპორტსმენები, რომლებიც თავად იღებენ ხელში კალამს (კლავიატურას). ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც წარმატებულ სპორტსმენს სამწერლო ნიჭიც კი აღმოჩენია. ამის მაგალითია ფრანც ბეკენბაუერი, რომელმაც თავად დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ლეგენდარულ ფრანცს ბურთის კარგად გორების, მწვრთნელობისა და მაღალი დონის მენეჯერობის გარდა, სტრიქონების კოხტად გამოყვანაც შეძლებია. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ბეკენბაუერის გულშემატკივრებში განსაკუთრებულ მოწიწებასა და სიმპათიას ბადებს.

 

არ იფიქროთ, რომ ცუდად იქცევიან ის სპორტსმენები, რომლებიც სხვების დახმარებით წერენ საავტორო წიგნებს. ამ შემთხვევაში მკითხველი სულაც არ ზარალდება, რადგან, ვთქვათ, ერიკ კანტონას ავტობიოგრაფიული წიგნი იმის გამო, რომ რეალურად მავანი ინგლისელი ჟურნალისტის დაწერილია, ეს სულაც არ აკნინებს არც თავად კანტოს და არც მის წიგნს. კანტონა ფეხბურთელი იყო და სულაც არ მოეთხოვებოდა სამწერლო ნიჭი. შენ კი გულშემატკივარი, უბრალოდ უნდა დაჯდე, ჩართო ვიდეომასალა, სადაც კანტონა მოედანზე სასწაულებს სჩადის, წინ დაიდგა ერთი ბოკალი ლუდი და ნება-ნება ფურცლო კანტონასავე წიგნი.

 

ამა თუ იმ სპორტსმენის ხასიათის კარგი მხარეები თუ ნაკლოვანებები მათსავე ავტობიოგრაფიულ წიგნებშიც კარგად ჩანს. ასეთ რამეებში გამოცდილი კაცი წამსვე მიხვდება, რომელი სპორტსმენი არის თავმდაბალი და რომელია ზღვარგადასულად ამბიციური. ვინ ჰყვება სიმართლეს და ვინ ალამაზებს რეალურ ფაქტებს და მკითხველი წინაშე კეკლუცობს. ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც პელეს ავტობიოგრაფიული წიგნი – “მე პელე”, იმაზე მეტად გულახდილი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ზეამბიციური პელესაგან მოელოდა გულშემატკივარი. პელე თავისი ცხოვრების ისეთ დეტალებსაც კი იხსენებს, ბევრს სამოგობრო წრეში მოყოლაც კი რომ ეთაკილებოდა. მკითხველი, რა თქმა უნდა, ყველაზე მატად გულახდილობას აფასებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიც ასეთივე გულახდილი იქნება.

 

ქართულ ენაზე შექმნილი სპორტული თემატიკის წიგნები, სამწუხაროდ, არც ისე ბევრია, როგორიც, წესით, უნდა იყოს და როგორსაც ყველა ვისურვებდით. ბევრი ასეთი წიგნი სადღეგრძელოს ჰგავს და როდესაც კითხულობ, ისეთი განცდა გაქვს, რომ გაშლილ სუფრაზე ზიხარ და თამადა ილოცება. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მშვენიერი თანამედროვე ტენდენციის პარალელურად, ქართველმა სპორტსმენებმაც (როგორც კარიერადასრულებულებმა, ასევე მოქმედმა სპორტსმენებმა) მოჰკიდონ ხელი ამ საქმეს და შეეცადონ ავტობიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობას.

 

დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დაწერილი ქართულ ავტობიოგრაფიულ სპორტულ წიგნებს წარმატება აუცილებლად ხვდებათ წილად და არც მკითხველი მოაკლდებათ. ყველაფერთან ერთად, ეს სპორტსმენებისთვის დამატებით ფინანსურ შემოსავლებსაც ნიშნავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი წიგნები სხვა ენებზეც ითარგმნება და იმ ქვეყნებში გაიყიდება, სადაც ეს ქართველი სპორტსმენები სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ.

 

ქართველი მკითხველების გარდა, აბა რომელი „სიტის” ქომაგი (და არამხოლოდ) არ იყიდის გიორგი ქინქლაძის წიგნს და რომელი მილანელი დაინანებს ფულს კალაძის დაწერილი წიგნის შესაძენად? ასეთივე წარმატება შეიძლება ხვდეს წილად სხვა ქართველი სპორტსმენების წიგნებსაც. ასე რომ, შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი შესაძლოა იმ ტენდენციის შემქმნელი გახდეს, რომელიც ქართული სპორტული თემატიკის ავტობიოგრაფიული წიგნების პოპულარიზაციას გამოიწვევს. არადა, ყველა ხედავთ, რომ ეს სფერო ნამდვილად ასათვისებელია.

 

 

 

 

 

აზროვნების სახეები

0

აზროვნება არის ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, რომლის მიზანია პრობლემის გადაჭრა, დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილების მიღება. აზროვნება კოგნიტიური პროცესია, ანუ შინაგანად, გონებაში მიმდინარეობს, მაგრამ მისი შედეგი ქცევით ვლინდება. მაგალითად, მოჭადრაკე თავის აზროვნებას ჭადრაკის ფიგურის გადაადგილებით ავლენს. აზროვნების დროს ხდება ცოდნის გამოყენება და მანიპულირება სიტუაციის შესაბამისად.

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან აზროვნების სტილით და ეს კარგად ჩანს მათ საქმიანობაში. ზოგს პრაქტიკული საქმიანობა უფრო ეხერხება, ზოგს თეორიული ტიპისა ურჩევნია, ზოგი მშრალი თანმიმდევრული ლოგიკით მსჯელობას ამჯობინებს, ზოგისთვის კი ეს მთლიან ხატად გაერთიანებული პროცესია. მოზრდილისა და ბავშვის აზროვნებაც განსხვავდება ერთმანეთისგან; სხვადასხვა კულტურის მატარებელთა აზროვნების წესიც არ არის ერთნაირი.

ამრიგად, ფსიქოლოგიაში გამოყოფენ აზროვნების სახეებს და ტიპებს. ასეთ დაყოფას მეტ–ნაკლებად პირობითი ხასიათი აქვს და დამოკიდებულია იმ კრიტერიუმებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა აზროვნების ტიპების ან სახეების შინაარსობრივი დახასიათება. ეს კრიტერიუმები კი მეტად მრავალფეროვანია.

კლასიკურ ფსიქოლოგიაში აზროვნების შემდეგ სახეები გამოიყოფა:

  • პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანი აზროვნება;
  • ხატოვანი აზროვნება;
  • ვერბალურ-ლოგიკური აზროვნება.

ასეთი კლასიფიკაციის კრიტერიული საფუძველი ორნაირია. პირველი ეხება ბავშვის აზროვნების ონტოგენეზურ განვითარებას, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ ხდება მეტყველების დაუფლებასთან ერთად პრაქტიკულიდან ვერბალურ–ლოგიკურ აზროვნებაზე გადასვლა. ამდენად, აზროვნების ზემოთ მოყვანილი სახეები განიხილება როგორც აზროვნების განვითარების საფეხურები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან არა ოპერაციულად ან ფუნქციურად, არამედ განზოგადების დონით. იგულისხმება, რომ ვერბალურ–ლოგიკური აზროვნების შემთხვევაში უფრო მეტადაა შესაძლებელი სინამდვილის განზოგადება და ანალიზი, ვიდრე მხოლოდ მოქმედებით შემოსაზღვრული აზროვნების შემთხვევაში.

პრაქტიკული აზროვნებგულისხმობს აზროვნების ისეთ სახეს, როდესაც ამოცანის გადაწყვეტა ხდება თვით მოქმედების პროცესში, რეალური სიტუაციის გარდაქმნის ხარჯზე, ობიექტებთან რეალური ურთიერთქმედების საშუალებით. ასეთი აზროვნება ახასიათებს ბავშვს, სანამ მეტყველებას დაეუფლება.

ხატოვანი აზროვნება თვალსაჩინო ხატებით აზროვნებაა, როდესაც რაიმე პრობლემის გადასაჭრელად სააზროვნო ოპერაციები ხატებზე დაყრდნობით ხორციელდება.

ლოგიკური აზროვნება კი ცნებებით აზროვნებას გულისხმობს. ეს არის განყენებული აზროვნება, რომელიც არ არის თვალსაჩინო და რაიმე პრობლემის გადაჭრისას ვერბალურ–ლოგიკურ მსჯელობას ეყრდნობა.

თანამედროვე ადამიანთან სამივე სახის აზროვნებას ვხვდებით. იმის მიხედვით, რა დონის პრობლემის გადაჭრა უხდება, პიროვნება მიმართავს ხან პრაქტიკულ, ხან ვერბალურ–ლოგიკურ, ხან ხატოვან აზროვნებას.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში გვხვდება აზროვნების სხვაგვარი კლასიფიკაცია, უფრო მეტად – დიქოტომური დაყოფა („დიქოტომია“ – მთელის დაყოფა ორ ნაწილად).

განასხვავებენ: თეორიულ და პრაქტიკულ აზროვნებას. ამ სახის კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს გადასაწყვეტ ამოცანათა ტიპი.

თეორიული აზროვნება განსაზღვრულ კანონზომიერებათა შემეცნებაა აბსტრაქტულ მიმართებათა დამყარების საფუძველზე. ეს პროცესი ხანგრძლივია, მოწყვეტილია რაიმე კონკრეტულ სიტუაციას და მისი ნაყოფიერება საბოლოო შედეგის მიხედვით ფასდება. დიდ თეორეტიკოს მეცნიერთა ფუნდამენტური აღმოჩენები ასეთი თეორიული აზროვნების შედეგია, ნიუტონის კანონები იქნება ეს თუ მენდელეევის პერიოდული სისტემა.

პრაქტიკული აზროვნება მიმართულია უფრო კერძო, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისკენ. მისი მთავარი ამოცანაა არა რაიმე ზოგადი კანონზომიერების შემეცნება, არამედ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელი გეგმის პროექტის შედგენა. პრაქტიკული აზროვნება უშუალოდ კერძო, პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტასთანაა დაკავშირებული. ის სპეციფიკურია იმით, რომ დროის დეფიციტის პირობებში მიდინარეობს და ჰიპოთეზების შემოწმების დრო მკვეთრად შეზღუდულია. ამდენად, პრაქტიკული აზროვნებისას გადაწყვეტილება თვით მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება. სამწუხაროდ, ამ ორ ტიპს ხშირად უპირისპირებენ ერთმანეთს თეორიული აზროვნების სასარგებლოდ. მიიჩნევა, რომ პრაქტიკული აზროვნება უფრო მარტივი და ადვილია. პრაქტიკული ტიპის აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია მხედართმთავრის, საწარმოოო და სავაჭრო მმართველობის წარმატებული საქმიანობა. ვერავინ იტყვის, რომ მეცნიერ–თეორეტიკოსის საქმე უფრო ძნელია, ვიდრე საწარმოო მენეჯერისა – მათი საქმიანობა უბრალოდ სხვადასხვა ტიპის აზროვნებას და პიროვნულ თვისებებს მოითხოვს.

განასხვავებენ: ანალიტიკურ (ლოგიკურ) და ინტუიციურ აზროვნებას. ამ დაყოფის კრიტერიუმია აზროვნების პროცესის დროში მიმდინარეობის ხასიათი და გაცნობიერების დონე. ანალიტიკური აზროვნება დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს, მეტ–ნაკლებად წარმოდგენილია ადამიანის ცნობიერებაში. ინტუიციური ტიპის აზროვნებას ახასიათებს დროში შეკუმშულობა და მინიმალური გაცნობიერება. ამ ტიპის აზროვნების მქონე ზუსტად ვერასოდეს გეტყვით, როგორ მიმდინარეობდა მისი მსჯელობა და რამ მიიყვანა პრობლემის გადაჭრამდე.

აზროვნების ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში გვხვდება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ცნებებიც. ასეთი დაყოფის კრიტერიუმი აზროვნების პროცესის შედეგია. შემოქმედებითი ტიპისაა აზროვნება, რომლის შედეგიცაა ახალი კანონზომიერების აღმოჩენა ან ახალი პრობლემის გადაჭრა. კრიტიკული აზროვნების მიზანია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმება და იმის ანალიზი, პრაქტიკულად როგორ და სად შეიძლება მათი გამოყენება. შემოქმედებითი აზროვნება მიმართულია ახალი იდეების შექმნისკენ, კრიტიკული აზროვნება კი მათ ნაკლოვანებებს, ხარვეზებს წარმოაჩენს. ადამიანის წინაშე დასმულ ამოცანათა ეფექტური გადაწყვეტისთვის აუცილებელია ორივე სახის აზროვნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერთი ყოველთვის ხელს უშლის მეორეს. რაიმე კონკრეტული პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის მაგალითია ამოცანათა ჯგუფური გადაწყვეტის მეთოდი „გონებრივი იერიში“, რომელიც წარმატებით გამოიყენება მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად. იკრიბება სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც უნდა მოახდინოს „თავისუფალი ასოცირება“ განსაზღვრული პრობლემის გარშემო. ჯგუფის ყოველ წევრს ევალება, გამოთქვას ყველაფერი, რაც აზრად მოუვა, კრიტიკა აკრძალულია, ყველა იდეა იწერება და იერიშის ბოლოს ხდება მათი კრიტიკული შეფასება სხვა ჯგუფის მიერ.

ფსიქოლოგიაში მიღებულია აზროვნების კიდევ ერთი დაყოფა: რეალისტურ და აუტისტურ ტიპებად. ამ დიქოტომიას საფუძვლად უდევს აზროვნების პროცესის მიმართულება – რისკენ არის მიმართული ადამიანის აზროვნება, რა წარმოადგენს მის საგანს. რეალისტური აზროვნება მიმართულია გარე სამყაროსკენ. მისი მიზანია რამის შემეცნება, ის ემყარება ლოგიკურ კანონებს. ამ ტიპის აზროვნებასთან საქმე გვაქვს ნებისმიერი ისეთი პრობლემის გადაჭრისას, რომელიც ანალიზსა და აბსტრაქციას მოითხოვს. აუტისტური ტიპის აზროვნება მიმართულია პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ, მისი სურვილების რეალიზაციისკენ. ხანდახან მის აღსანიშნავად ტერმინ “ეგოცენტრულ აზროვნებასაც” იყენებენ. ამ ტიპის აზროვნება თავს ვერ აღწევს აფექტური სფეროს გავლენას. მისი მიმდინარეობა მთლიანად არის განპირობებული პიროვნების სურვილებით, მისი ძლიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვით. რეალურ ობიექტებს შორის მიმართების დამყარება, პრობლემის გადაჭრა ხდება არა რეალურად არსებული მიმართებების ან სიტუაციის ანალიზის, განყენების საფუძველზე, არამედ საკუთარი სურვილის შესაბამისად. რამდენადაც რეალურ მიმართებათა ამსახველი ლოგიკა არ წარმოადგენს ამ აზროვნების მამოძრავებელ ძალას, პიროვნების ცნობიერებაში თანაარსებობენ წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი აზრები და სურვილები.

ასევე განასხვავებენ პროდუქციულ და რეპროდუქციულ აზროვნებას. ასეთი გარჩევის საფუძველია შედეგის სიახლე: პროდუქციული აზროვნების ცნება გეშტალტფსიქოლოგებმა შემოიღეს. ამ ტერმინით ხაზს უსვამენ აზროვნების შემოქმედებით ხასიათს. იმას, რომ აზროვნების პროცესის შედეგად მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება. აზროვნების პროდუქციულ და რეპროდუქციულ ტიპებს შორის ის განსხვავებაა, რომ ეს უკანასკნელი იყენებს უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას რაიმე პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენ წინაშე წამოჭრილ პრობლემას ჩვეული, გამოცდილებაში არსებული წესით ვწყვეტთ; ეს რეპროდუქციული აზროვნებაა. მაგრამ ასევე ხშირად ვეჯახებით ისეთ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტის გამოცდილება არ გვქონია. აქ კი საჭიროა გადაწყვეტის ახალი გზების ძიება, რასაც პროდუქციული აზროვნება ემსახურება.

კლასგარეშე აქტივობები თბილი ამინდებისთვის

0

მზიან ამინდებში დახურულ სივრცეში მშვიდად ჯდომა დღემდე მიჭირს. გაზაფხულის პირველი თბილი დღეები დადგება თუ არა, მინდა, კამერა მხარზე გადავიკიდო და დაღამებამდე ვიარო ნაცნობ და უცნობ ქუჩებში, დავაკვირდე ურბანულ პროცესებს, ვიკითხო კედლებზე მიწერილი ფრაზები, გამოვიცნო, როგორ ცხოვრობენ ამა თუ იმ უბანში ადამიანები, ისეთ ადგილებში დავლიო ყავა, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, გზად რამე საყურადღებო თუ შემხვდა, გადავიღო, მერე სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდე შინ და შესაძლოა, მომდევნო დღეებში დახურულ სივრცეში მშვიდადაც კი ვიმუშაო, სანამ ისევ არ „გავიჭრები ველად“.

გაზაფხულის მზიანი დღეები კარგი საშუალებაა არაფორმალური განათლების სხვადასხვა მეთოდის გამოსაყენებლად. ბავშვებს გარეთ ყოფნა უხარიათ და მზად არიან, ახალი რამეები გააკეთონ. მასწავლებელიც კმაყოფილია – მოსწავლეები მეტი ყურადღებით უსმენენ და ცდილობენ, კარგად შეასრულონ სახალისო დავალება. მაშ ასე, რამდენიმე იდეა თბილ ამინდებში კლასგარეშე შემეცნებითი აქტივობებისთვის.

 

  1. ჩანახატები საჯარო სივრცეში (Urban sketching) მთელ მსოფლიოში პოპულარული სახელოვნებო მიმდინარეობაა და მიზნად ისახავს, საზოგადოებას ამა თუ იმ ადგილისთვის, შენობისა თუ პრობლემისთვის მიაქცევინოს ყურადღება. თქვენ შეგიძლიათ, ეს გარემოს უკეთ შესასწავლად გამოიყენოთ. ჩანახატების გასაკეთებლად ხატვის კარგად განვითარებული უნარები არ არის აუცილებელი – მთავარია, გონება კონკრეტული სივრცის უკეთ აღქმაში გავარჯიშდეს და მისდამი უფრო ახლობლური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. შეგიძლიათ, აარჩიოთ მახლობლად მდებარე საინტერესო არქიტექტურის მქონე ნაგებობა, ღია საჯარო სივრცე, მაგალითად, პარკი, სკვერი, ბაზარი, ტრანსპორტი ან სულაც მდინარის სანაპირო და განსაზღვრული დროის განმავლობაში გარემოს ფურცლებზე ფანქრებით გადატანა სცადოთ. მეტი ინტერაქციისთვის შეიძლება იმავე ადგილას ჩანახატების სახელდახელო გამოფენაც მოაწყოთ და ნამუშევრები იქ მცხოვრებლებს ან მომუშავეებს გაუზიაროთ.

ჩანახატების კეთება, გარდა იმისა, რომ სახალისოა და ერთგვარ არტთერაპიადაც შეიძლება გამოვიყენოთ, სივრცეზე დაკვირვების საშუალებას მისცემს თანამედროვე ბავშვებს, რომლებიც მიჩვეულები არიან ფოტოკამერით სასურველი კადრის სწრაფად დაფიქსირებას და რაც უფრო იჭრება მათ ცხოვრებაში ტექნოლოგიები, მით უფრო უჭირთ ერთ რამეზე ხანგრძლივად კონცენტრაცია.

ურბან სკეტჩერების გლობალური ქსელის ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე https://www.urbansketchers.org/, თავად პროცესის უკეთ გასაცნობად კი youtube-ზე მრავალი სასწავლო ვიდეოა განთავსებული.

  1. შეხედე გარემოს ჟურნალისტის თვალით, მოყევი ამბებს. სკოლის პერიოდში ჟურნალისტობა არაერთი ბავშვისთვის სასურველი პროფესიაა, მაგრამ ცოტას თუ აქვს წარმოდგენა იმაზე, როგორ იქმნება ახალი ამბები, როგორ უნდა მოჰყვე ისტორიებს, როგორ დაწურო ინფორმაცია და გამოარჩიო მასში მთავარი, სად უნდა ჩანდეს ავტორი და სად – მოქმედი პირი. ამის ცოდნა, რასაკვირველია, სკოლის მოსწავლეებს არც მოეთხოვებათ, მაგრამ სხვადასხვა პროფესიაში თავის მოსინჯვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. პროფესიის არჩევამდე სხვადასხვა ტიპის გამოცდილების მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა. გარე გაკვეთილის დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა აარჩიონ თემა, რომელსაც გააშუქებდნენ, ჟურნალისტები რომ ყოფილიყვნენ და დაწერონ სტატია ან გადაიღონ ვიდეო ტელეფონით. ჟურნალისტური ექსპერიმენტებისთვის შეიძლება იმავე სივრცის გამოყენება, რომელიც ჩანახატებისთვის აირჩიეთ. ვიზუალური მასალა და ტექსტი ერთმანეთის შემავსებლებადაც კი შეიძლება გამოდგეს. აქტივობა მეტად ეფექტური იქნება უფროსკლასელებისთვის, რომლებიც შეიძლება 2-3–კაციან ჯგუფებად დაიყონ და სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა თემაზე იმუშაონ.
  2. მახლობელი ტერიტორიების ალტერნატიული რუკების შედგენა. წინა წერილში უკვე ვისაუბრე ექსკურსიების ალტერნატიულ მარშუტებზე და რამდენიმე ადგილი შემოგთავაზეთ, მაგრამ არანაკლებ სახალისო საქმიანობაა იმაზე დაფიქრება, რა არის შენს მახლობლად ღირსშესანიშნავი და სანახავი, რასაც მეგობარს, სტუმარს, დაინტერესებულ ადამიანს აჩვენებდი. არ არის აუცილებელი, რუკაზე მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოხვდეს. რაც უფრო პერსონალიზებულია ალტერნატიული რუკა, მით უფრო საინტერესოა იგი. პერსონალური რუკა ერთგვარად საკუთარ თავში მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტიცაა. ასე რომ, სთხოვეთ მოსწავლეებს, დაიტანონ რუკებზე მინდვრები ფეხბურთის სათამაშოდ, ადგილები “შატალოსთვის”, ყოფილი “შტაბები”, სადაც ოჯახის წევრებს ემალებოდნენ, როცა მარტო ყოფნა სურდათ, გზა, რომლითაც შეიძლება მიხვიდე უახლოეს მეგობართან, სკოლაში ან ბებია-ბაბუასთან, ქუჩა, რომელსაც მიჰყავხარ სანაყინესთან, სათამაშოების ან ტკბილეულის მაღაზიასთან. თამაშისთვის შეგიძლიათ რამდენიმე ფორმა მოიფიქროთ. მაგალითად, უფროსკლასელებს Google Map-ზე გადაატანინოთ თავიანთი ნამუშევრები, უმცროსკლასელებს კი აჩვენოთ ცნობილი ნაწარმოებების ილუსტრაციებად გამოყენებული რუკები (მაგ., ვინი ფუჰისა) და იმ ადგილის დახატვა სთხოვოთ, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ, ისე, რომ მონიშნონ ნახატზე გზები, მდინარეები და საყურადღებო ნაგებობები.

გაძღოლა უნდა წიგნს

0

„ერთი საქმეა – წიგნის დაწერა – წიგნის შექმნა, მეორე კი (და უმთავრესი ჩვენს დროში) იმ წიგნის ხალხში გატანა. გაძღოლა უნდა წიგნს. წიგნი სულიერ არსებად უნდა აქციო. წიგნი რომ ფეხის ადგმას იწყებს, სანამდე თვით ივლიდეს, ის შენ უნდა წაიყვანო, გაუძღვე შემდეგში წინ, დიდის თვალყურის დევნებით, რომ ის არ წაიქცეს, როგორც ეს ემართება ახლად ფეხადგმულ ბავშვს. დიდი სიფრთხილეა საჭირო, დიდი გულმოდგინება. დიდი ყურადღება. აქ მარტო ავტორი ვერას გახდება: საჭიროა ყურადღება ორგანიზებული მასსისა, თვით იმ მასის, ვისთვისაც შექმნილია თვით ის წიგნი.“ – წერდა გალაკტიონი 1949 წელს თავის დღიურში.

მართალია ამ ჩანაწერიდან უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ის დღესაც აქტუალურია. დიდი პოეტი თურმე ჯერ კიდევ როდის გრძნობდა წიგნის პოპულარიზაციის საჭიროებას. ახლა კი, PR-ის ეპოქაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მოჩანს მისი სიტყვები.

წიგნი საქართველოში წელიწადში მინიმუმ ერთ დღეს ყურადღების ცენტრში ექცევა: ყოველწლიურად ლიტერატორები, გამომცემლები, მთარგმნელები, ბიბლიოთეკარები და ავტორები 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს, მკითხველთან ერთად საზეიმოდ აღნიშნავენ. თუმცა ამა თუ იმ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას, როგორც წესი, გრძელვადიანი კამპანია სჭირდება. განათლების დონის საერთაშორისო კვლევების სავალალო შედეგების პარალელურად სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები თუ ჯგუფები, რომლებიც ხშირად უანგაროდაც კი ემსახურებიან წიგნიერების გავრცელების საქმეს, წიგნის პოპულარიზაციას მთელი წლის განმავლობაში. რამდენიმე მათგანზე მინდა მოგითხროთ.

 

ჯილდო – „წიგნის ქომაგი“

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წელს, თებერვალში, უკვე მეორედ აღნიშნა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“, რომელიც საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. დღის ბოლოს, ტრადიციულად, ერთ გამორჩეულ ადამიანს აჯილდოვებენ. მას, ვინც მთელი წლის განმავლობაში კითხვას, წიგნსა და ლიტერატურას განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევდა. სპეციალური პრიზი და „წიგნის ქომაგის“ ტიტული შარშან ლევან ბერძენიშვილს გადაეცა, წელს კი – „ფორმულა კრეატივს“ (ქეთი დევდარიანს და დავით გაბუნიას). საქმე ისაა, რომ ლევან ბერძენიშვილმა 2015 წელს წიგნიერებისა თუ მსოფლიო ლიტერატურის შესახებ სხვადასხვა სივრცეში ათობით საჯარო ლექცია ჩაატარა, ჩაწერა 50 რადიოგადაცემა სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობასა და ტენდენციაზე, კონკრეტულ ნაწარმოებებსა თუ წიგნთან დაკავშირებულ საინტერესო მოვლენებზე. რაც შეეხება წლევანდელ „წიგნის ქომაგს“, მისი დაჯილდოების მიზეზი ორგანიზატორებმა ასე განმარტეს: „ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში, საუკეთესო საეთერო დროს, მთელი სეზონის მანძილზე წიგნის სრულიად შეგნებული და წინასწარგამიზნული უსასყიდლო რეკლამისთვის; იმისთვის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, თინეიჯერი გოგონას მთავარი მახასიათებელია წიგნის კითხვის სიყვარული, იმისთვის, რომ მას ქართველ თინეიჯერებში უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა. იმისთვის, რომ სერიალში, მისი სცენარიდან გამომდინარე, ფართოდ ხდებოდა მწერლებისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია“.

 

აქცია – „ჩვენ გვიყვარს წიგნები“

ნებისმიერი კამპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ამა თუ იმ ქმედებისკენ ცნობილი, ხალხისთვის პატივსაცემი ადამიანი მოუწოდებდეს. რამდენიმე თაობის წახალისება, წიგნის კითხვისკენ მიმართვა, ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა ორიგინალური ფორმით მოახერხა. ის სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს წიგნთან დაკავშირებულ ფოტოებს. სახლსა თუ ქუჩაში კითხვით გართული მოქალაქეები, წიგნის ორიგინალური თაროები, მცირეწლოვანი ბავშვებისა თუ სკოლის მოსწავლეების  წიგნთან ურთიერთობა და კითხვის პროცესი – ეს არასრული ჩამონათვალია ფოტოკადრებისა, რომელიც წიგნის კონკურენტად მიჩნეულ სივრცეში – ინტერნეტში მისი წყალობით მუდმივად ტრიალებს. აქციას შეგიძლიათ ამ ჰეშთეგით შეუერთდეთ: #ჩვენგვიყვარსწიგნები.

ფოტოკამპანიის საშუალებით გოგა ჩანადირმა უამრავი თანამოაზრე შემოიკრიბა, დააარსა მკითხველთა კლუბი „ნაგერალა“, აწყობს შეხვედრებს სხვადასხვა სივრცეში და ბავშვებს წიგნებს უკითხავს.

 

პროექტი „ეკვილიბრიუმი“

უკვე სამი წელია, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით სოფლის ბიბლიოთეკები და სკოლები წიგნებითა და კომპიუტერებით მარაგდება. „წიგნი და ინტერნეტი ყველა სოფელს“ – ამ სლოგანმა უამრავი ადამიანი გააერთიანა და პროექტი სახალხო-საგანმანათლებლო მოძრაობად აქცია. მასში ჩართული არიან რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები, ხელოვანები. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვების გზით შესყიდული თუ შემოწირულობებით შეგროვილი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყრის თავს, საიდანაც არა მხოლლოდ საქართველოს რეგიონებში, არამედ უცხოეთშიც ნაწილდება. პროექტი უკვე დაეხმარა 700-ზე მეტ სოფელს საქართველოში და 31 ქალაქს უცხოეთში ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებაში, ახალი ბიბლიოთეკის, სამკითხველოსა თუ ქართული წიგნის კუთხის გახსნაში, რომელიც, როგორც წესი, კომპიუტერებითაცაა ხოლმე აღჭურვილი.

„ეკვილიბრიუმი – განახლებული სოფლის ბიბლიოთეკები“ რეგიონების განვითარებისათვის უდავოდ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია და ის სამართლიანად გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაწესებული ჯილდოს – „წლის საუკეთესო“ – მფლობელი ნომინაციაში – „2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში“.

 

საუბრები ესმა ონიანზე

ქომაგობა სუბიექტური რამაა. სიყვარულისა და გულშემატკივრობის ფორმაც მრავალგვარი არსებობს. მსახიობ ნინო კასრაძის იმპროვიზებული საღამოების ციკლი ერთ შემოქმედს უკავშირდება, თუმცა თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ზოგადად წიგნისა და ხელოვნების პოპულარიზაციად რეგიონებში. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის პოეტისა და მხატვრის – ესმა ონიანის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით თვეში ერთი საღამოს ჩატარებას. ნინო კასრაძე მაყურებელს ერთგვარ მონოსპექტაკლს სთავაზობს, სადაც რეჟისორიც თავადაა და მსახიობიც. ესმა ონიანის (1938-1999) პოეზიის, ესეისტიკისა და მხატვრობის შესახებ საუბრისას ის ხატავს ეპოქას, ავლებს პარალელებს სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებთან და ხშირად იმპროვიზაციასაც მიმართავს. ეს საუბრები თეატრისა და მწერლობის ერთიანობის საუკეთესო ნიმუშია და უკვე პოპულარობითაც სარგებლობს. პროექტი, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი ნინო კასრაძესთან ერთად გამომცემლობა „არტანუჯიცაა“, 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და უკვე ხუთ ქალაქსა და დაბაში ჩატარდა. ციკლში ჩაერთო არაერთი საჯარო სივრცე (წიგნის მაღაზია, ბიბლიოთეკა, თეატრი) თბილისში, ხაშურში, ზუგდიდში, თიანეთსა და თელავში და მასზე დასწრება ყოველთვის თავისუფალია.

 

***

საბედნიეროდ, საქართველოში კიდევ მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია იღვწის წიგნიერებისათვის. გამომცემლობები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები სისტემატიურად მართავენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ლექციებს, წიგნის წარდგინებებსა თუ შეხვედრებს ავტორებთან. ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. მაგრამ ახალგაზრდული ინიციატივები თუ ცნობილი ადამიანების უანგარო წვლილი წიგნის პოპულარიზაციის საქმეში უდავოდ დასაფასებელია. იმედი მაქვს, სხვა აქტივისტებზე სხვა დროს კიდევ მოგითხრობთ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...