ეპოქის პარადიგმებს აცდენილი (თუ შეცდენილი) მკითხველი
ლიტერატურის სწავლების პროცესში სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ტექსტების ადეკვატურად წაკითხვის უნარებზე მუშაობა. ლიტერატურის მოყვარულებს შორის მუდამ საკამათოა მხატვრული ტექსტების ინტერპრეტაციების უსასრულო ვარიაციების შეჯერების საკითხი. ხშირად ვფიქრობ ამ თემებზე და უფრო ხშირად ცხელ-ცხელ პოლემიკაში მიწევს ხოლმე ჩართვა… ამასწინათ ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ გამოქვეყნდა ჩემთვის უსაყვარლესი და უაღრესად პატივსაცემი ადამიანის, თავადაც უნიჭიერესი პოეტის, ცირა ბარბაქაძის წერილი სათაურით „იდეა (გ)ამოცანაა ანუ რისი თქმა უნდოდა ავტორს?“ ცირას წერილის მთავარი მესიჯია, რომ მხატვრული ტექსტიდან იდეის სწორად ამოცნობა მოძველებული სტერეოტიპია და რომ აქ ფანტაზიას და იმპროვიზაციას სრული გასაქანი უნდა მივცეთ. ეფექტურ არგუმენტად კი მოჰყავს მაგალითი პოსტმოდერნისტული ტექსტისა, სადაც, მისი აზრით, იდეა ავტორისგან და ტექსტისგან დამოუკიდებლად ცოცხლობს და ხშირად თამაშია: „ პოსტმოდერნი ლამის ამართლებს იმ აზრს, რომ მხატვრულ ტექსტებს იდეა არა აქვს. არსებობა, როგორც თამაში – პოსტმოდერნული ლიტერატურის გამაერთიანებელი იდეაა“.
ვინაიდან პლურალიზმი, განსხვავებულ მოსაზრებათა შეჯერება ყოველთვის სასარგებლო რამაა, შევეცდები არგუმენტირებულად შევეკამათო ცირას თვალსაზრისს. ილიას დავესეხები რიტორიკის კანონებისადმი მორჩილებაში („ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო“) და იმთავითვე შევჯერდეთ, რა მოვლენაა მხატვრული ტექსტი? ლიტმცოდნეობა თუ ზუსტი მეცნიერება არ არის და ალგორითმებით არ ზომავს ტექსტების მნიშვნელობას, ჰუმანიტარული მეცნიერებაა და მას თავისი მეთოდოლოგიები აქვს. თუ ყმაწვილმა გრიგოლ ხანძთელმა ჯერ კიდევ შორეულ მერვე საუკუნეში იცოდა მწყობრად და ლოგიკურად მეტყველების საიდუმლოებანი, ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრება, რომ ვცადოთ ლოგოსის ლოგიკის აკვანში ჩაწვენა?.. ფილო-ლოგოსები, სიტყვისმოყვარენი, ხომ ამაოდ არ დაურქმევიათ ჩვენთვის?
მხატვრული ტექსტის ღირებულება სამი პარამეტრით იზომება:
- რამდენად ნოვატორულ იდეას ახმოვანებს;
- რამდენად დასამახსოვრებელ სახეებს ძერწავს;
- რამდენად დახვეწილი და ორიგინალური სტილით მოაქვს სათქმელი მკითხველამდე.
ლიტმცოდნეობა ამ მიმართულებებით იკვლევს ტექსტებს, რომლებიც სწორედ იმითაა მკითხველისთვის მიმზიდველი, რომ ღრმად ემოციურია. მათი აღმქმელობაც ემოციურ ფონზე გვიწევს და მეცნიერული ძიებებშიც ეს ემოციები თავისებურად აისახება. მეცნიერება ძირითადად გონების, რაციოს პროდუქტია, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ინტუიცია და ემოცია რაციოს განუყრელი ტყუპისცალები არიან და ხშირად მას კარნახობენ კიდევაც სათქმელს. ყოველი მკვლევარი უწინარეს ყოვლისა ადამიანია და საკუთარი მგრძნობელობის ქურაში გამოატარებს ხოლმე აზრებს.
მოვიყვანოთ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული მაგალითი, რომლებიც ტექსტების და ეპოქების პარადიგმების სწორი გაგებისგან აცდენად მიმაჩნია:
- დაუსრულებლად ისმის საუბარი იმაზე, რომ ჰაგიოგრაფიამ დაკარგა თანამედროვე მკითხველის გულამდე მისასვლელი გზა, რომ ის უკვე ანაქრონიზმია და დროა, სასწავლო პროგრამებს მოვაშოროთ. ჩვენი უახლესი წარსულის ღრმად პატივცემული განათლების მინისტრიც კი ღაღადებდა, რომ ჰაგიოგრაფია და „ვეფხისტყაოსანი“ მკვდარი ტექსტებია და სკოლებში მათი სწავლება საჭირო აღარ არის. ერთი ფრიად განათლებული მშობელი ხშირად იმეორებს ხოლმე ჩემთან, რომ ახლანდელი უფროსკლასელები მილენიუმის თაობა არიან და შეუძლებელია მიიღონ საუკუნეების წინანდელი მხატვრული ტექსტები, რადგან მათ მკვეთრად განსხვავებული იდენტობა და გემოვნება აქვთ.
- სისტემატურად მიწევს კლასიკური ტექსტებისადმი მოსწავლეთა და აბიტურიენტთა სკეპტიკური დამოკიდებულების მოგერიება. კლასებში ხშირად იმართება ხოლმე ცხარე დებატები ტექსტის იდეების გარშემო და ბავშვებს ტრადიციული წაკითხვებისგან მკვეთრად განსხვავებული აღმქმელობა აქვთ.
- ხშირად ისმის კლასიკური ტექსტების გმირებისა და იდეების დილეტანტური შეფასებები. მაგალითად, მოისმენთ, რომ წმინდანი მაზოხისტია და წამების თავიდან არიდება შეეძლო, მაგრამ მაზოხისტურმა ვნებებმა იმსხვერპლა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირი რაინდი სადისტია, ტარიელი უმიზეზოდ კლავს სასიძოს, ხოლო ავთანდილი – ჭაშნაგირს და ჩვეულებრივი მრუში და მოღალატეა, როცა ფატმან-ხათუნთან ხორციელ კავშირში შედის, ასევე მატყუარაც, რადგან ფატმანსაც ატყუებს, ხოლო ტარიელი ზოოფილია, ლომ-ვეფხვისადმი სექსუალური ლტოლვა ჰქონდა და რომ გამოქვაბულში მისი და ასმათის ერთობლივი ცხოვრება ამორალურია. დაუშვებელია, რომ წლების მანძილზე ქალი და მამაკაცი გამოქვაბულში ერთად ცხოვრობდნენ და მათ შორის სექსუალური კავშირი არ იყოს, რომ რომანტიკოსი პოეტების ცრემლების ზღვა აუტანელი და გაუგებარია, რომ ოთარაანთ ქვრივი და გიორგი მართლა გიჟები არიან და ერთ-ერთ თავს ილიამ ამაოდ როდი დაარქვა „გიჟია თუ რა?“
დავიწყოთ იქიდან, რომ ყოველი ტექსტი თავისი ეპოქის პროდუქტია და ეპოქის გემოვნების, ესთეტიკის, იდეოლოგიური მეინსტრიმის ამსახველია. თუკი ვინმე იტყვის, რომ ეპოქებად და ლიტერატურულ მიმდინარეობებად ტექსტების დიფერენციაცია უაზრო პირობითობაა და რომ ყველა ეპოქის ტექსტს გააჩნია ყველა მიმდინარეობის მახასიათებლები, სრულ აბსურდამდე მივალთ. რომანტიზმი, რეალიზმი და იმპრესიონიზმი მსოფლიო მწერლობის ფართოდ გავრცელებული მიმდინარეობებია. მათი სტილური თავისებურებები შეიძლება ვიპოვოთ ნებისმიერი ეპოქის ტექსტებში. განა რომანტიკული განცდების გარეშე წარმოსადგენია პოეტური თვითგამოხატვა? განა რეალისტური მსოფლაღქმა რომანტიკოსებთან და იმპრესიონისტებთან არ გვხვდება? განა იმრესიონისტულ ნოველაში ვერ შევხვდებით რომანტიკულ და რეალისტურ ნიუანსებს? მაშ, რად ალაგებს ლიტმცოდნეობა ეპოქებად და მიმდინარეობებად ავტორებს? აქ მუშაობს პრინციპი, რომ სტილი ეპოქის მოდაა და ტექსტში წარმმართველი სწორედ მისი მახასიათებლებია. მაგალითად, რომანტიკულ პოეზიაში მეტია რომანტიკული ოცნება გარდასულის გამო, არასასურველი რეალობის უარყოფა და ილუზორული სამყაროს გამოგონება, რეალისტურ ნაწარმოებში მეტია კრიტიკული მიდგომა რეალობისადმი, მამხილებელი პათოსი და ყოფის შეულამაზებელი სურათები, ხოლო იმპრესიონისტულ ტექსტში მწერლის შთაბეჭდილება ასახვის უმთავრესი ინსტრუმენტია. ლიტმცოდნეობა ყოველივე ამას მეცნიერულად აღწერს, ალაგებს, სისტემატიზებას უკეთებს. თუ სერიოზულად ვუდგებით მხატვრული ტექსტების აღქმას, ვიღებთ ლიტმცოდნეობის ამ მეცნიერულ მიგნებებს, ხოლო თუ არ გვინდა, არავინ გვაიძულებს არამცთუ მეცნიერული აზრის მოსმენას, არამედ წერა-კითხვის ცოდნას და საერთოდ წიგნის წაკითხვასაც კი.
იდეის სწორად ამოცნობას თავისი მეთოდოლოგია აქვს. ცხადია, სასურველი და საინტერესოა განსხვავებული მიდგომები, ინვარიანტული წაკითხვები, მაგრამ გაუგებარი და მიუღებელია მხატვრული ტექსტის იდეის აბსურდამდე დაყვანა. მკვლევრები ამბობენ, რომ დასაბამიდან დღემდე მსოფლიო მწერლობის ნარატიულ ტექსტებში სულ 20-25 თემა შეიძლება განვითარდეს და რომ მწერლები სულ ერთსადაიმავე თემებს ატრიალებენ ახლებური გადაწყვეტით, რომ ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, ნოვატორულად სულშთაბერილი. თუ თემების ოდენობა ასე შეზღუდულია, ხომ არ იქნება უსასრულო ამ თემებიდან ამოზრდილი იდეების დეფინიციები? ზოგჯერ იდეა ისე მკვეთრია, ისე ნათელი, რომ მისი ჩანაცვლება თითიდან გამოწოვილი, ეპატაჟური, ფსევდონოვატორული რაკურსებით სრულიად უადგილოა. მაგალითად, როცა ილია ჭავჭავაძის ტექსტებს ვკითხულობთ, რანაირად შეიძლება, რომ ისინი ეპოქის კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური ორიენტირებისგან მოწყვეტით განვიხილოთ? ამასწინათ ფეისბუქზე ვკამათობდით, თანაუგრძნობდა თუ არა ილია თავის გმირს, ლუარსაბ თათქარიძეს და იკითხება თუ არა ტექსტში გმირისადმი ავტორის სიყვარული. დადებითი პასუხი ამ კითხვაზე, რა მოსაზრებასაც ჩემი ოპონენტები ავითარებდნენ, სრული აბსურდი მგონია. ეს ყველაფერი მარტივი არგუმენტებით მტკიცდება: მოთხრობის სათაური „კაცია-ადამიანი?!“ რომელიც ილიამ „ვეფხისტყაოსნიდან“ ისესხა (ავთანდილის სიტყვების პერიფრაზი, როცა გმირი უცხოს ხილვით შეშინებულ ასმათს ამშვიდებს გამოქვაბულთან: „ნუ გეშის, სულე, რამც გიყავ, კაცი ვარ, ადამიანი“…), ცხადია, რომ ლუარსაბის სახე ჩაფიქრებულია, როგორც ავთანდილის, ქართველთა რჩეული გმირის პაროდია, სხვაგვარად მწერალი პოემის ალუზიას არ დაეყრდნობოდა. კითხვა კაცია-ადამიანი?! ქვეტექსტში უთუოდ გულისმობს, რომ ეს გმირი არც კაცია, არც ადამიანი, რასაც ადასტურებს ტექსტში მისი ყოველმხრივი გამიჯვნა ადამიანურობის არსისა და მისიისგან. აკი ილიაც შენიშნავს, რომ ის კერძო პირებზე კი არა, საზოგადო ჭირზე წერს, რითაც ცხადი ხდება, რომ გმირი არის სახე-სიმბოლო ქართველი თავადობის მანკიერებებისა. რანაირად შეიძლება მანკიერებების კრებითი სახის შეყვარება? არსად, ტექსტის არცერთ მონაკვეთში, არ იძებნება ილიას ლუარსაბისადმი თანაგრძნობის გამომხატველი არცერთი ფრაზა და სიტყვა… ავტორი დაუნანებლად კლავს თათქარიძეებს, როგორც უსარგებლო ნივთებს… „აქიმმა დედაკაცმა… დარეჯანს ფეხები გააჭიმინა“, „ლუარსაბი… ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა“…
რამდენიმე წლის წინ რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში დადგა „კაცია-ადამიანი?!“ მახსენდება ტელეეთერში შემოქმედებითი ჯგუფის შეფასებები. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ამტკიცებდნენ, რომ ლუარსაბი სულაც არ არის უარყოფითი გმირი, დარდიმანდი ქართველია, ზანტი და ჭამა-სმის მოყვარული და რომ თუკი დონ კიხოტსა და სანჩო პანსას ესპანელები ეთაყვანებიან და ძეგლებს უდგამენ, ჩვენშიც უნდა დაიდგას ლუარსაბის ძეგლი, რომ ლუარსაბს არაფერი დაუშავებია, არავინ მოუკლავს, არ უმრუშია და ა.შ. საერთოდ გაუგებარი და საღ აზრს აცდენილი რიტორიკაა. თათქარიძეები მკვეთრად განსხვავდებიან სერვანტესის გროტესკული გმირებისგან. დონ კიხოტი სამყაროს მოუწყობლობით გაგიჟებულ მესია-გმირად წარმომიდგენია, ხოლო ლუარსაბის ღირსებად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, თუ მას არ უმრუშია ან კაცი არ მოუკლავს. არასდროს არავის კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილში აზრად არ მოსვლია, ადამიანის ღირსებად ჩაეთვალა ის, რომ არ იპარავს, არ მრუშობს ან კაცთა კვლაში არა აქვს ხელი გასვრილი.
როცა ზემომოხმობილი არგუმენტები გავუზიარე ოპონენტს, პასუხად მივიღე, რომ არავის აქვს უფლება, დაიჩემოს, რა თვალსაზრისს ეყრდნობოდა ავტორი. ესეც მცდარი აზრი მგონია, რადგან თუ ჩვენ ავტორის მსოფლაღქმაზე, გემოვნებაზე, იდეებზე, აქცენტებზე ჩვენი თვალსაზრისის ჩამოყალიბება არ შეგვიძლია არგუმენტირებულად, გამოდის, რომ გაგება და ანალიზი მისი შემოქმედებისა არ შეგვძლებია. ცხადია, არავინაა უფლებამოსილი დაიჟინოს, რომ მისეული შეფასება უცდომელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ თუკი იდეის ამოცნობა ლოგიკურ მსჯელობებს ეფუძნება, ის მისაღები და გასაზიარებელია. ახალ თაობებსაც ვერანაირად ვერ ვასწავლით ანალიტიკურ აზროვნებას, თუკი ტექსტებში ამგვარ ჩაღრმავებებს არ შევაჩვევთ.
რაც შეეხება ეპოქის პარადიგმებს, ყველა ეპოქას ხომ თავისი ესთეტიკა და მსოფლხედვა აქვს? რანაირად შეიძლება, რომ „ვეფხისტყაოსნის“, შუა საუკუნეების რაინდული ეპოსის, გმირის ქმედება ან ფრაზები შეაფასო 21-ე საუკუნის ადამიანის თვალთახედვით? თუკი იმ ეპოქის აზროვნებისგან მოწყვეტით აღვიქვამ იმ გმირს, ალბათ კომიკურ სახეს მიიღებს ჩვენ მიერ წაკითხული პორტრეტი, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ კომიკური იყოს რაინდის ცრემლთა ღვრა ან გადაჭარბებული მკლავმაგრობის აღწერა, გარეგნობის, სიმდიდრის, საგმირო და სამიჯნურო ამბების ჰიპერბოლიზებას სიუჟეტში თავისი ფუნქცია, მნიშვნელობა, ქვეტექსტები, ალეგორიები და დატვირთვა აქვს. საერთოდ გაუგებარია, მეხუთე საუკუნის მარტვილი ქალის თვალთახედვის 21-ე საუკუნის სააზროვნო კრიტერიუმებით შეფასება. მაგალითად, „შუშანიკის წამებაში“ მარტვილის მიერ საკუთარი შვილების უარყოფას ზოგჯერ გმირის კომპრომეტაციისთვის იყენებენ, რაც აბსურდის თეატრის ნაწილია. ტრადიციული სარწმუნოების დასაცავად თავგანწირული ბრძოლის გზაზე დედოფალ შუშანიკის გვერდით დადგა მთელი ჰერეთი, თვით ჯოჯიკის ოჯახიც განუდგა ვარსქენს. შუშანიკის შვილებმა განსაცდელში მიატოვეს დედა, თავადვე რცხვენოდათ გამაზდეანების შემდეგ მასთან მისვლის, ხოლო შუშანიკმა ისინი გამოიტირა და ისევე დამარხა დედობა, როგორც საკუთარი თავი, დედოფლობა, სიყვარული… შუშანიკს რომ თავისი მოგვი შვილებისთის შეენდო, ის ჰერეთელებისთვის წმინდა და ნეტარი დედოფალი ვერ იქნებოდა. თანაც ფრაზა „სახელიცა მათი სძაგდა სმენად“ არ გულისხმობს, რომ შუშანიკმა შეიძულა შვილები. ამ ფრაზას მრავალმხრივი სემანტიკა აქვს და გულისხმობს, რომ მოცემულ სიტუაციაში მას სხვაგვარად მოქცევის უფლება არ აქვს, ის სიკვდილისთვის ემზადება („უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“)… ვისაც ქრისტესადმი რწმენა აქვს, დამოკიდებულება წმინდანისადმი ისედაც ნათელია, ხოლო სულაც რომ ათეისტის თვალთახედვით შევხედოთ, ვერ უარვყოფთ, რომ ქრსიტიანულმა რელიგიამ და მის დასაცავად თავგანწირულმა მარტვილებმა ქართულ სულიერებას, კულტურას, განათლებას უდიდესი ამაგი დასდეს.
უდავოა, რომ ყველას აქვს თავისუფალი თვითგამოხატვის უფლება და შეუძლია მხატვრული ტექსტები წაიკითხოს, როგორც თავად სურს, ვერავინ ვერასდროს შეზღუდავს ამ უფლებას, მაგრამ… რა ვუყოთ პატრიოტულ მოტივაციებს? ამდენი საუკუნის წინანდელი ტექსტი, როგორც ძეგლი, როგორც ეროვნული სიამაყე, რომელსაც მსოფლიო ცივილიზებული ერების სათავეებთან მივყავართ, არ უნდა იქცეს უსაგნო კრიტიკის, ასოკირკიტობის, ვიღაცის ფსევდოორიგინალობის ვნებების გამო მისი მნიშვნელობის დაკნინების საგნად. კლასიკური ტექსტი არის ფასეულობა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, ის მოდიდან არასდროს გადადის, არ ხუნდება, ფერებს არ კარგავს… თუკი ახალ თაობებს არ ვასწავლით ჩვენი ეროვნული საგანძურისადმი პატივისცემას, ეს ყოველივე ბუმერანგის ეფექტით დაგვიბრუნდება…
მასწავლებლის როლი ტექსტების გაგებისა და ანალიზის გზაზე უმნიშვნელოვანესია. მასწავლებელი უნდა იყოს ავტორიტეტული მოდერატორი, მიმართულების მიმცემი, რომ ქართული მწერლობის რელსებზე ისე ისრიალონ მკითხველებმა, არც მატარებელი გადაყირავდეს, არც მგზავრი გადმოვარდეს ვაგონიდან და არც საუკუნეების მანძილზე ხელისხელ საგოგმანები ტექსტი იქცეს საეჭვო შეფასებების ობიექტად.
მილენიალებს რაც შეეხებათ… თაობები უწყვეტად იცვლებიან, მილენიალების შემდეგ უკვე Generation Z გვიახლოვდება თავისი მკვეთრად განსხვავებული ღირებულებებითა და იდენტობებით, მაგრამ მტკიცედ მჯერა და მწამს, რამდენი თაობაც არ უნდა მოვიდეს, კლასიკურ მწერლობას ყველა წაიკითხავს, მართალია, ცოტა გაიგებს, როგორც აქამდე იყო, თუმცა მისი დაგემოვნება, მის ამაღლებულ იდეებთან თანაზიარობა მაინც ყოველ ახალ თაობას მოუნდება…
მშობლები, ოქროს ხანა და პროფესიის არჩევა
როგორც ამბობენ, სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, რომანტიკული ელფერით შეზავებული წლები. თუმცა ჩემს შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა. ის ოთხი წელი, რომელიც სწავლას მოვანდომე, შეიძლება ყველაზე ჯოჯოხეთური არ იყო, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველი უთუოდ იყო ჩემთვის.
თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა სოხუმის უნივერსიტეტში ექსტერნად ჩავაბარე. ეს საკმაოდ პატარა ასაკია საიმისოდ, რომ თვითონ აირჩიო, სად გინდა ჩაბარება და, რაც მთავარია, კონსერვატორულად და პრაგმატულად მოაზროვნე მშობლებთან შენი გაიტანო. მე ვიცოდი, სადაც მინდოდა ჩაბარება: ეს იყო სამხატვრო აკადემია. მთელი ბავშვობა ვხატავდი და ვაქანდაკებდი. სველი მერგელით (არის ასეთი დანალექი ქანი) ვძერწავდი და საიზოლაციო პენოპლასტიდან სამართებლით პატარა ფიგურებს ვთლიდი. მერგელი გამოშრობის შემდეგ იბზარება და იშლება, ამიტომ დღემდე მხოლოდ პენოპლასტის ფიგურები შემომრჩა.
თბილისში რომ გადმოვედით, ჯერ ბიძაჩემთან, შემდეგ კი დეიდაჩემთან ვცხოვრობდით, სანამ ჯიქიას ქუჩაზე, დევნილების კორპუსში ვიყიდდით ბინას, უფრო სწორად, მონიშნულ ფართს, რომელსაც მეზობლებისგან გამყოფი ტიხრებიც არ ჰქონდა. ორ სადარბაზოიან კორპუსში წყალი და კანალიზაცია მარტო ერთ სადარბაზოში იყო გაყვანილი. ორი თუ სამი ოჯახი შვიდსართულიანი სახლის სწორედ ამ მხარეს ვცხოვრობდით.
მე ხატვას და ძერწვას აქაც ვაგრძელებდი, მაგრამ უჩუმრად: მშობლების მოთხოვნით იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა. როცა დროს მოვიხელთებდი, მოვისვროდი სამართლის წიგნს და საყვარელ საქმეს ვუბრუნდებოდი. ბევრჯერ დავუჭერივართ ფაქტზე და ბევრი დავიდარაბაც მოჰყოლია ამ ამბავს.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ იურიდიულზე საბუთების შეტანა დამაგვიანდა. იქვე მირჩიეს, საბუთები პოლიტოლოგიაზე შემეტანა, რომელიც ახალგახსნილი იყო და სტუდენტების პირველ ნაკადს იღებდა. ჩემთვის სულერთი იყო, სად ჩავაბარებდი და ასეც მოვიქეცი. ოცდაათი სტუდენტი იყო მისაღები, ჩვენ კი მხოლოდ ოცდაორი ვიყავით. ამიტომ მხოლოდ ისტორიის გამოცდა ჩაგვაბარებინეს და ყველა ჩაგვრიცხეს.
მერე სოფელში წავედი სექტემბრამდე. მეზობლები მოდიოდნენ და მილოცავდნენ, როგორც ხდება ხოლმე. მე კი ეს ყველაფერი საერთოდ არ მაინტერესებდა. ისევ ვხატავდი და ვძერწავდი, მაგრამ ამჯერად არავინ მეჩხუბებოდა: უკვე სტუდენტი ვიყავი. სექტემბერში დაიწყო მოსაწყენი ოთხწლიანი პერიოდი. იქაური არაფერი არ მაინტერესებდა, ოთხი წლის განმავლობაში ყველა ჯგუფელის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, თუმცა რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე.
როცა სოფელში ვცხოვრობდი, სკოლამდე ექვსი კილომეტრის ფეხით გავლა მიწევდა. თითქმის არასდროს ვიგვიანებდი, აქ კი ყურის ძირში მქონდა უნივერსიტეტი და პირველ ლექციაზე არასდროს ვყოფილვარ. ვცდილობდი არ დამეგვიანა, მაგრამ ათ საათს ორი წუთიც რომ გადაცდებოდა, კარისკაცი ცოცხალი თავით არ აგიშვებდა ზევით, ამიტომ ისევ სახლში ვბრუნდებოდი. აივნის შეღებული კარიდან ზარის ხმას რომ გავიგონებდი, აივანზე გავიდოდი და უნივერსიტეტს გავხედავდი, ჩემს აუდიტორიაში აშლილ ჯგუფელებს რომ დავინახავდი, ისევ მივდიოდი.
თავიდან, მშობლებისადმი პროტესტის ნიშნად გადავწყვიტე, რომ არცერთი საგანი არ მესწავლა, მაგრამ ერთი-ორჯერ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და გადავიფიქრე. იყო საგნები, რომლებიც მაინტერესებდა და სემინარებზე ვაქტიურობდი. იყო საგნები, რომლებსაც დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გვასწავლიდნენ. ძირითადად მაღალი ნიშნები მყავდა. ერთი ლექტორი, რომელიც სიმკაცრითა და სტუდენტების ჩატოვებით იყო განთქმული, ჯგუფში ხუთიანს მხოლოდ მე და ჩემს ძმაკაცს გვიწერდა.
ლექციებზე კარიკატურების ხატვით და იუმორისტული ლექსების წერით ვერთობოდი. ეს ერთადერთი შვება იყო. ჩემს ძმაკაცს მგონი დღემდე აქვს შენახული მაშინდელი ჩემი ნახატები და ნაწერები.
რამდენიმე ლექტორთან ვძმაკაცობდი კიდეც, ყოველ პარასკევს ფეხბურთს ვთამაშობდით ლუდზე. თორმეტი წელი გავიდა, რაც სწავლა დავამთავრე, და სოხუმის უნივერსიტეტის წინ, როცა ავტობუსს ველოდები ხოლმე, ზოგიერთ ჩემს ყოფილ ლექტორს ახლაც ვახსოვარ და დიდი ამბით მესალმება.
ამასობაში თანდათან ხატვის სურვილი დავკარგე. ესეც ალბათ ერთგვარი ქვეცნობიერი პროტესტი იყო იმის გამო, რომ მთელი ოთხი წელი ის მაკეთებინეს, რაც არ მინდოდა, ან შეიძლება ხატვის მიმართ სათანადო ვნება არ აღმომაჩნდა, თუმცა მერჩივნა ამას თვითონ მივმხვდარიყავი.
ჩემს მშობლებს, ცხადია, კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ და მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ერთ რამეში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: ჩემს შვილს პროფესიის არჩევაში ხელს არაფრის დიდებით არ შევუშლი, რომ წლების შემდეგ მანაც ასეთი სევდიანი ბლოგი არ დაწეროს.
როგორ მოგზაურობენ სტუდენტები
საკუთარი ფულით მოგზაურობა, ალბათ, ყველაზე რთულია, როცა სტუდენტი ხარ. თუ დამოუკიდებლად ცხოვრება გსურს, მთელი დანაზოგი, რასაც ნახევარგანაკვეთიანი სამსახურიდან იღებ, ყოველდღიური საჭიროებებისთვის უნდა გადაიხადო. ცხადია, გამონაკლისები არსებობენ, თუმცა, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მაინც ზემოხსენებული მდგომარეობაა. ამ წერილში გიამბობთ 23 წლის სტუდენტი გოგონას, ემი ჰეუჩის შესახებ, რომელსაც სწავლასთან ერთად, ძალიან უნდოდა ემოგზაურა, რაც შესანიშნავად გამოუვიდა. მის შესახებ ბრიტანული გამოცემა theguardian გვიამბობს, რომელსაც ამ ისტორიით სხვა სტუდენტების წახალისება სურს. მათი, ვინც ისევე ოცნებობს მოგზაურობაზე, როგორც ემი ოცნებობდა.
- ამჟამად მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული ვარ და ჩემს მშობლებთან ერთად ღენტში ვცხოვრობ. ასეთ ცხოვრებაზე დიდად არ ვოცნებობდი, თუმცა ხანდახან, იმისთვის, რომ რაღაც სასურველი მივიღოთ, ბევრ რამესთან გვიწევს შეგუება. ჩემი თანატოლების ზოგიერთი მშობლებისგან განსხვავებით, ჩემები ძალიან გულუხვები არიან. ისინი საცხოვრებელი ოთახის ქირას არ მახდევინებენ. დედაჩემი „ბუმერანგ გოგონას” მეძახის. სანამ სამოგზაუროდ წავიდოდი, ლონდონში ვცხოვრობდი. იქ სასწავლებლად წავედი, სადაც პირველად შევიგრძენი დამოუკიდებლობის გემო.
ლონდონში ცხოვრების დროს სამსახური მარტივად ვიშოვე. ერთი აუქციონერის პერსონალური ასისტენტი გავხდი, ვისთვისაც დღის მეორე ნახევარში ვმუშაობდი. ჩემი მოვალეობა გასაყიდი ნივთების აღრიცხვა და აუქციონის ორგანიზება იყო. როცა დამოუკიდებლად ფულის გამომუშავება დავიწყე, მივხვდი, რომ ხელმომჭირნე გავხდი. მაგალითად, გამოვიცვალე მატარებელი, უფრო ნელი მატარებლით ვმგზავრობდი და სამაგიეროდ, თვეში 250 ფუნტს ვზოგავდი. უარი ვთქვი გარეთ სადილობაზე. პროდუქტებს სუპერმარკეტში, გაცილებით იაფად ვყიდულობდი და სადილი კონტეინერებით სახლიდან დამქონდა. ლონდონში ავტობუსი მეტროზე იაფია. ამიტომ, ავტობუსში გადავინაცვლე.
ნიუქასლის უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე რომ ჩამებარებინა, სტუდენტური სესხის აღება მომიხდა. სესხის თანხა 42,000 ფუნტს შეადგენდა. ამხელა ვალს რომ ვიღებდი, გაცნობიერებული მქონდა, მისი უკან დაბრუნება მომიწევდა. ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ ეს თანხა არანორმალურად დიდი იყო ჩემი ყოველდღიური შემოსავლისთვის. თუმცა, რისკი ჩემს განათლებად ღირდა. ბანკთან კონტრაქტი ისე შევადგინე, რომ ყოველთვიურად ძალიან ცოტას ვიხდიდი. ეს ნიშნავდა, რომ სესხის გადახდა მრავალი წლის მანძილზე მომიწევდა, თუმცა ნაკლები სტრესი მექნებოდა. თანაც, ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანია დიპლომის მოპოვება.
თავდაპირველად ფულს სახლისთვის ვაგროვებდი. ნახევარგანაკვეთიანი სამსახურებით წელიწადში 20,000 ფუნტის გადანახვა შემეძლო და მოგზაურობაზე ისე ვოცნებობდი, იმის წარმოდგენაც კი მიჭირდა, რომ ამ ოცნებას ასე ახლო მომავალში ავიხდენდი. ჩემი გათვლებით, სამოგზაუროდ წასვლას შვიდ წელიწადში შევძლებდი, თუმცა ამ დროისთვის, ლონდონში ბინის ყიდვის ფული მაინც არ მექნებოდა. ამიტომ, სადმე, უფრო ხელმისაწვდომი ადგილი უნდა შემერჩია. არ მიფიქრია, რომ ეს წარმოუდგენელი იყო.
იმ ზაფხულს ნიუქასლიდან შინ დავბრუნდი და შემდეგ, საზაფხულო სამუშაო უიმბლდონზე დავიწყე. მათი რეგულაციების გამო, იმ ზაფხულს მართლა ბევრი ფული ვიშოვე. ორ კვირაში დაახლოებით 1500 ფუნტი გამოვიმუშავე და გადავინახე. ამის შემდეგ, ოთხი თვე ვმუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში ტურების დასაგეგმად, სადაც კვირაში 100 ფუნტს მიხდიდნენ. ეს ფული თითქმის არაფერში მყოფნიდა. ვერაფერი დავზოგე.
შემდეგ ზამთარი დადგა და მე, თხილამურებზე სრიალზე გაგიჟებულმა, გადავწყვიტე უიმბლდონზე მუშაობისას დაზოგილი ფულით საფრანგეთში წავსულიყავი და მესრიალა. მოგზაურობა ძვირი ჯდებოდა. ფრენისა და ცხოვრების გარდა, აღჭურვილობის, დაზღვევის, საბაგიროს გამოყენების ხარჯები უნდა გადამეხადა და ბევრი სხვა წვრილმანი დანახარჯიც უნდა დამეფარა. ამ მოგზაურობამ ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, სამართლიანად და წარმატებით. მას შემდეგ ერთი წლის განმავლობაში Savills-ში ვმუშაობდი, სადაც 22,500 გამოვიმუშავე და 8.000 ფუნტი შევინახე. ვიცი, რომ ამ დანაზოგითაც ვიმოგზაურებ. ამჟამად ისევ სტუდენტი ვარ, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ სამოგზაუროდ ფული შევაგროვო. თუ ბევრი დრო არ მაქვს, მეზობლების ძაღლს ვასეირნებ, რისთვისაც საათში 10 ფუნტს მიხდიან.
რაც შეეხება სახლის ყიდვას, მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, რომ საწყის ეტაპზე ერთად ვიქირავებთ ბინას, რაც კომუნალური გადასახადების ჩათვლით 850 ფუნტი ღირს. ამ ფულს შუაზე გავიყოფთ და უფრო მარტივად შევძლებთ მოგზაურობისთვის ფულის დაზოგვას.
კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ კომპანიამ, სადაც ამჟამად ვმუშაობ, გადაწყვიტა, რომ სამაგისტრო სწავლა დამიფინანსოს, რაც ძალიან მაბედნიერებს.
ევროკავშირის მოდელირება – 2018
ევროკავშირის თემა გრძელდება…
მინდა, შემოგთავაზოთ პროექტი „ევროკავშირის მოდელირება-2018“, რომელიც ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და ჩავატარე.
პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი ემსახურება ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციას.
პროექტის მიზანი:
- მოსწავლეებმა იმუშაონ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე;
- განუვითარდეთ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- დააფიქსირონ საკუთარი აზრი და დაიცვან თავიანთი პოზიცია;
- ისწავლონ და პრაქტიკაში დანერგონ გუნდური მუშაობის პრინციპები;
- გაიღრმაონ ლიდერული უნარ-ჩვევები;
- დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას;
- გაეცნონ ევროკავშირის ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ, პრობლემურ, გლობალურ საკითხებს.
შედეგები:
- მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევისა და მაღალი სააზროვნო უნარები, პრეზენტაციის და თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევები.
- მოსწავლეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევებს.
- გაეცნობიან ევროკავშირის ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ პრობლემურ, გლობალურ საკითხებს.
- ჩამოუყალიბდებათ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, რაც დაეხმარებათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებაში.
- განუვითარდებათ სოციალური უნარები. გააცნობიერებენ ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას, ერთობლივად გადაჭრიან პრობლემებს, იმუშავებენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
პროექტის მნიშვნელობა
საქართველო დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს ევროპა და ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა და თემმა გაიგონ და გაიაზრონ ევროპა-საქართველოს ურთიერთობათა მნიშვნელობა, ევროკავშირის როლი საქართველოს დემოკრატიული პრინციპებით მოწყობაში. ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება არა მარტო მოსწავლეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, რომელიც ნაკლებად არის ინფორმირებული. პროექტი მათ შეუქმნის მეტად პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროპისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობების მიმართ.
ბავშვებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის, თანამშრომლობითი მუშაობის, დებატების, ამა თუ იმ პრობლემის შესახებ პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები. გაიზრდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ეს ყველაფერი მომავალში როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებსაც სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. შინაარსობრივად ისეთი თემების შერჩევაში, რომლებიც მომავალშიც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე, კერძოდ, იმ დემოკრატიული პრინციპების უკეთ გააზრებაზე, რომლებიც ასე აუცილებელია დღეს ქართული საზოგადოებისთვის, რათა ის გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და პარტნიორი.
პროექტის აღწერა და განხოციელება
- პროექტის დაგეგმვა და ვადების განსაზღვრა – იანვარი
- კვლევა – თებერვალი
- „ევროკავშირის მოდელირება-2018“-ის დაგეგმვა, სამუშაოს განაწილება სკოლებსა და კლასებს შორის – მარტი
შეიკრიბა საორგანიზაციო საბჭო (10 მოსწავლე). ინტერნეტში შეიქმნა დელეგატთა სარეგისტრაციო გვერდი. განაცხადი დელეგატის პოზიციაზე – https://docs.google.com/forms/d/1QY2TTG6x7m3Tjo3hfWcHNVtUbAxVaDBOXnrNpiH1yU/edit
დელეგატები 4 კომიტეტში (სამუშაო ჯგუფში) განაწილდნენ. თითოეულ კომიტეტში 13 -15 მოსწავლე გაერთიანდა:
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თემა – მიგრაცია;
- უშიშროების კომიტეტი – ტერორიზმი;
- სამოქალაქო უფლებებისა და მართლმსაჯულების კომიტეტი – ლოიალური კანონმდებლობა და კრიმინალთან ბრძოლის ხერხები;
- ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი – ქალთა სოციალური და პოლიტიკური დისკრიმინაცია.
სოციალურ ქსელში შევქმენით სამუშაო ჯგუფები.
„ევროკავშირის მოდელირება-2018“ გაიმართა შაბათს და კვირას.
მოსწავლეებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს კომიტეტებში, სადაც გაეცნენ ევროკავშირის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში.
თითოეულმა მონაწილემ მიიღო ქვეყნის დელეგატის სტატუსი და კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საკუთარი ქვეყნის პოზიცია (პოზიციის ფურცელი) მოცემული თემის მიმართ. განხილვებისა და დისკუსიის შედეგად კომიტეტმა შეიმუშავა რეზოლუცია.
პარალელურ რეჟიმში გარე ორგანიზატორებმა ევროკავშირის მოდელირების დელეგატებისგან აიღეს ინტერვიუ.
პროექტის დასასრულს თითოეულმა კომიტეტმა გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა შემუშავებული რეზოლუცია. გაიმართა დებატები და კითხვა-პასუხი კომიტეტებს შორის. თითოეული დელეგატის მოსაზრების გათვალისწინებით გადაწყდა რეზოლუციის დამტკიცების საკითხი.
პროექტის მასალა იხილეთ ბლოგზე: ევროკავშირის მოდელირება 2018 https://evrokavsiri.blogspot.com/
პროექტში ჩართული იყო 58 მოსწავლე, ძირითადად – VIII-XII კლასის მოსწავლები.
ეს კი პროექტის ორგანიზატორის გვანცა ცერიაშვილის ჩანაწერია:
„სკოლის პირველ სართულზე, დერეფანში, ბავშვები ნერვიულად დადიოდნენ, დაძაბულად საუბრობდნენ, დიდი ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით აკვირდებოდნენ ვითარებას, ყოველი მათგანის თვალებში დაძაბულობასთან ერთად ამოიკითხავდით ინტერესსა და მოუთმენლობას.
ბავშვებმა გაიარეს რეგისტრაცია და თავიანთ ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრნენ გახსნის ცერემონიას. დაახლოებით ნახევარ საათში დელეგატები უკვე ისხდნენ კომიტეტებისთვის განკუთვნილ ოთახებში. მათ ელოდათ დიდი, დატვირთული და, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ნაყოფიერი დღე.
პირველ რიგში, დელეგატებმა წარუდგინეს საკუთარი თავი სხვებს, გაიცნეს „კოლეგები“, მერე კი აქტიურად შეუდგნენ პოზიციის ფურცლების კითხვას. ჩანდა, რაოდენ დიდი შრომა იყო ჩადებული თითოეულ დოკუმენტში. ყოველი კომიტეტი მუშაობდა ერთობლივად, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მეტად თბილი და მეგობრული გარემო იყო.
სამსაათიანი შრომით გადაღლილი დელეგატები შესვენებაზე ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ყველას სასიხარულოდ, შთაბეჭდილებები მეტად დადებითი იყო.
დღის ბოლომდე ყოველი კომიტეტი დაუღალავად შრომობდა. შრომას თამაშები ენაცვლებოდა, რამაც ხელი შეუწყო დაძაბული ვითარების განმუხტვას. დიდი ხალისით ასრულებდნენ დავალებულ სამუშაოს ორგანიზატორები და ხელმძღვანელებიც; ყველა ერთ დიდ, სიყვარულით სავსე ოჯახად ვიქეცით.
პირველი სამუშაო დღე 5 საათზე დასრულდა, ზოგი კომიტეტი იძულებული გახდა, გარემო შეეცვალა და სხვაგან გაეგრძელებინა მუშაობა. მეტად სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მათ ესოდენ დატვირთული დღის შემდეგ უსიტყვოდ გააგრძელეს მუშაობა.
დადგა 1–ლი აპრილი, გენერალური ასამბლეა, დღე, როდესაც გამომჟღავნდებოდა წინა დღის შედეგი და წარმატება. როგორც მოსალოდელი იყო, დელეგატები, ხელმძღვანელები და ორგანიზატორებიც კი მეტად დაძაბულნი იყვნენ, ყოველი კომიტეტი ელოდებოდა თავისი რეზოლუციის წარდგენას, დამეთანხმებით, ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარი შრომის ნაყოფის დანახვა.
ოთხივე კომიტეტმა გაამართლა მოლოდინი, შედეგი მართლაც რომ ნაყოფიერი იყო. დაისვა უამრავი შეკითხვა, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, გამოიკვეთა უსაზღვრო ცოდნა, გასაოცარი იყო, რა ლოგიკურად უკავშირებდნენ მონაწილეები მოვლენებს ერთმანეთს, რა გასაგებად ხსნიდნენ ყოველ კონცეპტუალურ საკითხს.
დელეგატებს სახეები კმაყოფილებისგან უბრწყინავდათ, არა იმიტომ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია დამტკიცებულ იქნა, არამედ იმიტომ, რომ თითოეულმა დაინახა საკუთარი შესაძლებლობები.
გენერალური ასამბლეის დასრულებას თან სდევდა დელეგატთა დაჯილდოება, თბილი სიტყვები და სიყვარულის გამოხატვა.
ტრიბუნასთან მდგარმა მთავარმა ორგანიზატორმა თითოეული მონაწილე თუ ორგანიზატორი დააჯილდოვა, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით, დაფასებითა და თბილი სიტყვით, თავადაც დაინახა და მიიღო იგივე, რაც გასცა. გამოაცხადეს საუკეთესონი და გამორჩეულნი, დაუვიწყარია მათი ემოცები, მათი გამომეტყველება. ორივე სკოლის მოსწავლეები მზად არიან, სასწავლო წლის ბოლომდე კიდევ ჩაატარონ მოდელირება“.
ფემინისტური კითხვის ქიმია
ფემინიზმის იდეოლოგია ქალთა უფლებების დაცვაა, მიზანი კი – მათი აღიარება. ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომელიც შეეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კონტექსტში.
ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩენილა. თუმცა, მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. მე-18 საუკუნე „განმანათლებლების“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „რაციონალური ადამიანი“ (The man of reason) მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა ყურადღება არ მიაქციეს მაშინდელი მოაზროვნეების – ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯას იმის თაობაზე, რომ ქალები ემოციური ქმნილებები არიან და რომ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად.
საქართველოში კი ისე წავიდა საქმე, რომ ისტორიულ-ტრადიციულად ეს ხელზე საგოგმანებელი ქალი კაცისგან დასაცავი გახდა, რომ მან მას ტყვია არ დაახალოს ან ყელი არ გამოჭრას.
„ჩემო კარგო ქვეყანავ,
დათვალე ყელგამოჭრილი,
ყურმოჭრილი,
მოკლული ცოლები.
დათვალე სისასტიკე
როგორც ამომრჩეველი და
დანაზოგი, საბანკო ანგარიშზე.
უთხარი მრევლს პატრიარქო,
რომ ღმერთს უყვარს ქალი,
თორემ
ჩვენ ვჭამთ სირცხვილს,
როგორც პურს არსობისა
და მშიერს ვტოვებთ სამართალს!“ (ხმამაღლა, ნატო ინგოროყვა).
ეს ლექსი პოეტმა ადრე დაწერა, თუმცა რა სამწუხაროა, რომ კვლავ აქტუალურია.
2014 წელს ერთი პატარა წერილი მეც დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=4099. პრობლემა ქიმიურ მითოლოგიასთან დავაკავშირე (ჰერაკლემაც იგივე გააკეთა და იმიტომ)…
და მართლაც, როგორი საქმეა, აუდიტორიაში სტუდენტების თვალწინ ყოფილი ქმარი დამიზნებით რომ ესვრის ყოფილ ცოლს… თუმცა, აგერ ახლა ყოფილ ცოლებს უკვე შვილებს უკლავენ, „უფრო გამწარების“ მიზნით.
ჩემთვის ყველა ძლიერი ქალი ფემინისტია! ჩემთვის ფემინისტია ის, ვინც თავის მართალ საქმეს დაიცავს, თავის კარგ ოჯახს დაიცავს, კარგ შვილებს გაზრდის და არავის დააჩაგვრინებს. ჩემთვის ფემინისტია ის, ვისაც „არ შეუძლია“, „ძალა არ შესწევს“ და ამ ძალას მაინც საიდანღაც პოულობს.
ჩემთვის ფემინისტი დედაჩემია, რომელიც უაღრესად ახალგაზრდა დაქვრივდა და ყველაფერი ჩემი აღზრდისთვის დადო! არაფერი დაუშურებია, არაფერზე უკან არ დაუხევია, რომ ერთი წესიერი ადამიანი აღეზარდა ქვეყნისთვის. დიახ „აღეზარდა“ და არა „გაეზარდა“, რადგან გაზრდით თავისი პატარა შვილიკოები ჩემს სადარბაზოში მცხოვრებმა ფისუნია „კატუშამაც“ გაზარდა. თუმცა, უკაცრავად აღზარდა კიდეც, რადგან ასწავლა, რომ სართულის დაბინძურება არ შეიძლება და „იმ საქმისთვის“ შესაბამისი ადგილიც მიუჩინა (მხოლოდ „კატუშამ“ რომ იცოდა, ისეთი).
მოკლედ, იმ დღეს მწერალთა სახლში „ფემინისტური კითხვის“ საღამოზე აღმოვჩნდი. არც კი ვიცოდი, ასეთი საღამოები თუ იმართებოდა. შემთხვევით გამიმართლა, გავიგე და წავედი. იმჯერად, პოეტები ნატო ინგოროყვა და დიანა ანფიმიადი საუბრობდნენ. საუბრობდნენ ქალებზე, ლექსებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. იმაზე, თუ როგორ უნდა გამოხატოს პოეტმა თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ პრობლემის მიმართ. ისევ და ისევ გულიდან ამოხეთქილი ნაწერით, სადაც „სტრიქონებს შორის დერეფნებში ჩუმი ნაღმებია, რომლებიც არ იკითხება, მაგრამ მათ უკან გარკვეული პრობლემა დგას“.
წერის დროს გავლენა თუ არსებობსო? ჰმ, წერის დროს კი არა, ყველა საქმეში არსებობს გავლენა, სწორედ ასეთი გავლენები შეგაჭიდებს საქმეს, გაუკეთებელს გაგაკეთებინებს. ავტორმა, რომლის ლექსი წერილის დასაწყისში მოვიშველიე, გაგვანდო, რომ მისთვის ასეთი გავლენა რაინერ მარია რილკესგან აქვს.
დავფიქრდი, ნეტავ იმ ქალებისთვის გავლენა ვინ იყო, რომლებმაც ქიმიაში უზარმაზარი სიტყვა თქვეს და ისინი უდავოდ ფემინისტები იყვნენ, რადგან მიზნისკენ მიმავალ გზაზე უამრავი წინაღობის გადალახვა მოუხდათ.
მათი ათეული ასე გამოიყურება:
10. დოროთი ჰოდკინი – ბიომოლეკულების სტრუქტურის დასადგენად ცილების კრისტალოგრაფია განავითარა. დაჯილდოვდა ნობელის პრემიით
9. როზალინდა ფრანკლინი-ბიოფიზიკოსი, რომელმა რენდგენის სხივების მეშვეობით დნმ-ის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
8. ბარბარე მაკკლინტოკი – ფიზიოლოგიაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. აღმოაჩინა ქრომოსომების პოზიციის შეცვლის უნარის მქონე გენები.
7. მარია გოეპერტ მაიერი – ფიზიკაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. იკვლევდა ატომის ბირთვის სტრუქტურას.
6. ჯეინ გუდალი-იკვლევდა შიმპანზეების ქცევას.
5. გერტდრუდ ელიონი-მედიცინაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. მონაწილეობდა მალარიისა და შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების კვლევაში.
4. ირენ ჟოლიო-კიური – ქიმიაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. იკვლევდა ხელოვნურ რადიოაქტიურობას.
3. ჰედი ლამარი – იკვლევდა ტექნოლოგიებს, რომლებსაც ახლა WIFI-სა და ბლუთუსში იყენებენ.
2. ლიზა მეიტნერი – აღმოაჩინა პროტაქტინიუმი და ბირთვული დაშლა. ელემენტი მეიტნერიუმი (Mt 109) მის სახელს ატარებს.
1. მარია სკლოდოვსკა-კიური – ქიმიაში და ფიზიკაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. სწავლობდა რადიოაქტიურ ნივთიერებებს და მისმა კვლევებმა საფუძველი დაუდო ქიმიის და ფიზიკის ახალ დარგებს. მარია სულ მუშაობდა. თუ არ მუშაობდა ფიქრობდა…
უცებ, ფიქრებისგან გამოვერკვიე და კვლავ დარბაზში დავბრუნდი.
აი, სად შეიძლება ეწერებოდეს პოეტს? აი, მართლაც ხომ არ შეიძლება ყველა დროსა და ადგილას მზად იყო წერისთვის? მით უმეტეს, თუ ყოველდღიური რუტინა შენს ენერგიას ითხოვს?
იმ დღეს პოეტმა თქვა, ასეთი ადგილი ჩემი სოფელი მაკვანეთიაო, თუმცა ბოლო დროს მგზავრობის დროსაც მეწერებაო, ალბათ იმიტომ, რომ ფიქრისთვის მეტი დროაო.
მართლაც, მეც შემიმჩნევია მგზავრობის დროს მეტს ფიქრობ… ცხოვრებაზე ფიქრობ, იმაზე რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. ოღონდ ცხოვრებას კანონები აქვს, შენი თავი შენ გაბარია და…
„… აქ ვერავისგან გადაიწერ,
აქ დარდს ვერავის გადააწერ.
აქ უნდა ეცადო
ფრთხილად დააშრო,
სწორხაზოვნად დაჰყვე
უჯრაში ჩაეტიო…
და მაინც
როცა სიტყვები წონასწორობის სასწორზე დგება,
იქით გადაწონის, სადაც შეცდომებია დაშვებული.
გამოცდილია“. (ნატო ინგოროყვა).
ზოგიერთს კი შეცდომის არ ეშინია. შეცდომასაც გააჩნია, მაგრამ იმ დღეს ერთი ვიდეო ვნახე. ლანგარზე მოეთავსებინათ დედის საშოდან გამოშიგნული ჩანასახები. ზოგი დიდი, ზოგიც პატარა. ერთი ფართხალებდა კიდეც. ვიდეო თავდაპირველად დაფარული იყო და ძალიან ვინანე, გაფრთხილების მიუხედავად რომ გავხსენი. მომიტევოს ყველამ, მაგრამ ზოგჯერ შეკითხვები შემომიტევენ ხოლმე: „ღმერთო, ასეთია სამართალი?“. ზოგს შვილი ენატრებოდეს, ზოგს კი უპრობლემოდ ეძლეოდეს და ისე სძაგდეს ის თავისი შვილი, რომ მუცლიდან დაჩქლერთილი, ნაჭერ-ნაჭერ გამოჰქონდეს?
დედობაც ალბათ ნიჭია და ეტყობა, ყველა ვერ შეძლებს… და უსამართლობაც სწორედ ეს არის, რომ ვინც ვერ შეძლებს და მუცლიდან იფატრავს, მას ეძლევა მაინც და მაინც.
ფემინისტური კითხვა დასრულდა. გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო.
ცოტა ფეხით გავლა მომიხდება, ვიფიქრე და მწერალთა სახლიდან ქვემოთ თავისუფლების მოედნისკენ დავეშვი. დღეს ბევრი ემოცია მივიღე. ახლა სახლში მივალ და დავიძინებ.
„…ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ,
სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად
და ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,
რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი….
დე, ძნელია დედობა?“ (ნატო ინგოროყვა).
პრობლემები და ესთეტიკა – კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“ სწავლებისთვის
ქართულმა ქრისტიანულმა ხელოვნებამ არაერთი „ქვის ბიბლია“ (ვიქტორ ჰიუგო) შექმნა, მათ შორის, ბევრი იქცა მწერალთა შთამაგონებლად, მაგრამ ამჯერად სვეტიცხოველს გამოვარჩევთ, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ რომანის „პერსონაჟად“ აქცია. ერთი შეხედვით, პასუხგაუცემელი კითხვა: „რა ხელმა ააგო?“ (გალაკტიონი, „ქებათა ქება ნიკორწმინდას“) კონსტანტინე გამსახურდიას რომანით ერთ მშვენიერ „პასუხად“ იქცა. ამ რომანში მწერალმა გამოიყენა ევროპული თუ ქართული ისტორიული რომანის ტრადიცია, გამოგონილი და ისტორიული მასალის იმგვარი სინთეზი შექმნა, რომელმაც მკითხველი მოთხრობილ ამბავთა „რეალობაში“ დააჯერა. „ოცზე მეტი საუკუნის განმავლობაში არსებითად სამ რამეში ისახელა ქართველმა კაცმა თავი: ომში, მწერლობასა და ხუროთმოძღვრებაში. ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი, მაგრამ არანაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის, ჯვრის, სვეტიცხოველის, წრომის, ბედიას, მარტვილის, თიღვას და გელათის დიდოსტატები. მე ვწუხდი, რომ ასეთი შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე“, – მწერალი ამ სტრიქონებით კარგად გამოხატავს, რამ უბიძგა რომანის შესაქმნელად. მან ნაწარმოებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა:
- ხელოვნების უკვდავების იდეა;
- საქართველოს თავისუფლების იდეა (ისტორია და თანამედროვეობა).
ხელოვნების უკვდავების იდეა მან ხუროთმოძღვარ კონსტანტინე არსაკიძის მხატვრული სახის შექმნით წარმოაჩინა. მას თვალწინ ჰქონდა სვეტიცხოველი, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დიდი რწმენის სიმბოლო, ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი, ამიტომ მიზნად დაისახა, ეჩვენებინა, რა ვითარებაში როგორ და ვის მიერ იქმნება მსგავსი სიდიადის ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურის სახეს წარმოაჩენენ.
ტაძართან დაკავშირებით რა ისტორიული წყაროები გააჩნდა ავტორს?
- ხალხური გადმოცემა (ეპიგრაფად წარუმძღვარა ეს ლექსი რომანს);
- სვეტიცხოვლის კედლის წარწერები და ჩრდილოეთის კედელზე გამოსახული მარჯვენა;
- ეპოქის კონტექსტის შესაქმნელად ქართული, ბიზანტიური და სხვა ისტორიული წყაროები და ქრონიკები;
- ამავე დროს, რა თქმა უნდა, ხელთ ჰქონდა წმინდა ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანების, მის მიერ ხის სვეტიცხოვლის აგების, შემდეგ ვახტანგ გორგასლის მიერ ამავე ადგილას ქვის ეკლესიის აგების ამბები. თუმცა, რომანში ტაძრის მშენებლობის მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნის მოვლენები გააცოცხლა, რადგან ხელოვნება და თავისუფლება ერთმანეთთან დააკავშირა და უპირველესი, ერის სასიცოცხლო იდეალები გამოხატა:
- მეფე გიორგი I იბრძვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის;
- ხუროთმოძღვარი არსაკიძე აშენებს სულიერი თავისუფლების გამომხატველ ძეგლს.
ტაძარზე მარჯვენის გამოსახულება ლეგენდის ამბავს ამტკიცებდა (თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამგვარი გამოსახულებები ერთგვარი ავტოგრაფის ფუნქციას ასრულებდა), დაქარაგმებული წარწერა, რომელშიც ავტორმა არსაკიძე ამოიკითხა (ისტორიკოსები არსუკისძეს ხედავენ) და სახელად კონსტანტინე დაარქვა, ამგვარად, მწერლისეული ალტერ ეგოს დატვირთვა შესძინა.
რომანში ავტორი ქმნის მრავალმხრივ განტოტვილ ამბავს არსაკიძისას, რომელიც მკითხველის თვალწინ იზრდება, როგორც ხელოვანი. ეს ზრდა მიმდინარეობს როგორც საკუთარ თავთან, ასევე, გარემოსა და საზოგადოებასთან ბრძოლასა და წინააღმდეგობაში (გიორგი მეფე, მელქისედეკ კათალიკოსი, შორენა კოლონკელიძე, დედა და სხვ.).
რა ეხმარება არსაკიძეს სულიერ-შემოქმედებით ზრდაში?
- რწმენა იმისა, რომ შექმნის ისეთ ღირებულ ძეგლს, რომელიც უკვდავებას მოუტანს;
- ტაძარი დროს „შეებრძოლება“, საუკუნეებს გაუძლებს;
3) მისი შექმნილი საზოგადოებას გამოადგება.
ეს რომანში შესანიშნავად არის გამოხატული კონცეფციურად და კონკრეტულად შემდეგ ციტატებში: „ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“. „კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება“.
ხელოვნების უკვდავების იდეის წარმოსაჩენად ავტორმა გამოიყენა ბიბლიური იაკობის სახე და მას სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა.
ვინ არის იაკობი? ის არის ისაკისა და რებეკას შვილი, ესავის ტყუპისცალი. ძმასთან კონფლიქტის გამო იძულებული გახდა, გადახვეწილიყო და გზაში გადახდა ისეთი ამბავი, რომელმაც ის სხვათაგან გამოარჩია. მან ნახა საოცარი სიზმარი, იხილა ცამდე მიწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადი-ჩამოდიოდნენ. კიბის თავში კი უფალი იდგა, რომელმაც იაკობი დალოცა და შემწეობა აღუთქვა. ხანგრძლივი განშორებისა და ხიფათების შემდეგ იაკობი შინ დაბრუნდა, გზაზე ისევ სასწაული მოევლინა. ღამით მასთან გამოცხადდა უცხო და დილამდე ეჭიდავა. დილას უცხომ იაკობი აკურთხა, უწოდა ისრაელი – „ღმერთთან მოჭიდავე“ და ხალხის მამამთავრობა აღუთქვა. ამ ბრძოლამ იაკობს თეძო დაუზიანა და დაკოჭლდა. იაკობი იყო კაცი, რომელიც ღმერთს შეებრძოლა.
ბიბლიური სიმბოლიკა მწერალმა რომანის მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად გამოიყენა. ღმერთთან „ჭიდაობა“ გულისხმობს მასთან გატოლების წადილს და უკვდავებასთან ზიარების წყურვილს.
რომანში ბიბლიური იაკობის სახე ორგვარად არის წარმოჩენილი:
- მას ედარება არსაკიძე („იგი ისე ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს“);
- მასთან შედარებულია სვეტიცხოველი („სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“).
არსაკიძეს ამ შერკინებით მწერალი გამოხატავს იმ აზრს, რომ შემოქმედი ცდილობს, შექმნას ისეთი რამ, რაც ღვთის შექმნილს გაუტოლდება და ამგვარად მოიხელთებს უკვდავებას. არსაკიძემ მოიპოვა უკვდავება, როგორც ხელოვანმა, ტაძარმა გაუძლო საუკუნეებს და ისიც მარადისობას ეზიარა.
არსაკიძე ღმერთთან მეტოქეობის გამო დაისაჯა (სურათიც ხომ დახატა – იაკობის შერკინება ღმერთთან. ნახატზე იაკობს თავისი სახე მისცა), მაგრამ ამ მეტოქეობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა ღირებული, ადამიანი ხომ ღმერთს სწორედაც შემოქმედების უნარით ჰგავს და იმ თავისუფლებით, რომელსაც ყველაზე უკეთესად ხელოვნების შექმნის ჟამს შეიგრძნობს.
არსაკიძემ ყველაფერი, მათ შორის, შორენას სიყვარული, შესწირა ხელოვნების საქმეს. მისთვის ტაძარი ქვა კი არა, ცოცხალი არსება იყო, რომელიც ზრდისა და სრულყოფილებისათვის უდიდეს, სხვასთან გაუყოფელ სიყვარულსა და თავგანწირვას ითხოვდა. ამიტომაც ვერ გადაწონა რეალური ქალის სიყვარულმა საბედისწერო სასწორი. ამიტომაც ვერავის მისცა სული არსაკიძემ. რომანის ბოლოს შთამბეჭდავად ხატავს მწერალი ამ მსხვერპლშეწირვას: „დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი“.
ნაწარმოებში ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების ორიგინალურობის იდეაც შესანიშნავად წარმოჩნდება. გიორგი ბერძენი ხუროთმოძღვრების მიერ წარმოდგენილ ტაძრის მაკეტებს დაიწუნებს: „გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე“.
რომანში გიორგი მეფე განასახიერებს ადამიანს, რომლისთვისაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა უპირველესია, ამიტომაც ებრძვის ასე ბიზანტიას. მწერლის განსაკუთრებულმა სიყვარულმა და აღტაცებამ განაპირობა ის, რომ იგი რომანის მთავარ გმირად იქცა. ამ შემთხვევაში, სვეტიცხოვლისა და გიორგის ბედიც რაღაცნაირად ერთმანეთს გადაეჯაჭვა, რადგან სწორედ გიორგის მეფობის დროს აშენდა ის იმ ფორმით, როგორადაც დღემდე მოაღწია, თუმცა მრავალგზის დაინგრა და რესტავრირდა. მწერალი ბოლოსიტყვაობაში წერს: „ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე გიორგი პირველი. სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი, როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს შებმია ეს შესანიშნავი რაინდი. მიყვარდა იგი ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე (აქ იგულისხმება მამა გიორგისა, ბაგრატ III კურაპალატი და ძე გიორგისა, ბაგრატ IV, აგრეთვე კურაპალატი.
ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II, ბულგართამმუსვრელი, რომლის იმპერია განფენილი იყო აპენინის ნახევარკუნძულიდან ბასიანამდის, ბალკანეთის უკიდურესი სამანებიდან არაბეთის უდაბნოს კიდემდის, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი პირველი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო ვაჟკაცს, რომელსაც მატიანე უწოდებს „უშიშოს, ვითარცა უხორცოს“, ქართულ ქორონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი. მე შემძრა ამ უსამართლობამ და ამ მიჩქმალული გმირის აპოლოგიას ვუძღვენი დიდი მდუღარება ჩემი სულისა“.
მწერლის ენობრივი სტრატეგიაც განსხვავებულია და ემყარება მის მიერვე მოსწრებულად ნათქვამს: „წინ, მერჩულისაკენ“, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა იმ დროისთვის (მეოცე საუკუნის 30-იანი წლების სოცრეალიზმის ლიტერატურის) გაღატაკებულ-გაშაბლონებული ენის გამდიდრებას არქაიზმებითა თუ პოეტური ნეოლოგიზმებით. რომანში ენა იმგვარადაა სტილიზებული, რომ, ერთი შეხედვით, ხელოვნურობის იერი დაჰკრავს, განსაკუთრებით, მის სინტაქსს, რომელიც, ამავე დროს, მუსიკალურობას მატებს სტრიქონებს. პოეტური პროზისთვის დამახასიათებელი ლირიზმი, რიტმულობა, მეტაფორულობა, ფერადოვნება ერთგვარი მანერულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მოჩვენებითია და ზუსტად შეესაბამება რომანის რეალისტურ-რომანტიკულ სულისკვეთებას.
როგორც ცნობილია, რომანში შეფარულად გამოხატულია ბიზანტია-რუსეთის იგივეობა. ორივე იმპერია იტაცებდა საქართველოს ტერიტორიას, ქრისტიანული რწმენის სახელით დამოუკიდებლობას ართმევდა, ენას კრძალავდა და იდენტობის გამომხატველ ყოველგვარ მოვლენას ებრძოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილი რომანი, რა თქმა უნდა, შეფარულად გამოხატავდა პროტესტს ამავე რეჟიმის მიმართ, რადგან საქართველოს ერთობა მასთან ძალადობრივი და იძულებითი იყო. ამიტომაც მეფე გიორგი წინააღმდეგია ყოველივე ბიზანტიურისა:
- „ძაღლთაპირს“ უწოდებს ბასილი კეისარს და არ აპირებს მის მორჩილებას: „ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“;
- კეისრის ნაჩუქარი სამეფო მწვანე ეტლით მწევრები დაჰყავს;
- ბერძნული სახელის მქონე მალემსრბოლ ანაქსიმანდრეს სახელს უცვლის და პიპას არქმევს;
- სასახლეში ბერძნულად არ ლაპარაკობს, არც ჩამოსულ სტუმრებთან, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცის;
- იწუნებს ბიზანტიელ ხუროთმოძღვრებს და სხვ.
ბიზანტიონის „სიდამპლეს“ მამამზეს სახლთუხუცესი ტოხაისძეც არაერთი მაგალითით ადასტურებს და ფიქრობს, რომ მეფე გიორგის სისასტიკე სწორედ ბიზანტიაში ასწავლეს.
მიუხედავად ამისა, გრიგოლ რობაქიძემ ცალკეული ეპიზოდის გამო 1939 წ. დაწერილი ეს რომანი მაინც საბჭოთა რეჟიმის პირობებში ერთგვარ `დათმობად~ მიიჩნია. მან დაიწუნა და გაუგონარ მკრეხელობად მიიჩნია გიორგი მეფის მიერ ძელიცხოვლის ხატის მოწამვლის ამბავი. ამგვარად, მისი აზრით, რომანში `1. მეფე `გაბითურებულია~ – რაა ის მეფე, რომელიც მოწინააღმდეგის მოსაცილებლად ასეთ საშინელებას მიმართავს? 2. `გაბითურებულია~ ხატიც – რაა ის სათაყვანო ხატი, რომელსაც ასე ექცევიან და ასე იყენებენ? ბოლშევიკები, რასაკვირველია, გაიხარებენ, როცა რომანის ამ ადგილს წაიკითხავენ, ხოლო ქართველნი? ყოველ ქართველს ეს სცენა ისარივით მოხვდებოდა და მოხვდება გულში“.
რობაქიძის აზრით, შესაძლოა რომელიმე ქართველი მეფე ვერ იდგა თავის მეფურ სიმაღლეზე; ამის მაგალითებსაც ვხედავთ საქართველოს ისტორიაში, ხოლო აქ მალულად, თითქოს სუნთქვით, თითქოს `ხელმწიფების~ იდეაც არის `გაკაწრული~, ის იდეა, რომლითაც გამართულია `ცხოვრება ქართლისა~, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თავი და თავი აქ ხატის შელახვაა. `სვეტიცხოველი~ საკრალური შუაგულია საქართველოს ისტორიისა და მისი ხატი სიმბოლური სახე ამ შუაგულის… მცხეთის გვერდით ეგულებოდათ კარდუს საფლავი; მცხეთაში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული… აქ გამოჭრა წმინდა ნინომ ჯვარი, რომელსაც თავისი თმები მოახვია… მცხეთა უძველესი დედაქალაქი იყო საქართველოსი, მის წიაღში განისვენებენ მეფენი და მთავრები. არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ აქ აგებულ ტაძარს `სვეტიცხოველი~ დაერქვა, გასაგებია ისიც, რომ ქართველთა განცდასა და შეგნებაში ამ სვეტის გარდამქმნელი ძალა `გასაგნდა~, როგორც სასწაულმოქმედი ხატი. და აი, გამსახურდიას რომანში ეს ხატია შეგინებული. რელიგიური კულტი რომ განზე დავტოვოთ, ეს შეგინება ფსიქოლოგიურად მაინც ქეძაფივით მწველია. ეს არის ერთი მოკლე ეპიზოდი რომანში, გარნა ვიცით: ხშირად ერთს წვეთს საწამლავისა შეუძლია მოწამლოს მთელი წყარო. აი, სადამდე მისულა გამსახურდიას `დათმობა… ამ დათმობით `მოწამლა~ მან არა მხოლოდ თავისი წიგნი, არამედ თავისი თავიც. საბჭოეთის ატმოსფეროში რომ არ ეცხოვრა, ამ `დათმობას~ იგი არ დაუშვებდა და ვერც დაუშვებდა~.
გრიგოლ რობაქიძემ წერილში „სულის დაშლა“ მწერლური ოსტატობაც დაუწუნა გამსახურდიას. იგი წერს: „აქ მხოლოდ ჩემს პირველ შთაბეჭდილებას გავაცნობ მკითხველს:
- ეპიურ ნაწარმოებში `მთელი~ ისე უნდა სჩანდეს, როგორც კამარა მოვლებული განფენილი ლანდშაფტი; ამ რომანში კი დეტალები ნთქავენ მთელს.
- ისტორიული რომანი მეცნიერული კვლევა არაა, ცხადია, იქ არყოფილსაც აქვს ადგილი. ხშირად სწორედ ამას, ხოლო არყოფილი ისე უნდა იყოს იქ გადმოცემული, თითქო იგი მართლაც ყოფილიყოს; ეს მოითხოვს დიდს ვიზიონერულ ნიჭს, აუცილებელს გზნებისათვის წასულის `სულიერი ჰავისა~; წარმოსახული, ამ შემთხვევაში არაყოფილი, უნდა იყოს სახიერებული ვითარ ნამდვილი: ესე იგი როგორც ყოფილი. გამსახურდიას რომანში კი მრავალი სცენები `ზღაპრების~ შთაბეჭდილებას სტოვებენ.
- რომანში ყოველი ამბავი ცოცხლად უნდა იყოს თხრობილი, ეს თავისთავად ცხადია. ხოლო იქ, სადაც მოთხრობილია საუკუნეებში გადასული ამბავი, ეს `ცოცხალი თხრობა~, ასე ვთქვათ, შორეთიდან უნდა ჰქროდეს. ესე იგი, ამბის აღქმევისას ერთგვარი `მანძილი~ უნდა იყოს დაცული. აქ კი ხშირად ისეა ამბავი თხრობილი, თითქო იგი გუშინ მომხდარიყოს. ეს სხვათა შორის ზემო მუხლში ნათქვამითაც აიხსნება: თუ ვერ წვდები წარსულს ვიზიონერულად, მაშინ ძალაუნებურად შეგაქვს იქ `ჰავა~ აწმყოსი.
- მეორე ნახევარი რომანის იმპრესიონისტულ-ფელეტონისტურად არის გაშლილი, რის გამოც მოთხრობა ჰკარგავს ეპიურ ნელ განფენილობას, ეგზომ აუცილებელს წარსულის გადმოსაცემად“.
მიუხედავად გრიგოლ რობაქიძის დიდი ავტორიტეტისა, მისი ზოგიერთი შენიშვნა შეიძლება საკამათოდ მივიჩნიოთ, თუმცა ფიქრისა და განსჯის კარგ მიზეზს გვთავაზობს. მკითხველი შეიძლება გააოცოს ერთი მწერლის მიერ მეორის ამგვარმა შეფასებამ, ნაკლზე ხაზგასმამ, მაგრამ თან კრიტიკული აღქმისა და აზროვნებისკენ უნდა უბიძგოს.
ჩრდილების თეატრი- არაჩვეულებრივი სასწავლო რესურსი
საგაკვეთილო პროცესის ვიზუალური წარმოდგენა გაკვეთილის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვაში მეხმარება. მთავარია, გაკვეთილზე გატარებული დრო სახალისო იყოს, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ბავშვს არასდროს დაავიწყდება, ისიამოვნებს და თან გარკვეული უნარ-ჩვევის გააქტიურებასაც შეძლებს.
ასეთი ფიქრის დროს დაიბადა ჩრდილების თეატრის იდეა, რომელსაც ახლა უკვე ხშირად მივმართავთ და სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ: გარკვეული თემის დასრულებისას, პერსონაჟთა ხასიათზე მუშაობისას, ეპიზოდების გასაცოცხლებლად თუ რომელიმე პოეტის ლექსების გასაცნობად.
ჩრდილების თეატრი პირველად უწერის სკოლაში გალაკტიონის დაბადების დღეს დავუკავშირეთ. ნაცრისფერყდიანი ლექსების კრებული გულისხმიერმა უცნობმა გვაჩუქა და ძალიან გვიყვარს. ხის თაროზე ისეთ ადგილას დავაბინავეთ, ოთახში შემოსვლისთანავე თვალში რომ მოგვხვდეს. თეატრისთვის მზადების პროცესი კი ასეთი იყო: ამოვარჩიეთ რამდენიმე ლექსი, ამოვწერეთ ყველა ლირიკული პერსონაჟი და სქელი მუყაოსგან ერთობლივად გამოვჭერით საათი, მთვარე, ყვავილები, ღალღა, ალვები, ვერხვები, ხელები, ატმის ხე, მთები. თითოეულს გამოვაბით სქელი ძაფი, ფანჯრები სახლიდან ჩამოტანილი პლედებით ჩამოვაბნელეთ, სურათის ჩარჩოს ბიაზი გადავაკარით, მოვიმარაგეთ ხელის ფარნები, მაყურებლებისთვის შუაგულ ოთახში გრძელი სკამი დავდგით და სტუმრების მოსვლას დაველოდეთ.
წარმოდგენისთვის მუსიკა დიდხანს ვეძებე. მერე ვახტანგ ჯავახაძის „უცნობში“ ამოვიკითხე, რომ გალაკტიონი შუბერტსა და შუმანს უსმენდა ხოლმე. ამიტომ სწორედ ამ ორი კომპოზიტორის რამდენიმე სონატები შევარჩიეთ.
ლექსები სათითაოდ ამოვბეჭდეთ, ფარნების შუქი ჩარჩოს უკნიდან მივანათეთ. ერთი მოსწავლე ხმამაღლა კითხულობდა ლექსს, ორი მათგანი კი შესაბამის ლირიკულ გმირებს ჩარჩოს უკან ამოძრავებდა. მაყურებელი ხედავდა ჩრდილებს, კლასიკური მუსიკის ფონზე ისმენდა ლექსებს და ყოველივე ამით გალაკტიონის ირეალურ სამყაროს სულ ოდნავ მივუახლოვდით.
„დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს…“ – კითხულობენ, ამ დროს ჩარჩოს უკან თითებზე გამობმული მუყაოს ალვები ჩნდებიან, ნაჭრის აქეთ ჩრდილებად გადაიქცევიან და მაყურებლისთვის ივლისისფერი ყინვის წარმოდგენა თითქოს შესაძლებელი ხდება.
აქვე დავამატებ, რომ ბავშვებმა ლექსების ზეპირად თქმაც სცადეს. ხმამაღალი კითხვით შესაბამისი განწყობა უფრო მეტად იქმნება.
გალაკტიონის დაბადების დღეს ჩრდილების თეატრი ქალაქშიც გავიხსენე. როცა სოფლის სკოლაში იმდენი მოსწავლეა, რამდენიც ქალაქის სკოლის ერთ კლასში, შეიძლება, რომ პროცესის მართვა გართულდეს, თუმცა ორგანიზების სხვადასხვა ფორმის დახმარებით მთელი აქტივობა ორ გაკვეთილში ჩაეტია.
კლასი რამდენიმე ჯგუფად დავყავი, თითოეულს ორი ლექსი შეხვდა და როლები გადავანაწილე: ზოგს ლექსის წაკითხვა ერგო, ზოგს კი პერსონაჟების ჩრდილებად გადაქცევა, შემდეგ კი როლებს ცვლიდნენ. ხმამაღალი ფიქრის მეთოდით ნაბიჯ-ნაბიჯ ვაცნობ, რას და როგორ ვაკეთებ, ვიწყებ პერსონაჟისთვის შესაბამისი ფორმის დახატვას, ვუხსნი, ვაჩვენებ და შემდეგ ბავშვებს ვთხოვ ჩემი წამოწყებული საქმიანობის გაგრძელებას. თავდაპირველად ამბობენ, რომ არ გამოუვათ, რომ ხატვა არ იციან, ასეთ დროს მათი ყურადღების მისაპყრობად და შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. მე კი არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ მათ თვალწინ ტელეფონში ვხსნი საძიებო ველს, ვწერ სასურველი საგნის სახელს, მერე მათთან ერთად ვარჩევ შესაბამის ვარიანტს და სურათის მიხედვით შავ მუყაოზე სილუეტს ვხაზავ. ჩემ შემდეგ მათი ჯერი დგება, თავდაპირველად გაუბედავად იწყებენ ქმედებას, მერე, როცა ხვდებიან, რომ გამოსდით, თამამდებიან, ამ დროს მათი მარტო დატოვების დრო დგება.
გამოჭრილ სილუეტებს ძაფებს ვუმაგრებთ, მაგალითად, ვაჟას სილუეტი ინტერნეტში ნაპოვნ პოეტის ფაფახიან ფოტოსურათს ადვილად მივამსგავსეთ, ხოლო ილიას ჩრდილისთვის მისი ახალგაზრდობის ფოტო დაგვეხმარა, რომელზეც შავი პალტოთი და ცილინდრით არის აღბეჭდილი.
ლექსები წინა დღით სახლში წაიღეს, რათა ხმამაღლა კითხვაში გაწაფულიყვნენ. წარმოდგენისთვის სკოლის კაფე შევარჩიეთ, მოვიწვიეთ სტუმრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დავაგროვეთ.
როგორც მიხვდით, ჩრდილების თეატრისთვის წინასწარ მომზადება აუცილებელია. პირველ რიგში, ოთახის გარემოზე უნდა ვიზრუნოთ. შემდეგ მოვიძიებთ ჩარჩოს, რომელზეც გადავაკრავთ თეთრ ნაჭერს ან კალკის ქაღალდს. სქელი შავი მუყაო, მაკრატელი და ძაფი პერსონაჟთა სილუეტების დასამზადებლად დაგვჭირდება. კომპიუტერსა და ხმის გამაძლიერებლებს მუსიკისთვის მოვამზადებთ – ყოველივე ამას მოვარგებთ შესაბამის თემას და აქტივობებს გაკვეთილის ფაზების მიხედვით ავაწყობთ.
შესაძლოა, თავდაპირველად ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია, განსხვავებული გარემოს შექმნის მცდელობა და ახალი შთაბეჭდილებები, რაც ჩრდილების თეატრს მუდმივად თან ახლავს.
გალაკტიონის მერე მოვაწყვეთ „პერსონაჟების დღე“ ჩრდილების თეატრთან ერთად. „ბიჭი და ძაღლი“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „მწვანეთითება ტისტუ“ – ამ მოთხრობების გმირები გავაცოცხლეთ და პარალელურად ბავშვებმა საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს. ამჯერად მიზნად დავისახეთ ორი სიტყვის – პერსონაჟისა და ეპიზოდის – გააზრება.
ჩრდილების თეატრის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფთან. არაჩვეულებრივი მეთოდია იმპროვიზირებული წარმოდგენებისთვის, რაც ხელს უწყობს ფანტაზიის, ლექსიკური მარაგისა და ზეპირმეტყველების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეები იმდენად იჭრებიან როლში და იმდენად სიამოვნებთ თამაშის პროცესი, რომ თავდაჯერებულობა ემატებათ, რის გამოც სკოლა მათთვის კიდევ უფრო საყვარელი ადგილი ხდება.