შაბათი, ივნისი 14, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

გზა საბავშვო ბაღიდან სკოლამდე

0

„მამულო, შენთვის მოვკვდები,

შენთვის ჩავიცვამ შავსაო,

შენ შემოგწირავ სიცოცხლეს,

შემოგევლები თავსაო“.

თითქმის ერთი თვეა, ჩემი შვილი ბაღის დამამთავრებელი ზეიმის ლექსს ღიღინებს. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც, ამ პატრიოტული ლირიკიდან რა გაიგო და მან გულწრფელად მიპასუხა: – არ მომინდება ჯერ სამშობლოსთვის სიკვდილი, ძალიან პატარა ვარო. ჩვენ გვილაპარაკია სამშობლოზე, ჩვენს ისტორიაზე, გმირებზე, ქვეყნის სიყვარულზე და ვფიქრობ, რომ მას სწორად ესმის თავგანწირვის არსი, თუმცა ხვდება, რომ მსგავსი ტექსტები მისი ასაკისთვის შეუსაბამოა, მისი გრძნობებისა და განცდებისთვის არ არის ახლობელი. ახლა კი ბაღში ზეიმისთვის ემზადებიან და ისიც ჩვეულებრივზე ხშირად მთხოვს, შინ დავტოვო. „მეშინია, რაღაც არასწორად არ ვთქვა, დამცინებენ“, – მიმხელს მგზავრობის დროს და მეც ვუყვები იმ შეცდომებზე, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლა და სწორ გზაზე დამაყენა.

ბაღის გამოსაშვები ზეიმის მომქანცველი რეპეტიციები დროდადრო აისახება მის ხასიათზე. ზოგჯერ გახარებული იტყვის: – სხვისი სამი ლექსიც ზეპირად ვიცი! – მერე ისევ ახსენდება მუსიკის გაკვეთილი და შიში ბრუნდება. მეც ვდარდობ – წელს ხომ სკოლაში მიდის; ნეტავ მერე რა იქნება? სკოლაში ხომ უფრო ყოჩაღი უნდა იყოს, უფრო მონდომებული… მერე ისევ ვმშვიდდები და პოზიტიურად ვიწყებ ფიქრს: ის ხომ ჩვეულებრივი ცელქი ბიჭია, მრავალფეროვანი ინტერესები აქვს, კარგი საკომუნიკაციო უნარები, არც საკუთარი აზრის გამოთქმა აშფოთებს, პირიქით, ყველაფერზე აქვს საკუთარი აზრი, ყველანაირი აზრის მისაღებად მზად არის, შეუძლია განწყობის ამოცნობა, მზად არის, ისწავლოს ახალი და საინტერესო ამბები, დაინახოს სხვისი და საკუთარი შეცდომები, იფიქროს იმაზე, რამ შეიძლება გული ატკინოს სხვა ადამიანს, მოძებნოს სწორი სიტყვები დამაბნეველ სიტუაციაში და ა.შ.

იმის თქმას ვცდილობ, რომ როდესაც ბაღში წასვლა არ უნდა, ამას ყოველთვის აქვს ობიექტური მიზეზი. ეს მიზეზი კი, ვფიქრობ, ხარვეზებია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისა, რომელიც ცდილობს, ჩაუხშოს ბავშვს ხასიათის ის მხარე, რომელიც მას მუდმივი თავგადასავლებისა და აღმოჩენებისკენ უბიძგებს, ითხოვს მისგან მზა და ჭეშმარიტ პასუხებს და ძიებისა  და აზროვნების უნარს უკლავს. ხარვეზებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, ისინი მრავალმხრივია, ყოველდღიურ პროცესში ვლინდება და ამ პროცესით დაინტერესებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ბავშვების უმრავლესობას კი ეშინია მცადრი პასუხების. ბევრი ფიქრსაც კი წყვეტს იმის შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვას.

შეცდომა იმ სასწავლო პროცესის ნაწილი უნდა გახდეს, რომელზეც ვიფიქრებთ და ვიმსჯელებთ, სწორი პასუხებისკენ გზას გავიკვალავთ და ბავშვიც ისწავლის, როგორ იპოვოს გზა შეცდომებიდან სწორ პასუხებამდე. ისწავლის საკუთარი აზრის გამოხატვას, საკუთარი შეხედულების დაცვას, ტექსტის სწორ გააზრებას, შეფასებას და პრობლემის უფრო მასშტაბურად დანახვას.

საბავშვო ბაღი სრულდება და ცხოვრების ახალ ეტაპს როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვებისთვის ახალი და პოზიტიური მოლოდინები მოაქვს. სკოლის შერჩევა დიდ სირთულეებს წარმოშობს. თავიდანვე ჩნდება ერთი, უკვე ბანალური პრობლემა: საჯარო თუ კერძო? რომელ სკოლას ვენდობით მშობლები? ჩემი შვილის მეგობრების მშობლების უმეტესობა კერძო სკოლებს ირჩევს და მათ არჩევანსაც კონკრეტული მიზეზები აქვს: არჩეული სკოლებისგან ისინი ელიან კეთილგანწყობილ და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული სივრცეს, სადაც არ დაითრგუნება პატარა პირველკლასელის პიროვნება, მისი საგანმანათლებლო ინტერესი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაცული იქნება და თავისუფალ აზროვნებას ისწავლის.

და თუ მშობელი მაინც ირჩევს საჯარო სკოლას, ისევე როგორც თავიდან შეარჩია საჯარო ბაღი (რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეებით და სხვა თანამდევი პრობლემებითურთ), ვეებერთელა ეჭვებით და კითხვის ნიშნებით ეგებება სასწავლო წელს და ფიქრობს, რას შესთავაზებს ეს სკოლა ან შეძლებს თუ არა მისი შვილი, იქ მიღებული ცოდნით კონკურენტუნარიანი გახდეს გარემოში, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგებს, ისევე როგორც სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგები – ქალაქის სკოლებისას და ამას ისევ საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ნაპრალამდე მივყავართ.

მშობელი, რომელიც საჯარო სკოლას ირჩევს, გამუდმებით ფიქრობს იმაზე, როგორ ამოავსოს ეს ნაპრალი და მხარი დაუჭიროს შვილის საგანმანათლებლო ინტერესებს, ამ მხარდაჭერის საფასური კი ძალიან დიდია. ეს დიდი ზღვარია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ხინჯი, რადგან ვერ შექმნა გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნებოდა თანაბარი განათლების მიღების საშუალება.

ასე მოვიდა სკოლაში წასვლის დრო და ხუთმა წელმა მართლაც წამში გაიფრინა. მშობლობაც ჩვეულებრივი საგანმანათლებლო აქტივობა აღმოჩნდა, შვილებზე ზრუნვით, დაკვირვებით, მათი ინტერესების აღმოჩენით და საგანმანათლებლო ინტერესების წახალისებით. პირველკლასელთა მოლოდინი პოზიტიურია, ისინი სკოლისგან, უპირველეს ყოვლისა, ელიან კეთილ და მშვიდობიან დამოკიდებულებას და ეს მათი სწავლისთვის, მათი განვითარებისთვის, ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის უმთავრესია. ვისურვებდი, ყველა მასწავლებელს, რომელმაც სწავლა უნდა შეაყვაროს პირველკლასელებს, გაეაზრებინა მათი სურვილები და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით სავსე სასწავლო პროცესი შეეთავაზებინა მათთვის, სადაც პატარა მოსწავლეები თავისუფლად იფიქრებენ, იმსჯელებენ, იკამათებენ, სწორ აქცენტებს დასვამენ და წაკითხულიდან აზრსაც გამოიტანენ.

ბოლოს კი იმასაც გეტყვით, რომ ცხოვრების ურბანულმა წესმა, საცობში დიდხანს დგომამ, წიგნის კითხვისა და მეგობრული საუბრისთვის დროის მუდმივმა უკმარისობამ და სხვა ყოფითმა წვრილმანებმა ახალი წიგნების კითხვისა და მათზე საუბრის საშუალება გვაპოვნინა – ჩვენი მანქანა გადაიქცა ბიბლიომანქანად, სადაც ორი ბავშვისთვის, ბაღში წასვლისას თუ იქიდან დაბრუნებისას, მოიძებნება ბევრი ფერადი წიგნი, მოკლე და არც ისე მოკლე ზღაპრები, ფერადი ამბები, მხიარული ლექსები, ბიბლიური ისტორიები თუ ბავშვის პირველი ენციკლოპედია, რომელიც ყველა მოკლე თუ გრძელ მარშრუტს საინტერესო ლიტერატურულ თავგადასავლად აქცევს.

ტექსტის ანალიზი

0

თანამედროვე განათლების სისტემა წიგნიერების დაბალი  დონის გამო ბევრ პრობლემას აწყდება. ,,PIRLS”-ის საერთაშორისო კვლევების მონაცემებით, საქართველოს, წიგნიერების კომპეტენციის მიხედვით, საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სწორედ ამ პრობლემის გამო დაინერგა სკოლებში ახალი საგანი ,,კითხვის საათი“ (I-IV კლასები), რომელიც წიგნიერების კომპეტენციის გაზრდას ისახავს მიზნად, თუმცა, კლასებში ერთგვარი უფსკრული რჩება სხვა.

ამდენად, „დეკოდირების ხარაჩოს“  შემუშავებას ჰქონდა კონკრეტული წინაპირობები, რაც ნებისმიერი მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკაში იჩენს თავს:

  1. საერთაშორისო კვლევებით დადასტურებული ფაქტი – წიგნიერების დაბალი დონე;
  2. მოსწავლეთა მოტივაციისა და წიგნიერების კომპეტენციის გაზრდა;
  3. სემიოტიკური და ვერბალური უნარების განვითარება.

ხელოვნების ყოველი ნიმუში, მხატვრული მიმართულება ეპოქისეული რეალობის შედეგი და, იმავდროულად, კაცობრიობის მიერ  დაგროვილი  გამოცდილების ნაყოფია, ამიტომაც მშობლიური ენისა და ლიტერატურის ეფექტური სწავლება, სახელმწიფო ენის პოტენციალის  სრულყოფილად ათვისება, უპირველესად, აზროვნებისა და წიგნიერების (ფართო გაგებით) კომპეტენციის განვითარებას გულისხმობს.

დეკოდირება, ანუ კოდის მოხსნა, შეტყობინების (ზეპირი თუ წერილობითი) გაშიფვრა-ინტერპრეტირებას წარმოადგენს. ეს პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ  შეტყობინებაში გამოყენებული სიტყვების, ნიშნების და ხატების მნიშვნელობის გაგებასა და აღქმას, არამედ ღირებულებების, ვარაუდებისა და ალტერნატიული ინტერპრეტაციებს გათავისებას.

ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ეს ტერმინი  გერმანისტმა რევაზ ყარალაშვილმა შემოიღო.  მან მხატვრული ნაწარმოების  შემდეგი კოდები  გამოყო: გამოსახვის საშუალებათა კოდი,  ჟანრული კოდი, კულტურის კოდი, გამოცდილების, ანუ ფსიქოლოგიური კოდი.  ამ კოდების გაშიფვრით მან  განიხილა ჰერმან ჰესეს შემოქმედება. ქართული ლიტერატურიდან კი ამ ხერხით ამოიკითხა ლეო ქიაჩელის ,,გვადი ბიგვას“ ქვეტექსტი.

,,დეკოდირების ხარაჩო“ სწორედ ამ ლიტერატურული თეორიის სასწავლო რესურს/მეთოდად  მოდიფიცირებულ სახეს წარმოადგენს. თუმცა, კოდები, მათი თანმიმდევრობა რამდენადმე შეცვლილია და გასაშიფრად დასმულია, ე.წ. კოდის მომხსნელი კითხვები.  მოსწავლეებს ვთავაზობ უნივერსალურ ,,დეკოდირების ხარაჩოს“:

გასაშიფრი კოდი

კოდის გასაშიფრი კითხვები

 

თემატური კოდი

რა აზრია გადმოცემული ნაწარმოებში?  რა ხასიათს ატარებს ეს თემა?  უკავშირდება თუ არა ნაწარმოების სათაური ტექსტის სათაურს? როგორ იშიფრება იგი?

გამომსახველობითი კოდი

რა მხატვრულ ხერხებს იყენებს თავისი სათქმელის ექსპრესიულად გადმოსაცემად? რა მხატვრული და სტილური  ნიუანსები შეიმჩნევა ტექსტში? პროზის შემთხვევაში, ლირიკული გმირი.  პროზა: პერსონაჟთა გალერეა, სურათ-ხატები, აღწერის, ამბის თხრობის, გადმოცემის ხერხები.
ჟანრული კოდი თავისი გამომსახველობითი არსენალით რომელ ჟანრს განეკუთვნება ნაწარმოები? რატომ გადაწყვიტა ავტორმა სათქმელის ამ ჟანრში გადმოცემა?
კულტურული  კოდი როგორ აისახა ეპოქის თავისებურებები, რა მიმართულების,  კულტურის  ნაწილს განეკუთვნება ნაწარმოები? საზოგადოების რა სოციალურ-პოლიტიკური თავისებურებებია ასახული ნაწარმოებში? როგორ აისახა  ისტორიულ-კულტურული კონტექსტი ნაწარმოებში?
სიუჟეტური კოდი

 

აქვს თუ არა ნაწარმოებს შექნის პრეისტორია? როგორ შეესაბამება ნაწარმოების სათქმელი სიუჟეტური ქარგას? როგორია ნაწარმოების კომპოზიცია, ტექსტის აგებულება?
ფსიქოლოგიური,

კოდი

როგორ არის გადმოცემული ნაწარმოების  იდეა? (ავტორის სათქმელი) რა ფსიქოლოგიური რიტმი ახლავს სიუჟეტის განვითარებას? ვისი ან რისი მეშვეობით არის გადმოცემული ავტორისეული განწყობა-დამოკიდებულება თემისადმი, პერსონაჟებისა და იდეებისადმი?
გამოცდილების კოდი ნაწარმოებში გადმოცემული იდეით რა სახის გამოცდილება გაგვიზიარა ავტორმა? საიდან მიიღო მწერალმა იგი?    შევისწავლეთ, თუ არა სხვა ნაწარმოები, სადაც იგივე თემაა დამუშავებული? რა განსხვავებაა ამ ტექსტებს შორის? რამ განაპირობა მწერლის დაინტერესება ამ თემით?  რა გამოცდილება მივიღეთ ჩვენ, როგორც მკითხველმა და არის თუ არა აქტუალური იგივე თემა დღეს ჩვენთვის, რატომ?

ამ მოდელის გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ თანმიმდევრულად და სრულყოფილად განიხილონ  მხატვრული ტექსტი. ამასთანავე, ამ პროცესში აუცილებელ ფიგურად აღიქვამენ თავს. მცირედი მოდიფიცირებით  მსგავსი ხარაჩო მოსწავლეებს  სხვა მრავალფეროვანი ჟანრის ტექსტების განხილვაშიც დაეხმარება.

აქტივობათა თანმიმდევრობა:

აქტივობა  I. მეთოდ-რესურსის პირველი მიწოდება

 მასწავლებელი კლასს  გონებრივი იერიშის მეშვეობით სთავაზობს ორ სიტყვას ტექსტი, კოდი. სთხოვს მათ, გამოთქვან ვარაუდები ამ სიტყვების ირგვლივ. ტექსტი, კოდი   სათქმელი, საიდუმლო, ქვეტექსტი, გამოცანა, მიღებული სიტყვებით კი ჩამოაყალიბონ მოსაზრებები:

აქტივობა II. ვარაუდები და მოლოდინები

  • ,,ნაწარმოებით ავტორი ცდილობს გვითხრას თავისი მოსაზრება მისთვის მნიშვნელოვანზე”.
  • ,,წიგნებს აქვთ საიდუმლო, რომელიც ჩვენ უნდა ამოვიცნოთ“.
  • ,,თუ კოდს ამოვიცნობთ, გამოცდილებას მივიღებთ“.
  • ,,ყველა ტექსტს აქვს კოდები, რომელიც მკითხველმა უნდა გაშიფროს“.

ამგვარი აქტივობით მოსწავლეების უშუალო ჩართულობით განისაზღვრება რესურის არსი და მიზანდასახულობა.

აქტივობა III. მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად ან წყვილებად (თუ მცირერიცხოვანი კლასია) და თითოეულ ჯგუფს/წყვილს სთხოვს, ,,დეკოდირების ხარაჩოს“ დახმარებით დასვან კონკრეტული კითხვები განსახილველი ტექსტის ირგვლივ.

აქტივობა IV. ჯგუფებიდან ან წყვილებიდან  პრეზენტატორები მასწავლებლის ფასილიტატორობით ახარისხებენ თითოეული ჯგუფიდან დასმულ  კითხვებს. (ადგენენ თანმიმდევრობას და თავს იზღვევენ ერთი და იმავე შინაარსის კითხვების განმეორებისგან).

აქტივობა V. ჯგუფები/წყვილები იწყებენ მუშაობას   ერთობლივად  შეჯერებულ-შეთანხმებულ კითხვებზე  პასუხების მოსაძიებლად. კითხვითი მოდალობებიდან ინფორმაცია გადააქვთ თხრობით კონსტრუქციებში და მიღებული პასუხებით ახდენენ ანალიტიკური ესეის კონსტრუირებას.

მიხეი  ჯავახიშვილი ,,მაკის ქვა” ( მე-8 კლასი  პროგრამული  ტექსტი)

 

გასაშიფრი კოდი

კითხვებით გაშიფრული კონტექსტი

 

თემატური კოდი

 მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,ეშმაკის ქვა” სათაურიდანვე გვაძლევს საფუძველს პარალელი გავავლოთ ახალი აღთქმის ერთ-ერთ ეპიზოდთან – ,,ვინც უცოდველია თქვენს შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა“ (იოანეს სახარება, თავი 8, 1-11).  ,,ჩვენი საუბარი ათას რამეს გადაწვდა… და ბოლოს  ბრბოს ფსიქოლოგიაზე შეჩერდა.“ ამდენად, დასაწყისიც სრულად მიესადაგება სათაურს და ნაწარმოების თემაც ადამიანის პიროვნული ნების შენარჩუნებაა, რომელიც მასების, ბრბოს გავლენით შეიძლება გაითელოს.

გამომსახველობითი კოდი

 მოთხრობაში გამომსახველობითი საშუალებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრასტული პორტრეტია. სოფია – ნაწარმოების დასაწყისში ,,საოცარი არსება“, ,,სოფლის ანგელოზი“ – სოფლის ექიმი, ჭირისუფალი, დამრიგებელი და მანუგეშებელია. ნაწარმოების დასასრულ კი, გაღვიძებული თვითგამანადგურებელი სინდისით  ამავე სოფლისგან ითხოვს შენდობას, ვისთანაც ერთად ისროლა საბედისწერო ეშმაკის ქვა.
ჟანრული კოდი ,,ეშმაკის ქვა“  თემატიკითა და გამომსახველობითი არსენალით სრულად მიესადაგება რეალისტური მოთხრობის ჟანრს და ნაწარმოების ჟანრული კოდი  ლოგიკურად უკავშირდება თემატურ კოდს.
კულტურული  კოდი ნაწარმოების  კულტურული კოდიც  ლოგიკურად უკავშირდება საზოგადოების ურთულეს, მარადიულ თემას ბრბოს, მასების ზეგავლენას ინდივიდზე. როგორც ჩანს, მიხეილ ჯავახიშვილის თანამედროვე ეპოქაში ეს თემა მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო.
სიუჟეტური კოდი

 

ავტორმა მოთხრობის სათქმელისთვის  სათაურითა  და  ექსპოზიციით  შეგვამზადა, სიუჟეტიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. კვანძის   შეკვრა იწყება იმ ეპიზოდიდან, რომელშიც ნაავადმყოფარი სოფია მისი მადლიერი გლეხებისგან განსხვავებით, ,,მგლის ლეკვად“ წოდებული, ავაზაკის ბოროტებას აწყდება და კულმინაციას აღწევს,  როცა განმძვინვარებული სოფელი ლინჩის წესით გაასამართლებს თანასოფლელს.
ფსიქოლოგიური,

კოდი

ავტორი მთელი სიმძაფრით განგვაცდევინებს მთავარი გმირის შინაგან განცდებს. საინტერესო ფსიქოლოგიური წიაღსვლებით   გვიხატავს სულიერ ცვლილებას, რომელმაც ღვთისნიერი ადამიანი, თავისივე შეფასებით, ეშმაკმა შეაცდინა და ასროლინა საბედისწერო ქვა. საინტერესო ფსიქოლოგიური პასაჟია ბრბოს მიერ სოლოს შეწყალება, რომელიც ძნელი გასარკვევია, ნამდვილად  ინანიებს ცოდვებს ქვრივის დატირებით, თუ ამ გზით  ცდილობს ბრბოს შურისძიებისგან გადარჩენას. დათას დაუმორჩილებლობა კი კიდევ უფრო აცოფებს თანასოფლელებს.
გამოცდილების კოდი ,,ეშმაკის ქვა“ უდიდესი გამოცდილების ნაყოფია, მარადიული თემაა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს საკუთარ თავში ადამიანმა პიროვნული სახე, ღვთის ხატი. როგორ ჩანს, მიხეილ ჯავახიშვილი  თავის თანამედროვე საბჭოთა საზოგადოებაში ხედავდა, რომ  ,,ბრბოში მოხვედრილი ადამიანი, რომლსაც საერთო აღგზნება გადაეცემა, კარგავს კრიტიკული განსჯის უნარს და ბრმად ემორჩილება მასის მოქმედებას“ (ლე ბონი).

მისაღწევი შედეგი:  8. 5   მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე

შედეგის ინდიკატორები:

  • აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემული ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
  • ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
  • არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
  • საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ საკვანძო საკითხს;
  • პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
  • გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.

მისაღწევი შედეგი:  8.10  მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.

შედეგის ინდიკატორები:

გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;

  • ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.

ირაკლი ლომოური ,, შემთხვევა” ( მე-12 კლასის საკითხავი ტექსტი)

გასაშიფრი ლიტ.კოდი კითხვებით გაშიფრული კონტექსტი
 

თემატური კოდი

ნაწარმოების სათაური ,,შემთხვევა“ და დასაწყისი ურთიერთკავშირია. ავტორი პირდაპირ ამ შემთხვევის აღწერით იწყებს:  ,, ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს, კვირას, დღის 3 საათზე მეტროში. გაჩერებაზე ,,პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ ბაქანთან. ეს დოკუმენტური დაწვრილმანება და დაკონკრეტება მკითხველს უკვე გადართავს დეფორმირებულ რეალობაში და ისეთ ილუზიას უქმნის, თითქოს რაღაც ინციდენტის, შემთხვევის ოქმს კითხულობდეს. ნაწარმოების თემაც საბჭოთა სტანდარტებისა და სტერეოტიპების  დამანგრეველი უჩვეულო შემთხვევას წარმოადგენს.

გამომსახველობითი კოდი

ნაწარმოებში გამოყენებულია პოსტმოდერნისტულული გამოსახველობითი ხერხი – მკითხველის პროვოცირება. თუ  თანამედროვე ავტორი მკითხველის დაინტერესებას ვერ ახერხებს, მაშინ ის მის გაურკვევლობასა და ინტრიგაში ჩაგდებას ცდილობს. ამის ნათელი დადასტურებაა ,,შემთხვევა“ მცირე, ორიოდგვერდიანი მოთხრობა, რომელიც პირველი წინადადებიდან ბოლო კითხვის ნიშნამდე ინტრიგითა და მისტიფიკაციით არის დანაღმული.

 

ჟანრული კოდი ,,შემთხვევა“ ერთი შეხედვით, გაურკვეველი ჟანრის ნაწარმოებია; რა არის ეს, უჩვეულო მოვლენის ამსახველი დოკუმენტური მოთხრობა თუ ფანტასტიკური ლიტერატურული ნაწარმოები?
კულტურული  კოდი ჟანრის გაურკვევლობით, მკითხველთან კომუნიკაციის გზად მისტიკური პროვოვოცირების არჩევით – ,,შემთხვევა“ გამორჩეულად საინტერესო პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებია. მოთხრობის დაწერის თარიღად 1981 წელია მითითებული. ნაწარმოებში ასახული მოვლენები დასაწყისშივე მონიშნულია: ,,ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს…“ გამოდის, რომ  ეს ყველაფერი ,,ლიტერატურულ-დოკუმენტური წინასწარმეტველებაა“ იმისა, რაც ერთი წლის შემდეგ უნდა მოხდეს.  რაც ირაკლი ლომოურმა ნამდვილად იწინასწარმეტყველა ეს ,,თვითმფრინავის ბიჭების“ ტრაგიკული ინციდენტია, რომლებიც საბჭოთა რეალობას სიცოცხლის ფასად გაექცნენ.
სიუჟეტური კოდი

 

რა უნდა მოხდეს მეტროს გაჩერებაზე ისეთი, რომ მწერალი დაინტერესდეს და მკითხველიც დააინტერესოს? მაგრამ მოვლენათა განვითარებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  გარემოსთვის და მოცემული ექსპოზიციისთვის სრულიად კონტრასტული რამ ხდება – მატარებლის ნაცვლად მეტროს გვირაბში ბედუინების ქარავანი გამოჩნდა.
ფსიქოლოგიური,

კოდი

სიხარბე, უვიცობა, ფარისევლობა, მრუშობა, სიბეცე … ეს ის ის თვისებებია, რომელსაც ავტორი ვერ ეგუება თავის გარემომცველ საბჭოთა საქართველოში. და ეს ის თვისებებია, რომლებიც დოკუმენტური სიზუსტით და ლაკონიურობით გადმოგვცა ირაკლი ლომოურმა 18 მოწმის აღწერით. ცალკე აღსანიშნავია პერსონაჟი, რომელიც ამ შემთხვევიდან დიდი ხნის შემდეგაც ვერ უბრუნდება თავისი ცხოვრების რიტმს. ყოველდღე ჩადის მეტროში და თითქოს ვიღაცას ელოდება.
გამოცდილების კოდი  ,,შემთხვევაში“ რეალობიდან გაქცევა ქარავნის გამოჩენით და მეოცე ჯინსებიანი მგზავრის თუ მატარებლის მომლოდინეს დაკარგვით აისახა. მწერალმა ამ ბრბოში ათქვეფას გაქრობა არჩია. შემბოჭავი ყოველდღიურობიდან გაქცევის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ იგი ამჯობინებს, საერთოდაც, უარი თქვას ამ რეალობაზე და მისტიკურ ქარავანთან ერთად ჩაიკარგოს მეტროს გვირაბში. ასე გამოხატა მწერალმა თავისი პროტესტი და შეურიგებლობა საბჭოთა სინამდვილის მიმართ. ავტორმა წაკითხვის ბევრი ალტერნატიული გზა შემგვთავაზა, თუმცა არცერთს არ მიემხრო. ამით აიძულებს მკითხველს, უფრო მეტი იფიქროს და თვითონ ეძებოს პასუხები. მწერალი გვთავაზობს კითხვებს და არა მზამზარეულ იდეებს და მკითხველს აკისრებს ნაწარმოების იდეის შემუშავების პასუხისმგებლობას.

 

XII.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით

შედეგის ინდიკატორები:

ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;

  • მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და ღირებულებები;
  • მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
  • აანალიზებს ავტორის/პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
  • იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;
  • კითხულობს სხვადასხვა ეპოქის, კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათ მსგავსება-განსხვავებაზე;
  • განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
  • მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ.;
  • აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში (მაგალითად, ცხოვრების საზრისის პრობლემას ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში);
  • კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;

XII.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.

ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურულ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ ასპექტებს);

  • გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ შეიცვლებოდა კონკრეტული ტექსტი, სხვა სოციალური, კულტურული ან ისტორიული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო იგი;
  • ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის;

ახსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.

როგორც ვხედავთ, შემოთავაზებული მეთოდ-რესურსი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ნებისმიერი სახის ესეის კონსტრუირებაში დაეხმარება. მე-12 კლასის სტანდარტი სრულად ითვალისწინებს ამგვარ მიდგომას. საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი ასაკობრივი თავისებურებებისა და ფონური ცოდნის გათვალისწინებით ხდება.

ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეებისთვის შეფასების კრიტერიუმებიც განსაზვღვრულია.  ის ობიექტური და ვალიდურია. თითოეული მათგანი თვალნათლივ ხედავს, რა კითხვებს უნდა უპასუხოს მისმა წერილობითმა ნაშრომმა. თითოეული კოდის გაშიფვრას შესაბამისი ქულა ენიჭება.

ამდენად, მთავარია, მოსწავლემ აღიქვას ტექსტი, როგორც ნაწარმოები, როგორც პირადად მისთვის განკუთვნილი სათქმელი და შეეცადოს ნაწარმოების კოდების გაშიფვრას.

,,ხელოვნებას მაშინ აქვს ყველაზე დიდი ძალაუფლება, როდესაც ის ჩვეულებრივ ადამიანს უკავშირდება“ (აი ვეივეი, ჩინელი ხელოვანი). მართლაც, მოსწავლეთა  მოტივაციის შესანარჩუნებლად  აუცილებელია, სასწავლო თუ  ტექსტის ანალიზის პროცესში მათ მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნონ თავი. რა თქმა უნდა, ყოველი ნაწარმოები განუმეორებელია და ზოგჯერ ვერავითარი წინასწარ მომზადებული სქემით ვერ განიხილება.

მოსწავლეებს თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი საგანი, არ უნდა ვეცადოთ ისინი   ლინგვისტებად ან ლიტერატურათმცოდნეებად ვაქციოთ. ამგვარი მცდელობები საფუძველშივე ფუჭია. არც ამ მეთოდით უნდა ვაიძულოთ, ე.წ. ,,სისტემური განხილვები“ მოაწყონ. უბრალოდ, აღვიქვათ ისინი ინდივიდულური თავსებურებების მატარებელ პიროვნებებად. ავასხათ მათ აზროვნების იარაღი და თავისუფალი მკითხველის სასწაული ვაგრძნობინოთ. ლიტერატურაც სხვა არაფერია, თუ არა თავისუფლება, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

1..რევაზ ყარალაშვილი, ,,წიგნი და მკითხველი“თბ.: 1977

  1. თამარ ტალიშვილი, ტექსტის გაგების სტრატეგიები- მეთოდის შესახებ https://semioticsjournal.wordpress.com/2010/09/21/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-_-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98/
  2. ნინო ლომიძე, პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი https://edu.aris.ge/news/prozauli-mxatvruli-teqstis-analizi-metodis-shesaxeb.html

დიორამა, სასწავლო აქტივობა

0

ბავშვებს ხშირად უჭირთ ტექსტის დეტალური შესწავლა. სიტყვები, ფრაზები, წინადადებები, აბზაცები, დიალოგები, პერსონაჟთა სახელები – ყოველივე ეს ერთმანეთს ებმის, თვალები კითხულობენ, აცოცხლებენ, მაგრამ გონებაში დიდხანს მათი არათუ დაბინავება, არამედ შეყოვნებაც კი ჭირს. შემაჯამებელი ტესტირებისას აღმოაჩენ, რომ ვერ იხსენებენ ავტორს, მნიშვნელოვან ეპიზოდს, დეტალებს, ლექსიკური მარაგი კი ისეთი მწირია, ხვდები, რომ სალიტერატურო ენასთან მისასვლელი ხიდი ჩატეხილია და ულამაზეს სიტყვებს დავიწყება ემუქრებათ.

დამეთანხმებით, საკმაოდ მწვავე პრობლემაა. განსაკუთრებით, ქალაქში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება არის გაღარიბებული, რადგან არა მგონია, სოფლად მცხოვრებ რომელიმე ბავშვს გაუჭირდეს ისეთი სიტყვების განმარტება, როგორიცაა „ჭვარტლი“ ან „ჭიშკარი“.

ბადია, ყუნჭი, შუბი, გულწითელა, ტივტივა, გეგუთი, ყიზილბაშები, კამარა, წიფლისჩიტა, ქედანი – ეს სიტყვები საპროგრამო მოთხრობებიდან არის. ათი წლის ბავშვებისთვის რთული აღმოჩნდა მათი დამახსოვრება. განსაკუთრებით გაუჭირდათ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „იის“ გაგება. წაკითხვა,მოყოლა, ტესტი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასი წლის წინ დაწერილი მოთხრობები, ეპოქისთვის დამახასიათებელი ენობრივი კონსტრუქციები მათთვის ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტე, გაგება-გააზრებისთვის და ტექსტის შინაარსზე დაკვირვებისთვის  დიორამა გამომეყენებინა (ამ მეთოდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სტატია https://mastsavlebeli.ge/?p=2029 ).

დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს.

დიორამების შექმნა შემაჯამებელ მუშაობას დავამთხვიე. ავიღეთ შესწავლილი ოთხი საპროგრამო მოთხრობა: ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, აკაკი წერეთლის „დათუნა გოცირიძე“, ვაჟა-ფშაველას  „ია“ და რევაზ ინანიშვილის  „რაზედ იცინოდნენ ყვავილები?“ ბავშვებს ვთხოვე მოეტანათ მუყაოს კოლოფები, ფერადი ქაღალდები და ძაფები, პლასტელინი, მაკრატელი, ქაღალდის წებო და სხვა წვრილმანი ნივთები.

წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები:

  1. სამუშაო მასალა;
  2. შინაარსის ცოდნა და ასახვა;
  3. შემოქმედებითობა;
  4. დრო;
  5. თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.

კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეულს ერთი მოთხრობა უნდა გადაექცია სამგანზომილებიან სივრცედ. ჯგუფში კი  წყვილებს შორის ეპიზოდები გადავანაწილე. წამზომი ჩავრთეთ და ბავშვებიც აფუსფუდნენ. მერხებზე სამუშაო ნივთები ჰქონდათ მიმოფენილი.  ფოთლები, ქვები, კენჭები, წვრილი ტოტები სახელდახელოდ მოაგროვეს ეზოში, გადაინაწილეს და გამიზნულად გამოიყენეს. როგორც ხდება ხოლმე, ზოგიერთი თუ საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ზოგიერთს არაფერი ჰქონდა მოტანილი. ასეთ დროს ბავშვის განწყობის გაფუჭება არაფრით შეიძლება. რა თქმა უნდა, არც ის არის კარგი, რომ უპასუხისმგებლობა ჩვევაში გადაუვიდეთ. ამიტომ ყურადღებას ვამახვილებთ, რომ ცუდია მოუმზადებლობა, განსაზღვრული ორი ქულაც დააკლდებათ, მაგრამ, მერე როცა ხედავ, როგორ უნაწილებს მეწყვილე თავის ნივთებს, როგორ ჩაკირკიტებია ტექსტს, პატარა თითებით როგორ ძერწავს ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილსა თუ დათუნა გოცირიძის ცხენს, როგორ ასახულა მთელი ეს პროცესი მისი სახის ნაკვთებზე და მოწყენილობიდან ქმედებაში მყოფს უყურებ, შეთანხმების პირობას თამამად არღვევ და ამბობ, რომ მასალისთვის განკუთვნილი ორი ქულა არ დააკლდებათ თუ თავის სამუშაო გარემოს მოაწესრიგებენ, ნარჩენებს ნაგავში მოათავსებენ, ნივთებს თავის ადგილს მიუჩენენ.  მართლაც სასწაულად მოქმდებს ახალი პირობა. მთავარია, დასჯის ნაცვლად სურვილი გავუღვივოთ, რომ შემდეგ ჯერზე სათანადოდ მომზადებული მოვიყვანოთ.

ზემოთჩამოთვლილ დადებით მხარეებს უნდა დავამატოთ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება, დროის მართვა, ინიციატივის გამოჩენა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლმების გადაჭრის გზების ძიება.

ბავშვებს უფლება მივეცი, რომ კუთვნილი ეპიზოდის გასაცოცხლებლად ტექსტში ჩაეხედათ. ამან შფოთვა მოუხსნათ. გადავწყვიტე, ამჯერად ყურადღება გამემახვილებინა არა იმაზე, თუ რა ისწავლეს, არამედ იმაზე, რომ ამ შემაჯამებელი მუშაობის შედეგად თუნდაც ერთი სიტყვა მთელი გულით ეგრძნოთ, დაემახსოვრებინათ, გაეთავისებინათ.

ბავშვები შემთხვევითი შერჩევის გზით დავაწყვილე. მე ჯგუფებს შორის დავდიოდი და საჭიროებისამებრ ვეხმარებოდი. ჩემი ძალისხმევა მცირედი იყო, ყველაფერი თვითონ შექმნეს, მოიფიქრეს და ნელ-ნელა წაქცეული ბადიიდან თაფლი გადმოღვარეს, გეგუთის სასახლის აივნიდან მეფე გადმოახედეს, მამას ანკესებისთვის ჭიაყელები აპოვნინეს, თელის ხიდან ჩამოვარდნილი დაჭრილი ქედანი ძირს დააწვინეს. ორი თვე გავიდა ამ დღიდან და ახლაც თვალწინ მიდგას თითოეულის ქმედება, მოძრაობა, სიხარული, სახის გამომეტყველება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აღმოვაჩინე ერთად შექმნილი დიორამების შესახებ – არათუ მარტო მოსწავლეეებისთვის, არამედ მასწავლებლისთვის იდეალური შესაძლებლობაა დააკვირდეს ბავშვებს და სულ სხვა თვალით დაინახოს ისინი. მაგალითად, ორი ისეთი გოგო-ბიჭის მხიარული ტანდემი აღმოაჩინოს, გაკვეთილზე მუდმივად თავისთვის რომ სხედან და ინიციატივას არასდროს იჩენენ ან ისეთი ბიჭების გულმოდგინე მუშაობის მომსწრე გახდეს, გაკვეთილზე თვალი სულ ცელქობისკენ რომ უჭირავთ.

შეფასება:  წყვილებმა წარმოადგინეს, დანარჩენები გარს შემოეხვივნენ და ისე უსმენდნენ. მთავარი მოთხოვნა იყო, დეტალებსა და მოქმედების განვითარებაზე  გაემახვილებინათ ყურადღება, პრეზენტაციისას კი საკუთარი ნამუშევრის შესახებ  ტექსტის მიხედვით უნდა ესაუბრათ.

რადგან თითქმის ორმოცივე მოსწავლემ იმუშავა, საკუთარი შესაძლებლობლების გამოვლენა შეძლო და ტექსტის უშუალო გამოყენების საშუალება ჰქონდათ, ამიტომ მიღებული მაღალი ქულების განმტკიცება მეორე დღეს ერთქულიანი ტესტით გადავწყვიტეთ. ათი კითხვისგან შედგენილი ტესტის თითოეული კითხვა 0.1 მეათედი ქულით ფასდებოდა. მიზანი ის იყო, რომ ტექსტს კიდევ ერთხელ მიბრუნებოდნენ და თან გაწეული შრომა არ გაუფასურებულიყო.

დიორამები მოსწავლეთა კარადებზე გამოვფინეთ და დერეფანში გავაცოცხლეთ კლასიკური ტექსტები. ინდივიდუალურ გასაუბრებაზე ერთი გოგონას ბებია მოვიდა. დიორამების გალერეაში, მივიპატიჟე და ისიც აღფრთოვანებული უყურებდა შვილიშვილის ნამუშევარს, რაც იმას ნიშნავს, რომ  საჭირო დროს საჩვენებელ რესურსადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მერე დიორამები ლიტერატურულ კაფეში გამოვიყენეთ. ამჯერად სქელტანიანი წიგნების ეპიზოდები გააცოცხლეს და ამგვარად წარადგინეს აუდიტორიის წინაშე. „გემრიელ ვიქტორინაში“ კი შეკითხვები საპროგრამო მოთხრობებიდანაც შევიტანე და არაფორმალურ გარემოში თამაშ-თამაშით კიდევ ერთხელ გავაბი კავშირი იმ გაკვეთილთან,  როდესაც დიორამები შევისწავლეთ.

დიორამის გამოყენება ნებისმიერ ასაკის მოსწავლეებთან შეგვიძლია. მაგალითად, პირველკლასელებთან ერთად საჩვენებელი წერის მეთოდით ხუთი მოთხრობა შევქმენით ტყის გოგონას შესახებ.  გაკვეთილზე კი მოთხრობები დიორამებად გადავაქციეთ. მეთორმეტეკლასელმა გოგონამ თეა ლომაძის წიგნის „წერილი ბოთლში“ მიხედვით შექმნილი დიორამით ნაწარმოების იდეური დატვირთვა  გამოხატა, ხოლო უმცროსკლასელებმა თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ყდაზე დატანილი ილუსტრაცია ხელნაკეთი ჭრელი ბალიშებითა და მუყაოს კორპუსებით გააცოცხლეს. იმის თქმა მსურს, რომ დიორამის გამოყენება სხვადასხვა მიზანს შეგვიძლია მოვარგოთ და ვიზუალურ სანახაობად ვაქციოთ დეტალები, ერთი ეპიზოდი, სათაური, ილუსტრაციები თუ ნაწარმოების იდეური შინაარსი.

დავუბრუნდები შემაჯამებელ გაკვეთილს. არასდროს დამავიწყდება, სად იჯდა ათი წლის გოგო, როცა ახალი წლის ეპიზოდს აცოცხლებდა ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილიდან“, დაკვირვებით მუშაობდა და თვალებში სითბო ჩაეღვარა, როცა პატარა სტაფილოსფერ დეტალზე მიმანიშნა, ეს წაქცეული ბადიაა და თაფლი იღვრებაო. მთავარია, დიორამამ ბავშვების ინტერესი გააღვივა, მათი თვალები გაათბო, ერთმანეთი სხვა კუთხით აღმოგვაჩენინა, მოთხრობები და სიტყვები კიდევ უფრო ახლობელი გახადა.

 

გამოყენებული ლიტერატურა: დიორამა – „კითხვის ეფექტური მეთოდები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013

https://www.youtube.com/watch?v=uGP9vawWNRo&index=34&list=PLe4UTpGDfeAXORAtuYijSwmgk8oKEZ6ph

კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, G-PRIED.  2015

მასწავლებლებს შეგვიძლია შევცვალოთ  

0

მთელი დღის განმავლობაში საკლასო ოთახში ჯდომა, სადაც წლობით არაფერი იცვლება, რთული და სევდიანია არა მხოლოდ მასწავლებლისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც.  თუმცა, კლასებისა და დერეფნების გარდა, სწავლების მოტივაციის გასაზრდელად ხშირი  ცვლილებების შეტანა აუცილებელია მთლიან სასკოლო გარემოში.

საბავშვო ბაღიდან პირველ კლასში გადასვლა ბავშვებისთვის ნამდვილ განსაცდელად იქცევა ხოლმე, მით უფრო მაშინ, თუ ის სკოლის სტანდარტულ ატმოსფეროში ხვდება. მასწავლებელი მკაცრად მიუთითებს, რომ მისი ადგილი მეორე მწკრივში, ფანჯარასთანაა. მასწავლებელი განუსაზღვრავს თუ ვინ იქნება მისი მუდმივი მეწყვილე მერხთან, სთხოვს „ჭკვიანად“ იჯდეს 45 წუთის განმავლობაში და თუ კლასიდან გასვლა მოესურვება, ხელი უნდა აწიოს.

როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს „ჭკვიანად“ ჯდომას აიძულებს, ეს ბავშვის ბუნებას  ეწინააღმდეგება. მასწავლებელს ავიწყდება, რომ გაკვეთილის დროს ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეს უფრო სწრაფად გაუმკლავდეს დასახულ მიზნებს და გაიუმჯობესოს აკადემიური მოსწრება. საზოგადოდაც, ფიზიკური აქტივობა ბავშვს მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე მერხთან გაუნძრევლად ჯდომა.

რატომ უარყოფენ მასწავლებლები ცვლილებებს კლასში? რატომ ეშინიათ ამ ცვლილებების? მაგალითად, რატომ არ ვაძლევთ ბავშვს იმის საშუალებას, რომ ის საკლასო ოთახში გადაადგილდეს და იქ გადაჯდეს, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს, შესაბამისად, უკეთ მოისმენს გაკვეთილს? მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება ქაოსს შექმნის და თავს არიდებენ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს.

როგორც წესი, კლასში მერხები მწკრივად დგას და მათ შორის გასავლელებში გადაადგილება ძნელია. მწკრივის თავში მასწავლებლის მაგიდაა მოქცეული, მის ზურგს უკან კი ერთადერთი დაფაა. კლასის სივრცე ისეა ათვისებული, რომ იქ ბავშვების კი არა, ზოგჯერ მასწავლებლის გადაადგილებაც ჭირს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მერხებს გორგოლაჭები აქვთ და მათი გაწევა-გამოწევა იოლად შეგვიძლია. ეს დაგვეხმარება კლასის ტრადიციული სივრცის დარღვევაში, ბავშვების ჯგუფებად დაყოფაში, მერხების რკალად დაწყობაში. ასეთ დროს მასწავლებელიც და მოსწავლეებიც დასახულ ამოცანებს უფრო კარგად გაართმევენ თავს, სწავლების პროცესი უფრო ცოცხალი და ეფექტიანი იქნება.

მერხების გადაადგილების იდეა ახალი როდია. XIX საუკუნის გერმანიაში მკვლევრებმა პირველად გადაწყვიტეს დაკვირვებოდნენ კლასში რკალად მსხდომ მეოთხე კლასელებს.  ისინი მათ საგაკვეთილო პროცესს ორი თვის განმავლობაში სწავლობდნენ. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები მეტად ინტერესდებოდნენ ახსნილი გაკვეთილით, რაც მასწავლებლისადმი დასმული შეკითხვების სიმრავლეში გამოიხატა.

თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მოთხოვნაც ეს გახლავთ – მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება, მათი დაინტრიგება სიახლით, დისკუსიისა და მსჯელობის პროვოცირება. სწორედ ამაში გვეხმარება 360-გრადუსიანი საგანმანათლებლო სივრცის გლობალური იდეა: ყველაფერი, რაც ბავშვის გარშემოა (დიზაინი, გაკვეთილის ფორმატი, ფსიქოლოგიური კლიმატი და სხვ.), გავლენას ახდენს სწავლის სურვილსა და შედეგებზე.

360-გრადუსიანი სივრცის ძირითადი პრინციპები:

დინამიკური გაფორმება – ბავშვის გარშემო არსებული დეტალები და ინტერიერი მუდმივად იცვლება. დროში გაყინული ციტატებითა და წესებით დახუნძლული სტენდების ნაცვლად, კედლები ფორმდება პროექტებით, რომლებიც უკვე შესრულდა. მასწავლებელი თვითონაც  სთხოვს ბავშვებს მოიფიქრონ, რით შეიძლება გაფორმდეს კლასი. ამით სკოლა გადაიქცევა არა მხოლოდ იმ ტერიტორიად, რომელსაც დიდები მართავენ, არამედ სივრცედ, სადაც სიტყვა ბავშვებსაც ეთქმით. მაგალითად, კლასში შეიძლება გამოიყოს ცალკე ადგილი მომავალი თვის გეგმების ჩამოსაწერად ან ცალკე დაფა, სადაც დროდადრო საინტერესო იდეები მოინიშნება.

გადაადგილების თავისუფლება – მოსწავლეებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილდნენ კლასში და თავად გადაწყვიტონ, როგორ ურჩევნიათ მუშაობა: დგომით თუ ჯდომით მდგომარეობაში. მოსწავლეს უნდა მივცეთ უფლება, რომ გაიზმოროს, ოდნავ მოდუნდეს თუ ეს მას სჭირდება.

თუ მერხების გადაადგილება ჯგუფური მუშაობისთვის სწრაფად შეიძლება, ბავშვებმა ეს თავად უნდა გააკეთონ. მაგალითად, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები გორგოლაჭებიან სკამებზე სხედან, რის გამოც კლასში სწრაფად და მარტივად მოძრაობენ.

პირადი სივრცის პატივისცემა – ბავშვს უნდა ჰქონდეს განმარტოებისა და თავისი საქმით დაკავების პირობები. ზოგჯერ უნდა დავუშვათ, რომ ის კლასიდან გავიდეს, ბრაზს ან აღშფოთებას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. ექსპერტები ცალსახად ამბობენ, რომ თუნდაც პატარა ბავშვს აუცილებლად სჭირდება ადგილი, სადაც ის რამდენიმე წუთით საკუთარ თავთან შეძლებს დარჩენას.

ზოგჯერ კლასებში იყენებენ ერთკაციან სავარძლებს, შირმებს (ტიხრებს), რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვს თავი იზოლირებულად იგრძნოს. მაგალითად, Wunderpark-ის კლასში კეთილმოწყობილია ერთ-ერთი კუთხე, სადაც მოსწავლეს შეუძლია გარე გამღიზიანებლებისგან დაისვენოს, გაიკეთოს ხმაურის დამხშობი ყურსასმენი. შვედეთისა და ფინეთის სკოლებში ხშირად ნახავთ ცალკე ოთახებს, სადაც ასევე ბავშვს მარტო ყოფნა შეუძლია.

სათამაშო და თემატური ზონები – ჩვენ ჩვეულნი ვართ იმას, რომ სკოლებში ერთი სივრცეა ერთი ტიპის საქმიანობისთვის: ფიზიკის კაბინეტი, ქიმიის კაბინეტი, ბიოლოგიის კაბინეტი…  გაცილებით იოლია ბავშვის დაინტერესება სწავლით კლასის გარეთ. იმისათვის, რომ მოსწავლე დაინტერესდეს კითხვით, რობოტექნიკით ან ჭადრაკით, კაბინეტებში და სკოლის დერეფნებში უნდა არსებობდეს ზონები ინტერესის მიხედვით.

მარტივი იდეები სკოლაში უფრო კომფორტული გარემოს შექმნისთვის:

შეველიოთ  მასწავლებლის მაგიდას – თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი არა მხოლოდ ცოდნის ტრანსფორმატორია, არამედ დამკვალიანებელიც. ის ბავშვებთან ურთიერთობას თანასწორად აწარმოებს, მოტივაციას აძლევს, ეძიონ სიახლე და შეისწავლონ. მსოფლიოს ბევრ სკოლაში უარს ამბობენ მასწავლებლის მაგიდაზე. მაგიდით მასწავლებელი შორდება მოსწავლეებს, მაგიდა ზრდის მანძილს ურთიერთობაში. მოსწავლეებთან ახლოს ყოფნა უფრო სასარგებლოა: მასწავლებელს შეუძლია, იაროს კლასში, გვერდით დაუჯდეს მოსწავლეს, სამუშაო ადგილად გამოიყენოს ისეთივე მერხი, როგორიც მათ აქვთ.

მოვაწყოთ სათამაშო ქალაქი – შეგიძლიათ სკოლის რომელიმე სართულზე პროფესიების ქალაქი მოაწყოთ: საავადმყოფო, მშენებლობა, პოლიციის განყოფილება, რედაქცია და სხვა მრავალი. მასწავლებლები გაკვეთილის დროს ადიან ამ სართულზე მოსწავლეებთან ერთად და სხვადასხვა თემებს უხსნიან. მშენებლობაზე, მაგალითად, მათემატიკის ან შრომის გაკვეთილები ტარდება. არის „საცხოვრებელი სახლიც“, სადაც ბავშვები ეტიკეტის ელემენტებს სწავლობენ, იღებენ სტუმრებს, აწყობენ მაგიდას. საავადმყოფოში მათ ასწავლიან, როგორ უნდა გაიხეხონ კბილები სწორად. მანეკენზე აჩვენებენ, როგორ არის მოწყობილიო ადამიანი, რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

შევქმნათ ცალკე გარემო კითხვისთვის (ბიბლიოთეკის გარდა) – თქვენ შეგიძლიათ სკოლაში გახსნათ კაბინეტი კითხვისთვის, სადაც ბავშვს შეეძლება, მივიდეს ნებისმიერ დროს. აქ შეგიძლიათ კითხვის საათების დანიშვნა.

გავყოთ სკოლის ტერიტორია აქტიურ და მშვიდ ზონებადსკოლასთან ბავშვებს შეუძლიათ ირბინონ, ითამაშონ ფეხბურთი, ან პირიქით, განმარტოვდნენ, იქანაონ საქანელაზე, დასხდნენ შადრევანთან.

დავფიქრდეთ, რამდენად გამოგადგებათ ეს რჩევები. მთავარია, ყოველ ინოვაციაში დაინახოთ მარცვალი, რომელიც თქვენთვის სასარგებლო იქნება.

გვჯეროდეთ, თქვენ შეგიძლიათ ტრადიციული სასკოლო სივრცის უკეთესობისკენ შეცვლა.

 

დამოუკიდებელი მუშაობა გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

სასწავლო პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა. თუ მოსწავლეს არ აქვს სასწავლო მასალაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები, ის ვერ მიიღებს იმ ცოდნას და ვერ განივითარებს იმ უნარებს, რომლებიც მას მომავალში პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგება.

დამოუკიდებელი მუშაობა მოსწავლეებს თვითგანვითარებაში ეხმარება. თვითგანვითარება საკუთარი თავის შეცვლა, აღზრდა და თვითსწავლაა. თვითგანვითარება ანუ საკუთარ თავზე მუშაობის უნარი მოსწავლეებს ეხმარება გაიგონ, რა უნდათ, რა შეუძლიათ და როგორ გამოიყენებენ ცოდნას. აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანესია დიდი მიზნიდან პატარ-პატარა ამოცანების გამოყოფა, დიდი გზის გასავლელად ყოველდღიურად გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა. ამ პროცესში მასწავლებლის პედაგოგიური ამოცანაა, დაეხმაროს მოსწავლეებს, სწორედ შეიცნონ პროცესები, აუმაღლოს მოტივაცია, ასწავლოს თვითგანვითარებისკენ მიმართული მიზნების დასახვა ანუ დაეხმაროს თვითსრულყოფაში. მოსწავლე თავად უნდა იყოს დაინტერესებული თვითგანვითარებით. პიროვნების ინტენსიურ და მიზანმიმართულ განვითარებას სოციალური და სულიერი მოთხოვნილებების ზრდა და ამაღლება უდევს საფუძველად. მოსწავლის შემეცნებითი მოთხოვნილებების განვითარება დაფუძნებულია მის ცნობისმოყვარეობაზე, ინტერესზე, მოტივაციაზე, მიდრეკილებებზე, შესაძლებლობებზე, შემოქმედებითობაზე, ჭეშმარიტების ძიებასა და რეფლექსიაზე.

თითოეული მასწავლებლის ამოცანაა, ყოველ გაკევთილზე ეცადოს, მოსაწვლეთა აზროვნებამ რეფლექსიური ანუ განსჯის, თვითდაკვირვების, თვითანალიზისა და თვითშემეცნების ხასიათი მიიღოს.

დამოუკიდებელი სამუშაოები მოსაწვლეთა სასწავლო საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. ესენია არა მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები, სავარჯიშოები და პრაქტიკული დავალებები, არამედ სახელმძღვანელოზე, დამატებით ლიტერატურაზე, ილუსტრაციებზე, გრაფიკულ, კარტოგრაფიულ თუ სტატისტიკურ მასალებზე მუშაობა, ესეებისა და პრეზენტაციების მომზადება, კველევების ჩატარება, პროექტებზე მუშაობა და სხვ.

მოსაწვლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის სასწავლო პროცესში სამი ტიპის დავალებები გამოიყენება:

  1. დავალებები, რომლებიც გათვლილია არსებული, წინარე ცოდნის კვალავწარმოებაზე იმ სახით, როგორც ეს მათ მასწავლებელმა მიაწოდა ან სახელმძღვანელოშია მოცემული. მაგ.: წაიკითხეთ და გააანალიზეთ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი, შეავსეთ ცხრილი: ჰაერის მასები ტიპები;
  2. დავალებები, რომლებიც მოითხოვს ცოდნისა და უნარების გამოყენებას სიტუაციიდან გამომდინარე. მაგ.: წარმოსახვითი მოგზაურობა რომელიმე კონტინენტზე ჩრდილოეთიდან სამხრეთით;
  3. დავალებები, რომლებიც ემყარება ცოდნისა და უნარების გამოყენებას ახალ სიტუაციებში, პრაქტიკაში, რაც მოსწავლეებისგან მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს. მაგ.: ახსენი, როგორ იცვლება ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და რა არის ამ კანონზომიერების მიზეზი.

დიდაქტიკური მიზნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი სამუშაო შეიძლება იყოს მიმართული წინარე ცოდნისა და უნარების გააქტიურებისკენ, ახალი მასალის გაგება-გააზრებისკენ, ახალი უნარების ფორმირებისკენ, ცოდნისა და უნარების გამეორება–განზოგადებისკენ, ცოდნისა და უნარების შემოწმებისკენ.

დამოუკიდებელი სამუშაოების კლასფიკაცია შესაძლებელია ასევე რესურსებისა და გეოგრაფიული წყაროების გამოყენების მიხედვით – რუკებზეა ორიენტირებული, სახელმძღვანელოზე, თვალსაჩინოებებზე (მაგ., სასარგებლო წიაღისეულის კოლექციაზე), ციფრულ მასალებზე თუ დამატებითი ლიტარატურაზე.

სახელმძღვანელოზე მუშაობისას გამოიყენება შემდეგი აქტივობები: სახელმძღვანელოს ტექსტის გადმოცემა, პარაგრაფში მოცემული ტექტის მიხედვით გეგმის შედგენა, ცხრილების შევსება. რუკაზე მუშაობისას შესაძლებელია შემდეგი სახის დავალებების მიცემა: თემატური რუკების კითხვა, მათი გამოყენებით ცალკეული ტერიტორიების დახასიათება, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა და სხვ. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის დროს მეტად ეფექტურია კონსტრუქციული დავალებების მიცემა.

დამოუკიდებელი მუშაობისას, სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, კლასის ორგანიზაციის ყველა ფორმის გამოყენებაა შესაძლებელი. მაგალითად, გეოგრაფიული კარნახის ან ტესტური დავალებების შესრულება ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს, თემატური რუკების ანალიზისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის ან კოგნიტიური სქემების (გრაფიკული ორგანიზატორების) შედგენის დროს ჯგუფური მუშაობაა უფრო მოხერხებული და შედეგიანი.

დამოუკიდებელი სამუშაოსთვის დავალებების შედგენისას მასწავლებელმა მრავალფეროვანი სავარჯიშოები უნდა შეარჩიოს, ხოლო დავალებების მოცულობისა და შინაარსის განსაზღვრისას სისტემატურობისა და მიღწევადობის, თეორიის პრაქტიკასთან კავშირისა და შემოქმედებითობის პრინციპები გაითვალისწინოს. დამოუკიდებელ მუშაობას მიზანმიმართული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ამის მიღწევა კი მაშინაა შესაძლებელი, როცა სამუშაოს მიზანი მკაფიოდაა ფორმულირებული და გაზომვადია.

განვიხილოთ დამოუკიდებელი მუშაობის დავალების რამდენიმე ვარიანტი.

დავალება N1. თემა: სამხრეთი ამერიკის რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული.

სახელმძღვანელოს, მსოფლიოს ფიზიკური და დედამიწის ლითოსფეროს რუკების გამოყენებით ჩასვით ტექსტში გამოტოვებული სიტყვები:

სამხრეთ ამერიკას საფუძვლად უდევს —————————– ფილა. ნაოჭამთიანი სისიტემები აქ კონტინენტის ——————– მდებარეობს. ანდების მთები ——————- და —————— ლითოსფეროს ფილების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა. სამხრეთი ამერიკის რელიეფში ორი – ——————– და ——————— ნაწილი გამოიყოფა. აღმოსავლეთით მდებარეობს ——————-, ხოლო დასავლეთით – —————-. ვაკე-დაბლობები ძირითადად კონტინენტის ——————— გვხვდება. კონტინენტის დასავლეთი ნაწილი ორი – ——————- და ——————- ლითოსფეროს ფილების ურთიერთზემოქმედების ზონაშია მოქცეული. სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგია ——————-. სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალია ———. ანდების მთებში დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ——————- პროცესი, რაც მოწმობს, რომ ეს მთები კვლავ განაგრძობს ———–. ანდებში მდებარეობს მოქმედი ვულკანები ——– და ———-.
დავალება N2. თემა: სამხრეთი ამერიკის გეოგრაფიული ნომენკლატურა და კონტურულ რუკაზე მუშაობა.

სამხრეთი ამერიკის კონტურულ რუკაზე მონიშნეთ შემდეგი გეოგრაფიული ობიექტები და მიაწერეთ რაობა: აკონკაგუა, ილიამპუ, ჩიმბორასო, კოტოპახი, სან-პედრო, გვიანა, ორინოკო, ამაზონი, ლა-პლატი, პარანა, ბრაზილია.

დავალება N3. თემა: ევროპის ჯუჯა ქვეყნები – ჯგუფური მუშაობა. მოცემული სქემის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს:

ა) დაადგინეთ, ევროპის რომელი ჯუჯა ქვეყნებია სქემაზე მონიშნული და თითოეულს მიუწერეთ სახელი; ბ) ევროპის რომელი ქვეყნების გავლით მოხვდებით თითოეულ ამ ქვეყანაში? გ) ტრანსპორტის რომელ სახეობას აირჩევთ ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ? დ) გამოიყენეთ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო და მოამზადეთ რომელიმე ქვეყნის შესახებ ანგარიში შემდეგი გეგმის მიხედვით: ქვეყნის გერბი და დროშა, ქვეყნის მოკლე გეოგრაფიული დახასიათება, ქვეყნის გეოგრაფიული ობიექტები და ღირშესანიშნაობები; დ) მოამზადეთ ფოტოკოლაჟი ქვეყნის შესახებ.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდბელი მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებების – დამოუკიდებლობის, მთელი ცხოვრების განმავლობაში თვითგანვითრებით ცოდნის შეძენისა და პრაქტიკაში გამოყენების – ფორმირება-განვითარებას. ამ პროცესში კი უდიდეს როლს ასრულებს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა, პედაგოგის სურვილი და მონდომება, თითოეულ მოსწავლეში პიროვნებას ხედავდეს.

მედიარესურსების გამოყენება მოქალაქეობის გაკვეთილებზე

0

ტერმინი „მედია“ ორ საუკუნეზე მეტი ხნისაა და თავდაპირველად გაზეთების აღსანიშნავად გამოიყენეს. დღეს მედიას მრავალი განსხვავებული კონოტაცია აქვს. მაგალითად, მასმედია, ბეჭდური მედია, ვიზუალური მედია, სოციალური მედია. მიუხედავად ფორმების მრავალგვარობისა, მედიის ყველა ფორმას ერთი უნივერსალური დანიშნულება აქვს – ის კომუნიკაციის არხია.

მთლიანობაში მედია შეიძლება განვიხილოთ, როგორც წარმოება, საზოგადოებრივი სამსახური და აგრეთვე პოლიტიკური ინსტიტუტი. რეალურად მედიის ყველა სახეობას როდი ახასიათებს ასეთი სამმაგი ბუნება: ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია მამა-პაპისდროინდელი მედიის დახვეწა. გარდა ამისა, მედია პროდუქციის ნაწილს არაფერი აქვს საერთო საზოგადოებრივ სამსახურთან, მაგალითად, სუპერმარკეტის ტაბლოიდებს; დაბოლოს, მედიის ბევრი სახეობა, მაგალითად, როგორიცაა სავაჭრო და პროფესიული მიმოხილვები, პოლიტიკურ ცხოვრებაში არავითარ როლს არ თამაშობენ. და მაინც, მოქალაქის განათლებაზე ორიენტირებული მედია არის ზოგადი ინფორმაციის შემცველი: დღეს მედიას არცერთი ზემოხსენებული მახასიათებლის იგნორირება არ შეუძლია[1].

მედიის გამოყენება შესაძლებელია აქტიური სწავლების ხელშესაწყობად. არსებული მედიარესურსები შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა ინტერესის გასაღვიძებლად და სასწავლი მასალის შესახებ ცოდნის გასაფართოებლად. ტრადიციული –მასწავლებელზე ორიენტირებული – მიდგომისაგან განსხვავებით, როცა ცოდნა მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა პირდაპირი სწავლების გზით, მედია შუამავლის როლს ასრულებს და ცოდნის გადაცემას სახალისოსა და საინტერესოს ხდის. ტექნოლოგიური ცვლილებების თავზარდამცემი ტემპის გათვალისწინებით, მასწავლებელს მუდმივად უწევს იზრუნოს ყველაზე ეფექტური მედიაპლატფორმის შერჩევაზე, რომ უკეთ მიაწვდინოს ხმა თავის მოსწავლეებს. მას შეუძლია საკუთარი მედიაც შექმნას ცოდნის ეფექტურად გავრცელებისათვის. მედია სასარგებლო პლატფორმას გვთავაზობს სიტუაციური სავარჯიშოებით სწავლების, თანამშრომლობითი სწავლების, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და ინტერაქტიული სწავლებისთვის.

მედიარესურსს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღირსება აქვს:

  • ფიქრის ხელშეწყობა;
  • სასწავლო მიზნის მიღწევა შედარებით მოკლე დროში;
  • ემოციებზე გავლენა და დამოკიდებულების შეცვლა;
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისა და უნარების განვითარება;
  • გამჭოლი კომპეტენციის მედიაწიგნიერების ხელშეწყობა;
  • სინამდვილის რეპრეზენტაცია;
  • და სხვა.

გიზიარებთ იმ რესურსებს, რომელიც მოქალაქეობის გაკვეთილებზე სხვადასხვა თემის სწავლებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ნაწყვეტი ჩარლი ჩაპლინის დიდი დიქტატორიდან. აქვე გთავაზობთ ქართული სუბტიტრების ტრანსკრიპტსაც:  „მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით, არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ სამყაროში ყველასათვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს. ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ, მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – მკაცრი და ბოროტი. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება სასტიკი გახდება და ყველაფერს დავკარგავთ. თვითმფრინავებმა და რადიომ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ასეთი გამოგონებები ჩვენში კარგ მხარეს აღვიძებს, გვიხმობს საყოველთაო ძმობისკენ, რათა ყველანი გავერთიანდეთ. ამ მომენტში ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს მთელ მსოფლიოში, მილიონობით რწმენადაკარგულ მამაკაცამდე, ქალამდე და პატარა ბავშვამდე, სისტემის მსხვერპლებამდე, და სისტემამდე, რომელიც აწამებს და აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს. ვისაც ჩემი ხმა ესმის, მივმართავ: „იმედს ნუ დაკარგავთ!“. ახლა ჩვენს თავზე უბედურება ტრიალებს, რაც იმ ადამიანთა სიხარბისა და სიმკაცრის გამოა, რომლებიც ადამიანური პროგრესის გზას უფრთხიან. ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან. ის ძალაუფლება, რომელსაც ხალხისაგან იღებენ, ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ თავისუფლება არასდროს გაქრება. ჯარისკაცებო, ნუ ჩაუგდებთ თქვენს თავებს ხელში ულმობელ ადამიანებს, მათ ვისაც ეზიზღებით, ვინც გჩაგრავთ, ვინც განაგებს თქვენს სიცოცხლეს, გეუბნებათ, რა უნდა აკეთოთ, რა იფიქროთ და რა იგრძნოთ. ვინც გწვრთნით და გკვებავთ, ვინც საქონელივით გექცევათ, გიყენებთ საზარბაზნე ხორცად. ნუ ჩავარდებით ამ შემზარავი ადამიანების ხელში, მანქანა-ადამიანების ხელში, რომელთაც მანქანის ტვინი და მანქანის გული აქვთ! თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ არ ხართ საქონელი! თქვენ ადამიანები ხართ! თქვენს გულებში ადამიანთა სიყვარულია, თქვენ არ გეზიზღებათ. ზიზღი იმათ აქვთ, ვისაც არავინ უყვარს. ჯარისკაცებო, ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია, „ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“. არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში, თქვენში! თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება, რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება, რომ გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად! მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდი, გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებებით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს, და ამას არასდროს იზამენ! ისინი ითავისუფლებენ თავიანთ თავს, მაგრამ იმონებენ ხალხს, მოდი, ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებად! ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვიშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. მოდით ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.  ჯარისკაცებო! დემოკრატიის სახელით, გავერთიანდეთ ყველანი!“

გრძელი კოვზების ალეგორია – შიმშილისა და გაზიარების შესახებ უძველეს ამბავზე აგებული ეს ანიმაცია „კარიტასის“ კამპანიის „ადამიანთა ერთი ოჯახი, საკვები ყველასათვის“ ნაწილია. ის გვასწავლის, რომ თუკი მხოლოდ საკუთარი თავის სიმაძღრეზე ვიფიქრებთ, ყველა მშიერი რჩება, მაგრამ თუკი, მეზობლის შიმშილიც შეგვაწუხებს, აუცილებლად ვიპოვით ყველას დაპურების გზებს. ეს ანიმაცია ერთმანეთის დახმარებას, სოლიდარობას და მონაწილეობას გვასწავლის.

ამავე თემაზეა კრისტოფ და ვოლფგანგ ლაუენშტაინების მიერ 1989 წელს გადაღებული ანიმაცია წონასწორობა. 8 წუთის განმავლობაში მაყურებელი სუნთქვაშეკრული იმედით ელოდება, რომ გმირებს ეყოფათ გონიერება და სიკეთე, რომ ერთმანეთს გაუზიარონ სიახლის სიხარული და არ დაარღვიონ პირობითი სივრცის ფაქიზი წონასწორობა.

1983 წელს გარი ბარდინის მიერ კონფლიქტი, ხოლო 2008 წელს ივან რამადანის მიერ შექმნილი ტოლერანტია გვიჩვენებს, როგორ ერთი ხელის მოსმით შეგვიძლია ადამიანებს, გავანადგუროთ ის, რასაც წლობით ვქმნიდით. როგორ გვეადვილება დაპირისპირებისთვის მიზეზების მოძებნა. და როგორ ადვილად შეგვიძლია აზრი დავუკარგოთ სიცოცხლეს.

ამავე თემის გაგრძელებაა ბრუნო ბოზეტოს ანიმაცია კალიები და საუკეთესო თვალსაჩინოება ბერნარდ შოუს სიტყვებისთვის: „ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია“. ანიმაციის, ისევე როგორც ციტატის გამოყენება მასწავლებელს ისტორიისა და მოქალაქეობის ინტეგრირებული გაკვეთილისთვის შეიძლება გამოადგეს.

ბრუნო ბოზეტოს ანიმაციაში – ცხოვრება თუნუქის ქილაში – ცხოვრების მთელი ციკლი 6 წუთშია მოქცეული და გვახსენებს, რა ადვილია ყოველდღიურობამ ფერი და ნამდვილი აზრი წაართვას ცხოვრებას. (ჩემი აზრით, ბრუნო ბოზეტოს ნებისმიერი ანიმაცია არაჩვეულებრივი რესურსია მოქალაქეობის მასწავლებლისთვის).

დაბოლოს, ურთიერთობის სიფაქიზის და განწყობის მნიშვნელობის შესახებ ჩემს ორ უსაყვარლეს ანიმაციას გიზიარებთ. ეფექტური კომუნიკაციის გზამკვლევი გვიჩვენებს, რომ სწორ დროსა და ადგილზე სწორად ნათქვამი სიტყვებით შეჭმასაც კი შეიძლება გადაურჩე, ხოლო ჩემთვის საყვარელი ბრუნო ბოზეტოს ცეკვა – თვით სიკვდილსაც კი სხვა თვალით დაგვანახებს.

 

 

 

[1] Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6017

ენა – სახლი, რომელიც დამაქვს

0

“ენაჩი სუ კარგია “…

პოეტი, ენათმეცნიერი და მასწავლებელი – ყველანი ერთი დიდი ტაძრის მლოცველები არიან, სადაც სიტყვის ძალას სცემენ თაყვანს.

სიტყვას რომ ყველაფერი შეუძლია, ამის დასამტკიცებლად, გარდა საკუთარი გამოცდილებისა, სხვადასხვა მითოლოგია თუ რელიგიური წიგნი გამომადგება, თუმცა ასეთ ღრმა და ფილოსოფიურ წიაღსვლებს არც ვგეგმავ, მარტივი, ყოფითი მაგალითებით შემოვიფარგლები.

თქვენ როგორ გგონიათ, რომელ ძალას შეუძლია, მოვლენები თუ წესები შეცვალოს, ჰო, მთლიანად შეცვალოს? ღმერთს, – მიპასუხებენ მორწმუნენი, ათეისტები მეცნიერულ ახსნას დაუწყებენ ძებნას, ენათმეცნიერები კი უბრალოდ მეტყვიან: ენას. დიახაც, ასეა, – ვუპასუხებ მე.

მზე ამოდის და ჩადის – მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო; კასპიის ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა კი არა, ტბაა, მაინც ზღვად იწოდება; ზღაპრის მძლეთამძლე, თუმცა მხდალია, მაინც მძლეთამძლეა, იმიტომ, რომ მოისურვა, ასე ყოფილიყო; ასე ეწოდა, ესე იგი ასეც არის…

ხორხე ლუის ბორხესს თავის ცნობილ ანთოლოგიათა შორის, ერთი ძალიან საინტერესო წიგნი აქვს – “ფანტასტიკური ცხოველების ანთოლოგია” ჰქვია. თუ ამ გამოგონილი ცხოველების ენობრივ არსებობაზე გავამახვილებთ ყურადღებას და იმ თეზას გავყვებით, რომ ყველაფერი, რაც ენაში არსებობს, ნამდვილადაც არსებობს, მაშინ ამ წიგნის ბინადრებთან ერთად რეალურ არსებობას შეიძენენ ათასი ჯურის დევები თუ მაძახურები, ტყაშმაფები თუ ოჩოკოჩები…

ბავშვობაში, როცა ძალიან მომინდებოდა სკოლის გაცდენა, ვიტყოდი, სიცხე მაქვს, სიცხე მაქვს-მეთქი და თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი მართლაც სცდებოდა 37.8-ს.

ჰოდა, ჩვენ ყველანი ჩვენს ენაში ვსახლობთ. ენაა ჩვენი სამშობლო, ენაა ჩვენი სახლი, ჩვენი სიმყუდროვე და სიმშვიდე, როგორივ არ უნდა იყოს იგი – ტკბილი სახლი თუ ცა-სახურავად.

ფერეიდანი – პატარა საქართველო იმიტომაცაა, რომ იქ ქართული ენა ცხოვრობს, იქ ენა – კერაში ანთებეული ცეცხლივითაა – ხან მიინავლება, ხან-გაძლიერდება და აალდება, მაგრამ ყოველთვის ათბობს.

 

  • „არ ვიცი, დაბერებულვარ და არ ვიცი, ძალიან საყორველია ჩონ ენა ჩონთან, ძრიალ საყორველია.“
  • დედას ენა ქე მასალან ჩონ ენა’რი, დოოკარგავყე, სუღა ჶარსი ამბობენ.“

 

  • „ ეს ქართულს, რო ჩონ თქენთინაც იცით, ზოგ საუბარია, რო ქენ ამბობთ, დაკარგულია ენაჩი, ეხლანდელ ენა დაჲსწავლო, ბერს ჯობელია თა, წინანდელ ენა, რო ეხლა, ეხლანდელ ქართველებმა არ იციან, თუ ეგრე იყოს, ძრიალ ნამაჲ.

 

  • „-გუყორს ცოცხალი შანახულ ენა , დაწერვა.
  • -ენას რო ინახვო, ხო მეტად, ელან, ენას ინახვენ, უნდაყე, რო თავი დედა ენა და ქართულ ენა შაინახონ და დარჩეს.“

 

  • „თუ დედამ ილაპარაკა ქართული, შეიძლება, რო შაინახოს ქართულ ენა , დედა ენა.“

 

  • „მე სოფლელი ვარ, ქართველი ვარ, მე უნდა მოჲდე, რო ემ ქართველებს ვასწავლოყე, რო ამათ ჩემ ენა ესმოდესყე, იმას რო ჶარსულად არ გაჲგებენ, მე ქართულად ვასწავლოყე, რო რა არი.“

 

 

  • „ეხლა შენ ჩემი ენა არ გესმოდეს, მე შენი ენა არ მესმოდეს?
  • თუ უნდა ფერიდანჩი ენა დავარდეს, უნდა, ბავშები ან ყმაწილები, სკოლაჩი მიდიან, რომელიც ნამა სწავლოფს, ერთი ნამაი რამე მივცეთ და ყმაწილები ერთმანერთის სიშურით იფო ისწავლიან.“

 

  • „ ღმერთო, ღმერთო გეხეწები შენ, ჩონ დედ-მამას უშელე, ენა ენა გოსწავლეს, რომ იცოდეთ მინა ვართ, მინა ვარ და საიდან ვართ.“

 

  • „- ეგ თაითინ არი, ქართველებია ელა, ქე შოონახავყე ენა . ენა.
  • არ დაივიწყოთ თქენ დედას ენა და ეს ტკბილ ენა და.“
  • ვიცოდით, გულჩი არის, ჩონ საქართველო როგორ გუყორს, როგორ გûნდა აშენდეს, დაკეთდეს, ქართველ ხალღი სუყელგან ზემოთ იყოს, ქართული არ ვიცით კარგადა, ჩონ გულს უნდა ის მოიტანოთ ენაზე .

 

ფერეიდანი – ენის სამშობლოა. წარმოიდგინეთ, დიდი ხნის თავდახურული სკივრი, რომელიც უცებ გაიხსნება და იქიდან ფერად-ფერადი პეპლები ამოიშლებიან. უფრო ფერადი კადრი გინდათ?  – მაშინ ყველა არსებული და არარსებული თვალის ბრჭყვიანი წარმოიდგინეთ. წარმოიდგინეთ ბებოს სკივრი, რომელშიც 400 წლის ისტორიაა ჩალაგებული, როგორც მატერია, როგორც ნაქარგობა, როგორც ხელნაწერი.

ჰოდა, ამ სკივრის გახსნის დროა!

 

ბავშვობის საზაფხულო გამოცდილება სოფელში

0

„შენ დაისვენე, ახლა ჩვენ მივხედავთ” – როდესაც, მძიმე, დატვირთული და დამღლელი წლის ზაფხულის პირველ თვეს ასეთი შინაარსის  სიტყვებს მოისმენთ, შფოთი და ფორიაქი უნდა დაივიწყოთ, ბავშვების საჭირო ნივთები ჩანთაში ჩააწყოთ და სოფელში გაისტუმროთ.

 

ტემპერატურის მატებასთან ერთად  ქალაქში სიბრაზე და გაღიზიანება იმატებს. ბავშვები განსაკუთრებით  მოქანცა ერთწლიანმა სასწავლო პროცესმა და უფრო ხშირად სვამენ კითხვას, როდის წავლენ  სოფლად, მთაში, ბარში ან ნებისმიერ ადგილას, დიდი, ცხელი და გადატვირთული და მუდმივად გაღიზიანებული ქალაქებიდან. მათაც, უფროსების მსგავსად ენატრებათ  უფრო თავისუფალი ცხოვრების რიტმი და თავიანთი ახალი ცხოვრების დამოუკიდებლად დაგეგმვა; დროებით მაინც, ქალაქის რუტინისგან გამოყოლილი ჩვევებისგან გათავისუფლება  და იმის შეგრძნება, რომ ნამდვილად დადგა დასვენების დრო.  და რამდენ ხანს გრძელდება არდადეგები? – კითხულობენ ხშირად, უფრო  თავის დასამშვიდებლად. დიდხანს, თითქმის სამი თვე – ვპასუხობთ და ისინიც ციფრებში გამოხატული დროებით უფრო მეტად კმაყოფილები ჩანან.

 

ალბათ, ბევრი  ვდარდობთ იმაზე, რომ ახალმა ცხოვრების წესმა, ყველას, ქალაქში თუ სოფლად  მცხოვრებ ადამიანს,  ძალიან ცოტა დრო დაუტოვა ურთიერთობებისთვის და ეს ნორმალური არ არის.  და ის დღეები, როდესაც მთელ ზაფხულს  და ყველა სასკოლო არდადეგებს სოფლად, ბებიასთან ვატარებდით – შორეულ მოგონებად დატოვა.

დღეს ყველა დაკავებულია, ყველა მუშაობს და დრო ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტა დრო დარჩა ბავშვებისთვის და შესაბამისად, უფრო ცოტა დრო რჩება მათი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარებისთვის ყურადღების მისაქცევად.  ქალაქში კი უფრო მეტად ძნელდება ცხოვრება, განსაკუთრებით ზაფხულის დადგომისთანავე და ეს შემაშფოთებლად აისახება ბავშვების ჯანმრთელობასა და განწყობაზე. უჟანგბადო და გამონაბოლქვით დამძიმებულ ქალაქში, ბავშვის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა, ყველაზე დიდი გამოწვევა ხდება მშობლებისთვის.

 

ჩემს ბავშვობაში, სწორედ საზაფხულო არდადეგების დროს იწყებოდა თავგადასავლების ახალი ტალღა და ახალი შთაბეჭდილებები, მას შემდეგ, რაც მშობლები  სოფლად „გაგვხიზნავდნენ” და ბებიას მიგვაბარებდნენ. ასე იწყებოდა ახალი ცხოვრება „ოთხ კედელში გამოკეტილი” (ბებია ასე იტყოდა) ბავშვებისთვის და ჩვენც ვერთვებოდით სოფლურ ყოფაში, ვინაწილებდით იმ მცირე საქმეებს, რომელსაც ბებია დაგვავალებდა.

 

ქალაქის თამაშებს – ხუთქვაობანას, წრეში ბურთს, რეზინობანას, ახლა  სხვა თამაშები ენაცვლებოდა. უფრო მეტი სილურჯე ჩნდებოდა ჩვენს მუხლებზე და ,,ასფალტზე გაზრდილი ბავშვები” (ისევ ბებია) ახალ თავგადასავლებს შევუდგებოდით სოფლად. თითოეული დღე გამორჩეული იყო, ახალი თავგადასავალის ძებნის მოტივით. მარწყვის საკრეფად მივდიოდით დილით გორაკებზე; ვეძებდით იმ ადგილებს, სადაც ყველაზე ადრე მწიფდებოდა ალუჩა, ველოდებოდით როდის გაწითლდებოდა ყველაზე გემრიელი ბალი ბოსტანში, ან როდის იქნებოდა სიმინდი  მზად, რომ მოგვეხარშა. ველოდებოდით როდის გამოჩნდებოდნენ ციცინათელები და საღამოებს მათ ცქერაში ვატარებდით,  მივდიოდით მეზობლებთან და თავს ვიქცევდით მათთან საუბრით, ვარჩევდით დაფნას ჩვენი ოჯახის ქალებთან და მეზობლებთან ერთად, ვეძებდით დაკარგულ პირუტყვს თუ ვეხმარებოდით ბებიას თხის მოწველაში, ცხოველს ფეხებს ვუკავებდით. ივნისში, როდესაც ხმაურიანი წვიმების სეზონი დაიწყებოდა, ბებიასთან ერთად ვისხედით სახლის წინ გრძელ სკამზე და ვუსმენდით მის უცნაურ ამბებს, ის კი არაჩვეულებრივად გვიყვებოდა თავისი სოფლის, და-ძმების, სკოლისა  და თავისი ახალგაზრდობის დროინდელ ამბებს. ბებიას ძალიან ცოცხალი იუმორი და  ამბების გამოგონების ნიჭი ჰქონდა, რაც ყოველთვის აღგვაფრთოვანებდა. იმასაც ვერ დავუკარგავ, ფანდურზე უწმაწური შაირების დამღერებაც რომ იცოდა და წინათგრძნობის გასაოცარი უნარი ჰქონდა. ბებია აკვირდებოდა მიწას, ცას, ჩიტებს, წვიმას, მთვარეს, მზეს და ვარსკვლავებს და თითქმის არასდროს ცდებოდა, როდის გაწვიმდებოდა.

 

ჩემი ბავშვობის სოფლად გატარებულ წლებს რომ ვიხსენებ, გულწრფელად ვფიქრობ, ასე სხვაგან და არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი და ალბათ, ვერც ვერასდროს ვნახავდი სხვაგან იმდენ საინტერესო, გამორჩეულ პერსონაჟს, აქ რომ ცხოვრობდნენ – იმერეთის, ერთ, არცთუ ისე პატარა სოფელში. ეს სამთვიანი საზაფხულო გამოცდილება, შემდეგ გახდა საბადო, მთელი რიგი გულთბილი  და ნაღვლიანი მოგონებების. დღეს თვალზე ცრემლის გარეშე ვერ ჩაივლის იმდროინდელი ამბების გახსენება.

 

საბავშვო ლიტერატურის გარეშე რა არის საზაფხულო დასვენება სოფლად? არც არაფერი. მაშინაც ასე ვფიქრობდი, როდესაც უამრავ წიგნს შორის ძალიან ცოტას ვპოულობდი  საბავშვო ლიტერატურას, თუმცა მეორე სოფელში ვივსებდი ამის დანაკლისს, სადაც უფრო ეზრუნათ საბავშვო ბიბლიოთეკის შევსებაზე. ჩვენი საზაფხულო არდადეგები მუდმივად მიჩენდა ლიტერატურულ პარალელებს და მეც მახსენდებოდა, როგორ არაჩვეულებრივ  დროს ატარებდნენ სოფლად „ბიულერბიული ბავშვები” და საკუთარ თავს მათ ვადარებდი.  ჩვენც მათნაირად  ვიყავით, ჩვენი თვალსაწიერი მდიდრდებოდა  ცოცხალი შთაბეჭდილებებით, ახალი ურთიერთობებით, სხვა უნარებითა და ახალი სიტყვებით.

 

ახალი გარემო ბავშვის სააზროვნო სივრცეს ცვლის. ახლებურად ანახებს მოვლენებს, ხედვის ახალ კუთხეს სთავაზობს, ახალ აღმოჩენებს აკეთებს და რაც, ყველაზე მთავარია, ახალ ურთიერთობებს იწყებს. სოფელში ბავშვი ხვდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც სხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, სხვა თამაშები იციან, სხვა ინტერესები და სხვა უნარები აქვთ. ასეთ დროს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და საინტერესოა.

 

,,თქვენც ასე გაიზარდეთ, ნუ გეშინიათ. გამოუშვით ბავშვები” – ამბობს დედა და მეც ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ რამდენიმე ასეული კილომეტრის იქით ორი შვილის გაგზავნა და ამასთან დაკავშირებული ღელვა, ფორიაქი და ნერვიულობა უნდა შევწყვიტო, ისევ მათი ბედნიერი და მხიარული დღეებისთვის.

 

 

 

 

 

მამა და მსოფლიო

0

ჩვეულ გზას ვადექი. იტალიაში წიგნები ჩავიტანე იქ მცხოვრები ქართველებისთვის. მილანიდან ფლორენციისკენ მატარებლით მომიხდა წასვლა. მანამდე ფრენა და ამბავი. შუაღამის. მოკლედ დაღლილი. დაღლა ისეთი, რომ თავს გაძალებს და გაძილებს. იტალიელები სხედან ჩემ უკან. ორი ქალი და ერთი კაცი. ეს ნიშნავს ლაპარაკს. გაძლებამდე სწრაფს. დაუსრულებელს. ხან ხმამაღალს. ხან წესებიდან გაქცეული ჯადოსნური მუსიკისმაგვარს. ეს მესმის და თან მეძინება, თან ვერ. ისინი ლაპარაკობენ, შეიძლება მოდაზე ან პიცაზე, ან უფრო – უცებ გაფუჭებულ ამინდზე და სახლში დარჩენილ საწვიმარზე. შეიძლება შვილებზე, რომლებიც არ გვანან მამებს და წუხან, რომ არ გვანან. შეიძლება მეზობელზე, რომელიც ფანჯრიდან ყრის ნაგავს. შეიძლება ,,ფიორენტინაზე’’ და ,,ინტერზე’’. შეიძლება მთავრობაზე. შეიძლება ძაღლზე.  სულერთია რაზე, მაგრამ შემართებით და შეუსვენებლად. და უცებ, ძილსა და ცხადს შორს გაჩხერილს, მეჩვენება, რომ ნატანებში, ,,კაჩალკაზე’’ ვწევარ და ოდნავ ვირწევი და ეს ხალხი კი არა, ბებიაჩემი და ,,კოფეს’’ დასალევად გადმოსული ორი მეზობელი ლაპარაკობს. ლაპარაკობენ ბათუმის ბაზარში ნაყიდ ტანსაცმელზე ან მანდარინზე, ან უფრო – გაფუჭებულ ამინდზე და სახლში დარჩენილ ,,ბუშლატაზე’’. შეიძლება შვილებზე, რომლებიც არ გვანან მამებს და წუხან, რომ არ გვანან. შეიძლება მეზობელზე, რომელიც ჭიშკართან ყრის ნაგავს. შეიძლება ,,ფიორენტინაზე’’ და ,,ინტერზე’’. რატომაც არა – ,,ფიორენტინაზე’’ და ,,ინტერზე’’. შეიძლება მთავრობაზე. შეიძლება ძაღლზე. და მესმის ეს ლაპარაკი და ის ლაპარაკიც და ორივე ლაპარაკი ერთია ჩემთვის, თან მატარებელში ვზივარ და თან ,,კაჩალკაზე’’ ვირწევი და ეს რწევა და ლაპარაკი  იტალიას და საქართველოს, ტოსკანას და გურიას ვეღარ არჩევს და აღარც არჩევს. და ვხვდები იმას, რაც სიტყვებად პათეტიკურს მიაგავს, მაგრამ არაფერია ამაზე ნამდვილი  – რომ ადამიანები საშინლად ვგავართ ერთმანეთს. და სულ, სულ ვემსგავებით. რაც უნდა შორს წავიდეს მატარებლით ერთი და მეორე სულ ,,კაჩალკაზე’’ დარჩეს, იქნება რაღაც გარდაუვალი და აუცილებელი წერტილი, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან.

რამდენჯერ მომეჩვენა მამაჩემი ვიღაც უცხო კაცში. ჩინელში თუ ინდოელში.

და რადგან მამის დღე იყო, ბარემ მასზეც.

ზაფხულის ღამეები სხვა ფიქრებს გულისხმობდნენ. მათსავით მოკლეს და არეულს. სიზმრებიც ეგეთი შეკვეცილია და უცაბედი. ამიტომაც, აგვისტოს ღამეს, სჯობდა აივანზე ვმსხდარიყავით, თხილი გვერჩია და ხმა არ ამოგვეღო. თხილის რჩევა დაკვირვებას არ მოითხოვს – ჩვენი მზერა ჰორიზონტზე დაღვრილ სილურჯეს მიშტერებია. მზერა ჯიუტია. ლურჯი – ბაცი და ცხელი, ტლანქი და ნოტიო. უსიტყვოდ და უფიქროდ ვარჩევთ. მე, ბებია და მამა. ეს წუთები სხვა ამოვარდნაა ცხოვრებიდან, მეხსიერების და ყოველდღიურობის ჯადოსნური განდევნა – უნებლიე მაგიური აქტი. თითქოს ერთად ვართ და ვეღარ ვამჩნევთ ერთმანეთს. და ვერც საკუთარ თავს ვამჩნევთ. ამ დროს მხოლოდ აგვისტო დგას და ყველა სხვა თვე იმაზე შორსაა, ვიდრე ჩვეულებრივ.
– უფ, მევითავეთ, კაი ვქენით!
ამბობს უცებ მამაჩემი და ჩვენ ვბრუნდებით. ეს მამაჩემის უმთავრესი სიტყვები იყო. ყველაფერზე ასე ამბობდა. ,,მოსათავებლი იყო და მევითავე’’ – ბარვაზე, თოხნაზე, ჭამაზე და ძილზეც კი. იფიქრებდი, რაღაცის მოსწრებას ლამობსო. რომ შეეძლოს, ზუსტად ვიცი, მოვიდოდა და მეტყოდა: ,,უფ, მერე რაია, რომ მოვკტი კაცო, მოსათავებელი იყო მაი და მევითავე’’ და მეც და შენც ხომ ვიცით, რომ ეს მართლა ასეა? რომ სიკვდილი მოსათავებელი ამბავია – ადრე თუ გვიან. ,,ხოდა, რას ტირით კაცო, აფერი არ მომხდარა იმფერი, მაინც ხომ მოხდებოდა და ცოტა ადრე მევითავე’’.

 

 

 

 

 

 

 

ათი გზა თქვენი შვილის ჭირვეულობის შესაჩერებლად

0

როდესაც თქვენი შვილი ჭირვეულობს რთულია სიმშვიდის შენარჩუნება. ჭირვეულობა ანუ ტანტრუმი ბავშვობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ქცევაა. პატარებს, კერძოდ, 1 წლიდან 4 წლამდე ბავშვებს, ფსიქოლოგიური ადაპტაციის უნარ-ჩვევები ჯერ არ აქვთ განვითარებული. ისინი უბრალოდ კონტროლს კარგავენ და ყვირილს ან ტირილს იწყებენ. რა იწვევს ამას? ყველა ტანტრუმს საფუძვლად ერთი რამ უდევს: სასურველის ვერმიღება. 1-დან 2 წლამდე ბავშვებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, ამიტომაც ჭირვეულობის მეშვეობით გარკვეულ საჭიროებაზე მიუთითებენ. თუ საპასუხოდ არ იმოქმედებთ, ბრაზობენ. შედარებით დიდი ბავშვებისათვის კი ჭირვეულობა ძალაუფლების მოპოვების მცდელობას უფრო ჰგავს. 3-4 წლის ბავშვები უფრო დამოუკიდებელნი ხდებიან, კარგად იციან, რა სჭირდებათ და რა სურთ. ხოლო თუ არ შეუსრულებთ, ჭირვეულობას მიმართავენ. როგორ შეგვიძლია ამის შეჩერება?

ხშირად ეთამაშეთ თქვენს შვილს. საშუალება მიეცით, თავად აირჩიოს აქტივობა და ყურადღება მთლიანად მას დაუთმეთ. პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შემდეგ თქვენი შვილი ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს უფრო ადვილად დამშვიდდება. ყოველთვის გამოიყენეთ შანსი და მისი კარგი საქციელი აღნიშვნის გარეშე არ დატოვოთ. სასურველი ქცევის შექების შემდეგ ის მის გამეორებას ისევ შეეცდება. აგრეთვე შეეცადეთ, დაანახოთ ბრაზთან გამკლავების ჯანსაღი გზები, მაგალითად, ღრმად ჩასუნთქვა. თუკი თავად გამოხვალთ მწყობრიდან, ყოველთვის აღნიშნეთ, რომ გადააჭარბეთ. აუცილებელია, თქვენმა შვილმა გაიგოს, რომ შეცდომას ყველა უშვებს. დაბოლოს, შეისწავლეთ სიტუაციები, რომლებიც თქვენი შვილის ტანტრუმით მთავრდება და შესაბამისად დაგეგმეთ. თუ ეს მაშინ ხდება, როცა მუცელი შიმშილისგან უბუყბუყებს, თან იქონიეთ ჯანსაღი წასახემსებელი. თუ გადაღლილობისას მიმართავს მსგავს ქცევას, მაშინ, პირველ რიგში, მის ძილზე იზრუნეთ.

1. არ სცადოთ მისი დამშვიდება
არ მიაქციოთ ყურადღება, თუკი საკუთარ თავს ან სხვებს ფიზიკურად არ აზიანებს. ამ საქციელით თქვენ მის არასასურველ ქცევას არ განამტკიცებთ. ოთახიდან გადით და რამდენიმე წუთში შეამოწმეთ. თუ თქვენი შვილი დარტყმას, ფეხების ქნევას, კბენას ან საგნების სროლას დაიწყებს, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ და სიტუაციას განარიდეთ. აუხსენით, რომ სხვების დაზიანება მიუღებელია. საჭიროების შემთხვევაში, ჩამოართვით სასურველი რამ ან დროებით სხვა ოთახში გაუშვით. მაგრამ უმჯობესია, თუ დასჯას საზიანო ქცევისას მიმართავთ, რადგანაც ხშირი გამოყენებისას ის ეფექტურობას კარგავს.

2. რაც მეტად იყვირებს, თქვენი პასუხი უფრო მშვიდი უნდა იყოს

საბოლოოდ, თქვენი ბავშვიც თქვენს ტონალობაში დაიწყებს ლაპარაკს, რადგან თქვენთან ურთიერთობა უნდა. გაიხსენეთ, რომ მოწყენილი ან იმედგაცრუებულია და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ საზოგადოებრივ ადგილას დაკარგავს კონტროლს, გარეთ გაიყვანეთ. შესთავაზეთ სკამზე ან მანქანაში დაჯდომა მანამ, სანამ დამშვიდდება. ზოგიერთ ბავშვს ეხმარება მსგავსი არჩევანი.
ჭირვეულობის შემდეგ, ისევ დაუბრუნდით სიტუაციას, საიდანაც დაიწყო. თუ იმიტომ გაბრაზდა, რომ თოჯინის აღება სთხოვეთ, დამშვიდების შემდეგ ისევ სთხოვეთ იგივე. თუ ნამცხვარზე უთხარით უარი და ამიტომ დაიწყო ტირილი, ისევ არ მისცეთ. როდესაც დაგიჯერებთ, შეაქეთ, რადგანაც ეს არის პოზიტიური ქცევა, რომელიც გინდათ, რომ დაიმახსოვროს და გაიმეოროს.

3. გაარკვიეთ, რატომ აქვს ასეთი რეაქცია

თუ თქვენს შვილს შეუძლია გითხრათ, რა უნდა ან რა სჭირდება, არ ნიშნავს, რომ ჭირვეულობა დამთავრდა. იგი კვლავ ცდილობს საკუთარ ემოციებთან გამკლავებას, ასე რომ, პატარა უთანხმოებასაც კი შეუძლია ტანტრუმის გამოწვევა. თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა, ამიტომ თქვენი დახმარებისას შესაძლოა იმედგამაცრუებელი აღმოჩნდეს. შესაძლოა, გაღიზიანდეს, როდესაც რთული დავალებების შესრულება მოუწევს, მაგალითად, თასმების შეკვრა. ჭირვეულობა ხშრად ბრაზი იწვევს, მაგრამ ზოგჯერ მისი მიზეზი დარდიცაა. ბავშვებს სიტუაცია დიდი და უსამართლო შეიძლება მოეჩვენოთ და გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა გაუჭირდეთ.
2 წლამდე ბავშვების სიტყვების მარაგი მწირია, კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ, თუმცა უამრავი ფიქრი, სურვილი და საჭიროება აქვთ. როდესაც რაიმეს ვერ გააგებინებთ, ბრაზობენ და ასე გამოხატავენ იმედგაცრუებას. ერთ-ერთი გამოსავალი არის ჟესტების ენა. ჟესტების გამოყენებამ შესაძლოა, ძალიან კარგი შედეგი გაჩვენოთ. ხოლო თუ ის ჟესტების ენითაც ვერ გაგაგებინებთ, უბრალოდ სთხოვეთ, გაჩვენოთ, რა უნდა და შეეცადეთ, მიხვდეთ. დროთა განმავლობაში უკეთესი კომუნიკაცია გექნებათ.

4. მიეცით ბავშვს სივრცე

ზოგჯერ საჭიროა, რომ ბავშვმა ბრაზი გამოუშვას და მიეცით ამის ნება. (უბრალოდ დარწმუნდით, რომ საკუთარ თავს არ ავნებს). ამ მიდგომით ისინი არადესტრუქციულ გზაზე დაბრუნებას ისწავლიან. მათ შეეძლებათ, დაიცალონ გრძნობებისგან და შემდეგ ისევ მოიპოვებენ საკუთარ თავზე კონტროლს – თქვენთან ყვირილისა და ჩხუბის გარეშე.

5. შეცვალეთ მიმართულება

ყურადღების გადატანის მიზნით დააინტერესეთ და ჩართეთ სხვა რამეში. თუ დროულად იმოქმედებთ, შესაძლოა, ჭირვეულობა აიცილოთ კიდეც. ბავშვებისთვის ყურადღების გადატანა, ძირითადად, ძალიან ადვილია და სწრაფად ავიწყდებათ გაბრაზება. საჭიროა ცოტაოდენი მსახიობობა და მისი გართობა.

6. ჩაეხუტეთ

შესაძლოა ეს იყოს ყველაზე ბოლო რამ, რაც უნდა გააკეთოთ, როდესაც თქვენი შვილი ჭირვეულობს . ისინი გრძნობენ, რომ უსაფრთხოდ არიან და თქვენ მათზე ზრუნავთ, მაშინაც კი, როდესაც მათი საქციელი არ მოგწონთ. მათ სჭირდებათ უსაფრთხო ადგილი, სადაც ემოციებს გამოხატავენ.

7. შესთავაზეთ საჭმელი

გაიხსენეთ, როგორ ხართ, როდესაც საკმარისად არ გძინავთ ან გშიათ. ბავშვის დაღლილობა და შიმშილი ჭირვეულობის ორი დიდი გამომწვევი მიზეზია. აჭამეთ, დაალევინეთ და განტვირთვის საშუალება მიეცით, იქნება ეს ძილი თუ ცოტა ხნით ტელევიზორის ყურება.

8. მიეცით ბავშვს კარგი ქცევის სტიმული

ზოგიერთი სიტუაცია თქვენი შვილისთვის დამღლელია. მთავარია, გააანალიზოთ, რომ მისგან ბევრს ითხოვთ და სასურველი „ქრთამი” შესთავაზოთ. მსგავსი ქმედება მისაღებია, თუ ეს თქვენი პირობის შესაბამისად მოხდება. თუ თქვენი ბავშვი მაინც ვერ გააკონტროლებს საქციელს, გაახსენეთ ჯილდო და ის მაშინვე ფორმაში ჩადგება.

9. გაიცინეთ

ყველა მშობელს ეშინია საზოგადოებრივ ადგილას ჭირვეულობის. რას იფიქრებენ სხვა მშობლები? გაუკონტროლებელი ბავშვი გაზარდეთ? მსგავსმა ფიქრებმა შესაძლოა, არასწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ. თუ თქვენ გაბრაზდებით და ნებას მისცემთ ბავშვს, თავისას მიაღწიოს, რათა მეტი ხალხის ყურადღება არ მიიპყროს, ბავშვი ამ გზას დაიმახსოვრებს. თქვენ უნდა გაიღიმოთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. კვლევებმა აჩვენა, რომ ხალხი თქვენი რეაქციის მიხედვით განგსჯით. თუ თქვენ მშვიდად გამოიყურებით, თითქოს ყველაფერი კონტროლის ქვეშ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მის გასაჩერებლად არაფერს აკეთებთ, იფიქრებენ, რომ კარგი მშობელი ხართ.

10. გაერიდეთ ადგილს

ჭირვეულობის გამომწვევი ადგილიდან ბავშვის გაყვანამ შესაძლოა ის შეაჩეროს. წაიყვანეთ სხვა ადგილას ან გაიყვანეთ გარეთ მანამ, სანამ არ დამშვიდდება. ადგილის შეცვლას მისი ქცევის შეცვლაც შეუძლია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...