კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

ჯიბის ფული და ხმის უფლება

0

სიტყვები, რომლებიც წერილის მკითხველისთვის ვთარგმნე, ფრანსუა ტრიუფოს იმ ინტერვიუდანაა, 1976 წელს გამოსულ მის შესანიშნავ ფილმს, „ჯიბის ფულს“ რომ ეხება: „ჩემს ფილმებს ხშირად აქვს რაღაც ისეთი, რასაც დიდაქტიკური ასპექტი შეიძლება დაერქვას. მე თვითონ არეულ-დარეულად ვსწავლობდი, ძალიან ადრე შევწყვიტე სწავლა… და, ალბათ, ცოტა არ იყოს, საკრალიზებას ვახდენ სკოლის ფუნქციის – პედაგოგიური ფუნქციის. ამის გამოა, გაკვეთილებს რომ არ ვატარებ. მირჩევნია, სადღაც, ჩემთვის, ფილმები გადავიღო და მერე ვაჩვენო“. ბავშვებს ფრანსუა ტრიუფოზე დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ალბათ, არც ჰყოლიათ. გაუსაძლისად მძიმე ბავშვობა სხვებსაც ჰქონიათ და ეს გამოცდილება მათ ნამუშევრებშიც ოსტატურად ასახულა, მაგრამ აქ სხვა შემთხვევაა – ავტორი შემართებით იბრძვის ყველაზე უუფლებოების დასაცავად და ფილმებს იმ იმედით იღებს, რომ ეკრანზე ნანახი რაღაცას შეცვლის სხვების ცნობიერებაში – ვის ხელშიც ბავშვის დღევანდელი დღე და მომავალია.

„ჯიბის ფულის“ ნახვის შემდეგ ისღა დამრჩენოდა, ამ ფილმზე დამეწერა – სწორედ მათი ყურადღების მისაპყრობად, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობა ყოველდღიურად უხდებათ. მერე რა, რომ მისი გადაღებიდან ათწლეულებია გასული. უყურეთ და დარწმუნდებით, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა მშობლების, მასწავლებლების, უფროსების დამოკიდებულებაში. დღესაც ისევე არ ესმით ბავშვების, როგორც 70-იან წლებში. დღესაც ისევე იოლად შეიძლება იქცნენ ისინი უსამართლობის მსხვერპლად.

და თუ მისაბაძ მაგალითს ეძებთ, ისიც აქვეა: მესიე რიშე – ფრანსუა ტრიუფოს მთავარი აზრების გამხმოვანებელი, მასწავლებელი, რომელიც თითქმის ყოველთვის პოულობს სწორ სიტყვებს, სწორ გამოსავალს.

მეორე მასწავლებელი – მადმუაზელ პეტი უფრო ახლოსაა მათთან, ვისი სახეებიც სკოლის წლებიდან მახსოვს. უფროსები, რომლებიც უფრო მექანიკურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ვიდრე მოცემული სიტუაციისა და საკუთარი ამოცანის ბოლომდე გაცნობიერებით.

ბავშვობა კი ყველგან ბავშვობაა. ამ ფილმში ბევრი სიხარულიცაა, მხიარული თავგადასავლები, გადარჩენის დაუჯერებელი ისტორია, ცნობისმოყვარეობით გადაგმული ნაბიჯები, სიყვარული, სიახლოვის სურვილის პირველი ნიშნები, პირველი კოცნა… ეს არ არის სტერილური გარემო, რომელსაც ბავშვებზე გადაღებული ფილმისგან შეიძლება ველოდეთ. აქ მასწავლებელიც კი შეყვარებულთან ერთადაა მოსწავლეებითა და მშობლებით გადავსებულ კინოდარბაზში.

ყველა ამბავი თითქმის თანაბრად გტაცებს თვალს – ყოველი პატარა გმირის გამოჩენა გიხარია. თუმცა ორი ბიჭი მაინც გამოირჩევა: პატრიკი და ჟიულიენი. პატრიკი გაფართოებული თვალებით შესცქერის ქალებსა და გოგოებს, ნამდვილსა თუ დახატულს. ცნობისწადილით სავსე მზერა აქვს – საიდუმლოს ამოსახნელად მზადმყოფის. ჟიულიენი კი შემზარავ პირობებში ცხოვრობს: სახლი სახლს არ ჰგავს, ყოველდღე სცემენ, თავის გასატანად ქურდობისა და მაწანწალობის გზაზე დადგომას აიძულებენ. კლასში არაფერს იმჩნევს, არც სილაღე დაუკარგავს ბოლომდე. კარგი ბიჭია, გადასარჩენი. და, ალბათ, მადმუაზელ პეტივით დაბრმავებული უნდა იყო, რომ მისი გასაჭირი ვერ შეამჩნიო.

„ყველა იმ უსამართლობას შორის, რაც კი ამქვეყნად არსებობს, ყველაზე საშინელი და საზიზღარი ბავშვის მიმართ გამოვლენილი უსამართლობაა“, – ამას მესიე რიშე ამბობს ფილმის დასასრულს, როცა მთელ კლასს ესაუბრება ჟიულიენის შემთხვევაზე, საკუთარ ბავშვობაზე და ბევრ სხვა რამეზე. ამ დროს, არც მეტი, არ ნაკლები, მასწავლებლის მაგიდაზე ზის, მოსწავლეები კი სმენად არიან ქცეული. „მეც მძიმე ბავშვობა მქონდა, – ეუბნება მათ. – მართალია, ნაკლებად ტრაგიკული, ვიდრე ჟიულიენის, მაგრამ მაინც. მახსოვს, ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ უფროსებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ. შეეძლოთ ისე ემართათ საკუთარი ცხოვრება, როგორც სურდათ. თუ უფროსი უბედურია, შეუძლია ცხოვრება თავიდან დაიწყოს, უბედური ბავშვი კი ასე ვერ მოიქცევა“. გრძელი მონოლოგია – ისეთი სიმართლით, რომლის მსგავსსაც მშობლისა თუ მასწავლებლის პირიდან იშვიათად გაიგონებ. სწორედ იმიტომ, რომ ცუდი მოგონებები დამრჩა ბავშვობიდან და კიდევ იმიტომ, რომ არ მომწონს, როგორ ექცევიან ბავშვებს, გადავწყვიტე, იმ საქმისთვის მომეკიდა ხელი, რასაც ახლა ვაკეთებ – მასწავლებელი გავმხდარიყავიო. მესიე რიშე მოსწავლეებს არც იმას უმალავს, რომ ცხოვრება ადვილი არ არის – მძიმეა, მაგრამ ლამაზი – და რომ ბრძოლა მოუწევთ სამართლიანობისთვის, ხმის უფლების მოპოვებისთვის. საუბარს კი ასე ამთავრებს: „დრო სწრაფად გადის და ის დღეც მოვა, როცა თქვენც გეყოლებათ შვილები. თუ გეყვარებათ, მათაც ეყვარებით. თუ ვერ იგრძნობენ, რომ გიყვართ, მაშინ სიყვარულს, სითბოსა და სინაზეს სხვა ადამიანების მიმართ გამოავლენენ. ან რაღაც სხვის მიმართ… ასეთია ცხოვრება! ყველას, ყოველ ჩვენგანს გვჭირდება, რომ ვუყვარდეთ“.

ასეთია ცხოვრება. მძიმე, მაგრამ ლამაზი.

 

გმირობის ანატომია

0

ისტორიკოსის პროფესია სულაც არ არის აუცილებელი საქართველოს ისტორიაში (თანამედროვეობაშიც!) გმირობის გასაოცარი მაგალითების მოსაძიებლად, თუმცა ამ თემაზე სტატიის დაწერა უცხოელი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველმა ბიოგრაფიულმა რომანმა მაფიქრებინა. „ირენა სენდლერის ბავშვები“ – ასე ჰქვია ანა მეშკოვსკას წიგნს, რომელშიც მწერალმა თავი მოუყარა ამ განსაცვიფრებელი პოლონელი ქალისა და მისი თანამედროვეების მოგონებებს. თუ ასოციაციით „შინდლერის სია“ გაგახსენდათ, გეტყვით, რომ გამოიცანით. ცნობილი ოსკარ შინდლერის მსგავსად, ირენა სენდლერიც ნაცისტური რეჟიმის მიერ სასიკვდილოდ განწირული ადამიანების გადასარჩენად იბრძოდა. თუმცა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მან შინდლერზე გაცილებით მეტი – 2500-ზე მეტი – ებრაელის (უმეტესად – ბავშვების) გადარჩენა მოახერხა.

„რა მიგაჩნიათ გმირობად?“ – ეს კითხვა სხვადასხვა ინტერპრეტაციით ხშირად დაგვისვამს, მასზე გვიპასუხია კიდეც, მგონი, მათი გაერთიანებაც და დაახლოებით ასეთი პასუხის გაცემაც სავსებით ლოგიკურია: სხვა ადამიანების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვა ან საფრთხეში ჩაგდება. თუმცა ანა მეშკოვსკას წიგნის კითხვისას არაერთხელ აღმოვაჩინე, რომ თავგანწირვის და სიმამაცის სისტემატური გამოვლინება არ კმარა ამ ადამიანის გმირობის აღსაწერად.

საგაკვეთილო პროცესში გმირობის შესახებ ხშირად დამისვამს სადისკუსიო კითხვები ჩემი მოსწავლეებისთვის, არაერთი საინტერესო ასპექტიც განგვიხილავს. მაგალითად, გახდებოდა ესა თუ ის ადამიანი გმირი, ის კონკრეტული ბრძოლა საერთოდ რომ არ მომხდარიყო? იქნებ სიმამაცესთან ერთად ადამიანს გმირად საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაც აქცევს? რატომ არის, რომ ბრძოლებში დაღუპული უამრავი უშიშარი ადამიანიდან გმირის სახელი ერთეულების ხვედრია? იქნებ გმირობას, სულ ცოტათი მაინც, გამართლებაც სჭირდება? ისიც საინტერესოა, რომ გმირად აღიარებისთვის უმეტესად რაციონალური, გონივრული მოქმედება და წარმატებაა აუცილებელი, თუმცა ზოგჯერ მარცხით დასრულებულ თავგანწირულ მოქმედებასაც ერგება ხოლმე ისტორიის დაფნის გვირგვინი.

ომი, კაცობრიობის ყველაზე საშინელი „გამოგონება“, გმირობის გამოსავლენად ყველაზე შესაფერისი ასპარეზია. მეორე მსოფლიო ომი ექვსი უსასტიკესი წლის განმავლობაში ადამიანებს, თავიანთი ხასიათიდან, შეხედულებებიდან და თვისებებიდან გამომდინარე, მოქმედების ფართო არჩევანს აძლევდა – საშინელი ავკაცობიდან უბადლო გმირობამდე. ერთიც და მეორეც ძალიან ბევრი იყო, ომის დამთავრებიდან ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ და პოულობდნენ გმირებსაც და არაკაცებსაც. უამრავი (რიცხვის დაახლოებით მითითებაც კი შეუძლებელია) ადამიანი, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამსახურებულ აღიარებას ვერ ეღირსა. მათი საბრძოლო ასპარეზი ფრონტის ავანსცენა არ ყოფილა: პარტიზანები, მტრის ზურგში გადასროლილი მზვერავები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დივერსიებით მებრძოლები… მათი დიდი ნაწილი სამუდამოდ დარჩა ისტორიის გმირთა გალერეის მიღმა, მხოლოდ მცირე ნაწილს გაუმართლა და მათ შესახებ მოგვიანებით გაიგეს.

ირენა სენდლერიც წლების განმავლობაში კონსპირაციის პირობებში იბრძოდა სხვების გადასარჩენად. სასტიკი ნაცისტური რეჟიმისთვის პასიური წინააღმდეგობის გაწევაც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას, სასიკვდილოდ განწირული ადამიანების გადასარჩენად ბრძოლის წამოწყებას მართლაც უდიდესი სიმამაცე და ჰუმანიზმით სავსე გული სჭირდებოდა. თუმცა ირენა სენდლერის გაბედული საქმიანობის წარმატებისთვის უფრო მეტი იყო საჭირო, ვიდრე სიმამაცე, ჰუმანიზმი, გონიერება და, თქვენ წარმოიდგინეთ, იღბალიც კი, რომელმაც ის რამდენჯერმე აშკარა სიკვდილს გადაარჩინა. მისი მოღვაწეობა უამრავი პლასტისგან შედგებოდა, ის იმდენი ნიუანსის გათვალისწინებას ახერხებდა, რომ წაკითხულის დაჯერება გიჭირს კიდეც. ომის წლებში ირენა სენდლერი გერმანელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ვარშავის გეტოდან წინასწარ შემუშავებული გონებამახვილური ხერხებით ებრაელ ბავშვებს აპარებდა და მათთვის ახალ, უსაფრთხო ოჯახებს პოულობდა, ომის შემდეგ კი გადარჩენილ ბავშვებთან ინტენსიური კავშირი ჰქონდა, ეხმარებოდა მათ პრობლემების მოგვარებაში. მათთან კონტაქტს სრულწლოვან ასაკშიც აგრძელებდა. ირენა სენდლერის ომის შემდგომი საქმიანობა არანაკლებ დროს, ძალისხმევას, ენერგიას მოითხოვდა და, სიკვდილის რისკის გამოკლებით, უამრავ პრობლემას უქმნიდა ქალს.

როგორც ხვდებით, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და სტატიის დაწერის სურვილი გამიჩინა ირენა სენდლერის ისეთმა თვისებებმა, რომლებსაც გმირობასთან უშუალო კავშირი თითქოს არ აქვს, მაგრამ ამ პოლონელმა ქალბატონმა ეს თვისებებიც გმირობად აქცია და წარმატებასაც მათი წყალობით მიაღწია. ეს ადამიანი საოცარი ორგანიზატორული უნარით იყო დაჯილდოებული. დაუნდობელ ბრძოლაში, როცა ერთი შეცდომაც შესაძლოა უკანასკნელი გამომდგარიყო, მან შეძლო გაბედული, პატიოსანი ადამიანების პოვნა, რომლებიც ღირსეულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. მათგან ირენამ ერთგვარი ქსელი შექმნა, რომელიც უფრო დიდი ქსელის – ჟეგოტას ნაწილს წარმოადგენდა. კონსპირაციისთვის ეს ადამიანები, იშვიათი გამონაკლისის გარეშე, ერთმანეთს არ იცნობდნენ. გეტოდან ბავშვების გამოპარება რისკიანი საქმის მხოლოდ დასაწყისი იყო. ბავშვების საბოლოოდ გადასარჩენად აუცილებელი იყო უსაფრთხო ადგილის მოძიება, ისეთი ოჯახების პოვნა, რომლებიც მათ იშვილებდნენ და რეალურ საფრთხეს არ მოერიდებოდნენ. ირენა უშეცდომოდ პოულობდა ასეთ ოჯახებს, გაშვილებული ბავშვების მდგომარეობას სისტემატურად აკონტროლებდა და ექსტრემალურ სიტუაციებში მათ სხვა ოჯახებში გადაყვანასაც ახეხებდა. ამავე დროს ყველა გაშვილებულ ბავშვზე საბუთებს ქმნიდა. ეს დოკუმენტები აუცილებელი იქნებოდა ომის შემდეგ გადარჩენილი ბავშვების იდენტიფიკაციისთვის, თუმცა ომის წლებში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ნაცისტური სამსახურების ხელში მათი მოხვედრა უამრავ სიცოცხლეს გაანადგურებდა: გაშვილებული ბავშვების, ირენა სენდლერის თანამოაზრეების, ბავშვების შემფარებელ ოჯახებსაც მძიმე ხვედრი ელოდათ.

გასაოცარია ამ ქალის ფსიქოლოგიური სიმტკიცე და ადამიანების დარწმუნების უნარი. სულიერი წონასწორობის შენარჩუნება მას არა მარტო ომის საშინელ წლებში, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში უხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მას მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ მშობელი დაერწმუნებინა, ბავშვი მისთვის გადაეცა. მშობლების უმეტესობა გეტოშიც არ კარგავდა შვილების გადარჩენის იმედს, გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ებღაუჭებოდა იმედს, რომ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდებოდა და შვილებთან განშორება არ უნდოდათ. წლების შემდეგ ირენა თავად აღიარებდა, რომ მათ ადგილას ის თავის შვილებს უცხო ადამიანს არ ანდობდა!!! სულიერი სიმტკიცე მაშინაც კი არ დაუკარგავს, როცა გადარჩენილმა ბავშვებმა (რამდენიმე მოზრდილმაც) ომის შემდეგ სასტიკი საყვედურით მიმართეს, რა უფლებით შეცვალა მათი ცხოვრება. ირენას ესმოდა მათი: ყველამ ვერ მოახერხა ბავშვობის  სულიერი ტკივილების მონელება და ზრდასრულ ასაკში სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიდნენ.

ბოლოს კიდევ ერთ თვისებას გამოვყოფ: შესაშური თავმდაბლობის გამო ირენა სენდლერი მშვიდად ეგუებოდა იმასაც, რომ ათწლეულების განმავლობაში მისი წარსული პრაქტიკულად მივიწყებული იყო. აღსანიშნავია, რომ დამსახურებულ აღიარებას ეს განსაცვიფრებელი ქალბატონი მხოლოდ დღეგრძელობის წყალობით მოესწრო, საუკუნეს მიღწეული საზოგადოებრივ აქტიურობას ინარჩუნებდა და გულწრფელად მიიჩნევდა, რომ გმირობა არ ჩაუდენია (!!!).

 

 

 

 

 

ჩემი მწვანე მეგობრები, ჩემი სახლის ბინადრები, მე და საზოგადოება

0

2018-2019 სასწავლო წელს III და IV კლასების საგაკვეთილო საათობრივ ბადეს დაემატა ახალი საგანი: „მე და საზოგადოება“. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ ნინო ტალახაძის ავტორობით შედგენილი სახელმძღვანელო შეარჩია.

სახელმძღვანელოში გათვლილია პრაქტიკული საორიენტაციო ცოდნა ადამიანის, ბუნებისა და საზოგადოების შესახებ. ძალიან კარგად არის შერწყმული საგანთა შორის კავშირები, სწავლების სხვადასხვა მეთოდი და ფორმა და, რაც მთავარია, საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები. თითქმის ყველა გაკვეთილი საინტერესო და თანამედროვე ენით არის დაწერილი. ადვილად შეგვიძლია შევაღწიოთ ბავშვის სამყაროში.

მოგითხრობთ ერთ-ერთი სასწავლო პროექტის შესახებ, რომლის ჩატარების შესაძლებლობაც მომცა ამ სახელმძღვანელოს მე-14-მე-15 თავებში მოცემულმა თემამ: „ჩემი სახლის ბინადრები, ჩემი მწვანე მეგობრები“. თემის შესწავლის დროს ბავშვებს დავუსვი კითხვა, ვის ჰქონდა ოთახის მცენარეები ან ვის ჰყავდა ოთახის ცხოველები. მოსწავლეთა უმრავლესობამ მითხრა, რომ ჰყავთ ძაღლები, კატები, კურდღლები, თუთიყუშები და ზაზუნები. შეკითხვაზე: „რატომ გყავთ?“ – მოსწავლეთა პასუხები სამართლიანი და დამაჯერებელი იყო. დამაკმაყოფილებელი იყო პასუხები შემდეგ შეკითხვაზეც: „როგორ უვლით?“.

გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეაც. დავწერე პროექტის გეგმა.

დავამზადე ბუკლეტი, რომელშიც განვსაზღვრე პროექტის თემის არსი, სკოლის ადმინისტრაციის როლი, მშობლის როლი. განვსაზღვრე თემის მიზანი. ჩამოვაყალიბე პროექტისთვის აუცილებელი აქტივობები. განვსაზღვრე დრო – 3 კვირა. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი საშუალება, აერჩიათ მათთვის სასურველი ოთახის მცენარე ან ოთახის ცხოველი, მერე კი დავავალე, მოეძიებინათ ინფორმაცია მათი არჩეული ცხოველის ან მცენარის შესახებ. სამ კვირაში პროექტი მომზადდა და მოეწყო მისი განხილვა.

პროექტისთვის გამოყენებული აქტივობები ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი სიამოვნება უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გაგვეზიარებინა.

 

სასწავლო პროექტის გეგმა:

ჩემი სახლის ბინადრები, ჩემი მწვანე მეგობრები

 

მასწავლებლის სახელი და გვარი – გულნარა დავიდოვა

სკოლა – იოსებ ოცხელის სახ. ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა

საგანი – მე და საზოგადოება

თემის დასახელება – ჩემი სახლის ბინადრები, ჩემი მწვანე მეგობრები

მიზანი – ოთახის მცენარეებისა და ცხოველების მნიშვნელობა, მათი მოვლა-პატრონობა, მზრუნველობა და დაცვა, ბუნებასთან სიახლოვე

თემის შინაარსი – შერჩეული მცენარის აღწერა, ცხოველის თვისებები, მათი მოვლის წესები, რომელი მათგანის არსებობაა შესაძლებელი სახლში

კლასი – დაწყებითი საფეხური, III კლასი

დროის ჩარჩო – სამი კვირა

სამუშაო ეტაპები – აქტივობები:

  • ექსკურსია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
  • წიწვოვან მცენარეთა დარგვა
  • შერჩეულ მცენარესა და ცხოველზე ინფორმაციის მოძიება
  • ჯგუფური მუშაობა – პრეენტაციები
  • არჩეული მცენარის ან ცხოველის შესახებ ბუკლეტების დამზადება
  • კედლის გაზეთის გაფორმება, შერჩეულ საკითხებზე ფოტოსურათების და წერილების მოწოდება გაზეთისთვის
  • ჩემი მწვანე ოთახი – ცოცხალი საგნების წარმოდგენა (ია, ყოჩივარდა, ლილია, თუთიყუში, კურდღელი და ზაზუნა ჯგუფების შესაბამისად)
  • მუსიკალური ნომრები (ბეთჰოვენის „ზაზუნა“, „გზაზე მიდის კურდღელი“ – ნინო ჩხეიძის ვერსია)

ყველა სამუშაო ეტაპზე აქტივობები მიზანმიმართულია.

დავალების მოსამზადებლად მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ არჩეული ცხოველისა თუ მცენარის მოვლის პასუხისმგებლობა. პროექტში ჩართულია ყველა მოსწავლე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

პროექტის განხორციელების თარიღი – 27 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური რესურსები: თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფერადი მარკერები, ფორმატები, ოთახის ყვავილები: ია, ყოჩივარდა, ლილია; ოთახის ცხოველები: კურდღელი, ზაზუნა; ფრინველი – თუთიყუში.

  • შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტში ინფორმაციის მოძიება და გაგება; სხვადასხვა სახის მარტივი, მიზნობრივი ტექსტის დაწერა, შესაბამისად გაფორმება, გაფერადება; აღწერს ოთახის მცენარის მოვლის წესებს და ოთახის ცხოველების მოვლის საკითხებს; ესმის ციფრული მოწყობილობების აგებულებისა და დანიშნულების ძირითადი პრინციები (შეუძლია კომპიუტერის ჩართვა, გამორთვა, ინფორმაციის მოძიება, გადატვირთვა);
  • 21-ე საუკუნის უნარები:

. მოძიებული მასალების გაგება-გააზრება;

. ინფორმაციაზე წვდომის და მისი გამოყენების შესახებ საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა;

  • მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საინტერესო ცხოველის/მცენარის შესახებ;
  • შეარჩიეს და დაამზადეს საჭირო ფოტოები;
  • აღწერეს არჩეული მცენარის/ცხოველის თვისებები, აღწერეს მათი მოვლის წესები;
  • განსაზღვრეს, რატომ უნდათ, ჰქონდეთ/ჰყავდეთ ზემოთ აღნიშნული მცენარე/ცხოველი.

პრეზენტაციაში ჩართული იყო გუნდის ყველა წევრი ინდივიდუალურად და ჯგუფურად.

მოსწავლეები მსჯელობდნენ, აკეთებდნენ პრეზენტაციებს.

პროექტის მსვლელობის დროს ნამუშევრების გამოფენა თვალსაჩინო ადგილზე ხდებოდა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

  • ზოგადი კითხვა – ვის ჰყავს/აქვს ოთახის ცხოველი/მცენარე?
  • თემატური კითხვა – როგორ მზრუნველობას ვიჩენთ მათ მიმართ?
  • რატომ გვყავს/გვაქვს ოთახის ცხოველები/მცენარეები?

 

შეფასების დროის ჩარჩო:

  • მოკლე, განმავითარებელი, თვითშეფასებითი, რაც დამეხმარება როგორც ძლიერი მხარის შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარის გაუმჯობესებაში
  • საჭირო კითხვარები და მათი შეფასება
  • ჯგუფური მუშაობის შეფასება
  • დამზადებული ბუკლეტების შეფასება
  • კედლის გაზეთის შეფასება
  • ცოცხალი საგნების წარმოდგენის და მათზე ზრუნვის შეფასება
  • გამოყენებულ იქნება შეფასების დაგეგმვის ცხრილი

საჭირო მასალა: თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები, ფანქრები

აუდიომასალა: კომპიუტერები, პროექტორი

 

შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

 

შეფასებისთვის გამოვიყენე სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები, განვსაზღვრე პროექტისთვის საჭირო მოსწავლეთა რაოდენობა (მთელი კლასი), დავყავი ისინი ჯგუფებად, მივაწოდე შეფასების კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც შეაფასეს პროექტში მუშაობისას როგორც საკუთარი თავი, ასევე ხელმძღვანელიც. შეაფასეს ცალკეული აქტივობები: რომელი მოეწონათ ყველაზე მეტად და რა შესძინათ ამ აქტივობებმა.

შევადგინე სავარაუდო ნაშრომები, რომლებიც შევაფასე სავარაუდო შეფასების ცხრილით. მოსწავლეების ჯგუფურად შესაფასებლად გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის ცხრილი. ყველა ტიპის შეფასებისთვის გამოვიყენე შეფასების დაგეგმვის ცხრილი.

 

სასწავლო პროცედურები

 

შევარჩიე პროექტის თემა, რომელიც მოსწავლეებზე იყო ორიენტირებული. შევქმენი პუბლიკაცია, რითაც განვსაზღვრე მასწავლებლის, ადმინისტრაციის და მშობლის როლი. იმისთვის, რომ მოსწავლეები გამეყვანა ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მაღალ სააზროვნო დონეზე, შევარჩიე 21-ე საუკუნის უნარები, დავსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებითაც ჩავწვდი მოსწავლეთა ინტერესებს. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი სათანადო რჩევები. მთელი პროექტის განმავლობაში ვახდენდი განმავითარებელ შეფასებებს.

 

კვლევის შედეგები

 

კვლევის შედეგად გაირკვა,

  1. რა მნიშვნელობა აქვს და რატომ უნდა გვქონდეს/გვყავდეს ოთახის მცენარე/ცხოველი;
  2. რა სარგებლობა მოაქვს ოთახის მცენარეს ადამიანისთვის (აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ასუფთავებს ჰაერს, გვაყვარებს ბუნებას);
  3. იმისთვის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ბუნებასთან, უნდა დავგოთ მცენარეები, მოვიშენოთ ოთახის ყვავილები;
  4. ვიყოლიოთ ოთახის ცხოველები, ვიზრუნოთ მათზე;
  5. ცხოველებზე ზრუნვა ჩვენში აღვივებს ემპათიის/თანაგანცდის უნარს.

ყველა ჯგუფს ჰყავდა თავისი ჯგუფის შესაბამისი ცოცხალი ცხოველი: ზაზუნა, კურდღელი, თუთიყუში – ან ჰქონდა ოთახის ყვავილები: ია (სენპოლია), ყოჩივარდა და ლილია (სპატიფულიმი).

პროექტის განხილვაზე დამსწრე საზოგადოება: სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი, სასწავლო ნაწილის გამგე ომარ ავალიანი, კათედრის გამგე ეკა ძიგრაშვილი, მასწავლებლები: ეთერ ფურცხვანიძე, ნატო რუხაძე, ნათია გაბუნია, მაია კვიტაშვილი, ციალა ჯაფარიძე, შორენა ყურაშვილი და სხვები, აგრეთვე – მშობელთა უმრავლესობა.

მოძიებული მასალებიდან პრეზენტაციაზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხები ძალიან საიტერესო და სახალისო იყო.

წყარო – სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ენციკლოპედია.

 

აქტივობა ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. აქტივობის ტიპი
პროექტის მიზნის გაცნობა.

ფუნქციების განაწილება.

ჯგუფების შექმნა.

 

3/XII

   

5/XII

    ინდივიდუალური, ჯგუფური, მასწავლებელთან ერთად
პუბლიკაციის დამზადება,  ადმინისტრაცი-ის როლის, მშობლის როლის განსაზღვრა 4/XII     XII   ადმინისტრაცია

მშობლები

მასწავლებელი

რესურსების შერჩევა, ინფორმაციის მოძიება 4/XII 11/XII   14/XII   ინდივიდუალუ-რი

ჯგუფური

დამოუკიდებელი სამუშაოები, წიგნ-ბუკლეტების და ფოტოების შერჩევა. წერილების მომზადება გაზეთისთვის 14/XII   19/XII     ინდივიდუალუ-რი

მშობლები

მასწავლებელი

ექსკურსია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, დაკვირვება უნიკალურ მცენარეებზე.         7/XII მთელი კლასი

მშობელი

მასწავლებელი

გაკვეთილი: ჯგუფური მუშაობა, დასრულებული მასალების პრეზენტაცია         21/XII მასწავლებელი

მთელი კლასი

ჯგუფები

გამოფენა

პრეზენტაცია

        21/XII მთელი კლასი

ჯგუფები

 

ბიუჯეტი

  • თაბახის ფურცლები – 8 ლ
  • ფერადი ფანქრები (6 ც) -18 ლ
  • მარკერები – 5 ლ
  • ფორმატის ქაღალდები (10 ც) – 10 ლ
  • ოთახის ყვავილების შეძენა – 37 ლ
  • ექსკურსია – 30 ლ
  • წებო (1ც) – 2ლ

სულ: 100 ლ

პროექტს თან ახლავს მოძიებული მასალები და განხილვის მსვლელობა.

I  ჯგუფი: ია (სენპოლია)

ია – მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანია, იშვიათად – ერთწლოვანი. ზოგჯერ ნახევრად ბუჩქია, აქვს მორიგეობით განწყობილი ფოთლები იისფერი, ყვითელი და თეთრი ყვავილებით.

ცნობილია იის 700-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიის და 2 საქართველოს ენდემია.

საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, კლდეების ნაპრალებში. ია დეკორატიული მცენარეა, არის ძალიან სურნელოვანი, იყენებენ პარფიუმერიაში.

ველური იები ადრე გაზაფხულზე ყვავილობს, უძლებს ძლიერ სიცივეს, ხოლო ოთახის ია ზამთარ-ზაფხულ ყვავილობს. მას განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება.

 

სურ.1.

 

II ჯგუფი – ყოჩივარდა

ყოჩივარდა მეტად კოლორიტული დეკორატიული მცენარეა. ოთახის კულტურად უმთავრესად თურქული და ევროპული ყოჩივარდა გვევლინება. შეგვიძლია, ისეთი რეჟიმი შევურჩიოთ, რომ ზამთარშიც, სხვა ყვავილების დასვენების პერიოდში, იყვავილოს.

ყოჩივარდას ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, მუქი წითელი და იისფერი ყვავილები. ყვავილობაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ყვავილობა შესაძლოა ოქტომბერში დაიწყოს და მარტის ბოლომდე გაგრძელდეს.

ყოჩივარდისთვის სათანადო პირობების შექმნა არც ისე ძნელია. ყვავილობის პერიოდში ნათელი, მაგრამ არა მზიანი, ცივი ოთახი სჭირდება 10 – 14 გრადუსი ტემპერატურით.

მოსარწყავად გამოვიყენოთ წინა დღეს აღებული წყალი. სათანადო რეჟიმისა და წესების დაცვის შემთხვევაში ყოჩივარდა რამდენიმე ათეული მშვენიერი ყვავილით გვახარებს. ეს სიამოვნება დაახლოებით 20-25 წელი გრძელდება.

სურ.2

 

III ჯგუფი – მშვიდობის ლილია ანუ ფლამინგო (სპატიფულიმი)

ლილიას ანუ ფლამინგოს უამრავი სახეობა არსებობს. მისი ფერთა პალიტრა მდიდარია. ლილია ძალიან ლამაზი ყვავილია, რომელიც წმენდს დაბინძურებულ ჰაერს. მას ქალის ყვავილადაც მოიხსენიებენ, ვინაიდან აქრობს სტრესს და აღვიძებს დადებით ემოციებს.

გვირჩევენ, ეს მცენარე აუცილებლად ვიქონიოთ ოთახში, რათა ოჯახში სიმშვიდემ და ჰარმონიამ დაისადგუროს.

თუ ფოთლებს ხშირად გავწმენდთ და მოვაშორებთ მტვერს, ჰაერი რეგულარულად გაიწმინება, დატენიანდება და აივსება სუფთა წყლის ორთქლით. აქტიურად ითვისებს ქსილენს და მას ადამიანისთვის უსაფრთხო ნივთიერებად გადაამუშავებს.

სურ.3

IV ჯგუფი – კურდღელი

კურდღელი ძუძუმწოვართა ჯგუფის ცხოველებს მიეკუთვნება. სხეულის სიგრძე 30-60 სმ-ია. აქვს გრძელი ყურები, მოკლე კუდი. უკნა კიდურები წინაზე გრძელია, ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული.

კურდღლები გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. ყურები მუდამ აცქვეტილი აქვთ, უყვართ ტუჩების ცმაცუნი, აქტიურები არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. უყვართ სტაფილო, კომბოსტო, მრავლდებიან წელიწადში ოთხჯერ. გვხვდებიან რუხი, თეთრი და შავი ფერის კურდღლები. კურდღლის ნაშიერს ბაჭია ჰქვია, გამოიყენება კუდღლის როგორც ხორცი, ასევე ტყავი.

სურ. 4

 

V ჯგუფი – თუთიყუში

თუთიყუშების მრავალსახეობა არსებობს, რომლებიც კარგად ეთვისებიან ადამიანებს. სახლის პირობებში მრავლდებიან კიდეც. ზოგიერთი მათგანი გამოირჩევა საზრიანობით, რაც მათ უფრო მეტ მომხიბვლელობას ანიჭებთ. ეს აჩენს სურვილს, სახლში იყოლიონ ესა თუ ის თუთიყუში.

საქართველოში გავრცელებულია მეტწილად პატარა და საშუალო ჯიშის თუთიყუშები, რომლებიც ყველაზე მოსიყვარულენი არიან. ინტელექტით გამოირჩევიან ამაზონი და ჟაკო.

 

VI ჯგუფი – ზაზუნა

ზაზუნა ძუძუმწოვართა ჯგუფის მღრღნელების რიგის ცხოველია. აერთიანებს 57 გვარს. 4 სახეობიდან ყველაზე ცნობილია ჩვეულებრივი ზაზუნა. საქართველოში 2 სახეობა გვხვდება: ამიერკავკასიური და დაღესტნური. რუხი ომანა ზაზუნები წელიწადში 2-3-ჯერ მრავლდებიან. შობენ რვიდან ათამდე წრუწუნას. ზაზუნას შენახვა ძალიან იაფი ჯდება. კარგი მოვლითა და ყურადღებით ზაზუნებმა შესაძლოა 5 წლამდე იცოცხლონ. საჭმლის მიმართ არაპრეტენზიულები არიან, ჭამენ ბურღულს, შვრიას, ფეტვს, ხორბალს. მოსწონთ ხაჭო, ყველი, მოხარშული კვერცხის გული, ბოსტნეული და ხილი. ავადმყოფობას გვატყობინებენ: სვამენ ზომაზე მეტ წყალს, აცემინებენ, კანკალებენ. ჩინური ზაზუნები ერთ გალიაში ვერ თავსდებიან, მანამდე იბრძვიან, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ მოკვდება.

სურ. 5

ჯგუფური პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს დამზადებული წიგნი-ბუკლეტები და კედლის გაზეთი

ვფიქრობთ, ამ ტიპის პროექტები ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, დაეხმარება მოსწავლეებს იმის უკეთ გაცნობიერებაში, როგორ შექმნან უკეთესი საცხოვრებელი გარემო, სასწავლო სივრცე და უკეთესი, უფრო ჰუმანური საზოგადოება.

 

გამოყენებული რესურსები:

  1.  ნინო ტალახაძე, სახელმძღვანელო „მე და საზოგადოება“

ჩემი სკოლის ბუფეტი

0

ამ ორიოდე წლის წინ ჩემთვის ხმამაღლა ვიფიქრე, ნეტავ საჯარო სკოლაში უფასო კვება დაამატონ-მეთქი. ამ ფიქრს ბევრი კომენტარი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ძირითადი არგუმენტი ხარისხი და ძვირი სერვისი იყო.

გადავხედე მსოფლიოს გამოცდილებას ამ მხრივ და საინტერესო რამეები ვიპოვე, რაც, ვთვლი, რომ მკითხველისთვისაც საინტერესო შეიძლება გახდეს. ამ გამოცდილებას რამდენიმე აბზაცის ქვევით წაიკითხავთ.

მანამდე კი ჩემი აზრი მინდა ვთქვა რატომაა მნიშვნელოვანი სკოლაში (და ზოგადად სასწავლო დაწესებულებაში) უფასო კვების პროგრამის დანერგვა ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც საქართველოა:

1: ასობით, იქნებ ათასობით ბავშვი შიმშილობს ან იმდენად ცუდად იკვებება, რომ მათი ფიზიკურად გადარჩენის ძალიან კარგი საშუალება იქნება სკოლის ბუფეტი.

2: კვება მზრუნველობასთან ასოცირდება. ბავშვისთვის, მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლა მზურნველობასთან იყოს დაკავშირებული და ეს არ იყოს რაღაც სავალდებულო და ვალისმოსახდელი საქმიანობა. როგორც წესი, ადამიანები კეთილად განეწყობიან ხოლმე იმ სივრცის მიმართ, სადაც რეგულარულად იკვებებიან, რადგან ასეთი ადგილები, როგორც წესი სახლს გვახსენებს.

3: არასწორი, არაჯანსაღი კვება მსოფლიოს გამოწვევაა. მილაპარაკია ენდოკრინოლოგებთან და საქართველოში, ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველ წელს წინა მაჩვენებელთან შედარებით 10 %-ით მატულობს, რაც საერთო მონაცემით, შეიძლება ჩინეთსა და რუსეთზე (ამერიკაც) სწრაფი მატება იყოს. ტიპი 2 დიაბეტს კი ნაწილობრივ არასწორი კვება და ცხოვრების უმოძრაო წესი იწვევს. არასწორი კვება არაერთგვაროვან კვებასაც გულისხმობს, კერძოდ, როდესაც დავიწყებული გვაქვს საინტერესო ქართული წესი დღეში 4 ჯერ და მცირედად ჭამისა, როდესაც საკვების მიღებებს შორის შუალედი მაქსიმუმ 3 საათია. (საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი). სკოლის სივრცეში ერთ დროს სადილობა ამ წესის გარკვეულწილად ჩვევაში გადატანას დანერგავდა.

4: კვება დადებით ემოციებთანაა კავშირში. მშიერი ადამიანი ნაკლებპროდუქტიულია. ბევრ ბავშვს, ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, უბრალოდ არ შეუძლია სკოლაში წასვლამდე საუზმობა, სადილობამდე კი სრულიად მშიერია. არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ბავშვებს ეკლესიაში სიარული ერთადერთი მიზეზით ეხალისებათ – იქ სეფისკვერებს ურიგებენ.

5: იდეის დანერგვის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა კერძების ქართული პროდუქციით მომზადება. ეს თანხა ისევ ქვეყანაში ჩადებული ირიბი დახმარებაა და წარმოებას და სოფლის მეურნეობას უკეთესად წაახალისებდა, ვიდრე მიწების უფასოდ მოხვნა და სხვა პირდაპირი ინვესტიციები.

6: სკოლაში უფასო საკვების შეტანა (თავისთავად ცხადია უფასო არაფერია და ამ გადასახადს გადასახადებიდან დავფარავთ ისინი, ვინც საშემოსავლოს ვიხდით) დადებითი მუხტია საგანმანათლებლო დაწესებულების. ერთი მხრივ სოციალური უთანასწორობა ხშირად სწორედ სკოლის ბუფეტში ჩანს, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფოს მხრიდან უმთავრესზე – ბავშვებზე ზრუნვისა და ფიქრის მნიშვნელოვანი შეტყობინება იქნებოდა პირობითი საზღვრის იქით დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისმა შვილებმაც, შეიძლება ზუგდიდის, რუხის, განმუხურის, მუხურის, ნიქოზისა თუ სხვა სოფლების სკოლებშიც კი ისწავლონ.

 

ახლა კი, შეპირებული მსოფლიო  გამოცდილება სკოლაში უფასოდ კვებაზე:

 

ფინეთი

ფინური საგანმანათლებლო სისტემა რომ სრულიად განსაკუთრებულია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, სწორედ ისინი იყვნენ პირველები ეროპაში, ვინც დაახლოებით 70 წლის წინ სკოლაში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო კვება დანერგეს.

ფინურ სკოლაში, უნივერსიტეტებში და სხვაგან, თვითმომსახურეობაა. ბავშვები, სტუდენტები იმდენს ჭამენ, რამდენიც უნდათ, მათი ულუფა შეზღუდული არაა. სკოლის ბუფეტი გამოიყენება მშიერი ადამიანებისთვისაც, სწავლის დამთავრების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და კერძი მოითხოვოს.

 

შვედეთი

 

შვედეთის სამზარეულო განსაკუთრებული მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ მათი სკოლის რაციონში, რომელიც აბსოლუტურად ყველა მოსწავლისთვის უფასოა, ყოველთვისაა ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები. ბავშვებს კვირაში ორჯერ მაინც ხორცის, თევზის კერძი აქვთ. უმეტესობა სკოლაში ორჯერადი კვებაა და ყველანაირ ხარჯებს სახელმწიფო, მათივე მშობლების გადასახადებიდან გადახდილი თანხით ფარავს.

 

ინდოეთი

ინდოეთი მულტიკულტურული ქვეყანაა. სოციალური უთანასწორობის, მილიონობით მშიერი ადამიანის მიუხედავად, ის პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სტუდენტებს უფასოდ სადილობა შეუძლიათ. მართალია რაციონი როგორც წესი მწირი და ლიმიტირებულია და მოიცავს ბოსტნეულს, ხილის წვენს ან რძეს და რომელიმე ერთი სახეობის წვნიანს, მაგრამ ქვეყანა მილიონ ორასი ათას სტუდენტს ყოველდღიურად სწორედ ასე უმასპინძლდება.

 

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში საჯარო სკოლაში ბავშვებს ასევე კვებავენ. მათი კვების რაციონს შესაბამისი სპეციალობის ექიმები ადგენენ და საჭმლის საფასურის ნაწილს მშობლები ფარავენ. გადასახადი მათ შემოსავალზეა დამოკიდებული. მაგალითად, მილიარდერი აბრამოვიჩის შვილის ლანჩ მენიუს დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გადაიხდის, მაგრამ რომელიმე ლივერპულელი მუშის შვილის სადილის ფულს კი აუცილებლად დაფარავს.

 

იაპონია

იაპონიაში, მოსწავლეები კლასებში მიირთმევენ სადილს, მაგრამ მათ ევალებათ საკუთარი ადგილი მიალაგონ. აღზრდის იაპონური სისტემა ითვალისწინებს მორიგეობასაც, როდესაც კლასელებს ერთმანეთისთვის თეფშების დალაგების, სადილის განაწილების ვალდებულება აქვთ, თვეშ ერთხელ კი ბავშვები საერთო სარგებლობის სივრცის დალაგებაშიც იღებენ მონაწილეობას.

 

სკოლის მენიუ იაპონურ სკოლაში ძალიან საინტერესოა – ბავშვები ძირითადად ტრადიციულ იაპონურ კერძებს მიირთმევენ, მასწავლებელი კერძების ისტორიას აცნობს მოსწავლეებს. გარკვეული პერიოდულობით, მოსწავლეები სხვა აზიური ქვეყნების საჭმელსაც აგემოვნებენ და საკუთარ აზრს გამოთქვამენ კერძებზე.

იაპონიისთვის სკოლაში საკვების შეტანა მხოლოდ დაპურების საშუალება კი არა, საკუთარი ისტორიისა და კულტურის შემეცნების საშუალებაცაა.

ის, რაც გამოარჩევს იაპონიას დანარჩენი მსოფლიოს მსგავსი გამოცდილებისგან არის სკოლაში შეტანილი საკვები პროდუქტების მაღალი ხარისხი. მსგავსი პროდუქტი მხოლოდ მაღალი დონის რესტორანში თუ შეგხვდებათ. იმისთვის, რომ საკვების კალორიულობა იყოს მაღალი, უმეტესი სკოლა საჭმლის ადგილზე მომზადების პრაქტიკას მისდევს.

ყველაზე საინტერესო, რაც იაპონურ განათლების სისტემას აქვს, მიდგომაა – ბავშვებს აქვთ საშუალება, მშობლების ჩართულობით, ისეთი რეცეპტი მიიტანონ საკუთარ სკოლაში, რაც ყოველდღიურ მენიუში არაა. ადმინისტრაცია კი ეცდება ამ რეცეპტის მიხედვით წელიწადში ერთხელ მაინც კერძი გააკეთოს. მსგავსი მიდგომით, უამრავი ტრადიციული რეცეპტი დავიწყებას გადაურჩა. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნებოდა, თბილისის რომელიმე სკოლაში ლუხუმს რომ დააგემოვნებდნენ ბავშვები, ლუხუმს, რომელსაც, ვთქვათ, რომელიმე წარმოშობით მესხი მოსწავლე დიდი ბებიისგან ისწავლიდა.

 

საფრანგეთი

სხვაგან სად, თუ არა საფრანგეთში, სკოლაში კვებისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. მოსწავლეებს სადილისთვის 1 სრული საათი აქვთ გამოყოფილი. ამ პერიოდში მათ 5 სხვადასხვა სახეობის კერძს შორის არჩევანის გაკეთება უნდა მოახერხონ. სკოლის ადმინისტრაცია მშობლის E-Mail-ზე მომდევნო კვირის მენიუს აგზავნის და იღებს რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, ასევე, მშობელს აქვს საშუალება მოითხოვოს შვილისთვის განსაკუთრებული კვება თუ ამის საჭიროება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

საფრანგეთის სკოლებში, უმცროსკლასელებსაც კი მოზრდილებივით – დანა-ჩანგლით აჭმევენ. განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები თვლიან, რომ სუფრასთან მოქცევის წესები სწორედ ამ ასაკიდან უნდა შეითვისოს ბავშვმა.

საფრანგეთის კანონმდებლობით, დიდი ქალაქის სკოლის მოსწავლეების კვების ფულს მშობლები იხიდან, დღიური ფასი 6-8 ევროს შორის მერყეობს, რაც ძალიან დაბალია. რეგიონებში გადასახადი 3-4 ევროა (5 თავი კერძი), იმ მოსწავლეებს კი, ვინც სოციალური დახმარებით სარგებლოს, ამ გადასახადს სახელმწიფო უფინანსებს.

 

სკოლაში კვების პროგრამა მსოფლიოს ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაშია დანერგილი. 2019 წლისთვის კენიის მთავრობა გეგმავს იმ ბავშვების კვებით უზრუნველყოფას, ვინც სკოლაში ივლის.

 

მსოფლიო კვების ორგანიზაციის კვლევით, რომელიც მათივე საიტზე დევს, იმ ბავშვების ცხოვრება, ვისაც დღიური რაციონის მიღების ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ სკოლაში აქვთ, რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც განვითარებული მსოფლიოს მოქალაქეებმა აფრიკის ქვეყნების მოსწავლეებისთვის უფასო საკვების მიწოდება დაიწყეს.

 

იდეა ალბათ საკამათოა, ბევრი დათვლის და იტყვის, რომ საქართველოსნაირ მცირებიუჯეტიან ქვეყანას არ შეუძლია თავს მისცეს იმის უფლება, რომ საკუთარი შვილები გამოკვებოს სკოლაში. პირადად მე მომისმენია არგუმენტი, რომ უფასო კვების ნაცვლად, სჯობს განათლების სისტემაში სხვა მიმართულებები დაფინანსდეს. ალბათ ესეც მართალია. ალბათ მოვა დრო, რომ საქართველოში მასწავლებელს ძალიან მაღალი ხელფასი ექნება, მაგრამ იდეა და მსოფლიოს ეს გამოცდილება ფიქრად ღირს.

ფიქრად თუ არა, ოცნებად მაინც.

 

 

მოსწავლეთა მოტივაცია ფიზიკის გაკვეთილზე

0

მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა ფიზიკის გაკვეთილზე. ისმის კითხვა: რამდენად მოტივირებულია მოსწავლე, დაინტერესდეს და აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში? ცხადია, ამ კითხვას პასუხი გაეცემა, თუ დავაკვირდებით მათ ქცევას, რადგან ვიცით, რომ მოტივაცია არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას (მოზარდის განვითარებისა და სწავლების თეორია). როდესაც მოსწავლე აქტიურობს სასწავლო პროცესში, ცდილობს უპასუხოს და საჭირო შემთხვევაში თვითონაც სვამს კითხვებს, მას აქვს სწავლის მოტივაცია. საპირისპირო ქცევა მავალდებულებს, ვიფიქრო და პასუხი გავცე კითხვებს:

  • როგორ დავაინტერესო მოსწავლეები?
  • როგორ დავასაბუთო ფიზიკის სწავლის ღირებულება?
  • რა მეთოდები გამოვიყენო მოსწავლეთათვის რთული მასალის გასაადვილებლად?

ცხადია, რამდენადაც მოვახერხებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას და შემდეგ ამ პასუხების გათვალისწინებით გაკვეთილების დაგეგმვას, იმდენადვე შევუწყობთ ხელს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.

მე მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ჩემი პრაქტიკიდან – რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ და რას ვგეგმავ მომავლისთვის, რომ გავზარდო მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი თემების მიმართ. ისმის კითხვა: რამდენად ღირებულია ფიზიკის სწავლა? ვინაიდან ფიზიკა უამრავ საკითხს შეისწავლის, ეს კითხვა ძალიან ზოგადია და უკეთესი იქნება, თუ მას პირდაპირ კი არ დავუსვამთ მოსწავლეებს, არამედ ყოველი თემის ახსნამდე გავმართავთ დისკუსიას, გონებრივ იერიშს ან გამოვიყენებთ სწავლების სხვა მეთოდებს, რომ კარგად გაიაზრონ შესასწავლი თემის პრაქტიკული მნიშვნელობა.

ამონარიდი საგაკვეთილო პროცესიდან

XI კლასი. თემა: ცვლადი დენი. ცვლადი დენის გენერატორი, დენის ძალის და ძაბვის ეფექტური მნიშვნელობა.

როგორ შეიძლება საშინაო პირობებში ქარის ენერგიისა და წყლის ენერგიის გარდაქმნა ელექტროენერგიად (ვგულისხმობ სახლთან ახლოს, პატარა მდინარებზე მცირეგაბარიტებიანი ელექტროსადგურის მოწყობას იაფი ტექნოლოგიების გამოყენებით), უფასო ელექტროენერგიის მიღება და შემდეგ მისი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში? დაახლოებით ასე ვიწყებ თემის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე საუბარს. სავარაუდოდ, მოსწავლეს დაებადება კითხვა: „რამდენად ღირებული იქნება ჩემთვის ამ თემის – ცვლადი დენის გენერტორის – შესწავლა?“ როდესაც დისკუსიას ვმართავთ თემის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, კლასში ხშირად ჩამოვარდება საინტერესო სიჩუმე, რომელსაც მალევე არღვევს მოსწავლების მიერ დასმული კითხვები, რომლებშიც მკაფიოდ გამოსჭვივის მათი ინტერესი.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან?

თუ მოსწავლეებმა სიღრმისეულად არ გაიაზრეს ყოველი თემის პრაქტიკული მნიშვნელობა, ფიზიკა მათ ცნობიერებაში ვერ დამკვიდრდება როგორც საინტერესო, ღირებული საგანი.

რას ვანიჭებ უპირატესობას სწავლებისას?

როგორ წარვმართოთ საგაკვეთილო პროცესი ძირითად ფაზაში ისე, რომ სიღრმისეულად გაიაზრონ შესასწავლი თემის შინაარსი?

რა ფორმით მივაწოდო მოსწავლეს მასალა, რომ ე. ს. გ.-ით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდე?

ყველამ ვიცით, რომ ექსპერიმენტებით სწავლება იდეალური გამოსავალია ამ შემთხვევაში, თუ გაკვეთილი სწორად დაიგეგმა (ვგულისხმობ, რომ მოსწავლემ ექსპერიმენტის საშუალებით უნდა გადაჭრას პრობლემა, დასმულ კითხვას უნდა უპასუხოს). დღევანდელ პირობებში უამრავი ცდის ჩატარება შეიძლება იაფ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით. აქაც დაისმის კითხვა: რა მეთოდებით? როგორ? რამდენად შემიშლის ხელს არასრულყოფილი ფიზიკის ლაბორატორია?

ამ კითხვებს პასუხს სცემს ილიაუნის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო პიკნიკი-2018 (მობილური ტელეფონით გადავიღე  უამრავი ექსპერიმენტი, რომლებიც იაფ ტექნოლოგიებს ეფუძნება. მალე ეს ყველაფერი ჩემ საგაკვეთილო პროცესებზე აისახება).

ზოგჯერ ექსპერიმენტის ჩატარება ამა თუ იმ მიზეზით ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესში შესასწავლი საკითხის მიწოდებისას ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით მივმართავ ფიზიკის აქტიური სწავლების სხვა მეთოდებსაც, რომელთა შორის უპირატესობას ვანიჭებ სწავლებას მანიპულატივების გამოყენებით.

ქვემოთ აღწერილი მაქვს სწავლების ორივე ფორმა ჩემი საგაკვეთილო პროცესებიდან.

 

  1. ექსპერიმენტით სწავლება

XI კლასი. თემა: მათემატიკური ქანქარა

გაკვეთილის დაგეგმვის წინ ვფიქრობდი, როგორ მიმეწოდებინა მოსწავლეებისთვის შესასწავლი თემა. საკითხავია, რამდენად მიიღებს მოსწავლე შესასწავლ საკითხს? დიდხანს დაიმახსოვრებს ასე მიწოდებულ მასალას თუ მალე დაივიწყებს? იქნება თუ არა ამ საკითხის შესახებ მისი ცოდნა მყარი?

ამის შემდეგ გაკვეთილი დავგეგმე და ჩავატარე შემდეგნაირად: გაკვეთილის დასაწყისში მიზნებისა და შესასწავლი თემის მნიშვნელობის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს წარვუდგინე შტატივზე ზონარით დაკიდებული ლითონის ბურთულა, დროის საზომი ხელსაწყო და ვთხოვე, მოეფიქრებინათ ცდა, რომლის საშუალებითაც გამოთვლიდნენ ერთი რხევისთვის საჭირო დროის შუალედს. მოსწავლეებმა რხევით მოძრაობაში მოიყვანეს მათემატიკური ქანქარა, დათვალეს რხევათა რაოდენობა, დროის საზომი ხელსაწყოს გამოყენებით გაზომეს შესაბამისი დროის შუალედი და გამოთვალეს ერთი სრული რხევის შესაბამისი დრო – რხევის პერიოდი.

 T=t/N. (1)

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მოსწავლებს წარვუდგინე რხევის პერიოდის გამოსათვლელი ფორმულა: T=2π  – (2) და დავავალე, დაემტკიცებინათ ფორმულა (2)-ის ჭეშმარიტება.

მოსწავლეებმა ცდა ორჯერ გაიმეორეს სხვადასხვა სიგრძის ქანქარისთვის და დაკვირვების შედეგები ცხრილში შეიტანეს.

 

ცხრილი 1

L-ქანქარის სიგრძე. N-რხევების რაოდენობა t-ექსპერიმენტისთვის საჭირო დრო T=t/N.

ექსპერიმენტის გზით რხევის პერიოდის განსაზღვრა

T1=2π  

ფორმულის საშუალებით პერიოდის განსაზღვრა

T- T1

ცდომილება

(სხვაობა თეორიულსა და პრაქტიკულს შორის)

L1 N1 t1 T1 T11 T1– T11
L2 N2 t2 T2 T21 T2– T21

 

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. მათ გამოთვალეს ცდომილება ექსპერიმენტული გზით მიღებულ პერიოდსა და თეორიულად მიღებულ ფიზიკურ სიდიდეებს შორის, ასევე იმსჯელეს დავალების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და საგაკვეთილო პროცესიც დასრულდა. გაკვეთილის 45 წუთი საკმარისია ზემოთ აღნიშნული აქტივობების შესასრულებლად.

ამრიგად, ამ შემთხვევაში უპირატესობა მივანიჭე ექსპერიმენტით სწავლებას, რომლითაც შესაძლებელი გახდა, მოსწავლეებს ადვილად აეთვისებინათ ახალი მასალა.

პრაქტიკა მიჩვენებს, რომ როდესაც მოსწავლე ადგენს ცხრილებს, აღრიცხავს მონაცემებს და აწარმოებს გამოთვლებს მათემატიკური აპარატის გამოყენებით, არ უნდა ავაჩქაროთ და ყურადღება მივაქციოთ სიზუსტეს – რამდენად სწორად ახერხებს ის მონაცემების დაჯგუფებას და ანალიზს.

არის სასწავლო მომენტები, როდესაც ექსპერიმენტის ჩატარება ვერ ხერხდება. მაგალითად, ატომბირთვის ფიზიკაში;

მე-2 მაგალითი

სწავლება მანიპულატივების გამოყენებით (მანიპულატივებისხვადასხვა ზომისა და ფერის საგნებია)

XI კლასი, ატომის აგებულება, რეზერფორდის ცდები (ამონარიდი საგაკვეთილო პროცესიდან)

ატომბირთვის შესწავლის დროს მოსწავლეებს დავავალე, დაკვირვებით წაეკითხათ და გაეაზრებინათ რეზერფორდის ცდა და სიმინდის მარცვლებით აეგოთ ატომის პლანეტარული მოდელი.

დავალების აღწერილობა: მოსწავლეს ვაძლევთ სამი ფერის სიმინდის მარცვლებს, მაგალითად, თეთრს, წითელს და შავს. პირობითად, შავი მარცვლები ნეიტრონებია, წითელი – პროტონები, ხოლო თეთრი -ელექტრონები. შევურჩევთ მენდელეევის პერიოდული სისტემის რომელიმე ელემენტს და ვაძლევთ ინსტრუქციას, წაიკითხონ რეზერფორდის ცდა და შინაარსის მიხედვით, სიმინდის მარცვლებისგან ააგონ ატომის პლანეტარული მოდელი. ამ დავალების  ფარგლებში მოსწავლე მონიშნავს ატომგულს და წრიულ ორბიტაზე განალაგებს ელექტრონებს.

ასეთი მიდგომით სწავლებას იმიტომ ვამჯობინებ, რომ მოსწავლე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეცნობა თემის შინაარსს და მასზე დაფუძნებით თვითონვე ქმნის ელექტრულად ნეიტრალურ ატომურ სისტემას. დავალების ფარგლებში მოსწავლეს უამრავ კითხვაზე მოუწევს დაფიქრება და პასუხის გაცემა. ის პრაქტიკულად ჭრის პრობლემას, კეთებით ხსნის ამოცანას.

ზოგჯერ მოსწავლეებს დაღლილობას და ურადღების გაფანტვას ვატყობ (განსაკუთრებით – მეექვსე გაკვეთილზე). იქმნება რთული სასწავლო სიტუაცია. საჭირო ხდება მოსწავლეების გამხნევება, სასწავლო განწყობის შეცვლა.

გამოსავალი რთული სიტუაციიდან

1-ელ ნოემბერს, ხუთშაბათს, XI კლასში მქონდა ცხრილით მეექვსე გაკვგეთილი. მოსწავლეებმა მითხრეს, რომ ეს დღე მძიმე და დამღლელი იყო მათთვის და გაკვეთილზე ყურადღების მობილიზება გაუჭირდებოდათ (მე მზად ვიყავი ამ დღისთვის, რადგან ეს სიტუაცია პერიოდულად მეორდებოდა). მოსწავლეებს დავპირდი, რომ გაკვეთილი მათთვის მსუბუქად და საინტერესოდ ჩაივლიდა, მაგრამ ამისთვის მათი დახმარება დამჭირდებოდა. კლასმა მაშინვე მზადყოფნა გამოთქვა დასახმარებლად. ვუთხარი, რომ მინდოდა მათი დახმარებით ტრანსფორმატორის დამზადება. საკლასო ოთახში მოლოდინით აღსავსე სიჩუმე ჩამოვარდა.

ამონარიდი საგაკვეთილო პროცესიდან

თემა: ტრანსფორმატორი

შესავალ ნაწილში შევეხეთ ტრანსფორმატორის პრაქტიკულ მნიშვნელობას. მოსწავლეებმა მოიყვანეს მაგალითები: ელექტრორკალით შემდუღებელი აპარატები, ელექტროსადგურებში მოწყობილი ტრანსფორმატორები და ა.შ. ყურადღება გაამახვილეს კუსტარული წესით დამზადებულ პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებულ ტრანსფორმატორზე (ტექნიკური მახასიათებლით 220/12ვ, რომელსაც იყენებენ მანქანის ბატარეის დასატენად).

ამის შემდეგ შემოვიტანე რკინის გულარი, სოლენოიდი, ხისა და პლასტმასის ნაჭრები და მოსწავლეებს ვთხოვე, ჩემთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა დამდაბლებელი ტრანსფორმატორის დამზადებაში, რომლის ტექნიკური მახასიათებელი, 220/24 ვოლტი, მათივე თხოვნით შევარჩიე. ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე თემის შინაარსი, მათ შორის – აუცილებელი ფორმულებიც. მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ამ ფორმულების გამოყენების გარეშე შუძლებელია ისეთი ტრანსფორმატორის დამზადება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები კონკრეტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მათ უპასუხეს კითხვებს:

  • რატომ ვერ შევძლებდით პოტენციალთა სხვაობის მიღებას მეორადი ხვიის ბოლოებზე, თუ ცვლადი დენის ნაცვლად გამოვიყენებდით მუდმივ დენს?
  • რატომ ამზადებენ ტრანსფორმატორის გულარს რკინის ფირფიტებისგან?

და ა. შ.

რეფლექსიის ფაზაზე შემაჯამებელი კითხვების დასმის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მათ პრაქტიკულადაც იცოდნენ, როგორ უნდა დაამზადო ტრანსფორმატორი და შესანიშნავად იყენებდნენ მათემატიკურ აპარატს კონკრეტული ამოცანების ამოსახსნელად.

„დამეხმარეთ, ერთად გავაკეთოთ“

როდესაც დახმარების თხოვნით მოგვმართავენ, ჩვენში აღიძვრება ცნობისმოყვარეობაც (რას გვთხოვენ?) და დახმარების სურვილიც. მაშინ, როდესაც კლასი ფსიქოლოგიურად გადაღლილია და უჭირს რიგით მეექვსე გაკვეთილზე ფიზიკის მოსმენა, ასეთი მიმართვით ხელს შევუწყობთ გაკვეთილის შესავალ ნაწილში აღძრული ინტერესის განმტკიცებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლასი მივიყვანეთ მზადყოფნამდე, ცნობისმოყვარეობით მოგვისმინოს და გაუადვილდეს თემის შინაარსის დაძლევა, გაკვეთილის ძირითადი ნაწილის სიმძიმის გადალახვა (ვგულისხმობ ფორმულების ათვისებას და როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ამოცანების ამოხსნას).

ამ შემთხვევაში რთული სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვე როგორც კეთებით საქმიანობაში, ისე კლასისადმი მიმართვის ფორმითაც. მოსწავლეებთან საუბრის ფორმას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყოველთვის ვცდილობ, საყოფაცხოვრებო სიტუაციური მაგალითებიდან კლასი გაკვეთილის სიღრმისეულ ფაზაში გადავიყვანო.

ისმის კითხვა: გაკვეთილის ახსნის პროცესში კიდევ როგორ შეიძლება მოსწავლეთა მისწარაფებების გათვალისწინება?

ამონარიდი საგაკვეთილო პროცესიდან

VIII კლასი, თემა: შინაგანი ენერგია, ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონი

ვიცოდი, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ძალიან უყვარდა ქართული ლიტერატურა და წაკითხული ჰქონდა „ვეფხისტყაოსანი“. გაკვეთილის იმ ნაწილში, რომელშიც ვცდილობდი, მოსწავლეებს კარგად გაეაზრებინათ მუდმივობის კანონის ფიზიკური მოვლენის არსი, გამოვიყენე რუსთაველის ცნობილი აფორიზმი: „რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია“, – და მოსწავლეებს დავავალე, კარგად გაეაზრებინათ და საკუთარი სიტყვებით გადმოეცათ, თუ რას გულისხმობდა პოეტი. მოსწავლეებმა მიპასუხეს, რომ გაცემული სიკეთე არ იკარგება, და არამარტო სიკეთე. ამის შემდეგ გავაცანი შინაგანი ენერგიის მუდმივობის კანონი, რომელიც დამოუკიდებლად შეადარეს ამ აფორიზმს და გამოთქვეს მოსაზრებები ენერგიის მუდმივობის კანონის შესახებ.

ცხადია, პედაგოგი მასალის მიწოდების ნებისმიერ ფორმას უნდა იყენებდეს მიზნის მისაღწევად.

ზემოაღნიშნული მიდგომებით სწავლებისას ჩემთვის საინტერესოა უკუკავშირი. მოსწავლეებს ხშირად ვეკითხები, რამდენად გასაგებია მათთვის თემის არსი. პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: რომ თემის შინაარსი მათთვის ნათელია. მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები მათ პასუხს ადასტურებს.

დასკვნის სახით მოგახსენებთ, რომ, როგორც მასწავლებელს, გამიჩნდა საჭიროების შეგრძნება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ფიზიკის სწავლებას ექსპერიმენტების საშუალებით, ხოლო აქტიური სწავლების დანარჩენი მეთოდები გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც დამხმარე.

 

გამოყენებული ლიტერატურა

* გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი. ფიზიკა, XI-VIII კლასი. „ინტელექტი“, 2012

* ეროვნული სასწავლო გეგმა

* მოზარდის განვითარებისა და სწავლების თეორია

* N10 მოტივაცია სწავლასა და სწავლებაში

* მილენიუმის ტრენინგები, მოდული 4-5 „აქტიური სწავლება ფიზიკაში“ (სწავლება მანიპულატივების გამოყენებით)

 შემაჯამებელი სამუშაო,თუ მობილური ტელეფონით თამაში?

0

,,…დღედაღამ ლეპტოპს და ტელეფონს მისჩერებია, აღარ ვიცი, რა ვიღონო, უამრავ დროს კარგავს უაზრო თამაშში’’…

 

ციფრული სკოლის კონცეფცია, განათლების რეფორმის ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის’’ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც სასწავლო პროცესში ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვასა და გამოყენებას გულისხმობს.

21-ე საუკუნის მოსწავლეები სრულიად განსხვავებულ უნარებს ფლობენ. მათ სურთ, აღმოჩენები გააკეთონ, მოსწონთ ტექნოლოგიები და ინოვაციები.  შესაბამისად, ისინი დიდ დროს ატარებენ კომპიუტერულ მოწყობილობებთან და მობილურ ტელეფონებთან, რაც ერთგვარ საფრთხეს უქმნის მოზარდების ჯანმრთელობას.

ამონარიდი შეშფოთებული მშობლების საუბრებიდან: „დღედაღამ ლეპტოპს და ტელეფონს მისჩერებია, აღარ ვიცი, რა ვიღონო, უამრავ დროს კარგავს უაზრო თამაშში’’…

დამეთანხმებით, რომ უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი  მოსწავლეების მიერ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ელექტრონული  პროგრამების მიზნობრივად გამოყენებისა და ამავდროულად რესურსების დამოუკიდებლად შექმნის საქმეში.

 

  • შემაჯამებელი სამუშაო არ გვექნება?

მეოთხეკლასელ მოსწავლეებთან ზეპირი შემაჯამებელი სამუშაო მქონდა დაგეგმილი. შესვენებაზე ვთხოვე,  წიგნებთან და რვეულებთან ერთად მობილური ტელეფონებით ,,შეიარაღებულიყვნენ’’ და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ოთახში განთავსებულიყვნენ.

ზარი დაირეკა.  ვაკვირდებოდი ბავშვების სახეებს და ვატყობდი, რომ თითოეულ მათგანს ინტერესი ჰკლავდა, რას ვაპირებდი. მე კი შეგნებულად ვაყოვნებდი მთავარ სათქმელზე გადასვლას და საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებდი.

ორიოდე წუთის შემდეგ, ერთმა მოსწავლემ, სახეზე ეშმაკური ღიმილი რომ დასთამაშებდა,  მორიდებით მკითხა:

,,- ლელა მასწავლებელო, გაკვეთილის მიზნებს გაგვაცნობთ? ‘’

მეორემ უპასუხა:

,,- რად უნდა მასწავლებელს ამის შეხსენება? ‘’

მესამემ: ,,შემაჯამებელი სამუშაო არ გვექნება?’’

მეც ეს მინდოდა და ასე დაიწყო გამოწვევის ფაზა. ორიგინალური ვარაუდების გამოთქმისა და არგუმენტებით დასაბუთების შემდეგ „დამარწმუნეს’’, რომ შემაჯამებელი ტესტის შესრულებას მობილური ტელეფონით თამაში ერჩივნათ, მეც დავთანხმდი და გაკვეთილის ბოლოს აღმოაჩინეს, როგორ ,,შემოეთამაშათ’’ შემაჯამებელი ტესტი.

 

როგორ შევქმნათ თამაში-ტესტი?

მსურს, გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორ შეიძლება  სწავლების პროცესი  სახალისო გავხადოთ მობილური ტელეფონისა  და ტექნოლოგიების ერთ-ერთი უახლესი, ეფექტური ინსტრუმენტის, Kahoot-ის გამოყენებით.

 

  1. საძიებო ველში გავხსნათ ბმული https://kahoot.com/ ;
  2. ვებგვერდის მარცხენა კუთხეში დავაჭიროთ ღილაკს sign up for free;
  3. ავირჩიოთ ნარინჯისფერი მართკუთხედი As a teacher;
  4. შევავსოთ ველები (სურვილისამებრ შეგვიძლია ავირჩიოთ Google ან Microsoft-ის ანგარიში/ მეილი) და დავაჭიროთ ღილაკს Join Kahoot;
  5. მარცხენა კუთხეში ვაჭერთ ღილაკზე Continue for free;
  6. შემდეგ მარჯვენა კუთხეში – Create;
  7. Quiz Create new;
  8. ვავსებთ აუცილებელ ველებს: სათაური, მოკლე აღწერა, ენა, სკოლა  და ზედა მარჯვენა კუთხეში ვირჩევთ  Ok, go.

  1. შეგიძლიათ თემის შესაბამისი ფოტო ჩასვათ (სურვილისამებრ) ან გადახვიდეთ შემდეგ გვერდზე.
  2. ვაჭერთ ღილაკზე + Add question და ვავსებთ ველებს:

 

 

ვწერთ პირველ კითხვას, ვირჩევთ სასურველი დროის ლიმიტს და ვაჭერთ ღილაკზე Yes. შემდეგ ვწერთ პასუხებს.  აუცილებელია,  დავწეროთ ერთი სწორი პასუხი და მოვნიშნოთ, რომ წრე გამწვანდეს. დანარჩენი სამი იქნება არასწორი.  როცა ყველა პასუხს ჩავწერთ, ზედა

მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ ღილაკზე next და  გადავდივართ შემდეგ გვერდზე.

(შენიშვნა:  დრო მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კითხვის სირთულისა და მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით);

  1. მომდევნო კითხვის ჩასაწერად კვლავ ვაჭერთ ღილაკზე + Add question. შეგვიძლია სასურველი რაოდენობის კითხვების შედგენა.  დასრულების შემდეგ, მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ ღილაკზე save;
  2. საფინალო ქმედება: ეკრანზე ჩნდება გამოსახულება, Saved and Published! ამ ღილაკების დახმარებით შეგიძლიათ: 1. რედაქტირება გაუკეთოთ თამაშს; 2.გადაიყვანოთ წინასწარი დათვალიერების რეჟიმში; 3.ითამაშოთ და 4. გააზიაროთ. დასასრულ, ვაჭერთ ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე I’m done, თამაში-ტესტი შექმნილია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • როგორ ვათამაშოთ მოსწავლეები?

 

  1. მობილურ ტელეფონში Google chrome-დან გადმოვაწერინოთ აპლიკაცია it;
  2. პროექტორი შევუერთოთ ლეპტოპს, ან კომპიუტერს,  ჩვენ მიერ შექმნილი თამაში-ტესტი მოვძებნოთ ,,ფანჯარაში’’ My Kahoots  და დავაჭიროთ ღილაკს Play;
  3. ავირჩიოთ ღილაკი Classic;
  4. ეკრანზე გამოჩნდება თამაშის PIN კოდი, რომელსაც მოსწავლეები შეიყვანენ ტელეფონებში;

 

 

  1. შემდეგ უნდა შეავსონ  ე.წ. nickname-ს ველი (სახელი) და go
  2. მასწავლებელი ხელს აჭერს ღილაკზე Start და თამაში იწყება.
  3. შეკითხვა ჩანს დიდ ეკრანზე, ხოლო მოსწავლეები ტელეფონში  სწორ პასუხს შესაბამისი ფერის ფიგურაზე ხელის დაჭერით აფიქსირებენ.

 

 

 

  1. ტესტის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ყველა მოსწავლის შედეგი და მათ მიერ მოპოვებული ქულების რაოდენობა;
  2. თამაშს აქვს მონაცემების შენახვის ფუნქცია, რომელიც განთავსებულია ეკრანის მარჯვენა ზოლში: Save Results.

მობილური ტელეფონისა და  Kahoot-ის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად სახალისოსა და საინტერესოს ხდის, ხელს უწყობს  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და, რაც მთავარია, დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია თითოეული მოსწავლის ცოდნის დონის შემოწმება.

ამავდროულად, ინსტრუქციის დასწავლის შემდეგ, მოსწავლეები თვითონ გამოთქვამენ სურვილს და  სხვადასხვა საგნისთვის ქმნიან მსგავსი ტიპის თამაშებს.

პროგრამა kahoot უნივერსალურია. მისი გამოყენება შესაძლებელია,  როგორც ზოგადსაგანმანთლებლო სწავლების ყველა საფეხურზე,  ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლე არ ესწრება მეცადინეობას, შეგვიძლია Skype for business-ის დახმარებით დავუკავშირდეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში დისტანციურად განვახორციელოთ შემაჯამებელი სამუშაო და უკუკავშირი.

 

შენიშვნა: მნიშვნელოვანია, თამაშის შექმნის დროს არ დაგვავიწყდეს კიბერუსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა

https://kahoot.com/welcomeback/

https://kahoot.uservoice.com/knowledgebase/articles/949450-how-do-i-host-a-live-kahoot-in-a-group-setting

ქიმიკოსი და მოქალაქე

0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი უკეთილშობილესი და უსაყვარლესი პროფესორი გვყავს. ის პროფესიით ქიმიკოსია და წლებია, ბუნებისმეტყველების ამ შესანიშნავ დარგს ემსახურება. თუმცა პროფესორი მხოლოდ მეცნიერებასთან მრავალწლიანი კავშირით როდი გახლავთ გამორჩეული: ათწლეულებია, ის მუსიკას წერს და მრავალ კონკურსშიც მოუპოვებია შთამბეჭდავი გამარჯვება. რამაზ გახოკიძეს დრო იმისთვისაც რჩება, რომ საქართველოში ქიმიის დარგის ფუძემდებლების შესახებ ცნობები შეაგროვოს და დაინტერესებულ პირებს ცოდნა გაუზიაროს.

პროფესორისგან შევიტყვე, რომ რამდენიმე წლის წინ დედაქალაქის მერიას თბილისის ცენტრში მდებარე ვასილ პეტრიაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა უცდია. ადგილობრივ მოსახლეობას ინიციატივისთვის განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ ქიმიკოსთა ნაწილის აღშფოთებამ შეუშალა ხელი ქალაქის მესვეურთა განზრახვას.

ფაქტი ერთ სამწუხარო გარემოებაზე მიუთითებს: საქართველოში არც მაღალი თანამდებობის პირებმა და არც რიგითმა მოქალაქეებმა ბევრი არაფერი იციან მნიშვნელოვანი დამსახურების მქონე, წარსულში სახელგანთქმული მეცნიერის, ვასილ პეტრიაშვილის შესახებ.

ვინ იყო ვასილ პეტრიაშვილი?

ვასილ პეტრიაშვილი საქართველოს მეცნიერების ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი პირველი მოღვაწე იყო, რომელმაც საუნივერსიტეტო იერარქიაში დაწინაურება მოახერხა და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწავლებლის ხელმძღვანელი გახდა. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გზაგასაყარზე პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში საქმიანობდა. მან მოღვაწეობა დოცენტის წოდებით დაიწყო. სოფელ წალასყურში დაბადებული ქიმიკოსი უმოკლეს ხანში პროფესორიც გახდა, მომდევნო წლებში სათავეში ედგა უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიას, გახლდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, 1905-1907 წლებში კი არც საკუთარ თავზე რექტორის პასუხისმგებლობის აღება გასჭირვებია.

ბუნებისმეტყველების დარგის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ პეტრიაშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორგანული, ტექნიკური და ფიზიკური ქიმიის მიმართულებათა განვითარებაში. ქართველი მეცნიერის ექსპერიმენტული დასკვნები საფუძვლად დაედო საღებავების წარმოებას.

უნივერსიტეტის რექტორობასა და მსოფლიოს მასშტაბის სწავლულის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად ვასილ პეტრიაშვილი არც თავის ქვეყანაზე ზრუნვას ივიწყებდა.

რატომ მიიჩნეოდა ქიმიკოსი თვალსაჩინო მოქალაქედ?

ოდესის უნივერსიტეტის პროფესორისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო რუსიფიკატორული პოლიტიკა. მას მიაჩნდა, რომ რუსულ ენას საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგი არ უნდა დაეპყრო. უკიდურესად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რექტორი პოულობდა დროს წიგნების ქართულ ენაზე გამოსაცემად. პეტრიაშვილის ავტორობით ქართულად ათამდე სამეცნიერო წიგნი დაიბეჭდა. უცხოეთში გადახვეწილი ბუნებისმეტყველის პუბლიკაციებმა საფუძველი ჩაუყარა ქიმიის დარგში ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას.

პეტრიაშვილის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და პატრიოტიზმზე მიანიშნებს ისიც, რომ მეცნიერი ინტენსიურად აქვეყნებდა წერილებს ქართულ პერიოდულ პრესაში. მას მიაჩნდა, რომ ქართული ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობდა მეღვინეობის, მერძევეობის, ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის სფეროებში მის მიერ ლაბორატორიულად გამოცდილი მეთოდების გამოყენება. თანამემამულე გლეხებს სწავლული სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვისკენ მოუწოდებდა. მას თავისი სტუდენტები ექსკურსიაზე ხშირად ჩამოჰყავდა საქართველოში. ახალგაზრდა მეცნიერები უანგაროდ უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას დაინტერესებულ მიწათმოქმედებს.

ვასილ პეტრიაშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე თავდგირიძის სახლი ოდესაში ყველა გაჭირვებული სტუდენტის, განსაკუთრებით კი საქართველოდან დასავლეთში მიმავალი ახალგაზრდების თავშესაფარი იყო. პეტრიაშვილების ოჯახში გაჭირვებულებს ღამის გასათევის, სამოსისა და საკვების გარეშე არ ტოვებდნენ. ხშირად ეკატერინე თავდგირიძე სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ ფრანგული ენის შესწავლაშიც ეხმარებოდა. უშვილო ცოლ-ქმრის მთელი შემოსავალი სტუდენტთა და შეფარებულთა შემწეობისთვის იხარჯებოდა. უფულოდ დარჩენილ პროფესორს არც ძველი, საგულდაგულოდ დაკემსილი შარვლით სიარული ეთაკილებოდა.

ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ხელშეწყობისთვის, ჩვენი გლეხობის თეორიული ცოდნითა და პრაქტიკოსთა გამოცდილებით მომარაგებისა და ხელმოკლე სტუდენტთა მხარდაჭერისთვის დიდი მეცნიერი თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ სრულიად გამორჩეული მოქალაქეების რიგსაც. სამართლიანი და სასიხარულოა, რომ თბილისის შუაგულში კვლავ არსებობს ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა. იმედია, ვერავინ ვერასდროს გაბედავს ამ განსაკუთრებული ადამიანის სახელის მიჩქმალვას.

როგორ დავუბრუნდეთ საყვარელ ფიზკულტურას

0

ალბათ გაგიგონიათ, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია კი მათი ეფექტიანი გამოყენება ფიზიკური კულტურის მიმართულებით? მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახში ბევრი რამ შეიცვალა, ფიზიკური აღზრდა იმავე მოდელს მისდევს. რატომ გათანამედროვდა საკლასო სივრცე, სპორტული დარბაზი კი კვლავ ბურთი-მოედნის ამარაა დარჩენილი? რისი შეცვლა შეიძლება 21-ე საუკუნეში?

დავიწყოთ გამოწვევებით – დღევანდელი ფიზიკური აღზრდის უმთავრესი გამოწვევა ჰიპოდინამია და სუსტი მოტივაციაა, რაც ცხოვრების მჯდომარე წესით და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით არის განპირობებული. ჰიპოდინამიის სინდრომი ხშირად ტექნიკური პროგრესის თანხმლებ უარყოფით მოვლენადაც განიხილება.

ახლა კი ვირტუალურ რეალობაში გავერკვეთ. ვირტუალური რეალობა, ანუ VR, არის ტექნიკური საშუალებებით შექმნილი სამყარო, რომელიც ადამიანს შეგრძნებების: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების – დახმარებით გადაეცემა. VR იმიტირებს განსაზღვრულ ქმედებას, ასევე – რეაქციას განსაზღვრულ ქმედებაზე. VR ახალი, ხელოვნური სამყაროს კონსტრუირებას ახდენს.

VR-ის უპირატესობებია: ჩართულობა – VR-ის ეფექტის გამო ტრანსფორმირდება საგანმანათლებლო პროცესი, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის; ჩაძირვა – ადამიანი იძირება სამგანზომილებიან სივრცეში და ურთიერთქმედებს რეალურთან მიახლოებულ ავატარებთან, ობიექტებთან და არა ეკრანზე აღბეჭდილ ბრტყელ ფოტოსურათთან; ფოკუსირება – VR უზრუნველყოფს სრულ იზოლაციას გარე გამღიზიანებლებისგან, მასწავლებელს აძლევს მოსწავლის მოძრაობის კონტროლის შესაძლებლობას.

თუ ფიზკულტურის მასწავლებელი ხართ და გსურთ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან იმეგობროთ, ვიდრე მოსწავლეებს სამგანზომილებიან სამყაროს გააცნობთ, თავად მოსინჯეთ სპორტული აქტივობა VR-ის საშუალებით. ვირტუალური რეალობის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ თვალი მიადევნოთ სპორტულ შეჯიბრებებს, არამედ თავად გახდეთ სპორტსმენი, ჩაიძიროთ ვირტუალურ რეალობაში და გააცნობიეროთ მისი სარგებელი სწავლის პროცესში. ვირტუალური ტექნოლოგიები სპორტულ თამაშებს ბავშვებისა და უფროსებისთვის გაცილებით წარმტაცს ხდის.

ათი წლის წინ Nintendo-ს Wii-მ მოთამაშეებს საშუალება მისცა, ჩოგბურთი საკუთარ სახლში, კედელთან, ვირტუალურ პარტნიორთან ეთამაშათ. ახლა VR გვთავაზობს ბევრად უკეთეს გამოცდილებას, რომელიც უფრო სახალისო და ინტერაქციულია. Oculus Rift-მა, HTC Vive-მა და PlayStation-მა VR შექმნეს ვირტუალური თამაშების პლატფორმები. VR Sports Challenge და BoxVR სპორტული თამაშების საუკეთესო მაგალითად იქცნენ.

ვირტუალურ რეალობას აქვს შანსი, მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანოს როგორც სპორტსმენს, ისე მწვრთნელსაც. VR ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ უკანასკნელს, სხვადასხვა რაკურსიდან მიადევნოს თვალი თავის გუნდს, სპორტსმენს კი შეუძლია თავად ნახოს, რას აკეთებდა რეალური მატჩის ან ვარჯიშის დროს. მწვრთნელების მოთხოვნით, ვირტუალურ მოედანზე თამაშის ქცევის გაანალიზებითვის ხდება განსაზღვრული სიტუაციების მოდელირება, მოთამაშე კი თავად წყვეტს, რა აირჩიოს, საით გაიქცეს, როგორ მიაღწიოს მიზანს და სხვ. როცა მოთამაშე დაინახავს, როგორ იდგა, მოძრაობდა, სად დაუშვა შეცდომა, მომავალში ის უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მაგალითად, CoPeFoot-ი იმისთვის შეიქმნა, რომ ფეხბურთელებს ესწავლათ და პრაქტიკაში მიეღოთ ტაქტიკური გადაწყვეტილებები. ეს პროგრამა ერთგვარი სასწავლო პლატფორმაა, სადაც სპორტსმენები ააქტიურებენ ავატარებს, რათა ნამდვილ საფეხბურთო მოედანზე სხვადასხვა სიატუაციაზე სწორი რეაგირება მოახდინონ.

VR ფართო შესაძლებლობას იძლევა უსაფრთხო ვარჯიშისთვის, განსაკუთრებით – ისეთ კონტაქტურ სპორტში, როგორიც ფეხბურთია. ახალბედა ფეხბურთელებს შეუძლიათ, ეს ტექნოლოგია „თამაშის წიგნივით“ გამოიყენონ. ისინი ტრავმულ, საშიშ მოძრაობებს ვირტუალურ მინდორზე აანალიზებენ.

რაც შეეხება ოპტიმალურ დატვირთვას: გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და ოფლიანობა, სხეულის მდგომარეობის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მაჩვენებლებია. ფიზიკური ვარჯიშის დროს მათ ინდიკატორებად მიიჩნევენ. ამ მაჩვენებლების საფუძველზე, განსაკუთრებით – გულისცემის მიხედვით, შექმნილ სტანდარტებს იყენებენ პლატფორმებად, რომლებზეც ფასდება როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების ფიზიკური აქტივობის გავლენა.

ბოლო წლებში VR ტექნოლოგიები გვეხმარება როგორც ფიზიოლოგიური რეაქციების შესწავლასა და გაუმჯობესებაში, ისე უსაფრთხო, კონტროლირებადი და მოტივირებული გარემოს შექმნაში. ვთქვათ, მოვარჯიშე ადამიანს, დიდსა თუ პატარას, შეუძლია ველოტრენაჟორის მეშვეობით წარმოიდგინოს, რომ ველოსიპედით სოფლის გზას მიუყვება ან ხელების სავარჯიშო ტრენაჟორზე ვარჯიშის დროს წარმოიდგინოს, რომ ულამაზეს ვენეციაში გონდოლით მიცურავს.

ვირტუალური რეალობა ყველასთვისაა. მაგალითად, აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონე ბავშვები ასეთი ვარჯიშით განიმტკიცებენ დადებით ქცევას. ბევრი მათგანი მიდრეკილია უძრავი ცხოვრების წესისკენ. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ხელს უწყობს მათ გააქტიურებას. ზრდის მათ მოტივაციას, ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ უბიძგებს მათ.

ეს ეხება ჯანმრთელობის პრობლემების არმქონე ბავშვებსაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: ამ ინტერაქციული ინსტრუმენტის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მოსაწყენი სავარჯიშოები საინტერესო გახდეს.

VR ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონე ბავშვებს სოციალური ინტერაქციების და არავერბალური მინიშნებების შესწავლაში ეხმარება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს VR აქამდე მიუწვდომელ გამოცდილებას სჩუქნის. მაგალითად, ვირტუალურ სამყაროში ისინი შეუზღუდავად, სურვილისამებრ გადააადგილდებიან. ეტლს მიჯაჭვულ ბავშვს/უფროსს შეუძლია, სერფინგზე დგომის არაჩვეულებრივი ემოცია განიცადოს და სხვ.

ადამიანი, რომელიც სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ფიზიკურ ან სენსორულ დარღვევებს, ვირტუალური რეალობის გამოყენებით უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას. მარტივი მაგალითი: მას, ვინც ახლახან დაიწყო ეტლით სარგებლობა, შეუძლია ვირტუალური რეალობის საშუალებით ისწავლოს ავტომანქანებით გადატვირთულ ქუჩაში ან ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრში გადაადგილება, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება.

მკვლევრები ვირტუალური გარემოს მოდელირებისთვის იყენებენ კონსტრუქციას ორი პროექციული კედლით. ამისთვის მათ სჭირდებათ სტერეოსკოპური სათვალე. ის რაღაცით ჰგავს კინოთეატრის 3D სათვალეს. განსხვავება ისაა, რომ გამოსახულება ზუსტად ერგება ადამიანის ხედვის კუთხესა და მიმართულებას, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანი მართლაც იმყოფება სავარჯიშო დარბაზში, მწვრთნელი კი მის წინ დგას. ადამიანს აქვს ამრეკლავი მარკერი, რომელსაც ინფრაწითელი კამერები აკონტროლებენ. ეს ეხმარება სისტემას, ზუსტად მიჰყვეს მის მოძრაობას.

როდესაც მომხმარებელი სისტემაში შედის, პირველ რიგში ვირტუალურ სამწვრთნელო სივრცეში თავის ვირტუალურ გამოსახულებას სარკეში ხედავს. საკუთარი თავის ვირტუალური სურათის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეამოწმოს, როგორ ვარჯიშობს. მოთხოვნისამებრ, სარკე ტრიალდება, რომ თავი სხვადასხვა მხრიდან დაინახო და ვარჯიში სწორად შეასრულო.

ვირტუალური ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია იმის ვიზუალიზირება, რისი დანახვაც რეალობაში შეუძლებელია. სისტემა მომხმარებელს რჩევებსაც აძლევს. მაგალითად, სარკეში დანახული სხეულის ზოგერთი ნაწილი სხვაგვარად იფერება. ვთქვათ, თუ ბუქნებს სწორად აკეთებთ, ავატარზე ბარძაყი ფერს იცვლის და წითლდება.

სისტემა მიუთითებს შეცდომაზეც. ვთქვათ, თავის ზედმეტად დახრის დროს კისერი აქცეინტირებულად გამოისახება სარკეში.

ვირტუალურ რეალობას შეუძლია სავარჯიშოების სწორად შესრულების დემონსტრირებაც: ნახევრად გამჭვირვალე ფიგურა თქვენს ავატარს ეკვრის და თქვენთან ერთად ვარჯიშობს. მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ გაიმეოროს მის მიერ შესრულებული მოძრაობა.

ვირტუალური რეალობა ფიზკულტურაში არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ რეალურ შედეგსაც იძლევა. მოსწავლეები იმაღლებენ თვითსწავლების უნარს, ამჟღავნებენ თავიანთ პოტენციალს, თავიდან იცილებენ ტრავმებს. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს უთანაბრებს სახალისო სწავლებას, რაც მას უფრო სრულყოფილს ხდის.

ვისწავლოთ ბავშვის ნახატის წიგნივით წაკითხვა

0

ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც საკუთარი შვილის ნახატის „წაკითხვას“ და იქიდან მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას არ ცდილობდეს. საკუთარი რესურსების „ამოწურვის“ შემდეგ ასეთი მშობელი ბავშვის ნახატით ხშირად ფსიქოლოგს მიმართავს დასახმარებლად და სთხოვს აუხსნას, რას შეიძლება აღნიშნავდეს მისი შვილის პატარა თითებით ფურცელზე გამოსახული საგნები და ფიგურები. გამომდინარე იქიდან, რომ ხატვა ბავშვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, მისი ნახატები შეიძლება მართლაც ძალიან ინფორმაციული იყოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ისინი ჩვენ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს, რა დამოკიდებულებაშია საკუთარ თავთან, რა აწუხებს, ვინ და რა უყვარს. ბავშვის ნახატები განსაკუთრებით ღირებული მასალაა იმ შემთხვევაში, როცა პატარას პრობლემები აქვს –  შიშები, შფოთიანობა, აგრესიულობა. ბავშვებს ძალიან ხშირად ეშინიათ, ან უბრალოდ არ შეუძლიათ თავიანთი  განცდების სიტყვებით გამოხატვა, ნახატი კი ზუსტად ასახავს პატარას შინაგან სამყაროს, მის დამოკიდებულებას გარშემომყოფ ადამიანებთან. საჭიროა უბრალოდ ვისწავლოთ ბავშვის ნახატის „წაკითხვა“ და მაშინ ჩვენ უკეთესად შევძლებთ იმის გაგებას, თუ რით ცხოვრობს ჩვენი პატარა. თუმცა, ნახატის წაკითხვამდე აუცილებელია რამდენიმე პირობის გათვალისწინება:

  • ხუთ წლამდე ასაკის ბავშვის ნახატები ნაკლებად ინფორმაციულია იმის გამო, რომ ხელის თითები და, აქედან გამომდინარე, წვრილი მოტორიკა სუსტად არის განვითარებული და ნახატები სქემატურია. აღნიშნულის გამო, ნახატის „წაკითხვისას“ ამ პერიოდში დომინანტურ როლს ხატვისას გამოყენებული ფერები ასრულებს;
  • მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნახატი ბავშვის წამიერი განწყობის ასახვაა. ამიტომ, მხოლოდ ერთი ნახატით მის ხასიათზე მსჯელობა არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტული ნახატის შესრულებისას ბავშვი ცუდ ხასიათზე იმყოფებოდა, დათრგუნული იყო. ასეთ შემთხვევაში პატარას ნამუშევარი არ იქნება ზოგადად მისი ხასიათისა და შინაგანი სამყაროს თავისებურებების მაჩვენებელი. გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად სხვადასხვა დროს დახატული 5-6 ნამუშევარი მაინც უნდა გაანალიზდეს;
  • საერთოდ, ბავშვის რეალური ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად უკეთესი იქნება შევარჩიოთ დრო, როცა ის კარგ ხასიათზეა და ვთხოვოთ დახატოს რაიმე – ადამიანი, ხე, თავისი ოჯახი და ა.შ.;
  • თუ ჩვენ ბავშვს მივეცით დავალება, დახატოს რაღაც კონკრეტულ თემაზე, ნუ ჩავერევით ხატვის პროცესში, ნუ შევახსენებთ, რომ ადამიანს აქვს ყურები, მას კი დაავიწყდა დახატვა. შევეცადოთ ვიყოთ მის გვერდით, მაგრამ მივიღოთ ისეთი გამომეტყველება თითქოს ჩვენი საქმით ვართ დაკავებული. ამ დროს თვალ-ყურს უნდა ვადევნებდეთ, ვუკვირდებოდეთ მაგ. იმას, თუ რას ან ვის ხატავს ბავშვი პირველ რიგში;
  • თუ ნახატის საშუალებით ბავშვის, მისი მდგომარეობის შესახებ გვინდა ინფორმაციის მიღება, ხატვისას ფანქრები შევთავაზოთ, ვინაიდან ფანქრით შესრულებული ნამუშევარი ბევრად უფრო მეტს გვეუბნება პატარას სულიერი, შინაგანი მდგომარეობის შესახებ, ვიდრე საღებავებით ან ფლომასტერებით შესრულებული ნახატი.

ბავშვის ნახატის ინტერპრეტაცია – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ნახატის „წაკითხვისას“:

  • გამოყენებული ფერები – ის, თუ რა ფერებს იყენებს ბავშვი ხატვისას, შეიძლება ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლეოდეს პატარას ემოციური მდგომარეობის, მისი გრძნობების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ფერი ადამიანის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მატარებელია – ყვითელი ან იისფერი ბავშვის ნახატებში მეტყველებს მის სულიერ სიმშვიდეზე, ოპტიმიზმსა და კარგ ფანტაზიაზე; წითელი ფერის სიჭარბე მის აქტიურობასა და ადვილად აგზნებადობაზე გვაძლევს ინფორმაციას; მწვანე ფერი მიგვანიშნებს, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სიმშვიდე და განმარტოება. თუ ის დასახატად მხოლოდ ერთი ფერის უბრალო ფანქარს ირჩევს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას აკლია დადებითი ემოციები. მართალია, ფერთა გამა ადამიანის ემოციურ მდგომარეობას ასახავს და, ნახატის გაანალიზებისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ფერი ჭარბობს ნამუშევარში, მაგრამ, თუ დავინახავთ, რომ ბავშვი შავი ფერის ფანქრით ხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფერის სიჭარბე ნახატში აგრესიაზე ლაპარაკობს, არ ღირს ამის გამო განგაშის ატეხვა, უმჯობესი იქნება გავარკვიოთ, რატომ აირჩია მან ეს ფერი – შესაძლოა მაგიდაზე მხოლოდ შავი ფანქარი აღმოჩნდა;
  • ხაზების სიმკვეთრე და შტრიხები ნახატში – თუ ნახატი შესრულებულია მკვეთრი, მკაფიო, ნათელი ხაზებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გახსნილია სამყაროს წინაშე, დარწმუნებულია საკუთარ თავში, ან უბრალოდ ნათლად, ცხადად აქვს წარმოდგენილი, რასაც ხატავს. როცა ხაზები მკრთალია, ძლივს შესამჩნევი, არათანაბარზომიერი, წყვეტილი, სასურველი იქნება დავფიქრდეთ, ბავშვს საკუთარი თავისადმი უნდობლობა ან შიში ხომ არ აწუხებს. „აგრესიული“, „მჩხვლეტავი“ ხაზები ბავშვის ნახატში შეიძლება გაჩნდეს ჩვენი, უფროსების ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულების პასუხად. ყურადღება მისაქცევია ისიც, თუ როგორ იყენებს ბავშვი შტრიხებს ნახატში, როგორია მისი რაოდენობა ფურცელზე, თუ შტრიხები ძალიან ბევრია და განსაკუთრებით თუ ის შესრულებულია ძლიერი ზეწოლით, თუ ბავშვი იყენებს შტრიხებს არა მხოლოდ დახატული ფიგურის შიგნით, არამედ მთელ სივრცეში მის გარშემო, თუ დაშტრიხვა გამოდის საგნების საზღვრებიდან და ჩნდება იქ, სადაც სრულიად გაუმართლებელია, შეიძლება ეს გვაძლევდეს საშუალებას ვიმსჯელოთ ბავშვის აწეულ შფოთიანობაზე, მასში შიშის არსებობაზე ან ცუდ გუნება-განწყობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წესი, ნახატის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობა, გარშემომყოფ ადამიანებთან დამოკიდებულება, პიროვნული თავისებურებები. გავითვალისწინოთ, რომ პატარას არ შეუძლია ყველაფრის სიტყვებით გამოხატვა, ახსნა უფროსისათვის. თავის მდგომარეობას ის ძირითადად ნახატებში ასახავს;
  • დახატული ობიექტების განლაგება ფურცელზე – გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც წესი, განთავსებულია ფურცლის ცენტრში, ყველაფერი დანარჩენი, ნებისმიერი რამ მის გარშემო ბრუნავს. თუ ბავშვის მიერ დახატული ობიექტი მხოლოდ ფურცლის ცენტრშია განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა საკუთარ თავში დარწმუნებულია. ნახატი ფურცლის ქვედა ნაწილში და თანაც ისე, რომ სივრცის 2/3 ზემოთ ცარიელია, ბავშვის დაქვეითებულ თვითშეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს;
  • ადამიანი ბავშვის ნახატში – ბავშვებს ძალიან უყვართ ადამიანის ხატვა. ის, თუ როგორ არის გამოსახული ადამიანი ბავშვის ნახატზე, ასევე ბევრს გვეუბნება პატარას სულიერ მდგომარეობაზე. დიდი, მრგვალი თვალები ნახატზე გამოსახული ადამიანის სახეზე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვში შფოთვის დონე მომატებულია და ის დახმარებას ელის. სახეზე გამოსახული ზედმეტად პატარა თვალები კი – პირიქით, გვეუბნება, რომ ბავშვს უჭირს თავის შიშებზე საუბარი და არ სურს, რომ ამის შესახებ გაიგონ. თუ ბავშვი ადამიანის სახეს ხატავს პირის, ყურების, ცხვირის გარეშე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს ურთიერთობა გარშემომყოფებთან. ადამიანი ზედმეტად გრძელი კისრით ნახატზე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვს უჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი. გრძელი თითები პირიქით – პატარა „მხატვრის“ შინაგან ძალასა და ნიჭიერებაზე მიუთითებს. განზე ფართოდ გაშლილი ხელები გვეუბნება, რომ ბავშვს აქვს მისწრაფება მოქმედებისაკენ, ზემოთ აწეული ხელები კი აგრესიაზე მეტყველებს. გრძელი ფეხები ნახატზე დამოუკიდებლობის ნიშანია, ფართოდ გაშლილი ფეხები აღნიშნავს, რომ ბავშვი საკუთარ თავში დაჯერებულია, მოკლე ფეხები ბავშვის უსუსურობაზე და სისუსტეზე მიუთითებს. თუ ბავშვი საჭიროებს დაცვას, ის აუცილებლად ქუდით შემოსავს დახატულ ფიგურას. ღია პირს კბილებით ხატავენ აგრესიულად განწყობილი ბავშვები. დიდი, გრძელი ხელები გვიჩვენებს, რომ პატარა მოხერხებული და ფიზიკურად კარგად განვითარებულია. პატარა ხელებს ხატავს ფიზიკურად სუსტი ბავშვი. თუ ის არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, ნახატზე გამოსახულ ადამიანს ხელებს ზურგს უკან ან ჯიბეებში დაუმალავს. კვადრატულ ტანს ჩვეულებრივ ბიჭები ხატავენ – მათთვის ის მამაკაცურობის ნიშანია. თუ დახატული ადამიანის ტანი არაპროპორციულად პატარაა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი დამცირებულად გრძნობს თავს. პროფილში გამოსახული ფიგურა ურთიერთობის პრობლემებზე და შფოთიანობაზე მიუთითებს. ბავშვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ნახატზე გამოსახული ადამიანის მიმართ მეტყველებს ყურადღების გამახვილება დეტალებზე – სამკაულები, ფეხსაცმელი, ღილები,  ჯიბეები, სამკერდე ნიშნები და ა.შ. ტანსაცმელს, სამკაულების მრავალფეროვნება საყვარელი ადამიანის გამოსახულებაზე  ბევრად მეტია, ვიდრე იმ ადამიანის გამოსახულებაზე, რომელიც პატარას არ უყვარს. ადამიანის თავი ბავშვის ნახატში ინტელექტის სიმბოლოს წარმოადგენს. დიდი თავი მეტყველებს განვითარებულ გონებრივ უნარებზე, პატარა თავი კი მისი ასაკისათვის არასაკმარის გონებრივ უნარებზე;
  • სახლი და ხე ბავშვის ნახატში – ადამიანების გარდა, ბავშვს უყვარს სახლისა და ხეების ხატვა. თუ ბავშვი ხშირად ხატავს სახლს კარ-ფანჯრის გარეშე, ეს მეტყველებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე, ჩაკეტილობაზე. რაც უფრო პატარაა ფანჯრები, მით უფრო მორიდებული და მორცხვია ბავშვი. დიდი ხე ნახატზე აღნიშნავს, რომ ბავშვს დიდი ცხოვრებისეული ენერგია აქვს. თუ ხის ტოტები მიმართულია ზევით, თავად ხეს კი აქვს სქელი ღერო და მყარად დგას მიწაზე, ფესვებიც კია გამოსახული – ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარ თავში დარწმუნებულ, ხალისიან ბავშვთან;
  • ოჯახი ბავშვის ნახატში – ყველა ბავშვი ადრე თუ გვიან იწყებს თავისი ოჯახის ხატვას. ოჯახის ნახატის ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ გამოსახულებების რიგითობას, ფიგურების ზომებს და ადამიანებს შორის მანძილს. ოჯახის დახატვას ბავშვი ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრით იწყებს. მას მოჰყვება სხვა წევრები იმ თანმიმდევრობით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ბავშვისთვის. თუ ბავშვი საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფიგურად თვლის ოჯახში, პირველ რიგში საკუთარ თავს დახატავს. ხოლო, თუ თვლის, რომ არ უყვართ და არასაჭიროა – ბოლოში დახატავს. თუ ოჯახში ყველაფერი წესრიგშია და ბავშვი იქ კარგად გრძნობს თავს, მის ნახატში ყველაზე მაღალი მამაა, მას მოჰყვება დედა, რომელიც ოდნავ დაბალია, შემდეგ ბავშვები, რომლებიც უფრო პატარა ზომისანი არიან. თუ ბავშვი თავის თავს ყველაზე დიდად ხატავს, ის საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვნად, ოჯახის მთავარ წევრად აღიქვამს. თუ პატარა ზომისად ხატავს – ზედმეტად არასაჭიროდ გრძნობს  თავს. თუ ასაკით მასზე უმცროსი და-ძმა უფრო დიდი ზომისად არიან დახატული, ვიდრე ნახატის ავტორი, ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება ექცევათ. პატარა მანძილი ფიგურებს შორის ნახატზე აღნიშნავს ხელსაყრელ ატმოსფეროს ოჯახში. თუ ბავშვი თავისი ოჯახის წევრებს ძალიან აცილებს ხატვისას, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა. თუ ბავშვი თავის თავს ოჯახის სხვა წევრებისაგან განცალკევებულად ხატავს ან საერთოდ არ ხატავს, დიდი ალბათობით ის ოჯახში არასაჭიროდ, მარტოდ, ზედმეტად, გარიყულად, იზოლირებულად გრძნობს თავს და ფიქრობს, რომ ახლობლებს, ოჯახის წევრებს ის არ უყვართ. როცა ბავშვი დარწმუნებულია, რომ ის ახლობლებისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელია, თავის თავს მშობლების გვერდით ხელჩაკიდებულს გამოსახავს. თუ ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთთან  ხელჩაკიდულია, ოჯახი მეგობრულია. თუ ხატვის პროცესში ის ტოვებს და არ ხატავს ოჯახის რომელიმე წევრს, ეს შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანთან მას ფარული კონფლიქტი აქვს. თუ ნახატზე ოჯახის თითოეული წევრი თავის საქმით არის დაკავებული, ოჯახი გათიშულია. თუ ადამიანებს შორის საგნებია დახატული, რომლებიც მათ ერთმანეთისაგან გამოყოფს, სავარაუდოდ, ოჯახში ურთიერთობის პრობლემებია. თამაშით დაკავებული ოჯახის წევრები ნახატზე მათ შორის არსებულ მეტოქეობაზე მიუთითებს. ხშირად ბავშვები ხატავენ წარმოსახულ ოჯახს – მამას, რომელიც არ ცხოვრობს მათთან ერთად; დას, რომელიც საერთოდ არ ჰყავს; გარდაცვლილ ნათესავს ან საერთოდ უცხო ადამიანს. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი განიცდის დისკომფორტს თავის ოჯახში და მისი შეცვლა სურს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია ბავშვის ნახატი საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაძლევს მისი ავტორის ემოციური და სულიერი მდგომარეობის, მისი ურთიერთობების და განწყობების შესახებ, მაგრამ, არ იქნება გამართლებული მხოლოდ ნახატის საფუძველზე ამა თუ იმ ფსიქოლოგიური დიაგნოზის დასმა. ის უბრალოდ გვეხმარება დავფიქრდეთ იმაზე, რა ხდება პატარა ადამიანის გულში და გავერკვეთ არსებული პრობლემების მიზეზებში.

 

 

„ვარდი და ლოკოკინა“

0

ჰანს ქრისტიან ანდერსენი სადღაც წერდა, ზღაპრის წერა ყველაზე რთული საქმეაო. მართალიც ბრძანდებოდა. მიდი და დაწერე ისეთი ამბავი, რომ პატარა მკითხველი  შეიყოლიო. მიდი და მოიფიქრე ზღაპარი „თოვლის დედოფალზე“, „მეღორეზე“, „ქალთევზაზე“ და უამრავ სხვა ამბავზე. თან ისე გადაამღერე, რომ მკითხველი გაერთოს კიდეც და რაღაც ცხოვრებისეულიც ისწავლოს. ახლა, ნუ მეტყვით, რაღა ანდერსენს მიადექი, ქართული ზღაპრები ცუდიაო? კარგია, გიპასუხებთ მე. ქართულიც კარგია, ძმები გრიმებისაც კარგია და კიდევ ათასი ვინმესი. თუ წერილის შესავალი ჰანს ქრისტიანით დავიწყე, მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია.

– და… საერთოდ რატომ დაიწყე წერილი ზღაპრებითო? – აუცილებლად იკითხავს ვინმე. თუ ზღაპარი სიბრძნეს გვასწავლის, თან გახალისებს და ერთი ამოსუნთქვით შემოგეკითხება, ქიმიაც რომ ზღაპარივით ვაქციოთ,  არ შეიძლება?

რა თქმა უნდა, ქიმიის ჩვეულებრივ გაკვეთილს ვერსად გავექცევით. თეორიების, კანონების, მექანიზმების გარეშე მოსწავლე, ე.წ. ზღაპრიდანაც, ან უბრალოდ სახალისო სანახაობიდანაც  ვერაფერს გაიგებს და, არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ გაერთობა. აქ კი საუბარი გართობაზეც არის და ნასწავლის გააზრებაზეც.

მოკლედ, იყო ერთი ოჯახი. ჩვეულებრივები იყვნენ, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდნენ. ორი შვილი ჰყავდათ – გოგო და ბიჭი, ბეჯითი და დამჯერი ბავშვები. ბიჭს ფანდურზე დაკვრა და ქიმიური ცდების ჩატარება უყვარდა. სულ თავისით იპოვა სადღაც ფანდურზე დაკვრისა და ქიმიის  წრეები. ჯერ ერთზე მიდიოდა, მერე მეორეზე. ერთ საღამოსაც, სახლში დაბრუნებისას, გზად უცნაური ვარდის ბუჩქი შენიშნა. ისე ყვაოდა, სულ წითლად… მოეჩვენა, რომ ბუჩქი ვიღაცას ესაუბრებოდა. ახლოს მივიდა, დააკვირდა და ლოკოკინა შერჩა ხელში. ლოკოკინამაც შეამჩნია ბიჭი და ადამიანის მზერით შეხედა (ბიჭს ასე მოეჩვენა), მერე ადგა და ლოკოკინასთვის დაუჯერებელი სიჩქარით კუთხისკენ გახოხდა. ბიჭს ყველაფერი გადაავიწყდა და უკან გაჰყვა. ქუჩის კუთხეში შეუხვიეს და… პარალელურ სამყაროში აღმოჩნდნენ.

– ტუტე პროდუქტები, ტუტე-მეთქი, მხოლოდ ასეთი გზით შეუქმნით ორგანიზმს ჯანმრთელ გარემოს, – ყვიროდა მეგაფონმომარჯვებული ბროკოლი მწვანე კომბოსტო, რომელიც „ტუტეთა“ პარტიას წარმოადგენდა. უკან კი ხილისა და ბოსტნეულის მთელი ჯარი განლაგებულიყო.

– რა ტუტე, რაებს ამბობ, გაუმარჯოს მჟავა არის შექმნელი პროდუქტების, ვაშააა…! – გზის მეორე მხრიდან დასძახოდა გაზიანი ლიმონათი. მის უკან ხორცის, რძის და ცხიმის შემცველი პროდუქტები განლაგებულიყვნენ.

ეგენი „მჟავათა“ პარტიას წარმოადგენენ – ლოკოკინამ, რომელიც ამასობაში მხარზე შესცოცებოდა, ბიჭს ყურში უჩურჩულა.

– რა ხდება? – ძლივს ამოთქვა ბიჭმა.

„აიმიქ“-ის ქვეყანაში მოხვდი. წლებია აქ ასეთი დაპირისპირება მიმდინარებს და გადაბმული დემონსტრაციები აქვთ.

უცებ ბიჭმა მხრებზე შეჯანჯღარება იგრძნო. ტკბილ პროდუქტებს ჰყავდათ გაკავებული.

– ჩვენთან ერთად წამოხვალ, გადამჭრელი ტონით უთხრეს და სადღაც გააქანეს.

„მჟავათა“ პარტიის ოფისში ამოჰყო თავი, სადაც ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი, შებოლილი ძეხვი დახვდა.

– საიდან გადმოხვედი ყმაწვილო? – მკაცრად ჩააცქერდა თვალებში;

– მმმ, ლოკოკინას წამოვყევი, უთხრა ბიჭმა.

კეთილი, მაგრამ შენ ხომ უფრო მჟავა გარემოს შემქნელი პროდუქტები გიყვარს? ძეხვეული, ტკბილეული, შემწვარი ხორცეული, ფქვილისგან გამომცხვარი რამე-რუმეები… ხომ ასეა, ყმაწვილო? გამოსატეხად ჩააცქერდა გადაწყვეტილების მიმღები შებოლილი ძეხვი.

– სამწუხაროდ, მიყვარს, აღიარა ბიჭმა. ოღონდ, ისიც ვიცი, რომ მჟავა გარემოს შემქნელი პროდუქტების უზომოდ ჭამა ორგანიზმს აზიანებს. ტუტე არის შემქმნელი საკვები კი სიტუაციას აბალანსებს და სასარგებლოა.

– სისულელეა, – თქვა გადაწყვეტილების მიმღებმა შებოლილმა ძეხვმა. ან ტუტე უნდა აირჩიო ან მჟავა. ორივეს მომხრე ერთდროულად ვერ იქნები.

– იცით, რას გეტყვით, – თქვა ბიჭმა, ადამიანის ორგანიზმი მუდმივად ინარჩუნებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ამას ბუფერული სისტემების წყალობით აკეთებს. აი, თანამედროვე კვება კი ორგანიზმს მჟავიანობას მატებს. მათი მეტაბოლიზმის შედეგად მჟავა ნარჩენები წარმოიქმნება, რომლების სისხლძარღვებს და ათას რამეს აზიანებს.

– ბუფერული სისტემები?, – გაიოცა „მჟავათა“ წარმომადგენელმა.

– დიახ, ზოგადად ორი სახის არსებობს: ა) ბუფერული სისტემა, რომელიც შეიცავს სუსტ მჟავას და მასთან შეუღლებულ ფუძეს. ასეთი სისტემის pH<7-ზე და მის მოსამზადებლად ერთმანეთს უნდა შევურიოთ სუსტი მჟავა და მარილი, რომელსაც ეს მჟავა ფუძესთან ურთიერთქმედებით იძლევა. მაგ. აცეტატუტი ბუფერი, ძმარმჟავა და ნატრიუმის აცეტატის შერევით მიიღება.  ბ) ბუფერული სისტემა, რომელიც შეიცავს სუსტ ფუძეს და მასთან შეუღლებულ მჟავას. ასეთი სისტემის pH>7-ზე და მის მოსამზადებლად ერთმანეთს უნდა შევურიოთ სუსტი ფუძე  და მარილი, რომელსაც ეს ფუძე მჟავასთან ურთიერთქმედებით იძლევა. მაგ. ამიაკური  ბუფერი, რომელიც შეიცავს ამიაკს და ამონიუმის ქლორიდს.

თუმცა, ბიჭს ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ბუფერული სისტემების ჩამოთვლა აღარ დააცალეს:

– სისულელეა, თქვეს მჟავათა პარტიაში, საიდან იცი?

– ქიმიის წრეზე დავდივარ, უპასუხა ბიჭმა.

– ეგ რაღაა? რით დაგვიმტკიცებ?

– ლამაზი ქიმიური ცდის ჩვენება შემიძლია, უპასუხა ბიჭმა და შებოლილი ძეხვის გაკვირვებული სახისთვის არც კი შეუხედავს, ისე  გახსნა ჩანთა და ამოიღო:

პეტრის ჯამი… რომელშიც ჯერ ნატრიუმის კარბონატის რამდენიმე წვეთი ჩაასხა, შემდეგ წყლით შეავსო და ინდიკატორ თიმოლის ლურჯის ორი-ოთხი  წვეთი დაუმატა. წარმოიქმნა  ლურჯი შეფერილობა, რომლის უფრო გამუქებისთვის ბიჭმა სითხეს ხის წკირით მოურია. ნატრიუმის კარბონატს ტუტე არე აქვს და მასში თიმოლის ლურჯი ლურჯად დარჩება. შემდეგ, პეტრის ჯამის სხვადასხვა ადგილას ნატრიუმის ჰიდროსულფატის რამდენიმე წვეთი დაამატა. ისევ ხის წკირით მოურია და სითხე ნარინჯისფერი გახდა. ნატრიუმის ჰიდროსულფატს მჟავა გარემო აქვს და თიმოლის ლურჯიც მოწითალო-ნარინჯისფერში გადადის. ტუტე გარემო კი ნეიტრალიზდება. ნეიტრალურ არეში თიმოლის ლურჯი ყვითელი გახდება და სითხეც გაყვითლდება. შემდეგ, კვლავ ნატრიუმის კარბონატი ჩააწვეთა და ისევ ლურჯი ფერი წარმოიქმნა.

– ბოლოს ის ტუტე რეაქციის მქონე  რაღაც არ უნდა დაგემატებინა, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მჟავათა პარტიის წარმომადგენელმა. კიდევ იცი რამე ცდა?

– ვიცი, უპასუხა ბიჭმა და საქმეს შეუდგა:

ერთ დიდ ჭიქაში თიმოლის ლურჯის ხსნარი წყლით განაზავა. შედეგად ხსნარი ჯერ გამწვანდა, მერე გაყვითლდა და ასეც დარჩა. შემდეგ აიღო ხუთი ჭიქა და შიგნით ჩაასხა: პირველ ჭიქაში – ნატრიუმის ჰიდროსულფატის 5 წვეთი; მეორე  ჭიქაში –  ლიმონმჟავას 5 წვეთი (ამაზე მჟავათა პარტია კმაყოფილი დარჩა, თუმცა ლიმონი ორგანიზმში ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტებს წარმოქმნის); მესამე  ჭიქაში – ნატრიუმის კარბონატის 5 წვეთი და ამავე რაოდენობა ლიმონმჟავა (რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ციტრატი, წყალი და ნახშირორჟანგი); მეოთხე ჭიქაში – ნატრიუმის ჰიდროკარბონატის რამდენიმე კრისტალი; მეხუთე ჭიქაში – ნატრიუმის კარბონატის 5 წვეთი. შემდეგ ხუთივე ჭიქაში ინდიკატორის ტოლი რაოდენობა გადაანაწილა და ჰოი საკვირველებავ! იცით რა მოხდა? პირველ ჭიქაში სითხე წითლად შეიღება (რატომ?); მეორე ჭიქაში – ნარინჯისფრად (რატომ?); მესამეში – ყვითლად (რატომ?); მეოთხეში – მწვანედ (რატომ?); მეხუთეში კი -ლურჯი (რატომ?).

ამასობაში მჟავათა პარტიის ოფისში უკვე ტევა აღარ იყო. ქიმიური ექსპერიმენტების შესახებ ამბავი უცბად გავრცელებულიყო და ცდების საყურებლად შეგროვილიყვნენ. რძემ და რძის პროდუქტებმა თქვეს, ჰიო, მაგ ფერებში იისფერი არ არისო…

– ეჰ, თქვა ბიჭმა, ვარდის ფურცლები, რომ მქონდეს…

– ვარდის ფურცლები? გამოცოცხლდა მის მხარზე შემოსკუპებული ლოკოკინა. აი, გამომართვი, ვარდის ბუჩქიდან გამომყვა.

ბიჭმაც ვარდის ფურცლებს მდუღარე წყალი დაასხა. დაყოვნების შემდეგ გაფილტრა და ფილტრატის ნაწილი სხვა ჭიქაში გადაასხა. დაამატა ნატრიუმის ჰიდროსულფატის ხსნარის რამდენიმე წვეთი. ვარდის ნაყენის ფერი ნარინჯისფერი გახდა. შემდეგ, იმავე ჭიქას ნატრიუმის კარბონატის რამდენიმე წვეთი ჩაამატა. სითხე იასამნისფერიდან მწვანეში გადავიდა. რატომ? ვარდის ფურცლებში შემავალი ანთოციანიდების გამო (მათზე უფრო დაწვრილებით ამ სტატიაში წერია https://mastsavlebeli.ge/?p=4044).

უცებ ხმაური ატყდა. ტუტე პროდუქტებს „მჟავათა“ პარტიისთვის წრე დაერტყათ და ყვიროდნენ, ახლავე გაგანეიტრალებთო.

ბიჭმა თავისი კოლბები და ჭიქები იქვე დატოვა და  რაც შეეძლო გაიქცა. როგორც კი მოსახვევში შეუხვია, მაშინვე ნაცნობი ვარდის ბუჩქი დაინახა. იქვე მისი  ლოკოკინა იჯდა და ვარდს გაცხარებით რაღაცას ეკამათებოდა. ბიჭს გაუკვირდა, იფიქრა, ლოკოკინა, ხომ ჩემთან ერთად იყო, ახლა აქ რანაირად აღმოჩნდაო. უფრო ახლოს მივიდა, აინტერესებდა, რაზე კამათობდნენ.

– ლამაზი ვარ და მორჩა, ამტკიცებდა ვარდის ბუჩქი. ყოველ წელს ადამიანებს ყვავილებით ვატკბობ, განა ეს საკმარისი არ არის?

– ჰო, მაგრამ, – არ ეშვებოდა ლოკოკინა, მხოლოდ სილამაზე რას გიშველის, თუ სანახაობის შინაარსიც არ გააგებინე სამყაროს. თუ არ აუხსენი, რატომ ხარ ასეთი ფერის,  ფორმის, რა არის შენი სურნელის საიდუმლოება და რა სარგებლის მოტანა შეგიძლია.

– აკი გითხარი, სილამაზით ვატკბობ თვალს, სურნელი მაქვს კარგი და მორჩა. რა, კიდევ რამე სარგებლის მოტანაც შემიძლია?

– ჰმ, – ჩაიცინა ლოკოკინამ, წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ შენგან ეთერზეთებს ხდიან და პარმიუმერიასა და მედიცინაშიც იყენებენ. სილამაზეც აუცილებელია, მაგრამ მის იქეთ რაც არის, ამის ახსნის გარეშე, არავითარი ფასი არ ექნება (ნაწყვეტი ანდერსენის ზღაპრიდან „ვარდი და ლოკოკინა“).

ჰოდა, ლამაზი ქიმიური ზღაპრები და სანახაობითი ექსპერიმენტები  სწორედაც რომ აუცილებელია. ოღონდ – გააზრებულად და პროცესის განმარტებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...