ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16 ივნისი, ორშაბათი, 2025

რაოდენობრივი და ციფრული წიგნიერების კომპეტენციების განვითარება 

0

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, გამჭოლი კომპეტენციების ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე მსოფლიოში მოსწავლის თვითრეალიზაციისა და ადგილის დამკვიდრებისთვის. შესაბამისად, გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას ნებისმიერი საგნის სწავლებისას ხელი უნდა შეუწყონ მასწავლებლებმა. ეს ზრდის მოსწავლეების მოტივაციას და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას. სასწავლო სოციალური ქსელის Edmodo.com-ის, მათემატიკური პროგრამის Desmos.com-ისა და ელექტროლიზის სიმულაციის გამოყენებით მოსწავლეები მარტივად შეისწავლიან ქიმიაში ერთ-ერთ რთულ და საინტერესო საკითხს.

გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმას ქიმიაში.

თემა: ელექტროლიზის რაოდენობრივი დახასიათება

გაკვეთილის ტიპი: სამოდელო გაკვეთილი – გამჭოლი კომპეტენციების (ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების) განვითარების გაკვეთილი

გაკვეთილის მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, ქიმიური სიმულაციის საშუალებით დაადგინოს ურთიერთდამოკიდებულება ელექტროლიზის დროს ელექტროდებზე (კათოდზე) გამოყოფილი ნივთიერებების მასასა და დენის ძალას, დროსა და მეტალის ეკვივალენტის მოლურ მასას შორის, თავისი სიტყვებით ჩამოაყალიბოს ფარადეის I კანონი, დაადგინოს ფარადეის მუდმივა ელემენტარული მუხტის და ავოგადროს რიცხვის გამოყენებით, ამოხსნას ამოცანები ფარადეის კანონის გამოყენებით.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სიმულაციის (ციფრული ტექნოლოგიების) გამოყენებით მიღებული მონაცემების იდენტიფიცირება, გრაფიკული გამოსახვა და გრაფიკის ინტერპრეტაცია (რაოდენობრივი და ციფრული წიგნიერების კომპეტენციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა), ტექნოლოგიების როგორც ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზებისა და შეფასების საშუალების გამოყენება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ქიმ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ელექტროლიზის მოვლენა და მისი როლი ტექნიკასა და მრეწველობაში.

  • ასრულებს ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებს.

კვლ.X.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

  • განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს.

კვლ.X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

  • აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით რეგისტრირებისთვის (მაგ., დროის მონაკვეთში ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა).

კვლ.X.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

  • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.

კვლ.X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

მოსწავლემ იცის:

  1. რა არის ჟანგვა და აღდგენა;
  2. რას ნიშნავს ტერმინი ,,ელექტროლიზი“;
  3. რა არის ნივთიერების ეკვივალენტი;
  4. რა არის კათოდი და ანოდი;
  5. რას ნიშნავს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება სიდიდეებს შორის.

მოსწავლეს აქვს შემდეგი უნარები:

  1. ელექტროლიზის ნახევარრეაქციის შედგენის უნარი;
  2. ელექტროდებზე მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ამსახველი სქემების შედგენის უნარი;
  3. კომპიუტერის გამოყენებით ქიმიური სიმულაციის განხორციელების უნარი;
  4. ნივთიერების ეკვივალენტის მოლური მასის გამოთვლის უნარი;
  5. ამოცანის მოცემულობის ჩაწერის უნარი;
  6. ერთეულების SI სისტემაში გადაყვანის უნარი;
  7. წრფივი ფუნქციის გრაფიკის აგების უნარი.

შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი შეფასება. გამოსაძახებელი ჩხირები, შუქნიშანი, შეფასების რუბრიკა, მასწავლებლის უკუკავშირი.

სასწავლო მასალა და რესურსები:

კომპიუტერები, პროექტორი, საპრეზენტაციო მასალები, სოციალური საგანმანათლებლო ქსელი Edmodo.com, სამუშაო ფურცლები, ფლიპჩარტი, მარკერები, ქიმიური სიმულაცია https://media.pearsoncmg.com/bc/bc_0media_chem/chem_sim/html5/Electro/Electro.php.

 

გაკვეთილის მსვლელობა:

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

აქტივობა N1 – საშინაო დავალების შემოწმება. ორგანიზების ფორმა – მთელი კლასი

შეფასება: განმავითარებელი (უკუკავშირი)

მოსწავლეებს დავალება გაგზავნილი ჰქონდათ Edmodo.com-ის კლასში.

აქტივობა N2 – ვარაუდების გამოთქმა. აქტივობაში მონაწილეობს მთელი კლასი.

შეფასება: განმავითარებელი, „შუქნიშნის“ გამოყენებით.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა დაინტერესება საკითხით

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე.

კითხვა:

რით განსხვავდება ჩვეულებრივი ავტომობილისგან სურათზე აღბეჭდილი მანქანა?

რატომ ღირს მოოქროვება იაფი? (ჩამოვწერ ვარაუდებს ფლიპჩარტზე)

აქტივობა N3 – ახალი მასალის ახსნა, მუშაობის პროცესში – განმავითარებელი შეფასება (დანართი 4) უკუკავშირის საშუალებით.

აქტივობის მიზანი: ფარადეის კანონების ჩამოყალიბება – მოსწავლეებმა სიმულაციის საშუალებით დაადგინონ, რაზეა დამოკიდებული კათოდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები განაწილებულნი არიან ექვს ჯგუფში და მასწავლებლის ინსტრუქციის შემდეგ იწყებენ მუშაობას.

I და II ჯგუფები ადგენენ დამოკიდებულებას კათოდზე გამოყოფილი მეტალის მასასა და ეკვივალენტის მოლურ მასას შორის (სხვადასხვა კათოდის შემთხვევაში).

III და V ჯგუფები ადგენენ დამოკიდებულებას კათოდზე გამოყოფილი მეტალის მასასა და დენის ძალას შორის.

IV და VI ჯგუფები ადგენენ დამოკიდებულებას კათოდზე გამოყოფილი მეტალის მასასა და დროს შორის.

მონაცემებს შეიტანენ ცხრილში, ააგებენ გრაფიკს (10 წთ).

მოსწავლეები გრაფიკს აგებენ https://www.desmos.com/calculator პროგრამაში და თითოეული ჯგუფი აგზავნის ედმოდოს კლასში. https://www.edmodo.com/home#/group?id=25891788. მასწავლებელი ხსნის დავალებას და ჯგუფები აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას (მონაწილეობს ჯგუფის ყველა წევრი), გამოიყვანენ ფორმულას (მონაწილეობს ყველა ჯგუფი) (დანართი 1).

აქტივობა N4  – ფარადეის მუდმივას გამოთვლა. ორგანიზების ფორმა – წყვილები, შეფასება – განმავითარებელი, გამოსაძახებელი ჩხირებით.

წყვილები მუშაობენ სამუშაო ფურცელ N2-ე (დანართი 5). ფარადეის რიცხვი უნდა გამოთვალონ ავოგადროს რიცხვისა და ელემენტარული მუხტის გამოყენებით.

აქტივობა N5 – ახალი მასალის პრაქტიკაში გამოყენება

შეფასება: განმავითარებელი, „შუქნიშნით“ და გამოსაძახებელი ჩხირებით.

აქტივობის მიზანი: ახალი მასალის ათვისების დონის შემოწმება

აქტივობის აღწერა: მოსწავლეების ჯგუფებს ურიგდებათ ამოცანები (დანართი 3). ისინი ამოხსნიან და გააკეთებენ პრეზენტაციას შემთხვევითი შერჩევის გზით (დროის სიმცირის გამო ყველა ჯგუფი ხსნის ერთ ამოცანას).

დანარჩენი ჯგუფები შეადარებენ სწორ ვარიანტს. (დანართი 3)

აქტივობა N6 – შემაჯამებელი აქტივობა

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა

აქტივობის აღწერა: გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეები შეავსებენ „გასასვლელ ბილეთებს“. მათი ანალიზი მოხდება მომდევნო გაკვეთილზე.

საშინაო დავალება: „სასწავლო მენიუ“ – დანართი 4 – (დიფერენცირებული სწავლების მიზნით).

 

დანართი 1 https://drive.google.com/file/d/13WQK26qCqTsje11KDJVFoP-tEfTf2GYK/view?usp=sharing

დანართი 2 https://drive.google.com/open?id=1b23XyW_Wlfj_8D8sQqpJAn-ZRv66WnMO

დანართი 3 https://drive.google.com/open?id=1iPkTFPJnn_n9eXnZT05Ika9PjdrBfrHB

დანართი 4 https://drive.google.com/file/d/110W7oT770q8awWigbhoiO0FJHvypnHuc/view?usp=sharing

დანართი 5 https://drive.google.com/open?id=1KR6lhlXBwMoq_JICChkNJm4dgepI5glQ

კოგნიტური სქემების გამოყენება გაკვეთილზე

0

პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევის განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაში, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.

პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.

ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.

ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია. აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტელექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

გრაფიკული სქემების გამოყენება წარმოდგენის არალინგვისტურ ფორმებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა. გრაფიკული სქემა, როგორც წესი, წარმოსახვის ორივე ფორმას გულისხმობს – ლინგვისტურს და არალინგვისტურს. ლინგვისტურია სიტყვები და ფრაზები. არალინგვისტურია სხვადასხვა ტიპის სიმბოლოები და ისრები, რომლებიც სიმბოლოებს შორის ურთიერთობებს გამოხატავენ.

კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. კოგნიტური დიაგრამებით, ანუ გრაფიკული ორგანიზატორებით მუშაობა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეებს ხელთ ეძლევათ ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა.

სწავლების პროცესში კოგნიტური დიაგრამების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პედაგოგის როლი და ფუნქცია, გაუადვილა მასწავლებლებს სტრუქტურირებული, საქმიანი გაკვეთილების დაგეგმვა, ხელთ მისცა აკადემიური პროგრესის და უნარ-ჩვევების გამომუშავების კონტროლისა და შეფასების საკმაოდ მოქნილი ტექნიკა, სწავლებისა და სწავლის პროცესი უფრო

მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახადა.

კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:

  • ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
  • ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
  • შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  • ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
  • სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.

როდის და როგორ გამოიყენება კოგნიტური დიაგრამები:

  • გამოიყენება როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას;
  • შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
  • გამოიყენება როგორც ტექსტის კითხვისა და დამუშავების;
  • გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს.

ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, კოგნიტური სქემების გამოყენება ნაცადი ხერხია გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაში(საჭიროებიდან გამომდინარე). ის ხელს უწყობს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას.

გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთი უმთავრესია სემიოტიკური კომპეტენცია.  სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი.

ისტორიის გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ წყაროს ანალიზის დროს. ისტორიული წყაროს წაკითხვის და გაანალიზების შემდეგ ჯგუფებს ვაძლევ დავალებებს, ანალიზის საფუძველზე შეავსონ კოგნიტური სქემები. სქემების ნაირსახეობას ვარჩევ წყაროს შინაარსიდან გამომდინარე. ყველაზე ხშირად ვიყენებ ქვემოთ მოცემულ სქემებს:

 

 

აღნიშნულ სქემაზე მუშაობა  ეხმარება მოსწავლეს მოახდინოს წყაროში მოცემული  ინფორმაციის სწორი ტრანსფორმაცია, წყაროზე  მუშაობისას აქცენტი გააკეთოს ყველა იმ დეტალზე რომელიც საბოლოო  დასკვნის გამოტანას განსაზღვრავს.

 

 

 

მოსწავლეები ხალისით ეკიდებიან ისტორიული წყაროს დამუშავებას, იზრდება ინტერესი და მოტივაცია.

ჩვენი მიზანია  განათლებული მოქალაქის აღზრდა. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად. მნიშვნელოვანია, მოსწავლისათვის სასწავლო პროცესი  დამღლელი და მოსაბეზრებელი არ გახდეს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
  2. https://hrio.wordpress.com/2011/01/09/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%94-1896-1980-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90/

რთული საკითხების სწავლება

0

ბავშვები ხშირად სვამენ კითხვებს ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც მათ რაიმე საინფორმაციო წყაროდან გაუგონიათ და რთული ეჩვენებათ. ეს კითხვები ძირითადად ორ მიზეზს ემსახურება:

  1. გაკვეთილზე დროის გაყვანას;
  2. ამ საკითხისადმი რეალური ინტერესის დაკმაყოფილებას.

არც ერთ შემთხვევაში არ მგონია სწორი, ბავშვს უარი ვუთხრათ პასუხის გაცემაზე, რადგან მიმაჩნია, რომ მთავარია, ბავშვმა ისწავლოს – არ აქვს მნიშვნელობა, რა ზრახვა ედება ამას საფუძვლად.

ერთ-ერთი ასეთი თემაა ფარდობითობის თეორია, რომლის შესახებაც ჩემმა მოსწავლემ მკითხა. მეცხრეკლასელებს ვუხსნიდი სინათლეს, ვეუბნებოდი, რომ  ერთადერთი მუდმივი სიდიდე სინათლის სიჩქარეა ვაკუუმში და ამ დროს აუდიტორიიდან მოისმა კითხვა:

– როგორ დაამტკიცა აინშტაინმა, რომ დრო ფარდობითია?

მოვლენები შესაძლოა ორნაირად განვითარებულიყო: მოსწავლისთვის მეთქვა, რომ ეს არ შეესაბამებოდა ჩვენს თემატიკას ან მეცხრეკლასელებისთვის  ფარდობითობის თეორია ამეხსნა.

მოგიყვებით, როგორ ვისაუბრე ამ თემაზე ელემენტარული ფიზიკის დონეზე, მეცხრეკლასელების წინარე ცოდნაზე დაყრდნობით.

ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე ვართ შეთვისებული გარემოს, რომ არავითარ ყურადღებას არ ვაქცევთ სივრცე-დროის პრობლემებს. თუმცა, ინტერესი რომც გამოგვეჩინა ამ პრობლემის მიმართ, ბუნებრივია, ვერ შევამჩნევდით სივრცეში არსებული სიდიდეების (მასა, სიგრძე, დრო და ა.შ.) ვერავითარ ცვლილებას ჩვენ გარშემო არსებული მცირე სიჩქარეების გამო.

აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში მაღალი (სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული) სიჩქარეების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება წილადები, რომელთა მნიშვნელშიც ფართოდ ფიგურირებს სიდიდე

 

 

თუმცა, იმავე ფორმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრაობისას ნებისმიერი სხეულის მასა გრანდიოზულად იზრდება.

ზემოაღნიშნული ფორმულის მიხედვით, რაც უნდა მცირე იყოს სხეულის უძრაობის მასა, თუ ის იმოძრავებს სინათლის სიჩქარით, მისი მასაც უსასრულო გახდება. მაგრამ აინშტაინმა დაამტკიცა, რომ უძრაობის მასის მქონე სხეულების მოძრაობა სინათლის სიჩქარით არ შეიძლება.

მაშ, რა ხდება თვითონ სინათლის შემთხვევაში, ფოტორებიც ხომ მოძრავი ნაწილაკებია?

საქმე ის არის, რომ ფოტონებს არ გააჩნიათ უძრაობის მასა, სხვანაირად რომ ვთქვათ, უძრავი ფოტონი არ არსებობს. ე.ი. ფოტონი ან არ არსებობს, ან არსებობს C სიჩქარით მოძრავი.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზემოთქმული ცვლილებები მხოლოდ მასას ეხება. დიდი სიჩქარეების შემთხვევაში აბსოლუტური არც სიგრძეა და არც დრო.

გენიალურმა ფიზიკოსმა ლორენცმა დაამტკიცა, რომ სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრაობისას იცვლება არა მარტო მასა, არამედ სხეულის სიგრძეც, ამ მოვლენას ლორენცმა სიგრძივი შემოკლება უწოდა. სიგრძივი შემოკლება არანაირი დაკვირვებით არ მტკიცდება, თუმცა ლორენცმა თავის გარდაქმნებში ფორმულებით აჩვენა, რომ დიდი სიჩქარით მოძრაობისას სხეულები მოკლდება. ამ შემოკლების გაზომვა შეუძლებელია, რადგან გაზომვა მოგვიწევს იმავე სისტემაში, რომელშიც მოძრაობს ღერო, შესაბამისად, დამოკლდება სახაზავიც, რომლითაც ვზომავთ.

სიგრძივი შემოკლება, რომელსაც ამტკიცებს ლორენცი, ისეთივე კლასიკური მოვლენაა, როგორიც სველი თოკის დამოკლება გაშრობისას. განსხვავება ისაა, რომ სველი თოკის დამოკლება შეიძლება აღმოვაჩინოთ მშრალი თოკის დახმარებით. ეს მაშინ, როცა ლორენცის შემოკლების აღმოჩენა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს „მშრალი თოკი“, ანუ მასშტაბი, რომელიც მოძრაობის შემთხვევაში არ შემოკლდება.

აინშტაინმა აჩვენა, რომ აბსოლუტური არც დროა. ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საათების სინქრონიზაციის საკითხი. ეს იმას ნიშნავს, რომ უძრაობისა და დიდი სიჩქარით მოძრაობისას საათები სხვადასხვა დროს აჩვენებს. ცხადია, ეს მოვლენა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს საათი ზიანდება ან ნელა მუშაობს მოძრაობისას – არა. საქმე ის არის, რომ დიდი სიჩქარით მოძრავ „ლაბორატორიაში“ დრო ნელა გადის და სწორედ ამ დროს ასახავს საათი.

ისმის კითხვა:  ნუთუ არაფერია მუდმივი?

როგორც აინშტაინმა აჩვენა, აბსოლუტური მხოლოდ სინათლის სიჩქარეა. ის დამოკიდებული არ არის არც წყაროს მოძრაობის სიჩქარეზე და არც იმ სხეულების სიჩქარეზე, რომელთა მიმართაც განიხილება სინათლის სიჩქარე. ნებისმიერ შემთხვევაში სინათლე ვაკუუმში ვრცელდება c სიჩქარით. რაიმე სიმკვრივის მქონე გამჭვირვალე გარემოში სინათლის სიჩქარე იკლებს, მაგრამ როგორც კი ამ გარემოდან ვაკუუმში გადავა, მისი სიჩქარე კვლავ c-ს ტოლი ხდება. ცხადია, ესეც სინათლის სიჩქარის განსაკუთრებული თავისებურებაა.

შეიძლება თუ არა რაიმე სიჩქარე აჭარბებდეს სინათლის სიჩქარეს?

შეიძლება, მაგრამ ეს რეალურ სიჩქარეთა კეტეგორიას არ განეკუთვნება. მაგალითად, თუ სინათლის კონას სარკისკენ მივმართავთ და სარკეს ვამოძრავებთ, სარკიდან არეკლილი სინათლე მოძრაობას დაიწყებს კედლებზე, ხეებზე, მიწაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში ანარეკლის მოძრაობის სიჩქარე არც ისე დიდია. მაგრამ თუ რაიმე სხეული (პირობითად – ეკრანი) უზარმაზარი იქნება და მოთავსდება ძალიან შორს, მაშინ მასზე „მოძრავი“ ანარეკლის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე მეტი იქნება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს რეალური სიჩქარე არ არის, რადგან სინათლის სიჩქარე მუდმივია.

დავუბრუნდეთ დროს.

როგორ შეიძლება განხილულ იქნეს დრო როგორც ფარდობითი სიდიდე?

ჩავატაროთ გონებრივი ექსპერიმენტი.

განვიხილოთ ე.წ. აინშტაინის მატარებელი. ეს არის მატარებელი, რომელიც უსასრულო სივრცეში მიქრის სინათლესთან მიახლოებული სიჩქარით                   (V270 000 კმ/წმ).

ვთქვათ, ამ მატარებლის ჭერზე დამაგრებულია ნათურა, ხოლო იატაკზე – ვერტიკალურად ნათურის ქვეშ – სარკე. მოვლენას აკვირდება ორი დამკვირვებელი. ერთი ვაგონში იმყოფება, შესაბამისად, მოძრაობს მასთან ერთად და, ბუნებრივია, მისთვის ნათურაც და სარკეც უძრავია, ხოლო მეორე პროცესს გარედან აკვირდება.


ნახ. 1ა

ნახ.1ბ

 

ვაგონში მყოფი დამკვირვებელი შეამჩნევს, რომ ნათურიდან სინათლის სხივი დაეცემა სარკეს, შემდეგ ვერტიკალურად აირეკლება და კვლავ ნათურასთან დაბრუნდება (ნახ. 1ა). ე.ი. სინათლის სხივი გაივლის 2h მანძილს (სადაც h ვაგონის სიმაღლეა). იმავე მოვლენას შეამჩნევს გარეთ მყოფი დამკვირვებელიც, ოღონდ განსხვავებულად.

გარეთ მყოფი დამკვირვებლის მიმართ ვაგონიც, ნათურაც და სარკეც v სიჩქარით მოძრაობს, ამიტომ, მისი თვალთახედვით, ნათურიდან წამოსული სინათლის სხივი სარკეს ვერტიკალურად არ ეცემა – ის ამჩნევს, რომ სანამ სინათლე სარკეს დაეცემოდა, სარკეც გადაადგილდა რაღაც მანძილით, ამიტომ სხივი სარკეს დაეცა არა ვერტიკალურად, არამედ განსაზღვრული კუთხით, იმავე კუთხით აირეკლა და კვლაავ დაბრუნდა ნათურასთან, რომელიც ამ დროისთვის, თავის მხრივ, ასევე გადაადგილდა რაღაც მანძილით (ნახ. 2ბ).

ბუნებრივია, მეორე დამკვირვებლის თვალთახედვით, სინათლის სხივმა გაიარა 2h-ზე გაცილებით მეტი მანძილი.

შევაჯეროთ ეს ორი მოვლენა:

უძრავი დამკვირვებლის თვალთახედვით, სინათლის სხივმა გაიარა მეტი მანძილი, ვიდრე უძრავი დამკვირვებლის თვალთახედვით. მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სინათლის სიჩქარე ერთნირია ათვლის ყველა სისტემაში, ანუ ჩვენს შემთხვევაში ერთნაირია როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ლაბორატორიაში – მატარებელში (მატარებელი უძრავია შიგნით მყოფი დამკვირვებლის მიმართ და მოძრავია გარეთ მყოფი დამკვირვებლის მიმართ)

იძულებულნი ვართ, აღვნიშნოთ, რომ:

გარეთ მყოფი დამკვირვებლის თვალთახედვით, სინათლის სხივი მოძრაობს უფრო დიდხანს, ვიდრე მატარებელში მყოფი დამკვირვებლის თვალთახედვით.

შევაჯამოთ ზემოთქმული: დრო, რომელიც გავიდა ორ მოვლენას შორის, სხვადასხვაა ათვლის სხვადასხვა სისტემაში. კერძოდ, ის შედარებით მცირეა ათვლის იმ სისტემაში, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს პროცესი, ვიდრე ათვლის მეორე სისტემაში, რომლის მიმართაც ეს სისტემა მოძრაობს. აქ აზრს კარგავს იმის განხილვა, რომელი სისტემა მოძრაობს მეორის მიმართ, რადგან თუ ერთი მოძრავია, შესაბამისად, მეორეც მოძრაობს პირველის მიმართ.

შედარებისთვის განვიხილოთ ერთი შეხედვით ანალოგიური ექსპერიმენტი უკვე რეალური მოძრაობის მაგალითზე.

დავაკვირდეთ ჩვეულებრივ (და არა აინშტაინის)  მატარებელში მიმდინარე მოვლენას: ცხადია, მატარებლის ვაგონი მასში მყოფი ადამიანების მიმართ უძრავია. ვაგონში მყოფმა დამკვირვებელმა იატაკიდან აისროლა ბურთი, რომელმაც მიაღწია ჭერამდე და კვლავ იატაკზე დაეშვა. ვაგონში მყოფი დამკვირვებლის თვალთახედვით, ბურთი იმოძრავებს ვერტიკალურად ზემოთ და ქვემოთ (ნახ. 2ა), მაშინ როდესაც გარეთ მყოფი დამკვირვებლის მიმართ ბურთი იმოძრავებს მე-2ბ ნახატზე მოცემულ წირზე.

ნახ. 2ა

  ნახ. 2ბ

აქ, ერთი შეხედვით, საქმე გვაქვს აინშტაინის მატარებელში მიმდინარე მოვლენის მსგავსს მოვლენებთან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინათლის სიჩქარე ერთნაირია ათვლის ყველა სისტემაში და არ არის დამოკიდებული სინათლის წყაროს მოძრაობის სიჩქარეზე, მაშინ როდესაც ბურთის სიჩქარე ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

ვაგონში მყოფი დამკვირვებლის თვალთახედვით, ბურთს აქვს ზემოთ მიმართული საწყისი სიჩქარე, მაშინ როდესაც გარეთ მყოფი დამკვირვებელი ამჩნევს, რომ ბურთს აქვს როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური საწყისი სიჩქარე. ამასთანავე, ბურთზე მოქმედებს დედამიწის მიზიდულობის ძალა.

დავუბრუნდეთ სინათლის სიჩქარეს:

როგორც აღვნიშნეთ, სინათლის სიჩქარე მუდმივია ათვლის ყველა სისტემაში ყველა მიმართულებით; ის დამოკიდებული არ არის წყაროს მოძრაობის სიჩქარესა და მიმართულებაზე.

და მაინც, როგორ შეიძლება იქნეს წარმოდგენილი სინათლის სიჩქარის მუდმივობა?

მივმართოთ ისევ გონებრივ ექსპერიმენტს. წარმოვიდგინოთ სინათლის წყარო, რომელიც მოძრაობს თითქმის სინათლის სიჩქარით. ჩავრთოთ წყარო.

ელემენტარული ფიზიკის თვალსაზრისით, სინათლე უნდა გავრცელდეს გაორმაგებული სიჩქარით: წყაროს სიჩქარე + სინათლის სიჩქარე, – მაგრამ ასე არ არის. თუ გავზომავთ სინათლის სიჩქარეს, ის იქნება c.

ოდნავ შევცვალოთ ექსპერიმენტის სახე:

ჩვენკენ სინათლის სიჩქარით მოქრის ორი ავტომობილი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით. ცხადია, ორივე სინათლის სიჩქარით ჩაგვიქროლებს. ელემენტარული ფიზიკის წარმოდგენით, ავტომობილებმა ერთმანეთს უნდა ჩაუქროლონ გაორკეცებული ანუ 2c სიჩქარით, მაგრამ ასე არ არის. თუ სიჩქარეს გავზომავთ, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, დავრწმუნდებით, რომ ავტომობილები ერთმანეთს ჩაუქროლებენ C სიჩქარით. ე.ი. საქმე გვექნება აბსოლუტურ მუდმივობასთან. ერთი შეხედვით, ადგილი აქვს დაუჯერებელ ტოლობას:

1 + 1 = 1

მიუხედავად ამისა, ზემოთქმული, როგორც აინშტაინი ამტკიცებს, რეალობაა. ამასვე ამტკიცებს ლორენციც.

ხშირად „გვეშინია“ ასეთი – დაუჯერებელი – აზრის გამოთქმის, ისევე როგორც პატარა ბავშვს „ეშინია“  3-5  მოქმედების შესრულების, რადგან არ იცნობს უარყოფით რიცხვებს, ან ნულზე გაყოფის, რადგან მათ ასწავლიან, რომ ნულზე გაყოფა არ შეიძლება.

თუმცა არა მარტო ბავშებს – გასულ საუკუნეებში გენიოსებსაც კი „ეშინოდათ“ ისეთი მოსაზრებების, რომლებიც დღეს საშუალო სკოლის მოსწავლისთვისაც კი მარტივი აღსაქმელია.

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ელიფსი. დღეს ნებისმიერმა უფროსკლასელმა იცის, რაც არის ეს და მარტივად შეუძლია მისი აგება, მაშინ როდესაც ერთ-ერთი გამოჩენილი მათემატიკოსის დეკარტის წიგნში „გეომეტრია“ ელიფსი შემდეგნაირადაა გამოსახული:

 

 

ბუნებრივია, დეკარტს არ შეშლია ელიფსის ფორმის ასახვა. მას უბრალოდ „ეშინოდა“ უარყოფითი კოორდინატების გამოყენების. დღეს კი მათ უმცროს კლასებშიც იყენებენ.

დასასრულ, დავსვათ კითხვა: დაფიქსირებულია თუ  არა სამყაროში სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით მოძრაობა?

პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა. თუმცა გავეცნოთ ერთ საინტერესო ასტრონომიულ დაკვირვებას.

გასული საუკუნის 70-იან  წლებში (1974 წ.) ერთ-ერთი შორეული გალაქტიკის ცენტრში მოხდა ძლიერი აფეთქება. წარმოიქმნა ძლიერი მანათობელი არე, რომელიც, როგორც ასტრონომები აღნიშნავდნენ, თვალსა და ხელს შუა ფართოვდებოდა, ისე, რომ ნახევარი წლის განმავლობაში მისი რადიუსი 0-დან 3 სინათლის წლამდე გაიზარდა. საოცარია! ნეტავი რა სიჩქარით ფართოვდებოდა სინათლის ლაქა?

მარტივი გამოსათვლელია, რომ თუ ნახევარ წელიწადში სინათლემ მოიცვა 3 სინათლის წლის სივრცე, მაშინ მას 6-ჯერ გადაუჭარბებია სინათლის სიჩქარისთვის.

მეორე მაგალითი:

ერთ-ერთმა გალაქტიკამ ხვლიკის თანავარსკვლავედში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1980-იან წლებში მიიპყრო ასტრონომების ყურადღება. მათ ამ გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს 2 ახალი ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთისგან 3 სინათლის წლით იყო დაშორებული. ეს მოხდა 1980 წელს. 1981 წლის ივნისში შენიშნეს, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ 5,5 სინათლის წლით. მარტივი გამოსათვლელია, რომ ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ 5c სიჩქარით.

ასტრონომები კიდევ ერთ მოვლენას აკვირდებოდნენ კვაზარის ცენტრალურ არეში. ეს კვაზარი 1963 წელს აღმოაჩინეს და მასთანაა დაკავშირებული 60-80-იანი წლების მნიშვნელოვანი აღმოჩენები.

ამ კვაზრის ცენტრიდან გამოიტყორცნება მანათობელი ნაკადი. მისი კაშკაშა ბოლო ცენტრს 4 წელიწადში 20 სინათლის წლის მანძილით დაშორდა. შედეგი გასაოცარია – მოძრაობა 5c სიჩქარით, რაც დაუშვებელია…

ასტრონომიაში ზესინათლის სიჩქარით მოძრაობის კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ ამ ფაქტებს დავჯერდეთ და განვიხილოთ, რა ხდება რეალურად.

დავიწყოთ იმით, რომ დაკვირვებები ასეთ შორეულ სივრცეებში ხდება არა ხილულ სხივებზე, არამედ რადიოსხივებზე, რომლებსაც თანამედროვე მძლავრი რადიოტელესკოპებით აკვირდებიან.

ფარდობითობის თეორია გვასწავლის, რომ არც ერთ სხეულს არ შეუძლია გადააჭარბოს სინათლის სიჩქარეს. მაშ, როგორ გავიგოთ ზესინათლის სიჩქარით მოძრაობა შორეულ გალაქტიკებსა და კვაზრებში?

პირველი, ასე ვთქვათ, დაბნეულობის შემდეგ ასტრონომები მიხვდნენ, როგორ უნდა აეხსნათ ეს მოვლენები. წინასწარ აღვნიშნოთ, რომ აქ ფარდობითობის თეორია კი არ ირღვევა, არამედ ეს ახსნა სწორედ მასზეა დაფუძნებული.

აი, როგორია ამ მოვლენების მარტივი ახსნა:

ვთქვათ, სხეული მოძრაობს ჩვენკენ, მაგრამ არა მკაცრად მხედველობისას სხივის გასწვრივ, არამედ რაღაც მცირე კუთხით. ვთქვათ, S ობიექტმა ჩვენკენ გამოუშვა 2 სიგნალი დროის განსაზღვრული ინტერვალით. დროის ამ მონაკვეთში ობიექტმა გაიარა OA გზა. მაგრამ შორეულ სივრცეში დაიკვირვება არა უშუალოდ ეს გადაადგილება, არამედ მისი პროექცია მხედველობის გასწვრივ სხივის ვერტიკალურ სიბრტყეში, ეს კი იქნება OB მანძილი, შესაბამისად, ობიექტის არსებობა განიხილება B წერტილში, როცა ის რეალურად A წერტილშია და, შესაბამისად, სიგნალს უშვებს არა B, არამედ A წერტილიდან.

ბუნებრივია, A წერტილიდან წამოსული (ანუ მეორედ გამოგზავნილი) სიგნალი გაცილებით მალე მოაღწევს ჩვენამდე, B წერტილიდან გამოგზავნილი, შესაბამისად, დროის მონაკვეთი გაცილებით მცირედ დაფიქსირდება, ვიდრე სინამდვილეშია.

სწორედ ეს იყო ასტრონომების შეცდომა: ისინი იღებდნენ დროის მონაკვეთს არა გამოგზავნილ, არამედ მიღებულ სიგნალებს შორის.

ასე რომ, არც კვაზარებში, არც შორეულ გალაქტიკებში და არც ჩვენს გალაქტიკაში სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით მოძრაობა შესაძლებელი არ არის.

ფაქტები ღაღადებს, რომ დიდ (სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული) სიჩქარეებთან მიმართებით თეორიამ საუკუნეებით გაუსწრო პრაქტიკას.

არავინ იცის, როდის და რა ვითარებაში მოახერხებს კაცობრიობა მზის სინათლის სიჩქარის ხომალდის აშენებას და თუ მოახერხებს, რამდენად ეფექტური იქნება ის, რადგან სინათლის სიჩქარით მოძრაობისას უმცირეს ნაწილაკსაც კი უზარმაზარი მასა და ენერგია აქვს და ასეთი ხომალდის მტვრის ნაწილაკთან შეჯახებაც კი ალბათ კატასტროფით დასრულდება…

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე, გენიოსმა ფიზიკოსმა ლევ ლანდაუმ არცთუ უსაფუძვლოდ იხუმრა: ,,ასეთი ხომალდი კიდეც რომ აშენდეს, წინ თოვლსაწმენდი უნდა წაუმძღვაროთო“.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი პროგრამა, ფიზიკა
  2. მასწავლებლის გზამკვლევი, ფიზიკა

პროექტებით სწავლება – საინტერესო და სასარგებლო

0

დიმიტრი უზნაძე გვასწავლის: სწალაში ირიადი მნივნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსი მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ განსაზვრული მიმართულებით მოსწავლის ალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

სასწავლო პროექტს ერთ კონკრეტულ განმარტებას ვერ მოვუძებნით, თუმცა შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც 21-ე საუკუნის პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს.

XXI საუკუნის უნარებს შორის გამოვყოფდი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიკაცია-მოგვარების, შემოქმედებითი-კრეატიული აზროვნების, მიზნობრივი კითხვების ფორმულირებისა და დასმის, ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების, საერთო მიზნის მისაღწევად კომპრომისისათვის მზადყოფნისა და დემონსტრირების უნარს.

ყველა ეს უნარი ისეთია, რომ მათი ჩამოყალიბება, განვითარება და დახვეწა სწავლებაში პროექტ-მეთოდის გამოყენების დროს ხდება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ყოველივე ეს რისთვისაა საჭირო? პასუხი ერთია – მათ გარეშე შეიძლება ცხოვრებაც კი გაჭირდეს (გლობალური დათბობა, ბუნებრივი რესურსების მკვეთრი შემცირება, მძაფრი რეგიონული დაპირისპირება პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ ნიადაგზე და სხვა), რაც ჩვენი ქვეყნისათვის აშკარა საფრთხის შემცველია. ამიტომ საჭიროა მოსწავლეებს ვასწავლოთ მოულოდნელ სიტუაციაში გარკვევისა და გამოსავლის პოვნის უნარი.

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია:

,,აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ“.

ქიმიის სწავლება გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერებების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენოს როგორც პროფესიული წინსვლისა და წარმატების, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ და სასარგებლოდ.

ქიმია ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინაა, რომლის შესწავლა ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ ადგილი გარე სამყაროში, თავიანთი ნააზრევით სრულყონ და გაამრავალფეროვნონ სამყარო, ხელი შეუწყონ ბუნების დაცვას, რომლის ნაწილსაც თვითონ წარმოადგენენ.

სწორედ ამიტომ ესგ-ით გათვალისწინებული საკითხების სწავლებისას ძალიან ეფექტურად ვიყენებ სწავლების ახლებურ მიდგომებს, რომელთა მეშვეობით იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, საგნისადმი ინტერესი, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ყველა დანარჩენ სტრატეგიას შორის გამოვყოფდი პროექტებით სწავლებას.

სასწავლო პროექტი ძირითადად ოთხ ეტაპს მოიცავს:

  1. იდეის ჩამოყალიბება (პროექტის დაგეგმვა);
  2. მომზადება;
  3. განხორციელება;
  4. შედეგების წარდგენა.

პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ თუ პროექტ-მეთოდით პირველად ვმუშაობ კლასთან, მე ვაყალიბებ პროექტის იდეას, ვგეგმავ, ვსახავ მიზნებს, ამოცანებს მიზნის მისაღწევად და მათი გადაჭრის გზებს, რომლებსაც ვაცნობ მოსწავლეებს. ვქმნი მოსწავლეთა ჯგუფებს, ერთობლივად, მოსწავლეთა ჩართულობით ვანაწილებთ დავალებებს. პროექტის დასრულებისას მოსწავლეები აუდიტორიას წარმოუდგენენ პრეზენტაციას.

როცა მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება, ვაძლევ არჩევნის თავისუფლებას თავად ჩამოაყალიბონ იდეა, დაგეგმონ, განახორციელონ, გააანალიზონ პროექტი და მისი შედეგი, მე ვარ გვერდში მდგომი – ფასილიტატორი. გარკვეული პერიოდულობით ვხვდები მოსწავლეებს მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.

სანამ პროექტზე მუშაობას გადავწყვეტთ, ვფიქრობთ და ვაყალიბებთ პროექტის მიზანს, რა შედეგზე გავალთ განხორციელების შემდეგ, რა ამოცანებს დავსახავთ და როგორ გადაჭრის გზებს მოვიფიქრებთ. ვინ იქნებიან შემსრულებლები, გვეყოფა ჩვენი რესურსი თუ დაგვჭირდება დახმარება?

ყოველივეს სრულყოფილად წარმართვაში მეხმარება ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება, ტრენინგები, რომლებიც გავიარე, როგორც სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრმა, ,,ეტვინინგის“ პროექტების მონაწილემ, შეფასების ჯგუფის წევრმა – ფასილიტატორმა.

პროექტებზე მუშაობამ, რომლებიც განვახორციელე ჩემს მოსწავლეებთან ერთად, განავითარა და გაამრავალფეროვნა ჩემი პრაქტიკა:

„წყალი და მისი ანალიზი – რა პრობლემა შეიძლება წარმოქმნას დაბინძურებულმა წყალმა“;

„მჟავა წვიმები, გამომწვევი მიზეზები, პრობლემები და გადაჭრის გზები“;

„პური და ორცხობილა, როგორი ხარისხის პურს მივირთმევთ“;

„ჰაერის დაბინძურების წყაროები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“;

„პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ნახშირწყალბადების მოხმარებისას“;

„ცილა, როგორც სიცოცხლის საწყისი და სიცოცხლე, როგორც ადამიანის დანიშნულება“;

„ვიტამინების როლი ადამიანის ორგანიზმისათვის – რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მათმა ნაკლებობამ? სიჭარბემ?“;

„შოკოლადი, მისი სახები – რა სარგებლის ან ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისათვის“;

„ღიმილი სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს – კბილის პასტის შედგენილობა, დამცავი ფუნქცია და პრობლემები…“;

„პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში, მათი გადაჭრის გზები“;

„პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ნავთობპროდუქტების გამოყენების პროცესში, მათი გადაჭრის გზები“;

„მეტალურგიული მრეწველობის განვითარება საქართველოში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გადაჭრის გზები“;

„ორგანიზმისათვის საჭირო მაკრო და მიკროელემენტ მეტალების (Ca, K, Na, Mg, Fe, Zn,) მნიშვნელობა“.

წარმოგიდგენთ ახლახან განხორციელებული პროექტის გეგმას:

პროექტის სახელწოდება ნავთობპროდუქტების გამოყენება და პრობლემები. რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას მათი გამოყენების პროცესში, პრობლემების გადაჭრის გზები.
კლასი XI2

 

პრობლემის განსაზღვრა, აქტუალობა ნავთობპროდუქტების გამოყენება პრობლემას უქმნის დედამიწასა და მის ატმოსფეროს. დედამიწის ზედაპირზე მცხოვრებ ცოცხალ თუ არაცოცხალ ბუნებას. დაბინძურებული ნიადაგი, ჰაერი და წყალი საშიშროებას წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმებისათვის (როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის). დედამიწა ჩვენი სახლია, ხოლო სუფთა ჰაერის გარეშე ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია.
პროექტის მიზანი მოსწავლე შეძლებს, მოიძიოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნავთობპროდუქტების შესახებ, დაახარისხოს, იმსჯელოს, ნავთობპროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილ დადებით და უარყოფით შედეგებსა და პრობლემებზე, რომელებიც წარმოიქმნება მათი გამოყენების პროცესში. შეძლებს პრობლემის გადაჭრის მისეული გზის მიგნებას.
შესაბამისობა სტანდარტთან

მოსალოდნელი შედეგი

კვლ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და მისი ეტაპები.

კვლ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი  პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

კვლ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ქიმ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება, მათი  მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.

ი) სოციალური კომპეტენცია. სოციალური კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება…

მიზნობრივი ჯგუფები პროექტის მუშაობისათვის შეიქმნა სამი ჯგუფი:

პირველი – ბენზინის გამოყენება მაზუთის გადამუშავება;

მეორე – დიზელის საწვავის და სხვა ნავთობპროდუქტების გამოყენება;

მესამე – ბუნებრივი აირისა და ნავთობის თანმხლები აირების გამოყენება.

ამოცანები 1.      პრობლემის გამოკვეთა;

2.      ინფორმაციის მოძიება;

3.      გამოკითხვის ჩატარება სკოლაში პედაგოგებსა და უფროს კლასელებთან;

4.      ბროშურის შექმნა;

5.       პრეზენტაციისა და კედლის გაზეთის მომზადება;

6.      პრეზენტაცია.

ამოცანის განხორციელების გზები 1.    პრობლემის გამოკვეთა

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწავლების დროს, მოსწავლეებს შევთავაზე გვემუშავა პროექტზე. მოსწავლეებში გაჩნდა იდეები, ვიმსჯელეთ და შევჯერდით, დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა პროექტი ,,ნავთობპროდუქტების გამოყენება და პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას მათი გამოყენების პროცესში“.

2.    ინფორმაციის მოძიება

მოსწავლეებმა მოიძიეს თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დაახარისხეს და გაინაწილეს ჯგუფების მიხედვით.

3.    გამოკითხვის ჩატარება სკოლაში პედაგოგებსა და უფროს კლასელებთან

მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, სკოლის საზოგადოება რამდენად იცნობს აღნიშნულ პრობლემას და როგორ შეიძლება მოგვარდეს იგი

4.    ბროშურის შექმნა

მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით შექმნეს ბროშურა, რათა გაევრცელებინათ.

5.    პრეზენტაციისა და კედლის გაზეთის მომზადება

მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი და პრეზენტაციები POWER POINT -ის პროგრამის გამოყენებით, არსებული პრობლემის, მისი მოგვარებისა და საკუთარი მუშაობის შესახებ.

6.    პრეზენტაცია

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე მოიწვიეს სკოლის საზოგადოება, მოსწავლეები, დირექცია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრები და წარუდგინეს საკუთარი ნამუშევარი, დაურიგეს ბროშურები.

პროექტის განხორციელების ვადა 2019 წლის 25 იანვრიდან 28 თებერვლამდე.
რესურსები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, მე-11 კლასის სახელძღვანელო, ქიმია (გაღრმავებული კურსი სხვადასხვა ავტორებით), ბროშურა ნავთობის შესახებ, სამუშაო ფურცლები, ფორმატები კედლის გაზეთების გამოსაშვებად.
შესაძლო რისკები ჯგუფის წევრის წარმოსადგენი ინფორმაციის არცოდნა (რადგან შესაძლებელია პრეზენტაციის მომენტისათვის ზოგიერთ მოსწავლეს გაუცდეს გაკვეთილი);

ტექნიკური შეფერხება (ელექტროენერგიის გამორთვა, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა);

გადაჭრის გზა – აუცილებლობა ყველა მოსწავლემ იცოდეს ჯგუფის მიერ წარმოსადგენი მასალა;

გადაჭრის გზა – გენერატორისა და სათადარიგო ტექნიკის მომზადება.

მონიტორინგი თემის შერჩევის, პრობლემის გამოკვეთისა და პროექტზე მუშაობის დაწყების შემდგომ პირველი კვირის განმავლობაში მითითება ლიტერატურის და ლიტერატურით უზრუნველყოფა.

პირველი მონიტორინგი 13 თებერვალს.

ნაშრომების მიხედვით განმავითარებელი შეფასების მიცემა მოსწავლეთა ჯგუფებისათვის.

მეორე მონიტორინგი 21 თებერვალს.

ბროშურის შექმნის სწავლება და განმავითარებელი შეფასების მიცემა კედლის გაზეთის ან პოსტერის გამოშვებასთან დაკავშირებით.

მესამე მონიტორინგი 26 თებერვალს.

საპრეზენტაციო მზაობის შემოწმება.

შეფასება პრეზენტაციისა და პრეზენტაბელურობის შეფასების რუბრიკების შექმნა.  მოსწავლეთა თვითშეფასება.

 

 

პრეზენტაციის შეფასება
კრიტერიუმები კომენტარები
1.      რამდენად გამოკვეთილად იყო ჩამოყალიბებული თეზისი.  
2.      რამდენად ნათლად და მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული არგუმენტები.  
3.      რამდენად გამყარებული იყო მსჯელობა კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით.  
4.      რამდენად საინტერესო და ორგანული იყო საპრეზენტაციო თემა.  
5.      რამდენად დაგვიტოვა პრეზენტაციამ საკითხზე სამომავლოდ ფიქრის სურვილი.  
შეფასება კრიტერიუმების მიხედვით. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებენ მოსწავლე გადის და აკეთებს თვითშეფასებას.
კრიტერიუმები კომენტარები
1.      რამდენად მოიპოვა პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება.  
2.      რამდენად ჰქონდა თვალით კონტაქტი აუდიტორიასთან.  
3.      რამდენად სძლია პრეზენტატორმა პარაზიტ შორისდებულებს (მმმ…ნუ…ისა…).  
4.      რამდენად სძლია პრეზენტატორმა ნერვიულობის ზოგად ფონს.  
5.      რამდენად იყო პრეზენტატორი მომზადებული ზეპირი მეტყველებისათვის, მიეჯაჭვა თუ არა იგი ბარათებს, ფურცლებს, მასალას.  
6.      ძლიერი მხარეები.  
7.      სუსტი მხარეები.  
კეთდება კომენტარები. ამუშავებს პრეზენტატორი და ახდენს თვითშეფასებას, რა უნდა გამოასწოროს და სახავს სამომავლო გეგმას. სამომავლო პრიორიტეტები.

როცა კარგად არ ფლობს თემას, ეჯაჭვება მასალას და არ ხდება თვალით კონტაქტი.

პრეზენტაბელურობის შეფასება

 

 

პროექტის განხორციელების პროცესში

დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.  
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია.  
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ.  
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი.  
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.  
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორ­ციელების პროცესმა მოსწავლეთა თანამშრომლობის ხარისხზე (თუ _ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები).  

 

პროექტის შეფასება მოსწავლეთა მიერ

  1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით? რაიმე ახალი ისწავლე?

ა) ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;

ბ) ვისწავლე;

გ) ნაკლებად ვისწავლე ახალი;

დ) ახალი არაფერი მისწავლია.

  1. როგორი გახდა ამ პროექტზე მუშაობით ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა?

ა) ბევრად უკეთესი;

ბ) უკეთესი;

ბ) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;

დ) ურთიერთობა გაუარესდა.

  1. შენთვის ნათელი იყო, საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად და შედეგის მისაღწევად?

ა) სრულიად ნათელი იყო;

ბ) ძირითადად ნათელი იყო;

გ) ნაკლებად იყო ნათელი;

დ) სრულიად გაურკვეველი იყო.

  1. პროექტმა მიჩვენა გზა თანამშრომლობისა და ცოდნის ზრდისაკენ.

ა) სრულიად ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

  1. როდესაც მე მხარში დგომა მჭირდებოდა, მეგობრები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.

ა) სრულიად ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

  1. პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.

ა) სრულიად ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

  1. განსაკუთრებით რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?

 

შექება:

 

 

კრიტიკა:

 

გამოყენებული წყარო:

 

 

როგორ შევასრულოთ საზაფხულო დავალებები

0

ყოველთვის, როცა ზაფხულის არდადეგები ახლოვდებოდა, ვფიქრობდი, როგორი დავალებები მიმეცა, რომ ბავშვებისთვის დამთრგუნველი არ ყოფილიყო. მშობლების დახმარებით შევარჩიე საზაფხულო საშინაო დავალებების სწორი რაოდენობა/ზომა, რათა ყველა მოსწავლეში წამეხალისებინა უნარების განვითარება ზაფხულის ხალისის გაუნადგურებლად. ჩამოვაყალიბე რამდენიმე პარამეტრი. მთავარი კითხვა ასეთი იყო: როგორ გავზომოთ სამუშაო, რათა განვსაზღვროთ მისი სწორი რაოდენობა? პარამეტრები, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ, მსჯელობას რამდენიმე ნაწილად ყოფს: დროის საჭირო რაოდენობა დავალებების შესასრულებლად; გავლილი საგნების რაოდენობა; საგნების ხარისხი კლასში, რომელსაც დავალება მიეცა; ეს დავალება ახალია თუ ძველის გამეორება? როგორია მისი როლი ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც ბავშვს სკოლის გარეთაც სჭირდება (მაგალითად დროის მენეჯმენტი და ზღვრული ვადების დაცვა)?

 

დრო

თავდაპირველად მომიწია ლიმიტის დაწესება დროზე, რომელიც მოსწავლეს დავალების შესრულებისთვის უნდა დაეთმო. რამდენიმე მშობელმა გამიზიარა, როგორ იტანჯებოდნენ მათი შვილები, საზოგადოდ, დავალების შესრულებისას, როგორ ატარებდნენ ზაფხულის საღამოებს პირდაპირი გაგებით მაგიდას მიჯაჭვულები და ტიროდნენ დავალების სირთულის და სიმძიმის გამო. ეს ყველაფერი ზაფხულის სწორად გატარებისგან შორსაა.

გამოკითხვის შემდეგ სამეცნიერო კვლევის გარეშე დავასკვენი, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 30 საათი საკმარისი იქნებოდა საშინაო დავალების შესასრულებლად. ბავშვების განკარგულებაშია ივლისი, აგვისტო და სექტემბრის ნახევარი. ეს გულისხმობს დაახლოებით დღეში 35 წუთის დახარჯვას საშინაო დავალებისთვის. ეს დრო გინივრულია.

ერთი რამ, რასაც ყველა მოსწავლე იღებს ზაფხულში დავალებების შესრულებისგან, თუ კეთილსინდისიერად ასრულებს მათ, არის უნარები, რომლებსაც კომპლექსურად უწოდებენ სააღმსრულებლო ფუნქციონირებას, რომლის შემადგენელი ელემენტებიცაა დაგეგმვა და ორგანიზება, დროის სწორი განაწილება, სტრატეგიების შექმნა, დეტალებზე ორიენტირება, შესწორებების შეტანა და ცოდნა, როდის და ვის ვთხოვოთ დახმარება. საზაფხულო დავალებების საუკეთესო ფორმატი შექმნა მონტესორის სკოლამ. ფორმატი მოითხოვდა დავალების იმეილის საშუალებით გაგზავნას დადგენილი ინტერვალების მიხედვით. ამ გეგმის მთელი მომხიბვლელობა ის იყო, რომ ზაფხულის დაგეგმვის საშუალებას იძლეოდა და მუშაობდა დამგეგმვის ძლიერ მხარეებზე. ის სიზარმაცისა და საქმის ბოლო წუთამდე მიყვანის სისუსტეებს აღმოფხვრიდა.

 

დასკვნა/პერსპექტივა

საზაფხულო დავალება არ არის ბოროტმოქმედი, რომელიც პარავს ბავშვებს გართობას და დასვენებას. არც პანაცეაა – მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს რეგრესიისა და სასწავლო წყვეტისგან იცავს, მას მაინც აქვს თავისი საფასური. სწორად შესრულებული საზაფხულო დავალება წარმოადგენს თვისებრივად მნიშვნელოვან გამეორებას, რაც წინა და მომავალი წლის სამუშაოებს შორის გადებული ერთგვარი ხიდია, და, იმავდროულად, ეხმარება მოსწავლეებს მართვის უნარების განვითარებაში, რომლებიც არა მხოლოდ კლასში, არამედ მომავალი ცხოვრების გზაზეც დასჭირდებათ.

ვფიქრობ, წინასწარ განსაზღვრული დროის მომენტები შესაძლოა ბავშვს თავისუფალი დროის აღქმაში ეხმარებოდეს. იდეალური ზაფხულის მეორე მხარეა მოვლენების ისეთი განვითარება, როდესაც სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შიში გიპყრობს და ვერ იხსენებ, სად გაქრა ზაფხული სასურველი აქტივობების შესრულებაში. საუკეთესოდ გატარებული ზაფხული არის გაწერილი და გაუწერელი დროების გამოყენების მიქსი. დროისა, რომელიც საჭიროა იმის საკეთებლად, რაც აუცილებელია და დროისა, რომლის განმავლობაშიც აკეთებ იმას, რაც გსურს. სინამდვილეში, კარგად გატარებული ზაფხული უნდა ჰგავდეს გაზაფხულის არდადაგებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დ.უზნაძე “განწყობის თეორია”
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი ნაწილი

ასწავლეთ ბავშვებს დამარცხება. ნაწილი I

0

აშშ-ის კოლეჯებში მიღებასთან დაკავშირებული სკანდალი (https://edu.aris.ge/news/skandali-amerikuli-ganatlebis-sistemashi-atobit-mshobeli-shvilebis-prestijul-universitetebshi-ukanonod-charicxvistvis-daakaves.html) შესაძლოა განსაკუთრებულ საქმედ მივიჩნიოთ, რომელიც მხოლოდ შეძლებულ ელიტას შეეხება, ვისაც აქვს საშუალება მოისყიდონ ადამიანები მათი შვილების საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. მაგრამ ის შეეხება თითქმის ყველა მშობლისა და შვილის გრძნობებს და, აგრეთვე, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ “უმალავს” ბევრი მშობელი შვილებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს: როგორ დამარცხდნენ და “წამოდგნენ”
კონცეპტი “ვერტმფრენი მშობლებისა”, ვინც თავს დასტრიალებს თავიანთი შვილების ცხოვრების ყველა ასპექტს, დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ გასულ წელს გაჩნდა ცნება “გაზონების მკრეჭავი მშობლებისა”, ვინც “კრეჭს” ყველა დაბრკოლებას თუ სირთულეს რის წინაშეც მათი შვილები შეიძლება აღმოჩნდნენ. მათ ასევე უწოდებენ “თოვლმწმენდ მშობლებს” (დანიასა და ჰოლანდიაში კი “კერლინგ-მშობლებსაც”).
მშობლებისათვის ბუნებრივია თავიანთი შვილების იმედგაცრუებისაგან დაცვის სურვილი, მაგრამ ამან შეიძლება საბოლოოდ დაადაბლოს მათი თვითშეფასება და მომავალში უფრო მეტი სირთულეები განაცდევინოს.
მარცხი მნიშვნელოვანია
“მშობლები, ვინც დამარცხების ნებას აძლევენ შვილებს, აგებენ სოციალურ და ემოციურ უნარებსა და თვისებებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ – შეუპოვრობა, პოზიტიური თვითაღქმა, თავდაჯერებულობა, თვითკონტროლი, პრობლემების გადაწყვეტა, თვითკმაყოფილება, ფოკუსირება და სიმშვიდე”, ამბობს კიმ მეტკალფი, ადრეული ბავშვობის განათლებისა და ფსიქოლოგიის  პროფესორი.
მაგრამ თქვენი შვილისათვის დამარცხების ნების მიცემა თითქმის ბუნების წინააღმდეგ წასვლას ჰგავს, შენიშნავს ჯესიკა ლეიჰი, მასწავლებელი და ჟურნალისტი. იგი ამბობს, რომ მშობლებს თავს ატყდებათ შემაშინებელი სათაურები, როგორიცაა “დღეს შეუძლებელია კოლეჯში მოხვედრა” ან “ნაკლებ მოსალოდნელია ბავშვების მომდევნო თაობამ უფრო მეტ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე მათმა მშობლებმა”.

“როდესაც ასეთი საშინელი სცენარების წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენ მიდრეკილნი ვართ გადავერთოთ “დამცავი მშობლის რეჟიმზე”, რაც ევოლუციურად სწორია”, განმარტავს ლეიჰი. “მაგრამ ჩვენ ვრეაგირებთ იმაზე, რაც სინამდვილეში საფრთხეს არ წარმოადგენს. ის, რომ ჩვენი შვილი ვერ ხვდება ჰარვარდში, არ არის საფრთხე. ის, რომ ჩვენი შვილი არ არის ფეხბურთის გუნდის ყველაზე წარმატებული მოთამაშე, არ არის საფრთხე. ეს არის მათთვის სასარგებლო გამოცდილება”.
რადგანაც მშობლებს აქვთ თავიანთი შვილების მარცხისა და იმედგაცრუებისაგან დაცვის ინსტინქტი, საჭიროა განვასხვავოთ, რა არის ნამდვილი საფრთხე და რა უბრალოდ ზრდის ნაწილი .
“მარცხი ცხოვრების ნაწილია და თუ ჩვენს შვილებს არ აქვთ დამარცხების ან შეცდომების დაშვების შესაძლებლობა, ისინი ვერასოდეს გააცნობიერებენ, რომ შეუძლიათ გამოსწორება. ფსიქოლოგიური მდგრადობა სწორედ ამას ნიშნავს”, ამბობს მიშელ ბორბა, განათლების ფსიქოლოგი. “თქვენი შვილი ვერ ისწავლის “აღდგენას” თქვენი ნათქვამით, არამედ იმით რომ გამოცდის ამას. შემდეგ კი, როდესაც პრობლემები იზრდება, ისინი გააცნობიერებენ, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება”.
გაზონის მკრეჭავებთან დაკავშირებული პრობლემა
“გზიდან ყველაფერს ვერ გადავხვეტავთ”, ამბობს ლეიჰი. “თუკი კოლეჯის ზემოხსენებულ  საქმეს ავიღებთ მაგალითად, მათ უბრალოდ მარცხისათვის გაწირეს შვილები. ლორი ლაფლინის ქალიშვილი, ინსტაგრამის გავლენიანი მომხმარებელი, დაცინვის ობიექტად იქცა და ახლა მის ცხოვრებას ისე განიხილავენ, როგორც არასდროს”.

მშობლები, ვინც ქრთამით აწყობენ შვილებს კოლეჯში, რომლისთვისაც ისინი მზად არ არიან, პრობლემებს კი არ წყვეტენ, არამედ ქმნიან სიტუაციას, რომელშიც მათ შვილებს ბრძოლა მოუწევთ. საბოლოო ჯამში ეს დაანგრევს მათი კომპეტენციის და თვითშეფასების განცდას.
ბავშვისათვის თვითსეფასების გრძნობის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მშობლის თვითშეფასების განცალკევება მათი შვილების მიღწევებისაგან.

სხვების მსგავსად, მშობლებიც მიდრეკილნი არიან წარმატებისა და პროგრესის კონკრეტული ინდიკატორების მოძიებისაკენ. მაგრამ რადგანაც არ არსებობს მშობლების მოსწრების ტაბელი  ან ქცევის შეფასება, ისინი უბრალოდ უყურებენ თავიანთი შვილების მიღწევებს და თანამონაწილეობენ მათში.

 

ლეიჰი აღნიშნავს, რომ ეს ნაწილია იმისა, რასაც პროფესორი ვენდი გროლნიკი წნეხის ქვეშ მყოფი მშობლის (Pressured Parent Phenomenon) უწოდებს.
“მშობლები ფიქრობენ, რომ თუკი მათი შვილი წარმატებული ფეხბურთელია ან სამეცნიერო გამოფენაში გაიმარჯვა,  ისინი მშობლობაში უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ”, ამბობს ლეიჰი და აღნიშნავს, რომ ეს წაახალისებს ცდუნებას ყველა იმ დაბრკოლებისა თუ გამოწვევის “გაკრეჭვისა”, რომლებიც მათ შვილებს შეიძლება შეხვდეთ და ართმევს მათ დამარცხების შესაძლებლობას.
რასაკვირველია, არავის სურს თავისი შვილების მარცხის დანახვა, მაგრამ ეს საჭიროა, რათა მათ ისწავლონ მარცხზე დადებითი და კონსტრუქციული რეაგირება.

“ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მივცეთ ბავშვებს იმედგაცრუების და მის დასაძლევად მოქმედების საშუალება“, ამბობს ლეიჰი და მიუთითებს “სასურველი სირთულეების” კონცეპტზე – საგანმანათლებლო სავარჯიშოებზე, რომლებიც მნიშვნელოვან, მაგრამ სასურველი რაოდენობის ძალისხმევას მოითხოვს გრძელვადიანი სწავლების გასაძლიერებლად.
“სასურველი სირთულეებისაგან სარგებლის მისაღებად, ბავშვებმა უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, განიცადონ იმედგაცრუება, შეიცვალონ მიმართულება, შეისვენონ, გადაიკითხონ ინსტრუქციები და დაიხსომონ საკმაოდ ხანგრძლივად, რათა დაძლიონ ეს იმედგაცრუება და იქონიონ თავდაჯერებულობის  განცდა, როდესაც მართლაც დაძლევენ მას”, აღნიშნა მან.
ლეიჰი ურჩევს მშობლებს დაიწყონ ნდობით და უპირატესობა მიანიჭონ  “ავტონომიურობის მხარდამჭერ მშობლობას” (მისცენ ბავშვებს მეტი კონტროლი პრობლემის დეტალებზე და  იმედგაცრუებისა და მასთან გამკლავების საშუალება), ვიდრე დირექტიულ მშობლობას (რაიმესთან გამკლავების ზუსტი გზის ჩვენება).

“ჩვენ, როგორც მშობლებს, კარგად გამოგვდის, ვაგრძნობინოთ შვილებს თავდაჯერებულობა, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა უსაფუძვლო ოპტიმიზმს ჰგავს”, ამბობს ლეიჰი. “ჭეშმარიტი ცოდნა – როცა ბავშვები ნამდვილად გაიკვლევენ გზას, გამოარკვევენ რამეს, რაიმეს გამოცდიან, გააფუჭებენ, თავიდან გააკეთებენ და ბოლოს მართლაც მიაღწევენ რამეს – აი, სად არის ნამდვილი თვითშეფასება და არა როცა ვინმე ისევ და ისევ გიმეორებს, რომ შენ გონიერი ხარ”.

 

 

წყარო: https://www.huffpost.com/entry/teaching-kids-failure-resilience_l_5c882690e4b038892f485ba9

 

როგორ ვაცოცხლებთ პერსონაჟებს კომიქსებით

0

თანამედროვე გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესებსაა მორგებული. ამისთვის ვიყენებთ თამაშს, ინტერნეტრესურსებს, პრეზენტაციებს და ა.შ. ჩემი მოსწავლეებისთვის კომიქსების შეთავაზებით კიდევ უფრო მივიპყარი პატარების ყურადღება.

მას შემდეგ, რაც III კლასში ქართული ენის გაკვეთილზე კომიქსების გამოყენება დავიწყე, უფრო მეტად დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობაში. როცა მოსწავლე მიხვდა, რისთვის ქმნიდა კომიქსს, უფრო მეტად ჩაუღრმავდა შესასწავლ საკითხს.

 

როდის შეიძლება კომიქსის გამოყენება გაკვეთილზე?

ის შეიძლება დავუკავშიროთ ახალდამუშავებულ ტექსტს, რაიმე ამბავს ან საკითხს, რომელიც მოსწავლეებს აინტერესებთ. მისი გამოყენება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი. კომიქსის გამოყენებამ კიდევ უფრო გაზარდა ჩემი მოსწავლეების ინტერესი და მოტივაცია, გახადა ისინი უფრო თავდაჯერებულნი. ვიზუალიზებამ თავისუფლება მიანიჭა მათ ფანტაზიას, დაამახსოვრებინა ტექსტის ყველაზე რთული მომენტები. მოსწავლემ თვითონ შექმნა პერსონაჟი, წარმოიდგინა მისი გარეგნობა, ხასიათი, შეარჩია ფერები. ეს კი ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრებას უწყობს ხელს. ასე დანახული ლიტერატურული გმირი უფრო ახლობელი გახდა მისთვის. მოსმენამ, წაკითხვამ, ხატვამ, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვამ საკითხი მოსწავლისთვის უფრო აქტუალური გახადა.

გაკვეთილის თემა: ,,გულითადი მეგობარი“ ი. გოგებაშვილის მიხედვით. (გამომცემლობა „ტრიასი“).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის გაგება-გააზრებას, პერსონაჟის ქცევის შეფასებას და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას კომიქსის გამოყენებით.

კავშირი ესგ სტანდარტთან:

ქართ. დაწყ.III.7 მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება.

ქართ. დაწყ.III.9 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პერსონაჟის შეფასება.

ქართ. დაწყ.III.12 მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ) აქტივობის შედეგი
 

1

 

ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

 

 

 

 

ვერბალური ახსნა. მთელი კლასი. გაკვეთილის მიზანი, შეფასების ფორმა. 2 მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი, შეფასების ხერხი.
2

 

 

 

მოსწავლებს ვახსენებ ნასწავლ თემას „გულკეთილი ქვრივი“. ვიყენებ „იდუმალ ყუთს“, საიდანაც იღებენ ქაღალდის გულებს, ერთმანეთს ეუბნებიან იმ „ჯადოსნურ სიტყვებს“, რომლებიც უნდა გამოიყენონ ურთიერთობის დროს. ჩუქნიან გულებს და აწებებენ მერხზე. წამახალისებელი კომენტარებით მოსწავლეთა შეფასება. გამოწვევა.

კითხვა-პასუხი.

 

გონებრივი იერიში.

 

მთელი კლასი.

ყუთი. ფერადი ქაღალდის გულები. 5 გააქტიურდება მოსწავლეთა წინარე ცოდნა. გაიზრდება ინტერესი წასაკითხი საკითხის მიმართ.

 

 

 

3

 

 

 

სიუჟეტური სურათების მიხედვით, რომლებიც შინაარსობრივად უკავშირდება გაკვეთილის თემას. მოსწავლეები შექმნიან მცირე ზომის ტექსტს, რომელიც ჩაიწერება ფორმატზე. მოხდება კომიქსის შექმნა მხოლოდ პირველ ილუსტრაციაზე. წამახალისებელი კომენტარებით მოსწავლეთა შეფასება. „გასეირნება ილუსტრაციებში“.

ერთობლივი წერა.

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

 

 

ფერადი ილუსტრაციები. ფორმატი. ქაღალდის ღრუბლები კომიქსის ჩასაწერად. 7 მოხდება მოსწავლეთა სააზროვნო უნარების გააქტიურება.
4

 

 

 

მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას. სათაურის შესახებ გამოთქვამენ ვარაუდებს. ახსნიან ახალ ლექსიკურ ერთეულებს.წამახალისებელი კომენტარებით მოსწავლეთა შეფასება. ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.

 

მთელი კლასი ახალი სიტყვების ბარათები.

 

3 მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას. ახალი ლექსიკური ერთეულების ცოდნა დაეხმარება მათ ტექსტის გაგებაში.
5

 

 

 

მასწავლებლის მიერ ტექსტის კითხვა. სამოდელო კითხვა. მთელი კლასი.  

სახელმძღვანელო.

 

 

 

2

მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს.
 

6

 

მოსწავლეთა მიერ ტექსტის კითხვა. კითხვა ინდივიდუალურად, გაგრძელებით. მთელი კლასი. ტექსტი.  

5

მოსწავლეები გაივარჯიშებენ გაწაფულ კითხვაში.
7 ვსვამ ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს. კითხვებზე პასუხები მოსწავლეებმა ტექსტიდან უნდა ამოიკითხონ.წამახალისებელი კომენტარებით მოსწავლეთა შეფასება. კითხვა-პასუხი. მთელი კლასი. ტექსტი.  

4

კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში.
8

 

 

 

მოსწავლეები თანმიმდევრობით დაალაგებენ ტექსტში განვითარებულ მოვლენებს. ტექსტში განვითარებული მოვლენების დალაგება. მთელი კლასი. სახელმძღვანელო. 2 მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის ორგანიზებას ტექსტის საშუალებით. მოხდება ტექსტის სიუჟეტური ხაზის გააზრება.
9 „ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ“. ვსვამ საანალიზო კითხვებს. მნიშვნელოვანი ელემენტის კონფლიქტის გადაჭრის გზის გააზრებისთვის შეივსება სქემა „ვიღაცას-უნდოდა-მაგრამ-საბოლოოდ“.

გამოგვაქვს დასკვნა. წამახალისებელი კომენტარებით მოსწავლეთა შეფასება.

კითხვა-პასუხი მთელი კლასი. ტექსტი.სქემა „ვიღაცას -უნდოდა-მაგრამ-საბოლოოდ“.  

7

მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟების მიმართ. სქემის შევსება დაეხმარება მოსწავლეებს პერსონაჟებთან დაკავშირებული პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების გააზრებაში.
10 მოსწავლეთა წყვილებს ურიგდებათ თემასთან დაკავშირებული ილუსტრაცია, რომელზეც თვითონ უნდა შექმნან კომიქსი და აწებებენ დაფაზე გამოკრულ მეორე ილუსტრაციაზე. წამახალისებელი კომენტარებით მოსწავლეთა შეფასება. კომიქსის შექმნა. მთელი კლასი. ფურცლები, ილუსტრაცია. ფანქრები. 5 მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას

ტექსტში წარმოდგენილი პრობლემის მიმართ თავიანთი შემოქმედებითი უნარების გამოყენებით.

11 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას. ასევე შეაფასებენ ერთმანეთს .

მიეცემათ ს/დავალება.

 

თვითშეფასება.

ურთიერთშეფასება.

მთელი კლასი. სმაილები თითოეული ბავშვისთვის. თვითშეფასების რუბრიკები.  

3

მოსწავლეები კრიტიკულად მიუდგებიან ერთმანეთის შესაძლებლობებს. შეაფასებენ საკუთარ აქტიურობას.

 

ტექსტის წაკითხვამდე კლასს შევთავაზე სიუჟეტური სურათები, რომლებიც თემატურად უკავშირდებოდა საკითხს. პატარა თხზულების შედგენის შემდეგ ვთხოვე ნახატის გახმოვანება და ერთობლივად შევქმენით კომიქსი.

საგაკვეთილო ტექსტის დამუშავების შემდეგ გამოვყავით მნიშვნელოვანი მონაკვეთები, პერსონაჟები, გარემოებები, პრობლემა. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მოსწავლეებს უფრო დამაჯერებლად და თავისუფლად შესძლებოდათ აზრის გადმოცემა. დეტალები ჩამოვწერეთ დაფაზე. მოსწავლეთა წყვილებს დავურიგე წინასწარ გამზადებული ფურცლები. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი წყვილებმა კლასის წინაშე წარმოადგინეს ნამუშევრები.

ტექსტში გადმოცემული პრობლემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ისე წარმოადგინეს პერსონაჟები და მათი დიალოგები, რომ მივხვდი, ჩემი მიზანი მიღწეული იყო.

გარდა ამისა, კომიქსების შექმნით პატარებს წერის კულტურის გაუმჯობესებაც შევატყვე. ისინი, რომლებსაც წერა უჭირთ, ცდილობენ ფაქიზად და ლამაზად დაწერონ თავიანთი ნაფიქრი.

ვფიქრობ, რომ კომიქსების შექმნამ კლასში გაზარდა კითხვის მოტივაცია, შთაბეჭდილებებისა და აზრების სხვებისთვის გაზიარება-განხილვის სურვილი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა (2018-2014)
  2. დაწყებითი კლასების მასწავლებლის გზამკვლევი, 2011

თამაში, როგორც განვითარების საშუალება

0

თანამედროვე სასკოლო სწავლებამ უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესები, განავითაროს მათი შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათი შემოქმედებითი უნარის განვითარებას. დღევანდელ დღეს თანამედროვე ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა განათლების სისტემაში ახალი მიდგომების ძიებას, ეფექტურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს და შემოქმედებითი უნარის განვითარებას, ბავშვობიდან თვითრეალიზაციასა და თვითგანვითარებას.

მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობების ფორმირებისთვის მუსიკის სწავლებას მნიშვნელოვანი როლი უკავია. ის  წარმოადგენს მხატვრული კულტურის განუყოფელ ნაწილს. მუსიკას  აქვს  დიდი პოტენციალი  მოსწავლეებში სულიერი და კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებისა.

    სკოლა ხელს უწყობს ბავშვის მუსიკალური ინტერესებისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებას, მათ განვითარებას, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების ფორმირებას. მეტად  მნიშვნელოვანია  სასკოლო დაწესებულებების მუშაობის სისტემის გაუმჯობესება ბავშვთა მუსიკალურ და შემოქმედებით განათლებაში. მისი გადაწყვეტა შესაძლებელია სწავლის აქტიური ფორმების, თამაშის მეთოდების, ინტეგრირებული გაკვეთილების, როგორც მუსიკალური და პედაგოგიური პროცესების რაციონალური მშენებლობის ფორმების გამოყენებით. ეს ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართულობის ამაღლებას საგაკვეთილო პროცესში. ასეთი მიდგომა ეფექტურად გადაჭრის საგანმანათლებლო ამოცანებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის პიროვნებისა და  შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება.

თამაში გასართობ საქმიანობად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში იგი  მოითხოვს მოთამაშის მაქსიმალურ ენერგიას, გონებას, მოთმინებასა და დამოუკიდებლობას.

თამაშში ბავშვის შესაძლებლობები ზოგჯერ მოულოდნელად გამოვლინდება. ამიტომ გამოცდილი პედაგოგები სწავლებისას ხშირად იყენებენ თამაშს.

ინტერაქტიული სწავლების ტექნოლოგია, კერძოდ, თამაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების  შემოქმედებით  განვითარებას, წარმოსახვას, ფანტაზიას.

სწავლის პროცესში ბავშვის აქტიურობა იყო და რჩება დიდაქტიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. ეს კონცეფცია გულისხმობს საქმიანობის მაღალ ხარისხს, მოტივაციის ამაღლებას, ცოდნისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას.

სიტყვა “ტექნოლოგია” პედაგოგიური მეცნიერების ლექსიკონში მაშინ შევიდა, როდესაც სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნების როლზე ბავშვის განვითარების საქმეში. ამავდროულად, ამ სიტყვას, რომელიც საბერძნებიდან დამკვიდრდა, უფრო უნივერსალური მნიშვნელობა ჰქონდა. “ტექნოსი” – ხელოვნება, უნარი, “ლოგოსი” – სწავლება. ტექნოლოგიების საშუალებით მოსწავლეების საქმიანობა ინტენსიურად აქტიურდება, ზოგიერთ ტექნოლოგიაში ეს მექანიზმები ძირითად იდეას და შედეგების ეფექტურობის საფუძველს ქმნის. ასეთ ტექნოლოგიებს შეიძლება მივაკუთვნოთ სათამაშო ტექნოლოგიები. სათამაშო ტექნოლოგია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განუყოფელი ნაწილია.

თამაშს აქვს დიდი საგანმანათლებლო ღირებულება, რადგან ის მჭიდროდ უკავშირდება სწავლას. დიდ ადგილს იკავებს ფიზიკური, მორალური, შრომისა და ესთეტიკური განათლების სისტემაში. თამაშის დროს, ბავშვები სწავლობენ საკუთარი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას. ეს არის დამოუკიდებელი აქტივობა, რომელშიც ბავშვები თანატოლებთან კომუნიკაციაში შედიან. ისინი გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნით, ერთობლივი ძალისხმევით, რათა მიაღწიონ საერთო გამოცდილებას. თამაშით სწავლება ტოვებს დიდ კვალს ბავშვის გონებაში და ხელს უწყობს დადებითი  გრძნობების ჩამოყალიბებას, კეთილშობილურ  მისწრაფებებს, კოლექტიური ცხოვრების უნარს.

თამაშის ტექნოლოგია მიზნად ისახავს, მოსწავლეებს შეასწავლოს საკუთარი ქცევა, საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ჩამოყალიბება და მისი შედეგების გააზრება. თამაშის შემოქმედებითი ხასიათი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბავშვი ბაძავს სხვას. ამავე დროს ის ავლენს თავის დამოკიდებულებას, გამოხატავდეს საკუთარ აზრებსა და გრძნობებს. ეს ქმნის  თამაშს, მაგრამ ბავშვი არ არის მსახიობი. ის თამაშობს თავისთვის და არა აუდიტორიისთვის, ის როლს არ სწავლობს, არამედ ქმნის მას თამაშის დროს. როდესაც ბავშვი შედის როლში მისი გონება იწყებს მუშაობას, მისი გრძნობები ღრმავდება, ის ნამდვილად განიცდის მოვლენებს.

ინტერესი, რომელიც წარმოიშვა თამაშით სწავლებისას, განათლებაში შემთხვევითი არ არის. მასწავლებლებმა და ფსიქოლოგებმა თამაშში ძლიერი  პოტენციალი დაინახეს და მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობაში წარმატებით იყენებენ მათ. ამერიკაში  დაფუძნდა თამაშით სწავლა, საფრანგეთში არის   თეატრალური თამაში, ისრაელში  მასწავლებელს საერთოდ ვერ წარმოუდგენია ბავშვებთან მუშაობა სათამაშო ტექნოლოგიების გარეშე. ეს მონაცემები გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაუბროთ, რომ თამაშის ტექნოლოგია საინტერესოა პედაგოგებისთვის.

  თამაში საშუალებას იძლევა,  საგაკვეთილო პროცესი  გახადოს  საინტერესო და მომხიბლავი.

ის მას მატებს დადებით ემოციურ ფერადოვნებას, მონოტონური ერთფეროვნებისგან განსხვავებით. მისი მოქმედების ემოციურობა ააქტიურებს ბავშვის ყველა ფსიქიკურ პროცესს. თამაშის დადებითი მხარეა ის, რომ ხელს უწყობს ცოდნის გამოყენებას ახალ სიტუაციაში, ანუ, მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალა გადადის ერთგვარ პრაქტიკაში, ხელს უწყობს მრავალფეროვნებას  და ზრდის ინტერესს სწავლის პროცესში.

თამაშით სწავლებისას ჩვენ ვასწავლით ბავშვებს არა ისე, როგორც მასწავლებლისთვის არის  მოსახერხებელი საგანმანათლებლო მასალა, არამედ, რამდენად არის ბავშვისთვის  მოსახერხებელი და ბუნებრივი. თამაში ბავშვებისათვის, უპირველეს ყოვლისა, გასართობი საქმიანობაა. თამაშში  ყველა თანაბარია. უფრო მეტიც, თამაშის  დროს  სუსტი მოსწავლე შეიძლება გახდეს პირველი: მოხერხებულობა, წარმოსახვა და ფანტაზია აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ცოდნა. თანასწორობის გრძნობა, ენთუზიაზმი და სასიხარულო  ატმოსფერო, დავალების დაძლევის განცდა – ეს ყველაფერი შესაძლებელს ხდის, ბავშვებმა დაძლიონ სიმორცხვე, ყოველივე ამის შედეგია ჩართულობისა და მოტივაციის ზრდა. ბავშვები თამაშით ითვისებენ მასალას, ამავე დროს უჩნდებათ კმაყოფილების გრძნობა. კონფუცი წერდა: “მასწავლებელი და მოსწავლე ერთად იზრდებიან”. თამაშის სწავლის ფორმები მასწავლებლისა და მოსწავლეების ზრდისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

მუსიკის გაკვეთილის თითოეულმა ელემენტმა მოსწავლე უნდა დააინტერესოს. მუსიკას აქვს საკუთარი ენა. სიტყვები ხშირად უძლურია, სადაც მუსიკა “საუბრობს”. მას შეუძლია ადამიანთა გრძნობებზე, აზრებზე, განწყობაზე, ემოციური გამოცდილებაზე ზემოქმედება. შეუძლია შორეულ წარსულში დაგაბრუნოს ან მომავალში გამოგზაუროს. მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერ სრულყოფაზე, შეუძლია შეცვალოს ადამიანისა და კაცობრიობის მსოფლმხედველობა.

ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს მუსიკა პიროვნების აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძველი საბერძნეთი, სადაც მუსიკა რიტორიკისა და ლოგიკის გვერდით იდგა და სულის განწმენდის საშუალებად მიიჩნეოდა. ფსიქოლოგების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის შესწავლა დადებით შედეგს იძლევა მათემატიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰორიზონტების გაფართოება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, საკუთარი  აზრის ჩამოყალიბების უნარი – ეს თვისებები ღირს იმად, რომ შევისწავლოთ მუსიკა.

მუსიკის თითოეული გაკვეთილის ეფექტურობის გაზრდა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის შევქმნათ განსაკუთრებული გარემო, ნათელი ემოციური ფერები. გაკვეთილი – არ არის ზღაპარი? ასეთ გაკვეთილებზე არ ოცნებობენ ბავშვები, როდესაც სკოლაში მოდიან? მოსწავლეები გრძნობენ იმედგაცრუებას, როცა ყველა გაკვეთილი ,,ერთნაირია”. სად ცხოვრობს ზღაპარი? ზღაპარი ცხოვრობს თამაშში.

სასწავლო პროცესი გვაძლევს თამაშის  საშუალებას:

– ჩვენ უნდა შევქმენათ ხელსაყრელი ატმოსფერო საკლასო ოთახში;

– გავზარდოთ მოსწავლეების  ინტელექტუალური და ემოციური საქმიანობა;

– განვავითაროთ სხვადასხვა შესაძლებლობა.

   თამაშს და ხელოვნებას საერთო ფესვები აქვს. ამაზე პლატონის დროიდან საუბრობდნენ ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და მხატვრები. უდიდესი ფილოსოფოსები კანტი და შილერი თამაშს ხელოვნებად, ესთეტიკურ საქმიანობად მიიჩნევენ. ფსიქოლოგები ა. ვიგოტსკი და დ. უზნაძე თამაშს ბავშვის მხატვრულ შემოქმედებად და ესთეტიკური კულტურის ფორმირების მექანიზმად მიიჩნევდნენ. თამაში არის არაფორმალური საქმიანობის ფორმა, რომელიც  შეიძლება  გადაიქცეს მხატვრულ საქმიანობად  და გავლენა იქონიოს ბავშვის  განვითარებაზე.

დაწყებით  კლასებში მუსიკის გაკვეთილზე თითქმის ნებისმიერ დიდაქტიკურ მეთოდს შეიძლება მივცეთ თამაშის ხასიათი.

თამაშის წესები არასოდეს არღვევს ბავშვის შემოქმედებით თავისუფლებას, რომელიც გამოიხატება იმპროვიზაციაში, შეჯიბრში, ფანტაზიაში და ა.შ. შეუძლებელია ბავშვს აიძულო თამაში.

აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვების წასახალისებლად შევქმნათ ზღაპარი, სათამაშო ატმოსფერო, გამოცანები, თავგადასავლები, საიდუმლოებები, ჯადოსნური გარემო. ეს ყველაფერი ეხმარება მასწავლებელს, მაღალ დონეზე ჩაატაროს მუსიკის გაკვეთილი. ამ გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მუსიკასთან მომავალ შეხვედრას. ასეთი გაკვეთილი მოითხოვს მასწავლებლისგან მსახიობობას, ინტონაციურ-სამეტყველო, პლასტიკურ, მიმიკურ გამომსახველობას.

ტრადიციული გაგებით თამაში წინასწარ დაგეგმილი პროცესია და სამოქმედო როლების  გადანაწილებული  ქმედებაა. სიმღერის შესრულება – ნიშნავს სიმღერის გათამაშებას. ე.წ. სიმღერის თამაშის სცენარი ბავშვებისთვის უცნობია, ამიტომ ისინი საკუთარ როლს ირჩევენ და პოულობენ იმ გამომსახველ საშუალებებს, რომელიც მათი აზრით აუცილებელია გარდაქმნისათვის. მასწავლებელი, ბავშვებთან ერთად, ქმნის და ასრულებს თავის როლს. სიმღერის გათამაშება  -ნიშნავს ზეპირი ხალხური ხელოვნების ნიმუშების აჟღერებას, გულიდან გულისთვის გადაცემას და ამიტომაცაა, რომ  ფოლკლორმა ჩვენამდე მოაღწია.

მუსიკის გაკვეთილზე  ძალიან პოპულარულია ზღაპრების ელემენტები. ზღაპარი  ყველაზე საყვარელი ჟანრია ბავშვებისთვის. ის ააქტიურებს სწავლისა და შემეცნებით საქმიანობას, ეხმარება მოსწავლეს, მარტივად გააცნობიეროს მუსიკის ნიმუშები. სასწავლო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება მუსიკალური-დიდაქტიკური თამაშები.

სპეციალურად შექმნილი თამაშების საშუალებით უნდა გადავწყვიტოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა სპეციალური განვითარება და ზოგიერთ შემთხვევაში, მუსიკალური შესაძლებლობები. სპეციალური მუსიკალური შესაძლებლობები მოიცავს – მუსიკალურ რიტმს, სმენას, მუსიკალურ მეხსიერებას, შემოქმედებასა და საშემსრულებლო ხელოვნებას. არსებობს ბევრი თამაში, რომლებიც ხელს შეუწყობს რიტმის, მუსიკალური მეხსიერების განვითარებას. ასევე, თამაშები, რომლებიც ავითარებს დიატონურ-ტემბრულ სმენას; რომლებიც ეხმარება მუსიკალური ნაწარმოებების ფორმის დადგენაში; თამაშები ვოკალური და საგუნდო უნარების განვითარებისთვის; თამაშები, რომლებიც ხელს უწყობენ რიტმულად მოძრაობას სიმღერაში.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს აინტერესებს ის თამაშები, რომლებიც, მათი აზრით, იძლევა ჩაფიქრების საშუალებას; შესაძლებლობების განვითარების საშუალებას შეჯიბრის, რებუსებისა და კროსვორდების   გზით.

მუსიკალური თამაშების მიზანია ინტელექტის, მეხსიერების, მუსიკალური სმენის, ხმის,  შემოქმედებითი საქმიანობის, რიტმის გრძნობის განვითარება, ჰორიზონტების გაფართოება. თამაშის ფენომენი გულისხმობს გართობით სწავლისა და შემოქმედების განვითარებას.

მუსიკალურ შემოქმედებაში წამყვანი როლს ასრულებს აზროვნების, აბსტრაქტული და კონკრეტული, ლოგიკისა და ინტუიციის, შემოქმედებითი წარმოსახვის, გადაწყვეტილების მიღების სინთეზი.

მუსიკის გაკვეთილზე ბავშვთა შემოქმედება წარმოადგენს შემეცნებითი ძიების მუსიკალურ პრაქტიკას. მოსწავლეების შემოქმედება ძვირფასია, რადგან  თავად აღმოაჩენენ რაიმე ახალს, მანამდე მათთვის უცნობი მუსიკის სამყაროში.

შემოქმედებითობა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში  შეიძლება გამოვლინდეს:

  • იმ მარტივი მოტივების შესრულებისას, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება უნებლიეთ;
  • შემოთავაზებული ტექსტის მელოდიის შექმნისას;
  • მუსიკის ექსპრესიულ მოძრაობებში, სხვადასხვა ნაწარმოების განწყობის გადმოცემისას;
  • მუსიკის მოსმენისას რიტმული თანხლების შექმნისას;
  • მოსმენილი ნაწარმოების შეფასებისას;
  • სიმღერების ინტერპრეტაციის ელემენტების შესრულებისას.

 

მე ვისაუბრებ იმაზე, რასაც ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე:

 

  • სიმღერის შესწავლისას  ვიყენებ თამაშის მეთოდს.

   ეს არის სხვადასხვა სავარჯიშოები, ხმის მიმსგავსება, სიტყვების სავარჯიშოები და რითმ-დეკლამაცია. თამაში მეტყველებისა და სასიმღერო  სუნთქვის განვითარებისთვის,  თამაში ხმის  განვითარებისთვის, ინტონაციური თამაშები და სავარჯიშოები, თამაშით წარმოდგენილი სიმღერები. “ჯაჭვური” სიმღერა – თითქოს სხვა ადამიანს გადასცემ რაღაცას,  იმპროვიზაცია. ბავშვები ქმნიან საკუთარ ვარიანტებს, რომელთაგან საუკეთესოს მთელი კლასი ისწავლის.

  • ვოკალური თამაშებირიტმდეკლამაცია.

   რიტმ-დეკლამაცია არის ტექსტის ან ლექსების ზუსტი გამოთქმა მოცემულ რითმში. რითმ-დეკლამაციის მიზანია მუსიკალური, პოეტური, სიტყვის გრძნობის, წარმოსახვის განვითარება.  ყველა სიტყვა, ყველა მარცვალი, ბგერა წარმოითქმება გააზრებულად. იგივე ტექსტი შეიძლება იყოს ფერადოვანი სხვადასხვა ემოციით, რადგან დამოკიდებულება ერთი და იმავე პერსონაჟის ან მოვლენის მიმართ შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა გზით. მუსიკას და სიტყვას ერთი ფუძე აქვს – ინტონაცია, აქედან გამომდინარე სიტყვიერი გამოსახულება და მუსიკა განუყოფელია. რაც უფრო ღრმად გაიაზრებენ ბავშვები ტექსტურ გამოსახულებას, მით უფრო  გასაგები იქნება ის მათთვის  და შემდეგ შეძლებენ,  გამოხატონ  მუსიკალური ნააზრევი. რიტმ-დეკლამაციას  შეიძლება თან ახლდეს რიტმული თანხლება (მარაკასები, სამკუთხედი, ზარები, ჯოხები, და ა.შ.), დასარტყამი ინსტრუმენტები. მელოდიის ჟღერადობას შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა მოძრაობები, რაც ხელს უწყობს ტემპის, დინამიკისა და მეტყველების რიტმის შეგრძნებას. რიტმ-დეკლამაციის გამოყენება ხელს უწყობს ხმის ჟღერადობის ბუნებრივ ფორმირებას, სიტყვისა და სასიმღერო  სუნთქვის გამომუშავებას, მკაფიო დიქციას და სხვადასხვა ხასიათის, მუსიკალური მასალის გამომსახველ საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.

  • მუსიკალურდიდაქტიკური თამაში

  ეს არის თამაში მზა წესებით. როგორც წესი, მოსწავლემ უნდა შეძლოს მუსიკალური ტექსტის გააზრება, ამოცნობა და რაც მთავარია –  საგნის ცოდნა. რაც უფრო ოსტატურადაა შედგენილი დიდაქტიკური თამაში, მით უფრო ოსტატურად იმალება დიდაქტიკური მიზანი. ბავშვი ადრეული ასაკიდან გრძნობს მუსიკას სხეულის მოძრაობით. პლასტიკური მოძრაობა საშუალებას იძლევა გამოიხატოს აღქმა მუსიკის მიმართ. პლასტიური ინტონირება არის მუსიკის გაკვეთილების თამაშით სწავლის ერთ-ერთი მეთოდი. ეს არის მუსიკის შემეცნება ჟესტით, მოძრაობით, მუსიკის აღქმის პროცესის გარდასახვა  პასიური სამუშაო ფორმიდან  (მოსმენა)  აქტიურ ფორმაში.

 ამასთანავე, რიგი პრობლემების  მოგვარებულია:

  • ფსიქოლოგიური: “მუსიკა არის ჩემი ნაწილი, მე ვარ მუსიკის ნაწილი”. ხდება ახალი გრძნობების გააქტიურება, რაც ხელს უწყობს ენთუზიაზმს, შემოქმედებითობას.
  • სასწავლო: ეხმარება ვიზუალურად აჩვენოს კომპლექსური მუსიკალური ცნებები, მოსმენის პროცესის ჩაშლის გარეშე. აქ შეიძლება მოიყვანოთ  დირიჟორის მაგალითი – ადამიანი, რომელიც არ უკრავს ინსტრუმენტზე, მაგრამ ამავე დროს ,,უკრავს“ ისეთი მრავალრიცხოვანი   ინსტრუმენტებით, როგორიცაა ორკესტრი. ასე რომ, არის რაღაც დირიჟორის ჟესტში ისეთი, რომელიც გვაძლევს შევიგრძნოთ მუსიკის ინტონაციური აზრი.
  • განსაკუთრებით საინტერესო მეთოდიასარკე“.

“ჩემი ხელები არის სარკე, რომლებიც ასახავს მუსიკას”. ჩემი ხელით მუსიკის შესახებ ვიწყებ თხრობას ისე, რომ არ ვიყენებ სიტყვებს, არ ვლაპარაკობ. ბავშვები იწყებენ ჩემს შემდეგ გამეორებას და ყველა სიამოვნებით გრძნობს მუსიკას ჟესტების ენით.

  • პლასტიკურ ინტონირებასთან ახლოსაა თამაშის მეთოდი მუსიკალური ჩანახატი, რომელიც ასევე ავითარებს შემოქმედებით ფანტაზიას, იმპროვიზაციის უნარს. ბავშვები წარმოიდგენენ, რომ არიან მხატვრები, ხელში უჭირავთ ფუნჯი და უბრალოდ ფუნჯით  ჰაერში ,,ხატავენ“ სურათს, შესაბამისი მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის ფონზე.
  • თამაშის მეთოდიინსტრუმენტული მუსიკა

   ეს არის შემოქმედებითი პროცესი მუსიკის აღქმის გზით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების საშუალებით. მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ინსტრუმენტული მუზიცირება, რომელიც დაკავშირებულია ვოკალურ და საგუნდო საქმიანობასთან, იმპროვიზაციასთან და მუსიკის მოსმენასთან.

მუსიკის ხასიათიდან გამომდინარე, ბავშვები თავად ირჩევენ  ინსტრუმენტებს. მათ განსაკუთრებით მოსწონთ ქართული ხალხური სიმღერები, სადაც  შესაძლებელია დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება – დოლი, დიპლიპიტო, დაირა, ჯოხები, მარაკასები.  მუსიკალური ინსტრუმენტების დაკვრისას, ბავშვები ამოიცნობენ ნაწარმოების  ხასიათს,   განწყობას, ჟანრის თავისებურებებს.

  • ინტელექტუალური თამაშები

“ბედნიერი შემთხვევა”,  “რა? სად როდის?”, ,,გამოიცანით მელოდია”, “საკუთარი თამაში”, “მუსიკალური ინსტრუმენტების სამყაროში” – ეს თამაშები აფართოებს წარმოდგენას მუსიკალური საკრავების, მათი ხმოვანების, ჟანრების, სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ მიმართულებების და ა.შ. შესახებ. მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას ჯგუფურ მუშაობაში. მათ უვითარდებათ წარმოსახვა და შემეცნებითი უნარი. ასეთი თამაშები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის კულტურის შესწავლისას, კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობისას ან ძირითადი მუსიკალური საკითხების შესწავლისას.

  როლური თამაშები ასევე ავითარებს მოსწავლეების  შემეცნებით და შემოქმედებითი აზროვნებას.

პოპულარულია – “მე ვარ კომპოზიტორი”, “მე ვარ  გამომგონებელი”, ,,მე ვარ ფსიქოლოგი“. თითქმის ყველა ბავშვი თვლის, რომ მას ყველა ადამიანის ხასიათის ამოცნობა შეუძლია. აქედან გამომდინარე, “ფსიქოლოგს” გადაცემული აქვს მუსიკალური ნაწარმოების გმირის სიტყვიერი პორტრეტი. შეიძლება სხვა ვარიანტიც – რომელიმე კომპოზიტორის რამდენიმე ნაწარმოების მოსმენის შემდეგ ისაუბრონ იმ კომპოზიტორზე, რომელიც არასდროს უნახავთ, არ იცნობენ, მაგრამ მან მათ დაუტოვა ,,ხმოვანი წერილი“ საკუთარ თავზე და იმ პერიოდზე, რომელშიც მოღვაწეობდა.

  დავასახელებ რამდენიმე თამაშს, რომლებიც ავითარებს ბავშვის აზროვნებას და შემოქმედებით შესაძლებლობებს –  “იპოვეთ გამოტოვებული სიტყვა” და, პირიქით, “იპოვეთ ზედმეტი სიტყვა”. ამ  დავალებებს ბავშვები ასრულებენ როგორც  ზეპირად, ასევე  წერილობით.

  • ლოგიკური ჯაჭვებიდაასოციაციური ქსელები

  ამ თამაშებს ვიყენებ მე-5 კლასიდან. ბავშვები სწავლობენ ლოგიკურ გადასვლას ერთი ცნებიდან  მეორეზე  სამ-ოთხ შუალედურ სიტყვაში (მაგალითად: თემაზე “რას ნიშნავს  თანამედროვეობა მუსიკაში?” საჭიროა შეადგინონ რამდენიმე “ლოგიკური ჯაჭვი”, რათა გადავიდნენ სიტყვა ,,თანამედროვედან“ სიტყვა ,,მუსიკაზე“ (თანამედროვეობა – ცხოვრება, ცხოვრება – სილამაზე, სილამაზე – მუსიკა). მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით ახასიათებენ კომპოზიტორს.

თამაშის მეთოდის გამოყენება საშუალებას  აძლევს  თითოეულ მოსწავლეს, გამოხატოს ინდივიდუალური პოზიცია, გამოავლინოს საკუთარი  ღირებულებები.

ამდენად, მუსიკის მასწავლებლის როლი თანამედროვე, შემოქმედებითი, მოაზროვნე ადამიანის განვითარებაში დიდია და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ეპოქაში ის დადებითად უნდა შეფასდეს.

გთავაზობთ რამდენიმე დიდაქტიკურ თამაშს, რომლის გამოყენებაც მუსიკის გაკვეთილს უფრო გასართობს და ნაყოფიერს გახდის სწავლების დაწყებით საფეხურზე.

  • ორკესტრის თამაში

თამაშის მიზანია – მოსწავლეების  ტებრალური სმენის  განვითარება, სხვადასხვა  ინსტრუმენტისა და ორკესტრის სახეობების გაცნობა, თამაშის მეთოდის გამოყენება.

მუსიკალური რეპერტუარი: “ყვავილების ვალსი” ჩაიკოვსკი (ბალეტიდან “მაკნატუნა”), ვ. ა. მოცარტის მე-40 სიმფონია (1-ლი ნაწილი).

თემის “ორკესტრისა და მისი ტიპების” გაცნობის შედეგად მოსწავლეები სწავლობენ სიმფონიურ, კამერულ, სასულე და ხალხური ორკესტრის შემადგენლობას. თამაში საშუალებას მისცემს მათ, შევიდნენ მუსიკოს-შემსრულებლის როლში. მაგალითად, მასწავლებელი უყვება  მოსწავლეებს  სიმფონიური ორკესტრისა და მისი ჯგუფების შესახებ, უჩვენებს ილუსტრაციებს, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ინსტრუმენტი და განმარტავს თამაშის წესებს.

როგორ არიან განლაგებული ორკესტრში მუსიკოსები? პირველი მწკრივი – პირველი ვიოლინოები და ჩელოები; მეორე მწკრივი – მეორე ვიოლინო და ალტი; ერთი მოსწავლე ,,უკრავს“ არფაზე; შემდეგ კი არიან  კონტრაბასები, ლიტავრები და ა. შ. თითოეული მოსწავლის ამოცანაა მოისმინოს თავისი ინსტრუმენტის ტემბრული ხმოვანება, დროზე შევიდეს და დაიწყოს თამაშის იმპროვიზაცია საკუთარ ინსტრუმენტზე. მასწავლებელი მოქმედებს როგორც “სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი” და მიანიშნებს თითოეული საორკესტრო პარტიის დაწყებას. შერჩეული მუსიკალური ნაწარმოების ფონზე მოსწავლეები “უკრავენ ” სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტებზე.

თამაშისთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავის დროზე შესვლა და მუსიკის ფონზე,,დაკვრა“.

  • გამოიცანით ინსტრუმენტი

ვისწავლოთ ინსტრუმენტების ტემბრალური ფერების განსხვავება. ჟღერს მოკლე მუსიკალური მაგალითები. ბავშვები გამოიცნობენ რომელი  ინსტრუმენტი ჟღერს.

  • საიდუმლო ინსტრუმენტი

მოსწავლეები ირჩევენ წამყვანს. ის გადის კლასიდან. დანარჩენი მოსწავლეები ჩაიფიქრებენ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს (მაგალითად: ვიოლინო). მოსწავლე ბრუნდება  კლასში და მიდის თითოეულ მოთამაშესთან. თითოეული მონაწილე საუბრობს ინსტრუმენტის გარკვეულ ნიშანზე.

ძირითადი ნიშანია: აქვს სიმები, საშუალო ზომის, უკრავენ ხემით, აქვს ნაზი ჟღერადობა. ვიოლინო, ვარაუდობს წამყვანი. პასუხი ზუსტია. ახალი წამყვანი ხდება ის მოთამაშე, რომელმაც გამოიცნო ბოლო ნიშანი. ამ შემთხვევაში: მას აქვს ნაზი ჟღერადობა. იდეალური იქნებოდა, თუ გვექნება მუსიკალური ინსტრუმენტების ფოტოები  და მათი ჟღერადობის აუდიოჩანაწერი.

  • «+»

კლასი დაყოფილია გუნდებად. გუნდები ჩაიფიქრებენ ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს. შემდეგ, პირველი გუნდი ხმამაღლა, ერთად წარმოთქვამს სიტყვის ერთ მარცვალს. საპირისპირო გუნდი კი ფიქრობს სამი  წამი და ამბობს სიტყვის დაბოლოებას. მაგალითად, არ….(ფა), ალ….(ტი), ტუ…(ბა). შემდეგ მეორე გუნდი ეკითხება პირველ გუნდს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა.

  • შენი საკუთარი ორკესტრი

თამაშისთვის საჭიროა ბარათები, რომლებზეც გამოსახულია მუსიკალური ინსტრუმენტები. მოსწავლეები უსმენენ ნებისმიერ მხიარულ მუსიკას და აჩვენებს ბარათებს ერთმანეთის მონაცვლეობით. რა ინსტრუმენტიც არის ნაჩვენებია სურათზე, იმ ინსტრუმენტზე ,,უკრავენ ბავშვები“. თამაშის გახალისებისთვის, ზოგჯერ მასწავლებელი სწრაფად ცვლის ბარათებს.

ზოგიერთ ბავშვს არ შეუძლია სწრაფი რეაგირება, იბნევა, რაც ახალისებს თამაშს. თუ მასწავლებელი არ უჩვენებს ბარათებს, მოსწავლეები უბრალოდ სხედან და უსმენენ მუსიკას. თამაშის შედეგად ისინი უფრო  ყურადღებიანი, დაკვირვებული ხდებიან,  რეაქციებიც უფრო სწრაფი აქვთ.

  • ექო” (ავითარებს სმენას)

მასწავლებელი ხმამაღლა, მკაფიოდ მღერის ცალკეულ ნოტს, ხოლო მოსწავლეები ჩუმად იმეორებენ ბგერებს, როგორც ექოს გადაძახილს. შეიძლება თამაში წარვმართოთ ცოტა განსხვავებულად. მასწავლებელი მღერის ხმამაღლა. პირველი რიგის მოსწავლეები იმეორებენ იმავე ბგერას შედარებით ხმადაბლა, მეორე რიგის მოსწავლეები კი  იმეორებენ იმავე ბგერას  შედარებით ჩუმად, ვიდრე პირველი რიგის მოსწავლეები. მესამე რიგის მოსწავლეები კი იმეორებენ ძალიან ჩუმად. ამრიგად, მოსწავლეები ერთდროულად ეცნობიან დიანამიკურ ნიშნებს და ასევე  მათი  ჩაწერის  ხერხს.

  • ფოტოგრაფი

თამაშის მიზანია დაწყებითი საფეხური მოსწავლეების  მუსიკალური მეხსიერებისა და  ყურადღების განვითარება.

დიდაქტიკური მასალა: ბარათები, რომელზეც გამოსახულია რიტმი.

თამაშისთვის პედაგოგი ირჩევს ერთ მოსწავლეს – “ფოტოგრაფს”.  “ფოტოგრაფი” გვიჩვენებს და სწრაფად აბრუნებს რიტმის ბარათს მაგიდაზე. მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ რიტმი და ტაშით დაუკრან. გამოვიდა თუ არა ,,ფოტოსურათი“ ,  ამას “ფოტოგრაფი” წყვეტს.

  • მუსიკალური მატარებელი

ეს თამაში შეიძლება ჩატარდეს “რითმის” შესწავლისას. მასწავლებელი არის ,,მემანქანე“. ერთი მოსწავლე ,,მემანქანის დამხმარეა“, 3 რიგი კი  – 3 ვაგონი. ,,მემანქანის დამხმარე“ უკრავს ტაშს, ,,ვაგონები“ კი იმეორებენ. მასწავლებლის ,,მემანქანე“ აკონტროლებს სიტუაციას. რითმული ნიმუშები გამოსახულია დაფაზე. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამ მარტივი რიტმის ზუსტად ტაშით გამოსახვა. მარტივი რიტმის  შემდეგ, ისინი შეძლებენ უფრო რთული რითმის ტაშით გამოსახვას. გამარჯვებულია  ,,ვაგონი“  – რიგი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

  • კომპოზიტორები ვართ

წარმოიდგინეთ, რომ ხარ კომპოზიტორი. როგორ მუსიკას შექმნიდი, თუ დაასათაურებდი ასე   (დილა, ღამე, ზამთარი და ა.შ.)? მასწავლებელი ფურცლებზე წერს ლექსების ფრაზებს და გადასცემს მათ ბავშვებს. ამოცანა ასეთია: ამ ტექსტისთვის მელოდიის შექმნა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცნობილი საბავშვო ლექსები.

  • გრძნობების პარტიტურა

ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მოსწავლემ მიმიკისა და ჟესტების საშუალებით უნდა გამოხატოს,  მუსიკის ემოციური მდგომარეობა. თამაშის დაწყებამდე მასწავლებელს შეუძლია შემდეგი სიტყვებით მიმართოს მოსწავლეებს:

“შენ არაერთხელ მოგისმენია კარის ჭრიალი, ზარის ხმა, ბავშვის ტირილი, ჭექა-წუხილის ხმა.  მაგრამ შეგიძლია გაიგო, როგორ საუბრობს ღრუბელი? მღერის თუ ოხრავს? წარმოიდგინე, შენ მოუსმენ უჩვეულო ბგერებს ან მოიფიქრებ საკუთარ, ჯერჯერობით ყველასთვის უცნობს”.

ბავშვებს ვთავაზობთ:

ა) აღწერეთ ან დახატეთ თქვენი საყვარელი ხმები;

ბ) წარმოიდგენეთ, როგორ ჟღერს  რბილი ფუმფულა ღრუბლის ხმა. აღწერეთ და დახატეთ ღრუბლის ჟღერადობა;

გ) წარმოადგინეთ და დახატეთ ლიმონი, წითელი ვაშლი და სხვ.

დ) წარმოიდგინეთ, რა ჟღერადობა აქვს დიდ გუბეს  წვიმის შემდეგ. აღწერეთ  და დახატეთ დიდი და პატარა გუბის  ჟღერადობა.

  • ემოციები

თამაშის წარმოდგენის შესაქმნელად გამოიყენება სათამაშო ბარათები, რომელზეც დაწერილია ემოციური მახასიათებლები (სიხარული, მწუხარება, გაბრაზება და ა.შ.). ბარათები მონაწილეებს გადაეცემათ. ყველამ ცდილობს, გაახმოვანოს და გადმოიტანოს ეს თუ ის ემოცია მოძრაობით ან მიმიკით. ჯგუფი ცდილობს განსაზღვროს მოსმენილი.

  • ფერი

თამაშისთვის გამოიყენება 4-დან 6-მდე ფერადი ბარათი (წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი, თეთრი), რომელიც არის მაგიდაზე, კლასში. ბავშვები ირჩევენ ფერს, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ  განწყობას კონკრეტულ  მომენტში, და კლასი  იყოფა ჯგუფებად.

პედაგოგი თამაშის მონაწილეებს სთხოვს:

ა) თანმიმდევრობით, სიმღერით ააჟღერონ ფერი,  როგორც ესმით მათ;

ბ) შექმნან ხმოვანი ნაწარმოები, რითმურად ორგანიზებული, ინდივიდუალურად ააჟღერონ ხმები  და  მთელი ჯგუფის “ინსტრუმენტები”;

გ) მთელი ჯგუფის ასრულებს სიმღერით “ფერების პალიტრას”.

                                                      დასკვნა

მუსიკალური შემოქმედება – მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის პიროვნების განვითარებაში. ის  შეიძლება გამოვლინდეს ყველა სახის მუსიკალურ საქმიანობისას: სიმღერა, ცეკვა, მუსიკალური ინსტრუმენტებზე დაკვრა.

მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაში თამაშით სწავლების გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაკეთდეს რიგი განზოგადება და დასკვნები:

  • შემოქმედებითი უნარის განვითარების საუკეთესო საშუალებაა თამაშის ფორმით მიცემული შემოქმედებითი დავალება;
  • თამაშის სიტუაციებში უფრო ადვილია სიმღერის შექმნა, ინსცენირება, დრამატიზაციის ორგანიზება;
  • თამაში აუმჯობესებს საგნობრივ საქმიანობას, ლოგიკას, აზროვნებას, ავითარებს ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს;
  • გაკვეთილების თამაშით ჩატარება ხდება თამაშის ტექნიკის დახმარებით. ის აძლევს მოსწავლეებს სტიმულს და წაახალისებს სასწავლო პროცესს;
  • როლური თამაშის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართვას შემოქმედებით პროცესში. თამაშის დროს, ბავშვი ხდება კომპოზიტორი, მუსიკოს-შემსრულებელი, მსმენელი, მოცეკვავე, დამდგმელი რეჟისორი, დირიჟორი ან მხატვარ-დეკორატორი;
  • მუსიკის გაკვეთილები ხელს უწყობს ინდივიდუალური შემოქმედების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მხატვრულ ფანტაზიას, ასოციაციურ აზროვნებას, ააქტიურებს მეხსიერებას, დაკვირვებას, ინტუიციას, ფორმირდება ბავშვის შინაგანი სამყარო.

თამაში აუმჯობესებს საგნობრივ საქმიანობას, ლოგიკას, აზროვნების ტექნიკას, ავითარებს ემპატიას, თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მასწავლებლის წიგნი სწავლების მეთოდები;
  2. ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამა.

                                                                                                                            

 

 

 

 

 

 

 

 

ანა და ფრანკენშტეინი

0

ბავშვობაშივე აღმოვაჩინე, რომ ერთსა და იმავე ამბებს მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვანაირად ვიმახსოვრებდით და ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დანარჩენების მეხსიერებას არც კი შემორჩებოდა ხოლმე. მეორე მხრივ, ისინი ისე ჰყვებოდნენ თუნდაც უბრალო, ყოველდღიურ ისტორიებს, რომ მსმენელს მომხდარის თანამონაწილედ აქცევდნენ, მე კი რაიმეს მოყოლას მუდმივად თავს ვარიდებდი – ვხვდებოდი, რომ ადამიანის გულთან ახლოს ვერ მივიდოდა, შესაფერისი ფორმის უქონლობისა და მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში შეძენილი ღირებულების გამო. ფორმის მოძებნა კი ძალიან მიძნელდებოდა და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ამგვარ მცდელობებზე დროის დაკარგვა ღირდა.

ეს ფიქრები ცოტა ხნის წინ ნანახმა ძველმა ესპანურმა დრამამ ამიშალა, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ ბავშვებსა და ბავშვობაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად. „სკის სული“ („El espíritu de la colmena“) 1973 წელს გადაიღო ვიქტორ ერისემ – გასაოგნებლად ლამაზი ფილმი, რომლის ფაქიზ აბლაბუდაშიც თანდათან ეხვევი და ბოლოს იმ აზრამდე მიდიხარ, რომ შენ წინაშე ნამდვილი შედევრია, ხელოვნების დიდი ნაწარმოებების გვერდით თამამად დასაყენებელი. მთავარი გმირი ექვსი წლის ანაა, რომლის თვალით დანახული სინამდვილეც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც მისი გარშემომყოფები ხედავენ. გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ესპანურ სოფელში ანა და მისი უფროსი და, იზაბელი ერთნაირად იზრდებიან – ერთსა და იმავე სკოლაში დადიან, გვერდიგვერდ დადგმულ საწოლებში იძინებენ, სათამაშოდ და გასართობადაც თითქმის შეუზღუდავი სივრცე აქვთ და მშობლებისგან ყურადღებასა თუ მზრუნველობას დიდად არც ითხოვენ, მაგრამ გოგონებს შორის თვალში საცემი სხვაობაა. ამას ფილმის დასაწყისშივე ამჩნევ და მაშინვე მიზეზების ძებნას იწყებ: რას უნდა დააბრალო ყველაფერი – სხვადასხვაგვარად განვითარებულ მგრძნობელობასა და წარმოსახვის უნარს?

სოფელში კინოჩვენებას აწყობენ და აღელვებული სოფლელებიც თავიანთი სკამებით მორბიან ჯეიმს უეილის „ფრანკენშტეინის“ სანახავად. ბავშვები წინა რიგებში სხდებიან – კარგად ვხედავთ დაძაბულობის კვალს მათ სახეებზე, ვხდებით, რას უნდა განიცდიდნენ, მაგრამ ანა აქაც გამოირჩევა – მის გაფართოებულ თვალებში უფრო მეტი ჩანს, ვიდრე შემზარავი კინოგმირის აუხსნელი საქციელით გამოწვეული შიში და ზაფრაა. რადგან ყველაზე ახლოს დასთანაა, შეკითხვებსაც მას უსვამს: რატომ მოკლა ფრანკენშტეინმა გოგონა, რომელსაც მანამდე ეთამაშებოდა? და თავად ის რატომღა მოკლეს ამ ყველაფრის შემდეგ? რასაც ხმამაღლა არ ამბობს, ეს უნდა იყოს: ნუთუ შესაძლებელია, რომ ვისაც ბედნიერი ეთამაშები და მეგობრად მიიჩნევ, მოულოდნელად, რაღაც აუხსნელი ძალით, უმოწყალო, სასტიკი მკვლელი გახდეს? და მკვლელის სიკვდილით დასჯა რაღააა, თუ ისევ მკვლელობა არა? არის ვინმე ამ სამყაროში, დაუნდობელი მკვლელების გარდა?

ფილმში სიკვდილის სუნთქვა ისეთი ადვილი შესაგრძნობია, თითქოს ყვავილების სურნელით სავსე გვიანი გაზაფხულის ნიავი იყოს. მატარებელი და რელსზე თავის ჩამოდების თითქოსდა უწყინარი ჩვევა, შხამიანი სოკო, რომლის უმცირესი ნაწილიც კი საკმარისია სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად, იარაღიანი უცნობი, რომელიც სასოწარკვეთის პირას უნდა იყოს… სიკვდილზე ფიქრი ყოველდღიურ აუცილებლობად ექცევა ექვსი წლის გოგოს, რომელიც ამაზე სიტყვასაც არ ამბობს – სახეზე აწერია, თვალებში მოუჩანს. ამ დროს მისი და თავშექცევის ახალ-ახალ ფორმებს იგონებს, ხან ფრანკენშტეინის უკვდავებაში არწმუნებს ანას, ხან კი თავად იქცევა ფრანკენშტეინად.

მშობლები იმავე სახლში ცხოვრობენ, მაგრამ აშკარად სხვა ცხოვრებით – თავ-თავისი საფიქრალ-საკეთებელი აქვთ და შვილებთან განსაკუთრებულ სიახლოვეს არც ცდილობენ. ამიტომაცაა, რომ გოგოები თითქმის სულ მარტო არიან და ყველაზე არსებითი კითხვების პასუხებსაც დამოუკიდებლად ეძებენ. მათი ასაკოვანი მამა ერთთავად თავისი სკებისა და ფუტკრების შესახებ წერს და იმ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს, ფუტკრების ცხოვრებას რომ ახლავს, სანიმუშოდ აწყობილს, ნაყოფიერსა და მაინც როგორღაც აზრს მოკლებულს. სახლში თაფლისფერი შუქი იღვრება და არაერთი სხვა მინიშნებაც გვხვდება, რომელიც გამუდმებით გვაბრუნებს ფილმის სახელთან – მორის მეტერლინკის „ფუტკრების ცხოვრებაში“ ამოკითხულ ფრაზასთან, რომელსაც ვიქტორ ერისემ ახალი სიცოცხლე მისცა.

ვიღაცისთვის სამყარო ერთი დიდი მოზუზუნე სკაა, რომლის ბინადრებიც გამოუცნობ, გაურკვეველ ძალას ემორჩილებიან და მისი ზემოქმედებით აკეთებენ დიდ-პატარა საქმეებს, ვიღაცისთვის კი ის ადგილია, სადაც სასიკვდილო საფრთხეებს ბოლო არ უჩანს და ნებისმიერ წუთს ფრანკენშტეინად შეიძლება იქცეს ყველა, ვინც მანამდე ყვავილი გამოგიწოდა და მეგობრულად გაგიღიმა.

რა სამყაროში ცხოვრობენ ანა და იზაბელი? და ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ფუტკრების ზუზუნით სავსე ჩვენს სამყაროში?

 

რევოლუციური მიგნება – თანაბარი მოძრაობა წონასწორობას ნიშნავს!

0

„სხეულის ბუნებრივი მდგომარეობა უძრაობაა. არ არსებობს მოძრაობა სხვა სხეულის მოქმედების გარეშე. იმისთვის, რომ საზიდარი მოძრაობდეს, მას მუდმივად უნდა ეწეოდეს ცხენი (ნახ.1). თუ ცხენი აღარ გასწევს საზიდარს, საზიდარი გაჩერდება“, – ასე ფიქრობდა გამოჩენილი ბერძენი მოაზროვნე არისტოტელე და ეს მოსაზრება თითქმის 2000 წელი ბატონობდა.

 

 

 

 

ნახ. 1

 

არისტოტელეს ავტორიტეტთანერთად ამ მოსაზრების ბატონობას ხელს უწყობდა ის ფაქტიც, რომ ეს მტკიცებები არცთუ ისე ცუდად შეესაბამებოდა ყოველდღიურ ცდებს და დაკვირვებებს – ეგრეთ წოდებულ საღ აზრს. მაგალითად, მაგიდას, კარადას ან რომელიმე სხვა სხეულს ერთი ადგილიდან მეორეზე ვერავინ გადაიტანდა, თუ მასზე ძალით არ იმოქმედებდა.

თუმცა შუა საუკუნეებში (1564 – 1642 წ.წ.) მოღვაწე იტალიელმა მეცნიერმა გალილეო გალილეიმ მთლიანად შეცვალა არისტოტელეს მიერ გამოთქმული და საუკუნეების განმავლობაში გაბატონებული შეხედულება სხეულთა მოძრაობაზე (ნახ. 2).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახ. 2

 

გალილეო გალილეი ასეთ ექსპერიმენტს ატარებდა: დახრილ სიბრტყეზე აგორებდა ბურთულას, რომელიც მოძრაობას აგრძელებდა ჰორიზონტალურ სიბრტყეზე და შემდეგ მეორე დახრილ სიბრტყეზე ზევით მიგორავდა (ნახ. 3).

 

 

 

 

 

 

ნახ. 3

 

გალილეო გალილეიმ შეამჩნია, რომ მეორე დახრილი კუთხის შემცირებით სხეულის გაჩერებამდე განვლილი მანძილი იზრდება. ანუ რაც უფრო ნაკლებად არის დახრილი მეორე სიბრტყე, მით უფრო მეტ მანძილს გადის სხეული სრულ გაჩერებამდე. მეცნიერმა გააგრძელა აზრობრივი ექსპერიმენტი და მიხვდა, რომ თუ ბურთულას მოძრაობას ჰორიზონტალურ უბანზე ხელს არაფერი შეუშლის, ხახუნის ძალაც კი, მაშინ ბურთულა მუდმივად შეინარჩუნებს სიჩქარეს. ამრიგად, მეცნიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სხეული, რომელიც გარკვეული სიჩქარით წრფივად და თანაბრად მოძრაობს, არ შეიცვლის სიჩქარეს, თუ მასზე სხვა სხეული არ იმოქმედებს. ეს იყო დასკვნა, რომელიც გალილეიმ ექსპერიმენტის შედეგად გამოიტანა. ამ დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ საზიდარი, რომელიც ცხენმა აამოძრავა და განსაზღვრულ მომენტში რაღაც სიჩქარე მიანიჭა, გააგრძელებს ამ სიჩქარით წრფივ და თანაბარ მოძრაობას, თუნდაც ცხენი აღარ ეწეოდეს მას. ანუ საზიდარმა ცხენის გაწევის გარეშე უნდა გააგრძელოს მოძრაობა! ეს კი ნამდვილად დაუჯერებელია, რადგან დაკვირვებებიდან ჩანს, რომ საზიდარი ცხენის გაწევის გარეშე აუცილებლად გაჩერდება.

რა აჩერებს მას?

გალილეო ამ კითხვას ასე პასუხობდა: საზიდარი ჩერდება იმიტომ, რომ მას ხელს უშლის დედამიწის ზედაპირი. თუ არ იქნება წინააღმდეგობა სხვა სხეულების მხრიდან, საზიდარი მუდმივად იმოძრავებს ცხენის გარეშე. ანუ დედამიწის ზედაპირი ერთგვარ წინააღმდეგობას უწევს საზიდარის მოძრაობას და აჩერებს მას. ე.ი ეს ძალა არის მიზეზი საზიდრის სიჩქარის ცვლილებისა (შემცირებისა).

სხეულის მიერ სიჩქარის შენარჩუნების მოვლენას, როცა მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებს, ინერცია ეწოდება. „ინერცია“ ლათინური სიტყვაა და ქართულად უმოქმედობას, უძრაობას ნიშნავს, ხოლო სხეულის თვისებას, შეინარჩუნოს სიჩქარე, როცა მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებენ, ინერტულობა ეწოდება. რაც უფრო მძიმეა სხეული, მით უფრო კარგად ინარჩუნებს სიჩქარეს, ანუ ვერ იცვლის მას და პირიქით, რაც უფრო მსუბუქია, მით უფრო უჭირს სიჩქარის შენარჩუნება, ანუ ადვილად იცვლის სიჩქარეს. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილი და მძიმე ავტომობილი ერთი მიმართულებით დაახლოებით ერთი სიჩქარით მოძრაობენ ტრასაზე. წითელი შუქნიშნის ანთებისას რომელი უფრო ადვილად გაჩერდება? რასაკვირველია, მსუბუქი, ისევე როგორც მსუბუქი ავტომობილი უფრო ადვილად დაიძვრება და სიჩქარეს აკრეფს, ვიდრე მძიმე. ანუ მძიმე სხეული უფრო ინერტულია, ვიდრე მსუბუქი. ინერტულობის ზომას კი მასას უწოდებენ.

ახლა დავუბრუნდეთ გალილეო გალილეის შეხედულებებს სხეულის მოძრაობის შესახებ. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ის მიიჩნევდა, რომ სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად, რადგან მასზე სხვა სხეული არ მოქმედებს. სხეული უსასრულოდ დიდხანს გააგრძელებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, თუ მასზე სხვა სხეული არ იმოქმედებს. უკანასკნელ შემთხვევაში კი სხეულის სიჩქარე შეიცვლება – გაიზრდება ან შემცირდება. გალილეი ამტკიცებდა, რომ წრფივი თანაბარი მოძრაობა სხეულის ისეთივე „ბუნებრივი“ მდგომარეობაა, როგორიც უძრაობა! ამრიგად, როგორც უძრაობა, ისე წრფივი და თანაბარი მოძრაობა სხეულის წონასწორობაში ყოფნას ნიშნავს. ეს ბუნების ერთ-ერთი ძირითადი კანონია და მას ინერციის კანონსაც უწოდებენ.

სხეულის მოძრაობის შესახებ გალილეოს შეხედულებებს იზიარებდა გენიალური ინგლისელი მოაზროვნე ისააკ ნიუტონი, რომელიც მე-17-18 საუკუნეებში (1642-1747 წ.წ.) მოღვაწეობდა. თავის ცნობილ წიგნში „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, რომელიც 1686 წელს გამოვიდა, ის წერდა: „ყოველი სხეული, ცალკე აღებული, ინარჩუნებს თავისი უძრაობის მდგომარეობას ან განაგრძობს წრფივად და თანაბრად მოძრაობას“ (ნახ. 4). აქ „ცალკე აღებულ“ სხეულში მოიაზრება იზოლირებული სხეული, რომელზეც არაფერი მოქმედებს, დედამიწაც კი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახ. 4

 

იმ დროს, როცა ნიუტონი ამას წერდა, ძნელი წარმოსადგენი იყო დედამიწის პირობებში ისეთი სხეულის პოვნა, რომელზეც არაფერი იმოქმედებდა, დედამიწაც კი, ან ჰაერის ფენები, რომლებიც ნებისმიერი სხეულის მოძრაობას გარკვეულწილად ხელს უშლის. ამიტომ იგი თავის წიგნში აღწერდა არა რეალურ, არამედ წარმოსახვით სიტუაციას. თუმცა დღეს საკმაოდ დიდი სიზუსტით შეიძლება კოსმოსში, დედამიწიდან ძალიან შორს მყოფი სხეული ჩავთვალოთ იზოლირებულად. ანუ ისეთ სხეულად, რომელიც იზოლირებულია ყოველგვარი ზემოქმედებისგან. აღმოჩნდა, რომ კოსმოსში თუ გაისვრით ბურთს, ის განუსაზღვრელად დიდხანს იმოძრავებს წრფივად და თანაბრად იმ სიჩქარით, რომელიც გასროლისას მივანიჭეთ, რადგან კოსმოსში მასზე არ იმოქმედებს ჰაერის წინააღმდეგობის ძალა და დედამიწის ზედაპირი. ეს მოძრაობა გაგრძელდება უსასრულოდ დიდხანს, სანამ სხეულზე არ იმოქმედებს სხვა ციური სხეული ან არ მოხდება შეჯახება ე.წ. კოსმოსურ ნაგავთან.

კანონს, რომელსაც ნიუტონმა შემდეგი ფორმულირება მისცა, ნიუტონის პირველ კანონსაც უწოდებენ: ყველა სხეული ინარჩუნებს უძრაობის ან წრფივი თანაბარი მოძრაობის მდგომარეობას მანამდე, სანამ სხვა სხეულის მოქმედება არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

ნიუტონის შეხედულებები – აქსიომები – დღეს უკვე ცდებით არის დადასტურებული და რაც უნდა პარადოქსულად გვეჩვენებოდეს, დღეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მაგიდაზე ჰორიზონტალურ საყრდენზე მოთავსებული უძრავი სხეული და წრფივად და თანაბრად მოძრავი სხეული ფიზიკაში ერთი და იგივე რამაა. თურმე წონასწორობაში იმყოფება პარაშუტისტი, რომელიც წრფივად და თანაბრად ეშვება დედამიწის ზედაპირისაკენ (ნახ. 5).

 

ნახ. 5

 

ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს შეხედულებებს სხეულის მოძრაობის შესახებ. ამასთან, შევეცადეთ გაგვერკვია, დაახლოებით 300 წლის წინ როგორ მოახდინა იტალიელმა გენიალურმა მეცნიერმა გალილეო გალილეიმ ამ მოსაზრების რევიზია და იმ დროისთვის მოძრაობის შესახებ თავისი სრულიად რევულუციური შეხედულება წარუდგინა საზოგადოებას. შემდეგ კი ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა ნიუტონმა განაზოგადა ეს შეხედულება და მექანიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონის სახე მისცა.

 

ლიტერატურა

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა, VII კლასი. 2001 წ.

2 ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა, VII კლასი. 2003 წ.

  1. ქეთევან ტატიშვილი. ფიზიკა, IX კლასი. 2012 წ.

ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

https://slideplayer.com/slide/7366907/

https://webstockreview.net/explore/wagon-clipart/

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...