სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

ბავშვური სიხარბე – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

 

ერთხელ, ავტობუსით მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო სცენის უნებლიე მოწმე გავხდი. პატარა, დაახლოებით 2-2,5 წლის ბიჭუნამ, რომელიც დედის კალთაში კომფორტულად მოკალათებულიყო, მის გვერდით მჯდომი, მასზე ოდნავ უფროსი ბავშვის ხელში სათამაშო დათუნია დაინახა და მისკენ გადაიხარა, რომ სასურველი ნივთი ხელში ჩაეგდო. სათამაშოს პატრონი ბიჭუნა მთელი ძალით ჩაებღაუჭა თავის ნივთს, გულზე მიიხუტა და ოდნავ განზე გაიწია, რომ მისი წართმევის უფლება არ მიეცა.  მის გვერდით მყოფი დედა ძალიან შეაწუხა შვილის საქციელმა და თხოვნით მიმართა მას: „გიო, მიეცი ცოტა ხნით შენი სათამაშო ამ ბიჭუნას, ის ხომ შენზე პატარაა, ითამაშებს და დაგიბრუნებს“. დედის ამ თხოვნას ბავშვი უკმაყოფილო სახით შეხვდა. ხოლო როცა დედა შეეცადა შვილისთვის სათამაშო ძალით გამოერთმია, რომ ატირებული ბავშვისთვის  გადაეცა, გიომ პროტესტის ნიშნად ყვირილი მორთო. „არა, მაინც ვის დაემსგავსე, ასეთი ძუნწი და ხარბი რომ ხარ. შენი ძმა არავისთვის არაფერს იშურებს, შენ კი არა თუ უცხო ბავშვისთვის, ძმისთვისაც არაფერი გემეტება“! შვილის საქციელით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გიოს დედა გარშემომყოფებთან თავის მართლებას ცდილობდა.   შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ სიტუაციაში ბავშვური სიხარბის გამოვლენას ორივე პატარასთან ჰქონდა ადგილი – გიოს საკუთარი სათამაშოს სხვისთვის გაზიარების, თუნდაც დროებით თხოვების სურვილი არ ჰქონდა, მეორე ბავშვი კი მიისწრაფოდა დაეკმაყოფილებინა სხვისი სათამაშოს დაუფლების სურვილი.

ზრდასრულ ადამიანებში სიხარბე, სიძუნწე განკიცხვადია საზოგადოების მხრიდან, ის უარყოფით თვისებად და დიდ ცოდვადაც ითვლება. შეიძლება თუ არა ასეთივე შეფასება მივცეთ ბავშვური სიხარბის გამოვლენასაც. რა თქმა უნდა – არა! მაშინ, რატომ გვაშფოთებს უფროსებს მისი გამოვლინებები პატარებში? ალბათ იმიტომ, რომ არასწორი დამოკიდებულების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შესაძლებელია მომავალში ის ხასიათის თვისებად ჩამოყალიბდეს და სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს მისთვის საზოგადოებაში სასურველი ადგილის დამკვიდრების პროცესში.

სიხარბის პირველ გამოვლინებებს ბავშვებში 1,5-2 წლის ასაკში ვხვდებით. თუ აქამდე პატარა ძალიან ადვილად თმობდა, აძლევდა თავის სათამაშოებს სხვებს და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმას, თუ ვინ ითამაშებდა მისი სათამაშოებით,  2 წლისთვის ყველაფერი იცვლება – ყოველთვის მშვიდი პატარა უცებ ართმევს სათამაშოს  სხვა ბავშვს. დათმობა, როგორც წესი, არცერთს არ სურს, რის გამოც ყველაფერი ტირილით მთავრდება. ბევრ მშობელს სერიოზულად აშფოთებს და პანიკაში აგდებს  შვილის ასეთი საქციელი და ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ. მათ კარგად იციან, რომ ბავშვები, რომლებიც ამჟღავნებენ გულუხვობას, უზიარებენ, უყოფენ თავიანთ სათამაშოებს, საგნებს, ტკბილეულს სხვებს, ადვილად პოულობენ მეგობრებს და ხშირად საზოგადოების სული და გული ხდებიან. ის პატარები კი, რომლებიც ავლენენ სიხარბეს, ჩვეულებრივ განიცდიან სირთულეებს მეგობრების შეძენის პროცესში, უფრო მეტიც, ასეთ ბავშვებს თანატოლები დასცინიან კიდეც. რასაკვირველია,  არცერთი მშობელი არ ისურვებდა, რომ მის შვილს ასეთი ბავშვის ხვედრი გაეზიარებინა. და, ეს რომ არ მოხდეს, სასურველი იქნება ბავშვური სიხარბის გამოვლინებებზე სწორი რეაგირება.

უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ 2-3 წლის პატარებში ბავშვური სიხარბის გამოვლინებები, იმ ასაკობრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ პერიოდში ხდება, პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ის შეიძლება ერთგვარ ასაკობრივ ნორმად და განვითარების ბუნებრივ ეტაპადაც კი ჩავთვალოთ. 2-3 წლის ასაკში იწყება „მე“-ს ცნობიერების ჩამოყალიბება. თუ ადრე ბავშვი საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენებდა – „გიო ჭამს“,  „გიო თამაშობს“, ორი წლიდან ის იწყებს სიტყვების: „მე“, „ჩემი“ აქტიურად წარმოთქმას, გამოყენებას, და, ეს „ჩემი“ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მისი პირადი ნივთების, სათამაშოების ნებისმიერი ხელყოფა  ბავშვის  მიერ აღიქმება, როგორც საკუთარი უსაფრთხოების დარღვევა. განაწყენებული პატარა ვერ ხვდება, რომ მისი საყვარელი სათამაშო სამუდამოდ არ მიაქვთ. შევეცადოთ ასეთ დროს გავუგოთ მას. თოჯინა, მანქანა და ნებისმიერი სხვა სათამაშო ბავშვისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის მობილური ტელეფონი, საფულე, ჩანთა, საყვარელი სუნამო, ან ნებისმიერი სხვა პირადი ნივთი. თუ ჩვენ თავად არ ვაძლევთ ჩვენს პირად ნივთებს სხვებს მოსახმარად, რატომ უნდა გააკეთოს ეს ბავშვმა, თუნდაც 3 წლის ასაკში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ასაკში პატარას არ შეუძლია თანაგრძნობა. მან შეიძლება გულგრილად უყუროს მის მიერვე განაწყენებულ და ატირებულ თანატოლს, რომლის სათამაშოც დაუკითხავად აიღო. მისთვის ამ ასაკში პირველ ადგილზეა მისი საკუთარი სურვილები. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ასეთ ადრეულ პერიოდში  რეაგირების გარეშე დავტოვოთ ბავშვური სიხარბის გამოვლინებები. ამასთან, მოქმედების ეფექტიანი ფორმის შესარჩევად უნდა ვიცოდეთ ბავშვის ქცევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, რადგანაც პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება მოქმედების არა შედეგებთან, არამედ მიზეზებთან ბრძოლა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასაკობრივი თავისებურებების გარდა, არსებობს ინდივიდუალური თავისებურებებიც და სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ასაკის ორი ბავშვის ქცევა, ხშირ შემთხვევაში სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ბავშვური სიხარბის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:    

  • მშობლიური სიყვარულის დეფიციტი – შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე ხშირად ძუნწი ბავშვები იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც სითბოს, სიყვარულის, ყურადღების გამოვლენა იშვიათი საჩუქარია ზედმეტად დაკავებული მშობლების მხრიდან. ხშირად ისინი ცდილობენ, რომ ბავშვის მიმართ უყურადღებობას კომპენსირება ნაირნაირი სათამაშოების და ნივთების ყიდვით გაუკეთონ. პატარა, რომელსაც აკლია ყურადღება მშობლების მხრიდან მათი მოუცლელობის გამო, მათ საჩუქრებს აღიქვამს, როგორც განსაკუთრებული ღირებულების მატრებელს, მუდმივად ჩახუტებული დააქვს, მათთან ერთად იძინებს, ეფერება, თუ მოწყენილია ან, თუ რამის ეშინია. მშობლების ნაჩუქარი, სრულიად პატარა, მომცრო ზომის სათამაშოც კი ბავშვმა შეიძლება აღიქვას, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი. და, ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებრივია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, თუ სთხოვენ, რომ ეს სათამაშო სხვას მისცენ, თუნდაც დროებით. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ დავადანაშაულოთ ბავშვი სიხარბეში და პრობლემის გადასაწყვეტად შიდა ოჯახური ურთიერთობების გარკვევაზე ვიზრუნოთ;
  • ეჭვიანობა და-ძმის, ყველაზე ხშირად კი უმცროსის მიმართ – თუ უმცროს დას ან ძმას მეტი ყურადღება ექცევა მშობლების მხრიდან, ბავშვი ავტომატურად თავის წყენას სიძუნწით და აგრესიულობით გამოხატავს მშობლების სიყვარულსა და ყურადღებაში მოცილე დის ან ძმის მიმართ;
  • ჰიპერმზრუნველობა. მშობლების სიყვარულისა და ყურადღების სიჭარბე – თუ ოჯახში ბავშვის ყველა სურვილი, მოთხოვნა დაუყონებლივ სრულდება, მას ძალიან გაუჭირდება ოჯახის გარეთ, სხვა სიტუაციებში ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ ბავშვს სურს, რომ ყოველთვის და ყველგან ყურადღების ცენტრში იყოს და მისი ყველა სურვილი და მოთხოვნა დაუყონებლივ სრულდებოდეს. ის ძალიან ადვილად მოაწყობს ისტერიკას, თუ ვერ შეძლებს იმ სათამაშოს მითვისებას, რომელიც თანატოლის ხელში დაინახა და მოეწონა. ეს მაშინ, როცა თავად არავის არაფერს ათხოვებს, არ უზიარებს და არც უნაწილებს. ხშირად ის იმისთვისაც კი მზად არის, რომ შეჭამოს ყველა კანფეტი, რაც აქვს, რათა სხვას არაფერი დაუტოვოს, მაშინაც კი, თუ აღარ უნდა და არანაირ სიამოვნებას აღარ იღებს მისი მირთმევით;
  • სათამაშოს დაზიანების შიში – არის შემთხვევები, როცა პატარა საყვარელი სათამაშოს დაზიანების შიშის გამო არც თავად თამაშობს და არც სხვებს აძლევს ამ სათამაშოთი თამაშის უფლებას.

     რეკომენდაციები ბავშვური სიხარბის დასაძლევად: 

  • შევეცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ემოციური წონასწორობა. ნუ გვექნება მწვავე რეაქცია ბავშვური სიხარბის გამოვლენაზე. ჩვენ ამას ადვილად შევძლებთ – შევინარჩუნებთ სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში და პატარას არასასიამოვნო ქცევაზე რეაგირებაც ადეკვატური გვექნება, თუ გარკვეული ვიქნებით ბავშვის ქცევის მიზეზებში;
  • ნურასოდეს ვაიძულებთ ბავშვს მისცეს, ან თუნდაც დროებით ათხოვოს თავისი სათამაშო, ნივთი სხვას, თუ მას ამისი სურვილი არა აქვს; მითუმეტეს მოვერიდოთ მისთვის, ძალის გამოყენებით, სათამაშოს ჩამორთმევას, რომ მისი თანდასწრებით სხვას გადავცეთ. ამით, ჩვენ ბავშვს გულუხვობას ვერ გამოვუმუშავებთ, ძალის გამოყენებას მასზე სუსტის მიმართ სასურველი ნივთის ხელში ჩასაგდებად კი ნამდვილად ვასწავლით;
  • ნუ მივაკერებთ პატარას იარლიყებს: „ხარბი“, „ძუნწი“, „გაუმეტავი“. შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება. განსაკუთრებით მოვერიდოთ ბავშვთან ჩხუბს და მის შერცხვენას სხვების თანდასწრებით. არ შეიძლება უცხო ადამიანების თანდასწრებით ჭკუის დარიგება დავუწყოთ ბავშვს – „ასე რომ იქცევი, ყველა იფიქრებს, რომ შენ ძუნწი, ხარბი და გაუმეტავი ხარ“. ამ გზით ჩვენ ბავშვს ჩამოვუყალიბებთ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას და ძლიერ დამოკიდებულს გავხდით გარშემომყოფთა აზრზე. თუ პატარას შთავუნერგავთ, რომ ის ძუნწია, დიდი ალბათობით,  დაიჯერებს  და მომავალში გაუჭირდება ამ ნაკლისგან განთავისუფლება;
  • ნუ შევადარებთ სხვა ბავშვს – „ნინი როგორი გულუხვია, შენ კი როგორი ძუნწი და ხარბი. ყველგან მარცხვენ!“ ასეთი სიტყვებით ბავშვს ვერ შევცვლით, თანატოლთან კონფლიქტის მიზეზი კი ნამდვილად გავხდებით;
  • ყოველთვის მოვუსმინოთ ბავშვს. ხანდახან პატარა უბრალოდ ეძებს ჩვენს თანაგრძნობას და თანაგანცდას. ასეთ დროს ჩვენი ყურადღება მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, ემოციური კონტაქტი კი სიხარბის საუკეთესო პროფილაქტიკაა;
  • ნუ წავუყენებთ ულტიმატუმებს – „თუ შენს სათამაშოს ამ ბიჭუნას არ ათხოვებ, აღარასოდეს არაფერს გიყიდი“! ჩვენი ასეთი სიტყვები და მოქმედება ბავშვს ნამდვილად ვერ შეცვლის;
  • ნაცვლად იმისა, რომ ვებრძოლოთ სიხარბეს, განვავითაროთ ბავშვში გულუხვობა. შეიძლება დაბადების დღეზე საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასაღებად მივცეთ მას კანფეტების გარკვეული რაოდენობა იმისათვის, რომ თანატოლებს გაუნაწილოს. იუბილარი ტკბილეულით გაუმასპინძლდება თავის მეგობრებს, რაც ერთგვარად გააუმჯობესებს მათ ურთიერთდამოკიდებულებას, საპასუხოდ კი მიიღებს გულწრფელ მილოცვებს და კარგ განწყობას;
  • შევაქოთ ბავშვი, როცა ის ახერხებს სხვისთვის სათამაშოს თხოვებას, ტკბილეულის განაწილებას და ამჟღავნებს გულუხვობას, ავლენს სიკეთეს. ეს განუმტკიცებს მას საკუთარი თავის რწმენას;
  • წავუკითხოთ პატარებს ჭკუისასწავლებელი ზღაპრები. კარგი ეფექტი აქვს ხალხურ ზღაპრებს, რომელშიც დასცინიან სიხარბეს, სიძუნწეს;
  • ვასწავლოთ ბავშვებს სათამაშოების გაცვლა თანატოლებში. თუ ის სხვისი სათამაშოთი დაინტერესდება, თავადაც შესთავაზოს სანაცვლოდ საკუთარი სათამაშოებიდან ისეთი, რაც მისთვის საინტერესო, მოსაწონი და მიმზიდველი აღმოჩნდება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, აღზრდის საუკეთესო საშუალება პირადი მაგალითია. სწორედ ქცევის ჩვენს მოდელს ხედავს ბავშვი და გადააქვს ის საკუთარ მოქმედებაში. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ პატარა სწავლობს ჩვენ მაგალითზე.

 

 

არასდროს ვუთხრათ ბავშვს: – ხმა ჩაიწყვიტე!

0

ადამიანისათვის აუცილებელია იმ საშუალებებისა და

მეთოდების ცოდნარომლებითაც დარწმუნება შეიძლება
არისტოტელე

რიტორიკის ტრენინგზე, როცა არგუმენტებზე ვსაუბრობდით, ერთმა მოსწავლემ ასეთი კითხვა დამისვა:

– აი, როცა მე პატარა ვარ და არ შემიძლია თავი დავიცვა, როცა მართალი ვარ, რადგან ვერ ვამტკიცებ ჩემს სიმართლეს, რა გავაკეთო მაშინ? თავს რომ ვერ ვიცავ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მშობელი ან მასწავლებელია ყოველთვის მართალი…?

მე ავუხსენი, რა არის არგუმენტი და როგორ უნდა დაარწმუნონ მშობლები ან მასწავლებლები იმაში, რასაც თავად სწორად თვლიან და რომ მეორე მხარის არგუმენტებსაც უნდა მოუსმინონ, შემდეგ კონტრარგუმენტები შეიმუშაონ და ასე შემდეგ; რომ თუ მყარი და დამაჯერებელი არგუმენტები ექნებათ, მაშინ ისინი მოიპოვებენ ნდობას მეგობრებთან, მასწავლებლებთანაც და მშობლებთანაც.

ამის საპასუხოდ კი მოსწავლე მეუბნება: – როგორ უნდა დავუმტკიცო ვინმეს რამე, როცა არ გისმენენ? როცა გეუბნებიან უფროსები: – ბევრს ნუ ტლიკინებ!  თუ არ ველაპარაკე, როგორ უნდა გავაგებინო, რომ სიმართლეა, რასაც ვამბობ…?

ამ აზრს მთელი ჯგუფი გამოეხმაურა და დაიწყეს ამბების მოყოლა, როდესაც ისინი მართლები იყვნენ და გააჩუმეს. ბავშვებმა ვერ დაასაბუთეს „თავიანთი სიმართლე“, რადგან უფროსებმა მოკლედ უპასუხეს: ენა გააჩუმე… ბევრს ნუ ლაპარაკობ, სიტყვას ნუ მიბრუნებ, ხმა ჩაიწყვიტე, ნუ ტლიკინებ, მაგის დრო არ არის ახლა….

ჰო, იქნებ ბავშვები მართლაც ცდებოდნენ, მაგრამ როდესაც მათ თავიდან იშორებენ სიტყვებით: ნუ ტლიკინებ! – ეს მათთვის არგუმენტი არ არის და უსამართლობის განცდა რჩებათ.

ამ ამბავმა ძალიან შემძრა და დამაფიქრა… მით უფრო, რომ ამ წერილის წერას დაემთხვა ერთი უბედური შემთხვევა ჩემს უბანში: 19 წლის ახალგაზრდა მაღალ სართულზე ავიდა შუაღამისას, გადმოხტა და თავი მოიკლა… მე კი ამ სურათს შევესწარი…

მეორე დღეს თქვეს, რომ მშობლებს  ვერ დაუმტკიცა, რომ მართალი იყო… ბანკიდან ფული გამოიტანა, რომელიც კი არ დახარჯა, არამედ წაართვეს და ასე შემდეგ… ალბათ სხვა ბევრი მიზეზიც იყო, მაგრამ მოსწავლეების შეკითხვა და ეს ავბედითი ფაქტი, დროსა და სივრცეში რომ დაემთხვა ერთმანეთს, ჩემთვის ძალიან სევდიანი და შემაშფოთებელი აღმოჩნდა.

დღეს ამ ბავშვებს გული სტკივათ, რომ არ უსმენენ; არც მშობლები და არც მასწავლებლები ვერასდროს დაუშვებენ იმას, რომ მათ გულგრილ პასუხებს შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს… რადგან მოზარდებში წვეთ-წვეთად გროვდება: უსამართლობა, ვერგაგება, არმოსმენა… არადა, მათ ძალიან ბევრი სათქმელი აქვთ და მე პირველად აღმოვჩნდი ამდენი ამბის წინაშე, როცა მოსწავლეებმა დაახვავეს არმოსმენის და ვერგაგების ფაქტები.

დაგროვილი ემოციები – ეს ის არის, რაც ერთხელაც თქვენს შვილს დაამძიმებს… ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა აქტივობით დაგროვილი ემოციის განმუხტვა, გარეთ გამოტანა, დისკუსიაში განეიტრალება… რიტორიკული სავარჯიშოები ამაშიც დაეხმარება მოსწავლეებს.

ამის შემდეგ ბავშვებს ერთი სახალისო სავარჯიშო მივეცი: უნდა დაეცვათ თავი – ტექსტზე დაყრდნობით, მოეფიქრებინათ შესაბამისი არგუმენტები, გადასულიყვნენ თავდასხმაზე, ეფიქრათ კონტრარგუმეტებზე და ასე შემდეგ…

როლები გავანაწილეთ და როცა „თამაში“ დაიწყო, თავიდან ცოტა გაუბედავად და შემდეგ უფრო მეტი სითამამით: სდებდნენ ერთმანეთს ბრალს, იცავდნენ თავს, მოჰქონდათ არგუმენტები და ასე შემდეგ… ცოტა ხანში კი მხარეები ისე გაუცნობიერებლად გადავიდნენ საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპულ სიტუაციებზე და ბრალდებებზე და, ამავე დროს, ისეთი იუმორით ახდენდნენ სტერეოტიპების დეკონსტრუქციას, რომ ყველას დაავიწყდა, რომ ეს რიტორიკის სავარჯიშო იყო, რადგან ნამდვილ ცოცხალ სპექტაკლს დაემსგავსა სიტუაცია… ბავშვებმა ამ როლური თამაშებით ყველა დამარხული და დაფარული ემოცია გამოხატეს, გაანეიტრალეს, იხალისეს და მიიღეს დიდი სიამოვნება. ტრენინგის დასასრულ გახდნენ უფრო ენერგიულები, ბედნიერები, თავისუფლები… და მეტ სიყვარულს გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ, რადგან შეძლეს სავარჯიშოთი მოცემული კონფლიქტის „დაძლევაც“. ტექსტი სახალისო გამოდგა, რადგან ის ზღაპრის ელემენტებით იყო გადმოცემული.

მასწავლებლებს გთავაზობთ ამ ტექსტს და შეგიძლიათ, რიტორიკული უნარების განვითარებასა და ემოციათა გამოხატვაში დაეხმაროთ მოსწავლეებს.

 

 

ერთი ლედის ისტორია

კუნძულზე, დიდებულ ციხე-კოშკში ცხოვრობდა ერთი ლედი. მისი მეუღლე ხშირად ტოვებდა კუნძულს და წასვლისას ყოველ ჯერზე უბარებდა თავის ცოლს: ციხე-კოშკში დამელოდე, არსად წახვიდე! იცოდე, თუ გავიგებ, რომ კუნძული დატოვე, მკაცრად დაგსჯი!“ ასე გადიოდა წლები.

ერთ დღეს, როდესაც ქმარი სახლში არ იყო, ლედის მობეზრდა ციხე-კოშკში ყოფნა, დაიქირავა ნავი და ქალაქში წავიდა თავის მეგობრებთან გასართობად. საღამოს კი უკან დასაბრუნებლად ისევ მენავეს მიაკითხა. მენავემ ლედის ორჯერ მეტი გასამრჯელო მოსთხოვა.

ლედის არ ჰქონდა ეს თანხა. იგი მეგობრებთან წავიდა ფულის სათხოვნელად, მეგობრებმა უარი უთხრეს: “ჩვენ შენთან მხოლოდ ვერთობოდით, ფულის გადახდას კი შენი პრობლემების მოსაგვარებლად არ ვაპირებთ“.

ლედი ისევ მენავესთან წავიდა და ხვეწნა დაუწყო: “ქმარი მკაცრად დამსჯის, თუ ახლავე არ დავბრუნდები სახლში.“ მაშინ შენ თვითონ გაცურე. კუნძული ახლოსაა, არ გაგიჭირდება“, უპასუხა მენავემ.

ლედიმ იცოდა, რომ წყალში საშინელი ურჩხული ცხოვრობდა, მაგრამ სასოწარკვეთილი იყო და წყალში გადაეშვა.

ურჩხულმა მალე იპოვა ლედი და გადაყლაპა.

 

მონაწილეები:

  1. ლედი; 2. ლედის ქმარი; 3. მენავე; 4. მეგობრები; 5 ურჩხული.

 

 ვინ არის დამნაშავე ლედის სიკვდილში?

ლედი:  რატომ არ თვლის ლედი თავს დამნაშავედ თავისსავე სიკვდილში?

ვის და რატომ ადანაშაულებს ლედი?

ლედი ადანაშაულებს თავის სიკვდილში:

ქმარს, მენავეს, მეგობრებს, ურჩხულს, რომლებიც წარმოადგენენ არგუმენტებს თავის დასაცავად.

 

დაბოლოს: იტა­ლი­ე­ლი პე­და­გო­გი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის, მა­რია მონ­ტე­სო­რის რჩევები მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის:

  • თუ ბავ­შვს ხში­რად აკ­რი­ტი­კებთ – ის მი­ეჩ­ვე­ვა სხვე­ბის გან­სჯას
  • თუ ბავ­შვს ხში­რად შე­ა­ქებთ – ის ის­წავ­ლის და­ფა­სე­ბას
  • თუ ბავ­შვთან ავ­ლენთ აგ­რე­სი­ას – ის ის­წავ­ლის ჩხუბს
  • თუ ბავ­შვთან გულ­წრფე­ლი ხართ – ის ის­წავ­ლის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას
  • თუ ბავ­შვს ხში­რად დას­ცი­ნი­ან – ის გა­იზ­რდე­ბა მორ­ცხვი
  • თუ ბავ­შვს ხში­რად შე­არ­ცხვენთ – ის ხში­რად ჩათ­ვლის თავს დამ­ნა­შა­ვედ
  • თუ ბავ­შვს შემ­წყნა­რებ­ლუ­რად ექ­ცე­ვით – ის ის­წავ­ლის მოთ­მი­ნე­ბას
  • თუ ბავ­შვს ხში­რად გა­ამ­ხნე­ვებთ – ის ის­წავ­ლის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას
  • თუ ბავ­შვი ცხოვ­რობს მე­გობ­რულ გა­რე­მო­ში და თავს სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს – ის იპო­ვის სიყ­ვა­რულს ამ სამ­ყა­რო­ში
  • არას­დროს თქვათ ცუდი ბავ­შვზე! – არც მას­თან, არც სხვას­თან
  • ყო­ველ­თვის მო­უს­მი­ნეთ და უპა­სუ­ხეთ ბავ­შვებს, როცა თქვენ მოგ­მარ­თავთ
  • პა­ტი­ვი ეცით ბავ­შვს, როცა შეც­დო­მას ჩა­ი­დენს და შეძ­ლებს მის გა­მოს­წო­რე­ბას
  • ბავ­შვთან მი­მარ­თვი­სას ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სოდ მო­ი­ქე­ცით – აჩ­ვე­ნეთ მას ყველა კარ­გი მხა­რე, რაც არის თქვენ­ში

წარმატებებს გისურვებთ!

ტექნოლოგიები და სწავლა კეთებით

0

საბუნებისმეტყველო საგნები მოსწავლეებს ეხმარება შეიმეცნონ სამყარო, გამოიმუშაონ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა მათ გარშემო არსებული მოვლენების მიმართ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლების მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.  „სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისათვის“ (ესგ, შესავალი, თავი II, მუხლი 8, 2011-2016).

თანამედროვე გაკვეთილი არ იქნება სრულყოფილი ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხება საბუნებისმეტყველო საგნებს. ისტ-ს გამოყენება ფიზიკის გაკვეთილზე ეხმარება:

  1. მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას – თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში დამოუკიდებელი, პროდუქტიული საქმიანობისათვის: ავითარებს აზროვნებას, ესთეტიკურ მხარეს, ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში, რთული სიტუაციიდან სწორის გამოსავლის შერჩევაში, ასევე უვითარდებათ ექპერიმენტულ-კვლევითი უნარ-ჩვევები;
  2. სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას-სწავლის ხარისხის ამაღლებას, აღრმავებს საგანთა შორის კავშირს, ხელს უწყობს იდეების რეალიზებას;
  3. ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

გარდა იმისა, რომ ისტ-ს საშუალებით უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება შეიძლება, ასევე შესაძლებელია სასწავლო შინაარსი ინტერაქტიური გავხადოთ. ამის შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი აღარ იქნება, არამედ ის თვითონ გაართმევს თავს სასწავლო შინაარსის მოდიფიცირებას და შექმნასაც კი. ეს ყოველივე სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ, ისინი ხალისით სწავლობენ, თუ აქვთ თვალსაჩინო მასალა, ატარებენ ექსპერიმენტებს.

პროგრამა Algodoo უზრუნველყოფს ფიზიკურ მოვლენათა სახალისო, ინტერაქტიურ, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას. ის ახდენს რეალური მოვლენების იმიტაციას, ხელს უწყობს მოსწავლეს, შეისწავლოს მოვლენა რეალურ გარემოში დაკვირვების გარეშე.

Algodoo უფასო შემეცნებითი პროგრამაა ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, თუ ერთხელ მაინც გექნებათ შეხება მასთან, დიდებიც ვერ მოსწყდებით მას, ისე დაგაინტერესებთ. ამ პროგრამაში შეგიძლიათ დახატოთ ყველანაირი მექანიზმი და სისტემა, შემდეგ კი მოახდინოთ მათი მოდელირება, მოიყვანოთ მოძრაობაში, ყველაფერი ფიზიკის  კანონებს დაემორჩილება. პროგრამა ორგანზომილებიანია, სწრაფია და მისი ინტერფეისი Paint -ის მაგვარია, მასში განთავსებული ინსტრუმენტები იძლევა ხატვის საშუალებას, ფიგურების გადაადგილება შესაძლებელია ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

კომპიუტერული მოდელირება მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსრტუმენტია. კომპიუტერული მოდელების გამოყენებით სწავლებისას საჭიროა მოვლენების ან პროცესების ანალიზი. ასეთი ანალიზი შეიძლება ჩაატაროს მოსწავლემ ვირტუალურ გარემოში მოდელების შექმნისას.

ხელსაწყოების ნაკრები:

 

მინდა შემოგთავაზოთ, ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ პროგრამა Algodoo – ში.

ესგ ბუნ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ატარებს ცდებს სხვადასხვა სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მასზე მოქმედ ძალებს (სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის, ამომგდებ ძალებს);
  • ცდების საშუალებით აკვირდება სხეულთა ტივტივს, ცურვას, ჩაძირვას. შედეგებს აანალიზებს და რაოდენობრივად აყალიბებს არქიმედეს კანონს;

აღწერილობა: მოსწავლეებმა უნდა შექმნან სხვადასხვა ფორმის და ერთნაირი მასალის საგნები, ასევე შესაძლებელია, იყოს ერთი და იგივე ფორმის, მაგრამ განსხვავებული მასალის. როგორ შეუძლია იტივტივოს ფოლადის საგანს  წყალზე. მოსწავლეს შეუძლია საგნების სიმკვრივის ცვლილება. ასევე შეუძლია, გაიგოს, რა შემთხვევაში იძირება სხეული და რა შემთხვევაში ტივტივებს. ე.ი. შეუძლია სხეულის ცურვის პირობების გამოკვლევა.

მიზანი და შედეგი: იწინასწარმეტყველოს და ექსპერიმენტით დააკვირდეს სხვადასხვა სიმკვრივის სხეულების ცურვის პირობებს. ასევე შეისწავლოს, როგორ გავლენას ახდენს სხეულის სიმკვრივე სხეულის მდგომარეობაზე სითხეში.

ექსპერიმენტის ჩატარებამდე კლასში უნდა გაიმართოს დისკუსია თემაზე: რომელი საგნები იტივტივებს და რომელი ჩაიძირება, რატომ ტივტივებს საგანი, რატომ ტივტივებს ფოლადისგან დამზადებული ნავი, რატომ ტივტივებს აისბერგი. დაფაზე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები. მოსწავლეებმა ყველაფერი თვითონ უნდა შექმნან. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მათ.

  1. შექმენით სცენა: შექმენით 2 მეტრი სიგანის და სიმაღლის კონტეინერი, ფუნჯის საშუალებით დახატეთ დიდი სხეული კონტეინერის შიგნით და გადააქციეთ წყლად. გაუშვით სიმულაცია, რომ კონტეინერი გაივსოს წლით. შექმენით თანაბარი ზომის და სხვადასხვა მასალის სხეულები.
  2. იწინასწარმეტყველეთ: რომელი ჩაიძირება და რომელი იტივტივებს.
  3. გაუშვით სიმულაცია: დააკვირდით განვითარებულ პროცესებს. განსაზღვრეთ, რა იყო ამის მიზეზი?
  4. შეფასება: რა განსხვავებაა სხეულებს შორის? რატომ ტივტივებს ნაწილი და რატომ იძირება დანარჩენი? რა ემართება წყალს კონტეინერში?
  5. შემდეგი სცენა: შექმენით აისბერგი. კონტეინერიდან ამოიღეთ ყველა სხეული და მასში მოათავსეთ მხოლოდ აისბერგი.
  6. იწინასწარმეტყველეთ: რა მდგომარეობაში აღმოჩნდება აისბერგი? რა მოხდება, როდესაც აისბერგი დადნება ან დაიყოფა ნაწილებად. ამისათვის გამოიყენეთ ინსტრუმენტი „დანა“.
  7. გაუშვით სიმულაცია: დაანაწევრეთ აისბერგი დანით და დააკვირდით.
  8. შეფასება: როგორ იტივტივა აისბერგმა? რა მოხდა, როდესაც მისი ფორმა და ზომა შევცვალეთ? როგორ შეიცვალა წყლის დონე აისბერგის დადნობისას?

 

 

პროგრამის საინსტალაციო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საიტიდან algodoo.com.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ტრენინგმოდულის „ინფორმაციულ – საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები ფიზიკის სასკოლო ექსპერიმენტებში“ მასალები.  ავტორი: ნუგზარ მოსულიშვილი.
  2. მასწავლებლის წიგნი, გამჭოლი კომპეტენციები

 

კლასის მართვის სტრატეგიები

0

კლასის მართვა და ეფექტური გაკვეთილის ჩატარება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან. კლასის მართვის ერთ-ერთი ფაქტორია სწავლების შინაარსობრივი მხარე, მაგალითად, უნარ-ჩვევების (სასაუბრო, წერითი, კომპიუტერული და ა.შ.) განვითარებაზე ორიენტირებული კლასი თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ მიდგომასა და მუშაობას მოითხოვს. კლასის მართვაზე გავლენას ახდენს საკლასო სივრცის ფაქტორი, აგრეთვე მოსწავლეთა კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება ან განსხვავებები მოსწავლეთა სწავლის სტილსა და ცოდნის დონეში.

განურჩევლად იმისა, რომელი ზემოთ აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს კლასის მართვას, შეიძლება მასწავლებელი კლასთან მუშაობისას შემდეგ სირთულეებს წააწყდეს:

  1. შეფასებასთან დაკავშირებული სირთულეები, განსაკუთრებით წერითი სამუშაოების, ტესტებისა და დავალებების შემოწმება.
  2. დისციპლინასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა კლასში საუბარი, დაცინვა, ხმაური, გადაწერა.
  3. დროის მართვა და განაწილება.
  4. სივრცის მართვა და განაწილება.
  5. მრავალფეროვნება მოსწავლეთა ცოდნის ხარისხში, სწავლის სტილსა და კულტურულ თავისებურებებში.

საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები აწყდებიან სირთულეებს, უჭირთ გაარკვიონ, რა ინფორმაციაა მნიშვნელოვანი, უჭირთ შეკითხვების დასმა, რეალური ცოდნის გამომჟღავნება, დროის სწორად განაწილება- გამოყენება.

აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საგაკვეთილო პროცესის დროს ხუთი ასპექტის გათვალიწინებით ვურჩევ მოსწავლეებს სამოქმედო სტრატეგიის დასახვას:

  • ვთავაზობ ისეთ საგაკვეთილო სტრუქტურას, სადაც მონიტორინგის გარეშე მოსწავლეებთან ერთად ვახერხებ მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკულ გამოყენებას (მაგ: გაკვეთილი პროექტი). სტრუქტურულად აწყობილი გაკვეთილისათვის აუცილებელია მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნები. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ არა მხოლოდ ის, რას ისწავლიან, არამედ ისიც, რატომ ისწავლიან და რაში შეიძლება გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ამისათვის გაკვეთილს ვყოფ 10-15 წუთიან ეტაპებად. თითოეულ ეტაპს ერთ საკითხს და შესაბამისი მაგალითების წარმოდგენას ვუთმობ.

გაკვეთილის ბოლოს ვთავაზობ მოკლე მიმოხილვას და აზრის შეჯამებას. ვიტოვებ რამდენიმე წუთს შეკითხვებისათვის, რაც შეეხება მოსამზადებელ დავალებებს. მოსწავლეები აწარმოებენ დღიურებს, ამზადებენ ანგარიშს. სტრუქტურული წესრიგის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური მეთოდი მოსწავლეთა განლაგების სქემის გამოყენებაა.  ვიყენებ მატრიცის მოდელს და ჯგუფური საქაღალდეები განთავსებული მაქვს კლასის კუთხეში, რომელშიც მოსწავლეთა შესაბამისი მასალები მიწყვია.

  • მოსწავლეებს ვთავაზობ ისეთ საგაკვეთილო პროცედურებს, რომელიც მათ დამოუკიდებლად მუშაობის მეტ შესაძლებლობას აძლევს (მაგ: ჯგუფური მუშაობის დროს გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ესკიზის შექმნა).

კლასში არსებობს წესები და უფლებები, რომელიც ვრცელდება როგორც მოსწავლეებზე, ისე მასწავლებლებზე. წესების შერჩევაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. წესები  რეალისტური და შესრულებადია. წესებმა პრობლემები არ უნდა გააღრმაოს.

რუტინული პროცედურები მეხმარება კლასის მართვასა და დროის მაქსიმალურად გამოყენებაში. გაკვეთილს ყოველთვის ერთსა და იმავე პროცესში ვიწყებ და ვამთავრებ. ვიყენებ არავერბალურ მინიშნებებს კონკრეტული მნიშვნელობით. ჟესტებით გადავცემ ამა თუ იმ ინსტრუქციას, მაგ: თუ თითს ყურთან მივიტან, ამით ვთხოვ,  გაიმეოროს ნათქვამი. ტაშს თუ შემოვკრავ, ყურედღების მიპყრობა მსურს.

  • მოსწავლეებს ვუქმნი კომფორტულ გარემოს და ვრთავ მათ კლასის მართვის საკითხებში. ვცდილობ ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რათა მოსწავლეებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. ყველა მოსწავლეს აქვს მასწავლებელთან პირადი კონტაქტის შესაძლებლობა. კლასში დგას შეკითხვების ყუთი, სადაც მოსწავლეები ანონიმურად ათავსებენ შეკითხვებს და მომდევნო გაკვეთილზე ჩემგან იღებენ პასუხებს. მეტ დროს ვუთმობ გაკვეთილებს შორის მოსწავლეებთან ურთიერთობას.

ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აქტიურად ვიყენებ ტექნოლოგიურ საშუალებებს: (პრეზენტაციები, თვალსაჩინოებები, საგანმანათლებლო თამაშები, ინტერნეტის საძიებო სისტემები). კლასს ვყოფ სექტორებად და ვუნიშნავ კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელია ჩემ მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებაში, მაგ: ნაწერების შეგროვება, მასალების დარიგება, დასწრების ჩაწერა და ა.შ. კოორდინატორის როლი ნეიტრალურ ფუნქციებს მოიცავს და არ ეძლევა მოსწავლეთა შეფასებისკენ მიმართული დავალებები.  ვიყენებ როტაციის პრინციპს და ყოველ თვე ახალ კოორდინატორს ვირჩევ.

  • ვახდენ სასწავლო რესურსებისა და ტექნიკების დიფერენცირებას სხვადასხვა შესაძლებლობებისა და სწავლის სტილის მოსწავლეების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად შესაბამისი მზაობის მიხედვით.

დიფერენცირება კლასის მართვის აუცილებელი მოთხოვნაა. ვცდილობ, შინაარსობრივი მასალა ყველასთვის იდენტური იყოს. დიფერენცირების ეფექტური საშუალებაა ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები. ინსტრუქციებს ვაძლევ წერილობით და დავალებასთან ერთად გადავცემ. ვხელმძღვანელობ მულტისენსორული სწავლების პრინციპით.

  • მოსწავლეთა შეთანხმების საფუძველზე განვსაზღვრავ შეფასების რეალისტურ პროცედურებს (შეფასება-კომენტარებით, სიმბლოებით, ბილეთებით). შეფასების ეფექტური სტრატეგიის გეგმის შედგენა ურთულესი ამოცანაა. მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო ავტომატიზებული შეფასების ფორმები. თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მეთოდები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარზანო, კლასის მართვა
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი ნაწილი

მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის

0

სტატიაში მიმოვიხილავთ სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიის საინტერესო ხედვას, როგორ მოქმედებს ბავშვის ტვინის განვითარებაზე ყოველდღიური სტრესები. სტატიის მიზანია, მასწავლებლებს წარვუდგინოთ მნიშვნელოვანი ლიტერატურა, რომელიც დაეხმარება მას მოსწავლის პრობლემების ამოცნობასა და მშობლებთან ურთიერთობაში. ამით მისი პროფესიული განვითარების კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება. მასალაში სკოლის ადმინისტრაციისათვისაც, ვფიქრობთ, ყურადსაღები შეხედულებებია, რომლებიც, სკოლის მართვის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას შეუწყობს ხელს მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. წარმოგიდგენთ მარგო სანდერლენდის წიგნის: ,,რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა“,  ერთ, ჩვენი დაკვირვებით, მნიშვნელოვან ნაწილს.

ავტორი წინასიტყვაობაშივე საუბრობს იმ შოკისმომგვრელ ემოციაზე, რომელიც მას გაუჩნდა, როცა პირველად გაიაზრა, თუ როგორ მოქმედებს ბავშვის ტვინის განვითარებაზე მშობლისა და შვილის ყოველდღიური ურთიერთობა; გააკვირვა და გააოგნა მასშტაბებმა, თუმცა აღზრდის შესახებ არსებული მრავალი სამეცნიერო კვლევა ვერც მშობლამდე აღწევს და ვერც საზოგადოებამდე. ამიტომაც გაუჩნდა სურვილი, დაეწერა წიგნი, რომელიც მშობლებს მორიგ სუბიექტურ მოსაზრებებს კი არ გააცნობდა, არამედ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ცოდნის გააზრებისა და ინდივიდუალური არჩევანის საშუალებას მისცემდა. შრომას  საფუძვლად დაედო ამერიკაში პროფესორ პანკზეპის მიერ ჩატარებული რევოლუციური კვლევა (როგორც მას უწოდებენ), რომელიც 30 წელზე მეტია, ტვინის ემოციურ მხარეს შეისწავლის. ჩანს, ეს აღმოჩენები მხოლოდ ნეირომეცნიერებისთვის არაა მნიშვნელოვანი, აღმოჩენები მთელს კაცობრიობაზე ახდენს გავლენას.

სახელმძღვანელო გვიამბობს, თუ როგორ ვითარდება ჯანსაღი გონება, როცა ტვინი დადებითი ემოციებით იკვებება. ბავშვზე ზრუნვის (დაბადებამდეც) ეფექტურმა და კოგნიტურმა თავისებურებებმა შესაძლოა, ფსიქიკურ ჯანმრთელობას სამუდამო კვალი დაამჩნიოს. ბავშვები, რომელთა ემოციებს ზრუნვითა და პატივისცემით ეპყრობიან, უფრო ბედნიერად იცხოვრებენ, ვიდრე ისინი, რომელთა ადრეულ მისწარფებებს არ აღიარებენ და მათ მიმართ შემწყნარებლობას არ იჩენენ. ტკივილის განცდა ან სიყვარულით სავსე მზრუნველობა, შესაბამისად, ხანგრძლივ დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის ტვინის ემოციურ განვითარებასა და კოგნიტურ უნარებზე.

წიგნი ლაბორატორიების, სამედიცინო დეპარტამენტების და მსოფლიოს უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულ 2000-მდე კვლევას ეყრდნობა. მიუხედავად ამისა პოპულარული ენითაა გადმოცემული მათავარი პოსტულატები.

ბავშვის ტვინი თქვენს ხელთაა. როგორია ტვინის ევოლუცია; რა ხდება ტვინში; როგორია ტვინის უჯედების ფუნქციური გადანაწილება. ,,ადრე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ტვინის ღეროს უკან მოთავსებული ნათხემი მხოლოდ მოტორულ კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე სხეულის წონასწორობას უზრუნველყოფდა. ახლა ცნობილია, რომ ტვინის ეს ნაწილი ემოციურ ინტელექტს უკავშირდება“ (სანდერლენდი; გვ.19). როგორ აღიზრდება ტვინი, როგორი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღზრდის სტილს ემოციური ინტელექტის განვითარებაში, რომ მშობლისა და ბავშვის კაავშირი მნიშვნელოვანია, რათა უმაღლესი ადამიანური ფუნქციები ჩამოყალიბდეს. ,,სათანადო აღზრდა ბავშვის ზედა ტვინის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. შუბლის წილებს ხშირად სოციალურ ორგანოებად მოიხსენიებენ, რადგან მათი ოპტიმალური განვითარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სოციალური ურთიერთობების შედეგად მიღებულ დადებით გამოცდილებაზე. სათანადო აღზრდის შემთხვევაში შუბლის წილის უმთავრესი ფუნქციები ამოქმედდება და თქვენი ბავშვის სოციალური და ემოციური ინტელექტი ვითარდება. ამასთან ერთად ვითარდება დასწავლის კონცენტრაციის, რეაგირების, დაგეგმვის, შეტევისა თუ გაქცევის რეფლექსების კონტროლის, თანაგრძნობის, სტრესულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნებისა და ამოცანების გადაჭრის უნარები“ (სანდერლენდი; გვ.22). აღზრდას პირდაპირი გავლენა  აქვს ტვინის ქიმიურ სისტემებზე. მეცნიერი პანკზეპი (მედიკოსი, რომლის დასკვნებსაც წარმოდგენილი სახელმძღვანელო ეყრდნობა) გამოყოფს ლიმბურ სისტემაში შვიდ გენეტიკურად ჩაბეჭდილ ემოციურ სისტემას, ესენია: რისხვა, შიში, პანიკა/მწუხარება; მზრუნველობა/მიჯაჭვულობა, ძიება, თამაში, ლტოლვა. წიგნში განხილულია პირველი ექვსი, რომელთაგან პირველი სამი სტრესის ჰორმონების დიდი რაოდენობით გამოყოფას უზრუნველყოფს, ხოლო მომდევნო სამი სიმშვიდესა და კეთილდღეობას უკავშირდება.

წიგნში ასევე განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: პოზიტიური გარემო, ძილი, სიყვარულის ქიმია და სხვა. ისინი ცალკე ყურადღების მიქცევას საჭიროებენ.

მაშასადამე, სანდერლენდის დაკვირვებები შესაძლოა მასწავლებლებმაც და მშობლებმაც აქტიურად მიმართონ ისეთი ჰარმონიული პიროვნების აღზრდის საქმეში, როგორსაც განათლების ზოგადი მიზნები ითხოვს.

ლიტერატურა:

  1. ,,რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა“ – მარგო სანდერლენდი. სულაკაური;2017
  2. ესგ საგნობრივი პროგრამა

მოსმენითი დავალებების შესრულების სირთულეთა დაძლევის სტრატეგიები

0

ადამიანი უცხო ენას იმისთვის სწავლობს, რომ შეძლოს კომუნიკაციის დამყარება, რაც გულისხმობს, რომ მას, პირველ რიგში, კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული მოსმენისა და საუბრის უნარები. რეალობას თუ დავაკვირდებით, ამ უნარების განვითარება ყველაზე მეტად უჭირთ მოსწავლეებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოცემული სტატია სწორედ ამ საკითხისთვის მიგვეძღვნა, კერძოდ, მოსმენითი დავალებების სირთულის დაძლევის გზებსა და ამ პროცესში მასწავლებლის როლზე გავამახვილებთ ყურადღებას.

უცხო ენის შესწავლის პროცესში მოსმენის უნარის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსმენა არის საბაზისო ეტაპი როგორც მშობლიური, ისე უცხო ენის ათვისების დროს. ის საფუძველია ყველა დანარჩენი უნარ-ჩვევისა, რომელთა საშუალებითაც ენის შემსწავლელი თავდაპირველ კონტაქტს ამყარებს სამიზნე ენასა და მის კულტურასთან. მოსმენის უნარის განვითარება (საუბრის უნართან ერთად) უმნიშვნელოვანესია ენობრივ კომპეტენციებს შორის, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის მოსწავლეს ეხმარება, თავი გაართვას რეალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უცხო ენაზე მოსმენა ხელმისაწვდომია მრავალი ფორმით. ენის შემსწავლელებს შეუძლიათ უსმინონ საყვარელ მომღერლებს, უყურონ ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს სამიზნე ენაზე ნებისმიერ დროსა და ადგილას, დაუმეგობრდნენ უცხოელებს და სხვა. ეს ფაქტორები უდავოდ უწყობს ხელს მოსმენის უნარის განვითარებას, თუმცა ენის შემსწავლელებს მაინც ურთულდებათ ისეთი ძირითადი მოსმენითი დავალებების შესრულება, როგორიცაა:

  • მოსმენა კონკრეტული დეტალების გაგებისათვის (Listening for specific details);
  • მოსმენა მთავარი აზრის გაგებისათვის (Listening for main idea);
  • მოსმენა მოვლენათა სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრისათვის (Identifying correct order of events);
  • მოსმენა ლექსიკური ერთეულების დასადგენად(Listening for specific vocabulary).

 

მოსმენითი დავალებების სირთულე, მკვლევართა აზრით, მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. ემერთი (1994) აღნიშნავს, რომ მოსმენა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მოსაუბრის ნათქვამი სიტყვების გაგება. მოსმენა არის აქტიური პროცესი, რომლის საშუალებითაც ენის შემსწავლელები ნათქვამის არსს უნდა ჩასწვდნენ და რეაგირება მოახდინონ ვერბალურ თუ არავერბალურ შეტყობინებებზე.

კრავეიშვილს (1979) მიაჩნია, რომ „უცხოური მეტყველების მოსმენა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე იმავე სიძნელის მასალის კითხვა. უცხოური მეტყველების სმენითი აღქმის პროცესში მრავალმა ფაქტორმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი იმის გაგებაში, რაც შესაძლოა იყოს მეტყველების შინაარსი, მოლაპარაკის მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი და ა.შ.“ (გვ.129)

ჰოათის და დაკინის (1974) აზრით, მოსმენის დავალებების სირთულეს ის განაპირობებს, რომ მსმენელს უწევს სხვადასხვა ინტონაციური მოდელის, მახვილის აღქმა. ეს გულისხმობს, რომ მან უნდა გაიგოს მოსაუბრის აქცენტი ან გამოთქმა, მისი ნათქვამის გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებები და, იმავდროულად, ჩასწვდეს ნათქვამის აზრს.

ვოლტერის მიხედვით (2002), კარგი მოსმენა დაფუძნებულია სამ ძირითად უნარზე: დამოკიდებულებაზე, ყურადღებასა და რეგულირებაზე. მოსმენითი დავალებების შესრულება სამივე ამ უნარის გაერთიანებას ანუ სამმაგ მოსმენას მოითხოვს. მოსმენა მხოლოდ ყურით კი არა, ტვინითაც უნდა ხდებოდეს.

სწორედ ამ სირთულეების გამო ბევრ მოსწავლეს უჭირს უცხო ენაზე მოსმენილის გაგება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ საკმაოდ კარგი ლექსიკური მარაგი, ფლობენ ამ უცხო ენის გრამატიკას, ათვისებული აქვთ ენისთვის დამახასიათებელი მოდელები.

იმისთვის, რომ მოსწავლეებს ამ უნარის განვითარებაში დაეხმაროს, საჭიროა, მასწავლებელმა კარგად იცოდეს ზემოთ მოყვანილი და კიდევ სხვა სირთულეების შესახებ, რომლებიც მოსმენითი დავალებების შესრულებას ახლავს თან. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს, რომ მოსმენის უნარის სწავლებისას საჭიროა იმის გააზრება, რომ არ არსებობს მოსმენის დავალების ერთი უნივერსალური ტიპი; გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მისაღწევი მიზანი, ენის შემსწავლელთა ასაკი, ინტერესები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თუმცა, მოსმენის ნებისმიერი სახის დავალება სასურველია დაიყოს სამ ეტაპად:

  1. მოსმენის წინა ეტაპი (pre-listening);
  2. საკუთრივ მოსმენის ეტაპი (while-listening);
  3. მოსმენის შემდგომი ეტაპი (post-listening).

მოსმენის წინა ეტაპი (pre-listening) ძალიან მნიშვნელოვანია. მ. ხომერიკის აზრით (1999) „აუცილებელია, დავალებები მოსწავლეებს მასალის მოსმენამდე მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი უმიზნოდ უსმენენ რაღაცას… მასალის მოსმენამდე საჭიროა, მოსწავლეები მოვამზადოთ მოსასმენად, ვუთხრათ ორიოდე სიტყვა თავად მოსასმენი მასალის თაობაზე, დავაინტერესოთ ისინი, შეიძლება კიდეც ვიმსჯელოთ, ვასწავლოთ ან გავამეორებინოთ ის ლექსიკა თუ სტრუქტურები, რაზეც მოსასმენი მასალა შეიძლება იყოს აგებული“.

რიისი (Rees, 2002) თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ არსებობს მოსმენის წინა ეტაპის დავალებების რამდენიმე განსხვავებული ტიპი, რომოლებსაც სხვადასხვა მიზანი აქვს. ეს დავალებები ენის შემსწავლელებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად გაართვან თავი მოსმენის მეორე და მესამე ეტაპებს. ასევე ხელს უწყობენ მათში ინტერესის გაღვივებას, რწენას და თავდაჯერებას მატებენ მათ.

საკუთრივ მოსმენის ეტაპზე (while-listening) შესასრულებელი უამრავი ტიპის დავალება არსებობს. კითხვებზე მოკლე პასუხის გაცემა (Short question/answers), არჩევითი შეკითხვა (multiple choice questions), წინადადებებში გამოტოვებული ადგილების შევსება (cloze passage completion); ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებები (true and false statements), წინადადებების დაკავშირება (sentence matching) და სხვა(Tsitsishvili, R. Et al.,2008).

მოსმენის შემდგომი ეტაპის (post-listening) აქტივობები, როგორიცაა მოსმენილი ინფორმაციის შესახებ აზრის გამოთქმა (using information from the listening text for problem solving and decision making activities), დიაგრამების შევსება (Form / chart completion), მოსმენილი ტექსტებიდან ახალი სიტყვების და გამოთქმების ამოწერა (making lists of new vocabulary), მოსმენილი ინფორმაციის შეჯამება (Summarizing) და ა.შ., მკვლევართა აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ტიპის აქტივობები მოსწავლეებს სჭირდებათ, რათა გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, აითვისონ სხვადასხვა ენობრივი კონსტრუქცია, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების ჩვევები. ჰუკისა და ევანსის აზრით (1982), მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა განიხილონ, რაც მოისმინეს, გაავლონ პარალელები მოსაუბრის ნათქვამსა და რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს შორის.

ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსმენის სამივე ეტაპი შესაფერისად დაგეგმოს მასწავლებელმა და არცერთი არ დატოვოს უყურადღებოდ, განსაკუთრებით კი – მოსმენის შემდგომი ეტაპი, რადგან მნიშვნელოვანია კონტექსტზე ყურადღების გამახვილება, მოსმენილი ტექსტებიდან ახალი ენობრივი კონსტრუქციების და ელემენტების განხილვა და არა მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც მოსწავლეებს ეხმარება აზროვნების უნარის განვითარებაში და ხშირად ისინი კულტურულ ინფორმაციასაც ითვისებენ, რაც მათ ინტერესს უღვივებს ამ კულტურის მატარებელი ხალხის მიმართ, შესაბამისად, უმაღლებს ენის შესწავლის მოტივაციას. ,,…დადგინდა, რომ ზოგადი ინტერესი შესასწავლი ენის მატარებელი ხალხის ცხოვრების წესისა და კულტურისადმი (ე.წ. ინტეგრალური მოტივი) უფრო მეტად განსაზღვრავს წარმატებას, ვიდრე პრაქტიკული ინტერესი (ე.წ. ინსტრუმენტული მოტივი)“ (მ.ჯაფარიძე, 2005, გვ.141).

მოსმენის უნარის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც სტუდენტებს უწევთ უცხო ენაზე მოსმენის დროს, მღელვარებაა. მოსწავლეთა შფოთვის მოხსნის პროცესში უცხო ენის მასწავლებელს დიდი როლი აკისრია. პირველ რიგში, მან ფსიქოლოგიურად უნდა შეამზადოს და გაამხნეოს მოსწავლეები. ვენდენი (1998) აღნიშნავს, რომ შუა მოსმენის პროცესში მოსწავლემ შეიძლება უცებ გადაწყვიტოს, რომ არ ესმის მოსაუბრის ნათქვამი. ამ ეტაპზე ბევრი მოსწავლე ან უბრალოდ თიშავს გონებას, ან შინაგანი დიალოგი აქვს საკუთარ თავთან, რომ ვერ გაიგო რომელიმე ერთი სიტყვა და ნებდება (გვ.175). ამიტომაც მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს მოსწავლის შფოთვის დონე და არ დაუშვას, რომ ის იმ ზღვარს გადასცდეს, რომლის ქვემოთაც შფოთვა კონცენტრაციას კი არ უწყობს ხელს, არამედ, პირიქით, დაბრკოლებას ქმნის. მან უნდა გაამხნეოს მოსწავლეები, რომ თუ ყველა სიტყვა ვერ გაიგეს, ეს ბუნებრივია; მთავარია, ძირითადი აზრი გამოიტანონ, რაც საჭიროა კითხვებზე პასუხის გასაცემად.

გარდა ფსიქოლოგიური მხარში დგომისა, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად შეარჩიოს მოსასმენი ტექსტები. მაია ტაკიძე (2018) თავის დისერტაციაში აღნიშნავს, რომ „სწორად შერჩეული ტექსტი პირდაპირ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესის საინტერესოდ და ეფექტურად წარმართვასთან. ტექსტის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ისეთ ტექსტებს, რომლებიც შემსწავლელთა ინტერესებზეა გათვლილი და ზეპირი ენის სტრუქტურას და მის სპეციფიკურობას ითვალისწინებს (მაგ., ელიფსები, პაუზები გაბმული მეტყველებისას, გამეორებები, საუბრის შეწყვეტა და სხვა). რა თქმა უნდა ახალი ტექსტი უნდა შეირჩეს შემსწავლელთა ენის ცოდნის შესაბამისად, დაბალ საფეხურზე დასაშვებია მარტივი, ადაპტირებული და არა ავთენტური მოსასმენი ტექსტებით მუშაობა, ხოლო უფრო მაღალ საფეხურზე საჭიროა მხოლოდ ავთენტური მასალით მუშაობა“. ნამდვილად კარგი იქნება, თუ მასწავლებელი კლასში შეიტანს „რეალურ ცხოვრებას”, ე.ი. ისეთ მასალას, რაც მოსწავლეებს მულტიკულტურულ განათლებას მისცემს. ამით მათ გამოუმუშავდებათ უნარი, მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკლასო ოთახის გარეთ, რეალობაში, რაც ყველაზე მთავარია ენის შესწავლისას.

ამრიგად, მოსმენის უნარის განვითარება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ეკუთვნის. სწავლებას, როგორც ამბობენ, ორგვარი სტატუსი აქვს – ხელოვნებისა და მეცნიერების. მასწავლებელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. იგი უნდა გრძნობდეს კლასის ატმოსფეროს, უნდა შექმნას მშვიდი და საინტერესო სამუშაო გარემო, რაც წარმოშობს ცნობისმოყვარეობას და ცოდნისმოყვარეობას და რაც მოსწავლეებს დაეხმარება მოსმენითი დავალებების სირთულეთა დაძლევაში.

მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მოსწავლეთა მოტივაცია, ინტერესი, მათი სწავლის სტილი და ასაკი. იგი, ასევე, კარგად უნდა იცნობდეს სათანადო მეთოდურ ლიტერატურას, რათა ზუსტად მისცეს მითითებები და შესაბამისი აქტივობები გამოიყენოს მოსმენის დავალების შესრულების სამივე ეტაპზე. მასწავლებელი ასევე უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაში, რათა მათ არ ინერვიულონ, მოახდინონ კონცენტრირება და ისე შეასრულონ მოსმენის დავალებები. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აღუძრას სურვილი და ინტერესი, დამოუკიდებლად, საკლასო ოთახის გარეთაც უსმინონ მასალას უცხო ენაზე, დაეხმაროს მათთვის საინტერესო ფილმის, მულტფილმის, მოთხრობის, სიმღერისა და დიალოგის შერჩევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კრავეიშვილი მ. (1979). ინგლისური ენის სწავლებისა მეთოდიკა. თბილისი გამომცემლობა “განათლება”
  2. ტაკიძე მ.(2018). ფონეტიკის და აუდირების სწავლების ეფექტიანობის ამაღლება საუნივერსიტეტო საფეხურზე (სადოქტორო დისერტაცია)მოძიებულია 16.04.2019 https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_10046_1.pdf
  3. ხომერიკი მ.(1998). როგორ ვასწავლოთ ინგლისური .თბილისი,გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“
  4. ჯაფარიძე მ. (2005) (რედ.). განათლების ფსიქოლოგია თბილისი. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა
  5. Emmert, P. (1994). A definition of listening, The Listening Post, 51 (6)
  6. Hook J. N. & Evans W. H. 1982. The teaching of high school English, Fifth ed. New York, NY: John Wiley and Sons, Inc.
  7. Howatt A. and J. Dakin (1974). Language laboratory materials, ed. J. P. B. Allen, S. P. B.
  8. Reese G. (2000). “Pre-listening activities”. მოძიებულია 17.04.2019 www.teachingenglish.org.uk
  9. Tsitsishvili R.,Nizharadze N., Darchia M., Tevzaia E., & Tkavashvili E. (2008). Becoming an English Teacher: Theory and Practice of Teaching English in Georgia (A Pre-Service Teacher Training Course) Tbilisi : British Council of Georgia
  10. Walter P.(2002) How to Study in College .Special edition foe Mesa State college. BostonNew York.
  11. Wenden A.(1998). What do second language learners know about their language learning? London

 პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

0

მასწავლებლის მთავარი საზრუნავია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ, საგნობრივ ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად, მოსწავლეებს განუვითაროს პრობლემების გადაჭრის უნარი. იგი მოსწავლეებს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნების მოგვარებაში გამოადგებათ, არამედ ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოშიც. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატებების მიღწევაში.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის მიდგომას ახასიათებს სამი ძირითადი ასპექტი:

  • სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;
  • მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში;
  • მასწავლებელი არისფასილიტატორისროლში, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და ხდება აქტიური შემმეცნებელი.

ხშირად მასწავლებელი პრობლემის გადაჭრის მზა რეცეპტს იძლევა და მოსწავლეს მხოლოდ მისი დამახსოვრება ევალება. როგორც წესი, ამ დროს არც დამახსოვრების ხარისხია მაღალი და არც ახალ სიტუაციაში ნასწავლის გამოყენების უნარი. ამიტომ გადავწყვიტე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გამომეყენებინა ჩემს პრაქტიკაში, კერძოდ, მე–8 კლასში მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვისა “ და გ. ლეონიძის „მარიტას“ შესწავლის მაგალითზე. აღნიშნულ ნაწარმოებებში ასახულია ბრბოს ფსიქოლოგია, რომელმაც მომცა საშუალება დამეკავშირებინა იგი ძალადობის სხვა ფორმასთან, კერძოდ, ბულინგთან.

რატომ ბულინგი? ეს პრობლემა ხშირია, როგორც სასკოლო გარემოში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, კერძოდ, კონკრეტული პირის სისტემატური დამცირება, დაცინვა, აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა, მასზე უარყოფითი ჭორების გავრცელება, იზოლაცია, გარიყვა და დაშინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.  სამწუხაროდ, ბულინგის მსხვერპლი ყოველთვის არ იწვევს საზოგადოებაში თანაგრძნობას. ბავშვის სისუსტე და მისი ჩაგვრა ზოგიერთ შემთხვევაში გარშემომყოფთა ზიზღსა და მისი გარიყვის სურვილს იწვევს. მოზარდთა გარემოში შეიძლება ჩამოყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება სასკოლო ძალადობის მსხვერპლის მიმართ იმ პრინციპით, რომ „ყველაფერში თავადაა დამნაშავე, რადგან წინააღმდეგობას ვერავის უწევს“. თავად ჩაგრული კი ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან გრძნობს აბსოლუტურ უიმედობას, სიტუაციიდან გამოუვალობასა და სრულ უმწეობას. იგი განიცდის დაუძლეველ შიშს მჩაგვრელისა და იმ ახალი დამცირებების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ წინ ელის, გრძნობს სირცხვილს საკუთარი უმწეობის გამო. ხშირად, მოზარდი–მსხვერპლი ამ მდგომარეობაში საკუთარ თავსაც კი იდანაშაულებს, ფიქრობს, რომ არაფერი არ შეუძლია, ამიტომ რაც მოხდა, ამას ნამდვილად იმსახურებს. ბავშვებში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით.

ამიტომ გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა მიერ ბრბოს ფსიქოლოგიის პრობლემატიკის განსაზღვრა და მისი გავლენა პიროვნებაზე, პარალელების გავლება მსგავსი თემატიკის  მხატვრულ თუ არამხატვრულ  ნაწარმოებებთან. ნასწავლის დაკავშირება ძალადობის სხვადასხვა ფორმასთან, კერძოდ,  ბულინგთან.

ამ მიზნის განსახორციელებლად გამოვიყენე შემდეგი აქტივობები:

  1. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა წაიკითხეს, მცირე ესეები: „რას განვიცდიდი, როდესაც პერსონაჟები ხდებოდნენ ბრბოს მსხვერპლნი?“ ლექსიკურ მარაგზე მუშაობის მიზნით, სიტყვების კედელზე გამოვაკარი სიტყვები: „ ბრბო“,  „აგრესია“,  „ ძალადობა“,“ ბულინგი“ და ვთხოვე, მოსწავლეებს განემარტათ ისინი.
  2. შემდეგ დავსვი კითხვები ნასწავლი ტექსტების (,,მარიტა“, ,,ეშმაკის ქვა“ კიდევ ერთხელ შეხსენების მიზნით: ა)ვინ არიან ნაწარმოების მთავრი პერსონაჟები? ბ) დაახასიათეთ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები. გ) რა გახდა ,, მარიტაში ‘’ აღწერილი კონფლიქტის მიზეზი? დ) იმსჯელეთ ციციკორეს ხასიათის თვისებებზე. ე) როგორ გადაიქცა საზოგადოება ბრბოდ? როგორ არის ეს მომენტი აღწერილი ,,ეშმაკის ქვაში“?
  3. შემდეგი აქტივობა იყო „თევზის ჩონჩხი“. მოსწავლეებს გავაცანი შესასრულებელი სამუშაო: ფლიპჩარტზე გამოსახულია თევზის ჩონჩხი., რომელიც უნდა შეივსოს შემდეგი საკითხების მიხედვით: პრობლემა, პრობლემის გამომწვევი მიზეზები, მიღებული შედეგები. მსჯელობის შემდეგ ჩამოიწერება : რა იქნებოდა აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალი?
  4. საკითხის უფრო ღრმად გასააზრებლად დავსვი შემდეგი კითხვები: არიან თუ არა მარიტა, სოფიო ძალადობის მსხვეპლნი? 2. თქვენი აზრით, რა არის ძალადობა? ძალადობის რა და რა ფორმები იცით? დაფაზე ივსება ასოციაციური რუკა – „ძალადობა“, „რა იცით ბულინგის შესახებ?“

სალექსიკონო მუშაობა:  მასწავლებელი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით განმარტავს სიტყვა ,,ბულინგს“.

 

სასკოლო ცხოვრებაში როგორი სახე აქვს ძალადობას? როგორ ფიქრობთ, სასკოლო ბულინგი არის თუ არა ძალადობა? როგორ ამოვიცნოთ იგი? მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიტუაციურ მაგალითებს და  სთხოვს ამოიცნონ რომელია ბულინგის მაგალითი.

მეორე სიტუაციური ამოცანა ეხებოდა ბულინგის ერთ–ერთი ფორმის ამოცნობას, პრობლემის განსაზღვრასა და გადაჭრის გზის პოვნას. მოსწავლეებმა წარმატებით იმუშავეს ჯგუფებში, გაიმართა დისკუსია შემდეგი შეკითხვებით: რა მიაჩნიათ ბულინგად? რა უნდა გააკეთონ მის აღსაკვეთად? როგორ ავირიდოთ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით?

შეჯამება. მასწავლებელი ფლიპჩარტზე ხაზავს სამკუთხედს „ცოდნა, უნარები, დამოკიდებულება“. კითხვები: რა მოგცათ  ამ გაკვეთილმა ახალი? ( რა ცოდნა შეიძინეთ, რა უნარები გამოგიმუშავდათ, როგორი დამოკიდებულება გაგიჩნდათ საკითხთან დაკავშირებით?).

მოსწავლეების პასუხების საფუძველზე გამოვლინდა, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო, დასამახსოვრებელი და ბევრის მთქმელი, როგორც მათთვის, ისე მასწავლებლისათვის. ამ ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალ მოტივაციასა და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, რადგან მოსწავლე ახალ ცოდნას იძენს გამიზნულად. მათ უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. უფრო მეტად  შემოქმედებითნი არიან, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილის შემთხვევაში. სწავლების პროცესი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული, მასწავლებელი კი ფასილიტატორია.

 აუცილებელია ასეთი საკითხების წინ წამოწევა, რათა მოსწავლემ ცოდნა და თეორია დაუკავშიროს გარემოს, რეალურ ცხოვრებას, საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს, რათა ისინი მომზადებულნი შეხვდნენ აღნიშნულ პრებლემებს რეალურ ცხოვრებაში და ჩამოყალიბდნენ ღირსეულ მოქალაქეებად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.17&d=HASH01aba976ff11adc4d564b004.2.fc
  2. სახელმძღვანელო მე–8 კლასი ქართული ენა და ლიტერატურა ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი – სწავლანი. 2012
  3. ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში ს. ლობჟანიძე, მ. ფირჩხაძე, მ. რატიანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016

როგორ გავუღვივოთ ემპათიის გრძნობა მოსწავლეებს დაწყებით კლასებში

0

მპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ემპათია არის უნარი, გაიაზრო სხვისი ემოციები ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ – გქონდეს უნარი სხვისი ფეხსაცმლით გაიარო რამდენიმე მილი. ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს.

ემპათიის განსაზღვრებები მოიცავს ემოციური მდგომარეობების ფართო რიგს, მათ შორის სხვებზე მზრუნველობას, მათდამი ყურადღებასა თუ სხვების დახმარების სურვილს; იმ ემოციების განცდას, რომლებიც სხვების ემოციებს ერგება. ეს ნიშნავს, მიხვდე, რას ფიქრობს ან გრძნობს სხვა პიროვნება და ნაკლებად მკაფიო გახადო განსხვავებები შენსა და სხვას შორის;
აგრეთვე, იგრძნო და გაიზიარო სხვების ემოციები. ზოგს სჯერა, რომ ემპათია გულისხმობს სხვისი ემოციების მორგების უნარს; ზოგი კი ფიქრობს, რომ ემპათია სხვა პიროვნებისადმი კეთილ, დადებით, სენტიმენტალურ განწყობას ნიშნავს.
თანაგრძნობა (compassion) და სიმპათია, თანაგანცდა (sympathy) დაკავშირებულია ემპათიასთან, მაგრამ სამივე ეს ტერმინი უნიკალურია. თანაგრძნობა განისაზღვრება, როგორც ემოცია, რომელსაც გრძნობ გასაჭირში მყოფის მიმართ, რაც მისი დახმარებისკენ გიბიძგებს. თანაგანცდა (sympathy) მზრუნველობის შეგრძნება და გასაჭირში მყოფის გაგებაა. ზოგი sympathy-ში ემპათიურ ინტერესსაც მოიაზრებს, რასაც სწავლულები განმარტავენ, როგორც სურვილს, დაინახო სხვები უკეთესად და ბედნიერად.

მე, როგორც მასწავლებელს მიმაჩნია, ბავშვებში ემპათიის გრძნობის გაღვივებას დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი, რათა თავიდან ავიცილოთ გულგრილი და ინერტული საზოგადოება. ამისათვის ხშირად უნდა დაიგეგმოს გაკვეთილები, რომელთა მიზანიც იქნება სწორედ ემპათიის გაღვივება. გაიმართოს ფილმების ჩვენება, დისკუსიები და როლური თამაშები. მოვიწვიოთ მშობლები და ისინიც აქტიურად ჩავრთოთ  ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას, რომლის მიზანიც  მოსწავლეებში ემპათიის გაღვივებაა.

 

გაკვეთილის გეგმა

საგანი: ქართული ენა;

სწავლების საფეხური: დაწყებითი საფეხური/ IV კლასი;

გაკვეთილის თემა: გუგული ტოგონიძის ,,ცვრიანა’’.

გაკვეთილის მიზნები:

მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოპოვების, პერსონაჟის გრძნობების აღქმისა  და ემპათიის/თანაგანცდის გამოხატვის უნარები.

 

  აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ.)
 

1

 

მიზანი: ინფორმაციის მიწოდება

აქტივობა: გავაცნობ  გაკვეთილის თემას, მიზნებსა და                                                                          შეფასების კრიტერიუმებს.

 

 

ყოველი აქტივობის შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ მყისიერ უკუკავშირს.

 

ვერბალური მეთოდი

 

მთელ

კლასთან

დაფა,

ფლიპჩარტი

მარკერი

 

ფლიპჩარტზე დაწერილი გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა შექმნის  გაკვეთილისადმი მზაობას.

 

2 წთ.
2 მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობა:

მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ, რა განსხვავებაა მინდვრისა და ბაღის  ყვავილებს შორის, რითი საზრდოობენ ისინი? იციან თუ არა ცვრიანას, იგივე დროზერას შესახებ რაიმე?

 

გონებრივი იერიში

 

 

 

 

მთელ კლასთან

 

 

 

 

2 წთ.

3.  მიზანი – ინფორმაციის მიწოდება

აქტივობა: დავურიგებ მოკლე საინფორმაციო ტექსტს ,,მწერიჭამია მცენარეები“.

მოსწავლეები წაიკითხავენ და გამოიტანენ დასკვნებს.

როგორ მცენარეებს მიეკუთვნებიან ისინი,  როგორ იკვებებიან.

ჩუმი კითხვა ინდივიდუალური  

 

არნ. გეგეჭკორის ,,მწერიჭამია მცენარეები“

 

 

5 წთ.
4 მიზანი: მოსწავლეებს გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა

აქტივობა:

ვუჩვენებ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ იკვებება ცვრიანა მწერებით.

ვიდეო-მეთოდი

(ვერბალური ახსნა)

  ბუკი

https://www.youtube.com/watch?v=h9NnctZVrvk

1 წთ.
5

 

 

 

მიზანი: სიღრმისეული წვდომა

აქტივობა:

წავუკითხავ ტექსტს პაუზებით და გზადაგზა ავუხსნი ახალ სიტყვებს

(ცხიმურა, წყლის ბამბა). ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაირკვევა რა მცენარეა ცვრიანა? სად იზრდება, როგორ გამოიყურება? რა თვისებები ახასიათებს მას? რაზე დარდობს ცვრიანა? რას ნატრობს? როგორ დასცინიან მეგობრები? რა რჩევას აძლევდნენ მეგობრები ? ეთანხმებიან თუ არა მათ რჩევას, რატომ? რამ მოჰგვარა ცვრიანას სიხარულის ცრემლები? როგორ გესმით ,,სიხარულის ცრემლები“?

პაუზებით კითხვა

 

 

 

სიტყვის კედელი

 

 

 

 

მთელ კლასთან

 

 

 

 

სახელმძღვანელო

 

 

10 წთ.
 

6.

მიზანი: პერსონაჟთა თვისებების გამოკვეთა.

აქტივობა:

დაფაზე გავაკრავ წინასწარ გამზადებულ ვენის დიაგრამას და შევავსებ მოსწავლეებთან ერთად.

ცვრიანა მეგობრები

 

მოსწავლეები შეადარებენ მათ თვისებებს და გამოიტანენ დასკვნებს.

 

გონებრივი იერიში

 

მთლიან კლასთან

 

დაფა, ფორმატი,

მარკერი

 

5 წთ.

7.  

მიზანი: მოსწავლეებში ემოციების გაღვივება.

აქტივობა:

მოსწავლეები შეავსებენ სქემას ,,მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი’’.

დაასათაურე ეს           ეპიზოდი

 

რა ემოცია გამოიწვია

შენში?

რა ემოციაა გადმოცემული მოთხრობაში?
 

სქემის შევსება

 

ინდივიდუალური

 

სახელმძღვანელო

სქემა, კალამი

 

 

5 წთ.

8. მიზანი: პრეზენტაცია

აქტივობა:

შემდეგ ისაუბრებენ შევსებულ სქემებზე.

განსხვავებული აზრი წახალისდება ჩემ მიერ.

პრეზენტაცია მთელ კლასთან  შევსებული სქემა 7 წთ.
9.  მიზანი: ემპათიის გრძნობის გაღვივება.

აქტივობა:

,,ცხელი სკამი’’

მოსწავლე მოირგებს ცვრიანას როლს და უპასუხებს მოსწავლეების კითხვებს.

 

კითხვა-პასუხი მთლიან კლასთან ადამიანური რესურსი, სკამი

 

 

 

5 წთ.
 

10.

 

 

 

მიზანი: გაკვეთილის შეჯამება -შეფასება.

აქტივობა:

შევაჯამებ  გაკვეთილს – რა მოეწონათ? რა ისწავლეს? რატომ არის მნიშვნელოვანი თანადგომა და თანაგრძნობა? გაავლებენ პარალელს შესწავლილ ნაწარმოებებთან.

 

 

კითხვა-პასუხი

 

მთელ კლასთან.

  3 წთ.

 

შეფასება:  გაკვეთილის მსვლელობის პროცესში მოსწავლეთა დაკვირვების საფუძველზე ვაძლევ განმავითარებელ სიტყვიერ კომენტარს ამ კრიტერიუმებით:

  • როგორ მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;

 

  • როგორ გამოხატავს ემპათიას/თანაგანცდას;
  • რამდენად ჩასწვდება გმირის გრძნობებსა და განცდებს.

 

 

 

გამოყენებული მასალა:

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90

https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/83257-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90/93/user:%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94:show:channel

 

 

 

 

 

 

 

 

„გაყინული ეპიზოდი“ (ანუ tableau vivant) საკლასო ოთახში

0

Tab·leau vi·vant (ფრანგ. tȧ blō vē vän′ – ცოცხალი სურათი) არის ეპიზოდის ან სურათის უხმოდ, მოძრაობის გარეშე წარმოდგენა პირის ან ჯგუფის მიერ.

სასწავლო პროცესში „გაყინული ეპიზოდი“ რამდენიმე ძირითადი მიზნის მიღწევას ემსახურება:

  • მხატვრული ნაწარმოების ან ცხოვრებისეული მოვლენის გაგებასა და ანალიზს;
  • ნაწარმოების პერსონაჟის ან რეალური პირის ხასიათის, გრძნობების, მოტივების ამოცნობასა და ანალიზს;
  • ავტორის „სათქმელისა“ და დამოკიდებულებების გაგებას;
  • ნაწარმოებში გამოყენებული ესთეტიკური ხერხების გაგებასა და ანალიზს;
  • იდეის, გრძნობის, განწყობის, სულიერი მდგომარეობის შემოქმედებითად გამოხატვას;
  • სოციალურ ინტერაქციას და გუნდურ მუშაობას.

ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია სამივე ფაზაზე გაკვეთილის სამფაზიან მოდელში.

მეთოდი გამოვიყენე ი. გოგებაშვილის „ქურდი და მამალის“ სწავლების დროს, გაკვეთილის B ფაზაზე (შინაარსის რეალიზება / ცოდნის კონსტრუირება) შემდეგი მიზნებით:

  • მხატვრული ნაწარმოების ან ცხოვრებისეული მოვლენის გაგება და ანალიზი;
  • ნაწარმოების პერსონაჟის ან რეალური პირის ხასიათის, გრძნობების, მოტივების ამოცნობა და ანალიზი;
  • სოციალური ინტერაქცია და გუნდური მუშაობა.

ტექსტი წავიკითხეთ კლასში, ლექსიკური მუშაობისა და კითხვა-პასუხის შემდეგ დავყავით ეპიზოდებად. გაცოცხლებული ეპიზოდების დასადგმელად კლასი გავყავი მცირე ჯგუფებად (თითოეულ ჯგუფში – 3 მოსწავლე). თითოეულ ჯგუფს დავურიგე ტექსტი. ჯგუფებმა შეარჩიეს მათთვის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, იმუშავეს გაყინული მომენტის შესაქმნელად. ერთ-ერთი მოსწავლე ასრულებდა რეჟისორის როლს. დანარჩენებმა გააცოცხლეს ეპიზოდი და აჩვენეს კლასს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში.

 

 

 

„სტუმრის სახლში შეპატიჟება“

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“

 

 

 

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“

 

კლასი ცდილობდა გამოეცნო, ვინ იყო წარმოდგენილი ამა თუ იმ „გაყინულ ეპიზოდში“. „ფოტომოყვარულმა“ მოსწავლეებმა ფოტოები გადაიღეს. სწორი პასუხის მიგნების შემდეგ დაიწყო დისკუსია პერსონაჟების, მოვლენების, გარემოებებისა და მოქმედებების შესახებ, რომლებიც ნაწარმოებს უკავშირდება. შეჯამების სახით წარვმართე რეფლექსია შესრულებულ სამუშაოზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთი კითხვების შესახებ, როგორიცაა:

  • რა გავაკეთეთ?
  • რა გამოგვივიდა კარგად?
  • თავიდან რომ დაგვედგა, რას შევცვლიდით?
  • როგორ დაგვეხმარა მეთოდი საკითხის გაგებასა და ათვისებაში?

 

შესაბამისად, მეთოდმა ხელი შეუწყო წაკითხვის შემდგომ, სიღრმისეულ გააზრებასა და შეჯამებას.

მოსწავლეებმა გადაღებული ფოტოებისგან შექმნეს პლაკატი, დააწერეს ეპიზოდებს სათაურები და საკლასო ოთახში გამოაკრეს. დასვენებებზე დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სწავლის პროცესის დინამიკურობა და ინტერაქციულობა. აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა კოგნიტიური, ემოციური, სოციალური (ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური) უნარების განვითარებას, წაკითხვის შემდეგ ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას.

 

მიუხედავად საბოლოო „პროდუქტის“ ერთგვარი სტატიკურობისა, ეს მეტად დინამიკური აქტივობაა. იგი ააქტიურებს მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებას და შემოქმედებით უნარებს. რაც შეეხება თემატიკას, მთავარია, შესაძლებელი იყოს შერჩეული თემის ინტერპრეტაცია და დადგმა „გაყინული სურათის“ სახით. ამას მოსდევს დადგმული სცენის იდეის/არსის ამოცნობა და შემდგომი დისკუსია.

 

 

მეთოდის გამოყენების ვარიაციები:

  • „გაყინული ეპიზოდი“ ნაწარმოების (მოთხრობის, ზღაპრის, ლეგენდის, იგავის და სხვ.) მიხედვით;
  • „ცოცხალი სურათი“ ფერწერული ნამუშევრის ან ფოტოსურათის მიხედვით ( ეფექტურად იყენებენ საკლასო ოთახსა და მუზეუმში).

მოსწავლეთა ასაკი

მეთოდის/ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია სკოლამდელი ასაკიდან მოყოლებული, საუნივერსიტეტოს ჩათვლით.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://docs.google.com/document/pub?id=14g9u2uNQYft6_pWhYtKnM9Rp0V-HyxSRYCPordnRLIM
  2. ი.გოგებაშვილი „ქურდი და მამალი“

როგორ დავგეგმოთ ეფექტური ინტეგრირებული გაკვეთილი უცხო ენაში

0

სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან  ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ჩემი აზრით, ინტეგრირებული სწავლება აერთიანებს საგნობრივ შინაარსს და ამდიდრებს ენობრივ მარაგს. ეს ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას ენის სწავლისათვის. მასწავლებელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გახადოს  საინტერესო და მიმზიდველი; დაგეგმოს გაკვეთილი შორს მიმავალი მიზნებით. ამ დროს ხდება ერთი და იმავე საკითხის აღქმა სხვადასხვა კუთხიდან. სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის  აუცილებელია ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა აქტივობის სწორად დაგეგმვა. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში აუცილებელია ავირჩიოთ თემა, რომელიც დაკავშირებული იქნება სხვა დისციპლინასთან ან დისციპლინებთან. ხშირად მომიჯნავე საგნების ერთმანეთთან დაკავშირება  უფრო ადვილია, თუმცა შესაძლებელია  უფრო თამამი ნაბიჯი გადაიდგას და ერთმანეთთან დავაკავშიროთ რამდენიმე საგანი, როგორიც, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში იყო. ერთმანეთს  დავუკავშირე უცხო ენა, გეოგრაფია, მუსიკა და ინფორმაციულ-საკომუნკაციო ტექნოლოგიები.

გაკვეთილის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ მასალა, დამატებითი ინფორმაცია, რესურსი, რომელიც შეაკავშირებს არჩეულ სასწავლო დისციპლინებს. ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი უნდა იყოს ის, რომ იგი უნდა უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების  შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმის განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკი საჭიროებები და საგნობრივი ცოდნა-უნარები ინტერგირებულ საგნებში. უცხო ენაში ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი.

ინტეგრირებული  გაკვეთილების ჩატარება ზრდის მოსწავლეთა ინტერესს უცხო ენის მიმართ. იზრდება სოციალური უნარები, ურთიერთნამშრომლობა და კომუნიკაცია. მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გამოიყენენონ ერთი საგნის ცოდნა მეორე საგნის შესწავლისას. ინტეგრირებული სწავლება ეხმარება მოსწავლეს ცოდნის განზოგადებაში და მოსწავლე მარტივად ახდენს ცალკეულ დისციპლინაში მიღებული ცოდნის სინთეზს. დაკვირვებამ  აჩვენა, რომ უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ მაშინ, როცა ვიყენებთ საგანთაშორის კავშირს.

მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ინეტეგრირებული გაკვეთილის გეგმის შედგენაში და წარმოგიდგინოთ ერთი ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა. ჩემს გაკვეთილზე ერთმანეთთან დავაკავშირე სამი საგანი გერმანული – ენა, გეოგრაფია და მუსიკა. თავიდან შევისწავლე მოსწავლეთა ინტერესები და ცოდნა სხვადასხვა საგანში. ავირჩიე თემა: მოგზაურობა. თემის არჩევის შემდეგ მოვიძიე რესურსები – ინტერნეტმასალები და აქტივობები, რომლებიც დამეხმარებოდა გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში. გავეცანი ასევე სამივე საგნის  ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგებს. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა იმ საგნებში, რომელთა შორის ინტეგრირებასაც ვგეგმავთ. მეორე – ჩემ მიერ ჩატარებული  გაკვეთილი, რომელიც ასევე ორ საგანს შორის ინტერგრირებას მოიცავდა, იყო გერმანული ენა და ისტ-ი. აქაც გაკვეთილის თემა ავარჩიე  მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით და მოვახდინე ინტეგრაცია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. გაკვეთილებზე მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ მაშინ, როდესაც მათი მიზანი ის კი არაა, უბრალოდ ენა შეისწავლონ, არამედ, როდესაც ისინი ენას კონკრეტული დავალებების შესასრულებლად და ახალი შინაარსის შესასწავლად იყენებენ.  სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისთვის სასარგებლოსთან ერთად ძალიან საინტერესოცაა.

ვფიქრობ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებით გაკვეთილის მიზანი უფრო მარტივად მიიღწევა, რადგან გაკვეთილი არის  საინტერესო, ასევე სასარგებლოც. მოსწავლეები იძენენ გარკვეულ უნარებსა და გამოცდილებას. დამოუკიდებლად მუშაობის დროს დაკვირვებამ მიჩვენა, რომ უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ მაშინ, როცა ვიყენებ საგანთაშორის კავშირს.

წარმოგიდგენთ ჩემს მიერ განხორციელებული 2 ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშს.

 

1)   ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

სკოლის დასახელება სსიპ.წყალტუბოს მუნციპალიტეტის სოფ. გეგუთის N1 საჯარო სკოლა
ინტეგრირებული გაკვეთილის თემა მოგზაურობა. Die Reise
გაკვეთილის ავტორი

 

გერმანული ენის პედაგოგი ნათია კილაძე.

 

ინტეგრირებული საგნები

 

გერმანული ენა.

გეოგრაფია.

მუსიკა.

სწავლების საფეხური

 

საბაზო საფეხური.კლასი მე-7
მოსწავლეთა რაოდენობა 18
აქტუალობა გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს, შეისწავლონ და მიიღონ მოგზაურობის  თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია და გაიმდიდრონ ლექსიკა უცხო ენაზე. მოისმინონ და გაიგონ მოგზაურობის შესახებ სიმღერა. ამოიცნონ ახალი სიტყვები.მოიძიონ, შეაჯერონ, დაამუშაონ ინფორმაცია – სად სურთ მოგზაურობა.
გაკვეთილის მიზანი გერმანული ენა:  გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ, გაიმდიდრონ მოგზაურობის თემასთან დაკავშირებული  ლექსიკურ-გრამატიკული  მარაგი. ინტერაქციისას შეისწავლიან საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს და ლექსიკურ ერთეულებს. მაგ: (ჩრდილოეთი-Norden,დასვლეთი- Westen. აღმოსავლეთი -Osten, სამხრეთი-Suden) გამოიყენებენ წერისა და კომუნიკაციის   სტრატეგიებს. მოსწავლეები შეძლებენ  ინფორმაციის მოძიებას, შეჯერებას და სლაიდშოუს სახით  გერმანულ ენაზე თემაზე “მოგზაურობა“ პრეზენტაციის წარმართვას და თემის წარდგენას.

მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევა. შეძლებენ მცირე ზომის ტექსტის გაგებას და წაკითხვას. შეძლებენ, რუკაზე მოიძიონ მათთვის  საოცნებო ქვეყანა, სადაც ისურვებენ მოგზაურობას და გერმანულ ენაზე წარმოდგენას.

გეოგრაფია: მოსწავლეები შეძლებენ რუკის გამოყენებით იმ ქვეყნის მოძებნას, სადაც ისურვებდნენ მოგზაურობას და რუკასთან მუშაობის დროს სიტყვების: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი გამოყენებას/დასახელებას. შეძლებენ გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებას რუკის დახმარებით.

მუსიკა: მოსწავლეებს შეძლებენ, მოისმინონ სიმღერა და იმღერონ თანაკლასელებთან ერთად უცხო ენაზე; მუსიკის საშუალებით გაიგონ ინფორმაცია თემაზე „მოგზაურობა“.

ე.ს.გ.-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები (საგნობრივი სტანდარტი) უცხ.ს.II.1. მოსწავლეს

შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება. ამოიცნობს გეოგრაფიულ ადგილებს.

ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.

უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.

უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე.

 

უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია, გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები (წარმოადგინოს პრეზენტაცია).

·           უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.

უცხ.ს.II.34.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად.

გეო VII.2 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად. (ფოტოების, ცხრილების რუკების) გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე. გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა.

 

მუს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

მუს.VII.8. მოსწავლე აღიქვამს  მუსიკას,  როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.

 

მოსწავლეთა წინარე ცოდნა მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ მარაგს, როგორიცაა,  მოგზაურობის თემასთან დაკავშირებული სიტყვების  დასახელება გერმანულ ენაზე: der Koffer,die Sonne,Die Briele,die Sandalen,Westen.Osten Suden Norden.ფლობენ სამეტყველო უნარ-ჩვევებს და იციან მეტყველებისას გრამატიკული კონსტრუქციების nordlich,westlich,sudlich,nordwesten,sudwesten, ich mochte ..,ich packe mein Koffer …გამოყენება. იციან რუკასთან მუშაობა და ქვეყნების მონიშვნა. შეუძლიათ მუსიკის აღქმა და სიმღერის შესრულება.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი/დრო გერმანული ენის მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას: „Die Reise“, მოგზაურობა“. გაკვეთილის მიზანს და შეფასების/თვითშეფასების რუბრიკებს/კრიტერიუმებს, რომლითაც შეფასდებიან მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს. დრო/1 წთ./

·         აქტივობა.1

·         სამუშაო ჯგუფების  შექმნა             დრო/4 წთ./

 

გერმანული ენის მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე კლასს ჰყოფს 4 ჯგუფად, რისთვისაც მას მომზადებული აქვს აქტივობა. მასწავლებელს პატარა ტომარაში  დაჭრილი აქვს ფერადი სურათები იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომელთა დახმარებითაც  შესაძლებელია ადამიანმა იმოგზაუროს. მაგ: მატარებელი, გემი, თვითმფრინავი, მანქანა.

მოსწავლეები იღებენ ტომრიდან სურათს და ნაწილდებიან ჯგუფში სურათის მიხედვით.

აქტივობა 2. მოტივაცია/მოთელვა.  დრო – 4წთ.

მასწავლებელი  მოსწავლეებს ასმენინებს  და აჩვენებს პროექტორის საშუალებით სიმღერას „Komm mit auf eine Reise“ გერმანულ ენაზე და სთხოვს მოსწავლეებს, ჩაიწერონ სიტყვა, რომელიც ხშირად მეორდება სიმღერაში.

მოსწავლეები უსმენენ ყურადღებით გერმანულ ენაზე სიმღერას Komm mit auf eine Reise და ამასთანავე უყურებენ  ეკრანზე. ისინი  ეძებენ სიტყვას, რომელიც ხშირად მეორდება სიმღერაში. (სავარაუდო სიტყვაა „მოგზაურობა“)

მუშაობის  ფორმა – მთელს კლასთან.

  გონებრივი  იერიშის რუკა/WORTIGEL . 3 წთ.

მასწავლებელი დაფაზე ააკრავს დიდ ფორმატს, რომელზეც წერს იმ სიტყვას, რომელიც მოსწავლეებმა ამოიცნეს სიმღერაში და ეს სიტყვა არის „მოგზაურობა“Die Reise”მასწავლებელი სვამს კითხვას, რომელი სიტყვები ასოცირდება, თქვენი აზრით, სიტყვა მოგზაურობასთან.

–         მოსწავლეები ასახელებენ გერმანულ სიტყვებს ენაზე,  რომლებსაც იცნობენ ან გაუგონიათ მოგზაურობასთან დაკავშირებით, წერენ პატარა ფურცელზე და აკრავენ ფორმატზე. ავსებენ გონებრივი იერიშის რუკას.

მუშაობის ფორმა – მთელ კლასთან.

 

აქტივობა3. საშინაო დავალების გამოკითხვა. პრეზენტაცია. დრო-10 წთ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ წარმოადგინონ საშინაო დავალება. Power Point საპრეზენტაციო ფორმატში მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ, პრეზენტაციის სახით თანაკლასელებისთვის გაეცნოთ  ის ქვეყანა, რომელშიც სურთ, რომ იმოგზაურონ; ამასთანავე რუკაზე მოძებნონ ის და აჩვენონ კლასს.

მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს სახელწოდებით „ჩემი საოცნებო ქვეყანა“Mein Traumland” და  მონიშნავენ რუკაზე. საწყისი ადგილი მოგზაურობის დაწყების არის საქართველო და მოსწავლეები რუკაზე ძაფის საშუალებით მონიშნავენ, რომელ ქვეყანაში სურთ მოგზაურობა.

 

მუშაობის ფორმა – ინდივიდუალური

 

აქტივობა 4. ლექსიკური მარაგის გასააქტიურებელი თამაში. Ich packe meinen Koffer und ich nehme mit _ „მე ვაწყობ ჩემოდანს და თან  მიმაქვს…“. 9 წთ.

 მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სიმღერას გერმანულ ენაზე  Ich packe meinen Koffer und ich nehme mit…მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ მთავარი წინადადება „მე ვაწყობ ჩემოდანს და თან  მიმაქვს…“ Ich packe meinen Koffer und ich nehme mit და დაასრულონ თავიანთი სიტყვებით, თუ რას წაიღებენ თან სამოგზაუროდ. ამისთვის კი მასწავლებელი აჩვენებს მონიტორის საშუალებით  დამხმარე სიტყვებს/ასევე ურიგებს ჯგუფებს. მაგ:

ზოგიერთი სიტყვა მოსწავლეებისთვის არის ახალი.

მოსწავლეები უსმენენ სიმღერას  გერმანულ ენაზე. იმახსოვრებენ მთავარ საკვანძო წინადადებას, დასაწყისს, შეუძლიათ ამოარჩიონ  მასწავლებლის მიერ მონიტორის საშუალებით მიწოდებული დამხმარე სიტყვებიდან ერთ-ერთი ან დაასახელონ მათთვის სასურველი ნივთი, თუ რას  წაიღებდნენ  მოგზაურობის დროს თან, შეეცდებიან დაასრულონ წინადადება.

მუშაობის ფორმა – ინდივიდულაური.

აქტივობა 5. წინადადებების დაკავშირება სურათთან. “მოგზაურობა მსოფლიოში“. 6 წთ.

მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც ასახულია წინადადებები და სურათები მოგზაურობის შესახებ. მოსწავლეებმა წინადადებები და სურათები უნდა დაუკავშირონ ერთმანეთს.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფში და უკავშირებენ ერთმანეთს წინადადებებსა და სურათებს. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე მათ კლასის წინაშე წარადგენს.

მუშაობის ფორმა: ჯგუფური.

 

 

აქტივობა    6. სიმღერა მოგზაურობაზე. დრო: 4 წთ.

მასწავლებლი სთხოვს მოსწავლეებს, გადაშალონ სამუშაო რვეულები, წაიკითხონ სიმღერის ტექსტი, რომელიც მოცემულია სამუშაო რვეულში, რომ ერთად იმღერონ..

მოსწავლეები კითხულობენ სიმღერის ტექსტს და მღერიან.

მუშაობის ფორმა – ინდივიდუალური.

 

 

 

აქტივობა 7. საშინაო დავალება.    დრო 1 წთ.

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, დაწერონ მცირე ზომის ტექსტი თემაზე“ ჩემი საოცნებო სამოგზაურო ადგილი “Mein Traumort”. გამოიყენონ ახალი სიტყვები და ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქცია, რომელიც შეისწავლეს თემასთან დაკავშირებით..

გაკვეთილის შეფასება/თვითშეფასება: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს კითხვარს: რა დაგამახსოვრდათ? რითი იყო გაკვეთილი საინტერესო? რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას და გაკვეთილის „შეფასებას კითხვარის საშუალებით – 2 წთ.   

მოსწავლეთა შეფასება: მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების გამოყენებით (იხ.დანართი 1,2.) აძლევს განმავითარებელ კომენტარს და აფასებს განმსაზღვრელი შეფასებით. 1 წთ.

 

 

 

 

 

 

 

შეფასება/თვითშეფასება შეფასება/თვითშეფასების რუბრიკები. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
სასწავლო რესურსი ცარცი, დაფა, ფლიჩარტი, ფერადი ფურცლები, მცირე ზომის ტომარა, სურათები. კომპიუტერი, პროექტორი, წინადადებები, სიმღერა.

                               

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2) ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

ინტეგრირებული გაკვეთილის თემა ოჯახი. Die Familie
გაკვეთილის ავტორი

 

გერმანული ენა – ნათია კილაძე.

 

ინტეგრირებული საგნები

 

გერმანული ენა.

ისტ.

სწავლების საფეხური

 

დაწყებითი საფეხური.კლასი მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა 18
აქტუალობა გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს, შეისწავლონ და მიიღონ ოჯახის თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია და გაიმდიდრო  ლექსიკა უცხო ენაზე. გაიგონ მარტივი დიალოგი. მოიძიონ, შეაჯერონ, დაამუშაონ ინფორმაციები; გაეცნონ ოჯახურ ურთიერთობებს და თანაკლასელების ოჯახებს. გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები.
გაკვეთილის მიზანი გერმანული ენა: მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს შეძლებენ, გაიმდიდრონ ოჯახის თემასთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი. ინტერაქციისას შეისწავლიან საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს და ლექსიკურ ერთეულებს. გამოიყენებენ წერისა და კითხვის სტრატეგიებს. მოსწავლე შეძლებს შეაჯეროს ინფორმაცია და  დაამზადოს  სლაიდშოუ გერმანულ ენაზე, გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევა. შეძლებს მცირე ტექსტის გაგებას, წაკითხვას და გაანალიზებას. მოსწავლე შეძლებს პრეზენტაციის წარმართვას და თემის წარდგენას.

ისტ: მოსწავლეები შეძლებენ ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. თემისთვის „.ოჯახი“ მოიძიებენ, დაამუშავებენ ინფორმაციას და წარმოადგენენ საპრეზენტაციო ფორმატში.

იყენებენ საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად. სლაიდის სახეობის შერჩევა და პრეზენტაციაში ჩასმა.

 

 

ე.ს.გ.-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები (საგნობრივი სტანდარტი) უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის

პროექტის განხორციელება (მაგ., გენეალოგიური ხის შედგენა, კატალოგის შედგენა-წარმოდგენა და სხვა).

უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.

 

უცხ.დ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის  გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

უცხ.დ.VI.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.

უცხ.დ.VI.24. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

ისტ. ტექნ. VI.1.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული

საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ისტ. ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ მარაგს, როგორიცაა:  ოჯახის წევრების სახელწოდებების დასახელება გერმანულ ენაზე: die Mutter, der Vater, die Oma, der Opa der Bruder, die Schwester. ფლობენ სამეტყველო უნარ-ჩვევებს და იციან მეტყველებისას გრამატიკული კონსტრუქციების vorne, hinter, mitte, rechts, links გამოყენება.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი/დრო გერმანული ენის მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას: “ოჯახი“Die Familie . გაკვეთილის მიზანს და შეფასების/თვითშეფასების რუბრიკებს. კრიტერიუმებს, რომლითაც შეფასდებიან მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს. დრო – 1 წთ.

·         აქტივობა 1

·         სამუშაო ჯგუფების  შექმნა             დრო – 2 წთ.

 

გერმანული ენის მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე კლასს ჰყოფს ჯგუფებად, რისთვისაც მას მომზადებული აქვს აქტივობა. მაგიდაზე მოფენილია დაჭრილი სიტყვები და სთხოვს მოსწავლეებს, აიღონ ერთი ნაწილი და მოძებნონ მეორე ნაწილის მფლობელი, შეადგინონ სიტყვა, რომელიც თემატურად ეხება გაკვეთილის თემას. მაგ:Die Mutter , Der Vater, Die Verwandte და გადანაწილდნენ ჯგუფებში აწყობილი სიტყვის მიხედვით.

აქტივობა 2. მოტივაცია/მოთელვა.  დრო 3 წთ.

  გონებრივი  იერიშის რუკა/WORTIGEL კითხვა-პასუხი

მასწავლებელი დაფაზე აკრავს დიდ ფორმატს, რომელზეც დახატულია სახლი. მიმართავს მოსწავლეებს კითხვით რამდენი პერსონისგან შედგება ოჯახი? ვინ არიან ეს ადამიანები? Aus Welchen Personen besteht die Familie und was ist überhaupt eine Familie?

–         მოსწავლეები ასახელებენ გერმანულ ენაზე სიტყვებს,  რომლებსაც იცნობენ ან გაუგონიათ ოჯახის თემასთან კავშირში  და ავსებენ გონებრივი იერიშის რუკას. (შესაძლო

ვარიანტი მოსწავლეთა წინარე ცოდნის გათვალისწინებით)

მუშაობის ფორმა-მთელ კლასთან

 

 

 

 

აქტივობა 2 – კოგნიტური სქემის შევსება. დრო-3 წთ.

მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ჯგუფში ფერად ფურცლებს და აძლევს მათ დავალებას, შეავსონ  ს მიერ მომზადებული კოგნიტური სქემა გერმანულ ენაზე. მოსწავლეებმა კოგნიტური სქემა უნდა შეავსონ გონებრივი იერიშიდან და კითხვა-პასუხიდან მიღებული ინფორმაცით. მაგ. სქემაში უნდა დააჯგუფონ  ვინ შეიძლება იყოს მშობელი, ვინ – ნათესავი.  მაგ: მშობელი-დედა, მამა. ნათესავი – დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი… მასწავლებელი მათ ურიგებს ფერად ფურცელებს, მოსწავლეები წერენ სიტყვას გერმანულ ენაზე ფერად ფურცელზე და აკრავენ სქემაზე.

 

(das Schema)

Groβeltern Eltern Kinder Geschwister Verwandte
Mutter

 

 

მოსწავლეები ავსებენ კოგნიტურ სქემას მასწავლებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

მუშაობის ფორმა -ჯგუფური

 

აქტივობა 3

 პრეზენტაცია. დრო – 8 წუთი

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ წარმოადგინონ საშინაო დავალება. მოსწავლეებს უნდა მოემზადებინათ Power Point საპრეზენტაციო ფორმატში სლაიდი ოჯახის შესახებ პრეზენტაცია გერმანულ ენაზე.

მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას თავიანთი ოჯახის შესახებ სლაიდების საშუალებით.

მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური.

აქტივობა 4. სიმღერის მოსმენა ოჯახის შესახებ. დრო – 5 წუთი.

მასწავლებელი ასმენინებს და თან ვიზუალურადაც აყურებინებს  სიმღერას ოჯახის თემასთან დაკავშირებით, სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით მოისმინონ,  წაიკითხონ ეკრანზე მოცემული წინადადებები, ჩაინიშნონ ინფორმაცია, რომელსაც წარმოთქვამენ სიმღერის პერსონაჟები. მასწავლებელი კედელზე გამოაკრავს ცხრილს, რომელიც მოსწავლეებმა ფილმის ყურების შემდეგ უნდა შეავსოს.

მაგ. რა ჰქვია პეტერის დედას? ჰყავს თუ არა მას კატა? ჰყავს თუ არა სუზანს ძმა? რა ჰქვია მას? და ასე შემდეგ.

მოსწავლეები უყურებენ ფილმს, ისმენენ სიმღერას და აკეთებენ ჩანიშვნებს. აჟღერებენ ინფორმაციას ჯგუფში, მიღებული ინფორმაციით პასუხობენ კითხვებს და ავსებენ ცხრილს.

მუშაობის ფორმა – ინდივიდუალური, ჯგუფური.

აქტივობა    5

თამაში სიტყვების აწყობა. დრო  5 წთ.

მასწავლებელი იატაკზე დააწყობს  თემასთან დაკავშირებულ ასო-ბგერებს. მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას, რომ მათ ფეხის მოძრაობით უნდა ააწყონ სიტყვა. მაგ“Haus, Mutter, Bruder, Schwester“.

მოსწავლეები ასრულებენ დავალებას.

მუშაობის ფორმა: მთელ კლასთან.

აქტივობა6.ცხელი სკამი. დრო: 5 წთ.

მასწავლებელს გამოჰყავს ჯგუფიდან ერთი მოსწავლე. სვამს სკამზე და მის ზურგს უკან დანარჩენ მოსწავლეებს აჩვენებს სიტყვას, რომლის განმარტებასაც მოსწავლეები აძლევენ იმ ერთ მოსწავლეს, რომელიც სკამზე ზის. მან კითხვების საშუალებით უნდა გამოიცნოს, რა სიტყვას აჩვენებს მასწავლებელი მის ზურგს უკან მოსწავლეებს.

მუშაობის ფორმა: მთელ კლასთან, ინდივიდუალური.

 

აქტივობა 7.  დრო – 5 წთ.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას  ჯგუფში სამუშაოდ სახელმძღვანელოდან. მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ჯგუფში ტექსტი და დაუკავშირონ ფოტოები.

მოსწავლეები კითხულობენ პატრა ტექსტებს ოჯახის თემასთან დაკავშირებით უკავშირებენ ფოტოებს და წარმოადგენენ ჯგუფში.

მუშაობის ფორმა – ჯგუფური.

აქტივობა 8. ოჯახის ხე. Familienbaum. დრო 5წთ.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს, რომლებზედაც დახატულია ხე და სთხოვს მათ გაიხსენონ და ჩამოწერონ მათი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია გერმანულ ენაზე და შეადგინონ გენეალოგიური ხე. შემდეგ ყველამ ერთად თავიანთი ნაშრომები მიაკრან  დიდ გენეალოგიურ ხეს..

მოსწავლეები ავსებენ ოჯახის  ხეს და აკრავენ  დიდ გენეალოგიურ ხეზე.

მუშაობის ფორმა“ინდივიდულაური.

 

აქტივობა – 9. საშინაო დავალება.    დრო 1 წთ.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას  ისტ-ის გამოყენებით დაამზადონ სლაიდი, როგორ ატარებს ოჯახი ერთად თავისუფალ დროს და დაწერონ მცირე ზომის ტექსტი გერმანულ ენაზე ოჯახის შესახებ.

გაკვეთილის შეფასება: მოძრავ დაფაზე მასწავლებელს წინასწარ დახაზული აქვს ცხრილი, სადაც მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს და ავსებენ ცხრილს. რა დაგამახსოვრდათ? რითი იყო გაკვეთილი საინტერესო? რა ცვლილებებს შეიტანდნენ? რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად? რაში გამოადგებათ მიღებული ცოდნა?  დაფა შებრუნებულია ისე, რომ თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად მიდის დაფასთან და ანონიმურად ავსებს გაკვეთილის შეფასების ცხრილს – 1წთ.

    მოსწავლეთა შეფასება: მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების გამოყენებით (იხ.დანართი 1,2.); აძლევს განმავითარებელ კომენტარს და აფასებს განმსაზღვრელი შეფასებით. მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს და ასახლებენ ჯგუფის ერთ წევრს, რომელიც გამოირჩეოდა აქტიურობით. მასწავლებელი ამ ჯგუფის წევრს გადასცემს სამახსოვრო ბლოკნოტს. 1 წთ.

 

 

 

 

 

 

 

შეფასება/თვითშეფასება შეფასება/თვითშეფასების რუბრიკები.განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. უკუკავშირის  ცხრილი.
სასწავლო რესურსი ცარცი, დაფა, ფლიჩარტი, ფერადი ფურცლები, სურათები. კომპიუტერი, პროექტორი, ტექსტები.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...