კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ (ნაწილი I)

0

რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ ქალაქს? რა მოგონებები გაქვთ ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ? რა ჯადოსნური ფიქრები გამოგყვათ ბავშვობიდან?

სტატიის წერა სწორედ იმ შეკითხვებით დავიწყე, რომლებმაც ერთ პატარა თავგადასავალს დაუდო სათავე –  შვილებთან ერთად საკუთარ ქალაქში მოგზაურობას. შეკითხვები კი წიგნის „ჩიტები თბილისში“ კითხვისას დამებადა. უჩა – მამა მერცხალს ჰქვია. წიგნის პირველ გვერდზე შვილს, ჩიორას, ფრენას ასწავლის და თბილისს ათვალიერებინებს. „ჩიტები თბილისში“ ეკუთვნის გამომცემლობას – „ზოლიანი კატა“  და მისი ავტორები ალექს ჩიღვინაძე და ლაშა ბაქრაძე არიან, ილუსტრატორი კი ანა ჯანელიძეა.

ფერადი ილუსტრაციები და მინიმალისტური ტექსტები მშვენიერი გზაა ბავშვების ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, თუმცა, ამ ვირტუალურ მოგზაურობას მეგზურობაც სჭირდება.

თბილისის გარეუბანში გავიზარდე. სანამ ქალაქს დამოუკიდებლად გავეცნობოდი, ყველაზე ტკბილი მოგონება ჩემს მშობლებს უკავშირდება. ერთხელ რუსთაველის პროსპექტზე გავისეირნეთ, მერე კი ეროვნულ მუზეუმში შევედით. ქვილთის ნაკუწებივით მახსოვს იმ დღეს ნანახი ექსპონატები. ჩემი მშობლების ყოველდღიურობა იმაზე ზრუნვით იყო მოცული, რომ საკვები არ გამოგვლეოდა. უშუქო და უიმედო 90-იანი წლების ბავშვებს  მოუცლელი, გადაღლილი, ნერვებდაგლეჯილი მშობლები გვყავდა. ძნელი იყო კულტურულ ღონისძიებებზე ეფიქრათ. ის დღე ცხოვრებას ახლა მზის სხივივით მინათებს და გული მადლიერებით მევსება.

სწორედ ამ მოგონებამ მიბიძგა წიგნის „ჩიტები თბილისში“ მიხედვით თავგადასავალი წამომეწყო. ვფიქრობ, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საინტერესო აღმოჩნდება ჩვენი გამოცდილების გაზიარება, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებების დაგროვება სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული.

გადავწყვიტე, უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ ჩემი გოგონასთვის ქალაქი დამეთვალიერებინა და გამეცნო. ჩამოვწერეთ წიგნში ნახსენები ადგილები და პირველი დღე დავგეგმეთ:

  • ნარიყალა;
  • აბანოთუბანი;
  • ძველი თბილისის ქუჩები;
  • ბოტანიკური ბაღი;
  • რუსთაველის პროსპექტი.

 

შემდეგ კითხვარი შევადგინე და თეკლას შევავსებინე. შეკითხვებს თქვენც გაგიზიარებთ:

  1. რა იცი თბილისის ღირშესანიშნაობების შესახებ?
  2. სიტყვა „თბილისის“ გაგონებისას პირველად რა გახსენდება?
  3. რომელი ლექსი, სიმღერა, ფილმი ან მულტფილმი იცი თბილისზე?
  4. წარმოიდგინე, რომ უცხო ქვეყანაში ხარ და შენი ქალაქის შესახებ გეკითხებიან. რას უამბობდი?
  5. რა მოლოდინი გაქვს დღევანდელი დღისგან?

 

პასუხები დამეხმარა თბილისის შესახებ თეკლას ცოდნისა და მისი მოლოდინის გარკვევაში. ვატყობდი, რომ ჩემი ენთუზიაზმი და სადღესასწაულო განწყობა მას აბნევდა და ზრდილობის გამო უფრო მომყვებოდა. ეს გამოწვევა იყო, რომელსაც უნდა გავმკლავებოდი.

ქალაქის გარეუბნიდან რუსთაველის პროსპექტამდე სამარშრუტო ტაქსითა და მეტროთი მივაღწიეთ. თუ მამა მერცხალმა ნარიყალიდან დაიწყო ქალაქის გაცნობა, ჩვენ რუსთაველის მეტროდან მზით გამლღვარ ქუჩაში ამოვყვინთეთ და რუსთაველის ძეგლის წინ ჩამოვდექით.

 

ამბები

როგორც იცით, ამბების მოსმენა ბავშვებს ძალიან უყვართ.  შოთა  რუსთაველის შესახებ ვუამბე. საპროგრამო მასალის მიხედვით მეხუთე კლასში თინათინის გამეფებით ეცნობიან „ვეფხისტყაოსანს“. შოთა რუსთაველის ბურუსით მოცული ბიოგრაფია ბევრ კითხვას ბადებს. ვუამბობ მოკლედ. როგორც კი ვგრძნობ, რომ მოსმენა უჭირს, ვჩერდები.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – ვკითხულობთ წიგნში. შენობას გარს ვუვლით. ის შთამბეჭდავია. ვაკვირდებით თაღებს და ვუამბობ ორჯერ დამწვარი ოპერის შესახებ.

იმასაც ვიხსენებ, ერთხელ ანასტასიას დედამ, ნათელა დეიდამ, ბალეტ „ჟიზელის“ ბილეთები რომ გვიყიდა თინეიჯერ გოგოებს.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გზის მეორე მხარესაა. აქ ჩემს მეგობრებთან ერთად დავდიოდი შემოქმედებითი წერის წრეზე. დრო გავიდა და ამ შენობაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავბრუნდი. თეკლას შევპირდი, რომ სხვა დროს საგანგებოდ წამოვიყვანდი და გიდთან ერთად გავეცნობოდით მის ისტორიას.

 

ათი წლის გოგოს საქართველოს პარლამენტი ყველაზე მეტად აინტერესებს. ვცდილობ, საპარლამენტო მმართველობის შესახებ გასაგებად ვუამბო.

 

კლასიკური გიმნაზია ბიძაშვილებს ახსენებს.

 

ლესელიძის ქუჩას დავუყევით და სანამ მოგზაურობას გავაგრძელებდით, სადილობა გადავწყვიტეთ. პიცა უგემური იყო. თეკლამ ძველი თბილისის ხედის ესკიზი შექმნა. ხატვისას ორი ბეღურა მოფრინდა, მოაჯირზე დასკუპდა და სახატავ რვეულში იჭყიტებოდა.

 

ძველი სახლების ეზოები

 

აბანოთუბნისკენ ძველ ეზოებს ვაკვირდებოდით. ერთ-ერთი სახლის კიბეზე ბევრი ადამიანი იჯდა და ისე გულიანად იცინოდა, განწყობა ჩვენც გადმოგვედო. წიგნის ილუსტრაცია თვალწინ გაგვიცოცხლდა. უჩასა და ჩიორას კვალს მივყვებოდით და თეკლას გულიც მადლიერებით ივსებოდა.

 

აბანოთუბანი

 

„ფრენით დაღლილებმა ძველი აბანოს გუმბათზე ჩამოისვენეს და მამამ შვილს უამბო თქმულება ქალაქის დაარსების შესახებ“. – ჩვენ აბანოების გუმბათები გვაკვირვებს და ვაკვირდებით დედ-მამას, რომლებსაც ერთ-ერთ გუმბათზე პატარა გოგო შემოუსკუპებია და თბილისური საღამოთი ტკბებიან. ვახტანგ გორგასლის დროს თხუთმეტი საუკუნე გვაშორებდა.

 

აბანოში შესვლის ნებართვაც მივიღეთ. თეკლას ძლივს ვეწევი. წყალში ხელს ყოფს და აღფრთოვანებას ვერ მალავს.

ჭრელ აბანოსაც მალე მივაგენით. წიგნს ვშლით და ილუსტრაციის ფონზე სურათს ვიღებთ.

 

ნარიყალისკენ

 

ვიწრო ქუჩებით ნარიყალას ვუახლოვდებით. თეკლას ძლივს ვეწევი. შეყვარებულ წყვილს მყუდროებას ვურღვევთ.

 

„ბარტყო, ესაა თბილისის უძველესი ნაწილი. ამ ციხე-სიმაგრეს ნარიყალა ჰქვია. წინათ ქალაქს ხშირად ესეოდნენ მტრები და მაშინ თბილისელები გალავნით შემოზღუდულ ციხე-სიმაგრეს აფარებდნენ თავს“, – უჩა ჩიორას ნარიყალას აცნობს. ციხის კარიბჭეში შევლისას სახეს ქვებს ვადებ და ვუსმენ. რამდენი ადამიანის ხმა, ტკივილი, სიცილი, შიში გახსოვს-მეთქი, ვეკითხები ხმამაღლა და ციხის ქონგურებისკენ მივიწევთ. თბილისს ზემოდან დავყურებთ. ჩვენს უბანს ვეძებთ. თბილისი იმხელაა, თვალის მოვლება შეგვიძლია.

 

ბოტანიკური ბაღი

 

ნარიყალიდან ბოტანიკური ბაღისკენ ვეშვებით.

 

თეთრი თოვლის გუნდა, ესპანური სოჭი, კავკასიური აკაკი, დიადი ბოკვი, ბალეარის ბზა, ჭყორფოთოლა მაჰონია, ევროპული არღავანი, გადაშლილი ჩიტაკომშა, ვირჯინიის ხურმა, სირიის ვარდი – ეს ჩამონათვალი თავისი ლათინური სახელებითურთ ჩემი საყვარელი ნაწილია. გადაშლილი წიგნით ხელში დავდივართ და ყოველი ხისა თუ ბუჩქის ქვეშ ვჩერდებით. ყურადღებით ვკითხულობთ აბრაზე დატანილ წარწერებს. პირველად სირიის ვარდს ვპოულობთ. ივლისის ცხელი საღამოა. ბაღში, ჩვენ გარდა, პატარა ბიჭი და მისი მშობლები არიან. ერთად მივიწევთ ჩანჩქერისკენ. თამარის ხიდზე დაღლილობისგან სიცილი გვიტყდება. ათი წლის ვიყავი, კლასის დამრიგებელმა ბოტანიკურ ბაღში რომ წამოგვიყვანა. მახსოვს, რამდენიმე მშობელს ხელში ნამცხვრით სავსე ლანგარი ეკავა და ნერწყვები მდიოდა. ისე ნათლად ამომიტივტივდა მოგონება, თითქოს იმ დღეს მთელი ოცდაოთხი წელი არ მაშორებდეს.

 

მცენარეების სახელწოდებები ლიტერატურულ თამაშად შეიძლება ვაქციოთ-მეთქი, ვთავაზობ თეკლას. მაგალითად, დაწეროს მოთხრობა, რომლის მთავარი პერსონაჟები ჭყორფოთოლა მაჰონია ან გადაშლილი ჩიტაკომშა იქნებოდნენ.

 

თამარის ხიდიდან ქართლის დედისკენ ვეშვებით. ბინდდება და უკაცრიელი ბილიკები შიშს გვგვრის. მეეზოვის ცოცხი ფიროსმანის ნახატსა და ჰარი პოტერს გვახსენებს. ისევ ძველი თბილისის ქუჩებში ამოვყავით თავი. გზად მეჩეთი აღმოვაჩინეთ და დასათვალიერებლად შევედით. მეჩეთი მამაკაცებითაა სავსე. ფეხზე ვიხდით და თავშლებს ვიხვევთ. ხალიჩა შიშველ ფეხისგულებს გვიმშვიდებს. ათეულობით ყურანი თვალს გვჭრის. მოშორებით ფეხმორთხმულ მამაკაცებს ვამჩნევ. მშვიდად საუბრობენ და მთელი გულით მაინტერესებს მათი საუბრის საგანი.

 

ისევ აბანოთუბანში ვბრუნდებით. შინ ტაქსით მივდივართ. გზაში რელიგიაზე, ასტრიდ ლინდგრენზე, ომზე ვსაუბრობთ. თეკლა მადლობებით მავსებს. თავიდან კი მეზარებოდა წამოსვლა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარო. ზუსტად ვიცი, გაივლის წლები და ამ დღეს კიდევ უფრო მეტად შეიყვარებს. მას თავისი მოგონებები ექნება თბილისის შესახებ.

 

ასე რომ, ქალაქის გასაცნობად მშვენიერი გზაა უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ სიარული. მართალია, მარშრუტის თანმიმდევრობა შევცვალეთ, მაგრამ მთავარი იდეის ერთგულები დავრჩით.

 

შეგიძლიათ „ჩიტები თბილისში“ სასკოლო პროექტად აქციოთ. მთელ წელზე გაწეროთ და  აქტივობები დაგეგმოთ – ამბის თხრობა, შთაბეჭდილებების დღიურის წერა, ახალი ადგილების აღმოჩენა, თბილისის ღირშესანიშნაობების რუკის შექმნა – კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.

 

ერთი დღისთვის ეს ვიკმარეთ. შემდეგ წერილში ეროვნულ მუზეუმსა და მშრალ ხიდზე სტუმრობის ამბავს გიამბობთ.

 

 

 

 

 

სკოლა და მისი მართვა ციფრულ ეპოქაში – ცვალებადი პარადიგმები ცვალებად დროში

0

(მეხუთე ნაწილი)

ტექნოლოგია და საზოგადოება

საზოგადოებაში მომხდარმა ცვლილებებმა, რომლებიც ტექნოლოგიების არნახულმა განვითარებამ გამოიწვია, უკვე დიდი გავლენა მოახდინა სწავლებაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, რესურსებზე, დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთობებზე და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე.

ტექნოლოგიების მიერ შემოთავაზებულმა შესაძლებლობებმა გზა გაუხსნა უფრო მდიდარ და მრავალფეროვან მულტიმედიურ მასალას; ონლაინ კურსების/გაკვეთილების მზარდ რესურსებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ასეთი გაკვეთილების ჩატარება იქ, სადაც ეს სხვაგვარად შეუძლებელი იყო.

ახალი შესაძლებლობები მოიცავს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებებს, რომელთა მეშვეობით რეალობად იქცა ინტერნეტთან დამაკავშირებელი მობილური თუ კომპიუტერული მოწყობილობების საყოველთაო გავრცელება და ხელმისაწვდომობა, სოციალური ქსელებისა და კავშირების როლის ზრდა, ქსელური სასწავლო ფორმატების შეთავაზება სწავლებისა და პროფესიული ზრდისთვის და ინტერესის მატება ციფრული თამაშების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს უფრო მეტად პერსონალიზებულ სწავლებას (Education Week, 2016).

ჩვენი მოსწავლეების სამყაროს საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ონლაინ ფორმატთან არის დაკავშირებული.

ამ ცვლილებების არსში წვდომა, მათი გაგება ის გასაღებია, რომელიც დაგვეხმარება, შეცვიცნოთ სწავლების ახალი კულტურა, რომელიც უკეთ ერგება ჩვენი მოსწავლეების სურვილებს და აჩვენებს მის მნიშვნელობას ყველა დაინტერესებულ მხარეს.

უკვე გამოიკვეთა ტექნოლოგიების გამოყენების მზარდი ტენდენცია და სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენების მასშტაბი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

 

ზემოთქმულის დასტურად საკმარისია, თვალი შევავლოთ სტატისტიკურ მონაცემებს, პუბლიკაციებსა და ფაქტობრივ მასალებს, რომლებსაც ყოველწლიურად აქვეყნებს Pew Research Center-ი – აშშ-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ინსიტუტი (www.pewinter net.org/). Pew Research-ის ანალიტიკური პუბლიკაციები მკაფიოდ ასახავს როგორც ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ პერიოდულ მონაცემებს, ისე ისტორიულ ტენდენციებს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ტექნოლოგიების შეღწევამ და მათზე წვდომის გამარტივებამ ქცევის ცვლილება გამოიწვია.

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ ანდრეუ კასერო-რიპოლეს (Andreu Casero-Ripollés, სევილიის ჟაუმე I-უს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი) გამოკვლევების თანახმად, ახალი ამბების გაცნობა-მოხმარების წესი ახალგაზრდებში ახალ მედიაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით კი – სოციალურ ქსელებზე. ამავე დროს, გაზეთების კითხვის მაჩვენებელი ახალგაზრდებში შემცირებულია. Wi-Fi (უსადენო ინტერნეტი) ინდუსტრიალიზებულ სამყაროში ძირითად პროდუქტს წარმოადგენს და ახლო მომავალში მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული რაიონებისთვისაც კი ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.

ჩვენი ბავშვები შრომით ცხოვრებას დაიწყებენ მსოფლიოში, რომელზეც უდიდესი გავლენა ექნება ახალ ტექნოლოგიებს. ცვლადი ეკონომიკის პირობებში წარმატებისთვის მათ დასჭირდებათ ალგირითმული და გამოთვლითი ტიპის აზროვნების დასწავლა, ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც აბსტრაგირების ცვალებადი დონეები ექნება ((Jacob & Warschauer, 2018).

აშკარაა, რომ ჩვენი მოსწავლეების უმატესობა, დაინტერესებული მხარეები, მასწავლებლები და სასკოლო ადმინისტრაცია უკვე ჩართულნი არიან ონლაინ სივრცეში და ინტერნეტთან წვდომის საკმარისი საშუალება აქვთ. ამ სივრცეში ისინი ქმნიან, ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ და კამათობენ.

ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან ინტერნეტსაიტებზე და მისთვის ადამიანები იყენებენ როგორც უკვე დამკვიდრებულ, ისე უახლეს ტექნოლოგიურ საშუალებებს.

ნებისმიერი წარმომავლობის ადამიანისთვის დრო, დახარჯული ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ფასეულია. მათი საშუალებით ისინი უკავშირდებიან მეგობრებს, კითხულობენ ციფრულ პუბლიკაციებს, თამაშობენ ვიდეოთამაშებს და საკუთარ, უნიკალური შინაარსის მასალას ქმნიან.

ძნელია ვერ დაინახო მოსწავლეთა ჩართულობისა და ურთიერთქმედების ის დონე, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს მოაქვს. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს იმ შედეგებს, რომელთა გაძლიერება და გაფართოებაც სურთ სკოლებს.

ეს ის სამყაროა, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები დაიბადნენ და რომელშიც უკვე ჩართულია ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი.

საუბრები „ციფრულ მკვიდრ მოსახლეობასა“ და „ციფრულ იმიგრანტებზე“[1] უნდა შეიცვალოს და ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ დღეს ტექნოლოგიამ ვირტუალურად უკვე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია. ტექნოლოგიის ზრდა-განვითარებისთან ერთდ ვითარდება მსოფლიოც და ტექნოლოგიების შემსწავლელნი აგრძელებენ ადაპტაციის პროცესს.

ახლა სწორედ ის დროა, როდესაც სკოლები უნდა მიჰყვნენ არსებულ რეალობას და მთლიანად მიიღონ მიმდინარე ცვლილებები. Pew Research Center-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა და ფაქტები, რომლებიც მუდმივად მიეწოდება საზოგადოებას, გვიხატავს მკაფიო სურათს, რომელიც ადასტურებს საზოგადოების მიერ ინტერნეტისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების მზარდ გამოყენებას, მათზე დამოკიდებულებას და მისდამი ერთგვარ ტრფიალსაც კი.

რეალურ დროში ინფორმაციაზე წვდომა სიციალური მედიის გვერდების ზრდისა და ევოლუციის ფონზე ჩვეულებრივ სტანდარტად იქცა.

უკვე მოძლიერებული მობილური ტექნოლოგიების საყოველთაო გავრცელების პირობებში, ხელმისაწვდომი ფასის მქონე მოწყობილობებისა და უსადენო კავშირგაბმულობის პროგრესის გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა მოსალოდნელზე უფრო მალე გახდება ქსელთან დაკავშირებული ან, როგორც ინგლისურად ამბობენ, connected.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა პროაქტიური მიდგომების უპირატესობა რეაქტიულთან შედარებთ. სათანადოდ იქნებიან თუ არა თქვენი მოსწავლეები მომზადებულნი ისეთი სამყაროსთვის, რომლის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიების ექსპონენციალურ (გეომეტრიული პროგრესიით მზარდ) წინსვლას?

თუ არა, მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენი საკლასო ოთახი, სკოლა, ოლქი ან ორგანიზაცია სწორი მიმართულებით განვითარდეს?

საზოგადოება მრავალი მიზეზის გამო მიისწრაფვის ინტერნეტისკენ და უკვე შეიარაღებულია საშუალებებით, რომლებიც მასზე წვდომას, მასთან კავშირს უზრუნველყოფს. ამ ძვრების გათვალისწინებით, ზოგიერთმა სასკოლო ლიდერმა უკვე გააცნობიერა, რომ ამჟამად არსებული სასკოლო დაწესებულებები და მათთან დაკავშირებული სტრუქტურები სათანადიდ არ არიან მორგებულნი სკოლის კედლების მიღმა არსებულ მსოფლიოს, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივად იცვლება, წინ მიიწევს და ვითარდება.

შედეგად უკვე დაიწყო საუბრები სასკოლო ლიდერებს შორის შემდეგ თემაზე: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მიმდინარე მოვლენები, დაკავშირებული ციფრული საუკუნის რენესანსთან?

სკოლები, რომლებსაც არც ისე დიდი ხნის წინ არარეგულარული ინტერნეტკავშირი ჰქონდათ, დღეს უკვე ინტენსიურად ხარჯავენ სახსრებს უსადენო ქსელების მონტაჟისთვის, რომლებიც სასწავლო დაწესებულების ყველა შენობა-ნაგებობას გააერთიანებს. თუმცა ციფრული ინფრასტრუქტურის ქონება არ არის საკმარისი – აუცილებელია მისი გამოყენებაც თანამედროვე ტიპის სწავლებისთვის და სწავლების სხვა ასპექტების გასაძლიერებლად.

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც სკოლები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ კლასის სოციალურ ქსელში ჩართვას და ქსელურ გაკვეთილებს.

ჩვენ გვყავს უკვე მოსწავლეთა ის თაობა, რომლისთვის ციფრული საშუალებების გამოყენება არათუ კომფორტულია, არამედ შთაგონების წყაროა, საშუალებაა თანამშრომლობისა, რომლის დროსაც ისინი უფრო შემოქმედებითნი არიან, ვიდრე ციფრული ქსელის უბრალო მომხმარებლები.

[1] „ციფრული მკვიდრი მოსახლეობა “(ინგლ. Digital natives) – მეტსახელი თაობისა, რომელიც კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დაიბადა, აღიზარდა და სავსებით ბუნებრივად აღიქვამს და იყენებს ამ ტექნოლოგიებს; „ციფრული იმიგრანტები “(ინგლ. Digital immigrants) – მეტსახელი, რომლითაც აღნიშნავენ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქამდე დაბადებულ და გაზრდილ თაობას.

არავერბალური კომუნიკაცია და მასწავლებელი

0

არავერბალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკლასო გარემოს შექმნაში წარმატებული სწავლებისთვის. სკოლის მასწავლებლებისთვის არავერბალური ენის ფლობა აუცილებელია, რადგან მოსწავლეებს შეუძლიათ ამ ენის დახმარებით „ამოიკითხონ“ მასწავლებლის ქცევა, განწყობა, დამოკიდებულება. მასწავლებლებმა მეტი უნდა იცოდნენ იმ როლზე, რასაც არავერბალური კომუნიკაციას სწავლებაში აქვს და ეცადონ თავიანთი, გაუცნობიერებელი პროფესიული ჟესტები თუ კომუნიკაციის სხვა ფორმები, გააზრებულ ქცევებადდ აქციონ, რათა გაკვეთილი უფრო ეფექტური გახდეს.

არავერბალური კომუნიკაციაა ჟესტების ენა, მიმიკა, პოზაი, ვიზუალური კონტაქტი, ხმის ტემბრი, შეხება, რომლითაც რაღაცის ემოციურ ნარატივს გადმოვცემთ.

ამერიკელმა ანთროპოლოგმა რეი ბერდვისტელმა გააანალიზა და სისტემური სახე მისცა ინფორმაციას არავერბალური კომუნიკაციის შესახებ. მან დაადგინა, რომ ინტერპერსონალური კომუნიკაციის ვერბალური კომპონენტი 35%-ს შეადგენდა, ხოლო კომუნიკაციის დროს გადაცემული ინფორმაციის 65%-ზე მეტი არავერბალური გზით გადაიცემოდა. მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია არა ის, რაც ნათქვამია, არამედ ის, თუ როგორ არის ნათქვამი.

ჟესტების ენის ცოდნა საშუალებას გვაძლევს უკეთ გავუგოთ თანამოსაუბრეს და წინასწარაც კი გავთვალოთ ის, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე ჩვენი ნათქვამი რაიმე თემაზე საუბრის დაწყებამდე. არავერბალური მინიშნებების სწორი ინტერპრეტაცია აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციისთვის.

არავერბალური კომუნიკაციას, მაგალითად, ჟესტების ენას, ადამიანები ცხოვრების ყველა სფეროში ვიყენებთ, მათ შორის სკოლაში. მაგალითად, არავერბალური კომუნიკაცია უცხო ენის სწავლის განუყოფელი ნაწილია. უცხო ენის შესწავლა არ არის მხოლოდ ლექსიკისა და გრამატიკის დაზეპირება. უცხო ენა არის კულტურა, ხოლო კომუნიკაციის არავერბალური ენა, როგორც სამიზნე ენის ქვეყნის კულტურის ნაწილი, სწორად უნდა  ისწავლებოდეს საკლასო ოთახში.

არავერბალური კომუნიკაციის ენა უნივერსალური როდია. მას აქვს ეროვნული მახასიათებლები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული უცხოელებთან ურთიერთობისას. ამ სპეციფიკის არცოდნამ შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი ბარიერები წარმატებული კომუნიკაციისთვის.

გარდა ამისა, არავერბალური ტექნიკა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს თვით სწავლების პროცესში. ეს იმის გამო ხდება, რომ ბავშვებისთვის დამახასიათებელია გარემოს გამახვილებული აღქმა. ბავშვები იოლად ფოკუსირდებიან სხვა ადამიანების სახის გამომეტყველებაზე, ჟესტებზე. მათ გონებაში სწრაფად უკავშირდება ერთმანეთს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის რგოლები.

მასწავლებელმა არასდროს უნდა დაივიწყოს, რომ არსებობს არავერბალური კომუნიკაციის ენა, რომელიც შეიძლება იქცეს წარმატებულ იარაღად იგივე უცხო ენების სწავლების დროს, მით უფრო, რომ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ისეთი „წვრილმანი“, თუ როგორ გამოიყურება ის კლასში, როგორ დგას, ზის ან იყენებს თავის ხმას, ღიმილს.

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არავერბალური კომუნიკაცია რამდენიმე არხით ხერხდება: მიმიკით, შეეხებით, ჟესტებით, საკომუნიკაციო მანძილით, ინტონაციით, ვიზუალური ურთიერთმოქმედებით.

ამერიკელი მეცნიერი, ალბერტ მეიერაბიანი აღნიშნავს, რომ ჟესტების ხშირი გამოყენება ასოცირდება უფრო მეტად ისეთი გაკვეთილის სტილთან, რომელიც ხელს უწყობს სიმპათიის გაჩენას და თანამშრომლობას კლასთან. ასევე, ის აანალიზებს, რომ მასწავლებლის სახის გამომეტყველება (მაგალითად, გაღიმება) უფრო მეტ ყურადღებას იქცევს და უფრო ხშირად განაწყობს მოსწავლეს პასუხისთვის, ვიდრე ბევრი სიტყვის მოშველიება, ანდა, რაც უფრო ხშირად იყენებს მასწავლებელი დაფას, მით ნაკლებად ეფექტურია გაკვეთილი არავერბალური კომუნიკაციის არარსებობის გამო.

ვიტი და უილესი ამტკიცებენ, რომ მასწავლებლის არავერბალური ქცევა (ახლო მანძილიდან კომუნიკაცია, ღიმილი, თვალით კონტაქტი, ჟესტები) ძალიან ეფექტურია მასწავლებლისთვის მოსწავლეების ყურადღების მოსაზიდად. ბევრ მასწავლებელს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემჩნეული აქვს, რომ თუ, მაგალითად, ის დგას ან მოძრაობს მერხებს შორის, მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და გრძნობენ კავშირს მასთან. ხოლო თუ ის ზის, მაშინ მასსა და კლასს შორის ურთიერთქმედება შესამჩნევად მცირდება.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა არავერბალური ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ პირველ მერხებზე მსხდომ მოსწავლეებს, არამედ კონტაქტი დაამყაროს თითოეულ მოსწავლესთან.

ჟესტების სისტემას განსაკუთრებული ადგილი უკავია მასწავლებლის არავერბალური კომუნიკაციის სისტემაში. მოსწავლეებისთვის მასწავლებლის ჟესტი არის მათ მიმართ  დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე თვასაჩინო მაჩვენებელი.

გრანტი და ჰენინგი აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის ინფორმაციის 82% გადმოიცემა  ჟესტებით, განსაკუთრებით გრძნობების გამოხატვისას. პირველი წუთებიდან მასწავლებლის ჟესტების ხასიათი ქმნის გარკვეულ განწყობას კლასში. თუ მასწავლებლის მოძრაობები ნერვიულია, მაშინ კლასშიც დაძაბულობაა.

ჟესტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსწავლეთა ყურადღების უზრუნველყოფაში, ვინაიდან ჟესტის ემოციურობა იწვევს აუდიტორიის ყურადღების კონცენტრირებას. ყურადღების ორგანიზების საშუალებებს შორის თითქმის ყველა მასწავლებელი აქტიურად იყენებს ისეთ ჟესტს, როგორიცაა მითითების, იმიტაციის, რაღაცის ხაზგასმის გამომსახველი ჟესტი. ჟესტის დახმარებით მასწავლებელს უჩნდება სავალდებულო უკუკავშირი მოსწავლესთან (თავის დაკვრა, დაფასთან მოწვევის ჟესტი და ა.შ.), ზრდის მის ინტენსივობას (დასტურის, შეფასების ჟესტები) ან ჟესტით ის წყვეტს მასთან კონტაქტს.

მასწავლებელის მოსწავლეებთან ურთიერთობისას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველების ტონს. ამის შესახებ ახალბედა მასწავლებელმაც კი კარგად იცის. ინტონაციამ მოზრდილთა შორის კომუნიკაციაში შეიძლება მოიტანოს ინფორმაციის 40%-მდე, მაგრამ ბავშვთან კომუნიკაციისას ინტონაციის გავლენა კიდევ უფრო იზრდება.

ინტონაციით ვლინდება დამოკიდებულება, რომელიც თან ახლავს მასწავლებლის სიტყვას. ბავშვი საოცრად ზუსტად სცნობს მოზრდილების დამოკიდებულებას მის მიმართ ინტონაციით. ბავშვს აქვს განსაკუთრებული „ემოციური ყური“.

არავერბალური ენა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ გაკვეთილზე პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად, არამედ მოსწავლეთა შესწორების დროს (პასუხის გაცემისას). მაგალითად, უცხო ენის მასწავლებელმა გაკვეთილზე შეიძლება გამოიყენოს არავერბალური შესწორების რამდენიმე მეთოდი:

– თითებით კორექცია. ფაქტპბრივად, აჩვენებთ მოსწავლეებს, თუ სად დაუშვეს შეცდომა საუბრის დროს. შეგვიძლია ეს დავანახოთ თქმის გარეშე, ანუ არ შევაწყვეტინოთ მოყოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ხელი მივმართოთ კლასისკენ და თითის დახრით აღვნიშნოთ მოსწავლის გამოთქმული ყველა სიტყვა. თუ მოსწავლემ რაიმე სიტყვა გამოტოვა, ძალიან ადვილი იქნება იმის მითითება, თუ სად დააკლდა სიტყვა და ეს მას უფრო გაუადვილდებს მდგომარეობის გამოსწორებას. ეს მეთოდი ასევე გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ გვსურს რომ მოსწავლეებმა გამოიყენონ შემოკლებული ფორმები, როგორიცაა I’mworking და არა Iamworking.

– ჟესტები/მიმიკა სასარგებლოა, როდესაც არ გვინდა შევაჩეროთ მოსწავლეები, მაგრამ მაინც უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. ხშირად მასწავლებლის შეშფოთებული ან საეჭვო მზერა საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლემ გააცნობიეროს –  მან შეცდომა დაუშვა. ასევე, მასწავლებლის ღიმილი შესანიშნავად მუშაობს მაშინ, როდესაც მოსწავლე სწორად პასუხობს, მაგრამ მაინც ეეჭვება რაღაც.

მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელს შეუძლია შექმნას ჟესტების საკუთარი ნაკრები, ი ენა. მაგალითად, ხელის ზურგს უკამ მოქნევის ჟესტი შეიძლება წარსული დროის გამოყენებას აღნიშნავდეს, ანდა ხელების განზე გაშლა – Continuous ჯგუფის დროებს.

– ექო-კორექცია – კვლავ უცხო ენის მსწავლელ მასწავლებელთა მაგალითზე: მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად, შეგიძლიათ გაიმეოროთ ფრაზა (ფრაზის ნაწილი), სადაც შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მხოლოდ აღმავალი ინტონაციით. ამით ფრაზა შეკითხვასავით გაიჟღერებს და მოსწავლე მიხვდება, რომ დაშვებულია შეცდომა. ეს ტექნიკა სასარგებლოა, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მოსწავლეს შეუძლია შეცდომის გამოსწორება. ამ ტიპის შესწორება ძალზე ეფექტურია, მოსწავლეები დაუყოვნებლივ ხვდებიან, რა არის გამოსასწორებელი.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომუნიკაციის არავერბალური ასპექტი დიდ  ადგილს იკავებს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთქმედების პროცესში. მათი მუშაობის ხელშესაწყობად, მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვებთან ურთიერთობა საუბრის გარეშე, თვითონაც უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ მოსწავლის მეტყველება, არამედ მისი ყოველი ჟესტი და მზერა, ასევე მკაცრად აკონტროლოს საკუთარი არავერბალური ქცევა.

კომუნიკაციურად კომპეტენტური მასწავლებლის განკარგულებაშია არა ერთი, არამედ ორი კომუნიკაციის ენა. ამასთან, ვერბალურსა და არავერბალურს შორის ურთიერთმოქმედების საკითხები სამეცნიერო და პედაგოგიურ ლიტერატურაში ჯერ კიდევ საკმარისად შესწავლილი არ არის.

-მასწავლებლის არავერბალური კომუნიკაციის სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახის გამომეტყველებას, მზერას, რომლითაც შეგიძლია ნათლად გამოხატო  დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ. ვიზუალური ურთიერთქმედება (თვალის კონტაქტი) კომუნიკაციის პროცესის უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ადამიანი იღებს მგრძნობიარე შთაბეჭდილებების დაახლოებით 80%-ს სწორედ მხედველობის საშუალებით. თვალები ასევე ემოციის და განწყობის გამოხატვის მნიშვნელოვანი ორგანოა. თანამედროვე მონაცემებით, მზერა მაკონტროლებელი გავლენის როლს ასრულებს, რაც უკავშირდება პარტნიორის ქცევას და კომუნიკაციაში მისი ჩართულობის ხარისხს. ძალიან მნიშვნელოვანია გამოხედვის როლი რეპლიკების გაცვლაში, სადაც ის ასრულებს სიგნალის ფუნქციას, მონაწილეობს ინტიმურობის გამოხატვაში და დისტანციის დარეგულირებაში. მასწავლებლის მზერის გავლენა დამოკიდებულია საკომუნიკაციო მანძილზე. შორიდან, ზემოდან და ქვემოდან გადახედვა საშუალებას აძლევს მასწავლებელს ერთდროულად დაინახოს ყველა მოსწავლე.

ოპტიმალური პედაგოგიური კომუნიკაციისთვის მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავისი  ქცევის მართვა, მოსწავლის პიროვნების ადეკვატურად მოდელირება, გარეგანი ნიშნებით მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ვერბალური და არავერბალური კონტაქტის უნარების ფლობა.

არავერბალური საშუალებები სიტყვიერი კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი დამატება გახლავთ. ის ბუნებრივად არის ჩაქსოვილი ინტერპერსონალური კომუნიკაციის ქსოვილში. მათი როლი განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, რომ ისინი აძლიერებენ მეტყველების გავლენას აუდიტორიაზე, არამედ იმითაც, რომ ისინი ეხმარებიან კომუნიკაციის მონაწილეებს ერთმანეთის განზრახვის გამოსავლენად, რაც ურთიერთობის პროცესის უფრო ღიას ხდის.

 

 

მე, მე და მე

0

კიდევ ერთხელ თვითშეფასებაზე.

გვსურს თუ არ გვსურს, ვვარაუდობთ თუ მკაფიოდ ვაცნობიერებთ, ჩვენი სამყაროს სიღრმეში ჩვენი თვითშეფასება „მდებარეობს“. ხშირად, თუ ყოველთვის არა, მიმდინარე მოვლენებს სწორედ საკუთარ თავთან ვაკავშირებთ და ვსვამთ მარტივ და ზოგჯერ გაუცნობიერებელ კითხვას: რას ამბობს ეს მოვლენა თავად ჩემზე? როგორი ადამიანი ვარ მე, ამ შემთხვევის შემდეგ?

მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოვლენა ჩვენ, როგორც შეფასების ობიექტებს, არ გვიკავშირდება, თვითშეფასება ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

ბევრს გვსმენია, რომ არსებობს მაღალი და დაბალი თვითშეფასება. თუმცა, რა მოხდება, თუ თვითშეფასებას არა უძრავ, მყარ, დაბალ ან მაღალ თვითშეფასებად წარმოვიდგენთ, არამედ სხვაგვარად გავიაზრებთ?

დღესდღეობით, არსებობს თვითშეფასების ჩამოყალიბებისა და მისი მოქმედების გზების ახსნის რამდენიმე მნიშვნელოვანი, ახალი თეორია.

ერთ – ერთი მათგანი ვარაუდობს, რომ ჩვენს მეხსიერებაში არსებობს შეფასებების ჩამონათვალი, რომელიც შედგება დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებისგან. მაგალითად, თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში მოცემულია ზედსართავები – კეთილი, გულისხმიერი, მზრუნველი და ბოროტი, გულგრილი, უყურადღებო. იმის მიხედვით, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ ან როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, მეხსიერებიდან სწორედ ის შეფასებები გაცოცხლდება, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს თუ ჩვენს ქცევებს შეესაბამება. სწორედ ამიტომ, სასურველი იქნება, ჩვენს თვითშეფასებას დროებით მაინც მივაწოდოთ ისეთი ფაქტები, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენები უფრო სწრაფად აღვიდგინოთ მეხსიერებიდან, ვიდრე – უარყოფითი წარმოდგენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხსიერებიდან გაცილებით მარტივი იქნება საკუთარ თავზე არსებული უარყოფითი წარმოდგენების აღდგენა, ვიდრე – დადებითის. გარდა ამისა, საკმაოდ სწრაფად გავიწვრთნებით უარყოფითი შეფასებების გახსენებაში, ვიდრე – დადებითი წარმოდგენების გახსენებაში. დროთა მანძილზე კი, მეტად და მეტად გაგვიჭირდება საკუთარ თავთან დაკავშირებული დადებითი შეფასებების მოძიებაც, რაც ჩვენს გუნება – განწყობაზე და ქმედების შესრულების უნარზე უარყოფითად აისახება.

მეორე თეორია, რომელიც თვითშეფასების მოქმედების გზებს ხსნის, საკუთარ თავზე არსებულ წარმოდგენებს შორის განსხვავების შედეგების ახსნას ცდილობს[1].

ამ თეორიის თანახმად, თვითშეფასება სამ დიდ განზომილებას შორის ურთიერთქმედების შედეგია.

თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს სამი დიდი განზომილების შედარების და მათ შორის განსხვავებების განცდის საფუძველზე აფასებს.

ეს სამი განზომილებაა:

ამჟამინდელი „მე“ წარმოადგენს საკუთარ თავზე ამჟამინდელი, აწმყო და მიმდინარე მოვლენების, თუ ჩემ მიერ ამჟამად, აწმყოში განხორციელებული ქმედებების ერთობლიობას, რომელიც ამჟამინდელ „მე“ – ზე წარმოდგენებს ქმნის.

სრულყოფილი „მე“ მოიაზრებს იმედებსა და სურვილებს, მიზნებს, რომელთა მიღწევასაც ვისურვებდით, ოცნებებს და ქცევის ძირითად მამოძრავებლებს. სრულყოფილი „მე“ განგვაწყობს სასურველთან მიახლოებისკენ. ის, როგორც გზამკვლევი, გვიბიძგებს, ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის განსაზღვრული ქცევები განვახორციელოთ.

როდესაც ჩვენ სასურველს ვერ ვუახლოვდებით, მეტწილად, სევდას, დათრგუნვილობას და ამ ორი ემოციის მონათესავე ემოციებს განვიცდით.

„მე,“ რომელსაც პასუხისმგებლობები აქვს – მოიცავს პასუხისმგებლობებს, რომლებიც ადამიანს აქვს ირგვლივმყოფების წინაშე. გარდა ამისა, თვითშეფასების ეს განზომილება მოიცავს მოლოდინებს, როგორიცაა: რას ელიან ჩემგან, რა მევალება და რაზე ვარ პასუხისმგებელი ირგვლივმყოფების წინაშე? რამდენად ამართლებს ჩემი ქცევები სხვების მოლოდინებს? როგორი უნდა ვიყო მე სხვების აზრით?

ეს არის წარმოდგენები სრულყოფილ, უნაკლო და უზადო „მე“ – ზე.

ის, როგორც გზამკვლევი, გვიბიძგებს განრიდებისკენ და შფოთვისგან თავდაცვისკენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ განზომილებაში არსებულ რომელიმე მოლოდინს ვამართლებთ, ხშირად, ის განიცდება არა როგორც შენაძენი, არამედ – როგორც უსიამოვნო განცდებისგან განრიდება და, აქედან გამომდინარე, დამაჯილდოებელი გამოცდილება. ანუ, ადამიანი კმაყოფილია იმით, რომ უსიამოვნო ემოციების განცდის თავიდან არიდება შეძლო.

მაგალითად, როდესაც ჩვენ გავამართლეთ მშობლის მოლოდინი, მივიღოთ მაღალი შეფასება, ხშირად, ამ მოლოდინის გამართლებას არა შენაძენად აღვიქვამთ, არამედ უსიამოვნო ემოციებისგან განრიდების საშუალებად, რაც, თავის მხრივ, კმაყოფილებას აღძრავს.

ამ სამ განზომილებას შორის არსებული განსხვავებები ადამიანებს სხვადასხვაგვარად აგრძნობინებს თავს. რამდენად დიდია ჩემს ამჟამინდელ „მე“ – სა და სრულყოფილ „მე“ – ს შორის განსხვავება ან რამდენად ძლიერ განსხვავდება ამჟამინდელი „მე“ – ს მიერ შესრულებული ქმედებები და ეხმიანება თუ არა ჩემდამი მოლოდინებს? ანუ, შეესაბამება თუ არა ჩემი ქმედებები სხვების წინაშე გაშინაგნებულ პასუხისმგებლობებს?

როგორ შეიძლება აისახოს ამ სამ განზომილებას შორის განსხვავება სწავლის დროს?

სწავლა, როგორც მიღწევასთან და მოლოდინების გამართლებასთან თუ იმედგაცრუებებთან დაკავშირებული პროცესი, მჭიდროდ უკავშირდება განხილულ განზომილებებს.

სწავლა ჩვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას ისევე უკავშირდება, როგორც ირგვლივმყოფების მოლოდინებს ან სრულყოფილი ან უნაკლო „მეს“ შესახებ წარმოდგენებს.

მიღწევები თუ წარუმატებლობები, რომლებიც სწავლას ახლავს თან, აძლიერებს ან ასუსტებს არსებულ, სასურველსა და იმ სინამდვილეს შორის განსხვავებას, რომელსაც ჩვენგან ელიან.

რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული ამ სამი განზომილების მიხედვით საკუთარი თავის შეფასების შედეგებს შორის განსხვავება, მით უფრო დიდია შანსი, ისეთ ემოციებს განვიცდიდე, როგორიცაა შფოთვა, დათრგუნვილობა, სევდა, ბრაზი და ა. შ. გარდა ამისა, იზრდება დაძაბულობა და სასურველთან მიახლოების სურვილი იცვლება მხოლოდ უსიამოვნოსგან განრიდების სურვილით.

 

როგორ შეგვიძლია, ვიზრუნოთ მოსწავლეების თვითშეფასების სიმყარეზე და განმტკიცებაზე?

სცადეთ, მოსწავლეებში გააღვივოთ პასუხისმგებლობის განცდა

პასუხისმგებლობის უნარი ფსიქიკური კეთილდღეობის ერთ – ერთი წინაპირობაა, რადგან ის არა მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია, დაბრკოლებებს გავუმკლავდეთ და სხვებზე ვიზრუნოთ, არამედ, გვეხმარება ისეთი გამოცდილებებისგან განრიდებაში, რომლებიც ჩვენგან დიდ ძალისხმევას და სასიცოცხლო ძალას ითხოვენ. პასუხისმგებლობის უნარი ირგვლივმყოფებთან ხანგრძლივი, მყარი და კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებაში გვეხმარება, რაც, თავის მხრივ, საკუთარ თავზე დადებით წარმოდგენებს აძლიერებს. ჩვენს ამჟამინდელ, წარმოსახულ და მომავალ „მე“ – ს შორის მცირდება განსხვავება, რაც ჩვენში ნაყოფიერი ქმედებების დაგეგმვის უნარსაც აძლიერებს.

ეცადეთ, მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებისთვის შესატყვისი საზრუნავი ჰქონდეთ. მაგალითად, ოთახის მცენარეზე ზრუნვა. გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მოსწავლეებში ანგარიშვალდებულების განცდას აძლიერებს, რაც საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

უზრუნველყავით მართვის განცდა მოსწავლეებში

მართალია, მაცდუნებელია მოსწავლეებისთვის პრობლემური ამოცანის გადაჭრის გზის შეთავაზება, თუმცა, თუ თქვენ მოსწავლეებს თავსატეხების თავად ამოხსნის უფლებას მისცემთ, მათში გაძლიერდება მართვის განცდა. მართვის განცდა ადამიანის ერთ – ერთი ძირეული მოთხოვნილებაა.

მაგალითად, თუ თქვენი მოსწავლეები ერთმანეთს მასხრად იგდებენ გაკვეთილის დროს, სცადეთ შემდეგი მიდგომა სიტყვიერი შეხსენებების ნაცვლად:

ა) ჰკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, ფიქრობენ თუ არა, რომ გაკვეთილის დროს ერთმანეთის მასხრად აგდება პრობლემური სიტუაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ სიტუაციას არ აღიარებენ პრობლემურ სიტუაციად, სცადეთ, სწორედ მათი პასუხი გამოიყენოთ დისკუსიის დაწყებისთვის. მაგალითად, დაუსვით მათ კითხვა: „რატომ ფიქრობთ, რომ გაკვეთილის მანძილზე, ერთმანეთის მასხრად აგდება პრობლემური სიტუაცია არაა?,“ „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ერთმანეთის მასხრად აგდება ხელს გვიშლიდეს?“

ბ) მას შემდეგ, რაც მოსწავლეები აღიარებენ პრობლემური სიტუაციის არსებობას და გაიაზრებენ, რატომაა კონკრეტული სიტუაცია პრობლემური, შეგიძლიათ, ჰკითხოთ: „როგორ შეგვიძლია, ამ პრობლემის მოგვარება?“

გ) სცადეთ, გამოიყენოთ პრობლემის მოგვარების ისეთი გზები, რომლებიც, წესით, გონივრულია.

ეცადეთ, მოსწავლეებს დისციპლინირებულობის წვრთნაში დაეხმაროთ – არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც მეტად უჭირთ იმპულსის მართვა, ვიდრე – სხვა მოსწავლეებს. როგორც წესი, დისციპლინირებულობა არათუ ახირება, არამედ საშუალებაა, ჩვენს მიზნებს გაცილებით მარტივად და დამატებითი დაბრკოლებების გარეშე მივაღწიოთ.

მოსწავლეები, რომელთაც იმპულსის მართვის სირთულე აქვთ, დიდწილად, თვითშეფასებაში საკუთარი თავის შესახებ უარყოფითი წარმოდგენების გაბატონების საფრთხის წინაშე დგანან.

ამდენად, სასწავლო წლის დასაწყისშივე, სცადეთ, მოსწავლეებთან ერთად შექმნათ წესები, რომლებიც მათ გზამკვლევად ემსახურება.

ა) სთხოვეთ მოსწავლეებს, გაგიზიარონ, კლასის მართვის რომელი წესები მიაჩნიათ მნიშვნელოვნად როგორც მოსწავლისათვის, ასევე – მასწავლებლებისთვის.

ბ) როგორ ფიქრობენ, როგორ შეუძლიათ, წესები სწრაფად დაიმახსოვრონ იმისათვის, რომ წესების შეხსენება ხშირად არ დასჭირდეთ.

გ) როგორი შედეგები მოჰყვება წესების დარღვევას.

როდესაც წესების შექმნისთვის მოსწავლეები თავად გასცემენ ძალისხმევას, ისინი მეტად ცდილობენ წესების დაცვას.

ეცადეთ, გახსოვდეთ დადებითი გამოხმაურებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა

ადამიანების მეხსიერება მიდრეკილია, მოვლენები, რომელთაც ძლიერი შფოთვა, ბრაზი ან მათთან მონათესავე ემოციები ახლავს თან, გაცილებით მძაფრად დაიმახსოვროს, ვიდრე – სიხარულის ან აღტყინების აღმძვრელი მოვლენები. ამდენად, თანმიმდევრულად მიღებული გამოხმაურება ჩვენი მიღწევების თუ ძლიერი მხარეების შესახებ გვეხმარება შევამციროთ განსვლა ზემოთ აღწერილი სამი განზომილების მონაცემებს შორის და მედეგი თვითშეფასება შევქმნათ.

ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ რამდენიმესიტყვიანი, გამამხნევებელი კომენტარები.

თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს არა მხოლოდ მიღწევებზე, არამედ – გასაუმჯობესებელ უნარებზე, ცოდნაში არსებულ დანაკლისებზე თუ შეცდომებზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეს.

ეცადეთ, მოსწავლეები შეცდომების დაშვების გარდაუვალობას შეაგუოთ.

ბევრი ადამიანი შეცდომის დაშვებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ღელავს. იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეცდომის დაშვების შიში შეუმსუბუქდეთ, შეგიძლიათ, სასწავლო წლის დასაწყისში მათ მარტივი კითხვა დაუსვათ: „ვინ ფიქრობს, რომ წელს შეცდომებს დაუშვებს და ზოგჯერ სწავლაში დაბრკოლებებიც შეექმნება?“ კითხვის დასმისთანავე, კითხვაზე დადებითი პასუხის ნიშნად, შეგიძლიათ, ხელი თავად აწიოთ და შეცდომის დაშვება მსჯელობის საკითხად აქციოთ. დასვით კითხვა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება შეცდომის დაშვების შიშმა ხელი შეგვიშალოს სწავლაში?“ მსჯელობის შეჯამების დროს, აუხსენით მოსწავლეებს, რომ შეცდომის დაშვების შიში ბევრ ადამიანს ეუფლება. შეგიძლიათ, მათთან ერთად, ამ შიშის მიზეზების მოკლე ჩამონათვალიც შეადგინოთ. ბოლოს კი, მოკლე სამოქმედო გეგმაც შეადგინოთ, რომელიც შემდეგ კითხვას უპასუხებს: „როგორ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ შეცდომის დაშვების შიშს?“

შეცდომების შიშის შესუსტებაში საკუთარ თავზე დაკვირვებაც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვათ:

ა) შემთხვევით, მძაფრ ემოციებს ხომ არ აღძრავს ჩემში მოსწავლეების შეცდომები?

ბ) კონკრეტულად, რომელ ემოციებს აღძრავს ჩემში მოსწავლეების შეცდომები?

გ) როგორ ვეხმაურები თავად მოსწავლეებს, რომლებიც შეცდომებს უშვებენ? როგორ წინადადებებს ვიყენებ, როდესაც მოსწავლეების შეცდომებს ვეხმაურები?

დ) როგორ ვიქცევი, როდესაც კლასში მოსწავლე კითხვას მცდარ პასუხს სცემს?

სცადეთ, მოსწავლეებს შეახსენოთ ხოლმე, რომ სასწავლო მასალის ათვისებაში სირთულეები მოსალოდნელია და თქვენ მზად ხართ, მათთან ერთად გაერკვეთ და დაძლიოთ ისინი.

ისეთი ფრაზების გამოყენების ნაცვლად, როგორიცაა − „კიდევ რამდენჯერ უნდა განვმარტო ეს საკითხი?,“ „ყურადღებით მისმენდი?“ − სცადეთ, გამოიყენოთ შემდეგნაირად ჩამოყალიბებული ფრაზა: „შესაძლოა, ეს ინსტრუქცია მეტისმეტად გრძელია და გაგება გაგიჭირდა. მოდი, ვცადოთ, ერთად გავერკვეთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ინსტრუქციის უკეთ გაგებისთვის.“

როდესაც რომელიმე მოსწავლე მცდარ პასუხს გცემთ, ეცადეთ, სწორი პასუხის ძიებაში სხვა მოსწავლეზე არ გადაინაცვლოთ და მცდარი პასუხი პრობლემის გასაცნობიერებლად გამოიყენოთ. შესთავაზეთ კლასს: „მოდით, ხელახლა განვიხილოთ ეს პრობლემური სიტუაცია.“ ამ მიდგომის გამოყენებით მოსწავლეები შეცდომის დაშვების ბუნებრიობას გაიაზრებენ. ამავდროულად, ისინი ისწავლიან, რომ დაშვებული შეცდომის აღმოჩენა და სწორი პასუხის ძებნა შეუძლიათ, განვითარების საფუძვლად აქციონ.

და მაინც…

როგორი ვარ მე, როგორც ჩემი სამყაროს შუაგული? როგორ ვუყურებ სწავლას ამ შუაგულიდან?

[1] Self-discrepancy theory, Edward Tory Higgins, 1987.

დროშების ომი

0

უკანასკნელი რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს. სტაბილურობითა და სიმშვიდით გამორჩეული პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაშია გამოსული და ხელისუფლებაში ყოფნის ოცდაექვსწლიანი გამოცდილების მქონე ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს უპირისპირდება. ბელორუსი ორად არის გაყოფილი, ქვეყანაში ნაციონალური კონსენსუსი არ არსებობს, ოპოზიცია და ხელისუფლება ბრძოლაში განსხვავებული ფერის დროშებით არიან ჩართულნი.

ავტორიტარი მმართველის ოპონენტები, საყოველთაო სახალხო გამოსვლების მონაწილეები ბელორუსის ძველ ალამს, წითელი და თეთრი ფერებით გაწყობილ დროშას იყენებენ. აღნიშნულ სიმბოლოს საუკუნოვანი ისტორია აქვს. დაუზუსტებელი ცნობებით, პროტესტის მთავარ ნიშნად ქცეული დროშა 1910-იან წლებში ახალგაზრდა ბელორუსმა არქიტექტორმა კლაუდიუს დუჟ-დუშევსკიმ შექმნა. ნაციონალისტური განწყობების მქონე ხელოვანმა ლიეტუას დიდი სათავადოს ჰერალდიკური ნიმუშებით იხელმძღვანელა. ლიეტუას სამხედრო ძალებში გაერთიანებული ბელორუსების ფარებზე, სამოსზე, შტანდარტებზე სწორედ წითელი და თეთრი ფერი დომინირებდა. 1918 წელს ბელორუსი პატრიოტების მიერ წარმოებული მრავალწლიანი ბრძოლა ლოგიკურად დასრულდა – რუსეთსა და პოლონეთს შორის ჩამოყალიბდა ბელორუსის სახალხო რესპუბლიკა. წითელი და თეთრი ფერებით გაწყობილი ალამი კი სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურ დროშად გამოცხადდა. დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება, გერმანელებმა მალევე დაიპყრეს ახალგაზრდა რესპუბლიკის ტერიტორიები. მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, პირველმა რესპუბლიკამ წარუშლელი კვალი დატოვა ბელორუსთა მეხსიერებაზე, რადგან იგი გახლდათ ამ ხალხის სუვერენიტეტისა და ერთიანობის პირველი ფორმალური გამოვლინება. პოლიტიკური ემიგრაცია საბჭოთა კავშირის დანგრევამდე უფრთხილდებოდა 1918 წელს დაარსებული დღემოკლე სახელმწიფოს მემკვიდრეობას, მათ შორის ეროვნულ სიმბოლოებს. 70 წლის განმავლობაში ანტისაბჭოთა მოძრაობის ბელორუსი წევრები მთელ მსოფლიოში წითელ-თეთრი დროშით ცდილობდნენ დაპყრობილი სამშობლოს ინტერესების დაცვას.

1991 წელს ბელორუსის უზენაესმა საბჭომ ეროვნული ბაირაღის სტატუსი დაუბრუნა დუჟ-დუშევსკის მიერ შექმნილ დროშას. საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესისათვის წერტილის დასმისას, „ბელოვეჟის ხელშეკრულების“ გაფორმების დროს დამოუკიდებელი ბელორუსის პირველ ლიდერს, პროფესორ სტანისლავ შუშკევიჩს წინ სწორედ წითელ-თეთრი ალამი ედგა. 1991-1995 წლებში ბელორუსი დამოუკიდებელი, მრავალპარტიული, მეტ-ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფო იყო. ოპოზიციურ მედიას მაუწყებლობის საშუალება ჰქონდა, ხელისუფლების ოპონენტებს ქუჩაში არ იტაცებდნენ და კლავდნენ, პრეზიდენტი დიქტატორად არ იყო ქცეული, ქვეყანა დასავლეთთან დაახლოებაზე ფიქრობდა. ხელისუფლების სათავეში ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსვლის პერიოდიდან პრეზიდენტის მიერ გაუქმებული ალამი ლიბერალური დემოკრატიისა და რუსეთისგან დისტანცირების სიმბოლოდ იქცა.

რატომ გააუქმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დუჟ-დუშევსკის დროშა?

ზოგიერთი ცნობებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის უზენაესი საბჭოს ის დეპუტატი იყო, რომელმაც არც სსრკ-ს დაშლას და არც დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ უჭერდა მხარს. მას სწამდა, რომ ბელორუსი დიდი თანამეგობრობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ყოფილი კოლმეურნე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა ქვეყნის დამოკიდებულების ზრდას რუსეთზე. ლუკაშენკოს პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ლიბერალური დემოკრატია და პოლიტიკური თავისუფლების დაცვა. პირიქით, ისტორიკოსის დიპლომის მქონე ლიდერი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის უპირატესობებით.

1994 წელს ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის პრეზიდენტი გახდა. მალევე მან საზოგადოებას შეახსენა, რომ თეთრ-წითელ დროშას ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ ჰიტლერთან დაკავშირებული კოლაბორაციონისტები, ამიტომ გამოვიდა ინიციატივით, რომ ეროვნული დროშა შეეცვალათ. ალტერნატიულ ვარიანტად ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკის დროშა წარადგინა, რომელზეც ნამგალისა და უროს გამოსახულება იყო წაშლილი. 1995 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ დროშის ახალ ვარიანტს მხარი დაუჭირა. მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ბოლო მეოთხედი საუკუნეა დუშ-დუშევსკის მიერ შექმნილი სიმბოლო ლუკაშენკოს ოპოზიციის მთავარ ატრიბუტად რჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროშების გარდა, ბელორუსები სხვა სიმბოლოების თვალსაზრისითაც არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი. ლუკაშენკოს მხარე მთავარ ეროვნულ დღესასწაულად 3 ივლისს მიიჩნევს. 1944 წლის 3 ივლისს საბჭოთა ჯარებმა გერმანელებისგან გაათავისუფლეს ქალაქი მინსკი. ოპოზიციის ლიდერები კი დამოუკიდებლობის დღეს 25 აგვისტოს აღნიშნავენ, როდესაც ბელორუსის უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირისგან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სანამ ქვეყანაში ელემენტარულ, გამაერთიანებელ სიმბოლოებზეც კი არ არსებობს საყოველთაო შეთანხმება, მანამ სტაბილურობას დიდი დღე არ უწერია.

    რიტმის გრძნობა, როგორც მუსიკალური განათლების ერთ-ერთი ასპექტი

0

 „რიტმი არის წესრიგი მოძრაობაში“

                     პლატონი

მუსიკა ალბათ ხელოვნების ის დარგია, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ახლობელია, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა თავად ადამიანს სიმღერა. მუსიკასთან  ჩვენი კავშირი დედის ტკბილ ნანასთან ერთად იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ზიარებას სულიერ ღირებულებებთან, ხელოვნებასთან და, კერძოდ, მუსიკასთან. მუსიკა აქტიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ემოციურ განვითარებაზე და ზნეობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. როგორც ესთეტიკური ციკლის საგანი, მუსიკა ფართო ასპარეზია მოსწავლეთა ესთეტიკურ-ზნეობრივი აღზრდისა და  მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის.

თანამედროვე სკოლის მიზანია, აღზარდოს მუსიკალური ხელოვნების აქტიური მსმენელი და შემფასებელი. ამ თვალსაზრისით, წინა პლანზე იწევს მოსწავლეთა მუსიკალური აღზრდა, მუსიკალური უნარების განვითარება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია მუსიკალური რიტმის გრძნობის განვითარება. რიტმი მუსიკალური გამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ბერძნული სიტყვა „rythmos“ თანაბარზომიერ მოძრაობას აღნიშნავს. ის წარმოუდგენელია ბგერათა ორგანიზებული მოძრაობის გარეშე. რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება პედაგოგის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  ეს განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებით საფეხურზე. ამ ეტაპზე თუ არ მოხდა რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება, შემდგომში მოსწავლეები ვერ შეძლებენ მუსიკის აღქმას მთელი სისრულით.

ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რიტმს ემორჩილება – წელიწადის დროები, დღე-ღამის ცვლა, გულისცემა. რიტმის არსებობა ადამიანმა ათასეული წლების წინ აღმოაჩინა. რიტმულია ხის ფოთლებიდან ჩამოცვენილი წვიმის წვეთებში, ზღვის ტალღების მიმოქცევა.  რიტმს ემორჩილება ადამიანის ორგანიზმი. დროთა განმავლობაში ადამიანმა აღმოაჩინა, რომ რიტმული მოძრაობა ზრდის მის შრომისუნარიანობას და ნაყოფიერებას. ამ მიზეზით წარმოიშვა მრავალი ხალხური სიმღერა. რიტმის ელემენტები ბევრგანაა – არქიტექტურაში, დეკორატიულ ხელოვნებაში, ლიტერატურაში. ყველა ერს თავისი ეროვნული რიტმი გააჩნია, რომელიც სიმღერებსა და საცეკვაო მუსიკაში ვლინდება.

არსებობს მოსაზრება, რომ რიტმის გრძნობა თანდაყოლილია და მისი განვითარება ფაქტობრივად შეუძლებელია (ლ.ა. ბარენბოიმი, ა.ბ. გოლდენვაიზერი, გ.გ. ნეიჰაუზი, გ.პ. პროკოფიევი). თუმცა სხვა ფსიქოლოგებსა და მუსიკოს-პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომით შესაძლებელია რიტმის გრძნობის განვითარება (ნ.ა. ვეტლუგინა, ე. ჟაკ-დალკროზი, კ. ორფი, ზ. კოდაი, მ.ლ. ფალავანდიშვილი და სხვ.). მეც ამ მოსაზრებას ვემხრობი – რიტმის გრძნობის განვითარება შესაძლებელია მიზანმიმართული მუშაობით. მაინც რა შეიძლება იყოს რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები? პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ ადრეულ ასაკში არ ხდება რიტმის  დამუშავება. იდეალურ სიტუაციაში მისი განვითარება დაბადებიდანვე უნდა იწყებოდეს, როდესაც მშობლები ბავშვის კომპლექსურ განვითარებასთან ერთად მის რიტმულ განვითარებასაც უწყობენ ხელს. შემდეგ უნდა გაგრძელდეს მისი სისტემური განვითარება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში.  სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და რიგ შემთხვევაში ცალკეული პედაგოგების ინიციატივასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული.

დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის (2018-2024 წ.წ.)  მუსიკის საგნობრივი პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა, მოსწავლემ შეძლოს მუსიკალური ელემენტების ამოცნობა და გამოყენება. ამდენად, ამ შედეგების მისაღწევად აუცილებელია რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

რიტმის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე მუსიკალური საქმიანობა: სიმღერა, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მუსიკის აღქმა.  ადრეულ ასაკში რიტმიკის განვითარება ეხმარება ბავშვს, გაარჩიოს მუსიკის სხვადასხვაგვარი ტემპი, მოისმინოს და გაიგოს მუსიკა, ანუ ავითარებს მუსიკალურ სმენასა და ჰარმონიულობას.

რიტმული სმენის განვითარება დიდ როლს ასრულებს ბავშვის მუსიკალურ აღზრდაში:

  • ხელს უწყობს მუსიკალური ნიჭის განვითარებას და ამდიდრებს ბავშვის ემოციურ სამყაროს;
  • ავითარებს შემეცნებით უნარებს;
  • ხელს უწყობს შინაგანი დისციპლინის განვითარებას.

მოსწავლეთა რიტმის განვითარების პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებისა და მოტივაციური სათამაშო სავარჯიშოების მეშვეობით.

რიტმის პრობლემა ძველთაგანვე იპყრობს ადამიანების ყურადღებას. ნეტარი ავგუსტინე, ეყრდნობოდა რა პითაგორელებისა და ნეოპლატონიკოსებისეულ რიცხვის გაგებას, ყველა საგანსა და მოვლენაში რიცხობრივ კანონზომიერებას ხედავდა. სასიცოცხლო და ბუნებრივი მოვლენების ციკლურმა ხასიათმა უბიძგა ადამიანს,  ეფიქრა რიტმის ბუნებაზე. რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია. ის ყველგანაა და ყველაფერში. თანამედროვე სამყარო სავსეა უამრავი სასიცოცხლო რიტმით, რომელთაც ეჯახება თითოეული ბავშვი – რიტმია სიარულში, გულისცემაში, საათის ისრების მოძრაობაში… ხშირად ისმის გამოთქმები: „მუსიკალური რიტმი“, „ლექსის რიტმი“, „გულის რიტმი“, „ბიორიტმი“…

XX საუკუნის მუსიკისმცოდნე Brain loiu წერს: „მუსიკის ყველა ელემენტიდან არცერთს არ აღუძრავს იმდენი სამეცნიერო დავა და არ მიუცია საბაბი განყენებული და წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გამოთქმისა, როგორც რიტმს. მისი განმარტება ვრცელდება მეტაფიზიკიდან ტექნიკურ სიზუსტემდე…“. რიტმი – სამყაროს რიცხვი, ბუნების, მუსიკის საფუძველია.

საზოგადოდ, აზროვნება და, კერძოდ, მუსიკალური აზროვნება წესრიგს მოითხოვს. ეს წესრიგი მუსიკაში სწორედ რიტმს შემოაქვს. რიტმი ახარისხებს და ათანხმებს ბგერებს გრძლივობის მიხედვით დროში. მელოდიაში, როგორც უმნიშვნელოვანეს ინტონაციურ საწყისში ვლინდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მუსიკალური ელემენტი – რიტმი. მელოდია უშუალო კავშირშია რიტმთან. მუსიკალურ ნაწარმოებს რიტმის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

მუსიკა საოცარ  ზემოქმედებას ახდენს ყველაზე – დიდებზეც და პატარებზეც. უფრო მეტიც,  მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მუსიკას უსმენს დედა ორსულობის დროს, რადგან მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ნაყოფის მდგომარეობაზე (შესაძლოა მის გემოვნებასა და მომავალ მიდრეკილებებსაც კი აყალიბებდეს). აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის მუსიკალური კულტურის საფუძვლების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე. მუსიკალურ აღზრდასა და ზოგადად, მუსიკალურ პედაგოგიკაში  ცალკე ადგილი უჭირავს მუსიკალურ მეხსიერებას, რადგან ეს არ არის უბრალოდ მეხსიერება, ის კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს სხვადასხვა სახის მეხსიერებათა სინთეზს – მხედველობითი, ლოგიკური, ტაქტილური, მოტორული, ემოციური, სმენითი.

რიტმის აღქმაში ბავშვს თავად მუსიკა ეხმარება. რიტმის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე ძალაა სმენა და მუსიკალური მეხსიერება, მოძრაობის ფიზიკური შეგრძნება. რიტმი მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტია. რიტმის ჩამოყალიბება პედაგოგის  უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რიტმი მუსიკაში მხოლოდ დროის გაზომვით კატეგორიას არ წარმოადგენს, ის ასევე ემოციურ-გამომსახველობითი, პოეტური და მხატვრულ-აზრობრივი საზრისის მატარებელიცაა.

ასევე უნდა აღინიშნოს რიტმის გრძნობის წამყვანი როლი მოტორიკის განვითარებაში. რიტმის აღქმა იწვევს მრავალგვარ შეგრძნებას: ენის,  თავის, ფეხისა და ხელის  თითების, ხორხის, მკერდის კუნთების შეკუმშვა. ამიტომ რიტმის გრძნობის განვითარებისკენ მიმართული სავარჯიშოები, ყველაფერთან ერთად, ბავშვის გამაჯანსაღებელ ფუნქციასაც ასრულებენ.

ამდენად, რიტმის განმავითარებელი სავარჯიშო-თამაშები მხოლოდ სასწავლო ხასიათს არ ატარებენ, მათ ერთგვარი თერაპევტული ეფექტიც აქვთ (ემოციური დაძაბულობის მოხსნა და ნებისყოფის ჩამოყალიბება).

რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება იწყება ტემპის შესწავლით (სწრაფიდან ნელისკენ), შემდეგ მეტრი (ორწილადი, სამწილადი, ოთხწილადი), მოგვიანებით რიტმული სურათი (ერთნაირი და განსხვავებული გრძლიობები). ამიტომ მუშაობა რიტმის განვითარებაზე მარტივი დავალებებით უნდა დაიწყოს.

მუსიკალური რიტმის ელემენტებზე მუშაობა სხვადასხვაგვარია. ბავშვებთან ერთად უნდა ვცადოთ, აღვიქვათ და გავიმეოროთ ტაშით ჯერ მეტყველების და შემდეგ მუსიკის მეტრული პულსი. აქ გამოდგება როგორც მოკლე  ლექსები, ასევე მარტივი სიმღერები. შემდეგ თანდათან ვართულებთ, შემოგვაქვს უფრო რთული პიესები, მაგალითად, მარშები, ცეკვები. შემდგომში ვიწყებთ მელოდიის რიტმული სურათების გადმოცემას მოძრაობაში. ამას ბავშვები ჯერ სმენით აკეთებენ, ინტუიცურად, შემდეგ უკვე შეიძლება უფრო რთული ელემენტების შემოტანა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, მუსიკალური კულტურის საფუძვლების განვითარებისათვის ბავშვის ადრეულ ასაკშივე უნდა  შეიქმნას შესაბამისი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდის პროცესში ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება არ იქცეს თვითმიზნად, არამედ ხელს უნდა უწყობდეს მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბებას.

                                                                   დასკვნა

  • რიტმის გრძნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური უნარია, რომელსაც აქვს როგორც მოტორული, ასევე ემოციური ხასიათი.
  • თამაშის ელემენტების გამოყენება გაკვეთილზე უზრუნველყოფს ეფექტიან დამატებით მოძრავ საყრდენს რიტმის განსავითარებლად და ააქტიურებს მოსწავლეთა შემოქმედებას.
  • მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშები ხელს უწყობს რიტმის გრძნობის ჩამოყალიბებას და ამ გამოცდილების შემდგომ გამოყენებას.
  • ადრეულ ასაკში ბავშვის რიტმის გრძნობის განვითარება მუსიკალური აღზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელია და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
  • რიტმის განვითარებაზე მუშაობა უნდა წარიმართოს პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ: რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები, მარტივი, მოკლე სიმღერები, რთული პიესები (მარში, ცეკვა), რიტმული სურათი.
  • მასწავლებელმა მიზანმიმართულად უნდა დაგეგმოს მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშების გამოყენება გაკვეთილზე მუსიკალური რიტმის განსავითარებლად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბუსურაშვილი, ჯ., ე. გარაყანიძე. „მუსიკის აღქმის განვითარება და მისი ხელისშემწყობი აქტივობის ფორმები.“ ინტელექტი, 2(13), (2002): 104-105;
  2. გარაყანიძე, ე. „სიტუაციური თამაშის როლი მუსიკალური ანბანის სწავლებისას.“ საზრისი, N 7, (2002): 145-147;
  3. მუსიკალურ-რიტმული მოძრაობები საბავშვო ბაღში, რედაქტორი: მ. დავითაშვილი; შემდგენლები: ლ.გრიგოლია, თ. გვერდწითელი, ქ.დგებუაძე. გამომცემლობა,, განათლება“ 1977წ;
  4. „პედაგოგიური სიტუაციების მოდელირება, როგორც მუსიკის მასწავლებლის მომზადებისა და გადამზადების საშუალება“ – ელზა გარაყანიძე სადისერტაციო ნაშრომი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2014 https://iliauni.edu.ge/uploads/other/1/1481.pdf;

კეჩხუაშვილი, გ. – პედაგოგიური ფსიქოლოგია.

 

 

 

იზოლაციის მხატვრული ანალიზი

0

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩემი უმცროსი შვილი ჯერ კიდევ 3 წლის იყო და ბაღში დადიოდა. იქ, როგორც ჩანს, დედის დღის აღნიშვნას ზეიმით აპირებდნენ მაშინ. ახლა სექტემბერია და მარიტა დღემდე მხოლოდ ამ ზეიმისთვის ემზადება: ეძებს კაბებს, არჩევს სიმღერებსა და ლექსებს მხოლოდ დედის დღისთვის, ყოველდღე მაფრთხილებს, რომ მიწყობს სიურპრიზს.

გამუდმებით საუბრობს ბაღის მეგობრებზე და პარკში გასვლისას თვალების ცეცებით ეძებს არა გასართობს, არამედ ბავშვებს.

 

* * *

ჩემი უფროსი შვილი 11 წლისაა, სკოლას არც შესვლამდე სწყალობდა, არც შესვლის და არც ორგზის გამოცვლის მერე. ვერც ერთხელ ვერ ვაღიარებინე მისი საჭიროება, მით უმეტეს, აუცილებლობა. თითქმის სამთვიანი სახლში ჯდომის, ცხვირის გარეთ არგაყოფის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ გულუბრყვილოები ვიყავით და იმედი გვქონდა,   ვუთხარი, მაისის ბოლოს მაინც შეიძლება, სკოლა დაგეწყოს- მეთქი და აუუუ, მე გავაცდენ რააააო!!!

  1. 09. 2020 – მნიშვნელოვანი თარიღია: დაჩიმ თავისთვის ჩაიბურტყუნა, სკოლა მომენატრაო.

 

* * *

ანრი მეცხრე კლასშია, გონებაგახსნილი, საღად მოაზროვნე, უცუღლუტეს- უზარმაცესია. პანდემიამდელ ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელად, უმეტესად ნიშნების გამო და იშვიათად ინტერესის გამო ჩაერთვებოდა ხოლმე გაკვეთილში. რაც სახლში ჩაჯდა და ონლაინგაკვეთილები დავიწყეთ, არც ერთი გაკვეთილი არ გაუცდენია, აბსოლუტურად ყველა ტიპის დავალება შეასრულა, ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია საგანგებოდ ჩამომაწერინა და ზაფხულშივე მიგზავნიდა ამ წაკითხულზე გაკეთებულ ჩანაწერებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ვეკითხებოდი, რა საოცრება ხდება შენს თავს- მეთქი, პასუხი ერთი იყო: დედა სულ სახლშია, მასწ, თან გარეთაც ვერ გავდივარ.

 

* * *

 

დიდი ბრძოლებისა და გარჩევა – შეგონებების მერე მითხრა, სახლში შეეგუვნენ იმას, რომ სწავლა არ მინდა და  შემეშვნენ, თქვენც სხვა გზა არ გაქვთო. ათასში ერთხელ შეასრულებდა დავალებას, მაგრამ  ჯგუფურ მუშაობაში მაინც ერთვებოდა ხოლმე. ზოგადად, სიტყვების კარგად გარითმვაში ,, იყო შემჩნეული“ და კალამბურებიც გამოსდიოდა ისე, რა გამოსდიოდა, არ იცოდა.

რა თქმა უნდა, არც ერთ ონლაინგაკვეთილს არ დასწრებია. სამაგიეროდ, მის ფეისბუქგვერდზე ხშირად ჩნდებოდა  მისი დაწერილი რეპის რეჩიტატივები.

დაბადების დღე რომ მქონდა, დილის 8 საათზე გამომიგზავნა რეჩიტატივი- მოლოცვა. აღვფრთოვანდი, თან გამიკვირდა, საიდან ახსოვდა.

საღამოს გამახსენდა, რომ ადრე გავარკვიეთ, ერთ დღეს ვართ დაბადებული. გაურითმავად და უნიჭოდ მივულოცე.

 

* * *

ეკა ის გოგოა, ზამთარში გუდაურში რომ წაიყვანეს დასასვენებლად და გარეთ არ გასულა, მაინც ფეისბუქის ,,სქროლვით“ ირთობდა თავს. გაკვეთილზე არასოდეს ან ძალიან იშვიათად კითხულობს დავალებებს კლასის წინაშე, ზარი რომ დაირეკება, მერე მოდის და მამოწმებინებს ხოლმე. თვლის, რომ რასაც წერს, სისულელეა და ხმამაღლა თუ წაიკითხავს, ბიჭები დასცინებენ. ვეცადეთ ერთად, ვერ შემოვუარეთ ამ პრობლემას.

ელექტრონულ დავალებებზე რომ გადავედით, ხალისით ამყვა – ასე უკეთესია, მასწო.

 

* * *

სანამ სახლებში გამოგვკეტავდნენ, ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლა უნდა დაგვეწყო. გამოგვკეტეს და მაინც დავიწყეთ. არც 30 წუთი გვყოფნიდა, არც- 40, ერთი საათის განმავლობაში ვისხედით ეკრანებთან და ვსაუბრობდით, განვიხილავდით, დავალებებს ასრულებდნენ, იშვიათად იღლებოდნენ. ვისაც აინტერესებდა, ჩვეულებრივ ფორმატშიც ამაზე უკეთესად მაინც ვერ ვასწავლიდი, ალბათ.

დამატებით მასალებსაც გაეცნენ, ლექციებსაც მოუსმინეს, ,,ვეფხისტყაოსანზე“ დაწერილი მოთხრობაც წაიკითხეს და თავადაც დაწერეს, მინიატურაც გამოუვიდათ, ანალიზიც გააკეთეს ელექტრონულ ფორმატში, ბლიცინტერვიუც ჩაწერეს …

,, ვეფხისტყაოსნელები“ დავარქვი მათ და ახლა, სასწავლო წელი რომ დაიწყება,  ისევ ,,ვეფხისტყაოსანს “ დავუთმობთ პირველ ან მეორე გაკვეთილს და ,,ჭეშმარიტი ვეფხისტყაოსნელის“ სერტიფიკატის მოპოვებას ეცდებიან.

ესაა, რომ ჩვეულებრივ ფორმატში უფრო ბევრს კი დავაინტერესებდი.

* * *

ხომ არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებისთვისაც სკოლა, სწავლა, მასწავლებელი ტვირთი და სიმძიმე კი არა, აუცილებელი, საჭირო ურთიერთობაა. მეც მყავს ასეთები. ჰოდა, უმოწყალოდ შემცირებული საგაკვეთილო დრო რომ ამოგვეწურებოდა, სხვა გაკვეთილი თუ არ ეწყებოდათ, ვისხედით ასე, თითო- ოროლა, ჩვენს- ჩვენს ეკრანებთან,  ვსაუბრობდით საკუთარ თავებზე. ვეკითხებოდი, რა და თუ შეცვალა მათში და მათ ირგვლივ იძულებითმა კარჩაკეტილობამ; ვყვებოდით, როგორი გახდა რუტინა და როგორ გამოგვეყენებინა თავისუფალი დრო გონივრულად… ვგრძნობდი, როგორ იყო სავსე მათი ყოველი წუთი ინტერესითა და პასუხისმგებლობით – ასეთი უცნაურია ეს  გრძნობა, უნარი თუ ჩვევა: თუ გონებასა და სხეულში გაჯდა, ვეღარ მოიშორებ. არც პანდემია ცვლის.

*  *  *

დათოს ყოველთვის უჭირს გაკვეთილში ჩართვა, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრაცია, მაგრამ  მაინც მოიძებნება ჩვენს გაკვეთილზე რაღაცები, რაც ეხალისება… და რაც მთავარია, მუდმივად ასხივებს სიყვარულს, სულ მაგრძნობინებს უთქმელად, თავისი ცელქი, მოუსვენარი თვალებით ან მოულოდნელი ჩახუტებით, რომ ვუყვარვარ, უხარია ჩემი დანახვა.

მაგრამ არც ერთ ონლაინგაკვეთილზე არ შემოსულა.

მე არ ვიცი, უხაროდა თუ არა სახლში ხანგრძლივად ჯდომა. არ ვიცი, რა გაუჭირდა ყველაზე მეტად, შეცვალა თუ არა მასში პანდემიამ რაიმე; ბოლოს და ბოლოს მოენატრა თუ არა სკოლა… ალბათ, მოენატრა კლასელები, იქნებ მეც მოვენატრე …

არც ირაკლის შესახებ ვიცი.

არც გიგას.

არც ნინოს.

*  *   *

ყველა ამბავი მართალია, სახელები – გადანაცვლებული. ნუ ეცდებით დალაგებას.

P.S. ჩანაწერების წერა რომ დავიწყე, შინაგანად ჯერ კიდევ მოსწავლეებთან სკოლაში შეხვედრისთვის ვემზადებოდი. ამ ყველაფერზე წერა, როგორც წარსულზე, უფრო ადვილი იყო.

ახლა სხვაგვარადაა, ბევრად უფრო აუტანელია ისევ ონლაინცხოვრებაზე ფიქრი. მაგრამ მთავარია,  არ დავიჯეროთ, რომ სამყარო ჩვენი გაჯეტების ჩარჩოებით არ შემოიფარგლება. ის სინამდვილეში დაგუგლულზე მილიარდჯერ მშვენიერი და მრავალფეროვანია.

 

https://www.facebook38/.com/besikkharanauliofficial/videos/6265449812681

 

საშინაო დავალება მასწავლებლებისთვის

0

ხშირად გამიგონია, თითქოს მასწავლებლები სხვა პროფესიის ადამიანებზე ნაკლებს შრომობენ, რადგან მათ გაცილებით დიდი არდადეგები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური სასწავლო წელი 35 კვირისგან შედგება, მასწავლებლის საქმიანობა სამუშაო გრაფიკში ვერასდროს ეტევა. აქედან გამომდინარე,  სკოლის თანამშრომლები დიდ დროს ხარჯავენ არასასწავლო პერიოდში აკადემიური სიახლეების გაცნობა-ათვისებისა თუ მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვის მიზნით.

2020 წლის მოვლენებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა. მეეჭვება, ბევრ მასწავლებელს ჰქონდეს დაშორებული სწავლების გამოცდილება. მათ შორის, მეც არაფერი ვიცოდი ზემოაღნიშნული სწავლა-სწავლების პროცესებზე და ერთდროულად დამჭირდა ტექნიკური თუ პროფესიული უნარების ამ მიმართულებით განვითარება, რამაც, ბუნებრივია, ჩემი ,,საშინაო დავალებების“ რიცხვი კოლოსალურად გაზარდა.

რა ხდება მაშინ, როცა მასწავლებელი ერთდროულად სწავლობს და ასწავლის?! მას თითქმის არ სძინავს: კითხულობს თემატურ ლიტერატურას, ეცნობა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ცდილობს გაერკვეს ამა თუ იმ ონლაინ პროგრამის მუშაობის მექანიზმში, რათა შეუფერხებლად შეძლოს მოსწავლეებთან დისტანციურად მუშაობა და, რაც მთავარია, ქმნის უამრავ საგნობრივ ელექტრონულ რესურსს. დაფა რომ დაფაა, ისიც ელექტრონული შესაძლებლობებით უნდა აღჭურვოს და ,,თაგუნია-კალმით“ წერაში დახელოვნდეს. ფოტოებად ქცეული წერითი დავალებების გასწორების შედარებით იოლ ხერხს მიაგნოს და უკუკავშირიც ყველა მოსწავლეს თანაბრად მიაწოდოს (მერე რა, რომ დღეში 80-მდე დავალებას მაინც იღებს).

დავალების ხარისხიანად გასწორებას მასწავლებელი კვირაში საშუალოდ 7-10 საათს მაინც უთმობს (საფეხურის და მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით). ამიტომ დღეს სწორედ ელექტრონული დავალების ფორმების შესახებ ვისაუბრებ და დისტანციური დავალების ერთ-ერთ ნიმუშსაც გაგიზიარებთ.

 

გრამატიკა დისტანციურად

მოსწავლეებს გრამატიკული საკითხების შესწავლა დიდად რომ არ ეხალისებად, ყველამ ვიცით. ჩვეულ სასწავლო რეჟიმშიც თამაშ-თამაშით ვცდილობ დაწყებითი საფეხურის შესაბამისი ენობრივ-გრამატიკური თემების დამუშავებას. ჩემი აზრით, დაშორებული სწავლების დროს დავალების მიწოდების ფორმა უნდა განსხვავდებოდეს სტანდარტული საშინაო დავალებისგან. თუ ყოველდღიური გაკვეთილის შემდეგ სახელმძღვანელოს გვერდის და კონკრეტული სავარჯიშოს მითითებაც საკმარისია, ამჯერად მხოლოდ ბეჭდური რესურსით ვერ შემოვიფარგლებით. სასკოლო საზოგადოების სისტემატური მხარდაჭერის (შემცირებული საგაკვეთილო საათები, სოციალური ურთიერთობების დანაკლისი და სხვ.) გარეშე დარჩენილი ბავშვების მოტივირებას და განსხვავებულ სასწავლო პროცესში ჩართვას მასწავლებლის მხრიდან მეტი ძალისხმევა დასჭირდება. ზემოაღნიშნული საჭიროებიდან გამომდინარე, ჩემმა სკოლამ მულტიფუნქციური დავალებების შესაქმნელად ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამის (seesaw) გამოყენება გადაწყვიტა და  მოსწავლის ელექტრონულ რესურსშივე მუშაობის შესაძლებლობაც გაჩნდა. მაგალითად მოვიყვან რიცხვითი სახელების მართლწერასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დავალებას:

 

როგორც ხედავთ, ელექტრონული სავარჯიშოები ე.წ. დასარედაქტირებელ ფორმატში ეგზავნება მოსწავლეს. მას შეუძლია, რამდენჯერმე მიუბრუნდეს ინსტრუქციას, დამხმარე მასალას და ისე შეასრულოს დავალება. აწყობილი დავალება „მასწავლებლის ბიბლიოთეკაში“ უცვლელი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრონული რესურსის გაზიარება და მრავალჯერ გამოყენება შეგვიძლია. მოსწავლეებს დავალების ერთგვარი ასლი ეგზავნებათ საგნობრივი დავალებებისთვის განკუთვნილ პირად სივრცეში, საიდანაც შევსებული ვარიანტების მასწავლებლისთვის ჩვენება მარტივად – გაგზავნის ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლიათ.

 

ცოდნის ელექტრონული საზომი

თუ თქვენი ელექტრონული ფოსტა ბოლოვდება მისამართით gmail.com, მაშინ Google Drive-ის (Microsoft Office ფაილები, google docs, sheets, slides, calendar და სხვ.) სასწავლო პროცესში აქტიურად გამოყენებასაც შეძლებთ. ზემოაღნიშნული სივრცე ძალიან ხელსაყრელია დოკუმენტაციის თუ სასწავლო რესურსების შესაქმნელად, შესანახად და კოლეგებისთვის გასაზიარებლად, ონლაინ გაკვეთილების ჩასანიშნად და ჩასატარებლად.

ალბათ დამეთანხმებით, რომ დაშორებული სწავლების პირობებში ახალი ცოდნის ათვისების ხარისხის გაზომვა განსაკუთრებით რთულია, რადგან ტექნიკური სირთულე, დროის სიმცირე და სხვა მრავალი ხელისშემშლელი პირობა სწორი დასკვნების გამოტანის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. რა თქმა უნდა, ვერც ელექტრონულ ფორმატში გადატანილი ტესტები მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მოსწავლემ ე.წ. შემაჯამებელი დავალება დამოუკიდებლად ან დამხმარე რესურსების გამოყენების გარეშე შეასრულა. თუმცა Google Forms-ის ფორმატს რამდენიმე პლიუსი მაინც აქვს:

  • ტესტი ღია და დახურული კითხვების ბლოკებისგან იქმნება. მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ პასუხების ფორმატი;
  • შეგიძლიათ ტესტის დიზაინი თავად შექმნათ და მასში საჭიროებისამებრ ატვირთოთ ფოტო-ვიდეო მასალა;
  • შეგიძლიათ მოსწავლეებს ტესტი ონლაინ გაკვეთილზევე შევავსებინოთ,  პროგრამის დახმარებით შეზღუდოთ პირადი მიმოწერა და საუბარი. თუმცა, ბუნებრივია, დამხმარე ტექნიკური საშუალებების ფარულად გამოყენების ფაქტების დანახვა ასეთ დროს გაცილებით რთულია, ვიდრე საკლასო ოთახში;
  • მოსწავლეების მიერ შევსებული ფურცლები გაგზავნისთანავე აისახება ტესტისთვის განკუთვნილი პასუხების ბაზაში;
  • თუ ტესტის შექმნის პროცესში სწორი პასუხების ველსაც შეავსებთ, ნამუშევარი პროგრამულად გასწორდება, რის შედეგადაც მოსწავლე დავალების გაგზავნისთანავე დაინახავს თავის შედეგს და თქვენი დრო და ენერგიაც მნიშვნელოვნად დაიზოგება;
  • ტექსტის შედეგებზე დაყრდნობით, ზუსტ სურათს თუ არა, იმას მაინც დაინახავთ, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ახალი სასწავლო მასალა და შეძლებთ შედეგების შესაბამისი სტრატეგიის დასახვას;

კონკრეტული მასალის შეჯამებისა და მოსწავლეთა ცოდნის გაზომვის გარდა, ელექტრონული ტესტები სწავლის პროცესშიც ეფექტურ რესურსს წარმოადგენს. იგი მოსწავლეებს  საკუთარი თავის გამოცდაში, ძველი ცოდნის გახსენებასა და ახლის განმტკიცებაში ეხმარება. ამ შემთხვევაში ტესტებს განმეორებით შესრულების ფუნქციაც შეგიძლიათ ჩაურთოთ, რათა მოსწავლეებს სასწავლო მასალასთან მიბრუნების, შეცდომების გამოსწორების და  ამ გზით ცოდნის განმტკიცების საშუალება ჰქონდეთ.

როგორც ხედავთ, მე მხოლოდ დისტანციური დავალების ორი ფორმა მიმოვიხილე. მასწავლებლებს კი სასურველი შედეგის მისაღებად გაცილებით მეტი ელექტრონული თუ ტექნიკური რესურსი სჭირდებათ. იმედი მაქვს, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო რესურსების შექმნის პროცესში გაცილებით მეტი ადამიანი ჩაერთვება და სამომავლო გამოწვევებს მრავალფეროვანი და ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტების დახმარებით გავუმკლავდებით.

 

თვითშეფასება, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი (ნაწილი 1)

0

განათლების ხარისხისა და კარგი სკოლის ერთ-ერთ მთავარ ბაზისს საერთო წარმოდგენები ქმნის. ჩართული მხარეების შეთანხება იმაზე, თუ რა არის „კარგი სკოლა“ და რას ვგულისხმობთ „განათლების ხარისხში“ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა შედეგების ამაღლებისათვის უმნიშვნელოვანესია.  ამ ცნებების განსაზღვრის შემდეგ შეგვიძლია გადავდგათ მიზანმიმართული ნაბიჯები დასახული მიზნების მისაღწევად.

ხარისხის ამაღლებამდე და/ან მის გაუმჯობესებამდე გასავლელი გზა გრძელი და რთულია. პროცესის დაწყება აუცილებლად გულისხმობს სკოლის, როგორც ორგანიზაციის თვითშეფასებას. იმისათვის რომ ვიცოდეთ, როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს, აუცილებელია განვსაზღვროთ საბაზისო მდგომარეობა. სწორედ აქ შემოდის თვითშეფასების პროცესი, რომელის გაგებაც იმდენად მრავალგვარია, როგორც ცნება „კარგი სკოლის“. თვითშეფასება ხშირ შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში ამ საკითხისადმი მიდგომებიც სხვადასხვაგვარია.

თვითშეფასების შესახებ განმარტებები რომ შევაჯამოთ, აღმოვაჩენთ, რომ იგი სკოლაში მიმდინარე აქტივობების მუდმივი კვლევაა, რომლის საბოლოო მიზანს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასში ჩართული პირების პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა. ბევრი თეორეტიკოსი სკოლას დღეს არ აღიქვამს როგორც ორგანიზაციას, არამედ როგორც სისტემას. ამგვარი გაგება მნიშვნელოვნად ცვლის შეფასებისა და თვითშეფასების მიმართ დამოკიდებულებებს. სისტემის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მასში ჩართულ ჯგუფებს შორის არამხოლოდ წრფივი დამოკიდებულებები არსებობს, არამედ მრავალმხრივი, ცირკულარული მიზეზ-შედეგობრისი კავშირები, რომლის შედეგიც საბოლოო ჯამში ცვლილების მოტანაა. მის შიგნით არსებული ჯგუფები წყვეტენ რა აქტივობებისა და ცვილილებების განხორციელებაა საერთოდ შესაძლებელი. მსგავსი კავშირები არსებობს არამხოლოდ სისტემის შიგნით, არამედ მის გარეთ – სისტემა ურთიერთქმედებს გარემოსთან, იღებს მისგან უკუკავშირს და რეაგირებს მიღებულ სიგნალებზე. შესაბამისად, შეფასებისა და თვითშეფასების პროცესის ფორმალურმა აღქმამ შეუძლებელია დადებითი შედეგები მოუტანოს სკოლას და დაეხმაროს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში.

საქართველოში სკოლის თვითშეფასების პროცესის ფორმალიზებას ხელი შეუწყო მაკონტროლებლის მოთხოვნამ სკოლის თვითშეფასების ფორმების შევსებასთან დაკავშირებით („ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება). საჯარო და კერძო სკოლებისათვის აღნიშნული ფორმა მონაცემების ფორმალური მოგროვების მექანიზმს წარმოადგენდა და სკოლისათვის რეალური შედეგის მომტანი არ იყო. იმ ფონზე, როდესაც შეფასებისა და თვითშეფასების პროცესის შესახებ საქართველოში არსებული ცოდნა მწირი იყო და არის, მსგავსი მშრალი კრიტერიუმებით სკოლის შეფასებამ ბევრ ადამიანს გაუჩინა განცდა, რომ თვითშეფასებაც რეალურად მშრალი მონაცემების ნაკრებს წარმოადგენდა. ამგავრი დამოკიდებულება ადგილს არ ტოვებს თვითშეფასების, როგორც სკოლის განმავითარებელი პროცესის აღქმისათვის. როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის წარმომდგენლები ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ მათთვის თვითშეფასების ამგავრი მექანიზმი არაფრისმომცემი იყო და ზედმეტ სამუშაოს წარმოადგენდა. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მარეგულირებლის მოთხოვნა სრულდებოდა.

თვითშეფასების, როგორც ფორმალურ და უშინაარსო პროცესად აღქმა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. მიზეზები მრავალგვარია. პირველია – პროცესის ნაბიჯების არცოდნა და/ან მათი სირთულე. რადგან სკოლებში მწირია ცოდნა კვლევის მეთოდებთან და მათ სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და დიდია შიში შეცდომების აღიარებისა და აღმოჩენის შემთხვევაში სავარაუდო სადამსჯელო ღონისძიებების მიმართ. შესაბამისად, ის მასწავლებლები ვინც აცნობიერებენ საკუთარ და სკოლის სუსტ მხარეებს ცდილობენ დამალონ რეალობა, ხოლო ისინი ვისაც საკუთარი შეცდომების დანახვა უჭირთ, თვლიან რომ საღიარებელი არაფერია. ორივე გარემოება ხელს უშლის ობიექტურ თვითშეფასების პროცესს და თუ მას ხარისხის მექანიზმის პირველ რგოლად წარმოვიდგენთ, ადვილი მისახვედრია, როგორ იმუშავებს ხარისხის ბორბალი საყრდენი დაზიანებული ხრახნით.

თვითშეფასების პროცესის ფორმალიზებას ხელს უწყობს ასევე არაეფექტური მენეჯმენტი. თუ მასწავლებლები თვლიან, რომ მათი შეცდომები არ იქნება სკოლის დირექციის მხრიდან ადეკვატურად აღქმული, ვერ მიიღებენ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამის მხარდაჭერას და თანადგომას, პროცესშიც მხოლოდ ფორმალურად ჩაერთვებიან. აქედან დასკვნა: თვითშეფასების პროცესი ურთიერთსწავლის, საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირებისა და მხარდაჭერის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. აქ შეცდომების დაშვება სირცხვილი არაა – პირიქით, შეცდომების დაშვება აუცილებელია, რათა უკეთ ვისწავლოთ, პროფესიულად განვვითარდეთ და სკოლის წინსვლას შევუწყოთ ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში თვითშეფასების პროცესისადმი მიდგომა სხვადასხვაგვარია, საერთო ჯამში იგი მაინც ცნობილ ხარისხის ციკლს ეფუძნება (PDCA). ხშირ შემთხვევაში ხარისხის ციკლის ჩონჩხზე აგებულია პროცესი, რომელსაც რამდენიმე ნაბიჯი აქვს დამატებული, ან ჩაშლილია. დაგეგმვის ეტაპზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა სფეროების გამოკვლევა გვსურს. ეს მიმართულებები ძირითადად პოლიტიკის დონეზე, მარეგულირებლის მიერ არის იდენტიფიცირებული, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას სრული უფლება აქვს რაიმე დაამატოს ან თავისი შეხედულებისამებრ განავრცოს. დაგეგმვის ეტაპზე წყდება ის მიდგომები, რომლითაც მთელი პროცესის მანძილზე მიმდინარეობს მუშაობა. კერძოდ, ვირჩევთ ერთ კონკრეტულ ფოკუსს და ვართ ორიენტირებული ერთი სფეროს შეფასებასა და მის გაუმჯობესებაზე, თუ მივდივართ კომპლექსური მიდგომით, ვაფასებთ ყველა სფეროს ზოგადად.

ფოკუსირებული თვითშეფასების დროს სკოლის ადმინისტრაცია და პროცესში ჩართული მასწავლებლები ირჩევენ ერთ მიმართულებას, განსაზღვრავენ მისი შეფასებისათვის აუცილებელ მეთოდოლოგიას, აგროვებენ მონაცემებს, აანალიზებენ მათ და გეგმავენ ინტერვენციებს. ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში შერჩეული მეთოდოლოგიის მიხედვით კვლავ ხდება პროგრესის შეფასება და დგება საბოლოო ანგარიში – რამდენად შეესაბამება მიღებული შედეგები სასკოლო მიზნებს. ფოკუსირებული თვითშეფასების ამგვარი პროცესი ახლოს დგას პრაქტიკის კვლვასთან და მის სტრუქტურასთან. თუ სკოლა ფოკუსირებულ თვითშეფასებას აირჩევს, მას საშუალება ექნება სიღრმისეულად შეაფასოს ერთი კონკრეტული სფერო და მთელი ძალების კონცენტრირება ერთი მიმართულებით მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში ხდება პრობლემის სიღრმისეული ანალიზი და დადებითი შედეგის მიღებაც უფრო სავარაუდოა.

ზოგადი, კომპლექსური თვითშეფასების დროს ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით სკოლასთან დაკავშირებული ყველა სფეროს შეფასება. ამგვარი მექანიზმით სკოლას საშუალება აქვს მიიღოს ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა განშტოებებში არსებული გამოწვევების შესახებ და დაისახოს ზოგადი მიზნები, ან გადაწყვიტოს გამოიკვლევს თუ არა რომელიმე სფეროს სიღრმისეულად. კომპლექსური თვითშეფასების დროს სკოლას დასჭირდება მეტი რესურსის მობილიზება, ვიდრე ფოკუსირებული თვითშეფასების შემთხვევაში.

საკითხის უფრო სიღრმისეულ განხილვას მომდევნო წერილებში შემოგთავაზებთ.

 

აქტივობები პირველკლასელებისთვის ონლაინ სწავლებისას

0

შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში სწავლის დაწყებასთანაც ასოცირდება. განსაკუთრებული ემოციებით, ფიქრებით, განცდებით, ინტერესით ელიან ამ დღეს მშობლები, რომელთა შვილებიც პირველად მიდიან სკოლაში და, რა თქმა უნდა, თვითონ პატარებიც, აწ უკვე სკოლის მოსწავლეები. ზოგი მათგანი ბაღს ემშვიდობება, ზოგი კი, ვისაც საბავშვო ბაღში არ უვლია, სადაცაა, პირველად მოხვდება სკოლისმაგვარ გარემოში.

მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში კორონავირუსი შემოიჭრა და გასული სასწავლო წლის ნახევარი მთლიანად მოიცვა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა გამოსავალი ვიპოვეთ და, სასწავლო პროცესი რომ არ შეგვეწყვიტა, ჩვენს პრაქტიკაში ონლაინ სწავლების ფორმატი დავნერგეთ. ყველას გვეგონა, რომ ეს დროებითი იყო და ახალ სასწავლო წელს ჩვეული, ტრადიციული ფორმატით დავიწყებდით. გადაწყვეტილებამ სწავლის ონალინ რეჟიმში დაწყების თაობაზე ყველა აგვაფორიაქა და გულიც დაგვწყვიტა, რადგან გავაცნობიერეთ, რა მნიშვნელოვანი ყოფილა სასკოლო გარემოში ჩვენი ერთად ყოფნა.

განსაკუთრებით შეაშფოთა ამ გადაწყვეტილებამ პირველკლასელების მშობლები. მართლაც, ონლაინსწავლება ყველაზე რთულად აღსაქმელი მათთვისაა. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც შესაძლოა ონლაინსწავლების რეჟიმში ბავშვებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის გამოგადგეთ.

პირველია ერთგვარი საშინაო დავალება, რომელიც, ვფიქრობ, მოეწონებათ პატარებს. მთავარია, ამ ტექსტმა ყველა მოსწავლის მშობლამდე მიაღწიოს.

* პირველი დავალება პირველკლასელებისთვის

მინდა იცოდე: ძალიან მიხარია, ამ წერილს რომ გვწერ! 😊 სანამ თავად, სხვის დაუხმარებლად შეძლებ წაკითხვას, მოდი, სთხოვე რომელიმე უფროსს, შენი მასწავლებლის წერილი წაგიკითხონ 😊

ეს იქნება ჩემი პირველი თხოვნა შენდამი. ჩემი აზრით, სახალისოა. გამიხარდება, თუ ეს იდეა შენც მოგეწონება და თხოვნას შემისრულებ.

რაკი 15 სექტემბერს ჩვენს ლამაზ საკლასო ოთახში ვერ შევხვდით, მოდი, დავიწყოთ დღეების თვლა შეხვედრამდე. ამაში პატარა თამაში დაგვეხმარება:

მინდა, მოძებნო სახლში რაიმე ქილა ან ყუთი, ოღონდ აუცილებლად თავსახურითურთ. შეგიძლია, გარედან ლამაზად გააფორმო.

ქილას „ჩემი დღის სიტყვა“ დავარქვათ. ყოველ საღამოს, სანამ სკოლაში მოსვლის დღე დადგება, მასში მოათავსე ერთი სასიამოვნო სიტყვა, რომელსაც დღის განმავლობაში გაიგონებ და მოგეწონება. მაგრამ სიტყვას, აბა, როგორ დაწერ, ჯერ შენთვის წერა რომ არ მისწავლებია?! ამიტომ ასეთ რამეს გთავაზობ:

როდესაც ისეთ სიტყვას გაიგონებ, რომელიც შენს გულსა და ყურთასმენას ესიამოვნება, მაშინვე დაიმახსოვრე და დაიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება გამოხატო ის დაუწერლად. მაგალითად, მთელი დღე კარგად იქცეოდი და საღამოს დედამ გითხრა, რომ ძალიან უყვარხარ. ამ სიტყვამ გული გაგითბო, მოგინდა, ის შენს ქილაში შეგენახა, მაგრამ წერა ჯერ არ იცი. ამიტომ სხვა გამოსავალი უნდა მოიფიქრო. ჩვენ, ადამიანები, სიყვარულს გულის ფორმით –  გამოვხატავთ ხოლმე. ამიტომ მიირბენ შენს სასწავლო კუთხესთან, მოძებნი ფანქარს, ფურცელს, შემოხაზავ მასზე გულს  და ქილაში მოათავსებ. ასე შეინახავ ძალიან კარგ სიტყვას: „მიყვარხარ“.

💕

შეგიძლია, ეს გული ლამაზად მოხატო. საზოგადოდ, ეცადე, ყველაფერს, რასაც შენი ხელით შექმნი, სილამაზე და განსაკუთრებულობა შესძინო. თუ მოინდომებ, შეძლებ! 😊

ასევე შეძლებ ყველა სიტყვის გამოსახვას. მთავარია, დაფიქრდე და შენი საზრიანი გონება აამუშაო.

სკოლაში რომ მივალთ, ვნახოთ, რა სიტყვები გექნება შეგროვებული ქილაში. ეცადე, არც ერთი დღე არ გამოგრჩეს. ვიცი, რომ ბევრ სასიამოვნო სიტყვას მომიტან.

დაგელოდები! 😊

სიყვარულით,

შენი მასწავლებელი

ინა მეცხვარიშვილი

 

აქტივობა ონლაინ შეხვედრისას

ბავშვებს უყვართ მხიარულება, სიმღერა, ცეკვა. გიზიარებთ სიმღერის ბმულს. დაგჭირდებათ მისი ბოლო ნაწილი. გადაახვიეთ ვიდეო 2 წუთსა და 58 წამამდე და შესთავაზეთ ბავშვებს, „ლა“-ს ყოველი გაგონებისას ტაში შემოჰკრან. თუ თქვენც აჰყვებით, აქტივობა კიდევ უფრო სახალისო იქნება. ასე გაიგებთ, რამდენად აქვთ ბავშვებს მოსმენის, ლოდინის უნარი, რიტმის შეგრძნება. უმჯობესია, ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ ჯერ მხოლოდ მოასმენინოთ ეს ნაწილი, მეორე მოსმენაზე კი ააყოლოთ ტაშიც.

 

გავეცნოთ თანაკლასელებს – 3 რამ ჩემ შესახებ

ხშირად, მშობლების თხოვნით, ბაღში ერთ ჯგუფში მყოფ ბავშვებს სკოლაშიც ერთ კლასში რიცხავენ. ასე რომ, ერთმანეთს ისინი კარგად იცნობენ. თუმცა თანაკლასელების უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობს. პირველი შეხვედრისას, თუნდაც ონლაინრეჟიმში, შესაძლოა გამოგადგეთ აქტივობა – „3 რამ ჩემ შესახებ“ . სთხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ 3 რამე, რაც მათ ახასიათებთ. დაიწყეთ თავად და მიეცით მაგალითი, მერე კი მომდევნო მოხალისეს მოუსმინეთ.

 

ჩემი მხიარული თავგადასავალი

ჩვენი მიზანია, ეკრანის მიღმიდან მომზირალი პატარა, აღელვებული, დაბნეული ადამიანი ავალაპარაკოთ და დავამშვიდოთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მისთვის საინტერესო, მარტივი და ახლობელი რამ შევთავაზოთ. ვთხოვოთ ბავშვებს, გაიხსენონ ერთი მხიარული ამბავი, რომელიც თავად გადახდენიათ თავს და ბევრი უცინიათ.

 

რას შევადარებ სკოლას?

კარგი იქნება, ბავშვების ყურადღება გავამახვილოთ სკოლაზე. გავიგოთ, რას ფიქრობენ მის შესახებ, რასთან ასოცირდება ამ პატარა ადამიანებისთვის სკოლა. შეგვიძლია, მათი პასუხები ფერად წებოვან ფურცლებზე ჩავინიშნოთ და ერთ მოზრდილ ფორმატზე მივაწებოთ. როდესაც სკოლაში დავბრუნდებით, საკლასო ოთახში გავაკრათ. კითხვას რომ ისწავლიან, თავადაც წაიკითხავენ საკუთარ ნააზრევს.

 

გისურვებთ მხნეობას და ძალას, რომ ბავშვებთან ერთად ეკრანის წინ გატარებული დღეები რაც შეიძლება მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი გამოგივიდეთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...